ანა

ანა კოხტა ქალია. სევდიანი თითქოს არ ჩანს, მაგრამ ჩვენი ხანგრძლივი საუბრების პერიოდში ხმამაღლა ერთხელაც არ გაუცინია, მხოლოდ იღიმებოდა. როცა ამ ისტორიას მიყვებოდა, ისე ღელავდა, თითქოს ხელახლა განიცდიდა მომხდარს. მაინტერესებდა, ნანობდა თუ არა თავის წარსულს, თუმცა… ეს თქვენ განსაჯეთ.

მისივე თხოვნით სახელი შევუცვალე, რადგან, რასაც წაიკითხავთ, სრული სიმართლეა.

7   7   7

_ ხვალიდან მუშაობას ვიწყებ! _ მტკიცედ გამოვუცხადე ქმარს და მაგიდის ალაგება დავიწყე.

_ სად? _ სხვათა შორის იკითხა ბესომ.

_ გამომცემლობაში.

_ იქ რა უნდა აკეთო?

_ ტექსტები უნდა ავკრიფო კომპიუტერზე.

_ მერე, შენ რა იცი კომპიუტერი?

_ რაც მთავარია, ბეჭდვა ვიცი. დანარჩენი ადვილი ყოფილა.

_ იმისთვის დაამთავრე ინსტიტუტი, რომ მბეჭდავად იმუშაო? მეტი საქმე ვერაფერი ნახე? _ სეტყვასავით დამაყარა.

_ მაშინ შენ მომიძებნე უკეთესი სამსახური! _ დავახვედრე სეტყვას ქვა.

_ ენა დაიმოკლე და წესიერად ილაპარაკე! _ ხმას აუწია ბესომ.

გავჩუმდი. ჭურჭელი ნიჟარაში ჩავყარე გასარეცხად და ონკანიდან წყალი მოვუშვი.

_ მერე, ბავშვს რას უშვრები? _ უკმაყოფილება გაისმა მის ხმაში.

_ ბაღში მივიყვან.

_ შენ გაგიჟდი, გოგო? რა დროს ამის ბაღია, ძლივს ლაპარაკობს!

_ რატომ ვითომ! ორი წლის ბავშვები ბაღში არ დადიან? _ არ დავიხიე.

_ დაეგდე შინ და ოჯახს მიხედე! _ საჩვენებელი თითი რატომღაც იატაკისკენ გაიშვირა ბესომ.

_ ჰოდა, ამოგვხდეს სული შიმშილით, არა? თუ იმას ველოდო, როდის გვიბოძებს მამაშენი წყალობას! შენი შვილი მაინც არ გეცოდება? _ გვანცას გადავხედე. ბავშვს დადორბლილი ტუჩები სარკესავით უბრწყინავდა, დიდი მონდომებით ჩაჰკირკიტებდა საწოლზე დაყრილ ლოტოს კოჭებს და სულაც არ ადარდებდა ჩვენი ხმამაღალი კამათი.

_ ვინ გიშოვა ეს ძვირფასი სამსახური? _ ირონიულად ჩაიცინა ბესომ.

_ ვინ და ინგამ.

_ ვინ ინგამ.

_ შენმა დაქალმა, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე. _ თვითონაც იქ მუშაობს.

ინგა ბესოს კლასელია. ბავშვობიდან მეგობრობენ. მეც დამიახლოვდა. ერთი კვირის წინ იყო მოსული და შემპირდა, იქნებ ჩემთან რაღაც გაგიხერხოო. წუხელ კი დამირეკა, ორშაბათს გავიდეთო. სხვა რა გზა მაქვს. მეტი აღარ შემიძლია. ათი წელია, გათხოვილი ვარ და ვერა და ვერ დავაღწიე თავი გაჭირვებას. ჩემს ქმარს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ზის მამამისის კისერზე. ის კიდევ 100 ლარზე მეტს არ აძლევს თვეში, ხელი გაანძრიეო. აბა რა ქნას, ბესოს გარდა, კიდევ ორი ჰყავს სარჩენი. ჩემი დედამთილი კი, როგორც დედების უმრავლესობა, ქალიშვილებსაა გადაყოლილი. სულ არ ედარდება ბესო და მისი ცოლ-შვილი. ხელი ერჩით და ფეხი, მიხედონ თავიანთ თავსო… ისიც ეყოფათ, ცალკე რომ გავუშვით საცხოვრებლადო. რას ერჩი, მართლები არიან…

7 7 7

ღამე თითქმის არ მიძინია. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა.

დილით ადრე ავდექი, თავი დავიბანე, თმა ფენით გავიშრე და ჩაცმას შევუდექი. მერე სარკის წინ მოვკალათდი, თვალები დავიხატე, ბოლო შტრიხი პომადის წასმით დავაგვირგვინე და კიდევ ერთხელ დავტრიალდი სარკის წინ. შევათვალიერე ჩემი ორეული. «მგონი, კარგ ფორმაში ვარ», _ კმაყოფილებით გავივლე გულში.

არა უშავს, მშვენიერი აღნაგობა მაქვს, კოხტა ტან-ფეხი, წვრილი წელი, ლამაზი მხრები… მუქი მწვანე თვალები განსხვავებულ იერს აძლევს ჩემს ხორბლიფერ კანს. ერთი სიტყვით, კარგი «ქალოჩკა» ვარ. ხუმრობა ხომ არ არის, ამ დროში, 35 წლის ქალი ასე გამოიყურებოდეს, თანაც გათხოვილი! თავი გადავაქნიე, გრძელი, შავი თმა მხრებს უკან გადავიყარე და ქმარ-შვილს გადავხედე. ორივეს გემრიელად ეძინა. ბესო შევაღვიძე, გავდივარ-მეთქი, დავუბარე, დავავლე ჩანთას ხელი და ოთახიდან გავვარდი.

7 7 7

_ კი ბატონო, მე რა მაქვს საწინააღმდეგო, _ ღიმილით დააქნია თავი თინიკომ, _ ოღონდ რატიმ უნდა ნახოს. მე ვერ გადავწყვეტ. აი, ხვალ მოვა და დაველაპარაკოთ. დღეს, ხომ იცი, არ იქნება.

თინიკო დირექტორის მოადგილეა. თეთრი, სანდომიანი ახალგაზრდა ქალია, ალბათ, ჩემი ხნის იქნება. როგორ არ მიყვარს ქალი უფროსად, ვერ ვიტან, როცა ქალები იძლევიან განკარგულებებს, მაგრამ ეს რატომღაც თვალში მომივიდა. კაი ვიღაცა ჩანს.

_ იცი, რა კარგი გოგოა? _ უხსნის ინგა.

_ ეჭვიც არ მეპარება. შენი მოყვანილი არ შეიძლება ცუდი იყოს, _ თინიკომ ღიმილით გადმომხედა.

_ მოდი, გიას ვთხოვ და ხვალამდე რაღაც-რაღაცებს აგიხსნის კომპიუტერზე. რატი ხვალ მოვა და… მაინც მან უნდა შეგამოწმოს. თვითონ უნდა დაგაკვალიანოს. დაგიჯდება და ყველაფერს თვითონ აგიხსნის. ეგეთი «პრივიჩკა» აქვს. ნუ, მოკლედ, პრობლემა არ იქნება.

გია ცოტა ოფიციალურად შემხვდა. ოპერატორების ნამუშევარმა მის ხელში უნდა გაიაროს და ამიტომ მათ ცოტ-ცოტას ეუფროსება, «მომთხოვნელობას» ამკვიდრებს… ცოტა დავიძაბე…

შუადღემ მოატანა. ზურგი მეტკინა კომპიუტერთან ჯდომისგან.

_ გათხოვილია? _ მომესმა თინიკოს ხმა.

_ კი კაცო, კაი ათი წელი იქნება.

_ ეგ კარგია, თორემ ხომ იცი გაუთხოვარი გოგოების ამბავი…

_ ეგ გამორიცხულია. არ იცი, რა კარგი გოგოა.

ვიგრძენი, როგორ ამეწვა ლოყა! ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ოპერატორად კი არა, დირექტორის მდივნად ვიწყებდი მუშაობას…

ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ვიღაც მამაკაცი დიდი ხმაურით შემოიჭრა:

_ კამპანიას გაუმარჯოს! _ ჰიტლერივით გაიშვირა ხელი წინ.

«რა კაი ტიპია?» _ შევათვალიერე უცნობი. მაღალი, ქერა, ცისფერთვალება მამაკაცი რაღაცით პოლ ნიუმანს ჩამოჰგავდა. «ცოლიანია», _ დავასკვენი, როგორც კი მის არათითზე საქორწინო ბეჭედი შევამჩნიე.

_ ვა-ა-ა! ვინც მოსულა, გაუმარჯო-ო-ს! როგორა ხარ, გუგა? _ ინგა უცნობს გადაეხვია. თინიკოც.

_ ეს რა ჩიტი შემოფრენილა ჩვენთან? _ გუგამ ახლა ჩემკენ გამოიხედა.

_ ეს «ჩიტი» ხვალიდან ჩვენი ახალი თანამშრომელი იქნება. ჩემი მეგობარია, ანა. გაიცანი.

_ ია პალშჩიონ, _ გუგამ მუჭში მოიმწყვდია ჩემი თითები და მოწიწებით მეამბორა ხელზე. კიდევ უფრო დავიძაბე. სამი წელია, შინ ვზივარ, გადავეჩვიე ხალხთან ურთიერთობას. საერთოდაც მიჭირს ახალ გარემოსთან, უცხო ადამიანებთან შეგუება. «რა ლამაზი თითები აქვს», _ გავაგრძელე გულში მამაკაცით აღფრთოვანება.

_ რა ამბავია ამ ოთახში ამდენი ლამაზი ქალი! ჩემი გული ვერ გაუძლებს ამას. რა მშვენიერი ანაა. რომ შემიყვარდეს, რას მიპირებთ მერე? _ სასიამოვნო ბარიტონით ხმაურობს «ნიუმანი».

_ ბიჭო, შენ რავა ყველა გიყვარდება, ვინც ამ შენობაში ფეხს შემოადგამს! _ სიცილით შეუტია თინიკომ. _ ამას არ უსმინო, ანა. მასე იძახის, თორემ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველანი ჩემი დები ხართო, დაიწყებს თავის მართლებას.

_ აბა რა! ეგრეც არის. თქვენში მე ქალს ვერ ვხედავ. ნუ, იმნაირ პონტში, რა თქმა უნდა. თქვენ ჩემი ძმაქალები ხართ. აი, ანაზე კი რა გითხრათ…

გავიღიმე. «მაგარი ვინმეა», _ გავიფიქრე კვლავ. მიყვარს ასეთი ჭკუამხიარული ტიპები. რა ვქნა…

გუგამ არ მოისვენა. გინდა თუ არა, რესტორანში უნდა წაგიყვანოთო. ინგას და თინიკოს ხვეწნა არც დასჭირვებიათ. როგორც ჩანს, მიჩვეულნი იყვნენ, მე კი ცოტა შევყოყმანდი. პირველი დღეა და სახლში რომ დავიგვიანო, ბესო გაგიჟდება. ჯერ არ დარჩენილა ბავშვთან ერთად მარტო. თანაც რა ვუთხრა, რესტორანში ვიყავი-მეთქი? ხომ მომკლავს. საშინელი აზიატია. ცოლი რესტორნებში არ უნდა დადიოდესო, _ ასეთია მისი კრედო. ინგამაც იცის ბესოს ხასიათი, ამიტომ თვითონვე შემომთავაზა:

_ წამო, წამო და ვაბშე არ ვუთხრათ შენს ქმარს, სად ვიყავით. ვითომ სამუშაოზე შემოვრჩით. სწავლობდი. კარგი?

თანახმა ვარ, რა თქმა უნდა. საუკუნეა, რესტორანში არ ვყოფილვარ. თანაც ასეთ ხალხთან. მით უმეტეს, დღევანდელი ქეიფი ხომ ჩემი გულისთვის ხდება.

_ შამო კოლექტივში! _ გუგამ მკლავი მომხვია სახეშეფაკლულს და ოდნავ მომიჭირა ხელი მხარზე.

7 7 7

დროსტარება შედგა. ქეიფი შესანიშნავი გამოვიდა. ბევრი ვიმხიარულე. გუგა დიდი იუმორით აღმოჩნდა «შეიარაღებული». იმდენი ვიცინე, ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. ტუჩის კუნთებიც კი მეტკინა. იმასაც კარგად ვგრძნობდი, რომ მამაკაცი ჩემზე ცდილობდა ეფექტის მოხდენას. კარგადაც გამოსდიოდა…

ათი ხდებოდა, როცა დავიშალეთ. გუგამ თინიკო გააცილა. ასე იყო საჭირო. მე და ინგა ერთად წამოვედით.

ბესო დაბოღმილი დამხვდა, მაგრამ ინგას დანახვაზე არაფერი უთქვამს… ღამემაც უკონფლიქტოდ ჩაიარა.

7 7 7

დილით ათის ნახევარზე გავედი შინიდან.

_ ამეღამაც ორ საათზე მოხვალ? _ დამგესლა ბესომ.

_ არ ვიცი. საქმე როგორც მოითხოვს, _ «საქმიანი» დავიჭირე. თუმცა, ჯერ ისიც არ ვიცი, ის რატი მიმიღებს, თუ არა.

ცოტა მეშინია კიდეც. ეს დაძაბულობა ხომ არა და არ მშორდება. რატომღაც გუგა გამახსენდა. «ნეტავ, დღეს თუ მოვა?» თავი გადავაქნიე. რა დროს ეგ არის, ჩემი ფინანსური ბედ-იღბალი წყდება. ისე, გუგა პოეტი ყოფილა, იმიტომაც მოდის ხოლმე გამომცემლობაში. თანამშრომლობს. მომღერალი პოეტი: გადასარევად მღერის და უკრავს თურმე გიტარაზე…

სულმოთქმელად ავირბინე მეოთხე სართულზე, გრძელი დერეფანი გავიარე და კართან შევჩერდი. დაძაბულობამ იმატა. ახლა გადაწყდება ჩემი ბედი. ჩუმად ჩავახველე, თმა გავისწორე და კარი ნელა შევაღე. ოთახში შესულს პირველი, ვინც თვალში მომხვდა, ფანჯარასთან მდგომი წვერიანი მამაკაცი იყო, რომელმაც დიდრონი, თაფლისფერი თვალები დაკვირვებით მომართა ჩემკენ. «ქამელეონია», _ მაშინვე გამიელვა გონებაში, როცა წვერიანის თვალებს შევხედე, «რა ფერსაც ჩაიცვამს, თვალებიც იმ ფერის გაუხდება. ეს ხომ არ არის რატი?»

_ აი, ისიც! _ შესძახა ინგამ და ჩემკენ გამოემართა. მამაკაცმა ღიმილით დააქნია თავი და ხელი გამომიწოდა.

_ რატი, _ ხავერდივით ხმა ჰქონდა, მშვიდი, დინჯი.

«მოეშვი, ნუ გეშინია», _ თითქოს თვალებით გამომელაპარაკა. ვიგრძენი, როგორ უცებ გაქრა დაძაბულობა, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამომხსნეს მხრებიდან. «გმადლობთ», _ თვალებითვე გადავუხადე მადლობა და მარჯვენა შევაგებე. თეთრი, სანთელივით ჩამოქნილი, სწორი თითები ჰქონდა, რბილი და თბილი. აშკარად ვიგრძენი მამაკაცის ხელი, რაღაც ტალღა წამოვიდა მისგან. დაჟინებით ჩამცქეროდა თვალებში, თითქოს უფრო ღრმად სურდა შეღწევა, იქ, სადღაც, სიღრმეში, თითქოს რაღაცის გამოცნობა უნდოდა. «ეს კაცი არ შემიყვარდეს», _ სული შემიშფოთდა. «რა სისულელეა, რა დროს ჩემი სიყვარულია», _ იქვე დავიმშვიდე თავი და ხელი გავითავისუფლე. იმდენად თბილი თითები ჰქონდა, რომ ხელის შეშვების შემდეგ სიცივე ვიგრძენი.

_ გიმუშავიათ ოდესმე კომპიუტერზე? _ შემეკითხა რატი.

_ არა.

_ ბეჭდვა იცით?

_ კი, როგორ არა.

_ რომელ განლაგებაზე ბეჭდავთ?

_ რუსულზე.

_ კარგია. მაშინ არ გაგიჭირდებათ.

შვებით ამოვისუნთქე. ესე იგი, მიმიღეს. რას გადამიხდიან, სულ არ მაღელვებს. რაღაცას ხომ მომცემენ. ჯანდაბას, სულ არარაობას ორი კაპიკი მაინც ჯობია…

კომპიუტერს მივუსხედით. ვგრძნობდი, რაღაც უცნაური მემართებოდა. უჩვეულოდ სასიამოვნო რაღაცის ტალღა ნელ-ნელა მეღვრებოდა სხეულში. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როგორც კი რატი გვერდით დამიჯდა და ცალი ხელით ჩემი სკამის ზურგს შეეხო, უცხო სურნელება ვიგრძენი… ეს არ იყო სიგარეტის, არც სასმლის, არც ძვირად ღირებული ოდეკოლონის  _ ეს იყო რაღაც ახალი, აქამდე უცნობი, ჩემთვის ჯერ უცნობი, მამაკაცის სურნელი. აი, თოთო ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე, თითქოს ისეთი. არა, უფრო ალბათ… ნესვის… თუ ბანანის? რაღაც ამდაგვარი.

გაბრუებული ვიყავი. ბეჭდვისას ხელები მიკანკალებდა. რატი მიხსნიდა, ჩემამდე კი არაფერი დადიოდა. უცებ ვიგრძენი, მამაკაცი თითით როგორ შეეხო ჩემს ზურგს:

_ მისმენთ? _ ქვემოდან ამომხედა.

_ როგორ არა, დიახ, გისმენთ, _ უცებ გამოვფხიზლდი და ვცადე, გონება მომეკრიბა.

_ მოდით, ერთ რამეში თავიდანვე შევთანხმდეთ. ჯერ ერთი, ვისაუბროთ შენობით. სხვანაირად არ გამოვა. მეორეც: მე წვრილად აგიხსნი ყველაფერს, ორჯერ, სამჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. რასაც ვერ გაიგებ, მითხარი, არ მოგერიდოს. არ მეზარება, თავიდან აგიხსნი. გამიგე?

_ გაგიგე, _ დაბნეული ღიმილით გადავდგი შეთანხმების პირველი ნაბიჯი და გავწითლდი.

არ მახსოვს, რამდენ ხანს ვმეცადინეობდით. ორჯერ გამეორება არ დამჭირვებია. უცებ ვითვისებდი ყველაფერს. ნიჭი, იცოცხლე, ფენომენალური მაქვს. სულ იმას ვამბობ, ტვინი დამიბლაგვდა უმოქმედობით-მეთქი. ვინმემ რომ ჩემი ტვინის ოთხი პროცენტი აამუშავოს და საქმეში «დააბანდოს», ისიც აშენდება და მეც.

ასეც იყო. სანამ გავთხოვდებოდი, ყოველთვის ყველაფერში პირველი ვიყავი. სკოლაშიც, ინსტიტუტშიც, ანსამბლშიც, მეგობრებშიც… ქალებშიც.

7

_ ამხანაგებო, შესვენებას არ აპირებთ? ასე გალურჯდებით, _ ვერც შევამჩნიე, როგორ წამოგვადგა ინგა თავზე, _ ჭამის დროა, არ მოგშივდათ? წამო ანა, კაფეში ჩავიდეთ.

ჩავედით. პირველ სართულზე. აქაურობა მუშათა სასადილოს ჰგავს. მიხარია, ინგა რომ დავიმარტოხელე. რაღაცები მაინტერესებს.

_ კარგი ადამიანი ჩანს რატი, _ დავიწყე შეფარვით.

_ ვაი, რა კარგი ბიჭია, იცი? ისეთი დიდსულოვანი, ისეთი ჭკვიანი… უგზო-უკვლოდ განათლებული. გადასარევი ვინმეა. აი, ახლოს გაიცნობ და შენ თვითონ ნახავ. როგორ მიყვარს ეგ საძაგელი. ქალებს აგიჟებს.

_ ცოლი ჰყავს?

_ არა, მაგრამ, ალბათ, მალე მოიყვანს. შეყვარებულია, _ დაამატა.

უსიამოვნოდ მომხვდა გულზე. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა რომელიღაც სიმი გულში.

_ ჩვენთან მუშაობს?

_ ვინ, ნინო? არა. მესამე სართულზე. იქ ერთი ტურისტული სააგენტოა და… რა ლამაზი გოგოა, იცი? თვალს ვერ მოაშორებ, ისეთი სახის კანი და თვალები აქვს. ცისფერი, ცისფერი. შვლის ნუკრივითაა. ჭკუა ეკეტებათ ერთმანეთზე. შემოდის ხოლმე ჩვენთან, გაჩვენებ ერთხელაც.

_ უჰ, აქ ისეთი ამბები ხდება, გაოცდები, _ გააგრძელა ინგამ მოყოლა, _ ჭამენ ერთმანეთს. ნამდვილი ინტრიგების ბუდეა. რატიზე დიდი «მოთხოვნილებაა». არადა, რომ შეხედავ, თითქოს არაფერი ბიჭი არაა, ხომ? მაგრამ ისეთი სხვანაირი ბუნებისაა, რაღაც ძაან მამაკაცური, უსიტყვო, სასწაულად მშვიდი, რომ მაშინვე გიზიდავს ადამიანს. მაგრამ ძალიან თავდაჭერილია, ადვილად ვერ მიიქცევ მის ყურადღებას. იშვიათად, ვინმე მოეწონოს. ახლა _ მით უმეტეს. ნინომ შეძლო მისი მორჯულება. კაი ხანია, სხვისკენ არ გაუხედავს. მოკვდა ის ერთჯერადი რომანები. ან რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ასეთ ურთიერთობებს? არანაირი.

საბოლოოდ გამიფუჭდა ხასიათი. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელიაო, იტყვიან. კარგია, რომ შეყვარებული ჰყოლია, თორემ… ვინ იცის, რა ჭკუაზე დავდგებოდი. რატის ისეთი თვალები აქვს, თვითონაც კარგად გავებმებოდი მახეში.

კიდევ კარგი.

ახლა აღარ მემუქრება ღალატის საშიშროება. ღალატი… მოულოდნელად ამოტივტივდა ეს სიტყვა. ამაზე არასოდეს მიფიქრია. თუმცა, სადაც კი მიმუშავია, მუდამ ვუფრთხოდი, ვინმე არ შემყვარებოდა…

მით უმეტეს, ისეთი ეშხიანი ვარ, თაყვანისმცემლები არსად და არასდროს მელევა. მერე რა, რომ გათხოვილი ვარ. მუდამ ბუზებივით ირეოდნენ. ყველგან. ეფექტს ხომ თავიდანვე ვახდენდი ჩემი შარმით, მაგრამ მერე და მერე, ხასიათსაც რომ გამოვამჟღავნებდი, უფრო ინტერესში ვაგდებდი მამაკაცს. შინაგან მომხიბვლელობასთან ერთად ვაჟკაცური ბუნებაც მიწყობს ხელს. ზედმეტად მამაკაცური ხასიათი მაქვს. ამიტომ ადვილად ვპოულობ საერთო ენას მათთან. ქალებთან უფრო მიჭირს ურთიერთობა. აი, კაცების «მოჯადოება» კი არასდროს გამჭირვებია. თუმცა, რაც გავთხოვდი, არც სურვილი გამჩენია ამისი და არც საჭიროება. ახლა კი…

7

«მგონი, სურვილი სულ თავისით მოდის», _ შიშით გავიფიქრე. არა, არა, ამ საქმიდან, ძალიანაც რომ მოვინდომო, არაფერი გამოვა. ის ბიჭი უკვე შეყვარებულია. ჰოდა, ძალიანაც კარგი!..

გული მაინც დამწყდა, რაღაც უჩვეულოს მოლოდინი რომ გამიცრუვდა.

7 7 7

შუადღე გადავიდა. კიდევ დიდხანს ვიმეცადინეთ. მსიამოვნებდა რატის გვერდით ჯდომა, მარჯვენა მხარი მეწვოდა, ვგრძნობდი მამაკაცის სიახლოვეს. შიგადაშიგ ხარბად შევისუნთქავდი ხოლმე ჰაერს, თითქოს რაღაცის დანაკლისს ვინაზღაურებდი.

ხუთი გახდა. უცებ კარი გაიღო და მაღალი, ტანადი გოგო გამოჩნდა. ქერა. თითქმის რატის სიმაღლის იქნებოდა. ლამაზი, ლამაზი. «ის არის», _ მაშინვე მივხვდი.

_ არ გამოდიხარ? _ პირდაპირ რატის მიადგა და მტრული მზერა მესროლა. არც მომსალმებია.

_ ათ წუთში გამოვალ, დამელოდე, _ შეყვარებული თვალები მიანათა რატიმ, _ ზუსტად ათ წუთში.

_ არ მალოდინო, _ ნინომ კიდევ ერთხელ შემომხედა და მეორე ოთახში გაუჩინარდა. გოგოებთან.

მართლა ლამაზი ყოფილა. ისე ნაზად ხრიდა საუბრისას წამწამებს, როგორც ნახატი ფილმების პერსონაჟები.

ეჰ, ამისთანა ქალის გვერდით მე რა მოსატანი ვარ.

შემშურდა.

7 7 7

გარეთ წვიმდა. პალტოს საყელო ავიწიე და ფეხს ავუჩქარე. გადავწყვიტე, ტროლეიბუსით წავსულიყავი. მინდოდა, რაც შეიძლება მეტხანს დავრჩენილიყავი მარტო. საკუთარ თავთან. ვატყობდი, მემატებოდა საფიქრალი… ფანჯარასთან მოვკალათდი. ამოვიოხრე. «ოღონდ ეს კაცი არ შემაყვარო, ღმერთო… ოღონდ არავინ შემაყვარო…» _ შევთხოვე ღმერთს. თუმცა, შეყვარებამდე ჯერ შორს არის. მე ხომ ასე ადვილად არაფერს ვწყვეტ, მაგრამ რაღაც სხვანაირი წინათგრძნობა მაწუხებს. თითქოს რაღაც უცხო პერიოდი უნდა დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში…

ჯერ არარსებული,

ჯერ განუცდელი,

ძალიან აკრძალული და უჩვეულოდ სასიამოვნო.

ერთ კვირაში ყველაფერი მოვაგვარე. გვანცა ბაღში მივიყვანე. სულ არ გაჭირვებია. ისედაც ყველასთან ადვილად რჩება. ძალიან თბილი ბავშვია, უპრობლემო. «დადებ» მუთაქასავით, დაუყრი სათამაშოებს და მეტი არაფერი აინტერესებს ქვეყანაზე. მხოლოდ დროზე აჭამე. ერთი ესაა, რომ ჯგუფში ყველაზე პატარაა.

შინ ცოტა დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა. ბესო ვერა და ვერ შეეგუა ჩემს შინიდან გასვლას. გაღიზიანებულია. არა უშავს, შეეჩვევა. ვგრძნობ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვშორდებით ერთმანეთს. რაღაც მოვალეობის გრძნობამდე დავიდა ჩვენი ურთიერთობა. ზოგადად, არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ მთლად უთქმელობაც არ იქნება. ამიტომ მარისთან, ჩემს დაქალთან ვიოხებ ხოლმე გულს.

_ აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, _ ყოველთვის ასე იწყება ჩემი ბოღმის «დაცლა».

_ შენი ბრალია, გენაცვალე, უპრეტენზიო რომ ხარ და ამდენს რომ ითმენ. კაცი ცოტა უნდა შეაჯანჯღარო. ჩემი ქმარიც ეგრე იყო, მაგრამ რომ არ მოვეშვი, ხომ ხედავ, იკადრა _ მიდგა-მოდგა და აგერ, «ომეგაში» ამოყო თავი. ჩვენც დიდი ხანი კი არ არის, რაც ამოვისუნთქეთ.

_ ეჰ, ჩემო მარი, რა ბედნიერი ხარ, პრობლემა რომ არ გაქვს, _ შევჩივი მეგობარს.

_ მაიცა რა, შენი ჭირიმე, პრობლემის მეტი რა მაქვს. აგერ, შემიკლა თამთამ ხელში.

_ თამთას რაღას ერჩი? _ გამეცინა.

_ რა ცუდი ასაკი აქვს, გოგო. ვეღარ ვთოკავ. ძალიან თავნება გახდა.

_ გარდატეხის ასაკში არ იცი, რომ ყველა ბავშვი ასეა?

_ შემჭამა, არ შემიძლია. არაფერს მიჯერებს. აი, გუშინ, მაგალითად, რესტორანში მიდიოდნენ კლასელები. სარვამარტოდ დაპატიჟეს ბიჭებმა. ამოიცვა ჯინსები და მიდი-ი-ი-ს! გადავირიე. არადა, გადასარევი კაბა მოუტანა ჩემმა მულმა. ცხვირი აიბზუა, მე ამას არ ჩავიცვამ, თქვენნაირი «სტარამოდნი» კი არ ვარო. გაიგე? აქეთ მასწავლის ჭკუას! შეიძლება თხუთმეტი წლის გოგო რესტორანში ჯინსებით წავიდეს? ამიხსენი, ერთი. რომ ჰკითხო, იპრანჭება!

_ კარგი რა, მარი. შენ არ ყოფილხარ მაგის ხნის? აბა, გაიხსენე, რამდენ რამეს გვიშლიდნენ. საერთოდ რის უფლებას გვაძლევდნენ, რო? შენ დადიოდი რესტორანში? არ დადიოდი! ჯინსებს გაცმევდნენ? არ გაცმევდნენ. როგორი «ბოი» გვქონდა ხოლმე ჩვენებთან, დაგავიწყდა? მე, მაგალითად, ბანტისა და ფორმის გარეშე სკოლაში არ მიშვებდა დედაჩემი. მიუშვი მაგ ბავშვი თავის ნებაზე. ახლა სულ სხვა ცხოვრება მოვიდა, ხომ ხედავ.

ამ დროს თამთა შემოვიდა. ყურსასმენებით შეიარაღებულა, ფლეერი ქამარზე ჩამოუკიდია და ცეკვა-ცეკვით მოქანაობს. კაი ტოლივით ამიწია ხელი, გაიტანა ტელეფონი და თავის ოთახში გაუჩინარდა.

_ ა! შეხედე! შეხედე ერთი, რა დღეშია! ნორმალურია ახლა მაგი? _ ცოფებს ყრის მარი, _ მთელი დღე ეს «ნაუშნიკები» აქვს გარჭობილი და იპარჭყება უშნოდ. წიგნი ვერ წავაკითხე. ამხელა ძროხას «ჯეინ ეარი» არა აქვს წაკთიხული. რა უნდა ველაპარაკო. თინეიჯერი ვარო, გაიძახის. გავათინეიჯერებ მე მაგას!

რა სასაცილოები არიან. არაფრისგან ქმნიან პრობლემას.

_ ამის გადამკიდე, ვერც დაგელაპარაკე წესიერად. ერთი მომიყევი, რა სამსახური იშოვე, _ როგორც იქნა, მოიცალა ჩემთვის.

_ სლუჟბა კაკ სლუჟბა, არის, რა. არ ვემდური.

მოვუყევი ყველაფერი. გუგაც ვახსენე, რატიც. გადავეცი ჩემი განცდები. მარი ერთადერთი მეგობარია, ვისთანაც არასდროს არაფერი დამიმალავს. მასთან ყველაფრის თქმა შეიძლება. ვენდობი.

_ სიმპათიურია? _ დაინტერესდა.

_ რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. წვერიანი მამაკაცები, ხომ იცი, საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ მაგას ისე უხდება… პირდაპირ არ ვიცი, რა იქნება.

_ ნეტა ერთი შენ! დაიკიდე! სხვა რა შეგრჩება, ერთი მითხარი. ნეტავ მეც ვმუშაობდე. ერთი გამიყვანა შინიდან და არაფერი მინდა. ისე, რა საინტერესოა, როგორ უნდა მოკვდე ქალი ამქვეყნად, ქმრის გარდა სხვა მამაკაცი არ ნახო. ა! რას იტყვი? _ მაცდურად იღიმება.

_ აბა, რა გითხრა, _ ავიჩეჩე მხრები.

_ ვითომ ყველა ქალი ჩვენნაირად ფიქრობს, თუ მარტო მე და შენ ვართ ასეთი გადარეულები? _ თავი უკან გადააქნია და აკისკისდა.

მარის ძალიან ლამაზი ნაცრისფერი თვალები აქვს, ქერად შეღებილი თმა. ადრე ერთად ვმუშაობდით კვლევით ინსტიტუტში. ისე, კურსელები ვართ. ტყუპებივით სულ ერთად დავდიოდით. «კოფე ს მალაკომ» _ ასე გვეძახდნენ ინსტიტუტში თმის განსხვავებული ფერის გამო. მადისაღმძვრელი «დუეტი» ვიყავით. მაგრამ მესამე კურსზე რომ გადავედით, დაჰკრა ფეხი და გათხოვდა…

_ შენ მოუკვდი შენ დედას! მოგკლავ მე შენ! _ გაკაპასდა მარი, როცა თამთა ისევ შემოვიდა ოთახში.

_ რა მაწაკი ხარ. რა გინდა, ქალო, შეეშვი ბავშვს, რას გადაეკიდე? _ შევუტიე, _ შენ რაც უნდა დაუშალო, ხომ იცი, მაინც იმას გააკეთებს, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. რაც მეტს აუკრძალავ, მეტს მოგატყუებს. მაგდენს ვერ ხვდები? _ დავმოძღვრე, _ შენ როგორ გათხოვდი, დაგავიწყდა? ცხვირამდე რომ გქონდა მუცელი მოსული…

მარის მშობლებს ცოცხალი თავით არ უნდოდათ დათოს სიძობა. ღარიბი ოჯახის შვილიაო. ყურიც არ შეუბერტყავს. ჩუმად მოაწერეს ხელი და მთელი წელი ასე ცხოვრობდნენ _ ცალ-ცალკე, თან ერთად. მე მეჯვარე ვიყავი. რომ დაორსულდა, მერე მიხვდა, უკვე აღარ შეიძლებოდა ურთიერთობის დამალვა. მამამისსაც რა გზა ჰქონდა _ ადგა და ხუთი თვის ორსული შვილი თავისი ხელით დაუსვა შინ მძახლებს… ახლა მეორე გოგონაც ჰყავს. გვანცაზე ერთი წლით დიდია. სალომე. ძალიან საყვარელი. თუმცა, პატარა ყველა საყვარელია.

_ ბესოსი გამკვირვებია. რა ჯანდაბა უნდა, სულ მამამისმა ხომ არ უნდა არჩინოს! _ კოპები შეიკრა მარიმ.

_ რა ვიცი, მე კი მომინელა და… არ სიამოვნებს, მუშაობა რომ დავიწყე. ახლა მთელი დღე კიკოსავით მარტო უწევს ყოფნა.

_ უწევს და მოუწიოს. უყიდე ერთი მახათი და… _ კვლავ აკისკისდა. მეც.

_ არადა, გახსოვს, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი? _ «გადამისროლა» უკან, წარსულში.

უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მრავალმნიშვნელოვნად შევხედე.

7 7 7

…მეხუთე კურსზე ვიყავი. გამოსაშვები საღამო გვქონდა. საგანგებოდ შევიკერე ახალი კაბა. იაპონური შიფონის, ბორდოსფერი, ნახევრად მოშიშვლებული მხრებით. შიგნით ტანზე მოტკეცილი იმავე ფერის ატლასის სარჩული მეცვა. კარგად გამოვიყურებოდი ძალიან. ინსტიტუტის სასადილოში გვქონდა ბანკეტი. დიდის ამბით მოვრთეთ იქაურობა. რექტორატს თან სტუმრები ჰყავდა მოწვეული სოხუმიდან _ აფხაზი სტუდენტები უნდა ჩამოსულიყვნენ. რა მიზანი ჰქონდა ამას, დღესაც ვერ ვხვდები.

ცოტა შემაგვიანდა. სასადილოს კარი რომ შევაღე, ცხელი ჰაერი დამეტაკა სახეში. ბუღი ასდიოდა იქაურობას.

სიგარეტის.

თვალებით ჩემს ჯგუფელებს დავუწყე ძებნა. უცებ შევამჩნიე, ზუსტად ჩემ წინ, პირველსავე მაგიდასთან, ვიღაც ძალიან უცხო ბიჭი იჯდა, რომელსაც ჩემს დანახვაზე პირთან მიტანილი ვაშლი ხელში გაუშეშდა. ასეთი რამეები მხოლოდ ფილმებში მინახავს. მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე. გოგოებმა ხელი დამიქნიეს. ყველანი აქ იყვნენ.

ჩემ გარდა.

რაც შეიძლებოდა, რონინით წავედი. ვგრძნობდი «მის» მზერას. ისეთ ადგილას მომიწია დაჯდომამ, რომ ადვილად შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა…

საღამო დაიწყო. ჯერ შესავალი სიტყვა ითქვა, მერე სადღეგრძელო, მერე ესა, მერე ისა და ზეიმიც დაიწყო. უფრო სწორად, დისკოთეკა. ადგილიდან არ დავძრულვარ. არც შეყვარებული მყავს, არც არავინ მომწონს. მთელი ხუთი წელი ისე გავიდა, სერიოზულად არავინ მომწონებია. ჯერ ისევ ძველ სიყვარულს «მივტირი». როგორც კიას ცოლი «კახური» ფილმიდან. თანაც ველოდები ჩემს «ახალგამომცხვარ» თაყვანისმცემელს, რას იზამს. ეტყობა, სოხუმელი სტუმარია. მხოლოდ ახლა, ამდენი წლის შემდეგ ვხვდები, რომ აფხაზი ყოფილა. მაშინ სად იყო აფხაზებზე ასეთი ამბავი. მათ მიმართ «ალერგია» მაშინ არავის გვქონია. მისკენ არ გამიხედავს, მაგრამ უმისამართო მზერით დავლანდე, როგორ წამოდგა და ჩვენი მაგიდისკენ გამოემართა.

«დაიწყო», _ გავიფიქრე. იგი ღიმილით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა:

_ ვაშუ რუჩკუ, მადამ, მოჟეტ, პოტანცუემ? _ შემეკითხა.

დავიბენი. ყველაფერს ველოდი და რუსულად თუ მომმართავდა, ამას ნამდვილად არა. არადა, არ ჰგავდა რუსს. სად ვიცოდი ამდენი რუსული… რაღას ვიზამდი, ავდექი და გავყევი. ორივე ხელი წელზე მომხვია. მეც მორჩილად ჩამოვუწყვე მკლავები მხრებზე და ვალსი «შევუბერეთ».

_ კაკ ვას ზოვუტ? _ Yნათია ილი Yნინო? _ ოდნავ ხრინწიანი ხმა ჰქონდა, ბოხი.

_ ანნა, _ მიამიტად გავუღიმე.

_ ნო ნე კარენინა, და? _ უფრო «ფართოდ» გაიღიმა.

დავმუნჯდი. სად მოვუყარო თავი ახლა სიტყვებს. არა, რუსული მშვენივრად მესმის, ძალიან კარგადაც ვთარგმნი, ლიტერატურასაც ვკითხულობ, მაგრამ საუბარში ენა მებმება ხოლმე. ასეთ ვითარებაში კი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა.

ჩემი კავალერი სოხუმის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი აღმოჩნდა. ქალივით ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, ამასთან, საკმაოდ ვაჟკაცური იერი. არ იყო ნაზი. ახლა რომ ვუფიქრდები, რობინ უილიამსს ვამსგავსებ. მაშინ ვის შევადარე, არ მახსოვს.

ჩემმა გოგონებმა მაშინვე «სუნი იკრეს». ზოგმა თვალი მიყო, ზოგმა მრავალმნიშვნელოვრად გამიღიმა, ზოგმა აწეული ცერიც დამანახა _ მიდი, «მიაწექი», გადასარევი ვარიანტიაო. სიცილს ძლივს ვიკავებდი მათი შემყურე.

