ადგილი მზის ქვეშ

 

 

სვეტა კვარაცხელია

 

 

ვინ იცის, რამდენი ოცნება აქვს ადამიანს ცხოვრების განმავლობაში და ასაკის მატებასთან ერთად, ცხვირსახოცებივით როგორ იცვლის მას. თუმცა, სადღაა ცხვირსახოცები, დღეს ვიღა იყენებს მათ. მისი ადგილი ერთჯერადმა `ნოვამ~, `ტენომ~ და მისმა მსგავსმა სიფრიფანა, მრავალჯერადად, მინიატიურულად გადაკეცილმა ხელსაწმენდებმა დაიკავა, სოციალიზმის დროს `სალფეტკებად~ რომ მოვიხსენიებდით. ასეა, იცვლება დრო და იცვლება არა მხოლოდ ოცნება, მოდა ან გემოვნება, არამედ მეცნიერული თუ არამეცნიერული გამოგონებები, რომლის ერთ-ერთი ნაყოფიცაა ზემოთ ნახსენები ხელსაწმენდები.

ჩემი ოცნებებიც ბევრჯერ შეცვლილა. ზოგი იმიტომ, რომ ახდა, ზოგიც იმიტომ, რომ ჭკუის მომატებასთან ერთად უაზრო და აუხდენელი მეჩვენა. სხვათა შორის, ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ არა შენი, არამედ ზოგჯერ სხვისი ოცნება გისრულდება. ზის ვიღაც, ფიქრობს, ნეტავ იტალიაში მამოგზაურა ოდესმეო, შენ კი ამ დროს ცხარჯერ მაინც ხარ რომსა და მილანში ნამყოფი, ანუ იმდენჯერ, რომ უკვე მომაბეზრებლადაც გეჩვენება კიდევ ერთხელ იქ გამგზავრება.

ისე, ჩვენს დროში მოგზაურობა რომ მოდური გახდა, ვერ ვიტან. რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რა ჯობია ქვეყნების დათვალიერებას, მაგრამ ამისთვის უკანასკნელ ლუკმას რომ გამოიღებ პირიდან, ბანკიდან სესხს გამოიტან ან ბინას იპოთეკით დატვირთავ და საზღვარგარეთ წაპლაკუნდები, სრული იდიოტობა მგონია. მერე გამოფენენ ამ გადათხლაშულ სურათებს ფეისბუკზე და სხვა რა დაგრჩენია, ზრდილობის თუ ყურადღების გულისთვის უნდა ალაიქო და ალაიქო. მუღამი იმას აქვს, ფულს რომ დააგროვებ, გამოიზოგავ და ისე წახვალ ევროპის თუ ამერიკის დასალაშქრავად, როცა იმის დარდი არ გაწუხებს, როგორ და რა საშუალებით დაფარო ამდენი ვალი, მშობლიურ საქართველოში რომ დაბრუნდები. ასეთ დროს დასვენებასაც აქვს ეშხი და ნოსტალგიასაც.

მეც ბევრი მიმოგზაურია ხან მარტო, ხან ჩემს დაქალებთან ერთად, ოღონდ ადრე, წლების წინ. ახლა სადღა მცალია სამოგზაუროდ, ისე ვარ დატვირთული, ხანდახან თავის მოსაფხანად ვერ ვიცლი ამდენი საქმისა და ჩემი გიჟების გადამკიდე. იყო დრო, როცა პარიზში ვცხოვრობდი და… შანელის მოდის სახლშიც კი ვმუშაობდი. დიახ, დიახ, თვით კარლ ლაგერფელდთან. ოჰ, როგორ ვუყვარდი მერე! რომ დამინახავდა, იმ მუქი სათვალის მიღმაც კი ვამჩნევდი, რომელიც სულ უკეთია, როგორ უბრწყინდებოდა თვალები. `ჯორჯიენ მედხენს~ მეძახდა. ეგ ხომ ჰამბურგელი გერმანელია წარმოშობით და თავის ფესვებს დღესაც არ ღალატობს. მეც ძალიან მიყვარს კარლი. ისე მომწონდა თავი მისი ნაცნობობით, რომ ხანდახან, როცა მარტო ვრჩებოდი სახლში, გიჟივით წამოვიყვირებდი სიხარულისგან, ეს რა არნახული ბედნიერება მეწვია-მეთქი. ხუმრობა საქმეა? მიდი აბა, სცადე და ასეთი ადამიანის გვერდით შენც გაატარე წლები. მერე რა, რომ სტაჟიორი მერქვა? ქსოვილების გადამტან-გადმომტანადაც რომ მემუშავა, მაინც ვიამაყებდი. ეჰ, კარგი დრო კი იყო, თანაც მაშინ ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ვიყავი. შეიძლება იმიტომაც ვუყვარდი ასე ძალიან, რომ თითქმის მისი მოსახელე ვიყავი, რადგან კარლა მქვია, რაც ძალიან ახლოსაა კარლთან. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ, როცა ვთხოვე, ერთი კვირით დამითხოვე, თბილისში უნდა დავბრუნდე, შეხვედრა მაქვს კლასელებთან-მეთქი, გაოცების ნიშნად თავისი შეუღებავი წარბები აწკიპა. ავუხსენი, ჩვენთან კლასელებს ტრადიცია გვაქვს ასეთი, ყოველ ხუთ ან ათ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვიხსენებთ-მეთქი. ხელები გაშალა, მაგას როგორ დაგიშლიო და იქვე მდგარ შარლოტას გასძახა, ამ `მედხენს~ წითელი ფერი უხდება და მე რომ მომეწონება, ისეთი საღამოს კაბა შეუკერე, მნიშვნელოვან ღონისძიებას უნდა დაესწროსო. ახლაც მაქვს ის კაბა შენახული. მთლად შანელისეული არ არის, უფრო პიერ კარდენისეული სტილია, მაგრამ უმაგრესი. ასეთი კაბა ალბათ თბილისში არასდროს არავის სცმია. მას მერე სულ ვოცნებობდი, გოგო რომ მეყოლება და გამოსაშვები საღამო ექნება, ეს კაბა უნდა ჩავაცვა-მეთქი. ეს ოცნება, როგორც ბევრი სხვა ოცნება, არ ამიხდა, რადგან გოგო კი არა, ბიჭი მეყოლა. სამაგიეროდ, ახლა იმაზე ვოცნებობ, ჩემი ბიჭი როდის შეირთავს ცოლს, რომ ჩემს რძალს ჩავაცვა ეს ულამაზესი სამოსი, ოღონდ ქორწილის მეორე დღეს, რა თქმა უნდა.

ისე, არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ დაბადების მოწმობაში სულ სხვა სახელი მიწერია _ მაყვალა, _ მამის მხრიდან ბებიაჩემის პატივსაცემად. არ ვიცი, რატომ გამიმეტეს ასე თავის დროზე მშობლებმა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ღირებულებები დომინირებდა და ალბათ დედაჩემი და მამაჩემი სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ. ჩემს სამ დაქალსაც სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა. ერთს ლეილა დაარქვეს, მეორეს _ ლამარა და მესამეს _ ნაილი. აი, ასე შევიყარეთ სკოლაში ოთხი მეგობარი უცნაური, ადამკუკუს დროინდელი სახელებით `შეიარაღებულნი~ მაშინ, როდესაც ჩვენს კლასელებს ერქვათ: ნანა, ანა, ნინო, ქეთი, მარიკა და ა.შ. მახსოვს, ერთი პერიოდი მაგარი შაყირის ობიექტი შევიქენი. ეს მაშინ მოხდა, ფილმი `სიყვარული ყველას უნდა~ ეკრანებზე რომ გამოვიდა. ეს იყო 1980 წელი. ყველა ჩემი კლასელი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა და ვისთვისაც უკვე წლებია, კარლა ვიყავი, მაინც ასე იწყებდა ჩემთან საუბარს: `მაყვალ, გოო!~ მეც ვიცინოდი მათ ხუმრობაზე, სხვა რა დამრჩენოდა.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ წამოვიზარდეთ მე და ჩემი დაქალები, გადავწყვიტეთ, სახელები შეგვეცვალა და ახლები, თანამედროვე თიკუნები მოგვეძებნა ერთმანეთისთვის. ასეც მოვიქეცით და გამოვუნახეთ ჩვენს თავს ევროპულ-ამერიკული მოდური სახელები _ მე _ კარლა, ლამარა _ ალმა, ლეილა _ მატილდა და ნაილი _ ჯინა. დავუწყეთ ერთმანეთს სკოლაში ამ სახელებით გადაძახილ-გადმოძახილი. თავდაპირველად კი გვაშაყირებდნენ თანაკლასელები, მაგრამ მერე და მერე ისე შეეჩვივნენ ჩვენს მეტსახელებს, რომ მალე მხოლოდ ისინი კი არა, ჩვენი მშობლებიც კი ახალი სახელებით მოგვმართავდნენ.

სკოლა ისე დავამთავრეთ, ოთხ გოგოს ერთხელაც არ გვიჩხუბია, სამაგალითო მეგობრობა გვაკავშირებდა. ამას ალბათ ხელს ისიც უწყობდა, რომ ყველანი ერთ, თექვსმეტსართულიან კორპუსში ვცხოვრობდით. მე _ მეცამეტე სართულზე, ალმა _ მეცხრეზე, ჯინა _ მეექვსეზე, ხოლო მატილდა _ პირველზე. ასე რომ, ლამის დაბადებიდან ვიცნობდით ერთმანეთს, რადგან ჩვენი დედებიც ჯერ მეზობლობდნენ, მერე კი მეგობრობდნენ. მათ ხშირი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ ერთმანეთთან, განსაკუთრებით ჩვენთან, მეცამეტე სართულზე ამოსვლა უყვარდათ, რადგან ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობდნენ და დედამთილ-მამამთილი არც დედას აწუხებდა და არც მის მეგობრებს. მერე, როცა სკოლა დავამთავრეთ და ასე თუ ისე დავდინჯდით და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა გავრისკეთ, პირობა დავდეთ, რომ როცა გავთხოვდებოდით და შვილები გვეყოლება, ყველასთვის უცხოური და ლამაზი სახელი დაგვერქმია, რა სახის წინააღმდეგობასაც უნდა წავწყდომოდით დედამთილ-მამამთილის მხრიდან, თანაც სასურველი იყო, ყველას სახელი ერთნაირ ასოზე დაწყებულიყო. მაგალითად, თუ მე დავარქმევდი ბეტის, გოგოებსაც ამის მიხედვით ბილი, ბაბი და ა.შ. აერჩიათ. ოღონდ პირველი ასო ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ სახელების არჩევანი გვქონოდა და ვარიანტების ძებნა არ გაგვრთულებოდა.

მერე ჩვენი გზები თითქოს გაიყო. უფრო სწორად, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარეთ და ყოველდღე ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს. მაგრამ კვირაში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად შევიყრებოდით სადმე კაფეში ან რომელიმესთან სახლში და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენ-ჩვენს საიდუმლოსა თუ გულისნადებს.

დაქალებს შორის ყველაზე ლამაზი მე ვიყავი, თუმცა არც ისინი ჩამომრჩებოდნენ. ყველას თავისებური ხიბლი ჰქონდა, რითიც ადვილად შეეძლოთ საპირისპირო სქესის მოზიდვა. არ ვიცი, ამან განაპირობა თუ სხვა მიზეზმაც ითამაშა რამე როლი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი მე გავთხოვდი და დავტოვე კორპუსი, სადაც ყველანი თითქოს ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. სხვათა შორის, ამ ოთხს შორის ყოველთვის ყველაფერში პირველი ვიყავი _ სწავლაშიც, სილამაზეშიც, ნაკითხობაშიც, იუმორშიც და ცეკვა-სიმღერაშიც. როგორც ამბობდნენ, ბავშვობიდანვე უნიკალური ვიყავი. ყველაფერი მეხერხებოდა, ყველა სიკეთესთან ერთად _ ჭრა-კერვაც მიტაცებდა. ალბათ ამიტომაც ავირჩიე დიზაინის ფაკულტეტი, ანუ ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების და პირველსავე წელს მოვხვდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

დაქალებს ვითომ ისიც გვინდოდა, ყველას ერთად ერთ ინსტიტუტში ჩაგვებარებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ მატილდამ ეკონომიური აირჩია, უფულოდ და ადვილად, თავისი ცოდნით ჩააბარებდა, ალმამ _ სამედიცინო, ჯინამ კი ჟურნალისტიკა. აქაც პირველი ვიყავი, ვინც პირველსავე წელს სტუდენტი გახდა. ჩემს გოგოებს არ გაუმართლათ, რადგან ალმა ჩაიჭრა, მატილდას ქულები არ ეყო, ჯინას კი ერთი წლის სტაჟი აკლდებოდა, რომ ჟურნალისტიკაზე ჩაებარებინა. მაშინ ასე ითხოვდნენ კომუნისტები და ამას გვერდს ვერავინ აუვლიდა. სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ ყველანი სტუდენტები ვიყავით, რაც ძალიან გვიხაროდა. მართალია, ცოტა ნაცნობობა, ცოტა ფულის ჩაყრა გახდა საჭირო, რომ ალმას და ჯინას თავიანთი ოცნებები აესრულებინათ, მაგრამ მომზადებულებიც იყვნენ, ამიტომ მთლად ისე არავის `დაუსვამს~ პირველ კურსზე.

ალბათ მიახლოებით მაინც შეგექმნათ წარმოდგენა, რამდენი წლისაც ვარ, არა? მართალი ხართ, არ გეშლებათ _ სულ მალე 49-ის გავხდები. ასე რომ, ახლა ძალიან ბებერი ვარ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მერქვას და ძალიან ახალგაზრდა იმისთვის, რომ ბებერი დამიძახონ. აი, ასე, ახალგაზრდობა-სიბერის მიჯნაზე ვდგავარ.

სამაგიეროდ, ყველაფერი გამოვცადე ცხოვრებაში, რისი გამოცდაც შეიძლებოდა _ ძლიერი და გაუმართლებელი სიყვარულის, სუსტი და გამართლებული სიყვარულისაც, მეგობრის დაკარგვით გამოწვეული სიმწარეც, რადგან მატილდა ცოცხალი აღარ არის, მშობლების გარდაცვალებაც, შვილის დაბადებაც, ქმრის ღალატი და იმედგაცრუებაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც, უიღბლობაც და იღბლიანობაც. ისიც კი მოვახერხე, რომ ბალზაკის ასაკი კეკლუცად გამომევლო, რათა გულში ხინჯი არ დამრჩენოდა, მაგ ასაკში თაყვანისმცემლები აღარ შემომრჩნენ-მეთქი. ოჰ, ამ `აღმაფრენის~ ნაკლებობას არასდროს განვიცდიდი, ახლაც კი, ჩემს ნახევრად ბებრულ ასაკში. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ არც ქმარი მყავს და არც საყვარელი. სამაგიეროდ, ჩემი აღფრთოვანებული რაინდების არმია ყოველ წუთს სრულ მზადყოფნაშია, საკმარისია ორი თითის გატკაცუნება და ჩემ წინ უბრძოლველად განერთხმებიან.

არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, ამიტომ კვლავ წარსულში გადავხტები. ჩემს დაქალებს შორის პირველობა იმითაც მოვიპოვე, რომ პირველი მე გავთხოვდი, თანაც პირველივე ბიჭს გავყევი, ვინც ცოლობა მთხოვა. ხედავთ, რამდენი პირველი გამოვიდა? შესაბამისად, შვილიც პირველს მე მეყოლა. გოგოებს გვინდოდა, დაახლოებით ერთმანეთის ტოლი შვილები გვყოლოდა და რადგან მე ვიჩქარე და ისინი `დავაღალატე~, მაშინვე დაფაცურდნენ და პოტენციური საქმროების შერჩევას ჩემს ქორწილშივე შეუდგნენ. თქმა რად უნდა იმას, რომ სამივენი ჩემი მეჯვარეები იყვნენ და სიძე-პატარძლისთვის განკუთვნილ შემაღლებულ ადგილზე, ჩემ გვერდით მსხდარნი, ულამაზესად გამოიყურებოდნენ. მაშინ ისე კი არ იყო, ახლა ევროპულ-ამერიკული ყაიდის ქორწილებზე რომ არიან გადასულნი და ყველა მეჯვარეს ერთნაირი კაბა აცვია. ჩემს გოგოებს სხვადასხვა სტილის სამოსი ეცვათ, მაგრამ გემოვნებიანი. ასე რომ, მამაკაცებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მაღალი, გამხდარი და ქერა გინდოდა? კი ბატონო, აგერ იყო ალმა. შავგვრემანი, ეშხიანი და დიდმკერდიანი მოგწონდა? რა პრობლემას წარმოადგენდა? ჯინა აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს. ბუმბულივით მსუბუქ, მორცხვ და ჰაეროვან ქალზე ოცნებობდით? მაშინ მატილდასთვის უნდა დაგედგათ თვალი. ასე რომ, ჩემს ქორწილში მართლაც ცვენა იყო ლამაზი მეჯვარეების. მიუხედავად იმისა, რომ გოგოები იმთავითვე გავაფრთხილე, ისე ნუ ჩაიცვამთ და დაიმაკიაჟებთ თავს, ჩემზე ლამაზი გამოჩნდეთ-მეთქი, სიგიჟემდე მიხაროდა, ასეთი ლამაზი `სეფექალები~ რომ მახლდა გვერდით. მართალია, პატარძლის სილამაზე ვერ დაჩრდილეს, მაგრამ საოცრად კარგად გამოიყურებოდნენ, რადგან მთელი ქორწილი მხოლოდ ჩვენზე ლაპარაკობდა.

იმ საღამოს ჯინამ იმარჯვა და ერთი სერიოზული თაყვანისმცემელი `დაითრია~, რომელსაც ექვსი თვის შემდეგ მართლაც გაჰყვა ცოლად და მშვენიერი ოჯახი შექმნა. არც ალმას გაუჭიანურებია გათხოვების პროცესი, სამ თვეში მანაც მონახა `საბედო~ და კი არ გათხოვდა, გაიპარა. მხოლოდ მატილდამ მოიკოჭლა, რადგან, ჯერ ერთი, ძალიან წუნია იყო, მეორეც _ ტრადიციულად აღზრდილი და ბიჭს პაემანზე ადვილად როდი დათანხმდებოდა. ისე დაორსულდა, მანამ მამაკაცს მისთვის ნაკოცნი არ ჰქონდა. ჩვენ ცოტა განსხვავებულები ვიყავით, ცოტ-ცოტას სულ ვცუღლუტობდით, სკოლაშიც, ინსტიტუტშიც და თუ ვინმეს ვხვდებოდით, ვკოცნაობდით კიდევაც და ხელების ფათურის უფლებასაც ვაძლევდით ხანდახან, ოღონდ ამის იქით საქმე არასდროს მიდიოდა.

როცა ჩვენ სამმა _ მე, ჯინამ და ალმამ ოჯახები შევქმენით, მატილდაზე შევფიქრიანდით. თუ დროზე არ გათხოვდებოდა, მერე ვეღარ `დაგვეწეოდა~ და სანამ შვილს გააჩენდა, ჩვენი ბავშვები უკვე საცოლე-გასათხოვარი თუ არა, სასკოლო ასაკის მაინც იქნებოდნენ. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო დროს მატილდა ძალიან დაღონებული დადიოდა, ერთი-ორჯერ ნამტირალევიც კი გვესტუმრა. რომ ვეკითხებოდით, ხმას არ იღებდა, არა და არ გადაგვიშალა გული. სანამ მისი საიდუმლო ზედაპირზე არ ამოტივტივდა, არ გაგვიმხილა, რაც მის თავს ხდებოდა. გავიდა დრო და თანდათან წონაში მოიმატა, ჩასუქდა, ჩამრგვალდა, სუნებზე რეაქცია დაეწყო, ერთხელ კიტრის მწნილი მოუნდა თურმე ჯინასთან ყოფნისას და ორსულ ჯინას მთელი სამეზობლოს დავლამ მოუწია, რომ მისთვის კიტრის მწნილი ეშოვა. აი, მაშინ კი შეეჭვდა ჯინა და ჯერ ჩემთან დარეკა სათათბიროდ, მერე ალმასთან, რომ როგორმე შეხვედრა მოგვეხერხებინა. მე სულ რაღაც ექვსი თვის ნამშობიარები ვიყავი, ამიტომ სახლიდან შორს ვერ გავდიოდი, ამიტომ სამივენი ჩემთან შევიკრიბეთ. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და დავასკვენით, რომ მატილდა ფეხმძიმედ იყო. არიქა, როგორ ვუშველოთ, სანამ ქვეყანა შეყრილაო, ვიმტვრიეთ თავები. დავურეკეთ მატილდას გამოვათრიეთ ისიც ძალით, არ უნდოდა მოსვლა. როცა კატეგორიულად მოვთხოვეთ, ყველაფერი ეთქვა, რადგან პირში მივახალეთ, ვიცით, რომ ორსულად ხარო, დაგვნებდა და საიდუმლოც გაგვანდო _ ცოლშვილიან კაცს ვხვდები, მაგრამ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარსო. ვაი, შენს კარლას! გადავირიე, ლამის ტანსაცმლიდან ამოვხტი, ვეჩხუბე, ვუყვირე, მაგრამ ამით საქმეს ეშველებოდა? გადმოსკდა ცრემლები და ისე საცოდავად ატირდა, რომ გული შემეკუმშა. მერე, ოდნავ რომ დაწყნარდა, მოგვიყვა, ჩემი ლექტორია, ორი შვილი ჰყავს და თავისზე ცხრა წლით უფროსი ცოლი, კაპასი, აუტანელი დედაკაცი და ცდილობს, როგორმე ისე მოახერხოს, რომ უმტკივნეულოდ დასცილდესო. ამასობაში კი ეს მუცელი ეზრდებოდა და ეზრდებოდა. აბორტის გაკეთება არც უფიქრია. თუ არ შემირთავს, ბავშვს მაინც გავაჩენო, მტკიცედ გამოგვიცხადა. ჩვენც შევეგუეთ ამ ამბავს, ან კი რა უნდა მოგვემოქმედა? ხომ არ მივუვარდებოდით იმ კაცს და ვაიძულებდით, ჩვენი დაქალი შენგან ორსულადაა და გინდა თუ არა, ცოლად შეირთეო?

გადავწყვიტეთ, დროის დინებას მივყოლოდით. არც მე მყავდა ხისთავიანი ქმარი და არც ალმას, რომ ასეთი რამის გამო დაქალთან ურთიერთობა აეკრძალა, ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა. საწყალი… თან პატრონიც არავინ ჰყავდა, მოხუცი დედის გარდა. ამასთან, ნაშვილები იყო, წვალებით გაზრდილი, რადგან მამობილი ადრევე გარდაიცვალა, დედამ კი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა, როგორც შეეძლო, ისე გაზარდა. არადა, ასაკოვანი ქალი იყო, დაუძლურებული, სულ ავადმყოფობდა. მახსოვს, მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავით, როცა დედამისმა გადაწყვიტა, ამ გოგოს თავის ღვიძლ მშობლებს ჩავუყვან, გავაცნობ, მე მალე მოვკვდები და მთლად უპატრონოდ არ დარჩეს ჩემ შემდეგო. მართლაც, მოჰკიდა თურმე ხელი მატილდას და მიუყვანა ღვიძლ დედას, დაიბრუნე შენი ქალიშვილი, ვასწავლე, ვუპატრონე, გზაზე დავაყენე და აწი მხოლოდ ხელის წაკვრა სჭირდება, მე დიდ ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენიაო. იმ ქალს კი, მართლა აშარს, შორს დაუჭერია, ამას რა თავში ვიხლი, სამი გოგო ისედაც მყავს და იმათთვის ვერ მომივლიაო.

რა უნდა ექნა საცოდავ დეიდა შურას, ჩაავლო ხელი ჩვენს მორცხვ მატილდას და დაბრუნდა შინ განადგურებულ-გაცამტვერებული. გაოცებას ვერ მალავდა, როცა ამ ამბავს გვიყვებოდა, მე სხვისი შვილი გავზარდე და ღვიძლმა დედამ გაზრდილზე როგორ თქვა უარიო.

ესეც ერთი გადახვევა, მაგრამ ეს ამბავი იმიტომ მოვაყოლე, რომ მატილდას უბედობა თუ უიღბლობა უფრო ნათელი გამხდარიყო თქვენთვის.

შემდეგ აი, რა მოხდა. ერთ დღესაც, ლექციების შემდეგ, როცა უკვე ლამის ცხვირამდე მუცელამოწეული მატილდა თავის არაოფიციალურ ქმარს, რამაზ სანაძეს მანქანაში ჩაუჯდა, მოულოდნელად მის გვერდით ვიღაცამ კარი გამოგლიჯა, გოგოს თმაში სწვდა და ძირს გადმოათრია. თურმე რამაზის ცოლი იქვე ყოფილა ჩასაფრებული და როგორც კი მატილდა მანქანაში დაიგულა, მისკენ საცემრად გაიწია… მაგრამ ცემაც არის და ცემაც. ამ ორსულ გოგოს რომ დაახტა თავისი მაღალი ქუსლებით, სულ ჩაუხვრიტა მუცელი. ქმარმა ძლივს ააღლიტა თურმე ცოლი მიწაზე მფორთხავს. ქალი მხოლოდ მაშინ დაწყნარდა და შეშინდა, როცა დაინახა, რომ სისხლში ამოსვრილ მეტოქეს მკვდრისფერი დასდებოდა და აღარ სუნთქავდა. არიქა, რამაზმა მაშინვე გააქანა საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გვიან იყო _ მატილდას შვიდი თვის მუცელი მოსწყდა. ბავშვი კი გადაარჩინეს, მაგრამ დედის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა…

აი, ასე დავკარგეთ ერთი დაქალი და ეს იმხელა შოკი იყო ჩვენთვის, რომ მე რძე გამიშრა, ჯინამ ნაადრევად იმშობიარა, ალმამ კი სტრესის გამო ერთი თვე ხეხა საავადმყოფოს თეთრი კედლები.

პატარა გოგონა, რომელსაც მატილდას სურვილის მიხედვით ემილი დავარქვით, რამაზმა დაიტოვა. პირველი ცოლი და შვილები მიატოვა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. ცალკე რა, მატილდას დედას შეუსახლდა დროებით, სანამ ბინის საკითხს მოაგვარებდა. ამ ყველაფერს ხელი იმანაც შეუწყო, რომ მისი ცოლი დაიჭირეს და მკვლელობის მცდელობისთვის ციხეში ჩააყუდეს. ისე, ახი კი იყო მასზე. რამაზი ძალიან შეგვეცოდა. მას ახლა არა მხოლოდ ემილის მოვლა, თავისი შვილების პატრონობაც დააწვა კისერზე. მართალია, კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ კაცისთვის ყოველთვის ძნელია ასეთი სირცხვილის ატანა-გადატანა. კარგა ხანს სამსახურში ვერ მიდიოდა, რადგან ყველამ იცოდა, როგორ მოკლა მისმა ცოლმა მისივე საყვარელი. აბიტურიენტებს ამზადებდა დამატებით და იმ პერიოდში ამაზეც კი უარი თქვა შერცხვენილმა.

ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით მათ, ვაკითხავდით, ბავშვისთვის რაღაც-რაღაცები მიგვქონდა, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება _ ერთ უბედურებას მეორე და მესამე დომინოს პრინციპით წაეწყობა ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მატილდას დედამ ვერ აიტანა შვილის ასეთი საზარელი სიკვდილი და ისედაც ავადმყოფი რამდენიმე თვეში მიიცვალა. დარჩა რამაზი მარტო და შერჩა ქერაკულულებიანი ემილი ხელში. ჩვენ კიდევ უფრო გავაქტიურდით. ხან რიგრიგობით, ხანაც ერთად მივდიოდით, ვამხნევებდით, ჩვენი ქმრები დაგვყავდა, გვინდოდა ეგრძნო, რომ ჩვენი სახით გვერდით ნამდვილი მეგობრები ჰყავდა, მაგრამ არც ამან უშველა…

ერთ დღესაც მირეკავს მატილდას მეზობელი, სახლიდან მთელი დღეა, ბავშვის ტირილის ხმა გამოდის, კარი კი ჩაკეტილია და არ ვიცი, რა ხდებაო. შიშისგან გული გამისკდა. დავურეკე ჯინას და გავვარდით ორივენი. ლამის ნახევარი საათი ვაზარუნეთ, ვაბრახუნეთ, მაგრამ კარი არავინ გაგვიღო, ემილის ტირილის ხმა კი შიგნიდან გაბმულად გვესმოდა. გამოვიძახეთ საავარიო სამსახური, სახანძრო და რა ვიცი, ათასი მაშველი, რომ კარი შეგვემტვრია…

თქვენს მტერს, რაც ჩვენ იქ დავინახეთ. რამაზი გაშოტილი იწვა საწოლზე, საბანგადაფარებული, წელზევით შიშველი, სახეზე ერთიანად გაშავებული, ცხრა თვის ემილი კი მის გარშემო დაღოღავდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა გაცივებულ მამას. როგორც მერე ექსპერტიზამ დაასკვნა, კაცი ერთი დღის გარდაცვლილი იყო ინფარქტით.

აი, ასე, ერთ წამში მთელი ოჯახი გაუბედურდა. წლების განმავლობაში თვალწინ მედგა ეს სურათი _ გარდაცვლილი რამაზი და ატირებული ემილი და ყოველ გახსენებაზე გული საშინლად მეკუმშებოდა…

რამაზი მშობლებმა წაასვენეს და წესისა და რიგის მიხედვით დაასაფლავეს, მაგრამ ემილიზე უარი თქვეს _ ჩვენს ვაჟს თავისი შვილები ჰყავს და ვიღაცის ნაბუშარს ჩვენ არ გავზრდითო. ამაზე პირი დავაღეთ, მაგრამ რას გავაწყობდით, მოვკიდეთ ემილის ხელი და მე, ალმამ და ჯინამ ვიკისრეთ მისი აღზრდა. ბავშვი ხან ჩემთან იყო, ხან ჯინასთან, ხანაც ალმასთან. პრობლემა არც ქმრებთან შეგვქმნია, არც ერთს არ უთქვამს უარი, თქვენი დაქალის შვილს მე ნუ გამაზრდევინებთო.

აი, აქ დამთავრდა ჩვენი ცხოვრების ერთი ეტაპი _ ბედნიერიც და უბედურიც ერთდროულად. ჩვენ სამნი კი დავრჩით ჩვენივე შვილებითა და ქმრებით, მაგრამ მატილდასთვის ამ მზის ქვეშ აღარ მოინახა ადგილი…

 

როგორც უკვე ვთქვი, დაქალებს შორის პირველს მე მეყოლა შვილი. ბიჭი შემეძინა და სახელიც ისეთი უნდა დამერქმია, მეგობრებთან დადებული პირობა არ დამერღვია. არადა, ჩემი დედამთილი თავს იკლავდა, ჩემს ქმარს ისეთი სახელი ჰქვია, სულაც არ არის ძველმოდური და რა გახდა ასე ასათვალწუნებელიო. მართალს ამბობდა, განა რას ვერჩოდი. ჩემს მამამთილს მიხეილი ერქვა და სულაც არ იყო სათაკილო, მაგრამ რაღაც ისეთი მინდოდა, თან უცხო და თან იშვიათი. კარგა ხანს ვიმტვრევდი თავს, რა მომეფიქრებინა. როგორც იქნა, ბოლოს გამოსავალიც ვიპოვე. ერთ მშვენიერ დილას ავდექი და ჩემს ქმარს, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ვუყვარდი, `წუხანდელი სიზმარი~ მოვუყევი. სიზმრის იდეა კარგა ხანია, თავში მიტრიალებდა და ვიფიქრე, ვცდი, იქნებ ჩემმა ტყუილმა გაამართლოს-მეთქი, მით უფრო, რომ დედამთილიც და მამამთილიც ღრმად მორწმუნეები იყვნენ, მარხვას იცავდნენ, მოძღვართანაც დადიოდნენ და წირვ-ლოცვასაც არ აცდენდნენ.

ჰოდა, გამოვაცხვე სიზმარი, ვითომ როგორ მოვიდა ჩემთან შავებში გამოწყობილი წვერიანი კაცი და მითხრა: `შვილო ჩემო, დღეიდან შენს ოჯახში შემოვა წმინდა მარკოზ ეფესელი. პატივი ეცი მას, რამეთუ იგი გახდება მფარველი შენი ოჯახისა~.

ზაზა ჯერაც ვერ გამორკვეულიყო ძილ-ბურანიდან და დაბნეული მისმენდა. ეს რას ნიშნავსო, მკითხა ბოლოს, ცოტა აზრზე რომ მოვიდა.

_ ეს იმას ნიშნავს, ჩემო საყვარელო, რომ ბავშვს მარკოზი უნდა დავარქვათ. ვიცი, დედაშენს ძალიანაც უნდა მიხეილის დარქმევა და არც მე ვარ წინააღმდეგი, მაგრამ იქნებ ეს სიზმარი სულაც ღვთის მინიშნებაა? _ ერთობ უწყინარი სახით განვუმარტე.

ჩემმა მცდელობამ გაჭრა. როცა ზაზამ მშობლებს სიზმრის შესახებ უამბო, დედამთილმა ჯერ შუბლი შეიკრა, იფიქრა, რძალი მატყუებსო, მაგრამ მარკოზის სახელის გაგონებაზე ცოტათი შეეჭვდა _ განა რა გასაგიჟებელი სახელი მარკოზია, რომ ჩემს რძალს შვილისთვის მისი დარქმევა დაეჩემებინაო და სულ პირჯვრისწერით განაცხადა თანხმობა, ღვთის ნებას ვინ გადავაო. ასე რომ, საბოლოოდ გადაწყდა _ ჩვენს ერთობლივ პირმშოს მარკოზი დავარქვით. მეც სხვა რა მინდოდა. ამიერიდან სახლში მარკო მეყოლებოდა. ესეც შენი არაჩვეულებრივი უცხოური სახელი. საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა, ჩემს ბიჭს ჩემსავით დაბადების მოწმობისა და თუ პირადობის გადაკეთება არ მოუწევდა სახელის გამო _ მარკოზი-მარკო მშვენიერი გამოსავალი იყო.

მე კი მოვაგვარე ჩემი ამბავი, მაგრამ მარკოს სახელის დარქმევამ ჩემს დაქალებში ერთგვარი გულისწყრომა გამოიწვია. მ-ზე გოგოს სახელი, რატომღაც, ძნელი ასარჩევი გამოდგა. გარდა ამისა, მატილდამ აიჩემა, მე უკვე ვიცი, რომ გოგო უნდა მეყოლოს და მას ემილი უნდა დავარქვა, ეს შენც იცოდი და სახელი რაღა ასო მ-ზე აირჩიეო? გავშრი. მათგან ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდი. თქვენ ოღონდ შვილები გააჩინეთ და მე მოგიგვარებთ სახელის პრობლემას, მოვიფიქრებ ლამაზ სახელებს-მეთქი, მათი დაწყნარება ვცადე, მაგრამ არაფრის გაგონება არ ისურვეს.

სანამ ჩემს მეგობრებს წყენა გაუვლიდათ, მატილდას ამბავი მოხდა და კარგა ხანს აღარავის ეცალა ჩემთვის, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, ისინი როგორ დავაღალატე. მატილდას ქალიშვილს, მისი სურვილისამებრ, ემილი დავარქვით. ახლა ჯინას ჯერი იყო. მან ისეთი ნერვიულობა გადაიტანა იმ დროს, რომ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და რვა თვის ორსული ძლივს ამშობიარეს. კიდევ კარგი, რომ ორივე გადარჩა. ჯინასაც გოგონა შეეძინა და, როგორც ჩანს, წყენა ვერ დაივიწყა, თანაც მატილდას არჩევანს პატივი სცა და თავის შვილს ელისო დაარქვა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მის დედამთილს ელისაბედი, ანუ ელისო ერქვა და არავის გულისწრომა არ გამოუწვევია, ჩვენთვის კი პატარა ელისო ელისად იქცა.

ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რომ არც ალმა გადაუხვევდა პირობას და რადგან ჩემ გარდა შვილს ყველამ ე-ზე დაწყებული სახელი დაარქვა, ისიც რაღაც მსგავსს შეარჩევდა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ არა და არ ორსულდებოდა.

კონსულტაციაზეც მივიდა, გამოკვლევებიც ჩაიტარა, მაგრამ უთხრეს, რომ მას მკურნალობა სულაც არ სჭირდებოდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა. იქნებ მეუღლეს სჭირდება ხელის წაკვრაო? შეეკითხა გინეკოლოგი და ალმამაც არ დააყოვნა _ ქმარს შეუჩნდა, გინდა თუ არა, ექიმთან გამომყევი და გამოკვლევები ჩაიტარეო. მისი ქმარი, ევგენი ბონდარენკო, უკრაინელი იყო, ოღონდ საქართველოში ჩამოსახლებული და აქ დამკვიდრებული. ევგენი, იგივე ჟენია, როგორც ჩვენ ვეძახდით, კარგა ხანს ფეხს ითრევდა, სამკურნალო არაფერი მჭირს, ექიმთან რა მინდაო, მაგრამ როცა ალმამ სხვა გზა არ დაუტოვა, გამოუტყდა _ უშვილო ვარ და ჩემი იმედი ნუ გექნებაო. ამაზე ალმამ ერთი ამბავი ატეხა, ქმარს არ დაუჯერა და მაინც წაათრია გინეკოლოგთან. აუღეს საწყალ ჟენიას ანალიზები და სპერმატოზოიდების რაოდენობა აღმოაჩნდა… ნული.

ალმა ფარ-ხმალს არ ყრიდა. რა არ სცადა, ჯერ უმკურნალა ქმარს, იქნებ ცოტათი გაუუმჯობესდეს მდგომარეობაო, მერე ნამკურნალევი ქმრისგან ხელოვნური განაყოფიერება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს საერთოდ გაგვერიყა. იმდენად აწუხებდა უშვილობა, რომ სათოფეზე არ გვეკარებოდა. ქმარსაც გაუუცხოვდა.

გავიდა რამდენიმე თვე და გახარებული მირეკავს, მომილოცე, ორსულად ვარო. პირი დავაღე, როგორ, საიდან-მეთქი? ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და დამაორსულაო. ჟენიას დაჯერებასაც კარგა ხანს ცდილობდა, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დავორსულდიო, მაგრამ ქმარმა არ დაუჯერა, როგორც ჩანს, ვიღაცასთან მიღალატე, სხვა კაცში გამცვალე და ახლა ის გინდა, სხვისი შვილი მე გამაზრდევინოო. ადგა, დაჰკრა ფეხი და უკრაინაში გავარდა. მას მერე მისი ასავალ-დასავალი არც ერთ ჩვენგანს არ სმენია.

ჩვენც კი ვხვდებოდით, გოგოები, რომ ალმამ რაღაც იეშმაკა, მაგრამ თვითონ ამაზე კრინტს არ ძრავდა და არც ჩვენ ვეკითხებოდით არაფერს. ასე იყო თუ ისე, მიუხედავად ნერვიულობისა და ქმრის გაქცევით გამოწვეული სტრესისა, ორსულობამ ნორმალურად ჩაიარა და ცხრა თვეში კიდევ ერთი გოგონა მოევლინა ქვეყანას _ ენი. ალმას სახელის მხრივ შეზღუდვა არ ჰქონია. არც დედამთილი ჰყავდა და არც მამამთილი. ერთი ქმარი ეგულებოდა გვერდით და ისიც გაექცა.

აი, ასე გვეყოლა დაქალებს შვილები _ მარკო, ემილი, ელისი და ენი. როგორც ხედავთ, მხოლოდ ჩემი შვილის სახელია გამონაკლისი, დანარჩენების კი ყველა ასე ე-ზე იწყება. ცოტა არ იყოს, მეც მეწყინა, ყველამ რომ პირი ჩემ წინააღმდეგ შეკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ვიფიქრე, სახელის გულისთვის მეგობრებს როგორ მოვიმდურებ-მეთქი.

მე და ჯინა წამითაც არ ვტოვებდით ალმას, რომელიც თავის სახლში დაბრუნდა და ისევ მარტოხელა დედას შეეკედლა, რადგან ჟენიას თავისი ბინის გაყიდვაც მოესწრო, ფულის აღებაც და გაპარვაც ისე, რომ ალმას ეჭვადაც არ აუღია, მის თავს ასეთი ამბები თუ ხდებოდა. კი ამბობდა, ახია ჩემზე, რაღა უკრაინელს გადავეკიდე, ქართველს მაინც მოვეტყუებინეო, მაგრამ პირველმა თვითონ რომ მოატყუა ქმარი, ამაზე კრინტს არ ძრავდა.

მარკო ორი წლის ხდებოდა, ენი რომ დაიბადა. ემილი მარკოზე ექვსი თვით იყო უმცროსი, შესაბამისად _ ელისიც, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დღენაკლული დაიბადა. ასე რომ, ჩვენი შვილები მაინც თანატოლები გამოდიოდნენ.

მერე და მერე თითქოს ყველაფერი დაწყნარდა, ცხოვრება დაგვიმშვიდდა და ჩვენი საერთო საზრუნავი მხოლოდ ემილი გახდა, რომელსაც მორიგეობით ვიტოვებდით დაქალები. მატილდას ბინა გავაქირავეთ და იქიდან შემოსულ თანხას ემილის ვახარჯავდით. ყოველთვე თითოს მიგვყავდა და იმ თვის ბინის ქირასაც ის იღებდა, ვისი ჯერიც დგებოდა.

მაგრამ მალე გრაფიკი აირია. ჯერ იყო და, მე გამომიჩნდა შანსი, პარიზში წავსულიყავი და შანელის მოდის სახლში სტაჟირება გამევლო. ამაზე უარს რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა? ზაზა კი იყო უარზე, ბავშვს მარტო მე როგორ მოვუვლიო, მაგრამ ჯერ ჩემები ჩავრიე, მერე დედამთილ-მამამთილს დავუხატე ჩემი გრანდიოზული მომავალი პარიზში სტაჟირებით და, როგორც იქნა, ერთობლივი ძალებით შევძელით ზაზას დაყოლიება. გოგოებმაც ძალიან `სვეცკურად~ შეუტიეს, გოიმი ხომ არ ხარ, რას ჰქვია, ცოლს არ უშვებ, ვერ ხედავ, რა ტუზი დაეცაო?

და გავემგზავრე. ორი წელი დავყავი პარიზში. ორი წელი თვალებში შევციცინებდი კარლ ლაგერფელდსა და მთელ მის გუნდს. თუ რამის სწავლა შეიძლებოდა, ყველაფერი ვისწავლე.

ერთი წელი რომ გავიდა, თბილისიდან გოგოები შემომეხმიანნენ, მაყვალ, გო, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წელი გვისრულდება და შენ გარეშე ხომ იცი, ეს ამბავი არ ჩაივლისო? ისედაც ერთი სული მქონდა, ჩამოვსულიყავი და შვილი მენახა, ამიტომ როგორც კი მიზეზი გამომიჩნდა, ვითხოვე ერთი კვირა, გამათავისუფლეთ-მეთქი. როგორ გამათავისუფლეს და გამომიშვეს, კი მოგიყევით უკვე.

ჰოდა, ამ ჩემი ძვირფასი წითელი კაბით ერთ მშვენიერ დღეს თბილისს ვეწვიე. სასწაული შეგრძნება იყო, როცა მიწაზე ფეხი დავდგი და აეროპორტის ჰაერი შევისუნთქე. ასე დიდი ხნით საქართველოს დატოვება პირველი შემთხვევა იყო და ვიგრძენი, როგორ ტირილამდე მომნატრებოდა აქაურობა. აეროპორტში მთელი არმია დამხვდა: ზაზა, მარკო, ალმა ენთან და ემილისთან ერთად, ჯინა თავისი ქმარ-შვილით _ გოკათი და ელისით. ნამდვილი დღესასწაული გამითენდა.

ერთადერთი, რაც არ მომეწონა და აშკარად შეიმჩნეოდა, ზაზას უხასიათობა იყო. ძალიან ცივად მომესალმა, უგულოდ გადამკოცნა და არც კი უკითხავს, როგორ ხარ, როგორ იმგზავრე ან მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, მეც გავატარე, ვიფიქრე, რადგან ჩამოვედი, წყენა გაუვლის და გული მოუბრუნდება-მეთქი.

იმ დღეს არაჩვეულებრივი დრო ვატარე მათთან ერთად. მეორე დღეს კი კლასელების შეკრებაზე გავეშურეთ ყველანი. ვისაც ქმარი გვყავდა, რა თქმა უნდა, ქმრებიც გავიყოლეთ.

იქაც დიდი ამბით შემხვდნენ, ყველამ იცოდა, სადაც ვიყავი და ისიც იცოდნენ, რომ ყველაზე საინტერესო ამბების მოყოლა მე შემეძლო. ჯერ ხომ ვიმარიაჟე ამ ჩემი წითელი კაბით, რომელსაც თვალს ვერ წყვეტდნენ ჩემი კლასელები. ისიც კი ვთქვი, გოგო რომ მეყოლება, იმას უნდა შევუნახო და ქორწილის მეორე დღეს ჩავაცვა-მეთქი. მერე მოვყევი პარიზულ ამბებს, როგორ მიდიოდა ჩემი სწავლების პროცესი კარლთან, რას ვსწავლობდი, რა დოზით, როგორ ვიღლებოდი, მაგრამ არ ვეპუებოდი. რომ დავბრუნდები, ყველაზე მაგარი დიზაინერი გავიჩითები საქართველოში-მეთქი, დავიტრაბახე. ბოლოს დავამატე, იმდენად კარგად ვარ მომზადებული, რომ გადავწყვიტე, სენ-მარტინის კოლეჯი დავამთავრო და მერე ყველა გზა ხსნილი მექნება-მეთქი. რაოოო? _ იფეთქა ამ დროს შემთვრალმა ზაზამ და მტრისას, იქ ამბავი დაატრიალა. ეს ბავშვი რომ მოგვიგდე აქ მოსავლელად ამდენ ხალხს, შენ კიდევ დაკუნტრუშებ პარიზში აღმა-დაღმა, რა დედა შენ ხარ, შენი ასე და ისეო… მოკლედ, რაც კი ბოღმა დაუგროვდა ერთი წლის განმავლობაში, ერთად ამოანთხია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემმა ზაზამ ჩამამწარა ის ბედნიერი დღე. ერთი კვირა დავრჩი თბილისში. ბავშვის მოსიყვარულებით გული ვიჯერე, მეგობრებთანაც ბევრი ვიმუსაიფე და კვირის ბოლოს გასამგზავრებლად მოვემზადე. პარიზში, მიუხედავად იმისა, რომ სტაჟიორი ვიყავი, ხელფასს მიხდიდნენ, თანაც კარგ თანხას, ამიტომ ჩამოტანილი ფულის ნაწილი ზაზას მივეცი, ნაწილი გოგოებს დავურიგე, ჩემს მარკოს თქვენც მიხედეთ-მეთქი. გარდა ამისა, ხომ ყველას საჩუქარი ჩამოვუტანე, პარიზული სუნამოები და პიჯაკები და რა ვიცი, ათასგვარი რამეები, განსაკუთრებით ბავშვებისთვის არ დავიშურე ტანსაცმელ-ფეხსაცმელი.

მაშინ უნდა ჩავფიქრებულიყავი იმაზე, რომ ქმარი უკვე გაუცხოებული მყავდა, რომ უკვე დავშორებოდით ერთმანეთს, მაგრამ ისე ვიყავი აღტყინებული პარიზული ვოიაჟით, რომ ამაზე საფიქრელად არ მეცალა. ის ერთი კვირა ჩემი ქმარი ახლოსაც არ გამკარებია და მეც არაფრად ჩავაგდე ეს ამბავი. არა უშავს, როგორმე ერთ წელსაც გადავიტან და ჯანდაბას, აღარ მინდა არც სწავლის გაგრძელება, არც სადმე სამუშაოდ მოწყობა, ჩამოვალ და ყველაფერი დალაგდება-მეთქი.

თბილისიდან ისე გავემგზავრე, ზაზას გული ვერ მოვიგე. არც კი გამაცილა აეროპორტში. მხოლოდ გოგოები გამომყვნენ. ჯინას ქმარმა გაგვიყვანა მანქანით. მთელი გზა დანა პირს არ მიხსნიდა. შემეძლო, საერთოდაც არ წავსულიყავი, დავრჩენილიყავი და ოჯახისთვის მიმეხედა, თან ჩემი საქმეც ამეწყო თანდათანობით, მაგრამ მეც არანაკლებ ჯიბრიანი ვიყავი, ვიდრე ჩემი ქმარი და უკან აღარ დავიხიე.

აი, ასეთი გულდამძიმებული ჩავედი პარიზში. ის ერთი წელი ისე გაიწელა, თითქოს მთელი საუკუნე გავიდა. ყოველ საღამოს შევდიოდი სკაიპში, რომ ჩემს ქმარ-შვილს დავლაპარაკებოდი, მაგრამ უიმედოდ. ზაზა სკაიპს არ გაჰკარებია. მარკოს მხოლოდ მაშინ ველაპარაკებოდი, როცა რომელიმე ჩემს დაქალთან იყო და ისინი თუ ჩამერთვებოდნენ.

ძალიან მძიმე წელი კი მქონდა. როგორც იქნა, ჩამთავრდა ის წელიც და გამოვეშურე უკან, თბილისისკენ. ისევ აეროპორტი, ისევ დაქალები, მარკო, მაგრამ არა ზაზა. მთვრალი იყო და აღარ წამოვიყვანეთო, ალმამ მითხრა.

გოგოები საგულდაგულოდ იყვნენ გამზადებულნი, ჯინასთან სუფრაა გაშლილი, წავიდეთ, ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთო, მაგრამ უარი ვუთხარი. მოდით, ჩემთან ავიდეთ სახლში, ბებიაჩემს მაინც გავახარებ-მეთქი, ჩავიხუტე მარკო, რომელიც ჯერაც ვერ მომჩვეოდა ხეირიანად და მივადექით ჩვენს ძველ კორპუსს.

ბებიაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს მოხუცი ქალი უცებ ისე დაფაცურდა, თითქოს ოცი წლის გოგო იყო. თან წუწუნებდა, შვილთაშვილის ნახვა ერთხელ არ მაღირსა შენმა ქმარმა, რაც შენ წახვედი, მარკოზი თვალით არ მინახავსო. ამაზე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ როგორც ყოველთვის, წყენა ამჯერადაც გადავყლაპე.

გვიანობამდე დარჩნენ გოგოები ჩემთან და ბოლოს დაიშალნენ. ალმას კი არ უწევდა შორს წასვლა, იმავე კორპუსში ცხოვრობდა, მეცხრე სართულზე და რაც ჟენია გაექცა, აქედან ფეხი არ გაედგა, ჯინა კი ქმარმა მანქანით წაიყვანა. მარკოს რომ არ ეუცხოვა და არ მოეწყინა, ემილიც ჩემთან დავტოვე, თან ალმა გავაფრთხილე, თუ ბავშვმა იტირა, დაგირეკავ და ამოირბინე-მეთქი, მაგრამ სულაც არ უტირია. ცოტა ხნის შემდეგ ისე გავერთე ბავშვებთან და ისე მომეჩვივნენ ორივენი, თითქოს დიდი ხნის უნახავები სულაც არ ვყოფილიყავით.

მეორე დღეს ბებიას გამოვემშვიდობე, ემილი ალმას ჩავუყვანე და ზაზას მივადექი. გამარჯობაც არ უთქვამს, კარი რომ გამიღო. განზე გადგა და ისე გამატარა. მარკო მამამისს ფეხებზე მოეხვია და აჭყლოპინდა. მერე გადმოულაგა საჩუქრები, აი, დედიკომ ამდენი რამე ჩამომიტანაო. არც ამაზე ჰქონია რეაქცია ჩემს ქმარს. იმავე წუთას ჩაიცვა, დაიხურა და სახლიდან გავიდა. მე დავრეკე დედამთილთან, მოვიკითხე, როგორ ხართ, რასა იქმთ, მამა როგორ არის, მე საბოლოოდ ჩამოვედი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა-მეთქი. საჩუქრებიც ვუხსენე და ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ქალბატონი დედამთილი სახლში დამადგა. მეც მთელი ჩანთა გავუვსე საჩუქრებით და გავატანე. კარგა ხანს დაყო ჩემთან, თან მეჭორავა. შენი ქმარი სულ გულჩათხრობილია, ჩვენც კი არ გვეკარება ახლოს, თავის თავზე არაფერს გვიყვება, მოგვიგდებს ამ ბავშვს მთელი კვირა, თვითონ კი გადაიკარგება თავის სამსახურში და მხოლოდ შაბათ-კვირას მიჰყავს მარკოზი თავისთანო. ხანდახან კი გამოივლის საღამოობით, მაგრამ ბავშვს მოეფერება და მერე ისევ მიდისო. არა უშავს, ყველაფერი დალაგდება-მეთქი, ვანუგეშე დედამთილი, მაგრამ დავალაგებდი კი? ამაში უკვე ეჭვი მეპარებოდა.

ასეც მოხდა. ზაზამ გული არა და არ მოიბრუნა. ისე ვცხოვრობდით, თითქოს ერთი ოჯახი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები ვიყავით. მოვიდოდა საღამოს, შეჭამდა, წყალს გადაივლებდა და დაწვებოდა ან საერთოდაც არ მოვიდოდა. ჩემი ჩამოტანილი საჩუქრებისთვის თვალიც კი არ შეუვლია. როგორც ჩამოვიტანე დაკეცილი, ისევ ისე იდო ყუთში მისი საწოლის თავთან, ტუმბოზე.

ვიფიქრე, არა უშავს, გადაუვლის, რომ ნახავს, როგორ ვზრუნავ ოჯახზე, გული მოუბრუნდება-მეთქი. შევცდი. თურმე სადა ხარ.

ერთხელაც ვუსაყვედურე, რით ვერ მაპატიე ეს ორი წელი, მხოლოდ ჩემს თავზე კი არ ვფიქრობდი, პარიზში რომ წავედი, მინდოდა, მთელ ოჯახს გამოსდგომოდა ჩემი სწავლა, შენ კიდევ ზედაც არ მიყურებ, თითქოს ამქვეყნად არც ვარსებობდე-მეთქი. _ აქამდე ვერ მიხვდი იმას, რომ არ არსებობო? _ მომახალა და თავის ოთახში შეიკეტა. ჰო, არ მოგესმათ, თავის ოთახში. ჩვენს საერთო საძინებელში, რაც ჩამოვედი, არ გვიძინია.

მერე მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. ახლა უფრო დიდხანს რჩებოდა შინ, მაგრამ ტუალეტში ჩაკეტვას და იქ განმარტოებას შეეჩვია. შეიტანდა თავის მობილურს და იჯდა იქ საათობით. ამდენ ხანს რატომ ზიხარ ტუალეტში-მეთქი, რომ შევეკითხებოდი, ხან შეკრული ვარ კუჭში, ხან აშლილი მაქვსო, მომიგებდა. მობილური რაღას შეგაქვს-მეთქი და ვთამაშობო.

რაღაც ვიეჭვე. ერთხელაც, როცა დასაბანად შევიდა, ვტაცე ხელი მის მობილურს და მესიჯები გადავათვალიერე. ჰო, საოცრებავ! ჩემს ძვირფას ზაზას თურმე საყვარელი არსება გაუჩენია. და ამ საყვარელ არსებას ნინი ერქვა. ისეთი სასიყვარულო სიტყვების ფრქვევა მიდიოდა მესიჯებში, ჩემი თავი კი არა, ზაზა შემეცოდა, ასეთი სიყვარული როგორ უნდა წაართვას კაცმა-მეთქი.

არ ვიცი, სხვა ცოლები როგორ იქცევიან ამ დროს, მე კი ვიცოდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული, ეგრევე დავეტაკე:

_ როგორც ვხედავ, დრო უქმად არ დაგიკარგავს ამ ორი წლის განმავლობაში! _ გაცეცხლებულმა შევუღრინე, თან დონჯშემოყრილი ვიდექი, მეტი სიმტკიცისთვის.

_ რამე გინდოდა? _ ისეთი მშვიდი ირონიით მომიგო, ვითომც არაფერი.

_ კი, მინდოდა, _ უფრო ავუწიე ხმას, _ გეგონა, ვერაფერს მივხვდებოდი? გეგონა, თუ ტუალეტში შეიკეტებოდი, ვერაფერს გავიგებდი? ვინ არის ეს ნინი? _ ვიყვირე და ხალათის ჯიბიდან მისი მობილური ამოვიღე, რომელიც ცხვირწინ ავუფრიალე.

_ სხვას რას ელოდი? _ ნიშნის მოგებით ჩაიცინა და პირსახოცი მოიძრო, მთლიანად გაშიშვლდა ჩემ წინაშე და თავის შემშრალებას შეუდგა.

სიბრაზისგან კანკალმა ამიტანა.

_ ყოველ შემთხვევაში, ამას არა! _ ახლა უკვე დავუწიე ხმას, მივხვდი, ყვირილს აზრი არ ჰქონდა, _ იმისთვის წავედი, რომ საყვარელი გაგეჩინა? არ მეგონა, ასეთი სუსტი თუ იყავი, _ ყველაზე სუსტ ადგილას დავაბიჯე ფეხი.

_ მე ვარ სუსტი? მე-ე? _ ახლა იმან იყვირა და პირსახოცი სახეში მესროლა, _ ორი წელი პარიზში დატლაშუნებდი ბოზი ქალივით და კიდევ მე ვარ სუსტი? თუ იმის თქმა გინდა, რომ ამდენი ხანი იქ სხვა კაცი არ გყოლია?

ამ ბრალდებამ ბოლო მომიღო. რას ვიფიქრებდი, ჩემზე ასეთი წარმოდგენა თუ შეექმნებოდა? მე და ღალატი? ეს ხომ სრულიად გამორიცხული ამბავი იყო.

_ როგორ არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ. _ ცრემლები მომეძალა, _ ცოლები წლობით მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და იმათი ქმრები არ ეჭვიანობენ, შენ კიდევ ორი წელი არ მაპატიე, თან…

_ ხოდა, წლობით რომ მიდიან, იმიტომაც ბოზდებიან იქ! არც შენ ხარ გამონაკლისი! _ ისე ბობოქრობდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, გავარდა თავის ოთახში და კარი გაიჯახუნა.

ხმა არ გამიღია. გაოგნებული ჩამოვჯექი დივანზე და თვალებგაფართოებული მარკო მკერდზე მივიკარი. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა ჩაცმულ-გამოწკეპილი, დაავლო თავის მობილურს ხელი, საჩვენებელი თითი მუქარით ჩემკენ გამოიშვირა და კბილებში გამოცრა:

_ სიტყვა არ დაძრა ნინის საწინააღმდეგოდ, თორემ მოგკლავ! მისი ფეხის ფრჩხილად არ მიღირხარ! _ ამ სიტყვებით სახლიდან გავარდა.

მეც რაღა დამრჩენოდა. ასეთ კაცთან ცხოვრება არ მიღირდა. იმწუთასვე ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა, დავავლე მარკოს ხელი და ჩემს ძველ საცხოვრებელს დავუბრუნდი, სადაც შვილიშვილსა და შვილთაშვილს მონატრებული სესილია ბებია მელოდა.

ვერ გეტყვით, მაშინ კარგად მოვიქეცი თუ ცუდად. ერთი კია, ხელი არ გამინძრევია ოჯახის შესანარჩუნებლად. ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს. არ ვიცი, შეიძლება მეგონა, რომ ძალა არ მეყოფოდა ზაზას მოსაბრუნებლად, რომ ამ ჭიდილში მაინც დავმარცხდებოდი და თავს სასაცილოდ გავიხდიდი, რომ აჯობებდა, პირველი მე გავრიდებოდი და ეთქვათ, ქმარი მიატოვაო და არა ქმარმა მიატოვაო…

მე ხომ ყველაფერში პირველობა მინდოდა ყოველთვის… თუმცა, დამნაშავე, ვგონებ, მხოლოდ და მხოლოდ მისი ერთი წინადადება იყო: `მისი ფეხის ფრჩხილად არ მიღირხარ!~ ამან ყველაფერს გადაუსვა ხაზი, რადგან პირველობა იქით იყოს და, საშინლად თავმოყვარე ვიყავი…

ზაზასგან კი წამოვედი, მაგრამ ალმასავით დეპრესია არ მომძალებია. პირიქით, ქმრის მიტოვებამ კიდევ უფრო გამაძლიერა, თითქოს თავს გამარჯვებულად მივიჩნევდი. `აი, ხომ ვუჩვენე სეირი, ხომ ვაგრძნობინე ჩემი ძალა!~ _ ჩემში მოკალათებულ `მეორე ხმას~ ხშირად ასე ჯიბრიანად ვებაასებოდი.

მაშინვე დავფაცურდი. ფული ისედაც მქონდა დაგროვებული, მამაჩემმაც, რომელიც იმ პერიოდში ხელშეკრულებით უკრაინაში მუშაობდა, რადგან არქიტექტორი გახლდათ, ამასთან, პროფესიონალიც და მასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, სოლიდური თანხა გადმომიგზავნა, ოღონდ შენ საქმეს მოეკიდე, არაფერზე არ იდარდო და არა უშავს, თუ ოჯახი დაგენგრა, იქნებ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე მყარად დადგომაო. მამას ჩემზე ყოველთვის ჭკუა ეკეტებოდა, რადგან, ფაქტობრივად, მან და ბებიამ გამზარდეს. დედა არ მახსოვს. ჯერ კიდევ ჩვილი ვყოფილვარ, რომ გარდაცვლილა და მამას ისე ჰყვარებია, რომ მას შემდეგ ცოლის შერთვა არც უფიქრია. ჰოდა, ცოლის ხატებას მამა ჩემში ხედავდა, რადგან სურათებიდანაც ვხედავდი, როგორ ვგავდი მას, ამიტომაც უფრო მძაფრად შეიგრძნობდა ჩემდამი სიყვარულს.

მამაჩემის გამოგზავნილი ფულით პეკინზე ოროთახიანი ბინა ვიყიდე პირველ სართულზე და ატელიეს მოწყობას შევუდექი. პატარა ოთახში, ანუ საძინებელში სამკერვალო მოვაწყვე. ორი მკერავი ვიქირავე და კერვას შევუდექი. დიდ, ანუ სასტუმრო ოთახში კი ვიტრინები გავაკეთე და ჩემი ნაწარმი გამოვფინე. მშვენიერი ბუტიკი გამომივიდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებს საშუალო ფასი დავადე, რომ კლიენტები არ დამეფრთხო, მერე მივდექი, მოვდექი, ნაცნობობით მოვიწვიე პრესა, ტელევიზია, ორ-სამჯერ `გამაშუქეს~ და წავიდა მუშაობა. წამში ცნობილი გავხდი. სნობი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მართლაც მჭირდებოდა. მჭირდებოდა იმისთვის, რომ ატელიე ამემუშავებინა და პოტენციური მყიდველი მომეზიდა.

დიდების ზენიტზე იმაზე სწრაფად აღმოვჩნდი, ვიდრე მოველოდი. ყველამ გაიგო, რომ პარიზში ვმუშაობდი, თანაც ვისთან! თავმომწონე თბილისელებს კი მეტი რა უნდოდათ? მთელი თბილისის ელიტა თავზე დამეხვია. ყველას ჩემთან უნდოდა სამოსის შეკვეთა, შეკერვა და ყიდვა. პირველ ჯერზე საქორწინო კაბებზე დადგა დიდი მოთხოვნილება. მაგის მეტი რა ვიცოდი? მუხლჩაუხრელად შევუდექი მუშაობას. არა მარტო ჩემი მკერავები, მეც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე საქმეში, არ ვთაკილობდი არც ერთ შავ სამუშაოს, ოღონდ კი საქმე გამომსვლოდა. ვიკა და მარინა, ვინც დავიქირავე, მეუბნებოდნენ, შენნაირი უბრალო უფროსი ჯერ არ შეგვხვედრიაო. ყველა სამკერვალოში, სადაც გვიმუშავია, დირექტორი სულ ზემოდან დაგვყურებდაო. ის კი არა, ნემსის ჩხვლეტისგან თითები სულ დასივებული მქონდა ერთი პერიოდი.

შეკვეთებთან ერთად ფულიც წამოვიდა. ფულს არ ვაჩერებდი, ისევ საქმეში ვაბანდებდი. შევიძინე ახალი, თანამედროვე საკერავი მანქანები, რომ საქმე უფრო გაგვადვილებოდა. საძინებლის კედელი, სადაც ატელიე განვათავსე, შიგნითა მხრიდან გავასქელე, რომ მანქანების ხმას გარედან შემოსული კლიენტი არ გაეღიზიანებინა.

რაც შეეხება ზაზას, თავიდან იმანაც მოიწყო თბილი ბუდე. მისმა ახალმა `ჩიორამ~ (ძველი ხომ მე ვიყავი), არ ისურვა, ბატონო, დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება და ამასაც რა ექნა, მასთან გადასახლდა. არადა, ქალბატონი დედამთილი წამითაც არ მივიწყებდა, სულ მირეკავდა, გამომივლიდა, მომიკითხავდა. ნინის რძლად არ აღიარებდა. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, სანამ უარესი არ ნახა, უკეთესი ვერ დააფასა.

პირველი ექვსი თვე თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მაგრამ ზაზას მეორე ცოლი, რომელზეც ოფიციალურად არც დაქორწინებულა, არა და არ დაორსულდა. რატომ არ ქორწინდებიან-მეთქი, შევეკითხე ერთხელაც. რა ვიცი, კაცო, ასე გაიძახის, ჩვენ თანამედროვე ხალხი ვართ, ფარატინა ქაღალდი რა საჭიროა, ევროპაში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ასე ცხოვრობს და ქვეყანა არ დაქცეულა, მოვასწრებთ, სად გვეჩქარებაო. არ ვიცი, სად ამოიკითხა მსგავსი ინფორმაცია ან ვინ `გაანათლა~ ნინი, მაგრამ ერთი, რასაც მივხვდი, უეჭველი იყო _ მე, როგორც `ნაპარიზალს~, თანამედროვე შეხედულებებში მეჯიბრებოდა. ამით იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ გოიმი არ იყო და ახლებურად აზროვნებდა.

მაგრამ…

გავიდა ექვსი თვე და თავი პირველმა წინააღმდეგობებმაც იჩინა. პირველი `სამწუხარო~ ცნობებიც მომივიდა. ზაზა და ნინი თურმე სულ ჩხუბობენ, ის გოგო ულტიმატუმს უყენებს, თუ გინდა, რომ ვიქორწინოთ, შენს მშობლებს წილი მოსთხოვე, ან ბინა გიყიდონ, ან რაც აქვთ, ის გაყიდონ და ცალკე გავიდეთ, არც მე მინდა ჩემს მშობლებთან ვიცხოვროთო. ამან კარგა გვარიანი არეულობა გამოიწვია ზაზას ოჯახში. მამამისს ნერვიულობისგან წნევამ დაარტყა, დედამისი ნინის მშობლებს მიუვარდა და დაიწყო `საყოველთაო მოძრაობა~. გარდა ამისა, თურმე ამ ნინის სმა ჰყვარებია. მომენტს არ გაუშვებდა ხელიდან, თუ სიტუაცია შეიქნებოდა და უგონოდ თვრებოდა. რამდენჯერ მანქანით კი არ მოუყვანიათ, მოუტანიათ თურმე სახლში. როგორც ჩანს, ზაზაზე ამანაც ძლიერ იმოქმედა, მე ხომ მთვრალი არასდროს ვუნახავვარ. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ერთ მშვენიერ დღესაც დაიხურა ზაზამ ქუდი და წამოვიდა. დარჩა ნინი ხახამშრალი.

