ანგელოზების ქალაქი


ერთი შეხედვით, ოცდაათი-ოცდათორმეტი წლის, ელეგანტური, ძალიან მოვლილი ქალი, რომელსაც ძვირად ღირებული სუნამოს არომატი ასდიოდა… ჩანდა, რომ მდიდარი იყო _ კარგ ოჯახში აღზრდილი კარგი მანდილოსნის შთაბეჭდილებას ტოვებდა თავისი მოკრძალებული ღიმილითა და სევდაჩამდგარი თვალებით…

უნატიფესი თითებიდან ნაცრისფერი, თხელი ნაჭრის ხელთათმანის წაძრობას იწყებს. ხელები ისე უკანკალებს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ნერვიულობს… თავის ნაზ, ლამაზ თითებს კი არ ართმევს ლადოს, არამედ მხოლოდ ახებს.

მერე მონაცრისფრო-მოცისფრო ქურქის ღილებს იხსნის. შიგნით შავი კაბა აცვია. ეს ფერი უხდება როგორც მის ქერა თმას, ისე ღია ფერის თვალებს. მსუბუქი მოძრაობით მიდის სავარძლამდე და ჰაეროვანი მოძრაობით ჯდება. მორცხვად უყურებს ლადოს, ეს უკანასკნელიც აღფრთოვანებულია _ მომაჯადოებელი ქალია, ვერაფერს იტყვი. გარდა ამისა, ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდა, რაც კერძო დეტექტივს ყველაზე მეტად მოსწონს, ეს განსაკუთრებით ხაზგასმით მიანიშნებს იმაზე, რომ მოსული პასუხისმგებლობით გამსჭვალული ადამიანია. ასეთებს დღეს იშვიათად შეხვდები.

_ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, _ ათრთოლებული ხმით ამბობს სტუმარი და თავს ხრის.

_ აჯობებს, თავიდან დაიწყოთ, სულ თავიდან, _ ურჩევს ლადო, რომელიც თავის სამუშაო მაგიდას უზის და კალამს უაზროდ აწვალებს ხელში. უამრავი კლიენტი ჰყოლია, მაგრამ ასეთი დახვეწილი მანერების მქონე და ასეთი ლამაზი _ პირველად.

_ მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ბატონო გამომძიებელო, რომ… _ უხერხულად შენიშნავს ქალი, _ ჩემი ამბავი შეიძლება ბოდვად მოგეჩვენოთ… ძნელი დასაჯერებელი იქნება…

_ არა უშავს, მე მიჩვეული ვარ. გისმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ, ოღონდ ერთი პირობით _ გამომძიებელს ნუ მეძახით, მე, უბრალოდ, კერძო დეტექტივი ვარ, ეგ არის და ეგ.

7 7 7

ნინო კეკელიძე არისტოკრატიული ოჯახიდანაა. მამა ოპერის ცნობილი მომღერალი იყო წარსულში, დედა _ სახელგანთქმული პიანისტი. ნინომაც სცადა, მშობლების კვალს გაჰყოლოდა _ კონსერვატორიაში ჩააბარა და კარგადაც სწავლობდა, უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მამა უკვე იმაზე ოცნებობდა, როგორ იხილავდა თავისი ერთადერთი ქალიშვილის სოლო კონცერტებს მსოფლიოს უდიდეს და საუკეთესო სცენებზე, მაგრამ გოგონამ მეორე კურსიდანვე აიცრუა გული, აიჩემა, მუსიკის ნიჭი არ მაქვსო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსერვატორიიდან საბუთები გამოიტანა და, ყველას გასაკვირად, სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა…

წარმატებით ჩააბარა და ჩაირიცხა კიდეც. თავი სიზმარში ეგონა, ისე მოულოდნელი იო მისთვის, რომ ყოველგვარი «პატრონის» გარეშე გახდა ამ პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტი.

მშობლებს დანა პირს არ უხსნიდა, მაგრამ ვერც ვერაფერს ეუბნებოდნენ, ნინო თავისნათქვამა იყო, თანაც უკვე ვეღარაფერს შეცვლიდნენ. მხოლოდ მამამ სცადა, ისიც ერთხელ, ერთი წინადადება ეთქვა: «ეს შენი გზა არ არის, შვილო…»

მაგრამ გოგონა ასე არ მიიჩნევდა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გიორგი გაიცნო _ მაღალი, მგრძნობიარე და მხიარული ადამიანი. ის პოპულარული პოპ-ჯგუფის პროდიუსერი გახლდათ, ღრმად ჩახედული შოუბიზნესში და მუსიკალურ წრეებში საჭირო და გავლენიანი მამაკაცი.

როგორ გაიცნო? სრულიად შემთხვევით. ჩარიცხულთა სიაში თავისი გვარი ამოიკითხა თუ არა, მეორე დღესვე ბათუმში გაემგზავრა დასასვენებლად. ერთ მშვენიერ დღესაც, კაფეში შეიარა, სოკო და შემწვარი კარტოფილი მოუნდა. ერთი ჭიქა «ამარეტოც» არ აწყენდა ან კოქტეილი…

_ შეიძლება? დაკავებული ხომ არ არის? _ მოესმა სასიამოვნო ხმა.

თავი ასწია და იგრძნო, როგორ აუძგერდა გული. მის წინ თვით კევინ კოსტნერი იდგა. არა ცნობილი მსახიობი კევინ კოსტნერი, რა თქმა უნდა, მაგრამ მის ორეულს ნამდვილად წარმოადგენდა, ისე ჰგავდა.

_ დაბრძანდით, _ თავი დაუქნია ნინომ, არ შეიმჩნია, უცნობი რომ მოეწონა, _ თუკი გაწყობთ ჩემნაირი მოსაწყენი, ცუდ ხასიათზე მყოფი ქალის გვერდით სადილობა, მე წინააღმდეგი არ ვარ.

_ მერადა, როგორ მაწყობს… სიამოვნებით გაგიწევდით კომპანიას, მაგრამ ვერსად ვხედავ იმ ქალს, რომელიც თქვენ ამიწერეთ, _ და მომნუსხველად გაიღიმა…

გაცნობიდან ორი საათის შემდეგ ნინომ შეამჩნია, რომ «კევინ კოსტნერი», რომელიც სინამდვილეში საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბულგარელი გიორგი აღმოჩნდა, მის თითებს ჩასჭიდებოდა და ნაზად მოფერებას ცდილობდა. თან გზადაგზა აღნიშნავდა, როგორი ნატიფი და დახვეწილია ეს თითები, პიანისტისას ჰგავსო. კიდევ ერთი საათი მამაკაცი თავბრუდამხვევი სიტყვებით ხოტბას ასხამდა ლამაზ გოგონას და როცა მას თავის სასტუმროს ნომერში გაყოლა შესთავაზა, წამითაც არ დაფიქრებულა.

მისი პირველი სასიყვარულო მცდელობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დამთავრდა წარუმატებლად, აბორტის გაკეთებამაც კი მოუწია, როცა მიხვდა, რომ «შეყვარებული» ცოლად არ შეირთავდა, ამიტომაც ამჯერად არაფერს კარგავდა. რა სჯობდა საკურორტო რომანს… ბოლოს და ბოლოს, ერთი ლამაზი ღამე მაინც შერჩებოდა.

გიორგი ვნებიანად ეჩურჩულებოდა, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენას და სასტუმროს აივნიდან ზღვის ხედის ყურებას სთავაზობდა. ნინოს სასმელი კარგა გვარიანად მოჰკიდებოდა.

უარი არ უთქვამს. ულამაზესი ღამე გაატარა ახალგაცნობილ ნახევრად უცხოელთან, თავს სტუმრად კი არა, დიასახლისად გრძნობდა.

მეორე დილა რომ გათენდა, მისდა გასაოცრად, სულაც არ უგრძნია სინდისის ქენჯნა, კმყოფილიც კი დარჩა, ასეთი ვნებიანი საღამო რომ მოუწყო საკუთარ თავს. თბილად დაემშვიდობა გიორგის და სასტუმრო შემსუბუქებულმა დატოვა.

მათი შეხვედრა ამით არ დამთავრებულა. გიორგი რამდენჯერმე ვითომ შემთხვევით გადააწყდა ხან პლაჟზე, ხან ბულვარში, ხანაც პირდაპირ მისი ნაქირავები ბინის ფანჯრების წინ…

ასე გაიცნეს ერთმანეთი და დააახლოვდნენ. მერე ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. გიორგი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა აღმოჩნდა, «მარადიული სიხარულის» წყარო, როგორც ნინო უწოდებდა. ეს სწორედ ის იყო, რაც გოგონას ყოველთვის აკლდა თავისი სერიოზული მშობლების ხელში, ისე იყო აღზრდილი, მისი საქციელი და მანერები მაღალი საზოგადოების ეტიკეტის ჩარჩოებს არასდროს გასცილებია.

მერე დაქორწინდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნინოს მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. ტაკიმასხარა მუსიკოსი სიძედ არ უნდოდათ, მაგრამ ვინ გაბედავდა, ნინოს სურვილს წინ აღდგომოდა?

იქორწინეს… ათი თვის შემდეგ გოგონა ეყოლათ _ ბუთხუზა, ქერა და ცისფერთვალება, ზუსტად ისეთი, როგორიც ნინო იყო ბავშვობაში. ბედნიერები იყვნენ, მშობლებიც შეურიგდნენ და საქმეც ააწყვეს. გიორგის შემოსავლიანი ბიზნესი ჰქონდა, არც ფული აკლდა და არც ქონება. ნინოსაც ბლომად ერგო მემკვიდრეობით…

მაგრამ ცოტა ხანში ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა. ჯერ მამა გარდაეცვალა ინფარქტით, მერე დედას სიმსივნე აღმოაჩნდა და ორ თვეში ისიც უკან მიჰყვა მეუღლეს. ესეც არ აკმარა განგებამ საწყალ გოგონას და პატარა ქეთი, რომელიც ჯერ ათი თვისაც არ შესრულებულიყო, ვიღაცამ მოიტაცა. პოლიციამ მხოლოდ მისი საბავშვო ეტლი იპოვა, სხვა ვერაფერი, ვერც კვალს მიაგნეს და ვერც გვამს, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

_ ჩემს განცდებზე აღარ ვისაუბრებ, ეს საქმეს არ ეხება, _ სევდიანად ჩაილაპარაკა ნინომ და გააგრძელა.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მისი მეუღლე უფრო ცნობილი და უფრო საჭირო გახდა, მყარად მოიკიდა ფეხი რუსული შოუბიზნესის სამყაროში. ქართველ მომღერლებს რუსეთში გამავალ გზებს უკვალავდა, მათაც უკეთებდა საქმეს და თავადაც ხეირობდა. ამასობაში მეორე შვილიც შეეძინათ, ვაჟი, რომელსაც ნინოს მამის სახელი, ვაჩე დაარქვეს. ნინომაც აიწყო თავისი საქმე, პლასტიკური ქირურგიის ცენტრი გახსნა, შემოიკრიბა ირგვლივ პროფესიონალთა გუნდი და სახელი თვითონაც გაითქვა. ფულს ფული ემატებოდა, გამდიდრდა ოჯახი. დასვენება პრესტიჟულ კურორტებზე, ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მხოლოდ პრესტიჟული მაღაზიებიდან, ძველი ოროთახიანი ბინის ნაცვლად, უზარმაზარი სახლი შეიძინეს ვაკეში და კიდევ _ ულამაზესი აგარაკი თბილისის შემოგარენში ყველა საჭირო ატრიბუტით _ აუზით, საუნით, ბილიარდის ოთახით და ა.შ. ამასობაში პატარა ვაჩე ხუთი წლის გახდა…

უფრო სწორად, გახდებოდა… რადგან ექვსი თვის წინ ქმარი და შვილი ავტოკატასროფაში დაიღუპნენ.

სწორედ მაშინ გაახსენდა ქალიშვილს მამის სიტყვები: «ეს შენი გზა არ არის, შვილო…» და მიხვდა, რომ მამა მართალი გამოდგა. ყველა უბედურება იმიტომ მოხდა, რომ მთავარ გზას გადაუხვია, უღალატა ოჯახურ ტრადიციას, მშობლებს იმედები გაუცრუა და თავის დასახულ მიზანს გაჰყვა… მან სხვა ცხოვრება აირჩია და არა ის, რომელიც უნდა აერჩია, ამიტომაც არაფერი გამოუვიდა…

თავის მოკვლა სცადა, ერთი კოლოფი დასაძინებელი აბები დალია. შინამოსამსახურემ გადაარჩინა, ქალბატონმა თამარმა, მაშინვე მიხვდა, რაც სჭირდა თავის დიასახლისს და სასწრაფოს მოსვლამდე კუჭი ამოურეცხა.

და აი, ახლა ცოცხალია, ოღონდ არ იცის, რატომ და რისთვის, რა დანიშნულება აკისრია ცხოვრებაში.

სტუმარი გაჩუმდა, თვალები აუცრემლიანდა, ცხვირი და ნიკაპი აუთრთოლდა.

ლადო ელოდა. იცოდა, ქალს მეტი ჰქონდა მოსაყოლი, რადგან მოსმენილი მის პროფესიას ნამდვილად არ ეხებოდა. ნინო ფანჯარაში იყურებოდა, დეტექტივი კი მის დახვეწილ პროფილს მისჩერებოდა გატრუნული. ბოლოს ნინო ისევ ალაპარაკდა.

_ სამი დღის წინ აგარაკზე წასვლა გადავწყვიტე.

_ აგარაკზე? _ გაიკვირვა ლადომ, ახლა ნამდვილად არ იყო სააგარაკო სეზონი, ნოემბერი მთავრდებოდა.

_ ჰო… ის აგარაკი იმდენად არ არის, რამდენადაც საცხოვრებელი სახლი, თავისი გათბობით. ზამთარში ხშირად ვსტუმრობდით მას, მყუდროდ ვიყავით, განმარტოებულად, არავინ გვაწუხებდა. სულ რამდენიმე მეზობელი გვყავდა, რომელთაც ძალიან ვუყვარდით. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დამპატიჟა, მის შვილს დაბადების დღე ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი არ გამჩენია, დაბადების დღეზე წავსულიყავი, მაგრამ მათი შვილის ნათლია ვიყავი და უარი ვერ ვუთხარი. ვიფიქრე, ცოტა ხნით მივალ, საჩუქარს მივუტან, მივულოცავ და მერე ჩემს სახლში გადავალ-მეთქი.

მე მანქანას არ ვატარებ, მძღოლი მყავს, რადგან საჭესთან ჯდომის მეშინია, განსაკუთრებით ჩემი ქმარ-შვილის დაღუპვის შემდეგ. სულ ის საშინელება მელანდება, თვალწინ მიდგას ჩემი შვილის შეშინებული სახე… ვინ იცის, როგორ ყვიროდა და საშველად მეძახდა იმ მომენტში, _ ქალს ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები და სახეზე ცხვირსახოცაფარებულმა თავი ჩაქინდრა. _ ჩემდა გასაკვირად, მძღოლმა უარი მითხრა, ვერ წაგიყვან, ჩემს ქალიშვილს ნიშნობა აქვსო. ამიტომ გადავწყვიტე, ავტობუსით წავსულიყავი. ამისთვის კი ვაგზალზე მომიწია გასვლამ, მხოლოდ იქიდან გადის აგარაკამდე ტრანსპორტი. ვაგზალზე რომ გავედი, რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, საოცრად გამიხარდა ბევრი მოფუსფუსე ადამიანის დანახვა, თითქოს მათი ცხოვრება შევიგრძენი… დიდი ხანია, ყველაფერ ამას მოწყვეტილი ვიყავი _ მე ხომ სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი მქონდა ისევე, როგორც ყველა მდიდარ ადამიანს. თქვენ დადიხართ საკუთარი ავტომანქანით? _ მოულოდნელად დეტექტივს მიუტრიალდა ნინო, _ თუ ასეა, თქვენც დავიწყებული გექნებათ ასეთი რამეები.

… მანქანა _ ეს გაგრძელებაა შენი სახლის, შენი საკუთარი გარემოსი, _ გააგრძელა ნინომ, თან ხელებს უზადო მანერით შლიდა, თითქოს როიალზე უკრავსო, _ ის თითქოს გითრევს, მბრძანებლობს შენზე და შენც მიჯაჭვული ხდები მასზე, მის გარშემო არსებულ სივრცეზე… მის გარეშე თითქოს დაუცველად გრძნობ თავს, გინდა არ გინდა, დამოკიდებული ხდები მასზე და საბოლოოდ ისე გითრევს, რომ მის ტყვეობაში ამოჰყოფ თავს, თან ისე, ვერც იგებ. ჩაჯდები მანქანაში და მიდიხარ არა იქ, სადაც გინდა, არამედ იქ, სადაც მიჰყავხართ, სადაც აუცილებელია წასვლა _ სამსახურში, ბაზარში, სასაფლაოზე… სხვა ყველა ამქვეყნად რატომღაც, გავიწყდება. არადა, ამ დროს არსებობენ ახლობელი ადამიანები, ნაცნობები, მეგობრები, მეზობლები… ავტომანქანის გარეშე კი გეზარება მათი მონახულება, რადგან მის გარეშე გადაჯდომა-გადმოჯდომა გიწევს. ამისთვის ბილეთი უნდა იყიდო. ბილეთი რომ იყიდო, რიგში უნდა დადგე. თუ მეტროს აირჩევ, მით უარესი, ყოველთვის ჭყლეტაა, ისე მოგეტმასნებიან ადამიანები, არც კი შეგეკითხებიან, გსიამოვნებს კი მათი შეხება? ამის გამო იძულებული ხდები, შეისუნთქო მათი ოფლის და ხშირ შემთხვევაში ჭუჭყიანი სხეულის სუნი, ამიტომ გეზარება მიწისქვეშეთში ჩასვლა…

ერთი სიტყვით, ეს სამყარო უკვე გაუცხოებულია შენთვის, თუმცა კი, თუ ჩაუფიქრდები, ხანდახან ძალიანაც საჭიროა იგი, ხანდახან შვების მომგვრელიც კია, უცნაურ სიხარულს გვგვრის. თქვენ გესმით ჩემი? _ ჩაეკითხა ნინო და ლამაზი თვალები მიანათა ლადოს.

დეტექტივს მშვენივრად ესმოდა. რა იყო აქ გაუგებარი? «ხალხში გასვლა» _ ეს ერთგვარ ლოზუნგადაც იქცა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით არჩევნების მოახლოების წინ. თუმცა ამ ყველაფერს ჯობდა, კლიენტს საქმეზე ელაპარაკა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, არ შეაწყვეტინა ქალს მოყოლა.

_ ერთი სიტყვით, ვაგზალზე გავედი თუ არა, თითქოს ეიფორიაში ჩავვარდი, _ გააგრძელა ნინომ, _ ცხოვრების განსაკუთრებული რიტმი შევიგრძენი. თან მიხაროდა, თან შიშიც მიპყრობდა. თითქოს რაღაც არაჩვეულებრივს, განსაკუთრებულს მოველოდი… გული უცნაურს მიგრძნობდა… და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სასწაული მოხდა, გამართლდა ჩემი წინათგრძნობა. ვაგზალზე უამრავი მათხოვარი ირევა, იცით, ალბათ. მოულოდნელად ერთ პატარა გოგონას მოვკარი თვალი, დაახლოებით ათი წლის იქნებოდა. ის ტროტუარზე იდგა ხელგაწვდილი და გამვლელ-გამომვლელს ფულს სთხოვდა. თითქოს განგებ ტრიალებდა ჩემ გარშემო, თუმცა ერთხელაც არ შემოუხედავს… დიდხანს გავყურებდი მალულად, მანამ, სანამ ავტობუსი ჩამოდგებოდა… მერეც, სანამ დავიძვრებოდით… ღია ფერის თქმა ჰქონდა, ორ ნაწნავად ჩამოყრილი მხრებზე, ტანზე გაქუცული ქურთუკი ეცვა, ფეხზე კი უხეში, ლანჩამძვრალი ბათინკი…

ნინო წამით დადუმდა, მერე სწრაფად ასწია თავი, მზერა ლადოს გაუსწორა და მტკიცე ხმით წარმოთქვა.

_ მე ვფიქრობ, რომ ის ჩემი ქალიშვილია, სწორედ ის, რომელიც ათი წლის წინ მომტაცეს.

_ ის მაწანწალა? _ თვალები შუბლზე აუვიდა დეტექტივს, _ რატომ გადაწყვიტეთ ასე?

_ არ ვიცი, _ ჯერ მუქმა ჩრდილმა გადაურბინა ქალს სახეზე, მერე სიწითლემ, _ როცა ის დავინახე, აგარაკი სრულიად გადამავიწყდა. რა დროს ქალაქგარეთ გასეირნება და დაბადების დღეებზე სიარული იყო… უკან მოვბრუნდი და მთელი დღე იმ გოგონაზე ფიქრში გავატარე, ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, ღამეც არ დამეძინა, საშინელი კოშმარები მესიზმრა.

მეორე დღეს, გათენდა თუ არა, კვლავ ვაგზალზე ამოვყავი თავი. როგორც ჩანს, ადრე მომიწია მისვლამ, დიდხანს არ გამოჩენილა. ორი საათი მაინც ვიხეტიალე. ბოლოს, როცა მოედნისკენ მოვბრუნდი, ძველ ადგილას შევამჩნიე _ ისევ მათხოვრობდა. მივუახლოვდი, ორლარიანი ამოვიღე და მივეცი. მან ისე, ზერელედ ამომხედა, მადლობა გადამიხადა და მაშინვე ხალხის ნაკადს შეერია. რა ვქნა, ნამდვილად ჰგავს ჩემს პატარა ქეთის, ჩემს დიდი ხნის წინ დაკარგულ გოგონას. ხომ ამბობენ ასეთ შემთხვევებში, დედის გული ყველაფერს გრძნობსო. სწორედ ასეთი გრძნობა მაქვს…

სპეციალურად დავიწყე მოყოლა შორიდან. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით, სულიერად რა მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფები. ახლა ისეთ დღეში ვარ, შეიძლება ყველაფერი მომეჩვენოს და ყველაფერი დავიჯერო, ყველაზე დიდი სასწაულიც კი ვიწამო. ვიცი, სიგიჟედ გეჩვენებათ ჩემი მონაყოლი, მაგრამ რა ვქნა… ისე ძალიან მინდა, ის პატარა ჩემი გოგონა აღმოჩნდეს, რომ ვერც წარმოიდგენთ. უბრალოდ, მინდა, მართლა ჩემი შვილი იყოს. მინდა დავიჯერო, რომ ის იმ ტკივილის საფასურად დამიბრუნდა, რომელიც ბედისწერამ მარგუნა. ღმერთმა არ გამწირა და მისი თავი საჩუქრად მომიძღვნა ჩემი ყველა გადატანილი უბედურებისთვის.

ამიტომ მოვედი თქვენთან, ლადო. მინდა, ყველაფერი გაიგოთ მის შესახებ. რაც გადასახდელი იქნება, გადავიხდი. ერთადერთი, რაც მაქვს, ეს ფულია, ბევრი ფული!

7 7 7

ლადომ მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და ნინოს უკან მიჰყვა, თან მანძილს ინარჩუნებდა, რომ ძალიან არ მიახლოებოდა. დათქმული ჰქონდათ, როგორც კი ქალი ბავშვს შენიშნავდა, მხარზე გადაკიდებულ ჩანთას ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანდა.

თუმცა დეტექტივს სიგნალის მიცემა არ დასჭირდა _ ქერათმიანი, ლურჯქუდიანი გოგონა გაქუცული ქურთუკითა და დახეული ბათინკით თავად მიუახლოვდა ნინოს.

ლადომ ნაბიჯს აუჩქარა.

_ მე შენ გიცანი, ამას წინათ ფული მომეცი, გახსოვს? ორლარიანი, _ გაიგონა მამაკაცმა ბავშვური ხმა არაბავშვური ინტონაციით.

ნინომ ნაჩქარევად გახსნა ჩანთა, რადგან მიხვდა, პატარას რაც სურდა.

_ შენ სად ცხოვრობ? _ ჰკითხა ქალმა, თან ხუთლარიანი გაუწოდა.

გოგონამ არ უპასუხა, გულმოდგინებით გადაკეცა ფული ოთხად და ჯიბეში დამალა, თან წასვლა დააპირა.

_ დედა და მამა გყავს? _ არ ეშვებოდა ქალი, _ ვისთან ცხოვრობ? სად ცხოვრობ? _ ჩქარ-ჩქარა ეკითხებოდა.

_ ტილებთან, _ უცნაურად გაიცინა გოგონამ.

ხელაკანკალებულმა ნინომ ისევ ჩაიყო ჩანთაში ხელი და ორი ცალი «სნიკერსი» ამოაძრო. ბავშვის ჭუჭყიანმა ხელმა საჩუქარი ქალის ხელისგულიდან პროფესიონალურად «მოხსნა», უფრო სწორად, მოიპარა და სირბილით გაქანდა გზის მეორე მხარისკენ.

ქალი ადგილზე გახევდა, კარგა ხანს უყურა მიწისქვეშა გვირაბში ჩამავალ პატარას, მაგრამ დადევნება არ უცდია. იცოდა, უაზრობა იქნებოდა. გაქცეულს, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ დაეწეოდა…

7 7 7

ლადომ ნინო სახლამდე მიიყვანა თუ არა, უკან, ვაგზალზე დაბრუნდა, მანქანა მოხერხებულ ადგილას გააჩერა და თავისთვის «სათვალთვალო პუნქტი» მოიწყო. გოგონა ამოსულიყო გვირაბიდან, სადაც «ოქროს ბირჟა» მდებარეობდა და ისევ გაეგრძელებინა მათხოვრობა. როგორც კი ვინმე ფულს მისცემდა, პატარა მაშინვე მიურბენინებდა ვიღაც უფეხო, გაურკვეველი ასაკის მამაკაცს, რომელიც იქვე, მახლობლად, კედელთან სქელ ბუშლატზე მიწოლილიყო.

დეტექტივს საღამომდე მოუწია ვაგზლის მოედანზე ყურყუტმა. დღის ბოლოს აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა მათხოვარი დაიმახსოვრა სახეზე, მათ ხასიათებზეც კი შეეძლო ემსჯელა. გარდა ამისა, მან ისიც კი გამოიცნო, რომელი უნდა ყოფილიყო მაწანწალების «ინკასატორი». სწორედ მასთან მიეზიდებოდნენ მთელ «მონაგარს». ეს იყო ერთი შავი, ხშირწარბებიანი მამაკაცი, რომელიც ჩაიბარებდა თუ არა შემოსავალს, იქვე, ვაგზალთან მდებარე იაფფასიან კაფეს მიაშურებდა, რათა აუცილებლად რაღაც სასუსნავი ეყიდა.

ლადომ დანამდვილებით იცოდა, რომ მათხოვრებიც, როგორც სხვა ნებისმიერი კომერციული საქმიანობა, აუცილებლად ვიღაცას უნდა გაეკონტროლებინა. შეიძლება არა ყოველთვის, მაგრამ დროდან დრომდე მაინც.

რაღაც მოიფიქრა…

უფეხო მათხოვარს გვერდი აუარა, სიგარეტისა და ლუდის ჯიხურს მიუახლოვდა და ჯიბიდან საფულე დააძრო. თვალის დახამხამებაში მის წინ ვიღაც სმისგან თვალებჩაწითლებული ბებო გაჩნდა და მუდარით სავსე გამომეტყველებით გაუწოდა დამჭკნარი ხელისგული. ლადომ ოცთეთრიანი დაუდო, ხოლო ლარიანი ხელში შეათამაშა და თქვა.

_ ამას კი, ბებიჯან, მაშინ მოგცემ, თუ აი, იმ პატარა გოგონაზე მომიყვები.

მოხუცმა ხელი მოიჩრდილა, იმ მხარეს გაიხედა, საითაც ლადომ მიანიშნა და კარგა ხნის დაკვირვების შემდეგ წამოიძახა.

_ ეს მანანაა, ტილებთან ცხოვრობს.

_ რას ნიშნავს, ტილებთან ცხოვრობს? _ მეორედ განაცვიფრა უცნაურმა ფრაზამ დეტექტივი.

როგორც აღმოჩნდა, ვაგზლის ტერიტორიაზე ბინადრობდა მაწანწალათა მთელი ბანდა, რომელსაც «ტილებს» ეძახდნენ. მეტი ბებრუხანამ არაფერი იცოდა გოგონას შესახებ. ან იქნებ, იცოდა და არ უნდოდა ეთქვა?

მოხუცს გაშორდა თუ არა, ლადო ჭუჭყისგან საშინლად გაზინთულ, მეჩხერკბილებიან მამაკაცს მიუახლოვდა, რომელსაც მყრალი სუნი უდიოდა. დეტექტივმა მას პატარა ბოთლის არაყი მიუტანა.

_ მანანას ხედავ? აგერ, იმ გოგონას, საიდან გაჩნდა აქ?

_ მე რა ვიცი, საიდან, _ ჩიფჩიფით წარმოთქვა მათხოვარმა, რომელსაც გაყვითლებული კბილები ჩამტვრეოდა, _ ზოგი თვითონ მათხოვრებს უჩნდებათ, თუმცა დიდხანს ვერ ძლებენ და იხოცებიან. ძუძუზე მყოფ ჩვილებს არაყში რძეს უმატებენ, რომ ღრმად იძინონ და არ იყვირონ, როცა ფულს თხოულობენ… აბა, ამ პირობებში სხვანაირად გაძლებს ვინმე? ეს გოგო ალბათ სხვისია, აქაურებისას არ ჰგავს. რა ვიცი, იქნებ მოიტაცეს, იქნებ იყიდეს… იქნებ ვიღაცისაა და ამათხოვრებენ. ასეთები საქმეში კარგად გამოიყენება, ლამაზ ბავშვებს ფულს ყოველთვის აძლევენ, ისინი უფრო ეცოდებათ, ვიდრე ჩვენ. შეიძლება სულაც თავისით მოვიდა, რას გაიგებ… _ ხელი ჩაიქნია მან.

მეტი საინტერესო ლადომ ვერაფერი გაიგო. ზოგი საერთოდ უპასუხოდ ტოვებდა მის შეკითხვას, ზოგი კი კითხვის დასმასაც არ აცლიდა, ისე გაერიდებოდა ხოლმე. სხვა გზის მოძებნა იყო საჭირო.

 

8 8 8

ლადომ მთელი ღამე იფიქრა და მეორე დღეს სხვა გზა უკვე მოძებნილი ჰქონდა. მის ასისტენტს და თანამშრომელს, ახალბედა დეტექტივს, ვანო საგანელიძეს ჟურნალისტის როლის თამაშმა მოუწია.

_ რამე რომ შემეშალოს? _ თავი მოიქექა ბიჭმა.

_ არ უნდა შეგეშალოს. შენ ჩვეულებრივად აკეთებ შენს საქმეს, ოღონდ არა როგორც დეტექტივი, არამედ როგორც ჟურნალისტი, მიხვდი?

_ გასაგებია, _ თავი დააქნია ვანომ და «ჟურნალისტურად» გადაცმას შეუდგა.

რამდენიმე საათის შემდეგ კარგად ჩაცმულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც დიქტოფონით იყო შეიარაღებული, გარემო გულდასმით დაზვერა და თავდაჯერებულმა გეზი პირდაპირ მანანასკენ აიღო. ლადო შორიახლოს, მოფარებულში იდგა და ასისტენტის ყოველ ნაბიჯს გაფაციცებით აკვირდებოდა. იგი გაოგნებული დარჩა პატარა მაწანწალის საქციელით, როცა მას «ჟურნალისტი» გამოელაპარაკა. ბავშვი გულისამრევად კეკლუცობდა, უშნოდ იჯღანებოდა, აქეთ-იქით დახტოდა, თავს უაზროდ იქნევდა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, თან გამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. როგორც ჩანს, ეშმაკმა გოგონამ «კორესპონდენტის» დასმულ არც ერთ შეკითხვას პასუხი არ გასცა. სამაგიეროდ, იმ «მთავარმა» შავგვრემანმა მათხოვარმა იაქტიურა, კედლის გასწვრივ რომ დაედო ბინა და დღეში რამდენჯერმე რომ გარბოდა კაფეში სასუსნავად. ის ან მფარველი იყო მანანასი, ან «კონტროლიორი». ერთი ისეთი დაუყვირა ვანოს, შორს მდგარ ლადოსაც კი შეუქანდა გული.

_ რას აბოლებ მაგ ბავშვს, ვიღაცა ხარ, უპატრონო ხომ არ გგონია?

ვანო მშვიდად მიუბრუნდა «დამცველს».

_ იცით? მე ჟურნალისტი ვარ გაზეთიდან. ნარკვევი უნდა დავწერო თბილისელი მათხოვრების ცხოვრებაზე. თუ არ დავწერ, ჰონორარს ვერ მივიღებ, გესმით ჩემი? მეტი არაფერი მინდა, _ ლამის მუდარით დაამთავრა ასისტენტმა.