ერთი სიტყვით, მე და «იმან» გამოვნახეთ საერთო ენა. სანამ შენ მოხვიდოდი, არც ერთი ქალი არ მომეწონაო, მიხსნიდა. დაგინახე თუ არა, მაშინვე თვალი დაგადგი, ინტუიციით მივხვდი, თურმე შენს გამოჩენას ველოდებოდიო, _ ქადაგად დავარდა ჩემი კავალერი. მას ალექსი ერქვა. გვარი არ უთქვამს. არც მე მიკითხავს.

ერთი სიტყვით, დამინიშნა პაემანი. მეორე დღეს რუსთაველზე, პირველ სკოლასთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ყვავილებით მოვალო, მითხრა, ხომ დამპატიჟებ შენთან «ჩაეპიწიეზეო». გამეცინა. ვერ ვიტან ჩაის.

დიდის ამბით მოვემზადე შესახვედრად. «უკანასკნელ მოდაზე» გამოვიპრანჭე. ხუმრობა ხომ არ იყო, ამისთანა «კრასავჩიკს» უნდა შევხვედროდი. ჩემი იტალიური ტილოს შარვალი ჩავიცვი (ფოთში, გემზე მქონდა ნაყიდი), «ბანანების» სტილის, კრემისფერი. ზემოდან «მატროსკა» გადავიცვი. ჩემმა ბიძაშვილმა ჩამოიტანა ჯარიდან და ერთი ცალი მიფეშქაშა. მაგრად მიხდება. ფეხზე ისეთივე ზოლიანი «ტაპკები» ამოვიცვი, თმა მაღლა ავიწიე ცხენის კუდივით. ერთი სიტყვით, სპორტულ ფორმაში «გამოვიწვართე». მივდიოდი ქუჩაში და მთელი თბილისი «მიმქონდა». ვგრძნობდი, ხალხი რა ინტერესით მაყოლებდა თვალს. ეჰ, მაშინ მართლა კარგი «ნაშოჩკა» ვიყავი…

მივუახლოვდი პირველ სკოლას. შენც არ მომიკვდე, სადღა იყო «მისტერ» ალექსი. არ ჩანდა. ნაბიჯი არ შემინელებია.

ჩავიარე.

პიონერთა სასახლესთან მოვტრიალდი და ახლა უკან ჩამოვიარე…

არ მოვიდა.

მე შეგნებულად დავაგვიანე ორი-სამი წუთი. ჩემი მოკლე ჭკუით, «ქალურად» მოვიქეცი. წინა საღამოს ცოტა რუსულშიც «წავიმეცადინე». დაძინებამდე გავაბი დიალოგი საკუთარ თავთან. შესაძლო ვარიანტები «გავითამაშე», რომ თავი არ მომჭროდა ახალ ნაცნობთან. სულ ტყუილად. აფსუს! ხასიათი გამიფუჭდა. არადა, ისეთი კარგი ამინდი იყო, გინდოდა, არ გინდოდა, სიყვარულის ხასიათზე დადგებოდი ადამიანი. რა უნდა მექნა. გულზე ვიყავი გამსკდარი. როგორ მომატყუა! აბა, მსახიობისგან სხვას რას უნდა ელოდე, _ ვინუგეშებდი თავს. ცხოვრებაშიც მსახიობები არიან. ერთი მაგის დედაც ვატირე-მეთქი, ჩავილაპარაკე, მიწისქვეშა გასასვლელში ჩავყვინთე და ქაშვეთთან ამოვყავი თავი. დავუყევი რუსთაველს… ცეკავშირის შენობას მივუახლოვდი. უცებ ზურგიდან მომესმა:

_ შენი ფანრები ღამე ანათებს?

მექანიკურად მივიხედე. არც ველოდი, ეს სიტყვები ჩემი მისამართით თუ იქნებოდა ნათქვამი. მაღალი, შავგვრემანი, სიმპათიური ბიჭი სათვალის ზემოდან გადმომყურებდა.

_ მე მეუბნებით? _ შევეკითხე.

თავი დამიქნია. ღიმილი არ მოშორებია.

_ რა ფანრები? _ მხრები ავწიე.

_ აი, ყურებზე რომ გკიდია.

ა-ა-ა! ახლა მივხვდი. სულ დამავიწყდა, ჩემს საყურეს ფანრის ფორმა რომ ჰქონდა.

_ არა, არ ანათებს, _ მეც გავიღიმე.

_ სამაგიეროდ, შენ ანათებ, არა? _ გვერდით ამომიდგა.

_ მე კი, _ მეცინება, _ შიგადაშიგ.

_ როგორც ციცინათელა, ხო? _ ჩამეძია.

შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.

_ რა გქვია?

_ ანა. შენ? _ ეგრევე გავუშინაურდი.

_ ნუკრი… სახელიც ლამაზი  გრქმევია… შენსავით.

_ ვიცი.

_ რომ მომეწონე, ის თუ იცი? _ მოიხსნა სათვალე.

_ ეგეც ვიცი.

_ საიდან მოგდევ, ისიც იცი?

_ აი, ეგ კი ნამდვილად არ ვიცი, _ ხმამაღლა გავიცინე, ნაბიჯი შევანელე და შევხედე. მაღალი შუბლი ჰქონდა, უკან გადაწეული თმა. შავი, დიდრონი თვალები. ულტრათანამედროვედ ეცვა. თეთრი ნაჭრის შარვალი, ისიც «ბანანები» და ფართხუნა მაისური. რაღაც უცხო მოყვანილობის ტუჩები ჰქონდა _ ზედა ოდნავ უფრო მსხვილი. უცხოელს ჰგავდა.

_ სწავლობ? _ გააგრძელა დაკითხვა.

_ ვამთავრებ. შენ?

_ …თეატრალურზე, _ რატომღაც შეყოყმანდა.

მოულოდნელობისაგან ადგილზე გავიყინე. აი, ბედის ირონია, თუ გინდა. სიცილით გადავაქნიე თავი.

_ რა გაცინებს, რა ვთქვი სასაცილო? _ შეცბუნება დაეტყო სახეზე.

_ იცი, ახლა საიდან მოვდივარ? _ ისევ შევჩერდი. შევხედე.

_ არ ვიცი…

_ პირველ სკოლასთან პაემანი მქონდა. ერთ ბიჭს უნდა შევხვედროდი. ისიც თეატრალურზე სწავლობს.

_ რა გვარია?

_ არა, შენ არ გეცოდინება. სოხუმელი სტუდენტია.

_ მერე?

_ მერე არაფერი. არ მოვიდა, _ ავიჩეჩე მხრები.

_ კარგია, რომ არ მოვიდა, თორემ ხომ ვერ გაგიცნობდი.

_ ალბათ, _ ისევ მეცინება.

_ გეჩქარება?

_ არა.

_ მაშინ ყავაზე დაგპატიჟებ. მეტს ვერ გავწვდები.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. პუშკინის ქუჩას ჩავყევით. ლამაზი წყვილი ვიყავით. აშკარად. ამას გამვლელების მზერითაც ვგრძნობდი. გოგოები მე მაყოლებდნენ შურით თვალს, ბიჭები _ ნუკრის…

კაფეში შევედით.

_ რა შევუკვეთოთ? _ შემეკითხა.

_ ყავა.

_ კიდევ?

_ «კიდევს» ვერ გავწვდებით, _ გამოვაჯავრე.

_ ხილი.

_ იყოს ხილიც.

უფრო და უფრო მომწონს. აი, ასეთს კი შეიყვარებდა კაცი.

_ ქალიშვილი ხარ? _ შეკითხვა მოულოდნელი იყო ჩემთვის. ასეთი რამ არასდროს უკითხავთ.

_ კი. სამწუხაროდ, _ ისევ გავიცინე.

_ რატომ სამწუხაროდ? _ ისიც იცინის.

_ რა ვიცი, აბა. მაშინ _ საბედნიეროდ.

ორივეს გაგვეცინა. ხმამაღლა. აშკარად მოგვეწონა ერთმანეთი.

ასე გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი _ ტყუილებით.

მას არც ნუკრი ერქვა და არც თეატრალურის სტუდენტი იყო. ბესო ერქვა და ეკონომიურზე სწავლობდა, «გეპეიში». თუმცა, «ძვირად» დაუჯდა ჩემი გაცნობაც და მოტყუებაც…

ექვს თვეში დავქორწინდით.

გუგა ნელ-ნელა «მომიჩოჩდა». უცებ გამონახა ჩემთან საერთო ენა. ყოველდღე, სხვებთან «შემოვლას» რომ დაამთავრებდა, მე დამიჯდებოდა ხოლმე გვერდით, ბოლო «პასადკა» შენ ხარო, ხუმრობით მეუბნებოდა.

კომპიუტერი უკვე «დავამხეცე». ისე სწრაფად ვბეჭდავდი, ოთახში ავტომატის კაკანივით ისმოდა ჩემი კლავიატურის ხმა. ვცდილობდი, შეცდომა არ გამპარვოდა. შეცდომა კი არა, სტილსაც ვასწორებდი მექანიკურად. ჩემი სპეციალობის გამოისობით (ფილოლოგი ვარ), რა მექნა, სხვანაირად არ შემეძლო. ძალაუნებურად ასე გამომდიოდა. სულ არ მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ასეთი საქციელით შეიძლებოდა ვინმე გამენაწყენებინა.

_ როგორ მიდის საქმეები? _ ზურგზე რატის თითის შეხება ვიგრძენი. ტალღამ დამიარა. ასე იცოდა ხოლმე. დაგიდგებოდა ზურგს უკან და საჩვენებელ თითს «გატაკებდა» ზურგში. ყველას ასე უკეთებდა, მარტო მე არ ვიყავი გამონაკლისი. ავხედე. თვალები ყავისფერი გახდომოდა. ზუსტად მაგ ფერის სვიტერი ეცვა.

_ არა უშავს, მიდის ნელ-ნელა, _ ალმური წამეკიდა სახეზე. სულ ასე მემართებოდა, ჩემთან რომ გააბამდა საუბარს.

_ ხომ არ იღლები?

_ არა, სრულებით არა. ხანდახან ზურგი თუ მეტკინება.

_ თვალები?

_ თვალები? არ-ა?! _ გავიკვირვე.

ცოტა ხანს შეჩერდა. წარბზე ცერა თითის ფრჩხილი გადაისვა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა:

_ მბეჭდავკა! _ თქვა.

თითქოს რაღაც მიჩხვლიტეს გულში. ვერ მივხვდი, მისი ნათქვამი ქათინაურად უნდა მიმეღო, თუ შეურაცხყოფად. არ შევიმჩნიე. ურეაქციოდ შევხედე.

_ ეს გუგას ტერმინია, _ ნიშნი მომიგო და გატრიალდა.

გავშრი. ვისი ტერმინიაო? გუგა რა შუაშია? ან რაში დასჭირდა მისი «ჩაშვება»? ეჭვიანობს? რა სისულელეა! მაშინ რატომ მითხრა? ვიგრძენი, როგორ გაუფერულდა ყველა და ყველაფერი _ რატიც, გუგაც და მისი ქათიანურებიც. უხალისოდ გავაგრძელე მუშაობა.

შესვენებაზე ინგამ და გიამ (მგონი, უყვართ ერთმანეთი) ოთახში მოგროვებული ფულით ყველი და შოთის პურები ამოიტანეს, თან მწნილი და წიწმატიც მოაყოლეს. მშვენიერი სადილი გამოგვივიდა. ამასობაში გუგაც შემოგვესწრო.

_ დედა, როგორ ყვარებიხარ სიდედრს! _ შესძახა თინიკომ მის დანახვაზე.

_ მართლა? რა კარგია! _ ხმამაღლა გაიცინა და დაამატა:

_ ასეც ვიცოდი! დღეს ალბათ, ამიტომაც ვარ განსაკუთრებულ ხასიათზე.

_ რა ხდება? _ დაინტერესდა ინგა.

_ გადავწყვიტე, სასიყვარულო ლექსიკონი შევქმნა… ქართველი ხალხისთვის, _ პოეტური პათოსით წარმოთქვა.

სიცილი ატყდა. ყველამ იცოდა მისი ენაკვიმატობის ამბავი და რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში სმენად იქცნენ.

_ გადასარევი აზრია, _ «გვერდში ამოუდგა» თინიკო. _ აბა, ერთი გაგვიზიარე, რა ჩაიფიქრე!

_ ქალბატონებო და ბატონებო! _ აქ გუგამ ჩაახველა, _ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მწირია ჩვენს ქვეყანაში სასიყვარულო ლექსიკონი ისევე, როგორც სექსუალური ქმედებების ფორმები. მაგალითად, ცოლს, თუ იგი ახალმოყვანილი არ არის, არა აქვს უფლება, შიშველი ჩაწვეს ლოგინში. ეს ბოზობის უმაღლესი გამოვლინება იქნება. ასევე ქმარს, არ შეუძლია ცოლის წინაშე გაიხადოს ტრუსი და შიშველი დაენახოს მას, რადგან კაცისგან ასეთი საქციელი «ტეხავს». ხომ მეთანხმებით? შორს ვართ, მეგობრებო, თავისუფალი სექსისგან, შორს. სრულ სექსუალურ ვაკუუმში ვიმყოფებით. ამიტომაც აუცილებელია, შევქმნათ სიყვარულის ქართული ლექსიკონი. აი, მაგალითად, ხომ არსებობს სიტყვა: «მიყვარხარ»? ჰოდა, რატომ არ უნდა არსებობდეს სიტყვა: «მიხარიხარ»? უყურეთ, რა მრავლისმთქმელი სიტყვაა? ან კიდევ, ვამბობთ: «მენატრები»… რატომ არ უნდა ვთქვათ, მაგალითად, «მეფიქრები»?

სიცილნარევი ჩოჩქოლი შეიქნა. გუგა არ ცხრებოდა:

_ რითი გვჯობია რუსები ჩვენ? არაფრით. აი, მაგალითად, რუსულში არსებობს ასეთი გამოთქმა: «ზაიმიომსია ლუბოვიუ». მითარგმნეთ ქართულად.

ატყდა ერთი რია-რია. მე ჩუმად ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი. ჯერაც არ გამნელებოდა «მბეჭდავკათი» მიღებული დარტყმა.

_ მივდიოთ სიყვარულს! _ დაახეთქა ინგამ.

_ არ ვარგა, _ ხელი აიქნია გუგამ.

_ რატომ, რატომ? თუკი არსებობს «მივდიოთ სპორტს», რატომ არ შეიძლება ვთქვათ, «მივდიოთ სიყვარულს»? _ პატარა ბავშვივით აიბზუა ტუჩები ინგამ.

_ არ ვარ-გა! _ ისევ თავისაზე იდგა გუგა, _ შენ ჩუ! შენ ჯერ სექსს გაუგე გემო და მერე ილაპარაკე. ეს «საბავშვო» სიტყვა არ არის.

_ დავკავდეთ სიყვარულით, _ კომკავშირელივით წამოიძახა თინიკომ.

_ აჰ! თინა, თინა, კაკ ტებე ნე სტიდნა? დაკავება მე ხელფასის გამიგია, ან საქმით დაკავება. კი, ბატონო, მაგრამ სიყვარულით დაკავება რას ჰქვია! შენ რას იტყვი, რატი. გამოცდილი კაცი ხარ, კარგი ვერსია გექნება.

_ მოვისურვილოთ, _ «ესროლა» რატიმ და თითებით წვერი ჩამოივარცხნა.

_ ახლოსაა, ახლოს, _ მოწონების ნიშნად თავი დააქნია, _ მაგრამ მთლად ვერ მიესადაგება «პროცესს».

_ ვისიყვარულოთ, _ არ ჩამორჩა რატის გია.

_ ეგ ძალიან მშრალია. მასში ლოგინი არ ჩანს, _ დაიწუნა კვლავ.

_ ვისექსაოთ, _ სიტყვა თავნება ბავშვივით გამექცა ენის წვერიდან.

უცებ წამიერი დუმილი ჩამოვარდა. ჩემგან ამას არავინ ელოდა. ალბათ.

_ მოლოჩინა! _ აღტაცებით შესძახა გუგამ და ტაში შემოკრა, _ აი, ვარიანტი! აი, ვერსია! ხუთიანი ანას! ხუთიანი, მაგრამ… მინუსით.

_ რატომ მინუსით? _ დაინტერესდა თინიკო.

_ იმიტომ, რომ ამ გამონათქვამის ჩემეული, ანუ ქართული ვარიანტი ერთობ მიმზიდველად ჟღერს…

_ ე, ბიჭო! ნუ გადაგვაყოლე, გვითხარი, _ ვერ მოითმინა ინგამ.

_ ვი-დიალოგი-ნოთ! ანუ, ეს არის დიალოგი ლოგინში! _ გუგა სკამის საზურგეს დაეყრდნო, მაიაკოვსკივით გაიშვირა ხელი წინ და გამარჯვებული სახით შემოგვხედა.

ორიგინალური მიგნება იყო. ჩაეთვალა.

7 7 7

მხიარულება რომ ჩამთავრდა, გუგამ ჩემკენ გადმოინაცვლა.

_ როგორა ხარ, მშვენიერო ანნა?

არ შემიხედავს, ისე დავუქნიე თავი.

_ იცი, მე ლექსების ახალი ციკლი უნდა გამოვუშვა და უნდა დავარქვა: ა-ნ-ნ-ა! _ მარჯვენა ხელით რევერანსივით ჟესტი გააკეთა.

_ ძვირფასი სათაურია, _ ვუკბინე, _ მაგრამ ეს ორი «ნ» რა ამბავია! ან ერთი დატოვე, ან _ მეორე, _ ვამძაფრებ ირონიას ნასესხები ფრაზებით.

_ ნუ მაშაყირებ. ხომ იცი, როგორ მომწონხარ. პირდაპირ მაგიჟებ. შენ ჩემი მუზა ხარ.

_ მერამდენე? ალბათ, მეათე, არა? _ სიცილი დავიწყე.

ჩემს დაცინვას არ მიაქცია ყურადღება.

_ რომ არ შემიყვარო, იცოდე, თავს მოვიკლავ! _ გამწარებულმა განაგრძო «შებმა».

_ ვიცი.

_ იცი? საიდან?

_ ჰმ! შენამდე ყველამ ასე მოიკლა თავი… შენსავით, _ «დავარჭვე» მახვილი ბოლო სიტყვას.

_ ო-ო-ო! ეშმაკი ქალი ხარ, შენ, მშვენიერო ანა, ეშმაკი, _ დამიქნია თითი, _ ეშმაკი და თანაც საშიში.

_ რატომ საშიში? _ წუპაკი ქალივით შევხედე.

_ იმიტომ, რომ ჭკვიანი ქალები საერთოდ საშიშნი არიან. კიდევ კარგი, რომ ამქვეყნად ცოტა ქალია ჭკვიანი.

_ კი, ნამდვილად საშიში ქალი ჩანს, _ ეს რატის ხმა იყო. იგი გემრიელად ხითხითებდა, _ მაგრამ შენ ხომ გიყვარს ასეთი ქალები? _ გახსნა მის კარტები.

_ რა თქმა უნდა. მე რომ ქალთან «ვიდიალოგინო», სამ აუცილებელ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ლამაზი, ჭკვიანი და… არ უნდა იყოს გაუთხოვარი. ქალიშვილების წუწუნის თავი არ მაქვს.

_ და სულ ასეთ ქალებთან აბამ რომანს? _ გამოვიჩინე ცნობისმოყვარეობა.

_ სულ! _ გადაჭრით მითხრა.

_ წარმომიდგენია, რა ცოტა ქალთან ყოფილხარ ნამყოფი, _ არ დავინდე და ჩავუნისკარტე.

რატი კვლავ ახითხითდა. მწარე ირონია გამომივიდა. სამაგიეროდ, «მბეჭდავკასათვის» სამაგიერო გადახდილი იყო. არ შეიმჩნია.

_ ხომ გეუბნებოდი, საშიშია-მეთქი. ახლა სხვა ამ აზრს გამოიტანდა ჩემი ნათქვამიდან? საიდან რა გამოაცხო, დაინახე? _ მიუბრუნდა რატის.

_ მართალია ეს გოგო, რას ერჩი, _ რატი აშკარად ჩემს მხარეზე იყო. სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა. ვიგრძენი, როგორ შემცირდა ჩვენს შორის მანძილი ერთი ნაბიჯით. თითქოს უფრო ახლოს მივედით ერთმანეთთან.

_ რამდენსაათიანი რომანები გაქვს ხოლმე? _ არ მოვეშვი.

_ მ…მ…მ… მაქსიმუმ სამთვიანი. საათებში ნამდვილად არ გამიზომავს, _ ნახევრად სერიოზულად მიპასუხა.

_ გამოდის, რომ ქალები მხოლოდ სტაჟირებას გადიან შენთან, არა? _ ისევ «დავკბინე».

_ კი, ასე გამოდის, _ ყოყმანით დამეთანხმა.

_ შენ გინდა თქვა, რომ ანაზეც ვრცელდება ეს ვადა? _ რატი სიცილით იჭაჭებოდა.

_ ა-ა-რა, _ გუგამ შეურაცხყოფად მიიღო მისი შენიშვნა, _ ანას მაგას როგორ ვაკადრებ. მაგან ოღონდ მოისურვოს და…

_ პირველი ვიქნები, არა? _ ჩავიცინე, _ შტატში ჩამსვამ. ვაკანსია არის? _ ცივად გავუღიმე.

_ სხვათა შორის, ვაკანსია არ არის. ჩემს ცხოვრებაში პირველი ქალი ჩემი ცოლია. იყო და იქნება, _ გაბრაზდა გუგა, როცა მიხვდა, რომ აგრესიას ვიჩენდი მის მიმართ,. _ მე ყველა ქალი მიყვარდა, ვისთანაც მიურთიერთია და არც ერთისთვის არ მიწყენინებია. არც განშორებისას დამიტოვებია რომელიმე გულდაწყვეტილი. არასდროს! ყოველთვის ყველაფერი ლამაზად მთავრდებოდა და დღემდე ყველა დიდი სიმპათიით მიხსენებს, _ გადააქნია თავი.

_ მაშინ შენ შანსი არა გაქვს, _ წამოვდექი და ტუჩები გავაწკლაპუნე, _ მე მეორე არასოდეს ვყოფილვარ, _ გავუღიმე, დემონსტრაციულად შევტრიალდი და ოთახიდან გავედი. მწარედ «გავუხუნე» ხუმრობა «შეყვარებულ შექსპირს».

7 7 7

ასე გადიოდა დრო სამსახურში. ადვილად მოვერგე კოლექტივს, ყველას ნდობა მოვიპოვე და მოწონება. მე მგონი, მარტო ნინოს «ვეპატარავებოდი» თვალში. ალბათ, პერსპექტიულ მეტოქეს თუ ხედავდა ჩემში. სხვა არაფერი დამიშავებია.

ჯერჯერობით…

ისედაც ვცდილობდი, ფრთხილად მოვქცეულიყავი. სხვისი თვალით ვუყურებდი საკუთარ თავს, საკუთარ ქმედებას. შორიდან ვზვერავდი, ცუდად ხომ არ ჩანდა თანამშრომლებში, გუგა რომ ასე მეფლირტავებოდა გათხოვილ ქალს. მაგრამ იმდენად შეკრული იყო თანამშრომელთა წრე, ამის საშიშროება ნამდვილად არ მემუქრებოდა. ყველამ იცოდა, რომ ჩემი მხრიდან ეს უბრალო ხუმრობა იყო და სხვა არაფერი. რაც შეეხებოდა გუგას… არც ის იყო მაინცდამაინც «დამწვარი» სიყვარულით და ამიტომ ვცდილობდი, ნელ-ნელა ჩემს «რელსებზე» გადამეყვანა. მეგობრობა შევთავაზე, ჩვეულებრივი მეგობრობა. გამიძალიანდა.

_ ვერ წარმომიდგენია, რა ადგილში შეიძლება ქალისა და მამაკაცის უბრალო მეგობრობა? _ იჩეჩავდა მხრებს, _ თანაც შენნაირი ქალის, ან… ჩემნაირი კაცის. მგელს რომ კრავი მიაბარო… ზუსტად ეგ ვარიანტია, _ მომანათებდა ხოლმე თავის ცისფერ თვალებს. მერე კი ლექსებს მიკითხავდა.

7 7 7

როგორც იქნა, ჩემი პირველი ნამუშევარი დავამთავრე. ვიღაც გამცემლიძის პუბლიცისტური წერილების სერიალი. უზარმაზარი. ავტორი ერთი პუტკუნა ქალი იყო, სქელი. ფუფალასავით გამოპრანჭული დადიოდა. შინაბერას შთაბეჭდილებას ტოვებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ეს ქალი და პირდაპირ ჩემკენ გამოაჭრა:

_ გოგონი, თქვენ აკრიფეთ ჩემი წერილები კომპიუტერზე, არა? _ ოფიციალური ტონით მომმართა.

_დიახ, მე, _ ვცადე, მომხიბვლელად გამეღიმა.

_ სტილიც თქვენ ჩაასწორეთ? _ გააგრძელა.

_ დი-ა-ხ, _ შევცბუნდი. მგონი, შევცდი. რაც ჩემი საქმე არ იყო, არ უნდა გამეკეთებინა. როგორც ჩანს, რაღაც დავაშავე. «დამერხა», _ გავიფიქრე.

ქალი უსიტყვოდ გატრიალდა და პირდაპირ რატის კაბინეტში დურთა თავი. დავიძაბე…

გავიდა დაახლოებით თხუთმეტი წუთი. ეს დრო საუკუნედ მეჩვენა. იგი მალე ზურგშექცევით გამოვიდა რატის ოთახიდან და დიდი მოწიწებით მიიხურა ცხვირწინ კარი. მერე მე მომიტრიალდა:

_ მე ასეთი არაფერი მინახავს… უბრალოდ, შეცდომა ვერ ვიპოვე შიგ. რა გინდა, შვილო, მბეჭდავად, ასეთი ქართული თუ იცი? _ გაასავსავა ხელები, _ პირველად შემხვდა ჩემს ცხოვრებაში ოპერატორი, სტილსაც რომ ასწორებდეს, _ ეს უკვე თინიკოსა და ინგას მიმართა.

შვებით ამოვისუნთქე. კიდევ კარგი, რომ ასე კეთილად დამთავრდა ყველაფერი…

მალე რატიმ მიმიხმო თავისთან, კაბინეტში.

_ შენ თუ ასე გააგრძელებ, არც მბეჭდავი დამჭირდება სხვა და არც სტილისტი, _ ღიმილით მითხრა.

როგორც იქნა, «შემამჩნია».

_ ადრე მუშაობდი სტილისტად?

_ არა, არასდროს.

_ აბა, საიდან?

_ რა ვიცი, მე… ფილოლოგი ვარ და…

_ რას ამბობ! არ ვიცოდი, _ დამნაშავესავით გაიღიმა, _ ინგას არც უხსენებია….

_ არა, რა საჭირო იყო, მე ხომ მბეჭდავად უნდა მემუშავა…

_ რას იტყვი, შეითავსებ სტილისტის საქმეს? _ თითები ააცეკვა მაგიდაზე.

_ რა ვიცი, თუ ვინმეს ხელს არ შევუშლი…

_ არა, არ შეუშლი. ჩვენ სტილისტი არ გვყავს. იმიტომ, რომ აქ გასწორებული სტილი არასდროს მოსწონდათ ჩვენს ავტორებს, ამიტომაც დროებით გავაჩერეთ ეგ შტატი. შენ კი უცებ ისეთი ფურორი მოახდინე… თუმცა, არა მარტო მუშაობით, _ მრავალმნიშვნელოვნად ამომხედა.

_ დაჯექი, რატომ დგახარ? _ ახლაღა შეამჩნია, რომ ფეხზე ვიდექი.

_ გმადლობთ, _ უჩუმრად გამოვწიე სკამი და ჩამოვჯექი. ხმაც ამიკანკალდა და მუხლებიც.

_ გუგას გემოვნებაში ეჭვს ვერ შეიტანს ადამიანი, _ გააგრძელა შემპარავად, _ შეუმჩნეველი არსად დარჩება ლამაზი ქალი.

«ლამაზი ქალი» ყურში მომხვდა. ვითომ ასე ფიქრობს? რაც შეიძლებოდა, მიამიტი სახე მივიღე, რომ შემეფერებინა დირექტორის კომპლიმენტი, პირველად რომ გამოიმეტა ჩემთვის.

_ ესე იგი, თანახმა ხარ? _ კვლავ ძველ თემას დაუბრუნდა, _ სცადე.

_ კი ბატონო, ვცდი, _ დავუქნიე თავი.

ფეხზე წამოვდექი. თვითონაც წამოდგა, ახლოს მოვიდა და ჩვეული მზერით ჩამხედა თვალებში:

_ შენ მართლა ლამაზი თვალები გქონია. როგორ აქამდე ვერ შევამჩნიე?.. _ მაღლა აზიდა წარბები და პაუზა გაწელა, _ როგორა თქვი მაშინ? ვისექსაოთო, არა? _ გამახსენა «დიალოგინის» ჩემეული ვარიანტი.

ცეცხლი წამეკიდა სახეზე. ლოყები გამიხურდა. ესე იგი, იცის, რომ მომწონს. მიხვდა. თუმცა, როდის იყო, ქალის თვალები რამეს მალავდა. მეც ყველაფერი მუდამ ზედ მაწერია. სულ ასე «ჩამიშვებს» ხოლმე. იქნებ, არც მიცდია დამალვა?..

_ იფიქრე მაგ საკითხზე, _ სერიოზულად მითხრა და მხარზე მომითათუნა ხელი.

თავი დავუქნიე, ოღონდ ვერ მივხვდი, «მაგ საკითხში» რა იგულისხმებოდა _ სექსი, თუ სტილისტის საქმიანობა.

7

შესანიშნავ ხასიათზე ვბრუნდებოდი შინ. გზად გვანცას გამოვუარე ბაღში. სანამ სახლამდე მივაღწევდით, ენა არ გაუჩერებია, რაღაცებს მეტიტინებოდა. შუქი მოსული დაგვხვდა. ამ ბოლო ხანებში საგრძნობლად გამოსწორდა გრაფიკი. თუმცა რა, უკვე მარტი მთავრდებოდა. დრო არ იყო, თუ რა?.. ბესო ტელევიზორში დამხვდა «შემძვრალი», საფეხბურთო მიმოხილვას უყურებდა.

_ ახალს რას იტყვი? _ ალმაცერად გამომხედა.

გვანცას უკვე მოესწრო მის მუხლებზე მოკალათება. სავარძელში ჩავესვენე. მოვუყევი ჩემი «წინსვლის» შესახებ. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამსახურის საქმეზე. დიდად არ აღფრთოვანებულა. ტუჩი აიბზუა.

_ კიდევ? _ ჩამეძია.

_ რა კიდევ? _ შევუბრუნე კითხვა.

_ კიდევ არ არის ახალი?

_ მეტი არაფერი, _ განზე გავიხედე.

ამ ბოლო ხანებში ბლომად ტყუილის თქმა მიწევდა. უნდობლად შემომხედა. შეიძლება არც შემომხედა, მაგრამ ასე მომეჩვენა. ვიფიქრე, მივალ და მოვეხვევი-მეთქი, მაგრამ… ხელოვნურად გამომივიდოდა. არ ღირდა. არადა… ისე ვიცხოვრეთ ათი წელი, არასდროს მოგვიტყუებია ერთმანეთი. ჩხუბით როგორ არ გვიჩხუბია, მაგრამ ტყუილი არ დაგვჭირვებია. დავიწყე მუშაობა და დავიწყე ტყუილებიც… მის სათქმელად კი ათასნაირი მიზეზი მოიძებნება ყოველთვის. მით უმეტეს, ჩემს სიტუაციაში. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ტყუილი «კეთილი» იქნება თუ «ბოროტი». ხანდახან მოტყუება იმდენად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთელი ცხოვრება შეცვალოს… რა მეშველება…

…თავიდან ისე კარგად აეწყო ურთიერთობა… თაფლობის პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა _ მთელი სამი წელიწადი. ამას უშვილობამაც შეუწყო ხელი. მთელი შვიდი წელი არ დავორსულებულვარ. მერე, როცა თაფლი «მოილია» და შიშველ ცხოვრებას ჩავუვარდით ხახაში, პირველმა უსიამოვნებებმაც იჩინა თავი. გვანცას დაბადებამ დროებით შეაჩერა ჩვენი ოჯახური კონფლიქტები, მაგრამ მხოლოდ დროებით… რა ცუდია, როცა გრძნობა ხუნდება. სიყვარულის გაუფერულებას ვერ ეჩვევი ადამიანი. შეუცნობლად მუდამ რაღაც ახალს ეძებ, რაღაცას ელი. კონკრეტულად რას _ არავინ იცის, მაგრამ მოლოდინში კი სულ ხარ… შეიძლება არც ფიქრობდე ამაზე, მაგრამ ქვეშეცნეულად მაინც უჩვეულოს ელოდები… გინდა, რაღაც შეიცვალოს… მეც სწორედ ამ დღეში ვიყავი….

გვიან დავწექი. კედლისკენ გადავბრუნდი და ოცნებისთვის მოვემზადე. ვცადე, მთელი დღის კადრი უკუღმა დამეტრიალებინა და თავიდან განმეცადა მომხდარი… სიბნელეში სულელივით მეღიმებოდა… გვიან ჩამეძინა…

რატი მესიზმრა.

პირველად.

საკმაოდ «ურცხვი» გამოდგა ზმანება…

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მთელი არსებით განვიცდიდი ყველაფერს _ ცხადად ვგრძნობდი მის ხშირ სუნთქვას, ცხელ ტუჩებს, მისი თითების ჩამოსმას ჩემს შიშველ ზურგზე; ვგრძნობდი, როგორ ვყავდი ჩაბღუჯული მკლავებში… თითქოს არც მეძინა…

ეს იყო ყველაზე სრულყოფილი, სასიამოვნო და ყველაზე ცხადი სიზმარი ჩემს ცხოვრებაში.

«დიალოგინი» შედგა…

მე უკვე ვუღალატე ქმარს…

ფიქრებში.

დრო გადიოდა. როგორც იქნა, დათბა. გაზაფხულმა თავისი ქნა _ ხეებმა ნელ-ნელა შემოსვა იწყეს, ქალებმა _ გაშიშვლება. ძარღვებში სითბო დატრიალდა, ჰაერში _ აპრილის სურნელი… მამაკაცებს სიხარბე მოეძალათ _ სუფთა ჰაერის შესუნთქვისა და «შიშველი» ქალების თვალიერების…

შაბათი დღე იყო. შინ გაჩერება არ მინდოდა. დავავლე გვანცას ხელი და მარისთან წავედი. კარი დათომ გამიღო:

_ აი, შე ბანდურა, შენა, _ მიესიყვარულა გვანცას და ხელში აიტატა, _ სად დაიკარგე, შე ყურუმსაღო, ასე უნდა? _ «დამაჯახა» თავისი საყვარელი სიტყვა.

_ ვინ არის, დათო? _ გამოსძახა მარიმ სამზარეულოდან.

_ ჩემპიონთა შორის უჩემპიონესი მოვიდა, _ ასე მეძახდა ხოლმე.

_ მომკლა შენმა ორიგინალობამ! _ დასცინა მარიმ ქმარს და ლოყა მომიშვირა.

_ რავა ხარ? _ მზრუნველად მკითხა.

მხრები ავიჩეჩე ყოფნა-არყოფნის ნიშნად.

_ როგორ გამოპრანჭულა შენი ქმარი, რაშია საქმე? _ შევეკითხე.

_ ცირკში მიჰყავს ბავშვი. გვანცაც გავაყოლოთ.

გამიხარდა. მარტო მინდოდა მარისთან დარჩენა. დათომ ჯიბიდან «პარლამენტის» კოლოფი დააძრო, რამდენიმე ღერი მაგიდაზე დაყარა, ეს თქვენო, დააყოლა, მერე მოკიდა ბავშვებს ხელი და კარი გაიხურა.

_ როგორ გამოსწორებულა ეს კაცი, რაშია საქმე? _ გამეცინა.

_ ჰმ! სხვა რა გზა აქვს. თხასავით მყავს გამოჭერილი! _ ნიშნისმოგებით თქვა.

_ რა ჩაიდინა ასეთი «სქესთა შორის უსქესესმა»? _ დათო ასე «ამკობდა» ხოლმე თავის თავს.

_ პრეზერვატივი ვუპოვე ჯიბეში.

_ მერე რა? _ სენსაციური ვერაფერი აღმოვაჩინე ამ ინფორმაციაში.

_ მერე რა და ვიღაცა ჰყავს ამ იდიოტს. იშოვა ორი კაპიკი და გაიჯეჯილა, რა ქნას, აღარ იცის, _ ამრეზით მოიხსენია, _ ვერაფრით გავიგე, ვისთან დაეთრევა.

_ კაი ახლა! მაგას რომ ვინმე ჰყავდეს, პრეზერვატივებს შინ მოგიფრიალებდა, როგორ გგონია? კაცების ამბავი ხომ იცი, გაერთობიან ხოლმე ხანდახან. ყველაფერზე კი არ უნდა მიედავო.

_ არა, გოგო! ახლა მაგას შევარჩენდი! შევაძვრინე ერთ ადგილას. შავი დღე ვაყარე, _ დააკვესა თვალები, _ იმის მერეა ასე «მილენკივით» რომ დადის, სულ თვალებში მიყურებს.

_ ო-ო-ო! როგორც ჩანს, კარგად მოხვედრია, _ სიცილს ვერ ვიკავებ.

_ ბესო რას შვრება? _ ახლა ჩემ ქმარს გადაწვდა მარი.

_ არაფერს…

_ შენი «კაცი»? ახალი არაფერია? _ ბოლოს რატის მიადგა.

_ ისეთი არაფერი. მივლის შორიდან.

_ მერე, შეუშვი შენც ევას პრინციპი! _ ჩამაწოდა იდეა.

_ ეგ რას ნიშნავს, გაფიცებ ყველაფერს? _ ავზიდე წარბები.

_ რა და, «შემთხვევით» გაეხახუნე მკერდით, ფეხი ფეხზე მიადე, ცოტა ზედმეტად გადაიხარე და შენი ლამაზი მკერდის ღარი დაანახვე. ნუ, მოკლედ, გააგიჟე, რა! მაგის მეტს რას აკეთებენ გოგოები, შე ქალო? _ გადაიკისკისა. _ მაგ ნინო კიდევ უყვარს?

_ კი… მყარად.

_ მოვქესტოთ, არ გინდა? _ ჟარგონებით ალაპარაკდა მარი. _ მოვაშოროთ სამკუთხედს ზედმეტი გვერდი.

_ შენ მოგძალებია იდეები. აბა, ერთი მითხარი, რას გულისხმობ? _ დავინტერესდი.

_ რა და! შენ მე მაგის ნომერი გამიგე და დანარჩენი მე ვიცი. ავუფეთქებ ტელეფონს რეკვით. ხომ იცი, მაგნაირი ინტრიგები ჩემი მოგონილია. გახსოვს, გოგოებს რომ ვარეკინებდი დათოს დედასთან და დედაჩემთან? რა, არ გამომდიოდა? _ ალმაცერად გადმომხედა.

_ არა, რას ამბობ! მაგას ვერ ვიზამ! მე შენს ინტრიგებში მაშინაც არ მიმიღია მონაწილეობა, ხომ არ დაგავიწყდა? _ შორს დავიჭირე.

_ მახსოვს, მახსოვს! ძველი ბიჭივით რომ აწვებოდი კაცურ მეთოდებს. ვერ იზამ! _ გამომაჯავრა, _ რატომ ვითომ, მამა აბრამის ბატკანია? მაგი განზე იმდენ კაცს ახვევდეს იქნება, არც დაგესიზმრებათ შენ და რატის.

_ კარგი, რა სისულელეს იძახი! საცაა დაქორწინდებიან.