ჰოდა, შემოდგომის ერთ მზიან დღეს, მეცამეტე სართულის თეთრად შეღებილ ჩემს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე კარი და გული უცნაურად შემიფრთხიალდა _ სადარბაზოში ზაზა იდგა, რომელიც თითქოს თვალს ვერ მისწორებდა.

არ იცით, რა დამემართა. გული ისე ბაგაბუგობდა, მისი გუგუნი ყურებში მესმოდა. მივხვდი, რომ ეს ოხერი კაცი კიდევ მიყვარდა. შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე. მისი ამბები ხომ უკვე ვიცოდი და იმანაც კი გამკრა თავში, იქნებ შერიგება უნდა და მომადგა-მეთქი და წამებში დავიწყე გონებაში გადახარშვა, თუ ასე მოხდა, თავი როგორ დავიჭირო, მაშინვე შევურიგდე თუ ცოტა ვაწვალო-მეთქი… მაგრამ…

_ გამარჯობა! _ თავისი ბოხი ხმით მომესალმა.

ეს ხმაც მომნატრებია თურმე. რაღაცამ სხეულში ჭვალივით დამიარა.

_ გაგიმარჯოს!

_ ბავშვის სანახავად მოვედი. ცოტა ხნით გავიყვან.

ვიგრძენი, ვიღაცამ თითქოს მაკრატლით რომელიღაც მნიშვნელოვანი ძარღვი გადამიჭრა, რომლითაც ორგანიზმში ჩემი სისხლის მიმოქცევა დაირღვა. შიგნით რაღაც ამეწვა.

_ ბაღშია ჯერ. შემოდი, ერთ საათში ამოიყვანს ალმა მარკოზსაც და ენისაც, დღეს მისი მორიგეობაა, _ ძლივძლივობით ამოვღერღე.

შემოვიდა. ყავა მოვუდუღე და წინ დავუდგი. იმიტომ არა, რომ ორი წელი პარიზში გავატარე, უბრალოდ, ყოველთვის საღი შეხედულებები მქონდა, დროს ყოველთვის წინ ვუსწრებდი ერთი ათი წლით მაინც, ამიტომ დაშორების შემდეგ ზაზასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია. არც უბრად ვყოფილვართ, ჩვეულებრივად ველაპარაკებოდით ერთმანეთს. დარეკავდა, როცა ბავშვი მოენატრებოდა, მეც ვრეკავდი, როც რამე მარკოს ეხებოდა, მაგრამ იმ ამბის მერე სახლში ახლა პირველად ამოვიდა.

ბებიაჩემმა დაინახა თუ არა, მოირბინა, გულში ჩაიხუტა, კინკრიხოზე აკოცა, რა დაგემართათ, შვილებო, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და ასე უცებ რა მოხდა, იქნებ შერიგდეთ, თქვენ ხომ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილიო, ტირილიანი ხმით დაუწყო მონოლოგის კითხვა.

_ ბე-ბო! _ დავუბრიალე ბებიაჩემს თვალები, გეყოფა ახლა, საკმარისია-მეთქი და ისიც წაფრატუნდა ვიშვიშით, ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევენო.

_ იქიდან წამოვედი… _ სადღაც, შორიდან წამოვიდა ზაზას ხმა და კვლავ მომეცა გული, არიქა, ახლა შერიგებაზე დამიწყებს ლაპარაკს-მეთქი. სახის ნაკვთები ოდნავ შემერხა, ალბათ თვალებიც შემიბრწყინდა ცოტათი, მიუხედავად იმისა, რომ ემოციის დამალვას ვცდილობდი.

_ სულ? _ დაკონკრეტებისთვის კითხვა დავსვი.

_ სულ. ახლა კი მინდა თავისუფლებით დავტკბე. მომბეზრდა ქალთა საზოგადოება, _ ჩაცინვით თქვა და ყავა მოსვა, მე კი ისევ ვიგრძენი, ამჯერად როგორ გადაჭრა მაკრატელმა სადღაც მეორე მნიშვნელოვანი ძარღვი იქ, ჩემ შიგნით, გულთან ახლოს. ამჯერად კიდევ უფრო ამეწვა რაღაც.

_ განა თავისუფლება ოდესმე გაკლდა? _ მზერა მზერას დავაჯახე და ჩემი საფირმო ღიმილით გავუღიმე.

როგორც ამბობენ, საოცარი ღიმილი მაქვს. ისეთი, რომელსაც ყველას ერთნაირად მონუსხვა შეუძლია _ ქალის და კაცის, დიდის და პატარასი, მოხუცის და ახალგაზრდის, ბავშვის და მოზარდის… არ ვიცი, გაღიმება ჩემთვის საგანგებოდ არავის უსწავლებია. ასე ვიღიმი დაბადებიდან დღემდე. მთავარი ისაა, რომ ეს ღიმილი გულწრფელია. როგორც ჯინა მეტყვის ხოლმე, ისე იღიმი, რომ ვისაც უღიმი, თუნდაც უცნობი იყოს, ერთ სიტყვას ეუბნები: `მიყვარხარ და გათბობ~ და ამით ნუსხავ ყველასო.

დროთა განმავლობაში ამაში თავადაც დავრწმუნდი. მივხვდი, რომ ჩემი ღიმილი ჩემი მთავარი იარაღი იყო _ ყველაზე ბასრი დანა, ყველაზე სწრაფი ბუმერანგი, ყველაზე მიზანში მომხვედრი ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა, ყველაზე სწრაფად ფეთქებადი ატომური ბომბი… ამ ღიმილს ჩემთვის ბევრი რამ გაუკეთებია, რომ წინ წავწეულიყავი და მიზნისთვის მიმეღწია.

_ მაგას ჩემგან ქალები ვერ ეღირსებით. კი ცდილობდით შენც და ისიც, მოგეთოკეთ, ხელზე დაგეხვიეთ და თქვენს ნება-სურვილზე გეტარებინეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ! _ უცებ აენთო და ფინჯანი ისე დაახეთქა ლამბაქს, კინაღამ დაფშვნა.

_ ეგ მე არასდროს მიცდია, _ თავის გაქნევით ვთქვი, მაგრამ რბილად, ხმადაბლა.

_ გიცდია, გიცდია. ორი წელი ლამის `ნიანკად~ გამხადე.

არ გამიპროტესტებია, შეიძლება ასეც იყო, თუმცა ამაზე არასდროს მიფიქრია. თავის მართლებაც შემეძლო, მე ხომ სასწავლებლად ვიყავი წასული და აბა, ბავშვს თავშესაფარში ხომ არ მივაბარებდი-მეთქი, მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე.

_ შენი აქილევსის ქუსლი იცი, რა არის? _ ვუთხარი და ირიბად გავხედე, _ მშიშარა ხარ, ქალების გეშინია. _ და კვლავ გავუღიმე, მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო. ეს იყო სრულიად საპირისპირო, მომაკვდინებელი ღიმილი, რომელიც გამანაგურებლად მოქმედებდა ყველაზე, ვინც მას დაიმსახურებდა. აი, ასე, ერთ ქალში ორი ერთმანეთის საპირისპირო ღიმილი იყო დაბუდებული, რომელსაც ერთნაირად დამანგრეველი ძალა ჰქონდა _ ან სასიამოვნოდ დაგაგდებდა, ან ძლიერი ტკივილით.

ეს ვთქვი და ჩემი ღიმილიანი ირონია ტანზე ისე შემოვახვიე, რომ გავბაწრე. განძრევის საშუალება არ მივეცი. მიზანში მოვარტყი თუ არა, მაშინვე აიძაგრა.

_ კი არ მეშინია, არ გენდობით! თქვენს თავში რომ ვერაგი აზრები დატრიალდება, ისეთს ვერა კაცი ქვეყანაზე ვერ მოიფიქრებს. არა ხართ სანდონი! _ თითქოს ერთი ხელის მოქნევით შემოიწყვიტა ირონიის ბაწარი და გათავისუფლდა, მერე კი, მარცხენა ხელის ორი თითი, რომელშიც მხრჩოლავი სიგარეტი მოექცია, ცხვირწინ რამდენჯერმე დამიქნია, თვალები ზიზღით მოწკურა, კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა, კბილები გააკრაჭუნა და წამოდგა.

_ წავედი, ყავისთვის მადლობა! _ და გასასვლელს მიაშურა.

გამეცინა… სიმწრით… ყველაფერი გავაფუჭე… მაგრამ კართან მისულს მაინც დავადევნე:

_ აკი ბავშვის ნახვა მინდაო?

დავინახე, როგორ შეუკრთა მხრები. ჯერ თავი დახარა, მერე მძიმედ მოტრიალდა და ამოთქვა:

_ არა უშავს, სხვა დროს იყოს. შენ ხომ ადამიანის ხასიათის გაფუჭების დიდოსტატი ხარ.

_ შეიძლება კიდევაც შეგხვდნენ დაბლა, _ შევარბილე ტონი, _ უკვე დროა, საცაა მოვლენ.

თავი უსიტყვოდ დამიქნია და გავიდა…

 

მერე კარგა ხანს აღარ გამოჩენილა, არც დაურეკავს. არც მე გამომიდვია თავი, მაგრამ ერთხელაც, შუღამეს, როცა ჩემი მობილურის ციფერბლატზე მისი ნომერი აციმციმდა, გულში გავივლე, ალბათ მთვრალია და სენტიმენტები მოეძალა-მეთქი, მაგრამ შევცდი:

_ მამა გარდაიცვალა, _ მხოლოდ ეს მითხრა და გამითიშა.

რა გამაჩერებდა, მაშინვე ჩავიცვი და გავვარდი. წნევამ ხელმეორედ დაარტყა ჩემს მამამთილს და ამჯერად ვეღარაფერი უშველეს. საწყალი ჩემი დედამთილი, თავს იკლავდა, ისე ტიროდა…

ამ უბედურებამ ისევ დაგვაახლოვა და შევრიგდით კიდევაც. კვლავ მათთან გადავსახლდი და დავიწყეთ ცხოვრება თავიდან. მაგრამ ვაი, ამისთანა დაწყებას! ვაი, ამისთანა ცხოვრებას! ისე იყო შეცვლილი, ვერ ვცნობდით. საშინელი ეჭვიანი გახდა. მამაჩემივით ზაზაც არქიტექტორი იყო, კარგ პროექტებს ადგენდა, კლიენტურა არ აკლდა, პატარა საოფისე ფართსაც ქირაობდა ანაგის ქუჩაზე, მაგრამ რაც შევრიგდით, წესიერად არ უმუშავია. წარამარა სამსახურში მადგებოდა, როგორც მერე მივხვდი, მამოწმებდა, მალულად ვინმეს ხომ არ ვხვდებოდი. მიკრძალავდა მოკლე კაბის, შარვლის ჩაცმას, დეკოლტე არ დამანახვოო, ამოიჩემა. რა თქმა უნდა, თანდათან გადავაჩვიე ამ აზიატურ ჩვევებს, მაგამ ეჭვიანობა ვერ მოვაშლევინე. ყველა მამაკაცში ჩემს პოტენციურ საყვარელს ხედავდა. ას ეგონა, მასზე ლამაზი ცოლი არავის ჰყავდა და ყველა კაცს მე ვუყვარდი. ბოლოს, როცა მოთმინების ძაფი ცხრა ადგილას გაწყდა და გადაბმასაც კი აღარ ჰქონდა აზრი, როცა ყველა ღონე ვცადე და ვერაფერი შევაგნებინე, როცა მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ისევ გავშორდი, რადგან ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ხელითაც შემეხო. ყველაფერზე შემეძლო თვალის დახუჭვა, ბევრ რამეს დავთმობდი, მაგრამ მისგან ცემას ვერ ავიტანდი.

ყველაზე მეტად მარკოზი მენანებოდა. ისედაც ხომ ძალიან იყო მიტმასნილი მამაზე, თანაც ზაზა არაჩვეულებრივი მამა იყო, რომ გული მწყდებოდა. როგორ მინდოდა, ჩემს შვილს მაინც გამართლებოდა მშობლებში და ჩემი ბედი არ გაეზიარებინა, რადგან უდედობამ დაღი დამამჩნია, რომ ტკბილად შევბერებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთი გზაც არ დამიტოვა, ერთად დავრჩენილიყავით.

კვლავ ჩემს ბინას დავუბრუნდი. კვლავ ატირდა ბებიაჩემი. კვლავ გამამხნევა მამაჩემმა და ფული გამომიგზავნა.

მე კი დავწყნარდი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, მაგრამ მარკო დამეჩაგრა. ბავშვი ორად იყო გახლეჩილი. ერთი სული ჰქონდა, შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა, რომ მამას წაეყვანა. მისგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობდა. უზომოდ განათლებული ბიჭი იყო ზაზა, რომ იტყვიან, მოარული ენციკლოპედია. ნებისმიერი პროფესიის ადამიანთან შეეძლო კამათში ჩაბმულიყო და თავისი საღი აზრი გამოეთქვა. სასწაული იყო, ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მაგრამ აი, ეს უცნაურობა სჭირდა _ ეჭვიანობა ვერ მოიშალა.

ახლა წლების მერე, როცა იმ დროზე ვფიქრობ, დაშორების მერეც, დარწმუნებული ვარ, ხშირად მითვალთვალებდა, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა, ვხვდებოდი ვინმეს თუ არა. კიდევ კარგი, იოტისოდენა საბაბიც არასდროს მიმიცია, თუმცა მას საბაბი არ სჭირდებოდა. ქუჩაში ვინმეს რომ გავეჩერებინე და ეკითხა, საათის რომელიაო, იმაზეც კი იეჭვიანებდა _ იმ კაცმა სიყვარული აგიხსნაო.

რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი ვიყავი, თაყვანისმცემლები და ქათინაურები არასდროს მაკლდა. არ მეგულება ამქვეყნად ქალი, ასეთი რამ არ სიმოვნებდეს. რა თქმა უნდა, მეც მსიამოვნებდა, ვკეკლუცობდი კიდევაც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ თვალი სხვა კაცზე მეჭირა. მას კი უჭირდა ამის დაჯერება. შინაც რომ ვმჯდარიყავი გამოკეტილი, არც მაშინ მოიშლიდა თავის მავნებლობას _ ალბათ მეზობელი შემოდის ქურდულად, როცა მე სახლში არ ვარო, მოიმიზეზებდა.

არ ვიცი, დღესაც არ ვიცი, რამ შეცვალა ასე _ ჩემმა პარიზში წასვლამ თუ ნინისთან ურთიერთობამ. როცა მასთან ცხოვრობდა, ზოგადად ქალი სულ სხვა კუთხით დაინახა. ნინიმ ხომ არ დაზოგა, რაც შეიძლებოდა, ატკინა და ატკინა გული. შეიძლება მაშინ მიხვდა, რა უცებ შეიძლება ქალის მორალურად გახრწნა დაიწყოს. ალბათ ასეც არის. ქალის კი არა, ნებისმიერი ადამიანის უცებ გაცუდება შეიძლება. მთავარია, მისი სუსტი მხარე ჩაიჭირო ხელში და იქიდან შეუტიო. მერე ყველაფერი ადვილად ხდება. სწორედ ამ მხრიდან შეტევით ხდებიან ნარკომანებიც, ლოთებიც, მეძავებიც და დამბეზღებლებიც…

აი, ასე დამთავრდა ჩემი ოჯახური ოდისეა. მას შემდეგ მარტო ვარ. არ გავთხოვდი, მიუხედავად იმისა, რომ მთხოვნელები არ მაკლდნენ. არც ის მინდოდა, მარკოს მამინაცვალი ჰყოლოდა და არც ის, ზაზას ეჭვები გამართლებულიყო _ აი, ხომ ვამბობდი, ვიღაც ჰყავსო.

ზაზა უკვე აღარ არის ცოცხალი. ექვის წლის წინ გარდაიცვალა, მარკო უკვე დიდი ბიჭი იყო. მან ხომ განიცადა და განიცადა მამის სიკვდილი, მაგრამ არც მე ჩავვარდნილვარ უკეთეს დღეში. რაც უნდა ყოფილიყო, მისგან შვილი მყავდა, ის იყო ჩემი პირველი მამაკაციც და უკანასკნელიც. ის იყო ერთადერთი, ვინც კი ოდესმე მყვარებია, ამიტომ არც ჩემთვის ყოფილა ადვილი მისი გარდაცვალება. რაც ერთმანეთს დავშორდით, დიდად არაფერში უმართლებდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაინც ხელმოცარული კაცი იყო. ჩემ შემდეგ ორჯერ სცადა ოჯახის შექმნა და ორივეჯერ დაენგრა. არც ერთი ქალი არ გაუჩერდა. ალბათ მათზეც ისევე ეჭვიანობდა, როგორც ჩემზე და აბა, ვინ აიტანდა ამას?

ბოლოს კი გულმა გლიჯა და მორჩა, სიცოცხლე დაამთავრა. თბილისის ზღვაზე ასულა ძმაკაცებთან ერთად ნაბახუსევზე, წყალში ჩასულა და… გულიც გასკდომია…

ახლა არ ვიცი, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალს რა ჰქვია _ ქვრივი თუ განათხოვარი? იქნებ ერთიც და მეორეც? ყოველ შემთხვევაში, მე სულ ვამბობ, _ `ქმარი არ მყავს~. არასდროს არ მითქვამს, ქვრივი ვარ-მეთქი. არც სიტყვა `ქვრივი~ მხიბლავს და არც ის მდგომარეობა, რომელშიც ქვრივები იმყოფებიან. თავისთავად, როგორი ცუდიც უნდა იყოს მეუღლე, თუ მის გვერდით წლები გაგიტარებია, მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა…

ასე რომ, ამ საკითხში დიდად არ გამიმართლა. როგორც იცით, არ გაუმართლა მატილდასაც, არ გაუმართლა ალმასაც. ერთადერთი ქმრიანი ჯინაღა შეგვრჩა და ისიც…

ბოლომდე არც მას დასცალდა. სამი წლის წინ მისი მეუღლეც გამოესალმა წუთისოფელს ტრაგიკული ავარიის შედეგად. ასე დავრჩით დაქალები უქმრებოდ და ჩვენივე თავის იმედად მოგვიწია ცხოვრებისეული ჭაპანის გაწევამ.

თითქოს წისქვილის დოლაბი მხოლოდ ჩვენს თავზე ტრიალებდა. ერთ ტკივილს მეორე მოჰყვებოდა ხოლმე. რომ გაგვიმართლებდა, აღმართი ათავდებოდა და სწორ გზაზე გავიდოდით, ამოვისუნთქავდით, არიქა, გვეშველა, ყველა გაჭირვება უკან მოვიტოვეთ და დროა, მშვიდად ვიცხოვროთო, სწორედ მაშინ დაატყდებოდა რომელიმე ჩვენგანს ახალი ჭირი და უბედურება.

ერთი ასეთი ტრაგედია ალმას თავს კიდევ ერთხელ დატრიალდა.

ბავშვები წამოიზარდნენ. მართალია, ჩვენსავით ერთ სკოლაში არ უვლიათ, მაგრამ მეგობრობდნენ. ხშირად ვიკრიბებოდით ერთად, სამოგზაუროდაც დავდიოდით, რადგან ფული არ გვიჭირდა. ჩემი საქმეები კარგად მიდიოდა, ალმასაც არ უჭირდა, მისგან კარგი ექიმი დადგა და კერძო პედიატრად ოჯახებშიც დადიოდა. არც ჯინა ცხოვრობდა ურიგოდ. ტელევიზიაში მუშაობდა ჟურნალისტად და მშვენივრად გამოიმუშავებდა, ქმარსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა.

ის პერიოდი იყო, ჩვენმა შვილებმა სკოლები რომ დაამთავრეს და ისინიც სტუდენტები გახდნენ. მათ ნამდვილად არ გასჭირვებიათ გამოცდების ჩაბარება განათლების ახალი რეფორმის გამოისობით. ტესტირებული გამოცდები გაცილებით ადვილი ჩასაბარებელია, ვიდრე ჩვენს დროს იყო _ ზოგი ზეპირი, ზოგი წერილობითი, ბილეთები უნდა გეზეპირებინა, თემები უნდა გეწერა და ა.შ. ახალმა საუკუნემ ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და სიმართლე უნდა ითქვას, ბევრი საქმე გაგვიმარტივა…

ალმას ენი ულამაზესი გოგო დადგა, თვალს ვერ მოწყვეტდი, ისეთი იყო. არ ვიცი, ასეთი ვის გამოემსგავსა. ჩემი ვარაუდით, ალმამ ევგენის ძმაკაცთან `გააჩალიჩა~. ის ბიჭი ერთი თვით იყო უკრაინიდან ჩამოსული, ვითომ აქ უნდა დარჩენილიყო და ჟორასთან ერთად ბიზნესში ჩართულიყო, მაგრამ რაღაც მოხდა. არ ვიცი, იჩხუბეს თუ რამე ვერ გაიყვეს, მაგრამ ფაქტია, სერგეი მალევე გაემგზავრა. ალმა არ იყო ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველისა და უკრაინელის `ჰიბრიდმა~ მაინც თავისი გაიტანა. რაც უფრო იზრდებოდა ენი, მით უფრო ემსგავსებოდა სერგეის. ამაზე მე და ჯინას ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ალმასთან ამ თემაზე ლაპარაკს მუდამ თავს ვარიდებდით, რადგან თვითონ ხმას არ იღებდა და ჩვენ რა უფლება გვქონდა, დაკითხვა მოგვეწყო.

აშხვართული ტან-ფეხი, დიდი, ბრიალა ცისფერი თვალები, შავი თმა-წარბი და საშუალო, მაგრამ ლამაზი მკერდი. აი, ასეთია ენი. პირველი კლასიდან ბალეტზე დადიოდა და მის ამ სილამაზეს სიარულის ბალერინულმა მანერამაც შეუწყო ხელი, რომ უფრო მშვენიერი გამოჩენილიყო. მის სილამაზეს და წარმატებებს ყველანი შევხაროდით, რადგან საბალეტო სკოლაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენ უკვე მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო დასში მოვიაზრებდით მას.

თუმცა, ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ერთხელაც, ბალეტზე მეცადინეობა საჭიროზე მეტხანს გაგრძელდა. ტურნეზე აპირებდნენ საზღვარგარეთ წასვლას და თავს არ იზოგავდნენ. მთელი დღე დაღამებამდე რეპეტიციები ჰქონდათ.

გვიან გამოვიდა რეპეტიციიდან. ასეთ დროს ალმა წარამარა ურეკავდა, ახლა სად ხარ, ტაქსი გამოიძახე, უცნობს არ ჩაუჯდე, ტაქსის ნომერი ჩაიწერე და მესიჯით გამომიგზავნე და ა.შ. არა მარტო ალმა, სამივენი ფრთხილი დედები ვიყავით და ასე ვზრდიდით შვილებს, არ ვზღუდავდით, მაგრამ მაინც ვაკონტროლებდით.

ენიმ ტაქსი ვერ გამოიძახა, რადგან თავსხმა წვიმა იყო და თავისუფალი არც ერთი კომპანიის მანქანა არ აღმოჩნდა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა, ნომერი დაიმახსოვრა და ჩაჯდა თუ არა, დედამისს მესიჯით გაუგზავნა. ჩვენ ერთად ვიყავით, ჩემთან სახლში, ყავას ვსვამდით. მარკო კომპიუტერს უჯდა და თავის საყვარელ კინო-მულტფილმს უყურებდა. ერთი კი გამოგვძახა, რა გაუხურეთ მაგ გოგოს საქმე, რას აკონტროლებთ წარამარა, დაანებეთ თავი, შინ მოსვლა აცალეთო და გააგრძელა ყურება.

დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ალმამ ისევ დაურეკა, მაგრამ ენიმ არ უპასუხა. ალბათ მძღოლს რადიო აქვს ჩართული, მუსიკა შეიძლება ხმამაღლაა და არ ესმის-მეთქი, დავამშვიდე, ცუდი არაფერი მიფიქრია, მაგრამ როცა მოსვლის დროს გადასცდა და ენი არ გამოჩნდა, კვლავ დაურეკა. ზარი გადიოდა, მაგრამ პასუხს არავინ გვცემდა. ახლა კი შევშფოთდით. ავწრიალდით, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. მარკომ გაიხუმრა, ალბათ გაიპარა ენი და მალე ქორწილი მოგვიწევსო. ჩვენ სულაც არ ვიყავით ხუმრობის ხასიათზე, დანა პირს არ გვიხსნიდა.

ასე გავიდა საათ-ნახევარი, ორი საათი… ბოლოს ისე შევშინდით, პატრულის გამოძახება გადავწყვიტეთ. ის იყო, დარეკვას ვაპირებდი, რომ ალმას მობილურის ეკრანზე ენის ნომერი აციმციმდა. ალმა პირველსავე ზარზე ეცა ტელეფონს, სად ხარ გოგო, ამდენ ხანს, რა გაგვიხეთქე გულებიო და უცებ გაშეშდა, სახეზე ფერი წაუვიდა. სანამ რამეს მოვიაზრებდი, მუხლებში ძალა წაერთვა და გულწასული დივანზე მიესვენა. არიქა, მარკო, წყალი-მეთქი, იმხელა ხმაზე ვიკივლე, ბებაჩემსაც კი გაეღვიძა და გამოვარდა ნამძინარევი, ბამბის პერანგისამარა. ალმა ძლივს მოვასულიერეთ.

_ კუკიის სასაფლაოზე ვარო, მიშველეთო, _ ჩურჩულით ძლივს ამოთქვა და ცრემლები ღვარად წასკდა. იმწამსვე შეშლივით წამოვხტი და უაზროდ აქეთ-იქით სირბილი დავიწყე.

_ დედა, დედა! მშვიდად! _ მარკოს ხმამ გამომაფხიზლა, _ ყველანი მივდივართ! _ ჩემი შვილი საღი გონებით მოქმედებდა.

კისრისტეხით ჩავირბინეთ ცამეტი სართული, რადგან ლიფტი არ მუშაობდა და ჩემს მანქანაში შევლაგდით. აცახცახებულს ტარების უნარი წართმეული მქონდა, ამიტომ საჭესთან მარკო დაჯდა. გზაში პატრულს დავურეკეთ, ავუხსენით, რაც მოხდა და დახმარება ვთხოვეთ.

როცა სასაფლაოზე ავედით, პატრულიც უკვე იქ დაგვხვდა და სასწრაფო დახმარების მანქანაც. ენი საკაცეზე დაეწვინათ. ალმა ძლივს გავაკავეთ, ისე განწირულად კიოდა. ექიმმა დაამშვიდა, სასიკვდილო არაფერი სჭირს, არც დაჭრილია, არც დასახიჩრებული, უბრალოდ, ნაცემია და დაჟეჟილიო. სანამ თვითონ არ ნახა შვილი, ხელით არ შეეხო და არ დაელაპარაკა, ალმამ არავის ნათქვამი არ დაიჯერა.

სასწრაფოს უკან მივყევით, ალმა წინ დავსვი, მე უკან ჩავჯექი…

ის ღამე საავადმყოფოში გავატარეთ. პატრულიც იქვე ტრიალებდა.

თურმე ამ ტაქსის მძღოლს ენისთვის რესტორანში წასვლა შეუთავაზებია. ენის უთქვამს, დიდი მადლობა, მაგრამ შინ მელოდებიანო, იმას კიდევ კუკიისკენ გაუქანებია მანქანა. ენი ისე დაბნეულა, ვერც მოუსაზრებია, რომ დაერეკა, თან შეშინებია, ტელეფონი რომ დამინახოს ხელში, ვაითუ, წამართვას, მერე ჩემები საერთოდ ვერაფერს გაიგებენო და ჯიბეში ჩაუდვია, თან ხმა გამოურთავს, უცებ დედამ არ დამირეკოსო. მძღოლს მანქანა შიგნიდან ჩაუკეტავს, რომ გოგო არ გადამხტარიყო, მერე, როცა ენიმ უკნიდან ყელში წაუჭირა თურმე ხელი, იდაყვი მოუქნევია და სახეში დაურტყამს. ბოლოს რაღაც ჩამკრა თავში და აღარაფერი მახსოვსო…

რა თქმა უნდა, ენი გაუპატიურებული იყო. მოკლედ, მკვდრები ვიყავით. ჯინაც მოვარდა, ეს ამბავი რომ გაიგო და სამივენი ერთად ვღრიალებდით ჩახუტებულნი. მარკო შენობიდან გავიდა. მივხვდი, რომ ვერ გაუძლო ჩვენს საცოდაობას. მერე პატრულის თანამშრომელი მოვიდა, გამომძიებელი და რა ვიცი, უამრავი ფორმიანი შეიყარა. ვუთხარით, რაც ვიცოდით, მანქანის ნომერიც გადავეცით და დაიწყეს მძღოლის ძებნა.

დილისთვის ენის მდგომარეობა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო. არც ტიროდა, არც ყვიროდა, გეგონებოდათ, არაფერი დამართნიაო. ერთადერთი, ჭამაზე სასტიკი უარი განაცხადა. ექიმმა დაგვამშვიდა, ამხელა სტრესის მერე პაციენტებს უჭირთ საკვების მიღება, ამიტომ ნურაფერს დააძალებთ, ჯერაც შოკშია და როცა გადაუვლის, ყველაფერი დალაგდებაო. ვიფიქრეთ, ჯანდაბას, რახან გადარჩა, რა თავში ვიხლიდით მაგის ქალწულობას, დრო გავიდოდა და ყველას დაავიწყებოდა, რაც შეემთხვა. ყოველ შემთხვევაში, შევეცადეთ, შემთხვევა შეძლებისდაგვარად მიგვეჩუმათებინა. ტელევიზიის საქმე მოვაგვარეთ, რომ არ გაეშუქებინათ, ამაში ჯინამ იმარჯვა.

იმ ღამეს მძღოლს ვერ მიაგნეს. რაციით მაშინვე გადასცეს ნომერი, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად იპოვეს. შეიძლება სულაც მიიმალა სადმე. სახლშიც დაადგნენ, მაგრამ ცოლმა თქვა, შინ რომ დაბრუნდა, მალევე ვიღაც კლიენტმა დაურეკა, აეროპორტში უნდა გაეყვანა და ჯერ არ დაბრუნებულაო. რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მისი ნათქვამი, ეშმაკმა უწყის.

დილით კი გამომძიებელი ისევ დაგვადგა თავზე. ჩვენ ჯერაც კლინიკაში ვიყავით. უპოვიათ მძღოლი რომელიღაც საავადმყოფოში, წელს ქვემოთ მოწყვეტილი, ნაცემი, ფეხები დამტვრეული, თუ გადარჩა, კაცობას ვერასდროს აღიდგენს, მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში გაატარებსო, ჩაგვიკაკლა გამომძიებელმა.

ისე გაგვაოგნა ამ ამბავმა, ხმა ვერ ამოვიღეთ. მე მაშინვე მარკოზე ვიეჭვე, მაგან ხომ არაფერი ჩაიფიქრა-მეთქი, მაგრამ კრინტს როგორ დავძრავდი. დაგვიწყეს დაკითხვა, ვინ გყავთ კაცი, სად იყვნენ წუხელ, ასე, ისე…. ცოცხალი თავით არ გავთქვით მარკო, თითქოს წინასწარ ვიყავით ამაზე შეთანხმებულები.

მოგვიანებით, როცა მძღოლი გონს მოვიდა, სულ სხვა რამ თქვა. გამოძახება მქონდა, ვიღაც ბიჭებმა აეროპორტში მთხოვეს წაყვანა, მაგრამ მერე მაიძულეს, კუკიაზე, სადღაც ჩიხში შევსულიყავი და ფულის და მობილურის წართმევა დამიპირეს, მე კი წინააღმდეგობა გავუწიე და მაგრად მცემესო.

ჩვენ ამის გაგონებაზე ერთმანეთს გადავხედეთ. შვებით ამოვისუნთქე, ჩემი შვილი არაფერ შუაში არ ყოფილა-მეთქი. როგორც ჩანს, ღმერთმა დასაჯა ავის ჩამდენი, სამართალმა პური ჭამაო, სამივეს ამ აზრმა გაგვიელვა.

თუმცა, მერე, რამდენიმე თვე რომ გავიდა, სრულიად შემთხვევით ამოტივტივდა სიმართლე. მარკოს ერთი ძმაკაცი, რომლის მამა ერთ-ერთი რაონის პოლიციის უფროსია, ჩვენთან ქეიფობდა. კარგად რომ შეთვრა, მთხოვა, კარლა დეიდა, ყავა მომიდუყეთ, დალევა აღარ მინდაო. გავედი სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად, თვითონ ლოჯიაში დაჯდა ჩაფიქრებული. გავიტანე ყავით სავსე ფინჯანი და წინ დავუდგი. აი, სწორედ მაშინ ალაპარაკდა. მაგ მძღოლს ხომ ვუტირეთ დედა, ბოლომდე დავლეწეთ, არ დავინდეთო. ენის გამო მზად ვიყავით, სულაც მოგვეკლა, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ, ჯობია, მთელი ცხოვრება ასე იტანჯოსო. ფერი მეცვალა. კითხვა არ დამისვამს, ემანდ არ მიხვდეს, მე რომ არაფერი ვიცი და უცებ არ გაჩუმდეს-მეთქი. ერთი ეგ ვუთხარი, ყოჩაღ თქვენ, რომ არ შეგეშინდათ და ოპერატიულად მიაგენით-მეთქი და… მოხსნა გუდას პირი.

თურმე მარკოს მისთვის დაურეკავს, ნომერი მიუცია, რომელიც ალმას მობილურიდან გადაიწერა, მაგრამ როდის და რა მომენტში, ვერაფრით ვერ აღვიდგინე, და უთხოვია, იქნებ მამაშენი დაგვეხმაროს და ეს კაცი ახლავე გვაპოვნინოსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ კაცმა მისამართი მაშინვე ამოაგდო თურმე, სადაც მძღოლი ცხოვრობდა, ბიჭები კი ერთმანეთს შეხვდნენ და დაურეკეს, აეროპორტში გვინდა გასვლა და თქვენი ნომერი ახლობელმა მოგვცაო. დაიბარეს რუსთაველის მეტროსთან, თვითონ კი იქვე, სახლთან ჩაუსაფრდნენ, რადგან უარი რომ ეთქვა, შინ აპირებდნენ შევარდნას. არ ვიცი, რა ფსიქიკა ჰქონდა იმ კაცს ამისთანა, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩაიდინა, მაინც გავიდა სამუშაოდ. სადარბაზოდან გამოვიდა თუ არა, ბიჭებმა ხელი სტაცეს, თავისსავე ტაქსიში ჩატენეს და კუკიაზე აიყვანეს. სწორედ იქ დამართეს ის, რაც დამართეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც ენი იპოვეს…

აი, ასე იძია შური ჩემმა ბიჭმა ენიზე და ამაზე არასდროს სიტყვაც არ დასცდენია. ჩემმა გოგოებმა და მათმა შვილებმა ეს ამბავი ჩემგან შეიტყვეს, მაგრამ საიდუმლო შევინახეთ და მარკოსთვის არც ერთს არაფერი გვიგრძნობინებია.

ის მძღოლი კი გადარჩა, მაგრამ ფეხზე დადგომა მართლაც ვეღარ შეძლო. რადგან საქმე ასე შეტრიალდა, პოლიციიდან განცხადება გამოვიტანეთ, რომ არ გაგვეხმაურებინა, რაც უფრო ჩუმად ჩაივლიდა ეს ამბავი, მით უკეთესი იქნებოდა ენისთვის.

რაც შეეხება ენის, იმ დღის შემდეგ სახლში ჩაიკეტა. ბალეტზეც უარი თქვა და უნივერსიტეტზეც. მას შემდეგ წლების განმავლობაში გარეთ არ გასულა. ორიოდე სიტყვას თუ იტყოდა, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ რამეს შევეკითხებოდით. გადავრჩით, რომ არ დაორსულდა. ეს კიდევ ერთი უძლიერესი ტრავმა იქნებოდა მისთვის.

დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ არავისთან მეგობრობდა, მხოლოდ ჩვენს შვილებში თუ გაერეოდა. ესენიც, ელისი, ემილი და მარკო ხშირად სტუმრობდნენ, ცდილობდნენ გაერთოთ, როგორც შეეძლოთ, ტანჯვას უმსუბუქებდნენ.

ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. ამასობაში მარკომ, ელისმა და ემილიმ უნივერსიტეტები დაამთავრეს და მუშაობაც დაიწყეს. მარკომ საბანკო საქმე აირჩია და ბანკში დაიწყო მუშაობა. სამი თვე სტაჟიორად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი ფხა გამოიჩინა, რომ მეორე თვეს უკვე შტატში ჩასვეს და ექვის თვის შემდეგ დააწინაურეს. მას შემდეგ აგერ, ექვსი თუ შვიდი წელი გავიდა და სამი პოზიციით წინ წაიწია. მალე ფილიალის დირექტორი გავხდებიო, ეს აქვს გეგმაში და ვიცი, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

ემილი და ელისი ერთ-ერთ მარკეტინგულ ფირმაში ერთად მოეწყვნენ სამუშაოდ, საქმე შეისწავლეს, ბიზნესში გათვითცნობიერდნენ და ახლა უკვე კარგად მისდით საქმეები. შარშან სამაკლერო ფირმა გახსნეს ერთობლივად და უკვე გამოცდილი რეალტორები არიან. ელისი უფროსია, ემილი _ ოფის-მენეჯერი, ჰყავთ ცამეტი თანამშრომელი და მიდის მუშაობა.

იმ ამბის შემდეგ ალმა რაღაცნაირად გაგვიუცხოვდა. ერთხანს გაგვირბოდა, ახლოს არ გვიშვებდა, თუ ენის სანახავად ავიდოდით, თვითონ ოთახში შეიკეტებოდა და ჩვენ ბავშვთან გვტოვებდა, ფაქტობრივად, არ გველაპარაკებოდა. გვიკვირდა მისი საქციელი, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნიდით. მერე და მერე მივხვდი, რაც დაემართა. მასში თითქოს შურის მომენტში ჩასახლდა _ ჩემი დაქალის შვილები გალაღებულები და ბედნიერები არიან, ჩემი კი, აი, ასე დამეჩაგრაო.

ცოტა დრო რომ გავიდა, თანდათან მოიბრუნა გული ჩვენკენ, მაგრამ ისე წარამარა ეცვლებოდა გუნება-განწყობილება, სახტად გვტოვებდა. მასში თითქოს რამდენიმე ქალი იყო ერთდროულად ჩასახლებული, თანაც ყველა სხვადასხვა ზნის. ხან გვეფერებოდა, ხან გვეჩხუბებოდა და სახლიდან გვაგდებდა. მერე ტიროდა და ბოდიშს იხდიდა…

სამსახურიდან წამოვიდა და დარჩა უმუშევარი, არც კერძო პრაქტიკით იყო დაკავებული, ყველა კლიენტი დაკარგა, ვის ბავშვსაც ოჯახებში აკითხავდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენი სარჩენი გახდა. მე და ჯინა ყველაფერს ვითმენდით, გვერდში ვედექით, დარდს ვუმსუბუქებდით, სანამ სახლიდან ისევ გაგვყრიდა. ფული შემოელეოდა და მერე კვლავ გვირეკავდა…

ერთხელაც მოვკიდეთ ხელი და ფსიქიატრთან მივიყვანეთ. კარგი ექიმი შეგვხვდა, სტრესული ფსიქოზია და მკურნალობა სჭირდებაო. დავტოვეთ კლინიკაში. არ რჩებოდა, გაჰკიოდა, ჯინა, კარლა, მიშველეთ, არ დამტოვოთო, იქაურობა აიკლო. მაინც დავტოვეთ. ორ კვირაში გამოწერეს და როგორც იქნა, მოიხედა…

კი მოიხედა, მაგრამ საქმის თავიდან აწყობა გაუჭირდა. სამსახური ვერ იშოვა, ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა. დეპრესიასაც ვერ გაუმკლავდა. ჩვენს კმაყოფაზეც სანამ იქნებოდა? მერე ვიღაც თავისმა ყოფილმა თანამშრომელმა ურჩია, საბერძნეთში წასულიყო და იქ ემუშავა. უშოვა კიდევაც ადგილი ერთ ოჯახში, სადაც მოხუცი ქალისთვის ექიმი სჭირდებოდათ. ჭკუაში დაუჯდა. ერთ საღამოს ამოვიდა ჩემთან და მითხრა, მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა და ენი შენ უნდა დაგიტოვოო. აბა, უარი როგორ მეთქვა? აქეთ ემილიც მოსავლელი გვყავდა. ბოლოს ჯინასაც დავურეკეთ, ჩემთან გამოვიყვანეთ და დავიწყეთ ფიქრი, როგორ ჯობდა.

ბოლოს, ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. მე, ემილი და ენი მატილდას ბინაში ვიცხოვრებდით, ალმას ბინას კი გავაქირავებდით. ალმა იქიდანაც გამოგვიგზავნიდა ყოველთვე გარკვეულ თანხას, იმის მიხედვით, საქმე როგორ წაუვიდოდა. მე ასე იმიტომ `დავიჩაგრე~ თავი, რომ ბიჭის პატრონი ვიყავი. მარკო სულ გაიძახოდა, ნეტავ მარტო ვცხოვრობდე, ჩემს გემოზე და შენ ჩემთან სტუმრად მოდიოდეო. სულ ნაირ-ნაირი გოგოები ამოჰყავდა სახლში. რამდენჯერ დაურეკავს საღამოხანს, ატელიედან შინ წამოსვლას რომ ვაპირებდი, დედუცი, იქნებ ერთი-ორი საათი შეაგვიანოო. ვიცოდი, მორიგი გოგო ეყოლებოდა ამოყვანილი და სხვა რა მრჩებოდა, ხან ალმას ავუვლიდი, ხან ჯინას გავუვლიდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი გოგოები არც ერთი სახლში არ იყო და შუა ზამთარში ქუჩაში მომიწია ხეტიალმა, თან მანქანაც ხელოსანთან მყავდა მიყვანილი და გავითოშე. როცა დამირეკა, ამდენ ხანს სად ხარო, გავოცდი. ორი საათი არ მითხარი-მეთქი? რამდენი ხანია, ცირა წავიდა და გელოდებიო…

ჰოდა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. რაც მთავარია, ერთ კორპუსში ვიქნებოდით, ჩემს შვილს ყოველდღე ვნახავდი, ბინასაც დავულაგებდი და საჭმელსაც მოვუმზადებდი, ან ჩვენთან შემოივლიდა, დანაყრდებოდა და მერე ავიდოდა სახლში.

ერთი სიტყვით, საქმე ასე მოვაგვარეთ და ალმა გავაცილეთ. ჩვენს შვილებს ისე გაუხარდათ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ენიც კი გამოცოცხლდა და ხუმრობის ხასიათზე დადგა. ისე უცებ შეიცვალა გოგო, ვეღარ ვცნობდით. შუბლს ძველებურად არ ხსნიდა, მაგრამ ისეთი ენაკვიმატი გახდა, სიცილით გვხოცავდა. როგორც ჩანს, დედის გამუდმებული წუწუნი, ოხვრა და გაჭირვებაში ცხოვრება თრგუნავდა, სახლის სიტუაცია ყელში ჰქონდა ამოსული. დედა გაისტუმრა თუ არა, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდა. მართალია, არც ახლა იყო ენად გაკრეფილი და იშვიათად დაილაპარაკებდა, მაგრამ ისეთ რამეს იტყოდა, გულიანად ვიცინოდით. ელისს ხან ელისაბედს ეძახდა, ხან ლისას, ხანაც ელისოს და ვინ მოთვლის, რამდენჯერ შეუცვლიდა ხოლმე სახელს. ემილის მილა იოვოვიჩიო, გასძახებდა, მარკოს _ მარკო პოლო ან მარკიზიო, მეც ხან რას გამომიძებნიდა მეტსახელად და ხან რას. კარლა ძნელი გამოსათქმელია, კერის დაგიძახებო, ერთხელ ძალზე სერიოზულად მითხრა. რაც გაგიხარდება, ის დამიძახე-მეთქი, მეც დავთანხმდი, ჩემი რა მიდიოდა? ეს კერი კიდევ ზოგჯერ კეროლაინად იქცეოდა, ზოგჯერ _ კარად, მე კიდევ არ ვიმჩნევდი. მთავარი ის იყო, რომ გამოცოცხლდა გოგო. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მარკოს მიეკედლა.

ერთხელ მარკომ უთხრა, კარამდე მაინც მიმაცილე, ამ სკამზე მილურსმულივით რომ ზიხარო და ისიც მუნჯივით მიჰყვა უკან. მერე კარიდან მარკომ ლიფტამდე მიიტყუა, მერე ერთხელ ლიფტში შეაგდო და ჩვენთან აიყვანა, თუმცა მალევე ჩამოიყვანა, ლამის იტირაო. ასე თანდათან მიაჩვია და ბოლოს, როცა ჩემი ბიჭი ეტყოდა, ენი, წამო ჩემთან, მულტიკს ერთად ვუყუროთო, თვალებგაბრწყინებული მიჰყვებოდა.

მარკო ყოველ საღამოს შემოდის ჩვენთან, სანამ სახლში ავა. მაშინაც კი, როცა ვინმე გოგო ახლავს თან. ჩვენი გოგოები უკვე დაუახლოვდნენ მის `ქალებს~ _ ცაროს, ინას, მაკას, რომელიც ენის სასტიკად არ მოსწონს და მაკულატურას ეძახის, ანას, თამუნას და რა ვიცი, რომელიც ერთი ჩამოვთვალო. ერთხელ სახელები ერთმანეთში ამერია და ერთ გოგოს მთელი საღამო თამუნა ვეძახე. მოულოდნელად მარკოსგან მესიჯი მომდის, მაგას ანა ჰქვიაო. კინაღამ `დავწვი~ ჩემი შვილი.

მარკო შეყვარებულიც რამდენჯერმე იყო. როცა ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობას გააბამდა, მოყვანისთანავე ასე გვაცნობდა, ეს ჩემი შეყვარებულიაო, ხოლო თუ ისე, გასართობად მოჰყავდა ვინმე, იტყოდა, ჩემი მეგობარიაო. ამის მიხედვით ვხვდებოდით, ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. როცა მარტო მოდიოდა, ელისს საშინელ დღეში ჰყავდა, სულ აშაყირებდა, ენიმ ტყუილად კი არ შეგარქვა მარკიზი, ვისაც თითს გაუტკაცუნებ, ყველა გოგო შენიაო. მხოლოდ ემილი არ ეუბნებოდა არაფერს. ის როგორი სერიოზულიც იყო, ისეთივე სერიოზული დარჩა, ზედმეტი არც ლაპარაკი უყვარდა და არც ხუმრობა.

ალბათ ყურში მოგხვდათ, ელისსაც რომ ჩვენთან ვახსენებ. ჰო, არ მოგესმათ. ახლა ელისიც ჩვენთან ცხოვრობს თავის პატარა, ექვსი წლის ბიჭუნასთან ერთად. გაბრიელი, ანუ გაბი, როგორც ჩვენ შევარქვით, არაჩვეულებრივი ბავშვია. ელისი ქმარს გაშორდა და შინ დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა და ჯინა იტალიაში გადაბარგდა, ელისიც ჩვენთან დასახლდა. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა და უფრო დაწვრილებით მოყოლას საჭიროებს…

ფაქტი ისაა, რომ ახლა ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ _ მე, ელისი, ენი და ემილი… ფაქტობრივად, მარკოც, რომელიც დაძინებამდე თითქმის სულ ჩვენთანაა…

 

გადმოვედი თუ არა მატილდას ბინაში, მაშინვე რემონტი წამოვიწყე. მინდოდა, ისე მომეწყო იქაურობა, როგორც ჩემი ოცნების სახლი, რომელიც არ მღირსებია. ჩემი ბინის გარემონტება მარკოს გემოვნებით მოხდა, მას როგორც უნდოდა, ყველაფერი ისე გავაკეთეთ. საწყალი ბებიაჩემი ვერ მოესწრო გარემონტებულ ბინაში ცხოვრებას, მანამ გარდაიცვალა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. თანაც, იმ პერიოდში ჩემი ბიზნესის გაფართოებით ვიყავი დაკავებული და რემონტისთვის არ მცხელოდა. რასაც ვიშოვიდი, თითოეულ თეთრს ატელიეს მოწყობაში ვაბანდებდი.

მატილდას სამოთახიან ბინას გვერდითა მხრიდან მთელ სიგანეზე მოშენება ჰქონდა. ერთ დროს იყო ასეთი ბუმი _ კორპუსებს გვერდიდან ოთახებს უშენებდნენ. ვისაც ფხა ჰქონდა და საშუალება, ეგრევე ამოჰყავდა კედლები, ვისაც არა _ რჩებოდა გამოჩიჩხინებული რკინები, გეგონებოდათ, ერთ დიდ სიცარიელეს დაუდვია სართულებს შორის ბინაო. არც ალმას დასცალდა მოშენების გარემონტება, ამიტომაც, გარედან რომ შეხედავდი, კატაკომბებს მოგაგონებდათ იქაურობა.

ფული მქონდა. ჩემი ფრანგული გამოცდილების წყალობით შეკვეთები არ მელეოდა. მართალია, საფრანგეთში არ გამქონდა ჩემი შექმნილი მოდელები, მაგრამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში იცოცხლე, ლიწინ-ლიწინით გადიოდა.

გოგოები ძალიან დამეხმარნენ. კაცებივით მედგნენ გვერდში. არც მარკო ჩამორჩენია მათ, ყველა კაცურ საქმეს, მასალის მოტანა იქნებოდა თუ ხელოსნების დაქირავება, თვითონ თავობდა. მას კლიენტურა არ აკლდა, მის მსესხებლებში მშენებლებიც ერივნენ, ხელოსნებიც, `გაჯავიკებიც~ და სანტექნიკის სპეციალისტებიც. ჰოდა, მოყარა და მოყარა ყველა ერთად.

ორ თვეში ისეთი ოთახი მოვამატეთ ჩვენს ბინას, ავ თვალს არ ენახვებოდა. თავისუფლად გამოვიდოდა ორი ოთახი, მაგრამ არ ვისურვე. მიყვარს სივრცე, თანაც კედლები მინის ვარჩიე, რომ ნათელი ყოფილიყო და შიგნით ზამთრის ბაღი მომეწყო, თუმცა ზაფხულის ბაღიც თამამად დაერქმეოდა. სამივე კედლის გაყოლებაზე ტეკომა გავუშვი თავისი ფორთოხლისფერი ყვავილებით, შუა-შუა _ ხვიარა ვარდები, ყვითელი, წითელი და თეთრი. ყველა მცენარე დიდ, ლამაზ კერამიკულ ქოთნებში ჩავრგეთ და სიმეტრიულად განვალაგეთ. იმ კედელთან, რომელიც ჩვენს ბინას ემიჯნებოდა, ბუხარი გავაკეთებინე, არა ისეთი, ჩვენთან რომ იციან, არამედ თანამედროვე დიზაინის, წმინდა ევროპული. ისეთი რემონტი გამომივიდა, ევრო კი არა, ჰიპერევრორემონტი უფრო ითქმოდა.

როცა ოთახის გაწყობას მოვრჩით, ორი დივანი და სამი სავარძელი ვიყიდეთ, მათგან ორი _ ორადგილიანი, გასაშლელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საწოლებადაც გამოდგებოდა.

განსაკუთრებით მყუდრო ზამთარში იყო აქაურობა, როცა ბუხარში ცეცხლს დავანთებდით და ირგვლივ შემოვუსხდებოდით. ორადგილიანი სავარძლები ელისისა და ემილისთვის გავითვალისწინე, რადგან მათ შვილები ჰყავდათ და ერთად მოკალათება უყვარდათ. გაბი უკვე დიდი ბიჭი იყო, შვიდის ხდებოდა, სკოლაში დადიოდა და კაცობდა. ემილის პატარა გოგონა, სოფი ჯერ მხოლოდ ორი წლის იყო, მაგრამ ისეთი გატლეკილი, სიცილით გვხოცავდა.

ერთადერთი, მარკო დამრჩა `დაჩაგრული~. მას სავარძელი არ ხვდებოდა, როცა ყველანი შინ ვიყავით და მოშორებით დივანზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. მაშინ ელისი გააშაყირებდა, მარკო, მოსწიე აქეთ ის დივანი, ახლოს მოიჩოჩეო და იყო ერთი გნიასი.

_ მე გამოვასწორებ მაგ სიტუაციას, ბაბუ! _ დაქადნებით იტყოდა ხოლმე მარკო და თავს დააკანტურებდა, დამაცადეთ, თუ არ შეგშურდეთო, იმგვარი ჟესტით. `ბაბუ~ მისი საყვარელი `საფინალო~ სიტყვააა, წინადადებას ასე დააყოლებს ხოლმე და ძალიან საყვარლად წარმოთქვამს.

ემილიზე არ მითქვამს… ხომ ისეთი უტყვი და სერიოზული იყო, მაგრამ საკმარისად ჩუმჩუმელა ყოფილა. რომ თხოვდებოდა, არავის არ გვითხრა, ისიც კი არ ვიცოდით, ვინმე თუ უყვარდა. მეხის გავარდნას ჰგავდა მისი გაპარვის ამბავი. ყველანი დაგვშოკა. მისი ქმარი ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ დედამთილმა ემილი პირველივე დღიდან აითვალწუნა, ჩემი ოჯახის შესაფერისი გოგო არ არის, ობოლი და უპატრონო რძალი რად მინდოდა, ჩემმა შვილმა სიბერე გამიმწარაო. იმდენი ქნა, იმდენი ქნა, რომ ცხრა თვის ორსული ემილი იძულებული გახდა, ქმრის სახლიდან გამოქცეულიყო.

ყველანაირად ვეცადე, შემერიგებინა, რადგან ვიცოდი, თამაზი უყვარდა, მაგრამ ჩვენი სიძე ისე იყო მშობლებზე დამოკიდებული, არაფერი გამომივიდა. ბიჭს სამსახური არ ჰქონდა და დედ-მამის კმაყოფაზე ცხოვრობდა, ცალკე გასვლაზე დედამისმა კატეგორიული უარი განაცხადა, ერთი ვაჟი მყავს და ვერ გადავიტან, ცალკე იცხოვროსო. თამაზს კი იმას ჩასჩიჩინებდა, ზედსიძედ რატომ უნდა შეხვიდე, როცა ასეთი ბინა გაქვს, თავმოყვარე კაცი ასე არ მოიქცეოდაო. ისიც დანებდა და დარჩა ემილი მარტო, გადმოვიდა თავის ბინაში და ტირილს მიეცა. არ დამავიწყდება, მაშინ რა დღეში იყო, დარდმა თვალები დაუმძიმა, ისედაც გულჩათხრობილი მთლად დამუნჯდა.

ყველაფერი სოფის დაბადებამ შეცვალა. ბავშვმა ახალი ცხოვრებისკენ უბიძგა დედამისს და ჩვენც გვეშველა.

ახლა სოფი უკვე `დიდი~ გოგოა, ხანდახან ენამოჩლექით აქეთ გვასწავლის ჭკუას თავისი სასაცილო ლექსიკით _ `ქელები დაიბანე ჭამის წინ?~ `ადექი, ლოცა შტუმალი მოდის~, `გაბი, შანამ ადგები, მადლობა უნდა თქვა~ და ა.შ.

ერთი სიტყვით, მატილდას ახლა უკვე ოთხოთახიან ბინაში ექვსნი ვცხოვრობთ _ ელისი თავისი შვილით, ემილი თავისი შვილით, მე და ენი. მარკო კი გვსტუმრობს _ ხან მარტო, ხან თავის მეგობრებთან ერთად.

ყოველ შაბათ საღამოს გულახდილობის დღეს ვაწყობთ, შემოვუსხდებით ბუხარს ჩვენს ჰაი-ოთახში (ასე შევარქვით), არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარია და ბუხარი აგიზგიზებულია თუ ზაფხულია და ჩამქრალი _ ეს ხელს არ გვიშლის, ერთმანეთს მთელი კვირის თავგასავლები გავუზიაროთ. ხან ჯინა ჩაგვერთვება ხოლმე სკაიპით იტალიიდან, ხან ალბა _ საბერძნეთიდან და ასე ვხალისობთ.

ჩემი გოგოები ძალიან, ძალიან მოხდენილები და ეშხიანები არიან, მაგრამ ენი მაინც გამორჩეულად მომწონს. ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე ჩვენს ოთახებში არ ეტევა. ცუდი ის არის, რომ კორპუსს გარეთ ფეხს არ ადგამს, არ იცის, ქვეყანაზე რა ხდება. არ იცის, როგორ შეიცვალა თბილისი ბოლო წლების განმავლობაში. ვერა და ვერ მოტეხა მარკომ და ვერაფრით გარეთ ვერ გაიტყუა. თუმცა, იმედს არ კარგავს და დაქადნებით ეტყვის ხოლმე, მაგის დროც მოვა და მერე შენ თვითონ შემეხვეწებიო.

მე თითოეულ მათგანს შევხარი. მერე რა, რომ პირადი ცხოვრება ვერც ერთმა ვერ მოიწყო. ეს ჯერჯერობითაა ასე, თორემ ყველაფერი კარგად იქნება. ახალგაზრდები არიან, კიდევ მოასწრებენ ფრთების გაშლას, შეყვარებას, გათხოვებას და შვილების გაჩენას. მე ასე მწამს და ვიცი, რომ არ ვცდები.

რაც შემეხება მე, ყველანაირად ვცდილობ, მეგობრობაც გავუწიო მათ და დედობაც. ცდას არ ვაკლებ, რომ ისე ვიზრუნო თითოეულ მათგანზე, როგორც მათი დედები იზრუნებდნენ. სიმართლე რომ ითქვას, ალმასა და ჯინაზე მეტი ამაგი ახლა მე მაქვს ელისსა და ენიზე, ემილიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მას ხომ ჩვენ გარდა ქვეყანაზე არავინ ჰყავს, მშიშარა ქმრის გარდა.

რაც დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე. მინდოდა, რადიკალურად შევცვლილიყავი და ჩემი პიროვნების საუკეთესო ვერსია შემექმნა. გამომივიდა _ კომპიუტერში გადაყენებული ვინდოუსივით ვარ _ კარლა 2016 _ ყველას გემოვნებას ვაკმაყოფილებ. კარგი დიასახლისიც ვარ, კარგი დიზაინერიც და კარგი მეგობარიც _ ეს ყველაფერი ერთ ლამაზ ყუთშია თითქოს შეფუთული, საუკეთესო ღვინის ბუკეტივით. ალბათ ამიტომაცაა, რომ ყველას ვუყვარვარ, არც მტერი მყავს და არც მოშურნე. ჩემი კონკურენტებიც კი არ იბოღმებიან ჩემი წარმატებების გამო, ისინიც კი აღიარებენ, რომ მე პროფესიონალი ვარ და ჩემი ნიშა მიჭირავს მოდის არენაზე.

კაცი, როგორც ასეთი, მოდურად რომ იციან თქმა, არ მყავს. არც თვალი დამიდგამს არავისთვის. როგორც ჩანს, გავიარე ის ასაკი, როცა ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ დასაშვები იქნებოდა. ახლა აგერ, შვილიშვილების პატრონი ვარ, რა დროს ჩემი კაცი და გათხოვება-საყვარლის გაჩენაა? არასდროს! თუმცა, არასდროს თქვა არასდროსო, ნათქვამია. ამ გამოთქმას ჩარლზ დიკენსს მიაწერენ `პიკვიკის კლუბის ჩანაწერებიდან~. ალბათ ასეა, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ვის რა გველოდება წინ, წარმოდგენაც არა გვაქვს. აი, თუნდაც წინა კვირის ამბავი.

საღამო ხანი იყო, სამზარეულოში ვიჯექი და სოფის ვაჭმევდი. სოფი, მართალია, `დიდი~ გოგოა და დანა-ჩანგლის ხმარებასაც ცდილობს, მაგრამ ჩემი ხელიდან მიწოდებული ლუკმა მაინც ყველაფერს ურჩევნია.

კარი გაიღო და სამსახურიდან დაბრუნებული ელისი და ემილი შემოვიდნენ. კარის გაღებამ ორპირი შექმნა და ზამთრის სუსხის ფრაგმენტმა სამზარეულოშიც შემოაღწია.

_ ჩქარა მიხურეთ კარი, სარკმელი ღიაა, ჩაიმტვრევაა! _ გავძახე გოგოებს და მორიგი ლუკმა სოფის პირში ჩავტენე.

_ პრივეტ! _ ხელის აწევით მოგვესალმა ელისი და ორივე ჩაგვკოცნა.

ემილმა მხოლოდ ხელი აგვიწია და პირდაპირ საძინებელს მიაშურა, ისევე უთქმელად, როგორც იცოდა ხოლმე.

_ კარლა, ვინაა ეს ჩვენი ახალი მეზობელი? _ ელისი ორაზროვანი ღიმილით შემომაჩერდა, ცალი ხელი წელზე დოინჯად შემოირტყა და შეირწა.

_ ვინ მეზობელი?

_ აი, ჩვენ გვერდით ბინა რომ გაიყიდა.

_ მე რა ვიცი, აბა, თვალით არ მინახავს არავინ.

_ იცი რა მაგარი კაცია? დაცემა.

_ კაცია? _ სოფისკენ გაწვდილი ლუკმიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა.

_ მერედა, რა კაცი! ზუსტად საშენოა, რომ იცოდე.

_ ოხხ! _ გამეცინა.

_ მართლა გეუბნები, მე და ემილი პირდაღებული მივაჩერდით ერთმანეთს, რომ მოგვესალმა. ავეჯი შეჰქონდათ. ხმაური არ გაგიგონია?

_ არა, რა ვიცი, არ გამიმახვილებია ყურადღება.

_ აი, იქსფაქტორის ინგლისელი საიმონი რომაა, ზუსტად იმას ჰგავს.

_ უჰ, შენ რა გითხარი! _ სიცილი ამიტყდა და ვეღარ გავჩერდი. იმდენი ვიცინე, რომ მთელი ჩემი ცხოვრების სიცილთა ერთობლიობის რეკორდი მოვხსენი.

_ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის, _ ნიშნის მოგებით თქვა ელისმა და გავიდა, თან მომაძახა, _ აგერ ნახავ, რაც მოხდება.

_ იქნება და… იქნება და… _ სულს ძლივს ვითქვამდი, _ ცოლიანი  რომ იყოს? _ როგორც იქნა, დავასრულე წინადადება.

_ არა, მარტოხელაა. უკვე გამოვკითხე.

_ რაოო?! გამოვკითხეო? მოდი, გოგო, აქ! _ უკან მოვუხმე.

ისიც ნახევრად გახდილი შემობრუნდა.

_ რა იყო?

_ რას ჰქვია, გამოჰკითხე, როგორ გამოჰკითხე?

_ ისე, უბრალოდ. ცოლ-შვილით გადმოხვედით-მეთქი, ვკითხე და არა, მარტო ვარ, ოჯახი არ მყავსო. ვოტ!

_ ო, რა აფერისტი იმერელი ხარ, ვინ იცის! _ ისევ წამსკდა სიცილი.

ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ იმ წუთიდან ინტერესი მომეძალა. ისე მომინდა იმ საიმონს მიმგვანებული `საჩემო~ კაცის დანახვა, სადარბაზოში ყოველ გაფაჩუნებაზე კართან მივრბოდი და სათვალთვალოში ვიცქირებოდი თითის წვერებზე აწეული. ვერა, ერთხელაც ვერ მოვკარი თვალი. გვერდითა ბინიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა. იქ ადრე ერთი ქალი ცხოვრობდა, ჩიორა ერქვა. უცნაური წყევლა იცოდა _ `შენ დაგემართა გაუწყლოება~, `გაგიხმეს ფილტვი~, `გაგიშტერდეს გული~, `დაგეცეს მეტეორი~, `შენ აორთქლდი კოსმოსში~ და რა ვიცი, მრავალი ასეთი აბდაუბდა. რამდენჯერ მიჩხუბია გაბის გამო. ისე დამიწყევლიდა ბავშვს რაღაც უაზრობის გამო, რომ თავს ვერ ვიკავებდი. როცა შვილებმა ბინა გაუყიდეს და ვარკეთილში გადაასახლეს, ისე გაგვიხარდა, რომ იმ საღამოს მაგრად ვიქეიფეთ და ჩიორას სხვაგან გადასვლა აღვნიშნეთ. სამაგიეროდ, იმაზე დავიწყეთ ფიქრი, ვინ იქნებოდა ჩვენი ახალი მეზობელი. ვაითუ, ჩიორაზე უარესი გამომდგარიყო.

როგორც ჩანს, არ გამოდგა. ზოგადად, სამეზობლოდ მარტოხელა მამაკაცი ხელსაყრელი შემთხვევაა. მას შეუძლია ყველაფერში დაგეხმაროს, მით უფრო, თუ მის გვერდით მარტოხელა ქალების მთელი არმია ცხოვრობს.

ჰოდა, კარგა ხანს ვიყავი ასე ჩასაფრებული. ის კი არა, დილით, სახლიდან რომ გავდიოდი, გარედან შემოვძახებდი ხოლმე ენის, ბავშვები რომ მოვლენ, საჭმელი გაუცხელე-მეთქი და კარს ხმაურით ვაჯახუნებდი, იქნებ ამ დროს მაინც გამოიხედოს-მეთქი. არააა. ერთხელაც არ გამოიხედა. ვიფიქრე, ან მაგარი ძილისგუდაა და გვიან იღვიძებს, ან მეზობლები ფეხებზე ჰკიდია-მეთქი.

ერთხელაც, მახსოვს, კვირადღე იყო და ყველანი შინ ვიყავით, რომ ვიღაცამ ზარი დარეკა და კარის გასაღებად, როგორც ყოველთვის, ელისი გაქანდა. მამაკაცის სასიამოვნო ხმა შემომესმა, ცოტა მარილს ხომ ვერ მომცემდითო.

_ როგორ არა, მობრძანდით! _ ელისს ხმა ისე გაეპრანჭა, მივხვდი, ერთობ სიმპათიურ ვინმეს ელაპარაკებოდა.

ცნობისმოყვარეობამ მძლია და ჰოლისკენ გავქანდი. ოპააა! აი, ისიც… ღმერთო, მართლა როგორ ჰგავდა საიმონს. დიდი ვერაფერი სიმპათიურია ეს საიმონი, მაგრამ… მაგრამ მაინც სიმპათიურია. ყოველ შემთხვევაში, ეს კაცი ნამდვილად კაი ტიპი იყო. საიმონთან შედარებით უფრო რბილი ნაკვთები ჰქონდა და მისი სახის მთლიანი გამომეტყველება, თვალებიან-ტუჩებიანად სითბოს ირგვლივ მტვრის ნაწილაკებივით ფანტავდა.