ლადოს გაეღიმა. იმისათვის, რომ დრო უქმად არ დაეკარგა, გადაწყვიტა, პარალელურად თავადაც მოეპოვებინა ინფორმაცია. ამჯერად მან იქვე, კუთხეში მწოლიარე ცალფეხა ახალგაზრდა კაცი ამოირჩია. იგი ერთი იმათთაგანი იყო, აფხაზეთის ომის ინვალიდად რომ ასაღებდნენ თავს. ლადომ ხურდა ფული ქუდში ჩაუყარა და მანანაზე დაუწყო გამოკითხვა.

_ ვერ მეტყვი, ვინ არის?

_ რაო, მოგეწონა? პატარა «ტკიცოები» მოგწონს, ბიჭო! _ ჩაიხითხითა ინვალიდმა, _ შენც ადექი და შეევაჭრე უფროსებს, იქნებ მოგყიდონ კიდეც. სულერთია, ეგენი ბოლოს მაინც სადღაც ქრებიან.

_ ვინ ეგენი? _ სმენა დაძაბა დეტექტივმა.

_ ვინ და ლამაზი გოგონები. ისეთები, როგორიც ეგ მანანაა. მათ ერთი გზა აქვთ. ასე რომ, იჩქარე, ძმაო.

_ საით მიემართება მათი გზა?

_ ეშმაკმა უწყის. ერთ მშვენიერ დღეს გაქრებიან და მორჩა. რა ვიცი, იქნებ უფროსები სულაც ცოლად ირთავენ, ან ბოზობას ასწავლიან ბორდელებში. რა, ცოტანი არიან ასეთები? შეიძლება ყიდიან კიდევაც.

_ შეგიძლია გამიგო? _ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ლადომ მათხოვარს.

_ შევეცდები, _ ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ დასთანხმდა ცალფეხა და ამბის გასაგებად ხუთი ლარი წინასწარ და ხუთიც ბოლოს მოითხოვა.

_ ოღონდ, არ მომატყუო, თორემ გავბრაზდები და ცუდი რამე მოხდება, _ მსუბუქად დაემუქრა დეტექტივი.

_ ბაზარი არ არის! _ თავი დაუქნია თვალებგაბრწყინებულმა ცალფეხამ.

7 7 7

ვანოს ჟურნალისტის როლის თამაშით არაფერი გამოუვიდა. გარდა იმისა, რომ გოგონას მანანა ერქვა და «ტილების» მათხოვართა ბანდის სიაში ირიცხებოდა, ვერაფერი გაიგო.

მათხოვრები ისეთ კითხვებსაც კი არიდებდნენ პასუხის გაცემას, როგორიცაა _ რამდენი წლისაა გოგონა _ და პასუხის მისაღებად «უფროსთან» გზავნიდნენ. თუმცა, არავის უნდოდა ეთქვა, ვინ იყოს ეს «უფროსი» და სად შეიძლებოდა მისი ნახვა.

_ დაელოდე და გამოჩნდება, _ ეუბნებოდნენ ვანოს.

მაგრამ როდის და სად, არავინ ამბობდა. შავგვრემანმა «კონტროლიორმაც» კი არ გახადა ბიჭი პასუხის ღირსად, ერთი დამცინავად ჩაათვალიერა თავით ფეხამდე, მერე გვერდზე გადააპურჭყა და მდუმარედ გაერიდა.

_ ხედავ, რა ხდება? _ ნიკაპი მოიფხანა ლადომ, _ თუ რიგით წევრებს ვერ აიძულებ, გასცენ მათხოვართა კორპორაციული საიდუმლობები, მეეჭვება, «მთლად უფროსებმა» გააკეთონ ეს. ტყუილად ვირჯებით.

_ რა ვიღონოთ? _ ამოიოხრა ვანომ და წელზე დოინჯი შემოიწყო.

ამ დროს ლადოს მობილური აწკრიალდა. ნინო რეკავდა.

_ გამარჯობა, ქალბატონო ნინო… ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, _ აუწყა ქალს, _ სიტყვა ვერ დავაცდევინე ვერც ერთს.

_ მერე? მოიფიქრეთ რამე, თქვენ ხომ დეტექტივი ხართ! _ მოუთმენლად წიოდა ქალი ტელეფონში.

_ დღეს არაფრის გაკეთება არ ღირს. ამ საქმეს ხვალისთვის გადავდებ. აქ ერთი შევიპირე და იმედია, რაღაცას გამიგებს. სიმართლე გითხრათ, ძნელი იქნება ასე მანანას წარმომავლობის ისტორია გავიგო, მაგრამ მაინც შევეცდები. ხვალ აუცილებლად მეტი მეცოდინება.

_ რატომ გახდა ასეთი პრობლემა, რამეს მალავენ?

_ არა მგონია, მათხოვრებს რამის დამალვა სურდეთ. ჩემი აზრით, მათ, უბრალოდ, არ იციან და ეგ არის. ვფიქრობ, დროს ტყუილად ვკარგავთ, ნინო. ხომ არ აჯობებს, გენეტიკური ანალიზი გაგეკეთებინათ?

_ მერე ეგ რას მომიტანს?

_ როგორც მეუბნებიან, მისი გამოსყიდვა შეიძლება. აქ თურმე ჰყიდიან კიდევაც ბავშვებს.

_ თუკი ის ჩემი ქალიშვილი არ არი არის, არ ღირს მისი გამოსყიდვა. ის პატარა აღარ არის, ჩამოყალიბებული ადამიანია. რა ვიცი, რასაც მირჩევთ, იმას გავაკეთებ.. მე მეყოფა ძალა საიმისოდ, ყველანაირი გამოცდა გადავიტანო. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მართლაც ჩემი შვილია…

_ ვეცდები, რაც შეიძლება მეტი გავიგო და რაც შეიძლება მალე. მაგრამ ზუსტ პასუხს მხოლოდ გენეტიკური კოდის ანალიზი თუ მოგცემთ, ქალბატონო, _ ჯიუტად გაიმეორა ლადომ.

_ მოვიფიქრებ, _ მოკლედ მოუჭრა ნინომ და დეტექტივი მისი ხმის ინტონაციით მიხვდა, რომ ქალს სიმართლის გაგების ეშინოდა.

თუკი მანანა მისი ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა, ეს გაუბედურებული ქალისთვის ნამდვილი განაჩენი იქნებოდა, განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება…

7 7 7

მეორე დღეს, ისადილა თუ არა, ლადო ისევ ვაგზლისკენ გაემართა. ცალფეხა მათხოვარმა შორიდანვე შეამჩნია მოახლოებული მამაკაცი და ყავარჯენი მარჯვნივ გააქნია, აქეთ წამოდიო, თვითონაც გადაადგილდა, თავისი ადგილიდან საკმაოდ მოშორებით და კუთხეში გაუჩინარდა. დეტექტივი აუჩქარებლად გაემართა მითითებული ადგილისკენ, თან აქეთ-იქით ყურადღებით იყურებოდა, ვინმე ხომ არ ამეკიდაო. შენობის კუთხისკენ რომ გადაუხვია, ლამის შეეჯახა მის მომლოდინე ცალფეხას.

_ შენ ეი, მომისმინე! მე მხოლოდ ორი რამ შემიძლია გითხრა, _ ძლივს ქშინავდა მაწანწალა, _ კინაღამ მომკლეს, როცა რაღაცების გამოკითხვა დავიწყე, «კატოკივით» გადამიარეს. ჯერ შეპირებული ფული მომეცი და საქმეზე მერე ვილაპარაკოთ.

_ ჯერ ინფორმაცია მჭირდება, ხუთი ლარი უკვე მოცემული მაქვს, არ დაგავიწყდეს, _ მკაცრად წარმოთქვა ლადომ.

_ მეორე ხუთი ლარი ერთ კეთილ ადამიანს უნდა მივცე, ვინც «სვოდკები» მომაწოდა, გაიგე?

ლადომ ხუთლარიანი ამოიღო, მაგრამ არ მისცა, ჯერ ინფორმაციის გაგება მოითხოვა.

_ მათ სადღაც რაღაც საბავშვო ბაღი აქვთ… _ ხმადაბლა დაიწყო ცალფეხამ.

_ რა საბავშვო ბაღი? _ გაიკვირვა დეტექტივმა.

_ არ ვიცი. მითხრეს, რომ საბავშვო ბაღია და მორჩა. ლამაზ გოგონებს იქ აგზავნიან, რატომ და რისთვის, არ უთქვამთ. მეტი არაფერი ვიცი. არ გეყოფა?

_ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ ასე არ მოგვილაპარაკებია.

_ რაც შემეძლო, გავაკეთე, ძმაო. დანარჩენი შენ თვითონ გაარკვიე. მე პოლიციელი კი არ ვარ, ერთი საწყალი ინვალიდი კაცი ვარ, აფხაზეთის ომის მონაწილე.

_ ვიცი, რისი მონაწილეც ხარ, _ ვაჭრობა დაიწყო დეტექტივმა, _ მეტს თუ ვერაფერს მეტყვი, ერთ თეთრსაც ვერ მიიღებ. გგონია, ჩემი დაგოიმება ადვილია? ან მეტყვი კიდევ რამეს, ან შეეცდები, გამიგო, რა ბაღზეა საუბარი.

_ ეგ არ არის «სპრავედლივი» გადაწყვეტილება!

მოულოდნელად ლადომ შორიახლოს მსუქანი, ხანშიშესული ქალი შეამჩნია, რომელიც იქვე მიმოდიოდა და მათ ლაპარაკს ყურს უგდებდა.

_ არ გეკუთვნის, მაგრამ აჰა, აიღე. იმისთვისაც მადლობა, რაც გამიგე, _ თქვა მამაკაცმა და ფული მათხოვარს გაუწოდა, თან ცალი თვალით ბებრუხანისკენ  იყურებოდა, მაგრამ ინვალიდმა დაინახა თუ არა მსუქანი ქალი, დეტექტივს ყავარჯენი მოუქნია, თითქოს თავიდან იშორებსო და რაც შეიძლებოდა სწრაფად გაეცალა იქაურობას ისე, რომ ფული არ აუღია.

7 7 7

ნინო დაძაბული უსმენდა ლადოს. თვალები აქეთ-იქით გაურბოდა ნერვიულობისგან. როცა დეტექტივმა თხრობა დაამთავრა, გაგულისებული წამოხტა.

_ «საბავშვო ბაღი?» როგორც ჩანს, ბინძური დაწესებულებაა, სადაც ბავშვებს ქურდობას და ათას მამაძაღლობას ასწავლიან. იქნებ უარესიც ხდება და პატარა გოგონებს მეძავებად ზრდიან, რა იცი! ასეთი ნაძირლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი! ღმერთო ჩემო, ის ხომ მთლად ბავშვია, ნუთუ შესაძლებელია, ასე მოექცნენ ამ ასაკის მოზარდებს? დავიჯერო ასეთი უგულოები არიან?

«სამწუხაროდ, ასეა», _ ფიქრებში გაეპასუხა ლადო, მაგრამ ხმამაღლა სიტყვა არ დაუძრავს. თავადაც არ მოსწონდა დასახელება «საბავშვო ბაღი», რაღაცნაირად სულს უმძიმებდა. გუმანით ხვდებოდა, შავბნელი საქმეები იმალებოდა ამ ყველაფრის უკან. ამავე დროს, იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მაწანწალათაგან არავინ არაფერს ეტყოდა და იმაზე მეტს ვერაფერს გაიგებდა, რაც ყავარჯნიანმა უამბო. მეტი არც ეცოდინებოდათ და თუ ეცოდინებოდათ, «მათი» შიშით კრინტს არ დაძრავდნენ. ლადოს კი ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, ვინ იყვნენ «ისინი», ვინ იდგა ამ ბურუსით მოცული ისტორიის უკან.

სხვა გზა არ რჩებოდა, ვაგზლის პოლიციის განყოფილებას მიაშურა და ძველი კოლეგების დახმარებით ინფორმაცია მოიძია. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერაფრით გაახარეს _ ცნობები ე.წ. «საბავშვო ბაღის» შესახებ მათ არ გააჩნდათ.

7 7 7

ლადო საქმეს არ ეშვებოდა. მეორე დილითაც გაეშურა ვაგზლის მოედნისკენ. კარგა ხანს იხეტიალა, მაგრამ ინვალიდი მათხოვრის კვალს ვერსად მიაგნო, ყავარჯნიანი იმ დღეს საშოვარზე არ გამოსულა. ეს ცოტა უცნაურადაც კი მოეჩვენა, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია. ის იყო, შინ დაბრუნებას აპირებდა, რომ ვიღაცამ მკლავში სტაცა ხელი. მოტრიალდა, მის წინ თექვსმეტიოდე წლის მათხოვარი გოგონა იდგა.

_ «კრასავჩიკ», შენზე მითხრეს, შეკითხვებზე ფულს იძლევაო. მაიტა მაყუთი და ყველაფერს მოგიყვები.

_ და შენ საიდან გაიგე ეს ამბავი?

_ ოჰ, აქ ყველამ ყველაფერი იცის, შენ რა გგონია! «გლავარი» გვეუბნებოდა, ყველას მტკვარში გადავყრი, ვინც პირს მოაღებსო.

_ მერე? შენ არ გეშინია?

_ არა, მე არ მეშინია.

_ რატომ, ყველაზე გულადი ხარ?

_ იმიტომ, რომ მე მისი ცოლი ვარ.

ლადომ თვალები მოჭუტა და «ცოლს» მრავალმნიშვნელოვნად შეხედა. არა, ყველაზე დიდი, ჰა-ჰა, თექვსმეტის თუ იქნება, მეტის ნამდვილად არა. გარეგნულად არა უშავდა, ჩინელივით გამოკვეთილი ყვრიმალები და პატარა ნაკვთები ჰქონდა, არაბავშვური გამოხედვა _ მოსაწყენი, მაგრამ ამავე დროს ფხიზელი. თუმცა, ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ მის სახეზე დარდი არ იკითხებოდა. როგორც ჩანდა, ცხოვრებით უკმაყოფილო სულაც არ იყო, უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.

_ გგონია, რადგან ცოლი ხარ, დაგინდობს?

_ რომ იცოდე, თვითონ გამომაგზავნა, გაიგე ერთი, რა უნდა იმ კაცს, რისთვის დაძვრება ჩვენებთან, რას ყნოსავსო.

_ ყნოსავსო? _ ლადოს გაეცინა.

_ ჰო, როცა ვინმე რამით ინტერესდება, ვამბობთ, რაღაცას ყნოსავსო. რა, არ გაგიგია?

_ ჰოო, კი, როგორ არა, _ დეტექტივი წამით დაფიქრდა, მერე კი გოგონას მიუბრუნდა.

_ მანანა მაინტერესებს, იმიტომაც დავდივარ. ვინ არის, საიდან მოხვდა თქვენთან, რამდენი წლისაა და რა ელის მომავალში.

_ ორმოცდაათი ლარი, _ კატეგორიულად მოითხოვა ამაყად თავაწეულმა მათხოვარმა.

_ თქვენ რა, სულ გაგიჟდით? ორმოცდაათი ლარი რა ამბავია, ხეს აბია?

_ თუ გიღირს ინფორმაცია, გადაიხადე, თუ არადა, წავედი, ისე არაფერს ვამბობ.

_ მაშინ ჯერ მითხარი და ვნახავ, მიღირს თუ არა.

_ ჰმ, დაგიჯერებ, კი, როგორ არა! მე შენ ვინ გგონივარ! «პოსლეზე» არ ვმუშაობ.

ლადომ ამოიხვნეშა. ჯიბიდან საფულე დააძრო და ორმოცდაათი ლარი გადათვალა, მაგრამ არ მისცა გოგონას, გადაკეცილი ათლარიანი კუპიურები ხელში დაიკავა და ახლა თავად მოითხოვა კატეგორიულად ინფორმაცია.

_ კარგი, მე ასეც მაწყობს, _ თავი დაუქნია გოგომ, _ მანანა ათი-თერთმეტი წლისაა, ზუსტად არ ვიცი, თუმცა მეტის არ იქნება. მალე მას «საბავშვო ბაღში» წაიყვანენ, _ მათხოვრის გამოცარიელებულ თვალებში რაღაც ნაპერწკალი გაკრთა და ლადო მიხვდა, როგორ შურდა გოგონას მანანასი.

_ იქ რა უნდა აკეთოს, «პრასტიტუტკებად» ზრდიან მისნაირებს? _ შეეცადა ლადო გამოეცნო «გლავარის» თექვსმეტი წლის «ცოლის» შურის მიზეზი, მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

დეტექტივმა ვაჭრობა დაუწყო.

_ აბა, ახლა მითხარი, რაში უნდა გადაგიხადო ორმოცდაათი ლარი? რაც შენ მითხარი, ისედაც ვიცოდი. ახალი არაფერი შემიტყვია.

გოგონამ შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს მშველელს ეძებსო. როგორც ჩანს, ასეთი «შემოტევისთვის» მზად არ იყო. დეტექტივი მიხვდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. სადღაც ახლომახლო «კუდი» იყო ჩასაფრებული, თუმცა მან ეს ამბავი არაფრად ჩააგდო, თავად არც დაუწყია გარემოს დაზვერვა.

_ ნუ… მათ იქ ასწავლიან… კარგად აცმევენ… კარგადაც უხდიან… _ დაბნეულად ლაპარაკობდა «ცოლი».

_ რას ასწავლიან? რაში და რამდენს უხდიან? სად მდებარეობას ეს «საბავშვო ბაღი»? _ კითხვები დააყარა დეტექტივმა, მაგრამ ამაოდ.

გოგონას ამ ყველაფერზე პასუხი არ ჰქონდა. იგი ამწუთას მხოლოდ იმაზე წუხდა, რომ ამხელა ფულს კარგავდა. საწყალობელი მზერით დაჰყურებდა ლადოს ხელისგულში მოთავსებულ კუპიურებს.

_ შენ რატომ გაინტერესებს იგი, უნდა იყიდო, თუ?

_ თქვენთან რა, ბავშვები იყიდება კიდეც? _ კითხვა შეუბრუნა ლადომ.

_ მერე რა! ჩვენ ხომ ობლები ვართ, არც დედა გვყავს და არც მამა. ჩვენ გვამუშავებენ, ფული შემოგვაქვს ოჯახში, ისინი გვარჩენენ. ჩვენც ხომ გვინდა თავის რჩენა. თუ ის გოგო მოგწონს, მაიტა მაყუთი და წაიყვანე, «ატკაზს» არავინ დაგირტყამს.

_ დავუშვათ, მინდა მისი ყიდვა. ამისთვის როგორ უნდა მოვიქცე?

_ «გლავარს» უნდა დაელაპარაკო. ფასს ის გეტყვის.

_ დიდი ხანია, რაც მანანა თქვენთანაა?

_ კი, დიდი ხანია. ის ჩემმა ქმარმა «ციგნებისგან» იყიდა. ის თეთრი ბავშვია, მათ არ გამოადგებოდათ. ეგრევე ეტყობა, რომ მოპარულია, «ჩვენებურსაც» ძლივს დავამსგავსეთ.

_ «ჩვენებური» რას ნიშნავს?

_ რას უნდა ნიშნავდეს… მათხოვარს. ანუ გადაწყვიტე? გინდა, იყიდო?

_ ჯერ არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო.

_ როგორც გინდა. წადი და მოიფიქრე, სანამ გვიან არ არის. ახალ წლამდე თუ არ გადაწყვეტ, მერე «საბავშვო ბაღში» უკრავენ თავს და წუ-წუუ! «პრაშჩაი, დასვიდანია»! უყარე კაკალი!

შეფიქრიანებული ლადო დაღლილი დაბრუნდა სახლში. ნინოს უნდა მოლაპარაკებოდა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

 

 

 

ნოემბერი მიიწურა, საგრძნობლად აცივდა თბილისში. წვიმებმაც მოუხშირა. ერთ დღეს წამოთოვა კიდეც. რამდენიმე კვირაში ახალი წელი დადგებოდა. დედაქალაქში უკვე იგრძნობოდა საახალწლო ციებ-ცხელება. ვიტრინებში ბრჭყვიალა სათამაშოებით გაწყობილი ნაძვის ხეებიც გამოჩნდა.

მანანა ძველებურად დადიოდა ვაგზლის მოედანზე და ხან ერთ გამვლელს აეკიდებოდა, ხან მეორეს, ნაჩუქარი ხურდა ფულის მოლოდინში. ხანდახან ერთ ადგილას გაჩერდებოდა და ხტუნვას იწყებდა, რომ გახურებულიყო. ნინო თითქმის ყოველდღე გამოდიოდა აქ, რომელიმე მაღაზიის შესასვლელში შეიყუჟებოდა და თვალს ადევნებდა გოგონას ყველა ფეხის ნაბიჯს, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო, რა ეღონა, რომ გამოლაპარაკებოდა და გაეცნო.

ეჩვენებოდა, რომ მანანა მას ჰგავდა. ცხვირის ფორმა _ ზუსტად მისნაირი, ცოტათი ტუჩები აქვს უფრო თხელი, მაგრამ მამისგანაც ხომ გამოჰყვებოდა რაღაც ან ბებია-ბაბუისგან? ლადომაც კი დაუდასტურა, ნინოს ბავშვობის სურათები რომ დაათვალიერა, მსგავსება დიდიაო. თუმცა… დეტექტივმა ბოლოს დაეჭვებით გადააქნია თავი _ თქვენ ორივეს სახის სწორი მოხაზულობა გაქვთ, ასეთი სახეები კი ყოველთვის რაღაცით ჰგვანან ერთმანეთსო, მაგრამ ნინოს არაფრის გაგონება არ სურდა. ახლა იგი ყველაზე მეტად «საბავშვო ბაღის» ამბავს განიცდიდა. ამ სახელის გაგონებაზე გული ეწურებოდა.

_ არადა, რა უწყინარი სახელწოდებაა _ «საბავშვო ბაღი». როგორ გინდა, ცუდი იფიქრო! _ საკუთარ ფიქრებთან კამათობდა ქალი.

საცაა, ახალი წელიც დადგება და პატარა მანანას იმ საშინელ დაწესებულებაში უკრავენ თავს. მერე რა ქნას? ყველაფერი დაგვიანებული იქნება. ამის გამო ნინო აჩქარებდა დეტექტივს, როგორმე გამირკვიე, რა ხდება, მეტის ატანა არ შემიძლიაო.

_ ნინო, იქნებ კარგად დაფიქრდე, საბოლოოდ რას აპირებ, უნდა იშვილო? _ ისინი უკვე გაშინაურდნენ, «შენობით» მიმართავდნენ ერთმანეთს.

_ არ ვიცი, ლადო, არაფერი ვიცი. სასოწარკვეთილებაში ვარ ჩავარდნილი. თან მინდა ვიშვილო, თან რაღაც უკან მწევს. მირჩიე რამე, ამიტომაც გთხოვ დახმარებას. გული მიგრძნობს, რომ ნამდვილად ჩემი შვილია. გამირკვიე, ნუთუ არ შეგიძლია?

_ ხომ ხედავ, არ არის ასე ადვილი. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ ძალიან ნელა მივიწევთ წინ, ერთ კვანძსაც კი ვერ ჩავავლე ხელი. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ შემხვედრია. აბა, რა გითხრა…

_ რა ჯანდაბამ წამიყვანა იმ დღეს ავტობუსით, არ წავთრეულიყავი საერთოდ, არ ჯობდა? რა მექეიფებოდა, რა მეზობლების ნახვა ამიტყდა? _ აქვითინდა უმწეო ქალი.

ლადოს გული მოულბა, შეეცოდა ატირებული კლიენტი, ხელი მხარზე მოხვია და გულზე მიიხუტა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, როცა ქალის სითბო და ძვირად ღირებული სუნამოს არომატი ერთდროულად შეისრუტა. სიგიჟემდე მოუნდა, მის რბილ, სრიალა თმაში შეეცურებინა ხელი და მოფერებოდა. სისხლი აუჩქროლდა ამის გაფიქრებაზე. ნინო თითქოს გუმანს მიუხვდა, მოულოდნელად შეკრთა და თავი ასწია. მამაკაცის მრავლისმეტყველ თვალებს ქალის ამოუცნობი მზერა შეეფეთა. პაუზა წამით გაიწელა…

მერე ინსტინქტურად განზე გაიწია ორივემ. ლადომ ხელი შეუშვა მომხიბლავ მანდილოსანს და ფანჯრისკენ დაიძრა, ფარდა გადასწია და ეზოში გადაიხედა. ნინო კი უხერხული მოძრაობით იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.

_ მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, _ სიჩუმე ლადომ დაარღვია.

_ არა, რას ამბობ… _ ვითომ ვერ მიუხვდა ნინო, _ მე ვიცი, რომ შენ ყველაფერს ცდილობ… სასაყვედურო არაფერი მაქვს. ცოტა კიდევ დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება. არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს, რაღაც უეჭველად გამოჩნდება.

_ გეთანხმები, რაღაც აუცილებლად მოხდება… _ შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა დეტექტივმა, _ მთავარია, მომხდარით ორივე კმაყოფილი დავრჩეთ, _ შეცვლილი ხმით დაამატა ბოლოს და უცნაური მზერა სტორცნა ქალს…

ნინომ თვალები აარიდა…

7 7 7

ლადომ კიდევ რამდენჯერმე გაიარა ვაგზალზე, უკანასკნელ ხავსს ეჭიდებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახალი არავისგან არაფერი შეუტყვია. მამაკაცს თავი მოაბეზრეს მათხოვრებმა. როგორც კი დაინახავდნენ, მაშინვე გარს შემოერტყმებოდნენ და აგულიანებდნენ, იყიდე ეს გოგონა, ძალიან ყოჩაღია, ზარმაცი არ გეგონოს, ოქროსავით ბავშვია, კეთილი, აზრიანი, მოხუცებს არ აბრაზებს… _ ისე აქებდნენ, როგორც ვაჭრები თავიანთ საქონელს…

ლადო ერთხანს მოთმინებით ისმენდა მათ შეგონებებს და დუმდა. მერე კი უფროსთან შეხვედრა მოითხოვა, მასთან მინდა დალაპარაკებაო, მაგრამ ახლოსაც არ გააკარეს. «გლავარი» მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგხვდება, თუ გოგონას აუცილებლად იყიდი, სხვანაირად შენს გაცნობას არ მოიწადინებსო.

_ იჩქარე, ბიძია, იჩქარე, სანამ გვიან არ არის, თორემ დარჩები მშრალზე და მერე მის კვალს მთელი ცხოვრება ვერ მიაგნებ, ძალიანც რომ მოინდომო, _ უჩიჩინებდნენ მაწანწალები.

ლადო თავის თავზე ვერ აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას, ნინო კი არ ჩქარობდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც ანაღვლებდა მანანას ბედი.

_ ჯერ მინდა ისე გავიცნო, ჩვეულებრივად და დავუახლოვდე. აბა, რა ვიცი, როგორი ზნის ბავშვია, ხომ უნდა შევეჩვიო?

_ მერედა, რაღას უცდი, ნინო, დრო აღარ ითმენს, _ ლადოსაც აევსო მოთმინების ფიალა.

_ რას ვუცდი? იმას, რომ არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხო, _ შესჩივლა ქალმა დეტექტივს.

_ ამაზე ადვილი არაფერია. მიდი მასთან, გამოელაპარაკე. სითბო აჩვენე, ფული აჩუქე… მერე ნელ-ნელა შეგეჩვევა და გაუცხოებაც გაუვლის. ხომ ხედავ, როგორ ველურივით იქცევა, რადგან პატრონი არავინ ჰყავს მომკითხავი.

_ შენ რომ ჩემ ადგილას ყოფილიყავი, როგორ გაიცნობდი? რას ეტყოდი? ძალიან მეშინია, არ ვიცი, რომ მივალ, რა უნდა ვუთხრა.

_ სიმართლე გითხრა, ბავშვების დიდი სპეციალისტი არ ვარ. არასდროს მყოლია და არც მათთან მოქცევა ვიცი. რა ვიცი… მაგალითად, ვკითხავდი, რა უყვარს…

_ ის გიპასუხებს, შოკოლადიო… ან ნაყინიო… შემდეგ? მერე რა იქნება?

_ წარმოდგენა არა მაქვს, _ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა, _ იქნებ ვცადოთ და ეს პრობლემა სხვა გზით გადავჭრათ?

_ რა გზით, რას გულისხმობ? _ ნინო მიუახლოვდა და ისე შეხედა, როგორც ერთადერთ მხსნელს.

მამაკაცმა ვერ გაუძლო ქალის თვალების შემოტევას და განზე გაიხედა.

_ მაგალითად… ვთხოვოთ მათხოვრებს, ხანდახან გამოუშვან მანანა შენთან და სახლის დალაგებაში დაგახმარონ. ამისთვის კარგ გასამრჯელოს შევპირდეთ. ან კიდევ… შაბათ-კვირას წამოიყვანე შენთან ისევე, როგორც ბავშვთა სახლიდან გამოჰყავთ მშობლებს მიტოვებული შვილები და ორშაბათს ისევ დააბრუნებ ადგილზე… არ ვიცი, დათანხმდებიან თუ არა ამ წინადადებას, მაგრამ ცდა შეიძლება. ასე მგონია, ფულის გამო თანახმანი იქნებიან, ფულს თუ გადაიხდი, ყველაფერზე წამოვლენ.

_ ჰო მაგრამ… არ ვიცი, მერე რა იქნება… ვაითუ, ვერ გამოვნახო მასთან საერთო ენა, ვაითუ, ვერ შემეჩვიოს… ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნა? თავი დავანებო მის მონახულებას? არა, ლადო, ასე ვერ მოვიქცევი. მე სხვანაირი ქალი ვარ, სხვანაირად… როგორ გითხრა… მოწესრიგებული. ლეკვსაც კი არ შემოვიყვან სახლში ისე, თუ არ ვარ დარწმუნებული, რა ჯიშისაა და რა ზნის, შევძლებ თუ არა მის გაზრდას. არ ვარ მიჩვეული გარეთ გავაგდო ვინმე, ვინც გინდა იყოს, თუკი ერთხელ შევიკედლებ. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი იქნება, ცხოველი თუ ფრინველი.

ლადო ცუდ დღეში იყო. მას ძალიან უჭირდა ასეთ კლიენტთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო კარგად უხდიდა, სინდისის ქენჯნას გრძნობდა _ ჯერჯერობით მის სასიკეთოდ ვერაფერს აკეთებდა. ამავე დროს გრძნობდა, რომ გულგრილი არ იყო ქალის მიმართ. მის ყოველ დანახვაზე უცნაურად აუჩქროლდებოდა ხოლმე გული, სახეზე კი პატარა ბიჭივით სიწითლე გადაუვლიდა. არადა, ქალი ისე იყო გატაცებული ამ უპატრონო ბავშვის ბედ-იღბლით, პირად გრძნობებზე საუბარს აზრი არ ჰქონდა. ამით საერთოდ გააფუჭებდა ყველაფერს და არა მარტო კლიენტს, სასურველ ქალსაც სამუდამოდ დაკარგავდა.

გარდა ამისა, მას კარგად ესმოდა ნინოსი. გასაგები იყო მისი ყოყმანის და შიშის მიზეზები _ ქალი თავს იზღვევდა, მაგრამ ჯამში რაღაც შეკრული წრე გამოდიოდა. არც ისე ადვილია, გაიცნო ქუჩაში მათხოვრად გაგდებული უსახლკარო ბავშვი და მერე შეიჩვიო. უპერსპექტივო იდეა იყო. მერე კიდევ… ხანდახან დაპატიჟო შინ რაღაცის მომიზეზებით, პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, რომლის თავის თავზე აღება ნინოს არ სურდა. ვერც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, რადგან უნდოდა ჯერ უფრო ახლოს გაეცნო გოგონა. ასეთი გორგალივით დახლართული საქმის გახსნა ძალიან ძნელი იყო. ერთადერთი, რაც გაჭრიდა ასეთ შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდის გამოყენება ხდებოდა. ერთი კვანძის გახსნაღა იყო საჭირო, მხოლოდ ერთის… რაც მხოლოდ ნინოს შეეძლო.

_ ბოლოს და ბოლოს, რით ვერ გაიგე, რა საბავშვო ბაღია ასეთი? ნუთუ ასე ძნელია? _ ერთ საღამოს ვერ მოითმინა და უსაყვედურა ქალმა.

_ ნინო, შეგიძლია მეც გამიგო?.. ამ ამბავს თავისი კეთილი ნებით მე არავინ მეტყვის, არ არის ასე ადვილი.

_ მაშინ შეაშინე!  _ ფრთხილად შეაპარა ქალმა, _ ხომ შეიძლება, შეაშინო? შენ ხომ გამომძიებელი ხარ…

_ მე გამომძიებელი არ ვარ… უფრო სწორად, ვარ, მაგრამ სახელმწიფო მოხელედ არ ვითვლები. მე კერძო დეტექტივი ვარ. გესმის? ძალისმიერი მეთოდის გამოყენება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. როცა ფაქტები არ მაქვს, არც სხვისი შეშინების უფლება მაქვს. გარკვევით გეუბნები? _ მოთმინება დაკარგა ლადომ.

_ შენ თუ ვერ აკეთებ, შენს კოლეგებს უთხარი. ხომ გყავს მეგობრები პოლიციაში?

