Regresa a mi

9341

» Dime que sí, Yo no quiero llorar, Regresa a míííííí…~ _  მთელი ხმით გაჰყვიროდა ჩემი მაგნიტოფონი. ბოლო დროს Il Divo-ს ეს სიმღერა ამოვიჩემე, სულს მიმშვიდებს. «არ მიმატოვო, როცა მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ, დამიბრუნდი და დამიბრუნე ღიმილი, რომელიც შენთან ერთად გაქრა…» _ დაახლოებით ასეთია ამ სიმღერის ტექსტი.

ტერასაზე გამოვედი.

ცოტა რომანტიკოსი ვარ, ცოტა მეოცნებე, ცოტა პოეტი…

ორმოცდარვა წლის ასაკში ალბათ უცნაურიც არის, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა.

თითქმის ნახევარი საუკუნეა აქ ვცხოვრობ, ამ პატარა ზღვისპირა ქალაქში. ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ, მათი მშობლებიც… აქ მეწვია პირველი სიყვარულიც… ახლა მარტო ვარ, სრულიად მარტო, არც ცოლი მყავს, არც შვილი. მარტოხელა ვარ და მარტოსული. ზღვასთან ვმეგობრობ მხოლოდ, ზღვასთან და თოლიებთან. ერთადერთი, დიდ სიყვარულს შეუძლია ეს ყველაფერი შეცვალოს, სხვას არაფერს…

ცოტა მეოცნებე ვარ, ცოტა პოეტი…

ლუდის ბარი მაქვს გახსნილი. ქალაქიდან ოდნავ მოშორებით ვცხოვრობ, ასე მირჩევნია. აქ სიმშვიდეა, სიმყუდროვე. ჩემი ბარიც სწორედ ჩემნაირი ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვინც სიწყნარეს ეძებს, ხმაურიან ცხოვრებას გაურბის. დღეს 12 მარტია… ჩემი დაბადების დღე… საკურორტო სეზონის გახსნამდე ჯერ ძალიან ადრეა. დამსვენებლები აღარ არიან, აქაურები კი… ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს _ თავიანთი პრობლემებით, სიხარულით, მოგონებებით. ჩემთან კანტიკუნტად თუ შემოივლიან, უფრო საღამო ჟამს, როცა აცივდება და ლუდი მისწრებაა გასახურებლად. მათი სტუმრობა ცოტა ხანს გრძელდება, მერე კვლავ მარტო ვრჩები სიჩუმესთან და სევდა მიპყრობს, ავბედითი მარტოობა, რომელიც თითქოს ყელში მიჭერს და მახრჩობს, იმის მაგივრად, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცეს. მერე ნაპირისკენ გავრბივარ, ზღვასთან, თოლიებთან…

ცოტათი რომანტიკოსი ვარ…

სიგარეტი გავაბოლე და ირგვლივ მიმოვიხედე. ნაპირზე ქალი შევნიშნე… მზისფერ, მხრებზე დაყრილ თმას სუსხიანი ქარი ულმობლად უწეწავდა… მარტო იყო. როგორ ჰგავდა მას, ელენეს _ ჩემს ერთადერთ სიყვარულს, ოცდაცამეტი წლის წინანდელ ოცნებას, ბუნების კიდევ ერთ საოცარ ქმნილებას. მასაც სწორედ ასე სჩვეოდა გარინდვა ზღვის სიახლოვეს…

ცოტათი მეოცნებე…

მომეწონა ქერა ქალი. იგი დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა, მაგრამ ვერ გავბედე გამოლაპარაკება, სწორედ ისე, როგორც ოცდაცამეტი წლის წინ, ამავე სანაპიროზე… მას ჩემკენ არ გამოუხედავს. ერთხანს იდგა თავისთვის, მერე კი მსუბუქი ნაბიჯებით გაუყვა სანაპიროს. წავიდა და ჩემი გულიც თან გაიყოლა.

ელენე… ის ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, დედასთან ერთად. ელენე ყოველ დილით თეთრი კაბით გამოდიოდა ნაპირზე, ჯამში ჩაყრილ ბოსტნეულის სალათას მიირთმევდა და პურის ნაფშვენებით თოლიებს აპურებდა. ჩემზე უფროსი იყო, ჩვიდმეტ-თვრამეტისა იქნებოდა. ზღვასავით ლურჯი თვალები, ღამესავით შავი თმა და თოლიასავით თეთრი კანი ჰქონდა. შეფარვით ვეტრფოდი, მაგრამ ვერ შევძელი სიყვარული ამეხსნა, ასაკმა არ მომცა უფლება, ვერ გავუბედე. მე ხომ თოთხმეტი წლის ვიყავი მხოლოდ. მერე დედა დაეღუპა, დარჩა მარტო. თოლიების და ზღვის ანაბარა. დიდრონი თვალები ნაღვლიანი მზერით ავსებოდა. მაინც ვერ გამოვუტყდი… მერე ვიღაც მეზღვაური გამოჩნდა მის გვერდით. მთელი დღე ერთად დასეირნობდნენ. ისეთი ბედნიერი იყო… სიხარული მთელ სხეულზე ეფინებოდა ხოლმე. დაქორწინდნენ კიდეც. ის ბიჭი პერიოდულად ზღვაში გადიოდა, ხანგრძლივი დროით ტოვებდა ცოლს, შემდეგ ისევ ბრუნდებოდა და ასე გრძელდებოდა ორი წელი. ერთხელაც არ დაბრუნდა. მოიწყინა ელენემ, დაუბრუნდა ძველი სევდა. იმედს მაინც არ კარგავდა. ყოველ დილით, ზამთარ-ზაფხულ, გადიოდა სანაპიროზე და გარინდული ზღვას გასცქეროდა… მოლოდინში. ძველებურად აღარ დაჰქონდა სალათიანი ჯამი, არც თოლიებს აპურებდა. მაინც ვერ გავბედე, თუმცა მომემატა ასაკი, მეშინოდა… ჩემი სიყვარულის უარყოფის მეშინოდა.

ცოტათი რომანტიკოსი…

ერთ საღამოს, შინ ბრუნდებოდა, რომ უცნაური ხმა გაიგონა, ვიღაც ეძახდა. მოიხედა… თოლია დააჯდა მხარზე… გაოცდა გოგო, მიეფერა… შეეჩვივნენ ერთმანეთს. ის თოლია ყოველ საღამოს, შინისკენ მიმავალს, სახლამდე მიაცილებდა ყვირილით, მერე კამარას შეკრავდა ცაში და ნაპირს უბრუნდებოდა. ელენე ამბობდა, ჩემი მეუღლის სული ამ თოლიაში ჩასახლდა, მარტო არ მტოვებსო. ახლა მხოლოდ ამ ფრინველის სიახლოვე ასულდგმულებდა. თვითონაც თოლიას ჰგავდა, ზღვის თეთრ თოლიას larus marinus _ ასეც შევარქვი.

ზამთარი დადგა, აცივდა. ელენე ძველებურად აგრძელებდა დილაობით სანაპიროზე გამოსვლას, არც ყინვა აშინებდა, არც სუსხი და თოვლი… მერე გაქრა, სამი დღე არ გამოჩნდა. არც ის თოლია დამინახავს. ცუდად მენიშნა. მას ეს არ ჩვეოდა. მეოთხე დღეს, შინ მივადექი… საოცრება ვიხილე. გოგონა ლოგინზე მიწოლილიყო ჩაცმული, გაქვავებული, თვალები ღია დარჩენოდა… ლოდინს ვერ გაუძლო ალბათ… მის ფეხებთან ის თოლია განრთხმულიყო, მასაც დაელია სული… ორივე ერთად დავასაფლავეთ მეზობლებმა…

მას შემდეგ რატომღაც ერთი აზრი ამეკვიატა. ასე მგონია, საყვარელი ადამიანების გარდაცვლილი სულები თოლიებში ბუდობენ, რათა თავი არ დაგვავიწყონ.

გამოხდა ხანი. მეც მეზღვაური გავხდი, ტანკერზე ვმუშაობდი. მერე, წლები რომ გავიდა და «ჩამომწერეს», შინ დავბრუნდი და ჩემს ქალაქში მაშველად დავიწყე მუშაობა. დღეს ესეც არ შემიძლია, მობერდა სხეული. აღარ მაყრია კუნთები ბატიბუტებივით. საინტერესოა, რატომ ადარებენ კუნთებს მაინცდამაინც ბატიბუტს?.. ვინ იცის… ახლა მე ვმეგობრობ თოლიებთან და მგონია, რომ ჩემი მეგობრების სულები ამ თოლიებშია ჩასახლებული, მათ შორის _ ელენესი.

ცოტათი მეოცნებე…

სახლში შევბრუნდი. წვერი მაქვს გასაპარსი. სარკეში ჩავიხედე. დაღლილი გამომეტყველება და ირონიული ღიმილი… ღმერთო ჩემო, რას ვგავარ, მაპატიე, ჩემო თავო, ასე არ მინდოდა, _ გავეხუმრე საკუთარ ორეულს. ამ ჭაღარა თმასა და ნაოჭებს მიღმა კარგად ჩანს, როგორ შევიცვალე წლების განმავლობაში. ერთადერთი გამოსავალიღა დამრჩენია _ კეთილშობილი სიჭარმაგის ნიღაბი მოვირგო. დიდი ხანია, გარესამყაროსთან კონტაქტი აღარ მაქვს, აღარავის ვწერ, არც მწერენ. აღარავის ვნახულობ, არც ჩემს სანახავად მოდიან… ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა, როგორც ჩვევიათ ხოლმე  მარტოსულებს.

» Dime que sí, Yo no quiero llorar, Regresa a míííííí …» _ არ ცხრება ჩემი მაგნიტოფონი. ყოველთვის, როცა ამ სიმღერას ვისმენ, ბოსტნეულის სალათა მაგონდება _ კიტრი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, მწვანე ხახვი, ზემოდან მოსხმული ზეთი და სურნელი, ზაფხულის სურნელი. ბოსტნეულის სალათა მაგონებს ელენეს. მას ხომ ძალიან უყვარდა კიტრისა და პომიდვრის სალათა. მეც შემაყვარა. დღემდე მიყვარს. ასე მგონია, მთელი კაცობრიობა ბოსტნეულის სალათაზე რომ გადავიდეს, სამყაროში სიკეთე და სილამაზე გაბატონდება, ხოლო დედამიწა ერთ მთლიან, თეთრ პლანეტად გადაიქცევა.

ცოტათი პოეტი…

დილით გვიან ავდექი, თავი ზანტად მოვიწესრიგე და მაგნიტოფონი ჩავრთე. პარმაღზე გავედი და სივრცეს გავხედე. ზღვა ღელავს, თავისთვის ბუბუნებს თითქოს. პლაჟი გრძელია, თეთრად დაბუშტული ტალღები ენერგიულად გადმოგორდებიან ცივ ქვიშაზე. მის თავზე კი თევზებზე სანადიროდ გამზადებული მკივანა თოლიების თეთრი ჯარი ირევა გაშლილი ფრთებით. სუსხიანი ქარი ქრის, ჰორიზონტი კრიალაა, ზღვის სუნი მცემს, მზემ უკვე მოასწრო და უკვე მოძლიერებული სხივები შეძლებისდაგვარად მოჰფინა არემარეს. » Ven y devuélveme al fin la sonrisa que se fue «, _ არ ეზარება მაგნიტოფონს.

მოულოდნელად კვლავ დავინახე ქერათმიანი. უკვე მოსულიყო. იდგა და ზღვას გასცქეროდა. თხლად ეცვა. ქარი კვლავ ულმობლად უწეწავდა თმას. ვედროს დავავლე ხელი, ყინულის ნატეხები ჩავყარე, რამდენიმე ქილა ლუდი ჩავდე და ქვიშას დავუყევი ჩქარი ნაბიჯით. მის სიახლოვეს «დავბანაკდი», ვედრო გვერდით მოვიდგი, ერთ ქილას თავი ხმაურით მოვხსენი და ქაფქაფა ცივი ლუდი მოვიყუდე, თან თვალს არ ვაცილებდი «ელენეს».

_ ლუდს დალევ? ­_ დავპატიჟე.

_ დავლევ, _ თბილი ღიმილი შემომაფრქვია.

ჩემ გვერდით მოკალათდა ქვიშაზე და ერთად გავაგრძელეთ ლუდის სმა.

_ რა გქვია? _ მისი სახელის გაგების სურვილი მკლავდა.

მომხედა… გამიღიმა… სევდიანად, მრავლისმეტყველად. არ მიპასუხა. კითხვა გავუმეორე.

_ მომისმინე, _ თქვა უცებ, _ შეიძლება კიდევ ერთი ბოთლი? _ ლუდზე მიმითითა.

_ ჰო, რა თქმა უნდა, _ ვუთხარი და ახალი ქილა გავხსენი.

გავაგრძელეთ ლუდის სმა, ხმას არც ერთი ვიღებდით. ირგვლივ სიმშვიდე გამეფდა, მზეც კი არ გარხეულა ცაზე, თითქოს დროც გაჩერდა. სამყარო გაირინდა წამით.

_ დღეს ჩემი დაბადების დღეა, _ დავარღვიე დუმილი, დავძარი დრო.

_ გილოცავ, _ მზესავით გამათბო ამ ერთი სიტყვით და კვლავ გამიღიმა, _ გმადლობ ლუდისთვის, _ დააყოლა და წავიდა.

_ შეგერგოს, _ მეც წამოვიწიე.

ცოტათი მეოცნებე…

მეორე დღესაც გამოჩნდა «ელენე», იმავე ადგილას, იმავე დროს. უცნაურად თხლად ეცვა… ასეთ ამინდში… პარმაღზე გავედი და შორიდან დავუწყე თვალთვალი, რას მოიმოქმედებდა. მაინტერესებდა, მე თუ დამიწყებდა თვალებით ძებნას. არა, მსგავსი არაფერი. ზღვა გუშინდელთან შედარებით, უფრო ხმაურიანი გამხდარიყო, ტალღებიც შედარებით დიდი და მრისხანე ჩანდა. უეცრად ფეხზე გაიძრო, ფეხის წვერით მოსინჯა წყლის ტემპერატურა და ნელ-ნელა იწყო ტალღებში შეტოპვა. უფრო და უფრო შორდებოდა ნაპირს. გულმა რეჩხი მიყო. ტალღებს თითქოს იერიში მიჰქონდათ მასზე. მათ ყოველ მოახლოებაზე ქალი ქანაობდა. დაჯახებული ტალღა მის გარშემო რამდენიმე მეტრში იშლებოდა და ახალი იერიშისთვის იწყებდა მზადებას. თამაში საშიში ხდებოდა. «ელენე» წინ მიიწევდა. წყალი უკვე წელამდე მისწვდა. აზვირთებულმა ტალღამ კატისებური მოძრაობა გააკეთა _ მძიმე და მსუბუქი ერთდროულად _ ერთი ნახტომი და… მორჩა, ყველაფერი დამთავრდებოდა…

არ მახსოვს, როგორი სისწრაფით გავირბინე ტერასაზე, მეშინოდა, ვაითუ, ვერ მიმესწრო…

მივუსწარი. ცურვით გავარღვიე ყინულივით ცივი ტალღების რკალი და თმაში ვწვდი. უზარმაზარმა ტალღამ ღმუილით გადაგვიარა ორივეს თავზე. არა, ამჯერად ვერ დამჯაბნის ზღვა, ამას არ დავანებებ. ცალი ხელით ტალღებს მივაპობდი, მეორეთი ქალი მყავდა თმით ჩაბღუჯული… რამდენიმე წუთში უკვე ნაპირზე ვიყავით. გონი არ დაუკარგავს, არც წყალი უყლაპია ბევრი. გულაღმა გაწვა პლაჟზე, თავი ქვიშაზე დადო და მოეშვა. ბოლთის ცემა დავიწყე ნაპირზე. ერთიანად მაკანკალებდა, შიშისგან, სიცივისგან. რამდენიმე წუთის შემდეგ შევხედე, წყლის წვეთებით დაწინწკლოდა სახე.

_ არ უნდა შეგეშალა ხელი, _ ამოიკვნესა ქალმა.

_ კიდევ ცოტა და დინება ჩაგითრევდა, ასე არ შეიძლება! _ ვთქვი ანერვიულებულმა.

ბავშვივით სახე ჰქონდა, განსაკუთრებით _ თვალები. ყველაზე მეტ ადგილს მის სახეზე თვალები იკავებდა _ დიდრონი, ზღვისფერი. «სიყვარულის სევდა.. თვითმკვლელობის მიზეზი სიყვარულის სევდაა ყოველთვის,» _ გავიფიქრე.

_ აქ საიდან? _ მკითხა. არ ვიცი, წყლის იყო თუ ცრემლის, წვეთები ჩამოუგორდა ლოყაზე.

_ აგერ ვცხოვრობ, _ ხელით ვანიშნე. მან მზერა ჩემი ქოხმახისკენ გადაიტანა.

_ რატომ გააკეთე ეს? _ დაკითხვა დავუწყე.

_ ისე, უბრალოდ, _ უდარდელად გამცა პასუხი.

_ მაგრამ ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა, ყოველთვის არსებობს მიზეზი, ყველაფერს აქვს ახსნა…

_ რატომ გადამარჩინე?

_ იმიტომ, რომ მსიამოვნებდა!.. _ გავღიზიანდი7 _ ადექი, წავიდეთ! _ თითქმის ვუბრძანე და ხელი გავუწოდე, რომ წამოდგომაში მივშველებოდი… ორივენი ვცახცახებდით. თუ დროზე არ შევიდოდით სახლში, ფილტვების ანთება გარანტირებული გვქონდა…

ცხელი აბაზანა მოვუმზადე. იქვე ჩემი თბილი სვიტერი და გრძელი ხალათი დავუდე, რომ ჩაეცვა. მისი ტანსაცმელი ბატარეაზე გადავფინე, რათა მალე გამშრალიყო… მერე ყავა მოვუდუღე და ოთახში შევუტანე. უკვე ებანავა. ჩემს ტანსაცმელში სასაცილოდ გამოიყურებოდა. პატარა ჭიქით კონიაკიც გამოვუტანე. ის მიყურებდა, დაძაბული ყურადღებით სწავლობდა ჩემს სახეს, ყოველ ნაკვთზე რამდენიმე წამით აყოვნებდა მზერას.

_ და მაინც, უნდა ჰქონდეს რაღაც ახსნა, _ ვუთხარი და გავუღიმე.

_ არ უნდა შეგეშალა ხელი, _ წაიჩურჩულა და ატირდა.

მხარზე შევეხე, უფრო იმიტომ, რომ საკუთარი თავი გამემხნევებინა, ვიდრე მისთვის გამომეხატა თანაგრძნობა.

_ ყველაფერი მოგვარდება, აი ნახავ.

_ ხანდახან ისე მერევა გული ყველაფერზე, ისე მერევა… არ მინდა ასე ცხოვრება.

_ ხომ არ გცივა? გინდა, კიდევ რამეს მოგახურავ.

_ არა, გმადლობ. მარტო ცხოვრობ?

_ მარტო.

_ შეიძლება დავრჩე? _ მკითხა უცებ.

_ რამდენ ხანსაც გინდა, _ ერთდროულად გაოცებულმა და გახარებულმა ვთქვი.

_ მეტი არ შემიძლია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, _ ის ხმამაღლა ტიროდა.

იმ მომენტში კვლავ შემიპყრო სულელურმა აზრმა, გადაულახავმა, განუხორციელებელმა…

თითქოს მეტაფიზიკა შევიდა მოქმედებაში _ ბობოქარიც და ნათელიც. გამოწვდილ ხელს ვხედავდი, რომელსაც შეეძლო მოეშუშებინა ჩემი იარები, მაგრამ… ის იმდენად ჰაეროვანი იყო, იმდენად მსუბუქი, ამავდროულად _ დაბნეული, რომ ახლაც შემეშინდა. არადა, მინდოდა დავხმარებოდი, გადამერჩინა, დამეცვა… თოლიასავით იყო, უსუსური, უმწეო, ცას გამოკიდებული, ამასთან _ ლამაზი და მიმნდობი. მინდოდა მომეშინაურებინა, ჩემთვის დამეტოვებინა, აქ, ქვეყნიერების ბოლოში და ასე ბედნიერად დამესრულებინა ჩემი ცხოვრება მძიმე რბოლების შემდეგ. ამისთვის კი არც ისე ბევრი იყო საჭირო.

ცოტათი რომანტიკოსი…

მოულოდნელად თავი ასწია, ცრემლი შეშრობოდა, უმწეოდ შემომხედა. ბავშვური ხმით თქვა.

_ ისე მინდა აქ დარჩენა… გთხოვ…

არადა, არ ვიყავი ამას ჩვეული. მარტოობის მეცხრე ტალღის დარტყმა ვიგემე _ ყველაზე ძლიერის, რომელიც ოკეანის სიღრმიდან მოდის, რომელიც ყველას იშორებს თავიდან, ვინც გზაზე გადაეღობება, ზედ გადაუვლის, ფსკერისკენ მოისვრის, მერე წამით შეეშვება, რათა მსხვერპლმა ამოყვინთვა შეძლოს და რომელიმე ხავსს ჩაეჭიდოს თავის გადასარჩენად. ერთადერთი ცდუნება, რომელიც ჯერ კიდევ ვერავის დაუმარცხებია, იმედის ნასახია, რამაც მომიცვა იმ წუთებში. თავი ავწიე და მტკიცედ ვთქვი.

_ დარჩი.

პირი გავაღე, მინდოდა მეკითხა, ვინ იყო, საიდან მოვიდა, რას აკეთებდა აქ, რატომ უნდოდა თავის მოკვლა, რომელი სამყაროდან მომევლინა, რომელი პლანეტიდან, მაგრამ მხოლოდ გავუღიმე, ნაღვლიანად, თბილად. როგორც ჩანს, ის ერთადერთი თოლიაა, რომელსაც შეუძლია მითხრას, რატომ მოხვდა მაინცდამაინც ამ სანაპიროზე. ახსნა ხომ ყოველთვის ყველაფერს აქვს. თუმცა ხანდახან უკეთესია, არაფერი იცოდე კონკრეტული მიზეზის შესახებ.

გამომეტყველება ისეთი უბიწო ჰქონდა, რომ ირგვლივ სამყარო უმსუბუქესი გახდა, უწონო. ბოლოს და ბოლოს, ახლა ავიყვან ხელში, წავიყვან იქით, უკეთესი ბედნიერებისკენ. «გამოუსწორებელი ხარ, დათო», _ დავცინე საკუთარ თავს და ქალს ხელი გავუწოდე.

_ ძალიან შემცივდა, გავიყინე, _ თქვა მან, თითქოს განზრახვას მიმიხვდა.

_ წამოდი, _ ეს სიტყვები ჩურჩულით აღმომხდა.

ოთახში შევიყვანე და საწოლზე დავსვი. მან სახე ხელებში ჩამალა, ამოისლუკუნა. გადავწყვიტე, აღარაფერი მეკითხა, ჯობდა, არაფერი მცოდნოდა. განა რამდენი წლის იქნება? ორმოცის? ორმოცდახუთის? მარტო ჩამოვიდა აქ, თუ ქმართან ერთად?.. ის კანკალებდა.

_ ხომ არ მიბრაზდები? _ გამიღიმა, ხელზე ხელი მომკიდა. თმაზე გადავუსვი მეორე ხელი. ტუჩებით მომეკრა მაჯაზე, ამომხედა. თვალები დაუმრგვალდა, ზღვასავით ლურჯი, დანისლული თვალები.

_ რომ იცოდე… _ რაღაცის თქმა დააპირა.

_ ახლა ნურაფერზე ფიქრობ, ყველაფერმა ჩაიარა, _ შუბლზე ვაკოცე.

_ მინდოდა ყველაფერი დამემთავრებინა, წერტილი დამესვა ამ საცოდაობისთვის. მეტი აღარ შემიძლია, აღარ მინდა ასე ცხოვრება. ჩემი სხეული მეზიზღება.

თვალები დახუჭა. წამწამები შეერხა მხოლოდ. ასეთ მეტყველ სახეს პირველად ვხედავდი.

_ შენ ხომ არ გეზიზღები? _ უცებ შემომხედა და შიშნარევი მზერით მკითხა.

დავიხარე და ტუჩებში ვაკოცე. მკერდზე მივიხუტე, გული დამფრთხალი ჩიტივით უფეთქავდა. მისი ხელები ვიგრძენი მხრებზე… მერე სიმორცხვე ნდომას შეერია. ვცდილობდი, გამებრძოლა, წინააღმდეგობა გამეწია სურვილისთვის, მარტოობის მეცხრე ტალღისთვის, მაგრამ ვერ შევძელი, ცდუნებამ მძლია, ერთი რამ მინდოდა მხოლოდ _ ვწოლილიყავი მის გვერდით, შევხებოდი მის ყელს, შემესრუტა მისი ჩავლილი ახალგაზრდობის სურნელი.

_ გთხოვ, დამეხმარე, ცოტა ხნით მაინც დამავიწყე ყველაფერი, _ ჩურჩულებდა იგი.

მას არ უნდოდა ჩემთან განშორება, მას აქ სურდა დარჩენა, ამ ქოხში, ამ უნიჭოდ მოდუღებულ ყავასთან, ამ მიყრუებულ, თითქმის უკაცრიელ სანაპიროზე. იმდენად მრავლისაღმთქმელი იყო მისი მკლავები, იმდენად მავედრებელი მზერა ჰქონდა, დამაჯერებელი ჩურჩული, უცებ ვირწმუნე, რომ ცხოვრება, ყველაფრის მიუხედავად, შედგა, აეწყო ბოლო მომენტში… ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ამავე დროს, მარტოობის ათი წელიწადი თითქოს მახრჩობდა, მეცხრე ტალღა კი მასთან ერთად მიმაქანებდა გაშლილ ზღვაში.

_ მინდა, _ ვნებიანად წარმოთქვა მან, _ შენთან მინდა…

8 8 8

როცა ვნება დაცხრა, ტალღამ კვლავ მიწიერ ნაპირზე გამოგვრიყა ორივე. ის უხმოდ ტიროდა. ვგრძნობდი მისი ცრემლებს, მის გულსაც, ჩემს მკერდთან ახლოს რომ ფეთქავდა. მე ბედნიერი ვიყავი, ცხოვრებაში პირველად განვიცადე ამ გრძნობის სრულყოფილება.

ცოტათი მეოცნებე ვარ…

უცებ გარედან ხმები მოისმა, ვიღაც ვიღაცას რაღაცას ელაპარაკებოდა. მერე პარმაღზე ნაბიჯების ხმა გავიგონე. წამოვხტი, ოთახიდან გამოვედი და კარი გამოვაღე. ლუდის ბართან მამაკაცი იდგა, დაახლოებით ჩემი ტოლი, მაღალი, სიმპათიური. უკმეხად შემომხედა, მტრული გამომეტყველებით. მის უკან მეორე იდგა, დაბალი, ჯმუხი. მოშორებით, გზის განაპირას, თეთრი «მერსედესი» დავლანდე, ერთ-ერთი ბოლო მოდელის.

_ ბარი ჯერ არ გახსნილა, _ ყრუდ ჩავილაპარაკე.

_ მაშინ ყავა მაინც მოგვიდუღე, სანამ ჩემი ქალბატონი ჩაცმას მორჩება, _ დამცინავი მზერა მესროლა მაღალმა, მეორეს გადახედა და მაგიდას მიუჯდა.

გავიგონე, როგორ გაიღო კარი ჩემს ზურგს უკან, მაგრამ არ გავნძრეულვარ.

_ ესეც ანა! _ წამოიძახა მაღალმა, ალბათ ქმარმა, _ მე კი ვნერვიულობდი, გაქრა-მეთქი.

_ თავი დამანებეთ ორივემ, შემეშვით, წადით აქედან, რისთვის მოხვედით!

_ საყვარელო, როგორ მელაპარაკები…

_ ვერ გიტან! მეზიზღები! რას დამდევ! ხომ შემპირდი, შეგეშვებიო… _ ზიზღით თქვა.

_ ეს უკვე მეტისმეტია, ანა. ყველაფერზე ხომ არ დავხუჭავ თვალს? ვცდილობ, ხელი შეგიწყო, შენი გულისთვის ყველაფრისთვის მზად ვარ, შენ ეს იცი.

_ და ისევ მთვრალი ხარ, როგორც ყოველთვის.

_ ეს სიმწრისგან, საყვარელო. ხომ იცი, ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი კაცი არ ვარ.

_ გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი!

ანა რქმევია… ანნა… მის განწირულ ხმას ზღვის თოლიების კივილი შეემატა. ალბათ თევზები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ და ნადირობა გაჩაღდა. ის სლუკუნებდა. მე მას ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ცრემლებს მომუშტული ხელებით იწმენდდა. მისი ხმა ბავშვის ქსუტუნს მაგონებდა. ამწუთას არც ფიქრი მინდოდა, არც არაფრის გაგონება. მინდოდა მომესმინა მხოლოდ თოლიების კივილი, ტალღების ხმა და ზღვის გუგუნი. ეგ თუ დამამშვიდებდა. ვიდექი ერთ ადგილს მიჯაჭვული და არ ვირხეოდი.

_ რატომ გადამარჩინეთ, რატომ? რას მერჩოდით, რა გინდოდათ! ერთი ტალღა საკმარისი იყო, რომ ბოლო მომეღო ამ ყოფისთვის! _ ჩემი მისამართით დაიყვირა ანამ, თან «თქვენობით» მომმართა, _ არ უნდა შეგეშალათ ხელი, _ მშვიდად დააყოლა ბოლოს.

_ გადაგარჩინა? ამან? აი, თურმე რატომ ხარ აქ. მე კი რა არ ვიფიქრე. უღრმესი მადლობა, პატივცემულო, ასეთი სიკეთისთვის. ნება მომეცით, ჩვენი მოწიწება გამოვხატოთ… _ თავი მაღალი ჟესტით დახარა ქმარმა, მერე ცოლს მიუბრუნდა, _ წავედით, ძვირფასო.

ქალმა გვერდით ჩამიარა, არც ერთისთვის შეუხედავს, ქმარს გაჰკრა მხარი მხოლოდ.

_ ანუშკი, ჩემს სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ დამიჯერე. ასე გაგრძელება არ შეიძლება, _ მამაკაცმა მიმავალ ცოლს თვალი გააყოლა, მერე მე შემომხედა, _ მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ, მე მესმის მისი. სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი, მისი სიცოცხლის დღეები დათვლილია, ეს მისი უკანასკნელი თხოვნა იყო, ზღვაზე წამოსვლა უნდოდა. შევუსრულე. მალე ყველაფერი დამთავრდება, ბოლო მოეღება ამ ტანჯვას _ ჩემთვისაც და მისთვისაც, _ მან ამოიხვნეშა, ყავის ფინჯნის გვერდით მდგარ კონიაკის ჭიქას ხელი დაავლო, სულმოუთქმელად დაცალა, მერე ასდოლარიანი ბანკნოტი მაგიდაზე დააგდო, თავის დაქნევით დამემშვიდობა და ერთად იქაურობას გაეცალა.

ანა მანქანასთან შედგა, მოიხედა. თვალებით ძებნა დამიწყო. მომეჩვენა, რომ გამიღიმა… ისევ ისე, როგორც ჩვეოდა… «მე დავბრუნდები», _ მეუბნებოდა მისი მზერა, მაგრამ უკვე აღარ მჯეროდა მისი… აღარავისი აღარ მჯეროდა…

8 8 8

გამოხდა ხანი, მარტის ბოლოს უფრო აცივდა. ულმობლად ცივმა ნიავმა დაუბერა ზღვიდან. ჩემი ცხოვრება ჩვეულ დინებას დაუბრუნდა. ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ ხშირად ვფიქრობდი მასზე. ნეტავ სად არის, ცოცხალია თუ მკვდარი, იქნებ გადარჩა, იქნებ მოხდა სასწაული… ფიქრები არ მასვენებდა… ჩავრთავდი მაგნიტოფონს და ჩემი სულის დამამშვიდებელ მელოდიას ვუსმენდი. » Regresa a mí, Quiéreme otra vez, Borra el dolor «, _ კვნესოდა ჩემი მაგნიტოფონი. საღამოობით, ჩვეულებისამებრ, გავდიოდი სანაპიროზე, მზის ჩასვლის ყურებით ვტკბებოდი, თან თოლიებს ვაპურებდი…

ერთხელაც, საღამოს, შინ მომავალს, უცნაური ხმა შემომესმა. მივიხედე… თოლია იყო, ზღვის თეთრი თოლია, პატარა, ლამაზი… უკან მომდევდა კივილით… კამარას კრავდა ჩემს თავზე… სახლამდე მომაცილა და პარმაღზე დასკუპდა, თავი გვერდზე გადახარა და ადამიანივით ჭკვიანური მზერით შემომხედა… «მე დავბრუნდი», _ მეუბნებოდა თითქოს…

დაბრუნდა… არ მომატყუა…

» Extraño el amor que se fue, Extraño la dicha también, Quiero que vengas a mí y me vuelvas a querer… «, _ ჩაიხვია ჩემმა მაგნიტოფონმა…

ის კვლავ აქ არის, ჩემ გვერდით. მას არ უნდა ჩემთან განშორება, აქ სურს დარჩენა, ამ ქოხში, ამ მიყრუებულ, თითქმის უკაცრიელ სანაპიროზე, ამ ძველ მაგნიტოფონთან, ჩემთან…

მეტაფიზიკა მოქმედებაში შევიდა…

ცოტა რომანტიკოსი ვარ, ცოტა მეოცნებე…

Regresa a míííííí… დამიბრუნდი…

კოცნის საფასური

kocnis safasuri

ნანი სარკესთან იდგა და თავის ანარეკლს ათვალიერებდა. სამ კვირაში კარგა გემრიელად გაირუჯა. ახლა ძალიან უხდებოდა მისი საყვარელი კრემისფერი კაბა, უფრო მომხიბვლელს ხდიდა.

_ დღეს საღამოს «მიქსში» მივდივართ! _ მოესმა ნანის მეგობრის, მაკას ხმა.

მაკა ოთახში შემოვიდა და მის გვერდით დადგა. ნანი თმას ივარცხნიდა.

_ ვისია ეს კლუბი? მგონი, ვასიკო კობახიძის, არა? _ გულგრილად იკითხა ნანიმ და ბოლო აკორდი «ჩაატარა», დავარცხნილ თმაზე ფენის ცივი ჰაერის ნაკადი მიუშვა.

მაკა სარკისკენ გადაიხარა, «ელი სააბის» ფლაკონი აიღო, თავი მოხსნა, ღრმად შეისუნთქა, სუნამო შეისხურა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა.

_ ასეც რომ იყოს, მერე რა? დაშავდა რამე? _ და კიდევ ერთხელ შეისხურა «ელი სააბი», _ მაგარი სურნელი აქვს!

_ ნუ დამიცალე, გეყოფა! _ მოჩვენებითად გაუბრაზდა ნანი, _ რამდენიმე წვეთიც საკმარისია, შუამდე კი არ უნდა დაიყვანო, _ თბილად გაიღიმა, _ არაფერიც არ დაშავდა, ისე ვიკითხე, უბრალოდ, _ მხრები აიჩეჩა და ფენი გამორთო.

_ რა «ჟმოტი» გახდი ბოლო დროს, რა! _ მაკამაც გაიხუმრა და სუნამო ადგილზე დააბრუნა, _ ელი სააბიც კი არ გემეტება ჩემთვის. არა, მართლა, რატომ მკითხე ვასიკოზე? შენ ამაზე უბრალოდ არ გაამახვილებდი ყურადღებას.

_ რატომ გკითხე და მგონია, რომ ისევ მაჭანკლობას აპირებ. მერამდენე კაცს მირიგებ, არ დამიმალო!

_ მერედა, რა არის ამაში ცუდი? ვასიკო მაგარი მამაკაცია, სიმპათიური. ვერ ხედავ, როგორი აღნაგობა აქვს? გიჟდებიან ქალები, თან ფულიანია. აი, ვინ არის იდეალური მამაკაცი. ზუსტად საშენოა!

ნანის წარბი არ შეუხრია, მშვიდად გასცა პასუხი.

_ გეთანხმები, არაჩვეულებრივი მამაკაცია და შენს მაჭანკლობასაც მიეცემოდა აზრი, მე რომ გათხოვილი არ ვიყო. მაგრამ რა ვუყოთ, ქმარი რომ მყავს? როგორც ჩანს, შენ ეს უკვე დაგავიწყდა.

მაკას სიცილი აუტყდა.

_ მე დამავიწყდა? შენ კი გახსოვს? როგორ მიკვიიიირს! გათხოვილი გქვია და ქმარი მესამე წელია, თვალით არ გინახავს! ამას ეძახი შენ ცოლქმრობას?

_ ჩვენ ასე გვირჩევნია, _ კვლავ აიჩეჩა ნანიმ მხრები, _ იქამდე მაინც, სანამ განქორწინებას არ გავაფორმებთ.

_ აი, ხომ ხედავ? _ ნიშნის მოგებით შესძახა მაკამ.

_ ჰო, ვხედავ და არ მინდა სანდროს რაიმე საბაბი მივცე, რომ მერე ყველაფერი მე არ დამაბრალოს. ჭორების თავი და ნერვები არ მაქვს.

_ გამაგიჟებ პირდაპირ! გგონია, შენი სანდრო იქ, კიევში შენსავით პატიოსნად იქცევა? დაგრიალებს ალბათ ქალებში და არის ერთ ამბავში, შენ კი მონაზონივით განზე არ იყურები, არიქა, ვინმეს არ მოვეწონოო, _ გაუბრაზდა დაქალი.

_ ეს მისი საქმეა, მისი ცხოვრებაა და აღარ მაინტერესებს. ის სხვაა, მე სხვა ვარ და სხვანაირად ვერ მოვიქცევი.

_ იცი, რა მიკვირს, ნანი? თუ სანდრო არ აპირებდა თავისი მარტოხელა ცხოვრების წესის შეცვლას, შენზე რატომ დაქორწინდა? _ განაგრძობდა იერიშს მაკა.

_ ვიცი რო? აბა, რა გითხრა, ალბათ ჰქონდა საამისო მიზეზი.

_ შეიძლება ჰქონდა, არ გედავები, მაგრამ შენ რატომ დათანხმდი? _ არ ეშვებოდა მაკა.

ნანიმ სარკეში გაუღიმა მეგობარს და ხმადაბლა მიუგო.

_ მეც მქონდა მიზეზი, _ მერე ღრმად ამოიოხრა და სავარცხელი მთელი ძალით დაისვა თმაზე.

_ ისეთი მიზეზი, რომ ერთ ჭერქვეშ მხოლოდ ერთი თვე იცხოვრეთ, არა? _ გაექილიკა მაკა.

_ ერთი თვე კი არა, მთელი შვიდი კვირა! _ გაღიზიანებულმა შეუსწორა ნანიმ.

_ არაჩვეულებრივი მახსოვრობა გქონია, _ ჩაიღიმა მაკამ, _ მაგრამ ალბათ არის ისეთი განცდა, რომლის დავიწყებაც ძნელია, რახან ასე აგაღელვა ჩემმა შენიშვნამ.

_ მთლად მასეც არ არის…

_ გასაგებია, _ ამჯერად აღარ ჩაეძია მეგობარი, _ მაგრამ რატომ იჩქარეთ? არ გიფიქრია, რომ ასე სწრაფად არ უნდა დაცილებულიყავით? იქნებ შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება? ამაზე არასდროს გილაპარაკიათ?

_ ეჰ, მაკა… ჩვენი ქორწინება იმთავითვე განწირული იყო. ორივემ შეცდომა დავუშვით და მალევე მივხვდით ამას, მაგრამ უკვე გვიან იყო სინანული. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა _ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და უხმაუროდ გავეყაროთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად ისედაც დიდი ხანია, ურთიერთობა დამთავრდა.

_ ჰოდა, მეც მაგას ვამბობ! დროა, პარალელურად ახალი რომანი წამოიწყო.

_ არა, ჯერ მაგის დრო არ არის და ნუ ჩამჩიჩინებ ხანუმასავით, შემეშვი, თუ ქალი ხარ! ხომ ხედავ, მაქსიმალურად ვიკავებ თავს მამაკაცებთან ურთიერთობაზე. სხვათა შორის, მათ შორის ვასიკო კობახიძესაც ვგულისხმობ. სანამ საბოლოოდ არ გავთავისუფლდები სანდროსგან, არავისთან დაახლოებას არ ვაპირებ. არც არსად მეჩქარება, სიბერემდე ჯერ დიდი დროა.

_ შინაბერობამდე, გინდოდა გეთქვა.

_ თუნდაც.

_ მაგრამ, იმედია, დღეს კლუბში წამოსვლაზე უარს არ იტყვი. ხვალ ისედაც მიემგზავრები და მერე როდის გნახავ, ღმერთმა უწყის. თან ვასიკოს ეწყინება, დაგვპატიჟა და უხერხულია, არ მივიდეთ. თან როგორ მთხოვა, ნანი აუცილებლად წამოიყვანეო. ირაკლიც წამოვა. კარგი?

_ კარგი, ხო, კარგი. ვერ ხედავ, რომ ვემზადები? აბა რისთვის დავივარცხნე ეს თმა ასე საგულდაგულოდ? შეფარვით მაინც ვეპრანჭები სასიამოვნო მამაკაცებს, ფრიგიდული კი არ ვარ, მეც მაქვს რაღაც-რაღაც მოთხოვნილებები ხანდახან, _ გაიცინა ნანიმ და თვალების დახატვას შეუდგა, _ თქვენ ყველანი ქალაქში დაბადებულები ხართ და გინდათ, გავლენიანი ადამიანების გული მოიგოთ, ერიდებით მათ განაწყენებას, მე კი ერთი სოფლელი გოგო ვააარ! _ პროვინციულად მოუქცია ნანიმ და ენა გამოუყო მეგობარს.

_ კარგი რა, ისე ლაპარაკობ, თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდე, _ მოიქუფრა მაკა და საათს დახედა, _ ოუ! რა დრო გასულა, მე კი ჯერაც არ ვარ მზად! წავალ, თავს მივხედავ, თორემ ხომ იცი, როგორი «პეროგარჭობილი» საზოგადოება იკრიბება იქ.

მაკა პასუხს არ დალოდებია, დაქალს ლოყაზე აკოცა და გაუჩინარდა. ნანის სახიდან ღიმილი გაუქრა, შემობრუნდა და იქვე, ტაბურეტზე ჩამოჯდა.

სულაც არ იზიდავს ვასიკოს მოსანადირებელ ბრძოლაში ჩაბმა. «თუმცა ვასიკო რა შუაშია, მე ჩემი თავისუფლების დათმობა არ მსურს», _ გაიფიქრა თავისთვის.

მაკა ისე იოლად ლაპარაკობდა ნანის ხანმოკლე ქორწინებაზე, თითქოს ვნებიანმა რომანმა ცხოვრების შემდგომ პროზას ვერ გაუძლო. ნეტავ, რა რეაქცია ექნება, რომ გაიგოს ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გაჰყვა სანდროს ცოლად? სიყვარული აქ არაფერ შუაშია, ეს საქმიანი გარიგება იყო მხოლოდ. უბრალოდ, ამ ქორწინებით მის ქმარს უფლება ეძლეოდა, კონცერნის დირექტორთა საბჭოში თავისი ხმა ჰქონოდა. ყველაფერში ოჯახური ბიზნესი იყო დამნაშავე. კონცერნი! ჰმ! საქართველო და კონცერნი! იმდენი შეურცხვათ ამათ ცხვირი! რომ არა ბაბუა, ამათ ერთი უბრალო შპს-ც კი აღარ ექნებოდათ!