ჩემს დანახვაზე სახტად დარჩენილი კაცის რეაქცია ჰქონდა. ერთხანს გაჩუმდა, მერე კი თავი უცნაურად _ ჯერ წინ წამოსწია და მერე დახარა, და თავაზიანობად დაიღვარა:

_ მოგესალმებით, ქალბატონო. მარილი არ მქონია სახლში და… მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, ვასო მდინარაძე. შინაურობაში ვასკას მეძახიან.

_ ძალიან სასიამოვნოა, ბატონო ჩემო, _ გავუღიმე და ამ ღიმილში მთელი ის გრძნობა ჩავატიე, რაც მისმა ნახვამ განმაცდევინა, _ მე კარლა ვარ. მობრძანდით, ერთმანეთი გავიცნოთ, _ ეს ისე უნებურად წამომცდა, ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა, საიდან ასეთი თავხედური სითამამე-მეთქი.

იმანაც, თითქოს ამას ელოდაო, წამითაც არ წაიყოყმანა, მაშინვე ჰოლში შემოაბიჯა. სამზერეულოში შევუძეხი და იმწამსვე ყავა შევთავაზე. სიამოვნებითო, კვლავ თავი დამიკრა და მორიდებით მოიჩოჩა სკამი.

ელისმა ეშმაკურად გამომხედა და გაშპა, ისე უცებ აორთლდა, თვალი ვერ მივადევნე, თავის ოთახში გავიდა თუ ემილისაში. ენი ლოჯიაში იჯდა, წიგნს კითხულობდა. კი გაიგონა, ვიღაც რომ შემოვიდა, მაგრამ ადგომით თავი არ შეუწუხებია.

მე და ვასკა უცებ გავუშინაურდით ერთმანეთს. ჩემზე ორი წლით უმცროსი ყოფილა, უცოლო, გაყრილი. ყოფილ ცოლთან ორი შვილი ჰყოლია, ქალ-ვაჟი. ერთ-ერთი რესტორნის შეფმზარეულად უმუშავია თურმე. წარმოშობით ქუთაისელი იყო და მართლაც, ქუთაისისთვის დამახასიათებელი იუმორით გამოირჩეოდა. ისეთ სასაცილო ამბებს ჰყვებოდა, ჩემი სიცილის ხმა ალბათ გარეთ, ქუჩაში ისმოდა. იმდენად ხმაურიანი გამოდგა ჩვენი გაცნობის წუთები, რომ ელისმაც კი ვერ მოითმინა და შემოგვიერთდა.

აი, ასე გავიცანით ვასკა, რომელსაც ენიმ მაშინვე გამოუძებნა მეტსახელი და ვასაკა შეარქვა. რა თქმა უნდა, ბაყაყს არაფერი მიუგავდა, მაგრამ მისი სახელის ინტერპრეტაცია ალბათ ენისთვის სხვა საშუალებას არ იძლეოდა.

ჩვენს ახალ მეზობელს იმ დღესვე შეეტყო, რომ თვალი დამადგა. ისეთი მოწიწებით მომესალმებოდა ხოლმე, ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარა იყო, დატყვევებული მყავდა. მუხედავად ამისა, მისგან შორს მეჭირა თავი, დისტანცია რომ დავიჭირე, ბოლომდე დავიცავი. მანაც იგრძნო ეს და ისე მოთოკა თავი, ქათინაურების თქმაც კი არ უცდია.

ეს კიდევ არაფერი… ერთ საღამოს, მარკომ რომ შემოგვიარა, საუბარი ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო:

_ დედუცი, ვინაა ის სიმპათიური მამრი, თქვენ გვერდით რომ დასახლებულა? _ მაინცდამაინც მე მკითხა.

რატომღაც, გავწითლდი, თითქოს დანაშაულის ადგილას წამასწრესო.

_ ახალი მეზობელია. რა იყო? _ სოფის მაისურს ვკემსავდი და ამიტომ თავისთვის არ ამიწევია, ხელსაქმე გავაგრძელე.

_ არაფერი. კაი `როჟაა~.

_ შენც მოგეწონა, მარკო, ხო? _ ელისი მარკოს მივარდა, _ მეც მაგრა მომწონს.

_ შენ ჩუ, ბაბუ! _ მარკომ ელისს ცხვირზე წკიპურტი გაჰკრა, _ შენთვის ბებერია ეგ კაცი, აი… _ და წარბებაწკეპილმა ირიბად ჩემკენ გამოიხედა, თან ყველაფრისმთქმელი ღიმილით.

მივხვდი, რომ მე მიმიზნებდა, თავი მსწრაფლ ავწიე და სათვალის ზემოდან გავხედე.

_ მარკოზ! _ ასე მაშინ ვეძახდი, როცა მასზე ვბრაზდებოდი, _ მოკეტე!

ბავშვებს სიცილი აუტყდათ, ემილისაც კი ისე გულიანად გაეცინა, მეც გადამედო.

_ თქვენი თავები აშაყირეთ თქვენ, უყურე ამათ! _ მოჩვენებითი სიბრაზით წამოვიძახე, არადა, ჩემ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა იცინოდა, თავს ვერ ვიკავებდი.

ეს ის მომენტი იყო, როცა რაღაცაზე სიცილი აგიტყდება და ვერა და ვერ ჩერდები. მერე თითი რომ დაგანახვოს ადამიანმა, იმაზეც რომ იჭაჭები. აი, ასე დაგვემართა ყველას.

_ კაი, გეყოთ ახლა, გავიცინეთ და მორჩა, _ ვცადე, სერიოზულად მეთქვა, მაგრამ მარკოს შევხედე თუ არა, კვლავ ისტერიკული სიცილი ამიტყდა.

კარგა ხანს ვერ დავწყნარდით. სოფი და გაბიც კი ტკარცალებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რა იყო აქ სასაცილო.

_ სირცხვილია, ბავშვებო, გავიხუმრეთ და მორჩა. მეორედ ეგეთი რამე არ მითხრათ, ის კაცი სულაც არ მომწონს და საერთოდ, რა დროს ჩემი კაცია. შენ მაინც არ გრცხვენია, მარკო, დედას ასე უნდა უთხრა?

მარკომ უცნაური მზერა მესროლა. მხოლოდ წამით, მაგრამ იმ წამიერ მზერაში მივხვდი, რომ მიხვდა… რა დასამალია და მსიამოვნებდა, ვასკასნაირი მამაკაცი რომ მეფოფინებოდა. ქალებში დისერტაციადაცულ ჩემს შვილს კი რას გამოვაპარებდი?

მე კი სწორედ რომ `ფროიდი~ დამემართა, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანებს, ბევრ მისაღებ სურვილთან ერთად, ჰქონდათ მათთვის მიუღებელი რიგი სურვილებისა, რომლებსაც იკლავდნენ და არაცნობიერში `ყრიდნენ~. ძილში `მოკლული~ სურვილები `ცოცხლდებოდნენ~ და თავის გათავისუფლებას ლამობდნენ, მაგრამ ფსიქიკა მათ თავის `მებრძოლებს~ ახვედრებდა; იწყებოდა ომი, რომლის შედეგადაც `მოკლული~ სურვილები მახინჯდებოდნენ, სახეს იცვლიდნენ, კოშმარულ სიზმრებად იქცეოდნენ და ადამიანებს მოსვენებას უკარგავდნენ.

აი, ასე გამოცხადდა ვასკა ჩემს სიზმრებში…

 

ასეთი სუსხიანი ზამთარი არ მახსოვს. ყინვა მინუს ოცსაც კი ურტყამდა. კიდევ კარგი, რომ მოთოვა და ყინვა ცოტათი მაინც მოტეხა. ჭირის დღესავით მეზარებოდა დილით საბნიდან გამოძრომა და სამსახურში წასვლა, მაგრამ მოდის კვირეულისთვის ვემზადებოდით და უფლება არ მქონდა, ჩემს მკერავებს გვერდით არ ვყოლოდი. ყველაზე კომფორტულად ენი გრძნობდა თავს, მთელი დღე შინ იყო, არ სწავლობდა, არ მუშაობდა და არც გარეთ გადიოდა. ასე რომ, ვერაგულ ზამთარს სულაც ვერ გრძნობდა. კიდევ კარგი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მიწევდა სიარული და მანქანით დავდიოდი, თორემ ალბათ გავითოშებოდი. არ მიყვარს ზამთარი. უფრო სწორად, ცოტა ხანს მიყვარს. ჩვენთან კი იმდენ თვეს გრძელდება, ბრრრ… ნამდვილი სასჯელია. ტონა ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა, მერე კოლჰოტიო, ქუდიო, შარფიო, ხელთათმანიო, ჩექმაო, ესაო, ისაო… დამღლელია, სხვა თუ არაფერი.

სამაგიეროდ, საღამო ხანი მიყვარს. დავჯდები ხოლმე ჩემს ეკლექტიკურ კუთხეში, ბუხართან ახლოს, დავაბაბანებ ცეცხლს, შემოვიკეცავ სავარძელში ფეხებს და ან ვკითხულობ, ან ესკიზებს ვხატავ, ან ინტერნეტში დავძრომიალებ და მოდის სიახლეებს ვეცნობი. თუ ამ ყველაფრის ხასიათზე არ ვარ, მოგონებებს ერთად მოვუყრი ხოლმე თავს და წარსულში ხეტიალს ვიწყებ.

ახლაც სწორედ `მოგონებების საათი~ მაქვს. ენი ლოჯიაში წამოწოლილა და კითხულობს. ამ ბოლო დროს სულ წიგნებშია ჩაფლული, თავს მაღლა არ სწევს. გაბი სკოლაშია, დეკემბერი კი არის, მაგრამ არდადეგები ჯერ არ დასწყებია. ელისი და ემილი თავიანთ ფირმაში არიან, მარკოც სამსახურშია. სოფი _ ბაღში. მე დაახლოებით ერთი საათის წინ მოვედი ატელიედან, სახელდახელო ვახშამი გავუმზადე ყველას, მერე კარტოფილი გავთალე და წყლიან ჯამში ჩავყარე, რომ მათი მოსვლის დროისთვის შევწვა და აი, ახლა ვნირვანობ. თვალები დახუჭული მაქვს და წლებს უკან-უკან თითქოს ასკინკილით ვახტები. მახსენდება, როგორ არ მიშვებდნენ ჩემები პიონერთა ბანაკში, იქ მკაცრი რეჟიმია და ბავშვი ცოდოა, აჯობებს, სანატორიუმში გავუშვათ, თავისუფლად იქნება და დაისვენებსო. ბებია მიიჩნევდა, რომ სკოლისა და ბანაკის რეჟიმი ერთი და იგივე იყო და აბა, როგორღა უნდა დაესვენა ბავშვის გონებას? ამ პრინციპით საბავშვო ბაღშიც არ მივლია თავის დროზე. ბაღში კარგს რას ისწავლის, აჯობებს, ჩვენ თვითონ ვასწავლოთ ლექსები და სიმღერები, დისციპლინასაც მივაჩვიოთ და ზრდილობასაცო. ამიტომაც, ის `მკაცრი სიამოვნებანი~, რაც უბაღობითა და უბანაკობით დამაკლდა, სახლში ამანაზღაურებინეს. სკოლაში რომ შევედი, წერაც ვიცოდი, კითხვაც, უამრავი ლექსიც, სიმღერაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პიანინოზე დაკვრაც. ჩემს ბავშვობაში მოდაში იყო სიმღერა `წეროები მიფრინავენ შორს~. აბა, როგორ შეიძლებოდა, ამის დაკვრა არ გცოდნოდა? სირცხვილიც კი იყო. ახლა თამაშები იკითხეთ? `ვისი სული გსურს~, `ცარცობანა~, `ჩაძირობანა~… ახლა ვიღა ერთობა ამგვარი თამაშებით, ალბათ არც იციან, თითოეული მათგანი რას ნიშნავს. არცაა საჭირო. ოცდამეერთე საუკუნეს თავისი კრიტერიუმები აქვს და სრულიად განსხვავებული გონების ბავშვებს საჭიროებს და არა ისეთებს, როგორებიც ჩვენ ვიყავით. სექსზე ხომ აბსოლუტურად არ გვქონდა წარმოდგენა. ეროტიკულ სცენებს შემთხვევით თუ წავაწყდებოდით ფილმებში ან წიგნებში. მახსოვს, `ჩოჩარა~ რომ წავიკითხე პირველად, ბაბუაჩემის ბიბლიოთეკიდან მოვიპარე წიგნი, რადგან მის წაკითხვას მიშლიდნენ, ჯერ 13 წლის ხარ და შენთვის ადრეაო. მე კიდევ ოთახში შევიტანდი, ფარანს ავანთებდი, თავზე საბანს წავიხურავდი და ისე ვკითხულობდი.

დღეს კი 13 წლის გოგო-ბიჭებმა ბევრად მეტი იციან ეროტიკასა თუ პორნოგრაფიაზე, ვიდრე თუნდაც მე ახლა ვიცი. დრო ისე გარბის, როგორც ადიდებული მდინარე და თუ ფეხი არ აუწყვე, ოი, როგორ ჩამორჩები!.. განსაკუთრებით, თუ შვილი გყავს. მისი აღზრდის პერიოდში ერთი `მოდური~ ნიუანსიც თუ გამოგეპარა, მორჩა, ისე გაგისხლტება ხელიდან, აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ.

კიდევ კარგი, ყოველთვის განსხვავებულად ვაზროვნებდი. მუდამ წინ ვუსწრებდი დროს, მეტი და მეტი დოზით მსურდა თავისუფლება. რა თქმა უნდა, ძალზე ბევრ რამეში ვყავდი შეზღუდული მამაჩემს, მაშინ ასე იყო მიღებული და მორჩა. ადრეულ ასაკში ჩემი პრობლემა სიგამხდრე იყო, ფენა-ფენა ვიცვამდი ქვედაბოლოებს, ხანდახან შიგნით სპორტულ შარვალსაც ამოვიცვამდი, რომ მთლად ჩხირივით არ გამოვჩენილიყავი. მერე და მერე ჩაცმის თავისუფალი სტილი ჩამომიყალიბდა, რასაც ჩემები სასტიკად მიშლიდნენ. ქალი ქალს უნდა ჰგავდესო. ასეთი რამეები მაშინვე  საზოგადოების განსჯის საგანი ხდებოდა. ხშირად პროტესტის გამოც კი ჩამიცვამს სრულიად შეუსაბამოდ. თუმცა, ბევრი რამ ახლაც მიუღებელია ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას დღესაც სტერილური გარემო იზიდავს და განსხვავებულის მიმართ ფობია უჩნდება. არადა, სტერილურ გარემოში, სადაც ყველა ერთნაირია, ადამიანი ვერ ვითარდება. დღესაც ხშირად აგრესიის სამიზნენი ხდებიან ვარდისფერ ან ლურჯთმიანი გოგონები, საყურეებიანი ბიჭები… აი, ჩემი მარკო, მაგალითად. მართალია, საყურით არ დადის და არც ნანეტს ირჩევს ვარცხნილობად, მაგრამ უცნაური ჩაცმა, ჩემი არ იყოს, იმასაც უყვარს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გასართობად მიდის. სამსახურში სერიოზულად უნდა ეცვას და ასეც იქცევა. თუმცა, რას ვეძახით ჩვენ უცნაურ ჩაცმულობას? ის, რაც ბევრისთვის უცნაურია, ცოტასთვის ხომ არის ჩვეულებრივი? იქნებ მათი შეხედულება უფრო საღია და სწორედ უმრავლესობისაა მცდარი?

განა ცუდი იქნება, საზოგადოებამ აღიქვას განსხვავებული? ეს აგრესიის ხარისხს შეარბილებს. ახალგაზრდებს ცხოვრება უნდა ვაცადოთ. ჩემთვის ეს თაობა გამორჩეულია _ რაც ჩვენ ვერ გავბედეთ საზოგადოების ზეწოლის გამო, მათ მოახერხეს. თავისუფლებისა და არჩევანის შესაძლებლობას ვგულისხმობ, როცა არ გინდა, ყველას დაემსგავსო.

მე დღესაც ბევრი რამის მიმართ მიჩნდება პროტესტი, განსაკუთრებით, თუ ვინმეზე ჭორაობენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მისი განსჯის უფლება კი არავის. როცა ვინმეს მიმართ რაღაცის გამო აგრესიას გამოხატავენ, მე ყოველთვის ვიცავ: რა მოხდა მერე? ვიტყვი და მორჩა, მოსაუბრეს ჩემთან ჭორაობის გაგრძელების სურვილი ეკარგება. ამას წინათ ერთმა მეგობარმა შემომჩივლა, ჩემს ბიჭს განათხოვარი, ბავშვიანი ქალი უყვარს და ცოლად შერთვა სურს, ვერაფერი შევასმინეო. თავს იკლავდა ქალი. მერე რა მოხდა-მეთქი და ისე შემომხედა, თითქოს მრუშობაში გამოვუტყდი. არადა, ვიცი, რომ მართალი ვარ. აი, ჩემი ელისი ან ემილი, ორივე განათხოვარია, ორივე ბავშვიანი. უცოლო ბიჭს რომ შეუყვარდეს რომელიმე მათგანი, რა, მიუღებელია? არ შეიძლება? ვითომ რატომ?

იმ ჩემმა მეგობარმა მაკომ ჩემი აზრი რომ მოისმინა, უცებ კითხვა შემომიტრიალა, შენმა მარკომ რომ ბავშვიანი ქალი მოყვანოს, გაგიხარდებოდაო? გახარებით ალბათ არ გამიხარდება, მაგრამ თუ ერთმანეთი ეყვარებათ, ხელს ნამდვილად არ შევუშლი. ეს მისი ცხოვრებაა და არჩევანიც მან უნდა გააკეთოს-მეთქი. ეჰ, ამას ახლა ამბობ, როცა ამ პრობლემის წინაშე არ დგახარ, თორემ შენ რომ გეხებოდეს, სულ სხვა ხასიათზე დადგებოდიო, ხელის ჩაქნევით მითხრა მაკომ და არც დამემშვიდობა, ისე მიმატოვა შუა ქუჩაში…

ამგვარ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ კარტოფილის შიშხინის ხმა შემომესმა. თავი რეალობაში დავაბრუნე და უცებ გამახსენდა, რომ ჯამში ჩაყრილი კარტოფილის შეწვა დამვიწყებოდა და წამოვხტი. სამზარეულოში ენი უკვე შესდგომოდა საქმეს.

_ მე შევწვავ, კერი, წადი შენ, დაისვენე, _ თავისი ღუღუნა ხმით მითხრა.

_ სულ გადამავიწყდა, იცი? სკლეროზ!

_ არა უშავს, ჯერ მაინც არ მოსულან და…

_ საცაა, მოვლ… _ წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ ელისის `ვაიმე, როგორ გავიყინემ~ სამზარეულოში შემოაღწია.

სამივენი შემოლაგდნენ _ ელისი, ემილი და სოფი.

_ ჩემი დახატული გოგოოო! _ დავიხარე, ხელები მუხლებს დავაბჯინე და სოფის თვალებით მივეალერსე. ისიც გამოიქცა და ყელზე ჩამომეკიდა.

_ პატარა ციყვი… რა ხდება, სოფი, ბაღში? _ ქურთუკი გავხადე, ქუდი მოვხადე და კულულები ავუჩეჩე. ლოყები წითლად უღვიოდა ყინვისგან.

_ ჟეიმი გვაქ ახალ წელს, _ მომიჩლიფინა, _ მე უნა ვიმღელო.

_ ვაა, რა მაგარია!

_ დაგაგვიანდათ… _ სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ენიმ და კარტოფილს მოურია.

_ აუ, შეგვჭამა გზაში, გუნდაობა მინდაო და მოვედით თუ არა, სკვერში გადავიყვანეთ.

_ ყველიანი მაკარონი გაგიმზადეთ, კარტოფილიც მალე იქნება, _ ჩავაყენე გოგონები საქმის კურსში. _ ახალი და კარგი რა არის?

_ ისეთი არაფერი, _ ჩუმი ხმით თქვა ემილიმ, _ გრძელდება ზამთარი.

_ ზამთარი ჩვენი მღელვარებისა, _ ირონიულად დაამატა ენიმ და ელისს გახედა.

_ შენ სულ ნუ მავნებლობ, რა! _ ელისმა ენის შეუღრინა.

_ რაო? რაღაც ხდება და მე არ ვიცი? _ წარბები ავწკიპე.

_ აუუუ, მაგარი ტიპი გავიცანი, კარლა, _ ელისი ჩამეხუტა და იმ ვიწრო სამზარეულოში ჩემთან ერთად დაბზრიალდა.

_ დღეეს? _ ინტერესით შევაჩერდი.

_ არა, კაცო, ერთი კვირა იქნება ალბათ, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყოოო, _ ტაში შემოჰკრა და ხტუნვა-ხტუნვით ისევ დაბზრიალდა, ოღონდ ამჯერად უჩემოდ.

_ და მე ახლა ვიგებ ამას? _ ვითომ გაბრაზებულმა ტუჩები მოვკუმე.

_ აბა, გულახდილობის დღე ხვალაა და მანამ რომ მომეყოლა, შაბათს რაღა მეთქვა? _ ელისი ღიმილს ვეღარ ერეოდა, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.

ამ დროს კარზე მძლავრად დააბრახუნეს, აშკარად ვიღაცამ წიხლები მოიშველია.

_ ეს ვინაა, ზარს რომ ვერ სწვდება? _ გავიოცე.

_ მე გავაღებ! _ იყვირა ელისმა, პალტო სკამზე მიაგდო და ჰოლში გავარდა.

კარის გაღების ხმა და ელისის შეკივლება ერთად გავიგონეთ და ყველანი გავცვივდით. სადარბაზოში ვიღაც იდგა, თავზე სავარძელი შემოედო და სახე არ უჩანდა. ყავისფერი შუზით მაშინვე მივხვდი, რომ მარკო იყო.

_ რა გაღრიალებს, გოგო, მე ვარ, _ დახშულად მოისმა მისი ხმა.

მარკო ძლივს შემოეტია ჰოლში და მაშინვე ბუხრის ოთახისკენ აიღო გეზი. ყველანი უკან მივყევით. აი, მარკომაც მოიწყო თავისთვის კომფორტი _ სავარძელი უყიდია.

_ ნახე, ბაბუ, რა `მივეცი~? _ თავისი საყვარელი სლენგი მოიშველია ჩემმა ბიჭმა და ელისს გახედა, _ აბა, კიდევ მითხარი, მოაჩოჩე ეგ დივანიო.

სავარძელი ერთობ განსხვავებული იყო, არც ფერით ჰგავდა ჩვენსას და არც დიზაინით. მაღალი საზურგე ჰქონდა და ზედმეტად ფაფუკი ბალიში. უფრო სწორად, ორმაგად რბილი იყო, ცალკე ბალიში მოჰყვებოდა.

_ აუ, რა მაგარია, მარკო! _ ელისმა ტაში შემოჰკრა და ეგრევე სავარძელში ჩახტა, _ ვაიმეე, რა რბილი რამეააა!

_ ჰოდა, ეგრე, ბაბუ! ახლა არ მითხრა გამიცვალე და რამე. პონტია, არ გაგიცვლი!

_ ნუ გამიცვლი, რა. შენ რომ არ იქნები, მაშინ ჩავჯდები.

_ დედა, რა მიეცი? _ მე მაშინვე კომერციულმა მხარემ დამაინტერესა.

_ ეგ მე ვიცი, _ თავმომწონედ აიქნია საჩვენებელი თითი.

_ მალკო, მე ხომ დამშვამ? _ სოფი მუხლებზე შემოეხვია.

_ ადე, გოგო, ჩასვი ბავშვი! _ მარკომ ელისი ძალით წამოაყენა, ბალიში კარგად ააფუა და სოფი ზედ დასვა.

_ პატარა პრინცესა! _ მოწონების ნიშნად მარკომ ხელები გაშალა და სოფი თავის გადაქნევ-გადმოქნევით შეათვალიერა, _ მაგრა გიხდება, სოოფ!

_ ჩემია, ხო? _ სოფიმ სავარძელში ხტუნვა დაიწყო.

_ მე და შენ ერთად დავსხდეთ ხოლმე, როცა მოვალ, კარგი? _ მარკომ ბავშვი ხელში აიყვანა და ჩაკოცნა, _ ჩემი პატარა ქალი!

_ კარლა, გაბი სადაა? _ უეცრად გაახსენდა ელისს.

მეც მხოლოდ ახლა მოვისაკლისე ბიჭი. ღმერთო ჩემო, აქამდე რატომ არ გამახსენდა?

_ ვაიმე, კი არ ვიცი… რატომ დააგვიანდა ასე? _ მაშინვე მობილური მოვიძიე და გაბის ნომერი მოვძებნე.

პირველსავე ზარზე მიპასუხა:

_ უკვე მოვედი, სადარბაზოსთან ვარ.

ახლა კვლავ ჰოლისკენ გავცვივდით ქალები. იმწუთას გაბიმაც შემოაღო კარი.

_ სად იყავი, დე? რატომ დააგვიანე? _ ელისი ჩაცუცქდა და ბიჭი გულში ჩიკრა.

_ ბიჭებმა ვიგუნდავეთ და დამაგვიანდა, _ აქოშინებული ბავშვი სულს ძლივს ითქვამდა.

_ მერე ვერ დარეკე? _ ამჯერად ისე უყვირა დედამისმა, რომ შევხტი.

_ ელის, რატომ უყვირი? რა მოხდა მერე, იგუნდავა, ქვეყანა ხომ არ დაუქცევია? _ გაბის გამოვესარჩლე.

_ აბა, ახლა ჩხუბი და რამე არ იყოს, მე და გაბის გვშია. _ დაიბუბუნა მარკომ და ბიჭი ხელში აიტაცა, _ რა უნდათ ამ გოიმებს შენგან, ძმაო, ა?

_ მე რა ვიცი, აბა! _ სიხარულისგან თვალებგაცისკროვნებულმა გაბიმ მარკოს ორივე ხელი მოხვია და ჩაეხუტა.

ახლა უკვე ყველანი ვიყავით. გემრიელად ვივახშმეთ და ჰაი-ოთახში გადავინაცვლეთ. მარკო თავისი ახალი სავარძლით სოფისთან ერთად შუაში ჩავისვით და საღამოს მეორე ნაწილიც დაიწყო.

_ შენ აარჩიე ეგ სავარძელი თუ?.. _ დაინტერესდა ელისი.

_ თუ. _ ლაკონიურად მოუჭრა მარკომ.

_ კაი ნუ, თქვი რა, _ არ მოისვენა ელისმა.

_ აბა, ვინ ამარჩევინებდა შენი აზრით?

_ მე რა ვიცი, ქალების მეტი რა გყავს.

_ ქალის გემოვნების სავარძელი არ მინდოდა. ჩემი გემოვნების მინდოდა და ავარჩიე კიდევაც.

_ მაგარია.

_ იცის ბაბუმ! _ ისევ თავმომწონედ აიქნია მარკომ საჩვენებელი თითი.

_ მართლა, რა ღირდა? ძვირი იქნებოდა ალბათ, არა?

_ რა შენი საქმეა. ჩემი ფული მივეცი, შენი კი არა, _ მარკო სოფის კულულებს თითზე იხვევდა და ელისს ისე ელაზღანდარებოდა.

_ მითხარი, რა.

_ შენ არა, აი, ემილი თუ მკითხავს, იმას ვეტყვი, _ ჩემმა ბიჭმა ემილის ეშმაკურად გახედა.

ემილიმ ღიმილის თერაპია მოიშველია და უსიტყვოდ, მხოლოდ მზერით იკითხა, რამდენი გადაიხადეო.

_ 690 ლარი, _ თქვა მარკომ და ყველამ ერთხმად, ხმაურნარევი ემოციით გამოვხატეთ გაოცება.

_ გაგიჟდი, შვილო? ამდენი ფული გადაყარე ამ საშინელებაში? _ უკმაყოფილება ვერ დავმალე, _ უფრო იაფიანში ვერ ჩაჯდებოდი თუ ბევრი ფული გქონდა?

_ ბევრი ფული მქონდა, _ მეორე ვარიანტი აირჩია მარკომ.

_ ჰოდა, მომადგები ხვალ მე, გზის ფული მომეციო, _ გავაგრძელე ბუზღუნი.

_ რა ბოროტებაა ბევრი ფული, ხედავ? _ გაიცინა ელისმა.

_ ფული ბოროტება სულაც არაა, _ შენიშნა ენიმ, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა.

_ მართალი ხარ, ენი, ბოროტება ისა, რომ მალე თავდება, არა? _ დაუდასტურა მარკომ და მოწონების ნიშნად ცერი შემართა.

_ ოხ, დაიწყო კომერციული ფილოსოფოსობა, _ უკბინა ელისმა, _ ენიმ ოღონდ შენი მხარე დაიჭიროს და რა გინდა, რომ არ თქვას.

_ შენ კი არ გგავს, _ დაეჯღანა მარკო.

_ ელისო, ენა დაიმოკლე, თორემ მე დაგიმოკლებ! _ ენიმ თვალები დააბრიალა და გაგულისებული ოთახიდან გავიდა.

_ რატომ ხარ ასეთი წუპაკი? რას ერჩი ამ გოგოს, ძლივს ხასიათზე მოდის.

_ არაფერსაც არ ვერჩი, კარლა, რა ვთქვი ასეთი? _ ელისსაც წაუხდა გუნება.

_ ოოჰ, რა გჭირთ, ვერ გავიგე, ჩემი მოსვლა გეწყინათ თუ ჩემი სავარძლის? _ მარკომ კვლავ ხუმრობით სცადა სიტუაციის განეიტრალება.

ყველას გაგვეცინა. მოულოდნელად მარკომ თავში შემოირტყა ხელი:

_ აუ, ბიჯო, სულ დამავიწყდა. ემილი, იცი დღეს ვინ იყო ჩემთან?

_ ვინ? _ ემილი წინ გადმოიხარა, თითები ერთმანეთში ჩახლართა და ნიკაპი ზედ ჩამოდო.

_ შენი დედამთილი.

როგორ გაწითლდა გოგო! სახე უცაბედად გაუქვავდა და სიტყვა ვერ დაძრა, ისიც ვერ იკითხა, რა უნდოდაო. სამაგიეროდ, მე ვიკითხე:

_ რა უნდოდა?

_ სესხი მინდაო.

_ უი! რატომ, რა გაუჭირდათ ასეთი?

_ თამაზს ცოლი მოჰყავსო. _ ისე უდარდელად წამოისროლა ჩემმა შვილმა, გავცოფდი, როგორ არ უფიქრდება, რას ამბობს-მეთქი.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ემილის სანთლისფერი დასდებოდა, მაგრამ სახის გამომეტყველება არ შესცვლია, ისევ ისე, ქანდაკებასავით გაშეშებული იჯდა.

_ რატომ გაჩუმდი, ემი? _ ჩურჩულით შეეკითხა მარკო, მის თვალებში პატარა ჭინკები ცეკვავდნენ.

_ მე საერთოდ ჩუმი ვარ, ელისივით ხმაურით ვერ გაგაკვირვებ, _ მშრალად წარმოთქვა.

_ შენ მგონი, ისევ გიყვარს ის კაცი, ა? მითხარი, ემი, არ დამიმალო და მერე მე ვიცი, ყურებით მოგითრევ აქ, _ დაიქადნა მარკომ.

_ დაივიწყე, _ ჩუმად წარმოთქვა ემილიმ, _ რაღა დროს სიყვარულია, მორჩა უკვე.

_ როცა შენგან ვიღაც მიდის, უნდა გაუშვა. _ დავიწყე ხმადაბლა, _ ბედისწერა ზედმეტ ადამიანებს გამორიცხავს შენ ირგვლივ. შეიძლება ის ცუდი სულაც არ იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ მან თავისი როლი უკვე ითამაშა შენს ცხოვრებაში. გავა დრო და ახალი შემსრულებელი გამოჩნდება, რომელიც ძველებურად აგაღელვებს, აგაფორიაქებს და სათანადო ადგილს დაიკავებს შენს გულში.

_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, _ სევდამ ერთიანად მოიცვა ემილის სახე.

_ კაი, რა იყო, _ მარკომ ხელები გაშალა, _ რა ჰერბარიუმის ყვავილს დაემსგავსე. ვიხუმრე, მართლა ცოლი კი არ მოჰყავს, რემონტი უნდა გავაკეთოთო, შენმა დედამთილმა. `შუტკა~. `შუტკაა~, _ იყვირა მარკომ და გაიცინა.

ელისმა იქვე, საჟურნალე მაგიდაზე ლარნაკში ჩადებულ ქრიზანთემებს ხელი წამოავლო და მარკოს ესროლა:

_ რა ბოროტი ხარ, შე საზიზღარო! შეიძლება ასე ხუმრობა?

ემილის თითქოს გულზე მოეშვაო, ღრმად ამოიოხრა და ოდნავ ჩაიღიმა.

_ დედა, რატომ იცი ხოლმე ასე? ისე სერიოზულად დააბრეხვებ ამ შენს ტყუილებს, ყველანი ვიჯერებთ.

_ მერე მაგაშია მთელი კაიფი _ ტყუილი ისე უნდა თქვა, რომ ყველა დააჯერო. აბა, თუ მიმიხვდით, რაღა გამოვიდა? _ ისევ გაიცინა მარკომ, ფეხი ფეხზე გადაიდო და სოფი მუხლზე შემოისვა, _ გავჭენდეთ, სოფი?

სოფიმ კმაყოფილმა დაუქნია თავი და `გაჭენდნენ~. ბავშვი ისე იცინოდა, რომ ჩვენც გადმოგვედო და დაძაბულობაც განელდა.

საღამო კი იმით დასრულდა, რომ მარკომ ენის ყავა მოადუღებინა და ყელი რომ ჩაიგემრიელა, მხოლოდ ამის შემდეგ დაგვემშვიდობა.

ჩვენ კი შაბათისთვის მოვემზადეთ, წინ გულახდილობის საღამო გველოდა…

 

დეკემბრის ბოლო კვირას ისე აცივდა, ძვალსა და რბილში ატანდა. ახალი წელი ახლოვდებოდა და თადარიგი უნდა დამეჭირა. ახლა თუ არ შევიძენდი ზოგიერთ პროდუქტს, მერე აუცილებლად გაძვირდებოდა. შაბათს, ინათა თუ არა, ბაზარში გავვარდი და სანამ ჩემები გაიღვიძებდნენ, უკვე შინ ვიყავი. მერე ელისი და ემილი სამსახურში გავისტუმრე, ბავშვები და ენი ვასაუზმე და ატელიეში გავედი, რომ თანამშრომლებისთვის მეთქვა, შემდეგ კვირას დაისვენეთ, აღარ მოხვიდეთ-მეთქი. მხოლოდ ქეთი დავტოვე, გამყიდველი, ისიც სამშაბათამდე. ვინიცობაა, ვინმეს საახალწლოდ ახალი სამოსის შეძენა მოესურვებინა, თან შევპირდი, დამატებით პრემიას გამოგიწერ-მეთქი.

შუადღისას უკვე სამზარეულოში ვტრიალებდი. ჩემს მოსვლამდე გაბი გამძვრალიყო, დაუბარებია, კლასელებთან ერთად საციგაოდ მივდივარო. ბოლო დროს არ მომწონდა ამ ბავშვის საქციელი, _ ხან იგვიანებდა, ხან ჩემი ნებართვის გარეშე სადღაც წავიდოდა, უკან კი გვიან ბრუნდებოდა. ჯერ პატარა იყო საიმისოდ, რომ მეფიქრა, ცუდ წრეში ხომ არ მოხვდა-მეთქი, მაგრამ მაინც მაფიქრებდა მისი ასე უცნაურად გაუჩინარება.

ის იყო, სადილის მომზადებას მოვრჩი, სოფი დავაძინე და ენისთან ერთად ლოჯიაში მოვკალათდი, რომ გაბიც მოვიდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სახეაწითლებულმა ხელში ატატებული ლეკვი მოიყოლა თან.

_ ეს რა არის, გაბი? _ ლამის ვიკივლე.

_ ლეკვია. ნახე, რა ლამაზი და საყვარელია, კარლა. _ და ფაფუკ ბეწვზე ხელი გადაუსვა.

ლეკვი მართლაც საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ძაღლი მინდოდა ახლა სახლში?

_ ვისია, საიდან მოიყვანე? _ ვიფიქრე, ალბათ რომელიღაც ამხანაგისაა და დროებით მოიყვანა-მეთქი.

_ ჩემია. ვიპოვე.

_ იპოვე? შენ ხომ არ გაგიჟდი, შვილო! არ იცი, რომ ძაღლს სახლში არ შემოგაყვანინებ? ახლავე წაიყვანე და დასვი, სადაც იპოვე, თუ მართლა იპოვე! ვინ იცის, როგორ ეძებს პატრონი. ასეთ ჯიშიან ლეკვს გარეთ არავინ გააგდებდა.

_ აუ, არა რააა! კარლა, გთხოვ, გვყავდეს ცოტა ხნით. არავისი არაა, ჩემია, რა, ჩემი კლასელის მამამ მაჩუქა, _ ლამის ყელი `გამოიღადრა~ ცერა და საჩვენებელი თითით.

ამასობაში ლეკვმა ყეფა ატეხა. ისეთი მჭახე ხმა ჰქონდა, გული შემიღონდა.

_ მოაშორე-მეთქი აქედან, სანამ ჩემი ხელით მომისვრია ფანჯრიდან! _ ცხოვრებაში პირველად ვუყვირე ბავშვს და კარისკენ მივუთითე.

ამ ხმაურზე სოფის გაეღვიძა და ფეხშიშველი შემოტანტალდა ლოჯიაში.

_ იყოს, კეროლაინ, რას გიშლის? რიგრიგობით როგორმე მოვუვლით, _ ამჯერად ენიმ გამოიდო თავი.

_ რას ამბობ, გოგო, იცი, ძაღლს რამდენი რამ უნდა? საჭმელი, აცრა, ჭიის წამალი, გასეირნება… ვიცი მე, ყველაფერი ჩემს კისერზე გადავა მერე.

_ მე გავასეირნებ. _ შესძახა გაბიმ.

_ მეც! _ აჰყვა სოფი, რომელსაც უკვე ჩაებღუჯა ლეკვის ყურები.

_ კი, როგორ არა, დილის ექვს საათზე ადგები, არა? _ გაბრაზებულმა გაბის შევუტიე.

_ ავდგები, დედას გეფიცები!

_ მეც, _ ისევ აჰყვა სოფი.

ამაზე თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. შინაური ცხოველები ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ სხვასთან მხოლოდ და არა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვები ისეთი მომლოდინე თვალებით მომჩერებოდნენ, ცოტა არ იყოს, შევყოყმანდი.

_ და სად უნდა დაიძინოს, ხომ ვერ მეტყვით?

_ გარეთ, აივანზე! _ გაბის იმედი მოეცა და ახტუნავდა.

_ გაიყინება ამ სიცივეში, შე ბოთე. სახლი უნდა მაშინ თავისი. სად ვიშოვო ახლა მე ძაღლის სახლი?

_ მარკო გამიკეთებს!

_ ჰო, მარკო, კი, _ დაუდასტურა სოფიმ და გაბისთვის ლეკვის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ ბოლო მომენტში შეეშინდა და გადაიფიქრა.

ენიმ იმწუთასვე ტელეფონი მოიმარჯვა და მარკოსთან დარეკა. ცოტა ხანს ესაუბრა, მერე კი მობილური მე გამომიწოდა.

_ დე, მართლა შარპეია?

_ ხო! _ ჯავრის ამოსაყრელად ჩემს შვილს დავუღრინე.

_ მერე, რა პანიკაში ხარ? მაგარია. ვნახავ რამეს, ბოლოს და ბოლოს, დავამზადებინებ ელიავაზე, შენ მაგაზე არ იდარდო.

_ ჰო, თქვენ რა გენაღვლებათ! ძაღლი აკლია ამ ოჯახს, მეტი არაფერი! _ კი ვბუზღუნებდი, მაგრამ აშკარად აღარ ვიყავი წინააღმდეგი, ისეთი ლეკვი იყო.

_ მიდი, მიდი, ლალისთან გადადი, ზოოში და უყიდეთ პედიგრი. თუ ძალიან გაგაწვალებთ, მერე ჩემთან ავიყვან და ეგ იქნება. მორჩა, აღარ მცალია, სესხი მაქვს დასაწერი. _ მარკომ ამ სიტყვებით ტელეფონი გამითიშა.

ბავშვები ცნობისმოყვარეობით მომჩერებოდნენ, რას ვიტყოდი. ცოტა ხანს შუბლშეკრული ვიდექი, მერე კი გავიღიმე და უნდა მოგესმინათ, რა ყიჟინა დასცეს. ენიც კი აჰყვა პატარებს და გახარებულები სასტუმრო ოთახში გავარდნენ.

ასე შემოგვემატა ახალი ოჯახის წევრი _ ქალბატონი ჯესი. მე კი უკვე იმაზე ფიქრით ვიკლავდი თავს, როცა ატყდებოდა, რა ჯანდაბა მომეხერხებინა მისთვის…

 

ლეკვმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საღამოს, როცა ყველანი შევიკრიბეთ, პატარა ჯესი ხელიდან ხელში გადადიოდა. მარკო მოვიდა და ისეთი ლამაზი სახლი მოუტანა, მეც კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი შიგ. შიდა კედლები დათბილული იყო, ბალიშიც კი უყიდია მარკოს, ამაზე დაწვება და არ შესცივდებაო, მაგრამ ჯერ მთლად პატარა იყო, ალბათ დაახლოებით ექვსი-შვიდი თვის, ამიტომ გარეთ ვერ გავაგდებდით. ბავშვებმა მაშინვე მიუჩინეს ადგილი სააბაზანოში, სადაც ჯამებით საჭმელი და წყალი დაუდგეს, თან ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ, ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა დავიჭიროო.

არც ემილის გამოუთქვამს პროტესტი და არც ელისს, ჯესი ორივეს მოეწონა.

რომ შეღამდა და დრო მოვიდა, ბუხარს შემოვსხდომოდით, ენი და გაბი სადღაც გაქრნენ. არადა, გულახდილობის საათი დგებოდა, ბავშვები უნდა დაგვეძინებინა და გვესაუბრა.

მარკო თავისთან ავიდა, ამიტომ ვიფიქრე, ალბათ ორივენი მას გაჰყვნენ-მეთქი, მაგრამ როცა მარკო ჩამოვიდა, არ ვიცი, ჩემთან არ ყოფილანო, თავი გააქნია. ამ დროს გაბუსხული ტუჩებით სოფი მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა:

_ ჯეში გააშეილნეს და მე ალ წამიკანეს.

გაოცებისგან დავმუნჯდი. ენის, რომელიც ამდენი წელია, ეზოში არ გასულა, ლეკვის გაყვანა მოუსურვებია. გავიფიქრე, თუ ასე წაადგება ეს ლეკვი ჩვენს ოჯახს, ხმას როგორ ამოვიღებ, სულ რომ ააოხროს აქაურობა-მეთქი.

დაველოდეთ მათ დაბრუნებას, თან განცვიფრებულები ენის ცვლილების ამბავს ერთმანეთს ვუზიარებდით.

_ რაც დრო გადის, უფრო და უფრო უბრუნდება ცხოვრებას, _ თქვა ელისმა.

_ თან რამდენს კითხულობს, არა? _ დაამატა ემილიმ.

_ აბა რაა! _ ფეხებგაჩაჩხულმა მარკომ ხელებიც გაშალა, _ ჩემი შკოლაა, ბაბუ, ტყუილად კი არ ვშრომობ, _ კმაყოფილი ღიმილით წამოიძახა.

სიყვარულით გავხედე ჩემს შვილს. მართლაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ენის სიცოცხლის ხალისი დაჰბრუნებოდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ გაბი და ჯესი ხმაურით შემოიჭრნენ სახლში. ენი დაბნეული ღიმილით ორივეს უკან მოჰყვებოდა. ყველანი გავაფრთხილე, არამც და არამც არ გაამახვილოთ მის გასვლაზე ყურადღება და არაფერი აგრძნობინოთ-მეთქი და მართლაც, გოგოებმა მთელი ყურადღება ჯესისკენ მიმართეს, ვითომ არც გაჰკვირვებიათ, ენი რომ გარეთ გავიდა.

_ გავასეირნეთ, _ დამნაშავესავით აისვეტა ენი კართან და მის ძგიდეს მიეყრდნო, _ შემეშინდა გაბის მარტო გაშვება, ბნელა უკვე.

_ კარგი გოგო ხარ შენ, _ ვუთხარი და საჰაერო კოცნა გავუგზავნე.

მერე ბავშვებს ელისმა ხელ-პირი დაბანა, ავახშმა და დასაძინებლად გაიყვანა.

ჩვენ კი ბუხართან მოვკალათდით და ერთმანეთს ღიმილით მივაჩერდით.

_ რა ვქნათ, ჯერ ალმას და ჯინას წავესკაიპოთ თუ ჩვენ ვისაუბროთ?

_ ჯერ ჩვენ, _ თქვა ელისმა და საიდუმლოებებით სავსე მზერა ემილის მიანათა.

_ ხო, ხო, ხო, რამდენ რამეს ამბობს ეგ შენი ლამაზი თვალები, რომ იცოდე, _ სიცილი ვერ შევიკავე, _ კარგი, ბატონო, ასე იყოს… ვინ დაიწყებს?

_ მე! _ მოსწავლესავით ასწია ელისმა ორი თითი და სავარძელში აცმუკდა.

_ დაიწყე! _ დირიჟორივით ავიქნიე ორივე ხელი და ხელსაქმე მოვიმარჯვე _ წეღან ჯესისთვის სამსახურიდან წამოღებული შალის ნაჭრის მონარჩენებისგან ჯილეტი გამოვჭერი და მის დაბლანდვას შევუდექი.

_ სადღაც ათი დღის წინ ერთი ბიჭი გავიცანი. _ ელისი მოყოლას შეუდგა.

_ მაგარი ბიჭია, _ ჩააკვეხა სიტყვა ემილიმ და გაწითლდა.

_ ვინაა, რას წარმოადგენს? _ საჭირბოროტო კითხვა დავსვი.

_ მაქსი ჰქვია, ბინის ყიდვა უნდა. პირველად რომ დავიბარე სამსახურში და დამინახა, გაშეშდა, თვალს ვერ მაცილებდა, გაოგნებული მომჩერებოდა.

_ ვინაა ეს დაცემა ქალიო, არა? იასნია, გაოგნდებოდა, _ სიცილნარევი ხმით შენიშნა მარკომ.

_ მარკო ხარ თუ სარკო, ცოტა ხნით შეგიძლია მაცალო? თორემ აღარაფერს აღარ ვიტყვი. _ იწყინა ელისმა.

`სარკო~ მეგრულად `საოცრებას~, `სასწაულს~ ნიშნავს. ამ ბოლო დროს ელისმა ამ სიტყვის წარამარა ხმარება დაიწყო, თანაც მარკოსთან მიმართებაში. უცებ გონება გამინათდა.

_ მეგრელია?

_ კი… საიდან მიხვდი? _ ელისი ბედნიერებისგან ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.

_ სარკო რომ აიჩემე ბოლო დროს, იქიდან. ალბათ გითხრა, სარკო გოგო ხარო, არა?

_ ვაიმე, მართლა ასე მითხრა და მთელი დღე ვარკვევდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, იცი?

_ მერე მე ვერ მკითხე? გეტყოდი.

_ შენ რა, მეგრული იცი? _ გაიოცა ელისმა.

_ ფრანგული ხომ ვიცი. მეგრული და ფრანგული რამ გაყო ერთმანეთისგან? _ გავიხუმრე და ყველა გავაცინე.

როცა ჩავწყნარდით, ელისმა გააგრძელა:

_ ხოდა, მოკლედ, ლამის მთელი ვაკე და საბურთალო მომატარა ბინის ძებნაში. ხან რა არ მოეწონა და ხან რა. მართლა დამღალა. ვიფიქრე, ეს არაფრის მყიდველი არ არის, ტყუილად დამატარებს აღმა-დაღმა, ხვალ რომ მოვა, უარს ვეტყვი და სხვა რეალტორს გადავაბარებ-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, გადაირია. მორჩა, აღარ გაგაწვალებ, მე შენი არჩეული ბინა მინდა, თორემ სხვისი რომ მდომებოდა, შენ არ მოგაკითხავდიო. ბოლოს შემომთავაზა, შენ რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს, მითხარი და მეც იმას ვიყიდიო. დღეს მოვიდა და კიდევ ერთხელ ვნახეთ ის ბინა, მე რომ ვგიჟდები.

_ ვააა! _ მარკომ ფეხი ფეხზე გადაიდო.

_ მართლა! ხელშეკრულება ორშაბათს უნდა გავაფორმოთ. ახლა ვჩალიჩობ, იქნებ ცოტა დავაკლებინო პატრონს, მაქსს ცოტა ეძვირება.

_ მეგრელის გარდა მაქსს ვინ დაარქმევდა შვილს, _ ჩაიხითხითა მარკომ და ელისს ეშმაკურად გახედა.

_ სხვათა შორის, მაქსიმილიანე ჰქვია საბუთებით.

_ დიდი განსხვავებაა! _ არ დაუთმო მარკომ.

_ შენ ხომ ძვირფასი სახელი გქვია, აი! ნამდვილი მარკოზა ხარ!

_ მორჩით ახლა! _ ორივე გავაჩერე, _ მერე, მერე? სად მუშაობს?

_ კომპიუტერული ფირმა აქვს, ნორმალური შემოსავალი. ქსელური მარკეტინგის ფირმაა, ძირითადად ბანკებთან თანამშრომლობს.

_ რამდენი წლისაა ის შენი მაქსია თუ ფაქსი? _ დაინტერესდა ენი.

ენის გააქტიურება იმდენად გვიხაროდა, სხვა დროს თუ შავ დღეს დააყენებდა ემილი მისი სასურველი მამაკაცის სახელის ასე გამასხარავებისთვის, ამჯერად მისი დაცინვა გადაყლაპა და მთელი სერიოზულობით მიუგო:

_ ჩემზე ორი წლითაა უფროსი. მარტო ცხოვრობს. დედა ჰყავს და და-ძმა. და გათხოვილია, ძმა _ ცოლშვილიანი და დედასთან ცხოვრობენ. ეგ ნაქირავებშია და ახლა თავისთვის უნდა ბინის ყიდვა.

_ ესე იგი, ფულიანია?

_ ნუ, მთლად მილიონერი არ არის, მაგრამ კარგად გამოიმუშავებს. ტოიოტა პრიუსით დადის, საკაიფოდ იცვამს და რა ვიცი.

_ უკვე გითხრა, რომ მოსწონხარ?

_ კი, დღეს მითხრა და თან სერიოზულად ვფიქრობო, რამე ისე არ იფიქროო.

_ იცის, ბავშვი რომ გყავს და ქმარს გაყრილი ხარ?

_ ეგ თავიდანვე გაიგო, მაგის პრობლემა არა აქვს.

_ აჰაა, _ ორაზროვნად ჩაილაპარაკა მარკომ, _ კექსი უკვე ჭამეთ?

`კექსის ჭამა~ ჩვენი ლექსიკონის მიხედვით სექსით დაკავებას ნიშნავს. ბავშვებთან ხშირად რომ არ ვახსენოთ სიტყვა სექსი, ამიტომ ეს ტერმინი შემოვიღეთ, რაც მარკოს დამსახურებაა. ბავშების გამო სხვა ტერმინებიც დაინერგა, რომელსაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვს ეროტიკასთან. მაგალითად, ქალის მკერდს მთებად მოიხსენიებენ, ორგანიზმი ნი-ს გარეშე კი იცით, რასაც აღნიშნავს და ასე შემდეგ.

_ კაი რა, მარკო, სულ რატომ მასხრობ? _ თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა ელისს.

_ რა იყო, არ შეიძლება გკითხო? რა არის აქ აღმაშფოთებელი? _ არ შეეპუა ჩემი შვილი.

_ ჯერ ახლახან გავიცანით ერთმანეთი.

მარკოს ხარხარი აუტყდა.

_ ელო, ყველა გოგო, ვინც აქ მომიყვანია და შენ გინახავს, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც დამიტესტავს, როგორ მიირთმევს კექსს, _ `აღიარებითი ჩვენება~ მისცა მარკომ და ენის გადახედა, _ რა უნდა ამას, ენი, ა?

_ კექსი მოენატრა, სხვა არაფერი, _ მხარი აუბა ენიმაც და ისევ სიცილი ატყდა.

_ ელის, მოიყვანე ერთი ჩვენთან, გაგვაცანი, _ მე მაშინვე საქმიანი დავიჭირე.

_ უი, არა რა, კარლა! ჯერ ვერ ვეტყვი. ცოტა ხომ უნდა გავშინაურდეთ.

_ ჯერ კექსი ხომ…

_ მარკო! _ წინადადების დამთავრება არ აცალა ელისმა და წამოხტა.

_კარგი, გეყოფათ! სხვა? კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი?

_ მე არა. დანარჩენი მერე. ვნახოთ, იმ კვირაში რა მოხდება.

_ მშვენიერია. შემდეგი ვინაა?

_ ახლა ემილი იტყვის, მასაც აქვს სათქმელი, _ თქვა ელისმა.

_ არა, არა, ჯერ არაფერი, _ ემილის სახე ჭარხალივით გაუხდა და დარცხვენილმა თავი ჩაღუნა.

_ კაი, გოგო, სანამ უნდა მალო?.. მაშინ მე ვიტყვი, _ ინიციატივა ხელში აიღო ელისმა და გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ ემილი ანიშებდა, არ თქვაო, _ ორი თვის წინ ფეისბუქში ერთი პარიზელი ფრანგი ბიჭი გაიცნო. ბიჭი რა, კაცია უკვე, 36 წლის.

_ პარიზელი? _ ფრანგის ხსენებაზე თვალები გამიბრწყინდა, _ მართლა, ემილი? მერედა, რატომ გვიმალავ? როდის აქეთ გაგიჩნდა ჩვენგან საიდუმლოებები?

_ არა, კარლა, ჯერ სერიოზული არაფერია, ამიტომ… უბრალოდ, ვმეგობრობთ და ესაა სულ.

_ მეგობრობით იწყება ყველაფერი, _ ჩაურთო მარკომ.

_ კი მაგრამ, შენ რომ ფრანგული არ იცი? _ მომაგონდა უცებ.

_ ინგლისურად ვსაუბრობთ. _ განერვიულებული ემილი თითებს ერთმანეთში ხლართავდა და თავს მაღლა არ სწევდა, თვალებში შემოხედვის ერიდებოდა.

_ კარგია, შვილო, თუ ნორმალური ადამიანია, დასამალი რა არის.

_ სოფიზე აბოდებს. არა, ემილი? თქვი, რა დაგემართა? სულ მე ხომ არ ვილაპარაკებ შენ მაგივრად? _ უსაყვედურა ელისმა.

_ ჰო, ძალიან შეუყვარდა სოფი. თავის ვოლზე სულ სოფის სურათები უდევს. სასწაული ბავშვიაო, _ როგორც იქნა, ემილიმაც ამოიდგა ენა.

_ ოოო, ეს ამბავი თუ გაღრმავდა, კარგი იქნება, _ ვთქვი მე, _ ფრანგები ძალიან მიყვარს, ფრანგული ენა ხომ მით უმეტეს.

_ იტყვის ახლა, იმდენი `ჟ~ ურევია, ჩიტების ჟივჟივს მაგონებსო, _ გადმომხედა მარკომ.

მართლაც ხშირად ვამბობდი ამას, როცა ფრანგულ ენაზე ლაპარაკს ჩამოვაგდებდი.

_ დიახაც! _ ჯიბრიანად ვუპასუხე, _ და სხვათა შორის, შენზე კარგად მე გამოვთქვამ მაგ `ჟ~-ს.

რა თქმა უნდა, მარკოს, როგორც ჩემს შვილს, ინგლისურის გარდა ფრანგულიც ვასწავლე, რადგან სიგიჟემდე მინდოდა, ეს ენაც სცოდნოდა.

_ ისე, სხვისი შვილები კაცებს მანამ უყვართ, სანამ თავისად დაიგულებენ, _ მოულოდნელად ენის ხმა გაისმა, _ ამიტომ მთლად ბრმად ნუ ენდობი მაგ კაცის სოფით გატაცებას. იქნებ შენი გულის მოსანადირებლად იქცევა ასე?

ემილის ხმა არ ამოუღია, უარესად გაწითლდა და თავი კიდევ უფრო ჩაღუნა.

_ კაცო, იქნებ სერიოზული მიზნები ამოძრავებს იმ კაცს, რას გადაეკიდეთ? _ დავიცავი უცნობი პარიზელი ფრანგი, _ ასე რომ არ იყოს, რაღა ამსიშორეს მყოფ ქალს გადაეკიდებოდა, პარიზში რა, გოგოები გაწყდა?

_ მართალია, _ კვერი დამიკრა მარკომ და ელისმაც გაიმეორა, მართალიაო.

ენიმ მხრები აიჩეჩა, მე ჩემი მითქვამსო და გაჩუმდა.

_ აი, რომ ჩამოვა, მერე ნახე, თუ სერიოზული ამბავი არ იყოს, _ თქვა ელისმა.

_ ვა, უკვე ჩამოსვლას აპირებს? _ მარკომ გაოცება დამასწრო.

_ კი, მარტში.

_ ოოო, აბა, გვიჭამია ქართულ-ფრანგული ქორწილი. აუ, რა `ნაშობა~ გაიჩითება! _ გაიხუმრა ჩემმა შვილმა და ენის თვალი ჩაუკრა, _ ისე… რამე რომ იყოს, შენი ქმარი… არა? _ გააგრძელა მარკომ, ანუ ქმართან შერიგება აღარ გინდაო?

_ არა, _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ემილიმ და ერთმანეთში ჩახლართული თითები მორიგეობით ისე გადაჭიმ-გადმოჭიმა, რომ თითებმა ტკაცატკუცი ატეხეს.

_ შევეშვათ მაგ თემას… დროებით მაინც. კარს ისედაც არავინ უტალახიანებს, _ ვთქვი და მარკოს ვაგრძნობინე, მაგ თემას აღარ შეეხო-მეთქი.

_ მარკო, შენთან რა ხდება? _ ელისმა მარკოს შეხედა.

_ მე ბოლოს მოვყვები. ჯერ ქალებმა დაამთავრეთ. აი, ენიმ გააგრძელოს. ენი, შენთან რა ხდება? _ მარკომ თავი ბოლოსთვის შემოინახა.

_ ჩემთან? რა ვიცი… ახალი არაფერი, _ ენიმ უწყინარი სახით სათითაოდ სუყველას შემოგვხედა და მხრები აიჩეჩა, _ მე არავინ მყავს არც პარიზში და არც აქ.

_ მე ხომ გყავარ, ენი, ა? _ მარკომ ხელები ისე გაშალა, თითქოს ჩასახუტებლად იწევსო, _ აღიარე, ხომ ასეა?

_ კი, ასეა, _ გაიღიმა ენიმ, _ შენ მყავხარ… და ისა… არის კიდევ ერთი სიახლე.

_ მართლა? აბა, გვითხარი, რა ხდება? _ მარკო წინ გადაიხარა, ჩვენც ყველამ ყურები ვცქვიტეთ რაღაც მოულოდნელის მოლოდინში და გავირინდეთ.

_ უნივერსიტეტში მინდა საბუთების აღდგენა. სახლში ჯდომა მომბეზრდა…

მისი სიტყვები მეხის გავარდნის ტოლფასი აღმოჩნდა. წამით ყველანი დავიბენით, მერე კი, თითქოს მოლაპარაკებულები ვყოფილიყავით, კლაკიორებივით ერთდროულად დავცხეთ ტაში…

ენი თანდათან გვიბრუნდებოდა… ისიც იმკვიდრებდა ვეებერთელა მზის ქვეშ ადგილს…

ენის შემდეგ მარკოს ჯერი დადგა. სანამ ის დაიწყებდა, ყველას დინჯად შემოგვხედა, მერე ცხვირის წვერზე არათითი მოისვა, ზუსტად ისე, როგორც მე მჩვეოდა, კარგა ხანს ეფერა თავის ლამაზ ცხვირს და ბოლოს დაიწყო:

_ ჩემთან სიახლე ისაა, რომ შეყვარებული ვარ, _ თქვა და… არ გაიღიმა.

სამაგიეროდ, სხვებს გაეღიმათ. კი არ გაეღიმათ, გაეცინათ.

მე კი… ვერ გეტყვით, რა დამემართა. რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მისმა ნათქვამმა სმენა დამიტკბო, მაგრამ ძალიანაც არ შევუშფოთებივარ. განა არ იყო დრო, ოჯახს მოჰკიდებოდა? მთავარია, ვინ აღმოჩნდებოდა მისი რჩეული.

_ ოხ. თქვა ახალი ამბავი! _ ხელი აიქნია ელისმა, _ შენ, რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ხარ.

_ არა, ამჯერად საქმე სერიოზულადაა, _ მიუგო ელისს და სავარძელში გასწორდა, მუხლით მუხლზე გადადებული ფეხები კი მთელ სიგრძეზე გაშალა.

_ რამდენად სერიოზულად? _ შევეკითხე და გავისუსე.

გაისუსნენ სხვებიც, რადგან ჩემი შეკითხვა მშობლისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით იყო დასმული.

_ იმდენად სერიოზულად, დედუცი, რომ საახალწლოდ ცოლი მომყავს, _ ალმაცერად გადმომხედა ჩემმა შვილმა და თავი უკან გადააგდო.

_ რაოოო? _ თითქმის ერთდროულად წამოიძახეს ელისმა და ემილიმ, მხოლოდ ენი იჯდა ჩუმად, ჯერ კიდევ უცხოდ გრძნობდა თავს საკუთარი სურვილების განდობის შემდეგ.

_ რაც გაიგონეთ. რა იყო, რა, გაგიკვირდათ?

_ გვატყუებ რაღაცას, _ დაიჯღანა ემილი.

_ მეტყობა რამე, რომ გატყუებთ? _ იუკადრისა მარკომ, _ ვერ ვხვდები, ჩემი რატომ არასდროს არაფერი გჯერათ?

_ მოიცა, მოიცა, _ ჩავერიე ლაპარაკში, _ იქნებ გვითხრა, ვინ არის, რა ჰქვია, სად მუშაობს, როგორი გოგოა, ჩვენ თუ ვიცნობთ… _ ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ ამ ამბავს ახლა ვიგებდი, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონია.

_ მაგარი გოგოა, მაგრამ თქვენ არ იცნობთ. აი, მოვიყვან ამ დღეებში და თქვენ თვითონ ნახავთ. დე, შენ რომ მოგეწონება, ზუსტად ისეთია _ მაღალი, ლამაზი და მხიარული, გიჟივით სულ იცინის.

_ მე კი არა, შენ უნდა მოგწონდეს, ბიჭო, ჩემს მოწონებას რას უყურებ შენ!.. რამდენი წლისაა?

_ ჩემზე უფროსია, _ თქვა მარკომ და ტუჩები მოკუმა.

_ რაა? უფროსი? რამდენით უფროსი? _ ვეღარ მოვითმინე და ლამის ვიყვირე.

_ თან ორსულადაა, _ პასუხი არ გაუცია, ისე გააგრძელა.

_ შეგაბეს ეჟვანი, ბაბუ? _ თავისივე ლექსიკონით გამოაჯავრა ელისმა და ხელებით `კექსის ჭამის~ გამომხატველი ჟესტი (მუჭზე ხელისგულის დარტყმა) ნიშნის მოგებით მისცხო და მისცხო.

ამაზე ჩემ გარდა ყველას გაეცინა, მე კი ათასი შავ-თეთრი ფიქრი დამიტრიალდა გონებაში.

_ თან ცალი თვალი არა აქვს, ცალ ყურში არ ესმის და ცალი ფეხით კოჭლობს, _ მიაყოლა მარკომ და ახარხარდა.

საზიზღარი!

_ ნახე, როგორ დაგვაბოლა? _ ელისი აღშფოთებას ვერ მალავდა, _ შე დეგენერატო, როდის უნდა დადინჯდე, ა?

_ იმ საუკუნეში, _ კმაყოფილი ღიმილით გამოაცხადა მარკომ, ჩემკენ გადმოიხარა და ხელის ზურგზე თითები მსუბუქად გადამისვა, _ ნუ გეშინია, დე, მე რომ ცოლის მოყვანას დავაპირებ, შენ არ გამოგაპარებ, ხომ იცი.

ოხ, შვილო, შვილო!..

ხმა არ ამომიღია, ის კი ვიგრძენი, რომ შვებით ამოვისუნთქე.

_ აუ, მარკო, რანაირი ბიჭი ხარ, რა, _ მორიდებანარევი ბუზღუნით ჩაილაპარაკა ემილიმ და საჩვენებელი თითი დაუქნია.

_ რანაირი? _ მისსავე კილოზე გამოაჯავრა წარბებაწეულმა.

_ იმნაირი! _ დაასწრო ელისმა და დაეჯღანა.

_ იმნაირი შენ ხარ, თუ კარგია, _ გაიცინა მარკომ, _ რა იყო, ხუმრობა არ იცით? ესენი ვინ არიან, ტოო! თქვენ ხუმრობა არ გესმოდეთ, რა ჩემი ბრალია?

_ ეგ ხუმრობა კი არა, ტყუილი იყო, _ უკმეხად შევნიშნე, ჩემი საკერავი გვერდზე გადავდე და ავდექი, ოთახიდან გასვლა დავაპირე.

_ მოიცა, მოიცა, შენ საით გაგიწევია, კარლა, ა? _ ხელი ჩამავლო ჩემმა შვილმა, _ იქნებ დაგავიწყდა, რომ ახლა შენი ჯერია?

სიმართლე გითხრათ, მისი ოინბაზობის შემდეგ ნამდვილად არ ვიყავი გულახდილობის ხასიათზე, ამიტომ მარკოს ხელი უხეშად მოვიშორე.

_ ჩემი ჯერი მაშინ დადგება, როცა შენგან კაცი დადგება! _ ცივად წარმოვთქვი და უეცრად ისეთი ტკარცალი ატყდა, ვერ მივხვდი, ასე რამ გააცინა ეს ბავშვები.

_ რა ლექსი გამოგივიდა, კარლა, ხედავ? _ ელისი ტაშს მიკრავდა.

ახლაღა გავაცნობიერე, რომ ისინი ჩემმა ნათქვამმა გააცინა და უნებურად გამეღიმა.

_ არასერიოზულ ხალხთან მაქვს საქმე… არ ვიცი, რა მეშველება, _ თავის კანტურით ამოვთქვი და სამზარეულოს მივაშურე.

ცოცხალი თავით ვერ დამითანხმეს, გულახდილობის საათი მე გამეგრძელებინა. თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ გუნება მომეშხამა. უარის მიზეზად მარკოს `მიუღებელი საქციელი~ მოვიშველიე.

_ ჩვენ აქ სერიოზულად ვსაუბრობთ, ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს პრობლემებს ვუზიარებთ, ეს კი დგას და ლაზღანდარობს! _ იმაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდი, ვიდრე ჩემი სიბრაზის ხარისხი მოითხოვდა, _ სანამ ეგ ჭკუაზე არ მოვა, შაბათობით მაგის ფეხი არ დავინახო აქ!

_ დედუსი, რა დაგემართა? _ მარკო შემოვიდა, ზურგს უკან დამიდგა და ჩამეხუტა, _ შენ მაინც იცი ჩემი შუტკები, პირველად გესმის? მეგონა, მიმიხვდებოდი და ვიფიქრე, ამათ დავაბოლებ-მეთქი.