_ დაქორწინდებიან არა, იხვი! აგერ ნახავ! შენ ღმერთი არ გაგწირავს. იღბლიანი გოგო ხარ. მაგრამ თუ არ იბრძოლე, უწვალებლად არაფერი გამოვა, გენაცვალე.

_ ვიცი, როგორ არ ვიცი, მაგრამ ბინძური თამაშებით მოპოვებული არც კაცი მინდა და არც სიყვარული. ოცი წლის გოგო ხომ არა ვარ… ადამიანი სუფთა უნდა იყო ურთიერთობაში.

_ ხო-ხო-ხო! ქურდად ზიხარ, აი! _ ამავსო ირონიებით, _ ზუსტად მაგ «სუფთა» მუშაობისთვის შეგრჩა ხელთ შენი ბედოვლათი ქმარი. კიდევ აწუხებს პირველობის კომპლექსები?

_ უჰ! აწუხებს რომელია! დათვრება თუ არა, დამიწყებს: შენ ჩემზე მაგარი გგონია შენი თავი, მაგრამ იცოდე, რომ არარაობა ხარ, უჩემოდ ნოლი ხარ. მე გაქციე ქალად, თორემ ეგდებოდი ახლა ცირკის წინ კლიენტების მოლოდინშიო.

მარი აკისკისდა.

_ გაურეკავს მაგ საცოდავს!

_ გამოთაყვანდა ამდენი შინ ჯდომით. მეგობრებსაც აღარ ეკონტაქტება, ვიღაცასთან რომ გაიაროს და ცოტა თვალებში გამოიხედოს. არაფერი ამქვეყნად არ აინტერესებს. მარტო ჭამს, ეწევა და ტელევიზორშია შემძვრალი.

_ ჰოდა, ყველაფრის ღირსია! _ გამოუტანა ვერდიქტი მარიმ, _ მაგნაირი ქმარი შეგაფერხებს ცხოვრებაში, მეტი კი არაფერი! ასეთი ინერტულობა შეგაზიზღებს ადამიანს, აბა რა იქნება!

7 7 7

სამსახურშიც ნელ-ნელა ვითარდებოდა მოვლენები. სტილისტობა მშვენივრად შევუხამე ოპერატორობას. ერთი დარტყმით ორ კურდღელს ვკლავდი. ვიღლებოდი, მაგრამ ეს არ მადარდებდა. მთავარი იყო, რომ ხელფასი გამიორმაგდა და საკუთარი კაპიტალი გამიჩნდა.

გუგა ძველებურად აგრძელებდა ფლირტაობას. როგორც კი შესვენება დაიწყებოდა (სხვა დროს სად მეცალა), მაშინვე «შეტევაზე» გადმოდიოდა:

_ მშვენიერო ა-ნ-ნ-ა, ჩემო მუზავ, უპირველესო, _ სასწრაფოდ დაამატებდა ბოლოს ამ სიტყვას, _ სანამ უნდა დატოვო ჩემი გრძნობები უპასუხოდ? _ ნამდვილი შეყვარებულივით მინაბავდა თვალებს.

_ მანამ პირველი არ გავხდები, _ მაცდურად ავყვებოდი მეც.

_ შენ უკვე პირველი ხარ, პირველი და ერთადერთი, თუ გინდა, ყველას გასაგონად ვიყვირებ…

_ მერე შენი ცოლი?

_ ცოლი?.. მ…მ…მ… ისიც პირველია და შენც, _ მომაყრიდა ხოლმე.

_ ეგ როგორ? _ ეშმაკურად გავუღიმებდი.

_ როგორ და… ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი შენზე ვფიქრობ, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი _ ცოლზე.

_ კვირას? _ გამოჭერაზე მივდიოდი.

_ კვირას? _ დაფიქრდებოდა, _ კვირა დასვენების დღეა. პაუზას ვაკეთებ.

მოკლედ, სიტყვას ვერ მოუგებდი. პასუხი ყველაფრისთვის მზად ჰქონდა.

რატი შორიდან მზვერავდა. მე უკვე ისე ვიყავი შეყვარებული, რომელ ოთახშიც უნდა ყოფილიყო, ყველგან ვგრძნობდი მის არსებობას. საკმარისი იყო, გარეთ გასულიყო, მაშინვე სიცარიელე მეუფლებოდა. კარის სახელურის ჩამოწევაზეც კი ვხვდებოდი, რომ «ის» მოდიოდა. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი. კაცები ყოველთვის თვითონ მოიწევდნენ ხოლმე ჩემკენ, აქ კი… ყველაფერი უკუღმა იყო _ მე მიწევდა მასზე «ნადირობა». კეთროვანივით უკვე გარედან მეტყობოდა სიყვარულის «ლაქები» _ თვალებში, საუბარში, მანერებშიც კი. ვერანაირად ვახერხებდი დამალვას. თუმცა, არც თვითონ იჯდა გულხელდაკრეფილი. როგორც კი დამიმარტოხელებდა, თოვლის გუნდასავით მესროდა ერთ-ორ კომპლიმენტს. ეს მეთოდი ჩემთვის უცხო არ იყო. მერე რა, რომ შეყვარებული ჰყავდა. არც სხვა მომენტის გაშვება სურდა ხელიდან. რას კარგავდა, რო? კაცის გული ხომ ხარბია! არც მწვადს წვავს ხოლმე, არც _ შამფურს. «ევას პრინციპიც» ავამუშავე _ მარის იდეა ჭკუაში დამიჯდა. იმდენი «შემთხვევით» გამომდიოდა, რომ უკვე მოთხოვნილებად მექცა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ რატი იღებდა ჩემს გამოწვევას. აშკარად მოსწონდა ჩემი «შემთხვევითი» შეხებები.

7 7 7

არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასეთი სიტუაცია, რომ არა ერთი უსიამოვნო შემთხვევა. მაისის ბოლო დღეებში ბესოსთან ვიღაც მამაკაცმა დაიწყო დარეკვა. მე მკითხულობდა. მაინცდამაინც მაშინ რეკავდა, როცა შინ არ ვიყავი. ბესოს მეტიც არ უნდოდა. ძალიან «ინტიმურად» გკითხულობსო. შენი სამსახურის ტელეფონი მივეცი, იქ არ გირეკავსო? ვერ დავარწმუნე, რომ ჩემი ნახვის მოსურნე შინ არ დამირეკავდა და სამსახურშიც მშვენივრად მომაგნებდა.

გული მიგრძნობდა, ძაღლის თავი სადღაც ახლოს იყო დამარხული. ეჭვი მაშინვე ნინოზე აღმეძრა. აბა, სხვას ვის უნდა დასჭირვებოდა მსგავსი რამ? მაგრამ მას საიდან უნდა სცოდნოდა ჩემი გრძნობების ამბავი? რატიმ ხომ არ მოიწონა თავი? ციხე ხომ ყოველთვის შიგნიდან ტყდება!.. იქნებ… მაშაყირებს კიდევაც მასთან.

რაღაც უნდა მეღონა. რა თქმა უნდა, 25 წლის გოგოსთან «საქმის გარჩევას» არ ვაპირებდი, თანაც ვერაფერს დავუმტკიცებდი. ქურდს თუ ქურდობაზე არ წაასწარი, ქურდი არ არის. ეს კარგად მესმოდა… ამიტომ სხვა რამე მოვიფიქრე.

ნინო ხშირად შემოდიოდა ხოლმე ჩვენს გოგოებთან, ჭორაობით იჯერებდა გულს. ამიტომაც მეორე დილით, როგორც კი სამსახურში მივედი, სასოწარკვეთილი სახე მივიღე და თინიკოს შევჩივლე: როგორ მირეკავს ვიღაც თავხედი და როგორ მინგრევს ოჯახს. თან იქვე დავამატე:

_ რა ვიცი, ამნაირი ოჯახის ქონას, იქნებ არქონა სჯობდეს! ახლა რომ გასათხოვარი ვიყო, უფრო ჭკვიანურ არჩევანს გავაკეთებდი. ერთხელ ჭირს გათხოვება, თორემ მერე ძალიან ადვილია.

ანკესი ჩაგდებული იყო. ნინო წამოეგო. ვიცოდი, ჩემი «ქსივა» აუცილებლად მიაღწევდა მის ყურამდე. გაჭრა ჩემმა ხერხმა და შედეგმაც არ დააყოვნა. ტელეფონის ზარები შეწყდა. როგორც ჩანს, შეეშინდა, მართლა არ გავშორებოდი ქმარს და კონკურენტუნარიანი მეტოქე არ გავმხდარიყავი.

მაგრამ «სიურპრიზი» ახლა სხვა მხრიდან მელოდა… ნინომ რევანშის აღება გადაწყვიტა.

7 7 7

5 ივნისს ჩემი დაბადების დღე იყო. თავი არ გამიგიჟებია, ტორტი გამოვაცხვე და სამსახურში წავიღე. საგანგებოდ გამოპრანჭულმა თან ერთი ბოთლი «ამარეტოც» გავაყოლე ხელს.

აღრფთოვანებით შემხვდნენ ყველანი. თვალს ვერ მაშორებდნენ მეც და ტორტსაც. ერთი სიტყვით, სულ «ელიტური ჟესტებით» მილოცავდნენ იუბილეს. რატი არ ჩანდა. არც გუგა.

ერთ საათში შესვენება დაიწყებოდა. მოუსვენრობა დამეტყო. რატის გარეშე არ მინდოდა ტორტის დაჭრა… ამ ფიქრში ვიყავი, რომ გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა. მივხვდი, რატი იყო. შემოვიდა, ცივი სალამი გვესროლა და კაბინეტში შეიკეტა. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. ცუდი სიჩუმე ჩამოვარდა.

რამდენიმე წუთში გამომიძახა… შევედი. შეფიქრიანებული მეჩვენა. არც კი შეუმჩნევია ჩემი საგანგებო «გარდაქმნა». შუბლზე გადაისვა ხელი, მერე ცერა თითის ზურგით წარბი მოიფხანა და დაიწყო:

_ იცი, ანა, რაღაც უნდა გითხრა… _ დახარა თვალები.

უსიამოვნოდ მომხვდა გულზე ეს «რაღაც».

_ მე საერთოდ არ მიყვარს ასეთ საქმეებში ჩარევა, მაგრამ… იძულებული ვარ… ძალიან მიმძიმს საუბრის დაწყება. იმედია, სწორად გამიგებ.

_ იმედია, _ ხმა გამებზარა.

_ შენ ალბათ, იცი ჩემი და ნინოს ურთიერთობის ამბავი.

უსიტყვოდ დავუქნიე თავი. ვერ მივხვდი, საით უმიზნებდა.

_ ბოლო რამდენიმე დღეა, მას ვიღაც ქალი ურეკავს, ლანძღავს უშვერი სიტყვებით, ემუქრება და ჩემით ევაჭრება. მოკლედ, გესმის, არა, რისი თქმაც მინდა?

_ გასაგებია, მაგრამ მე რა შუაში ვარ? _ მივხვდი, რაღაც ავისმომსაწავებელი მელოდა.

ნიკაპი ხელისგულზე ჩამოდო და გამომცდელად შემომხედა. თვალი თვალში გავუყარე.

_ ესე იგი… შენ გინდა, თქვა, რომ (არც ერთი წინადადება არ დაამთავრა)… ნინო კი დარწმუნებულია, რომ შენ აკეთებ ამას, _ ამოთქვა, როგორც იქნა.

გავფითრდი. ყველაფერს ველოდი და ამას არა.

_ მაპატიე, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ… არ ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა, _ შემატყო, რომ ცუდი ფერი დამედო.

ჩემი ბედი ახლა წყდებოდა. ახლა ნათქვამი სიტყვა გადაწყვეტდა ყველაფერს. არ მითქვამს მისთვის, რომ მეც მირეკავდა ვიღაც. მაინც არ დამიჯერებდა. სხვა გზა არ იყო, კარტები უნდა გამეხსნა:

_ შენ მე არ მიცნობ კარგად, უფროსო! მე ის ქალი არა ვარ, ინტრიგებით მოვიპოვო სიყვარული. მე დამსახურებული მინდა კაციც და სიყვარულიც. ნინოს, როგორც ჩანს, სხვა «სკოლა» აქვს გავლილი. ეტყობა, სიყვარულით თვითგვემა მისთვის ნაცნობი ხილია.

_ ვერ გავიგე? _ აზიდა ცალი წარბი.

_ ოდესმე გაიგებ… ვწუხვარ, მაგრამ მისამართი შეგეშალა, ძალიან გთხოვ, სხვა დროს არ იყოს ჩემთან ამ თემაზე საუბარი, _ კატეგორიული ხმით წარმოვთქვი, წამოვდექი და კარისკენ წავედი. სანამ გავიდოდი, შევჩერდი, მაგრამ არ მოვტრიალებულვარ:

_ იცი, მე ერთი რამ მომაფიქრდა, შეიძლება გითხრა? _ უცებ იდეა მომწიფდა თავში და სასწრაფოდ მოვტრიალდი.

_ მითხარი, _ თითქოს შვებით ამოისუნთქა, გამოცოცხლება რომ შემატყო.

_ მე ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებ, მაგრამ შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მონახე ნაცნობი ატეესში, დააყენონ მოსმენაზე მაგის ტელეფონი. ეს კანონით აკრძალულია, მაგრამ ნაცნობობით _ არა. სამი დღეც საკმარისი იქნება შენთვის იმის გასაგებად, ვინ ურეკავს.

თავი უნდობლად გადააქნია.

_ მერე? რა შეიცვლება მაგითი? თუ ამას შენ აკეთებ, ხომ აღარ დარეკავ მეტჯერ. მაგაზე ადვილი რა არის? _ ცინიკურად ჩაიცინა.

_ არა, უფროსო. შენ ვერ გამიგე. მე დავრეკავ თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ნინომ არ გაიგოს ამის შესახებ. სამი დღის განმავლობაში იგი კიდევ სამჯერ გეტყვის, დამირეკესო. შენ კი მისი ყველა ზარი ზეპირად გეცოდინება.

სახეზე გაოცება შეეტყო. მიხვდა, რომ ჭკვიან ქალთან ჰქონდა საქმე. საკმაოდ ჭკვიანთან.

ნინოს ეს პარტია აშკარად მოვუგე.

ასეა, საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა.

7 7 7

შესვენებაზე ტორტი გავჭერით. რატი ინგამ გამოიყვანა კაბინეტიდან. ცოტათი დაბნეული ჩანდა.

_ გილოცავ, ანა. მაპატიე, ცუდად გამომივიდა… ამისთანა დღეს… არ ვიცოდი, ბოდიში, _ დამნაშავესავით შემომხედა.

_ არა, რა ბოდიში. არც არავინ იცოდა, _ ბანზე ავუგდე სიტყვა.

_ მე ვიცოდი, _ პატარა ბავშვივით წამოიძახა ინგამ.

«ტორტლაობამ» (ასე მონათლეს იგი გოგოებმა) უღიმღამოდ ჩაიარა. საშინელ ხასიათზე ვიყავი. რატიმ დანაშაულის გამოსასწორებლად ხუმრობა სცადა. არაფერი მშველოდა. ის იყო, ბოლო ჭიქა ჩამოვასხით, რომ კარი ფართოდ გაიღო და საგანგებოდ შეფუთულ მუქი წითელი ვარდების უზარმაზარ თაიგულს გუგა შემოუძღვა.

_ სად იპოვე ბიჭო, მთლად შენი სიგრძის ვარდები! _ სიცილი დააყარა გიამ.

_ თბილისში ყველაზე ლამაზ ქალს, გამომცემლობის დედოფალს! _ ვირტუოზულად წარმოთქვა და ბუკეტი გამომიწოდა.

როგორ გამიხარდა! შემთხვევით რატის გადავხედე. აშკარად უკმაყოფილო ჩანდა… რაღაცით…

7 7 7

_ შენ დღეს რომელ საათამდე იქნები? _ ზურგზე რატის თითის შეხება ვიგრძენი. ეტყობა, გაუარა სიბრაზემ.

_ დღეს ცოტა ადრე მინდა გავიდე. ასე, ხუთისთვის. შეიძლება მეგობრები მესტუმრონ.

თავი დამიქნია და კვლავ თვალებში ჩამაშტერდა. ამჯერად რეაქცია არ მქონია. დაცლილი ვიყავი ყველაფრისგან.

7 7 7

ხუთი რომ გახდა, ყველას გამოვემშვიდობე და უხალისოდ ჩავუყევი კიბეს, დამძიმებული. ვარდები სამსახურში დავტოვე, ბესოს ახსნას ვერ დავუწყებდი. ეზოში რომ გავედი, რატის მანქანა შევნიშნე. წინა კარი გამოღებული იყო, მაგნიტოფონის ხმა ისმოდა. ჩემს დანახვაზე მანქანიდან გადმოვიდა:

_ დაჯექი, წაგიყვან, _ შემრიგებლური ტონით მითხრა.

_ არა, ნუ შეწუხდები, _ ვიუარე.

_ კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას. ცუდად გამომივიდა, _ დაიწყო ისევ თავის მართლება.

_ არა უშავს, უფროსო, მე მიჩვეული ვარ ასეთ შავ სიურპრიზებს.

_ ვისგან?

_ ცხოვრებისგან, _ არ დავაკონკრეტე. _ ასე რომ, სულაც არ არის შენი ბრალი.

_ ესე იგი, არ მიბრაზდები?

_ არა, _ გავუღიმე და თვალებით მოვეფერე. ვერ მოვითმინე.

მგონი, მეც დავბრმავდი.

სამუდამოდ.

ისეთი რა უნდა დაეშავებინა ამ კაცს ჩემთვის, რომ ვერ მეპატიებინა.

_ მაშინ მოიცა! _ უცებ მანქანისკენ წავიდა…

ცოტა ხანში მობრუნდა…

ხელში ერთი ცალი ყვითელი ვარდი ეჭირა, შიშველი, შეუფუთავი.

_ ეს შენ! კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს! _ მითხრა და მოულოდნელად ხელი ყელზე წამავლო, ახლოს მიმიზიდა და ლოყაზე მაკოცა, ზედ ტუჩის კუთხეში… რბილად… მუხლები მომეკვეთა. ოდესმე განმიცდია კი ასეთი სიამოვნება? არ შევწინააღმდეგებივარ.

_ დღეს ისეთი ლამაზი ხარ… ვერ მივხვდი, რომ მეთქვა.

_ სად გეცალა მაგისთვის, _ საყვედური ჩემდა უნებურად აღმომხდა.

მორიდებით გადააქნია თავი და გააგრძელა:

_ მართალია, მე გუგასავით არა მაქვს გრძნობები მოძალებული და ამიტომ წითელი ვარდი ვერ მოგიტანე… სამაგიეროდ ეს შევარჩიე. გიყვარს ყვითელი ფერი? ამბობენ, მეგობრობას ნიშნავსო. ამის უფლება ხომ მაქვს? _ შემომცინა.

_ მე ყველაზე მეტად მაგნოლია მიყვარს, თუმცა არასდროს მჭერია ხელში, მაგრამ ეს არის ყვავილი, რომელიც სიგიჟემდე მომწონს და დღემდე ცისფერ ოცნებად რჩება ჩემთვის. მერე კი ყვითელი ვარდი და ყვითელი ტიტა. ასე რომ, ჩაგეთვალა! ისე… ყვითელი ვარდი სულაც არ ნიშნავს მეგობრობას. იგი… მზადყოფნას გამოხატავს, _ ვერაგულად ვიცრუე. საიდან მომაფიქრდა?

_ მზადყოფნას? მართლა? არ ვიცოდი! _ ორაზროვნად შემომხედა.

_ აწი გეცოდინება, _ მაცდურად შევხედე თვალებში და დავამატე:

_ დიდი მადლობა.

_ რისთვის: ყვავილისთვის, თუ მზადყოფნისთვის? _ შეფარვით მკითხა.

_ ერთისთვისაც და მეორისთვისაც, _ მეც შეფარვით ვუპასუხე და კვლავ მოვეფერე თვალებით.

დღემდე არ ვიცი, რა მოხდა მაშინ, რა ფერის კატამ გაირბინა რატისა და ნინოს შორის. ერთი კია, უკვე აღარ ხვდებოდნენ ერთმანეთს. უფრო მეტიც _ ნინომ საერთოდ დაანება სამსახურს თავი. როგორც ჩანს, იმ შენობაში შემოსვლაც აღარ სურდა.

არასდროს მიკითხავს რატისთვის მიზეზი _ არც მაშინ და არც მერე…

თუ საჭიროდ მიიჩნევდა, თავად მეტყოდა. არც ის ვიცოდი, გაარკვია თუ არა ტელეფონის ზარების ამბავი.

არც ამით დავინტერესებულვარ.

მე მართალი ვიყავი საკუთარ თავთან და მასთანაც. ამასთან, თითქოს ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ წყდებოდა. განგება აშკარად ჩემს მხარეზე იყო, თუმცა სწორედ ეს მაღელვებდა უფრო. ვეღარ ვერეოდი საკუთარ თავს. ვიცოდი, ჩემს ღალატს არანაირი გამართლება არ ექნებოდა, მაგრამ…

სწორედ იმ აკრძალულისკენ გამირბოდა თვალიც და გულიც.

გონებაც აღარ მემორჩილებოდა.

რაც დრო გადიოდა, მით მეტის უფლებას ვაძლევდი თავს, თუმცა ვცდილობდი, კონტროლი არ დამეკარგა და სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო ჩემი განცდები.

ვახერხებდი კიდეც მეტ-ნაკლებად.

მზად ვიყავი, გადამედგა გადამწყვეტი ნაბიჯი. არ ვფიქრობდი იმაზე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს საქციელს. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა არ მაინტერესებდა, რა იქნებოდა ხვალ, რა მელოდა წინ. თუმცა… ბესოს გახსენებაზე სინდისი მაინც მქენჯნიდა. არა იმიტომ, რომ იგი იმსახურებდა ან არ იმსახურებდა ღალატს… არც უიმისობა იყო, რომ არ მიყვარდა… ალბათ მიყვარდა, მაგრამ არა როგორც მამაკაცი, არამედ როგორც ოჯახის წევრი, როგორც… როგორც ჩემი შვილის მამა… რაღაც ამდაგვარად. განსაკუთრებით ახლა, რატის «ფონზე», უფრო მეტად ვგრძნობდი, რამდენად უნიათო და არაფრის მაქნისი იყო… ბოლო ხანებში ხომ საერთოდ _ თხუნელასავით იყო ჩაკეტილი თავის უადამიანებო სამყაროში, ყველას და ყველაფერს გაურბოდა… მაგრამ ღალატი მაინც არ მინდოდა. არადა, უკვე აღარც რატის გარეშე შემეძლო ყოფნა.

ეს ვერ წარმომედგინა.

ოჯახის დანგრევაც რომ არ მინდოდა?

თან მინდოდა…

ერთი სიტყვით, მე თვითონ არ ვიცოდი, რა მინდოდა…

რატიც არ იყო თითქოს გულგრილი ჩემ მიმართ. ვიცოდი, არ ვუყვარდი, ვიცოდი, რომ მისთვის მხოლოდ ერთ-ერთი «საკოლექციო ეგზემპლარი» ვიქნებოდი, მაგრამ ეს არ მადარდებდა. ჩემთვის სულერთი იყო _ ოღონდ ურთიერთობის სურვილი ჰქონოდა, ცოტა ხნით მაინც, სანამ არ მოსწყინდებოდა… მერე?

ფიქრები ამის იქით აღარ მიდიოდა.

ამ «მერესაც» შინაგანი ხმა თუ ჩამძახებდა. თითქოს მეორე ანა მეწინააღმდეგებოდა _ უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილი.

დაუფიქრებელი ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს. მუდამ დიდხანს მიხდებოდა ხოლმე ყველაფრის აწონ-დაწონა, სანამ რამეს გადავწყვეტდი. ასეთ დროს საკუთარ თავთან მიყვარდა ლაპარაკი. მე და ჩემი ორეული მუდამ შეთანხმებულად ვმოქმედებდით, ანგარიშს ვუწევდით ერთმანეთის აზრს. ახლა კი წინააღმდეგობას ვაწყდებოდი. ჩემი ამდენი თვის ნაფიქრ ნაბიჯს დაუფიქრებელს ვერ დავარქმევდი. როგორც იტყვიან, გრძნობასაც დავეკითხე, გონებასაც. ორივე თანახმა იყო.

«რომ არ უყვარხარ?» _ მეკამათებოდა შინაგანი ხმა.

«მერე რა, მე ხომ მიყვარს», _ ამ დათმობაზე მივდიოდი.

«რომ ვერც ვერასოდეს შეგიყვაროს?» _ არ მეშვებოდა.

«რა აუცილებელია? მე ხომ მეყვარება…» _ ჩემი გამქონდა.

თითქოს გზაჯვარედინზე ვიდექი და სწორედ იმ გზას გავყურებდი, რომლის აბრაზეც მსხვილი ასოებით ეწერა: «თუ ამ გზით წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები», _ როგორც ზღაპარში.

მე კი სწორედ ეს გზა მიზიდავდა…

7 7 7

ბოლო ხანებში რატი საკმაოდ გულჩათხრობილი გახდა. გარეგნულად ვითომ არაფერს იმჩნევდა, მაგრამ… თვალები სევდიანი გაუხდა, სახე გაუქვავდა. ეს არ გამომპარვია. კარგად მესმოდა მისი, მაგრამ აბა, რას ვუშველიდი… წვერიც გაიპარსა. ვერაფრით შევეჩვიე. ისე შეიცვალა, ერთი კვირა შეხედვა არ მინდოდა, სულ სხვანაირი გახდა. ახლა უფრო დაეტყო სევდა. მარტო ცდილობდა ყოფნას, ნაკლებად გვეკონტაქტებოდა. გვიან მოდიოდა გამომცემლობაში, ადრე მიდიოდა. თვალებით მივაცილებდი ხოლმე კარამდე. ძალიან მიმძიმდა ამის ყურება. მისი უხასიათობა მეც გადამედო. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ერთ დღეს, როცა სხვები შესვენებაზე იყვნენ გასულები, პირდაპირ მივადექი:

_ შეიძლება? _ შევყავი თავი კაბინეტში.

_ მოდი! _ მითხრა, ბლოკნოტი გვერდზე გადადო და ინსტინქტურად მობილურს წაავლო ხელი. რატომღაც ჩვევად აქვთ მამაკაცებს _ დგანან თუ სხედან, მობილური მექანიკურად ხელში უჭირავთ.

მივუახლოვდი და უკითხავად ჩამოვჯექი სკამზე.

_ რატომ ხარ უხასიათოდ, უფროსო, რა გჭირს? _ პირდაპირ დავიწყე.

_ არაფერი. რა უნდა მჭირდეს? _ აიჩეჩა მხრები და თვალები დახარა. კილოზე შეეტყო, რომ ყველაფერიც სჭირდა.

_ რა, მეტყობა რამე? _ შემომიბრუნა კითხვა.

_ უალიბო პატიმარივით! _ უცერემონიოდ დავაჯახე.

_ ჰო-ო? მაინც რა მეტყობა? _ აზიდა ცალი წარბი და მობილური ისევ მაგიდაზე დადო. მგონი, გამორთო.

_ ის, რომ ბოლო ხანებში გაფითრებული ხარ, თვალები ჩაგიშავდა და, საერთოდ, ადამიანს არ ჰგავხარ. რა, ღამეები არ გძინავს? _ შეტევას შეტევაზე ვახორციელებდი.

_ შენ ვინ რას გამოგაპარებს… თვალები რადარებივით გაქვს… ჰო, ცოტა მძინავს, ან თითქმის არ მძინავს, _ ცალყბად გაიღიმა.

ვიცოდი, ზედმეტი კითხვის დასმა არ შეიძლებოდა. ვინ იცის, იქნებ სულაც ჩემი არსებობის გამო შეექმნა პრობლემა, იქნებ… იქნებ კი არა, ასე იყო. თუმცა, არ მინდოდა, რამე მეკითხა. უსიამოვნო ბრალდების მოსმენის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. მით უმეტეს, ლომის წილი მე მიმიძღოდა მის არეულ საქმეებში.

_ შემიძლია რითიმე დაგეხმარო? _ თითები ერთმანეთში გადავხლართე და გვერდულად გავხედე.

_ არა, _ მოკლედ მომიჭრა, _ არის ისეთ რამ, რაშიც ადამიანს სხვისი დახმარება არ სჭირდება. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა და მე უნდა მოვაგვარო, _ როგორც იქნა, შემომხედა თვალებში.

გული შემეკუმშა. რა მეთქმოდა, ავდექი და სკამი მაგიდისკენ შევწიე.

_ ყოველი შემთხვევისთვის, იცოდე, თუ რამეში დაგჭირდე, აქა ვარ, გვერდით, _ თავი ჩემი ოთახისკენ გადავაქნიე.

_ არ იქნები საჭირო, _ მტკიცედ თქვა.

მხრები ავიჩეჩე გუნებაწამხდარმა. ვიგრძენი, ზედმეტი ვიყავი…

_ ისე, ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ… ერთი რამ მინდოდა მერჩია… _ აღარ გავაგრძელე და ყოყმანის ნიშნად ცხვირზე მოვისვი ხელი…

წამოდგა და მომიახლოვდა:

_ აბა, მითხარი ერთი, შენ უცხო აზრები მოგდის ხოლმე თავში _ მე რომ არც დამესიზმრება!

ჩავიცინე, აქაოდა, ნუ მაშაყირებ-მეთქი.

_ მართლა, მართლა! მითხარი, ნუ გერიდება. რომ იცოდე, შენს რჩევას დიდი წონა აქვს ჩემთვის… გეფიცები, _ გულწრფელობა დაეტყო ხმაში, _ მითხარი, რისი თქმა გინდოდა.

_ იცი? მე არ ვიცი, რა იყო და როგორ იყო, არ ვიცი, რა მოხდა ან ახლა რა ხდება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ამქვეყნად არც ერთი ქალი არ იმსახურებს იმას, მისი გულისთვის საკუთარი ცხოვრება გაიმრუდოს კაცმა და მსხვერპლი გაიღოს. არც ერთი! არც მე და არც სხვა! ეს ყოველთვის გახსოვდეს! _ ჯიქურ გავუსწორე თვალი.

_ გმადლობთ, _ გაკვირვებული ხმით გადამიხადა მადლობა, ცოტა შეყოყმანდა და დააყოლა: _ გავითვალისწინებ შენს რჩევას… თავად უფროსო! _ დააყოლა და გამიღიმა.

7 7 7

იმ დღიდან თითქოს გალხვა ყინული და ნელ-ნელა დაიძრა. რატი ცოტა «მოფერიანდა» _ ფიზიკურადაც და სულიერადაც. მერე და მერე, როცა უფრო ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ საკმაოდ ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა. მუდამ ცდილობდა, ცხოვრების დარტყმა მსუბუქად გადაეტანა. უბრალოდ, არ ეფიქრა ამაზე. არ ეფიქრა და მორჩა! გულთან ახლოს არ მიეტანა არაფერი. ასე უფრო ადვილი იყო ცხოვრება… მაგრამ ეს ყველაფერი გვიან გავიგე. იქამდე კი… თურმე მე უფრო მაწუხებდა მისი ტკივილი, ვიდრე თავად მას. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანდა.

…ივლისი დაიწყო. ბაღმაც შეწყვიტა მუშაობა. გვანცა დედაჩემს გავაყოლე სოფელში. იქ ბებია მყავს. ასე უფრო იმედიანად ვიყავი. მე ხომ ჯერ არ მიწევდა შვებულება. ბავშვს კი თბილისში ვერ გამოვხრუკავდი ამისთანა სიცხეში. სოფელში არაფერი მოაკლდებოდა. განსაკუთრებით ბებიაჩემის ხელში. მეც ხომ მისი გაზრდილი ვარ…

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან არავის ულაპარაკია რატისა და ნინოს შესახებ. კრინტი არ დაუძრავთ. არადა, მაინტერესებდა, გოგოებმა რა იცოდნენ მათ შესახებ. რატის ხომ ასი წელი არ ვკითხავდი არაფერს ამის თაობაზე.

ერთ საღამოს მე და ინგას ერთად მოგვიწია სამსახურიდან შინ წასვლამ. ყოველ საღამოს გია აცილებდა ხოლმე, მეც ვერიდებოდი. იმ დღეს გია არ იყო და ამიტომ ერთად ვიმგზავრეთ.

_ ინგა, ნინო მართლა წავიდა სამსახურიდან? _ შორიდან მოვუარე.

_ ჰო, გოგო, წასულა. ისე გამიკვირდა-ა! უკეთესი ადგილი უშოვია რომელიღაც ტურისტულ სააგენტოში, მე მგონი, «მეტეხში». მე ის უფრო მიკვირს, რატიმ როგორ გაუშვა. როგორ შეელია. აქ სულ ერთად იყვნენ, მთელი დღე და იქ კიდევ…

_ ისევ ხვდებიან ერთმანეთს? _ ვიკითხე და მივხვდი, შეცდომა დავუშვი.

_ რატომ არ უნდა ხვდებოდნენ? რა, მოხდა რამე? _ ინტერესით შემომხედა.

_ არა, არაფერი! ისე ვთქვი, რა ვიცი. ერთად რომ ვერ ვხედავ… მექანიკურად!

_ მაგათ რა დააშორებთ. ტკიპასავით არიან ერთმანეთს მიკრულები. ვერ ხედავ, რა ადრე მიდის სამსახურიდან?

_ შენი საქმეები როგორ არის? _ სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, როცა მივხვდი, რომ არავინ არაფერი იცოდა. ცოდნით არც მე ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი შინაგანად. ასეთ რამეში არასდროს ვცდებოდი.

_ გადასარევად! მე მგონი, სექტემბერში დავიწერთ ჯვარს.

_ რა კარგია! _ ეს რატის ჩვეული გამოთქმა იყო და მეც ძალაუნებურად წამომცდა.

_ უი! რა რატივით თქვი! _ გაეცინა ინგას, _ შენც ჩემნაირად გცოდნია სხვისი ჩვევების აკვიატება. მეც სულ მაგათი ლექსიკონით ვსაუბრობ. განსაკუთრებით გუგასი, ხომ იცი, რა ტიპია. ჩემი სიცოცხლე! როგორ მომენატრა ის საძაგელი! _ ეს გუგას მისამართით თქვა.

იგი ზღვაზე იყო წასული ცოლთან ერთად. ქობულეთში, მგონი.

_ აი, ჯვარს დავიწერთ და ჩვენც წავალთ! _ თვალები გაუბრწყინდა ინგას და ხელზე ხელი მომიჭირა, _ რა კარგია იცი, შეყვარებული რომ ვარ? ისე მსუბუქად ვგრძნობ თავს, თითქოს დავფრინავ.

გამეცინა. ინგა ხომ ბესოს კლასელია. უკვე 37 წლისაა. ეს არც ისე პატარა ასაკია გასათხოვარი ქალისთვის და როგორ პატარა გოგოსავით უხარია. ისედაც ბავშვივით ხასიათი აქვს, გულუბრყვილო. ჰმ! კარგი ცოლი იქნება… შეეფერება გიას.

7 7 7

პარასკევს სამსახურის ფარდები წავიღე შინ გასარეცხად. შაბათ-კვირას დავრეცხე, დავაუთოვე, გავაპიწკინე და ორშაბათს სათუთად დაკეცილი მივიტანე გამომცემლობაში. საერთოდ, ყველაზე ადრე მე მივდიოდი ხოლმე. კარსაც მე ვაღებდი, თუმცა გასაღები რატისაც ჰქონდა და ინგასაც. ინგა რადგან ბუღალტრად მუშაობდა, ხშირად უხდებოდა ადრე მოსვლა.

ორშაბათი დღე ყველაზე მეტად შემიყვარდა _ ორი დღის უნახაობის შემდეგ რატისთან რომ მიწევდა შეხვედრა.

ამიტომ.

სამაგიეროდ, შაბათ-კვირას ვერ ვიტანდი… ისე გაიწელებოდა ხოლმე დრო…

კიბე ავირბინე. კარი ღია დამხვდა. ოთახში არავინ იყო. რატის კაბინეტში შევიხედე, რაღაცას წერდა.

_ პრივეტ! _ კარის ზღურბლიდან მივესალმე. ცალი ფეხი უკან, ჰაერში მქონდა გაშვერილი, _ რა ადრე მოსულხარ, უფროსო?

_ საქმე მქონდა, _ ჩამაშტერდა თვალებში, როგორც ჩვეოდა ხოლმე.

_ ძალიან კარგი. მაშინ ერთი თხოვნა მექნება შენთან, _ ვისარგებლე მისი იქ ყოფნით.

_ ორი იყოს!

_ ფარდები მოვიტანე და მომეხმარე, ჩამოვკიდოთ. თუ არ შეწუხდები, რა თქმა უნდა…

_ ო-ო-ო… არ შევწუხდები, თუ ჯერ ერთ ჭიქა ყავას მომიდუღებ, _ შემევაჭრა.

_ ორი იყოს, _ გამოვაჯავრე და კარი მოვიხურე.

ამ ბოლო ხანებში მარტო ჩემს მოდუღებულ ყავას სვამდა ხოლმე. გამოიხედავდა კაბინეტიდან, თითით მანიშნებდა და ჩუმად მთხოვდა, ყავა მომიხარშეო. მეც მეტი რა მინდოდა. ნეტარი სიამოვნებით ვასრულებდი მის თხოვნას.

ახლაც სასწრაფოდ მოვადუღე და ციმციმ შევუტანე.

_ შენ?

_ არა, მე უკვე დავლიე შინ.

_ რამე ხომ არ ჩამიყარე შიგ? _ ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გამომცდელად შემომხედა.

_ კი, როგორ არა, _ მეც თვალმოჭუტულმა გავხედე.

წარბები აზიდა და პასუხის მოლოდინში გაისუსა.

_ ორი კოვზი შაქარი, _ დამნაშავესავით ავიწურე მხრები. სიცილი ვერ შეიკავა.

_ რა ეშმაკი ხარ, გუგას ტყუილად კი არ ეშინია შენი! _ სიცილი არ შეუწყვეტია, ისე თქვა, _ მე კი იმედი მქონდა, მოსაჯადოებელ წამალს ჩამიყრის-მეთქი, _ თვალი არ მოუცილებია.

_ მე-ე? არა, რას ამბობ! _ მიამიტად ვუპასუხე, მერე მაცდური სახე მივიღე და დავამატე:

_ ხელოვნური მეთოდები რაში მჭირდება, მე ისედაც ვაჯადოებ კაცებს… ბუნებრივად.

_ ვიცი, ვიცი, რა საშიში ქალიც ხარ, _ ღიმილით გადააქნია თავი.

_ ჯერ აქ დავკიდოთ, არა? _ ბანზე ავუგდე სიტყვა, _ «დირექტორი უპირველეს ყოვლისა», _ გავილექსე.

_ აქ დავკიდოთ, _ მორჩილად დამთანხმდა და ყავა მოსვა, _ უ-უ-უ! რა გემრიელია, ვიღაცას მაგონებს… _ ისევ ეშმაკურად მოჭუტა თვალი.

არაფერი ვთქვი. დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ფარდებს წავატანე ხელი. ძლივს მოვახერხე, გადამერჩია მისი კაბინეტის ფარდები და მაგიდაზე გადავფინე.

_ რაში მოგეხმარო? _ მორჩა ყავის სმას, ხელები მოიფშვნიტა და საქმიანი იერი მიიღო.

_ შენ ფარდა დამიკავე, იატაკს არ დაედოს. მე კი მაღლა ავალ და დავკიდებ.

_ რას ამბობ… როგორ გგონია, მაღლა შენ აგიშვებ? აბა, მე რას ვაკეთებ აქ? _ შორს დაიჭირა.

_ არა, არა! შენ ისე ვერ გადაანაწილებ «შპილკებზე», როგორც მე. ვერ გენდობი, _ გავეხუმრე ბოლოს და ფანჯრის რაფაზე ავძვერი. ნელ-ნელა დავიწყე სამაგრებზე ფარდის გადანაწილება _ ჯერ ბოლოები დავამაგრე, მერე შუა ადგილი მოვნიშნე, მერე იმ შუა ნაწილის პირველი ნახევარი გავანაწილე, ბოლოს _ მეორე.