ეს ყველაფერი კი ნანის ბაბუის მამამ მოიგონა. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, იგი ალბათ, დიდად იამაყებდა თავისი წინდახედულებით. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ჟორჟმა, ანუ გიორგიმ, ასე ერქვა ბაბუის მამას, ჯერ კიდევ საფრანგეთში შექმნა კონცერნი, როცა ემიგრაციაში იმყოფებოდა ბოლშევიკებისგან დევნილი. იქაურ დოკუმენტებში კი იურიდიულად იყო გაფორმებული, რომ დირექტორთა საბჭოში მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებოდნენ გაერთიანებული. ბაბუა საქართველოში აღარ დაბრუნებულა და იქ დარჩა საცხოვრებლად, საფრანგეთში, სადაც უმდიდრესი ადამიანი გახდა. აბა რას წარმოიდგენდა ბაბუა, რომ პატრიარქალური ოჯახების ეპოქა დასრულდებოდა და კონცერნი დაიღუპებოდა, მით უმეტეს, რომ ოდესღაც დიდ ოჯახში თითზე ჩამოსათვლელი მამაკაცებიღა დარჩნენ და მათ შორის ცოტას თუ ჰქონდა ბიზნესმენისთვის საჭირო თვისებები.

იმ შორეულ წლებში გაცილებით იოლი იყო ახალი კაპიტალის მოზიდვა _ გარიგებებითვის პატიოსანი სიტყვაც საკმარისი გახლდათ, ახლა კი…

ნანის მამამაც მემკვიდრეობით მიიღო წინაპრების დანატოვარი კაპიტალი. საქართველოშიც დადგა ის დრო, როცა კონცერნის შექმნაც შეიძლებოდა და ოლიგარქადაც შეეძლო ადამიანს გადაქცეულიყო. ამიტომაც ოჯახური ტრადიცია გაგრძელდა. ახლა ეს ფრანგულ-ქართული კონცერნი სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული და მამა და ძმა, ლექსო უძღვებიან.

ნანის საქმრო სანდრო, წარმატებული ბანკირი, რომელიც მისი წყალობით მოხვდა კონცერნში, ჯენტლმენი არასდროს ყოფილა და მისთვის პატიოსნება, მოკრძალება და საყოველთაოდ მიღებული ნორმების დაცვა ლიტონი სიტყვები აღმოჩნდა.

პირველივე დღიდან სანდრომ ნანის პირდაპირ მიახალა, რომ კონცერნის მრავალწლიანი პრესტიჟი მისთვის არაფერს ნიშნავდა, მას მხოლოდ მომავალი მოგება აინტერესებდა. არადა, კონცერნის საქმეები ბოლო წლებში არც ისე სახარბიელოდ წარიმართა. ვერა და ვერ აეწყო საქმე. ასე რომ, ფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღებდა სანდრო, თუკი მისი ბანკი კონცერნის მართვაში მიიღებდა მონაწილეობას. როდესაც ნანის მამამ სანდროს კონცერნის წესდება შეახსენა, ამ უკანასკნელმა ცივად უპასუხა.

_ ეს გადაულახავი პრობლემა არ გახლავთ, ბატონო ჩემო. თქვენ გასათხოვარი ქალიშვილი გყავთ, არც მე ვარ ცოლიანი. ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა, ამიტომ, თუ ერთმანეთი არ შეგვიყვარდება, ფიქტიურად ვიქორწინებთ და შემდეგ დავშორდებით. რამდენადაც ვიცი, განქორწინება ხელს არ შემიშლის, კონცერნის მართვაში მონაწილეობა მივიღო.

ნანის მამა დააფიქრა პოტენციური სიძის სიტყვებმა და შინ დაბრუნდა თუ არა, გულდამძიმებულმა წამოიწყო შვილთან ლაპარაკი.

_ მე იმ ვაჟბატონს მოვახსენე, რომ უშენოდ ვერაფერს გადავწყვეტ და თუ დათანხმდები, ეს მხოლოდ საქმანი გარიგება იქნება… აქ ყოველგვარი მიეთ-მოეთი გამორიცხულია. ხვდები ალბათ, რასაც ვგულისხმობ! თუ ასეთი ფიქტიური ქორწინება შენთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, ჩვენ სხვა გამოსავალს მოვძებნით. შენ ამაზე წამითაც არ იდარდო. და თუ არაფერი გამოგვივა, მაგის დედაც ვატირე, რაც იქნება, იქნება, მშივრები არ დავიხოცებით.

ნანის მისმა სიტყვებმა თავზარი დასცა და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა, მაგრამ მამის თანდასწრებით არაფერი შეიმჩნია და მშვიდად მიუგო.

_ გამოსავალი იოლი მოსაძებნი რომ ყოფილიყო, მაშინ ასეთი წინადადებით ჩემთან ალბათ არ მოხვიდოდი, მამა. ასე არ არის?

ოთახში გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოწვა. კარგა ხნის შემდეგ მამამ ხმა ამოიღო და დამარცხება აღიარა.

_ მართალი ხარ, ნანი… პირადად მე სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. არც ის მინდა, გაგწირო, მაგრამ ვიფიქრე, გარეგნულად შესანიშნავი კაცია, შეძლებულიცაა, საზოგადოებაში დაფასებულიც. იქნებ ეს გარიგება შემდეგ და შემდეგ სიყვარულშიც კი გადაგეზარდოთ. ამის იმედს ვიტოვებდი, როცა შენთან სალაპარაკოდ მოვდიოდი.

_ კარგი, მამი, მე თანახმა ვარ. ბოლოს და ბოლოს, ქორწინება ხომ მხოლოდ ქაღალდზე გაფორმდება. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. რამდენი ვინმე აწერს ხელს რამდენ ვინმესთან რაღაც საქმიანი გარიგების სანაცვლოდ. ამით არაფერი დაშავდება. მთავარია, რომ მე არც საქმრო მყავს და არც არავინ მიყვარს, რომ ჩემმა ნაბიჯმა საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოს. მერე კი, როგორც კი ფინანსური პრობლემები მოგვარდება და ჩემი ეგრეთ წოდებული ქმარი დირექტორთა საბჭოში მოხვდება, ჩვენც უხმაუროდ განვქორწინდებით.

მაგრამ ნანი მწარედ შეცდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო…

8 8 8

ნანიმ ხელები სახეზე აიფარა. გული გამალებით უცემდა. მოგონებებმა სული აუფორიაქა და ახლა დამშვიდება უჭირდა. გაღიზიანებული წამოხტა და ფეხშიშველა აივანზე გავარდა. სუნთქვა ეკვროდა. აკანკალებული თითებით აივნის მოაჯირს ჩააფრინდა და საღამოს გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა. ერთხანს იდგა ასე გარინდული.

როგორც იქნა, ცოტათი მოეშვა, დაწყნარდა, ირგვლივ მიმოიხედა და გაიფიქრა, რომ შვებას სწორედ აქ, მაკასა და მისი ქმრის სასტუმროში თუ ჰპოვებდა.

ნანი და მაკა პირველი კლასიდან მეგობრობდნენ. ათი წელი ერთ მერხზე ისხდნენ და სკოლის მერეც გააგრძელეს მეგობრობა, თუმცა სხვადასხვა პროფესია აირჩიეს _ ნანი ჟურნალისტი გახდა, მაკა _ ექიმი.

მაკას ბედმა გაუღიმა: მისი მორიგეობის დროს საავადმყოფოში ავტოკატასტროფაში მძიმედ დაშავებული ირაკლი მიიყვანეს, რომელსაც ახალგაზრდა ექიმმა პირველი დახმარება აღმოუჩინა და არც მერე მოაკლო ყურადღება. შემდეგ მაკასა და ირაკლის ერთმანეთი შეუყვარდათ და როგორც კი მამაკაცი გამოჯანმრთელდა, ჯვარიც დაიწერეს. მეჯვარე, რა თქმა უნდა, ნანი იყო. ირაკლის ბორჯომში ორი საკუთარი სასტუმრო ჰქონდა და მაკაც მეუღლესთან ბორჯომში გადასახლდა.

ნანიმ ბორჯომში შესანიშნავად გაატარა შვებულება მეგობრებთან და უკვე თბილისში გასამგზავრებლად ემზადებოდა.

ვასიკო კობახიძე, ბორჯომის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბის მეპატრონე, ირაკლის მეგობარი იყო და მას შემდეგ, რაც ნანი გაიცნო, თავისუფალ დროს მასთან ატარებდა. აშკარა იყო, მოსწონდა ლამაზი ქალი და ამას არც მალავდა.

ნებისმიერი სხვა მოიხიბლებოდა ასეთი მამაკაცის ყურადღებით და სიამოვნებით გაიხსენებდა ბორჯომში გატარებულ დღეებს… ნებისმიერი, მაგრამ არა ნანი… რატომ?

ვითომ იმიტომ, რომ გათხოვილია და ვალდებულია უერთგულოს კაცს, ვისაც მისი ქმარი ჰქვია? სანდროს იგი ალბათ აღარც ახსოვს. მაშ რა საჭირო იყო პომპეზური ჯვრისწერა? ფიქტიური ქორწინებისთვის უბრალო ხელის მოწერაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ სანდრომ აიჩემა _ ბებიაჩემის ოცნებაა, ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერო და უარს ვერ ვეტყვიო. სანდროს ამქვეყნად არავინ ჰყავდა ბებიის გარდა, მშობლები ადრე დაეხოცა და ორი წლიდან ბებია, ტრადიციების დამცველი მოხუცი პედაგოგი ზრდიდა. საბედნიეროდ, ბებია ქუთაისში იყო და არ იცოდა, მისი სათაყვანებელი შვილიშვილი ცოლთან ერთად რომ არ ცხოვრობდა, რომ მათი ქორწინება მხოლოდ ფიქცია იყო და სხვა არაფერი.

სანდროს თავისი მდგომარეობა არ ადარდებდა. მან თავისას მიაღწია, ნანის წყალობით კონცერნის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ცოლს არანაირ ყურადღებას აღარ აქცევდა და თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. მით უმეტეს, რომ ხშირად უწევდა კიევში ყოფნა, სადაც თავის დროზე უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთ მეგობართან ერთად ბანკიც დააარსა.

ნანი შეეცადა მოეშორებინა უსიამოვნო მოგონებები და სანდროზე აღარ ეფიქრა…

ოთახში შემობრუნდა, შავი, გულამოღებული კაბა ჩაიცვა, ზურმუხტისთვლებიანი მძივი გაიკეთა და სარკეში ჩაიხედა. დიდი არაფერი, სექსბომბა ნამდვილად არ არის, მაგრამ გარეგნობით მაინც ვერავინ დაიწუნებს, ვერავინ… სანდროს გარდა. საკუთარ თავზე გაბრაზდა, რა ხდება, რატომ აეკვიატა ეს სანდრო? რატომ ფიქრობს მასზე ამდენს, მას ხომ საერთოდ არ ახსოვს ნანის არსებობა?

8 8 8

ვასიკოს კლუბის ორიგინალური შენობა პარკის ახლოს იდგა. ფანჯრები გაჩახჩახებული იყო და იქიდან მუსიკის ჰანგები იღვრებოდა. ამ სამეფოს მეპატრონე მას პირდაპირ ჰოლში ელოდებოდა. ნანის დანახვაზე ვასიკოს სახე გაუბრწყინდა, მაშინვე მასთან მივიდა და ხელზე ემთხვია.

_ ნანი, საოცრება ხარ! მაკა, ვერ დაარწმუნე შენი დაქალი, რომ აქ ცოტა ხანს კიდევ დარჩეს და თბილისში არ წავიდეს?

_ ჯერჯერობით არაფერი გამომივიდა, ხვალ დილით აპირებს გამგზავრებას. ამოიჩემა, სამსახურს ვერ დავკარგავო.

ვასიკოს გაეღიმა.

_ სამსახური რა პრობლემაა? თუ საჭიროა, აქაც გამოვუძებნით საქმეს.

ნანიმ ღიმილით დააქნია თავი.

_ თქვენი «მიქსის» საქმე ისედაც ბრწყინვალედ არის აწყობილი და რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი არ გჭირდებათ.

_ მე სხვა, თქვენთვის მისაღები ვაკანსიებიც მაქვს, _ არ ცხრებოდა მამაკაცი.

_ გმადლობთ, მაგრამ მე ჩემი სამუშაო მაკმაყოფილებს და სხვას არ ვეძებ… ჯერჯერობით.

_ კარგი, რა გაეწყობა. თქვენ ჩემს კლუბს პირველად ესტუმრეთ და მინდა თავად დაგათვალიერებინოთ იგი. ამის ნება ხომ მაინც მაქვს?

_ მშვენიერი აზრია! _ წამოიძახა მაკამ, _ მე და ირაკლი აქ დავრჩებით, აქაურობა ზეპირად ვიცით, შენ კი ვასიკოს წაჰყევი.

საძაგელი გოგო! _ თავისთვის გაიფიქრა ნანიმ და ნაძალადევი ღიმილით გაჰყვა მამაკაცს. ვასიკო სიამაყით ათვალიერებინებდა მართლაც შესანიშნავ, გემოვნებით მოწყობილ გარემოს.

_ მაინც ვერ მოგხიბლეთ? იქნებ ჩვენთან დარჩენილიყავით? _ კიდევ ერთხელ სცადა ვასიკომ ნანის გადაბირება, როდესაც ისინი მის კაბინეტში შევიდნენ.

_ ეს შეუძლებელია, მაგრამ მადლობელი ვარ შემოთავაზებისთვის. სხვათა შორის, ერთი აზრი მომივიდა. იქნებ თქვენ გადმოსულიყავით ჩვენს კონცერნში? თქვენისთანა ინიციატივიანი და საქმიანი ადამიანი ჩვენს ბიზნესს ნამდვილად წაადგება.

ვასიკოს გაკვირვება დაეტყო სახეზე.

_ რაშია საქმე, გაგიჭირდათ?

_ ისე რა, _ ამოიოხრა ნანიმ, _ ცოტა პრობლემები დაგროვდა, მიმხედავი კი არავინაა. ხედავთ, როგორ არაპროფესიონალთან გაქვთ საქმე? იმის ნაცვლად, რომ მეთქვა, კონცერნი წარმატებულია და წინ მიიწევს-თქო, ცუდი რეკლამა გავუწიე.

_ ნუ ნერვიულობთ, აქ ჟურნალისტები არ არიან და თქვენს საიდუმლოს აქედან ვერავინ გაიტანს, _ ვასიკომ დაკვირვებით შეათვალიერა ანი, _ თუ გული არ მიგიწევთ რეკლამისკენ, იქნებ სხვა საქმისთვის მოგეკიდათ ხელი?

_ უკვე ვცადე. უნივერსიტეტის შემდეგ ჟურნალში ვმუშაობდი.

_ მერე? მოგბეზრდათ?

_ არა, მაგრამ ჩემმა ოჯახმა მაგრძნობინა, რომ ხელი სხვა საქმისთვის არ უნდა მომეკიდა. იცით, მათ თუ რამე გადაწყვიტეს, აუცილებლად მიაღწევენ თავისას.

_ ოჰო… თქვენ მე კარგი იდეა მომაწოდეთ. იქნებ მეც თქვენსავით მოვიქცე?

ნანიმ შეამჩნია, რომ ვასიკომ მისკენ გამოიწია და ისეთი სახე მიიღო, რომ მამაკაცი მიუხვდა და უკან დაიხია.

_ მაპატიეთ, მაგრამ ამჟამად სერიოზული ცვლილებებისთვის მზად არ ვარ, _ ნერვიულად უპასუხა ნანიმ, _ მე ჯერ პირადი პრობლემები უნდა მოვაგვარო.

_ ვიცი, რომ გათხოვილი ხართ, _ ფრთხილად დაიწყო ვასიკომ, _ მაკამ მითხრა. იცით, მეც განქორწინებული ვარ და… ეს დიდი ტრაგედია არ გახლავთ.

ნანის ხმა არ ამოუღია.

_ ოოო, ესე იგი, იმ ადამიანისადმი გრძნობა ჯერაც არ გაგნელებიათ! _ ვასიკოს ხმაში ეჭვი და ტკივილი ერთდროულად იგრძნობოდა.

_ რა სისულელეა, _ ჩაეცინა ნანის, _ ჩვენ ისე ცოტა ხანს ვიყავით ერთად, რომ გრძნობებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

_ ეს არაფერს ნიშნავს. ზოგჯერ საკმარისია, ადამიანს უბრალოდ თვალი მოჰკრა და მისი სახე გულში სამუდამოდ ჩაგრჩეს.

_ შესაძლოა, თქვენ მართალი ხართ, მაგარამ მე სხვანაირად ვფიქრობ _ ადამიანი ჯერ კარგად უნდა გაიცნო და მხოლოდ ამის შემდეგ…

_ მე დაგელოდებით… თუ საჭიროა, დაგელოდებით, არსად მეჩქარება… _ შეაწყვეტინა ვასიკომ.

_ იცით? თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ და ძალიანაც მომწონხართ, _ გაუღიმა ნანიმ.

_ არა, ჯობია, ხმა არ ამოიღოთ, არაფერი მითხრათ, ვგრძნობ, რომ უარს მეტყვით, ამიტომ მირჩევნია, იმედით ვიცოცხლო.

_ არ არის საჭირო ბანალური ფრაზები. თქვენ ხომ მე არ მიცნობთ, მხოლოდ ის იცით, რაც მაკამ გიამბოთ ჩემზე. ის კი ობიექტური არ არის ჩემ მიმართ და თანაც მაჭანკლობა უყვარს, ეს მისი ჰობია! არ დაუჯეროთ! არც ისე კარგი ადამიანი ვარ.

_ აი, სწორედ ამიტომ გთხოვთ, ხვალ თბილისში არ გაემგზავროთ. ძალიან მინდა უკეთ გაგიცნოთ. იცით? რაც ცოლს დავშორდი, მას მერე განვიცდი. ერთი პერიოდი დეპრესიაშიც კი ჩავვარდი, მაგრამ თანდათან გავაცნობიერე, რომ ამით არ მთავრდება ყველაფერი, რომ ცხოვრება გრძელდება. როდესაც პირველად დაგინახეთ, იმ წუთას მივხვდი, რომ სწორედ ის ქალი ხართ, მე რომ მჭირდება. და ეს არ არის  ბანალური ფრაზა, თუმცა კი ძალიან ჰგავს ბანალურს.

ნანიმ თავი ჩაღუნა და ხმადაბლა მიუგო.

_ მე მსიამოვნებს თქვენი ყურადღება, ამას არ დაგიმალავთ. უფრო მეტიც, დიდ პატივად მიმაჩნია, რომ მოგწონვართ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მე არ ვარ თავისუფალი _ დრო მჭირდება, რომ საკუთარ თავში გავერკვე და ამიტომ შინ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. იმედია, გესმით ჩემი.

მამაკაცმა ამოიხვნეშა.

_ რა გაეწყობა, ოღონდ ერთს გთხოვთ, არ დამივიწყოთ.

_ პირობას გაძლევთ, _ გაეცინა ნანის, _ უბრალოდ, თბილისში საქმეები მელოდება და ამიტომ ვჩქარობ, თუმცა ძალიან მეჯავრება სამარშრუტო ტაქსით და ავტობუსით ჯაყჯაყი.

_ რატომ ავტობუსით ან «მარშრუტკით»? ჩემი მანქანით გაგისტუმრებთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.

_ არა, რას ამბობთ! არავითარ შემთხვევაში!

_ და რატომ ასეთი კატეგორიული უარი? _ გაეღიმა მამაკაცს, _ რა გაეწყობა, ნება თქვენია. მაშინ იცით, რას გეტყვით? მიკვირს, მაკამ რომ არ გითხრათ. ჩვენ აქ აეროდრომი გვაქვს და შეგიძლიათ ვერტმფრენით ჩაფრინდეთ თბილისში. უფრო კომფორტულია, ახლავე დავრეკავ და ყველაფერს გავარკვევ.

_ ზედმეტად წუხდებით ჩემი გულისთვის, _ დაიმორცხვა ქალმა.

_ თქვენი გულისთვის უზედმეტესადაც შევწუხდები, თანაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და წამითაც არ ვინანებ ამას, _ იდუმალი ხმით მიუგო მამაკაცმა და ჯიბიდან მობილური ამოიღო.

ნანი მიხვდა, რომ ამ ენერგიულ ადამიანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, უფრო მეტიც _ არც უნდოდა წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მისმა სიტყვებმა გული აუჩუყა. ნეტავ ქმრისგან მოესმინა ოდესმე მსგავსი რამ, მიახლოებული სიტყვები მაინც… ვასიკო საერთოდ არ ჰგავდა სანდროს. სანდრო ყველაფერს იღებდა და არაფერს გასცემდა…

ნანიმ იგრძნო, როგორ მოეწურა გული.

ვასიკომ ნომერი აკრიფა, ვიღაცას დაელაპარაკა და რაღაცაზე შეუთანხმდა.

_ ყველაფერი მოვაგვარე, _ მოუბრუნდა ნანის, _ მაპატიეთ, რომ ასეთი ინიციატივა გამოვიჩინე და თქვენს თანხმობას არ დაველოდე.

_ რას ამბობთ, მადლობელი ვარ, რომ ჩემი გულისთვის ასე გაისარჯეთ. ახლა კი, მგონი, დროა, ირაკლი და მაკა მოვძებნოთ.

_ ოჰ! ისინი სულ გადამავიწყდა, რა ეგოისტი ვარ! წავიდეთ, შევუერთდეთ ბედნიერ წყვილს!

ვასიკო წამოდგა, ნანის მიუახლოვდა და ხელები მხრებზე დააწყო.

_ ნანი! შეიძლება ახლა დაგემშვიდობოთ? მინდა ეს მანამ გავაკეთო, სანამ მარტონი ვართ…

ნანიმ გაუღიმა და რაღაც უმნიშვნელო სიტყვები ჩაილაპარაკა. ვასიკო მას აღარ უსმენდა, მამაკაცი ნელა დაიხარა და ქალს ტუჩებზე დაეკონა. ისე ნაზად, ფრთხილად აკოცა, თითქოს მძინარე არ გავაღვიძოო. ნანის თვალები უნებლიეთ დაეხუჭა. ვასიკომ მასში ვნება ვერ გააღვიძა, მაგრამ თავი მაინც კარგად იგრძნო, სასიამოვნო მოთენთილობამ დარია ხელი.

_ ბედნიერი ვიქნები, თუკი ეს ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი აღმოჩნდება, _ ჩაიჩურჩულა მამაკაცმა და თვალი თვალში გაუყარა სახეალეწილ ქალს.

«არა, სამწუხაროდ, გაგრძელება არ იქნება», _ გაიფიქრა ნანიმ და მწარედ გაიღიმა.

ასე კი გაიფიქრა, მაგრამ რატომღაც მოუნდა, ამ კოცნას მისი გონება და სხეული აეფორიაქებინა, აღეგზნო, რომ ამქვეყნად ყველაფერი დავიწყებოდა, რომ ამ ძლიერ მამაკაცთან სამუდამოდ დარჩენილიყო, მაგრამ რაღაც ეწეოდა თითქოს უკან, გული სასიკეთოს ვერაფერს პირდებოდა, გონების კარნახი კი ამ შემთხვევაში უძლური ჩანდა.

_ მომიყევი, მოგეწონა? _ მოუთმენლად ჰკითხა მაკამ, როცა ნანი მასთან დაბრუნდა.

_ რა უნდა მომწონებოდა?

_ რა კი არა, ვინ? ვითომ ვერ ხვდები, რას გეკითხები, არა?

_ ის ძალიან სიმპათიურია, _ მოკლედ მოუჭრა ნანიმ და ყავა მოსვა.

_ ეს იგი მაინც გადაწყვიტე ხვალ წასვლა, _ ამოიოხრა მაკამ, _ სხვათა შორის, ირაკლიმ მითხრა, მაინც წავაო.

_ შენი ირაკლი ჭკვიანი ბიჭია, _ გაეღიმა ნანის, _ აუცილებლად უნდა წავიდე, მაგრამ თუ კიდევ დამპატიჟებთ, ჩამოვალ.

ნანიმ ირგვლივ მიმოიხედა. საცეკვაო მოედნის ირგვლივ, მაგიდებთან უამრავ სტუმარს მოეყარა თავი. ისმოდა ფუჟერების წკრიალი, საუბარი და ხმადაბალი სიცილი. სასიამოვნო მელოდიის ჰანგები იფრქვეოდა დარბაზში, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ცეკვავდა. ყველაფერს პატრონის გემოვნებიანი ხელი ეტყობოდა და საზოგადოებაც სოლიდური შეკრებილიყო.

_ როგორ მომწონს აქაურობა, თანაც მიკვირს, რომ სეზონის ბოლოს ამდენი ხალხია.

_ ჩვეულებრივ, ამ დროს ცოტა ხალხია, მაგრამ დღეს კიევიდან ჩამოვიდა დელეგაცია, ბიზნესმენების ჯგუფია, აქ გადაწყვიტეს თავმოყრა, _ თქვა მოახლოებულმა ირაკლიმ, _ სხვათა შორის, ერთი ცნობილი გამომცემელიცაა მათ შორის, მედიაჰოლდინგის მფლობელი, თუ არ ვცდები, ორლოვი უნდა იყოს გვარად.

_ იგორ ორლოვი? რას ამბობ! მართლა? _ გაიოცა ნანიმ.

_ ვერასდროს დავიჯერებდი, თუ მაგ ადამიანს ოდესმე შევხვდებოდი. მიხარია, რომ ჩამოვიდა. მისი წყალობით, ჩემი სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებულია, _ კმაყოფილებით განაცხადა ირაკლიმ.

_ თქვენთან ყოფნა კი კარგია, მაგრამ მე ხვალ მაინც უნდა გავემგზავრო. იცით, ვასიკომ თვითმფრინავზე ადგილიც მიშოვა.

_ მართლა? ყოჩაღ, ვასიკო, არადა, ძალიან ძნელია მაგის ბილეთის შოვნა. ალბათ მისი ხათრით ვიღაცას უარი უთხრეს და ადგილი შენ დაგითმეს.

მშვიდმა მელოდიამ ნანი კარგ ხასიათზე დააყენა. კოქტეილს წრუპავდა, რამაც სასიამოვნოდ მოთენთა კიდეც, მაგრამ მაინც აწუხებდა რაღაც, უცნაური და აქამდე უჩვეულო მოუსვენრობა დაეუფლა.

ამ დროს ვალსის მელოდია გაისმა, ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა მაკას და მოედნის შუაგულში გაიყვანა. რა ბედნიერები არიან, როგორ უყვართ ერთმანეთი, _ გაიფიქრა ნანიმ და გაუკვირდა, შურის მაგვარმა გრძნობამ რომ გაჰკრა გულში.

_ იქნებ ჩვენც მიგვებაძა მათთვის? _ ვასიკოს ცხელი სუნთქვა იგრძნო ყელთან.

ნანი წამოწითლდა.

_ რატომაც არა, _ მორცხვად გაიღიმა და მორჩილად მიჰყვა მამაკაცს უკან.

ვასიკო შესანიშნავად ცეკვავდა და მკერდზე მაგრად ჰყავდა მიკრული ქალი. ნანი დაძაბული ცეკვავდა, თან ვასიკოს მხარს ზემოთ მოცეკვავე წყვილებს ათვალიერებდა.

არა, ეს შეუძლებელია! _ შიშით გაიფიქრა, როდესაც თვალი მოჰკრა ახალგაზრდა მამაკაცსა და ქერათმიან ლამაზმანს, რომელსაც თავი პარტნიორის მხარზე ჩამოედო და რაღაცას ეტიტინებოდა. კაცი მას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან დამცინავი ღიმილით ნანის მისჩერებოდა.

ამ უკანასკნელს კინაღამ გული შეუღონდა. უეცრად ცეკვა შეწყვიტა და გაფითრებულმა უხმოდ ახედა ვასიკოს.

_ რა მოხდა, ნანი? ცუდად ხომ არ ხართ? _ შეშფოთდა მამაკაცი.

_ არა, არა, კარგად ვარ, მაგრამ მირჩევნია, მაგიდასთან დავბრუნდეთ, რატომღაც, თავბრუ დამეხვა.

ისინი მაგიდას მიუსხდნენ და ვასიკომ წყალი დაუსხა.

_ არაფერია, გამივლის, ალბათ სასმელმა თუ იმოქმედა. ასეთ სიცხეში დალევა უკვე მეტისმეტია.

ნანიმ ყინულივით ცივი წყალი მოსვა, მერე ვასიკო დაარწმუნა, რომ თავბრუს ხვევამ გაუარა, რადგან ცოტა ხნით მარტო დარჩენა მოუნდა. უნდოდა, როგორმე დელიკატურად მოეშორებინა მამაკაცი თავიდან.

_ თქვენ ხომ მუშაობთ, ვასიკო, აქ უამრავი სტუმარია, გთხოვთ, იმათ მიხედოთ, მე კი მანამ გონს მოვალ.

_ არ მინდა ასეთ მდგომარეობაში დაგტოვოთ, _ გამოუტყდა ვასიკო.

როგორი მზრუნველი, ნაზი და სანდო კაცია, _ გაიფიქრა ნანიმ.

_ ნუ ღელავთ, უკეთ ვარ, უბრალოდ, ცოტა ხნით აივანზე გავალ და ყველაფერი რიგზე იქნება.

როგორც იქნა, მოიცილა თავიდან თაყვანისმცემელი. წყლიან ჭიქას ხელი დაავლო და აივანზე გავიდა. იქვე მდგარ რბილ სკამზე ჩამოჯდა და ყლუპ-ყლუპად დაიწყო წყლის სმა, თან მოციმციმე სანთლებს გაჰყურებდა უაზროდ.

მაინც რა უცნაურია, როგორ გაამართლა ანდაზამ _ ძაღლი ახსენე და ხელში ჯოხი მოიმარჯვეო. წეღან ის და მაკა სანდროზე ლაპარაკობდნენ და აგერ არ გამოეცხადა? მისტიკაა პირდაპირ! ბედის ირონიაც ამას ჰქვია!

იქნებ შეცდა? ნუთუ მოეჩვენა? იქნებ ვეღარ იცნო და სხვა მამაკაცში აერია? არა, შეუძლებელია, ნამდვილად ვასიკო იყო. როგორ უნდა დავიწყებოდა მისი დამცინავი მზერა და ცინიკური ღიმილი?

ამდენ მკითხაობას არ ჯობდა, უკან შებრუნებულიყო და კარგად დაკვირვებოდა მამაკაცს? ასე კი გაიფიქრა, მაგრამ ადგილიდან ადგომა და დარბაზში შებრუნება ვეღარ გაბედა.

გაბრაზებულმა მუშტები შეკრა. პირდაპირ აუტანელია ყოფილ ქმარზე ამდენი ფიქრი და ნერვიულობა. სანდრო ამად არ ღირს, ის ხომ მასზე მხოლოდ ბიზნესის გამო დაქორწინდა. აი, ძალიან მალე ოფიციალურად განქორწინდებიან და ეს პრობლემაც მოიხსნება დღის წესრიგიდან. როგორც ჩანს, ეს დღეც დადგა, მორჩა!

ეს პირდაპირ შოკია! ნანი და სანდრო ამ წლების მანძილზე ყოველნაირად ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის თავი აერიდებინათ და ხედავთ, რა მოხდა? ასე უეცრად და მოულოდნელად ბორჯომში შეეფეთნენ ერთმანეთს.

რატომ არ შეუძლია ნანის, გულგრილად ჩაუაროს გვერდით, გაუღიმოს და თავი დაუკრას, როგორც უბრალო ნაცნობს? ან ადამიანს, რომელიც უკვე აღარ აინტერესებს, მაგრამ ოდესღაც რაღაც აკავშირებდა მასთან?

ო, ღმერთო! რა საშინელ ხასიათზე დადგა! ჰაერი აღარ ჰყოფნიდა უკვე. სწრაფად წამოდგა, ხვეულ კიბეს ჩაუყვა და ბაღში ჩავიდა. ძლივს ამოისუნთქა, როცა მარტო დარჩა სიჩუმეში. ხის ქვეშ, ძელსკამზე ჩამოჯდა და თანდათან დამშვიდდა. სიამოვნებდა, საკუთარ ფიქრებთან მარტო რომ დარჩა.

ნეტავ, რა ადარდებს? ალბათ არც სანდროს ესიამოვნა მაინცდამაინც მისი დანახვა. ის აქ სამუშაოდ და გასართობად ჩამოვიდა და მოულოდნელი განცდები სულაც არ სჭირდება.

8 8 8

როდესაც ნანიმ და სანდრომ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მამაკაცმა მას ისეთი თანხა შესთავაზა, ნანის შეეძლო არ ემუშავა და თავის გემოზე, უდარდელად ეცხოვრა _ ემოგზაურა და ძვირად ღირებული სამოსი შეეძინა, მაგრამ ქალმა ფულზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების საფუძველზე გათხოვდა, თავის ქორწინებას კომერციულს ნამდვილად ვერ დაარქმევდა, ამიტომაც მთელი ამ თვეების განმავლობაში ჯიუტად იმეორებდა, მე მისი არაფერი მინდა, სულ არაფერი, საკუთარ თავს თვითონ მივხედავო.

ნანიმ არც მამისეულ სახლში ისურვა ცხოვრება თავისი ძმის, ლექსოს მსგავსად. იგი თავს უფრო თავისუფლად და დამოუკიდებლად გრძნობდა ლამაზ, მყუდრო სამოთახიან ბინაში, რომელიც ბებიისგან ანდერძით ერგო. კონცერნში კი მუშაობდა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მუშაობა არ შეუწყვეტია, ძმის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალს თავი მაინც არ დაანება და ხშირად აქვეყნებდა სტატიებს.

არა, მაინც რა მძიმე წელი გადაიტანა! არც ცოლქმრობაში გაუმართლა და ვერც კონცერნის საქმე აეწყო კარგად. მას შემდეგ, რაც კონცერნს სათავეში ლექსო ჩაუდგა, პრობლემებმა იმატა. ამას ისიც დაერთო, რომ მისმა ძმამ ერთი შტერი გოგო მოიყვანა ცოლად.

8 8 8

გრილმა ნიავმა დაუბერა, ნანი მოიბუზა, ცოტა არ იყოს, შესცივდა. ალბათ ნერვიულობის ბრალია, რადგან მის სულში უფრო მეტი სიცივეა ჩაბუდებული. როგორმე თავი ხელში უნდა აიყვანოს და რაღაც მოიფიქროს, თუკი სანდრო კვლავ მასთან სიახლოვეს მოინდომებს. თუმცა რა სიახლოვეზეა ლაპარაკი, ახლა კი ნამდვილად აზვიადებს! ის ქერათმიანი არსება ისე შესციცინებდა თვალებში, რომ სანდრო ნანისთვის ვერ თუ არ მოიცლის, მით უმეტეს, რომ მარტო გასართობად არ უნდა იყოს ჩამოსული, იგი ხომ «ფულიანი» ტომრის _ იგორ ორლოვის წრეში ტრიალებს და როგორც ჩანს, საერთო საქმეც აკავშირებთ. ნანი სანდროს კარგად იცნობს, ის ნაბიჯსაც არ გადადგამს, თუ გამორჩენას არ მოელის. მას სწორედ ასე არ მოექცა? ალბათ ესეც მსგავსი შემთხვევაა და ეჭვიც არ ეპარება, რომ ორლოვთან თანამშრომლობამ სანდროს ბანკი საგრძნობლად გაამდიდრა.

არა, მაინც რაში მაინტერესებს სანდრო და მისი ბანკი, ანდა ვისთან და როგორ ატარებს დროს. «ეს კაცი ჩემს აღელვებად და ფიქრად არ ღირს!» _ შეუძახა ნანიმ თავის თავს, _ «მე პატიოსნად შევასრულე ჩვენი გარიგების ყველა პუნქტი, ძალიან მალე მოეღება ჩვენს ქორწინებას ბოლო და თავისუფლად ამოვისუნთქავ».

მხოლოდ ახლა, ხის ქვეშ მჯდარმა გააცნობიერა, რა შეცდომაც დაუშვა უახლოეს წარსულში, როდესაც მამის თხოვნას ანგარიში გაუწია და იმ ცივსისხლიან «ნადირს» ცოლად გაჰყვა. წინასწარ რომ სცოდნოდა, რა საფიქრალს გაუჩენდა ეს ფიქტიური ქორწინება, ამ აფერაზე არაფრის დიდებით არ წავიდოდა.

კვლავ ამოუყვა კიბეს, დარბაზში დაბრუნება გადაწყვიტა. ნელა ამოდიოდა, სვენებ-სვენებით. მაკას ეტყვის, რომ თავი ასტკივდა და სასტუმროში წავა.

ნანის არ გაუგონია ნაბიჯების ხმა, მან ყოველთვის უჩუმრად იცოდა მოახლოება. თუმცა, რას გაიგონებდა იმ ხმაურში… ის იყო, თითქმის აათავა კიბე და მაღლა აიხედა, რომ სანდრო დაინახა, რომელიც ცალი ხელით მოაჯირს ჩაფრენოდა და ნანის ბოლო საფეხურზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

ნანი გაშრა, როდესაც თითქმის მივიწყებული და ასე დამზაფრელი ხმა გაიგონა.

_ საღამო მშვიდობისა, ჩემო საყვარელო მეუღლევ!

ნანი გაუნძრევლად იდგა, ერთ დროს ძალიან ნაცნობმა ხმამ საშინლად ააფორიაქა. რაც შეეძლო, შეეცადა, მისი ასეთი მდგომარეობა სანდროსთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, ამიტომ ამაყად ასწია თავი და მაქსიმალურად მშვიდად ჰკითხა.

_ აქ რას აკეთებ, სანდრო?

_ რა დამთხვევაა, _ ჩაეცინა მამაკაცს, _ მეც სწორედ ამ კითხვის დასმას ვაპირებდი, თუმცა მივხვდი, რომ ალბათ კონცერნმა გამოგგზავნა მნიშვნელოვან საქმეზე, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი აქაური ბიზნესმენის კომპანიაში შეგამჩნიე. იცი, რა მაინტერესებს? მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებს, თუ…

_ რაღაც ვერ ვხედავ აუცილებლობას, ამ შეკითხვაზე პასუხი გაგცე, _ ამრეზით ახედა ქალმა, _ შენ სულაც არ გეხება, ვისთან რა ურთიერთობა მაქვს, გასაგებია?

_ არ მეხება? როგორ არ მეხება, მე ხომ შენი ქმარი ვარ! _ გაიოცა სანდრომ და ცოტაოდენი პაუზის შედეგ ცინიკურად დაამატა, _ ჯერ კიდევ!.. _ შემდეგ კი ხმა გაიმკაცრა და გააგრძელა, _ ასე რომ, კეთილი ინებე და მიპასუხე.

_ რაღაც ძალიან გვიან გაგახსენდა ეგ, _ ირონია არც ნანიმ დაიშურა, _ თუმცა მაინც გეტყვი: აქ დასასვენებლად ჩამოვედი, შვებულებას ვატარებ მეგობრებთან ერთად.

_ ვასიკო კობახიძე შენი მეგობარია?

_ ვასიკო ჩემი მეგობრების მეგობარია, აქ გავიცანი და მასაც დავუახლოვდი. კიდევ რა გაინტერესებს?

_ რას ნიშნავს დაუხლოვდი, რამდენი ხანია, აქ ხარ? როგორ დაახლოვდით?

ნანიმ ტუჩი მოიკვნიტა და თავი ძლივს შეიკავა, არ აყვირებულიყო. სანდროს ყოველი სიტყვა, როგორც ყოველთვის, შეურაცხმყოფელი იყო მისთვის.

_ რატომ არაფერს მეუბნები? ბორჯომში ამ დროს ყოფნა საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა შენი თანამდებობის ქალისთვის ან იქნებ სპონსორი გამოგიჩნდა, თუ მეგობრები დაგეხმარნენ?

ნანი შეკრთა, სანდრომ ყველაფერი იცოდა მის შესახებ. ნუთუ ამ წლების განმავლობაში უთვალთვალებდა? აბა საიდან გაიგო, რომ მაკას ქმარს აქ სასტუმროები აქვს და იმათ მიიწვიეს? იქნებ არაფერი იცის და ეს უბრალოდ, სიტყვათა თამაშია მხოლოდ? ამის გაფიქრებაზე გუნება შეეცვალა.

_ რა შენი საქმეა და რაში გაინტერესებს, ვინმე დამეხმარა თუ არა? _ შეუღრინა თავზე წამომდგარ ქმარს.

_ სწორედ რომ ჩემი საქმეა, _ მუქარასავით გაისმა სანდროს ხმა, _ გირჩევნია აღიარო, რომ კონცერნმა გამოგგზავნა… თუ მართლა ისვენებ?

_ ვითომ რატომ არ უნდა დავისვენო, უფლება არ მაქვს, შვებულება ავიღო? სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი შვებულებაა… უკანასკნელი სამი წლის მანძილზე!

_ გინდა თქვა, რაც ჩვენ დავქორწინდით?

ნანიმ არ უპასუხა. სანდრო კი არ ეშვებოდა.

_ შენსას მიაღწიე _ შესანიშნავი კურორტი, მშვენიერი ბუნება და თავბრუდამხვევი რომანი შეძლებულ მამაკაცთან. შენც ხომ ეს გინდოდა? მაინც გაიტანე შენი, არა?

_ უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედო! _ იფეთქა ქალმა, _ როგორც ვხედავ, არც შენ კარგავ დროს უქმად! _ უკმეხად მიუგო.

_ ვიცი, რასაც გულისხმობ, საყვარელო, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ზოგჯერ პირველი შთაბეჭდილება შესაძლოა მცდარიც აღმოჩნდეს.

«როგორ არა, ვაჟბატონო! კარგად გიცნობ!» _ გაიფიქრა ნანიმ და შეეცადა, რაც შეიძლება უდარდელად ეთქვა.

_ თუ შეიძლება, გამატარე, ჩემი მეგობრები ალბათ უკვე მეძებენ. ისე, არც შენ გაწყენდა დაბრუნება, მოუთმენლად გელოდებიან! _ უკბინა ქმარს.

_ გმადლობთ ზრუნვისთვის, _ არაფრად ჩააგდო სანდრომ ნანის რეპლიკა, _ სხვათა შორის, ჩვენ ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ.

_ თუ განქორწინებას გულისხმობ, შეგიძლია რამდენიმე დღე კიდევ მოითმინო და ამ პრობლემას ჩვენი ადვოკატები უჩვენოდაც მოაგვარებენ.

_ შვებულება მოდურ კურორტზე და განქორწინების დაჩქარება, _ ირონიულად გაწელა სანდრომ სათქმელი, _ ეს მეტად საინტერესო და საგულისხმო ფაქტია.

ნანი შეცბა, მას სანდროს ხმაში მუქარა მოესმა. არა, უმჯობესია, ახლავე, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გაარკვიოს და ამაღამ მშვიდად დაიძინოს, თორემ შეიძლება ნერვიულობისგან გული გაუსკდეს.

_ არა მგონია, ჩვენი განქორწინება რაიმე პრობლემასთან, ქონების გაყოფასთან ან პრეტენზიებთან იყოს დაკავშირებული.

_ კი, მაგრამ რა ვუყო გაცრუებულ ოცნებას და დამსხვრეულ გულს, ეს არ არის მხედველობაში მისაღები?! _ ჩაეცინა სანდროს.

ნანი გაბრაზდა _ ერთი ამას დამიხედეთ, ვინ ლაპარაკობს გაცრუებულ ოცნებებზე, უტიფარი! დასცინის კიდეც!