პასუხი არ გამიცია. ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და გავიბუსხე.

_ ნუ, მაშინ ავალ სახლში, ვიბანავებ, ხვალ ექსკურსიაზე მივდივარ, _ უეცრად გამოგვიცხადა.

ამან მთლად გადამიყვანა ჭკუაზე.

_ კიდევ იტყუები, ხომ? _ შევყვირე და კოპებშეკრული მივაჩერდი.

_ აუ, ყოველთვის კი არ ვიტყუები, რა გჭიიირს! მართლა მივდივარ.

_ სად! _ სასტიკი მასწავლებელივით წამოვიყვირე.

_ რკონში.

თვალი თვალში გავუყარე, მგონი, არ იტყუებოდა.

_ მერე აქამდე სად იყავი? გუშინ და გუშინწინ ვერ თქვი?

_ ახლა ხომ გეუბნები, რა მნიშვნელობა აქვს? _ ჯიქურ შემომაჩერდა.

_ ის მნიშვნელობა აქვს, რომ მოგიმზადებდი რამეს, ხაჭაპურს გამოგიცხობდი, ქათამს შეგიწვავდი…

_ არც ახლაა გვიან, აგერ, დატრიალდებიან გოგოები, ჰოპ, ჰოპ და ნახევარ საათში ყველაფერი მზად იქნება, რა პრობლემაა?

_ ის პრობლემაა, რომ არც ცომი მაქვს, არც ყველი და არც ქათამი! _ შევუღრინე.

_ ბაზარი არ არი! ახლავე გავვარდები და მოვიტან. ვინ გამომყვება? ხელის აწევით, ხელის აწევით! _ იყვირა მარკომ და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ხელის აწევის მსურველები ნულს არ ასცდენია.

_ ეხ. სად მყავს ახლა ჩემი პატარა ქალი და კაცი? _ სოფი და გაბი იგულისხმა, _ რა იყო, ქალებო, რამ გაგაზარმაცათ ასე? მარტო უნდა გამიშვათ ასე გვიან? მომიტაცებს ვიღაცა და ფა-ფუ! _ ხუმრობდა მარკო.

_ უფ, გადაგყვებიან თან! _ ნიშნი მოუგო ელისმა, _ ვის რაში სჭირდები, ერთი ვიცოდე! მარკო პოლოსავით მატყუარა!

_ გაიხარე, დიდი მადლობა! _ მარკო ისე მოიხარა წელში, კინაღამ გადატყდა, _ ენი, წამო, შენ გამომყევი, კაი?

_ მე-ე? არა, არა. ასე შორს ვერ წამოვალ! _ ენის თვალებში შიში ჩაუდგა.

_ რა შორს ეგ არის, გოგო, სადღეღამისო აგერაა, ყურის ძირში, მივხტებით და მოვხტებით.

_ არა, რა, არა, რა, _ ენიმ ხელები გაასავსავა და სამზარეულოდან გაიძურწა.

_ ვერ გავიგე, ძაღლთან ერთად გადიხარ და ჩემთან ერთად არა? ოკს! მაგას დაგიმახსოვრებ, ენუკინიო! _ მიაძახა მარკომ.

_ მე გამოგყვები, _ ისეთი განაზებული ხმით წარმოთქვა ემილიმ და ისე ჩუმად, გეგონებოდათ, ამ გოგოს ყველაზე დიდი ოცნება მხოლოდ მარკოსთან ერთად სუპერმარკეტში გასვლა იყოო.

_ აი, რატომ მიყვარს ეს ქალი! მოდი, ჩემო პატარავ, ჩემო კრავო და ბატკანო…

_ კრავი კი არა თხა! _ დაისისინა ელისმა და გაიცინა.

აი, ასეთ ლაზღანდარობაში გაიარა იმ საღამომ. როცა მარკომ და ემილიმ საჭირო პროდუქტები მომიტანეს, მაშინვე სამზადისს შევუდექი, ხაჭაპურებიც დავაცხვე, ქათამიც შევწვი და მარკოს საყვარელი ქათმის სალათაც მოვამზადე.

სამი ხდებოდა, ლოგინში რომ ჩავწექი…

მშვენიერი საღამო იყო, არა?

 

სამ დღეში ახალი წელი თენდებოდა. რადგან სამსახურში არ დავდიოდი, სახლში ვფაციფუცობდი. ბავშვებს ჟრიამული გაჰქონდათ, ლეკვთან თამაშით ირთობდნენ თავს და ყურთასმენა აღარ იყო. ენი თავის ოთახში ჩაიკეტა და წიგნი მოიმარჯვა. მე სადილის მზადება დავიწყე, პარალელურად სარეცხი მანქანა ჩავრთე და მერე ნაძვის ხის სათამაშოები გამოვალაგე, იქნებ ამით მაინც შევიტყუო ბავშვები-მეთქი.

ამ დროს ჟრიამული უცებ მიწყდა. მივაყურადე. გაბი ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ საიდუმლოებით აღსავსე მზერით მომიახლოვდა და მკითხა:

_ კარლა, შეიძლება ცოტა ხნით ეზოში გავიდე?

_ რა გინდა ეზოში, წეღან არ იყავი? _ ხმა გავიმკაცრე.

_ ბიჭები მელოდებიან, თამაში გვინდა.

_ აგერ ითამაშე, სოფისთან. _ თითი კართან მდგარი სოფისკენ გავიშვირე.

_ ოოო, ეგ პატარაა, მაგასთან თამაში არ მინდა, _ გაიბუტა გაბი.

_ შენ რაღაც უშნოდ დაძვრები ბოლო დროს. არ მომწონს შენი ბოდიალი. დაურეკე დედაშენს და სთხოვე. თუ ნებას დაგრთავს, წადი!

სიხარულით თვალებგაბრწყინებული მეორე ოთახში გავარდა. ცოტა ხნის შემდეგ `ურას~ გაბმული ძახილი მომესმა, როგორც ჩანს, ელისმა ნება დართო.

_ დედიკომ ხოო! _ ყვირილით შემოიჭრა ოთახში, თან ქურთუკის სახელოში მკლავს უყრიდა, _ მალე მოვალ, არ დავიგვიანებ!

_ ყურებს დაგაჭრი, ერთ საათში თუ არ მობრუნდები! _ მუქარით მივაძახე და სოფის გავუღიმე, რომელსაც ჩემს ნათქვამზე ხითხითი აუტყდა, _ მე და შენ კი ნაძვის ხის სათამაშოები ავარჩიოთ, კარგი? ზეგ ხომ უნდა მოვრთოთ ლამაზად.

ბავშვმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დამიქნია თავი.

_ ის რატომღა იკლავს თავს? _ ვიკითხე, რადგან ჯესი საწყალობლად წკმუტუნებდა სადღაც.

სოფი ამბის გასაგებად გაიქცა და მალევე მობრუნდა ლეკვით ხელში.

_ ენიშ ოთახში უნდოდა შეშლა და იმან კალი ჩაკეტა, _ ჩაუშვა ენი სოფიმ.

_ სწორადაც მოქცეულა, ძაღლს საძინებელში რა უნდა?

სოფი დაბნეული შემომაჩერდა. გამახსენდა, რომ ჯესი ღამღამობით ემილის საძინებელში სწორედ მის ფეხებთან იწვა.

_ ენის საძინებელში, _ `გამოვასწორე~ შეცდომა და ჯესის დაჭმუჭნილ სხეულზე მანიაკივით ვუჩქმიტე. სასწაულად საყვარელი ლეკვი იყო, შეხედავდი თუ არა, ჩქმეტა მოგინდებოდა.

ამ დროს კარზე ზარი დაირეკა. სოფი ჩემზე ადრე გავარდა, მეც უკან მივყევი.

_ ვინ არის? _ დავიყვირე, რადგან ჩემებს ჯერ არ ველოდი.

_ ვასიკო ვარ, ქალბატონო კარლა! _ მომესმა გარედან და კარი მაშინვე გავაღე.

_ შემოდი, ვასკა და თუ ღმერთი გწამს, ქალბატონოს ნუ მეძახი. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გავშინაურდეთ? _ ღიმილი შევაფეთე სახეში.

შეიშმუშნა, ჩაიბურტყუნა, კი ბატონო, ასე იყოსო და კართან უხერხულად აიტუზა.

_ შემოდი, რას დგახარ? _ ოდნავ განზე გავიწიე.

ამ დროს ჯესიმ ყეფა ატეხა.

_ ოხ, რა ხმა აქვს, კაცო! _ ვითომ შეეშინდა ვასკას, სოფის გასამხიარულებლად უკან გახტა, _ სოფი, ხომ არ მიკბენს, ბიძია, ა?

_ ალა, ალა, ალ იციშ კბენა, _ სოფიმ ლეკვი უფრო ჩაიხუტა და გაბრუნდა.

_ უკაცრავად, ხომ არ გაცდენთ?

_ არ მაცდენ, არა, შემოდი, გაიყინა სახლი! რა სტუმარივით იქცევი, ადამიანო! _ მთლად გავუშინაურდი მეზობელს და ისევ გავუღიმე.

შემოვიდა და ახლა ჰოლში აიტუზა.

_ ვასკა, რა გჭირს, რაღაცის თხოვნა გინდა და გერიდება თუ რა ხდება?

_ ხო… ისა… რაღაც მინდოდა მეთხოვა და…

_ მითხარი მერე, მოსარიდებელი რა არის?

_ რა და… პირველში რას აპირებთ?

_ პირველში? რა ვიცი, რას უნდა ვაპირებდეთ. თუ სტუმარი მოგვივა, ვუმასპინძლებთ, თუ არადა, ჩვენ წავალთ ვინმესთან სტუმრად. იმედია, ვიღაც მაინც დაგვპატიჟებს, _ გამეცინა.

_ მე რომ დაგპატიჟოთ?

_ შე-ენ? _ თვალები ლამის გადმოვკარკლე, ეს კაცი ასე მოურიდებლად რომ მეპატიჟება, ვინ ვგონივარ-მეთქი.

_ ყველანი, მთელი ოჯახი, _ სასწრაფოდ დაამატა, რადგან მიხვდა, რაც გავიფიქრე.

_ უი, დიდი მადლობა, მაგრამ… რა ხდება?

_ არაფერი, ახალი წელია და… ვიფიქრე, მეზობლებს ვუმასპინძლებ-მეთქი.

_ მერე მაგაზე ადვილი რა არის? ჩემი სახლი ქალებითაა სავსე, ყველას რაღაცის მომზადება გვეხერხება, ამიტომ აქეთ გეპატიჟებით, იმდენი საჭმელ-სასმელი გვექნება, რომ მთელ კორპუსს ეყოფა, _ გულში გავიფიქრე, მარტოხელა კაცმა ნეტავ რაზე უნდა დაგვპატიჟოს-მეთქი.

_ მადლობის მეტი რა მეთქმის, როცა ასეთი მშვენიერი ქალბატონი მეპატიჟება, მაგრამ… მინდოდა, რესტორანში წავსულიყავით.

_ ოუ! _ ამის გაგონებაზე ძალიან შევწუხდი. არა იმიტომ, რომ რესტორანი მეხამუშა, არამედ უცებ წარმოვიდგინე, ჩვენ ყველანი რესტორანში და ენი კიდევ სახლში მარტო, ბავშვებთან და ჯესისთან ერთად.

_ ვასკა, რესტორანი კარგი რამეა, მაგრამ ხომ იცი, ჩვენ პატარები გვყავს, მარტო ვერ დავტოვებთ… წამო, სამზარეულოში დავსხდეთ, ყავას დაგალევინებ.

_ ჰო, ურიგო არ იქნება, _ ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და უკან მომყვა.

ჯესიმ კვლავ ყეფა ატეხა, სოფის ხელიდან დაუსხლტა და ვასკას მიახტა.

_ გადი, ძაღლო, იქით! _ დავუცაცხანე ლეკვს და ვასკა შემოვიდა თუ არა, ჯესის კარი ზედ დრუნჩთან მივუხურე. უცებ გარეთ ეულად დარჩენილი სოფი გამახსენდა და მაშინვე გავედი, ბავშვს არ ეწყინოს-მეთქი, ის კი ენისთან შესულიყო საძინებელში და გვერდით მიწოლას აპირებდა.

ჯესი სააბაზანოში შევიტყუე, საჭმელი დავუყარე და კარი ჩავუკეტე.

ვასკას ფეხი ფეხზე გადაედო და საჩვენებელი თითით ასანთის კოლოფს ახტუნავებდა მაგიდაზე.

_ იცით, რა მაინტერესებს? _ შემოვედი თუ არა, დაიწყო ჩემმა მეზობელმა, _ როგორ ახერხებთ, სულ ფორმაში რომ ხართ და სულ არაჩვეულებრივად რომ გამოიყურებით?

ოჰ, რა გაცვეთილი ქათინაურია, ღმერთო ჩემო!

_ არაჩვეულებრიობის რა გითხრა, აბა, _ თავმდაბლობა გამოვიჩინე, _ ფორმაში კი იმიტომ ვარ, რომ სამსახური მაქვს ასეთი, ძირითადად ქალებთან მიწევს მუშაობა და მაგალითი უნდა ვუჩვენო.

_ მგონი, მკერავი ხართ, არა?

სოფლელი!

_ კი, მკერავი ვარ, _ გულიანად გამეცინა.

_ ნაცნობებს თუ უკერავთ, ისე? _ ჩამიკრა.

_ რა თქმა უნდა. რამე ხომ არ გაქვს შესაკერი? _ ეშმაკურად გავხედე, თან ყავის მოთქვეფას შევუდექი. _ არ მოგერიდოს! _ თვალებით გავამხნევე.

_ არა… ეს ისე ვთქვი… რა ვიცი, სიტყვის მასალად…

თვითონაც გაეცინა.

_ ისე, კარლა… იმედია, თავხედობაში არ ჩამომართმევთ და…

_ არა, ვასკა, მარტო მე ვერ წამოვალ რესტორანში, ტყუილად არ მთხოვო. _ დავასწარი, სანამ თვითონ შემომთავაზებდა. და როცა შევამჩნიე, რომ ხასიათი წაუხდა, დავამატე, _ ხომ გესმის, ამხელა ბიჭი მყავს… სხვანაირად გაიგებს.

_ შენი ბიჭიც წამოვიდეს! _ უცებ რაღაცნაირად აღეგზნოსავით, თითქოს გამოსავალი იპოვაო, _ მე კი ჩემს ქალიშვილს წამოვიყვან. იმ რესტორანში შეფმზარეული კი მქვია, მაგრამ წილშიც ვზივარ, ამიტომ…

_ რამხელაა შენი ქალიშვილი? _ არ დავაცადე სიტყვის დამთავრება.

_ თექვსმეტის.

_ ო, დიდი გოგო ყოფილა. ჯერ მოსწავლეა, ხომ?

_ კი, მოსწავლეა, თან მოდელობს და ამაზე სულ ვჩხუბობთ. არ მომწონს ჩვენებებზე რომ გამოდის.

_ მოდელობს? რას ამბობ! მაშინ მეცოდინება. რა ჰქვია? _ ფინჯნები ავაქაფქაფე და ერთი ვასკას წინ დავუდგი.

_ გმადლობთ, _ თავაზიანად გადამიხადა მადლობა და ფინჯანი ლამბაქიანად ახლოს მიიწია, _ ნათია… ნათია მდინარაძე.

_ უი, ლენას სააგენტოშია, მგონი, არა?

_ კი, ასეა, გცოდნიათ.

_ ოჰ, სასწაული გოგოა, დახატული, _ მოწონება სახის ყველა ნაკვთით გამოვხატე, _ რას ვიფიქრებდი, შენი შვილი თუ იყო. რა პატარაა ეს თბილისი.

_ დიდი მადლობა. თქვენ…

_ თქვენ კი არა შენ-თქო, ადამიანო, რა დაგემართა! _ ისევ დავტუქსე.

_ ჰო… შენ… ყველა მაგ სამოდელო თუ რა ჰქვია, სააგენტოებს იცნობ?

_ თითქმის, მე ხომ მკერავი ვარ, _ კვლავ გამეცინა. _ პირდაპირი კავშირი მაქვს. მეც ვაწყობ ჩვენებებს მოდების კვირეულზე. სხვათა შორის, ნათიაც გამომიყვანია პოდიუმზე. შარშან გაზაფხულზე ჩემი ჩვენება სწორედ მან დახურა.

მივხვდი, ვერაფერიც ვერ გაიგო, რადგან ხმა არ გაუღია, დაბნეული ღიმილით მომჩერებოდა და მხოლოდ თავს აქნევდა. ბოლოს ჩაახველა და კითხვა გამიმეორა:

_ ანუ ჩვენ ოთხნი შევიკრიბოთ?

სინანულით სავსე მზერით გადავაქნიე თავი.

_ ვერა, ვასკა, ვერა. ჯერ ერთი, მარკო ასეთი ადვილი მოსახელთებელი როდია. რომ დაიწყებს პირველში კარდაკარ სიარულს, როდის დაამთავრებს, კაცმა არ იცის. შეიძლება სახლშიც კი არ შეხვდეს ახალ წელს. თანამედროვე ბიჭების ამბავი არ იცი? ისევ აქ შევიკრიბოთ, ჯობია, ნათიაც მოიყვანე და…

არ მიპასუხა, ყავა მოსვა და ფინჯანს ჩააშტერდა, თითქოს საპასუხოდ სიტყვებს ეძებსო. მომწონდა ეს კაცი, მომწონდა იმიტომ, რომ უბრალო იყო, ალალი და გულწრფელი. არ ცდილობდა თავის გამოჩენას, არც იმის სურვილი ჰქონდა, როგორიც იყო, იმაზე უკეთესად წარმოეჩინა თავი, რასაც ფიქრობდა, იმას ლაპარაკობდა. თუმცა, ეს მოწონება ისე მყავდა დამწყვდეული, რომ ფრთები არ გაეშალა და შორს არ გაჭრილიყო. მასთან მეგობრობა მსიამოვნებდა, მაგრამ რომანტიკული ურთიერთობის გაბმა სულაც არ მსურდა. სიმართლე გითხრათ, მაგ კუთხით ჩემს ტოლად ნამდვილად არ მიმაჩნდა. გარდა ამისა, არ ვიყავი იმ ასაკში, რომანობანა გამება ვინმესთან. თანაც, ცოტათი წაიცხრანომერგლეხობდა. მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ სწორედ მისნაირ ცხრა ნომერ გლეხებს ეხერხებოდათ ჩემნაირი პირველი ნომერი ქალების `მოთელვა~, ამიტომაც იყო, `რომანტიკულ ხიდზე~ გადმოსვლას რომ არ ვანებებდი. გაღმით ის იყო, გამოღმით _ მე…

 

ოცდათერთმეტში ისე დავიღალე, არც ახალი წელი მინდოდა და არც ძველი. მთელი დღე ფეხზე დგომისგან წელი გამიშეშდა. სამაგიეროდ, ყველაფრის მომზადება მოვასწარი. რა თქმა უნდა, გოგონებიც მეხმარებოდნენ. ელისმა კექსი გამოაცხო, ემილიმ _ ფახლავა, მერე კი სალათები მოამზადა. გოზინაყი და საცივი არავის დავანებე, ეს საქმე ყველაზე უკეთ მე გამომდიოდა. ენი შავ საქმეებში გვეხმარებოდა _ კარტოფილი გათალა, სტაფილო გაფცქვნა, მწვანილები დაგვიჭრა და რა ვიცი, ათას სხვა რამეში შემოგვაშველა ხელი. მხოლოდ ხაჭაპური დამრჩა გამოსაცხობი, რადგან მიყვარს, როცა სუფრაზე ცხელ-ცხელი ხაჭაპური შეაქვთ, ამიტომ მისი გამოცხობა ღამისთვის გადავდე. მთავარია, ცომი მოზელილი მქონდა და ყველიც _ დაჭყლეტილი.

რაც შეეხება სუფრის გაშლას, მაგას გოგოები მიხედავდნენ. კერძების გაფორმება ყველაზე უკეთ ენის ეხერხება, სუფრის გაწყობა _ ემილის. ელისს მხოლოდ სამზარეულოდან დანა-ჩანგლის, ჭიქებისა და თეფშების გამოტანა ევალება. არ გვავიწყდება სანთლებიც, რომელიც ჩვნს სუფრას ყოველთვის რომანტიკულ იერს სძენს. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებით, მერე კი ვისაც სად უნდა, იქ მიდის _ ზოგი მეგობართან, ზოგი ნათესავთან, ზოგი კი შინ რჩება, ჩემთან და ბავშვებთან.

საღამოსკენ ისე ვიყავი გასავათებული, განძრევის თავიც არ მქონდა. ნაძვის ხის მორთვაღა იყო დარჩენილი, რასაც ბავშვებთან ერთად უნდა შევდგომოდი. ამ რიტუალს არასდროს არავის ვანებებდი. ნაძვის ხის მორთვისას ბევრი რამაა გასათვალისწინებელი _ პირველ რიგში, სიმეტრია უნდა დაიცვა, სათამაშოები ყველგან ერთნაირად უნდა გადაანაწილო, ხალვათი ადგილი არ უნდა დაგრჩეს. ამავდროულად, ფერებიც არ უნდა დაივიწყო. რაც შეეხება ფერებს, მე ჩემი პრინციპით ვხელმძღვანელობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაძვის ხის ერთ სიგრძეს, წვეროდან ძირამდე წითელი ბურთულებით ვრთავ, მეორეს _ მწვანით, მესამეს _ ლურჯით… საბოლოოდ, როცა მორთულ ხეს შეხედავ, გეგონება, ცისარტყელას უყურებო, ძალზე ლამაზი გამოდის. თანაც, ჩვენი ნაძვის ხე ტრიალებს, ისეთი მექანიზმი აქვს დაბლა, ყუთში ჩამონტაჟებული, რომ თან ტრიალებს და თან შუქს ანთებს. ეს შუქი კი ბრჭყვიალს აწყებინებს წიწვების ბოლოებს, რომლებიც სხვადასხვა ფერის ფოსფორითაა შეღებილი. ისეთი ასოციაცია იქმნება, თითქოს ნაძვს გირლიანდები აქვს შემოხვეული და ის ანათებს. ასე რომ, ჩვენს ოჯახში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე იდგმება ყოველ ახალ წელს.

ნაძვის ხის მორთვაში მხოლოდ სოფი მეხმარებოდა. გაბი ისევ სადღაც გამქრალიყო. თუმცა, მორთვა ის-ის იყო, დავიწყეთ, რომ გაბიმ კარს ფეხებით ბრაგუნი აუტეხა. სულ ვეჩხუბები, კარს წიხლი არ დაარტყა, ხელით დააბრახუნე და გავიგებთ-მეთქი. ზარი ძალიან მაღლა გვაქვს მიმაგრებული და ჯერ ვერ სწვდება.

მის დასატუქსად შემზადებული გავემართე ჰოლისკენ, რომ ბრახუნის გამო ყური ამეწია ბიჭისთვის, მაგრამ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა კარი გავაღე და გაბი უზარმაზარ ნაძვის ხეს ჩაბღაუჭებული დავინახე.

_ ეს რა არის, ბიჭო!

_ ნაძვის ხეა, ჩემი კლასელის მამამ მაჩუქა. მაინც ვერ ვყიდი და წაიღეო.

_ მერედა, რად გინდოდა, ხომ გვაქვს უკვე?

_ მერე რა? ორი მოვრთოთ. უფრო ლამაზი იქნება.

_ დედა, გადამრევს ეს ბავშვი! ამხელა ნაძვი რით გინდა მორთო, ა?

_ აი, ამ პარკშია სათამაშოებიც და გირლანდებიც. ჩემს ოთახში დავდგამ, რა, გთხოვ! _ გაბიმ ბუნებრივი ნაძვის ხე ძლივს შემოათრია. იმწუთასვე წიწვების საამო სურნელმა ჰოლი გაავსო.

_ ეს სათამაშოები საიდანღა მოათრიე? რაღაც ძალიან განებივრებს ის შენი კლასელის მამა, აი! დედაშენს ხომ არ დაადგა თვალი, ბიჭო? _ გავეხუმრე და პარკი ჩამოვართვი, ჩავიხედე და ათიოდე წითელი ბურთულა შევათვალიერე. იქვე იდო ვარსკვლავის ფორმის გირლანდებიც.

_ ეგეც მომცა, რამით ხომ უნდა მორთოო.

_ მაგ კაცს რა, საკუთარი მაღაზია აქვს?

_ ჰო, _ თქვა ბავშვმა, გაოფლილმა ხელის ზურგი სახეზე ჩამოისვა და ამოიხვნეშა, _ დავიღალე.

თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და ელისს გავძახე, შენს შვილს მოხედე-მეთქი…

 

უკვე თერთმეტი ხდებოდა, კარზე ზარი რომ დაირეკა. კარის გასაღებად ენი გავარდა.

_ ვინ არის, ენი? _ გავხედე, როცა უკან შემობრუნდა.

_ მარკიზი, _ მოკლედ მომიგო.

ჩემი მარკო მოსულა. თვალები ისე უჟუჟუნებდა, მივხვდი, სადღაც ცოტა გადაეკრა.

_ რას შვრებით, ბაბუუ? _ ხელოვნურად დაბოხებული ხმით წამოიძახა, მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა.

იშვიათად, რომ მაკოცოს, ამიტომ ცოტა გამიკვირდა.

_ რა იყო, სიყვარულის ბუშტი გაგისკდა? _ მწარედ გაჰკრა ელისმა და ხელსაწმენდების გადანაწილებას შეუდგა.

_ აბა რააა, რაც უნდა იყოს, ახალი წელია, ძმაო! _ საზეიმოდ გაშალა ხელები და ასე ხელებგაშლილი სავარძელში ჩაეშვა.

_ ამას მოუსწრია ჩახეთქვა. რა იყო, ვერ მოიცადე ცოტა? _ არ მოეშვა ელისი და დოინჯშემოყრილი წინ დაუდგა.

_ აუ, შენს ძმობას გეფიცებიიი, ისეთ ტუსოვკაზე მოვხვდი, წამოსვლა არ მინდოდა, რა. ნაშობა იყო…. აი, იმენნა… _ ხუთივე თითი ერთმანეთს მიადო და აკოცა.

_ ნეტავი შენ, სულ ქალებზე არ ფიქრობდე. როდის დაღვინდები, ა? _ გაეცინა ემილის.

_ არც არასდროს. რა საჭიროა, თორემ კი. თქვენ ის მითხარით, რა გვაქვს სასუსნავი?

_ ყველაფერი გვაქვს, _ ცივად მივუგე.

_ ნამცხვარი, რამე, ესა, ისა გამოაცხვეთ? _ იკითხა და მის წინ მომლოდინე თვალებით ატუზული სოფი კალთაში ჩაისვა, _ მოდი, ჩემი პატარა ქალი, მოდი ძიასთან.

_ აბა რაა! _ ემილიმ თითები მოიმარჯვა და ჩამოთვლას შეუდგა, _ ფახლავა გვაქვს, ტორტი, ელისმა კექსი გამოაცხო.

_ რა გამოაცხო? _ გამოცოცხლდა მარკო და წინ წამოიწია, _ კექსი?

_ ჰო, რა იყო? არ მითხრა, რომ არ გიყვარს, ადრე მშვენივრად ნთქავდი!

_ ნუ, ხო, შენ აბა, სხვას რას გამოაცხობდი, კექსის მეტი არაფერი გახსოვს, _ ჩაიხითხითა ჩემმა შვილმა. შუბლშეკრულმა გავხედე, იმან კი თვალი ჩამიკრა.

_ მარკო-სარკო! ამოგთხრი მაგ თვალებს უშნო ხუმრობისთვის! _ გაწიწმატდა ელისი.

_ დაანებეთ თავი, ვერ ხედავთ, რომ მთვრალია? _ უკმაყოფილო ტონით სცადა ენიმ ელისის დაშოშმინება.

_ ვინაა, ბაბუ, მთვრალი, მე ვარ მთვრალი? არ არსებობს! მე, უბრალოდ, კარგ ხასიათზე ვარ, თანაც ნასვამი. არა, სოფი? _ და ბავშვს ლოყები დაუკოცნა.

სოფი აჭყლოპინდა და ძიას ხელები კისერზე მოხვია. ამ დროს გაბიც შემოვიდა ხელში აყვანილი ჯესით და ისიც მარკოს მიეტმასნა…

 

როგორც ყოველთვის, მხიარულად შევხვდით ახალ წელს, ჯერ ძველი გავაცილეთ და მერე ახალი დავლოცეთ. სკაიპში ჯინასაც ველაპარაკეთ. ალმასთან რამდენჯერმე დავრეკეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. ცოტა არ იყოს, გაგვიკვირდა, იგი ჩვენს ზარს უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა.

_ იქნებ სადმე შორს უდევს ტელეფონი და არ ესმის?

_ არ ვიცი. რამე ხომ არ მოხდა? იქნებ მოკვდა ის ბებერი? _ ვარაუდი გამოვთქვი.

_ მე რა ვიცი. _ მხრები აიჩეჩა ენიმ, _ გამოჩნდება, სად წავა.

ცოტა ხანში ალმა ყველას გადაგვავიწყდა, რადგან ჩემებს შამპანური მოეკიდათ და შეჭიკჭიკდნენ. მათ ხუმრობას საზღვარი არ ჰქონდა. მე, სანამ თორმეტი საათი დადგებოდა, ყველასთან გადავრეკე, დამდეგი წელი მივულოცე და მოვალეობა მოვიხადე. სხვებმა კი გადარეკვა-გადმორეკვა თორმეტის მერე დაიწყეს.

_ უი, სულ დამავიწყდა ჩვენი ახალი მეზობელი. _ მოულოდნელად შეიცხადა ემილიმ, _ არ დავუძახოთ? _ თქვა და გაწითლდა.

რატომღაც, მეც გავწითლდი. ამ არეულობაში ვასკა საერთოდ არ გამხსენებია. ვინ იცის, მარტო უზის ახლა მაგიდას ან ტელევიზორს მიშტერებია მოლოდინით, აი, ახლა გავახსენდები მეზობლებს, აი, ახლა და შემეხმიანებიანო.

ჩვენ კი თავში აზრადაც არ მოგვსვლია მისი დაპატიჟება.

_ კარლა, მიდი რა, შენ შემოიყვანე. ცოდოა, _ მთხოვა ელისმა.

ცოტა დავიბენი. მეუხერხულებოდა გასვლა და მის კარზე ზარის დარეკვა.

_ მე რატომ, აი, მარკო გავიდეს, კაცი კაცმა უნდა დაპატიჟოს.

_ მე რა შუაში ვარ? სულ არ ვიცნობ იმ კაცს, _ მარკომ შორს დაიჭირა, _ მიდი, დედუსი, შენ კარგად გეხერხება ეგეთი რამეები, მიდი, მიდი.

კი დავიწმაწნე, მაგრამ რა ჩარა იყო, ავდექი, ჯერ კაბა გავისწორე, მერე თმაზე გადავისვი ხელი და გავედი. კარგა ხანს ვრეკე ზარი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. გარეთ ისე ციოდა, ლამის გავიყინე. ცოტა არ იყოს, განვიხიბლე. ტყუილად შევიცოდეთ ეს კაცი. ჩვენ დაპატიჟება გვინდოდა, ის კი ალბათ თავის ძმაკაცებში სადღაც ყირაზე გადადის, მეზობლები არც გავხსენებივართ-მეთქი.

ის იყო, შინ შემოსვლა დავაპირე, რომ გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა და კარიც გაიღო. პირკატა მეცა. ერთიანად აწითლებულ, თვალებდაწვრილებულ ვასკას საბანი შემოეხვია პირსახოცის ღუნღულა ხალათზე და კანკალებდა.

_ ვასიკო, რა გჭირს? _ გაოგნებული მივჩერებოდი.

_ რა ვი, მგონი, სიცხე მაქვს, ამის დედაც… რაღა ახლა…

_ რას ამბობ! რამდენი?

_ მე რა ვიცი, თერმომეტრი არ მაქვს.

_ გაგიჟდი, ადამიანო?.. ელის, ემილი! _ კარი შევაღე და ჩემებს შევძახე, _ ჩქარა, თერმომეტრი მოძებნეთ და ჯამით წყალგარეული ძმარი გამომიტანეთ!

ჩემს დაძახილზე მთელი სუფრა აიშალა და ყველანი გარეთ გამოეფინნენ.

ვასკა თავის ბინაში შევიყვანეთ, წამოვაწვინეთ და თერმომეტრი იღლიაში ჩავჩარეთ… ოჰოოო! წითელი ხაზი ორმოცს გადასცდენოდა.

არიქა, ვაყლაპეთ და ვაყლაპეთ წამლები, ანალგინი-დიმედროლი დავარჭვეთ მკლავზე, რადგან არაფრის დიდებით შარვალი არ ჩაიხადა. მერე ფეხებზე ძმარში დასველებული წინდები ამოვაცვი და შუბლზეც ძმრიანი ტილო დავაფინე.

ერთ საათში გამოიხედა, ტემპერატურამაც დაუწია და ლაპარაკის ხასიათზეც დადგა. რას ვიზამდით, მარტო ხომ არ დავტოვებდით. წამოვიყვანეთ ჩვენსას, დივანზე წამოვაგორეთ, ვასვით, ვაჭამეთ და გავართეთ. ცოტა ხანში ჩაეძინა. ემილიმ თბილი პლედი მოიტანა და სათუთად გადააფარა. რახან ქეიფის გაგრძელება ბუხრის ოთახში არ გამოდიოდა, სამზარეულოში გავილალეთ, ყავა მოვადუღეთ და ნამცხვრებთან ერთად მივირთვით.

იმ ღამეს ელისსა და ემილის დაურეკეს გოგოებმა, თავისთან დაპატიჟეს, მარკოს ტელეფონიც არ გაჩერებულა, მაგრამ უცნაური რამ მოხდა _ არც ერთი სახლიდან არ წასულა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ახალი წლის ღამეს ჩემი ბავშვებიდან სახლი არც ერთს არ დაუტოვებია. აი, ამას ჰქვია სოლიდარობა!..

 

_ გინდა, არ გინდა, ჩვენი მეკვლე შენ ხარ, _ მივახარე მეორე დილით ვასკას, დამფრთხალი რომ იყურებოდა აქეთ-იქით, _ მართალია, ავადმყოფი მეკვლე შეგვხვდა, მაგრამ ამბობენ, ეს კარგის ნიშანიაო. ასე რომ, ეს წელი ყველაზე კარგი უნდა იყოს ჩვენთვის, გაიგე?

კაცი თავს იმდენად უხერხულად გრძნობდა, ხმას ვერ იღებდა. ქვეშ-ქვეშიდან იყურებოდა დამნაშავის მზერით.

_ მაპატიეთ, ხალხო, არ მინდოდა თქვენი შეწუხება.

_ კაი, რა შეწუხება, მშვენიერი დრო ვატარეთ. კიდევ კარგი, რომ მოგიკაკუნე, თორემ ისევ ისე, სიცხიანი იქნებოდი ახლა შენს გაყინულ სახლში. გათბობა არ გაქვს?

_ კი, როგორ არ მაქვს, მაგრამ გამათბობლის ანთების თავიც არ მქონდა. ისე ცუდად ვიყავი, ტელეფონიც კი გამოვრთე, არავინ შემაწუხოს-მეთქი.

_ მე წავედი! _ ბუხრის ოთახში ელისმა შემოიჭყიტა.

_ საით შენი მგზავრობა?

_ შეხვედრა მაქვს, _ ეშმაკურად ჩაიღიმა. მივხვდი, თავის მაქსს უნდა შეხვედროდა ალბათ.

_ კი მაგრამ, ამ დილაუთენია რა იყო, ხაშია?

_ რატომ დილაუთენია? უკვე თერთმეტი საათია. _ ელისმა მობილურის ეკრანს დახედა.

_ უცნაური ახალგაზრდობა მოდის, აი, _ შევცინე ვასკას, _ ჩემ დროს პაემანზე საღამოობით დავდიოდით. არა, ვასიკო?

_ პაემანმა დილა-საღამო არ იცის, ქალბატონო კარლა, _ გაიცინა ვასკამ, _ სიყვარული ხომ დროს არ ექვემდებარება.

_ სიყვარული! რა იციან ამათ სიყვარულის, _ ხელი ჩავიქნიე და ელისს გავხედე, _ მიდი, მიდი და ჭკვიანად იყავი, იცოდე!

_ ჰო, მართლა, ჩემმა ბედოვლათმა დამირეკა, ბავშვს რამდენიმე დღით წავიყვანო, ჩემებს მოენატრათო. ნამდვილად არ მინდა მისი სიფათის დანახვა, რომ მოვა, გაუყვანე გაბი, კარგი?

_ მაგრამ გაბის უნდა წასვლა?

_ რატომ არ ენდომება? მამამისია და… _ მხრები აიჩეჩა ელისმა.

_ და ამდენი ხანი რომ არ უნახავს მამამისს?

_ მერე რა? ნახავს და მიეჩვევა. სულაც არ მინდა, მამამისს დავაშორო.

_ კი, ბატონო, როგორც იტყვი, _ მხრები ავიწურე, რადგან ეს ამბავი დიდად არ მეპიტნავა.

ელისი ხუთი წუთის გასული არ იყო, რომ ვიღაცამ კარზე მოგვიზარუნა.

_ აი, სტუმრების პირველი პარტია, _ ღიმილით ვთქვი და კარის გასაღებად გავემართე.

ვასკა მაშინვე ადგა და უკან მომყვა. ალბათ ეუხერხულა უცხო ადამიანების წინაშე პირსახოცის ხალათით გამოჩენა. იქ კი, კარის ზღურბლთან, სამი უცხო მამაკაცი დამხვდა.

_ გამარჯობათ, ქალბატონო, გილოცავთ ახალ წელს, _ ერთმა სამი ცალი შოკოლადი მომაჩეჩა, _ ჩვენ ვასკას მეგობრები ვართ, ხომ არ იც… ა, ბიჭო, აქ არ ყოფილა? შე ოხერო, ქვეყანა გადავჩითეთ შენს ძებნაში, ხომ მშვიდობა გაქვს? _ კაცები ვასკას შემოეხვივნენ.

ვასიკომ ათასი მადლობა გადამიხადა, ორი ათასი ბოდიში მომიხადა და მეც ღიმილით მივუხურე კარი, რომ თავის მეგობრებთან დამეტოვებინა. ოთახში შემობრუნებულს ნამძინარევი მარკო შემეჩეხა, მობილური ყურთან მიედო და ვიღაცას ელაპარაკებოდა. საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და მანიშნა, ახლა არაფერი მითხრაო.

მე სამზარეულოს მივაშურე და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. ცოტა ხანში მარკო ზურგიდან მომადგა და ხელები მხრებზე შემომაწყო.

_ დე, დღეს ბიჭები რომ მოვიყვანო, შეიძლება?

_ რატომ არ შეიძლება, დე, აბა, რად გვინდა ამხელა პურმარილი? პირიქით, გამიხარდება კიდევაც, თუ შინ დარჩები და გარეთ არ გახვალ.

_ ჯიგარი ხარ, დედუცი! _ დაიყვირა ჩემმა შვილმა და ტელეფონი ისევ ყურთან მიიდო, _ ბიჭო, გამოდით მოკლედ რა… გელოდებით… რა ვიცი, როცა გინდათ. სამზე, ოთხზე… ოკს, ექვსზე იყოს, რა პრობლემაა… კაი, ხო… არ გინდა, არა, ყველაფერი გვაქვს, ტოოო! გართობა და ჩქარი ტაში გვაკლია მხოლოდ!

გამეღიმა. ჩემი ბიჭი უკვე კაცი იყო, რისი აღქმაც ჯერ კიდევ მიჭირდა. ჩემთვის ჯერაც პატარა იყო, ცეროდენა მარკუშა, დორბლმორეული რომ უყურებდა საწოვრიან ბოთლში ჩასხმულ ფაფას და საჭმლის დანახვაზე თვალები რომ უელმდებოდა.

რა დრო გასულა მას შემდეგ…

 

შუადღე იქნებოდა, ელისის ქმარი რომ მოგვადგა. გაბი უკვე ჩაცმული ელოდებოდა მამას. კარის გაღებისთანავე სანდრო თბილად მომესალმა, ახალი წელი მომილოცა და მომიკითხა, თან ყვავილები და უზარმაზარი ბამბანერი მომართვა.

მამა-შვილის შეხვედრას საზეიმოს ვერ დავარქმევდი. გაბი ისეთი მორიდებით ჩაეხუტა სანდროს, რომ გული მომიკვდა. ვიფიქრე, ვუსაყვედურებ ამ ბიჭს, შვილს საერთოდ რომ არ აქცევს ყურადღებას-მეთქი, მაგრამ მეორე წამს გადავიფიქრე. ეს არ იყო ჩემი საქმე.

_ ელისი სადაა? _ სანდრომ ოთახში შეიჭყიტა.

_ შეხვედრაზეა, _ ყრუდ მივუგე.

_ პირველ იანვარს?

_ მაგისმა სამუშაომ პირველი და ორი არ იცის, საქმე საქმეა, _ ვუპასუხე, თან გონება სწრაფად ავამუშავე, რომ ნოყიერი ტყუილი გამომეცხო, _ კლიენტი მოსკოვიდან ჩამოვიდა და ამაღამ უკან მიფრინავს, ნაცნობ ნოტარიუსთან დღესვე უნდა გააფორმონ ხელშეკრულება.

_ ა, გასაგებია… _ გაწელა სიტყვა სანდრომ, _ რას ამბობს, რაო?

_ რაზე? _ ვერ მივუხვდი.

_ შერიგებაზე. _ მოკლედ მომიჭრა, _ დაბრუნებას არ აპირებს?

_ არ ვიცი, სანდრო, ამაზე თქვენ უნდა ისაუბროთ, მე არაფერი ვიცი… შემოდი, აქ რატომ ვდგავართ? დაილოცე ერთი ჭიქით.

_ არა, გმადლობთ, ქალბატონო კარლა, წავალ, გარეთ მელოდებიან. ორი-სამი დღე გაბრიელი ჩემთან დარჩება, გავართობთ. ხომ კი, მამი? _ ბავშვი თეძოსთან მიიხუტა და ხელი შემოხვია.

გაბიმ მორიდებით დააქნია თავი და საწყალობლად ამომხედა. აშკარად არ უნდოდა ამდენი დღით მამასთან დარჩენა.

_ მიდი, გაბი, აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო, _ ბავშვს გავუღიმე, _ საღამოს დედიკო დაგირეკავს, კარგი?

ისევ დააქნია თავი, ამჯერად უფრო მოწყენილმა.

_ ელისს გადაეცით, რომ მასთან დალაპარაკება მინდა. ან შევრიგდეთ, ან საბოლოოდ გავიყაროთ. არც ერთი უნდა და არც მეორე. სხვა გზას კი მე ვერ ვხედავ და… ფული იშოვა და რა ჰგონია, მაგარი ქალი გახდა? ჩემი ფეხებია ეგ! _ ამის თქმაზე მამლაყინწასავით გაიჯგიმა, ვითომ თვითონ დიდ ვინმეს წარმოადგენდა.

ცალყბად გავიღიმე. აშკარად ჩანდა, რომ სულაც არ სურდა შერიგება, უბრალოდ, ისე უნდა მოეწყო საქმე, რომ დაშორება მას არ დაჰბრალებოდა. სანდროსთან საუბარმა საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ელისი სწორად მოიქცა, როცა მას გამოექცა. ეს კაცი ჩვენი გოგონას ღირსი არ იყო…

ისე გავბრაზდი, ვიფიქრე, გაბის არ გავატან-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ვინ იცის, იქნებ ბავშვი როგორ ელოდა მამას. რაც უნდა იყოს, მამა მაინც მამაა. მე ხომ ვიცი, როგორ უყვართ ბავშვებს თავიანთი მამები, განსაკუთრებით _ ბიჭებს… ამიტომ რაც შემეძლო, თავაზიანად დავემშვდობე სანდროს, გაბის ვაკოცე და გულდამძიმებულმა მივხურე კარი…

ამ დროს სკაიპის მელოდია თავს იკლავდა. მაშინვე ლეპტოპს მივუჯექი. ალმა იყო. ერთმანეთის მილოცვების შემდეგ ვუსაყვედურე, სად დაიკარგე-მეთქი.

_ კარლა, ვთხოვდები, მგონია. ეს კაცი, ვის დედასაც ვმკურნალობ და ვუვლი, ცოლობას მთხოვს. გაგიჟებულია, ისე ვუყვარვარ. აღარ ვიცი, რა ვქნა, ა? შენ რას მირჩევ? _ შემომჩივლა დაქალმა.

ვიფიქრე, ისევ ხომ არ შეახსენა თავი ფსიქიკურმა პრობლემებმა-მეთქი.

_ მაგრამ ის ხომ ბევრად უფროსია შენზე… რაში გაწყობს? _ პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.

_ როგორ თუ რაში! იცი, რა ქონების პატრონია? ფული დღლეზაზე მექნება, გოგო და ყველანი გავმდიდრდებით.

_ ბერძნების ხელგაშლილობა არ გამიგია, ალმა, ეგენი ისეთი წუწურაქები არიან, გგონია, ფულს გაგაკარებს? _ გამეცინა, _ ეს ერთი, და მეორეც, როდის აქეთ გაგექცა სხვის ქონებაზე თვალი?

_ რაღა შენ და რაღა ჯინა! _ მოულოდნელად მიყვირა, _ ყოველთვის გშურდათ ჩემი, ახლა კი საბოლოოდ დაამტკიცეთ! აღარც შენთან არ მინდა ლაპარაკი! კარგად ბრძანდებოდე! _ თქვა და სკაიპი გამორთო.

სახტად დავრჩი…

 

პირველი იანვრიდან ქეიფები ერთმანეთს წაეწყო. მარკოს მეგობრებს ელისისა და ემილის თანამშრომლები დაემატნენ, ორში ბედობა აღვნიშნეთ, მერე შობა მოვიდა, მერე ძველით ახალი წელი და ჩვენი დიდი ოჯახის მხიარულებას საზღვარი არ გამოსჩენია. შესაბამისად, არც ჩვენს ბუხარში განელებულა ცეცხლი.

გაბი ორი დღის შემდეგ სასწრაფოდ წამოიყვანა დედამისმა, რადგან აღრიალებულმა დარეკა, თქვენთან მინდაო. თურმე მამამისს `მკაცრი მამის~ როლი მოურგია და ერთ-ერთი `აღმზრდელობითი გაკვეთილის~ დროს გვარიანად მიუტყეპია.

ელისი გაალმასებული დაბრუნდა სახლში, გაბის ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა. სლუკუნ-სლუკუნით მეუბნებოდა, აღარასოდეს წავალ მამასთან, ის ჩემი მამა აღარ არისო.

_ წარმოგიდგენია? ბავშვს წესიერად არც იცნობს და ტიპობს, ვითომ მაგარი მამა ჰგონია თავისი თავი! მაგი თუ არ ვაწრუწუნო, ქალი არ ვიყო, აგერ ნახოს! _ თვალებს აბრიალებდა ელისი და პირიდან ცოფთან ერთად ნერწყვის შხეფებს ყრიდა.

არადა, რა კარგ ხასიათზე დაბრუნდა პირველში, პაემანზე რომ წავიდა. ჩანთიდან მინიატიურული წიგნი ამოიღო, სულ პაწაწინა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი გამოცემის `ვეფხისტყაოსანი~ აღმოჩნდა.

_ აი, ეს მაჩუქა! _ ამაყად გამოგვიცხადა და გაბრწყინებული თვლებით გადმოგვხედა.

_ ეს რა არის? _ ემილიმ ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა წიგნი, _ რა საყვარელია!

_ ასე მითხრა, პრიორიტეტიაო, _ დააბრეხვა ელისმა.

_ რარიტეტი, შტერო! _ შეუსწორა ენიმ და სიცილი ვეღარ შეიკავა.

_ ხო, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, _ ელისი გაწითლდა.

_ ის მნიშვნელობა აქვს, რომ ხანდახან უნდა წაიკითხო რამე, მცირე განათლების მისაღებად მაინც. _ არ დაინდო ენიმ და თავი გააქნია.

_ შენ ხომ ყურებიდან გადმოგდის ცოდნა, რა! _ აენთო ელისი.

_ ყოველ შემთხვევაში, პრიორიტეტს რარიტეტისგან ვარჩევ!

_ მეც ვარჩევ, ბატონო, უბრალოდ, შემეშალა! _ იხტიბარი არ გაიტეხა ელისმა, წიგნს ხელი დასტაცა და თავის ოთახში გავარდა.

სწორედ ამ დროს შემოხმაურდნენ სახლში მარკო და მისი ძმაკაცები და ცოტა ხანში უწინდელი შეკამათება ყველას გადაავიწყდა.

მხიარულებამ ჯომოლუნგმას ზომის მწვერვალს მაშინ მიაღწია, როცა ელისისა და ემილის თანამშრომლები შემოგვიერთდნენ. მათთან მხოლოდ მე და ენი არ გავსულვართ. ენის არ უყვარდა უცხო საზოგადოებაში ტრიალი, მე კი მათი ტოლი არ ვიყავი…

გვიან, როცა სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ და მაგიდის ალაგებას შევუდექი, ელისი გვერდით დამიდგა და ჩუმად, დარცხვენით მკითხა:

_ კარლა, რა არის რარიტეტი?

და მერე მე დიდხანს ვუხსნიდი, რა განსხვავება იყო პრიორტეტსა და რარიტეტს შორის…

გული მეთანაღრებოდა, ელისი განათლებით დანარჩენებს რომ ჩამორჩებოდა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისი მშობლების ბრალი იყო. განათლება შეიძლება საშუალოც გქონდეს ადამიანს, მაგრამ აღზრდა უნდა იყოს უმაღლესი განათლების ტოლი. სამწუხარო იყო, რომ ჩემს დაქალებს შორის ეს მხოლოდ მე მქონდა გათავისებული…

 

ძველით ახალი წლის დადგომა, რაც აქ გადმოვედით და ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მხიარულებაში არ გაგვიტარებია. საქმე ისაა, რომ 13-ში ენის დაბადების დღეა, მაგრამ იგი იმ საბედისწერო ამბის შემდეგ არასდროს აღნიშნავდა თავის იუბილეს, ამიტომ ჩვენც ისე ავდიოდით ხოლმე მასთან, თითქოს ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო და არა მისი იუბილე, ხოლო რაც აქ გადმოვედით, მხოლოდ ძველით ახალი წლის მომიზეზებით ვშლიდით სუფრას, თან ზედმეტი მხიარულებისაგან თავს ვიკავებდით, მაგრამ ეს იანვარი გამონაკლისი აღმოჩნდა. ენიმ თავად გამოთქვა სურვილი, `გემრიელად გვექეიფა~. ანუ, თავისი დაბადების დღე კი არ ახსენა, ძველით ახალ წელს შევხვდეთო, სხვათა შორის აღნიშნა. რა თქმა უნდა, მივუხვდი, მაშინვე მარკოსთან დავრეკე სამსახურში და ეს ამბავი ვახარე. ბიჭს ტელეფონში ისეთი ბღავილი აღმოხდა, ალბათ მთელი ფილიალის ყურადღება მიიქცია. მერე ელისს ვაცნობე, რაც მოხდა და ახლა იქიდან გაისმა აჟიტირებული, სიხარულნარევი კივილისა და წივილის ხმები.

რა თქმა უნდა, ყველას გვიხაროდა, ენი ასე რომ გამოგვიცოცხლდა. ეგრევე დავფაცურდი. მე და სოფი მარკეტში გავვარდით, პროდუქტი ვიყიდეთ, მერე თონეში გავიარეთ და ცომი ავიღეთ, რომ ხაჭაპურები დამეცხო, ერთი ბოთლი კარგი ქართული კონიაკიც ვიყიდე და ენის საჩუქარზეც დავფიქრდი… ამდენი წლის შემდეგ პირველად. დავფიქრდი და თავში უეცრად საოცარი აზრი ამომიტივტივდა _ მისთვის ჩემი წითელი კაბის ჩუქება გადავწყვიტე. მართალია, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რძალი რომ მეყოლება, იმას უნდა ვუსახსოვრო-მეთქი, მაგრამ ხელი ჩავიქნიე. ვინ იცის, ვის მომიყვანს ჩემი შვილი, იქნებ სულაც იუკადრისოს ჩემი ნახმარი კაბის ჩაცმა-მეთქი. ენის კი ვიცოდი, რომ ძალიან გაუხარდებოდა. სკოლაში რომ დადიოდნენ, რამდენჯერ უთხოვიათ მასაც და ელისსაც, ერთი წუთით ჩაგვაცვი, რომ სარკეში ჩავიხედოთო.

ვთქვი და გავაკეთე კიდევაც. როგორც კი საღამო მოახლოვდა და ჩვენების დაბრუნების დრო დადგა, ცომის ხელახალი აფუებით გართულმა ენის სასხვათაშორისოდ ვკითხე:

_ გოგონი, შენ არ უნდა გამოიპრანჭო? რაც უნდა იყოს, დღეს იუბილარი ხარ.

_ არა, რა უნდა გამოვიპრანჭო. ასე რა, ცუდად გამოვიყურები? _ მკითხა და ტანზე დაიხედა.

ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, `მშვენიერი~ დახეული ჯინსი და ბამბაზიის კუბოკრული პერანგი ეცვა და ორივე ძალიანაც უხდებოდა, მაგრამ იუბილარს ნამდვილად არ ჰგავდა.

ონკანს მივადექი და ხელები ცხელ წყალს შევუშვირე….

_ წამო ჩემთან! _ თავი ჩემი საძინებლისკენ გავაქნიე და გავიხმე.

მორჩილად გამომყვა. ამასობაში კაბა უკვე გამზადებული მქონდა _ საგანგებოდ გადავაფინე საწოლზე, რომ შესვლისთანავე თვალში სცემოდა.

არ დამავიწყდება მისი რეაქცია, როცა კაბა დაინახა. თვალებში თითქოს იმ კაბისფერი ცეცხლის ენები აუგიზგიზდა.

_ ეს ჩემი საჩუქარია, _ თბილად ვუთხარი და უფრო თბილად გავუღიმე.

წამით ენა ჩაუვარდა, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ჩემი ნათქვამი.

_ არა… რას ამბობ… ეს კაბა…

_ ვიცი, რასაც ვამბობ. ეს კაბა დღეიდან შენია. მიდი, ჩაიცვი.

_ კერი… მე ხომ ვიცი, შენთვის როგორი ძვირფასია ეს…

_ იყო ძვირფასი და მორჩა. აწი რაში მჭირდება? გათხოვებას მე არ ვაპირებ და სხვაგან ვერც ვერსად ვერ ჩავიცვამ, არ ვარ იმ ასაკში. შენ კი ახლა გჭირდება კოხტაობა. მიდი, მიდი! _ ხელით ვუბიძგე.

_ აუ, არა რა… მეცვას, რაც მაცვია, კერი. უკვე შევეჩვიე, როგორც მაცვია და სულაც არ მე…

_ იცი რას გეტყვი, გოგონი? _ მკაცრად შევუტიე, _ ადამიანი ყველაფერს ადვილად რომ ეჩვევა, სწორედ ესაა მისი ყველაზე ძლიერი ნაკლი. ვიცი, რომ ცხოვრებამ გაგასასტიკა და გაგახისტა, მაგრამ უნდა შეებრძოლო. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორო თავიდან ის საზიზღარი მოგონებები. ცუდ მოგონებებს რომ გაუმკლავდე, ძლიერი უნდა იყო. მე კი ზუსტად ვიცი, რომ შენ ძლიერი ხარ. მიდი, რომ გეუბნები! _ ეს ვუთხარი, კაბა ხელში შევაჩეჩე და ოთახიდან გამოვედი, რომ მარტო დამეტოვებინა…

გავიდა რამდენიმე, ჩემთვის რატომღაც დაძაბული წუთი და გამოვიდა… გაოცებულს რაღაც გაუგებარი ბგერები აღმომხდა. ჩემი კაბა ისე უხდებოდა, ისე უხდებოდა, თვალს ვერ ვწყვეტდი.

_ რა, რა… _ თვალებში შემომცქეროდა გაფაციცებული, _ მიხდება? მიხდება?

სიტყვას ვერ ვძრავდი, აცრემლებული რეტიანივით მხოლოდ თავს ვუქნევდი. ხელები გამოიწვდინა და გადამეხვია.

_ კეროლაინ… დიდი მადლობა… რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ… ჩემი დედა შენა ხარ და არა ის… ყოველთვის ასე იყო… ყოველთვის ასე ვგრძნობდი…

მისმა ნათქვამმა გული საშინლად ამიჩუქა.

_ შენ საუკეთესო დედა გყავს მსოფლოში, ეს ყოველთვის გახსოვდეს, _ ვუჩურჩულე და ყურის ძირში ვაკოცე.

უცებ ჩემს მხარს მოშორდა, თავი ასწია, აცრემლებული თვალებით შემომხედა და გულაჩუყებულმა მითხრა:

_ საუკეთესო დედა ასეთ დროს განზე გამწევდა და გათხოვდებოდა?

მოულოდნელობისგან შევცბი, არ მეგონა, თუ უკვე იცოდა.

_ ვინ გითხრა, ეს სისულელე საიდან მოიტანე? _ მოჩვენებითად დავუცაცხანე.

_ თვითონ დამირეკა და ისეთი სისულელეები მელაპარაკა, გული შემიღონდა.

_ არ მიაქციო ყურადღება, ენი, რას იზამ, შენი გულისთვისაა იმსიშორეს გადახვეწილი. რა გგონია, ძალიან უხარია ასე შორს რომ არის ჩვენგან?

თითქოს ჩემი ნალაპარაკევი არც გაუგონია, გააგრძელა:

_ შენც ჩემთან წამოგიყვანო, აქ გასწავლიო, მდიდარზე გაგათხოვებო, არაფერს დაგაკლებო… რაღაც უაზრობები მითხრა…

_ ენი, რატომ დარდობ, დედი? _ ისევ ჩავიხუტე, _ გათხოვდეს, თუ უნდა. შენ რა? თუ კარგად იქნება, შენც კარგად იქნები, თუ არადა, მობრუნდება ისევ უკან და ეგ იქნება.

_ იცი რა, კერი, _ ჩურჩულზე გადავიდა, _ სულ არ მინდა, რომ ჩამოვიდეს. არ იცი, როგორ მძაბავს მის გვერდით ყოფნა… რაღაცნაირად…

გულიანად გავიცინე და ჩავკოცნე და ჩავკოცნე, რომ მისი დარდი ასე გამენეიტრალებინა.

_ ცუდზე არ იფიქრო, ხომ გითხარი უკვე, არა? გათხოვდეს, თუ ასე უნდა და მორჩა. შენ დარჩი ჩვენთან, სასიძოს ჩვენც გამოვძებნით შენთვის, საბერძნეთში რომ არ გაგიშვათ. აქ რა, ნაკლები ბიჭები გვყვანან? ერთი თითის გატკაცუნება და ჰოპ! აგერ დაეყრებიან ყველანი შენს ფერხთით, _ გავეხუმრე, _ ცუდი ისაა, რომ შენ დაგასწრებს გათხოვებას, ვოტ! _ ვითომ ნიშნის მოგებით აღვნიშნე და კიდევ ვაკოცე…

როც ენისთან ასეთ სევდიან თემაზე საუბარს მოვრჩი, უჩუმრად დავუმესიჯე ელისს, ჩემთან გაიარეთ ატელიეში და ერთი ხელი ლუქი აარჩიეთ ენისთვის, ვითომ თქვენ უყიდეთ-მექი. მეორე მესიჯი ჩემს გამყიდველთან ვაფრინე, გოგოები მოვლენ და რასაც ხელს დაადებენ, გამოატანე-მეთქი, მერე კი კმაყოფილმა გავაგრძელე კერძების მზადება, ენი კი ოთახში შეიკეტა, ცოტათი მოვწესრიგდებიო…

 

ის საღამო დაუვიწყარი გამოდგა. ენის, ჩვენდა გასაოცრად, თმა ფენით დაევარცხნა, ელისის კოსმეტიკით მაკიაჟი გაეკეთებინა, თვალებიც კი დაეხატა და ისეთი დაცემა ქალი გამოვიდა საძინებლიდან, რომ ყველანი დაგვაშტერა. ცხოვრებაში მაკიაჟისთვის დრო არ დაუხარჯავს, რადგან ისედაც დახატული გოგო იყო, მის თვალ-წარბსა და ტუჩ-სახეს არაფერიც არ სჭირდებოდა, მაგრამ ამ საღამოს რატომღაც, მოუნდა, `გარისკა~ და ფურორიც მოახდინა. თქვენ მარკოს რეაქცია უნდა გენახათ, როცა მოვიდა და კარი გამოპრანჭულმა ენიმ გაუღო. როგორც მერე გვიყვებოდა, ვერ უცვნია, ხარბი მზერით შეუთვალიერებია და ნამდვილი დონჟუანივით მივესალმეო. როცა გაიცინა, მხოლოდ მაშინ მიხვდა თურმე, რომ მის წინ ენი იდგა. ბუხრის ოთახში კი, სადაც სუფრა გავშალეთ, ხელში ატატებული შემოიყვანა.

_ ამას მიმალავდით, ბიჯოოო! _ მთელი ხმით გაჰყვიროდა, _ თქვენ არაქალებო და არაკაცებო! შეხედეთ, შეხედეთ ერთი, რა ტიპშაა! მაგარი ქალი, ძაან მაგარი. მორჩა, ვსიო, ეგ გოგო ჩემთვინა მინდა. არ არსებობს! ხომ გამომყვები ცოლად, ენუშკი, ა? ხომ გამომყვები? _ აჟიტირებული ელაპარაკებოდა და გარშემო ურბენდა. თვალით ვანიშნებდი, ეგეთ რამეებს ნუ უხსენებ-მეთქი, რადგან ვიცოდი, ენის გათხოვებაზე საუბარი არ სიამოვნებდა, მაგრამ ქადაგად დავარდნილი მარკო ვერ გავაჩერე. დაძაბული ვიყავი, რაწამს მოიწყენდა ენი ჩემი შვილის ხმაურიანი გამოსვლით, არ ვიცოდი, მაგრამ არაფერიც! არც მოიწყინა და არც ცხვირი ჩამოუშვა. იღიმოდა და იღიმოდა. ბოლოს კი ეს ღიმილი სასწაული სიტყვებით დააგვირგვინა:

_ ჯანდაბას, გამოგყვები, რახან ასე ძალიან მეხვეწები. აჰა, დაარტყი ხელი! _ და თავისი ლამაზი ხელისგული გაუწოდა.

ამაზე იმდენი ვიცინეთ, ლამის ყველანი ჩავბჟირდით.

მოსწრებული პასუხისთვის ენიმ მარკოს `ლოყიან-ლოთიანი~ კოცნა (თვითონ მონათლა ასე, როგორც სოფის ლოყაზე კოცნიდა) და ფრანგული სუნამო დაიმსახურა, რომელიც ჩემს ონავარ შვილს მისთვის საგანგებოდ შეერჩია…

_ ვაიმეე, სუნამოოო! _ ელისმა თვალები აატრიალა, _ მარკო, ბავშვიანი ქალები არ გინდა ცოლად? აგერ, ორნი ვდგავართ რიგში, არც ჩვენ ვიტყვით უარს შენს ცოლობაზე, თუ სუნამოებს გვაჩუქებ, _ და ელისმა ემილის თვალი ჩაუკრა.

ემილი მეგობრის უგერგილო ხუმრობაზე გაწითლდა და, როგორც სჩვეოდა, თავი ჩაღუნა. მას არ სიამოვნებდა ელისის ასეთი გამოხტომები.

_ შენი შუბა დავხიე, შენთვის მე სუნამო ჯერ არ მიჩუქებია? _ მარკომ მსუბუქად წამოარტყა თავში ხელი, _ დაგაწკიპურტებ ახლა, თუ არ გაჩუმდები, _ მერე კი უეცრად ეშმაკურად აუცეკვდა თვალები და წარბებაწეულმა ვითომ შეფიქრიანებული ხმით გააგრძელა, _ ისე, სამი ცოლი მაგარი პონტია. ეგრე იყოს, თანახმა ვარ. ერთი დამირეცხავს, მეორე საჭმელს გამიმზადებს, მესამე… _ ჩამოთვლასთან ერთად თითებს კაკვავდა, _ მესამე ნაშობას ამომირჩევს ფეისბუქზე. აუ, რა ჰარამხანას გავმართავ, ბაბუუუ! _ და ისე მოეწონა თავისი აზრი, რომ ახარხარდა.

ამჯერად მას წამოარტყეს თავში, თანაც სამივემ და სიცილ-ხორხოცი გაგრძელდა.

შუა ქეიფში ვიყავით, რომ მარკომ გამოაცხადა, თვის ბოლოს მეჯვარედ ვარ მიპატიჟებულიო.

_ რას ამბობ, დედი, ვინ გაგიბედნიერდა? _ გამიხარდა ეს ამბავი.

_ ივას მოჰყავს ცოლი, ჩვენს მენეჯერს.

ივა მშვენიერი ბიჭია, თბილი, საყვარელი. მარკო მასზე ბევრს ოხუნჯობდა, ივანე ერქვა და ამერიკაში ჩასულმა აივენი დაირქვა, აქ ჩამოვიდა და ივად იქცაო.

_ მაგრამ ივას მეჯვარე კი არა ვიქნები, მისი ცოლის.

_ რაოო? _ გაოცება ვერ დავმალე, _ ეს რა დაიწყეთ ამ ახალგაზრდებმა, კაცო, ბიჭი გოგოს მეჯვარედ რატომ უნდა გაჰყვეს ერთი, გამაგებინეთ, ა? დაქალები დაელია?

_ მერე რა? _ შემეპასუხა ელისი, _ დედას გეფიცები, მე თუ გავთხოვდი, ჩემს მეჯვარედ მარკოს წავიყვან. ხომ მაქვს შენთვის ნათქვამი, მარკო-სარკო, ა?

_ აუჰ! მოუნდა მარკიზის მეჯვარეობა, _ გაიცინა ენიმ, _ რა, უელსის პრინცს მიჰყვები ცოლად თუ საფრანგეთის დოფინს?

ასე მხიარულად ძველით ახალ წელს მართლა არასდროს შევხვედრივარ. განა მარტო მე, მგონი, მთელი ოჯახი. ბავშვებსაც კი არ დაუძინიათ, ჯესიც კი გარშემო გვირბენდა ყეფა-ყეფით. თორმეტის მერე ჯინაც ჩაგვერთო სკაიპით, ცოტა ხანს ჩვენთან ერთად მონიტორს უჭახუნა ჭიქა, იცინა და ჩვენც გვაცინა. გვიანი სუფრა კი ალმას სკაიპის სიგნალმა შეახტუნა, რომელმაც `გვახარა~, ხვალ ჯვარს ვიწერო…

ამან ხმამაღალი ოვაციები გამოიწვია. ენისა და ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, ეს ამბავი ყველას გაუხარდა. ბავშვებმა რა იცოდნენ, რამხელა ტკივილი იყო ენისთვის დედის ხელმეორედ გათხოვება. მერე ჩემთან ცალკე მოისურვა დალაპარაკება, მეც სამზარეულოში გავიტანე ლეპტოპი და იქ განვმარტოვდით. ალმამ სულ ბოდიშები მიხადა, შენთან მართალი არ ვარ, უაზროდ ავფეთქდი და მაპატიეო. მერე დააყოლა, ხვალ ორას დოლარს გიგზავნი და რომ მიიღებ, აუცილებლად გამაგებინეო. ბოლოს მთხოვა, ენისთვის მიმეხედა, ვხედავ, ნელ-ნელა კალაპოტში დგება და ხომ იცი, ყველაზე მეტი ყურადღება ახლა სჭირდებაო.