_ რა ოსტატურად მუშაობ. ყოჩაღი ქალი ხარ, _ შემაქო.

ზურგით ვიდექი, მაგრამ მთელი სხეული მიხურდა. შინაგანად ერთიანად აფორიაქებული ვიყავი. ვიცოდი, რაღაცა არ ამცდებოდა…

_ მორჩა! აბა, გაუშვი ხელი? _ რატიმ ფარდას ხელი უშვა და ისიც ნარნარით მიეფინა ფანჯარას.

ჩამოსვლა დავაპირე.

_ მოიცა, მოგეხმარები, _ წინ დამიდგა, წელზე შემავლო ხელები და მსუბუქად ჩამომსვა. ძალიან ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. ისევ ვიგრძენი მისი უცნაური სურნელი _ თითქოს პატარა ბავშვის, თითქოს ბანანის…

რაღაც ამდაგვარი…

ჟრუანტელმა დამიარა სიამოვნებისგან.

მოწოლილი სისხლისგან სახე ამიფეთქდა.

რატიმ თითებით ჩემი წელი ჩაბღუჯა:

_ რა ერთი ბეწო წელი გაქვს, ხელს შემოგაწვდენს კაცი! _ ჩურჩულით მითხრა და მისი ლამაზი თითები ნელა ამოძრავდა ჩემს ზურგზე.

ჩემდა უნებურად კვნესა აღმომხდა. თვალები დავხუჭე. უცებ მისი ტუჩები ვიგრძენი, ცხელი… ცხელი…

ყელი დამეწვა…

თავი გადავწიე და მისი სახე ჩემს ყელსა და მხარს შუა მოვიქციე. ლოყა შევახე ლოყაზე. პრიალა კანი ჰქონდა, მკვრივი…

მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია. ვკოცნიდი, სადაც მომიხვდებოდა _ ცხვირზე, თვალებზე, ლოყაზე, ყელზე, შუბლზე…

ტუჩებმა დაუკითხავად მოძებნეს მისი ტუჩები…

რა კარგი იყო…

_ რა ტკბილი ხარ, _ ჩამესმოდა მისი ხმა… და როდესაც რატის ხელები ჩემს შიშველ ბარძაყებს შეეხო, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს. შემკრთალი გავუძალიანდი და უკან გავიწიე:

_ ვინმე არ შემოვიდეს! _ ჩურჩულით ვთქვი.

სახე მთლიანად ალეწილი მქონდა. ჩემს ოთახში გავედი, ფანჯარა გამოვაღე და ცხვირ-პირი ჰაერს შევუშვირე. გრილი ნიავი მესიამოვნა. საბედნიეროდ, არავინ მოსულა იმ წუთებში. გადავრჩი. ნელ-ნელა დამიწყნარდა სახე. დავმშვიდდი. ფანჯარა მივხურე. სიგარეტი მომინდა.

_ მოწევ? _ რატი მომიახლოვდა.

თითქოს ჩემს გულში იჯდა. უსიტყვოდ დავუქნიე თავი. «კენტი» მომაწოდა. რამდენიმე წუთი მდუმარედ ვეწეოდით.

_ ხომ არ გეწყინა რამე? _ წყნარად მკითხა.

_ არა, რა უნდა მწყენოდა. არაფერი, _ ცოტა დარცხვენილი ვიყავი.

«რა კარგია, იტყვის ახლა», _ გავიფიქრე.

_ რა კარგია, _ თქვა რატიმ.

გამეცინა.

_ რა გაცინებს?

_ ვიცოდი, მაგას რომ იტყოდი.

_ შენ რა არ იცი. სანამ სხვა რამეს მოიფიქრებს, შენ უკვე ნაფიქრი და დავიწყებულიც გაქვს.

პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, თინიკო შემოვიდა ოთახში.

_ აუ! რა ბუღი დგას. აქ რატომ ეწევით, ხალხნო, დერეფანში ვერ გახვედით? _ ხელი გაიქნია ჰაერში, _ ფანჯარა მაინც გამოგეღოთ.

_ ფარდებს ვკიდებდით და იმიტომ არ გამოვაღეთ, _ გადმომხედა რატიმ და თვალი ჩამიკრა…

იმ დღეს საკმაოდ უხეიროდ ვიმუშავე. სულ არ ვიყავი ბეჭდვის ხასიათზე. ვატყობდი, უამრავ შეცდომას ვუშვებდი. თვალი და ყური რატისკენ მქონდა, თუმცა მთელი დღე გაბუტულებივით ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. ყავაც ინგას მოადუღებინა. ეს კარგის ნიშანი იყო. მომეწონა შენიღბვის მისეული მეთოდი. გამოდის, სიფრთხილეს იჩენს თანამშრომლებთან. ესე იგი, შეიძლება მასთან საიდუმლოს შენახვა. ზოგიერთი მამაკაცივით არ მოიწონებს თავს გათხოვილ ქალთან ურთიერთობით.

იმედია…

კარგია, რომ უფრთხილდება ჩემს რეპუტაციას. იქნებ თავისას? ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი სხვა რამ იყო. გამოდიოდა, რომ ჩვენ უკვე შეკრულები ვიყავით ერთმანეთთან. საერთო საიდუმლო გაგვაჩნდა, რომლის გამჟღავნება არც ერთს გვაწყობდა, არც _ მეორეს.

ეს კი გააადვილებდა ურთიერთობას.

_ შავი პასტა ხომ არ გაქვთ ვინმეს? _ იკითხა რატიმ, რომელიც ინგასთან ერთად, უკვე ორი საათი იქნებოდა, ანგარიშობდა რაღაცას.

_ აგერ არის, _ მოვატრიალე თავი და კომპიუტერთან დადებულ პასტაზე მივანიშნე.

ჩემკენ წამოვიდა. არ ავმდგარვარ, ისე გავუწოდე. გააჭიანურა გამორთმევა. პასტას ჩემი თითებიც «გააყოლა» თან, ოდნავ მომიჭირა ხელი…

შევცინე…

…ექვსი რომ გახდა, წასასვლელად გავემზადე.

_ აბა, კარგად, _ დავემშვიდობე გოგონებს და რატისკენ გავაპარე მზერა.

თვალები წამით დახუჭა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.

თვალებით დამემშვიდობა.

ეს კი ნიშნავდა, რომ სამსახურებრივი რომანი დაიწყო…

იმ ღამეს როგორ გავათენებდი, ძნელი მისახვედრი არ არის… მეორე დილითაც ადრიანად წავედი სამსახურში, თან სინდისი მქენჯნიდა. «რას ვაკეთებ ამხელა ქალი, რამ გამაგიჟა», _ ვტუქსავდი ჩემს თავს. ამასთან, კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. გულის ძგერას სხეულის ყველა წერტილში ვგრძნობდი…

ოთახში გულისფანცქალით შევედი იმ იმედით, რომ რატი უკვე მოსული დამხვდებოდა. კართან ინგა შემეფეთა. მოულოდნელობისაგან შევყვირე. ისიც შეკრთა.

_ როგორ შემეშინდა! არ გელოდი, რა ადრე მოსულხარ? _ უხერხულობის გასაფანტავად, რაც შეიძლებოდა, მხიარულად ვუთხარი.

_ საგადასახადოში ფორმები მაქვს ჩასატანი, _ ბუზღუნით ჩაიქნია ხელი და დერეფანში გავიდა.

რატი ჩემს კომპიუტერთან იჯდა, რაღაცას ამოწმებდა. ალბათ, ჩემს ნამუშევარს. საუბრის ხმაზე მოტრიალდა, ღიმილით შემომხედა.

«როგორ ხარ?» _ მკითხა თვალებით.

«კარგად, შენ?» _ მეც თვალებით გავესაუბრე.

_ გადასარევად! _ ხმამაღლა თქვა.

არ ველოდი ხმამაღალ პასუხს. რაღაცნაირად დავიბენი. სიცილი აუტყდა.

_ გგონია, მარტო შენ ხვდები სხვის აზრებს? ეგეთები მეც მეხერხება! _ თავმომწონედ მითხრა.

ინგა ისევ შემობრუნდა _ ბეჭედი გამყოლიაო, რატის გადააწოდა და შეწუხებული სახით ისევ გავიდა ოთახიდან.

_ ყავა გინდა? _ შემპარავად მკითხა რატიმ.

_ მოგიდუღებ, _ მივუხვდი ეშმაკობას და მადუღარას წავავლე ხელი.

უკნიდან მომიახლოვდა და კაბის საყელოს თითი გააყოლა.

_ შაბათს შეგიძლია სახლიდან გამოსვლა? _ ხმადაბლა მკითხა.

შევკრთი. წყლიანი გრაფინი თითქოს ხელში გამიშეშდა.

_ გააჩნია, რისთვის, _ ვითომ ვერ მივუხვდი.

_ საქმისთვის, _ თქვა.

_ არ ვიცი, ალბათ, ცოტა გამიჭირდება, _ ყრუდ ვუპასუხე.

«საქმისთვის»…

ვიცოდი, რასაც გულისხმობდა მაგ «საქმეში».

სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ასე უცებ დავთანხმებულიყავი შეხვედრაზე. არადა, უარის თქმისაც მეშინოდა _ ვაითუ გადაიფიქროს?

_ პარასკევს? _ ვარიანტებს მთავაზობდა რატი, წინ დამიდგა და ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამომისვა.

მხრები ავიჩეჩე. ისეთი სახე მქონდა, მიხვდა, ვყოყმანობდი.

_ პარასკევი შედარებით მსუბუქი დღეა, ცოტა გვიან რომ მოხვიდე სამსახურში, არაფერი უჭირს. იქამდე კი… (აქ ხმა შეიცვალა) იქამდე კი… რა ვიცი, ბაზარში გაივლი, ან… ან კიდევ… შენ უკეთ მოიფიქრებ, სად გაივლი… _ თვალები მოხუჭა და გამომცდელად დამაცქერდა, _ მოხვალ?

_ სად? _ მთლად წამერთვა ხმა.

_ ჩემთან, სახლში.

_ არ ვიცი… _ შევიკავე თავი.

ცოტა ხანს დამაცადა, რომ არაფერი ვთქვი, თვითონვე გააგრძელა:

_ მე მაინც დაგელოდები. თორმეტ საათამდე დაგიცდი. თუ მოხვალ, ხომ კარგი, თუ არადა… არ მოხვალ და ეგ იქნება, _ იდუმალი ტონით მითხრა და დაამატა: _ ძალიან გამახარებ, თუ მოხვალ.

ცხვირზე ავიფარე მარჯვენა ხელი. ახლოს მოვიდა და ზუსტად ცხვირის გასწვრივ მაკოცა თითზე:

_ ნუ ნერვიულობ, გულმა როგორც გიკარნახოს, ისე მოიქეცი. მე არ გაძალებ, მაგრამ მაინც დაგელოდები, _ გატრიალდა და ფანჯარასთან მოკალათდა ყავის მოლოდინში.

მაინც ვყოყმანობდი.

საჭიროზე მეტხანს ვურევდი კოვზით ქაფქაფა ყავას.

_ ოთახში შევიტანო? _ უკან არ მიმიხედავს, ისე ვკითხე.

_ არა, აქ დავლევ, თან შენ გიყურებ, _ ფეხი მოინაცვლა და მოხერხებულად დაჯდა მაგიდასთან.

მივუტანე. ამომხედა და თვალებით გადამიხადა მადლობა, ხმამაღლა კი მესროლა:

_ ხორბლისფერი პანტერა! _ და თვალებში ჩამაშტერდა.

სიამოვნებისაგან სახე გამებადრა. რაღაც უცხო და ზედმეტად სასიამოვნო კომპლიმენტი იყო.

_ მაგარი ქალი ხარ, _ ქვედა ტუჩით გამოხატა აღფრთოვანება, _ შენი კანის ფერი ხომ, საერთოდ!.. ნებისმიერ კინოვარსკვლავს შეშურდებოდა. ნამდვილი საჰოლივუდე კანი გაქვს, _ ვეღარ მოითმინა, მკლავში წამავლო ხელი და მაგრად მომიჭირა.

კიდევ ერთხელ გავიბადრე და ასე გაბადრული დავრჩი. ისე ვიყავი გაბრუებული, ყოველგვარი სიფრთხილე დავკარგე. იმწუთში რომ ვინმე შემოსულიყო, ყველაფერს მიხვდებოდა. მე კი სულ არ მადარდებდა. მოლოდინით შევციცინებდი დირექტორს მორიგი ქათინაურის მოლოდინში.

_ შეგიძლია ჩემს ოთახში შეხვიდე და ერთი ღერი სიგარეტი გამომიტანო? მაგიდაზე დევს, _ მორიდებით მთხოვა და ჩემს მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა.

_ შენ მხოლოდ მთხოვე და… _ აღარ გავაგრძელე და კაბინეტისკენ გავეშურე.

კარი შევაღე, მაგიდას თვალი მოვავლე და უცებ გავშტერდი _ «კენტის» კოლოფზე, ზემოდან, უზარმაზარი, ბოლომდე გაშლილი, «თეთრხორციანი» მაგნოლია იდო. სუნთქვა შემეკრა. რამდენი ხანია, ასეთი ბედნიერი წუთები არ მქონია. რა ეშმაკია! იცის, როგორ მომხიბლოს. ან საიდან დაამახსოვრდა მაგნოლია, ან სად გაახსენდა…

სულ დამავიწყდა სიგარეტი, გამოვტრიალდი. როგორც კი დამინახა, ხელები ფართოდ გაშალა და მხიარულად შესძახა:

_ სიურპრიზ! _ რუსულად შესძახა.

_ სად იშოვე? _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

_ ჯერ სიგარეტი მომიტანე და მერე გეტყვი! _ ბარტერი შემომთავაზა.

სიგარეტიც წამოვიღე და მაგნოლიაც. პირველი რატის მივაწოდე, მეორე კი წყლიან ჭიქაში ჩავდე და ჩემს მაგიდაზე დავდგი.

ამ დროს თინიკო შემოვიდა. ცოტა კი გაუკვირდა, კვლავ მარტო რომ დაგვინახა, მაგრამ უცებ მაგნოლიაზე გადაიტანა ყურადღება.

_ ვაი, მაგნოლია?! საიდან? უჰ, რა სუნი აქვს! _ ხელში მოიმწყვდია ყვავილი და ხარბად დაყნოსა.

კითხვის ნიშნად რატის გადავხედე. ხელები გაშალა, შენ მოიფიქრეო.

_ მაჩუქეს! _ ვთქვი და ავამუშავე გონება ტყუილის მოსაფიქრებლად. რატიმ დამასწრო:

_ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წინ მოუწყვიტა თურმე ვიღაც «ვაჟკაცმა», _ ბოლო სიტყვაში ირონია გაურია და თხრობა გააგრძელა, _ ვერ წვდებოდა თურმე და ნაყინის მაცივარზე ასულა, გამყიდველისთვის უთხოვია, მანდილოსანთან ნუ შემარცხვენო…

«რას ერჩი, მშვენივრად გამოსდის ტყუილები. რომ ჰკითხო, ეშმაკი და საშიში ქალი ხარო, მე მეუბნება». თავი გადავაქნიე. წარმოვიდგინე, რა სანახავი იქნებოდა დახლ-მაცივარზე ამძვრალი რატი შუა პლეხანოვზე და სიცილი ამიტყდა.

_ ვინ იყო? _ იდუმალი შეკითხვა დამისვა თინიკომ.

_ რა ვიცი, ვინ იყო, _ ყასიდად ავიჩეჩე მხრები, _ შაქარასავით შევციცინებდი მაგნოლიას. იმანაც შენიშნა და მოგიწყვეტო, თვითონ შემომთავაზა. უარს ხომ არ ვეტყოდი.

_ რა სუნი აქვს! ისე კი, არ შეიძლება მაგნოლია დიდხანს გააჩერო ოთახში. შხამიანი ყოფილა და თავს ატკივებს თურმე და რაღაც დაავადებებსაც აჩენს! _ გამაფრთხილა თინიკომ.

რას დავეძებდი. ახლა მთლად სეფსისი რომ შემყროდა, თანახმა ვიყავი. მთავარი იყო, რომ ჩემი ოცნების ყვავილი რატიმ მომიტანა და ამით კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი შეხედულება მასზე…

იგი სრულებით არ ჰგავდა სხვა მამაკაცებს.

ყველასგან განსხვავებული იყო…

სხვაგვარად იზიდავდა ქალებს…

7 7 7

_ ნახე, მამიკო, დედიკომ რა მომიტანა! _ გვანცამ ცხვირწინ აუფრიალა ბესოს მაგნოლია.

იგი ჯერ ჩუმად შეხვდა ამ ამბავს, მერე კი მაგნოლიისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე მკითხა:

_ შენ რა, კავალერი გამოგიჩნდა?

იცოდა, როგორ მიყვარდა ეს ყვავილი და რა ისტორიაც მაკავშირებდა მასთან… ყოველ ზაფხულს მპირდებოდა, ერთი უნდა გიყიდო და მოგიტანოო, მაგრამ… შეპირება შეპირებად რჩებოდა. ან სად უნდა ეყიდა… ახლა კი გაუტყდა. იფიქრა, ვიღაცამ დამასწროო.

_ შენ გეკითხები, კავალრები გამოგიჩნდნენ? _ გააბევრა უცებ მეტოქეთა რიცხვი.

_ რა შუაშია კავალერი, რა გჭირს? პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წინ მოვწყვიტე, _ უტიფრად ვიცრუე.

_ იქ რა გინდოდა? _ ეჭვის თვალით შემომხედა.

_ ტილების წამალი, _ ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე.

_ რა ტილების წამალი, ვისთვის გინდოდა? _ მომაყარა.

_ გვანცას ბაღის მასწავლებელმა მთხოვა ბავშვებისთვის.

ეს ტყუილი გზაში მოვიფიქრე. ვიცოდი, დაახლოებით ამგვარი სცენა რომ გაიმართებოდა და თავიდანვე დავიჭირე თადარიგი, რომ არ ჩავჭრილიყავი. ბოლო დროს იმდენი და ისეთი ტყუილის თქმა მიწევდა, მე თვითონ მჯეროდა ხანდახან.

_ რაღაც არ მომწონხარ მე შენ ამ ბოლო ხანებში, _ კბილებში გამოსცრა.

_ რატომ, რას ვაშავებ?

_ რაღაც ზედმეტად გახარებული მეჩვენები. რაო, რას გეუბნებიან, მაგარი ქალი ხარო? ხელსაც ხომ არ გითათუნებენ შემთხვევით, ჰა?

_ ავადმყოფი ხარ, _ ზიზღით ჩავილაპარაკე და აივანზე გავედი.

უცებ გვანცას ჭყივილის ხმა შემომესმა. გიჟივით შემოვვარდი ოთახში. მაგნოლია ფურცლებად დაშლილი ეყარა იატაკზე…

რაღაც ჩამწყდა გულში.

ბავშვი გულამოსკვნილი ტიროდა და პატარა ხელებს გამეტებით უტყაპუნებდა მამამისს ზურგზე. ხმა არ ამომიღია. სათუთად ავკრიფე ყვავილის თითოეული ნაწილი და საძინებელში გავიტანე.

იგი ხომ ჩემთვის ორმაგად ძვირფასი იყო _ როგორც ყვავილი და როგორც საჩუქარი.

…იმ საღამოს უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ პარასკევს აუცილებლად მივიდოდი რატისთან.

ბესომ მოვლენები დააჩქარა.

7 7 7

ხუთშაბათ საღამოს, სანამ შინ წამოვიდოდი, რატიმ მიმიხმო კაბინეტში.

_ რას იზამ ხვალ, მოხვალ? _ ისევ ხმადაბლა მკითხა.

_ მოვალ, _ გადაჭრით მივიღე გადაწყვეტილება.

_ მაშინ მოდი, აგიხსნი, როგორ მოაგნო ჩემს სახლს, _ თაბახის ფურცელი აიღო და კალმით გეგმის დახაზვას შეუდგა. ანაგრიშმიუცემლად ვუსმენდი.

_ შენ მისამართი მომეცი და როგორმე მოვაგნებ, _ მხოლოდ ეს ვუთხარი.

_ რომელზე მოხვალ? _ უკვე ღიმილით მკითხა.

_ ცხრისთვის, ალბათ.

… იმ დღეს რა დამავიწყებს!.. ყველა ნიუანსი გავითვალისწინე ჩაცმაშიც, თვალების დახატვაშიც და თითქმის მშვიდად გავეშურე «საქმეზე». რატი დოლიძეზე ცხოვრობდა. რაც უფრო ვუახლოვდები მის სახლს, მით უფრო ვნერვიულობდი. მეგონა, ყველა გამვლელი ხვდებოდა, სად მივდიოდი და რისთვის. «ნუთუ ამდენ ხალხში მარტო მე მივდივარ «საქმეზე»?» _ აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, ნაცნობი არავინ შემეფეთოს-მეთქი… ჯერ ერთ კორპუსში შევედი, მერე _ მეორეში, მესამეში… სულ ამერია ერთმანეთში. ძლივს მივაგენი. უმწეოდ გამოვიწურებოდი.

სირბილით ავედი მეექვსე სართულზე, ფრთხილად ჩამოვწიე სახელური და… გაიღო.

დავიძაბე.

ზურგს უკან მივიხურე კარი და მივეყრდენი.

სული მოვითქვი. ნერვიულობისგან პირი მქონდა გამშრალი.

რატი არსად ჩანდა. «ვაითუ სხვის ბინაში ამოვყავი თავი… ახლა რომ ვინმე ბანჯგვლიანი ბიძა გამომიხტეს», _ გამეცინა გულში. აბაზანიდან წყლის ხმა ისმოდა. შევიჭვრიტე. წელზევით შიშველი რატი წვერს იპარსავდა.

_ მოაგენი? _ ვითომ არაფერი, ისე მკითხა და სარკეში შემომხედა.

_ როგორც იქნა, _ მორცხვად გავიღიმე.

რა სანახავი იყო! თეთრი, ძალიან თეთრი კანი ჰქონდა, ფართო მხარ-ბეჭი. თვალები თაფლისფერი გახდომოდა.

_ ოთახში შედი, ახლავე გამოვალ, _ შინაურულად მითხრა.

გული ამოვარდნაზე მქონდა. ასე მეგონა, მისი ბაგაბუგი რატისაც ესმოდა აბაზანაში. ხომ არ წავიდე? რას ვაკეთებ! რა ვქნა? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში.

საძინებელში გავედი. ლოგინი აშლილი დამხვდა.

გამზადებული.

თეთრეული _ ახალი გამოცვლილი.

გამიკვირდა. მე სულ სხვა რამეს ველოდი. მეგონა, მაგიდა დამხვდებოდა გაშლილი და არა ლოგინი. შამპანურს დამახვედრებდა, ხილს, შოკოლადს… ცოტას დავლევ, შევხურდები და უფრო გამიადვილდება ყველაფერი-მეთქი. შენც არ მომიკვდე!.. ახლა მართლა მომინდა წასვლა. მოვტრიალდი. ამ დროს რატიც შემოვიდა და საპნის სასიამოვნო სუნი შემოიტანა.

_ ნახე, რა პრიალა კანი მაქვს? _ მოჩვენებითად მოიწონა თავი, ჩემი ხელი აიღო და ლოყაზე მიიდო.

_ ხომ კარგია? _ ღიმილით მკითხა, პასუხს არ დაელოდა, წელზე ხელი მომხვია და მიმიზიდა.

ყელზე მაკოცა. ცივი ტუჩები ჰქონდა. კინაღამ ჩავიკეცე შიშველი სხეულის შეხებისგან. თავი უკან გადავწიე და ყელ-კისერი მივუშვირე.

მეფერებოდა, მკოცნიდა, თან ხელებით კაბის ღილებს მიხსნიდა. სპეციალურად შერჩეული სარაფანი მეცვა, ბოლომდე ღილებით რომ იხსნებოდა. ისე უცებ გამაშიშვლა, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. მერე ხელები მომხვია. მესიამოვნა უცხო მამაკაცის შეხება.

ძლიერი მკლავები ჰქონდა, დაკუნთული, როგორც სპორტსმენს. სუნთქვა შემეკრა. მერე მსუბუქად ამიტატა ხელში და ლოგინისკენ წამიყვანა.

მერე… მერე არაფერი მახსოვს…

ყველაფერი სწრაფად მოხდა.

არც მოფერება მიგრძნია, არც კოცნა, არც რამ სიამოვნება…

რაღაც მამძიმებდა. არ ვიცი, რა.

_ რა გჭირს, ანა? _ რატის ხმამ გამომაფხიზლა. იდაყვს დაყრდნობილი ზემოდან დამყურებდა.

_ არ ვიცი, _ სასოწარკვეთილი სახე მქონდა.

თითქოს მრცხვენოდა, თითქოს მეშინოდა, თითქოს… რა ვიცი, რა არ მაწუხებდა. თითქოს ყველაფერი ერთად… ვერ აღვწერ იმას, იმწუთში რა მჭირდა, რა მემართებოდა…

_ ძნელი ყოფილა… _ ჩავიჩურჩულე.

_ ნანობ? _ ხელებში მოიქცია ჩემი სახე და თვალებში ჩამაცქერდა.

_ …ღალატი არ ყოფილა ისე ძნელი, როგორც მერე… _ გავაგრძელე ჩურჩული, _ რა მეშველება!

_ შენ გინდა თქვა, რომ მე შენთვის პირველი მამაკაცი ვარ? _ ეჭვნარევად, თითქოს ხუმრობით მკითხა.

_ არა, მეორე, _ რაც შეიძლებოდა, უდარდელად ვუპასუხე.

გაოცებით აზიდა წარბები. არადა, სიმართლე ვუთხარი. როგორც მამაკაცი, იგი მეორე იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც საყვარელი _ პირველი.

_ ბესო და შენ, _ დავნომრე ორივე. გაეცინა.

_ შენი ქმარი არ ითვლება. მე სხვა რამეს გეკითხები.

_ რომ გითხრა, პირველი ხარ-მეთქი, მაინც არ დამიჯერებ. ყველა ქალი ასე ამბობსო, მეტყვი. ამიტომ არ გიპასუხებ, _ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მიხვდა, რომ მეწყინა.

_ გეხუმრე, შე სულელო! ვიფიქრე, ცოტას გავამხიარულებ-მეთქი. ისეთი სახე გაქვს. შენი თქმა რად მინდა, ისედაც ვხვდები, რომ ასეა.

_ ჰო-ო-? რანაირად? _ თავი წამოვწიე.

_ ჯერ ერთი, რომ გაპრანჭვა არ დაგიწყია. ღალატს შეჩვეულმა ქალებმა ასე იციან, ვითომ პირველად ღალატობენ ქმრებს და იწყებენ წუწუნს, ვაი, არ შემიძლია და უნდა წავიდე და რა ვიცი, ამნაირები. შენ კი… იცოდი, რისთვისაც მოდიოდი და სცენების გათამაშება თავში აზრად არ მოგსვლია.

არადა, მეც ხომ დავაპირე გაბრუნება, კარში რომ არ შევფეთებოდი, მაგრამ ახლა ამას როგორ ვეტყოდი. სანქცია ზედ მექნებოდა.

_ მეორეც, არ გეწყინოს, მაგრამ… საკმაოდ გამოუცდილი ხარ ლოგინში… გეტყობა ერთფეროვნების კვალი… არ გაგიტყდეს, ძალიან გთხოვ.

_ არა, რას ამბობ! _ ვუთხარი.

არადა, გამიტყდა. მე თვითონ არ ვიცოდი, რა… ალბათ, სიმართლე.

_ შენ კი პირიქით _ ჩანს, კარგა გაშინაურებული ხარ მოღალატე ცოლებში… _ ჩავურტყი.

_ არც ისე, მაგრამ მთლად უამისობაც არ არის, _ გაიღიმა.

«მე მერამდენე ვარ შენთვის მოღალატე ცოლების სიაში?» _ მინდოდა, მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე.

_ მესამე, _ მიხვდა, რაც გავიფიქრე და გადმოშალა თავისი კარტები, _ იმ განსხვავებით, რომ ერთი ქვრივი იყო, მეორე _ ქმარს გაცილებული.

_ შენც კაი დონჟუანი ხარ, _ კრიტიკული ტონი გავურიე ხმაში და თავქვეშ ამოდებულ მკლავზე ვაკოცე, _ არადა, მამა აბრამის ბატკანივით მიამიტი ჩანხარ შორიდან. გარეგნულად არაფერი გეტყობა.

_ აბა, ხომ არ ვიყვირებ. ეს ამბავი შენს მეტმა არავინ იცის. მხოლოდ ჩემმა ორმა ძმაკაცმა, ვისთანაც ძალიან ახლოს ვარ, მაგრამ იმ ქალების ვინაობა მათაც არ იციან. ეს ჩემი საფირმო მეთოდია: სრული გასაიდუმლოება. მაგრად მუშაობს…

_ სამარე ვარ… _ გულზე დავიდე ხელები, _ შეგიძლია მენდო.

_ მოდი ჩემთან, _ ჩურჩულით მითხრა, ხელი შემიცურა კისერში და გულში ჩამიხუტა.

თავი დავადე და ჩავიმალე მის მკერდში. იმწუთში ღონიერი, მფარველად მოვლენილი ფრინველის ფრთებქვეშ შეფარებულ ბეღურად ვგრძნობდი თავს და კმაყოფილებას განვიცდიდი.

_ თუ გინდა, მიიღო ის, რისთვისაც ჩემთან მოხვედი, არ უნდა იფიქრო ამაზე, _ მითხრა და მოფერება დამიწყო.

_ მე მგონი, ამას ვერასდროს შევძლებ, _ იმედგადაწურული ხმით ვთქვი.

_ მოდი, ანა, თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ რამეზე, _ კვლავ იდაყვზე წამოიწია და ყელზე მომხვია მარჯვენა, _ როცა ერთად ვართ, ნუ ვიფიქრებთ ნურაფერზე. ვიფიქროთ მარტო ჩვენზე. შევირგოთ ის, რასაც ვაძლევთ ერთმანეთს. აქედან გასულები კი ნუ დავიტანჯავთ თავს და თვითგვემად ნუ გავიხდით ამ ურთიერთობას. გესმის ჩემი?

_ არა, არ მესმის! _ ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა.

_ აი, რა მინდა გითხრა. ჩვენ ერთად ვართ იმიტომ, რომ გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. მე შენ არ მიყვარხარ. ეს კარგად იცი, მაგრამ ძალიან მომწონხარ. არც შენ გიყვარვარ, ხომ ასეა? (გავისუსე). ჩვენ უბრალოდ, ვავსებთ ერთმანეთს, რაღაც დანაკლისს ვუნაზღაურებთ. სიყვარულთან ნუ გავაიგივებთ ამას. გამიგე? ნურც ღალატზე იფიქრებ. შენ პირველი ქალი არა ხარ, ვინც ქმარს ღალატობს და არც უკანასკნელი. თავიდან ყველა ქალი ნანობს, მაგრამ შემდეგ ეჩვევა. შეუჩვეველი არაფერია ამქვეყნად.

_ არა მგონია, ოდესმე შევეჩვიო, _ ამოვიოხრე.

_ მით უარესი შენთვის, მაშინ ჩემთან ურთიერთობით დაიტანჯები, კი არ ისიამოვნებ! მაშინ რაში გჭირდება ასეთი ყოფა?

გავჩუმდი. აზრებს ვიკრებდი.

მე უკვე მიყვარდა.

ძალიან.

ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამის თქმა ახლა არ შეიძლებოდა. მისი თამაშის წესი უნდა მიმეღო, რათა არ დამეკარგა.

მერე კი… ჰმ, ვითომ ასეთი გულცივია?

ამასაც ვნახავთ. მაგრამ ახლა რაღაც უნდა მეპასუხა.

_ მანქანა ხომ არა ვარ, ქალი ვარ, ბოლოს და ბოლოს. ბარემ კონტრაქტი დამიდე, _ გადავწყვიტე, მისი «არ მიყვარხარ» ასე ადვილად არ გამეტარებინა, თუმცა «კონტრაქტის» პირობას უკვე შევეგუე.

_ მომისმინე, საწყენად არაფერს გეუბნები. მინდა, რომ ორივე კარგად ვიყოთ. თუ გრძნობათა იმპერია აბობოქრდა, დიდი ტკივილები და სიმწარე არ აგვცდება. შენ თუ არ იცი ეს, მე ვიცი და თანაც ძალიან კარგად. იცოდე, თუ საქმე აქეთ წავა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება, _ რატი შეეცადა, რაც შეიძლება მშვიდი და ნეიტრალური ტონით ეთქვა ეს (!) სიტყვები.

როგორც ჩანს, კარგად იცოდა, რა უნდოდა და როგორ მიეღო. მე კი ეს მხოლოდ აზარტს მმატებდა. თუ ჰგონია, რომ ძალიან მაგარი ვინმეა, გაიგებს, რა «რბილთანაც» დაიჭირა საქმე. მაგრამ მოლაპარაკებებში ღია ვაჭრობა სისულელე და უაზრობა იქნებოდა. ამას იგი კარგად ხვდებოდა და ისე დააყენა პირობები, რომ თავად გაგიტყდებოდა შეკამათება. თუმცა, ქალს სხვა იარაღი აქვს. ასეთ საქმეებში გამოცდილებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ ალღო, რომელსაც არასოდეს მოვუტყუებივარ, მკარნახობდა, რომ ჩემი მიზანი სულაც არ იყო მიუღწეველი და თუ მივენდობოდი, შანსები დიდი მექნებოდა.

_ კარგი, კარგი, ოღონდ შენ არ ინერვიულო, _ ჩავიცინე.

თვალი თვალში გამიყარა. ეტყობა, ირონია იგრძნო. თუმცა ამას «ეტყობა» რად უნდოდა. ასეთი რამეები არ გამოეპარებოდა. «მოლაპარაკებები» ამით ამოიწურა, თუმცა, ჩემი თავდაჯერება, მგონი, ვერ დააფიქსირა.

მით უკეთესი.

ახლა უკვე დამშვიდებული ვიყავი. მოსახდენი მოხდა. აქ შიში არაფრის მქონდა. არც არავინ შემოგვისწრებდა და ვერც ვერავინ დაგვინახავდა. სიამოვნებით გავიზმორე. ხელი ჩამომისვა ზურგზე.

_ რა მკვრივი ხორცი გაქვს, გემრიელი. ძნელია, ცდუნებას გაუძლო. ერთ რამედ ღირს შენთან წოლა. უ-უ-ხ! _ მძლავრად ჩამბღუჯა და კოცნის მორევში ჩამითრია.

მე ვგრძნობდი მას… მამაკაცს, რომელსაც არ ვუყვარდი, მაგრამ ისე ვნებიანად მეფერებოდა, როგორც შეყვარებული….

მაგრამ მე თვითონ თითქოს რაღაცნაირად ვერ მოვერგე… ამას ჩემს დილეტანტობას ვაბრალებდი. ცოტა არ იყოს, პირველ შეხვედრაზე ძნელი აღმოჩნდა მორგების მომენტი. თითქოს გაგვიჭირდა ერთმანეთთან შეწყვილება. ალბათ, ამასაც, რატის თქმისა არ იყოს, შეჩვევა სჭირდებოდა, როგორც ყველა სხვა შეუჩვეველს ცხოვრებაში.

8 8 8

მეორე პარასკევისთვის კვლავ დავთქვით შეხვედრა. რატისთან მისულს ახალი სიურპრიზი მელოდა. ის, რასაც პირველ პაემანზე ველოდი, მას ახლა «მოეფიქრებინა». სუფრა გაშლილი დამხვდა. შამპანური, ბანანები, შოკოლადის ფილა და ხილი ელაგა მაგიდაზე. გავოცდი. იგი ყველაფერს «უკუღმა» აკეთებდა.

_ როგორა ხარ, ჩიტო? _ მწვანე ფერის სპორტულები ეცვა, ყავისფერი ზოლებით გაწყობილი.

თვალებიც მწვანე ფერის გახდომოდა, ქამელეონივით ცვალებადი თვალები.

_ ვარ, რა, _ ავიჩეჩე მხრები.

თმაზე ჩამომისვა ხელი და ჩამიხუტა.

_ ვინ არის ტკბილი ქალი? _ იდუმალი ხმით მკითხა.

_ მე! _ გულუბრყვილოდ გავიღიმე.

_ შენ, შენ! _ სიცილით მითხრა და ჩანთა ჩამომართვა.

_ დავლიოთ ცოტა, არა?

_ როგორც გინდა.

მაგიდას მივუსხედით. შამპანური უხმაუროდ გახსნა და ჭიქებში ჩააშუშხუნა.

_ ეს შენ გაგიმარჯოს, ანა, _ ასწია ჭიქა და მომიჭახუნა.

_ გამიმარჯოს, _ ცალი თვალი მოვჭუტე და ჭიქიდან გავხედე.

_ ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი ქალი ხარ, რასაც ჰქვია და მეორეც იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ გიხარია ჩემთან ყოფნა, _ კმაყოფილებით გამონახა საჭირო სიტყვა და სულმოუთქმელად დალია.

ბოლომდე.

მეც.

სასმელმა მთელი სხეულში დამიარა.

რატიმ ბანანი გაფცქვნა, გადატეხა და ნახევარი თეფშზე დამიდო.

_ ახლა მე გამიმარჯოს, _ ხელახლა შეავსო ჭიქები.

_ გაგიმარჯოს, _ «ავიტაცე» სადღეგრძელო, _ ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ხარ და მეორეც იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ გიხარია ჩემთან ყოფნა, _ თუთიყუშივით გავიმეორე და სულმოუთქმელად დავცალე.

ბოლომდე.

_ შენ როდისა ხარ დაბადებული? _ თავი გვერდზე გადასწია.

_ ეშმაკზე სამი დღით ადრე, _ მაცდურად გავუღიმე.

_ ასეც ვიცოდი, _ ხმამაღლა გაიცინა და მუხლზე დაიტყაპუნა ხელი, _ მოდი, აქ ჩამოჯექი.

მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა. წელზე ხელი მომხვია და თავი მკერდზე დამადო.

_ რა კარგია, ნამდვილი მალამო ხარ, ტკივილგამაყუჩებელი აბი…

_ რომელი, ანალგინი თუ პენტალგინი? _ სიცილისაგან ვერ ვჩერდებოდი.

_ ბარალგინი, _ უკეთესი ვერ გაიმეტა, ჩაიცინა და ისევ ჩამოასხა ჭიქებში.

_ ამ ჭიქით კი ჩვენ გაგვიმარჯოს, შენ და მე, _ თქვა და მოსვა.

_ შენ და მე, _ ვთქვი და მოვსვი.

_ კიდევ დავლიოთ?

_ აღარ გვინდა მეტი.

მეორე შეხვედრა უფრო «ნაყოფიერი» გამოდგა. რა ბედნიერი ვიყავი! აღარაფერი მაწუხებდა. დამავიწყდა შიშიც, ტკივილიც, ღალატიც, დარდიც…

ყველაფერი.

მხოლოდ რატი მახსოვდა.

სამაგიეროდ, შეხვედრის მერე ისევ ავიშლებოდი ხოლმე. მეშინოდა. ვაითუ, უცებ დამთავრდეს ყველაფერი. როცა ადამიანს არ უყვარხარ, ადვილად ბეზრდები. ერთ მშვენიერ დღესაც დაგიქნევს ხელს და მორჩა-ა-ა! ყველაზე მეტად ეს მაფიქრებდა. არადა, არც ის ვიცოდი, როგორ შემეყვარებინა თავი. ასეთ საქმეებში არ მქონდა გამოცდილება. სიმართლე გითხრათ, არც არასდროს დამჭირვებია. ასე ერთი ნახვით შეყვარება მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული. რაღაც სასწაული მჭირდა. ჯერ არ განცდილი. რატი თითქოს ის მეორე ნახევარი იყო ჩემი, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვეძებდი, რომელიც ვიპოვე და რომელსაც მოვერგე. «რა იქნება, რომ ვუყვარდე, რა იქნება?» _ მეტი არაფერი მაწუხებდა.