_ პოლიცია მივაყენო?.. ეს საშიში ნაბიჯია. მთელი ბანდა დაიმალება, იატაკქვეშეთში გადაიხიზნებიან და მანანასაც თან წაიყვანენ. შენ არ იცი ასეთი შეკრული წრის წესები. ეს ერთგვარი მაფიაა, წვრილი, მაგრამ მაინც კარგად ორგანიზებული მაფია თავისი სტრუქტურითა და იერარქიებით. თუ ამას გავაკეთებ, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობო იმ ბავშვს. გარდა ამისა, დავუშვათ, გავიგე, რაც არის ეს «საბავშვო ბაღი». რა, მერე? ეს რას შეცვლის? თუ შენ გადაწყვეტ, გოგონა გამოისყიდო, ის იქ არ მოხვდება. თუკი თავს დაანებებ ამ ყოველივეს და დაივიწყებ გოგონას, მაშინ მით უმეტეს, რაში გჭირდება იმის გაგება, რა დაწესებულებაა «საბავშვო ბაღი»? იქნებ უკეთესიც იყოს, არაფერი იცოდე. გირჩევ, შეეშვა მაგ გოგოს. იცხოვროს ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდა და წავიდეს იქ, სადაც წასასვლელია…

_ კარგი, _ კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ თქვა ნინომ, _ მე მეგობრებს დაველაპარაკები. მათ აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ მართალი ხარ, რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდე. ერთადერთი, რაც მაშინებს, ის არის, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია თავისი ხასიათით, უნარ-ჩვევებით. შევძლებ კი მასთან ერთად ცხოვრებას? დამიჯერებს კი? მომისმენს თუ თავის ნებაზე ივლის? ვაითუ, ქურდია და ყველაფერი მომპაროს… ასეთ რამეს ადვილად არ მოიშლის, ხომ იცი.

_ შენი ეჭვები სრულიად საფუძვლიანია, ნინო, გეთანხმები… მაგრამ თავადაც კარგად ხედავ, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. ვშიშობ, ბრმად მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება. მეც აღარ შემიძლია ასე… გგონია, არ მაწუხებს, ფულს ტყუილად რომ მიხდი?

_ რას ამბობ, ეგ მეორეჯერ აღარ გაიმეორო. ამდენ დროს რომ გაკარგვინებ, გგონია, ვერ ვხედავ? აქამდე ცხრა საქმეს გამოიძიებდი. ძალიან გთხოვ, ფინანსურ საკითხს ნურასდროს შევეხებით.

_ ჩემი იდეა არ მოგეწონა? _ ჰკითხა მოულოდნელად ლადომ.

_ რა იდეა? _ სმენად იქცა ნინო.

_ გენეტიკური ანალიზი ხომ არ ჩავატაროთ?

_ ჰო, შენ ადრეც მითხარი, მაგრამ… მეეჭვება… ჩვენთან? საქართველოში? ასეთი რამეები აქ კეთდება?

_ როგორ არ კეთდება, რომელ საუკუნეში ცხოვრობ, ხომ არ დაგავიწყდა?

_ იმ საუკუნეში, რომელშიც ქუჩის მაწანწალები ბლომად ირევიან ხალხმარავალ ადგილებში… შენც ხომ არ დაგავიწყდა? _ შეჰღიმა ქალმა და მოულოდნელად ხელები კისერზე მოხვია დეტექტივს.

ლადოს სული შეუგუბდა. საკუთარი გულის ბაგაბუგი ესმოდა. ფრთხილად აამოძრავა მკლავები და ქალს წელზე შემოაწყო, მერე კი შეუმჩნევლად თავისკენ ნელა მოიზიდა. ნინო გაიტრუნა. მამაკაცმა იგრძნო, როგორ გაუხშირდა ქალს სუნთქვა. თავი აუწია და საჩვენებელი თითით ნიკაპი აუწია. თვალებში ჩახედეს ერთმანეთს. ლადომ შეუმჩნევლად გადააგორა უზარმაზარი ნერწყვი და ქალის ტუჩებს ხარბად დააშტერდა.

_ არ მინდა, _ ჩურჩულით წარმოთქვა უცებ ქალმა.

მამაკაცი შეცბა. მისდა უნებურად, ხელები თავისით გაეშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

_ გენეტიკური ანალიზის ჩატარება არ მინდა, _ იმავე ტონით გაიმეორა ნინომ და მამაკაცს მაცდურად გაუღიმა.

7 7 7

ლადოს ნინოს იმედი უკვე აღარ ჰქონდა… არც ერთ საკითხში _ იგი ვერც მანანას გამოსყიდვას ბედავდა და ვერც დეტექტივთან რომანის გაბმას. თავად ლადოსაც მოეცარა ხელი. მათხოვრებმა, რომლებმაც იგი მდიდარ მყიდველად მიიჩნიეს და თავბრუდამხვევი კომპლიმენტებით ცდილობდნენ მანანას ხოტბის შესხმას იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს უცხო მამაკაცი მის გამოსყიდვას შეეცდებოდა, მისადმი ინტერესი დაკარგეს. საბოლოო ჯამში იგი მხოლოდ გარყვნილ პიროვნებად მიიჩნიეს, რომლებსაც მოზარდი გოგონები აინტერესებს. თითქოს ყველამ ერთად შეკრა პირი. დეტექტივმა სწორედ აქედან დაასკვნა, რომ ბოგანოები უფროსების მითითებით მოქმედებდნენ, მათ უცხო მამაკაცის მანანათი დაინტერესება ჰქონდათ დავალებული… ასეთ მასობრივ დაინტერესებას ლადო სხვა ახსნას ვერ უძებნიდა.

თუმცა… იყო კიდევ ერთი საჩოთირო საკითხი. როგორც მას ინფორმაცია მიაწოდეს, მანანასნაირი გოგონები საბოლოოდ «საბავშვო ბაღში» მიჰყავდათ «აღსაზრდელად». ლოგიკის მიხედვით, იქ გოგონებს ყველა საჭირო წესს შეასწავლიდნენ და პროფესიონალ მეძავებად გამოზრდიდნენ. სწორედ აქ ჩნდებოდა კითხვის ნიშანი. პრესტიჟულ საროსკიპოებში მდიდარი კლიენტები სერიოზულ ფულს იხდიან. მანანა ამ მხრივ პერსპექტიული გოგონა ჩანდა. მაშინ რისთვისღა სჭირდებოდა იმ ვიღაც «გლავარს» მისი გაყიდვა? ამით ხომ ერთჯერადი თანხა შეუვიდოდა? არადა, მეძავობით მეტ ფულს არ შეუტანდა პატრონის ბიუჯეტს? თანაც _ ყოველდღიურად… არა, აქ რაღაც ისე ვერ იყო… აქ ნამდვილად რაღაც სხვა ხდებოდა, მაგრამ რა, ლადო ჯერჯერობით თავს ვერ ადგამდა.

7 7 7

ნინო კი ძველებურად აგრძელებდა ვაგზალზე სიარულს. სადმე მოფარებულში დაიმალებოდა და იქიდან ადევნებდა გოგონას თვალს. ერთხელაც, გაბედა და მიუახლოვდა. როცა გოგონამ ხელი გამოუწოდა და შემწეობა სთხოვა, ფული და კამფეტები ერთად ჩაუყარა მუჭში… მერე კი ისევ სამალავში გადაინაცვლა.

ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. შაბათსაც, ნინო ჩვეულებისამებრ, ზუსტად თორმეტ საათზე მივიდა ვაგზალზე, ამჯერად სიგარეტების ჯიხურს ამოეფარა და მოედანს თვალი მოავლო, მაგრამ…

გოგონა თავის ჩვეულ ადგილზე არ დახვდა. მიმოიხედა. ვერც სხვაგან დალანდა. სახეზე მიწისფერი დაედო, ნიკაპი აუკანკალდა. ნუთუ?.. ამის გაფიქრებაზე ჟრუანტელმა დაუარა. ნუთუ დააგვიანა და მანანა უკვე წაიყვანეს იმ დაწყევლილ «საბავშვო ბაღში»? არა, არა! გამორიცხულია! ნინო ამას არ დაუშვებს! გაგიჟდება კიდევაც, ასე რომ იყოს.

სააშკარაოზე თამამად გამოვიდა და შეშფოთებული თვალებით ბავშვს დაუწყო ძებნა. ცდილობდა, ყველა მოზარდში თავისი «აღმოჩენა» დაენახა, მაგრამ ამაოდ. ლამის ტირილი დაიწყო და ლამის გული გადაუქანდა, როცა ვიღაცამ გრძელ შარფზე მოქაჩა. აცახცახებული ქალი ძლივს შემოტრიალდა. მის წინ მანანა იდგა და იღიმოდა.

_ მე ხომ არ მეძებ? _ ჰკითხა მან თავისი ხრინწიანი ხმით.

_ რ..რ… რატომ გგონია? _ ენა დაება ქალს და გაწითლდა.

_ აბა რა ვიცი. ყოველდღე მოდიხარ ჩემს სანახავად, შოკოლადებს და ფულს მაძლევ, მერე კი… აი, იქ დგები და მიყურებ, _ საჩვენებელი თითი მარკეტისკენ გაიშვირა გოგონამ.

ნინოს ენა ჩაუვარდა, ლაპარაკის სურვილიც კი გაუქრა. თურმე ეგ კიდევ საკითხავია, აქ ვინ ვის დასდევს…

მანანამ უშნოდ გაიცინა. ქუჩური სიცილი ჰქონდა, უხეში, სარკასტული.

_ რატომ მიყურებ ასე? რა, ტყუილს ვამბობ? _ ცერად გახედა გოგონამ.

_ იცი რა-ა? _ უეცრად შეეცვალა ხმა ნინოს, თავი სწრაფად აიყვანა ხელში და ჩაახველა, _ მინდა ერთი საიდუმლო გაგანდო… შენ ძალიან ჰგავხარ ერთ გოგონას, რომელიც…. რომელიც…. _ აქ უკვე ვეღარ გააგრძელა ქალმა.

მანანა მდუმარე ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა უცხო ქალბატონს, რომელიც ტანჯვით ცდილობდა ფრაზის დამთავრებას.

_ არა, ასე არა, სხვანაირად გეტყვი. ერთ დროს მე შენნაირი ქალიშვილი მყავდა.

_ ახლა არ გყავს?

_ ახლა არა… ის გაქრა.

_ სად გაქრა, მოკვდა?

_ არა… არ ვიცი… ვერაფერი გავიგე და მას შემდეგ ვეძებ.

_ გენატრება, არა?

_ ჰო, თანაც ძალიან.

_ მეც მენატრება ჩემი დაქალი. მას ლიკა ერქვა, მაგრამ ისიც გაქრა შარშან გაზაფხულზე, დაიკარგა.

ამის გაგონებაზე ნინოს გონებაში «საბავშვო ბაღი» ამოუტივტივდა. როგორც ჩანს, ის დაქალი იქ წაიყვანეს. ამის გაფიქრებაზე გული მოეწურა.

_ რას ნიშნავს დაიკარგა?

_ იმას, რომ აღარ არის. სადღაც გადაიყვანეს, _ თავი მხრებში ჩარგო გოგონამ, _ არ მითხრეს, სად… და მე რატომ დამდევ, შენს შვილს ვგავარ? ალბათ ამიტომაც მყარაულობ, ხომ მივხვდი? _ გოგონა გამხიარულდა.

_ აზრიანი ბავშვი ხარ, ძალიან მომწონხარ, _ თმაზე ხელი გადაუსვა დაბნეულმა ნინომ.

ეს რას ნიშნავს? ერთიანად დაიძაბა ქალი. მთელი ძალისხმევით ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თვალში არავის მოხვედროდა და უცებ… რა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რა ადვილად გაყიდა თავი. საშინელ დღეში ჩავარდა, არ იცოდა, რა თემაზე გადაეტანა საუბარი.

_ შენ გინდა, რომ მე შენი შვილი ვიყო? _ არ ეშვებოდა გოგონა.

_ რატომ გადაწყვიტე ასე? _ ფრთხილად იკითხა ნინომ და მთელი ყურადღებით შეათვალიერა ბავშვი.

_ იმიტომ, რომ შენ მასზე დარდობ, გენატრება, მე კი კუდში დამდევ. ყოველდღე მოდიხარ და ჩუმად მითვალთვალებ.

_ შენ რას იტყოდი?

_ რაზე?

_ ჩემს შვილად გახდომაზე… გექნებოდა ამის სურვილი?

მანანამ გამჭოლი მზერა ესროლა. კარგა ხანს უყურა «დედობის კანდიდატს», მერე კი ღიმილით წარმოთქვა.

_ შენ ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი…

გოგონამ თვალი აარიდა ქალს, ნაღვლიანად ამოიოხრა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა. იმწუთას რა ხდებოდა ნინოს გულში, თავად ნინომაც არ იცოდა. გულისამაჩუყებელმა სცენამ მასში გრძნობების მოზღვავება, ძველი ტკივილის გახსენება და ცრემლთა ფრქვევა გამოიწვია. ქალმა ბავშვის ბოლო სიტყვები სრულ დასტურად მიიჩნია და ასლუკუნდა. ისე იმოქმედა მისმა ნათქვამმა, რომ წარსულით ისედაც დატანჯული, უარეს ტანჯვაში ჩავარდა. თითქოს ვიღაცამ ულმობლად დაუსერა გული. იმწუთას ქუჩაში რომ არ ყოფილიყო, მთელი ხმით იკივლებდა სიხარულისგან რეტდასხმული.

7 7 7

ამასობაში ლადო დროს უქმად არ კარგავდა. დღეს დილიდან ინტერნეტმისამართებს ჩაუჯდა. ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა, გუმანით ხვდებოდა, რომ ძალიან ბინძურ ისტორიასთან ჰქონდა საქმე და მაქსიმალურად ცდილობდა, რამე ხელჩასაჭიდი ეპოვა. სხვანაირად ვერ დამშვიდდებოდა. არასდროს არც ერთი საქმე გაუხსნელი არ დარჩენია. რაღა ახლა გაუწყრება ღმერთი!

კომპიუტერის ფანჯარაში «საბავშვო ბაღი» აკრიფა და დაელოდა. ძებნის შედეგად ვებგვერდზე ათობით ახალი საიტი გამოჩნდა. მაგრამ სიძნელეს ის წარმოადგენდა, რომ ყველა მითითებული მისამართის გადამოწმებას, ყველაზე ცოტა, ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდა.

არა უშავს, სხვანაირად ცდის. გულმოდგინედ მიუჯდა მონიტორს და თვალით სწრაფად გადაურბინა სტრიქონებს. უამრავი რამ გაიგო ბავშვთა აღზრდის ახალი მეთოდების შესახებ, საბავშვო ავეჯის, ოთახის ინტერიერის, ბაღებში სამედიცინო მომსახურების შესახებ…

დღის განმავლობაში ნაყოფიერად იმუშავა. მერე შეისვენა და საღამოს, ვახშმობას რომ მორჩა, ისევ კომპიუტერს მიუჯდა…

უკვე თენდებოდა, როცა დაღლა იგრძნო, ძილიც მოერია. არადა, ჯერ მეოთხედის გადათვალიერებაც ვერ მოასწრო… არა უშავს, ცოტას წაუძინებს და დილიდან ისევ განაახლებს მუშაობას ცინცხალი გონებით.

მეორე დღესაც იგივე განმეორდა. ლადო ლამის გინებაზე გადავიდა, ისე იყო გამწარებული. ვერაფერ საინტერესოს ვერ მიაკვლია. ვანოც კი აიყოლია, თავისი ასისტენტი.

_ რატომ ნერვიულობ, უფროსო, _ დაამშვიდა ვანომ, _ არასწორად ეძებ და იმის ბრალია. არადა, ყველაფერი ძალიან მარტივია. თუკი შენი აზრით, ბორდელებზეა საუბარი, აკრიფე რუსულად «დევოჩკი» ან «სექს» და ნახე, რას მოგცემს.

დეტექტივმა გაითვალისწინა ვანოს «ტექნიკური განსწავლულობა» და, მართლაც… რამდენიმე წუთის შემდეგ ეკრანი ისეთი ფოტოებით გაივსო, ლადოს თვალები შუბლზე აუვიდა. მან გაოცებით ახედა ვანოს, რომელიც თავზე დადგომოდა. ასისტენტს ზიზღი და აღშფოთება ერთდროულად აღბეჭდოდა სახეზე…

ლადოს მსგავსი რამ არასდროს ენახა. პორნოსურათებს ღრმა ახალგაზრდობაში კი ათვალიერებდა ისე, ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ… პედოფილია? ეს უკანასკნელი ყოველთვის მისი ინტერესის ფარგლებს მიღმა რჩებოდა.

 

 

გაოგნებული მისჩერებოდა მონიტორს. მოუნდა, თვალები მაგრად დაეხუჭა და არასდროს, არასდროს დაენახა ის, რასაც ახლა უყურებდა, უნდოდა, ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, ცუდი ზმანება და სხვა არაფერი. ეს იყო უმოწყალოდ გაუპატიურებული მოზარდების _ გოგონების და ბიჭების ფოტოსურათები…

და ამას ეწოდებოდა «საბავშვო ბაღი». მართალია, საიტი რუსული იყო, მაგრამ ქართულ გვარებსაც უხვად ამოიკითხავდით ეკრანზე.

_ ლადო, _ ჩაიდუდღუნა ვანომ, _ ეგ ახვრები ყველა კედელთან უნდა მიაყენო და დახვრიტო, ამის ღირსები არიან. აფსუს, სად არის ახლა სტალინი?!

დეტექტივი ვერაფრით გამოდიოდა პორნოსაიტიდან. ყოველ დახურულ ფანჯარაში ხუთი ახალი ფანჯარა გამოდიოდა. რადგან თავისას ვერ მიაღწია, ადგა და გამორთო კომპიუტერი.

_ ამათი დედა ვატირე, ვერაფერი გამიგია, _ აღშფოთებული ლაპარაკობდა ვანო, _ ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმას ლაპარაკობენ, როგორ ზრუნავენ ბავშვების «ნათელ» მომავალზე, რომ ებრძვიან მოზარდთა პორნოგრაფიას და პედოფილიას. ეს არის მათი ბრძოლა? ნახე, რა ხდებოდა? აქ რუსებიც არიან, აზიელებიც, ევროპელებიც, ამერიკელებიც და, შენ წარმოიდგინე, ქართველებიც. საიტიც კი არსებობს ქართული თურმე, წარმოგიდგენია? მარტო ჩვენ ხომ არ გვინახავს ეს საზიზღრობა? იმათაც ხომ შეუძლიათ შევიდნენ ინტერნეტში, ვინც ხმამაღლა გაჰყვირის, ბავშვთა უფლებებს ვიცავთო და თავისი თვალით ნახონ, რა უბედურება გვჭირს? გადაგვარდა ხალხი. რა ხდება, ვერ გაიგებ!

ლადომ უსიტყვოდ დაუქნია თავი, ლაპარაკის უნარიც კი წართმეული ჰქონდა, თვითონაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა…

შოკიდან რომ გამოვიდა, დაფიქრდა. არა, არაფრით არ შეიძლებოდა, იმ «საბავშვო ბაღს», რომელსაც მათხოვრები ახსენებდნენ, რამე საერთო ჰქონოდა ინტერნეტში ნანახთან. ეს სულაც არ იყო აუცილებელი. ქართველები ამას ვერ გაბედავდნენ. მაგრამ მაინც ვერ შეძლო გონებიდან ამოეგდო ის, რაც ეკრანზე დაათვალიერა.

დიდხანს ყოყმანობდა, მოეყოლა თუ არა ნინოსთვის ეს ამბავი. რომ ეთქვა, თვითონ უბიძგებდა ქალს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისკენ. მას კი ამის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ იმის უფლება კი ჰქონდა, ქალისთვის სიმართლე დაემალა? ის ხომ მისი კლიენტია და ინფორმაციისთვის დეტექტივს ფულს უხდის, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. გარდა ამისა, მისთვის ნინო მხოლოდ კლიენტი არ იყო. მისი სახელის ხსენებაზე წარამარა ელეთმელეთი მოსდიოდა. გრძნობდა, რომ ყურებამდე იყო შეყვარებული.

ჰო, მართლა, ამ გახსენებაზე… უმშვენიერესი ნინო სამი დღეა, არ გამოჩენილა, არც დაურეკავს, არც მოსულა. ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ეთათბირება მეგობრებს, რჩევას ეკითხება. საინტერესოა, ვინ არიან მისი მეგობრები? იქნებ ღირს, დაინტერესდეს მათი ცხოვრებით? ვინ იცის, შეიძლება სადმე ახლოს არის ძაღლის თავი დამარხული? რა ქნას, შეეხმიანოს? ეშინია, საკუთარი თავი არ გაყიდოს. არა, რატომ უნდა იფიქროს ნინომ, რომ ლადოს მხოლოდ მისი ხმის გაგონება უნდა, რომ მისი ერთი «ალო» მთელ ქვეყანას ურჩევნია? ის ხომ მისი დაქირავებულია, საქმეს უკეთებს. ამიტომაც არაფერი დაშავდება, თუ დაელაპარაკება…

დიდხანს ითმინა, მაგრამ ბოლოს მაინც დაურეკა. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა ქალმა გამოუცხადა, გადაწყვეტილება მივიღე და თავს ვანებებ ამ საქმესო.

_ მაინც არაფერი გამოვა, _ თქვა მან.

_ რას ნიშნავს, არაფერი გამოვა? რატომ არ გამოვა? _ ლადომ განხიბვლა იგრძნო.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ნახა, საშინლად მოუნდა, ნინოს ბავშვი გამოესყიდა და თავისთან წამოეყვანა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალი ხმას არ იღებდა, მხოლოდ ოხრავდა ტელეფონში, მერე კი ნელა, ხმადაბლა მოუყვა ლადოს, როგორ გამოეცნაურა გოგონა ვაგზალზე.

_ ძალიან ეშმაკი გოგონაა, გესმის? წმინდა ქუჩური წესებით აღზრდილი. მე ყოველდღე ვუთვალთვალებდი და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თურმე თვითონ მითვალთვალებდა. მისთვის არაფერი მითქვამს, არც ერთი ზედმეტი სიტყვა, თვითონ კი სწორედ იმაზე დამიწყო საუბარი, რაზეც დღედაღამ ვფიქრობდი. საიდან იცოდა, რომ ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა იყო? ველური ცხოველივითაა, თითქოს ყნოსვით გრძნობს ყველაფერს. ხომ პატარაა, მაგრამ უკვე ისეთი დამოუკიდებელია, ისეთი თავდაჯერებული და რაღაცნაირად ამპარტავანი, რომ… ვერ მოვერევი ასეთ ბავშვს. არ მიწყინო, ძალიან გთხოვ, მაგრამ არ შემიძლია… მისი აღზრდა უკვე დაგვიანებულია, ყოველგვარი სურვილი გამიქრა.

ლადო ვერაფერს იტყოდა, ქალი მართალი იყო. მის ადგილას თვითონაც სწორედ ასე განსჯიდა. მაგრამ რა ეშველება «საბავშვო ბაღს?» არა უშავს, ამ საქმეს თავად მიხედავს. ყველა კავშირს აამოქმედებს პოლიციასთან და რადაც უნდა დაუჯდეს, იპოვის იმ ნაძირალებს, ვინც ამ ბავშვებს სულს უმახინჯებს, ცხოვრებას უწამლავს. თვითონ პოლიციას მიუქსევს პორნოსაიტების მესვეურებს და მერე იმართლონ თავი, თუ მაგარი ბიჭები არიან!

_ მე რა უნდა მეწყინოს, ნინო. ისედაც ვიცოდი, რამხელა პასუხისმგებლობას იღებდი შენს თავზე. ბავშვის გაზრდა სულ სხვა საქმეა, მაგრამ ხელახლა აღზრდა _ ორმაგად მძიმე შრომაა. ეს სულ სხვა რამეა, გეთანხმები, ძალიან ძნელია, ძალიან, მაგრამ…

ლადოს გაახსენდა, როგორ კეკლუცობდა მანანა, როცა გამვლელ-გამომვლელს მოწყალებას სთხოვდა, განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან. არ არის გამორიცხული, უკვე იწვეს კიდევაც მამაკაცებთან. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჯერ პატარაა, საჭიროზე მეტად გამომწვევი და თამამი ქცევები აქვს. ღმერთმა ქნას, დეტექტივი ცდებოდეს…

_ მაგრამ, ვგონებ, არ ღირს ამ საქმეზე ხელის ჩაქნევა. რას იტყვი? იქნებ გაგვეგრძელებინა ბრძოლა? _ ლადომ ქალის დაყოლიება სცადა.

ნინო დუმდა… დეტექტივი მიხვდა, რომ, მიუხედავად მისი მცდელობისა, ქალი გადაწყვეტილების მიღებას ყოყმანობდა.

_ რამდენიმე დღე მაცალე მოსაფიქრებლად, _ თქვა ბოლოს, _ ასე უცებ არ შემიძლია პასუხი გაგცე.

_ კარგი, ეგრე იყოს, დაგელოდები.

7 7 7

ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა. მესამე თუ მეოთხე დღეს, ნინომ სასოწარკვეთილი ხმით დაურეკა ოფისში. ქალი ლამის კიოდა ტელეფონში.

_ ლადო, მიშველე, ლადო! ის ვაგზლის მოედანზე აღარ არის, ორი დღეა, არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, წაიყვანეს, ნუთუ წაიყვანეს?! რა ვქნა, როგორ მოვიქცე? მირჩიე რამე, თორემ გავგიჟდები!

ამის გაგონებაზე მამაკაცს თავზარი დაეცა. გონებაში სწრაფად გაურბინა ინტერნეტსაიტებზე ნანახმა კადრებმა, როგორ ტიროდნენ გაუპატიურებული მოზარდები. მათი გატანჯული სახეები ისედაც მოსვენებას არ აძლევდა ბოლო დღეებში.

_ გთხოვ, გემუდარები, ლადო, მოძებნე იგი, როგორმე იპოვე, შენი იმედიღა მაქვს, _ მოთქვამდა ქალი.

_ სად ხარ, სახლში?

_ სახლში რა მინდა, ვაგზალზე ვარ, სადაც ვიდექი ხოლმე, იქ ვდგავარ ისევ!

_ ახლავე გამოვდივარ, დაწყნარდი, წინასწარ ნუ ნერვიულობ, რაღაცას მოვახერხებ. გესმის? უკვე მოვდივარ, _ აუღელვებელი ტონით შეეცადა მის დამშვიდებას…

 

8 8 8

ნინოს შეშლილი სახე ჰქონდა, ტირილისგან თვალები ჩაწითლებოდა.

_ ვეცდები, ახლავე გავარკვიო ყველაფერი, _ თქვა ლადომ და იქვე მდგარი მათხოვრებისკენ გაემართა. რამდენიმესთან გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ უშედეგოდ _ ერთი სიტყვაც ვერ დააცდევინა.

მანანა გაქრა, გაქრა და მორჩა.

გაჯიუტებული ნინო ძლივს დაიყოლია, შინ დაბრუნებულიყო. ქალს ღონე ჰქონდა გამოცლილი. მამაკაცმა მისი თავისთან წაყვანა გადაწყვიტა. ნინო დათანხმდა…

მანქანა კორპუსთან გააჩერა და ქალს წინა სალონის კარი გაუღო. ნინო აღარ ტიროდა, მაგრამ ადამიანის ფერი არ ედო სახეზე.

_ აქ დაჯექი, ჩაის მოვადუღებ, _ თქვა ლადომ და სტუმარს სავარძლისკენ მიუთითა, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა.

დეტექტივს პატარა ბინა ჰქონდა. ორი ოთახი და შემინული ლოჯია _ სულ ეს იყო მისი სამფლობელო.

_ ახლავე ადუღდება, ცოტაც მოითმინე, _ ლადო სველი ხელებით გამოვიდა სამზარეულოდან.

საკმაოდ ცივი ღამე იყო, მამაკაცმა გამათბობელი ჩართო და ქალთან ახლოს მიაჩოჩა.

რამდენიმე წუთში ორივენი მრგვალ, ძველებურ მაგიდას შემოუსხდნენ და ჩაის სმას შეუდგნენ. ოთახში ცოტათი დათბა.

_ ისევ გცივა? გინდა, რამე მოგახურო? _ მზრუნველად ჰკითხა დეტექტივმა.

_ არა, არ მცივა, ნერვიულობისგან უფრო მაკანკალებდა, _ ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა ქალმა.

_ შეჭამე რამე, მართალია, მდიდრული სუფრა არა მაქვს, მაგრამ დასანაყრებლად გამოდგება, _ თავი იმართლა მამაკაცმა.

_ არ მშია, ლადო, დიდი მადლობა, მართლა არ მშია, _ ნინომ გაშლილ სუფრას გადახედა და თვალი შემწვარ კვერცხზე შეაჩერა.

_ მიყვარს შემწვარი კვერცხის სუნი, _ ისევ გაიღიმა.

_ ო-ო-ო, ეს კვერცხი უბრალოდ შემწვარი არ გეგონოს, დაფშვნილი ყველითაა გატენილი, გასინჯე და დარწმუნდები, _ გამხიარულდა დეტექტივი.

_ არა, გმადლობ, მჯერა, რომ ასე იქნება, მაგრამ არ მშია.

ვახშმის შემდეგ ნინო სააბაზანოში შევიდა, ლადომ კი, ათი წლის შემდეგ, პირველად გააბოლა სიგარეტი. პირველსავე ნაფაზზე თავბრუ დაეხვა, სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში. «ხანდახან რა კარგია ეს საძაგლობა», _ გაიფიქრა კმაყოფილმა და ბოლი ჭერისკენ გაუშვა.

თითქოს ბევრი რამ მოხდა ამ დღეებში, მაგრამ კვანძს ვერ მიაგნო, რომ რაღაც ეღონა. ვერც ერთი მხრიდან ვერ მიუდგა საქმეს, ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. არადა, გრძნობდა, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი. კიდევ ერთხელ უნდა გადაეხედა ბოლოდროინდელი მოვლენებისთვის, იქნებ სადღაც რაღაც გამოეპარა _ ძალიან მნიშვნელოვანი ან სულაც ძალზე უმნიშვნელო…

დიდხანს ისხდნენ ლოჯიაში. ნინომ ტელევიზორის ყურება არ ისურვა, ხმაური მღლისო, ამიტომაც ისხდნენ და საუბრობდნენ. რამდენჯერმე ლადოს მრავლისმეტყველი და ნინოს გამოუცნობი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მამაკაცს ვერ გადაეწყვიტა, მისთვის სასურველ თემაზე საუბარი დაეწყო თუ არა. ქალი თვალებით აშკარად გაურბოდა.

_ წადი, დაწექი, აი, იმ პატარა ოთახში, თეთრეული უკვე გავშალე. იქ ჩემი პაჟამაც დაგიდე, თუ დაგჭირდება, რა თქმა უნდა.

_ შენ სად უნდა დაიძინო?

_ დიდ ოთახში, ტახტს გავშლი, ნუ ნერვიულობ.

_ ძილი ნებისა, ლადო…

მამაკაცმა დამშვიდობება გააჭიანურა. ძალიან თბილად მოეჩვენა ქალის ნათქვამი.

_ ძილი ნებისა… _ თქვა ბოლოს, მაგრამ სახელი არ დააყოლა.

მარტო დარჩენილმა კიდევ ორი ღერი სიგარეტი მოსწია და ფიქრი განაგრძო. კარგა ხანს იჯდა გარინდული და სიგარეტის ბოლში გახვეული, მერე წამოდგა, ლოჯიაში შუქი ჩააქრო და სასტუმრო ოთახში შევიდა, ტახტი გაშალა და წამოწვა.

ნინო სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ლადო წამოდგომას, გახდას და ოთახში შუქის ჩაქრობას აპირებდა.

_ იქნებ ჩემთან დაწოლილიყავი? _ თითოეულ სიტყვას ფრთხილად წარმოთქვამდა ქალი, თითქოს ეშინოდა, მოულოდნელი საქციელისთვის არავის გაეკიცხა, _ ლოგინი ორსაწოლიანია, ორივე დავეტევით.

_ საწოლნახევრიანი, _ შეუსწორა მამაკაცმა და შეუმჩნევლად ჩაიღიმა, მის პიჟამაში ნინო სასაცილოდ გამოიყურებოდა.

_ მერე რა, მაინც დავეტევით, _ თავისას არ იშლიდა ქალი.

_ არ მინდა შეგაწუხო, აქ დავრჩები.

_ მოდი ჩემთან, _ ჩურჩულზე გადავიდა ნინო, _ ძალიან მცივა, ვერაფრით ვთბები, ვერც ვიძინებ.

_ ნინო, დარწმუნებული ხარ, რომ… ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რა… _ თავი შეიკავა ლადომ.

_ ძალზე მნიშვნელოვანი ეს არის ახლა… მოდი ჩემთან, _ იმავე ტონით გაიმეორა ქალმა და მკლავები მისკენ გაიწვდინა.

ლადო ადგილიდან არ იძროდა. გააკვირვა ქალის სითამამემ. ალბათ უჭირს უმამაკაცოდ…

ნინო აღარ დაელოდა დეტექტივს და შიშველი ფეხებით თავად დაიძრა მისკენ. ტახტიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დადგა, რათა მამაკაცს ხელებით მისი შეხება შეძლებოდა.

