ბგერის გზა


სვეტა კვარაცხელია

მე სიჩუმის სამყაროდან ვარ.

ხილული ხმებით ვაზროვნებ.

ჩემი ბგერის გზა ტუჩებზე გადის.

მქვია ნია, ბევრი ნიაკოსაც მეძახის. ახლა 36 წლის ვარ, თუმცა ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, დიდი ხნით ადრე დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა 9 წლის გავხდი.

მე სხვა სამყაროს ვეკუთვნი, რომელიც იმ სამყაროსთან შეგუებას ცდილობს, თქვენ რომ გეკუთვნით. თქვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს. მე არ ვარ ჩვეულებრივი და ეს ჩემი არა-ჩვეულებრივ-ობა გარკვეული მიზეზებითაა განპირობებული. წარმოიდგინეთ უცხოპლანეტელი, რომელიც სრულიად მოულოდნელად დედამიწაზე აღმოჩნდა. მას სულაც არ ეტყობა სხვაპლანეტელობა, ორი ფეხი აქვს, ორი ხელი, ორი თვალი და ერთი ცხვირი. გაღიმებაც შეუძლია, გაცინებაც, მაგრამ მაინც უცხოპლანეტელია და ეს ხომ იცის? ამიტომ ცდილობს არ შეიმჩნიოს და ისე გაითქვიფოს ახალ სოციუმში, როგორც ჩვეულებრივი დედამიწელი.

არა, მე უცხოპლანეტელი არ ვარ, მაგრამ მაინც სხვა სამყაროდან ვარ. ჩვენ ბევრნი ვართ, საკმარისად ბევრნი და ყველა თავისებურად ცდილობს ამ პატარა დედამიწაზე თავის დამკვიდრებას.

მე სმენადაქვეითებული ვარ. ხმები არ მესმის, მას მხოლოდ ვხედავ. ვხედავ მაშინ, როცა თქვენ მელაპარაკებით. თქვენი ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რას მეუბნებით. მე სიჩუმის სამყაროდან ვარ… ჩემი ბგერის ხმა ტუჩებზე გადის…

კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. მეცხრეში რომ გადავედი, სექტემბრის ერთ დღეს თქეშ წვიმაში მოვყევი და ფილტვების ორმხრივი ანთება ავიკიდე. ისე ცუდად გავხდი, ბეწვის ხიდზე მომიწია გავლამ. სამი თვე იბრძოდნენ ექიმები, რათა ამ ქვეყნისკენ მოვებრუნებინეთ. ანტიბიოტიკებით გამჭყიპეს. კი მომაბრუნეს, მაგრამ სმენა დავკარგე. ჩემმა ავადმყოფობამ ყურის ნერვის გამრუდება გამოიწვია.

იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შემოდგომის დარჩენილი ნაწილი ექიმების კაბინეტებში გავატარე. ყველა მათგანი, როგორც ერთი, ხელებს შლიდა და ორჭოფულად გვპასუხობდა, რომ სმენა ან დამიბრუნდებოდა, ან არა. ისედაც, ცუდი დრო იყო, 90-იანი წლები. უცხოეთში წასვლა ადვილად არ ხდებოდა. თანაც, მაშინ ფინანსურად ისე არ გვქონდა საქმე, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებას და იქ მკურნალობას გავმკლავებოდით.

ზამთრის ბოლოს გამოვმჯობინდი. თითქოს გაიარა საშიშროებამ. ასე თუ ისე, მესმოდა. შვება ვიგრძენი. სწავლა მთელი მონდომებით გავაგრძელე. სულაც არ მიჭირდა ურთიერთობა არც მასწავლებლებთან, არც თანაკლასელებთან. პერიიოდულად ექიმის კონსულტაციასაც გავდიოდი. რა თქმა უნდა, ასი პროცენტით არ აღმიდგა სმენა, მაგრამ ბედს მაინც არ ვუჩიოდი, თუმცა…

ზაფხულის ერთ დღეს ჩემი დეიდაშვილის პატარა გოგო ჩავიყვანე ეზოში, ბავშვთა სათამაშო მოედანზე. სტუმრად იყვნენ ჩვენთან. ვუყურებდი ნანოს და ვტკბებოდი, როგორ ერთობოდა. სასრიალოზე იყო აცოცებული და იქიდან ჩამოსრიალებით ერთობოდა. უეცრად მაღლა ასულს ფეხი დაუცდა და…

გიჟივით წამოვფრინდი, რათა ბავშვი ჰაერში დამეჭირა. ის კი დავიჭირე, მაგრამ ისე ცუდად დავეცი, ხერხემალი დავიზიანე…

იმ დღიდან ყოველდღე უფრო და უფრო ვკარგავდი სმენას, ისიც ღამე, ძილში. დავწვებოდი დასაძინებლად, დილით ვიღვიძებდი და უფრო ნაკლებად მესმოდა, ვიდრე წინადღეს.

ერთ დილას, როცა გამეღვიძა, სახლში მომაკვდინებელი სიჩუმე დამხვდა დასადგურებული. არც დედაჩემის ნაბიჯების ხმა ისმოდა, არც ტელევიზორის. ფანჯარაში გავიხედე. ისეთი ქარი ამოვარდნილიყო, ირგვლივ ყველაფერს ანგრევდა, მე კი თითქოს მუნჯ ფილმს ვუყურებდი. დედა-მეთქი, ბოლო ხმაზე დავიყვირე და აი, მაშინ შემეშინდა, თუ შემეშინდა! საკუთარი ხმა ვერ გავიგონე! საბოლოოდ დამერხა!

ისევ კლინიკები. ისევ კაბინეტები და ისევ ექიმები…

მაინც არ შევეპუე. მიუხედავად იმისა, რომ ძლივს მესმოდა, უკან არ დავიხიე და იმავე წელს ჩავაბარე გამოცდები. სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე. იმ პერიოდისთვის სმენის უკვე 60 პროცენტი მქონდა დაკარგული.

თავიდან ვერავინ ამჩნევდა ჩემს ნაკლს, რადგან უკვე გამომუშავებული მქონდა სხვისი ნათქვამის ტუჩების მოძრაობით წაკითხვა. თუ სიტყვა უცნობი არ იყო ჩემთვის, ეგრევე ვიგებდი. თუ უცნობი იყო, იმ სიტყვას გამოვტოვებდი და მაინც გასაგები ხდებოდა, რას მეუბნებოდნენ. ერთადერთი პრობლემა, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ტელეფონი იყო. ზარებს ვერ ვპასუხობდი. მოსაუბრის ხმა რადგან არ მესმოდა, მეც ვერაფერს ვეტყოდი. ამან ცოტათი დამაკომპლექსა. ბოლოს ვაღიარე ჯგუფელებთან, რაც მჭირდა. მეგონა ვერ გამიგებდნენ, შორს დაიჭერდნენ ჩემგან თავს, მაგრამ მოვტყუვდი. ამის მერე უფრო დამიახლოვდნენ, არასდროს არაფერში გამომტოვებდნენ. თუ დარეკვა იყო საჭირო, მიმესიჯებდნენ. ბევრჯერ აუჩუყებიათ ჩემთვის გული.

ბავშვობიდან კარგად ვხატავდი. აკადემიაშიც არ დარჩენიათ შუმჩნეველი ჩემი ნიჭი. ყველა მაქებდა. ამან მეტი ძალა და ენერგია შემმატა. ფუნჯს ხელიდან არ ვაგდებდი. თუმცა კომპლექსებისგან ბოლომდე მაინც ვერ გავთავისუფლდი.

ხმებს კი მივეჩვიე და ნაცნობებთან არ მიძნელდებოდა ურთიერთობა, მათი ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ უცნობებსა და ახალგაცნობილებთან მიჭირდა. მიჭირდა მანამ, სანამ მათაც შევეჩვეოდი.

აკადემიის დამამთავრებელ კურსზე ჯგუფელებმა სიურპრიზი მომიმზადეს _ ჩემი სურათების გამოფენა მოაწყვეს შარდენზე. ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს სიცოცხლეში.

გარდა ხატვისა, სხვა რამეებიც მეხერხება. სულ მეუბნებოდნენ, უნივერსალური გოგო ხარო. ვქსოვ, ვქარგავ, გობელენზეც ვმუშაობ და თექაზეც. ეს ისე, ჰობის დონეზე. ასევე, ვმღერი, ვცეკვავ. უფრო სწორად, ვმღეროდი და ვცეკვავდი. ახლა ვეღარ. ერთადერთი, ყურსასმენებით შემიძლია მელოდიის მოსმენა, თუ ძალიან მაღალ ხმაზე ჩავრთავ მუსიკას. მართალია, შორიდან მესმის, მაგრამ მთავარია მესმის და შემიძლია მელოდიის რიტმს ხმითაც ავყვე და მოძრაობითაც, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ნაცნობი სიმღერაა, რომელიც ოდესღაც ბევრჯერ მომისმენია.

გარეგნულად უცხო ვერ შემამჩნევდა, რა სევდით იყო ჩემი გული დამძიმებული. ვიცინოდი, ვმხიარულობდი, ვლაპარაკობდი სრულიად ჩვეულებრივად, მეტყველების აპარატი არ მქონდა დაზიანებული.

დედა, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, გამუდმებით ცდილობდა მაქსიმალურად დამხმარებოდა. აკადემიაში რომ ჩავაბარე, შეშინდა, იქნებ ვერ დაიმკვიდროს თავი კურსელებთანო და მირჩია სმენადაქვეითებულთა სპეციალურ კურსებზე მევლო, სდაც ჟესტების ენას და კიდევ ბევრ რამეს ასწავლიან. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე.

_ არა, დედა, არა! _ ლამის ვიყვირე, _ არც ისეთი წყალწაღებული ვარ, რომ ჟესტების ენა შევისწავლო. არ მჭირდება, გესმის? გიყურებ და ვხვდები, რასაც მეუბნები. სხვებისგანაც ასე ვიგებ ყველაფერს!

_ ხო, შვილო, გასაგებია, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ხარ, ლამაზი. ვიღაცა ხომ შეგიყვარდება ერთხელაც? პაემანზე რომ მიხვალ…

_ მეკითხები, როგორ გავუგებ? როგორც სხვებს ვუგებ ისე, დედა!

_ მაგრამ ვაითუ სიბნელეში მოხვდით, ღამე, ქუჩაში. მაშინ რას აპირებ?

ამაზე არ მიფიქრია. წამით დავიბენი.

_ სანამ პაემანზე დავთანხმდები, ყველაფერს მოვუყვები.

დედამ ამოიოხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი საჩვენებელი თითით მოიწმინდა.

_ ერთი კლინიკა მირჩიეს, ნია, რაღაც კოხლეარული იმპლანტაციაო, ასეთი ოპერაცია ყოფილა. იქნებ გვეცადა?

ღმერთო, ეს დედაჩემი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ რამე მიშველოს.

_ და რა ჯდებაო?

_ რა მნიშვნელობა აქვს. ჯერ გავიგოთ და ფულზე მერე ვიფიქროთ.

ჰმ… მერე ვიფიქროთ. რა ადვილი სათქმელია. მამაჩემი ცხრა მთას იქითაა გახიზნული, ოღონდ კი ჩვენ ფული არ შემოგვაკლდეს. კაცი რამდენი წელია უკრაინაში მუშაობს და რასაც შოულობს, ჩვენ გვიგზავნის. ვინ იცის, რა ღირს ეს ოპერაცია. ექნება კი მამას იმდენი, რომ დაგვაფინანსოს?

ახლა მე ამოვიოხრე ზუსტად დედასავით, მაგრამ მაინც დავთანხმდი.

სანამ ექიმთან ვიზიტს გადავწვყვეტდი, მთელი ინტერნეტი კიდევ ერთხელ გადავქექე საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. აი, რას წერენ მედიკები ჩემს პრობლემაზე: „სმენის დაქვეითება ან სიყრუე მაშინ ვითარდება, როდესაც სმენის ფუნქციის განმხორციელებელი რომელიმე ელემენტი დანიშნულებისამებრ ვერ მუშაობს. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს სმენის ორგანოს ნებისმიერი ნაწილის _ გარეთა ყურის, შიგნითა ყურის, შუა ყურის, სმენის ნერვის, სმენის ცენტრის დაზიანების შედეგად.

რეალურად ესმის არა ყურს, არამედ ტვინს _ ნერვულ იმპულსებს თავის ტვინი აღიქვამს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, საჭიროა ინფორმაცია ტვინამდე მივიდეს. ბგერის გზა კი ყურებზე გადის. იმისთვის, რომ ჩვენ გარშემო არსებული ხმები გავიგონოთ, ბგერამ ყურის გავლით სმენის ნერვამდე უნდა მიაღწიოს, ნერვულ იმპულსად გარდაიქმნას, მერე კი ეს იმპულსები თავის ტვინმა აღიქვას.

შეუქცევადი ხასიათისაა სმენის სენსორული ტიპის (კოხლეარული) დაქვეითება. რომლის დროსაც შიგნითა ყური ზიანდება. იშვიათად ის თავის ტვინის სმენაზე პასუხისმგებელი უბნის დაზიანების შედეგიცაა. სმენის სენსორული ტიპის დაქვეითება შესაძლოა იყოს მსუბუქი (პაციენტს არ ესმის განსაზღვრული ხმები), ზომიერი (არ ესმის მრავალი ხმა), სერიოზული (არ ესმის ხმების უმეტესობა), ღრმა (საერთოდ არ ესმის ხმა), ცალმხრივი ან ორმხრივიც. ეს დარღვევა თანდათან პროგრესირებს. ნეიროსენსორული დაზიანების მკურნალობის მიზანია, პროცესმა პროგრესირება არ განიცადოს“.

ბგერის გზა ყურებზე გადისო. ვისთვის როგორ. ჩემი ბგერის გზა, ხომ გითხარით, ტუჩებზე გადის!

როცა ეს ინფორმაცია წავიკითხე, მივხვდი, რომ მე მესამე ტიპის სმენის დაქვეითება მქონდა _ „სერიოზული (არ ესმის ხმების უმეტესობა)“. იქნებ მეშველოს? იქნებ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის?

ამ ყველაფერს იმიტომაც დავთანხმდი, რომ გულის სიღრმეში მეც, როგორც ყველა ჩემი ტოლი, სიყვარულზე ვფიქრობდი. შიში სულ მქონდა, რომ როგორ ძლიერადაც არ უნდა ვყვარებოდი ბიჭს, აუცილებლად უკან დაიხევდა, როცა ჩემი ნაკლის შესახებ გაიგებდა. სიმართლე გითხრათ, მთელი ეს წლები სულ გავურბოდი ვინმეს შეყვარებას. ბიჭებთან მხოლოდ ვძმაკაცობდი. ისინიც მხოლოდ მეგობრობით მპასუხობდნენ. არც მათ უცდიათ ჩემი შეყვარება, მაგრამ სულ ასე ხომ არ გაგრძელდებოდა? სკოლაში ერთ ბიჭს ვუყვარდი. მეც მომწონდა, მაგრამ ამაზე არასდროს გვისაუბრია, ცოტა მორიდებული იყო. ისე მექცეოდა, მეც ვხვდებოდი და სხვებიც, რომ ჩემზე ჭკუას კარგავდა.

ეს მომწონდა. ეს მსიამოვნებდა. მეც ნელ-ნელა მიჩნდებოდა გრძნობა მის მიმართ. მაგრამ მეათე კლასში მშობლებმა ის ბიჭი სხვა სკოლაში გადაიყვანეს. გადაიყვანეს და მორჩა, მას შემდეგ არც მინახავს არასდროს და არც შემხმიანებია. მერე და მერე დავფიქრდი, ასე რატომ მომექცა-მეთქი და სავარაუდო პასუხამდეც მივედი _ როგორც ჩანს, როცა მისმა მშობლებმა ჩემი ავადმყოფობის ამბავი გაიგეს, სასწრაფოდ მომარიდეს, რათა დავვიწყებოდი. ჩვენი სიყვარული მათთვის ალბათ უდიდესი ტრაგედია იქნებოდა.

კიდევ კარგი, არ მიყვარდა. კიდევ კარგი, მისი შეყვარება ვერ მოვასწარი!

კიდევ ერთი კლინიკა. კიდევ ერთი კაბინეტი. კიდევ ერთი ექიმი. ხელახლა გასინჯვა. ხელახალი დიაგნოზი. თუმცა…

არაო, რადგან გამართულად ლაპარაკობ, კოხლეარული იმპლანტაციაო არ გჭირდებაო.

ისევ მარცხი!

_ იცით რა? _ თავი გვერდზე გადახარა ექიმმა, _ აჯობებს სასმენი აპარატი შეიძინოთ, ასე უფრო გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა. სასმენი აპარატი ხმას აძლიერებს, რაც ბგერის აღქმის შესაძლებლობას ზრდის. ის სამი ნაწილისგან შედგება: მიკროფონისგან, გამაძლიერებლისა და მიმღებისგან.

კოპები შევიკარი. აპარატის მომხრე არ ვიყავი. ყურში გარჭობილი ხელსაწყოთი ვერ ვივლიდი!

_ რატომ ასეთი განწყობით? _ გაიკვირვა ქალმა, _ ისეთი აპარატიც არსებობს, რომელიც არ ჩანს, ზოგი ყურზე მაგრდება, ზოგი სხეულზე. ყურის დამალვაც შეიძლება, თუ თმით დაიფარავთ. ასეთი ლამაზი თმა გაქვთ, სულ არ გამოჩნდება. ისე, გაითვალისწინეთ, თუ აპარატს არ გამოიყენებთ, საბოლოო ჯამში მეტყველების უნარიც წაგერთმევათ. გინდათ ეს?

ისე შემაშინა მისმა სიტყვებმა, დავთანხმდი.

წამოვედი ყურებჩამოყრილი. დედას რა გააჩერებდა. მანამ არ მოისვენა, სანამ სასმენი აპარატი არ იყიდა. ცალკე მამასთან გადიოდა კონსულტაციებს სკაიპით.

არც ამ აპარატმა გაამართლა. ვერ მოვირგე. უფრო სწორად, ვერაფრით ვერ შევეჩვიე _ ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად. მირჩევნია, მეტყველებაც დავკარგო, ვიდრე ამ აპარატით ვიარო-მეთქი, გამოვუცხადე დედაჩემს. დღემდე მაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებ. ხმები ძალიან გაუგებრად მესმოდა და, საერთოდ, საზიზღარი რამეა.

როგორც შევატყვე, დედაჩემი უფრო განიცდიდა დისკომფორტს, ვიდრე მე. თავს დაჩაგრულად სულაც არ ვგრძნობდი.

წეღან სიყვარული ვახსენე… სტუდენტობის დროსაც მყავდა თაყვანისმცემლები კურსზეც, ჯგუფშიც, მაგრამ ფლირტისა და მოწონების იქით ურთიერთობა არასდროს წასულა. არც მე მიაქტიურია, სიმართლე გითხრათ. უფრო დინებას მივყვებოდი. ესეც ერთგვარი ბედის ირონია თუ იყო.

მახსოვს, აკადემია რომ დავამთავრე, წვეულება მოვაწყვეთ ჯგუფელებმა. აგარაკი ვიქირავეთ მცხეთაში, რათა მთელი ღამით მოგველხინა. ზოგიერთმა თავისი მეგობარიც მოიყვანა. ერთი იყო, სანდრო ერქვა, ზუკას ძმაკაცი. სიმპათიური ბიჭი, გაღიმება რომ ძალიან უხდებოდა, ისეთი. იურიდიული ჰქონდა დამთავრებული. როგორც კი ეს ბიჭი გამოჩნდა, თვალი მაშინვე მე დამადგა. არც არავის გაჰკვირვებია. არა მხოლოდ ჩემს ჯგუფში, მთელ სამხატვრო აკადემიაში გამოვირჩეოდი სილამაზით ჩემი ბუნებრივი ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. არც სიმაღლე მაკლდა და არც ტანკენარობა. ნაკითხობაც მეტყობოდა და ნიჭიერებაც. ვიღაცას ყოველთვის მოვწონდი, ოღონდ… ცოტა ხნით.

ეს სანდრო მომიჩოჩდა. ჯერ მომესალმა, მერე გამომკითხა, რა მქვია, საიდან ვარ, ესა, ისა… მე ზუკას მეგობარი ვარო. მერე მითხრა, რა ლამაზად იცინი, როგორი საოცარი თვალები გაქვსო. მერე _ თმას იღებავ თუ ბუნებრივად გაქვს ასეთი ჩალისფერიო. მეც გამოცდაზე გასულ მოსწავლესავით ყველა კითხვაზე პასუხს ვცემდი.

ბოლოს _ ვიცეკვოთო. მაშინ კი დამცეცხლა. უარი ვუთხარი, ცეკვა არ ვიცი-მეთქი. გადაირია. ვალსი მაინც ვიცეკვოთო. ჯიუტად გავაქნიე თავი. ალბათ იფიქრა, კოჭლი ხომ არ არისო, რახან სულ ვიჯექი და ადგილიდან არ ვდგებოდი. თავის ჭკუაში ეშმაკობა იხმარა და… აივანზეც არ გამოხვალო?

გამეღიმა. მივხვდი, რაც გაიფიქრა და ავდექი. წინ გამატარა და უკან მომყვა. სულ თეძოების რხევით გავედი ვერანდაზე. მართლა კარგ ფორმაში ვიყავი, ვბრწყინავდი, თან ოქროსფერი კაბა მეცვა, სხეულზე მოტმასნილი.

ახლა აივანზე გამიბა საუბარი. მე თვალს არ ვაშორებდი მის ტუჩებს, რათა კარგად გამეგო, რას მეუბნებოდა. ბოლოს მითხრა, შენსავით გოგო არ მომწონებია ჯერ და მოდი, ამ დღეებში ცალკე შევხვდეთ ერთმანეთსო. საღამოს სახლიდან გამოსვლა შეგიძლიაო? მაშინვე დედაჩემის სიტყვები მომაგონდა, პაემანზე ღამით რომ მოგიწიოს წასვლამ, როგორ გაიგებ ბიჭი რას გეუბნებაო.

და ვუთხარი, გამოსვლა კი შემიძლია, მაგრამ არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს-მეთქი. რატომო? _ გაიკვირვა, არ მოგწონვარო?

მე კი მომწონხარ, მაგრამ ახლა რასაც გეტყვი, შენ არ მოგეწონება-მეთქი.

ცნობისმოყვარე მზერით დამაცქერდა. არც ვაციე, არც ვაცხელე და ვატაკე, ყურში არ მესმის-მეთქი. იცით როგორი გაუხდა მზერა? დაზაფრული. შეშინებული. თავზარდაცემული.

ნება შენიაო, მხოლოდ ეს თქვა და წავიდა, მარტო დამტოვა. მე თვალი გავაყოლე. ზუკას მიუახლოვდა, მკლავში ხელი წაავლო და ოთახის კუთხეში გაიყვანა. იქ ერთხანს ელაპარაკა. ისიც თავს უქნევდა და რაღაცას პასუხობდა. ბოლოს გადაეხვია ეს სანდრო თავის ძმაკაცს და წავიდა. სულ წავიდა, თან ისე, არავის არ დაგვემშვიდობა.

როცა სახლში დავბრუნდი, ტანიკას მივწერე, ჩემს კლასელს, ცოტა ხნით ჩემთან გადმოდი-მეთქი. ტანიკა ერთადერთია, ვისთანაც ბოლომდე ვიცლები, ვისაც არაფერს ვუმალავ. პუტკუნა გოგოა, ლამაზი სახის ნაკვთებით. სკოლაში გული ჰქონდა გაწყალებული თავისი სახელის გამო. ბიჭები ზოგი ტანკს ეძახდა, ზოგი კიდევ ტანგას. არადა, ლამაზია მისი სახელი. ოღონდ არ იცის, დედამ რატომ დაარქვა ასე, რადგან მანამ გარდაიცვალა, სანამ ტანიკა ჭკუაში ჩავარდებოდა და თავისი სახელის წარმოშობით დაინტერესდებოდა. ბებიამ გაზარდა ტანიკა. ახლა დეიდასთან ცხოვრობს. ჩვენ ახლო-ახლო ვცხოვრობთ და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. ჩემგან მესამე კორპუსშია მათი ოროთახიანი ბინა, კიდევ ერთი ოთახის მიშენებით, რომელიც დღემდე დაუსრულებელია. ტანიკას მამა მეორედ დაოჯახდა და ახალ ცოლთან გადასახლდა. ასე რომ, დიდად არ აქცევს შვილს ყურადღებას. ტანიკა ამბობს, იმ ქალის შვილები უფრო უყვარს მგონი, ვიდრე მეო…

ჩემი მეგობარი მაშინვე მოქანდა. ხომ მშვიდობააო, პირველი ეს მკითხა. მოვუყევი, რაც გადამხდა. ისე ვიყავი გამწარებული, თითებს ვკრუნჩხავდი, როცა სანდროს შესახებ ვუამბობდი. თითები დამიჭირა და მზერით მანიშნა, დამშვიდდიო. დავამთავრე-მეთქი, ამოვიჩურჩულე. თვალები დაიწვრილა და ღიმილით, ტუჩების მკვეთრი მოძრაობით მითხრა:

_ იტირე, ნიაკო, უცებ მოგეშვება.

_ არ მეტირება, _ თავი გავაქნიე.

_ მაშინ ნუ ხარ ასე დაძაბული. წავიდა და წავიდა, ცხრა მთას იქით ჰქონია გზა. რად გინდა ასეთი მშიშარა კაცი? ეგეთ რამეებზე თუ გული წაუვა, წარმომიდგენია, რა დაემართება, უარესი რომ მოხდეს? დაიკიდე, გესმის? და-ი-კი-დე!

ეს ტანიკას საყვარელი სიტყვაა _ დაიკიდე! ხოლო საყვარელი ფრაზა _ ფეხებზე დაკიდების ხელოვნება! ძალზე მსუბუქად უყურებს ცხოვრებას, მშვიდად აღიქვამს მოვლენებს. ყველაფერი შეუძლია გაატაროს, აბსოლუტურად ყველაფერი ისე, რომ ნერვი არ შეუტოკდეს. ეს სკოლიდან გამოუმუშავდა, როცა ბიჭები გამოაჯავრებდნენ ხოლმე თავისი სიმსუქნისა თუ სახელის გამო. თავიდან ბრაზდებოდა, გულამოსკვნით ტიროდა, მტკივნეულად განიცდიდა, მერე და მერე თითქოს შეეგუა. კი არ შეეგუა, გამოიმუშავა იმუნიტეტი, რომ ასეთ რამეებზე არ ენერვიულა. ერთმა შემთხვევამაც შეუწყო ამას ხელი. ერთხელ ბრმა ნაწლავი გაუსკდა და სასწრაფოდ საოპერაციოდ გააქანეს. პერიტონიტი უკვე დაწყებული იყო. კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მთელი კლასი ვგულშემატკივრობდით. მგონი მეექვსეში ვიყავით მაშინ. ბიჭები და გოგოები ერთად მივდიოდით საავადმყოფოში, დავდგებოდით მისი პალატის ფანჯრებქვეშ და ერთხმად დავიყვირებდით: ტა-ნი-კაააა! ვიცოდით, წამოდგომის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ასე ვამხნევებდით. მერე თოკს ჩამოუშვებდა ბებიამისი და ჩვენც კალათით ავუგზავნიდით რაღაც-რაღაცებს და აუცილებლად ყვავილებსაც. ბიჭებისგან. როცა გამოწერეს, ძალიან ბედნიერი იყო. ბიჭები სულ სათითაოდ გადაკოცნა. არ მეგონა, ასე თუ ვუყვარდი ამ საძაგლებსო.

ჰოდა, მერე, როცა მეც გამიჭირდა, ჩემი დამოძღვრაც თავისი ფეხებზე დაკიდების ხელოვნებით დაიწყო. რამხელას ნიშნავს ჩემთვის მისი თითოეული სიტყვა. მეგობარზე უფრო ახლობელია ჩემთვის. სწორედ მისი დამსახურებაა ხატვას თავი რომ არ დავანებე, ჩემი საიტი რომ შევქმენი და ჩემს ნახატებს ასე წარმატებით ვყიდი. ის რომ არა, ვერაფერსაც ვერ მივაღწევდი.

მაშინაც გავითვალისწინე ჩემი საუკეთესო მეგობრის რჩევა და

და-ვი-კი-დე!

და კიდევ ერთი ძალიან კარგი რამ მირჩია:

_ მაინც ვერავინ გატყობს, რომ არ გესმის და რას მოსდებ ხოლმე მთელ ქვეყანას? ნურავისაც ნუ ეტყვი და მორჩა! რა აუცილებელია ყველამ იცოდეს? როცა გაიგებენ, გაიგებენ. გგონია, მე არ მაკომპლექსებს ასეთი ბუთქუჩა რომ ვარ? მაგრამ რა ვქნა, დარდით თავი მოვიკლა? ამით ჩემს სიმსუქნეს რამე ეშველება? შენც ნუ გაუსვამ ხაზს. შენ რომ გგონია, ისეთი დიდი ნაკლიც არ არის, რომ იცოდე! აბა მე როგორ ვურთიერთობ შენთან? რატომ არ მბეზრდები? ასე იქნება სხვაც, გინდ კაცი იყოს და გინდა ქალი. თუ ეყვარები, ამას არაფრად არ ჩააგდებს, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა!

დავიმახსოვრე…

და როცა მეორედ შემექმნა მსგავსი სიტუაცია, როცა ერთ ძალიან კარგ ბიჭს მოვეწონე, არ გავუმხილე ჩემი დიდი სატკივარი. მეც მომეწონა და იმიტომ. ცდა ბედის მონახევრეაო, ანდაზამ მიკარნახა და მეც ამით ვიხელმძღვანელე. იმ ბიჭს ილია ჰქვია და ერთმანეთი სრულიად ბანალურად გავიცანით, თუმცა ურთიერთობამ ერთობ არაბანალური სახე მიიღო… ეს მაშინ მოხდა, როცა 29 წლის გავხდი…

ჩემი ოცდამეცხრე დაბადების დღე რესტორანში გადავიხადე. სწორედ იმ დღეებში გავყიდე ერთი ნახატი, „მოჩვენებითი უსასრულობა“ 600 დოლარად და წინ რა დამიდგებოდა. დავპატიჟე რამდენიმე კლასელი და რამდენიმე ჯგუფელიც. ისე მოხდა, რომ სულ გოგოები შევიკრიბეთ. ბიჭებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს მოსვლა. მაგიდები სულ გვერდიგვერდ იყო ჩამწკრივებული. წითლად შევიმოსე, მთლად ყაყაჩოს ვგავდი. ისე მოხდა, რომ ჩვენ გვერდით მაგიდასთან ჩვენნაირად ახალგაზრდების ჯგუფმა მოიყარა თავი. თავიანთი გიტარა მოჰქონდათ და როცა რესტორნის მომღერლები ისვენებდნენ, ისინი მღეროდნენ და სხვებსაც ართობდნენ. გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც. ერთი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. მაღალი, ქერა ბიჭი იყო, ხუჭუჭა თმითა და თაფლისფერი თვალებით. ასეთი მყვირალა თაფლისფერი თვალები არასდროს მენახა, თითქმის მისი თმისფერი იყო და თითქოს ასხივებდა მის სახეზე. რაღაც ტკივილამდე ნაცნობი იყო მის გამოხედვაში, მაგრამ რა? ვისაც შეხედავდა, დაჟინებით აკვირდებოდა, თითქოს ეს მისი მოვალეობა ყოფილიყო. მეც რამდენჯერმე გამომხედა და კარგა ხანს მათვალიერა. როცა ასეთი ტიპი გიყურებს, შენც უნებურად გაგექცევა მზერა. ერთი-ორჯერ თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს. იმან გამიღიმა. მერე მეც გავუღიმე და რაღაცნაირი უხილავი კავშირი გაიბა ჩვენ შორის.

ერთ-ერთ შესვენების დროს, როცა არავინ მღეროდა და არც არანაირი მელოდია ისმოდა, ეს ბიჭი უცებ წამოხტა და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. წინ დამიდგა, კეფა მოიქექა და ოდნავ წინ გადმოხრილმა მკითხა:

_ რა გქვია?

რადგან მხოლოდ მის ტუჩებს ვაკვირდებოდი, ადვილად მივხვდი, რასაც მეკითხებოდა.

_ ნია. _ და ეგრევე დავამატე, _ ნიაკოც.

_ მე ილია, _ და იმანაც მაშინვე დაამატა, _ ილიკოც.

ორივეს გაგვეცინა.

დასაწყისი ცუდი არ იყო.

_ ნიაკო, ახლა რომ გითხრა, ძალიან ლამაზი ხარ-მეთქი, ვიცი, ზედმეტად ბანალურად გამომივა. ხომ მართალია?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თან მოზეიმე გამომეტყველებით.

_ ამიტომ მითხარი, რა ფრაზა უნდა ვთქვა, რომ ცოტა ორიგინალური გამომივიდეს და შენი გაცნობის შესაძლებლობა მომეცეს?

კინაღამ ხარხარი ამიტყდა, მაგრამ თავი შევიკავე, მზერა რესტორნის ჭერს მივაპყარი, თითქოს იქ შპარგალკა მელოდა, რომელიც საჭირო ფრაზას მომაწვდიდა, მერე ცალი თვალი მოვხუჭე და გამოთქმით წარმოვთქვი:

_ იაკო, შენ ძააალიან ლამაზი ხარ.

გულიანად გაეცინა, მერე ჩემ წინ ჩაიმუხლა, ხელები მუხლებზე დაიდო და ქვემოდან ამომხედა:

_ ესე იგი, ინტონაცია უნდა შემეცვალა მხოლოდ? რა ადვილი ყოფილა! იაკო, შენ მართლა ძაააალიან ლამაზი ხარ და კიდევ უფრო ძაააალიან შენი გაცნობა მინდა!

თითქოს ზღაპარში ამოვყავი თავი, სადაც მე, კონკია, ყველასათვის სასურველმა პრინცმა შემამჩნია.

თვალი ტანიკასკენ გავაპარე. უკვე მანიშნებდა ხელით, იცოდე, არ დაგცდეს შენი სმენის ამბავი, თორემ გავგიჟდებიო. ეს გაგიჟება კი თვალების ატრიალებით და მუშტების ერთმანეთთან მირახუნებით გამოხატა.

ამჯერად თავი ვერ შევიკავე და ავკისკისდი.

_ აუ, ეს სიცილიც რომ ძაააალიან გიხდება, რა ვქნა? _ ილია საკუთარ ნიკაპს დაეყრდნო და ახლა ისე გააგრძელა ჩემი ცქერა. თან ამ „ძააალიანს“ ისეთი მიმიკებით ამბობდა, ძნელი იყო არ გაგცინებოდა.

_ არ ვიცი, _ გაწითლებულმა მივუგე.

_ იცი რა ვიფიქრე? ჩვენი სახელები რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს. ნია, ილია. ორივე ია-ზე მთავრდება. ნიაკო და ილიკოც ეგრე. ვახხხ, დავიჯერო, ეს დამთხვევაა? _ ხელი ხელს ისე შემოჰკრა, თითქოს ტაში უნდა დასცხოსო.

მხრები ავიჩეჩე, ვერაფერიც ვერ ვუპასუხე, მხოლოდ ჩემი ლოყების სიმხურვალეს ვგრძნობდი და საკუთარი გულის ქაოსურ ბაგაბუგს, აქეთ-იქით რომ აწყდებოდა ოთხივე საკანს.

_ მე ვმღერი, შენ? _ და თვალები დაიწვრილა.

_ მე არა, _ ვთქვი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ხმა ამოვიღე. ხომ ისედაც არ მესმოდა და მეგონა, საერთოდ ვერ წარმოვთქვი ვერაფერი, თუმცა რომც წარმომეთქვა, ალბათ, ჩემი ხმა საცოდავად გაჟღერდებოდა.

_ მღერი, მაგრამ არ ამბობ. ვიცი, ასე იქნება. არა უშავს, მაგას მერე შევამოწმებთ.

მის ამ სიტყვებს ჩემი კიდევ ერთხელ გაწითლება მოჰყვა.

_ სახელიც ძაააალიან ლამაზი გქვია. შენ თუ მოგწონს ჩემი სახელი, ანუ ილია? _ ჩამეკითხა, თან ფეხი მოინაცვლა, მთელი სიმძიმე მარჯვენიდან მარცხენა ფეხზე გადაიტანა.

ვიფიქრე, ახლა რომ არ ვუპასუხო, მთლად იდიოტად ჩამთვლის-მეთქი და მივუგე:

_ მართალი… _ უცებ ნერწყვი სასულეში გადამცდა და… მე ხველა ამიტყდა, იმას სიცილი.

როცა დავწყნარდი და ხელსაწმენდით ხველების გამო აცრემლებული თვალებიც ამოვიმშრალე, გაოცებულმა ვკითხე:

_ რა გაცინებს?

_ რა და, ილია მართალი გამოგივიდა. ილია კი ვარ, მაგრამ მართალი არა.

ღმერთო, რა კარგი ბიჭია. ოღონდ ყველაფერი კარგად წაიყვანე, გთხოვ! _ შევევედრე უფალს, ილიას კი ავუხსენი:

_ უნდა მეთქვა, მართალი გითხრა, არ მიფიქრია, ილია კარგი სახელია თუ არა-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი. _ და თითები ყელზე მივიდე, მივახვედრე, რამაც შემიშალა ხელი.

ამ დროს სცენაზე მუსიკოსები გამოვიდნენ მორიგი ნომრის დასაწყებად.

_ ნიაკო, მეტს აღარ გაგაცდენ. მითხარი შენი მობილურის ნომერი და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ, კარგი? ოღონდ უარი არ მითხრა.

მაშინვე დავიბენი. როგორ მივცე ნომერი, როცა მის ზარს ვერ ვუპასუხებ? ჩემებს გადავხედე. ყველა მანიშნებდა, მიდი, მიდიო. და უცებ ლამის გავეცი ჩემი თავი, რადგან მობილურის ნომრის კარნახი დავიწყე. ილია კი ამ დროს ფეხზე წამოიჭრა და ყური ტუჩებთან ახლოს მომიტანა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. კიდევ კარგი, ტანიკამ მანიშნა. ცალი ხელი სცენისკენ გაიშვირა, მეორე ყურთან მიიდო. თურმე სწორედ იმ დროს მომღერლებმა სიმღერა დასცხეს. ასე რომ, ჩემს ხმას ვერ გაიგონებდა.

სხვა რა გზა მქონდა, ვანიშნე, შენი მობილური მომაწოდე-მეთქი. ბლოკი მოხსნა და მომაწოდა. ჩემი ხელით ჩავუწერე ილიას ნომერი, მერე კი ზარი ჩემთან გამოვუშვი, რათა მისი მეც ჩამენიშნა. ბოლოს გავუწოდე თავისი მობილური და სანამ წავიდოდა, ღიმილით შევხედე. მადლობა თვალების მოხუჭვით გადამიხადა.

ადამიანს აღარ ვგავდი. არ ვიცოდი, რა მომეფიქრებინა. ოღონდ უახლოეს წუთებში არ დაერეკა და მანამ რაღაცას მოვიფიქრებდი. აი, სად გამჭედა ჩემმა აუღიარებლობამ. არადა, რომ მეთქვა, სმენა მაქვს დაქვეითებული-მეთქი, ისიც სანდროსავით გაიქცეოდა ალბათ.

ამ დროს ტანიკა მოვიდა, მაჯაში ხელი დამავლო და გარეთ, ფოიეში გამიყვანა.

_ ახლავე მისწერე, არ დამირეკო, მკაცრი მამა მყავს-თქო, გესმის? უბრალოდ, მესიჯი გამოგიგზავნოს და მორჩა, _ დამარიგა დაქალმა და მეც გულზე მომეშვა. ეს როგორ ვერ მოვიფიქრე?

შესანიშნავი იდეა იყო. უკეთესს ვერ ვინატრებდი, მაგრამ სანამდე? ოდესღაც ხომ მომიწევდა ამ თემაზე საუბარი? თითქოს სანერვიულო მაკლდა, ახლა ესეც დამემატა.

_ თუ საცეკვაოდ გაგიწვია, უარი არ უთხრა, _ ტანიკა ტუჩების გამოხატული მოძრაობით მელაპარაკებოდა, რომ ყველაფერი კარგად გამეგო, _ მეც მაშინვე ავდგები საცეკვაოდ და ჩემს მოძრაობებს დააკვირდი. შენც იმ რიტმში გააგრძელე ცეკვა, როგორც მე ვიცეკვებ. გამიგე, ხომ?

თავი დავუქნიე და ორივენი დარბაზში შევბრუნდით.

დავჯექი თუ არა, მაშინვე ვაფრინე ილიასთან მესიჯი. ვთხოვე, არ დაერეკა, მხოლოდ მესიჯი გამოეგზავნა ჩემი მკაცრი და ეჭვიანი მამის გამო. როცა წაიკითხა, ჩემკენ არ გამოუხედავს, ისე დააქნია თავი. ანუ მანიშნა, ყველაფერი გასაგებიაო.

საღამომ ისე ჩაიარა, არც ილიას უცეკვია და არც მე გავუწვევივარ საცეკვაოდ. ის კი არა, თითქოს ცოტათი მოიწყინა კიდევაც. როცა მისი მაგიდის წევრები კვლავ ამღერდნენ, ის აღარ შეუერთდა თავის მეგობრებს, არ აჰყვა სიმღერაში. უფრო მოუხშირა გარეთ გასვლას მოსაწევად. ერთხელ თვალი გავაყოლე. მინის მიღმა ვხედავდი, რა სისწრაფით ექაჩებოდა სიგარეტს. თითქოს ჩემი მზერა იგრძნოო, უცებ შემოიხედა ფანჯარაში და ჩვენი მზერები ერთმანეთში ჩაიხლართა. თვალის არიდებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ შეთქმულივით გავუღიმე. საპასუხო ღიმილი ან ვერ დავინახე, ან არ გაუღიმია. ცოტა არ იყოს, გულზე შემომენთო. მესიჯობანას ამბავი ხომ არ გაუტყდა? რატომ მოიწყინა ასე უცებ?

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მოულოდნელად ადგა, ყველას დაემშვიდობა და წავიდა. წავიდა ისე, როგორც ერთ დროს სანდრო. ჩემს გონებაში ნამდვილი რევოლუცია დატრიალდა. რა მოხდა? რატომ წავიდა? რა ვერ ვქენი ისე? ნერვიულობისგან კანკალი დამაწყებინა. არც ტანიკა იყო უკეთეს დღეში. ჩემი გოგოებიც გაოგნებულები დარჩნენ ისევე, როგორც ილიას მეგობრები. მათი მიმიკებით ვხვდებოდი, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რატომ წავიდაო. ბიჭები მხრებს იჩეჩდნენ, გოგოები ხელებს შლიდნენ. არც ჩვენ ვიყავით უკეთეს დღეში. მეც სიამოვნებით დავტოვებდი ამწუთას აქაურობას, მაგრამ ვაი, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და ამას ვერ ვიზამდი.

უეცრად ჩემი მობილურის ეკრანი განათდა. არის! მესიჯი იყო მისგან! ილიასგან! ილიკოსგან! თვალები ისე გამიბრწყინდა და სახეც ისე გამინათდა, ყველა მიხვდა, მისგან შეტყობინება რომ მივიღე. ტანიკა წამოხტა და არც დამაცადა, ისე ამაცალა მობილური ხელიდან. ჩემკენ ზურგით შეტრიალდა და წაიკითხა. ტანიკამ იცოდა, როგორ მოეხსნა ბლოკი ჩემს ტელეფონზე. მან ჩემზე ყველაფერი იცის. მას აქვს ამის უფლება.

მერე სახეგაბადრულმა მობილური გახსნილი შეტყობინებით წინ დამიდო.

იქ კი შავ ფონზე თეთრი ასოებით ეწერა: „ისეთ დღეში ჩამაგდე, იქ ვეღარ გავჩერდებოდი. ახლა მხოლოდ ჩემი ლოგინი მინდა, რათა დავწვე და შენზე ვიფიქრო. ასეთი რამ პირველად დამემართა. საოცრება ხარ, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს!“

აჰა! ასრულდა ჩემი ჩუმი ოცნება! ვიღაცის გაგიჟება მაინც შევძელი. ეს რაუნდი მე მოვიგე, მაგრამ რა იქნება ხვალ?

ხვალეზე აჯობებს ხვალ ვიფიქრო. ახლა კი მეც ერთი სული მქონდა, ჩემს ლოგინამდე მიმეღწია და ილიაზე ფიქრში შევრეოდი ბნელ ღამეს. ის რაღაცნაირ სითბოსა და ენერგიას ასხივებდა და მე ეს მომწონდა.

ამის გაფიქრებაზე საოცარი სითბო ვიგრძენი და ისე გავბრუვდი, როგორც პირველი ჭიქა კონიაკის დალევის შემდეგ. ემოციების ტალღამ გადამიარა. სასიამოვნო ემოციების. უკვე ყოველი წამის, ყოველი წუთის გასვლას ვგრძნობდი. ერთი სული მქონდა, დრო თავპირისმტვრევით გაქცეულიყო და შინ რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი. მეგონა, გვიან ღამით აუცილებლად დამიმესიჯებდა. ამაში დარწმუნებული ვიყავი.

სანამ სახლში მივიდოდი, ილიამ გზაში დამაწია მესიჯი:

_ ისევ იქ ხარ?

_ არა, წამოვედი, _ მივწერე მეც.

_ თუ ჯერ გზაში ხარ, დაგირეკავ.

უჰ, როგორ შემომენთო ლოყებზე. მართალია, სახლამდე კარგა გვარიანი მანძილი იყო ჯერ, მაგრამ მოვატყუე, შინ ვარ და არ დამირეკო-მეთქი.

_ არც დაგიმესიჯო?

_ ცოტა ხანში ჩემს ოთახში გავალ, დავწვები და მერე.

_ რამდენი ხანია ეს ცოტა ხანი?

_ 16 წუთი, _ გავეხუმრე, იმან კი, როგორც ჩანს, სერიოზულად მიიღო.

_ ზუსტად 16 წუთში გიმესიჯებ, იცოდე!

_ მე თვითონ დაგიმესიჯებ, კარგი? _ შემეშინდა, ვაითუ მანამდე ვერ მოვასწრო სახლში მისვლა-მეთქი.

კარგიო, მომწერა და დადუმდა.

ტანიკას კორპუსთან დავემშვიდობე და სასწრაფოდ ავირბინე შინ. დედაჩემს არ ეძინა, ჩემს დაბრუნებას ელოდებოდა. სუფრა ჯერაც აულაგებელი დამხვდა, ნათესავები მოსულან დაბადების დღის მოსალოცად, მერე მეზობლებსაც შემოურბენიათ.

_ დავილიეთ ცხრა სული შენს ლოდინში. სად ხარ აქამდე? _ მისაყვედურა დედამ.

_ ლამარა, იქნებ ცოტა მაცალო? _ იქით შევუტიე, _ რა მექნა, შუა სუფრის დროს მიმეტოვებინა მეგობრები? ხომ არ ვეტყოდი, სახლში სტუმრები მელოდებიან თურმე და დავიშალოთ-მეთქი.

_ ვითომ რატომ არ ეტყოდი? მარტო მეგობრები გახსოვს შენ, სხვა არავინ გინდა!

პასუხი არ გავეცი. ახლა დედასთან კამათი არ მაწყობდა. ერთი სული მქონდა, ჩემს საძინებელში განვმარტოებულიყავი და ილიასთვის მიმეწერა.

_ ძალიან დავიღალე, დე, ნუ მეჩხუბები. ბოლოს და ბოლოს, ჩემი დაბადების დღეა.

_ უკვე აღარ, _ დააკვესა თვალები დედაჩემმა და კედლის საათს შეხედა. მეც გავაყოლე მის მზერას მზერა და გამიკვირდა, პირველის ნახევარი ხდებოდა. კარგა გვარიანად გაგვგრძელებია ქეიფი.

_ წავალ, დავწვები, თორემ თვალები მეხუჭება. _ მხოლოდ ეს ამოვთქვი და ჩემს ოთახს მივაშურე.

სავარაუდოდ, რაღაც საყვედურს დამადევნებდა დედაჩემი, მაგრამ რადგან მას ვერ ვხედავდი, ვერც მოვისმინე, რა მითხრა. თუმცა ამას უკვე აღარ ვდარდობდი. საძინებელში შევედი, კარი დავკეტე და მაშინვე გახდას შევუდექი. ერთი სული მქონდა, ლოგინში როდის შევწვებოდი. წყლის გადავლებისთვის ამაღამ სად მეცალა? არა უშავს, როგორმე აიტანს ერთ ღამეს ჩემი ნარესტორნალი სხეული!

შევწექი და კედლისკენ გადავბრუნდი. მობილურის ეკრანმა ჩაბნელებული ოთახი ოდნავ გაანათა. უცებ კარი გაიღო და ლამარამ შემოყო თავი. მაშინვე მოაფათურა კედელზე ხელი და შუქი აანთო. ვერ ავხსნი, რა სისწრაფით ჩავმალე საბანში მობილური.

_ მაგიდის ალაგებაში მაინც მომხმარებოდი, _ მითხრა მისმა ტუჩებმა.

_ დე, არ იცი, როგორ დავიღალე. გეხვეწები, ამაღამ შენ აალაგე და მე სხვა დროს ორმაგად დავტრიალდები, კარგი? თავი მტკივა თან საშინლად, _ მთლად მოვისაწყლე თავი.

დედამ კოპები შეკრა და ტუჩებმომუწულმა საყვედურით სავსე მზერა მესროლა. მერე შუქი ჩააქრო და კარი მოიხურა.

გული ისე მიცემდა, მეგონა, მთელ ოთახში ისმოდა მისი ბაგუნი. ისევ კედლისკენ გადავტრიალდი და, როგორც იქნა, ვაფრინე პირველი მესიჯი:

_ მოვედი.

თქვენც არ მომიკვდეთ, პასუხი არ მაღირსა. ნუთუ ჩაეძინა? რაღაც ჩამწყდა გულის სიღრმეში, თითქოს გიტარას ერთი სიმი გაუწყდა. რას ვიზამდი. მეორე მესიჯი აღარ გავუგზავნე, არ იფიქროს, მასზე მაბოდებს უკვე-მეთქი. არადა, კი მაბოდებდა, ისე. გონებიდან არ მშორდებოდა მისი სახე _ ხან გაღიმებული, ხან გაცინებული, ხან მოწყენილი და ხანაც მოღუშული. ვიხსენებდი, რა სისწრაფით ეწეოდა გარეთ სიგარეტს და საბანში შემალულს მეღიმებოდა. ვერა და ვერ დავიმორჩილე ტუჩები. მერე კიდევ ერთხელ გადავიკითხე მისი პირველი მესიჯი. მერე კიდევ… კიდევ… კიდევ… ამასობაში დავიზეპირე… სამარადისოდ.

როდის ჩამეძინა, ღმერთმა უწყის, ალბათ, მამლის პირველ ყივილზე.

დილით ჯერ კიდევ ღრმა ძილში ვიყავი, ჩემი ტელეფონი რომ განათდა. მაშინვე ვეცი. იქვე მედო, გვერდით.

_ გღვიძავს? _ მწერდა ილია.

_ ახლა კი.

_ ახლა კი რას ნიშნავს?

_ იმას, რომ შენი მესიჯის სიგნალმა გამაღვიძა. _ და ღიმილის ნიშნად ორი ფრჩხილიც მივამატე, არადა, ეკრანი რომ განათდა, იმით მივხვდი.

_ ძილისგუდა!

_ არ ვარ ძილისგუდა, უბრალოდ, გვიან ჩამეძინა.

_ მე მელოდებოდი, ხომ? აღიარე.

_ გელოდებოდი, რახან შემპირდი, _ არ დავუმალე.

_ მაპატიე. ჩამძინებია. ნასვამი რომ ვარ, ეგრევე მეძინება ხოლმე. არადა, როგორ მინდოდა შენთან ლაპარაკი. იმედია, არ მიბრაზდები.

_ არა, რა სისულელეა. მერე რა, დიდი ამბავი, თუ ჩაგეძინა.

ისე შინაურულად ვწერდით ერთმანეთს, თითქოს წლების ნაცნობები ვყოფილიყავით. სადღა მახსოვდა თქვენობითი ფორმა!

_ კარგი დრო ატარე?

_ არა უშავდა. მოვულხინეთ ქალურად. შენ კი ძალიან ადრე წახვედი.

_ ხომ აგიხსენი, რატომაც. თუ არ გჯერა?

_ რა ვიცი. რატომ არ უნდა დაგიჯერო? ტყუილებით თუ დავიწყებთ ნაცნობობას, ვეღარ დავმეგობრდებით, _ ეს პირველი გაფრთხილება იყო ჩემი მხრიდან მაშინ, როცა მე უკვე ვატყუებდი.

_ ვახ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონხარ. ნუთუ მართლა შენა ხარ ის, ვისაც ამდენი ხანია ვეძებ?

_ მე არ ვიცი შენ ვის ეძებ, _ ამჯერად სამი ფრჩხილი მივაყოლე. ესე იგი, უფრო ფართოდ გავუღიმე.

_ მგონი, შენ. ძალიან მინდა, რომ არ ვცდებოდე ამაში.

ამაზე ვეღარაფერი ვუპასუხე. არადა, გული შემეკუმშა. უცებ ისიც კი ვიფიქრე, ახლავე მივწერ, რაც ასე მაწუხებს, ვეტყვი, რომ სმენადაქვეითებული ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც შევიკავე თავი. ტანიკას სახე დამიდგა თვალწინ _ ატრიალებული თვალები და მუშტების ერთმანეთთან მირახუნება.

_ რატომ გაჩუმდი?

_ აბა, მაგაზე რა უნდა გიპასუხო? დრო აჩვენებს, ცდები თუ არა. თავის ქებას ხომ არ დავიწყებ?

_ რატომაც არა? თუ არა შენ, სხვამ ვინ უნდა მითხრას, როგორი ხარ?

_ ჩვეულებრივი ვარ. არც უკეთესი სხვაზე და არც უარესი.

_ ეგ პასუხი არ მომწონს.

_ და როგორ პასუხს ელოდი?

_ გულწრფელს.

_ გულწრფელად გითხარი.

_ მაგრამ ეგ ზოგადია. მე კონკრეტიკა მაინტერესებს.

_ და რა უნდა დაგიკონკრეტო?

_ მაგალითად, როგორ ხასიათი გაქვს, რა გიყვარს, რა მოგწონს. თუნდაც როგორი ბიჭები.

_ ბევრი რამ მიყვარს. ხასიათი ცუდი არ უნდა მქონდეს, რა ვიცი. აქამდე არავის დაუჩივლია. ბიჭებს რაც შეეხება, ასე გამოკვეთილად ვერ ვიტყვი. კარგი ბიჭები მომწონს, _ ისევ ჩემებურად გავუღიმე.

_ არა, მაგას არ ვგულისხმობ. აი, ფიზიკურად როგორი ტიპები გიზიდავს _ ქერა, შავგვრემანი, წითური, ჩოფურა, რა ვიცი…

_ მაგას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს.

როგორ მინდოდა სხვა რამეზე გადაეტანა საუბარი. ეს შეკითხვები ძალზე მძაბავდა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მართლა არასდროს მიფიქრია იმაზე, შავგვრემანი ბიჭები უფრო მომწონდა თუ ქერა, მაღალი თუ დაბალი, ღიპიანი თუ უღიპო. გარეგნობას ხაზს არასდროს ვუსვამდი. მთავარი ჩემთვის შინაგანი ბუნება იყო, ოღონდ მთლად გაგრია ნუ იქნებოდა.

_ მამაშენი სახლშია? _ უცებ შეცვალა საუბრის თემა, თითქოს ჩემს გულში იჯდაო.

ისევ დამცეცხლა. მამაჩემი ამწუთას ცხრა მთას იქით უკრაინაში იმყოფებოდა, მე კიდევ ვატყუებდი.

_ სახლშია.

_ არ მუშაობს?

_ კი, მაგრამ გვიან მიდის.

_ სად მუშაობს?

ვაი შენს ნიას! რა ვუთხრა? რა და, სიმართლე, შე შტერო! _ მიკარნახა შინაგანმა ხმამ.

_ თავისი მცირე ბიზნესი აქვს, ისეთი არაფერი. ცოტას შოულობს, მაგრამ ალალს და უსაყვედუროს.

_ ნუთუ ისეთი მკაცრია, რომ ბიჭებს ახლოს არ გაკარებს?

_ კი, მკაცრია, რადგან ეშინია, ემანდ არავინ მომიტაცოს, _ ისევ გავეხუმრე.

_ ტელეფონიდან, კაცო! _ ისიც გამეხუმრა.

_ ისეთ დროში ვცხოვრობთ, გასაკვირი არაფერია.

თან ვწერდი, თან სიცილით ვიჭაჭებოდი. ვცდილობდი, ხმამაღლა არ გამეცინა, რათა დედაჩემის ყურადღება არ მიმექცია. ჯერ მე თვითონაც არ ვიყავი გარკვეული, რა ხდებოდა ჩემს თავს და როგორ განვითარდებოდა ილიასთან ნაცნობობა, ამიტომ ლამარას ვერაფერსაც ვერ ვეტყოდი, სანამ რამე არ გაირკვეოდა.

_ იცი? ძალიან მინდა გნახო, მაგრამ არც ის მინდა, ვიჩქარო. მგონი აჯობებს, ჯერ ასე ვიმესიჯოთ და ისე გავიცნოთ ერთმანეთი. შენ რას იტყვი?

სიხარულისგან კინაღამ გავძვერი ტელეფონში.

_ თანახმა ვარ. მართლა კარგი აზრია.

_ ისე, რომ მეთქვა, შევხვდეთ-მეთქი, შემხვდებოდი? _ ნიადაგი მომისინჯა.

_ როდის? _ პასუხის კარგი ვარიანტის შესარჩევად დრო გავწელე.

_ მაგალითად, დღეს.

_ არა, არ შეგხვდებოდი. ჯერ არც გიცნობ წესიერად.

_ და რა გგონია, თუ აქ გავიცნობთ ერთმანეთს და მოგეწონები, რეალურადაც კარგი ბიჭი ვიქნები?

პასუხი ისევ არ მქონდა. რა უნდა მეთქვა?

_ რატომ გაჩუმდი? _ მომწერა, როცა ჩემგან შეტყობინება ვერ მიიღო.

_ ცუდი რატომ უნდა იყო? _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

_ რა, ცუდი ბიჭები არ არსებობენ? ხომ შეიძლება ასე მიწერ-მოწერით თავი პრინცად მოგაჩვენო, სინამდვილეში კი მაგარი რქიანი ვიყო და ნაგავი?

_ არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გიპასუხებ. და თუ ეგრეა, შენს სინდისზე იყოს, _ დავამუნათე ბოლოს და მის პასუხს არ დაველოდე, კიდევ ერთი მესიჯი ვაფრინე:

_ მაპატიე, უნდა ავდგე, დედა მეძახის.

სწორედ ამ დროს მოვიდა მისი შეტყობინება:

_ ნუ გეშინია, მთლად ცუდიც არ ვარ. მგონი მოგეწონები.

და უცებ მოაყოლა მეორეც:

_ კარგი, მიდი. რომ მოიცლი მომწერე, ხო?

ამაზე აღარ ვუპასუხე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე. რაღაცნაირად განვიხიბლე თუ შემეშინდა, მე თვითონ არ ვიცი. მართლა და მართლა, სულ რაღაც რამდენიმე საათია გავიცანი. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა, რას საქმიანობს, როგორი ხასიათისაა, როგორი ზნის. იქნებ სულაც ცოლიანია? ამის გაფიქრებაზე შემაკანკალა. არა, ეგ არა, ღმერთო! ყველაფერზე თანახმა ვარ, უხასიათობაზეც, ლოთობაზეც, ნარკომანობაზეც კი, ოღონდ ცოლიანი ნუ იქნება!

ეჰ, რა სულელები ვართ ქალები! მით უფრო, რაღაც ნაკლი თუ გაგვაჩნია. ყველაფერს ავიტანთ, ოღონდ კი რაღაცით გავიხაროთ, ოღონდ კი ვიღაცას თავი მოვაწონოთ და გამორჩეულად ვიგრძნოთ თავი. მერე კი, როცა ისინი კლანჭებს გამოაჩენენ, იმაზე ვიწყებთ წუწუნს, როგორ ძალადობენ ჩვენზე! არადა, გარკვეულწილად ჩვენც ვუწყობთ კაცებს ამაში ხელს.

იმ დღეს აღარაფერი მიმიწერია. ჯობდა ცოტა დავფიქრებულიყავი. არ მინდოდა ისე გამოსულიყო, თითქოს მასზე უკვე ვაფანატებდი და ილიას იქით გზა არ მქონდა. თან პირველი აღფრთოვანებაც მინავლდა ოდნავ, ცოტა შიშიც შემომეპარა, ამიტომ პაუზა ვარჩიე, დროებით მაინც. შუადღეს ტანიკაც გამოვიდა და ბევრი ვილაპარაკეთ. ხან აქედან მივუდექით ილიას, ხან იქიდან, ყველა ბრუნვაში ვაბრუნეთ, ყველა დროში ვაუღლეთ და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია და მასთან ურთიერთობის აწყობა ცდად ღირდა. მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩემს ამბავს არ ვეტყოდი. თუ რამე არ მომეწონებოდა და ბოლოს და ბოლოს, მისი თავიდან მოშორების აუცილებლობა დადგებოდა, მაშინ მეხარებინა, ყურში არ მესმის და აჯობებს სხვა გოგო იპოვოო.

_ რამდენი არ დამიჯერე, იმდენი წააგე. ხომ ასეა? _ დამმოძღვრა ჩემმა დაქალმა, _ ახლა მაინც მიგდე ყური, შე ოხერო! კარგი მინდა შენთვის, ცუდი ხომ არა? არავითარ შემთხვევაში არ გაუმხილო, რომ არ გესმის. გამიგე? თუ ერთმანეთი შეგიყვარდებათ, მერეც მოასწრებ მაგის თქმას. აი, რომ ეყვარები, მერე ასე ადვილად ვერ დაგთმობს. დამიჯერე!

უნდა დამეჯერებინა, სხვა რა გზა მქონდა. ჩემი უსმენობის გამო რამდენი ბიჭი დავკარგე. მთლად „რამდენი“ არ ყოფილა, მაგრამ ორი-სამი სერიოზული კანდიდატი ხომ იყო? მართლა აჯობებდა, ახლა ასე მეცადა. თუ შემიყვარებდა, ამ ტყუილს აუცილებლად მაპატიებდა და იმასაც, რომ სმენადაქვეითებული ვიყავი. რა ვიცი, ჯერჯერობით ასე მწამდა და რა მელოდა მომავალში, წინასწარ ვერ განვსაზღვრავდი.