რატი არ იყო ის მამაკაცი, რომელსაც ბანალური ქცევებით შეაყვარებდა ქალი თავს.

აქ სხვა რაღაც იყო საჭირო, მაგრამ რა _ ეს არ ვიცოდი.

7 7 7

გადავწყვიტე, მარისთვის მეთხოვა დახმარება. იქნებ ერჩია რამე. მან ჯერ არ იცოდა «ახალი ამბავი», მაგრამ დამინახა თუ არა, მაშინვე რაღაცას მიხვდა, წარბები აწკიპა და ცნობისმოყვარედ მკითხა:

_ რა იყო, გოგო, რა სახე გაქვს. ახლა არ მითხრა, რომ…

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

_ უჟე? _ თვალები გაუბრწინდა ახალი ამბის მოლოდინში, _ შემო, შემო, _ საჩქაროდ შემიყვანა პირდაპირ საძინებელში და საწოლზე ჩამომსვა პატარა ბავშვივით.

_ ჰე, მოყევი ახლა, ნუ მომკალი, _ ვერ ითმენდა.

მოსაყოლის მეტი რა მქონდა…

_ დედა-ა-ა! რა კარგია! _ შესძახებდა ხოლმე შიგადაშიგ აღფრთოვანებით.

_ ესე იგი, კაი იყო, ხომ? _ სატირლად გამზადებული სახე მიიღო და: _ შე ბედნიერო! _ სასუსნავს დახარბებულივით «ამოიტირა».

_ რა მეშველება, მარი? _ შევჩივლე.

_ რა გინდა, შე ქალო, მოწყობილი გაქვს საქმე. მთავარია, არავინ გაიგოს. ისიც თუ ასე ფრთხილობს, რიღასი გეშინია? _ გაშალა ხელები.

_ იმის მეშინია, რომ არ ვუყვარვარ, გაიგე? არ ვუ-ყვარ-ვარ! _ დავმარცვლე და თავატკივებულივით შუბლზე დავიდე ხელი.

_ ნეტა ერთი შენ! მერე რა, რომ არ უყვარხარ? შეგიყვარებს, სად წავა, _ დამაიმედა.

_ თან, რა არის იცი? მიტყდება ძალიან… ტეხავს ეს ღალატი. ჩემ ირგვლივ არც ერთი ქალი არ ვიცი, ქმარს ღალატობდეს.

ტკარცალი აუტყდა.

_ კარგი რა, რა სასაცილო ხარ! შე ქალო, შენი ამბავი იცის ვინმემ? არ იცის. ასეა ყველა. რომელი ქალი ამბობს დღეს, ქმარს ვღალატობ და საყვარელი მყავსო? შენ რა იცი, სხვა რას აკეთებს?

_ არა, მთლად ასეც არ არის… ხომ იცი, ამქვეყნად არაფერი იმალება.

_ კი, არ იმალება, მაგრამ თუ ჭკვიანურად მოიქცევი, ყველაფერიც დაიმალება. ჰმ, არავინ ღალატობს! იცი, რამდენი ვიცი მაგნაირი ქალი? აი, ეკა რომაა, ჩემი მულის დაქალი. სამი შვილი ჰყავს, ქმარი და საყვარელიც.

_ რომელი ეკა, დისტროფიკს რომ ჰგავს?

_ ჰო, ჰო, ის ეკა. შარშან თავის ძველ შეყვარებულს გადააწყდა შემთხვევით ქუჩაში და იმის მერე ერთად არიან, მაგრამ კი არავინ იცის.

_ «არავინში» რამდენი კაცი იგულისხმება, არ დამიმალო! _ სიმწრით გამეცინა.

_ ახლა ჩვენ რომ ვიცით, ეს არ ითვლება. მე ასი წელი არავის ვეტყვი ამას, არც შენ და… ნუ ფიქრობ, რა, ანა მაგაზე, თორემ შეიძლება გარეკო…

_ ქალზე საზიზღარი არსება არ არსებობს ქვეყანაზე. ჩვენს თავში რომ აზრი დატრიალდება, თანაც ბოროტი, კაცებს არც დაესიზმრებათ.

_ ოჰ, კაი ახლა, ნუ ფილოსოფოსობ. შენ სიყვარულის გამო უღალატე ბესოს და სხვები ვინ იცის, რისი გულისთვის არ დგამენ მაგ ნაბიჯს. ზოგი ინტერესის გამო, ზოგიც გაჭირვების გამო, ზოგიც…

_ შურისძიების გამო, არა?

_ ეგეც არის. ზოგს კიდევ მოთხოვნილება აქვს, ერთი კაცი არ აკმაყოფილებს. აგერ, ნონა ხომ იცი, ჩემ ზემოთ რომ ცხოვრობს. თავის გინეკოლოგს მისცა. მაგ კაცმა ამშობიარა. მერე ერთხელაც, მგონი შარშან, გაზაფხულზე, მინიაბორტის გასაკეთებლად მივიდა. უჟუჟუნა და უჟუჟუნა თვალები. იმან გაიხადეო, უთხრა. ნონამ კიდე გახდა ზემოდან დაიწყო.

_ მერე?

_ რა მერე! არაფერი. ჯერ კარგად მიაწვინა, მერე გაუკეთა აბორტი და გამოუშვა. მერე და მერე იცოცხლე, კი ინანა, მაგრამ რაღას უშველიდა. ნერვიულობისაგან შაქარმა აუწია და კინაღამ დაბრმავდა. ქმარმა დღესაც არ იცის. შენი შემთხვევა კი სულ სხვაა. შენ ახლა იმაზე იფიქრე, როგორ შეაყვარო თავი.

_ ჰოდა, რომ არ ვიცი, სწორედ ეგ მაგიჟებს.

_ მდა-ა-ა! მოვიფიქროთ რამე.

ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ.

7 7 7

მესამე პარასკევსაც შევხვდით ერთმანეთს. ვგრძნობდი, ყოველი ახალი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად მიჯაჭვული ვხდებოდი მასზე. რატი მართალი გამოდგა. სიყვარული ტანჯვად გადამექცა. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. სულ თვალწინ მედგა. ისე ვიყავი «გაჟღენთილი», მეშინოდა, ბესოსთან არ წამომცდენოდა მისი სახელი.

კიდევ ერთი კვირა გავიდა. რატი მომავალ შეხვედრაზე ხმას არ იღებდა. მოუსვენრობა დამეტყო. ოთხშაბათიც დადგა, ხუთშაბათიც…

მოშუადღევდა…

მოსაღამოვდა…

შეთანხმება არ შედგა.

არც შეხვედრა.

გაოგნებული ვიყავი. «რა დაემართა? თუ არ შეეძლო, ხომ უნდა გავეფრთხილებინე? ხომ უნდა ეთქვა?» _ კითხვები ერთმანეთს ცვლიდა.

უპასუხოდ.

პარასკევი ჩვეულებრივად გათენდა, მაგრამ არა ჩემთვის. ღამე თეთრად გავათენე. დილით კი ფიქრებაწეწილი წავედი სამსახურში. რატი არ ჩანდა. გახდა ათი საათი, თერთმეტი, თორმეტი… შევშფოთდი. ვაითუ, ის იქ მელოდება და მე კი… მაგრამ რომ არაფერი უთქვამს? რა ვქნა? ავწრიალდი. რამდენჯერმე გადავრეკე მასთან, შინ. ყურმილს არავინ იღებდა. პირველი ხდებოდა, როცა გამოჩნდა. ჩვეულებრივად მოგვესალმა ყველას და თავის ოთახში შევიდა. ნირი წამიხდა.

ვიგრძენი, როგორ გაუფერულდა ყველაფერი და დამთავრდა.

თითქოს ჩაკვდა სიცოცხლე.

თითქოს რაღაცამ გაიელვა და ჩაქრა. მორჩა!

ნუთუ ასე უცებ გამივიდა ყავლი?!

ნუთუ ოდნავი ინტერესიც ვერ გამოვიწვიე მასში, ნუთუ ასეთი ცარიელი ქალი ვარ?

ამგვარ ფიქრებში გავიდა დღე. ერთხელაც არ მოსულა, არც არაფერი უკითხავს, არც კაბინეტში დავუბარებივარ…

თითქოს ჩვენ შორის არც არასდროს ყოფილა არაფერი.

7 7 7

დღეები დღეებს მისდევდა. მე უკვე ცუდად ვიყავი. ყველაფრისადმი დავკარგე ინტერესი. თითქოს დავცარიელდი. კიდევ კარგი, გვანცა სოფელში იყო, თორემ ყველაზე მეტად ალბათ, ის დაზარალდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნელ-ნელა ვპატარავდებოდი, ვილეოდი.

ასე გაგრძელდა მთელი ორი კვირა. რატის ერთხელაც არ დასცდენია რამე, არც წარსულ და არც მომავალ შეხვედრებზე. ნამდვილი «იყო და არა იყო რა» გამოვიდა. ვერ ვეგუებოდი ამ სიტუაციას, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებდი. ისიც არ ვიცოდი, რამდენის თქმის უფლება მქონდა, ან რა უნდა მეთქვა საერთოდ. შეხვედრის სურვილი თუ ჰქონდა, ჩემი შეხსენება რაში სჭირდებოდა?

ამასობაში გუგაც ჩამოვიდა ქობულეთიდან. ოთხშაბათი დღე იყო. კართან მისულს მისი გრუხუნა ხმა შემომესმა.

_ ამას ვის ხედავს ჩემი ცისფერი თვალები! _ აბობოქრდა ჩემს დანახვაზე, გაშავებული. ნამდვილ მულატს ჰგავდა, ლაპლაპას. ხელები გაშალა და შესახვედრად გამოეშურა, _ ან-ნა, ჩემო მშვენიერო, ჩემო ზღვაზეც კი დაუვიწყარო! _ გადამეხვია და თეატრალურად მაკოცა ჯერ ერთ, მერე მეორე ლოყაზე.

უცებ სახე თითქოს შეეცვალა, მხრებში ხელი ჩამავლო, ცოტა უკან გადაიხარა და გამომცდელად დამაკვირდა.

_ რა უქენით ამ ქალს? _ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ისე მიმართა «დამსწრე საზოგადოებას».

თინიკოს და ინგას სიცილი წასკდათ გუგას მორიგი სეირის მოლოდინში. რატი ჩუმად იჯდა. თავისთვის.

_ ზნაჩიტ, ბუდეა-ა-ა! _ ჩაილაპარაკა გუგამ.

_ რა იყო, ბიჭო, რა ბუდე აღმოაჩინე ამისთანა? _ კისკისებდა თინიკო.

_ ამ ქალის თვალები ნამდვილი სევდის ბუდეა, _ გააგრძელა გუგამ, _ შენ შეყვარებული ხარ, ჩემო მშვენიერო, _ მწუხარე რაინდივით დაასკვნა.

გავწითლდი. ტყუილზე წასწრებული ბავშვივით შემიხურდა ლოყები. რა «ჟუკია»! ამას რას გამოაპარებ.

_ მე კი იქ ლექსებს ვწერდი შენზე და… _ შეყოვნდა, მერე მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა, _ და მერე ჩემს ცოლს ვაკითხებდი.

აბა, სიცილი მაშინ უნდა გენახათ. მეც ვერ შევიკავე თავი.

_ მერე, რას ეუბნებოდი შენს ცოლს, ანას ვუძღვნიო? _ ვერ მოითმინა თინიკომ.

_ არა, შენზე დავწერე-მეთქი, ვეუბნებოდი. იმას ვუკითხავდი და ანას ვგულისხმობდი. შემფასებელი ხომ მჭირდებოდა. გინდათ, წაგიკითხოთ? _ უცებ «მადაზე» მოვიდა.

_ მიდი, აბა, _ შევაგულიანე მეც.

_ «ნუ დამაფიცებთ სხვას, მას დავიფიცებ ისევ», _ თქვა და გაჩერდა.

_ ეს რა, სათაურია? თუ სულ ეგ არის? _ ახლა გია დაინტერესდა.

_ არა, ეს ნაწილია.

_ თავი თუ ბოლო?

_ თავიც და ბოლოც.

_ ეგ როგორ? _ არ ცხრებოდნენ სიცილით ჩაბჟირებულნი.

_ როგორ და ჩვეულებრივად. ასე იწყება და ასევე მთავრდება.

ინგას ცრემლები სდიოდა სიცილისაგან.

_ შენ რა, მაშაყირებ? _ ავიმრიზე უცებ.

შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ცოტაც და ალბათ, ავღრიალდებოდი. ისედაც შეძრული მქონდა სული. ახლა კიდევ დაცინვის ობიექტი ვხდებოდი.

შემატყო, რაღაც საშინელება რომ მემართებოდა და უცებ ნელა, დაბალი ხმით დაიწყო:

_ «არ საჭიროებს თქმას და აღარც ავხსნი მიზეზს,

ვერ გაგისწორებს თვალს, თუ სიყვარულით გიმზერს;

ნეტავ ვუყვარდე მას, როგორც მე მიყვარს ისე,

ნუ დამაფიცებთ სხვას, მას დავიფიცებ ისევ».

სიჩუმე ჩამოვარდა. ისე ლამაზად გამოუვიდა, ისეთი შთაგონებით კითხულობდა, სიამოვნება ვიგრძენი. რამდენი წელია, ჩემთვის ლექსი არავის მოუძღვნია. ახლა კი… მივუახლოვდი და მადლობის ნიშნად ვაკოცე.

_ თხუთმეტი წელია, ჩემზე ლექსი არავის დაუწერია, _ მადლიერი მზერით შევხედე.

_ თხუთმეტი წელია, ქალზე ლექსი არ დამიწერია, _ როხროხით გაიცინა.

_ აბა, რისი პოეტი ხარ, ბიჭო! _ შეარცხვინა თინიკომ.

_ ქალი უნდა იმსახურებდეს ლექსს. ის თავისით კი არ იწერება. მუზა სჭირდება.

_ ლიას კიდევ ჰგონია, რომ ეს მას მიუძღვენი? _ არ ცხრებოდა თინიკო.

_ აბა! _ თავმომწონედ გადახედა გუგამ.

_ რა გენაღვლება, დაწერ ანაზე და იგულისხმებ ლიას, დაწერ ლიაზე და იგულისხმებ ანას. რაღაც ლენინი და პარტიასავით გამოდის, აი! _ ეს რატი იყო. როგორც იქნა, ამოიღო ხმა.

_ საერთოდ, ქალებს საზიარო არაფერი უყვართ, ჩემო გუგა, მაგრამ ამჯერად მე თანახმა ვარ. თუ ლიაც არ იქნება წინააღმდეგი, გვქონდეს ერთი საზიარო ლექსი. ჩვენ ხომ ორივენი პირველები ვართ შენთვის. მეც ხომ გიყვარვარ? _ მხიარულად ვკითხე.

_ აბა რა!

_ ლიაც ხომ გიყვარდა ერთ დროს ჩემსავით?

_ მიყვარდა.

_ ჰოდა, აბა რა განსხვავებაა ჩვენ შორის?

დიდი მხიარულება ატყდა. გუგას გამოჩენამ თითქოს ცოტათი გამახალისა.

გადავწყვიტე, საბოლოოდ შევგუებოდი ჩემს სიტუაციას და გულთან ახლოს არ მიმეტანა დარდი. არადა, როგორ მენატრებოდა… თვალწინ სულ ძველი შეხვედრები მედგა. გამუდმებით მის სურნელს ვგრძნობდი. მუშაობითაც უხალისოდ ვმუშაობდი. თითქოს ჩემს ჯინაზე, ვიღაცის ისეთ უხეირო რომანს ვბეჭდავდი კომპიუტერზე, გულზე ვსკდებოდი. სტილურ გასწორებას საერთოდ არ ექვემდებარებოდა. აბდაუბდა წინადადებებით იყო სავსე. შესვენებაზე ვეღარ მოვითმინე, დავავლე დედანს ხელი და რატისთან შევაჭერი.

_ მე ამის შეყვანა არ შემიძლია, უფროსო! _ გაოცებულმა შემომხედა.

_ რა მოხდა?

_ რა და ამ რომანის სტილის გასწორება შეუძლებელია.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ამის დამწერს ქართული საერთოდ არ ესმის. «ნი ტო, ჩტო», არ იცის, არ ესმის საერთოდ. გაგებაში არ არის.

_ რა პრეტენზია გაქვს, კონკრეტულად შეგიძლია ამიხსნა? _ გაღიზიანება დაეტყო ხმაში.

_ აჰა, წაგიკითხავ რამდენიმე წინადადებას და შენ თვითონ მიხვდები: «იმის თავში ბრწყინვალე აზრებმა მოირბინეს»; «ანდროს მომავალი იურისტის სანდომიანი ელფერი გადაჰკრავდა»; «ჯიბეები ამოიპირქვავა» და რა ვიცი, რომელი ერთი წავიკითხო! _ უკმაყოფილოდ წავიწუწუნე.

_ მართლა ასე წერია?

_ აგერ არის და ნახე. თან გამაფრთხილა, მე ჩემი სტილი მაქვს და ცოტა მსუბუქად ჩამისწორეო. წარმოგიდგენია?

_ დაურეკე და აუხსენი. არა, ჯობია, მე დავურეკო. რას იტყვი?

_ ჩემთვის სულერთია, _ ნაღვლიანი ხმა გამიხდა. _ ისე, რა მაგის პასუხია და ერთი კვირით სოფელში მინდა წასვლა. ბავშვი მომენატრა. რა ვიცი, თუ მოხერხდება. შვებულება ვიცი, ჯერ არ მეკუთვნის, მაგრამ… _ მორიდებით შევბედე.

_ ვნახოთ, ანა. ახლა ისეთი პერიოდია, ყველას შვებულება უნდა. თუმცა, ერთი კვირა არაფერს წყვეტს. ვინმეს მოვიყვან შემცვლელად… მაგრამ… მერე? არ გეშინია? _ ეშმაკურად გამომხედა.

_ რისი? _ ვითომ ვერ მივუხვდი.

_ შემცვლელის. თუ ესეც სულერთია შენთვის? ჰა?

_ არა, ეგ არ არის სულერთი.

_ მერე? რატომ აღარ მითანმხდები შეხვედრებზე?

_ მე-ე? როდის გითანხმდებოდი, რო?

_ რატომ, შენ რომ შემითანხმდე, არ შეიძლება? მე კი მეგონა, უკვე აღარ გიხაროდა ჩემთან ყოფნა, აღარ გაინტერესებდი.

რა საძაგელია! აქეთ გადმომაბრალა! ელაპარაკე ახლა ამას!

_ ესე იგი, პარასკევს მოხვალ? დაგელოდო?.. რა კარგია.

საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ვითომ შევეცოდე? თუ საკუთარი გრძნობები გააკონტროლა?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერც ვერასდროს მივიღე.

7 7 7

რატის მოულოდნელმა შემობრუნებამ საგონებელში ჩამაგდო. მისი საქცელისთვის ახსნა ვერ მომეძებნა. გადავწყვიტე, პარასკევს ყველაფერი მეთქვა მისთვის. ერთხელ და სამუდამოდ გამეგო, გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, თუ შეწყდებოდა. ვეტყვი, რომ მიყვარს. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს. თუ მიტოვებაა, ბარემ ამ ეტაპზე სჯობს. ეგ რომ ციცინათელასავით ხან «გამოანათებს» და ხან _ არა, ეგრე სადაა? თან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე!

პარასკევს საგანგებოდ გამოვიპრანჭე. მოკლე, უმკლავებო სარაფანი მეცვა, სალათისფერი. ჩემი თვალების ფერს უხდებოდა ძალიან.

ჩვეული სიჩქარით ავირბინე ექვსი სართული. კარი ღია დამხვდა, როგორც ყოველთვის. ოთახში შევედი, გასაღები გადავტრიალე შიგნიდან და რატის დავუწყე ძებნა. საძინებელში რომ შევედი, თვალები დავაჭყიტე _ ლოგინში იწვა და ეძინა… არც კი შემომეგება. შეიძლება არც ეძინა…

ახლოს მივედი და ლოგინთან მუხლებზე ჩავჯექი. სახე სახესთან მივუტანე. თანაბარი სუნთქვის ხმა მესმოდა. ლოყაზე ვაკოცე. ლოგინის ტემპერატურა ჰქონდა, თბილი, თბილი… არა, უფრო ცხელი… შეირხა, თვალები თითქოს ძალით გაახილა, გემრიელად გაიზმორა და მკლავებში მომიმწყვდია. დილის კოცნით დამაჯილდოვა და ჩამჩურჩულა:

_ ჩქარა გაიხადე და შემოხტი.

საწოლზე ჩამოვჯექი და გახდა დავიწყე. თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან…

კმაყოფილი, ბედნიერი.

რა ცოტა მყოფნის…

შემეცოდა საკუთარი თავი.

გავშიშვლდი, სარჭით მაღლა აწეული თმა ჩამოვიშალე და გარდიგარდმო გადავწექი საწოლზე. ასე, შიშველი.

რატი წამოიწია, ხელი ჩამომისვა მკერდზე, მუცელზე, თეძოებზე…

_ ჩემი ალერსიანი, ნაზი მხეცი, _ მითხრა, იღლიებში ამომდო ხელები და თავის გვერდით მიმაწვინა, _ რა კარგი ხარ, რა სანატრელი… _ ჩურჩულებდა და ისე მოწყურებულად მკოცნიდა, როგორც დიდი ხნის მონატრებული.

_ როგორ მომენატრე, _ თქვა უცებ.

_ მე უფრო მომენატრე, _ არ დავუთმე.

ასეთ დროს თითქოს ერთი ვხდებოდით.

ერთი მთლიანი.

თითქოს მთელის ორი სხვადასხვა ნაწილი შეაერთეს და გაამთლიანეს.

ასეთი შეგრძნება მეუფლებოდა…

…ორივენი გულაღმა ვიწექით. რატი სიგარეტს ეწეოდა.

_ ესე იგი, შენ უფრო მოგენატრე, არა? _ გამომხედა.

_ აჰა.

_ შენ რა იცი, მე როგორ მომენატრე?

_ ვიცი და მე იმაზე ათასჯერ უფრო მომენატრე.

_ ვივაჭროთ?

_ ვივაჭროთ.

_ კარგი. მაშინ მითხარი, როგორ მოგენატრე?

_ როგორც «დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა», _ სიცილი დავიწყე.

_ მე კიდევ, ძალიან მომენატრე, _ სერიოზულად მითხრა.

_ რაღაც არ გეტყობოდა, უფროსო, _ ჩავუნისკარტე.

_ ახლა სამსახურში ხომ არ დავიწყებდი ამის გამომჟღავნებას. შენ ხომ იცი ჩემი მეთოდები… არაფერს ვიმჩნევ გარეგნულად.

_ მე შენ მიყვარხარ, რატი, _ დავაჯახე უცებ.

თითქოს გახევდა.

სულ რამდენიმე წამით.

მერე დინჯად მოაბრუნა თავი ჩემკენ, ცოტა ხანს უხმოდ მიყურა.

არ გავნძრეულვარ.

არც შემიხედავს.

მერე იდაყვზე წამოიწია, ზემოდან დამხედა:

_ გაიმეორე, რა თქვი?

_ მიყვარხარ… უსაშველოდ… ეს არის და ეს, _ ძალიან მშვიდი ვიყავი. მე თვითონ მიკვირდა.

_ ახლა ისტერიკებსაც დამიწყებ, ალბათ!

გამეცინა. ყელზე მოვხვიე მკლავები და თითქმის ჩურჩულით ვუთხარი:

_ ვერ ეღირსები. არ მჩვევია ეგეთები! _ და ტუჩებში ხმაურით ვაკოცე.

_ კი მაგრამ, ანა, შენ ხომ გახსოვს ჩვენი შეთანხმება?

_ მახსოვს. თან ძალიან კარგადაც.

_ მერე? შენ რომ «კონტრაქტის» ყველა პუნქტს არღვევ?

_ ეს პუნქტები თავიდანვე იყო დარღვეული, მაგრამ მაშინ არ შემეძლო სხვანაირად. არ მინდოდა შენი დაკარგვა.

_ ჰო მაგრამ, მაშინ რაც გითხარი, აღარ გახსოვს?

_ მახსოვს, მაგრამ მაშინ სულ გკარგავდი. ახლა რაღაც მაინც დამრჩება.

_ როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი?

_ პირველივე დღიდან.

_ ნუ მაბოლებ!

_ თუ დამიჯერებ, ასეა, თუ არადა, როგორც გინდა. ამას ახლა აღარა აქვს მნიშვნელობა.

ისევ გულაღმა გაწვა.

ჭერს შეაჩერდა.

როგორც ჩანდა, საფიქრალი გაუჩნდა.

8 8 8

_ ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია, მშვენიერო? _ გუგამ მხარზე გადამხვია ხელი და გვერდით მომიჯდა.

_ საიდან მოიტანე? _ ბეჭდვა არ შემიწყვეტია, ისე შევუბრუნე კითხვა.

_ რა ვიცი, როგორც წესი, შეყვარებულები ლექსის წერას იწყებენ ხოლმე, _ მისგან მსუბუქი აგრესია ვიგრძენი.

_ მერედა, ვინ გითხრა, რომ შეყვარებული ვარ? _ შევეშვი კლავიატურას და შემოვტრიალდი.

_ ო-ო-ო-ო! შენ თვალები გყიდიან, მშვენიერო ა-ნ-ნ-ა, შენი ლამაზი, მოღალატე მწვანე თვალები… დიდი ხანია?

_ ბავშვობიდან იქა ვზივარ, სიყვარულის ჭურში, _ ვცადე გახუმრება.

_ კარგი, კარგი. ვხედავ, არ გინდა ამ თემაზე საუბარი, ხომ ასეა? არ გინდა, ნუ გინდა. ეგრე იყოს. იმედია, მე არ ვიქნები ის ბედნიერი, არა? ა ჟალ!.. რას ბეჭდავ?

_ რაღაც რომანია, «ორნი სოფელში».

_ რა-ა? «ორნი სოფელში»? სათაურს არა უშავს, _ გაურია ირონია, _ კარგად იკითხება?

_ უჰ! ძვირფასად! ნამდვილი ინდური ფილმია ქაღალდზე გადატანილი. ორი «პაბეგში» მყოფი ქურდია, ჯაბუ და ჯიბუ, რომლებიც სვანეთში იმალებიან.

_ აუ ჩემი! სვანებზეა, ტო! მაჩვენე, ერთი! _ დედანს ხელი დაავლო და ჩახედა.

_ «ჯაბუ ქალის დანახვაზე ჩაიღვენთა». უ-უ-ჰ-ჰ-ჰ, რა წინადადებაა!

_ ნუ იტყვი. ერთი კვირაა, დამტანჯა. თან სტილი არ სწორდება საერთოდ.

_ ავტორი ვინ არის?

_ ვიღაც კაცია, ივრისპირელის ფსევდონიმით, ჭაღარა. მე ფეჩისპირელი დავარქვი. მაგარი დეგენერატია. აბსოლუტურად გლუვი ტვინი აქვს, უნაოჭო.

_ დედას გაფიცებ! ვიცი, ეგ ვინც არის. მაგის ფერადი ოჯახის დედა ვატირე! _ შუბლში შემოირტყა ხელი გუგამ.

_ რას ჰქვია «ფერადი»?

_ რას ჰქვია და ბიჭი ცისფერი ჰყავს, გოგო კი ვარდისფერი.

_ ო-ო-ჰ! შენც იტყვი ხოლმე, რა! საიდან მოგაქვს ასეთი ჭორები!

_ ჰა, რა ქენი, ბიჭო, კიდევ ვერ შეაბი ეჟვანი ამ ქალს? _ რატიმ თითი მომაჭირა ზურგზე და მეორე ხელი გუგას დაჰკრა ბეჭზე.

_ ვჩალიჩობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ნამდვილი «შაითანკაა».

_ კი, მაგაში გეთანხმები, _ გაიცინა, _ შებმა ერთია და მერე ხომ იცი ქალების ამბავი. «მერე იწყება თავდავიწყება». მიყვარხარ და უშენოდ არ შემიძლია და არიქა, ჭკუა მეკეტება შენზე და რა ვიცი… უბერავენ. მარტივით იწყებენ ჭირვეულობას. მერე კი უნდა უგორო კოჭი, _ ცერა თითის ზურგი ჩვეულებისამებრ გადაისვა წარბზე.

_ მერე, შენც რას უგორებ, ადექი და დაადე… ერთხელ და სამუდამოდ. მაგაზე ადვილი რა არის! _ მზერით გავხვრიტე დირექტორი.

_ ეგრე ყველა კაცს კი არ შემიძლია, _ გაშალა ხელები გუგამ, _ მაგალითად, მე… ქალს, ძმაო, დიპლომატიურად უნდა მიუდგე. მით უმეტეს, ასეთ დროს. უნდა თანაუგრძნო, შენც უნდა აღვარღვარო ცრემლები, უნდა დაუყვავო, ყვაა, ყვაა და რამე-რუმე. როგორც საჭიროება მოითხოვს.

_ მორჩით ახლა ბაზარს. მე სამუშაო მაქვს, _ გავაწყვეტინე ორივეს.

_ შენ რა სულ რომანებზე მუშაობ. კაცებზეც რომ იმუშაო, არ შეიძლება? _ არ ცხრებოდა გუგა.

ისევ გადამხვია მხარზე ხელი.

_ ნუ «ბლატაობ». მე ჯერ არ დამიმშვენებია შენი სახელოვანი ქალების არასრული სია, _ ღიმილით მოვიშორე მისი ხელი.

_ აუ, რატი, რა უნდა მეთქვა, _ გუგამ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. _ კაროჩე, ერთი კრებული კიდევ გავამზადე, უნდა დამიბეჭდო.

_ რაზეა ბაასი, მაიტა, _ ძველი ბიჭივით დათანხმდა რატი.

_ რა ჰქვია? _ დავინტერესდი.

_ «ლტოლვილების ქვეყანა».

_ შენ რა ძაან სოციალურში გადავარდნილხარ! _ სიცილი ვერ შევიკავე.

_ რა ვქნა, ძმაო. აბა სულ ფოთლებსა და წვიმაზე ხომ არ დავწერ, _ ნირი წაუხდა.

_ წერე, წერე, ჩემო გუგა, წერაობა კაი საქმეა, _ მრავალმნიშვნელოვნად უთხრა რატიმ და მხარზე მოუთათუნა ხელი.

ამ დროს ის მართლა ფეჩისპირელი შემოვიდა. ამ გაგანია სიცხეში პიჯაკი ეცვა, შიგნიდან კი შავი სვიტერი მოუჩანდა.

_ სეზონის გიჟი, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გუგამ და სასწრაფოდ «აორთქლდა».

რატიმ ხელი ჩამოართვა «მწერალს» და მოიკითხა.

_ როგორ მიდის ჩემი წიგნის საქმეები, ქალბატონო ანა? _ ოფლი მოიწმინდა და ხვნეშით დაეშვა სკამზე.

_ არა უშავს, _ საშუალო პოზიცია ვარჩიე.

_ ეს ჩემი მეოცე რომანია, საიუბილეო.

_ ნამდვილად მოსალოცი ამბავია, _ მომხიბვლელად გავუღიმე. «ღმერთო, რა დავაშავე», _ გავივლე გულში.

_ ეს თქვენ, _ პაპკიდან «ბამბანერკა» გააძრო, _ ტკბილ ქალს ტკბილი შიკოლატი.

_ გმადლობთ, რატომ წუხდებოდით, _ ახლა მთლად დავდნი, _ დღეს მოვრჩები, ბატონო ბონდო და ხვალ დილით შეგიძლიათ წაიღოთ, ამობეჭდილს დაგახვედრებთ.

_ კი ბატონო, როგორც მეტყვით. მე არსად მეჩქარება, _ მორჩილად დამთანხმდა «ფეჩისპირელი» და ხაზგასმული თავაზიანობით დაგვემშვიდობა.

7   7   7

ჩემი და რატის განახლებული შეხვედრები გრძელდებოდა. შეიძლება ითქვას, წარმატებითაც. ხან კვირაში ერთხელ, ხანაც ორ კვირაში ერთხელ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. იმის შიში, რომ რატი ჩემი «აღსარების» შემდეგ მიმატოვებდა, არ გამართლდა.

სიგარეტივით ჩვევად ექცა ჩემთან «გორიალი».

მეც შევეგუე ამგვარ ყოფას. ხელი ჩავიქნიე _ არ ვუყვარვარ, ნუ ვუყვარვარ. რაც მთავარია, ხომ ვხვდებით ერთმანეთს. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც არ მაკმაყოფილებდა.

თითქოს რაღაც მაკლდა.

ვერ ამოვავსე სიცარიელე.

_ ანა, «ზაჟიგალკა» გაქვს? _ თინიკო მომიახლოვდა.

_ არა, თინი, არა მაქვს.

_ ჩემი დაიშალა პაჭიკოს გარმონივით. რა უბედურებაა. ნინოს ამბავი გაიგე? _ უცებ მომიტრიალდა.

_ ვინ ნინოსი? _ გულმა რეჩხი მიყო.

_ რატის ნინო, არ გახსოვს? გათხოვილა.

_ რას ამბობ! როდის? _ ვერ მივხვდი, მეწყინა თუ გამიხარდა.

_ ვიღაც პარლამენტარს გაჰყოლია. თავის ჭკუაში, ვითომ უშველა თავს. რას ვიფიქრებდი. შტერი გოგო. ხომ ვიცი, ახლა მაგას რატის ჯინაზე გააკეთებდა. არადა, ვერ გავიგე, რა მოხდა მაგათ შორის. რა სულელები არიან ეს გასათხოვარი ქალები. თაგვი რომ იქექება ბუნკერში, ისე ეძებენ საკბილოს. მოუვლით თავში რაღაც, დაკრავენ ფეხს და… ჰაიდა-ა-ა! იმას კი არ ფიქრობენ, რა მოყვება უსიყვარულოდ გათხოვებას. ვის ეჯინავები, რომ ეჯინავები. გაიჩენს საყვარელს ერთ-ორ წელიწადში და მეყოლე ვარდივით.

_ რა აუცილებელია… ლოგინი აახლოებს ცოლ-ქმარს, _ ჩამიწყდა ხმა.

_ გეგონოს შენ! მაგნაირი ნაბიჯის ბოლო ეგ არის. მე ხომ ვიცი, _ ჩაიქნია ხელი, _ მერე სხვა აღარაფერი რჩება. ერთი მაგის ტვინში ჩამახედა.

_ რატიმ იცის? _ შევაპარე.

_ რა ვი, იცის ალბათ. ამ ქალაქში რა დაიმალება.

ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა რატი… ჩვეულებრივად შემოვიდა. მოგვესალმა, თვალი ჩამიკრა და მანიშნა, ყავა მომიდუღეო.

მოვუდუღე.

შევუტანე.

_ როგორა ხარ, უფროსო? _ ვითომ არაფერი.

_ სტამბოლის კაჟივით, _ თავისსავე ნათქვამზე გაეცინა, _ შენ როგორ ხარ, ჩიტო? _ ამომხედა.

«როგორც ჩანს, ჯერ არ იცის», _ ამან ცოტა შემაშფოთა. ახლა ამის ხასიათის ცვალებადობა მინდა?

_ მეც დაახლოებით ასე, _ შევცინე და ყავის ფინჯანი ფრთხილად დავუდგი წინ.

შიშველ წვივზე ხელი ჩამომისვა.

_ ვარდისფერი პანტერა, _ მითხრა და ცალი თვალი მოჭუტა.

ვარდისფერი კაბა მეცვა, ლიკრის, მოკლე, გულამოღებული და წელში გამოყვანილი. შემათვალიერა.

_ გიხდება, მაგარი ხარ! _ მოწონების ნიშნად ცერი შემართა.

_ მაგარი «შტუჩკა», არა?

_ მე ეგ არ მითქვამს, არა გრცხვენია? _ საყვედურით აიბზუა ტუჩი, _ მოხვალ პარასკევს?

_ რა ვიცი, მოვიდე?

_ აბა?! რას ჰქვია, არ მოხვიდე. ვეღარ ვითმენ უკვე. ორი კვირა გავიდა. რაღაც მომენატრე, ხომ იცი. შენ?

_ მეც, _ ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.

7   7   7

რატიმ, ალბათ გაიგო ნინოს ამბავი.

თუმცა, არაფერი დატყობია.

არც არაფერი უთქვამს.

არასდროს.

თითქოს იგი საერთოდ არ არსებულა.

თითქოს წაიშალა მეხსიერებიდან….

ამასობაში შემოდგომაც მოვიდა. გაყვითლდა ქალაქი. დღეები ერთმანეთს დაემსგავსა. ჩვენზე ჯერ ისევ არ აგორებულა ჭორები. საუცხოოდ ვახერხებდით კონსპირაციას. მარი «გზადაგზა» გამომკითხავდა ხოლმე რატის ამბებს. წვრილმანებიც კი აინტერესებდა. მაგალითად, სახლი როგორა აქვს მოწყობილი, რა ავეჯი უდგას, როგორ ჭაღი უკიდია და მისთანები. მე კი აზრზე არ ვიყავი. საერთოდ არ ვიცი დაკვირვება. ვის რა აცვია, როგორ გამოიყურება, სად რა დგას, როგორ დგას… არ მეხერხება ასეთ რამეებზე ყურადღების გამახვილება. მეც დავძაბავდი ხოლმე გონებას და ვცდილობდი, აღმედგინა რატის ბინის მოწყობილობა. არაფერი გამომდიოდა. ვერაფრით ვიხსენებდი. არ მაინტერესებს ასეთი დეტალები და რა ვქნა.

დღეები კი გადიოდა. გიამ და ინგამ ჯვარი დაიწერეს. ანჩისხატში. ქორწილი არ გადაუხდიათ. პატარა სუფრა გაშალეს, ძალიან ვიწრო წრეში. მე და ბესოც ვიყავით. გავაცანი ჩემი თანამშრომლები. რატი არ მოუვიდა თვალში. ეგრევე ვიგრძენი, რაღაცნაირად აიშალა. ცოტა რომ შეთვრა, გაუხურა. საერთოდ, ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. ამოიჩემებს ხოლმე ვინმეს და ცდილობს, თავისი უპირატესობა აგრძნობინოს. აგრესიულად დაუწყებს ლაპარაკს. ახლაც ასე მოხდა. თუმცა, რატი რას დაუთმობდა. მარადონაზე ვერ შეთანხმდნენ. რატი ამკიცებდა, დიდი ფეხბურთელიაო, ბესო კიდევ, ბანძიაო, თავისას აწვებოდა. მკლავზე მოვქაჩე, გაჩერდი-მეთქი. არ გაჩერდა.

_ ყველას გენიოსი ჰგონია თავისი თავი, _ ცინიკურად ჩაილაპარაკა და წამოდგა.

_ აახვიე, წავედით სახლში, _ ხელი მკრა და წამომაგდო, _ სტერვა, სუჩკა, პრასტიტუტკა ნესჩასტნაია, _ სისინებდა გზადაგზა. რაღაცა იყნოსა. აშკარად.

…შუქი ზუსტად თორმეტ საათზე გამორთეს. ჩაგრაფიკდა ქალაქი. აივანზე გავედი. ბესოს უკვე ეძინა. გათიშული მთვრალი იყო, გატიალებული, ისეთი, რომ ჩხუბის თავიც არ ჰქონდა, სარეცხივით მიეფინა საწოლს.

ღამე ისეთი ჩუმი იყო და შავთვალა, თითს ვერ მიიტანდი თვალთან. ლამპაც არ ამინთია, მიყვარს სიბნელე. შინ დაბრუნებულს შუქი რომ არ მხვდება, მიხარია. მივწვები ხოლმე სიბნელეში, მოვიხურავ თბილ, გრძელ შალს და ოცნებებში ჩავიკარგები. თან მიხარია, ბესოც რომ ვეღარ ჩართავს ტელევიზორს. ისიც უნდა წამოწვეს, იძულებულია. დაილოცოს «ციცინათელა» (ასე ვეძახი თელასს), თითქოს ჩემს გულში ზის. წკაპ! და უცებ შავბნელს გახდის ყველაფერს, შავ-თეთრი ტელევიზორივით გააორფერებს ცხოვრებას.

