ყველაფერი არ გაივლის

 

 

 

სვეტა კვარაცხელია

 

_ ამ ბოლო დროს რაღაც მოუხშირე დაგვიანებას! _ მშრალად წარმოთქვა ლიზიმ და ქმარს გამომცდელად შეხედა.

_ კარგი რა, ლიზი, ნუ შემჭამე! უკვე მოლანდებები დაგეწყო. არ იცი, რამდენი საქმე მაქვს სამსახურში. გაოცდები, რომ გაიგო. _ ლექსომ, როგორ სჩვეოდა, თმაზე წრიული მოძრაობით გადაისვა ხელი.

_ უკვე გავოცდი! _ მყისვე მიუგო ცოლმა და ირონიულად ჩაიცინა.

_ ოხ, ეს ქალური კაპრიზები! _ ლექსომ მარჯვენა მომუშტა და მოკუმულ ტუჩებზე მიიდო, მოთმინების ფიალა ავსებოდა, _ მითხარი, რამე გაკლია? რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, არ იტყვი?

ლიზიმ ოდნავ ჩაახველა, მერე კი ღრმად ამოისუნთქა, რაც იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ადამიანი გაზეთის ერთი სვეტის წაკითხვას მოასწრებდა, შემდეგ თვალები მოჭუტა და ქმარს უნდობლობით სავსე მზერა მიაპყრო:

_ რა მინდა და ის მინდა, რომ ოჯახს მიხედო და შენს შვილს ცოტა მეტი ყურადღება დაუთმო. რამდენი ხანია, ბავშვი გეხვეწება, მთაწმინდის პარკში ამიყვანეო, შენ კი მისთვის არასდროს არ გცალია, არასდროს! _ ლიზიმ ორჯერ გამეორებული `არასდროს~ მაგიდაზე გაშლილი ხელის დარტყმით გაამყარა.

ხმაურზე საძინებლის კარი გაიღო, საიდანაც შეშინებულმა მაკუნამ გამოყო თავი და ნამძინარევი თვალებით ჯერ დედას გახედა, მერე მამას.

_ მა, რა მოხდა? _ იკითხა გოგონამ.

_ არაფერი, მამიკო, მიდი, ხელ-პირი დაიბანე და ჩაიცვი, სკოლაში არ დაგაგვიანდეს! _ ლექსომ შვილი ხელში აიყვანა და სააბაზანოს კართან ჩამოსვა. _ მიდი, მიდი.

_ აღარ შემიძლია ასე, რა, _ ლიზი ნერვიული მოძრაობით შეუდგა შვილისთვის ბუტერბროდის მომზადებას, დანის წვერით ისე სწრაფად გადაუსვ-გადმოუსვა კარაქი პურს, თითქოს ლესავსო.

_ რა არ შეგიძლია, ერთი მითხარი! _ მიეჭრა ლექსო და სკამზე ჩამოჯდა, თან ცოლს დანიანი ხელი დაუჭირა, _ რა არ შეგიძლია, რა, რა! _ უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა.

_ შენი საყვარლების თვლა! _ მიახალა ცოლმა, ხელი გამოსტაცა და დანა მაგიდაზე დააგდო.

მამაკაცი ერთხანს ჩუმად იჯდა, ცოლს თვალს არ აშორებდა, მერე კი წამოდგა და კარისკენ ისე გაემართა, კრინტი არ დაუძრავს. მხოლოდ ჰოლში გასულმა გამოსძახა ცოლს, მაკუნას მანქანაში დაველოდები და არ დააგვიანოსო.

ლიზიმ თვალები დახუჭა, ამოიგმინა და ტუჩებიდან ჰაერი გამოუშვა, თითქოს უსტვენსო.

ცოტა ხანში მაკუნაც გამოვიდა და მაგიდას მიუჯდა. დედამ ჩაი დაუსხა და ბუტერბროდი თეფშზე დაუდო.

_ დროზე, თორემ დაგაგვიანდება, _ მზრუნველი ტონით უთხრა შვილს და სევდიანად გაუღიმა.

_ მამას რატომ ეჩხუბე, დე? _ ჩურჩულით შეეკითხა გოგონა.

_ არ ვეჩხუბე, უბრალოდ, ვიკამათეთ.

_ რატომ იკამათეთ?

_ იმიტომ.

_ მე რომ არ წამიყვანა მთაწმინდაზე იმიტომ, ხომ?

_ ჰო. _ ლიზის ფიქრები უკვე სხვაგან ქროდა…

 

ლექსომ ბავშვი სკოლასთან ჩამოსვა, დაელოდა, სანამ მაკუნა შენობაში შევიდოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა გზა.

როგორც ჩანს, რაღაც ვერ გათვალა. არ ეგონა, ლიზი მის გარდასახვას თუ შეამჩნევდა. იქნებ არც შეუმჩნევია და მხოლოდ მისი დაგვიანებების გამო შეუჩნდა ეჭვის ჭია? ყველა ცოლი როგორაა ერთნაირი, ა? რა მოხდა, მერე, თუ დააგვიანა? განა სხვა ქმრები არ აგვიანებენ? არა, მხოლოდ გვიან მოსვლა არ არის მიზეზი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ოთხჯერ იყო უკვე `მივლინებაში~, ოთხჯერ. კაცმა რომ თქვას, ლიზი მთლად მტყუანი არ არის. მართლა აიღო ხელი ოჯახზე. ისე გაიტაცა თამუნამ, რომ ქვეყანაზე აღარაფერი ახსოვს მისი ლამაზი თვალებისა და გრძელი წამწამების გარდა.

წუხანდელი ღამე გაახსენდა _ მშვენიერი რბილი საწოლი, მშვენიერი შიშველი სხეული, მშვენიერი ერთმანეთზე მიკრული წამწამები და სუნთქვის, სიბნელისა და სიამოვნების ხმა ფუმფულა თეთრეულში…

ოოო, ამაზე უარს ვერ იტყვის. მართლაცდა, რამდენი ქალი ჰყოლია, ვისთან არ ჰქონია სექსი, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, სულ სხვა. პირველად მხოლოდ ლიზისთან განიცადა მსგავსი სიამოვნება და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, თამუნასთან გამეორდა იგივე. ახლა თამუნა სურდა ისე, როგორც ცხრა წლის წინ ლიზი სურდა. ახლა თამუნასკენ ილტვოდა მისი სხეული ისეთი ვნებით, როგორითაც ცხრა წინ ლიზისკენ ილტვოდა. ახლა თამუნას დანახვაზე ეკვროდა სუნთქვა და მისი ყოველი შეხება ერთიანად უძაბავდა სხეულს. უნდოდა, სულ უნდოდა ეს გოგო! ყოველ წუთს, ყოველ წამს! თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე ბრმად როგორ გაება მახეში. უცნაური ის იყო, რომ ზუსტად ისე გაიცნო, როგორც თავის დროზე ცოლი, _ კლინიკაში, სადაც ახლა მთავარ ექიმად მუშაობს, მაშინ კი მხოლოდ ქირურგი იყო.

არა უშავს, მან ეს ყველაფერი გაიარა და არა ერთხელ და ორჯერ… ბევრჯერ. ამასაც გაივლის, სანერვიულო არაფერი აქვს. ლიზი მის მორიგ გატაცებასაც შეეგუება და მერე ისევ შეურიგდება. ტყუილად ხტუნავს ხოლმე. შეეძლოს მაინც დიდხანს გაბრაზება. აი, ახლაც, საკმარისია, ერთი კარგი საჩუქარი უყიდოს და ცოლის გულს ისე მოალბობს, ვითომ არც უჩხუბიათ.

ამასობაში კლინიკას მიადგა და მანქანა პარკირების ადგილას დააყენა. შუადღეს გავა და ლიზის რამეს უყიდის _ სამაჯურს ან ყელსაბამს. ამით მის გულს მოიგებს. შაბათს კი მაკუნას მთაწმინდაზე აიყვანს. მართლა რამდენი ხანია, შვილი ეხვეწება და მისთვის ვერ მოიცალა. სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს…

 

ქმარ-შვილი გაისტუმრა თუ არა, ლიზიმ თიკოსთან დარეკა და სთხოვა, მასთან გამოსულიყო. დაქალი მაშინვე მოვიდა. ლიზის სუფრა გაეწყო და კარის ღიობთან გაჩერებული თიკო ხელით მოიხმო.

_ დავლიოთ, არ გინდა? _ ცივად გამოუვიდა ნათქვამი, თან მარტინის ჩამოსხმა დაიწყო.

_ რა გეტაკა ამ დილაუთენია? _ გაუკვირდა თიკოს, ჩანთა დივანზე მიაგდო და მაგიდას მიუჯდა, _ რა მოხდა, იჩხუბეთ?

_ ჰო.

_ მიზეზი? _ დაქალმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ლიზის თითებს მიადევნა თვალი, მარტინის ბოთლს ნაზად რომ ეფერებოდა.

_ მგონი, ახალი საყვარელი ჰყავს, იცი?

მოულოდნელად თიკოს სახეზე სიწითლე მოედო, რომელმაც რამდენიმე წამში გადაუარა. ერთხანს გაოგნებული მისჩერებოდა დაქალს, მერე კი ჩვეულებრივზე დაბალი ხმით იკითხა:

_ საიდან იცი?

_ არ ვიცი, მაგრამ ვხვდები. ორ თვეზე მეტია, დროზე არ მოსულა სახლში. მერე კიდევ ეს მივლინებები… ერთი, ორი, სამი, ოთხი… შეიძლება ადამინი სულ მივლინებებში დადიოდეს? მთავარი ექიმია თავის კლინიკაში, რა მივლინებები აუტყდა?

_ კი მაგრამ, რატომ გიკვირს? ზაზაც ხომ დაჰყვება ხოლმე მივლინებებში?

_ ზაზა როცა მიჰყვება, გასაგებია, მაგრამ ყოველთვის? ჰა-ჰა, ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ ოთხჯერ? არ ვიცი, როგორ ხდება, თიკო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, როცა რაღაც ისე ვერაა… მოდი, დავლიოთ… ჩვენ გაგვიმარჯოს! _ ლიზიმ ჭიქა ასწია, თიკოს მიუჭახუნა და გადაჰკრა.

_ ვერ დავლევ, მანქანით ვარ, ხომ იცი.

_ ერთი ჭიქა რას გიზამს, შენ კიდევ. დალიე, რა!

_ არა, დღეს ბევრგან ვარ გასასვლელი. პატრულმა რომ გამაჩეროს, დამერხევა.

_ აუ, თიკო, არ შეგიძლია ზაზას გამოჰკითხო ისე, დელიკატურად, იქნებ რამე გითხრას? შენმა ქმარმა რომ არ იცოდეს ლექსოს ვოიაჟების ამბავი, გამორიცხულია, მთელი დღე ერთად არიან, ბოლოს და ბოლოს.

_ რა ვიცი, _ მხრები აიჩეჩა თიკომ და დაბნეულმა ააფახულა წამწამები, _ კი ვკითხავ, თუ მითხრა რამე…

_ გეტყვის. ეგ შენ არაფერს არ გიმალავს.

დაქალმა პასუხად თავი გააქნია და წამოდგა.

_ წავედი მე, შენ კი გირჩევ, არ ინერვიულო. არ ღირს ეგ ამბავი სანერვიულოდ. ლექსო შენ რომ არ მიგატოვებს, ხომ იცი, არა? მოჰბეზრდება ის ვიღაცაა და მორჩა. პირველი შემთხვევაა თუ? ადრეც ჰყოლია ვიღაცები, მაგრამ ოჯახი არ დაუნგრევია.

_ ოჯახის დანგრევა ხომ არ არის ყველაფერი, თიკო? ისე ცხოვრობს, თითქოს მდგმური იყოს. ელემენტარული ყურადღების ღირსი არ ვარ? მოვა შუაღამეს, დაწვება და დაიძინებს. დილით ადგება, იბანავებს, ისაუზმებს და წავა. ფულს რომ მიტოვებს, განა ფული წყვეტს ყველაფერს? არ შემიძლია ასე გაგრძელება, მორჩა.

_ რას აპირებ? _ თიკო დაიძაბა.

_ მუშაობა უნდა დავიწყო. შინ ჯდომით სულ გამოვშტერდი, გულს მაინც გადავაყოლებ.

_ მერე ბავშვი? მაკუნას ვინ მოუვლის?

_ მაკუნა დიდი გოგოა უკვე, ცხრა წლისაა, რა მიხედვა უნდა? ბოლოს და ბოლოს ავიყვან ვინმეს, ფულს გადავუხდი და სკოლიდან გამოიყვანს.

_ ჰო… რა ვიცი, შენი საქმისა შენ იცი, _ თიკომ ცალყბად გაიღიმა, დივანზე მიგდებულ ჩანთას დასწვდა, მხარზე გადაიკიდა და კარისკენ დაიძრა.

_ საღამოს შეგეხმიანები. თუ რამე გავიგე, გეტყვი, _ უკანმოუხედავად ხმამაღლა გამოსძახა ლიზის და კარი გაიჯახუნა.

 

ზაზა და ლექსო ერთად მუშაობენ. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და სკოლის პერიოდიდან ერთად მოდიან. ახლა ზაზა ლექსოს კლინიკაში გენერალური მენეჯერია, საავადმყოფოს კომერციულ მხარეს ის აგვარებს. ლექსო ზაზას ყველაფერში ენდობა, ენდობა თვალდახუჭული. იცის, რომ ძმაკაცი არასდროს დააღალატებს. ამასთან, პირადი ცხოვრების დეტალებსაც არ უმალავენ ერთმანეთს. მართალია, ზაზას დიდი თავგადასავლები არც არასდროს ჰქონია, მაგრამ სამაგიეროდ, ლექსოა სწრაფწარმავალი რომანებით მდიდარი. როცა საქმე მორიგ ერთი ღამის ქალს ეხება, ზაზამ უნდა მოაგვაროს სასტუმროს ხარჯები. თუ ქალაქგარეთ ან სხვა ქალაქში მიჰყავს ლექსოს ახალი `ნაშოჩკა~, იქაც ზაზამ უნდა ითავოს ყველაფერი. ამიტომ ეს უკანასკნელი ყოველთვის საქმის კურსშია. ასე ვთქვათ, მოვლენების ეპიცენტრში ხვდება. ეს იცოდა თიკომ, ამიტომ დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქმრისგან ახალ ამბავს საღამოსვე შეიტყობდა.

 

ლიზი სახლის დალაგებას შეუდგა. გული ბრაზისგან გახეთქვაზე ჰქონდა, არაფრის ხალისი აღარ შერჩენოდა, მაგრამ სახლს დაულაგებელს ვერ დატოვებდა.

როცა თავისი აქსესუარების უჯრებს მიადგა, მოულოდნელად რაღაც გაახსენდა. ერთი ყველაზე პატარა თეთრი ზარდახშა გამოიღო და მასში ჩაყრილი ბიჟუტერია საწოლზე გადმოაპირქვავა. სათითაოდ გადადო ყველა სამკაული, სანამ არ მიაგნო იმას, რასაც ეძებდა. ეს იყო ვერცხლის ბეჭედი, ჩვეულებრივი ფორმის რგოლი, რომლის ზედაპირზე ორი გული იყო ამოტვიფრული და ხელნაწერი შრიფტით ლათინური ასოებით ეწერა: `ყველაფერი არ გაივლის~.

დღევანდელ დღესავით ახსოვდა ის დღე, როცა იონამ ეს ბეჭედი აჩუქა. იონა… იო… მისი საოცარი იო… როგორ მოენატრება ხანდახან. ნეტავ ახლა სადაა? რას აკეთებს? პოლიციაში რომ აღარ მუშაობს, ეგ უკვე გაიგო. მეტი არაფერი არ იცის მის შესახებ. ნუთუ ვერასდროს შეხვდება ცხოვრებაში? ისე როგორ უნდა მოკვდეს, ერთხელ მაინც არ ნახოს თავისი იო? თუმცა შეიძლება მან არც მოისურვოს ლიზის ნახვა. განა თვითონ არ მიატოვა? ისე გაიქცა, არც უთხრა მიზეზი, რატომ მიდიოდა მისგან. თან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მამაკაცმა მის კვალს ვეღარ მიაგნო. ნეტავ ისევ იქ ცხოვრობს თუ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად?

ბეჭედი არათითზე წამოიცვა და ზემოდან დააცქერდა. ისევ ისეთი ლამაზი თითები აქვს, როგორიც ადრე. როგორც ჩანს, თითები გვიან ბერდება. თუმცა ჯერ ხომ ადრეა სიბერემდე.

კოსმეტიკის მაგიდას მიუჯდა და სარკეში ჩაიხედა. უყვარდა ამ სარკეში საკუთარი თავის თვალიერება. არც ახალგაზრდა იყო, არც ხანში შესული, არც გამხდარი, არც მსუქანი. ზომიერად ფერხორციანი ქალი იყო, სულ რაღაც ოცდათექვსმეტი წლის. რომ მოენდომებინა, ერთ შვილს კიდევ გააჩენდა. ერთს კი არა, სამსაც მოასწრებდა, მაგრამ… ასეთი ქმრის ხელში არ ღირდა შვილების პანტაპუნტით გაჩენა. იქნებ თავისთვის მიეხედა? რამდენი ხანია, არ გაპრანჭულა, საქეიფოდ არ წასულა, არც შოპინგებით მოუკლავს თავი, თუ რამის საყიდლად გავა, მხოლოდ და მხოლოდ მაკუნას ტანსაცმლის შესაძენად. ადრე ლექსოსაც თვითონ ურჩევდა პერანგებს, პიჯაკებს, შარვალსაც კი. ახლა აღარ. ახლა ძველებურად აღარ ადარდებს, რას ჩაიცვამს მისი სანაქებო ქმარი. მიხედოს იმან, ვისთვისაც იცლის და ვისაც ხელისგულზე ატარებს.

იცოდა ლიზიმ, თუ ასეთი გულგრილი დარჩებოდა ქმრის მიმართ, უფრო დაშორდებოდა მას, უფრო გაცივდებოდა ურთიერთობა და შეიძლება ყველაფერი განქორწინებით დამთავრებულიყო, მაგრამ ახლა ესეც არ ადარდებდა. მისთვის მთავარი იყო, რომ მაკუნა ჰყავდა _ ყველაზე ძვირფასი არსება დედამიწის ზურგზე.

მოულოდნელად ოთახში ჩამობნელდა. ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი და გაოცდა. მოღრუბლულიყო. მოღრუბლულიყო კი არადა, წვიმაც აწკაპუნებულიყო ფანჯრის რაფებზე. უცნაური სეზონია ეს გაზაფხული. კალაპოტიდან ამოვარდნილივითაა _ როცა უნდა, წვიმს, როცა უნდა, ან მზე გამოვა, ან ქარი ამოვარდება, ან გრიგალი და ასე.

ფანჯარასთან დადგა. ელოდებოდა, როდის გადაიღებდა გაზაფხულის მოულოდნელი წვიმა, სიგარეტს ეწეოდა და განვლილ დღეებს აანალიზებდა.

როცა წვიმამ გადაიღო, ფეხსაცმელი გაიხადა, წინდების ამარამ გაიარა და იატაკის სიგრილე ესიამოვნა. ფეხის თითები ოდნავ დაბუჟებოდა, ალბათ დიდხანს რომ იდგა უძრავ მდგომარეობაში, იმიტომ.

_ ქესტ ლა ვი! _ ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა `ასეთია ცხოვრება~-ს ესპანური ინტერპრეტაცია და ბავშვის ოთახს მიაშურა…

 

ლექსომ შუადღისას ვერ მოახერხა კლინიკიდან გასვლა, ამიტომ საღამოს გადაწყვიტა ოქროს ბირჟის დალაშქვრა. ძვირფას სამკაულებს ყოველთვის აქ ყიდულობდა, ნაცნობ ოქრომჭედელთან. იცოდა, რომ ნაცნობი არ მოატყუებდა და არც იმაზე ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე ელიტურ მაღაზიებში.

კარგა ხანს ათვალიერა სამკაულები. თითქოს ყველა მოსწონდა, ამავდროულად, არაფერი არ მოსწონდა, რატომღაც, ყველა ერთმანეთს ჰგავდა. ბოლოს, როგორც იქნა, არჩევანი ლამაზ ძეკვზე შეაჩერა, რომელსაც კიდევ უფრო ლამაზი კულონი მოჰყვებოდა. იყიდა. კი იყიდა, მაგრამ მოულოდნელად მიხვდა, რომ ამ სამკაულს ლიზისთვის ვერ გაიმეტებდა. ან კი როგორ გაემეტებინა, როცა თამუნა ჰყავდა? განა ის უფრო არ იმსახურებდა ასეთ სილამაზეს? არა, ლიზისთვის სხვა რამე უნდა შეერჩია. თავიდან შეუდგა ოქროულობის თვალიერებას. თან სინდისი ქენჯნიდა, რომ ცოლზე მეტად სხვა ქალის საჩუქარი აწუხებდა, რომლისთვისაც უფრო ძვირფასი არ ენანებოდა. ამიტომ, სინდისი ცოტათი მაინც რომ დაემშვიდებინა, ბრილიანტისთვლიანი საყურე შეარჩია, ძალზე ნაზი, კოხტა და დახვეწილი ნამუშევარი. ეს ლიზის აუცილებლად მოეწონებოდა.

ბირჟიდან კმაყოფილი გამოვიდა. ნაწვიმარზე ასფალტს ორთქლი ასდიოდა, ჰაერში კი დამწვარი ცხიმის სუნი ტრიალებდა.

ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაგდო და პირში ხელის დაუხმარებლად ჩაიდო. მერე სანთებელას გაჰკრა. ცოტა ხნით სიგარეტის მძაფრმა სუნმა დამწვარი ცხიმისა გადაფარა.

ლაბადის საყელო აიწია, მანქანაში ჩაჯდა და თამუნასკენ გაჩქარდა.

 

ქალიშვილი, მომხიბვლელი ქალიშვილი… თვალები, მომხიბვლელი ქალიშვილის თვალები. აბრეშუმივით ნაზი კანი, ოდნავ მოწითალო, ოღონდ არა მზენაკრავი. ლიზიზე ბევრად ახალგაზრდა, ბევრად მაღალი, მაგრამ არა მისნაირი მკვირცხლი. ისეთი დინჯია თამუნა, რომ ასაკით გაცილებით დიდი ჩანს, ოცდაორი წლისას სულაც არ ჰგავს. არც ლიზისნაირი მანერები აქვს _ დახვეწილი და ელიტური, მაგრამ ცდილობს. ცდილობს, რადგან დედაქალაქში ახალი ჩამოსულია და ჯერ კიდევ პროვინციელად ითვლება. იგი იმ გოგონათა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც დიდ ქალაქში თავის დამკვიდრება, წარმატებით გათხოვება და სახელის მოხვეჭა ოცნებად გადაჰქცევია. აღნაგობა კი უწყობს ხელს, რომ სამოდელო კარიერა შეიქმნას, თუმცა ამ საქმეშიც სჭირდება ხელის წაკვრა.

და აი, გაიცნო ლექსო და იმედი უფრო მეტად მოეცა. იცის, რომ ლექსოს ბევრი რამ შეუძლია, ბევრზე ბევრი რამ. მას გავლენიანი სანაცნობო წრე ჰყავს. თამუნა კი უყვარს, ამიტომ მას არაფერს გაუჭირვებს. ახლა აღარ გააწვალებს ისე, ერთი თვის წინ რომ აწვალებდა. თუმცა თამოს მეტი უნდა, ბევრად მეტი, ვიდრე ლექსოს წარმოუდგენია. განა რა მოხდება, ლექსო რომ ცოლს გასცილდეს და თამუნა შეირთოს? რითია ვინმეზე ნაკლები? შვილის გაჩენაც შეუძლია და ოჯახის მოვლაც. მართალია, სუნიანი წინდების რეცხვა არასდროს იქნება მისთვის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ სარეცხი მანქანა და მისი ჯანი. თან მოსამსახურეც ეყოლება. ამაზე ქმარი ალბათ უარს არ ეტყვის. ალბათ კი არა, არ ეტყვის. არ ეტყვის კი არა, ვერ ეტყვის. გამოხედვაზე ეტყობა, ყურებამდე რომაა მასზე შეყვარებული.

 

თამუნა ჰოლშივე შეეგება ლექსოს და კისერზე ჩამოეკიდა. კარგა ხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. მამაკაცი ვერ ძღებოდა მისი ალერსით.

_ მოიცა, მოიცა, ჯერ ვჭამოთ, თორემ შენს მოლოდინში სული გამძვრა, _ ჩურჩულით წარმოთქვა თამუნამ და მამაკაცს ხელიდან თევზივით გაუსხლტა, ასევე თევზივით გასხმარტალდა სამზარეულოში და ჯამ-ჭურჭლის რახარუხი ატეხა.

_ მე შენ საჩუქარი მოგიტანე, _ შესძახა ლექსომ და უკვე მომზადებული ძეწკვი თვალწინ აუქანავა.

თამუნას თვალები გაფაციცებით მოძრაობდა აქეთ-იქით, მოქანავე ძეწკვის მიმართულების მიხედვით _ მარჯვნივ-მარცხნივ, მარჯვნივ-მარცხნივ. რაღაც მომენტებში ცალი თვალი გაურბოდა და ეს ისე მოსწონდა ლექსოს, რომ სიცილით კვდებოდა.

_ დღეს ცოტა ადრე უნდა წავიდე, თამო, _ სიცილი შეწყვიტა მამაკაცმა და გოგონას ძეწკვი ყელზე დაჰკიდა.

_ რატომ? _ მკვეთრდა შემოტრიალდა თამუნა და ლექსოს მკლავები კისერზე შემოხვია, _ არ გაგიშვებ!

_ დღეს უნდა გამიშვა, ჩემი ცოლი უკვე რაღაცას ეჭვობს და არ მინდა ზედმეტი სკანდალები, ხომ გესმის.

გოგონამ თვალები მოწკურა და წამით გაისუსა. მერე კი ეშმაკური ტონით წარმოთქვა:

_ სკანდალის მოწყობა მეც შემიძლია, ისე.

ლექსო შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია… წაუყრუა, რადგან დილის ჩხუბი უკვე საკმარისი იყო. საღამოც რომ ჩხუბით დაემთავრებინა, მაშინ უნდა დამთვრალიყო, დალევა კი არ უნდოდა.

 

იმავე საღამოს თიკო შინ დაბრუნებულ ზაზას განსაკუთრებულად აღგზნებული შეეგება. გეგონებოდათ, ცოლი დიდი ხნის უნახავ ქმარს ხვდებაო. როგორც კი ზაზამ ჰოლი გამოიარა და სასტუმრო ოთახში შემოაბიჯა, თიკომ ხალათი გადაიღეღა, ფუმფულა მკერდი მოიშიშვლა და რამდენჯერმე დატრიალდა ქმრის წინ.

_ ვა, რა იყო, რა ხასიათზე ხარ? ასიანი რაღაც იყიდე, ხო? _ ზაზამ გასაღებების ასხმა ბარის სადგამზე დააგდო და პიჯაკი გაიხადა.

_ შენ კი ვერც ამჩნეეევ, _ წაიმღერა თიკომ, ხალათი გაიხადა და ცეკვა პერანგისამარამ გააგრძელა.

_ აჰა… გასაგებია, ახალი ნიფხავ-პერანგი, _ სიცილით წარმოთქვა ზაზამ და სააბაზანოში შევიდა.

სანამ ქმარი ხელს იბანდა, ცოლმა ხალათი კვლავ ჩაიცვა და ზაზას სამზარეულოში გაშლილ სუფრასთან დახვდა.

_ რამდენი მიეცი?.. ვააა, სოკო ჩაშუშე? საღოლ, თიკუნა! _ მამაკაცმა ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და კმაყოფილი სახით მიუჯდა მაგიდას.

_ ძვირად არ მიყიდია, ფასდაკლება იყო დღეს, ნუცამ დამირეკა და მაშინვე გავვარდი. ისე მინდოდა ასეთი შავი პერანგის ყიდვა, ვერ წარმოიდგენ.

_ ხომ გქონდა ეგეთი?

_ კაი რა, ზაზა, ის ისე გახუნდა, მრცხვენოდა უკვე.

_ იმის არ გრცხვენია, პერანგით გარეთ რომ გადიხარ და ხალხში ტრიალებ?

_ რატომ უნდა მრცხვენოდეს? ახლა ეგაა მოდაში, რა ჩემი ბრალია? იმ დღეს კლუბში რომ ვიყავი, ხომ გახსოვს, შენ რომ გამომიარე, ნიას ისეთი პერანგი ეცვა, ისეთი, ისეთი, რომ ყველა დაშოკა.

_ გემრიელი სოკოა, ყოჩაღ! დიდი ხანია, არაფერი მოგიმზადებია, მესიამოვნა. და მოდი, შენს პერანგებსა და ნიფხვებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი?

_ კარგი. მაშინ მომიყევი, რა ხდება შენთან სამსახურში.

_ ისეთი არაფერი, მშვიდობაა… ჯერჯერობით მაინც.

_ ლექსო როგორაა? დღეს ლიზისთან ვიყავი და ვერ არის ხასიათზე.

_ კიდევ კარგ ჭკუაზეა ეგ გოგო, _ ზაზა გემრიელად ილუკმებოდა.

_ მართლა ახალი საყვარელი ჰყავს? _ იდუმალი ტონით შეეკითხა ცოლი.

მამაკაცმა ჭამა შეწყვიტა და ჩანგლიანი ხელი მაგიდის კიდეზე ჩამოდო.

_ შენ საიდან იცი?

_ მივხვდი. ლიზის ვერაფერს გამოაპარებ, ხომ იცი, ყოველთვის ხვდება ეგეთ რამეებს… ვინ არის?

_ სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ნანახი არ მყავს. სტუდენტია, პირველკურსელი, სამხატვრო აკადემიაში სწავლობს მგონი. როგორც ყოველთვის, ახლაც ისე დაემართა _ სიგიჟემდე მიყვარსო, გაიძახის.

_ ჰო… ეგ ყველაზე ეგრე იძახის, _ შეფიქრიანებული ხმით წარმოთქვა თიკომ, _ ლიზი მეცოდება, როგორ იტანჯება…

_ შენ კიდევ აი, როგორი ქმარი გყავს და არ აფასებ! _ ხუმრობით წამოიძახა ზაზამ და ჭამა განაგრძო.

_ როგორ არ გაფასებ, ჩემო სიხარულო, გაფასებ, აბა რას ვშვრები! _ ცოლი ზურგს უკან დაუდგა ქმარს და ჩაეხუტა, თუმცა სახის გამომეტყველებით აშკარად მიხვდებოდით, რომ ამწუთას ქმარზე სულაც არ ფიქრობდა…

 

დიდი მცდელობის მიუხედავად, ლექსომ სახლში მაინც დააგვიანა. ლიზი არ შეჰგებებია. ეს იმას ნიშნავდა, რომ ცოლი შერიგებას არ აპირებდა. არაფერი შეიმჩნია. თამუნასგან მოდიოდა და თავს ისე კარგად გრძნობდა, ამწუთას მისთვის უკეთესიც იყო, თუ ვინმე არ გამოელაპარაკებოდა. არც მაშინ შესტოკებია ნერვი, როცა საძინებელში ცოლი ვერ აღმოაჩინა. ესეც გაუხარდა. მარტო წოლა ბოლო დროს ყველაფერს ერჩივნა. ამ საწოლში სხვა ქალის სურნელი ტრიალებდა, იქ _ სხვა და ის სურნელი მასზე ბანგივით მოქმედებდა, ეს კი…

თვითონაც არ იცოდა, ასე რამ შეცვალა. ვერც იმას ხვდებოდა, ლიზის სიახლოვე ამ დონეზე რატომ აღიზიანებდა. ვეღარ ეკარებოდა ცოლს, მოფერების სურვილიც კი გაჰქრობოდა.

სამსახურში მთელი დღე ადგილს ვერ პოულობდა. ერთი სული ჰქონდა, როდის შებინდდებოდა, რომ თამუნასთან გაქცეულიყო. ვინ იცის, დღეში რამდენჯერ ურეკავდა. სადამდე მიიყვანდა ახალი გატაცება, ამაზე ფიქრს გაურბოდა, რადგან გული კარგს არაფერს უგრძნობდა.

მაკუნას ოთახის კარი შეაღო, მძინარე ცოლ-შვილს გადახედა და კარი ფრთხილად გამოხურა. გადაწყვიტა, საჩუქარი ლიზისთვის დილით, საუზმეზე მიერთმია. შემდეგ თავის ოთახს მიაშურა, აუჩქარებლად გაიხადა ტანსაცმელი და ლოგინში შეწვა.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ელოდა. ლიზი მოიხიბლა საჩუქრით. თავდაპირველად კოპებშეკრული შეხვდა სიურპრიზს, მაგრამ როცა ქმარმა მობოდიშება დაიწყო ბოლო დროს გამოჩენილი უყურადღებობისთვის და პირობა მისცა, გამოვსწორდებიო, ესიამოვნა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რამდენ ხანსაც გასტანდა ლექსოს `გამოსწორება~.

როცა ქმარ-შვილი გაისტუმრა, ლიზი საოცარ ხასიათზე დადგა, რატომღაც გარეთ გასვლა და განტვირთვა მოუნდა. გადაწყვიტა, თიკოსთვის დაერეკა და ერთად მოეფიქრებინათ რამე.

დაქალმა პირველსავე ზარზე უპასუხა, უკვე შენს სადარბაზოში ვარ და კარი გამიღეო.

_ მოკლედ, ბევრი ვერაფერი გავარკვიე, მაგრამ რაღაც-რაღაცები მაინც გავიგე, _ შემოსვლისთანავე აქაქანდა თიკო, დივანზე დაჯდა და ფეხი ფეხზე შემოიდო.

ლიზი მაშინვე ვერ მიხვდა, რა ჰქონდა თიკოს მხედველობაში, ჯერაც საჩუქრით გამოწვეულ ეიფორიაში იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი მეგობარმა ზაზა და ლექსო ახსენა, უკვე იცოდა, რა ამბავსაც გაიგებდა.

_ აკადემიის სტუდენტი ყოფილა, დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. მოდელობა უნდაო. ზაზამ მე არ მინახავს, მაგრამ ლექსო გაგიჟებულია, ამბობს, ისეთი ტანი აქვს, ცხოვრებაში მსგავსი არავინ შემხვედრიაო.

ლიზის ამის გაგონებაზე სისხლი გაეყინა ძარღვებში. ნეტავ საერთოდ არ მოსულიყო თიკო, როგორ მოუშხამა გუნება. ძლივს ხასიათზე მოვიდა, რაღაცები დაგეგმა, ამან კი წამში გაუცამტვერა ყველაფერი.

კარგა ხანს უხმოდ იჯდა თიკოს გვერდით, მერე ნელი მოძრაობით მიაბრუნა თავი დაქალისკენ და ჩურჩულით თქვა:

_ ისე, არ ვამტყუნებ… თავის დროზე არ უნდა გავყოლოდი ცოლად. სად ის და სად მე… ლექსო ყოველთვის ათი თავით ჩემზე მაღლა იდგა.

_ კაი, რა, ნუ ამბობ მასე, ლიზი, _ თიკომ ხელი გადახვია მეგობარს და ჩაეხუტა, _ შენზე უკეთესი არაფრით არაა ლექსო, გესმის?

_ შენ არ იცი, მე როგორი ცხოვრება გამოვიარე და ასე იმიტომ ამბობ. რომ იცოდე, საიდან მოვდივარ და ვინ ვიყავი, მიხვდები, რომ მართალს ვამბობ. _ სინანულით აღსავსე ტონით წარმოთქვა ლიზიმ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ გააგრძელა, _ არასდროს არავისთვის ჩემი თავგადასავალი არ მომიყოლია, რადგან მინდოდა, როგორმე დამევიწყებინა ის ყველაფერი და აღარასდროს გამხსნებოდა… მაგრამ ახლა შენ მოგიყვები, თუ გაქვს ჩემი მოსმენის სურვილი.

თიკოს ცნობისმოყვარეობა გაუმძაფრდა, ისეთი რა უნდა ყოფილიყო, რაც ლიზიზე არ იცოდა? ლექსოს ცოლი რომ გახდა, მას მერე სულ ერთად არიან, დამეგობრდნენ, ერთმანეთს თავიანთ ქალურ საიდუმლოებებს უზიარებენ და ისეთი რა წარსული აქვს, ასე საგულდაგულოდ რომ მალავს?

_ მომიყევი, ლიზი, ხომ იცი, რომ მოგისმენ. მესმის შენი, ვიცი, რომ დაგტანჯა ამ კაცმა, მაგრამ აბა, რით გიშველო? მე შენს ადგილზე უკვე კარგა ხნის გაცილებული ვიქნებოდი.

_ ჰო… მეც ეგრე მოვიქცევი ალბათ. უბრალოდ, არ მინდა ამაში ინიციატივა მე გამოვიჩინო. მერე წამომაძახებს, შენ გინდოდა გაყრა და არა მეო.

_ არა მგონია, თვითონ ასეთი გადაწყვეტილება ოდესმე მიიღოს. ოჯახი მაინც ოჯახია, ხომ იცი. თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს. შენ კი მითხარი, ერთი, აქამდე რას არ მეუბნებოდი და მიმალავდი.

_ ჰოო… წამო, საძინებელში გავიდეთ, საწოლზე წამოვწვეთ და ისე ვილაპარაკოთ…

 

_ მამაჩემი არ მახსოვს. _ დაიწყო ლიზიმ, როცა ორივენი მოხერხებულად მიწვნენ საწოლზე, _ ან კი საიდან მემახსოვრება, როცა დედა გათხოვილი არც ყოფილა. მდივნად მუშაობდა თურმე მასთან და რომანი ჰქონიათ, მაგრამ როგორც კი დაორსულდა და უთხრა მამაჩემს, ბავშვის გაჩენა მინდაო, იმან სამსახურიდან დაითხოვა. დედა უმუშევარი დარჩა, ამიტომ ხშირად ურეკავდა, დახმარებას სთხოვდა. თავიდან ის მართლა დახმარებია, ცოტაოდენი ფული მიუცია, მერე კი საერთოდ აუკრძალა თურმე დარეკვაც და მის სიახლოვეს გამოჩენაც. მამაჩემი თანამდებობის პირი ყოფილა, საკმაოდ მდიდარი, ამიტომ უტყდებოდა, ვიღაც მდივანი მისგან შვილის გაჩენას რომ აპირებდა. ამის აფიშირება არ სურდა. არც დედას მოუდვია მთელი ქვეყნისთვის, შვილს ვისგან ელოდებოდა, ამიტომ როცა იმშობიარა, თავისი გვარი მომცა. იცოდა, რომ შალვა, ასე ერქვა მამაჩემს, შვილად მაინც არ მაღიარებდა.

ისე გავიზარდე, ეს ამბავი არ ვიცოდი. დედა მეუბნებოდა, მამაშენი რომ გარდაიცვალა, შენ ძალიან პატარა იყავი და არ გახსოვსო. მეც დავიჯერე ეს ტყუილი.

მაგრამ გავიდა დრო, წამოვიზარდე, დედამ სკოლაში მიმიყვანა. კარგად ვსწავლობდი, ცუდი ნიშნები არ მქონია, სანამ ყველაფერი აირეოდა. მეათე კლასში ვიყავი, ერთ გოგოსთან რომ ვიჩხუბე და იმან წამომაძახა, შე ნაბიჭვაროო. ამან დამშოკა. სახლში მოსული დედაჩემს ვეცი, ახლავე მითხარი, მამაჩემი ვინ არის-მეთქი და სიმართლე მხოლოდ მაშინ გავიგე.

ავირიე. როგორ მინდოდა, მამაჩემს მივვარდნოდი და დამეწიოკებინა, მაგრამ რას გავხდებოდი? ბოღმა გულში ჩავიხვიე. იმ დღიდან სწავლაზე ხელი ავიღე, განვმარტოვდი და ყველას გავერიდე. თანაკლასელ გოგოებთან საერთოდ გავწყვიტე ურთიერთობა და ბიჭებს მივეკედლე. თანაც, ცუდი წლები იყო, 90-იანი. თანდათან ბიჭური მანერები შევიძინე, ჯერ იყო და, სიგარეტის მოწევა დავიწყე, მერე მარიხუანასაც შევეჩვიე.

სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, რომ იდეა დამებადა _ მამაჩემი გამეძარცვა და მისთვის ფული წამერთმია. ეს იდეა ბიჭებს მივაწოდე. ვიცოდი, ისინი ასეთ საქმეებში კარგად იყვნენ გაწაფული.

იმისთვის, რომ განზრახვა სისრულეში მომეყვანა, ერთ მშვენიერ დღეს გამოვიპრანჭე, თავზე პარიკი დავიხურე, ნომრიანი სათვალე გავიკეთე და მამაჩემს მივადექი, ვითომ უსაფრთხოების დაცვის კერძო სამსახურიდან ვიყავი და სიგნალიზაციის დაყენება შევთავაზე. მაშინ ასეთი რამეები ჯერაც ახალი ხილი იყო. ვუყურებდი მამაჩემს და მიკვირდა, ასეთი უგულო რამ გახადა _ სიმდიდრემ? ნუთუ გული არ ეთანაღრებოდა, რომ სადღაც ახლოს, მის ქალაქში მისი ღვიძლი შვილი დადიოდა და მასზე არაფერი იცოდა? მას ცოლ-შვილი უკვე ჰყავდა და ამან ალბათ საბოლოოდ გადაავიწყა დედაჩემის არსებობა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შალვა დავითანხმე. მან ოთახები შემომატარა, ყველაფერი დამათვალიერებინა და სიგნალიზაციის დაყენება თავის კაბინეტში მომთხოვა, სადაც სეიფი ედგა. იმ პერიოდში ფულს ყველა სახლში ინახავდა, ბანკებს არავინ ენდობოდა.

საგულდაგულოდ დავათვალიერე ეს ადგილი. სრულიად მარტივად შეიძლებოდა ბინაში შემოპარვა და სეიფის გახსნა. როცა ვთხოვე, სეიფი გაეხსნა, არც შეოყმანებულა, ოთხნიშნა კოდი აკრიფა და გააღო. კინაღამ გული გამიჩერდა, იქ იმდენი ფული იყო, სულ დოლარები, დასტებად…

მოკლედ, შევპირდი, ორ დღეში შემოვივლი, ჩემს ბუღალტერს მოვიყვან და ხელშეკრულებას გავაფორმებთ-მეთქი.

დიდი ამბით გამომისტუმრა, მასზე საოცრად კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და მისი ნდობაც დავიმსახურე…

დანარჩენი საქმე ბიჭებმა გააკეთეს _ იმავე ღამეს შეიპარნენ მის სახლში და მთელი სეიფი გაასუფთავეს.

ეს იყო ჩემი პირველი საქმე _ საკუთარი მამის გაძარცვა. მერე ხომ იცი, როგორც ხდება, მადა ჭამაში მოდისო… ისე გამიტკბა მდიდარი ადამიანების მოტყუება და მათი სახლების გაძარცვა, რომ აზარტში შევედი. თვითონ არ ვმონაწილეობდი ძარცვაში, მაგრამ მთავარი მაინც მე ვიყავი. კოდი მე ვიცოდი და სეიფის განლაგების ადგილიც.

მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. არც ისე დიდი ქალაქია, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. მალე უკვე ყველამ იცოდა, რომ ქალაქში თაღლითებისა და მძარცველთა ბანდა მოქმედებდა. პოლიციას ეჭვი მხოლოდ გოგონაზე ჰქონდა, ამ საქმეზე სხვა არაფერი იცოდნენ, მაგრამ ჩემი გამოჭერა არც ისე ადვილი იყო _ პარიკს ყოველ ახალ საქმეზე ვიცვლიდი, მაკიაჟსაც, ამიტომ ჩემი ზუსტი პორტრეტის აღწერა არავის შეეძლო. ჩემი ფოტორობოტი ყველგან იყო გაკრული _ იძებნება საშიში ბოროტმოქმედიო.

განსაკუთრებით ერთი პოლიციელი გადამეკიდა, იონა ერქვა სახელად. მაგარი ტიპი იყო, სიმპათიური და თანაც, საოცრად ჭკვიანი. რამდენჯერმე გამოვიდა ჩემს კვალზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ხელიდან დავუსხლტი. ბოლოს მივხვდი, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა. უკვე აღარავინ მენდობოდა და ასე თამამად ვერ მივადგებოდი ვერავის სახლში წინადადებით, სიგნალიზაციას დაგიყენებეთ-მეთქი. ამასთან, ბიჭებსაც საფრთხეში ვაგდებდი. ექვსი ბინა უკვე გავქურდეთ და უნდა გავჩერებულიყავით. ბიჭები არ დამთანხმდნენ. ამაზე შევლაპარაკდით და მივხვდი, რომ მათთან ურთიერთობა უნდა გამეწყვიტა. ვიცოდი, რომ თუ საქმიანობას გავაგრძელებდი, აუცილებლად ჩავვარდებოდით. ბიჭებმა უჩემოდ გააგრძელეს თავიანთი საქმე. ახლა უკვე ჩემ გარეშე, მაგრამ მალევე ყველანი გასკვანჩეს. სიმართლე გითხრა, შემეშინდა. ყოველ წუთს ველოდებოდი, როდის მომაკითხავდა პოლიცია, მაგრამ გადავრჩი. ბოლო ძარცვებში მე არსად ვფიგურირებდი, არც ბიჭებმა გამცეს და გადავრჩი. ვერც ერთს ვერ ათქმევინეს, ვინ იყო ის იდუმალი გოგო, ვინც ასე ადვილად მოიპოვებდა ფულიანი ადამიანების ნდობას და მერე სახლებს აძარცვინებდა. პოლიციამ იფიქრა, რომ მე სულ სხვა ბანდის წევრი ვიყავი და ჩემი ძებნა გააგრძელა, ჩემს ბიჭებს კი განაჩენი უჩემოდ გამოუტანეს.

ამასობაში სტუდენტი გავხდი. ეკონომიურზე ჩავაბარე და სწავლას შევუდექი, თან ახალ მაქინაციებზე ვფიქრობდი. ავდექი და ტაქტიკა შევცვალე. ამჯერად ბინებზე დავიწყე ჩალიჩი, ოღონდ უკვე მარტო ვმოქმედებდი, თანამონაწილის გარეშე. ვიქირავებდი ერთ ბინას, საბუთებს ვაყალბებდი და მას რამდენიმე ადამიანზე ერთდროულად ვყიდდი ან ვაგირავებდი. განა რამდენჯერ უნდა შემეცვალა გარეგნობა? როგორც უნდა მეცადა, მრავალმხრივად გარდასახვას მაინც ვერ მოვახერხებდი, ამიტომ იონა მიხვდა, რომ ქუთაისში გამოჩენილი ბინების თაღლითი მე ვიყავი. მე, რომელიც ადრე ბინების გაქურდვაში ვუწყობდი ხელს მძარცველთა უცნობ ბანდას.

არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, უცნაური ამბავი რომ არ მომხდარიყო. ერთ მდიდარ კაცს, რომელსაც ბინის ყიდვა უნდოდა და სახლის დასათვალიერებლად მივიყვანე, კონკურენტი ჰყოლია ბიზნესში და უთვალთვალებდნენ. ეს მე საიდან უნდა მცოდნოდა? ვაჩვენე ამ კაცს სახლი, ყველაფერი დავათვალიერებინე, ფასზეც შევთანხმდით და ის იყო, იქაურობის დატოვებას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად გარედან ხმაური მომესმა. ვიფიქრე, ჩემს კვალს დაადგნენ და მომაკითხეს-მეთქი, ამიტომ ოთახიდან გავვარდი და პატარა საკუჭნაოში შევიმალე, რომელსაც ვიწრო სარკმელი ჰქონდა, მაგრამ იმხელა, რომ ადვილად გავეტეოდი. ამ დროს ხმამაღალი საუბრის, მერე კი გასროლის ხმა შემომესმა. ვიღაცამ ორჯერ გაისროლა. შიშისგან ლამის გული გამისკდა. კარი ოდნავ გამოვაღე და ოთახში შევიჭვრიტე. ჩემი კლიენტი იატაკზე ეგდო და სისხლის გუბეში ცურავდა, თავზე კი ოთხი კაცი ადგა, ერთი _ პისტოლეტით ხელში.