_ გარიგების დროს იმედგაცრუებებზე არაფერი თქმულა, _ ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა, _ მე ჩემი პირობა პირნათლად შევასრულე და ძალიან გთხოვ, სისულელეებს თავი დაანებე. შენი საშაყირო არ ვარ. მინდა, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს ვითომ ურთიერთობა.

სანდრო კი არ ცხრებოდა.

_ არა, ჩემო ლამაზო და მშვენიერო, ასე არ გამოვა. თუ გინდა, ვიომოთ, მაგრამ ხარ კი მზად? მე რაღაც აზარტში შევედი.

ნანი გული საშინლად უცემდა და მარჯვენა ხელი უნებურად გულთან ახლოს, მკერდზე მიიდო.

_ აჰააა, ხედავ, რაში ყოფილა საქმე? _ მის ხელს თვალი გააყოლა მამაკაცმა, _ საქორწინო ბეჭედს აღარ ატარებ თურმე.

_ დიახაც, აღარ ვატარებ. რა საჭიროა თავის მოკატუნება?

_ მართალი ხარ, შენ ხომ ყოველთვის პირდაპირი იყავი.

_ სანდრო, თავი დამანებე. ხომ იცი, რომ ჩვენი ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. რატომ არ გინდა, რომ ყველაფერი სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდეს? შენც დაისვენებ და მეც, ზედმეტ ტვირთს მოვიშორებთ თავიდან.

სანდრომ მხრები აიჩეჩა.

_ მე, უბრალოდ, არ მიყვარს დაუმთავრებელი საქმეები.

როგორ შეიძლება იმის დასრულება, რაც არასდროს ყოფილა! _ გაიფიქრა ნანიმ, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ თქვა.

_ ნუთუ დაგავიწყდა ჩვენი დაქორწინების მიზეზები? შენ ხომ კონცერნის დირექტორთა საბჭოში მოხვედრა გინდოდა და ჩემი დახმარებით მიაღწიე კიდეც ამას.

_ ჰოოო… მართლაც რომ დამავიწყდა ეს სისულელე.

სანდროს ხმაში მრისხანე ტონმა გაიჟღერა.

_ სხვათა შორის, შენამდე ამ შეზღუდვას ზიანი არავისთვის მიუყენებია.

სანდრომ ლამის ზიზღით მოწკურა თვალები.

_ თუკი ყველაფერი წესრიგში გქონდათ, მაშინ დახმარებისთვის ჩემს ბანკს რატომ მოადექით? იქნებ იმიტომ, ჩემო ძვირფასო, რომ შენმა ოჯახმა ბაბუის აწყობილი საქმე და დანატოვარი გაანიავა?

_ როგორ ბედავ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას! _ აფეთქდა ნანი.

_ ზოგჯერ სიმართლის მოსმენა მტკივნეულია, ისევე როგორც იმის აღიარება, რომ კაპიტალი არამომგებიანად დააბანდეთ.

ნანიმ ღრმა ამოიოხრა და შეეცადა, თავი ხელში აეყვანა. სანდროსთან კამათი კარგს არაფერს უქადდა.

_ მე გირჩევ, ეს საკითხი განსახილველად დირექტორთა საბჭოზე გაიტანო, მე ხომ მხოლოდ  კონცერნის უბრალო თანამშრომელი ვარ და ჩემთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. რაც შეეხება ჩვენს შეუღლებას, აქ ყველაფერი ნათელია _ ოჯახური იდილია არ შედგა, ყველაფერი დასრულდა.

_ ცდები, ჩემო მშვენიერო, _ ხმადაბლა წარმოთქვა სანდრომ, _ არაფერიც არ დამთავრებულა, უფრო ზუსტად, ჯერ არც დაწყებულა. მთავარი წინ გველოდება.

ნანი ასეთ თავხედობას არ მოელოდა. მან ხელი ჰკრა მამაკაცს და გაიქცა. შემდეგ ნაბიჯი შეანელა და ბარისკენ აიღო გეზი, მაგრამ ზურგს უკან სანდროს გამჭოლ მზერას მაინც გრძნობდა.

_ კიდევ კარგი, გამოჩნდი, ძალიან შეგვაშინე და შენს საძებნელად ვაპირებდით ახლა წამოსვლას, _ მიაყარა მაკამ, როცა გაფითრებული ნანი დაინახა.

_ რა იყო, სად უნდა დავკარგულიყავი? დაბლა ჩავისეირნე, ბაღში. _ უდარდელი ტონით მიუგო მეგობარს და მზერა აარიდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც მეგობრები რესტორნიდან გამოვიდნენ, ნანიმ გაბედა და სანდროს მაგიდისკენ გააპარა მზერა, აინტერესებდა, კიდევ უთვალთვალებდა თუ არა მამაკაცი. მაგრამ სანდროს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თავის ქერათმიან ლამაზმანთან «ღიმილფრქვევით» იყო გართული.

«ძალიანაც კარგი», _ გაიფიქრა ნანიმ და ტუჩები ბრაზიანად მოკუმა.

ვასიკომ დამშვიდობებისას ნანის ხელზე აკოცა და ალერსიანად ჩახედა თვალებში. ნანიმაც გაუღიმა და შეეცადა, გულის სიღრმეში რაღაც გრძნობა მაინც აღმოეჩინა ამ სიმპათიური და მზრუნველი მამაკაცის მიმართ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მანქანაში მაკა ხმადაბლა ელაპარაკებოდა ქმარს და ცდილობდა, მეგობარი არ შეეწუხებინა. ნანის კი თავში სანდროსთან შეხვედრა და საუბარი უტრიალებდა. ფიქრობდა, რა იგულისხმა სანდრომ, როცა უთხრა, ჯერ არ დაწყებულაო, მაგრამ ვერა და ვერ მიხვდა.

ალბათ ბედისწერაა, რომ ამდენი წლის შემდეგ ბორჯომში შეხვდნენ ერთმანეთს და ისიც ერთსა დ იმავე კლუბში.

ეს რომ რომელიმე დიდ ქალაქში მომხდარიყო, როგორმე აიცდენდა ამ შეხვედრას, როგორც ამას ადრე ახერხებდა. ნანიმ ყოველთვის იცოდა სანდროს ადგილსამყოფელი და ამიტომ თავად ცდილობდა, მისგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო. როდესაც სანდროს მამამისის სახლში იწვევდნენ სტუმრად, მიზეზს გამოძებნიდა, რომ იქ არ მისულიყო და ქმარს არ შეხვედროდა.

_ რაღა მაინცდამაინც მაშინ გამოგიჩნდება საქმე, როცა ის ვაჟბატონი ჩვენთან სტუმრობს? _ ბუზღუნებდა ლექსო, _ რატომ უნდა გაართოს დოდომ! ხომ იცი, მისი როგორ ეშინია, ლამის გული წაუვიდეს.

დოდოსთან დაკავშირებით ნანის საკუთარი აზრი ჰქონდა: მისი ღრმა რწმენით, მის რძალს, ლექსოს ცოლს, სანდროსნაირები ვერ შეაშინებდა. თავის რძალთან ურთიერთობა ნანის უჭირდა, მაგრამ ამას არასდროს ამჟღავნებდა.

_ რატომ გიკვირს, ლექსო? დოდო შენი ცოლია, შენ კი კონცერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხარ. ასე რომ, კონცერნის სტუმრების მიღება და გართობა მისი პირდაპირი მოვალეობაა, _ ცივად მიუგო ნანიმ, წამითაც არ დაინდო ძმა.

დოდო ყოველ მოხეხებულ მომენტს იყენებდა და ეწუწუნებოდა ქმარს, რომ ნანი თავს არიდებდა მოვალეობას და საკუთარ ქმარზე ზრუნვას რატომღაც, მას ავალებდა. ის, რომ ნანისა და სანდროს ქორწინება ფიქტიური იყო, ოჯახმა დოდოს დაუმალა, ვინაიდან ამ ამბავს ერთ წამში მთელ თბილისს მოსდებდა.

_ ლექსო, ჩემო კარგო, მოგიწევს რაიმე მიზეზის გამოძებნა, რათა დოდოს აუხსნა, რატომ არ ვესწრები ამ შეხვედრებს, _ უთხრა მაშინ ნანიმ ძმას მორიგი საყვედურის მოსმენისას, _ დოდოს დასამშვიდებლად არ ვაპირებ სანდროსთან შეხვედრას, მით უმეტეს, ვიცი, რომ მას ეს არ სიამოვნებს.

ნანი სიმართლეს ამბობდა, ამაში სავსებით იყო დარწმუნებული. ამიტომ ახლა ეჭვები კლავდა _ მათი ეს შეხვედრა შემთხვევითი იყო? რატომ ჩაუსაფრდა სანდრო ბაღში? რატომ უთხრა ის უცნაური სიტყვები? რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს და რატომ ემუქრება?

ნანიმ მოსვენება დაკარგა…

888

რაც უნდა მოიმოქმედოს, იმ ვაჟბატონს მაინც არაფერი გამოუვა. დირექტორთა საბჭოს წევრობა მარადიული თანამდებობა არ არის, ნებისმიერი წევრის საბჭოდან გამოყვანა ხმათა უმრავლესობით შეიძლება. თუმცა მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ღმერთო, ნეტავ კონცერნმა მოახერხოს და დაფინანსების სხვა წყარო გამონახოს, მაშინ სანდრო და მისი ბანკი სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება…

სასტუმროში ნანიმ მაკას ციტრამონი გამოართვა და თავის ნომერში განმარტოვდა. დილით გასამგზავრებლად უკვე მზად იყო, ბარგიც ჩალაგებული ჰქონდა. მხოლოდ კბილის ჯაგრისს აიღებს, კბილის პასტას და მორჩა, დანარჩენი მოგვარებულია.

ნანი ტუალეტის მაგიდასთან ჩამოჯდა და სარკეში ჩაიხედა _ რა საშინელი სიფათი შემოსცქერის! გაფითრებული, დაღლილი სახე. უეცრად მსუბუქად შეჰკივლა: თავისი ანარეკლის თვალიერებისას შენიშნა, რომ ყელზე აღარ ეკეთა მარჯნისთვლიანი კულონი. თავი ხელებში ჩარგო და ჩაფიქრებულს გაახსენდა, როგორ ისტერიულად აწვალებდა ძეკვს, რათა სანდროს ცინიკური მზერისთვის თავი აერიდებინა. ალბათ მაშინ დაკარგა ბებიის სახსოვარი… ამ ბოლო დროს შესაკრავი ხშირად ეხსნებოდა ისედაც, რამდენჯერ დაეკარგა და იპოვა. ოხხხ. როგორ სძულს ეს კაცი! არა, მაინც რატომ ფიქრობს ამდენს მასზე, ქვეყანაზე სხვა მამაკაცი დაილია?

მორჩა! ყველაფერი წარსულში დაასამარა, დღეიდან… არა, უფრო სწორად, ამ ღამიდან იგი ახალ ცხოვრებას იწყებს! სანდროს გარეშე და ვისთან ერთად, ამას დრო უჩვენებს. იქნებ სულაც ვასიკოსთან ერთად!

ეჰ… რა სულელია და მიამიტი… გადაწყვეტილების მიღება ერთია და შესრულება _ მეორე. შესრულებაც არის და შესრულებაც. თქმა ადვილია, გაკეთება _ ძნელი.

ოთახში ცხელოდა და ვერც მოთუხთუხე ვენტილატორი აგრილებდა ჩახუთულ ჰაერს. ნანი მოუსვენრად წრიალებდა საწოლში, დაძინება უჭირდა და ამ ჯაბახანა ვენტილატორის ზუზუნი ხომ საერთოდ ნერვებს უშლიდა. ხელი გადაიწვდინა გამაგრილებლისკენ და გამორთო.

«არა, როგორ მითხრა? ჯერ არაფერი დამთავრებულა, ახლა ვიწყებო. ეს კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ არ მომასვენებს და მუდმივად დამიწყებს თვალთვალს. რა საშინელებაა! ვიცოდე მაინც, რა უნდა, რა აქვს ჩაფიქრებული. რატომ არ მომეშვება? ის მასკარადი ხომ ჩავამთავრეთ? აწი მიხედოს თავის ცხოვრებას, ნახოს სხვა, ვისკენაც მართლა გაუწევს გული და დაქორწინდეს. მე რა, ხელს შევუშლი, თუ? ჩემგან რაღა უნდა, ვერ გამიგია. აბა, შენ იცი, პატივცემულო მდიდარო ბიჭუნავ! მდიე კუდში, წამით არ მომაშორო თვალი, ვნახოთ, ვისი აჯობებს. მაინც არაფერი გამოგივა, ეს კი კარგად ვიცი». _ ქალმა ერთი ღრმად ამოიოხრა და გვერდი იცვალა, თუმცა ფიქრი მაინც არ შეუწყვეტია.

აქ, ამ პატარა ქალაქში ვერსად დაემალება, მაგრამ როგორც კი წავა, დაეკარგება და მერე ეძებოს. მან მხოლოდ მამის ხათრით გადადგა ეს უაზრო ნაბიჯი, ახლა კი, კეთილი ინებოს მამამისმა და ამ კაცის მუქარისგან დაიცვას როგორმე.

კვლავ ამოიოხრა _ საბრალო მამა, რამდენჯერ მოუხადა ბოდიში სანდროს გამო. მაგრამ ის რა შუაშია, ნანი ხომ ბავშვი არ იყო, ჭკუა რატომ არ იხმარა? უნდა გამოეჩინა სიმტკიცე და ამ სულელურ წინადადებას არ დათანხმებოდა. მაშინ ამ დღეშიც არ აღმოჩნდებოდა!

არც კონცერნში მუშაობაზე უნდა დათანხმებულიყო. «არა, მაინც რატომ მიმძიმს ხოლმე უარის თქმა? ჟურნალში საქმე კარგად მიმდიოდა, ხელფასიც მეტი მქონდა და ჟურნალისტობაც მომწონდა. იქ საჭირო ვიყავი, ახლა რაღა შემრჩა ხელში? უინტერესო სამსახური და აგრესიული, არაფრად ღირებული ვითომ ქმარი».

ვერა და ვერ მოისვენა. თვალზე რული არ ეკარებოდა და მახსოვრობაში ამოუტივტივდა ერთი შემთხვევითი შეხვედრა. ეს იყო მოგონება, რომლის გახსენებაც არასდროს სურდა და მეხსიერების შორეულ, ყველაზე ბნელ კუნჭულში საგულდაგულოდ ინახავდა. ეს მოგონება აფორიაქებდა, სულს უმღვრევდა, არ ასვენებდა და ისე ნათლად ჩაებეჭდა გონებაში, თითქოს სულ ახლახან მოხდა და არა რამდენიმე წლის წინ.

მეგობარი გოგონები ერთ ბარში შეიკრიბნენ. ნანიკო დაბრუნდა საქორწინო მოგზაურობიდან და დაქალს შეხვედრა მოუწყვეს. ნანის სასწრაფო რეპორტაჟი ჰქონდა დასამთავრებელი და ცოტათი დააგვიანა. როდესაც ის ბარში მივიდა, გოგონებს უკვე დალეული ჰქონდათ რამდენიმე ფუჟერი შამპანური და თვალები უჟუჟუნებდათ, თან მასხრობის ხასიათზეც დამდგარიყვნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და თვალებგაბრწყინებულები და ღაწვებშეფაკლულები მეტიჩრულად კისკისებდნენ. ნანი მოიღუშა _ ჯერ ერთი, დალევა არ უყვარდა დიდად და მეორეც, შამპანურს თვალის დასანახავად ვერ იტანდა. «რა გაუძლებს ახლა ამდენ მთვრალ ქალს», _ უკმაყოფილოდ გაიფიქრა და ინანა, რომ წამოვიდა.

მისმა მეგობრებმა უშნო ტკარცალით ბარის სტუმრების ყურადღება ეგრევე მიიქციეს, მათ შორის უმეტესობას მამაკაცები წარმოადგენდა. ზოგი კი ღიმილით უცქერდა აღტყინებულ მხიარულ კომპანიას, თუმცა უმრავლესობას მათი ქცევა აშკარად არ მოსწონდა. ერთ-ერთ მათგანს სახეზე ისეთი დაუფარავი ზიზღი აღბეჭდვოდა, რომ, მტრისას!..

უცნობი ოდნავ მოშორებით, ბარის გრძელი დახლის ბოლოში იდგა და თავის მეზობელს ესაუბრებოდა. მაღალი მამაკაცი იყო, სახის მკაცრი, დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, ნაცრისფერი თვალები _ ცივი და გამჭოლი გამოხედვით, ტუჩებზე კი დამცინავი ღიმილი აეკრა. ელეგანტური რუხი ფერის პიჯაკი ეცვა. რა საინტერესო, უჩვეულო გარეგნობა აქვსო, გაიფიქრა ნანიმ და რატომღაც, გული აუჩქროლდა. ჰო, ზუსტად ეს სიტყვა მიესადაგება იმ შეგრძნებას, მაშინ რომ დაეუფლა. ამ კაცისგან ძალა და უშიშრობა იგრძნობოდა და კიდევ _ ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ალბათ უყვარს, როცა თავისზე სუსტებს მართავს, _ დაასკვნა ნანიმ და უცნობს თვალი აარიდა.

ცოტა ხნის შემდეგ მალულად კვლავ გაიხედა მისკენ. უეცრად შეამჩნია, უცნობმა როგორ მოავლო მოჭუტული თვალებით მზერა გოგონებს და ნანის მკერდს როგორ დააშტერდა. ისეთი თვალებით უყურებდა, გოგონა სკამს მიელურსმნა. სანამ აზრზე მოვიდოდა, უცნობი გულგრილად შებრუნდა და თავის თანამეინახესთან საუბარი განაგრძო.

სოფომ ნანის მუჯლუგუნი წაჰკრა.

_ იცნობ მაგ ტიპს?

_ არა, საიდან, პირველად ვხედავ, _ დაბნეულმა თავი გადააქნია.

აღელვება რომ დაეფარა, გააკეთა ის, რასაც სხვა დროს არასდროს გააკეთებდა. ფუჟერი შუშხუნა შამპანურით გააპიპინა და სულმოუთქმელად გამოცალა.

_ ყოველ შემთხვევაში, ეგ ტიპი აქ ვყელას ჯობია. ნახე, რა კაცია! _ განაცხადა ნანიკომ.

_ რაღაც არ მომწონს აქაურობა, _ წარმოთქვა ნანიმ მოულოდნელად, _ ნეტავ სხვაგან შევკრებილიყავით, საშინელი მოწყენილობაა.

_ მოწყენილობა იქნება, გენაცვალე, აბა რა, ხუთი საათის შემდეგ მოხვედი და… ჩვენ ისეთი დრო ვატარეთ, ვერ ხედავ, აქეთ აქვს მთელ დარბაზს თვალები დაყვლეპილი. მაგრამ ვაქცევთ ყურადღებას? არა, რა თქმა უნდა, _ შესძახა სოფომ, _ უი, რა გამახსენდა! _ ტაში შემოკრა უეცრად, _ გინდათ, სტუდენტობა გავიხსენოთ? გავითვალოთ, ყველამ ერთად დავლიოთ და ვინც წააგებს, იმან სურვილი შეასრულოს!

ნანიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. რა საჭირო იყო შეჯიბრი, მან წინასწარ იცოდა, რომ წააგებდა. შამპანურის სუნსაც ვერ იტანდა და დალევას როგორღა მოახერხებდა? მაგრამ წეღან რომ დალია? ეგ ისე, გულის გასამაგრებლად გააკეთა თუ მღელვარების დასაფარავად… რა მნიშვნელობა აქვს!

სწრაფად არათუ შამპანურს, წყალსაც კი ვერ სვამდა, მაგრამ მეგობრებს ხათრი ვერ გაუტეხა და თამაშში აჰყვა, იქნებ ხასიათი გამომიკეთდესო.

მოჰკიდა ხელი ფუჟერს, სიგნალს დაელოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც კი სასმლის დალევას შეუდგა, ეგრევე იგრძნო, როგორ არ სიამოვნებდა და… დააგვიანა. გოგონები სიცილით ბჟირდებოდნენ, სანამ იგი სასმისს ბოლომდე დაცლიდა. როგორც იქნა, სული მოითქვა, პირი ხელის ზურგით მოიწმინდა, ცარიელი ფუჟერი მაგიდაზე ხმაურით დადგა და ნიშნის მოგებით გადახედა დაქალებს.

_ მოთმინებით ველოდები თქვენს «განაჩენს», _ ომახიანად შესძახა და ხელები გაშალა, _ ჰა, რა ვქნა, ვიმღერო? ვიცეკვო? თუ სტრიპტიზი მოვაწყო?

უეცრად ნუცა წამოხტა, თვალებში ჭინკები აუციმციმდა, ტაში შემოჰკრა და შესძახა.

_ ხმათა უმრავლესობით, მოვიფიქრე კიდეც დავალება! ნანი მივიდეს იმ უსიამოვნო ტიპთან და ერთი კოცნისთვის 10 ლარი გადაუხადოს! ა, ბატონო, ფულს მე ვდებ! მაინტერესებს, რა სიფათი დაედება, ამას რომ მოისმენს! _ ნუცამ ჩანთიდან ტკიცინა ათლარიანი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

ნანის ფერი ეცვალა. სასმელმა თავისი ქნა, ღაწვები მასაც აუფორაჯა ორმა ფუჟერმა შამპანურმა, მაგრამ გონება არ არევია, რომ ასეთ გიჟურ წინადადებას დათანხმებოდა.

_ არა! მაგას ვერ ვიზამ, ხომ არ გაგიჟდი! მიდი, სხვა რამე მოიფიქრე! _ შორს დაიჭირა.

თითქოს ინტუიციამ უკარნახა, რომ უცნობთან ხუმრობა კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ ატკრციალებულ ქალებს რა შეაჩერებდა, თითქოს ყველას ჟინიანმა ტალღამ გადაუარა.

_ ნანი, აბა, შენ იცი, არ შეგვარცხვინო. მიდი, თორემ უარესს მოვიფიქრებთ. მართლა სტრიპტიზს ხომ არ იცეკვებ, გოგო?!

ნანი მიხვდა, დაქალები თავისას არ დაიშლიდნენ და ხელი ჩაიქნია. მათგან არც ერთს არ გაუჭირდებოდა ამ დავალების შესრულება და ნანი რა, წითელი კვერცხია? მართალია, უჭირს უცხო ადამიანებთან გაშინაურება, ვერ გრძნობს თავს მთლად თამამად, მაგრამ ახლა გამბედაობა შეემატა, სასმელმა თავისი ქნა. არადა, ისე, რა იცი, რა ხდება? იქნებ გაუმართლოს კიდეც და მოეწონოს იმ უცნობს? ან, უარეს შემთხვევაში, საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება? მაგრამ რომ აკოცოს, მერე სად წავიდეს? როგორ მოიქცეს?

ამის წარმოდგენაზე კინაღამ გული წაუვიდა, მაგრმ საბოლოოდ მაინც მოიკრიბა გამბედაობა, საკუთარ თავს შეუძახა, აბა, შენ იცი, ნაძლევი არ წააგოო და გაუბედავი ღიმილით გაემართა უცხო მამაკაცისკენ, თან სიტყვებს ეძებდა, არ იცოდა, როგორ მიემართა და, საერთოდ, საიდან დაეწყო სათქმელი.

მისკენ მიმავალ ნანის მამაკაცმა ყურადღება მაშინვე მიაქცია, ცივი თვალებითა და გაყინული სახით მასთან შესახვედრად მოემზადა. ნანიმ ნაბიჯს აუჩქარა.

_ გამარჯობა!

შიშით ხმა ჩაუწყდა, მისალმება ძლივს ამოღერღა და ჩაახველა, თითქოს ეს ძალას შემატებდა.

უცნობი გაოცებული მიაჩერდა.

_ გნებავთ რამე?

გოგონამ გულღიად გაუღიმა, მაგრამ თვალებში შეხედვის შეეშინდა, ხელში ჩაბღუჯული ათლარიანი გაუწოდა და უთხრა.

_ მე თქვენი კოცნის ყიდვა მინდა.

როგორც ჩანს, საკმაოდ ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი, ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა.

_ მარტო ეს გინდათ? სხვა არაფერი? _ ღვარძლიანად ჩაიცინა მამაკაცმა, ბარის დახლს მიეყრდნო და თავხედი გოგონა ამრეზით აათვალიერ-ჩაათვალიერა. ნანის ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ამდენ ხალხში შიშველი იდგა, გაქცევა უნდოდა და ნაბიჯს ვერ დგამდა…

მამაკაცმა ჯიბიდან საფულე ამოიღო, გოგონას 100-დოლარიანი გაუწოდა, ირონიულად გაუღიმა და ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით თქვა, რაც ალბათ ბევრმა გაიგონა.

_ მეც მაქვს შენთან წინადადება. ას დოლარად მეტს ვითხოვ, ვიდრე კოცნას. მოსულა?

ნანი გაშრა. სახეზე ალმურმა აჰკრა. თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ასეთი შეურაცხყოფა მისთვის არასდროს არავის მიუყენებია. როგორ გააწბილა ამ ვიღაცამ! ზურგიდანაც კი გრძნობდა სხვების დამამცირებელ მზერას.

_ არც იოცნებოთ! _ სხვისი, დაბნეული ხმით წამოისროლა, რადგან მეტი ვერაფერი მოიფიქრა, შემდეგ მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა და თავისი მაგიდისკენ გაემართა ტორტმან-ტორტმანით.

ცდილობდა, ნაბიჯი არ აეჩქარებინა, რომ მისი წასვლა გაქცევას არ დამსგავსებოდა. ამასთან, საკმარისი იყო, ოდნავ ჩქარა გაევლო, რომ აუცილებლად წაიქცეოდა. თავზარდაცემული ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას. სანამ მაგიდას მიუახლოვდებოდა, ერთბაშად გამოაფხიზლა იმ შეურაცხყოფამ, რომელიც უცხო მამაკაცმა მიაყენა. ტუჩები მაგრად მოკუმა. ეშინოდა, არ ატირებულიყო. იმ კაცზე კი არა, საკუთარ თავზე ბრაზობდა, მეგობრებს წინააღმდეგობა რომ არ გაუწია და სანაძლეოზე დათანხმდა. რა თამაშობანა აუტყდა? ხომ უგრძნობდა გული, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა? ახია მასზე!

_ რა მოხდა, რა გითხრა? _ გოგოებმა მის სახეზე მაშინვე ამოიკითხეს, რომ რაღაც საშინელება მოხდა.

_ არაფერი, _ გულგრილად უპასუხა ნანიმ, _ არ გამიმართლა, იმ ტიპს საერთოდ არ ჰქონია იუმორის გრძნობა.

_ მართლაც საზიზღარი ტიპია, არ უნდა წამოგვეწყო ეს უაზრობა. პატარა ბავშვებივით ვიქცევით, _ მიუხვდა თინიკო, _ მაგ დეგენერატს მეც არ ვაკოცებდი. მოდით, წავიდეთ აქედან, გვერდით, ღია კაფეში ნაყინი და ნამცხვრებია, ცოტას გავგრილდებით.

სანამ გოგონები აიშლებოდნენ და ფულს გადაიხდიდნენ, ნანი გარინდული იჯდა. აღარსად აპირებდა წასვლას. თან გული უსკდებოდა, იმ კაცს არ შეემჩნია მისი აფორიაქება.

8 8 8

როგორც კი ბარიდან გამოვიდნენ, ნანიმ თავის ტკივილი მოიმიზეზა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უკარნახა. მანქანის სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, თვალები მილულა, მაგრამ უცნობის სახე და დამცინავი ღიმილი ვერ დაივიწყა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რა ემართებოდა, რატომ კანკალებდა ასე, რატომ ფიქრობდა ამდენს იმ თავხედზე? რატომ და იმიტომ, რომ დაამცირეს, დასცინეს და მასხრად აიგდეს. რა დიდი გამოცნობა ამას უნდა?

სულელი ბავშვივით მოიქცა, სანაძლეოს რომ აჰყვა. იმან კი ყველაზე დამამცირებელი მეთოდით მოიცილა თავიდან, აბუჩად აიგდო და სამაგიერო გადაუხადა.

არა, როგორმე უნდა ამოიგდოს გონებიდან ეს შემთხვევა, დიდი ამბავი, ერთმა ნაძირალამ თუ გული ატკინა. რაც იყო, იყო. მომავალში ჭკუას ისწავლის. შეცდომა ხომ ადინჯებს ადამიანს და ერთი ნაბიჯით ზრდის.

თანდათან დამშვიდდა, ამასთან, დაიფიცა, რომ იმ ბარში აღარასდროს შედგამდა ფეხს.

8 8 8

ახლა კი ბორჯომის სასტუმროში მარტო იყო ნომერში, საწოლზე მიწოლილი და იმ უცნაურ საღამოს იხსენებდა. მაშინ ეგონა, რომ იმ კოშმარისგან თავი სამუდამოდ დაიხსნა. საიდან უნდა სცოდნოდა, რომ სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ის უცნაური უცნობი ქარიშხალივით შემოიჭრებოდა მის ცხოვრებაში, ააფორიაქებდა და გულს დაუსერავდა…

ის მწარე დღეები თითქოს საკმარისი არ იყო, ახლა აქაც გამოეცხადა, ისევ ააფორიაქა, დააბნია. ნანიმ თავი უსუსურ არსებად იგრძნო. მაგ დეგენერატს სწორედ ამის მიღწევა უნდა _ ნანის გათელვა, დათრგუნვა, განადგურება, მაგრამ ვერ ეღირსება! ნანი აღარაა ის პატარა გოგო, სხვის ნება-სურვილზე რომ დადიოდა!

ამ აზრმა დაამშვიდა. საბანი თავზე წაიხურა და მალე ჩაეძინა კიდეც.

მეორე დილით, როდესაც სასტუმროს ბუფეტში სასაუზმოდ ჩავიდა, ირაკლი გამოეცხადა, მაკას ქმარი. იგი შეშფოთებული ჩანდა.

_ ნანი, ახლახან ვასიკომ დამირეკა. ამინდი იცვლებაო. პილოტი შიშობს, რომ თბილისის აეროდრომი დაიკეტება და გაფრენას ჩქარობს, მით უმეტეს, რომ ერთი საათით ბაკურიანში მოუწევს დაფრენა.

_ როგორ თუ ბაკურიანში?

_ აბა რა ვიცი, რომელიღაც მგზავრს იქ წასვლა მოუსურვებია, დიდი ფულიც გადაუხდია და პილოტს ვინღა ჰკითხავს? უფროსობა რასაც უბრძანებს, ის უნდა გააკეთოს. იქნებ დარჩე კიდევ რამდენიმე დღე, სანამ ამინდი შეიცვლება და მერე მე თვითონ წაგიყვან ჩემი მანქანით, კარგი? გარდა ამისა, ისე შეგეჩვიეთ, არ გვემეტები გასამგზავრებლად, გაგვიჭირდება უშენოდ, ოღონდ მართლა.

_ დიდი მადლობა, ირაკლი, მაგრმ თბილისში სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე, გადაუდებელი საქმე მაქვს. მეც ძალიან მომენატრებით, მაგრამ არა უშავს, რამდენიმე კვირაში ისევ ჩამოვალ.

ცოტა არ იყოს, ეუხერხულებოდა ტყუილის თქმა. მშვენივრად იცოდა, რომ არანაირი გადაუდებელი საქმე არ ჰქონდა, მაგრამ აქ გაჩერება აღარ შეეძლო, არ უნდოდა, კვლავ შეფეთებოდა სანდროს.

ირაკლიმ წარბი აზიდა, რა გაეწყობაო, ნანის მოდურ სამგზავრო ჩანთას ხელი დაავლო და ჰოლში გავიდნენ. ამ დროს კარი გაიღო და ვასიკოც გამოჩნდა.

ცრემლმორეული მაკა გადაეხვია დაქალს. კარგა ხანს იდგნენ ჩახუტებულები, შემდეგ ნანი ვასიკოს მანქანაში ჩაჯდა და ცოლ-ქმარს ნაღვლიანი მზერით მოხედა.

_ მალე დაბრუნდი, ნანუკი, რა! _ ხელი დაუქნია მაკამ.

_ აუცილებლად! არ მოიწყინოთ უჩემოდ! _ ღიმილით გამოჰყო თავი მანქანის ფანჯრიდან.

მთელი გზა უხმოდ გაიარეს. ვასიკომ მანქანა პირდაპირ მიაყენა პატარა, თეთრ ვერტმფრენს. ნანი გადავიდა, კარი მიაჯახუნა და მოახლოებულ მამაკაცს ხელი გაუწოდა დასამშვიდობებლად. ეს უკანასკნელი კი მოეხვია, აკოცა და უთხრა.

_ ჯერ კიდევ არ არის გვიან, იქნებ დარჩენილიყავი?

_ არ შემიძლია, ვასიკო, ხომ იცი, სამსახური მაქვს, რომ არ გამოვცხადდე, საყვედურს მეტყვიან, შვებულება უკვე დამიმთავრდა, _ ნანიმ თბილად გაუღიმა და ვერც შეამჩნია, ორივენი «შენობით» მიმართვაზე როგორ გადავიდნენ.

_ საინტერესო სამუშაო შენთვის აქაც მოიძებნება! გთხოვ, დარჩი, არ მინდა შენი დაკარგვა.

«ჩვენ მაინც არაფერი გამოგვივა», _ სინანულით გაიფიქრა გოგონამ, მამაკაცს ალერსით ჩამოუსვა ლოყაზე თითები და ვერტმფრენში ავიდა.

სალონში სულ ოთხი სავარძელი იყო და ყველა თავისუფალი.

მფრინავი თავის ადგილას იჯდა, თან ხელსაწყოებს ამოწმებდა.

ნანი მიესალმა და ჰკითხა.

_ მგზავრი მარტო მე ვარ?

_ ერთს ველოდებით კიდევ და დავიძვრებით. როგორც კი ამოვა, არ დავაყოვნებთ.

_ თქვეს, ამინდი შეიცვლებაო, საშიში ხომ არ იქნება ფრენა?

_ აბა, წინასწარ რა გითხრათ. ჯერჯერობით სიმშვიდეა. მთავარია, ბაკურიანიდან გამოვფრინდეთ დროზე და იქ არ ჩავიკეტოთ. აი, ჩვენი მგზავრიც გამოჩნდააა! _ მხიარულად შესძახა პილოტმა.

კიდევ კარგი, არ დააგვიანა, _ შვებით ამოისუნთქა ნანიმ და სავარძელში გასწორდა, მაგრამ როგორც კი «მგზავრს» შეხედა, გული საგულიდან ამოუხტა.

_ ოჰოოო! რა უცნაური დამთხვევაა! _ დამცინავად გაიღიმა სანდრომ, _ თურმე ერთად ვმგზავრობთ. არ ვიცოდი, არ ვიცოდი?! _ შემდეგ ნანის გვერდით დაჯდა და ღვედები შეიკრა.

ნანიმ განზე გაიხედა, პასუხი არ გაუცია.

_ როგორც ყოველთვის, გაქცევით შველი თავს, არა? _ არ მოეშვა სანდრო.

_ რა თქმა უნდა, _ კბილებშუა გამოცრა გოგონამ, აკანკალებული ხელებით ძლივს მოახერხა ღვედების შეკვრა, მაგრამ მოულოდნელად ისევ შეიხსნა და წამოდგა.

არა, უნდა დარჩეს! ამ კაცთან ერთად ფრენა არ შეუძლია, თბილისამდე ვერ მოითმენს მის სარკასტულ «ბაიათებს», მაგრამ ჩასვლა ვერ მოასწრო. ძრავა ამუშავდა და ვერტმფრენმა ჰაერში აიწია. ნანი შეტორტმანდა და წონასწორობა რომ არ დაეკარგა, სასწრაფოდ დაეშვა სავარძელზე.

კარგა ხანი გავიდა, სანამ დამშვიდდებოდა და ხმის ამოღებას შეძლებდა.

_ აქ როგორ აღმოჩნდი, სანდრო? _ გულგრილად შეეკითხა.

_ აქ სად? ბორჯომში? _ კითხვა შეუბრუნა მამაკაცმა.

_ არა, ვერტმფრენში.

_ ააა! როგორ და… ბილეთი ვიყიდე და ისე, _ ჩვეული ცინიზმით ჩაიცინა სანდრომ.

_ კი მაგრამ, გუშინ საღამოს არ გითქვამს, რომ წამოსვლას აპირებდი?

_ არც შენ გიკითხავს, როგორც მახსოვს? ბაკურიანში მაქვს საქმე და საჩქაროდ უნდა გადავფრინდე, მანქანით ვერ ვასწრებ, შემდეგ კი თბილისამდეც გამოგყვებით.

_ შენი მეგობრები ალბათ მოიწყენენ უშენოდ, უფრო ზუსტად, შენი მეგობარი ქალი, _ უკბინა ყოფილმა ცოლმა და მაშინვე ენა მოიკვნიტა.

რა შტერია, ეს რამ ათქმევინა! ახლა იფიქრებს, რომ ეჭვიანობს!

_ როგორც შევატყვე, შენი მეგობრებიც არანაკლებ დანაღვლიანდნენ შენი წამოსვლით. ვასიკო კობაძიხეს ისეთი უბედური სახე ჰქონდა წეღან, გული დამეთუთქა. რა ჰქენი, წამოსვლის წინ არ დაამშვიდე?

_ ეგ შენი საქმე არ არის, _ უკმეხად მოუჭრა.

_ სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი გვქვია და ის, რაც შენ გეხება, ჩემი საქმეცაა.

_ რომელ ცოლქმრობაზე მელაპარაკები ერთი! განა ოდესმე ერქვა ჩვენს ურთიერთობას ცოლქმრობა? ეგ მხოლოდ რამდენიმეთვიანი ფორმალობა იყო და მეტი არაფერი, _ გაწიწმატდა გოგონა.

_ მერე რა? მე მაინც ვნერვიულობ შენ გამო.

_ ნუ გეშინია, რამდენიმე კვირა და დამშვიდდები, სამუდამოდ გაგათავისუფლებ ჩემგან.

_ ჰმ… დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს? _ ჩაიცინა სანდრომ.

_ როგორ არა გვაქვს, გვაქვს! შენსავით მეც მოუთმენლად ველი გათავისუფლებას. აი, ეს გვაქვს საერთო.

_ აი, ხომ ხედავ, რაღაც მაინც გვქონია. ორივეს ერთი სურვილი გვამოძრავებს. და რატომ ვკინკლაობთ? ამწუთას ყველაფერს არ ჯობია, დაბლა ჩავიხედოთ და ბუნება დავათვალიეროთ? ნახე, რა სილამაზეა!

როდის იყო, ეგ საზიზღარი სილამაზეს ამჩნევდაო, გაიფიქრა ნანიმ, მაგრამ მაინც დაუჯერა მამაკაცს და მარცხნივ შეტრიალდა…

888

სანდრომ მუხლებზე დადებული კეისი გახსნა და იქიდან თაბახის დაბეჭდილი ფურცლები ამოიღო.

«კიდევ კარგი, მაგ ქაღალდებს ჩაჰკირკიტებს და არ მელაპარაკება», _ ოდნავ დამშვიდდა ნანი. იგი მალულად გახედავდა ხოლმე საქმეში ჩაფლულ მამაკაცს და სინანული კლავდა. მის გვერდით მისივე ქმარი იჯდა, მაგრამ ახლობელი და სათაყვანებელი კი არა, სრულიად უცხო, გულცივი მამაკაცი. ახლა ისინი ერთად მიფრინავენ ბაკურიანში და ვინ იცის, იქნებ სანდრო თბილისშიც წამოვიდეს, ხომ თქვა, იქაც საქმე მაქვს მოსაგვარებელიო.

არა, მაინც ყოველთვის რა უცნაურია მათი შეხვედრა, უცნაური და შემთხვევითი.

ბარში მომხდარი ავად სახსენებელი, დამამცირებელი ეპიზოდიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ნანის ლექსომ დაურეკა და უთხრა, შაბათ-კვირას მამისეულ სახლში დიდი ოჯახური შეკრებაა დაგეგმილი და უნდა მოხვიდეო. ნანი შეწუხდა, ინტერვიუზე ფოთში აპირებდა გამგზავრებას. ძმას კი არაფრის გაგონება არ სურდა.

_ ინტერვიუ ერთი-ორი დღე მოიცდის, არსად გაგექცევა. შენი ყოფნა აუცილებელია. ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და ერთი მდიდარი, ძალიან სერიოზული ბანკირი ფინანსურ დახმარებას შეგვპირდა. ისე უნდა დავხვდეთ, რომ არასდროს დაავიწყდეს და ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეს.

ნანის მისი ტონი არ მოეწონა.

_ იქნებ გამაგებინო, რაშია საქმე?

_ შენთვის ამის ცოდნა აუცილებელი არ არის, მარამ მაინც გეტყვი. კონცერნს ამჟამად უჭირს და დამატებითი კაპიტალის ჩადება სჭირდება. ამის მიღწევა კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენ მისი ფინანსისტები უნდა დავარწმუნოთ, რომ ტრადიციული, სანდო ფირმა გვაქვს და ჩვენი ნდობა შეიძლება. ასე რომ, გაემზადე, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენც დირექტორთა საბჭოს წევრი ხარ.

_ მხოლოდ ქაღალდზე! _ წაკბინა ნანიმ.

სინამდვილეში, ნანის წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა კონცერნში. ძალიან იშვიათად, წელიწადში რამდენჯერმე უხდებოდა რაღაც საბუთებზე ხელის მოწერა, ეს იყო და ეს.

მისი იქ ყოფნა იმიტომ უნდოდათ, რომ იგი დირექტორა საბჭოს წევრი იყო და იმ სტუმარს აუცილებლად უნდა დახვედროდა. უბრალოდ, ლექსოს ცოლი დოდო სოფელში გაზრდილი გოგო იყო და არ იცოდა საპატიო სტუმრის მიღების წესები. ნანი ყველანაირად ცდილობდა, დოდოსთვის რაღაც ესწავლებინა, მაგრამ როგორც იტყვიან, არა შეჯდა მწყერი ხესაო… «ლექსოც არანაკლები შტერია», _ გაიფიქრა ნანიმ. როგორ დააბა იმ გომბიომ, ახია მასზე, როცა დალევს, არ იცის, რას სჩადის და ოსტატურად დაგებულ მახეში ამიტომაც გაება.

ნანი ვერ იტანდა ოჯახურ შეკრებებს. ლექსომ ეს იცოდა და უკანასკნელი არგუმენტი მოიშველია.

_ ნანუკა, მამას შენი დიდი იმედი აქვს და ნუ გააწბილებ.

ეს ლექსოს მხრიდან ნამდვილი შანტაჟი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა, მამას ხომ ვერ აწყენინებდა! წინასწარ რომ სცოდნოდა, რას მოუტანდა მისი რბილი, დამყოლი ხასიათი, იმ წუთას ფეხით გაიქცეოდა ფოთში და აღარასოდეს დაბრუნდებოდა!

რედაქციაში მისულმა რედაქტორს უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და ფოთში ორშაბათს წავიდოდა, შემდეგ კი მორჩილად გაემართა მამისეული სახლისკენ.

8 8 8

დოდო უაზროდ დაქროდა ოთახიდან ოთახში, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერს აფუჭებდა. შემდეგ სამზარეულოში შერბოდა და მზარეულსა და მოსამსახურეს რაღაც წვრილმანზე უყვიროდა.