7   7   7

დღეები ერთმანეთს წაეწყო. დედაჩემიც ჩამოვიდა, ბავშვი ჩამოიყვანა. ისევ ბაღი, ისევ სადილების კეთება… თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს, ერთი შეხედვით, მაგრამ… ერთხელაც…

შუადღე იყო. მარტო ვიყავი სამსახურში. გია და ინგა ჯერ კიდევ არ გამოსულან საქორწინო შვებულებიდან. თინიკოს კი ბავშვი ჰყავდა ავად და არ დადიოდა. რატი არ მოსულა. ტელეფონმა დარეკა.

_ გისმენთ, _ გავინაზე ხმა.

_ რატის სთხოვეთ, თუ შეიძლება, _ ქალის ხმა იყო.

_ ჯერ არ მოსულა.

_ ხომ ვერ მეტყვით, როდის მოვა?

_ არ ვიცი, იცით? მალე ალბათ. გადავცე რამე?

_ უთხარით, მაიკომ დარეკა-თქო.

_ მობილურზე გადაგერეკათ. იცით ნომერი?

_ არა, როგორ არ ვიცი, მაგრამ მგონი, გამორთული აქვს, არ პასუხობს. კარგი, მე კიდევ გადმოვრეკავ.

_ კი ბატონო, _ დავკიდე ყურმილი და… საფიქრალიც გამიჩნდა.

რატი არა და არ ჩანდა. ოთხი გახდა. კიდევ დარეკა.

_ არ მოსულა რატი? _ ისევ ის ხმა იყო.

_ მაიკო, თქვენა ხართ?

_ დიახ, მე ვარ. თქვენ..?

_ მე ანა ვარ, თანამშრომელი. ჯერ არ გამოჩენილა. გადავცემ აუცილებლად, როგორც კი მოვა.

_ დიდად დამავალებთ, ანა, გმადლობთ, _ კარგა ხანს მეჭირა ყურმილი ხელში.

სადღაც ხუთი საათი იქნებოდა, რატი რომ მოვიდა.

_ სად ხარ აქამდე? _ ვკითხე.

_ საქმე მქონდა, _ დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა, _ მომიდუღე რა, ყავა, _ თითი ჩამომისვა ლოყაზე.

_ ვიღაც გრძელფეხება გოგომ დაგირეკა, _ მოჩვენებითი სიმშვიდით ჩავილაპარაკე.

_ გრძელფეხება? საიდან დაასკვენი?

_ ხმაზე შევატყვე, _ გავუღიმე, _ მაიკო იყო.

_ ვინ მაიკო? _ ვერ გაიხსენა. ვითომ?

_ შენი მაიკო, _ ხაზი გავუსვი.

_ ა-ა-ა. რაო, რა მინდაო?

_ დამირეკოსო, ან მე დავრეკავო.

ამ დროს დაბარებულივით აწკრიალდა ტელეფონი. რატიმ ყურმილი მოიმარჯვა.

_ ჰო, მე ვარ. რა იყო? _ ზომაზე მეტად შინაურულად ჰკითხა.

_ დღეს ვერ შევძლებ. საქმე მაქვს…

_ გვიან შეიძლება, რა ვიცი.

_ ჰო-ო? რა კარგია!

გული შემეკუმშა.

_ რა ამბავია ამდენი! _ სიცილი დაიწყო.

_ კარგი, კარგი, შემოვივლი, რადგან ასე გარჯილხარ.

_ მეც, _ უპასუხა და გადმომხედა.

«მეც» _ ასე პასუხობენ, როცა ყურმილს იქიდან ეუბნებიან: «ძალიან მომენატრე», ან «ძალიან მიყვარხარ», ან…

_ გამიხურა საქმე, _ ჩაილაპარაკა რატიმ და ყავის ჭიქას წაატანა ხელი.

რაღაც დამემართა.

_ ესე იგი, მარტონი ვართ? _ გამიღიმა.

_ როგორც ხედავ.

_ რა კარგია, _ ამხედ-ჩამხედა, _ რა მადისაღმძვრელად გამოიყურები. ხომ არ… _ მოჭუტა თვალი.

წარბები შევიჭმუხნე. «სამსახურში ვის გაუგია», _ გამოვხატე მზერით.

_ ჩავკეტო კარი? _ შემომაჩერდა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ როგორც გინდა, _ არ დაუძალებია.

7   7   7

იმ დღიდან მაიკო თითქმის ყოველდღე რეკავდა. თუ რატი არ იყო და სხვა იღებდა ყურმილს, მე მიკითხავდა კარგი დაქალივით. უკვე შენობით მელაპარაკებოდა. ვგრძნობდი, რაღაც ხდებოდა მათ შორის, მაგრამ რამდენად სერიოზული, არ ვიცოდი. ასე მეგონა, აღსასრული მიახლოვდებოდა. ისევ დავმძიმდი და დავიძაბე. აღარ ვიცინოდი. ჩავიკეტე საკუთარ თავში. რატის არ გამოპარვია ჩემი ფერიცვალება.

_ რა გჭირს, ჩიტო, რაღაც მოიწყინე ამ ბოლოს, _ მკითხა მორიგ შეხვედრაზე, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გამომცდელად შემომხედა.

_ არაფერი.

_ სულ არაფერი?

_ სულ, _ მოვიშორე მისი ხელები და თავი მკერდზე მივადე, _ მიყვარხარ, _ საწყლად ვუთხარი.

_ მე მგონი, ეგ არ უნდა იყოს შენი ჭმუნვის მიზეზი, _ თმა ყურზე გადამიწია, _ ჰე, მითხარი ახლა, ნუ დამაორსულე.

_ ხომ გითხარი, არაფერი-მეთქი. გამივლის. ვიცი ხოლმე ასე.

აღარ ჩამეძია. არც მაიკო უხსენებია. ის კი, თითქოს ჯიბრზე, რეკავდა და რეკავდა…

სულ მინდოდა მეკითხა, ვინ არის ეს მაიკო-მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი, მქონდა თუ არა ამის უფლება. ბოლოს მაინც არ მომითმინა ენამ და თავისი ქნა:

_ რატი, ვინ არის მაიკო?

_ არის ერთი.

_ შემთხვევით, შეყვარებული ხომ არ არის შენი?

_ შეყვარებული არა, ვერტმფრენი.

_ აბა? საყვარელია?

_ ნუ სულელობ. არის ერთი, რა, რომელსაც შანსი არა აქვს.

_ ესე იგი, გეფარცქვალება?

_ ხომ გითხარი, შანსი არა აქვს-მეთქი.

_ ჰო-ო?

_ არ გინდა, რა, ანა. ნუ… არ ღირს ამაზე საუბარი.

_ შენ სუსტი წერტილი გაქვს? _ არალირიკული გადახვევა გავაკეთე უცებ.

_ გააჩნია, რას გულისხმობ.

_ აი, რაღაც ისეთი, რითაც საკუთარ თავს გასცემ ხოლმე, ან გრძნობებს.

_ ო-ო-ო-! არის ერთი რაღაც მაგდაგვარი.

_ და რა არის ის «რაღაც»?

_ მ-მ-მ… დალევისას გავუტევ ხოლმე.

_ ?

_ ნუ, რა ვიცი, რაღაცები წამომცდება, რასაც სიფხიზლეში არ ვამბობ, ან არ ვამჟღავნებ. ვუშვებ ეგეთ შეცდომას ალაგ-ალაგ.

_ იმან იცის?

_ ვინ, იმან?

_ აი, «შანსი რომ არა აქვს», იმან.

_ ა-ა-ა! არა, _ თქვა და ინტონაციით გამოუვიდა «ჰო».

«აბა, დიდი შანსები ჰქონია. მატყუარა!»

_ იასნია!

_ ხომ გითხარი…

_ კარგი, კარგი, რა ჩემი საქმეა. მე რა უფლება მაქვს. გათხოვილია? _ მაინც ვერ მოვითმინე.

_ არა, ქალიშვილია, _ გაღიმებულმა მოხუჭა თვალები და კეფა მოიქექა.

მეტი აღარაფერი მიკითხავს.

ამით დამთავრდა «დაკითხვა».

მწვავედ ვიგრძენი ჩემი უუფლებობა….

შემშურდა გასათხოვარი ქალების…

7   7   7

ერთ მშვენიერ დღესაც… არ გამოცხადდა სამსახურში?

შემოვიდა… ჩემზე ოდნავ მაღალი იყო, მართლა გრძელფეხება, ტანთხელი. ასე, 25-27 წლის იქნებოდა.

_ გამარჯობათ. რატი არ არის? _ მორიდებით იკითხა.

_ აქვეა სადღაც გასული. დაელოდეთ, შემოვა, _ თინიკომ სკამი შესთავაზა.

_ თქვენ ანა ხართ? _ ჰკითხა.

_ არა, მე თინა ვარ. ანა აი, ეს არის, _ ჩემზე ანიშნა.

_ მე მაიკო ვარ, გაგიცანი, როგორც იქნა, _ ღიმილით გამომიწოდა ხელი.

_ ძალიან სასიამოვნოა, _ ცივმა ოფლმა დამასხა. თითქმის კანკალმა ამიტანა.

სახეზე დიდი ვერაფერი გოგო იყო, არაფრით გამორჩეული ნაკვთები ჰქონდა. შავგვრემანი, ყავისფერთვალება. ტან-ფეხი კი, იცოცხლე, შესაშური.

_ მუშაობ? _ რაღაც ხომ უნდა ეთქვა.

_ ჰო, ლექსები შემყავს, _ გუგას კრებულზე ვმუშაობდი.

_ ვარგა რამედ? ახლანდელ პოეტებს ერთი სტრიქონიც არ უვარგათ, _ საქმეში ჩახედულივით თქვა.

_ საკმაოდ კარგი ლექსებია, მე ძალიან მომწონს, _ არ დავეთანხმე და გუგას საქაღალდეს ხელი გადავუსვი.

_ სულ ასე გადი-გამოდის ეს კაცი? ვეღარ დავიჭირე სამსახურში, _ დაიწყო საყვედურები.

_ მე მგონი, სტამბაშია ჩასული. ამოვა. ყავას დალევ?

_ არა, გმადლობთ. დალეული მაქვს უკვე ორჯერ. ამაღამ არ დამეძინება.

_ იცოდა, რომ უნდა მოსულიყავი?

_ არა, არ იცოდა. ისე შემოვიარე, აქეთ ვიყავი და… ვიფიქრე, გავუვლი-მეთქი. გუშინ ჩემი დაქალის დაბადების დღეზე ვიყავით. ძალიან დათვრა. ნეტა როგორ მიაღწია სახლამდე. მთელი ღამე ვინერვიულე. ტელეფონზეც არ პასუხობდა.

მთლად მომიკვდა გული. ცუდად მენიშნა ეს «მთელი ღამის ნერვიულობა».

გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა. ვიცანი, რატი იყო. შემოვიდა თუ არა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.

_ შენ აქ საიდან გაჩნდი? _ უხერხულობა დაეტყო. საკიდიდან პიჯაკი ჩამოიღო და მოიცვა, _ როგორ ცივა დაბლა.

_ შემოგიარეთ, _ წამოდგა მაიკო.

ტანზე მოტკუცული შარვლის ტოტები ჩაიწია და ქურთუკი შეიხსნა. მკერდი საერთოდ არ ეტყობოდა. ეს მომეწონა.

_ გაიცანი გოგოები?

_ კი, როგორ არა. ანას ხომ ისედაც ვიცნობდი, ტელეფონით, _ ღიმილით შემომხედა.

_ წამო, _ მკლავზე წაავლო ხელი და კაბინეტისკენ გაუძღვა.

_ როგორ მიხვედი სახლამდე? «პახმელიაზე» არა ხარ? _ ეკითხებოდა მაია გზადაგზა.

_ არა, მე არ ვიცი «პახმელია».

უცებ რატი მოტრიალდა. მივხვდი, ყავა უნდოდა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.

არ მთხოვა.

არ გამოდიოდა.

კიდევ კარგი, მიხვდა…

რაღაც მდივნის როლში გამოვიდოდი.

_ სულ მე როგორ უნდა გეძებდე, კი მარა, _ მსუბუქად საყვედურობდა «ახალი ქალი».

კაბინეტის კარი რომ მოიხურეს, საშინელი სიცარიელე დამეუფლა. ყმუილის ხასიათზე დავდექი.

კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემი უუფლებობა.

კიდევ ერთხელ შემშურდა გასათხოვარი ქალების.

რაღაც უნდა მეღონა. არ შეიძლებოდა ასე გაგრძელება. ხომ გამისკდებოდა გული.

რატის ბევრი რამის ახსნა მოუწევდა.

მე _ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა.

დრო არ ითმენდა…

არც სიტუაცია…

8 8 8

დიდხანს ვფიქრობდი, საიდან მივდგომოდი რატის, რა მეთქვა და როგორ. რანაირად არ ვატრიალე თავში ჩემი სათქმელი, მაინც ვერ მოვაბი თავი. გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, როგორც სიტუაცია მიკარნახებდა. თავიდან არაფერი მეთქვა. ასე აჯობებდა. იგი ხომ არაფერს შემპირებია. მაშ, რა პრეტენზია უნდა მქონოდა? ან რა უფლებით? მაღაზიანებდა ჩემი უუფლებობა. ისევ რატის მეთოდის გამოყენება ვცადე. საერთოდ არ მეფიქრა მასზე, არც მის სიყვარულზე…

_ ანუშკი, რა კარგ ფორმაში ხარ, სიხარულო? _ თეთრი შურით შემათვალიერა თინიკომ.

_ ა, თინი, შენა ხარ? რა ფორმაში მე ვარ, რაღა დროს ჩემი ფორმაა, დავბერდი.

_ მაიცა რა, დაბერდი კი არა, ვარდივითა ხარ. რა ბედნიერებაა სიგამხდრე. ყველაფერი გიხდება. შარვალიც, კაბაც, მოკლეც, გრძელიც, ვიწროც… კლასიკური სტილიც, სპორტულიც. იშვიათი ქალი ხარ. მე კი ჩემს გვერდებს ვერაფერი მოვუხერხე. რა უბედურებაა ეს აზიური აღნაგობა! _ თეძოებზე დაიხედა თინიკომ.

_ რას ჭორაობთ, ქალებო? _ ოთახში გუგა შემოვიდა.

_ აი, ანაზე ვლაპარაკობ. როგორ უხდება შარვალი, არა? ამის სიმაღლე გოგოებს იშვიათად, შარვალი კარგად მორგებული ჰქონდეთ ტანზე, ამას კი პირდაპირ აკვდება.

_ თანაც ჯინსი, რომელიც ქალის ყველა ნაკლს თავხედურად აჩენს, _ აჰყვა გუგაც.

_ თქვენც მნახეთ რა, უნაკლო ქალი.

_ კაი, კაი, ახლა, გადასარევად იცი, რომ უნაკლო ხარ, _ გაიღიმა თინიკომ.

_ ახალი ამბავი გითხრათ? _ გუგა ამაყად გაიშალა მხრებში.

_ აბა, მიდი! _ ყურები ვცქვიტეთ.

_ ლიკუშა ორსულადაა.

_ შენი ცოლი?

_ აბა, სხვა ვინ იქნება. მე არ ვაორსულებ სხვის ცოლებს.

_ ვაიმე, რა კარგია! გილოცავ, სიხარულო, მოდი, ერთი გაკოცო! _ თინიკო ძლივს მიწვდა გუგას.

_ გმადლობთ, გმადლობთ. არ არის დრო, თუ? ამდენი წელი, «ვმუშაობდი», «ვმუშაობდი» და ჯერ კიდევ არ იყო «მზად», _ შეუშვა თავისებური გუგამ, _ როგორც იქნა, გაორდა ჩემი წყალწყალა ცოლი.

_ «წყალწყალას» რატომ ეძახი? _ დავინტერესდი.

_ აბა, სხვა რა უნდა დაუძახო ქალს, რომელსაც მამა კამკამიძე ჰყავს, დედა კი ლიკლიკაძე? ეს კიდევ რა არის. მამამისს კოკა ჰქვია, დედამისს _ ცისნამი. გესმის შენ? სულ წყლებსა და ნამებში დავცურავ… ახლა კიდევ ნახე: ჩემი სიმამრი «საქსახწყალპროექტში» მუშაობს. ვაშაყირებ, მთავარი «წყალგრაფი» ხარ-მეთქი. სიდედრი კი წვენების ქარხანაში, ტექნოლოგია. ამდენი წელია, გავიძახი, რა მინდოდა წვენებში-მეთქი, მაგრამ ვის ესმის? ახლა ლიკას დავუსვი საკითხი: ან ბიჭი უნდა გამიჩინო ან არადა, დავდგები კართან და დავიძახებ: კამკამიძე! სვეშჩამი-თქო! ბიჭი თუ იქნა, ავდგები და ნეპტუნს დავარქმევ. ა! ხომ მაგარია? არ არის ღმერთივით სახელი? მთელი ოკეანეთი მექნება სახლში! _ ბუბუნებდა გუგა.

ვკვდებოდით სიცილით.

ამასობაში რატიც მოვიდა. არ შემიხედავს.

_ ვაჰ! «თლა უფროსს» გაუმარჯოს! როგორა ხარ, ძმა? _ ხელი ღონივრად ჩამოართვა გუგამ.

_ რას ჭკუამხიარულობთ? _ რატიმ იგრძნო ჩემი «ნევიჟუ».

არ შეიმჩნია.

_ ე! ეს ქალი რა ფორმაშია? _ გამომხედა, _ აბა ერთი, დატრიალდი!

არ გავნძრეულვარ.

_ რა გჭირს? _ შეფარვით მკითხა.

_ არაფერი.

_ არაფერი კი არა, ისეთი სახე გაქვს, თითქოს ფეხზე მკიდიხართ სუყველანიო. ა? ასეა? გამოვიცანი?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

_ გასაგებია, _ ხასიათი წაუხდა. თითქოს ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში.

_ ყავას მომიდუღებ? _ იდაყვზე შემავლო ხელი, პასუხს არ დაუცადა და კაბინეტში გაუჩინარდა.

რომ შევედი, გამომცდელი მზერა მესროლა.

_ ესე იგი, ვსიო-ო? _ მოჭუტა თვალები.

_ დაახლოებით.

_ მიზეზი? მაიას ვიზიტი?

_ არა, მაია რა შუაშია, _ ვიცრუე.

_ აბა, რა ხდება, გაწყენინე რამე?

_ არა, არაფერი.

მიჭირდა თქმა. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო.

_ როგორ გიყვარს ეს «არაფერი», პირდაპირ ფარივით ხმარობ, _ მსუბუქად მისაყვედურა, _ მითხარი, ანა, ნუ მიმალავ, _ ხელზე ხელი მომკიდა და მიმიზიდა.

ამ დროს თინიკო შემოვიდა. რატის არ უცდია ხელის შეშვება. მოადგილემ, რა თქმა უნდა, «დააფიქსირა» ეს მომენტი.

_ ხელი ხომ არ შეგიშალეთ? _ ეშმაკურად იკითხა კარიდანვე.

_ მოდი, თინიკო, მოდი, _ რატი ხელს არ მიშვებდა, _ შენ არ შეგვიშლი.

_ როგორც კი მოვა, სტამბაში ჩამოვიდესო, წეღან პატარა ბიჭი რომ ჰყავთ, ენაბლუ, ის იყო ამოსული.

_ ყავას დავლევ და ჩავალ. გმადლობ.

თინიკო გავიდა.

_ მერე, მერე? გააგრძელე, რაღაცას ამბობდი, _ არ მეშვებოდა რატი.

_ არ ღირს ასე ურთიერთობის გაგრძელება, _ როგორც იქნა, ხმა ამოვიღე.

_ როგორ, ასე?

კვლავ დავდუმდი.

_ ამოშაქრე, რა!

_ ჩვენ ურთიერთობას, მე არ ვიცი, რა ჰქვია, რატი. რაღაც ფილმებიდან ამოჭრილ ეროტიკულ კადრებს ჰგავს. ორ კვირაში ერთხელ შევძვრებით ლოგინში და სამი საათის შემდეგ ისევ გამოვძვრებით. ეგ არის და ეგ. მესმის, რომ მოსაბეზრებელია ქალთან ასე ყოფნა, მაგრამ…

_ რატომ? აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელია. ვინ გითხრა, რომ მომბეზრდა?

_ ვგრძნობ.

_ ნუ გაახურე, რას გრძნობ ერთი, ამიხსენი. მაშინ მითხარი, როგორ მოვიქცე? იქნებ მეშლება რამე და ვერ ვხვდები. არ უნდა მითხრა? ყველანაირად ვცდილობ, შეუმჩნეველი დარჩეს ჩვენი დამოკიდებულება. ქმარი გყავს, რა ვიცი, მე მგონია, რომ გიფრთხილდები. შენ კი… მითხარი, რა ვქნა, რა გავაკეთო?

_ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. არ ღირს, _ ხელი გავითავისუფლე და მხრებჩამოყრილმა დავტოვე კაბინეტი.

«ვითომ ვერ ხვდება, რისი თქმაც მინდა. მაიკოსთან ერთად ყველგან დაგრიალებს. რესტორნებშიც დადის და მაგის დაქალების დაბადების დღეებზეც. მე კი კაფეშიც არ წავუყვანივარ ჯერ. რა, არ შეიძლება დირექტორმა თანამშრომელი, ელემენტარულად, ნაყინზე მაინც დაპატიჟოს? რა დიდი ფილოსოფია ამას უნდა! რომ ჰკითხო, არაფერი აკავშირებს მაიასთან. მეც მაგარი დეგენერატი ვარ», _ ვჯავრობდი ჩემთვის.

მადა გამეხსნა. უკვე აღარ მაკმაყოფილებდა ჩვენი ურთიერთობის ასეთი ფორმა. მშურდა მაიკოსი. მეც მინდოდა ჩვეულებრივი «შეყვარებულობის ხანა» გამევლო. იმას კი არ ვფიქრობდი, რამდენად საშიში იყო ჩემთვის ამგვარი ქცევა. მე ხომ ქმრიანი ქალი ვიყავი. «ქმრიანი» _ მაღიზიანებდა ეს სიტყვა. რატომ არ დაიწვა ის დღე, როცა გავთხოვდი, ვწყევლიდი საკუთარ ბედს…

რატი კარგა ხანს არ გამოსულა კაბინეტიდან.

მერე სტამბაში ჩავიდა.

მერე ამოვიდა.

თავის ოთახში შევიდა, მერე ისევ გამოვიდა…

თითქოს ადგილს ვერ პოულობდა.

_ კიდევ კარგი, აქ მაინც არ ქრება შუქი, _ თინიკომ გუგას გადახედა.

_ შენ ეგა თქვი. შინ მისვლა აღარ მინდა. ასე მგონია, შავ სამყაროში ვცხოვრობ, _ გაიცინა გუგამ და სიგარეტს მოუკიდა.

_ რა იყო, რატი, რას გადი-გამოდიხარ, შენც შეყვარებული ხომ არა ხარ ჩემსავით? _ გაეხუმრა გუგა და ღიმილით გახედა.

_ დალევა მინდა. არ გინდათ? მოდი, დღეს ადრე მოვრჩეთ და დავლიოთ, მაგის დედაც ვატირე.

_ ა! ხომ ვთქვი. დალევას რა აწყებინებს ადამიანს, კარგად ვიცი. მახსოვს, ერთხელ ერთ გოგოს დავდევდი. მთელი თვე ვაბამდი, ვერ შევაბი. ფხიზელი ვერაფერს ვეუბნებოდი. მთლად გავლოთდი. ინდაურივით დავდიოდი. მერე, როგორც იქნა, მივაღწიე სა-წა-დელს, _ ფეხი ფეხზე გადაიდო გუგამ, ღრმა ნაფაზი დაარტყა და რგოლები გამოუშვა, _ როგორი «რაზაჩერავანიე» მივიღე, რომ იცოდეთ! ისე შემაზიზღა ქალი, მთელი ექვსი თვე სექსის ხსენებაზე გული მერეოდა, _ ახითხითდა.

_ შენ ჩემსავით მოგსვლია, _ გაუცინა თინიკომ, _ ერთხელ ნიძლავზე ლაღიძის ხაჭაპური ვჭამე, ოთხი ცალი, აჭარული. კინაღამ მოვკვდი. მთელი წელი იქითკენ გახედვა არ მინდოდა. ხაჭაპური შემძულდა საერთოდ.

_ ჰა, რა ვქნათ, დავლიოთ? _ რატის სულ არ აინტერესებდა თინიკოს ხაჭაპურების ამბავი.

_ კ ჩორტუ, დავლიოთ. დღეს ხომ გიორგობაა, მიზეზიც გვაქვს, _ გუგამ სიგარეტი ჩააფერფლა და ფეხი მოინაცვლა.

_ გიორგობა დღეს როდის არის, 23 ნოემბერს არაა? _ შეეჭვდა თინიკო.

_ ყოველდღეა გიორგობა. 365 წმინდა გიორგი არ გაგიგია? _ ფარ-ხმალს არ ყრიდა გუგა, _ წამო, წამო, რატი, ამოვიტანოთ რამე. დღევანდელ შარაფს მე ვკისრულობ.

_ წინადადება ჩემი იყო. ხარჯიც ჩემია. შენ ნუ გიყვარს ყველაფერში «პერეხვატები», _ ორაზროვნად გაიცინა რატიმ.

წავიდნენ. მართლაც არ ვიყავი მუშაობის ხასიათზე.

ახლა დიდი სიამოვნებით დავლევდი.

7   7   7

თინიკომ მშვენიერი სუფრა გაშალა. ყველი, «შპროტი», ძეხვი ორნაირი: «დოქტორსკი» და «სალიამი». არაყი «უშბა». ყველანი შემოვუსხედით მაგიდას.

გუგამ თამადობა იკისრა…

რატიმ ჩემი კავალრობა იტვირთა.

ჭიქას ჭიქაზე მივსებდა, ხან ძეხვს გადმომიღებდა, ხან _ ყველს. მოკლედ, დიდ პატივში ვყავდი. ცოტა შევჟუჟუნდი კიდეც.

სადღეგრძელოს სადღეგრძელო ცვლიდა.

_ გამეხსნა მესამე «დიხანიე», _ გუგა წამოდგა და გარეთ გავიდა. ცოტა ხანში გიტარით ხელში შემობრუნდა.

_ საიდან გააძრე? _ გაუხარდა თინიკოს.

_ მესამე სართულის «აგენტებს» გამოვართვი, _ ნინო რომ მუშაობდა, იმ სააგენტოს გულისხმობდა. მერე მოხერხებულად დაჯდა, გიტარა მოიმარჯვა და აკორდები მოსინჯა.

_ აწყობილია. ეს კარგია. ახლა შენ გიმღერებ, _ ღიმილით გამომხედა და თითები აათამაშა სიმებზე. რა კარგად უკრავდა! ოთახში ბოშური მელოდიის ჰანგები გაისმა.

ქეიფი გახურდა.

რატი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.

_ გუგა, შეიძლება ერთი სადღეგრძელო ვთქვა? _ სიტყვა ითხოვა.

_ შემოგევლოს ჩემი თავი, რაზეა ბაასი.

_ მოდით, ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს. მოპოვებულს და მოსაპოვებელს. თან ტკბილს, თან მწარეს. ზოგისთვის მოპარულს, ზოგისთვის კი… ჰე, შემაწიეთ ახლა სიტყვა, _ გაეცინა.

_ იოლად ნაშოვნს. მაგაზე ადვილი რა არის, _ «შეაწია» გუგამ მთელი ფრაზა.

_ ერთი სიტყვით, როგორიც არის, ისეთს. ალავერდი ანასთან ვარ, _ ჭიქა მომიჭახუნა რატიმ და გადაჰკრა.

_ გაუმარჯოს. როგორიც არის, ისეთს. თუ არის, საერთოდ, _ დავაყოლე და ბოლომდე დავლიე.

გუგამ ისევ აახმაურა გიტარა. «სი-ყვა-ა-რულს, სი-ყვა-ა-რულს, სიყვარულს უ-შე-ნე-ბი-ა-ა-ა!» _ მღეროდა შემთვრალი.

_ კარგი რამეა სიყვარული, _ გუგამ დაკვრა დაამთავრა და გიტარა რატის გადააწოდა, _ ახლა შენ დაუკა.

_ არა, მე არ ვუკრავ, _ აირიდა რატიმ.

_ ნუ გაახურე. მე ვიცი, როგორც უკრავ. მიდი, მიდი, გაუბედე, _ ძალით შეაჩეჩა გიტარა.

_ საუკუნეა, ხელში არ ამიღია, _ რატიმ სიმებს თითები ჩამოჰკრა.

_ ეგრე რა!

ჩემთვის უცხო მელოდია გაისმა. «ეგ თვა-ლე-ბი ბევრს არ აძლევს მოსვე-ნე-ბას», _ სასიამოვნო ხმა ჰქონდა.

ცხელმა ტალღამ დამიარა სხეულში.

თითქოს მე მიმღეროდა.

_ შენნაირთვალება ქალს უმღერის, _ გადმომიჩურჩულა გუგამ, _ Dვაშუ რუჩკუ, მადამ, _ ჩემი ხელი აიღო და სათუთად მეამბორა.

უცებ შუქი ჩაქრა.

_ ვაი! _ შეიცხადა თინიკომ, _ ეს რა უბედურებაა. აქაც დაიწყეს? _ მიმოიხედა.

_ სანთელიც რომ არ გვაქვს? ნეტა რომელი საათია?

_ რვა ხდება, _ გუგამ მაჯის საათზე დაიხედა.

_ უი, როგორ დაღამებულა! შევთვერი, იცი? _ თინიკოს ლოყებზე ალმური ასდიოდა.

ნეტავ რა ეტაკა რატის.

ჩემდა უნებურად, რაღაც გზა გამოჩნდა…

მე «დავიკიდე», იმას კი გაუტყდა.

რას ვიფიქრებდი!

_ წავედი, _ ფეხზე წამოვდექი.

სიკვდილივით მეზარებოდა შინ წასვლა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.

_ გაგაცილებ, _ რატიც წამოხტა.

_ არ მინდა, არა. ნუ შეწუხდები. თქვენ გააგრძელეთ, _ ვიუარე.

_ მეც წავალ, გვიანია უკვე, _ თინიკოც გაემზადა.

_ შენ მე გაგიყვან, თინიკო. მაინც ერთი გზა გვაქვს, _ თითქოს რაღაცას მიხვდა გუგა.

_ მაშინ შენ წადი, ანა, ამას მე ავალაგებ, _ მხარი აუბა თინიკომ გუგას და დაფაცურდა.

დერეფანში გამოვედით.

«ეგ თვალები ბევრს არ აძლევს მოსვენებას…» _ კვლავ ჩამესმოდა სიმღერის ხმა. ირგვლივ ბნელოდა. რატიმ მკლავში ჩამავლო ხელი და ნელა ჩავუყევით კიბეს. ხანდახან სანთებელას გაჰკრავდა. მეორე სართულამდე რომ ჩავედით, უცებ შემაჩერა, კიბის მოაჯირს მიმატმასნა და მოულოდნელად ტუჩებში მეძგერა.

ასე ტკბილად არასდროს უკოცნია. კარგა შემთვრალი კი იყო.

არ გამიწევია წინააღმდეგობა.

მსიამოვნებდა.

რაღაც ძალიან უცხოდ მკოცნიდა.

მთვრალს სულ სხვაგვარი მოფერება სცოდნია.

_ ჯერ კიდევ გიყვარვარ? _ ჩურჩულით მკითხა და სანთებელა სახეში მომანათა.

_ ჯერ კი, _ «გამოვუტყდი».

_ რა კარგია, _ ისევ მომხვია ხელები და ძლიერად ჩამიხუტა.

_ მე ახლა შენ მანქანით გაგიყვან სახლში.

_ არა, არა, არ მინდა. ნასვამი ნუ დაჯდები საჭესთან, გთხოვ.

_ რატომ, გეშინია? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ უკვე გკიდია? _ საფანტივით მომაყარა.

_ სულაც არ მკიდია. ზოგ-ზოგიერთივით უგულო კი არა ვარ. შენ რომ რამე დაგემართოს…

_ რა მერე, რომ დამემართოს?

«ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება», _ გავიფიქრე, ხმამაღლა კი ვუთხარი:

_ მე დამბრალდება.

_ ჰო, არა? მეტი არაფერი? კარგი მაშინ, რახან ასეა, მაკოცე მაინც, _ ისევ ჩურჩულზე გადავიდა.

მოწყვეტით ვაკოცე, ხმაურით.

_ მითხარი, რომ გიყვარვარ. ჯერ კიდევ გიყვარვარ. მსიამოვნებს, როცა ამას მეუბნები.

_ მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ, _ უცებ, არ ვიცი, რა დამემართა. გახელებული ვკოცნიდი, სადაც მომიხვდებოდა. ტკივილნარევ სიამოვნებას განვიცდიდი…

მერე მანქანა რაღაც გაურკვეველი მიმართულებით მიქროდა. თბილისის ზღვის ასახვევი ვიცანი. მივხვდი, სადაც მივდიოდით და რისთვისაც.

პროტესტი არ გამომითქვამს. მით უმეტეს, ისედაც დამაგვიანდა სახლში.

უკვე მეკიდა დაგვიანება…

ახლა ყველაფერზე თანახმა ვიყავი…

7   7   7

უკანა გზაზე რატიმ გათბობა ჩართო. «ეგ თვალები ბევრს არ აძლევს…» _ ამეკვიატა.

_ ხომ არაფერი გეწყინა? _ არ შემოუხედავს, ისე მკითხა.

_ არა, რა უნდა მწყენოდა, პირიქით, _ ვიღიმებოდი სიბნელეში.

ქარი ამოვარდა. ზუზუნით ეხეთქებოდა მანქანის მინებს.

_ ადრე სხვანაირად ვფიქრობდი. ახლა კი მომიწევს რაღაცების შეცვლა, _ თქვა.

სადღაც შორს იყო აზრებით.

_ რას გულისხმობ? _ ცალი თვალით გავხედე.

_ მერე გეტყვი, ჯერ უნდა ვიფიქრო.

მეტი არაფერი უთქვამს. მაშინ ვერ მივხვდი, რის შეცვლაზე იყო საუბარი. არც ზედმეტი ინტერესი გამომიჩენია. მოგვიანებით თავისით გაირკვა ყველაფერი…

სადარბაზოსთან გააჩერა, ძრავა გამორთო და ნახევრად შემოტრიალდა ჩემკენ.

_ დიდი მადლობა, _ შევცინე.

_ მადლობა შენ, ასეთი ტკბილი რომ ხარ. ყველაფერს დაავიწყებ ადამიანს. ნამდვილი შვება ხარ, ჩემი შვება, _ ხელზე ხელი მომიჭირა, _ გიყვარვარ?

_ მიყვარხარ, ძალიან, ძალიან, _ ჩურჩულით ვთქვი.

_ მეც, _ მითხრა უცებ.

გავხევდი. «რა თქვი? გაიმეორე, რა თქვი?» _ სუნთქვაშეკრული ვუყურებდი.

_ ხვალ ხომ მოხვალ? _ რაღაცა თქვა.

_ აბა, სად წავალ, _ რაღაცა ვთქვი.

_ დღეიდან სულ შენს მოლოდინში ვიქნები. შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში, _ ტუჩებით კოცნა გამოხატა და გასაღები გადაატრიალა.

მანქანიდან გადმოსულს ცივი ქარი სახეში მეტაკა.

თმა ამეწეწა.

გაბრუებული ვიყავი.

«ეს რა თქვა? სიმთვრალე ალაპარაკებს, ალბათ.

«ამოქმედდა» მისი სუსტი წერტილი, არა? თუ…»

აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა.

7   7   7

ათი ხდებოდა უკვე, შინ რომ შევედი. სასმელმა ცოტათი გამიარა. შუქი ჩვენთანაც არ იყო. გამიხარდა. გვანცას დარდიც არ მქონდა, დედაჩემს ჰყავდა წაყვანილი თავისთან. იქ დენის პრობლემა არასდროს არის. ბესოს ნავთქურა აენთო და ლოგინზე მიწოლილიყო.

_ სადა ხარ აქამდე, შე ჩემა?! _ კუშტად მკითხა.

_ თინიკოს დაბადების დღე იყო. რაღაცები მოიტანა სამსახურში და შევრჩი, _ დამნაშავესავით ავიწურე მხრები.

_ მერე? ვერ დარეკე?

რა იდიოტი ვარ! დამერეკა მაინც და გამეფრთხილებინა. როგორ დამავიწყდა…

_ სიგარეტი მომიტანე? _ ტონი არ შეუცვლია.

_ აგერ არის, _ ჩანთიდან «ვაისროი» ამოვიღე და გავუწოდე. ახლა ეს კოლოფი იყო ჩემი მხსნელი, «ქრთამი» ჩხუბს ამაცილებდა თავიდან.

_ შუქი ჩაქრა და ტელეფონებიც გაითიშა ჩვენთან,  ამიტომ ვერ დავრეკე, _ მოვიფიქრე.

_ მეც ვრეკავდი და არავინ იღებდა ყურმილს, _ შეარბილა ტონი ბესომ.

შვებით ამოვისუნთქე.

_ მთვრალი ხარ? _ შემათვალიერა.

_ არა, ცოტა დავლიე. ორი-სამი ჭიქა, ალბათ.

_ არ იცი, რა ხდება ამ შუქებზე? მთელი ქალაქი გამორთულია.

_ მე საიდან უნდა ვიცოდე?

_ რა ვიცი, ქალაქში შენ დადიხარ და!.. ვინები იყავით? _ შემომაპარა.

_ მე, თინიკო, რატი, თინიკოს ორი დაქალი და გუგა. პოეტი რომ არის, _ კარგად გამომდიოდა ტყუილები.

_ ინგა კიდევ არ გამოსულა?

_ ჯერ არა. ორშაბათიდან გამოვლენ ალბათ, ორივენი.

გულში აკვიატებულ ფრაზას ვმღეროდი.

სიამოვნებისა და სასმლისაგან ისე ვიყავი მოთენთილი, არაფრის თავი არ მქონდა. მაშინვე ლოგინს მივაშურე. კარგია, რომ ბესომაც არ გამიხურა. ამჯერად «ვაისროიმ» გადამარჩინა.

«ეგ თვალები…» მთელი ღამე რატის ხმა ჩამესმოდა ყურში.

დღეს, რატომღაც, სხვანაირი იყო ყველა და ყველაფერი.

ქეიფიც, სიტუაციაც, კოცნაც, საალერსო სიტყვებიც, რატიც, ბესოც…

ვგრძნობდი, ხვალიდან რაღაც სხვანაირი გახდებოდა ჩემი ცხოვრება.

8 8 8

FYF

მეორე დღეს გულისფანცქალით მივედი სამსახურში. მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა უკვე გამოფხიზლებული რატი. ვინ იცის, იქნებ ნანობს კიდეც თავის საქციელს. კარი შევაღე… დავინახე… ჩემს კომპიუტერთან იჯდა.

_ გამარჯობა, _ გავუღიმე, _ როგორ ხარ?

_ როგორ ვიქნები, დავიღალე ლოდინით, _ გაშალა ხელები.

_ ვის ელოდები? _ ამჯერად მართლა ვერ მივუხვდი.

_ ხომ გითხარი, დღეიდან სულ შენს მოლოდინში ვიქნები-მეთქი, _ ცერა თითის ზურგი ჩვეულებისამებრ გადაისვა წარბზე და თვალებში ჩამაშტერდა.