დამინახეს. ერთმა დაიყვირა, არ გაუშვათ, მოწმე არ გვჭირდებაო, მაგრამ ვიმარჯვე, სანამ ისინი გონს მოეგებოდნენ, სარკმელი გამოვაღე, სწრაფად გადავხოხდი და ეზოში ჩავხტი. ბინა მეორე სართულზე მდებარეობდა და ძირს უვნებლად დავეშვი, თან გამხდარი ვიყავი, მსუბუქი და მოქნილი.

იმათ კი დავუძვერი, მაგრამ ქუჩას რომ ვკვეთდი, ცხვირწინ სირენებით მომავალმა პოლიციის მანქანამ დაამუხრუჭა და… ამიყვანეს.

იონა მაშინ გავიცანი. როცა დაკითხვაზე შემოვიდა, წინ საკმაოდ სქელი საქაღალდე დამიგდო _ ეს შენი უნიჭო მაქინაციების კრებულიაო. გამეცინა, თუ უნიჭოა, აქამდე რატომ ვერ დამიჭირეთ-მეთქი. თვითონაც გაეცინა. კარგი, ვაღიარებ, რომ უნიჭო სულაც არ ხარო. მოკლედ, ხან აქედან მომიდგა, ხან იქიდან, მაგრამ ვერ გამტეხა. ბოლოს გარიგება შემომთავაზა. თუ არ გინდა, ეს მკვლელობა შენ დაგაბრალო, უნდა თქვა, ვინ მოკლა შენი კლიენტი და შენს ყველა დანაშაულს დავივიწყებ, არ დაგიჭერ, მხოლოდ მოწმედ გამოგიყვან სასამართლოზეო.

მე არ ვიცოდი, ვინ იყო მკვლელი, მაგრამ ფოტოები რომ მიჩვენა, ოთხივე ამოვიცანი. აღმოჩნდა, რომ მკვლელი ქუთაისელი ბიზნესმენი იყო, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, რომელსაც არაერთი კონკურენტი ჩამოუცილებია გზიდან. საშიში კაცი იყო. მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი, სხვა შემთხვევაში ციხეში ამოვყოფდი თავს. არადა, არანაკლებ საშიში იყო მოწმედ გამოსვლაც, ის კაცი ცოცხალს არ დამტოვებდა. იონა მპირდებოდა, ოღონდ შენ არ გადათქვა და მე მოწმეთა პროგრამაში ჩაგსვამ, პირადად მე დაგიცავ სასამართლომდეო.

ერთი სიტყვით, დამიყოლია, ჩვენებაც მივეცი და კონსპირაციულ ბინაში გადამიყვანეს. სადღაც ქალაქგარეთ ვიყავით, კორპუსის ბინაში. ჩემი დაცვა მართლაც იონამ აიღო თავის თავზე. არასდროს დამავიწყდება, როცა იქ მივედით. მე ეგრევე სააბაზანოში შევვარდი, რამდენიმე დღის დაუბანელი ვიყავი და ჭუჭყი მახრჩობდა. როცა დაბანილ-გასუფთავებული ოთახში გამოვედი, იონა საწოლზე იჯდა და იარაღს წმენდდა. მე ხალათმოსხმული წინ დავუდექი, თავზე პირსახოცშემოხვეული. კაცი გაოგნებული მომაშტერდა. აშკარა იყო, მოვეწონე. ან კი რა მქონდა დასაწუნი, მაშინ ასეთი კი არ ვიყავი. კარგა ხანს მათვალიერა, მერე თვალი ამარიდა და მითხრა, ჩემს არყოფნაში კარი არავის გაუღო, პასუხიც კი არ გასცე, თუ ვინმემ დააკაკუნა და მაშინვე მე დამირეკეო. ამ სიტყვებით მობილური ტელეფონი მომაწოდა, რომელშიც მხოლოდ მისი ნომერი იყო ჩაწერილი.

მთელი ორი კვირა დავყავით იმ ბინაში. შევეჩვიეთ ერთმანეთს და გრძნობაც მალე გაჩნდა. ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად მეორე არ მეგულებოდა. ღამე ჩემთან რჩებოდა, მოჰქონდა საჭმელ-სასმელი, ვუყურებდით ტელევიზორს, ვხუმრობდით.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სასამართლომდე სულ რაღაც ექვი დღე იყო დარჩენილი, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. პატარიძის დამქაშებმა მაინც მოგვაგნეს. უფრო სწორად, მე მომაგნეს. იმწუთას იონა ჩემ გვერდით არ იყო. არც კარი გამიღია და არც ხმა ამომიღია, როცა მომიკაკუნეს, მაგრამ მათთვის ამას ხელი არ შეუშლია. სულ რომ არ ველოდი ისე ფანჯრიდან გადმოვიდნენ და გამომიჭირეს.

სადღაც მიმიყვანეს, ვიღაცის სახლში, თვალები ამიხვიეს და ისე. ჩემთვის სახვევი არ მოუხსნიათ, ისე მელაპარაკებოდნენ. დღესაც არ ვიცი, ვინ მელაპარაკა. თვითონ პატარიძე დაპატიმრებული იყო.

ლიზის თვალები ცრემლით აევსო. სულის მოსათქმელად წყალი დალია, მერე ტუჩებმოკუმულმა მწარედ დაიკვნესა და თხრობა განაგრძო:

_ ჩვენ შენი მოკვლა არ გვინდა, ეს არაფერში გვაწყობს, მაგრამ თუ არ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვით, არც შენ დაგტოვებთ ცოცხალს და არც შენს იონას, ჩვენ ყველაფერი ვიცითო, მითხრეს. შიშისგან გული გამისკდა. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ იონას რომ რამე მოსვლოდა, თავს არ ვიცოცხლებდი.

რა უნდა გავაკეთო-მეთქი. რაო და, ხვალვე მიხვალ პოლიციაში და ჩვენებას შეცვლი, რომ სასამართლოზე მოწმედ არ გამოხვიდეო. გავჯიუტდი. ეს რომ გავაკეთო, მერე მაინც მომკლავთ და რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი.

არაო, სიტყვას გაძლევთო, ოღონდ, როგორც კი ჩვენებას შეცვლი, იმწუთასვე უნდა დატოვო აქაურობა და ქალაქიდან წახვიდე, თან ისე, რომ ვერავინ მოგაგნოსო.

ვიცოდი, ფიქრის დრო არ მქონდა, ამიტომ დავთანხმდი.

ისევ წამომიყვანეს, ჩემს სახლთან მომიყვანეს და სადარბაზოსთან ჩამომსვეს. თან გამაფრთხილეს, მთელი ღამე გითვალთვალებთ და გაპარვა არ გაბედოო. ათი თავი სად მაქვს-მეთქი, ჩავიცინე და სახლში ავედი. მთელი სხეული მიკანკალებდა. შიშისგან ჩემს კბილებს კაწკაწი გასდიოდა.

დედაჩემი გაგიჟებული დამხვდა, სად დაიკარგე, ვიღაცები რამდენი დღეა, გაკითხავენ, მითხარი, რა შარში გაეხვიეო. ძლივს დავამშვიდე.

დრო არ ითმენდა. მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ მეშველა ჩემი თავისთვის და მომაფიქრდა კიდევაც, ამიტომ დედაჩემმა დაიძინა თუ არა, პატარა სამგზავრო ჩანთა გადმოვიღე, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავაგდე, რაც ფული მქონდა, სხვათა შორის, ცოტა არ იყო, დაახლოებით ხუთი ათას დოლარამდე იქნებოდა, სამალავიდან გამოვიტანე და ჩანთის სარჩულში დავმალე. ხუთას დოლარამდე დედაჩემს დავუტოვე კარადაში, თეთრეულში შევჩურთე, ოდესღაც მაინც იპოვიდა. მერე ავიღე სარეცხის თოკი, ჩუმად გამოვედი სახლიდან და მეორე სართულამდე ფრთხილად ჩავედი. ჩვენს კორპუსს ერთი სადარბაზო ჰქონდა, ამიტომ იქიდან რომ გავსულიყავი, აუცილებლად შემამჩევდნენ. მათი მანქანა პირდაპირ სადარბაზოს შესასვლელთან იყო მოყენებული. ამიტომ მეორე სართულზე ჩასულმა საშრობს მივაშურე. ჩვეულებრივი ჩეხური პროექტის ბინაში ვცხოვრობდით, თითო სართულზე ოთხი ბინა იყო განლაგებული. მე კიბის მარცხენა მხარეს ვცხოვრობდი, ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებდა, ხოლო მეორე მხარის ბინებიდან ფერდობი მოჩანდა, რომელიც ნაძვნარით იყო დაფარული. სწორედ ამ მხარის იმედი მქონდა. საშრობიდან გაპარვა ადვილად შეიძლებოდა, ვერავინ შემამჩნევდა. რა თქმა უნდა, შემეძლო, რომელიმე მეზობელთან შევსულიყავი და მათი აივნიდან ჩავსრიალებულიყავი, მაგრამ ეს ცუდი გამოსავალი იქნებოდა. შეიძლებოდა მეზობლისთვის პრობლემა შემექმნა, თან მაინცდამაინც არავის ვენდობოდი. საკუთარ დედასაც კი არ ვუთხარი, გაპარვას რომ ვაპირებდი.

მოკლედ, შევედი საშრობში და თოკი აივნის რიკულს კიდეში, კედლის სიახლოვეს გამოვაბი, რათა ძირს ჩავცოცებულიყავი და ფეხით კედელს მივყრდნობოდი. ასე ჩასვლა ბევრად გამიადვილდებოდა.

უპრობლემოდ ჩავცოცდი და ეგრევე ნაძვნარში შევვარდი. არტიშოკის ეკლები სულ ფეხებში მედებოდა, ერთიანად დავიჩხვლიტე, მიუხედავად იმისა, რომ ჯინსის შარვალი მეცვა, მაგრამ ოღონდ თავი დამეღწია და ტკივილს არ დავეძებდი. როგორც კი ნაძვების საფარში აღმოვჩნდი, ეგრევე მიწაზე გავიშოტე, რათა სული მომეთქვა. ისე ვიყავი დაძაბული და შეშინებული, ოფლი ღვარად მდიოდა. წარმომედგინა, რა დაგვემართებოდა მე და დედაჩემს, მათ რომ შევემჩნიე.

კარგა ხანს ვიწექი. მანამ არ ავდექი, სანამ არ დავმშვიდდი და ოფლი არ შემაშრა. მერე დავეშვი ფერდობზე, ნაძვნარი გადავირბინე და კორპუსებს შუა გავძვერი. ბოლოს, როგორც იქნა, ქუჩის დასაწყისში აღმოვჩნდი. ირგვლივ ყველაფერი სიბნელეში ჩაძირულიყო. ლამპიონებიც კი აქა-იქ ანათებდა. უგუნურ გარემოს უგუნური მზერით გავცქეროდი. მაინც თავი დავიზღვიე და ცენტრალურ ქუჩაზე არ გავედი, კორპუსებს შორის გავიკვლიე გზა.

ასე გავიარე ალბათ სადღაც 4-5 კილომეტრი. შუაღამე იყო, ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა. ხანდახან თუ ჩაიქროლებდა ერთი ან ორი მანქანა.

გამთენიისას მთავარ ტრასაზე გავედი. გამიმართლა. თბილისისკენ მიმავალი ღამის ავტობუსი გამოჩნდა, რომელიც ზუგდიდიდან მოდიოდა. გამიჩერა. როგორც კი ავტობუსში აღმოვჩნდი, შვებით ამოვისუნთქე. ახლა საშიშროება აღარ მემუქრებოდა. მხოლოდ მაშინ დავფიქრდი დედაჩემზე, მაგრამ აბა, მისთვის რა უნდა დაეშავებინათ? არც იცოდა, სახლიდან რომ გამოვიქეცი. მობილური აღარ მქონდა, როგორც კი თავი სამშვიდობოს დავიგულე, სიმბარათი ამოვიღე და აპარატიც და ბარათიც ცალ-ცალკე გადავაგდე, რომ მისი სიგნალით არ გაადვილებოდათ ჩემი მოგნება.

დილის ცხრა საათი იქნებოდა, თბილისში რომ ჩამოვედი. მაშინვე განცხადებების გაზეთი ვიყიდე, როგორმე ბინა უნდა მექირავებინა, თან იაფად.

ერთი განცხადება ჭკუაში დამიჯდა. ხანში შესული დიასახლისი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, ოთახს აქირავებდა. იტალიური ეზო არ მინდოდა, ადამიანების თვალისგან მოფარებულად მსურდა ყოფნა, ამიტომ კორპუსის ბინა უფრო მაწყობდა, თუნდაც ცენტრიდან შორს ყოფილიყო. გამიმართლა. განცხადება, რომელიც მომეწონა, იაფიც იყო და მეტროსთან ახლოსაც.

ამასობაში მაღაზიებიც ამუშავდა და მობილური შევიძინე. დავრეკე მითითებულ ნომერზე და ბინის პატრონს შეხვედრაზე შევუთანხმდი.

დეიდა მარიამი ძალიან სასიამოვნო მოხუცი აღმოჩნდა. მთლად მოხუციც არ ეთქმოდა. მართალია, 69 წლის იყო, მაგრამ საოცრად ყოჩაღად გამოიყურებოდა, ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა. ერთი სიტყვით, მოგვეწონა ერთმანეთი. რაც მთავარია, სუფთა ქალი იყო, იქაურობა დაწკრიალებული დამხვდა.

ადვილად შევეწყვეთ ერთმანეთს. ბევრ რამეში ვეხმარებოდი. სამსახურის ძებნა არ დამიწყია, შემეშინდა. ვიფიქრე, ცოტა დრო გავიდეს და მაგ საქმეს მერე მივხედავ-მეთქი. ფული საკმარისად მქონდა, ამიტომ შემეძლო რამდენიმე თვე მომეთმინა და მუშაობა არ დამეწყო.

სადილების მომზადება საერთოდ არ მეხერხებოდა, ამიტომ ჩემს დიასახლისს კვების თანხაც დავუმატე და კერძებს ის მიმზადებდა. უფრო სწორად, ერთად ვსადილობდით და ვვახშმობდით. სამაგიეროდ, სახლის დალაგებაში ვეხმარებოდი, დარეცხვა-დაუთოებაში. თანდათან მეც ვისწავლე რამდენიმე კერძის მომზადება. იმ ქალს ისე შევუყვარდი, ჩემი სინათლე ხარო, მეძახდა. ერთხელ ავად გახდა და ნემსები დაუნიშნეს. ნემსის გაკეთებაში ბადალი არ მყავდა, ამიტომ არც მეზობლის შეწუხება დასჭირვებია და არც ექთანის დაქირავება. ვენაში შესვლაც ვიცოდი და სისტემის დაყენებაც.

ერთხელაც, დეიდა მარიამს ნემსს რომ ვუკეთებდი, მკითხა, შენისთანა კარგი ექთანი უმუშევარი რატომ ხარო. გამეცინა _ სად მე და სად სამედიცინო განათლება, მაგრამ რადგან მან ასე ჩათვალა, არ მითქვამს, ექთანი არ ვარ და სულ სხვა პროფესიის გახლავართ-მეთქი. გაცნობისთანავე ჩემს თავს ისეთი თავგასავალი მოვუგონე, საწყალ ქალს გული ავუჩუყე და ვატირე. ვუთხარი, ვითომ კახეთიდან ვიყავი, ვითომ სახლ-კარი დამეწვა, დედა გარდამეცვალა, ახლო ნათესავი თბილისში არავინ მყავდა, ამიტომ ცხოვრებამ იძულებული გამხადა, დამოუკიდებლად მერჩინა თავი. დედაქალაქში ამიტომაც ჩამოვედი-მეთქი.

როცა ჩათვალა, რომ ექთანი ვიყავი, მკითხა, დიპლომი თუ გაქვსო. არა-მეთქი, სახლი რომ დაიწვა, სხვა საბუთებთან ერთად ეგეც განადგურდა-მეთქი. მითხრა, ჩემი დისშვილი ქირურგია, კლინიკაში მუშაობს და იქნებ რამე მოგიხერხოს თავისთან, იქნებ ჰქონდეთ მედდის ადგილიო. მართლაც, დაურეკა. იმან უთხრა, ხვალ მოვიდეს ჩემთან, რაღაცას მოვახერხებო.

მართლაც, მეორე დღესვე წავედი. მიხვდი ალბათ, ვინ იქნებოდა ის ექიმი…

თიკომ წამწამები დააფახულა და ცნობისმოყვარეობაგამძაფრებული ლიზისკენ გადაიხარა:

_ ლექსო?

_ ჰო, ლექსო. დამინახა თუ არა, ჯერ თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა, მზერით დამვარცხნა, გამასუფთავა, მერე ფეხზე წამოდგა, შემომეგება, ხელი ჩამომართვა და რაღაცები გამომკითხა. როცა ვუთხარი, საბუთი არანაირი არ მაქვს-მეთქი, პრობლემა არ არის, მაგ საკითხს ადვილად მოვაგვარებო და იმ დღესვე მედდად გამაფორმა. მორიგეობა ღამღამობით მიწევდა, ყოველ მესამე ღამეს. თავდაპირველად კი შემეშინდა, მაგრამ საქმეს მალევე ავუღე ალღო. თანაც ისეთ ყურადღებას ვიჩენდი ავადმყოფების მიმართ, რომ ყველა პაციენტს თავი შევაყვარე. გადამეტებული თავაზიანობით ვექცეოდი თითოეულ მათგანს, არაფერს ვიზარებდი. თანდათან დავამხეცე ჭრილობების გადახვევაც და სისტემაში წამლების შერევაც. ნემსის გაკეთება ხომ ისედაც ვიცოდი. ლექსო განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდა. იქიდან დეიდამისი უბურღავდა ტვინს, ასეთი და ასეთი გოგოაო, აქედან პაციენტები მაქებდნენ. არ ვიცი, ალბათ ამანაც იქონია გავლენა, გარდა იმისა, რომ ჩემი გარეგნობით მოიხიბლა. ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო და ორი თვის დაწყებულიც არ მქონდა მუშაობა, რომ დავქორწინდით. ვგიჟდებოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის ლექსოს გამოჩენა ტუზის დაცემასავით იყო _ ჭერიც მექნებოდა თავზე, მოსიყვარულე ქმარიც მეყოლებოდა და სამსახურსაც შევინარჩუნებდი.

საოცრად კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. თანდათან მეც შემიყვარდა. ეს შენც კარგად იცი. მის გარდა სხვა კაცზე არასდროს მიფიქრია, სხვა თვალით არავისთვის შემიხედავს. ჩემს ერთგულებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მალე სხვა ქალებთან ძრომიალი დაიწყო და ეჭვიანობის საბაბი მომცა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ მუშაობა მიმატოვებინა, რადგან სულ თვალში ვეჩხირებოდი, როცა ვინმე მოეწონებოდა და მის შებმას დააპირებდა. ერთად ვმუშაობდით და მისი ყოველი ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი.

ასე და ამგვარად, შინ გამომკეტა. თან ორსულად ვიყავი, ამიტომ არ გამიპროტესტებია. არაფერი არ მაკლდა, უარი რატომ უნდა მეთქვა? მიუხედავად იმისა, რომ დროს ტარებას არ იშლიდა, მე არაფერს მაკლებდა, თავზე მევლებოდა, ზედ დამფოფინებდა. წლების განმავლობაში მისთვის შეუცვლელი ქალი ვიყავი. მარიკუნა რომ გაჩნდა, მას შემდეგ კიდევ უფრო ყურადღებიანი გახდა. შვილმა ერთი პერიოდი თითქოს კალაპოტში დააბრუნა, მზრუნველობას არ გვაკლებდა. ზაფხულობით ერთად დავდიოდით დასასვენებლად. მერე, მთავრობა რომ შეიცვალა, თავის კლასელებს, კურსელებს დაუახლოვდა, რომლებიც თანამდებობაზე მოსხდნენ და მათი დახმარებით საკუთარი კლინიკაც გახსნა.

დანარჩენი შენც იცი. იონაზე არაფერი მსმენია მას შემდეგ, რაც ქუთაისი დავტოვე. ვერც გავბედე დარეკვა, რომ მისი ამბავი გამეგო. დედაჩემსაც კი არ შევხმიანებივარ დიდი ხნის განმავლობაში. მეშინოდა, პატარიძის ხალხმა არ მომაგნოს და სიცოცხლეს არ გამომასალმოს-მეთქი. დაახლოებით რვა თუ ცხრა თვე იქნებოდა გასული, შემთხვევით ჩემი კორპუსის მეზობელი რომ შემხვდა თბილისში, ბაზრობაზე და მისგან გავიგე, რომ დედა გარდაცვლილიყო და იგი მამაჩემს დაესაფლავებინა. უფრო სწორად, მეზობლებისთვის ფული მიეცა, დაასაფლავეთო. რაც შეეხება იონას, სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ და მერე რა ბედი ეწია, იმ ქალმა არ იცოდა. არ ვიცი, პოლიციიდან ჩემ გამო გაუშვეს თუ სხვა რამე იყო მიზეზი, მაგრამ რას დავეძებდი? მთავარია, ცოცხალი გადარჩენილა-მეთქი, ვფიქრობდი.

რაც შეეხება პატარიძეს, რა თქმა უნდა, გაუთავისუფლებიათ, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც დაუჭერიათ _ ალბათ თავისი ბიზნესის მთავრობისთვის განაწილება არ ისურვა. ხომ გახსოვს, იმ წლებში რა ამბავი იყო, პანტაპუნტით ართმევდნენ ბიზნესმენებს ქონებას, წილებს იყოფდნენ და იყო ერთი ამბავი.

აი, ესაა ჩემი თავგადასავალი. მართალია, ლექსომ დღემდე არ იცის ჩემი წარსულის შესახებ, მაგრამ ჩემთვის უკვე სულერთია. თუ გინდა, მოუყევი, მე აღარაფერს ვკარგავ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, უკვე დავკარგე _ მოსიყვარულე ქმარი. მე იგი ასეთი არასდროს მინახავს, ცხრა წელია ერთად ვცხოვრობთ და ასე ანთებული თვალები მხოლოდ ახლა შევამჩნიე. როგორც ჩანს, ყურებამდეა შეყვარებული. ალბათ ამასაც მოვითმენ, თუ თვითონ არ ისურვა ჩემთან დაშორება. წასასვლელი არსად არ მაქვს. როგორც ვიცი, ჩემი ქუთაისის ბინა დღემდე დალუქულია. იქ რომ ჩავიდე, აუცილებლად პოლიციაში უნდა გამოვცხადდე, რომ ლუქი მოვახსნევინო. იქ კი მომიწევს ახსნა-განმარტების მიცემა, სად გავქრი, რატომ გავიქეცი. რა ვიცი, რა კუდებს გამოაბამენ ჩემს გაუჩინარებას. შეიძლება ციხეშიც კი ამომაყოფინონ თავი. ამიტომ ისღა დამრჩენია, ბოლომდე მომთმენი ვიყო და ლექსოს გვერდით ვიცხოვრო. თუ არადა, რაღაც გზა გამოჩნდება, იმედია. ვნახოთ. მე შეიძლება ზურგი მაქციოს, მაგრამ თავის შვილს როგორ გაწირავს? ბოლოს და ბოლოს, მიყიდოს ერთოთახიანი სადმე და გადავალთ მე და მარიკუნა, თუ მაინცდამაინც იმ მოდელთან სურს ცხოვრების გაგრძელება.

ლიზი ასლუკუნდა. თიკომ მხარზე ხელი გადახვია და დაქალის დამშვიდებას შეეცადა.

მერე ყავა დალიეს, ნამცხვარი მიაყოლეს და კვლავ ლაპარაკში გაერთნენ.

_ ლიზი, ნარკომანი იყავი? _ შემპარავად თბილი ტონით შეეკითხა თიკო.

_ ვიყავი. იყო დრო, როცა დალილავებული ადგილების ჩინებული კოლექცია მქონდა, მარცხენა ხელზე კი უამრავი ნანემსარი მეტყობოდა, მაგრამ ბიჭებს რომ ჩამოვშორდი, მერე შევეშვი. მე თვითონ ვუმკურნალე ჩემს თავს, მთელი კვირა ჩავიკეტე ოთახში, ვიტანჯე, ვიწვალე, მაგრამ მაინც გადავლახე, რაშიც დედა ძალიან დამეხმარა. მას შემდეგ ნარკოტიკს არ გავკარებივარ, მოსაწევსაც კი. ასე რომ, იონა რომ გავიცანი, უკვე განკურნებული ვიყავი.

_ მდაა… ბევრი რამ გადაგიტანია, შე საწყალო, _ თიკომ ლოყაზე აკოცა, მერე რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა და იკითხა:

_ იცი, რა არის საინტერესო? ის შენი იონა სად არის. არ გინდა, მოვძებნოთ? მე დაგეხმარები.

ლიზი სწრაფი რეაქციით გაერიდა მეგობარს და საყვედურით სავსე მზერა შეანათა.

_ გაგიჟდი? რაში მაინტერესებს, იონა რას აკეთებს? ასი წელი არ მჭირდება! მაპატიე, მაგრამ მეორედ ეგეთი რამე არ მითხრა, გთხოვ! არც გაიფიქრო მის მოსაძებნად ხელის განძრევა, გესმის? ძალიან მაწყენინებ, იცოდე!

_ კარგი, კარგი, რა გაკომპლექსებს? არ გინდა და ნუ გინდა. მე ისე შემოგთავაზე, მეგონა, გაგიხარდებოდა. მორჩა, მეტჯერ ნუღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. ვსიო, ვსიო! _ დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია თიკომ და ნაძალადევი ღიმილი გადაეკრა შეცბუნებულ სახეზე.

ამის მერე აღარც გაუგრძელებიათ საუბარი. თიკო დაემშვიდობა დაქალს და წავიდა, ტირილისგან დაოსებული ლიზი კი სამზარეულომდე მილასლასდა და ჭიქა და შოტლანდიური ვისკის ბოთლი გამოიღო, რომელიც ლექსოს ელიტური ძმაკაცების შესაცდენად ჰქონდა გადანახული. ამ ვისკით ბევრი საქმე მოუკვარახჭინებია თავის სასარგებლოდ. როცა კლინიკისთვის ფულადი სახსრები, აღჭურვილობა თუ თანამედროვე ლაბორატორიული დანადგარები დასჭირდებოდა, სახლში მოიწვევდა ხოლმე მსუქან მუცლებს, ფულის ტომრებზე რომ ეძინათ ისეთებს, დაალევინებდა ამ ვისკის და ერთ საათში საქმე მოგვარებული ჰქონდა.

ერთი ჭიქა დალია. სხეული შეუხურდა. კიდევ დაისხა და კიდევ დალია… მეორე ჭიქამ გააბრუა. მესამეც მიაყოლა და იგრძნო, რომ დათვრა. სანამ მარიკუნას გამოყვანის დრო მოვიდოდა, შეეძლო წამოწოლილიყო და გამოეძინა.

ასეც მოიქცა. საძინებელში ნახევრად ბარბაცით შევიდა და საწოლზე მიეგდო. ახლა შეეძლო, სანამ ჩაეძინებოდა, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილიყო.

მიუხედავად ამდენი წინააღმეგობისა, წარსულის არც ერთ ნაბიჯს არ ნანობდა. არც იმას, მამა რომ გაძარცვა, არც იმას, თაღლითობას რომ ეწეოდა. იონას გაცნობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, ის კაცი დღემდე სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ მხოლოდ ვირტუალურად. ახლა რომ იონა გამოჩენილიყო, არავითარ შემთხვევაში არ განაახლებდა მასთან შეხვედრებს, ქმარს არ უღალატებდა.

სივრცეს გაუღიმა. გაახსენდა, როგორ იცოდა ხოლმე, როცა მორიგ საქმეს წარმატებით დააგვირგვინებდა. სახლში მოვიდოდა თუ არა, ფულს სამალავში შეინახავდა, კმაყოფილი სახით სარკის წინ დადგებოდა და თავის თავს ხმამაღლა შეაქებდა: `ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი!~ _ სამჯერ გაიმეორებდა ასე და თავის თავს საჰაერო კოცნას გაუგზავნიდა.

ასე გაღიმებული უცებ წამოდგა და კვლავ სარკეს მიაშურა, მაგრამ ჩაიხედა თუ არა მასში, ღიმილი სახეზე შეაცივდა. მისი სილამაზე თითქოს უკვალოდ გამქრალიყო. ახლა იმ ქალს ჰგავდა, რომელიც ოცი წლის წინათ საშიში იყო, ათი წლის წინათ _ კადნიერი, ახლა კი _ მეორეხარისხოვან მსახიობს დამსგავსებოდა, უნიჭობისა და როლების ნაკლებობის გამო რომ გალოთებულიყო.

სარკის წინ მოკალათდა დ სამკაულების პატარა თეთრ ზარდახშას თავი ისევ ახადა. ისევ ამოიღო იოს ნაჩუქარი ბეჭედი და ისევ არათითზე წამოიცვა. მორჩა, დღეიდან ამ ბეჭედს სულ ატარებს, სულ, სანამ ცოცხალია, ამაზე სასიამოვნო მოსაგონარი მას აღარაფერი დარჩენია. მოულოდნელად თვალი ქმრის დილანდელ საჩუქარზე მოუხვდა. საყურის ყუთი თეთრი ზარდახშის გვერდით იდო. ლიზიმ ცალი საყურე ამოიღო და გაიკეთა. მერე ბეჭდიანი ხელი ყურის ბიბილოს შეავლო და სარკეში ბეჭედი და საყურე წყვილში შეათვალიერა. უეცრად ისტერიკული ხარხარი აუტყდა. ორი მამაკაცის ნაჩუქარი სამკაული! ორი საყვარელი მამაკაცის!

_ მამაკაცები პირუტყვები არიან, საძაგელი პირუტყვები, _ მტკიცება დაუწყო თავის თავს სარკეში, _ და მე თუ მკითხავ, ჩემო ლიზი, ეს სამყაროც საძაგელია. მე და შენც საძაგლები ვართ, თიკოც, ზაზაც და ყველანი ჩვენ გარშემო. ყველანი ბინძურები ვართ და ერთ დიდ ლაფში ამოსვრილნი. ერთადერთი, ვინც გაუსვრელი და გაურყვნელია, მარიკუნაა. მხოლოდ მას შეუძლია სამყარო სხვა თვალით დამანახვოს. მას და კიდევ… ფულს… _ ამის წარმოთქმაზე გამომეტყველება შეეცვალა, თითქოს დიდი აღმოჩენა გააკეთაო, _ ფულს, დიახაც ფულს… ესე იგი, მუშაობა უნდა დავიწყო და საკუთარი ფული ვიშოვო. სხვანაირად დამოუკიდებლად ვეღარ ვიცხოვრებ, რადგან ამის პატრონმა, _ საყურე მოქაჩა, _ სხვაზე დამოკიდებულად ცხოვრებას შემაჩვია. ცუდ გზას აღარ დავადგები, შვილს არ შევარცხვენ… _ მერე საჩქაროდ მოიხსნა საყურე და ყუთში ჩააბრუნა, თავი ასწია და კვლავ თავის თავს შეუძახა, _ ჩემო ლიზი, რომ იცოდე, კეთილსინდისერი გზითაც შეიძლება ფულის შოვნა. იმდენის, რომ შვილი გაზარდო და გზაზე დააყენო. ამიტომ მზად იყავი. პირველ რიგში, განქორწინებისთვის, რადგან ფაქტია, ეს არ აგცდება. იფიქრე ამაზე, აქედანვე იფიქრე! დაშორების შემთხვევაში კანონით რაღაც მაინც ხომ გეკუთვნის მისგან! ჰოდა, მიიღე, რაც შენია! მიიღე და შენს გზას გაუდექი!

თვალები შუბლზე აუვიდა, ასე ადრე დაბრუნებულ ქმარს რომ შეხედა. ლექსოს თვალები ამღვრეოდა, ნასვამს ჰგავდა. ქმარმა ცოლის მზერაში ამოიკითხა შეკითხვა და დაღლილი ღიმილით მსწრაფლ მიაგება:

_ წვეთი არ დამილევია, უბრალოდ, დავიღალე, დღეს რთული ოპერაცია მქონდა.

`მართლა?~ _ პასუხი ლიზის წამით აწკეპილ წარბებში გამოიხატა. ქალი უსიტყვოდ გატრიალდა, თეთრი პირსახოცი წაიძრო და სველთმიანი თავი გზადაგზა რამდენჯერმე შეარხია.

_ გშია? _ გულგრილად შეეკითხა სამზარეულოს კართან მისულმა.

_ არა, მეძინება.

არც ამჯერად უთქვამს ლიზის არაფერი, სამზარეულოს კარს გასცდა, სააბაზანოში შევიდა და თაროდან ფენი გადმოიღო.

ფენის უსიამოვნო ზუზუნმა ლექსო გააღიზიანა. უკვირდა, რატომ მოუნდებოდა ცოლს ყოველთვის ფენის მაშინ ჩართვა, როცა ლექსო შინ იყო? საგანგებოდ იქცეოდა ასე? ელოდებოდა მის დაბრუნებას?

მამაკაცმა მარჯვენა ხელი კარის ძგიდეს მიადო, მარჯვენით დოინჯი შემოირტყა და ხმამაღლა თქვა:

_ ხვალ ათი დღით მივლინებაში მივდივარ.

ლიზიმ მხოლოდ სიტყვა `მივლინებას~ მოჰკრა ყური და ფენის ღილაკს წამსვე ჩამოჰკრა ცერი.

_ ვერ გავიგე?

_ ხვალ ათი დღით მივლინებაში მივდივარ, _ გაიმეორა ლექსომ და მცირე პაუზის შემდეგ განავრცო, _ ბათუმში, საერთაშორისო სიმპოზიუმზე სპეციალური მიწვევით.

_ სპეციალური… _ ხაზგასმით წარმოთქვა ლიზიმ, ფენი როზეტიდან გამოაძრო, შნური დაახვია და კვლავ თაროზე შემოდო, _ რატომ მაინცდამაინც შენ? იმიტომ, რომ ყველაზე კარგი ქირურგი შენ ხარ მთელ თბილისში?

_ არა, იმიტომ, რომ ყველაზე კარგი კავშირები მაქვს მთელ თბილისში. ეს სიმპოზიუმი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ორი ოპერაცია მექნება ჩასატარებელი თურქ სპეციალისტებთან ერთად. გასაგებია?

_ ჭკვიანი მისტერ ლექსო, _ ამრეზით ჩაიდუდუნა ლიზიმ და სააბაზანოდან გამოვიდა, ქმრის ხიდივით გადებული მარცხენა ხელის ქვეშ გაიარა და სასტუმრო ოთახი გადაჭრა.

_ შენს ირონიას, როგორც ყოველთვის, საზღვარი არ აქვს.

_ რას იზამ, ირონია, როგორც ასეთი, უსაზღვროა ხოლმე, _ დამცინავი ტონით მიუგო ცოლმა და დივანზე ფეხიფეხშემოდებული ჩამოჯდა.

_ ნუ მებრძვი, ლიზი, _ ქმრის სიტყვები მუქარას უფრო ჰგავდა, ვიდრე გაფრთხილებას.

_ შენ კი ნუ მატყუებ!

_ არ გატყუებ, არა! ყოველთვის ტყუილი რატომ გელანდება? ჩემი თუ არ გჯერა, ზაზას დაურეკე და ჰკითხე. იმისი ხომ გჯერა?

_ უკვე აღარ. ხართან დაბმული ხარი იმავე ზნის ხდება.

_ ლიზი! _ ლექსო მოთმინებას კარგავდა. ელექტროჩაიდანი ჩართო და ყავის მომზადებას შეუდგა.

_ მარტო მიდიხარ?

_ ხო. აბა, მთელ კლინიკას ხომ არ გავიყოლებ!

_ რა ვიცი… შენსას რას გაიგებს ადამიანი, _ ლიზიმ მარცხენაზე გადადებული მარჯვენა ფეხი შეათამაშა, თან ხელის თითები გაფარჩხა და შეითვალიერა, მანიკიური სჭირდებოდა, ნუნები უშნოდ ამოზრდოდა.

_ რით მიდიხარ?

_ ჩემი მანქანით, რა იყო?

_ არაფერი… მეც მინდა ზღვაზე.

ამის გაგონებაზე ლექსოს სახე გაუნათდა, ცოლს გვერდით მიუჯდა, მოქანავე მარჯვენა ფეხის მუხლს ხელი დაადო და დაყვავებით თქვა:

_ წელს შენ და მარიკუნას უსიკვდილოდ გაგიშვებთ ზღვაზე, გპირდები.

_ ჰო, ასე აჯობებს, რადგან იმ შენს დამპალ სოფელში არ წავალ. ყოველ ზაფხულს შენი ნათესავების გადამეტებული ყურადღების ატანა აღარ შემიძლია, ფინიასავით რომ მირბენენ გარშემო.

_ ჩემს ნათესავებს შეეშვი, ისინი შენ პატივს გცემენ, თუ შეგიძლია ამის დანახვა.

_ ცუდი რა ვთქვი? სწორედ მაგას ვამბობ, რომ ზედმეტ პატივს მცემენ და არ მინდა. ჩემს გემოზე დახველებაც კი მეკრძალება, უი, ლიზი, შვილო, ქარმა ხომ არ დაგიბერა? რატომ გახველებს? _ გამოაჯავრა ლიზიმ ქმრის ნათესავს.

_ ჩემს ჩანთას ჩამილაგებ?

_ არა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ არ ვიცი, თქვენი უდიდებულესობა რის წაღებას ინებებს. ამიტომ თვითონ ჩაალაგე, ყველაფერი დარეცხილ-დაუოთებული გარდერობშია.

ლექსომ ბრაზიანად ამოიხვნეშა, წამოდგა და გზადაგზა პერანგის ღილების გახსნა დაიწყო, სააბაზანოში შესვლამდე კი ჩაიბურტყუნა, _ ნეტავ ვიცოდე, ცოლი რაში მარგია.

_ ჰა-ჰა-ჰა! _ თეატრალური ხელოვნურობით გაიცინა ლიზიმ, _ როგორი ქმარიც ხარ, ცოლიც ისეთი გყავს. ასე რომ, ფერი ფერსა…

მამაკაცმა კარი შეიჯახუნა, ამიტომ ანდაზის გაგრძელება არ მოუსმენია, მაგრამ ლიზიმ მაინც დაამთავრა იგი: _ მადლი ღმერთსაო, _ რასაც წყლის ჩხრიალის ხმა მოჰყვა…

 

იცოდა, რომ ზაზასგან სიმართლეს ვერ გაიგებდა, მაგრამ მაინც მოუნდა დაერეკა და ეკითხა, მართლა მიდიოდა ლექსო მივლინებაში თუ არა. ამიტომ დილით, როგორც კი ზურგჩანთამოკიდებული ლექსო მანქანაში ჩაჯდა და კორპუსს გასცდა, ტელეფონს ეცა და პირველი ზარი ქმრის მენეჯერთან აფრინა.

_ ჰო, რამდენიმე დღით მიდის ბათუმში, _ დაუდასტურა ზაზამ, _ სასტუმრო მე დავუჯავშნე.

_ როგორც ყოველთვის. _ დაასრულა მენეჯერის სიტყვები ლიზიმ და ფრჩხილის კვნეტას შეუდგა, რასაც ვერ იტანდა, მაგრამ ახლა ისე იყო განერვიულებული, საკუთარ ქმედებას აღარ უფიქრდებოდა.

_ მართლა ტარდება სიმპოზიუმი, ლიზი, გეფიცები, ამჯერად არ გატყუებს. შენ მაგარი ქმარი გყავს, უნდა ამაყობდე მისით.

_ უკვე ვამაყობ! _ მიახალა ლიზიმ და ტელეფონი გათიშა.

ახლა მთელი ათი დღე მას მოუწევდა მარიკუნას სკოლაში ტარება, მერე ბალეტზე, მერე ცურვაზე… წაიყვანე, დაელოდე, წამოიყვანე… ეს პროცედურა ღლიდა. მანქანა მაინც ჰქონოდა, აღარ დაეზარებოდა აღმა-დაღმა სიარული. ან მეტროთი უნდა ებოდიალა, ან ტაქსებში უნდა ეყარა ფული. ვარჯიშით დაღლილ მარიკუნას ნაბიჯსაც ვერ გადაადგმევინებდა, ფუხით გასეირნება რომ მოენდომებინა.

 

იმ დღეს, როგორც კი ლიზი ბალეტზე მიიყვანა, გადაწყვიტა, აღმაშენებელზე ჩაევლო და მაღაზიები დაელაშქრა, იქნებ ბავშვისთვის რამე მოსწონებოდა. ნელა მიუყვებოდა გამზირს, ასევე ნელა შედიოდა მაღაზიაში და გამოდიოდა. უგულისყუროდ ათვალიერებდა პლასტმასის საკიდრებით გამომზეურებულ უგემოვნო ტანსაცმელს, რომლის არც ხარისხი მოსწონდა და არც ფასი.

სიარულს განაგრძობდა. ჯერ მთელი საათ-ნახევარი ჰქონდა დრო, ამიტომ თავისუფლად შეეძლო გამზირის ბოლომდე ჩასულიყო და უკანაც ამობრუნებულიყო. აქეთა გზაზე მეორე მხარეს გადავიდოდა და იქით მდებარე ბუტიკებს მოივლიდა.

უეცრად ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. სიარული შეწყვიტა. ახლა ხმის გამცემი სჭირდებოდა, ნებისმიერს დაელაპარაკებოდა. ვისაც გინდა, გააჩერებდა და ჰკითხავდა, უკაცრავად, აი, იმ მინის მიღმა რომ კაცი მოჩანს, ჩემი ქმარია თუ მეჩვენებაო?

კაფე, რომელთანაც შეჩერდა, ძველი შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. ახლა ასეთებს აღარ აშენებდნენ, მაგრამ რეკონსტრუქციას უკეთებდნენ. კაფეს ვიტრაჟული მინის ორსაგდულიანი კარი ამშვენებდა, რომელიც წამდაუწუმ იღებოდა და იხურებოდა _ ათასი ვიღაც შედიოდა და გამოდიოდა.

კაფეში ლექსო იჯდა უზარმაზარ მაგიდასთან და თავის უზარმაზარ ხელებს მხიარული სახით აქეთ-იქით იქნევდა. მის წინ ქერათმიანი გოგონა იჯდა. ლიზიმ თვალები მოწკურა და უცნობი ყურადღების მთელი დაძაბვით შეათვალიერა. მისი მეტოქე კატას ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ლიზის კატები მოსწონდა, ეს გოგო კი არა. გულმა ბაგაბუგს უმატა, სუნთქვამ _ სიხშირეს. ცხვირის ნესტოები დაებერა.

ლექსო ოდნავ მეგობრული, ოდნავ მამობრივი და, იმავდროულად, ოდნავ ვნებიანი ღიმილით მისჩერებოდა საყვარელს, თან ხელების ვირტოუზული მოძრაობით რაღაც მხიარულ ამბავს ჰყვებოდა. მის ქმარს დამყოლი, მბზინავი, გამოცდილი და ცოდვებით დამძიმებული ქალიშვილები მოსწონდა. ამიტომაც მოეწონა თავის დროზე ლიზიც. ეს გოგოც ზუსტად ასეთი ჩანდა. მაგრამ რითი სჯობდა ლიზის? რა განსაკუთრებულობით სჯაბნიდა? ახალგაზრდობით? უფრო ქორფა სხეულით? ინტელექტის ნატამალი არ ეცხო, არც სანდომიანობით გამოირჩეოდა. მიმზიდველობა ხომ აკლდა და აკლდა, თუმცა ლამაზი იყო, გერმანულ რეზინის თოჯინასავით გამოირჩეოდა სხვა თოჯინებისგან. რა სიამოვნებით შევარდებოდა ლიზი ახლა ამ ვიტრაჟებიან კარში და ჩააზელდა წიხლს ამ კატას სიფათში, მაგრამ… არ სურდა ძველ ლიზის დამსგავსებოდა, უფრო სწორად, ძველი ლიზი გაეღვიძებინა თავის თავში. თანაც, კატების ჩხავილს ვერ იტანდა.

კარგა ხანს რეტდასხმული იდგა, მზერა გაშეშებოდა. მხოლოდ მაშინ შეირხა, როცა წყვილი წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. ლიზი გონს მოეგო, შენობის კედელს ამოეფარა და თვალთვალი განაგრძო. ქალმა და კაცმა რამდენიმე მეტრი გაიარეს და მანქანის ჭყვიტინის ხმაზე ლიზი მიხვდა, რომ ისინი ლექსოს მერსედესთან იდგნენ. მისმა ლოველასმა ქმარმა წინა კარი გამოაღო და საყვარელს ჩაჯდომაში მიეხმარა.

ლიზი წამითაც არ დაბნეულა, როგორც კი მერსედესი დაიძრა, მაშინვე ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა, რომელ მანქანასაც უნდა გაჰყოლოდა უკან.

ახალგაზრდა მძღოლმა წინა სარკეში შეათვალიერა უკან მოკალათებული სახეალეწილი მგზავრი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ცოლი ქმარს უთვალთვალებდა.

გრძელი გზის გავლა არ დასჭირვებიათ, მანქანამ მარჯანიშვილის ქუჩაზე აიარა და ერთ-ერთ კერძო სასტუმროსთან შეჩერდა. ბედნიერი წყვილი ბედნიერი ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან. ლიზიც ჩამოვიდა ტაქსიდან, მაგრამ აღარ გაჩერებულა, უკან გამობრუნდა და გზას თავქვე დაუყვა. რუსულ ეკლესიას რომ ჩაუარა, ზარების რეკვის ხმამ გამოაფხიზლა. საღამოს წირვის დრო დამდგარიყო…

 

დაუმთავრდა თუ არა მარიკუნას მეცადინეობა, კვლავ ტაქსი გააჩერა და ბავშვი სახლში მიიყვანა. პარასკევი იყო, მარიკუნას გაკვეთილების სასწრაფოდ მომზადება არ იყო საჭირო, ამიტომ კარის მეზობელ ეთოს მიუკაკუნა, ცოტა ხნით ბავშვს შენთან დავტოვებ, მზიკოსთან ერთად წაითამაშებს, აუცილებლად უნდა გავიდე ერთ ადგილას და მიგვიანდებაო. ეთომაც სიამოვნებით ჩაიბარა მარიკუნა და ლიზიც თავქვე დაეშვა კიბეზე.

ამასობაში შეღამდა. ტაქსი სადარბაზოსთან ელოდებოდა. მძღოლს სასტუმროს მისამართი უკარნახა და უკანა სავარძელზე მიესვენა.

ვესტიბიულში შესულმა რესეპშენს მიაშურა. უნიფორმიანმა ახალგაზრდა გოგონამ ცნობისმოყვარე მზერა შეანათა.

_ გამარჯობათ, რით დაგეხმაროთ? _ დაყენებული მანერით შეეკითხა ადმინისტრატორი.

_ უკაცრავად, მაინტერესებს, ბატონი ალექსანდრე ასკურავა რამდენი დღით ჩერდება თქვენთან?

გოგონას სახე შეეცვალა, დაბნეულმა თვალები ააფახულა.

_ ამის თქმის უფლება არ მაქვს, ქალბატონო.

_ არა, თქვენ ვერ გამიგეთ… მე ხომ არ გეკითხებით, რომელ ნომერშია. უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენ ხანს რჩება თბილისში. ხომ იცით, ის ცნობილი ქირურგია. მე ჟურნალისტი ვარ, ინტერვიუ უნდა ჩამოვართვა. ახლა გვიანაა, მაგისთვის ვერ შევაწუხებ, ამიტომ მინდოდა გამეგო, თუ ხვალაც აქ იქნება, დამერეკა და შემეთანხმებინა.

საწყალი ადმინისტრატორი, რა დღეში ჩავარდა! მაგრამ ლიზიმ შეთქმულივით გაუღიმა და ჩურჩულით თქვა:

_ ეს ჩვენ შორის დარჩება, მხოლოდ ჩვენ შორის.

ამ სიტყვებმა გოგონა ოდნავ დაამშვიდა, როგორც ჩანს, საქმის გასაიდუმლოების მომენტმა დააინტრიგა და თვალებდახრილმა ისე, თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო, საჭიროზე ხმადაბლა წარმოთქვა:

_ ნომერი კვირას გათავისუფლდება, შუადღის სამ საათზე.

ლიზის თითქოს ფრთები შეესხა, ერთი კი შესძახა ჩუმად, `იეს~ და გარეთ გავარდა ისე, რომ მადლობის თქმაც დაავიწყდა.