გამეცინა. ენის კი არა, პირველ რიგში მას ვჭირდებოდი. ვჭირდებოდი თუნდაც იმისთვის, რომ ენი სხვებს კიდევ არ გარიყვოდა და კვლავ მარტო არ დარჩენილიყო… რაც უნდა ყოფილიყო, ჩვენი ამ მხიარული ოჯახის სიმტკიცე მხოლოდ და მხოლოდ მე მეკავა…

_ კარლა, ახლა შენი ჯერია, შენც უნდა გათხოვდე! _ `მომახარა~ ელისმა, სუფრას რომ დავუბრუნდი.

ახლა ამაზე ახმაურდნენ, ელისს კვერი ყველაზე აქტიურად მარკომ დაუკრა.

_ მიდი, დედუჩი, შენც იპოვე ვინმე, თუნდაც აი, ჩვენი ვასკა, უცებ მოაყომარე და მერე მე მარტო დავრჩები ჩემთვის. ვაუ, მაგარი კი იქნება!

_ შე ყაჩაღო, ისედაც მარტო არა ხარ? ვინ გიშლის რამეში ხელს, რო? _ ვიწყინე.

_ კაი, დე, რა იყო, გეხუმრები, _ იმანაც იწყინა.

_ შენ ხომ ჯერ ახალგაზრდა ხარ, კარლა, სულ ჩვენ რომ გვეუბნები, განა შენც ყველაფერი წინ არა გაქვს?

_ რაღაც ვარიანტში კი, რა თქმა უნდა, _ ღიმილით დავეთანხმე, _ ქალის ასაკი, სხვათა შორის, სამ ფაზად იყოფა: ახალგაზრდობა, მეორე ახალგაზრდობა და მარადიული ახალგაზრდობა. აი, მე ახლა მარადიული ახალგაზრდობის ფაზაში ვარ.

_ ისე, მთვარესავით ოთხი ფაზა რომ გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა, _ პირველად ამოიღო ენიმ ხმა და ეშმაკურად ჩაილაპარაკა.

_ აი, ღორმუცელა! სამი არ ჰყოფნის. ამას დამიხედეთ ერთი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ემატება მადა.

ახლა ამაზე იხორხოცეს, მიდგნენ და მიდგნენ ენის, მერე ისევ მე ამომიღეს მიზანში.

_ ისე, ვასკა ძაან სასიამოვნო კაცია, კარლა. მე შენს ადგილას ვიჩალიჩებდი, _ გათამამდა ელისი.

სანამ სხვებიც მხარს აუბამდნენ, მაგიდას ხელისგულები მსუბუქად დავკარი და ვთქვი:

_ ეჰ, ბავშვებო, ბავშვებო, _ თან ისე ამოვიოხრე, თითქოს მთელი მსოფლიოს დარდი ჩემს გულში ყოფილიყო ჩამარხული, _ მე სიბერისკენ მიმავალი ადამიანების კოლექციას ვეკუთვნი. ახლა მარტო ჩემი გული კი არ არის გაჭაღარავებული, არამედ ოცნებებიც. ვოტ! _ ბრძნული აზრები და სიმწრის ღიმილი ერთად დავაფრქვიე.

_ აი, როგორ ეტყობა, რომ დიზაინერია, ხედავთ? _ მარკომ ჩემი სევდიანი განწყობის გაფანტვა სცადა, _ ადამიანების კოლექციასო. აიიი! _ და საჩვენებელი თითი გაფშიკა.

_ შენნაირი დედა არავის არ ჰყავს, მარკო-სარკო, რომ იცოდე ისე, რა! _ შენიშნა ელისმა.

_ გეთანხმები. _ თავი დააქნია ემილიმ.

_ და ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ასეთი დედა გვყავს სუყველას, არა? _ წამოიძახა ელისმა და სათითაოდ გადახედა გოგოებს, _ ჩვენ ბედნიერები ვართ ამით. ხომ ასეა?

_ ასეა, ასე, _ კვერი დაუკრა ემილიმ.

_ მეც ვბედნიერობ, ბავშვებო, დიდი მადლობა, _ ყველანი ღიმილით დავასაჩუქრე, მათ ხმაურიან ბედნიერებას მეც ხმაურიანად დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.

სანამ დავწვებოდი, ფანჯარაში გავიხედე. არემარე სარკესავით იყო განათებული. დეკემბრის დანატოვარი თოვლი ყინვისგან ბრწყინავდა. ღრუბლები მთელი სისწრაფით მიწევდნენ წინ, რადგან გარეთ ქარი ღმუოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ღრუბლები კი არა, სავსე მთვარე მიაპობდა ცას, ქარის ღმუილი კი მარკოს ხმამაღალ სიცილთან ერთად ერთობ სასიამოვნო ჰარმონიას ქმნიდა…

მე მართლა ბედნიერი ვიყავი…

 

ალმა გაგვითხოვდა. ახლა კი ვიხსენებ მშვიდად ამ ამბავს, მაგრამ მაშინ კარგა გვარიანი ნერვიულობა შეგვხვდა. ალმას დიდი სურვილი იყო, რადგან ჯვრისწერა ნაჩქარევად მოხდა, ენი დედის ქორწილს მაინც დასწრებოდა, მაგრამ გოგომ არაფრით არ ქნა. მარკო ეხვეწებოდა, უფასო შვებულებას ავიღებ ერთი კვირით და მე და შენ წავიდეთო. არც ამან გაჭრა. გოგოებმაც უთხრეს, ჩვენც წამოვალთ, ბარემ ერთად ვიქნებითო, ენიმ ამ ვარიანტზეც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა _ არ მაინტერესებსო. ვიცოდი, მხოლოდ დედის გათხოვება არ იყო მისი გულისტკივილი. სახლიდან გასვლაც არ უნდოდა. ისე იყო დაკომპლექსებული, მარკოს გაკვეთილებიც კი არ შველოდა ტრავმისგან ბოლომდე გათავისუფლებაში. მე, რა თქმა უნდა, მარტო საბერძნეთში ვერ წავიდოდი. არა იმიტომ, რომ რამე მიშლიდა ხელს, უბრალოდ, მარტო გამგზავრება არ მინდოდა. არადა, ვერც ვერავის წავიყვანდი. ენი არ მიდიოდა და სხვებს რაღა ესაქმებოდა იქ. გარდა ამისა, არც ალმას გამოუდვია მაინცდამაინც თავი, გინდა თუ არა, ჩამოდიო, ამიტომ არც მე გამომიჩენია დიდი ინიციატივა. საზრუნავი ისედაც არ მაკლდა. ამხელა ოჯახს, რადგან იგი უკვე ჩემს ოჯახად მიმაჩნდა, მიხედვა სჭირდებოდა. ჩემ გარეშე ეს ბავშვები ვერც ერთიანობას შეინარჩუნებდნენ და ვერც მეგობრობას, საბოლოოდ ერთმანეთს დაჭამდნენ და დაიფანტებოდნენ. ყველაზე უკეთ ამას ჯინა ხვდებოდა და რამდენჯერაც დაგვიკავშირდებოდა, სულ მადლობას მიხდიდა, შენ რომ არა, ვინ იცის, რა დაგვემართებოდაო.

იანვარში მეტი ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა. მარკომ კიდევ ერთი ახალი გოგო მოგვიყვანა და გაგვაცნო, ჩემი შეყვარებულიაო.

ახალ გოგოს ლენუკა ერქვა. შავტუხა იყო, გამხდარი და მაღალი, მაგრამ ფიცარივით ტანი ჰქონდა, მკერდის ნატამალი არ მოეპოვებოდა. ვერ ვიტყვი, დიდად მესიამოვნა-მეთქი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ბევრი ჰყოლია ასეთი შეყვარებული და თვეების მერე დაშორებია.

თებერვალი ახალი სკანდალით დაიწყო. ერთ საღამოს, სამსახურიდან მოსული ვახშმის თადარიგს ვიჭერდი, რომ კარი, როგორც ყოველთვის, ზანზალაკების წკარუნით გაიღო და ელისის ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა. ისე ქოთქოთებდა, არ მესიამოვნა. პირველი, რაც გავიფიქრე, მაქსისთან უთანხმოება იყო. რატომღაც, სულ შიში მქონდა, ის ბიჭი ხომ არ ატყუებს-მეთქი. არადა, ძალზე ჯენტლმენურად კი მოიქცა. ბინა ელისის გემოვნებით შეიძინა, ავეჯიც ერთად შეარჩიეს და ერთმანეთთან შეთანხმებით მოაწყვეს იქაურობა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ თან არ იყო. რაღაც მაინც მაწუხებდა.

_ რა იყო, მოხდა რამე? _ მშვიდად გავხედე, როგორც კი სამზარეულოში შემოვიდა.

_ მოხდა, კარლა, მო-ხდა! _ ხმამაღლა თქვა, ჩანთა მაგიდაზე დაახეთქა და თავისი განუშორებელი მზის სათვალე, ზამთარშიც რომ არ იხსნიდა,  თავზე დაიმაგრა.

_ და რა მოხდა? _ იმავე ტონით გავიმეორე შეკითხვა.

_ ის ვაჟბატონი, მე რომ ვითომ შერიგებას მთხოვს, სხვასთან დაეთრევა თურმე.

_ სანდრო, კაცო? _ გაოცებისგან პირი დავაღე.

_ დიახაც!

_ მერედა, შენ რა? _ მხრები ავიჩეჩე და ფქვილიანი ხელები ერთმანეთს გავუსვი.

_ ღვეზელს გვიცხობ, კარლა? _ ემილიც შემოვიდა და ლოყაზე        მაკოცა.

_ ჰო, ბავშვებმა მთხოვეს.

_ მაგარია! ძაღლივით მშია, _ ემილიმ სათითაოდ დაუარა გაზზე   შემოდგმულ ქვაბებს, სახურავი ახადა და შიგნით ჩაიხედა.

_ ჯერ მხოლოდ კისელი მოვადუღე, ამათ ახლავე დავყრი ტაფაზე, ცხრა წუთში მზად იქნება.

_ ცხრა წუთში, _ გაეცინა ელისს, _ რა ენა გაქვს, რაც უნდა გაბრაზებული იყოს ადამიანი, მაინც გააცინებ.

_ ჰოდა, შენ რა-მეთქი, გამეცი პასუხი, შენც ხომ ხვდები სხვას? _ კვლავ სანდროს თემას დავუბრუნდი.

_ კარლა, პრეტენზია კი არა მაქვს, სხვასთან რომ დადის, მაგრამ შერიგებაზე ნუღარ მელაპარაკება, რა! მისნაირი აფერისტი მეორე არ შემხვედრია! თურმე ექვსი თვეა, სახლიდანაა წასული და მაგ ქალთან ცხოვრობს. რომ ჰკითხო, ჩემთან შერიგება უნდა. იცი, სინამდვილეში რა ხდება? არ უნდა ვაჟბატონს, რომ ოჯახი მისი მიზეზით დაინგრეს. მე უნდა გადმომაბრალოს მერე ყველაფერი, გესმის?

_ ეგ დიდი ხანია, ვიცი.

_ აი, მაგიტომაც, ნახოს, რას ვუზამ. დღეს განცხადება შევიტანე განქორწინების თაობაზე.

_ ეგ კი კარგი გიქნია, აქამდეც უნდა გექნა, მაგრამ… საიდან გაიგე სანდროს ამბავი?

_ ვაიმეე, სრულიად შემთხვევით, რომ იცოდე. _ ელისმა მუხლებზე დაიტყაპუნა ხელები, _ ერთი გოგო მოვიდა ამ დილით, ბინის გაყიდვა მინდაო და სურათებია საჭირო-მეთქი, რომ ვუთხარი, მობილურში მაქვს და აბა, ნახეთ, თუ გამოდგებაო. ხოდა, ვათვალიერებ ახლა ამ ფოტოებს, გადავედი, გადავედი და უცებ ჰოპ! სანდრო არ გაიჩითა? შუაში უზის ამ გოგოს და კიდევ ერთს, საზიზღრად `დაკრასკულს~ და თვალებგადმოკარკლულს. აუ, არ იცი, რა დამემართა. ეს ვინაა-მეთქი, ვეკითხები და ჩემი დაქალიაო, ეს მისი ქმარიო, ბავშვს ელოდებიანო… მოკლედ, გადმოალაგა და გადმოალაგა. თურმე ორი წელია, მაგას ხვდება. ვგრძნობდი, რომ ასე იყო, მაგრამ ვერ ვუმტკიცებდი. ერთხელაც ვერ გამოვიჭირე, ისეთი დედააფეთქებულია ეგ ახვარი! აბა, მაგას რას ვეტყოდი. ამ ფოტოებს გადავიწერ-მეთქი, ვუთხარი და ყველა ფოტო გადმოვიწერე კომპში. მაგას აი, ნახე, დედას ვუტირებ! _ ელისმა მუშტი მოიღერა, _ ეგ თუ არ გავაბანძო სასამართლოზე, აგერ ნახავ.

_ კაი, რა სასამართლოზე, გაგიჟდი? გააწერეთ ხელი და ეგ იქნება. რად გინდა სკანდალი?

_ რად მინდა? რად მინდა? ქალი არ ვიყო, ქონება თუ არ ავახიო.

ცხობას მაშინვე თავი მივანებე და ჩამოვჯექი.

_ ელის, მომისმინე. შენ მაგის ქონებას არავინ მოგცემს. ეგ არაა თქვენი თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონება. ერთადერთი, ალიმენტს თუ გადაახდევინებენ. სხვა…

_ ხოდა, იხადოს, ბატონო! საერთოდ რომ არ აქცევს თავის შვილს ყურადღებას, ამით მაინც შეიტანოს წვლილი მის აღზრდაში. მე რომ შემოსავალი არ მქონდეს, რა მეშველებოდა, კარლა, ა? მითხარი, მტყუანი ვარ? ვცდები რამეში? არ ვიქცევი სწორად? _ მომაყარა და მომაყარა.

_ ცამდე მართალი ხარ, მაგრამ ახლა დამშვიდდი, ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ-მეთქი, ცხრაასჯერ მაქვს თქვენთვის ნათქვამი. ასე ყველაფერს გააფუჭებ.

_ რომ დაიწყებს ჩემს ლანძღვას, ცუდი ცოლია და ესაო და ისაო, ამ ფოტოებს ავაფარებ ცხვირწინ და მერე ვნახოთ, როგორ გააჯაზებს.

მაინც თავისი გაიტანა. როცა სანდროს ოჯახმა განცხადების ამბავი გაიგო, ერთი ვაი-უშველებელი ატეხა, განსაკუთრებით დედამთილმა, მაგრამ ენი ისე ღირსეულად მოიქცა სასამართლოზე, რომ პროცესი მოიგო. საბოლოო ჯამში, ასე თუ ისე, მაინც მშვიდად გაიყარნენ. ვინაიდან სანდროს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და შემოსავალს არ უჩიოდა, ალიმენტის სახით სასამართლომ ექვსასი ლარი დააკისრა. ეს, ასე ვთქვათ, საქართველოს კვალობაზე საშუალოზე ოდნავ მაღალ ხელფასად მიიჩნეოდა. ყვავს კაკალი გააგდებინო, ეგეც ხეირიაო, იტყვიან. სანდრო უკმაყოფილო დარჩა, ელისი _ არა. ქონებას რომ ხელს ვერ გამოჰკრავდა, ჩვენმა გოგომ ეს იმთავითვე იცოდა. თუმცა, მამამთილმა, რატომღაც, თავი გამოიდო და გაბის შემოუთვალა, სრულწლოვანი რომ გახდები, ანდერძის თანახმად, ივერთუბანში რომ სამოსახლო მიწის ნაკვეთი მაქვს, შენ დაგიტოვებო. ხეხილი ჩაყრილი მაქვს, ვაზიც, რომ წამოიზრდები, ჩემს სახელზე ხილს მოწყვეტ, ღვინოს დაწურავ და ბაბუა გაგახსენდებაო. აშკარა იყო, სანდროს მამამისი დიდად არ სწყალობდა…

 

ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ელისი მაქსთან შეხვედრას განაგრძობდა, თუმცა, ეს უკანასკნელი ქორწინებაზე ჯერჯერობით კრინტს არ ძრავდა. ამ თემაზე არც ელისი საუბრობდა. მარკო ხშირად ეკითხებოდა, კექსის ჭამის საქმე როგორ არისო, მაგრამ იგი არც ამაზე ამბობდა არაფერს. ეს ჩემი საქმე არ იყო, ამიტომ არ ვერეოდი. მისი პირადი ცხოვრება მას ეკუთვნოდა და როგორც მოესურვებოდა, ისე მოიქცეოდა. თუ უნდოდა, დაწვებოდა მაქსთან, თუ არ უნდოდა _ არ დაწვებოდა.

ერთ დღესაც აღელვებული დაბრუნდა შინ. უკან ღიმილით სახეგაბადრული ემილი მოჰყვებოდა.

_ ოჰო! კიდევ რაღაც ამბავი გაიგეთ, როგორც ვხედავ, ოღონდ ვერ ვხვდები, კარგია თუ ცუდი. ერთი ნერვიულობს, მეორე იღიმის. ეს როგორ გავიგო? _ დოინჯი შემოვიყარე და ჯერ ერთს გავხედე, მეორე მეორეს.

_ აუ, კარლა! მგონი, ყველაფერი კარგადაა, _ ელისსაც ღიმილმა გაუბრწყინა სახე და თავისი მარადიული სათვალე მაგიდაზე დადო.

_ რაო, ცოლად მინდიხარო?

_ ნუ, რაღაც ამდაგვარი. დღეს ვუთხარი, ხომ იცი, მე შვილი მყავს-მეთქი და შვილი მეც მყავსო, მითხრა. მერე რაო, ეგ არაფერს არ ცვლისო. ვიცოდი, ბავშვიანი რომ იყავიო.

_ შვილიო? რა, ნაცოლარია?

_ არა, მაგრამ ვიღაცა ჰყოლია ერთ ზაფხულს, ბათუმში რომ ისვენებდა და იმას გაუჩენია.

_ ვააა! გოგო? ბიჭი?

_ ბიჭი. რვა წლის. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და როგორც ჩანს, მოსალოდნელი შედეგი ვერ გავითვალისწინეო.

_ თითქმის გაბის ტოლია, _ დაამატა ემილიმ.

_ ეს არ მომწონს, _ თავი გავაქნიე.

_ რატომ?

_ ბიჭი ვისთან ცხოვრობს?

_ დედამისთან, მაგრამ ურთიერთობა არ მაქვსო.

_ როგორ, შვილთან ურთიერთობა არა აქვს? ეგეც სანდროსნაირი მამაა?

_ არა, არა, ბავშვთან დადის. უფრო სწორად, ბავშვი დადის მასთან, იმ გოგოსთან არ მაქვსო შეხება… და ცუდი რატომაა, კარლა?

_ იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორ შეეგუებიან ბავშვები ერთმანეთს, თუმცა, თუ მამამისთან არ ცხოვრობს, კიდევ არა უშავს.

_ სარვამარტოდ აქ აპირებს მოსვლას და თქვენს გაცნობას.

_ ეგ კარგია. ბავშვსაც მოიყვანს?

_ ალბათ, მე რა ვიცი. ეგ არ მიკითხავს.

_ მოიყვანოს. ვნახოთ, რა მოხდება.

_ ჰო, ვეტყვი. _ დამეთანხმა ელისი და ისე ღრმად ამოიოხრა, მივხვდი, ეს ამბავი მასაც არანაკლებ აწუხებდა.

 

შაბათობით ჩვენი გულისხმიერი საუბრები ძველებურად გრძელდებოდა. ისევ ისე შემოვუსხდებოდით ბუხარს, სავარძლებში მოვკალათდებოდით და ერთმანეთს გულს გადავუშლიდით, თუმცა, ბოლო დროს მარკო გამოგვაკლდა. იმდენად გაიტაცა თავისმა ახალმა შეყვარებულმა, რომ ჩვენთვის ვეღარ იცლიდა. ეს არ მომეწონა, რადგან ის გოგო გულზე დიდად არ მეხატებოდა. ამაზე საუბარმა გოგონებთან ერთ შაბათ საღამოს მომიწია. ისინიც ამყვნენ. ლენუკა მხოლოდ ენიმ დაიცვა. ემილისა და ელისს კი ახალგამომცხვარი სარძლო მაინცდამაინც თვალში არ მოსდიოდათ.

_ რაღაცნაირი გოგოა… ზემოდან გვიყურებს, არა?

_ ჰო, მედიდური ჩანს, _ დაეთანხმა ელისს ემილი.

_ იმიტომ, რომ თავიდანვე ცივად შეხვდით, _ ამოიდგა ენა ენიმ, _ სულაც არ არის ცუდი გოგო, მხიარულია და გულღია. თან ცხოველები უყვარს.

_ შენ რა იცი?

_ გუშინწინ საღამოს, ჯესის რომ ვასეირნებდი, გარეთ შემხვდნენ ეგ და მარკიზი. ჯესი ხელში აიყვანა ლენუკამ და კარგა ხანს ეფერა.

_ ეგ არაფერს ნიშნავს. მარკოს შესაფერისი სულაც არ არის. ეგეთ ბიჭს სულ სხვანაირი გოგო შეშვენის, _ ელისი ენის ჯიბრში ჩაუდგა.

_ როგორი სულ სხვანაირი, შემთხვევით, შენნაირი ხომ არა? _ შეუღრინა ენიმ.

_ აუ, რატომ მკბენ სულ, ენი, რა გინდა? მეტი საქმე არა გაქვს? გულღიაა და ჰყავდეს მერე, ვინ ართმევს? ერთი მაგისი… _ ელისი დაუმთავრებელი საგინებელი ფრაზით შემოიფარგლა.

_ კარგი, ნუ ჩხუბობთ. მე თუ მკითხავთ, ცოტა ხელოვნური ჩანს მანერებით, გულღიაობით… მხიარულებითაც კი, _ ჩემი აზრი გამოვთქვი, _ მე კი ხომ იცით, ხელოვნური არაფერი არ მიყვარს.

_ არც ყვავილები, _ განავრცო ელისმა.

_ არც იატაკი, _ ღიმილით დაურთო ემილიმ.

_ არც განაყოფიერება, _ წაიენაკვიმატა ენიმ და ყველა გაგვაცინა.

ამან სიტუაცია განმუხტა.

როცა გულახდილობას მოვრჩით, მე ბუხართან დავრჩი, გოგონებმა კი თავიანთ ოთახებს მიაშურეს.

ჩემს `სუსტ წერტილს~, ანუ ბუხარს ჯერ კიდევ ტკაცატკუცი გაჰქონდა. გამომშრალი შეშა საამურად შიშინებდა. მივჩერებოდი ცეცხლის ენებს, ვცდილობდი, მათ ბრიალა ცეკვაში ნაცნობი ფიგურები მეპოვა, პარალელურად ფიქრებით ვიხუნძლებოდი და წარსულში ვიქექებოდი. ასე მჩვევია. ხანდახან ჩემი მოგონებების ვირტუალურ ალბომს გადავშლი და შორეულ წლებში დარჩენილ ვირტუალურ სურათებს ვათვალიერებ: როცა პატარა ვიყავი და ჩემი გერმანული თოჯინებით ვთამაშობდი. როცა წამოვიზარდე და ზღაპრების კითხვით გატაცებულს სურვილი გამიჩნდა, ნატვრისთვალი მქონოდა. ყოველ დილით სანთელს ვანთებდი და ღმერთს შევთხოვდი, ჩემთვის ერთი ნატვრის თვალი გადმოეგდო. მერე, მოზარდობისას, ქერათმიანებისადმი შურის გრძნობა აღმეძრა _ ბრიჟიტ ბარდოსავით ლამაზი მინდოდა ვყოფილიყავი, ან მიშელ მერსიეს ანჟელიკასავით ჩემი ჟოფრეი მეპოვა _ მახინჯი მამაკაცი სახეზე ნაჭრილობევით…

მერე და მერე უფრო რეალური ოცნებები წამოვიდა, რომელთაგან ნაწილი ავისრულე. მაგალითად, სახლის გემოვნებით მოწყობა, როგორც აქ გავაკეთე, ემილისთან. ბუხარი, ზანზალაკები კარის გაღებისას, ჰამაკი აივანზე, ხვიარა ყვავილები ოთახებში… ქერათმიანიც დიდხანს დავდიოდი და ლამაზიც ვიყავი. მთლად ბრიჟიტ ბარდო არა, მაგრამ არც ნაკლები ვყოფილვარ. რაც მთავარია, თაყვანისმცემელს არ ვუჩიოდი. ახლა კი… ახლა ისე წამომეპარა სიბერე, ვერც გავიაზრე. შუბლი და თვალები ჯერაც უნაოჭო მაქვს, აი, სევდის ნაოჭებს კი ვერაფერს ვუხერხებ. რაც დღე გადის, უფრო და უფრო მკვეთრდება და დაბლა ეშვება. ყველაზე მეტად სიბერე მაინც ყელზე მეტყოდა. რა ნაზია ქალის სხეულის ეს ნაწილი. ყელი მართლაც რომ ნაადრევად ბერდება.შეხედავ ქალს სახეზე, ორმოც წელსაც არ მისცემ, ყელს გამოაჩენს და… წასულია მისი საქმე! დამღასავით ამჩნევია რეალური ასაკი.

არა უშავს, რაც არის, არის. ნახშირი რომ ნახშირია, ისიც კი ნახშირდება საბოლოო ჯამში.

 

თებერვლის ბოლო ახალი სასიხარულო ამბით აღინიშნა. ემილის თავისმა ფრანგმა მეგობარმა მოსწერა, მარტის დასაწყისში ჩამოვდივარო. ამან ერთიანად აგვაფორიაქა. ემილისი რა გითხრათ, მაგრამ მე ძალიან ვიყავი გახარებული. ჯერ ერთი, რომ ნამდვილ ფრანგს უნდა შევხვედროდი, მეორეც _ გამიხარდებოდა, თუ ემილი საფრანგეთში გადაბარგდებოდა საცხოვრებლად. უდარდელი ცხოვრება მაინც ექნებოდა. მთავარი იყო, ბიჭი მოგვწონებოდა. გარეგნულად დიდი ვერაფერი შვილი იყო, მაგრამ ემილი იმდენ რამეს ჰყვებოდა მასზე, რომ, წესით და კანონით ცუდი არ უნდა ყოფილიყო.

რამდენი წელია, პარიზში არ ვყოფილვარ. მომნატრებია იქაურობა. ამ ამბავმა ჩემი მონატრება უფრო გაამძაფრა. დღეებს თითებზე ვითვლიდი, რომ თებერვალი მალე ჩამთავრებულიყო და სეზონურ ბაქანზე მარტი ჩამომდგარიყო.

ემილი ბოლო დროს ძალზე შეიცვალა. უფრო გულჩათხრობილი გახდა, ვიდრე იყო. ალბათ შინაგანად ნერვიულობდა. იქნებ იმასაც განიცდიდა, რომ გამართლების შემთხვევაში მშობლიური ქვეყნის დატოვება მოუწევდა, სადაც არავის იცნობდა, სადაც თავს იმაზე უთვისტომოდ იგრძნობდა, ვიდრე აქ, ჩვენთან. ფაქტობრივად, მისი ოჯახი ხომ ჩვენ ვიყავით. ჩვენც რომ არ ვეყოლებოდით გვერდით, როგორ შეეგუებოდა ამას? დედა მას არ ჰყავდა, მამა და დედმამიშვილი. ვინც ჰყავდა, ახლოს არ იკარებდა. კიდევ კარგი, სოფი არსებობდა. სოფი მისი ერთადერთი ნუგეში იყო, ნუგეშიც და იმედიც. ნეტავ რას ფიქრობდა მისი ქმარი, ამისთანა გოგო დედის გამო ხელიდან რომ გაუშვა? არადა, მახსოვს, როგორ უყვარდათ ერთმანეთი…

რამდენჯერ მიფიქრია, მივალ, ემილის ნადედამთილარს დაველაპარაკები, იქნებ რამე შევასმინო-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. არ ვიცოდი, რამდენად მქონდა მის საქმეში ჩარევის უფლება. კი მივაჩნივარ ჩემს გოგოებს მეორე დედად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეიძლება მცირედიც არ მაპატიონ და ისე მაქციონ ზურგი, უკან აღარ მოიხედონ. ეს ყოველთვის მახსოვდა და სიფრთხილეს ყველა საკითხში ვიჩენდი. ზედმეტი ინიციატივის გამოჩენას არასდროს ვცდილობდი.

რაც შეეხება ემილის ახალ სიყვარულს, თუ შეიძლება ამას სიყვარული ეწოდოს, პროფესიით ინჟინერი გახლდათ. ხიდებს და გზებს აშენებდა. 36 წლის კაცი უკვე ჯკუადამჯდარი უნდა ყოფილიყო, როგორც ასეთი. ამიტომ დიდად არ ვღელავდი იმაზე, რომ ქმრად არ გამოადგებოდა.

უცნაური ის იყო, რომ ჩვენს აფორიაქებასაც და სიხარულსაც მარკომ ცივი წყალი გადაასხა.

_ რა ფრანგი, რის ფრანგი, თქვენ ხომ არ უბერავთ? _ სულ ცოფები ყარა.

ჯერ ვიფიქრე, მის ქმართან რომ ახლო ურთიერთობა აქვს, იმიტომ უტყდება ემილის ფრანგ ბიჭთან ნაცნობობა-მეთქი, მაგრამ თამაზი ერთხელაც არ უხსენებია.

_ გათხოვება თუ გინდა, აქ გათხოვდი, რა გაგიჭირდა ისეთი, ცხრა მთას იქით არ გადაიხვეწო? _ მისდგა და მისდგა ემილის, თან თვალებიდან სულ ნაპერწკლებს აკვესებდა.

ემილი თვალებდახრილი იდგა, ხმას არ იღებდა. მერე ჩუმად ასლუკუნდა. შემეცოდა გოგო.

_ მარკოზ! _ შევუძახე ბოლოს, _ არ გაჩერდები? ეს შენი საქმე არ არის, შენ არავინ გეკითხება, ვის შეიყვარებს ემილი და როგორ იცხოვრებს. შენ შენს ქალებს მიხედე.

_ დედა! _ ახლა მე მომიტრიალდა, _ შენ, ასე თუ ისე, პასუხისმგებლობა გაკისრია ამ გოგოებზე, ასე არ არის? რომ დაუჯექი აქ დედა ტერეზასავით და შენ წყვეტ ამათ ბედ-იღბალს, ერთხელ მაინც გიფიქრია, რა შეიძლება მოჰყვეს შენს თანადგომას? რომ არ გაამართლოს რამემ, შენ მოგთხოვენ პასუხს შენი დაქალები. ამაზე გიფიქრია?

ამ სიტყვებმა მართლა ჩამაფიქრა. მაგრამ ჩამაფიქრა არა იმან, რომ პასუხი მე მომეთხოვებოდა, არამედ მარკოს ემილისადმი დამოკიდებულებამ. თავში მოულოდნელად გამიელვა აზრმა, მარკოს ხომ არ უყვარს ემილი და თვითონ ხომ არ აპირებს მასზე დაქორწინებას-მეთქი. თითქოს ამის საწინააღმდეგო არც არაფერი უნდა მქონოდა, მაგრამ ვერა… საკუთარ თავში წინააღმდეგობა ვერ დავძლიე. მსგავსი ფაქტის წინაშე რომ დავმდგარიყავი, მივხვდი, სულაც არ მესიამოვნებოდა, თუ მარკო ემილის ცოლად შეირთავდა. მაგრამ არა, ეს გამორიცხული იყო. სხვა თუ არაფერი, მარკო გაბის ნათლია იყო და აბა, როგორ? ნათლიის დედაზე როგორ დაქორწინდებოდა? ამან ცოტა შვება მომგვარა. არა, მარკოს სხვა რამ აწუხებდა _ იმდენად შეეჩვია გოგოებს, ისინი თავის დებად მიაჩნდა და არ უნდოდა, მისგან შორს ყოფილიყვნენ. ძალაუნებურად ისიც ზრუნავდა მათზე და მათი კარგი გაუხარდებოდა, ცუდი კი გულს ატკენდა.

_ მარკო, უშნოდ ნუ ხტიხარ! _ დავუცაცხანე, _ ჯერ ჩამოვიდეს ის კაცი, ვნახოთ, ვინაა, რა ზნისაა, რა უნდა. ჯერ გავიცნოთ და მერე ვილაპარაკოთ.

_ ჰოდა, თქვენ ელაპარაკეთ, მე _ პას! _ ხელი აიქნია გაჯავრებულმა და კარი ზანზალაკების წკარუნში გაიჯახუნა…

ჩვენ შეფიქრიანებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ახლა უკვე ვერაფერს შევცვლიდით. ისღა დაგვრჩენოდა, სებასტიანის ჩამოსვლას დავლოდებოდით…

 

მარტი გამაოგნებელი ამბებით დაიწყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც. მაგრამ ჯერ ჩემს ამბავს მოგიყვებით. 3 მარტი იყო, დედების დღე და დილიდან ატყდა რეკვა, ხან ვინ მილოცავდა და ხან ვინ. მილოცვაზე უფრო არაფერი მეჯავრება ამქვეყნად. არა, კი არ მეჯავრება, მეზარება. ყოველთვის ერთი ტექსტის გამეორება რომ გიწევს, გისურვებ ამას და ამას, იყავი ასე და ასე… ადრე მეც არავის ვივიწყებდი, ახალი წლის დადგომისთანავე ჩამოვურეკავდი ხოლმე ყველა ჩემიანს და ვიყავი ერთ ამბავში. ახლა კი, რაც ასაკი მომემატა, უფრო და უფრო მეზარება, ვინმეს დღესასწაული მივულოცო, განსაკუთრებით დაბადების დღეები. ისე ხდება, რომ საუკეთესო მეგობრების იუბილეებიც კი მავიწყდება. არ ვიცი, რა ჭირი მეტაკა, ეს ალბათ, როგორც რუსები იტყვიან, `სტარჩესკი მარაზმის~ ბრალია. არადა, მე რომ დაბადების დღეს მილოცავენ, მსიამოვნებს და საჩუქრებზეც გულში სითბო მეღვრება. ვინმეს თუ არ გავახსენდი, ვფიქრობ, ნეტავ რატომ დაავიწყდა-მეთქი, თუმცა არ მწყინს… იქნებ მწყინს კიდევაც? ან შეიძლება, გული მწყდება, რაც, ჩემი აზრით,  წყენის ტოლფასია. რა გასაკვირია, რომ სხვებიც ჩემსავით ფიქრობდნენ? ასე რომ, შეიძლება სხვა დღესასწაულებზე არ გაამახვილოთ ყურადღება, მაგრამ ერთმანეთის დაბადების დღეები არ დაივიწყოთ, ადამიანებო!

ჰოდა, იმას ვამბობდი, 3 მარტი იყო-მეთქი. სამსახურში მთელი დღე ვარჩევდი ტანსაცმელს, რომ ელისისა და ემილისთვის მეჩუქებინა. ენი ჯერ არ იყო დედა, მაგრამ ვერც მას გამოვტოვებდი. არც ბავშვების უყურადღებოდ დატოვება შეიძლებოდა. საღამოსკენ უკვე შერჩეული მქონდა სათითაოდ ყველასთვის თითო ხელი ბლუზა იყო, პერანგი თუ შარვალი. მერე იქვე, ბუტიკში გადავედი და ბავშვებს საგაზაფხულო ფეხსაცმელები ვუყიდე, ეს ახლა ყველაზე უფრო სჭირდებოდათ. ძალიან კი დავიღალე მთელი დღე, ჩემს ატელიეში მისვლა-მოსვლა არ შეწყვეტილა, უამრავი მყიდველი ირეოდა, ყველა რაღაცას არჩევდა საჩუქრად და მიხაროდა, რადგან ასეთ დღეებში კარგად ვვაჭრობდით.

ის იყო, უკვე ვკეტავდი და წამოსვლას ვაპირებდი, რომ კარი გაიღო და დაგვიანებული კლიენტი გამოჩნდა. მის დანახვაზე სახტად დავრჩი _ ჰოლში ვასკა იდგა უზარმაზარი თაიგულით ხელში. ყველაფერს მოველოდი, მისი გამოჩენის გარდა. რამ მოაფიქრა აქ მოსვლა და ამხელა ბუკეტის მოტანა? სიყვარულის ახსნას ხომ არ მიპირებს ნეტავ? _ ეს იყო ერთადერთი, რამაც თავში გამიელვა.

თუმცა, არ დავბნეულვარ და არც ჩემი გაოცების დამალვა მიცდია.

_ ვასიკო, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? _ ჩემი ღიმილის თერაპია მოვიშველიე და გამბურღავად შევცინე.

_ ეჰ, ჩემი ქარი, კარლა, მხოლოდ თქვენკენ მოქრის ხოლმე და მეც მორჩილად მოვყვები მის ქროლას… ეს თქვენ… გილოცავთ დედის დღეს, ბედნიერ დედობას გისურვებთ. _ ამ სიტყვებით თაიგული თვალებზე ამაფარა.

_ დიდი მადლობა, გაიხარე, ჩემო კარგო, რატომ შეწუხდი? _ გულში კი გავიფიქრე, ეს ყვავილები შენი ყოფილი ცოლისთვის გაგეგზავნა, უფრო მადლიერი დაგრჩებოდა-მეთქი.

_ გიკვირთ ალბათ, როგორ მომაგნოო, არა?

_ არა, არ მიკვირს, ჩემი მისამართის გაგება ძნელი რომ არ არის, ისედაც ვიცი.

_ მართალი ხართ. ძაღლმა და მამაძაღლმა იცის თქვენი მაღაზიის სახელწოდება, _ დამეთანხმა ოდნავ შეცბუნებული. ალბათ ასეთ ოფიციალურ ტონს არ ელოდა ჩემგან.

მისი დაუფიქრებელი ნათქვამი საერთოდ არ მაღიზიანებდა. არც ის, რომ ჩემს კლიენტებს `ძაღლი და მამაძაღლი~ უწოდა და არც ის, რომ ჩემი ატელიე `მაღაზიად~ მოიხსენია. აბა, ბუტიკი და ატელიე საიდან უნდა სცოდნოდა? რომელი მოდით გატაცებული ის იყო? პირიქით, იმდენად ვაჟკაცური ტიპი გახლდათ, რომ ეს გლუხურ-`მუჟიკური~ წამოძახილები შვენოდა კიდევაც.

_ ის კი არ მიკვირს, აქ როგორ მოხვდი, არამედ ის, რატომ მოხვდი, _ ჩავუნართაულე და ამჯერად მოჭუტული თვალებით გავუღიმე.

_ ოოო, აი, ეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ და იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ დაგიმარტოხელეთ. მითხარით, ხომ ვართ კარგი მეზობლები?

_ რა თქმა უნდა, ვართ.

_ კარგი მეგობრები? _ ალმაცერად მომაპყრო ეშმაკური მზერა.

_ ნუუ, კარგი მეგობრობისა რა გითხრა, ჩემო ვასკა, სულ `თქვენობით~ მომმართავ და ეგ მეგობრობაზე მგონი, დიდად არ უნდა მიანიშნებდეს. არ ვარ მართალი?

_ მდაა… იცი რა, კარლა, _ უცებ გადაახტა იმ ბარიერს, რომელიც  ჩემთან აშორებდა და უფრო შეთამამებულმა გააგრძელა, _ გგონია, არ ვგრძნობ იმ დისტანციას, რაც შენთან მოახლოების საშუალებას არ მაძლევს? ვგრძნობ… გაცნობის დღიდანვე. ამიტომ რაღაცნაირად ვიბოჭები, შენთან საუბარს რომ ვიწყებ. ახლა სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს რესტორანში გეპატიჟები. წინასწარვე გაფრთხილებ, რომ ეს წმინდა მეგობრული ჟესტია და არანაირი ქვენა გრძნობა ამაში არ იმალება. უბრალოდ, მინდა ჩემს სამყაროში ჩაგახედო და გამიცნო ისეთი, როგორიც ვარ. მარტო ჩვენ ვიქნებით, არ იფიქრო, რომ ჩემს მეგობრებს დაგახვევ თავზე და, როგორც ხდება ხოლმე სუფრასთან, გასმენინო, როგორ მაქებენ და მადიდებენ ისინი. ეს არაფერში მჭირდება. რაც ვარ, ეს ვარ _ არც ვინმეზე უკეთესი და არც უარესი, ოქროს შუალედი მიჭირავს. გარდა ამისა, ჩემი საფირმო კერძი უნდა დაგაგემოვნებინო. იმედია, მოგეწონება. მაგნაირს საქართველოს არც ერთ რესტორანში არ ამზადებენ.

ისე მომიდგა, უარის თქმა არ გამოდიოდა, მაგრამ სახლშიც რომ მიმეჩქარებოდა? მცირეოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, სახლში შემევლო, საჩუქრები დამეტოვებინა და ტანთ გამომეცვალა, რათა სარესტორნო ფორმაში ვყოფილიყავი. ვასკა სიხარულით დამთანხმდა, მანქანასაც დატოვებ და ჩემი მანქანით წაგიყვან და წამოგიყვანო.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბავშვებისთვის როგორი სათქმელი იყო, რესტორანში ვასკასთან ერთად მივდივარ-მეთქი? ამას ერთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. რას ვიზამდი, ბედს უნდა შევგუებოდი…

შინ ენისა და სოფის გარდა არავინ დამხვდა. გაბიც სადღაც გამძვრალიყო, გოგონებს კი სამსახურში ქეიფი გაემართათ. ენი შემეცოდა, მარტო რომ უწევდა ყოფნა, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. ამაზე არც თვითონ წუხდა, წამოწოლილიყო დივანზე და სოფის ტომ სოიერს უკითხავდა.

გაკვრით ვუთხარი, საღამოზე ვარ დაპატიჟებული და რომ არ წავიდე, არ გამოდის-მეთქი, ტანსაცმელი გამოვიცვალე, მაკიაჟი შევისწორე და გავედი. არ მითქვამს, ვასკასთან ერთად რომ მივდიოდი, რატომღაც, მეუხერხულა…

 

ისეთი ლამაზი ფასადი ჰქონდა ვასკას რესტორანს, თვალი ზედ დამრჩა. ჩემი ოცნების სახლს წააგავდა რაღაცით _ ერთსართულიანი, რამდენიმე კიბით ასასვლელი, წინ მთლიანად შემინული, შეჭრილი გვერდებით და კრამიტის სახურავით. ოჰ, ასეთ სახლზე ვოცნებობდი.

როგორც კი დარბაზში შევედით, მომსახურე პერსონალი მაშინვე გარს შემოეხვია თავის შეფმზარეულს, თან თვალს ჩემკენ აპარებდნენ, ნეტავ რა აკავშირებს ამ ქალთანო. მათი გამოპარებული მზერა აშკარად მოწმობდა, რომ საყოველთაო მოწონება დავიმსახურე, რამაც სიამოვნება მომგვარა. ჩემი ოქროსფერი კაბა ისე ბრწყინავდა ყვითელი სინათლეების ფონზე, აშკარად ღამის დედოფალს ვგავდი, რასაც არათუ სხვები, მეც ვხვდებოდი.

ვასკამ კუთხის მაგიდისკენ მიმითითა, იქ დავსხდეთ, სიმყუდროვეა და ხელსაც არავინ შეგვიშლისო. სიხალვათე იყო-მეთქი, ვერ ვიტყოდი, რესტორნის დარბაზი თითქმის შევსებულიყო. ძალზე ბევრნი იყვნენ უაზროდ მოყაყანენი და ძალზე ცოტანი ჩუმად მოსაუბრენი. ჰაერში ბლუზის ჰანგები იფრქვეოდა, რაც უფრო ინტიმურს ხდიდა ატმოსფეროს.

მოგვაყარეს და მოგვაყარეს კერძები, ცხელი თუ ცივი, მშრალი თუ წვნიანი, პირველი თუ მეორე…

_ შენი არ ვიცი, მაგრამ მე საერთოდ ყველაფერი ცხელი მიყვარს, _ დაიწყო ვასკამ, როცა სუფრა გაივსო, _ ჩემს ცნობიერებაში ცხელი განსაკუთრებულ აღგზნებას იწვევს. ნებისმიერი რამ, ცხელი ყავა, ცხელი აბაზანა, ცხელი ზაფხული, ცხელი ხაჭაპური, ცხელი ქალი, ცხელი სასმელიც კი. აი, ამიტომაც ეს გროგი დააგემოვნე. _ ამ სიტყვებიც ორთქლადენილი სასმელი ბოკალში ჩამოასხა.

_ ცხელი ქალი, ცხელი ღვინო… ცხელ დუდუკზე რას იტყვი? _ გავიხუმრე.

ჩაიღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს. თავიდან თითქოს ვერ აეწყო საუბარი, ისიც დაძაბული იყო და მეც. გროგის მერე ოფიციანტი გოგონა მოიხმო და უთხრა:

_ კეთილშობილი ქაფი, მარიამ, მე რომ მიყვარს ის…

_ არა, ვასკა, არ გინდა, _ ჩავერიე, _ შამპანურს არ ვსვამ.

_ ის, რაც ახლა უნდა მოიტანოს მარიამმა, სულ სხვა რამეა, ჩვენებური არ გეგონოს.

დავნებდი. ოფიციანტმა წამებში შეასრულა შეფის ბრძანება და მაგიდაზე უცნაური ფორმის ბოთლი შემოდგა ფრანგული ეტიკეტით. გული ამიჩქროლდა. ყველაფერი ფრანგული ჩემში ყოველთვის მღელვარე განცდას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ სასმელს დიდად არ ვეძალებოდი.

რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ვასკა შეხურდა და დაძაბულობაც მოეხსნა, გაიხსნა, გათამამდა, ხმასაც კი აუწია.

_ დავგრადუსდი, _ თითქოს დარცხვენით თქვა.

_ ხანდახან დაგრადუსებაც საჭიროა, _ გავამხნევე.

_ ოღონდ არ ვიცი, ამან უფრო დამათრო (ბოთლს თითები მიუკაკუნა) თუ ამან ( ჩემს თმას მსუბუქად გაჰკრა ხელი).

თავი ინსტინქტურად უკან გადავწიე.

_ ესტროგენები მოგეძალა? _ ირონიულად გავხედე.

_ ისეთი ფლუიდები მოდის შენგან, სხვანაირად შეუძლებელია, _ მომიგო და ჩემს ირონიულ მზერას ანტიირონიული დაუხვედრა.

ჩვენი მზერები თითქოს მიეხალა ერთმანეთს. წყენის დამორჩილება შევძელი… ცრემლებისაც…

_ ისე, მინდა იცოდე, რომ მე ცუდი გოგო ვარ! _ ხმა გავიმკაცრე.

_ მეეჭვება.

`ნუ გეეჭვება~, _ გულში გავეპასუხე და ეს პასუხი ცბიერი ღიმილით მივაწოდე, მერე კი ხმამაღლა დავამატე:

_ უნდა დაიჯერო. _ ირიბად წამომართულ კლდეს დავემსგავსე, რომელზე ასვლაც შეუძლებელია.

_ სხვათა შორის, მეც ცუდი ბიჭი ვარ, რაც ამწუთას კიდევაც დავამტკიცე შენი თმის შეხებით, ასე რომ, მგონი, ერთმანეთს გავუგებთ, კარლა.

_ პირიქით, ვასიკო. მინუსი და მინუსი ერთმანეთს არასდროს მიიზიდავს, _ უკვე ისე ვიყავი განხიბლული, რაც უფრო ცდილობდა ჩემს შებმას, მით უფრო შორს ვიჭერდი თავს.

_ ვცადოთ, ცდა ხომ ბედის მონახევრეა, _ დანებებას არ აპირებდა.

_ ამასთან, მე უკვე ვბერდები.

_ ჰოდა, ერთად დავბერდეთ. გყვარებია ოდესმე ვინმე?

მცირე პაუზის შემდეგ ვუპასუხე:

_ მყვარებია, მაგრამ… მაშინ ახალგაზრდა და შტერი ვიყავი. ახლა კი ბებერი ვარ, მაგრამ მაინც შტერი… ამიტომ შტერულ შეკითხვას ვსვამ: ხომ იცი, რომ შენზე უფროსი ვარ?

_ მერე რა? ორი-სამი წელი არაფერია. ამასთან, შენ ჩემზე ახალგაზრდულად გამოიყურები. ასე რომ, შემოგვხედავენ და ჩვენზე იტყვიან, არაჩვეულებრივი წყვილიაო. დამიჯერებ, რომ გითხრა, დაგინახე თუ არა, მას მერე შენზე ვფიქრობ, სიზმრადაც ხშირად გხედავ.

ამაზე გამეცინა, იმიტომ, რომ მეც ბევრჯერ დამსიზმრებია, ეროტიკული სიზმარიც კი მინახავს მასზე და ზუსტად ვიცოდი, მასთან როგორი სექსი მექნებოდა. მაგრამ ამაზე კრინტს როგორ დავძრავდი?

_ ვასკა, არ მითხრა, რომ ეს შენი ყველაზე დიდი სიყვარულია, რომ რაც უფრო ემატება ადამიანს ასაკი, მით უფრო ძლიერად უყვარდება.

ვასკამ ღრმად ამოხვნეშა, გაჩუმდა და ასპარეზი დუმილს დაუთმო, რომელმაც კარგა გვარიანად გაიჯეჯილა. მეც ვერ ამოვიღე ხმა, არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა. ისევ თვითონ უშველა დაძაბულობას:

_ საქმე სიყვარულის სიდიდე როდია. ეს გრძნობაა, რომელიც მხოლოდ სიღრმით იზომება და არა სიდიდით, _ დახშული ხმით ამოთქვა, მერე თავი ასწია, თვალი თვალში გამიყარა და შემეკითხა, _ არ გინდა, ვინმე შეიყვარო?

_ უფრო არა, ვიდრე კი, _ მოკლე პასუხი გავეცი, მაგრამ არა დაკონკრეტებული.

მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი, ტუჩებზე რომ ჰქონდა მიფარებული, მოულოდნელად ჩამოიღო და ჩემი მარჯვენა ხელის ზურგზე მიმოატარა. როცა მისი თითის მოძრაობას დავაკვირდი, მივხვდი, რომ გული დახატა. მის შეხებაზე გული რაღაცნაირად ამიხმიანდა, შინაგანმა ხმამ კი უმოწყალოდ ამიწია ყური, ცდუნებას არ აჰყვეო.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ნული მთელი ერთი პროცენტი მაინც მრჩება შანსი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ, ასე არაა?

თავი გავაქნიე და გაუღიზიანებელი ტონით ამოვთქვი:

_ ჩემი შებმა იგივეა, ზღვაში ტალღის დაჭერა სცადო… შენ ხომ შემპირდი, რომ ეს მხოლოდ მეგობრული საღამო იქნებოდა, რატომ იქცევი ასე? რისთვის მომიყვანე აქ, უსიამოვნო თუ სასიამოვნო საღამოს მოსაწყობად? _ ეს ვთქვი და წამოდგომა დავაპირე.

_ არა! ოღონდ ეგ არა! ძალიან გთხოვ, კარლა, ახლა რომ წახვიდე, ჩემს თავს ამას ვერასდროს ვაპატიებ. მორჩა, მეტს აღარაფერს ვიტყვი. თუ მეგობრული საღამოა, ჯანდაბას, მეგობრული იყოს. უბრალოდ, მინდოდა, გცოდნოდა, რომ როცა შენ გხედავ, ნეტარებით ვიტანჯები. სულ ეს იყო.

_ მე კი ტანჯვით ვნეტარებ, როცა შენ გისმენ. პირობა მომეცი, რომ ამ საკითხს მეტად აღარ დაუბრუნდები.

_ გაძლევ შეფმზარეულის გემოვნებიან სიტყვას! _ წამოხტა, გაიჭიმა და მხედრული სალამი მომცა.

ამაზე გულიანად გამეცინა. ის კი დაჯდა და რაღაცნაირი ტკბილი ხმით წაიდუდუნა: _ `ჩემო გულო, გასკდი გულზე, დაგამარცხე მეცხრე წუთზე~, შემოსძახა გონებამ და გულს აკოცა წითელ შუბლზე~. _ აი, ასეთ ლექსებს ვწერ ხანდახან ექსპრომტად.

_ მართლა ამწუთას მოიფიქრე? _ გავოცდი.

_ ჰო, ასე ვიცი ხოლმე. ეგ არაფერი… ახლა დრო მოვიდა, ჩემი საფირმო კერძი დაგაგემოვნებინო.

კვლავ მოიხმო მარიამი და ყურში რაღაც უჩურჩულა. გოგონა ღიმილით გაგვშორდა, ცოტა ხნით შემდეგ კი თეფშით ცხელი კერძი შემოიტანა.

_ როცა ახალი კერძის შექმნას ვიწყებ, სამზარეულოში წარმოუდგენელი რამ ხდება. როგორც კი ჩემს გონებაში კერძის ვერსია ჩნდება, მისი კონტურები, ფეთქებადსაშიში სიტუაცია იქმნება. ძალიან ემოციური ვარ… მიდი, დააგემოვნე, _ ამ სიტყვებით კერძი თეფშზე ბლომად გადმომიღო. _ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, მზარეულობა იმდენად ჩემი საქმიანობა იყო. წლების განმავლობაში ვიყავი ქვეყნიდან წასული და ნოსტალგიური განწყობა, ტკივილი ჩემი განუყრელი გრძნობა იყო. ყველაფერი მენატრებოდა _ მეგობრების წრე, ცეკვა, სიმღერა, გასტრონომია… მე ის ვარ, ვინც თავად პროფესიამ „აირჩია“, რადგან ძალიან კარგი მხედველობითი მეხსიერება და გემოს რეცეპტორები მაქვს. ეს პროფესია სხვა მგრძნობელობას უკავშირდება, რომელიც ბევრ ადამიანს არა აქვს. შეიძლება ბევრი ჩემზე უკეთესი მზარეულიცაა, მაგრამ არა აქვთ განსაკუთრებული მგრძნობელობა. ეს თანდაყოლილი უნარია, რომელსაც გამოცდილება ამყარებს. იგი ძირითადად უკავშირდება გემოს რეცეპტორებს, ენის წვერს, მხედველობასა და ყნოსვას. გემოს რეცეპტორები აპარატის მეხსიერებაა, რომელიც გემოს ან დადებითად აღიქვამს, ან უარყოფითად. დიდი ხნის წინ დავიწყე გემოების მოძებნა და შესწავლა.  იცი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? ადამიანი აგემოვნებს სხვადასხვა არომატს, აქედან რაღაცას იმახსოვრებს და რაღაც იშლება მეხსიერებიდან. ადამიანის მეხსიერება პატარ-პატარა, უამრავი სათავსისგან შედგება და ყველა შთაბეჭდილებას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. როცა კერძს აგემოვნებ, მეხსიერების სათავსებიდან ერთმანეთს ეჯახება ის გემოები და არომატები, რომელიც ათვისებული გაქვს. წინ ის არომატებია, რომელიც მოგეწონა, უკან ის, რაც არ მოგეწონა. გასტრონომიული კულტურა სხვა ფილოსოფიაა და სულაც არ უკავშირდება ადამიანის ქცევის კულტურას, ისევე როგორც გემრიელად ჭამის სიყვარული არ ნიშნავს გურმანობას. ამ კულტურაში იგულისხმება ცხოვრების წესი, მაგალითად, კვირაში ორჯერ მაინც კარგ რესტორანში წასვლას და კერძების დაგემოვნებას, კერძების დაბალანსებულ შერჩევასაც, ეს იქნება ხორცეული, თევზეული თუ ვეგანური სამზარეულო. მაგალითად, როცა რესტორანში მოხვდები ქალთან, კერძი ზომიერად შერჩეული უნდა იყოს, გარკვეული წონასწორობის დაცვით, რომ ზედმეტად არ დაგანაყროს, რაც დისკომფორტს შეგიქმნის. ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არ არის მსგავსი კონცეფციის რესტორნისთვის. ეს ჩუმი რევოლუციაა, რომელიც მე წამოვიწყე… მოგეწონა?

_ უგემრიელესია, _ ვუპასუხე პირგამოტენილმა, რადგან მართლაც საოცრებას მივირთმევდი. ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი გამესინჯა. კიდევ უფრო მეტად გამაოცა მისმა მსჯელობამ. მთლად გლეხი მეგონა და საოცრად განათლებული ადამიანი კი შემრჩა ხელთ, რომელიც წარამარ იცვლებოდა. იმდენად განსხვავებული იყო, გეგონებოდა, ამწუთას ატმოსფეროში კი არ ცხოვრობს, სტრატოსფეროდანაა ჩამოფრენილიო…

ამის შემდეგ საღამო უჩვეულოდ სასიამოვნოდ წარიმართა. ბოლოს ვიცეკვეთ კიდეც. ისე მსუბუქად ტრიალებდა ჩემთან ერთად, თითქოს სცენაზეა გაზრდილიო… რაღაც მომენტში მძლავრად ჩამბღუჯა, მკერდზე მიმიხუტა, ჩემი სურნელი შეიყნოსა და მუსიკის გრიალში ხმამაღლა მიყვირა:

_ ტოსტესტერონის მძაფრი სუნი მცემს. რატომ აღიზიანებ ასე მამაკაცებს? _ რამაც, უნდა ვაღიარო, რომ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.

შინ გვიან დავბრუნდით. სადარბაზოში, სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებოდით, სრულიად მოულოდნელად დამეძგერა და ისეთი მგზნებარებით მაკოცა ტუჩებში, სუნთქვა შემეკრა… მერე კი ყურში ჩამჩურჩულა: `მინდა იცოდე, რომ ქალის გემოც კარგად ვიცი. შენ კი დაიმახსოვრე, რომ სიყვარულის მთავარი ინგრედიენტი სექსია. ამიტომ, მოემზადე!~

თუმცა, იმ ღამეს, ძილის წინ, ამ საღამოზე რომ ვფიქრობდი, შიშმა ამიტანა _ მასთან ურთიერთობის გაგრძელება არ მსურდა. რომ წარმოვიდგენდი, ამ საღამოს პაემანთა გრძელი რიგი უნდა მოჰყოლოდა, უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა _ რა დროს ჩემი `კექსის ჭამა~ იყო, ამის სურვილი უკვე დამკარგვოდა. ხოლო ის, რაც შემრჩენოდა, თავისუფლება იყო, უკაცო ქალის თავისუფლება, რომელსაც ვერაფრით ვერ შეველეოდი…

თუმცა, ჩემთვის უსიამოვნო ეს სიტუაცია არაფერი იყო იმასთან შედარებით, რომელიც ემილის მოელოდა და ემილისთან ერთად _ თითოეულ ჩვენგანს, რადგან ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც გათავისებული გვქონდა. ემილის გასაჭირი კი სებასტიანის სტუმრობას უკავშირდებოდა, რომელმაც ჩამოსვლით კი გვასიამოვნა, მაგრამ თავისი წინადადებით თავზარი დაგვცა…

 

სამი მარტიდან აგერ ოთხი დღე გავიდა და ვასიკოს არც დაურეკავს ჩემთვის, არც შემომხმიანებია. ჩემთვის გასაგები იყო, ასე რატომაც იქცეოდა. სურდა, გამოეცნო, რა რეაქცია მექნებოდა მის დუმილზე. ჰა-ჰა! მაგას ვჭამდი? სულაც არ მენაღვლებოდა, თავს შემახსენებდა თუ არა. ვიცოდი, რაც მითხრა, გულწრფელად მითხრა და არსად დაიკარგებოდა, ხოლო ყალბი სწორედ ეს მანევრი იყო, _ `ვითომ არაფერი~ რომ ერქვა. არადა, იმ დღის შემდეგ ორჯერ უკვე მესიზმრა. არა და არ გავიდა ეს კაცი ჩემი სიზმრების სამფლობელოდან. ამჯერად ეროტიკულის მსგავსი არაფერი დამსიზმრებია. ერთხელ იყო, ვიჩხუბეთ ვითომ, მეორეჯერ კი ზედაც არ შემომხედა. სწორედ ჩემი სიზმრიდან გამომდინარე ვასკვნიდი, რომ ჩემ იქით გზა არ ჰქონდა, რომ ისვენებდა თუ მუშაობდა, ჩემზე ფიქრით გულს იმძიმებდა. როცა რამე მესიზმრება, ყოველთვის საპირისპიროდ უნდა ამიხდეს _ თუ ძილში ვტირი, ცხადში სიხარული მელის, თუ ფულს ვკარგავ, პირიქით, საიდანღაც, სულ რომ არ ველი, ფული შემომივა და ა.შ. ასე რომ, ველოდებოდი, სანამ გაძლებდა თავისი მყარი დუმილით.

ამასობაში სებასტიანის ჩამოსვლის დღე დადგა _ რვა მარტიც გათენდა. ვერ ვიტყვი, რომ სპეციალურად დაამთხვია ამ დღეს, რადგან ქალთა ამ დღესასწაულს, მსოფლიოში დიდი რეზონანსი ალბათ საუკუნე იქნება, აღარ გამოუწვევია.

შვიდში, საღამოს, სამსახურიდან ცოტა გვიან მომიწია დაბრუნებამ და გავოცდი, როცა შინ მხოლოდ ენი და სოფი დამხვდნენ. ელისი და ემილი რომ მოვიკითხე, ენიმ მითხრა, მარკომ აუზზე წაიყვანაო. გავბრაზდი, რა დროს აუზი იყო, როცა ხვალ პარიზიდან საპატიო სტუმარს ველოდებოდით? ცანცარა გოგოები! მოვიდნენ ერთი, მაგათ ვუჩვენებ სეირს! გაბიზეც დავიბოღმე, ეს ბავშვი ბოლო დროს რაღაც უცნაურად იქცეოდა. შინ თუ იყო, უცებ რაღაცას მოიმიზეზებდა და გარეთ გავარდებოდა, ხოლო სკოლაში როცა იყო, გამუდმებით აგვიანებდა დაბრუნებას, თითქმის ყოველდღე.

ტელეფონი მოვიმარჯვე და სათითაოდ დავიწყე დარეკვა გაბისთან, ემილისთან, მარკოსთან, ელისთან. შენც არ მომიკვდე! დიდები ალბათ წყალში იყვნენ და გასაგებია, რომ ზარზე არ მიპასუხებდნენ, მაგრამ გაბი? ამ შეღამებულზე რომ შინ არ იყო რვა წლის ბიჭი, ვითომ კარგი ამბავი უნდა ყოფილიყო?

ასე ცხელ გულზე შევუდექი ვახშმის მომზადებას. მართალია, ენის კარტოფილიანი ღვეზელები დაეცხო, მაგრამ ცურვიდან დაბრუნებული ნაგიჟრები რომ მოვიდოდნენ, ღვეზელი ეყოფოდათ? მით უფრო ჩემს შვილს, მეტსახელად `კიშკა~ რომ შეარქვეს სამსახურში.

ისედაც აღრენილი ვიყავი და ჯესის ყეფა უარესად მშლიდა ნერვებზე. ერთი-ორჯერ ისეთი ვუყვირე, საწყალი ლეკვი წკმუტუნით გავიდა ენის ოთახში.

ბიჭის ამბავი მანერვიულებდა, ამიტომ ენის გავძახე, ჯესი სასეირნოდ გაიყვანეთ შენ და სოფიმ და იქნებ გაბის მოჰკრათ სადმე თვალი, ყურებაწეული მოათრიეთ სახლში-მეთქი. იმწუთშივე ჩაიცვეს და გავიდნენ. მარტი კი იყო, მაგრამ ისეთი სუსხიანი ამინდი დაიჭირა, ყოველ გარეთ გასვლაზე ცხვირი მეყინებოდა.

სოფიმ და ჯესიმ ხმაურით აიკლეს მთელი სახლი, სანამ ეზოში გავიდოდნენ. ნერვები დამაწყდა, მაგრამ წავიდნენ თუ არა, ისეთი სიწყნარე დასადგურდა სამზარეულოში, რომ გულზე მომეშვა. ნეტავ ეს ძაღლი მაინც არ გვყოლოდა, გულს მიწვრილებდა მისი მჭახე ყეფა. არადა, მიყვარს ცხოველები. ყველაზე მეტს მგონი, მაინც მე ვეფერები ამ კანდაჭმუჭნილ მაიმუნს. ძალიან საყვარელი და საოცრად თბილია. ისე იცის ჩახუტება, თითქოს ადამიანი იყოს. თუ გაუბრაზდები, მაშინვე წკმუტუნს დაიწყებს და თავს დახრის, ხვდება, რომ რაღაცაში დამნაშავეა და თითქოს ბოდიშს იხდის.

სულ რაღაც წუთები იყო გასული, რაც ენი და სოფი სასეირნოდ გავისტუმრე, რომ ზანზალაკები აწკარუნდა. ვიფიქრე, გაბი მოვიდა-მეთქი, მაგრამ მარკოს ღიღინი ვიცანი და შესაგებებლად გავედი სუფრის კოვზით ხელში, ტომატით რომ იყო მოთხვრილი.

_ სად ბრძანდებოდით თქვენო სრულყოფილებავ? _ ემილის მისამართით ვიკითხე, რადგან ხვალინდელ დღეზე ყველაზე უფრო ის იყო პასუხიმგებელი, მაგრამ წინადადების დამთავრებაც ვერ მოვასწარი, რომ გავშრი. ჩემი გოგონები ვერ ვიცანი. სახე ორივეს გაჰფითრებოდა, ადამიანის ფერი არ ედოთ.

_ გიყურებთ და უცხოები მგონიხართ, რა გჭირთ?

_ ვერ იცანი, დე, ხომ? _ ჩაიცინა მარკომ, _ ჰოდა, გაიცანი, ესენი ჩემი თევზები არიან. _ ეს უკვე ირონიულად დააყოლა.

კითხვა ამჯერად მხოლოდ მზერით გავახმოვანე, სიტყვა არ დამიძრავს.

_ ვაიმე, კარლა, რა ჭირად წავედით იმ აუზზე, სულ მარკოს ბრალია, აიჩემა, სებასტიანი არა ტოროლა, წავიდეთ, ვირელაქსაციოთო და… _ ელისი გაჩუმდა.

_ და? _ სარკასტული ტონით გავიმეორე.

_ კინაღამ დაიხრჩო ეს ქათამი წყალში. _ და ემილის გადახედა.

_ აააჰჰჰჰ! _ აღმომხდა და ელდანაცემმა ორივე ხელი თავზე შემოვიდე, ჩემი ტომატიანი კოვზი სულ არ გამხსენებია. როგორც ჩანს, თმა ტომატით მოვითხვარე, რადგან ორივეც გაეცინა.

მარკო სამზარეულოში გამძვრალიყო, იქიდან ისმოდა მისი სტვენის ხმა.

_ რამდენჯერ გითხარი, სახლში ნუ უსტვენ-მეთქი! _ ისეთი ხმით ვიკივლე, მე თვითონ გამიკვირდა.