ისე მოსაღამოვდა, არ შევხმიანებივარ. არც თვითონ მოუწერია არაფერი. ამაზე არ ვღელავდი, საოცრად მშვიდად ვიყავი. პირიქით, კარგიც იყო, რომ არ მწერდა. ცოტათი მეც გავნელდებოდი.

დაღამდა. ტანიკა გვიან წავიდა. მთელი დღე იჯდა და მიყურებდა, როგორ ვხატავდი ჩემს მორიგ ტილოს _ წითელ ყაყაჩოს თავთავებიან ყანაში. მერე ვისადილეთ, მერე ისევ ვიჭორავეთ. მერე კვლავ ხატვას მივუბრუნდი. ლამაზი ნახატი გამოდიოდა და მსიამოვნებდა. ტანიკა ქათინაურებს არ იშურებდა, ოქროს ხელები გაქვსო.

გვიან წავედი დასაძინებლად, რადგან დედასაც უნდა მივხმარებოდი საოჯახო საქმეებში. სახლი დავალაგე, დავაწკრიალე იქაურობა, რომ საყვედური არ ეთქვა. თვითონ მთელი დღე სამსახურში იყო და საღამოს დაღლილი დაბრუნდა შინ. დედა მარკეტში მუშაობს ბუღალტრად და ბევრი საქმე აქვს ხოლმე.

როგორც იქნა, დავწექი და მობილური შევამოწმე. არანაირი შეტყობინება, მხოლოდ სარეკლამო მესიჯები იყო მოსული. ზოგი ავტოსესხს მთავაზობდა, ზოგი იპოთეკურს თუ სამომხმარებლოს. სკრინინგზეც მომსვლია მესიჯი, უფასო კვლევას მთავაზობდნენ. აგერ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიასაც გავხსენებივარ და აფთიაქებსაც, მაღალი ხარისხის კოსმეტიკა ნახევარ ფასშიო. ნეტავ რომ არ ეზარებათ ყოველდღე ამდენი მესიჯის გაგზავნ-გამოგზავნა!

ყველა რაღაცას მწერდა ილიას გარდა. ჩემს ჯგუფელსაც გამოუგზავნია შეტყობინება, კარგი დრო ვატარეთ რესტორანში და ამისთვის დიდი მადლობაო. ფეისბუკზეც შევიხედე. ჩემს ნახატებს გადავავლე თვალი, მყიდველი ხომ არ გამომიჩნდა-მეთქი, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილიყო. როგორ მინდოდა ილიას გვერდზე გადავსულიყავი, მაგრამ მხოლოდ ახლა დავაფიქსირე, რომ მისი გვარი არ ვიცოდი. ნუთუ ასეთი შტერი ვარ? იქნებ სულაც ჩემი მოგვარეა? თითქოს რაღაცამ გამსერა გულზე. ეს რამ მაფიქრებინა? ამხელა თბილისში რაღა ჩემი მოგვარე მომეწონებოდა? რატომ მომივიდა ასეთი აზრი? აი, როგორც კი რამეს მომწერს, პირველად გვარს ვკითხავ, მორჩა!

ის კი არაფერსაც არ მწერდა. თითქოს დავავიწყდი. ნეტავ რატომ არ მწერს? ახლაც იმას ხომ არ იტყვის, ნასვამი ვიყავი და ჩამეძინაო? დავიჯერო, მთელი დღე ეძინა? ლოთი რომ არ იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან რესტორანში დავარდნამდე არ დაულევია. ვაითუ ნარკომანია? აუუუ! რა ცუდი აზრები მომდის თავში! ჩემო მშიშარა გონებავ, დამანებე თავი, ძალიან გთხოვ! ისედაც არეული მაქვს ცხოვრება და შენ უარესად ნუ მირევ! ცოლიანი, სავარაუდოდ, არ უნდა იყოს, თუმცა რატომაც არა? იქნებ ღამით იმიტომაც არ დამიმესიჯა, რომ გვერდით ცოლი ეწვა? დილით კი, როცა მეუღლე სამსახურში დაიგულა, მარტო დარჩა და შემომეხმიანა? გამორიცხული არაფერი იყო. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.

თუმცა სულ ტყუილად ვღელავდი. ის ღამეც ისე გაილია, არ მოუწერია. თავი არც მე შემიხსენებია. ვინ იცის, იქნებ იმას ელოდა, მე როდის გამომელეოდა მოთმინება და ტელეფონს დავეტაკებოდი? ვერ მივართვი!

მეორე დილით, ზუსტად იმავე დროს მომწერა, რა დროსაც წინა დღეს. არა, აქ რაღაცაშია საქმე! ფრთხილად უნდა ვიყო, რამე შარში არ გავება!

_ როგორ ხარ? გღვიძავს?

_ კარგად ვარ და მღვიძავს.

_ რატომ არ შემომეხმიანე გუშინ, ხომ გთხოვე?

აი, თურმე რა ყოფილა! ხომ ვამბობდი! ჩემგან გადადგმულ ნაბიჯს ელოდა!

_ ვერ მოვიცალე.

_ რატომ, რას აკეთებდი?

_ ვხატავდი, მერე სტუმრები მყავდა, ნათესავები. _ ისევ მოვატყუე.

_ ხატავდი? მხატვარი ხარ?

_ კი, მხატვარი ვარ.

_ აკადემიური? _ ჩამეძია. მივხვდი, მეკითხებოდა, აკადემია დაამთავრეო?

_ ჰო.

_ ვაა, რა მაგარია. რას ხატავ? პორტრეტებს თუ ნატურმორტებს?

_ პორტრეტებს არა, ნატურმორტებს კი, პეიზაჟებსაც.

_ და რაში, აკრილში, ზეთში თუ გუაშში?

ოჰო! რაღაცები ამასაც სცოდნია! ყოჩაღ!

_ ზეთით ვხატავ.

_ რა საინტერესოა. ძალიან მინდა შენი ნახატები ვნახო. მითხარი, როგორ მოგძებნო ფეისბუკზე?

კიდევ კარგი, თვითონ შემომთავაზა. აი, დამიმატებს და გვარსაც გავიგებ. მერე მის ფოტოებსაც დავათვალიერებ და რაღაც აზრს მაინც გამოვიტან!

_ ინგლისური შრიფტით მოძებნე ნია დგებუაძე.

_ ე! დგებუაძე ხარ გვარად?

სუნთქვა ლამის გამიჩერდა. ახლა რომ მომიხიოს, მეც დგებუაძე ვარო!

_ კი. შენ?

_ მე-ე? გაგეცინება და, ბუაძე ვარ გვარად. ჰოდა, თქვი ახლა, ეს უბრალო დამთხვევაა? ვგრძნობ, ბედისწერა ურევია ჩვენს გაცნობაში.

გულზე ხომ მომეშვა, მაგრამ მისი გვარის წაკითხვისას ისეთი სიცილი ამიტყდა, ვეღარ გავჩერდი. თვალები ცრემლით ამევსო. მართლა ბედის ირონიაა ცხოვრება. ჩვენი სახელები ხომ ჰგავდა რაღაცით ერთმანეთს და გვარებიც რომ მიმსგავსებული იყო, ამაზე მეტი ირონია რაღა უნდა ყოფილიყო?

_ ჰო, მართლა უცნაურია, _ მივწერე მეც.

კარგა ხანს არ მიპასუხა. უცებ მესენჯერის აპლიკაციამ მამცნო, რომ შეტყობინება მომივიდა. ფეისბუკიდან მწერდა:

_ დამიმატე, მოთხოვნა გამოგიგზავნე.

მეც ეგრევე შევედი და დავიმატე. აი ის, ჩემი ოქროსფერი ბიჭი! საოცრად ლამაზი ფოტოები ედო. მარტოც იყო, მეგობრებთანაც _ ბიჭებთან, გოგოებთან. ერთი ცოტა ასაკოვანი მოვლილი, გაპრანჭული ქალის ფოტოც ვნახე, ხელიხელგადახვეულები იდგნენ. კომეტარებს ჩავყევი და დედა აღმოჩნდა მისი. „ჩემი დე“, _ თვითონ ასე იხსენიებდა დედას, რომელსაც ელენე რქმევია, კომენტარებში წავიკითხე. არანაირი ცოლი, არც შვილი. ამის მაუწყებელი ვერც ერთი ფოტო ვერ ვნახე.

ეს მომეწონა. ცოტა დამიმშვიდდა აფორიაქებული სული.

_ აბა, როგორაა საქმე, ეჭვები უკვე აღარ გღრღნის? _ მომწერა.

_ რა ეჭვები? _ სახეზე შემახურა.

_ დარწმუნდი, რომ ცოლიანი არ ვარ და არც ცუდი ბიჭი?

ნეტავ საიდან მიხვდა?

_ და ვინ გითხრა, რომ მაგაზე ვდარდობდი? არც მიფიქრია.

_ გიფიქრია, გიფიქრია. მაგიტომაც არ მომწერე გუშინ. გგონია, ვერ მივხვდი? ძალიან გთხოვ, ნუ დაფეთდები. მართლა არ ვარ ცუდი ადამიანი და არ მინდა შენი დაკარგვა. გესმის?

მცირეოდენი ყოყმანის მერე დავუბრუნე პასუხი:

_ მესმის.

_ ჰოდა, იცი რა ვიფიქრე? აღარ მინდა ასე გაგრძელება. ვერ ვითმენ და მინდა შეგხვდე. მოახერხებ?

ახლა კი ავღელდი. შევხვდე თუ არ შევხვდე? ცოტათი ხომ არ გავიპრანჭო? მაგრამ რომ გაბრაზდეს და საერთოდ აღარ შემომეხმიანოს? ვამჯობინე, ნეიტრალური პოზიცია დამეკავებინა.

_ არც კი ვიცი რა გითხრა. _ ესღა მივწერე.

_ სამაგიეროდ, მე ვიცი, ძააალიან ლამაზო გოგო. უნდა მითხრა, კარგი, შევხვდეთ, ძააალიან სიმპათიურო ბიჭოო, _ და სიცილაკები მომაყარა.

მეც მორცხვად გავუღიმე.

_ გავრისკოთ, ერთი შეხვედრით რა დაშავდება? რას წავაგებთ?

არც არაფერს-მეთქი, გავიფიქრე და ეგრევე მივწერე:

_კარგი, გავრისკოთ.

_ აი, საღოლ! დაცემა გოგო ხარ. როდის შეძლებ, დღეს?

_ დღეს არა.

_ მაშინ ხვალ.

_ კარგი, იყოს ხვალ. სად?

_ მოდი, საღამოს მოგწერ, კარგი?

_ კარგი. მაშინ წავედი, თორემ საქმეები მაქვს.

_ მოგწერ. საღამოს, მანამდე შენს ნახატებს დავათვალიერებ, _ ამჯერად წითელი გულები მომაყარა.

ისეთი აჟიტირებული ვიყავი, სიამოვნებით ავმღერდებოდი, ჩემი ხმის გაგონება რომ შემძლებოდა. რა გაძლებდა საღამომდე, ჯერ მთელი დღე იყო წინ. რა გალევდა ამ დღეს!

ილიამ გვიან დამიმესიჯა, როცა დედას უკვე ეძინა. ერთით კარგიც იყო, მეც ვიწექი და ხელს ვერაფერი შემიშლიდა. ტელეფონი გვერდით მედო, რათა არ გამომპარვოდა, როცა ეკრანი განათდებოდა, თან სულ ვიბრაციაზე მიყენია.

_ დავაგვიანე? _ მომწერა.

_ არა.

_ კიდევ კარგი. შემეშინდა.

_ რისი?

_ არ ეძინოს-მეთქი.

_ ასეთ დროს არ მძინავს.

_ რატომ, რას აკეთებ?

_ ვხატავ. გვიანობამდე.

_ ახლა სწორედ მაგაზე უნდა მეთქვა. ყოჩაღ, ძალიან მეტყველი ნახატები გაქვს, მომეწონა.

_ მადლობა, _ სითბო ჩამეღვარა სხეულში იმ დოზით, რომ ვიგრძენი, გაყინულ ფეხებსაც კი მითბობდა.

_ გაჩუქებ რომელიმეს.

_ მართლა? არ იცი, როგორ გამიხარდება. დედაჩემი გიჟდება ნახატებზე. იმასაც გავახარებ.

_ ჰოდა, დღეს დავამთავრე ერთი და იმას წამოგიღებ. _ ისე ვიყავი აღტყინებული, არც ვუფიქრდებოდი, რას ვწერდი.

_ წამომიღებ? სად?

ოპ! ეს რა ვქენი! პაემანი ჯერ არ დაუნიშნავს, მე კი მოვლენებს წინ გავუსწარი!

_ სადაც გნახავ და როცა გნახავ. იმედია, ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს. _ მივწერე და პასუხის მოლოდინში სუნთქვა მოვკალი.

_ არ იცი, როგორ მეცინება ახლა. მაინც იპოვე გამოსავალი ჩემს მზაკვრულ შეკითხვაზე. მომწონს შენისთანა საზრიანი გოგოები. საღოლ, ჩაგეთვალა.

აღარაფერი აღარ მივწერე, სუნთქვას კი სიცოცხლე დავუბრუნე.

_ რა იყო, რამე ხომ არ გეწყინა? _ შემეკითხა, როცა პასუხი არ დავუბრუნე.

_ რა უნდა მწყენოდა?

_ მაშინ რატომ არ მიპასუხე?

_ არ ვიცოდი რა მეპასუხა.

_ რა მიამიტი და საყვარელი ხარ. ახლა რომ ჩემთან იყო, შუბლზე გაკოცებდი.

შუბლზეო… კარგა გვარიანი დაქოქილი ჩანს ესეც, ჩემი არ იყოს!

_ ოღონდ ჯერ არაა გამშრალი.

_ რა, შუბლი? ნაბანავები ხარ?

_ არა, არა, შუბლი კი არა, ნახატი არაა გამშრალი.

_ ააა, ეგ არაფერი. ხვალ წამოიღე და შეიძლება გზაში გაშრეს კიდევაც. აქეთ მზე დააჭერს, იქით შენი ხელის ქნევა და ასე.

მომეჩვენა, თითქოს დამცინოდა. მცირე ირონია ვიგრძენი მის მონაწერში და ავიჭერი. არ მინდოდა უკმეხად მეპასუხა, ამიტომ მხოლოდ ღიმილი გავუგზავნე.

_ ხომ წამომიღებ?

_ არ ვიცი, _ ცოტა არ იყოს, შევყოყმანდი.

_ რატომ ასეთი პასუხი?

_ ხომ გითხარი, ჯერ მშრალი არ არის-მეთქი.

_ და მეც ხომ გითხარი, გზაში გაშრება-მეთქი. რაღაც გეწყინა. გამოტყდი.

_ არაფერი.

_ ნიაკო, მოდი, შევთანხმდეთ. თუ რამე გვეწყინება ერთმანეთისგან, არ დავმალოთ, კარგი? ასე აჯობებს ორივესთვის. ასე არც ჩვენი ურთიერთობა დაზიანდება.

ისევ ღიმილი გავუგზავნე, მაგრამ მაინც არ ვუთხარი, როგორ შემაცბუნა მისმა ხუმრობამ.

_ რას ვაკეთებთ ხვალ, ვხვდებით ერთმანეთს?

_ როგორც იტყვი.

_ ჩემზეა დამოკიდებული? _ გაიოცასავით.

_ აბა არა? _ გავიოცესავით.

_ კარგი, ეგრე იყოს. საღამოს ექვსზე შეძლებ შემხვდე?

დამცეცხლა. ექვსი საათი ჩემთვის გვიანი იყო. მერე მზე ჩავიდოდა, მე კი მის ტუჩებს თვალს ვერ მივადევნებდი და ვერ გავიგებდი, რას მეტყოდა, ამიტომ ისევ მამაჩემს დავაბრალე:

_ ვერა, მამაჩემი არ გამომიშვებს. უფრო ადრე ვერ მოახერხებ?

_ უფრო ადრე რომელზე?

_ აი, ოთხზე, მაგალითად.

პასუხმა დააგვიანა. მერე მომწერა:

_ ხვალ ვმუშაობ, მაგრამ ვეცდები მოვახერხო. კარგი, იყოს ოთხზე. ვაა, დავიჯერო, ასთი მონსტრი მამა გყავს?

_ არა, სულაც არ არის ასეთი. უბრალოდ, მიფრთხილდება.

_ ჰო, მესმის. სადაც კაცს იმის ეშინია, ტელეფონიდან არ მომიტაცონ შვილიო, რა გასაკვირია, ბიჭთან შეხვედრაზე უარი გითხრას.

კვლავ ღიმილი გავუგზავნე.

_ მგონი, გაკომპლექსებ, არა? არ იფიქრო, რომ მამაშენს ჩრდილს ვაყენებ ან ვლანძღავ. უბრალოდ, მიკვირს. ვერც ვიფიქრებდი, ჩვენს ეპოქაში ასეთი მამები თუ არსებობდნენ.

_ არსებობენ. _ სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, მამაჩემი დესპოტად რომ გამომყავდა. არადა, მართლა არ იყო ასეთი.

_ სად გნახო? _ მომწერა.

_ არ ვიცი, შენ გადაწყვიტე.

_ შენ რომ მითხრა, არა?

_ ჩემთვის სულერთია. _ გავუგზავნე პასუხი და ეგრევე თავში ხელი შემოვირტყი. ხომ ვიქნები ღირსი, მითხრას, ჩემთან გამოდი სახლშიო?

არც შევმცდარვარ.

_ მაშინ ჩემთან გამოდი. საღამომდე მარტო ვიქნები.

თითქოს აგუზგუზებულ ბუხარში შემაგდეს. ცეცხლი წამეკიდა სახეზე.

_ არა!!!!!!!!! _ დავუშინე ძახილის ნიშნები.

_ რამდენი ძახილის ნიშანი მოაყოლე! _ გამიცინა, _ ცხრა. ესენი შენი დაცვის წევრები არიან?

დავდუმდი.

_ კარგი, ჰო, რა გეწყინა? ვიხუმრე, მართლა სახლში კი არ გეპატიჟები. სულერთიაო, რომ მითხარი, მაგის პასუხად მოგწერე. გადაწყვიტე შენ თვითონ, სად შევხვდეთ?

_ ზოოპარკთან, _ სრულიად შეგნებულად მივწერე, სხვა ადგილის ღირსი არ იყო.

მგონი, მიხვდა, რომ დავცინე. კარგა ხანს პასუხი არ მოუწერია. ამან დამზაფრა. ვაითუ ყველაფერი მორჩა?

მაგრამ არა, შევცდი. დაახლოებით ერთი წუთის მერე მიპასუხა:

_ იყოს ზოოპარკთან. ოცხზე იქ ვიქნები.

„ოცხზე“-მ გამაცინა. ან გაბრაზდა და იმიტომ აკრიფა შეცდომით, ან ისიც ჩემსავით სიბნელეში წერდა და თ-ზე თითი აუცდა. არ დავინდე.

_ ოცხზე საათის რომელია? _ და სიცილაკები ვაფრინე.

_ ოთხზე, რა. არ მაპატიო ახლა ერთი ასო.

_ მეც მოვალ ოთხისთვის.

_ ოთხისთვისო… ანუ დააგვიანებ?

_ მე არა. შენ?

_ არც მე. მაშინ ხვალამდე, კარგი? დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

_ ღამე მშვიდობისა.

_ ღამე მშვიდობისა, ძააალიან ლამაზო გოგო!

როგორც კი მესიჯობანას მოვრჩით, ისე ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს გამოცდა ჩამებარებინოს.

ეგრევე ტანიკას მივწერე და ყველაფერი ჩავუკაკლე. მეგონა, გაუხარდებოდა, იმან კიდევ საყვედურებით ამავსო, ჩემი ხელით მოგკლავ, ზოოპარკთან როგორ დაუნიშნე პაემანი, რას გაამასხარავეო. ამაზე მეც დავფიქრდი, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. ქალო, ადგილების მეტი რა არის, ვაკის პარკი მაინც გეთქვა, ან ალექსანდრეს ბაღი, ზოოპარკი რამ მოგაფიქრა, მაგას ბუკიას სკვერიც კი სჯობდაო, _ დამაყარა და დამაყარა დაქალმა.

თავის მართლება არ დამიწყია. რაც დაიმსახურა, ის მიიღო-მეთქი, მოკლედ მოვუჭერი ტანიკას და მობილური საერთოდ გავთიშე.

ხვალ საგანგებოდ უნდა გამოვიპრანჭო! ხვალ დიდი დღე მაქვს! _ გავიფიქრე, ტელეფონი ბალიშის ქვეშ ამოვიდე და ჩემს თხელ საბანში ჩვილი ბავშვივით გავეხვიე…

არ მინდოდა დამგვიანებოდა. თან ნახატი უნდა წამეღო _ ჩემი ლამაზი ყაყაჩო თავთავების ყანაში. თითქოს ჩემი თავი დავხატე ამ პატარა ტილოზე _ ამდენ ერთნაირ თავთავში სრულიად უცხო ყაყაჩო! განსხვავებული და ლამაზი. სწორედ ასე ვგრძნობდი თავს ამ სამყაროში, ამ ადამიანების გარემოცვაში. ყველა ერთნაირია ჩემთვის, ყველას ესმის, ჩემ გარდა, ყველას უხარია სიცოცხლე, არავის თრგუნავს თავისი ნაკლი, მხოლოდ მე, მიუხედავად იმისა, რომ მოხდენილიც ვარ, ნიჭიერიც და განათლებულიც. მაინც გარიყულად ვგრძნობ თავს, უცხო ვარ თქვენ შორის, როგორც ეული ყაყაჩო თავთავების ყანაში!

მეორე დღეს ტანიკამ დილიდან ამიკლო, რას შვრები, რას იცვამ, იცოდე, წესიერად მოიქეცი, იმ ბიჭს არც აწყენინო და არც ზედმეტი უთხრა არაფერი, როგორც დაგარიგე ისე მოიქეციო. მეცინებოდა მის მესიჯებზე. ძლივს მოვიშორე თავიდან. უკვე გავდივარ, ტელეფონს სახლში ვტოვებ და აღარ მომწერო, სანამ მე არ შეგეხმიანები-მეთქი და მობილური უჯრაში ჩავაგდე, თან ვიბრაცია გავუთიშე, ვინიცობაა, ილიამ დამირეკოს, დედაჩემი არ დაფეთდეს-მეთქი.

მერე იმ ყაყაჩოსავით წითელი კაბა ჩავიცვი, ზომიერად დავმაკიაჟდი და წავედი. ნახატი ხელში მეჭირა და მართლა ისე ვაქნევდი, თითქოს ასე უფრო ჩქარა გაშრებოდა. რას ვერჩოდი ილიას! მართალი უთქვამს, როცა ივარაუდა, იქნებ გზაში მოასწროს გაშრობაო. წარამარა ფრთხილად ვადებდი თითს, ხომ არ შრება-მეთქი. გული მეთანაღრებოდა, ასე შიშვლად რომ მიმქონდა სურათი და შეფუთული არ იყო, მაგრამ რა მექნა? ნეტავ სხვა ნახატი ამერჩია, განა ცოტა მქონდა? ცოტა არ მქონდა, თუმცა ისეთი მინდოდა, რომელიც საიტზე არ მედო. ჰოდა, სწორედ ამისთვის ვისჯებოდი ახლა. საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს. ყველა სიკეთესთან ერთად, ვაგვიანებდი. როგორ მინდოდა დროზე მივსულიყავი და ამით დამემსხვრია სტერეოტიპი, ქალები პაემანზე სულ აგვიანებენო. ვერა, ვერ შევძელი, ზუსტად ექვსი წუთი დავაგვიანე. ტაქსი გავაჩერე, უფრო ჩქარა მივალ-მეთქი და უარესი გამოდგა. საცობში მოვყევით.

იმედია, არ გაიქცევა!

არ გაქცეულა. იქ იდგა, ზოოპარკის ჩასასვლელ კიბესთან. ყვავილები არ ეჭირა ხელში, რასაც ველოდი. სულაც არ მომეწონებოდა, თაიგულით დამხვედროდა. ასეთი ჟესტები არ მხიბლავს. უფრო სასიამოვნო ის იქნება, მერე მაჩუქოს, სადმე გზაში ნაყიდი თუნდაც მინდვრის ყვავილების კონა, რადგან იებისა და ენძელების სეზონი გასულია, მალე ტიტებიც აღარ იქნება. სულ რამდენიმე დღე და ზაფხული დაიწყება, ჩემი ყველაზე საყვარელი სეზონი. მზე საბოლოოდ გაიშიშვლებს თავს და გაგვაშიშვლებს ჩვენც, ქალებს _ გავიძრობთ ბოლო თბილ სამოსს, გამოვაჩენთ მკლავებს, ფეხებს, ზურგს, ტყუპი ძუძუების ღარს და მიდიიი! მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარა, რადგან მაისია და მაინც ცივა. მე აგერ გრძელსახელოებიანი წითელი კაბა მაცვია, რომ არ შემცივდეს და მკლავებზე არ დამხორკლოს მაისის სუსხნარევმა სიგრილემ. თანაც, უწვიმია წუხელ, მე კი არც გამიგია. დილით ყველაფერი სველი რომ დამხვდა გარეთ, იმით მივხვდი _ გუბეებიც კი შევამჩნიე ალაგ-ალაგ.

როგორც კი დამინახა ილიამ, მაშინვე ჩემკენ გამოემართა. ღიმილით შევდექით ერთმანეთის წინ.

_ დამაგვინდა, _ მორცხვად ვთქვი.

_ არა უშავს, სულ ცოტათი. ეგ არ ითვლება.

ორად მქონდა მზერა გაყოფილი _ თან სახეში შევყურებდი, თან ტუჩებზე, რათა მისი არც ერთი სიტყვა არ გამომრჩენოდა. მთავარია, ჩემთვის უცნობი სიტყვა არ გაერია ნათქვამში, დანარჩენს უპრობლემოდ გავიგებდი.

ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა.

_ აი, მოგიტანე, _ ვუთხარი და ნახატი გავუწოდე.

წარბები ასწია, ნახატი ორივე ხელით დაიჭირა და კარგა ხანს ათვალიერა. მერე ორაზროვანი მზერით შემომხედა:

_ ეს ყაყაჩო ვიღაცას მაგონებს.

აშკარად იმ ყაყაჩოს ფერი დამედო. სახე წამომიხურდა, მაგრამ მზერა არ მომიშორებია. მისი არც ერთი სიტყვა არ უნდა გამომრჩენოდა.

_ რას დაიმორცხვე? თავის სათქმელს ყველა ადამიანი რაღაცით გამოხატავს, როცა სიტყვები უძლურია, მაგრამ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს თავის უცხოდ გრძნობ ადამიანების გვერდით და მათგან სრულიად განსხვავდები. სწორად მივხვდი?

დასტურის ნიშნად ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.

_ უმაგრესი ნახატია. მომწონს. მადლობა, ნიაკო. დედაჩემსაც გავახარებ. ამ სურათს იცი სად დავკიდებ? _ უცებ გულზე მიიდო ხელი, _ ჩემს საძინებელში, … ადგილას. _ ერთი სიტყვა ვერ გავიგე, გამოსაჩენ ადგილას თქვა? სავარაუდოდ.

_ მიხარია, რომ მოგეწონა, _ დავიმორცხვე.

_ რაც მთავარია, კარგი შესრულებაა, მოვალეობის მოხდის მიზნით არაა დახატული. აი, გასაყიდად რომ ხატავენ მხატვრები. ხომ გესმის…

თავი დავუქნიე. ზერელედ არასდროს არც ერთი სურათი არ დამიხატავს. ყოველთვის სულსა და გულს ვაქსოვ თითოეულ ნახატში. იმის გამო, რომ ბევრი დავაგროვო და ჩქარ-ჩქარა გავყიდო, ხელწერას არ გავიფუჭებ. თუმცა ეს მხოლოდ გავიფიქრე, ხმამაღლა არ მითქვამს.

_ ახლა სად წავიდეთ? არ მითხრა, შიგნით შევიდეთო, თორემ გავაფრენ! _ თვალები დარეტიანებულივით აატრიალა ილიამ.

სიცილი ვერ შევიკავე.

_ არა, არა. ახლა არჩევანი შენზეა. მე შეხვედრის ადგილი დავთქვი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე.

_ მოდი, ჩემს მეგობართან გავიდეთ. საკაიფო ბარი აქვს, იქ დავსხდეთ, თან წყნარ მუსიკას მოვუსმინოთ, თან რამე დავლიოთ. ლუდი გიყვარს?

ლუდი კი მიყვარდა, მაგრამ შედეგი არა _ წარამარა საპირფარეშოში რომ უნდა ირბინო, ამიტომ ვუთხარი:

_ კი, მიყვარს, მაგრამ ვერ დავლევ. არ მინდა მამაჩემმა შემატყოს. ყავა მირჩევნია.

_ ვახ, კაცო, როგორ მაშინებ ამ მამაშენით. აი, უცებ ერთად რომ დაგვინახოს, როგორ უნდა მოვიქცე? მითხარი მაინც, ჯობია შემზადებული ვიყო. ალბათ, უნდა გავიქცე, არა?

გულიანად გამეცინა.

_ ვერ დაგვინახავს, ის ახლა თავჩარგული მუშაობს. სამუშაო საათებში იშვიათად გამოდის გარეთ, _ დავამშვიდე, _ ასე რომ, გაქცევა არ მოგიწევს.

_ მაშინ გადავიდეთ იქითა მხარეს, მანქანა იქ მიყენია.

აჰ, ისევ წამომახურა. თურმე მანქანით ყოფილა. ნეტავ საით გამაქანებს?

თავპატიჟი არ გამოდიოდა. არიქა, მანქანაში ვერ ჩაგიჯდები, ამდენსაც ვერ გენდობი-მეთქი ხომ არ ვეტყოდი? მხრები ავიჩეჩე და გვერდით გავყევი. მიწისქვეშა გადასასვლელში არ ჩავსულვართ. ხელი ჩამკიდა და ისე გადამიყვანა მანქანების იმ ქაოსურ მოძრაობაში, წამითაც არ შემშინებია. ილია გვერდით მყავდა და რა შემაშინებდა?

ძველი თბილისის აღმართი რომ ავიარეთ, მარცხნივ გაუხვია და პირველსავე ჭიშკართან შეაჩერა.

_ მოვედით, _ კმაყოფილი სახით მითხრა, როგორც კი გასაღები გადაატრიალა.

გადმოვედი. საკმაოდ გრძელი ტალანი უნდა გაგვევლო, გვირაბის მსგავსი. ილია წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი. ტალანი დამთავრდა და ჩემ წინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა. ვიწრო, მაგრამ გემოვნებით მოწყობილი ეზო. აშკარა იყო, აქ მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ ეზოში ამოვყავი თავი. ირგვლივ ყვავილების მეტი არაფერი იყო _ ყვავილები ქოთნებში, ყვავილები მიწაში, ყვავილები კედლებზე… ერთი ვაზის ძირიც კი დავინახე, მაღლა, სახურავამდე რომ აეყარა ტანი და ვიღაცას იქვე დაემაგრებინა მავთულით. კვადრატული ფორმის ეზოში მხოლოდ ორი მრგვალი მაგიდა იდგა სამ-სამი სკამით. აი, ისეთი, საზაფხულო კაფეებში რომ გინახავთ.

ერთი კედლის გაყოლება სულ მცოცავ მცენარეს დაეკავებინა, ვარსკვლავების ფორმის წითელი ყვავილებით. ულამაზესი იყო, თვალი ვერ მოვაშორე. ქოთნებში მინიატიურული მიხაკები ყვაოდა, ტიტები და ჩემთვის უცხო ყვავილებიც, მიწაში კი ვარდებს გაედგათ ფესვები _ წითელს, ყვითელს და ვარდისფერს. მაღლა, სახურავის სიმაღლეზე ჯვარედინად ფერადი ნათურები იყო გამწკრივებული.

_ რა სილამაზეა! _ აღფრთოვანება ვერ დავმალე.

_ შენ ღამით უნდა ნახო აქაურობა, შუქი რომ აინთება და ყველაფერი გაფერადდება, _ სიამაყით გამომიცხადა ილიამ, _ შიგნით შევიდეთ თუ აქ დავსხდეთ?

_ აქ მირჩევნია, _ მივუგე ცოტათი შეშინებულმა, ვაითუ ბინაში სულ სხვა სიტუაცია დამხვდეს-მეთქი. ისედაც გამიკვირდა, ჩვენ გარდა რომ არავინ იყო. ვიფიქრე, ხაფანგში ხომ არ შემომიტყუა-მეთქი.

_ როგორც გინდა. წამო, ისე მაინც გაგაცნობ ნინოს.

ნინოსო? თუ სხვა სახელი თქვა და მე ვერ გავიგე სწორად? ასე მითხრა, ჩემი მეგობრის ბარიო და დავიჯერო, გოგოსია ეს ბარი?

ჩემს თანხმობას არც დალოდებია, ისევ ჩამკიდა ხელი და სამსაფეხურიან კიბეზე ამარბენინა.

კარი ღია იყო. შიგნითაც ულამაზესი გარემო დამხვდა. ვეებერთელა მონსტერას ჭერამდე აეტანა თავისი ფოთლები. იქვე ფერადი თევზებით სავსე აკვარიუმი იდგა. სავარაუდოდ, ორი ოთახი დარბაზად იყო გადაკეთებული. ექვსი მაგიდა იდგა, ოღონდ არა ისეთი, როგორიც გარეთ _ ორი მართკუთხა, თითოზე რვა კაცი რომ დაეტეოდა ისეთი, დანარჩენი ოთხი კვადრატული ფორმის, ოთხკაციანი.

ამ დროს წინ კარი გაიღო და მსუქანი, დიდძუძუებიანი გოგო გამოჩნდა, დაახლოებით ჩემი ასაკის.

ილიას დანახვაზე სახე გაებადრა, ხელები გაშალა და გადაეხვია. მერე მე გამომხედა და მომესალმა. მეც მივესალმე.

_ ეს ნინოა, ჩემი მეგობარი, _ გამაცნო ილიამ, _ ეს ნიაა, ასევე ჩემი მეგობარი.

ახლა კი შვებით ამოვისუნთქე. რა კარგი ბიჭი ყოფილა, მე კი რა არ ვიფიქრე. რატომღაც მეგონა, რომ მისი მეგობარი, რომელსაც საკუთარ სახლში ბარი ჰქონდა გახსნილი, აუცილებლად ბიჭი იქნებოდა.

_ ნახშირი კედელს! _ ნინო პირდაპირ სახეში შემომაცქერდა, _ რახან შენ გოგოსთან ერთად გნახე! ესე იგი… _ ხელისგულები წინ გამოიშვირა ნინომ და წინადადება აღარ დაასრულა.

ილიას გაეღიმა. მივხვდი, რაც იგულისხმა, ესე იგი, შენი შეყვარებულიაო? დავიჯერო, ილიას შეყვარებული არასდროს ჰყოლია? რატომ გაუკვირდა ამ გოგოს ასე?

_ როგორ მიხარია, რომ იცოდე! _ ტაში შემოჰკრა ნინომ, _ წამო, გარეთ დავსხდეთ, მაინც არავინაა ჯერ. აქ გვიან იწყებენ სტუმრები მოსვლას, ნია, არ გაგიკვირდეს, არავინ რომ არაა. _ თითქოს ჩემს გასამხნევებლად წარმოთქვა და მხარზე ხელი გადამხვია.

კვლავ ეზოში ჩავედით.

_ დასხედით და ახლავე მოგხედავთ. დონატები მაქვს ჯერ მხოლოდ, თუ ლუდს დალევთ და სხვა მისაყოლებელი მოგიტანოთ? სოსისი, თევზი, ესა, ისა? _ შეყოყმანდა ნინო.

_ არა, არა, მხოლოდ ყავას, _ გავინაზე.

_ უფ! იმისთანა ყავას დაგალევინებ, სულ აქეთ მორბოდე! _ დაიტრაბახა ილიას მეგობარმა და გატრიალდა.

მე კვლავ ეზოს დათვალიერებას შევუდექი. ილია სკამზე ჩამოჯდა და მობილურში დაიწყო ქექვა. ეზოში გამომავალი ფანჯარა ღია იყო. იქიდან დაბერილი ორპირი ნიავი მსუბუქად შეეხო ჩემს ღაწვებს და ტანში სიცივემ დამირბინა. ორივე ხელი მკლავებზე შემოვიხვიე.

_ შეგცივდა? _ მობილურიდან თავი ასწია ილიამ და რომ დაინახა, რა დღეშიც ვიყავი, სახლში შეირბინა, საიდანაც ორ წამში პლედით ხელში დაბრუნდა.

_ აჰა, ეს მოიხურე. ხომ არ ჯობია შიგნით შევიდეთ?

_ არა, არა, _ ვიუარე და სკამზე ჩამოვჯექი, პლედი კი მხრებზე შემოვიხვიე და მაშინვე დამთბა.

არც ისე ციოდა, მაგრამ მე ნერვიულობისგან უფრო მამცივნებდა. მსიამოვნებდა სიტუაცია, რომელშიც თავი ამოვყავი. ნერვიულობას კი სწორედ ეს უცნაური სიამოვნება იწვევდა. ნუთუ მეღირსა? _ მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა გონებაში.

მალე ნინოც გამოვიდა ლანგრით ხელში, რომელზეც სამი ფინჯანი ყავა იდო და ბრტყელი თეფში, ზედ დაწყობილი დონატებითა და მაფინებით.

_ თუ გშიათ, უცებ ხაჭაპურსაც გამოვაცხობ, არ მეზარება.

_ დიდი მადლობა, ნინო, არ მშია. მართლა. მარტო ყავა მინდა, სხვა არაფერი, _ ეს კი ვთქვი, მაგრამ ცოტა ხანში დონატებსაც გავუსინჯე გემო და მაფინებსაც გამოვუყვანეთ სამივემ წირვა. ყავა მართლა სატრაბახო სცოდნია ამ გოგოს. აქამდე მსგავსი გემოს ყავა არასდროს დამილევია.

რა კარგი დღე იყო. ნამდვილად დიდი დღე. სულ რომ არ ველოდი, ისეთი. ორი საათი დავყავით ნინოსთან. გაფაციცებული მივჩერებოდი ხან ილიას, ხან მის მეგობარს, რომ მათი ნათქვამიდან არაფერი გამომპარვოდა. იმდენი რამ გაიხსენეს თავიანთი ბავშვობიდან, იმდენი სასაცილო ამბავი, სიცილისგან სახის კუნთები ამტკივდა. პირს ვერ ვმუწავდი ამდენი ხალისიანი ისტორიის მოსმენაზე. რა საყვარელი ბავშვი ყოფილა ილია. ნინომ არ დაინდო, თუ რამე ახსოვდა მეგობარზე, ყველაფერი დაუფარავად დაფქვა.

ერთი სიტყვით, სასიამოვნო დრო გავატარე, მაგრამ როგორც კი ექვსი გახდა, ილიას ვთხოვე, წავიდეთ-მეთქი.

_ დარჩით საღამომდე, აქ აწი იწყება გართობა, _ გვთხოვა ნინომ, მაგრამ არ დავრჩი. შემეშინდა, ყველაფერი არ გამეფუჭებინა.

ილიამაც წავალთ, თორემ ამას მამამისი შეიძლება ქამრით ხელში დახვდეს კართანო, გაიხუმრა.

წამოვედით. მანქანაში რომ ჩავსხედით, სანამ დავიძვრებოდით, ერთმანეთს შევხედეთ. ორივე სასიამოვნოდ ვიყავით მოთენთილები.

ამაღლებული განწყობით ვბრუნდებოდი შინ. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი სულის სიმსუბუქე, რომელსაც, როგორც იქნა, საბოლოოდ მოსწყდა მძიმე ტვირთი.

უცნაური რამეა ეს დრო…

რატომღაც უკან მივიხედე. ჩემი ნახატი ცარიელ სავარძელზე იდო და გაშრობას ლამობდა…

ილიამ ზედ სადარბაზოსთან შემიჩერა მანქანა, ცხენს რომ შეახტუნებენ ზედ ჭიშკართან, ისე. უკვე ბინდდებოდა, იასამნისფერი შეჰპარვოდა ცას. როგორც კი ძრავა გამორთო, ცალი ხელით კარის სახელურს ჩავაფრინდი და შევხედე.

გამიღიმა. გავუღიმე.

_ კარგი დღე იყო, არა? _ მკითხა.

_ უკარგესი, _ პასუხი არ დავახანე.

_ არცთუ ცუდი ბიჭი ვყოფილვარ, მგონი, _ მორიდება დაეხატა სახეზე.

_ უკარგესი, _ იმავე ტონით გავიმეორე.

_ მდა… მიხარია. _ თქვა და ფანჯარაში გაიხედა, დამშვიდობებას არ ჩქარობდა, ქვემოთ ჩასრიალდა, თავი სავარძლის საზურგეს მიადო და თითები საჭეზე აათამაშა. მოხერხებულად კი მოეწყო.

_ იცი რა? _ ალაპარაკდა მოულოდნელად და დავპანიკდი, რადგან მის ტუჩებს ვეღარ ვხედავდი. წინ იყურებოდა, ამიტომ მეც წინ გადავიხარე და მისკენ წავიგრძელე კისერი, რომ ერთი სიტყვაც არ გამომრჩენოდა მისი ნათქვამიდან, _ ვგრძნობ, რაღაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში. უფრო სწორად, უკარგესი, როგორც შენ აღნიშნე წეღან. ჰოდა, მინდა ასე გაგრძელდეს. გაგრძელდეს და აღარასოდეს დამთავრდეს. დიდი ხანია მსგავსი არ განმიცდია, ძალიან დიდი ხანი. იმედია, მალე გავიხარებ და ჩემებსაც გავახარებ. ხომ არ დამაღალატებ, ნიაკო? ხომ ნამდვილად ის ხარ, ვისაც ახლა, ამწამს ვუყურებ? _ შემეკითხა და უცებ ისეთი სისწრაფით ამოიწია სავარძლიდან, თითქოს ქვემოდან ცეცხლი შეუნთესო.

ეს ისე სწრაფად და სასაცილოდ მოხდა, მე კი არა, მასაც გაეცინა. და იმდენს ხანს ვიცინოდით, რომ პასუხის გაცემა არ დამჭირვებია.

_ წავალ მე, _ ვთქვი, როცა სიცილს მოვრჩით.

_ წადი, _ მითხრა და თვალებით დამრთო ნება, დახუჭა და გაახილა. რამხელა სითბო გამოიყოლა ამ ერთმა ჟესტმა, სიამოვნების უხილავ საბურველში გამხვია.

_ მადლობა ყველაფრისთვის, _ ვთქვი და კარი გამოვაღე.

_ მადლობა შენ. კიდევ როდის გნახო? _ ხელი დამიჭირა, რათა დავეყოვნებინე.

ამ შეხებამ ჯადოსნურად იმოქმედა ჩემზე _ თითქოს ზღვის ტალღამ ზედაპირზე ამატივტივა.

_ არ ვიცი. დამიმესიჯე და ვნახოთ.

_ მე დიდხანს ვერ გავძლებ. ამიტომ ტელეფონი სულ თან გქონდეს. კარგი?

_ კარგი. _ დავუქნიე თავი და ის იყო, გადასვლა დავაპირე, რომ უცებ თავი დამიჭირა და შუბლზე მაკოცა.

_ აი, ამაზე ვოცნებობდი დღეს მთელი დღე, _ ღიმილით მითხრა, ოღონდ მისი ხმა არ მესმოდა და არ ვიცი, როგორი გრძნობა ჩააქსოვა ამ სიტყვებში, ჩურჩულით წარმოთქვა თუ ხმამაღლა.

_ ასე აგხდენოდეს ყველა ოცნება, _ წარმოვთქვი სხეულიანად გაწითლებულმა და სწრაფად გადავედი.

მოვიხედე. რაღაც თქვა, მაგრამ ვერ მივხვდი, რა, ამიტომ ხელი დავუქნიე და ეგრევე სადარბაზოში შევირბინე.

ერთი სული მქონდა, სახლში ავსულიყავი და ტანიკა მეხმო. რამდენი მქონდა მისთვის მოსაყოლი, თუმცა მასთან დამესიჯება არ დამჭირდა. ის უკვე ჩემთან იყო და დედაჩემთან ერთად ვაშლის ღვეზელს აცხობდა.

დამინახა თუ არა, ტაში შემოჰკრა, მაშინვე სააბაზანოში შევარდა ვაშლის პიურეთი მოთხვრილი ხელების დასაბანად. მე სიხარულის დამალვას ვერ ვახერხებდი, თავიან-ფეხიანად გაბადრული ვიყავი.

_ რა იყო, რამ გაგახარა ასე? _ დედამ წინსაფარზე შეიწმინდა ფქვილიანი ხელები და ჩემკენ გამოემართა, _ მოდი ერთი აქ და შემომხედე!

ისეთი ბედნიერი ვიყავი, სიცილი ამიტყდა.

ამ დროს ტანიკაც გამოვიდა.

_ რა სჭირს ამას, ხომ არ იცი, ტანიკა? _ დედა ჩემს დაქალს მიუბრუნდა.

_ ვანილის ნაყინი აჭამეს ალბათ, _ გაიხუმრა იმანაც, რადგან იცოდა ჩემი სისუსტე _ ნაყინი ყველანაირ დესერტს მირჩევნია და ზამთარ-ზაფხულ შემიძლია დავაგემოვნო.

_ აჰა… თქვენ რაღაცას ეშმაკობთ და თან მე მიმალავთ, ხომ? გასაგებია, _ მოჩვენებითი მუქარით დაგვიქნია დედამ ორივეს თითი, _ მიდით ახლა, შეიყუჟეთ ოთახში, იჯერეთ გული ჭორაობით და მერე მომიყევით, რა ხდება. გაიგონეთ რა გითხარით?

ორივემ ერთდროულად მექანიკურად დავუქნიეთ თავი და ჩემს საძინებელში შევცვივდით.

მოსაყოლი კი, იცოცხლე, ბევრი მქონდა…

ვაშლის ღვეზელი მივირთვით და ყავაც დავაყოლეთ. მერე ტანიკა წავიდა, რადგან კარგა გვარიანად დაღამდა. დედა კი არ მომეშვა და იძულებული გამხადა, ყველაფერი დამეფქვა. ჩემს ყოველ წინადადებაზე სახე ეღუშებოდა, შიში და შეშფოთება ეხატებოდა ზედ, ერთხელაც არ გაუღიმია, თუმცა არც საუბარში ჩამჩრია, ბოლომდე უსიტყვოდ მომისმინა. მერე კი, როცა ღაწვებახურებულმა მოყოლა დავამთავრე, ხელები გულზე დაიკრიფა და გარკვევით, თითოეული სიტყვის მკვეთრი გამოთქმით მითხრა:

_ არ მომწონს, შენი ამბავი რომ დაუმალე იმ ბიჭს. თავიდანვე უნდა გეთქვა, დედიკო! ასეთ რამეზე არ ხუმრობენ. შენ ხომ არ იცი, რა რეაქცია ექნება, როცა გაიგებს? რატომ ხარ დარწმუნებული, რომ უკან არ დაიხევს? თანაც, როგორ ჰყვარებია დედა. აშკარაა, მის ყოველ სიტყვას ანგარიშს უწევს. თვითონ შეიძლება არაფრად მიიჩნიოს შენი ნაკლი, მაგრამ დედამისი როგორ შეხვდება ამას? არ მომწონს შენი პოზიცია, ნია! არ მომ-წონს! _ ეს ორი სიტყვა ისე გამოკვეთილად წარმოთქვა, გონებაში წარმოვიდგინე კიდევაც, როგორი ტონით იტყოდა ამას _ ნახევრად გაბრაზებული, ნახევრად გაჯავრებული, ნახევრად შეშფოთებული.

_ რაც იქნება, იქნება. ვიცი, ძალზე სახიფათო თამაში წამოვიწყე, მაგრამ იმედია, კარგად დამთავრდება. მისთვის განსაკუთრებული ქალი ვარ და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, დე. თუ შემიყვარებს, ყველაფერს მაპატიებს და თუ ვერ შემიყვარებს, ისედაც აზრი არ ექნება არაფრის თქმას. _ ვთქვი და სწორედ ამ დროს ჩემმა მობილურმა, რომელიც ხელში მეჭირა, ვიბრირება დაიწყო.

მოულოდნელობისგან შევხტი. ეკრანს დავხედე. ის იყო, ილია. მწერდა: „შენ მაინც არ დამაღალატო, რა, ძალიან გთხოვ!“

ერთდროულად გამიხარდა ამ სიტყვების წაკითხვა, მაგრამ საგონებელშიც ჩამაგდო. როგორც ჩანს, ჩემამდე ვიღაცამ უკვე სცადა მისი მოტყუება და დაღალატება. ეგრევე დედას წავაკითხე, რაც მომწერა.

ლამარამ თავზე შემოირტყა ხელი.

_ აი, სწორედ მაგის მეშინია. ზუსტად ამაზე გელაპარაკებოდი ორი წუთის წინ! _ თვალები სევდით აევსო.

ღიმილი ტუჩებზე შემაშრა. სახე გამიქვავდა და ნირი წამიხდა.

_ შემდეგ შეხვედრაზე ყველაფერს ვეტყვი, დე. შენ მართალი ხარ, _ ვუთხარი დედას და მაშინვე ოთახში შევვარდი, რომ არ ავტირებულიყავი და ლამარას ჩემი ცრემლები არ დაენახა.

ილიასთვის პასუხი არ გამიცია. დაე, ეფიქრა, რომ უკვე მეძინა ან ვხატავდი და მისთვის არ მეცალა. ფეისბუკზეც არ შევედი, იქაც „მოვიმძინარე“ თავი. მერე გვიან, ზუსტად შუაღამეს, როცა, სავარაუდოდ, ყველას ეძინა, მხოლოდ ერთი ღიმილი გავუგზავნე მხოლოდ ერთი წინადადებით: „მაპატიე, რომ შენი მესიჯი გვიან ვნახე!“

პასუხი არ მიმიღია. ესე იგი, ეძინა. ამან ოდნავ დამამშვიდა და მეც მშვიდად მივდე ბალიშზე თავი ხვალინდელი დღის იმედით.

დედას კი შევპირდი, ილიას მეორე შეხვედრაზევე მოვუყვები ყველაფერს-მეთქი, მაგრამ არ მოვუყევი. შეიძლება ვერ მოვუყევი. იმდენად კარგად გრძნობდა თავს ჩემ გვერდით, იმდენად სავსე იყო ჩემით, რომ იდილია არ დავურღვიე. თან ტანიკაც სულ მიჩიჩინებდა, არაფრით არ წამოგცდეს შენი ამბავიო. რატომღაც ორივე დარწმუნებული ვიყავით, რომ ილიას ჩემი სმენადაქვეითებულობა ტრაგედიად სულაც არ მოეჩვენებოდა და ეს ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.

არც ამჯერად დავარღვიე ტრადიცია და ისევ დღის სინათლეზე შევხვდი. სახეზე თითქოს მზე დასთამაშებდა, იმდენად კარგ ხასიათზე იყო. ამჯერად ფეხით მოვიდა, უმანქანოდ. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ თვითონვე ახსნა, რატომ მოიქცა ასე. მინდა შენთან ერთად ფეხით ვიხეტიალო და ასე უკეთესად შეგიგრძნოო. მართლაც, რუსთაველის მეტროსთან შევხვდით ერთმანეთს და რიყემდე ისე ჩავედით, დაღლა არ გვიგრძნია. მერე რიყესაც გავცდით და ბარათაშვილის აღმართს შევუყევით, ოდესღაც კალიაევის აღმართი რომ ერქვა. ილიას გაუკვირდა, ეს რომ ვიცოდი, თან კმაყოფილება ვერ დაფარა. მიხვდა, რომ გონებაჩლუნგი არ ვიყავი და ბევრ რამეში კარგად ვერკვეოდი. ერთხანს შევჩერდით მოტირალ კლდესთან, ცრემლები რომ გადმოსდის. მოტირალი კლდე მე შევარქვი ადრე. არც ვიცი, რატომ. აბა, ამ კლდის შესახებ თუ იცი რამეო. მეც თავი დავუქნიე და მოვუყევი, რომ ის ჩამონაჟონი წყალი, რომელიც კლდის კალთებზე მოწანწკარებს, გოგირდმჟავას, კალციუმსა და აზოტს შეიცავს და ადრე ადამიანები მას თვალის სამკურნალოდ იყენებდნენ.

გაოცდა, მაგრამ რა გაოცდა. საიდან იციო, არ მომეშვა.

_ ბევრს ვკითხულობ და იქიდან, _ მხრები ავიჩეჩე, _ მე ისიც ვიცი, ავლაბარს რატომ ეძახიან ავლაბარს. შენ თუ იცი?

_ არა, არ ვიცი. მიდი, აბა, განმანათლე! _ აშკარად დაინტერესდა.

_ როგორც გადმოცემა ამბობს, „ავლაბარი“ ნიშნავს ავლას ბარზე, ანუ მინდორზე, რადგან ავლაბარში რომ მოხვდე, დიდი აღმართი უნდა აიარო.

_ ოოო, ამის ნაკლებად მჯერა და იცი, რატომ? ავლაბარი უფრო სომხურ სიტყვას ჰგავს _ ჰავლაბარ _ ოღონდ რას ნიშნავს, არ ვიცი.

_ აღარ შეგეკამათები, იმიტომ, რომ მეც არ ვიცი.

როგორც ჩანს, ესიამოვნა, რომ არ შევეწინააღმდეგე და ჩემი ვარაუდის დაცვა არ ვცადე. ხელი მომხვია, მკერდზე მიმიხუტა და ისევ შუბლზე მაკოცა.

ოჰ, ეს მაგრად აქვს დამუღამებული-მეთქი, გავიფიქრე.

ტაატით შევუყევით აღმართს. აღარ ვლაპარაკობდით. მანქანები მთელი სისწრაფით დაქროდნენ აღმაც და დაღმაც. მე მათი ხმაური არ მესმოდა, მაგრამ რომ ხმაურობდნენ, დიდი მიხვედრა არ უნდოდა. ამიტომაც ლაპარაკსაც არ ჰქონდა აზრი.

როგორც იქნა, მეტრომდე ავედით და კიდევ ერთ აღმართს ავუყევით. სამების ეკლესიისკენ ავიღეთ გეზი. აი, მაშინ კი ვიგრძენი დაღლა, მაგრამ არ შევიმჩნიე. უბრალოდ, დამცხა და თხელი ჟაკეტი გავიხადე, თან მომწყურდა. ილიასაც მოსწყურებოდა, ამიტომ მაღაზიაში შევარდა და ორი ბოთლი წყალი ციმციმ გამოარბენინა.

დიდად არასდროს მიყვარდა ეს უბანი. რატომღაც ჩემს წარმოდგენაში ყოველთვის უცნაურად გამოირჩეოდა თბილისის სხვა უბნებისგან, მაგრამ რა იყო ეს უცნაურობა, ამის დაკონკრეტება გამიჭირდებოდა, თუმცა რაც სამება ააგეს, მას მერე სიამოვნებით მოვდიოდი აქეთ, რადგან იქ სულ სხვა სამყარო მხვდებოდა თავისი ულამაზესი ყვავილებით, მინი ზოოპარკითა თუ ერთ ტაძარში განთავსებული რამდენიმე პატარა ეკლესიით. რომ გავთხოვდები, ჯვარი აქ უნდა დავიწერო-მეთქი მინდოდა მეთქვა, რომ ილიამ დამასწრო:

_ ცოლს რომ მოვიყვან, ჯვარი აქ უნდა დავიწერო.

ისეთი გაოცებული მზერა მივაპყარი, მიხვდა, რაღაც განსაკუთრებული რომ მოხდა.

_ რა იყო?

_ მეც სწორედ ეს გავიფიქრე ამწუთას.

გაოგნებულმა წარბები ასწია და ერთად შეყარა შუბლზე, მერე თვალები დაიწვრილა და ირიბად გამომხედა:

_ შენც აპირებ ცოლის მოყვანას?

ჯერ გამეცინა მის ხუმრობაზე, მერე კი გაწითლებულმა მუჯლუგუნი გავკარი. ისევ მიმიხუტა და ასე გავაგრძელეთ გზა.

მეორე პაემანი კიდევ უფრო სასიამოვნო გამოვიდა. სამებაში სანთლებიც დავანთეთ, ფარშავანგიც მოვინახულეთ და გედებიც. მერე ზეთისხილის ლაბირითებშიც გავისეირნეთ და ნანგრევებზეც ჩამოვსხედით. მხრებით ვეხებოდით ერთმანეთს და თითქოს ენერგიით ვავსებდით სხეულებს: ის _ ჩემსას, მე _ მისას. ერთ მომენტში ისე ახლოს მომიტანა სახე სახესთან, მეგონა მაკოცებდა, მაგრამ არა, არ უკოცნია. მიხაროდა, რომ არ ჩქარობდა. მეც უფრო იმედიანად ვიყავი. ჯერ ჩვენს ურთიერთობას სახელი არ ერქვა და რატომ უნდა მეთქვა მისთვის, ყურში არ მესმის-მეთქი?

_ ჰო, მართლა, რა უნდა გითხრა. დედაჩემს ისე მოეწონა შენი ნახატი, ლამის გამიგიჟდა ქალი. ასე მითხრა, ეგ გოგო აუცილებლად გამაცანიო.

ისეთი ალმური მომედო, თავი ჩავღუნე, არ შემამჩნიოს-მეთქი.

მხარი გამკრა. ვიფიქრე, რაღაც მითხრა-მეთქი და სასწრაფოდ შევხედე.

_ რა იყო, რას დაიმორცხვე? იცი რა მაგარი დედა მყავს? აუცილებლად მოეწონები. შენი ფოტოები უკვე ნახა, შენი ნახატებიც. ქალი ჭკუაზე არ არის.

_ რა საჭიროა… _ შეშინებულმა უკან დახევა გადავწყვიტე. ეს უკვე სერიოზულ რამეს ნიშნავდა და ვიყავი ამისთვის მზად? აშკარად არ ვიყავი.

მიხვდა, ეგრევე რომ გავასერიოზულე ჩვენი ურთიერთობა და გამამხნევა:

_ რატომაც არა? დედა ჩემს ყველა მეგობარს იცნობს. მინდა შენც გიცნობდეს. მეტი კი არაფერი.

უარესად გავწითლდი. ისე შემრცხვა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და იქვე ჩავეტანე.

_ ჰა, რას იტყვი? _ მოულოდნელად ჩემ წინ ჩაიცუცქა და ქვემოდან ამომხედა.

_ არ ვიცი. შეიძლება… კი. რატომაც არა… _ ავლუღლუღდი.

_ ჰოდა, ეგრე. შემდეგი შეხვედრა ჩემი სახლი იქნება, იცოდე. დედა მაგარი კულინარია, კარგ სადილს გაამზადებს.

_ მაშინ კიდევ ერთ ნახატს ვაჩუქებ. მითხარი, რა უფრო მოეწონება _ ნატურმორტი თუ პეიზაჟი.

_ ოოო, ეგ კარგი აზრია. მაგით ისე შეაყვარებ თავს, არაა გამორიცხული, საერთოდ არ გამოგიშვას.

ისე გამეცინა, პირზე ხელი ავიფარე, ძალიან ხმამაღლა ხომ არ გამომდის-მეთქი გაცინება.

_ შენ არ იცნობ დედაჩემს. აგერ ნახავ. იცი რომელი ნახატი მოეწონა განსაკუთრებით? გახლეჩილი ბროწეულები რომ გიდევს.

თვალები გამიბრწყინდა. ეგ ნახატი მეც განსაკუთრებულად მომწონდა. თავი დავუქნიე, მოსულა-მეთქი. სიხარულით აღარ ვიყავი, თითქოს უწონო მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ჰაერში დავლივლივებდი.

უკანა გზაზე ილიამ ტაქსი გამოიძახა და ისე მომაბრძანა შინ. ტაქსის დალოდება სთხოვა, თვითონ კი სადარბაზოში შემაცილა. კიბის თავთან შევჩერდით. ილია მხრებში ოდნავ მოიხარა და იდაყვით მოაჯირს დაეყრდნო. მერე თავისი საფირმო ღიმილით გამიღიმა. ერთდროულად ლამაზიც იყო და საშიშიც. უცებ გავიფიქრე, ამ ბიჭს სიამოვნებით დავიტოვებდი ჩემთვის-მეთქი და შემეშინდა. და ის იყო, სასწრაფოდ დავემშვიდობე, რომ მოულოდნელად ერთიანად მიმიკრა გულზე და ისეთი სიფრთხილით მაკოცა ტუჩებში, ხატს რომ ეამბორებიან ღრმად მორწმუნენი…

ბედნიერებისგან გასხივოსნებული შევედი ბინაში. დედაჩემი ეგრევე დაიძაბა.

_ უთხარი? გამოუტყდი?

პასუხის გაცემის თავი არ მქონდა, ჯერაც ვერ დამეკარებინა მიწაზე ფეხი, ჰაერში ვიყავი გამოკიდებული, ამიტომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე. ამჯერად დედასაც ვატყუებდი. ეს უკვე ორმაგი თამაშის ნიშანი იყო. სინდისი მქენჯნიდა, მაგრამ იმხელა ბედნიერება მეწვია ამ ორი შეხვედრით, ჩემი აღიარებით ვერ გავაცამტვერებდი. მინდოდა ბოლომდე შემეგრძნო ამ ღვთაებრივი ლივლივის გემო, ერთიანად გავვსებულიყავი და მერე რა მოხდებოდა, აღარ მადარდებდა.

_ მერე რაო? _ ჩამეძია ლამარა.

_ არაფერი, დედა, ჩვეულებრივად მიიღო ეს ყველაფერი. არც მიგრძნია, თუ არ გესმოდაო. დედამისი უნდა გამაცნოს ამ დღეებში.

დედამ ლოყაზე შემოირტყა ხელი, ვაიმე, დავიღუპეთო. ასეთი შეშინებული ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვს.

_ ნუ გეშინია, ლამრიკო, ყველაფერი კარგად იქნება. _ დავამშვიდე აფორიაქებული ქალი და ჩემს საძინებელში შევიძურწე.

საწოლზე მივწექი და ეგრევე გამომეცალა ძალა. განუზომელმა დაღლილობამ შემიპყრო. ხუმრობაა განა, რამხელა გზა გავიარეთ ფეხით, რამდენი კილომეტრი, რამდენი უსაშველო აღმართი! დედაჩემის მოქსოვილი პლედი გადავიფარე. საშინლად არ მომწონდა, რადგან იკბინებოდა, მაგრამ ვერც ოთახიდან გატანა გავბედე _ დედამ სულით და გულით მოქსოვა ჩემთვის და შარშან დაბადების დღეზე დიდი მოწიწებით მაჩუქა. პლედი მოკლე იყო და ჩხვლეტია, შალის, მაგრამ ისე მაკანკალებდა, ახლა სასიამოვნოს და უსიამოვნოს გარჩევის თავი არ მქონდა. გვერდზე გადავტრიალდი, ფეხები მოვიკეცე, პლედი ბოლომდე გადავიფარე და გავიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ილიაც აქ ყოფილიყო ახლა, ჩემ გვერდით-მეთქი.