ქუჩაში გამოსულმა სიმწრისგან კბილი კბილს დააჭირა. ცივმა, ნესტიანმა, უმთვარო ღამემ ჩაიხუტა. კიდევ კარგი, თვალებს ჟღალი წინამო უფარავდა, თორემ მბრწყინავ ცრემლს ადვილად შეამჩნევდა ნებისმიერი, ვინც გვერდით ჩაუვლიდა. წინამოსავით ჟღალი თმაც, სახის მსგავსად, შეშლილს მიუგავდა, თითქოს ყალყზე დაუდგაო.

ბინის კარი გააღო, შევიდა და ჰაერი შეიყნოსა. ჩამრთველს თითი მიაჭირა. შუქმა სასტუმრო ოთახის გაღებული ვენეციური კარიდან შემოანათა.

შინაურული სუნი, მტვრის, თამბაქოსა და იმ სამყაროს სუნი იგრძნო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

მაშინვე ტელეფონს მიუჯდა და თიკოსთან დარეკა. ყველაფერი ჩაუკაკლა, რაც ნახა და მოიმოქმედა. მერე ზაზას მისდგა და ტყუილის თქმისთვის ლანძღა და ლანძღა. თიკოს ხმის ამოღება არ აცალა, ისე დაუკიდა ყურმილი. ბერკეტზე ყურმილის დანარცხების ხმა სახლის კედლებს ექოსავით მოედო.

ერთხანს გაქვავებული იჯდა, მერე დამამშვიდებელი სუნთქვითი ვარჯიშები ჩაიტარა, ფეხები ჩუსტებში გაყო და ეთოს მიაშურა მარიკუნას წამოსაყვანად.

 

ლექსო კვირა საღამოს `ჩამოვიდა~. სამგზავრო ჩანთა შემოსასვლელში იატაკზე მიაგდო და ლიზის გასძახა. პასუხი არავინ გასცა. სახლის სიღრმიდან გაუთოებული თეთრეულის სუნი გამოდიოდა, რაც იმას მოწმობდა, რომ აქაურობა ცარიელი არ უნდა ყოფილიყო.

ჯერ სასტუმრო ოთახში შეიხედა, მერე სამზარეულოში, შემდეგ სააბაზანოშიც შეიჭვრიტა, მაგრამ ვერც ერთი ოჯახის წევრი ვერ იპოვა. ბოლოს ბავშვის ოთახს მიადგა. ლიზი თავის მაგიდას უჯდა და დედასთან ერთად რაღაც წინადადებას იმეორებდა. დედა-შვილი გაკვეთილს სწავლობდა.

_ აქ ხართ? ვიფიქრე, სახლში არ არიან-მეთქი, _ თითქოს შვება იგრძნოო, მამაკაცმა ფილტვებიდან ჰაერის ძლიერი ნაკადი ამოუშვა და ხელგაშლილი შეეგება მისკენ სირბილით წამოსულ გოგონას.

_ მამიკოოო!

მარიკუნა მამას ჩაეხუტა, ხელები კისერზე შემოხვია და სახე დაუკოცნა.

_ მა, რა მომიტანე?

_ ყველაფერი, მა. წამო, გაჩვენო… _ ლექსომ გოგონას ხელი ჩასჭიდა და ჰოლისკენ გაუძღვა, სადაც ჩანთა დატოვა, _ ლიზი, როგორ ხარ? _ მერეღა გამოსძახა ცოლს, გამჭოლი მზერით რომ მისჩერებოდა.

შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, ამ უპასუხობას მხოლოდ მარიკუნას ტიტინი ავსებდა…

წამითაც არ უგრძნობინებია ქმრისთვის, რომ ყველაფერი იცოდა. ხელსაყრელ მომენტს უცდიდა, რათა იერიში მიეტანა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარიყო. თუმცა, ზუსტად იცოდა, რომ სულ მალე დადგებოდა…

 

შუადღე იქნებოდა, თიკომ კლინიკაში რომ შეაბიჯა. ყველა მოწიწებით ესალმებოდა. ისიც ღიმილით უქნევდა ქმრის თანამშრომლებს თავს. გეზი პირდაპირ ლექსოს კაბინეტისკენ აიღო, რადგან იცოდა, რომ ზაზა ჯერ არ იქნებოდა _ იგი შეფის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში იყო წასული.

რადგან ლექსოს მდივანი არ ჰყავდა, არავისთვის უკითხავს, მიმიღებს თუ არაო, კარი თამამად გააღო და შევიდა. მაღალი ქუსლების კაკუნს მაცდური ღიმილი დაურთო და მამაკაცს მიეჭრა:

_ ლექსუს, როგორ ხარ? რა მომანატრე თავი, ბიჭო! _ ხელებგაშლილმა შესძახა და ქმრის მეგობარს ლამის ზედ შეახტა.

ლექსომ ცივად მოიშორა მისი ხელები და მბრუნავი სავარძელი უკან გააგორა.

თიკოს მისი სიცივე არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია. მარკ ჯეკობსის ძვირად ღირებული ჩანთა მაგიდაზე იაფფასიანივით მიაგდო და სკამზე წამოსკუპდა.

_ რატომ ასე? _ ფეხი ფეხზე გადაიდო, მუხლზე თითები დაილაგა და აათამაშა.

_ როგორ ასე? _ აგდებულად შეუბრუნა კითხვა ლექსომ.

_ ასე ცივად რატომ მხვდები?

_ გეჩვენება.

_ მეჩვენება? არა, არ მეჩვენება. შენ ბოლო დროს ძალიან შეიცვალე. მე სულ სხვანაირი მახსოვხარ.

_ როდის ვიყავი სხვანაირი?

_ მაშინ, როცა სიყვარულს მეფიცებოდი.

მამაკაცს შუბლი ოფლით დაეცვარა, ყბის კუნთი დაეჭიმა და ავის მომასწავებლად აუთამაშდა.

_ თიკო, მოდი, დავივიწყოთ ის ღამე, კარგი?

_ რა-ა? _ ქალმა ფეხი ფეხიდან ჩამოიღო, წინ გადაიხარა და მკლავებით გრძელ მაგიდას ჩამოეყრდნო, _ დავივიწყო? ახლა ისეთი სასურველი აღარ ვარ ვითომ? თუ იმ გოგომ ჭკუა გადაგიკეტა?

_ ვინ გოგომ, რას ბოდავ! _ დაიღრინა ლექსომ.

თავბედს იწყევლიდა იმ ღამის გამო, მთვრალმა რომ გადაამეტა და საუკეთესო მეგობრის ცოლი ლოგინში ჩაიწვინა. უფრო სწორად, თიკომ ჩაიწვინა და არა თვითონ. ის ხომ მაინც იყო ფხიზელი, ეს როგორ დაუშვა? მას შემდეგ მოსვენება დაკარგა, თავის თავს აღარ ჰგავდა. ერთხელ კინაღამ უთხრა ზაზას, ასე დამემართაო, ძლივს შეიკავა თავი. იცოდა, მის აღიარებას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. ეს ქალი კი გადაეკიდა და მას მერე მოსვენებას არ აძლევდა.

_ გგონია, არ ვიცი? მე ყველაფერი ვიცი, ლექსო. მაგ შენს თამუნას, რომ მოვინდომო, გავანადგურებ და შენც ზედ მიგაყოლებ. ერთ წამში დაგინგრევ ცხოვრებას, ნუ გამამწარებ, იცოდე.

_ მორჩი! _ იღრიალა ლექსომ და მაგიდას მუშტი მთელი ძალით დაჰკრა, _ მორჩი ამ ისტერიკებს! ჩემი ცოლისგან ვერ ამიტანია ეს `სტერვული~ შემოტევები, შენღა მაკლიხარ ახლა! _ მერე ხმას დაუწია და კბილებში გამოსცრა, _ მე უკვე გითხარი და კიდევ ერთხელ გიმეორებ: ჩვენ შორის არ შეიძლება რამე იყოს, გესმის? შენ ზაზას ცოლი ხარ, ზაზა კიდევ ჩემი ძმაკაცია. დავიდა შენამდე?

_ მერე რა? ძმაკაცებს კი არა, ძმებს ართმევენ ცოლებს. დიდი ამბავი, თუ ერთმანეთი შეგვიყვარდა. დღეს ეს ვის უკვირს, შენი ჭირიმე?! მე ხომ ვიცი, რომ ლიზისთან გაყრას აპირებ. მეც გავშორდები ჩემს ქმარს და მორჩა, ვინ შეგვიშლის ხელს?

ლექსომ ამოიგმინა, შუბლი ხელს დააყრდნო და კბილები გააკრაჭუნა.

_ გადი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს! _ გაბზარული ხმით ამოიხრიალა და წამოდგა, სახე ისე არეოდა, ჭკუა არ მოეკითხებოდა.

შეშინებულმა თიკომ ხმა ვეღარ ამოიღო, იმწუთასვე წამოდგა, ძვირად ღირებული ჩანთა იაფფასიანი ბოზივით მხარზე მოიგდო და კაბინეტიდან ხმის ამოუღებლად გავიდა…

 

თამუნა დაქალთან ერთად ქირით ცხოვრობდა ვაგზლის მოედანზე. თბილისში ჩამოსული პროვინციელი გოგონას მიზანი ერთობ ბანალური იყო _ თბილისელზე გათხოვილიყო და თანაც, მდიდარზე. ლექსო მშვენიერ კანდიდატურად მოიაზრებოდა, ცოლიანი რომ არ ყოფილიყო. რა უნდა გაეკეთებინა მის საბოლოოდ დასასაკუთრებლად? როგორ დაენგრია მისი ოჯახი? ამაზე უნდა ეფიქრა. ისე უნდა შეეყვარებინა თავი მამაკაცისთვის, რომ გონი დაეკარგა და მის გარდა სხვა ქალი ვერ შეემჩნია. ამას მუშაობა სჭირდებოდა, სერიოზული მუშაობა. ეყოფოდა კი ჭკუა საამისოდ? ნონა, თავისი დაქალი, გამჭრიახი გონებით დიდად ვერ გამოირჩეოდა, ამიტომ მისი რჩევები არც არაფერში ადგებოდა. ისევ თვითონ უნდა მოეძებნა გამოსავალი. ლექსო მოსწონდა. მოსწონდა კი არა, უყვარდა კიდევაც. ჰო, სწორედ ასეთ მამაკაცზე ოცნებობდა _ სიმპათიურზე, ფულიანზე, გავლენიანზე… მის ცოლობას თუ ხელს გამოჰკრავდა, თამუნას ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ეგრევე თბილისის ელიტაში ამოყოფდა თავს.

ბოლო დროს უგუნებობა დასჩემდა. ამას გულისრევები დაერთო. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ბავშვი აჰყვა. რა ექნა? ეთქვა ლექსოსთვის, თუ უკითხავად გაეჩინა? კარგი, დავუშვათ და, ჩაეყენებინა საყვარელი საქმის კურსში, მერედა, აბორტის გაკეთება რომ მოეთხოვა? მას ხომ უკვე ჰყავდა შვილი? იქნებ ცოლთან გაყრა არც ჰქონდა გეგმაში?

ნონას მისი უხასიათობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. თამუნაც ადგა და დაქალს გული გადაუშალა.

_ ახლა რას აპირებ?

_ საქმეც ეგაა, რომ არ ვიცი.

_ რომ უთხრა?

_ ხეირი? გგონია, ჩემ გამო ცოლს გაშორდება?

_ რა იცი, იქნებ გაშორდეს კიდეც.

_ რომ არ გაშორდეს?

_ აბორტი და მისი ჯანი.

_ გაგიჟდი? ამას არ ვიზამ. ბავშვს ყველა ვარიანტში გავაჩენ. პირველი აბორტის მერე შეიძლება საერთოდ არასდროს არ დავფეხმძიმდე. ბევრი გამიგია ასეთი შემთხვევა.

_ კაი რა, შენ სხვებს რას უსმენ. სისულელეა ეგ. ასე რომ იყოს, ამდენი ბავშვი კი არ დაიბადებოდა.

_ არა, ბავშვს არ მოვიშორებ, მაგრამ იცი, რას ვიზამ? _ შეფიქრიანებულ გოგონას მოულოდნელად თვალებში ხალისიანი ნაპერწკლები გაუკრთა, _ ცოტა ხნით დავემალები, არ გამოვჩნდები და ვნახავ, როგორ იმოქმედებს ჩემი გაუჩინარება მასზე.

_ შენი აზრით, რას იზამს?

_ რა ვიცი, აბა. გამოჩნდება. რომ ჰკითხო, გიჟდება ჩემზე, ასე არც ერთი ქალი არ მომწონებიაო. თუ ვუყვარვარ, ძებნას დამიწყებს, თუ არადა, დამივიწყებს. მე კიდევ…

_ დარწმუნებული ხარ, რომ ეს სწორი ნაბიჯია? რომ დაგიკიდოს, მერე ბავშვს მარტო როგორ გაზრდი?

_ მარტო არ გავზრდი. როცა გაჩნდება, ვეტყვი, ვაიძულებ, გვარჩინოს.

_ გინეკოლოგთან იყავი?

_ არა, ხვალ დილით ვაპირებ. ძაან ცუდად ვარ, სულ გული მერევა, განსაკუთრებით სუნებზე.

_ ეს ტოქსიკოზია, _ გამოცდილი ქალის ტონით ჩაილაპარაკა ნონამ.

_ ახალი ამბავი! _ ჩაიცინა თამუნამ, _ მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ის ვერ მიმატოვებს, _ დახშული ხმით გააგრძელა და ფანჯარას იმედიანი მზერა მიაპყრო…

 

ლექსო ადგილს ვერ პოულობდა. თამუნა სამი დღეა, არ გამოჩენილა, სადღაც გაუჩინარდა და ვერსად მიაგნო. ტელეფონიც გამორთული ჰქონდ. ნონამ, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და არც სამოდელო სააგენტოში გამოჩენილა ეს დღეები. სად უნდა გამქრალიყო? საყვარელი ქალის გაუჩინარება აღიზიანებდა, თან შიში იპყრობდა, ვაითუ, რამე ხიფათს გადაეყარაო. ვინ იცის, ლამაზი გოგოა, ათასი რაღაც ხდება და რა შარი აიკიდა?

მამაკაცი გულს ვერაფერს უდებდა. გუშინ კინაღამ შემოაკვდა პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე. როგორმე თავი ხელში უნდა აეყვანა. ეს რა უქნა ამ სოფლელმა ბავშვმა, ასე როგორ მონუსხა? მის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა.

კაბინეტში ზაზა შემოვიდა.

_ ლექსო, კარგი ამბავი მაქვს.

ლექსომ გულგრილი მზერა მიაპყრო.

_ სადაზღვევო კომპანიიდან დამირეკეს ახლახან.

_ რა გვინდაო? _ უხალისოდ იკითხა.

_ პროვაიდერობა შემოგვთავაზეს.

ამ ამბავმა ოდნავ გამოაცოცხლა.

_ რომელი სადაზღვევოა?

_ `მილენიუმი~.

_ ვა, მაგარია! როგორც იქნა, გვაღიარეს.

_ ჰო. სამ საათზე მოვლენ მოსალაპარაკებლად.

_ მაგრად დადექი, იცოდე, არ აფიქრებინო, ოღონდ ხელშეკრულება გაგვიფორმონ და ყველაფერზე თანახმა არიანო.

_ როგორ ფიქრობ, მაგას ვიზამ? _ გაიცინა ზაზამ, მაგრამ როცა ძმაკაცი არ აჰყვა, გამომცდელად შეაჩერდა.

_ შენ რა გჭირს?

_ თამუნას ვერ ვპოულობ სამი დღეა, ჭკუაზე არ ვარ კაცი.

_ მე კიდევ ვიფიქრე, რაღაც სასწაული დაემართა-მეთქი. სად წავა, გამოჩნდება, რას ნერვიულობ?

_ ასე არასდროს მოქცეულა, არა მგონია, ეს უბრალო ამბავი იყოს.

_ ნუ ახურებ, რა! ვინ იცის, იქნებ სპეციალურად იქცევა ასე, რომ შენ აგაგდოს?

_ არა, ეგეთი გოგო არაა. მაგარი ტიპშაა, შენ არ იცნობ მას.

_ ბოლო დროს ვერ გცნობ. ასე როგორ გაგაბა, ა?

_ დედა მიტირა, რასაც ჰქვია, მაგრამ მიღირს, ძმაო. ცოლი კი არა, ყოველდღე ხაჭაპურიც კი მოჰბეზრება ადამიანს, _ ჩაიცინა ლექსომ.

_ და სანამ აპირებ ამის გაგრძელებას? _ დაინტერესდა ზაზა.

_ არ ვიცი, არ ვიცი, ზაზა, არაფერი არ ვი-ციიი! _ ხმის აწევით წარმოთქვა ლექსომ და ხელები თავზე შემოიწყო.

_ არ მითხრა, რომ ლიზისთან განქორწინებას აპირებ.

_ არც ეგაა გამორიცხული. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ცოლთან დაშორება არ ამცდება. მიყვარს ის გოგო, გესმის? წლებია, არავინ მყვარებია.

ზაზას სიცილი აუტყდა.

_ ცოლიან კაცს სხვა რატომ უნდა შეგყვარებოდა, ერთი ამიხსენი!

_ რა ვიცი… _ მხრები აიჩეჩა ლექსომ, _ ეს ხომ თავისთავად ხდება. დაგეგმილი კი არ მქონია.

_ მაინც არ მესმის… მე პირადად, არ მომწონს ეგ სიტუაცია და შენი არ ვიცი.

_ მეც არ მომწონს, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავ, აი, ეგაა, რა.

_ შენ არ დაელაპარაკები დღეს იმათ, რომ მოვლენ?

_ მე-ე? არაა, აბა, რისთვის მყავხარ, დაელაპარაკე და მოაყომარე. მე პას. არაფრის თავი არა მაქვს, ზაზა, გამიგე, რა.

_ ოკეი, ყველაფერი გასაგებია, _ ზაზამ ორივე ხელი ასწია დანებების ნიშნად და კაბინეტიდან თავის ქნევით გავიდა.

 

თამუნამ ექვსი დღის მეტი ვეღარ მოითმინა და გამოჩნდა. კი არ გამოჩნდა, დაურეკა ლექსოს. კაცი სიხარულისგან გადაირია.

_ თამო, სად ხარ, სად გადაიკარგე, რომ ვერ გპოულობ? _ მთელი ხმით ყვიროდა ტელეფონში.

_ რომ შეგხვდები, მერე გეტყვი, ტელეფონში სალაპარაკო არაა, _ მოწყენილი ტონით უპასუხა გოგონამ.

_ სად გნახო? ახლავე გამოვალ.

_ არა, ახლა არა, საღამოს მოდი, ჩვენს ნომერში ვიქნები.

_ საღამომდე ვერ მოვითმენ, ახლავე უნდა გნახო, გესმის? _ ლამის იყვირა ლექსომ.

თამუნა ერთხანს შეყოყმანდა, მერე კი ხმადაბლა წარმოთქვა:

_ კარგი, ერთ საათში სასტუმროში ვიქნები.

ლექსო იმწუთასვე გავარდა კლინიკიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, თამუნასთვის თაიგული რომ არ უყიდია, იმდენად იყო ანერვიულებული, არც გახსენებია. რომც გახსენებოდა, ალბათ არ იყიდდა, რადგან არ იცოდა, რა ამბავი დახვდებოდა იქ მისულს.

თამუნას ებანავა და პირსახოცშემოხვეული ტახტზე წამოსკუპებულიყო. ლექსოს ცალი თვალით გახედა, მერე კი თვალებდახრილი იატაკს ჩააჩერდა, სულაც არ გამოუხატავს სიხარული მამაკაცის დანახვაზე.

_ რა მოხდა, თამო, სად იყავი?

_ არსად, ნათესავთან, _ ყრუდ ჩაიდუდუნა გოგონამ.

_ მერე? ტელეფონი რატომ გამორთე? რატომ არ მეხმიანებოდი?

_ ვიფიქრე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. ეს დღეები სულ ვფიქრობდი, როგორ ჯობდა.

_ რას ნიშნავს, როგორ ჯობდა? რა როგორ ჯობდა? _ მამაკაცი გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი გადახვია.

როგორც კი ოდნავ შეეხო, იგრძნო, როგორ აღეგზნო მთელი სხეული, მონატრებოდა თავისი `პატარა~.

თამუნამ არ უპასუხა.

_ რა გჭირს, ენა გადაყლაპე? _ მოთმინება დაკარგა ლექსომ.

გოგონამ თავი ასწია და ცრემლიანი მზერა შეანათა.

_ დამერხა, ლექსო, _ ჩურჩულით ამოთქვა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.

ლექსოს გული გადაუქანდა. მხრებში ჩააფრინდა საყვარელს და შეანჯღრია:

_ რა გჭირს, მითხარი, თქვი, რას მიმალავ!

_ ორსულად ვარ, უკვე ექვსი კვირის, _ თამუნამ თავი დახარა და ისე წარმოთქვა.

მამაკაცს შვების მომგვრელი ოხვრა აღმოხდა.

_ სულ ეს არის?

თამუნამ პასუხად თავი დაუქნია.

_ ამის გამო იმალებოდი?

კვლავ თავის ქნევა დასტურის ნიშნად.

_ სულელო, მერე მაგას რა ჯობია?

გოგონა ასეთ პასუხს არ ელოდა და გაოცებულმა გამომცდელად გახედა მამაკაცს, ხომ არ მომესმაო.

_ რა იყო, რას მომჩერებიხარ გაოგნებული? ვერ გაიგე, რა გითხარი? ორსულად თუ ხარ, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს?

თამუნამ შიშველი ფეხები ტახტზე აკეცა და ზედ ხელები შემოაჭდო.

_ მაგრამ შენ ხომ უკვე გყავს შვილი, _ ჩურჩულით თქვა.

_ მყავს… მარიკუნა… მერედა, რა? მეორეც მინდა მყავდეს, მესამეც, მეოთხეც და… რა ვიცი, ასე…

_ ვიფიქრე…

_ ცუდად იფიქრე. მე რომ შენთან ურთიერთობა არ მსიამოვნებდეს, როგორმე ვიზრუნებდი თავის დაცვაზე, გასაგებია? იქნებ მეც მინდოდა, დაორსულებულიყავი, ამაზე გიფიქრია?

_ ჰო, მაგრამ… _ წინადადება არ დაასრულა, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და გაიტრუნა.

_ რა მაგრამ, რა მაგრამ? მითხარი, რა გაწუხებს, რას მიმალავ? _ ისევ მხარზე გადახვია ხელი და თავისკენ მოიზიდა.

_ მე და შენ ცოლ-ქმარი არ ვართ. როგორ ვუთხრა ჩემებს, ორსულად ვარ და ბავშვს ვაჩენ-მეთქი?

ამ შეკითხვას ლექსო მოუმზადებელი შეხვდა. გონების მოსაკრებად რამდენიმე წამით პაუზა მოიშველია. ბოლოს გამოსავალი იპოვა:

_ მაგას მოევლება.

`ჰმ, მოევლება. შენთვის ადვილია, ახლა მე მკითხე?~ _ გულში გაეპასუხა გოგონა და მამაკაცის მკლავისგან თავი გაითავისუფლა.

_ როგორ მოევლება, როცა შენ ცოლ-შვილი გყავს? ჩემ გამო მათ ხომ არ მიატოვებ?

კვლავ პაუზა, მერე კი ორჭოფული პასუხი:

_ რატომ გგონია, რომ არ მივატოვებ?

მამაკაცის სიტყვები ბოლომდე დამაჯერებლად არ ჟღერდა და თამუნამ ეს იგრძნო.

_ როცა წლების განმავლობაში ერთ ქალთან ცხოვრობ და მისგან შვილი გყავს, ძნელია მასთან დაშორება. ეს კარგად ვიცი, მით უფრო, რომ შენს ცოლს ძალიან აქებენ…

ლექსომ ამოიხვნეშა, მერე მომუშტულ მარჯვენას მარცხენა შემოაჭდო, მუხლებს დაეყრდნო და მტკიცედ წარმოთქვა:

_ ყველაფერს გაუდის ყავლი. ჩვენს ოჯახურ თანაცხოვრებასაც გაუვიდა. მე შენ არ მიგატოვებ, იმათ კი… იმათ მივატოვებ, მაგრამ მარტო არ დავტოვებ.

თამუნას ლამის ფრთები გამოესხა ამის გაგონებაზე, მაგრამ სახეზე სიხარული არ დასტყობია. მშვენივრად გამოსდიოდა `დაზარალებული~ ქალის როლის თამაში:

_ არ მინდა, რომ ჩემ გამო სხვა დაზარალდეს.

_ არავინ არ დაზარალდება. მე და ლიზის შორის კარგა ხანია, ურთიერთობა გაცივდა. მე ყველაფერს მოვაგვარებ, თანაც ისე, რომ ჩემს ცოლს გული არ ვატკინო. ოღონდ ცოტა ხანს მაცალე, კარგი?

_ და რას უპირებ?

_ დროებით ბინას ვუქირავებ, მერე კი ვნახოთ… შენ კი ჩემთან გადმოგიყვან.

აი, სწორედ ამ სიტყვებს ელოდა თამუნა, სწორედ ამ წინადადებას. მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა და გაცხარებულმა დაიწყო:

_ არავითარ შემთხვევაში! იმ ქალს ისედაც საშინელ დღეში აყენებ და სახლიდანაც გინდა გააგდო? შენ როგორ გგონია, მე ისეთი საზიზღარი ვარ, რომ შევალ სახლში, სადაც სულ ახლახან შენი ცოლი დიასახლისობდა? გამორიცხულია! ამას არასდროს არ ვიზამ! მირჩევნია, ჩვენ გადავიდეთ ნაქირავებში!

ქირის პერსპექტივა ლექსოს სულაც არ მოეწონა. ეგღა აკლდა! მერე მის თანამშრომლებს იმაზე უნდა ეჭორავათ, ჩვენი უფროსი ფულში ცურავს და ნაქირავებში ცხოვრობსო?

_ აბა, ის უნდა თქვან, ცოლი სახლიდან ნაქირავებ ბინაში გააგდოო?

ლექსო დაიბნა. საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა.

_ აბა, რას მთავაზობ?

_ ცალკე გავიდეთ. თუ არის საშუალება, ახალი ბინა ვიყიდოთ… _ შორი გზიდან კი მოუარა თამუნამ, მაგრამ სათქმელი, როგორც იქნა, ბოლომდე თქვა, კვლავ ტახტზე დაჯდა, ზურგით ლექსოსკენ და მუხლებს ჩაეხუტა.

_ მდააა… _ ლექსომ ჯერ ჭერს ახედა, მერე იატაკს დახედა და ბოლოს საყვარელს შეხედა.

_ ვითომ ეს გამოსავალია?

_ რატომაც არა? ჩვენი ბინა გვექნება, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?

მამაკაცი დაფიქრდა. რომ გაიაზრა, მიხვდა, რომ თამუნა კარგ რჩევას აძლევდა.

_ მოსულა! ხვალვე დავავალებ ზაზას და რამეს მოგვიძებნის. სამოთახიანი ხომ იქნება საკმარისი?

თამუნამ მხრები აიჩეჩა. ისე იქცეოდა, თითქოს სულაც არ ახარებდა საქმის ასე შემობრუნება.

_ არა, მოდი, სახლს ვიყიდი სადმე ლისზე ან ვეძისში, კერძო სახლს. რას იტყვი?

გოგონას ლამის სუნთქვა შეეკრა, ისე აღაფრთოვანა მამაკაცის შემოთავაზებამ, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია სიხარული, თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დააქნია და გვერდი მოინაცვლა. ახლა პირისპირ უყურებდა საყვარელს.

_ და შენს სახელზე გავაფორმებ. თუ რამეა, ლიზის ვეტყვი, რომ შენი სახლია და არა ჩემი ნაყიდი, რათა გული არ დასწყდეს. ვითომ მე გადმოვდივარ საცხოვრებლად შენთან. მგონი, ცუდი აზრი არ უნდა იყოს, არა?

ახლა კი ვეღარ დაიოკა მოზღვავებული სიხარული გოგონამ, კისერზე შემოეხვია ლექსოს და სახე დაუკოცნა.

_ რა კეთილი ხარ, ჩემო საყვარელო, რა კეთილი… კარგი აზრია, ლიზისაც ნაკლებად დასწყდება გული. ეს რამ მოგაფიქრა? ასი წელი ვერ მოვიაზრებდი ამას, _ ყვიროდა გოგონა და სიხარულისგან მთელი სხეული უთრთოდა…

 

ლექსო მეორე დღესვე შეუდგა საქმეს. ზაზას მოელაპარაკა და სთხოვა, რომელიმე სამაკლერო ფირმაში დაერეკა და სახლის მოძებნას შესდგომოდა. ასი ათასის ფარგლებში კარგ სახლს როგორ ვერ იშოვიდა? თან ისეთი უნდოდა, რომ ეზო-კარი და შენობა სანახევრო არ ყოფილიყო, ანუ მარტო მას და თამუნას ეცხოვრათ. ეზოში სხვა მეზობელს ვერ აიტანდა, მთელი ცხოვრება კორპუსში გატარებულისთვის ეს საშინელი დისკომფორტი იქნებოდა.

ზაზა კარგა ხანს არჩევდა სახლებს. ზოგი თამუნამ დაიწუნა, ზოგი ლექსომ. ხან ეზო გამოდგა პატარა, ხან სახლის ჭერი დაბალი, ხან რა და ხან რა. როგორც იქნა, ექვსი კვირის შემდეგ გამოჩნდა ერთი სახლი, ბელეტაჟზე, სამოთახიანი, რომელსაც სარდაფიც ჰქონდა, სადაც მარნის მსგავსი საქეიფო ადგილი იყო მოწყობილი. ეზო _ სამასი კვადრატული, ხეხილით და პატარა აუზით. საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა და ლექსომაც არ დაახანა, ნახვის დღესვე გააფორმა რეალტორთან ხელშეკრულება თამუნას სახელზე და გარიგებაც შედგა.

თამუნა ჭკუაზე აღარ იყო. წამოზრდილ მუცელზე ხელებდაჭდობილი დადიოდა ოთახიდან ოთახში და გეგმას ალაგებდა, სად რა უნდა დაედგა.

როგორც იქნა, ავეჯის ამბავიც მოგვარდა. ლექსომ სამზარეულოც დაამზადებინა და საძინებლის გარნიტურიც შეიძინა. ჯერ ავეჯი მოტანილიც არ იყო, როცა თამუნა იქ საცხოვრებლად გადავიდა. მისი ოცნება ახდა, მას ახლა ულამაზესი სახლი ჰქონდა თბილისში, ლამის ქალაქის ცენტრში. ამიერიდან აღარ ჰქონდა იმის დარდი, ლექსო ცოლად შეირთავდა თუ არა, თუმცა არც ამ მიზნის მისაღწევად შეუწყვეტია ბრძოლა.

ამ დროს ლიზი ბაიბურშიც არ იყო. არ იცოდა, რა შავი ღრუბლები შემოჯარულიყო მის თავზე. თითქოს შეეგუა იმას, რომ აგერ-აგერ ქმარი განქორწინებას უხსენებდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ კარგავდა იმედს, იქნებ საქმე აქამდე არ მივიდესო.

მის შიშს ცეცხლი თიკომ შეუნთო, რომელმაც ლექსოზე შურისძიება გადაწყვიტა. ერთ დღესაც ლიზის შეუარა და მოუყვა, როგორ მოიწყო მისმა ქმარმმა საყვარელთან ერთად ბუდე. მან არ იცოდა, სახლი ლექსოს ნაყიდი თუ იყო, რადგან ზაზამ ძმაკაცის საიდუმლო არ გათქვა და ცოლსაც ისე უთხრა, როგორც ლექსომ გააფრთხილა _ ლექსოს საყვარელს ვეძისში სახლი აქვს და იქ ხვდებიან ერთმანეთსო.

_ როგორც ზაზამ მითხრა, აქ აპირებს თურმე იმ გოგოს მოყვანას, შენ კი ნაქირავებში უნდა გიკრას თავი, წარმოგიდგენია? ეს კიდევ რა, მარტო ეს რომ იყოს, ჯანდაბას, მაგრამ მარიკუნას წართმევასაც რომ გიპირებს, იცი?

_ რას მიპირებს? _ ლიზი გაფითრდა, _ გამორიცხულია! ბავშვს არავის არ დავუთმობ. სახლიც მისი იყოს, კარიც და ქონებაც, ფულიც და ყველაფერიც, მაგრამ მარიკუნას არავის არ მივცემ! ვუჩივლებ.

_ ჩივილს რა აზრი აქვს? შენ არ მუშაობ, საკუთარი შემოსავალი არ გაქვს. როგორ გგონია, სასამართლო ვის მხარეს დაიჭერს? ჰოდა, დროზე უნდა გაიქცე ბავშვთან ერთად. მე დაგეხმარები. ვიცი ერთი ადგილი, სადაც ვერ მოგაგნებს. თავშესაფარიც გექნება და სამუშაოც. ამაზე უკვე ვიზრუნე, ლიზი. მთელი კვირაა, შენზე ფიქრი არ მასვენებს. _ თქვა თიკომ და დაქალს თავისი გეგმები გადმოულაგა.

ლიზი გაფითრებული უსმენდა თიკოს და ყურებს არ უჯერებდა.

_ ეს რამ მოაფიქრა? კარგი, თუ სხვა შეუყვარდა და მისი მოყვანა უნდა, ჩემი შვილი რა შუაშია? _ თან მხრებს იჩეჩდა და თითქოს ფიქრობსო, ისე ლაპარაკობდა, თან ფანჯრის მიღმა სივრცეს გასცქეროდა.

_ იმ შუაშია, რომ მარიკუნა მისი შვილიცაა.

_ მისი? _ უცებ თვალები ზიზღით აევსო, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იმწამსვე დადუმდა, რაღაცის სათქმელად მომზადებული პირი კი ღიად დარჩა.

_ ჰო, რა იყო, მისი შვილიცაა და უნდა, თავისთან ჰყავდეს. ზაზასთვის უთქვამს, ცოლს რომ გავატანო, ბავშვს ბევრი რამ დააკლდება, სანამ ის სამსახურს იშოვის და ფეხს მოიკიდებს, წლები გავა, ამიტომ აჯობებს, ჩემთან დარჩესო.

_ სისულელეა ეგ, სისულელე! შვილი თუ უნდა, გააჩენინოს თავის ძუკნას! თუ იმას არ ნებავს, ფიგურას უფრთხილდება?

_ მე რა ვიცი, ლიზი, თვალით არ მყავს ის გოგო ნანახი. ზაზა იმას მეუბნება, რასაც ლექსოსგან იგებს.

_ მდაა… _ ლიზი წამოდგა, თმაში წაივლო ორივე ხელი, ფანჯარას მიუახლოვდა და გამოაღო.

ნაშუადღევის მზე მუქარანარევი სიმშვიდით ანათებდა. ოთახში მიმწვარი ცხიმის არასასიამოვნო სუნი შემოვარდა. ფანჯარა კვლავ მიხურა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჩაფიქრებულმა თავი ფანჯრის სახელურს მიადო.

_ ჭკვიანურად მოიქეცი და ყველაფერი გამოგივა. ნუ დაიბენი, დრო არ ითმენს, _ დამოძღვრა დაქალმა.

_ მე ისედაც ჭკვიანი ვარ და ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე.

_ აბა რაზე ფიქრობ?

_ იმაზე, უფრო ჭკვიანი როგორ გავხდე, _ შესძახა ლიზიმ და პერანგის მკლავები აიკაპიწა, _ მითხარი, რა თავშესაფარზე მიყვებოდი წეღან?

თიკოს ესიამოვნა, მისმა წინადადებამ ლიზი რომ დააინტერესა და ჩაახველა, სანამ მოყოლას დაიწყებდა:

_ თბილისთან ახლოს ერთი დასახლებაა, სადაც სარეაბილიტაციო პანსიონატი მდებარეობს. აი, მძიმე ოპერაციის მერე რომ ფეხზე დადგნენ ადამიანები. ზოგს ფეხის პრობლემა აქვს, განსაკუთრებით სპორტსმენებს, ზოგს წონაში მომატება უნდა, ვიღაცა ინსულტის გართულებებს ებრძვის, ვიღაცა…

_ გასაგებია ეს ყველაფერი, მერე? _ მოუთმენლად ჩაერია ლიზი.

_ მერედა ის, რომ ერთი ჩემი კლიენტი მუშაობს მანდ, მსესხებელია, ამას წინათ ხუთი ათასი ლარი გავატანე იპოთეკური სესხი. მუშაობს კი არა, დირექტორია, მაგისია ეგ დაწესებულება. ჰოდა, იმან მითხრა, დამხმარე პერსონალი გვჭირდებაო. ხელფასი დიდი არ არის, მაგრამ კვება მაგათია. თანაც, ღამით შეგიძლია იქ დარჩენა. ვინც თბილისიდან დადის, ღამე იქ რჩებიან, ოთახებია მაგათთვის გამოყოფილიო.

_ არ არის ცუდი ვარიანტი. _ მოწონების ნიშნად თავი დააკანტურა ლიზიმ, _ და რა ვაკანსიები აქვთ?

_ ავადმყოფებს უნდა მიხედო, ყურადღება მიაქციო, გაასეირნო… რა ვიცი, აბა. შეიძლება ნომრებიც იქნას დასალაგებელი, მაგდენი არ ვიცი. თუ გინდა, საღამოს დავურეკავ და ყველაფერს გაგიგებ.

_ მინდა. დაურეკე!

_ არაა პრობლემა. წავედი მაშინ და ხვალ დილით დაგირეკავ. ღამით არ მინდა შეხმიანება, ლექსომ არაფერი იეჭვოს.

_ კარგი, თიკო, შენს ზარს დაველოდები. იმედია, კარგ ამბავს მახარებ, _ სევდიანად გაუღიმა ლიზიმ მეგობარს და კარამდე მიაცილა…

 

თიკომ მეორე დილით ადრიანად დაურეკა და უთხრა, ამჯერად მხოლოდ მეთვალყურის ადგილია თავისუფალი, მაგრამ ისე ჩქარ-ჩქარა იცვლებიან თანამშრომლები, შეიძლება მოკლე ხანში ადმინისტრატორის ადგილიც გათავისუფლდესო. რვაასი ლარი ხელფასი გექნება და გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა ავადმყოფები ან მათი პატრონები ფულს ჩუქნიან მეთვალყურე მომვლელებს, რათა მეტი ყურადღება გამოიჩინონ პაციენტების მიმართო.

_ მე რომ ბავშვით ვიქნები, იცის? _ შეეკითხა ლიზი.

_ კი ვუთხარი. მოკლედ, ნანკას ყველაფერი მოვუყევი და თანახმაა, ოღონდ კეთილსინდისიერად იმუშაოს და არა უშავსო. იქაც არიან ბავშვები და იმათთან გაერთობა, ეგ მუშაობაში ხელს არ შეუშლისო.

_ ჰოდა, ძალიან კარგი. რამდენიმე დღეში მოვა-თქო, ასე უთხარი. პატარ-პატარა საქმეებს მოვაგვარებ და წავალ, კარგი?

_ არ გააჭიანურო ახლა. მე ვიცი შენი პატარ-პატარა საქმეები, ერთი თვე მოუნდები მოგვარებას.

_ ჩემი პატარ-პატარა საქმეები მართლა პატარ-პატარა საქმეებია, თიკო. სამ-ოთხ დღეში მოვრჩები, გასაგებია? _ ცივად ჩასძახა ყურმილში.

_ კარგი, დამირეკე, როცა მზად იქნები. შეიძლება სულაც მე გაგიყვანო.

_ არა, შენ არ უნდა გამოჩნდე, შენ ვითომ არაფერი იცი. არ მინდა ლექსომ საერთოდ გაიგოს ჩემი ადგილსამყოფელი, ხომ გესმის… ჩემით წავალ და ეგ იქნება. ზაზასაც არაფერი არ უთხრა, იცოდე!

_ გაგიჟდი? მაგას რომ ვუთხრა, ეგრევე ჩაუკაკლავს შენს ქმარს. მაგათ ისე აქვთ ერთმანეთზე კუდები გადაბმული, ვერ დააშორებ, _ გადაიკისკისა თიკომ.

ლიზის პანსიონატის ამბავი ჭკუაში დაუჯდა. გარკვეული დროით ღამის გასათევიც ექნებოდა და ბავშვიც გვერდით ეყოლებოდა.

 

დღეები გადიოდა, მაგრამ ლექსო გადამწყვეტ ნაბიჯს არ დგამდა. ლიზი ყოველ წუთს ელოდა, როდის ეტყოდა ქმარი, უნდა დავშორდეთ ერთმანეთსო. ამავეს ელოდებოდა თამუნაც, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცს ბევრი საფიქრალი დაუგროვდა. უძნელდებოდა ლიზისთვის იმის თქმა, სხვა ქალი მიყვარს და შენთან ცხოვრება აღარ მინდაო. ვერც მარიკუნას ელეოდა. არ იყო გამორიცხული, განქორწინების შემთხვევაში ცოლყოფილს მისთვის ბავშვის ნახვა საერთოდ აეკრძალა. არადა, მისი გაზრდილი იყო მარიკუნა, გიჟდებოდა მასზე. მერე რა, რომ თამუნაც ორსულად იყო და ერთ შვილს ისიც გაუჩენდა. მაინც გაუძნელდებოდა მარიკუნას გარეშე. ამიტომ ისეთ გამოსავალს ეძებდა, რომ ცოლთან დაშორება ნაკლებმტკივნეული ყოფილიყო. ბინას დაუტოვებდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა. ყოველთვიურად ლიზისთვის ათასი ლარის მიცემას გეგმავდა. ეს ისე, სახარჯოდ. ამის გარდა, ცალკე, ბავშვის სწავლისა და წრეების ფულის გადახდასაც აპირებდა. ერთი სიტყვით, უნდოდა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახა ცოლს განქორწინების შემთხვევაში. ისიც კი იფიქრა, მოდი, მანქანას ვუყიდი და ცოტათი გულს მოვულბობო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ეს მოსყიდვას უფრო ნიშნავდა, ვიდრე გულით მიძღვნილ საჩუქარს.

რაც მეტს ფიქრობდა ამ საკითხზე, მით უფრო უძნელდებოდა გადაწყვეტილების მიღება. თურმე რა ძნელი ყოფილა ოჯახის დანგრევა. ამაზე ადრე არასდროს უფიქრია. ხუმრობა ხომ არ არის, ცხრა წელი ერთად იცხოვრეს, ერთ ჭერქვეშ. ლიზი არაჩვეულებრივი ცოლი იყო, უკეთესს ვერ ინატრებდა. რაც შეეხება თამუნას, კაცმა არ იცის, მისგან როგორი ცოლი დადგებოდა, აუღებდა თუ არა ცოლქმრულ ცხოვრებას ალღოს. არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ თვითონაც ბოლომდე უერთგულებდა მეორე ცოლს. თავისი ბილწი სულის პატრონს ერთგულება ნამდვილად გაუჭირდებოდა. განა რა, ლიზი არ უყვარდა, როცა ცოლად შეირთო? მაგრამ ორი წლის თანაცხოვრების შემდეგ საცოლე ბიჭივით დაიწყო ქალებში სიარული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახალი ქალი მალევე ყირჭდებოდა, რადგან მხოლოდ ლიზი უყვარდა და მსუბუქ რომანს მსუბუქი რომანივით უყურებდა, სერიოზულ ურთიერთობაში გადაზრდა არასდროს დამუქრებია ამ ბოლო შემთხვევის გარდა. თვითონაც არ იცოდა, როგორ დაემართა ეს. შეიძლება თიკოსთან დაშვებულმა შეცდომამაც იქონია გავლენა. კინაღამ საყვარლად გაიხადა ძმაკაცის მეუღლე. ეს რომ ახსენდებოდა, ცივი ოფლი ასხამდა. სწორედ მაშინ იყო, სასწრაფოდ ახალი საყვარლის ძებნა რომ დაიწყო, ცდუნებამ არ მძლიოს და ზაზას ცოლზე ხელი არ წამიცდესო. თავისი თავის იმედი არ ჰქონდა. ერთი პერიოდი მაგრად ჩაიციკლა თიკოზე, რამდენჯერ დასიზმრებია მასთან სექსი. დროზე უშველა თავს, რასაც ხელი თამუნას გამოჩენამ შეუწყო. ღმერთს მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ უდიდეს ცოდვას ააცილა და იმისთვისაც, რომ ასეთი ლამაზი და თბილი გოგო გამოუგზავნა `მაშველად~. ჰოდა, იმდენად მიეჯაჭვა მას, ისე გადაერთო, რომ ოჯახი და ლიზი სულ გადაავიწყდა. შედეგად კი აი, მოუწია ძველი ბედნიერებისთვის უარის თქმამ ახალი ბედნიერების საკეთილდღეოდ.

არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა ასე, თამუნას რომ არ ეყოჩაღა. ერთ საღამოსაც მაგრად დაუდგა საყვარელს, მეტი ლოდინი აღარ შემიძლია, ან ასე გადაწყვიტე, ან ისე, თუ არადა, თვალით აღარ დამენახვოო.

ლექსომ ცერად გახედა საყვარელს. თვალები ყინულის ნატეხებს მიუგავდა. შემდეგ მზერა ფანჯრის დამტვერილ შუშებზე გადაიტანა და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:

_ ახლავე. _ და გავიდა.

კიბეზე ისე დაეშვა, ჭუჭყიან მოაჯირს არ შეხებია. უკვირდა, თამუნა რატომ არ აქცევდა სისუფთავეს ყურადღებას. ახალ სახლში არც ფანჯრები იყო გაწმენდილი და არც კიბის მოაჯირები, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. მომავალი ცოლის სიზარმაცე მის ორსულობას მიაწერა და გაიფიქრა, ხვალვე დავუქირავებ დამლაგებელს, რომ თამომ ამაზე თავი არ შეიწუხოსო.

ოც წუთში უკვე კორპუსთან იყო. მანქანა დაკეტა თუ არა, ჩვეულებისამებრ, თავის სართულს ახედა და გაუკვირდა ჩაბნელებული ბინის დანახვა. ნუთუ ლიზი შინ არ არის? ასეთ დროს სად უნდა წასულიყო? ცოტა არ იყოს, ეს ამბავი გაუხარდა კიდევაც. დიდი არაფერი, მაგრამ უსიამოვნო საუბარი რამდენიმე საათით მაინც რომ გადაიდო, საკმარისი შვება იყო მისთვის. უმძიმდა ცოლთან საჭირბოროტო თემაზე ლაპარაკის წამოწყება. ლიზიმ იცოდა ხოლმე ხუმრობით, დაწყებაა მთავარი, თორემ მერე ყველაფერი ლიწინ-ლიწინით წავაო.

ტყუილად დაიმშვიდა გული. გახდა ღამის პირველი საათი, ლიზი კი არ ჩანდა. მოუსვენრობამ შეიპყრო. დარეკვა უკვე მერამდენედ სცადა, მაგრამ ცოლის მობილური გამორთული იყო. აწრიალდა. გარეთ გავიდა და ეთოს ბინის კარს მიაყურადა, იქნებ მარიკუნა და მზიკო ერთად თამაშობენ და ხმაური გავიგონოო, მაგრამ მეზობლის ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ უკვე ეძინათ.

სხვა გზა არ იყო, თიკოს უნდა შეხმიანებოდა, მაგრამ ეს ჭკუაში არ დაუჯდა და ისევ ზაზასთან დარეკვა ამჯობინა. როგორც ჩანს, ზაზასაც ეძინა, რადგან უპასუხა თუ არა მეგობარს, მაშინვე შეუკურთხა და ჯანდაბის გზას გაუყენა, ამ შუაღამისას ჭოტი ხომ არ ხარ, რატომ არ გძინავსო.

_ თიკო ფეხზეა?

_ ჯერ კი, მგონი, რაღაც ფილმს უყურებს.

_ ლიზი ხომ არ ყოფილა თქვენთან დღეს?

_ ლიზი? არა მგონია… ყოველ შემთხვევაში, მე რომ მოვედი, არ დამხვედრია. მოიცა აბა, თიკოს ვკითხო… _ და ცოლს გასძახა.

ლექსოს ტელეფონიდან ესმოდა ცოლ-ქმრის კითხვა-პასუხის ხმები. ლიზი დღეს კი არა, კარგა ხანია, ჩვენთან არ ყოფილა და არც ის ვიცი, სად უნდა იყოსო.