მარკომ თავი გამოყო კარს იქიდან და სრულიად მშვიდად მიპასუხა:

_ მართალია, სტვენა არ შეიძლება, თორემ გავღარიბდებით… დე, ნუ წივი, ხო? ისედაც საშინელი დღე მქონდა და კიდევ ისა… მშია რა, დროზე გაშალე სუფრა, კაი?

_ სუფრას მოგცემთ მე თქვენ! დაწანწალებთ აქ უპატრონო ბავშვებივით. მომიყევი ახლა, რა მოხდა, გასკდა გული! _ ელისს თვალები დავუბრიალე, ტომატიანი კოვზი მარცხენა ხელში გადავიტანე, მარჯვენა კი თმაზე გადავივსი ტომატის მოსაშორებლად.

_ რა მოგიყვე, აბა? ამან ხომ ცურვა არ იცის და თოკზე ეკიდა სულ ხელი. მე ამოსული ვიყავი და ვიმშრალებდი. უცებ დავინახე, როგორ აფართხალდა და დაიწყო ჩაძირვა. ხან ამოყოფდა თავს, ხან ისევ წყალქვეშ მიექანებოდა. კივილი მოვრთე, მარკო, მარკო-მეთქი. ეს კიდევ სხვა ხაზზე დაცურავდა, მთლად ბოლოში. ვაიმეეე, აღარ მახსოვს, როდის მოცურდა მარკო, მარტო ყვირილი მესმოდა. აი, ახლაც ყურში მიდგას, ემილის რომ უყვიროდა, ხელი არ მახლო, ხელი არ მახლოო!

ემილის შევხედე ზარდაცემულმა. თვალები ცრემლით ავსებოდა.

_ ხოდა, ჩაავლო თმაში ხელი და გამოაცურა ჩემკენ. გადავრჩით, რა… მარკო რომ არ ყოფილიყო, დარხეული გვქონდა. ცოტა ხალხი იყო ისედაც, თანაც სულ ქალები. მარტო მარკო იყო კაცი.

_ და ვინმე არ იყო? ან ინსტრუქტორი ან სხვა…

_ წყალბურთელების მწვრთნელი იყო, მაგრამ ისინი მეორე დარბაზში, სხვ აუზში ვარჯიშობდნენ. სანამ მე გონს მოვიდოდი, იქ გავიდოდი და ვინმეს დავუძახებდი, გათავებული იყო ყველაფერი, დაიხრჩობოდა.

თავი გადავაქნიე.

_ სად მიდიოდი, შვილო, რომ მიდიოდი, ა? ცურვა არ იცი და რას ხტები მაგ წყალში, შინ ვერ დაეტიე? ან რა უზი აგიტყდა? არ იცით, ხვალ რა დღეა? რაღაცაში არ უნდა წამეხმაროთ? თუ ვალდებული ვარ, ყველაფერი მე ვაკეთო და ვამზადო? ის კაცი ჩემს სანახავად კი არ ჩამოდის! _ ჩამოვარაკრაკე და ბოღმისგანაც დავიცალე.

_ იმენნა! _ კვლავ გამოყო მარკომ თავი ღვეზლით გამოტენილი პირით, _ დიიიდი სებასტიანი მოდის და შენ რა ცურვა აგიტყდა, ჰა! უყურე ამას შენ!

მარკოს იმპროვიზაციაზე ყურადღება აღარ გავამახვილე და აქოთქოთებული ახლა ელისს ვეცი:

_ შენ კიდევ, ქალბატონო, რომ დატრაშუნობ აღმა-დაღმა, ერთხელ მაინც მოიკითხე დღეს, სადაა შენი შვილი?

ელისმა დაფეთებული მზერა მომაპყრო.

_ ჯერ არ მოსულა? _ ჩურჩულით იკითხა და მობილურს ეცა, რომ საათისთვის დაეხედა.

_ არ მობრძანებულა, ბატონო, და არც ტელეფონს პასუხობს. როგორი მშობლებიც ჰყავს, შვილიც ისეთია, რა უნდა უთხრა, აბა? _ ხელები გავშალე და `ახია შენზეს~ მზერით მივაჩერდი გამშრალ ელისს.

მაშინვე ტელეფონს ეცა, ამჯერად გაბისთან დასარეკად, მაგრამ ამაოდ. გაბი არა და არ გვაწვდენდა ხმას.

_ პოლიციაში ხომ არ დავრეკოთ? ენი სადაა? სოფი? ჯესი? _ და უცებ ღიმილმა გაუბადრა სახე, _ მატყუებ, ხო? ჯესის ასეირნებენ, არა?

_ არა, ქალბატონო! _ ნიშნის მოგებით მივუგე ზუსტად იმნაირი ტონით და ხმით, თვითონ როგორითაც მეკითხებოდა, _ ენი და სოფი მის მოსაძებნად გავგზავნე.

_ რა მოსაძებნად! _ მოულოდნელად აფეთქდა ელისი, _ ენი ორ ნაბიჯზე არ გასცდება კორპუსს და სად უნდა მოძებნოს? კაი რა, კარლა! _ აქეთ მომიტრიალდა საყვედურებით.

ოი, როგორ გავმწარდი. დოინჯი შემოვიყარე და დაუნდობლად შევდექი, მაგრამ რა შევდექი:

_ კაი რა კი არა, კეთილი ინებე და მიხედე შენს შვილს, მთლად ნუ აგირია გონება იმ შენმა მაქსმა და თავი სამყაროს ცენტრი ნუ გგონია! არავინ არაა ვალდებული, შენი დედობა შეითავსოს, გესმის? ცოტა გონს მოდი და საკუთარ თავს კონტროლი გაუწიე! მთლად აიშვი ბოლო დროს, აქაოდა, ქმარი აღარ მყავს და რასაც მინდა, იმას ვიზამო!

ელისი გაშრა. მისთვის ასეთი ბრალდებებით არასდროს მიმიმართავს, მაგრამ მეც ვეღარ მოვზომე. პასუხი არ გაუცია, ნაწყენი სახით ჰოლში გატრიალდა, გარეთ გავიდა და გასვლისას კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.

მისი გასვლა და გაბის ზარის შემოსვლა ერთი იყო _ ბავშვი ჩემთან რეკავდა. ლაპარაკისას ქოშინებდა, აქვე ვარ, კორპუსთან და ორ წუთში მანდ ვიქნებიო.

მერე რაც მოხდა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება… გაბის მწარედ მოხვდა დედამისისგან, მაგრამ სად იყო, მაინც ვერასგზით ვერ ვათქმევინეთ. მარკო რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ალბათ ცემაში შემოაკვებოდა დედამისს ბავშვი. ჩემმა შვილმა ბიჭს ხელი დაავლო და თავისთან წაიყვანა, კარისკენ მიმავალმა კი ელისს მწარედ ჩაუკრა, _ შენ ჯერ არ ხარ იმ ასაკში, დედა გერქვასო…

საღამომ მართლაც უსიამოვნოდ ჩაიარა…

 

სებასტიანს დიდი ზარ-ზეიმით დავხვდით აეროპორტში მე, ემილი და სოფი. ელისი არ წამოვიდა და არც გაბი გამოუშვა. ნაწყენი იყო ჩემზე და მებუტებოდა. თვითონ ხომ მოიშხამა გუნება და ბავშვსაც ჩაუმწარა სიხარული. გაბის ისე უნდოდა აეროპორტში წამოსვლა, სულ ცხარე ცრემლით იტირა. მარკო რომ ყოფილიყო, არ დაანებებდა ელისს, მაგრამ მარკო იმ დღეს საერთოდ გაგვერიდა _ სებასტიანის სახელის გაგონებაც არ უნდოდა.

ჩვენდა გასაკვირად, ფრანგი სასიძო მარტო როდი ჩამოვიდა, თან ვიღაც ქალი ახლდა, მასზე გაცილებით უფროსი, რაც ერთი შეხედვისთანავე აშკარა ჩანდა. ვიფიქრე, ალბათ დაა მისი ან დედა-მეთქი. იმანაც გამაოცა, რომ რეალურ ცხოვრებაში მამაკაცი გაცილებით უშნო იყო, ვიდრე ფოტოებზე _ დაჭორფლილი სახე და წითური თმა ღაჟღაჟა ლოყებთან ერთად ერთობ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ემილისაც შევატყვე, რომ განიხიბლა.

მაგრამ პირველი ელდა მაშინ მეცა, როცა თავისი თანამგზავრი გაგვაცნო _ ეს ჩემი მეუღლეა, ლორაო.

მეუღლეო! ლორაო! მგონი, გაოცებისგან ყბა მომეღრიცა. არც საწყალი ემილი ჩავარდნილა უკეთეს დღეში. ნეტავ რას მოეთრეოდა, ცოლიანი თუ იყო? ან ეს ბებერი რაღამ შეართვევინა? არადა, როგორი სიხარულით შევხვდი. ჭკუაზე არ ვიყავი, `მშობლიური~ ფრანგული რომ მესმოდა და მეც ფრანგულად მიწევდა ვიღაცასთან საუბარი.

როგორი სულელები ვართ ქალები, არა? ოცნების კოშკებს ვაგებდით, სანამ სებასტიანი ჩამობრწყინებას ინებებდა, ზღაპრული რაშით ხან პარიზის თავზე დავფრინავდით, ხანაც თბილისის აეროპორტს ვურტყამდით ირაოს საფრანგეთიდან უკან დაბრუნებულები. ოცნებაცაა და ოცნებაც! ჰა-ჰა-ჰა! ოინიც ამას ჰქვია. საინტერესოა, რისთვის ჩამოვიდა? ახლა უკვე სხვა ცნობისმოყვარეობა მკლავდა. მეორე ცოლად ხომ არ უპირებს დასმას? მერედა, ფრანგული კანონმდებლობით ეს რომ აკრძალულია? მეგობარ გოგონად სჭირდება? მაგრამ ჩვენ? ჩვენ არ გვეკითხება?

მე და ემილიმ წუხელ თავზე დავითენეთ, სანამ ნაირ-ნაირები მოვამზადეთ და დავაცხვეთ, თან იმაზე ვბჭობდით, სასტუმროში დაგვებინავებინა სტუმარი თუ ჩვენთან, სახლში. ბოლოს გადავწყვიტეთ, ჩვენთან დაგვეტოვებინა, ჩემს საძინებელში მოგვეთავსებინა, ემილი ბავშვიანად და ენი კი მარკოსთან გაათევდნენ ღამეს, ჩემთან მხოლოდ ელისი დარჩებოდა გაბისთან ერთად. ცოტა არ იყოს, გვეუხერხულა სებასტიანის სასტუმროში გაშვება. თუ სტუმართმოყვარეობაა, სტუმართმოყვარეობა იყოსო _ ასე ვმსჯელობდით.

ერთი სიტყვით, დანა პირს არ მიხსნიდა, ემილისაც კრიჭა ჰქონდა შეკრული. სებასტიანი მას ინგლისურად ელაპარაკებოდა, მერე მე ფრანგულად მომიბრუნდებოდა. პასუხის გაცემის სურვილიც კი დამეკარგა, მაგრამ რაღას გავაწყობდი? სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა, თუნდაც იმიტომ, რომ საჭესთან ვიჯექი და დიდი ალბათობა იყო, ცხელ გულზე ვინმეს დავჯახებოდი. სებასტიანი კი იჯდა ლორასა და ემილს შორის გაჭიმული, მუხლებზე სოფი ეჯდა და ისე ეფერებოდა, თითქოს მისი ღვიძლი შვილი ყოფილიყო.

ყველაზე მეტად მარკოს ჯავრი მქონდა. ამას რომ გაიგებდა, არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდა. ალბათ სულ ფრენა-ფრენით გადაისროდა ფანჯრიდან. კიდევ კარგი, პირველ სართულზე ვცხოვრობდით. თან მეცინებოდა, ამ სცენას რომ წარმოვიდგენდი, თან მეტირებოდა, ემილის ასე რომ გაუცრუვდა იმედი.

სახლში რომ შევედით, თვალებს არ დავუჯერე _ ელისს ისეთი ლამაზი სუფრა გაეშალა, თქვენი მოწონებული. გულში მესიამოვნა, რომ არ დაიზარა და ჩემზე დაბოღმილმა ზურგი არ გვაქცია. სამზარეულოში შევიყვანე და ჯერ მადლობა გადავუხადე, მერე კი ბოდიში მოვუხადე, წუხელ ზედმეტი მომივიდა, საჭიროზე მეტად გავცხარდი-მეთქი. თვითონც მომიბოდიშა, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მართალს მეუბნებოდი და გაბისთან მიმართებაში ბევრ რაღაცას ვაშავებო.

ასე რომ, კვლავ ტკბილი, შეკრული ოჯახის სტატუსით მივუსხედით სუფრას სტუმრებთან ერთად. ეს სებასტიანი სოფის წამითაც არ იშორებდა გვერდიდან, სუფრასთანაც კი მუხლებზე დაისვა და ისე შეუდგა ჭამას. მე საკმარისად ოფიციალური ტონით გამოვუცხადე, ჩვენთან ბავშვები უფროსებთან ერთად მაგიდასთან სადილად არ სხდებიან, ამიტომ გთხოვთ, სოფი ჩამოსვათ-მეთქი და ბავშვი, ასე ვთქვათ, ხელიდან ძლივს `გავაგდებინე~. უკვე ეჭვები მღრღნიდა. ამჯერად სხვა ვარაუდი ამომიტივტივდა გონებაში _ ნეტავ სოფის წართმევა ხომ არ განუზრახავს-მეთქი და ისე მოვიქოქე, როგორც მექანიკური სათამაშო მანქანის ზამბარა, ხელს რომ აუშვებ და ზრ-რრრ-ს ხმიანობით გავარდება წინ.

როგორც იყო, სადილი ჩავამთავრეთ და ბუხრის ოთახში გადავინაცვლეთ, ცეცხლი ავაგუზგუზეთ და სავარძლებში გადავნაწილდით. ორადგილინი სავარძელი, რაღა თქმა უნდა, სტუმრებს დავუთმეთ.

აღფრთოვანებული სებასტიანი ენას არ აჩერებდა _ რა გემოვნებითაა აქაურობა მოწყობილიო, ბუხარიო, ცეცხლიო, ყვავილებიო… ზამთრის ბაღი ჩვენც გვაქვს, მაგრამ ასეთი მრავალფეროვანი არ არისო. მერე ემილი ამოიჩემა, უფრო ლამაზია, ვიდრე სურათებზეო. იმდენი გაგიხმა თავი-მეთქი, გავიფიქრე, ჩემს გოგოებს ისეთი დაფოტოშოპებული სურათები ედოთ ცუკერბერგის სოციალურ ქსელში, ფრთებიღა აკლდათ, ანგელოზებად მოგჩვენებოდნენ, მაგრამ ცხოვრებაში კი არ იყვნენ ეგეთი ულამაზესები, თუმცა გარეგნობა მართლაც არც ერთს არ აკლდა. ვითომ ჯენტლმენობას იჩენდა ჩვენი ფრანგი ვაისასიძო. რახან გაუჩერებლად ყბედობდა და არსებითზე სიტყვის დაძვრას არ აპირებდა, ამომასხა, კვლავ ოფიციალური ტონი დავიჭირე და შევეკითხე, თქვენი ვიზიტის მიზეზი რა არის-მეთქი.

_ ოოო, მადმუაზელ! _ ხელები გაშალა და ისე გაიცინა, ჭორფლებიც კი აჰყვნენ, _ ჩვენ ძალიან კარგი წინადადება გვაქვს ემილისთან. მე და ლორა ცხრა წელია, ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ შვილები არ გვყავს. სამწუხაროდ, დავისაჯეთ, რას ვიზამთ. ლორა უშვილოა, საშვილოსნო ამოაჭრეს და ხელოვნური განაყოფიერებითაც კი ვერ გააჩენს ბავშვს. ემილი რომ გავიცანი, აღტაცებული დავრჩი. სოფი ისეთი დიდებულ ბავშვია… ისე მიყვარს, როგორც შვილი… მეც და ლორასაც…

_ და მერე? _ ისე ცივად გავაწყვეტინე, ნირი წაუხდა. ლორას გადახედა, რა ვქნაო, იმან კიდევ `თქვი შენი სათქმელი~ მზერით გაამხნევა, და ამანაც გააგრძელა:

_ ვიფიქრეთ, ემილი თან წავიყვანოთ. ფულს გადავუხდით, ხელფასი ექნება ყოველთვიური, სოლიდური თანხა… მინდა, შვილები მისგან ვიყოლიო… ორი მაინც… მერე კი უკან დაგიბრუნდებათ. _ ასე დაამთავრა თავისი სათქმელი და გასაქცევად გამზადებულივით ცალი დუნდულით ჩამოჯდა სავარძელზე, თან ერთმანეთში ჩახლართული თითები პირდაპირ თავის სასირცხვოზე დაიწყო, თითქოს შარდი მოსწოლია და მას იკავებსო.

რა კარგი ვქენი, თავიდანვე რომ მოვქოქე ჩემი თავი. ისეთი ზ-რრრ ხმიანობა ამოვუშვი, ეს ჩვენი სტუმარი გაოგნებული შეხტა. აღარ მახსოვს, რა ვილაპარაკე, რამდენ ხანს, როგორი ეპითეტებით შევამკე ერთიც და მეორეც. რაც კი ფრანგული ვიცოდი, ბოლომდე მათ დავახარჯე. სანამ თავის სურვილს გაახმოვანებდა, ვაპირებდი, რაც შეიძლება ზრდილობიანად დამეჭირა შორს მისი წინადადება, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ მისმა შემოთავაზებამ იმდენად გადააჭარბა მოლოდინს, თავი ვეღარ შევიკავე. ეს სრული შოკი იყო.  მართალია, სალანძღავი სიტყვები არ დამცდენია, მაგრამ საკმაოდ ვრცლად ჩამოვუყალიბე, რამხელა დამცირება იყო ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის და რამდენად მიუღებელი წინადადება. ემილი უკვე ღრიალებდა, იმდენი იტირა, რომ თვალები ჩაუწითლდა. ელისმა ოთახიდან გაიყვანა, იქ კი სოფი გაგიჟდა, დედა ატირებული რომ დაინახა.

ცოლ-ქმარი კარგა ხანს გაქვავებული იჯდა. ასეთ დახვედრას არ მოელოდნენ. აღარ მოვერიდე. ბოლოს გამოვუცხადე, სასტუმროში ნომერს შევუკვეთ და შეგეძლებათ გამგზავრებამდე იქ მოეწყოთ-მეთქი. არც ფულის გადახდას შევპირებივარ და არც სანახავად მისვლას. ამჯერად ქართული სტუმართმოყვარეობა მთლიანად დავივიწყე. არადა, გეგმაში გვქონდა, ისტორიული ადგილები მოვატაროთ, ყველაფერი დავათვალიერებინოთ, რაც კი ღირებული და საამაყო გვაქვს-მეთქი. ამის ღირსნი არ იყვნენ. რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს. ისიც კი ვუთხარი, რა გარანტია გქონდათ, ასეთ რამეზე რომ დაგთანხმდებოდით, ამხელა გზა რომ გამოიარეთ, გეგონათ, სიხარულით ავიტაცებდით თქვენს წინადადებას-მეთქი? დონორი დედა იქ გეპოვათ, პარიზში, რაღა საქართველო და ქართველი მოისურვეთ-მეთქი. ერთი სიტყვით, არაფერი დამიკლია, რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი უცერემონიოდ მივახალე.

სასტუმრომდე მანქანით ორივე ელისმა მიაცილა, სადაც წინასწარ დავრეკე და ორადგილიანი ნომერი დავუჯავშნე. მას შემდეგ სებასტიანზე არაფერი გვსმენია. ემილი კი კიდევ ერთხელ დაგვრჩა ცხოვრებაზე გულგატეხილი…

 

აღარ ვილაპარაკებ იმაზე, როგორი რვა მარტი გაგვითენდა და დაგვიღამდა. არც მეგობრების მოლოცვებმა გვიშველა, არც მარკოს საჩუქრებმა. ის დღე კი არა, მთელი თვე ჩაგვმწარდა. ემილი კრიჭაშეკრული დადიოდა, წესიერად არც კი გველაპარაკებოდა. ენის მსგავსად თავის თავში ჩაიკეტა და მორჩა. ორი კვირა სამსახურშიც არ გასულა, სოფისაც კი არ აქცევდა ყურადღებას. საწყალი ბავშვი იმდენად მომეჯაჭვა, რომ იძულებული გავხდი, დროებით ძიძის როლი შემეთავსებინა. სოფიც დასევდიანდა, ენისაც არ მიჰყვებოდა საღამოობით ჯესის გასასეირნებლად. არადა, ენი ბოლო დროს საგრძნობლად შეიცვალა, ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს გაჰყავდა ჯესი გარეთ და იმის მიუხედავად, გაჰყვებოდნენ სოფი და გაბი თუ არ გაჰყვებოდნენ, გამოაბამდა ჯაჭვს ჯესის და სკვერში გადიოდა, რომელიც ჩვენგან მესამე კორპუსის უკან მდებარეობდა.

მარკო ხომ დასაბმელი შეიქნა, როცა სებასტიანის ამბავი გაიგო. გაცოფებული იწევდა, მითხარით, რომელ სასტუმროში დაბინავდა, რომ ცხვირ-პირი დავუნაყოო, მაგრამ მე და ელისმა არ გავუმხილეთ. მერე მთელი თვე გვაყვედრიდა, ხომ გაფრთხილებდით, რომ ეგ კაცი ცუდი მასტი იყო და რატომ არ დამიჯერეთო. იმდენად განიცადა ემილის ამბავი, რომ იმ დღიდან მოყოლებული თვის ბოლომდე სამჯერ უგონოდ მთვრალი დაგვადგა თავზე. ერთხელ მთლად შუაღამისას წამოგვყარა ლოგინიდან, ისეთი ბრახუნი ატეხა კარზე და სებასტიანის მისამართით გინების კორიანტელი დააყენა. მთელი კორპუსი ფეხზე დადგა. რომელიღაც მეზობელმა პატრულსაც კი გამოუძახა. როცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მიწყნარდა, გალეშილმა ტირილი მორთო, მე რა კაცი ვარ, როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანს ასე მოექცნენ და სამაგიეროს გადახდა არ შემიძლიაო. ხან მუშტები დაუშინა მაგიდას, ხან ფეხები აბრაგუნა. მერე კალთაში ჩამიდო თავი და ისევ ატირდა. როგორც შემეძლო, დავამშვიდე, ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან… როდის-როდის ჩაეძინა და მაშინღა ამოვისუნთქე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შვებით…

ასეთ დაძაბულ ვითრებაში ჩაიარა მარტმა. მაქსის სტუმრობაც გადაიდო. შეგვეშინდა, სებასტიანზე დაბოღმილმა მარკომ მაქსზე არ იყაროს ჯავრიო და მისი ჩვენთან ვიზიტი აპრილისთვის გადავწიეთ. გაზაფხული ცუდად დაიწყო…

 

აპრილის პირველივე რიცხვებიდან ისე დათბა, რომ გათბობა გამოვრთეთ. ის კი არა, დილიდან საღამომდე ფანჯრები ღია გვქონდა და თუ შინ ვიყავით, აივანზე გავდიოდით და მზეს ვეფიცხებოდით.

იმისთვის, რომ ემილისთვის ტკივილი დაგვევიწყებინა, რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა. მორიდებული და უთქმელი ისედაც იყო, მაგრამ ახლა მთლად სევდა გახდა. მარკო, როგორც ყოველთვის და როგორც ყველასთან, მის გამხიარულებასაც მთელი არსებით ცდილობდა. ხან გვერდით ამოიყენებდა, მხარზე ხელს გადახვევდა და ელისს გასძახებდა, მიდი, ჩაგვაფოტკოვე მინორი და მაჟორი და მერე ფეისის ვოლზე დადეო. ხან ზურგზე მოიგდებდა და ოთახში დაარბენინებდა, ხანაც კბილის პასტას აიღებდა და უკან დასდევდა, უნდა გაგპასტოო. ემილის წივილ-კივილი მთელ სახლში ისმოდა. ჩვენ კი ვიცინოდით, მაგრამ დიდად არც ამან უშველა მის ტკივილს.

ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ ცოტათი მაინც დავიწყებოდა ეს ამბავი. ბოლოს ელისმა მიაგნო გამოსავალს. ემილის რამდენი ხანია, მანქანის ყიდვა უნდა და იქნებ ამან გაახალისოსო. ემილი მანქანისთვის ისედაც აგროვებდა ფულს, გოგოების ფირმა მშვენივრად მუშაობდა, შემოსავალს არ უჩიოდნენ, ცოტას ჩვენც თუ დავუმატებდით, ახლავე შეგვეძლო მისთვის ავტომობილის შეძენა. მარკო მაშინვე დაფაცურდა. მე, როგორც ყველაზე შემოსავლიანმა, არ დავიზარე, არც დამენანა და ათასი დოლარი დავდე, ხუთასი ელისმა დაამატა, ამდენივე მარკომ მოაქუჩა. ემილის დანაზოგიც გამოვიდა დაახლოებით ორი ათას ხუთას დოლარამდე, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე შეგვეძლო მისთვის მანქანა გვეყიდა. ემილიმ თავდაპირველად შორს დაიჭირა, გაგონებაც არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ და აპრილის შუა რიცხვებისთვის საქმე მოვაგვარეთ. მარკო და ელისი მთელი კვირა დარბოდნენ მანქანების ბაზრობაზე, რომ რამე ხეირიანი მოეძებნათ და მოძებნეს კიდევაც _ ჰიუნდაი. მართალია, ახალი და სალონიდან გამოყვანილი არ იყო, მაგრამ განვლილი მანძილის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ახალს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

შენაძენმა ასე თუ ისე გავლენა იქონია ემილიზე. მართვის მოწმობა ჰქონდა, ელისის მანქანასაც დაატარებდა ხოლმე, ამიტომ მიჩვევა არ გასჭირვებია. ასე იყო თუ ისე, ნელ-ნელა ხასიათიც გამოუკეთდა. ყველანი ისე ვიყავით დათრგუნვილები მის გამო, რომ სიხარულის გამოხატვისაც კი გვეშინოდა. ვიღას ახსოვდა ჩვენი გულახდილი საუბრების საღამოები, ამისთვის ვის ეცალა? თითქოს დავშორდით ერთმანეთს, ძველებური სიმხიარულე აღარ იგრძნობოდა სახლში. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, საერთოდ ხომ არ დავიშალოთ და ჩვენ-ჩვენს ბინებში გადავბარგდეთ, იქნებ გოგოს თავის შვილთან მარტო ცხოვრება ურჩევნია-მეთქი. ერთ საღამოს კიდევაც შევთავაზე, თუ გინდა, დაგტოვებთ მარტო და შენთვის იცხოვრე-მეთქი. ტირილით გასკდა, უთქვენოდ რა გამაძლებინებსო.

_ ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, კარლა, _ სლუკუნით მითხრა, _ თქვენ რომ არ იყოთ, ალბათ თავსაც არ ვიცოცხლებდი. მე რომ ახლა მარტო დამტოვოთ, ვიცი, რომ გავგიჟდები. ახლა მხოლოდ თითოეული თქვენგანის გვერდით ყოფნა თუ მიშველის, სხვა ვერაფერი.

მაშინ ულტიმატუმი წავუყენე, ასე თუ გააგრძელებ, მართლა წავალთ და ყველანი დაგტოვებთ-მეთქი.

_ უკვე აუტანელი გახდა შენი ყურება. ცხვირ-პირი ჩამოგტირის, თითქმის არ გველაპარაკები. სიმართლე გითხრა, ყველა დაიღალა შენი მოჟამული სახის ყურებით. ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი? ვიღაც ფრანგს რაღაც დებილური იდეა მოუმწიფდა თავში, ამის გამო თავი დარდით უნდა მოიკლა? მე თუ მკითხავ, მისნაირ ადამიანებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი მზის ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენდა ჭირად, სებასტიანისნაირებსაც აქვთ არსებობის უფლება. მისი უაზრო წინადადება ჩვენთვისაა უაზრო, თორემ თავის ქვეყანაში საკმარისად აზრიანია. იქ ასეთი რამეები არავის უკვირს. ასე რომ, ძალიან გთხოვ, ნუღარ მიიტან გულთან ახლოს ამ სისულელეს და ჩვენც ნუ შეგვიწირავ შენი ვარამით. ცოტა ჩვენზეც იფიქრე, კარგი?

ამან გაჭრა. იმდენად შეაშინა მარტო დარჩენის პერსპექტივამ, რომ იმ საღამოსვე შეიცვალა. გველაპარაკა კიდევაც, გაიცინა, საჭმელიც ჭამა, ბავშვსაც ეთამაშა და ენისაც გაჰყვა საღამოს ჯესის გასასეირნებლად.

მეორე დღიდან კი ცხოვრება ძველ დინებას დაუბრუნდა.

 

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს შვილს კარგად ვიცნობდი, მისი მესაიდუმლე ვიყავი და არაფერს მიმალავდა. თურმე მთლად ასეც არ ყოფილა. ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც გამომპარვია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღების მიღმა დამრჩენია.

საღამო ხანი იყო, შინ მარტო მე და ენი ვიყავით. ენი მეცადინეობდა. მტკიცედ გადაწყვიტა, ზაფხულში მისაღებ გამოცდებზე გასულიყო და სამედიცინოზე ჩაებარებინა. ცეკვის გაგრძელებაზე სიტყვაც არ დაუძრავს, ეს თემა დიდი ხნის წინ დაიხურა. არც უნივერსიტეტში აღდგენაზე ლაპარაკობდა, ხელახლა ჩაბარება მოისურვა. მთელი დღე ოთახში იყო ჩაკეტილი და კითხულობდა, სწავლობდა. უნარებში მარკო ამეცადინებდა. რამდენჯერ დამიგდია ყური, როგორ უხსნიდა ამა თუ იმ ტექსტის შინაარსს, როგორ სხარტად და მსუბუქად აგებინებდა, როგორ ამოეხსნა ესა თუ ის მათემატიკური ამოცანა. ენი ისედაც ნიჭიერი გოგო იყო და მარკოს ახსნილს ადვილად ითვისებდა. სხვა საგნებში კი დამოუკიდებლად მეცადინეობდა, სახელმძღვანელოებიდან თავს არ იღებდა.

ჯესი თავის ფარდაგზე იწვა და თვლემდა, მე კი აივანზე სარეცხს ვფენდი. ამ დროს ჩემი მობილური აწკრიალდა და არ გაჩერდა. მაინც არ ვუპასუხე, სანამ გაფენა არ დავამთავრე. როცა საქმეს მოვრჩი და ნომერს დავხედე, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი მირეკავდა. ბოლოს მესიჯი გამოეგზავნა, მაღლა ვარ, შენთან საქმე მაქვს და ამოდიო. რატომღაც, შემეშინდა, რამე შარში ხომ არ გაეხვია-მეთქი და გულამოვარდნილი ავვარდი მასთან.

_ მშვიდობაა? _ შეშინებულმა შევათვალიერე, ნაცემი არ იყოს-მეთქი.

სიცილი აუტყდა.

_ რა იყო, რა პანიკაში ხარ? შემო!

_ რა ვიცი, ისე დამიბარე, მეგონა, ქვეყანა იქცეოდა. დაბლა ვერ ჩამოხვედი? აქ რატომ ამომიყვანე?

_ იმიტომ, რომ მინდოდა, მარტო მე და შენ ვყოფილიყავით.

ლოჯიაში გავედით. სავარძელში ჩავჯექი და დაძაბულმა ფეხი ფეხზე გადავიდე.

_ დე, შენი რჩევა მჭირდება, _ რაღაცნაირად დამორცხვებულმა მითხრა.

_ აბა, გისმენ. რა ხდება? _ მთლად დამეჭიმა სხეული, სუნთქვაც კი გავიჩერე.

_ რა ვქნა, ლენუკას რა მოვუხერხო, დედუცი? _ სინანულით სავსე მზერა მომაპყრო.

_ ლენუკას? რა იყო, ორსულადაა? _ ეს იყო ერთადერთი, რამაც გონებაში გამიელვა.

_ არა, რა ორსულად… კაი, რა მოგივიდა, რას დაპანიკდი? _ გაიცინა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ნაძალადევად გამოუვიდა.

_ მე რას დავპანიკდი, შენ თვითონ არ ამბობ სათქმელს ბოლომდე და… მითხარი მაშინ, რა სჭირს და გეტყვი, რაც უნდა მოუხერხო. დაშორდით ერთმანეთს?

_ არა, ჯერ არა… უბრალოდ… მინდა დავშორდე და არ ვიცი, როგორ.

ახალმა ამბავმა დამამშვიდა. თუ მხოლოდ ეს იყო მისი შფოთვის მიზეზი, რატომღა უნდა მენერვიულა?

_ არ გიყვარს?

_ კი მიყვარს, მაგრამ… _ მცირე პაუზა გააკეთა, მერე კი გააგრძელა, _ სხვაც რომ მიყვარს?

_ სხვა-ა? _ გაოცებისგან პირი დავაღე, _ ეგ სხვა ვინღაა?

_ ნუ, რა მნიშვნელობა აქვს…

_ დედა, არ შეიძლება, ორი ქალი ერთდროულად გიყვარდეს. ასე არ ხდება. შენ საერთოდ არ იცი, რა არის სიყვარული. თავის დღეში არ გყვარებია. შენი სიყვარული მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.

_ ე! დაიქოქა ახლა! _ უკმაყოფილოდ შენიშნა მარკომ, _ კარლა, მე რჩევა მჭირდება, დედის რჩევა, გესმის?

_ კი ბატონო, მიდი, მომიყევი ყველაფერი და თუ რამე შემეძლება, გეტყვი.

_ მოკლედ… _ კვლავ პაუზა გააკეთა და სავარძელში გადაწოლილმა ხელები ინსტინქტურად ჯიბეებში ჩაიწყო, _ არის ერთი გოგო, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მევასება. ლენუკაც მევასება… როგორ გითხრა. კარგი გოგოა, ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ნი ტო… ბოლო დროს აღარ ვხვდები, მხოლოდ ვურეკავ. ვეუბნები, ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და ვერ ვიცლი-მეთქი. რაღაცნაირად უნდა მოვახერხო, რომ დავშორდე… რა ვქნა, შენ რას მირჩევ?

ამოვიოხრე. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.

_ თუ არ გიყვარს და არ აპირებ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას, დროზე უნდა უთხრა. ტყუილად ნუ დატანჯავ. მეტი რა გირჩიო? ეს შენი ცხოვრებაა და არჩევანიც შენ უნდა გააკეთო, მაგრამ ის მეორე ვინღაა?

_ ეეეჰ, მე კიდევ მეგონა, დედაჩემმა ყველაფერი იცის-მეთქი. ეგ რა რჩევაა? მეცოდება, გესმის? ასე ვერ ვეტყვი, არ მინდა გული დავწყვიტო.

_ აბა, როგორ გინდა? რახან შეხვედრის სურვილი არ გაქვს, ესე იგი, არც გიყვარს. იმას კიდევ შენი იმედი აქვს. ამ დროს ატყუებ. ეს არ არის ნორმალური კაცის საქციელი. წესიერი მამაკაცი ასე არ იქცევა. თუ წერტილი დასასმელია, უნდა დაუსვა.

_ ხოდა, როგორ, როგორ? _ ხელები გაშალა და მუხლებზე დაილაგა.

_ როგორ და ჩვეულებრივად. უთხარი, მეგონა, მიყვარდი, მაგრამ აღარ მიყვარხარ-თქო ან მიახვედრე. მე რა ვიცი, სხვა რა გირჩიო? და ის მეორე ვინაა? მე ვიცნობ?

_ არა, არ იცნობ. მოვა დრო და გაგაცნობ. მაგარი გოგოა. ლენუკას ჯობია.

_ რითი, გარეგნობით?

_ ყველაფრით.

უეცრად ცხელმა ტალღამ დამიარა სხეულში. რატომღაც, იმ მეორე გოგოს ადგილას ემილი წარმოვიდგინე და ამის გაფიქრებამ გული შემიკუმშა. რატომ? თვითონაც არ ვიცოდი, რატომ. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. როგორ იყო აფოფრილი სებასტიანზე, თავიდანვე რომ აითვალწუნა, როგორ ეჩხუბებოდა ემილის, მოაშორე აქედან, მისწერე, არ ჩამოვიდესო. მერე როგორ გაგვერიდა, როცა ის ბიჭი ჩამოსვლას აპირებდა. ბოლოს საერთოდ არ გაგვეკარა, არც აეროპორტში გამოგვყვა და რა ამბავი დაგვათენა, როცა მისი ზრახვების შესახებ შეიტყო…

ემილი რძლად? ერთი მხრივ, რატომ უნდა ვყოფილიყავი წინააღმდეგი? იმიტომ, რომ ბავშვი ჰყავდა? მერე რა? მე ხომ არ ვიყავი დროებას ჩამორჩენილი ქალი, რომ მსგავსი რამ გამკვირვებოდა. სულ ვამბობდი, ვინც უნდა მოიყვანოს ჩემმა შვილმა, წინააღმდეგი არ ვიქნები, თუნდაც ნაქმარევი იყოს ან ბავშვიანი-მეთქი. ახლა რატომ მცემდა ამის გაფიქრება თავზარს? რა დამიშავა ემილიმ? არც ერთ ჩემს დაქალს ჩემი შვილი არ მოუნათლავს. იმ პერიოდში ჩემზე გაბუტულები იყვნენ მისი სახელის გამო და მარკო მხოლოდ მამამისის ძმაკაცებმა მონათლეს. მე ელისის ნათლია ვიყავი, ემილი კი ჯინამ მონათლა. მაშ, რაღა მღრღნიდა?

პასუხს ვერ ვპოულობდი. არ ვიცოდი, ეს ამბავი ასე რატომ მაწუხებდა.

_ ემილი? _ ვეღარ მოვითმინე და ხმადაბლა ვიკითხე.

_ რა ემილი? _ მარკომ კითხვა შემომიბრუნა.

_ ის მეორე გოგო ემილია?

_ უჰჰჰ, დედუცი, რა აზრები გაწუხებს, ნორმალური თუ ხარ? _ უკმაყოფილო ტონით მომიგო, _ მე სოფი რომ უნდა მოვნათლო, დაგავიწყდა? რა შუაშია ემილი? არა, საიდან დაასკვენი ახლა ეგ, დედას გაფიცებ, მითხარი… ჩემს თავს გაფიცებ…

_ რა ვიცი, აბა, _ მხრები ავიჩეჩე და მზერით გავბურღე, თავს ხომ არ იკატუნებს-მეთქი, მაგრამ ვერ შევატყვე, რომ ჩემს მოტყუებას ცდილობდა.

ადამიანებს მოტყუების ნიჭი, ზოგადად, არა აქვთ. როგორც უნდა ეცადონ, არ შეუძლიათ იცრუონ, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება იტყუებიან, თუმცა როცა ამას ცდილობენ, ან ხმის ინტონაცია გასცემთ ან მიკრომიმიკები.

_ არა, დე! _ გაბრაზებული მომიბრუნდა, _ დამშვიდდი, ემილი აქ არაფერ შუაშია! და მე მაშინ ძაან თუ გავიგიჟე თავი, ასე იყო საჭირო და იმიტომ! ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი ადამიანია, ვალდებული ვარ, ვიზრუნო მასზე და ვსიო, მეტი არაფერი! თუმცა, გინდაც ასე იყოს, მერე რა?

_ არაფერი, _ მოჩვენებითი სიმშვიდით მივუგე და ცალი მხარი ავიჩეჩე.

_ რა, რამე პრეტენზია გაქვს? დავუშვათ, ემილი მიყვარს, მერე რა? _ კიდევ ერთხელ გამიმეორა.

ამრეზით გავხედე და თვალი თვალში გავუყარე.

_ ნუ მებლატავები, მარკოზ! გითხარი უკვე, არაფერი-მეთქი. უბრალოდ, დავინტერესდი, ის მეორე ემილი იყო თუ არა. მე შენს არჩევანში ჩარევას არ ვაპირებ. ეს შენ კარგად იცი. _ ეჭვებმა კვლავ დამრია ხელი.

_ კაი, ხო, მორჩა ამაზე საუბარი. ჩადი გოგოებთან, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს. შენ კიდევ სიმშვიდე შეინარჩუნე. ნუ გეშინია, ემილი არ არის ჩემი ღიმილის ობიექტი, როგორც შენ გიყვარს ხოლმე თქმა. რაც არის, არის, მე თვითონ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. _ ირონიული ტონი გაღიზიანებით ჩაანაცვლა, სავარძელში გვერდულად გადაწვა და თავი ხელს დააყრდნო.

_ ჰოდა, გადაწყვიტე, ოღონდ მხარ-თეძოზე წამოწოლილმა არა, _ აგდებით მივუგე და წამოვედი…

იმ ღამესვე დავისვი ელისი და გამოვკითხე, ხომ არ იცი, მარკო კიდევ ვინმეს ხვდება თუ არა-მეთქი. ელისმა ხომ ყველაზე ყველაფერი იცის. ვერაფერს გამოაპარებ. ჭორაობა, იცოცხლე, დედამისივით უყვარს. მაგრამ არც მან იცოდა არაფერი. გაუკვირდა, როცა ლენუკას შესახებ მოვუყევი, მარკოს ჩემთან არაფერი დასცდენიაო.

ამ ამბავმა შემაფიქრიანა. ადრე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. თუ ვინმეზე გვეტყოდა, ჩემი შეყვარებულიაო, იმ ერთს ხვდებოდა და სხვა გოგოებს არ იკარებდა. სანამ ვინმე უყვარდა, იმ ერთის ერთგული იყო. ახლა კი… ერთდროულად ორ გოგოს ხვდებოდა და გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. ასეთი საქციელი ჩემი შვილისას არ ჰგავდა. ამან ახალი საფიქრალი გამიჩინა და ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. ერთი სული მქონდა, გამეცნო, ვინ იყო ის მეორე, ვისაც ვერ ელეოდა, მე კი ვინაობას არ მიმხელდა…

 

წინა კვირას მოდის კვირეული ჩატარდა. ის დღეები გადარბენაზე ვიყავი, ხან ერთი დიზაინერის ჩვენებას ვესწრებოდი, ხან მეორისას, პარალელურად ჩემი ახალი კოლექცია მომყავდა წესრიგში. ჩვენება მე უნდა დამეხურა. ამავე დროს მოწვეულ სტუმრებსაც ვხვდებოდი, ბაიარებთან კონტაქტებს ვამყარებდი. რაღა დავმალო და დიდი გაწამაწია მქონდა, რამაც არაქათი გამომაცალა. თუმცა, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ერთმა აზერბაჯანულმა ფირმამ ეგრევე გამიფორმა კონტრაქტი, ერთმა უკრაინელმა ბაიერმა სამი სხვადასხვა სტილის კოსტიუმის სერიული შეკვეთა მომცა. კიდევ იყო რამდენიმე პერსპექტივა, რამაც ენთუზიაზმით ამავსო. ეს წარმატება იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი სამუშაო არ გამომელეოდა და გვარიანი მოგებაც დამრჩებოდა.

როგორც კი მოდის კვირეული დამთავრდა, განახლებული ძალებით შევუდექი მუშაობას. ატელიეში ვათენებდი და ვაღამებდი. შინ რომ მოვდიოდი, ჩემებს უკვე ეძინათ. მარკოს ხომ კიდევ უფრო იშვიათად ვხედავდი. რაც შეეხება ვასიკოს, მთლად დაიკარგა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მანერვიულებდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, გულში ხინჯად არ დამრჩა-მეთქი. ასეთი უყურადღებობა მამაკაცს ჩემ მიმართ არასდროს გამოუჩენია, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ ასე საგანგებოდ იქცეოდა. ალბათ უნდოდა, დუმილი პირველს მე დამერღვია, რასაც ნამდვილად არ ვაპირებდი.

აი, ამ ყოფაში ვიყავი, რომ ერთ დღესაც ჩემი ატელიეს კარი გაიღო და ემილის ყოფილი დედამთილის ძველმოდურმა შლაპამ `შემოანათა~. თვალებს არ დავუჯერე, ჩემკენ ღიმილით მომავალი რომ დავინახე. `ამას აქ რა უნდას~ გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ მომეჭრა, გადამეხვია და ისე მომიჭირა მკლავები, მეგონა, სული გამძვრება-მეთქი. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მისი სახელი ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე. ენის წვერზე მადგა და ვერა, ვერ მოვიგონე, რა ერქვა. რაც კი გავიფიქრე, არც ერთი არ `მოერგო~ _ მანანა? არა. ლალი? არც ლალი. თინა? არც ეგ… ღმერთო, გამახსენე, რა ჯანდაბა ჰქვია ამ ქალს!

ემილის დედამთილი ცოტა მოსუქებულიყო, მაგრამ უწინდელი პეწი არ დაეკარგა. ეტყობოდა, რომ თავის დროზე ლამაზი ქალი უნდა ყოფილიყო. ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი, რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთმანეთს. აი, სახელი კი ვერა და ვერ გავიხსენე.

_ როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურები, კარლა, _ ისე შინაურულად მომმართა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.

_ გმადლობთ, ქალბატონო… _ მორიდებით გავიღიმე და ჩემს ახალ მკერავს, ლილის ხელით ვანიშნე, მოდი-მეთქი. ეშმაკობა ვიხმარე, ახლა ამათ ერთმანეთს გავაცნობ და სახელსაც გავიგებ-მეთქი.

ლილი, ტანდაბალი და გამხდარი მკერავი, ულამაზესი ლურჯი თვალები რომ ჰქონდა და გაპრანჭული ტონით ლაპარაკობდა, მოკუსკუსდა და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.

_ ლილი, ჩემი ემილი ხომ იცი შენ, ლამაზი გოგო რომ მყავს, ელისთან ერთად მოდის აქ.

_ როგორ არ ვიცი, კარლა, შენ ლამაზი გოგოები ყველამ ვიცით, _ ცოტა არ იყოს, დაბნეულმა მომიგო, რადგან ვერ მიხვდა, რა შუაში იყო ამწუთას ემილი.

_ ჰოდა, გაიცანი, ეს ემილის დედამთილია,  _ მივუთითე ჩემს სტუმარზე და გაცნობის ცერემონიის შემდეგ ნაწილს დაველოდე.

_ უი, რას ამბობთ… მოხარული ვარ, ქალბატონო… თქვენი რძალი ისეთი კარგი გოგოა… მე ლილი მქვია. _ და ქალს თავისი კოხტა ხელი გაუწოდა.

_ გვანცა, გენცვა. სასიამოვნოა, დიდად სასიამოვნო, _ თავის კანტურით მიუგო ქალმა და ლილის პატარა ხელი კაცივით თავის ხელისგულებში მოიმწყვდია.

გენცვაო! სკლეროზს მოუკვდა პატრონი! გვანცა, გვანცულა-დრანცულა! ეს როგორ დამავიწყდა? მახსოვს, ენი ხუმრობდა, ემილის დედამთილი დრანცა უფროა, ვიდრე გვანცაო და გვანცულა-დრანცულა შეარქვა. თანაც ეს `გენცვა~ _ მისი საყვარელი ტერმინი. რამდენი ვიცინეთ, პირველად რომ მოვისმინეთ ამ `გვანცა, გენცვას~ კომბინაცია.

ქალბატონ გვანცას ლილი საუკეთესო მკერავად წარვუდგინე და რეკომენდაციაც გავუწიე, თუ რამის შეკერვას მოისურვებდა, ნაცნობობით შეღავათიანად მოვემსახურებოდით. ისე მიხაროდა მისი სახელის გაგება, თითქოს წლების წინ დაკარგული ნათესავი მეპოვოს. ვგრძნობდი, რომ ეს ქალი არც შემთხვევით იყო ჩემთან მოსული, არც რამის შესაძენად, რომ საუბარი აუცილებლად ემილის უნდა შეხებოდა. შესაბამისად, წინ `დახურული სხდომა~ მელოდა მისი თავმჯდომარეობით.

_ ყავას მიირთმევთ, ქალბატონო გვანცა? _ შევეკითხე და ჩვენი მოსალოდნელი `სხდომა~ ყავით გავხსენი.

_ თუ არ დაიზარებთ, სიამოვნებით დავლევდი, მაგრამ ერთი პირობით, კარლა. ჩვენ შორეულები არ ვართ ერთმანეთისთვის და ქალბატონოთი არ მელაპარაკო, კარგი?

გაოცება ღიმილითა და თავის დაკვრით დავმალე. ოჰო… რაღაც საინტერესო გველის, გავიფიქრე და ქეთის გავძახე, ჩემს გამყიდველს, ყავა მოგვიდუღე-მეთქი.

_ ო-ღონდ უ-შაქ-რო… _ საჩვენებელი თითი მოიმარჯვა გვანცამ და სიტყვები დამარცვლით წარმოთქვა, თან თითო მარცვალზე თითს დირიჟორივით აქნევდა.

_ ერთი უშაქრო, ქეთი, ჩემთვის კი ჩვეულებრივად `სგუშონიანი~! _ მივაძახე სამზარეულოში შესულ გოგონას და სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი, რომ მოსალოდნელი საუბრისთვის სათანადოდ მოვმზადებულიყავი. მთავარი იყო, არ ჩავჭრილიყავი.

_ მშვენიერი მაღაზია გაგიხსნია, გენცვა. შენ ყოველთვის ჭკვიანი გოგო იყავი, სულ გამოირჩეოდი შენი მეგობრებისგან. ბიჭი უკვე დიდი იქნება, არა?

_ კი, კაცია უკვე, ბანკში მუშაობს, კარიერას იწყობს.

_ ოოო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რაზე მუშაობს? თუ არ ვცდები, მარკოზი ჰქვია, არა?

_ დიახ, მარკო, მარკოზი… ბანკირია… უნივერსალი. მილიონიან სესხებს გასცემს, ბიზნესსესხებს.

_ აბა, უყურე შენ! ყოჩაღ, ყოჩაღ, გენცვა! ნეტავ ჩემი თაზოსთვისაც მაშოვნინა რამე ნორმალური სამსახური. დაიღალა უკვე, აღარ უნდა ჩვენს კმაყოფაზე ცხოვრება. კი არაფერს აკლებს მამამისი, მაგრამ ხომ იცი… ახალგაზრდებს თავის გემოზე უნდათ ყველაფერი.

_ ასეც უნდა იყოს… გვანცა, რაც უფრო დამოუკიდებელია ადამიანი, მით უფრო ეცდება, საკუთარი ცხოვრება უკეთ მოიწყოს. მადა ეხსნება, ჯერ ტანსაცმელს შეიძენს, გამოიპრანჭება, მერე თავისი ოთახის მოწყობა მოესურვება, იატაკი, კედლები, მერე ავეჯი, მერე ეს, მერე ის და ასე…

_ მართალი ხარ, გენცვა, მართალი… ეჰ… _ ისე ამოიოხრა, მისი `ეჰ~ სულ კანკალით დაირხა ჰაერში, _ მაგრამ აი, პირადი ცხოვრებაც რომ ვერ აეწყო, მაგას არ ვიცი, რა მოვუხერხო. _ ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა, თან ჩემკენ გადმოიხარა და სახე ახლოს მომიტანა.

პასუხი არ გავეცი, მხოლოდ გავიღიმე. ან კი რა უნდა მეპასუხა? თავის შვილს თვითონვე დაუნგრია აწყობილი ცხოვრება.

ამასობაში ქეთიმ ორი ფინჯანი ყავა მოიტანა და მაგიდაზე დაგვიდგა.

_ გაიხარე, გენცვა, დიდი მადლობა, _ დაუტკბა ჩემს გამყიდველს გვანცა და წითელლაქწასმულ ფრჩხილებზე ორივე ცერის ბალიში სათითაოდ შემოიტარა, მერე თითები ფინჯანს შემოაჭდო და ორთქლადენილ ყავას ჩააშტერდა.

_ ყველაზე მეტად თაზოს ბედნიერება მინდოდა. მეტი რისთვის ვცხოვრობ ამქვეყნად? მის გარდა ვინ მყავს? ვიფიქრე, რახან პირველად არ გაუმართლა, ვინმეს გარიგებით მაინც მოვაყვანინებ-მეთქი. გავიკითხე, გამოვიკითხე და მოვძებნე ერთი კაააი გოგო, მშვენიერი ოჯახიდან იყო, მამა _ ექიმი, დედა _ მასწავლებელი, თვითონ საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობდა. აპაა, შენც არ მომიკვდე! ერთი-ორჯერ შეხვდა და მორჩა, ახლოს აღარ გაიკარა. რას ვიფიქრებდი, ისევ ემილი თუ უყვარდა? უკვე ქორწილისთვის ვემზადებოდით და ჩამიშალა მთელი გეგმები. აღარ ვიცი, რა გზას დავადგე. ერთმა მისმა მეგობარმა მითხრა, ემილისთან უნდა შერიგება, სხვას ეგ ცოლად არ მოიყვანსო. ვერ ვხვდები, რა ნახა მაგ გოგოში ასეთი? _ გოროზი მზერა მომაპყრო, მაგრამ მის სიგოროზეს ისეთი ირონიით ალესილი მზერა დავახვედრე, რომ მიხვდა, ემილის ლანძღვით ჩემს გულს ვერ მოიგებდა, ამიტომ სასწრაფოდ შეცვალა სტრატეგია, _ არა, განა ცუდი გოგოა ემილი, მაგრამ… უპატრონო, უნათესავო… ხომ გესმის, გენცვა, ცოტა რთულია ჩემთვის…

_ უპატრონო რატომაა, გვანცა? _ კოპებშეკრული მივაჩერდი, _ ჩვენ აბა, ვინ ვართ? ჯერ ერთი, ასი კაცი ერთად ვპატრონობთ. მეორეც, ემილის სულაც არ სჭირდება სხვისი პატრონობა, აქეთ გვიპატრონებს ყველას. კარგი სამსახური აქვს, სოლიდური შემოსავალი, ახალახან მანქანაც იყიდა. არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, ბინა აქვს და რა ვიცი… ვისი დასაწუნი რა სჭირს? განათლებული, ლამაზი, კარგად აღზრდილი ბავშვია, არავისთან არაფერი ეშლება, გადასარევი დიასახლისია… მაპატიე, მაგრამ თამაზზე ნაკლები ნამდვილად არ არის. _ დაუნდობლად გადმოვულაგე ყველა კოზირი, რომელიც ხელთ მქონდა.

გაშრა. არ ელოდა, ასეთ რამეს თუ ვიტყოდი. შეპასუხება არ უცდია. ერთხანს უხმოდ იჯდა, რამდენჯერმე ყავა მოსვა და ჩახველების იმიტაციაც მოახდინა, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, დროს იგებდა, რომ ჩემთვის სათანადო პასუხი გაეცა.

ადვილი მისახვედრი იყო, რატომ უნდოდა მათი შერიგება. ემილი ახლა აღარ იყო უმწეო, მყარად ჰქონდა ფეხი მოკიდებული და მომგებიან სარძლოდაც კი მიაჩნდა.

_ შენი არ მესმის, გვანცა, _ მისი დაბნევით ვისარგებლე და ცეცხლი უფრო შევუნთე, _ წეღან რომ თქვი, ჩემს შვილს პირველ ცოლში არ გაუმართლაო. საინტერესოა, რატომ არ გაუმართლა? ემილი მხოლოდ იმიტომაა შენთვის მიუღებელი, რომ დედ-მამა არ ჰყავს? მაპატიე, მაგრამ ეს არ არის მყარი არგუმენტი. თამაზს უყვარდა თავისი ცოლი, შენ კი ყველაფერი გააკეთე, რომ ერთმანეთს გაშორებოდნენ. ორსული გოგო გარეთ გამოაგდე. ერთხელაც არ დაინტერესდი, როგორი შვილიშვილი გყავს… ალბათ სახელიც არ იცი მისი. იცი, რა ბავშვია? სანაქებო!

_ კარლა! _ გვანცა ისევ ჩურჩულზე გადავიდა და კვლავ ჩემკენ გადმოიხარა, _ ჩემი ბიჭი უბედურია. მე მისთვის ბედნიერება მინდოდა და პირიქით კი გამომივიდა. ვიცი, რომ ემილის აწყობილი აქვს საქმე, ეკონომიურად არ უჭირს. თაზო კიდევ დამიჩიავდა, გენცვა. თავისი ოთახიდან არც კი გამოდის. სულ ჩაფიქრებულია, სულ მოწყენილი… ჩემი თავი ჯანდაბას! რაღა დამრჩენია, დღეს თუ ხვალ მიწას მიმაბარებენ, არ მინდა, ასე საწყლად დარჩეს. ამიტომ მოვედი შენთან, უნდა მიშველო. როგორმე უნდა შევარიგოთ ჩვენი ბავშვები. დამეხმარე, გეხვეწები… _ და უცებ თვალებზე ცრემლი მოადგა.

ამას არ ველოდი. მისნაირი ქვაქალისგან ცრემლები სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის. იყო კი გულწრფელი? ინანიებდა თავის საქციელს? ჰოც და არაც. იმის აღიარება არ უნდოდა, რომ შვილი თვითონვე გააუბედურა თავისი კუდაბზიკობით, არადა, იცოდა, რომ დააშავა და ახლა შეცდომის გამოსწორება სურდა, ოღონდ ისე, რომ დანაშაული არ ეღიარებინა.

_ მე რა შემიძლია? _ ხელები გავშალე, ვითომ უძლური ვიყავი მისი თხოვნის შესასრულებლად, _ ახალგაზრდებმა თვითონ უნდა გაარკვიონ ერთმანეთში ყველაფერი. მე და შენ ამას არავინ გვეკითხება. უფრო სწორად, არავინ არ უნდა გვეკითხებოდეს. ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ მარკოს საქმეებში. განა ყველა გოგო მომწონებია, ვინც შეჰყვარებია და ჩემთვის გაუცვნია, მაგრამ ერთხელაც არ შემიმჩნევია, რომ მის არჩევანს არ ვიწონებდი. ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გამოადგება და ვინ არა. ემილი ახლა ის ემილი აღარ არის, როგორიც შენ გახსოვს. მან ცხოვრებისგან ბევრი მწარე გაკვეთილი მიიღო და გაიზარდა. ის ახლა ქალია, დამოუკიდებელი, თავისუფალი, რომელიც მყარად დგას ფეხზე და შეცდომას არ დაუშვებს. არ ვიცი, კიდევ უყვარს თუ არა თამაზი, ამაზე მასთან არ მისაუბრია. მეც გამიხარდება, თუ შერიგდებიან. რატომაც არა? ანგელოზივით სოფი ჰყავთ, ტიტინა, მხიარული, თბილი, ტკბილი… კიდევ გააჩენენ, კიდევ, კიდევ… გაზრდიან, დააფრთიანებენ… ერთმანეთს გვერდით დაუდგებიან. თუნდაც ერთად იმუშავებენ… განა მიხარია, ამდენი წელი მარტომ რომ გაატარა, უქმროდ, უკაცოდ? ამას ფუჭად ჩავლილი წლები ჰქვია.

_ კარლა, მიშველე, გენცვა, შენ იქით გზა არ მაქვს. _ ისევ მიჩურჩულა, თანაც გამძაფრებული მუდარით.

_ მე კი დაველაპარაკები ემილის, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები. მთავარი მაინც თამაზია. მოვიდეს, დაელაპარაკოს, დაურეკოს, ბავშვი ნახოს… მარკოსაც ვეტყვი, ისიც იზამს რამეს. გოგოებიც გვერდით დაგვიდგებიან… ოღონდ…

_ რა, რა გენცვა? _ ცნობისმოყვარეობით მომაჩერდა.

_ რა და… დავუშვათ, შერიგდნენ და ცალკე მოისურვეს ცხოვრება… შენ და შენი მეუღლე როგორ შეხვდებით ამ ამბავს?

_ ცალკე? _ უეცრად შეიცვალა, კრუხივით აიფოფრა და ადრინდელ გვანცად გადაიქცა, _ ცალკე რატომ უნდა გავიდნენ? თაზოს რა, სახლი არა აქვს თუ კარი? აბა რისთვის მინდა იმხელა ბინა? მერე ჩვენ? ჩვენ ცოდოები არ ვართ მარტო? ვინ მოგვხედავს?

_ თამაზის მისახედი რა გჭირს, გვანცა? შესანიშნავად გამოიყურები, დავრდომილი არ ხარ და უუნარო. შენი მეუღლე კიდევ… რა ვიცი, კაცი იმხელა ბიზნესს ატრიალებს და…

_ მაგრამ ერთად რატომ არ უნდა ვიცხოვროთ? არავინ მათ ხელს არ შეუშლის. პირიქით, დავეხმარებით, შვილიშვილს მივხედავთ, მოვუვლით. სამივეს დავურეცხავ, სადილს მოვუმზადებ, მივდგები, მოვდგები… მე რა, კი არ ვიკბინები…

_ არ ვიცი, გვანცა, მე ეს ისე ვთქვი, პირობითად, თვითონ რომ მოისურვონ ასე-მეთქი. შეიძლება შევცდე კიდევაც და სიამოვნებითაც მოინდომონ თქვენთან ცხოვრება, მე რა ვიცი? ეს მათი გადასაწყვეტია. მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ. დანარჩენი მერე ვნახოთ.

საბოლოოდ შევთანხმდით, რომ თვითონ შვილს დაელაპარაკებოდა, მერე მარკო დაურეკავდა თაზოს და ჩვენთან სახლში მოიყვანდა, მე კი ჩემი მხრივ, ემილის შევამზადებდი, რაშიც ელისი და ენი დამეხმარებოდნენ. ემილის ახლა ნამდვილად სჭირდებოდა სიახლე. სებასტიანის გამოხტომამ ისე ატკინა გული, რომ ჯერაც ვერ მოენელებინა.

გულთბილად დავემშვიდობე. დავაიმედე, გული მიგრძნობს, ეს საქმე გაიჩარხება, რადგან ემილი არავის ხვდება და არც მეორედ გათხოვებას აპირებს-მეთქი. აბა, სებასტიანის ამბავს ხომ არ მოვუყვებოდი?

მიხაროდა საქმის ასე შემობრუნება. ამ დღეებში მაქსის გაცნობა გველოდა, ჩვენთან უნდა მოსულიყო და თუ თაზოს სტუმრობაც დაემთხვეოდა, იქნებ ერთი დარტყმით ორი კურდღელი ერთად მოგვეკლა? ამაზე გოგოებს უნდა მოვთათბირებოდი, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მაინც მარკოზე იყო. ყველაზე დიდი სამსახურის გაწევა ემილისთვის მას შეეძლო. ყველაზე მეტად სწორედ მას შესტკიოდა ემილიზე გული და ყველაფერს იღონებდა ცოლ-ქმრის შესარიგებლად. ამიტომაც დაყოვნება არ შეიძლებოდა, დღესვე უნდა მოვლაპარაკებოდი ჩემს შვილს…

 

სანამ მარკო სამსახურიდან მოვიდოდა, ელისი დავიმარტოხელე და ყველაფერი მოვუყევი. თავიდან აღშფოთდა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, იმ `ძევკასთან~ ცხოვრებას საერთოდ უკაცოდ ცხოვრება სჯობია, თამაზისნაირი კაცი რაში გამოადგება ემილისო, მაგრამ მისი გადაბირება მაინც მოვახერხე. ავუხსენი, რომ ემილისთვის ასე აჯობებდა. არც იმის თქმა დამვიწყებია, როგორი შეცვლილი მეჩვენა ემილის დედამთილი, როგორ ცდილობდა მათ შერიგებას და ამ ყველაფრის ინიციატორი რომ თვითონ იყო. ოღონდ ის დავმალე, შვილისა და რძლის ცალკე ცხოვრების წინააღმდეგი რომ იყო. ამწუთას ეს დეტალი მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა. მთავარი იყო, როგორმე შეგვერიგებინა და დანარჩენი მერე გამოჩნდებოდა. ემილისთან დალაპარაკება ელისმა თავის თავზე აიღო, მე კი მარკოს დაქოქვა ვითავე.

მარკო იმ ღამეს გვიან მოვიდა. საჭმელიც კი არ ჭამა, არ მშიაო. ცოტა ხანს ბავშვებს ეთამაშა, გოგოებსაც გაეხუმრა თავისებურად და მაღლა ასვლა რომ გადაწყვიტა, მეც თან გავყევი. კი გაუკვირდა, რა ხდება, რა კუდში მომყვებიო, მაგრამ როცა ვუთხარი, ემილიზე უნდა გელაპარაკო-მეთქი, აღარ გაუპროტესტებია.

დიდხანს ვილაპარაკეთ. მარკოს თურმე სცოდნია, თამაზს ემილისთან შერიგება რომ სურდა. მე და თაზომ უკვე ვილაპარაკეთ მაგ საკითხზეო. ამიტომ იყო თურმე სებასტიანის ჩამოსვლის წინააღმდეგი.

_ ამას წინათ, გაბი და სოფი ცირკში რომ წავიყვანე, ხომ გახსოვს? თამაზიც ჩვენთან იყო. ბავშვის ნახვა უნდოდა და უარს ხომ ვერ ვეტყოდი? აუ, დე, შენ რომ მაგნაირი რამე გამიკეთო, ცხოვრებაში არ გაპატიებ, იცოდე. მაგარი ცუდი ქალია ის გვანცაა თუ დრანცა. ერთი გენახა, როგორ უყურებდა თაზო სოფის… კინაღამ ვიტირე. გაგიჟდა ბავშვზე. ჯერ ხომ სულ მუხლებზე ეჯდა, სანამ ცირკი დამთავრდებოდა, მერე კიდევ, გარეთ რომ გამოვედით, კისერზე შეისვა და ისე დაატარებდა. კარგა ხანს ფეხით ვიარეთ, ლამის მერიამდე მივედით. მერეღა დავბრუნდით უკან, რადგან მანქანა ზოოპარკთან მეყენა.

_ კი მაგრამ, სოფის ერთხელაც რომ არ დასცდენია ეს ამბავი?

_ იმიტომ, რომ გავაფრთხილე, თაზო ძია არ ახსენო სახლში-მეთქი. ერთხელაც სტუმრად მოვა ჩვენთან და ყველას სიურპრიზი მოვუწყოთ, გაგიჟდებიან, როცა გაიგებენ, რომ შენ თაზო ძიას იცნობ-მეთქი. ბავშვები ხომ იცი, რა ადვილი დასათანხმებლები არიან. იმის მერე ათჯერ მაინც მკითხა, თაზო ძია როდის უნდა მოიყვანო ჩვენთან სტუმრადო.

_ ჰოდა, მოიყვანე ამ შაბათს, ელისს ხომ მაქსი მოჰყავს გასაცნობად. შენ თამაზს დაურეკე და ვნახოთ, რა მოხდება.

_ რა უნდა მოხდეს, ბაბუ! შე გგონია, ემილის თაზო არ უყვარს? გიჟდება, დამიჯერე! თუ გინდა, მაზიანს დაგიდებ.

_ აი, შე საძაგელო! _ თმა მოვუჩეჩე, _ მაზიან მოგცემ ახლა ყურის ძირში! დედას ეგრე უნდა ელაპარაკო?.. მეც ეგ არ მინდა? ნეტავ მართლა უყვარდეს, სხვას რაღას ვინატრებ?

_ მერე აქ რომ მოისურვონ ცხოვრება, შენ რა გეშველება? ისევ მე უნდა შემომისახლდე, ბაბუ? _ ეშმაკური მზერა მომაპყრო მარკომ.