მეორე დილით ჩემს თბილისურ საწოლში გამეღვიძა, დავუბრუნდი თბილისურ ცხოვრებას და თბილისურ პრობლემებს, რომლებიც არარაობად მოჩანდა ილიასთან თავს გადამხდარი განსაცვიფრებელი მოვლენების შემდეგ და ეს ყველაფერი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მასთან მორიგი შეხვედრა მიქადდა.

თითები ერთმანეთში გადავხლართე და მორიგეობით შევუდექი მისი ფალანგების გატკაცუნებას. როცა ვნერვიულობ, ეს ერთადერთი თავშესაქცევია ჩემთვის, მოდუნებაში მეხმარება.

თბილისი არასანდო მეგობარია. ამ ქალაქს უყვარს მხოლოდ ისინი, ვინც წარმატების მწვერვალზე იმყოფება, მიწაზე დანარცხებულებს კი ყოველთვის ხელს ჰკრავს და განიშორებს. რა მელის, როცა ილიას ყველაფერში გამოვუტყდები? მაპატიებს, აქამდე რომ ვატყუებდი? ის ხომ მთელი სერიოზულობით ეკიდება ჩემთან ურთიერთობას. აშკარაა, რომ გულგრილი არ არის, მოვწონვარ. უფრო მეტიც, შეიძლება ცოტათი ვუყვარვარ კიდევაც. რა ნაბიჯი იქნება ყველაზე მამაცური და ეფექტური? დედამისთან როცა მოვხვდები, მაშინ ვაღიარო სიმართლე? წარმომიდგენია, როგორ დაიშოკება ერთიც და მეორეც. ილიასაც უხერხულ სიტუაციაში ჩავაგდებ. არა, აჯობებს, ჯერ მას ვუთხრა და მერე როგორც გული უკარნახებს, ისე მოიქცეს. ან სამუდამოდ დამემშვიდობოს, ან უთხრას დედამისს ჩემი ნაკლის შესახებ.

ასე აჯობებს. სადაც წვრილია, იქ გაწყდეს. ზედმეტად უსინდისოდ ვიქცევი და ასე გაგრძელება არ შეიძლება!

ილიამ ორი დღე მესიჯებით ამიკლო. როდის გაგაცნო დედაჩემი, მითხარი, როგორც კი მზად იქნებიო. ვიცი, რომ ნერვიულობ, მაგრამ გარწმუნებ, ამაში სანერვიულო არაფერია. უბრალოდ, მინდა ერთმანეთს იცნობდეთო. როგორც ჩანს, დედამისის აზრს მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ დედისგანაც მიიღებდა დასტურს, რომ მე კარგი გოგო ვიყავი, ამით საბოლოოდ გაეხსნებოდა ხელ-ფეხი და უფრო თამამად შემიყვარებდა. ჰმ… შემიყვარებდა… ვაითუ დედის კალთას ამოფარებული ბიჭია და მასზე ტყუილად ვამყარებ იმედებს? თუ, უბრალოდ, დედამისის გაცნობით იმის ხაზგასმა სურს, რომ ჩემთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს?

აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. მე და ტანიკა თავს ვიმტვრევდით, რა რას სჯობდა. ის იმავე აზრის იყო, არამც და არამც არ უნდა გამეცა თავი, სიმართლე არ უნდა გამემჟღავნებინა, მაგრამ გაუმჟღავნებლობის რომ უფრო მეშინოდა? გული კარგს არაფერს მიგრძნობდა, თუ ასე ტყუილით გავაგრძელებდი ილიასთან შეხვედრებს.

ბოლოს დედასა და ტანიკას შეგონებები შევაჯერე და ასე გადავწყვიტე: გავიცნობდი დედამისს და მერე, როცა ილია გამომაცილებდა, გზაში გამოვუტყდებოდი, რაც მტანჯავდა. გავცემდი ჩემს საიდუმლოს და განაჩენის გამოტანასაც უხმოდ დაველოდები.

ამის მერე აზრი არ შემიცვლია. იმავე საღამოს, როგორც კი ილიამ დამიმესიჯა, ვუთხარი, მზად ვარ დედაშენის გასაცნობად-მეთქი. ძალიან გუხარდა და შაბათისთვის დავთქვით შეხვედრა, დღის ორ საათზე, სადილობის დროს. მისამართი მომწერა და მთხოვა, არ დამეგვიანა, დედაჩემს დაგვიანება არ უყვარსო.

ასე ზედმიწევნით რომ უწევდა დედას ანგარიშს, დიდად არ მომეწონა, მაგრამ ძალიანაც არ ჩავუღრმავდი. განა რა უნდა იყოს ცუდი იმაში, შვილი ასეთ პატივს რომ სცემს დედას? პირიქით, მისასალმებელია. მე რომ ეგეთი შვილი ვიყო ლამარასთვის, ბედნიერებისგან მეცხრე ცას გაარღვევდა!

როგორც იქნა, შაბათიც გათენდა და მზადებაც დავიწყე. ტანიკა გვერდიდან არ მშორდებოდა. ძლივს ავარჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომ არც ძალიან ძველმოდური გამოვჩენილიყავი და არც ზედმეტაც თანამედროვე. შუალედური ვარიანტი შევარჩიეთ. რახან მაისი მთავრდებოდა, მაგრამ ამინდი ივნისისას ჰგავდა, იასამნისფერი თხელი კაბა ჩავიცვი, აბრეშუმის, ბორდოსფერი ყვავილებით მოჩითული. არც მოკლე და არც გრძელი, ანუ მიდი _ თან მიჩენდა ფეხებს, თან მიმალავდა. სამაგიეროდ წელში იყო გამოყვანილი და ჩემს სხეულს კარგად აჩენდა. რაც მთავარია, მიხდებოდა. მაკიაჟი არ გავიკარე. არც მჭირდებოდა მიხატვ-მოხატვა, ისედაც ლამაზი ვიყავი. თმა ავიწიე, კეფაზე გველივით დავახვიე და ორკბილა ჩინური სავარცხლებით დავიმაგრე. ტანიკამ რომ შემომხედა, სიცილი წასკდა, გეიშას დაემსგავსეო. მეც გამეცინა, თუმცა ვერაფერი ხუმრობა იყო. ისე ვნერვიულობდი, გული წარამარა ხტებოდა ბუდიდან.

_ სანამ ეს საღამო ჩამთავრდება, გულიც გამისკდება! _ შევჩივლე მეგობარს და ჩავეხუტე.

დედა ცალკე ნერვიულობდა, თუმცა დამინახა თუ არა გამოწკეპილი, კმაყოფილი ღიმილი ვერ დაფარა. უსიტყვოდ მომიახლოვდა და თავზე მაკოცა.

ნახატი ლამაზად შევფუთე, იღლიაში ამოვიდე, აბა, თქვენ იცით-მეთქი, იქით გავამხნევე ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი და გავედი…

მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. კიდევ კარგი, ტაქსი მყავდა გამოძახებული…

კარი გაბადრულმა ილიამ გამიღო. ენით აუწერელი ბედნიერება ეხატა სახეზე. სინდისის ქენჯნამ თავი შემახსენა. ვატყუებდი ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად სჯეროდა ჩემი. მორჩა, საღამოს დასასრულს მისთვის სიმართლე უნდა მეთქვა და ბოდიში მომეხადა, თავიდანვე რომ არ გამოვუტყდი ჩემს ნაკლში. მიზეზსაც ავუხსნიდი, თუკი ბოლომდე მომისმენდა.

ფიქრები ქაოსურად ტრიალებდა გონებაში, მათ დალაგებას ვერ ვახერხებდი. ამის გამო საჭიროზე მეტად დავიძაბე. გულწრფელად გაღიმებაც კი მიჭირდა.

ილიამ შუბლზე მაკოცა, ხელი მომხვია და „რა კარგია, რომ მოხვედი“ გრძნობით მიმიხუტა. სწორედ ამ დროს შევამჩნიე მის ზურგს უკან ლამაზი ქალი, ძალიან ლამაზი და ძალიან გამოპრანჭული. როგორც ჩანს, ჩემს გასაცნობად საგანგებოდ ემზადებოდა. ისეთი თვალებით მიმზერდა, თითქოს ბოლომდე სურდა ჩემგან ყველა ინფორმაცია გამოეწურა.

დარცხვენილი ილიას მოვშორდი. მანაც ხელი ჩამკიდა და ოთახის სიღრმისკენ გამიძღვა. როცა დედას მიუახლოვდა, გვერდით ამომიყენა, კვლავ გადამხვია მხარზე ხელი და წარმოთქვა:

_ ელენე, გაიცანი, ესაა ნია, ჩემი ნიაკო!

_ ვხედავ, დედა. მიხარია ძალიან. კარგი გოგო ჩანს. მოდი, შვილო! _ აშკარად ნეიტრალური ტონით წარმოთქვა ზედიზედ ოთხი წინადადება ელენემ, არც სიცივე შესტყობია სახეზე და არც სითბო, თან გამჭოლ მზერას არ მაშორებდა. ხელში გრძელი ოქროსფერი მუნდშტუკი ეჭირა, კარგი ნაკეთობის. აშკარად რომელიღაც ძველი ევროპელი ოსტატის გაკეთებული ჩანდა.

მისი თვალები გამუდმებით დამყვებოდა ყველგან, დაცვასავით _ ზურგიდან, გვერდიდან, წინიდან… შფოთვაშეპარული მზერა.

_ ეს თქვენ… _ წარმოვთქვი და ნახატი გავუწოდე.

წარბები აზიდა ნასიამოვნებმა, შეხვეული ჩამომართვა და საჩუქარს ეგრევე შემოაცალა ყვითელი ქაღალდი.

_ ოოო, რა ორიგინალურია, _ ღიმილით წარმოთქვა, _ რა ბუნებრივადაა ეს ბროწეულები დახატული. უდავოდ ნიჭიერი გოგო ხართ. უღრმესი მადლობა, _ მკლავზე შემახო ბეჭდებით დახუნძლული თითები და ნახატი იქვე, გამოსაჩენ ადგილას, ძველებურ კამოდზე დადებულ თეთრ ლარნაკს მიაყუდა.

სასტუმრო ოთახში სუფრა გაშლილი დამხვდა, სავსე სუფრა, თავისი ჩიტის რძით. მართლა, არ ვიტყუები, კანფეტი „ჩიტის რძეც“ იდო მაგიდაზე, თავახდილი, ხილით სავსე ვაზის გვერდით.

_ თუ შეიძლება, ხელს გადავიბან, _ მორიდებით წარმოვთქვი და ილია მაშინვე სააბაზანოსკენ გამიძღვა.

ბინა ანტიკვარებით იყო გადატვირთული. ჩანდა, რომ ძირძველ თბილისურ ოჯახში ამოვყავი თავი. კედლებზე ერთმანეთის მიყოლებით ეკიდა ნახატები, ძირითადად წინა საუკუნის ქართველი მხატვრების, ერთი-ორი თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარიც შევამჩნიე. მათ გვერდს ჩემი „ეული ყაყაჩოც“ უმშვენებდა, რაც ძალზე მესიამოვნა. მერე რა, რომ ილია შემპირდა, ჩემს საძინებელში დავკიდებო. ამ ოთახსაც ძალიან უხდებოდა.

_ მშვენივრად ხატავთ, _ შემაქო ელენემ, როცა ოთახში დავბრუნდით და მაგიდას მივუსხედით.

სტანდარტულზე დაბალი მაგიდა იყო, ოვალური და გარშემო არა სკამები, არამედ სავარძლები ეწყო, ოღონდ სკამის ფორმის, მხოლოდ სახელურები ჰქონდა სავარძლების. ამან ცოტა გამიიოლა ჯდომის მანერა. არ შემქმნია ის მომენტი, ხელები სად წამეღო, ეგრევე სახელურებზე ჩამოვდე ორივე იდაყვი და თითები ერთმანეთში ჩავხლართე.

_ გადაიღეთ რამე, სანამ ცხელია, _ შედარებით დაუთბა სახის ნაკვთები ილიას დედას და, ალბათ, ხმაც.

მედიდურ ქალს ოთახის ტონალობასთან შეხამებული კაბა ეცვა _ ჩალისფერი, ღრმა ოთხკუთხა დეკოლტეთი და ულამაზესი მკერდის უგრძესი ღარი მაქსიმალურად გამოეჩინა. ამსიგრძე ღარი მხოლოდ მსხლის ფორმის ძუძუებს შეიძლება ჰქონდეს-მეთქი, ჩემდა უნებურად გავიფიქრე.

ელენეს ყველა თითზე ეკეთა ბეჭედი _ ცერზეც, საჩვენებელ თითზეც, არათითზეც, შუათითზეც და ნეკზეც. მარცხენა მაჯას ვერცხლის სამაჯური უმშვენებდა, ძოწის თვლებით მოოჭვილი, ხოლო ურცხვად მოშიშვლებულ ყელს _ ამავე ფორმის ყელსაბამი. ბეჭდებიც ვერცხლის იყო, ოღონდ ეტყობოდა, ძველებური. თითოს ისტორია, სავარაუდოდ, საუკუნეს მაინც ითვლიდა, თუ მეტს არა. ახლა უკვე აშკარა იყო, რომ ძველი თბილისური ინტელიგენციის ტრადიციების მატარებელ ოჯახში მოვხვდი. ამაზე სხვა რამეებიც მეტყველებდა _ ძირს დაფენილი სპარსული ხალიჩა, მოჩუქურთმებული ანტიკვარული ავეჯი, უამრავსანთლიანი ჭაღი და მაკრამეეებიანი ტორშერი. სუნიც კი ისეთი ტრიალებდა _ წინა საუკუნის.

სუფრა სავსე იყო ნაირ-ნაირი კერძითა თუ ნუგბარით. ჩემს პოტენციურ სადედამთილოს თავი გამოუდვია, რათა ჩემს თვალში არ დაკნინებულიყო. იქნებ ნიშნსაც მიგებდა _ აბა, დამეტოლე და დამიმტკიცე, რომ ჩემს რძლობას იმსახურებო.

უფრო და უფრო ვიძაბებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ილია ზედ დამფოფინებდა და არც ელენე იშორებდა სახიდან კეთილგანწყობილ ღიმილს. ჭამის თავიც არ მქონდა, არათუ მადა, რადგან წარამარა თვალებს ვაცეცებდი, რომელი გააღებდა პირს და რამეს იტყოდა. მეშინოდა, ვაითუ შეხედვა ვერ მოვასწრო და ვერ გავიგო, რას მეუბნებიან-მეთქი.

თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე იყო. სადილმა ისე ჩაიარა, არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ალბათ, ესეც ერთ-ერთი ძველინტელიგენტური წესის დაცვა იყო _ ჭამისას არ უნდა ილაპარაკო. მთელი ამ დროის განმავლობაში ელენემ რამდენჯერმე გააბოლა. გრძელი მუნდშტუკიც კი, რომელიც ლედის მანერით ეჭირა ხელში, მის კაბის ფერს ეხამებოდა. ილია ხან ერთ კერძს გადამიღებდა, ხან მეორეს. მეც მადლობას ვუხდიდი. ბოლოს, როცა ჭამას მოვრჩით, დელიკატურად აღვნიშნე, რომ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო.

_ ნია, ყავას დალევთ თუ ჩაის? _ შემეკითხა ელენე და კიდევ ერთხელ გადაიფინა სახეზე ელიტური ღიმილი.

_ ყავას, თუ არ შეწუხდებით, _ მეც ღიმილით მივუგე, ოღონდ არაელიტურით. ჩემებურით, გლეხურით.

_ ილია, შენ?

ილია ჩემ გვერდით იჯდა და სანამ მის ტუჩებს შევხედავდი, უკვე ნათქვამი ჰქონდა დედამისისთვის, ყავას ამჯობინებდა თუ ჩაის, ამიტომ ვერ დავაფიქსირე, რა მოისურვა.

ქალი არისტოკრატული მანერით წამოდგა და თეძოების ამაყი რხევით გავიდა. ცოტა შვება ვიგრძენი, მარტონი რომ დავრჩით.

უცებ მკლავზე ილიას ხელის შემოჭდობა ვიგრძენი. როგორც ჩანს, რაღაც მითხრა.

შეშინებულ-შეშფოთებული ლამის ჩავაფრინდი მის ტუჩებს.

_ რა მითხარი? _ ნერწყვგამშრალმა ვკითხე.

_ ხომ არ ნერვიულობ-მეთქი?

სიმწრით გავუღიმე.

_ ცოტას, _ მხრების აწურვით ვუპასუხე.

თავისკენ მიმიზიდა და საფეთქელთან მაკოცა. თბილი ტალღა სასიამოვნოდ შეერია ჩემს სისხლს.

_ არ გინდა. მოეშვი. დედაჩემი უმაგრესი ქალია. ხომ ხედავ, როგორ მოეწონე. ახლა ყავას შემოიტანს და შეკითხვებს დაგაყრის. არ დაიბნე იცოდე, კარგი? ძალიან ცნობისმოყვარეა და ყველაფერი აინტერესებს.

შიშმა ამიტანა. ნეტავ რა უნდა მკითხოს? რა აინტერესებს? ღმერთო, ოღონდ ყველა მისი შეკითხვა გავიგო. ოღონდ ახლა არ დამაღალატო. როგორმე გადამატანინე კიდევ ერთი საათი და მერე ყველაფერს გამოვასწორებ… ან საბოლოოდ გავაფუჭებ.

ელენე მალე მობრუნდა. ვერცხლისფერი ლანგრით ორი ყავა და ერთი ჩაი მოჰქონდა. ყავის ფინჯნები ჩვენ დაგვიდგა, ჩაი თვითონ დაიტოვა და ნამცხვრებზე მიმითითა, მიირთვიო.

მართლა არაფერი მინდოდა, მაგრამ ერთი ნაჭერი თეთრკრემიანი შავი ნამცხვარი მაინც გადავიღე.

ყავა გემრიელი იყო, ვისიამოვნე. გამიკვირდა, რომ არც ილიამ მოსვა ყავა და არც ელენემ _ ჩაი. ვიფიქრე, ალბათ, ცხელი არ უყვართ და გაგრილებას ელოდებიან-მეთქი. მართალი აღმოვჩნდი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჯერ ელენემ მოსვა, მერე ილიამ.

_ აკადემია დაამთავრეთ? _ შემეკითხა ელენე.

_ დიახ.

_ კარგია. ეტყობა თქვენს ნამუშევრებს.

ჯერჯერობით ყველაფერს ვიგებდი, რასაც მეუბნებოდა. გაურკვეველი მხოლოდ ის იყო ჩემთვის, შენობით მომმართავდა თუ თქვენობით. თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, თქვენობით მელაპარაკებოდა, რახან ასე არისტოკრატად მოჰქონდა თავი.

_ მშობლები რას საქმიანობენ? _ დამისვა მორიგი შეკითხვა.

_ დედა ბუღალტერია, მამას კი მცირე ბიზნესი აქვს. ისე, პროფესიით ფიზიკოსია.

_ ო! კარგი ოჯახი გქონიათ! _ პირველად გამოეხატა კმაყოფილება სახეზე და მზერაც ოდნავ დაუმშვიდდა, ძველებურად აღარ მაკონტროლებდა.

_ გმადლობთ! _ თავაზიანად მივუგე და თვალები დავხარე.

ილიამ თითი მატაკა გვერდში, დამშვიდდიო. ალბათ ზედმეტი აფორიაქება მეწერა სახეზე. აბა რა იქნებოდა, რაც აქ ფეხი შემოვდგი, ღაწვებზე ალი ამდიოდა, ისე მიღუოდა. მათ სიმხურვალეს გამუდმებით ვგრძნობდი. მერე ეგრევე გავიხედე ელენესკენ მორიგი შეკითხვის მოლოდინში, რომელმაც არ დააყოვნა:

_ მოგწონთ ჩემი ილია? _ ქალმა კეკლუცად გადახარა თავი გვერდზე და წარბებაწეული დაჟინებით მომაჩერდა.

ერთიანად ავფორაჯდი. პასუხად თავი დავუქნიე, ხმის ამოღება ვერ გავბედე. შემეშინდა, ხრიალი არ აღმომხდეს, ან ხმა არ ამიკანკალდეს-მეთქი.

უეცრად ილიას ტუჩები ყურთან ვიგრძენი. როგორც ჩანს, რაღაც ჩამჩურჩულა. ღმერთო, რა დავაშავე! _ ლამის ამოვიგმინე და ჩემს რჩეულ მამაკაცს დაბნეულმა შევხედე. მან თვალი ჩამიკრა. უმწეოდ გავუღიმე და კვლავ ელენესკენ გავიხედე შემდეგი შეკითხვის „წასაკითხად“, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა. მას მეტი არაფერი უკითხავს. ამით ვიხელთე, წამოვდექი, დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონს კარგი დახვედრისთვის, დიდებული სუფრისთვის და ორივე მივახვედრე, რომ წასვლას ვაპირებდი.

_ იყავი ჯერ, სად გეჩქარება? _ ილიას სახე აელეწა.

_ მაპატიე, უკვე გვიანაა. მამაჩემის ამბავი ხომ იცი, _ თავი ვიმართლე და გასასვლელისკენ დავიძარი.

_ დამელოდე, მარტო არ გახვიდე, _ ილია წინ გადამიდგა და მხრებში ჩამავლო ხელები.

თავი დავუქნიე და კართან გავჩერდი. ილიამ დედამისი ოთახში შეაბრუნა და რაღაც უთხრა. ჩემკენ ზურგით იდგა ვერ დავინახე, რა თქვა. იმანაც თავი დაუქნია და ილია ისევ გამოვიდა.

გარეთ გამოვედით. საოცრად თბილი საღამო იყო, თუმცა ჯერ კიდევ დღის შუქი. სწორედ ამიტომ ვიჩქარე წამოსვლა, არ მინდოდა დაღამებას მოესწრო.

_ მანქანით გაგიყვან, _ მითხრა ილიამ, მაგრამ უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ აბა რა, ტაქსით გინდა გახვიდე? რატომ? მე გაგიყვან, _ გაიკვირვა.

_ ფეხით გავიაროთ, სალაპარაკო მაქვს. _ ლამის ჩურჩულით ამოვთქვი.

ღიმილი გადაეფინა სახეზე. ალბათ, იფიქრა, ჩემთან მარტო დარჩენა სურს და შთაბეჭდილებების გაზიარებაო.

ხელკავი გამოვდე და ტროტუარს დავუყევით.

_ აქ რომ პარკია, დაბლა, ცოტა ხანი იქ ჩამოვსხდეთ, კარგი? _ თვალებში შევხედე.

_ ჩამოვსხდეთ, _ მხიარულად დამიქნია თავი და თავისუფალი ხელი მის მკლავში გაყრილ ჩემს ხელს მოუჭირა. მერე უცებ გაჩერდა, თავისკენ შემატრიალა და მითხრა:

_ დედას მოეწონე.

_ მეც მომეწონა დედაშენი. კარგი ქალია. _ გავუღიმე.

_ მიხარია, რომ ერთმანეთი მოგეწონათ. მაგარია. უუუჰ, როგორ მიხარია!

ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, მისთვის რამხელას ნიშნავდა დედის თითოეული სიტყვა. გამოდის, ელენეს რომ არ მოვწონებოდი, ჩვენი ურთიერთობა ქვიშის კოშკივით ჩამოიშლებოდა.

_ ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ბედმა შენი თავი საჩუქრად გამომიგზავნა. მე შენ არსად არ გაგიშვებ, სულ ჩემთან იქნები, იცოდე, გესმის? _ თან მეუბნებოდა, თან მხრებში ოდნავ მაჯანჯღარებდა, კმაყოფილებისგან აჟიტირებული ჩანდა, _ ჩვენ სულ ერთად უნდა ვიყოთ. უკვე მიყვარხარ, იცი? _ დააყოლა და თვალებში გამომცდელად ჩამხედა.

ვიგრძენი, როგორ შემიტოკდა ნაკვთები, თვალებს კი ვერაფერი მოვუხერხე _ მისთვის შემეხედა თუ განზე გამეხედა, ვერ გადამეწყვიტა.

_ გაიგე რა გითხარი? _ კიდევ ერთხელ შეაწუხა ჩემი მხრები.

_ გავიგე, _ ვთქვი და სევდიანად გავუღიმე.

_ შენ? შენ თუ გიყვარვარ?

პასუხი დავაგვიანე. შევყოყმანდი. რა ჯობდა, ჯერ სიმართლე მეთქვა და მერე ამეხსნა სიყვარული თუ პირიქით?

_ ნიაკო, გელოდები! _ ილია ჯერაც ჩემს მხრებს იყო ჩაფრენილი და არ მიშვებდა.

_ რაღაც უნდა გითხრა, _ ვთქვი და ავხედე, თამამად გავუსწორე მზერა, _ ამიტომაც გთხოვე, სადმე ჩამოვსხდეთ-მეთქი.

სახე წამში შეეცვალა. ისე მოიქუფრა, გეგონებოდათ, საავდრო ღრუბლებმა ცა ჩაკეტესო.

_ გული რაღაც კარგს არ მიგრძნობს… _ თავის გაქნევით წარმოთქვა, _ რამეს მიმალავ?

რამის დამალვაში რა იგულისხმა, არ ვიცი, მაგრამ აშკარად რომ წაუხდა სახეც და ხასიათიც, ძნელი შესამჩნევი არ იყო.

_ შევიდეთ პარკში და გეტყვი. _ ამჯერად მტკიცე ხმით მივუგე, მხრები მისი ხელებიდან გამოვითავისუფლე და პარკისკენ დავიძარი. ნაბიჯს ავუჩქარე. ილია უკან მომყვებოდა, ერთი ნაბიჯით ჩამომრჩებოდა. ვინ იცის, იმწუთას რა ფიქრები ტრიალებდა მის გონებაში. ნეტავ რა დასკვნები გამოჰქონდა? მისი აზრით, რაში უნდა გამოვტყდომოდი? მე რის თქმასაც ვაპირებდი, ამის აზრზეც რომ არ იქნებოდა, ეგ ზუსტად ვიცოდი.

პირველსავე ცარიელ ძელსკამს მივუახლოვდი და ჩამოვჯექი. დაძაბულობა სადღაც გაქრა, სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, თამამადაც კი. ხელი დავატყაპუნე მერხზე, აქ დაჯექი-მეთქი.

დაბნეული გვერდით მომიჯდა. მისკენ შევბრუნდი და მივაჩერდი. თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს. ახლა ის ჩანდა დაძაბული, ყბის კუნთი მონოტონურად უკრთოდა.

_ დამშვიდდი და მომისმინე, _ წყნარად წარმოვთქვი, არც ხმა ამკანკალებია და არც სხეული, ერთიანად დავცარიელდი. ჩემთვის ყველაფერი სულერთი გამხდარიყო.

_ აბა, გისმენ. რა უნდა მახარო? _ მკითხა და ძელსკამის საზურგეს ორივე ხელი გადახვია.

წარმოვიდგინე, რა ტონით იტყოდა ამ ერთ წინადადებას. ალბათ ბოლომდე გაცივებული ხმით. მე ხომ არ მესმოდა. ისიც კი არ ვიცოდი, როგორ ტემბრის ხმა ჰქონდა.

_ მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე შენ მოგატყუე, _ დავიწყე, თან ვცდილობდი, მისთვის არ შემეხედა, _ უფრო სწორად, კი არ მოგატყუე, რაღაც დაგიმალე.

გაუნძრევლად იჯდა. ოდნავადაც არ გარხეულა. შევხედე. არც ის მიყურებდა, სადღაც პარკის შემოსასვლელისთვის მიეპყრო მზერა.

პაუზა გაიწელა. მე ხმას არ ვიღებდი, არც ის მთხოვდა საუბრის გაგრძელებას. იჯდა და მელოდებოდა.

შუბლი მოვისრისე და მეც მერხის საზურგეს მივეყრდენი.

_ მე ერთი ძალიან დიდი ნაკლი მაქვს, ილია, რომლის უთქმელობა არ ივარგებს. აქამდე იმიტომ არ გითხარი, რომ არ ვიცოდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თავიდან არც ვფიქრობდი, თუ ასეთ სერიოზულ სახეს მიიღებდა ჩვენი ურთიერთობა. დღეს კი ვატყობ, რომ სულ სხვა ფაზაში ვაპირებთ გადასვლას და ამიტომ ყველაფერი უნდა იცოდე. თუ გამიგებ, ხომ კარგი, თუ არადა, ორივე ჩვენ-ჩვენი გზით წავალთ. იმედია, ისე არ გიყვარვარ, რომ ჩემი მიტოვება ტრაგედიად გექცეს.

უეცრად გიჟივით წამოხტა, წინ დამიდგა, წელში მოიხარა, ხელები უაზროდ ააქნია და მივხვდი, რომ მიყვირა:

_ რას ნიშნავს, ისე არ მიყვარხარ? სიყვარულს რა, სტადიები გააჩნია? რა, სიმსივნეა? ადამიანი ან უყვართ, ან არა. ძლიერი და სუსტი სიყვარული არ არსებობს, გესმის? _ მერე ჩაცუცქდა, მარცხენა ხელი მომუშტა, მარჯვენა ზედ დაადო და იდაყვები მუხლებზე დაიყრდნო, _ რა საიდუმლოა ასეთი, ქალიშვილი არ ხარ?

იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, რომ გამეცინა. ნერვიული, ისტერიკული სიცილი ამიტყდა. ნეტავ ეგ ყოფილიყო მიზეზი და არა ის, რის თქმასაც ვაპირებდი.

_ რა გაცინებს, რამე ვთქვი სასაცილო? _ გაბრაზდა, თვალები რისხვით აენთო.

_ აქ დაჯექი და მომისმინე, გთხოვ, _ სახე დავისერიოზულე და მშვიდად წარმოვთქვი, თუმცა ვიგრძენი, აღელვებისგან როგორ ამიტანა სიცივემ. შემაკანკალა.

_ ქალიშვილობა არაფერ შუაშია. შეყვარებული არასდროს მყოლია. შენ პირველი ხარ, ვისთანაც რაღაც მაკავშირებს. კოცნითაც კი არავის უკოცნია ჩემთვის.

გაოცებულს თვალები დაუვიწროვდა. არ ვიცი, რამ უფრო გააკვირვა _ ჩემმა ქალიშვილობამ თუ უშეყვარებულობამ.

_ მე, ფაქტობრივად, ინვალიდი ვარ, _ დავიწყე აღიარება, _ ყურში არ მესმის, მე სმენადაქვეითებული ვარ.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა დაემართა. ჯერ გაშეშდა. ერთხანს ასე მომჩერებოდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. მერე… მერე თვალებს ხან მოჭუტავდა, ხან ფართოდ გაახელდა. პირს აღებდა და უცაბედად კუმავდა. მომუშტულ ხელს გაშლილ ხელისგულს ურტყამდა. ცალ მუხლს ნერვიულად ათამაშებდა. ერთი სიტყვით, ვერც ადგილს პოულობდა და ვერც სიტყვებს. ალბათ, იმასაც ვერ ხვდებოდა, მე ვენუგეშებინე თუ საკუთარი თავი.

_ აი, ეს არის ის, რაც დაგიმალე. ამ ამბავში კარგი მხოლოდ ის არის, რომ ჩემი სმენადაქვეითებულობა თანდაყოლილი არ არის, შეძენილია. თუმცა უკვე დიდი ხანია, ამ ყოფაში ვარ.

მკვეთრად შემოტრიალდა ჩემკენ, ორივე ხელით სახე დამიჭირა და თქვა:

_ მითხარი, რომ მატყუებ. თუ არ გიყვარვარ და ამ მეთოდით ცდილობ ჩემს თავიდან მოშორებას, არ გირჩევ. ეს ძალიან ცუდი მეთოდია. ისედაც შემიძლია გაგიგო, გიჟი არ ვარ, რომ გეჩხუბო, გაგინო ან ცხვირ-პირი დაგილეწო.

მისი ხელები მოვიშორე და თვალებში შევხედე:

_ ეს სიმართლეა, ილია.

მხრები ასწია, ხელები გაშალა, სახე გაკვირვებით აევსო.

_ აბა, როგორ ხვდები, რას გეუბნები?

_ შენი ტუჩები მეუბნებიან. _ სიმწრით სავსე ღიმილით მივუგე, _ ტუჩებზე ვუყურებ ადამიანებს და ისე ვიგებ მათ ნათქვამს.

თავი უკან გადააგდო და ხელები უმწეოდ ჩამოუშვა.

_ ეს ამბავი ახლა რომ არ მეთქვა, მერე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი და არც შენ მაპატიებდი. ის, რომ დღეს დედაშენის გასაცნობად დამპატიჟე, ჩათვალე, რომ ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო და მორჩა. მეც გაგიგებ. არც მე ვარ გიჟი და არც მე დავიმართებ ისტერიკებს. ახლა კი წავედი. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. რაც შეეხება შენს წეღანდელ შეკითხვას სიყვარულის შესახებ, გეტყვი, რომ მეც მიყვარხარ და უფრო მეტადაც, ვიდრე შენ. უბრალოდ, ჩემი სიყვარული ცოტა შეშინებული და დათრგუნვილია, რადგან არ ვიცი, მაქვს თუ არა შენი სამყაროს ადამიანის შეყვარების უფლება, _ დავამთავრე ჩემი სათქმელი, ავდექი და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე ილიასაც, ძელსკამსაც და პარკსაც. ის არ გამომკიდებია. არც დამწყდომია გული, რადგან ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა.

კი არ მივდიოდი, მივლასლასებდი. არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივაღწიე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ფეხით მივედი, ტაქსის გაჩერება არც მიფიქრია.

დედაჩემი გაშრა ჩემს დანახვაზე. ძალაუნებურად გამექცა თვალი შემოსასვლელში დაკიდებული სარკისკენ, საიდანაც უკვე გარდაცვლილი ნია შემომცქეროდა. მე ცოცხლებში აღარ ვეწერე.

როგორც ჩანს, სანამ გზაში ვიყავი, ჯერ კიდევ ვუძალიანდებოდი თავს, სიმტკიცე შემენარჩუნებინა. როგორც კი სახლში აღმოვჩნდი და დედას სიახლოვე ვიგრძენი, ეგრევე მიმტყუნა ძალამ, მუხლები მომეკვეთა, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და მოცელილივით გავიშხლართე იატაკზე. გული არ წამსვლია, არც გონება დამიკარგავს. უბრალოდ, ძალა გამომელია, საყრდენი გამომეცალა ფეხქვეშ. თავი წამოვწიე და სახეშეშლილ დედას ხელით ვანიშნე, კარგად ვარ-მეთქი. ის ისე აღებდა პირს აცრემლებული, მივხვდი, რომ ყვიროდა. ალბათ საშველად თუ უხმობდა ვინმეს. როგორც კი ვანიშნე, რომ არ ვკვდებოდი, ეგრევე ტელეფონს ეცა. ვიცოდი, ვისთანაც რეკავდა. ტანიკასთან. თუ ვინმე მიშველიდა ამწუთას, მხოლოდ ტანიკა _ ჩემი საუკეთესო მეგობარი…

ბურუსით მოცული დღეები დამიდგა. საწოლიდან არ ვდგებოდი, ხატვაზე ხომ ზედმეტია საუბარი. სალაპარაკოდ არც ტანიკას ვიკარებდი და არც დედაჩემს. დედას მხოლოდ საჭმელი შემოჰქონდა და გადიოდა. მინდოდა კი ჭამა? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ორ-სამ ლუკმას ძალით გადავყლაპავდი, რომ შიმშილით სული არ ამომხდომოდა. წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია. საერთოდ არ მიტირია, თუ დამიჯერებთ. არ ვიცი, ასე რამ გამომფიტა. იმ ღამეს, დედამ რომ დაურეკა და ტანიკა გაგიჟებული მოვარდა, მხოლოდ ერთ რამეს მეხვეწებოდა _ იტირე, ნიაკო, ცოტა მაინც იტირეო. იცოდა, ტირილი შვებას მომგვრიდა, მაგრამ ვერა. უბრალოდ, არ მეტირებოდა. გაქვავებული ვიყავი, ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი. ასე მაშინაც არ ვყოფილვარ, როცა სმენა დავკარგე. მართალია, გამიჭირდა, მაგრამ არა ასე ძალიან. მციოდა, მციოდა და მციოდა. ერთიანად მაცახცახებდა, თითქოს ციება მქონდა შეყრილი.

რაღაცის მეშინოდა. ამის მიზეზი ნამდვილად მქონდა. რისი მეშინოდა? ალბათ, საკუთარი თავის. გარდა ამისა, სხვა ადამიანებიც მაშინებდნენ. მაშინებდა ილია, დედამისი და ყველა ის, ვისთვისაც ჩემი ნაკლი მიუღებელი იყო, რის გამოც ნებისმიერ დროს შეეძლოთ ჩემთვის ხელი ეკრათ. ცხოვრების მეშინოდა, ამ სამყაროსი მეშინოდა. მენატრებოდა ის დრო, სანამ ავად გავხდებოდი და ჩემი მომავალი სამას სამოცი გრადუსით უკუღმა შემობრუნდებოდა. რას არ მივცემდი, ოღონდ ბავშვობაში დაბრუნება შემძლებოდა. სიკვდილს ვნატრობდი, ის კი არ არ ჩანდა. ყველას მიმართ დამემსხვრა ნდობა, ჩემი თავის მიმართაც. ის, რაც დამემართა, ღალატის ტოლფასი იყო. მე გული მატკინეს, მე გამაცამტვერეს, ბოლომდე გამტეხეს.

ამასობაში ექვსი დღე გავიდა. ილიასგან არაფერი ისმოდა. ერთხელაც არ მომსვლია მისი მესიჯი. კიდევ კარგი, მეგობრებიდან მაინც არ წამშალა, თუმცა ახლა არც ამას ჰქონდა ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი სულერთი გახდა. ვიწექი და ადგომას არ ვაპირებდი. არ ვიცი, სანამ. დედა იმ ზომამდე მივიდა, დამემუქრა, მამაშენს დავურეკავ, ჩამოვიდეს და მოგხედოსო. ამაზე უარესად გავმწარდი. მამა მიშველიდა? ვერავინ ვერ მიშველიდა. მე ცოცხლებში აღარ ვეწერე.

საღამო ხანი იყო. სააბაზანოდან სურ რამდენიმე წუთის გამოსული თმას ვიშრობდი. ჩემი მობილური საწოლზე იდო, ბალიშის გვერდით. სულ ჩართული მქონდა იმ იმედით, რომ იქნებ სასწაული მომხდარიყო და ილიას რამე მოეწერა. ნებისმიერი რამ _ კარგი ან ცუდი, ოღონდ მოეწერა.

უეცრად მობილურის ეკრანი განათდა. მესიჯი იყო. ფენი გამოვრთე და უხალისოდ დავწვდი ტელეფონს. მეგონა, ტანიკა იქნებოდა.

თვალებს არ დავუჯერე, როცა ილიას სახელი წავიკითხე. ის მიმესიჯებდა.

ჩემი გაყინული გული უარესად გაიყინა. ვიფიქრე, ალბათ დათვრა და ახლა წირვას გამომიყვანს-მეთქი. ამისთვის მზად ვიყავი. ტყუილად კი არ ვხეხე ლოგინი ლამის მთელი კვირა. ყველა შესაძლო ვარიანტს ვიხილავდი _ რა შემთხვევაში რა პასუხი გამეცა.

_ როგორ ხარ? _ მწერდა იგი.

აი, საოცრებავ! ხომ თითქოს ყველაფერზე მქონდა პასუხი და სწორედ ამ კითხვაზე _ არა. თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ საერთოდაც მომიკითხავდა, მით უფრო ასე თბილად. ჩემი აზრით _ თბილად.

რა მეპასუხა? კარგად არ ვიყავი. თანაც, კიდევ ერთხელ ვერ მოვატყუებდი. სიმართლე მეთქვა? ეს თავის შეცოდებას დაემსგავსებოდა. არა, არ მინდოდა შევცოდებოდი. მისგან თანაგრძნობა არ მჭირდებოდა!

_ ისე რა, _ არც მწვადი დავწვი და არც შამფური.

_ მეც, _ მიპასუხა.

სული შემეხუთა. როგორც ჩანს, გაბრაზებამ ჯერაც არ გაუარა. და რა უნდა? ისევ თავიდან უნდა დაიწყოს საყვედურები?

_ იმედია, ამის მიზეზი მე არ ვარ, _ მივწერე და პასუხის მოლოდინში სული შემიგუბდა.

_ შენ როგორ გგონია?

აჰა! დაიწყო!

_ ჩვენ შორის ისეთი არაფერი ყოფილა, რომ შენ გული დაგწყვეტოდა. _ საუკეთესო თავდაცვის ტაქტიკას მივაწექი, იქით შევუტიე.

_ ნუ ამბობ მაგას. იცი რამდენი ღამეა წესიერად არ მიძინია?

„ჰმ… მე რომ საერთოდ არ მიძინია?“

_ რატომ? იმიტომ, რომ დროზე სიმართლე არ გითხარი?

რამდენიმე წუთს პასუხმა დააგვიანა. რახან არაფერი მომწერა, თმის გაშრობა გავაგრძელე. მალე ეკრანი ისევ განათდა. ისევ გამოვრთე ფენი და მუხლებაკანკალებული იატაკზე ჩავცურდი.

_ იმიტომ, რომ შენი დაკარგვის შემეშინდა.

ღმერთო, რას მეუბნება ეს ბიჭი! რა ჩემი დაკარგვის შეეშინდა? დამცინის?

_ ვერ მიგიხვდი, _ ლაკონიური პასუხი გავუგზავნე.

_ რას ვერ მიმიხვდი? შენი დაკარგვა არ მინდა. სულ ვფიქრობ, იქნებ ჯობდა, ის, რაც შენს პიროვნებაში საიდუმლოებით იყო მოცული, ასეც დარჩენილიყო და საერთოდ არ გამეგო? მაშინ ხომ გული არ მეტკინებოდა. ახლა კი იმედი გამიცრუვდა.

აჰაა! იმედი გაუცრუვდა! ახლა მე მკითხოს?

_ ილია, იმედი იცი რამდენჯერ გამიცრუვდა? ცხრაასჯერ მაინც, თან ისე, რომ იმედის გრძნობას წამითაც აღარ ვენდობი. წლების განმავლობაში სრულ უიმედობაში ვიყავი, მერე შენ გამოჩნდი და რაღაც შეიცვალა. ახლა კი კვლავ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე. გთხოვ, ნუ გააგრძელებ ჩემს განადგურებას, ისედაც განადგურებული ვარ, შენი დამატება აღარ მჭირდება. კიდევ ერთხელ მაპატიე, ასე რომ მოგექეცი და გული გატკინე, მაგრამ ჩემიც უნდა გესმოდეს. შენ პირველი არ ხარ, ვისაც მოვეწონე და ჩემთან ურთიერთობის გაბმა სცადა. არც იმაში ხარ პირველი, სიმართლის გაგების შემდეგ ზურგი რომ მაქციე. ასე რომ, მე ჩემიც მეყოფა. მოდი, ყოველგვარი საყვედურების გარეშე დავშორდეთ ერთმანეთს, კარგი?

შეტყობინება გაგზავნილი არ მქონდა, რომ პასუხი მომივიდა:

_ არა!

გავშრი. ვიგრძენი, სიცივე ფეხის თითებიდან ზემოთ როგორ წამოვიდა. უფრო და უფრო ვიყინებოდი.

_ მე შენთან დაშორებას არ ვაპირებ! _ მეორე სმს-იც წამებში მოვიდა.

შემდეგ მესამე:

_ მე იმან კი არ გამაოგნა, შენ რომ ყურში არ გესმის. მერე რა, ცოტ-ცოტა ნაკლი ყველას გვაქვს. ეს ტრაგედიად სულაც არ მიმაჩნია. თავიდანვე რომ არ მითხარი, ის მეწყინა.

მერე კარგა ხანს პაუზამ დაისადგურა. აღარაფერს აღარ მწერდა. მე კი ველოდებოდი, რისი თქმა სურდა, საითკენ მიჰყავდა საუბარი.

კარგა ხნის შემდეგ კვლავ მომწერა:

_ თუმცა უკვე გადავხარშე და მესმის შენი. ვიცი, რამაც გაიძულა ასე მოქცევა. ამიტომ დავივიწყოთ, რაც იყო. მინდა გნახო. ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. აუცილებლად უნდა შევხვდეთ, ბევრი გვაქვს სალაპარაკო.

ალბათ, სიტყვებით გამიჭირდება იმის გადმოცემა, რასაც განვიცდიდი. შიშს ისე ვყავდი შეპყრობილი, არ მინდოდა იმაზე დავფიქრებულიყავი, რა მსურდა. ვიცოდი, განა არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ ეს რომ მენატრა, იმედის ნაპერწკალიც უნდა გამჩენოდა. და თუ ეს ნაპერწკალი გაღვივდებოდა, რას მიქადდა? არა, არ გამიჩნდებოდა, რადგან ის ექვსი დღეა, ჩემში ჩაქრა.

არა, არაფრის ნდომა არ ღირს. ამ საქმიდან სასიკეთო არაფერი გამოვა. ის მე მაინც მიმატოვებს, დღეს იქნება თუ ხვალ. რა აზრი აქვს შეხვედრას? მას მე ისე არ ვეყვარები, რომ ჩემს მინუსზე თვალი დახუჭოს და ყველაფერს ხაზი გადაუსვას. თანაც, დედამისი?.. ჰო, დედამისი! ის სულ არ გამხსენებია.

_ აზრი? _ მივწერე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.

_ შენ რა გგონია, კიდევ ერთხელ რომ ვნახოთ ერთმანეთი, აზრი არა აქვს? მე კი მეგონა, შენც ისევე გინდოდა ჩემთან, როგორც მე _ შენთან.

ისე ვნერვიულობდი, შენელებულად ვაზროვნებდი. შიშმა უარესად დამრია ხელი. ქვეტექსტებით ხომ არ მელაპარაკება? რას ნიშნავს, შენთან მინდა? რა უნდა გამომიცხადოს შეხვედრისას, მოდი, სექსით დავიწყოთ და მერე გამოჩნდება, ერთმანეთისგან რა გვინდაო?

ვერ მივუხვდი, საით უმიზნებდა, ამიტომ პირდაპირ ვკითხე:

_ შენთან მინდაში რა იგულისხმება? სექსს მთავაზობ?

ისევ პაუზა. ისევ გაუსაძლისი წუთები, მერე კი პასუხი:

_ არა, რა სექსი. საიდან მოიტანე? გგონია, შენი შეცდენა მინდა? გგონია, ამით შურისძიება გადავწყვიტე? სულელო, ნუ იგონებ რაღაცებს. ერთად ყოფნა ერთად ყოფნას ნიშნავს. ძლივს ვიპოვე ადამიანი, რომელშიც ის ქალი შევიცანი, ვისაც ჩემს ფანტაზიებში ვეძებდი. არ ვიცი, რა დავინახე შენში, მაგრამ მივხვდი, რომ შენ იყავი ის, ვინც მინდოდა გვერდით მყოლოდა. ალბათ, სწორედ ეს შეგრძნებაა, როდესაც შენს მეორე, სადღაც მყოფ ნახევარს პოულობ, რომელიც გამთლიანებაში გეხმარება.

ამჯერად არ ვუპასუხე.

_ რატომ არაფერს მწერ?

ისევ დუმილი. სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე.

_ ვაიმე, რატომ არაფერს მწერ? მომწერე რამე, ნია!!!!!!!!!

უამრავი ძახილის ნიშანი მოაყოლა, თითქოს ბოლო ხმაზე მეძახდა.

_ არ ვიცი, რა მოგწერო, _ როგორც იქნა, გავეცი პასუხი.

_ შემხვდები?

_ კი. _ დავთანხმდი და მომეშვა.

_ ალილუია!.. როდის?

_ როცა შენ იტყვი.

_ დღეს?

_ არა, ხვალ, დღეს ვერა.

_ აკი როცა შენ იტყვიო?

_ დღევანდელი დღე არ მიგულისხმია.

_ კარგი, მაშინ ასე ვქნათ. ხვალ სამ საათზე ისევ იქ შევხვდეთ ერთმანეთს, სადაც პირველად. ზოოპარკთან. მოსულა?

_ მოსულა.

_ გელოდები და გკოცნი, ნიაკო!

აი, ასე დამემშვიდობა.

მიხაროდა, ასე რომ შეტრიალდა სიტუაცია, მაგრამ შიში თავს არ მანებებდა. თითქოს რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა. ვერ ვიჯერებდი, თუ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.

ნახევრად გამშრალი თმა წკაპით უკან შევიკარი, ტანიკას მივწერე, ახლავე ჩემთან გაჩნდი-მეთქი და დედაჩემთან გავვარდი. ტელეფონი გავუწოდე და აჰა, წაიკითხე-მეთქი, ვუთხარი.

დედაჩემს წამდაუწუმ ეცვლებოდა სახე. მერე ცრემლები წამოუვიდა. მოწმენდა არ უცდია. მიკვირდა, ასეთი თვალცრემლიანი წაკითხვას როგორ ახერხებდა. სანამ კითხვას ჩაამთავრებდა, ტანიკაც მოვიდა. მერე იმან წაიკითხა. ჯერ გაოცება აღებეჭდა თვალებზე, მერე გაიღიმა და ცალი ხელი მკერდზე მიიდო სიხარულის გამოსახატავად.

_ აბა, საბჭოს წევრებო, რას მეტყვით? _ დარცხვენილი ღიმილით შევეკითხე ჩემს ორ საუკეთესო ადამიანს.

ტანიკამ დედას შეხედა, მას დაუთმო პირველი სიტყვის უფლება.

_ არ ვიცი, დედა, _ მხრები აიწურა დედაჩემმა, _ შენ გადაწყვიტე, მე ხელს არ შეგიშლი. სადღაც ვამართლებ კიდევაც ამ ბიჭს.

ტანიკამ სიხარულის ნიშნად თავისი ხუჭუჭა თმა ორივე ხელით აიჩეჩა:

_ რას გეტყვი და გამოიპრანჭე და წადი! მაგ ბიჭს უკვე რომ უყვარხარ, ვერ ხვდები? _ დოინჯი შემოიყარა ჩემა დაქალმა.

ამწუთას ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, სიცილი ამიტყდა. ტანიკასაც გაეცინა და დედასაც.

„საბჭომ“ კენჭისყრის გარეშე ერთხმად მიიღო წინადადება _ ილიას უნდა შევხვედროდი.

ზუსტად სამ საათზე ზოოპარკთან ვიყავი დარჭობილი. ილია ჩემზე ადრე მოსულიყო და მელოდა. მის დანახვაზე თითქოს წყლის ჭავლი დამეტაკა _ ცხელი და სასიამოვნო. მიყვარდა ეს ბიჭი!

სიტყვა არ უთქვამს. როგორც კი მივუახლოვდი, მხრის თავებზე მომიჭირა თითები და თვალებში ჩამაშტერდა. სრულიად უმაკიაჟოდ ვიყავი, გაუპრანჭავი გამოვცხადდი, თითქოს ამით გამოვუცხადე პროტესტი ჩემს თავს და მასაც.

მეც შევაჩერდი. თვალები რაღაც სხვანაირი გახდომოდა, თავისი ლამაზი თვალები. ალბათ, ასეთი ფორმა აქვს სევდას.

ერთხანს ასე დაჟინებით მიყურა, მერე ხელები მომხვია და მკერდზე მიმიხუტა. მის გულისცემასაც ვგრძნობდი და ჩემსასაც. მერე ოდნავ მომიშორა, ისევ შემომხედა, თავი დახარა და მაკოცა. დამაყარა და დამაყარა კოცნა, მთელი სახე მოიარა. ბოლოს ისევ მიმიხუტა _ ძალუმად, ძალუმად, თითქოს მეუბნებოდა, შენს არსად გაშვებას არ ვაპირებო.

მეც ეს მინდოდა…

კარგა ხანს ვიხეტიალეთ მანქანით. საოცარ ხასიათზე დადგა _ თითებს საჭეზე ათამაშებდა და მღეროდა. მე მისი ხმა არ მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მღეროდა. შიგადაშიგ ღიმილით გამომხედავდა. მერე მთაწმინდაზე ამიყვანა და იქ პარკში დავსხდებით ისეთ ადგილას, სადაც ნაკლები ხალხი მოძრაობდა.

ფეხები ძელსკამზე მოიკეცა, ცალი ხელი მის საზურგეზე შემოდო და ზედ თავი დააყრდნო.

მეც გვერდულად დავჯექი, რათა მისთვის მეყურებინა.

_ მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, _ დაიწყო, _ საუკეთესო ექიმებთან მიგიყვან. იქნებ იყოს რამე საშველი. ვცადოთ მაინც. ვიცი, შენები ცდას არ დაგაკლებდნენ, მაგრამ ზედმეტი არ იქნება. მეც მაქვს კონტაქტები, მეც ვიცნობ ვიღაცებს, ამიტომ თავს არ დავზოგავ.

თავი რამდენჯერმე გავაქნიე, ამას აზრი არა აქვს-მეთქი.

_ მესმის შენი. ვიცი, იმედი გადაწურული გაქვს, მაგრამ არაფერი დაშავდება, კიდევ ერთხელ თუ გავივლით ყველა პროცედურას. არ იფიქრო, რომ ძალიან მაწუხებს შენი სიყრუე, _ ღმერთო, როგორ მომხვდა ეს სიტყვა გულზე, თითქოს შუაზე გამეგლიჯა, _ უბრალოდ, შენ რომ გაწუხებს, ის უფრო მანაღვლებს. იქნებ რაღაც გიშველო, ცოტათი მაინც, სუუუულ ცოტათი. _ „სუუულ ცოტათი“ საჩვენებელი და ცერა თითით მოზომა.

_ მე უკვე შევეჩვიე, _ არაფრის გამომხატველი ტონით მივუგე, _ ექიმი არ დარჩენილა, ჩემებს არ მივეყვანეთ. თუკი ვინმე საუკეთესოა, ყველამ გამსინჯა. მამამ უკრაინაშიც კი წამიყვანა. რაც მჭირს, იმას არაფერი არ ეშველება.

_ მაშინ აღარ ვილაპარაკოთ ამაზე მეტი, კარგი? _ თავისუფალი ხელი სახეზე ჩამომისვა, _ ახლა ის მომიყევი, ეს დღეები რას აკეთებდი.

ჩავიცინე და თვალები მივლულე. ვუთხრა? არ ვუთხრა? უნდა ვუთხრა!

_ ვიწექი. _ და ისევ შევხედე, ახლა უკვე ძალიან თამამად.

_ იწექი? სუულ?

_ კი, სულ.

_ ტუალეტშიც არ გადიოდი? _ ცელქი ბიჭივით გამიღიმა.

_ კი, ტუალეტში კი, _ გულიანად გამეცინა.

_ ბევრი იტირე?

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ არა? სუუულ არა? _ არ დამიჯერა.

_ შენ წარმოიდგინე, გრამი ცრემლი არ გადმომვარდნია. არ ვიცი, რატომ, ამას ვერ ავხსნი.

_ ესე იგი, იმაზე მეტად განიცადე, ვიდრე საჭირო იყო.

_ ვითომ?

_ კი, ასეა, _ თქვა და საჩვენებელი თითით ყელი ჩამოიფხანა, _ ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ბებიას ერთი არ უტირია. ყველა ამბობდა, ცრემლი გაუშრაო. ისე უყვარდათ ერთმანეთი, სულ ერთად იყვნენ, გარეთაც ერთად გადიოდნენ სასეირნოდ. მერე ბაც! და უცებ მარტო დარჩა. მთელი ოთხი დღე, სანამ გავასვენებდით, იჯდა ქმრის კუბოსთან გახევებული და არ ინძრეოდა. იმასაც არ უყურებდა, ვინ მოდიოდა სამძიმარზე, ვინ კოცნიდა, ვინ ხელს უთათუნებდა. იჯდა და სასახლეს გამოცარიელებული მზერით დასჩერებოდა. აი, მობრუნებულზე კი, როცა ქელეხი დამთავრდა და შინ დავბრუნდით, ისეთი ამოუშვა… მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს მისი ემოცია. მსგავსი არასდროს არსად მინახავს.

_ რა ბედნიერებაა, როცა ასე უყვართ ერთმანეთი, _ შურით წარმოვთქვი.

_ მეც ასე მეყვარები, იცი? _ მითხრა და სახე ახლოს მოსწია, _ შენ?

გავწითლდი და თავი ჩავღუნე. „ნუთუ მართლა ვუყვარვარ?“

მხარზე შემეხო და ხელი ნიკაპქვეშ ამომდო.

_ შენ?

_ მეც, _ უნებურად გამექცა სიტყვა.

პასუხით კმაყოფილი ახლოს მოჩოჩდა და მხარზე ხელი გადამხვია. მიმიზიდა. მიმიზიდა. კიდევ. კიდევ. მერე მეორე ხელი მომუჭა და მუშტი თავზე წრიულად დამიტრიალა. ესეც მისეული მოფერების ერთ-ერთი ფორმა იყო… მესიამოვნა.

_ ილია…

_ რა? _ ქვემოდან ამომხედა.

_ როგორი ხმა გაქვს?

წამით სახე გაუქვავდა. შეკითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა. მერე ტუჩები მოპრუწა, მხრები აათამაშა, თვალები აატრიალა და ღიმილით მომიგო, თან დამარცვლით:

_ უფრო ბა-რი-ტო-ნი, ვიდრე ბა-სი.

ამაზე ორივეს ერთდროულად გაგვეცინა.

_ შენ ძალიან ლამაზი ხმა გაქვს, _ გააგრძელა, _ ძალიან ლამაზი თვალები, ძალიან ლამაზი ტუჩები, ძალიან ლამაზი ცხვირი და გულიც კი. საერთოდაც, ძააალიან ლამაზი გოგო ხარ. _ გაიმეორა ჩვენი საფირმო ფრაზა.

_ ჩემი გული სად დაინახე? რა იცი, რომ ლამაზია?

_ ოოო, _ თქვა და წამით შეყოვნდა, რათა შესაფერისი პასუხი მოეძებნა, _ იმხელა სითბო მოდის აქედან, _ თითი მკერდში, გულთან ახლოს მატაკა, _ აქამდე, _ მერე ის თითი თავის გულს ატაკა, _ რომ შეუძლებელია ლამაზი არ იყოს. ასე რომ, ნუ შემეკამათები.

ისევ გაგვეცინა.

_ ილია… _ ისევ დავუძახე.

_ რაო, ძააალიან ლამაზო გოგო?

_ დედაშენმა იცის? _ ვკითხე და მთელი სხეული დამეჭიმა.

ისევ გაუქვავდა სახე. ამჯერად უფრო დიდი ხნით. კვლავ გვერდულად დაჯდა, კვლავ მერხის საზურგეს დააყრდნო მარცხენა ხელი და ისევ ჩამოდო თავის მუჭზე თავი, მერე კი მიპასუხა:

_ არა. ჯერ არა.

_ არ აპირებ თქმას?

_ არა. ჯერ არა.

_ რატომ?

ტუჩები გაბუშტა და ჰაერი გამოუშვა.

_ არ არის საჭირო. რატომ უნდა იცოდეს? ისიც საკმარისია, როცა გაიგებს.

_ მაგრამ როცა გაიგებს, გვიან იქნება.

_ არა უშავს, შეეგუება. ჩემთვის არაა პრობლემა და მისთვის რატომ უნდა იყოს?

_ ჩემნაირი რძალი არცერთ დედამთილს არ მოეწონება, _ ვთქვი და უცებ ენაზე ვიკბინე _ მოვლენებს წინ გავუსწარი. რომელი ჩემი დედამთილი დედამისი იყო?

_ შენსას მოეწონება. _ ალბათ, ძალზე დაბნეული სახე გამიხდა, რადგან გაეცინა, _ ნუ გერიდება, რაც თქვი, სრული სიმართლეა. ის შენი სადედამთილოა. მე შენ არსად არ გაგიშვებ, იცოდე! _ ისევ ჩემკენ გადმოიხარა და ჯერ ლოყაზე მეკოცა, მერე შუბლზე.

ნეტარებისგან თვალები დავხუჭე. მიყვარდა ეს ბიჭი!

ასე განვაახლეთ შეხვედრები. მერე და მერე ისიც მოვუყევი, მამაჩემი საქართველოში რომ არ იმყოფებოდა და ამასაც ვატყუებდი. ეს არ სწყენია. მხოლოდ ის თქვა, კი მიკვირდა, ასეთი ვინაა, ამხელა გოგოს ბიჭთან შეხვედრას რომ უკრძალავს, ნეტავ რომელი საუკუნიდან არის გადმომხტარიო.

ყოველკვირა ვხვდებოდით ერთმანეთს. ილია ხან მანქანით მოდიოდა, ხან უმანქანოდ. თუ ფეხით ვიყავით, მთელი დღე დავხეტიალებდით აღმა-დაღმა და სანამ არ დავიღლებოდით, სულ დავდიოდით. საღამოობით ერთხელაც არ გვქონია პაემანი, რადგან იცოდა, საღამოს და ღამეს რატომაც ვერიდებოდი. ღამით მხოლოდ ვმესიჯობდით. ზოგჯერ რესტორანში შევდიოდით, ზოგჯერ კაფეში ან სახინკლეში. ორჯერ მუზეუმშიც ვიყავით. კინოში შესვლას აზრი არ ჰქონდა, არც თეატრში, ამიტომ არასდროს შემოუთავაზებია. მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვიყავით. ერთად ყოფნა ორივეს გვავსებდა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა. სიყვარულშიც გამომიტყდა და ბოლოს ისიც მითხრა, შემოდგომაზე დავქორწინდეთო. ზღაპრულ საქორწინო მოგზაურობას შემპირდა _ პარიზი უნდა ვნახოთო.

იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ბედნიერების მეშინოდა. რაღაც ძალიან გადამავსო ამ ბედნიერებამ. ფორტუნა ძალზე ადვილად მოტრიალდა ჩემკენ, რაც დიდად არ მომწონდა. სულ მეშინოდა, ვაითუ ერთ დღეს ყველაფერი უცებ დამთავრდეს-მეთქი. შიში თავს არ მანებებდა.

სამ თვეზე მეტი ხანი გავიდა, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით. მას შემდეგ თავისთან არ დავუპატიჟებივარ. მე ორჯერ მივიყვანე ჩემს სახლში, დედაც გავაცანი და ტანიკაც. ორივეზე გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მე მაინც გამუდმებით დაძაბული ვიყავი, მაინც ვებრძოდი უხილავ შიშს, რომელიც საკუთარი ჩრდილივით უკან მომდევდა.

ერთ დღესაც ილიამ დამიმესიჯა, ამ კვირაში ვერ გნახავ, ბევრი სარბენი მაქვს და ვერ მოვიცლიო. ამაში საგანგაშო ვერაფერი დავინახე და მხოლოდ ის მივწერე, ხომ მშვიდობაა-მეთქი. დედას ვჭირდები და ხომ იცი, ვერ დავაღალატებ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კლინიკიდან კლინიკაში უნდა ვატარო, თუმცა საშიში არაფერიაო.