და მან შეძლო… ქალს მაჯებში წვდა, თითებით მაგრად ჩაბღუჯა და თავისკენ მოიზიდა…

«რომ იცოდე, რა კარგი ხარ, ლადო, _ ეჩურჩულებოდა ქალი, თან ხელებს კისერზე ხვევდა, _ პირველი დანახვისთანავე ვიგრძენი ეს. მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა ჩემი გრძნობა. მეშინოდა, ხელი არ გეკრა ჩემთვის… თან მრცხვენოდა, მე ხომ ქვრივი ვარ… მერე შენგანაც იგივე ტალღა წამოვიდა…»

წამით ლადომ მისი მოფერება შეწყვიტა, თავი დაუჭირა და თვალებში ჩააჩერდა. ქალს ღაწვებზე ჩამოსდიოდა ცრემლები. ნინომ თავი დაღუნა და სახე მის მკერდში ჩამალა. მისი სხეული მთელი არსებით მიიწევდა დეტექტივისკენ.

წამიც და ქალი და მამაკაცი ვნების მორევმა ჩაითრია…

7 7 7

_ ცოტა მაინც თუ გეძინა? _ ჰკითხა ლადომ დილით, მისი ალერსით გული რომ იჯერა.

_ საკმარისად. შენ? _ ქალმა ყელზე მოხვია ხელი და მკერდზე მიეკრა.

_ მეც, _ იცრუა მამაკაცმა და კმაყოფილმა თვალები მილულა. მერე კი ოდნავ შეცვლილი ხმით იკითხა.

_ ხომ არ ნანობ…

_ არა, რა მაქვს სანანებელი… ოღონდ ერთი რამ მინდა გითხრა და არ შემეწინააღმდეგო… _ ნინო მისკენ შეტრიალდა და იდაყვს დაეყრდნო.

_ რა?

_ მიუხედავად წუხანდელი ღამისა, ჰონორარს გადაგიხდი, სანამ ეს ყველაფერი არ მორჩება.

_ ახლა არ ღირს ამაზე ლაპარაკი, საყვარელო. ვნახოთ, რა იქნება.

_ და კიდევ ერთი, ლადო…

_ თქვი.

_ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა წარიმართოს ჩვენი ურთიერთობა, მე მანანაზე უარის თქმას არ ვაპირებ.

_ ვიცი, ნუღარ გააგრძელებ. მე მზად ვარ ამისთვის, თუ შენი სურვილი ასეთი იქნება.

_ დიდი მადლობა, სიხარულო.

_ მადლობა შენ…

_ რისთვის, არ მეტყვი?

_ ულამაზესი ღამისთვის.

7 7 7

მანანა მეორე დღესაც არ გამოჩნდა.

_ დავიჯერო, «საბავშვო ბაღში» წაიყვანეს? _ მკაცრი ტონით ელაპარაკებოდა ნინო ლადოს, თითქოს მათ შორის წინა ღამეს სასიყვარულო სცენა არ გამართულიყო, _ ხომ გთხოვე, გამიგე-მეთქი, ეს არის შენი სიტყვა?!

სულაც არ სურდა ეს, მაგრამ დეტექტივი იძულებული გახდა, მოეყოლა ქალისთვის, რასაც ინტერნეტში მიაგნო. მართალია, დააყოლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მართლა იქ გააქანესო, მაგრამ იცოდა, რომ მისი ნათქვამი დამღუპველად იმოქმედებდა ნინოზე.

მისდა გასაოცრად, ქალს ხმა არ გაუღია _ არავითარი ცრემლი, არავითარი პანიკა, კივილი და ტირილი _ მას უცნაური რეაქცია ჰქონდა. კარგა ხანს იდგა გაფითრებული, გაქვავებული და რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ალაპარაკდა.

_ მოვითხოვ, ახლავე დაელაპარაკო რომელიმეს და უთხრა, რომ მზად ვარ, ბავშვი გამოვისყიდო. ნებისმიერ თანხას ვიხდი!

ლადოს წინააღმდეგობა არ გაუწევია. იცოდა, აზრი არ ჰქონდა.

იგი გაეშურა ცალფეხა მათხოვრისკენ, რომელიც ყურადღებით ადევნებდა მათ ყოველ მოძრაობას თვალს და ქალის დანაბარები გადასცა.

დიდხანს მოუწიათ ლოდინმა. ცალფეხა კი მაშინვე გაეშურა სადღაც, მაგრამ გვიან მობრუნდა, რამდენიმე საათის შემდეგ. ნინოს ხელ-ფეხი მოეყინა. მათხოვარი «გლავართან» ერთად დაბრუნდა. დაძაბული მომენტი დადგა. მოსულმა ათი ათასი დოლარი მოითხოვა. წავიდა ვაჭრობა… ბოლოს ხუთზე შეთანხმდნენ. ნინო მეორე დღისთვის თანხას შეჰპირდა, «გლავარი» კი მანანას მოყვანას. როცა საქმე მოაგვარეს, ლადომ აკანკალებული ქალი მანქანაში ჩასვა და სახლისკენ აიღო გეზი.

_ მე შინ წამიყვანე, გთხოვ.

ლადომ დაამუხრუჭა.

_ ჩემთან არ წამოხვალ? ცოდო ხარ მარტო.

_ არა, ახლა მარტო ყოფნა მირჩევნია, მაპატიე, _ ქალი შეუვალი იყო.

დეტექტივს მისი ტონი გულგრილი მოეჩვენა.

ცოტა არ იყოს, გული დაწყდა. უხმოდ გაიარეს მთელი გზა. სახლთან მისული ნინო ცივად დაემშვიდობა მამაკაცს და უკან მოუხედავად გაუჩინარდა სადარბაზოში. ლადო კარგა ხანს იდგა ქუჩაში, თავი ხელებში ჩარგო და მწარედ ჩაფიქრდა. რაღაც უნდა ეღონა, თორემ ნინოს დაკარგავდა. უნდა მოემოქმედა რაღაც, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ეს «რაღაც», წარმოდგენა არ ჰქონდა.

7 7 7

დილით ადრიანად გაუარა ქალს. კიდევ ერთხელ გადაითვალეს ფული და გზას მდუმარედ გაუდგნენ.

_ წუხელ მთელი ღამე არ მიძინია, _ დუმილი ნინომ დაარღვია.

_ არც მე, _ თქვა ლადომ.

_ მე მანანაზე ვფიქრობდი.

_ მე კი შენზე.

_ ამაშია საქმე. შენ ჩემზე მეტს ფიქრობ, ვიდრე საქმეზე. ვწუხვარ, მაგრამ მგონი, ვიჩქარე.

_ ჩვენი ურთიერთობა საქმეს არ აფუჭებს, დამიჯერე. პირიქით, ასე უკეთ ვიმუშავებ, უფრო გამიადვილდება.

_ მეეჭვება რაღაც, _ თავი ორჭოფულად გადააქნია ქალმა და ფანჯარაში გაიხედა.

«გლავარი» ადგილზე იყო. მან კაფეში შეიყვანა ორთავე და გადმოცემული ფული საგულდაგულოდ დათვალა.

_ თქვენ ბუღალტერია გაქვთ? _ ჰკითხა ლადომ მათხოვართა შეფს, კუპიურების გადათვლას რომ მორჩა, _ კომპიუტერში აწარმოებთ შემოსავალ-გასავალს?

_ კომპიუტერში? _ დამცინავად გაიღიმა «გლავარმა» და ოქროს კბილები გამოუჩნდა, _ კომპიუტერი აი, აქ მაქვს, _ თქვა და საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიკაკუნა.

ლადოს სწორედ ამის გაგება უნდოდა.

რამდენიმე წუთიც და კარს გარეთ მანანა გამოჩნდა. ნინო წამოხტა და გავარდა. ბავშვს მიუახლოვდა, ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა. თავის მხრიდან, მანანაც მოეხვია.

_ სად იყავი, საყვარელო? _ მზრუნველად ჩაეკითხა გოგონას.

_ ავად გავხდი, _ ჩახრინწული ხმით წარმოთქვა მან, _ ახლაც ცუდად ვარ, სიცხემ ისევ ამიწია… შენთან წამიყვან?

_ წაგიყვან, _ დაიჩურჩულა ქალმა, _ სწორედ ამისთვის მოვედით აქ.

ნინოს ცრემლები ლაპარაკს უშლიდა.

_ მეც მინდა შენთან ცხოვრება, _ გოგონაც ჩურჩულზე გადავიდა, _ მე კარგად მოვიქცევი, გპირდები…

ამის შემხედვარე ლადო მიხვდა, რომ მელოდრამატულ სპექტაკლზე იმყოფებოდა. ეს გახლდათ სპექტაკლი, რომელიც ვიღაცამ ნიჭიერად, სპეციალურად ნინოსთვის დადგა…

მას უნდა ეპოვა რეჟისორი, რადაც უნდა დაჯდომოდა ეს.

ბედნიერმა ქალმა ტაქსი გააჩერა და მანანა თავისთან წაიყვანა, ლადო კი სახლისკენ გაეშურა. «თეატრალური მოქმედების» კადრები გონებიდან არ შორდებოდა. რა ხდება მის გარშემო? ვის აწყობს ნინოს და მანანას დაახლოება? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? კითხვები დაუგროვდა, უპასუხო კითხვები. ყველაფერ ამასთან, საყვარელ ქალს კარგავდა. ეს უფრო მეტად უფორიაქებდა გონებას. არა, ამას არ დაუშვებდა ლადო. ცოცხალი თავით არ აპირებდა ნინოს დათმობას.

«მეც მინდა შენთან ცხოვრება, მე კარგად მოვიქცევი, გპირდები…» _ ეს სწორედ ის სიტყვები იყო, რომელიც ნინოს სჭირდებოდა. მანანას ნათქვამი ეს ორი ფრაზა, როგორც კარგად დოზირებული გამაბრუებელი, ისე მოქმედებდა სასოწარკვეთილ ქალზე.

საოცარია, თუ ნინოს ნათქვამიდან ვიმსჯელებთ, მანანა სულაც არ არის «წმინდა ქუჩური წესებით აღზრდილი» ველური მათხოვარი მოზარდი, რომელსაც სკოლაშიც კი არ უვლია. მას ვიღაც კარნახობდა, ასე ელაპარაკა, ვიღაც ჩააგონებდა, ასე მოქცეულიყო… ვიღაცის ზეგავლენით გოგონა თავის როლს თამაშობდა.

და ლადოს უცებ გონება გაუნათდა _ კვანძის შეკვრა, კულმინაცია და… გახსნა.

მიხვდა, რომ სხვანაირად უნდა ემოქმედა და იგი საქმეს მაშინვე შეუდგა.

 

8 8 8

პირველი ორი დღე თითქმის ვერაფრის გაგება შეძლო, ამაოდ ირჯებოდა, ტყუილად დაკარგა დრო. არც ნინოს შეხმიანებია. ქალიც გაურბოდა მასთან შეხვედრას. დროებით განზე გადადო ეს საკითხი. ახლა მის უმთავრეს მიზანს მანანას ისტორიის გაშიფვრა წარმოადგენდა.

ლადომ მოუხშირა ვაგზალზე სიარულს. თავდაპირველად მათხოვრები გაურბოდნენ მას, არ შედიოდნენ დეტექტივთან კონტაქტში. არ იყო გამორიცხული, ამ ორი დღის განმავლობაში «გლავარსაც» გამოეკითხა მისი ვინაობა და დაედგინა, რას წარმოადგენდა ლადო და რა საერთო ჰქონდა ნინოსთან. თუკი ისინი მანანასა და ნინოს შემდგომი ურთიერთობით იყვნენ დაინტერესებული, არ იყო გამორიცხული, მისი პერსონითაც დაინტერესებულიყვნენ. შეიძლება სწორედ ამიტომაც ჩააბეს იგი თამაშში. გამოიგონეს ახალი როლი, რომლის პერსონაჟმაც, ინვალიდი მათხოვრის სახით, ლადოს «საბავშვო ბაღის» სახელი ჩააწვეთა. ეს მსხვილი კუში იყო მათი მხრიდან. სატყუარა გადაუგდეს დეტექტივს, თან დააყოლეს, იქ მხოლოდ ლამაზი გოგონები მიჰყავთო. იცოდნენ, ლადო ინტერნეტში რომ დაიწყებდა ქექვას. იქ რასაც ნახავდა, მათთვის უკვე წინასწარ იყო ცნობილი. მერე რა ხდებოდა?

მეორე დღეს ლადოს მთავარი მოთამაშის «ცოლი» გამოეცხადა, თანაც «ქმრის» დავალებით და ისტორია კიდევ უფრო «შეალამაზა». სხვათა შორის ახსენა, რომ მანანა ბოშებმა მოიტაცეს… მართალია ეს ამბავი თუ ტყუილი, მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ის არის, რომ ეს სწორედ ის ისტორია იყო, რომელიც ნინოზე მტკივნეულად მოახდენდა ზეგავლენას, მის სულს ღრმად შეძრავდა. შვილდაკარგულ დედას მეტი რა უნდოდა! მონათხრობი უფრო მეტად განუმტკიცებდა ეჭვს, რომ ბოშების მოტაცებული გოგონა მისი ქალიშვილი იქნებოდა.

სწორედ ნინოსთვის იყო განკუთვნილი ეს სპექტაკლი. მისთვის და მხოლოდ მისთვის. ის ვიღაცა კი თავიდანვე მიხვდა იმას, რომ ნინოს უკან ლადო იდგა.

ფიქრი ფიქრს ცვლიდა. ლადო მომხდარს აანალიზებდა. ამ ყველაფრის მერე ახალი ეტაპი დაიწყო. მასზე და ნინოზე გამუდმებული მეთვალყურეობა დააწესეს დაინტერესებულმა პირებმა, ფაქტობრივად, კუდში დასდევდნენ. მათხოვრების ერთი ნაწილი მოურიდებლად მოდიოდა ლადოსთან და მანანას ქებას იწყებდა. ამასთან, ვითომ მეგობრულად შეაპარეს, რომ თუ დროზე არ გამოისყიდდნენ გოგონას, იგი აუცილებლად გაქრებოდა და ძალიან მალე გამოუცნობ «საბავშვო ბაღში» აღმოჩნდებოდა. ამავდროულად, ნინოსთან გამოცხადდა თავად პატივცემული ობოლი მანანა და მომავალ დედობილთან მის გაუჩინარებულ შვილზე დაიწყო ლაპარაკი. ქალსაც მეტი რა უნდოდა, გული აუჩუყდა, თვალები ცრემლით აევსო და…

მაგრამ არა, მოულოდნელად სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, თითქოს ინტუიციამ უკარნახა, რომ მისით მანიპულირებას ახდენდნენ.

და იგი, შეშინებული, უარს ამბობს ბავშვის გამოსყიდვაზე. შვილად აყვანაზე კი ლაპარაკიც ზედმეტი ხდება.

სწორედ ამ დროს მანანა გაქრა «სცენიდან». ფარდა თითქოს უნდა დახურულიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც ლადოსთვის მოსალოდნელი იყო. ქალი პანიკაში ჩავარდა. გონებაში ჩაჭედილი «საბავშვო ბაღის» საშინელი ისტორია მას მოსვენებას უკარგავს. იგი არაფერს ეშურება ბავშვის მოსაძებნად და გადასარჩენად. აქ თამაშში უნებლიეთ კვლავ ჩაერთო ლადო, რა თქმა უნდა, ნინოს თხოვნით და… წავიდა ვაჭრობა. პატარა მაწანწალა გამოსყიდულია და იმისთვის, რომ მან დედობილი თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს, სიტყვას «აგდებს» _ «მე კარგად მოვიქცევი, მე შენთან მინდა ცხოვრება».

ფინალი… ფარდა აქ დაეშვა… მათხოვრებმა ალბათ არც აპლოდისმენტები დაიშურეს, რადგან დიდად ნასიამოვნები დარჩნენ. სპექტაკლი სწორედ ისე დამთავრდა, როგორც მათ სურდათ.

ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა გასაგები _ ვინ იყო ამ საშინელი სპექტაკლის «დამდგმელი რეჟისორი», ადამიანი, რომელიც ჩირაღდნებით გაჩახჩახებულ სცენაზე გამოსვლას უფრთხოდა…

7 7 7

ნინოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მისი შიშის მიუხედავად, ველური მანანა სინამდვილეში «ოქროსავით» ბავშვი აღმოჩნდა. საოცრად დამჯერი, არაჩვეულებრივად გონიერი და დამყოლი. ისე სწრაფად დაუმეგობრდა მეზობლის გოგო-ბიჭებს და ისე გაშინაურდა მათ წრეში, თითქოს პატარაობიდან ოჯახში ყოფილიყო აღზრდილი.

ერთ საღამოს ლადომ ნინოს ორი მიზეზით მიაშურა. თან მოენატრა, თან ბოლო დღეების სიახლეები აინტერესებდა.

_ იგი შეუდარებელია, ლადო, _ აღგზნებული უმტკიცებდა სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფი ნინო დეტექტივს, თან ყავას უდუღებდა, _ სასწაული ბავშვია, გესმის? რომ მომენდომებინა, მე ვერ შევძლებდი ამისთანა შვილის გაზრდას. ის სუფთა ფურცელია, რომელზეც, უბრალოდ, არაფერი არ არის დაწერილი. ისე ადვილად ითვისებს ყველაფერს, ისე აქვს გონება გახსნილი, გაოცებული ვრჩები. ახლა სწორედ იმ ასაკშია, როცა სიკეთეც ისეთივე ადვილი ასათვისებელია, როგორც ბოროტება. მე ის გადავარჩინე, მე ის ჭაობში ჩაძირვისგან ვიხსენი. აი, ნახავ, როგორი ქალი დადგება მისგან!

ლადოს უნდოდა, დაეჯერებინა მისთვის, უნდოდა, მართალი ყოფილიყო ეს ყველაფერი…

დაიჯერა კიდეც… თითქმის დაიჯერა…

ნინოსთან სტუმრობით კმაყოფილი დარჩა. ქალი გულახდილად უზიარებდა თავის შთაბეჭდილებებს, დეტექტივი ხომ მისი პარტნიორი იყო ამ საქმეში, მან ძალიან ბევრი გააკეთა, რომ მანანა ნინოს ხელში მოხვედრილიყო. ლადო კი ამასობაში ფანჯარაში იყურებოდა და ეზოში მოსეირნე მანანას საქციელს უკვირდებოდა.

კოხტად დავარცხნილი, სუფთად ჩაცმული მათხოვარი გოგონა შეუდარებლად გალამაზებულიყო ახალ სამოსში. «დედის» ხელი დატყობოდა. კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა ბავშვურ ბაგეებზე, სახე უბრწყინავდა. ბავშვს ხომ არაფერი აკლდა _ გემრიელი კერძები, სითბო, ნინოს ალერსი, ახალი სათამაშოები… და შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რომ ამ საყვარელი ბავშვის თავში ავი ზრახვები ტრიალებდა.

არადა, სინამდვილეში მართლა ტრიალებდა. ნინო ერთ რამეში მართალი აღმოჩნდა _ გოგონა მართლაც სუფთა ფურცელი იყო. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ამ «სუფთა ფურცელზე» ნინომდე ვიღაცას უკვე მოესწრო ბოროტების ტექსტის დაწერა და არა იმის, რასაც ქალი ისახავდა მიზნად. რა თქმა უნდა, დამყოლი ხასიათი, ნათქვამის შესრულება და სხვებისთვის სიხარულის მინიჭება მისი ასაკის ბავშვების უმწიკვლო სურვილია ყოველთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია. სწორედ ამ კონტექსტში შეეძლოთ ვიღაც-ვიღაცებს მანანასგან თანამზრახველი გამოეძერწათ, დამჯერი და შემსრულებელი თანამზრახველი, რომელიც თავის როლს შესანიშნავად ასრულებდა.

ლადოს აზრები აქ წყდებოდა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ? ვის და რაში სჭირდებოდა ამ ისტორიის შეთხზვა? რა მიზანი ამოძრავებდა ფარულ მოწინააღმდეგეს? ვითომ ნინოს გაქურდვის მიზნით შემუშავდა მიზანსცენა? პრინციპში, არ იყო ურიგო ვერსია. ნინო მდიდარი გახლდათ, საკმაოდ მდიდარი. მისი ძვირფასეულობა მთელ სახლში დაუდევრად იყო მიმობნეული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ფულის მოზრდილი დასტა, მოსამსახურისთვის განკუთვნილი, პირდაპირ მაცივრის თავზე იდო, უცხო თვალისგან დაუფარავად. იქვე ნახავდით ნინოს საკრედიტო ბარათს. სახლში ძვირად ღირებული აპარატურა იდგა, შემოსასვლელში კი, ყველაზე ცოტა, სამი ბუნებრივი, ძვირფასი ბეწვისგან შეკერილი ქურქი ეკიდა. ნებისმიერს შეეძლო ამ ყველაფრის ერთიანად მოხვეტა და ბინიდან გატანა. თუმცა…

თუმცა მის გასაქურდავად სულაც არ იყო საჭირო ასეთი რთული და წინასწარ მოფიქრებული ოპერაციის ჩატარება. ერთი უბრალო ქურდიც ეყოფოდა ამ საქმეს, კარის შეტეხვა ან ფანჯრიდან გადაძრომა და… აიღე, სულო და გულო, რაც გაგიხარდება…

არა, აქ სხვა რამე ხდებოდა. სხვა განზრახვა იმალებოდა ამ ამბის უკან.

_ გადავწყვიტე, ვიშვილო! _ აღფრთოვანებით საუბრობდა ნინო, თითქოს ლადო მისთვის ასე ახლობელი ადამიანი არ ყოფილიყო, თითქოს მხოლოდ დეტექტივი გახლდათ და მეტი არაფერი, _ ჩემს ყველა გავლენას გამოვიყენებ, ყველა ნაცნობობას, ნებისმიერ თანხას გადავიხდი, რასაც მომთხოვენ, ოღონდ საქმე ბოლომდე მივიყვანო, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარო. ახალ წლამდე უნდა მოვასწრო. ეს საჩუქარი იქნება მანანასთვის _ ბავშვები ხომ ახალ წელს საოცრებებს ელიან. ჰოდა, ოცდათერთმეტში გამოვუცხადებ, რომ ის ჩემი ქალიშვილია, რომ მას დედა უკვე ჰყავს…

«ეს შენ ელი საოცრებებს, საყვარელო», _ დანანებით გაიფიქრა შუბლშეჭმუხნილმა ლადომ, _ «მაგრამ რა სახის საოცრებას გიმზადებენ, ეგაა რომ არ ვიცი».

_ გენეტიკური ანალიზის ჩატარება გადაიფიქრე? _ ჰკითხა ქალს მოულოდნელად.

ნინომ უარის დასტურად თავი დააქნია.

_ იქნებ ცოტა მოგეცადა? იქნებ ჯობს, არ იჩქარო მისი შვილად აყვანა? _ ფრთხილად იკითხა დეტექტივმა, _ ჯერ უფრო ახლოს გაგეცნო…

_ ისედაც კარგად გავიცანი, _ მოიღუშა ქალი, არ ესიამოვნა მამაკაცის რჩევა, _ მე ვგრძნობ ამ ბავშვს, ეს კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი უფრო ღრმად გაცნობა. მეტი რაღა გაცნობა მინდა! აწი რამ უნდა შეცვალოს, თუკი აქამდე არ შეცვლილა. რამე რომ იყოს, აუცილებლად სადღაც, რაღაცაში მაინც იჩენდა თავს.

ამ დროს მოსამსახურე ბავშვთან ერთად შემოვიდა ოთახში.

_ როგორ ისეირნეთ? _ თვალებგაბრწყინებული ნინო მანანას მივარდა, _ მოგეწონა, საყვარელო, ჩვენი პარკი?

დაწყებული წარუმატებელი საუბარი მანანას გამოჩენით დასრულდა.

_ მე შენ გიცნობ, _ ბავშვი ნინოს ხელიდან დაუსხლტა და ლადოს დაუდგა წინ თითგაშვერილი, _ მე შენ ნანახი მყავხარ. რა გქვია?

_ ეს შენი ბიძაა, მანანიკო, _ უცებ უპასუხა ნინომ და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო დეტექტივს, მაპატიე, მეტს ვერაფერს ვეტყვიო.

ლადომ თითქოს ყრუ ტკივილი იგრძნო გულის არეში. «ბიძა»… კარგი ნათქვამია, ჩემმა მზემ… მხოლოდ ბიძა და მორჩა… ნუთუ ამ ცინგლიანმა ბავშვმა სულ გადაავიწყა ნინოს მისი არსებობა?

იქნებ ასე სჯობს? იქნებ არ ღირს ნინოსთან ურთიერთობის გაგრძელება? ეს ბავშვი ალბათ ყოველთვის ბარიერი იქნება მათ შორის, ზღუდე, დაბრკოლება, რომლის გადალახვა ორივეს გაუჭირდება.

მამაკაცმა უხერხულად დააქნია თავი, გაჭირვებით გაიღიმა და წამოდგა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაქვავებული იდგა, თვალს ადევნებდა ოთახში მიმდინარე სანახაობას, მერე ბოდიში მოიხადა, საქმე მაქვსო, დაემშვიდობა მასპინძელს და გასასვლელისკენ გაემართა.

ნინომ გააცილა.

_ ნებას დამრთავ, ხანდახან მაინც გინახულო? ვხედავ, შენ ჩემთვის ნაკლებად გცალია, _ ვერ მოითმინა კართან მისულმა და ირონიულად ჰკითხა ქალს.

_ რა კითხვა უნდა, ლადო, როცა გენებოს. შენთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება, _ არ შეიმჩნია მისი ირონია ქალმა.

_ ჰო, რა თქმა უნდა, მე ხომ «ბიძა» ვარ, _ მწარედ ჩაიცინა დეტექტივმა და კარი გაიხურა.

7 7 7

ლადოს საფიქრალი გაუჩნდა. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მანანას შვილად აყვანის იდეა არც ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბადებულა და არც იქ მოფუსფუსე მათხოვრებს შორის _ ამ ჩანაფიქრის უკან ვიღაც სხვა იდგა, პიროვნება, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მაწანწალებთან. განსაკუთრებით «საბავშვო ბაღთან» დაკავშირებული ისტორია ბადებდა ეჭვს. განა ცოტა არამზადაა ამქვეყნად, რომელიც მზადაა, არნახული თანხა გადაიხადოს მოზარდი გოგონების სხეულისთვის? ამ კუთხით ვაჭრობა პერსპექტიული იყო იმ თვალსაზრისით, რომ უდიდეს მოგებას მოუტანდა დაინტერესებულ პირებს. ჰოდა, შემოსავლების მსგავს პოტენციალთან შედარებით, ნინოს გადახდილი ხუთი ათასი არაფერს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი «საბავშვო ბაღი», რომელიც ყოველ მეორე მათხოვარს პირზე ეკერა, არ არსებობდა, ეს მხოლოდ საქმის ჩასახლართავად გამოიგონეს, ვიღაცის მონაჩმახია, უბრალო საფრთხობელაა იმისთვის, რომ ნინოზე მოახდინოს ზეგავლენა.

არადა, საფრთხობელას სწორედ «საბავშვო ბაღი» ჰქვია. ვიღაცამ ნახა ინტერნეტში, რომ ერთ-ერთ მსხვილ პორნოსაიტს სწორედ ეს დასახელება აქვს და თავის სასარგებლოდ გამოიყენა… მაგრამ მათხოვრებს რომ კომპიუტერი არა აქვთ? არც «გლავარს» აქვს, სხვათა შორის _ ტყუილად კი არ ჰკითხა დეტექტივმა, ბუღალტერიას კომპიუტერში აწარმოებთო?

ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ამ სპექტაკლის უკან «კომპიუტერიზებული გენიოსა» დგას, რომელიც მშვენივრად იცნობს ნინოს და ეს ყველაფერიც გამიზნულად გაითამაშა მხოლოდ და მხოლოდ მისთვის.

და გაითამაშა ისე, როგორც ლადომ ახსნა.

გამოდის, რომ მთავარი დამნაშავე ნინოს წრეში, მის ირგვლივ უნდა ეძებოს და არა ვაგზლის მოედანზე.

7 7 7

მომდევნო დღეებში, ისარგებლა რა ნინოს კეთილგანწყობით, ლადო თითქმის ყოველდღე მიდიოდა მასთან სახლში. ლამის დასახლდა ქალთან. ყველას, ვინც მისი საყვარელი ადამიანის ოჯახში სტუმრად მოდიოდა, ზედმიწევნით აკვირდებოდა და სწავლობდა. სწორედ მათ შორის უნდა ეძებნა ამ საქმის დამკვეთი. ამაში დეტექტივი ღრმად იყო დარწმუნებული. საღამოს კი, შინ დაბრუნებული, ერთგვარ მონახაზს აკეთებდა.

პირველ რიგში, ოჯახის მეგობრები კატეგორიებად დაჰყო _ ახლობლები და ძალიან ახლობლები, თანამშრომლები და დაქალ-ძმაკაცები, მეზობლები და უბრალოდ, კარგი ნაცნობები. ასეთები კი ცოტანი ნამდვილად არ იყვნენ. თუმცა მას, პირველ რიგში, ისინი უფრო აინტერესებდა, ვინც ყველაზე ხშირად სტუმრობდა ქვრივს. გარდა მოსამსახურე ქალისა, რომელსაც თამარა ერქვა და რომელიც ნინოს სახლში ცხოვრობდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიარებოდა მასთან რეგულარულად.

შუახნის თამარა მარტოხელა იყო, უშვილო და უძირო, არც სახლი გააჩნდა და არც სარჩო-საბადებელი, რუსეთიდან ოდესღაც გადმოხვეწილ ქალს მხსნელად ნინო მოევლინა ორიოდე წლის წინ და მას შემდეგ ერთგულად ემსახურებოდა თავის ქალბატონს.

აი, კიდევ ერთი _ გურამი, ორმოცდაათი წლის კეთილშობილი მამაკაცი, კარგი მოქეიფე, «კარგი მსმელი და კარგი დამრტყმელი»… კარტის, ლამაზი ქალებისა და წითელი ღვინის მოყვარული. ადრე იგი ნინოს დაღუპული მეუღლის კომპანიონი გახლდათ. ახლა კი, გიორგის სიკვდილის შემდეგ, თავად ჩაუდგა მის ფირმას სათავეში და შოუბიზნესის «აყვავებას» შეუდგა. ამიტომაც თავს უფლებას აძლევდა და ვალდებულადაც მიიჩნევდა, ხშირად გამოჩენილიყო ნინოს გვერდით, როგორც მეგობრის ცოლზე მზრუნველი ძმაკაცი და კომპანიონი.

მესამე მნიშვნელოვან ფიგურად ლადომ სტეფანე შემოხაზა _ ადვოკატი, რომელსაც გიორგის და გურამის ყველა საქმე ებარა, მას არა მარტო გურამი, ნინოც კი ოჯახის ადვოკატად მიიჩნევდა. იგი ორმოციოდე წლის იქნებოდა, ქერათმიანი, ვეებერთელა და მოუქნელი მამაკაცი, რომელიც ნინოს ცუდად შენიღბული აღფრთოვანებით მისჩერებოდა ხოლმე. აბა, ლადო რისი დეტექტივი იყო, ეს რომ გამოპარვოდა.

მანდილოსნებს შორის აღსანიშნავი ირმა იყო, ნინოს უახლოესი მეგობარი და დაქალი, მასზე ცოტათი უფროსი, რომელსაც ჟესტებით ლაპარაკი უყვარდა, თან ისე ხმამაღლა გაჰყვიროდა, თითქოს ვინმეს ეჩხუბებაო. იგი შავთმიანი, გამხდარი და აწოწილი ქალი გახლდათ, საუბრისას ძალზე გამოკვეთილ ინტონაციებს იყენებდა.

სწორედ ეს სამი ადამიანი სტუმრობდა ნინოს ყველაზე ხშირად, ლამის ყოველდღე და დროის უმეტეს ნაწილს ჭორაობასა და კარტის თამაშში ატარებდნენ.

მათ გარდა კიდევ ხუთი ადამიანი გამოიკვეთა, რომელიც ოჯახის ახლო მეგობრებად მიიჩნეოდა, მაგრამ შედარებით იშვიათად მოდიოდნენ ნინოსთან. ორი გაურკვეველი ასაკის «დაქალოჩკა», რომლებიც საათობით ან ტელეფონზე იყვნენ დაკიდებული, ან სრულიად უბოდიშოდ შემოჭრილები, ნინოსთვის უინტერესო ამბებზე ჭორაობით ირთობდნენ თავს. რა საერთო ჰქონდა არისტოკრატიულ ოჯახში გაზრდილ, დახვეწილ ნინო კეკელიძეს ასეთი დონის ქალებთან, ლადოსთვის გაუგებარი იყო.

და კიდევ _ სამი მამაკაცი, სამივე ხელოვანი, შემოქმედი, ყველაზე ხმაურიანი კონცერტების ორგანიზატორები და პიარმენეჯერები. ეს უკანასკნელნი მართლაც სიკეთით გამოირჩეოდნენ, ჭირსა და ლხინში მთელი გულით გვერდში ედგნენ ნინოს და ისეთ დროს არჩევდნენ მის მოსანახულებლად, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მეგობრები არ სტუმრობდნენ ქალს.