_ ნეტავ შერიგდებოდნენ და არ დავეძებ, რა მოჰყვება ამას. თუ მოისურვებენ, იცხოვრონ, ვინ დაუშლის? ბინა ემილისია და ხომ არ წავართმევ?

_ და შენი გაკეთებული რემონტი? შენი ოცნების სახლი?

_ ყველაფერი დალაგდება, დედიკო, შენ მაგაზე არ ინერვიულო. ბოლოს და ბოლოს, ენის მდგმურებს გავუშვებთ და იქ გადავალთ დანარჩენები. მთავარია, ყველანი ისევ ერთ კორპუსში ვიქნებით. ნუ, ვნახოთ… ჯერ მთავარი საქმე გაკეთდეს და შედეგზე მერე ვილაპარაკოთ.

_ ჩათვალე, რომ მთავარი საქმე გაკეთებულია, დედუცი. ეგ მე მომანდე. ხომ იცი, რა შვილი გყავს, _ დაიტრაბახა და მედიდურად მიიდო საჩვენებელი თითი გულზე, აქაოდა, შემომხედე, რა მაგარი შვილი გყავარო…

გულაჩუყებულმა შუბლი დავუკოცნე… რომელი დედა არ იამაყებდა ასეთი შვილით…

დაბლა რომ ჩამოვედი, სახლში უჩვეულო სიჩუმე დამხვდა. ემილის საძინებლის კარი შევაღე. სოფის ეძინა, ელისი და ემილი კი საწოლზე წამოკოტრიალებულები რაღაცაზე ჩურჩულებდნენ. ელისმა დამინახა თუ არა, თვალი ჩამიკრა, ემილიმ კი ისე მორცხვად შემომღიმა, მივხვდი, რაზეც საუბრობდნენ. კარი მოვხურე და ჩვენს ჰაი-ოთახში გავედი, სადაც ენის ბუხარი აეგიზგიზებინა, სავარძელში მოკალათებულიყო და საჟურნალე მაგიდაზე დაყრილ კონსპექტებში იქექებოდა.

_ ვაა, აქ როგორ ცხელა… რა დროს ბუხარია, გოგო, რა გეტაკა ამ შუა გაზაფხულზე? მეცადინეობ?

_ ჰო. _ თავაუღებლად მიპასუხა და კვლავ ქექვა განაგრძო.

_ გაბი სადღაა?

_ ძინავს… იქით ოთახში. ჯესი ფეხებთან უწევს.

_ ოოოხხ! რამდენჯერ გითხარით, შეაგდეთ ეგ ძაღლი სააბაზანოში-მეთქი, მოსვრის ახლა იქაურობას, _ უკმაყოფილოდ წავიბუზღუნე და გამოვბრუნდი, რადგან ჩემი მობილურის ზარის ხმა მომესმა, ვიღაც თავს იკლავდა რეკვით.

რა თქმა უნდა, თავს იკლავდა… მობილურის ეკრანზე თეთრი ასოებით ციმციმებდა ჩემი სიზმრის ობიექტის სახელი: ვასიკო…

როგორც იქნა, გატყდა… ესეც ასე… აბა, რა ეგონა, სიჯიუტეში მაჯობებდა? უკაცრავად, ბატონო ჩემო! აღიარეთ, რომ მე გავიმარჯვე, თქვენ კი დამარცხდით!.. ახლა ვნახოთ, რას მოითხოვს ჩვენგან დამარცხებული მხარე.

მობილურს დავწვდი, მწვანე ღილაკს თითი მივაჭირე და სანამ ყურთან მივიდებდი, ხმაშენაზებულმა წარმოვთქვი:

_ გისმენთ!..

_ ხომ არ გეძინა, კარლა? გამარჯობა!

_ არა, არ მეძინა, ვასკა… გაგიმარჯოს. მშვიდობაა?

_ კი, კი. ისა… რაღაც მინდა გთხოვო, თუ არ მიწყენ.

_ მთხოვე… თუ არ გიწყენ, _ გამეღიმა ამ თუთიყუშურ დიალოგზე.

_ ხუთი წუთით შემოდი ჩემთან, სულ ხუთი წუთით.

წამით შევყოყმანდი, მერე კი მივუგე:

_ ხუთი წუთით შეიძლება. _ მერე ტელეფონი გავთიშე და ჰოლისკენ გავემართე.

სანამ ბინიდან გავიდოდი, ჰოლის სარკეში ჩავიხედე… მშვენიერ ფორმაში ვიყავი…

 

კარი რაც შეიძლებოდა, ფრთხილად გამოვიხურე, რომ ჩემებს ხმაური არ გაეგონათ. არ მინდოდა, სცოდნოდათ, სად მივდიოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უდიდეს დანაშაულს ჩავდიოდი. რაც არის, არის. სხვათა შორის, დანაშაულიც უდიდესი გამოცდილებაა, თუ სინდისის ქენჯნას მოგგვრის, ასე არ არის?

მის კართან შევყოყმანდი. ზარი დავრეკო თუ დავაკაკუნო? იქნებ სულაც სახელური ჩამოვწიო? ისეთი ოხერია, კარს ღიად დატოვებდა. ამით კიდევ ერთხელ შემამოწმებს ალბათ _ თუ არ დავრეკავ და არც დავაკაკუნებ, ანუ სახელურს ჩამოვწევ და მის ბინაში შინაურივით შევალ, ჩათვლის, რომ უკვე მისი ვარ. ნაადრევად ზეიმობ გამარჯვებას, შეფმზარეულო! როგორც ჩემს ბავშვობაში დიდები ეტყოდნენ პატარებს: შენ რომ მიდიოდი, მე მოვდიოდი! ჰა-ჰა! არა, ასეთი სიცილი ამ სიტუაციაში უადგილოა, ჩემს მდგომარეობას ახლა ხა-ხა! უფრო მოუხდება.

ღრმად ამოვისუნთქე, თავი შეძლებისდაგვარად დავიწყნარე და ზარის ღილაკს მარცხენა ხელის ცერით ოდნავ დავაწექი. ერთი წყვეტილი ზრრრ და მორჩა! პასუხად სიჩუმე… გაუსაძლისი. რა დამპალია! ელოდება, კარს როდის შევაღებ… კიდევ ერთი ზარი, ამჯერად საჩვენებელი თითით და ხანგრძლივად. ისევ სიჩუმე მპასუხობს, ჩქამიც კი არ ისმის შიგნიდან. ხედავ? სხვა გზას არ მიტოვებს, მაგრამ არა უშავს, რაც მთავარია, ორჯერ ხომ დავრეკე. ახლა შეშფოთებული სახე უნდა მივიღო, ვითომ ვიფიქრე, ისე ცუდად ხომ არ გახდა, რომ კარსაც ვერ მიღებს-მეთქი. ასეც მოვიქეცი. საჭირო ნიღაბი მოვირგე და სახელური გადავწიე. შეღებულ კარში თავი შევყავი და ის იყო, ვასიკო-მეთქი, უნდა დამეძახა, რომ სახიან-სხეულიანად ზღურბლზე გავქვავდი.

ვასიკო ჩემგან სამიოდე ნაბიჯის დაშორებით იდგა. ტანთ სააბაზანოს ხალათი მოესხა და ბალნიანი მკერდი სამკუთხედად მოუჩანდა ხალათის ჭრილში. აი, დახვედრაც ამას ჰქვია. ჩემი ხელოვნური შეშფოთება ბუნებრივმა გაოცებამ შეცვალა. ისე დავიბენი, მუხლები მომეკვეთა. მის შიშველ მკერდს სწრაფად მოვაცილე მზერა, ამიტომ ბოლომდე ვერ შევაფასე ვასკას მამაკაცურობის ხიბლი.

_ კიდევ გამარჯობა, _ ხმადაბლა წარმოვთქვი და მივხვდი, რომ მუხლებთან ერთად ხმაც მიკანკალებდა. დუეტში კანკალმა კი ისეთი დისჰარმონია შეუქმნა ჩემს სხეულს, რომ ძალაუნებურად ხელები ზურგს უკან შემოვიდე და კარს მივეყრდენი, რომ ღონეგამოცლილი იატაკზე არ ჩავცურებულიყავი.

_ კიდევ გაგიმარჯოს, _ კმაყოფილებით გადავსებული ღიმილით მომიგო და თავი მდაბლად დამიკრა. ჰმ, მისალმების ეს საცოდავი რიტუალი დღემდე აქტუალური დარჩა.

_ მშვიდობაა?

_ მოჩვენებითი, _ მხიარულად მომიგო და `დამინდო~, ხალათის კიდეები თითებით ჩაბღუჯა და ერთმანეთს გადაადო, რათა შიშველი მკერდი დაეფარა.

გმადლობ, ვასიკო!

უხმოდ ვიდექი და ველოდები, რას მეტყოდა. უხმოდ იდგა და მელოდებოდა, რას ვეტყოდი. სიჩუმემ ლამის ფრთები გამოისხა.

_ დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე? მითხარი, ხუთი წუთითო და სამი უკვე გავიდა. ორი წუთი დაგრჩა, მერე კი ისევე წავალ, როგორც მოვედი, _ ხმის კანკალს ვძლიე და უდარდელი ტონით ავლაპარაკდი.

_ შემო, არ მიყვარს, მევალესავით კართან რომ დგანან. _ ამ სიტყვებით გატრიალდა, ხელი ამიქნია და მანიშნა, მომყევიო.

მივყევი. ჩემს მუხლებს ჯერაც ვერ აღედგინა ძალა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მეკეცებოდა.

სასტუმრო ოთახში შესულს კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა _ საჟურნალე მაგიდა ორი კაცისთვის იყო გაშლილი _ ხილი, ორი სახეობის უცხო სალათა, უცხო შამპანურის ბოთლი, სავარაუდოდ, `კლიკოს ქვრივის~ კოლექციიდან და ქართული კონიაკი.

_ ეს რას ნიშნავს? _ კოპები შევიკარი და კარში გავიხიდე.

ღრმა ამოხვნეშით შემობრუნდა, თვალი თვალში გამიყარა და შუბლზე ნაოჭებასხმულმა ღრმა ხორხისმიერი ხმით `მახარა~:

_ ცუდად ვარ. უნდა დამეხმარო.

_ მე რომელი ექიმი მნახე? _ ერთი სული მქონდა, გამოვქცეულიყავი, მაგრამ რაღაც ძალა ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მაძლევდა.

_ ექიმი არ მჭირდება, შენ მჭირდები.

_ მე-ე?

_ ჰო, ჭკვიანი ქალის ჭკვიანური რჩევა. _ დააკონკრეტა.

აჰა, აი, თურმე რაში ვჭირდები. მე კი მეგონა, ქათინაურებად დაიღვრებოდა, სიყვარულს ან რაღაც მსგავსს ამიხსნიდა. რა გაქექილია, იცის, როგორ `შემარბილოს~.

_ ამისთვის `კლიკოს ქვრივი~ იყო აუცილებელი? _ უფრო და უფრო ვიმკაცრებდი ხმას, ამ სიტუაციაში ჩემი თავდაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ ეს იყო.

_ ვიფიქრე, ქვრივი ქალისთვის სრულიად შესაფერისი იქნებოდა, _ `მაპატიე~ ღიმილი გადაიკრა სახეზე და ხელით სავარძლისკენ მიმითითა.

ოთახში თბილოდა. როგორც ჩანს, ამაზეც წინასწარ იზრუნა, რომ სიცივეს არ შევეწუხებინე. საახალწლოდ, მახსოვს, ცუდად რომ იყო, სახლში ნამდვილი საყინულე ჰქონდა, ისე ციოდა. თუმცა, ახლა უკვე აპრილი იდგა და ისე აღარ უტევდა სიცივე.

მარტო კი ცხოვრობდა ვასიკო, მაგრამ პეწიანად, მის ბინას უქალობა არ ეტყობოდა. კოხტად იყო ყველაფერი მილაგებული, ერთ ზედმეტ ნივთს ვერ ნახავდით უადგილო ადგილას.

ჩემთვის განკუთვნილ სავარძელს მივაშურე და დავჯექი. თვითონ სუფრის თავში მოკალათდა, მეორე სავარძელში. ისე ახლოს ვისხედით ერთმანეთთან, რომ მისი მუხლის სიახლოვეს ინტუიციით ვგრძნობდი, თითქოს რამდენიმე გრადუსით მეტი სითბო მოდიოდა იქიდან.

_ შევხურდეთ?

_ შამპანურს არ ვსვამ.

_ მაშინ კონიაკი… ას-ას გრამი მხოლოდ, მეტს არ დაგაძალებ.

_ დაასხი, _ კაცურად შევაგულიანე და კაცურადვე შევღიმე.

_ რა მაგარი ქალი ხარ, თვითონაც არ იცი, _ სევდა უცაბედად გადაეყარა შუბლიდან და გულიანად გაიცინა.

_ ეს შენი რესტორნის ნობათია? _ თვალით სალათებზე ვანიშნე.

_ ჰო. ჩემი ხელითაა მომზადებული, აი, ამ მარჯვენა-მარცხენით, _ ხელები მომუშტა, მაჯები ამოიტრიალა და ისე გაიშვირა წინ, როგორც დამნაშავემ, რომელსაც ბორკილი უნდა დაადონ.

_ ოო, მაშინ გემრიელი იქნება. _ როგორც იქნა, მოვეშვი, დავწყნარდი და გავლაღდი. უწინდელი დაძაბულობა შეუმჩნევლად გაქრა.

არაფერი ისე არ მიყვარს ამქვეყნად, როგორც ღამით ჭამა. ჭარბ წონას დიდად არ ვუჩივი, არ ვდიეტობ, ამიტომ ამ სიამოვნებაზე იშვიათად თუ ვიტყვი უარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი შემაწუხებს. სალათები, ზოგადად, ძნელი მოსანელებელი არ არის, მთავარია, სოკო არ ერიოს.

_ ეს რისი სალათაა?

_ ზეთისხილის. კიდევ კიტრი და ავოკადოა დამატებული. გადაიღე, მოგეწონება.

_ მეორე?

_ მეორე უფრო დესერტია, ანანასი, მანგო და პაპაია ურევია. ორივე უმაიონეზოა, საფირმო სოუსითაა შეკაზმული. თუ მოისურვებ, შენც გასწავლი, ოღონდ სხვა დროს.

_ აუ, მართლა რა გემრიელია! ისე, მართალს ამბობენ, კაცებს უკეთ გამოსდით კერძების მომზადება, ვიდრე ქალებსო.

_ ამბობენ, კი. დავლიოთ? გაგვიმარჯოს, ჩვენს ღამის შეხვედრას გაუმარჯოს! მიდი, მომიწკარუნე!

მივუწკარუნე, გაგვიმარჯოს-მეთქი და ბოლომდე დავცალე. მესიამოვნა. ვგრძნობდი, სასმელი როგორ ნელ-ნელა, რიტმულად მიხურებდა სხეულს ჯერ შიგნიდან, მერე გარედან, სიმხურვალე მთელ სახეზე მომედო.

_ გავწითლდი, ხომ? _ მიამიტურად ვკითხე და ხელისგულები ლოყებზე ჩამოვისვი.

_ ცოტათი. კონიაკის ალები მოგიხდა, _ ისევ ისე, გულღიად გაიცინა. ლამაზად იცინოდა.

_ ახლა კი მომიყევი, რა გჭირს. _ დანა-ჩანგალი თეფშს იქით-აქეთ შემოვულაგე, თითები ერთმანეთში გადავხლართე, ზედ ტუჩ-პირი ჩამოვდე, ნიკაპი კი ცერა თითებს ჩამოვაყრდენი.

_ უშენობა. _ თქვა და შეფმზარეულური ღიმილი მომაგება.

აჰა… რაღაც ამდაგვარს პირველ წუთებში უფრო მოველოდი, მაგრამ ახლა თუ მაჯახებდა, არ მეგონა, თუმცა არ დავბნეულვარ. არც მაშინ დვბნეულვარ, მისმა ხელმა მაგიდის ქვემოთ ჩემს მუხლზე რომ დაივანა. არ შევრხეულვარ, მაგრამ საკმაოდ უხეშად ვუთხარი:

_ არ მსურს, შენი ხელი ჩემს მუხლზე დანავარდობდეს. თუ არადა, ავდგები და წავალ.

ნირწამხდარმა აიღო ხელი, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია.

_ კარლა… მე და შენ პატარა ბავშვები არ ვართ. ძალიან გთხოვ, ბოლომდე მათქმევინე, არ შემაწყვეტინო, კარგი? არ ვართ პატარები და ძალიან კარგად გვესმის, რასაც ერთმანეთისგან ვითხოვთ, ხომ ასეა?

_ მე შენგან არაფერს ვითხოვ! _ ხმას ავუწიე.

_ ტყუილია, ითხოვ. ამას შენს მზერაში ვკითხულობ, შენი წარბების მოძრაობაშიც კი. თავს ნუ იტყუებ, ნურც შენს სურვილზე იტყვი უარს. ხანდახან წამიერი ტკბობა მთელ სიცოცხლეს უტოლდება, გესმის?

_ მაპატიე, მაგრამ წამიერი ტკბობით მე ვერ დაგატკბობ, ვასკა, _ იმედგაცრუებული ტონით მივუგე და წამოვდექი.

_ რატომ, რატომ? შენ ხომ დიდი ხანია, კაცთან არ ყოფილხარ, შენ ხომ…

_ იმიტომ, რომ მე მძიმე ყოფაქცევის ქალი ვარ და არა მსუბუქი! _ მივახალე და გაკაპასებულმა თავი ძლივს დავიმორჩილე, სილა არ გამეწნა.

_ მოიცა, შენ ვერ გამიგე… გთხოვ, დაჯექი და დამშვიდდი. აი, ასე, კარგი?

თნ მინდოდა წასვლა, თან არ. ჩემი ერთი ნახევარი გასაქცევად იყო მზად, მეორე ნახევარი კი ჯიუტობდა, მასთან დარჩენას ამჯობინებდა.

ვასიკომ კიდევ ჩამოასხა, ჩემი სირჩა მარცხენა ხელით ხელში მომაჩეჩა, თავისი კი მარჯვენით აიღო, კიდევ ერთხელ მომიწკარუნა და გადაჰკრა. მეც არ დავახანე და გადავკარი. უსადღეგრძელოდ, ლოთურად. ვეფხვივით გადასახტომად ვიყავი შემართული, ცოტაც და მუშტებს დავაყრიდი.

_ მომწონხარ, გესმის? მომწონს შენი თვალები, ტუჩები, მკერდი, ფეხები და ასე შემდეგ…

_ განსაკუთრებით `ასე შემდეგ~, არა? _ ჩავუგესლე.

ო, როგორ შევამკობდი ახლა, მაგრამ… ჩემი მაღალი კულტურისგან აკრძალვებით ვიყავი შებოჭილი, რაც უფლებას არ მაძლევდა, ერთი გემრიელად შემეგინებინა, რაშიც ბადალი არ მყავდა. ისეთი გინება ვიცოდი, სართულს სართულზე დავადუღებდი ხოლმე.

_ ვხედავ, შენს თვალებში ახლა ზიზღი ცეკვავს, მაგრამ შევეცდები, ეს ზიზღი სიყვარულით შეგიცვალო. მე ეს შემიძლია, დამიჯერე. შემიძლია, რადგან იშვიათად, ქალმა მომხიბლოს. რადგან ეს შენ შეძელი, მეც ბევრ რამეს შევძლებ.

_ სიყვარულის მოძალება გალაპარაკებს ამ სისულელეებს?

_ არა. მოძალებული სიყვარული. ვიცი, გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ მიყვარხარ და ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. ვიცი, შენთვის ძნელი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან შვილი გყავს, ბიჭი, თანაც ამხელა, მაგრამ ეს შენი ცხოვრებაა, გესმის? შენი ცხოვრება კი შენვე უნდა მართო, სხვების დაუკითხავად.

_ ჩემი ბიჭი არაფერ შუაშია. ის მე სხვანაირად მყავს აღზრდილი.

_ მით უმეტეს, მაშინ რა გვიშლის ხელს, ერთად ვიყოთ? შენც ხომ მოგწონვარ? კარლა…

ახლა რომ მითხრას, მინდიხარო, მართლა გავარტყამ ხელს, რადგან ვერ ვიტან ამ საზიზღარ ავხორცულ სიტყვას, ნახევრად პოტენციადაკარგულ ბიძაკაცებს რომ სჩვევიათ ქალების შებმისას.

_ მითხარი, ხომ მოგწონვარ? _ გამიმეორა.

_ არა, არ მომწონხარ.

_ მატყუებ, ეს სიმართლე არ არის, _ ვედრება გაუკრთა ხმაში.

_ სიმართლე კიდევ უფრო უარესია, _ განვაგრძე შეტევა, _ შენ არავინ არ ხარ ჩემთვის, არაფერი არ ხარ… სიცარიელე ხარ. _ დაუნდობლად მივაყარე და კვლავ წამოვდექი. ახლა კი მართლა დრო იყო, იქაურობას გავცლოდი.

რაღაცნაირად უცაბედად მოეშვა, მხრები ჩამოუვარდა, სახეზე ცვილისფერი დაედო, შუბლსა და ცხვირზე ოფლმა გამოჟონა.

მივხვდი, რომ გადავამლაშე და საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე. არა, ასე არ მინდოდა. თუ სიმართლეს გავუსწორებდი თვალს, მეც მომწონდა. მომწონდა იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი ასაკისა და მდგომარეობის ქალისთვის იყო დასაშვები. სიზმარში მასთან სექსიც კი მქონია. მაშინ რატომ გავიმეტე ასე?

_ მაპატიე… ცუდად გამომივიდა, _ შეწუხებული მხარზე შევეხე, _ მაგრამ ყველა გზა მომიჭერი, რომ შენი სწრაფვა, ლოგინისკენ მიმავალი დაჩქარებული პროცესი როგორმე შემენელებინა. იმედია, არ მიწყენ და ხვალ სრულიად სხვა თვალით შეხედავ ამ ყველაფერს. სანამ წავალ, მითხარი, რომ გული არ გატკინე, კარგი?

მწარედ გაიღიმა, გამჭოლი მზერა მომაპყრო და გულდაწყვეტით მითხრა:

_ რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ არაფერი არ ვარ… შენ ახლა სიცარიელეს ელაპარაკები.

იმწუთას რაღაც მოხდა ჩემში. პანიკამ, უცნაურმა შიშმა მომიცვა, შიშმა, რომ მას სამუდამოდ ვკარგავდი. ეს კი არ მინდოდა… უფრო მეტიც, მასთან მინდოდა. მოულოდნელად თითქოს დროის ისრებმა უკან დაიწყეს დახევა, ღრმა ახალგაზრდობისკენ, ვნების უცაბედი მოძალება რომ მემართებოდა. სხეული აღარ მემორჩილებოდა, ხელები, მკერდი, ტუჩები თავისით მიიწევდნენ მისკენ. ჩემდა უნებურად მკლავები მოვხვიე და მივეკარი.

_ მაპატიე… _ ვუჩურჩულე.

წამით გახევდა. მერე ოდნავ შეარხია თავი და თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა:

_ სწორად ვერ გავიგე თუ იმედს მაძლევ?

_ სწორად ვერ გაიგე. _ ბოლო წუთს მაინც უკან დავიძიე.

ეს პატარა დამარცხება იყო.

ვაი, ჩემო დამღუპველო სიამაყევ!

სასწრაფოდ მოვშორდი და კარისკენ გავემართე. რატომ შევყოყმანდი? რისი მაქნისია ყოყმანი, როცა სურვილი გწვავს? გინდა? გააკეთე, რაღა! ცხოვრების ნახევარს თუ არა, მესამედს მაინც ოცნებებში ვატარებთ, ხან მილიარდერი ლედის როლს მოვირგებთ, რომელიც ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს, ხანაც რომელიმე კინოვარსკვლავის შეყვარებულის როლს ვთამაშობთ, რომ უფერული ყოფა ოცნებებით მაინც გავილამაზოთ. ამ დროს რეალურ ცხოვრებაში ბევრ ისეთ რამეზე ვამბობთ უარს, რომელიც მართლაც გაგვაბედნიერებს, თუნდაც წამით, ვასკას თქმის არ იყოს, ზოგჯერ წამიერი ტკბობაც კი მთელ სიცოცხლეს უდრის.

თვითონაც უკან მომყვა, კარამდე მომაცილა. გასვლისას შემოვბრუნდი, მინდოდა, მის თვალებში ჩამეხედა.

_ გამოდის, ვერ მიგიხვდი… მაგარი ქაჯი ვარ, არა? _ სევდაგარეული ხმით მკითხა.

ისევ დავყარე ფარ-ხმალი. მთელი ჩემი ნდომა, სინაზე და სურვილი ერთ მზერაში ჩავაქსოვე და მის სახეზე მიმოვატარე.

_ შენ არასწორად გაიგე, _ ჩურჩულით ამოვთქვი და ჩემი ლამაზი მკერდით ისე ღრმად და მომაკვდინებლად ამოვისუნთქე, ხეპრეც კი მიხვდებოდა, რა მსურდა.

_ მაშინ შემაჩერე… _ თქვა ვასიკომ, მკლავებში მომიწყვდია და მაკოცა…

შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს, რა ხდებოდა. ხმები მახსენდება, ფეხით კარის გაღება-მიჯახუნებას რომ ახლდა თან, საძინებლის კარის სახელურის ჯაჯგური და შუშის მსხვრევის ხმა, ტანსაცმლის ნაჩქარევი გახდის შარიშური და სიამოვნებაშერეული შვების მომგვრელი ოხვრა, რომელიც ორივეს აღმოგვხდა… დაბოლოს ათასჯერ განმეორებული ერთი და იგივე სიტყვა: `მსურხარ~… ეს არ იყო `მინდიხარ~…

ვნება ჩაცხრა, მაგრამ ვასიკო არ მეშვებოდა. მეფერებოდა, მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა, უცებ არ გადამეფიქრებინა და არ გავქცეულიყავი.

_ `მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება~… _ ყურთან მიჩურჩულა და ცხელი სუნთქვა შემომაფრქვია.

_ ელენე დარიანი, _ სიბნელეს გავუღიმე და ჩემს მკერდზე დადებულ მის ხელს თითები მოვუჭირე.

_ ჩემი ჭკვიანი და განათლებული გოგო, _ კმაყოფილებით აღნიშნა.

_ უნდა წავიდე, თორემ სახლში მომისაკლისებენ, _ ასადგომად წამოვიწიე.

_ აი, სწორედ ამის მეშინოდა. დარჩი ამაღამ. დილით ადრე გაგაღვიძებ და შენს ბინაში მე თვითონ შეგაპარებ. ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

სიცილი ამიტყდა.

_ შემაპარებ მაგარია. _ ისევ გამეცინა, _ არა, უნდა გავიდე. გონს მოსვლა უნდა მოვასწრო.

_ არ მითხრა, რომ ნანობ.

_ ჯერ არა.

_ როგორ? _ იდაყვზე წამოიწია და სიბნელეში ისე დამაჩერდა, თითქოს ჩემს თვალებს ხედავდა.

_ კარგი, ჰო, ვიხუმრე. სანანებელი არაფერი ჩამიდენია. მთავარია, ეს არ იყოს… _ აღარ დავამთავრე.

_ უკანასკნელი გინდოდა გეთქვა, არა?

_ ჰო.

_ სულელო… თვეებია, შენთან ყოფნა ოცნებად მექცა, სიზმრებიდან ვერ განგდევნე და მეუბნები, უკანასკნელიო? არაა, მაგის იმედი ნუ გექნება. შენ ისეთი ხარ, რომ…

_ როგორი ისეთი?

_ აი, როგორ გითხრა… ქვიშასავით მოუხელთებელი. რაც უფრო მეტად უჭერ, მით უფრო მეტი გცვივა ხელიდან. კაცს მშვიდად ყოფნის საშუალებას არასდროს მისცემ, სულ ფხიზლად უნდა იყო იმის შიშით, არიქა, ამ ქალმა არ მიმატოვოსო.

_ კაი რა, მართლა ეგეთი გგონივარ?

_ ფაქტია. ვერ ხედავ, ძლივს დაგიმორჩილე.

_ მაგრამ შენ ეს მოახერხე.

_ მერედა, რის ფასად? ლამის კაცობა დამაკარგვინე.

გულიანი სიცილი ამიტყდა. სწრაფად წამოვხტი და ჩემს ტანსაცმელს დავუწყე ძებნა. ვასკამ ხალათი მოიცვა და შუქი აანთო. ცოტა კი მეუხერხულა, ასე მოულოდნელად ასე დედიშობილა რომ აღმოვჩნდი მის წინაშე, მაგრამ არ შევიმჩნიე. ბოლოს და ბოლოს, ახლახან ერთად არ ვიწექით? რიღასი უნდა მრცხვენოდეს?

ჩემი ზედა-ქვედა მოვხიკე და ფართხაფურთხით ჩავიცვი. ახლაღა შევამჩნიე, რომ საძინებლის კარის მინა ჩამსხვრეულიყო, მაგრამ როგორ მოხდა ეს, ვერც მე აღვიდგინე და ვერც მან.

_ წავედი… _ ჩურჩულით ვთქვი და მკლავები ყელზე მოვხვიე.

_ წავედით, _ მიპასუხა მან, მსუბუქად მაკოცა ტუჩებში და უეცრად ხელში ამიტაცა.

_ რას შვრები, გამიშვი!

_ კარამდე ასე უნდა მიგიყვანო, _ მიჩურჩულა და ყურის ბიბილოზე ოდნავ მიკბინა.

კართან ჩამომსვა, მკერდზე მიმიხუტა, სულის შეგუბებამდე მომიჭირა მკლავები და ხმადაბლა, ნაღვლიანი ტონით მითხრა:

_ რა მჩაქე ხარ, მაგრამ ჩემს გულს მაინც გაუჭირდება შენი ზიდვა.

_ შენც ნუ შეეცდები ჩემს ზიდვას, გვერდიგვერდ, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ. ამ მზის ქვეშ ადგილი ორივესთვის მოიძებნება.

ამ სიტყვებით ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი… სახლში კატასავით მოქნილი ნაბიჯებით შევიძურწე, თუმცა შიში აღარ უნდა მქონოდა. ჩემებს ეძინათ…

 

მომდევნო დღეებში ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. რაც უნდა მეკეთებინა, მაინც ვასიკოსთან გატარებულ ღამეზე ვფიქრობდი. ასეთი დაბნეული კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. სამსახურში ვერ მცნობდნენ, გულს ვერაფერს ვუდებდი. როცა ვინმე მელაპარაკებოდა, უგულისყუროდ ვუსმენდი, ჩემი გონება სხვაგან დაფრინავდა. ამ გოგოს რა სჭირსო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ ჩემი მკერავები. ქეთი, ჩემი გამყიდველი, სულ თითის წვერებზე დადიოდა, ჩემს `შეფინიას~ ფიქრები არ დავუფრთხოო. ყველა გრძნობდა, რმო ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ კარგი იყო ეს თუ ცუდი, ვერ გაერკვიათ.

გული სიამოვნებით მევსებოდა, როცა იმ წუთებს ვიხსენებდი, თან სინდისი მქენჯნიდა, რომ ჩემს ასაკში ასეთი ნაბიჯი გადავდგი. არ ვიცი, ვნანობდი თუ არა. უფრო ალბათ არა, მაგრამ გულს ის მიღრღნიდა, რომ ამის შესახებ ვერავის მოვუყვებოდი. მეგონა, რომ ყველას ვატყუებდი _ ჩემს შვილსაც და შვილობილებსაც, რომლებსაც არასდროს არაფერს ვუმალავდი. წინ გულახდილობის საღამო გველოდა, რა უნდა მეთქვა? მომკალი და ვერ ვაღიარებდი, სხვა კაცთან რომ ვიწექი. არადა, ჩემთვის ეს არავის დაუძალებია. საკუთარი სურვილით დავნებდი და ღვთაებრივი ნეტარებაც ვიგემე. წლებია, მსგავსი სიამოვნება არ განმიცდია. როგორც ჩანს, გონებას არა, მაგრამ სხეულს ნამდვილად მონატრებოდა მამაკაცის სითბო და ალერსი. ჩემი სხულის ყველა ნაწილი _ ტუჩები, თვალები, მკერდი, მკლავები თუ ტანი კატასავით კრუტუნებდა, ოღონდ უხმოდ, თავისთვის. მეგონა, ეს ერთი და მორჩა, მეტად აღარ მომინდებოდა ვასკასთან შეხვედრა და ყველაფრის გამეორება, მაგრამ შევცდი. რაც დრო გადიოდა, ვნება უფრო მიმძაფრდებოდა. ერთი სული მქონდა, კიდევ როდის ვნახავდი.

შინ გვიან ვბრუნდებოდი, რადგან სახეზე აშკარად მეტყობოდა მოუსვენრობა, ყველაფერს უხალისოდ ვაკეთებდი. თუ მანამ ყველაზე მეტს ვლაპარაკობდი, ახლა ხმას არ ვიღებდი, სადილსაც კი მდუმარებაში ვამზადებდი. ნებისმიერი რამ ნერვებს მიშლიდა _ ჯესის ყეფა, ბავშვების სიცილი, გოგონების ჭორაობა, ის სიჩუმეც კი, გვიან ღამით რომ დაისადგურებდა, როცა ყველა მიიძინებდა.

ბოლოს მივხვდი, რაც მაღიზიანებდა _ ვასიკოს სიჩუმე. ლამის ერთი კვირა გავიდა იმ ტკბილ-მწარე ღამის შემდეგ და თავი არ შემახსენა. არც ერთხელ. სწორედ ეს მაცოფებდა. თავისი გაისწორა და მორჩა? დამიკიდა? იბაირამა და ამით დაამთავრა? _ საკუთარ თავს ფიქრებში სლენგებით ვებაასებოდი.

მეექვსე თუ მეშვიდე დღეს, როგორც იქნა, მისგან პირველი სიგნალი მივიღე. `გძინავს?~ _ დამიმესიჯა. თანაც შუაღამე იყო, ლამის გამთენია. გული შემიქანდა _ ცალკე შიშისგან, ცალკე სიხარულისგან. მესიჯობანას არ მოველოდი. საათს დავხედე, ოთხი ხდებოდა. ნეტავ რატომ არ სძინავს? რა არ აძინებს? _ ეს ორი შეკითხვა მღრღნიდა.

მესიჯის სიგნალმა გამაღვიძა-მეთქი, მივწერე. ამას მოჰყვა, როგორ ხარ, მომენტრე, ხომ არ გეწყინა, რომ არ შეგეხმიანე და ასეთი რამეები. მერე შემაპარა, იქნებ ახლავე გამოსულიყავი ჩემთანო. ჰმ… ჩვენი ურთიერთობა რომ დალაგებული ყოფილიყო, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ შემაჩერებდა, ისე გავვარდებოდი, მაგრამ ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი და უარი ვტკიცე, გვიანაა, ახლა არ შემიძლია-მეთქი. ამით ვაგრძნობინე, რომ გულდაწყვეტილი ვიყავი და ექვსდღიან იგნორირებას ასე ადვილად არ ვაპატიებდი. მაშინ ხვალ დაგირეკავ და სადმე გავიაროთო. ამაზე დავთანხმდი, დავემშვიდობე, ფერადი სიზმრები ვუსურვე და ღიმილით ვიცვალე გვერდი.

იმ ღამეს, ბოლო ერთი კვირის ღამეებისგან განსხვავებით, პირველად მეძინა მშვიდი, უშფოთველი ძილით…

 

მეორე დღეს, მართლაც, შუადღე იყო, რომ დამირეკა. სამსახურში ვიყავი. როცა ეკრანზე მისი სახელი აციმციმდა, ისე გავწითლდი, როგორც მეცხრეკლასელი შეყვარებული გოგონა, მაშინვე საგარდერობოში შევვარდი და იქიდან დაველაპარაკე. ეს უფანჯრო სათავსო იყო, ამიტომ მობილურის სიგნალს კარგად ვერ იჭერდა, რის გამოც მისი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა, მაგრამ სანამ ცოტათი არ დავმშვიდდი, გარეთ არ გამოვედი. მერე კი აივანს მივაშურე და უფრო თამამად დაველაპარაკე.

_ სამსახურში არ გამომიარო, კარგი? _ ვთხოვე, _ სადმე სხვაგან შეგხვდები.

_ რატომ, ჩემი გამოჩენა გიტყდება შენს გოგოებთან? _ იწყინა.

_ არა, ეს რა შუაშია, უბრალოდ, არ მინდა, რამე იფიქრონ… არ ვარ იმ ასაკში…

_ ოოოჰ, შენ და შენ ასაკი, _ გაიცინა, _ კარგი, რახან ეგრეა, მითხარი, სად მოვიდე.

_ ოპერასთნ შეგიძლია? იქ მანქანას ადვილად გავაჩერებთ.

_ მაშინ მე უმანქანოდ წამოვალ, მერე ცალ-ცალკე ხომ არ ვივლით.

ამაზე დავთანხმდი და შეხვედრისთვის მზადებას აფორიაქებული შევუდექი. განა რა მომზადება მინდოდა, ისედაც ყოველთვის ფორმაში ვიყავი, მოუვლელი სამსახურში არასდროს მივდიოდი, მაგრამ მაინც, როგორც კი პაემანი მოახლოვდა, ტუალეტში შევიკეტე და მაკიაჟი შევისწორე, პომადა უფრო სქლად გადავისვი, თმა კიდევ ერთხელ გადავივარცხნე და სარკის წინ მონდომებით დავტრიალდი.

საერთოდ, პუნქტუალური ვარ ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ახლა ცოტათი დამაგვიანდა, მაინცდამაინც ახლა, თუმცა, ჩემი ბრალი არ იყო. ვერაზე ისეთი საცობი დამხვდა, ძლივს გამოვაღწიე. რუსთაველზე დავტრიალდი, `ანდროპოვის ყურებთან~ მარჯვნივ ჩავუხვიე და ოპერასთან ქვემოდან ამოვედი. ექვსის მერე იქ მანქანის დასაყენებელი ადგილები ყოველთვის თავისუფლდება, ამიტომ გაჩერება არ გამჭირვებია. ვასიკო ზუსტად შენობის წინ დარჭობილიყო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა სპექტაკლების აფიშებს. ისეთი ცხელი საღამო იყო, აპრილისას სულ რომ არ ჰგავდა.

_ როგორ ცხელა, არა? _ ეს იყო პირველი, რაც ვთქვი.

_ ჰო, ზაფხულივით ამინდია, _ დამიდასტურა მან, მხარზე ხელი გადამისრიალა და ყელზე ისე მოწყურებულად, თანაც ნაზად მაკოცა, რომ ჟრუანტელმა მომიცვა. მერე კი, ოხ, როგორ შევხურდი.

_ ანუ ცრუ ზაფხული, არა? _ შევცინე.

_ არა, ზაფხული გაზაფხულში… მოდი, იქით გადავიდეთ, ერთი რესტორანში მეგულება.

_ რომელი, ყოფილი `დარიალი~? მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იქიდან სულ დოლ-გარმონის ხმა ამოდიოდა და ინტერესი მკლავდა, ნეტავ იმ სარდაფში რა ხდება-მეთქი. ძაან პატარა ვიყავი მაშინ.

_ მაგდენი არ ვიცი, მე ნახალოვკაში გავიზარდე, აქეთ იშვიათად დავდიოდი, `რუსთაველში~ თუ შევიდოდით გოგო-ბიჭები ფილმის საყურებლად. ჩემს უბნელებს ეს უბანი დიდად არ ეპიტნავებოდათ, პიჟონების უბანს ეძახდნენ. _ გაიცინა.

_ იცი რა? აგერ საჩაიეა, ძალიან მყუდრო და წყნარი, იქ შევიდეთ, არ ჯობია? არ მოგბეზრდა ეს რესტორანი?

_ ჰმ, შენი ხათრით, თორემ რესტორნებისკენ გახედვაც არ მინდა, ყელში მაქვს ამოსული.

`ხმათა უმრავლესობით~ საჩაიე ვამჯობინეთ, შევედით, ფანჯრის მაგიდასთან მოვკალათდით, ერთმანეთის პირისპირ დავსხჯედით და ჟასმინის ჩაი და ვაშლის ღვეზელი შევუკვეთეთ.

_ იმ კვირაში რატომ არ შემომეხმიანე? _ თვალები მოჭუტა და ეშმაკური ღიმილით მკითხა.

_ შენ? _ მისი მიმიკა ზუსტად გადავიღე და ისე მივაჩერდი.

_ მე შენს რეაქციას ველოდებოდი.

_ აი, თურმე რა ყოფილა! ნწ, ნწ, ნწ! _ თავი გავაქნიე.

_ მოდი, ხუმრობა იქით იყოს და, პირველ რიგში იმას გავიმეორებ, რაც წუხელ მოგწერე: მომენატრე. ისე მომენატრე, ისე, ისე, რომ… თავი დავკარგე. გჯერა?

_ შენ?

_ რა მე?

_ შენ გჯერა? _ სიცილი ამიტყდა.

_ რომ არ მჯეროდეს, გეტყოდი?

არაფერი ვუპასუხე. სიჩუმე ჩამოვარდა. ამასობაში იგი თვალს არ მაშორებდა. მე მზერა ავარიდე და სიჩუმის გამო ჩემი ფრჩხილების თაღების თვალიერება დავიწყე, მკვეთრი თეთრი ფერი რომ დაჰკრავდა. მერე ვასკას ღიმილით ავხედე.

_ შენც გაქვს ფრჩხილებზე ასეთი თაღები?

_ რა თაღები?

_ აი, ნუნებთან ოვალური მოთეთრებული ადგილი რომაა, მორკალული, _ და ვაჩვენე.

_ ააა, ეგ ხომ ყველას აქვს. აი, შეხედე, ჩემები უფრო დიდებია.

_ მახსოვს, ბავშვობაში ფრჩხილებზე აქა-იქ თეთრი ლაქები მიჩნდებოდა. ბებია მეუბნებოდა, ეს ლაქა მაღლა რომ ამოიწევს, საჩუქარი მოგივაო. მეც სულ ვაკვირდებოდი და ერთი სული მქონდა, როდის ამოიზრდებოდა ის ლაქა, რომ ფრჩხილი დროზე მომეჭრა და საჩუქარს დავლოდებოდი.

_ მერე? ამართლებდა?

_ ყოველთვის, _ ისევ გამეცინა.

მან ჩემი თითები ხელისგულზე დაილაგა და სათითაოდ ყველა ფრჩხილზე მაკოცა, მერე კი მათ თვალიერებას შეუდგა.

_ ნეტავ ახლაც აღმოვაჩინო ლაქა. დაველოდები, როდის ამოიზრდება და… საჩუქარსაც გავჩითავ. მიზეზი მექნება, რომ რამე გაჩუქო.

გავწითლდი.

_ იცი, როგორ მიყურებ? _ მოულოდნელად მკითხა.

_ როგორ?

_ ახალი შეყვარებულივით.

_ შენც, _ მივუგე და ავტკარცალდი. ისიც ამყვა.

მშვენიერი საღამო გამოგვივიდა.

_ ახლა კი წავედით. მაინც მოგვიწევს იმ მხარეს გადასვლა.

_ სად?

_ აქვე, სასტუმროში. ნომერი დაჯავშნულია.

_ გაგიჟდი?

_ რა თქმა უნდა, _ მიპასუხა და გაგიჟების უკეთ დასადასტურებლად მხრები აათამაშა.

ვასკამ ანგარიში გაასწორა და საჩაიედან ხელჩაკიდებული გამომიყვანა. ისე მორცხვად მივყვებოდი გვერდით, თითქოს წინ პირველი სექსი მელოდა. სექსი არ იყო პირველი, მაგრამ სასტუმროში სექსი ნამდვილად პირველი იქნებოდა. ალბათ ამიტომაც მრცხვენოდა.

კერძო სასტუმრო იყო, ზედა ქუჩაზე მდებარეობდა. მის გვერდით მდებარე პატარა სასადილოს `საოჯახო სამზარეულო~ ერქვა, რომელიც ყოველ ათ წამში წითლად ციმციმებდა, მაგრამ რამდენიმე ასო ჩამქრალიყო და როცა დანარჩენები აინთებოდა, ასე იკითხებოდა: `საოჯახო სა ზარე ლო~. იმდენად სასაცილოდ ჟღერდა წარწერა, რომ ორივეს გაგვეცინა.

მოგვიანებით, როცა მის შიშველ, ბალნიან მკერდზე საჩვენებელი თითით ირეალურ წრეებს ვხატავდი, ჩურჩულნარევი ხმით მეუბნებოდა:

_ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი სიყვარულით შევირთე. ამ ურთიერთობას ალბათ ისიც ამძაფრებს, რომ მისი დამალვა გვიწევს, არა? _ ამ სიტყვებზე თავი ასწია და შემომხედა.

_ ალბათ, _ მორცხვი ღიმილით მივუგე…

სამი საათი დავრჩით სასტუმროში, რაც ერთმანეთით დასატკბობად ასე თუ ისე ვიმყოფინეთ და შინ სულ ღიღინ-ღიღინით წამოვედით. საჭესთან ვასიკო დაჯდა…

ჩემი გვიან დაბრუნება არავის გაჰკვირვებია. ყველანი სახლში იყვნენ, მარკოც კი. შემოსვლისთანავე სააბაზანოში შევვარდი და წყლის თბილ მკლავებში მოქცეული მეზობელ ბინაში მყოფ ვასიკოს ვუღიმოდი. ვინ იცის, იქნებ ისიც შხაპის ქვეშ იდგა ახლა და ჩემსავით წყლის შხეფებს უშვერდა მკლავებს…

 

კიდევ ორი დღე და ვეღარ მოვითმინე. ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. გადავწყვიტე, მარკოსთვის ვასიკოს შესახებ მეთქვა. მიიღებდა თუ არ მიიღებდა, ჩემთვის სულერთი იყო. არ მინდოდა, მისგან ჩემი პირადი ცხოვრება დამალული მქონოდა. თანაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამამტყუნებდა. ამიტომ პარასკევ საღამოს, როგორც კი მაღლა ასვლა დააპირა, თან გავყევი და დაველაპარაკე.

როცა ვუთხარი, ვასიკოსთან ურთიერთობა მაქვს-მეთქი, უცნაური გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე _ თითქოს შიში, თითქოს მოულოდნელობა, _ მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით, მერე მხრები შეარხია და დივანზე დადებულ პატარა დათუნიას დაავლო ხელი, ყურით გააქან-გამოაქანა და არ შემოუხედავს, ისე მკითხა:

_ მე რატომ მეუბნები, დედა, ამას?

რამდენი ხანია, ჩემთვის დედათი არ მოუმართავს. ან კარლას მეძახდა, ან დედუცი-დედუსის, ან დე-ს.

_ აბა ვის უნდა ვუთხრა? შენ ეს უნდა იცოდე, მარკო.

_ შენი საქმისა შენ იცი. მე რა უფლება მაქვს, რამე გირჩიო ან აგიკრძალო? რა გინდა, რომ გითხრა?

დავიბენი.

_ ჩხუბს ხომ არ დაგიწყებ, არა? ეს ხომ ღალატი არ არის, თავი გავიგიჟო? გაქვს უფლება, მეგობარი მამაკაცი გყავდეს და იყოლიე, სულაც არა ვარ წინააღმდეგი. ის კაცი კაი ტიპი ჩანს, ერთი-ორჯერ ველაპარაკე და რა ვიცი, ნარმალნი როჟაა, რას ვერჩი. ოღონდ ნუ გამიბლატავდება, კარგი? იქ მამობას და ეგეთ რამეებს არ მიაწვეს, არ მევასება, ხომ იცი.

_ რას ამბობ, მარკო, გათხოვებას კი არ ვაპირებ.

_ ძალიანაც კარგი, რომ არ აპირებ, _ რაღაცნაირად, თითქოს გულდაწყვეტილად ჩაიცინა და დათუნია გვერდზე მიაგდო, _ სულაც არ მინდა, მე და დედაჩემი ერთდროულად დავოჯახდეთ. _ ეს ისეთი გაღიზიანებული ტონით და მკვეთრი ხმით წამოიძახა, რომ შევტოკდი, _ არ მესიამოვნება, ჩემს ძმაკაცებს ვუთხრა: იცით რაა? დედაჩემი გათხოვდა. გამიტყდება, გესმის? სხვა დანარჩენი პრობლემა არაა, დე, ცუდად არ გამიგო, _ ეს თქვა თუ არა, წამოხტა, ჩემ წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩამიდო, _ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, ამიტომ მინდა, რომ შენც ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო და მარტო არ იყო. _ მერე წამოიწია, ჩამეხუტა და კოცნა დამიწყო.

თვალები ცრემლით ამევსო, შვილი გულში ჩავიკარი და ჩურჩულით მადლობა გადავუხადე. აი, მაშინ კი ვიგრძენი შვება…

 

ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა, როცა გულახდილი საუბრებისთვის შაბათ საღამოს ყველანი ჰაი-ოთახში შევიკრიბეთ და თამამად გამოვაცხადე, ვასიკოს ვხვდები-მეთქი. მარკოც ჩვენთან იყო. მას ნაკვთი არ შერხევია სახეზე, გოგონები კი… მართალია, გაოცდნენ, მაგრამ მოლაპარაკებულებივით ყველამ მარკოს შეხედა და არა მე. ალბათ ეგონათ, ამის მოსმენისას ჩვენი ბიჭი აფეთქდებაო. მან კი ყველას სათითაოდ მოავლო თვალი, ცალი მხარი და ცალი წარბი ერთდროულად ასწია და `კექსი უკვე ჭამეთ?~ მზერით მე გამომხედა, ოღონდ სიტყვიერად არაფერი უთქვამს, ამას ვერც გამიბედავდა. რახან მარკო ასე შეხვდა ამ ამბავს (მათ ხომ არ იცოდნენ, რომ მისთვის უკვე ყველაფერი ნათქვამი მქონდა), ისეთი ტაში დასცხეს და ისე ახმაურდნენ, რომ ოთახში ყურთასმენა აღარ იყო.

_ კარგი, კარგი, გეყოფათ! ვსიო, მეტს აღარაფერს ვიტყვი. აღარც მკითხოთ. ემილი, შენთან რა ხდება? _ სასწრაფოდ ემილიზე გადავიტანე ყურადღება.

_ ჩემთან? _ ღიმილი მსწრაფლ მოისხიპა მან და უხერხულად შეიშმუშნა, _ მგონი, ისეთი არაფერი.

_ ასეთი? _ არ მოვეშვი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, გვანცულას სტუმრობის შემდეგ რაღაც მაინც შეიცვლებოდა.

_ ა! ასეთი… _ თქვა და ყურებიც კი გაუწითლდა, _ სამი დღის წინ ჩემმა დედამთილმა დამირეკა და მომიკითხა, სხვათა შორის, ისე თბილად, თითქოს მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდეს.

_ ოოო, ეგ კარგია, _ ერთდროულად ვიყვირეთ მე და მარკომ, ენიც აგვყვა, მხოლოდ ელისს არ უთქვამს არაფერი, რადგან მისთვის ეს ახალი არ უნდა ყოფილიყო. ის და ემილი ხომ სულ ერთად იყვნენ და ერთმანეთის შესახებ სხვებზე მეტი იცოდნენ.

_ დღეს საღამოს კი, სანამ გზაში მოვდიოდით, თამაზმა დარეკა, _ მორცხვად დაამატა მან.

_ უუუ, ეს კიდევ უფრო მაგარი ამბავი! _ შესძახა მარკომ, _ ბიჯოო, რეები ხდება, აზრზე ხართ? წინ მივიწევთ, ფროოგრესს! _ წაუინგლისურა.

_ მიხარია, ემილი, _ მშვიდად ვთქვი, _ შერიგებას აპირებთ ალბათ, არა? _ ვითომ საქმის კურსში არ ვიყავი.

_ არაა… არა მგონია… ეს არ უთქვამს.

_ აბა, რატომ დარეკა ან ერთმა, ან მეორემ?

_ სოფის გამო… ბავშვზე მელაპარაკნენ.

_ მერე? არ დაპატიჟე ჩვენთან? მოსულიყვნენ და ენახათ, რა.

_ რა ვიცი… ეგ არ მიფიქრია.

_ უნდა გეფიქრა, _ დავამუნათე, _ აწი იფიქრე. კიდევ რომ დარეკავს გვანცა, უთხარი, რომ მე ვეპატიჟები, კარგი?

ემილის პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თავი დააქნია, ისიც ჭოჭმანით.

ენის ბევრი არაფერი ჰქონდა სალაპარაკო, ვმეცადინეობ და ჩარიცხვის იმედი მაქვსო, გამოგვიცხადა.

_ ეგ ხომ ისედაც კარგა ხანია, ვიცით, _ შეეპასუხა მარკო, _ ჩვენ ახალი, რამე ახალი გვინდა. მიდი, გაბედე!

_ რა ახალი, აბა რა ვთქვა? _ გაიოცა ენიმ.

_ მე რასაც შემპირდი, ის თქვი. _ წააქეზა მარკომ.

_ ააა, ეგ ხო, _ გაიღიმა ენიმ და მცირე პაუზის შემდეგ თქვა, _ მარკიზმა მითხრა, დაბადების დღე რესტორანში უნდა გადავიხადოო და პირობა მივეცი, რომ მეც წამოვიდოდი. სულ ესაა.

იმის ნაცვლად, რომ ამ ამბავს ერთი აჟიოტაჟი გამოეწვია და ჩემი სენსაციის მსგავსად ოვაციები მოჰყოლოდა, ყველას ენა ჩაგვივარდა. ჩემი და ვასიკოს ამბავიც არ ყოფილა ასეთი მოულოდნელი. ყველა ერთმანეთს მივაჩერდით, ყველას გაოგნება გვეხატა სახეზე. გონს პირველი მე მოვეგე და ტაში შემოვცხე, მერე სხვებიც ამყვნენ და ენის მივვარდით. მე და ემილიმ გადავკოცნეთ და მივულოცეთ, ასე რომ გამოცოცხლდა, ელისმა ხელშიც კი აიყვანა, მხოლოდ მარკო იჯდა კმაყოფილი სახით, არც კი შერხეულა. ის ჩვენზე ბედნიერი იყო, რადგან ამას მხოლოდ მან, ჩვენს დაუხმარებლად მიაღწია.

ბოლოს ელისის ჯერი დადგა.

_ ახლა მე დავაგვირგვინებ დღევანდელ საღამოს. ხვალ მაქსი გვეწვევა, _ ამაყად და თითქოს ჯიბრიანად გამოგვიცხადა.

_ ხვალ? _ ლამის წამოვხტი, _ კი მაგრამ, მომზადება არ გვინდა? აქამდე რატომ არ თქვი?

_ რა პრობლემაა, ისეთს არაფერს ვაპირებ.

_ რას ნიშნავს, არაფერს აპირებ? სუფრა? როდისღა მოვასწრებთ?

_ მოსასწრები არაფერია, მხოლოდ ნამცხვრები გვექნება, ხილი და რამე დასალევი. ვსიო.

_ ასე რატომ გადაწყვიტე, ელის? _ მეწყინა, _ ის ბიჭი პირველად მოდის ჩვენს ოჯახში და როგორი აპირებ დახვედრას, ნამც…

_ ტკბილად, _ შემატყვეტინა ელისმა, _ მან ასე ისურვა და მეც მომწონს ასე. თუ დავიღალე და არაქათი გამომეცალა, ღამისთევა თუ მომიხდა, რა ჯანდაბად მინდა ასეთი სტუმრობა?

_ გადამრევს ეს გოგო! _ ხელისგულები ერთმანეთს გავუტკაცუნე, თითქოს ტაშს ვუკრავდი, _ სხვებსაც მოგწონთ მისი საქციელი?

_ უჰუ, უჰუ, _ მოკუმული ბაგეებით მომიგო მარკომ და ემილიმაც თავი დააქნია. ენი კი მხოლოდ იღიმოდა.

_ კი ბატონო, თუ ასე სწორად მიგაჩნიათ, იყოს ასე, _ ნირწამხდარი დავნებდი და მაშინვე ოთახიდან გავედი.

_ დედაჩემმა ხუმრობა ვერ გაიგო, როგორც ჩანს, _ დამეწია გზაში მარკოს ხმა.

 

დილიდან ყველანი დიდ ფაციფუცში ვიყავით. ბევრი არაფერი იყო გასაკეთებელ-მოსამზადებელი, მაგრამ მაინც ისე დავრბოდით იქით-აქეთ, თითქოს ოთხმოცდაცხრამეტკაციანი სუფრა უნდა გაგვეშალა. ვინ თეფშებს წმენდდა, ვინ კოვზებს ამშრალებდა, ვინ ხილს რეცხავდა…

თითქოს ხომ არაფერი, რა დიდი ამბავი იყო მაქსის სტუმრობა, მაგრამ შინაგანად ყველანი ვნერვიულობდით. მე იმაზეც ვშფოთავდი, რომ მარკოს დღეს თამაზიც უნდა მოეყვანა, რაც ემილიმ არ იცოდა. როგორ შეხვდებოდა გოგო ამ ამბავს, საგონებელში მაგდებდა. ერთადერთი მარკოს იმედი მქონდა, ის როგორღაც გაართმევდა თავს ამ ყველაფერს. ყველაზე უკეთ მან უწყოდა, როგორ მისდგომოდა ემილის.

სოფი და გაბი ყველას ფეხებში გვედებოდა თავიანთი ჯესით.  გაბი უხასიათოდ იყო, სულაც არ უხაროდა იმ ვიღაც `დედიკოს მეგობრის~ მოსვლა. მე მიზეზი ვიცოდი, ადრე მითხრა, სხვა ბიჭი მინდა დედიკოს გავაცნო, იქნებ ერთმანეთი შეუყვარდეთო. მაჭანკლობის ნიჭს ავლენდა ეს ერთი ციდა ბავშვი. ჰოდა, უნდოდა ახლა მაქსის გაცნობა? რა თქმა უნდა, არა. დრო რომ ვიხელთე, ცალკე გავიყვანე და დიდი ადამიანივით დაველაპარაკე, როცა სტუმარი მოვა, ხამივით არ მოიქცე, ხელი ჩამოართვი და ზრდილობიანად დაელაპარაკე-მეთქი. მაქსს თავისი შვილი ვერ მოჰყავდა, დედამისი არ უშვებსო. არადა, კარგი კი იქნებოდა, ბავშვები ერთმანეთს გაიცნობდნენ.

ელისმა დილიდანვე მოიტანა ხილი, ნამცხვრები და გაქრა. სალონში წავიდა თმის დასავარცხნად და მაკიაჟის გასაკეთებლად. მთელი საქმე მე, ემილისა და ენის შეგვატოვა.

თავქარიანი!

ემილის ვუთხარი, მხოლოდ ელისის ნამცხვრების იმედზე ნუ ვიქნებით, მოდი, ხაჭაპურები დავაცხოთ, ბავშვებს ღვეზელსაც მოვუმზადებ, თორემ ვინ იცის, ადამიანს რომ მოშივდეს და ქეიფის დროს ჭამაც მოუნდეს, დაღუპულები ვართ-მეთქი. ისიც დამეთანხმა და რადგან ცომის მოზელის დრო არ რჩებოდა, თონეში გავარდა, ხუთ-ექვს გუნდას წამოვიღებო. ყველი მქონდა და კარტოფილიც, ხაჭოც იდო მაცივარში, ამიტომ თავისუფლად შევძლებდი ცომეულის მომზადებას.

გული მეთანაღრებოდა, ვასიკო რომ არ იქნებოდა ჩვენთან. მე მას უკვე ჩემიანად მივიჩნევდი და მინდოდა, ისიც დასწრებოდა ჩვენს საზეიმო ლანჩს, მაგრამ აბა, ვისთვის უნდა შემეჩივლა ეს ამბავი? არადა, სული და გული იქით მქონდა.

სუფრა ენიმ გაშალა. ისე ლამაზად დაალაგა ყველაფერი, თვალი ზედ დაგრჩებოდა. ხაჭაპურების გამოცხობას მალევე მოვრჩი, რის შემდეგდაც ღვეზელზე გადავედი. კარტოფილიანი ღვეზელი ბავშვებს უყვარდათ და უფრო იმიტომ გავისარჯე.

ამასობაში ოთხი საათიც გახდა. მაქსის მოსვლამდე სულ რაღაც ერთი საათი რჩებოდა. მარკომ ჩამოიარა, გავალ და მალე მოვალო. მივხვდი, თამაზს უნდა შეხვედროდა. მინდოდა, თამაზი უფრო ადრე მოსულიყო, რათა ელისის `კაცი~ უხერხულ სიტუაციას არ შესწრებოდა, მაგრამ მარკომ დამამშვიდა, მაგ საქმეს მე მოვუვლი, შენ ნუ ნერვიულობო.

ელისი ჯერაც არ ჩანდა. ვბრაზობდი, ნეტავ სად დაეთრევა აქამდე, რა ვერ დაივარცხნა ის თმა, ან რას ივარცხნის ამისთანას, იმ ბიჭს ჯერ არ უნახავს თუ რა სჭირს-მეთქი.

და აი, პირველი ზარი გაისმა. კარის გასაღებად ემილი გავარდა. მე და ენიც უკან მივყევით. ზღურბლზე მაქსი და უზარმაზარი თაიგულით ხელდამშვენებული ელისი იდგნენ. ელისს ნახევარ სახეს ღიმილი უფარავდა, მეორე ნახევარს _ ვარდების თაიგული.

_ შეიძლება?

_ მობრძანდით, მობრძანდით, _ ისეთი რიხით შესძახა ემილიმ, რომ გამიკვირდა. თავის დღეში უთქმელი და მორიდებული გოგო უეცრად როგორი თამამი გამოჩნდა? პირი ღია დამრჩა.

_ გამარჯობა… მაქსი… გამარჯობა… მაქსი… _ მე და ენის სათითაოდ მოგვესალმა და გაგვეცნო მაქსი, თან ხელს გვართმევდა, ემილი კი გადაკოცნა.

მოწიწებით შემოვუძეხით სტუმარს სასტუმრო ოთახში და მაგიდის თავთან, `საპატიო~ ორადგილიან სავარძელში ჩავსვით, რათა ადგილი ელისის გვერდით `დაებევებინა~. ცოტა ადრე კი მოგვივიდა სუფრასთან მიწვევა, რადგან მარკო და თამაზი ჯერაც არ ჩანდნენ, მაგრამ ელისმა ჩათვალა, რომ ჩვენი დახვედრა მაქსისთვის საკმარისი იყო. სადღაც გულიც კი დამწყდა, რომ ელისი მარკოს დალოდებას არ აპირებდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

ამ დროს ოთახში გაბი შემოვიდა. შემოვიდა და უეცრად გაშტერდა. ისეთი თვალებით დაუწყო მაქსს ყურება, გული გადამიქანდა, ბავშვი არ აყვირდეს-მეთქი. არადა, მაქსმაც უცნაური გაოცება გამოხატა, თითქოს სასწაული დაინახაო, რამაც საგონებელში ჩამაგდო. ნეტავ რა ხდება-მეთქი, გაფიქრება ძლივს მოვასწარი, რომ გაბი მოულოდნელად ადგილიდან მოწყდა და ჰოლს მიაშურა.

_ გაბი! გაბი! _ ძახილით დაედევნა ელისი და კიდევ კარგი, დაედევნა _ ზედ კართან დაიჭირა, _ რა ველურივით იქცევი, შე საზიზღარო! _ დაუსისინა დედამისმა, _ შემოეთრიე სახლში!

_ აქეთ მოიყვანე, მე მივხედავ მაგას, _ ხმადაბლა ვუთხარი ელისს და ბავშვი ხელიდან ავართვი.

საძინებელში შევუძეხი ბიჭს და ვკითხე, ასე რამ დაგაფეთა-მეთქი. თავიდან ხმას არ იღებდა, მერე კი უცებ ტირილი წასკდა.

_ გაბი, საყვარელო, რატომ ტირი? _ გულში ჩავიხუტე, _ რა დაგემართა, ჩემო პატარავ? კარგი, დაწყნარდი და ნუ სლუკუნებ, კარგი? _ თავზე ხელს ვუსვამდი და ვამშვიდებდი.

არ მეგონა, მაქსის სტუმრობა ასე თუ იმოქმედებდა მასზე, თორემ საერთოდაც გავარიდებდი აქაურობას.

_ კარლა… ის… ის… ეს ის ბიჭია, მე რომ გელაპარაკე.

_ ვინ ბიჭი, რაზე მელაპარაკე? როდის მელაპარაკე? _ ვერაფერი გავიგე.

_ აი… რომ გითხარი, დედიკოს უნდა გავაცნო-მეთქი.

ახლა კი მოვედი აზრზე.

_ მართლა? მერე? პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ დედაშენმა სტუმრად სწორედ ის ადამიანი მოიყვანა, ვინც შენ უნდა გაგეცნო… და… მოიცა, მოიცა… შენ საიდან იცნობ მას?

_ საიდან და… ისა… იმას მე თავისი შვილი ვგონივარ, _ დაიჩურჩულა ბავშვმა.

ეს კი რაღაც ვერ გავიგე. რატომ უნდა ჰგონებოდა მაქსს გაბი თავისი შვილი, ამ აზრს ვერაფრით ჩავწვდი.

_ რას ნიშნავს ეგ… რაც ახლა მითხარი, რას ნიშნავს, ვერ ამიხსნი? _ მეც ჩურჩულზე გადავედი.

მოულოდნელად კარი ელისმა შემოაღო, მას თან მაქსი მოჰყვებოდა.

გაბიმ კისერზე მკლავები შემომხვია და ისე ძალუმად ჩამეხუტა, სუნთქვა შემეკრა.

_ ბიჭო, მოდი შენ აქ! ეი, გაბი! _ ისე უხეშად მიმართა ელისმა შვილს, რომ უცებ ჭკუა გადამეკეტა.

გულში ჩახუტებულ ბიჭს ხელი მეც მოვხვიე და ელისს შევუბღვირე:

_ ელის! რა ლაპარაკია ახლა ეს, ა?

_ იცის მაგან, რა ლაპარაკიცაა. გამოიხედე ერთი აქეთ! გაბი! მე ვის ვეძახი?

გაბიმ უფრო მომიჭირა მკლავები.

_ არ მეტყვით, აქ რა ხდება? _ თავი ვეღარ შევიკავე და მეც ხმას ავუწიე.

_ რა ხდება და ის ხდება, რომ ამ ლაწირაკმა მაქსი მოატყუა. უთქვამს, მე შენი შვილი ვარო და აგერ, რამდენი თვეა, ატყუებს თურმე.

შევძრწუნდი. იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო, რომ გაბის ორივე ხელი იღლიაში აამოვდე, მკერდიდან მოვიშორე და შევხედე:

_ მართალია, რასაც დედაშენი ამბობს?

ბიჭმა ცრემლიანი თვალები შემომაბრწყინა და თავი უსიტყვოდ დამიქნია.

_ ელის, ნუ ეჩხუბები, რა, _ გაისმა მაქსის ხმა, _ ცოტა ხანს დამტოვეთ გაბისთან მარტო. ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და თვითონ გავარკვევთ, რა მოხდა, _ ამ სიტყვებით მან გაბის მხარზე ხელი დაადო და მე შემომხედა:

_ ქალბატონო კარლა, თუ შეიძლება… _ `ცოტა ხანს მარტო დაგვტოვეთ~ კი მზერით მაგრძნობინა.