_ გაიგონე? _ ახლა ლექსოს შეეკითხა ზაზა.

_ კი, გავიგონე. წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა იყოს. მობილური გამორთული აქვს. პირველად მოხდა, რომ სახლში არ დამხვდა.

_ შეიძლება ვინმესთან შერჩნენ, მოვლენ ალბათ.

_ შენც ხომ იცი, არ უყვარს გარე-გარე სიარული. ვერც ვიხსენებ, ბოლოს ვისთან და როდის იყო სტუმრად.

_ ალბათ მოჰბეზრდა შენი გასტროლები და იფიქრა, მეც გავერთობიო. ხომ იცი, ქალები როგორი ჯიბრიანები არიან. შეიძლება ამაღამ ჯინაზე არ მოვიდეს და ერთი კარგად განერვიულოს. დაიძინე, დაიძინე, არსად დაიკარგება შენი ცოლ-შვილი.

ლექსო ამ პასუხმა ვერ ანუგეშა, მაგრამ ამბის გასაგებად რეკვა აღარ გაუგრძელებია. მთელ სანაცნობოს ხომ არ დააწიოკებდა ცოლის ძებნაში? დაწვა და დაიძინა, მაგრამ ისე იყო გაბრაზებული, დაიგინა, ლიზის ამას არასდროს ვაპატიებო.

 

ეს სწორედ ის დღე იყო, როცა ლიზი ბავშვთან ერთად სახლიდან გაიპარა. ბევრი ტანსაცმელი არ წაუღია, მოერიდა, რას იფიქრებენ, იმ ხალხს ცხრა ჩანთით რომ მივადგეო, ამიტომ მხოლოდ ისეთი რამეები წაიღო, რაც პირველ ხანებში დასჭირდებოდა და რასაც აუცილებლობა მოითხოვდა. არადა, დილიდან ჩალაგებაში იყო. სამი ჩემოდანი გაავსო და ეთოსთან დატოვა, დროებით შენთან იყოს, მერე ნელ-ნელა წავიღებო. თან დააფიცა, ლექსოსთან არ წამოგცდეს, ჩემს ტანსაცმელს შენთან რომ ვტოვებ, თუ რამე გკითხოს, უთხარი, ვითომ საერთოდ არ მოგიკრავს ჩემთვის თვალიო. როცა მეზობლის გაოცებულ მზერას წააწყდა, იძულებული გახდა, ეთქვა, მე და ლექსო ერთმანეთს ვშორდებითო.

მერე ბანკში გავიდა, ანაბარზე შეტანილი თანხა გამოიტანა და ჩანთაში, სარჩულის ქვეშ საგულდაგულოდ დამალა. არ იცოდა, ფული დასჭირდებოდა თუ არა, მაგრამ მთლად უფულოდაც ვერ წავიდოდა. თან შიში იპყრობდა, თან უხაროდა, რომ ასე გამოხედა ღმერთმა და ისეთი ადგილი გამოუნახა, სადაც თავშესაფარიც და კვებაც უფასო ექნებოდა. ამასთან, ყოველთვიურად ხელფასსაც მისცემდნენ და ცოტა ფულის დაგროვებასაც მოახერხებდა. როცა განქორწინების საკითხს მოაგვარებდა, მერე გამოჩნდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ამწუთას საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, დაუტოვებდა ქმარი ბინას თუ გაუყოფდა. არ იყო გამორიცხული, სულაც მშრალზე დაეტოვებინა. სადაც ბავშვის წართმევა დაუპირა, გამორიცხული არაფერი იყო.

აი, ბედის ირონია. გუშინ ყველაფერი ჰქონდა, ქმრის საყვარლების გარდა არაფერზე წუხილი არ უხდებოდა, დღეს კი ცარიელ-ტარიელი გახდა და იმაზე უნდა ეფიქრა, როგორმე შვილი არ წაერთმიათ. სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას, ალბათ არც კი შეეშინდებოდა ასეთი მუქარის, რადგან მარიკუნა სულაც არ იყო ლექსოს პირმშო. ლიზის გოგონა იონასგან ჰყავდა, რაც ლექსომ არ იცოდა. მაშინ ისე მოულოდნელად შესთავაზა ცოლობა, რომ ვერც უარი უთხრა და ვერც ის, რომ სხვისგან ორსულად იყო და ბავშვს ელოდებოდა. არც ის გაჰკვირვებია ლექსოს, როცა ბავშვი დღენაკლული დაიბადა, რვა თვისაც არ იყო. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, შვიდი და რვათვიანების დაბადება უცხო არასდროს ყოფილა და ალბათ იმიტომ.

არა, განა იმის ეშინოდა ლიზის, რომ ქმარს უსიამოვნო ამბავს შეატყობინებდა და განარისხებდა. უბრალოდ, არ უნდოდა, ეს ამბავი საქვეყნოდ გახმაურებულიყო და მთელ სანაცნობოს გაეგო. ამიტომაც იკავებდა თავს, თორემ სულაც არ გამოიქცეოდა სახლიდან. იქვე მიახლიდა ქმარს, რაშიც იყო საქმე და მარიკუნას ამბავიც მოგვარებული იქნებოდა, მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ლექსოსთან მშვიდობიანად მოაგვარებდა განქორწინების ამბავს და ისე დამთავრდებოდა ეს პროცესი, რომ არც ერთი მხარე უკმაყოფილო არ დარჩებოდა. არაფერს არ ითხოვდა, არც ქონებას, არც ფულს, ალიმენტის გადაუხდელობაზეც წავიდოდა, ოღონდ კი მარიკუნას წართმევამდე არ მისულიყო საქმე და მის საიდუმლოს ფარდა არ ახდოდა.

როცა ყველაფერი მოაგვარა, ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და დიდუბეში გავიდა, რათა სამარშრუტო ტაქსით გასდგომოდა გზას. კარგ დროს კი მივიდა ავტოვაგზალზე, ტაქსი თხუთმეტ წუთში გადიოდა. როგორც კი ბილეთი აიღო და თავის ადგილზე დაჯდა, მაშინვე დამშვიდდა. ახლა საფრთხე აღარ ემუქრებოდა. თიკო რომ არ გასცემდა, დანამდვილებით იცოდა. თუკი ლექსო ეთოს რამეს დააცდენინებდა, პრობლემა არ იყო, რადგან მეზობელმა არც კი იცოდა, ლიზი საით აპირებდა გამგზავრებას. `ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი!~ _ გულში სამჯერ გაიმეორა თავისი საყვარელი ფრაზა და კმაყოფილმა თვალები მილულა.

სულ რაღაც ორმოც წუთში ადგილზე იყო. ცენტრში ჩამოვიდა და კითხვა-კითხვით მიადგა პანსიონატს. ნაძვნარში ჩაფლული თეთრი შენობა გარედან მოვლილი ჩანდა, გარს ლამაზი ბაღი ერტყა და საოცარი სიწყნარე სუფევდა. მოეწონა იქაურობა. როცა მარიკუნას უთხრა, ამიერიდან აქ უნდა ვიცხოვროთო, გაოცებულმა ბავშვმა გაფართოებული თვალებით ახედა დედას, ჩვენს სახლში არასდროს არ უნდა დავბრუნდეთო? როცა პასუხად უარი მიიღო, ახალი შეკითხვა გაუჩნდა _ სკოლაშიც არ უნდა ვიაროო? ლიზის პასუხმა, ალბათ სხვა სკოლაში მოგიწევს გადასვლაო, გოგონა ტირილის ხასიათზე დააყენა, არ მინდა სხვა სკოლაში, მე ჩემს კლასელებთან მინდაო.

ლიზი მიხვდა, რომ დედა და შვილი ადვილად ვერ მორიგდებოდნენ, ამიტომ ბავშვს ხელზე ხელი მოუჭირა და დაუსისინა, ხმა ჩაიკმინდე, აქ უცხო ხალხია და სირცხვილი არ მაჭამოო.

ამასობაში ჭიშკარში შევიდნენ. ლიზიმ ვეებერთელა ეზო მოათვალიერა. თეთრეული ვერცხლისფერ უდრეკ მავთულზე ეკიდა და ნიავის ყოველ დაქროლაზე შრიალისმაგვარი ხმაურით ირხეოდა.

ვესტიბიულში შესულს თვალში მოხვდა სამი ზომიერად ფერხოციანი ლურჯპიჯაკიანი ქალი, დაახლოებით მისი ასაკის, რომლებიც იაფფასიანი მანერებით ცდილობდნენ თავის წარმოჩენას. როცა ერთ-ერთ მათგანს დირექტორის კაბინეტის ადგილმდებარეობა ჰკითხა, ქალმა მეორე სართულზე მიასწავლა.

ვიწრო, ჩაბნელებულ დერეფანს დაუყვა, რომელიც ალბათ არავის არასდროს მოერეცხა. მეორე სართული უფრო სუფთა და ნათელი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მართლა სუფთა და ნათელი იყო. გაუკვირდა, რატომ არ ზრუნავდა ამ შენობის მეპატრონე აქაურობის კეთილმოწყობაზე.

კაბინეტის კარს მსხვილი ასოებით ეწერა დირექტორის სახელი და გვარი. ლიზიმ მარიკუნა იქვე სკამზე დასვა და გააფრთხილა, ფეხი არ მოიცვალო, სანამ არ გამოვალო, მერე კი კარზე ფრთხილად დააკაკუნა. როცა პასუხად მობრძანდითო, გაიგონა, კარი გააღო და კაბინეტში შევიდა.

_ გამარჯობა, ნანკა. მე ლიზი ვარ, თიკო გესაუბრათ ჩემზე, _ თქვა და გაიღიმა.

_ ო, სასიამოვნოა, ლიზი, დაჯექი, გენაცვალე, _ დიდი ხნის ნაცნობივით შეხვდა ნანკა, მაგრამ მის შესახვედრად არც ამდგარა და არც წამოწეულა, მბრუნავ სავარძელში წინ და უკან ირწეოდა, ხელში კი წითელი კალამი ეჭირა და წარამარა აწკაპუნებდა.

ნანკა ფეტრის შლაპით და ღრმად გულამოჭრილი დეკოლტეთი იჯდა თავის სადირექტორო სავარძელში და აშკარად ეტყობოდა, რომ თავი სამყაროს დედოფლად მიაჩნდა. ლამაზი იყო, მაგრამ არა ბუნებრივად, არამედ კოსმეტიკური საშუალებებისა და პლასტიკური ოპერაციების დახმარებით. ცხვირი ნაოპერაციები ჰქონდა, დაპატარავებული და ბოლოში რუსივით აპრეხილი. ტუჩები დაებერა, თვალების ჭრილი კი დაევიწროებინა. ნანკაც დაახლოებით მისი ასაკის იქნებოდა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. სახეზე იმდენი ტონალური ედო, ვერ მიხვდებოდით, თეთრი იყო თუ შავგვრემანი, თუ მის წარბებს არ შეხედავდით. შავი წარბების მიხედვით თუ იმსჯელებდით, შავგვრემანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც წარბებისფერი თმა ქერად შეეღება და ამის გამო სომეხს დამსგავსებოდა.

_ ლიზიმ მითხრა, ბავშვთან ერთად იქნებაო?

_ დიახ, გარეთ მელოდება, მოსაცდელში.

_ ა, გასაგებია. შეგეძლო შემოგეყვანა. _ ნანკა გაპრანჭულად ლაპარაკობდა, რითაც თავის თანამდებობასა და ელიტურობას განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს.

ლიზიმ გაიღიმა.

_ არა უშავს, მოცდას მიჩვეულია, _ თქვა და ინსტინქტურად კარისკენ გაიხედა, რომლის მიღმა სკამზე ჩამომჯდარი შვილი ეგულებოდა.

_ ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, რომ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ლიზი. თიკოს ვენდობი. მართალია, ახლო მეგობრები არ ვართ, მაგრამ ერთმანეთი საქმეში გამოგვიცდია და ვიცი, არ დამაღალატებს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და თავს გამოიჩენ, დაგაწინაურებ. შესაბამისად, ხელფასიც მოგემატება. მართალია, შენ პირველი თანამშრომელი იქნები, ვინც აქ იცხოვრებს, მაგრამ ამაზე ვერავინ გაბედავს პრეტენზიას. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა რამდენიმე კვირით სხვა მომვლელებიც დარჩენილან აქ საცხოვრებლად. მესამე სართულზე ერთოთახიანი ნომერი მაქვს შენთვის. მე მგონი, საკმარისია, ხომ ასეა?

_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, _ ლიზი სიხარულს ვერ იოკებდა, _ სავსებით საკმარისია, უღრმესი მადლობა ამისთვის, ნანკა.

_ სამადლობელი არაფერია. მე ერთგული თანამშრომლები მჭირდება. თუ ამას დავინახავ, დაგიფასებ. ჩემთვის მთავარია, კლიენტურა კმაყოფილი მყავდეს. ხელფასი 800 ლარი გექნება.

_ მე მაკმაყოფილებს, ამიტომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, _ თქვა ლიზიმ და კვლავ გაიღიმა.

_ ჰოდა, მშვენიერია. მაშინ წავიდეთ, შენს ოთახსაც გაჩვენებ და მოვალეობებსაც გაგაცნობ. იმედია, ერთმანეთს გავუგებთ.

ლიზიმ დასტური გაღიმებით გამოხატა. დღეს ისე ხშირად იღიმებოდა, ალბათ მთელი კვირის მარაგი ამოწურა.

_ იმედია, ჩემთან თანამშრომლობა შენს პრობლემებს გაუმკლავდება.

_ პრობლემა ისაა, რომ ძალზე ბევრი პრობლემა მაქვს, _ მშვიდად მიუგო ლიზიმ და `შეფინიას~ ამჯერად გაუღიმებლად შეხედა.

ნანკამ თავი ისე დაუქნია, თითქოს ლიზის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი ეთქვას. მან ქალს გვერდი აუარა და ძვირად ღირებული სუნამოს სურნელი დააფრქვია. ლიზიმ ისიც კი გამოიცნო, რომელი ფირმის სუნამო ესხა ნანკას, ასეთ რამეებში გადასარევად ერკვეოდა.

კაბინეტიდან გამოსულმა დირექტორმა მარიკუნას მოჰკრა თვალი და მხიარული შეძახილით მიუახლოვდა. ჯერ რა ლამაზი გოგო ყოფილხარო, შეაქო, მერე კი ხელი დიდი ადამიანივით ჩამოართვა, რაც ბავშვს ძალიან ესიამოვნა.

_ წამო, შენი ოთახი გიჩვენო! _ თანატოლივით უთხრა ნანკამ, მარიკუნას ხელი გადახვია დე მესამე სართულისკენ კიბეს აუყვა.

ოთახი მართლაც მყუდრო და ლამაზი გამოდგა. იქაურობა თეთრად ქათქათებდა. ბამბუკის ფარდაც კი, რომელიც სამზარეულოში შესვლისას სასიამოვნოდ ჩხარუნობდა, თეთრად იყო შეღებილი.

_ სააბაზანო აქეთაა, _ ხელით ანიშნა ნანკამ, _ ასე რომ, ყველაფერი თქვენი გექნებათ და არავითარი საზიარო! თუ ვინიცობაა და ნომრის პრობლემა შეგვექმნა, რაც ჯერ არ მომხდარა, რაღაცას მოვიფიქრებთ. თუმცა, არა მგონია. არასდროს არ გვყოლია იმდენი კლიენტი, რომ ერთბაშად ყველა ნომერი გავსებულიყო.

ამ ყველაფერს ნანკა ისე გულწრფელად ლაპარაკობდა, ლიზის მის მიმართ ნდობა გაუჩნდა. სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ეთქვა, ახლა სეზონი არაა, თორემ არც ერთი ნომერი თავისუფალი არ გვექნებოდაო.

`მიყვარს ასეთი ადამიანები, _ გაიფიქრა თავისთვის, _ სადა და უშუალო. ალბათ დავმეგობრდებით~.

და არც შემცდარა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მოსწონდა ნანკას იგი, უფრო და უფრო ენდობოდა და ხშირად სხვა საქმეებშიც სთხოვდა დახმარებას.

ეს ნდობა კი ლიზის კეთილმა ზნემ გამოიწვია. ერთი კვირის მისულიც არ იყო, რომ ყველა დამსვენებელს თავი შეაყვარა. ყველას სურდა, მის გვერდით ლიზი ყოფილიყო, მას გაესეირნებინა, მას ჩაეყვანა საპროცედუროში, მიეცილებინა სასადილომდე ან სასადილოდან ნომრამდე და ა.შ.

ამ სიტუაციამ, რა თქმა უნდა, სხვა მომვლელების, ანუ მეთვალყურეების პროტესტი გამოიწვია. სხვა სამი მეთვალყურე გოგო _ ლანა, ესმა და ირმა ისე უყურებდნენ ლიზის, როგორც მოსისხლე მტერს. ისეთი პირი უჩანდა, რომ ერთ დღეს რაღაც უსიამოვნება მოხდებოდა და ჰაერში გამოკიდებული ბოღმიანი ნაღმი აფეთქდებოდა.

მარიკუნა ადვილად შეეგუა ახალ გარემოს. განსაკუთრებით დაუახლოვდა თავის ტოლ ინვალიდ გოგონას, რომელიც ეტლში იჯდა. ავტოავარიის შედეგად ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა. მასთან კვირაში ერთხელ საუკეთესო სპეციალისტები მოდიოდნენ, მდგომარეობას აფასებდნენ, ახალ-ახალ დანიშნულებებს იძლეოდნენ და იმედსაც, რომ პატარა თეკლა მალე გაივლიდა.

მარიკუნას გამოჩენამ თეკლას დედასაც უდიდესი შეღავათი მისცა, რადგან ახლა დედის მაგივრად მარიკუნა დაჰყვებოდა ეტლიან გოგონას ეზოში, თან ეტიტინებოდა ახალ მეგობარს, თავისი თანაკლასელებისა და მასწავლებლების ამბებს უყვებოდა.

ერთ დღესაც ნანკამ ლიზის სთხოვა, ახალი პაციენტის მისაღებად მეორე სართულზე ნომერი დაელაგებინა. ახალგაზრდა ქალს ფეხის ოპერაცია გაეკეთებინა და სარეაბილიტაციოდ აქეთ გამოეგზავნათ. ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ შეძლებული ოჯახიდან უნდა ყოფილიყო, თანაც სულ ჰალსტუხიანი პირები ახლდნენ და მედიდური გამოხედვით ათვალიერებდნენ იქაურობას. აღმოჩნდა, რომ იგი პარლამენტარის მეუღლე იყო, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა.

ლიზიმ ნომერი ისე დააწკრიალა, ახალმა მოსულმა წუნი ვერაფერს დაუდო და მადლობა გადაუხადა, მაგრამ ნახევარი საათიც არ გასულა, რომ სამზარეულოში მყოფ ლიზის ყვირილის ხმა შემოესმა.

_ ეს რა კლინიკაა, ელემენტარული პირობები რომ არ გაქვთ ავადმყოფების მოსავლელად? კინაღამ ავყირავდი კიბეზე, პანდუსები არ უნდა გაგეკეთებინათ იმათთვის, ვისაც თავისი ფეხით სიარული არ შეუძლია? მე ამას ასე არ დავტოვებ. ახლავე დავურეკავ ჩემს ქმარს და აქაურობას ხვალვე დახურავენ!

ლანა, რომელიც ასევე მეთვალყურედ მუშაობდა და თავისი უხეშობის გამო არავის არ უყვარდა, კინკლაობაში ტოლს არ უდებდა შოკას, პარლამენტარის მეუღლესა და განსაკუთრებულ პაციენტს. ლიზი მიხვდა, რომ საქმეს კარგი პირი არ უჩანდა. მან მაშინვე მიირბინა შოკასთან და დამშვიდება დაუწყო:

_ ნუ ღელავთ, ქალბატონო, მაგ საკითხს ამ კვირაში მოვაგვარებთ, უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა, _ აუღელვებელი ხმით დაიწყო, _ თქვენ ზარი უნდა დაგერეკათ და რომელიმე მეთვალყურე ამოვიდოდა, რათა დაბლა ჩამოეყვანეთ. დამოუკიდებლად არ უნდა გაგერისკათ.

ლიზის დანახვაზე ახალმოსული მაშინვე მოლბა. როგორც ჩანს, გაახსენდა, როგორ ააცილა ამან ნომერში და როგორი დაკრიალებული დაახვედრა იქაურობა.

_ კი მაგრამ, აქამდე სად იყავით, ლიზი? მაინცდამაინც ვიღაცამ კისერი უნდა მოიმტვრიოს, სანამ დაბლა ჩამოვა ან გარეთ გავა? აბა რისი სარეაბილიტაციო ცენტრია, ასეთ საკითხს თუ თავიდანვე არ მოაგვარებთ? რისთვის აშენდა მაშინ ეს შენობა?

_ ეს შენობა აშენებული იყო, როცა აქ ცენტრი გაიხსნა, ქალბატონო. აქ ადრე საბავშვო ბაღი ყოფილა განთავსებული და მერე გადაკეთდა სამკურნალო დაწესებულებად. ხომ გესმით, ფინანსები თავიდან ყველაფერს არ ეყო, ამიტომაც ვართ გამოყოფილი მეთვალყურეები, რომ ჩვენ თვითონ მოვემსახუროთ პაციენტებს და დისკომფორტი არ შევუქმნათ. ერთ კვირაში კი პანდუსებიც იქნება და სხვა დანარჩენიც.

ოღონდ რა იყო ეს `სხვა დანარჩენი~, ლიზის არ დაუკონკრეტებია, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა. ეს, უბრალოდ, სიტყვის მასალად გამოიყენა, რათა შოკა დაემშვიდებინა და ნანკას პრობლემები არ შექმნოდა. პანდუსების დაყენების ამბავიც სახელდახელოდ მოუვიდა თავში აზრად მოსალოდნელი სკანდალის მისაჩუმებლად, შედეგებზე კი არც უფიქრია. სამაგიეროდ, ლანამ იფიქრა და აქაოდა, შესაძლებლობა მომეცა ლიზის მიწასთან გასასწორებლადო, მთელი ხმით აყვირდა:

_ რა პანდუსები, რის პანდუსები! რატომ ატყუებ ადამიანს, ქალო?! რაც მოხვედი, სულ თავის გამოჩენაზე ფიქრობ და ხელიდან გვტაცებ პაციენტებს, ვითომ რამით ჩვენზე უკეთესი იყო! შენ გგონია, ვერ ვხედავთ, როგორ უძვრები ნანკას? ვითომ რისი დამტკიცება გინდა მაგით, რომ ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი შენ ხარ? მეტი არაა ჩემი მტერი! _ და ამაყად დოინჯშემოყრილმა თავის კოლეგებს გადახედა იმ იმედით, ისინიც ამყვებიანო, მაგრამ ესმა და ირმა გასუსულები იდგნენ და შიშით ადევნებდნენ თვალს ამ სცენას.

სიტუაციას ნანკაც შეესწრო, რომელიც ხმაურზე თავისი კაბინეტიდან გამოვარდა და პირველ სართულზე დაეშვა, მაგრამ პაციენტთან ახლოს არ მისულა, რათა თავისი თვალით ენახა, კრიტიკულ მომენტში თანამშრომლები როგორ შეძლებდნენ სიტუაციის დარეგულირებას.

_ ძირს რატომ ჩამოხვედით, საით გინდოდათ წასვლა? _ ლიზიმ არც კი შეხედა ლანას, ისე დაიხარა შოკასკენ და შეეკითხა.

_ ეზოში მინდოდა გავლა, ვიფიქრე, აქაურობას დავათვალიერებ-მეთქი.

_ მე გაგიყვანთ, თუ გსურთ და არ გადაიფიქრეთ.

_ სიამოვნებით. თქვენი თანამშრომელი არ ვიცი, რატომ გიყვირით, მაგრამ ვგრძნობ, რომ აქ ერთადერთი ნორმალური ადამიანი ხართ, ვისაც სხვისი გაჭირვების გულთან მიტანა შეუძლია. _ თვალები დააბრიალა შოკამ და ისეთი მზერით შეხედა ლანას, რომ ადგილზე გააქვავა.

მოგვიანებით, როცა შოკას ეზო დაათვალიერებინა და თავის ნომერში აიყვანა, ლიზი ნანკამ იხმო.

_ ლიზი, კარგია, რომ ის ქალი დააშოშმინე და სკანდალი თავიდან ავიცილეთ, მაგრამ პანდუსების იდეას რა ვუყოთ? ერთ კვირაში ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, წარმოგიდგენია, რა ამბავი დატრიალდება? რატომ აიღე შენს თავზე ასეთი პასუხისმგებლობა? _ ნანკას ხმა უკმაყოფილოდ ჟღერდა და მართალიც იყო _ ლიზის საქციელი ხელმძღვანელის საქმეებში უხეშ ჩარევას ნიშნავდა.

_ სხვა გზა არ მქონდა, ნანკა. ისე იყო დაძაბული სიტუაცია, უკეთეს გამოსავალს უცებ ვერ მივაგენი. პრინციპში, მერე მეც ვიფიქრე მაგ პანდუსებზე და მგონი, არ უნდა იყოს რთული მოსაგვარებელი.

_ და როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი?

_ ვფიქრობ, საკმარისი იქნება სამი წყვილი ლითონის რელსი, თითო ორი მეტრის სიგრძის. ერთ მხარეს დაედება კიბის საფეხურებს და საკითხიც მოგვარდება. არ უნდა დაჯდეს ძვირი სიამოვნება. ყოველ შემთხვევაში, რადგანაც ამ ყველაფერში ბრალი მე მიდევს, მზად ვარ, ჩემს კუთვნილ ერთი თვის ხელფასზე უარი ვთქვა. თუ მეტი იქნება საჭირო, ჯანდაბას, მეორ თვის ხელფასსაც დავთმობ, _ და ისეთი კეთილი ღიმილით გაუღიმა `შეფინიას~, რომ ნანკა იმწამსვე მოლბა.

გაუკვირდა, რომ ასე ადვილი აღმოჩნდა ამ ერთი შეხედვით ძნელი პრობლემის მოგვარება.

_ თუ მართლა ასე ადვილად მოსაგვარებელია ეს პრობლემა, მაგას რა ჯობია. შენი ხელფასი კი აქ არაფერ შუაშია. ადრე თუ გვიან ისედაც მომიწევდა ამის გაკეთება, უბრალოდ, ვწელავდი, რადგან მომვლელები ისედაც აგვარებდნენ პაციენტების აყვანა-ჩაყვანის საქმეს. არც მიფიქრია, პრობლემური თუ ვინმე გამოჩნდებოდა. წესით, შოკასნაირი მეტიჩრები სარეაბილიტაციოდ საზღვარგარეთ დადიან და არა ჩვენს საცოდავ ცენტრში, რომელსაც პრესტიჟულობამდე ბევრი აკლია.

_ ნუ ამბობ ასე, ნანკა! _ შეუძახა ლიზიმ, _ პირიქით, შენი რაც არის, შენ უნდა აქო და ადიდო. თუ დამფუძნებელი ასე ილაპარაკებს, სხვას რა აზრი შეექმნება ამ ცენტრზე? ნელ-ნელა შემოგეცლება სარფიანი კლიენტურა და გაძლიერებას ვერასდროს მოახერხებ.

ნანკამ წარბებს ქვემოდან გამოხედა.

_ შენ როგორი მარკეტინგული ნიჭით ყოფილხარ დაჯილდოებული. მაგას აუცილებლად გავითვალისწინებ. როგორც ვხედავ, ჩემო ლიზი, მე და შენ წინ საუკეთესო დღეები გველის. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. შენი დაწინაურება უკვე ჩემს ინტერესებში შედის.

_ ძალიან გთხოვ, არ მინდა დაწინაურება. ეს გოგოები ისედაც ამრეზით მიყურებენ, მერე კი ქვეყანაზე არ დაეტევიან. არავის გადამტერება არ მინდა. არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ მათი დაჩრდილვა მინდა. ასეთი რამ გულში არც კი გამივლია, გეფიცები.

_ მაგაზე ნუ დარდობ. ეგენი გაუნათლებელი გოგოები არიან, ორი წიგნი არ წაუკითხავთ ცხოვრებაში. სხვას რას უნდა მოელოდე ასეთებისგან? აი, მაგათი უფროსი რომ გახდები, მერე ჩაიგდებენ ენას. მე ლანა უკვე გავაფრთხილე, ასე მეორედ არ მოექცე შენს კოლეგას პაციენტების წინაშე-მეთქი. იმედია, შეიგნო.

_ სულ იმის შიში მაქვს, რამე შარში არ გამხვიონ. ბავშვი მყავს თან, მარტო არ ვარ, თორემ მაგათ როგორ შევუშინდებოდი, მაგრამ ბავშვს არ დამართონ რამე შურისძიების მიზნით.

_ კარგი რა, ეგეთი ბოროტებიც არ არიან. მე მოვაგვარებ ლანასა და სხვებთან სიტუაციას, შენ ჯერჯერობით დაუბრუნდი შენს საქმეს, მერე კი ვნახოთ. ხვალ დილით მინდა, რომ თბილისში წახვიდე. ერთ ბიზნესმენს ფული აქვს გადმოსარიცხი ჩვენს ანგარიშზე ქველმოქმედების მიზნით და ხელშეკრულებაა გასაფორმებელი. მე ვერ ვახერხებ, ამაღამ ნიუ-იორკში მივფრინავ და ათი დღე არ ვიქნები. დილით ჩემი მძღოლი წაგიყვანს და წამოგიყვანს. ასე რომ, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი შენ იქნები ხვალ, _ ნანკამ მეგობრულად გაუღიმა, _ საბუთებს აქედან ხელმოწერილს წაიღებ, აგერ მიდევს მაგიდაზე. იქ დაელოდები, სანამ ხელს მოაწერენ და მერე ერთ პირს უკანვე წამოიღებ. სულ ესაა. რაც შეეხება პანდუსების საკითხს, ახლავე დავავალებ მერაბს, ხელოსანი იპოვოს.

როცა ლიზი კაბინეტიდან გამოვიდა, შვების ოხვრა აღმოხდა. არ ეგონა, ასე ადვილად თუ გადაურჩებოდა თავის თვითნებურ საქციელს. ამ დროს პირიქით, ყველაფერი უკეთესობისკენ შებრუნდა. შედეგით კმაყოფილი კიბეზე სირბილით დაეშვა მარიკუნას მოსაძებნად.

ეზოში გასულმა აღმოსავლეთის კედელთან მოჰკრა თვალი თავის შვილსა და თეკლას, რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ. იქამდე რომ მიეღწია, ჭიშკარს უნდა გასცილებოდა, რომელიც გაეღოთ. სწორედ იმ დროს, როცა ჭიშკრის მონაკვეთი უნდა გადაეჭრა, ქუჩიდან შავმა ჯიპმა გადმოუხვია და დაუსიგნალა. ლიზიმ ორი ნაბიჯით უკან დაიხია მანქანის გასატარებლად. მის დანახვაზე შავსათვალიანმა მძღოლმა სვლა შეანელა და ქალს დაჟინებით მიაჩერდა. ლიზიმ მზერა აარიდა მამაკაცს, რომლის სახეს სათვალის მიღმა ვერ ხედავდა და მოთმინებით დაელოდა, მანქანა როდის ჩაუვლიდა. ამის ნაცვლად უცნობმა ძრავა ჩააქრო, კარი გააღო და ჯიპიდან ასაკისთვის შეუფერებელი სიმსუბუქით ჩამოხტა.

_ ლიზი, შენ ხარ?

საოცრად ნაცნობი ხმა… მივიწყებული, მაგრამ ტკივილამდე ნაცნობი… ხმა, რომელიც მხოლოდ სიზმრებში მეორდებოდა. ხმა, რომელიც არასდროს დავიწყებია…

ხმა კი, მაგრამ მამაკაცს ვერ ცნობდა და მანამ ვერ მიხვდა, ვინ იყო, სანამ უცნობმა სათვალე არ მოიხსნა. ღმერთო… მის წინ იონა იდგა, მისი საოცნებო იო, რომელსაც საფეთქლებთან თმა შეთხელებოდა და ჭაღარაც შერეოდა.

_ იო, შენ ხარ? _ ჩურჩულით ძლივს ამოთქვა და ყელგამშრალმა ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია.

_ მე ვარ, მე, _ ხმამაღლა გაიცინა იონამ, _ რა სასწაულია, აქ შენს ნახვას საერთოდ არ მოველოდი. საიდან გაჩნდი? ვინმე გყავს აქ მოყვანილი?

_ ა-რაა… მე აქ… აქ ვმუშაობ.

_ მუშაობ? _ გაოცებულ მამაკაცს თვალები გაუფართოვდა, _ რატომ არ შემიმჩნევიხარ?

_ სულ სამი კვირაა, აქ ვარ, არც კი… მე და ჩემი გოგო.

_ ვაა, აი, ბედის ირონიაც ამას ჰქვია.

ლიზი მეხდაცემულივით იდგა მამაკაცის წინაშე, სახეალანძული და დაბნეული, მამაკაცის სიახლოვით აცახცახებული, წარსული სიყვარულის გახსენებით ფიქრებარეული, ის კი ისე მშვიდად ელაპარაკებოდა, თითქოს მხოლოდ კარგი ნაცნობი ენახოს შორეული წარსულიდან _ თავისუფლად, დაუძაბავად, ყოველგვარი აღელვების გარეშე.

_ შენ რატომ ხარ აქ? ვინმეს სტუმრობ? _ როგორც იქნა, სული მოითქვა და თვითონაც შეეკითხა.

_ მე? მე ისე, საქმეზე ვარ შენს უფროსთან, _ თითქოს დაბნეულად მიუგო მამაკაცმა და ქალს მზერა აარიდა.

_ გამიხარდა შენი ნახვა, თითქმის არ შეცვლილხარ, _ ხმადაბლა წარმოთქვა და მამაკაცი ამჯერად უფრო ყურადღებით შეათვალიერა.

_ მეც ძალიან გამიხარდა. იმდენად მოულოდნელი იყო შენი დანახვა, მეგონა, სიზმარს ვხედავდი, ამიტომ ცოტა დავიბენი. _ მამაკაცმა ისევ გაიცინა, ამჯერად უფრო ხმამაღლა.

_ რაღაც არ გეტყობა, რომ დაიბენი, _ ლიზიმ სიმწრით ჩაიცინა, დათრგუნვილად იგრძნო თავი ამგვარი შეხვედრის გამო. მას სულ სხვანაირად წარმოედგინა იოსთან შეხვედრა. ეგონა მის დანახვაზე მამაკაცი საგონებელში ჩავარდებოდა, სიხარულით გაოგნებული მეცხრე ცას ეწეოდა. ეს კი იდგა ერთ ადგილას გაშეშებულივით და გულიანად იცინოდა.

_ სხვათა შორის, სტრესი ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თანაც, არ დაგავიწყდეს, პოლიციელები ცივსისხლიანები არიან და ცდილობენ, ემოციები არ გამოხატონ. _ თავი იმართლა იონამ.

_ გავიგე, პოლიციაში აღარ მუშაობსო, _ სიტყვა ბანზე აუგდო ლიზიმ, აღარ უნდოდა იმაზე ესაუბრა, რა განიცადა იომ მისი დანახვისას, ისედაც აშკარად გამოჩნდა ეს.

_ დიდი ხანია. პრინციპში, შენი გაუჩინარებიდან მალევე წამოვედი, რამდენიმე დღეში, რა. შენ სად დაიკარგე მაშინ? მაგრად კი გამაცურე.

ლიზის სიწითლემ მთელ სახეზე გადაუარა. არა, მას არ გაუცურებია იონა, იგი უბრალოდ, აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ იოს ეს საიდან უნდა სცოდნოდა?

_ ასე არ ყოფილა, მაგრამ ალბათ ახლა ახსნასაც არა აქვს აზრი, _ სინანულნარევი ხმით მიუგო, _ ჩვენმა მატარებელმა დიდი ხანია, ჩაიარა. შენ რას საქმიანობ, სად ცხოვრობ, რასა იქმ? ცოლ-შვილი გყავს?

_ აბა, რა გითხრა. პატარა ბიზნესი მაქვს, მცირე შემოსავალი. ყოველ შემთხვევაში, მე მყოფნის. შვილი არ მყავს. ცოლი მყავდა და გავეყარე. ასე რომ, ამ ეტაპზე თავისუფალი კაცი ვარ.

ქალს თრთოლამ დაუარა. იქნებ ისევ აეწყოს მათი ურთიერთობა, იქნებ ეს შეხვედრა ბედისწერა იყო?

_ შენ? შენ რას შვრები? არ მითხრა, რომ ძველ საქმიანობას მიუბრუნდი და ხალხს ისევ აბოლებ, _ ამჯერად მთელი ხმით გადაიხარხარა იონამ.

ლიზის ნირი წაუხდა. არ ეგონა, მტკივნეულ დღეებს თუ გაახსენებდა ყოფილი შეყვარებული, თანაც ასეთი ტონალობით.

_ ძველი საქმიანობას აღარ მივბრუნებივარ. _ ყრუდ მიუგო, _ გავთხოვდი, შვილი მყავს. ასე რომ, ამჯერად შენ წინ წესიერი ადამიანი დგას, _ ამ სიტყვებით დამცინავი ღიმილი აიკრა ტუჩებზე.

_ მიხარია, მიხარია. იცი რა? მითხარი, საღამოს რომელ საათზე ამთავრებ მუშაობას და აქ დაგხვდები. დავსხდეთ სადმე, წარსული გავიხსენოთ… ისე, მეგობრულ პონტში, ცუდად არ გამიგო.

_ ჩემი სამუშაო სადღეღამისოა, ამიტომ თავისუფალი არასდროს არ ვარ, იო. მადლობა დაპატიჟებისთვის, მაგრამ არ ღირს. მაპატიე, უნდა დაგტოვო, ბავშვი მელოდება, _ ყინულივით ცივი ხმით წარმოთქვა და მამაკაცს გვერდი აუქცია…

იონა უკან გაეკიდა ლამის სირბილით მიმავალ ლიზის.

_ მოიცადე, სად გარბიხარ? _ მისძახოდა და თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ არავის დაენახა.

ქალს ნაბიჯი არ შეუნელებია, საცაა, ბავშვებამდე მიაღწევდა, მაგრამ მამაკაცი დაეწია და მკლავში სტაცა ხელი.

_ სულ როგორ უნდა გამირბოდე, ა? _ მაინც ღიმილით წარმოთქვა გაღიზიანებულმა.

_ ბავშვი მელოდება, გამიშვი! _ ლიზიმ მთელი ძალით გამოსტაცა ხელი და კოპებშეკრული მიაჩერდა.

_ მხოლოდ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი და მორჩა, მეტად აღარ დაგაყოვნებ. _ მამაკაცმა მაღლა აწეული გაშლილი ხელისგულებით დანებება გამოხატა.

_ რა გინდა, იო? _ მუდარანარევი ხმით შეეკითხა ქალი.

_ ეს ბეჭედი რატომ გიკეთია? _ იონამ ფრთხილი მოძრაობით გაიშვირა საჩვენებელი თითი ლიზის მარცხენა ხელის არათითისკენ, რომელზეც ქალს მისი ნაჩუქარი `ანტისოლომონისეული~ რგოლი ეკეთა.

_ ეს… იმიტომ, რომ… _ ლიზი მოულოდნელმა შეკითხვამ ისე დააბნია, რომ სახეზე ალმურმა გადაუარა.

_ იმიტომ, რომ ყველაფერი არ გაივლის, არა?

ქალმა არ უპასუხა, ან კი რა უნდა ეთქვა? იმიტომ მიკეთია, რომ შენს თავს მახსენებსო?

_ მითხარი, აღარ გიყვარვარ? _ იონა ოდნავ დაიხარა მისკენ და დაჟინებით ჩააშტერად თვალებში.

ამან არას ნიშნად თავი დაუქნია. მოტყუება ხომ თავის დაქნევითაც მოტყუებაა, მაგრამ ასე უფრო ადვილია ტყუილის თქმა, რადგან ხმამ შეიძლება გაგყიდოს. ხმამ და თვალებმა, ამიტომ როცა ტყუილს ადამიანი თავის დაქნევით ამბობს, მზერაც უნდა აკონტროლოს. ამ დროს მოსაუბრეს პირდაპირ არ უნდა შეხედო, თვალები ან უნდა დახარო, ან სადღაც შორს, სივრცეს გაუსწორო, რომ შენი თავის დაქნევა უფრო დამაჯერებელი ჩანდეს. ლიზიმ ეს წესი დაივიწყა, რადგან მისი გამოყენება წლებია, აღარ დასჭირვებია, ამიტომ იონას თამამად შეხედა თვალებში.

_ ხედავ? მატყუებ და თან გეშინია. _ ჩაეცინა მამაკაცს.

_ მე არაფრის არ მეშინია, შენც ხომ იცი, _ თავი დაიცვა ქალმა.

_ ეს შენ გგონია, რომ არ გეშინია. ჩვენ კი, ადამიანებს, სულ გვეშინია, მთელი ცხოვრება. შიშში ვიბადებით, შიშში ვცხოვრობთ და შიშში ვკვდებით. უბრალოდ, არ ვუფიქრდებით ამას.

_ ფილოსოფოსი გამხდარხარ, _ ირონია არ დაიშურა ქალმა.

_ შენ გამხადე ასეთი. მას შემდეგ, რაც დაგკარგე, ფიქრის მეტი აღარაფერი დამრჩა. ფიქრი და იმის შიში, რომ ვერასოდეს გიპოვიდი. ხედავ, რამდენნაირი შიში არსებობს ქვეყანაზე?

_ ნუთუ? _ ლიზი დამცინავად იღიმოდა.

_ ნუთუ, ხო, ნუთუ, _ გამოაჯავრა იონამ, _ მართალია, მერე და მერე ამ შიშს სახელად პრობლემას ვარქმევთ, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ შიშია თავისი მრავალსახეობით. სიყვარულის შიში, დაკარგვის შიში, ფულის ქონა-არქონის შიში, ჯანმრთელობა-ავადობის შიში, მარტოობის შიში, სიკვდილის შიში და რა ვიცი, ბევრი რამის.

_ შენგან განსხვავებით, მე ამდენს არ ვფიქრობ, ასე რომ, არც შიშს ვყავარ ატანილი… წადი, იო, წადი და აღარ გამოჩნდე ჩემს სიახლოვეს, _ სრული სიმშვიდით გამოაცხადა და კვლავ გზა გააგრძელა.

იონა ამჯერად აღარ გაჰკიდებია. კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თავისთვის ჩაილაპარაკა:

_ პატარა მატყუარა ქალი… მაინც მოგაბრუნებ ჩემკენ… _ მერე ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას გაეხახუნა და გატრიალდა… უკან ერთხელაც არ მოუხედავს… არც ლიზის…

_ დე, ვინ იყო ის კაცი? _ მარიკუნა დედას ყელზე შემოეხვია.

ლიზის არ ესმოდა, შვილი რას ეკითხებოდა. არაფერი არ ესმოდა, სულ არაფერი. ყურებში მხოლოდ იოს ხმა ჩაესმოდა, `აღარ გიყვარვარ?~ `სულ როგორ უნდა გამირბოდე?~ და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა მარიკუნამ შეაჯანჯღარა და შეკითხვა კვლავ გაუმეორა.

_ არავინ… აბა, როგორ ხართ? ხომ არ მოიწყინეთ, ბავშვებო? _ ლიზი შეეცადა, პატარებს მხიარული მოსჩვენებოდა, ამიტომ ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი.

_ კარგად. თეკლა ჩვენთან დავპატიჟე, სახლში, როცა აქედან წავა, სტუმრად მოვალო. ხომ კარგი იქნება, დე, არა?

_ რა თქმა უნდა, შვილო, ძალიან კარგი იქნება. მიხარია, რომ მეგობრობთ. ახლა კი წავიდეთ, სადილის დროა, _ ამ სიტყვებით მუხლებაკანკალი თეკლას ეტლს ჩაეჭიდა და ბავშვებან ერთად პანსიონისკენ ტაატით გაუყვა გზას….

 

მთელი დღე დაბნეული იყო. გონება ხომ აერია და სხეულსაც ვერ იმორჩილებდა. ჯერ თეფში გაუვარდა ხელიდან, მერე კინაღამ კიბეზე დაგორდა წაბორძიკებისას, ხან ხმამაღლა ილაპარაკა თავის თავთან, ხან უაზროდ გაუღიმა ვიღაცას… ერთი სიტყვით, იონას გამოჩენამ მისი ძლივს დამშვიდებული ცხოვრება ყირამალა დააყენა.

ის ღამეც თეთრად გაათენა. ნანობდა, მამაკაცს გამოჩენა რომ აუკრძალა. ახლა იმის ეშინოდა, ვაითუ მართლა აღარ მოინდომოს ჩემი ნახვაო. არადა, როგორ უნდოდა, როგორ უნდოდა! მისი ერთი შემოხედვა სიცოცხლეს უხანგრძლივებდა, ერთი ღიმილიანი შემოხედვა… თუნდაც უღიმილო, თუნდაც სრულიად არაფრისმთქმელი…

დილით რომ გაეღვიძა, თავი უსკდებოდა. ამდენი ლექსოს ღალატის გამო არ უნერვიულია. არც იმის გამო, რომ ქმარი შვილის წართმევას უპირებდა. ნუთუ იო უფრო დიდი ტკივილია მისთვის, ვიდრე ოჯახი და შვილი? შეაკანკალა. ეს რამ აფიქრებინა? ყველა ყველა და, მარიკუნას წინ ვინ დაუდგება? არა, მარიკუნას არავის დაუთმობს. ეს იცის, ეს შეუძლია და ამიტომ გრძნობს თავს დაცულად. აი, იოს შემთხვევაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა. ის ან დაუბრუნდება, ან არა. აი, ამიტომაც შფოთავს ალბათ…

ასე იმშვიდებდა თავს, სანამ იცვამდა. დღეს ლამაზი უნდა ყოფილიყო, საქმიანი ქალის იერი უნდა ჰქონოდა, ბიზნესვუმენის. ხუმრობა ხომ არ არის, `შეფინიამ~ მნიშვნელოვანი დავალება დაუტოვა შესასრულებლად. ვინც უნდა დახვედროდა იმ ფირმაში, კარგი შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა.

როცა მოწესრიგებას მორჩა, სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და ამოიოხრა. ახლა, როცა შეივსო, დაქალდა და სოლიდურ ქალბატონს დაემსგავსა, მაინცდამაინც მაშინ დაენგრა ოჯახი. რატომ უნდა მომხდარიყო ასე? ცუდი ცოლი ნამდვილად არ ყოფილა, არც სამზარეულოში და არც საწოლში. როგორც დედა, გიჟი დედა იყო. მაშ, რა მოხდა? ალბათ ამის პასუხს ვერასდროს გაიგებდა.

იმის შიშით, არ დამაგვიანდესო, მარიკუნა გააღვიძა, ჩააცვა და დაბლა ჩაიყვანა, რათა თეკლას დედისთვის ჩაებარებინა, სანამ მოვიდოდა.

_ ორივეს ვასაუზმებ, მერე კი გავისეირნებთ, ხომ კი, მარიკუნა? _ მზიამ ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი, _ შენ არაფერზე ინერვიულო, ლიზი, ჩვენ დიდი გოგოები ვართ და ყველაფერი გვესმის, _ ქალმა თვალი ჩაუკრა მომვლელს და ამ უკანასკნელმაც მშვიდად დატოვა შვილი საიმედო ადამიანის ხელში.

ეზოში გასულმა მძღოლს დაუწყო ძებნა, მაგრამ არც მანქანა ჩანდა სადმე და არც შალვა.

_ ნეტავ სად წავიდა ეს კაცი? _ თავის თავს შეეკითხა და ვესტიბიულში შებრუნება დააპირა, რათა გოგოებისთვის ეკითხა, შალვა ხომ არავის გინახავთო.

ამ დროს ვიღაცამ დაასიგნალა. აშკარად მას დაუსიგნალეს, რადგან ეზოში მის გარდა არავინ იყო. უკან მიიხედა და…

თვალებს არ დაუჯერა, შავი ჯიპის ღია კართან იონა იდგა და უღიმოდა.

_ ვის ეძებ, ლიზი?

_ მე… მე მძღოლს… _ ბურტყუნებდა თავისთვის და არეული ნაბიჯებით იონას უახლოვდებოდა.

_ დღეს მე ვარ შენი მძღოლი.