_ როგორც იქნა, მობრძანდა თქვენი აღმატებულება! _ ასე შეხვდა რძალი მულს, _ კიდევ კარგი, სტუმარი იგვიანებს, ჯერ არაფერი გვაქვს მზად. მისთვის დერეფნის ბოლოს რომ ოთახია, ის მოვამზადე, ცისფერფარდებიანი, მაგრამ ლექსომ მითხრა, ჯობია, კაბინეტის გვერდით რომ საძინებელია, იქ მოვათავსოთო და ახლა აღარ ვიცი, რა ვქნა.

_ კარგი, რა, დოდო, რა განერვიულებს? ყველაფერი მოგვარდება, მეც დაგეხმარები. რა იყო, სტუმარი ჯერ არ გვყოლია თუ რა? შენ სწორი არჩევანი გააკეთე, ცისფერი ოთახი უფრო შესაფერისი იქნება ბიზნესმენისთვის. ასე რომ, ნუ ფორიაქობ, უმჯობესია, სამზარეულოში გავიდეთ და ვნახოთ, რა ხდება, არის თუ არა ყველაფერი მომზადებული. დიდი ამბავი, ერთი ჩვეულებრივი სტუმარი მოგვივა და ეგ არის. რატომ ღელავ?

_ რა ვიცი, გენაცვალე, მამაშენს და ლექსოს თუ დავუჯერებთ, ის სულაც არ არის ჩვეულებრივი სტუმარი.

_ რატომ, პირს ბროსნანია? _ ჩაიცინა გოგონამ.

_ როგორ ფიქრობ, ოთახში ყვავილები დავუდგათ? _ მის ირონიას ყურადღება არ მიაქცია რძალმა.

_ თუ ცოლთან ერთად ჩამოდის, მაშინ არ იქნება ურიგო.

_ მგონი, უცოლოა, ყოველ შემთხვევაში, მარტო მოდის, მაგრამ ყვავილებს მაინც შევიტან.

_ სადაურია?

_ ქართველია, მაგრამ კიევში აქვს მსხვილი ბანკებიო.

_ კარგი, კარგი, ყველაფერი მოგვარდება.

_ შენ რა გიჭირს, ამ სახლში სტუმარივით მოდიხარ. მე მკითხე, შენი ძმა რა დღეში მაგდებს, თუ სტუმარს ელოდება.

ნანი თავის ოთახში შევიდა და ახალშეძენილი კაბა საკიდარზე ჩამოკიდა. ის იყო, სააბაზანოში შესვლა გადაწყვიტა, რომ ოთახში დოდო შემოვარდა. ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა.

_ მოვიდა, სტუმარი უკვე მოვიდა! გეხვეწები, ეს ბუკეტი მის ოთახში შეიტანე და ლარნაკში ჩადე. ხომ იცი, ლექსოს არ უყვარს, სტუმარს რომ არ ვხვდები. შენ კიდევ არ ხარ ჩაცმული? _ დოდომ ალმაცერად შეათვალიერა მული, რომელსაც გახეხილი ჯინსი და უბრალო მაისური ეცვა, _ ასე აპირებ უცხო კაცის დახვედრას?

_ ჰო, ასე ვაპირებ, არ შეიძლება?

დოდო შეიშმუშნა.

_ რა ვიცი, ისე გაცვია, ვიღაცას სპორტსმენი ეგონები ან მოსამსახურე.

_ მაგარი შედარებაა, _ გულიანად გაეცინა ნანის, _ მის აზრს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ეს «ნარიადი» მომწონს, _ დოდოს ჯინაზე თქვა ნანიმ, თუმცა ახალი კაბის ჩაცმას აპირებდა.

_ რა ვიცი, მე მგონი, მამას და შენს ძმას შენი ჩაცმულობა არ მოეწონებათ. ისინი მაგ კაცზე მთელ იმედებს ამყარებენ.

ნანის უკვე მოჰბეზრდა ამ თემაზე გაუთავებელი ლაპარაკი.

_ მაინც ვინ არის ის კაცი ასეთი, მის გამო ასე რომ აფორიაქდით ყველანი? დიდი ამბავი, ალბათ ერით ფულიანი ტომარაა, ღიპგამობერილი და ამბიციური.

დოდომ ბოლომდე აღარ მოუსმინა მულს, არც უპასუხა, ხელი ჩაიქნია და ბუზღუნით სასტუმრო ოთახისკენ გასწია.

მარტო დარჩენილმა ნანიმ ტუჩებზე მკრთალი პომადა გადაისვა და სარკეში ჩაიხედა. ტანსაცმლის გამოცვლას აპირებდა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა, უცხო სტუმართან ასედაც მშვენივრად იგრძნობდა თავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში და ყვავილების თაიგულით ცისფერფარდიანი საძინებლისკენ გაემართა.

«როგორც ჩანს, დოდომ რაღაც მაინც ისწავლა,» _ გაიფიქრა, როდესაც გემოვნებით მორთულ ოთახში შევიდა.

ლარნაკი ჟურნალების მაგიდაზე ჩამოდგა, თვითონ კი ფანჯარასთან მივიდა, რომელიც ბაღში გადიოდა და სიამოვნებით შეისუნთქა ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.

თუ ამ ფინანსურ გენიოსს ეს ოთახი არ მოეწონება, მაშინ მასზე ლაპარაკიც არ ღირს. აქედან გამომდინარე, კონცერნიც ბევრს ვერაფერს იზარალებს. ნანის უკვირდა, რატომ იყო ასე უარყოფითად და აგრესიულად განწყობილი ადამიანის მიმართ, რომელიც თვალით არ უნახავს და რომელიც მათ დახმარებას აპირებდა.

ის-ის იყო, ფანჯარას მოსცილდა, რომ დახურულ კარს მიღმა ლექსოს ხმა შემოესმა _ ვიღაცას მხიარულად ელაპარაკებოდა.

ეშმაკმა დალახვროს! იმის ნაცვლად, სტუმარი სასტუმრო ოთახში მიეღო და ხილითა და კოქტეილით მაინც გამასპინძლებოდა, პირდაპირ მისთვის განკუთვნილ ოთახში ამოუყვანია. რა უხერხულია _ სტუმარი შემოვა და უეცრად ვიღაც ქალს დაინახავს. რა, ესიამოვნება?

სწორედ ამ დროს კარი გაიღო. ნანი ფანჯარასთან შედგა და სახეზე ღიმილი აიკრა.

_ მე მგონი, ჩვენთან მოგეწონებათ, _ გაიგონა ძმის ხმა, რომელშიც ისეთი მონური ინტონაცია იგრძნობოდა, რომ ქალს უსიამოვნოდ გაააჟრჟოლა.

_ დიდი მადლობა, მე უკვე მომწონს აქაურობა.

უცნობს გულში ჩამწვდომი, ხავერდოვანი ხმა ჰქონდა.

«რა ნაცნობი ტემბრია, ნეტავ სად გამიგია? იქნებ ვიცნობ კიდეც?» _ ამის გაფიქრება და ნანი ადგილზე გაშეშდა, ნაბიჯის გადადგმა გაუძნელდა, თვალები გაუფართოვდა. არა, ეს შეუძლებელია! ალბათ სიზმარია ან ეჩვენება _ ლექსოს გვერდით იდგა მამაკაცი, რომელმაც ბარში შეურაცხყოფა მიაყენა. იგი ახლა დამცინავად შეჰყურებდა გოგონას.

_ მით უმეტეს, როგორც ვხედავ, ოცნების ასრულებაში დამეხმარეთ, _ დამატა სტუმარმა და ნანის თვალი თვალში გაუყარა.

ნანი აღაშფოთა უცნობის თავხედურმა სიტყვებმა. ვინ უგდია ეს ტუტუცი, მის სახლში როგორ ბედავს ასე ლაპარაკს!

_ ნანიკო, აქ რას აკეთებ? _ ლექსოს გაუკვირდა დის დანახვა.

_ დოდომ მთხოვა, ყვავილები შეიტანეო ოთახში და აი… _ დაბნეულმა ძლივს ამოღერღა.

_ ეს ჩემი დაა, ნანი, გაიცანით. ეს კი ჩვენი მეგობარი ალექსანდრე მიქელაძე გახლავთ.

ნანიმ გულგრილად აიჩეჩა მხრები. სახეზე არაბუნებრივი ღიმილი შეეყინა. რა უნდა ექნა? ვალდებული იყო, კეთილმოსურნე დიასახლისის როლი ეთამაშა.

_ საღამო მშვიდობისა, ბატონო ალექსანდრე.

იქნებ ვერც იცნოს? რა კარგი იქნება, ვერ მიხვდეს, ვის სახლშიც მოხვდა, მაგრამ…

_ ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ. მე ვიცნობ თქვენს დას, _ ორაზროვანი ღიმილით წარმოთქვა მამაკაცმა.

გოგონა ლამის მოიკუნტა. ამ დეგენერატმა ახლა რომ პირი გააღოს და ყველაფერი დაფქვას ლექსოს თანდასწრებით, ხომ უნდა მოკვდეს?

სანდროს სიამოვნებდა ნანის შეცბუნებული სახის ცქერა და თვალს არ აშორებდა.

_ გაიხსენეთ ჩვენი პირველი შეხვედრა. გახსოვთ, საქმიანი წინადადებით რომ მომმართეთ? სამწუხაროდ, ის გარიგება არ შედგა და ამას დღემდე ვნანობ.

_ მართლა? _ თვალები გაუფართოვდა ლექსოს, _ ნანისგან ამის შესახებ არაფერი მსმენია, ბატონო ალექსანდრე, სიმართლე რომ გითხრათ.

ნანი გამეხებული იდგა და ხმას ვერ იღებდა.

_ რა საჭიროა ფორმალობა, მე მეგობრები და ახლობლები სანდროს მეძახიან და გთხოვთ, თქვენც ასე მომმართოთ. ჩვენ ხომ ძველი ნაცნობები ვართ! _ რატომღაც, ნანის მიმართა სანდრომ.

გოგონამ სიმწრისგან კბილი კბილს დააჭირა. როგორ უნდოდა ეს უტიფარი გაესილაქებინა! სამწუხაროდ, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, პირიქით, სანდრო მათი კონცერნისთვის საჭირო ფიგურას წარმოადგენდა, ორი-სამი დღე როგორმე უნდა აეტანა, თანაც სახიდან ღიმილი არ უნდა მოეშორებინა.

ნანის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს უსიამოვნო ტიპი მის გაღიზიანებასა და შეფარვით დაცინვას შეეცდებოდა.

_ აბა, სანდრო, ჩვენ დაგტოვებთ, ცოტა დაისვენეთ, მოწესრიგდით და შემდეგ დაბლა შევხვდებით, _ დაარღვია ლექსომ უხერხული სიჩუმე.

სანდრო თვალს არ აშორებდა ნანის და მის თვალებში ეშმაკურმა ნაპერწკლებმა გაიელვა.

_ ნანი, იქნებ დარჩენილიყავით და დამხმარებოდით, ქალის ხელი მაინც სულ სხვაა, _ მამაკაცმა ისე გულწრფელად წარმოთქვა ეს სიტყვები, რომ ნანის ცოტა გაუკვირდა.

_ რა თქმა უნდა, დარჩება კიდეც და დაგეხმარებათ კიდეც, _ მანამ უპასუხა ლექსომ, სანამ ნანი რამის თქმას მოასწრებდა.

ნანიმ მრისხანედ გადახედა ძმას, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია.

_ დოდო მელოდება ქვემოთ, საქმე მაქვს, _ ცივად წარმოთქვა ნანიმ, _ თქვენთან კი მოსამსახურეს გამოვგზავნი, ის უკეთ დაგეხმარებათ.

სანდრომ გაიღიმა.

_ დიდი მადლობა ზრუნვისთვის, მაგრამ ნუ შეწუხდებით, ჩემს თავს თავად მივხედავ.

_ ამაში ეჭვიც არ მეპარება, _ კბილებში გამოცრა გოგონამ, ბოდიში მოიხადა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.

ლექსო კიბეზე წამოეწია.

_ ნეტავ ვიცოდე, რა გემართება! რა გჭირს, გოგო? ისე ელაპარაკები ადამიანს, თითქოს პრეზიდენტის შვილი იყო! რატომ არ მითხარი, სანდროს თუ იცნობდი? სად გაიცანი?

_ იცი, ლექსო, მართალი გითხრა, კარგად არც მახსოვს, მგონი ბიზნესმენთა სიმპოზიუმზე ვნახე. კმაყოფილი ხარ? რა მნიშვნელობა აქვს, სად გავიცანი? _ გაღიზიანებული ტონით მიუგო.

_ რომ არ ჰქონდეს, არ შეგეკითხებოდი! ვერ მიხვდი, როგორ მოეწონე? იქნებ ეს ამბავი ჩვენი საქმის სასარგებლოდაც გამოვიყენოთ. ხომ იცი, რა მნიშვნელობა აქვს მიქელაძის კეთილგანწყობას ჩვენ მიმართ?

_ ლექსო, იქნებ ამიხსნა, ისეთი რა პრობლემები აქვს კონცერნს, რომ ამ ტიპის დახმარება გახდა საჭირო? ბოლოს და ბოლოს, მე დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ და ვალდებული ხარ, საქმის კურსში ჩამაყენო!

_ ახლა ამის დრო არ არის. ისე, სხვა დროს არ დაინტერესებულხარ ჩვენი საქმეებით და ახლა რა ბზიკმა გიკბინა? _ დაუღრინა ძმამ.

_ სამწუხაროდ, მართალი ხარ და ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. როგორც ჩანს, ჯობდა, თავიდანვე დავინტერესებულიყავი. იქნებ აქამდე არც მისულიყო საქმე, _ არც ნანი დარჩა ლექსოს ვალში.

სასტუმრო ოთახში შესვლამდე კი, ვერ მოითმინა და ხმადაბლა, ოდნავი მუქარის ტონით გადაულაპარაკა ძმას.

_ ლექსო! თუ გგონია, რომ ჩემი დახმარებით შესაძლებელია სანდრო მიქელაძის გადმობირება, მწარედ ცდები. ჩვენ მეგობრები არ ვართ და ვფიქრობ, ვერც ვერასდროს გავხდებით. ასე რომ, ჩემით მანიპულირებას ნუ შეეცდები, კარგი?

_ გასაგებია, ნანუკა, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ მასთან ურთიერთობის გამწვავება ჩვენს საქმეს ავნებს. იქნებ ცოტა დაუფიქრდე.

_ ვერ გავიგე, რას მთავაზობ. იმისთვის, რომ იმ ვაჟბატონის ყურადღება დავიმსახურო, მაინცდამაინც უნდა დავუწვე? _ დაიგესლა ნანი.

_ ცოტა სიტყვებს დაუკვირდი, გოგო! _ იფეთქა ლექსომ, _ ხომ არ გავიწყდება, ვის ელაპარაკები!

ნანი მიხვდა, რომ გადააჭარბა და ხმა გაკმინდა.

8 8 8

სანდრო თითქოს მეგობრების წრეში იყო და არა საქმიან შეხვედრაზე. მამაკაცები თავს ევლებოდნენ, თვითონაც ძალზე თავისუფლად გრძნობდა თავს. ნანი ხვდებოდა, რომ ამ ვიზიტზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

ნანი ახლა ნამდვილად ნანობდა, რომ ადრე არ ჩაერთო ოჯახურ ბიზნესში. უბრალოდ, არ აინტერესებდა ეს საქმე და მორჩა, სხვა ხელის შემშლელი მიზეზი არ არსებობდა.

გოგონა ნათლად ხედავდა, როგორ ცმუკავდა ლექსო სტუმრის წინაშე და მიხვდა, რომ კონცერნს მართლა ძალიან უჭირდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რატომ. თუ აქამდე კარგად მიდიოდა საქმე, ბოლო პერიოდში ასეთი რა უნდა მომხდარიყო? პირველად დაინტერესდა ამ ბიზნესით და გადაწყვიტა, საქმეში თავადაც ღრმად ჩაეხედა.

ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც გაიაზრა, რომ მისი უშუალო პრობლემა ახლა მის ცხვირწინ იჯდა და ღიმილით უწვდიდა შამპანურით სავსე ფუჟერს, ნანი კი შამპანურს ვერ იტანდა.

8 8 8

ნანი სარკის წინ იდგა და ყოყმანობდა. არ იცოდა, ახალი კაბა ჩაეცვა თუ არა, ნერვიულობდა. ის დამცირება, რომელიც სანდრომ მიაყენა, ვერა და ვერ დაევიწყებინა. ვერ ინელებდა მამაკაცის სიტყვებს. როგორმე უნდა დაივიწყოს ეგ ამბავი, როგორმე! მეტი საქმე არაფერი აქვს? რა გასახსენებელი ის საღამოა? არა, უნდა მოერიოს თავს!

კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში. მსუბუქი მაკიაჟი, ჰაეროვანი კაბა და მაღლა აწეული თმა, ოდნავ ჩამოყრილი კულულები _ საკუთარი თავი მოეწონა და მშვენივრად გამოვიყურებიო, გაიფიქრა კმაყოფილმა.

_ ძალიანაც კარგი, _ ხმამაღლა წამოცდა და გაუკვირდა, ნეტავ რა მემართებაო.

ფრთხილად ჩამოყვა კიბეს და სასადილო ოთახში შესვლის წინ პირჯვარი გადაიწერა. შეეცადა, დამშვიდებულიყო და ოთახის კარი ღიმილით შეაღო. მისდა გასაკვირად, იქ სანდროს გარდა არავინ დახვდა. ისიც ფანჯარასთან იდგა, ბაღს გადაჰყურებდა და ნანის შემოსვლა არც გაუგია. გოგონა დაფრთხა, ერთი სული ჰქონდა, უჩუმრად გატრიალებულიყო და გასულიყო, მაგრამ არ იცოდა, მოახერხებდა თუ არა.

არაფერი გამოუვიდა! სანდრომ, არც შემობრუნებულა, ისე უთხრა.

_ იცით? მე რატომღაც, ყოველთვის მასპინძლებზე ადრე მოვდივარ.

ნანიმ ძალ-ღონე მოიკრიბა და უდარდელი ღიმილით უპასუხა.

_ არ ვიცი, ჩვენები სად არიან. უცნაურია, რომ იგვიანებენ.

_ ალბათ სამხედრო თათბირი გამართეს, _ ჩაიცინა სანდრომ, შემობრუნდა და გოგონას გამჭოლი მზერა ესროლა.

ნანის გააჟრჟოლა. საზეიმოდ გამოწყობილი სანდრო ძალიან მომხიბვლელი იყო, მაგრამ მიხვდა, რომ ამ სასიამოვნო სამოსს მიღმა ველური კაცი იმალებოდა.

_ თქვენ არ მიგიწვიეს თათბირზე? _ ირონიული ღიმილით შეეკითხა იგი.

_ არა, _ მზერა აარიდა ნანიმ.

_ კი მაგრამ, თქვენც ხომ დირექტორთა საბჭოს წევრი ხართ? არაფერს გეკითხებიან, თუ როგორაა საქმე?

_ ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე დიდად არ მაინტერესებს ეს საქმე. უბრალოდ, ამ ოჯახის წევრი ვარ და ავტომატურად ვირიცხები საბჭოს შემადგენლობაში. სულ ეს არის.

_ მაშინ რატომ ირიცხებით საერთოდ? რა საჭიროა?

_ ჩემმა დიდმა ბაბუამ გადაწყვიტა ასე, ეს ოჯახური ბიზნესია, რომელსაც უცხოეთში ჩაეყარა საფუძველი.

_ ოოო! წინდახედული კაცი ყოფილა ბაბუათქვენი. ნეტავ, რატომ გადაწყვიტა ასე, საინტერესოა.

_ იმიტომ, რომ ამ ბიზნესში უცხოს, რაც უნდა მდიდარი და გავლენიანი იყოს, ცხვირი არ ჩაეყო, _ უკმეხად მიუგო, ნიშნის მოგებით გაუღიმა მამაკაცს და მცირე პაუზა გააკეთა, რათა ეს ინფორმაცია სანდროს კარგად გადაეხარშა.

_ ძალიან მომწყურდა, ხომ არ დაგველია? _ ჰკითხა სანდრომ, მის პასუხს არ დაელოდა, ორი ფუჟერი შამპანურით გაავსო და ერთი ნანის გაუწოდა.

_ გმადლობთ. მოდით, ჩემს დიდ ბაბუას გაუმარჯოს!

_ სიამოვნებით შევსვამ ამ სადღეგრძელოს, _ დამცინავად გაიღიმა მამაკაცმა და სასმისი ბოლომდე დაცალა, შემდეგ კი თქვა, _ არ გეჩვენებათ, რომ დღევანდელ დღეს უცნაურად მოჩანს ბაბუათქვენის პოზიცია?

_ არა, არ მეჩვენება! _ მოუჭრა ნანიმ, _ როგორც ვიცი, თქვენც ოჯახურ ბიზნესში ხართ ჩართული.

_ მართალია. ჩემი ოჯახის ორი წევრი მართლაც მონაწილეობს ბანკის მართვაში, _ დაუდასტურა სანდრომ.

_ აი, ხომ ხედავთ! ამიტომაც ალბათ ისურვებდით, რომ თქვენი საქმე თქვენს შვილს გაეგრძელებინა.

_ თუკი ოდესმე მეყოლება ბიჭი, ის თავად გადაწყვეტს, რა გზას დაადგეს და რა პროფესია აირჩიოს. დაძალება არ მჩვევია.

_ თქვენ რა, ცოლის შერთვას არ აპირებთ?

_ რატომაც არა, მაგრამ ჯერჯერობით საამისოდ დრო ვერ გამოვნახე, ვერც ქალი, _ გაიღიმა სანდრომ, _ მხოლოდ საქმეში ვარ ჩაფლული.

_ ოოო, მე მგონი, არასწორად იქცევით, _ მისდა უნებურად გათამამდა ნანი, _ რა ამბავია ამდენი მუშაობა, ზოგჯერ გართობაც არ გაწყენდათ.

_ ნუ ღელავთ, არც გართობას ვიკლებ.

სანდრომ ისე, როგორც ბარში, უტიფრად აათვალიერ-ჩააათვალიერა გოგონა.

ნანი დაიბნა და უკან დაიხია, რომ ამ საშიში კაცისგან შორს ყოფილიყო. ახლა შესაძლებლობა ეძლეოდა, ის სამარცხვინო ეპიზოდი მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოეშალა.

_ მინდოდა, თქვენთვის მადლობა გადამეხადა.

სანდრომ გაოცების ნიშნად წარბები აზიდა.

_ მადლობა რისთვის?

_ ჩემს ოჯახს რომ არ მოუყევით ჩვენი გაცნობის ამბავი, _ როგორც იქნა, წარმოთქვა ეს სიტყვები და გულზე მოეშვა, _ გთხოვთ, მაპატიოთ იმ უაზრო სცენის გამო. მე და ჩემი მეგობრები ოდნავ შევთვერით და…

_ მეც შევამჩნიე, რომ თქვენმა მეგობრებმა ზედმეტი დალიეს, _ ცივად მიუგო სანდრომ.

გაოცებულმა ნანიმ პირი დააღო. რას ნიშნავს მისი სიტყვები? ეს იგი, ბარში მათ უთვალთვალებდა?

ხმაში აშკარა აღელვება დაეტყო.

_ თქვენ ვერ გამიგეთ. უბრალოდ, მინდოდა ამეხსნა, რომ მე სანაძლეო წავაგე და თქვენთან იმ უცნაური წინადადებით იმიტომ მოვედი… იძულებული გავხდი.

_ მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, თუმცა იშვიათად, _ მშვიდად უპასუხა მამაკაცმა, _ სხვათა შორის, თქვენ მაშინ მოიგებდით სანაძლეოს, ყველას დასანახად ათლარიანი რომ არ აგეფრიალებინათ ჩემთვის ცხვირწინ. სხვა დროს უბრალოდ მთხოვეთ და…

სანდრომ მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა. გოგონამ უნებლიეთ გაუსვა ტუჩები ერთმანეთს, თითქოს მათ დამალვას ცდილობსო.

სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მოგვიანებით ნანიმ დაარღვია.

_ გმადლობთ რჩევისთვის, _ ცივად მიუგო, _ არა მგონია, მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს, აღარ ვაპირებ სანაძლეოს დადებას და ბავშვურ თამაშებში მონაწილეობას.

სანდროს გაეღიმა.

_ სამწუხაროა. თქვენ არ ამბობდით, რომ სულ მუშაობა დამღლელია, რომ გართობაც არის საჭირო?

ნანი დაიბნა, არ იცოდა, რა ეპასუხა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში მამა შემოვიდა. გოგონამ შვებით ამოისუნთქა.

_ მაპატიეთ, სანდრო, მარტო რომ დაგტოვეთ. იმედი მაქვს, ჩემი ქალიშვილი არ მოგაწყენდათ.

_ არაფერია, ბატონო გიორგი, ჩვენ მშვენივრად გავერთეთ.

 

888

გიორგიმ კიდევ ერთხელ მოუბოდიშა სტუმარს, მერე კი ხელები მოიფშვნიტა და კმაყოფილი ღიმილით აღნიშნა.

_ ახლა დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან. სანდრო, ლექსომ არ გითხრათ, რომ ჩვენ აქ საცურაო აუზიც გვაქვს და კორტებიც? ხვალ შეგიძლიათ დაისვენოთ და გაერთოთ.

მამამ და სანდრომ საუბარი გააბეს და ნანიმ ამოისუნთქა, დამშვიდდა, თუმცა ერთი რამ უკვირდა _ განა რამდენ ხანს უნდა დარჩენილიყო ეს კაცი აქ, რომ ხვალ საცურაოდ და ჩოგბურთის სათამაშოდ ეპატიჟებოდნენ? ან კი ვის უნდა ეთამაშა მასთან, როცა ჩოგბურთი ოჯახში ნანის გარდა არავინ იცოდა?

კვლავ აფორიაქდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა სუფრასთან სანდროს გვერდით დასვეს. მამაკაცმა სკამის საზურგეზე გადადო ხელი და მისი თითები ნანის შიშველ მხარს შეეხო. ამ შეხებამ დენივით დაუარა სხეულში, ხელები აუკანკალდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წამომხტარიყო.

დაძაბულობამ მაშინღა გაუარა, როცა შენიშნა, რომ სანდრო ყურადღებას მას საერთოდ არ აქცევდა და ლექსოსთან საუბრით იყო გართული. თუმცა ტყუილად, რამდენიმე წუთის შემდეგ სანდრომ თეფშით ნიგვზიანი ბადრიჯანი მიაწოდა და ხმადაბლა უთხრა.

_ ნუ ხართ ასე დაძაბული, თქვენგან ისეთი ვიბრაცია მოდის, რომ მალე ჭიქებიც კი აწკარუნდება.

ნანი შეკრთა.

_ რა სისულელეა, ძალიან მშვიდად ვარ, რატომ უნდა ვიყო დაძაბული? გეჩვენებათ! _ მიუგო ნანიმ და თავი ამაყად ასწია.

_ თუ აქ ყოფნა არ გსიამოვნებთ, რატომ მოხვედით?

_ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. მე ჩემს სახლში ვარ და არა სტუმრად! _ უკბინა ნანიმ.

_ ესეც ასე, _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა, _ როგორც ვხედავ, თქვენები მაგრად გიცავენ.

_ თუ თქვენ ჩვენს ოჯახურ ტრადიციას გულისხმობთ, ნამდვილად არ ცდებით.

_ ჰო-ო? მაინტერესებს, სადამდე მიგიყვანთ ეგ ოჯახური ტრადიცია.

ნანიმ არაფერი უპასუხა. იგი კვლავ ელოდა ამ უსიამოვნო საუბრის გაგრძელებას, მაგრამ სანდრო დოდოს მიუბრუნდა და ეტყობა, რაღაც ისეთი უთხრა, ეს უკანასკნელი სიცილისგან ჩაბჟირდა და კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.

ნანიმ თავი ასწია და მამის შეშფოთებულ მზერას წააწყდა. მისკენ შეტრიალდა, ელოდა, რომ მამა დაელაპარაკებოდა, მაგრამ გიორგის მისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ლექსოს ჩასჩურჩულა ყურში რაღაც.

«როგორც ჩანს, ერთობ მნიშვნელოვანი რამ ხდება ჩემ ირგვლივ, მაგრამ არ მიმხელენ», _ გაიფიქრა ნანიმ.

საპატიო სტუმარი მათ ოჯახში სულაც არ იყო იშვიათობა, მაგრამ ახლა მთელი არსებით გრძნობდა, რომ ეს სტუმრობა სხვებისგან განსხვავდებოდა. ნეტავ, რაშია საქმე, რას უმალავენ? როგორც ჩანს, საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე მას ეგონა. მამაც და ლექსოც უცნაურად იქცევიან. ასეთი რა მოხდა?

როდესაც ვახშამი დამთავრდა და სუფრაზე ტკბილეული შემოიტანეს, სანდრო ნანის მიუბრუნდა და ხელოვნებასა და ლიტერატურაზე ჩამოუგდო ლაპარაკი. ნანის გაუკვირდა _ არ ეგონა, რომ ეს ცივსისხლიანი, ცინიკური კაცი ასეთი განათლებული აღმოჩნდებოდა. ისინი გულღიად საუბრობდნენ, მაგრამ ნანიმ მაინც შვება იგრძნო, როდესაც ვახშმობა დასრულდა.

ქალები აივანზე გავიდნენ, მამაკაცები კი ოთახში დარჩნენ და საუბარი გააბეს.

_ რა საინტერესო ადამიანია სანდრო, არა? _ თქვა დოდომ, _ მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება, მას ჩვენებთან ურთიერთობა მოეწონა, _ დოდო აივნის მოაჯირს გადაეყრდნო.

_ არ ვიცი, რას გულისხმობ, მაგრამ მაინტერესებს, ახლა რაზე საუბრობენ. ასე მგონია, რაღაც უცნაური ხდება. არ მომწონს ეს სიტუაცია, ზედმეტად ელოლიავებიან და ფეხქვეშ ეგებიან ამ კაცს. რატომ იმცირებენ ასე თავს? დოდო, შენ არაფერი იცი? ლექსო არ გელაპარაკება ხოლმე თავის საქმეებზე?

რძალს გაეცინა.

_ შენს ძმას არ იცნობ? სიტყვას ვერ დააცდენინებ. მეც მეტი საქმე არა მაქვს, ვეხვეწო და რამე ვათქმევინო და, საერთოდაც, სულაც არ მაინტერესებს ამ კონცერნის ამბები. ეგღა მაკლია, მაგის პრობლემებით გავიფუჭო ხასიათი. მთავარია, საქმე მოგვარდეს და როგორ მოხდება ეგ, რა მნიშვნელობა აქვს?

«ნუთუ მართლა ამ უცხო კაცზე ვართ დამოკიდებული? ნუთუ მის გარეშე ყველაფერს დავკარგავთ? არა, ამის დაშვება შეუძლებელია, ეს არ უნდა მოხდეს! თუკი რამე შემეძლება, მეც ყველაფერს გავაკეთებ კონცერნის გადასარჩენად», _ ფიქრებში ჩაიძირა ნანი.

8 8 8

_ რა სულელი ვარ, მაშინ როგორ ვერ მივხვდი, რაც უნდა მომხდარიყო? _ თავისთვის ალაპარაკდა ნანი, _ ყველაფერი აშკარა იყო, მაგრამ ამას მხოლოდ ჩემისთანა ბრიყვი ვერ დაინახავდა. თუმცა, როგორ უნდა მივმხვდარიყავი? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემები ამ ნაბიჯს გადადგამდნენ. ასე როგორ გამწირეს? იქნებ ეგონათ, რომ მე არ დავთანხმდებოდი? _ მამის გამამართლებელ საბუთს დღემდე ეძებდა გოგონა.

სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო ყველაზე უცნაური და მოულოდნელი მთელ ამ სიტუაციაში.

ნანიმ იცოდა, რომ ახლავე უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ბავშვობიდან ჩანერგილმა ოჯახისადმი მოვალეობის გრძნობამ ამის უფლება არ მისცა.

8 8 8

იმ საღამოს დრო საშინლად გაიწელა, _ ფიქრებით კვლავ წარსულს გადაწვდა ნანი.

_ მაინც რა აქვთ ამდენი სალაპარაკო? როდის მორჩებიან ნეტავ! _ გაბრაზებას ვერ მალავდა დოდო და მალიმალ მაჯის საათს დასცქეროდა.

ნანი კი აივანზე მიმოდიოდა და იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეძვრინა თავი ამ მდგომარეოიდან.

_ კარგი რა, მორჩი აქეთ-იქით სიარულს, ისედაც ვნერვიულობ! _ დაეტაკა მულს დოდო.

_ მაპატიე, მეც შენსავით ვნერვიულობ და თავიც ამტკივდა. ჯობია, ჩემს ოთახში ავიდე და ცოტა ხნით მივწვე, იქნებ გამიაროს.

_ წადი, წადი, ჩემო პატარავ, _ უეცრად მოლბა რძალი, _ იცი? იმისთანა ტკივილგამაყუჩებელი აბები მაქვს, არაჩვეულებრივი, მოგცემ და დალიე, წამში გაგიყუჩებს. გახსოვს, მე როგორ გამაწამა შარშან შაკიკმა? ამ წამალმა კი სასწაული მოახდინა.

_ არა, დოდოშკა, დიდი მადლობა. არ მიყვარს წამლის დალევა, ხომ იცი. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და თავის ტკივილიც ამის ბრალია. წამოვწვები და გამივლის. ახლა დაძინება არ მაწყენდა. თუ მიკითხოს, ჩემ მაგივრად მოუხადე ბოდიში სტუმარს.

_ კი ბატონო, რა პრობლემაა, _ თავი დაუქნია რძალმა, _ მაგრამ ლექსოს არ მოეწონება ახლა შენი გაუჩინარება. მას იმედი ჰქონდა, რომ სანდროს შენებურად გაართობდი.

_ უჩემოდაც გაერთობა, არ ეტყობა, რომ მოწყენილია ან რამე აღიზიანებს. ასე რომ, დიდად არ იდარდებს ჩემს გაუჩინარებას, _ ნაძალადევად გაიღიმა ნანიმ.

_ კი მაგრამ, მე მაინც არ გებრალები? _ აწუწუნდა დოდო, _ მარტო მტოვებ იმ უცხო ადამიანთან? რა საშინელებაა, ზრდილობის გულისთვის მოაღო პირი და იქაქანო.

_ მაშინ შენც მოიფიქრე და… იქნებ შაკიკმა შემოგიტია? _ ღიმილით თვალი ჩაუკრა ნანიმ და აივნის კარი გამოაღო.

საძინებელში შევიდა თუ არა, ტანთ გაიხადა, პენუარი ჩაიცვა, თმა გაიშალა, დაივარცხნა და დაფიქრდა. თავის ტკივილი, რა თქმა უნდა, მოიგონა, მაგრამ იგრძნო, რომ ამწუთას ტკივილი მართლა ეწყებოდა. ნერვიულობამ თავისი გაიტანა.

«დღეს მაინც ვერაფერს ვიზამდი,» _ არწმუნებდა თავის თავს, _ «ხვალ კი ვნახოთ, რა მოხდება. რას გადაწყვეტენ, რით დამთავრდება კაცების თათბირი»…

ნანი ლოგინში შეწვა, თავი ბალიშში ჩარგო და თვალები დახუჭა, მაგრამ რული არა და არ ეკიდებოდა. სამაგიეროდ, თავში ათასგვარი ამაფორიაქებელი აზრი უტრიალებდა.

ადგა, მაგიდას მიუჯდა, კომპიუტერი ჩართო და მუშაობა დაიწყო. მისი ერთ-ერთი რუბრიკა მკითხველის დიდი მოწონებით სარგებლობდა. აი, ახლაც საინტერესო თემა ჰქონდა _ «როგორ მოვინადიროთ ოცნების მამაკაცის გული», მაგრამ არა, ეს რატომღაც, ამწუთას სულაც არ მოეწონა და თემა შეცვალა _ «როგორ უნდა მოიქცეს ქალი, არასასურველი მამაკაცის მახეში რომ არ გაებას «, _ აი, ეს მოსწონს, ეს უკეთესი დასაწერი იქნება, უმისამართოდ გაუღიმა სივრცეს და დაიწყო.

მაგრამ წერა მალევე შეწყვიტა, _ ყველა სიტყვა თავიდან უცბად ამოუფრინდა. რა ემართება? ამოიოხრა, გაღიზიანებულმა კომპიუტერი გამორთო და ფანჯარასთან მივიდა. გახურებული შუბლი ფანჯრის მინას მიადო. ბაღი მთვარის შუქით იყო განათებული. მოშორებით, ავტოფარეხთან, სამი მანქანა შენიშნა: მამის სოლიდური «მერსედესი», ლექსოს ჯიპი და სტუმრის სპორტული მანქანა, მაგრამ რა ფირმის იყო, ნანიმ არ იცოდა. ავტომობილიც პატრონს ჰგავდა _ უჩვეულო იყო, ძლიერი, საშიში, მაგრამ იმდენად ბრწყინვალე, რომ მაშინვე თვალში მოგხვდებოდა და აღგაფრთოვანებდა.

ნუთუ მამას და ლექსოს ისე გაუჭირდათ, რომ დასახმარებლად სრულიად უცხო ადამიანს მიმართეს? რა ხდება სინამდვილეში?

მოულოდნელად კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ნანი შეკრთა. აფართხალებულ გულზე ხელი ისე მიიდო, თითქოს გულისცემის შეჩერებას ცდილობსო და იმის გამოცნობას შეეცადა, ვინ შეიძლებოდა ამ დროს მისი საძინებლის კარს მოსდგომოდა, თან ასეთი გაუბედავი კაკუნით.

_ ნანი, გძინავს? _ გაისმა მამის ჩუმი ხმა.

_ არა, მამა, შემო! _ შვებით ამოისუნთქა გოგონამ.

მამამ მორიდებით შემოაღო კარი და შემოიხედა. ნანის გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი, როდის იყო, საკუთარი ქალიშვილის ერიდებოდა?

_ არ მინდოდა შენი შეწუხება. დოდომ მითხრა, თავი ასტკივდაო. როგორ ხარ, არ გაგიარა?

_ უკეთ ვარ, ცოტა გამიარა.

გოგონა საშინელ დღეში ჩავარდა. გრძნობდა, მამა ამ შუაღამისას მასთან ტყუილად არ მოვიდოდა. გული მისთვის ჯერ უცნობი ამბის მოლოდინში შეეკუმშა.

_ შემოდი, რას დგახარ კარში? რამე გინდოდა?

_ მეგონა, ვახშმის შემდეგ ვისაუბრებდით, მაგრამ რადგან დაძინება გადაწყვიტე… დილით დაგელაპარაკები, რა ვიცი.

ნანი გაშრა, მიხვდა, მამა უსიამოვნო საუბრის თავიდან აცილებას ცდილობდა. ამიტომ მსწრაფლ ასწია თავი, ჯობდა მწარე სიამრთლე ახლავე მოესმინა, ვიდრე დილამდე გაურკვევლობაში ყოფილიყო.

_ ხვალამდე რატომ უნდა დავიცადოთ, კი არ ვკვდები. მითხარი, რისი თქმაც გინდოდა, _ ცოტა არ იყოს, უკმეხად გამოუვიდა.

მამამ ამოიხვნეშა და ოთახში შემოსული სავარძელში ჩაესვენა. ნანი იქვე, საწოლზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.

_ ნანი, რას ფიქრობ სანდროზე? _ ეგრევე სტუმრით დაიწყო გიორგიმ.

გოგონამ ნერწყვი ძლივს გადააგორა სასულეში და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ თქვა.

_ მასზე საერთოდ არ ვფიქრობ, მამა! ის ჩვეულებრივი ბანკირია, ისეთივე, როგორიც სხვები, მე ასე მგონია. რატომ მეკითხები? შენი აზრით, უნდა მეფიქრა?

მამა მოიღუშა.

_ ნაია, ცდები, შვილო! ის სხვებს არ ჰგავს, _ მამა აქ შეჩერდა და მერე კვლავ განაგრძო, _ სულ არ მოგწონს? ოღონდ, მართალი მითხარი, არ მომატყუო.

გოგონას გუნებაში ჩაეღიმა, ეს არც ისე იოლი საქმე იყო. მამასთან კი არა, ასეთ საკითხებში საკუთარ თავთანაც არ იყო ხოლმე გულწრფელი.

_ აბა, რა გითხრა, მამი! მას საერთოდ არ ვიცნობ. როგორ შემიძლია, რამე აზრი მქონდეს? ვერ ვხვდები, ან კი რატომ გაინტერესებს ჩემი აზრი? რატომ გახდა ეს ასე მნიშვნელოვანი?

_ რატომ და… შენც ხომ ხვდები, ჩვენი ოჯახის ბიზნესი სწორედ მის გადაწვეტილებაზეა დამოკიდებული.

_ ვერ გავიგე? კონცერნის მომავალს ის განაპირობებს, მე სანდრო მომწონს თუ არა? მე რა შუაში ვარ? _ დაიძაბა გოგონა, მაგრამ მაინც გაიღიმა.

მამამ ჩაახველა და ლაპარაკი დაიწყო. აუხსნა ქალიშვილს იმ გარიგების არსი, რაზეც მოითათბირეს.

ნანის თვალები ცრემლებით აევსო. ყვირილი, ყველაფრის დამტვრევა უნდოდა, რადგან მიხვდა, რომ ჩიხში მოაქციეს და უკან დასახევი გზა არ დაუტოვეს. პატარა ხელები გაბრაზებულმა მომუშტა და საწოლს მსუბუქად დაუშინა. შემდეგ კი, ყვირილის ნაცვლად, ჩუმად იკითხა.

_ ამიტომ გამომიძახეთ დღეს?

ნანიმ მრისხანედ აზიდა წარბები.

მამამ არ შეიმჩნია მისი გაწიწმატება და დაყვავებით მიუგო.

_ რატომ ფიქრობ ასე? ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა, ერთმანეთი გაგეცნოთ, მეტი არაფერი.

_ თქვენ გინდოდათ, არა? _ მწარედ ჩაიცინა გოგონამ, _ გასაგებია… _ ბოლო სიტყვები ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა, თავი ხელებში ჩარგო და გაიხსენა, როგორ გააშიშვლა სანდრომ მზერით, როგორი ზიზღით ამოიღო ჯიბიდან 100-დოლარიანი და ნიშნის მოგებით გაუწოდა…

ნუთუ სხვა გამოსავალი არ არსებობს? შეუძლებელია, კონცერნის გადარჩენა მხოლოდ ამ კაცზე იყოს დამოკიდებული. ბოლოს და ბოლო,ს რა გახდა ეს ოჯახური ბიზნესი? დახურონ საერთოდ და სხვა რამე წამოიწყონ, არ შეიძლება? რას გადაყვნენ ამ ისედაც ჩამყაყებულ სამშენებლო საქმეს? ყველგან სოკოებივითაა წამოჭიმული ეს უგემოვნო კორპუსები. მე შენ გეტყვი, ისეთი ხარისხიანი აშენებულია, გული არ გაგიხაროს ერთბაშად! ერთი საშუალო მიწისძვრა და თავზე დაგენგრევა ყველა! რა, განა მხოლოდ მათი ბიზნესი განიცდის კრიზისს? ყველა სამშენებლო კომპანიის საქმე ცუდად მიდის, უმრავლესობა საერთოდ გაჩერებულია. იმ ხალხმა იკითხოს, ფული ბოლომდე რომ აქვს ჩადებული და ჯერ ფუნდამენტიც არაა გათხრილი მათი სახლების…

ეჰ… რა დროს ამაზე ფიქრია, როცა მისი ოჯახის «ყოფნა-არყოფნის» საკითხი წყდება. ნანი ახლა ის მაშველი რგოლია, რომელსაც ამ უსიამოვნებების თავიდან აცილება შეუძლია. აი, გაჰყვება სანდროს ცოლად და ყველას ეშველება, ყველას… ნანის გარდა.