გაოგნებული წამოვდექი და ელისთან ერთდ ოთახიდან გავედი. სახეები ყველას ჩამოგვძმარებოდა. ხალისი, რომლითაც დილიდან ვფაციფუცობდით, სადღაც გამქრალიყო.

_ მე ვერაფერი გავიგე, გოგოებო. თქვენ? _ ხან ემილის მივაშტერდებოდი, ხან ენის.

_ ვერც ჩვენ, _ მხრები აიჩეჩა ემილიმ და სოფის აკოცა, _ დედი, შენც ხომ არ გაჩითე გაბისნაირად სადმე მამიკო, ჰა? _ გაეხუმრა შვილს.

_ კი, _ ისე გუწრფელად უპასუხა სოფიმ და ისე თავდაჯერებულად დაუქნია თავი, რომ ემილი სახტად დარჩა.

მე და ენის სიცილი აგვიტყდა.

_ რაოო? _ აღმოხდა ემილის, _ კიო? ვინაა, დედიკო? აბა, ერთი მომიყევი, შენ და გაბიმ რა იმაიმუნეთ ერთად? ეს მაქსი შემთხვევით მამაშენიც ხომ არ არის? _ ემილიმ სოფი მუხლებზე დაისვა და სახეში შეაჩერდა.

_ ალა, ჩემ… ჩემ მამიკოშ თამაჟი კვია, _ ყოჩაღად გამოაცხადა სოფიმ.

გოგოს ფერი ეცვალა ქმრის სახელის გაგონებაზე. თავზარდაცემული რატომღაც, მე მომაშტერდა. `პირველად მესმის~ პოზა მივიღე და მხრები ავიჩეჩე.

_ მე ნუ მიყურებ, გონზე არ ვარ, რა ხდება, _ შორს დავიჭირე ეს ამბავი, თან გულში ვნატრობდი, ნეტავ მარკო დროზე მოვიდეს-მეთქი.

_ მერე? სად გაიცანი ის შენი `თამაჟი~? _ ვითომ არაფერი, ისე რბილად დაუსვა შეკითხვა ემილიმ შვილს.

_ ცილკსი. მე და მალკომ გავიჩანით, _ მოაღო პირი სოფიმ.

_ უკაცრავად, მაგრამ… _ ემილიმ სოფი ძირს დასვა, წამოდგა და პირისპირ ამესვეტა, _ კარლა, რა ხდება ჩემს ზურგს უკან, ხომ არ იცი?

_ უკვე გითხარი, წარმოდგენა არა მაქვს-მეთქი. _ იხტიბარი არ გავიტეხე და თვალი თამამად გავუსწორე. არადა, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ კრინტს როგორ დავძრავდი!

მაპატიე, ემილი!

ემილიმ ჩაახველა და, როგორც იქნა, მეშველა. კარზე ზარი კვლავ დაირეკა. ეს უეჭველად მარკო იქნებოდა.

ასეც იყო. მე მაშინვე გავვარდი. სანამ მივიდოდი, კარი გაიღო და ჯერ ვარდების თაიგულმა შემოყო თავი, ამჯერად მეორემ, მერე კი მარკო და თამაზი შემოვიდნენ.

_ ნახეთ, ვინ მოგიყვანეთ? _ მარკო გაიჭიმა.

_ შეიძლება? დეიდა კარლა, გამარჯობა! _ თბილი ღიმილით მომესალმა თამაზი და გადამკოცნა.

_ გაგიმარჯოს, შვილო… შენ აქ საიდან გაჩნდი? _ ვითომ არ ვიცოდი.

_ მარკომ დამპატიჟა…

უკან მოვიხედე და ემილის გაფართოებულ თვალებსა და დამბლადაცემულ მზერას წავაწყდი. სახე გაჰფითრებოდა. არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მაგრამ თითქოს ნიკაპი უკანკალებდა.

_ სალამი, ემილი…

ამ დროს სოფი გამოხტა, დედამისს ისე ძლიერად დაეჯახა, კინაღამ წააქცია და თამაზს ხმამაღალი შეძახილით მივარდა:

_ მამიკო მოვიდა, მამიკო მოვიდა! _ და ბავშვი მამაკაცს მკლავებში ჩაუხტა…

ემილი ხმას ვერ იღებდა. თაიგული კი ჩამოართვა ყოფილ ქმარს, რომელსაც მეორე ხელში სოფი აეტატებინა, მაგრამ თქმით სიტყვა არ დაუძრავს. გამეხებულმა თავის საძინებელს მიაშურა და შიგნით ჩაიკეტა.

_ მადროვეთ, მადროვეთ…. პარდონ! _ მარკომ ყველას დამამშვიდებელი ჟესტები `დაგვირიგა~, მანიშნა, თამაზი სასტუმრო ოთახში შეიყვანეო და თვითონ ემილის კარს მიაშურა.

რამდენიმე ფრთხილი დაკაკუნების შემდეგ გავიგონე, როგორ გადატრიალდა გასაღები. ეს იმას ნიშნავდა, რომ ემილიმ მარკოს კარი გაუღო. აი, მაშინღა ამოვისუნთქე… ხმამაღლა, შვებით.

_ აწი, მგონი, გვეშველება, _ დაბნეული ღიმილით გამოვაცხადე და თამაზს სავარძლისკენ მივუთითე, დაჯექი-მეთქი.

_ გმადლობთ… მგონი, შეგაწუხეთ… _ შეიშმუშნა ბიჭი.

_ რას ამბობ, რა შეგვაწუხე. პირიქით, კარგი ქენი, რომ მოხვედი, ყოჩაღ! დედა როგორაა? _ ზრდილობის გულისთვის და კიდევ იმიტომ, რომ გაუსაძლისად დაძაბული სიტუაცია განმემუხტა, გვანცა მოვიკითხე.

_ არა უშავს, ჯერ ებრძვის სიბერეს… თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით, კარლა დეიდა.

_ მადლობა, საყვარელო. არ მოგერიდოს, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, ისედაც თქვენი სახლია ეს, _ ჩემს ნათქვამზე მევე გამეცინა.

_ დღეს, მგონი, სასწაულების დღეა, არა? _ ეს ელისმა თქვა, რომელიც კარის ზღურბლს მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული მიჰყრდნობოდა და სევდიანი მზერით თამაზს ათვალიერებდა.

_ ჩემს მოსვლას გულისხმობ, ელის? _ თამაზი მორიდებით მიაჩერდა.

_ არა მარტო… ჩემმა ტინგიცა შვილმაც რაღაც იხიმანდრა, თან ისე, რომ ყველა გაგვაოგნა.

მე ჩავახველე და თვალით ვანიშნე ელისს, ახლა ამის დრო არ არის-მეთქი.

ამ დროს მარკოც გამოვიდა და თამაზი გაიხმო. როგორც ჩანს, ემილისთან უნდა შეეხვედრებინა. რამდენიმე წამში უკან მობრუნდა, დაჯდა, ყველას შემოგვღიმა და თქვა:

_ ტეტ-ა-ტეტ. ყველაფერი რიგზეა. სიმშვიდე შეინარჩუნეთ…

რაღა ბევრი გავგრძელო და, სულ რაღაც ათიოდე წუთში ყველანი სუფრას ვუსხედით. ჯერ ელისი იჯდა, მერე მაქსი, მერე გაბი. მის გვერდით ემილი მოთავსდა, მას თამაზი მიუჯდა და სოფი კალთაში ჩაისვა. აქეთა მხარეს მე, ენი და მარკო დავსხედით. სუფრის თავი ცარიელი დარჩა.

_ მარკო, შენ სუფრის თავში ხომ არ… _ ჩემს შვილს გავხედე.

_ მანდ თამადა უნდა დაჯდეს.

_ ვინ თამადა? _ ელისმა მარკოს ქვემოდან ახედა.

_ წუთი-წუთზე აქ  იქნება. ცოტაც მოიცადეთ. ეს რაა, საჭმელი არაფერი გვაქვს?

_ აგერ, ხაჭაპურია, დედა, ღვეზელიც, _ თეფში მისკენ მივწიე.

_ რა იყო, გაზთან ტრიალი დაგეზარათ თუ რა არის? _ ხელები გაშალა, _ კაცს პირველად ვხედავ და რა, პერაშკი გადაიღე-მეთქი ვუთხრა? _ გაღიზიანდა მარკო და მართალიც იყო.

მე ელისს გადავხედე. ის ხმას არ იღებდა. არც მე. მის გამო თავის მართლებას არ ვაპირებდი.

_ გასაგებია. ვინ მოიფიქრა ეს ბანძობა? _ ეს უკვე ელისის დამცირებას ნიშნავდა, ამიტომ თავი გავწირე.

_ მე.

_ და რატომ? _ შვილი მიმიხვდა, რომ ვცრუობდი და თვალებით გამბურღა.

როგორც ჩანს, წუხელ ალბათ ეგონა, რომ ელისი ხუმრობდა, როცა მაქსის ნამცხვრებით გამასპინძლებაზე საუბრობდა და ამან გააბრაზა.

_ არ მინდოდა ამ სტუმრობისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. ვიფიქრე, მეგობრულად დავხვდებით-მეთქი.

_ და ახლა თამადა რომ მოვა, რა ვუთხრა, უაცრავად, მაგრამ მამაპაპურად სადღეგრძელოს ვერ იტყვი, რადგან ევროპულად მარტინი უნდა ვშრუპოთ-ვწრუპოთ და ვაშლის `პეროგი~ მივატანოთ-მეთქი?

_ ვინ თამადა, მარკო, კარგი რა! _ იფეთქა უცებ ელისმა და ფეხზე წამოვარდა.

_ დაჯექი მანდ! _ ჩემმა შვილმა თვალები დააბრიალა და ელისიც მაშინვე ჩაწყნარდა.

ამ დროს ვიღაცის ტელეფონმა მესიჯის სიგნალი გამოსცა. მარკომ თავის მობილურს დახედა და ადგა.

_ აი, ისიც! მოვიდა! _ და გავიდა.

წუთიც და, ჰოლიდან ორი კაცის სიცილნარევი ხმები გაისმა.

_ რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი გამოვაყოლე. რა ვიცი, ცოტა არაა, დანარჩენი ქალების საქმეა, რა!

ეს ვასიკოს ხმა იყო! ქანდაკებასავით გავშეშდი. გოგოებმა შემომხედეს. მათზე არანაკლებ ვიყავი გაოგნებული. ალმურმა სახე გადამიხურა.

_ დე, გამო რა! _ დამიძახა მარკომ. როცა გავედი, კაცები უკვე სამზარეულოში იყვნენ და პარკებიდან ხორაგს ალაგებდნენ.

_ მე მარკომ დამპატიჟა, რა ვქნა, კარლა, ჩემი ბრალი არაა, _ ხელები გაშალა ვასკამ და დამნაშავესავით შემომხედა.

_ გაგიმარჯოს, ვასიკო! _ მივესალმე და შეთქმულივით გავუღიმე.

იმანაც თვალი ჩამიკრა.

_ აგერაა რესტორნის პურმარილი და მიდი, გაიტანე, თორემ სირცხვილია, ის ტიპი რას იფიქრებს! _ დამამუნათა ჩემმა შვილმა და მეც დავფაცურდი…

შესანიშნავი სადილი გამოგვივიდა. ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ, ვსვით, ვჭამეთ და ყველაფერი დალაგდა. რაც მთავარია, ემილი ბედნიერი ჩანდა. ისეთი თბილი მზერით შესცქეროდა თავის თამაზს, გული სიხარულით მევსებოდა. ბოლოს გაბის ვთხოვეთ, თავისი საიდუმლო ჩვენთვისაც გაენდო და მოეყოლა, რა გადახდა თავს. იმანაც არ დაიზარა და ახლა უკვე ხალისიანად, მოყოლას შეუდგა:

_ დეკემბერში იყო, რა. სკოლიდან რომ გამოვედი, ვიღაც გოგო და ბიჭი მოვიდნენ და მითხრეს, ოც ლარს გაჩუქებთ, თუ იმ ბიჭთან მიხვალ და ეტყვი, რომ მისი შვილი ხარო. მაქსი იყო ის ბიჭი, ცოტა შორს იდგა, მანქანასთან. თან მითხრეს, ვითომ ნანუკა ერქვა დედაჩემს და ის მაქსმა ცხრა წლის წინ ბათუმში გაიცნო, ზღვაზე. მეც მივედი და ვუთხარი. ამან თავიდან არ დაიჯერა. მე კიდევ თავი გავიგიჟე, მართლა შენი შვილი ვარ, რვა წლის ვარ და გიო მქვია-მეთქი. დედა თურქეთშია, ბებია მზრდის და მასთან ვცხოვრობ-თქო. ხოდა, მერე დაიჯერა და წამიყვანა და ნაცხვრები მაჭამა და სნიკერსები მიყიდა. მერე… მერე კიდევ შევხვდით და ჯესი მაჩუქა და…

_ აკი ჩემი კლასელის მამამ მაჩუქაო, შე მამაძაღლო? _ სიცილით გავაწყვეტინე.

_ აბა, რა მეთქვა? _ დიდი კაცივით წამოიძახა გაბიმ და გააგრძელა, _ მერე სულ დავყავდი ხან სად, ხან სად. ფულსაც მაძლევდა. ნაძვის ხე მაჩუქა და სათამაშოები. მერე მეც მაგრად მომეწონა, მაგრამ ვერ ვუთხარი, რომ ვატყუებდი. შემრცხვა. მერე შენთვის მინდოდა მეთქვა, კარლა, მაგრამ შენც ვერ გითხარი. ვიფიქრე, იქნებ გულახდილობის საღამოს დამასწრონ და ვიტყვი-მეთქი, მაგრამ არაო, შენ მითხარი, ჯერაო პატარა ხარო, _ ახლა გაბი მხოლოდ მე მიყურებდა და ისე ჰყვებოდა, _ სულ არ შევხვდებოდი, მაგრამ იცოდა, სად ვსწავლობდი და სკოლასთან მოდიოდა, როცა გაკვეთილები მთავრდებოდა. რა ვი, სულ ეს იყო, რა.

_ აი, თურმე რატომ აგვიანებდი ხოლმე სახლში, მე კიდევ შიშით გული მისკდებოდა, სად დადის-მეთქი! კარგა მაგრად კი ხარ გასატყეპი, მე თუ მკითხავს კაცი! _ ყასიდად გავუწყერი, _ წარმოგიდგენია, მაქს? ხან რას მოიმიზეზებდა და ხან რას, ოღონდ კი სახლიდან გამძვრალიყო. შემეშინდა, ვინმემ ცუდ წრეში არ ჩაითრიოს-მეთქი.

ყველას გაეცინა.

_ კარგია, რომ ყველაფერი ასე მოხდა, _ თქვა მაქსმა, _ დღეიდან მასთან ჭიდილი აღარ მომიწევს, თორემ ვინ იცის, იქნებ ვეცემე კიდეც, დედაჩემთან რა გესაქმებაო.

მაქსის ნათქვამს კვლავ საყოველთაო სიცილი მოჰყვა…

საღამოს, როცა ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, მარკომ მკერდზე მიმიკრა და ყურში ჩამჩურჩულა:

_ აღარაფერი მითხრა, დედუცი. მე დღეს ის გავაკეთე, რაც შენ გაგიხარდებოდა და მგონი, არ შევმცდარვარ. _ და მაკოცა.

არა, არ შემცდარა!

 

ყველაფერი რაღაცნაირად უცებ და მოულოდნელად აეწყო, თანაც კარგად. ელისი და მაქსი საცაა დაქორწინდებოდნენ, ემილი და თამაზი კი შერიგდებოდნენ. აქეთ ჩემი და ვასიკოს ურთიერთობაც გაგრძელდა, მარკოც დააწინაურეს სამსახურში… შინაური საქმეები ისე გვარდებოდა, როგორც მელოდრამებში _ ჰეპი ენდით. ამის გამო შინაგანად დაძაბული ვიყავი. დაძაბული ვიყავი იმის გამოც, რომ ალბათ მალე ემილის ბინიდან გადასვლა მოგვიწევდა. თუკი წყვილი ერთად გააგრძელებდა ცხოვრებას, ჩვენ მათთან რა გვესაქმებოდა?

ამ საკითხზე ერთ საღამოს ელისთან და ენისთან საუბარი წამოვიწყე. ემილი პაემანზე იყო წასული თავის ქმართან. როგორც გოგოებმა მითხრეს, დღიურ სასტუმროს ქირაოდნენ კვირაში ორჯერ და იქ განმარტოვდებოდნენ. ამან უარესად შემაშფოთა. რატომ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს სასტუმროში, როცა ამხელა სახლი აქვთ? გამოდის, ჩვენ ხელს ვუშლით მათ აქ ყოფნით. დროა, ჩვენ-ჩვენ გზას დავადგეთ-მეთქი.

_ მეც ველაპარაკე ემილის, მაგრამ თავი გაიგიჟა. უთქვენოდ ერთი დღე ვერ გავძლებო, _ თქვა ელისმა.

_ უჩვენოდ რა, გადასახლებას ხომ არ ვაპირებთ? აგერ, ენის მდგმურს გავუშვებთ და ავალთ მეცხრე სართულზე. მორჩა, ამით ყველა პრობლემა მოგვარდება. არა მგონია, ალმა წინააღმდეგი წავიდეს.

_ ალმას ჩემს ბინასთან უკვე აღარაფერი ესაქმება. _ ცივად წარმოთქვა ენიმ, _ ის აქ ჩამომსვლელი აღარაა, იქ სახლიც აქვს და კარიც. ეს ბინა ჩემია და როგორც მომესურვება, ისე განვკარგავ. გადავიდეთ, მე თანახმა ვარ.

_ იქნებ შენ დაელაპარკო ემილის? _ ელისმა შემომხედა.

_ დაველაპარაკები, _ თავი დავუქნიე და საუბარი ამით დასრულდა.

ემილი სალაპარაკოდ მხოლოდ დილით დავიჭირე, რადგან იმ ღამეს შინ გვიან დაბრუნდა. როცა ვუთხარი, რასააც ვაპირებდით, თვალებში შიში ჩაუდგა.

_ რას ამბობ, კარლა, გამორიცხულია. თქვენ აქ უნდა იყოთ. მე ხელს არაფერში არ მიშლით.

_ ახლა არ გიშლით, მაგრამ ქმარი რომ შემოგივა, მერე შეგეშლება. როგორ წარმოგიდგენია თამაზთან აქ ცხოვრება, თუკი ჩვენც გვერდით გეყოლებით?

_ როგორ და ჩვეულებრივად. თამაზი სად იყო, როცა მიჭირდა. თქვენ რომ არა, დღეს შეიძლება ცოცხალი აღარც ვყოფილიყავი. დაგავიწყდა, რა დღე გამოვიარე?

_ ემილი, განა შორს წავალთ, აქვე ვიქნებით. ენისთან გადავალთ. როცა ერთმანეთი მოგვენატრება, ავირბენთ-ჩავირბენთ კიბეს და ეგაა. მერიდება იმ ბიჭის. როგორია, ამდენი წელი ცოლთან არ ყოფილა და უცებ ვიღაცებთან ერთად მოუწიოს ცხოვრებამ, რატომ, თორემ კი.

_ ჯერ ერთი, არავინ იცის, აქ ვიცხოვრებთ თუ არა, _ ნაღვლიანად გააქნია ემილიმ თავი, _ ჩემი დედამთილი თავს ჩამოიხრჩობს, თამაზი სახლიდან რომ წამოვიდეს. მეორეც… თაზოს თქვენ ყველანი უყვარხართ და უხარია, როცა აქ მოდის. ასე მგონია, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები არიანო.

_ ემი… დარწმუნებული ვარ, თამაზი მეორედ შეცდომას არ დაუშვებს და გვანცას გვერდით არ გაგაჩერებს. ის ყველა ვარიანტში აქ გადმოვა, შენთან, ამიტომ…

_ რატომ გგონია? შენი აზრით, ჩემთნ შერიგების გადაწყვეტილება თაზომ მიიღო? ეჭვი მეპარება. იმ ქალის სურვილი რომ არ ყოფილიყო, თამაზი ნაბიჯსაც არ გადმოდგამდა. შენ არ იცი, რა დონეზე ჰყავს დედამისს გამოჭერილი. მისი ნებართვის გარეშე პირს არ დაიბანს.

_ კაი ახლა! მთლად მიწასთან ნუ გაასწორე ის ბიჭი. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა, ვერ ხედავ, როგორი შეცვლილია? ვერ დავიჯერებ, ახლაც გვანცას ჭკუაზე დადიოდეს.

_ ჰოდა, ჰკითხე. მეც მაინტერესებს, რას გეტყვის. ჩემთან ამ თემაზე საუბარი არ უნდა და რა ვქნა?

საინტერესო იყო, სინამდვილეში როგორ მოხდა, მაგრამ მეტყოდა კი?

_ გეტყვის. შენ ისეთი მოწიწებით გიყურებს, რომ…

_ ჰო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ან კი სად დავიმარტოხელო?

_ მაგის დროც მოვა, _ გამიცინა ემილიმ და ჩამეხუტა, თან ყურში ჩამჩურჩულა, მიყვარხარო.

დრო მართლაც მოვიდა, თანაც მალე. ერთ დღეს ემილიმ დამირეკა, მე და ელისი უცხოელებთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ ოფისის შესყიდვის თაობაზე, ამიტომ შინ გვიან დავბრუნდებით და იქნებ სოფი ბაღიდან გამოიყვანოო. მეც ხუთისკენ ბაღში გავქანდი. იქ კი შესასვლელთან, თამაზი დამხვდა დარჭობილი.

_ თამაზ, აქ საიდან გაჩნდი? _  გადავკოცნე სიძე კაცი.

_ ემილიმ მითხრა, ბავშვის გამოყვანას ვერ ვახერხებო და წამოვედი.

_ კი მაგრამ, შენ თუ მოდიოდი, მე რას გამომაქცუნა? _ გამეცინა.

_ არა, მითხრა, კარლა გამოიყვანსო, მაგრამ მე მაინც წამოვედი, გულმა არ მომითმინა. თქვენი ტელეფონი არ ვიცოდი, თორემ დაგირეკავდით. ემილი კიდევ ისე ჩქარ-ჩქარა მელაპარაკა, შეხვედრაზე შევდივარო, რომ ვერ მოვასწარი, მეთქვა, თქვენ არ შეეწუხებინეთ.

_ არა უშავს, რა შეწუხებაა, პირველად კი არ გამომყავს. წამო, შევიდეთ, მერე კი ჩვენთან წამოდი, კარგი?

_ ასეც ვაპირებ, თუ თავს არ შეგაწყენთ, _ უხერხულად შეიშმუშნა.

_ არა გრცხვენია? შენ ახლა ისევ ჩვენიანი ხარ, _ მკლავში ხელი გავუყარე და ბაღის ეზოში ერთად შევედით.

 

როგორც კი შინ მოვედით, მაშინვე სადილის შეცხელება დავიწყე. სოფიმ და გაბიმ თავი გაიგიჟეს, არ გვშიაო, არადა, ექვი ხდებოდა.

_ კერი, ამათ მე გავასეირნებ, ჯესის გავიყვანთ სკვერში, _ ენიმ მხარზე თავი დამადო, _ ცოტას ირბენენ და მერე მოშივდებათ. მანამ შენ სუფრა გაშალე. აბა, შენ იცი, _ ლოყაზე მაკოცა და ბავშვებს ხმამაღლა გასძახა: _ სოფი, გაბი! აბა, მოემზადეთ ჯესისთან ერთად, ეზოში გავდივააართ!

ატყდა ერთი აჟიოტაჟი. ვინ სად გარბოდა და რატომ, ვერ გაარკვევდა კაცი. სოფი ჯესის ჯაჭვს ეძებდა, გაბი _ ფეხსაცმელს. ჯერ ერთმა იწუწუნა, მერე _ მეორემ… როგორც იყო, მოაბეს თავი და რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. სოფიმ, სანამ გავიდოდა, მამასთან მიირბინა, აკოცა და ყურში უჩურჩულა, არ წახვიდე, მე მალე დავბრუნდებიო…

_ უჰ, დაისვენა ყურებმა, _ სიცილით მივუჯექი გაშლილ სუფრას, _ თამაზ, შინაურულად გადაიღე ახლა, მორიდება არ დამანახვო.

_ დიდი მადლობა, უკვე ვისადილე, _ თამაზი ჯერაც ვერ გათამამებულიყო.

_ მერე რა? შუდღეს მეც ვისადილე, მაგრამ მაინც მომშივდა. მიდი, მიდი, უგემრიელესი სოუზია, დააგემოვნე. _ და მის პასუხს არც დავლოდებივარ, ისე გავუვსე თეფში.

_ თითო ჭიქა ხომ არ გადაგვეკრა? კარგი სკოჩი მაქვს, ერთმა ჩემმა მოდელმა ჩამომიტანა შოტლანდიიდან.

_ რა ვიცი… შეიძლება.

_ ვაიმე, ნუ ხარ ასე მორიდებული, ძალიან გთხოვ. უკვე უნდა გათამამდე, გასაგებია? ბოლოს და ბოლოს, ჩემი სიძე ხარ! _ შევუძახე და სასმლის მოსატანად გავედი.

თითოც დავლიეთ და მეორე და მესამეც. ამასობაში შევჟუჟუნდი და ლაპარაკის საღერღელიც ამეშალა.

_ როდის აპირებთ ერთად ცხოვრებას? _ ვკითხე და ღიმილით გავამხნევე.

_ ალბათ ზაფხულში. აი, ზღვაზე წავალთ დასასვენებლად სამივე და რომ ჩამოვალთ…

_ ოოო, ეგ კარგად გადაგიწყვეტიათ. მშვენიერი აზრია. აი, სანამ ჩამოხვალთ, ჩვენც გადავბარგდებით და ბინას დაგიცარიელებთ.

_ რა ბინას? _ გაიოცა.

_ ამ ბინას. აქ არ უნდა იცხოვროთ? თუ…. _ აღარ გავაგრძელე.

თამაზი წამოწითლდა. იშვიათად, კაცი გაწითლდეს, ეს კი გაწითლდა.

_ მე აქ მირჩევნია, თუ ემილის არ ექნება საწინააღდეგო და… თქვენც თუ მიმიღებთ, _ ამ სიტყვებზე თვალები დახარა, _ არ მესმის, რატომ უნდა გადახვიდეთ. ჩემ გამო? მე თუ ხელს შეგიშლით…

_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! რას ჰქვია ხელს შეგვიშლი! უბრალოდ, გვინდა, რომ მარტო იყოთ. ახლა თქვენ მეორე თაფლობის თვე გეწყებათ და ამიტომ დანარჩენები სრულიად ზედმეტები ვართ. ის კი არა, სოფიც რომ წავიყვანოთ დროებით, ურიგო არ იქნებოდა.

_ არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს, დეიდა კარლა…

_ მოდი, შევთანხმდეთ, დეიდას ნუ მეძახი. კარლა დამიძახე, კარგი?

_ მეც მერიდება, ასე რომ მოგმართავთ, მაგრამ რა ვიცი, ვერ ვძლიე თავს. არ ვიცოდი, ქალბატონო სჯობდა თუ დეიდა.

_ კარლა სჯობს. უბრალოდ, კარლა. კარგი?

თავი დამიქნია.

_ ჰოდა, რახან აქეთ მოდიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკე გინდათ ცხოვრება, თორემ ეგრე შენებთანაც კი დარჩებოდი. ასე არ არის?

_ თქვენთან სხვა სიტუაციაა. აქ საერთოდ ვერ ვგრძნობ უცხო გარემოს. ისეთი შინაურული ატმოსფეროა, რომ… დედაჩემის ამბავი ხომ იცით, დაიწყებს იქ უფროსი დიასახლისის როლის თამაშს, ისევ უსიამოვნება, ისევ არეულობა. ეს კი არ მინდა…. სწორად გამიგეთ.

_ ჰო, მაგრამ გვანცა როგორ შეეგუება ამ ამბავს? ჯერ ისიც მიკვირს, რომ შეგარიგათ. როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, ჩემთვის გამოცანად რჩება.

_ ვინ, დედაჩემი? _ თამაზმა თვალები ასწია და ჯიქურ შემომხედა, _ გადაწყვეტილება მე მივიღე, დე… კარლა, _ როგორც იქნა, სახელით მომმართა, _ მისთვის რომ დამეჯერებინა, დღეს სხვა ცოლი მეყოლებოდა. ხან ვის მირიგებდა და ხან ვის. ბოლოს ვუთხარი, ცოლის შერთვას არ ვაპირებ-მეთქი. ძაან სერიოზულად დავუსვი საკითხი _ ან ემილის შევურიგდები, ან რძალსა და შვილიშვილს ვერ ეღირსები-მეთქი. ბოლოს მოლბა და კარგიო, დამნებდა, მაგრამ სანამ ამას მეტყოდა, რა ვიცი, ვისთან არ ყოფილა თურმე, ყველაფერი გაუკითხავს ემილიზე, როგორ ცხოვრობს, რა შემოსავალი აქვს, ვინმე ხომ არ ჰყავს და რა ვიცი… მოკლედ, ნერვები დამაწყვიტა.

_ რატომ? სრულიად მესმის მისი. შენ რა, გამორიცხავ, რომ ამდენ წელს მიტოვებულ გოგოს სხვა გაეცნო და ახალი ცხოვრება დაეწყო? აგერ, ელისიც დაშორდა ქმარს, მაგრამ იპოვა მაქსი და მეორედ თხოვდება.

_ გეთანხმებით. არა, არ გამოვრიცხავ, მასაც შეეძლო ასე მოქცეულიყო, მაგრამ ემილიზე ყველაფერი ვიცოდი, ასე რომ, შემოწმება ნამდვილად არ იყო საჭირო.

_ საიდან იცოდი?

_ მარკოსგან, _ თაზო კვლავ გაწითლდა, _ მარკოსთან სულ მქონდა ეს წლები ურთიერთობა და ის ყველაფერს მიყვებოდა.

_ ააა! აი, თურმე რა ყოფილა! ოხ, რა ეშმაკის ფეხია ეს ჩემი შვილი და მასთან ერთად შენც, შე ყურუმსაღო! _ გამხიარულებულმა საჩვენებელი თითი ავუქნიე თამაზს.

_ ვაღიარებ, რომ ასეა, _ თავზე ხელი გადაისვა ბიჭმა. სასმელმა მასაც შემატა სითამამე და თანდათან მოეშვა, უფრო და უფრო გამიშინაურდა, _ დედაჩემთან ცხოვრება ძნელია, კარლა, გეფიცებით. რა თქმა უნდა, დედაა ჩემი და უზომოდ მიყვარს, მაგრამ აუტანელი ქალია. ისეთი კაპრიზები აქვს, რომ წყობილებიდან გამოგიყვანს. ამის დიდოსტატია. ყველაფერი თავის გემოზე უნდა, რომ გაკეთდეს. თეფშს აქედან აქ ვერ გადაადგილებ, თუ ნება არ მოგცა. _ თამაზმა თან კატრისმწნილიანი თეფშის გადაადგილების დემონსტრირება მოახდინა.

_ მართალი ხარ, თავისებური ქალია, მაგრამ რას იზამ. შენთვის სიკეთე უნდა.

_ ვიცი, რომ უნდა. იმ დღეს სოფი მივუყვანე და გაგიჟდა, იმდენი ეფერა. საღამოს არ მატანდა, ჩემთან დარჩესო. ახლა იმაზე ტირის, შენ რომ გადახვალ, აქ უთქვენოდ რა გამაჩერებსო. მამაჩემი კიდევ ხმას არ იღებს, ის საერთოდ არ ერევა ასეთ საქმეებში. მაგრად ჰყავს დედაჩემს მიჩმორებული, ისე, ჩვენში რომ დარჩეს. ამიტომაც არ მინდა, მეც იგივე დამემართოს, კაცი ვარ, ბოლოს და ბოლოს და ჩემი სიტყვა მეთქმის. ვიცი, დედაა და კარგი უნდა ჩემთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგის ნაცვლად ცუდი გამოსდის. მესმის მისი, მაგრამ რა გავაკეთო? მისი ჭირვეულობის გამო ამდენი წელი სიცარიელეში ვცხოვრობდი. რა დავაყენო წინ _ დედა თუ ჩემი ოჯახი? ბოლოს და ბოლოს, ორივეს თავ-თავისი ადგილი აქვს. აჯობებს, ცალ-ცალკე ვიყოთ. ამიერიდან თავისი კაპრიზები მამაჩემს მოახვიოს თავზე, მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, _ თაზომ გაიცინა.

კარგა ხანს ვილაპარაკეთ. მერე ენიც დაბრუნდა ბავშვებთან ერთად. სოფი მამამისს კალთაში ჩაუხტა და ეტიტინა.

ელისი და ემილი გვიან დაბრუნდნენ. რამდენიმე ხანს კიდევ დარჩა თამაზი, მერე კი წასვლა დააპირა. მისი შეჩერება ვცადე.

_ თაზო, დარჩი ამაღამ აქ. სანამ უნდა იარო აღმა-დაღმა? მე და ენი მაღლა ავალთ, მარკოსთან. ელისის საძინებელი იქითაა, ხელი არ შეგეშლებათ, _ ეშმაკურად შევღიმე, _ ასე რომ, დარჩი.

რამდენიმე წამი იყოყმანა. ემილისაც გადახედა, რას იტყვიო. ის კი იდგა ალანძული და სიმორცხვე რომ დაეფარა, სოფის ეღლაბუცებოდა, ცალი ყური კი ჩვენკენ ჰქონდა.

_ ემილი, შენ რას იტყვი? არ ჯობია, დარჩეს? გვანცას დაურეკე და უთხარი, რომ ჩვენთან რჩები.

_ არ ვიცი… _ მხრები აიჩეჩა თამაზმა, თან ისე იღიმოდა, აშკარად სურდა დარჩენა, _ უხერხული არ იქნება?

_ ღმერთო ჩემო! ვისთან მიმართებაში იქნება უხერხული? შენს ცოლთან? შვილთან? ჩვენთან? რა სისულელეა.

_ მამიკო, დალჩი ლაა, _ სოფი დედას გაუსხლტა და მამას მუხლებზე შემოეხვია, _ ელთად დავჭვეთ და ჟღაპალი მომიკევი შიმბაჟე, ხო?

_ აი, სოფისაც უნდა მამიკოსთან. მალე მარკოც მოვა, ვილაპარაკოთ, თუ გინდა, კიდევ დავლიოთ. მე მთლად სამჭიქიანი კი არ ვარ, უფრო მეტიც შემიძლია, _ გავიხუმრე, თუმცა მეტი ნამდვილად არ შემეძლო, _ მიდი, დაურეკე დედაშენს, მიდი, მიდი, _ ლამის ძალით ამოვაღებინე მობილური ჯიბიდან.

_ კარგი, მხოლოდ ერთი პირობით, _ დამთანხმდა ბოლოს და თვალი თვალში გამიყარა, _ თქვენც აქ დარჩებით, არაა საჭირო მარკოსთან ასვლა და ამისთანები. მე და ემილი სხვა დროსაც ვახერხებთ, რაც საჭიროა, იმას, ასე რომ, _ ამ სიტყვების გამო ემილისგან მუჯლუგუნი მოხვდა მხარში, რასაც მხიარული სიცილი მოჰყვა.

ერთი სიტყვით, შევთანხმდით, რომ არ დავიშლებოდით და იმ ღამეს ყველა ერთად გავატარებდით. ის კი არა, მარკოსაც დაეზარა მაღლა ასვლა და ისიც ჩვენთან დარჩა. სასტუმრო ოთახში ორადგილიანი სავარძელი გამაშლევინა და გვიან ღამით, როცა ქეიფს მოვრჩით და სუფრა ავალაგეთ, კარგა გვარიანად შემთვრალი, ჩაცმული ზედ გაიშოტა… როცა ღრმად დაეძინა, მხოლოდ მაშინ მოვახერხე მისთვის ტანსაცმლის გახდა, რაშიც ენი დამეხმარა…

_ მხოლო მაქსი აკლია ახლა ჩვენს `სასტავს~ და მორჩა, ყველანი ერთად ვიქნებით, _ გაიცინა ენიმ, როცა მარკოს გავხადეთ და საბანი დავაფარეთ.

კიდევ კარგი, ვასიკო არ ახსენა, ტაქტიანი გოგოა, ასეთები არ ეშლება.

_ და ლენუკა, _ ჩემი მხრიდან დავამატე.

ლენუკას ხსენებაზე სულ რაღაც წამით შუბლი შეეჭმუხნა, თითქოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

_ რა იყო, რამეს მიმალავ? _ დავეკითხე.

_ მარკო აღარ ხვდება ლენუკას, არ იცოდი? _ ყრუდ მომიგო.

_ რას ამბობ, მართლა? არა, არ ვიცოდი. არ უთქვამს. დიდი ხანია?

_ მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ურთიერთობა რომ გაწყვიტა, ეგ ნამდვილად ვიცი. გოგოებმაც იციან. ალბათ იფიქრეს, რომ შენც იცოდი, ამიტომ არ გითხრეს.

_ არა, არ ვიცოდი. _ კვლავ გავიმეორე, ამჯერად შეფიქრიანებულმა.

ვიცოდი, მარკო ამას რომ აპირებდა, მაგრამ თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, არ უთქვამს. ერთხელ ხომ მითხრა, ვიღაც სხვა მიყვარს და ვერ გადამიწყვეტია, ეს ლენუკას როგორ ვუთხრაო.

_ შენ იცი ის ვინ არის?

_ ვინ ის? _ თითქოს შეკრთა ენი.

_ ის, ვინც მარკოს უყვარს.

გოგომ თვალი ამარიდა, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და თავი გადააქნია.

_ არ ვიცი.

_ არც გოგოებმა იციან?

_ არც გოგოებმა.

_ ეს უკვე საინტერესოა. რატომ მალავს ნეტავ? _ დავინტრიგდი, _ იმედია, საშინელება არ იქნება.

_ არ ვიცი, კერი… _ ზანტად წარმოთქვა ენიმ, _ წამო, დავწვეთ, თორემ ლამისაა ზეზეულად დამეძინოს.

დავწექი, მაგრამ რული არ გამეკარა…

 

ვასიკო და მე ინტენსიურად ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან სასტუმროში, ხანაც მის ბინაში. მასთან უფრო იმ დროს შევდიოდი, როცა შინ ენის გარდა არავინ იყო. არ მინდოდა, გოგოებისთვის სალაპარაკო მიმეცა. ენი სულ სხვა იყო, ის არავისთან სიტყვას არ დაძრავდა. ისე გავდიოდი, არც ვუბარებდი, მაგრამ ალბათ ხვდებოდა, თუმცა ერთხელაც არ უკითხავს, სად მიდიხარო.

ვასიკო, როგორც კი სახლში დაბრუნდებოდა, დამიმესიჯებდა, თუ მოახერხებ, შემოდიო. როცა ვახერხებდი, შევდიოდი. თუ სიტუაცია არ იყო, მივწერდი, რომ არ გამოდიოდა და თვითონ შემოვიდოდა ხოლმე, საღამოს ჩვენთან ატარებდა. გოგონებს ძალიან მოსწონდათ იგი, რაც უზომოდ მახარებდა. ხშირად ხელს წაგვიკრავდა საქმეებში, ლურსმნის დაჭედება იქნებოდა თუ რამის შეკეთება, რამდენჯერმე ვახშამიც კი მოგვიმზადა, რამაც ყველა აღაფრთოვანა. უგემრიელესი კერძები გამოსდიოდა, ოქროს ხელები ჰქონდა. ორი ისეთი სალათა მასწავლა,  მსგავსი არაფერი გამისინჯავს.

ვცდილობდი, იშვიათად შევხვედროდი. არ მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა გაუბრალოებულიყო. ამაზე ბრაზდებოდა. მე ყოველდღე მინდა შენი ნახვა, შენ კი გამირბიხარო. სამი დღის წინ წავკამათდით ამ საკითხზე და გაბრაზებული გამოვედი მისგან. მას მერე არ შემხმიანებია და ჯიბრზე არც მე მოვიკითხე.

და აი, დღეს, საღამოს, აივანზე სარეცხს რომ ვფენდი, მისმა მანქანამ კორპუსთან შემოუხვია და გაჩერდა იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ აჩერებდა ხოლმე. ჯერ თვითონ გადმოვიდა, მერე მანქანას შემოუარა, კარი გააღო და ვიღაცას გადმოსვლაში დაეხმარა. გავშრი. ლამის დავეკიდე სარეცხის თოკს, ისე გადავიხარე წინ, თან ვცდილობდი, არ შევემჩნიე.

ულამაზესი ქალი იყო ის ვიღაც. ჩემზე ბევრად ახალგაზრდა. ჩემმა კაცმა იმ ქალს მხარზე ხელი გადახვია და სადარბაზოსკენ ბედნიერი სახეებით გამოემართნენ. გული ლამის გამიჩერდა. ჩვენი ორთვიანი ურთიერთობის განმავლობაში პირველად ვიეჭვიანე…

 

 

 

მეგონა, გული გამისკდებოდა. როგორ დამეჯერებინა, რომ ასე თავხედურად, გასართობად ვიღაცას მოიყვანდა სახლში? იქნებ ყოფილი ცოლია? მაგრამ ქალს, რომელსაც გასცილდა, ხელს გადახვევდა? იქნებ ახლობელია? ფიქრს ფიქრი ცვლიდა, ეჭვს _ ეჭვი. რა უნდა მეღონა? ისე ვიყავი დარეტიანებული, რომ ენიმაც შემატყო.

_ კერი, რა გჭირს? _ გვერდზე მომიჯდა და ხელი გადამხვია.

_ ენი… იცი რა? წეღან ვასიკო ვიღაც ქალთან ერთად მოვიდა.

_ მერე რა?

_ შენი აზრით, ვინ უნდა იყოს?

_ იქნებ ნათესავია ან თანამშრომელი. მაგაზე ნერვიულობ?

_ ვითომ?.. რამე საბაბი მაინც მქონდეს, რომ მივუზარუნო, კარს რომ გამიღებს, რეაქციით მივხვდები, რა ხდება.

_ შენც ადექი  და რამე სთხოვე, _ მირჩია ენიმ.

_ რა ვუთხრა, რამე მინდა-მეთქი? რაღაც ხომ უნდა იყოს ის რამე.

_ რა ვიცი, აბა… _ ენი ჩაფიქრდა, _ კაცს რა შეიძლება სთხოვოს ქალმა?

მხრები ავიჩეჩე. ენიმ ხელი ჩამოიღო ჩემი მხრიდან და თვალებმოწკურულმა ჭერს ახედა.

_ ევრიკა! _ წამოიყვირა უცებ, _ ვიცი, რაც უნდა ვქნა! _ და წამოხტა.

გაოცებულმა გავაყოლე თვალი. სამზარეულოდან გავიდა. ნეტავ რა ჩაიფიქრა-მეთქი, ის იყო, გამიელვა გონებაში, რომ მოულოდნელად რაღაც ჭრიალი გაისმა, რასაც ენის ნაბიჯების ხმაც მოჰყვა.

_ მიდი! _ თავი ვასიკოს ბინის მხარეს გაიქნია.

_ რა ჩაიდინე?

_ სასტუმრო ოთახში ჭაღის ნათურა ჩავხსენი.

_ რაა? რატომ?

_ იმიტომ, რომ აღარ ინთება. შედი ახლა და უთხარი, რაღაც ჭაღს ვერ ვანთებ და ხომ ვერ დამეხმარები-თქო, მერე კი შენ იცი.

_ აჰაა. ჩემი ეშმაკი გოგო, _ ჩავილაპარაკე. გამიხარდა, გამოსავალს რომ მიაგნო.

ჰოლში გავედი, სარკეში ჩავიხედე, თმა გადავივარცხნე, ჩემი ორეული შევათვალიერე და სრულიად კმაყოფილი დავრჩი, ჩემი ასაკის კვალობაზე მშვენივრად გამოვიყურებოდი.

მხოლოდ ერთი გაბმული ზარი დავრეკე და დავიცადე. გული ისე ბორგავდა საგულეში, მეგონა, მისი ხმა მთელ სადარბაზოში ისმოდა.

კარი გაიღო. ვასიკო გამოჩნდა, მაგრამ არა დილის ხალათით, სახლში რომ სჩვეოდა ჩაცმა. ასეთი ხალათი კი, ფაფუკი, ჩვენ რომ პირსახოცის ხალათს ვეძახით, სამი სხვადასხვა ფერის ჰქონდა. მეუბნებოდა, განწყობის მიხედვით ვიცვამ თითოეულსო. კარგ ხასიათზე მყოფი ლურჯს იცვამდა, `ისე რა~ ხასიათზე _ ხაკისფერს, ხოლო ცუდი განწყობისას ნაცრისფერს მოიცვამდა ხოლმე. ასე რომ, ვიცოდი, როდის როგორ ხასიათზე დამხვდებოდა.

ამჯერად ვერ გამოვიცანი, რადგან ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რომლითაც ფანჯრიდან დავინახე. მომეჩვენა, თითქოს ჩემს დანახვაზე შეცბა, მაგრამ მხოლოდ წამით.

_ კარლა? _ ხმადაბლა წარმოთქვა.

_ გამარჯობა, ვასიკო! _ მეც ხმადაბლა მივუგე, _ მაპატიე, გაუფრთხილებლად რომ მოვედი, მაგრამ შენი დახმარება გვჭირდება.

_ რატომ მებოდიშები, კარლა? ჩვენ შორის რა საჭიროა ცერემონიები?  მითხარი, რა პრობლემა გაქვს და რაც შემიძლია… _ აღარ გააგრძელა.

_ სასტუმრო ოთახში ჭაღი ჩაქრა, არ ვიცი, კონტაქტის ბრალია თუ ნათურების. მე მაგის არაფერი გამეგება, იქნებ გენახა? ენი მეუბნება, ალბათ ნათურა დაიწვაო და რა ვიცი, აბა!

ამ დროს სამზარეულოს კარმა გაიჭრიალა, იქიდან კი ისეთი სურნელი და შიშხინის ხმა გამოდიოდა, აშკარა იყო, ტაფაზე ღორის ხორცი იწვებოდა და ორივენი სამწვადაოდ ემზადებოდნენ.

სურნელს და შიშხინის ხმას ლამაზი ქალიც გამოჰყვა _ მაღალი, ტანადი, გრძელფეხება, თეთრყირმიზი. ნეტავ მეც მქონოდა ეგეთი სიმაღლე, ჩემი მეტრი და სამოცდაექვსით ვერასდროს ვამაყობდი.

_ ვასკა, რა ხდება? _ იკითხა უცნობმა და მე მომაშტერდა, მერე გაიღიმა და მომესალმა.

მეც, რამდენადაც შევძელი, ავაწყვე ღიმილი ჩემს სახეზე  და მისალმების ნიშნად თავი დავუქნიე. „გაგიმარჯოს“ თუ ვუთხარი, აღარ მახსოვს, ისე ვიყავი აფორიაქებული. ვცდილობდი, თავი არ გამეცა, მაგრამ ვახერხებდი კი?

_ ანი, გაიცანი, ეს ჩვენი მეზობელია, ქალბატონი კარლა, კარის მეზობელი.

ო, ღმერთო! არც „კარის მეზობელი“ მომეწონა და არც „ქალბატონი“ მომესალბუნა გულზე, ეს უკვე ოფიციალურ გაცნობას ჰგავდა.

_ შუქი გამოვ… გამოგვერთო, _ ბორძიკით წარმოვთქვი, ჩემდა საუბედუროდ, ენა დამება. თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რას ვროშავდი.

_ მობრძანდით, კარში რატომ დგახართ? _  კვლავ გამიღიმა ქალმა, თანაც საოცრად მიმზიდველად.

_ კარლა, შენ შედი, მე კი გავალ და ვნახავ, რისი ბრალია, _ თქვა ვასიკომ და განზე გადგა, რომ გზა დაეთმო.

აბა, იქ შემსვლელი ვიყავი? კბილს კბილზე ვაჭერდი, რომ ცრემლები შემეკავებინა.

_ არა, ხელს არ შეგიშლით, დიდი მადლობა, _ რაც შეიძლებოდა რბილად გამოვთქვი, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე.

_ რა ხელს შეგვიშლი, შენ დღეს ვერ გცნობ, _ გაიცინა ვასკამ და მკლავში ხელი ჩამავლო, _ შემო, შემო. ცოტა მოგვიანებით ვაპირებდი შენთან დარეკვას და მოპატიჟებას, მაგრამ არა უშავს, ნაადრევი სტუმარი უფრო სასიხარულო სტუმარია.

_ მოულოდნელი სტუმარი უნდა გეთქვა, _ ცალყბად გავუღიმე ჩემი გულის ამფორიაქებელს და ადგილიდან ვერ დავიძარი, კარის ზღურბლზე გავიხიდე.

ვასიკომ თვალები ეშმაკურად მოწკურა, ტუჩებზე კი ისეთი კმაყოფილი ღიმილი გამოესახა, შენი შინაგანი განცდა რომ გაიძულებს და ვერაფრით მის დამალვას ვერ ახერხებ. ხომ არის მომენტი, როცა გინდა, რომ შენი ღიმილი ვიღაცას არ დაანახვო, მაგრამ ტუჩებს ვერ იმორჩილებ, რადგან ისინი შენზე კმაყოფილნი არიან და არ გემორჩილებიან. აი, ასე გამიღიმა. იგი მაშინვე მიხვდა, რაც მაწუხებდა, მიხვდა, რომ ეჭვიანობის ტალღამ დამრია ხელი, ამიტომ ღიმილს ხმამაღალი სიცილი მოაყოლა და მითხრა:

_ ანის კი გავაცანი შენი თავი, მაგრამ შენთვის არ გამიცვნია ჩემი ანი. _ და გაჩუმდა.

„ჩემი ანიო“ _ ამაზე ხომ მთლად დამცეცხლა და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. ალბათ გადამწიფებულ პამიდორსაც კი გადავუჯოკრე.

_ ეს ჩემი დაა, ჩემი ყველაზე-ყველაზე და, _ როგორც იქნა, დაასრულა წინადადება, რომელმაც სულაც არ მაგრძნობინა შვება, პირიქით, უარესად დავიძაბე.

როგორ შემრცხვა! შემრცხვა იმის, რომ ვასიკო მიმიხვდა, რასაც განვიცდიდი, იმისიც შემრცხვა, პატარა გოგოსავით ტყუილის სათქმელად ჭაღი რომ მოვიშველიე. რას იფიქრებდა ჩემზე?

_ სასიამოვნოა, ანი, _ წარმოვთქვი და უცებ, ჩემდა ჭირად, ნერწყვი სასულეში გადამცდა. ხველა ამიტყდა და თვალებიდან ნაპერწკლებთან ერთად ცრემლები გადმომცვივდა, სიმწრის ცრემლები. ერთხანს სული ვერ მოვითქვი.

უეცრად ვასიკომ სიცილით ხელი მომხვია და  მკერდზე მიმიკრა, თან ისე ძლიერად მომიჭირა მკლავები,  ლამის დავიფშვენი. ეს ისე სწრაფად მოხდა, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი.

_ სულელი გოგო, _ ყურთან მიჩურჩულა და ჩემი თმის სურნელი შეისრუტა, მერე ანის გახედა და ხმამაღლა თქვა, _ შეიყვანე, ანუშკი, მე ახლავე მოვალ, _ ამ სიტყვებით მსუბუქად წინ მიბიძგა, _ ანი დღეს ჩამოვიდა ჰამბურგიდან და სანამ თავისთან წავიდოდა, ჩემთან წამოვიყვანე, რომ ერთმანეთისთვის გამეცანით. ის დაუსწრებლად კარგა ხანია, გიცნობს და უკვე უყვარხარ. ახლა შენი ჯერია, შენ უნდა შეიყვარო.

ალმური სახეს მიწვავდა, თითქოს გახურებულ ღუმელში მქონდა თავი შეყოფილი. რა სირცხვილი ვჭამე, მაგარი საზიზღარი პიროვნება ვარ! ეს როგორ დამემართა? _ ვფიქრობდი გულში.

შეიყვარეო… მე ანი უკვე მიყვარდა, რახან ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულის სისხლისმიერი სიყვარული აღმოჩნდა, მაგრამ ღირდა ამის ხმამაღლა გამოცხადება? არ ვიცოდი, ღირდა თუ არა, მაგრამ მაინც ვთქვი:

_ ჩათვალე, რომ უკვე მიყვარს, _ და ნათქვამი ჩემი საფირმო გაღიმებით დავაგვირგვინე.

_ რაღაცებს ვამზადებდით, კარლას რომ შემოვიყვან, პატარა სუფრა გავშალოთ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგვაცადა? _ როხროხებდა ვასიკო.

მე ანის შევყევი, ვასკა კი ჩვენთან შევიდა. ორი წინადადების თქმა ვერ მოვასწარით ერთმანეთისთვის, რომ ვასიკომ შემოაღო სასტუმრო ოთახის კარი.

_ ნათურა იყო მოშვებული, ყველაფერი რიგზეა, _ რიხიანად თქვა და ანის გადახედა, _ აქ რატომ ხართ? კარლა შენ სტუმარი  გგონია? სხვათა შორის, ის ამ სახლის დიასახლისია _ პატარა სახლის პატარა დიასახლისი, ამიტომ ახლა ორივენი მარშ! სამზარეულოსკენ მწყობრი ნაბიჯებით იარეთ და საჭმელს მიხედეთ. მგელივით მშია.

იმწუთას ჩემი კმაყოფილი ღიმილი უნდა გენახათ. ასე ალბათ არც ერთ ქალს სამყაროში არასდროს გაუღიმია. დანამული ტორტივით სრულყოფილი იყო ჩემი ბედნიერება.

როგორ მიყვარდა ეს კაცი! გაოგნებული ვიყავი, ამ ასაკში ასე შეყვარება როგორ შევძელი-მეთქი. ქმარი ამ სიძლიერით მყვარებია? არ ვიცი. თავს ვერ დავდებ. ალბათ არა, თორემ რა მინდოდა პარიზში? ჩვილი ბავშვი და ქმარი უპატრონოდ მივაგდე… აი, ახლა რომ მქონოდა შანსი პარიზში სამუშაოდ გასამგზავრებლად, არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდი. რისი ბრალი იყო ეს? ჩემი გონება ყოველთვის ერეოდა ჩემს გულს. მყარად ფლობდა მას და ფრთების შესხმის საშუალებას უსპობდა. არადა, გონება ერთადერთია, რომელიც საღად აზროვნებს და სიყვარულის თუ ცდუნების თავიდან აცილება შეუძლია. ცდუნება კი, პირველ რიგში, თვალებს ატყვევებს, იქიდან სიგნალს გულს გადასცემს, მერე კი სხვა ორგანოებს _ ყელს, მკერდს, მუცელს და ა.შ. და ყველა ერთად ერთვება ვნებათაღელვის დაუოკებელ ორომტრიალში. ასეთ დროს გონება უძლური ხდება, ამდენ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდეს და ცდუნებისგან იხსნას. ამიტომაცაა ძნელი, სიყვარულს წინ აღუდგე. იგი მეტასტაზებივითაა _ თანდათან რომ ედება ორგანიზმს და ვერც ამჩნევ, სანამ ტკივილები არ დაგეწყება. აი, როცა ეს ტკივილები დაგეწყება, ჩათვალე, რომ სწორედ მაშინ გაქვს დარხეული, რადგან აღმოაჩენ, რომ მას უკვე ყურებამდე მოუღწევია… ჰო, მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული…

საოცარი საღამო იყო… სამნი ერთად, ერთ მაგიდასთან… ურთიერთსიმპათია, ერთმანეთის სულში ჩაწვდომა… მე და ანიმ მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. მე ის მომწონდა, მას მე მოვწონდი… მეტი რა უნდოდა კარლას? მეტი რა უნდოდა ვასიკოს? არც არაფერი…

როცა შეღამდა, ორივემ ერთად მივაცილეთ ანი თავის ბინამდე ჩემი მანქანით. შინ მობრუნებულებმა კი ერთმანეთს სიყვარული კიდევ ერთხელ ავუხსენით _ სიტყვითაც და უსიტყვოდაც…

 

და აი, ზაფხულიც დაიწყო. ეს თვე განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ჩემი შვილი სწორედ ივნისში დაიბადა _ 13-ში. ყოველთვის შინაურულად აღვნიშნავდით ამ დღეს _ პირველ ხანებში მეცამეტე სართულზე, ჩვენთან, მერე სახინკლეებში ან რესტორნებში, შარშან აქ, ამ ბინაში მოვაწყვეთ ქეიფი და დაუვიწყარი დრო ვატარეთ. წელს მარკომ რესტორანი აირჩია და როცა ვასიკომ თავის მხრივ, საკუთარი რესტორანი შესთავაზა, წამითაც არ უყოყმანია, სიამოვნებით დათანხმდა.

თითქოს არაფერი იყო უჩვეულო, მაგრამ მაინც იყო _ ენი მოგვყვებოდა თან. ბავშვები გვანცა ბებოს მივუყვანეთ, რომელმაც გაბიც და სოფიც სიამოვნებით დაიტოვა. იმწუთასვე დაუძახა მეზობლის ბიჭს, დაახლოებით გაბის ტოლს და ისე მოეწონათ ბიჭებს ერთმანეთი, რომ გაბის დარჩენაზე უარი არ უთქვამს.

რა ლამაზები იყვნენ ჩემი გოგოები. ენი განსაკუთრებით _ მართლაც რომ ბრწყინავდა. მარკოც ერთობ იმპოზანტურად გამოიყურებოდა. პიჯაკი ცხოვრებაში არ სცმია, იმ დღეს კი ყავისფერი პიჯაკით გამოგვეცხადა და ყველანი აღგვაფრთოვანა. სულ ბრავოს შეძახილებით ურბინეს გოგოებმა გარშემო.

რა თქმა უნდა, თაზო და მაქსიც შემოგვიერთდნენ. მარკომ მეგობრების დაპატიჟებაზე უარი თქვა, ჩვენ ხვალ მოვუვლით ამ საქმეს, დღეს ჩემებთან მსურს ქეიფიო.

ჩემს ლურჯთვალა ელისს ლურჯი კაბა ეცვა და, რომ იტყვიან, მის სხეულს `ზედ აკვდებოდა~, ისე მოუხდა. სხვათა შორის, ჩემი შეკერილი კაბა იყო. ემილი კლასიკურ შავ-თეთრში გამოეწყო _ შავი შარვალი, თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი ერთობ სოლიდურ იერს სძენდა. თავის სიგამხდრესაც მშვენივრად ფარავდა. ენი კი… ოოო! ენი ჩემს ნაჩუქარ წითელ კაბაში ღმერთქალივით გამოიყურებოდა. თვალს ვერ მოწყვეტდი. მარკომ სულ `ეკბატანას ვარდი~ უძახა. მე დავცინე, ეკბატანას ბაღის ვარდი წითელი კი არა, სპილოსძვლისფერია-მეთქი. გაიგიჟა თავი, წითელიაო. ავდექი და ციტატა ზეპირად მოვუყვანე. ეს ადგილი ისე მომწონდა `დიდოსტატის მარჯვენაში~, რომ არასდროს დამვიწყებია _ მეფე გიორგის რომ ეუბნება გირშელი: `მე იმ ვარდს ვგულისხმობ, გლახუნა, ეკბატანას ბაღში რომ ყვავის ხოლმე სულ პირველად ვარდობის თვეში. წითელი არ გეგონოს იგი, არამედ ძველთუძველესი სპილოსძვლისფერია, შენ რომ სკიპტრა მაჩვენე ერთხელ, ბაგრატეული, სწორედ იმ ფერისა, გლახუნა, გესმის? სწორედ იმ ფერის დიაცები მიყვარს, გლახუნა, მე, ჩადრის ჩრდილში შენახული, იშვიათად, სავსებით იშვიათად თვალნაკრავი, გესმის?~

მარკომ ერთხანს მიყურა, მიყურა, მერე კი მაინც თავისი დაიჟინა, გინდა თუ არა, ეკბატანას ვარდია. ჯერ ერთი, იმ ბაღში განა მარტო სპილოსძვლისფერი ვარდები ყვაოდა, დედუცი. მეორეც, მე სახის ფერს ვგულისხმობ, კანი აქვს სპილოსძვლისფერი, კაბა რა შუაშიაო. მოახერხა და ჭკუაში მაჯობა. მაჯობა და მეც გავჩუმდი. ენიმ შესძახა, მხოლოდ ჩადრი მაკლიაო, რამაც ყველანი გაგვამხიარულა.

არც მე გამოვიყურებოდი ურიგოდ. ატმისყვავილისფერი კაბა მეცვა, ტანზე მოტმასნილი, წინ ჩახსნილი და როცა ნაბიჯს გადავდგამდი, ჩემი ლამაზი ფეხები კიდევ უფრო ლამაზი მოჩანდა, სანახევროდ ატლასის ქსოვილს შეფარებული.

მარკომ თამადად ვასიკო დააყენა, რაც ძალზე მესიამოვნა. ვასკამაც ისეთი თამადობა გასწია, თქვენი მოწონებული. მამაპაპურ სადღეგრძელოებს კი არ მიეძალა, სულ სიყვარულს უტრიალა გარშემო. მერე სათითაოდ დალოცა ორი წყვილი _ ემილი და თამაზი, ელისი და მაქსი. როცა ჯერი ენიზე მიდგა, მარკომ ხელი ასწია და ჩვენს თამადას სიტყვა გააწყვეტინა, თუ შეიძლება, მე მათქმევინეო. ვასიკომ ხელები გაშალა, ჩემი თავი გენაცვალოსო და მარკოც წამოდგა. ჭიქა ასწია, ყველას მოგვავლო თვალი და დაიწყო:

_ იცით? ამქვეყნად ყველაზე მეტად დედაჩემი მიყვარს და ყველაზე დიდ პატივს მას ვცემ. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ, გავახარო და ჩემი ქმედებით ბედნიერი გავხადო… დედა, _ მომიბრუნდა უეცრად, _ ვიცი, რომ, რასაც ახლა ვიტყვი, შენთვის მოულოდნელი იქნება, ერთგვარი სიურპრიზი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ეს ამბავი გაგახარებს, ისევე, როგორც ყველა აქ მყოფს. მე შეყვარებული ვარ, დე… ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო მიყვარს, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ენამოსწრებული, ყველასგან რომ გამოირჩევა თავისი სუფთა სულით და დათბილული გულით. ეს გოგო შენც გიყვარს, დე. ამიტომ მოემზადე, შემოდგომაზე ოჯახს ვქმნი და ამაში შენ უნდა შემიწყო ხელი…

სმენად ვიქეცი. ვინ გოგოზე ლაპარაკობს ნეტავ? წამითაც არ გამივლია გულში, შინაური მეგულისხმა.

ამასობაში მარკომ თავისი სათქმელი დააგვირგვინა:

_ მე და ენის ერთმანეთი გვიყვარს, დედა… ჰოდა… დაგვლოცე ახლა შენებურად შენი ყველას დამტევი გულით.

მეხის გავარდნასავით დაირხა ეს სიტყვები ჰაერში, რამაც მეხის დაცემასავით იმოქმედა ჩემზე. განა იმიტომ, რომ ენი არ მომწონდა ან არ მიყვარდა. გოგოებში განსაკუთრებულად გამოვარჩევდი, მასთან სულ სხვა ურთიერთობა მქონდა, საოცრად მიგებდა და ვუგებდი. ერთადერთი იყო, ვისაც არაფერს ვუმალავდი და გულს უშიშრად გადავუშლიდი, მაგრამ…

მაგრამ… რა იყო ეს `მაგრამ~, ვერ გეტყვით. მოულოდნელობა? ენის წარმომავლობა? იქნებ მისი წარსული? თუ ჩემი შვილისთვის ეკბატანას ვარდზე უკეთესი მინდოდა?.. არ ვიცი.

ენის შევხედე. არ გამიღიმია. არც ერთი სუფრის წევრი ხმას არ იღებდა, თითქოს ყველამ ენა გადაყლაპა, თითქოს ყველა ერთიანად მოიშალაო… საერთო დაძაბულობამ ქარიშხალივით გადაუარა ჩვენს სუფრას…

შევხედე ენის და მის თვალებში იმდენი რამ ამოვიკითხე, იმხელა ნდობას, მოკრძალებას, მუდარას, სიყვარულს, სითბოს მპირდებოდა ეს მზერა, რომ გულიდან უცებ გადამეყარა საწვიმრად გამზადებული ღრუბლები, რამაც საოცრად შემამსუბუქა და ფეხზე წამომაყენა. ენისკენ მივიწევდი. მივუახლოვდი და პირისპირ დავუდექი. კვლავ შევხედე. მისი თვალები ამწუთას მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა: `მაპატიე, მაპატიე~.

ხელები მხრებზე დავაწყვე და ვუთხარი:

_ რახან ახალ ცხოვრებას იწყებ, ესე იგი, მზად ხარ ამისთვის.

_ არ არსებობს ახალი ცხოვრება ძველის გარეშე, მე ტკივილიანი წარსული მქონდა, _ მომიგო მან ისე ხმადაბლა, მგონი, ჩემ გარდა არავის გაუგონია.

_ წარსული ჩამოცვენილი ფოთლებივითაა, ენი. უნდა მოაქუჩო და დაწვა, _ მოვიშველიე ჩემი საყვარელი ფრაზა და გულში ჩავიკარი.

აი, მაშინ კი ახმაურდა სუფრა. გაისმა ტაში, ოვაციები, მხიარული წამოძახილები… ჩემი შვილი ჩემკენ გამოექანა, ხელში ამიყვანა და რამდენჯერმე დამაბზრიალა.

_ პირველი ცეკვა დედაჩემს ეკუთვნის, _ დაიყვირა მარკომ, მუსიკოსებთან მიირბინა, ფული მისცა და რაღაც შეუკვეთა. ეს იყო ჩემი უსაყვარლესი სიმღერა `აქედანა და შენამდე~…

და ჩვენ ვალსი ვიცეკვეთ… მერე ენის და მარკოს ჯერი დადგა. ტანგო! _ ეს იყო მათი არჩევანი. აი, ცეკვა ამას ერქვა. ჩემი ბალერინა გოგო ჯეირანს ჰგავდა. როგორც ჩანს, რეპეტიციები გაიარეს მე-13 სართულზე, როცა ენი ვითომ ფილმის სანახავად მიჰყავდა მარკოს. საოცრად შეწყობილად ტრიალებდნენ საცეკვაო მოედანზე… უცხოებიც კი მობილურმომარჯვებულები უღებდნენ სურათებს…

 

აგვისტოს ბოლოს მე და ვასიკომ ჯვარი დავიწერეთ… მალულად… ყველას დავასწარით… მასთან რომ გადავედი საცხოვრებლად, მხოლოდ მაშინ გაიგეს ჩემებმა… ხოლო სექტემბერში სამი ქორწილი ერთად გადავიხადეთ: მარკოს და ენის, ელისის და მაქსის, ემილისა და თამაზის… ცხრა თვეში კი ბებია გავხდი _ ამ ქვეყანას ლუკა მოევლინა…

გული სავსე იყო სიხარულით, სიყვარულით, სითბოთი და ბედნიერებით. თითოეული ჩვენგანი ხვდებოდა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისი მყარი ადგილი მონახა მზის ქვეშ…

ჭირი იქა, ლხინი აქა… ლხინი აქა, ლხინა აქა…