გული ჩიტივით შემიფრთხიალდა. წამოდგა. ახლოს მოვიდა, მხრებში ხელები ჩამავლო, დიდხანს მიყურა, მერე ჩამეხუტა, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:

_ არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გითხრა, რომ მიყვარხარ… ძალიან, ძალიან, _ მჭიდროდ მომხვია მკლავები და ხმამაღლა ამოისუნთქა.

_ რა ბედნიერი ვარ, _ ჩემდა უნებურად აღმომხდა.

_ მართლა? _ არ განძრეულა, ისე მკითხა.

ლოყა ლოყაზე გავუხახუნე თანხმობის ნიშნად.

_ სერიოზულად ამბობ? არ მატყუებ? _ გამიმეორა და შემომხედა.

_ ალბათ, ეს არის სრულყოფილი ბედნიერება.

_ რა კარგია. ახლა მე და შენ ერთნი ვართ. ერთი მთელი, «ანარატიანი», _ მითხრა და უცებ ხელი შემიშვა.

სანამ აზრზე მოვიდოდი, კარი გაიღო და თინიკო გამოჩნდა, თან დერეფანში ვიღაცას ელაპარაკებოდა. მივხვდი, რაც ხდებოდა და სანამ შემოვიდოდა, სასწრაფოდ გავერიდე რატის. ყავის მადუღარას მივვარდი…

გადავრჩი. ახლა ამათი ჭორაობა მინდა?

_ ვაჰ, თინა! დღეს რა ინტერესნად გამოიყურები, _ გაუღიმა რატიმ.

თინიკოს ახალი პალტო ეცვა, შავი, გრძელი, წელში ქამრით.

_ სენქიუ, სენქიუ. ვეღირსე, როგორც იქნა. შვიდი წელია, იმ გაქუცული შუბით თუ ქურქით დავდივარ. გადამიყოლა ჩემმა ქმარ-შვილმა. ცოტა თუ არ მივხედე ჩემს თავს, ასი წელი არავის გავახსენდები. ხომ მიხდება?

_ ძალიან ლამაზია, თინი, მშვიდობაში, _ შევუქე.

_ აბა, ერთი დატრიალდი! _ «უბრძანა» დირექტორმა. თინიკო დატრიალდა.

_ მაგარია, _ რატიმ ცერა თითი მოიმარჯვა მოწონების ნიშნად.

_ ვის იყო წეღან რომ ელაპარაკებოდი? _ ვითომ ძალიან მაინტერესებდა.

_ დამლაგებელს. წყალი არ მოდის და წვალობს საწყალი ქალი, ეზოდან დაათრევს ვედროებს.

_ რას ამბობ, _ გულწრფელად შევიცხადე. თუმცა, ახლა სულ არ მცხელოდა დამლაგებლისთვის.

_ ხვალ ხუთშაბათია, არა? თევზის დღეა. უნდა ვიყიდო, _ ჩაილაპარაკა თინიკომ.

_ ეს რა კარგი რამ გამახსენე. რამდენი ხანია, თევზი არ გამიკეთებია. არადა, როგორ მიყვარს. შენ გიყვარს თევზი, უფროსო? _ რატის მივუტრიალდი.

_ მე ყველაფერი მიყვარს კარგი გაკეთებული.

_ ყავაც? ხომ არ ინებებდი შემთხვევით? _ თან ოსტატურად ვთქვეფდი ჭიქაში ყავას.

_ რატომაც არა, სიამოვნებით ვინებებდი.

მივუტანე.

_ ვა, უკვე? აუ, რა ქაფი აქვს?! ქალი კი არა, ნამდვილი ცეცხლი ხარ! _ თვალმოჭუტულმა შემომცინა.

_ ნი ჟენშჩინა, ა ტაიფუნ! _ გუგა გამოჩნდა კარში, _ პრივეტები ყველას. ანნა, მშვენიერო, მე ხომ უკეთესი კომპლიმენტი გესროლე. მეც ხომ დავიმსახურე ყავა? გამიკეთე, რა? ოღონდ «პერეხვატზე» არ მივდივარ, ძმაო, კლიანუს! _ რატის გადახედა ორაზროვანი ღიმილით.

_ შენც გათქვეფილი გინდა?

_ აბა?! ოღონდ აი, იმ დიდ ჭიქაში, კოპლებიანში.

_ ეგ ჩემი ჭიქაა, ბატონო! _ გადავაქნიე თავი.

_ ნუ ი ჩტო, ახლა ჭიქაც აღარ მეკუთვნის შენი? _ ირონიულად შენიშნა.

გამჭოლი მზერა ვესროლე. თვალი ჩამიკრა.

_ «ქარის მესმის, მაგრამ ქალებს, ვერ გავუგე ვერაფერი, ვერ გავუგე ვე-რა-ფერი, ვაი», _ ჩაიღიღინა.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. რატის კითხულობდნენ. მივიდა.

_ ალო… გაგიმარჯოს… მობილური? როგორ არ მუშაობს… ა-ა-ა, კაბინეტში მიდევს და ალბათ, ვერ გავიგე… კარგად, შენ?.. არა, არ შემიძლია… დღეს ვერა… ასეა საჭირო და იმიტომ… მე ხომ გითხარი, კაროჩე, არა გაქ შანსი და ნუ იმასშვები… ახლა არ მცალია, ვერ დაგელაპარაკები, _ დაკიდა ყურმილი.

აშკარად მაია იყო. გული შემეკუმშა. რა ბედი მაქვს მაინც… თითო ეკალი არ დამელია…

_ რა იყო, ჯიგარო, ქალები ხომ არ გავიწროებენ? _ გუგას სკამი უკან გადაეხარა და ქანაობდა.

_ დროა, ბიძია, აწი, დრო, კი უნდა მოიყვანო ცოლი. თვარა მერე იქით გექნება სახვეწარი. შენისთანა კაცი უცოლოდ უნდა დადიოდეს? _ დატუქსა თინიკომ.

_ კაცი ოცდაათს რომ გადასცდება, მერე უჭირს, უ-ჭირს! _ ბრძნულად დაასკვნა გუგამ და სკამი გაასწორა.

_ ჯერ «ძიების პროცესში» ვარ. გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ, _ რატიმ სიცილი დაიწყო.

კვლავ დარეკა ტელეფონმა.

_ მე არა ვარ, _ ხმამაღლა განაცხადა რატიმ.

ავიღე ყურმილი.

_ გისმენთ.

_ ანა, შენა ხარ? არა თქვა რა, იქ, მაიკო ვარ.

_ ჰო… გიცანი… ხომ მშვიდობაა?

_ რა დაეტაკა მაგ კაცს, რა აღრენილია? _ სევდიანი ხმა ჰქონდა.

_ არ ვიცი არაფერი, _ აშკარად დავიბენი.

_ ვეღარ დაველაპარაკე ნორმალურად. რაღაცას მიმალავს. ვინმე ხომ არ ჰყავს, შენ არ იცი?

_ არა… მ… (კინაღამ წამომცდა სახელი), მე არ ვიცი, ვერ გეტყვი. საიდან უნდა ვიცოდე? _ ავიწურე მხრები.

_ ჰო, კარგი აბა, მერე დაგირეკავ, _ დავკიდე ყურმილი.

«ვინ იყო?» _ თვალებით მკითხა. თავი გადავაქნიე, არავინ ისეთი-მეთქი, მივახვედრე…

_ შენგან რა უნდოდა? _ როგორც კი დამიმარტოხელა, მკითხა. ბეჭდვა შევწყვიტე, მაგრამ არ ავმდგარვარ.

_ რა ვიცი, აბა! იმას ჰკითხე, _ გაღიზიანებული ხმით ვუთხარი.

_ რაო, რა გითხრა?

_ არაფერი. ცუდ ხასიათზე რატომ არისო. მე რატომ მეკითხება, მაინც ვერ ვხვდები. რა, შენი ადვოკატი ვარ? _ ვაგრძელებდი საყვედურებს მაიას მისამართით.

_ შენ ჩემი სიყვარული ხარ, _ მითხრა უცებ, დაიხარა და კისერთან, თმის ძირში მაკოცა.

_ ხვალ ხომ მოხვალ? _ თმაში შემიცურა ხელი.

_ ხვალ? ხვალ ხომ ხუთშაბათია!

_ მერე რა. მე მინდა, რომ მოხვიდე. მინდა, რომ ყოველდღე ჩემთან იყო. მოხვალ?

_ თუ სამსახურიდან არ მომხსნიან დაგვიანების გულისთვის, ან სასტიკ საყვედურს არ მომაკრავს დირექტორი, მოვალ, აბა რას ვიზამ! _ ეშმაკურად ავხედე.

_ ამ ერთხელ გაპატიებ, როგორმე. ბოლოს და ბოლოს, «საქმეზე» მიდიხარ, საგულაოდ ხომ არა? _ თითი ჩამომისვა ზურგზე.

_ მე მგონი, გუგა რაღაცას ხვდება, _ გამახსენდა უცებ.

_ მიხვდეს მერე. რა, რამე პრობლემაა?

_ ჯერჯერობით არაფერი.

_ არც მერე იქნება, ნუ გეშინია. გუგა არ არის ის ტიპი, პირი მოაღოს და ვინმესთან რამე ილაპარაკოს. კარგად ვიცნობ. მანდ საგანგაშო არაფერია.

_ არა, არ მეშინია. შენ გვერდით არაფრის მეშინია. ახლა მით უმეტეს… რა კარგია, რომ გიყვარვარ, _ ვეღარ მოვითმინე.

_ ვიცი. ჩემი თავის გამკვირვებია, ამდენ ხანს როგორ ვერ გამჩნევდი. რამდენი დრო დავკარგე?! (თავი გადააქნია). თურმე ერთი ხელის გაწვდენაზე ამხელა ოქროს ზოდი ყოფილა მიმალული, მე კი გარე-გარე ვეძებდი რაღაც ბრჭყვიალებს ალქიმიკოსივით. კიდევ კარგი…

ვუსმენდი და სიზმარში მეგონა თავი. როგორ უცნაურად მოხდა ეს ყველაფერი.

როგორ ერთბაშად.

როცა მეგონა, ყველაფერი დამთავრებული იყო, სწორედ მაშინ დაიწყო.

ტელესერიალს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება…

7 7 7

ეს იყო უბედნიერესი დღეები მთელ ჩემს «ისტორიაში». ახლა უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ქუჩაშიც «ბლომად» ვსეირნობდით და კაფე-ბარებსაც «უხვად» ვლაშქრავდით. სამსახურშიც არ დააყოვნეს. ნელ-ნელა აგორდა პირველი ჭორები. უკვე შეუძლებელი იყო ურთიერთობის დამალვა. ვერც ვახერხებდით. თვალები გვყიდდა ორივეს. რამდენჯერმე შევუსწარი ინგას და თინიკოს, ჩუმ-ჩუმად რომ ქაქანებდნენ რაღაცაზე. ის «რაღაცა» უცილობლად მე ვიყავი, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა. ჩემს დანახვაზე ორივე უცებ გაჩუმდებოდა ხოლმე. უკვე საშიში იყო ამგვარ სიტუაციაში ყოფნა. შეიძლებოდა ბესოს ყურამდე მიეღწია ცუდ ამბავს.

_ რა ვქნა, მარი, როგორ მოვიქცე? _ ისევ მარის ვთხოვე შველა.

_ აბა, რა გითხრა, ანა. მე შენ არასდროს გირჩევ, ქმარს გაშორდი-თქო. ეს შენი გადასაწყვეტია. იმაზეც ხომ უნდა იფიქრო, რა იქნება მერე? წაგიყვანს ცოლად? _ მარი დივანზე იჯდა, მე კი თავი მის კალთაში მედო და თმაზე მეფერებოდა.

ეს ჩემი უსაყვარლესი პროცესია. უზომოდ მსიამოვნებს, როცა ვინმე თმაზე მეფერება.

_ ეგ არც მიფიქრია. ან რად მინდა. რა აუცილებელია, ცოლად წამიყვანოს?

_ აბა, რა უნდა ქნა, სადღაც ხომ უნდა იცხოვრო, სად წახვალ?

_ დედაჩემთან. ჩემი ძმა რა, გამომაგდებს?

_ არ გამოგაგდებს, მაგრამ… რა ვიცი, რძალთან ცოტა ძნელი არ არის? მე და ჩემი მული, ხომ ხედავ, ძაღლსა და კატასავით ვართ.

_ ჰო, ეგეც მართალია. ზედმეტი ტვირთი არავის სიამოვნებს, თანაც ბავშვიანი ტვირთი, _ ვიგრძენი, როგორ გაწყდა გულში ერთი რაღაც სიმი.

_ რამე რომ იყოს, ბესო წილს არ მოგცემს «რაზვოდის» შემთხვევაში? _ მოუვიდა თავში იდეა.

_ რას ამბობ! ხომ იცი, ერთხელ ვიჩხუბეთ და მითხრა, თუ სახლიდან წახვალ, ბინას ვერ ეღირსებიო.

_ რა, ბინის «ზალოგში» ყავხარ?

_ ასე გამოდის. მაგას ჰგონია, მე ბინის გამო ვითმენ ამდენს და იმიტომ არ ვეუბნები არაფერს. ვითომ ამით ვყავარ გამოჭერილი, გაიგე?

_ ვაი, მაგის პატრონს. ვის რად უნდა მაგის ტილიანი ბინა. მე შენ გეტყვი, სულ ანტიკვარებით აქვს გამოტენილი!

_ რაც უდგას, ისიც დედაჩემის მიტანილია, შენ მაინც ხომ იცი. ჯანდაბას, ისიც არ მინდა, ოღონდ თავი დამანებოს.

_ ეგ შენ თავს არ დაგანებებს. ხომ იცი, როგორ უყვარხარ.

_ ახლა აღარ ვუყვარვარ ისე. წავიდა ის დრო. ახლა, უბრალოდ, ვჭირდები. «მამა და მარჩენალი» მე ვარ.

_ არ ვიცი, ანა, ნაღდად არ ვიცი, რა გირჩიო. კიდევ ერთხელ გეუბნები, ეგ შენ უნდა გადაწყვიტო. ისე, გეკითხა რატისთვის, იქნება და… _ აღარ დაამთავრა.

_ გადაირიე? ჯერ ერთი, რომც წამიყვანოს, ბავშვიანი ქალი ხომ არ ავეკიდები. გაგიჟდებიან მაგის მშობლები.

_ მშობლებთან ცხოვრობს?

_ არა, მარტო ცხოვრობს, მაგრამ დედ-მამა ხომ ჰყავს. ისინი მეორე ძმასთან არიან, ვაკეში, სამოთახიანი ბინა აქვთ.

_ ის ძმა ცოლიანია?

_ ცოლიც ჰყავს და სამი შვილიც, მაგრამ ახლა ორივენი ამერიკაში არიან წასულები სამუშაოდ. დედამისი ზრდის ბავშვებს.

_ მალადეც! მესმის ასეთი დედამთილი. სულ ჩემსას არ ჰგავს? ჯერ წესიერად არ მოფერებია ჩემებს. გადაყვა იმ თავის იეღოველებს.

_ კიდევ მაგათთან დადის?

_ დადის რომელია! იეღოვას მოწმე ვარო, თავი მოაქვს, _ აკისკისდა მარი, _ საწყალი ჩემი მამამთილი, გადაბრუნდა, ალბათ, უკვე საფლავში.

_ მერე, დათო რას ეუბნება?

_ უი! დაჭამეს ერთმანეთი. ჩემი მულიც გიჟს ჰგავს. მთლად გამოგაშტერეს იმ სამსახურშიო. მიატოვებინეს მუშაობა. ზის ახლა ბუსავით შინ, მაგრამ მაინც დაძვრება ჩუმ-ჩუმად.

_ შენ, სამაგიეროდ, ქმარი გყავს კარგი.

_ ეს შენთვის არის კარგი. აბა, ახლა მე მკითხე? გამიშრო სისხლი.

_ ნუ წუწუნებ, რა. ღმერთს მადლობა შესწირე, რომ ასე გაქვს საქმე აწყობილი. შენ ისა თქვი, მე რა ვქნა, როგორ მოვიქცე, _ ისევ ჩემი სატკივარი გამახსენდა.

_ რა ვქნათ და ყავა დავლიოთ. ადე, ადე, გეყოფა კოტრიალი, _ თეძოზე დამკრა ხელი და წამომახტუნა.

7 7 7

ნოემბერიც მიილია. დეკემბერი უფრო თბილი გამოდგა. საერთოდ არ ციოდა. ჩვენ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. რაც დღე გადიოდა, მით უფრო მიყვარდებოდა და საზღვარი არ უჩანდა ამ პროცესს. თანამშრომლებმა უფრო გამახვილებული ყურადღებით დაგვიწყეს ცქერა, ვერსიად მოარული ჭორის დამადასტურებელ საბუთს ეძებდნენ.

შინაც დაიძაბა სიტუაცია. მე უკვე მიზეზს ვეძებდი, როგორმე გავცლოდი ბესოს. რა ვქნა, ვერაფრით შევეგუე იმ აზრს, რომ არც ისეთი დიდი ტრაგედიაა ქმრის ღალატი. ჩემთვის ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ტრაგედია. ყოველდღე მზადყოფნაში ვიყავი, თუკი ბესომდე ხმა მიაღწევდა, როგორმე მემართლებინა თავი. ამის შიში თან დამდევდა გამუდმებით. არადა, მინდოდა, დამესწრო მისთვის. ბოლო მომეღო ასეთი შიშნარევი ყოფისთვის. მარტო ცხოვრების არ მეშინოდა. ამისთვისაც მზად ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, ვიქირავებდი სადმე ერთ ოთახს. გვანცა შეგნებულად არ მომყავდა დედაჩემისგან. ბაღში მაინც არ დადიოდა. იქ კი, ჩემს ძმისშვილებთან მშვენივრად ერთობოდა.

7 7 7

_ როგორ მცივა, რა უბედურებაა, _ იბუზებოდა თინიკო.

_ შენ რავა სულ გცივა, ქალო, გადამრევ პირდაპირ! სადაა სიცივე! ნახე, რა ამინდია გარეთ! _ შეუტია ინგამ.

_ შენ რა დიდ გულზე ხარ გათხოვების მერე. დიდი ხანია, დაგცხა, ფისო? _ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.

სიცილი ვერ შევიკავე.

_ ჩემს ქმარს თუ გულისხმობ მაგ საქმეში, აბა, მაშინ შენ საერთოდ არ უნდა გციოდეს, კაი «სტაჟიანი» ხარ უკვე, _ არ ჩამორჩა ინგაც.

_ მე, ჩემო კარგო, თხუთმეტი წელია, გათხოვილი ვარ. შენ რაც ახლა გაცხელებს, დიდი ხანია, გაცივდა ჩემში. თუ არ გჯერა, ანას ჰკითხე, ისიც ჩემ დღეშია! _ გადმომწვდა თინიკო, _ აუხსენი ერთი, თუ ქალი ხარ.

_ მასეა, მასე. დაუჯერე, _ მეტი ვერაფერი ვთქვი. უსიამოდ გამკრა გულში.

_ კარგი ახლა, ნუ გადამიარეთ «კატოკივით», _ აიქნია ხელი ინგამ, _ გნებდებით. მეც მცივა, ბატონო.

ამ ლაპარაკში რატი გამოვიდა კაბინეტიდან და მანიშნა, ჩემთან შემოდიო. შევედი.

_ ყავა გინდა? _ გავეკეკლუცე.

_ ჯერ არა, გმადლობ. პრემია გამოგიწერე საახალწლოდ.

_ რისთვის?

_ კარგი მუშაობისთვის… ორ ფრონტზე, _ ორაზროვნად გამიღიმა.

_ ოჰო! საინტერესოა, რომელ «ფრონტზე» დავიმსახურე მეტი? _ ავყევი ფლირტში.

_ ნუ, ახლა ყოველდღიურ სამუშაოში მეტი გამოგეწერა, რა თქმა უნდა. აბა, კვირაში ერთხელ რაღაც სამი საათი რომ «წაიმუშავებ», მაგაში ნაღდად არ გეკუთვნის ამაზე მეტი, _ უჯრა გამოაღო, თეთრი კონვერტი ამოიღო, მაგიდაზე დადო და საჩვენებელი თითით ჩემკენ გამოაჩოჩა.

_ აიღე, _ იდუმალი მზერით ამომხედა.

ძალიან დამაინტერესა. კონვერტს ხელი დავავლე. რაღაც მკვრივი საგანი მომხვდა. ფულს არ ჰგავდა. ჩავიხედე… ბეჭედი იყო, ვერცხლის. შუაში ლამაზი, თეთრი თვალი ბრწინავდა.

_ ეს შენ. დიდი ვერაფერია, მაგრამ სამაგიეროდ, ძველი ნაკეთობაა. ერთი ასი წლის მაინც იქნება. შენ ხომ გიყვარს ამისთანები?

_ ღმერთო, რა ლამაზია! _ ვერ დავმალე აღფრთოვანება.

_ ალმასია, _ კმაყოფილებით შემომცქეროდა.

_ საიდან?

_ შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას დაეძებ.

_ მებაღე ხილზე უფრო გემრიელია, რა ვქნა.

_ კაი, შემჭამე მაშინ, სხვა რა გზა მაქვს, _ გამიცინა.

_ მოდი, შენ გამიკეთე, კარგი? _ ვთხოვე პატარა ბავშვივით.

_ როგორც მიბრძანებთ, დედოფალო, _ წამოდგა. მარჯვენა ხელის თითები გავშალე. პირდაპირ არათითზე ჩამომაცვა. როგორ მომეწონა! ახლა რომ ბებიაჩემს დავენახვე, მეტყოდა, «შვილო, რავა კუკლასავით მოგერგოო». ასე იცოდა ხოლმე, როცა რამეს მოვიზმანებდი და მომიხდებოდა.

_ პირდაპირ დაგხატა! ოხ, ოხ, ოხ, გადასარევია ნამდვილად, _ მეგრულ კილოზე მოუქცია, _ ფულად თანხას კი თვის ბოლომდე მოგცემს ინგა. ყავა დავიმსახურე?

_ მთელი ასი ჭიქა ერთად, უფროსო. ერთბაშად მოგიტანო, თუ თითო-თითოდ? უღრმესი მადლობა, გადამეხადოს, _ ჩურჩულით ვუთხარი, ხელზე ხელი მოვკიდე, ტუჩებთან მივიტანე და სათუთად ვაკოცე.

_ რას შვრები, სულელო, _ შეცბუნებულმა გამომტაცა მარჯვენა, _ მეორეჯერ არ ქნა ეგ. ასე მონები კოცნიან თავიანთ ბატონებს. ხელზე კი არა, აი, აქ უნდა მაკოცო, _ ღიმილით მითხრა და სვიტერის ყელი გადაიწია.

მელასავით ჩავრგე ტუჩ-პირი რატის კისერში და ვაკოცე. ხარბად შევისუნთქე მის სურნელი და პომადის კვასკვასა კვალიც დავტოვე.

_ ხარისხის ნიშანი! _ კმაყოფილებით შევხედე პომადის ნაკვალევს.

_ აჰა, სხვა ქალი არ გინდა გამეკაროს, არა?

_ არა! დავხოცავ ყველა ქალს, რომელიც ჩემს ტერიტორიაზე გადაივლის.

_ აუ, რა დამერხა! _ ყასიდად შეიცხადა, _ ჩემი სულელი, ჩემი რატიჭამია გოგო, _ მკლავზე მომიჭირა ხელი, _ რა ვქნა, სულ გვერდით მინდა იყო. ქმარი რომ არ გყავდეს, დღესვე წაგიყვანდი ჩემთან.

_ კი მაგრამ, მე აღარ შემეკითხებოდი? _ სულ თავისით ჩამოვარდა საუბარი ჩემთვის საჭირო თემაზე.

_ რატომ, უარს მეტყვი? ჰა? არ წამომყვები? _ ღრმად ჩამაშტერდა თვალებში.

_ არა… ვერა… _ წამერთვა ხმა.

_ რატომ?… ნუ დამუნჯდი, ახლა, მითხარი, ქმარი რომ არ გიშლიდეს ხელს, რატომ არ წამოხვალ ჩემთან?

_ იმიტომ, რომ მე შვილი მყავს, _ ვერ შევხედე თვალებში.

_ მერე რა, რომ შვილი გყავს. შენც ადექი და ბესოს დაუტოვე.

იმდენად შევცბი, ვიგრძენი, როგორ მომექცა სახე. ახლა კი შევხედე თვალებში.

_ გვანცას ვერავის გულისთვის ვერ დავტოვებ… შენი გულისთვისაც კი, _ ძალიან ცივად გამომივიდა ნათქვამი.

გაეცინა.

_ გეხუმრე, სულელო, რა სერიოზულად მიიღე, _ თმაზე მომჩეჩა.

_ მეხუმრე თუ გამომცადე? _ ვიწყინე.

_ არა გრცხვენია? რა გამოგცადე, საიდან მოგაქვს ასეთი აზრები. კარგი, ნუ დაიბოღმე, გეყო ახლა.

_ იცი, რატი, შენ გამო შემიძლია მოვკვდე, მაგრამ შვილს ვერ გავწირავ. მე არ ვიცი, რომელი უფრო მეტად მიყვარხართ, მაგრამ საქმე არჩევანზე რომ მიდგეს, გვანცას წინ ვერავინ დაუდგება, _ ცრემლი მომადგა თვალებზე.

_ არ გინდა, რა, ძალიან გთხოვ. მერედა, ვინ გეუბნება რამეს. ან მე რად მინდა ისეთი ქალი, შვილზე წინ რომ დამაყენებს. შენ რომ ასეთი იყო, არც მე მეყვარები. მესმის შენი, ძალიან კარგად მესმის. ვიცი, რასაც განიცდი, მაგრამ მეც უნდა გამიგო. ჩემთვის დიდი ტვირთია ბავშვიანი ქალი. იმიტომ არა, რომ ჩემი მშობლები განაწყენდებიან ან არ მიიღებენ მას. ეს უბრალოდ, ჩემი პრობლემაა, პირადად ჩემი. ბავშვს არ შეიძლება ორი მამა ჰყავდეს. უნდა ირბინოს იქეთ-აქეთ, მამას ხომ არ აუკრძალავ შვილის ნახვას. გესმის, რისი თქმა მინდა? რაღაც ძალიან უხერხული მომენტი იქმნება.

_ მე შენთვის არაფერი მითხოვია, რატი.

_ ვიცი, რომ არ გითხოვია. ამიტომ კი არ გეუბნები.

_ მაშინ რა საჭიროა ამგვარი ლაპარაკი (ვითომ არასდროს მეფიქროს ამაზე, იქით შევუტიე)? მე არც განშორებას ვაპირებ ქმართან და არც შენს ცოლობას, _ შესაშური სიმშვიდით ვთქვი და მივხვდი, ამქვეყნად არავის იმედი არ უნდა მქონოდა.

არავისი, გარდა საკუთარი თავისა…

და სადღაც, გულის სიღრმეში კვლავ გაწყდა კიდევ ერთი სიმი.

8 8 8

22 დეკემბერი გათენდა. შაბათი დღე იყო. დილიდანვე წავედი დედაჩემთან, ბავშვი სამი დღის უნახავი მყავდა. ერთი საათის მისული არ ვიყავი, რომ ჩემმა რძალმა, ტელეფონზე გკითხულობენო, მითხრა. ძალიან გამიკვირდა, აქ ვის უნდა დაერეკა. ავიღე ყურმილი. რატი იყო. თვალები შუბლზე ამიცვივდა გაკვირვებისგან.

_ რატი! აქ საიდან მომაგენი? _ შევყვირე სიხარულისგან.

_ ერთ გოგოს დავარეკინე შენთან სახლში. ეს ნომერი მოგვცა შენმა ქმარმა და გადმოგირეკე.

_ რა ხდება? ხომ მშვიდობაა? ცუდი ხომ არაფერია? _ ახლა უკვე შევშფოთდი.

_ არა, ჩემთან ყველაფერი ძველებურადაა. შენთან ხომ არაფერი შეცვლილა? ისევ ისე გიყვარვარ?

_ უფრო მეტად, _ თან ვფრთხილობდი, საეჭვო არაფერი წამომცდენოდა. დედაჩემს ყურები ჰქონდა დაცქვეტილი.

_ უნდა გნახო. დღეს, აუცილებლად. საქმე მაქვს შენთან. შეგიძლია გამოხვიდე?

_ სად?

_ ჩემთან.

_ ცოტა ხნით შემიძლია.

_ იყოს ცოტა ხნით, ოღონდ გამოდი. გუშინ ვერ მოგისწარი, რომ გამეფრთხილებინე. უკვე წასული დამხვდი.

_ ჰო, შუქი რომ ჩაქრა, მაინც ვერაფერს ვაკეთებდი და ცოტა ადრე წამოვედი, აბა რა მექნა.

_ რამდენ ხანში მოხვალ?

_ რა ვიცი, ალბათ, ერთ საათში. შეიძლება უფრო ადრეც.

_ უფრო ადრე, კარგი?

_ კარგი, _ გაბადრულმა დავკიდე ყურმილი და თითზე რატის ნაჩუქარი ბეჭედი გავისწორე. ბესოს არც შეუმჩნევია მისი არსებობა.

_ ვინ იყო? _ გამჭოლი მზერა მესროლა დედაჩემმა.

_ ჩემი თანამშრომელი. უნდა გავიდე. ბესომ თუ დარეკოს, ვითომ რომელიმე მეზობელთან ვარ გადასული, ან მძინავს. რა ვიცი, რამე მოიფიქრე.

_ შენ რაღაც ცუდად დადიხარ, ანა. საყვარელი ხომ არ გაიჩინე? _ გამომცდელად შემომხედა.

_ კარგი რა, დედა. რა იდეები გაწუხებს. ვერ გამიგია, ამხანაგთან რომ გავიდე, უფლება არა მაქვს? _ ავიფოფრე.

_ მაშინ რატომ უმალავ ბესოს, სადაც მიდიხარ?

_ იმიტომ, რომ მიშლის შინიდან გასვლას. მასავით ჩაკეტილში რომ ვცხოვრობდე, ის უნდა. მე კი ასე არ შემიძლია.

_ კი მაგრამ, რატომ ხარ ჩაკეტილი, ხომ მუშაობ?

_ აი, ეგ ვერ აუტანია სწორედ. ეს არის, რომ აგიჟებს.

_ მე არ ვიცი, თქვენ რა გაგიჟებთ, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე. მე რომ შენზე ცუდი რამ გავიგო, თვალით არ დამენახვო. გაიგე? ჩვენ გვარში ბოზი და ჩათლახი არავინ ყოფილა. წესიერად მოიქეცი და ცოტა ჭკუას მოუხმე. პატარა აღარა ხარ უკვე. შენი ნებით გაყევი იმ კაცს, არავის დაუძალებია. ჰოდა, კეთილი ინებე და მიიღე ისეთი, როგორიც არის. თუ არადა, გაშორდი ისე, როგორც წესი და რიგია. მერე კი რაც გინდა, ის ჰქენი. ჩემი იმედი ნუ გექნება. თვითონ მიხედე საკუთარ თავს.

ხასიათი გამიფუჭდა. როგორ არავინ ჩემთვის არ არის, საკუთარი დედაც კი. ჩემი დედამთილი გადაყოლილია თავის ქალიშვილებს, ბესო სულ არ ახსოვს. დედაჩემი კი ფეხქვეშ ეგება თავის რძალს, რითი ასიამოვნოს, არ იცის. ბედის ირონიაა ეს ცხოვრება.

_ წადი ახლა და დროზე მიდი სახლში, არ დააგვიანო, იცოდე! გადმომირეკე შიგადაშიგ, _ ზურგი შემაქცია და ოთახიდან გავიდა. მაინც დამინდო, არ მოუთმინა გულმა.

ეჰ, რომ იცოდეს, რას ვაკეთებ… არა! რაღაც უნდა მოვიფიქრო. ასე გაგრძელება არ შეიძლება…

…კარი, ჩვეულებისამებრ, ღია დამხვდა. შევედი და რას ვხედავ! ისეთი ლამაზი სუფრაა გაშლილი, შენი მოწონებული _ სანთლებით, ნამცხვრებითა და სალათებით.

_ ვა! ვ ჩეტს ჩევო? _ ყელზე ჩამოვეკიდე რატის.

_ პომადა არ გისვია? _ თავი უკან გადასწია და შემომხედა.

_ მოვიცილე, სანამ კიბეზე ამოვდიოდი. რა ხდება, გამაგებინე.

_ დღეს 22 დეკემბერია.

_ მერე რა?

ეშმაკურად შემომხედა.

_ არაფერი განსაკუთრებული. ჩემი დაბადების დღეა.

შევცბი და შევრცხვი ერთდროულად. მე რატომღაც, იანვარში მეგონა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცოდი. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მიკითხავს მისთვის ამის თაობაზე და არც საუბარი ჩამოვარდნილა ოდესმე.

_ ჩემი სიკვდილი, რატომ ადრე არ მითხარი? რა ცუდი ბიჭი ხარ, რომ იცოდე, _ პატარა ბავშვივით ავბუზღუნდი.

_ რა ვქნა, ძალიან მიყვარს სიურპრიზები.

_ გილოცავ. მრავალს დაესწარი, _ მოწყურებულად ვაკოცე.

_ მითხარი, გიყვარვარ? _ ჩამჩურჩულა.

_ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. შენა ხარ ჩემი დღეც, ღამეც, პურიც, წყალიც, ჰაერიც, სითბოც და… საჭმელიც. სუნთქვა ხარ ჩემი, _ ჩამოვარაკრაკე.

_ რა კარგია. შენ კიდევ ჩემი დოპინგი ხარ, ჩემი სიცოცხლის ელექსირი, _ მეუბნებოდა და თან პალტოს გახდაში მეხმარებოდა. მერე ისევ ჩამიხუტა.

_ ანა, შენ რატომ არასდროს მეკითხები, მიყვარხარ თუ არა? _ მოულოდნელად მკითხა.

დაფიქრების ნიშნად თვალები ჭერს მივაპყარი.

_ რა ვიცი. ალბათ არ მიფიქრია ამაზე, იცი? მე მგონი, კაცს არ უნდა სჭირდებოდეს ამის შეხსენება. ქალს კაცის მიმართ შეკითხვა არ უნდა გაუჩნდეს. მამაკაცი თავად უნდა ხვდებოდეს იმას, ქალს რა ესიამოვნება… შენი აზრით, ეს ასე აუცილებელია?

_ მე გამიხარდებოდა, _ თითქოს მომიბოდიშაო, ისე გამოუვიდა.

_ მართლა? მაშინ მითხარი, გიყვარვარ?

_ ძალიან, ძალიან. შვება ხარ ჩემი, _ წელზე მომხვია ხელები და თითქოს ხარბად შემისუნთქა, _ ჰო, მართლა, ერთი ჩემი მეგობარიც უნდა მოვიდეს. შენთვის უხერხული ხომ არ იქნება?

_ ქალია? _ შევუბრუნე კითხვა.

_ არა, კაცია, _ გაიცინა.

_ იცის ჩვენი ამბავი?

_ იცის, მაგრამ არ მითქვამს, ქმარი რომ გყავს.

_ კარგი გიქნია. უფრო თავისუფლად ვიქნები.

_ მეც ეგრე ვიფიქრე. დიდხანს არ დარჩება. მაგას ეგეთები არ ეშლება. ასე რომ, ხელს არ შეგვიშლის.

_ დიდხანს მეც ვერ დავრჩები. გაგიჟდება, რომ დავაგვიანო.

_ კარგი ახლა, ნუ ჩამაშხამებ. როგორმე შემარგე ეს ერთი დღე. ერთ ჩხუბად არ გიღირს ჩემთან ყოფნა?

ამ დროს სამი წყვეტილი ზარი გაისმა კარზე.

_ მოვიდა, _ რატიმ ხელი შემიშვა და შემოსასვლელში გავიდა.

_ ზდრასტი, ძმა. ჰა, როგორ გრძნობ თავს იუბილარის პონტში? გილოცავ. ეს შენ! _ მესმოდა უცხო ხმა.

ცოტა ხანში რატი უცნობ მამაკაცს შემოუძღვა. საშუალო სიმაღლის, ოდნავ ჩაფსკვნილი იყო, წვრილი, ჭროღა თვალები ჰქონდა, საოცრად წყლიანი. მგონი, ცოტა ნასვამი იყო.

_ აი, ეს არის ანა, გაიცანი. ანა, ეს კოკაა, ჩემი ძმა და მეგობარი.

_ დიდებული სალამი ქალბატონ ანას. აკაკი, გენაცვალე. მე ერთი ალალი კაცი ვარ, ქუთაისელი. ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ ვუძლებ ცხოვრებას, _ მოწიწებით ჩამომართვა ხელი.

_ ძალიან სასიამოვნოა, _ მორიდებით გავუღიმე.

_ ამ ყაჩაღის გემოვნებაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, ჩემო ქალბატონო, მაგრამ ამფერი თუ იქნებოდი, ნაღდად არ ველოდი. საღოლ, ძმაო, _ დაჰკრა რატის მხარზე ხელი, _ აბა, მე კი არავინ შემიყვარებს, ამის დედა ვატირე, _ «მოისაწყლა» თავი.

_ შენ რაფერ ხარ, რას შობი? _ მიუტრიალდა რატის.

_ რა ვიცი, ვშობი, _ გაეხუმრა «ძმაც».

_ ამას დამსახურებული აქვს ჩვენს ძმობაში შემოსვლა? _ ჩემზე ანიშნა.

_ ბოლომდე, _ ისევ გაიცინა რატიმ.

_ აბა, ჩვენიანი ყოფილა. დაარტყი ხელი, _ გამომიშვირა გაშლილი მარჯვენა.

დავურტყი.

_ ო-ჰო-ჰო! რა სუფრა გაუშლია! დაუვიწყარი პურის ჭამა გვექნება, ვატყობ, _ გადახედა მაგიდას.

_ ეს რაა, ბიჯო, საბალახოდ მომიყვანე აქ? _ აბობოქრდა უცებ.

_ რა გინდა, ახლა, რა არ მოგეწონა.

_ ამ ბოსტნეულს რა მაჭმევს, სიმონ, ძროხა კი არ ვარ!.. ხომ ხარ ჩემი პრიამოი ძმა?

_ ვარ კი, მერე?

_ მერე და დავახვიოთ ახლა სამივემ და წავედით რესტორანში.

_ არ გინდა ახლა, ნუ დაიწყებ შენებურად.

_ აბა, სალათა ვჭამო? არ ვარ, ძმაო, მარხვაზე, რა ვქნა.

_ რატომ სალათა, აგერ ყველია, თევზი, ნამცხვარი…

_ სა იშოვე, გაფიცებ ძმობას, არ დამიმალო.

_ ნუ გაახურე, ახლა, გაიხადე და დაჯექი, დავიწყოთ.

_ ა! ასე მჩაგრავს სულ (მე გადმომხედა). აგია ჩვენი ძმობა? _ «დუბლიონკა» გაიხადა და მაგიდას მიუჯდა.

_ მე ხომ ვარ თამადა?

_ ხარ, კი, _ გაიცინა რატიმ.

_ აბა, შევუბეროთ მაშინ.

შამპანური სასიამოვნოდ წავიდა. ბევრი ლაპარაკი ყვარებია კოკას. ენა არ გაუჩერებია. ჯერ ქურდებზე ისაუბრა, მერე _ რაღაც წილებზე, მერე _ წამალზე, მერე ისევ ძმობაზე _ კინაღამ დამბრიდესო, დაამთავრა თხრობა და ბოლოს ქალებს მიადგა.

_ ქალი, ძმაო, ძაღლივითაა. თუ აჭმევ, ასმევ, მოუვლი და სიყვარულს უჩვენებ, ბოლომდე შენი ერთგული იქნება. მარა თუ მოაშიე, მოაწყურე და ყურადღება დააკელი, სხვაგან დაიწყებს საშოვარზე სიარულს. ასეა. მოდი, ახლა, ამ ჭიქით ჩვენი მზეთუნახავი მანდილოსნის თამადობით, ყველა კაი ქალს გაუმარჯოს, _ ასწია ჭიქა.