მეც დავიჯერე.

ის კვირა გავიდა. თან ისე გავიდა, ერთი წინადადებაც არ მოუწერია, სიტყვაც კი. სიცილაკი რომ სიცილაკია, ის ვერ გამოიმეტა.

არა უშავს, ეგ არაფერი. გავატარე.

მეორე კვირის დასაწყისში კვლავ მომწერა, კიდევ გადაიწია ჩვენმა შეხვედრამ, არ მინდა ცუდი იფიქრო, უბრალოდ, ისევ ვერ ვახერხებ და უჩემოდ არ მოიწყინოო.

ისევ დავუჯერე, თუმცა მოვიწყინე. ამჯერად მიზეზი აღარ მიკითხავს.

მეორე კვირაც გაილია.

მესამე კვირამ სრულ სიჩუმეში ჩაიარა. ამან საკმარისად დამაფრთხო. გული რაღაც ავის მომასწავებელს მიგრძნობდა, თუმცა სიტყვა არც დედასთან დამცდენია ამის თაობაზე და არც ტანიკასთან. ვიფიქრე, ცოტას კიდევ ვაცლი და ვნახოთ, რა მოხდება-მეთქი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ილიას გარიდებაში დედამისის ხელი ერია. შეიძლება უთხრა კიდევაც ჩემ შესახებ და ამას მთელი ტრაგედიები მოჰყვა. რამდენჯერ წარმოვიდგინე, რა დაემართებოდა მშვენიერ ელენეს, როცა გაიგებდა, სინამდვილეში „ყრუ“ გოგო რომ უყვარდა მის ერთადერთ ვაჟს.

დაველოდე. ამჯერად გულდამძიმებული და სულმოტირალი.

თვე და ერთი კვირა მიიწურა ილიას გაქრობიდან. ის არ მწერდა. არც მე ვწერდი. დუმილის შეთქმულებას ჰქონდა ადგილი.

ბოლოს ჩემს მოთმინებასაც გამოელია მოთმინება. ასე გაურკვევლად ყოფნა არ შემეძლო და მივწერე, რას შვრები, როგორ ხარ-მეთქი, თან გული წკიპზე ეკიდა _ ილიას პასუხზე იყო დამოკიდებული მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი.

კარგა ხანს პასუხი არ მიმიღია. ბოლოს, როგორც იქნა, ერთი სიტყვა _ „მოგწერ!“ _ სნაიპერის ტყვიასავით მესროლა.

და მოსწყდა ჩემი გული საგულეს.

და ჩაექანა სადღაც წკვარამ უფსკრულში.

მთელი ღამე წრიალში გავათენე. მინდოდა მეტირა, მაგრამ არ მიტირია, რათა დედაჩემს ჩემი ტკივილი არ მოესმინა და არ ენახა. თუმცა მეორე დილით, სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, ვეღარაფერს დავმალავდი _ თვალები ისე შემშუპებოდა, ვეღარ ვიხედებოდი. ამან მთლად გამაგიჟა. ცრემლი არ გადმომვარდნია და ეს თვალები რაღამ შემიშუპა? ნუთუ გულში ჩახვეულმა ჯავრმაც იცის ასე?

ჩემს დანახვაზე ლამარა გაოგნებული მომვარდა. იფიქრა, რაღაც სენი შეეყარაო. რა თქმა უნდა, ეგრევე ჩემს ყურებს დააბრალა ყველაფერი და მაშინვე ტელეფონს ეცა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. თუმცა დროზე შევაჩერე, არაა საჭირო-მეთქი.

_ აბა, რა გჭირს, ნია? _ სახეზე ხელები შემავლო და გამომცდელად შემათვალიერა.

_ ილიას გამო ვინერვიულე. _ ძლივს ვახელდი თვალებს, რომ მისი ნათქვამი გამეგო.

_ ილიას რა დაემართა? ცოცხალია? _ ახლა ამაზე შეშფოთდა.

_ ჩემთვის აღარ, _ ცალყბად გავიღიმე, _ მორჩა ყველაფერი, დედა! _ და გაბმული კვნესით მის მკერდზე მივესვენე.

დავზაფრე ქალი. გულზე მიმიხუტა და თავზე დიდხანს მისვამდა ხელს. ერთი საყვედურიც არ დასცდენია. არც გავუმხნევებივარ, არც თანაგრძნობა გამოუხატავს, მხოლოდ მეფერებოდა.

ცოტა ხანში ტანიკაც გადმოვიდა და მოვუყევი, რაც მოხდა.

_ გოგო, იქნებ მართლა რამე პრობლემა აქვს და ახლა შენი თავი სულ არა აქვს? იქნება და უკვდება ის ოხერი დედა, ა? _ გაასავსავა ხელები ტანიკამ.

პასუხად მხოლოდ მხრები ავიწურე.

_ რას დაემსგავსე! ადამიანს არ ჰგავხარ, ფერი არ გადევს სახეზე. არ გინდა ცოტა იტირო? _ დამტუქსა ტანიკამ.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ტირილი არ მინდოდა. რატომღაც, არ მეტირებოდა. ერთიანად გამომშრალი ვიყავი, გამომშრალი და გამოფიტული. არც ლამარა და ტანიკა იყვნენ უკეთეს დღეში. ჩემ მაგივრად ისინი ტიროდნენ…

მას შემდეგ არც ილიას მოუწერია და არც მე შევხმიანებივარ. გავიდა დღეები, კვირები, თვეები… ვდარდობდი, მაგრამ ამჯერად ლოგინს აღარ ვუხმე საშველად. ფეხზე გადავიტანე მეორე დარტყმა. როგორც ჩანს, ჩემი გული უკვე მიეჩვია სახიფათო დარტყმებს.

ამასობაში დეკემბერი დადგა. მშრალი, უწვიმო და უთოვლო. მე გამალებით ვმუშაობდი, ტილოს ტილოზე ვხატავდი და ვყიდდი და ვყიდდი. მხოლოდ ეს მგვრიდა შვებას.

ერთ დღეს მე და ტანიკა რუსთაველზე გავედით. მეტროსთან ერთ კლიენტს უნდა შევხვედროდი. ჩემი ნახატი შეიძინა ონლაინ, უნდა მიმეტანა და ფული გამომერთმია. ვინაიდან და რადგანაც მეტროს ვერ ვიტან, სამარშრუტო ტაქსით გავედით. გარეთ ციოდა, ამიტომ შიგნით შევედით და სალაროებთან დაველოდეთ ვინმე იზოს. უეცრად ტანიკამ მხარი გამკრა. შევხედე. ის მარჯვნივ იყურებოდა. თვალები გავაყოლე მის მზერას და გავხევდი. ჩემგან სულ რაღაც ექვსიოდე ნაბიჯში ილია იდგა ვიღაც შავგვრემან გოგოსთან ერთად, მისთვის ხელი მოეხვია და ნაზად კოცნიდა ყელში. მუხლები მომეკვეთა. ისედაც მციოდა და უარესად ამიტანა კანკალმა. ტანიკა მაჯაში მწვდა. ალბათ, იფიქრა, არ მიეჭრას და ისტერიკები არ დაიმართოსო.

სიამოვნებით გავუმართავდი ილიას სცენებს, თანაც შუა რუსთაველზე, მაგრამ ჩემს თავს ვერ გადავახტი. თუ ეს დაბალი, პუტკუნა და ხუჭუჭთმიანი გოგო ჩემს თავს ურჩევნია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს-მეთქი, გავიფიქრე და ტანიკას ვაგრძნობინე, ცოტა შორს გავწეულიყავით. არ მინდოდა პირისპირ შევჯახებოდი. გამოვიწიეთ და სვეტს ამოვეფარეთ. ახლა უკვე აღარ ვჩანდი და ცოტა მომეშვა.

სწორედ ამ დროს ჩემი ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი. ჩემი სურათის მყიდველი იყო, შეტყობინებას მიგზავნიდა, აქ ვარ და ვერ გხედავო. გასასვლელთან მოდი-მეთქი, გავუგზავნე პასუხი და ჩქარა დავიძარი შუშის კარისკენ, ტანიკაც თან გავიყოლე.

გაცვლა-გამოცვლა დამთავრდა თუ არა, ფული არც გადამითვლია, ისე ჩავიდე ჩანთაში და გარეთ გავვარდი. ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და საგულდაგულოდ მოპირკეთებულ კედელს მივეყრდენი სულის მოსათქმელად. აი, მაშინ მოხდა, რაც მოხდა!

ილია თავის მეგზურთან ერთად გალაღებულ-გაღიმებული გამოვიდა მეტროს სადგურიდან და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჯახა. ჩემს დანახვაზე ღიმილი ტუჩებზე შეაშრა და შეჩერდა. მე რაღაც დამემართა, მაგრამ ვერ ავხსნი, რა.

ტანიკა მჭიდროდ მომეკრო. ალბათ, ეგონა წავიქცეოდი, თუმცა მყარად ვიდექი ფეხზე _ წაქცევას არ ვაპირებდი.

ილიამ რაღაც გადაულაპარაკა თავის ახალ გოგოს, იქვე დატოვა, სადაც შეჩერდნენ და ჩემკენ გამოემართა. ტანიკამ მაშინვე ხელი მიშვა და განზე გადგა, რათა მარტო დავეტოვებინე.

_ ნია, გამარჯობა! _ თქვა ილიას ტუჩებმა.

თავი დავუქნიე მისალმების ნიშნად და ჯოკონდას სახე მივიღე. ამოუცნობი ღიმილით გავუღიმე… ვერასდროს გამოიცნობდა, რას ნიშნავდა ჩემი ასე გაღიმება.

_ აქ საიდან გაჩნდი? _ ვითომ არაფერი, ისეთი უდარდელი სახით მეკითხებოდა.

_ ნახატი გავყიდე და კლიენტს შევხვდით მე და ჩემი მეგობარი. _ მეც უდარდელი ტონი დავიჭირე.

_ ოო, მაგარია! ხომ არ მიბრაზდები, რომ დავიკარგე?

_ არა, _ ჯოკონდას ნიღაბს არ ვიშორებდი.

_ მიხარია. მართლა ვერ მოვიცალე, პრობლემები მქონდა. დედაჩემი იყო ცუდად. ახლა კარგადაა.

_ ნუ მიხსნი, რა საჭიროა, _ თვითონაც მიკვირდა, როგორ ვინარჩუნებდი სიმშვიდეს.

_ მომენატრე, იცი? _ ის თქვა, რასაც ამ მომენტში სრულიად არ ველოდი.

წარბები გაოცების მიმიკით შევატოკე.

_ შენ? _ მკითხა და თვითონაც ზუსტად ჩემნაირად შეატოკა წარბები.

_ მე დუმილის უფლებას ვიტოვებ, _ და ნიშნის მოგებით შევღიმე.

_ მოდი, ხვალ შევხვდეთ, კარგი?

_ არა.

_ რატომ, არ გცალია?

_ მცალია, მაგრამ არა.

_ მაშინ ზეგ.

_ არც ზეგ. მიდი, მიხედე, გელოდებიან.

_ მოიცა, მოიცა! შენ რა, მზეოზე ეჭვიანობ? _ ხელი გაიშვირა ხუჭუჭთმიანისკენ, _ ის მხოლოდ მეგობარია, დედაჩემის დაქალის შვილი. ახლავე გავუშვებდი მარტო, მაგრამ ელენე მომკლავს, სახლამდე რომ არ მივაცილო. დედაჩემის ამბავი ხომ იცი. _ თავის მართლებას მოჰყვა, _ ამიტომ გითხარი, ხვალ-მეთქი.

_ შენმა ნათქვამმა ვერ დამაჯერა, მაგ სიტყვებს წონა აკლია. წონაში ნუ მატყუებ, თუ შეიძლება!

_ რა-ა? კარგი, რა ხუმრობ? შევხვდეთ ხვალ და დაგარწმუნებ, რომ მართალი ვარ. კარგი?

_ არც ხვალ და არც არასდროს, ილია! გაიგონე? ა-რას-დროს! _ წინ გადავიხარე და ბოლო სიტყვა დავუმარცვლე.

_ ვა, რატომ ასე?

_ დაიმსახურე და იმიტომ! მშვიდობით! _ კვლავ ნიშნის მოგებით გავუღიმე და ტანიკასკენ შევტრიალდი.

ვიცოდი, რომ მზერას აუცილებლად გამომაყოლებდა, ამიტომ ფეხი ამერია, ტანიკას მკლავში ვწვდი და ნაბიჯაჩქარებულმა თან გავიყოლე.

არ მახსოვს, როგორ შევედი მეტროს შენობაში, ან ბილეთის ფული ვინ გადაიხადა, ან მოძრავ საფეხურებზე როგორ დავდექი… გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა მატარებელი შემოვიდა ბაქანზე…

სახლამდე ისე მოვედით, მე და ჩემი დაქალი ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ. ტანიკა სახლში ამომყვა. მე შესაშურად მშვიდი ვიყავი, პანიკის არაფერი მეტყობოდა, არც გაბრაზების, არც სასოწარკვეთის. მაშინვე ავადუღე ჩაიდანი და ჩემი საუკეთესო მეგობარი ყავაზე მივიპატიჟე.

კმაყოფილი ვიყავი. თავს დამარცხებულად სულაც არ ვგრძნობდი. პირიქით, თითქოს ვიღაცას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანში მოვუგე.

და ასეც იყო. ამჯერად მე ვაქციე ილიას ზურგი. მე ვთქვი მასზე უარი, სანამ თვითონ იზამდა ამას.

სწორედ ამან შემანარჩუნებინა ოლიმპიური სიმშვიდე.

საკუთარ თავს პირველად ვაჯობე!

როგორც ჩანს, ილიამ ვერ მოინელა ჩემი „არასდროს“. იმ ღამესვე დამიმესიჯა, ასე რატომ მომექეციო.

_ როგორც დაიმსახურე, ისე მოგექეცი! _ არ დავინდე.

_ კი მაგრამ, არ უნდა მკითხო, რა მოხდა? იქნებ როგორ მიჭირდა?

_ როდის უნდა მეკითხა, როცა ტელეფონს არ ეკარებოდი? რა გეგონა, თუ არ მომწერდი, მესიჯებით აგატალახიანებდი?

_ მართლა არ მეცალა.

_ იმ გოგოსთვის ხომ მოიცალე?

_ ის გოგო სახლში იყო ჩემთან სტუმრად, ელენე ინახულა.

_ მერე? გეთქვა ერთხელ ჩემთვისაც და მეც გამოვიდოდი დედაშენის სანახავად. რა, რამეს დავაშავებდი?

_ ჰო, მართალი ხარ, ეგ ვერ მოვიფიქრე. არც ახლაა გვიან, _ ისევ სცადა შერიგება.

_ ახლა უკვე მართლა გვიანაა, _ შეუვალი ვიყავი, _ აღარაფრის შემობრუნებას არ ვაპირებ. მე დავამთავრე შენთან. მით უფრო მას შემდეგ, რაც დედაშენმა ჩემ შესახებ გაიგო.

ეს ისე ვთქვი, თორემ სულ არ ვიცოდი, ელენეს ყურამდე მიაღწია თუ არა ჩემი სმენადაქვეითებულობის ამბავმა. უბრალოდ, მინდოდა ილიასთვის დამეტყუებინა სიმართლე.

_ შენ საიდან გაიგე? _ მომწერა და საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს ეჭვებში.

_ რა მნიშვნელობა აქვს. ვიცი… და ისიც ვიცი, რომ თვალის დასანახავად ვეღარ მიტანს. ამიტომაც არ მხვდებოდი, ამიტომაც არ მწერდი. გგონია, ვერ მივხვდი? და ახალი გოგოც შემოგაჩეჩეს.

_ ნია, მომისმინე. ეგრე არ არის, რა. რაც არ უნდა თქვას დედაჩემმა, ფეხებზე მკიდია, არც ის გოგო მაინტერესებს. კი ეცადა დედაჩემი, რამე გამოსვლოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, მაგრამ თუ ეგრე ილაპარაკებ, მართლა აღარ შეგხვდები და მერე რასაც ვიზამ, კი იცი შენ.

_ ოხ! რას მელაპარაკები! _ დავცინე, _ მე ხომ ვიკლავ თავს შენთან შეხვედრის ოცნებით. სულ კარგად მეყოლე. ისიამოვნე შენი ახალი გოგოთი. ღმერთმა სიხარულში მოგახმაროთ შენ და დედაშენს.

_ ნიიი! ძააალიან ლამაზო გოგო! ნუ მაბრაზებ, კარგი? ხომ იცი, რომ მიყვარხარ! _ თავისი ჭკუით, მომესიყვარულა.

_ გგონია მჯერა შენი ერთლარიანი რომანის? ვგიჟდები ტყუილის მოსმენაზე, როცა სიმართლე უკვე ვიცი. ჰა-ჰა-ჰა! ეს უწუპუწუები არ გვინდა.

_ ხომ იცი, რომ უჩემოდ ისევ მარტო დარჩები?

_ ეჭვი მეტარება მაგაში. მარტოობა არ არსებობს, რადგან ფიქრებში ყოველთვის არის შენ გვერდით ვიღაც. ასე რომ, მარტო არასდროს ვყოფილვარ და ვერც ვიქნები. დამშვიდდი? _ არა და არ ვღალატობდი ჩემს პრინციპს. არავითარ შემთხვევაში არ შევურიგდებოდი, რადგან დარწუნებული ვიყავი, რომ ახლა შერიგება უახლოეს მომავალში კვლავ გულისტკენას ნიშნავდა. სულ თვალწინ მიტრიალებდა კადრი, როგორ კოცნიდა მზეოს ყელს რუსთაველის მეტროში.

_ მოდი, იცი როგორ მოვიქცეთ? რახან ასე გინდა, ცოტა ხნით ისევ ასე შორიშორს ვიყოთ. დროებით მძიმე დავსვათ ჩვენს ურთიერთობაში და მერე კვლავ შევხვდეთ და გავაგრძელოთ ურთიერთობა. თანახმა ხარ? როგორ მოგწონს ჩემი წინადადება?

_ იცი რა, ჩემო ილია? მძიმე წერტილი არ არის. წერტილის დასმაა ძალიან მძიმე. გასაგებია? მორჩა, აღარ დამიმესიჯო. შენსა და ჩემ შორის ცა და მთებია, ზღვები და ოკეანეები. შენი ტოლი უკვე ნაპოვნი გყავს. მეც ჩემს ტოლს ვიპოვი. მშვიდობით! _ და ტელეფონი გამოვრთე, რათა მის მონაწერს აღარ შევეწუხებინე.

ნახევარი საათის შემდეგ კვლავ ჩავრთე ტელეფონი და მისგან მოსული ექვსივე მესიჯი წაუკითხავად წავშალე.

და ილიაც სამუდამოდ წავშალე ჩემი ცხოვრებიდან.

მერე თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ გადავამოწმე ჩემი პრინციპები. უჰ!.. ძალიანაც მომეწონა.

მეორე დღიდან, როცა მეკითხებოდნენ, როგორ ხარო, ღიმილიანი ვპასუხობდი _ კარგად ვარ.

არადა, ყოველთვის დგას პატარა ტკივილი ყველა „კარგად ვარ“-ს უკან… ჩემი ხმა უხმ-ოდ, მაგრამ ხმა-ლამოღებული ხმა-ურობდა!..

ამასობაში ზამთარიც გავიდა და ირგვლივ ყველაფერი სიმწვანემ მოიცვა. მე და ტანიკა ერთი კვირით მცხეთაში გადავბარგდით, ტანიკას ბებიასთან. საოცარი იყო იქაურობა. ყველაფერი ყვაოდა. ტყემლისა და ატმის ხეებს საპატარძლო კაბები მოერგოთ. საოცარი სურნელი ტრიალებდა ჰაერში. ყველაზე ლამაზი სანახავი მაინც ახალგაყვავებული ხის „ფანტელები“ იყო _ ნიავის ოდნავ წამობერვაზე ყვავილები რომ გასცვივდებოდა ტყემლებს და ჰაერში იწყებდა ფარფატს. ამის ნახვას არაფერი ჯობდა.

მარტის თბილი დილა იყო. ნამდვილი გაზაფხულის დღე. მე და ტანიკამ ახლომდებარე ტევრს მივაშურეთ. ისეთი ბურუსი იყო, ძლივს ვიკვლევდით გზას, თან გვეცინებოდა, სადმე არ გადავიჩეხოთო. საათზე მეტხანს ვიხეტიალეთ. ამასობაში ნისლი დაგრძელდა, ახლა უკვე ნახევრამდე ფარავდა მთებს. გეგონებოდა, შეყვარებულივით შემოხვევიაო მთის კალთებს.

ხეების თავზე ჩიტების გუნდი აიშალა, მასთან ერთად ჩემი ფიქრებიც. ილია გამახსენდა ისევ. გონებაში მასთან გატარებულმა ყოველმა დღემ მატარებლის ვაგონებივით დრაგუნ-დრაგუნით ჩაიარა. ისე, უშნოდ კი დავასრულე ჩემი რომანი… უფრო ლამაზადაც შეიძლებოდა… სამაგიეროდ, არ ვნანობდი. იმ დღის მერე, როცა ბოლოს შემთხვევით შევხვდი მეტროსთან, კიდევ ერთხელ მოვკარი თვალი იმ გოგოსთან ერთად. მანქანაში ეჯდა. ახლა იმას ასეირნებდა ჩემ მაგივრად. სულაც არ შემშურებია მისი ახალი შეყვარებულის. საერთოდ დავივიწყე სიყვარული. დავიფიცე, არასდროს არცერთ მამაკაცს ახლოს არ გავეკარები-მეთქი, რაზეც ტანიკა მწარედ დამცინოდა. მოვა დრო და მაგ ნათქვამს გაგახსენებო.

საოცრად დავისვენე ის ერთი კვირა. მარტის ბოლომდე ორი ტილოც დავხატე და თბილისში ჩამოვედი თუ არა, გასაყიდად გამოვფინე სოციალურ ქსელში _ „პატარძალი ტყემლები“ _ ერთს ასე დავარქვი, მეორეს _ „ვარდისფერი აფეთქება“ _ ატმის ყვავილებიან სურათს. სამ კვირაში ორივე გავყიდე და ჩემი საფულე უფრო გასქელდა. უცნაური ის იყო, რომ ორივე ერთმა და იმავე ადამიანმა იყიდა. საკმაოდ სიმპათიურმა მამაკაცმა, რომელმაც ნახატების დადებისთანავე მომწერა:

_ მზვერავს თეთრი შური ბოღმით, შარიშურით.

ეგ რას ნიშნავს-მეთქი, მივწერე.

_ იმას, რომ ასე ხატვა არ შემიძლია. თქვენი ნახატები სინატიფითაა სავსე. თითოეული დეტალი რომ ნაფიქრია, ეტყობა. სერიოზული ნამუშევარია. რამდენი სილამაზეა მათში, რასაც წვრილმანები ჰქვია.

ნიკა ერქვა ჩემს ახალ მეხოტბეს. ყოველთვის მომწონდა ეს სახელი, თანაც ნიასთანაც ახლოს იყო _ ერთი ასო განგვასხვავებდა. რაღაცნაირი სითბო ჩამეღვარა გულში. მისი მონაწერით მოგვრილი სიამოვნება ზღვის ტალღასავით მომელამუნა. ნუთუ ახალი სიყვარული მეჭყანება? _ ისე, სასხვათაშორისოდ გავიფიქრე.

აბა, აბა, ნიაკო! ეგ რამ გაფიქრებინა? აკი, ახლოსაც არ გავიკარებ მამაკაცებსო?! რატომ გინდა შენს პრინციპებს გადაუხვიო? სადღაა შენი თავმოყვარეობა?

შენი თავმოყვარეობა ნელ-ნელა სულს ღაფავსო, მიკარნახა ჩემმა მეორე მე-მ.

_ მადლობა. _ მოკრძალებული სამადლობელი მივწერე ნიკას შესაბამისი სიცილაკებით.

_ ორივეს ვყიდულობ. სად შემიძლია შეძენა?

აუჰ! დამცხა, მაგრამ რა დამცხა! ეჭვი და სიამოვნება ერთმანეთში გადაიხლართა. მართლა ჩემი ნახატები მოეწონა თუ, უბრალოდ, გაცნობა უნდა და ეს ხერხი გამოიყენა? მაშინ ამდენი ქება რა საჭირო იყო? ეთქვა, ვყიდულობო და ამით მოგვარდებოდა საქმე.

_ ერკვევით მხატვრობაში? _ დროებით ავირიდე მისი შეკითხვა, იქნებ გამომეცნო, სინამდვილეში რა უნდოდა _ მე თუ ჩემი სურათები.

_ მთლად ექსპერტი არ ვარ, მაგრამ სილამაზის აღქმა არ მაკლია. გემოვნებიანი მკითხველი ვარ პროზის, პოეზიისა და ფერწერის.

_ სასიამოვნოა.

_ დიდი კოლექცია არ მაქვს, თუმცა არც სიმწირეს ვუჩივი. გააჩნია მხატვარს და გააჩნია ფასს.

_ მესმის. მადლობა, რომ ასე შემაქეთ.

_ მადლობა თქვენ, რომ ასე კარგად ხატავთ. ანუ როგორ დავისაკუთრო ეს სილამაზეები? სად გნახოთ, სად მოვიდე? _ გამიმეორა შეკითხვა, მაგრამ მე კვლავ შემახურა.

არ მომეწონა ფრაზა _ „როგორ დავისაკუთრო ეს სილამაზეები?“ _ იქნებ სილამაზეებში მეც მიგულისხმა?

_ ჩემთან უნდა მობრძანდეთ სახლში. უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო გარეთ ვერ გავდივარ.

ამით თავი დავიზღვიე. ბოლოს და ბოლოს, სახლში მარტო არ ვიქნებოდი. ტანიკას დავიბარებდი და ორნი დავხვდებოდით.

_ მშვენიერი აზრია. როდის მოვიდე? მისამართიც მომწერეთ. თანხა წამოვიღო თუ გადმოგირიცხოთ?

გადმორიცხვა უფრო მაწყობდა, მაგრამ მერე ანგარიშის ნომერიც უნდა მიმეწერა, ამიტომ პირველი ვარიანტი ვარჩიე:

_ თუ არ შეწუხდებით, წამოიღეთ. ასე მირჩევნია.

ასე დავთქვით შეხვედრა ჩემს ბინაში მეორე დღესვე, სამ საათზე.

როგორც კი ნიკასთან საუბარს მოვრჩი, მაშინვე ტანიკას ვუპატაკე, ხვალ სამზე ჩემთან დაერჭვე, კლიენტი მოდის და მინდა აქ იყო-მეთქი. კი გაუკვირდა, ამისთანა რა ხდებაო, მაგრამ დიდად არ გაუმახვილებია ყურადღება და მეც ბოლომდე არ გავამხილე, რაც ხდებოდა.

თურმე სხვისმა ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც შეიძლება შენი გადაწყვეტილება შეცვალოს.

მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ იმწუთას მოზღვავებული გრძნობა მთელ ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. არადა, არაფერია ამაში გასაკვირი. შეიძლება ერთმა ადამიანმა შეგცვალოს ერთხელაც მთლიანად. მთავარია, როგორ ჩაგჭიდებს ხელს.

ურთიერთობის დაწყება ადვილია, გაგრძელება _ ძნელი, ხოლო დასასრული _ ერთობ ტკივილიანი.

ამის გამოცდილება უკვე მქონდა. ასე რომ, სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, რათა კიდევ ერთხელ არ დამენგრია ჩემი მომავალი!

მეორე დღისთვის საგანგებოდ მოვემზადე. დილით ადრიანად ნამცხვარი გამოვაცხვე, მერე კი ზომიერად გამოვიპრანჭე. მაკიაჟი _ მსუბუქად, პომადა _ უფერო, ღაწვის ჩრდილი _ ვარდისფერი. ჩასაცმელად ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური ვარჩიე, რათა ნიკას არ ეფიქრა, ჩემ გამო გაისარჯა ასეო.

ტანიკა არ ჩანდა, არც მესიჯზე მიპასუხა. ამაზე არ მინერვიულია. მოგვიანებით ყოველთვის მპასუხობდა და მწერდა, სააბაზანოში ვიყავი შესული, ან აივანზე ყვავილებს ვრწყავდი, ან მარკეტში გავედი საყიდლებზეო. ასე რომ, ვიცოდი, ადრე თუ გვიან მიპასუხებდა. უბრალოდ, მინდოდა ნიკაზე ადრე მოსულიყო. რატომღაც, მარტო დახვედრის მერიდებოდა და ცოტათი მეშინოდა კიდევაც.

ფანჯრები გამოვაღე გასანიავებლად, რათა ნამცხვრის სუნი გასულიყო. სახლი დალაგებული მქონდა, მისახედი არ იყო. ნეტავ დედა მაინც ყოფილიყო შინ, უფრო თამამად ვიქნებოდი და ასე არ ამაკანკალებდა. ამ ტანიკამაც რომ დააგვიანა? ან მე რა მანერვიულებს? ნიშნობა კი არა მაქვს!

ნიკა ზუსტად სამ საათზე მოვიდა. ზარი რომ დარეკა და ჩემი წითელი ნათურა აინთო, ცოტა ხნით შევყოვნდი, რამდენჯერმე ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, სახე დავალაგე და კარს მივაშურე.

_ მგონი, დროზე მოვედი. გამარჯობა, _ ოდნავ შეცბუნებული სახით მომესალმა.

_ კი, დროზე მოხვედით. სალამი. შემობრძანდით! _ განზე გავდექი და შემოვატარე.

ნიკა იმაზე სიმპათიური აღმოჩნდა, ვიდრე ფოტოებზე ჩანდა. საშუალოზე მაღალი, თაფლისფერთვალება და მხარბეჭიანი ბიჭი იყო, სპორტსმენს ჰგავდა.

შემოსვლისთანავე დაკვირვებული მზერა მოავლო ჩვენს ბინას, თითქოს მისი ზედმიწევნით შესწავლა გადაუწყვეტიაო.

_ გემოვნებით მოწყობილი ბინაა. თქვენი გადაწყვეტა იქნება ალბათ ეს ფერები, არა? მხატვრის ხელი იგრძნობა.

_ მართალი ხართ. ძირითადად, ჩემი შერჩეულია ფერებიც და დიზაინიც. ავეჯიც, სხვათა შორის. ყავას ხომ არ მიირთმევდით? ან ჩაის. ნამცხვარიც მაქვს. _ გავეკეკლუცე.

_ თქვენი გამომცხვარი, რა თქმა უნდა! _ ისეთი თავდაჯერებით წარმოთქვა, თითქოს ცხობისას ფანჯრიდან მითვალთვალებდა.

_ ჩემია, კი. _ და ღაწვები შემეფაკლა. რომ იცოდეს, საგანგებოდ მისთვის გამოვაცხვე, ნეტავ რას იფიქრებდა?

_ ყავაზე უარს ვერ ვიტყვი. დღეში სამჯერ მაინც ვსვამ, _ თქვა ნიკამ, _ თქვენ თუ გიყვართ?

_ მეც მიყვარს. სამჯერ კი არა, ოთხჯერაც დამილევია. როცა ვმუშაობ, მინდება ხოლმე.

_ სიგარეტი?

_ არა, სიგარეტს არ ვეწევი. ისედაც, მუშაობაში ხელის შემშლელი ფაქტორია, თუ მხატვარი ხარ, მით უფრო.

_ მართალი ხართ. მაგაში მეც გეთანხმებით. ადრე ბევრს ვეწეოდი, მაგრამ მერე და მერე მოვუკელი. მუშაობაში მიშლიდა ხელს. ახლა თითქმის არ ვეწევი, მხოლოდ მაშინ, როცა ვქეიფობ.

_ სად მუშაობთ?

_ ინტერიერის დიზაინერი ვარ. ფირმა გვაქვს სამ ძმაკაცს და შეკვეთებს ვიღებთ.

_ ოოო, ძალიან საინტერესოა, _ მოვუწონე პროფესია.

წამებში გავშალე სუფრა, თუმცა სუფრა არც ეთქმოდა _ ნამცხვარი და ყავა შემოვიტანე მხოლოდ.

სწორედ ამ დროს წითელმა ნათურამ მაუწყა, რომ კარზე ზარი იყო. ტანიკა მოვიდა. უეცრად ნიკას მრავლისმეტყველ მზერას გადავაწყდი, როცა მან წითელ ნათურას ოდნავ შეჭმუხნილი შუბლით გახედა. ნეტავ მიხვდა, რასაც ნიშნავს ეს? ფიქრის დრო არ იყო, ნიკას ბოდიში მოვუხადე და ჰოლში ლამის სირბილით გავედი.

_ სად ხარ ამდენ ხანს? _ აფორაჯებულმა თვალები დავუქაჩე დაქალს.

_ გოგო, ტელეფონი სახლში დამრჩა. ვიფიქრე, ტორტს ვიყიდი და ავიტან-მეთქი. იქ კიდევ იმსიგრძე რიგი იყო, ლოდინმა მომიწია. მოვიდა შენი კლიენტი?

_ ჰო, მოვიდა და დროზე შემოდი, ნუ ზოზინობ! _ დავუცაცხანე ჩემებურად და კარი მხოლოდ ჯაჭვით ჩავკეტე.

ტანიკამ გეზი პიდაპირ სასტუმრო ოთახისკენ აიღო, რათა თავის ტორტიანად მისალმებოდა სტუმარს. ნიკას დანახვაზე უზარმაზარი გაოცება გამოეხატა სახეზე. როგორც ჩანს, ასე ახალგაზრდა და სიმპათიურ მამაკაცს არ ელოდა.

_ მაპატიეთ, მეგონა, ნია მარტო იყო.

_ არა უშავს. რაც მთავარია, არ ვიკბინები, _ გაიცინა ნიკამ და წამოდგა.

ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ტანიკამ სამზარეულოს მიაშურა, თან თვალებით მანიშნა, გამომყევიო.

ტანიკამ ტორტი მაგიდაზე დადო და ყუთს თავი ახადა. ყავის ტორტი იყო, თეთრკრემიანი.

_ ხილის არ ჰქონდათ და ეს წამოვიღე, _ მომიბოდიშასავით.

_ კარგია, რას ერჩი, _ ვთქვი და ბისკვიტს საჩვენებელი თითი ჩავაჭირე, _ მშვენიერი ფუმფულაა, გემრიელიც იქნება.

_ მთავარია, იმ „სიმპაწიაგას“ მოეწონოს. სად გაჩითე? _ სახე ახლოს მომიტანა, აშკარად მეჩურჩულებოდა.

_ ჩემი ნახატები იყიდა და წასაღებად მოვიდა, _ მეც ავჩურჩულდი.

_ მაგარი ვინმეა, არაა ხელიდან გასაშვები.

_ ტააან! გაჩუმდი, რა. ხომ იცი, რომ…

_ ვიცი, ვიცი, _ გამაწყვეტინა და ხელი ცხვირწინ ამიქნია, _ შენი ბოლო მონასტერში იქნება, მონაზვნობა არ აგცდება, იცოდე!

ამაზე მხოლოდ გამეღიმა. კარადიდან ტორტისთვის განკუთვნილი ბრტყელი და ფართო თეფში გამოვიღე, ყუთს ცალი კუთხე ჩავუხსენი და ტორტის დაჭრას შევუდექი.

_ მთლიანად გაგეტანა, _ დაქალი ხელზე შემეხო, რათა შემეხედა და მისი ნათქვამი გამეგო.

_ რა საჭიროა, ორ-ორ ნაჭერს დავდებ თითოეულისთვის და ეგაა. თუ კიდევ მოგვინდება, მერე დავჭრი, სად გაიქცევა.

_ უი, სულ დამავიწყდა. აი, კიდევ რა მოვიტანე, _ თქვა და მართკუთხა პაკეტი ამოაძვრინა ჩანთიდან, ინდის ხურმა იყო, _ შენ რომ გიყვარს.

_ მადლობა, ჩემო გოგო! _ მადლიერების მზერა არ დავიშურე ტანიკასთვის და ლოყაზე ვაკოცე.

მან მაშინვე გახსნა პაკეტი და დაშაქრულ-დაჩირული ინდის ხურმა დესერტის თეფშზე კოხტად დაალაგა.

რამდენიმე წუთში სასტუმრო თოახში გავედით. წინ მე მივდიოდი, უკან ტანიკა მომყვებოდა. მე ტორტი მიმქონდა, მას _ ინდის ხურმა.

_ ასე ძალიანაც არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მხოლოდ ყავას დავლევდი, _ იუხერხულა ნიკამ.

_ სტუმრის დახვედრა არ გვეშლება, _ ჩემ ნაცვლად მიუგო ტანიკამ.

_ ტორტი რასთან დაკავშირებით? რომელიმეს დაბადების დღეა? _ დაინტერესდა „სიმპაწიაგა“.

_ ე… ისა… _ დაიბნა ჩემი დაქალი, მაგრამ მალევე მიაგნო გამოსავალს, _ წავაგე ამ ქალბატონთან ამას წინათ და თავანი ჩავაბარე. სხვა რა გზა მქონდა.

მის პასუხზე ნიკას გაეცინა.

_ სიტყვის ქალი ყოფილხართ.

_ ვცდილობ. აბა, ამისთანა მეგობარი რომ გყავს, სხვანაირად როგორ შეიძლება? _ შეფარვით შემაქო.

_ სრულიად გეთანხმებით. მე რომ ნიასნაირი მეგობარი მყოლოდა, მეც ვერ გადავიდოდი სიტყვას.

ეს უკვე ქათინაურს ჰგავდა. სიამოვნებისგან სახე წამომიხურდა, მაგრამ შევეცადე, არ დავებნიე მის ნათქვამს. ინდის ხურმას დავტაცე ხელი და პირში შევიცურე.

უეცრად ვიგრძენი, რომ ნიკა დაჟინებით მომჩერებოდა. უფრო სწორად, მზერით ჩემს ტუჩებს ჩაჰფრენოდა. წამით გავხევდი. მისი მზერა რაღაცით იყო სავსე, ოღონდ ახსნა არ შემეძლო, რით. მოზღვავებულმა ადრენალინმა ისე გამაბრუა, თითქოს ვენაში გლუკოზა შემიშხაპუნეს.

ტანიკასაც არ დარჩენია შეუმჩნეველი ეს ყველაფერი. ატმოსფერო დაძაბულობით გაივსო. რაღაც უნდა მეღონა, რომ სიტუაცია განმემუხტა, მაგრამ ვერაფერსაც ვერ ვახერხებდი. ნიკა კი თვალს არ მაშორებდა, კვლავ იმ ამოუცნობი მზერით დავანებულიყო ჩემს ტუჩებზე.

_ რა? _ მხრები ავიჩეჩე, _ რამე ისე ვერ არის? _ ვეღარ მოვითმინე ბოლოს, გაღიმებულმა რბილად ვკითხე და ინდი ხურმით დატკბილული თითები ხელსაწმენდს გავუსვი.

_ ისეთი ღიმილი გაქვთ, ყინულის ლოლუასაც კი გაადნობს, _ თქვა მან. არც კი მოერიდა, მისგან სამ ნაბიჯზე ტანიკა რომ იჯდა და ამ ყველაფერს ისმენდა.

_ ტორტს რატომ არ მიირთმევთ? გემრიელია, _ თითქოს ჩემთვის არ ყოფილიყო განკუთვნილი მისი კომპლიმენტი, სიტყვა ბანზე ავუგდე. სულაც არ მინდოდა შეემჩნია, რომ მისით მოხიბლული ვიყავი.

_ ტორტი არ მიყვარს. ზოგადად, ტკბილეულს დიდად არ ვეტანები.

_ რატომ? უცნაურია, კაცებს ტკბილი უყვართ. _ ისევ გავიღიმე.

_ რა ვიცი, აბა!

_ გასუქების გეშინიათ, ალბათ! _ გაეხუმრა ტანიკა.

_ არც უმაგისობაა, _ ნიკას გაეცინა მის ხუმრობაზე, _ სამაგიეროდ, ნიას გამომცხვარი ნამცხვარი დავაგემოვნე.

_ და ეგ არ იყო ტკბილი? _ ეშმაკურად მოწკურა თვალები ჩემმა დაქალმა.

ნიკა შეიშმუშნა. უხერხულად იგრძნო თავი, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, სკამზე შეირხა, მომუშტული ხელები მაგიდაზე დააწყო და თავდახრილმა ქვემოდან ჯერ ტანიკას გახედა, მერე მე შემომხედა.

_ სამაგიეროდ უმაგრესი მხატვრის გამომცხვარი იყო, _ ამით იმართლა თავი.

_ ოოო, უძლიერესი არგუმენტია, _ გადაიკისკისა ტანიკამ.

ნიკას სახე შეეცვალა, აშკარად რაღაც არ მოეწონა. როგორც ჩანს, ჩემმა დაქალმა მწარე ირონია ჩააქსოვა ნათქვამს.

_ უღრმესი მადლობა, ქალბატონებო, მაგრამ ჩემი წასვლის დროა. ყველაფერი გემრიელი იყო. ნია, თუ არ შეწუხდებით, გამომიტანეთ ნახატები, გავსწორდეთ და წავალ, თქვენი ნებართვით, _ მოქუფრული სახით წარმოთქვა და შუბლზე მოისვა ორი თითი.

მე იმწუთასვე ავდექი, ლოჯიაში გავედი, სადაც სახელოსნო მქონდა ჩემთვის მოწყობილი და უკვე შეფუთული ნახატები გამოვიტანე. ნიკა ზედ კართან შემეფეთა, ხელში ფული ეჭირა. ჩვენი მზერა ერთმანეთში აიბურდა.

_ მგონი, ზუსტადაა, არა? _ მარაოსავით გაშლილი დოლარის კუპიურები გამომიწოდა.

ნაძალადევი ღიმილით დავუქნიე თავი და ფული გამოვართვი. ვერ ვხვდებოდი, რა ეწყინა, მაგრამ ხომ არ ვკითხავდი?

მან შენაძენი იღლიაში ამოიჩარა, თავი დამიკრა და კარისკენ დაიძრა. უკან მივყევი. ტანიკა ისევ თავის ადგილას იჯდა, არ წამომდგარა. ჰოლში გასვლამდე ნიკა ნახევარი ტანით შემობრუნდა და ჩემს დაქალს დაემშვიდობა. იმანაც ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად.

_ მე კიდევ დაგიკავშირდებით, _ მითხრა გასვლის წინ ნიკამ და უცნაურად დამაშტერდა. სწრაფად ავარიდე მზერა. მთრგუნავდა მისი გამოხედვა.

_ როგორც გენებოთ, _ ვუთხარი და კარი გავაღე.

_ ნახვამდის, _ თქვა მან და ხელი ჩამომართვა, ამასთან, ჩემი თითები საჭიროზე მეტხანს დააყოვნა თავის თითებში.

_ ნახვამდის, _ დავემშვიდობე მეც და კეთილი, გამოსამშვიდობებელი ღიმილით გავუღიმე.

გული რაღაცნაირად გამითბა, როცა მისი ცერა თითი უეცრად ჩემს ხელისგულზე გასრიალდა და მერე უკან გამოსრიალდა. და იმის მიუხედავად, რომ სული მოუსვენრად ამიფორიაქა მისმა ხასიათის ცვლილებამ, იმწუთასვე ვიგრძენი, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო.

ნიკა არც ხელს მიშვებდა და არც თვალს მაცილებდა. ისე მიყურებდა, თითქოს სამყაროში ერთადერთი ქალი ვყოფილიყავი. როგორ მინდოდა, ასეთად დავმახსოვრებოდი.

_ მაპატიეთ ჩემი სისუსტე, _ წარმოთქვა მან, სწრაფად შემიშვა ხელი, გატრიალდა და კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ბინიდან.

კარი მივხურე და ზურგით მივეყრდენი.

ერთხანს ასე ვიდექი, მერე კი სასტუმრო თოახში დავბრუნდი. ტანიკა გაუნძრევლად იჯდა. მერე შემომხედა და დამნაშავესავით აიჩეჩა მხრები:

_ ვერ მივხვდი, რა ეწყინა? რა ვთქვი ასეთი?

_ დაიკიდე! _ გავიმეორე მისი საყვარელი ფრაზა და გავიღიმე.

_ არა, მართლა! რამე დავაშავე?

_ ტაან, გეყოფა! ეწყინა და ეწყინოს. თუ ხუმრობა არ ესმის, ეს მისი პრობლემაა და არა შენი. მოდი, ახლა მაინც შევჭამოთ ეს ტორტი გემრიელად, თორემ ისე ვიყავი დაძაბული, გემო ვერ გავუგე.

_ მოგწონს, არა?

„რა ვიცის“ ჟესტით ტუჩები დავბრიცე და მხრები ავიწურე.

_ იმასაც მოსწონხარ. ასე რომ, შანსი არ გაუშვა ხელიდან. იმედია, ეს გაქცევა ჩვევაში არ გადაუვა. უხასიათოც არ ჩანს. მეც მომეწონა.

_ არ გინდა, ტანიკა. ახლა აღარაფერზე არ ვფიქრობ. არც ვიცი, მინდა თუ არა ყველაფრის თავიდან დაწყება. ხომ იცი, ბოლოს მაინც როგორ დამთავრდება ყველაფერი.

_ აი, ეგრე თარსავ შენს თავს და იმიტომაც რჩები სულ წაგებული! _ ხელები მოიშველია ტანიკამ ჩემს გასაკრიტიკებლად, _ პირიქით, კარგზე უნდა იფიქრო და არა ცუდზე.

_ არ გინდა, გთხოვ. თუ ამ შეხვედრას გაგრძელება უწერია, იცოდე, თავიდანვე ვეტყვი, რაც მჭირს, რომ ტყუილი იმედი არ ვიქონიო. ხოდა, არ დამიწყო ახლა ასეო და ისეო! მორჩა!

ტანიკას პასუხი არ გაუცია. ტორტის ყველაზე დიდი ნაჭერი გადაიღო და დამშეულივით შეუდგა ჭამას. მეც მას მივბაძე, თუმცა მისგან განსხვავებით უფრო პატარა ნაჭერი მერგო…

სამი დღე გავიდა ნიკას სტუმრობიდან. წარამარა ვამოწმებდი ტელეფონსაც და ფეისბუკსაც, მაგრამ არაფერი მოუწერია. კი დამწყდა გული, მაგრამ არ მინერვიულია. არ მინდოდა ამ ამბავს ჩავღრმავებოდი და ძლივს სიცოცხლისკენ შემობრუნებული კვლავ სევდასა და ტკივილში ჩავძირულიყავი. ბოლოს და ბოლოს, ის ჯერჯერობით მხოლოდ კლიენტი იყო, მოხიბლული ჩემი ნახატებით და არა ჩემით.

კიდევ ორი კვირა გავიდა. აპრილიც მიილია და აღდგომაც ვიდღესასწაულეთ. მამა ვერ ჩამოვიდა, ამიტომ მე და დედა მარტო ავედით ბაბუა-ბებიას საფლავზე. კარგი ამინდი იყო, მზეა აცხუნებდა და საკმაოდ მოვითენთე. დავბრუნდით თუ არა, მაშინვე მივწექი და ცოტა წავუძინე.

საღამო ხანს, ვივახშმე თუ არა, კიდევ ერთი ნახატი დავდე ფეისბუკზე, ოღონდ არა ახალი, არამედ ცოტა ადრე შესრულებული. იმ დღეებში ახალი არაფერი დამიხატავს. ლეპტოპი მუხლებზე მედო ლოგინში შეწოლილს და კომენტარებს ვკითხულობდი. უეცრად მესიჯი მომივიდა. ნიკა მწერდა. არა, კი არ მწერდა, რაღაც ფოტოებს მიგზავნიდა. გავხსენი და გავადიდე. რაღაც ოთახის ფოტოები იყო. გამიკვირდა. ვერ მივხვდი, რას მიგზავნიდა და რატომ, თუმცა უცებ ჩემი ნახატები დავინახე კედელზე და მივხვდი _ ეს მისი საძინებლის ფოტოები იყო. ჩემგან ნაყიდი სურათები თავის ოთახში დაეკიდა. ერთი _ საწოლის თავზე, მეორე _ მოპირდაპირე მხარეს. მეორე ნახატს ორივე გვერდს სხვა, უფრო მომცრო ნახატები უმშვენებდა. ალბათ, ისინიც ჩემსავით ახალბედა ფერმწერების ნახელავი იყო.

შემართული ცერი გავუგზავნე მოწონების ნიშნად.

_ რაც შენგან წამოვედი, მას მერე სულ შენზე ვფიქრობ, _ მომივიდა შეტყობინება. თანაც უკვე „შენობით“მწერდა.

პასუხად კითხვის ნიშანი ვაჯახე.

_ გიკვირს? არ მეგონა, თუ ასე გაგაოცებდი. ვიფიქრე, შეხვედრისთანავე მიხვდებოდი, რომ მომეწონე.

_ დიდი მადლობა.

_ გგონია, მადლობა მიშველის? ისე მინდა შენი კიდევ ერთხელ ნახვა, ადგილს ვერ ვპოულობ. ოღონდ მარტო მინდა გნახო, მოწმეების გარეშე. ეს შესაძლებელია?

პასუხი დავუგვიანე. რა მივწერო? _ გამალებული ვფიქრობდი.

_ მიპასუხე!

_ რა საჭიროა? უკვე გავიცანით ერთმანეთი.

_ მერე რა? მინდა უფრო ახლოს გაგიცნო. რა, დანაშაულია? რამე შეუძლებელს გთხოვ?

_ არა, მაგრამ… არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ… იმიტომ.

_ ეს როგორ გავიგო?

_ რა აუცილებელია, უფრო ახლოს გამიცნოთ? _ მიჭირდა შეხვედრაზე დავთანხმებოდი. კიდევ ერთი გაცრუებული ურთიერთობის მეშინოდა.

_ შეყვარებული თუ გყავს, მითხარი და აღარ შეგაწუხებ.

გული მომეწურა. რა ვქნა? ვუთხრა, მყავს-მეთქი და აქვე დავამთავრო ყველაფერი თუ…

_ არა, შეყვარებული არ მყავს.

_ მაშინ რატომ ამბობ უარს? შენ არ მოგწონვარ?

_ ეგ არაფერ შუაშია.

_ მაშინ მითხარი, რა არის შუაში.

_ ჯერ შენ მითხარი, რატომ გინდა ჩემი უფრო ახლოს გაცნობა, _ მეც „შენობით“ მივწერე და სულგანაბული დაველოდე პასუხს.

_ რატომ? წეღან ხომ გითხარი, მომწონხარ-მეთქი, _ არ შეიმჩნია ჩემი „შენობითი“.

_ დიდად არ მხიბლავს ჩვენი შეხვედრის პერსპექტივა, ნიკა. მაპატიე. არ მინდა იმედი გაგიცრუო.

_ ამიხსენი, რას გულისხმობ.

_ იმას, რომ როცა ახლოს გამიცნობ, ისეთ რამეს აღმოაჩენ ჩემში, რაც ძალიან არ მოგეწონება და გული დაგწყდება, რომ გამიცანი.

_ ეეე, ეგ რა, აღსარებაა? ასეთი რა საიდუმლო გაქვს? არ მითხრა ახლა, ქალიშვილი არ ვარ და ეგაა ჩემი პრობლემაო. სულ არ მაინტერესებს, ჩემამდე ვის ხვდებოდი და არც ის, ვისთან რა სიახლოვე გაკავშირებდა. მთავარია, ახლა არ ხვდებოდე ვინმეს.

_ არა, არავის ვხვდები და არც ჩემს ქალიშვილობას ეხება საქმე.

_ აბა, რა ხდება?

_ არ მოგეწონება-მეთქი.

_ შენ მითხარი და მომეწონება თუ არ მომეწონება, მე მომანდე, კარგი?

ვსაუბრობდი მასთან და სულაც არ ვნერვიულობდი. უკვე შემზადებული ვიყავი, სიმართლე მანამ მეთქვა, სანამ ჩვენი ურთიერთობა გაღრმავებას დაიწყებდა.

_ გრძელი ამბავია. _ სათქმელი გავწელე.

_ არა უშავს, შემოკლებული ვერსიაც მაწყობს, მომიყევი.

მღელვარება მთვლემარე ზღვასავით ჩამქრალიყო ჩემს სულში. რა თქმა უნდა, მასთან ურთიერთობაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ მეტჯერ თავს არცერთ მამაკაცს არ მოვატყუებინებდი. ეს ზუსტად ვიცოდი.

წერა ილიას გაცნობით დავიწყე. ნაჩქარევად, მოსწრებაზე მყოფი მომაკვდავივით ვაკაკუნებდი თითებს კლავიატურაზე, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრების საიდუმლოებების ერთ აბზაცში ჩატევა მქონდა განზრახული.

_ მაგრამ როცა საქმემ ერთობ სერიოზული ხასიათი მიიღო, ვუთხარი მას, რა ნაკლიც მქონდა. მისთვის ეს გამანადგურებელი სიახლე აღმოჩნდა. მან მიმატოვა. სავარაუდოდ, დედამისის დაჟინებული მოთხოვნით. აი, სულ ეს არის. ამიტომ მინდა ახლავე გაგაფრთხილო. ჩემი ტკივილის ბარიერი ძალიან მაღალია, კიდევ ერთს ვერ გადავლახავ.

_ ეს ყველაფერი გასაგებია და შენს გულისტკენას სულაც არ ვაპირებ. უბრალოდ, მითხარი, რა ნაკლი გაქვს ასეთი, ასე რომ შეაშინე ის შენი ილია.

_ მე სმენადაქვეითებული ვარ. არ მესმის ადამიანების ხმა, მხოლოდ მათი ტუჩებით ვხვდები, რას ლაპარაკობენ. ჩემი ბგერის გზა მათ ტუჩებზე გადის.

მეგონა, ამის მერე კარგა ხანს არაფერს მომწერდა, ჩემი აღიარება დაზაფრავდა, მაგრამ შევცდი. პასუხი მაშინვე გამომიგზავნა, უფრო სწორად _ შეკითხვა:

_ სულ ესაა?

გავოგნდი. რატომ მიიღო ჩემი ნათქვამი ასე მშვიდად? თან ისე, თითქოს სმენადაქვეითებულობა ნაკლი სულაც არ ყოფილიყო.

_ კი, სულ ესაა. რა, ცოტაა?

_ ჩემთვის ცოტაც კი არ არის. ჩემთვის ეს საერთოდ არაფერი არ არის. გასაგებია?

_ ეგ როგორ? მე რომ შენი ხმა არ მესმის, ეს არ გაბრკოლებს? არ დაგთრგუნავს? თუ, უბრალოდ, ახლა ამბობ ასე და გართულებები შემდეგ იქნება?

_ გართულებები არ იქნება, თუ შენ თანახმა იქნები ჩემთან შესახვედრად და ურთიერთობის დასაწყებად.

დავიბენი. ნუთუ გულწრფელი იყო, ამას რომ მწერდა? სხვა რამე ხომ არ იმალებოდა მისი ნათქვამის მიღმა?

_ რაღაც ძალიან აუღელვებლად შეხვდი ამ ყველაფერს. რატომ, ნიკა?

_ იმიტომ, რომ მეც შენნაირი ვარ.

მისმა პასუხმა შოკში ჩამაგდო. რას ნიშნავს, ჩემნაირია? ნუთუ მასაც არ ესმის? იმდენ ხანს იყო ჩემთან და ოდნავი ეჭვიც არ გამჩენია.

_ ჩემნაირი? _ მივახვედრე, რომ მეტ დაკონკრეტებას ვითხოვდი.

_ ჰო. მეც არ მესმის ისევე, როგორც შენ. მეც სმენადაქვეითებული ვარ.

არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა. ახლა უკვე დაფიქრება მმართებდა, ეს ამბავი სასიხარულო იყო ჩემთვის თუ საწყენი. იქნებ მატყუებდა? ჯერ ეს უნდა გამერკვია.

_ მაგრამ შენ არაფერი დაგტყობია, როცა ჩემთან მოხვედი.

_ იმიტომ, რომ სმენის აპარატით დავდივარ. წლებია უკვე. მხოლოდ ტუჩებით არ ვკითხულობ, ვინ რას ამბობს, მესმის კიდევაც. მართალია, ისე გარკვევით არა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ მაინც მესმის. თან ტუჩების მოძრაობაც მეხმარება, უფრო გარკვევით გავიგო, ვინ რას მეუბნება.

_ არ მატყუებ?

_ რატომ უნდა მოგატყუო? რას მოვიგებ ამით? არც მე გამჩენია ეჭვი, რომ შენ ჩემი არ გესმოდა. უბრალოდ, წითელი ნათურა რომ შევამჩნიე შენს ბინაში, მივხვდი, რომ ვიღაც სმენადაქვეითებული ცხოვრობდა შენ გვერდით, მაგრამ შენზე არც მიფიქრია. ვიფიქრე, ან დედას არ ესმის, ან მამას-მეთქი.

გაოგნებულმა პასუხი ვერ გავეცი.

_ რატომ გაჩუმდი? ახლა ხომ ხვდები, რომ ჩემთან ურთიერთობა ცუდს არაფერს გიქადის? მე სიგიჟემდე მომწონხარ. შენთანაც იმიტომ დავრჩი იმ დღეს დიდხანს, რომ უფრო ახლოს გამეცანი. მომავალში კიდევ უფრო ახლოს მინდა გაგიცნო. პატარა ბიჭი არ ვარ, დროა, ცოლი შევირთო და ოჯახს მოვეკიდო. შევხვდეთ ერთმანეთს, ამით არაფერი დაშავდება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. თუ შენც მოგეწონები, შეიძლება ყველაფერი გამოგვივიდეს.

ასე მეგონა, სიზმარში ვიყავი და ეს ყველაფერი ცხადში არ ხდებოდა. ნუთუ ფორტუნამ თავისი ღიმილი მაღირსა? რომ მომწონდა, ეს ფაქტი იყო, რომელსაც ვერსად გავექცეოდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს შევპირდი, კაცს ახლოს არ გავეკარები-მეთქი, გავიცანი თუ არა, სრულიად გადამავიწყდა ყველანაირი პირობა. სიამოვნებით ვიურთიერთებდი მასთან. ვიცოდი, რომ სიყვარულითაც შემიყვარდებოდა. ის კი არა, ცოტათი ახლაც მიყვარდა. მით უფრო, როცა გავიგე, რომ ჩემსავით ისიც სმენადაქვეითებული იყო, მაგრამ…

მაგრამ მინდოდა კი ქმრად ასეთი კაცი? მე არ მესმოდა. არც მას ესმოდა. როგორ ვიცხოვრებდით ერთმანეთის გვერდით? გვეყოლებოდა კი სრულყოფილი შვილები? მათაც რომ გამოჰყოლოდა ჩვენი ნაკლი, მერე სად წავსულიყავი?

აი, უმადურობა რას ჰქვია! ილიასთან დაშორების მერე იმ აზრზე ვიყავი, რომ თუ ოდესმე ვინმეს შევიყვარებდი, მხოლოდ ჩემნაირს. ახლა კი, როცა ასეთი გამოცდის წინაშე დამაყენა ბედისწერამ, შევყოყმანდი. რატომღაც, ხინჯად მაწვა გულზე, რომ ჩემნაირი უნდა შემყვარებოდა.

ამის გაფიქრებისთანავე შემძულდა საკუთარი თავი. თურმე რანაირი ვყოფილვარ! სრულყოფილმა მამაკაცმა ჩემი სიყრუის გამო ზურგი მაქცია და ამით საშინლად მატკინა გული, თავი დამცირებულად ვიგრძენი, ახლა კი მე ვაკეთებდი იმავეს. განა ილია სხვანაირად მოიქცა? ამწუთას როგორ მესმოდა მისი!

_ ნია, სად გაქრი?

_ აქ ვარ.

_ რატომ არაფერს მწერ?

_ მომიყევი შენზე.

_ ჩემი ამბავიც გრძელი ამბავია, _ ღიმილის სიცილაკი მოაყოლა მესიჯს.

_ არა უშავს, სახლში ვარ, ვწევარ, არსად მეჩქარება. მოგისმენ.

_ კარგი, რახან ასე გინდა… 16 წლის ვიყავი, როცა ავარიაში მოვყევი. ოთხნი ვიყავით ძმაკაცები, ყაზბეგში მივდიოდით. მოყინული იყო და მანქანა მოგვისრიალდა. ჩემმა მეგობარმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავვარდით. ორი დაიღუპა, ორი გადავრჩით. მე თავი დამიზიანდა. ერთი თვე კომაში ვიყავი. გამოვძვერი, მაგრამ სმენით აღარაფერი მესმოდა. არც არაფერმა მიშველა, ვერანაირმა მკურნალობამ. მერე აპარატი შევიძინე და მას მერე ასე ვარ.

_ ანუ შეძენილია და არა თანდაყოლილი?

_ მგონი, ამას უნდა მიმხვდარიყავი. აბა, რისთვის მომაყოლე ამხელა ისტორია?

_ ჰო, მართალი ხარ. ცოტა დავიბენი.

_ კიდევ რა გაინტერესებს?

_ არ ვიცი. ჯერ არ ვიცი. ასე მგონია, სიზმარია ეს ყველაფერი.

_ არ არის სიზმარი, ცხადია, რეალობა. ეს მე ვარ, ნიკა ნაკაშიძე და გელაპარაკები შენ, ნია დგებუაძეს. კი არ გელაპარაკები, გეკითხები: შემხვდები?

ამჯერად ბევრი აღარ მიყოყმანია, პასუხი მაშინვე მივწერე:

_ შეგხვდები.

_ უჰ, არ ამოვისუნთქე? _ „გამიცინა“, _ მაშინ ნუღარ გადავდებთ, კარგი? ხვალ რომ იყოს?

_ იყოს ხვალ.

_ და სად გნახო? ოღონდ მეც ზოოპარკთანო, არ მითხრა, _ და კვლავ სიცილი „მომაყარა“.

_ არა, ზოოპარკი არა, განმეორებები არ მიყვარს. შენ დათქვი ადგილი და მეც იქ მოვალ.

_ ჩემთან სახლში რომ დაგპატიჟო? კარგ სადილს მოვამზადებ. საუცხოო კულინარი ვარ. ჩემს ნახელავზე გეპატიჟები.

ცოტა არ იყოს, დიდად ვერ მომხიბლა მისმა შემოთავაზებამ, მაგრამ როგორ მეთქვა უარი ისე, რომ არ გამეღიზიანებინა?

_ მარტო ცხოვრობ? მშობლები?

_ დედა და მამა კანადაში არიან სამუშაოდ წასული. მეოთხე წელია უკვე. ჰა, რას იტყვი? თუ გეუხერხულება, მითხარი, არ მეწყინება. არ გეგონოს, ცუდი განზრახვა მქონდეს. უბრალოდ, სადმე დაჯდომას ჩემთან მოსვლა აჯობებდა, ხელს არავინ შეგვიშლიდა. ცუდს არ გაკადრებ, დედას გეფიცები!