ქალს საბუთები კინაღამ გაუვარდა ხელიდან. დაბნეული ისეთ უაზრო მოძრაობებს აკეთებდა, თავის თავზე გაბრაზდა, რა ჯანდაბა მემართებაო. სიხარულისგან დაიბნა ასე თუ შიშისგან, ვერ გააცნობიერა. ამ კაცის ყოველი დანახვა სტრესს იწვევდა მასში.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ნანკამ მთხოვა, მე წამეყვანე თბილისში.

_ აბა, მძღოლი წაგიყვანსო?

_ წამო, წამო, გზაში მოგიყვები ყველაფერს.

კარგა მანძილი უხმოდ გაიარეს. როცა გზატკეცილზე გავიდნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღო იონამ ხმა.

_ აბა, გუშინდელს აქეთ როგორ ხარ?

_ როგორც ყოველთვის, _ ყრუდ მიუგო ერთიანად დაძაბულმა.

_ არ ხარ საუბრის ხასიათზე? თუ გინდა, არ ვილაპარაკოთ, _ ღიმილით გამოხედა იომ.

_ არა, რატომ… ვილაპარაკოთ.

_ კი ბატონო… რაზე?

_ იმაზე, შენ რატომ მიგყავარ თბილისში და რატომ შალვას არა. იმაზე, რა გაკავშირებს ნანკასთან და…

_ აჰააა. ესეც გაინტერესებს? მშვენიერია. ესე იგი, ეჭვიანობ.

_ მე-ე? ვეჭვიანობ? ღმერთმა დამიფაროს! რატომ უნდა ვიეჭვიანო? უბრალოდ, გამიკვირდა. რამდენი ხანია, რაც აქ ვარ და ადრე არ შემიმჩნევიხარ.

_ არც ისე დიდი ხანია, მგონი, არა? _ ირიბად გამოხედა იონამ და თვალებში ჭინკები აუცეკვდა.

ლიზიმ შუბლი შეიკრა და ფანჯარაში გაიხედა.

_ კარგი, კარგი. შენი განაწყენება სულაც არ მინდა. მე და ნანკა წლებია, ბიზნესპარტნიორები ვართ. ამიტომ ხშირად მიწევს მასთან მოსვლა, დარეკვა, საქმეებზე სიარული და ასე შემდეგ. უფრო დაწვრილებით ხომ არ მოგიყვე?

_ გმადლობ. საკმარისია! _ უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები ლიზიმ, _ გუშინ თვითონვე მითხრა, შალვა წაგიყვანსო, ამიტომ დავინტერესდი.

_ მერე მე დამირეკა და მთხოვა, შენ წაიყვანეო. ბოლო მომენტში შეეშინდა, მაინც დილეტანტია, პირველად მიდის ასეთ საქმეზე და არ დაიბნესო.

_ რამე არ გააფუჭოსო, არა? _ ჩაიცინა ლიზიმ.

_ მე ჯენტლმენი ვარ, დელიკატურად საუბარი მიყვარს, _ გაიხუმრა იონამ და სიჩქარეს უკლო, _ ნეტავ რას გავრბივარ, არსად არ გვეჩქარება. ვიაროთ ნელა და ვისაუბროთ ბევრი.

_ არა მგონია, ჩვენ ბევრი სასაუბრო გვქონდეს.

_ აუ, რატომ ხარ ასე აგრესიულად განწყობილი ჩემ მიმართ? რამე დაგიშავე? გაწყენინე? ცუდად მოგექეცი ოდესმე? თუ ეს ის პრინციპია, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო?

ლიზიმ ხმა არ გასცა. მიხვდა, რომ მართლა დაუმსახურებლად ექცეოდა იონას, მაგრამ გუშინდელი შეხვედრა რომ გაახსენდა და მისი უდარდელი სახე, ისევ გაღიზიანდა.

_ არ მინდა ჩვენზე საუბარი. ეს ძალიან ადრე იყო, შორეულ წარსულში.

_ და შენ იმ წარსულისაც გეშინია, არა?

_ ღმერთო ჩემო, რას აგიჩემებია, ეს გეშინია, გეშინია? არაფრის არ მეშინია, უკვე გითხარი. უბრალოდ, არ მსიამოვნებს იმის გახსენება, რაც იყო.

_ მათ შორის იმისიც, რაც ჩვენ შორის იყო?

_ მათ შორის… _ მოკლედ მოუჭრა ქალმა.

_ კარგი, მაშინ სხვა რამეზე ვისაუბროთ. _ ნირწამხდარი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.

_ ვისაუბროთ, _ არანაკლებ ნირწამხდარი ხმით დაეთანხმა ქალი.

_ თემა შენ აირჩიე.

_ მომიყევი შენზე, სად იყავი ეს წლები, რას საქმიანობდი… _ ლიზი გაწითლდა, რადგან ამ შეკითხვებით ამდენი ხნის დამალული სურვილი გაამჟღავნა.

_ ჰოო… რა გითხრა, აბა! შენ რომ გაუჩინარდი, სამსახურში არ მაპატიეს და მოხსნას რომ გადავრჩენოდი, განცხადება დამაწერინეს და მის საფუძველზე ვითომ ჩემი ნებით გამათავისუფლეს. ისე, ერთი მხრივ, ამისთვის მადლობელიც კი ვარ შენი, თორემ პოლიციას თავს ვერასდროს დავანებებდი და ვერასდროს ვერ ვიშოვიდი იმდენს, ახლა რომ ვშოულობ.

_ ბევრს შოულობ?

_ უკმაყოფილო არ ვარ. მართალია, ეს არ არის მილიონები, მაგრამ ისიც იქნება მერე და მერე.

ლიზიმ გულიანად ჩაიხითხითა.

_ რა გაცინებს? _ გაკვირვებული მზერა შეავლო მამაკაცმა მისკენ მომზირალ ქალს.

_ რომ ამბობენ, ფულს სუნი არ აქვსო, მაოცებს ხოლმე. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში. _ და კვლავ ჩაიხითხითა.

_ სუნი რა შუაშია?

_ როცა ადამიანი ფულის შოვნაზე გადადის, მისი სუნით თრობას იწყებს. მერე ისე გაუტკბება ეს სუნი, რომ მეტი და მეტი ფულის მოხვეჭაზე იწყებს ფიქრს. ეს პროცესი ნარკომანიასავითაა, უფრო და უფრო მეტი დოზა გინდება და თავს ვერა და ვერ ანებებ.

იონას სახე მოუღუშა, იწყინა, აშკარად არ ესიამოვნა ლიზის ნათქვამი.

_ მით უფრო ჩემნაირი, არა? ძაღლი, რომელიც სუნებზეა დაგეშილი, _ ისეთი სარკასტული ტონით წარმოთქვა იომ, რომ ლიზი შეცბა.

_ მე ეს ზოგადად ვთქვი, შენი მისამართით კი არა.

_ შენი ქმარი როგორია ამ მხრივ? ხელფასი ჰყოფნის თუ…

_ ჩემს ქმარს საკუთარი კლინიკა აქვს.

_ აჰაა… მაგასაც ჰყვარებია სუნიანი ფული, _ თავი ვერ შეიკავა იომ და ღვარძლიანად გაიცინა.

_ კი, მაგასაც უყვარს, უარყოფას აზრი არა აქვს. ამიტომაც აუვარდა თავში. ბევრი ფული ადამიანს აფუჭებს, ეს ზუსტად ვიცი. აი, მაგალითად, შენ, მითხარი, რისთვის გჭირდება ბევრი ფული?

_ იმისთვის, რომ უზრუნველად ვიცხოვრო, ოჯახი შევქმნა და ცოლ-შვილს არაფერი გავუჭირვო.

_ ოჯახი… მერედა, ხარ მზად, რომ ჩაფულიანებული სიცოცხლის ბოლომდე იმ ოჯახის ერთგული იყო?

_ რატომ არ უნდა ვიყო? არ მესმის შენი.

_ იმიტომ, რომ კაცებს, ზოგადად, ასე გახასიათებთ. ბანაობა და ნებივრობა გიყვართ ფულში. რაც მეტი გაქვთ, მით მეტი სიამოვნება გჭირდებათ, მეტი ქალი და თანაც _ ცოლზე უფრო ლამაზი და ახალგაზრდა.

_ ეს თეორია ვინ გიკარნახა?

_ საკუთარმა გამოცდილებამ.

_ ოოო, ახლა მივხვდი, რაც ხდება. გღალატობს ქმარი, ხო?

_ შიგადაშიგ, _ კვლავ მოკლედ მოჭრა ლიზიმ, არ უნდოდა, იოსთვის გული ბოლომდე გადაეშალა.

_ მაგის დედას შევეცი! _ მოულოდნელად შეიგინა მამაკაცმა და საჭეს ხელი დაჰკრა, _ ქალი მიყვარდეს და სხვისკენ გავიხედო? ახვარი ქმარი გყოლია.

_ თითქმის აღარ მყავს… _ მაინც გაექცა ენა ლიზის და რადგან წამოსცდა, ბარემ გააგრძელა, _ უკვე დავშორდით ერთმანეთს, მხოლოდ ფორმალური მხარე დარჩა.

ამის გაგონებაზე იონამ ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, რომ ლიზი წინ გადაქანდა.

_ ნელა, რას შვრები?

_ მაპატიე… რამე ხომ არ იტკინე? _ მამაკაცმა მანქანა გააჩერა და ქალს მხარზე შეეხო.

_ არაფერი, _ უხეშად მოიშორა ლიზიმ მისი ხელი და განაწყენებული სახე მიიღო.

_ მაპატიე, არ მინდოდა… უბრალოდ, მიკვირს ასეთი რამეები. წლები ცხოვრობ ადამიანის გვერდით და ვერ ხვდები, მაინც როგორ პიროვნებასთან გაქვს საქმე… _ მერე მცირე პაუზა გააკეთა და შეფიქრიანებული ხმით გააგრძელა, _ არ ვიცი, რასა აქვს აზრი და რას არა, კაცმა არ იცის.

_ ზოგ რამეს მართლა აქვს აზრი, ზოგს კი არა. მეც, დღევანდელი გადასახედიდან, რაღაცის ცოდნაზე თანახმა ვიქნებოდი, რაღაცაზე კი უარს ვიტყოდი.

_ მაგალითად, იმაზე, რომ არ გცოდნოდა, შენი ქმარი ქალებში თუ დადის?

_ ეგ არ არის იმდენად მტკივნეული, რამდენადაც ის, როცა გაიგებ, რომ გამრთობი ქალები კი არა, ერთი ქალი ჰყავს _ ერთი, რომელსაც საყვარელი ჰქვია.

იომ სევდიანი თვალებით გადახედა მის გვერდით მოკალათებულ ლიზის, ამოიხვნეშა და მის ხელს დასწვდა… სათუთად ეამბორა თითებზე, მერე ხელისზურგზე, მერე ამოატრიალა და ხელისგულიც დაუკოცნა.

ლიზის ჟრუანტელმა ქარიანი დღის ტალღასავით დაუარა მთელ სხეულში, თითქოს ცაში აისროლა და კვლავ ძირს დაანარცხა. რამდენი წელი იყო მოკლებული ამ სიამოვნებას, რამდენი წელი. სიამოვნებით გაიტრუნებოდა ახლა მის მკლავებში, თვალებს მილულავდა და ნეტარებით მიეცემოდა ვნებათაღელვას.

ნუთუ შეეძლო ქმრისთვის ეღალატა? იყო ამის გამკეთებელი? იყო… იცოდა, რომ იყო, მაგრამ ახლა ამის გაკეთება არ სურდა. უნდოდა, ბოლომდე მართალი ყოფილიყო ქმართან. ისე გაშორებოდა, რომ შავი ლაქა არ მოსცხებოდა. აი, მერე რას იზამდა, უკვე აღარ იქნებოდა ლექსოს საქმე. მაგრამ ქმართან რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა და იოს შეხვედროდა, მაშინ თუ უღალატებდა? უფრო კი, ვიდრე არა. ამწუთას ისე ბობოქრობდა მისი გამოღვიძებული სიყვარული, შეიძლება დღესაც არ ეთქვა უარი იოსთან დაწოლაზე, თუკი მამაკაცი ამას ძალიან მოინდომებდა.

მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ მისი ქმარი სადღაც მართალიც კი იყო. გრძნობებთან გამკლავება ძნელზე ძნელია. შეუყვარდა სხვა ქალი და რა ექნა? არ დაენგრია ოჯახი და იქით-აქეთ ერბინა? ახლა თვითონაც იმავეს არ განიცდიდა? იოს გახელებული ტუჩების სითბოს გრძნობდა, გრძნობდა იმ ვნებას, რომელიც მის თითებზე იღვრებოდა და იმხელა ნერწყვი გადააგორა, რომ სასულეში გადასცდა…

მიძინებულმა სიყვარულმა ვულკანივით ამოხეთქა და წალეკვას უქადდა. რომ არა იოს შეშფოთებული ხმა, ალბათ თავს ვეღარ შეიკავებდა და აქვე, ამწუთას დანებდებოდა საყვარელ მამაკაცს.

_ რა მოგივიდა? ცუდად ხომ არ ხარ?

ლიზი კი ახველებდა და ახველებდა, ძლივს მოითქვა სული, თვალები ცრემლით აევსო, სიმწრის ცრემლით.

_ ნერწყვი გადამცდა სასულეში, _ ამოიხრიალა და ყელი ხელით დაიჭირა.

_ გამოაღე მანდ, ბოთლით წყალი დევს და დალიე.

_ არ მინდა, უკვე გადამიარა… წავიდეთ, არ დაგვაგვიანდეს, _ ფრთხილი მზერით შეათვალიერა ქალმა თვალებდაბინდული მამაკაცი და სავარძელში გასწორდა.

იონამ ნელა დაძრა მანქანა, ცალი ხელით საჭეს მართავდა, მეორით კი ლიზის თითები ჩაებღუჯა.

ქალი არ გასძალიანებია და როცა მამაკაცის თითებმა მის თითებზე ნავარდი დაიწყეს, მხოლოდ საყვედურიანი მზერით გააპროტესტა…

თბილისამდე ისე ჩავიდნენ, ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან… ერთმანეთს მხოლოდ ათი თითი ესაუბრებოდა, ათი ვნებამოძალებული თითი…

 

ლიზიმ ნანკას დავალება პირნათლად შეასრულა. `შეფინია~ კმაყოფილი დარჩა და ახალ თანამშრომელს მადლობაც გადაუხადა. ლიზი ფრთებშესხმული დადიოდა, მაგრამ არა მხოლოდ უფროსის შექებით _ იონას გამოჩენითაც. იმ დღემ, როცა თბილისში ერთად გაემგზავრნენ, მშვიდად ჩაიარა, არანაირ ექსცესს, მით უფრო ვნებიანს, ადგილი არ ჰქონია. არც სასტუმროსკენ გადაუხვევიათ და არც მანქანაში გაუჩაღებიათ კოცნაობა. საქმიანი პარტნიორებივით მივიდნენ საჭირო ადგილას, საჭირო საბუთებს ხელი მოაწერეს, შეთანხმებას მიაღწიეს და ასევე საქმიანად გამობრუნდნენ უკან. პანსიონში მოსული ლიზი ღიმილით დაემშვიდობა ყოფილ სიყვარულს და სახეალანძულმა თავის ოთახს მიაშურა.

თუმცა ამით როდი დამთავრებულა მათი მეორე შეხვედრა. მეორეს მესამე მოჰყვა და ეს მოხდა ზუსტად ცხრა დღის შემდეგ, ნანკა ჩამოვილა. მამაკაცმა მობილურზე დაურეკა და სარეაბილიტაციო ცენტრს გარეთ, სოფლის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან შეხვედრა დაუთქვა.

ლიზის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. არც უარის თქმა უნდოდა და ჰოსაც ვერ ამბობდა. უნდოდა იოს ნახვა, განა არ უნდოდა, მაგრამ რომელიღაც მეექვსე თუ მეცხრე ძალა უკან ექაჩებოდა.

_ მე ხომ ისეთს არაფერს გთხოვ, უბრალოდ, სულ ორი წუთით შევხვდეთ და ვილაპარაკოთ, _ სთხოვდა მამაკაცი.

_ უხერხულია. რა უნდა ვთქვა, რისთვის მივდივარ სოფელში-მეთქი? რაც აქ ვარ, ჭიშკარს გარეთ არ გავსულვარ. მეშინია, იო, ვინმემ რომ დააფიქსიროს, სად მივდივარ და რას ვაკეთებ, თავი მომეჭრება.

_ და რას აკეთებ ისეთს, რო? სულ ორიოდე წუთს გთხოვ, მეტს კი არა. გნახავ, დაგელაპარაკები და მაშინვე უკან მიგაბრუნებ. იქ რომ გამოვჩნდე, უარესია, საჭორაო საბაბი მიეცემა სუყველას, ხომ ხვდები?

ლიზი გაჩუმდა. იონა მართალს ეუბნებოდა. სულ თავბედი იწყევლა, ნეტავ საერთოდ არ გამოჩენილიყო ეს კაცი, გული მიგრძნობს, პრობლემებს შემიქმნისო, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა, ურჩ გულს უარი ვერ უთხრა, მომეტებული ბაგაბუგით რომ ჩასჩიჩინებდა, შეხვდიო.

იმისთვის, რომ სამსახურის საქმე არ გაეფუჭებინა, ნანკასთან შევიდა და სთხოვა, ცოტა ხნით დასახლებაში გავალ, რაღაც წვრილმანები უნდა ვიყიდოო.

_ წადი, ლიზი, ასეთ რამეებს მე ნუ მითანხმებ. როცა დაგჭირდება, მაშინ გადი, ოღონდ არ დააგვიანო. როცა მოხვალ, ჩემთან შემოდი, შენი დაწინაურების საკითხი უნდა განვიხილოთ.

ლიზის ღაწვები შეეფაკლა.

_ უკვე?

_ რა, არ არის დრო? შენ ისე კარგად მოაგვარე პანსიონისთვის საჭირო საქმე, იმდენი ფული შემოგვამატე, რომ უპირობოდ იმსახურებ დაწინაურებას.

_ მერედა დოდო? _ ლიზი თავისი წინამორბედის ბედით დაინტერესდა.

_ დოდოს მე მოვუვლი, ეგ შენი საზრუნავი არ არის.

ლიზიმ ვერაფერი უპასუხა. ეს მართლაც არ იყო მისი საზრუნავი, უბრალოდ, არ უნდოდა თანამშრომელთან ცუდად გამოსვლოდა. არ უნდოდა ვინმეს ეთქვა, შენ გამო დოდო დაითხოვესო. მაგრამ ნანკამ ამ საკითხის მოგვარება თავის თავზე აიღო და ამან დაამშვიდა.

მარიკუნა, როგორც მაშინ, ახლაც მზიასთან დატოვა და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა სოფლის გზაზე. სანამ ცენტრამდე ჩააღწევდა, ქურდივით წარამარა აქეთ-იქით იყურებოდა, ვინმემ არ დამინახოსო. განა რამე მოხდებოდა, ვინმეს რომ მისთვის თვალი მოეკრა, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, სადაც მიდიოდა და ამან დააკომპლექსა.

იონა ბაღის შენობის კუთხეში იდგა და ელოდებოდა. ქალი შეშინებული შეხტა მანქანაში და მამაკაცს ძლივძლივობით გაუღიმა. ისე იყო დაძაბული, გაღიმებაც კი არ შეეძლო წესიერად.

_ ცოტა წინ წავალ, იქ ვიწრო ბილიკია, ნაძვნარში შევალთ და თვალს მოვეფარებით. ნუ გეშინია, ვერავინ დაგვინახავს, _ იდუმალი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, გამხნევების ნიშნად ქალს ხელზე ხელი მოუჭირა და მანქანა დაძრა.

ლიზის სხეულის ყველა კუნთი დასჭიმვოდა. თითქოს ეკლებზე იჯდა. მანამ ვერ მოეშვა, სანამ მანქანა დაბურული ხეების ქვეშ არ გაჩერდა. აქ მართლაც ვერავინ მოჰკრავდათ თვალს და რომც შეემჩნიათ ჯიპი, შიგ მსხდომთ მაინც ვერავინ გაარჩევდა, რადგან მანქანას მინები დაბურული ჰქონდა.

_ ესეც ასე… ახლა მაინც დამშვიდდი?

ლიზიმ თავი დაუქნია და მოკლე კაბა მუხლებამდე დაქაჩა. იონამ მის მოძრაობას თვალი გააყოლა და მზერა ულამაზეს მრგვალთავიან მუხლებზე მიეყინა.

_ იო, მე მალე უნდა დავბრუნდე. მითხარი, აქ რისთვისაც მომიყვანე და წავალ.

_ ჯერ ერთი, მარტო აქედან ვერ გახვალ, თუ მე არ წაგიყვანე, _ ღიმილად დაიღვარა მამაკაცი, _ მეორეც, დიდხანს მართლა არ გაგაჩერებ. უბრალოდ, არ ინერვიულო და არ იფიქრო ამაზე, მეტი შენგან არაფერი მინდა.

ლიზიმ კვლავ თავის დაქნევით უპასუხა.

იონამ ღრმად ამოიოხრა, ზურგით ფანჯრის მინას მიეყუდა, ცალი ხელი საჭეს ჩამოაყრდნო, მეორე სავარძლის საზურგეს მოხვია და ორაზროვანი ღიმილით შეათვალიერა შიშისგან მოკუნტული ქალი.

_ აბა, ახლა მაინც მითხარი სიმართლე, მართლა აღარ გიყვარვარ?

ლიზი უარესად ააფორიაქა ამ შეკითხვამ.

_ ამით რამე შეიცვლება? _ ძლივს ამოილუღლუღა და მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა.

_ შენ მითხარი და რა შეიცვლება, მაგას მერე ვნახავთ.

ქალმა ამოიკვნესა და სახე ხელებში ჩამალა.

_ ეს დიდი ხნის წინათ იყო, იო, ახლა რა დროს სიყვარულზეა ლაპარაკი.

_ სიყვარულმა დიდი და ცოტა ხანი არ იცის. თუ სიყვარულია, ბოლომდეა, თუ არადა, გამოდის, რომ არასდროს არ ყოფილა.

_ შენ?

_ რა მე? _ იონა წინ გადმოიხარა.

_ შენ გიყვარვარ?

_ მე შენ ყოველთვის მიყვარდი, მაშინაც კი, როცა არ გიცნობდი და დასაჭერად დაგდევდი. გულის ჯიბით დამქონდა შენი ფოტორობოტი და ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ძალიან, ძალიან ლამაზი გოგო იყავი, რომელსაც ასნაირად შეეძლო გარდასახვა. როცა დაგიჭირე, მივხვდი, რომ ზუსტად ისეთი წარმომედგინე, როგორიც იყავი. ამაზე ერთხელ ხომ ვილაპარაკეთ, დაგავიწყდა? შეიძლება დაგავიწყდა. მე კი დღემდე მახსოვს ის დღეები, სასტუმროში რომ ვცხოვრობდით. უფრო სასიამოვნო დღეები არ მქონია, თუ დამიჯერებ.

_ მჯერა, _ დაიჩურჩულა აღელვებულმა ლიზიმ და ჟრუნატელმოგვრილს თვალები დაენისლა.

_ ჰოდა, თუ გჯერა, ისიც უნდა დაიჯერო, რომ შენ გარდა სხვა არ მყვარებია და დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, შენზე არ მეფიქროს. ახლაც ასე ვარ. ყველაფერი ისევ ისეა… წუთში სამჯერ…

მიხვდა ლიზი, რასაც გულისხმობდა მამაკაცი _ წუთში სამჯერ მახსენდებიო.

დადუმდა. ვერა და ვერ დაძლია საკუთარი თავი, რომ გულწრფელად ეთქვა, რასაც მის მიმართ განიცდიდა.

_ მოდი, ჯერ ის მითხარი, სად დაიკარგე მაშინ, რატომ დაიკარგე და რისთვის დამსაჯე ასე. დანარჩენი მერე მითხარი, კარგი?

ქალმა კვლავ თავი დაუქნია, კარგა ხანს ასრიალა ხელები მუხლს ზემოთ და ქვემოთ, მერე კი მოგუდული ხმით დაიწყო მოყოლა.

მოუყვა იონას, რაც გადაიტანა, რა მოხდა, როგორ მოხდა და თბილისში საიდან აღმოჩნდა. რამ აიძულა მისი მიტოვება და უარის თქმა იმ სიყვარულზე, რომელიც ასულდგმულებდა.

_ სხვანაირად მაშინ ვერ მოვიქცეოდი. შენ კი დაგკარგე, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი რამეც მოჰყვა ამ ისტორიას _ ძველ საქმიანობას შევეშვი და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი.

_ ნორმალურ ცხოვრებას კი არ დაუბრუნდი, არამედ დაიწყე, რადგან შენი წარსულიდან გამომდინარე, ნორმალურად ერთი დღეც არ გიცხოვრია. ეს ერთი… მეორეც _ ისედაც გამოსწორდებოდი, თუ ჩვენ ერთად დავრჩებოდით. შენ რა გგონია, კრიმინალს მოვიყვანდი ცოლად? _ იონამ კვლავ გაუღიმა და თავზე გადაუსვა ხელი.

ლიზიმ თავი გასწია.

_ რა იყო, ვიკბინები?

_ არა… უბრალოდ, არ მინდა ასე. _ დაიჩურჩულა ქალმა.

_ როგორ ასე, ჩემი შეხება გაღიზიანებს?

_ არა, მაშინებს.

მამაკაცს გულიანად გაეცინა, ლიზისკენ გადაიხარა და მისი თავი მკერდზე მიიხუტა.

_ ნუ გეშინია, მე არ ვარ საშიში კაცი. შენ რაც არ გინდა, ის არ მოხდება, გპირდები.

ლიზიმ მაშინვე გაითავისუფლა თავი და მადლიერებით სავსე მზერა შეავლო მამაკაცს.

_ ჰოდა, მითხარი ახლა, შენ თუ გიყვარვარ?

ქალმა ლამის მოიკვნიტა ქვედა ტუჩი, ისე დააჭირა კბილები, მერე მცირე პაუზა გააკეთა, სათქმელს თავი მოუყარა და ალაპარაკდა:

_ იცი რა, იო? მეც სულ ვფიქრობდი შენზე, ყოველთვის მიყვარდი და დღემდე მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ სხვას მივთხოვდი. იმ პერიოდში ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მართალია, მაშინ არ მიყვარდა ჩემი ქმარი, უბრალოდ, მომწონდა, მაგრამ მერე და მერე შემიყვარდა. მისთვის არასდროს მიღალატია, არც კი მიფიქრია ამაზე.

_ სამაგიეროდ, ის გღალატობს, ხომ?

ლიზიმ არ უპასუხა.

_ ეს ყველაფერი გასაგებია… მერე? _ სიჩუმე იოს ხმამ დაარღვია.

_ მერე ის, რომ ახლა შენთან ურთიერთობის ხელახლა დასაწყებად მზად არ ვარ. არ შემიძლია და ძალიან გთხოვ, ნურაფერს მომთხოვ.

_ აბა როდის იქნები მზად?

_ არ ვიცი, იო… შეიძლება არც არასდროს, შეიძლება ოდესმე.

_ ეს `ოდესმე~ ოდესმე დამთავრდება?

_ არ ვიცი, ამაზე პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია.

_ ესე იგი, შეხვედრაზე უარს მეუბნები? ამდენი წელი შენი ნახვა ოცნებად გადამექცა, ძლივს გიპოვე და არაო, ამბობ?

ქალმა თავი ასწია და ჯიქურ შეაჩერდა მამაკაცს.

_ რაღაც ვერ შეგატყვე იმ დღეს, რომ ჩემმა ნახვამ სიხარული მოგგვარა, მით უფრო, ოცნება აგიხდინა.

_ და როგორ უნდა შემტყობოდა, ხომ ვერ მეტყვი? მეცეკვა თუ მემღერა? ხომ არ დაგავიწყდა, მე ყოფილი პოლიციელი ვარ, რომელიც ვალდებულია, ემოციები არ გამოამჟღავნოს. ჩემი განცდები ჩემ შიგნითაა და მხოლოდ ინტიმურ მომენტებში ვლინდება. მეგონა, იცოდი.

ლიზიმ ღრმად ამოისუნთქა, ლოყები გამობერა და ჰაერი ტუჩებშუა ნელა გამოუშვა.

_ მაპატიე… ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. შენთან ურთიერთობის განახლება ნიშნავს, რომ სულ შიშში უნდა ვიყო. არიქა, ვიღაცამ არ დამინახოს, არიქა, უჩუმრად როგორ გამოვიდე სამსახურიდან, არიქა, ბავშვი ვის დავუტოვო, არიქა, ქმარმა არაფერი გაიგოს… ძალზე ბევრი შიში გროვდება ერთად, რასაც ვერც მივეჩვევი და ვერც გადავიტან.

იონამ თავის გაქნევით ჩაიცინა.

_ ახლა ერთ რაღაცას მოგიყვები და კარგად მომისმინე. ეს, უბრალოდ, ჩემი ნაფიქრია, რომელსაც ხმამაღლა მხოლოდ შენ გიმეორებ: ჩვენ, ადამიანები, ხანდახან სამყაროს ვანრისხებთ ჩვენი გაუბედავი ნაბიჯებით. ჩემი აზრით, იქ, სადღაც ცაში, ადამიანთა მთელი ჯგუფი მუშაობს, რომ დედამიწელებს ოცნებების ახდენაში დაეხმაროს. ვფიქრობ, ერთობ კრეატიული ჯგუფია, ალბათ ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული. ისინიც ჩვენსავით ორშაბათს იწყებენ მუშაობას, ჩვენსავით თათბირობენ და გეგმებს სახავენ ან პროექტებს წერენ. მათი უფროსი თანამშრომლებს ყოველ ორშაბათს წარუდგენს პლანეტა დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ოცნებების სიას და თითოეულ მათგანს თანაბრად უნაწილებს, ვინ ვისი ოცნების ახდენა უნდა ითავოს. ერთმა კრეატიულმა ლიზის ოცნება უნდა აასრულოს, მეორემ _ იონასი, მესამემ ვიღაც ინვალიდის, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული და ა.შ. მერე დაიშლებიან და საქმეს იწყებენ. ამის შემდეგ ხდება სცენარებისა და სიუჟეტების წერა, ვისი ოცნება როგორ უნდა ახდეს. ადგენენ გეგმას და გრაფიკს. იმასაც კი ითვალისწინებენ, რომ მაგალითად, ლიზის ოცნების ახდენამ არ უნდა დააზარალოს იონას ოცნება და ასე.

და აი, დგება რომელიღაც იქს დღე, რომელიც კალენდარში წითლად იქნება შემოხაზული. ამ დღეს ერთ-ერთის ოცნების ახდენა უნდა დაიწყოს. ამისთვის კრეატიული ჯგუფი სპეციალურ ნიადაგს ამზადებს. და როგორია ეს ნიადაგი? ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევითი შეხვედრით იწყება. საქმეზე მიმავალი იონა მოულოდნელად თავის ძველ სიყვარულს, ლიზის გადააწყდება. ისინი წლების განმავლობაში ფიქრობენ ერთმანეთთან შეხვედრაზე. აჰა, ეს მომენტიც დადგა. ზეცამ მათ სპეციალური შეხვედრა მოუწყო. ეს შეხვედრა ორივეს აბნევს, ქალსაც და კაცსაც, მაგრამ კაცი უფრო მალე მოდის გონს და ქალს ლაპარაკში აიყოლიებს, შიშებს მოუხსნის და ურთიერთობას სთავაზობს. ქალი, ანუ ლიზი ფიქრობს, რატომაც არა? ჩვენ ხომ ყოველთვის გვიყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ის თანახმაა, კიდევ ერთხელ შეხვდეს იონას და პაემნის დროს და ადგილსაც ნიშნავენ. ამ დროს რა ხდება ზეცაში? მთელი კრეატიული ჯგუფი აჟიოტაჟს ტეხს. აი, გამოვიდა! აი, მოვახერხეთ, მორჩა, ერთდროულად ორი ადამიანის ოცნება ავახდინეთ! ხსნიან შამპანურს, ტაშს უკრავენ წარმატებულ პროექტს და მხიარულად აღნიშნავენ გამარჯვებას.

მაგრამ… დედამიწაზე რა ხდება ამ დროს? ლიზი ბრუნდება შინ და ფიქრობს, რა დროს ჩვენი სიყვარულია, მორჩა, ეს ყველაფერი დიდი ხანია წარსულს ჩაჰბარდა. არავითარ შემთხვევაში! მე გათხოვილი ვარ, ქმარი მყავს. როგორ უნდა ვუღალატო ჩემს მოღალატე ქმარს, რომელიც ყოველდღე ახალ ქალში მცვლის? მერე რა, ის კაცია და ეპატიება. მე კი ქალი ვარ და ღალატს არავინ მაპატიებს. მე ბოლომდე ერთგული უნდა ვიყო!

როგორც კი იქ, ზეცაში ამას გაიგებენ, გაგიჟდებიან. ეს რა ხდება? რა უარიო, რის უარიო? ვიღაც მაგიდიდან თეატრალური ჟესტით გადაყრის პროექტის ფურცლებს, რომლის წერაში ღამეები უთენებია და უკმაყოფილო ყვირის, რომ ასე მუშაობა არ შეუძლია! ჯგუფის უფროსი იბარებს თანამშრომლებს, იწყებს გამოკითხვას, ვინ დაუშვა პროექტის შესრულებისას შეცდომა, სად რა გაიპარა, ვინაა დამნაშავე? რადგან საქმე არგამოვიდა, ვერც პრემიას მიიღებენ კრეატიული ზეციერები და ვერც შვებულებას ეღირსებიან! უფროსის საბოლოო ვერდიქტი ასეთია… _ იონა გაჩუმდა.

_ მერე? _ ვერ მოითმინა ლიზიმ და შეფიქრიანებულმა გახედა მამაკაცს.

_ მერედა ის, რომ ნუ განვარისხებთ სამყაროს. იქ, ზეცაში, რეალურად ცდილობენ ჩვენს დახმარებას. ღამეებს ათენებენ და შვებულების გარეშე მუშაობენ. მოდი, ნუ შევუშლით ხელს. დაე, იმათაც შეძლონ დავალებების პირნათლად შესრულება… აი, ამის თქმა მინდა, ლიზი.

ქალს კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. სულ გადააავიწყდა, რომ ეჩქარებოდა და სამსახურში აგვიანდებოდა. ისიც გადაავიწყდა, რომ იქ ნანკა ელოდებოდა პერსპექტიული წინადადებით. იჯდა მანქანაში, ხელები შიშველ მუხლებზე დაეწყო და ღრმად ჩაფიქრებულიყო.

მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან, როცა იონას ხელის შეხება იგრძნო _ მამაკაცს ყინულივით ცივი ხელი ჰქონდა.

_ თუ ახლა უარს მეტყვი, ვეღარასდროს მნახავ. აქ და ამწუთას დავსვამ წერტილს და ყველაფერს დავამთავრებ.

ლიზიმ კვლავ ხელისგულებში მოიქცია სახე. ასე იჯდა კარგა ხანს. მერე რაღაც უცნაური ხმა ამოუშვა, ზმუილისმაგვარი, ხელები ჩამოუშვა, იონას გახედა და ხმადაბლა, ძლივს გასაგონი ხმით თქვა:

_ კარგი, ოღონდ დღეს არა. დღეს გამიშვი და სხვა დროს შეგხვდები. რაღაცას მოვიფიქრებ. უნდა იყოს რამე გამოსავალი, რომელიც არ შემაფერხებს მუშაობაში. დღეს ნანკამ მითხრა, უნდა დაგაწინაუროო. არ მინდა დავაღალატო, ისედაც ბევრი გააკეთა იმ ქალმა ჩემთვის. მე ახლა სულ სხვა ცხოვრებას ვიწყებ და შემაფერხებელი გარემოებები არ მჭირდება, გესმის?

_ ამისთვის მე ვიზრუნებ.

_ როგორ იზრუნებ, როგორ! _ ტირილნარევი ხმით დაიწუწუნა ლიზიმ, _ როგორ წარმოგიდგენია ჩვენი შეხვედრები, ა? ან როგორ უნდა მოვახერხო სამსახურიდან გამოსვლა, ან რა უნდა ვთქვა, რამდენიმე საათით რომ დავიკარგები, ან რა სიხშირით უნდა მოხდეს ეს… მე ვერ წარმომიდგენია და შენი არ ვიცი. სულაც არ მინდა ვინმეს საჭორაო საბაბი მივცე, ისედაც არ მიყურებენ კარგი თვალით ზოგიერთები.

_ მე მოვაგვარებ ამ ყველაფერს, შენ მაგაზე არ ინერვიულო. ისე გავაკეთებ, რომ არც შენ დაზარალდე და არც შენი სამსახური.

ქალმა გაოცებული მზერა მიაპყრო.

_ და როგორ?

_ სრულიად ჩვეულებრივად. შენ რა, სულ პანსიონში აპირებ ცხოვრებას? აგერ სექტემბერიც მოვა, სკოლა დაიწყება. იქიდან აქამდე ბავშვი ყოველდღე როგორ უნდა ატარო სკოლაში წინ და უკან? მე უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. მიხვალ ახლა სამსახურში და ნანკა როგორც კი დაგნიშნავს მენეჯერად, უთხარი, საცხოვრებლად სოფელში გადავდივარ-თქო. იქ ვიქირავებ ერთ პატარა სახლს ან სულაც ვიყიდი. მოიცა, არ შემაწყვეტინო!.. ვიცი, რასაც ვამბობ. შენ და ბავშვი იქ გადახვალთ საცხოვრებლად, მე კი თქვენთან სტუმრად მოვალ მაშინ, როცა შენ გეცლება. ერთი სიტყვით, მენეჯერი რომ გახდები, ღამისთევა არ მოგიწევს. დღის საათებში იმუშავებ, საღამოს კი თავისუფალი იქნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეხვედრას შევძლებთ. მე გვიან მოვალ ხოლმე, მაგრამ არა ყოველდღე, რომ შენ უფრო თავისუფლად იყო და ჩემი ყოველდღიური ვიზიტის გამო არ ინერვიულო.

ლიზი მთელი სისწრაფით მოჰყვა თავის ქნევას.

_ არ ვიცი, არ ვიცი, იო…

_ სამაგიეროდ, მე ვიცი. არ შეიძლება ორ დაკარგულ სულს, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს, შეხვედრის შესაძლებლობა მოვუსპოთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ლიზი, ერ-თად! სხვანაირად არ შეიძლება. რადგან ღმერთმა ერთმანეთს შეგვახვედრა, ეს იმის ნიშანია, რომ მას ასე უნდოდა და ნუ გავანაწყენებთ. იმ კრეატიულ ჯგუფს, ზეცაში ჩვენი ოცნებების ახდენაზე რომ მუშაობს, ნუ ჩავუგდებთ პროექტს, _ ღიმილით დაამთავრა იონამ, ლიზის ხელს დასწვდა და ეამბორა.

მის სიტყვებზე ქალსაც გაეღიმა. ამ ღიმილმა გაათამამა მამაკაცი, მოულოდნელად ხელი მოხვია თავის ოცნებას, მთელი ძალით თავისკენ მოიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.

ლიზიმ წინააღმდეგობის გაწევა ვერც მოასწრო და არც უცდია. თვალები მილულა და აკვნესებული მიესვენა მამაკაცის მკლავებში. თუმცა მისი სისუსტე მხოლოდ წამიერად გაგრძელდა. მაშინვე გამოფხიზლდა, როგორც კი იონამ ხელები მის მკერდზე ააფათურა და ხელი ჰკრა გაოგნებულს:

_ ახლა არა, გთხოვ, ახლა არა! ხომ გთხოვე!

_ მართალი ხარ… ახლა არა… ასე არა… _ წარმოთქვა თვალებამღვრეულმა მამაკაცმა, ქალს ხელი შეუშვა და სავარძელში გასწორდა.

რამდენიმე წუთი დასჭირდა ლიზის თავის მოსაწესრიგებლად, მერე იონამ მანქანა დაქოქა და სოფელში დაბრუნდნენ…

 

ლიზი სახლიდან გაიპარა თუ არა, თამუნა საცხოვრებლად ლექსოსთან გადავიდა. საჭმლის მომზადება დიდად არ ეხერხებოდა, ამიტომ პირველ ხანებში ლექსო კარნახობდა, რომელი კერძი როგორ მოემზადებინა, რა საკაზმი გამოეყენებინა და რამდენ ხანს უნდა ეხარშა. როგორ ეზარებოდა თამუნას ეს ოჯახური ვოიაჟი, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. თუმცა ქმარი კმაყოფილი იყო, საღამოობით დროზე ბრუნდებოდა შინ და საყვარელი ქალის ალერსით ტკბებოდა. თითქოს ძველი დრო დაბრუნდა, როცა ლიზი შეირთო ცოლად. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პირველი ცოლი უფრო მეოჯახე გამოდგა. ისეთ სადილებს ამზადებდა, თითებს ჩაატანდა კაცი თან. არც სახლის დალაგება ეზარებოდა და არც სამზარეულოში ტრიალი. ამ მხრივ თამუნა უფრო ზარმაცი იყო, ზარმაციც და უცოდინარიც. ისიც კი არ იცოდა, ცოცხი როგორ დაეკავა ხელში და ოთახი გამოეგავა. როგორც კი ოდნავ წინ გადაიხრებოდა, წელი მტკივაო, კვნესოდა. ლექსომაც იპოვა გამოსავალი და გრძელტარიანი პლასტმასის ცოცხი უყიდა, რომ ცოლს დახრა არ დასჭირვებოდა. ცოლს კი ეძახდა თამუნას, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები, რადგან ლიზისთან გაყრა ვერ მოეხერხებინა.

პირველ ცოლს, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერა და ვერ მიაგნო. პოლიციაში უამრავი ნაცნობი ჰყავდა, მაგრამ ვერა _ ლიზის ასავალ-დასავალი, დრო გადიოდა და გაურკვეველი რჩებოდა.

საშინლად ბრაზობდა ლექსო, ისე იყო გამწარებული, დაიგინა, კიდევაც დავშორდები ოფიციალურად და ბავშვსაც წავართმევო. ამაზე თამუნას გული უსკდებოდა. სულაც არ სურდა სხვისი შვილი გაეზარდა, მით უფრო, რომ თავისას ელოდებოდა.

მუცელი ნელ-ნელა წამოეზარდა. სამოდელო სააგენტოდან წამოვიდა. რაღა დროს მოდელობა იყო, წონაშიც მოიმატა და მუცელიც თანდათან უფრო და უფრო დაეტყო. დროის უმეტესობას შინ ატარებდა, რადგან ზაფხული იყო და ლექციები ჯერ არ დაწყებოდა.

საღამოობით, როცა ლექსო დაბრუნდებოდა, ივახშმებდნენ და შემდეგ სასირნოდ გადიოდნენ სუფთა ჰაერზე. ორსულობის მხრივ ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ერთადერთი, რაც ექიმმა ურჩია, ფეხით სიარული იყო, რაც შეიძლება მეტი უნდა ესეირნა და წონაში ბევრი არ მოემატა _ სხვა დანარჩენი რიგზე ჰქონდა.

მეოთხე თვეში რომ გადადგა და ექოსკოპიაზე უთხრეს, ბიჭიაო, სიხარულისგან ლამის გაგიჟდა. ლექსოც გახარებული იყო, ადგილს ვერ პოულობდა. თამუნას ორმაგად უხაროდა. გარდა იმისა, რომ გვარის გამგრძელებელს აჩუქებდა ქმარს, ლიზისაც ხომ გადაუჯოკრა _ მან ლექსოს ვაჟი ვერ გაუჩინა. მეორე ცოლმა კი ეს მოახერხა. ქვეცნობიერში თითქოს ეჯიბრებოდა ლიზის, უნდოდა, მასზე ბევრად უკეთესი ცოლი ყოფილიყო.

მაგრამ ნელ-ნელა ისე დამძიმდა, რომ არც სამზარეულოში ტრიალი შეეძლო და არც სახლის დალაგება. ლექსო იძულებული გახდა, დამლაგებელი დაექირავებინა. მართალია, ბავშვი უკვე იძრა მუცელში, მაგრამ რატომღაც ტოქსიკოზი მაინც გაუგრძელდა თამუნას. ოდნავ გამძაფრებულ სუნზე გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ საკვებს საერთოდ ვეღარ ეკარებოდა, მაგალითად, ხორცს, თევზს… თითქმის ვეგეტარიანელი გახდა, მხოლოდ რძის ნაწარმზე არ ამბობდა უარს.

თიკო ყურადღებით ადევნებდა თვალს ლექსოს ოჯახურ იდილიას. გულზე სკდებოდა, ასეთი სიმპათიური და მდიდარი სასაყვარლე კანდიდატი რომ ეცლებოდა ხელიდან. ახლა იმაზე ფიქრობდა, რამე მოეგონებინა, რათა თამუნასა და ლექსოს შორის კუდაპრეხილ შავ კატას გაერბინა.

ვერაფერიც ვერ მოიფიქრა. თამუნას ვერ დაუმეგობრდებოდა, ლექსო ამის არც საბაბს იძლეოდა, არც საშუალებას. ერთხელაც არ დაპატიჟა ზაზა და მისი ცოლი სტუმრად. თავად ვერ გამოიჩენდა ინიციატივას, ამით ლექსოს უარესად გააღიზიანებდა.

როცა არაფერი გამოვიდა და ახალ ოჯახს ვერანაირად ვერ მიუდგა, გადაწყვიტა ისევ ლექსო მოეხელთებინა სადმე, მოყუჩებულ ადგილას და საწადელისთვის ამ გზით მიეღწია.

ამასობაში ახალდაოჯახებულებმა თამუნას სოფელი მოიარეს. ლექსომ სიდედრ-სიმამრი გაიცნო. ახალგამომცხვარი ცოლის მშობლები სიხარულით ეზოში ვერ ეტეოდნენ. ჯერ ხომ მთელ სოფელს მოსდეს ქალიშვილის გათხოვების ამბავი _ ასე და ასე, მდიდარ ბიზნესმენს გაჰყვა ჩვენი თამუნა, ქმარი ხელისგულზე ატარებსო. მერე კიდევ წყვილს რესტორანში მოუწყვეს სადღესასწაულო ვახშამი, თანაც ისეთი, გეგონებოდათ, ქორწილიაო.

როდესაც ლექსო რესტორნის დარბაზში შევიდა, გულგახეთქილი შედგა _ იქაურობა სტუმრებით იყო სავსე. ბიძები, ბიცოლები, დეიდები, მამიდები, მათი ქმრები, შვილები და შორეული თუ ახლო ნათესავები… დაახლოებით ორმოცდაათ კაცს მოეყარა თავი. არ ესიამოვნა, მაგრამ აბა, როგორ შეიმჩნევდა. ნაძალადევად უღიმოდა ქალებს, კაცებს დინჯად ართმევდა ხელს და უხერხულობისაგან სიმწრის ოფლში ცურავდა. ორი დღეც ვერ გაძლო იქ. მეორე დღეს, საღამოს, თამუნას გამოუცხადა, სამსახურში სერიოზული პრობლემებია, ზაზამ დამირეკა და უნდა წავიდეთო.

ჩამოსულს მართლაც დახვდა პრობლემა _ თიკო. ამ უკანასკნელმა უკვე მოიფიქრა, როგორ შეეტყუებინა მამაკაცი თავის საწოლში. თანაც, კარგად დაამთხვია, ზაზა სამდღიან მივლინებაში იყო წასული ბათუმში.

სულ რაღაც ერთი საათის ჩამოსულები იყვნენ თამუნა და ლექსო, თიკომ მამაკაცს მობილურზე რომ დაურეკა.

_ გცალია, ცოტა ხნით რომ გამოხვიდე? _ დაღლილი და მოწყენილი ტონით დაიწყო თიკომ, ვითომ ლექსო სულაც არ აინტერესებდა.

_ რა ხდება? _ უხეშად შეეკითხა მამაკაცი და სამზარეულოში შეიკეტა, რომ თამუნას არ გაეგონა.

_ საქმე მაქვს შენთან.

_ რა საქმე? თავს არ დამანებებ?

_ დანებებული არ ხარ? გგონია, რამეს გთხოვ? შენს სასიკეთოდ ვირჯები, თორემ სულ არ მაინტერესებ. ძალით შარვლის ტოტებს რომ არ დაგახევ, ხომ იცი?

_ სად ხარ?