_ გაუმარჯოს, _ კვერი დაუკრა რატიმ, _ ანა რომ ქალია, ბარე ორმა ვერ დაიკვეხნოს. ქალი კი არა, ნამდვილი ვაჟკაცია ყველა კაცური თვისებით. გაგიმარჯოს, ანა, როგორიც ხარ, ისეთს. ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, _ გამიღიმა და ჭიქა მომიჭახუნა.

_ ხაჭაპური მაინც გეყიდა, სიმო-ო-ნ? ხო იცი, რაფერ მიყვარს, _ ისევ «აწუწუნდა» კოკა.

_ რა ვიცი, ახლა, სად მეძებნა ხაჭაპური. რაც მომხვდა ხელში, ის ვიყიდე. ნუ გადამაყოლებ ამ სუფრას, თუ კაცი ხარ.

_ იქ ვერ ჩადი, ვერიკოსთან? რა ხაჭაპურებს აცხობენ! აუჰ! ახლა ერთ ხუთ ცალს შევჭამდი.

რატის სიცილი აუტყდა.

_ კოკა, ნუ გამიწყალე გული, რა, ძმურად. იცი, რამხელა ხაჭაპურებია? აი, ამხელა, _ მითხრა და ხელით მოზომა ფართობი, _ ხუთ ცალს არა, ისა… იტყვი ხოლმე რაღაცას.

_ რა, ვერა?

_ ვერა, ვერა.

_ მოდი, დამენაძლევე.

_ კაი ახლა, შემეშვი.

_ ვარიანტი არ არსებობს, ხუთ ცალს ისე მივახვევდი, თვალს არ დავახამხამებდი. ასიანი. თუ გინდა, გენაძლევები.

_ არ მინდა, თავი გამანებე.

_ დაასტოპე, ძმა, შეგეშინდა?

_ მერე? ძმებში რომ ნიძლავი არ მოდის? _ წამომცდა უცებ.

გაოცებით შემომხედა. მერე რატის გადახედა.

_ აგი ვინაა, ბიჯო! _ ბოლოს ისევ მე მომიბრუნდა, _ შენ საიდან იცი, გოგო, ამდენი?

_ ე-ე-ე! შენ მაგას რომ უყურებ, ჩვენზე მეტი იცის. შენნაირს და ჩემნაირს იყიდის და გაყიდის კიდეც, თანაც ორჯერ, _ სიცილით დააყოლა.

_ დედას გაფიცებ!

_ ასეა, ასე.

_ ჩვენი ძმა თუა, აბა, სხვანაირად რაფერ იქნება, _ დანებდა კოკა.

ერთი სიტყვით, მშვენიერი დრო გავატარეთ. «ჩვენი ძმა» გვიან წავიდა. რატიმ ჩააცილა. მე მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ცოცხიც მივუსვ-მოვუსვი ოთახში.

_ ჩემი სახლის პატარა დიასახლისი, _ რატი კარის ზღურბლზე იდგა ხელებგადაჯვარედინებული და კმაყოფილი ღიმილით შემომცქეროდა (როდის მოასწრო ამოსვლა), _ ნამდვილი ცეცხლი ხარ…

_ რა ბლატნოი ძმაკაცი გყოლია.

_ ვინ, კოკა? ძაან მაგარი ვინმეა. შენ ჯერ არ იცნობ, მერე სულ სხვა თვალით შეხედავ…

…გვიანობამდე შევრჩი. დედაჩემს ველაპარაკე, ბესოს ხომ არ დაურეკავს-მეთქი. არაო, მითხრა, დროზე წადი სახლში, არ დააგვიანოო.

მაინც დავაგვიანე. თერთმეტი ხდებოდა, შინ რომ მივედი.

ბესომ ცივად შემომხედა. გაცეცხლებული იყო.

_ კიდევ მთვრალი ხარ? _ დაიწყო ბოლის გამოშვება.

_ ჰო.

_ ახლა ვისი დაბადების დღე იყო?!

_ არავისი.

სილა გამაწნა. ნაპერწკლები გადმომცვივდა თვალებიდან.

_ შენი დედა ვატირე, შენი! შე ახვარო, შე… _ მოკლედ გინებით დააშენა სართულები ერთმანეთზე.

ხმა არ ამომიღია. დამნაშავე ვიყავი, რა მეთქმოდა. თან არც მინდოდა სიტუაციის გამწვავება. ამან უფრო გააცოფა.

_ რას მაყეფებ ძაღლივით, შე შაკალო, პასუხი არ უნდა გამცე, რომ გეკითხები?

_ როგორ მეზიზღები, რომ იცოდე! _ ამოვანთხიე ბოღმა. ლოყა მიხურდა.

_ კიდე მე გეზიზღები, შენი ნაბოზვარი დედა ვატირე, შენი… წადი, წაეთრიე სახლიდან. არ მოგიხდა კარგი ცხოვრება. დადექი ცირკის წინ და აიშვირე ფეხები. მაინც ეგ არი შენი ბოლო, შე წაკლა, შენა! _ მუშტი დამარტყა და კედელს მიმახეთქა.

იგრძენი, საიდანღაც როგორ წამომივიდა სისხლი. შუბლი გამითბა.

_ შენ არა ხარ ის ქალი, რაღაცის გულისთვის მაინც რომ გააჩეროს კაცმა სახლში, _ ბოლო ხმაზე ღრიალებდა.

_ არც შენ ხარ ის კაცი, რაღაცის გულისთვის მაინც რომ გაუჩერდეს ქალი. დაკარგული გაქვს ეგ თვისებები, დიდი ხანია, _ მივახალე, მშვიდად დავავლე ჩანთას ხელი და ოთახიდან გავვარდი…

როგორ თავისუფლება ვიგრძენი გარეთ გამოსულმა. თითქოს შევმსუბუქდი. რაღაც მამძიმებდა, მაგრამ უფრო ძალიან რაღაც მიხაროდა. მივხვდი, რაც _ ბესოს გარეშე ცხოვრება. რა იდიოტი ვარ… სად ვიყავი აქამდე, რას ვიტანჯავდი თავს! ან რას ავალაპარაკე ჩემი თანამშრომლები? დროზე მექნა! «მერე, გვანცა? ბავშვი არ გეცოდება, უმამოდ რომ უნდა გაიზარდოს?» _ ჩამძახოდა შინაგანი ხმა. «არაფერი უჭირს. უმამოდაც იზრდებიან ბავშვები და უდედოდაც. შვილისთვის მაინც დედაა მთავარი», _ ვამშვიდებდი ჩემს ორეულს.

კარი დედაჩემმა გამიღო. მიხვდა, კარგი არაფერი მჭირდა და გულზე ხელი დაიდო შეშინებულმა.

_ რა დაგემართა?

_ არაფერი. წამოვედი სახლიდან.

ლოყაზე შემოირტყა ხელი და ხმადაბლა შეჰკივლა.

_ ესღა გვაკლდა. რატომ არ მოვკვდები. რას აკეთებ, შვილო, სიბერე გინდა, გამიმწარო? გაგიჟდება შენი ძმა, _ მოთქვამდა საწყლად.

_ ნუ გეშინია, კისერზე არ დაგაწვებით არავის. ნაქირავებში ვიცხოვრებ, _ ცრემლები წამსკდა. საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხზე დავიწყე გახდა.

მეც არ ვიცი, რა მატირებდა. ბესო მენანებოდა, თუ ჩემი ხვალინდელი დღე მაშინებდა, ვერ ვხვდებოდი.

_ კაი ახლა, ნუ ტირი. დაწყნარდი, დამშვიდდი, _ თავზე ხელი გადამისვა, _ შენ რაღაც სერიოზული მიზეზი გაქვს, ალბათ, დედიკო, თორემ ასე ვერ გადადგამდი მაგ ნაბიჯს. ნუ ცხარობ, სიცხარით და აჩქარებით საქმე არ გაკეთდება. დაწექი ახლა და ხვალ ვილაპარაკოთ მაგაზე. ხვალ სხვანაირად შეხედავ ყველაფერს.

ვტიროდი და მაინც რატიზე ვფიქრობდი. ისედაც, ნებისმიერ დროს, ჩემი ერთადერთი საფიქრალი ხომ რატი იყო. რამდენჯერ დამიჭერია საკუთარი თავი საქმის კეთების დროსაც კი, უაზროდ რომ ვიღიმებოდი.

რაღაც ავადმყოფური სახე მიიღო ჩემმა სიყვარულმა.

7 7 7

_ როგორ ჩაიარა გუშინდელმა საღამომ, გეჩხუბა? _ მკითხა რატიმ მეორე დღეს.

_ არა, მსუბუქად, _ დავუმალე.

ჯერ ერთი, არ მინდოდა, ის დღე ჩამეშხამებინა მისთვის. მეორეც, ჩვენი საუბრის მერე ქმართან გაშორება რაღაც სპეციალურ დამთხვევას დაემსგავსებოდა. სულაც არ მსურდა, ეფიქრა, თითქოს განგებ მოვიქეცი ასე, წინასწარგანზრახულად. ამიტომაც გაჩუმება ვარჩიე. თან მეშინოდა, არ დამფრთხალიყო ჩემი ნაბიჯით და არ მივეტოვებინე. ჩემთვის ხომ სხვა არავინ არსებობდა ამქვეყნად. ის იყო ჩემი «საარსებო წყარო». მისით ვსუნთქავდი. ყველანი დავივიწყე ჩემ ირგვლივ. ფეხი ამოვიკვეთე ყველგან, სადაც კი მიხაროდა მისვლა: მეგობრებთან, მეზობლებთან, რა ვიცი, _ ყველასთან. ერთადერთი მარისთან თუ ვპოვებდი შვებას. ოღონდ რატის გვერდით ვყოფილიყავი, სხვა არაფერი მინდოდა, ოღონდ შემეხედა მისთვის, ოღონდ ყოველდღე მენახა, ოღონდ მისი ხმა გამეგონა…

ეს ყველასა და ყველაფრის დანაკლისს მივსებდა.

_ შუბლი რატომ გაქვს გახეთქილი? _ მზრუნველად მომისვა ხელი ჭრილობაზე, _ დაგარტყა?

თავი დავუქნიე.

_ მაგის… ქალს როგორ უნდა დაარტყა ხელი! რა არის კი მაგრამ, მხეცია? _ აღშფოთებას ვერ მალავდა, _ ჩემი ბრალია, მე დაგაყოვნე გუშინ. მაპატიე, თუ შეგიძლია, მაპატიე და საერთოდ, მიდი რა, წამოდი მაგ სახლიდან. მე გიქირავებ ბინას, გესმის? თავიდან ასე გავაკეთოთ და მერე ვნახოთ, რაღაცას მოვიფიქრებთ. გამიგე?

_ არა, რატი, არ გამოვა. ეს ასე ადვილი არ არის. მაცალე, მე თვითონ მოვიფიქრებ. ნუ დამაჩქარებ.

მეტი არაფერი უთქვამს. მთელი დღე ორივე უხასიათოდ ვიყავით, თითქოს ერთი საერთო გაჭირვება დაგვატყდა თავს.

სამი დღეც არ იყო გასული ამ ამბიდან, რომ ბესომ დამირეკა სამსახურში.

_ მე ვარ, _ ცივად გაისმა მისი ხმა.

_ რა გინდა? _ მეც საკმაოდ უხეშად გამომივიდა.

_ შინ მოსვლას არ აპირებ?

_ არა.

_ სანამდე უნდა იარო ასე გარე-გარე?

_ რატომ გარე-გარე, ჯერჯერობით, მე სახლი მაქვს და კარი, უპატრონო კი არ ვარ.

_ ბევრს ნუ ლაპარაკობ. წამოიყვანე ბავშვი და მობრძანდი სახლში. მე შენი ხვეწნის თავი არა მაქვს.

_ არც მჭირდება. მე უკან დამბრუნებელი არა ვარ. დამთავრდა ყველაფერი. ამ დღეებში განცხადებას შევიტან. მორჩა! _ გადაჭრით ვუთხარი.

_ არ გინდა და ნუ გინდა. რაც გინდა, ის ჰქენი, _ გაბრაზებულმა დამიხეთქა ყურმილი.

თითქოს შემამცივნა. არ ვიცი, ალბათ, რაღაც მეწეოდა უკან, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი თავს. მინდოდა, მართალი ვყოფილიყავი ყველას წინაშე. იმის გაფიქრებაც კი, რომ ისევ ტყუილებით უნდა მეცხოვრა და ჩუმ-ჩუმად ძრომიალი უნდა გამეგრძელებინა, მზარავდა. ამასთან, დიდი იყო მარტო ცხოვრების ცდუნებაც.

თავისუფლება მსურდა.

ჩემს გემოზე ყოფნა.

თუმცა, ისიც კარგად მესმოდა, რომ უბრძოლველად ამას არავინ დამითმობდა.

მქონდა კი ბრძოლის უნარი?

აქედან დედაჩემი მიტევდა, იქიდან _ ბესო.

არც ერთი პოზიციას არ დათმობდა.

8 8 8

ახალმა წელმა დიდი ხმაურით ჩაიარა. თუმცა, ვისთვის ხმაურით და ვისთვის… მე, მაგალითად, ღამე გავათენე, ოღონდ არა სუფრასთან, არამედ გვანცას საწოლთან. ზუსტად 31-ში მისცა სიცხე, კინაღამ კრუნჩხვებში ჩამივარდა. ტუჩები გაულურჯდა, კანკალი დააწყებინა. სასწრაფო გამოვიძახეთ… ორი დღე და ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მოკლედ, გადავრჩით…

სამ იანვარს დაუხატავი წავედი სამსახურში, უძინარი. რომ დამინახეს, ვერ მიცნეს გამომცემლობაში, ისე ვიყავი შეცვლილი. არადა, ორში რატის უნდა შევხვედროდი. ბედობის დღე ერთად გავატაროთო. ვერ წავედი, ვერც დავრეკე. დედაჩემთან ხაზი დაზიანდა და კვირაზე მეტ ხანს არ უმუშავია ტელეფონს. მეზობელთან გადასვლის თავი არ მქონდა. იმწუთში გვანცას მეტი არავინ მახსოვდა.

შოკოლადების გაცვლას მოვრჩით. მილოცვებსაც. «რა დაგემართა?» _ თვალებით და წარბებით მანიშნა რატიმ.

_ როგორ შეხვდი ახალ წელს, ანა? _ ინგა მომესიყვარულა, მსუბუქად მიჩქმიტა ლოყაზე.

მოვყევი გვანცას ამბავი. შეწუხდნენ.

_ მე შემიძლია რითიმე დაგეხმარო? _ ჩუმად შემეკითხა რატი.

_ არა, მადლობა ღმერთს, უკვე ყველაფერმა ჩაიარა.

_ რომ არ მოხვედი, ჩემი დამემართა. ვიფიქრე, ალბათ, უკვე აღარ ვჭირდები-მეთქი.

_ რას ამბობ! ეგ რამ გაფიქრებინა. «ახლა მჭირდები, თუ მჭირდები», _ კინაღამ წამომცდა, დროზე დავაჭირე ენას კბილი, _ უშენოდ ერთი დღეც არ მინდა ცხოვრება. გჯერა?

_ მჯერა, ჩიტო, მჯერა, _ მკლავში ჩამავლო ხელი და მომიჭირა.

თინიკოს მზერა დავიჭირე. ოდნავ გავუღიმე. უხერხულობა სულაც არ მიგრძნია. ახლა წიხლზე მეკიდა ყველაფერი. მართალია, ჯერ არავინ იცოდა ჩემი ამბავი, მაგრამ ოდესმე ხომ გაიგებდნენ? გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი. ბესოს დედამ მოინდომა, აქტიურად ჩაბმულიყო ჩვენი შერიგების პროცესში, მაგრამ სასტიკი უარი გამოვუცხადე. ეს არავის საქმე არ არის, ეს მხოლოდ მე და ბესოს გვეხება, ჩვენი გადასაწყვეტია-მეთქი _ გავანელე მისი აქტიურობა. ხელები გაასავსავა, ოფიციალური მზერა ესროლა დედაჩემს, ცივად გატრიალდა და წავიდა.

ბესო მაინცდამაინც არ იკლავდა თავს შერიგებაზე. ერთი-ორჯერ დარეკა, ერთხელ ღამის სამ საათზე დაგვადგა თავს მთვრალი. დედაჩემმა უსაყვედურა, რა დღეში ხარ, ჩაიხედე სარკეში, რას დაემსგავსე, გული გადამიცივდა შენს დანახვაზეო. იმანაც თეატრალურად იტირა, მოთქმით მოიოხა გული და ბოლოს მაგიდასთან ჩაეძინა. იქვე დავტოვეთ. მეორე დილით, ჩვენ რომ ავდექით, აღარ დაგვხვდა. გაპარულა. ეგ იყო და ეგ. მას მერე არც დაურეკავს და არც მოსულა.

კიდევ უკეთესი.

შესანიშნავად ვგრძნობდი თავს.

განცხადების შეტანას არ ვჩქარობდი.

ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა ერთ უბრალო, ფარატინა ქაღალდს.

7 7 7

ჩემი და მაიას შეხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდა. დამირეკა, სალაპარაკო მაქვს შენთანო. თან გამაფრთხილა, რატისთან არ წამოგცდესო. რას ვიზამდი. გავედი. ალექსანდრეს ბაღში შევხვდით ერთმანეთს. რაშია საქმე? რატომ მოინდომა ასე ძალიან ახლოს ჩემთან მოსვლა? ვერ გამეგო. თუმცა, მზად ვიყავი ყველანაირი საუბრისათვის. ახლა გაირკვეოდა, თითოეულ ჩვენთაგანს რა აკავშირებდა რატისთან და რომელი რა როლს ვასრულებდით მის ცხოვრებაში. დავიჯერო, მაია გამომიგზავნა? არადა, სხვა რაზე უნდა მელაპარაკოს? მე არაფრის მეშინოდა. რაც ბესოს დავცილდი, მას მერე სულაც არ ვმალავდი ჩემს სიყვარულს. ასე რომ, სრულიად თამამად ვაპირებდი «ჩემი ტერიტორიის» დაცვას.

_ როგორა ხარ? _ ნაძალადევად გავუღიმე.

_ არ მკითხო. მტერი გეყოლოს ისე, მე რომ ვარ, _ ამოიოხრა და მერხზე ჩამოჯდა.

_ შენი დახმარება მჭირდება, ანა, უნდა მიშველო.

_ თუკი რამე შემიძლია… _ გამაჟრჟოლა. რაღაც ავისმომასწავებლად მენიშნა ეს «დახმარება».

_ შენს მეტს ამას ვერავის ვეტყვი. რაღაც სხვანაირად შემოგხედე პირველი შეხვედრისთანავე. არ ვიცი, თითქოს რაღაც საერთოს ვხედავ შენთან. ვიცი, გამიგებ, _ თითები გაატკაცუნა.

_ არ გინდა ასე შორიდან მოვლა. პირობას გაძლევ, რასაც ვიტყვით, ჩვენ შორის მოკვდება. ოღონდ დროზე, თორემ ორივენი გავიყინებით, _ ფეხზე ვიდექი. ისე მციოდა, დაჯდომაც არ შემეძლო. მე ხომ საშინელი მცივანა ვარ.

_ ერთი რაღაც მინდა გთხოვო. ვინმე გინეკოლოგს ხომ არ იცნობ. აი, რომ მიგესვლება ისეთს? შენი სახელით რომ მივიდე. სანდო პიროვნება მინდა.

ვიგრძენი, როგორ დამიგუბდა ყურები. გავფითრდი. მივხვდი, ძალიან ცუდად იყო საქმე.

_ მაპატიე, რომ გეკითხები, მაგრამ… ორსულად ხომ არა ხარ? _ ვერ მოვითმინე.

თავი დამიქნია. აღარ ვკითხე, ვისგან-მეთქი, ისე შემეშინდა პასუხის…

_ ეს ისე მოულოდნელად მოხდა, მე თვითონ მიკვირს… რა ვიცი, ცოტა ნასვამიც ვიყავი, ისიც შემთვრალი იყო (ისევ შემამცივნა)… ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს რატის კორპუსში და ვიფიქრე, გავუვლი-მეთქი. მერე სუფრა გაშალა, ცოტა დავლიეთ და… მერე ხომ იცი, როგორც ხდება… _ ცრემლები წასკდა.

_ ნუ ტირი, ტირილით საქმე არ კეთდება, _ იქით დავუწყე დამშვიდება. ამ დროს მე თვითონ დასამშვიდებელი ვიყავი, _ მერე? ახლა რას აპირებ?

_ არ ვიცი. ჯერ გავიგებ, რამდენი კვირის ვარ, მერე ვეტყვი და თუ არაფერი შეიცვლება, აბორტს გავიკეთებ. აბა, რა ვქნა? _ ისევ წაიტირა.

_ როდის მოხდა ეგ ყველაფერი?

_ პირველად ნოემბერში, 29 რიცხვი იყო. მერე რა ვიცი, მერე იმდენჯერ იყო… _ სლუკუნით გადააქნია თავი, _ დედაჩემი მომკლავს, რომ გაიგოს.

ვერ გადმოვცემ, იმწუთში რა ხდებოდა ჩემში. თუმცა, მისამართი მაინც მივეცი. ჩემს ექიმთან გავგზავნე ქალთა კონსულტაციაში. ქალბატონი ნათელა. გადასარევი ადამიანია. იქ ჩემი დაქალიც მუშაობს, თამრიკო. ლაბორატორიის გამგეა, მაგრამ ამის შესახებ არ მითქვამს მაიასთვის, მეც არ ვიცი, რატომ. ასე უფრო მეტს გავიგებდი თამრიკოსგან. ალბათ, ამიტომ. ნუთუ გული მიგრძნობდა?

გამომცემლობაში მოვბრუნდი. ალბათ, მიცვალებულს ვგავდი. გული ამოვარდნას ლამობდა. ძლივს ვიკავებდი თავს. რატიმ საყვედურით სავსე თვალები შემომანათა.

_ სად დადიხარ? _ ხმადაბლა მკითხა.

_ კაცებში, _ მრისხანე მზერა ვესროლე და ჩანთა სკამზე მივაგდე. ვკანკალებდი სიცივისა და ნერვიულობისაგან.

_ ყავა გინდა?

_ ვერ მოგიდუღებ, არა მაქვს მაგის თავი, _ სიცოცხლეში პირველად ვუთხარი რაღაცაზე უარი.

_ არა გაქვს სურვილი, შენი პრობლემები გამიზიარო? _ თავი გვერდზე გადაწია და შემომხედა.

_ შენ? _ შევუბრუნე კითხვა.

_ ? _ წარბები აზიდა. _ რას გულისხმობ მაგაში? _ ეჭვნარევი ხმით მკითხა.

_ ყველაფერს! _ მოკლედ მოვუჭერი.

_ რაღაც ვერ გავიგე შენი ქარაგმები. იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნა?

_ დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

_ ისევ მაია?

_ როგორ მიხვდი! _ არ დავინდე.

_ კაროჩე, გშხამავს, არა?

_ რატომ უნდა მშხამავდეს, იცის რამე ჩვენზე, თუ?

_ აბსოლუტურად არაფერი.

_ ჰოდა, მაგაშია საქმე!

_ მაინც ვერ გავიგე.

_ ვერც მე.

ამით დავამთავრე საუბარი. იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ რატის ასეთი თამაში შეეძლო. არ შეიძლება ადამიანმა ასეთ დონეზე ითამაშოს შეყვარებულის როლი. მაშინ რა აკავშირებს მაიასთან? შემთხვევითობა? დავუშვათ. მაგრამ რომ მიმალავს?.. რას ნიშნავდა ეს ყოველივე, ჩემთვის გაუგებარი რჩებოდა.

ცხადი მხოლოდ ერთი რამ იყო _ დასასრული დაიწყო.

7 7 7

თითქმის სამი კვირა გავიდა ამ ამბიდან. ჩვენ შორის თითქოს არაფერი შეცვლილა. მაიაზე ხმას არ ვიღებდი, მე ხომ შევპირდი, არავის არაფერს ვეტყვი-მეთქი. პირობა უნდა შემესრულებინა. არც რატი ამბობდა არაფერს. ერთი რამ იყო მხოლოდ. რაღაცნაირად შეიცვალა. სულ ჩაფიქრებული დადიოდა, გულჩათხრობილი. მარტო როცა ვრჩებოდით, ისე ჩამბღუჯავდა ხოლმე, თითქოს ვიღაც ართმევდა ჩემს თავს, თითქოს უკანასკნელად ვხვდებოდით ერთმანეთს. მიზეზს არ მეუბნებოდა. არც მე ვეკითხებოდი. ორივენი აშკარად გავურბოდით იდუმალ თემაზე საუბარს. არც მაიკოს შევუწუხებივარ. ნეტავი რა ქნა? რა სახით მოაგვარა პრობლემები? დაიტოვა ბავშვი, თუ… ეს ფიქრები არ მშორდებოდა. გადავწყვიტე, თამრიკოს შევხმიანებოდი, მაგრამ თვითონ დამასწრო, დამირეკა სამსახურში.

_ თამრი, როგორა ხარ, სიცოცხლე? მომენატრე ძალიან, _ მივეფერე შორიდან.

_ შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები. შეიძლება ასე? საერთოდ აღარ მკითხულობ, _ მისაყვედურა.

_ ვერ ვიცლი, თამრიკო, ძალიან ვარ დაკავებული.

_ ისე, რომ დარეკვასაც ვერ ახერხებ?

_ მაგაში მართალი ხარ, ჩემო კარგო, მაგრამ უნდა მაპატიო. ხომ ხედავ, რა ძალიან უსინდისო ქალი ვარ.

_ გოგო, რა უნდა მეკითხა, რატომ დაგირეკე ახლა. ის შენი ნაცნობი რომ მოვიდა აქ, ვინ არის? _ მაიაზე მკითხა.

გულმა რეჩხი მიყო. მეც ხომ სწორედ ეგ მაინტერესებდა.

_ ჩემი მეგობრის მეგობარია. რა იყო, რო? _ გულისფანცქალით მოვემზადე ახალი ამბის გასაგებად.

_ დიდი გაქნილი ვიღაცა ჩანს, ხომ იცი!

_ რა ჩაიდინა ამისთანა?

_ ნათელასთან მისულა, ანას მეგობარი ვარ, ცნობა მომეცით, რომ ორსულად ვარო.

_ რა-ო?

_ ჰო. ერთმა კაცმა შემაცდინა და ცოლად არ მივყავარ, ამიტომ უნდა მოვატყუოო. ფულს გადაგიხდით, ოღონდ მიშველეთ რამეო, ცხარე ცრემლებით ტიროდა თურმე.

_ ნუ გადამრიე! მერე?

_ მერე რა, ნათელამ მითხრა, ანას მეგობარი თუა, უარი როგორ ვუთხრაო. თუ რამე იქნება, თვითნებით აბორტს გავაფორმებ ჩემთან და ეგ იქნებაო. ოღონდ ჯერ შენთან დამარეკინა.

_ ესე იგი, ქალიშვილია?

_ არა გოგო, ქალიშვილი არ არის, მაგრამ არც ორსულად არის. რა ვერ გაიგე!

_ ჰო, ახლა გავიგე.

_ შენ როგორ ფიქრობ, რამე გართულება მოყვება ამ ამბავს?

_ არ ვიცი, არა მგონია.

_ ზნაჩიტ, გაუკეთოს?

_ რამდენს უხდის ნათელას?

_ ას ლარს, მგონი. ნათელასთვის მადლია, ხომ იცი, როგორ უჭირს. ლოგინად ჰყავს ქმარი ჩავარდნილი. შვილი მაგათ არ აბადიათ და ძირი.

_ არ ვიცი, თამრო, მე მაგ საქმეში ვერ ჩავერევი. არც ვიცოდი, ასეთი სიტუაცია თუ იყო.

_ იმ ბიჭს იცნობ?

_ კი, როგორ არა, ვიცნობ, მაგრამ რა აზრისაა ამაზე, მე რა ვიცი.

_ კარგი მაშინ. ასე ვეტყვი ნათელას. აწი მაინც არ დაიკარგო, დამირეკე ხანდახან.

_ კარგი გოგო ხარ, საქმის კურსში რომ ჩამაყენე, _ გაგონებულმა დავკიდე ყურმილი.

ეს რაები მესმის! რა ხდება! რა ჰქვია ყოველივე ამას! რა ვქნა, რა ვქნა, რა? _ თავი გამალებით მუშაობდა. მაიას ჩაშვება ტეხავდა. არადა, რატი რომ მოტყუებული რჩებოდა, ესეც არ მაძლევდა მოსვენებას. ღმერთო ჩემო, რა ადვილად ტყუვდებიან კაცები! მიუტან ერთ ფარატინა ცნობას და… მაია ხომ არ ვნახო? რა აზრი აქვს? მე რა უფლება მაქვს, ნოტაციები ვუკითხო ან საქმეები ვურჩიო? რა შენი საქმეაო, არ მეტყვის? «გეტყვის, გეტყვის», _ ნიშნს მიგებდა შინაგანი ხმა. «ახია შენზე, უარესის ღირსი ხარ», _ თითქოს თავში მიკაკუნებდა მეორე მე.

ახლა უკვე გასაგები იყო რატის ცვლილების მიზეზი. როგორც ჩანს, ვერც მე მელეოდა და ვერც მაიას აქცევდა ზურგს. «ისე ღირსია, თუ მოტყუვდება. ეგრე მოუხდება!», _ დაბოღმილი ვფიქრობდი. მაგრამ მე? მე რა მეშველება? ცხოვრება ვერაგულად მიხდიდა სამაგიეროს.

ბოლო სიტყვა მაინც რატიზე იყო. არჩევანი მას უნდა გაეკეთებინა. «ვუთხრა თუ არ ვუთხრა?» _ ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები მიტრიალებდა თავში. «ვეტყვი, რომ გავშორდი ქმარს… არა, ვეტყვი, რომ მაია ატყუებს… არა, ეს არ შეიძლება…» ვერ მივდიოდი საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მაიკოს მდგომარეობაშიც შევდიოდი. მეც ხომ ქალი ვიყავი. იგი ყველანაირად ცდილობდა სასურველი მამაკაცის შენარჩუნებას. ნუთუ მეც ასე მოვიქცეოდი მის ადგილას? ვინ იცის… ყველა ქალს ხომ თავისი მეთოდი აქვს. მაია დარწმუნებული იყო, რომ რატის არ უყვარდა. მასთან ერთად ცხოვრების შანსი არ ჰქონდა. ბავშვი ასეთ დროს ყველაზე დიდი კოზირი იყო მის ხელში. «ნუთუ მოტყუვდება? არა აქვს ამის უფლება! უნდა მიხვდეს მაიას მაქინაციებს. რომ ვერ მიხვდეს? «ვინამუსო» და ჩავუშვა? რა დააშავა, რო? მან ხომ არ იცის ჩვენი ამბავი. რომ იცოდეს, მაშინ? მაშინ როგორ მოიქცეოდა ნეტავ? იგივეს გააკეთებდა ალბათ, ოღონდ ჩემი გვერდის ავლით. ასეა», _ გამოვიტანე საბოლოო დასკვნა.

ისე ვიყავი არეული, ვერაფერს ვწყვეტდი.

ისევ რატის ნაბიჯს უნდა დავლოდებოდი…

7 7 7

ეს დღეც დადგა. პარასკევი იყო. ორ კვირაზე მეტია, არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ალბათ, ებრძოდა საკუთარ თავს. სიტუაციაში სურდა გარკვევა. ბოლო სამი დღე სამსახურშიც არ მოსულა. როგორც თქვა, საქმეებზე დარბოდა(?!).

შესვენება რომ დაიწყო, კაბინეტში გამომიძახა. ფერწასული შევედი. ხელები მიკანკალებდა.

_ შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, _ ხმა გაებზარა, სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა.

_ გისმენ, _ ჩურჩულით გამომივიდა ნათქვამი.

_ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ, ანა. შენი ამბავი რომ ვიცი, ალბათ, გამიგებ.

_ ღმერთო ჩემო, ყველას მე როგორ უნდა გავუგო, _ ამოვიოხრე.

_ კიდევ ვის?

_ რა ვიცი, ყველას, _ ცხვირზე ცერა თითი მივიდე და ირიბად გავხედე.

უჭირდა საუბრის დაწყება. ბოლოს ამოიხვნეშა, თვალებში ჩამაშტერდა და დაიწყო:

_ მე დამნაშავე ვარ შენთან. ვიცი, რასაც ახლა გეტყვი, გულს მოგიკლავს, მაგრამ უთქმელობაც არ იქნება. რომ მიყვარხარ, ამაში ალბათ, ეჭვი არ გეპარება, მაგრამ…

_ მაგრამ დროა, ცოლი შეირთო, არა?

_ დრო არ არის, მაგრამ საჭიროება მოითხოვს, იძულებულს მხდის.

_ შენ გინდა თქვა, რომ ორსულადაა? _ თავი ჩავღუნე და ფეხსაცმლის წვერი მაგიდას გავუხახუნე.

_ როგორ ადვილად ხვდები ყველაფერს. მე უკვე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. რა ჯობია. როგორც მეტყვი, ისე გავაკეთებ.

_ როგორ მოახერხე, ან როდის მოასწარი! როგორც ჩანს, უქმად არ კარგავდი დროს, არა? იმას რომელ დღეებში ხვდებოდი, საინტერესოა, _ უფრო და უფრო გამიმკაცრდა ხმა. თითქოს ძალა მემატებოდა.

_ სულ ორჯერ შევხვდი, თუ დამიჯერებ, არც მეტი და არც ნაკლები. ისიც… ორივეჯერ ნასვამი.

_ გამოგიჭირა, არა? _ გადავედი შეტევაზე, _ ჩემგან რას ელი, საინტერესოა! შენ უკვე გადაგიწყვეტია ყველაფერი და ჩემგან რაღა გინდა? სანთელი დაგიკავოთ, თუ მეჯვარედ გამოგყვეთ? ან იქნებ გგონია, დაგიჩოქებ, ცრემლებით დაგილბობ შარვლის ტოტებს? კაცი რომ ვიყო, დაგინგრევდი თავ-ყბას… შენი ბედი, რომ ქალი ვარ! ისღა დამრჩენია, მოგილოცო ოჯახის შექმნა! _ წამოვდექი, მხრებში გავიმართე.

ერთიანად ვცახცახებდი. მძიმედ დავიძარი კარისკენ. ერთი მხრივ, ვაჟკაცურად მეჩვენებოდა მისი ქმედება, რომ ქალისთვის «სახელის გაფუჭებისა» და მისი დაორსულების შემდეგ ვიღაც ვიგინდარასავით აორთქლებას არ აპირებდა, მზად იყო თავისი ნამოქმედარისთვის პასუხიც ეგო. სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ალბათ, არც მე მომეწონებოდა, გვერდიდან რომ შემეხედა საქმისთვის. ჩემს მდგომარეობაში კი… რა საშინელება იყო ეს ყველაფერი! ისე, ამგვარი უეშმაკო თუ იქნებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი.

კართან მისულმა ვერ მოვითმინე და მოვტრიალდი:

_ დარწმუნებული ხარ, რომ ორსულადაა? _ იმწუთში ჩემში ავი ძაღლის სინდრომმა გაიღვიძა, რომელიც, თვითონ თუ არ ჭამს, არც სხვას აჭმევს.

_ კი. ცნობა მომიტანა ექიმის, _ კალამი დააკაკუნა მაგიდაზე.

_ ჰმ… მაგნაირ ცნობას ათს მოგიტან… დღესვე… და ზუსტად იქიდან, საიდანაც იმან. მეც შემიცოდებ? _ გესლიანად ჩავიცინე.

_ მაგით რისი თქმა გინდა? _ ამრეზით შემომხედა.

_ არავის ვაპატიებ ჩემს ტერიტორიაზე შემოჭრას, _ ცივად ვესროლე და კაბინეტიდან გამოვედი.

ერთ ხანს კომპიუტერთან ვიდექი გახევებული. არ ვიცოდი, რომელ გზას დავდგომოდი. თითქოს დავცარიელდი. ბოლოს წასვლა გადავწყვიტე…

კიბეზე გუგას შევეჩეხე. ალბათ, შეძრწუნებული სახე მქონდა.

_ ანა, რა დაგემართა? _ პირველად მომმართა ცხოვრებაში «მშვენიეროს» გარეშე.

_ არაფერი, _ უკვე ნიკაპი მიკანკალებდა.

მიხვდა, რაც მჭირდა. კაცს რას გამოაპარებ!

_ რაო, არაო? შენზე თქვა უარი? _ ხელზე ხელი მომკიდა.

მეტიც არ მინდოდა. ქარხნის საყვირივით გაბმული ზმუილი აღმომხდა.

_ ნუ ტირი, ჩუ, გეყოფა. კარგი, კარგი. შენ რა გგონია, ამით მთავრდება ყველაფერი? კარგი ახლა, მორჩი, _ ცხვირსახოცი ამოიღო და თვალები ამომიწმინდა.

_ წამოდი, სადმე დავსხდეთ ცოტა ხნით, _ ხელკავი გამომდო და ეზოში გამიყვანა.

_ რა მეშველება, გუგა, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო! _ შევჩივლე.

_ შენ ქმარი გყავს, შვილი, ასე არ შეიძლება. ცოტა აზრზე მოდი! _ ნელა მივუყვებოდით ქუჩას.

_ შინიდან წამოსული ვარ, უკვე ორი თვე იქნება და არც შერიგებას ვაპირებ, რომ იცოდე, _ გავანდე საიდუმლო.

მინდოდა, ყველაფერი სცოდნოდა, იქნებ რატის ყურამდე მიეღწია ამ ამბავს. ვიცოდი, გუგა ჩემი გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

არაფერი დამიმალავს, არც მაიკოს ვერაგობის ამბავი… ახლა მხოლოდ გუგა თუ მიშველიდა… მხარზე მომხვია ხელი და მიმიხუტა.

_ რა სულელი გოგო ხარ, ასეთი ჭკვიანი და მაინც ასეთი სულელი. ნაღდად არ ველოდი შენგან. მოდი, ჯერ ნურაფერს იზამ. ცოტა დაისვენე, აწონ-დაწონე ყველაფერი და მერე რაღაც გაირკვევა.

_ სამსახურში აღარ ვაპირებ მოსვლას, _ შევჩერდი და თვალებში შევხედე.

_ ხომ არ გაგიჟდი, გოგნი, რას ჰქვია არ აპირებ! მაგით ვის რას უმტკიცებ! წასვლა ვისაც ერგება, ის წავიდეს!

არ ვიცი, ვინ იგულისხმა წამსვლელში, მაგრამ ჩემს გამხნევებას რომ ცდილობდა, ეს ნათელი იყო. გაჩერებაზე დავემშვიდობე. უმისამართოდ დავუყევი ქუჩას. საშინელი მარტოობა ვიგრძენი. ნუთუ არავის ვჭირდები ამქვეყნად?

უაზროდ ვაცეცებდი ცრემლიან თვალებს იქეთ-აქეთ.

თითქოს რაღაცას ვეძებდი. რას?

თვითონაც არ ვიცი.

იქნებ ძველ სიყვარულს?..

ან იქნებ… ახალს?..

7 7 7

ანა გაჩუმდა. დაამთავრა თხრობა. სახე როგორღაც დაუმშვიდდა. ისე ამოისუნთქა, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნაო მხრებიდან. «ახლა? ახლა რა ხდება?» _ ის იყო, უნდა მეკითხა, რომ მისი მობილური აწკრიალდა.

_ უკაცრავად, _ მომიბოდიშა და ოდნავ გვერდზე შეტრიალდა.

_ ჰო… რედაქციაში ვარ… დავამთავრეთ, უკვე გამოვდივარ… საჭმელი ჭამეთ?.. რა კარგია… შენც გიყიდე და გვანცასაც… მალე მოვალ, რატი, მალე… მეც, _ ღიმილმა გაუნათა თვალ-სახე და გათიშა.

აღარაფერი მიკითხავს.

ან კი რა საჭირო იყო.