მათ კომპანიაში ლადოც შესანიშნავად გრძნობდა თავს. მშვიდი, გაწონასწორებული სამი მამაკაცი ბევრს კამათობდა ხელოვნებაზე, შოუბიზნესზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე… ლადოც კი სიამოვნებით უსმენდა. მათ საზოგადოებაში ნინოც უფრო კმაყოფილი გამოიყურებოდა.

როგორც ლადომ დაასკვნა, ყველა ეს ადამიანი, მოსამსახურის ჩათვლით, ნინოს ცხოვრებაში ღრმად იყო ჩახედული. მისი ყოველდღიური წვრილმანიც კი იცოდნენ. მათ ისიც კი იცოდნენ, რომ ნინო იმ დღეს გასვენებაში უნდა წასულიყო და რომ სწორედ იმ დღეს დაეთხოვა მძღოლი. ისინი თურმე კოლექტიურად ბჭობდნენ, ნინო ტაქსით წასულიყო ქალაქგარეთ, თუ ავტობუსით. როგორც გაირკვა, ყველა მათგანმა ერთხმად, მეგობრულად ურჩია ტაქსის გამოძახება. ის კი არადა, ზოგიერთი მათგანი პირად მომსახურებასაც კი სთავაზობდა საკუთარი ავტომანქანით.

აქედან გამომდინარე, დეტექტივმა დაასკვნა, რომ ვიღაცამ თავიდანვე გათვალა, როდის აღმოჩნდებოდა ნინო ვაგზლის მოედანზე და წინასწარ შეამზადა მანანა, რათა იგი თვალში მოხვედროდა ქალს.

არადა, მათ ყველამ ერთად ურჩია ნინოს, ტაქსის მომსახურებით ესარგებლა.

თუმცა… დეტექტივი იმასაც მიხვდა, რომ ამ ყველაფრის უკან ჭკვიანი ფსიქოლოგი იდგა, ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობდა ქვრივს და რომელმაც კარგად უწყოდა, რა რეაქცია ექნებოდა ქალს, როცა ის პატარა მაწანწალას დაინახავდა…

ფაქტი იყო, ვიღაცამ ეს კარგად გათვალა.

7 7 7

_ ნინი, იცი, რა მაინტერესებს? როცა მეგობრებმა ერთხმად გირჩიეს ტაქსით გამგზავრება, რატომ გადაწყვიტე, მაინცდამაინც ავტობუსით წასვლა?

ქალმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო დეტექტივს.

_ ლადო, საიდან ასეთი უცნაური შეკითხვა? რატომ მოგაფიქრდა? ვგონებ, რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები.

_ არა, რა სისულელეა… უბრალოდ, ისე მაინტერესებს. რატომღაც ის მომენტი გამახსენდა, როგორ მინდოდა დამეთანხმებინე, არ აგეყვანა შვილად მანანა, შენ კი მაშინვე ეჭვი შეიტანე ჩემს ნათქვამში. ერთი სიტყვით, მე საპირისპიროს გიმტკიცებდი. ამიტომაც გამიჩნდა ეს შეკითხვა. არ მესმის ქალური ლოგიკის, ან იქნებ შენ ხარ ასეთი _ ყოველთვის ყველაფერს სხვისი ნათქვამის საწინააღმდეგოდ აკეთებ? _ გაღიმება სცადა ლადომ.

_ არა, რატომ, _ შეცბა ნინო, _ თავიდან მე მათ დავეთანხმე… მაგრამ მერე გადავიფიქრე. არ მსიამოვნებს, როცა ირგვლივ ყველანი უმწეო და სხვაზე დამოკიდებულ ქალად მიმიჩნევენ. თითქოს ინვალიდი ვიყო.

ამ სიტყვების შემდეგ ლადომ სასწრაფოდ შეცვალა საუბრის თემა. მან უკვე გაიგო, რაც აინტერესებდა, ამიტომაც თავი გაანება ქალს, მეტი არაფერი მოუთხოვია მისგან, გარდა სიყვარულისა…

წამით საქმიანი ფიქრები უკუაგდო და რადგან ამჯერად ნინო დაიმარტოხელა, მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან თემაზე ჩამოაგდო საუბარი.

_ ნინი, ჩვენი საქმე როგორ იქნება? _ გაბედა და საჭირო კითხვა დასვა.

_ რომელი საქმე? _ თითქოს ვერ მიუხვდა ქალი.

_ შენი და ჩემი ურთიერთობა, _ გაშიფრა დეტექტივმა.

_ ჰო-ო, _ მზერა აარიდა ქვრივმა, _ იქნებ ცოტა ხნით გადავდოთ ეს თემა?

_ რატომ, რა გვიშლის ხელს?

_ იცი, რა? ჯერ მანანიკოს ამბები უნდა მოვაგვარო. მაპატიე, მაგრამ ახლა მხოლოდ მასზე ვარ გადართული. ცოტაც დავიცადოთ, გთხოვ, ნუ მაჩქარებ… ჯერ კარგად უნდა გავერკვე ჩემს გრძნობებში, _ ქალი აილეწა.

_ გამოდის, რომ ის ღამე შენთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა?

_ როგორ არ ნიშნავდა, ლადო, რას ამბობ! _ აფორიაქდა ნინო, _ შენ ხომ პირველი მამაკაცი ხარ ჩემთვის გიორგის მერე… მაგრამ… მაგრამ… სწორად გამიგე, მე დრო მჭირდება… ნუ მაიძულებ…

_ კარგი, მე წავალ, ხელს არ შეგიშლი, _ ცივად წარმოთქვა დეტექტივმა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.

7 7 7

მან გაიგო ის, რასაც მათი გაცნობის დღიდან ეჭვობდა _ ნინო ეკუთვნოდა იმ ქალთა რიცხვს, რომელთათვისაც აუცილებელია, მოზღვავებული სულიერი ენერგიის რეალიზება მხოლოდ წინაღობების გადალახვით მოახდინოს. იგი ერთხელ ხომ წავიდა მამის სურვილის წინააღმდეგ და კლასიკურ მუსიკალურ განათლებაზე უარის თქმით, მსხვერპლი გაიღო, გიორგისადმი სიყვარულის სანაცვლოდ.

ამიტომაც ის, ვინც ქვრივს კარგად იცნობს, ადვილად შეძლებს მის პროვოცირებას გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად. საკმარისია, უხსენო, რომ ის უმწეოა, სუსტი, რომ ვერ გაქაჩავს, მარტო ვერ შეძლებს… და ნინო აუცილებლად საპირისპიროს გააკეთებს.

სწორედ მისი ეს თვისება გამოიყენა ვიღაცამ… მაგრამ ვინ? რომელია მათ შორის კარგად შენიღბული დამნაშავე? ყველა ერთად ხომ არ იქნება ჩაბმული ამ საშიშ მაქინაციაში? საიდან დაიწყოს?

ლადო ჩიხში მოექცა.

 

8 8 8

ნინოს მძღოლს, კეთილი გამომეტყველების წვერულვაშიან ბიძას, პეტრე ერქვა, თუმცა, რატომღაც, ყველა «პეტროვიჩით» იხსენიებდა. ლადოს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, კოლეგებისგან მის შესახებ პოლიციაში ცნობები მოეპოვებინა. როცა საჭირო ინფორმაციები მოიძია და მისამართიც გაიგო, ვიზიტით მასთან გაეშურა.

ზარი დარეკა. კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო, ხოლო მის უკან ორი ცნობისმოყვარე იდგა _ მამაკაცი და ორი-სამი წლის ბავშვი. ზუსტად წუთი დასჭირდა დეტექტივს, საჭირო ფრაზა მოეფიქრებინა.

_ მე კვლევითი ცენტრიდან ვარ, გამარჯობა, _ გაეცნო იგი მასპინძლებს, _ სოციოლოგიურ გამოკვლევას ვაწარმოებთ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების შესახებ, როგორ გრძნობენ თავს ოჯახში, რა პირობები აქვთ შექმნილი და ასე შემდეგ. სიაში თქვენი მისამართი მაქვს, _ მხიარულად გაუღიმა დამხვდურთ.

_ ჩვენ არ გვყავს ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი, _ გაიკვირვა ქალმა.

ლადომ ბლოკნოტი დააძრო ჯიბიდან, გადაფურცლა და ჩაიხედა.

_ კი მაგრამ, რატომ მიწერია ეს მისამართი, თუ ასე არ არის? იქნებ ბიჭუნა იქამდე დაიბადა, სანამ ხელს მოაწერდით?

_ ღმერთო ჩემო, უკვე ოთხი წელია, დავქორწინდით, ხელიც მაშინვე მოვაწერეთ და ჯვარიც დავიწერეთ.

დეტექტივმა მოუბოდიშა მძღოლის ქალიშვილს და გამოტრიალდა. არადა, ეს ის «ახალგათხოვილი» ქალიშვილი იყო, რომლის ქორწილის გამოც ითხოვა პეტრემ ნინოსგან რამდენიმე დღით გათავისუფლება. სწორედ ამიტომ მოუწია ქალს ავტობუსით ქალაქგარეთ გამგზავრებამ. მანანასაც მაშინ გადაეყარა.

ლადოს მძღოლის მოძებნა არ გასჭირვებია, იგი ავტოფარეხში იპოვა. პეტრეს მისი გამოჩენა არ გაკვირვებია, რადგან ნინოსთან ხშირად ჰყავდა ნანახი, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუკი ამ სიმპათიური მამაკაცის უკან კერძო დეტექტივი იმალებოდა. წამით ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

_ პეტროვიჩ, რატომ მოატყუეთ ნინო, ქალიშვილს ვათხოვებო? აკი თქვენი ქალიშვილი ოთხი წელია, რაც დაქორწინდა? _ ყოველგვარი შესავლის გარეშე მიახალა ლადომ მანქანასთან მოფუსფუსე მამაკაცს.

_ მე… ისა… სიმართლე რომ გითხრათ… იცით, რა… _ ბრინჯივით დაიბნა კაცი, უაზროდ შლიდა ხელებს და ენა ებმებოდა, სათქმელს ვერა და ვერ მოუყარა თავი, _ რაღაცნაირად… ასე გამოვიდა და…

_ თქვენ ვიღაცამ ფული გადაგიხადათ ამისთვის, ხომ მართალია? გამოტყდით, დამალვას აზრი არა აქვს, _ უკარნახა დეტექტივმა.

_ არა, რას ამბობთ, ბატონო ლადო, რატომ კადრულობთ! მე ცუდად გავხდი… ერთი სიტყვით, ავად ვიყავი, რა.

_ მაშინ რატომ უთხარით ტყუილი ნინოს?

_ სხვანაირად არ გამოდიოდა, ბიძია. გრიპი შემეყარა. შემრცხვა, ამხელა კაცმა ეს როგორ ვუთხრა-მეთქი. თანაც, შემეშინდა, ვირუსის გამო დროებით არ დავეთხოვე და უხელფასოდ არ დავრჩენილიყავი. იმისიც შემეშინდა, ვაითუ, ავად გახდეს, ვინ იცის, იქნებ უკვე გადაედო და არ გამიბრაზდეს-მეთქი. ეს იყო მხოლოდ მიზეზი, სხვა არაფერი.

პეტრე დეტექტივს თვალს არიდებდა. აშკარა იყო, იტყუებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან უნიჭოდ. ლადოს ეს არ ანაღვლებდა. ამ ეტაპზე მას მძღოლის გამოტეხვა არ სჭირდებოდა. პირველ რიგში, შესაძლო სურათი უნდა დაეხატა, როგორ შეეძლოთ დაეგეგმათ ბოროტმოქმედებს მომავალი ოპერაცია. ამისთვის კი საუკუთესო საშუალება საკუთარ სავარძელში, საკუთარ მაგიდასთან და კომპიუტერთან მოკალათება იყო. ამიტომაც საუბარი არ გაუგრძელებია, დროებით დაემშვიდობა პეტროვიჩს და სახლისკენ აიღო გეზი.

შინ მისულმა ისადილა, ყავა მოიდუღა, მერე კომპიუტერი ჩართო, დაჯდა და ხელები თავზე შემოიწყო. მაშ ასე: ვაგზლის მოედანზე მოულოდნელად გამოჩნდა ნინო. მის თვალწინ ამ დროს ტრიალი დაიწყო პატარა მათხოვარმა გოგონამ, ანუ მანანამ. მისი გამოსვლა კი ვიღაცამ შეამზადა. ეს უდავო იყო. ვიღაცამ იგი ადრევე შეამჩნია და, იცოდა რა ნინოს ხასიათი, მისი გაუბედურებული ცხოვრება, გადაწყვიტა, შანსი გამოეყენებინა. ის ვიღაცა დარწმუნებული იყო, რომ, როგორც კი ქალი ბავშვს დაინახავდა, აუცილებლად დაინტერესდებოდა მისით და თავის დაკარგულ გოგონას შეადარებდა. იქნებ რომელიმე მისი «კეთილი» მეგობართაგანი აღმოჩნდა ასეთი მზრუნველი? მძღოლს ფული გადაუხადა, რომ იგი არ მომსახურებოდა ქალს, ასევე გადაუხადა მათხოვრებს, რომ სპექტაკლი დაედგათ. როგორც ჩანს, შეჰპირდა მათ, ნინო კარგ თანხას გადაიხდის ამ გოგონას გულისთვისო. შედეგად რა მივიღეთ?

ბედნიერმა დედამ და ქალიშვილმა ერთმანეთი იპოვეს. ჰმ! ყველა კმაყოფილია, ყველა იცინის… როგორც იტყვიან, კრება დარჩა მხიარული.

დეტექტივმა ფეხები სკამზე შემოაწყო და უზარმაზარი ფინჯნიდან ყავა მოსვა. ყავის სმა პატარა ფინჯნით არ უყვარდა, არაპრაქტიკულად მიიჩნევდა. სამყოფი დოზა ასე რომ მიეღო, ხუთჯერ მაინც მოუწევდა სამზარეულოში გასვლა. ახლა კი თავს მშვენივრად გრძნობს, ერთ ჯერზე სვამს იმდენს, რამდენიც მას დააკმაყოფილებს.

ესეც ასე. მშვენიერი ვერსია გამოვიდა. რატომაც არა? ნამდვილი საახალწლო ზღაპარია. ერთი შეხედვით, არ იყო ლოგიკას მოკლებული, თუკი მართლაც მეგობრული გრძნობით იყო ეს ყველაფერი მოწყობილი.

თუმცა… მას შემდეგ, რაც ლადო ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა და თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი შეეპარა, ზღაპრებისაც აღარ სჯეროდა. ამიტომაც უმჯობესია, სხვა ვერსიაზე იმუშაოს. ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ვიღაცას შორეული და ძალიან არაკეთილი ზრახვები გაუჩნდა ნინოს მიმართ.

«ეს გასაგებია, მაგრამ რა ვიცით ამ არასასურველი მეზღაპრის შესახებ? პირველ რიგში ის, რომ იგი საჭიროზე უკეთ იცნობს ნინოს. აქედან გამომდინარე, შეუძლია გათვალოს მისი ნებისმიერი ნაბიჯი, რეაქცია და მოსალოდნელი შედეგი. მან იცოდა, რა რეაგირებას მოახდენდა ნინოზე მანანას დანახვა. იწინასწარმეტყველა, რომ ქალი მაწანწალა გოგონაში აუცილებლად თავის დაკარგულ შვილს შეიცნობდა. მან იწინასწარმეტყველა ნინოს ყველა მოსალოდნელი ეჭვის და ყოყმანის მომენტი, ასევე _ მისი საბოლოო გადაწყვეტილება _ გამოესყიდა გოგონა. ძალიან ჭკვიანი ჩანდა მოწინააღმდეგე _ იგი დაჟინებით იქითკენ უბიძგებდა ქალს, რაზეც ნინო ყველაზე მეტად ყოყმანობდა… ანუ, მან ყველაფერი წინასწარ გათვალა. აქედან გამომდინარე, მას შემდეგი ნაბიჯებიც უეჭველად გათვლილი ექნება.

და რა იქნება შემდეგი? საითკენ უმიზნებს «სცენარის ავტორი»? საინტერესოა, ნინოსგან მომავალში რას ელოდება ჩრდილში მყოფი უსახელო «კეთილისმსურველი»? მხოლოდ ერთ რამეს _ ქალმა მანანა უნდა იშვილოს. ი-შვი-ლოს!

თუ ამ ხლართს ნელ-ნელა მივყვებით, შვილად აყვანის შემდეგ, მანანა ერთადერთი მემკვიდრე გახდება _ ბევრი ფული, უძრავ-მოძრავი ქონება, შემოსავლიანი ბიზნესი.

და… დროული შეკითხვა: როდის გახდება მანანა მემკვიდრე? მართალია, რა თქმა უნდა… სწორედ მაშინ, როცა ნინო მოკვდება. სამწუხაროდ, ეს ნაღვლიანი ზღაპარიც არ მომწონს, მაგრამ უფრო ახლოს დგას რეალობასთან, ვიდრე პირველი.» _ ღრმად ამოიხვნეშა ლადომ და თვალები დახუჭა.

7 7 7

დეტექტივმა უფრო მოუხშირა ნინოსთან სტუმრად სიარულს. ფრთხილობდა, არ ეწყენინებინა ქალისთვის და ზედმეტი შეკითხვებით თავი არ მოებეზრებინა. ამიტომაც, მხოლოდ მაშინ დაუსვამდა რამდენიმე კითხვას, როცა მარტონი რჩებოდნენ.

საღამო ხანი იყო. ლადო ჩვეულებისამებრ ესტუმრა ქალს ბანალური ტექსტით _ აქეთ ვიყავი და შემოვიარეო. მოიკითხა გოგონაც და როცა ხელსაყრელი დრო იხელთა, მაშინვე პირველი კითხვა დასვა.

_ ნინო, ერთი ეს გამაგებინე, რა გირჩიეს მეგობრებმა, მანანას ამბავი რომ მოუყევი? შენ ხომ მაშინვე უთხარი, როგორც კი ის შეამჩნიე?

_ სულაც არა, რა უცნაური აზრები გაწუხებს, ლადო! მხოლოდ მაშინ გამოვუცხადე მეგობრებს, როცა შენ დაგიქირავე, _ ნიშნის მოგებით უპასუხა ქალმა.

აი, თურმე, რატომ დუმდნენ მათხოვრები პირველ დღეებში. მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ინფორმაცია დამკვეთისგან. შესაბამისად, არც ბრძანება მიუღიათ, როგორ მოქცეულიყვნენ.

_ მაგრამ ალბათ ეთათბირებოდი მათ, გამოგესყიდა ბავშვი თუ არა… ასე არ არის?

_ რა თქმა უნდა! ისინი ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან. მეტი ვისთვის უნდა მიმემართა, თუ არა მათთვის? მაგრამ ერთსულოვანნი არ ყოფილან. ირმა წარამარა ჩამჩიჩინებდა, რა საშინელი იდეაა, რაში გჭირდება მაწანწალა ქუჩის გოგო, რას აიჩემე ვიღაც ცინგლიანი ბავშვი, ამოიგდე თავიდან მასზე ფიქრიო. ერთადერთი, გურამმა მითანაგრძნო და მითხრა: «არ ინერვიულო, ჩემო კარგო. შენ გაქვს იმდენი საშუალება, ბავშვისთვის კარგი მასწავლებლები დაიქირავო და გაზრდი მას ისეთს, როგორსაც მოისურვებ». სტეფანეც თითქოს თანახმა იყო თავიდან. მას ყველაზე კარგად ესმის ჩემი. თვითონაც ოცნებობს ბავშვზე, მაგრამ ცოლი ავადმყოფობს, არ შეუძლია შვილის გაჩენა, მას კი სხვისი შვილის აყვანა არ უნდა. ჰოდა, იმას გიყვებოდი, თავიდან ჩემი მხარე დაიჭირა, მაგრამ როგორც კი გურამმა ეს სიტყვები მითხრა, ისიც აჰყვა: «შენ ეს შენი «მერსედესი» ხომ არ გგონია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოუცვალო სათადარიგო  ნაწილები». საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ მირჩია, ახალშობილი ამეყვანა შვილად და გამეზარდა… სხვების აზრიც ორად გაიყო. ქალები თანახმა იყვნენ, მამაკაცები _ წინააღმდეგი.

_ შენც თავიდან «მოწინააღმდეგეებს» დაუჯერე, მერე კი შეიცვალე აზრი, არა?

_ ბოლოს და ბოლოს, _ შეცბუნდა ნინო, _ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო. რაც არ უნდა ერჩია სხვას, პასუხისმგებლობა მე უნდა ამეღო ჩემს თავზე და არა მათ.

_ გეთანხმები, ორი აზრი არ არსებობს, _ თავი დააქნია ლადომ, _ მაპატიე, თუ უხერხულობაში ჩაგაგდე. შენი წყენინება არ მინდა, დამიჯერე.

_ არა, რას ამბობ, წამითაც არ მიფიქრია ეს. ვიცი, რომ ჩემთვის მხოლოდ კარგი გინდა და ამიტომაც იქცევი ასე. მაგრამ ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა, რამდენი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, _ ქალმა გაუღიმა დეტექტივს, ლოყაზე ჩამოუსვა ხელი, მერე ადგა და ბავშვის ოთახში გავიდა, ძილის წინ მინდა რამე წავუკითხო და წიგნის სიყვარულს მივაჩვიოო.

როცა იგი გოგონას დააძინებდა, კვლავ სტუმრებთან ბრუნდებოდა და განაგრძობდნენ გართობას _ ან კარტს თამაშობდნენ ან რიგ თემებზე ლაპარაკობდნენ. ლადო ჯიუტად არ შორდებოდა ამ კამპანიას, ხუმრობით აღნიშნავდა, რომ თავხედურად ჩაეწერა მათ «სასტავში». ვითომ სიამოვნებით მიუჯდებოდა მათთან ერთად სათამაშო მაგიდას, თან თამაშობდა, თან ზედმიწევნით სწავლობდა თითოეულ მათგანს.

მას არც მანანა რჩებოდა ყურადღების გარეშე. ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი უღრღნიდა გონებას, სინამდვილეში იყო თუ არა გოგონა მაწანწალა. მართალია, ეს ჰიპოთეზა ბოდვად უფრო მიაჩნდა, მაგრამ მაინც არ აწყენდა გადამოწმება, ამიტომაც, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდებოდა, პატარას ვაგზლის მოედანზე გამოვლილ ცხოვრებაზე ეკითხებოდა. თუმცა მალევე გაუქრა ეჭვი. გოგონამ ისეთი წვრილმანები და დეტალები იცოდა მათხოვრების ცხოვრებიდან, რასაც ჩვეულებრივი მოზარდი, მათ გვერდით წლები რომ არ გაეტარებინა, ვერ დაიმახსოვრებდა. ნინოს არ მოსწონდა, როცა ლადო მანანას დაკითხვას იწყებდა.

_ ბავშვი ისედაც ტრავმირებულია, ლადო. შენ მეტ ტკივილს აყენებ წარსულის გახსენებით. გთხოვ, არაფერი ჰკითხო. მე გულით მინდა, რაც შეიძლება მალე დავავიწყო განვლილი ცხოვრება, შენ კი ძალაუნებურად ახსენებ, _ შენიშვნას აძლევდა ქალი.

მანანას ქცევაში დეტექტივს სხვა რამეც აინტერესებდა. იქ მყოფთაგან რომელიმესთან ხომ არ ჰქონდა ადრე კონტაქტი? თუ ასე იყო, იგი ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გასცემდა თავს თავისი ბავშვური გულუბრყვილობით. ლადო ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მანანა შემთხვევით არ მისულა ნინოსთან იმ დღეს, როცა პირველად გამოეცნაურა ვაგზალზე და როცა დაკარგულ შვილზე ჩამოუგდო ლაპარაკი. იგი ვიღაცამ დაარიგა. მელოდრამატული რეპლიკებიც დაზეპირებული იყო. მაგრამ ლადო ვერაფრით ახერხებდა განმარტოებით მოეხელთებინა მანანა და თავის გემოზე, დეტალებში გამოეკითხა ამ ყველაფრის შესახებ. ნინო ამის საშუალებას არ აძლევდა, გვერდიდან არ შორდებოდა გოგონას. არადა, სხვებთან მიმართებაში დეტექტივმა საეჭვო ვერაფერი შენიშნა _ გოგონა ყველასთან ერთნაირად იქცეოდა _ თავდაჭერილად და თბილად, ისე, როგორც ნინო ასწავლიდა.

არადა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, «მელოდრამული სპექტაკლის სცენარის ავტორი» აქ იმყოფებოდა, მათ შორის. ისიც, ალბათ, ლადოსავით აკვირდებოდა ნინოსა და მანანას ყოველ ნაბიჯს, წონიდა მათ თითოეულ სიტყვას, რომ მომავალში განვითარებულ მოვლენებს მომზადებული შეხვედროდა. რა თქმა უნდა, იგი უეჭველად ამ კამპანიის წევრი უნდა ყოფილიყო…

და ლადო აუცილებლად იპოვის მას.

«მემკვიდრე»… ეს სიტყვა მამაკაცს მოსვენებას არ აძლევდა. ამასობაში, დეკემბრის სუსხიანი ყინვები დაიჭირა, ნინომ უკვე იზრუნა ნაძვის ხეზე და იგი სათამაშოებით მორთო. მორიგ საღამოს კი ყველას გამოუცხადა, რომ ერთ კვირაში მანანას შვილად აყვანის საკითხი საბოლოოდ გადაწყდებოდა.

ორივე გოგონა, დიდიც და პატარაც, სასწაულის მოლოდინში იყო…

დეტექტივი კი _ მხოლოდ მკვლელობის მოლოდინში…

7 7 7

რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო ნერვიულობდა ლადო. ერთ დღესაც, ნინო შინ დაიბარა, სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. ისიც მოვიდა…

და აი, ზის ახლა ეს ლამაზი ქალი მის წინ, მოღუშული და გაუცხოებული. ალბათ ნანობს მასთან გატარებულ ღამეს, შეიძლება რცხვენია კიდეც…

დაახლოებით ასეც იყო. ნინო თავს იდანაშულებდა. იმ ღამეს ეგონა, რომ მის ცხოვრებაში სიყვარულის ახალი ეტაპი იწყებოდა, მაგრამ, როცა დაფიქრდა, მიხვდა, რომ ცდებოდა. იქნებ ჯობს, უთხრას ლადოს, რომ გამოიყენა? რომ იმ დროს ძალიან ცუდად იყო და მამაკაცის სახით «წამალი» სჭირდებოდა? და რა იქნება მერე?

მერე? არაფერიც არ იქნება. ეტყვის, მეგობრებად დავრჩეთო და მორჩა. «ჩვენ ერთი ღამე გავატარეთ ერთად, მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი, რომ საყვარლები ან ცოლ-ქმარი გავხდეთ… იმიტომ, რომ მე შენ არ მიყვარხარ. შენ მე მხოლოდ ძალა მომეცი, რომ მანანა არ დამეკარგა, დამეხმარე ამაში. ეგ იყო და ეგ. მე მხოლოდ ჩემი ქმარი მიყვარს, მისი დავიწყება არ შემიძლია და მეყვარება სიკვდილამდე. მისნაირი არასდროს მყოლია და არც მეყოლება. ახლა მხოლოდ მანანაა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, მე მისით და მისთვის უნდა ვიარსებო, ჩემს ცხოვრებაში ახლა რთული ეტაპია და ამ ეტაპზე მესამე სრულიად ზედმეტია»…

ნინო თავს დამნაშავედ გრძნობდა. არადა, ის ვალში იყო ლადოს წინაშე. და ამ ვალის გასტუმრება მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. მაგრამ თუკი მამაკაცს ჰგონია, რომ იგი შეყვარებულია? თუკი იგი მას ელოდება? თუკი იგი ელოდება, რომ ამიერიდან ისინი ყოველღამე ერთად იქნებიან? რა ქნას? რა სიტყვებით აუხსნას ლადოს, რომ არაფერი გამოვა? როგორ გაუსწოროს თვალი მის მზერას? ამგვარი ფიქრებით განადგურებული ქალი თავის აწევას ვერ ბედავდა. თითებს ისე ათამაშებდა მაგიდაზე, თითქოს პიანინოზე უკრავსო.

დეტექტივი კი მის მოპირდაპირედ იჯდა და მის აზრებს კითხულობდა.

იცოდა ნინომ, რისთვისაც დაიბარა მამაკაცმა. ახლა მათი ურთიერთობა უნდა გაირკვეს. არადა, არ არსებობს არანაირი ურთიერთობა, მიუხედავად ერთად გატარებული ღამისა. რა ცუდი ქალია… როგორ ატკინა გული ადამიანს, რომელიც ყველაზე ძნელ მომენტში მის გვერდით იდგა…

ბოლოს თავი ასწია და შეხედა არაგულწრფელი, დაძაბული ღიმილით.

_ ლადო… _ ყალბი სითბო გაურია ხმაში, _ სანამ რამეს მეტყოდე, მინდა რაღაც გითხრა…

დეტექტივი სწრაფი მოძრაობით წამოდგა, მივიდა მასთან ახლოს, ძალიან ახლოს, უკნიდან მკლავები მოხვია და მკერდზე მჭიდროდ მიიხუტა. ტუჩები თმაზე შეახო და ჩურჩულით თქვა.

_ არაფერი თქვა, გემუდარები…

ის კი არც არაფერს ამბობდა. მამაკაცის შეხებისთანავე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, მოდუნდა, მოეშვა… ესიამოვნა დეტექტივის ძლიერ მკლავებში მომწყვდევა. ხოლო როცა მისი ტუჩები თმაზე შეეხო, ჟრჟოლამ აიტანა. ამწუთას სულაც არ გრძნობდა თავს დარცხვენილად, არც დამნაშავედ, ახლა თავს უფრო ბედნიერად გრძნობდა. კიდევ კარგი, არ უთხრა ის, რაც გაიფიქრა. კიდევ კარგი, თორემ ამ სითბოს დაკარგავდა, ამ ძლიერ მკლავებს, ზრუნვას, სიყვარულს… ერთი სიტყვით, ნახევარ ცხოვრებას დაკარგავდა.

როგორც იქნა, მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. ნელა ადგა, მოტრიალდა და თვალებდახუჭული მამაკაცის მკერდში ჩაესვენა. ლადომ ხელში აიტატა სასიამოვნო ტვირთი და ფრთხილი ნაბიჯებით საძინებლისკენ გაემართა…

7 7 7

_ იცი? ჯერჯერობით არ მინდა ვინმემ ჩვენ შესახებ გაიგოს, _ გულაღმა გაწოლილ ლადოს თავქვეშ ამოედო ნინოსთვის ხელი და ნებიერად მკლავზე ეფერებოდა, _ ოღონდ შენ არ იფიქრო, რომ ამას ანგარებით გეუბნები, გასაგებია? ჯერ ერთი, ახალი დაქვრივებული ხარ, ახალ სიყვარულს მეგობრები არ გაპატიებენ და ეს ჭორაობის საბაბი გახდება. მეორეც, არის რაღაც, რის გამოც დროებით არ არის საჭირო ჩვენი ურთიერთობის გამოაშკარავება. არ მკითხო, რა, მაინც ვერ გეტყვი. ორი-სამი დღე მაცალე და გპირდები, რომ ყველაფერს მოგიყვები. სულ მალე ბევრ რამეს აეხდება ფარდა.

_ მაინც არ გასვენებს ეჭვები, არა? _ ნინო მისკენ გადატრიალდა და მკერდზე აკოცა, _ დამშვიდდი, საყვარელო, საშიშროებამ უკვე ჩაიარა, ტყუილად იშლი ნერვებს. მერწმუნე, ახლა ყველაფერი კარგადაა.

_ ვნახოთ, ვნახოთ, _ ორაზროვნად ჩაიღიმა ლადომ და ქალის სურნელი ხარბად შეისრუტა.

7 7 7

გასვლის წინ ნინომ მამაკაცს მადლიერების მზერა ესროლა. ამ მზერამ გაათბო დეტექტივი, მაგრამ ამავე დროს, კარგად უწყოდა, რომ მადლიერება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა სიყვარულს.