_ სად ვიქნები, სახლში ვარ. თუ შეძლებ, ცოტა ხნით გამოდი.

_ მითხარი, რა გინდა, _ ღრმად ამოიხვნეშა ლექსომ და კარისკენ გაიხედა, ცოლი არ მომადგესო, მაგრამ თამუნა მგზავრობით ისე იყო დაღლილი, მიწვა თუ არა საწოლზე, მაშინვე ჩაეძინა.

_ ლიზიზე უნდა გელაპარაკო.

_ და რა უნდა მელაპარაკო? _ გაღიზიანდა მამაკაცი.

_ ვიცი, სადაცაა. მისამართი არ გინდა? თუ არ გაინტერესებს, სულ კარგად იყავი, _ ნიშნის მოგებით ჩასძახა ქალმა ტელეფონში და გათიშა.

ლიზის ადგილსამყოფელიო? რას ჰქვია, არ აინტერესებდა. სწორედ ამის გაგება უნდოდა აი, უკვე მერამდენე თვეა. მაშინვე საპასუხო ზარი გაუშვა, მაგრამ თიკომ არ უპასუხა. ესეც ერთგვარი მანევრი იყო, რაც ქალმა წინასწარ გათვალა. ახლა რომ დალაპარაკებოდა, მამაკაცი ტელეფონზევე მოსთხოვდა მისამართს, ეს კი თიკოს გეგმებში არ შედიოდა. კეთილი ინებოს და გამოვიდესო, ჯიბრიანი ღიმილით დასცქეროდა მობილურის განათებულ ეკრანს და ორი თითით ქვედა ტუჩს იკეცავდა.

მისმა ეშმაკობამ გაჭრა. ლექსოს მოთმინების ფიალა აევსო. ღამე არ დაეძინებოდა, ლიზის მისამართი რომ არ გაეგო.

საძინებელში შევიდა, რათა თამუნა გაეფრთხილებინა, ნახევარი საათით გავალ და ეგრევე მოვბრუნდებიო, მაგრამ გოგონას უკვე ღრმა ძილით ეძინა. აღარ გააღვიძა, წელზემოთ ტიტველმა პერანგი ჩაიცვა და სახლიდან გავარდა. იმედი ჰქონდა, რომ თამუნას გაღვიძებამდე მოასწრებდა შინ დაბრუნებას.

ზაზას ბინის კარზე დაკაკუნებაც არ დასჭირვებია. თიკომ ჩასაფრებულივით მაშინვე გაუღო კარი და მამაკაცი ღიმილით შეიპატიჟა.

_ რატომ არ მიპასუხე, რომ გირეკავდი? _ ლექსო ჰოლში გაიხიდა და წინ ნაბიჯი აღარ წადგა.

_ იმიტომ, რომ გამაბრაზე. ბოლო დროს ძალიან მაბრაზებ.

მამაკაცმა უკმაყოფილო სახე მიიღო, უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამ ქალის პრეტენზიები.

_ მეჩქარება, მალე უნდა წავიდე. თამუნა სახლში მარტოა.

_ მერე რა? მოიტაცებენ თუ? დაგელოდოს. ცოლი იმისთვისაა, რომ ქმარს დაელოდოს.

_ ეგ შენ არ გეხება.

_ ეგრე ლიზის რომ გაფრთხილებოდი, დღეს სახლში გეყოლებოდა.

_ გითხარი ერთხელ, ეგ შენ არ გეხება-მეთქი. მეტყვი თუ არ მეტყვი, ლიზი სადაა? თუ მომატყუე?

_ არა, არ მომიტყუებიხარ. მართლა ვიცი სადაცაა.

_ საიდან იცი?

_ შემოდი და გეტყვი, _ თიკო თავისას არ იშლიდა.

როცა ლექსო მიხვდა, რომ ქალს სხვანაირად ინფორმაციას ვერ გამოსტყუებდა, სასტუმრო ოთახში შევიდა.

_ დავლიოთ? _ თიკომ ღვინით სავსე ორი ბოკალი აიღო და ერთი ლექსოს მიაწოდა.

_ ვერ დავლევ, მანქანით ვარ.

_ უფ! როდის იყო შენ ამას უშინდებოდი? ჯერ არ დაგილევია, აი!

_ თიკო!

_ სხვათა შორის, გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, შენ კი დაგავიწყდა.

ლექსომ ჩაიცინა.

_ სიმართლე გითხრა, არც არასდროს მცოდნია, როდისაა შენი დაბადების დღე. ზაზა მეტყოდა ხოლმე და მისგან ვიგებდი. ასე რომ, მეპატიება ამ მიზეზითაც და იმ მიზეზითაც, რომ ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და სხვა ქალები არ მახსენდება, _ დაგესლა მამაკაცმა.

_ და არც გაინტერესებს… მესმის შენი, _ ირონიული ტონით მიუგო თიკომ, _ მაგრამ დავიჯერო, არ მადღეგრძელებ?

_ მაჯობე! მაგაზე კი ვერ ვიტყვი უარს, მთლად ეგეთი ნაძირალაც არ ვარ…

_ მაშინ მე გამიმარჯოს ჩემი ოცდაცხრა წლით, _ ღიმილით მიუჭახუნა თიკომ თავისი ბოკალი ლექსოსას და ბოლომდე დაცალა.

მამაკაცმაც დალოცა და მიჰბაძა _ სასმელი ძირამდე დაიყვანა.

_ რაცაა ესაა, იმედია, მაინცდამაინც ამ საღამოს არ გამაჩერებენ, _ თქვა და უეცრად დაიჯღანა, _ რა მწარე გემო დაჰკრავს, რა ღვინოა?

_ ზაზას მოუტანეს ამას წინათ. რა მწარე, რას ამბობ, მწარე კი არა, ნამდვილი წარაფია, _ გაიცინა ქალმა, _ ბანგივით მოქმედებს, _ დააყოლა და იქედნურად ჩაიცინა.

ლექსომ ღრმა თეფშისკენ გაიწვდინა ხელი, რომელშიც დაჭრილი ხილი ელაგა, რათა ღვინის მჭახე გემო როგორმე გაენეიტრალებინა. იფიქრა, ხილს მაინც დავაყოლებო, მაგრამ მოულოდნელად ქუთუთოები დაუმძიმდა. გაოცებული მზერით ალმაცერად გადახედა მოღიმარ ქალს, რომელსაც დოინჯი შემოეყარა და ქვემოდან ასცქეროდა.

_ რაღაც ჩამიყარე, არა?

_ რაღაც კი, _ თქვა თიკომ და ტუჩები მოპრუწა.

ლექსომ გემრიელად შეიგინა, კარისკენ ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ იმწუთასვე მოცელილივით იატაკზე გაიშხლართა.

_ საქმე გაჩარხულია, _ მშვიდად წარმოთქვა ქალმა, _ დანარჩენი ტექნიკის საქმეა…

 

როცა ლექსომ თვალები გაახილა, უკვე დილა იყო. აივნის ღია კარიდან შემოსული მზის სხივები გამეტებით უჭყიტინებდნენ თვალებში. მამაკაცმა ხელი მოიჩრდილა, თავიდან ვერ მიხვდა, სად იმყოფებოდა და როგორც კი გაიაზრა, ელდა ეცა. აბრეშუმის ზეწარი ასწია და გაშრა _ სრულიად შიშველი იწვა ლოგინში. წარმოიდგინა, ამწუთას ოთახში ზაზა რომ შემოსულიყო, რა დღეში ჩავარდებოდა. საწოლიდან წამოფრინდა და თავის ტანსაცმელს დაუწყო ძებნა. ისე სწრაფად მოუწია წამოწევამ, რომ თავბრუ დაეხვა. ისე სტკიოდა თავი, ლამის გასკდომოდა. თიკოს მისი შარვალი და პერანგი სკამზე აკურატულად გადაეკიდა. მამაკაცი გამალებით შეუდგა ჩაცმას, თან ერთდროულად ზაზაზეც ფიქრობდა და თამუნაზეც.

შარვალი რომ ამოიცვა, უკანა ჯიბეში მობილური მოსინჯა. ის იქვე იდო, მაგრამ გამორთული. ალბათ ესეც იმ ალქაჯის ნამოქმედარიაო, გაიფიქრა და კარს ეცა. სამზარეულოდან ხმაური შემოესმა და იქით გავარდა.

_ თიკო! _ დაუძახა გაზქურასთან მოფუსფუსეს.

ქალმა პასუხი არ გასცა, თითქოს არც გაუგონიაო.

_ თიკო! _ უფრო ხმამაღლა გაიმეორა ლექსომ, ორი ნახტომით მასთან მიიჭრა, მაჯაში სტაცა ხელი და მთელი ძალით მოუჭირა ხელი.

_ გამიშვი, მეტკინა, შე მხეცო! _ კვნესით ამოთქვა თიკომ, მაგრამ მამაკაცმა მისი მოთხოვნა ყურად არ იღო. პირიქით, უფრო მოუჭირა.

_ რა მოხდა წუხელ აქ? _ ლექსოს ხრიალი აღმოხდა.

_ ყველაფერი, _ ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა და ხელი გააშვებინა.

გამწარებული ლექსო ახლა ყელში ეცა და თითები წაუჭირა.

_ წიწილასავით მიგახრჩობ, შე ბოზო!

_ ე-ე-ე! _ თიკო შეეცადა მისი მარწუხებისგან ყელის გათავისუფლებას, მაგრამ განრისხებული კაცის ღონიერ ხელებთან რას გახდებოდა.

_ გეყოფა, ვიხრჩობი! _ ქალს ხმა ჩაეხლიჩა და სახეზე წამოწითლდა.

ლექსო გონს მოეგო და თიკო თავის ყელიანად ჯერ თავისკენ დაქაჩა, მერე კი წინ უბიძგა და კედელს მთელი ძალით მიახეთქა.

_ ველურო! ახლა სულ დამილურჯდება კანი! _ ისტერიკულად იყვირა თიკომ.

_ აფსუსია, ზაზას შენისთანა ზნედაცემული ცოლი ჰყავდეს! _ დაისისისინა ლექსომ, _ ნაგავი ხარ და მეზიზღები!

_ აი, დარდი! _ თითქოს უდარდელად წარმოთქვა თიკომ, მაგრამ ხმა ისე გაბზარვოდა, აშკარა იყო, რომ შეეშინდა.

_ მე არაფერი არ მახსოვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაფრის თავი არ მქონდა და არ დამიწყო ახლა, წუხელ სექსი გვქონდაო. გეყოს, რაც გააკეთე! თუ გგონია, მაგით რამეს მიაღწევ, მაგრად მოტყუებულხარ!

_ უკვე მივაღწიე, _ მშვიდად თქვა თიკომ, სამზარეულოს ბუფეტს ზურგით მიეყრდნო და ხელები ზურგს უკან დაიწყო.

_ რას, რას, შე კახპავ! _ ლექსომ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა და ის იყო, კვლავ უნდა მივარდნოდა დასახრჩობად, რომ კარზე ზარი დაირეკა.

ლექსო შეკრთა.

_ აი, ისიც! _ წამოიძახა ქალმა და სირბილით გაქანდა კარის გასაღებად.

მამაკაცი სმენად იქცა. ვაითუ ზაზას დაურეკა და ძმაკაცი თავზე დამაყენაო… ვერ გათვალა… წინ უარესი ელოდა… ორიოდე წუთში სამზარეულოს ფარდა გადაიწია და… თამუნა გამოჩნდა. გოგონას თვალები ტკივილით ავსებოდა. აღელვებულს ორსულობისგან გაფუებული მკერდი ღრმად აუდიოდ-ჩაუდიოდა.

_ თამო! შენ საიდან გაჩნდი აქ? ვინ გითხრა, სად ვიყავი?

_ ამან! _ ორაზროვნად მიუგო თამუნამ და მობილური ასწია.

ეკრანზე შიშველ თიკოს შიშველი ლექსო ეხვეოდა… თუ პირიქით… ლექსომ ბოლომდე ვერ მოასწრო ვიდეოფაილის ნახვა, მხოლოდ ხმა ესმოდა… გახშირებული სუნთქვის და კვნესის ხმა… ქალის კვნესის…

_ სულ კარგად ბრძანდებოდე! _ კბილებში გამოსცრა თამუნამ, მამაკაცს მობილური ტელეფონი სახეში ესროლა და გავარდა.

_ თამო, მოიცა! _ დაედევნა ლექსო, _ ეს ტყუილია, დამაცადე, ყველაფერს აგიხსნი! _ მისდევდა ჰოლისკენ მიმავალ ცოლს მამაკაცი, მაგრამ ვეღარ დაეწია, რადგან უეცარი თავბრუდახვევა იგრძნო, გულისრევის შეგრძნებაც დაეუფლა, მერე თვალთ დაუბნელდა და მოულოდნელად ირგვლივ სრული სიბნელე ჩამოწვა…

მამაკაცმა გონი დაკარგა…

სანამ გამოერკვეოდა, ხმები გაიგონა:

_ რისი ბრალი უნდა იყოს?

_ როგორც ჩანს, რაღაც ძლიერი დასაძინებელი საშუალება მისცეს, თანაც დიდი დოზით. უფრო ალბათ ფსიქოტროპული. საშიში არ არის, საღამომდე გამომჯობინდება. რეცეპტი აგერაა, ახლავე შეიძინეთ ეს წამლები და დანიშნულების მიხედვით მიეცით. არ ინერვიულოთ, გოგონი, თქვენთვის ამ მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება. რაც მთავარია, საშიშროებამ გაიარა, კუჭი ამორეცხილია, გონებრივი დაზიანებები არ გვაქვს. თქვენი მეუღლე კაჟივით ჯანმრთელია, ასე რომ, ყველაფერი რიგზე იქნება.

ამის გაგონებაზე ლექსომ ღრმად ამოიხვნეშა და თვალები გაახილა.

_ აჰა, რას გეუბნებოდით? გამოფხიზლდა ჩვენი ვაჟკაცი. აბა, როგორ გრძნობთ თავს, ბატონო ალექსანდრე?

_ კარგად, _ ხმადაბლა წარმოთქვა, _ უბრალოდ, თავი მაქვს გაბრუებული.

_ ეგ გაგივლით. რამე ტკივილს ხომ არ უჩივით?

_ არა, _ მიუგო მამაკაცმა და მზერა ცოლისკენ გადაიტანა.

ტირილისგან თვალებდაწითლებულ თამუნას თეთრი ხალათი მოეცვა და მეორე საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გონს მოვიდა, ადგილიდან არ დაძრულა.

_ თამო… მაპატიე, ჩემი ბრალი არ ყოფილა… _ ძლივს წარმოთქვა და გაუკვირდა, ეს ენა რაღამ დამიბორკაო.

როცა ხელი ტუჩებზე მიიდო, ექიმი მიუხვდა, რაც აწუხებდა ავადმყოფს და გაუღიმა:

_ ეგ წამლის ბრალია, ენას აბრუებს. ორ წუთში გაგივლით. _ მერე თამუნას მიუბრუნდა, _ მოკლედ, წნევა ნორმაშია, სისხლის ანალიზში ცვლილება არ არის და ტკივილებსაც არ ვუჩივით. მოდუნება ნახევარ საათში სრულიად გაუვლის და შეგიძლიათ შინ წაიყვანოთ. _ თქვა სათვალიანმა პუტკუნა ქალმა, წამოდგა და ტუმბაზე შემოდებული ფონენდოსკოპი ხელში აიღო, _ პაციენტისთვის აუცილებელია სიწყნარე და წოლითი რეჟიმი ერთი-ორი დღე მაინც. ნახვამდის!

_ დიდი მადლობა, ექიმო!

_ მადლობა ამის ორგანიზმს გადაუხადეთ. იმას კი არ აპატიოთ, რაც გააკეთა, _ ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა ექიმმა და გავიდა.

კარგა ხანს არც ერთი იღებდა ხმას და არც მეორე. ბოლოს, როცა სიჩუმე გაუსაძლისი გახდა, ლექსო ალაპარაკდა:

_ მიხვდი ხომ, რაც მოხდა?

თამუნამ თვალი თვალში გაუყარა, მაგრამ არ უპასუხა.

_ მომატყუა მაგ ჩათლახმა, ლიზის მისამართს მოგცემო და სასმელში რაღაც ჩამიყარა.

_ ჯერ ერთი, არ მოუტყუებიხარ, რადგან მისამართი შენს საფულეში ვიპოვე, როცა ფულს ვიხდიდი. მეორეც, იმ ქალს რატომ აბრალებ შენს სისუსტეს? რატომ დალიე, თუ მასთან დაწოლა არ გინდოდა?

_ თამუნა! გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? ის ჩემი საუკეთესო მეგობრის ცოლია. როგორ გგონია, ვგავარ ისეთ კაცს, ამას რომ იკადრებდა?

_ ახლა რასაც ჰგავხარ, მაგას აღარ ვიტყვი, მაგრამ როცა მასთან ერთად სვამდი, თანაც იმ დროს, როცა მისი ქმარი შინ არ იყო, ვერ გეტყვი, რისი მკადრებელი იქნებოდი და რისი არა, _ გოგონა წამითაც ვერ მოალბო ლექსოს არგუმენტებმა. ადგა, ხალათი მხრებიდან მოიძრო, იქვე საწოლზე მიაფინა და კარისკენ მიმავალმა უკანმოუხედავად წარმოთქვა:

_ ნახევარ საათში შეგიძლია სახლში წამოხვიდე. დანარჩენი იქ ვილაპარაკოთ!

მამაკაცმა მწარედ დაიგმინა, კბილები გააკრაჭუნა და თავი ბალიშში ჩარგო…

მიხვდა, რომ დღეიდან თამუნას თვალში ნდობის აღდგენა ძალზე გაუჭირდებოდა, თუნდაც ცოლს ეპატიებინა წუხანდელი ღამე…

დიდი ძალისხმევა დასჭირდა ლექსოს, თამუნა თავის სიმართლეში დაერწმუნებინა. გოგომ არაფრით არ დაიჯერა, რომ ლექსო თიკოსთან გასართობად არ იყო მისული.

_ მაშინ ეს რა არის, ამიხსენი! _ ბოლო ხმაზე ყვიროდა მამაკაცი და ლიზის მისამართიან ფურცელს ცოლს ცხვირწინ უფრიალებდა.

_ ეს მხოლოდ საბაბია, რომ მასთან მისულიყავი, _ თავისას არ იშლიდა თამუნა.

_ დავიღალე უკვე, შენი უნდობლობით დავიღალე, _ ხელი აიქნია ლექსომ, _ თუ არ გჯერა, შეგიძლია მიბრძანდე, სდაც გაგიხარდება!

ამ სიტყვებზე თამუნა შეკრთა. არ ელოდა, თუ ასე ადვილად დათმობდნენ. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. არა, აქედან წასვლა ნამდვილად არ უნდოდა, მით უფრო, ცხვირამდე მუცელწამოზრდილს. გარდა ამისა, ქმარი უყვარდა. იმწუთასვე სხვა კუთხიდან შეხედა სიტუაციას. განა რა მოხდა ისეთი? დიდი ამბავი, თუ სხვა ქალთან დაწვა. ან კი მართლა იწვა? იქნებ ცდება და ტყუილად უკირკიტებს?

ერთხანს გასუსული იჯდა და ქმარს თვალებში შესცქეროდა. მამაკაცი არ განძრეულა.

_ რას მიყურებ? _ ტონი არ შეუცვლია მამაკაცს, _ ვერ გაიგონე, რა გითხარი?

_ სახლიდან მაგდებ? _ ხმადაბლა იკითხა თამუნამ.

ლექსომ მხრები აიჩეჩა.

_ აბა, თუ ჩემი არ გჯერა და ვეღარ მიტან, სხვა რა დამრჩენია? რა გინდა, თან ჩემ გვერდით იცხოვრო და თან სისხლი გამიშრო?

თამუნას კრინტი არ დაუძრავს. მრისხანედ გადახედა ქმარს, უეცრად წამოხტა, საძინებელში შევარდა და გარდერობიდან ტანსაცმლის გამოლაგებას შეუდგა.

ლექსო ერთხანს დაელოდა, სადაც იჯდა, იქ დარჩა, მაგრამ როცა ცოლმა ოთახიდან გამოსვლა გააჭიანურა, ადგა და ნელი ნაბიჯებით კარის ზღურბლს მიუახლოვდა.

თამუნა სამგზავრო ჩანთაში გაჯავრებული სახით ალაგებდა თავის ნივთებს.

_ რაო, მიდიხარ? _ გესლიანად ჰკითხა ლექსომ.

პასუხი არ მიუღია.

_ ხომ იცი, რომ ინანებ. თუ ახლა აქედან გახვალ, მერე ვეღარ შემოხვალ.

_ ნუ მემუქრები, _ თავისთვის არ აუწევია, ისე მიუგო ცოლმა.

მიხვდა ლექსო, თამუნა წამსვლელი იყო, ამიტომ გვერდით მიუჯდა და ხელი დაუჭირა.

_ გეყოფა. ვიჩხუბეთ და დავამთავროთ. მართლა არ ვარ დამნაშავე, უნდა დამიჯერო. როგორ ფიქრობ, ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, წამალს რატომ ჩამიყრიდა სასმელში? მასთან რამე რომ მქონოდა, შენ კი არ აგირჩევდი, მას ავირჩევდი და ახლა ჩემ გვერდით ხვდები ალბათ, ვინც იქნებოდა.

თამუნა დანებდა. კი, სჯეროდა, რასაც ქმარი ეუბნებოდა, მაგრამ თან გული ეთანაღრებოდა. ბოლომდე მაინც უჭირდა მის უდანაშაულობაში დარწმუნება.

_ შევრიგდით? _ შერბილებული ტონით შეეკითხა მამაკაცი და ცოლს ხელი ქედზე მოხვია.

გოგონამ თავი ოდნავ დააქნია.

_ შევრიგდით. ძალიანაც კარგი. მოდი, დღეიდან იცი, რა ვქნათ? ამ თემას საერთოდ არ შევეხოთ. არასდროს ვილაპარაკოთ ამაზე, კარგი? თიკო საბოლოოდ ჩაჰბარდა წარსულს. ეს დაიმახსოვრე. სულ რომ გაწყდეს საქალეთი დედამიწაზე, მას სიახლოვეზე არ გავეკარები. პირობას ვდებ!

მართალია, თამუნამ დაიჯერა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, ქმარს მკერდზე მიადო თავი და გაიტრუნა…

 

ლიზი ნანკამ მეორე დღესვე დააწინაურა და თანამშრომლებს იგი ახალ ამპლუაში წარუდგინა. თანაც ყველა მკაცრად გააფრთხილა, ვინმეს უკმაყოფილება რომ შევამჩნიო ან რამე არასასიამოვნოს მოვკრა ყური, მაშინვე ნებისმიერს სამსახურიდან დავითხოვო. ლიზი დაძაბული ადევნებდა თვალს ამ სცენას და გოგოებს ყურადღებით აკვირდებოდა. არ გამოჰპარვია ლანას, ესმასა და ირმას შურიანი მზერა. განსაკუთრებით ლანასი, _ ბოღმით გავსებოდა მსუქანი სახე.

მიუხედავად ამისა, მაშინვე ახალი შემართებით შეუდგა ახალ საქმიანობას. თითქოს მოუხდა კიდევაც თანამდებობა. ქუსლებზე შედგა, გაიპრანჭა, მაკიაჟი გაიკეთა. ისეთ ფორმაში ჩადგა, იქაურები თვალს ვერ აცილებდნენ. თანამშრომელი გოგონები შურით აყოლებდნენ დერეფანში მიმავალს მზერას, მამაკაცები კი ვნების ნერწყვს ყლაპავდნენ.

როგორც იონამ დაარიგა, ლიზი ისე მოიქცა. ნანკა სალაპარაკოდ დაიმარტოხელა და უთხრა, სოფელში უნდა გადავიდე საცხოვრებლადო. ნანკა გაოცდა:

_ რატომ, აქ რამე პრობლემა გაქვს? ვინმე ხომ არ გავიწროებს? შენ მხოლოდ მითხარი და დანარჩენი მე ვიცი.

_ არა, არა, მაგის გამო არა. უბრალოდ, ბავშვი სკოლაში უნდა მივიყვანო. აქედან ტარება გამიჭირდება.

_ მერედა, მძღოლი რისთვის გვყავს? დილით წაიყვანს, შუადღეს მოიყვანს.

_ მაპატიე, ნანკა, მაგრამ ბავშვს ვერავის ვანდობ, მით უფრო, უცხო კაცს. ხომ იცი, რა დროა. თანაც შალვა სულაც არ არის ვალდებული, ჩემი შვილი აქეთ-იქით ატაროს. მე თვითონ უნდა მივხედო ჩემს შვილს. სოფელში ვიქირავებ ერთ პატარა ოთახს, რამეს მოვძებნი და გადავალთ. შაბათ-კვირას წავალ, გავიკითხავ, რამე გამოჩნდება. იქნებ ისეთი ვინმე ვიპოვო, მარტოხელა ქალი, რომელიც დღის განავლობაში მარიკუნას მიმიხედავს, სანამ სამსახურში ვიქნები. შენგან დიდად ვარ დავალებული, ამას არ დაგიკარგავ. მინდა გწამდეს, რომ ჩემი სახით ერთგული ადამიანი გყავს გვერდით. არასდროს დაგაღალატებ. მაგრამ უკვე მოვიდა დრო, შენი დიდსულოვნებით არ ვისარგებლო და დამოუკიდებლად შევუდგე ცხოვრებას.

_ გაფიცებ ყველაფერს, ვინმე ხომ არ გყავს? _ გაიცინა ნანკამ.

ლიზი გაწითლდა. სწორედ იქ დააჭირეს ფეხი, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა და მალავდა.

_ აქ ვინ უნდა მყავდეს, რას ამბობ, ნანკა, _ შეეცადა დამაჯერებლად ეთქვა, _ თანაც, სულ არ ვარ ახლა კაცის ხასიათზე. ჯერ განქორწინებულიც არ ვარ.

_ კარგი კარგი, გეხუმრე, რა იყო. ამ მიყრუებულში ვის ნახავს ქალი ნორმალურს. გგონია, არ ვიცი? როგორც შენთვის ჯობდეს, ისე მოიქეცი, მე რა უფლება მაქვს, ხელი შეგიშალო.

ლიზის თითქოს ტვირთი მოეხსნა მხრებიდან. კიდევ კარგი, მეტი არაფერი ჰკითხა. ნეტავ თუ შეამჩნია, როგორ შეაცბუნა მისმა შეკითხვამ? კინაღამ გასცა თავი…

კვირამ მშვიდად ჩაიარა. ლიზი მშვენივრად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. როცა საჭირო იყო, კომპიუტერში ყველაფრის აღრიცხვას აწარმოებდა, როცა საჭირო იყო, თანამშრომლებს აკონტროლებდა და შენიშვნების მიცემასაც არ ერიდებოდა. იცოდა, რომ ბევრს არ მოსწონდა ეს, მაგრამ სხვების აზრს არად დაგიდევდათ.

ნანკას მოსწონდა ლიზის საქმისადმი მიდგომა. სწორედ ასეთი მენეჯერი სჭირდებოდა _ გულწრფელი, მართალი და მკაცრი. ამასთან, საქმის მცოდნე. მართალია, არასდროს ნდომებია, თანაშემწედ ქალი აეყვანა, რადგან ქალებს საერთოდ არ ენდობოდა, მაგრამ ლიზი სხვანაირი იყო. მისი სჯეროდა.

შაბათ საღამოს ლიზის იონამ დაურეკა და უთხრა, ხვალ სოფელში გამოდი, სადაც ერთმანეთს ვხვდებით, იქ ვიქნები და ახალ ბინას განახვებო.

ლიზი შიშმა აიტანა. რა თქმა უნდა, უხაროდა, პანსიონში ლტოლვილივით რომ არ მოუწევდა ცხოვრება, მაგრამ თან შეუცნობელი გრძნობა იპყრობდა, მის გვერდით იონა რომ უნდა ყოფილიყო. ჭორების პანიკური შიში ჰქონდა. ლექსოს ყურამდე რომ მიეღწია ამ ურთიერთობის ამბავს, მისი მდგომარეობა გართულდებოდა. ქმარყოფილს მეტი რა უნდოდა? ისედაც აპირებდა ბავშვის წართმევას და ასე უკეთესი საბაბი მიეცემოდა _ ჩემმა ყოფილმა საყვარელი გაიჩინა და ოჯახიც ამიტომ დაანგრიაო.

კვირას, შუადღემ მოატანა თუ არა, მარიკუნა მზიასთან დატოვა და სოფელში გასასვლელად მოემზადა. ჰოლში გასულმა რესეფშენისკენ გაიხედა, სადაც ლანა და ირმა წამოსკუპებულიყვნენ. ლანამ რაღაც გადაულაპარაკა ირმას და ორივე ახითხითდა.

_ რა იყო, რამე არ მოგწონთ, გოგოებო? _ თვალები დაიწვრილა ლიზიმ და მახვილივით მზერა ესროლა მისკენ მომზირალთ.

_ არა, არაფერი, _ დაიწმაწნა ლანა და ირმას ორაზროვნად გადახედა.

_ ძალიან კარგი, _ დამცინავი ღიმილით წარმოთქვა ლიზიმ და ქუსლების პაკაპუკით გაეშურა გასასვლელისკენ.

კიდევ კარგი, ავტობუსს მიუსწრო. რაღაც წამებში, თორემ დააგვიანებდა. სანამ სოფელში ჩააღწევდა, ეკლებზე იჯდა. ასე ეგონა, ყველა მას უყურებდა და ყველამ იცოდა, სად და რისთვის მიდიოდა. ავტობუსში ძირითადად ჩამოსულები ისხდნენ, ვისაც პანსიონში თავისიანი ჰყავდა, ახლა კი შინისკენ მიეჩქარებოდნენ. სოფლის მცხოვრები ერთი ან ორი თუ იქნებოდა. მათგან ერთს შორიდან იცნობდა _ ეს ქალი ყოველ მეორე დღეს მოდიოდა და თავისი ეზოს პროდუქციას ყიდდა პანსიონის ჭიშკართან _ კიტრს, პომიდორს, ბადრიჯანს, მწვანილებს… დღეს ადრე მორჩენილიყო ვაჭრობას და ამიტომ შუადღის რეისით ბრუნდებოდა სოფელში.

როგორც კი ავტობუსმა ბოლო გაჩერებას მიაღწია, ლიზი დაელოდა, სანამ ყველა ჩავიდოდა და მერეღა ადგა თავისი ადგილიდან. არ უნდოდა ზედმეტად მოხვედროდა ვინმეს თვალში. ჯერ მაღაზიაში შეიარა, მარიკუნასთვის ორი ცალი სნიკერსი და ერთი შეკვრა ჩიფსი იყიდა და მერეღა გადაუხვია საბავშვო ბაღისკენ, სადაც იონა ელოდებოდა.

ამჯერად მამაკაცს ნაძვნარისკენ არ გადაუხვევია, მთავარ გზას დაადგა და სოფლის განაპირას გავიდა, სადაც ბექობზე პატარა, ბელეტაჟზე აგებული სახლი იდგა.

_ აი, ჩვენი ახალი ბუდეც! _ მხიარულად წამოიძახა მამაკაცმა და მანქანა გააჩერა.

ლიზიმ სახლს გახედა.

_ ვინ ცხოვრობს აქ?

_ არავინ. მხოლოდ შენ და შენი შვილი იცხოვრებთ და… ხანდახან მეც, _ ღიმილით დააყოლა.

უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ქალს. ვერ წარმოედგინა, ლექსოს გარდა სხვა მამაკაცთან ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ იო მისთვის სხვა სულაც არ იყო.

_ ვინ არის ბინის პატრონი?

_ მე, ვინ უნდა იყოს? _ იომ კარი გამოაღო და ლიზის დაელოდა.

ქალი გაოცებით მიაჩერდა, სულაც არ უცდია მანქანიდან გადმოსვლა.

_ შეენ? რა, იყიდე?

_ ჰო, ვიყიდე. დამეთანხმე, რომ მშვენიერი ადგილია, არც სახლია ურიგო. ცოტა გაუმართავია და ხელის შევლება სჭირდება, მაგრამ მაგას მოვახერხებ. სოფლიდან მოშორებითაა, უცხო თვალი ადვილად ვერ მოგწვდება, სამაგიეროდ აგერ, გაიხედე! სკოლასთან ახლოს იქნებით! _ და მამაკაცმა ხელი მოშორებით მდგარი ორსართულიანი შენობისკენ გაიშვირა.

_ როგორ, ასე შორსაა სოფლიდან სკოლა? _ გაიკვირვა ქალმა.

_ შორი სულაც არაა, ეს შენ მოგეჩვენა ასე. ისე ხარ დაძაბული, გეგონა, რომ დიდხანს მოვდიოდით. 900 მეტრია ცენტრიდან, მეტი კი არა. მოსწავლეები აქამდე ფეხით მოდიან, ავტობუსი არ სჭირდებათ. მარიკუნასთვის კი ორი ფეხის ნაბიჯზე იქნება. რა, რამე არ მოგწონს?

_ არა, რატომ… მომწონს… მაგრამ ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი თავი.

_ ჩემი გეუხერხულება? _ მამაკაცი იდაყვში სწვდა.

_ რა ვიცი… _ დაიმორცხვა ლიზიმ.

_ კარგი რა, უცხოები ხომ არ ვართ? წამო, შევიდეთ, ვნახოთ, შიგნით რა ხდება.

სახლს ჩვეულებრივი ჭიშკარი ჰქონდა, ძველებური, როგორც სოფლებში იციან, ლურჯად შეღებილი ქონგურებით, თუმცა ეტყობოდა, წლების წინ რომ შეეღებათ, საღებავი მთლიანად აქერცვლოდა.

_ ამასაც მოვუვლით, _ იონამ ლიზის მზერა დაიჭირა, ჭიშკარს რომ ათვალიერებდა.

ეზო ხეხილით იყო სავსე. სახლთან ახლოს, ვეებერთელა თუთის ძირში მიწა მოესწორებინათ და ფანჩატური გაეკეთებინათ. იქვე საქანელა და ჰამაკი ეკიდა. ჰამაკის ზოლებიანი ნაჭერი უკვე გახუნებულიყო.

_ აქ ვინ ცხოვრობდა? _ დაინტერესდა ქალი.

_ ერთი ბებო, მოხუცი, მოხუცი, აი, ასეთი პატარა და მოხრილი, _ ხელისგულები ერთმანეთს მიადო იონამ, _ მაგრამ სიბერისგან გარდაიცვალა. ერთი წელია, აქაურობა ცარიელია და იყიდება.

მამაკაცმა ქვის კიბის ექვსი საფეხური აიარა და კარი ისე შეაღო, გასაღები არ უხმარია.

_ ღიაა? _ გაუკვირდა ქალს.

_ დილით ვიყავი და ღია დავტოვე. რა, გგონია, ვინმე შემოვა? მთელი კვირა ღია რომ დატოვო, არავინ შემოვა, ამის არ შეგეშინდეს. აქ ასეთები არ იციან. არც წასაღებია რამე, რომც მოინდომოს ვინმემ გაქურდვა.

_ ხო, ეს გასაგებია.

შიგნით ისეთი სისუფთავე დახვდა ლიზის, გაოცება ვერ დამალა.

_ სულ არ ეტყობა ამ სახლს, რომ ერთი წელი არავის უცხოვრია.

_ იმიტომ, რომ გუშინ დავალაგებინე, _ სიცილი აუტყდა იოს.

_ ყველაფერი მოგისწრია.

_ მომისწრია, აბა რა! _ სიამაყემ გაიჟღერა მამაკაცის ხმაში. _ აბა, მოგწონს?

_ მშვენიერია, _ ჩურჩულით წარმოთქვა ლიზიმ და ჭერს ახედა.

მართლა ლამაზი სახლი იყო. ჰოლიდან მარცხნივ მდებარე ოთახში შევიდნენ. ოთახი პატარა იყო, ორადგილიანი საწოლი იდგა, გარდერობი, კამოდი, სამგანყოფილებიანი სარკე და ორი სკამი.

_ ეს საძინებელია. ახლა სასტუმრო ოთახი ვნახოთ და კიდევ ერთი სიურპრიზი, _ კიდევ უფრო მეტი სიამაყით წარმოთქვა იონამ, ოთახიდან გამოვიდა და წინ გაუძღვა გაოგნებულ ლიზის.

_ ეს მარიკუნას აპარტამენტი იქნება, _ თქვა და ქალი წინ გაატარა.

პატარა, მოცუცქნული ოთახი ლამაზ ფერებში შეეღებათ _ იქაურობა სულ ვარდისფერი იყო და ღია ნაცრისფერი წვრილი ზოლები გასდევდა. აშკარად ჩანდა, რომ აქ რემონტი ახალი გაკეთებული იყო.

_ ორი დღის წინ დაამთავრეს. ვფიქრობ, მარიკუნას მოეწონება, _ დარცხვენით ჩაილაპარაკა იომ და ქურდულად გახედა ქალს.

პატარა ოთახში პატარა საწოლი იდგა ვარდისფერი გადასაფარებლით, ასეთივე პატარა საწერი მაგიდა ოთხი უჯრით და იმხელა გარდერობი, ბავშვს რომ ეყოფოდა. ერთ კედელზე თაროები იყო ჩამომწკრივებული, რომელზეც სათამაშოები ელაგა _ თოჯინები, კონსტრუქტორები, თოჯინას საწოლი, სათამაშო ეტლი, მანქანებიც კი.

_ ღმერთო ჩემო, რამდენი რამეა! ესენიც შენ იყიდე?

_ ზოგი ვიყიდე, ზოგი… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? წამო! _ აირიდა შეკითხვა მამაკაცმა, ლიზის ხელკავი გამოსდო და ჯერ სამზარეულო დაათვალიერებინა, მერე სააბაზანო. ბოლოს სასტუმრო ოთახში შევიდნენ.

ლიზიმ გაოცებისგან შეჰყვირა _ გრძელი მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი. იქვე ორი საშანდლე იდო წითელი სანთლებით.

_ გაგიჟებულხარ, იო! ეგ როდისღა მოასწარი?

_ შენ ის მითხარი, ხომ არ გეჩქარება? საღამომდე დარჩები ჩემთან? _ ამ სიტყვებით ქალს ხელი მოხვია და მიიზიდა.

_ რა უცნაური კაცი ხარ, _ ჩურჩულით აღმოხდა ლიზის, _ რა ყველაფერს ჩქარობ…

_ რა ვქნა, მე საერთოდ ჩქარა ვცხოვრობ, _ ჩურჩულითვე მიუგო იომ, ქალს თავი აუწია და ტუჩებში აკოცა.

აკოცა ნაზად, მაგრამ ვნებიანად, მოწყურებულად. ქალს მისი ხმამაღალი სუნთქვის ხმა ესმოდა. აღარ გასძალიანებია, მოსახდენი მოხდესო, გაიფიქრა და თვალები მილულა…

 

მართლა საღამომდე დარჩა. ასეთი დღე დიდი ხანია, არ ჰქონია. ყველაფრით კმაყოფილი იყო, მეტი არაფერი უნდოდა. ოღონდაც ლექსოსთან განქორწინებას ჩაევლო მშვიდობიანად და სხვას არაფერს ისურვებდა. ასე მოკრძალებულად ცხოვრება მისთვის სრულიად საკმარისი იყო. თუმცა ახლა ლექსოც არ აშინებდა. ბოლოს და ბოლოს, თუ საქმე გამწვავდებოდა, ეტყოდა, მარიკუნა შენი შვილი არ არისო და განზრახვაზე ხელს ააღებინებდა.

მიუხედავად ამისა, ქვეცნობიერად მაინც რაღაცის შიში ჰქონდა. აქეთ იონასთან ურთიერთობის განახლება, იქით ქმართან მოსალოდნელი სკანდალი… არ იცოდა, რომელი საკითხი უფრო მწვავედ დადგებოდა.

იონასთან შეხვედრამ მისი ცხოვრების გეგმები კიდევ ერთხელ შეცვალა. ახლა სიმარტოვე არ ემუქრებოდა. უხაროდა, რომ მამაკაცს ცოლი არ ჰყავდა და ამ კუთხით მაინც არ შემოუტევდა არავინ.

კარგი დრო გაატარეს. როც ისადილეს, კვლავ საწოლს მიაშურეს და ექვს საათამდე არ ამდგარან. მერე ლიზიმ კიდევ ერთხელ შემოიარა ოთახები. აქ ამას დავდგამ, იქ იმასო, გეგმებს აწყობდა. იონა გულხელდაკრეფილი დაჰყვებოდა ოთახიდან ოთახში და კმაყოფილი იღიმებოდა.

შებინდდა თუ არა, იომ პანსიონის სიახლოვეს ჩამოსვა საყვარელი ქალი და გამომშვიდობებისას კიდევ ერთხელ აკოცა.

_ წავედი… და ყველაფრისთვის დიდი მადლობა, _ დაიჩურჩულა ქალმა.

_ ახალ ბინაში გადასვლა უჩემოდ მოგიწევს, ხომ იცი… მე ვერ გამოვჩნდები. უნდა მაპატიო. _ მოუბოდიშა იომ.

_ ვიცი და ეს კარგიცაა. ასე მირჩევნია. ბევრი არაფერი მაქვს ისედაც წამოსაღები, მხოლოდ ტანსაცმელი, _ გაღიმებულმა ლიზიმ მამაკაცს ცხვირის წვერზე აკოცა. _ რამდენიმე დღეში გადავალთ.

_ ჰო… და თქვი, რომ ვითომ იქირავე. არ არის საჭირო არაფრის აფიშირება.

_ სულელი კი არ ვარ, მაგდენი მესმის, _ დაიჯღანა ლიზი, _ ბოლოს და ბოლოს, ყოფილი აფერისტი ვარ, ვიცი, სად რა უნდა ვილაპარაკო.

_ კარგი, წავედი… მიყვარხარ, ეს არ დაგავიწყდეს.

_ მეც მიყვარხარ… _ თვალები დახუჭა ქალმა და ისე მიუგო.

_ ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი არ გაივლის-მეთქი.

_ მეუბნებოდი… მორჩა, წავედი, თორემ დამაგვიანდა.

_ მიდი, მიხედე საქმეს, _ იომ კიდევ ერთხელ აკოცა და როცა ქალი სირბილით გაუყვა ბილიკს, მანქანა მხოლოდ მაშინ დაქოქა…

სანამ ლიზი პანსიონის ჭიშკარს შეაღებდა, შედგა, რათა სული მოეთქვა. არავის არ უნდა შეემჩნია, ბედნიერებით რომ იყო აფორიაქებული. ნანკას კაბინეტის ფანჯრებს ახედა. `შეფინია~ უკვე წასულიყო სახლში. გაუხარდა. ახლა ნანკასთან შეხვედრა ნამდვილად არ სურდა.

დაღლილი სახე მიიღო და ჰოლში შეაბიჯა. დღეს ლანა იყო მორიგე და როგორც კი ლიზის თვალი მოჰკრა, დაჟინებული შეაცქერდა.

_ მშვიდობაა? _ შეეკითხა.

_ ჰო… _ ამოიოხრა ლიზიმ, _ სოფელში ვიყავი, ბინას ვეძებდი საქირაოდ.

_ უი, გადადიხარ?

_ ჰო. მარიკუნა სკოლაში ხომ უნდა წავიდეს და აქედან ვერ ვატარებ.

_ ააა, _ წარმოთქვა ლანამ ისეთი ტონით, აშკარად ჩანდა, რომ ეს ამბავი ესიამოვნა…

`როგორ გაუხარდა~, _ გაიფიქრა ლიზიმ და მზიას ნომერს ჩქარი ნაბიჯებით მიაშურა, რათა ბავშვი წამოეყვანა…

 

ლიზი ახალ სახლში გადავიდა. ლამაზად მოეწყო, ლამაზად და მყუდროდ. მარიკუნას უკვირდა, რა უხაროდა დედას ასე ძლიერ. ისინი ხომ ადრე უკეთეს სახლში ცხოვრობდნენ და მამიკოც მათთან ერთად იყო. სულაც არ მოსწონდა სოფელში ცხოვრება. აქ არც მეტრო იყო და არც სამარშრუტო ტაქსები. მხოლოდ ერთი ავტობუსი დადიოდა და ისიც ჯაყჯაყა. ლიზის ეცინებოდა შვილის ბუზღუნზე, გულში იკრავდა, კოცნიდა და ეუბნებოდა, ცოტაც მოიცადე და თბილისში დავბრუნდებით, მერე კი ყველაფერი ძველებურად იქნებაო.

_ მამიკოც ჩვენთან იქნება, დე? _ ჰკითხა ერთხელაც.

_ არა, მამიკო არ იქნება.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მამიკოს ახლა სხვა დედიკო ჰყავს.

_ სხვა დედიკო? შენ მისი დედიკო ხარ?

ლიზის სიცილი აუტყდა.

_ არა, მე მისი ცოლი ვარ.

_ ესე იგი, სხვა ცოლი ჰყავს.

_ ჰო, სხვა ცოლი.

_ და რატომ?

_ ასე ჩათვალა საჭიროდ და იმიტომ.

_ მერე შენ?

_ მე შენ მყავხარ და ეს საკმარისია, _ ლიზიმ ბავშვს შუბლზე თმა გადაუწია და აკოცა, _ მიდი, დროზე გავიქცეთ სკოლაში, თორემ ზარი დაირეკება.

_ შენ თუ გაგვიანდება, წადი, დე. მე მარტოც წავალ, რა შორს ეს სკოლაა, ჩვენი სახლიდანაც კი ჩანს.

_ არა, მე უნდა მიგაცილო. ასე ჯობია, სანამ შეეჩვევი, მერე კი ვნახოთ.

მარიკუნამ დიდი ქალივით ამოიოხრა, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და დედას დაელოდა. ლიზიმ კარი გასაღებით ჩაკეტა და დაღმართზე შვილთან ერთად დაეშვა…

კარგ ხასიათზე იყო. მარიკუნა სკოლის ჭიშკრამდე მიაცილა და გაჩერებაზე დადგა, ავტობუსს საცაა უნდა გამოევლო. ახლა ყველაფერი უხაროდა. რაც მთავარია, თავზე ჭერი ჰქონდა, არც სამსახურს უჩიოდა და არც ხელფასს. უფროსი პატივს სცემდა, აფასებდა. მართალია, ქმარი არ გამოადგა, სამაგიეროდ იონა ჰყავდა, რომელიც მასზე ზრუნავდა. მოვა დრო და ეტყვის, მარიკუნა რომ მისი შვილია, მაგრამ ჯერ არა, ჯერ ადრეა. უნდა, რომ იოს მარიკუნა ისე შეუყვარდეს, როგორც ლიზის შვილი და თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდება, მერე წინ რა დაუდგება? წარმოუდგენია, როგორ გაუხარდება იონას, როცა ამ ამბავს გაიგებს, მით უფრო, რომ შვილი არ ჰყავს. ჰმ… ჰგონია, რომ არ ჰყავს. ამ დროს როგორი დახატული გოგო ჰყავს…

ლიზი ავტობუსში ავიდა და გაღიმებული ფანჯარასთან დაჯდა.

შესული არ იყო პანსიონში, რომ მიმღებიდან ლანამ გამოსძახა, ნანკა გიბარებსო. ახალგაზრდული ნაბიჯებით აირბინა კიბე და `შეფინიას~ კაბინეტის კარზე დააკაკუნა.

_ მობრძანდით! _ გამოსძახა ნანკამ.

ლიზი ოთახში შევიდა და უფროსს მიესალმა.

_ დილა მშვიდობის, დილა მშვიდობის! _ უფროსისთვის დამახასიათებელი ტონით დაუბრუნა სალამი ნანკამ, _ აბა, როგორ მოეწყვე?

_ კარგად, ისე კარგად, რომ რა გითხრა, სიხარულით აღარ ვარ.

_ მართლა? _ ცალი წარბი აზიდა დირექტორმა, _ ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ერთი სული გქონდა, აქედან როდის წახვიდოდი.

_ არა, ნანკა, რას ამბობ. არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ სიკვდილამდე შენი მადლობელი ვიქნები. უბრალოდ, ადგილს ვიკავებდი აქ, სხვის ადგილს.

_ ეგ მეორედ არ გაიმეორო. ის ოთახი, სადაც ცხოვრობდი, ისევ შენი იქნება. გასაგებია? იქნებ მოსვენება მოგინდეს, ან განმარტოება, ან სტუმარი მოგივიდეს… სადღაც ხომ უნდა შეიყვანო? _ როგორც იქნა, გაიღიმა `შეფინიამ~, _ ასე რომ, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ახლა საქმეს მივხედოთ. მე შენი დახმარება მჭირდება და გვერდით უნდა დამიდგე.