_ როდის აპირებს ის თქვენი სანდრო ეგრეთ წოდებულ დაქორწინებას? ალბათ უკვე დაგეგმილი გაქვთ ყველაფერი! _ ტონშეუცვლელად შეეკითხა მამას.

_ როგორც კი აუცილებელი საკითხები მოგვარდება, _ სწრაფად მიიღო მამის პასუხი, თითქოს ეს უკანასკნელი სწორედ ამ შეკითხვას ელოდებოდა, _ ხომ არ აჯობებს, დეტალებზე თქვენ ორმა მოილაპარაკოთ?

_ დეტალებზე! _ ხმა აუკანკალდა გოგონას და ყრუდ დააყოლა, _ ეს აუცილებელია?

_ აბა რა! შენ მას ოფიციალურად მიჰყვები ცოლად, თამაში ხომ არ არის?

_ კარგი, თანახმა ვარ, _ ჩახშული ხმით განაცხადა ნანიმ თანხმობა და თავი ჩაღუნა.

მამამ ვერ მოითმინა, შვილს მიუახლოვდა, მხრებში ხელი ჩაავლო, გულში ჩაიკრა და დამნაშავის ტონით უთხრა.

_ მაპატიე, შვილო… ვიცი, ეს არ იქნება შენთვის იოლი ნაბიჯი, მაგრამ იმედი მაქვს, სწორად გაიგე. თქვენი ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე გაფორმდება. ისე, დასაწუნი კაცი ნამდვილად არ არის, იქნებ შეგიყვარდეთ კიდეც ერთმანეთი.

_ აკი თამაში არ არისო ეს ყველაფერი? _ ირონიულად ახედა გოგონამ.

_ შენ ვერ გამიგე, ნანი…

_ ბრწყინვალედ მესმის შენი, მამა! უბრალოდ, ის არ მესმის, რაში სჭირდება დაქორწინება, თუკი მხოლოდ ფიქტიური უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა? მხოლოდ იმიტომ, რომ ფული ჩადოს ჩვენს საქმეში?

_ ჰო, აბა რა! განა სხვა რამე აქვს განზრახული, მხოლოდ ამიტომ, გარანტიისთვის, _ გამოცოცხლდა გიორგი.

_ მერე? ამის გაკეთებას არ ჯობია, შეცვალოთ ამ ოხერი კონცერნის წესდება და სხვანაირად ჩართოთ ის კაცი ბიზნესში?

_ მაგასაც ვიზამთ, ნანი, მაგრამ დროს სჭირდება ამას. აქ არ წყდება წესდების შეცვლის საკითხი. ამისთვის საფრანგეთში ჩასვლაა საჭირო და რა ვიცი, მთელი პროცედურებია გასავლელი. ახლა ამის ახსნის დრო არ არის. მშვენივრად გესმის ყველაფერი და უნდა მოგვყვე. დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება, _ გიორგიმ თავზე ხელი გადაუსვა ქალიშვილს, თმაზე აკოცა და უკან მოუხედავად გავიდა ოთახიდან.

გაწირეს, გაყიდეს, მამამ და ძმამ… ნეტავი ისეთი რა შეცდომა დაუშვა ლექსომ, რომ ასე გაუჭირდათ? ტყუილად არ ეპარებოდა მის საქმიანობაში ნანის ეჭვი, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან მამა ენდობოდა ვაჟს. ახლა კი რა გამოვიდა? შედეგი სახეზეა!

«ღმერო, ისეთი რა დავაშავე, რომ ასეთი განსაცდელი მომივლინე?» _ სასოწარკვეთილი ნანი ლოგინში შეწვა და ფიქრებს მისცა თავი, თუმცა მალევე ჩაეძინა…

8 8 8

უთენია გაეღვიძა. დიდხანს იწვა გაუნძრევლად, საჩვენებელი თითი ტუჩთან მიედო და ჭერს მიშტერებოდა. საამო დილა იყო, მზიანი და მშვიდი. ამაში რაღაც ირონიულიც ერია _ მისთვის ეს მშვიდი და მზიანი დღე ყველაზე საშინელი დღე იყო. სჯობდა, წვიმა მოსულიყო, ცა მოქუფრულიყო, ჭექა-ქუხილი ატეხილიყო. მის სულიერ მდგომარეობას ასეთი ამინდი უფრო მოუხდებოდა.

ლოგინში ვეღარ გაჩერდა, ადგა, წყალი გადაივლო, ჯინსის ქვედაბოლო და სალათისფერი მაისური ჩაიცვა და სამზარეულოს მიაშურა.

სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ ჯერაც ეძინა ყველას. ნანიმ ყავა მოიდუღა და მაგიდას მიუჯდა. ცოტა რომ მოღონიერდა და თვალებში გამოიხედა, ბაღში გავიდა. უყვარდა აქ სეირნობა, აქაურობა სულს უმშვიდებდა. განა რა დიდი ბაღი მათ ჰქონდათ, მაგრამ ისე გემოვნებით ჰქონდა ყველაფერი მოწყობილი, როგორც თვითონ სურდა და ამიტომაც მოსწონდა. ამ ბაღის გაშენებით აისრულა თავისი ბავშვობის ოცნება, პრინცესას ბაღი ჰქონოდა… მაგრამ დღეს სულ სხვა დილა გათენდა მისთვის _ შფოთიანი და უჩვეულო.

დიდ ბაბუაზე ბრაზი მოსდიოდა. ოჯახის ბიზნესის შესანარჩუნებლად ასეთი წესი რომ მოიფიქრა. რას ფიქრობდა? განა არ იყო დასაშვები, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახი ისე გაკოტრებულიყო, რომ ვეღარ გაეგრძელებინა საქმე? განა ასე არ მოხდა ამ შემთხვევაში? თუმცა, რას ერჩის ბაბუას, მას ხომ მხოლოდ კეთილი სურვილი ამოძრავებდა. არ უნდოდა, უცხო პირები ჩარეულიყვნენ მის დიდ ოჯახურ საქმეებში.

ახლა რა მოხდება?

ნანი აუზს მიუახლოვდა, შეჩერდა და ლურჯ ფიქალში მოლივლივე წყალს ჩააცქერდა. უეცრად დაიძაბა, უცხოს მზერა იგრძნო და სწრაფად შემოტრიალდა.

ის ტერასაზე იდგა და მზის სხივით განათებულ ქანდაკებას წააგავდა.

გაქცევას აზრი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, მან უკვე შეამჩნია ნანი, რადგან მისკენ მოემართება. მამაკაცმა კიბე ჩამოათავა და ნანიც უკან, სახლისკენ დაიძრა. გვერდის აქცევას აზრი არ ჰქონდა, მოსახდენი მოხდებოდა.

სანდროს შავი ჯინსი და მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი ეცვა. გოგონამ ძლივს მოაცილა მზერა მის დაკუნთულ მკლავებს. მართლაც ძალიან სიმპათიური იყო ეს ოხერი!

_ დილა მშვიდობისა, პატარა დისახლისო! ფანჯრიდან დაგინახეთ, ბაღში რომ სეირნობდით და გულმა არ მომითმინა, მაშინვე აქეთ გამოვეშურე!

_ ასე ადრე დგებით? _ ნანიმ მისი ნათქვამი არად ჩააგდო.

იქნებ მასაც გაუტყდა ძილი, იქნებ ისიც ფიქრებმა დატანჯა? თუ ასეა, ახია მასზე!

_ თქვენ რა, მე მითვალთვალებდით? _ გააგრძელა, _ ვიმედოვნებ, არ გაიფიქრეთ, თავის დახრჩობას აპირებსო, თანაც აუზში!

_ არა, ასეთი აზრი არ მომსვლია, _ მშვიდად უპასუხა სანდრომ, _ უბრალოდ, ვიფიქრე, რომ სალაპარაკოდ ხელსაყრელი დროა, ჩვენ გარდა ყველას ძინავს, ირგვლივ სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი, ლამაზი გარემო…

_ სალაპარაკო რა გვაქვს? _ თავი ასწია გოგონამ და კუშტად შეხედა, _ როგორც ჩანს, მამამ უკვე გითხრათ, რა აზრის ვარ თქვენს შეურაცხმყოფელ წინადადებაზე.

უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. პაუზა გაიწელა. ბოლოს სანდრომ ამოიღო ხმა და კვლავ მშვიდი ტონით წარმოთქვა.

_ გზის გასავლელად ორი საშუალება არსებობს _ ძნელი და იოლი. ჩემი რჩევა იქნება, კარგად დაფიქრდეთ, სანამ რომელიმე მათგანს აირჩევთ. ბოლოს და ბოლოს, მე არ ვარ დამნაშავე ამ ყველაფერში და ის შუასაუკუნეების სულელური კანონი მე არ მომიგონია. ყველაფერი თქვენს დიდ ბაბუას დააბრალეთ.

_ არ გაბედოთ ბაბაუაჩემის დაცინვა, _ აფეთქდა ნანი, _ თქვენ, ფულიანი ტომრები, ვერასდროს დააფასებთ ადამიანურ ღირსებას და სინდისს. თქვენთვის მთავარი ფულის გადაყრაა იმ ნივთში, რომელსაც თვალს დაადგამთ!

სანდრომ ტუჩები მოკუმა, თვალები მოჭუტა და სახეზე დამცინავი ღიმილი აიკრა.

_ თქვენი ბაბუა ახლა აქ რომ ყოფილიყო, გული გაუსკდებოდა, როცა დაინახავდა, მისმა ჭკვიანმა და ღირსეულმა მემკვიდრეებმა კონცერნი რა დღეშიც ჩააგდეს. ხოლო რაც შეეხება ფულიან ტომრებს, სწორედ ერთ-ერთის წყალობით, თქვენი ეს პატარა «სამოთხე», _ სანდრომ ბაღს მოავლო თვალი, _ აუქციონზე არ გაიყიდება.

გაწბილებულმა ნანიმ თავი დახარა. უნებლიეთ სანდროს ხელის მოძრაობა შეამჩნია და გული გაუსკდა, არ შემეხოსო. მისი შეხებით გამოწვეულ ჟრუანტელს ახლაც გრძნობდა, მაგრამ მამაკაცმა შარვლის ჯიბეში ჩაიწყო ხელები, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ირონიულად ჰკითხა.

_ იმედი მაქვს, თავს დაცულად გრძნობთ!

გოგონას პასუხის გაცემის თავი აღარ ჰქონდა.

_ ნანი, მაპატიეთ ასეთი უხეშობა, მაგრამ რა ვქნა. მე საქმიანი კაცი ვარ და ფულს ჰაერში არ ვფანტავ. ჩემს ადგილას, ვინც უნდა ყოფილიყო, კონცერნს სერიოზული გარანტიის გარეშე ფულს არ მისცემდა. როდესაც თქვენი ბიზნესის საქმეებს გავეცანი, მივხვდი, პირდაპირ კონტროლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ, თუ დირექტორთა საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გავხდები. ამის მისაღწევად კი, ბაბუათქვენის წყალობით, მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს ჩემი ბრალი არ არის.

ნანიმ წაილუღლუღა.

_ ესე იგი, ეს თქვენი იდეა იყო…

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. კონცერნს მხოლოდ ჩემი ფული თუ გადაარჩენს.

_ გმადლობთ, რომ ასე კარგად ამიხსენით ყველაფერი, _ უკბინა გოგონამ.

_ ნება მიბოძეთ, გავაგრძელო, _ არ შეიმჩნია ირონია მამაკაცმა, _ ახლა ორივემ უნდა მოვუხმოთ გონებას და ამ სიტუაციიდან ღირსეულად შევეცადოთ თავის დაღწევას.

_ დიახ, თქვენი მესმის, _ ყოყმანით მიუგო ნანიმ, _ უბრალოდ… გამიკვირდა, რომ სწორედ თქვენ აღმოჩნდით ჩვენი გადამრჩენი.

_ შეეცადეთ, ის პატარა ინციდენტი დაივიწყოთ, _ მშვიდად თქვა სანდრომ, _ იფიქრეთ, რომ ეს მხოლოდ საქმიანი გარიგებაა და სხვა არაფერი.

_ შევეცდები, _ უპასუხა გოგონამ, _ თუ სათქმელი დაამთავრეთ, დაგტოვებთ, საუზმემდე დაგემშვიდობებით.

სანდრო საუბრის ასე მოულოდნელად დამთავრებას არ ელოდა და სწრაფად მიაყარა.

_ ნანი, იქნებ დავივიწყოთ მტრობა და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ?

_ რა საჭიროა? ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, _ მხრები უდარდელად აიჩეჩა ნანიმ, _ თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, ქორწინების დროს ჩემს მეჯვარეში არ შეგეშალოთ.

სანდრო აღფრთოვანებით მიაჩერდა, მაგრამ მაინც ირონიულად გამოუვიდა.

_ თქვენი მესმის, არ არის სასიამოვნო, როცა ფიქრობ, გამყიდესო, მაგრამ…

_ ცდებით! ბიზნესის ენით თუ განვმარტავთ, კი არ გამყიდეს, უბრალოდ, იჯარით მოგცეს საქონელი. თქვენ დირექტორთა საბჭოში ადგილს დაიმკვიდრებთ, მე კი მსოფლიოში ალბათ ერთადერთი ქალი ვიქნები, ვინც დაქორწინებისთანავე კარს გაიხურავს და ქმარს გაეყრება.

სანდრომ თავი დაუქნია.

_ ამას ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმარება ჰქვია. იცით, რას ვფიქრობ? ლექსოს მაგივრად თქვენ რომ გემართათ კონცერნი, არ დაგიმალავთ და, მეტსაც გავიღებდი.

_ იცით მე რას ვფიქრობ? ლექსოს მაგივრად მე რომ მემართა კონცერნი, თქვენ ერთი თეთრის გაღებაც არ მოგიწევდათ! ამის აუცილებლობა არ შეიქმნებოდა! _ მკვახედ მიახალა გოგონამ და წარბები ამაყად შეკრა.

სანდრომ გაიღიმა, მაგრამ ღიმილმაც ვერ გაათბო მისი გაყინული მზერა.

_ ნება თქვენია, მაგრამ ასეთი ვითარება მე ხელს მაძლევს და მაინც ყველაფერი შეიცვლება, გსურთ თქვენ ეს თუ არ გსურთ…

 

888

ნანიმ აღარაფერი უპასუხა, თავის დაქნევით დაემშვიდობა, გვერდზე გაუარა და აივანზე ავიდა. გრძნობდა, რომ სანდრო თვალს არ აშორებდა, ერთი სული ჰქონდა, მოტრიალებულიყო, მაგრამ…

თავის ოთახში შევიდა და საუზმემდე არ გამოსულა. გული დაუმძიმა შეხვედრამ…

როცა სასტუმრო ოთახის კარი შეაღო, ლექსოს მოჰკრა თვალი. თითქოს მის გამოჩენას ელოდაო, იგი მიეჭრა დას, გადაეხვია და მადლობის სათქმელად მოემზადა.

ნანიმ მაშინვე ხმა გააკმენდინა.

_ მადლობა საჭირო არ არის. ასე მგონია, ამ გარიგებით ერთი პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ გაცილებით უარესი მივიღეთ.

_ კარგი რა, ნანი, რას ართულებ, ტყუილად გგონია ასე. სანდროს მხოლოდ ერთი ხმის უფლება ექნება. ეს განსხვავებული კომპანიაა, თბილისში სოკოებივით რომ არის მომრავლებული, ისეთი ხომ არ გგონია? აქ მმართველობის ყველაზე მკაცრი, უცხოური წესებია შემოღებული. რას ჩამოგიშვია ეგ ლამაზი ცხვირი? ბოლოს და ბოლოს, საქორწინო გარიგება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენი ოჯახის წევრი გახდება. მას ვერც კი წარმოუდგენია, რა ძნელია ჩვენ წინააღმდეგ გალაშქრება, თუკი მოინდომებს, ვერაფერს გახდება. მის სიტყვას ძალა არ ექნება, იქადაგოს, რამდენიც უნდა. როცა დაიღლება, მოუწევს პოზიციების დათმობა და უკანა პლანზე გადასვლა.

ნანიმ დამცინავად გადახედა ძმას.

_ იცი, რა მიკვირს? შენ და მამა ისე იქცევით, თითქოს აქაურები არ იყოთ.

_ რაში გვატყობ, იქნებ მითხრა? _ კოპები შეკრა ლექსომ.

_ ყველაფერში, _ ნიშნის მოგებით მიუგო ნანიმ, _ ჯერ ერთი, ისე გამიმეტეთ, თვალიც არ დაახამხამეთ. ყველაზე ზნედაცემული ქართველი მამაკაცი არ მოიქცეოდა ასე. თქვენ რა ჯიშის და ჯილაგის ხართ, არ ვიცი. მეორეც, _ ხელის აწევით შეაჩერა ლექსო, რომელმაც რაღაცის თქმა დააპირა, _ ამ საქმეში ჩვენი ნახევარი სანათესაოა თითქმის ჩართული და როგორ გგონია, შენი «ფეხებზემკიდია» ბიძა, მისი უსაქმური ბიჭები და შენი ამაზრზენი ცოლი ოჯახური სიწმინდის სადარაჯოზე დადგებიან? საკმარისია, სანდრომ მათ ფული შეაძლიოს, ეგრევე გაყიდიან ჩვენს ინტერესებს. შენი საშველი არ იქნება, ლექსო, იდეალისტი ხარ, _ ამრეზით მიუგდო ძმას და კარი გაიჯახუნა.

სასადილო ოთახში შესულს სანდრო იქ დახვდა. მამაკაცი მაგიდას მიჯდომოდა და ყავას შეექცეოდა. იგი მაშინვე წამოდგა და ნანის სკამი შესთავაზა. «მომკლა ამის ჯენტლმენობამ», _ ჩაეცინა გულში გოგონას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. დაჯდომისთანავე შეამჩნია, რომ მამაკაცი აღელვებული იყო და ამის დამალვას ცდილობდა. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა.

_ რა ეშმაკები ხართ, თქვენ, ჩემ გარდა ვინ იცის! მაგარი კონსპირატორები აღმოჩნდით! _ აჭიკჭიკდა დოდო, რომელიც იქვე, გაზქურასთან ტრიალებდა, _ მე მართლა დავიჯერე, რომ თქვენ ერთმანეთი აქ გაიცანით და მომეჩვენა, რომ ნანი თვალის დასანახავად ვერ გიტანდათ.

_ ჰო… შენ არ იცი, დოდო, სანდრო სიურპრიზების როგორი დიდოსტატია! _ თავი დააქნია ნანიმ.

_ ნანიკო, საყვარელო, მოდი, ცოტა გავისეირნოთ, არ გინდა? თუ ჯერ უნდა ჭამო? _ სანდრომ მკლავზე ოდნავ მოუჭირა თითები, _ თან ეკლესიაში შევიაროთ და ჯვრისწერის საქმეებიც მოვაგვაროთ.

_ ერთი წუთით, ძმაო! ერთი წუთით მოითმინე! _ წამოიძახა ამ დროს შემოსულმა ლექსომ.

_ რა იყო, ლექსო, მოხდა რამე? _ სანდრომ საჭიროზე მეტი შინაურულობით მიმართა მომავალ ცოლისძმას.

_ არა, მე… მე უბრალოდ… მე მინდოდა მეთქვა, რომ… თუკი ნანი ჯერაც არაა ამისთვის მზად, იქნებ არ იჩქაროს…

_ ოოო, ჩემო ლექსო, ეგ უკვე მკითხაობას ჰგავს. იქნებ თავად ნანის ვკითხოთ? მასზე უკეთ ვინ გვეტყვის სიმართლეს? სიტუაციას ამწუთას მხოლოდ მშვენიერი ლედი განაგებს! თუმცა, მე მგონია, რომ იგი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ჩვენ დავქორწინდებით. ასე არ არის, ძვირფასო ნანი? _ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა მამაკაცმა «საცოლეს».

სანამ ნანი რამეს იტყოდა, სანდრო წამოდგა, გოგონას გვერდით ამოუდგა, წელზე ხელი მოხვია და ოდნავ მიიკრა სხეულზე.

_ რა თქმა უნდა, სანდრო, რა დროს ორჭოფობაა, _ საკმაოდ დამაჯერებლად წარმოთქვა ნანიმ, საქმროს ღიმილს დაყენებული ღიმილი შეაგება და თან მთელი შხამი ჩააყოლა შიგ.

8 8 8

გოგონა უხმოდ მიჰყვებოდა მამაკაცს. ირგვლივ საოცარი იდილია სუფევდა. ბაღი ყვავილებით იყო მოფენილი, სახლის გვერდით ჩამავალი მდინარე კი მზის სხივებზე ლაპლაპებდა. ფუტკრების ზუზუნი და ჩიტების ჭიკჭიკი სმენას ატკბობდა. მონატრებულ სოფელში ეგონებოდა ადამიანს თავი.

_ რა მაგარი ამინდია, არა? მაგარი კი არა, მშვენიერი, _ სიჩუმე სანდრომ დაარღვია.

_ ჩვენ მშვენიერებაზე განსხვავებული აზრი გვაქვს, _ ჩაიბუზღუნა გოგონამ.

_ შესაძლოა, მაგრამ ვფიქრობ, დაქორწინებამდე ჩვენი უთანხმოება უნდა დავივიწყოთ, თორემ არავინ დაიჯერებს უეცარი სიყვარულის ამბავს.

_ ჩვენ რა, ამ პროგრამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ? _ ამრეზით გამოხედა ნანიმ.

_ რატომაც არა? _ უდარდელად მიუგო სანდრომ, _ სიყვარული რითია ცუდი? თანაც, მერე პრესაში დაწერენ, რომ მე თქვენი კონცერნის დირექტორთა საბჭოს წევრი გავხდი, მაგრამ თუ ვინმემ იყნოსა, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და მხოლოდ საქმიან გარიგებას აქვს ადგილი, მაშინ აღარ მოგვასვენებენ «ყვითელი» ჟურნალისტები და ცუდ დღეში ჩავცვივდებით. აი, სკანდალი ეგ იქნება, თუ იქნება.

_ შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ვინმეს მოტყუებას შევძლებთ? _ მისდა უნებურად, ნანი «შენობითზე» გადავიდა, თან ისე, რომ თავად არც შეუმჩნევია.

_ რა თქმა უნდა, _ სანდროს ფარულმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე, მაგრამ მომავალი ცოლის ასე მოულოდნელად გაშინაურება არ შეიმჩნია და თვითონაც «შინაურულად» გააგრძელა, _ თუ შენ ისე მოიქცევი, როგორც ახლა. სხვათა შორის, შენი ძმაც არასწორად იქცევა. იქნებ შეგეხსენებინა, რომ შეურაცხყოფილი ძმის როლის თამაში დაგვიანებულია.

_ კარგი, შევახსენებ, შენ კი ჩემს შებმას შეეშვი.

_ ამის პირობას ვერ მოგცემ. შენ რა, გინდა, რომ ყველა ყველაფერს მიხვდეს?

_ ჰო, ეგ დამავიწყდა. სრულებით გასაგებია ჩემთვის, რაც იმალება ამ ბნელი საქმის უკან.

_ რომელი ბნელი საქმის უკან? მე ხომ არ წამომიწყია ეს თამაში? მოწვევა თქვენების ინიციატივით მოხდა, იდეაც ნაწილობრივ მათი იყო და არა ჩემი. მე არც ვიცოდი, შენ თუ ამ ოჯახის წევრი იყავი.

_ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია, _ თითქოს დაიჩივლა გოგონამ და ამოიოხრა, მაგრამ წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ სანდრომ მხრებში უხეშად ჩაავლო ხელი და თავისკენ შემოაბრუნა.

_ იცი, რას გეტყვი? უარის თქმა ჯერ კიდევ არ არის გვიან! რა საჭიროა თავის გაწირვა. წამებულის გვირგვინი არ გიხდება. თუ ეს გეგმა შენში ზიზღს იწვევს, შეგიძლია უკან დაიხიო.

_ სხვათა შორის, უარის თქმა შენც შეგიძლია! _ გაღიზიანდა ნანი და თავადაც გადავიდა შეტევაზე, _ შენ ისე შეგიძლია კონცერნი დააფინანსო, რომ დირექტორთა საბჭოს წევრი არ გახდე.

სანდროს სიცილი აუტყდა.

_ რა ჭკვიანები ხართ ეს მხეიძეები! ესე იგი, შენს უქნარა ძმას ფული ჩემოდნით მივართვა, არა? თუ ჩეკი გამოვუწერო, რომელშიც თანხა არ იქნება მითითებული? რას მირჩევ, ყველაზე ჭკვიანო? _ დამცინავი იერი აიკრა მამაკაცმა სახეზე, _ უკაცრავად, მაგრამ მირჩევნია, ის ფული უპატრონო ბავშვებს გადავურიცხო ან ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.

_ მერედა, რა გიშლის ხელს? გადაურიცხე, რა… შენ რომ კარგი ადამიანი იყო, ამას აქამდეც გააკეთებდი, _ ნანიმ უხეშად მოიცილა მისი ხელები და ნაბიჯს აუჩქარა.

სანდრო შეჩერდა. მიხვდა, ასეთი საქციელით საბოლოოდ გადაიმტერებდა საცოლეს და შესაძლოა, მათი შეუღლება არც მომხდარიყო, ამიტომ ტონი შეარბილა და სიცილნარევი ხმით წარმოთქვა.

_ როგორ შეუმჩნევლად გადავედით შენობითზე, ატყობ? ვფიქრობ, ეს კარგის ნიშანია.

ნანი შეჩერდა. ნელა შემობრუნდა და შეცბუნებული გამომცდელი მზერით მიაჩერდა მოსაუბრეს. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. პაუზა უსაშველოდ გაიწელა. ორივე თავისთვის ფიქრობდა რაღაცას. ბოლოს ნანიმ თქვა.

_ მე მამას პირობა მივეცი და სიტყვის უკან წაღებას არ ვაპირებ, თუმცა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, სხვა გზა რომ დაეტოვებინათ ჩემთვის.

_ აუჰ! რა კეთილშობილური საქციელია! ნამდვილი ვაჟკაცივით მსჯელობ! არადა, ამ დროს ქალი ხარ. და რა გინდა მაგით დაამტკიცო? რომ უბიწო ქალწულივით ურჩხულს მსხვერპლად ეწირები? ბარემ მითხარი, რომ ასეა.

_ როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს! _ ვეღარ მოითმინა ნანიმ და მრისხანე მზერა ესროლა.

_ ჩვეულებრივად, _ მშვიდად მიუგო სანდრომ, _ მე ხომ შენი საქმრო ვარ.

ნანიმ ხელი აიქნია, რომ უტიფარი მამაკაცისთვის სილა გაეწნა, მაგრამ სანდრო უფრო მარჯვე აღმოჩნდა. მან ხელი ჰაერშივე დაუჭირა, თავისკენ მიიზიდა და მკერდზე მიიკრა.

ნანის მისმა სიახლოვემ თავბრუ დაახვია.

«მგონი, მომწონს ეს დეგენერატი», _ გაიფიქრა შეშინებულმა.

_ ალბათ გახსოვს, ჩემო ძვირფასო, რომ კოცნაში 10 ლარი შემომთავაზე. ახლა ორჯერ გაკოცებ და ორ ლარს გადაგიხდი.

ნანიმ მსუბუქად შეჰკივლა და მამაკაცის მკლავებიდან თავის გათავისუფლება სცადა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. სანდრომ მოხერხებულად გადაუწია თავი და ტუჩებზე დააცხრა. სწრაფად კოცნიდა, თითქოს ამით მის დასჯას ცდილობსო.

ნანი ფართხალებდა, წინააღმდეგობას უწევდა, თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. მაგრამ უნდოდა კი, გათავისუფლებულიყო ამ თავბრუდამხვევი ალერსისგან? მსგავსი რამ არასდროს განეცადა აქამდე, უნდოდა, ეს წამები არ დამთავრებულიყო, დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო და სანდროს ხელი არ გაეშვა მისთვის. ის-ის იყო, მოეშვა, მოდუნდა და მამაკაცის ნებას დაჰყვა, რომ უეცრად ყველაფერი დამთავრდა.

სანდრომ ისევე უხეშად მოიცილა, როგორც მიიზიდა…

ნანიმ გაოცებით შეხედა. თანდათან დაუბრუნდა ცნობიერება, მოეგო გონს, როგორც იქნა. სანდრო უკვე მოშორებით იდგა და თვალმოჭუტული შესცქეროდა. გოგონამ ინსტინქტურად ხელი ტუჩებზე აიფარა.

_ ოჰ, რა სამწუხაროა, რომ აქვე, სადმე თივის ზვინი არ არის, რა დროს გავატარებდით! არა, ნამდვილად არ მწყალობს ბედი. უკაცრავად, «ალერსოვანი» იდილია რომ დაგირღვიე, _ ნიშნის მოგებით გაუღიმა მამაკაცმა.

_ შენ… შენ… შენ ნაძირალა ხარ! _ კბილებშუა ზიზღით გამოცრა ნანიმ, _ გგონია, მაგის უფლებას მოგცემდი?

სანდრომ ხელები გაშალა.

_ იცი, რა? ახლა ნამდვილად პატარძალს ჰგავხარ და არა წამებულს. იქნებ მოვახერხოთ მღვდლის გაცურება და თავი შეყვარებულებად მოვაჩვენოთ? რაღაც კარგად გამოგდის.

ნანი სიმწრით ტუჩებს იკვნეტდა. ჯანდაბას! ჯანდაბას! ეს რა გააკეთა, როგორ გასცა თავი. როგორ უნდოდა გაქცეულიყო და ეს დამცინავი ღიმილი მეტად აღარასდროს დაენახა, მაგრამ რაც შეიძლებოდა, მოთოკა განრისხება და თავშეკავებულად უპასუხა.

_ ჩემი თხოვნა იქნება, ამ წუთიდან აღარასდროს შემეხო.

_ როგორც გინდა, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, _ უდარდელად დაეთანხმა მამაკაცი, _ თუკი შენ ეს ნამდვილად გსურს.

_ დიახაც მსურს, ნამდვილად ასე მსურს! _ მაინც ვერ მოითმინა გოგონამ და გაბრაზებულმა წამოიყვირა.

_ მე კი მგონია, მაინცდამაინც არ უნდა იყო დარწმუნებული შენს სიტყვებში… საქმე ლაპარაკზე უკეთ გამოგდის, ისე, ჩვენში რომ დარჩეს, _ კვლავ ის საზიზღარი ღიმილი აიკრა სანდრომ ტუჩებზე, შემდეგ გატრიალდა და გზას გაუყვა.

გაწბილებული გოგონა უკან დაედევნა.

8 8 8

ხანში შესული მღვდელი გააოცა სანდროს სიტყვებმა, ძალიან გვეჩქარება ჯვრის დაწერა და როგორ შეიძლება ეს მოვახერხოთო.

_ ხომ სიმართლეს ვამბობ, სიხარულო, შენც ხომ გეჩქარება? _ მამაკაცმა ირიბად მოხედა მის უკან მდგარ გოგონას და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.

_ დიახ. რაც უფრო მალე დავქორწინდებით, მით უკეთესი იქნება, _ ძლივს ამოილუღლუღა თავჩაღუნულმა.

სანდრომ ხელი მოხვია ნანის და მკერდზე მიიკრა.

ნანის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, მაგრამ ახლა ფართხალს ვერ დაიწყებდა, უნდა მოეთმინა.

_ გასაგებია, გასაგები, _ გაეღიმა მღვდელს, _ ზეგ სამშაბათია და 12 საათზე მობრძანდით.

_ გმადლობთ, მამაო, _ თავი დაუქნია სანდრომ, ნანის მაჯაში ჩაავლო ხელი და ტაძრიდან გამოიყვანა.

_ რა საშინელებაა! _ აღშფოთდა გოგონა, როდესაც ეკლესიას კარგა მანძილით დაშორდნენ, _ მამაომ ალბათ იფიქრა, რომ ორსულად ვარ და იმიტომაც ვჩქარობთ. ღმერთო, როგორ ვიტყუები, რა საზიზღრობაა.

_ დიდი ამბავი, რა გენაღვლება, რას იფიქრებს მღვდელი? _ კვლავ უდარდელი ტონით მიუგო მამაკაცმა.

_ ეს შენ არ გენაღვლება ალბათ, მე კი ძალიან მაწუხებს. გამიჭირდება საკურთხეველთან ტყუილის თქმა, იმიტომ, რომ…

_ რას იზამ, უნდა გავუძლოთ. არც მე მეხალისება, მაგრამ ასეა საჭირო და ამას ვერსად წავუვალთ, _ მშვიდად უპასუხა «საქმრომ».

ნანის თვალები ცრემლით აევსო, უჭირდა მისგან ამდენი დამცირების ატანა.

_ შენთვის ალბათ ადვილია, ჩემთვის კი… _ ხმა აუკანკალდა, _ ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი რეპუტაცია.

სანდრო მოიღუშა და ტუჩები მაგრად მოკუმა.

_ გგონია, მარტო შენ ხარ მსხვერპლი? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ამ გარიგებაში მეც ჩამითრიეს? შემთხვევით, მე ხომ არაფერს მაბრალებ?

_ თუ ასეა, თხოვნა მექნება შენთან. ჩემ გამო შენს ცხოვრებაში ნურაფერს შეცვლი, კარგი? თუ ასე გეთანაღრება გული და შენი სურვილით არ მოდიხარ ამ ბიზნესში, ვერც საქმეს გაართმევ თავს. მით უმეტეს, ჩვენი დაქორწინება დროებითია და ძალიან მალე განქორწინებისთვის საბაბი დაგვჭირდება!

_ ამით რისი თქმა გინდა? რომ შემიძლია, გიღალატო? _ ჩაეცინა სანდროს, _ წარმომიდგენია, რა დაემართებოდა მამაოს, შენი სიტყვები რომ მოესმინა. განქორწინებისთვის ისიც საკმარისია, თუ ორი წელი ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ. ჩვენ ხომ შევთანხმდით ამაზე? მშვიდად, უსკანდალოდ დავშორდებით. ეგღა მაკლია, ისტერიკები მომიწყო ცოტა ხანში და ეჭვიანობის სცენები გამიმართო, მერე კი ამის გამო ვშორდები ამ ადამიანსო, იყვირო.

ნანი ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი ცივად წარმოთქვა.

_ რატომღაც, მგონია, რომ ამ გარიგებით ძალიან ამაყობ.

_ ჯერ კონცერნი ამოვათრიოთ ჭაობიდან და სიამაყეზე მერე ვილაპარაკოთ.

ნანი გაჩუმდა.

_ ალბათ არ გეწყინება, თუ სახლამდე არ მიგაცილებ, _ თქვა სანდრომ.

_ რა თქმა უნდა, არა, პირიქით, გამიხარდება, თუ მარტო დავრჩები, _ ამჯერად ნანიმ მიუგო უდარდელი ტონით და წარბები აწკიპა.

მამაკაცს არაფერი უთქვამს, თავი დააქნია მხოლოდ და გზა ჩქარი ნაბიჯით გააგრძელა.

ნანი იდგა და უყურებდა, როგორ მიეფარა მამაკაცის სპორტული სილუეტი მოსახვევს. მარტო დარჩა, მაგრამ სანდროზე ფიქრი არ ასვენებდა. ეს კაცი გონებას უბურღავდა.

არა, ასე არ ივარგებს, როგორმე უნდა გაუძლოს და თავიდან ამოიგდოს მასზე ფიქრი, თორემ ცხოვრება ტანჯვად გადაექცევა…

8 8 8

_ ნანიიი, ნანიკოო! _ სანდროს გამაღიზიანებელმა ხმამ ნანი მოგონებებიდან გამოარკვია, _ რა მოგივიდა, დაყრუვდი? არ გესმის, რომ გეძახი?

დაბნეული ქალი თანამგზავრისკენ გადაიხარა.

_ მაპატიე, ფიქრებში ვიყავი და…

სანდრო გაბრაზდა.

_ სულ სადღაც დაფრინავ, რა! პილოტმა ღვედები შეიკარითო, დაგვიძახა. როგორც ჩანს, ქარიშხლის ზონაში მოვხვდით.

ნანიმ ილუმინატორში გაიხედა, ქარი არხევდა ნაძვებს, ცა ავად მოქუფრულიყო. აღელვებულმა თითები ერთმანეთში გადახლართა და გაატკაცუნა.

_ გამოდის, ქარიშხალი მაინც არ აგვცდა, არა?

_ ალბათ ასეა, თუმცა ეს კაცი გვამშვიდებს, საშიში არაფერია, უვნებლად გამოვძვრებით სიტუაციიდანო. გზა კი გაგვიგრძელდა, მაგრამ ბაკურიანში მალე დავჯდებით, თან, იმედია, უსაფრთხოდ.

_ ღმერთმა ქნას, _ ოდნავ დამშვიდებულმა შვებით ამოისუნთქა.

ნუთუ არ შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რომ საშიში არაფერია და მერე ეხსენებინა ქარიშხალი?

_ ნერვიულობ? _ ჰკითხა სანდრომ, როდესაც შეამჩნია, რომ ნანიმ გამშრალ ტუჩებზე ენა მოისვა.

_ სულაც არა, _ მოუჭრა ცოლყოფილმა, _ უბრალოდ, მომწყურდა.

_ მერე? ეგერ არის ყუთი, ხელი გადაჰყავი და აიღე, რაც გინდა, _ ურჩია სანდრომ და რკინის ყუთზე მიუთითა, _ არ ინერვიულო, გამოცდილი კაცია პილოტი.

ეეჰ, რა იცის სანდრომ, რომ ქვემოთ აბობოქრებული სტიქია არაფერია იმასთან შედარებით, რაც მის გულში ტრიალებს! სულაც არ უნდოდა მოგონებების ტყვეობაში აღმოჩენილიყო, ასე საგულდაგულოდ რომ მალავდა გულის სიღრმეში.

ყველაფერი ისე ნათლად გაახსენდა, თითქოს გუშინ მომხდარიყო _ აგონდებოდა მზის სხივებით გამთბარი ეკლესიის საფეხურები და სანდროს დამცინავი ღიმილი.

დღეს, როდესაც ნანიმ სანდრო თვითმფრინავში დაინახა, მწარე მოგონებები ფუტკარივით დაესია, დაკბინა და თავგზა აუბნია. როგორ იღრიალებდა ახლა, სწორედ ისე, როგორც ფუტკრისგან დაკბენილი ღრიალებდა ბავშვობაში. ღრმად ამოიოხრა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ნუთუ ასე განიცდის მის სიახლოვეს? არა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა! და თუ განიცდის, უბრალოდ იმიტომ, რომ საშინელი დისკომფორტი შეექმნა.

რამდენიმე ყლუპმა მინერალურმა წყალმა ძალა შემატა. თავი ხელში აიყვანა, მაგრამ როდესაც პილოტმა თვითმფრინავი მიწაზე დასვა, ცახცახმა აიტანა.

_ მორჩა, მშვიდობიანად დავეშვით, _ შორიდან ჩაესმა სანდროს ხმა.

კიდევ კარგი, მაშინვე არ წამოდგა, რადგან მოეჩვენა, რომ ხელ-ფეხი აღარ ემორჩილებოდა. ეს ვაჟბატონი, იმედია, მალე მოაგვარებს თავის საქმეებს და თბილისში დროულად გაფრინდებიან, იქ კი თავს ნამდვილად იგრძნობს უსაფრთხოდ. მაგრამ როგორ დაივიწყოს მისი სიტყვები? როგორ უთხრა? ჯერ არაფერი დამთავრებულაო, არა? კიდევ რა პრობლემა გაჩნდა კონცერნში მის არყოფნაში? ეს საზიზღარი ტყუილად არაფერს იტყვის. იქნებ ლექსომ უთხრა რამე ისეთი? როგორ უნდოდა, გუშინ ძმისთვის დაერეკა, მაგრამ ყოფილ ქმართან შეხვედრამ ყველაფერი დაავიწყა.

_ ნანი, გამომყვები შეხვედრაზე? ერთ საქმიან ადამიანს უნდა შევხვდე. თუ, გირჩევნია, აქ დამიცადო? _ ისეთი კილოთი უთხრა მამაკაცმა, თითქოს მათ შორის მტრობა არასდროს ყოფილიყო.

ნანიმ გაკვირვებული სახე მიიღო, მაგრამ არ დაიბნა.

_ აქ მირჩევნია. იმედია, მალე დაბრუნდები.

_ შევეცდები, _ მკვახედ მიუგო მამამკაცმა, შეეტყო, რომ აშკარად განიხიბლა მისი უარით.

ნანი კარგა ხანს იჯდა თვითმფრინავის სალონში, მაგრამ შემდეგ, როცა შეატყო, რომ ქარიშხალმა იმძლავრა და პილოტმაც ამცნო, ფრენა უნდა გადავდოთო, სანდროს აღარ დაუცადა და ყველაზე ახლომდებარე სასტუმროს მიაშურა.

მისდა გასაკვირად, ვესტიბიულში უამრავი ხალხი ირეოდა. არც ეგონა, ამ დროს ბაკურიანში ვინმე თუ იქნებოდა დასასვენებლად ჩამოსული. აქაურობა არ იყო ისე კეთილმოწყობილი, როგორც, მაგალითად, ბორჯომში.

როცა მისი რიგი დადგა და მორიგეს თავისუფალი ნომერი მოსთხოვა, არ გვაქვსო, მოახსენა ახალგაზრდა მამაკაცმა. იმდენად იმოქმედა ამ ცნობამ, რომ ძალაგამოცლილი ძლივს მილასლასდა სკამთან.

მოულოდნელად მორიგემ გამოსძახა, თქვენი გვარი მითხარითო.

_ გაგიმართლათ, ქალბატონო, თქვენთვის ნომერი უკვე შეკვეთილია.

ნანიმ გაოცებისგან პირი დააღო, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც გაღიმებულმა მორიგემ ნომრის გასაღები მიაწოდა.

ნანი შეყოყმანდა.

_ აქ რაღაც შეცდომაა, მე პირველად ვარ თქვენთან, ნამდვილად არ დამირეკავს!

_ ნომერი თქვენს სახელზე დღეს დილით ტელეფონით დაჯავშნეს, _ აუხსნა მორიგემ, _ კიდევ კარგი, თორემ ხომ ხედავთ, უამინდობის გამო რამდენმა ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი ექსკურსიაზე იყვნენ ჩამოსული და ქარის გამო უკან ვეღარ ბრუნდებიან.

რა ყურადღებიანია ვასიკო, _ გაიფიქრა ნანიმ. მან ალბათ გაითვალისწინა, რომ ამინდი გაუარესდებოდა და მასზე იზრუნა! დასანანია, რომ მისი შეყვარება არ შეუძლია. სამაგიეროდ, სანდროს დაუძვრა და ახლა ის დროა, ცოტა დაისვენოს.

8 8 8

მშვენიერი მყუდრო ნომერი გამოდგა. ნანი საწოლზე ჩამოჯდა, ფეხსაცმელი გაიხადა და საწოლზე წამოწვა. არა, მაინც რა ბედი აქვს, რაღა აქ გაიჭედა და ისიც სანდროსთან ერთად. ნანი ისევ სანდროსა და ოჯახს შუა აღმოჩნდა, მაგრამ ოჯახი მისთვის პირველ ადგილზე იყო. წარსულს იხსენებდა და დარწმუნდა, რომ სწორად მოიქცა _ კონცერნი გადაარჩინა.

ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ნანის ვიღაც ქალმა დაურეკა, უთხრა, ბატონ სანდროს მდივანი ვარო და დაინტერესდა, წესრიგში ჰქონდა თუ არა საზღვარგარეთის პასპორტი. ისიც უთხრა, ბატონი სანდრო თაფლობის თვის გატარებას საზღვარგარეთ აპირებსო.

_ როგორ, რა შუაშია თაფლობის თვე? _ ვერ შეიკავა თავი ნანიმ.

_ მე მგონი, ყველა ახალდაქორწინებულს აქვს თაფლობის თვე, _ გაეცინა ქალს, _ და ურჩევნიათ ეს დღეები ოჯახიდან შორს, მარტო გაატარონ.

ნანი შეეცადა თავი ხელში აეყვანა.

_ რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ სანდრომ ამაზე უკვე იზრუნა, მართალი გითხრათ, არ მეგონა, ის ხომ ძალიან დაკავებულია.

_ სანდროსნაირი მამაკაცი საყვარელი ქალისთვის დროს ყოველთვის გამონახავს, _ ისევ გაიცინა მდივანმა.

_ თქვენ ისიც გეცოდინებათ, საით მივემგზავრებით? _ ფრთხილად იკითხა ნანიმ.

_ ნამდვილად არ ვიცი, თორემ გეტყოდით, ბატონმა სანდრომ სიურპრიზი მოგიმზადათ.

8 8 8

ჯვრისწერის დღეც დადგა. ნანის ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ პატარძალი იყო. ქორწილი ხალხმრავალი არ ყოფილა, ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე კაცს მოეყარა თავი.

ნანის ულამაზესი ცისფერი კაბა ეცვა, არ უნდოდა ამ სპექტაკლში ქორწინებისთვის ტრადიციული თეთრი კაბით მიეღო მონაწილეობა.

ნანის საკურთხეველთან ელეგანტური და არაჩვეულებრივად მომხიბვლელი სანდრო ელოდა. გოგონას წამიერად გაახსენდა, როგორ მოეხვია სანდრო, მისი ტუჩების სითბოც იგრძნო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

ფეხები ისე მოეკვეთა, ლამის გული წაუვიდა. შეამჩნია, რომ სანდრო დაჟინებით უყურებდა, თვალს არ აცილებდა. ეშინია, არ გავიქცეო, მიუხვდა ნანი და ამერიკული ფილმი გაახსენდა, სადაც ჯულია რობერტსი თავქუდმოგლეჯილი გარბის მორიგი ჯვრისწერიდან. უნებლიე ღიმილი მოჰგვარა ამის გახსენებამ. ახლა რომ დაჰკრას ფეხი და გაიქცეს ეკლესიიდან, რა სანახაობა იქნება. მთელი ქვეყანა მასზე ალაპარაკდება!

არა, გაქცევა უკვე გვიანაა. მან მამას პირობა მისცა და რადაც უნდა დაუჯდეს, სიტყვას არ გატეხს.

დოდომ ორქიდეების ულამაზესი თაიგული გადასცა ნანის, რომელშიც ბარათი იდო. ნანიმ ამოიღო ბარათი, რომელშიც ერთადერთი სიტყვა ეწერა: «სანდროსგან». დოდომ წაუჩურჩულა, სანდრომ დამირეკა და მკითხა, ნანის რომელი ყვავილები უყვარსო.

ეს რას უნდა ნიშნავდეს _ მისთვის სულერთი არ არის, ნანის რა უყვარს და რა არა? ამ დღეების განმავლობაში სანდროს არც ერთხელ არ დაურეკავს მისთვის და ნანი გულის სიღრმეში იმედოვნებდა, იქნებ გადაიფიქრა და ჯვრისწერა არ შედგესო.

ახლა კი ისინი ეკლესიაში გვერდიგვერდ იდგნენ და მღვდელს ყურადღებით უსმენდნენ. სჯობდა, ოფიციალურად მოგვეწერა ხელი, ეს ხომ მკრეხელობაა, საკურთხევლის წინ ვცრუობთ, _ ფიქრობდა ნანი.

სანდრომ საცოლეს თითზე ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი წამოაცვა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, ბეჭედმა თითქოს თითი მოუყინა.

ნანიმ ყურადღება მიაქცია ასაკოვან, კარგად ჩაცმულ, არისტოკრატიული გარეგნობის ქალბატონს და მისმა გამჭოლმა მზერამ დააბნია.

ეს ალბათ სანდროს ბებიაა, კიდევ ერთი მსხვერპლი ამ საზიზღარი სიცრუის!

8 8 8

მანქანაში რომ ჩასხდნენ, ნანი კუთხეში მიიკუნჭა.

_ დამშვიდდი, პატარავ! _ ჩაიცინა სანდრომ, _ მე უცხოების თანდასწრებით თავდასხმა არ მიყვარს.

_ ძალიან სასიამოვნოა ამის გაგონება, მაგრამ მოწმეები ყოველთვის არ იქნებიან.

_ ჩემი ნდობა უნდა ისწავლო, _ გაეღიმა სანდროს.

_ ეს არც ისე იოლი იქნება, მით უმეტეს, რომ თაფლობის თვის სიურპრიზი მომიმზადე.

_ რა უნდა მექნა? ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ეჭვს აიღებდნენ. ისე, დასვენება არ გვაწყენდა.

_ დასვენების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ შენთან ერთად დასვენება არ მაწყობს.

_ მოგიწევს, ესეც გარიგების ნაწილია.

_ ვერ მაიძულებ შენთან ერთად გამგზავრებას! _ წამოიყვირა ნანიმ.

_ იძულება ჩემი ჰობი სულაც არ არის. ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ შენი ოჯახი იმედოვნებს, რომ სისულელეებს არ ჩაიდენ.

_ სისულელე უკვე ჩავიდინე, მაგრამ იმის უფლებას არ მოგცემ, რომ ჩემს ცხოვრებაში ცხვირი ჩაყო!

_ ერთი კარგად ამიხსენი, გათხოვება რა გეგონა? იმას თუ ფიქრობდი, რომ ჯვრისწერის შემდეგ ხელს დაგიქნევდი და ცალ-ცალკე წავიდოდით, მწარედ შემცდარხარ! საინტერესოა, როდის ჩამოფრინდები დედამიწაზე?

_ არ შემიძლია შენთან წამოსვლა, _ ამოიკვნესა ნანიმ.

_ შეეცადე! მერე კი, როცა დავბრუნდებით, შეგიძლია ყველას მოუყვე, რომ თაფლობის თვემ არ გაამართლა. ხალხი მორალურად შეემზადება ამისთვის და განვქორწინდებით. ხომ იცი, ხალხი ბრბოა, ყველანაირ სისაძაგლეს იჯერებს.

_ ალბათ მართალი ხარ, _ ამოიოხრა გოგონამ, _ უბრალოდ, ჩემი ქორწილი სხვაგვარად წარმომედგინა.

_ კარგი, დაწყნარდი და იმაზე იფიქრე, რომ სხვა დროს გაგიმართლებს. როგორც ქალებმა იცით თქმა, ერთხელ გათხოვებაა ძნელი, თორემ მერე მიდის ლიწინ-ლიწინით.

_ არც ეგეთი მათხოჯი ვარ, რომ გათხოვება გამძნელებოდა, _ იუკადრისა ნანიმ.

_ ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ, ვიხუმრე.

_ ის ქალი შენი ბებიაა?

_ ჰო, რა იყო?

_ ჩემზე რა უთხარი?

_ რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, ერთი ნახვით შემიყვარდა-მეთქი.

_ მერე? დაგიჯერა? _ გააკვირვებით გახედა მამაკაცს.

_ ვინ იცის… ბებიას ზედმეტი ლაპარაკი არ სჩვევია.

_ ალბათ არ მოვეწონე, ხმაც არ გაუცია ჩემთვის.

_ ის ჯერ გაკვირდება, ხომ გითხარი, ზედმეტი ლაპარაკი არ ჩვევია-მეთქი.

_ გასაგებია, _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა გოგონამ და ფანჯარაში გაიხედა…

8 8 8

ნანიმ შეცდომა დაუშვა, როდესაც დასთანხმდა და მასთან ერთად ეგვიპტეში სამოგზაუროდ გაემგზავრა თაფლობის თვის გასატარებლად. მაშინვე უარი უნდა ეთქვა და სულაც არ ანაღვლებდა, რას იფიქრებდნენ სანდროს ბებია და სხვა ახლობლები. ვაგზალზეც კი შეეძლო უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ…

არა, მაინც რატომ წაყვა? ახლა კი ხვდება, რატომაც. მისი დაყოლიება ან დაშინება ყოველთვის იოლი იყო და სამწუხაროდ, რაც უნდა ეხტუნა, ბოლოს ისე მოიქცეოდა, როგორც სხვებს სურდათ და არა თვითონ.

ყველაფერში დამნაშავე კი ის პირველი კოცნა იყო, როდესაც ისინი ეკლესიაში ამბის გასაგებად მიდიოდნენ. მასში მოულოდნელად ქალურმა ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. არა, მაინც რატომ აკოცა? რატომ აღარ შეეცადა გამეორებას? არ იცის ეგ…

დიდი ვერაფერი თაფლობის თვ გამოვიდა. ერთი კვირა ძლივს გაძლო და უკან გამოიქცა. ორიოდ დღეში მობეზრდა იქაურობა, რადგან მთების გარდა საინტერესო იქ ვერაფერი აღმოაჩინა. სანდრომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

თბილისში ჩამოსულებს აეროპორტში მანქანა დახვდათ. როგორც კი ჩასხდნენ, სანდრო ფრთხილად ალაპარაკდა.

_ ბებიას არ ესიამოვნა, შენ კომფორტულად რომ ვერ იგრძენი თავი ეს ერთი კვირა. ამიტომ ნამდვილი თაფლობის თვის გასატარებლად თავისი ზღვისპირა სახლი შემოგვთავაზა. შენ ხომ ზღვა გიყვარს, რაც მე ვერ გავითვალისწინე და მთებში წაგიყვანე. ამჯერად მართლა დაგასვენებ, სახლი ლამაზია. იქ ახლა მხოლოდ ჩემი ძიძა ცხოვრობს, მარტოა და ეზო-კარს უვლის.

_ ღმერთო ჩემო! არ მითხრა, რომ ახლა პირდაპირ იქ მივდივართ!

_ რა თქმა უნდა, პირდაპირ იქ!

_ კი მაგრამ…

_ არავითარი მაგრამ. შენ ჩემი ცოლი ხარ და მე როგორც გადავწყვეტ, ისე იქნება! დამიჯერე, ამჯერად არ დარჩები განხიბლული.

ოჰ… თუ აუცილებელია ეს დაწყევლილი თაფლობის თვე, უმჯობესი არ იქნებოდა, სადმე სასტუმროში დაბინავებულიყვნენ? რატომ უნდა მოატყუონ ის ქალბატონი?

_ ასე ნუ განიცდი, _ დაამშვიდა სანდრომ, _ სახლი ისეთი დიდია, რომ თავს არავინ მოგაბეზრებს, დარწმუნებული ვარ. ძიძასაც კი იშვიათად ნახავ.

_ ეგ კარგია, _ გულზე მოეშვა ნანის.

ამ ყველაფერში უფრო ის უხაროდა, რომ თავისი ოჯახის წევრების ნახვა არ მოუწევდა. ჯერ კიდევ ბრაზობდა მამაზე და ძმაზე. ჰოდა, ახია მაგათზე, არაფრად ჩააგდებს და აეროპორტიდან პირდაპირ ზღვის სანაპიროზე ამოჰყოფს თავს.

რამდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ მანქანა მწვანეში ჩაფლულ დიდ სახლთან გაჩერდა. ნანი მანქანიდან გადმოვიდა.

პარმაღზე ხანში შესული მოღიმარი ქალი იდგა.

_ გამარჯობა, დეიდა შურა, _ მიესალმა ღიმილით სანდრო, ნანის ხელი მოჰკიდა და კიბესთან მივიდა.

8 8 8

ამ სახლმა ნანიზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. უზარმაზარი, ხეებში ჩაფლული შენობა ძველებურ სასახლეს მოგაგონებდათ.

_ აქ საოცარი სიმშვიდეა, _ უთხრა სანდრომ, სანამ დეიდა შურა, მისი ბავშვობისდროინდელი ძიძა მათ ნივთებს თავს დასტრიალებდა.

_ თუ აქაურობა არ მოგწონს, მაშინ შეგვიძლია ანტალიაში წავიდეთ, თანაც ახლავე. შენ ხომ გიყვარს ზღვა. ჩემი ბრალია, ეგვიპტე რომ შევარჩიე, შენთვის უნდა მეკითხა.

_ არა, რას ამბობ. ძალიან მომწონს. ანტალიაში წასვლა და კიდევ საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ მიხსენო! _ მიახალა და თან იმას ფიქრობდა, ნეტავ ცალკე ოთახს თუ გამომიყოფენო.

ამასობაში დეიდა შურამ მოსამსახურეს სტუმრების ჩემოდნები აატანინა და სანდროს მიუბრუნდა.

_ ყოჩაღ, ჩემო სანდრო, კარგი გოგო კი აგირჩევია, მაგრამ ძალიან გამხდარია, მგონი. არა უშავს, აქ მოვასუქებთ, რომ ჯანსაღი და ლამაზი ბავშვები გაგიჩინოს.

ნანი წამოწითლდა და თვალები დახარა, რათა მამაკაცის მზერას არ შეჩეხებოდა.

შურა დეიდამ ოჯახის რძალი საძინებლისკენ წაიყვანა, კარი გააღო და ოთახში შეუძღვა.

საძინებელი საკმაოდ მოზრდილი და გემოვნებით მორთული აღმოჩნდა. კედელთან უზარმაზარი არაბული ტახტი იდგა, ორადგილიანი, შეღებული კარიდან კი მეორე, შედარებით მომცრო ოთახი მოჩანდა.

_ აი, ჩემო კარგო, აქ შენი საძინებელი იქნება, იქით კი სანდროსი, _ აუხსნა ქალმა.

ნანის გუნებაში გაუხარდა, რომ ცალკე ოთახში იქნებოდა, თუმცა იმანაც დააფრთხო, რომ სანდრო მის გვერდით უნდა ყოფილიყო და ნებისმიერ მომენტში შეეძლო მასთან შემოსვლა.

888

ოთახში სანდროს ძიძამ შემოიხედა.

_ ნანი, გენაცვალე, დაისვენე, წყალი გადაივლე და მერე სავახშმოდ ჩამოდი. ასე, ერთ საათში დაახლოებით.

_ ქალბატონო შურა, დიდი მადლობა, მაგრამ არ მშია.

_ თავი ხომ არ გტკივა? _ ცივად შეეკითხა სანდრო.

_ არა.

_ მოვალთ, შურა დეიდა, _ გასძახა ძიძას მამაკაცმა და ცოლს მიუბრუნდა.

_ არ ვიცი, რატომ ამბობ ვახშამზე უარს. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ სულ ათი დღეა დავქორწინდით, აქ გველოდნენ და ვახშამიც მოგვიმზადეს. მე არ მინდა ჩვენი ოჯახური ტრადიციები თავს მოგახვიო, მაგრამ კეთილი ინებე და ისე მოიქეცი, როგორც ახალდაქორწინებულს შეეფერება. გასაგებია?

ქმრის აგდებულმა ტონმა ჯერ კიდევ პატარძალი დააბნია და თავი უსიტყვოდ დაუქნია.

ასეთი დასაწყისის შემდეგ ნანი დარწმუნებული იყო, რომ მათი თაფლობის თვე ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა, თუმცა სულაც არ მომხდარა ასე.

მიუხედავად უმადობისა, ცდუნებას ვერ გაუძლო და გემრიელ კერძებს მიეძალა, ღვინოც დააგემოვნა და ოდნავ შეთვრა კიდეც.

ვახშმის შემდეგ ისინი საძინებელში ავიდნენ. ნანის გული ძალუმად უცემდა, მაგრამ სანდრომ მხოლოდ ძილი ნებისა უსურვა, ერთხელაც არ გამოიხედა მისკენ და მისთვის განკუთვნილ ოთახში გავიდა.

ნანი დაწვა, მაგრამ თვალზე რული არ ეკარებოდა. ძალაუნებურად სინათლის იმ ზოლს გასცქეროდა დაჟინებით, სანდროს ოთახიდან რომ გამოდიოდა. ვერც მას შემდეგ მოისვენა, როდესაც მამაკაცმა შუქი ჩააქრო. ასე ეგონა, აი, ახლა გაიღება კარი და ჩემთან შემოვაო… თუმცა, მოლოდინი თუ შიში არ გაუმართლდა…

8 8 8

თბილი, მზიანი დილა გათენდა. კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა და დეიდა შურამ გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა ოთახში, რომელზეც ყავა, ნამცხვარი და ხილი ეწყო.

_ დილა მშვიდობისა, ჩემო კარგო, სანდრომ უკვე ისაუზმა და ქალაქში გავარდა, მაგრამ სადილად დავბრუნდებიო, დამიბარა. არ უნდოდა შენი გაღვიძება. როგორ გეძინა? _ ეშმაკურად გაუღიმა ქალმა.

ნანიმ ნაძალადევი ღიმილით დაუქნია თავი, კარგად გამოვიძინეო, ჩაილუღლუღა, თან შვებით ამოისუნთქა, რადგან ამ დილაუთენია სანდროს დამცინავ გამოხედვას ასცდებოდა. თუმცა გულის სიღრმეში არ ესიამოვნა, მამაკაცმა უცხო გარემოში ასე მარტო რომ დატოვა. ან იქნებ, მხოლოდ ის არ ესიამოვნა, უდარდელად რომ მიაგდო ამ სახლში და თავად გაიქცა?

როგორც კი შურა გავიდა, წამოხტა, ჩანთიდან ტანსაცმელი ამოალაგა, სწრაფად გადაიცვა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა სააბაზანოში.

როცა თავის მოწესრიგებას მორჩა, კაბინეტში გავიდა, თაროდან ფრანგული პოეზიის კრებული გადმოიღო და ძველებური ბუხრის წინ სავარძელში მოკალათდა. «კარგად კი ცხოვრობენ ისე, ვერაფერს იტყვი. აქაურობა პრეზიდენტის რეზიდენციას ჰგავს», _ გაიფიქრა და ცალი წარბი აწკიპა მოწონების თუ ამრეზის ნიშნად.

უეცრად ზურგს უკან ხმაური შემოესმა, თავი მოაბრუნა და სანდრო დაინახა. სახეზე ოდნავ ნაღვლიანი, კეთილი ღიმილი გადაჰფენოდა.

_ შენა ხარ? _ გაუკვირდა ნანის და ოდნავ შეირხა სავარძელში, _ მე მეგონა, ქალაქში წახვედი.

_ გარეთ საშინლად ცხელა და ვერ გავძელი. ახლა აუზზე ვაპირებ გასვლას, ხომ არ შემომიერთდები?

ნანის უარის თქმა უნდოდა, მაგრამ მისდა უნებურად დათანხმდა.

_ სიამოვნებით.

_ ძალიანაც კარგი. «კუპალნიკი» გაქვს? იმედია, გექნება. მე დაბლა დაგელოდები.

გოგონა საძინებლისკენ გაიქცა და შესვლისთანავე კვლავ ჩანთას ეცა, თან ფიქრობდა, იქნებ თავქარიანად ვიქცევი და უარი უნდა მეთქვაო, მაგრამ თავი მალევე დაიმშვიდა. დიდი ამბავი, თუ იცურავებს, სხვა რა უნდა აკეთოს ამ პაპანაქებაში? ბოლოს და ბოლოს, მისი ცოლი ჰქვია, ქუჩის ქალი ხომ არ არის?

სანდრო უკვე წყალში შესულიყო, როცა აუზთან მივიდა. სარაფანი გაიხადა, თვითონაც სწრაფად ჩახტა წყალში და გაცურა. არ უნდოდა, მამაკაცს ნახევრად შიშველი ენახა.

ნელ-ნელა მოეშვა, სიამოვნებით მიცურავდა და უცებ შეამჩნია, რომ ქმარიც გვერდით მიჰყვებოდა.

_ ქალაქიდან რომ ვბრუნდებოდი, მეგონა, შენ უკვე აუზში დამხვდებოდი.

_ ეს არც მიფიქრია. მარტო შემეშინდებოდა კიდეც.

_ ვითომ? დავიჯერო, მშიშარა ხარ? _ თვალები მოჭუტა სანდრომ და წყალზე დადგა, _ მშვენივრად ცურავ? არა მგონია, მშიშარა იყო, სრულიად უცხო კაცს თვალის დაუხამხამებლად გაჰყევი ცოლად და… _ დაგესლა ქმარმა.

_ ეს შიში კი არა, სისულელე უფროა, თანაც იძულებითი სისულელე, თან კოლექტიური, _ არ დაიხია უკან, _ გარდა ამისა, ჩვენი ქორწინება ფიქტიურია, არ დაგავიწდეს!

_ გმადლობთ, რომ შემახსენე, _ ცივად გამოეპასუხა მამაკაცი, _ მაგრამ არ იყო საჭირო, გადასარევად მახსოვს, _ მკვახედ მიუგო სანდრომ და მკლავები მოუსვა, რათა დასწეოდა წინ წასულს.

ისინი გვერდიგვერდ მიცურავდნენ, მაგრამ მათ შორის თითქოს უხილავი, მტრული კედელი აღმართულიყო.

მამაკაცი პირველი ამოვიდა წყლიდან და ტანი შეიმშრალა.

_ სადილის დრო ახლოვდება, შურას არ უყვარს, როცა იგვიანებენ, დროა, შენც ამოხვიდე.

ნანი კოპებშეკრული მიცურდა აუზის კიბესთან, მაგრამ ამოსასვლელად ძალა არ ეყო. მამაკაცის დაკუნთული სხეული ჟრუანტელს ჰგვრიდა…

8 8 8

საათი საათს მისდევდა, დღე _ დღეს და ნანი თანდათან ეჩვეოდა აქ ყოფნას. ის კი არა, სიამოვნებდა კიდეც ამ სახლსა და ბაღში სეირნობა, თავი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ეგონა.

მართალია, უფრო ხშირად მარტო იყო, აუზში ბანაობდა ან შურასთან საუბრობდა, მაგრამ ასე უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს, ვიდრე სანდროსთან, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში ატარებდა. თუმცა, ერთხელაც თავისი თავი იმაში დაიჭირა, რომ საათზე ხშირად იყურებოდა და სანდროს გამოჩენას მოუთმენლად ელოდა. მიუხედავად ამისა, არც ერთხელ უკითხავს, რას აკეთებდა მისი ძვირფასი მეუღლე ქალაქში და რატომ იგვიანებდა. არც მამაკაცი იწუხებდა თავის რაიმეს ახსნით.

ერთი კვირის შემდეგ სანდრომ ქალაქში გასეირნება შესთავაზა. უთხრა, ბანკში შეხვედრა მაქვს დანიშნული და წამომყევი, სანამ მე საქმეზე ვიქნები, შენ ქალაქის დათვალიერებას მოასწრებო.

მამაკაცმა მანქანა ეკლესიასთან გააჩერა და ბანკისკენ ორივემ ფეხით გააგრძელა გზა. ზაფხული იყო და საკურორტო ქალაქში უამრავი ხალხი ირეოდა.

_ მე მალე მოვალ, შენ გაისეირნე, მაგრამ შორს ნუ წახვალ, გზა არ აგებნეს.

_ არც ისე დიდი ქალაქია, რომ დავიკარგო, _ თავი გააქნია გოგონამ, _ მალე დავბრუნდები, მაგრამ შენ სად გიპოვო? _ ცოტა არ იყოს, მაინც შეეშინდა, უცხო ქალაქში მართლა არ არეოდა გზა.

_ ნუ გეშინია, მე თვითონ გიპოვი, _ გულიანად გაიცინა სანდრომ.

_ ამდენ ხალხში? _ დაეჭვდა ნანი.

_ სადაც არ უნდა იყო! _ მრავალმნიშვნელოვნად მიუგო მამაკაცმა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა.

გოგონა წამოწითლდა და მიხვდა, რომ სანდრომ სიმართლე უთხრა.

დიდხანს გასქცეროდა მიმავალ ქმარს, სანამ ამ უკანასკნელმა მეორე ქუჩაზე არ შეუხვია…

ცენტრში უამრავი მაღაზია იყო. გოგონა ტაატით მიუყვებოდა ქუჩას, ვიტრინებს ათვალიერებდა და ზოგ მათგანში შედიოდა კიდეც. თანაც, ყველა ვიტრინაში გულმოდგინედ აკვირდებოდა თავის გამოსახულებას, როგორ გამოვიყურებიო.

აუტანელი სიცხე იყო. ერთ ბუტიკში ჩალის შლაპა მოეწონა და თავზე დაიხურა. ძალიან მოუხდა. ადგა და იყიდა. გარეთ გამოსულმა ნიშნის მოგებით ახედა მზეს, აბა, თუ ბიჭი ხარ, ჩემს შლაპაში შემოაჭყიტეო.

რაღაც მომენტში თავის გვერდით ახალგაზრდა წყვილი შეამჩნია. გული აუთრთოლდა. ისინი ხელიხელგადახვეულები იდგნენ და ერთმანეთს ისე შესციცინებდნენ, ისე, ისე, რომ…

ნანის გული დაწყდა. ხომ შეიძლებოდა, ის და სანდროც ასეთი ბედნიერები ყოფილიყვნენ, ერთმანეთს სხვა დროს და სხვა სიტუაციაში რომ შეხვედროდნენ?

ამოიოხრა. ძალაუნებურად ლოყაზე იმ ადგილას მიიდო ხელი, სანდრომ რომ მიუალერსა.

ჩაფიქრებული დაუყვა ქუჩას. უეცრად ვიღაც კაცს დაეჯახა. ის-ის იყო, ბოდიშის მოხდას აპირებდა, რომ გამვლელმა მხრებზე ხელი მოხვია და…

_ ხომ გითხარი, ყველგან გიპოვი-მეთქი.

_ ვაიმე, როგორ შემაშინე! არ გამიხედავს წინ, ამიტომ ვერ დაგინახე.

_ იცი, რამდენჯერ დაგიძახე? ვერ გაგაგონე. მერე წინ გადაგისწარი და შენს პირდაპირ დავდექი. სანამ არ დამეტაკე, ვერც შეამჩნიე ჩემი არსებობა.

_ მაპატიე, არაფერი გამიგონია.

_ რაზე ფიქრობდი? _ დამაინტრიგებელი კითხვა დასვა სანდრომ.

_ რა ვიცი, არ მახსოვს.

_ ასეთი «წამმავიწყი» ხარ? უცნაურია, _ ეშმაკურად ჩაიცინა მამაკაცმა, მერე დაკვირვებით შეაცქერდა სახეში, _ ეს შლაპა ძალიან გიხდება. კარგია, რომ იყიდე, ახლა ისეთ წვიმას დასცხებს, გაწუწვა არ აგვცდება.

_ რა წვიმა, საიდან მოიტანე? _ ნანიმ ცას ახედა, _ ვერ ხედავ, რა სიცხეა, თან ცაც მოკრიალებულია.

_ ვიცი, რასაც ვამბობ, პირველად კი არ ვარ აქ. ეს ჩემი მშობლიური კუთხეა. არ მოგშივდა? მოდი, რესტორანში ვისადილოთ, მერე კი ზღვის სანაპიროზე გავისეირნოთ. თუ დასველებაა, ბარემ ზღვასთან ახლოს დავსველდეთ, რას იტყვი? ან… თუ დაიღალე, შინ დავბრუნდეთ.

_ არა, არ დავღლილვარ, ოღონდ რესტორანში არ მინდა. იცი, რა ვქნათ? ჰოთდოგები ვიყიდოთ ან ბუტერბროდები და პირდაპირ სანაპიროზე გავიდეთ, იქ დავისვენოთ.

_ მშვენიერი აზრია. ვინ თქვა, ამ პატარა თავში ლამაზი აზრები არ ტრიალებსო, _ კვლავ გაიცინა მამაკაცმა და იქვე კაფეში შევიდა.

მალევე გამოვიდა, ხელში ნავაჭრით სავსე ყავისფერი ქაღალდის პარკი ეჭირა.

_ აგერ ჩვენი მანქანაც, ბარემ ჩავსხდეთ და გავგრიალდეთ, _ საჩვენებელი თითი ეკლესიის შესასვლელისკენ გაიშვირა სანდრომ.

ნანიმ გაიღიმა, ფეხდაფეხ მიჰყვა მამაკაცს და უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში. ცოტა დაიძაბა, არ იცოდა, სიამოვნებდა თუ არა ეს უეცარი ექსკურსია…

8 8 8

ხალხი თანდათან შეთხელდა. სანდრომ მანქანა ხის ქვეშ გააჩერა.

_ ფეხით მოგვიწევს გზის გაგრძელება. აქ ძალიან დამრეცი ბილიკია და მეშინია, არ წაბორძიკდე, ამიტომ მე წავალ პირველი.

ნანიმ მიმოიხედა. ისინი ციცაბო კლდეზე იდგნენ, ქვემოთ კი, კლდეებს შუა, ზღვისკენ მიმავალი ბილიკი მიიკლაკნებოდა. სადღაც ქვემოთ კი ზღვა ლივლივებდა ლურჯად. ასეთი რამეები ფილმებში თუ ენახა. ვერც იფიქრებდა, საქართველოში მსგავს სურათს თუ რომელიმე კუთხეში გადააწყდებოდა.

ირგვლივ მათ გარდა არავინ იყო. საოცარი სიმშვიდე გამეფებულიყო, აქამდე ტალღების ხმაც კი ვერ აღწევდა. როგორც იქნა, დიდი სიფრთხილით ჩაიარეს ბილიკი. თავის შესამაგრებლად ნანი ხანდახან მამაკაცის ხელს ეყრდნობოდა…

ახლა ნანი ზღვის ნაპირას იდგა და სადღაც შორს იყურებოდა. ამასობაში სანდრომ ჩანთიდან მუშამბა ამოაძვრინა, მანქანიდან წამოღებული პლედი ქვიშაზე დააფინა და მუშამბაზე ბუტერბროდები დააწყო.

ნანი ჩამოჯდა და სინანულით ჩაილაპარაკა.

_ ნეტავ, საბანაო კოსტიუმი წამომეღო.

_ ნუ ნანობ. სხვათა შორის, აქ საკმაოდ ცივი წყალია და, თანაც, წყალქვეშა ორმოებია მრავლად. ცურვა აუზში ჯობია.

_ ასე კარგად იცი ეს ადგილები?

_ რა თქმა უნდა. მთელი ბავშვობა აქ გავატარე. დედაჩემს არდადეგებზე ჩამოვყავდი.

_ ნუთუ ბებიაც ამ ბილიკით ჩამოდიოდა ზღვასთან?

_ აბა რა! მაშინ ხომ ახალგაზრდა იყო, _ უპასუხა სანდრომ და ბუტერბროდი გაუწოდა.

_ ქუთაისში რატომ გადასახლდა?

_ იმიტომ, რომ იქ თავისი დედულეთია და პატარა ბინა აქვს. იქ ურჩევნია, თავისთვის. ბაბუა აქ გარდაიცვალა და მას მერე ვერ იტანს ამ სახლს.

მოშიებული ნანი გემრიელად ილუკმებოდა, თან ყურადღებით უსმენდა მამაკაცს. თანდათან შებოჭილობისგან გათავისუფლდა და თავი მსუბუქად პირველად იგრძნო.

ჭამას რომ მორჩა, ზღვისკენ გაიქცა ხელების დასაბანად. წყალი მართლაც ყინულივით ცივი იყო. ნეტავ, რატომ? ამას ვერ მიხვდა.

როცა მობრუნდა, შეამჩნია, რომ სანდროს პერანგი გაეხადა და პლედზე გულაღმა გაშოტილიყო. მამაკაცს თვალები დაეხუჭა და ხმას არ იღებდა. ნანის გაუკვირდა, ასე უცებ რამ ჩააძინაო. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ კი, ფრთხილად თვითონაც გვერდით მიუწვა და კაბა ოდნავ აიწია, რომ ფეხები გარუჯვოდა.

ერთხანს იწვა ასე გატრუნული. შემდეგ ოდნავ შეაბრუნა თავი და ქმარს შეხედა. სანდრო უდაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, ძლიერი და ჭკვიანი. პირველად დაწყდა გული, რომ მათ ასეთი უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ. უნდოდა, თავიდან მოეცილებინა ეს აბეზარი ფიქრები, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თვალები დახუჭა, სასიამოვნო ფიქრებში ჩაიძირა და ვერც გაიგო, როდის ჩაეძინა…

ფეხზე რაღაცის შეხებამ გამოაღვიძა. წამოიწია და დაინახა, რომ მის თითებთან ბურთი მიგორებულიყო, ხოლო ბურთს პაწაწინა გოგონა გამოსდევნებოდა. პატარა უცბად შეჩერდა და ნანის შიშით გამოხედა. ნანიმ გაუღიმა. ისიც გახალისდა, გამბედაობა მოემატა და ნაბიჯი გადმოდგა წინ.

_ ეს შენი ბურთია? _ ენამოჩლექით შეეკითხა ნანი.

გოგონამ მორცხვად დაუქნია თავი. ნანიმ ბურთს მსუბუქად უბიძგა და ბავშვისკენ გააგორა. პატარა აჭყლოპინდა, ბურთს ფეხი დაარტყა და კვლავ მისკენ გამოაგორა, მაგრამ თვითონ თავი ვერ შეიკავა და ქვიშაში ჩაჯდა.

ნანი, ის იყო, უნდა წამომხტარიყო და ბავშვი წამოეყენებინა, რომ მისკენ მომავალი ახალგაზრდა ქალი დაინახა.

_ მაპატიეთ, ხელი რომ შეგიშალეთ და გაგაღვიძეთ. ეს საძაგელი გამომეპარა, _ დედამ დატუქსა შვილი და თავის ბურთიანად თან გაიყოლა.

ნანიმ სანდროსკენ გაიხედა. მამაკაცს აღარ ეძინა, იდაყვს დაყრდნობოდა და მოღუშული გასცქეროდა მიმავალთ.

_ ჩვენ გაგაღვიძეთ? _ დამნაშავესავით გაუღიმა ნანიმ.

_ მე კარგა ხანია, არ მძინავს, _ წარბი არ გახსნა სანდრომ, პერანგი ჩაიცვა და ღილები შეიკრა.

_ წასვლის დროა, საცაა, გაწვიმდება, _ ცივად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

ნანიმ ცას ახედა, სადღაც შორს რუხი ღრუბლები მოჩანდა, რომელიც ნელა მოცურავდა ცის კაბადონზე.

_ ცუდია, რომ მივდივართ. აქ კარგი იყო, _ ჩაილაპარაკა ნანიმ.

_ ვითომ? _ ირონიული ღიმილი აუკიაფდა მამაკაცს ტუჩებზე, _ მე კი მეგონა შენს თავშესაფარში მიგეჩქარებოდა.

_ სულაც არა. პირველად ვიგრძენი თავი თავისუფლად.

სანდრომ ისე შეხედა, რომ გოგონას სიტყვა გაუწყდა. მათ უსიტყვოდ აალაგეს თავიანთი ბარგი-ბარხანა, საჭმლის ნარჩენები პარკში ჩააწყვეს და ასევე უსიტყვოდ შეუყვნენ ბილიკს.

სახლამდე ისე მივიდნენ, არც ერთს ხმა არ ამოუღია.

ნანი კორიდორში დეიდა შურას შეეფეთა.

_ როგორ მოგეწონა აქაურობა, შვილო? _ ალერსიანად შეეკითხა ქალი პატარძალს.

_ ძალიან ლამაზია, ქალბატონო შურა, მაგრამ ცოტა თავი ამტკივდა და ალბათ ვერ ვივახშმებ, დაძინება მირჩევნია.

_ ეს ალბათ, ამინდი რომ შეიცვალა, იმის ბრალია. იცის ხოლმე ასე. ჭექა-ქუხილი ჩემზეც ცუდად მოქმედებს. ახლავე მოგიტან წამალს.

_ არა, არა, ნუ შეწუხდებით, დიდი მადლობა, მეც მაქვს რაღაც აბები, მაგრამ ვერიდები დალევას. დავწვები და თავისით გამივლის, _ მადლიერებით გაუღიმა ნანიმ.

როგორც კი თავის საძინებელში აღმოჩნდა და კარი მიიხურა, მაშინვე იგრძნო, რომ თავი მართლაც სტკიოდა, მაგრამ ამინდი აქ არაფერ შუაში იყო. ყველაფერი ამ უგულო კაცს დააბრალა. ბოლოს როგორ ჩაუშხამა დღევანდელი დღე. რა უჟმური ვინმეა!

მიუხედავად იმისა, რომ წამლების მიღება არ უყვარდა, სწრაფად მოძებნა საძილე აბები, დალია, თავი ბალიშში ჩარგო და მწარედ ატირდა. ახლა მისი ყველაზე დიდი მალამო ძილი თუ იქნებოდა.

ცა უფრო და უფრო იქუფრებოდა. ბოლოს ერთიანად გაშავდა. ნანის შესცივდა. მაშინვე ადგა და შხაპი მიიღო, მაგრამ არც ამან უშველა. კვლავ შეწვა ლოგინში და მოკუნტულმა თვალები დახუჭა, რომ ასე დალოდებოდა ძილს. ამავდროულად, გულისყური კარისკენ ჰქონდა. იმედოვნებდა, რომ სანდრო ამოვიდოდა და მაინც ჩაიყვანდა ვახშამზე. თითქოს მოშივდა კიდეც…

არ გაუმართლა. არც სანდრო ამოვიდა და არც დაეძინა. ცრემლები კვლავ მოაწვა, როგორც ჩანს, არ უნდა ამ კაცს მასთან ყოფნა და ძალაა? ალბათ არც არის საჭირო. ხვალ სთხოვს შურას, რომ საჭმელი აქ, ოთახში ამოუტანოს ხოლმე. მაგის დანახვას და მის გვერდით ყოფნას ვეღარ აიტანს… მაგრამ მოართმევენ კი ლოგინში სადილს? კიდევ რა უნდა? მერე რა, რომ პატარძალია, ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს?

თვალები მაგრად დახუჭა. თავი ისევ სტკიოდა, თუმცა ცოტა ხანში ჩათბა, ბურანმაც შეიტყუა და ჩაეძინა…

8 8 8

ნანი კორიდორში გარბოდა, ყველა კარს სათითაოდ აღებდა, მაგრამ სახლში სულიერი არ ჭაჭანებდა. სახლიც უცხო იყო და ოთახებიც.

ყვირილით აჯახუნებდა კარებს და რაღაცას თუ ვიღაცას ეძებდა.

მოულოდნელად გამოეღვიძა, საწოლზე წამოჯდა და მიაყურადა. ირგვლივ ბნელოდა და საშინელი გრგვინვის ხმა ისმოდა. წამლით გაბრუებული ვერ მიხვდა, ეს ისევ სიზმარი იყო, თუ ცხადი. ჩვეული ჟესტით ხელი ნათურის ჩასართველად გაიწვდინა და ვერ იპოვა.

სად ვარ? რატომ ბნელა? იქნებ მოვკვდი? _ გაუელვა თავში.

გაისმა ჭექა-ქუხილის საზარელი ხმაური და შეშინებულმა განწირულად იკივლა.

მოულოდნელად კარი გაჯახუნდა და ხმა გაიგონა. ნაცნობი, ახლობელი ხმა… კიდევ კარგი…

_ ნანი, ნანიკო, რა მოგივიდა? _ სანდროს შიშისგან ხმა უკანკალებდა.

ის აქვე იყო, გვერდით და ნანი მის ძლიერ მკლავებს მიენდო. ახლა თავს უშიშრად გრძნობდა. მამაკაცი პატარა ბავშვივით ეფერებოდა, ყურში საალერსო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა. ნუთუ ესეც სიზმარია? რა მოელანდა? როდის იყო, ასე ეფერებოდა? გოგონა გაიყურსა…

რამდენი დრო გავიდა, სანამ დამშვიდდებოდა?

მამაკაცმა შუქი აანთო და ნანის თვალებში ჩახედა, რომელსაც სინათლემ თვალები მოჭრა და უნებლიეთ მოხუჭა.

_ რა დაგემართა? სიზმარს აჰყევი?

_ არ ვიცი… ბნელოდა, გრუხუნმა გამომაღვიძა. ვერ მივხვდი, სად ვიყავი, თანაც სიბნელის ძალიან მეშინია და ვიფიქრე, მოვკვდი-მეთქი…

_ რა სასაცილო გოგო ხარ, როგორ შემაშინე, _ ნანის თავი სანდროს მკლავზე ედო, ის კი თმაზე ეალერსებოდა.

ნანი გრძნობდა მის მამაკაცურ სიმხურვალეს და ოდეკოლონის თავბრუდამხვევ სურნელს. ახლა უკვე აღარაფრის ეშინოდა.

სანდრომ წყალი მიაწოდა, ნანიმ რამდენიმე ყლუპი მოსვა. მამაკაცმა კვლავ მოხვია ხელი.

_ ნუ გეშინია, ყველაფერი დამთავრდა, მე შენთან ვარ. გინდა, ცხელი ჩაი მოგიტანო ან წამალი?

_ არა! _ წამოიყვირა გოგონამ, _ არ დამტოვო მარტო!

ნანი პერანგის სახელოში ჩააფრინდა მამაკაცს და არ უშვებდა. სანდრომ ყურადღებით შეხედა და ხმადაბლა უთხრა.

_ ნანი, ხომ იცი, რომ ჩემი აქ დარჩენა არ შეიძლება.

_ არა, არაფერი ვიცი! _ თავი ჯიუტად გადააქნია, _ მეშინია, თანაც ეს სიზმარი! არ წახვიდე, გთხოვ! მესიზმრა, თითქოს მთელი სახლი ცარიელი იყო, ამას ვეღარ გავუძლებ.

_ დამშვიდდი, მე ხომ გვერდითა ოთახში ვარ. თუ რამეა და ისევ დაფრთხები, დამიძახე. შუქს ანთებულს დავტოვებ.

_ არა! _ აქვითინდა ნანი, _ არ წახვიდე! გული გამისკდება, რომ დამტოვო!

სანდრომ ძლიერად მიიკრა მკერდზე. ნანი ისევ აკანკალდა, მაგრამ ამჯერად არა შიშისგან.

_ რატომ, რატომ გინდა წასვლა? _ თითქმის უხმოდ წაიჩურჩულა.

სანდრომ მისი ხელი აიღო და თითები დაუკოცნა.

_ მე… მე შენი ფიცისგან გათავისუფლებ, _ ჩუმად, მაგრამ მტკიცე ხმით წარმოთქვა ნანიმ, ბალიშზე გადაწვა და მამაკაცი თავისკენ მიიზიდა.

სანდროც დაიხარა.

_ თვითონ არ იცი, რას ამბობ. ზღვის ნაპირზე რომ გეძინა, დიდხანს გიყურებდი და ვოცნებობდი, აი, ასე შეგხებოდი, _ გაბზარული ხმით თქვა მამაკაცმა, მერე ღამის პერანგის ღილები შეუხსნა გოგონას, მკერდი გადაუღეღა… დაბინდული თვალებით დიდხანს დასცქეროდა ლამაზ მკერდზე… შემდეგ კი მწყურვალივით დააცხრა.

ნანი გრძნობდა მისი ტუჩების სიმხურვალეს, მისი სხეულის ყოველი უჯრედი რეაგირებდა მამაკაცის ალერსზე…

გოგონამ ამოიკვნესა და სანდროს ხელებში აფართხალდა. ქმარმა ჯერ ტუჩებში მაგრად აკოცა, შემდეგ კვლავ მკერდზე მიეალერსა.