გული ამიჩუყა მისმა დაფიცებამ. რაც იქნება, იქნება, გავრისკავ. მართლა და მართლა, ძალას ხომ არ იხმარს? არა მგონია, მთლად ქალის უნახავი იყოს, თუმცა სიფრთხილეს თავი რატომ უნდა ავატკივო?

_ მაგის კი არ მეშინია, რომ რამეს მაკადრებ. უბრალოდ, რამდენად ლამაზი გამოჩნდება, ახალგაცნობილ ბიჭს თავის სახლში მივაკითხო? _ სხვა მხრიდან მივუდექი. ვინ იცის, მერე როდის სად გამიხსენებს ამას. შეიძლება აქეთ მომიტრიალოს, წესიერად არც მიცნობდი და ეგრევე შინ ამომადექიო.

_ კარგი, რახან ეს დისკომფორტს გიქმნის, მოდი, სადმე მეტროსთან შევხვდეთ ერთმანეთს და ცოტა გავისეირნოთ. დანარჩენი მერე გადავწყვიტოთ, კარგი?

_ ასე აჯობებს, _ როგორც იქნა, დავთანხმდი.

_ რა დროს გაწყობს?

_ მე სულ სახლში ვარ, ასე რომ, ნებისმიერ დროს შემიძლია.

_ მაშინ ორ საათზე ღრმაღელესთან შეგხვდები. თანახმა ხარ?

_ თანახმა ვარ.

_ ამოსასვლელთან დაგხვდები.

_ კარგი, ნიკა, მოვალ, არ დავაგვიანებ.

_ თუ გინდა დააგვიანე, დაგელოდები.

ასე დავთქვით შეხვედრა მეორე დღისთვის.

სასიამოვნოდ მოთენთილი დავემშვიდობე ნიკას და მასზე ფიქრში ჩაფლულმა ძილს ჩავაბარე თავი…

ვემზადებოდი ნიკასთან შესახვედრად და ნერვებს ვყავდი ატანილი. წასვლა არ მინდოდა, არც მასთან შეხვედრა, თითქოს რაღაც მეწეოდა უკან, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, ილიას სახლისკენ მიმავალს, როცა დედამისი უნდა გამეცნო. როგორ დამთავრდა ის შეხვედრა, კარგად გახსოვთ. ახლაც მსგავსი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო ჩემს თავს, იმდენად ცუდი, რომ მწარედ ვინანებდი.

მაინც არ შევეპუე. ურთიერთობაში თითქმის ექვსთვიანი შესვენების შემდეგ, რა დროსაც ახალ მამაკაცთან შეხვედრაზე ფიქრმაც კი ჩემში ფსიქიკური დისკომფორტი გამოიწვია, მტკიცედ გადავწყვიტე, გამოვმძვრალიყავი ჩემი ნაჭუჭიდან და ცხოვრებით დავმტკბარიყავი. თუ ერთხელ არ გადადგი ნაბიჯი, შეიძლება არასდროს დადგეს ის მომენტი, როცა მზად იქნები ახალი სიყვარულის მისაღებად.

და აი, შეხვედრამდე ერთი საათით ადრე, მეოცნებე და აღელვებული, ვტრიალებდი ჩემს ოთახში და ჯიუტად ვიმეორებდი: „ეს არ არის პაემანი! ეს არ არის პაემანი! ეს მხოლოდ საცდელი ნაბიჯია!“ პარალელურად ჩემი გული ენით აუწერელ აღმაფრენას განიცდიდა _ ტკბილმა და დავიწყებულმა შეგრძნებებმა განახლებული ძალით შემომიტია!

ტანსაცმლის შერჩევამ იმდენი დრო წაიღო, მივხვდი, დამაგვიანდებოდა. სერიოზულად ავღელდი. გარდერობიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოფრინდნენ კაბები, პერანგები, შარვლები, ბლუზები… სასოწარკვეილმა იმდენჯერ ჩავიცვი და გამოვიცვალე ტანსაცმელი, სანამ საჭირო კაბას არ მივაგენი _ ეს სწორედ შესაფერისი იყო ამ შემთხვევისთვის. შავი და ტანზე მომდგარი, საშუალო სიგრძის და არაღრმა დეკოლტეთი. შანელის სტილის კაბა, რაც შესანიშნავად უსვამდა ხაზს ჩემს ფიგურას. ღია ფეხსაცმელი შევურჩიე და არცერთი აქსესუარი, მხოლოდ ოქროს ძეწკვი დავიტოვე, რომელსაც ბანაობის დროსაც არ ვიხსნიდი, რადგან მამამ მაჩუქა და არ ვიშორებდი.

მსუბუქი მაკიაჟის შემდეგ სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავით კმაყოფილი დავრჩი. ზედმეტად კმაყოფილიც კი.

დანიშნულების ადგილამდე ერთი საათის დაგვიანებით მივედი. შეგნებულად არ დამიგვიანია, მაგრამ ჯერ ჩაცმამ წაიღო დიდი დრო, მერე, ჩემდა ბედად, გამოძახებულმა ტაქსიმ უარი მითხრა, ღრმაღელესთან ისეთი საცობია, ორი საათი მაინც მოგვიწევს დგომა და ვერ გაგიყვანო. ვეჩხუბე, აბა, რისთვის მოდიოდი, მაშინვე გაგეუქმებინა გამოძახება-მეთქი. პასუხი არ გამცა, ისე დაქოქა მანქანა და გავარდა. სხვა რა გზა მქონდა, მეორე გამოვიძახე. იმან კი წამიყვანა, მაგრამ მართლა გავიჭედეთ საცობში და გვარიანი ხანი ვიყურყუტეთ გლდანის გასასვლელთან.

ნერვიულობით არ მინერვიულია, რადგან დავაგვიანე თუ არა, ნიკამ მომწერა, სად ხარ, არ მოდიხარო? მეც ავუხსენი, რა გასაჭირშიც ვიყავი და მითხრა, დაგელოდებიო.

როცა ტაქსიდან გადმოვედი, ყურადღებით მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ნიკა ვერსად დავლანდე. თვალები ლამის დამიელმდა აქეთ-იქით ყურებაში. დილიდან ქარი ქროდა, ახლა კი უფრო გაძლიერდა და მტვერს თვალებში ურცხვად მაყრიდა. ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ ჯიხურებს დავუწყე თვალიერება. იქნებ პარკშია ასული? ის იყო მესიჯის მიწერა გადავწყვიტე, რომ ტკბილეულის ჯიხურიდან საშუალოზე მაღალი, თეთრპერანგიანი ბიჭი გამოვიდა, რომელსაც ნაცრისფერი კარდიგანი ეცვა და ლამაზი თვალები ჰქონდა. აი, ისიც, ნიკა! შვებამოგვრილს გამეღიმა. ისიც ღიმილით მომიახლოვდა, მომესალმა, ჩამეხუტა და წავიდეთო, მითხრა. ჯიხურებს გავცდით და პარკში ავედით. ისე ვმორცხვობდი, თითქოს პირვველად ვხვდებოდი მამაკაცს. ის კი ლამის ჩემ ნაცვლადაც ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ენა არ გაუჩერებია. ბოლოს მითხრა:

_ ნია, მაპატიე, თუ შიგადაშიგ რაღაც სისულელეებს ვბოდავ. ხომ გესმის, ცოტას ვნერვიულობ და რაც ენაზე მომადგება, ყველაფერს ვახმოვანებ.

ამაზე გამეცინა.

_ დღეს ისეთი ამინდია, გარე-გარე ვერ ვიბოდიალებთ. მოდი, ტაქსის გავაჩერებ და სადმე მოვსხდეთ.

_ სადმე კი, ოღონდ შენთან არა! _ კატეგორიული ტონით გამოვუცხადე.

ასე მეგონა, მასთან სახლში ვიზიტს ბოლო ისეთივე იქნებოდა, როგორიც ილიასთან საბედისწერო პაემანს. მართალია, მაშინ საქმე ჩემმა აღსარებამ გააფუჭა, რაც ახლა ნამდვილად არ მელოდა, რადგან ნიკამ უკვე იცოდა ჩემი ნაკლის ამბავი, თუმცა მაინც ვფრთხილობდი. იქნებ საღერღელი აშლოდა და ისეთი რამის სურვილი გასჩენოდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა. არ მინდოდა იმედი გამცრუებოდა და მასზე ნაწყენი დავრჩენილიყავი.

თუმცა მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. პაემანი იდეალური გამოვიდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ სასიამოვნო ინტერიერის კაფეში ვისხედით, ყავას ვსვამდით და ტირამისუს ვაყოლებდით. ერთი საათის შემდეგ ნიკა გამომიტყდა:

_ ჯერ ისევ დაძაბული ვარ, იცი? რომ შემოვედი და აქ დავსხედით, ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, როგორ ჯობდა დაჯდომა _ ფეხი ფეხზე გადამედო, თუ ჩვეულებრივ პოზაში დავრჩენილიყავი.

მესიამოვნა ამის გაგონება. მერე ჩანთა გავხსენი და ჩემი ყველაზე მინიატიურული ნახატი ამოვიღე, რომელიც მისთვის გავამზადე საჩუქრად _ ზამთრის პეიზაჟი.

_ ეს მე? _ მკითხა და ნახატი შეათვალიერა.

_ კი, ჩემგან საჩუქრად.

_ ვა, როგორც სხვა ყველა, ესეც ლამაზია. ულამაზესი. მე რა გაჩუქო?

_ შენ უკვე მაჩუქე მშვენიერი საღამო და ეს საკმარისია.

თანდათან დაძაბულობა გაქრა, უსიამოვნო შეგრძნებებმაც დამანება თავი. მშვენივრად მოვერგეთ ერთმანეთს. არ გვაწუხებდა იმის შიში, რომ ერთმანეთს ნათქვამს ვერ მივუხვდებოდით. ჩვენი პრობლემიდან გამომდინარე, ორივემ ვიცოდით, როგორ უნდა წარმოგვეთქვა წინადადება, რათა კარგად გაგვეგო. ამაში ხომ, როგორც სმენადაქვეითებულები, დახელოვნებული ვიყავით. ასე რომ, შეიძლება ითქვას, სმენიანებზე უკეთაც კი გვესმოდა ერთმანეთის.

უცებ ნიკა წამოდგა, სულ რამდენიმე წუთით დაგტოვებო, მითხრა და გავიდა.

დრო გაიწელა. შეაგვიანდა. ისე ძალიან შეაგვიანდა, რომ შიშმაც კი ამიტანა, ხომ არ ამეთესა-მეთქი. ახლა რომ მოვიდეს მიმტანი და მითხრას, ანგარიში თქვენი გადასახდელიაო… რას ვიცინებ.

მაგრამ შევცდი. მოვიდა. ხელში რაღაც წიგნი ეჭირა. დაჯდა მაგიდასთან და დაგვიანებისთვის ბოდიში მომიხადა.

_ ახლომახლო წიგნის მაღაზია არსად არ იყო, ამიტომ კურიერის გამოძახებამ მომიწია. აი, ეს წიგნი შევარჩიე შენთვის საჩუქრად. იმედია, მოგეწონება. _ და ლამაზყდიანი წიგნი ჩემკენ გამოაჩოჩა.

თანამედროვე უცხოელი მწერლის ბესტსელერი იყო. სხვათა შორის, მომწონდა ეს მწერალი. მისი რამდენიმე რომანი წაკითხულიც მქონდა, მაგრამ ეს, რომელიც ნიკამ მაჩუქა, არა.

_ დიდი მადლობა, _ დავიმორცხვე და წიგნი მექანიკურად გადავფურცლე. გადავფურცლე და პირველსავე გვერდზე გაკეთებულ წარწერას მოვკარი თვალი:

„სახსოვრად ნიას ნიკასგან! მადლობა სასიამოვნოდ გატარებული დღისთვის და იმისთვის, რომ იყავი(ხარ)(იქნები) ჩემს ცხოვრებაში“.

ეს საოცრება იყო. ცივი მაისის დღე უეცრად უთბილესი გახდა ჩემთვის.

_ დღეს ხუთი მაისია, ხვალ გიორგობაა და ვიფიქრე, რაღაც ისეთს ვაჩუქებ, ჩემს თავს რომ გაახსენებს-მეთქი.

გარეთ რომ გამოვედით, ქარი ისევ ქროდა. ცოტა არ იყოს, შემამაცივნა. ნიკამ მაშინვე გაიხადა თავისი კარდიგანი და მომახურა. გამოძახებული ტაქსისკენ ჩახუტებულებმა ავიღეთ გეზი _ ის პერანგისამარა მოდიოდა, მე _ მისი კარდიგანით შემოსილი.

გზაში რამდენჯერმე შემეკითხა, როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობო. მეც ყურებამდე გაღიმებული ვპასუხობდი, ძალიან, ძალიან კარგად-მეთქი. ტაქსი ჩემს კორპუსთან გაჩერდა და გადმოვედი. ნიკაც გადმოვიდა და მძღოლი გაუშვა. კარდიგანი მოვაშორე ჩემს მხრებს და გავუწოდე.

_ შენთან იყოს, ჯერ ვერ გელევი, _ მითხრა ფართო ღიმილით, თან თვალს არ მაშორებდა. წარამარა ეძებდა ჩემს მზერას, თითქოს ეშინოდა, რამეში არ მომეტყუებინა.

_ წამო, ცოტა გავიაროთ ფეხით. არ მინდა ჯერ წახვიდე. კარგი?

თავი დავუქნიე და ტროტუარს დავუყევით, რომლის ბოლო წერტილი ჩემს კორპუსთან ახლომდებარე სადღეღამისო ბარი აღმოჩნდა.

_ აქაც შევიდეთ, რა. სულ ცოტა ხნით.

დავთანხმდი. შიგნით არავინ დაგვხვდა მიმტანისა და ბარმენის გარდა. წყნარი მუსიკით იყო გავსებული იქაურობა. მიმტანი, ახალგაზრდა გოგო, ცოტა დაღლილი ჩანდა, მაგრამ მეგობრული.

ნიკამ თავისთვის ჩაი შეუკვეთა, ჩემთვის _ ნაყინი.

_ ხედავ, როგორი კონტრასტია? მე ცხელს ვირჩევ, შენ ცივს. იმედია, სხვა რამეებშიც არ ვიქნებით ასეთი კონტრასტულები.

გამეცინა. მასაც. ახლა აღარ გრძნობდა თავს უხერხულად, თამამად გადაიდო ფეხი ფეხზე და ისე მომაჩერდა.

უკვე არც მე ვიყავი უხერხულად, თითქოს როლები გავცვალეთ. თუ მანამ ის ლაპარაკობდა, ახლა მე დავვარდი ქადაგად. ცხრაას კითხვას ვსვამდი, ის კი მპასუხობდა და როცა თვითონ მისვამდა შეკითხვას, ვცდილობდი, ეშმაკურად ამეგდო სიტყვა ბანზე და უკანასკნელი სულელივით ვხითხითებდი, რაც მასაც ართობდა.

დრო ხარბად გარბოდა. ჩვენ ისევ ვხითხითებდით და ვოცნებობდი, ეს წუთები არ გალეულიყო, მარადისობაში დარჩენილიყო.

უეცრად მისი ტელეფონი ვიბრაციისგან ამოძრავდა. მოვასწარი დახედვა და სახელის წაკითხვა. ეკრანზე „გულიკო“ დაეწერა. მას ქალი ურეკავდა. უფრო სწორად, ზარი შემოუშვა. ნიკას მომენტალურად შეეცვალა სახე, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი წამებში დადუმდა. მან მობილური გადაატრიალა და მაგიდაზე ისე დადო. მივხვდი, არ უნდოდა სახელი წამეკითხა, თუმცა უკვე ვიცოდი, ვინც უხმობდა.

ჩემი სიხარული იქვე ჩაკვდა, ყველაფრის ხალისი წამერთვა. მით უფრო, როცა მისი მობილური კვლავ ამოძრავდა. გულიკო საშველს არ აძლევდა. ნიკამ ტელეფონი აიღო და ჯიბეში დააპირა ჩადება, მე კი არ დავანებე. მისკენ გადავიხარე, ხელი დავუჭირე და გაცივებული ხმით ვუთხარი:

_ გირეკავენ.

_ ჰო, სამსახურიდანაა. ახლა არ მცალია მაგისთვის, მერე მივწერ.

_ ნუ მატყუებ! როცა ქალი გირეკავს, უნდა უპასუხო!

_ შენ რა, ეჭვიანობ? _ ჩაიცინასავით, ოღონდ უკვე უხასიათოდ.

_ არა, არ ვეჭვიანობ. უბრალოდ, ტყუილს ვერ ვიტან. ერთხელ უკვე გადავეყარე მშიშარას, რომელიც თავის ქმედებებსა და სიტყვებზე პასუხს არ აგებდა. უფრო მეტიც, მან ვერ შეძლო სიმართლის აღიარება. ამიტომ თავის მოტყუების უფლებას აღარავის მივცემ. და თუ ცოლიანი ხარ, მაშინვე უნდა გეთქვა. ვფიქრობ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. არ ვარ მართალი?

_ შენ თურმე როგორი ხასიათების გოგო ყოფილხარ, _ ღიმილით შენიშნა ნიკამ, _ მაგრამ პასუხად ჩემი ყინულივით ცივი მზერა რომ შეეგება, დასერიოზულდა და დაამატა, _ მართალი ხარ იმაში, რომ ქალი მირეკავს, მაგრამ მეორე ვარაუდში შეცდი _ ის ჩემი ცოლი არ არის. ყოფილი საყვარელია, თუმცა არ გაგიმხილე. შემეშინდა, რომ ეს ინფორმაცია დაგაფრთხობდა და ჩემთან შეხვედრას არ მოისურვებდი.

_ ეგრეცაა. რომ მცოდნოდა, არც შენს და არც ჩემს დროს არ დავკარგავდი ამ უაზრო ვახშამზე, _ გამეხებულმა მივუგე, _ მითხარი, _ და მისკენ გადავიხარე, _ რაში გჭირდებოდა ეს ყველაფერი?

_ იმაში, რომ ძალიან მომეწონე.

_ მაგრამ მე ყოველ შემხვედრს არ ვუგორდები ფეხებთან გოშიასავით. მინდა გითხრა, რომ მისამართი შეგეშალა!

_ შენ ვერ გამიგე, ნია. მომისმინე. დაპატიჟებით იმიტომ დაგპატიჟე, რომ ძალიან მომეწონე. რაც შეეხება ამ ზარს… _ ხელში ჩაბღუჯული ტელეფონი მაღლა ასწია, _ ჩვენ დიდი ხანია დავშორდით, ოღონდ ის ჯერ ვერ შეჰგუებია ამას. დამიჯერე. შენი მოტყუება არაფერში მჭირდება.

_ ისიც სმენადაქვეითებულია?

_ არა, ის ჩვეულებრივი ქალია, ესმის კიდევაც და ხედავს კიდევაც, მაგრამ მასთან აღარ ვარ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ… _ ამოიხვნეშა, _ არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ჩემგან განსხვავებულ ქალთან ძნელი აღმოჩნდა ურთიერთობის გაბმა. ის სხვა სამყაროს ეკუთვნის, მე და შენ _ სხვას. ის ვერასდროს გაუგებს ჩემნაირს, შენგან განსხვავებით. ხომ ხედავ, ზარს უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ვერ ვუპასუხებ. აი, ასე, შემოუშვებს ზარს, მე კი უნდა დავუმესიჯო. მართალია, აპარატს ვხმარობ, მაგრამ მობილურზე საუბარი მაინც არ შემიძლია. ის კი ჯიუტად მოითხოვს, ზარზე ვუპასუხო, თითქოს ეს სმენას დამიბრუნებს. ასეთი სისულელეების სჯერა. უკვე თვეზე მეტია, მასთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტე და ამ ურთიერთობას ერთი დიდი და ოთხკუთხედი წერტილი დავუსვი. აი, ამ ფორმის, _ და მან ხელებით მოხაზა ოთხკუთხედი, რაზეც გამეცინა.

ხასიათი მომირბილდა. ყინული გალხვა, თუმცა გული საოცრად სწრაფად მიცემდა. ძალიან მომწონდა ნიკა, მაგრამ არ მინდოდა კიდევ ერთხელ მოვტყუებულიყავი. სამაგიეროდ მან ისეთი რამ თქვა, რომ თუ მანამ სადღაც, სულის სიღრმეში ოდნავ მაინც ვმერყეობდი, ღირდა თუ არა ჩემნაირთან რომანის გაბმა, ჩემი ყოყმანი ერთიანად გააცამტვერა. ალბათ ნიკა მართალია. ცხოვრებაში ვერავინ გამიგებს ისე, როგორც ჩემნაირი და არც წამოსაყვედრებელი ექნება ვინმეს, ყრუ იყავი, დავთმე და მაინც შეგირთე ცოლადო.

ჩვენ საუკეთესოდ გავუგებდით ერთმანეთს.

უკვე შებინდებული იყო, სადარბაზომდე რომ მიმაცილა. ხელზე მაკოცა და დამემშვიდობა.

აუჩქარებლად ავუყევი საფეხურებს. არ ვნანობდი, რომ შევხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ვიღაც გულიკო არსებობდა. თუ ამაღამ დამიმესიჯებდა და კიდევ ერთხელ მთხოვდა შეხვედრას, ის ქალი ვერ შემაშინებდა.

არ ვიცოდი, როგორი მოფერება იცოდა ნიკამ, არც ის, როგორი კოცნა, მაგრამ მზრუნველი რომ იქნებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა.

და ის მე ცოტათი უკვე მიყვარდა.

ცოტათი…

ჩვენი მესიჯობანა გაგრძელდა. იმ ღამესაც და მას მერეც. თუმცა სიყვარულზე სიტყვა არც ერთხელ არ ჩამოგვიგდია. მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვსაუბრობდით _ ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, სამსახურზე, ამინდზე… შეხვედრა? არა, კიდევ ერთი პაემანი არ უხსენებია. სხვა ალბათ ხელს ჩაიქნევდა და იფიქრებდა, გადაუარა კაცს პირველმა აღმაფრენამ და ამის აღიარება უჭირსო. ეს მეც გავიფიქრე, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია. პირიქით, რაც უფრო მშორდებოდა, მით უფრო ვებღაუჭებოდი. როგორც ყოველთვის, რაც შენი არ არის ან რაც აკრძალულია, მით უფრო მეტ ინტერესს აღგიძრავს ხოლმე. მეც ასე დამემართა. ვაიძულებდი ჩემს თავს, არ მეფიქრა მასზე და დინებას გულგრილად მივყოლოდი. თუ გაამართლებდა, ხომ კარგი, თუ არადა, თვითგვემას არ მივცემოდი და ისევ დეპრესია არ მომძალებოდა. ეჭვები კი არ მასვენებდა. მეტასტაზებივით უფრო და უფრო მრავლდებოდა ჩემს ფიქრებში. დრო კი გადიოდა.

ზაფხული ცხელი გამოდგა. ივნისის დაწყებისთანავე გაუსაძლისი სიცხეები დაიჭირა. სახლიდან, ფაქტობრივად, არ გავდიოდი. ფანჯრები სუყველგან მოღიავებული მქონდა, ორპირს დავაყენებდი და გამალებული ვხატავდი. ღამით კი, როცა ლოგინში შევძვრებოდი, ნიკას მესიჯს ველოდებოდი სულმოუთქმელად და მერე საათობით ვწერდით ერთმანეთს ცხრაას სისულელეს. ეს მსიამოვნებდა. ეს მასაც სიამოვნებდა.

ერთხელაც, როგორც იქნა, შევხვდეთო, დასცდა. მაშინვე ვაჯახე, თუ ამას ზრდილობის გულისთვის მთხოვ, შეგიძლია შენი სიტყვები უკან წაიღო, არაა საჭირო ჩემი შეცოდება-მეთქი. ამაზე გადაირია. საიდან დაასკვენი, რომ მეცოდები და იმიტომ ვაგრძელებ შენთან მიმოწერასო. მერე ამიხსნა, აქამდე იმიტომ არ გთხოვე შეხვედრა, მინდოდა უკეთ გამეცანი და მესიჯებით ამომეცნო, როგორი ადამიანი ხარ, ხოლო შენგან რაც მინდა, ამას როცა შევხვდებით, მაშინ გეტყვიო.

კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. ამჯერად ჩემს კორპუსთან მდებარე ბარში, სადაც გულიკოს შესახებ პირველად გავიგე და სადაც ამის გაგებამდე ბევრი ვიცინეთ და ვიღლიცინეთ.

ორი კაპუჩინო ავიღეთ და ის იყო, მოვსვი, რომ უეცრად მომახალა:

_ ნია, ცოლად გამომყვები?

მის სიტყვებზე უსიამოვნოდ შემაჟრიალა. მერე მწარედ ჩავიცინე:

_ როდის, შემოდგომაზე?

_ თუნდაც.

_ მერედა, შემოდგომა რომ ცუდად მაქვს დაცდილი? _ ილია გავახსენე, რომელიც სწორედ შემოდგომაზე აპირებდა ჩემს ცოლად შერთვას.

_ ოღონდ არა ჩემთან, _ საჩვენებელი თითი ამიქნია, თითქოს მაფრთხილებდა, ილიას არ შემადაროო.

_ ხუმრობ, ხომ? _ თვალებმოჭუტულმა თვალი თვალში გავუყარე.

_ მეტყობა რამე, რომ ვხუმრობ?

პასუხად მხრები ავიჩეჩე.

_ დედაშენი სახლშია?

_ სახლშია.

_ ჰოდა, ავიდეთ ახლა მე და შენ მასთან.

_ რატომ, რა საჭიროა? _ შორს დავიჭირე.

_ შენი ხელი უნდა ვთხოვო. ამაზე ოფიციალური რა შეიძლება იყოს?

ენა ჩამივარდა, პასუხი ვერ გავეცი. კლიმაქსიანივით შემახურა სახეზე, გული საშინლად ამიჩქარდა.

_ არ ვიცი… ცოტა ნაჩქარევი ხომ არ არის შენი გადაწყვეტილება?

_ ნაჩქარევი? _ გაოცება გამოეხატა სახეზე, _ რატომ ნაჩქარევი, არ გიყვარვარ?

მიყვარდა, როგორ არ მიყვარდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვენდობოდი. ცხოვრებამ ერთხელ უკვე შემაშინა და რა გარანტია მქონდა, რომ მეორედაც არ გამაწბილებდა?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

_ ნია, შემომხედე!

შევხედე.

_ მე მიყვარხარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გახდე. ახლა შენ მითხარი, ისე გიყვარვარ, რომ ცოლად გამომყვე? თუ ამაში არ ხარ დარწმუნებული, მაშინ შეგიძლია პირდაპირ მითხრა, არ მეწყინება.

თვალები დავხუჭე. გული უფრო ამიჩქარდა. მის ცოლობაზე ოცნება თუ შემეძლო. რას ვიფიქრებდი, ასე უცებ, ამხელა პაუზის შემდეგ ქორწინებაზე თუ ჩამომიგდებდა საუბარს? როცა მეგონა, ჩვენ შორის ურთიერთობა აღარ გაგრძელდებოდა და მეგობრობის ფარგლებს აღარ გასცდებოდა, მეხივით დამატეხა თავს, ცოლად გამომყევიო. არადა, სულ რაღაც ორჯერ შევხვდით ერთმანეთს.

_ შენ თვითონ ხარ კი დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც მე გჭირდები? _ იქით ჩავეძიე.

_ დარწმუნებული რომ არ ვიყო, არც ვიტყოდი. ოჯახის შექმნა სახუმარო საქმე არ არის და ასეთი რამეები ჰაიჰარად არ წყდება. იმ ასაკში არ ვარ, ზერელედ მივიღო გადაწყვეტილება. მე ბევრი ვიფიქრე ამაზე. და თუ ის გაყოვნებს, რომ ჯერ წესიერად არ მიცნობ, არაა პრობლემა. ადამიანის გასაცნობად ხანდახან ერთი საათიც საკმარისია. მე მაკმაყოფილებ. ყველანაირად, ყველა ასპექტში იმიტომ, რომ მიყვარხარ. ახლა ჯერი შენზეა. ჰო თუ არა?

ჰაერი ღრმად შევისუნთქე, მცირე ხანს სული შევიგუბე, მერე შეკავებულ სუნთქვას თავისუფლება მივანიჭე, შესუნთქული ჰაერი ერთ მთლიან ნაკადად გამოვუშვი ოდნავ გაღებული ტუჩებიდან და ამოვთქვი:

_ მიყვარხარ და… ჰო.

ო, როგორი კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა მთელ სახეზე. თვალებიც კი უღიმოდა, წარბებიც და წამწამებიც. მაშინვე მიმტანი მოიხმო, დანახარჯი გადაიხადა, მერე ხელი ჩამჭიდა და ჩემი კორპუსისკენ ლამის სირბილით წამიყვანა.

სადარბაზოსთან შედგა. მხრებში ჩამავლო ხელები, სახეზე სული შემიბერა და მითხრა:

_ ავიდეთ. დედა გამაცანი, კარგი?

ნეტარებამოგვრილმა თვალები დავხუჭე. ასე თვალდახუჭულმა დავაკანტურე თავი და…

დედა გაოგნებული მოგვაჩერდა.

_ დე, ეს ნიკაა, გაიცანი.

დედამ უხერხულად ჩამოართვა ხელი.

_ ქალბატონო ლამარა, _ დაიწყო ნიკამ, _ მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ეს, ალბათ, იცით და უცხო არ არის თქვენთვის. ამიტომ მინდა მისი ხელი გთხოვოთ.

დედას გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა. მისი რეაქცია არ გამკვირვებია. ლამარას კი არა, მე დამემართა ჩემი, როცა ნიკამ ცოლობა მთხოვა. გულში მეცინებოდა, თან საშინლად ვნერვიულობდი. არა იმიტომ, რომ დედა უარზე დადგებოდა ან გაგვკიცხავდა. შემდეგი დღეების მეშინოდა. მივიდოდა თუ არა საქმე ჩვენს შეუღლებამდე, ეს მაკრთობდა და მაშინებდა.

დედამ მექანიკურ თოჯინასავით რამდენჯერმე შეარხია მხრები. დაიბნა. ხან ნიკას მიაჩერდებოდა გაოგნებული, ხან მე. ჩვენ ველოდებოდით, რას იტყოდა. ბევრი რამ იყო მის პასუხზე დამოკიდებული.

_ მობრძანდით, ნიკა, ოთახში შევიდეთ, დავსხდეთ. ასე ფეხზე უნდა ვიდგეთ, როცა ასეთი საკითხი წყდება? _ როგორც იქნა, ვაივაგლახით გაიღიმა ლამარამ და ორივეს სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა.

მე და ნიკა დივანზე მოვკალათდით, ერთმანეთის გვერდით. დედა სავარძელში ჩაესვენა. ალბათ, ცოტა რომ დაეგვიანა დაჯდომა, ფეხები უღალატებდა და იატაკზე გაიშხლართებოდა. დედაჩემს ჩემზე კარგად ვინ იცნობდა. მგონი, ასე საშინლად ჩემ გამო არასდროს უნერვიულია.

_ იცით, რა, ნიკა. მე, რა თქმა უნდა, არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ ჩემი შვილი თანახმაა. ბოლოს და ბოლოს, საქმე მის მომავალს ეხება, მაგრამ… _ აქ ცოტა ხნით შეყოვდა და მუხლებზე დადებულ თავის ერთმანეთში ჩახლართულ თითებს დააშტერდა, _ მაგრამ არის ერთი მაგრამ… ამ ოჯახს უფროსი ჰყავს, _ და თავი დამაჯერებლად დააქნია, _ ჩემი მეუღლე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ნიას ხელი წესით მე კი არა, მას უნდა სთხოვოთ.

ნიკას ირიბად გავხედე. მომეჩვენა, რომ რაღაცნაირმა ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. იმედგაცრუების ჩრდილმა? არ ვიცი, შეიძლება ასეც იყო… ან არ იყო. მოულოდნელად მე გადმომხედა, მოსხეპით გამიღიმა და მერე დედას მიუბრუნდა:

_ ქალბატონო ლამარა, მითხარით, თქვენს მეუღლეს როგორ მივაწვდინო ხმა? _ გამომეტყველება ისეთი მედიდური გაუხდა, აშკარად ცივად იყო წარმოთქმული მისი სიტყვები.

_ დავურეკავ ამაღამ და ვკითხავ, როდის მოახერებს ჩამოსვლას. იმედია ტელეფონით არ აპირებთ მისთვის ქალიშვილის ხელის თხოვნას, _ სარკაზმი გაურია დედამ ღიმილში.

_ არა, როგორ გეკადრებათ, _ შეცბა ნიკა, _ მთავარია, რამდენ ხანში შეძლებს ჩამოსვლას.

_ ასე ძალიან გეჩქარებათ?

_ დედა! _ ვეღარ მოვითმინე დედაჩემის ირონიული ჩართვები.

_ ბავშვებო, ოჯახის შექმნა არც პეიზაჟის დახატვაა და არც სახლის ინტერიერის დიზაინი. _ დედამ ჩვენს პროფესიებს გაუსვა ხაზი, _ ეს სიყვარულით შედუღაბებული ურთიერთობაა და მტკიცე საფუძველი უნდა ჰქონდეს. აი, ჩამოვა ჩემი მეუღლე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

ნიკას ხმა აღარ ამოუღია. უსიტყვოდ ასწია ორივე ხელი, ადგა, თავაზიანად დაგვემშვიდობა და გავიდა. გაცილებაც კი არ დამანება…

მგონი, განიხიბლა…

მამა ექვსი დღის შემდეგ ჩამოვიდა. დედა მთელი კვირის განმავლობაში წარამარა ურეკავდა და ელაპარაკებოდა. ააფეთქა სკაიპი. მე არ ვენახვებოდი მამას, მრცხვენოდა, რადგან მისი საუბრის ტონიდან ერთხელაც ვერ მივხვდი, გაუხარდა თუ არა ჩემი ამბავი. არაფერს იმჩნევდა _ არც სიხარულს, არც უკმაყოფილებას.

და აი, ჩამოვიდა. დედა კართან შეეგება. კარგა ხანს იდგნენ ჩახუტებულები. როგორ ვოცნებობდი, მეც ასეთი ოჯახი შემექმნა, მეც ასე ვყვარებოდი ჩემს ქმარს და წლების შემდეგ ასე მონატრებულად ჩავხუტებოდით ერთმანეთს.

მერე მამა დედას მოშორდა და ჩემკენ გამოიხედა. დატუქსული ბავშვივით კედელთან ვიყავი ატუზული. ხელები ზურგს უკან მქონდა დაწყობილი და აალებული ველოდი, რას მეტყოდა. მამა ღიმილით გამოემართა ჩემკენ. მეც მოვცილდი კედელს, ხელები ძირს ჩამოვუშვი და შევაჩერდი.

_ როგორ ხარ, მამა გენაცვალოს! _ წავიკითხე მის ტუჩებზე და ეგრევე მომეშვა.

მამამ გულზე მიმიკრა, მე კი მხრები ამითახთახდა. არა, არ ვტიროდი, ან ვტიროდი, ოღონდ უხმოდ. ცრემლი ხომ წლებია, გამიშრა. რაც არ უნდა მოხდეს, ერთი კურცხალიც არ ჩამომიგორდება. მამამ ხელისგული ზურგზე მომითათუნა. ეგონა, ცრემლად ვიღვრებოდი. თითქოს მესმოდა კიდევაც, როგორ მეუბნებოდა, აბა, რა გატირებს, შენ უკვე დიდი გოგო ხარ, რა დროს შენი ტირილიაო, თუმცა არაფერსაც არ ამბობდა. მხოლოდ თავისი ხელისგულით მამხნევებდა. შემდეგ მხრებში ჩამჭიდა ხელები, თვალებში შემომხედა და როცა ჩემი ცრემლიანი უპეები ვერ შეამჩნია, ეშმაკურად გამიღიმა, შემდეგ ასევე ეშმაკურად, საჩვენებელი თითით ისეთი ჟესტით ამომიწმინდა მშრალი უპეები, თითქოს საათის ისარი გადასწიაო. ასე გააქრო ჩემი არარსებული, აბსტრაქტული ცრემლები.

_ მართლა გიყვარს? _ შემეკითხა.

თავი დავუქნიე. არ ვიცი, ასე რატომ მრცხვენოდა.

_ იმას?

_ იმასაც, _ ვუპასუხე, თან თვალს არ ვაშორებდი.

_ კარგი ბიჭია? მე მომეწონება?

სიცილი უნებურად გამექცა. როგორც ჩანს, ლამაზად გამომივიდა, რადგან მამასაც გაეცინა.

_ მოგეწონება, მა, კარგი ბიჭია. დედას ჰკითხე, თუ გინდა, _ ცოტათი შეთამამებულმა მივუგე და ისევ მის გულს მივესვენე.

ჩამოსვლიდან მეცხრე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს გივი და ნიკა, ანუ მამაჩემი და ჩემი საქმრო. ადვილი შესამჩნევი იყო, დანახვისთანავე მოეწონათ ერთმანეთი. ამაზე მძლავრად ჩამორთმეული მათი ხელებიც მეტყველებდა _ მამამ ამ „შედუღაბებულ“ ორ მარჯვენას თავისი მარცხენა ზემოდან დაადო, რაც იმას ნიშნავდა, კარგი ბიჭი ხარო.

მე და დედამ წამში გავშალეთ სუფრა. დედამ ლამის მთელი ღამე გაათენა, იმდენი გემრიელობა მოამზადა, სუფრაზე ტევა არ იყო. მე ნამცხვრები დავაცხვე მხოლოდ, სხვა არაფერი. თორმეტისთვის დედამ კატეგორიულად მომთხოვა, წადი და გამოიძინე, რომ ხვალ ფორმაში იყოო. ჩემი დედიკო! როგორ მინდა ბედნიერი იყოს. ნეტავ ნიკასთან მაინც გამიმართლოს…

მამამ მაშინვე გამონახა სასიძოსთან საერთო ენა. რაზე არ ილაპარაკეს _ აქეთურზე, იქითურზე. როგორც გაირკვა, ნიკას მამა მეცნიერი ყოფილა, ქიმიკოსი, თან ძალიან ღირებული, ამიტომაც კანადაში მიუწვევიათ სამუშაოდ და მეოთხე წელია, დედაც და მამაც იქ ცხოვრობენო, ტორონტოში.

_ თქვენი არ იყოს, ისინიც გადახვეწილები არიან, _ ღიმილით დაამთავრა ნიკამ მშობლებზე საუბარი.

_ არა უშავს. მთავარია, კარგად არიან. როცა მოგენატრებიან, ჩახვალ და ინახულებ.

_ ასეც ვიქცევი. შარშან ვიყავი წასული ერთი კვირით, მაგრამ მაინც ცუდია, როცა ასე შორს არიან. მშობელი ყველა ასაკში სჭირდება ადამიანს. აი, რომ დავქორწინდები, მერე მე და ნია ერთად გავემგზავრებით და მასაც გავაცნობ.

მამაჩემს მოულოდნელობისგან შუბლი შეუტოკდა.

_ ანუ? _ ირიბმა პასუხმა მაინც არ დააკმაყოფილა გივი.

_ ანუ იმის თქმა მინდა, ბატონო გივი, რომ თქვენი ქალიშვილის ცოლად შერთვა მსურს და იმედია, უარით არ გამისტუმრებთ, _ ღიმილით განავრცო ნიკამ.

მამამ თავი ჩახარა. ერთხანს ჩანგლის კუდი აკაკუნა მაგიდაზე, მერე თავი ასწია, ნიკას თვალებში ჯიქურ შეხედა და დაიწყო:

_ ეს ერთი შვილი მყავს, ჩემო ნიკა! ამას რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს თავიდან, ან ერთხელ მაინც აცრემლებული ვნახო, ან მოწყენილი და შუბლშეკრული, არ ვიცი, რას ვიზამ. თავისი პრობლემის გამო მოზარდობის შემდეგ დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. სულ კლინიკები, სულ ექიმები… თანაც სულ უიმედოდ. ვიცი, შენ არ გაგიჭირდება ამის გაგება. ვის-ვის და, შენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეს მისი. ამიტომ მგონი, კარგად გაუგებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მე მისი ნების წინააღმდეგ არ წავალ. არავითარ შემთხვევაში, ვინც არ უნდა აერჩია, ნებისმიერ არჩევანს მოვუწონებდი, თუნდაც გული დამწყვეტოდა, რადგან ეს მისი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებაც თვითონ უნდა მიიღოს. თუ შეცდომას დაუშვებს, ესეც მისი შეცდომა იქნება და თავადვე უნდა გამოასწოროს. თუ გაუმართლებს, მისი გულის კარნახის დამსახურება იქნება და მისი არჩევანით მეც ბედნიერი ვიქნები. კარგი ბიჭი ხარ. არ დავმალავ, დაგინახე თუ არა, მაშინვე მომეწონე. გულმა რაღაცნაირად მაგრძნობინა, რომ ჩემი გოგო შენში არ ცდება. ასე რომ, მე და ჩემი ლამარა მვესალმებით თქვენს სურვილს ოჯახის შექმნის თაობაზე, _ თქვა მამამ, სავსე ჭიქა აიღო, ნიკას მიუჭახუნა და დალია.

მალამოსავით დამიამა მამას სიტყვებმა, ოთახი უმალ გაივსო ჩემი ბედნიერებით. თურმე რა პატარა ყოფილა ეს ოთახი, ახლა აღმოვაჩინე.

_ მიყვარს ეს ქნარივით გოგო და მადლობა თქვენ, ასეთი რომ გაზარდეთ, _ წარმოთქვა ნიკამ, როგორც კი დაცლილი ჭიქა მაგიდაზე დადგა.

_ „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“… _ გაშალა გივიმ ხელი და გალაკტიონის ლექსის სტრიქონები წაიმღერა.

მერე, ცოტათი რომ შეთვრნენ, ერთმანეთი გადაკოცნეს. ბოლოს ქორწილზე ჩამოვარდა საუბარი. აი, აქ კი ჩრდილი შევნიშნე ჩემი საქმროს სახეზე. მან ჯერ მე გადმომხედა, მერე მუშტი პირზე მიიდო, ალბათ ჩაახველა, ხოლო ბოლოს მამაჩემს შეაჩერდა.

ტანში გამცრა. მზერა დავძაბე, რათა მომესმინა, რას იტყოდა ნიკა და ერთი სიტყვაც არ გამომპარვოდა:

_ ქორწილის გადახდას არ ვაპირებ, ბატონო გივი.

შევამჩნიე, დედამ და მამამ ერთმანეთს მზერით როგორ გადახედეს. მე, რატომღაც, ორივემ თვალი ამარიდა.

_ თუ ამის საშუალება არ გაქვს, პრობლემა არ არის, ჩემო ნიკა… _ დაიწყო მამამ, მაგრამ ნიკამ გააწყვეტინა:

_ არა, არა, ფული არაფერ შუაშია. უბრალოდ, არ ვარ ქორწილის მომხრე. ჯერ ერთი, ჩემები ვერ ჩამოვლენ. დიდი ნათესაობა ისედაც არ მყავს, ამიტომ მხოლოდ შინაურები თუ ვიქნებით _ დეიდაჩემი, მამაჩემის ძმისშვილები და ორი-სამი ჩემი მეგობარი. მეორეც, რად მინდა ისეთი ქორწილი, სადაც მუსიკა ვერ დაუკრავს, ჩემს ცოლთან ვერ ვიცეკვებ წესიერად და… _ აქ თავი ასწია და მე შემომხედა, _ ნია, მე და შენ ამაზე არ გვისაუბრია და იმედია, გამიგებ.

ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, არ ვიცოდი, რა მეთქვა. მინდოდა ქორწილი? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. უფრო სწორად, მიფიქრია, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, როცა ილიას გვერდით წარმოვიდგენდი თავს პატარძლად და მაშინ მზარავდა ამაზე ფიქრი, რადგან ვიცოდი, ცეკვას ვერ მოვახერხებდი, ყველას ნათქვამს ვერ გავიგებდი და ეს პრობლემას შემიქმნიდა. ჰოდა, რა პრობლემა იყო, ახლაც ქორწილის გარეშე გავთხოვილიყავი? არანაირი. მე ვიწრო ოჯახური წრის შეკრებითაც კმაყოფილი ვიქნებოდი, სადაც ყველას ყველაფერი ეცოდინებოდა და არაფრის დამალვა არ მომიწევდა.

_ ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ. ნუ იქნება ქორწილი, მე თანახმა ვარ. შეიძლება ასეც ჯობდეს, _ ვთქვი ბოლოს, დდხანს არ მიყოყმანია.

როგორი მადლიერებით შემომხედა ნიკამ. მისი მზერა უსაშველო მადლობით იყო სავსე. ამის თქმა და, იმწუთასვე ჯიბეში ჩაიყო ხელი და ლურჯი ხავერდის პატარა კოლოფი ამოაძვრინა.

რა მიხვედრა იმას უნდოდა, რა იდო შიგნით. ცისარტყელას შვიდივე ფერმა გადამიარა ალბათ სახეზე. ნიკამ კოლოფს თავი ახადა და ოქროს ბეჭედი ამოიღო, რომელსაც თეთრი, სამშვერილიანი ფორმის ქვა ამშვენებდა, უკან გადაწვენილი, თითქოს პატარძლის ფატას ქარმა დაუბერაო.

_ ეს მთის ბროლია. შენ კი ჩემი ბროლი მინდა იყო, _ ამ სიტყვებით ნიკამ ბეჭედი გამომიწოდა და მეც შევაგებე ჩემი მარჯვენა. მან ბეჭედი ჩემს არათითს მოარგო და გადამკოცნა.

_ გილოცავთ, _ მხოლოდ ეს თქვა მამაჩემმა, ქორწილზე კრინტიც აღარ დაუძრავს.

_ ბედნიერები ყოფილიყავით, _ წარმოთქვა თვალცრემლიანმა დედამ და ორივეს გადაგვეხვია.

რა ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში. ბედნიერი იმით, რომ ნიკას ვუყვარდი. ბედნიერზე მეტიც ვიყავი, რადგან მან ღირსეულ ქალად მაგრძნობინა თავი.

რა უცნაური რამეა ეს გრძნობა _ ჯერ იხიბლები, მერე მოგწონს, მერე გიყვარდება. ოღონდ როდის შემიყვარდა ნიკა, ეგ აღარ მახსოვს. იქნებ გაცნობისთანავე?

საქმრომ ხელი გადამხვია და ჩემს ოთახში გავედით. სათუთად მეფერებოდა. ყველგან სითბოს ტოვებდა, სადაც ხელს მადებდა.

ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ნამდვილი ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია და ახლა ვიგებდი მის გემოს.

ვნეტარებდი.

ამას ყველაფერს ისე აღვიქვამდი, როგორც დამღლელ რიგში ყოფნას, რომელიც აუტანელია, მაგრამ ლოდინად ღირს. უკვე ორმაგად ვიყავი შეყვარებული, რადგან დღევანდელი დღეც შემიყვარდა.

ჯვრისწერა სექტემბრის პირველ შაბათს დავნიშნეთ. აქტიურად დავიწყე მზადება. ახალი კაბა უნდა შემეკერა. მართალია, ეს არ იყო საქორწინო კაბა, მაგრამ მაინც მინდოდა რამე ორიგინალური შემეკერა. არც მთლად თეთრი, მაგრამ მაინც თეთრთან მიახლოებული. მე და ტანიკამ საბოლოოდ რძისფერ ნაჭერზე შევაჩერეთ არჩევანი. მკერავთანაც ტანიკა გამომყვა. მისი დეიდაშვილი უბანში განთქმული იყო თავისი ატელიეთი და სწორედ მასთან მივედით. ფორმაც ორიგინალური შევარჩიეთ _ გრძელი, მხრებმოშიშვლებული და ოვალურად ზურგამოჭრილი. გარედან თხელი თეთრი შიფონის მოსაცმელი, რომელსაც სამი შვერილის ფორმა ჰქონდა, როგორც ნიკას ნაჩუქარ ბეჭედს.

მაკამ ერთ კვირაში შემიკერა. ძალიან მომიხდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თითქოს ზღვის ტალღებზე დავლივლივებდი.

თუმცა იმდენად ცუდი ამბავი მოხდა ივლისის შუა რიცხვებში, ჩემი გეგმები კინაღამ ჩაიშალა. ტანიკას ბებია გარდაიცვალა, მცხეთაში რომ ცხოვრობდა. დილით მეზობლებმა ლოგინში იპოვეს გაცივებული. ექსპერტიზის დასკვნით, გული გაუჩერდა. ტანიკა ჭკუაზე არ იყო, ისე განიცდიდა. სრულიად ჯანმრთელი ქალი უცებ გათავდა. არადა, შემოდგომის ბოლოს თბილისში აპირებდა წამოყვანას და არ დასცალდა. ტანიკა ამას ვერ პატიობდა თავის თავს. მეც ძალიან მიყვარდა მაშო ბებო და საშინლად დამწყდა გული. სულ ის კვირა მახსენდებოდა, მე და ტანიკამ მცხეთაში რომ გავატარეთ მასთან.

კინაღამ გადავდე ჯვრისწერა. ტანიკა მეჯვარედ უნდა წამეყვანა და აბა, როგორ, როცა მის ოჯახში გლოვა იყო გამოცხადებული? ჩემმა მეგობარმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჩემ გამო ნურაფერს ჩაშლი, ორმოცის მერე შავებს მაინც გავიხდი და რა პრობლემაა, წამოვალ, ჯვრისწერაა ბოლოს და ბოლოს, ქორწილს ხომ არ იხდიო. მე და ნიკამ მოვილაპარაკეთ და ცოტათი მაინც გადავწიეთ. 16 სექტემბრისთვის გადავწყვიტეთ. კვირამ მოუწია.

მე და ნიკა შეხვედრებს ვაგრძელებდით. თავის სახლშიც რამდენჯერმე წამიყვანა, რათა იქაურობისთვის თვალი შემევლო, ჩვენი ოთახი გაგვერემონტებინა და ახალი საძინებელი გვეყიდა.

ნიკა გარეუბანში, კერძო სახლში ცხოვრობდა, რომელიც 6 ოთახისგან შედგებოდა. საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჩანდა, რაც არ გამკვირვებია. თუ მამა ასეთი ღვაწლმოსილი მეცნიერი ჰყავდა, შემოსავალიც სოლიდური უნდა ჰქონოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სახლი მხოლოდ ნიკას ეკუთვნოდა, მშობლებს კი ცალკე ჰქონიათ ბინა საბურთალოზე, სადაც მისი შინაბერა მამიდა თამარა ცხოვრობდა. ნიკას ჩემსავით დედმამიშვილი არ ჰყავდა, ისიც დედისერთა იყო.

ოთახი ორ კვირაში გავარემონტეთ და ავეჯიც ვიყიდეთ. ისე გავალამაზეთ იქაურობა, სულ ქათქათებდა. ყველაფერი თეთრად ანათებდა.

თავი სიზმარში მეგონა. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.

ჯვრისწერამდე სულ რაღაც ცხრა დღე იყო დარჩენილი, როცა ტანიკამ მეხის დამტეხი ამბავი მომიტანა. თურმე ილია შეხვედრია შემთხვევით ქუჩაში. იმას უცვნია და გაუჩერებია.

_ შენ ნიაკოს დაქალი არ ხარო? _ უცებ მკლავში მწვდა და გამაჩერა.

_ კი-მეთქი. მერე მომიკითხა, როგორ ხარო, მიხარია, რომ ახლოს გაგიცანიო და იბოდიალა რაღაცები. მერე შენზე მკითხა, ნია რას შვრებაო. მეც ეგრევე მივახალე, კარგადაა, თხოვდება-მეთქი.

ჯერ ხომ ილიას ხსენებამ დამმართა ელეთმელეთი, მერე კიდევ იმან, ჩემი ამბავი რომ უთხრა. ლამის თვალთ დამიბნელდა. ვიგრძენი, როგორ გამიცივდა იმ სიცხეში ხელ-ფეხი.

_ მერე რა რეაქცია ჰქონდა? _ სისხლს უკვე თავში გაჰქონდა შხუილი.

_ ვერ წარმოიდგენ, რა დაემართა. ოფლმა დაასხა. მართლაო? ვის მიჰყვებაო. მეც ვუთხარი, ძალიან კარგი ბიჭია-მეთქი, არქიტექტორი, თბილისელი და რა ვიცი, რაც ენაზე მომადგა, ტყუილი და მართალი ერთმანეთში ავურიე. ხოდა, უცებ, არ იცი, რას მეუბნება. გეხვეწები, დაგიჩოქებ, ოღონდ ნიაკო შემახვედრეო. გესმის? თავხედი ეგა! არავითარ შემთხვევაში, მაგას ვერ ვიზამ, თუ გინდა, შენ თვითონ მისწერე და თუ დაგთანხმდება, შეგხვდება-მეთქი.

_ ეგ ხომ არ უბერავს! _ საჩვენებელი თითი საფეთქელთან დავიტრიალე, თუმცა ისე ამაფორიაქა ამ ამბავმა, მოსვენება დავკარგე.

_ მეც კინაღამ ეგრე ვუთხარი, მაგრამ თავი შევიკავე. არ ვიცნობდი ადამიანს და ხომ ვერ გამოვლანძღავდი.

_ კარგია, რომ მითხარი, ტანიკა. თუ დამიმესიჯებს, უფრო მომზადებული შევხვდები, თორემ ვინ იცის, რას მოვიმოქმედებდი.

_ ეგ როგორ გავიგო? _ ეჭვიანი მზერა მესროლა დაქალმა, _ რას ჰქვია არ იცი. შენ რა, კიდევ გაღელვებს ის ბიჭი?

ტყუილში გამოჭერილი ბავშვივით გავწითლდი. თუმცა რა „ვით“, მართლა გამომიჭირა სიცრუეში. ახლა, ამწუთას რომ დაემესიჯებინა, არ ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ მიყვარდა, რაღაც მაინც მაკავშირებდა მასთან. ტკბილი მოგონებები? თუ პირველი მამაკაცის უარყოფით დარჩენილი იარა? არ ვიცი.

_ სულაც არ მაღელვებს. უბრალოდ, შეიძლება ნერვები ვერ მომეთოკა და მაგრად გამომელანძღა. ახლა კი, რახან ვიცი, თავს შევიკავებ და მშვიდად მოვიშორებ თავიდან.

_ ხოოო, _ ჩაილაპარაკა ტანიკამ და ხელი ჩამომართვა, _ კარგია, რომ არ გაღელვებს, თორემ ჩემი ხელით მიგახრჩობდი. ნიკა უმაგრესი ადამიანია, მისი დაღალატება არც იფიქრო, იცოდე! _ გამაფრთხილა თუ დამემუქრა.

არა, აღარ მაღელვებდა. ილია სულაც არ მიზიდავდა. იმდენად გაუფერულდა ჩემს თვალში, არაფერს არ ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ ძალიან მინდოდა ჩემი ბედნიერებით გული სტკენოდა. ასე მაინც ვიძიებდი შურს იმ ყველაფრისთვის, რაც დამმართა.

იმ ღამესვე მომივიდა მისგან შეტყობინება. დაჟინებით მთხოვდა შეხვედრას. რომ იტყვიან, ბეჭი ამოიგდო, სანამ არ დამითანხმა. მეც ვიფიქრე, უკანასკნელად ვნახავ და რაც დამრჩა სათქმელი, იმასაც მივახლი, გულს ვიჯერებ და წამოვალ-მეთქი.

ამ შეხვედრის შესახებ არც დედასთვის მითქვამს და არც ტანიკასთვის. ილია დილით ადრე დავიბარე, თერთმეტ საათზე, ზუსტად იმ პარკში, სადაც „აღიარებითი ჩვენება“ მივეცი, იმავე ძელსკამზე, სადაც იმ საბედისწერო საღამოს ვისხედით. თერთმეტი საათი იმიტომ შევარჩიე, რომ ეჭვს ვერავინ აიღებდა. ვიცოდი, ქარაფშუტულად ვიქცეოდი, მაგრამ სულმა წამძლია. ახი კი იქნებოდა ჩემზე, ნიკას სწორედ მასთან შეხვედრის მომენტში დავენახე. ხომ ვერაფრით დავარწმუნებდი, რომ ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა. ჩემი უტვინობით საყვარელ ადამიანს წამებში დავკარგავდი, მაგრამ მაინც გავრისკე. არ ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა. უბრალოდ, მაინტერესებდა, რას იფიქრებდა ჩემს ცოლქმრულ სტატუსზე ადამიანი, რომელსაც „ცხრაასი წლის წინ“ დავშორდი. ნიშნი მინდოდა მომეგო.

ჩვეულებრივ, როცა ყოფილთან შესახვედრად მიდიხარ, რაც შეიძლება ლამაზად ცდილობ გამოპრანჭვას. მინიმუმ, ელეგანტური კოქტეილის კაბა მაინც უნდა გეცვას, რომელიც დაცემამდე გიხდება. მე კი ამის ნაცვლად შავი ტილოს შარვალი და სპორტული მაისური ვარჩიე… ასე უფრო უდარდელად გამოვიყურებოდი.

როცა მივედი, უკვე იქ დამხვდა. ეწეოდა. მაშინვე წამოხტა, მომიახლოვდა. სიგარეტის სუნი და ბოლიც თან მოიყოლა და საკოცნელადაც გამოიწია, მაგრამ არ დავანებე. სადმე კაფეში მოვსხდეთ და იქ ვისაუბროთო, ნირწამხდარმა ძლივს ამოღერღა, მაგრამ ამაზეც უარი ვუთხარი. ბევრი საქმე მაქვს და მეჩქარება-მეთქი. ჩვენს ძელსკამზე დავსხედით. თავზე ვეება ნაძვი დაგვყურებდა.

მისმა სიახლოვემ ადრენალინის ინიექციასავით იმოქმედა ჩემზე. უცნაური და არასწორი იყო, რომ მოვედი. როგორ მიხაროდა, ასე დათრგუნვილს რომ ვხედავდი, უსიცოცხლოს, უილაჯოს, ფერმკრთალს, წვერგაუპარსავს, შეშფოთებულს, აქეთ-იქით მორბენალი მზერით. ისეთი საცოდავი სახით შემომცქეროდა, ზიზღისგან გული მერეოდა. თმა ნერვიულად შევისწორე და გამახსენდა, რომ ხვალ სტილისტთან ვიყავი ჩაწერილი მის შესაჭრელად. უფრო სწორად, ახალი ვარცხნილობის გასაკეთებლად.

_ რა მაგარ ფორმაში ხარ, იაკო! სექტემბერს უხდები! _ ამის თქმაღა მოახერხა.

_ შენც მშვენივრად გამოიყურები, _ ვუთხარი და მცირე პაუზის შემდეგ ვკითხე, _ აბა, როგორ მოგექცა ცხოვრება ჩემ შემდეგ? როგორაა საქმეები ოჯახურ ფრონტზე? _ ვცდილობდი მისი ახალი შეყვარებულის სახელის გახსენებას, მაგრამ ვერა, გონებაში არა და არ ამომიტივტივდა.

ჩემი შეკითხვა არ ესიამოვნა. მართალი გითხრათ, სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ შენ არ ხარ ერთადერთი, ვისი ცხოვრებაც ისე არ წარიმართა, როგორც სურდა. მით უმეტეს, თუ ის სხვა შენი ყოფილია.

_ მზეოზე მეკითხები?

_ სხვაც იყო ვინმე? _ გავიხუმრე, რადგან ილიამ იმ გოგოს სახელი გამახსენა.

ორივეს გაგვეცინა და უცებ მივხვდი, რომ არაფერიც არ შეცვლილა და იმავდროულად ყველაფერი შეიცვალა.

ორივენი გავჩუმდით და თითქოს გავქვავდით ამ სიჩუმეში _ ორი დამკვირვებელი, რომელსაც სასიამოვნო წარსული ხელიდან დაუსხლტა.

უცებ სახე დაალაგა, ღრმად ამოიხვნეშა და ამოთქვა:

_ რა უბედური ვარ.

კინაღამ გადავიხარხარე, მაგრამ არ მინდოდა დამეცინა. არც იმის თქმას ვაპირებდი, რომ ჩემი დაკარგვით შეცდომა დაუშვა.

_ სამაგიეროდ, მე ვარ ბედნიერი. _ ამაყად მივუგე.

_ გაგიხარდა ჩემთან შეხვედრა? _ თვალები გაუცისკროვნდა და ჩემკენ გადმოიხარა.

გვერდზე ჩავიჩოჩე და ისე მივუგე:

_ არა. უბრალოდ, ვთხოვდები და ამით ვარ ბედნიერი.

_ არა, ნია, ოღონდ ეგ არა, გთხოვ. მე შენ მიყვარხარ. არ იცი, როგორ მიყვარხარ. უშენოდ ვერ გავძლებ. გემუდარები. ადექი და ახლავე წამოდი ჩემთან. ეს ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება იქნება.

აი, ახლა კი ვერ შევიკავე თავი და ისტირიკული ხარხარი ამიტყდა. თვალებიც კი ამიცრემლდა. მას თუ ადრინდელივით ვუნდოდი, მე რატომ ვერაფერს ვგრძნობდი? როცა დავმშვიდდი, ცინიკურად შევხედე და დაუნდობლად ვუთხარი:

_ არა, ილია. შენ მე კი არ გიყვარვარ, უბრალოდ, გჭირდები. დარწმუნებული ვარ, გულწრფელად გჯერა, რომ შენი ვალია ჩემი დაცვა, ჩემი ვალი კი შენი დაცვის ქვეშ ცხოვრება. არადა, მე დასაცავი არაფერი მჭირს. როგორც იქნა, ვიპოვე ადამიანი, ვინც ჩემი ფასი იცის და ვისაც მართლა ვუყვარვარ, ვისაც სიძნელეების არ ეშინია და არც იმის რცხვენია, რომ ყურში არ მესმის. _ ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი. ემოციები დამეუფლა _ გაბრაზება, სევდა, სინანული. ვიცოდი, რომ ასე არ უნდა გამეწირა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მისი გამწარება მინდოდა და ამას მივაღწიე. ის განადგურებული იჯდა. ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ მათი ეფექტის დანახვა უფრო რთული აღმოჩნდა. ისინი თითქოს ბასრ დანასავით ურტყამდა ილიას გულში.

მივხვდი, არასწორი დრო შევარჩიე მასთან შესახვედრად, თუმცა ჩვენ შორის ყოველთვის ყველაფერი არასწორ დროს ხდებოდა.

ილიამ ხელები სახეზე აიფარა.

ბევრი ადამიანი ახერხებს ღალატის შემდეგ კვლავ ერთად ცხოვრებას, ჩვენ არც პირველები ვიყავით და არც უკანასკნელები. მაგრამ მე უკვე აღარ მინდოდა. ილიასთან აღარ მინდოდა. ნიკასთან შეხვედრამ ისე განმკურნა, ილია შეცოდებითაც კი არ მეცოდებოდა.