_ მთელი გულისყურით გისმენ, თუკი რამე შემიძლია… _ ლიზი დაჯდა და ფეხები ერთმანეთს მიატყუპა.

_ მოკლედ, შეიძლება გრანტი გამოგვიყონ, მაგრამ მსურველი იმდენია, ნაცნობობით ვერაფერს გავხდები. ვიფიქრე, პროექტი ხომ არ დაგვეწერა-მეთქი. უფრო სწორად, შენ რომ დაწერო, თორემ მე მაგის დრო სად მაქვს… და, სიმართლე გითხრა, არც მეხერხება. შენ კიდევ გონიერი ქალი ხარ, ბევრი რამე გესმის. ამასთან, აქაური პრობლემები კარგად იცი, მგონი, ჩემზე უკეთესადაც კი. შეძლებ ისეთი პროექტის დაწერას, რომ ყურადღება მოგვაქციონ?

ლიზი ჩაფიქრდა. წამში გაურბინა გონებაში, რა სჭირდებოდა პანსიონს, როგორი პროექტის დაწერა იქნებოდა მიზანშეწონილი და მცირე პაუზის შემდეგ არცთუ თავდაჯერებულად უპასუხა:

_ ვცდი…

_ ეგ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება არ გამოგივიდეს?

_ არა, რატომ. გამომივა, უბრალოდ, ერთ და ორ დღეში ვერ მოვახერხებ ამას.

_ რამდენი დღე გჭირდება?

_ რა ვიცი… _ ლიზიმ მზერა ჭერს გაუსწორა, თითები ერთიმეორის მიყოლებით მოხარა, თითქოს რაღაცას ითვლისო და თქვა:

_ ხუთი-ექვსი ალბათ.

_ მაშინ მიდი, ახლავე შეუდექი საქმეს.

_ ახლავე? მაგრამ აქ…

_ აქ კი არა, სახლში წადი და იქ იმუშავე. ერთი კვირა თავისუფალი იქნები, შეგიძლია არ მოხვიდე. თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე, მე ხაზზე ვიქნები.

ლიზი შეყოყმანდა.

_ მე საღამოობითაც შემიძლია ვიმუშაო, აუცილებელი არ არის…

_ გააკეთე, რასაც გეუბნები. აქაურობას მე მივხედავ. თუ კარგი პროექტი გამოვა, პრემიასაც მიიღებ. გპირდები.

რაღა ეთქმოდა, მადლობა გადაუხადა დირექტორს და გამოვიდა. ერთი მხრივ, კარგია, მთელი კვირა სახლში რომ იქნება. მარიკუნას სკოლაში წაყვანა-წამოყვანა გაუადვილდება, ამასობაში ბავშვიც შეეჩვევა და მერე უკვე მარტოც შეუძლია იაროს. მთავარია, კლასელებსა და მასწავლებლებს შეეგუოს, შეეჩვიოს და სკოლაში სიარული მისთვის ტრაგედიად არ იქცეს.

მაშინ ახლავე გავარდება შინ, მაღაზიაში შეივლის, სადილისთვის პროდუქტებს იყიდის. საღამოს იონას ელოდება და რამე გემრიელს დაახვედრებს. ნამცხვარიც ხომ არ გამოაცხოს? იოს ქადები უყვარს. დღევანდელ დღესავით ახსოვს ლიზის, სასტუმროში რომ ცხოვრობდნენ კონსპირაციულად, იონას ყოველდღე მოჰქონდა, ამბობდა, ძალიან მიყვარსო. იმედია, გემოვნება არ შეეცვლებოდა…

 

მარიკუნას სკოლიდან წამოყვანა ჯერ ადრე იყო. გაკვეთილები ორის ნახევარზე უმთავრდებოდა. ამიტომ სადილის მზადებას შეუდგა. ორმოც წუთში გუფთა მზად ჰქონდა. როგორც კი სადილს მორჩა, ქადების ცხობაზე გადავიდა. თურმე არ დავიწყებია. ეს კარგია. აქამდე აბა, ვისთვის უნდა დაეცხო ნამცხვარი ან სად? სარეაბილიტაციო ცენტრის სასადილოში ტრიალს ვერ დაიწყებდა. აქ კი თავის სახლშია… ნუ, თითქმის თავის სახლში და მოტივაციაც არსებობს _ ქადებს მარიკუნაც მშვენივრად მიირთმევს და იონაც.

შეალაგა თუ არა პირველი პარტია გაზქურის ღუმელში, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. გაუკვირდა. მეზობლებთან ურთიერთობა ჯერ არ ჰქონდა, ვერ მოასწრო გაცნობა, იო კი საღამოს უნდა მოსულიყო. ნეტავ ვის გავახსენდი? ვაითუ სამსახურიდან არიან და რამე საგანგაშო ხდებაო, ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და კარის გასაღებად გაეშურა.

მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარი გააღო. გახევებული ერთ ადგილზე გაშეშდა. პარმაღთან დოინჯშემოყრილი ლექსო იდგა.

_ შენ? _ ამის თქმაღა მოახერხა.

_ მე, მე, _ თავი ჩაღუნა მამაკაცმა და ბეტონის იატაკს დააჩერდა, _ შეიძლება შემოვიდე?

ლიზის არ უპასუხია, განზე გადგა და ქმარს გზა დაუთმო. `საიდან მოაგნო? ვინ უთხრა მისამართი?~ _ გაიფიქრა გულშეღონებულმა და ნერვიულობისგან აკანკალებული ხელები წინსაფრის ჯიბეებში ჩამალა.

ლექსომ ირგვლივ მიმოიხედა და დაჯდა. ლიზი კარის გვერდით კედელს მიეყრდნო და ხელები ზურგს უკან შემოიწყო.

_ აბა? რას იტყვი ახალს? აქ საიდან მოხვდი? _ ორი შეკითხვა დასვა ქმარმა.

_ რა მნიშვნელობა აქვს? როგორც მოვხვდი, მოვხვდი. გეგონა, უშენოდ თავს ვერ გავიტანდი? _ ცივად დაუბრუნა პასუხი.

_ კი, მეგონა.

_ ვიცი, რომ გეგონა. რახან სახლში ვიჯექი გამოკეტილი, ალბათ ფიქრობდი, არაფრის გაკეთება არ შეუძლია და შიმშილით ამოხდება სულიო, არა? სხვათა შორის…

_ ამ საშინელ სახლში ქირას იხდი? _ ლექსომ კიდევ ერთხელ მიმოატარა მზერა სამზარეულოში.

ჰაერში ქადის ტკბილი სურნელი დატრიალდა.

_ მგონი, რაღაც გეწვის… _ შენიშნა მამაკაცმა.

ლიზი ღუმელს მივარდა და გამოაღო. არა, არ დამწვარა. პირიქით, ისე იყო მისი ქადები დაბრაწული, ავ თვალს არ ენახვებოდა. ხელთათმანი დაიხმარა და ნამცხვარი თასში გადააწყო.

_ მარიამი სად არის? _ პირველად მოიხსენია ლექსომ მარიკუნა ასე ოფიციალურად.

_ სკოლაში.

_ აქ დაგყავს სკოლაში? _ მამაკაცმა საჩვენებელი თითი მაგიდას ატაკა, თითქოს სკოლა მაგიდის ქვეშ ყოფილიყო.

_ ჰო, რა იყო, აქ სხვანაირი სკოლაა თუ რა?

ლექსომ ჩაიცინა.

_ რატომ გამოიპარე? ვინმე გაიჩინე? _ არ ზოგავდა ქმარი.

_ გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, ისეა შენი საქმე! _ სიბრაზე ყელში მოაწვა ლიზის, _ იმიტომ გამოვიპარე, რომ ჩემი გაგდება გინდოდა სახლიდან, განქორწინება გინდოდა და სხვისი შერთვა. აი, რატომ! _ მიახალა ხელების ქნევით და ისე აუცახცახდა მუხლები, რომ თვითონაც დაჯდა.

_ ეგ სისულელე ვინ გითხრა? ვინ დაგქოქა ჩემ წინააღმდეგ?

_ რა, ასე არ იყო? და ყველაფერთან ერთად ბავშვის წართმევაც მოგინდა თურმე.

ლექსოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.

_ მერე, მერე?

_ რა მერე, რა მერე? _ გაცეცხლდა ლიზი, _ სახლიდანაც გავუშვებ, არც მანქანას მივცემ, არც წილს და ბავშვსაც არ გავატანო. ხომ ამბობდი ამას? ჰოდა, მეც დაგიმტკიცე, რომ არც სახლი მინდოდა შენი, არც მანქანა და არც ქონება, მაგრამ მარიკუნას არ დაგითმობ… _ მიხვდა, რომ ბოლო ხმაზე ყვიროდა და გაჩუმდა, მცირე პაუზის შემდეგ კი მშვიდი ხმით დაამატა, _ ცოცხალი თავით.

_ ასე გგონია? _ ლექსოს ხმისთვის არ აუწევია, ისევ ისე აუღელვებლად ლაპარაკობდა.

ლიზი აილეწა.

_ მას შემდეგ, რაც შენ გააკეთე, მართლა ხომ ხარ ღირსი, ყველაფერი წაგართვა? გგონია, ჩემზე შური იძიე? _ კბილებში გამოცრა მამაკაცმა და თვალებით გაბურღა ყოფილი ცოლი.

_ შურისძიება არც მიფიქრია. მე, უბრალოდ, ჩემს შვილთან მინდოდა ყოფნა. დავიღალე შენი რომანებით, ნაირ-ნაირი ქალებით. აღარ გათავდა! აი, აქ ამომივიდა! _ და ცოლმა ყელთან გაიქნია ხელი.

_ რატომ მეჩხუბები, ლიზი? _ ლექსო განაგრძობდა მის ნერვებზე თამაშს, _ მე შენ ოდესმე გითხარი, შენთან დაშორება მინდა-მეთქი?

ლიზი შეცბუნდა. არა, ეს ქმარს მისთვის არასდროს უთქვამს.

_ ოდესმე გიყვირე? ხელი გაგარტყი? უკმეხად მოგექეცი? კი, დავაშავე, ქალებში დავდიოდი, ვცოდავდი, მაგრამ შენ რამე გაკლდა? ყოფილიყავი შენთვის შენს სახლში… ჩვენს სახლში, გაგეწია კარგი ცოლობა, კარგი დიასახლისობა, კარგი დედობა და არავინ მიგატოვებდა. ან საიდან მოიტანე, რომ ასეთი საზიზღრობების გაკეთებას ვაპირებდი? ვინ ჩაგაწვეთა ეს ბოროტი აზრები?

ლიზის აღელვებისგან სუნთქვა უჭირდა. ნუთუ თიკომ მოატყუა? მაგრამ რატომ? მას რა სარგებელი უნდა ენახა იმით, თუ ლიზი სახლიდან გაიქცეოდა?

_ შენმა დაქალმა.

_ ვინ? _ ჩაეძია მამაკაცი.

_ თიკომ. სწორედ თიკომ გამაფრთხილა, ასე და ასე აპირებსო. არ მითხრა, რომ იმ მოდელის ცოლად მოყვანაზე არ ფიქრობ. ისიც კი ვიცი, რომ ორსულადაა შენგან.

_ და სახლშიც რომ მყავს, ისიც?

ამის გაგონებაზე ლიზი გაშრა. ერთხანს უძრავად იჯდა, ვერაფრით ვერ მოიფიქრა, პასუხად რა უნდა ეთქვა.

_ ჰო, სახლში მყავს. და ეს შენი დამსახურებაა. შენ რომ შენს ადგილას დატეულიყავი, დღეს ერთად ვიქნებოდით. მაგრამ არა! ახტი, დახტი, იქ თიკოს მონაჩმახებს აჰყევი, აქეთ ეჭვიანობამ შეგჭამა და აი, შედეგი. შენ მარტო ხარ, მე კი მეორე ცოლი მყავს და ბავშვსაც ველოდები.

_ გილოცავ! _ სიბრაზისგან ტუჩების ცმაცუნი აუტყდა ლიზის, _ და ჩემთან რატომ მოხვედი? ჯვარი უნდა დაგწეროთ თუ…

_ არა, განქორწინებაზე უნდა დამთანხმდე.

_ თანახმა ვარ! _ დაუფიქრებლად წამოისროლა ქალმა და მაშინვე ენაზე იკბინა. ასე უცებ დათანხმება ლექსოს ეჭვებს გაუჩენდა.

_ თანახმა ხარ? _ მამაკაცის ხმა სულ ერთი ინტონაციით ჟღერდა, ერთნაირად რბილად, მაგრამ გამგმირავად, თითქოს ქმარი კი არა, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ელაპარაკებოდა.

_ სხვა არჩევანი მაქვს? _ `გამოასწორა~ შეცდომა ლიზიმ, _ რომ გითხრა, არ ვარ თანახმა-მეთქი, რა, ისევ შემირიგდები თუ როგორაა შენი საქმე?

_ არა, არ შეგირიგდები. ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა, შენი წყალობით, ოღონდ ჯერ არ ვიცი, ჩვენდა საბედნიეროდ თუ ჩვენდა საუბედუროდ. კარგია, რომ თანახმა ხარ და ისტერიკებს არ მიწყობ. თუმცა ამ მხრივ შენ ყოველთვის ჭკვიანი იყავი, კარგი ტაქტიკა გქონდა არჩეული და ეს მუდამ მომწონდა შენში. ამიტომაც გაფასებდი.

_ ამისთვის ახლა მადლობა უნდა გითხრა? _ ნერვული ტიკები დაეწყო ლიზის, მარჯვენა მუხლს გაუჩერებლად აქანავებდა.

_ არა მგონია, მადლობა დავიმსახურო, თუ გეტყვი, რომ განქორწინების შემთხვევაში მარიკუნა ჩემთან დარჩება, _ აი, ეს სიტყვები კი ისეთი ცივი ინტონაციით წარმოთქვა ლექსომ, რომ ლიზის ძარღვებში სისხლი გაეყინა.

_ არა! _ განწირულივით იყვირა და წამოხტა, _ არა! არა! ეგ არ გამოგივა! _ და დაიწყო ხელების აქეთ-იქით ქნევა, ადგილი ვერ მოუნახა.

_ ვითომ რატომ? იმიტომ, რომ სამსახური გაქვს და კარგი ხელფასი? იმიტომ, რომ ნაქირავებში ცხოვრობ და თავის გატანა შეგიძლია? ხომ იცი, რა გავლენებიც მაქვს… ერთი თითის გატკაცუნება და ყველა მოსამართლეს და პროკურორს ჩემს მხარეზე გადმოვიბირებ.

_ იმიტომ, რომ მარიკუნა შენი შვილი არ არის! _ ხმამაღალი ჩურჩულით და გაწელვით წარმოთქვა ლიზიმ და რადგან ამდენი ხნის დამალული საიდუმლო გათქვა, ამოსუნთქვას შვების ოხვრა ამოაყოლა.

_ ვიცი… _ ძველ ინტონაციას დაუბრუნდა ლექსო და თვალი თვალში გაუყარა ცოლს, _ ვი-ცი.

ლიზი გაფითრდა. როგორ, იცოდა და არაფერი უთხრა? როდის გაიგო?   ლიზის ხომ არავისთვის უთქვამს ამის შესახებ? თიკოსაც კი არ ანდო ეს საიდუმლო, იონას ამბავს როცა მოუყვა.

_ გგონია, სულელი ვარ? მარიკუნა რომ დაიბადა, მაშინვე მივხვდი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე ექიმი ვარ და ჩემი გასულელება ასეთ საკითხებში ადვილი არ არის? ვისი შვილია, არ ვიცი, მაგრამ ჩემი რომ არ არის, ამაში დავრწმუნდი, ამიტომ ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე ლაპარაკს. მე ის გავზარდე, ღვიძლი შვილივით ვუვლიდი, რასაც ვერ უარყოფ. ამიტომაც დღემდე შვილივით მიყვარს. მოიცა, ნუ მაწყვეტინებ! _ შეაჩერა სახეაწითლებული ქალი მამაკაცმა, _ დამშვიდდი, არ ვაპირებ მის წართმევას, ისე გითხარი. რეაქცია მაინტერესებდა. უბრალოდ, ცივილიზებულად გავშორდეთ ერთმანეთს და ეგ იქნება. რახან ეგ ინტრიგა თიკოს დამსახურებაა და არა შენი, წილსაც მოგცემ, ისე არ დაგტოვებ, უნამუსო კაც… _ ამ დროს კარზე კვლავ დააკაკუნა ვიღაცამ და ლექსოს სიტყვა შუაზე გაუწყდა.

ლიზი კარისკენ ბარბაცით გაემართა. მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ შეეცადა, მშვიდი სახე მიეღო, თუმცა…

კარი გააღო და მეორე უკიდურესობაში გადავარდა. იქ გაღიმებული იონა იდგა.

_ გეხვეწები, წადი, წადი აქედან… _ ჩურჩულით დაიწყო ქალმა ხვეწნა, _ ჩემი ქმარია მოსული, გთხოვ, არ დაგინახოს… წადი, მარიკუნა გამოიყვანე სკოლიდან და ერთი საათის მერე ამოდით. გემუდარები…

გაოცებული მამაკაცი უკან-უკან იხევდა, რადგან ლიზის მისთვის მხრებში ჩაევლო ხელი და კიბისკენ ჯიკავ-ჯიკავით მიჰყავდა.

_ კარგი, გავიგე, _ ჩაილაპარაკა იონამ, ქალის ხელისგან მხრები გაითავისუფლა და ექვსაფეხურიან კიბეს მძიმედ ჩაუყვა…

_ მეზობელი იყო, ბავშვებს მე გამოვიყვანო, _ თქვა ოთახში შემობრუნებულმა და თვითონვე იგრძნო, შიშისგან ხმა როგორ შესცვლოდა.

_ მაპატიე, მარიკუნას ვერ დაველოდები, მეჩქარება. ისედაც დილიდან გეძებ, ძლივს მოგაგენი. ასე რომ, მგონი, შევთანხმდით, არა?

_ ხომ გითხარი, თანახმა ვარ-მეთქი. ბავშვი დამიტოვე და რაც გინდა ის ქენი. ბედნიერებას გისურვებ შენს ახალ ცოლთან ერთად, _ სიტყვა `ახალს~ ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა.

_ შენც… შენს ახალ კაცთან, _ სარკასტულად გაუღიმა ლექსომ.

_ ვინ… ვინ ახალ კაცთან? _ ტუჩებიც კი გაუფითრდა ლიზის.

_ რა ვიცი, ვინც ჩემ შემდეგ გეყოლება. რა მნიშვნელობა აქვს… _ უდარდელად წარმოთქვა მამაკაცმა და კარისკენ გაემართა.

ლიზიმ გააცილა. როგორც კი გარეთ გავიდნენ, მაშინვე გზისკენ გაიხედა. იონას მანქანა უკვე გვარიანად გარიდებოდა მის ეზოს. როგორც იქნა, მოეშვა. გადარჩა.

_ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს…

_ არა მგონია,_ ჩაიბურტყუნა ლიზიმ.

_ როგორ არა, განქორწინების საბუთებს ხელი ხომ უნდა მოვაწეროთ? _ ისევ სარკასტული ღიმილი. ღიმილი, რომელიც ლიზის კლავდა.

ლექსო წავიდა. გაუკვირდა ლიზის, ახლომახლო მისი მანქანა რომ არსად ჩანდა. მერეღა მიხვდა _ ლექსომ ალბათ მოფარებულში დააყენა მანქანა იმის შიშით, რომ ცოლი კარს არ გაუღებდა და ეზოში უხმაუროდ ამიტომ შემოიპარა.

სამზარეულოში შებრუნდა და სკამზე დაეხეთქა. თვალები ცრემლით აევსო. კარგა ხანს ასე ტიროდა, უხმოდ, ცრემლები წკაპაწკუპით ეცემოდა მუხლებზე დაწყობილ ხელებზე, მერე კი უეცრად ზლუქუნი მორთო…

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, აივანზე რომ გამოვიდა, სახე ღიმილმა გაუნათა _ იონა და მარიკუნა ხელიხელჩაკიდებული შემოდიოდნენ ეზოში…

 

ლექსო სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა. თიკო რომ სადმე გადაჰყროდა, შუაზე გაგლეჯდა. რამდენის უფლებას აძლევდა ეს ქალი თავს! მის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა. ნეტავ რისი იმედი ჰქონდა? თუ ლიზის გაშორდებოდა, მას დაისვამდა ცოლად თუ რა? ხომ აუხსნა გასაგებად, შენთან ურთიერთობის გაგრძელებას არ ვაპირებო? ახლა როგორ მოიქცეს? უთხრას ზაზას, რაც მოხდა? არა, ტეხავს… მაგრამ თიკოს როგორ აპატიოს ეს?

თბილისში დაბრუნებულმა კლინიკას მიაშურა, სახლში არც შეუვლია. ზაზა ვიღაცას ქალაქის ტელეფონზე ელაპარაკებოდა და თან ბლოკნოტში რაღაცას იწერდა. როცა ყურმილი დაკიდა, ლოყები გამობერა და ძმაკაცს გამჭოლი მზერა მიაპყრო.

_ რა იყო, რა სახე გაქვს? _ გულგრილად შეეკითხა ლექსო.

_ თიკოს ვშორდები.

გაოგნებულმა ლექსომ ხმა ვერ ამოიღო, ეს რაღაც ახალი იყო.

_ მაგის დედაც! არ მეგონა, ასე თუ შეტოპავდა.

_ ამისთანა რა ქნა? _ ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, ჩემზე ხომ არ წამოსცდა თიკოს რამეო.

_ ყელში ამომივიდა უკვე. სხვა მიყვარსო, გამომიცხადა. ერთმანეთს დავშორდეთ და ჩემი წილი ყოველგვარი სკანდალის გარეშე მომეციო.

_ ვინ მიყვარსო? _ ყრუდ იკითხა ლექსომ.

_ მე რა ვიცი. გგონია, ამბობს? დიდი ხანია სხვას ვხვდებიო. ოხხხ! _ ზაზამ ხელები მომუშტა.

_ შენი ცოლი ბოლო დროს ვერ იქცევა კარგად. _ ლექსო მაგიდასთან დაჯდა და სავარძლის საზურგეს მიაწვა.

_ შენ რამე იცი და მიმალავ? _ წამოენთო ზაზა.

_ არა, მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის და არც არაფერი ვიცი. მე მხოლოდ იმის თმა მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერევა ცუდად.

_ რაღაც ვერ გავიგე… _ ზაზა წინ გადაიწია და სმენად იქცა.

ლექსომ მოყოლა დაიწყო. ყველაფერი უთხრა, რაც ლიზისგან გაიგო.

გაცოფებული ზაზა წამოხტა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა.

_ გესმის, რას ჩალიჩობს? რა უნდა ამ ქალს, ვერ გამიგია. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა?

ამ დროს კარი გაიღო და მოულოდნელად თიკო შემოვიდა. ქმრის დანახვაზე შეცბა, მაგრამ არ დაბნეულა.

_ აი, თურმე სად ყოფილხარ! _ ეს ისე თქვა, ზაზას წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ცოლი მასთან სალაპარაკოდ იყო მოსული და არა ლექსოსთან.

ზაზა თვალის დახამხამებაში მიეჭრა ცოლს და ისეთი ძალით გააწნა სილა, რომ თიკო უკან გადაქანდა, თავი ვერ შეიკავა და იტაკზე მოადინა ბრაგვანი.

ქალის კივილმა ჰაერი გააპო. ლექსო წამოხტა და თიკოს მივარდა, თან ზაზას უყვირა:

_ გაგიჟდი? გესმის მაინც რას აკეთებ?

_ შე არაკაცო! შე დეგენერატო! რა საცოდავი ხარ, რომ იცოდე! ამას არ გაპატიებ! _ გაჰკიოდა ქალი.

_ როგორ გაბედე, როგორ გაბედე ლიზის მოტყუება, ა? რისი მიღწევა გინდოდა, შე ნაბოზვარო, მითხარი, რისი! _ ცოლისკენ გაიწია მამაკაცმა, მაგრამ ლექსომ დროზე მოახერხა მისი დაჭერა.

ამის გაგონებაზე თიკო უცებ გაჩუმდა. დამფრთხალმა შეავლო თვალი ჯერ ქმარს, მერე ლექსოს და ხმადაბლა იკითხა:

_ რა მოტყუება, ვისი მოტყუება?

_ დაჯექი და მომისმინე, _ ლექსო ცდილობდა, თავი შეეკავებინა და არ აფეთქებულიყო, _ ლიზიმ ყველაფერი მითხრა. საიდან მოიტანე, რომ მისთვის ბავშვის და ქონების წართმევა მინდოდა? ამისთანა ტყუილის თქმა რაში დაგჭირდა? ამ დროს მე პირიქით მიმტკიცებდი.

თიკო დაიბნა. არ ეგონა, მისი ტყუილი თუ გამოაშკარავდებოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამაში თვითონ იყო დამნაშავე. განა მან არ მისცა ლიზის მისამართი ლექსოს?

_ მე მისთვის მსგავსი არაფერი მითქვამს. იგონებს, _ ჩურჩულით წარმოთქვა და შეშინებულმა ქმარს შეხედა.

_ და რატომ უნდა იგონებდეს, რა, შენი ჯინი სჭირს? _ გაცეცხლდა ზაზა.

_ იმიტომ, რომ ჩემზე ეჭვიანობს! _ არც დაფიქრებულა, ისე წამოისროლა ქალმა.

ზაზას უეცრად ხარხარი აუტყდა. ლექსო გაშრა. ამ სულელმა ქალმა კიდევ რამე არ წამოროშოსო, გაიფიქრა, თიკოს მკლავში ხელი წაავლო და გარეთ გაიყვანა.

_ არ გაბედო! არ გაბედო არაფრის თქმა, თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ! ახლა კი წადი აქედან!

აკანკალებულმა თიკომ ლექსოს მარწუხებისგან მკლავი გაითავისუფლა და ხვნეშა-ხვნეშით ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა:

_ ჩემი… ჩემი წილი მომ… მომცეს და წავალ. მაგის დანახვაც არ მინდა… და არც შენი… ორივე მეზიზღებით.

_ ეს რა მითხარი, კაცო! _ ზიზღით ჩაიცინა ლექსომ, _ აი, დარდი. დავაი, დაახვიე, სანამ გამოსულა და შენთვის ცხვირპ-პირი დაუნაყავს.

_ ვუჩივლებ! გგონია, შევარჩენ?

_ მიდი, მიდი… _ უხეშად უბიძგა ლექსომ და განერვიულებულ ქალს დერეფანში გაუძახა…

 

თიკო რისი თიკო იყო, ეს ამბავი ასე დაეტოვებინა. გამოვიდა თუ არა გარეთ, მაშინვე ლიზისთან დარეკა და ლანძღვით აიკლო.

ლიზი ჯერ მშვიდად უსმენდა, მერე კი ნერვებმა უმტყუნა და ისეთი იკივლა ტელეფონში, თიკო შეშინდა.

_ მეორედ არ გაბედო ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკი, შე არაქალო! შენ გამო ოჯახი დამენგრა, შენი ინტრიგების გამო ქმარი დავკარგე და აქეთ მედავები? ერთხელ არ დარეკე, რომ მოგეკითხე, ამ ხნის განმავლობაში როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი, მოვკვდი თუ დავრჩი და ახლა გაგახსენდი? ჩემი სახელი არ ახსენო, იცოდე! გესმის, რაც გითხარი? გესმის?

თიკო ასეთ შემოტევას არ ელოდა. ცხვარივით უტყვ ლიზის თუ ყვირილი შეეძლო, ვერ წარმოედგინა. ენა ჩაუვარდა, პასუხი ვერ გასცა და წამსვე გათიშა ტელეფონი. ამ დროს ლექსო დაინახა, ფეხდაფეხ რომ მოჰყვებოდა.

_ არ მომეკარო! _ იწივლა თიკომ და ახლაღა შეამჩნია, რომ მთელი კლინიკა გარეთ გამოფენილიყო სეირის საყურებლად.

ლექსომ მასთან მიირბინა, მკლავი კვლავ დაუჭირა და შეუღრინა:

_ წადი, თიკო, სირცხვილია, ყველა შენ გიყურებს. არ მოგბეზრდა ეს მასკარადი? სახე დაკარგული გაქვს, ვერ ხვდები?

_ სახე მე კი არა, შენს ცოლს აქვს დაკარგული. იცი მაინც, ამდენი წელი ვინ გყავდა ცოლად? ბოზი და ჩათლახი! დასაჭერად ჰქონდა საქმე, მერე პოლიციელს მისცა და იმან გადაარჩინა. თაღლითი იყო და აფერისტი. იცოდი? არ იცოდი! ამდენი წელი ტყემალზე იჯექი და თვალები ტრ…

_ გეყოფა! _ ვეღარ მოითმინა ლექსომ და ქალი მთელი ძალით შეაჯანჯღარა, _ გეყოფა ამდენი სიბინძურე! ჩემს ცოლს მე მოვუვლი, შენ შენი აწეწილი საქმეები დაალაგე! ვისზე ნაკლები ჩათლახი შენ ხარ, საკუთარ გულში ჩაიხედე!

ამის გაგონებაზე თიკო მოეშვა. მამაკაცს მკლავი გამოსტაცა, აჩაჩული მაისური ჩამოიწია, გამეხებული მზერა სეირის მოყვარულთ შეავლო, ლექსოს სახეში შეაფურთხა და ჩქარი ნაბიჯებით ჭიშკრისკენ გაემართა.

ლექსომ ცხვირსახოცი ამოიღო, სახე ჩამოიწმინდა და კლინიკაში შებრუნდა. სირცხვილისგან ალეწილი თანამშრომლებს თვალს ვერ უსწორებდა…

 

ლიზის ის დღე ჩაუმწარდა. ჯერ იყო, ლექსო დაადგა მოულოდნელად თავს და გული გაუხეთქა, მერე კი თიკოს ზარმა დასცა თავზარი. მის ისტერიკას იონაც შეესწრო, რაც ყველაზე მეტად აშფოთებდა. სულაც არ უნდოდა, მამაკაცს ასეთ მდგომარეობაში ენახა. მხოლოდ საღამოს მოუყვა მას, სინამდვილეში რა მოხდა, ვინ იყო თიკო და რა როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. იო მის დამშვიდებას შეეცადა, უხსნიდა, მალე ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად დაგრჩება და ამაზე ნერვიულობა არ ღირსო.

მართლაც არ ღირდა. ლიზის არც თიკოს დაკარგვით აკლდებოდა რაიმე და არც ქმართან გაყრით, რადგან გვერდით იონა ჰყავდა _ მამაკაცი, რომელიც ყოველთვის უყვარდა…

 

მეორე დღიდან ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. ასე მშვიდად დიდი ხანია, თავი არ უგრძნია. დილით ბავშვს სკოლამდე მიაცილებდა, მერე სამსახურში მიდიოდა, თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და საღამოს კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ, სადაც მარიკუნა და იონა ელოდნენ.

იო ყოველდღე მოდიოდა და ღამეც რჩებოდა. მარიკუნა ისე შეეჩვია, რომ მის დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდა. ხანდახან სასეირნოდ გადიოდნენ სამივენი. ხელიხელჩაკიდებულები მიაბიჯებდნენ ხშირ ნაძვნარში და გირჩების შეგროვებით ერთობოდნენ. რამდენჯერმე პიკნიკიც მოაწყვეს ტყეში.

ასე გრძელდებოდა თითქმის ოჯახური იდილია, მაგრამ ლიზი თავს მშვიდად მაინც ვერ გრძნობდა. სულ რაღაც ცუდის მოლოდინში იყო. გული კარგს არ უგრძნობდა. ერთხელაც, როცა მარიკუნა სკოლიდან გამოიყვანა და მაღაზიასთან იონა დახვდა მანქანით, მიმავალი ავტობუსიდან ესმა შენიშნა, რომელიც გაოცებული მისჩერებოდა მათ. ეს არ ესიამოვნა. ახლა ჭორებს ააგორებს სამსახურშიო, გაიფიქრა. რაღაც უნდა მოეფიქრებინა, რომ ჭორის აგორების შემთხვევაში თავი დაეძვრინა და სიტუაციიდან სუფთად გამოსულიყო, მაგრამ არ დასცალდა…

 

შაბათი იყო. ლიზი არ მუშაობდა, იონაც სახლში იყო. მარიკუნა თავის კლასელთან იყო გადასული, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა. ბავშვები პირველივე დღიდან დამეგობრდნენ და ლიზი არ უშლიდა ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას.

სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა, მარიკუნას არყოფნით ესარგებლა და იონასთვის შვილის შესახებ ეთქვა. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცს ჰქონდა უფლება, სიმართლე სცოდნოდა.

სადილი მოამზადა და ის იყო, სუფრის გაშლას აპირებდა, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. იონამ გააღო. ლიზიმ მიაყურადა, ალბათ რომელიმე მეზობელი იქნებაო, იფიქრა. რაც აქ გადმოვიდა, სათითაოდ მოდიოდა ხან ერთი, ხან მეორე მეზობელი მის გასაცნობად.

_ შენ აქ საიდან გაჩნდი? _ იონას ხმამ გააკვირვა. ვინ უნდა ყოფილიყო ასეთი შინაური?

_ მე კი არა, შენ საიდან გაჩნდი აქ? _ ძალზე ნაცნობი ხმა შემოესმა, მაგრამ უცებ ვერ გაიაზრა, ვინ ესტუმრა.

თეფშებს ხელი უშვა და წინკარში გავიდა… გავიდა და ადგილზე გაშეშდა. კართან ნანკა იდგა.

_ ნანკა… _ ერთიანად გაწითლდა ქალი, _ არ გელოდი…

_ გეტყობა, რომ არ მელოდი, _ ჩაიცინა ნანკამ, _ ვიფიქრე, წავალ, ვნახავ, როგორ მოეწყო, თან ჩემი პროექტის ამბავს გავიგებ-მეთქი. აქ კი ისეთი სიურპრიზი დამხვდა, შენი ჭირიმე, რომ ნუ იტყვი! _ ხელები თეატრალურად გაშალა ნანკამ და მიმოიხედა, _ მშვენივრად მოწყობილხარ… ეს ვაჟბატონიც შენთან ცხოვრობს თუ?..

ლიზის საშინლად მოხვდა ყურში `ეს ვაჟბატონი~. ნუთუ იო ნანკას საყვარელია? ელდა ეცა. რატომ აქამდე არ იფიქრა ეს? ბიზნესპარტნიორები რომ იყვნენ, ხომ იცოდა? რატომ ერთხელ არ დაინტერესდა, ბიზნესის გარდა რა აკავშირებდა მის უფროსსა და იონას? რატომაა ასეთი მიამიტი? ქმარი იყო და, ატყუებდა. ახლა ესეც… თურმე ესეც ატყუებდა!

ამ ყველაფრის გაფიქრებას მხოლოდ წამები მოანდომა.

_ ამ `ვაჟბატონს~ წლებია ვიცნობ, _ რაც შეიძლებოდა მშვიდად წარმოთქვა, მაგრამ აღელვებისგან პირი გაუშრა.

_ მართლა? მე რატომ არაფერი ვიცოდი? იონა, არ უნდა გეთქვა ჩემთვის, ამდენი ხანი საყვარელი თუ გყავდა? _ ირონიას არ იშურებდა `შეფინია~.

_ გეყოფა, ნანკა! ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება. დამშვიდდი.

_ მაგრამ ოდესღაც ხომ მეხებოდა? იცის ამან, ჩემთვის ვინც ხარ? თუ არ გითქვამს? ძალიან ცუდი, თუ არ გითქვამს და თუ იცის, მით უარესი! _ მრისხანე მზერა შეავლო ქალმა იონას და მერე ლიზის მიუბრუნდა, _ ეს კაცი ჩემი ქმარია, სხვათა შორის!

მეხის გავარდნასავით იმოქმედა ლიზიზე ამ სიტყვებმა. გაფითრებულს ცივმა ოფლმა დაასხა და სადაც იდგა, იქვე ჩაიკეცა.

_ ყოფილი ქმარი, სხვათა შორის! _ იმავე ტონით გაიმეორა იონამ, თან ლიზის მივარდა, ფეხზე წამოაყენა და სკამზე დასვა, _ გეყოფა, ნანკა! შენი საქციელი არანაირ ჩარჩოში არ ჯდება! _ ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა.

_ გასაგებია… მივდივარ… კარგად ბრძანდებოდეთ! _ ცივი ღიმილით წარმოთქვა ნანკამ და გავიდა.

იონა კარგა ხანს იდგა დოინჯშემოყრილი და თავჩაღუნული, მერე ლიზისკენ შებრუნდა:

_ წყალი ხომ არ გინდა?

_ მინდა, რომ აქედან წახვიდე! ახლავე! _ დაიჩურჩულა ლიზიმ, თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა.

_ მომისმინე, ლიზი… მე ხომ მოგიყევი, ცოლი რომ მყავდა. ისიც გითხარი, დავშორდით-მეთქი.

_ მაგრამ შენ არ გითქვამს, ნანკა თუ იყო შენი ცოლი.

_ ეს რამეს შეცვლიდა?

_ რა თქმა უნდა, შეცვლიდა! _ წამოხტა ლიზი, _ აღარ შეგხვდებოდი და ამ უსიამოვნებას თავიდან ავიცილებდი. აი, რას შეცვლიდა!

_ მე კი ეს არ მინდოდა, გესმის? ძლივს გიპოვე და შენი დაკარგვა არ მინდოდა! მასთან არაფერი მაკავშირებს, უბრალოდ, ვეხმარები და ეგაა.

_ ამიტომაც მოვარდა აქ საქმის გასარჩევად, არა? _ ჩაიცინა ლიზიმ და ხელები უღონოდ ჩამოყარა.

_ იმიტომ მოვარდა, რომ სპექტაკლი გაეთამაშებინა. მას უყვარს ასეთი რამეები. ყოველთვის თამაშობდა. მთელი სამი წელი, სანამ ცოლ-ქმარი ვიყავით.

_ არ მაინტერესებს… წადი, გთხოვ…

_ არსადაც არ წავალ, სანამ არ მომისმენ.

ლიზიმ ამოკვნესა. თავი საშინლად ასტკივდა.

_ იქ უჯრაში თავის ტკივილის წამალია და თუ შეიძლება მომაწოდე, _ კვლავ დაიჩურჩულა და ხელი კამოდის უჯრისკენ გაიშვირა.

იონამ მაშინვე მონახა წამალი, ჭიქა წყლით აავსო და ლიზის მიაწოდა.

მამაკაცი დაელოდა, სანამ ქალი წამალს დალევდა, მერე სკამი გამოსწია, ლიზის წინ დაჯდა და ხმადაბლა დაიწყო:

_ ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მომწონდა. არც თვითონ იყო გულგრილი ჩემ მიმართ. ვიფიქრე, მოდი, ცოლად შევირთავ, შვილები გვეყოლება, ერთხელ და სამუდამოდ დავლაგდები-მეთქი. შევცდი. ჯერ იყო და აიჩემა, შინ ვერ დავჯდები, ჩემი საქმე მინდა მქონდესო. ავდექი და ეს პანსიონი გავუხსენი. შენობა იჯარით ავიღე, გავარემონტე, აპარატურა შევიძინე… მოკლედ, მთელი ამბები… ვიფიქრე, ექიმია, თავისი საქმე ექნება და უფრო დაუდებს გულს ოჯახსაც-მეთქი. ყველანაირად გვერდით ვედექი. მერე, როცა საქმე შვილის გაჩენაზე მიდგა, გამომიცხადა, ახლა ამისთვის მზად არ ვარო. კარგი, ბატონო, ვაცალე… მერე მითხრა, სამკურნალო ვარო. თვეები იარა ექიმთან. მაინც არ დაადგა საშველი. ვიფიქრე, იქნებ ჩემი ბრალია-მეთქი და შევთავაზე, მეც ხომ არ ავიღო ანალიზები, იქნებ მე ვარ შუაში და შენ სამკურნალო სულაც არაფერი გჭირს-მეთქი. არაო, თავი გაიგიჟა, მილების შევიწროება მაქვს და ხანგრძლივი მკურნალობა მჭირდებაო. არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასე, ერთ დღეს მისი გინეკოლოგი რომ არ შემხვედროდა. და იცი, რა მითხრა? რას ელოდებით, იშვილეთ ვინმე, ხომ იცი, ნანკას შვილი არასდროს ეყოლებაო… თურმე მატყუებდა… იმ დღესვე დავშორდი. ორჯერ მოვტყუვდი ქალში… ამას ვერ ავიტანდი. მაშინვე ოფიციალურად გავშორდი, მაგრამ ეს ბიზნესი ვაჩუქე, შენი იყოს, ოღონდ პრეტენზიები ნურაფერზე გექნება-მეთქი. თან დავეხმარე, რომ გაქაჩულიყო. მერე იმდენი ფული დააგროვა, რომ ბინაც იყიდა. დღემდე ვეხმარები. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ… არ ვიცი, რატომ…. მართლა არ ვიცი. ალბათ მეცოდება…

ლიზი ყურებს არ უჯერებდა. თითქოს ზღაპარს უყვებოდა იონა.

_ იცი რა ძნელი ასატანია, როცა გატყუებენ? ან კი რას გიხსნი, ეს ხომ შენც გამოსცადე. ქმარმა გიღალატა… მაგრამ მე ორჯერ დავრჩი მოტყუებული. ერთხელ შენ გამაცურე, მერე ნანკამ… მე კი ისე მინდოდა, შვილი მყოლოდა, რომ… არაფერი დამიშურებია მისთვის. იმაზეც თანახმა ვიყავი, ბავშვი აგვეყვანა, თუ ვერ გააჩენდა იმ შემთხვევაში. მარიკუნას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ხომ შეიძლებოდა მეც მყოლოდა შვილი? თურმე ცუდი მამა სულაც არ ვიქნებოდი. ახლა შენი იმედი მაქვს, შენ მაინც გამიჩინე ერთი ბავშვი. სხვა კუთხით შეხედე ჩემს საქციელს, ჩემს მდგომარეობას…

ლიზის თვალები ცრემლით აევსო. სიცოცხლეში პირველად შეეცოდა იო. მამაკაცი შვილს ნატრობდა, ამ დროს მისი ღვიძლი შვილი უკვე დიდი გოგონა იყო.

_ მარიკუნა შენი შვილია… _ ჩურჩულით წარმოთქვა და შუბლზე ჩამოშლილი თმა თითებით გვერდზე გადაუვარცხნა იონას.

არასდროს დაავიწყდება ლიზის მისი რეაქცია. მამაკაცი ჯერ გაოგნებული მიაჩერდა, მერე წარბები შეკრა, მერე თავი გააქნია, მერე სახეზე მოისვა ხელი და მერე კვლავ თავი გააქნია.

_ რა თქვი?

_ მარიკუნა შენი შვილია, შენი და ჩემი.

მოულოდნელად იონა მის წინ მუხლებზე დაეცა და ქალს ქვემოდან ახედა.

_ ჩემი შვილია? ისევ მატყუებ?

_ არა, არ გატყუებ. თუ არ გჯერა, ამის შემოწმება ძნელი არ არის. იცი, რა მეთოდებიც არსებობს… მამობის ტესტი და ასე შემდეგ.

_ ლიზი… _ იონამ ხელები დაუჭირა ქალს, _ ლიზი! _ უეცრად იყვირა, _ მართალს ამბობ?

_ ასეთ რამეზე არ ხუმრობენ, იო… ჩემმა ქმარმაც კი იცის, მარიკუნა მისი შვილი რომ არ არის. რა თქმა უნდა, შენ შესახებ არასდროს არაფერი მითქვამს, მაგრამ ის კი იცის, რომ შვილი მისგან არ მყავს.

_ აღარ ვიცი რა ვთქვა, _ ხელები პირზე მიიფარა იომ, შუბლი ოფლით დაენამა, _ რა მაგარია! მარიკუნა! მაგარი გოგოა! ვაჰ! _ ამოთქვა ბოლოს და თავი ლიზის მკერდში ჩარგო.

მამაკაცს წამიერმა სისუსტემ სძლია. არა, არ ტიროდა, მაგრამ ცახცახმა კი აიტანა. სიხარულის იყო ეს ცახცახი, მოულოდნელობის თუ გაოგნების, ჯერაც ვერ მიმხვდარიყო.

_ ისე, მგავს მგონი ცოტათი, არა?

_ ცოტათი კი არა, ბევრი რამით გგავს, თუ დაკვირვებიხარ. მე ის მიკვირს, აქამდე როგორ ვერ მიხვდი… _ გაუღიმა ლიზიმ და მისი ოფლიანი შუბლი ლოყაზე მიიკრა.

_ წავალ, მოვიყვან, _ ფეხზე წამოვარდა იო, მაგრამ ლიზი ჩაებღაუჭა და არ დაანება.

_ მოიცა, არ გინდა. იყოს იქ… მანამ ჩვენ დავმშვიდდეთ.

_ კი მაგრამ, რატომ ადრე არ მითხარი?

_ მინდოდა, მაგრამ… თავს ვიკავებდი. სწორედ დღეს ვაპირებდი თქმას, ნანკა რომ არ მოსულიყო… მერე კი ისე ამერია გონება, შენი დანახვაც არ მინდოდა.

_ სულელო, სულელო, სულელო! _ აღტყინებით წამოიძახა იონამ და ლიზი ხელში აიტაცა…

 

ლიზის სიხარულის ცრემლები არ შეშრობია. რაც უნდა გაეკეთებინა, თვალწინ იონას გაოცებულ-გაბრწყინებულ-დაბნეული სახე ედგა. არ ეგონა, მისი იო ასე თუ მოიქცეოდა. სულ იმას შიშობდა, არ დამიჯერებს და ანგარებას დამწამებსო.

მარიკუნა თავისი კლასელის სახლიდან გვიან დაბრუნდა, უკვე საღამოვდებოდა. როგორც კი ჭიშკრის გაღების ხმა გაისმა, იონა პარმაღზე გავარდა და ეზოში ჩაირბინა. ლიზი აივნიდან უყურებდა მამა-შვილის შეხვედრის სცენას. მამაკაცმა ხელში აიტაცა გოგონა და ხარბად ჩაკოცნა. ბავშვი გაოცებული შეჰყურებდა `ძია იოს~. ლიზიმ ვერ მოითმინა და თვითონაც ჩავიდა.

_ მე იცი, ვინ ვარ? _ სუნთქვააჩქარებული ეჩურჩულებოდა მამაკაცი ბავშვს, _ მე შენი მამა ვარ, ნამდვილი მამა.

პირდაღებულმა მარიკუნამ დედას კითხვით სავსე მზერა მიანათა, ვერაფერს მიმხვდარიყო. დედამ გაუღიმა.

_ მარიკუნა, მერე ყველაფერს მოგიყვები, ჯერ ისადილე, კარგი?

_ რა უნდა მომიყვე, დე? _ შეშინებული გოგონა ხან დედას მიაჩერდებოდა, ხანაც იონას.

_ შენ დიდი გოგო ხარ, ახლა უკვე შეიძლება დედა ისე დაგელაპარაკოს, როგორც ზრდასრულ ადამიანებს ელაპარაკებიან.

_ ლიზი, უთხარი, ახლავე უთხარი, რაღა მერე? _ იონა სიხარულს ვერ იოკებდა და ბავშვს მთელი ძალით იხუტებდა მკერდზე.

მარიკუნა შეაწუხა ამდენმა მოფერებამ.

_ იო, გაუშვი ხელი, შევიდეთ შინ. მოშიებული იქნება, ჭამოს და მერე ვუთხრათ, რაც ხდება.

იონას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ადგილზე გაშეშდა. მერე ბავშვი ძირს ჩამოსვა და ოფლით შუბლდაცვარული ლიზის მიაჩერდა.

_ რატომ მერე და ახლა არა? _ გულგრილი ტონით იკითხა და ტუჩები მოკუმა.

_ იმიტომ, რომ არ მინდა ეს ამბავი მისთვის სტრესად იქცეს, _ ხმადაბლა წარმოთქვა ლიზიმ და მარიკუნას მიუბრუნდა, _ დედი, ადი სახლში და ჩვენც ახლავე მოვალთ, კარგი? _ მერე კი კვლავ იონას მიუბრუნდა, _ ბავშვი ჯერ ცხრა წლისაა, აქამდე სხვა მამა ჰყავდა. მისთვის ადვილი ასახსნელი არ იქნება ეს ამბავი.