«არის კი შესაძლებელი, შემიყვაროს? _ ფიქრობდა მარტო დარჩენილი ლადო, _ მეყოფა კი ამისთვის ძალა? იგი ისეა ახლა მანანაზე გადართული, ჩემთვის აღარ სცალია, მის გულში ამ ეტაპზე ჩემი ადგილი არ არის. არც მის ფიქრებს სცალია ჩემთვის. მოიცლის კი ოდესმე? იქნებ მხოლოდ «გამაყუჩებელი საშუალება» ვარ მისთვის და მეტი არაფერი? შევძლებ კი მის მოპოვებას?» რამდენჯერაც ამ შეკითხვას დასვამდა, იმდენჯერ ჩასძახოდა შინაგანი ხმა: «დაივიწყე!» ეს კი აგიჟებდა. მთელი უბედურება იმაში იყო, რომ დავიწყება არ შეეძლო. იქნებ მოეხერხებინა კიდეც, თუ გაწყვეტდა მასთან ურთიერთობას, თუ აღარ ივლიდა მასთან სახლში და საბოლოოდ შეეშვებოდა ამ საქმეს. ოდესმე იქნებ მართლა დაივიწყოს… მაშინ, როცა მისი მისია ბოლომდე იქნება ამოწურული და ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს, როცა ერთხელ და სამუდამოდ სიმართლეს ფარდას ახდის… როცა აღარ შეხვდება მას, აღარ ისუნთქებს მისით, აღარ გაათბობს მისი სურნელი…

მაგრამ ჯერ უნდა დარჩეს მის გვერდით, ეს მისი მოვალეობაა, მისი მისია, გარდაუვალი მისია, ამიტომ განხილვას არ ექვემდებარება. ის ნინოს გვერდითაა, რათა დაიცვას იგი.

და ლადო იცავდა, როგორც შეეძლო და სადაც შეეძლო. იცავდა ბოროტმოქმედებისგან, ავი ზრახვებისგან და ცუდი გუნება-განწყობილებისგან. მასში აქამდე არასდროს არავის გამოუწვევია ასეთი მძაფრი, ასეთი ძლიერი და ასეთი ტკბილი სურვილი სიყვარულისა. მას სიამოვნებდა ქალზე ზრუნვა. ერთი სიტყვით, არ ღირს სულში ხელების ფათური. სულერთია, არაფერი გამოვა. მას სჭირდება ნინო… ნინოსაც სჭირდება იგი. მიუხედავად იმისა, ხვდება იგი ამას თუ არა.

მორჩა, ეს არის ყველაფერი.

7 7 7

შემდეგ დღეებში ლადოს გამოჩენამ ნინოსთან ოდნავი დაძაბულობა შექმნა, მაგრამ არა მის მეგობრებს, არამედ მათ შორის. კვლავ დაირღვა ის ინტიმურობა, რაც მათ ერთად ყოფნის დროს აერთიანებდათ. სხვების თანდასწრებით ნინოს საუბრის ტონი მის მიმართ შესამჩნევად ცივი და თავდაჭერილი გახდა. მართალია, ეს ლადოს სურვილიც იყო, არ უნდოდა ვინმეს რამე შეემჩნია, მაგრამ ეგონა, რომ ქალს ზედმეტი მოსდიოდა და ეს უკლავდა გულს. ეჭვიანობა დასჩემდა, ალბათ კვლავ გაცივდა ჩემ მიმართ, ისევ გაუნელდა გრძნობაო. მოსვენება დაკარგა. «შეიძლება უკეთესიც იყოს, ასე რომ იქცევა, იქნებ ეს უფრო დამეხმაროს იმაში, რომ ძალიან არ შემიყვარდეს,» _ თავს იმშვიდებდა დეტექტივი.

ნინო კი, ამასობაში ვერაფერს ამჩნევდა. ის ანგარიშს უწევდა ლადოს თხოვნას, ზედმეტი ყურადღება და სითბო არ გამოეჩინა მის მიმართ.

ლადო შეურიგდა არსებულ სიტუაციას, გულგრილობის ნიღაბი აიფარა სახეზე და მუშაობა განაგრძო.

მან სამძებრო განყოფილებიდან გამოითხოვა იმ ავტოკატასტროფის საქმე, რომელსაც ნინოს ქმარი და ვაჟი შეეწირა რამდენიმე თვის წინ. საქმეში ეწერა, რომ მოსახვევში, როცა გიორგი ქალაქიდან თავისი ჯიპით გადიოდა, დაზარალებულს მუხრუჭებმა უმტყუნა, მართვის კონტროლი დაკარგა და შემხვედრ ავტომობილს მთელი ძალით შეეჯახა. იგი თურმე არასდროს სარგებლობდა უსაფრთხოების ღვედებით და არც შვილს უმაგრებდა მას. საბუთებში არ იყო მითითებული, რა მიზეზით მოეშვა მუხრუჭები. ექსპერტიზა ამით არ დაინტერესებულა. «ფულით გაზულუქებული მდიდრები მიიჩნევენ, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ, _ ეწერა დასკვნაში, _ არ იცავენ მოძრაობის წესებს, არ სარგებლობენ უსაფრთხოების ღვედებით, თავხედურად უსწრებენ წინ მიმავალ მანქანებს იქ, სადაც ეს აკრძალულია. ამასთან, თავს უფლებას აძლევენ, არაფხიზელ მდგომარეობაში მართონ საჭე».

ლადო ამ დასკვნით მიხვდა, რომ არც ერთ გამომძიებელს თავში აზრად არ მოსვლია, განზრახ მკვლელობის ვერსია შეემუშავებინა, ზერელედ მიუდგნენ საქმეს და არ დაინტერესდნენ, რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომაც საქმე მალევე დაიხურა და თხელი საქაღალდე არქივის თაროზე შემოდეს.

არადა, არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ გიორგის ვიღაც «დაეხმარა» ავტოკატასტროფის მოწყობაში… უდიდესი ალბათობა. უამრავი საშუალება არსებობს მუხრუჭების გაფუჭების თუ მოშვების, თან ისე, რომ მძღოლმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს, როცა საჭეს მიუჯდება. თუმცა ახლა უკვე დაგვიანებული იყო, სიმართლის გარკვევას ვერ შეძლებდა, რადგან მანქანა დიდი ხანია, წნეხში გაატარეს… მაგრამ თუკი დეტექტივის ვარაუდი სიმართლესთან ახლოს იყო, გასაგები ხდებოდა, რა გეგმები უნდა ჰქონოდა ბოროტმოქმედს გიორგის თავიდან მოშორებით…

 

8 8 8

ნახევარი წლის წინ, რომელიღაც ძალიან ჭკვიანმა გარეწარმა, ჯერ ნინოს ქმარი და შვილი მოიშორა თავიდან, შემდეგ კი მაწანწალა გოგონასა და «სავარაუდო დედის» კარგად დაგეგმილი შეხვედრა მოაწყო, ოღონდ _ სრულიად «შემთხვევით». ის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მათხოვარი მოზარდის დანახვა ნინოს აუცილებლად დაკარგულ ქალიშვილს გაახსენებდა, ეს კი, თავისთავად გაუმძაფრებდა დედობრივ გრძნობას. გამოდის, რომ ბოროტმოქმედმა გოგონა ადრევე შენიშნა და თავისი გეგმების განსახორციელებლად გამოიყენა… სწორედ მასზე ააგო მთელი ეს სქემა.

და რა იყო მისი მიზანი? მანანა ნინოს ქონების მემკვიდრე გამხდარიყო? მერე კი, სულ სხვა მაქინაციებით ეს მემკვიდრეობა მას მიეღო? იქნებ აპირებს, ვიღაცას ფული გადაუხადოს და, როცა მიზანს მიაღწევს, ხელახლა, უკვე თავად იშვილოს გოგონა? ადამიანის მოსყიდვას რა უნდა?

კარგი, მაგრამ შემდეგ? შემდეგ მანანას გააქრობს. მისი თავიდან მოშორება ყველაზე ადვილი საქმე იქნება, საუკეთესო შემთხვევაში, კვლავ მათხოვრებს დაუბრუნებს, უარეს შემთხვევაში კი… ერთ მშვენიერ დღეს მოზარდის გვამს სადღაც მდინარეში დამხრჩვალს იპოვიან.

არსებობდა კიდევ ერთი ვერსია, ყველაზე ვერაგი და ყველაზე საშიში, რომლის დაშვებაც კი ზარავდა ლადოს, ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა. გონებაში ის ავად სახსენებელი «საბავშვო ბაღის» ინტერნეტსაიტი ამოუტივტივდა. იმ კადრების გახსენებაზე გული ეკუმშებოდა. რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინფორმაცია კარგა ხანია, პედოფილიასთან ბრძოლის განყოფილებას გადაუგზავნა, მაგრამ პასუხად, როგორც ყოველთვის, ნაცნობი ფრაზები მიიღო _ კადრები არ გვყოფნის ამ საკითხის შესასწავლად, პროგრამისტი-ჰაკერები არ გვყავს საკმარისი, დაფინანსება არ გვაქვს და ა.შ…

გაბრაზებულმა დეტექტივმა კლავიატურას ხელი ჰკრა და ფეხზე წამოიჭრა. გრძნობდა, რომ უძლური ხდებოდა მოსალოდნელი საფრთხის წინაშე, გაუჭირდებოდა საშიშროების თავიდან აცილება. კარგ ხნის ფიქრის შემდეგ, კვლავ ნინოს მძღოლის მონახულება გადაწყვიტა.

ამჯერად «პეტროვიჩი» შინ დახვდა. მის დანახვაზე მამაკაცს ფერი წაუვიდა, ცოლი მეორე ოთახში გაიყვანა, ლადოს კი სამზარეულოში შეუძღვა და დასალევი შესთავაზა.

_ გმადლობ, ასეთ დროს არ ვსვამ, _ თავი გადააქნია მამაკაცმა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და პეტრეს კუშტად გახედა, _ გულახდილად მითხარით, ვინ გადაგიხადათ ფული, რომ იმ დღეს სამსახურში არ გამოცხადებულიყავით?

მძღოლმა პასუხი არ გასცა, არაყი ჩამოისხა და უხმოდ დალია.

_ ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ბატონო პეტრე, თქვენს პასუხზე ქალბატონი ნინოს სიკვდილ-სიცოცხლეა დამოკიდებული.

«პეტროვიჩს» სახე შეეცვალა, ხელები მომუშტა, მაგიდას დაეყრდნო, ჯიქურ შეხედა ლადოს და ყრუდ წარმოთქვა.

_ ერთმა ქალმა შემაცდინა. ექიმია. არ ვიცი, რაში სჭირდებოდა. თქვენ რატომ ხართ ასე დაინტერესებული ჩემი გამოცხადება-არგამოცხადებით? მე რა შუაში ვარ? ქალბატონ ნინოს ჩემი გათავისუფლება ხომ არ სურს? ასეა? მან გამოგგზავნათ?

_ არა, რა თქმა უნდა, მან არც იცის, თქვენთან რომ ვარ და არც თქვენი გათავისუფლება უფიქრია. ეს ჩემი სამსახურებრივი მოვალეობაა. ამიტომაც მოვედი მეორედ. კითხვები დამიგროვდა, რომელზე პასუხიც აუცილებლად უნდა გამცეთ. სხვა შემთხვევაში, თქვენი დაპატიმრება მომიწევს. არა მგონია, კარგი გამოსავალი იყოს, თქვენი ასაკის მამაკაცისთვის ციხის კედლების ხეხვა. ამიტომ გირჩევთ, დაწვრილებით მომიყვეთ, რა იცით.

_ კი ბატონო, ყველაფერს გეტყვით, _ მძღოლმა ისევ დაისხა და დალია, _ ის ქალი, როგორც გითხარით, ექიმია, ამასთან _ ნინოს პირადი ექიმი, ფსიქოლოგი თუ რაღაც ამდაგვარი. წინა დღით განზე გამიყვანა და ახსნა დამიწყო. ნინოსთვის აუცილებელია, საზოგადოებაში გაერიოს, ხალხმრავალ ადგილებში მარტომ იაროს, რომ მდგომარეობიდან გამოვიდესო. მისი დარწმუნება ვერაფრით შევძელი, რადგან უბედურებამ ისე გაამწარა, არაფრის გაგონება არ უნდა, გარდა ამისა, ფსიქიკურადაც პრობლემები გაუჩნდაო. მთლად ამ სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს მისი ტერმინოლოგია, ამიტომ ჩემი სიტყვებით გადმოგცემთ. მერე მითხრა, ჩვენ თვითონ უნდა დავეხმაროთ მას მდგომარეობიდან გამოსვლაშიო. ბოლოს შემომთავაზა: «პეტროვიჩ, მოიფიქრეთ რამე მიზეზი, რომ ორი-სამი დღე არ მიხვიდეთ მასთან და არ მოემსახუროთ. იძულებული გახდება, მარტო წავიდეს. ამით მას უდიდეს სამსახურს გაუწევთ _ ქუჩაში გავა, თვალს წყალს დაალევინებს, ხალხში გაერევა, ვიღაცას დაელაპარაკება, ვიღაცას გაუცინებს….» მაშინვე დავთანხმდი. გამიხარდა, თუკი მეც შევიტან წვლილს მის გამოჯანმრთელებაში, რა ჯობია, ბოლოს და ბოლოს, ჩემი უფროსია და ოდესმე დამიფასდება-მეთქი. რა ვიცი, ცუდი არაფერი მიფიქრია, ეჭვიც კი არ შემპარვია მის ნათქვამში.

_ მაშინ ფული რაში გადაგიხადათ? _ დაეჭვებით შეხედა ლადომ.

_ მითხრა, ეს იმ გაცდენილი დღეების საფასური იქნება, კეთილი საქმე დაფასებას მოითხოვსო. მეც დავუჯერე და გამოვართვი. რა ვიცი… დავაშავე რამე?

_ ის ქალი სხვა დროს თუ გინახავთ?

_ როგორ გითხრათ… იშვიათად მოდის ქალბატონ ნინოსთან, მხოლოდ მაშინ, როცა ბევრი სტუმარი იყრის თავს _ ხმაურიან წვეულებებზე, დაბადების დღეებზე ან დღესასწაულებზე. ახლა კი, მოგეხსენებათ, რა ედღესასწაულება საწყალ ქალს, ქმარ-შვილს გლოვობს. მერე როგორი ქმარი ჰყავდა, აფსუს! ბიჭიც არაჩვეულებრივი ბავშვი იყო.

_ რა ჰქვია?

_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი… ნამდვილად არ ვიცი. ერთი გამხდარი, პატარა გოგოა, ქერათმიანი… დანარჩენი არაფერი ვიცი _ არც გვარი და არც სახელი.

პეტრეს მეტი არაფრის დამატება შეეძლო, რაც იცოდა, ყველაფერი თქვა.

_ პირობას მომცემთ, რომ თუკი იმ ქალს სადმე წააწყდებით, აუცილებლად დამირეკავთ?

_ აბა რას ვიზამ, უფროსო. თქვენ მობილურის ნომერი დამიტოვეთ და დანარჩენი მე ვიცი, _ გათამამდა პეტროვიჩი, _ ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნისგან გავთავისუფლდი, დიდი მადლობა, ბატონო ლადო, _ უხერხულად გაიღიმა მძღოლმა, როცა დეტექტივი კარამდე მიაცილა.

_ შეიძლება კიდევ დამჭირდეთ, _ თქვა ლადომ და ხელი ჩამოართვა პეტრეს.

_ რა პრობლემაა, თქვენ გვერდით მიგულეთ, ოღონდ… ნინოს ხომ არ ეტყვით ამ ამბავს?

ლადო შეკითხვამ თუ თხოვნამ წამით დააბნია, მაგრამ მაინც მისცა პირობა, რომ საიდუმლოს შეინახავდა.

ამწუთას იგი უკვე სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. რა უნდა მოეფიქრებინა, რომ ნინოსთან იმ პატარა, ქერათმიან ფსიქოლოგზე ჩამოეგდო საუბარი და გამოეკითხა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა უცნობი «კეთილისმსურველი». თან ყველაფერი ისე უნდა მოეხერხებინა, რომ ქალს ეჭვი არაფერში შეჰპარვოდა. ეს ადვილი არ იყო. ამასთან, მანანაც უნდა დაემარტოხელებინა როგორმე. არ იყო გამორიცხული, რომ გოგონა სწორედ ამ ფსიქოლოგის მითითებებით მოქმედებდა.

7 7 7

ლადომ ზედმიწევნით შეისწავლა ოჯახის ყველა წევრის ყოველდღიური მარშრუტი. იცოდა, რომ მოსამსახურეს მანანა ყოველ დილით გაჰყავდა სასეირნოდ. იქვე, ახლომახლო, კორპუსის ეზოში მიმოდიოდნენ. მანანას სკოლაში სიარული არ შეეძლო, რადგან წერა-კითხვა თითქმის არ იცოდა, ძლივს არჩევდა ასოებს. ნინო იანვრიდან აპირებდა მისთვის კერძო მასწავლებლის დაქირავებას.

დეტექტივმა გადაწყვიტა, სწორედ ეს დრო გამოეყენებინა მანანასთან დასალაპარაკებლად _ თამარა იმდენად კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ, ვერ დაუშლიდა, თანაც იგი უკვე ოჯახის არა მარტო მეგობრად, ნათესავადაც ითვლებოდა. ხოლო თუ მოსამსახურე მერე მოახსენებდა თავის დიასახლისს ამ შეხვედრის დეტალებს, უკვე დაგვიანებული იქნებოდა და ლადოც რამეს მოიფიქრებდა თავის გასამართლებლად.

დილიდან თოვა დაიწყო, ისე ლამაზად ბარდნიდა, ლადოს კმაყოფილების გრძნობაც კი დაეუფლა. კარგა გვარიანად დადებულიყო ქათქათა თოვლი. ცოტა ადრე მივიდა ნინოს სახლთან, მოპირდაპირე კორპუსის კუთხეს ამოეფარა და მათ გამოჩენას დაელოდა. ათი წუთიც არ გასულა, რომ ხელიხელჩაკიდებული თამარა და მანანა გამოვიდნენ სადარბაზოდან. ერთხანს დააცადა, მერე კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს ნინოს კორპუსისკენ ჰქონდა გეზი აღებული და მათ შემთხვევით გადაეყარა. მანანა პატარა ხელებით თოვლის ბაბუის გამოძერწვას ცდილობდა. დეტექტივი სრულებით გამოუცდელი იყო ბავშვებთან ურთიერთობაში, არ იცოდა, როგორ უნდა მოპყრობოდა მათ, ამიტომ ხელი უხერხულად წაიღო ჯიბისკენ, სადაც წინასწარ მომზადებული შოკოლადები ეყარა. ბავშვმა სიხარულით გამოუწოდა ხელისგულები.

_ გინდა, ერთად გავაკეთოთ თოვლის ბაბუა? _ ჰკითხა ლადომ, როცა მანანამ ერთი ცალი  «დათუნია» პირისკენ გააქანა.

_ შვილო, რა უნდა უთხრა ძიას? _ შეახსენა მოსამსახურემ.

_ დიდი მადლობა, _ ძლივს ამოთქვა შოკოლადით პირგამოტენილმა გოგონამ.

თამარა იქვე, მოშორებით დადგა და ღიმილით მიაჩერდა ორივეს. ამით ისარგებლა ლადომ, გოგონასთან ერთად ჩაცუცქდა და თოვლის გუნდების მოგროვება დაიწყო, თან საუბარი გაუბა.

_ ჩვენ ახლა თოვლის კაცს გამოვძერწავთ, მერე ნახშირისგან პირს და თვალებს დავუხატავთ, ბოლოს კი ცხვირს გავუკეთებთ.

_ ცხვირი რისგან უნდა გავაკეთოთ? _ დაინტერესდა ბავშვი.

_ რისგან და… _ შეყოყმანდა დეტექტივი, _ ჯოხისგან. კარგი იქნებოდა, სტაფილო გვქონოდა, მაგრამ რადგან არ გვაქვს, ჯოხის ცხვირი დავუმაგროთ. მისი შეცვლა სხვა დროსაც შეიძლება, კარგი?

გახარებულმა გოგონამ ღიმილით დაუქნია თავი, ლადო კი ამასობაში იმაზე ფიქრობდა, ქერათმიან ქალზე როგორ ჩამოეგდო ლაპარაკი.

_ მერე ის გაცოცხლდება? _ დაინტერესდა ბავშვი, თან ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა «ლადო ძიას» მითითებებს.

_ გაცოცხლებით ვერ გაცოცხლდება, ის ხომ თოვლისგან იქნება გაკეთებული.

_ რადგან თოვლისგანაა, ცოცხალი არ იქნება? _ არ ეშვებოდა პატარა.

ლადო წვალობდა, საჭირო სიტყვებს ეძებდა, თან უაზროდ უქნევდა თავს გოგონას.

რას ეუბნებიან ასეთ დროს ბავშვებს? წარმოდგენა არ ჰქონდა.

_ რა ხდება, იცი? მთლად ცოცხალი არ იქნება, მაგრამ ცოცხალივით იქნება, _ იპოვა ბოლოს გამოსავალი.

_ ანუ ნამდვილი არ გამოვა, ხომ? როგორც თოჯინა, ისეთი იქნება?

_ აი, აი… სწორად მიხვდი. ნამდვილ თოჯინას დაემსგავსება.

_ სამაგიეროდ, ფერიები ხომ არიან ნამდვილები? ისინი ხომ ცოცხლობენ?

_ ფერიები?.. _ დაიბნა ლადო, _ ალბათ… მგონი, კი…

_ ისინი რისგან არიან გაკეთებულნი?

აი, შეკითხვა-ა-ა! მამაკაცს სიმწრის ოფლმა დაასხა. რა ქნას ახლა, რა უპასუხოს?

_ ისინიც ხომ ცოცხლებივით არიან, მაგრამ არ ვიცი, ნამდვილები არიან თუ არა, _ დიდივით მსჯელობდა მანანა თავისი სასაცილო ქუჩური კილოთი, _ მე მარტო ერთი მყავს ნანახი. შენ?

_ მე… მე მგონი, არასდროს მინახავს.

_ არც ერთი? _ გოგონას სიცილი წასკდა.

_ არც ერთი, _ სინანულით დაიჯღანა დეტექტივი.

_ რატომ, ცუდად იქცეოდი? _ უცებ სახე გაუმკაცრდა ბავშვს.

ის იყო, ლადომ თავის წამოწყებაზე ყოველგვარი იმედი გადაიწურა და ხელის ჩაქნევას აპირებდა, რომ მის სმენას მანანას ბოლო ფრაზა მისწვდა.

_ …თუ მე დამჯერი ვიქნები და კარგად მოვიქცევი, მეც მეყოლება დედა, როგორც სხვა ბავშვებს.

რაო-ო-ო?! იგი უფრო ახლოს მიუცუცქდა პატარას და სთხოვა, თავიდან მოეყოლა მისთვის, როგორ ცხოვრობდა ვაგზალზე, თან თვალს მოსამსახურისკენ აპარებდა, რომელიც მოშორებით იდგა და იქიდან ადევნებდა თვალს თოვლში მოთამაშეებს.

მამაკაცი გოგონას ყოველ სიტყვას ხარბად ისრუტავდა, რომ არაფერი გამოჰპარვოდა მისი მონაყოლიდან.

მანანას დროები ერეოდა. ამიტომ ზუსტად ვერ დააკონკრეტა, როდის, მაგრამ თურმე, ერთ მშვენიერ დღეს, მასთან ერთი ძალიან ლამაზი, ყვითელთმიანი ქალი მივიდა, რომელმაც კამფეტები და ფული მისცა. მერე გამოჰკითხა, ვისი შვილი ხარო. როცა გაიგო, რომ არავის შვილი არ იყო, უთხრა, მე კეთილი ფერია ვარ, გავიგე, რომ შენ კარგი გოგო ხარ და ამიტომ მოვედი შენთანო. მერე კი შეჰპირდა, თუ კარგად მოიქცევი და დამჯერი იქნები, მალე დედასაც იპოვიო…

როგორც აღმოჩნდა, დეიდა ლიანა ბავშვს ბევრ სასიამოვნო ზღაპარს უყვებოდა, მათ შორის ფიფქიაზეც. ბავშვს იმდენად მოეწონა ქალი, რომ ძალიან განიცადა, როცა მასთან განშორებამ მოუწია. მას შემდეგ სულ დედაზე ოცნებობდა. უნდოდა, მალე გამოჩენილიყო იგი.

_ აი, როცა ნინო ნებას დამრთავს, აუცილებლად წამიყვანს ლიანა დეიდას სანახავად, მასაც ხომ ვენატრები! _ გულუბრყვილოდ ტიტინებდა გოგონა.

ლადო შიგადაშიგ აწყვეტინებდა მოყოლას და კითხვას კითხვაზე აყრიდა. ნელ-ნელა გამოარკვია, რომ «კეთილი ფერია» მასთან სამჯერ მისულა. პირველად ალბათ, ნინოს გამოჩენამდე. მეორედ _ მისი გამოჩენის შემდეგ და სწორედ მაშინ ჩააგონა გოგონას, რომ შესაძლებელია, სწორედ ის ქალი იყო მისი ნამდვილი დედა, შორიახლო რომ მიმოდიოდა ჯიხურებს შორის. მანანას გულით უნდოდა გაეგო, მართლა ის იყო თუ არა, «კეთილმა ფერიამ» კი უპასუხა, ჯერ დანამდვილებით არ ვიცი, ამიტომ წავალ და სხვა «ფერიებს» დავეკითხებიო…

ეს სწორედ ის დღე იყო, როცა მანანა თვითონ მივიდა ნინოსთან და გამოელაპარაკა… მესამედ ლიანა მაშინ გამოეცხადა ბავშვს, როცა უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობდა მისი გამოსყიდვის თაობაზე, ანუ, როცა გოგონა ავად იყო. მართალია, ის ავად არ გამხდარა, მაგრამ «გლავარმა» უბრძანა, შენ ცუდად ხარ და დღეს გარეთ არ გახვალ, შინ უნდა იჯდე და თბილად ჩაიცვაო. სამგიეროდ, «კეთილმა ფერიამ» ადვილად მიაგნო მას. ის ხომ ფერიაა, ამიტომ ყველგან შეუძლია მივიდეს. მან იცის, რომელ სარდაფში ცხოვრობენ მისნაირი უპატრონო ბავშვები. ჰოდა, ლიანა დეიდამ გამოუცხადა, რომ ის ლამაზი ქალი მართლა მისი დედა ყოფილა და თუკი მანანა კარგად მოიქცევა, იგი აუცილებლად წაიყვანს მას თავის სახლში…

«აი, მესმის! აი, თურმე ვინ ყოფილა იდუმალი მოკარნახე! ასე მოხერხებულად რომ შეასწავლა ბავშვს საჭირო ტექსტი! «კეთილი ფერია»! ჰმ, ვინ იფიქრებდა!»

_ ნინომ კი არ იცის, რომ ის ჩემი დედაა, _ მანანამ ხმას დაუწია და «დიდი საიდუმლო» გაანდო ლადოს, _ ეს მარტო მე და «ფერიამ» ვიცით. როგორ გაუკვირდება ნინოს, როცა ამას ვეტყვი, არა? _ და ბავშვმა სიხარულისგან ტაში შემოჰკრა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სიურპრიზს უმზადებდა ახალაღმოჩენილ დედას.

ლადომ ნაძალადევად გაუღიმა გოგონას, გულში კი ჩხვლეტა იგრძნო, რადგან უკვე იცოდა, რა სიურპრიზიც მზადდებოდა ნინოსთვის.

7 7 7

გულდამძიმებული დაბრუნდა შინ. მას ამ წუთიდან ძალიან კარგად ესმოდა გოგონასი და აღარ უკვირდა, რატომ გარდაიქმნა პატარა მაწანწალა ზრდილობიან ქალიშვილად მას შემდეგ, როცა იგი ნინოს გვერდით აღმოჩნდა. მანანა სულით და გულით ცდილობდა, თვინიერი და დამჯერი ყოფილიყო, რათა ნაპოვნი დედა არ დაეკარგა. მას ხომ დიდი ხანია, ბავშვურ გონებაში ეს აზრი ჩაუბეჭდეს. მისი მოქრთამვაც, როგორც ყველა დანარჩენი ბავშვის, ადვილი იყო _ «კეთილი ფერიები», კამფეტები და საჩუქრები საუკეთესო საშუალებაა პატარების გულის მოსაგებად. ბავშვებს კი არა, უმრავლეს შემთხვევაში, მეძავებსაც აქვთ იმედი, რომ ერთხელაც გამოჩნდება თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი, რომელიც წუმპიდან ამოათრევს, ცოლად შეირთავს და ზღაპრულად აცხოვრებს… ჰოდა, პატარებისგან რა გასაკვირია, ზღაპრების სჯეროდეს?!

თუმცა ამ ყველაფერში მაინც იყო ერთი რამ, რამაც ლადოს გული გაუთბო _ ნინო არ შემცდარა არჩევანში. მანანა მართლაც კარგი გოგონა ყოფილა, გულუბრყვილო, მიამიტი, გამგონი, მიმნდობი და, რაც მთავარია, კეთილი. სწორედ ისეთი, როგორიც თავად ნინო იყო. ამ ორმა გოგონამ, ორმა ქალმა _ დიდმა და პატარამ, სწორად იპოვეს ერთმანეთი, იპოვეს იმისთვის, რომ დიდხანს იცხოვრონ ერთად, როგორც იტყვიან, ჯანმრთელად და ბედნიერად… თვითონაც სიამოვნებით შეუერთდებოდა ამ «ტკბილ დუეტს»… ტკბილ სიბერემდე….

თუმცა… ის, ვინც ისინი ერთმანეთს შეახვედრა, სრულიად არაზღაპრულ ფინალს უმზადებდა ორივეს… მაგრამ ლადო ამას არ დაუშვებს! მხსნელად ღმერთმა სწორედ ის გამოუგზავნა ნინოს, ის და სხვა არავინ. და რადგან დეტექტივს მფარველი ანგელოზის როლი დაეკისრა, ამ როლს შეასრულებს კიდეც…

დანარჩენი მერე გამოჩნდება.

7 7 7

კიდევ ერთი კვირა მიილია. ნინო და ლადო იმ დღეებში არ შეხვედრიან ერთმანეთს, ქვრივი მანანას შვილად აყვანის პროცედურებით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ქალს პაემნისთვის არ ეცალა, დეტექტივს მაინც არ შეუწყვეტია მის სახლში სიარული. ნინოს მაგივრად, მამაკაცი მის მეგობრებთან «ერთობოდა». ფრთხილად სვამდა შეკითხვებს, როცა კარტის სათამაშოდ დასხდებოდნენ. გაარკვია, რომ ქვრივს ნაცნობი ფსიქოლოგი არ ჰყავდა. რაც შეეხება პატარა, ქერათმიან ქალებს, ნაცნობთა წრეში ასეთი ხუთი აღმოჩნდა, მაგრამ მათ შორის ახლო მეგობარი არც ერთი არ იყო. იდუმალი ქალი, სავარაუდოდ, რომელიღაც მეგობრის თანამზრახველი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რომლის? ამის დადგენა ადვილი არ იყო.

გურამს ცოლი არ ჰყავდა, სამაგიეროდ, საყვარლებით იყო დახუნძლული. ზოგიერთი მათგანი ხანდახან ნინოსთანაც მოჰყავდა. სტეფანე დაოჯახებული გახლდათ, მაგრამ ისეთი სიყვარულით ანთებული თვალებით შესცქეროდა ქვრივს… ლადო ეჭვიანობდა კიდეც, ხომ არ უნდა ამ ვიგინდარას, თავი გავუხეთქოო. მისი ცოლი აქ არასდროს არავის უნახავს _ თავისი ქრონიკული ავადმყოფობის გამო სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. სხვებიც ერიდებოდნენ სტეფანესთან სტუმრობას ამ მიზეზით, შიშობდნენ, არ შეეწუხებინათ ავადმყოფი ქალი. ირმას საერთოდ არ ჰყავდა დაქალები. ან კი ვინ დაუმეგობრდებოდა ასეთ «ისტერიჩკას», ვინ გაუძლებდა მის გამუდმებულ წიკვინს, ნინოსნაირი დიდბუნებოვანი ადამიანის გარდა? სამეგობრო წრიდან დანარჩენები თავიდანვე გამორიცხა ლადომ. მათი ურთიერთობა ნინოსთან არ იყო ისეთი მჭიდრო, რომ ეჭვი შეეტანა რომელიმე მათგანის ორგულობაში, თანაც შედარებით იშვიათად სტუმრობდნენ ქვრივს. ჭკვიანი ბოროტმოქმედი კი ზედმიწევნით მეთოდურად დგამდა «სპექტაკლებს», სრულად აკონტროლებდა სიტუაციას. მას გამუდმებით ნინოს გვერდით უნდა ეტრიალა, რომ თვალთახედვის არიდან არაფერი გამორჩენოდა, ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანიც კი. ასე რომ, შესაძლო კანდიდატთა სიაში ლადომ მხოლოდ ოთხი ადამიანი შეიყვანა _ გურამი, ირმა, სტეფანე და მოსამსახურე თამარა, თუმცა ამ უკანასკნელზე ნაკლებად ეჭვობდა. უპატრონო ქალი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ნინოს, რომელიც აჭმევდა, ასმევდა, ფულს უხდიდა და თავისთან აცხოვრებდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დეტექტივს მოსამსახურის რეპლიკა არასანდოდ მოეჩვენა და ყურები ცქვიტა _ «ოღონდ კი მანანა არ გაიქცეს…» _ ამოოხვრით თქვა რამდენიმე დღის წინ ქალმა. თვითონ ფრაზა თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავდა, შეიძლება სრულიად უწყინარი და მზრუნველად ნათქვამიც კი იყო, მაგრამ ლადოს მაინც ცუდად ენიშნა. რაღაც აზრი დაებადა და ეს აზრი უნდა გადაემოწმებინა. ამისთვის კი საჭირო იყო, ერთადერთი შეკითხვა დაესვა ნინოსთვის, მაგრამ… შეკითხვა ძალიან არადელიკატური იყო, ძალიან, ძალიან… მის დასმას უდიდესი გამბედაობა სჭირდებოდა…

ბევრი იფიქრა ლადომ, როგორ მოქცეულიყო… ბოლოს მოიფიქრა… სასურველი პასუხის მისაღებად პატარა დანაშაული უნდა ჩაედინა… უნდა გაერისკა, თუმცა, შესაძლო იყო, ამით საბოლოოდ დაეკარგა საყვარელი ქალი…. მაინც გარისკა…

8 8 8

ეზომ, თოვლმა და გუნდებისგან გაკეთებულმა თოვლის ბაბუამ ლადო და მანანა ძალიან დააახლოვა ერთმანეთთან. იმ დღიდან მოყოლებული, როგორც კი გოგონა მას თვალს მოჰკრავდა, მაშინვე მისკენ გარბოდა. სწორედ ამით ისარგებლა მამაკაცმა.