_ დედას შენზე მოვუყევი და თანახმაა დავქორწინდეთ, მზეოსთან კი მაშინვე დავამთავრე ყველაფერი, თუ ეს გაწუხებს, _ უკანასკნელ გაბრძოლებასავით ამოთქვა.

ისევ მზეო, გადაულახავი ბარიერი! თუმცა მე უკვე აღარ მაინტერესებდა მათი სიყვარულის ამბავი და იმ გოგოს არაფერი ჰქონდა საერთო ჩვენი ისტორიის დამამთავრებელ აქტთან. ის ამ ურთიერთობაში საერთოდ არ მოიაზრებოდა. არასდროს.

_ არა, არც მაწუხებს და არც მაინტერესებს.

_ რაღაც მომენტში ცოტათი შევშინდი, უფრო დედაჩემის გამო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შენი დაკარგვა დანაშაული იქნებოდა, ნია! ამას ელენეც მიხვდა და ჩემს სურვილს შეეგუა. მზეოსთან მართლა დავამთავრე, გეფიცები!

_ არ გინდა, თავს ნუ იდანაშაულებ, _ მხარზე ოდნავ შევეხე, _ იმასთან არ ვიცი, როგორ დაამთავრე, მაგრამ ჩვენი ისტორია სულ სხვანაირად დამთავრდება. ერთხელ და სამუდამოდ. აქ და ახლა! მშვიდობით, ილია!

ჩემი ხმა უცებ წამობერილმა ქარის სუსხმა გაიტაცა, ალბათ. ნაძვის ტოტები ისე ცახცახებდა, თითქოს გვემშვიდობებაო. ახლა უკვე ორივემ ზუსტად ვიცოდით, რომ ერთმანეთს სამუდამოდ ვშორდებოდით.

სანამ წამოვდგებოდი, მომენტალურად ხელებზე დავიხედე და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მექანიკურად მუშტებს ვკრავდი. ეს ნიშნავდა, რომ ვნერვიულობდი. ალბათ არასდროს დამავიწყდებოდა მისი სევდიანი და დაკარგული მზერა. აშკარა იყო, მისი სულის დარჩენილი საღი ნაწილი სწორედ ამ წუთებში გარდაიცვალა.

ლამაზი პატარძალი ვიყავი. ჩემები აღფრთოვანებულ მზერას არ მაშორებდნენ. მეც მომწონდა ჩემი თავი. ასეთი ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. მზესავით ცხრავე სხივით ვასხივებდი. ტანიკა მალიმალ მომიჭერდა ხელს და ერთდროულად სიხარულსაც მაგრძნობინებდა და იმასაც, რომ ჩემზე არანაკლებ ნერვიულობდა. ფერებიდან რომ არ ამოვვარდნილიყავით, მან თავისთვის კრემისფერი სამეული შეარჩია _ კრეპის შარვალი, პიჯაკი და პერანგი. ცოტა ფუმფულა რომ არა, ტანიკა საოცრად ლამაზი გოგო იქნებოდა, თოჯინასავით. ისე ლამაზად დაიხატებოდა ხოლმე, მაგიჟებდა, მე ვერ ვახერხებდი მისნაირად, ამიტომ ბევრჯერ თვითონ გაუკეთებია ჩემთვის მაკიაჟი, უფრო მაშინ, როცა სადმე მივიპრანჭებოდი. მხატვარი ვიყავი და მაინც ვერ ვახერხებდი ფანქრის სწორად წასმას ორივე თვალზე, რათა ერთნაირად ყოფილიყო დახატული. ის კი ერთი ხელის მოსმით ისეთ სწორ ხაზს გაავლებდა ორივე ქუთუთოზე, თითქოს ეს მისი სპეციალობა ყოფილიყოს.

მაინცდამაინც ჩემი ჯვრისწერის დღეს ამოვარდა ქარი. ჰაერში სიცივე დაწანწალებდა. არადა, წინა დღეებში ისე დაცხა, ოფლად ვიღვრებოდით. თუმცა სიცხეს ისევ სიგრილე სჯობდა, გაოფლილს სახეზე ოფლის წინწკლები არ დამასხდებოდა და მაკიაჟს არ გამიფუჭებდა.

ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. იმ დღეს ჩვენ გარდა კიდევ ხუთი წყვილი ქმნიდა ოჯახს, ჩვენ მეექვსე ვიყავით. მართალია, სხვებივით თეთრი ჰაეროვანი კაბა არ მეცვა და არც ფატა მედო თავზე, მაგრამ მაინც ყველა პატარძალი დავჩრდილე. ყველა მე მიყურებდა.

ჩვენი მაყრიონი ერთობ მოკრძალებულად გამოიყურებოდა _ მე, დედა, მამა, ტანიკა, ნიკა, მისი სამი ძმაკაცი, აქედან ერთი მეჯვარე და ნიკას შინაბერა მამიდა თამარა.

სუფრაც იქვე დაჯავშნეთ, ნატახტართან მდებარე რესტორანში. რესტორნის მენეჯერი, ულამაზესი ქალბატონი ლელა გვერდიდან არ მოგვცილებია, ჩვენ მიმართ მთელი საღამო ყურადღებას იჩენდა.

შუა ქეიფში მოულოდნელად ერთმა მიმტანმა ლამის ჩემსიგრძე შავი ვარდების თაიგული მომიტანა და მითხრა, ეს ჩვენი რესტორნისგან საჩუქრადო. მოულოდნელი და ძალზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

ყველა მხიარულობდა, ყველა კარგ ხასიათზე იყო. მე კი… მე კი დაძაბული ვაცილებდი დღეს, რომელიც თავის ადგილს ნელ-ნელა ღამეს უთმობდა. სწორედ ეს ღამე მძაბავდა. ყოველ წელს ხომ არ კარგავ ქალწულობას. არ ვიცოდი, ეს როგორი შეგრძნება იყო, რაც მაშინებდა. გარდა ამისა, ყველა უარყოფითი ფიქრი ერთბაშად მომაწვა. ნეტავ შევეგუებით ერთმანეთს? ვაითუ ცუდი გამოვდგე ლოგინში, ვაითუ ვერ გავწიო კარგი ცოლობა, ვაითუ შემცვალოს გათხოვებამ, ოღონდ დეპრესია არ მომეძალოს-მეთქი და ასეთი რამეები…

ნიკა ვერ მიმიხვდა გულისწუხილს. წარამარა მიმიკებით მეკითხებოდა, რა გჭირსო. მეც თავს ვაქნევდი, არაფერი-მეთქი. მერე მობილური აიღო და ეკრანზე დამიწერა: „ნუ ნერვიულობ, სულ რამდენიმე წუთის საქმეა“, _ წამაკითხა და გამიცინა. გაბრაზებულმა მუჯლუგუნი ვუთავაზე. მაინც მიხვდა, რაც მაშინებდა. ხელი ქედზე მომხვია და ჩემი თავი მიიხუტა.

ზედმეტად ბედნიერი ვიყავი. რაღაც ძალზე მსუბუქად მოხდა ყველაფერი, ყოველგვარი გართულების გარეშე. იქნებ მერე მელოდება უსიამოვნებები? _ გამკრავდა გონებაში შიგადაშიგ, თუმცა დასაწყისის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი…

აღმოჩნდა, ტყუილად არ ვიძაბებოდი. როცა ყველა ცერემონია დამთავრდა და ჩვენს სახლში მარტონი აღმოვჩნდით, უარესად შევიბოჭე. არ გვქონია ისეთი სიახლოვე, სითამამე გამომეჩინა. ილიასთან ასეთი მორიდებული არ ვყოფილვარ. ის უფრო ხალასი იყო, კარგი იუმორის პატრონი, ცოტათი ცანცარაც კი. მასთან სიახლოვე უხერხულობას არ მიქმნიდა. პირიქით, ისე ხალასად მეფერებოდა, ისე მკოცნიდა, მეც უმალ ვთავისუფლდებოდი ყოველგვარი დარცხვენისგან და ვცდილობდი, ალერსში ტოლი არ დამედო. აი, ნიკა სულ სხვა იყო _ სერიოზული, შედარებით სიტყვაძუნწი, დინჯი… მოფერებაშიც კი თითქოს დისტანციას ინარჩუნებდა, თითქოს აღქმა ჰქონოდა დადებული, დაქორწინებამდე არ გამკარებოდა. კოცნითაც ისე მკოცნიდა, გეგონებოდა, ამის უფლება არ აქვს და აკრძალულ ხილს იპარავსო.

რა თქმა უნდა, თავიდანვე ეს ყველაფერი მის დადებით თვისებად მივიჩნიე. ტრადიციების მოყვარული კაცი, რომელიც სერიოზულად ფიქრობს ქალზე, არ ატყუებს მას და არ ერთობა-მეთქი. ერთი შეხედვით, ასეც იყო _ ჩვენ ხომ დავქორწინდით, ოჯახი შევქმენით. მაგრამ როგორი იქნებოდა ჩვენი პირველი ღამე? როგორი და…

როცა ლოგინში შევწექით, სიბნელეში რაღაცის კეთება დაიწყო, ამას მისი ხელების მოძრაობით მივხვდი.

„რას აკეთებ?“ _ დავწერე მობილურზე და ვაჩვენე, რადგან ვერაფერს ვხედავდი, თან საშინლად ვნერვიულობდი.

ტელეფონი ჩამომართვა, ჩემი შეკითხვა წაშალა ეკრანზე და თვითონაც დაწერა:

„პრეზერვატივს ვხსნი“.

გავშრი. პირველი ღამე და პრეზერვატივი? ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ხმა ჩამივარდა.

რატომ? ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხს ვერ ვპოულობდი. ის მეფერებოდა, მკოცნიდა, მაშიშვლებდა, მე კი… საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. არც ტკივილს შევუწუხებივარ, არც მის ოდნავ სიუხეშეს, არაფერს, არაფერს… მხოლოდ ის დამცავი რეზინი მეფიქრებოდა. რატომ, რა საჭირო იყო? სხვა დროს კიდევ მესმის, მაგრამ ქორწინების პირველ ღამეს? ბოლოს თითქოს გამინათდა გონება _ როგორც ჩანს, არ უნდა მალე დავორსულდე. ალბათ, ცოტა მეტი ხნით სურს დატკბეს მხოლოდ ჩვენ ორის ურთიერთობით.

ჰო, ასე იქნებოდა. სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო?

ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ერთი კვირა ისე უცებ გავიდა, მეგონა, უკვე კარგი სტაჟიანი ცოლ-ქმარი ვიყავით. შევეჩვიე, კიდევ უფრო შემიყვარდა. წამითაც ვერ ვძლებდი მის გარეშე. არაფერი არ მაკლდა _ არც სითბო, არც ყურადღება, არც საჩუქრები და არც სექსი… ოღონდ პრეზერვატივით. აღარ დავეძებდი, რადგან ბედნიერებით თვალისჩინი დამკარგვოდა. ნიკას მეტი ამქვეყნად არავინ მახსენდებოდა. ჩემები თვითონ თუ დამირეკავდნენ, თორემ იქით დარეკვა და მოკითხვა არც კი მახსენდებოდა.

მგონი, მეცხრე დღე იყო ჩვენი თანაცხოვრების, ერთ საღამოს გვერდით რომ მომისვა. ცოტა ხანს მეფერა, მერე კი ჩემკენ სახით მოტრიალდა და დაიწყო:

_ ნია, რაღაც მინდა გითხრა.

_ გისმენ, _ გავინაზე და თვალებმინაბულმა შევხედე.

_ აღარ მინდა ამ პრეზერვატივის ხმარება.

დავიმორცხვე, მაგრამ არ ვკითხე, საერთოდაც რად გინდოდა-მეთქი.

_ ხომ არსებობს კონტრაცეპტივები. იქნებ ის გამოგეყენებინა? ასე მგონია, ცოლს კი არა, გასაბერ ქალს „ვხეხავ“. _ კარგად რომ გამეგო მისი ნათქვამი, ისე გამოკვეთა ტუჩები ბოლო სიტყვაზე, ნირი წამიხდა.

ვხეხავო! ჯერ ამ სიტყვამ ჩამიკაკუნა ჩაქუჩივით თავში, მერე კიდევ კონტრაცეპტივებმა.

_ მაგრამ… _ მხრები ავიჩეჩე და ხელები კალთაში ჩავილაგე, _ რა საჭიროა? ჯერ ადრეა ბავშვის გაჩენა? _ პირდაპირ ვკითხე, ყოველგვარი შემოვლის გარეშე.

_ არა, არ მინდა, _ მომიგო და გამჭოლი მზერა მესროლა. შემაკანკალა, იმხელა სუსხი გამოსჭვიოდა ამ მზერიდან.

_ როგორც იტყვი, _ ამოვთქვი და თვალები დავხარე. მისი ტუჩებისგან აღარაფრის მოსმენა აღარ მსურდა.

თავი ამაწევინა, ისევ დაჟინებით მომაჩერდა და დამარცვლით ერთი მომაკვდინებელი წინადადება ჩამოაყალიბა:

_ ბავ-შვი არც ახლა მინ-და და არც არას-დროს.

იცით? აგური არასდროს ჩაურტყამთ ჩემთვის თავში, არც ლახვარი ჩაუციათ გულში, მაგრამ ზუსტად ვიცი, სწორედ ასეთ ტკივილს ვიგრძნობდი. თავი ცალკე ამიფეთქდა განცვიფრებისგან, გული ცალკე. მათი ნაფლეთები თითქოს ირგვლივ სადღესასწაულო კონფეტებივით ცვიოდა, ერთი გამოკვრით რომ იწევა ჰაერში და მერე იფანტება.

თავს იქით-აქეთ ვაქნევდი და მზერით ვეკითხებოდი, რა მითხარი, ვერ მიგიხვდი-მეთქი. ისე დამიმძიმდა სხეული, დივნიდან ადგომა მინდოდა და ვერ ვდგებოდი.

_ შენ ბავშვს არ გააჩენ, ნია! მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, გესმის?

რა ჯანდაბა დამემართა, რა წარამარა მხრებს ვიჩეჩ! დამშვიდდი, ნიაკო!

_ და რატომ? შეგიძლია ამიხსნა? _ როგორც იქნა, მოვახერხე შეკითხვის დასმა, მაგრამ ნერვიული დაძაბულობისგან ისე მიცახცახებდა ყბა, სმენა რომ მქონოდა, ჩემი კბილების კაწკაწს გავიგონებდი.

_ შემიძლია, ოღონდ დამშვიდდი. ასე ნუ ღელავ. გეტყვი ახლა, რატომაც, და ნახავ, როგორ დაწყნარდები და თვითონაც დამეთანხმები, რომ მართალი ვარ.

თმა კი არა, წარბებიც ყალყზე დამიდგა. განა რა მიზეზი უნდა დაესახელებინა, რომ გამემართლებინა და დავეყოლიებინე?

_ ჰო, ჰო, ნუ მიყურებ ასე.

_ როგორ ასე, გამოლენჩებული? _ ჩემი გაცხარება პიკს აღწევდა.

_ კარგი რა, რა საჭიროა ასეთი სიტყვები? რატომ ხარ გამოლენჩებული, მე ეს არ მიგულისხმია. ვხედავ, რომ ზედმეტად ღელავ, თუმცა სულ ტყუილად. ორივემ ვიცით, მე და შენ რაც გვჭირს. როგორ ფიქრობ, კარგი იქნება, ჩვენი შვილებიც ჩვენისთანები დაიბადონ? რას ერჩი მათ? მე არ მინდა მათაც ის გზა გამოიარონ, რაც ჩვენ. არ მემეტება ჩემი შვილი და მით უმეტეს შვილები ამისთვის.

_ რას ამბ… _ ვცადე შეპასუხება, მაგრამ სიტყვა პირზე შემატოვა:

_ ვიცი, რასაც ვამბობ. თუ გინდა ავიყვანოთ ბავშვი. ერთი, ორი… რამდენსაც ისურვებ, მაგრამ გაჩენით არ გაგაჩენინებ. ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. თუ დაუფიქრდები, შენც მიხვდები, რომ ასე ჯობია.

ყოველთვის ყველაფერს თავშეკავებულად ვაფასებ, ფიზიკურადაც და მორალურადაც ვცდილობ, სიმშვიდის ზონა არ დავტოვო, მაგრამ ამჯერად გონებამ მიღალატა:

_ არა! _ ხმის სიმების დაწყვეტამდე ვიყვირე, _ არ ხარ მართალი! რატომ უნდა გაჩნდნენ ჩვენნაირები? მე ხომ დაბადებიდან არ ვყოფილვარ სმენადაქვეითებული! არც შენ! არც ჩვენი მშობლები! ეს მხოლოდ კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია! რატომ გგონია, რომ ჩვენი შვილებიც ჩვენნაირები იქნებიან?

_ კი არ მგონია, ვიცი, რომ ასე იქნება, _ დამიყვავა ნიკამ და მხრებზე დამაწყო ხელები, ასე შეეცადა ჩემს დამშვიდებას, მე კი თავს ვეღარ ვიკავებდი და ცოფებს ვყრიდი:

_ არ იქნება ასე! არ იქნება ასე! არ იქნება, არა, არა! მოდი, წავიდეთ ექიმებთან და ვკითხოთ. ჩვენზე უკეთ ხომ იციან, რა და როგორ იქნება?

_ არ გინდა, ნუ ნერვიულობ, ძალიან გთხოვ. მომისმინე, კარგი? გგონია, არ ვიყავი ექიმთან? იცი, რამდენთან ვიყავი? გარანტიას ვერცერთი ვერ იძლევა. შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ისეო, _ ბოლო წინადადება ხელისგულის გადატრიალება-გადმოტრიალებით გააფორმა, _ ეს კი დიდი რისკია. რა ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება? ვაითუ სრულიად ყრუ დაიბადოს, მერე სად მიდიხარ? მაგ ბავშვის ცოდვაში ფეხი რატომ უნდა ჩადგა? არ ჯობია ვინმე ვიშვილოთ და ღვიძლი შვილივით გავზარდოთ?

ყოველთვის მძულდა სიტყვა „ყრუ“, რადგან ყრუ არ ვიყავი, იმიტომ, რომ რაღაც ბგერები მაინც მესმოდა. თვითონაც ასე იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი შვილი რატომ უნდა დაბადებულიყო ყრუ?

თავს ვერაფერს ვუხერხებდი, უფრო და უფრო ვმწარდებოდი, მაგრამ არც ახლა მიტირია. რატომ უნდა გამეზარდა სხვისი შვილი, როცა შემეძლო საკუთარი გამეჩინა? ამას ვერ ვხვდებოდი. თუნდაც სმენადაქვეითებული გაჩენილიყო, ის ხომ ჩვენი შვილი იქნებოდა, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი. როგორ შეიძლებოდა ამაზე უარის თქმა?

_ იქნებ ერთი მაინც გავაჩინოთ და ვნახოთ, რა მოხდება. თუ არადა, მერე ავიყვანოთ, წინ რა დაგვიდგება, _ კიდევ ერთხელ ვცადე გაბრძოლება.

_ არ მინდა ასეთ რისკზე წასვლა, ნია, რით ვერ გაიგე? _ ამჯერად თვითონაც გაღიზიანდა.

მივხვდი, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ღრმად ამოვისუნთქე, მკერდი ჰაერისგანაც დავცალე, სიბრაზისგანაც და სრულიად გულგრილად მივუგე:

_ როგორც შენ იტყვი. შენ წყვეტ ამ ოჯახში ყველაფერს და შედეგიც შენს სინდისზე იყოს, ნიკა! _ დავამთავრე თუ არა, ავდექი და სწრაფად მივაშურე საძინებელს.

ვბობოქრობდი. აღარც ნიკა მინდოდა, აღარც ოჯახი და აღარც ბედნიერება. მიმიფურთხებია ასეთი ბედნიერებისთვის! აი, ხომ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო! წინათგრძნობამ არ მიღალატა!

ნეტავ ვინ დამწყევლა ასე? ან ვინ გამთვალა? ვისთვის რა დამიშავებია?

ის ღამე თეთრად გავათენე. ნიკამ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შემორიგება, მაგრამ უხეშად მოვიშორე, ზურგი ვაქციე და მთელი ღამე მარჯვენა გვერდზე გადაბრუნებულმა გავათენე. მკლავიც დამიბუჟდა, თუმცა მაინც არ ვიცვალე გვერდი მანამ, სანამ მას არ ჩაეძინა. მერე ცოტა ხანს გულაღმა გავწექი და სიბნელეს გავუშტერე მზერა. ისე მომძალებოდა უარყოფითი ემოციები, ამ სახლში გაჩერება წამითაც არ მსურდა. გადავწყვიტე მეორე დილითვე ამეკრიფა გუდა-ნაბადი და დედასთან გადავბარგებულიყავი. ფეხებზე მეკიდა, ვინ რას იტყოდა!

ამასობაში თავზე დამათენდა. ნიკასაც გაეღვიძა. ისევ მოვიმკვდარუნე თავი, ვცდილობდი, თანაბრად მესუნთქა, თითქოს ღრმა ძილში ვიყავი. მან დამხედა, რამდენიმე წამით დამჩერებოდა, მერე ადგა და სააბაზანოს მიაშურა. ახლა უკვე მისი არსებობაც კი ნერვებს მიშლიდა. წყლის თქრიალის ხმაც კი საშინლად მოქმედებდა. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა სამსახურში, რათა მარტო დავრჩენილიყავი.

ეს პირველი დილა იყო, როცა ადგომა არ დავასწარი და საუზმე არ გავუმზადე. თუმცა არც უსაუზმია, ისე წავიდა. ცოტა ხანს კიდევ ვიწექი, უეცრად არ მობრუნდეს-მეთქი, მერე კი წამოვიწიე. ძლივს ავითრიე სხეული, კარგი ნაბეგვივით ვგრძნობდი თავს. თავი მიგუგუნებდა, საფეთქლები ჩემი გულივით ფეთქავდა.

წყალი რომ გადავივლე, ცოტათი მომეშვა. ყავა მოვიდუღე და დივანზე ფეხმორთხმით დავჯექი. წავიდე თუ დავრჩე? როგორ აჯობებს? იქნებ ჩემმა მდგომარეობამ აიძულოს, დამითმოს? იქნებ საღამოს მითხრას, ნია, ოღონდ შენ არ ინერვიულო და ყაბულსა ვარ, მოდი, გააჩინე ბავშვიო?

არააა! ის ამას არ იზამს! მან დიდი ხანია ეს გადაწყვეტილება მიიღო და ჩემი გულისთვის უკან არ დაიხევს.

და აი, ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვიყავი, რომ უეცრად გონება გამინათდა _ გარემოება მკარნახობდა, რა უნდა მექნა:

რას ვდარდობ, ნეტავი. ვეტყვი, ვსვამ იმ კონტრაცეპტივს-მეთქი. რა, პირს გამაღებინებს და შემამოწმებს თუ რენტგენზე გამაშუქებს? მოვატყუებ, ვსვამ-მეთქი და დავორსულდები. მერე მიყაროს კაკალი! რას მიზამს? იმის თქმას ხომ ვერ გამიბედავს, აბორტი გაიკეთე და ბავშვი მოიშორეო? გამიბედავს და მივატოვებ!

საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივედი და ჩემი ნერვიულობა წამებში გაქრა. რა მაგარი გოგო ვარ, ეს რა კარგი რამე მოვიფიქრე! გენიოსა ხარ, ნიაკო! _ შევაქე ჩემი თავი და ღიღინით შევუდექი საქმიანობას…

ნიკას მოსვლამდე აფთიაქში გავედი. ვიყიდე ერთი თვის სამყოფი კონტრაცეპტივი და ამავე რაოდენობის მულტივიტამინები. მერე ერთ კოლოფში პირველის შიგთავსი ვიტამინის ფირფიტებით შევცვალე. ძაან მიხვდება ახლა, რას ვსვამ. იმედია, ჩემს ჩანთაში ქექვას და შემოწმებას არ დაიწყებს. ბოლოს და ბოლოს, გამოსაჩენ ადგილას კონტრაცეპტივის ნაღდ კოლოფებს დავდებ თავის აბებიანად, ერთის გარდა ყველას, თუ მაინცდამაინც მისი დასახელებითა და ინსტრუქციით დაინტერესდება, ვიტამინიან კოლოფს კი ჩანთაში ჩავიდებ და დაწოლის წინ გადავყლაპავ. იმედია, გამომივა!

უნდა გამომივიდეს! მე ყველაფერი გამომივა! არ გამწირო, ღმერთო!

ეჭვი რომ არ აეღო, საღამოს შუბლშეკრული და უკმაყოფილო გამომეტყველებით დავხვდი, თუმცა ისეთი სახე მივიღე, ვითომ შევეგუე მის მოთხოვნას. ხელში ქრიზანთემების თაიგული ეჭირა. ეგრევე მომაწოდა და ლოყაზე მაკოცა. არ მითქვამს, რომ შეცდა და ჩემი საყვარელი ყვავილები ვარდებია და არა ქრიზანთემები. მადლობა ამის უთქმელად გადავუხადე. რატომ მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტა ჩემთვის ყვავილების ჩუქება? კიდევ ერთი დაუნდობელი დარტყმა კუდიანი ბედისწერისგან!

_ ისევ გაბრაზებული ხარ? _ თვალებში ჩამხედა.

არ ვუპასუხე.

_ ნია! _ იდაყვში მომიჭირა თითები და თვალებში გამომცდელად ჩამხედა, _ პასუხის გაცემა გეზარება თუ არ ვიმსახურებ?

ამბოხებული მზერა შევაგებე:

_ არ მეტყობა, რომ გაბრაზებული ვარ? რა შეკითხვა მაგას უნდა? _ ხელის გამოთავისუფლება ვცადე, მაგრამ ამაოდ. თითებს უფრო და უფრო მიჭერდა.

_ შენ გგონია, მე მიხარია ეს? გგონია, მე არ მინდა საკუთარი შვილები მყავდეს? რატომ არ გინდა გამიგო?

_ თუ ასე გეშინოდა, რატომ შემირთე ცოლად? მოგეყვანა ისეთი, ვისაც ასპროცენტიანი სმენა ჰქონდა და თავი ქუდში გექნებოდა, _ საოცრად მშვიდად ვუთხარი.

_ არც ეგეთთან მექნებოდა ასპროცენტიანი გარანტია, რით ვერ გაიგე, გოგო, რა ხარ ასეთი ჯიუტი! _ დამქაჩა იდაყვზე, _ რომ არ მყვარებოდი, ხომ არ შეგირთავდი?

_ თუ ასე აპირებდი, მაშინ ადრევე უნდა გეთქვა. ეს, ფაქტობრივად, ჩემი მოტყუებაა. შენ მე მომატყუე. ასე არ არის? _ მაინც არ დავიხიე უკან.

_ ოხხხ! არ შემაგინებინო, იცოდე! _ გაცეცხლდა.

მივხვდი, მოთმინებას კარგავდა და შემეშინდა, არ გამარტყას-მეთქი. არ მინდოდა შემძულებოდა. მიყვარდა და ვერ შეველეოდი, ამიტომ გავიღიმე და სამზარეულოს თაროზე შემოდებულ კოლოფებზე მივუთითე:

_ მორჩა, მორჩა. უკვე შევეგუე შენს გადაწყვეტილებას. აგერ დევს კონტრაცეპტივები. ვიყიდე უკვე და ამაღამვე დავიწყებ დალევას, ოღონდ შენ არ გაბრაზდე.

სიბრაზე გაოცებამ ჩაანაცვლა. უცებ შეცვალა ერთი ემოცია მეორემ.

_ იყიდე? რა არის ეს? _ ხელი გამიშვა და თაროსკენ დაიძრა. სამივე კოლოფი ჩამოიღო, სათითაოდ გახსნა და დაათვალიერა. რა თქმა უნდა, დასახელება წაიკითხა, მერე ერთ-ერთიდან ინსტრუქცია ამოიღო და გამალებით შეუდგა კითხვას.

ამასობაში მე თაიგული ლარნაკში ჩავდე, წყალი დავუსხი და კარადის თავზე შემოვდე. მერე ვახშამი გავაცხელე, სუფრა გავშალე და ისე დავჯექი, რომ მისთვის პირდაპირ მეყურებინა.

როგორც იქნა, კითხვა ჩაამთავრა, გაშლილი ფურცელი ჰაერში გააქნია და მომაჩერდა:

_ ყველაფერი მოგიგვარებია და რაღას მანერვიულებდი? _ უკმაყოფილო სახით მესროლა, მერე ინსტრუქცია დაკეცა, კოლოფში ჩააბრუნა და სამივე ძველ ადგილას დადო, თაროზე.

_ რა ვიცი, ვიფიქრე, იქნებ გადაიფიქრა-მეთქი, _ სევდიანი სახე მივიღე და ნიკაპით ხელისგულს დავეყრდენი.

დაჯდა და ყავა დაისხა. თითქოს არაფერი, მაგრამ უდავოდ ეტყობოდა, რომ გაუცხოებული იყო ჩემ მიმართ. გაუცხოებულმა ნიკამ ფინჯანი თავისკენ მისწია და კოვზით ყავის მორევას წრიულად შეუდგა: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი…

_ აი, ასეთი მომწონხარ. _ როგორც იქნა, რბილად თქვა ბოლოს და შემომხედა.

ორივე წარბი ერთი მოძრაობით შუბლისკენ ავიქნიე და იმავდროულად ტუჩებიც მოვკუმე. „შევიფერე“ ქათინაური.

თითქოს ყველაფერი დალაგდა. თუმცა მომდევნო რამდენიმე დღე ისევ ვზვერავდით ერთმანეთს, ორივე ვფრთხილობდით. მე ჩემი ტყუილის გაუმჟღავნებლობას ვცდილობდი, ნიკა _ ჩემს გულწრფელობაში დარწმუნებას.

ექვსდღიანი ჭიდილის შემდეგ ჩემმა ქმარმა ფარ-ხმალი დაყარა. შემირიგდა. შევურიგდი. დაზავების საღამო დაუვიწყარი აღმოჩნდა. ვახშამზე ცოტა დავლიეთ. ის თეთრ ღვინოს სვამდა, მე წითელს ვწრუპავდი.

_ რგორ მიხარია, რომ ასე ავეწყვეთ და შევეწყვეთ ერთმანეთს, _ თქვა მან. მომეწონა მისი ტონი. იყო მასში რაღაც ღრმად პირადული, ინტიმური, ვნებათაღელვური. როგორ მინდოდა ამწუთას კოცნით ამევსო, მაგრამ მხოლოდ გავუღიმე _ სიყვარულით, თავაზიანად.

_ ცოტა ხანს დავტკბეთ ერთმანეთით და მერე ვიფიქროთ ბავშვის აყვანაზე, კარგი? _ საოცრად ალერსიანი გაუხდა მზერა.

_ როგორც იტყვი. თუ გინდა, ხვალვე ვიშვილოთ ვინმე, _ სრულიად გულწრფელად მივუგე, რადგან ამწუთას ჩვილი, თუნდაც სხვისი, ხელს ვერაფერში შემიშლიდა. პირიქით, შეიძლება კარგიც ყოფილიყო. პატარას სიყვარულს რომ შეიგრძნობდა, თავის პირმშოზე როგორ შეძლებდა უარის თქმას?

_ არა, ჯერ არა. რამდენიმე თვე მოვიცადოთ, _ თქვა და ადგა. მომიახლოვდა. ჩამიხუტა.

არასდროს არცერთი მამაკაცი არ ჩამხუტებია ასე ძლიერად. ნიკაპი მის მხარზე ჩამოვდე და ფანჯარაში გავიხედე. არაფერი განსაკუთრებული გარეთ არ ხდებოდა _ თაგვისფერი ასფალტი, ტროტუარზე ჩამწკრივებული ჭადრის შეყვითლებული ფოთლები და წინა მეზობლის ჭიშკართან აღმართული პატარანათურებიანი ვეება ჯვარი, რომელიც შებინდებულზე წითლად ანათებდა. ცას გავხედე. ღრუბელს მზე კარგა ხანია, ჩაეყლაპა.

ნიკამ თავი ამიწია და მაკოცა. მხურვალედ, მოწყურებულად. თურმე კოცნამაც შეიძლება შეგათროს. პირველად მკოცნიდა ასე. და მე ეს მომწონდა. მერე ისევ შემომხედა. ღიმილი თითქოს ჯერ ჩემ შიგნით გაჩნდა, მერე სახემდე ამოაღწია და იქ დარჩა… დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი, რომ გული ბედნიერებისგან ამიფეთქდა, თუმცა შიში ლანდივით თან დამყვებოდა. მხრებზე დანაშაულის მძიმე ტვირთი მაწვა. ნიკას ყოველი შემოხედვა გულს ტკივილით მიბზარავდა.

მექანიკურად შევეხე მის ხელს. მან თავისი თითები ჩემსაში გადახლართა. მერე რა, რომ საკუთარი შვილები არ უნდა? არც მე ვარ უცოდველი. მის ზურგს უკან უპატიებელ ინტრიგას ვხლართავ. ასე რომ, ფერი ფერსა… მთავარი ისაა, რომ ერთად ვართ, თუმცა ერთ აზრს მაინც ვერ ვიშორებ გონებიდან _ ასე მგონია, რომ მე ხაფანგში ვარ, ის კი თავისუფალია…

დრო გადიოდა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. საუცხოოდ ავაწყვეთ ოჯახური ურთიერთობა. მე ვდიასახლისობდი, ნიკა მუშაობდა. თავისუფალ დროს ვხატავდი. უკვე აღარ ვნერვიულობდი იმაზე, რომ კონტრაცეპტივების ნაცვლად ვიტამინებს ვყლაპავდი და ამით ქმარს თვალებში ნაცარს ვაყრიდი. გული მეუბნებოდა, თუ დავორსულდებოდი და ნიკა ამას გაიგებდა, მაინც ცას ეწეოდა სიხარულით და ჩემს შეგნებულ ტყუილს შვილის ხათრით მაპატიებდა. ერთ წაკამათებას და საყვედურს როგორმე გადავიტანდი.

საქმე ის იყო, რომ არ ვორსულდებოდი. იმედს მაინც არ ვკარგავდი. ბოლოს და ბოლოს, თუ ეს ტყუილი ცოდვაში ჩამეთვლებოდა, ღმერთი არ მაპატიებდა და შვილს არ მაღირსებდა, იმ აბების დალევას მაინც გადავრჩებოდი და ვიშვილებდით ვინმე მიტოვებულ ბავშვს, მადლი იქნებოდა. მთავარი გაზრდაა, თორემ მართლა არა აქვს მნიშვნელობა, ნაყოფს მუცლით ატარებ თუ სხვის შვილს აიყვან აღსაზრდელად. ბევრი ადამიანი ვიცი, ასე რომ მოქცეულა და არაფერი წაუგია. დედობის შეგრძნება ჩვილის მოვლითა და მზრუნველობით უფრო ძლიერდება.

ამასობაში იანვარი მიილია. 6 თებერვალს ნიკას დაბადების დღე იყო, რისთვისაც საგანგებოდ ვემზადებოდი. პატარა სუფრას ვაპირებდით, მხოლოდ ჩემები იქნებოდნენ და ნიკას რამდენიმე ახლო მეგობარი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, თითქოს დიასახლისობის გამოცდა უნდა ჩამებარებინა. დედამ მითხრა, ხაჭაპურებს და ლობიანებს მე დაგიცხობ, ნამცხვრებსა და ტორტს ტანიკა მოიტანს, დანარჩენი შენ იციო. მეც დავტრიალდი. ნიკა ბაზარში მარტო წავიდა და სავსე ხორაგით დაბრუნდა.

5 თებერვალს მთელი საღამო სამზარეულო არ დამიტოვებია. კერძს კერზე ვამზადებდი. ნიკა მეხმარებოდა, წამითაც არ მომცილებია გვერდიდან.

გვიან დავწექით. ისე ვიყავი დაღლილი, დაწოლისთანავე ჩამეძინა.

დილით ქმარს ადგომა დავასწარი. წინასწარ ნაყიდი საჩუქარი, შვეიცარიული მაჯის საათი ტუმბაზე დავუდე, რათა გაღვიძებისთანავე ენახა, მე კი სამზარულოს მივაშურე წინა ღამეს დახვავებული ჭურჭლის გასარეცხად.

შაბათი იყო. ნიკა არ მუშაობდა. არც სხვები. სტუმრები სამი საათისთვის დავპატიჟეთ, რათა დრო გემრიელად გაგვეტარებინა და არავინ აჩქარებულიყო.

ნიკა სახეგაბადრული შემოვიდა სამზარეულოში უკვე მაშინ, როცა ყველაფერი მილაგებული მქონდა და ყავას ვსვამდი.

_ მადლობა, ნია, რა ლამაზი საათია, ძალიან მომეწონა, _ მითხრა, შუბლზე ჩამოშლილი თმა გადამიწია და ტუჩებში ნაზად მაკოცა.

გამიხარდა, რომ ჩემი ნაჩუქარი საათი მოეწონა, მაგრამ მისი სიახლოვე სულაც არ მესიამოვნა. რაღაც უცნაური, არასასიამოვნო სუნი ვიგრძენი, რაც მანამდე ერთხელაც არ მიგრძნია. მოულოდნელად გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, პირზე ხელი მივიფარე და სააბაზანოში გავვარდი.

ლუკმა არ მქონდა ნაჭამი, მხოლოდ ყავისფერი სითხე ამოვაღებინე. ეს ყავა იყო, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ვსვამდი.

აზრადაც არ გამივლია, რომ ეს შეიძლებოდა ორსულობის სიმპტომი ყოფილიყო. არც მიფიქრია ამაზე.

ნიკა უკან მომყვა და როცა უნიტაზიდან წამოვიმართე პირის მოსაბანად, დაკვირვებით შემომხედა:

_ რა ჭამე? რაღაცამ მოგწამლა, არა?

მხრები ავიჩეჩე. რაც არ ვიცოდი, რა მეპასუხა?

მართალია, მერე აღარ ამრევია გული, მაგრამ კარგა ხანს ძალიან უგუნებოდ ვიყავი. ვიფიქრე, მართლა რაღაცამ მომწამლა-მეთქი, ამიტომ მხოლოდ ორცხობილა შევახრამუნე და ტკბილი ჩაი დავაყოლე, კუჭი არ გავიღიზიანო-მეთქი. ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა, რაღა მაინცდამაინც დღეს დამემართა ეს ყველაფერი? ნიგვზიანებს დავაბრალე ჩემი ცუდად გახდომა, მომზადების მერე გემოს რომ ვუსინჯავდი.

ამასობაში დედა და ტანიკა მოვიდნენ. ჩემს მეგობარს ისეთი ლამაზი ტორტი გამოეცხო, თვალი ზედ დაგრჩებოდა. სადაბადებისდღეო სანთლებიც კი ეყიდა თავისი ჩასარჭობებით.

ნიკა გადაირია. იმდენი მადლობა უხადა ტანიკას, სანამ გოგო არ გააწითლა. მერე მოიბოდიშა, მარკეტში უნდა ჩავიდე ლიმონათების ამოსატანადო და ქალები მარტო დაგვტოვა.

_ რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, ხომ არ იჩხუბეთ? _ დედამ ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და გამომცდელად მომაჩერდა.

_ არა, დე, რატომ უნდა გვეჩხუბა? რაღაც ვერ ვარ კარგად, მგონი მოვიწამლე. დილით გული ამერია და ჯერაც თავბრუ მეხვევა.

_ რა? _ მოვარდა ტანიკა ამის გაგონებაზე, _ იქნებ ორსულად ხარ, ნიიი!

მის ტუჩებზე წაკითხული სიტყვები პირდაპირ ტვინს მიეწოდა და… შემაკანკალა. ორსულად! ოხ, ეგ სულ გამომრჩა! როგორ არ ვიეჭვე? ღებინება, თავბრუდახვევა, უგუნებობა, ნიკას სხეულის სუნის მიმართ ზიზღი…

_ ორსულად? _ გავიმეორე და ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანების გაბრწყინებულ სახეებს რომ გადავხედე, თავზარი დამეცა.

_ ნია, რა კარგია, შვილო, _ დედამ ლოყაზე მაკოცა, _ ნიკა გაგიჟდება სიხარულით. თან ზუსტად მის დაბადების დღეს რომ დაამხვიე.

_ რა სიუპრიზია! _ ტაში შემოჰკრა ტანიკამ და პატარა გოგოსავით შეხტა.

_ არა! _ ვიყვირე უცებ, _ ნიკამ არ უნდა გაიგოს ეს ამბავი! _ და მივხვდი, რომ ეს არ უნდა მეთქვა. ჩემებმა ხომ არ იცოდნენ, ნიკა დაორსულებას რომ მიკრძალავდა. ახლა ყველაფრის გამჟღავნება მომიწევდა, _ იქნებ არც ვარ ორსულად, ჯერ უნდა დავრწმუნდე. _ გამოვასწორესავით ჩემი შეცდომა.

ამის მერე ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. ამასობაში ნიკაც მოვიდა. გაზიანი სასმელებით სავსე ცელოფანი მაგიდაზე შემოდგა და გვაუწყა, სიმამრმა დამირეკა და დაბადების დღე მომილოცა, თან ანგარიშზე 600 დოლარი ჩამირიცხა, რამაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო, რა საჭირო იყო ასე შეწუხებაო, რაზეც დედას კმაყოფილებით ჩაეღიმა.

მერე ტანიკა და დედა სუფრის გაშლას შეუდგნენ. მე გამათავისუფლეს საქმეებისგან, ამიტომ საძინებელში გავედი და საწოლზე მივწექი, იქნებ ცოტა გამოვკეთდე-მეთქი…

როცა სტუმრები მოვიდნენ, ძლივს ავდექი. მთელ სხეულში მამტვრევდა. თითქოს მართლა მოწამლული ვიყავი, ისეთი შეგრძნებები მქონდა. შეიძლება ასეც იყო? ორშაბათამდე უნდა მომეცადა და თუ არ გამივლიდა ან ღებინებები გამეორდება, გინეკოლოგთან უნდა მივსულიყავი.

დაბადების დღემ მშვიდად ჩაიარა. ყველამ კარგი დრო გაატარა დედაჩემის გარდა. რაღაც აშფოთებდა, ამას მისი გამჭოლი მზერით ვგრძნობდი. რახან ნიკას მეგობრებიც იყვნენ, თავს ძალა დავატანე და სუფრას მეც მივუჯექი. როცა გულისრევის შეგრძნება მომაწვებოდა, მაშინვე ვტოვებდი იქაურობას და ან სამზარეულოში შევდიოდი, ან სააბაზანოში, თუმცა ღებინება მეტად აღარ მქონია. ვცდილობდი ქალებთან ერთად მეც მოვმსახურებოდი სუფრას, ამიტომ ხან თეფშებს ვცვლიდი, ხან დედას მიერ გაცხელებულ კერძს ჩავამატებდი, ხან ლიმონათის ცარიელ ბოთლებს სავსით ვანაცვლებდი. ღვინოს არავინ სვამდა. ნიკა და მისი მეგობრები კონიაკს ეძალებოდნენ. შესაბამისად, ლიმონათიც ბევრი დაილია.

რაღაც მომენტში ლამარამ სამზარეულოში დამიმარტოხელა:

_ არ მომწონხარ რაღაც! _ მითხრა და თვალი თვალში გამიყარა, _ მითხარი რას მიმალავ!

_ რას უნდა გიმალავდე, დედა! _ აღვშფოთდი, ოღონდ არა დედას შენიშვნის, არამედ ჩემი უმწეობის გამო, მშობელს ასეთ სერიოზულ რამეს რომ ვუმალავდი.

_ თუ ორსულად ხარ, უნდა გიხაროდეს, მგონი, შენ კი სიხარულის ნატამალს ვერ გატყობ. რატომ?

პასუხი არ გავეცი. სკამზე ჩამოვჯექი და სახეზე ხელები ავიფარე.

ვიგრძენი, როგორ ჩაიცუცქა დედა ჩემ წინ და მაჯებში მწვდა. არ მინდოდა მისთვის შემეხედა, თითქოს რამეში დამნაშავე ვყოფილიყავი.

ამ დროს ტანიკაც შემოვიდა. ამ ყოფაში რომ დაგვინახა, გაოცებული შედგა. ხელი დავუქნიე, შენც აქ მოდი-მეთქი და ორივეს ვანიშნე, დამსხდარიყვნენ. სამზარეულოს მაგიდას შემოუსხდნენ. ამოვიოხრე და რაც მაწუხებდა, იმის მოყოლა დავიწყე. მათთვის არაფერი დამიმალავს, შეულამაზებლად მოვყევი, რაც გათხოვების მერე გამოვიარე.

დედას სახე გაყინვოდა. თვალებიც. ტანიკა კი გაოგნებული იბრეცდა ტუჩებს და ხელებს ასავსავებდა.

_ არა უშავს, ნია, _ დამამშვიდა ბოლოს, _ რომ გაიგებს, თვითონაც გაუხარდება. აგერ ნახავ, თუ არა. კაცების ამბავი არ იცი? მიქარავენ ხოლმე რაღაცას და მერე ბოდიშის მოხდა უჭირთ. დარწმუნებული ვარ, ნანობს მაგ ყველაფერს.

მწარედ ჩავიღიმე. ნიკას ჩემზე უკეთ ვინ იცნობდა? ის არაფერსაც არ ნანობდა.

_ რა უნდა ქნა? _ მხრებში მოკუნტული ლამარა, რომელსაც ერთმანეთზე მიტყუპებული ხელისგულები ფეხებშუა მოექცია, ჩემკენ გადმოიხარა.

_ არ ვიცი, დედა, _ სასოწარკვეთილი მივაჩერდი.

_ შენ თუ არ იცი, ვინ იცის? იქნებ დავრჩე დროებით შენთან, სანამ რამე გაირკვევა? თუ გინდა, ჩემი თანდასწრებით უთხარი, რომ ორსულად ხარ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება.

_ იქნებ არც ვარ, დე? გულისრევას და უგუნებობას მარტო ორსულობა იწვევს?

_ მაგრამ სუნებზეც რომ დაგეწყო გართულება?

ჰო, ეს მართლაც საეჭვო იყო.

_ აი, ორშაბათს წავალ და გავესინჯები. _ ვიპოვე გამოსავალი, _ დანარჩენს მერე მოვიფიქრებ.

_ თუ ორსულად ხარ და ამაზე შენმა ვაჟაბატონმა თავი გაიგიჟა, გამოსავალს რაში ხედავ? _ არ მეშვებოდა ლამარა.

ტუჩები მოვპრუწე და მხრები ავიწურე.

_ ჩემთან გადმოდი! _ მტკიცედ წარმოთქვა დედას ტუჩებმა და სახე კვლავ გაეყინა. ასეთი გამეხებული რა ხანია, არ მენახა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ აბა, რა უნდა ქნა? _ ახლა ტანიკა გადმოიხარა ჩემკენ და ხელზე ხელი მომიჭირა, _ თუ გინდა ჩემთან წამოდი. დეიდაჩემს ძალიან გაუხარდება. მერე ნიკასაც მოულბება გული და ისევ დაბრუნდები.

ძაღლი ახსენეო და… ამ დროს ნიკამ შემოაღო კარი.

_ რა ხდება? _ მაშინვე ჩემთან მოიჭრა, _ ისევ ცუდად ხარ?

_ ჰო, რა, ვერ ვარ კარგად. თავიც ამტკივდა, სუსტად ვარ, _ საცოდავი სახით ავხედე.

_ მიდი, წამოწექი. ჩვენ მივხედავთ აქაურობას. რამე წამალი ხომ არ ამოგიტანო? ან სასწრაფო ხომ არ გამოვიძახოთ?

_ არა, რა სასწრაფო! _ შორს დავიჭირე, _ ჯობია მართლა წამოვწვე. გადამივლის როგორმე. წადით თქვენ, დაბრუნდით სუფრასთან, მე ოთახში გავალ, _ ვთქვი და ავდექი.

საძინებლამდე ნიკამ მიმაცილა. წამოვწექი თუ არა, პლედი გადამაფარა და შუბლზე მაკოცა. ისევ მეცა მისი სუნი, ახლა უფრო მძაფრად და ალბათ გულიც ამერეოდა, თავი რომ არ შემეკავებინა. პლედი თავზე გადავიფარე და ქმარს ზურგი ვაქციე.

აშკარად ორსულად ვიყავი და როცა ამაში საბოლოოდ დავრწმუნდებოდი, ნიკასთვის უნდა მეთქვა. თუ ასეთი ტოქსიკოზი მექნებოდა, დამალვას ვერ შევძლებდი.

წინ კიდევ ერთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მელოდა…

დედა იმ ღამეს ჩემთან დარჩა. ნიკას გაუხარდა, დედა უფრო კარგად მიხედავს შვილს, ვიდრე ქმარიო, გაიხუმრა. მე ტანიკასაც სიამოვნებით დავიტოვებდი, მაგრამ მომერიდა. ლამარა ჩემთან დაწვა, ნიკამ კი სხვა საძინებელში გადაინაცვლა.

ჩემდა გასაკვირად, მეორე დღეს მშვენიერ გუნებაზე გამეღვიძა. არც უგუნებობა მაწუხებდა და არც გულისრევა. დედა ამან ცოტათი დაამშვიდა, ნიკა კი სიხარულით აღარ იყო.

არაფრის გაკეთებამ არ მომიწია, ლამარას და ტანიკას უკვე დაეწკრიალებინათ იქაურობა.

საუზმის შემდეგ დედამ სახლში წასვლა დააპირა, მაგრამ არ გავუშვი, ეს დღეც დარჩი და ხვალ წადი-მეთქი. ისეთი მავედრებელი მზერა მივაპყარი, უარი ვერ მითხრა.

შუადღეს ბიჭებმა დარეკეს, რამე არ ვქნათო? ქეიფს გულისხმობდნენ. ნიკას ჩემი შეწუხება არ უნდოდა, რახან უკეთ ვიყავი, აღარ დაგტვირთავო, ამიტომ დედას სთხოვა, ცოტა საჭმელი ჩამილაგე და ვაჟასთან გადავალთ, ქეიფს იქ გავაგრძელებთო. ლამარაც დაფაცურდა და წამში ყველაფერი გაუმზადა.

მარტონი დავრჩით. მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ დედა მაინც მოუსვენრად იყო. შუადღეს ტანიკაც ამოვიდა და აი, სწორედ მაშინ აირია მონასტერი. ჩემს დაქალს თან ფრანგული სუნამოს სურნელი შემოჰყვა, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე და…

რწყევით გავსკდი. აქამდე რაც მეჭამა, ლუკმაც არ შემერგო. უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ორსულად ვიყავი. ალბათ, ნიკა რომ მოვატყუე, იმიტომაც ვისჯები ტოქსიკოზით-მეთქი, გავიფიქრე, თუმცა ეს ხმამაღლა არ მითქვამს. ვიცოდი, დედა მეტყოდა, სისულელეს ნუ როშავო.

ოცნება კი ავისრულე, მაგრამ სიხარულს ნაკლებად ვგრძნობდი. არა, განა არ მიხაროდა, მაგრამ იმდენად ცუდად ვიყავი, სიხარულის გამოხატვის თავი აღარ მქონდა. ტანიკა მაშინვე დაფაცურდა, ცხრა ადგილას გადარეკა, თუ ვინმე ორსული ან ნამშობიარები ნაცნობი ჰყავდა, ყველასთან გაუშვა ზარი, რათა გაეგო, რა „მაქინაციებით“ უმკლავდებოდნენ ფეხმძიმეები ტოქსიკოზს. მერე, როცა რაღაცები გაარკვია, აფთიაქში ჩაირბინა და წამლები ამომიტანა. ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. არაფერმაც არ მიშველა.

ნიკა შეღამებულზე მოვიდა. ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა, თან რაღაც უხასიათოდაც მეჩვენა. პირველად ვხედავდი ასეთ მდგომარეობაში. ვიწექი. საძინებლის გამოღებულ კართან დადგა. ჯერ მე მესროლა გაურკვეველი მზერა, მერე დედაჩემს გადახედა რაღაცნაირად. მომეჩვენა, რომ მტრულად. ხმას არ იღებდა. იდგა და თითქოს ჩვენი ფიქრების წაკითხვას ლამობდა.

_ ქალბატონო ლამარა, _ ბოლოს, როგორც იქნა, ამოღერღა, _ ამაღამაც ჩვენთან რჩებით?

დედა, როგორც ჩანს, გააოგნა მისმა ტონმა. ალბათ, ირონიულად იყო შეკითხვა დასმული, თორემ დედა ასე არ გაიკვირვებდა. ამრეზით გახედა სიძეს და მისი ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რაც უთხრა:

_ ხელს გიშლი, სიძე ბატონო?

დავიძაბე. რაღაც ხდებოდა. ჩვენი შერიგების შემდეგ უკვე თვეები იყო გასული და ასეთი შეშლილი მზერით ქმარს პირველად ვხედავდი.

_ არა, რას ბრძანებთ. თუ გინდათ, სულ აქ იყავით, თქვენს ქალიშვილს გაუხარდება.

ლამარა ფეხზე წამოიჭრა. სახე ისე ჰქონდა აპილპილებული, მივხვდი, კარგი არაფერი მოხდებოდა.

_ ნიკა, რა იყო? რამე მოხდა? _ გადავწყვიტე სიტუაცია როგორმე შემერბილებინა.

_ ჯერ არ ვიცი, _ ჩემმა ქმარმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უცნაურად აქანავდა, _ ეს შენ უნდა მითხრა ან დედაშენმა.

_ ნიკა, რა არ მოგწონს, შვილო? _ ლამარა ისე დადგა, რომ მისი სახე მეც დამენახა, რათა მივმხვდარიყავი, რას ლაპარაკობდა, _ რაღაც უცნაურად იქცევი. ვინმემ ხომ არ გაწყენინა?

_ მაწყენინა? მე-ეე? _ ცალი ხელი ჯიბიდან ამოიღო და მკერდზე იტაკა, _ როგორ გეკადრებათ! უბრალოდ, რაღაც უშნოდ გამეხუმრნენ ბიჭები და არ მესიამოვნა. თუ ეს მართალია, არ ვიცი, რას ვიზამ. არ ვიცი, არ ვიცი, ქალბატონო ლამარა! _ ორივე ხელი „არ ვიცის“ გამომხატველი ჟესტით კარგა ხანს აქნია ჰაერში, მერე კი უხმოდ გატრიალდა და გაქრა.

_ რა იყო ეს, ა? _ დედა გაკვირვებული მომაჩერდა.

_ არ ვიცი. ნეტავ ისეთი რა უთხრეს ბიჭებმა? _ საგონებელში ჩავვარდი. იქნებ რახან წინა დღეს გული მერეოდა, ჩემი ორსულობა ივარაუდეს და ამაზე გაეხუმრნენ?

სავარაუდოდ, ასე იქნებოდა. ამას კი გულზე მოხვდა ის ერთი ჯადოქრული სიტყვა, რომლისაც სიკვდილივით ეშინოდა და გაღიზიანდა.

_ წადი ერთი, ნახე, რას შვრება, _ ვთხოვე ლამარას.

დედა უხმოდ გავიდა და მალევე მობრუნდა.

_ მიწოლილა ტახტზე და ჩასძინებია.

_ ასე უცებ? რა დალია ამისთანა?

_ ნუ ნერვიულობ. მთავარია, დაიძინა. შენც შეეცადე დაიძინო, შვილო. დილით ადრე ვართ ასადგომი, ექიმთან აუცილებლად უნდა წავიდეთ.

_ ჰო, უნდა წავიდეთ, _ ამოოხვრით წარმოვთქვი და თვალები დავხუჭე…

დილით, როგორც კი გავიღვიძე, ბლომად მინერალური წყალი დავლიე, რომელიც სასთუმალთან მედგა. დედა უკვე ამდგარიყო, ალბათ სამზარეულოში ფუსფუსებდა. ჩემი საძინებლის კარი ღია დაეტოვებინა. ალბათ იმისთვის, თუ დავუძახებდი, მაშინვე გაეგონა. უცებ ნიკა დავინახე. თმააჩეჩილი და პერანგამოჩაჩული რომ დაბორიალებდა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა. მაშინვე ჩემკენ დაიძრა, კარის ძგიდეს მიეყრდნო და რბილად შემეკითხა:

_ როგორ ხარ?

_ ვარ რა. ექიმთან ვაპირებ წასვლას, ანალიზები უნდა გავიკეთო. სერიოზულად ვარ მოწამლული, როგორც ჩანს.

_ დედაშენი გამოგვყება თუ მე წამოვიდე?

_ არა, დედა გამომყვება. _ მივუგე და მზერა ავარიდე.

_ წუხელ ცუდად ხომ არ მოვიქეცი? რამე ხომ არ გაწყენინეთ ან შენ, ან დედაშენს? არაფერი არ მახსოვს, _ დამფრთხალი ჩანდა, თითქოს მებოდიშებოდა.

_ ცუდია, რომ არ გახსოვს. ლამარა კინაღამ გააგდე სახლიდან, _ არ დავინდე და სათქმელი პირში მივახალე.

სახე შეეცვალა.

_ რა ვქენი?

_ რაც გითხარი! რატომ ეუხეშე? ხელს რაში გიშლის დედაჩემი? რამე გაწყენინა? ისე იქცეოდი, თითქოს ერთი სული გქონდა, აქედან როდის წავიდოდა.

_ აუ, ასეთი რა ვუთხარი? _ გულწრფელად შეწუხდა, _ მართლა არაფერი არ მახსოვს, ნია!

უეცრად დედა უკნიდან მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. ნიკა სწრაფად შეტრიალდა. ლამარამ გაუღიმა.

_ როგორ გეძინა, შვილო?

ახლა ნიკა ჩემკენ ზურგით იდგა და ვერ ვხვდებოდი, დედას რას ელაპარაკებოდა. ალბათ, ბოდიშს უხდიდა. ლამარა ხან გაიღიმებდა, ხან კოპებს შეიკრავდა და თავს გააქნევდა. მერე ხელკავი გამოსდო სიძეს და წაიყვანა.

არ ვიცი, სასტუმრო ოთახში შევიდნენ თუ სამზარეულოში. არც ის ვიცი, რაზე ილაპარაკეს, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა დედა ოთახში შემოვიდა, სრულიად მშვიდი სახე ჰქონდა, ღიმილიანიც კი.

_ ადე, ადე, ნუ გორაობ! დროზე წავიდეთ და დროზე მოვიდეთ! სახლიდან გამოგდებული კი არ ვარ! _ ყასიდად მისაყვედურა და საბანი გადამხადა.

_ ნიკა სადაა?

_ ბანაობს.

_ ჰოდა, ის რომ გამოვა, მერე ავდგები. მეც უნდა გადავივლო წყალი.

დედამ ხელი ჩაიქნია და გავიდა…

პოლიკლინიკაში რიგის ნომერი ავიღეთ და დაველოდეთ. მეცამე ვიყავი. ჩემ გარდა ყველა მუცლით იყო, მხოლოდ მე არ მეტყობოდა ორსულობა. საათზე მეტხანს მოგვიწია ლოდინმა. ექოსკოპისტი ძალზე ახალგაზრდა გოგო აღმოჩნდა. ცოტა მეხამუშა, ამას რა ეცოდინება-მეთქი, მაგრამ შევცდი. ისე გულდასმით გამსინჯა, წუნს ვერ დავუდებდი, თან იქვე მჯდარ ექთანს მონაცემებს კარნახობდა. მე კი ვაკვირდებოდი მის ტუჩებს, მაგრამ ნახევარს ვერ ვიგებდი, რას ამბობდა. სამედიცინო ტერმინების უმრავლესობა უცნობი იყო ჩემთვის.

_ პირველია? _ ღიმილით მკითხა ბოლოს და ეს პირველი სიტყვა იყო, რომელიც გავიგე.

ჩემ მაგივრად დედამ მიუგო:

_ კი, პირველია, შვილო.

სუნთქვა შემეკრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ორსულად ვიყავი.

_ ყველაფერი რიგზეა, _ თქვა ბოლოს ექოსკოპისტმა, _ აი, ამით გაიწმინდეთ მუცელი, _ მითხრა და ვეება რულონიდან ქაღალდის ხელსახოცი მოხია, _ ნაყოფი 6 კვირისაა, ორსულობა კარგად მიდის, არავითარი პათოლოგია. ვინაა თქვენი გინეკოლოგი?

_ ჯერ არ ვიცით, _ აწრიალდა დედა, _ თქვენ ვის გვირჩევდით, გენაცვალე? აქ პირველად ვართ.

_ ჩვენთან ყველა კარგი სპეციალისტია, მაგრამ თუ პირველად ხართ, აჯობებს ნათია ინგოროყვასთან შეხვიდეთ, მე-9 კაბინეტში, ოღონდ თავიდან მოგიწევთ რიგის ნომრის აღება.

_ თქვენ გაიხარეთ, დიდი მადლობა, შვილო! _ სითბოდ დაიღვარა ლამარა, _ ღმერთმა სიკეთე მოგცეთ!

ამასობაში მეც ჩავიცვი და გამოვედით…

ნათია ინგოროყვა ერთობ სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა, დაახლოებით ორმოცი წლის. დამამშვიდა, არანაირი გართულება არ გაქვს, გარდა ტოქსიკოზისა, რაც გაივლის, როგორც კი ბავშვი მუცელში იძვრებაო. მე კი შემიძლია წამლები გამოგიწერო, მაგრამ არა მგონია, დიდად გიშველოს, ამიტომ აჯობებს, გადასხმები გავიკეთოთ. ეს ნამდვილად მოგცემს ცოტა შვებას, მერე კი ნელ-ნელა გაგივლისო.

სხვა ჩემს ადგილას კლინიკიდან ფრთაშესხმული გამოვიდოდა, მე კი კრიჭა შემკვროდა. მეგონა, დაორსულების შემთხვევაში ბედნიერებისგან მეცხრე ცას ავცდებოდი, თუმცა ასე არ მოხდა. გული ისე დამმძიმებოდა, ფიქრებსაც ვერ ვუყრიდი თავს. როგორ მეთქვა ახალი ამბავი ნიკასთვის? ან ის როგორ შეხვდებოდა ამ სიახლეს?

დედა გვერდით მომყვებოდა. ტაქსი გავაჩერეთ და სახლამდე ისე მოვედით, ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ. შევედით თუ არა ჰოლში, ნიკამაც დამიმესიჯა, რა გითხრესო. რა მითხრეს? ჰმ, რა და, ორსულად ხარო… მიმეწერა ეს თუ მის დაბრუნებას დავლოდებოდი? აჯობებდა მიმეწერა. თუ განრისხდებოდა, სანამ შინ მოვიდოდა, რისხვა ცოტათი მაინც დაუცხრებოდა. არ მინდოდა ჩვენს საუბარს დედა შესწრებოდა, ამიტომ სასწრაფოდ სახლში უნდა გამეშვა.