ნანის აღარაფერი ახსოვდა, სხვას ვერაფერს გრძნობდა, გარდა ამ ცხელი ტუჩებისა, რომელიც მიზანმიმართულად დარბოდა მის სხეულზე და თავის საქმეს პროფესიონალურად ასრულებდა… ნანის აღარაფერი ახსოვდა ამ უსაზღვრო ბედნიერების გარდა. თვითონაც ეხვეოდა, ეალერსებოდა და აღელვებული რაღაცას ეჩურჩულებოდა.

უეცრად ყველაფერი დამთავრდა. ვერც მიხვდა, რა მოხდა. სანდრომ მოულოდნელად ხელი ცივად შეუშვა და წამოხტა, სახე არეოდა.

_ რა მოხდა? _ გაოგნდა ნანი და სიტყვები ძლივს ამოილუღლუღა.

მამაკაცმა ჯიქურ ჩახედა თვალებში.

_ ვერ ხვდები? ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, მაპატიე, თუ შეგიძლია, მაპატიე… _ ენა ებმოდა სანდროს.

_ გაპატიო? _ თავზარდაცემული გოგონა ვერაფერს ხვდებოდა. შეძრწუნებულმა უცებ გაიაზრა, რაც უთხრა მამაკაცმა, თავი ბალიშში ჩარგო და ყურებზე ხელი აიფარა. არასდროს ეგონა, თუ ასეთი ტკივილი არსებობდა. სანდრომ დანა პირდაპირ გულში ჩასცა და დასერა.

«ახია ჩემზე, ეს ტკივილი მე თვითონ მივაყენე ჩემს თავს. ამას, ამ საშინელ დამამცირებელ წუთებს ვერასდროს დავივიწყებ». _ ფიქრობდა გამწარებული.

სანდრო რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ ნანი აღარ უსმენდა, მისთვის ახლა ყველაფერი სულერთი იყო და მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა _ მომკვდარიყო ახლავე, ამწუთას.

გაიგონა, როგორ გავიდა ოთახიდან სანდრო და კარი გაიხურა. მაშინ კი მოიოხა გული ტირილით. ბალიშს კბილებით ჩააფრინდა და მოგუდული ხმით აყვირდა: ცარიელი, ცარიელი ოთახები!..

მისი სულიც ცარიელი იყო და იქაც ბნელოდა…

888

ტკივილი არ გაუყუჩდა. თვეების განმავლობაში ისე იყო სავსე ამ ტკივილით, ისე ეფერებოდა, როგორც სხეულის რომელიმე დაზიანებულ ნაწილს. სწორედ მაშინ დაიფიცა, რომ არასდროს არავის მისცემდა უფლებას, ასეთი ტკივილი კვლავ მიეყენებინა.

ახლა აქ არის, სიბნელეში, ახალი შეცდომის ზღურბლთან, მხოლოდ დეკორაციაა სხვა. ის კი იქვეა, ორი ფეხის ნაბიჯზე, კარს მიღმა, სადღაც ახლოს, არჩდილივით დაჰყვება თან.

მიუხედავად ნანის ძალისხმევისა, ბედისწერამ კვლავ შეახვედრა სანდროს. შესაძლებელი იყო კი, ეს შეხვედრა თავიდან აეცილებინა? ვასიკოს წინადადება რომ მიეღო, მასთან მუშაობა დაეწყო და ბორჯომში დარჩენილიყო, მაშინ… ვერაფერს იზამს, მოსახდენი მოხდა და ახლა აღარაფერი შეიცვლება.

არა, მაინც რას ნიშნავდა ის მუქარა? ნუთუ ეს მხოლოდ გუშინ იყო? რა იგულისხმა სანდრომ _ მათი ურთიერთობა თუ სამსახური?

ახლა გვიანაა ტვინის ჭყლეტა, მაშინვე უნდა გაეგო ყველაფერი. თუ კვლავ უსიამოვნება მოელის, უმჯობესია, ამის შესახებ რაც შეიძლება ადრე შეიტყოს.

როგორც კი თბილისში დაბრუნდება, ლექსოს სერიოზულად დაელაპარაკება. აუხსნის, რომ კონცერნში მუშაობა ვერ ააწყო და ისევ ძველ სამსახურს უბრუნდება.

დროა, რაღაც შეცვალოს. იქნებ ყველაფრის თავიდან დაწყება უკეთესია? იქნებ მისი მეგობრების მსგავსად, ისიც საზღვარგარეთ წავიდეს და იქ სცადოს ბედი? ნამდვილად არ გაუჭირდება _ ენებიც იცის და მატერიალური საშუალებაც აქვს. ოხ! როგორ არ უნდა თბილისში დაბრუნება! აღარც აქ ყოფნა უნდა, თანაც, როდესაც ამ უცხო კაცმა დათრგუნა და ერთიანად მოიცვა მისი არსება.

ნანიმ ამოიოხრა. უცხო რატომაა? რეალურად ცოლ-ქმარი რომ არ ყოფილან, იმიტომ? ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.

_ ნანი, ხომ კარგად ხარ? _ მობილურზე დაურეკა წეღან და მოიკითხა.

ნანის გააცივა და რაღაც წაილუღლუღა გაურკვევლად. რაში სჭირდება თანაგრძნობა? ის ხომ ისე უსინდისოდ მოექცა, როგორც წლების წინ?

არც მაშინ უძინია მთელი ღამე. ცხადად ახსოვს, როგორ განიცადა, რა ცუდად იყო. ხელები მაგრად შემოიხვია სხეულზე, საბანი წაიხურა, მაგრამ ვერ ისვენებდა. თანდათან ცახცახმა აიტანა.

საოცარია, მაგრამ საძულველი სიბნელე მაშინ მეგობრად და მოკავშირედ ექცა. რა უნდა ექნა, როდესაც გათენდებოდა, როგორ შეეხედა მისთვის თვალებში? დიდხანს იწრიალა საწოლში და როგორც იქნა, გამთენიისას ძილმა წაართვა თავი.

დილით, თვალი გაახილა თუ არა, მის საწოლზე ჩამომჯდარი სანდრო დაინახა. ძლივს შეიკავა თავი, რომ ისევ საბანში არ ჩამძვრალიყო. გამაგრდი! _ თითქოს უბრძანა თავის თავს, _ ამ კაცმა არ უნდა შეგამჩნიოს, რა ტრიალებს შენს გულში!

_ ნანი, შურა დეიდას ვუთხარი, რომ შეუძლოდ ხარ და ოთახში დარჩები. ახლა უკვე შუადღეა. აი, ნახე, ყავა და ხაჭაპური მოგიტანე.

_ გმადლობ, _ რაც შეიძლებოდა, გულგრილად უპასუხა, _ სადმე დადგი.

_ და აქედან აუცვი, _ დაასრულა მისი სათქმელი სანდრომ, _ არ გინდა, მოვილაპარაკოთ?

ნანის სუნთქვა შეეკრა.

_ რაღა დაგვრჩა სათქმელი? მე მგონი, ყველაფერი გარკვეულია. დროა, ეს ფარსი დავამთავროთ, მე თბილისში მინდა დაბრუნება.

სანდრო მოიღუშა.

_ წასვლას აპირებ?

_ დიახ, _ მტკიცედ მიუგო გოგონამ, _ კარგი იქნება, თუ დღესვე გამისტუმრებ აქედან!

_ მე თვითონ წაგიყვან.

_ არა! არ არის საჭირო! _ წამოიყვირა ნანიმ, მაგრამ როდესაც სანდროს გაოცებულ მზერას წააწყდა, მშვიდი ხმით გააგრძელა, _ გაცილება არ მჭირდება, მე თვითონ წავალ.

მამაკაცს კარგა ხანს ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი ერთობ წყნარი ხმით უპასუხა.

_ კარგი, როგორც გინდა.

სანდრო ოთახიდან გავიდა. ისე მოიქცა, როგორც ცოლმა სთხოვა. ავტობუსის ბილეთი დაუკვეთა და თბილისში გაამგზავრა…

«წავალ და აღარასდროს შევხვდები», _ გაიფიქრა მაშინ ნანიმ.

იმ წუთიდან ეს გადაწყვეტილება ცხოვრებისეულ კრედოდ ექცა. სანდრო გულიდან და მეხსიერებიდან სურდა ამოეშალა. დღესაც აგრძელებს მისი ხელების, თვალების, შეხების, მონატრების დავიწყებას…

ეს საკმაოდ მძიმე ომი იყო, რთული ტაქტიკური სვლებით. ვერასდროს გათვალა, მოწინააღმდეგე როდის რა ნაბიჯს გადადგამდა და რა მწარე სიუპრიზს მოუმზადებდა, რაც ცრემლების ფასად უჯდებოდა და უჯდება დღემდე. თუმცა ბოლო პერიოდში თითქოს წინათგრძნობა გაუჩნდა, რომ ამ ომს აუცილებლად მოიგებდა. სწორედ ასე ფიქრობდა აქამდე, მაგრამ მწარე რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.

«არა, ამას ვერ ავიტან, ლამის გავგიჟდე. რა მომდის, რატომ ვერ ვივიწყებ ამ კაცს?» _ ნანი თავის ეგრეთ წოდებულ ქმარს ხომ თითქმის არ იცნობდა. მათი ურთიერთობა გაცნობისთანავე დამთავრდა. აუცილებლად მოერევა თავს და სანდროს სამუდამოდ დაივიწყებს.

გოგონამ მშვიდად დაიწყო სუნთქვა, ტკივილიც დაუამდა და მალევე ჩაეძინა…

გარეთ კი ქარიშხალი ღმუოდა…

8 8 8

როგორც კი გაიღვიძა, შენიშნა, რომ გრიგალი ჩამდგარიყო. წამოდგომა სცადა, მაგრამ ხელი ვერ გაარხია. გული გაუსკდა, რა მემართებაო. ნელა შემოაბრუნა თავი და მის გვერდით დაწოლილი სანდრო დაინახა _ მისთვის ხელები მჭიდროდ შემოეხვია და ცალი ფეხიც მის ბარძაყზე შემოედო.

სუნთქვა შეეკრა. რა მოხდა, როდის მიუწვა გვერდით? საიდან შემოვიდა? კარი ვინ გაუღო? რატომ ვერაფერი გაიგო? კიდევ კარგი, რომ ორივე ჩაცმულია. ახლავე უნდა მოაცილოს აქედან, თორემ მერე გვიან იქნება.

ნანი შეეცადა, ფრთხილად წამომდგარიყო, მაგრამ სანდრომ იმწამსვე გაიღვიძა, როგორც კი ნანი შეირხა.

_ ისევ გაქცევას აპირებ? _ დაინტერესდა იგი, ხელი მოჰკიდა და გოგონა კვლავ საწოლზე მიაწვინა.

_ ახლავე გამიშვი ხელი! _ იყვირა ნანიმ, _ რას აკეთებ?

_ რას უნდა ვაკეთებდე, მძინავს, _ მშვიდად განუცხადა მამაკაცმა, _ ძილი მარტო შენი პრივილეგია არ არის.

_ აქ როგორ აღმოჩნდი?

_ დაბლა მომცეს გასაღები. სხვა თავისუფალი ნომერი არ იყო და შენთან ამოვედი, მაგრამ გეძინა და არ გაგაღვიძე. ვუთხარი, ქმარი ვარ-მეთქი.

_ მე მგონი, წინასწარ დაგეგმე ეს ყველაფერი, არა? შენ შეუკვეთე ნომერი ხომ? _ კბილი კბილს დააჭირა გაბრაზებულმა.

_ თუნდაც ასე იყოს, მერე რა?

_ რა და, ჩვენ შორის დიდი ხანია, ყველაფერი დამთავრდა. თუ სხვა გზა არ გქონდა, შეგეძლო, სავარძელში დაგეძინა და გვერდით არ მომწოლოდი!

_ შევეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, გავწამდი. ასეთი რა მოხდა? შენ ძალიან ტკბილად გეძინა ჩემს მკლავებში, სხვათა შორის.

_ ჰო-ო? ჰოდა. ახლა ხომ ხედავ, რომ გავიღვიძე, ამიტომაც ადგომა მინდა და გამიშვი! _ ცივად მიუგო გოგონამ და მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება სცადა.

_ რა გვეჩქარება? გრიგალი კი ჩადგა, მაგრამ ჯერ მაინც ვერ გავფრინდებით. ჩვენ გარდა, აღმოჩნდა, რომ სხვებიც უნდა გამოფრინდნენ თბილისში, ამიტომ მოცდა მოგვიწევს. შეიძლება დღესაც მოგვიწიოს დარჩენამ.

_ ახლავე გამიშვი! _ იყვირა ნანიმ, _ გამიშვი, თორემ!..

_ თორემ რა? _ ჩაეცინა სანდროს, _ უნდა შეგახსენო, რომ ჯერჯერობით შენი ქმარი მე ვარ და გარკვეული უფლებებიც მაქვს. ეს ისე, ცნობისთვის.

_ რა უფლებებზე მელაპარაკები, ხომ არ გაგიჟდი? ვითომ არ იცი, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთ დიდ ტყუილზე იყო აგებული და სხვა არაფერი.

_ მართალი ხარ, მაგრამ იმ ტყუილისა და გარიგების თანახმად, შენ ჩემი ცოლი გქვია ჯერ კიდევ და საკურთხეველთან ღმერთისა და ხალხის წინაშე ფიცი მომეცი. ჰოდა, დროა, შეასრულო!

_ ხომ შემპირდი! _ წამოიკნავლა სასოწარკვეთილმა გოგონამ ტირილნარევი ხმით, _ შენ ხომ მამაჩემს სიტყვა მიეცი…

_ სრული ჭეშმარიტებაა და ამ სიტყვას არასდროს გადავალ. მამაშენს შევპირდი, რომ შენ არაფერს დაგაძალებდი, მაგრამ თუკი ორივეს ერთად ყოფნის სურვილი გაგვიჩნდებოდა, მაშინ… მაშინ, ჰოოო…

ნანი აღშფოთდა.

_ რომელ სურვილზე მელაპარაკები? რაღაც მწარედ გეშლება, ვაჟბატონო!

_ მართლა? მით უკეთესი. მაშინ დამიმტკიცე, რომ მეშლება, _ მშვიდად მიუგო მამაკაცმა, უფრო ძლიერად მოიზიდა ქალი და ტუჩებზე დააცხრა.

ეგონა, რომ სანდროს სხეულის მხურვალება აღარ ახსოვდა, მაგრამ მისმა შეხებამ გონი დაუკარგა, ძველი შეგრძნებები გაუღვიძა და ახლა მხოლოდ ერთი სურვილიღა ამოძრავებდა _ ეს კოცნა არასდროს დასრულებულიყო, ოღონდ მამაკაცს ხელი არ შეეშვა მისთვის და ტუჩები არ მოეშორებინა. ყასიდად მაინც დააპირა გაბრძოლება, მაგრამ ბოლოს მოეშვა, გაიტრუნა და მისდა გასაკვირად, თავი უშიშრად იგრძნო…

მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. გოგონა შეცბა და სწრაფად მოშორდა მამაკაცს. ეს უკანასკნელი ძლივს მოწყდა ქალის სხეულს და მოღუშული გაეშურა კარის გასაღებად.

ამასობაში ნანის ნელ-ნელა დაუბრუნდა ცნობიერება, გამოფხიზლდა და შეძრწუნდა. ეს რა ხდება მის თავს! უკვე მეორედ გაება ხაფანგში! რა სულელია!

სწრაფად წამოხტა, ფანჯარასთან მიირბინა და ჟაკეტის ღილები ბოლომდე შეიბნია.

სანდრო დაბრუნდა.

_ ელექტროობა აღადგინეს და სამზარეულოც ამუშავდაო. გინდა, რესტორანში ჩავიდეთ და ცხელი კერძი ვჭამოთ?

_ ახლა სადილის დროა თუ ვახშმის? რომელი საათია? _ ისე მშვიდად ჰკითხა, თითქოს ორიოდე წამის წინ აფორიაქებული სულაც არ ყოფილიყო.

სანდრომ ფარდები გადასწია და ოთახში მონაცრისფრო, ბუნდოვანი შუქი შემოვიდა.

_ დილის ცხრის ნახევარია.

ნანი გაშრა.

_ როგორ თუ დილის? ნუთუ ამდენ ხანს მეძინა? ეს შეუძლებელია!

_ რატომ არის შეუძლებელი? ჰა, რას იტყვი, ჩავიდეთ?

_ არა, დიდი მადლობა, _ სწრაფად მიახალა უარი, _ ჭამა არ მინდა!

_ კარგი, დარჩი, _ აღარ დააძალა მამაკაცმა, _ და დაფიქრდი. მე მგონი, ძალიან გაგიჭირდება საკუთარი თავის იმაში დარწმუნება, რომ ჩემ მიმართ გულგრილი ხარ.

ეს სიტყვები წარმოთქვა და გასასვლელისკენ გაეშურა. კართან მისული შემობრუნდა და ნანის დაცინვით შეხედა.

_ როცა დავბრუნდები, შენს წარმატებებს შევამოწმებ!

ნანი ღონემიხდილი ჩამოჯდა საწოლზე. რა იოლად შეძლო მისი დამორჩილება. რა იდიოტი გოგოა! როგორ ათამაშებინებს თავს თოჯინასავით! არა, არა, ამის მოთმენა და ატანა აღარ შეიძლება!

888

ნანიმ სწრაფად დაიწყო სამგზავრო ჩანთაში თავისი ნივთების ჩალაგება. როცა სანდრო დაბრუნდება, ის აქ აღარ იქნება. აღარც ვერტმფრენს დაელოდება, ავტოსადგურში გავა და რაღაცას გაყვება თბილისამდე.

ასეც მოიქცა. კარი აკანკალებული ხელით გამოიხურა და ლიფტს მიაშურა, რომელიც არ მუშაობდა. სხვა გზა არ ჰქონდა, ფეხით უნდა ჩასულიყო ძირს. კიბეზე ფრთხილად დაეშვა, აქეთ-იქით იყურებოდა, ეშინოდა, სანდროს არ გადაჰყროდა, თორემ გეგმა ჩაეშლებოდა.

ქუჩაში გავიდა და სწრაფი ნაბიჯით გაერიდა იქაურობას. ავტოსადგურს კითხვა-კითხვით მიაგნო, უახლოეს სამარშრუტო ტაქსიზე ბილეთი აიღო და სანამ ტრანსპორტი ჩამოდგებოდა, უაზროდ იყიალა ქუჩაში, რომ მის საძებნელად წამოსულ სანდროს არ შეჩეხებოდა…

როგორც კი სამარშრუტო ტაქსი დაიძრა, გოგონამ შვებით ამოისუნთქა. ახლა აღარაფრის ეშინოდა…

8 8 8

როდესაც თბილისში დაბრუნდა, საოცარი სიცარიელე იგრძნო. ადრე ყოველთვის უხაროდა შინ დაბრუნება, ახლა კი ბინა ცივი და მიუსაფარი ეჩვენა.

პირველ რიგში, შხაპი მიიღო, მერე ყავა მოადუღა და დაღლილობისგან მოთენთილი სავარძელში ჩაესვენა. ტელევიზორი ჩართო, მაგრამ მხოლოდ მექანიკურად შესცქეროდა ეკრანს… არაფერი ესმოდა.

გადაწყვიტა, დღესვე ენახა მამა და, ერთხელ და სამუდამოდ, თავისი მომავალი გაერკვია.

ფანჯარა გამოაღო, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და უეცრად მანქანის მკვეთრად დამუხრუჭების ხმა მოესმა. გადაიხედა. ლექსო შეამჩნია, რომელიც სწრაფად ამორბოდა კიბეზე. და-ძმა ერთმანეთს გადაეხვია.

_ სად დაიკარგე? იცი, რამდენს გირეკავდი? მაკამ მითხრა, უკვე გამოფრინდა თბილისშიო. სად იყავი, მობილურზე რატომ არ მპასუხობდი?

_ შენ რა, ქარიშხალზე არაფერი გაგიგია?

_ რა შუაშია ქარიშხალი, ტაქსები ხომ დადიოდა? ვერ წარმოიდგენ, როგორ მჭირდები. სასწრაფო სალაპარაკო მაქვს!

ნანიმ მძიმედ ამოიოხრა.

_ ლექსო, ეს-ესაა, დავბრუნდი, ძალიან დაღლილი ვარ. ამ საღამოს ვაპირებ თქვენთან გამოსვლას და იქ დავილაპარაკოთ.

_ არა, სასწრაფოა-მეთქი, ვერ გაიგე? მაგარი უსიამოვნება შეგვემთხვა.

_ მართლა? სხვათა შორის, მეც მაქვს პრობლემები, _ წამიერი პაუზა გააკეთა ნანიმ, ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა ძმისთვის ყოფილ ქმართან შეხვედრის ამბავი. ბოლოს მაინც თქმა გადაწყვიტა.

_ იცი? იქ სანდროს შევხვდი.

ლექსომ პირი დააღო.

_ მართლა? როგორ ხასიათზე იყო?

ნანიმ მხრები აიჩეჩა.

_ ისეთი არაფერი, როგორც ყოველთვის, ამბიციური დარჩა.

_ იმედი მაქვს, არ გაგიბრაზებია. ახლა სანდრო ძალიან გვჭირდება. ხვალ დირექტორთა საბჭოს სასწრაფო თათბირი დავნიშნეთ და ღმერთმა იცის, რა მოხდება. სანდროს იმედი გვაქვს, ფული უნდა დადოს.

«ეგღა მაკლდა! საბრალო ლექსო! არ იცის, რა დარტყმა ელის!» _ გაიფიქრა ნანიმ.

_ ლექსო, აგერ დაჯექი! ყავა მოგიდუღო?

_ კონიაკი არ გაქვს?

ნანის გულმა ცუდი უგრძნო, ბუფეტიდან კონიაკის ბოთლი გამოიტანა, ძმას დაუსხა და თავისთვისაც დაისხა.

_ ხომ იცი, რამხელა მშენებლობა მიდიოდა ვაკეში? იქ, ხევში, _ დაიწყო ლექსომ.

_ როგორ არ ვიცი. მერე რა? ხომ დასრულდა უკვე? რამდენადაც ვიცი, ყველა ბინა გაყიდულია.

ლექსომ თავი დაუქნია.

_ კი, გაყიდულია და ხალხი შესახლდა უკვე, მაგრამ შენობა გადაიხარა და კედელზე ბზარები გაჩნდა… ერთი ამბავია. საჩივარი საჩივარზე მოდის. თავიდან მაინცდამაინც არ მივაქციეთ ყურადღება, ვიფიქრეთ, ახალი კორპუსია და სანამ «დაჯდება», დრო უნდაო, მაგრამ მობინადრეებმა დამოუკიდებელი ექსპერტი მოიყვანეს და იქ დაგვერხა!

ლექსომ სახეზე ხელები აიფარა და ამოიგმინა. ნანის გულზე შემოეყარა, სასოწარკვეთილი მიაჩერდა ძმას.

_ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ფუნდამენტი არ იყო მყარი. მაინცდამაინც იმ ადგილას არ შეიძლებოდა კორპუსის აშენება, მცოცავი მიწა ყოფილა თურმე, დროთა განმავლობაში უფრო გაუარესდებაო მდგომარეობა. ორმოცგვერდიანი დასკვნა და ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნეს. საძირკველი უნდა გამაგრდეს და კედლები უნდა შემოიჭიროს. იცი, რა ფული ჯდება? თითქმის მილიონ დოლარზეა ლაპარაკი!

ძმას აღელვებისგან ხმა ჩაეხრინწა.

ნანი ყურებს არ უჯერებდა.

_ ლექსო, ეს შეუძლებელია! გრუნტის გამოკვლევა ხომ გააკეთეთ? სახლებს პირველად ხომ არ ვაშენებთ? ლაბორატორია ყოველთვის ზუსტ დასკვნებს გვაწვდიდა, ახლა რა მოხდა?

_ ამჯერად სხვამ გაგვიკეთა გამოკვლევა, ის ლაბორატორია რამდენი ხანია, გააუქმეს, _ ლექსომ თავი ჩაღუნა და ფინჯანს დააშტერდა.

_ ვინ სხვამ, არალეგალური ლაბორატორიაა?

_ არა, მაგრამ კერძო ფირმაა, გოგამ მირჩია, იქ იაფად აკეთებენო და მეც გავბრიყვდი.

_ კი მაგრამ, მამას არ ჰკითხე?

_ არა, _ დამნაშავედ ჩაიღიმა მამაკაცმა.

ნანიმ თავი გადააქნია.

_ რა საოცარი კაცი ხარ! ასეთ რამეებს შენით რატომ წყვეტ? აბა საბჭო რისთვის არსებობს? მხოლოდ ქაღალდზე? ფული რომ ხდება საჭირო, ყველას კარგად ეძახი დასახმარებლად?! _ დატუქსა ნანიმ ძმა, მერე კი ტონი შეარბილა და გააგრძელა, _ ნუ, რაც არის, არის. იმედია, ყველაფერი მოგვარდება. ვუჩივლოთ იმ ლაბორატორიას და მათ გადაიხადონ ზარალის საფასური.

_ საქმეც მაგაშია, რომ ის ლაბორატორიაც აღარ არსებობს. სულ რამდენიმე თვე იმუშავა და მერე დახურეს. ის ბიჭი კი, ვისიც იყო, ამერიკაში წასულა სამუშაოდ. ეს ხალხი კიდევ გვემუქრება, პრესას და ტელევიზიას დაგაყენებთ თავზეო. ზუსტად ვიცი, რომ აგვაწრიალებენ, თუ არ მივხედეთ და შეცდომა არ გამოვასწორეთ.

ლექსო გალახული ძაღლივით გამოიყურებოდა. ნანის შეეცოდა იგი.

_ სანდრომ იცის ამის შესახებ?

_ მისმა ბუღალტერმა გაიგო ყველაფერი. საიდან იყნოსა, არ ვიცი. ხან აქედან მოგვიდგა, ხან იქიდან. დღეში ასჯერ რეკავდა ბანკიდან. ვცდილობდი, თავი ამერიდებინა და შემეყოვნებინა. როგორ მიაკვლია იმ დამოუკიდებელ ექსპერტს, ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტია, ის დასკვნა დაუთრევია და სანდროსთვის გადაუგზავნია. ისიც გაცოფებულა. სამი დღის წინ ჩამოსულა და მამაჩემს დაურეკა თურმე, საბჭოს თათბირი დანიშნე სასწრაფოდო.

ამის გაგონებაზე ნანი რატომღაც, დამშვიდდა. რა კარგია, სანდროს რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონია, გაქცეულ ცოლს არ დაუწყებს დევნას.

_ შენთვის არაფერი უთქვამს? _ შეაპარა ძმამ.

_ პირდაპირ არაფერი უთქვამს, მაგრამ რაღაც ისეთი მითხრა, ახლა ვხვდები, რაც იგულისხმა.

_ არც ის უთქვამს, რას აპირებს? დაგვეხმარება თუ არა? დაგვერხევა, ეგ რომ დირექტორთა საბჭოდან გავიდეს.

_ გგონია, წავა? გამორიცხულია! მან იმხელა ფული ჩადო ამ საქმეში, ასე ადვილად არ მიაფურთხებს ყველაფერს. რაღაც არა მგონია, რა ვიცი, _ ნანიც არ იყო საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული და ბოლო მომენტში მასაც შეეშინდა.

_ არ ვიცი, არ ვიცი… ამბობენ, სანდრომ თავის ხალხი ჩამოიყვანა და ყველაფერს ისინი უხელმძღვანელებენო. რა უნდა ვქნათ, მართლა ასე რომ გააკეთოს? თავსაც ვერ გავიმართლებთ, ფაქტია.

_ რა უნდა ვქნათ? იმას შევასრულებთ, რასაც დაგვავალებენ, _ მშვიდად მიუგო ნანიმ, _ მერე რა? მოიყვანოს, ვინც უნდა, ოღონდ ის ხალხი დააშოშმინოს და…

ლექსომ სიმწრით ლამის თითები გადაიმტვრია.

_ რომ არ მოისურვონ ჩვენთან ურთიერთობა, მაშინ? ყველაფერი რომ წაგვართვან? არ იცი, რა აქვს ჩაფიქრებული?

_ მე რას მეკითხები? მე საიდან უნდა ვიცოდე, სანდროს რა გეგმები აქვს? _ აღშფოთდა ნანი, ძმის ასეთმა სასოწარკვეთამ გააღიზიანა.

_ როგორ არ იცი, შენ ხომ მისი ცოლი ხარ!

_ ცოლი კი არა, ის! რომელიც ცოლ-ქმარი ჩვენ გვნახე? ვითომ არ იცოდე, რა ხდება ჩვენ შორის. შენ თვითონ არ გაჩარხე ეგ საქმე? _ ვერ მოითმინა ნანიმ და თვალები დააკვესა.

_ მე რა ვიცოდი, ასე თუ მოხდებოდა? _ ხელები გაასავსავა ლექსომ, _ მეგონა, ყველაფერი მოგვარდებოდა, ერთმანეთი შეგიყვარდებოდათ. დოდომ მაშინვე თქვა, ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთიო. ის კი ასეთ რამეებში არ ცდება.

_ ჰოდა, შენს «შეუმცდარ» ცოლს ჰკითხე, რას აპირებს სანდრო! _ გაწიწმატებული ნანი ფეხზე წამოხტა.

_ რა იყო, რას აფეთქდი? თუ არ გინდოდა, გეთქვა უარი, ძალით ვინ მიგათხოვებდა?

ნანიმ პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ მიხვდა, აზრი არ ჰქონდა. თავი სიმწრით გადააქნია და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

_ ახლა საქმის გარჩევის დრო არ არის. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, ნანიკო. შენ შეძლებ იმ კაცის დაჯერებას. რაღაც უნდა მოიფიქრო, _ ჭკუის დარიგება დაუწყო ძმამ.

_ იცი, რას გეტყვი? _ აგდებით მიუბრუნდა ნანი, _ ჩათვალე, რომ მე ეს სიტყვები არ გამიგონია, გასაგებია? ახლა კი წადი აქედან, დამაძინე, დაღლილი ვარ!

ლექსო უხმოდ გაიძურწა. მარტო დარჩენილმა ნანიმ გაიხსენა ლექსოსთან საუბარი და მიხვდა, რომ მას სულ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, როცა ის სიტყვები უთხრა.

ზარის ხმამ გამოაფხიზლა. იფიქრა, ლექსო მობრუნდაო და სათვალთვალოში არც გაუხედავს, ისე გააღო კარი.

_ ძალიან კარგია, რომ მშვიდობით დაბრუნდი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ არ გამაფრთხილე და ისე წამოხვედი, _ ცალი წარბი ირონიულად აზიდა სანდრომ და ოთახში დაუპატიჟებლად შემოაბიჯა, _ შენთან სალაპარაკო მაქვს. მინდა გითხრა ის, რისი თქმაც ვერ მოვასწარი შენი უტაქტო საქციელის გამო, _ ბოლო სიტყვები ცივად წარმოთქვა მამაკაცმა და კარი მაგრად მიაჯახუნა.

ნანის შიშისგან გული შეუქანდა და მისდა უნებურად მაგრად დახუჭა თვალები. აღელვებისგან ხმას ვერ იღებდა…

_ აქ რას აკეთებ? როგორ მომაგენი? _ ძლივს ამოილუღლუღა ბოლოს.

სანდრომ დამცინავი მზერა ესროლა.

_ შენი მისამართი ჯერჯერობით სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ამიტომაც, ადვილად გავიგე.

ნანი კარს მიეყრდნო, ფეხები არ ემორჩილებოდა.

_ ადრე აქ არასდროს მოსულხარ…

_ იქნებ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჩემი მოსვლა გაგიხარდებოდა? სხვათა შორის, სიხარულს ვერც ახლა გატყობ. არ შემიპატიჟებ? აქ უნდა ვიდგეთ?

სანდროს წვიმისგან დასველებული ქურთუკი ეცვა. ნანიმ უკან დაიხია და მამაკაცს ჰოლიდან სასტუმრო ოთახში შეუძღვა.

_ იცი? იქნებ ჯობია, დროზე მითხრა, რა გინდა და წახვიდე? _ გაღიზიანება გაისმა ქალის ხმაში.

_ არა მგონია, ოჯახმა მოგიწონოს ჩემი ასეთი მიღება, _ ირონიულად შენიშნა სანდრომ, დივანზე ჩამოჯდა და აქეთ-იქით მიიხედა. _ მყუდრო ბინა გქონია, გემოვნებით მოწყობილი.

_ გმადლობთ კომპლიმენტისთვის, _ თქვა ნანიმ, _ შენს სასახლესთან ჩემი ბინა ალბათ ქოხად გეჩვენება.

_ არ ღირს «იაზვობა», შენც მოგეცემა საშუალება, ჩემი სახლი მოინახულო.

სანდრომ ყურადღება შეაჩერა პატარა მაგიდაზე დადგმულ ორ ბოკალზე და ჩაიცინა.

_ აქ რა, სამხედრო თათბირი გქონდათ?

_ არ მესმის, რას გულისხმობ, _ წარბები მორკალა ქალმა.

სანდრომ ამოიხვნეშა.

_ რა არის გაუგებარი? მაგიდაზე ორი ბოკალი დგას. ჩემი აზრით, აქ ლექსო იყო და ალბათ მოგიყვა, რა მოხდა შენი შვებულების პერიოდში. არის მეორე ვარიანტიც _ ორივე ჭიქიდან შენ დალიე და მე ცუდი ფსიქოლოგი ვარ.

_ ლექსოს ვიზიტის გამოსათვლელად სულაც არ არის საჭირო დეტექტივობა. ჰო, ლექსო მესტუმრა და მითხრა, მშენებლობაზე რა პრობლემებიც არის. მე მგონი, პრესასთან ურთიერთობა მოგვიწევს და ამაზე პასუხს მე ვაგებ. მოქმედების გეგმა ხვალ დილითვე მექნება მზად.

_ ნუღარ გაირჯები. მე უკვე დავავალე ამ საქმის მოგვარება ერთ სერიოზულ კომპანიას. შენ კი შეგიძლია სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერო.

ნანი გაშრა.

_ როგორ? სამსახურიდან მაგდებ? ეს შეუძლებელია! დირექტორთა საბჭოს სხვა წევრები ამაზე არასდროს დაგთანხმდებიან.

_ არ გირჩევ წინააღმდეგობის გაწევას, _ ცივად გააწყვეტინა მამაკაცმა, _ ამით თვითონვე წააგებ. არა მგონია, საბჭოს მოეწონოს, კონცერნის ხარჯზე წელიწადში რამდენჯერმე რომ მიდიხარ დასასვენებლად. შეიძლება ბევრი რამ გაირკვეს, მაგალითად, ყოველთვიურად რამდენი ფული გაგქონდა ჩვენი ანგარიშიდან.

ნანის მიტკლისფერი დაედო. აღარ იცოდა, რა ეთქვა, გააცოფა სანდროს სიტყვებმა.

_ კონცერნი ასეთ დღეში იყო, შენ კი შვებულებაში გახვედი და მშვენიერ დროს ატარებდი ვასიკოსნაირ ვიგინდარებთან.

_ არ გაბედო ვასიკოს ხსენება! სხვებისგან განსხვავებით, ის წესიერი ადამიანია და არა ზოგიერთებივით გარეწარი! _ გაწიწმატდა ნანი.

_ სხვებში ალბათ მე მგულისხმობ, არა?

ნანიმ არ უპასუხა, თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა. რატომ ახსენა სანდრომ ფული. თუკი სიმართლე თქვა, ვის უნდა მოეხსნა ამხელა თანხა მისი სახელით? მას ხომ ნამდვილად არ უსარგებლია საერთო თანხით? თავში არასდროს მოსვლია მსგავსი რამ. მაგრამ თავის გამართლებას არც აპირებდა, ვაითუ, მისი ოჯახის წევრებმა გახარჯეს ის ფული, ძალაუნებურად მოუწევს მაშინ მათი ჩაშვება.

მოულოდნელად გაახსენდა, როგორ ემუდარებოდა ლექსო, როგორმე ეთქმევინებინა სანდროსთვის, რას აპირებდა… და მიხვდა, რომ ლექსომ, რა თქმა უნდა, თავისმა ძვირფასმა ძმამ გაწირა. მას ხომ ფული არასდროს ყოფნიდა დოდოს დასაკმაყოფილებლად.

თავბრუ დაეხვა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა, კონიაკი დაისხა და სულმოთუქმელად დაცალა. როგორმე დრო უნდა მოიგოს და რაიმე მოიფიქროს.

_ რაო, ჩიტუნია, დაგცხა? საინტერესოა, რა გეგონა? იქნებ ფიქრობდი, რომ ეს ამბავი ვერასდროს გამჟღავნდებოდა? _ ნიშნის მოგებით შეეკითხა მამაკაცი.

_ მე… მე არ ვიცი, რას ვფიქრობ, _ ღრმად ამოიოხრა ქალმა და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა, მისთვის პირდაპირ თვალებში შეეხედა, _ ხვალვე დავიწყებ სამსახურის ძებნას. გთხოვ, არ გაახმაურო ეს ამბავი და გეფიცები, ბოლო თეთრამდე ყველაფერს დავაბრუნებ. იმედია, სამსახურს მალე ვიშოვი.

_ გასაგებია, _ საეჭვოდ თბილად დაიწყო მამაკაცმა, _ მართალი ხარ, ვალების დაბრუნების დრო დადგა. ახლა, რაც შეეხება შენს სამსახურს… ძებნა არ დაგჭირდება. დიდი ხანია, ვაკანსია მაქვს, ეს ჩემი ცოლის თანამდებობაა. კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე, ამჯერად არ ვაპირებ შენი ხუშტურების ატანას, გაქცევას, დამალვას და ასე შემდეგ.

ნანი ქვეცნობიერად თითქოს ელოდა ამ მომენტს და შიშმა შეიპყრო.

_ ეს შეუძლებელია! ამაზე ლაპარაკი მეტჯერ აღარ მინდა, გესმის? თანახმა ვარ ნებისმიერ სასჯელზე, ოღონდ ამაზე არა!

_ ოოო… ამის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა, საყვარელო, მაგრამ რას ვიზამ. ნუ გეშინია, გპირდები, რომ ფულს მოგცემ და შენს ხარჯებსაც გადავიხდი.

მამაკაცი გაჩუმდა და ქალს გამომცდელად მიაჩერდა.

_ გპირდები, რომ გულუხვი ვიქნები და შენგანაც იმავეს მოვითხოვ. შენს სიცივეს ვერ ავიტან, განსაკუთრებით ლოგინში.

ნანი გაწითლდა. დაბნეულმა არ იცოდა, ხელები სად წაეღო. გაახსენდა მამაკაცის ცხელი ტუჩები, შანთივით რომ უწვავდა სახეს. რა ქნას? უნდა დათანხმდეს, სხვა გამოსავალი არ არის. მამამ რომ გაიგოს, ფული ლექსოს აღებულია, გული გაუსკდება. თვითონ კი რას აგებს? ბოლოს და ბოლოს, დროებით მაინც დათანხმდება მასთან ურთიერთობას, თანაც… თანაც სულაც არ იტყვის უარს, თუკი ყოფილი ქმარი მოეფერება.

მიუხედავად ამისა, ნანიმ მაინც შორიდან მოუარა სათქმელს.

_ სანდრო, მე მგონი, ჩვენ არაფერი გამოგვივა. ერთხელ ხომ უკვე ვცადეთ და სულ ტყუილად. ერთად ყოფნით ჩვენ უფრო გავაუბედურებთ ერთმანეთს, ვიდრე გავაბედნიერებთ. გეფიცები, ყველა ვალს გადავიხდი, დღედაღამ ვიმუშავებ. მე შენ გაგათავისუფლებ, ბედნიერებასაც მალე იპოვი. აი, თუნდას ის ქერათმიანი ლამაზი გოგო… ახლა სად არის?

_ რა ვიცი, სად არის. რა შენი საქმეა, სად არის? სიტყვას ბანზე რატომ მიგდებ? სხვათა შორის, არც შენ კარგავდი უქმად დროს, ძალიან კი უჟუჟუნებდი თვალებს იმას! _ სანდროს ხმაში სიბრაზე გაერია.

_ ვუჟუჟუნებდი? შენ საიდან იცი? _ სარკასტულად შეჰღიმა ნანიმ, _ მითვალთვალებდი? შემთხვევით, ხომ არ ეჭვიანობ?

_ ეგღა მაკლია, შენზე ვიეჭვიანო! მე შენ თავის დროზე გითხარი, რომ თავისუფალი ხარ.

_ ჰოდა, მაშინ არ გვინდა ერთმანეთის წამოძახება. ორივეს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ჩვენვე მივხედოთ. ახლა კი, თუ შეიძლება, დამტოვე, დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო.

_ არაფერი გამოვა მაგ საქმიდან, არსადაც არ ვაპირებ წასვლას, _ გაიღიმა სანდრომ, მოხერხებულად მოკალათდა ტახტზე და ფეხი ფეხზე გადაიდო, _ ჩვენი ოჯახური ცხოვრება დღეს დაიწყება, აქ და ახლავე.

ნანის კინაღამ გული წაუვიდა, ხმა ჩაუწყდა და ძლივს მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქმა.

_ არა, ეს გამორიცხულია! მე ახლა მზად არ ვარ, დრო მჭირდება მოსაფიქრებლად.

_ მეც ბევრი რამ მჭირდება, ნანი… მაგალითად, გასაღები.

_ გასაღები? გასაღები რად გინდა? _ დაფრთხა ნანი.

_ მანქანიდან ჩემი ნივთები უნდა ამოვიტანო, _ აუხსნა სანდრომ, _ შენ კი, რა თქმა უნდა, ამასობაში კარს ჩამიკეტავ და არ შემომიშვებ. მე კი, რა თქმა უნდა, იძულებული გავხდები, კარი შემოვამტვრიო. ამდენ დავიდარაბას, ჯობია, გასაღები მომცე.

ქალი ისე დაიბნა, რომ ძალაუნებურად გაიშვირა გასაღებისკენ ხელი.

_ ყოჩაღ, ჭკვიანი გოგო ხარ. შენი იმედი ყოველთვის მქონდა, _ გამარჯვებულის იერით გაიცინა მამაკაცმა და დააყოლა, _ მე მალე დავბრუნდები.

სანდრო გავიდა თუ არა, აქამდე ფეხზე მდგომი ნანი დივანზე დაეშვა და კუთხეში მიიყუჟა. სუნთქვაშეკრული და გულათრთოლებული ელოდებოდა სანდროს დაბრუნებას.

მამაკაცი მალე მობრუნდა, ხელში მოზრდილი სამგზავრო ჩანთა და პაკეტები ეჭირა.

_ გამომართვი, რაღაცები მოვიტანე. ვიცოდი, საჭმელი რომ არ გექნებოდა. ამოალაგე, მე კი მანამ წყალს გადავივლებ, _ ისეთი ჩვეულებრივი ტონით უთხრა სანდრომ, თითქოს წლებია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენო.

_ საჭმელი? რა საჭმელი? საჭმელი მოიტანე? _ გაუკვირდა ნანის.

_ რა თქმა უნდა, შემოგევლე, ოჯახი ხრამიაო, ნუთუ არ გაგიგია? ოჯახური ცხოვრების მეორე პირობაა რეგულარული კვება. გინდა გითხრა, პირველი რომელია? თუ იცი?
_ არ არის საჭირო, ისედაც ვხვდები, _ სწრაფად მუგო ნანიმ და პაკეტებიანად სამზარეულოში გავიდა.