თბილი დღე იყო. ეზოში გამოსული მანანა თოვლის კაცს დასტრიალებდა, თამარა კი იქვე ტრიალებდა და თვალს ადევნებდა ბავშვს. რაღაც მომენტში ქალი მოფარებულში მდგარი ლადოსკენ ზურგით შეტრიალდა. ამით დრო იხელთა დეტექტივმა და მანანას ხელი დაუქნია. ლადოს დანახვაზე ბავშვს სახე გაუბრწყინდა, მყის მისკენ გაქანდა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. იგი არ იყო მიჩვეული ალერსს. როგორც კი ვინმე მის მოფერებას ან თმაზე ხელის გადასმას დააპირებდა, მაშინვე განზე გახტებოდა ან თავს გაწევდა. ნინოც ასწავლიდა, რომ უფროსი ადამიანებისთვის პატარას მხოლოდ ხელი უნდა ჩამოერთმია. ამ «რიტუალს» გოგონა დიდი მოწიწებით ასრულებდა.

ლადომ მისი ფუნჩულა თითები მუჭში მოიმწყვდია, ყურში ჩასჩურჩულა, ეს ახალი თამაშია, უნდა დავიმალოთო და მანანა იქვე მდგარი ავტოფარეხებისკენ სირბილით წაიყვანა. დეტექტივმა ტუჩებზე თითი მიიდო, ამით მიანიშნა ბავშვს, რომ უნდა დამალულიყვნენ. ცოტა ხანში თამარას ძახილი გაისმა. ლადო ხედავდა, როგორ დარბოდა სასოწარკვეთილი ქალი აქეთ-იქით და როგორ ეძებდა გოგონას. კიდევ ცოტა ხანი და ფერმიხდილი მოსამსახურე სადარბაზოში შევარდა.

ხუთი წუთის შემდეგ კორპუსიდან თმაგაწეწილი ნინო გამოვარდა, გზადაგზა იცვამდა პალტოს და შეშლილი აცეცებდა თვალებს ირგვლივ. ლადომ ისევ ჩაავლო ბავშვს ხელი და დინჯი ნაბიჯებით გამოვიდა სამალავიდან.

მათ დანახვაზე თამარამ შვებით ამოისუნთქა, პირჯვარი გადაიწერა და ღონემიხდილი კედელს მიეყრდნო, გაფითრებული ნინო კი მანანას მიეჭრა, უსიტყვოდ აიყვანა ხელში და მკერდზე მიიხუტა.

_ ჩვენ «დამალობანას» ვთამაშობდით, ნინო, რამ შეგაშინა ასე? _ თავი იმართლა მამაკაცმა.

ქალმა კი ისეთი გამგმირავი მზერა ესროლა, ლადოს ღიმილი პირზე შეაშრა.

_ ცუდი თამაში აგირჩევია, ბატონო დეტექტივო, _ მშრალად წარმოთქვა ქვრივმა, _ ეს ბავშვი ერთადერთია, ვინც გამაჩნია. ის რომ დაიკარგოს, თავს მოვიკლავ! _ და ცივად გატრიალდა ისე, რომ ლადოს მიპატიჟება არც უცდია.

მართალია, ინციდენტი ცუდად დასრულდა, მაგრამ ლადო მაინც კმაყოფილი დარჩა. ეს სწორედ ის იყო, რისი გაგებაც აინტერესებდა.

ახლა მან ზუსტად იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო უახლოეს დღეებში… ექსპერიმენტმა გაამართლა.

 

 

როგორც იქნა, ნინომ საბუთების შეგროვება დაამთავრა. ხვალ იგი მანანას ოფიციალურად იშვილებს, მერე კი გრანდიოზული წვეულების გამართვას აპირებს. ხვალ იგი ეტყვის გოგონას, რომ ის მისი დედაა, პატარა კი, თავის მხრივ, უპასუხებს, რომ დიდი ხანია ამის შესახებ უცნობმა «ფერიამ» ამცნო…

ნინო, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდება და სიხარულისაგან გულაჩუყებული ცრემლებად დაიღვრება…

სტუმრები მილოცვების კორიანტელს დააყენებენ, იქეიფებენ, დროს მხიარულად გაატარებენ, სამახსოვრო ფოტოებს და ვიდეოკადრებს გადაიღებენ და…

და სწორედ მათ შორის იქნება ის ინკოგნიტო დაინტერესებული პირი, რომელიც ნინოს მოკვლას აპირებს.

მაგრამ მკვლელობა ხვალ არ მოხდება. მკვლელი დაელოდება საღამოს დამთავრებას, დროებით დააცდის ნინოს, დატკბეს თავისი ბედნიერებით, სიამოვნებით აღვსილმა მოისმინოს, როგორ დაუძახებს მანანა «დედას», მერე კი… რაც შეიძლება მგრძნობიარე დარტყმას განახორციელებს გულუბრყვილო ქალზე.

ამიტომ იყო ლადო ღრმად დარწმუნებული, რომ ხვალ მკვლელობა არ მოხდებოდა. არც სხვა დროს არ მოხდებოდა მკვლელობა, რადგან ჭკვიანი ბოროტმოქმედის გეგმის მიხედვით, თვითმკვლელობას ექნებოდა ადგილი. ამას დეტექტივი უკვე მიხვდა თავისი ექსპერიმენტის ჩატარებით _ უსაზღვროდ ბედნიერი და ჭირგამოვლილი ქალი კიდევ ერთ უბედურებას ვერ გადაიტანდა. «ეს ბავშვი ერთადერთია, რაც გამაჩნია. ის რომ დაიკარგოს, თავს მოვიკლავ!» _ ახლაც ყურში ჩაესმოდა ლადოს ეს სიტყვები.

რაც შეეხება თვითმკვლელობას, ის წვეულების მერე მოხდება _ მას შემდეგ, როცა ნინო მანანას ბაგეებიდან წარმოთქმულ «დედას» მოისმენს, მას შემდეგ, როცა იგი საბოლოოდ დაიჯერებს, რომ ღმერთმა დააჯილდოვა ამ ბედნიერებით წარსულში გადატანილი ყველა ტკივილის სანაცვლოდ.

ასეა, რაც მეტად უბედურია ადამიანი, მით უფრო ცრუმორწმუნე ხდება, მით უფრო სჯერა ბედისწერის.

და სწორედ მაშინ გაქრება მანანა… და იტყვიან, რომ გაიქცა…

სწორედ მაშინ დამთავრდება ეს უცნაური სპექტაკლი, უცნაური, მაგრამ კარგად დაგეგმილი.

7 7 7

მეორე დღეც გათენდა. ნინოს ლამაზ სახლში დიდი მისვლა-მოსვლა შეინიშნებოდა, სტუმრები ნელ-ნელა იყრიდნენ თავს ქვრივის ოჯახში. ლადო წვეულებაზე არ წასულა, რადგან ქალმა ძალზე ცივად, ლამის ცალყბად დაპატიჟა. როგორც ჩანს, არ აპატია მამაკაცს ორი დღის წინანდელი «ცელქობანი», როცა მან გოგონასთან ერთად «დამალობანა» გაითამაშა. თუმცა ლადოს ამაზე დიდად არ უნაღვლია. მას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი, გარედან უნდა დაეცვა საყვარელი ადამიანი.

დეტექტივმა ვერაფრით შეძლო გამოეთვალა, ვისთან იყო დაკავშირებული ქერათმიანი პატარა ქალბატონი, ვისი თანამზრახველი შეიძლებოდა იგი ყოფილიყო. პირდაპირ ამდგარიყო და ნინოს მეგობრები გამოეკითხა, არ გამოდიოდა, ამით აუცილებლად დააფრთხობდა დამნაშავეს. რჩებოდა ერთადერთი რამ _ დღედაღამ თვალყური ედევნებინა მანანასთვის, წამით არ მოედუნებინა ყურადღება, მანამ, სანამ ფარულად მოქმედი უცნობი თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას არ შეეცდებოდა.

ლადომ იცოდა, რომ მისი ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ან კი რას უნდა დალოდებოდა «რეჟისორი», როცა უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო? როცა თავისი მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი ოპერაციის ჩატარებაღა რჩებოდა?

დეტექტივმა თადარიგი დაიჭირა. საგამოძიებო განყოფილებას დაუკავშირდა, ყოფილ კოლეგებთან კავშირი აღადგინა და ყველა საქმის კურსში ჩააყენა. თხოვნა არ დასჭირვებია, ყველა უყოყმანოდ დაუდგა გვერდით. მან არ იცოდა, როდის და როგორ მოხდებოდა დანაშაული, მაგრამ უცნობი რომ ამისთვის დღის საათებს და ქუჩას აირჩევდა, ამაში ეჭვი წამითაც არ ეპარებოდა.

მანანას ერთი სუსტი მხარე ჰქონდა _ რადგან იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მათხოვრების წრეში, ბოლომდე ენდობოდა ნებისმიერ მათგანს… უფრო მეტიც, სრულად ემორჩილებოდა მათ. ეს კი ბოროტმოქმედს ამოცანას უადვილებდა, მით უმეტეს, რომ სახლი, რომელშიც გოგონა ცხოვრობდა, ისეთივე ხმაურიანი იყო, როგორიც მანანას თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილი. ამაზე ნინომ თავიდანვე შეგნებულად იზრუნა. მას ეშინოდა, ხალხმრავალ ვაგზლის მოედანზე გაზრდილ გოგონას არ მოჰბეზრებოდა ახალი, მყუდრო და წყნარი გარემო და არ მოეწყინა.

_ კარგია, რომ ჩვენთან ყოველთვის ბევრი ხალხია, ბავშვი თავს მარტო არ იგრძნობს, სხვანაირად შეიძლება გული აიცრუოს და აღარ გამიჩერდეს, _ ამბობდა ხოლმე ქვრივი.

თუმცა… მას შემდეგ, რაც თამარამ ლადოს გამოისობით შიში ჭამა, გოგონას გვერდიდან არ შორდებოდა, წამით არ აცილებდა მზერას, სადაც უნდა ყოფილიყო _ მაღაზიაში თუ კინოთეატრში, პარკში თუ ქუჩაში… ყველგან ხელჩაჭიდებული დაჰყავდა.

სწორედ ამან გაუჩინა დეტექტივს თავსატეხი. ვერაფრით წარმოიდგინა, როგორ უნდა განეხორციელებინა ბოროტმოქმედს თავისი ჩანაფიქრი ასეთ ვითარებაში. ვინმე ნაცნობი წაიყვანს? მოიტაცებენ? ჩუმად მოელაპარაკებიან?

აქედან გამომდინარე, არ იყო გამორიცხული, «კეთილ ფერიას» გეგმები შეეცვალა და მოტაცების გეგმა ღამით განეხორციელებინა. უბრალოდ იმიტომ, რომ დღისით ბავშვზე კონტროლი გამკაცრდა, ეს კი ოპერაციის წარმატებით ჩატარებას საშიშროებას უქადდა.

ჰო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ღამით მოხდება! _ დაასკვნა ლადომ და ფანქრით ქაღალდზე დიდი წერტილი დასვა.

7 7 7

დეტექტივი არ შემცდარა. ნინოს ბედნიერების მხოლოდ სამი დღე აჩუქეს, მხოლოდ სამი ღამე ტკბებოდა უკვე საკუთარი ქალიშვილის კოცნა-ფერებით. მეოთხე ღამეს კი… მოსახდენი მოხდა.

შუაღამისას, დაახლოებით ორ საათზე, როცა უბანს უკვე ღრმა ძილით ეძინა, მანანა სადარბაზოდან სრულიად მარტო გამოვიდა, თან გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით. იქვე შორიახლოს, მოფარებულში მდგარმა «მერსედესმა» ფარები აუნთო. გოგონა სირბილით გავარდა მანქანისკენ, რომლის კარი მისი მიახლოებისთანავე ფართოდ გაიღო და პატარა უკანა სალონში აქოშინებული შეხტა.

იგი არავის შეუჩერებია. მიუხედავად იმისა, რომ ნინოს სახლზე ლადომ მეთვალყურეობა უკვე ოთხი დღეა, დააწესა და ოპერატიულ მუშაკებს მისი არც ერთი მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, უცხო მანქანის დაკავება არც უცდიათ. უბრალოდ, უკან მიჰყვნენ «მერსედესს», რათა გაეგოთ, სად მიიყვანდნენ პატარას.

ავტომობილმა «ნახალოვკისკენ» აიღო გეზი, ხიდთან მარცხნივ გადაუხვია და ერთ განაპირა სახლთან შეჩერდა. კვლავ გაიღო უკანა სალონის კარი, საიდანაც მდიდრულ ქურქში გამოწყობილი ტანმორჩილი ქერათმიანი ქალი გადმოვიდა, მძღოლს ფული გადაუხადა, მანანას ხელი მოხვია და მასთან ერთად რკინის ჭიშკარში გაუჩინარდა.

ზუსტად ერთი საათის შემდეგ, პატრულის თანამშრომლებმა უკვე იცოდნენ, ვინ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და იქ თავიანთი ხალხი დააყენეს სამორიგეოდ.

მანანაზე ნერვიულობა ჯერჯერობით არ ღირდა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა… მანამ, სანამ ნინო ცოცხალი იყო.

ლადოს ახლა მის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა.

7 7 7

დეტექტივი ქალს დილაუთენია მიადგა შინ, სრულიად მიუღებელ დროს, დილის ექვს საათზე. ვიზიტისთვის მართლაც არ იყო სასურველი დრო, თუმცა მის გადასარჩენად სწორედ რომ საჭირო პერიოდი გახლდათ. სანამ ქალი ბავშვს მოიკითხავდა, მანამ უნდა მიესწრო დეტექტივს, თორემ მერე გვიან იქნებოდა. ლადო დარწმუნებული იყო, რომ თავს დამტყდარი უბედურების გამო ნინო სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა.

ახლა კი დადგა ახსნა-განმარტებების ჟამი…

და ლადო უხსნიდა ქალს საქმის ვითარებას. საუბრობდა თავდაჯერებულად, დინჯად, აუღელვებლად.

_ ამიტომაც შემოგეჭერი ასე უცერემონიოდ, ამიტომაც ჩავეწერე შენი სტუმრების სიაში უბოდიშოდ, ეს იყო მიზეზი იმისა, იმ დღეს ბავშვი რომ გადავმალე. შენი რეაქცია მაინტერესებდა და საბოლოოდ დავრწმუნდი, რასაც მოელოდნენ თანამზრახველები შენგან. მათ შენი განადგურება უნდათ, ნინო, და თუ ამჯერადაც არ დამიჯერებ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება.

_ მერე ბავშვი? მანჩოს საფრთხე არ ემუქრება? _ ხმამაღლა მოთქვამდა ქალი.

_ მერწმუნე, ბავშვი უსაფრთხოდაა. მას არაფერი დაემართება, სანამ შენ ცოცხალი ხარ, გესმის? დამშვიდდი და მომისმინე. კარგად გააანალიზე რასაც გეტყვი და ისე მოიქეცი, როგორც დაგარიგებ. ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

_ რა უნდა გავაკეთო? _ უმწეოდ ამოხედა მამაკაცს თვალცრემლიანმა.

ლადომ თავისი გეგმა გააცნო. ქვრივი მამაკაცის ყოველ წინადადებაზე მორჩილად აქნევდა თავს.

ძლიერი ქალი იყო იგი, გამხდარი, ნაზი, ინტელიგენტი და… ძლიერი. ლადომ ეს კარგად იცოდა…

_ მარტო დარჩენის მეშინია, _ დაიჩურჩულა ნინომ, როცა ლადომ ლაპარაკი დაამთავრა.

_ მარტო ყოფნა არ მოგიწევს, მე შენ გვერდით ვიქნები, _ მზრუნველად უპასუხა მამაკაცმა.

_ ჩემ გვერდით? _ იმედის ნაპერწკალი გაუკრთა ქალს თვალებში, _ ღამითაც?

_ რა თქმა უნდა, ღამითაც. როგორ გგონია, აქ რისთვის ვარ? წამით არ მოგშორდები გვერდიდან. აბა, რას იტყვი, დავიწყოთ ომი? მზად ხარ?

ნინომ სლუკუნი შეწყვიტა, მზერა გაუსწორა დეტექტივს და დამნაშავის ღიმილით შეხედა.

_ მზად ვარ… დავიწყოთ.

_ ყოჩაღ, შენი იმედი ყოველთვის მქონდა.

_ ლადო… _ დაიჩურჩულა მოულოდნელად ქალმა.

_ რა იყო?

_ მაპატიე, გული რომ გატკინე…

_ რას ამბობ, ეგ არაფერია, _ მამაკაცმა უხერხულობა იგრძნო.

_ ბევრ რამეში შევცდი, მაგრამ მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ ამას.

_ არა უშავს-მეთქი, ხომ გითხარი. მორჩა, მეტი არაფერი თქვა, ყველაფერი რიგზეა.

_ ესე იგი, არ მიბრაზდები?

_ არც არასდროს გავბრაზებულვარ. შენ ხომ არ იცოდი, სინამდვილეში რა ხდებოდა. ამიტომ შენი ბრალი სულაც არ არის, ასე რომ მექცეოდი. დაივიწყე, რაც იყო. ახლა ჩვენ ერთად ვართ. მენდე!

7 7 7

პირველ საღამოს ნინოს არც ერთი სატელეფონო ზარისთვის არ უპასუხია, დაძაბული იჯდა სავარძელში და სასოწარკვეთილი მისჩერებოდა ლადოს ყოველ მოძრაობას. ტელეფონი დარეკავდა თუ არა, თამარა გამოვიდოდა თავისი ოთახიდან, ყურმილს აიღებდა და დახშული ხმით ერთსა და იმავეს უმეორებდა ყველას, ვინც ნინოთი ინტერესდებოდა.

_ თავადაც ხომ გესმით, რამხელა უბედურება დაატყდა თავს. ლოგინიდან არ დგება, არავის ნახვა არ სურს, არც დალაპარაკება, შვილო, მოგვიანებით შეეხმიანეთ.

ღამის თორმეტი საათის შემდეგ ზარები შეწყდა. თამარამ ძილი ნებისა უსურვა ორივეს და თავის ოთახში შეიკეტა.

_ დროა, შენც დაისვენო, ხვალ მძიმე დღე გველის, _ თქვა ლადომ.

_ შენ? შენ არ უნდა დაიძინო?

_ არა, ჩემთვის ახლა ძილი არ შეიძლება, საქმე ასე მოითხოვს. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ… შენ ხომ ამისთვის მიხდი ფულს? _ უპასუხა და ეშმაკურად გაუღიმა.

_ უკვე აღარ გიხდი, რატომ იტყუები? _ ნინოსაც გამოესახა ღიმილი ტუჩებზე, _ მეც აქ დავრჩები, შენთან, მაინც არ დამეძინება.

_ გააკეთე, რასაც გეუბნები. ხომ შემპირდი, ყველა თხოვნას შეგისრულებო. თუმცა ეს თხოვნა კი არა, მოთხოვნაა.

_ კარგი, როგორც მეტყვი… ღამე მშვიდობისა, _ დათმო პოზიციები ქალმა და საძინებლისკენ გაეშურა.

_ ღამე მშვიდობისა, _ დაადევნა დეტექტივმა და მიმავალს თვალი გააყოლა.

7 7 7

ლადო ფხიზლობდა. არავინ იცის, კიდევ რას მოიმოქმედებენ ისინი. ახლა ყველაფერია მოსალოდნელი. შეიძლება მკვეთრად შეცვალონ პოზიცია და სულ სხვა რამ განიზრახონ. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მამაკაცი თან ფიქრობდა, თან ბოლთას სცემდა ჰოლში.

ნინო ყურადღებით უსმენდა მისი ნაბიჯების ხმას…

აი, ლადო მის კართან შეჩერდა. ალბათ ნინოს ოთახში დასადგურებულ სიჩუმეს უგდებს ყურს. ქალი დაიძაბა, შემოვა?..

მას ეშინოდა, რადგან არ იცოდა, უყვარდა თუ არ უყვარდა ეს კაცი. ლადო, როგორც მამაკაცი, მაინცდამაინც არ იზიდავდა, თუმცა იგი სულაც არ იყო ცუდი გარეგნობის.

მაგრამ საქმე გარეგნობას არ ეხებოდა. უბრალოდ, ქვრივი გარდაცვლილ მეუღლეს ვერ ივიწყებდა. მისი დაკარგვის შემდეგ ვერ წარმოედგინა, თუ კიდევ შეეძლო ვინმეს შეყვარება. ამის სურვილი გიორგისთან ერთად მოკვდა. ერთადერთი, რაც სურდა და რაც ამშვიდებდა, დეტექტივის მკლავებში გამომწყვდევა იყო, როცა მამაკაცის სითბოს გრძნობდა. ახლაც კი სიამოვნებით დაიძინებდა მის მკერდზე, ოღონდ ყოველგვარი ალერსისა და მოფერების გარეშე. მაგრამ მან იცოდა, რომ ლადოსთვის ეს ცოტა იყო. ამიტომ არა აქვს უფლება, ასე დასცინოს. მისნაირ ადამიანებთან ასეთი დამოკიდებულება დანაშაული იქნება. ისეთებს, როგორიც ლადოა, არ ეთამაშებიან. მისი საქციელი კი სრული ეგოიზმია _ მიიღო ყველაფერი ისე, რომ არაფერი გასცე…

ლადოს ნაბიჯების ხმა უკვე მოშორებით ისმოდა. წავიდა… ძალიანაც კარგი. არ მოუწევს არაფრის ახსნა.

დაძაბულობა კვლავ მოეხსნა. ფიქრებით მანანას გადაწვდა. ნეტავ, სად არის ახლა? ძინავს? როგორ ძინავს? იქნებ ტირის? იქნებ მას ელოდება? ღმერთო, ხომ არ მოკლავენ? ამის გაფიქრებაზე შეაკანკალა. განერვიულებულმა წამოიწია და საწოლზე წამოჯდა. მოულოდნელად იგრძნო, რომ სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდნილიყო.

ლადო! სად არის ლადო? ხომ არ ჩაეძინა? სასწრაფოდ წამოხტა და ოთახიდან ფეხშიშველა გამოვარდა. იქ არავინ დახვდა. სამზარეულოს მიაშურა, მერე კაბინეტს, მერე აბაზანას, მეორე ოთახს, მესამეს, თამარასთანაც შეიხედა… დეტექტივი არსად ჩანდა. ნუთუ წავიდა? არა, ეს შეუძლებელია, ასეთ დროს არ მიატოვებდა. იქნებ ვერ აპატია ძველი წყენა? ან იქნებ გარეთ გავიდა? მაგრამ რისთვის? რატომ არ გააფრთხილა? რამე საეჭვო ხომ არ მოეჩვენა?

ათიოდე წუთის შემდეგ კარის ფრთხილად გაღების ხმა მისწვდა მის სმენას. ლადოა! გაიფიქრა შეშინებულმა და ძალაგამოლეული კედელს მიეყრდნო, რომ არ ჩაკეცილიყო.

_ ყოველი შემთხვევისთვის, ეზო და სადარბაზო დავათვალიერე, _ თქვა ლადომ, რადგან მიხვდა, რა დღეშიც ჩააყენა ქალი.

ნინო უხმოდ ატირდა. მის ცრემლით სავსე თვალებში პატიება იკითხებოდა. ლადომ მაშინვე შენიშნა ეს. მისი მზერა მამაკაცს რაღაცას ძალიან დიდხანს და ძალიან რთულად უხსნიდა. არ შეიმჩნია, მსუბუქად გაუღიმა და თქვა.

_ მომშივდა. გაქვს რამე, რომ მაჭამო?

ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. სამზარეულოში გავიდა და სუფრის გაშლას შეუდგა. ლადო გემრიელად შეექცა ვახშამს. ქალი სევდიანი თვალებით შეჰყურებდა.

_ ნუ დარდობ ასე, ნინო, _ თქვა მამაკაცმა, როცა ჭამას მორჩა, _ მე სერიოზული ხალხი მყავს, ბავშვს არაფერს გაუჭირვებენ. ასე რომ, ტყუილად ნერვიულობ. მე შენთან ვარ. ჩემი დამარცხება ცოტა ძნელია. გაუჭირდებათ, _ და თავისი ძლიერი ხელით ნინოს სიფრიფანა თითები დაფარა.

ნინომ მრავლისმეტყველად შეხედა. მამაკაცმა სწრაფად გასწია ხელი.

_ წადი, ეცადე, დაიძინო. ვახშმისთვის დიდი მადლობა, _ ყრუდ ჩაილაპარაკა დეტექტივმა და წამოდგა.

ნინომ მაგიდა აალაგა და უხალისოდ შევიდა საძინებელში. ლოგინში ჩაწვა, მაგრამ ფიქრებმა დატანჯა. მამაკაცის ხელის სითბოს ჯერ კიდევ გრძნობდა. ამან მოსვენება დაუკარგა. როგორ მოიქცეს, ახლა ლადო რომ შემოვიდეს? კვლავ დაიძაბა…

მაგრამ ლადო არ შემოსულა, თავში აზრადაც არ მოსვლია.

ამ ფიქრებში ჩათვლიმა…

ძილში შეკრთა, თითქოს რაღაცამ დააფრთხო. შეშფოთებულმა თვალები გაახილა… მისი მზერა ლადოს მშვიდ გამოხედვას წააწყდა. დეტექტივი ქალის საწოლზე ჩამომჯდარიყო.

_ ტიროდი ძილში, ვიფიქრე, დავამშვიდებ-მეთქი, _ თავი იმართლა მამაკაცმა.

_ დიდი მადლობა, ლადო… მე… მაპატიე… მაგრამ…

_ გასაგებია.

_ მინდა გითხრა, რომ…

_ გასაგებია, _ უხეშად გაიმეორა დეტექტივმა.

_ არ მინდა ცუდი იფიქ…

_ შენ თავისუფალი ხარ შენს არჩევანში, ნინო. მე ამისთვის არ შემოვსულვარ. უბრალოდ, ტიროდი და ამის გამო აღმოვჩნდი აქ. დაგხედე მხოლოდ, _ თქვა და გავიდა.

სამყარო თითქოს დაცარიელდა. მარტო დარჩა თუ არა, მხოლოდ მაშინ იგრძნო ნინომ, როგორ სჭირდებოდა ეს მამაკაცი, მისი ძლიერი ხელები, მისი სითბო, მზრუნველობა, მისი სიყვარული… მხარდაჭერა, ბოლოს და ბოლოს, ძლიერი ადამიანის მხარდაჭერა. მან საყვარელი მეუღლე დაკარგა, რის გამოც მარტოდმარტო აღმოჩნდა ამ უზარმაზარ სამყაროში. ქმართან ერთად ყველაფერი დაკარგა _ იმედიც, საყრდენიც, მეგობარიც, თანაგრძნობაც და სიყვარულიც. და ახლა უჭირდა ამ ყველაფრის გარეშე. სწორედ ლადოს გვერდით შეიგრძნო ის სითბო, რომელიც გიორგიმ თან გაიყოლა და რომელსაც ასე საჭიროებდა ამწუთას…  არადა, ერთი სიტყვით, ერთი ჟესტით შეეძლო მოეპოვებინა იგი. «თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მე გამოვიყენებ ამ შანსს… მე შენ არ გაგიშვებ, ლადო… გპირდები…» _ გაიფიქრა და ფუმფულა ბალიშს მთელი ძალით ჩაეხუტა.

7 7 7

მეორე დღეს ნინო შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა. ტელეფონის ზარებსაც საკმაოდ თავდაჭერილად პასუხობდა.

_ ჩემზე ნუ დარდობთ, _ გასაოცარი სიამაყით ელაპარაკებოდა ყველას, _ მე ასე ადვილად არ დავნებდები. ბოლომდე ვიბრძოლებ. თუ საჭირო გახდება, ას კერძო დეტექტივს დავიქირავებ და ბავშვს მაინც ვიპოვი! ოღონდ ახლა არა, ახლა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მჭირდება, ასე მირჩევნია.

მანანას გაუჩინარებიდან მესამე დღეს, შუადღე რომ გადავიდა, ნინოს სახლში გრიგალივით შემოიჭრნენ მისი მეგობრები _ გურამი, სტეფანე და ირმა.

_ ეს რა უბედურებაა, ასე როგორ შეიძლება! _ ბობოქრობდა გურამი, _ შენ აქ მარტო ხარ, არადა, სწორედ ახლა გჭირდება ახლობლები, თანადგომა, მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერ ხვდები ამას!

_ ნინიკო, საყვარელო, ნუ იქცევი ასე! _ ტუქსავდა ირმაც, _ არ გვითხრა ახლა, მარტო დამტოვეთ და წადითო, მაინც არ წავალთ. უბრალოდ, აქვე ჩამოვჯდებით, შორიახლოს და შენთან ერთად გავიზიარებთ შენს მწუხარებას.

_ მართალს გეუბნება ირმა, ჩემო კარგო, _ კვერს უკრავდა სტეფანე, _ ასეთ დროს არ უნდა დარჩე მარტო. აბა, რისთვის ვარსებობთ ჩვენ, მეგობრები? როცა შენ გიჭირს, ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია? მორჩა, ხმა არ გაიღო!

_ პოლიცია რას ამბობს? _ დაინტერესდა გურამი.

_ ჰო, მართლა, რაო, რა თქვეს? _ თითქმის ერხმად წამოიძახეს ირმამ და სტეფანემ.

_ ეძებენ, _ ამოიოხრა ნინომ და თვალები დახარა.

ლადო გვერდითა ოთახიდან ისმენდა მეგობრების ტირადას. არჩია, არ გამოჩენილიყო მათ წინაშე. ეშინოდა, არ დაეფრთხო ისინი. ადვილი შესაძლებელი იყო, სწორედ მათ შორის ყოფილიყო თანამზრახველი. არადა, როგორ ანგელოზებივით იქცევიან, კეთილი ანგელოზებივით, ისე, როგორც ჭეშმარიტ მეგობარს შეეფერება. გაჭირვების ჟამს გვერდში დგომა ასე უნდა, აბა რა! ქართველებმა მეგობრობა ნამდვილად იციან, ამაში კი არიან ნიჭიერები, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ რომელია მათ შორის უფრო ნიჭიერი? თანაც, არა მეგობრობაში, არამედ «რეჟისურაში»? ჰმ… ქალაქი სავსეა ასეთი ანგელოზებით. მან ეს იცის, მაგრამ იმ ანგელოზებმა არ იციან, რომ მათ გარდა კიდევ ერთი ანგელოზი არსებობს _ მფარველი ანგელოზი. და ეს ლადოა…

საღამომ მოწყენილობასა და დაძაბულობაში ჩაიარა. კარტის თამაში თავში აზრად არავის მოსვლია, რა დროს ეგ იყო. თუმცა სტუმრებმა არც ის იცოდნენ, სხვა რა უნდა ეკეთებინათ. ბოლოს იძულებული გახდნენ, წასულიყვნენ. პირველი გურამი დაემშვიდობა ქალს, მერე _ ირმა, მხოლოდ სტეფანე აჭიანურებდა მის დატოვებას.

_ ნინო, _ დაიწყო მან, როცა ირმამაც გაიხურა კარი, _ ნინიკო, საყვარელო… შენ ხომ იცი, მე როგორ… _ მამაკაცი საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა, _ ხომ იცი, როგორ გულთან ახლოს მიმაქვს შენი გასაჭირი… ყველაფერი ის, რაც შენს თავს ხდება… აი, კონიაკი წამოვიღე ყოველი შემთხვევისთვის… კარგი კონიაკი… დავლიოთ, ცოტათი მოგეშვება… დავსხდეთ, დავილაპარაკოთ…

ქალმა გაკვირვებით აზიდა წარბები.

_ რაზე უნდა დავილაპარაკოთ, ხომ ვერ მეტყვი, სტეფო?

_ რაზე და… ცხოვრებაზე… სიყვარულზე… შენ ალბათ ხვდები, რომ მე… სხვა დროს ვერაფრით გავბედავდი შენთვის მეთქვა… სანამ გიორგი ცოცხალი იყო, ამის გაფიქრებაც მიჭირდა… შენ მაშინ მარტო არ იყავი… მეც უფლება არ მქონდა… მერე კიდევ… მე ცოლიანი ვარ… ჩემი ცოლი კი… შენც ხომ იცი, ის ავადმყოფია… უძლური…

_ რაზე მალაპარაკები, სტეფანე, არ იტყვი, ბოლოს და ბოლოს? _ ალმაცერად გახედა ქალმა.