ათამდე დავითვალე და ტექსტის აკრეფას შევუდექი. სულ ორი წინადადება გამომივიდა: „ექიმმა მითხრა, ორსულად ხარო. გაოცებას ვერ ვმალავ“. და წკაპ! გავუგზავნე. გავუგზავნე და მივხვდი, პასუხის მოლოდინში წამითაც არ ავღელვებულვარ, თითქოს ჩემი თავი ამ მომენტისთვის დიდი ხნის შემზადებული მყავდა. ის კი არა, ამწუთას სულერთი იყო, ნიკა რას მომწერდა. მე მუცლით ჩვენს შვილს ვატარებდი, ეს კი ყველაფერს გადაწონიდა. ნიკას რეაქცია აღარ მაინტერესებდა.

რეალობა წარმოსახვამ გადაფარა და უფრო გავძლიერდი. მივხვდი, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მე მისი მიტოვება შემეძლო.

კარგა ხანს ველოდი, რას მომწერდა ჩემი ქმარი, მაგრამ არა და არ მაღირსა პასუხი. ავფორიაქდი. აი, უკვე ხმასაც არ მცემს. ნეტავ რა ჩაიფიქრა? ვერ ვისვენებდი. რა მოიცდიდა საღამომდე, ყოველ წუთს მობილურის ეკრანს ვაშტერდებოდი დროის შესამოწმებლად, დრო კი ზლაზვნით გადიოდა, თითქოს ჩემ ჯინაზე. დედა შეფიქრიანებული სახით დადიოდა. მისი ყურება უარეს დღეში მაგდებდა, ამიტომ ვთხოვე, შინ წასულიყო. თავიდან უარზე დადგა, ნიკას მოსვლას დაველოდებიო, მაგრამ კატეგორიულად მოვთხოვე, მარტო დავეტოვებინე _ ჩემს ქმართან საქმეს მე მოვაგვარებ-მეთქი. არ მინდოდა დედა ჩვენს ჩხუბს შესწრებოდა. მას რომ რამე დამართოდა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.

როგორც კი ლამარა წავიდა, ჩაი ავიდუღე და თავს ძალა დავატანე, ცოტა შემეჭამა. ყველი და შოთის პური თეფშზე დავალაგე და სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი.

ლუკმა დაღეჭილი არ მქონდა, რომ კარი ისეთი სისწრაფით გაიღო, თითქოს ქარმა შემოგლიჯაო. ზღურბლზე ნიკა იდგა. მის მზერას ვერ აღვწერ. არაფერი, სრულიად არაფერი არ ეხატა სახეზე _ არც სიხარული, არც აღშფოთება, არც გაკვირვება… ბედნიერებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ერთი ეგ იყო, ჩვეულებრივზე უფრო გახშირებოდა სუნთქვა, მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა.

ერთხანს ასე იდგა გახევებული. მე ლუკმა ყელში გამეჩხირა და ხველება ამიტყდა, თან ისე ძლიერად, მეგონა ვიხრჩობოდი. დასაწყნარებლად ჩაის რამდენიმე ყლუპი მოვსვი, თან გამალებით ვფიქრობდი, მისი რისხვის თავიდან ასაცილებლად თავი რა გზით მემართლებინა.

უეცრად ნიკა ერთი ნახტომით მაგიდასთან გაჩნდა, სკამი უკუღმა შეაბრუნა და მხედარივით გადააჯდა ზედ, ხელები საზურგეზე დაალაგა და დაეყრდნო.

_ აბა, რაო? მომიყევი ერთი, რა გითხრეს!

_ ორსულად ხარო, _ მივუგე და ისეთი მზერით შევხედე, თითქოს მე არაფერ შუაში ვიყავი და ყველაფერში გინეკოლოგი იყო დამნაშავე.

_ ეგ როგორ?

_ მეც მაგას არ ვამბობ? კონტრაცეპტივებს ყოველ საღამოს ვსვამდი, შენც ხომ ხედავდი, არა? წარმოდგენა არა მაქვს, როგორ მოხდა. ვადაგასული ხომ არ იყოო, იმ ქალმა. შევამოწმე და არ იყო ვადაგასული.

_ ნამდვილად ჩასახვის საწინააღმდეგოს სვამდი? რამეს ხომ არ მატყუებდი?

_ რა სისულელეა, რატომ უნდა მომეტყუებინე? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ…

_ შენგან ყველაფერია მოსალოდნელი, _ ზედა ყბა ქვედას რამდენჯერმე ისე დააჭირა ჩემმა ქმარმა, უსმენობის მიუხედავად, ვიგრძენი, როგორ რაკუნობდა მისი კბილები.

_ ასე მიცნობ? _ არ მივიღე მისი შეურაცხმყოფელი სიტყვები, თუმცა კი ვიმსახურებდი, მაგრამ ახლა სრულიად მიამიტი, დამჯერი და თვინიერი ცოლის როლი უნდა მეთამაშა.

_ ვაი, რომ თურმე ცუდად გიცნობ! _ ისევ გაუსვა ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს, ამჯერად ჰორიზონტალურად და სკამის საზურგეს მუშტები დაუშინა.

_ ნიკა!

_ რა ნიკა, რა ნიკა? _ ისე გაცოფდა, თვალები გადმოეკარკლა, მაგრამ ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე თავი დროზე მოთოკა და დასამშვიდებლად ჭერს მიაჩერდა.

მერე ადგა, ონკანიდან წყალი მოუშვა, ჭიქა შეუშვირა და დალია. შემდეგ ისევ თავის სკამს დაუბრუნდა.

_ გულისრევები მაგიტომ გაქვს?

_ ჰო, ტოქსიკოზია, სამ თვეში გაივლისო.

_ რამდენი თვის ორსული ხარ?

_ თვე-ნახევრის.

_ ანუ ჯერ ძალიან პატარაა.

_ ჰო, ჯერ სულ პატარაა, ექვის კვირის. _ იმედის სხივი გაკრთა ჩემს გონებაში.

_ კარგი, ხო, რაც მოხდა, მოხდა. ახლა რა ვქნათ?

ჩემი იმედი ამჯერად უფრო თამამად ახმაურდა. სიამოვნებით გავუღიმებდი ამწუთას ნიკას, ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ ქარიშხალს არ გადაევლო, ამიტომ ვერ გავბედე.

ჩაი ისევ მოვსვი და მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე, თუმცა მზერა არ მომიცილებია.

_ არ მითხრა, რომ გაჩენას აპირებ! _ მუქარის თუ გაფრთხილების ნიშნად სკამზე შემოჭდობილი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გაფშიკა.

თვალები გამიფართოვდა. მაინც არ იშლიდა თავისას.

_ აბა აბორტს ხომ არ გავიკეთებ? _ სანამ ამას ვიტყოდი, ისე შევიკუმშე, მეგონა, დავპატარავდი.

_ ისე გაიკეთებ, როგორც დაგიბარებია.

სახე მეყსეულად გამიცივდა, თითქოს ნიავმა დამიბერაო. როგორც ჩანს, გავფითრდი, რაც ნიკამაც შეამჩნია. ალბათ შეცბუნდა, ცუდად არ გახდესო, სახე დაიწყნარა და სრულიად უშფოთველად გააგრძელა:

_ ნია, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ შენ ჩემგან შვილს არ გააჩენდი? ამის გამო რა დღეები გადავიტანეთ, დაგავიწყდა? რატომ გინდა ყველაფერი თავიდან დაიწყო?

_ იცი? მე და დედამ…

_ არ მაინტერესებს, რა გადაწყვიტეთ შენ და დედაშენმა! _ უცებ წამოხტა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა, მერე ისევ დაჯდა, აამჯერად სკამი სწორად დადგა და მაგიდას გადმოეყუდა, _ ვიცი, რისი თქმაც გინდა, რომ ექიმმა იმედი მოგცა, რომ ესა, რომ ისა! ვიღაც რიგითი გინეკოლოგების არ მჯერა, გესმის? პოლიკლინიკის ექიმი კი არა, პროფესორები და დოცენტები მაქვს შემოვლილი და იმათ არ მოუციათ გარანტია, რომ სრულყოფილი შვილი მეყოლება, შენ კი ვიღაცის ზღაპრებს მიყვები აქ! დაგავიწყდა, რა ცხოვრება გამოიარე? რა დღეში იყავი წლების განმავლობაში, არ გახსოვს? გინდა შენმა შვილმაც იგივე გამოცადოს? ეს გინდა? რატომ დგამ მაგ ბავშვის ცოდვაში ფეხს, გამაგებინე, თუ ქალი ხარ!

კრიჭაშეკრული ვიჯექი. რა თქმა უნდა, სულაც არ მინდოდა ჩემს პირმშოს ჩემი გზა გაევლო, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?

_ ნია, გამეცი ხმა, შენ გელაპარაკები! _ მკლავში ჩამჭიდა ხელი და თითები ისე მომიჭირა, მეტკინა.

ხელი გავაშვებინე, თავი ამაყად ავწიე, თვალები სარკასტულად მოვჭუტე და კბილებშუა გამოვცერი:

_ არა აქვს მნიშვნელობა, როგორი გაჩნდება ჩვენი შვილი. მე მას მაინც გავაჩენ!.. ერთი წუთით, არ შემაწყვეტინო, ძალიან გთხოვ! ადამიანებს უნარშეზღუდული ბავშვები უჩნდებათ და მთელი ცხოვრება მათზე ზრუნვას არიან გადაყოლილნი, სანაგვეზე კი არ აგდებენ! იქნება ჩვენნაირი? იყოს. თუ ჩვენ გავუძელით, ისიც გაუძლებს! აბა, რისთვის ვართ მშობლები? ავუხსნით, შევაგნებინებთ, რაღაცას ვიზამთ. ხო, ყურში არ მესმის, მაგრამ ამით ყველაფერი კი არ დამთავრებულა. სულაც არ მიმაჩნია ჩემი თავი უბედურად. ყველაფერი მაკმაყოფილებს. მყავს მშობლები, მაქვს პროფესია, რომელიც მომწონს და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს. მყავხარ შენ, ეული არ ვარ. არც ფული გვაკლია, არც საჭმელ-სასმელი და არც ადამიანების სითბო და სიყვარული. მერე რა, თუ არ გვესმის? თითო ნაკლი ყველას აქვს. უნაკლო და სრულყოფილი ვინმე გეგულება ამ ქვეყანაზე?

ნიკამ პირი გააღო, ჰაერი შეისუნთქა, მერე სკამზე გადაწვა და ისეთი სახე მიიღო, ამას მაინც ვერაფერს შევაგნებინებო. უცებ ისევ წამოხტა, სახე ახლოს მომიტანა და ტუჩებით დამარცვლით წარმოთქვა:

_ ამ ბავშვს მაინც არ გაგაჩენინებ!

_ მაშინ მიგატოვებ! _ რაც კი ხმა მქონდა, ერთბაშად ამოვუშვი და თითქოს შევმსუბუქდი.

სათქმელი ითქვა.

უეცრად უკან დაიხია, წელში გასწორდა და საოცრად განცვიფრებული მომაჩერდა.

_ მიმატოვებ? _ ჩამეკითხა.

_ ჰო. _ მოკლედ მივუგე და თვალი თვალში გავუყარე.

კარგა ხანს თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს. წამწამებსაც კი არ ვახამხამებდით. მზერათა ორთაბრძოლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ნიკამ ისევ გამოსწია სკამი და გვერდულად ჩამოჯდა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ჩემთან.

_ ნია, შენ ეს შეგიძლია? შენ ჩემი მიტოვება შეგიძლია?

თამამად გავუწორე მზერა.

_ ჩემი შვილის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი! _ არ შევეპუე და სასულეში გაჩხერილი ნერწყვი შეუმჩნევლად გადავაგორე.

_ მერე? როგორ უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ? _ მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ხელის ზურგზე გადამისვა.

პასუხად დუმილი და გამგმირავი მზერა შევაგებე.

_ მიპასუხე! _ ჩემს ნეკს დასწვდა და შეარხია.

_ უშენოდ გავძლებ, ამის გარეშე ვერ! _ თვალებით მუცელზე ვანიშნე.

ადგა და გავიდა. მე კი გაუნძრევლად დავრჩი ჩემს ადგილზე, მკლავები მაგიდაზე გავაცურე და თავი შიგ ჩავრგე.

არ ვიცი, რამდენი წუთი გავიდა. იქნებ საუკუნეც…

როცა შემოვიდა, მე უკვე ნაფიქრი მქონდა. თუ ისევ თავისას გააგრძელებდა, ბარგს ჩავალაგებდი და დედას მივაშურებდი. ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. ზურგს უკან დამიდგა, ხელები მომხვია და თავზე მაკოცა. მერე წამომაყენა, თავისკენ შემატრიალა და ძალუმად მიმიკრა. ვიგრძენი, როგორ უხტოდა გული, ზომაზე მეტად აჩქარებულად. ბოლოს თავი ამიწია და თვალებში ჩამხედა:

_ მაინც გაიტანე შენი. თანახმა ვარ, თუ გინდა გაჩენა, გააჩინე. არ მინდა დაგკარგო. შენ არ იცი, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. უშენოდ წამითაც ვერ გავძლებ, ნია, დედას გეფიცები. რახან ასე წავიდა საქმე, ერთად ვიზრუნოთ ბავშვზე. ორსულობა სერიოზული ამბავია. კარგი კვება გჭირდება, ვიტამინები, ექიმის კონტროლი… ყველაფერს მოგიტან, რაც დაგჭირდება. ერთ ჩემს ნაცნობს დავუმესიჯე წეღან და ტოქსიკოზის წამლებს ხვალვე გამოვწერო, მითხრა. დილით გავუვლი, რეცეპტს გამოვართმევ და ვიყიდი. ვიტამინებსაც დაგიწერო. საღამოს ყველაფერს მოგიტან და ეგ იქნება. კმაყოფილი ხარ? _ მკითხა ბოლოს და შუბლზე მაკოცა.

აი, ზუსტად ეგ შეკითხვა არ მომეწონა. რას ნიშნავდა, კმაყოფილი ხარო? მხოლოდ ჩემი კმაყოფილების გამო თმობდა პოზიციებს, თვითონ კი საერთოდ არ უნდოდა ჩემგან შვილი? რამე მახეს ხომ არ მიგებდა?

ვაითუ ამანაც ისე მომატყუოს, როგორც მე ვატყუებდი ეს თვეები და მუცლის მოსაშლელი აბები შემომატყუოს, მერე სად წავიდე? რომელ ქვას ვახალო თავი? უკვე აღარ ვენდობოდი, რადგან არც მე ვიყავი მისთვის სანდო.

ეს რა შარში გავები. ნეტავ თავიდანვე რომ მცოდნოდა, ბავშვის გაჩენას ამიკრძალავდა, მაინც გავყვებოდი? ალბათ, არა, არ გავყვებოდი. ან იქნებ, გავყვებოდი და სწორედ ისე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი?

ერთი სიტყვით, რაც დავთესე, ზუსტად იმას ვიმკიდი. ნაძალადევად გავუღიმე, კარგი-მეთქი. თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს დამამშვიდა მისმა გადაწყვეტილებამ და საძინებელში გავედი. არადა, სადღა იყო სიმშვიდე. შიშისგან ხელ-ფეხი გამეყინა. დარწმუნებული ვიყავი, მისი ასე უცებ შეცვლის მიზეზი მხოლოდ ვერაგი განზრახვა იყო _ მუცელი მომშლოდა, რისთვისაც თავს არ დაზოგავდა.

დედაჩემი წარამარა მიმესიჯებდა, რა გითხრა ნიკამ, როგორ შეხვდა ახალ ამბავსო. მივწერე, საშიშროებამ ჩაიარა, არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა და არაფერი მემუქრება-მეთქი.

როგორც იქნა, ის ღამე ძლივძლივობით გადავაგორე. ხან ჩამეძინებოდა, ხან გამეღვიძებოდა. მოუსვენრად ვიყავი. აფორიაქებული, შეშფოთებული. ჰაერი არ მყოფნიდა. თითქოს მოსალოდნელმა საშიშროებამ გამაძლიერაო, გულისრევის შეგრძნება სრულიად გამიქრა, მიუხედავად იმისა, რომ უჭმელი დავწექი.

მეორე დილით მოჩვენებითი სიმშვიდით გავაცილე ნიკა სამსახურში, წასვლის წინ თბილად ჩავეხუტე და მადლობაც კი ვუთხარი, თან თავი გავიმართლე, სულაც არ ვაპირებდი დაორსულებას, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეს ამბავი და რადგან ასეა, უნდა შევეგუოთ-მეთქი. გასვლის წინ კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და დიდხანს არ ვუშვებდი. არ მემეტებოდა გასაწირად, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა.

მტკიცედ გადავწყვიტე, როგორც კი გავიგულებდი, მეც გავპარულიყავი. მასთან უკვე აღარ დამედგომებოდა.

_ რა ხდება, შვილო! _ შეიცხადა ლამარამ, როცა კარი გამიღო და ბარგით ხელში დამინახა.

_ წამოვედი, დე! აღარ მინდა მასთან.

დედას ამის გაგონებაზე სახე მოეღრიცა. ჩემი თავი მკერდზე მიიკრა და ორივენი გავყუჩდით.

_ გეჩხუბა? _ მკითხა ცოტა ხნის მერე, როცა ორი გორგოლაჭებიანი ჩანთა საძინებელში შეიტანა და საწოლზე მივწექი.

_ კი.

_ რა, არ მინდა შენგან შვილიო?

_ არაო.

_ აბა, რა ჯანდაბა მინდაო?

_ ავიყვანოთ სხვისი შვილი და ის გავზარდოთო.

დედას ნერვული სიცილი წასკდა.

_ ღმერთო, რა უგვანო კაცი ყოფილა! ვინ იფიქრებდა! როგორი კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა მაგ შეჩვენებულმა! თავისი არ უნდა და სხვისი უნდა? სადაური ლოგიკაა?

დედას დაწვრილებით მოვუყევი ჩვენი საუბრის შესახებ. ჩემი არ იყოს, მასაც ეჭვი შეეპარა, აშკარად რაღაცას გიპირებს, ასე უცებ თუ მოულბა გულიო.

_ მერე გეტყვის, რახან მუცელი მოგეშალა, დეპრესია რომ არ მოგეძალოს, ახლავე ვიმოქმედოთ და ვინმე ვიშვილოთო. აგერ ნახავ, თუ ასე არ მოხდა! _ გაცხარდა ლამარა.

_ არაფერიც არ მოხდება, დედა! მასთან დაბრუნებას არ ვაპირებ, სულ რომ ფეხები გაფშიკოს. გავაჩენ და მერე დავბრუნდები, თუ უნდა. თუ არადა, კარგად იყოს! როგორმე მარტოც გავზრდი ამ ბავშვს!

_ მეც დაგეხმარები, დედიკო, მამაშენიც, ტანიკაც აქ არ გვყავს? შენ არაფერს გაგიჭირვებთ, _ მომეფერა დედა, _ შენ არაფერი დაგაკლდება. იმან იკითხოს, ვისაც შენ დააკლდები!

_ ის მეც დამაკლდება, დე, მაგრამ სამაგიეროდ შვილი შემივსებს მის დანაკლისს, _ მივუგე ლამარას და საკუთარ მუცელს მოვეფერე.

საღამოს ძალიან ცუდად გავხდი. ტოქსიკოზმა მთელი ძალით შემომიტია. ნახევარი საათი გადაყუდებული ვიყავი. ტანიკა, რომელიც მთელი დღე ჩემთან იყო, სასწრაფოდ გავარდა და ვიღაც ექთანი გოგო მოიყვანა გადასხმების გასაკეთებლად. ჯული ერქვა. კი დაფაცურდა ეს ჯული, მაგრამ გამტანჯა. ვერა და ვერ შევიდა ვენაში, ერთიანად დამიჩხვლიტა მკლავი, რომელიც ცოტა ხანში საშინლად გამიშავდა.

_ ძალიან ცუდი ვენები გაქვთ, ჩემი ბრალი არ არის, _ შეცბუნებული მიბოდიშებდა.

ბოლოს ძლივს შეაღწია. ყველას ისე გაგვიხარდა, თითქოს ეს წუთია, მემშობიაროს.

_ ნემსის თავს ვენაში დავტოვებ და ლეიკოთი დაგიმაგრებ, რომ წარამარა საჩხვლეტი არ გამიხდეს, კარგი?

ისე ვიყავი მისავათებული, მხოლოდ თავი დავუქნიე. მთავარი იყო, გადასხმას ემოქმედა და შვება მეგრძნო. რაღაც მომენტში ისიც კი გავიფიქრე, თუ ასე გაგრძელდა, ჩემი ფეხით წავალ აბორტის გასაკეთებლად, სამი თვე ამას რა აიტანს-მეთქი…

გვიან იყო, როცა ნიკა მოვიდა. დედაც ელოდებოდა მის მოსვლას და მეც, რადგან დარეკა და ლამარას ელაპარაკა. ეტყობა, შინ რომ არ დავხვდი, ყველაფერს მიხვდა და შეშფოთდა. ვიცოდი, ასე ადვილად თავს რომ არ დამანებებდა. გადასხმის შემდეგ ოდნავ გამოვკეთდი. გულისრევის შეგრძნება კი მქონდა, მაგრამ ღებინება აღარ, თუმცა მაინც ვიწექი.

ნიკა კოპეშეკრული შემოვიდა ოთახში. სახეგათეთრებულმა დედამ კარამდე მოაცილა და მარტონი დაგვტოვა.

_ რატომ წამოხვედი? _ მოიღუშა ნიკა და საწოლზე ჩამომიჯდა.

_ აქ უკეთ ვიქნები. დედა მომხედავს. მთელი დღე მარტო ვარ და მეშინია, რომ ვერ გავუმკლავდები.

_ მერე ვერ მითხარი? დაგემესიჯებინა მაინც, მთელ თბილისში რომ დაგეძებ! _ გაღიზიანებული მზერით მომაჩერდა.

პასუხის გაცემას დუმილი ვამჯობინე.

_ ნია, იცი რა? მე ასე აქეთ-იქით ვერ ვირბენ. შენც იცი, როგორი სამუშაო მაქვს. ძალიან ვიღლები. მეც მინდა მოხედვა და პატრონობა.

_ მე როგორღა მოგივლი, ნიკა, როცა თვითონ მოსავლელი ვარ? _ გავბრაზდი, _ საჭმელსაც კი ვერ გავაკეთებ, ყველაფრის სუნი მაღიზიანებს, შენიც კი!

_ ვიცი და ამიტომ საუკეთესო გამოსავალს მივაგენი. მამიდაჩემი ხომ იცი, თამარა. მაინც მარტოა, ხმის გამცემი არავინ ჰყავს. ის გადმოვა დროებით ჩვენთან და შენც მოგხედავს, სახლსაც და მეც. წამლებიც მოგიტანე, უბრალოდ, აღარ წამომიღია… უშენოდ სახლი დაცარიელდა, ნია. მინდა სულ ჩემთან იყო, სულ გვერდით მყავდე. შემიცოდე, გთხოვ.

ჩემმა ქმარმა ეს ისეთი დაუცველი გულწრფელობით თქვა, რომ ძნელი იყო, არ დამეჯერებინა. საბანს ჩავებღაუჭე. გული მიბიძგებდა, ცდუნებას ავყოლოდი, მაგრამ გონება მკარნახობდა, არ დავთანხმებოდი.

ნიკამ თავის სიტყვებში სიყვარული და დაპირება ჩადო, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ისინი ჩემი სულის სიმებს შეხებოდნენ, პირიქით, უფრო დამეხმარნენ ჩემი გადაწყვეტილების გამყარებაში.

ავდექი და ხალათი ჩავიცვი. ნიკაც ადგა.

_ ეს რა არის, რას გიგავს მკლავი? _ მომიახლოვდა, ხელი წელზე მომხვია და ლოყაზე მაკოცა. გვერდზე არ გამიწევია. კი მაკოცა, კი ვიდექი მის გვერდით, მაგრამ ორივე ვგრძნობდით, რომ ავტოპილოტივით ვმოქმედებდით, მხოლოდ შინაგან მეხსიერებას ვემორჩილებოდით.

_ ექთანმა ვენა ვერ იპოვა და იმის ბრალია, _ სისხლჩაქცევებზე დავიხედე.

_ ექთანიც ვერ გიპოვიათ ნორმალური, _ დასცდა მეორე საყვედური ჩემს ქმარს, _ ასე როგორ უნდა იყო? ადექი და წავიდეთ. დაბლა ვაჟა მელოდება მანქანით. ესაა შენი ჩანთები? ყველაფერი რომ წამოგიღია, რა, მთელი ცხრა თვე აქ აპირებდი დარჩენას? _ ცივად გაიღიმა.

_ ყველაფერი არ წამომიღია, _ ავპილპილდი, _ რაც მჭირდებოდა, მხოლოდ ის! _ მივახალე და მივხვდი, რომ უკვე ტვინში ამასხა.

_ ჰო, კარგი, კარგი, ნუ მოიგიჟიანებ ახლა თავს. ადექი და ჩაიცვი.

_ არა, ნიკა, არსადაც არ წამოვალ!

შუბლი შეიჭმუხნა.

_ რატომ ასე კატეგორიულად?

_ იმიტომ, რომ დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ. მამიდაშენს წესიერად არც ვიცნობ და რამე რომ მომინდეს, ვერ დავავალდებულებ, გამიკეთოს. დედაჩემი კიდევ დედაჩემია და არაფერში არ დამზარდება. თამარამ შენ მოგიაროს, მე აქ ვრჩები! _ მტკიცედ ვიცავდი ჩემს პოზიციას.

ჩემმა პასუხმა აშკარად დაზაფრა.

_ კი მაგრამ, როდემდე აპირებ აქ დარჩენას?

_ არ ვიცი, ვნახოთ. ალბათ მანამ, სანამ ტოქსიკოზი გამივლის ან… სანამ არ ვიმშობიარებ.

_ გაგიჟდი? რა მშობიარობა, რა ტოქსიკოზი! ნუღარ გადამაყოლებ ახლა ამ ბავშვს! წამოდი დროზე! გელოდები!

_ აი, ზუსტად მაგ სიტყვების გამო არ მოგყვები! _ ვიყვირე და ხელი ვკარი, _ ნუ გადამაყოლე უნდა თქვა საკუთარ შვილზე? შენ ისე გინდა ეს ბავშვი, როგორც მე _ ნაშვილები!

ყვირილზე დედაჩემი შემოვარდა ტუჩებაკანკალებული და თვალცრემლიანი.

_ რა იყო, რა ვერ გაიყავით, ხალხნო, რა გჭირთ? _ მომიახლოვდა და ხელი გადამხვია, _ ნია, რატომ ჩხუბობ, დედა? შენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება, ხომ იცი! ნიკა, შვილო, დარჩეს აქ, მივხედავ, შენც მოგაკლდება საზრუნავი. ამით არაფერი დაშავდება.

_ ჩემი ცოლი ჩემ გვერდით უნდა იყოს, ქალბატონო ლამარა! თქვენც ასე გარბოდით ქმრის სახლიდან, როცა გათხოვდით? _ უდიერად შეეპასუხა ნიკა დედაჩემს.

_ შენ ახლა ცოტა წესიერად!!! _ დააბრიალა თვალები ლამარამ, _ იცოდე, ვისთან როგორ ილაპარაკო!

_ წადი, წადი, წადიიი! _ ისტერიკამ შემიპყრო. ისე გავკიოდი, ვიგრძენი, როგორ წამოვხურდი სახეზე.

ჩემს ქმარს სახე მოექცა. მიხვდა, რომ ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და კარისკენ შეტრიალდა. მე და დედა ჩახუტებულები ვუცქეროდით მიმავალს და ხმას არ ვიღებდით. კართან მისული შემობრუნდა:

_ იფიქრე, ნია, კარგად იფიქრე და ხვალ შეგეხმიანები. თუ ჩემი ცოლობა გინდა, უნდა დაბრუნდე. გთხოვ. მეტს არაფერს გეტყვი, _ თქვა და გავიდა…

კარგა ხანს ვერ დავწყნარდი. დედამ ტანიკას დაურეკა და ისიც მაშინვე მოვიდა. ახლა ორივე ერთად ცდილობდა ჩემს დაწყნარებას.

_ კარგი, გეყოფა, ნუ კანკალებ ასე, რა! _ ტანიკა გვერდიდან არ მშორდებოდა, _ ქალო, ოჯახი თავზე დაიმხე და წვეთი ცრემლი არ გადმოგვარდნია. წაუტირე მაინც ცოტა, იქნებ მოგეშვას.

_ არ მიტირია და არც ვიტირებ. როგორც ჩანს, ცრემლები არაა საჭირო.

_ ხანდახან საჭიროა ნიაკო, სა-ჭი-რო! _ დამიმარცვლა მეგობარმა.

რაღაც უნდა მეღონა. ვიცოდი, ნიკა არ მომასვენებდა, სანამ თავისას არ გაიტანდა. როცა შედარებით დავმშვიდდი, იმაზე დავიწყეთ მსჯელობა, რა გზა გამოგვენახა. ვიფიქრე, ბინას ვიქირავებ, გადავალ და ვერ მომაგნებს-მეთქი, მაგრამ ეს ძვირად დამიჯდებოდა. ვაითუ ვერ გავწვდომოდი.

_ ნია, შვილო, _ შემაპარა დედამ, _ შენ ახლა იმას ემალები, რასაც პირისპირ მამაცურად უნდა დახვდე. წარმოიდგინე, რომ ეს მარათონია და ფინიშამდე სულ რამდენიმე მეტრი გაშორებს. არსად წასვლა არაა საჭირო. ეს შენი სახლია და ვერავინ გაიძულებს აქედან წასვლას.

_ არა, დედა. თუნდაც მარათონი იყოს, ჩათვალე, რომ, უბრალოდ, მეტი სირბილი აღარ შემიძლია. მე ახლა სიმშვიდე მჭირდება, თორემ ამდენ ნერვიულობაში მართლა მომეშლება მუცელი.

_ მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ, _ შესძახა მოულოდნელად ტანიკამ, _ ბებიაჩემის სახლი დაკეტილია მცხეთაში. იქ გადადი და ვერავინ მოგაგნებს. ცოტა ხნით მე გამოგყვები, მერე ლამარა დეიდა შემცვლის. არა? ხომ კარგი აზრია? ნიკას ვუთხრათ, ვითომ მამაშენთან გაემგზავრე უკრაინაში.

ეს აზრი ყველას მოგვეწონა და გადაწყვეტილებაც ერთხმად მივიღეთ. მეორე დილასვე გავუდგებოდით მე და ტანიკა გზას.

კმაყოფილმა მუცელზე მოვისვი ხელი და ჩემს უჩინარ შვილს მივეფერე. ის გახდა ჩემი მომავლის ფანჯარა, რომელიც არასდროს მქონია და ყველა ჩემი შეცდომის გამომსწორებელიც. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი ჩემი სხეულის ყველა უჯრედს ავსებდა…

მეორე დილით, ცხრა საათისთვის, მე და ტანიკა უკვე მცხეთაში ვიყავით. ტანიკამ მანქანა ჭიშკართან შეაჩერა, საბარგულიდან ჩემი გორგოლაჭებიანი ჩემოდანი გადმოიღო და თავისი სპორტული ჩანთა, _ ორივე ტანსაცმლითა და პირველადი მოხმარების ნივთებით გაძეძგილი. მე მოლბერტი და ფუნჯებითა და საღებავებით სავსე ნესესერი ავიღე უკანა სალონიდან და სახლისკენ გავემართე.

ხის ჭიშკარი აჭრიალდა, როგორც კი შევაღე. ტაატით გავუყევი ხავსით დაფარულ კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს, რომელმაც ორი უზარმაზარი, მცველებივით აღმართული ჭადრის შუაში მდგარ ბელეტაჟ სახლამდე მიმიყვანა. ტანიკამ გადამასწრო და კარი გააღო, რომელიც ჭიშკარივით აჭრიალდა. ამ ხმამ სახურავზე შემომსხდარი მტრედები დააფრთხო, ისინი სახურავიდან აფრინდნენ და უკმაყოფილო ღუღუნით ჭადრებს შეეფარნენ.

სპეციფიკური სუნი იდგა ოთახში _ ცოტა სიძველის, ცოტა მტვრის, ცოტა ფიცრების… ერთი კვირა ვცხოვრობდი აქ და ერთხელაც არ დავფიქრებულვარ, ამ სიძველის სურნელით გაჟღენთილ ხის სახლში დიდი ხნით ცხოვრებას შევძლებდი თუ არა.

მზერა ირგვლივ მიმოვატარე.

ექვსლარიანი შპალერი, უხეიროდ გაკვრის გამო ალაგ-ალაგ ამობურცული, თან ჭრელი, როგორც მეჭინჭრიათა სახეობის პეპელა, თაბაშირის ფიგურებით გალამაზებული დაბრეცილი ჭერი და ფიცრული იატაკი, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე რომ ჭრაჭუნობს, ალაგ-ალაგ კი ღრიჩოებს მოუღერებიათ ყელი და გგონია, თითქოს ქვემოდან სიბნელე მოგჩერებია და გითვალთვალებს.

თვალები დავხუჭე და გავირინდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეცხრამეტე საუკუნეში ამოვყავი თავი. თუმცა ასეთ შთაბეჭდილებას მხოლოდ სასტუმრო ოთახი ტოვებდა, თორემ საძინებლები აშკარად გაგრძნობინებდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეს ერთი ნაბიჯითაც არ გასცილებიხარ. ეს ტანიკას ბებოს საყვარელი ოთახი იყო, სადაც ქმართან ერთად ლამის სამოცი წელი გაატარა. სწორედ მისი თხოვნით არ გაარემონტა ფლორამ, ტანიკას დეიდამ ეს ოთახი, რათა დედამისს ქმრის მოგონება მძაფრად შემორჩენოდა. თავიდან ამ სახლში მხოლოდ ეს ერთი ოთახი იყო, დანარჩენები მერე მიაშენეს, როცა ტანიკა გაიზარდა და გაფართოების საჭიროება დადგა. ამიტომ სააბაზანო, სამზარეულო და ორი საძინებელი თანამედროვე სტილში იყო გაწყობილიც და გარემონტებულიც. ცხელი წყალიც ჰქონდათ, ცივიც, გაზქურაც, მაცივარიც, გათბობაც და სარეცხის მანქანაც. ხანდახან, სეზონზე, ტანიკა ორივე საძინებელს აქირავებდა, თან უხაროდა, რომ ბებიამისს დამსვენებლების სახით ხმის გამცემი ეყოლებოდა.

_ მომისმინე, მე რომ არა, ხომ გააქირავებდი ისევ ამ ოთახებს? _ დამნაშავის მზერით შევხედე მეგობარს.

_ არა, რას ამბობ! ახლა ვინღა იქირავებს, თუ ეს ოთახი არ გავარემონტეთ. მაშინ ბებო ცხოვრობდა და სხვა სიტუაცია იყო, იმ ოთახით მდგმურები არ სარგებლობდნენ. ახლა ეგრე არ გამოვა. ამის გარემონტება კი მომავლის საკითხია, ჯერ მაგდენის საშუალება არ გვაქვს, _ დამამშვიდა ტანიკამ, გამომართვა ჩემი მოლბერტი, ნესესერი სახატავი მოწყობილობებით და დივანზე დადო, _ წამო, საძინებელში გავიდეთ.

ტანიკას საძინებელი სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. გამახსენდა ის ერთი კვირა, მე და ჩემი დაქალი აქ რომ ვისვენებდით. რა კარგი დღეები იყო, როგორ დამამშვიდებლად იმოქმედა აქ ყოფნამ მაშინ ჩემზე.

_ ერთად დავწვეთ თუ მე დედაჩემის ოთახში მოვთავსდე? _ შემეკითხა ტანიკა.

_ ერთად რა, მარტო ვერ გავჩერდები. რატომ უნდ ვიყოთ ცალ-ცალკე? შენ ასე გირჩევნია? _ თავი უხერხულად ვიგრძენი.

_ მე კი არა, იქნებ შენ გირჩევნია, რა ვიცი, _ გამიღიმა მეგობარმა და ჩამეხუტა.

_ სულაც არა. მინდა ჩემთან იყო. უფრო სწორად, მე ვიყო შენთან. მერეც მეყოფა მარტო დარჩენა, როცა…

_ არავითარი მარტო დარჩენა! შენ მარტო ვერ იქნები, გასაგებია? მე აგერ ვარ, დედაშენიც, დეიდაჩემიც, მალე პატარა გაჩნდება და დამთავრდა! რა მარტოობაზე ლაპარაკობ? _ მწყრალი მზერით შემომხედა.

_ მართალი ხარ, სად მცალია მარტოობისთვის, _ გავუღიმე და საწოლზე ჩამოვჯექი.

_ მიდი, გამოიცვალე, ცოტა ხანს დაისვენე, მე კი მანამდე გათბობას მივხედავ და აქაურობასაც მივალაგებ, რომ მტვერმა არ შეგაწუხოს, კარგი? თუ გინდა, ტელევიზორი ჩართე და რამეს უყურე, გაერთობი, გულს გადააყოლებ. წარწერებიანი ფილმები ჩართე, რომ გაიგო, _ თქვა და ორი პულტი ერთად მომაჩეჩა, თვითონ კი გასვლა დააპირა.

_ ტანი, ინტერნეტის საქმე როგორ არის?

_ გადასარევად, _ შემობრუნდა ტანიკა, _ ახლავე შევიყვან პაროლს შენს ლეპტოპში და იძრომიალე მერე სადაც გინდა.

_ არა, სოცქსელებში შესვლას არ ვაპირებ… ჯერჯერობით მაინც. არ მინდა რამე მომწეროს, _ ნიკა ვიგულისხმე.

_ კარგი გოგო ხარ, ასე უნდა! ხომ მოვილაპარაკეთ, რომ შენს ტილოებს დროებით მე გავუწევ კურირებას და კლიეტებსაც მე შევხვდები, შენ მხოლოდ არ გაჩერდე და ხატე.

_ თუ ვიქენი ხატვის ხასიათზე, კი, მაგრამ… ეს ტოქსიკოზი მომცემს მუშაობის საშუალებას?

_ არ მოგცემს და ნუ მოგცემს. ჯერ ბლომად ნახატებია შენს საიტზე და ისინი გავყიდოთ. მანამ ახლებიც წამოგვეწევა.

_ რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე! _ სიტყვებითა და მზერით მივეფერე მეგობარს, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე.

_ ვინ გითხრა, რომ არ ვიცი? _ გაიხუმრა ტანიკამ, ენა გამომიყო და გავიდა.

წუხელ ბევრი ვილაპარაკეთ, გეგმები დავაწყვეთ. ტანიკა გააგრძელებდა ჩემი საიტის მართვას და თუ ნიკა შეეხმიანებოდა, ეტყოდა, ნიამ მთხოვა დახმარება, თვითონ აქ არ არის და მის ნაცვლად მე უნდა გავყიდო ნახატებიო. ის კი არა, მობილურის ნომერიც კი გამომაცვლევინა ამ დილით. თავისი მეორე ნომერი მათხოვა და ის ჩადო ჩემს ტელეფონში, რომ ნიკას მესიჯებს არ შევეწუხებინე. კონტაქტების შეცვლა დიდად არ გაგვჭირვებია, რადგან მე და ტანიკას თითქმის ერთი სამეგობრო წრე გვყავდა და სულ რამდენიმე ადამიანის კონტაქტის ჩამატებამ მოგვიწია ახალ ნომერზე.

ასე რომ, ასეთი წვრილმანი პრობლემები უკვე მოგვარებული გვქონდა. თუ ხატვის ხასიათზე ვიქნებოდი, აქვე დავხატავდი, ჩვენს საძინებელში, ან აივანზე გავიდოდი, ან, როცა დათბებოდა, ეზოში ჩავიდოდი.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, იტყვიან. რაც მთავარია, აქ სუფთა ჰაერი არ დამაკლდებოდა. ეზოდანაც გავიდოდით, ეკლესიებშიც ვივლიდით, ტყისკენაც გავისეირნებდით და მთისკენაც. ჩემს შვილს ჟანგბადი არ მოაკლდებოდა.

ამასთან, გადავწყვიტეთ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მივსულიყავით და იქ დავმდგარიყავი აღრიცხვაზე, რათა წარამარა თბილისში არ მერბინა. აქაც შეიძლებოდა ჩემი ორსულობის გაკონტროლება და როცა მშობიარობაზე მიდგებოდა საქმე, მაშინ ჩავსულიყავი თბილისში.

ხომ გითხარით, ერთ ღამეში ყველა საჭირბოროტო საკითხი მოვაგვარეთ-მეთქი. ახლა მხოლოდ სიმშვიდე მჭირდებოდა, სიმშვიდე და მეტი არაფერი.

ტელევიზორი ჩავრთე, ცოტა ხანს მუსიკას მოვუსმინე, მერე კი… ვერაფერი ჩააყუჩებდა ჩემი ფიქრების გნიასს, ჩემს გონებაში რომ ტრიალებდა, როგორც უსასრულოდ გაშვებული ამოჩემებული სიმღერა… ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი სიმღერა.

მოულოდნელად ქარი ამოვარდა, უცებ ჩამობნელდა და თქეშმა დასცხო. აბა, თებერვალში სხვა რა იყო მოსალოდნელი. ცოტა არ იყოს, შემეშინდა. სახლმა თითქოს ქანაობა დაიწყო, როგორც ძველ ხის სახლებს სჩვევიათ, როცა ბნელა, ქარია და ირგვლივ არავინაა… ტანიკას დავუძახე და ისიც მაშინვე მოვარდა, ხელში მტვრის საწმენდი ტილო მოემარჯვებინა.

_ მშვიდობა გაქვს?

_ რატომღაც, შემეშინდა.

_ რისი? ქარის თუ წვიმის? კარგი რა, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. მალე მოვრჩები და მეც შემოგიერთდები. გათბობა ჩართულია, უცებ დათბება. მოიცა, შუქს აგინთებ, თორემ აქ მართლა მაგრად ჩამობნელებულა, _ და თითი ჩამრთველს მიაჭირა.

იქაურობა გაჩახჩახდა და რაღაცნაირი შვება ვიგრძენი. უკვე აღარ მეშინოდა…

მცხეთის ქალთა კონსულტაციაში ჩემი დარეგისტრირების საკითხიც მოვაგვარეთ, გინეკოლოგსაც ვეწვიეთ და გავესაუბრეთ. ერთ კვირაში ყველაფერი მოვასწარით და ავეწყვეთ. ისე მალე შევეგუე ახალ ცხოვრებას, თბილისიდან გამოყოლილი სიმძიმე ერთბაშად მომეხსნა. ტანიკა ხელს არ მანძრევინებდა, ყველაფერს თვითონ აკეთებდა, _ დალაგებას, დარეცხვას თუ სადილის მომზადებას, ყველა საოჯახო საქმეს თავად უძღვებოდა. მე მხოლოდ სასეირნოდ უნდა გავყოლოდი. კი ციოდა გარეთ, მაგრამ ცოტა ხნით მაინც გავდიოდით სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.

დედა წარამარა რეკავდა, მოგვიკითხავდა. მამასაც გაუგია ჩემი ამბავი და ისიც ხშირად მეხმიანებოდა. ფულიც გამომიგზავნა, თან შემპირდა, ყოველკვირა გამოგიგზავნი ცოტ-ცოტას და თუ მეტი დაგჭირდება, მითხარი, არ მოგერიდოსო. განა რისთვის უნდა დამჭირვებოდა? მხოლოდ საჭმელ-სასმელს თუ ვიყიდდით მე და ტანიკა, სხვა არაფერი გვჭირდებოდა. თეატრში ჩვენ არ დავდიოდით, კინოსა და რესტორანში. ვიყავით მოკალათებული თბილ ოთახში და ან ტელევიზორს ვუყურებდით, ან ვმასლაათობდით.

ტანიკა სამსახურში მცხეთიდან დადიოდა, ოღონდ არა ყოველდღე. ხანდახან სახლში მოჰქონდა სამუშაო ფაილები და ჩემ გვერდით მიწოლილი მუშაობდა.

რაც შეეხება ნიკას, ჩემს ყველაზე დიდ ტკივილს, მხოლოდ ლამარასთან ჰქონდა კონტაქტი. მეორე საღამოსვე მოსულა, რადგან ჩემი მობილური გამორთული იყო და ვერ დამიკავშირდა. დედას უთქვამს, ნათესავთან გადავიდა დროებით, მერე კი მამამისთან აპირებს გამგზავრებასო. ამაზე გაგიჟებულა. ასეთი რა მომიძულა, ჩემ გვერდით ყოფნა რომ არ უნდა, რა დავუშავე, ის მაინც მითხრასო. ლამარას უნუგეშებია, ცოტა ხანს დააცადე, ხომ იცი, ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ყველაფერზე მიზეზობს, ცოტა ხანში გაუვლის და დაგიბრუნდება, აბა რას იზამსო.

მე კი დაბრუნებას არ ვაპირებდი. არც ჩემი მისამართის გამხელას. კიდევ ერთხელ რომ მენახა და დაბრუნება ეთხოვა, ვიცოდი, უარს ვეღარ ვეტყოდი. ხანდახან ისე მომაწვებოდა მისი მონატრება, ჭკუიდან ვიშლებოდი. აი, ამაში კი მშველოდა ტოქსიკოზი. გულისრევა რომ დამეწყებოდა, აღარც ნიკა მახსოვდა და აღარც არავინ, მხოლოდ იმას ვნატრობდი, დრო ცოტა ჩქარა გასულიყო და ჩვეულებრივ, უტოქსიკოზო ყოფას დავბრუნებოდი.

დრო მართლა გადიოდა, მაგრამ არც ისე ჩქარა, როგორც მე მინდოდა. იქით ნიკა არ ეშვებოდა ლამარას, აქეთ მე _ ტოქსიკოზი. უფრო და უფრო გამიხშირდა ღებინებები. ჭამის დამთავრებას ვერ ვასწრებდი ხანდახან, რომ უკვე სააბაზანოში გავრბოდი გულის ასარევად.

ბოლოს, როცა გაუსაძლისი გახდა ეს სიტუაცია, დედაჩემს ვთხოვე, ცოტა ხნით ჩამოსულიყო და ტანიკა შეეცვალა. დავტანჯე გოგო, ხშირად ღამითაც კი არ ვაძინებდი ჩემი გასაჭირის გადამკიდე.

_ გუშინწინ ისევ მომადგა სახლში, ფული უნდა დაგიტოვო და ნიას გადაეცი, დასჭირდებაო, _ მიყვებოდა დედა ნიკას ამბებს, _ არაფრით არ გამოვართვი. მაშინ ეს დაიბრუნეთ, მე აღარ მჭირდებაო და კონვერტში ჩადებული 600 დოლარი დამიდო მაგიდაზე. აი, ის ფული, მამაშენმა რომ ჩაურიცხა დაბადების დღეზე.

ამის გაგონებაზე რაღაცამ მარწუხივით მომიჭირა გულზე.

_ არ უნდა დაგეტოვებინა, დე. რატომ გამოართვი?

_ რა უნდა მექნა, შვილო, ძიძგილაობას ხომ არ დავუწყებდი? ის კი არა, შენი დარჩენილი ტანსაცმელიც მოიტანა, ტყუილად დევს გარდერობში, იქნებ როგორ დასჭირდეს ნიას და მოერიდოს წაღებაო.

_ ეს რას ნიშნავს, საბოლოოდ მომიშორა თავიდან? _ აღვშფოთდი.

_ ოოჰ! შენ კიდევ ყველაფერი სხვანაირად უნდა გაიგო. იმან კი არ მოგიშორა, შენ მოიშორე, თუ სიმართლე გინდა. ცოტა არ იყოს, მეცოდება ის ბიჭი. არ იცი, რა დღეშია. მე შენს ადგილზე შევურიგდებოდი. ბოლოს და ბოლოს, მხეცი ხომ არაა, რამე დაგიშავოს?

_ და რომ დამიშავოს? _ ავიფოფრე.

_ ოხხხ, არ ვიცი რა გირჩიო, რა. არ ჰგავს იმ ადამიანს, რამე დაგიშავოს. ქმარია შენი, უყვარხარ და ზრუნავს შენზე. მგონი, შეეგუა შენს ორსულობასაც. იცი, რა მითხრა? ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ყველანაირად გვერდით დავუდგებოდი და რატომ გამექცაო. იქნებ ჰგონია, რომ ბავშვის გაჩენაში ხელს შევუშლი და იმიტომ მემალებაო.

_ კარგი რა, დედა! ახლა იმას ცდილობს, თავი მოგიქონოს, რომ როგორმე მიპოვოს და შენი მოთაფვლით ჩემს კვალს დაადგეს. აღარ გაუღო კარი და არც მესიჯებზე არ უპასუხო, გაიგე?

_ არა მგონია, ეგრე ადვილად მოისვენოს.

_ განა მე არ მენატრება, ხანდახან გული მიმდის, ისე მენატრება, მაგრამ აი, პრინციულად არ მივწერ, არც შევხვდები და არც დაველაპარაკები. ისე იხსენიებს ბავშვს, თითქოს სხვისგან ვიყო ორსულად. თუ ვუყვარვარ, მოითმინოს ცოტა, თუ არადა, სადაც უნდა, იქ წავიდეს და ვინც უნდა ის შეიყვაროს. აი. ვიმშობიარებ და მერე ვნახოთ. თუ ბავშვიანად მიმიღებს, დავბრუნდები.

_ როგორი ფხუკიანები და ჯინიანები ხართ ახლანდელი ახალგაზრდები. თქვენსას ვერაფერს გაიგებს კაცი. თან გინდათ ოჯახის შენარჩუნება, თან თქვენ-თქვენს პრინციპებს არ ღალატობთ. ასე არაფერი გამოვა, შვილო!

_ აბა, რას მირჩევ? შევურიგდე და მერე აბორტის გასაკეთებლად ვირბინო? _ ხმა ავუწიე.

_ ნუ ყვირი და ნუ ნერვიულობ, _ დამიყვავა ლამარამ, _ რატომ უნდა ირბინო აბორტის გასაკეთებლად? გეუბნება ის ბიჭი, დაბრუნდი და ყველაფერი ძვველებურად იქნებაო. აწი ვეღარც დაგაძალებს მუცლის მოშლას.

_ შენ არ გესმის, რას ნიშნავს ძველებურად ყოფნა? აგიხსნი მაშინ: ანუ არ უნდა ვიყო ორსულად და ეს ბავშვი არ უნდა გავაჩინო! აი, ამას ნიშნავს. შენ არ გინახავს მისი სახე, როცა აბორტის გაკეთებას მთხოვდა. იცი, რა ტონით მელაპარაკებოდა? მეგონა, შუაზე გამგლეჯდა!

_ მერე რა? ბოლოს ხომ მოულბა გული? ასე მგონია, არ გესმით ერთმანეთის. როგორც ვატყობ, ორივემ იჩქარეთ. ჯერ კარგად უნდა გაგეცნოთ ერთმანეთი და დაქორწინებაზე მერე გეფიქრათ, ბატონო! ახალი სადარდებელი მოგვიმატეთ ორივემ მეც და მამაშენსაც. დარწმუნებული ვარ, მისი მშობლებიც არ იქნებიან უკეთეს დღეში.

_ მაგათ შეიძლება არც იციან.

_ შენ რა იცი?

_ რა ვიცი და დედამისი მეუბნებოდა, ერთი სული მაქვს, ბავშვი როდის გეყოლებათ და ჩემი ნიკას შვილს გულში ჩავიხუტებო.

დედას გული აუჩუყდა და თვალები ცრემლით აევსო. მე კი ისევ ღებინების შეგრძნებამ შემომიტია და სააბაზანოში გავვარდი…

რაც დედა მცხეთაში ჩამოვიდა და ტანიკა თბილისში გადავიდა, ნიკამ „მარშრუტი შეცვალა“. რახან დედა დაუსხლტა ხელიდან, ტანიკას მიადგა ჩემი მისამართის დასადგენად. ტანიკამ ცივად მოიშორა თავიდან. ლამარა დეიდამ უკრაინაში წაიყვანა ნია, ამიტომაც არ გიღებს კარს და მესიჯებზე არ გპასუხობსო. „მოსიარულე ცხედარს დაემსგავსა, _ მწერდა ტანიკა, _ აღარ ვიცი, რა ვუთხრა. იქნებ შეეხმიანო, ნია და შენ აუხსნა?“

მეტი ვეღარ მოვითმინე. არა იმიტომ, რომ შემეცოდა. სულაც არ მეცოდებოდა, რადგან მეც არ შემიცოდა. გადავწყვიტე, უფრო მკაცრად დავლაპარაკებოდი და მეთქვა, თავი დაენებებინა ჩემთვის. ამიტომ გვიან ღამით, უფრო გამთენიისას, როცა ლამის მთელ ქალაქს ეძინა, ფეისბუქში შევედი და შეტყობინება დავუტოვე:

„ნიკა, ნუღარ მეძებ. მე შენთან არ დავბრუნდები. ამ ეტაპზე მაინც. ვიმშობიარებ და მერე ვნახოთ. თუ მანამდე არ გაგიჩნდა სხვისი შერთვის სურვილი, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. თუ ვერ მოიცდი, ბედნიერებას გისურვებ. ოღონდ ეს რამდენიმე თვე ნურც მე შემაწუხებ, ნურც დედაჩემს და ნურც ჩემს დაქალს. უკვე თავს გვაბეზრებ!“

დაუნდობლად კი გამომივიდა ბოლო ფრაზა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. სხვანაირად მისგან თავს ვერ დავიხსნიდი. მე კიდევ კარგი, მაგრამ დედაჩემი და ტანიკა რა შუაში იყო? ჩემზე უფრო ისინი იჭყლიტებოდნენ.

მეორე დღეს, როცა ჩემი გაგზავნილი შეტყობინება გადავამოწმე, ვნახე, რომ წაკითხული ჰქონდა, მაგრამ პასუხი არ მოუწერია. ცოტა არ იყოს, გული დამწყდა. დამწყდა კი არა, მეწყინა. ცოტა მოულოდნელიც კი იყო მისგან ასეთი საქციელი. თუ მანამდე ქვეყანას აქცევდა, მე რომ მივწერე, რატომ არ გამხადა პასუხის ღირსი?

ამას ვერ ვიგებდი. ვიგრძენი, როგორ შემელახა ქალური თავმოყვარეობა. თურმე როგორ მინდოდა, შემხვეწებოდა, დაბრუნება ეთხოვა, სიტყვა მოეცა, რომ ჩემზე იზრუნებდა, არაფერს დამაკლებდა. მართალია, მაინც არ დავბრუნდებოდი, მაგრამ ნამდვილად მესიამოვნებოდა. ის კი ასე უთქმელად ჩამომშორდა.

სიმართლე ერთი იყო _ ძალიან ცუდად ვიქცეოდი და ცუდად ვფიქრობდი, თუმცა ამას თავისი გამართლება ჰქონდა _ მას ჩემგან შვილი არ უნდოდა!

იმ შეტყობინების მერე ნიკა არ გამოჩენილა. არც ტანიკა შეუწუხებია და არც დედაჩემი. სამაგიეროდ, მე ვერ ვისვენებდი. ნეტავ რას აკეთებს? როგორ უმკლავდება თავის უბედურებას? ნეტავ თუ ხვდება, რომ არც მე ვარ უკეთეს დღეში? თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჯიუტად ვიმეორებდი გონებაში _ მას უნდა, რომ მის საკუთრებად მივაჩნდე, თორემ არა მგონია, ასე ძლიერად შევყვარებოდი-მეთქი. თუმცა არც ამის გაფიქრება მგვრიდა შვებას.

თვეების განმავლობაში ყოველდღე ვამოწმებდი მესენჯერს, მაგრამ ნიკასგან შეტყობინებები არ მომსვლია. ბოლოს იმედი გადავიწურე, ხელი ჩავიქნიე და შემოწმებებსაც შევეშვი. ასე ვთქვათ, ბედს შევეგუე.

ამასობაში გამოგაზაფხულდა. მუცელი წამომეზარდა, რაც უზომოდ მახარებდა. ხანდახან სპეციალურად გამოვწევდი წინ, რომ უფრო გამომებზიკა და ორსულობა მეტად დამტყობოდა. სამმა თვემაც გაიარა და ტოქსიკოზიც შემიწყდა. ბავშვიც იძრა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ტანიკა და დედა ერთმანეთს ცვლიდნენ. ხან ერთი რჩებოდა ჩემთან, ხან მეორე. როცა დათბა და კვირტებისა და ყვავილების სურნელი ჰაერში დატრიალდა, გარეთ გასვლასა და სეირნობას მოვუხშირე. ამასთან, ნიკაზე ფიქრი წამითაც არ მშორდებოდა გონებიდან. მაინტერესებდა, როგორ ძლებდა უჩემოდ, რას აკეთებდა და რით ცხოვრობდა. ვახსოვდი თუ სამუდამოდ დამივიწყა. ფეისბუქზე აღარ შემოდიოდა. არც თავის გვერდს ანახლებდა, სადაც დიზაინერული ნამუშევრები ედო და კლიენტებს იზიდავდა.

მე ხატვა ისევ დავიწყე. რადგან გუნება გამომიკეთდა და გული აღარ მერეოდა, რაღა შემიშლიდა ხელს? მედიატორად ტანიკა მყავდა. ის დებდა ჩემს ნახატებს, ფასსაც ის უთანხმებდა მსურველებს და შეხვედრებზეც თვითონ მიდიოდა. მერე ფული ჩემთან მოჰქონდა. ვალში რომ არ ვყოფილიყავი მეგობართან, მცხეთის კომუნალურებს მე ვიხდიდი. ცოცხალი თავით არ დავანებე, როცა გაპროტესტება სცადა. ვუთხარი, საერთოდ წავალ აქედან, თუ ამაზე არ დამთანხმდები-მეთქი. ბოლოს დამნებდა. ერთი-ორჯერ მამამაც ჩაურიცხა საკმაოდ სოლიდური თანხა, ჩემს გოგოს რომ უვლი და ყურადღებას აქცევ, შენ ამას იმსახურებო. მართალია, იუხერხულა, მაგრამ ბოლოს ამასაც შეეგუა.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. სადარდებელიც ბევრი არაფერი მქონდა, ნიკას გარდა, თუმცა ვიმედოვნებდი, რომ კარგად იქნებოდა და თავის თავს არაფერს გაუჭირვებდა. ისღა მაფიქრებდა, მშობიარობის შემდეგ თუ მომაკითხავდა და დაბრუნებას თუ მთხოვდა. მერე ნამდვილად არ ვეტყოდი უარს და სიხარულითაც კი გავეკიდებოდი, მაგრამ მოუნდებოდა კი? ვინ იცის, იქნებ კიდევაც დაქორწინდა?

ამის გაფიქრებაზე ცეცხლი მეკიდებოდა და თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ასეთ შემთხვევაში განქორწინება უნდა მოეთხოვა. თან ჯვარდაწერილებიც ვიყავით. განა ეს არ შეუშლიდა ხელს მეორე ცოლის მოყვანაში? თუმცა ვინ იცის… ზოგი ამას საერთოდაც არ აქცევს ყურადღებას.

ზაფხულიც მოვიდა. ერთ დღეს რაღაცნაირმა ტკივილმა შემაწუხა. მანამდე მუცელი ერთხელაც არ წამომტკივებია, ახლა კი თითქოს ორივე გვერდზე ლურსმნებივით რაღაც მერჭობოდა. შემეშინდა. ვიფიქრე, მოშლის პირას ვარ და დავიღუპე-მეთქი. სახლში ტანიკა იყო, დედა ორი დღის წინ გავისტუმრე თბილისში. შეშინებულმა ტანიკამ მაშინვე მანქანაში ჩამსვა და სამედიცინო ცენტრში გამაქანა.

ისედაც მიწევდა ექოსკოპიის გაკეთება, ერთი თვის წინ უნდა გამეკეთებინა და არ წავედი, რა საჩქაროა, ცოტა კიდევ გაიზარდოს ნაყოფი, რომ სქესი უფრო კარგად გამოჩნდეს-მეთქი. თან მშვიდად ვიყავი, რადგან არანაირ ცუდ სიმპტომს არ შევუწუხებივარ. ახლა კი საშინლად ავფორიაქდი. ნაყოფი უკვე ექვს თვემდე იქნებოდა და ტკივილები დამეწყო. მუცელი რომ მომშლოდა, ალბათ, თავს არ ვიცოცხლებდი!

_ სად იყავით აქამდე, ნია? _ მისაყვედურა გინეკოლოგმა, _ რამდენი კვირაა თქვენს გამოჩენას ველოდები. ნუ ნერვიულობთ, ასე რატომ განიცდით? შეიძლება ნაყოფი გაწვებათ და იმის ბრალია. სისხლდენა თუ არ გაქვთ, ესე იგი, საგანგაშო არაფერია. შედით ექოსკოპიაზე, იციან უკვე და გელოდებიან.

ძლივს შევლასლასდი ჩემი უკვე კარგად გამობერილი მუცლით ექოს კაბინეტში. საშუალო ასაკის ქალმა გამამხნევებლად გამიღიმა. ტანიკა იქვე ჩამოჯდა. იმასაც შიში ეხატა სახეზე. როგორია, აქამდე მოხვიდე და უცებ ბაც! მოგეშალოს!

ნეტავ რას მეტყვიან? ოღონდ მშვიდობა იყოს! ოღონდ შვილი შემინარჩუნე, ღმერთო!

ქალი კარგა ხანს იკვლევდა ჩემს საშვილოსნოს, მაგრამ ხმას არ იღებდა.

_ როგორაა საქმე, ექიმო? _ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ამოვიკნავლე, თან დაჟინებით მივჩერებოდი სახეში.

_ ყველაფერი რიგზეა, მშვენივრად ერთობიან ბიჭები, _ თქვა ქალმა სიცილით.

ვერაფერს მივხვდი. ვიფიქრე, ალბათ ტუჩების მოძრაობით კარგად ვერ გავიგე, რა თქვა-მეთქი, მაგრამ ამ დროს ტანიკა წამოხტა და თვალებანთებული ექიმს მივარდა. დაბნეული მივჩერებოდი ხან ერთს, ხან მეორეს, რაღაცას რომ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი.

_ რა, არ იცოდით? _ მხოლოდ ეს გავიგე ექოსკოპისტის ნათქვამიდან.

მერე ტანიკამ, როგორც იცოდა ხოლმე, ტაში შემოჰკრა და პატარა გოგოსავით ჰაერში შეხტა.

_ ტანი, რა ხდება? _ უმწეოდ მივაჩერდი.

ტანიკა ჩემკენ დაიხარა და ტუჩების გამოკვეთილი მოძრაობით წარმოთქვა:

_ ნია, ტყუპი ბიჭი გიზის მუცელში!

რა იყო ეს? რა გამოცდა მომიმზადა ბედისწერამ? ტყუპიო! „ელდა მეცა“, ალბათ, ნაწილობრივ თუ გამოხატავს იმ მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდი. ასეთ რამეს ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. ერთდროულად ორი შვილი ერთად! გავუძლებდი კი ამ გამოწვევას? წამებში იმდენმა ფიქრმა გაიელვა ჩემს გონებაში, დათვლას ვერ მოასწრებდა ადამიანი. ფიქრიც არის და ფიქრიც! სულ ცუდ რამეებზე მეფიქრებოდა:

ვაითუ ორივე სმენადაქვეითებული დაიბადოს!