_ ჰმ, _ ამოიხვნეშა იონამ და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, _ კარგი, ეგრე იყოს, ლიზა. როგორც შენ იტყვი, _ შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა და თავქვე დაეშვა.

_ იო, სად მიდიხარ? _ ქალმა შეშინებული მზერა გააყოლა მამაკაცს.

_ ცოტას გავივლი, შუბლს გავიგრილებ, _ გამოსძახა იონამ და ჭიშკარში გავიდა…

 

იონას წასვლამ ქალს გუნება მოუშხამა. შიშმა აიტანა, ვაითუ გავანაწყენე და საერთოდ აღარ მობრუნდესო. ერთხანს იწრიალა, ოთახიდან ოთახში დადიოდა და ელოდებოდა, მარიკუნა ჭამას როდის მორჩებოდა, მერე კი დაისვა და ახსნა დაუწყო, რას ნიშნავდა `ძია იოს~ ნათქვამი.

გაუჭირდა. არ ეგონა, ასე თუ გაუჭირდებოდა ცხრა წლის ბავშვისთვის იმის ახსნა, რომ ლექსო კი არ იყო მისი ნამდვილი მამა, არამედ იონა. მიკიბ-მოკიბა, საკუთარი წარსული სულ სხვანაირად დაუხატა, შეეცადა პატარა გოგოსთვის ადვილად გასაგები ამბავი გამოეგონებინა და თან მის, როგორც დედის პიროვნებას, ჩრდილი არ მისდგომოდა. უყვებოდა, როგორ უყვარდათ მას და იონას ერთმანეთი, სასაცილო სიტუაციებს იგონებდა, რათა მარიკუნას ხანდახან გასცინებოდა…

როგორც იქნა, დაასრულა და აფორიაქებული მიაჩერდა შვილს.

_ დე, ლექსოც ხომ იქნება ჩემი მამა? _ იკითხა ბავშვმა.

_ რა თქმა უნდა, ისიც იქნება და იოც. ორივე.

_ მერე? ხომ არ იჩხუბებენ იო ძია და მამიკო?

`იო ძია და მამიკო~ ეკალივით მოხვდა გულზე. ბავშვი ვერ აცნობიერებდა, რეალურად რაც ხდებოდა, ამიტომ მაინც ლექსო მიაჩნდა ღვიძლ მამად.

_ დე… _ ჩურჩულზე გადავიდა მარიკუნა, _ ძია იოსაც მამიკო უნდა დავუძახო? _ და თვალები დახარა.

ლიზიმ კვლავ ჩხვლეტა იგრძნო. იცოდა, ასე რომ მოხდებოდა. იცოდა, ცხრა წლის ბავშვისთვის ძნელი აღსაქმელი იქნებოდა, რომ მას სრულიად სხვა მამა ჰყავდა, ამიტომ შვილი გულში ჩაიკრა და დაყვავებით უთხრა:

_ შენ როგორც გინდა, დედი. კი არავინ გაძალებს, მამა დაუძახეო. არ არის აუცილებელი. მთავარია იცოდე, რომ ისიც შენი მამიკოა. ანუ ის უფრო ადრე გახდა შენი მამიკო, ვიდრე ლექსო. გესმის?

თავი კი დაუქნია მარიკუნამ, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, რატომ უნდა ჰყოლოდა ორი მამა.

_ არა უშავს, შვილო, ცოტას კიდევ წამოიზრდები და ყველაფერს მიხვდები. უბრალოდ, მინდა იო ძიაც ისე გიყვარდეს, როგორც ლექსო მამიკო გიყვარს. ხო?

_ ხო. მე მიყვარს იო ძია, მაგარი ძიაა, _ გაიკრიჭა მარიკუნა და დედას ჩაეხუტა…

 

იმ ღამეს იონა არ მობრუნებულა. ლიზის დაურეკა, სასწრაფოდ მომიწია თბილისში ჩასვლამ სამსახურის საქმეებზე და ხვალ საღამოს ამოვალო. ქალს ნირი წაუხდა. იფიქრა, ყველაფერი მორჩა, იონა აწი აღარ გამეკარებაო. ის ღამე ტირილში გაათენა. იონას გარდა სხვა სადარდებელიც ჰქონდა _ სამსახური დაკარგა. დარწმუნებული იყო, რომ ნანკა აღარ მიიღებდა. შეიძლება უკვე დაწერილიც ჰქონდა მისი გათავისუფლების ბრძანება. ეს პროექტი მაინც მოესწრო… მაგრამ არა, ნანკა ალბათ მის პროექტსაც აღარ მიიღებდა. არადა, თითქმის მორჩა. მორჩა კი არა, მხოლოდ დეტალების შესწორება იყო საჭირო, რასაც ნანკას გარეშე ვერ გადაწყვეტდა, ამიტომაც არ ჰკიდებდა ხელს.

ახლა რაღა უნდა ექნა? იონა დაკარგა, სამსახური დაკარგა, რითი ეარსება? აქ გაჩერებას რა აზრი ჰქონდა? მაგრამ სად უნდა წასულიყო? თბილისში არავინ მიელოდა. არც სახლი გააჩნდა იქ და არც კარი. ვინც მეგობარი ეგონა, მტერი აღმოჩნდა, ვინც ქმარი ეგონა, _ მოღალატე. ვის უნდა მისდგომოდა კარზე? ერთი ნათესავი მაინც ჰყოლოდა, რომელიც დროებით შეიფარებდა. მორჩა, მისი საქმე დამთავრებულია, თუ რამე გზა არ გამოჩნდა, ალბათ თავის მოკვლის მეტი აღარაფერი დარჩება. მაგრამ მარიკუნა? ბავშვს უპატრონოდ ხომ არ დააგდებს? ვინ მოუვლის და გაზრდის _ იონა თუ ლექსო? ლიზისნაირად ვერც ერთი ვერ იზრუნებს მასზე. იონა იმიტომ ვერ იზრუნებს, რომ ჯერ ბოლომდე ვერც გაუცნობიერებია, შვილი რომ ჰყავს. ლექსო კი მეორე ცოლისგან ბავშვს ელოდება, თავის პირმშოს. მარიკუნა ვინაა მისთვის? არა, ასე არაფერი გამოვა. თუ იო აღარ მოვა, დატოვებს აქაურობას და თბილისში წავა. მიადგება ლექსოს და სთხოვს, რამე მოუხერხოს. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელი მისი ცოლი იყო და ავად თუ კარგად, ცოლობა გაუწია. ერთგულება მაინც ხომ შეუნარჩუნა, თუ სხვა ვერაფერი შემატა?

ამ ფიქრებში თავზე დაათენდა. ტირილისგან თვალები შეუშუპდა. სარკეში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი ვერ იცნო _ ერთ ღამეში ლამის ათი წელი მომატებოდა.

მარიკუნა სკოლაში გააცილა და დივანზე მიწვა. აღარაფრის ხალისი აღარ შერჩენოდა. არც სახლის მილაგების ნერვები შერჩა და არც სადილის მომზადების. ახლა მხოლოდ ერთი რამ სურდა _ როგორმე დასძინებოდა. ძილი ყველაფერს თვითონ უმკურნალებდა.

ღამისთევამ და ნერვიულობამ თავისი გაიტანა. ჩაეძინა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი მშვიდი ძილი, ეს ძილ-ღვიძილი იყო. თან ეძინა, თან ფხიზლობდა. არა და არ გაეთიშა გონება. სიზმარიც ნახა, მაგრამ მაინც არ ეძინა. ასეთი რამ ადრეც გამოუცდია და არა ერთხელ და ორჯერ. სანერვიულო კი სიცოცხლეში ბევრჯერ ჰქონია, გათხოვებამდეც და გათხოვების შემდეგაც. რაც თავი ახსოვს, სულ ბეწვის ხიდზე დადიოდა, სულ რაღაცის ეშინოდა. გემრიელად ერთხელ არ შეუგრძნია ბედნიერება, მისი დაკარგვის შიში გამუდმებით თან სდევდა. თითქოს შიშით იყო დაპროგრამებული _ რაც უნდა კარგად ყოფილიყო, სულ ცუდს მოელოდა. სულ იმის მოლოდინში იყო, მისი ბედნიერი დღეები როდის დამთავრდებოდა.

თუმცა ყოველთვის ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა _ ბედი სწყალობდა თუ განგება იფარავდა. ისიც კი, ლექსოს რომ დაშორდა, უკეთესი აღმოჩნდა მისთვის _ ახალი ცხოვრების გზა გაეხსნა, დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა. თუ წარსულში ამას კრიმინალური გზით ახერხებდა, ახლა საკუთარი შრომით ისწავლა ლუკმის მოპოვება. ეს უხაროდა. იცოდა, რომ რაც უნდა ცუდად შემოტრიალებულიყო საქმე, ახლა აღარ დაიკარგებოდა და ფეხზე დადგომას აუცილებლად მოახერხებდა. გონება ყოველთვის უმუშავებდა, უბრალოდ, არ დამდგარა იმის საჭიროება, თავისი ჭკუა და მარიფათი რამეში გამოეყენებინა. ლექსო მუშაობდა, კარგი შემოსავალი ჰქონდა და ოჯახს არაფერს უჭირვებდა…

ახლა კვლავ ახალი ეტაპი დადგა მის ცხოვრებაში და ამას უნდა გამკლავებოდა…

მარიკუნა რომ დაბრუნდა სკოლიდან, უკვე ფეხზე იყო. თავი საშინლად სტკიოდა, მთელი მარცხენა ნახევარსფერო უფეთქავდა. ორი აბი ტკივილგამაყუჩებელი დალია, თავზე მჭიდროდ წაიკრა თავშალი და ბავშვს საჭმელი გაუცხელა. გუშინდელი გუფთა ბლომად ესხა ქვაბში, ბლინებიც დარჩენილიყო და ქადებიც. კარგი ქნა, დღეს სადილი რომ არ მოამზადა. ვინ იყო მაგის შემჭმელი? უკვე აღარავის მოელოდა. იონასთან დარეკვის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ არ დაურეკა. თუ მომსვლელი იყო, ისედაც მოვიდოდა.

არა, ეს არ იყო სიამაყე. განა ამის გამო არ ურეკავდა. უბრალოდ, არ სურდა მამაკაცისთვის თავი გაებეზრებინა ან გაეღიზიანებინა. მაგრამ ვაითუ ის სწორედ ამას ელოდება? იქნებ ის უნდა, რომ ლიზიმ დაურეკოს და ჰკითხოს, როდის მოხვალო? იქნებ სწორედ ეს აზრია ჩადებული მის გაუჩინარებაში?

არა, მაინც არ დარეკავს. რა თქმა უნდა, შეუძლია დაურეკოს და ჰკითხოს, დღეს სადილად რა დაგახვედროო, მაგრამ ამას არ იზამს. რაც მოსახდენია, მოხდეს. თუ იონამ მისი მიტოვება გადაწყვიტა, ლიზის ერთი ზარი ვერაფერს შეცვლის. თუ საყვედურს მიიღებს იმის გამო, რატომ არ დამირეკეო, სიმართლეს ეტყვის. იონა გაუგებს… იონა მიუხვდება… იონა ლექსო კი არაა, იონა იოა, მისი იო…

 

უკვე ექვსი საათი ხდებოდა. წესით, საცაა იონა უნდა მოსულიყო. გული საგულეში აღარ ეტეოდა. როგორ ღელავდა. ამ საღამოზე იყო დამოკიდებული მისი მომავალი, მისი ხვალინდელი დღე.

კუჭი აუწრიალდა. ახლაღა გააცნობიერა, რომ მთელი დღე ლუკმა არ ჩაედო პირში. მაცივარი გამოაღო და შეიხედა. ბადრიჯანს ჭკნობა შეჰპარვოდა. ჯანდაბას ჩემი თავი, ეს როგორ მომივიდაო, გაიფიქრა და სასწრაფოდ გამოიღო. გარეცხა, ბრტყლად დაჭრა და მარილი მოაყარა, რომ წვენი გასვლოდა. შეწვავს და დაჭყლეტილ ნიორს მოაყრის. სულ გაფუჭებას ჯობია ერთი თავი კერძი გამოუვიდეს. ბოლოს და ბოლოს, შვილთან ერთად თვითონაც მშვენივრად მიირთმევს.

ამ დროს მობილური აწრიპინდა. ზარის გაგონებაზე გული შეუხტა. დარწმუნებული იყო, იო იქნებოდა…

შეცდა. ერთხანს გაოცებული დასცქეროდა ეკრანზე მოციმციმე სახელს _ ნანკა ურეკავდა. ჰქონდა ახლა მასთან ლაპარაკის თავი? კარგს ნანკა რას ეტყოდა? არც არაფერს. ქალს ქმარი, თუნდაც ყოფილი, ხელიდან ააცალა და კარგი რა უნდა ეთქვა?

არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ გულმა არ მოუთმინა. რაც იქნება, იქნება, ამ ლანძღვასაც გადავიტან როგორმეო, გაიფიქრა, საძინებელში შეიკეტა და უპასუხა:

_ გისმენთ!

_ ნანკა ვარ…

_ ვიცი, ნანკა…

_ რატომ არ მოხვედი დღეს სამსახურში?

ლიზი დაიბნა. ყველაფერს ელოდა და ამას არა.

_ მე… რა ვიცი… ვიფიქრე, უკვე აღარ ვჭირდები-მეთქი…

_ რატომ, იონას გამო?

_ ჰო, _ არ დამალა ლიზიმ.

_ ხვალ დილიდან გელოდები. აუცილებლად გამოდი. გასაგებია?

_ გასაგებია.

_ პროექტის საქმე როგორაა?

_ დავამთავრე. უბრალოდ, არის რამდენიმე პუნქტი, უშენოდ ვერ ვქენი… იქნებ რამის შესწორება მოგინდეს.

_ შეგიძლია ფოსტაზე გადმომიგზავნო?

_ რა თქმა უნდა, ახლავე გამოვუშვებ.

_ მიდი! და ხვალ გელოდები! _ ასე მომთხოვნი ტონით დაასრულა `შეფინიამ~ მასთან საუბარი და გათიშა.

მისმა ზარმა დამშვიდების ნაცვლად უფრო ააფორიაქა ლიზი. ალბათ პირისპირ უნდა ჩემთან შეხვედრა, რომ უფრო გემრიელად გამომლანძღოსო. თანაც, პროექტიც სჭირდება. რაში აწყობდა ტელეფონში მასთან იონაზე ლაპარაკი? ახლა პროექტს გადაუგზავნის, ხვალ კი… ხვალ უფროსი წესს აუგებს.

ეშინია? არა, არ ეშინია. უბრალოდ, არ უყვარს უსიამოვნო სიტუაციები. თავის დასაცავი მას არაფერი სჭირს. არავინ მოუკლავს და არავინ გაუქურდავს… არც არაფერი წაურთმევია ნანკასთვის. ისიც კი არ იცოდა, იონა მისი ქმარი თუ იყო. რა ლიზის ბრალია? ნანკა სად იყო, ის რომ იონას იცნობდა? შვილიც კი ჰყავს მისგან! ხმა არა აქვს ნანკას ამოსაღები და ერთი გაბედოს, რამე აგდებით უთხრას, მაშინვე მოსვამს თავის ადგილზე!

_ დე, ამოცანა ამოვხსენი და შემიმოწმებ? _ ჩაფიქრებულს მარიკუნა დაადგა გაშლილი რვეულით ხელში.

_ რა?.. აბა, მაჩვენე! _ ფიქრებიდან გამოერკვა და რვეულს დახედა.

`ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მანძილი 180 კმ-ია. ავტობუსი მოძრაობს 60 კმ\სთ სიჩქარით. რამდენ საათში დაფარავს ავტობუსი მანძილს ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე?~ _ ჩვეულებრივი მარტივი მათემატიკური ამოცანა იყო.

მარიკუნას პასუხი ეგრევე მიეწერა _ 3 საათშიო, ყოველგვარი ამოხსნის გარეშე.

_ ეს რა არის? როგორ მიიღე ეს პასუხი? _ კოპები შეკრა ლიზიმ და რვეული ხელში შეათამაშა.

_ 180 3-ზე გავყავი, _ შეშინებული ხმით მიუგო გოგონამ.

_ მერე? სად ჩანს, რომ გაყავი? პირდაპირ პასუხი გიწერია! ამოცანის პირობის მერე რას ვაკეთებთ ხოლმე?

ბავშვი დაბნეული მიაჩერდა დედას.

_ რას ვწერს ამოცანის პირობის შემდეგ?

_ ამოხსნას.

_ და სად გიწერია ეს ამოხსნა? _ ისტერიკულად იყვირა ლიზიმ, _ პირველად აკეთებ დავალებას თუ როგორაა შენი საქმე? მიდი ახლავე და როგორც საჭიროა, ისე გააკეთე. ხელახლა გადაწერე და წესიერად ამოხსენი, არ გამაგიჟო იცოდე!

მარიკუნამ დედას რვეული გამოართვა და თავისი ოთახისკენ გაიქცა. გაოცებული იყო _ მას დედა ასე მწარედ არასდროს გაჰბრაზებია…

ლიზიმ კედლის საათს ახედა, იონას ნაყიდ საათს. ცხრა შესრულებულიყო. ის კი არ ჩანდა. არც დარეკა. ახლა უკვე გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი… საბოლოოდ გადაეწურა. ალბათ ეწყინა, ლიზიმ რომ დაუშალა ბავშვისთვის შექმნილი სიტუაციის ახსნა, ან რომ დაფიქრდა, არ დაიჯერა, მარიკუნა თუ მისი შვილია, ან კიდევ… აღარ იცის, მესამე ვარიანტი რა შეიძლება იყოს. სასოწარკვეთილმა თავი ხელებში ჩარგო.

მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა. მაშინვე სტაცა კამოდზე შემოდებულ მობილურს ხელი… ამჯერად ლექსო ურეკავდა.

როგორ არ უნდოდა ახლა მისი ხმის გაგონება… ნეტავ იო ყოფილიყო და არა ლექსო…

_ ხვალ სად იქნები? _ პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქმარი.

_ არ ვიცი… ალბათ სამსახურში, გააჩნია, რომელ საათზე. _ ნაღვლიანად გასცა პასუხი.

_ დაახლოებით თორმეტისთვის.

_ სამსახურში… რა იყო?

_ განქორწინების თაობაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი.

_ სამსახურში მოდი. იქ დაგელოდები. _ ცივად მიუგო და გათიშა.

ამან ხომ შეუჭამა ტვინი თავისი განქორწინებით. როგორ ეჩქარება მასთან გაყრა! დამპალი!

ლექსომ ისევ დარეკა.

_ კიდევ გინდოდა რამე? _ უკმეხად შეეკითხა.

_ რატომ მიბრაზდები, ლიზი?

_ არ გიბრაზდები, უბრალოდ, არ ვარ შენთან საუბრის ხასიათზე. გითხარი, სამსახურში ვიქნები-მეთქი, მეტი რა მექნა?

_ მომისმინე. თამუნა საცაა ბავშვს გააჩენს, ამიტომ მეჩქარება, გესმის? ხელის მოწერა უნდა მოვასწროთ, ბავშვს გვარი უნდა მივცე.

_ განქორწინების გარეშე გვარის მიცემას ვინმე დაგიშლის თუ როგორაა საქმე? _ ირონიულად გაიცინა ლიზიმ.

_ თამუნას მშობლები ჰყავს, რა არის აქ გაუგებარი _ დედა და მამა. ამიტომ უნდა, რომ ყველაფერი წესის მიხედვით მოხდეს.

_ აჰა… მშობლები… ეს მე გადამიკარი ახლა? ესე იგი, მე უპატრონო ვარ და თამუნას მშობლები ჰყავს? _ მოულოდნელად ისე იყვირა, თვითონვე შეცბა.

_ რა გემართება? _ ლექსო მისმა რეაქციამ შეაშფოთა, _ აკი სცენებს არ მოვაწყობო?

_ ის მემართება, რომ არ მენდობი! _ ხმას დაუწია ლიზიმ, _ გეშინია, უარი არ ვთქვა შენთან გაყრაზე, ხომ? ნუ გეშინია, მე შენი მტერი არ ვარ და შენ თუ მიგაჩნივარ მტრად, ეგ შენი პრობლემაა.

_ რა სისულელეს იძახი, რა მტერი, რის მტერი. მტრობა რა შუაშია? ეგ არც მიფიქრია. სულაც არ მიმაჩნიხარ მტრად. პირიქით, მინდა რომ მერეც კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ბავშვს ერთად მივხედოთ…

_ არ გაბედო ბავშვის ხსენება! _ კვლავ იფეთქა ლიზიმ და აკანკალდა.

_ დამშვიდდი, ადამიანო, დამშვიდდი და მომისმინე. კი არ გართმევ მაგ ბავშვს, მხოლოდ დახმარებას გთავაზობ. თამუნასაც უნდა შენი გაცნობა…

_ არ მჭირდება შენი ქალების გაცნობა, შენთვის გყავდეს!

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ლექსო ხმას არ იღებდა. არც ლიზი.

_ კარგი, _ ცივად გაისმა ქმრის ხმა და ლიზის შეაჟრჟოლა, _ ხვალ ვილაპარაკოთ. ნახვამდის.

ლიზის კარგა ხანს ეჭირა ყურთან მიდებული მობილური ხელში და კედელს მიშტერებოდა. თავის თავს ვეღარ ცნობდა. რატომ ესხმოდა თავს ან ქმარს, ან შვილს, ვერაფრით აეხსნა. ხვალ ნანკასთანაც რომ ვერ შეიკავოს თავი და ასეთი წივილ-კივილი ატეხოს, სირცხვილს ჭამს. ყველანი დასცინებენ და კუდამოძუებულს მოუწევს იქიდან წამოსვლა. როგორმე უნდა შეძლოს ნერვების მოთოკვა, როგორმე უნდა დამშვიდდეს და თავი ხელში აიყვანოს. ისტერიკით საქმე არ გაკეთდება.

გულიანად ამოიოხრა, მობილური კვლავ კამოდზე შემოდო და კომპიუტერს მიაშურა, რათა დასრულებული პროექტი შესასწორებლად `შეფინიასთვის~ გადაეგზავნა…

 

ათ საათზე გავიდა სახლიდან _ მოუწესრიგებელი, უმაკიაჟოდ, მაგრამ გამეხებული სახით. ნანკას მაგრად უნდა დასდგომოდა და დამცირების უფლება არ მიეცა. ეს მტკიცედ გადაწყვიტა. გულში ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა წინადადებებს, როგორ შეეტია დირექტორისთვის საჭიროების შემთხვევაში.

ავტობუსიდან ჩამოსულმა პანსიონის ჭიშკარს მიაშურა და მოულოდნელად გაქვავდა _ ეზოში იონას ჯიპი იდგა…

სანამ ნანკას კაბინეტის კარზე დააკაკუნებდა, თმაზე ხელი გადაისვა, პერანგის საყელო გაისწორა და ხმის ჩასაწმენდად რამდენჯერმე ჩაახველა…

რაოდენ გაოცებული დარჩა, როცა დირექტორი მარტო დახვდა. რატომღაც, იონასაც ელოდებოდა. მაშინ რატომ იდგა მისი მანქანა ეზოში? აღელვებისგან მთელი სხეული დაეჭიმა. იქნებ იმ მეორე ოთახში იმალება, სადაც ლიზი არასდროს შესულა და არ იცის, იქ რა ხდება?

_ ხომ არ დავაგვიანე? _ იკითხა და ნანკას თვალი თვალში გაუყარა, თითქოს მის მზერაში სურდა ამოეკითხა, იონა მართლა მეორე ოთახში იმალებოდა თუ არა.

_ არა… დაჯექი! _ ქალის ხმა ავისმომასწავებლად გაისმა. ასეთი ტონით `შეფინიას~ მისთვის არასდროს მიუმართავს.

ლიზიმ სკამი უხმაუროდ გამოსწია და დაჯდა… ლეპტოპი ჯერ მუხლებზე დაიდო, მაგრამ მერე გადაიფიქრა და მაგიდაზე დადო.

_ რით დავიწყოთ? _ ნანკამ სათვალის ზემოდან გამოხედა.

გამგმირავად? არა, უფრო გამომცდელად. `ნეტავ რას მიპირებს, რა ჩაიფიქრა?~ _ გაუელვა გონებაში ლიზის, ხმამაღლა კი თქვა:

_ პროექტით.

_ იყოს პროექტით. აბა, მაჩვენე! _ და ხელი მენეჯერისკენ გაიშვირა.

ლიზიმ ლეპტოპი გახსნა, საჭირო ფაილი მოძებნა, გახსნა, შეატრიალა და ნანკასკენ მიაჩოჩა.

დირექტორი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და პროექტის ჩაკითხვას შეუდგა.

სიჩუმე გაიწელა. ლიზი საშინლად გრძნობდა თავს, ვერც მოხერხებულად დაჯდომას ახერხებდა, ვერც ხმის ამოღებას.

_ მეექვსე და მეცამეტე პუნქტში შესწორებას შევიტან. დანარჩენს არა უშავს, _ იმავე ტონით გაიმეორა ნანკამ და ლეპტოპი დახურა.

_ მადლობა, _ ჩაილაპარაკა ლიზიმ და დაიძაბა.

_ კიდევ რაზე უნდა გვესაუბრა? _ ირონიულად იკითხა `შეფინიამ~.

ლიზის შეაკანკალა. `დაიწყო!~ _ გაიფიქრა და ორივე ტუჩი კბილებშუა მოიქცია, თან ნანკას თვალს არ აშორებდა.

_ არ ვიცი… მე მხოლოდ ეს მქონდა სათქმელი… _ ხმაჩახრინწულმა ჩაილაპარაკა და საჩვენებელი თითით ლეპტოპზე მიანიშნა.

_ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც გვაქვს… ასე არ არის განა? _ თავი გვერდზე გადახარა დირექტორმა და თვალები მოჭუტა.

ლიზიმ არ უპასუხა.

_ მინდოდა იონას შესახებ მეკითხა…

_ რა? _ მთლად წაერთვა ხმა და იძულებული გახდა, ჩაეხველებინა.

_ თქვენ შორის რამე სერიოზული ხდება?

ოოო, რა უნდა ეპასუხა ამაზე? იო სამი დღეა, არ გამოჩენილა. არც იყო დარწმუნებული, რომ ხვალ ან ზეგ გამოჩნდებოდა. ფაქტობრივად, მიტოვებული ქალის პოზიციაში იმყოფებოდა. ყველა ფრაზა, რომელიც თავდასხმისთვის ჰქონდა გამზადებული, მოულოდნელად გაუფრინდა გონებიდან. ისევ ისეთი უმწეო გახდა, აქ ჩამოსვლისას რომ იყო.

_ არ გინდა მიპასუხო?

ქალმა მხრები აიჩეჩა.

_ უნდა გიპასუხო?

_ წესით, კი. ის ხომ ჩემი ქმარია… ნუ, იყო… ახლო წარსულში.

_ სამაგიეროდ, შორეულ წარსულში ჩემი იყო.

_ შენი ქმარი?

_ არა… ცოლქმრობა არ დაგვცალდა… რაღაც გარემოებების გამო.

ნანკამ გულიანად გადაიხარხარა.

_ შენ მგონი აქ იმისთვის ჩამოხვედი, რომ იონას შეხვედროდი და არა სამუშაოდ, ხომ მართალი ვარ? ბლეფი იყო ის ყველაფერი, არა? მოიტყუე, ქმარს ვშორდებიო, მიჭირსო და ასე შემდეგ…

ნირწმახდარმა ლიზიმ პროტესტის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია, დარეტიანებულმა ხმა ვერ ამოიღო.

_ კი მაგრამ, რა საჭირო იყო ეს სპექტაკლები? განა რა, თბილისში ვერ მოახერხებდი მის ნახვას?

_ ამის გამო არ ჩამოვსულვარ… _ ჩურჩულზე გადავიდა ლიზი, რომ ხმა არ აჰკანკალებოდა, _ მას შემთხვევით გადავეყარე აქ.

_ ეს უნდა დავიჯერო?

_ ჰო… იმიტომ, რომ მართალია. _ თქვა და სანამ ნანკა კიდევ რამეს იტყოდა, სწრაფად გააგრძელა, _ თითქმის ათი წელია, არ მინახავს… ერთმანეთი არ გვინახავს… ის არასდროს მიძებნია… ამასთან, წარმოდგენაც არ მქონდა, შენი ქმარი თუ იყო. ცოლს გაშორებული ვარო, მითხრა, შვილი არ გვყავსო. მე რა, დამესიზმრებოდა?

_ ახლა ხომ იცი?

_ რა? _ ლიზიმ წარბები აზიდა.

_ რა და, იონა რომ ჩემი ქმარია…

_ არა… ახლა ის ვიცი, რომ შენი ქმარი აღარაა. _ მიუგო და გაუბედავად შეხედა თვალებში, მაგრამ მისი დამცინავი ღიმილი რომ შეამჩნია, უეცრად გარდაიქმნა, მასში კვლავ გაიღვიძა მებრძოლმა სულმა, სახეზე სისხლი მოაწვა, მომუშტული ხელები მაგიდაზე დააწყო და ხმის აწევით გააგრძელა, _ აქ ამ ამბის გასარჩევად დამიბარე? პატარა გოგოსავით გინდა დამტუქსო?.. მაგრამ მე ხომ შენთვის ქმარი არ წამირთმევია. მე მას წლებია ვიცნობ და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. თუ შენ ვერ გაუგე იოს, ეგ ჩემი ბრალი არ არის. თუ მის გვერდით ყოფნა გინდოდა, გვერდით გყავდა. ახლა რაღა გინდა?

ნანკას დამცინავი ღიმილი არ შორდებოდა ტუჩებიდან, რასაც მისი გაოცებული მზერაც დაერთო.

_ როგორ გამართე! ჰა-ჰა-ჰა! _ და კვლავ ახარხარდა, მაგრამ უკვე ხელოვნურად. მერე უცებ გაჩუმდა, ღიმილი სახიდან მოისხიპა, ლიზისკენ გადმოიხარა და სრულიად ჩვეულებრივი ხმით ალაპარაკდა, _ კარგი, ლიზი, კარგი. მე შენთან საჩხუბარი არაფერი მაქვს, არც გასაყოფი. ეს ისე, სიტყვას მოჰყვა და იმიტომ დავიწყე იონაზე ლაპარაკი. თქვენი ამბისა თქვენ იცით. გიყვარს? ღმერთმა შეგარგოს. მე მისგან უკვე მივიღე, რაც მეკუთვნოდა. ის კი არა, საჭიროზე მეტიც გამიკეთა. აი, ეს მთელი ბიზნესი მისი ნაჩუქარია, _ ნანკამ ხელები გაშალა და სივრცე მოხაზა, _ იმედია, აწიც დამეხმარება. შენ ხომ არ შეუშლი ხელს ამაში?

ლიზიმ ეს შეკითხვაც უპასუხოდ დატოვა.

_ არ შეუშლი. მე ეს ვიცი, მით უფრო, რომ შენ ჩემთან უნდა გააგრძელო მუშაობა. ასე არ არის? თუ… _ თქვა და თვალებში ბოღმის გამომხატველი ნაპერწკლები გაუჩნდა.

_ არ ვიცი. ამაზე იოს უნდა მოვეთათბირო, _ მშვიდად მიუგო გაოგნებულმა ლიზიმ. ვერ მიხვდა, თუ მის მამაკაცზე ნანკას პრეტენზია არ ჰქონდა, ეს მასკარადი რისთვის დასჭირდა.

_ იოს… _ სარკასტული კილოთი გაიმეორა ნანკამ, _ არსად დაგეკარგოს შენი იო… კარგი, კარგი, გვეყოფა ამდენი უსიამოვნო ლაპარაკი. მოდი, დღეს მე შესწორებებს შევიტან ამ პროექტში, ხვალ კი დავსხდეთ და ერთად გავიაროთ.

_ ხვალ?.. _ შეყოყმანდა ლიზი, _ ხვალ ალბათ ვერ შევძლებ… _ შეშინებული მზერა მიაპყრო დირექტორს.

_ რატომ? ხომ არ ქორწინდებით? _ ისევ ირონია…

_ არა, განვქორწინდები, _ ირონიას ირონია დაუხვედრა ლიზიმ, _ ხვალ ხელი უნდა გავაწერო ჩემს ქმართან.

_ ვა!!! მართლა? _ ამას კი არ ელოდა ნანკა, გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა, _ სერიოზულად ამბობ მაგას?

_ უსერიოზულესად.

_ მდაა… _ შეფიქრიანებულმა ამოთქვა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა, _ რას გიტოვებს შენი ქმარი?

_ არ ვიცი. არ მიკითხავს.

_ როგორ? შორდებით და არ იცი, რას გიტოვებს? იქნებ მშრალზე გტოვებს?

_ არ მაინტერესებს. მე მისი ქონება არ მჭირდება. ვინც მჭირდება, გვერდით მყავს.

_ შენი იო? _ წივილივით გაისმა მისი ჩაცინება.

_ ჩემი შვილი. _ მტკიცედ დაუხვედრა პასუხი ლიზიმ და ნანკას სახიდან კვლავ გაუქრა დამცინავი ღიმილი.

_ მაპატიე… რაღაც დღეს არ გამომდის, კეთილი ვიყო. ძალიან `სწერვულად~ ვიქცევი. არადა, ასეთი არ ვარ. იმედია, შვილს მაინც დაუტოვებს რამეს. თუ ჩემნაირია შენი ქმარი, ასე მოიქცევა.

_ ის მისი შვილი არაა. _ ლიზი მიხვდა, რომ სწორედ ახლა დადგა მიზანში სროლის დრო და ნანკას საბოლოოდ გააცამტვერებდა.

_ რა-ა? აბა ვისი შვილია?

_ მარიკუნა იონას შვილია.

არის! მოარტყა? ცხრიანში მოარტყა! არა, ათიანში! ნანკას ლამის გაუთეთრდა სახე. ერთხანს გახევებული იჯდა, თითქოს ნაღმზე დააბიჯა ფეხი და განძრევის ეშინიაო, მერე კი წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა, ნაოპერაციებ ცხვირზე ნელა ჩამოისვა თითი და ხმადაბლა, ძლივს გასაგონი ხმით თქვა:

_ ნახვამდის… როცა მოიცლი და მოსვლას შეძლებ, დამირეკე!

მისმა საქციელმა კიდევ ერთხელ გააოგნა ლიზი. ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვა ბავშვზე. არც კი დაინტერესდა. ალბათ ძალზე მტკივნეული დარტყმა გამოვიდა _ მას ხომ იონასთან შვილი არ ჰყოლია.

ლიზიმ ცალი მხარი შეათამაშა, ოდნავ ჩაიღიმა და ამაყად თავაწეულმა დატოვა კაბინეტი… ეს პარტია მან მოიგო…

სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც ხვალ მოუწევდა თბილისში ჩასვლა განქორწინების თაობაზე, მაგრამ მაინც მოიტყუა. უნდოდა, დასაფიქრებლად რამდენიმე დღე ჰქონოდა და საბოლოოდ გადაეწყვიტა, დარჩებოდა თუ არა ნანკასთან სამუშაოდ. ეს იონას გამოჩენა-არგამოჩენაზე იყო დამოკიდებული. თუ იო აღარ მოვიდოდა, ყველა ვარანტში მოუწევდა სახლის დაცლა და სხვა ბინის მოძებნა, ან კვლავ თბილისში გადაბარგება და კიდევ ერთხელ ცხოვრების თავიდან დაწყება _ ისევ მარტო, სხვების დახმარების გარეშე.

 

ორი დღე პანსიონისკენ არ გაუხედავს. შინ იჯდა და ფიქრობდა. სასოწარკვეთილი იყო. დილიდანვე რეკვას იწყებდა _ თბილისში ბინის ქირაობა გადაწყვიტა, მაგრამ სასურველ ვარიანტს ვერაფრით მიაგნო. ან ძალიან ძვირს უფასებდნენ, ან სადღაც გადაკარგულში უნდა წასულიყო. ახალი სამსახურიც ხომ უნდა ეძებნა? დანაზოგი სამი თვე თუ ეყოფოდა ბინის ქირას და სასმელ-საჭმელს. ბავშვისთვის სკოლაც უნდა ეპოვა, რაც ყველაზე ძნელი იქნებოდა.

ამ ფიქრებში გართულს ლექსომ დაურეკა და სთხოვა, მეორე დილით თბილისში ჩამოსულიყო და განქორწინების საბუთებისთვის ხელი მოეწერა.

_ ათ საათზე ავტოსადგურში დაგხვდები, _ დაჰპირდა ლექსო, _ მანქანით ვიქნები, ფეხით არ მოგიწევს სიარული.

კიდევ კარგი, ამას რომ მიხვდა. სანამ მისი ცოლი იყო, არასდროს უთქვამს, მანქანით მოგემსახურები, სადმე ხომ არ გინდა წასვლაო. ახლა კი თან ჰყვება, ერთი სული აქვს, როდის მოიშორებს თავიდან.

დილით, სანამ მარიკუნას სკოლაში გაისტუმრებდა, დაუბარა, დღეს ცოტა შემაგვიანდება და ჩემს მოსვლამდე ჭკვიანად იყავი. თუ მაინცდამაინც ვერ გაძლო უჩემოდ, შენს მეგობართან გადადი და დამელოდე, სანამ დავბრუნდებიო. მერე კი სირბილით გავარდა ქუჩაში, რათა ცხრასაათიანი ავტობუსისთვის მიესწრო და დროულად ჩასულიყო თბილისში.

 

ლექსო მანქანით უკვე ელოდებოდა. ლიზიმ უკანა კარი გამოაღო და დაჯდა. ახლა აღარ იყო მისი ცოლი, ამიტომ წინ დაჯდომა არ ისურვა. ამაზე ლექსოს მხოლოდ გაეღიმა. როგორც კი ლიზი უკან დაჯდა, სარკე ისე მოატრიალა, რომ ცოლის თვალებისთვის ეყურებინა და დაიძრა თუ არა, მაშინვე ალაპარაკდა:

_ ყველაფერი მოგვარებულია. ერთი თვის მოცდა არ მოგვიწევს. მხოლოდ ხელს მოაწერ ქაღალდებს და მორჩება. მინდა აქედანვე იცოდე, რასაც ვაპირებ. ამ მანქანას შენ გაძლევ… მოიცა, არ შემაწყვეტინო. ამას გარდა ერთოთახიანი ბინა შევიგულე ნუცუბიძის პლატოზე. ნუცუბიძის ქუჩიდან შორს არ არის, მესამე პლატოზე როგორც კი აუხვევ, პირველივე კორპუსია. სუფთა ბინაა, იცხოვრება, ისეთი. მერე რემონტის გაკეთებაშიც მოგეხმარები, ახლა ამდენის საშუალება არ მაქვს. ბინის პატრონისთვის ბე მიცემული მაქვს, დღესვე მოვასწრებთ გადაფორმებას. გარდა ამისა, ყოველთვიურად რაღაც თანხას გადმოგირიცხავ. ჩათვალე, რომ ეს ალიმენტია. თუ ოდესმე ვერ მოვახერხე და შეგიწყვიტე ფულის მოცემა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გავღარიბდი. იმედია ამის გამო არ მიჩივლებ. ამეებს შენთვის არ ვაკეთებ. ეს ყველაფერი მარიკუნას სჭირდება… რა თქმა უნდა, შენთვისაც, მაგრამ პირველ რიგში მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი არ არის, ჩემი გაზრდილია და ამაში ნუ შემედავები. მე ის საკუთარივით მიყვარს, მასზე ამაგი მაქვს და თავს მოვალედ ვთვლი, გვერდით დავუდგე… მასაც და შენც. შენ საუკეთესო ცოლი იყავი… ეს მე ვარ უღირსი ქმარი…. რა იყო, რა გაოცებული შემომცქერი? არ ელოდი ჩემგან ასეთ აღიარებას? რა ვქნა, უნდა ვაღიარო. ყოველთვის ვფიქრობდი, ლიზი უკეთესს იმსახურებს-მეთქი… ყოველთვის, მაგრამ ამ დღეებში რაღაცები შეიცვალა. ცოტა უცნაური ამბები გავიგე შენზე… ესეც გიკვირს, არა? რას იზამ. შენ არ მომიყევი, სამაგიეროდ სხვა მომიყვა… რატომ არ აპროტესტებ? ესე იგი, ყველაფერი მართალია? რატომ დამიმალე? აი, ასეთი გულჩახვეული და შენს თავში ჩაკეტილი რომ იყავი, იმიტომაც გამიწია სხვა ქალისკენ გულმა.

_ მატყუარა! მე შენ ყოველთვის მიყვარდი! მე კი არ ვიყავი ჩაკეტილი, შენ არ მიშვებდი ახლოს, ერთხელ არ დამჯდარხარ ჩემ გვერდით და გულწრფელად არ გისაუბრია ჩემთან! _ იყვირა ლიზიმ.

_ მართალი ხარ, რა გაყვირებს? ამიტომაც გითხარი წეღან, უღირსი ქმარი ვიყავი-მეთქი. მეტი რა ვქნა?

_ შენ იმ გოგოსაც ვერ გაუფრთხილდები და ისიც გაგექცევა.

_ ანუ შენც გამექეცი? _ გაიცინა ლექსომ, თან წარამარა სარკეში იყურებოდა, რომ ლიზის მზერა დაეჭირა, _ არა, ჩემო კარგო, ამაში ცდები. მე გაგაქციე, რადგან შენთან გაყრას ვაპირებდი… რაც შეეხება თამუნას, მას არასდროს მივატოვებ, რადგან შენგან განსხვავებით მისგან შვილს ველოდები, ღვიძლ შვილს, ნაღდს და არა სხვის გაკეთებულს.

როგორი შეურაცხმყოფელი იყო ლიზისთვის მისი სიტყვები! ამის მოთმენას ვერ შეძლებდა!

_ გააჩერე მანქანა!

_ გეყო, რა. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ, თანაც გონიერი. ასეთი პანიკა საჭირო არ არის. გვინდოდა ერთმანეთისთვის სიმართლე გვეთქვა? ვუთხარით და ესაა. მეტი არაფერი.

_ კი არ მითხარი, მომახალე.

_ ეს ერთი და იგივეა, უბრალოდ, გამოსახატავი სიტყვაა სხვადასხვა.

_ გააჩერე მანქანა! არც შენი ქონება მჭირდება, არც ფული და არც მანქანა! შენი არაფერი მინდა! _ ლიზი სახელურს დაეჯაჯგურა, მაგრამ კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და გაღება ვერ შეძლო.

_ ამასობაში მოვედით კიდევაც. ახლა მორჩა, ისტერიკების გარეშე! ძალიან გთხოვ, არ შემარცხვინო. შენ ხომ საუკეთესო მყავხარ! _ ლექსომ მანქანა გააჩერა, ცოლისკენ შეტრიალდა და ხელზე ხელი მოუჭირა…

 

ფრთამოტეხილი ჩიტივით შევიდა ეზოში. უკვე ბინდდებოდა. სახლში შუქი ენთო. მიხვდა, რომ მარიკუნა შინ იყო. ალბათ აქეთ გადმოიყვანა თავისი კლასელიო, გაიფიქრა და კიბეს ლასლასით აუყვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან თავისუფალი იყო და რასაც მოისურვებდა, იმას გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკუთარი ბინა ჰქონდა და მანქანაც, რომელიც ამწუთას ჭიშკართან დააყენა, მაინც მძიმედ იყო, მოუსვენრად, რაღაც უღრღნიდა გულს, რაღაც არ აკმაყოფილებდა, მაგრამ რა იყო ეს რაღაც, ამაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა.

წინკართან მისულს მარიკუნას ტკარცალის ხმა შემოესმა. ნეტავ რა აცინებს ასე გულიანადო, გაიფიქრა, ქუსლიანი ფეხსაცმელი წაიძრო და თითები აამოძრავა. მთელი დღე ქუსლებზე დადგომა გაუჭირდა, ფეხის თითები დასივებოდა.

კარი შეაღო და სახტად დარჩა. იონა და მარიკუნა იატაკზე ისხდნენ და ტელევიზორის ეკრანს ღიმილიანი სახეებით მისჩერებოდნენ. ტელევიზორიდან კი ჭყლოპინა ხმები ისმოდა. ლიზი ეკრანს ვერ ხედავდა, მაგრამ მიხვდა, მარიკუნა და იო `წუნა და წრუწუნას~ უყურებდნენ…

მის დანახვაზე იონა მაშინვე ფეხზე წამოხტა და ქალს მიეჭრა.

_ სად იყავი? რატომ დაგაგვიანდა?

ლიზიმ არაფრისგამომხატველი მზერა მიაპყრო.

_ შენ? შენ რატომ დაააგვიანე?

_ მე მხოლოდ ორი დღე არ ვიყავი… _ დამნაშავის კილოთი ჩაილაპარაკა იონამ.

_ მე კი სულ რამდენიმე საათი, _ მიუგო ლიზიმ და ძალაგამოცლილი ტახტზე დაეხეთქა. მარიკუნა დედის დანახვაზე იატაკიდან ლამის წამოფრინდა და გვერდით მიუსკუპდა.

მამაკაცმა კი ქალის წინ ჩაიმუხლა და ფეხის თითები დაუზილა. `რა უცებ ხვდება, სად მტკივა~. _ გაიფიქრა ლიზიმ, შვილს ხელები მოხვია და თვალები მილულა.

_ მორჩა, დღეს ხელი გავაწერეთ მე და ლექსომ, _ ისე თქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო.

_ ესე იგი, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ… _ მამაკაცმა ფეხის თითებს ხელი უშვა და ქალს შეაჩერდა.

_ არა…

_ არა? _ გაოგნდა იონა.

_ კი არ ვიწყებთ, ვაგრძელებთ… ამჯერად სამნი, _ დაღლილი ხმით მიუგო ლიზიმ და წამოდგა.

_ მართალი ხარ, ვაგრძელებთ. არ ვიცი, რატომ შემეშალა.

_ არა უშავს, ერთ დროს მეც შემეშალა, _ ხელი აიქნია ლიზიმ და მარჯვენა ხელის არათითს დახედა, რომელზეც მისი ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა, _ შენ მართალი ყოფილხარ, იო… ყველაფერი არ გაივლის… თითქოს ყველა ტკივილმა გამიარა, რასაც აქამდე შევუწუხებივარ… მხოლოდ შენ არ გამიარე…

_ მიხარია ამის მოსმენა, _ ჩურჩულით წარმოთქვა იონამ და ქალს ზურგიდან ჩაეხუტა.

_ გუშინწინ ნანკამ დამიბარა….

_ ვიცი, უკვე მითხრა.

_ მერე? რა უნდა ვქნა? გავაგრძელო მასთან მუშაობა თუ…

_ თუ. _ მსწრაფლ შეაგება მამაკაცმა, _ იმ კვირიდან თბილისში გადავდივართ. ჩემთან იმუშავებ და ჩემთანვე იცხოვრებ.

ლიზი მკვეთრად შემოტრიალდა.

_ რა იყო? რატომ გაიოცე ასე? საბურთალოზე ორ კვირაში ახალ სარეაბილიტაციო ცენტრს ვხსნი, ოღონდ უფრო თანამედროვეს. მასაჟის კაბინეტი იქნება, კოსმეტოლოგიური, უოპერაციო პროცედურები გაკეთდება _ ის, რაც ქალს დაბერებისგან დროებით იხსნის. მინდა ამ ცენტრის დირექტორი შენ იყო. მე გვერდით გეყოლები, ყველაფერში გაგარკვევ, დაგეხმარები. ნანკა დაივიწყე. დამთავრდა ეგ ამბავი. მარიკუნას სკოლის ამბავიც მოგვარებულია. მერე ჯვარიც დავიწეროთ და დავიწ… გავაგრძელოთ ცხოვრება, _ ისე ჩაარაკრაკა იონამ, თითქოს დაფის წინ დგას და მასწავლებელს გაკვეთილს აბარებსო.

ლიზი მამაკაცს ჩაეხუტა, თავი მხარზე მიადო და დივანზე მოკალათებულ შვილს გახედა. ლიზი კვლავ მულტფილმის ყურებით იყო გართული და კისკისებდა.

_ გავაგრძელოთ, _ დაიჩურჩულა ლიზიმ, თვალები დახუჭა და ნათელ მომავალს ბნელში გახედა…