_ მაპატიე… ახლა შენ ისეთი დღეები გაქვს, ჩემი აღსარებისთვის არ გცალია… ისედაც თავზარდაცემული ხარ… არადა, დიდი ხანია, მინდოდა მეთქვა, რომ… იცი? მე შენ მიყვარხარ… წლებია უკვე, რაც მიყვარხარ… მხოლოდ ვერ ვბედავდი მეგრძნობინებინა შენთვის… აი, ამის თქმა მინდოდა…

ნინომ კოპები შეკრა.

_ ვიცი, ვიცი, მესმის შენი. ახლა უადგილოა ამის გაცხადება, ასეთ რთულ დღეებში შენ ჩემს მოსასმენად არ გცალია… მაგრამ გული არ მითმენს… ისე ძალიან მინდა რაღაც თბილი გითხრა, რაღაც ნაზი… მინდა იცოდე, რომ მარტო არა ხარ… მიგულე შენ გვერდით, საყვარელო, ჩემო ერთადერთო, ჩემო აუხდენელო ოცნებავ, _ თაფლად დაიღვარა მამაკაცი და ქალს მხრებში ჩაავლო ხელები.

ნინომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და სტეფანეს ხელებიც უმწეოდ დაეშვა ძირს.

ქალი ერთხანს გაოგნებული მისჩერებოდა სტეფანეს. პაუზა გაიწელა.

_ სტეფო, _ გაიღიმა ბოლოს ქალმა, _ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ შენ მოსიყვარულე და სხვებზე მზრუნველი ადამიანი ხარ. ისიც ყველამ იცის, შენი ცოლი რომ ავადმყოფობს. ვიცი, შენ ქალი გჭირდება, მაგრამ ამ როლისთვის მე ნამდვილად ვერ გამოვდგები. ახლა მე რთული პერიოდი მაქვს და არავინ და არაფერი მაინტერესებს ცხოვრებაში, მანანას გარდა. შენთვის ეს გასაგებია?

მამაკაცმა ნაღვლიანად შეხედა ქვრივს. ამწუთას იგი პატარა, ჩვილ ბავშვს ჰგავდა, რომელიც გააწბილეს და შეპირებული სათამაშოს ნაცვლად, დასაძინებლად უკრეს თავი.

_ რა გაეწყობა, ნინი… ბოდიშს გიხდი… ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ზედმეტია… არ უნდა მოვქცეულიყავი ასე… იმედია, არ მიბრაზდები.

_ არა, რა თქმა უნდა, _ რბილად უპასუხა ნინომ.

_ მოდი, იცი, რა ვქნათ? ცოტა დავლიოთ.

_ ახლა ამის განწყობაზე არ ვარ, მაპატიე.

_ მხოლოდ ერთი სადღეგრძელო, მხოლოდ ერთი, სიხარულო… მანანას პოვნის და ბედნიერად დაბრუნების დავლიოთ მხოლოდ, მეტს არ დაგაძალებ.

_ კარგი, რადგან არ იშლი… ოღონდ მხოლოდ ერთი ჭიქა, იცოდე.

_ ხომ შეგპირდი, სიტყვა სიტყვაა, _ რატომღაც ანერვიულდა სტეფანე.

ნინომ შუბლი შეიკრა და ალმაცერად გახედა სამზარეულოსკენ მიმავალ მამაკაცს.

_ შენ არ შეწუხდე, იჯექი, სადაც ზიხარ, მე მოვიტან ყველაფერს, ახლავე დავბრუნდები, _ გზადაგზა თავისთვის ბურტყუნებდა იგი.

რამდენიმე წუთის შემდეგ სტეფანე კონიაკით სავსე ორი მომცრო ბოკალით დაბრუნდა.

ამასობაში ნინომ ბარის სერვანტიდან კასრის ფორმის მქონე კონიაკის ჭიქები გამოალაგა და მაგიდაზე დადო.

_ ოჰ… მაპატიე… ვიფიქრე, იქვე ჩამომესხა, სამზარეულოში… რაც ვიპოვე, იმით მოვიტანე, _ უცნაური ხმა გაუხდა მამაკაცს.

_ არა უშავს, სტეფანე, ამით იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. თუ არ შეწუხდები, ლიმონი მოიტანე, მაცივარში დევს, ზედა თაროზე. საშაქრეც გამოაყოლე, თორემ ლიმონი ძალიან მჟავეა.

სტეფანე პატარა ბიჭივით აცუნდრუკებული ხელახლა გავარდა სამზარეულოში.

მალევე შემობრუნდა, დანაბარები მაგიდაზე დაალაგა და სასტუმრო ოთახის კარი მჭიდროდ მოხურა.

_ იყოს, რატომ კეტავ? _ სხვათა შორის იკითხა ნინომ.

_ ისე, უბრალოდ, თამარას არ გაეღვიძოს… შეწუხდება, _ სტეფანეს სახე გაფითრებოდა, ოფლი ასხამდა შუბლზე.

_ არ გაეღვიძება, დასაძინებელი აბი დალია. ბოლო დღეებში სხვანაირად ვერ იძინებს. ძალიან ნერვიულობს. თავს იდანაშაულებს მანანას გაუჩინარების გამო, როგორ არ მივაქციე ყურადღებაო.

_ საწყალი. ის რა შუაშია. რას იფიქრებდა, მანანიკო შუაღამისას რომ გაიპარებოდა სახლიდან. არადა, იმ ბავშვისაც მესმის, ვერ გაამტყუნებ. ის ხომ თავისუფალ ცხოვრებას იყო მიჩვეული. აქ კი შეზღუდულად გრძნობდა ალბათ თავს.

_ აბა, რას ამბობ, სტეფ! მანჩოს აქ არაფერი აკლდა, ყველაფრის ნებას ვაძლევდი, როგორც შემეძლო, ვანებივრებდი, ყველაფერი მისთვის მინდოდა. რა სიკვდილად მინდა ამხელა ქონება, საფლავში ხომ არ ჩავიტან? _ ცრემლები მოერია ნინოს.

_ ნუ, ნუ, სიხარულო, ნუ ტირი… მე შენთან ვარ. მინდა ეს იცოდე.

_ დიდი მადლობა, საყვარელო. დარწმუნებული ვარ ამაში. ყოველთვის მჯეროდა შენი, ყველა ჩემი მეგობრის. თქვენ ისეთი კარგები ხართ… რა მეშველებოდა უთქვენოდ.

_ მოდი, დავლიოთ. მე ვთქვა თუ შენ გირჩევნია?

_ სულერთია… მოდი, ამ ჭიქით ჩემს პატარას გაუმარჯოს, მალე გვეპოვოს და დაგვებრუნებინოს ამ სახლში, ჯანმრთელი და უვნებელი… რომ იცოდე, როგორ მიყვარს და როგორ განვიცდი უმისობას, _ დაიჩივლა ქვრივმა და რამდენიმე ყლუპი მოსვა, შემდეგ კი ჭიქა მაგიდაზე დადგა.

_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! _ აღშფოთდა სტეფანე, _ განა შეიძლება მანანიკოს სადღეგრძელო ორი ყლუპით დალიო? ბოლომდე უნდა შესვა.

ნინო ცოტა ხანს ორჭოფობდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია, რაც იქნება, იქნებაო და სასმელი სვენებ-სვენებით დალია. პირი დაეთუთქა, სახე დაემანჭა.

_ ლიმონი, ლიმონი მიაყოლე, აჰა, უკვე მოვაყარე შაქარი, _ აჩქარდა სტეფანე და ქალს ლიმონის მოზრდილი ნაჭერი გადააწოდა.

იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქალის ყოველ მოძრაობას. როცა ნინომ ბოლო ლუკმაც გადაყლაპა, კმაყოფილმა გაიღიმა და წასასვლელად გაემზადა.

_ ვხედავ, რომ დაიღალე… მე წავალ, არ შეგაწუხებ.

_ მართალი ხარ… ძალიან გამიჭირდა ამხელა სტრესის გადატანა… ხედავ? კონიაკმა რა ქნა? თვალები თავისით მეხუჭება, _ ჩაილუღლუღა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა.

_ წამოდი, საძინებელში გაგიყვან და მშვიდად დაიძინე.

_ არ მინდა, მე თვითონ… შენ წადი, არ დაგაგვიანდეს სახლში, ცოლი გელოდება…

7 7 7

შემოსასვლელი კარი ხმაურით დაიკეტა. ნინო ბარბაცით გაემართა საძინებლისკენ, ვაივაგლახით მიაღწია საწოლამდე და გაუხდელად ზედ დაესვენა. სახლში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.

დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა. როგორც იქნა, გაისმა ნაბიჯების ხმა _ ჯერ ჰოლიდან დერეფანში, მერე დერეფნიდან სასტუმრო ოთახში, ბოლოს კი სასტუმრო ოთახიდან ნინოს საძინებლამდეც მოაღწია.

სიბნელეში ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა.

ნინო არ შერხეულა.

მამაკაცი მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა… ქალის სუნთქვას მიუგდო ყური…

მოულოდნელად ოთახი კაშკაშა შუქმა გაანათა.

_ არ გაინძრე ადგილიდან! _ გაისმა ლადოს ხმა.

დეტექტივი უჩინმაჩინივით გამოძვრა კედელში ჩაშენებული კარადიდან.

სტეფანე ადგილზე გაქვავდა. მისკენ იარაღმომარჯვებული მამაკაცი მოდიოდა, მისთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი…

_ ჭიქა კი გეჭიროს, როგორც გიჭირავს, ხელი არ შეუშვა, იცოდე! _ მშვიდი ხმით ლაპარაკობდა გამომძიებელი და ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა სტეფანეს, _ აბა? რა გვაქვს ამ ჭიქაში, მეგობარო? საწამლავი? საძილე საშუალებების დიდი დოზა? ნაძლევს ჩამოვდივარ, საძილე საშუალება იქნება. შენ ხომ კარგად გყავს შესწავლილი ნინო. მან ერთხელ უკვე სცადა ამ სახით თავის მოწამვლა. ხომ გახსოვს… თუმცა, რა დაგავიწყებს. როგორ იცით თქვენ, იურისტებმა? პრეცედენტს ჰქონდა ადგილიო, არა? რატომ დუმხარ? რატომ არაფერს ამბობ? შენი ნებაა, ნურაფერს იტყვი, ექსპერტიზა მაინც ყველაფერს დაამტკიცებს.

ამ დროს ნინომ თავი ასწია და ლოგინზე წამოჯდა. სტეფანეს სახე მოეღრიცა. ეს შეუძლებელია! მან მის თვალწინ დალია სასმელი. ნუთუ არ იმოქმედა? არა, ეს წარმოუდგენელია…

_ მაშ ასე… ესე იგი, თქვენ ბრძანდებით ამ ყველაფრის თავი და თავი, არა? კარგი სპექტაკლების დადგმა გცოდნიათ, ჩემმა მზემ, ვაღიარებ… _ ლადომ ზურგს უკან ხელები გაუკავა დამნაშავეს და ხელბორკილი დაადო.

_ რატომ, რატომ გააკეთე ეს, სტეფ, რა დაგიშავე? _ ნინო მამაკაცს წინ დაუდგა.

_ მაპატიე, ნინი, არ მინდოდა…

_ რა არ გინდოდა? მითხარი, რა არ გინდოდა?

_ შენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ მაიძულეს.

_ წყენინება თუ მოკვლა? ვფიქრობ, გაბრაზებას ვერ მოვასწრებდი, თუკი ამ საზიზღრობას დავლევდი. ნაძირალა ხარ! მიიღე ის, რასაც ყოველთვის იმსახურებდი. გგონია, ვერ ვგრძნობდი, როგორი ყალბი იყო შენი ჩემდამი ინტერესი? გგონია, მჯეროდა, რომ მართლა გიყვარდი? არასდროს დამიჯერებია, მახინჯო! მძულხარ, შენი დანახვაც არ მინდა! _ კბილებში გამოცრა ქალმა და ოთახიდან არეული ნაბიჯებით გავიდა.

ამასობაში ლადომ ტელეფონზე დარეკა და პოლიცია გამოიძახა.

7 7 7

ღამის სიბნელეში კარგა ხანს ანათებდა პატრულის მანქანის ლურჯ-წითელი ციმციმა. ნინოს კორპუსთან ცნობისმოყვარე ხალხი შეიყარა. ყველას აინტერესებდა, რა მოხდა. თამარა, ვინ იცის, მერამდენედ უყვებოდა მეზობლებს მომხდარის შესახებ. მხოლოდ ერთ რამეში ვერ გარკვეულიყო _ რატომ დაიჭირეს მისი დიასახლისის საუკეთესო მეგობარი. შეიძლება რამე მოიპარა, არაფერი ვიციო, ხელებს ასავსავებდა ქალი.

სტეფანეს თავი დაახრევინეს და მანქანაში ჩასვეს. მერე კი, გაურკვეველი მიმართულებით გააქროლეს… რა თქმა უნდა, პოლიციის განყოფილებაში.

_ მანანა? ბავშვს როდის მომიყვანენ? _ სახეშეშლილი ნინო ლადოს მივარდა.

_ უკვე მოჰყავთ, ხუთ წუთში აქ იქნებიან, დამშვიდდი, _ მხრებში ხელი ჩაავლო მამაკაცმა და შუბლზე აკოცა.

_ ხომ კარგად არის, ხომ არაფერი მოსვლია?

_ არაფერი, ნინო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სახლს არავინ იცავდა. მასთან ერთი ქალი იყო მხოლოდ და ისე აიყვანეს, გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, მშვიდად ეძინა… ბავშვსაც.

_ მართლა? მართალს მეუბნები? არ მატყუებ? _ ერთიანად კანკალებდა ქალი.

_ ცოტაც მოითმინე და შენი თვალით ნახავ. არ გატყუებ, გეფიცები, _ გულზე მიიხუტა დეტექტივმა.

ხალხი არ იშლებოდა.

_ ნუთუ არ სცივათ ამ ყინვაში, რატომ იწამებენ თავს? _ გაეცინა ლადოს, როცა ირგვლივ შემოკრებილებს გადახედა.

_ სანახაობას ელიან, _ დაიჩურჩულა ნინომ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

ლოდინი გაგრძელდა. დრო იწელებოდა.

_ სად არიან ამდენ ხანს?

_ აი, უკვე მოვიდნენ, _ წამოძახა დეტექტივმა და ქალს ხელი უშვა.

კორპუსთან კიდევ ერთი პატრულის მანქანა გამოჩნდა, ზედ ლადოს ფეხებთან დაამუხრუჭა და ოთხივე კარი ერთდროულად გაიღო. მანქანიდან ჯერ პოლიციელები გადმოლაგდნენ, შემდეგ კი დაბნეული და თვალებგაფართოებული მანანა გადმოვიდა.

_ მანჩო, შვილო! _ იკივლა ნინომ.

ქალის დანახვაზე მანანამ ხელები გაშალა და მისკენ გაიქცა…

სცენა გულისამაჩუყებელი იყო. ცნობისმოყვარე მეზობლები კიდევ უფრო ახმაურდნენ…

7 7 7

 

საღამო ხანი იყო, როცა ნინომ ლადოს დაურეკა და სთხოვა, მასთან შეევლო.

_ რა ხდება, ხომ მშვიდობაა?

_ მადლობა მინდა გადაგიხადო, თანაც… ჩემს მეგობრებს უნდათ შენთან შეხვედრა.

_ რისთვის?

_ აინტერესებთ, როგორ გახვედი სტეფანეზე. ხომ იცი, ცნობისმოყვარეები არიან.

_ ო-ო-ო! მათაც სანახაობა სურთ, არა?

_ ასე გამოდის. სხვა საქმეც მაქვს… ასე რომ, რვისთვის გელოდები, კარგი?

_ აუცილებლად მოვალ, ნინო, აუცილებლად.

ნინოსთან მისულ დეტექტივს ნაცნობი სახეები დახვდა, მხოლოდ სტეფანეს გამოკლებით, რომელიც ახლა საკანში იჯდა და განაჩენს ელოდა. ყველანი მოუთმენლად ელოდნენ ლადოს გამოჩენას.

_ აი ისიც! წუხანდელი საღამოს გმირი გამოჩნდა! _ შესძახა გურამმა, _ ეს რა ოინი ჩაგვიტარე, კაცო, როგორ გაგვაცურე! რას ვიფიქრებდით, გამომძიებელი თუ იყავი… შენ რა გითხარი.

_ რომ მეთქვა, ახლა თქვენი დაქალი ცოცხალი აღარ იქნებოდა, _ შეიშმუშნა ლადო.

დეტექტივს დიდად არ ხიბლავდა ამწუთას თავისი როლი, რადგან იცოდა, მონაყოლს ის ეფექტი არ ექნებოდა, რაც თვალით ნანახს. ერთი ღრმად ამოიხვნეშა, საზოგადოებას თვალი გადაავლო, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და ამბის მოყოლას შეუდგა. რა თქმა უნდა, შორიდან დაიწყო _ როგორ მოვიდა მასთან ნინო, როგორ თხოვა შველა, მერე როგორ დადიოდნენ ორივენი ვაგზალზე და ბოლოს _ როგორ გამოისყიდეს მანანა. შეკრებილები ნელ-ნელა გამხიარულდნენ.

_ ლადო, ერთი გვითხარი, თავიდან რომელ ჩვენგანზე ეჭვობდი? მეც შევდიოდი მათ სიაში? _ გაიცინა ირმამ, _ კი ვგრძნობდი, რაღაც უცნაურად რომ მიყურებდი ბოლო ხანებში, მაგრამ ვიფიქრე, ახალი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა-მეთქი და მიხაროდა, _ მის ხმაში აშკარა განხიბვლა იგრძნობოდა.

_ მე ყველაზე მქონდა ეჭვი, აბსოლუტურად ყველაზე, ქალბატონ თამარაზეც კი, _ თქვა ლადომ.

ამის გაგონებაზე ჭაღარა თამარამ მსუბუქად შეჰყვირა, გულზე ხელი დაიდო და წამოწითლდა. ყველას გულიანად გაეცინა.

_ ამას ნუ უსმენ, ჩემო თამარ, წამოდი, სასმელი და დესერტი შემოვიტანოთ, თორემ ხომ ხედავ, როგორ ხმაურობენ, _ ნინომ ხელი აუქნია მოსამსახურეს და მასთან ერთად სამზარეულოსკენ გასწია.

_ ჩემთვის გასაგები იყო, რომ ბოროტმოქმედს ნინოს ადვილად მოკვლა არ შეეძლო, _ გააგრძელა ლადომ, _ ეს ბევრ კითხვას დასვამდა. მან კარგად იცოდა, რომ მანანას დაკარგვას ქალი, უბრალოდ, ვერ გადაიტანდა. მან ხომ ერთხელ უკვე სცადა თვითმკვლელობა. სტეფანეს კარგად ჰქონდა შესწავლილი ნინოს მყიფე ფსიქიკა. ამის დასამტკიცებლად პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე და რა რეაქციაც მივიღეთ, ყველამ კარგად იცით. ამით დავასკვენი, რომ მანანა აუცილებლად უნდა გამქრალიყო, თან ისე, რომ ყველას ეფიქრა, თითქოს იგი თავისი ნებით გაიქცა. მისი მოტაცების მცდელობა გამორიცხული იყო. დიდხანს ვფიქრობდი, როდის, სად და როგორ მოახერხებდა დამნაშავე მანანას გაუჩინარებას. დღისით? ღამით? მივხვდი, რომ დღისით ეს ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო _ თამარა გვერდიდან არ შორდებოდა პატარას. ერთადერთი ვარიანტი ღამე რჩებოდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა თამარას საქმეში გარევა გამოვრიცხე.

ჭაღარა ქალი ამის გაგონებაზეც გაწითლდა, თვალები ცრემლით აევსო და მადლიერების ნიშნად ხელისგულები შეატყუპა.

_ სწორედ ამ დროს გამახსენდა ის კეთილი ფერია, ბავშვმა რომ ახსენა ჩემთან საუბარში. როგორც დღეს გაირკვა, «ფერია» სტეფანეს მორიგი საყვარელი აღმოჩნდა, რომელიც საქმეში გაიყვანა. შეჰპირდა, რომ ცოლს მალე გაშორდებოდა და მას შეირთავდა, თუკი ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში მოეხმარებოდა. ის ატყუებდა ქალს, თითქოს ცუდად მისდიოდა საქმეები, რომ ავადმყოფი ცოლი საშველს არ აძლევდა… ამის გამო იძულებული ხდებოდა, ნინოს ქონება ჩაეგდო ხელთ, მერე კი მასთან ერთად ამერიკაში წავიდოდა საცხოვრებლად. ქალები კი, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, როგორი გულუბრყვილოები არიან, მით უმეტეს _ შეყვარებული ქალები. იმანაც დაიჯერა და გადაწყვიტა, დახმარებოდა. სხვათა შორის, სტეფანე თქვენც გატყუებდათ, როცა თავს ნინოზე შეყვარებულად გაჩვენებდათ. მას არასდროს ყვარებია ნინო, უბრალოდ, იმ მომენტში სჭირდებოდა ამის დემონსტრირება. სხვათა შორის, «კეთილი ფერია» ამ სახლშიც არის ნამყოფი, სწორედ მაშინ, როცა ნინომ მანანა იშვილა. ერთ-ერთ თქვენს ახლობელს მოჰყვა, მაგრამ არ ვიტყვი, ვის, იმიტომ, რომ ის საქმეში გარეული არ არის, სტეფანეს თხოვნით მოიყვანა უცხო ქალი ნინოსთან. დიახ, დიახ! წვეულებაზე ისიც იყო მობრძანებული, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ყველა დეტალი არ ვიცოდი და ვერ შევძელი გამომეთვალა მისი აქ ყოფნა. აი, ზუსტად მაშინ შეხვდა იგი ბავშვს და ისეთი რამ უთხრა, რითაც მისი ნდობა მოიპოვა. ნინო, შეგიძლია მანანას დაუძახო?

_ ახლავე.

მანანა თავის ოთახში თამაშობდა. თამარამ მაშინვე გამოიყვანა ბავშვი.

_ მანანა, რა გითხრა ფერიამ იმ საღამოს, რას შეგპირდა? _ ჰკითხა დეტექტივმა.

_ კარგი გოგო ხარო, _ პატარამ ამაყად გადახედა იქ მყოფთ.

_ კიდევ? საჩუქრად რას დაგპირდა?

_ მამიკოსაც გაჩუქებ და შენ და დედიკოს ნამდვილი მამიკო გეყოლებათო.

სტუმრები აჩოჩქოლდნენ.

_ და გითხრა, რომ მამიკოს მოსაყვანად ღამით უნდა წასულიყავით, არა?

_ ჰო, მითხრა ნინო დედას ჯერ არაფერი უთხრა, სიურპრიზი მოვუმზადოთო.

_ როგორ გაიღვიძე ღამით, პატარავ? თუ საერთოდ არ გიძინია?

მანანა უცებ თავის ოთახში გაიქცა, სათამაშოებით სავსე ყუთი გამოიტანა, მაგიდაზე დადო და იქიდან ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი ამოაძვრინა.

_ აი, ეს მომცა და მითხრა, როცა მამიკოს მოსაყვანად წავალთ, მაშინ დამიბრუნეო, მაგრამ მე დამავიწყდა წაღება. დე, იქნებ დავურეკოთ იმ დეიდას და დავუბრუნოთ ეს? _ მანანა ნინოს მიუბრუნდა.

ქალმა გულში ჩაიხუტა ბავშვი, მერე ხელში აიყვანა და კვლავ თავის ოთახში გაიყვანა.

_ ბავშვის ფსიქოლოგიაში გარკვევა ადვილია, _ გააგრძელა ლადომ, _ როცა მისი მიჩვევა გინდა, ჯერ ერთ სათამაშოს ჩუქნი, შემდეგში _ მეორეს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბავშვს ქალმა ჯერ «დედა» აჩუქა, მერე კი «მამას» შეჰპირდა… ერთადერთი ისღა მრჩებოდა, მკვლელის პროვოცირება მომეხდინა, რათა მას დაეჩქარებინა თავისი გეგმის განხორციელება. ნინოს მოველაპარაკე და ამიტომაც იყო, მეორე დღეს ყველას რომ გამოგიცხადათ, თავის მოკვლას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებ მანანას გადასარჩენადო. მკვლელი ამას არ მოელოდა. მას თვითმკვლელობის იმედი ჰქონდა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ვუბიძგეთ დამნაშავეს, «დახმარებოდა» სასოწარკვეთილ დედას თავის მოკვლაში. ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, რომელი იყო თქვენ შორის თანამზრახველი. არადა, არც იმ ქალის დაკითხვა შეგვეძლო _ ეს მკვლელს დააფრთხობდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად მოვიდოდა და თავისი საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდებოდა.

_ წარმოგიდგენია, რა ნაძირალა ყოფილა? _ ხელი ხელს შემოჰკრა გურამმა, _ რას ვიფიქრებდი… ახლაც არ მჯერა, რომ სტეფანეს ეს შეეძლო. ნუთუ მართლა ეგონა, რომ ჩემი და ნინოს ბიზნესის ნახევარს მოხვეტდა და აორთქლდებოდა? ვინ მისცემდა ამის უფლებას?

_ რომ არა ლადო, მართლა ასე მოხდებოდა, გური, _ გაიღიმა ნინომ, _ ამ ადამიანს უნდა ვუმადლოდეთ, რომ გაკოტრებას გადაგვარჩინა.

_ არა მარტო გაკოტრებას, სხვათა შორის, _ დაამატა ირმამ, _ შენ სიკვდილს გადაურჩი, ჩემო კარგო.

ლადომ ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა.

_ შენ ახლა ფიქრობ, გურამ, რომ არ დაუშვებდი მსგავს ქმედებას, მაგრამ მაშინ განა თავში აზრად მოგივიდოდა, რა ჰქონდა სტეფანეს განზრახული? ვინმეს გაგიჩნდათ ეჭვი, როცა ნინომ ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა, რა იმალებოდა ამ ყველაფრის უკან? რა თქმა უნდა, არა… იმ შემთხვევაშიც კი, ნინოს რომ უარი ეთქვა ბავშვის შვილად აყვანაზე და სტეფანეს დაეძალებინა მისთვის, მაინც ვერაფერს მიხვდებოდით. ყველამ იცოდით, რომ სტეფანე ნინოზე იყო შეყვარებული, თანაც როგორ ოცნებობდა შვილზე. ერთ-ერთი ვერსიით, თუ აქედან არაფერი გამოვიდოდა, ის თავად წამოიყვანდა მანანას, მერე კი ნინოს დაახვევდა თავბრუს და შეიქმნებოდა ბედნიერი ოჯახი… უბრალოდ, დროში გაიწელებოდა უფრო. წარმომიდგენია, როგორ დაუდგებოდით გვერდით მას, უდიდეს თანაგრძნობას გამოიჩენდით «კეთილი მამიკოს» მიმართ და, ალბათ, კარგ საჩუქარსაც მოუმზადებდით შვილიან სტეფანეს. შესაძლებელია, ჩემო გურამ, მხოლოდ მაშინ გაგჩენოდა ეჭვი, როცა მანანა გაქრებოდა ან დაიღუპებოდა, რის შემდეგაც სტეფანე თავად გადაიფორმებდა ნინოს მთელ შემოსავალს _ თავისი მემკვიდრეობით, ქონებითა და ბიზნესით. აი, მხოლოდ მაშინ შეგეპარებოდა ეჭვი შენს მეგობარ ადვოკატში… თუმცა… არ არის გამორიცხული, იმ დროისთვის საერთოდ იქნებოდი კი ცოცხალი… ბოროტმოქმედებს არ უყვართ მოწმეების დატოვება, ისინი ყველანაირ კვალს შლიან, როცა საქმეს წარმატებით ამთავრებენ. ერთ მშვენიერ დღესაც სადმე კლდეზე გადაიჩეხებოდა შენი ძვირფასი «მერსედესი» და მორჩა… როგორც ეს ნინოს მეუღლის შემთხვევაში მოხდა. არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგის ავარია სტეფანეს მიერ იყოს დაგეგმილი. ამას გამოძიება გაარკვევს, ვნახოთ, წინასწარ დასკვნების გამოტანა ძნელია. არავინ იცის, რა ჰქონდა მას დაგეგმილი შორეულ მომავალში. ამ მიმართულებით ჯერ არ დაგვიკითხავს ეჭვმიტანილი. იქნებ შენი წილიც მას უნდა დარჩენოდა? ამაშია საქმე.

წამოჭარხლებული გურამი წამოხტა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია და კვლავ დაჯდა.

_ შემდეგ რაც მოხდა, ნათელია, _ შეამოკლა ამბავი ლადომ, _ ნინოს ინსტრუქცია მივეცი, დავარიგე, როგორ უნდა მოქცეულიყო და შევამზადე. როცა სტეფანემ სასმელი გამოიტანა, ნინომ სთხოვა, ლიმონი მოაყოლეო. როდესაც სტეფანე ხელმეორედ გავიდა, ნინომ სასმელი გამოცვალა. ის, რაც იქამდე სტეფანემ მის ჭიქაში ჩაასხა, დასაძინებელ საშუალებას შეიცავდა, თანაც დიდი დოზით. მან ისიც გათვალა, რომ ნინო თავისი ფეხით მისულიყო საწოლთან, რადგან თუ ქალს ადგილზე დაეძინებოდა, თავად მოუწევდა მისი მეორე ოთახში გაყვანა, ამას კი შეიძლებოდა ხმაური გამოეწვია და თამარას გაღვიძებოდა.

_ ამიტომაც შემობრუნდა ხელმეორედ? _ იკითხა ირმამ.

_ სწორედაც. მან სპეციალურად გაიჯახუნა კარი, ვითომ წავიდა, შემდეგ კი ფრთხილად კვლავ შემოიპარა სახლში, გამზადებული სასმელი ჭიქით შემოიტანა, რათა დამატებითი დოზა მიეცა ნინოსთვის და საბოლოოდ გაეთიშა იგი. ჩვენ კი ამის საშუალება არ მივეცით. აი, კონკრეტულად ასე იყო ეს ყველაფერი… ახლა კი წავალ, თქვენის ნებართვით.

_ ვერსადაც ვერ წახვალ. შენ დღეს ჩვენი საპატიო სტუმარი ხარ, _ წამოხტა გურამი.

_ მართალია, ვერსად წახვალ. ახლა უნდა ვიქეიფოთ, _ ნინო მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო ლადოს.

_ კარგია, რომ ასე დამთავრდა ყველაფერი, ნინო, _ თავი გადააქნია ირმამ, _ დღეიდან მაინც იცხოვრებთ შენ და მანანა ამ სახლში მშვიდად.

_ ჰო… _ მორცხვად გაიღიმა ნინომ, _ ვიცხოვრებთ, მაგრამ არა ამ სახლში…

_ რას ამბობ, აბა სად, გაყიდვას ხომ არ აპირებ? _ აღშფოთდნენ სტუმრები.

_ არა, გაყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ… ჩვენ, თამარასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ლადოსთან გადავიდეთ საცხოვრებლად, _ წამოწითლდა ნინო.

ამის გაგონებაზე დეტექტივმა გაოცებით ახედა ქალს.

_ იმედია, უარს არ გვეტყვი, შენ ხომ კეთილი ანგელოზი ხარ, _ ნინომ ორივე ხელი ყელზე მოხვია მამაკაცს და თავი მის ყელში ჩამალა…

_ ხედავთ, რაშია საქმე? _ უხერხულად შეიშმუშნა ლადო, _ თურმე ხანდახან დეტექტივებსაც უმართლებთ ახალი წლის წინა დღეებში…

ანგელოზების ქალაქია თბილისი… მათ შორის, კეთილი ანგელოზების…

6 thoughts on “ანგელოზების ქალაქი

  1. მომეწონა ძალიან,სავსე იყო სევდითა და ტკივილით, ვაგზლის ყოველი მათხოვარი, რომელიც ამ ისტორიაში იყო აღწერილი თითქოს ყველა მყავდა ნანახი და და უფრო მძაფრად განვიცდიდი, კარგია როდესაც ამდენი ტკივილის შემდეგ იპოვა ამ ქალმა ბედნიერება. მადლობა ისევ და ისევ ქ-ნო სვეტა…

  2. dzalian momewona sanam bolomde ar chavikitxe verc tvali da ver guli ver movwyvite am nawarmoebs……..titqos yvelaperi realurad xdeboda da mec iq viyvida yovel moments kiar vkitxulobdi aramed yoveli momentis monawiled vgrdznobdi tavs……..gulshi chamwvdomia yvela praza,aris siyvaruli,boroteba,sikete.ironia.gamodzieba da yvela is cxovrebiseuli elementi am nawarmoebshi rac upro mravalperovans.realurs da mosawons xdis mas…….swored maito damatenda am nawarmoebis kitxvashi D…D..D

Оставьте комментарий