ვაითუ მშობიარობა ვერ გადავიტანო და დავიღუპო, ბავშვები კი უპატრონოდ დარჩნენ!

ვაითუ ჩემი დაღუპვის შემთხვევაში ნიკამ ხელები დაიბანოს და ბავშვები შვილებად არ აღიაროს!

საწყალი დედაჩემი! რა დღეები ელის ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი.

ღმერთო, როგორ უნდა გავზარდო ორი შვილი? ერთდროულად როგორ ვაჭამო? როგორ დავაძინო? როგორ დავაშოშმინო, თუ ორივე ერთად ატირდება?..

გონებაში სრული ქაოსი გამეფდა. ტანიკა რაღაცებს მეუბნებოდა სახეგაბრწყინებული, მე კი ისე მქონდა თვალებზე ბინდი გადაკრული, ვერ ვხედავდი, რას მეუბნებოდა, რადგან ვერ ვხედავდი მის ტუჩებს…

არ დამიცდია, ექოსკოპიის პასუხს როდის გამიმზადებდნენ. ავდექი და კაბინეტიდან გამოვედი. არა, გამოვლასლასდი. იქვე ქალები ისხდნენ, ზოგი მუცლით, ზოგი უმუცლოდ. ეტყობა, საშინელი ფერი მედო სახეზე, ან საერთოდ არ მედო არანაირი ფერი, ან რაღაც უღმერთობა იკითხებოდა ჩემს თვალებში, რადგან ორი დაახლოებით ჩემი ტოლი გოგო, ორივე მუცელგაბერილი, სწრაფად წამოდგა ჩემთვის ადგილის დასათმობად.

მადლობაც ვერ ვუთხარი, ისე დავჯექი სკამზე. არა, დავეხეთქე. სიმწრის ოფლმა გამოჟონა საფეთქლებთან.

ერთი ჩემკენ დაიხარა და რაღაც მკითხა.

უმწეოდ ავხედე და ტუჩებზე დავაკვირდი.

_ ცუდად ხომ არ ხართ? წყალი ხომ არ გინდათ? _ თანაგრძნობით მეკითხებოდა.

_ ორი ბავშვი მყავს მუცელში, _ შევჩივლესავით სრულიად უცხო ადამიანს.

ქალს სახე გაებადრა, სხვებს გადახედა და ჩემი ფერწასულობის მიზეზი ამცნო.

ალბათ, ხმამაღლა.

ალბათ, უდიდესი სიხარულით.

მე კი იმწუთას ვერაფერს ვგრძნობდი. დაცლილი ვიყავი ყოველგვარი ემოციისგან.

სრულიად დაცლილი…

ამ დროს ტანიკაც გამოვიდა ექოსკოპიის პასუხით ხელში და ამ ყოფაში რომ დამინახა, კოპები შეიკრა.

_ რა გემართება? _ მაჯაში წამავლო ხელი, _ რამ შეგაშინა, აქ არ ვართ? _ ამ სიტყვებით წამომაყენა და მიმიხუტა.

იქ მყოფი ყველა ქალი ტანიკას დაესია. აშკარად ჩანდა, შეკითხვები დააყარეს. ისიც ღიმილით სცემდა პასუხს, თუმცა შეღონებული სახით. მაგათთვის ეცალა? ლამისაა ხელიდან გამოვცლოდი.

ფეხზე ძლივს ვიდექი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს უკვე ცხრა თვის ორსული ვიყავი და ორი ნაყოფი ერთად მამძიმებდა, ნაბიჯის გადადგმაში მიშლიდა ხელს, წელს მწყვეტდა.

ამ მდგომარეობაში მყოფი ტანიკასთან ერთად ძლივძლივობით მივადექი გინეკოლოგის კაბინეტს…

ლამარა ჩემზე უარეს დღეში ჩავარდა, ტყუპის ამბავი რომ გაიგო. ერთი საათიც არ დასჭირვებია თბილისიდან ჩამოსასვლელად. მგონი, ფრთები გამოისხა და გამოფრინდა. როცა ტანიკამ ყველაფერს მოუყვა, სახეზე გადაფითრდა, ოფლმა დაასხა და ჭიქასა და გრაფინს ეცა წყლის ჩამოსასხმელად, მაგრამ ისე აუკანკალდა ხელი, ჭიქა კინაღამ გაუვარდა. ტანიკა მიეხმარა, წყალი დაუსხა და დედაჩემმაც ისეთი მოწყურებით გადაუშვა ხახაში სავსე ჭიქა, თითქოს მთელი კვირა წვეთი არ დაელიოს.

როგორც იქნა, მოეგო გონს და ორივე შეგვათვალიერა.

_ ნამდვილად ტყუპია? იქნებ შეცდომაა რამე. ყველაფერი ხდება, _ თქვა ბოლოს.

_ არაა შეცდომა, აგერაა ფირი, _ მიუგო ტანიკამ და ექოს ფირი დედას წინ დაუდო.

ლამარამ კარგა ხანს ათვალიერა შავ-თეთრი გამოსახულებები, ხან აქეთ შეატრიალა, ხან იქით… ჩემზე მეტად იყო დაბნეული და არეული.

_ ღმერთო, იმის ნაცვლად, რომ მიხაროდეს, არ ვიცი, რომელ ქვას ვახალო თავი, _ თვალზე ცრემლი მოადგა დედას, _ ჩემი ტანჯული შვილი.

_ კარგი რა, ლამარა დეიდა! ორს ერთად რა ჯობია? ისე უცებ გაიზრდებიან, ვერც ვიგრძნობთ.

_ ჰო, აბა რა, აბა რა, _ უცებ მოცოცხლდა დედაჩემი, _ უბრალოდ, ხომ გესმის, იმდენად მოულოდნელი იყო, ცოტა გააზრება მჭირდება. _ მერე მე მომიბრუნდა, _ შენ არ ინერვიულო, დედიკო, ძალიან კარგი, ორი თუა. ერთად გავზრდით ყველანი, მე, შენ, ტანიკა, მამაშენი. იქნებ მერე მამამისსაც მოუბრუნდეს გული, ვინ იცის. საგანგაშო არაფერია. ახლა მთავარია, არ ინერვიულო, ორსულობა კარგად ჩამთავრდეს და მშვიდად იმშობიარო. დანარჩენს ყველაფერს მოევლება, შეუძლებელი არაფერია, ხომ იცი. _ მარიგებდა ლამარა.

მეც მექანიკურად ვუქნევდი თავს, არც სიხარულის გამოხატვის უნარი შემრჩენოდა და არც შიშის.

საკუთარ თავში ტკივილს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოულობდი. თითქოს ჰერბერტ უელსის „უჩინარი კაცივით“ ახერხებდა დამალვას. ალბათ, სისველე თუ მაპოვნინებდა მხოლოდ, როგორც იმ წიგნშია, ჩემს შემთხვევაში კი ცრემლი, რომელსაც კარგა ხანია მივეტოვებინე და სიახლოვეს არ მეკარებოდა.

ჰო, ასე ვიყავი. სადღაც მტკიოდა, მაგრამ ამ ტკივილს ვერ გრძნობდი. რატომ მტკიოდა, იმასაც ვერ ვხვდებოდი. რაც უფრო მეტად ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას დედაჩემი და ტანიკა, მით უფრო ვმძიმდებოდი, უფრო ვიკეტებოდი ჩემს ნაჭუჭში და ვწყევლიდი ჩემი გაჩენის დღეს. თუ ასეთი ხვედრი მელოდა, რატომ გამაჩინა მაშინ მამაზეციერმა? რა საჭირო იყო ჩემი ამქვეყნად მოვლინება?

იმიტომ, რომ ყველაზე უმაგრესი ბიჭების დედა უნდა გახდე, სულელო! _ ჩამძახა შინაგანმა ხმამ უკვე საღამოს, დივანზე წამოწოლილი რომ ვსევდიანობდი.

მართლაცდა, რა მაშინებს? ერთდროულად ორი ბაჭუკელა რომ ირბენს სახლში, ამაზე დიდი ბედნიერება შეიძლება არსებობდეს? _ ამ აზრმა მხნეობა შემმატა. უეცრად ისეთი მოზღვავებით ვიგრძენი სიხარული და ბედნიერება, კმაყოფილებისგან გავიზმორე. ორი ერთნაირი პატარა! ორი ბიჭი! ტყუპისცალები! რა ჯობია, როცა წამოიზრდებიან და ერთდროულად მოირბენენ ჩემთან „დედა! დედას“ ძახილით! მე კი, მათი მსგავსების გამო, გამიჭირდება გარჩევა, რომელი რომელია! ნორმალური ვარ ახლა მე? სიხარულით მეცამეტე ცას უნდა ვწვდებოდე! არა, მეცხრამეტეს! ჰოდა, ვწვდები, ბატონო! ჩემი ბიჭები სამაგალითოები დაიზრდებიან! ნიაკოს ლეკვები!..

ერთი სიტყვით, სამთა თათბირზე ერთხმად გადაწყვიტეთ: მშობიარობამდე მცხეთაში დავრჩებოდი, მეცხრე თვეში გადასვლისთანავე კი თბილისში გადავბარგდებოდი და იქ ვიმშობიარებდი. დედა უკვე საუკეთესო მეანს ეძებდა ჩემთვის, საუკეთესო კლინიკას და საუკეთესო პირობებს, რაშიც ტანიკაც აქტიურად ეხმარებოდა.

მე კი ყოველ დილით, რადგან უკვე თბილი ამინდები დაიჭირა, ჟაკეტს მოვისხამდი მხრებზე და შემოგარენს სასეირნოდ მივაშურებდი. თუ მარტო არ ვიყავი და ტანიკა ან დედა, ან ორივე ერთად მახლდა, უფრო შორსაც მივდიოდით. განსაკუთრებით იმ ადგილებს ვნახულობდი, სადაც მე და ტანიკამ დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარეთ. ჩიტების ჟღურტული არ მესმოდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით მავსებდა, იქვე მოწანწკარე ნაკადულიც და მოშრიალე ხეებიც. განა არ გამომიცდია, როგორ ხმას გამოსცემს მოშრიალე ხე, მოწანწკარე ნაკადული და მოჟღურტულე ჩიტები? ერთ დროს ხომ მეც მესმოდა მათი ხმები!

აღარაფერზე აღარ ვდარდობდი. ვცდილობდი, ნიკაზეც კი არ მეფიქრა ბევრი, რათა არ მენერვიულა.

მასზე კი აღარაფერი ისმოდა. არც კარგი, არც ცუდი. ან ცამ ჩაყლაპა, ან მიწამ, ან ორივემ ერთად. არ გამოჩენილა და არც აპირებდა გამოჩენას.

ამასობაში მუცელი უფრო და უფრო წამომეზარდა. უფრო და უფრო მიჭირდა სიარული. სახე და ფეხები დამისივდა, მუცელი ზომაზე მეტად გამებერა, სახეზე ყავისფერი ლაქები, ეგრეთ წოდებული ტალები გამიმრავლდა. ნაყოფები, ორივე ერთად, დიაფრაგმაზე ხანდახან ისე მაწვებოდა, ტკივილს ვგრძნობდი. ამან, როგორც ექიმმა მითხრა, გულძმარვაც გამოიწვია და სუნთქვის გაძნელებაც. წონაც მომემატა. აღარ ვიყავი ის წელწვრილი გოგო, ჩემი აღნაგობით თავი რომ მომწონდა.

მეშვიდე თვეში რომ გადავიდა ჩემი ორსულობა, გინეკოლოგმა სასტიკად გამაფრთხილა, ნაკლები ჭამე, 9 კილოგრამზე მეტი რომ მოიმატო, მშობიარობა გაგიჭირდება, მით უფრო, რომ ორი ბავშვი გიზის მუცელშიო. არადა, ისეთი მადა მქონდა, ერთ ჭამაზე ერთი ქათმის შესანსვლა შემეძლო.

გადავედი დიეტაზე. არაჟანში შერეულ ხაჭოს მივეძალე, სტაფილოს წვენსა და მსუბუქ სალათებს. ექიმის ყველა დანიშნულებას ზედმიწევნით გულმოდგინედ ვასრულებდი.

აი, ხატვით კი ვეღარ ვხატავდი, რადგან ფეხზე დიდხანს დგომა არ შემეძლო, დამჯდარს კი არასდროს არაფერი დამიხატავს. სამაგიეროდ ვცდილობდი, რაც შეიძლება ბევრი მევლო ფეხით. გინეკოლოგმა ისიც მითხრა, ყველაზე კარგი ვარჯიშია კიბეზე ასვლა-ჩამოსვლაო, მაგრამ აბა, კიბე სად იყო? ტანიკას ბებიის სახლს სულ ექვსი საფეხური ჰქონდა, ამიტომ ვინ იცის, დილა-საღამოს, სანამ მზე დააცხუნებდა, რამდენჯერ ავივლიდი და ჩამოვივლიდი ამ ექვს საფეხურს. მერე, შუადღისას, სახლის გვერდით მდგარ ჭადრის ხეს შევაფარებდი თავს _ ხან ერთს, მარჯვენა მხარეს, ხან მეორეს, _ მარცხენა მხარეს, იმისდა მიხედვით, მზე საიდან აჭერდა.

დღის განმავლობაში ძირითადად მარტო ვიყავი. ტანიკა საღამომდე სამსახურში იყო, როცა დედა თბილისში რჩებოდა. თუ დედა ჩემთან იყო, მაშინ ერთად გავდიოდით ჩემს „საორსულო დავალებებს“. ისიც ჩემთან ერთად სეირნობდა, ჩემთან ერთად ადიოდა და ჩამოდიოდა კიბეზე, ჩემთან ერთად ჯდებოდა ჭადრების ძირში და ასე გაგვყავდა დრო.

ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ჩემი შვილები მუცელში გაინავარდებდნენ. ხან სად ამომიბურცავდნენ მუცელს თავიანთი ფეხებით, ხან სად. ასე მეგონა, იქ, შიგნით, ერთი დაკა-დაკა ჰქონდათ გამართული და ჩხუბობდნენ. ამის წარმოდგენაზე მეღიმებოდა.

_ რომ წამოიზრდებიან, ჩხუბი მერე ნახე შენ, _ სიცილით მეტყოდა ლამარა, _ სათამაშოს გულისთვის რომ დაერევიან ერთმანეთს.

მსიამოვნებდა ასეთი რამეების მოსმენა და როგორც კი ჩემი ბიჭები ამოქმედდებოდნენ~, გარედან ვეფერებოდი მუცელს, თან ვეჩურჩულებოდი ორივეს, ბავშვებო, არ იჩხუბოთ, თქვენ ძმები ხართ და ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ-მეთქი. თითქოს ესმოდათ ჩემი, მაშინვე მიყუჩდებოდნენ ხოლმე ორივენი…

სექტემბრის დასაწყისში თბილისში გადმოვბარგდი. უკვე ვიცოდი, სადაც და ვისთანაც უნდა მემშობიარა. ჩემს მეანთან, უკეთილშობილეს ქალბატონ მარიანასთან კონსულტაციებიც გავიარე. ყველაფერი რიგში იყო, არანაირი გართულება არ მქონია, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა მშობიარობის დრო, მით უფრო მემატებოდა ღელვა. ვნერვიულობდი. ცოტა შფოთვაც დამჩემდა. მგონი, მეშინოდა. რა ბედნიერებაა, როცა ასეთ დროს ქმარი გიდგას გვერდით, გამხნევებს. ნეტავი იმ ქალებს, ვის მშობიარობასაც მეუღლე ესწრება. წარმომიდგენია, რამხელა ძალაა, როცა ქმარს შენი ხელი უჭირავს და იმ ყველაფერს ისევე განიცდის, როგორც შენ. ასე მგონია, ამის შემდეგ არცერთი ქმარი ცოლს არ მიატოვებს, რაც არ უნდა მოხდეს.

მე კი… მე სადღა მყავდა ქმარი! ნიკამ მიმატოვა… თუ მე მივატოვე… ვწუხდი ამაზე. როცა მისგან წამოვედი, ასეთ რამეებზე არც დავფიქრებულვარ. იმდენად დაზაფრული ვიყავი მისი საქციელით, წინ არ ვიხედებოდი. ალბათ, შევცდი, როცა დაბრუნება მთხოვა და არ დავბრუნდი. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი ახსნა. არდაბრუნების მიზეზს გამართლებას ვუძებნიდი _ შემეშინდა, რამე არ დაეშავებინა ჩემი მუცლისთვის. შეიძლება სასაცილოა ასე ფიქრი, მაგრამ მაშინ ყველაფრის მეშინოდა და ამიტომ საკუთარ თავს არ ვამტყუნებდი.

საინტერესოა, როცა გაიგებს, რომ ორი ბიჭის მამაა, არ დაინტერესდება თავისი შვილებით? თუნდაც ორივე ყრუ დაიბადოს და ამასთან, მუნჯიც, შვილი ხომ შვილია? ნუთუ ხელს გვკრავს? ნუთუ ზურგს გვაქცევს?

როგორც კი აქამდე მივიდოდა ჩემი ფიქრები, მაშინვე სხვა რამეზე გადამქონდა ყურადღება, რათა ზედმეტად არ მენერვიულა. ხვალინდელი ხვალ ვნახოთ-მეთქი, შევუძახებდი ჩემს თავს და ისევ ჩემს პატარა გოლიათებს მივაყურადებდი, კიდევ ხომ არ უტყაპუნებენ ერთმანეთს-მეთქი.

სულ რაღაც ერთი კვირა იყო დარჩენილი მშობიარობამდე, რომ რაღაც უგუნებოდ შევიქენი, თითქოს სუნთქვა მიჭირდა, შფოთვამაც უარესად მიმატა. რა თქმა უნდა, ორივე ნაყოფი გაიზარდა და უფრო მოაწვა ჩემს დიაფრაგმას, რამაც სუნთქვის გართულება გამოიწვია, მაგრამ შფოთვა? თანაც, მუცლის მარჯვენა მხარე ძალიან აქტიურობდა, სულ მოძრაობდა, მარცხენა კი ორი-სამი დღე არ გატოკებულა.

ამან ძალიან შემაშინა. მაშინვე ექიმს მივაშურე. როცა ვუთხარი, რაც მაშფოთებდა, ეგრევე ექოზე გამაქანეს. ერთხანს რაღაც ილაპარაკეს, თავებიც აქნიეს, ხელებიც შალეს, მაგრამ ბოლოს მაინც გაიღიმეს.

_ ნუ გეშინია, ნია, საგანგაშო არაფერია. ერთი ძალიან ცელქია, მეორეს ჩაგრავს. ამიტომაც ის მეორე ცდილობს გაერიდოს, რომ არც ძმა შეაწუხოს და არც თვითონ შეწუხდეს. ამწუთას კი ორივეს სძინავს, _ მითხრა მარიანამ და თავზე ხელი დამადო.

როგორ მესიამოვნა მისი ნათქვამი და მისი ხელი. ერთმაც გამათბო და მეორემაც.

მიუხედავად ამისა, სამშობიაროში დამტოვეს. მაინც რისკია, აჯობებს აქ იყო, როცა ტკივილები დაგეწყებაო.

მართალია, ჩემს სახლში მერჩივნა, მაგრამ დავრჩი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მაინც ვიქნებოდი.

მამაჩემმა თავი არ დაზოგა. ყოველკვირა უგზავნიდა დედას ფულს, რა იცი, რაში დაგჭირდეთ, გქონდეთ და გამოიყენეთო.

ტანიკა ცალკე საქმეებით იყო დაკავებული _ დილიდან საღამომდე დარბოდა, აქეთ ბავშვის ჩასაცმელებიო. იქით ორგანყოფილებიანი ეტლი და საწოლიო… ყველაფრით მომამარაგა, სანამ ვიმშობიარებდი.

და ჩემი მამიკოც აგზავნიდა და აგზავნიდა ფულებს…

13 სექტემბერს ვიმშობიარე. რა თქმა უნდა, გამიჭირდა, მაგრამ მაინც ორივე უსაფრთხოდ `გავაგორე~. თურმე ისე ვყვიროდი, ჩემი ხმა სამშობიაროს მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. ეს მერე მითხრეს, როცა ყველაფერი მშვიდობიანად ჩამთავრდა.

ჯერ ის გამოძვრა, რომელიც უფრო აქტიური იყო, მაგრამ წესიერად არც შემითვალიერებია, რადგან მეორეს ველოდებოდი. ასე მეგონა, მას მთლად ყველაფერი ვერ ექნებოდა რიგზე. ექვსი წუთის შემდეგ დაიბადა მეორე, რომელიც თურმე უცნაურ ხმაზე ტიროდა. კი არ ტიროდა, უფრო ხაოდაო, მითხრეს. არადა, პირველს ისეთი ბოხი ხმა ჰქონია, დაუნგრევია იქაურობა.

რა საშინელებაა, როცა დედას შვილის ხმა არ ესმის. მე ხომ ვერასდროს მოვუყვები ჩემს შვილებს მათი პირველი ტირილის შესახებ. არა, კი მოვუყვები, მაგრამ მხოლოდ სხვისგან გაგონილს…

როცა ორივე დაიბადა, მხოლოდ მაშინ მოვეშვი. ახლა უკვე აღარაფრის მეშინოდა. პირველი ზუსტად სამ კილოგრამსა და ორას გრამს იწონიდა, მეორე _ ორ კილოგრამსა და ექვსას გრამს. მართლა დაუჩაგრავს ერთს მეორე.

ყველაზე ბედნიერი წუთები მაინც ის იყო, როცა მოგვიანებით ორივე შეფუთნილი შემომიყვანეს და აქეთ-იქით მომიწვინეს, უკვე ნაჭამი და კმაყოფილი. სულ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთი თეთრი იყო, უფრო სწორად, ვარდისფერი, მეორე კი შავგვრემანი, შავი თმით. შავთმიანი უფრო დიდი ჩანდა და მივხვდი, პირველი ის დაიბადა და სწორედ ის აქტიურობდა დედიკოს მუცელში. ისეთი ხშირი თმა ჰქონდა, გაოცებული დავყურებდი. მეორეს კი თმის ნატამალი არ ეტყობოდა, მელოტივით მოტვლეპილი ჰქონდა თავი. არადა, სულ ერთნაირებს წარმოვიდგენდი ხოლმე, გაჭრილი ვაშლივით ერთმანეთის მსგავსს. თქვენც არ მომიკვდეთ! როგორც ჩანს, ერთი ჩემი ასლი იქნებოდა, მეორე _ მამამისის, თუმცა ჯერ ნაადრევი იყო დასკვნების გამოტანა.

დაიბადნენ ბავშვები და ახალი თავსატეხი გამიჩნდა. უცნაური ის იყო, რომ მათ სახელებზე არ მიფიქრია. ერთხელ თქვა დედამ, ერთს მამაშენის სახელი დაარქვი, მეორეს მამამთილისო და ამის მერე კრინტიც არ დაგვიძრავს ამის თაობაზე. ახლა კი უცებ გამახსენდა, რომ ჩემს შვილებს სახელები არ ჰქონდათ.

რა დამერქმია? მართლა მამაჩემის და ნიკას მამის? მამაჩემი კიდევ ჰო, მაგრამ ნიკას მამა რა შუაში იყო? მისი მშობლები ერთხელაც არ დაინტერესებულან, რატომ გავეყარე, სად წავედი, თავს როგორ ვგრძნობდი. ერთხელ არ დარეკეს და მომიკითხეს!

არა, სხვა რამე უნდა შემერჩია. მამა ნამდვილად არ დამრჩებოდა ნაწყენი, თუ ჩემი რომელიმე ბიჭი მისი სეხნია არ გახდებოდა. მე და მამას ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ადვილად გამიგებდა.

ავიღე ჩემი მობილური და ინტერნეტში ბიჭის ქართული სახელების ქექვას შევუდექი. უცხოური არ მინდოდა. რაღაც ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ეს უცხოური სახელები, თითქოს ქართული დაილია. მინდოდა რაღაც ძალიან, ძალიან ჩვენებური ყოფილიყო.

ბოლოს არჩევანი ორ სახელზე შევაჩერე _ ანდრია და მინდია. თან ხმოვანებით ჰგავდა ერთმანეთს, ტყუპისცალებს მოუხდებოდათ, თან საქართველოში ოდითგანვე დამკვიდრებული სახელები იყო.

დედას ცოტა სახე შეეცვალა, როცა ჩემი გადაწყვეტილება გავანდე, მაგრამ არ შემწინააღმდეგებია…

და აი, წამოვედით სახლში მე, დედა, ტანიკა, ტანიკას დეიდა, მინდია და ანდრია. ტანიკას დამსახურებით, შინ ყველაფერი დამხვდა, რაც პატარებისთვის მჭირდებოდა. პამპერსის გორები ელაგა ოთახში. ორი ერთნაირი წყლის ბოთლებიც კი არ უყიდია ჩემს მეგობარს. რახან ბავშვები ერთმანეთს ნაკლებად ჰგვანან, ჯობია ერთნაირი არაფერი ჰქონდეთო. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინცო. დავიბენი. არ ვიცოდი, ამაში დავთანხმებოდი თუ არა. მე ხომ სულ ორ ერთნაირ რამეებზე ვოცნებობდი, თუმცა დიდად არ ავფორიაქებულვარ. ჯერ მართლა ისეთი პაწუკები იყვნენ, ამაზე წუხილი არ ღირდა.

რძე, ღვთის მადლით, მქონდა, ამიტომ ხელოვნური კვება არ დამჭირვებია. მთავარი პრობლემაც მოვაგვარე, _ თუ ორივე ერთდროულად ატირდებოდა, მონაცვლობით ხან ერთს ჩავჩრიდი ძუძუს პირში, ხან მეორეს, ხანაც, თუ გაუსაძლისი სიტუაცია შეიქმნებოდა, ორივეს ერთად. ცუდი ის იყო, რომ როცა ორივეს ერთად ვაწოვებდი, მკლავები მეღლებოდა. ორი სამკილოგრამიანი ბავშვის ხელში ერთად დაჭერა არ იყო ადვილი საქმე.

დედა წუხდა. ნეტავ ეგრევე გაგშრობოდა რძე, ამ წვალებას ასცდებოდიო. ისიც კი შემომაპარა, ხელოვნურზე ხომ არ გადავიყვანოთო. სასტიკად შევეწინააღმდეგე და გავუწყერი, ღვთის მადლით, ბუნებრივ კვებაზე მყავს ბავშვები, რატომ უნდა გადავიყვანო ხელოვნურზე-მეთქი.

მესმოდა მისი, მე ვეცოდებოდი, მაგრამ ჩემს წვალებას ვჩიოდი? ოღონდ კი ჯანმრთელები ყოფილიყვნენ და ყველაფერს გავიჭირვებდი.

თავიდან პრობლემა შემექმნა, სანამ სადინარები გაიხსნებოდა და რძე წამოვიდოდა. ეს კერტებიც ისე მტკიოდა და ისე დამისკდა, სიმწრისგან ვიკლაკნებოდი, მაგრამ მაინც არ ვეპუებოდი. ტანიკამ, როგორც ყოველთვის, გამოძებნა ვიღაც ქალი, რომელიც ყოველდღე მოდიოდა და მასაჟებს მიტარებდა.

ერთი თვის თავზე ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ტკივილები უკვე აღარ მაწუხებდა, ნახეთქებიც მომიშუშდა და დავმშვიდდი.

ბიჭები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდნენ და გადასხვაფერდებოდნენ. აქტიურს, ანუ ანდრიას, მგლის მადა ჰქონდა. არასდროს არ იყო უარზე, ოღონდ ძუძუ მოეხელთებინა. აი, მინდია კი ცოტას ზარმაცობდა. ჭამა დაწყებული არ ჰქონდა, რომ ჩაეძინებოდა ხოლმე და მერე მის გაღვიძებაზე სამი ქალი `მუშაობდა~ _ ან დედაჩემი, ან ტანიკა, ან მე. მინდია უფრო მეცოდებოდა. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა მის შემხედვარეს, თითქოს მართლა დაჩაგრული იყო, ამიტომ მინდოდა მისთვის უფრო მეტი მეჭმია.

სამი ქალი წელში ვწყდებოდით, რომ ბავშვებს არაფერი დაჰკლებოდათ, ავად არ გამხდარიყვნენ, რძიანები არ გასჩენოდათ, კუჭი არ აშლოდათ… დიეტასაც მკაცრად ვიცავდი. არავითარი ზედმეტცხიმიანი, ან მლაშე, ან ტკბილი. არავითარი ნიგვზიანი, ან მწარე, ან ცხარე, ან ნამცხვარი… სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სამ თვემდე ისე მივიყვანე, ფრჩხილიც არ წამოსტკენიათ. მართალია, გაზები მაინც უგროვდებოდათ, მაგრამ ამასაც ასე თუ ისე ვუმკლავდებოდით. რას დავეძებდი უძილო ღამეებს, პატარების კაპრიზებს, მუცლის შებერილობის გამო, ოღონდ კი სხვა სადარდებელი არაფერი გამჩენოდა.

ამასთან, ჩემი ყველაზე დიდი შიშიც არ გამართლდა. რამხელა ბედნიერება იყო, როცა ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, სპეციალურად გაჯახუნებულ კარზე ორივეს თითქმის ერთნაირი რეაქცია ჰქონდა _ შეკრთომა. ესე იგი, ორივეს ესმოდა. ამაზე დიდი სიხარული რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის?

ისეთი უსაზღვრო იყო ჩემი ბედნიერება, დავფრინავდი. საათობით დავყურებდი ჩემს პირმშოებს, როცა ძილში გაიღიმებდნენ, ნაჭამები პირს გააცმაცუნებდნენ, თითებს გაფარჩხავდნენ და ფეხებს ააფართხალებდნენ. მათ ყურებას არაფერი ჯობდა.

ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის იყო, რომ ანდრიასა და მინდიას ესმოდათ! ისინი დედისა და მამის `კვალს არ გაჰყვნენ~. არ ვიცი, მერე რას გვიმზადებდა ცხოვრება, მაგრამ პირველ ეტაპზე ყველაფერი ისე იყო, როგორც ვნატრობდი.

ზამთარი ახლოვდებოდა და ცოტა აცივდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბავშვები გარეთ მაინც გამყავდა. ჩავაწვენდი ორგანყოფილებიან საბავშვო ეტლში, კარგად ჩავფუთნიდი ისე, რომ მხოლოდ პაწუა ცხვირებს გამოვუჩენდი და სამივენი ვლაშქრავდით თბილისის ქუჩებს. დავასეირნებდი ჩემს შვილებს და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. რატომღაც, სულ მქონდა იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს სადმე ნიკას გადავწყდებოდი. ვერ დავიჯერებდი, ჩემი მშობიარობის ამბავი არ გაეგო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლომახლო იქნებოდა ჩასაფრებული, რათა ერთ მშვენიერ დღეს `სრულიად მოულოდნელად~ გზად `შემჩეხებოდა~…

რამდენჯერ მთხოვა ტანიკამ, ბავშვების ფოტოები ფეისბუქზე დავდოთ და დავანახვოთ მამამისს, როგორი გოლიათები ჰყავსო, მაგრამ სულ უარზე ვიყავი. ბავშვებით გამარიაჟებას არ ვაპირებდი იმის გამო, რომ მათი სურათები ნიკას ენახა. არადა, მინდოდა სცოდნოდა. ჩემი მოლოდინი, რომ სადმე გზად ვითომ შემთხვევით გადამეყრებოდა, არ გამართლდა. ამან ერთობ დამასევდიანა. როგორც ჩანს, საბოლოოდ აიყარა გული ჩემზე, გაქცევა არ მაპატია და ვინ იცის, იქნებ მეორე ცოლიც კი შეირთო-მეთქი, ვფიქრობდი. თუმცა მეორე ცოლის მოსაყვანად გარკვეული სვლები იყო საჭირო _ მაგალითად, ჩემთან განქორწინება. თუმცა დღეს ვინ უყურებს იმას, ქმარსა და ცოლს ერთმანეთთან სამოქალაქო ქორწინება აკავშირებთ თუ არა. მაგრამ ჯვარიც რომ არ გვქონდა აყრილი? ალბათ, ესეც დროის ფაქტორი იყო. როცა საჭიროება მოიტანდა, ის ამას მომთხოვდა და მეც უარს ვერ ვეტყოდი.

ინტერესი მკლავდა, როგორ ცხოვრობდა ეს წლები, რას განიცდიდა, ვახსენდებოდი თუ არა, მაგრამ როგორ? ერთხელ ისიც კი გადავწყვიტე, ვაჟას შევეხმიანები, ბოლოს და ბოლოს მეჯვარეა ჩვენი და მაქვს უფლება, მოვიკითხო, ნიკას ამბავსაც გავიგებ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. შემეშინდა. სიმართლის გაგების შემეშინდა. თუ ცოლი არ შეურთავს, რა უშლიდა ხელს, თვითონ დაინტერესებული ჩემი ამბით? თუ ყველაფერი იცოდა და შეგნებულად მარიდებდა თავს?

არცერთ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მქონდა. მე კი ვიტანჯებოდი.

ბოლოს მომბეზრდა საკუთარი თავის ტანჯვა და ერთ დღესაც ვთქვი _ მორჩა! მეყოფა სიყვარულზე ფიქრი, წყალსაც წაუღია სიყვარულიც და ყველა კაციც! მე ორი შვილის დედა ვარ! ორი მაგარი ბიჭის!

არადა… რა ჩემი ბრალია, თუ შემიყვარდა? ისე მიყვარდა, ისე, ისე, რომ მის შეჩერებას ვერ ვახერხებდი. თურმე როგორი უიღბლო ვყოფილვარ, თუმცა რატომ მიკვირს? ბოლო წლებში მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი დავიდარაბა იყო და სხვა არაფერი. ყველაფერი მიგვიანდებოდა და ნებისმიერ შესაძლებლობას ხელიდან ვუშვებდი.

რაც დრო გადიოდა, მით მეტი ძალისხმევით ვცდილობდი ქმრის დავიწყებას, მაგრამ არც გული მაძლევდა ამის საშუალებას და არც გონება. ორივე თავს მესხმოდა, როცა გავიფიქრებდი, ნიკა ჩემთვის აღარ არსებობს-მეთქი. სწორედ მაშინ დამიდგებოდა თვალწინ ჩვენი პირველი შეხვედრა, სიყვარულში გამოტყდომა, ჯვრისწერა, ქორწილი და ის თვეები, როცა ბედნიერებისგან კანში ვეღარ ვეტეოდი. სწორედ ამ სევდიანი მოგონებების გასაბათილებლად გავიხსენებდი ხოლმე არასასიამოვნო თუ უსიამოვნო ეპიზოდებს _ პირველ ღამეს გამოყენებულ პრეზერვატივს, ბავშვის გაჩენაზე სასტიკ უარს, კატეგორიულად აბორტის მოთხოვნას და სხვა დანარჩენს.

ამასობაში ჩემი ბიჭები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდნენ. დრო სწრაფად გარბოდა. იქნებ პირიქითაც. დრო იდგა და ჩვენ გავრბოდით. მინდიამ და ანდრიამ პირველი სიტყვების წარმოთქმაც ისწავლეს _ დედა, ბებო, ბაბუა, მამა. ჰო, მამასაც ვასწავლიდი. დავიჭერდი ნიკას სურათს და ორივეს ვეუბნებოდი, რომ ეს იყო მამა, მათი მამა. როცა უფრო წამოიზარდნენ, ერთად გადაღებულ ვიდეოებსაც ვუჩვენებდი ბავშვებს, სადაც ნიკა `ცოცხლად~ ჩანდა _ მოძრაობდა, იცინოდა, ლაპარაკობდა, მეხვეოდა და მკოცნიდა. არ ვიცი, რატომ ვაკეთებდი ამას. რატომღაც, გულში მაინც შემრჩენოდა იმედის ნაპერწკალი, რომ ერთხელაც მამა მათ სანახავად მოვიდოდა ან… ან მე მივიყვანდი მათ მამის გასაცნობად. თუმცა ამის გამკეთებელი ნამდვილად არ ვიყავი.

ბიჭები ორი წლის რომ გახდნენ, პირველად გადავუხადე დაბადების დღე ბავშვთა ცენტრში. მართალია, ჯერ ბევრი არაფერი ესმოდათ, მაგრამ მაინც გაერთნენ. თანაც, ძალიან მინდოდა ვიდეოზე აღმებეჭდა ეს დღე, რათა მომავალში ჩემს შვილებს თავიანთი წარსულის შესახებ ყველაფერი სცოდნოდათ.

ცუდი ბავშვები არ იყვნენ, მათი გაზრდა არ მიჭირდა, თან დედაც მეხმარებოდა. მერე მამამაც დააპირა ჩამოსვლა, მომენატრეთ და ვერ ვითმენ, ერთი კვირით გესტუმრებითო. ჰოდა, მე და ლამარა გულის ფანცქალით ველოდით მამიკოს ჩამოსვლას. ბავშვებიც შევამზადეთ, ბაბუა ჩამოვა და ველოსიპედებს ჩამოგიტანთო. ამასობაში მე და ტანიკას ორი სამთვლიანი, ზუსტად ერთნაირი ველოსიპედი გამზადებული გვქონდა, როცა მამა ჩამოვიდოდა, ვითომ მან ჩამოუტანა შვილიშვილებს, ეგრევე გამოვაჩენდით. კარგა ხნის წინ გამოგზავნა მამამ ველოსიპედების ფული, შვილიშვილები არ დამიჩაგროთ მანდო. ახლა ეს ველოსიპედები ტანიკას ბინაში `იმალებოდნენ~ და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ გამოსაჩენად. აბა, მართლა კიევიდან ხომ არ ვათრევინებდი გივის ექვს ბორბალსა და ორ საჭეს, თბილისის ბაზრობებზე მაგის მეტი რა ეყარა!

მამა იანვარში ჩამოვიდა. რამხელა სიხარული იყო მისი ჩამოსვლა ჩვენთვის. დედა პატარა გოგოსავით დაქროდა წინ და უკან. შეცვლილი მეჩვენა გივი, ცოტა შეფერთხილი, უფრო გაჭაღარავებული.

უამრავი საჩუქარი ჩამოგვიტანა. ჩვენ ცალკე, ბიჭებს ცალკე და ტანიკას ცალკე. ტანიკამ ველოსიპედებიც მაშინვე ამოარბებინა და უნდა გენახათ, რა ჟრიამული იდგა ჩვენს ბინაში. ხომ ორივე ერთნაირი იყო, მაგრამ მაინც დახოცეს მინდიამ და ანდრიამ ერთმანეთი. არა ეს არის ჩემი და არა ესო. ძლივს დავაწყნარეთ. გივიმ ივაჟკაცა და `კაცურად~ აუხსნა ბიჭებს, რომ ძმებს სათამაშოს გამო არ უნდა ეჩხუბათ და რაც ჰქონდათ, თანაბრად უნდა გაეყოთ. თუ მისი მოგწონს, ცოტა ხნით შენით იარე და მერე ერთმანეთში გაცვალეთო. ჰმ… ძნელია ორი წლის და ოთხი თვის ბავშვებს შეაგნებინო, როგორ მოიქცნენ და რას ნიშნავს ჭეშმარიტი ძმობა.

გივის ჩამოსვლამ ბავშვები ძალიან გაახალისა. სულ გარეთ ჰყავდა მამას შვილიშვილები გაყვანილი, დაატარებდა აქეთ-იქით და ყველა სურვილს უსრულებდა.

ერთი კვირის შემდეგ კი გაემგზავრა და ყველანი დავნაღვლიანდით. არასდროს დამავიწყდება მამას აწყლიანებული თვალები, როცა სახლიდან გადიოდა…

მაისი დაიწყო. საღამო ხანი იყო, ბავშვები სათამაშო მოედანზე მყავდა ჩაყვანილი და ამოსვლისთანავე სააბაზანოში ვუკარი თავი, რათა დამებანა. ორივეს ერთდროულად დაბანა მიჭირდა, ამიტომ ყოველთვის დედა მეხმარებოდა. მაგრამ დღეს დედა გვიან მოვიდოდა და არ დაველოდე, მარტომ ვიჯახირე.

ის იყო, ორივე დავბანე, ჩავაცვი და კომპიუტერთან დავსვი მულტფილმების საყურებლად, რომ ტანიკა ამოვიდა. ისეთი სახე ჰქონდა, არ მომეწონა. დედა შინ არ იყო, უეცრად ის ვიფიქრე, ლამარას რამე ხომ არ დაემართა-მეთქი.

ეგრევე ვეტაკე.

_ არა, გოგო ლამარა დეიდა რა შუაშია, სხვა რამე უნდა გითხრა! _ ტანიკამ იდაყვში ხელი ჩამავლო და ოთახიდან სამზარეულოში გამიყვანა.

_ შენ ყავა მოადუღე, მე ახალ ამბავს მოგიყვები, _ მითხრა და სკამზე გვერდულად ჩამომჯდარმა შუბლზე გადაისვა ხელი.

_ ამოთქვი ახლა, თორემ ყავას ვერ ეღირსები! _ დავემუქრე და წინ დავუჯექი.

_ დღეს ვაჟა შემხვდა, თქვენი მეჯვარე, _ ტანიკა წინ გადმოიხარა და ისეთი სახით ამოთქვა ეს სიტყვები, თითქოს უდიდეს საიდუმლოს მანდობდა.

ვიგრძენი, როგორ გავფითრდი. აშკარა იყო, ნიკაზე რაღაც შეეტყო და ის უნდა მოეყოლა.

_ მერე?

_ დაადგი მადუღარა, მე ვილაპარაკებ, შენ ყავას მიხედე, _ თითქოს ჯიბრზე აჭიანურებდა საუბარს.

_ ჰო, ახლავე, _ დაბნეული წამოვხტი და მადუღარას ვეცი.

სანამ წყალი ადუღდებოდა, ორი ფინჯანი გავამზადე, ჩავყარე ყავაც, შაქარიც და მაშინვე დავჯექი.

_ მერე?

_ მერე გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. მოგიკითხა, როგორ არისო. არ სცოდნია, ბავშვები რომ გყავდა. იცი, როგორ გაუკვირდა? ნიკამ რატომ არაფერი მითხრაო. ალბათ, არც იმან იცის-მეთქი… მიდი, გამოირთო მადუღარა! _ ხელზე შემეხო ტანიკა.

უხ, როგორ ვბრაზობდი. რა მეყავებოდა, როცა ამისთანა ამბავს მიყვებოდა. ჩქარ-ჩქარა შევავსე ფინჯნები ადუღებული წყლით და ორივე მაგიდაზე დავდე. ტანიკამ ერთი ფინჯანი თავისკენ მისწია და ოდნავ მოსვა.

_ აღარ იტყვი? _ მოთმინება გამომელია.

_ ვიტყვი, ვიტყვი, ქალო, ნუ შემჭამე! _ ყასიდად გამიბრაზდა დაქალი და შეთქმულივით გამიღიმა.

მის ტუჩებს თვალს არ ვაშორებდი, რათა ერთი სიტყვაც კი არ გამომრჩენოდა.

_ ნიკას თურმე სამი წლის წინ დედ-მამა დაღუპვია. იქ, კანადაში რაღაც ლაბორატორია აფეთქებულა, სადაც მამამისი მუშაობდა. იმ დროს შემთხვევით დედამისიც იქ ყოფილა და ორივე გარდაცვლილა. სანამ ხანძარს ჩააქრობდნენ, გაგუდულან თურმე. 60 თანამშრომლიდან სულ 13 გადარჩენილა. ხომ წარმოგიდგენია, ნიკა ამას რომ გაიგებდა, რა დღეში ჩავარდებოდა.

თავზარი დამეცა. რა ცუდი ამბავი მომხდარა, მე კი არაფერი გამიგია. ვინ იცის, როგორ სჭირდებოდა იმწუთას გვერდში მდგომი, მას კი არავინ ჰყავდა. განა დაახლოებით იმ პერიოდში არ გამოვექეცი მეც? აი, თურმე რატომ აღარ გამოჩნდა…

_ მერე? მერე?

_ რა მერე, მთავრობის ხელშეწყობით ჩამოუსვენებიათ და დაუსაფლავებიათ. მაგარ დეპრესიაში იყოო. სახლიდან აღარ გამოდიოდაო. ძმაკაცებსაც არ იკარებდა თურმე, სულ სვამდა და სვამდა. საშინელი დღეები გამოუვლია. ერთხანს ჩვენც გავერიდეთო, ვაჟამ. სახლში აღარ გვიშვებდაო. და უცებ, ერთ დღეს ისევ გამოჩნდაო. მოწესრიგებული, თავდაჯერებული, ვითომ არაფერიც არ მომხდარა, ისე. დაუწყია მუშაობა და დაბრუნებია ჩვეულ ცხოვრებას. მამიდამისი თამარა უვლიდა თურმე.

_ ახლა როგორ არისო?

_ ახლა? რა ვიცი, კარგად. შვილი ჰყავსო, გოგო და იმას ზრდისო.

_ შვილიო? გოგო? _ გაოცებისგან თმა ყალყზე დამიდგა.

_ ჰო, ვაჟამ ასე მითხრა. მაგ ბავშვმა მოაბრუნა ცხოვრებისკენო.

_ ანუ ცოლი შეირთო?

_ ალბათ, ნიაკო, რა ვიცი მე, _ მხრები აიჩეჩა ტანიკამ და ისევ ყავას დასწვდა.

გამწარებულმა ხელზე ხელი ვკარი და ფინჯანი კინაღამ გავაგდებინე. ყავა გადმოიღვარა და მაგიდაზე შავ ლაქად გაწვა.

_ გაგიჟდი? რა გემართება? _ წამოხტა ტანიკა.

_ მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, ტანი, ბოდიში, რა. გაანებე თავი, იყოს, არა უშავს, მაინც გასარეცხია ეს სუფრა, ჯანდაბას მაგის თავი. შენ ის მითხარი, არ ჰკითხე, ცოლი მოიყვანა თუ არა?

_ აბა, ბავშვს ჰაერიდან გააჩენდა შენი აზრით? მოიყვანა, ალბათ.

_ კი მაგრამ, როგორ არ ჰკითხე? _ გამწარებულმა რაც ხმა მქონდა, მთელი ძალით ამოვუშვი ყელიდან. კიდევ კარგი, არ მესმოდა ჩემი ბღავილი.

_ ვკითხე, განა არ ვკითხე, მაგრამ ზუსტად მაშინ წაუჩერა ვიღაცამ მანქანა, ჩქარა ჩაჯექი, საქმე გვაქვსო, დიდი მორიდებით დამემშვიდობა და დავრჩი მარტო. შენ ხომ არ აცლი ადამიანს არაფრის ბოლომდე თქმას. კინაღამ დამწვი ამხელა ქალი! _ მისაყვედურა მეგობარმა და ყავის თითქმის ცარიელ ფინჯანს დანანებით დახედა.

უკვე აღარაფრის გაგონება არ მსურდა. შურისძიების წყურვილით აღვივსე. თუ რამდენიმე წუთის წინ ნიკას საცოდაობით გულ-მუცელი მეწვოდა, ახლა მისი სიკვდილის ამბავი რომ გამეგო, სიხარულით ალბათ დავლურს დავუვლიდი.

თურმე ამდენი წელი ტყუილად მქონია მასთან შერიგების იმედი. თურმე სხვა ჰყოლია და მე არც კი ვახსენდებოდი! რა შტერი ვარ, რა სულელი, რა მიამიტი! შვილიც კი გააჩენინა იმ ვიღაცას. ალბათ, ჩემ ჯინაზე!

ისე ვიყავი გაცოფებული, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ტანიკა გავაფრთხილე, ჩემებთან არაფერი წამოგცდეს, თორემ შენი და ჩემი მეგობრობა აქვე დამთავრდება-მეთქი. თან ისე უკმეხად ველაპარაკებოდი, აშკარად ვაწყენინე. ადგა და ხმის ამოუღებლად წავიდა.

მერე კი ვინანე. ის რა შუაში იყო ჩემს გასაჭირთან, მაგრამ იმწუთას ვერაფერს ვეღარ ვსაზღვრავდი.

შევეცადე, როგორმე დავწყნარებულიყავი. მაგიდიდან სუფრა ავიღე და სარეცხ მანქანაში შევაგდე, ფინჯნებს კი ნიჟარაში ვუკარი თავი.

როგორც იქნა, ბავშვების ძილის დრომაც მოაწია და ორივე მივაძინე. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა. არ მინდოდა გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიმეღო და შეცდომა დამეშვა. ჩემი საქციელი სანანებელი რომ გამხდომოდა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, მაგრამ ისე მინდოდა ნიკაზე რაღაცით მაინც შური მეძია, ვერ ვისვენებდი.

ლეპტოპი მოვიმარჯვე და მის ფეისგვერდზე გადავედი. საკუთარი პროფილი დამალული ჰქონდა, მხოლოდ სამუშაო გვერდი ფიქსირდებოდა სოცქსელში. ამას ახლა ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. გადაწყვეტილება უკვე მივიღე და უკან დახევას არ ვაპირებდი. არც ვაციე, არც ვაცხელე და ბავშვების ფოტოები პირადში ჩავუგდე _ ერთი, მეორე, მესამე… ბოლოს დაბადების დღეს გადაღებული ვიდეოც მივაყოლე.

როცა საქმეს მოვრჩი, ლეპტოპი ეგრევე დავხურე. გული ისეთი გამალებით მიძგერდა, მეგონა აფეთქდებოდა. ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა, ამ ფოტოებსა და ვიდეოს რომ ნახავდა? რას მომწერდა? თუ პასუხის ღირსადაც არ გამხდიდა? ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ტელეფონის ეკრანი განათდა. სუნთქვა გამიჩერდა. მივხვდი, პასუხი მოვიდა. როგორც ჩანს, თვითონაც ქსელში იყო.

ისევ გავხსენი ნოუთბუქი… შემართული ცერი გამოუგზავნია, წითელი გულები და ბოლოს _ ცრემლიანი სიცილაკი.

გული შემეკუმშა. არაფერს არ მწერდა, არცერთ სიტყვას, მაგრამ ამ სიმბოლური ნიშნებით ბევრ რამეს მეუბნებოდა. რა უნდა მეპასუხა? იყო კი პასუხის ღირსი? დაჯდეს ახლა და იტიროს, თუ კარგია. ამისთანა შვილები ჰყავს და ერთხელ არ მოუკითხავს. ჰოდა, ჰყავდეს ახალი ცოლი და გოგო, თავის ორ ძეს კი ვერასდროს ეღირსება.

სწორედ ამ დროს თვითონაც გამოგზავნა ფოტო _ პატარა, ლამაზი გოგოს სურათი, დაახლოებით ორი წლის იქნებოდა. საყვარელი ბავშვი იყო, ქერა თმით და ბრიალა შავი თვალებით. ჰმ… სამაგიეროს მიხდიდა? აქაოდა, არც მე ვარ უშვილოო? ამის თქმას ცდილობდა? `ეს ნიაკოა~, _ მომწერა უცებ და გავშეშდი. შვილისთვის ჩემი სახელი დაურქმევია. თავი სიზმარში მეგონა. ცოლმა როგორ მისცა იმის ნება, რომ თავისი ქალიშვილისთვის ყოფილი ცოლის სახელი დაერქმია? რა, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზია? ეს როგორ დაუშვა?

სასწრაფოდ გამოვედი ფეისბუქიდან და ლეპტოპი დავხურე. კარგა ხანს ვიწექი სიბნელეში თვალებგაშტერებული, მაგრამ მეტი შეტყობინება არ მოსულა.

რა იყო ეს? რა უნდოდა ამით ჩემთვის ეთქვა? ვერა, ვერ ვხვდებოდი. არადა, სანამ სიმართლეს არ გავარკვევდი, ვერ მოვისვენებდი. ასე მეგონა, ახლა უფრო მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. ისეთ სასოწარკვეთილებას ვგრძნობდი, მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა. მერედა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი? მე თვითონ არ ჩავიგდე თავი ამ დღეში? რომ ვიმშობიარე, მაშინვე მიმეწერა და დავლოდებოდი, რას მოიმოქმედებდა. ახლა უკვე გვიანაა თითზე კბენანი. მას ახალი ოჯახი ჰყავს _ ცოლი, ქალიშვილი. ნია ვის დაჰკარგვია? ჰა-ჰა, შეიძლება თქვას, ბავშვებზე უარს არ ვიტყვი და ჩემს წვლილსაც შევიტან მათ აღზრდაშიო, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი იქნებოდა? არა, არ იქნებოდა! მე მიყვარდა ჩემი ქმარი. მე მჭირდებოდა ჩემი ქმარი, ჩემს შვილებს კი მამა. მამა, რომელიც გვერდით უნდა ჰყოლოდათ.

გონება გამალებით მუშაობდა. რაღაც უნდა მეღონა, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ რა? გადამებიჯებინა საკუთარი თავმოყვარეობისთვის? ალბათ, მომიწევდა…

ან ახლა, ან არასოდეს!

მეორე დილით ბავშვებს ჩავაცვი და ვუთხარი, მამიკოს სანახავად მივდივართ-მეთქი. არ ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი. უბრალოდ, ასე გადავწყვიტე. უნდა მიმეყვანა ბავშვები და ნიკასთვის მეჩვენებინა! სხვა უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. რაც იქნება, იქნება. მიიღებს ანდრიას და მინდიას? ძალიან კარგი, თუ არადა, უკან გამოვბრუნდებით, დიდი ამბავი, თუ სულში კიდევ ერთხელ ჩამაფურთხებენ!

ტაქსი გამოვიძახე და დავიძარით. ასეთი აფორიაქებული კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. მომეჩვენა, რომ საჭიროზე მეტი დრო მოუნდა ტაქსი ნიკას სახლამდე მისვლას. წუთები გაიწელა. როგორც იქნა, დასახლებაც გამოჩნდა. მძღოლს ჭიშკრიდან ცოტა მოშორებით გავაჩერებინე მანქანა. შაბათი იყო და ვიცოდი, ნიკა სახლში იქნებოდა.

ბავშვები გადმოვიყვანე და ნელა დავუყევით გზას, თან ნაბიჯებს ვითვლიდი _ ერთი, ორი, სამი… ეზოში ვიღაც ქალი სარეცხს ფენდა… ოთხი, ხუთი, ექვსი… ამასობაში ტაქსი დატრიალდა და რატომღაც, მძღოლმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. ჰაერში ბუღის კორიანტელი დადგა… შვიდი, რვა, ცხრა…

ჭიშკარს მივადექით. სახლის შესასვლელთან, ექვსსაფეხურიანი კიბის ბოლო საფეხურზე წითელკაბიანი გოგონა იჯდა ხელში ბარბის თოჯინათი. ქალმა, რომელიც სარცხს ფენდა, ჩვენკენ მოიხედა და ხელი მოიჩრდილა, მერე კი აჩქარებული ნაბიჯით წამოვიდა, თან თავსაფარი გაისწორა ყურებთან. შავები ეცვა. ახალგაზრდას არ ჰგავდა, ეს ნიკას ცოლი ვერ იქნებოდა. როგორც კი მოგვიახლოვდა, მაშინვე ვიცანი _ ნიკას გაუთხოვარი მამიდა იყო, თამარა.

_ ნია, შენ ხარ თუ მეჩვენება? _ ტუჩები ისე დაბრიცა, მივხვდი, ცოტაც და ატირდებოდა.

გავუღიმე, მე ვარ-მეთქი. ბავშვები გარს შემომეხვივნენ და ჩემს კალთას ამოეფარნენ.

ამ დროს წითელკაბიანი გოგონა, რომელიც პარმაღზე იჯდა, წამოხტა და სახლში შევარდა.

_ დედა, შენ შემოგევლე, ჩემო ტკბილო გოგო! როგორ გაუხარდება ნიკას! სულ შენს ხსენებაშია. დღე არ გავა, შენზე არ ვილაპარაკოთ. იცი ალბათ, რა უბედურება დაგვატყდა თავს, რა საშინელება გადავიტანეთ. აღარ მყვანან ჩემები, ნიააა! _ თამარა ატირდა, მაგრამ ლაპარაკი არ შეუწყვეტია, _ ესენი შენები არიან? ორნი, კაცო? ვახ, რამხელა ბიჭები გაზრდილან. ტყუპიო? რას მეუბნები! მოდით, ბებო, ჩემთან, ჩაეხუტეთ ბებიას! ვაი, შენ შემოგევლე, ჩემო პატარავ! რა კარგი ხარ! უი, ეს როგორი ბუტია ყოფილა, არ გამეკარა! არ ჰგავხართ ესე იგი ძმები ერთმანეთს, ხომ? სახელები რა დაარქვი, შვილო? იციან, და რომ ჰყავთ? იმასაც დედაქვენივით ნია ჰქვია. ასე მოისურვა მამათქვენმა. არ იცი, შვილო, რა დღეში იყო. არც მინდა იმ დღეების გახსენება. ჩემი ძმა და რძალი რომ ჩამოვასვენეთ, მერე ხომ საერთოდ წავიდა ხელიდან. ახლოს არ გვიკარებდა არავის. გული მიკვდებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვეხმარებოდი, _ არ ჩერდებოდა თამარა, ავტომატის ჯერივით მაყრიდა წინადადებებს, _  ერთხელაც მოვიდა და მითხრა, მჭირდები, ჩემთან უნდა გადმოხვიდე საცხოვრებლად, ბავშვი უნდა გამაზრდევინოო. ვინ ბავშვი-მეთქი, გამიკვირდა და თან გამიხარდა, ალბათ ნია თუ დაუბრუნდა-მეთქი. გოგონა ვიშვილე და მარტო ვერაფერს გავხდებიო.

ამის გაგონებაზე თვალები გამიფართოვდა. სხვანაირად ხომ არ გავიგე მისი ნათქვამი? როგორო? ვიშვილეო?

_ იშვილა? _ დასაზუსტებლად შეკითხვა დავსვი.

_ ხო, აბა, სამი თვის გოგო. სტუდენტმა დედამ გააშვილა, დედი, ფული აიღო და ბავშვი დაგვიტოვა. მას მერე აქ ვარ, ვუვლი ორივეს. ამათ გარდა ვინ მყავს მე უბედურს, _ თამარამ თავსაფრის ბოლოებით ცრემლიანი თვალები ამოიწმინდა.

ამ დროს სახლის კარი გაიღო და ნიკა გამოჩნდა. პატარა ნიაკოს მამისთვის ხელი ჩაეკიდა და ჩვენ შემოგვცქეროდა.

ჩემი და ნიკას მზერა ერთმანეთს შეხვდა.

`მოხვედით?~ _ მეკითხებოდნენ მისი თვალები.

`მოვედით~, _ პასუხობდნენ ჩემი თვალები.

_ ე, ბავშვებო, მამათქვენი. წადით მამიკოსთან, რამდენი ხანია, გელოდებათ, _ თამარამ ბავშვებს ხელი გადახვია.

მინდიამ და ანდრიამ მე ამომხედეს.

_ წადით, დედი, აგე, ის არის ნიკა მამა! _ ვუთხარი ბიჭებს და ორივეს ზურგზე ვუბიძგე.

ანდრია მაშინვე შევარდა გაღებულ ჭიშკარში, მინდიამ ცოტა კი ითრია ფეხი, მაგრამ ისიც ძმის კვალს მიჰყვა.

თვალები დავხუჭე. თამარა ალბათ რაღაცას მეუბნებოდა, მე კი არაფერი მესმოდა. ვუცდიდი, მაგრამ რას, თვითონაც არ ვიცოდი. რა ხდებოდა იქ, ეზოში? რა ქნეს ბიჭებმა? როგორ შეხვდა ნიკა ბავშვებს?

ბოლოს და ბოლოს, როცა შინაგანად ერთიანად აბორგებულმა თვალები გავახილე, ადგილს მივეყინე. ჩემ წინ საოცარი სცენა გადაშლილიყო _ ნიკა მეექვსე საფეხურზე ჩამომჯდარიყო, ფეხებშუა ნია გაკვეხებოდა, აქეთ გვერდზე მინდია ეჯდა, იქითა გვერდზე _ ანდრია, ორივესთვის ხელი გადაეხვია და მათი თავები მიეხუტებინა. თან აჯანჯღარებდა სიცილით ბავშვებს, თან რაღაცას ელაპარაკებოდა.

სულისშემძვრელი სურათი იყო. ნიკა თურმე ეს წლები მხოლოდ ჩვენ გველოდებოდა, მხოლოდ ჩვენ, დღემდე…

მისგან განა ბევრი, სულ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა… ჭიშკრისკენ დავიძარი. სიტყვები აღარ იყო საჭირო.

დაე, გულმა ილაპარაკოს! _ გადავწყვიტე და… როგორც იქნა, ავტირდი… ამდენი წლის შემდეგ _ პირვვველად… ამდენი ტკივილის შემდეგ _ პირველად…

თურმე ბედნიერება ყოფილა საჭირო ჩემს ასატირებლად…

ნიკა წამოდგა და ჩემს შესაგებებლად გამოემართა.

თვალცრემლიანს ფეხები მერეოდა, მაგრამ მაინც წინ მივიწევდი, თან ნაბიჯებს ვითვლიდი. ერთი, ორი, სამი… ბავშვები პირდაღებული მოგვჩერებოდნენ… სამივენი… ოთხი, ხუთი, ექვსი… თამარა უკან მომყვებოდა და ზურგზე ხელს სათუთად მისვამდა… შვიდი, რვა, ცხრა… უკვე ერთმანეთის პირისპირ ვიდექით…

ჯერ მისი მკლავები ვიგრძენი, მხრებზე რომ შემომეხვია, მერე ცხვირი, ჩემს ყელში რომ ჩარგო და ბოლოს ტუჩები, კოცნით რომ დასეტყვა ჩემი სახე…

ჩემი ქმარი ჩემი ცრემლით სველდებოდა… მე _ მისით… ეს ბედნიერების ცრემლები იყო… ყველაზე ცხელი ცრემლები სამყაროში…

ახლა უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ ამიერიდან ჩემი ბგერის ხმა არა ტუჩებზე, არამედ გულზე გავიდოდა…

დასასრული

3 thoughts on “ბგერის გზა

  1. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება, დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის. რატომღაც, ბოლომდე მეგონა, რომ ილიას და ნიას გზები კვლავ გადაიყრებოდა, თუმცა, მიხარია ნიკა რომ ,,გამოფხიზლდა» 🙂

    • ვხვდები, ვინც ხართ, ჩემო ბატონო „ნათელა“, და გულზე ასე რატომაც შემოგენთოთ 🙂 და ისიც კარგად იცით, ეს რამაც დამაწერინა 🙂 საკადრის პასუხს არ გაგცემთ, იმიტომ, რომ ცოტა სხვა დონის ადამიანი ვარ, მხოლოდ ერთს გეტყვით: გემოვნებაზე არ დავობენ!

Оставьте комментарий