მამაკაცს თავი გაუგიჟებია, ისეთი დელიკატესები ამოალაგა ნანიმ პარკებიდან და მაშინვე სუფრა გააწყო. თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი გამოიღო უჯრიდან და თავ-თავის ადგილი მიუჩინა. ამ ფუსფუსში იყო, სანდრო რომ შემოვიდა. ტანსაცმელი გამოეცვალა, ჯინსი და ლურჯი მაისური ჩაეცვა.

_ რა კარგი გემოვნება გაქვს. რა ლამაზად გაგიწყვია მაგიდა, დიდი მადლობა, ძვირფასო, _ ოდნავი ირონიით აღნიშნა მან.

_ მე მიყვარს სტუმრები, _ არც ნანიმ დაიშურა ირონია.

_ ეგ გასაგებია, მაგრამ მე რომ სტუმარი არ ვარ და არც არსად წასვლას ვაპირებ? რა ვქნათ ახლა? რაც უფრო მალე შეეგუები ამ სიტუაციას, მით უკეთესი იქნება შენთვის.

სანდრომ ჭიქები შეავსო და წამოდგა.

_ მე მინდა ჩვენი სადღეგრძელო შემოგთავაზო, ჩემო ნანი, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლისა იყოს და კიდევ იმის, რომ სიბნელის აღარ შეგშინებოდეს.

ნანის ღაწვები შეეფაკლა, რაღაც ჩაიდუდუნა და სასმელი ოდნავ მოსვა. რატომ გაიხსენა სანდრომ ის დღე, რომელმაც ასეთი მტკივნეული კვალი დატოვა მის გულში?

ისინი უსიტყვოდ ვახშმობდნენ, ორივე თავის ფიქრებში იყო ჩაფლული. როცა ვახშამს მორჩნენ, ქალმა სუფრა აალაგა, სანდროც მიეხმარა ჭურჭლის ალაგებაში, გარეცხვაც კი შესთავაზა.

_ გმადლობ, ნუ წუხდები, სამზარეულო ისეთი პატარაა, რომ ორ ადამიანს გაგვიჭირდება ტრიალი.

მამაკაცი უხმოდ გავიდა და ნანის მალე ტელევიზორის ხმა შემოესმა.

როდესაც ქალმა ოთახში ლანგრით ყავა და ნამცხვარი შეიტანა, დივანზე წამოწოლილმა სანდრომ წამოიწია.

_ აქ დაჯექი, ჩემთან.

ნანიმ ლანგარი ჟურნალების მაგიდაზე შემოდგა და სანდროს გვერდით მიუჯდა. მამაკაცმა ხელი მოხვია და მიიზიდა.

_ რატომ ხარ ასე დაძაბული? ჩემი გეშინია? დამშვიდდი.

_ არ შემიძლია… ასე არ შემიძლია, _ დაიკვნესა ნანიმ, _ არ ვიცი, რა ვქნა.

_ არაფერიც არ უნდა ქნა. უბრალოდ, იჯექი და ტელევიზორს უყურე. არ გიყვარს დისქავერი? შეხედე, რა ლამაზი ვეფხვია. _ ეუბნებოდა სანდრო, რომელიც თან ეკრანს მისჩერებოდა და თან ცოლს ეალერსებოდა.

თანდათან ნანიც «გალხვა», კატასავით მინაბა თვალები და თავი მკერდზე მიადო მამაკაცს…

მოულოდნელად სანდრო წამოდგა, ნანიც წამოაყენა, ჩაიხუტა და ჩურჩულით უთხრა.

_ იცი, ახლა რას ვიზამ? აბაზანას მოგიმზადებ და უმჯობესი იქნება, თუ ღამეს სხვადასხვა ოთახში გავათევთ.

ნანი დააბნია მისმა წინადადებამ.

_ რატომ? აკი… _ პაუზა გაწელა, შემდეგ კი სრულიად სხვა რამ თქვა, _ მგონი, მეთამაშები.

_ რას ამბობ, ეგ რამ გაფიქრებინა? უბრალოდ, შენ მართალი აღმოჩნდი, ჩვენ დრო გვჭირდება, მეც უნდა გავარკვიო ბევრი რამ. ამიტომ ჯობია, ცოტაც მოვიცადოთ…

სანდრო დაიხარა, ცოლს თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი, შემდეგ კი ტუჩებზე ვნებიანად დააცხრა. ნანიმ კოცნაზე კოცნით უპასუხა… ალერსში გართულნი დიდხანს იდგნენ ჩახვეულები.

ნანი ძლივს მოსწყდა მამაკაცის შანთივით ცხელ ბაგეებს, თვალებდახრილი მსწრაფლ შებრუნდა და ნაბიჯარეული სააბაზანოსკენ გაემართა.

შხაპმა ცოტათი გონს მოიყვანა, დამშვიდდა… კარგა ხანს ინებივრა ცხელ წყალში, შემდეგ პირსახოცი შემოიხვია მკერდზე და საძინებელში გავიდა. საწოლზე ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული ყუთი იდო. გაკვირვებულმა ქაღალდი შემოხსნა მუყაოს ფერად ყუთს და იქიდან ულამაზესი პენუარი ამოიღო. აღტაცებისგან ოხვრა აღმოხდა, პატარა ბავშვივით ხარბად დასტაცა ხელი საჩუქარს, პირსახოცი მოიძრო, სკამზე მიაგდო და პენუარი ჩაიცვა. როცა სარკესთან დადგა და ჩაიხედა, საკუთარი თავი ვეღარ იცნო, ისეთი ჰაეროვანი და მომხიბვლელი გამოჩნდა. უხდებოდა ლურჯი ფერი…

კარგა ხანს იდგა ჩაფიქრებული, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა… შემდეგ ნელა ასწია თავი, საკუთარ ორეულს მრავლისმეტყველად გაუღიმა სარკეში და მტკიცე ნაბიჯით იმ ოთახისკენ გაემართა, სადაც სანდრო ეგულებოდა.

კარი ფრთხილად შეაღო… მამაკაცი იწვა და ჟურნალს კითხულობდა. ვინ იცის, კითხულობდა კი? ქალმა თვალი ვერ მოაშორა მის ხშირბალნიან შიშველ მკერდს. ჟრუანტელმა დაუარა, ხარბი ნაპერწკლები გაუკრთა თვალებში.

სანდრომ გაოცებით გამოხედა და მშვიდად შეეკითხა, თითქოს აქ არაფერიაო.

_ მოხდა რამე, ნანი?

_ მე… მე… მოვედი, რომ შენი საჩუქარი მეჩვენებინა. დიდი მადლობა, ასეთი ლამაზი პენუარი არასდროს მქონია.

_ მიხარია, თუ მოგეწონა… გიხდება…

ნანის მამაკაცი ცივი და მიუკარებელი მოეჩვენა. დაიბნა. ნუთუ არაფერს ეტყვის, ნუთუ კიდევ ერთხელ შეცდა და არ უნდა შესულიყო მასთან? ისევ ხომ არ ეთამაშება? რა უცნაურ გამოცდებს უწყობს?

_ ვიფიქრე, ასეთი საჩუქარი უპრიანი იქნებოდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქალი ოცნებობს, პირველ ღამეს თავი დედოფლად იგრძნოს. ამიტომაც შევაჩერე არჩევანი ღამის პერანგზე, _ თითქოს თავი იმართლა მამაკაცმა.

_ შენი აზრით, ეს ჩემი პირველი ღამეა?

_ რა ვიცი, არა? _ სანდრომ გადაკეცილი ჟურნალი საწოლზე გადადო და ხელები თავქვეშ ამოიდო.

_ მაშინ რატომ უნდა დავწვე მარტო? _ წაიჩურჩულა ნანიმ და ქმარს გამგმირავი მზერა ესროლა..

_ მე ხომ აგიხსენი? ნუთუ საკმარისი არ იყო? რამე ვერ გაიგე? ხომ არ გავიმეორო? _ გამოაჩინა სანდრომ თავისი «ირონიული» ბრჭყალები.

ნანის მრისხანება თანდათან ერეოდა, უკვე აღარ ერიდებოდა მის ირონიულ ტონს. გადაწყვიტა, იერიშზე იერიშით ეპასუხა.

_ ჰო, მაგრამ შენი ახსნა არაფერში მჭირდება. მინდა, ჩემ გვერდით იყო და სხვა არაფერი მაინტერესებს.

სანდრომ ხელები სახეზე აიფარა.

_ რომ იცოდე, როგორ მტანჯავ! ნუთუ არ გესმის… რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? მეშინია, რომ ისევ გავაფუჭებთ ყველაფერს. მაპატიე, მაგრამ…

_ არაფერსაც არ გაპატიებ, ერთხელ მაინც მოიქეცი ისე, როგორც მე მინდა, _ აღელდა ნანი.

_ როგორ?

_ როგორ და, ახლავე წამოდი ჩემთან, აქ ძალიან ვიწრო საწოლია და ორნი ვერ დავეტევით.

_ აი, ნამდვილი განრისხებული მარკიზა, _ სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა და თავი გადააქნია.

ნანი სწრაფად გავიდა თავის საძინებელში და სუნთქვაგახშირებული ლოგინში ჩაწვა. მკერდი მღელვარედ აუდიოდა. თვითონაც უკვირდა, ისე გახურებოდა მთელი სხეული.

ამასობაში კარი გაიღო და სანდრო გამოჩნდა. იგი ნელი ნაბიჯებით მოუახლოვდა მის საწოლს და შედგა…

მამაკაცი კარგა ხანს იდგა გაქვავებული და ქალს დაჰყურებდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა. როგორც იქნა, ბოლოს მაინც ამოღერღა.

_ მითხარი… მე შენთვის პირველი კაცი ვარ?

ნანის თვალები დაებინდა და ღაწვები შეეფაკლა.

_ ამას მნიშვნელობა აქვს? _ დაძაბულმა იკითხა.

_ ძალიან დიდი, _ ჩუმად უპასუხა სანდრომ, _ მე მინდა, რომ ეს ღამე შენთვის განუმეორებელი იყოს და თუ ეს პირველად ხდება, განასაკუთრებით მოგიფრთხილდები. გესმის?

_ მხოლოდ ეს არის მიზეზი? მხოლოდ ამიტომ გაინტერესებს, თუ უბრალოდ, მცდი და შენთვის სხვა რამის გამო აქვს ჩემს ქალიშვილობა-არაქალიშვილობას დიდი მნიშვნელობა?

_ ხომ იცი, რომ მიკიბულ-მოკიბული არ მიყვარს. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ, არ გამიჭირდება, შენთან _ მით უმეტეს, _ ხმა კვლავ გაუცივდა მამაკაცს.

_ სანდრო, ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენ გარდა ჩემს ცხოვრებაში სხვა არასდროს ყოფილა და არც იქნება? დავიჯერო, ამის თქმა საჭიროა? მე მგონია, რომ ყველაფერი შუბლზე მაწერია.

სანდრო გახევდა.

_ მაპატიე… მე ასეთი ბედნიერების ღირსი მგონი არ ვარ. იმდენი ტკივილი მოგაყენე წლების განმავლობაში, რომ ახიც კი იქნებოდა ჩემზე, მეორე ვყოფილიყავი შენთვის ან მესამე… _ ხრიალით ამოთქვა, მაგრამ ქალთან მიახლოება მაინც ვერ გაბედა.

ნანიმ ეშმაკურად გაიღიმა, ხელი გაიწვდინა და საჩვენებელი თითით მამაკაცი თავისკენ მოიხმო ისე, როგორც ეს ფილმებში ხდება.

წამიც და ნანის აღარაფერი ახსოვდა, ნაოცნებარი ქმრის ძლიერ მკლავებში მოქცეულს ეჩვენებოდა, რომ ბედნიერების მწვერვალისკენ კოსმოსური სისწრაფით მიექანებოდა….

8 8 8

გაეღვიძა, მაგრამ თვალები არ გაუხელია. თავს ისე მჩატედ გრძნობდა, რომ თვალების გახელაც კი ეზარებოდა. ბედნიერებაგანცდილმა ერთი გემრიელად გაიზმორა და ხელი გვერდზე გაიწვდინა, მაგრამ იქ მხოლოდ სიცარიელეს წააწყდა…

ახლა კი იკადრა თვალების დაჭყეტა და უნებლიეთ წამოხტა. ოთახში მიიხედ-მოიხედა და დარწმუნდა, რომ მარტო იყო. მერე საათს შეხედა, გაახსენდა, რომ დილით დირექტორთა საბჭოს თათბირი იყო დანიშნული. რატომ არ გააღვიძა სანდრომ? რატომ გაეპარა? შუბლი უკმაყოფილოდ შეკრა, თუმცა ახლა ვარაუდების დრო არ იყო, სწრაფად უნდა ემოქმედა…

ათი წუთის შემდეგ იგი უკვე ქუჩაში იდგა და ტაქსის აჩერებდა…

კაბინეტში დაძაბული ატმოსფერო იგრძნობოდა. მაგიდის ერთ მხარეს თავჩაღუნული მამა იჯდა, მის პირდაპირ _ სანდრო. სანდროს გვერდით უცხო, მაღალი მამაკაცი შენიშნა. «ეს ალბათ ის ჭკუის კოლოფია, რომელმაც ყველაფერი გაქექა», _ გაიფიქრა უსიამოვნოდ.

_ გთხოვთ, მაპატიოთ დაგვიანება, _ ხელოვნურღიმილმომარჯჯვებულმა შეფარვით გახედა სანდროს, მაგრამ მხოლოდ მის კუშტ მზერას წააწყდა.

_ სანდრომ გვითხრა, რომ შენ არ მოხვიდოდი, _ თქვა მამამ.

_ გადავიფიქრე, _ განაცხადა ნანიმ, _ თუ შეიძლება, დღის წესრიგი მომაწოდეთ.

ლექსომ თაბახის ფურცელი მიაწოდა.

_ სწორედ ახლა უნდა მოვუსმინოთ ბატონ ნიკოს, რომელმა ვრცელი მოხსენება მოიტანა. მას, როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი, _ აუხსნა მამამ და მაღალ კაცს შეხედა.

_ როგორც უკვე გითხარით, _ უცნობმა მამაკაცმა ჩაახველა და განაგრძო, _  ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ყველა ის დარღვევა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჰქონდა ადგილი კონცერნში. იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ ინფორმაციამ შეიძლება პრესაში გაჟონოს. კონცერნს დიდი ომი დასჭირდება რეპუტაციის აღსადგენად ისევე, როგორც ჩემს ბანკს. ეს საყოველთაო სკანდალი იქნება.

_ მე მგონი, გაზვიადებული ნათქვამია, ბატონო ნიკო, _ ჩაერია საუბარში ლექსო, _ ასეთი რა მოხდა? ჩვენ ხომ წინასწარ არ ვიცოდით, რომ მასალა უხარისხო აღმოჩნდებოდა, სპეციალისტებს არ უნდა ვენდოთ? ყველაფერი სკანდალის თემად ხომ არ უნდა გავხადოთ?

_ რა თქმა უნდა, ნდობა აუცილებელია, თუკი ისინი მართლაც სპეციალისტები არიან, _ თავი დაუქნია სანდრომ, _ მაგრამ არსებულ დარღვევებზე აქ მყოფებმა უნდა აგონ პასუხი. რატომ, რისთვის… კითხვები ბლომად დაგროვდა, ეს თქვენც კარგად იცით…

_  ძალიან კარგი, _ ნაძალადევად გაიცინა ლექსომ, _ როგორც ვხედავ, გინდათ ყველაფერი მე გადმომაბრალოთ. მე კი ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრში, როგორ მომეტანა ჩვენი ფირმისთვის მოგება. დაუღალავად ვმუშაობდი, ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის…

_ საინტერესოა, ამას როგორ აპირებდი? იაფფასიანი სანტექნიკის დაყენებით ძვირად ღირებულ ბინებში? მშვენიერი გამოგონებაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმოდგენილ ანგარიშებში პირველი კლასის მოწყობილობებია ჩამოწიკწიკებული. ამას როგორ ახსნით? თუ გეგონათ, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა? თანაც, ვერასდროს?

_ ეს გაუგებრობაა, _ უდარდელად წამოიძახა ლექსომ და ხელები უშნოდ გაფარჩხა, _ მომწოდებელმა რაღაც აურია, ეს მისი ბრალია, მე არაფერ შუაში ვარ!

_ კარგი, დაგიჯერებთ, _ დინჯად დაეთანხმა სანდრო და ოდნავ შეირხა სკამზე, _  ვინაიდან თქვენ ჯერჯერობით პროექტის გენერალური მენეჯერი ხართ, თავად გაარკვიეთ, რაშია საქმე. ამას არავინ დაგიშლით, _ მამაკაცი ბოლომდე ინარჩუნებდა სიმშვიდეს.

_ გავარკვევ, აუცილებლად გავარკვევ, მაგრამ…. თქვენი ბანკი გააგრძელებს პროექტის დაფინანსებას? _ აფაფხურდა ლექსო.

ნანიმ თავი ჩაღუნა, იმდენად ეუხერხულა ძმის თავხედობა.

_ ჯერჯერობით გააგრძელებს, მაგრამ იმ პირობით, რომ პროექტს და საერთოდ ყველაფერს ბანკის მრჩეველი, ბატონი ნიკო ფურცელაძე გააკონტროლებს, _ სანდრომ გვერდით მჯდომს გადახედა.

_ არა, მე თანახმა არ ვარ! _ გააპროტესტა ლექსომ, მაგრამ მამამ შეაჩერა.

_ შენი თანხმობა არავის სჭირდება! მე უკვე მოველაპარაკე ბატონ სანდროს. ეს მოხსენება… , _ მამამ დასტად შეკრული ფურცლები ააფრიალა, _ რაც ამ მოხსენებაში წერია, ეს კოშმარი ჩვენი დიდი სირცხვილი იყო.

კაბინეტში რამდენიმე წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

_ თუ სხვა საკითხები აღარ გვაქვს, სხდომას დახურულად ვაცხადებ, _ გააგრძელა გიორგიმ.

_ მე მაქვს ერთი საკითხი, _ წამოდგა ნანი, _ გთხოვთ, დღეიდან გამათავისუფლოთ.

_ ეს შეუძლებელია! _ წამოხტა ლექსო, _ შენ მაგივრად ვინ მოუვლის მშენებლობის ამ სკანდალურ საქმეს?

_ სანდრო სხვას მოიყვანს, _ ცივად მიუგო დამ.

_ შენთან მუშაობას შეჩვეული ვარ, არ უნდა წახვიდე. ამის უფლება არ გაქვს! _ ხმას აუწია ლექსომ.

«ნუთუ არ ესმის, რომ უფსკრულის პირას დგას?» _ ტუჩები მოკუმა ნანიმ.

_ რისი უფლება გვაქვს და რისი არა, მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ, ძალიან გთხოვ, თორემ ძალიან გაგვიგრძელდება ჩამონათვალი! _ მუქარა გაისმა ნანის ხმაში, _ ვერ დავრჩები, მე წასვლა გადავწყვიტე და მორჩა!

_ კი მაგრამ, რის გაკეთებას აპირებ? _ ჰკითხა აღელვებულმა მამამ.

_ რის და ბავშვების, _ მრავალმნიშვნელოვნად გამოაცხადა ნანიმ და ოთახიდან თავაწეული გავიდა.

მას არ შეუმჩნევია, როგორი მრავლის მეტყველი ღიმილი გამოესახა სანდროს ტუჩებზე, როცა მისი სიტყვები მოისმინა.

გარეთ გასულმა შვებით ამოისუნთქა, თავის კაბინეტს მიაშურა და ნივთების ჩალაგებას შეუდგა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან ლექსო შეიჭრა.

_ დიდი მადლობა, ნანიკო, ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი ჭკვიანი დაიკუნა მყავდა.

_ არ ვიცი, რას გულისხმობ, მაგრამ მინდა გაგაფრთხილო, რომ სანდრომ ყველაფერი იცის.

_ რა ყველაფერი? _ სახე შეეცვალა ლექსოს.

_ რა ყველაფერი და ის ყველაფერი, ჩემი სახელით რომ გაგქონდა ის თანხები.

მამაკაცი გაფითრდა, მაგრამ არ დაიბნა და მიამიტური გამომეტყველება მიიღო.

_ რა სისულელეა, ეგ ვინ მოგახსენა? თუმცა, ნუღა ვიჩხუბებთ ამაზე, კარგი? ეგ ახლა აღარავის აინტერესებს, _ მოჩვენებითი უდარდელობით აიქნია ხელი.

_ თავს ნუ ისულელებ, _ გაბრაზდა ნანი, _ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი ხელმოწერის გაყალბება. სანდროს კი ჰგონია, რომ ფული მე გამქონდა სალაროდან.

_ აკი ყველაფერი იცისო? გამომცადე? _ გაეცინა, _ კიდევ კარგი, ჩემზე არ ფიქრობს, _ გათამამდა ძმა.

_ რა უტიფარი ხარ! იმის მაგივრად, ბოდიში მაინც მოიხადო, აქეთ იბრიქები. არ გრცხვენია მაინც? როგორ იკადრე ეს? საკუთარი ოჯახს პარავდი ფულს? რატომ? ვინ დაგიჭერდა, რომ გეთქვა, თუკი გჭირდებოდა? რომელი გეტყოდა უარს?

ლექსოს სახე შეეცვალა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, თავი ჩაღუნა და ლუღლუღი დაიწყო.

_ ყველაფერი დოდოს ბრალია. ვერაფრით შევაგნებინე, რომ კონცერნს უჭირდა, გამუდმებით ფულს მთხოვდა, არ გაძღა მაგის მუცელი!

_ მუცელი კი არა, თვალი! ერთი ტონა ტანსაცმელი აქვს ნაყიდი მაგ ფულით! _ გაწიწმატდა ნანი. _ ასეთი უპრინციპო როდემდე უნდა იყო, კაცი არ ხარ?

_ რა ვქნა, მეშინია, რომ მიმატოვებს.

_ ციხეში ჩაჯდომის არ გეშინია? _ გაცოფდა ნანი, _ იცი, რას გირჩევ? ახლავე წადის სანდროსთან და სიმართლე უთხარი. მან ისედაც ყველაფერი იცის, მაგრამ შენი პირით თუ აღიარებ, დაგეხმარება. ის მოძებნის გამოსავალს და სირცხვილსაც აირიდებ თავიდან.

_ თუკი გამოვტყდები, რა სირცხვილს ავირიდებ, მეკაიფები?

_ უფრო მასშტაბურ სირცხვილს, ლექსო! _ ირონიულად გახედა დამ, _ რომ მერე ტელეკამერების წინ ბლუკუნმა არ მოგიწიოს.

_ არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ. იქნებ შენ მიშველო?

_ მე-ე? მე როგორ გიშველო?

_ ისე, როგორც წუხელ… კიდევ ერთხელ გამოიყენე შენი ჯადოსნური ხერხი სანდროს დასათანხმებლად.

ნანის გულზე უსიამოვნოდ გაჰკრა…

_ ვერ ხვდები, რაზე გელაპარაკები? _ გააგრძელა ლექსომ, _ მაგარი გოგო ხარ, ყოჩაღ. კარგია, რომ დამიჯერე და სანდროს შებმა შეძელი. ახლა სამუდამოდ გყავს მიწებებული კალთაზე.

_ მაგრამ არა შენს პიჯაკზე, ლექსო, ძმაო!

ნანის ამ ხმის გაგონებაზე ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა. გამოღებულ კარში სანდრო იდგა და გამეხებული შეჰყურებდა და-ძმას.

დამფრთხალი ლექსო ოთახიდან უსიტყვოდ გავარდა.

ნანი მარტო დარჩა ქმართან.

_ სანდრო, გთხოვ, სანამ რამეს მეტყვი, ჯერ მომისმინე.

_ რა უნდა მოგისმინო, გოგო! შენ მე ვინ გგონივარ! _ წინ აესვეტა მამაკაცი, _ გეგონათ, გამასულელებდით, არა? სიყვარულობანა გაითამაშე? ვისთან გადიოდი რეპეტიციებს, არ დამიმალო! მატყუარა!

_ არა, არა, მატყუარა არ ვარ, გეფიცები! ნუ მელაპარაკები ეგრე, მომისმინე, გემუდარები!

_ და რა უნდა მითხრა? რომ ლექსომ ჩემი შებმა არ გთხოვა? მითხარი, არ გთხოვა?

_ ჰო, მთხოვა, მაგრამ…

_ დიდი მადლობა, რომ ასეთი გულახდილი ხარ. აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ!

ნანიმ პასუხი ვერ გასცა, თავი ჩაღუნა და ატირდა. როცა ოდნავ დამშვიდდა და თვალები ასწია, სანდრო ოთახში აღარ იყო.

8 8 8

ტორტმანით მიდიოდა ქუჩაში, ვეღარაფერს გრძნობდა. როგორ ეგონა, რომ დღეს მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა… დაიწყო კიდეც _ აღარც ოჯახი შერჩა, აღარც სამსახური და აღარც სანდრო.

ყველა თავისი ნივთი წამოიღო მამის სახდიდან. მორჩა, დღეიდან იქ ფეხს აღარ მიადგამს! თვალის დასანახავად არ უნდა არც ძმა, არც მამა და არც რძალი. ეს მათ მოუწამლეს სიცოცხლე! მათ უქციეს ჯოჯოხეთად ცხოვრება!

ძლივს მიათრევდა მძიმე ჩანთას და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით სდიოდა… უხმოდ ტიროდა… ერთი ტაქსი არ გამოჩნდა მის ჯინაზე!

_ საით მიბრძანდებით, ქალბატონო? _ ზურგს უკან მოულოდნელად ნაცნობი, მშობლიური ხმა მოესმა, _ თან ასეთ მძიმე ტვირთს მიათრევთ. სად არის თქვენი ნაძირალა და სულელი ქმარი?

_ ჩემი ქმარი ყველაზე კარგი მამაკაცია ამქვეყნად! _ ცრემლიანი ხმით წამოიძახა ნანიმ ისე, რომ უკან არ მიუხედავს, _ ეს მე ვარ სულელი და ნაძირალა!

_ ჰო-ო? მე კი მეგონა, შევცდი, რომ მატყუარა გიწოდე… რატომ იტყუები? ხომ არ გადავიფიქრო?

ნანი შედგა. სიტუაციის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა. ცოტა არ იყოს, ეჭვმა გაჰკრა, თავისი ჩვეული სტილით ხომ არ მეთამაშებაო, მაგრამ სანამ გონს მოვიდოდა, მამაკაცმა მხრებზე ძლიერად მოხვია მკლავები, მძლავრად მიიხუტა ზურგით მკერდზე და ტუჩები მის თმაში ჩარგო, _ სულელი ხარ, მაგრამ ნაძირალა არა, _ სანდროს ჩურჩული ნანის თმაში გაიფანტა…

8 8 8

ღამით, ქმრის ალერსისგან გათანგულმა ნანიმ გაბედა და ჰკითხა.

_ როგორ ვერ მიხვდი, რომ ის ფული ჩემი წაღებული არ იყო? ნუთუ ასე მიცნობდი?

_ ნურას უკაცრავად! მაშინვე მივხვდი, მაგრამ არ ვიცოდი, ვის გამო არ გაიმართლე თავი. ვის აფარებდი ხელს. მამაშენი შენზე მაგარი აღმოჩნდა. ყველაფერს მომიყვა, როცა სხდომა დამთავრდა და დაგინახა, ატირებული როგორ წახვედი. ასე გავიგე, სინამდვილეში რაც მოხდა. გამოგეკიდე, მაგრამ აღარსად ჩანდი. რამდენი ვირბინე, რომ მეპოვე… ერთი ამიხსენი, რა მჭირს, იმ დღიდან დაწყებული, როცა ათი ლარი შემომთავაზე კოცნის საფასურად, სულ შენ როგორ უნდა გდიო? სად გამირბიხარ, რომ გამირბიხარ?

ნანი გაშრა და საწოლზე წამოჯდა.

_ ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა ამით…

სანდრომ გაიცინა.

_ შენ რა, მართლა იფიქრე, რომ თქვენს სახლში შემთხვევით აღმოვჩნდი? რომ თქვენი ტილიანი კონცერნი ისეთი მომგებიანი იყო, დახარბებულმა მისი ხელში ჩაგდება მოვინდომე? ჰაააა?

ნანი ყურებს არ უჯერებდა.

_ ესე იგი, ყველაფერი მოაწყვე და მთელი ამ ხნის განმავლობაში მატყუებდი?

_ აბა რა გგონია, მარტო შენ გეხერხება ტყუილები? _ გაიცინა სანდრომ, _ ბარში მაშინვე მოგაქციე ყურადღება და მთელი საღამო ვფიქრობდი, ნეტავ გაცნობის საშუალება მომეცემოდეს-მეთქი. არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა. მერე შენ თვითონ მობაჯბაჯდი შენი ფეხით და ათლარიანი გამომიწოდე, მაკოცე და გაჩუქებო. მე კიდევ, ისე დავიბენი, ისე გამიხარდა შენი გამოლაპარაკება, რომ აღელვებულმა ყველაფერი გავაფუჭე. შეგაშინე და გაგაქციე. როცა წახვედი, რა თქმა უნდა, უკან შეუმჩნევლად გამოგყევი და გავიგე, სად ცხოვრობდი. მერე ყველაფერი გამოვიკითხე შენზე, შენს ოჯახზე, თქვენს პრობლემებზე და როცა ისიც მითხრეს, რომ კონცერნი დაქცევის პირასაა და ერხევათო, გადაგარჩინეთ. მეგონა, ჩემი მადლიერი დარჩებოდი და შეგიყვარდებოდი კიდეც.

_ კი მაგრამ, ფიქტიურ ქორწინებაზე რომ არ დაგთანხმებოდი?

სანდრომ გაიცინა და ცოლი ძლიერად მიიხუტა.

_ მამაშენი არაჩვეულებრივი კაცია. მაშინვე მიხვდა, რომ შენზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული და ისიც იცოდა, რატომ გადავწყვიტე მისი დახმარება. იცი, რამდენი ვიტანჯე, სანამ თავს შეგაყვარებდი?

_ იტანჯე? მატყუებ! შენ კი არა, მე დამტანჯე! რამდენჯერაც შენთან მოახლოება დავაპირე, იმდენჯერ ხელი მკარი.

სანდროს გულიანად გაეცინა.

_ ხელი კი არ გკარი, შენს გრძნობებს ვამოწმებდი. მინდოდა, ძალიან გყვარებოდი.

_ კი მაგრამ, არ შეგეშინდა, შენი საქციელის გამო, პირიქით, შემზიზღებოდი და სხვა შემყვარებოდა?

_ როცა ამის შემეშინდა, მაშინვე შენ გვერდით გავჩნდი. როგორ გგონია, ბაკურიანშიც შემთხვევით აღმოვჩნდი? ერთადერთი, ვისაც შეეძლო შენი თავი ჩემთვის წაერთმია, ვასიკო აღმოჩნდა. ჰოდა, როცა ამის შესახებ მაცნობეს, სასწრაფოდ გამოვქანდი «საშველად». ახლა ვეღარ გამექცევი.

_ ვეღარ? _ ეშმაკურად მოხუჭა თვალები ნანიმ, _ ვეღარ კი არა, აღარ. იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ. მიყვარხარ დანახვის დღიდან, მაგრამ ხომ ხედავ, თურმე რა კარგად შემძლებია თავის შენიღბვა.

_ ჰო, ვხედავ… ჩემი ნიღბიანი ცოლი… შენ რა აგიტანს მთელი ცხოვრება, _ ყასიდად დაიჯღანა სანდრო.

_ მოგიწევს, _ ნიშნის მოგებით მიუგო ნანიმ და პირ-ცხვირი ქმრის ყელში ჩარგო…

 

იდეალური მამაკაცი

არ მეგონა, საქმე ასე თუ შეტრიალდებოდა. რას ვიფიქრებდი, ჩემი დიდი ხნის ოცნება ერთ საათში თუ ამისრულდებოდა… არადა, რამდენი წელი ველოდი ამ დღეს. მე კი არ მიხარია, სრულებით არ მიხარია. რაღაც მამძიმებს, ძალიან, ძალიან მამძიმებს. ვიცი, რაც არის ის «რაღაც», სინდისის ქენჯნაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შემაწუხებს, რადგან მას სახელად თათა ჰქვია…

ჩემი დიდი ხნის ოცნება კი მამუკაა. ხუთი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, ანუ პირველი კურსიდან. ჯგუფელები ვართ. გაცნობის დღიდანვე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. მაშინვე მომეწონა. ასე ვთქვათ, «გულში ჩამივარდა». რაც დრო გადიოდა, მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიყვარული. ის კი… ვითომც არაფერი, ჩემში მხოლოდ დაქალს ხედავდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სამი შეყვარებული მაინც გამოიცვალა, თუმცა, თუ მას დაეჯერება, სერიოზულად არც ერთი უყვარდა. სამი ჩვეულებრივი გატაცება და მორჩა. არადა, რა ბიჭია, რომ იცოდეთ! მაღალი, სპორტული აღნაგობის, წყალბურთელი, შავგვრემანი, შავთვალება, გრუზა თმით. ამასთან, საოცრად თბილი ბუნებისაა _ ხალასი, იუმორით სავსე. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააჩნია, რაც იდეალურ, ოცნების მამაკაცს უნდა ჰქონდეს. ამიტომაც დასდევს შეყვარებულ «ქალთა არმია». მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ. აზრი არა აქვს და იმიტომ. წლინახევრის წინ, როცა ვეღარ მოვითმინე და მთვრალმა სიყვარული ავუხსენი, ასე მითხრა, შენსა და ჩემს შორის რომანი გამორიცხულია, იმიტომ, რომ დასავით მიყვარხარო. რა უნდა მეთქვა? არ მინდა შენი ძმობა-მეთქი? ენა მუცელში ჩავიგდე და ბედს შევეგუე. სამაგიეროდ, სხვა ხერხს მივმართე. ყველა ქალთან, ვისთანაც კი გაივლიდა, იდეალურ ურთიერთობას ვამყარებდი, ვედაქალებოდი და ყველაფერს ვიგებდი მასზე. რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა, რა უყვარდა, რა არ უყვარდა, რას პატიობდა და რას არ პატიობდა, რა თვისება ხიბლავდა ქალში და როგორ შეიძლებოდა მისი გულის დაპყრობა…

ასე გრძელდებოდა ბოლო პერიოდამდე, მანამ, სანამ თათას გავიცნობდი. თათა მამუკას მორიგი «გულის ვარდია», ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი, ძალიან სათნო და, ამასთან, ფაქიზი სულის პატრონი. ფარვანასავითაა _ მსუბუქი, ჰაეროვანი, ისე დაფარფატებს, თითქოს მიწაზე ფეხს არ აბიჯებსო. წელწვრილი, წვივმაღალი, შვლის ნუკრივით მომზირალი… დიდრონი ცისფერი თვალებით.

საოცრება მოხდა. თუკი მამუკას წინა «სიყვარულები» გულის სიღრმეში მძაგდა და მათ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით ვემეგობრებოდი, თათასთან ეს არ გამომდიოდა. სხვებში მუდამ მეტოქეს ვხედავდი, მასში კი _ ერთ დაუცველ, უმწეო ლამაზ გოგონას, რომელსაც მფარველის სახით მე მოვევლინე. თათაც ჩვენთან სწავლობს, უნივერსიტეტში, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე. იგი პირველი კურსის სტუდენტია, ჩვენ კი წელს ვამთავრებთ. რაღაც ერთი თვეღა დარჩა გამოცდებამდე.

მე და მამუკამ თათა უნივერსიტეტის წინ, კაფეში გავიცანით. ერთხელ ყველა ადგილი დაკავებული იყო და უცნობი, გამხდარი თეთრი გოგონა ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა ყავის ფინჯნით, ხელს თუ არ შეგიშლით, თქვენთან დავჯდებიო. მერე ერთმანეთი გავიცანით. მერე კიდევ ვნახეთ ერთმანეთი, მერე კიდევ, კიდევ და… მგონი, ეგ გოგო მიყვარსო, «მახარა» ჩემმა ძმაკაცმა. თურმე დროს ტყუილად არ კარგავდა. იმ წუთში გულზე შემომენთო, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, როგორც მაშინ, ჩემი სიყვარული რომ უარყო. ქალები კარგად გამიგებენ ამ შემთხვევაში. ჩვენ ხომ ყოველთვის ვიტოვებთ იმის იმედს, რომ როცა «ის» აღარ ეყვარება, იქნება მაშინ მაინც შეგვამჩნიოს. მე ამ იმედით ვსულდგმულობდი თათას გამოჩენამდე. მან კი თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ვიცოდი, ისედაც უიმედოდ შეყვარებულს, არაფერი გამომივიდოდა. თათას ნამდვილად ვერ შევედრებოდი. იგი ყველაფრით ჩემზე უკეთესი იყო. მას ვერ შეიძულებდი, ძალიანაც რომ მოგენდომებინა. მისი შინაგანი ბუნება არ მოგცემდა ამის უფლებას. მე, როგორც ყოველთვის, ახლა მასთან ვცადე «მიახლოება». მალე დავმეგობრდით და მეც მისი გულის პირველი მესაიდუმლე გავხდი.

მამუკასა და თათას ყველა ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი. როდის ხვდებოდნენ ერთმანეთს, რამდენ ხანს იყვნენ ერთად, სად იყვნენ, როგორ აკოცა, რა უთხრა… რა თქმა უნდა, თათა უფრო გულახდილი იყო ჩემთან, ვიდრე მამუკა. მამაკაცები ხომ ცოტა სიტყვაძუნწები არიან, როცა საქმე ინტიმურ საკითხს ეხება.

ასე გადიოდა დღეები. ცალკე მამუკას ვარიგებდი ჭკუას, ცალკე _ თათას. მეცოდებოდა იგი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქალი იყო, თანაც შეყვარებული ქალი. ვინ იცის, ბედი რას უმზადებდა. ხანდახან საკუთარ თავს წარმოვიდგენდი მის ადგილას… სულ მეგონა, რომ მათ შორის იმაზე მეტი ხდებოდა, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ამაში არ შევმცდარვარ. ბოლო ხანებში თათას მოწყენილობა დაეტყო, თითქოს მხრებში მოიკუნტა, თვალები ჩაუშავდა, გულჩათხრობილი გახდა. მამუკასგან წესიერად ხომ ვერაფერს გაიგებ. ცოტა ხანს მაცალე, საკუთარ თავში უნდა გავერკვეო, მითხრა. იშვიათად ვხედავდი მათ ერთად, მერე თათამ ლექციების გაცდენა დაიწყო. მამუკამ კი უფრო და უფრო მოუხშირა ჩემთან სიარულს, შინ თუ გარეთ, თითქმის არ მშორდებოდა გვერდიდან. რაღაც გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა…

ამასობაში მაისიც დაიწყო… იმ დღესაც, ლექციების შემდეგ, მამუკა მომიახლოვდა, მკლავში ხელი ჩამავლო და მითხრა.

_ შენთან სალაპარაკო მაქვს. პეროვსკაიაზე გავიდეთ, ბარში.

მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. მაშინვე დავთანხმდი. ფეხით გავედით იქამდე. გზაში ხმა არ ამოუღია…

როგორც ყოველთვის, სოკო, ვისკი და ლუდი შეუკვეთა. ეს ჩვენი საყვარელი მენიუა, ჩემი და მისი. შინაგანად ვთრთოდი. მეგონა, რაღაც საშინელება უნდა ეთქვა. კარგა ხანს ვისხედით. რატომღაც, საუბარია არ აეწყო. ყველაფერზე ილაპარაკა იმის გარდა, რისთვისაც მომიყვანა. ბოლოს ვეღარ მივითმინე.

_ მამუკა, აქ ამ სისულელეების სალაპარაკოდ მომიყვანე? _ გავაწყვეტინე სიტყვა.

_ არა, _ დაიბნა, არ მოელოდა.

_ მერე? რატომ მთავარს არ მეუბნები, რა არის ამისთანა? _ უფრო ამაკანკალა.

_ მოდი, ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს, _ თქვა და ჭიქა ჩემს ჭიქას მიუჭახუნა.

ცუდად მენიშნა «ჩვენი სიყვარული». თვალი მოვხუჭე და ინტერესით გავხედე.

_ რომელ ჩვენს სიყვარულს, რაღაც ვერ გავიგე, _ სახე შემეცვალა.

_ რომლითაც ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, _ მითხრა და თვალი თვალში გამიყარა.

_ გაუმარჯოს, _ ცალწარბაწეულმა ვთქვი, სუნთქვა შევიკარი და ჯერ ვისკი დავლიე, მერე ნახევარი კათხა ლუდი მივაყოლე. ასე არასდროს გამიკეთებია. ყოველთვის ცოტა-ცოტას ვწრუპავდი ხოლმე.

_ დადა, მე შენ მიყვარხარ… ამას გვიან მივხვდი… მაგრამ, რაც მთავარია, ხომ მივხვდი, _ მოულოდნელად დაიწყო მამუკამ.

ვიფიქრე, მომესმა-მეთქი. შუბლშეკრულმა ავხედე. თვალს არ მაშორებდა.

_ რა თქვი?

_ მიყვარხარ, ყველა ქალზე მეტად, ყველაზე უფრო, ყველაზე ძალიან…

_ საიდან მოგაქვს ეს სისულელე, მამუკა? _ ჩემთვის იმდენად ძნელი დაუჯერებელი იყო მისი სიტყვები, ყოველივე სიზმარი მეგონა.

_ ეს სისულელე არ არის, დადა, ეს სინამდვილეა.

ხმას ვერ ვიღებდი. დავფიქრდი. რა უნდა მეთქვა? ასეთ დროს როგორ იქცევიან ქალები? წარმოდგენა არ მქონდა.

_ კი მაგრამ… თათა?

_ თათა ჩემთვის მხოლოდ გატაცება იყო.

_ მორიგი გატაცება, არა? _ ავიფოფრე.

_ ასე გამოდის.

_ იმიტომაც დადის ასე გაუბედურებული? უკვე დაშორდი?

_ არა, ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს.

_ რატომ, ჯერ ჩემგან ელი პასუხს? მე თუ დაგთანხმდები, იმ შემთხვევაში თათას «აუცვამ»? თუ არადა, ჩვეულებრივად გააგრძელებ მასთან ურთიერთობას, არა? ალბათ, ეს გინდოდა გეთქვა.

_ ცდები. ნუ ამბობ მასე. პირიქით, რამდენი ხანია, თავს ვარიდებ თათასთან შეხვედრას, სულ რაღაცას ვიმიზეზებ, რომ პაემანი არ დავუნიშნო. იქნებ თვითონაც გადაუაროს…

_ მაოცებ, მამუკა… საიდან მოიტანე ასე უცებ…

_ რა საიდან მოვიტანე?

_ საიდან დაასკვენი, რომ მე გიყვარვარ. აკი, ჩემი და ხარო? შენ არ იყავი, შარშან ჩემს სიყვარულს აინუნშიც რომ არ აგდებდი?

_ არ ვიცი… სულ თავისით მოვიდა. ვერც ვიგრძენი, მეც ვერ წარმომედგინა… ორი კვირაა, ტანჯვად გადამექცა ცხოვრება. შენ გგონია, ადვილი იყო ჩემთვის ამის თქმა? იცი, როგორ გამიჭირდა? კინაღამ მოვკვდი კაცი.

_ ჰმ, _ მოულოდნელად გამეცინა, _ შენ შემთხვევით ამ ორ კვირაში «დავით კოპერფილდი» ხომ არ წაიკითხე? _ აშკარად დავცინოდი, _ დიკენსის გავლენას ხომ არ განიცდი, საყვარელო?

_ არ გინდა ასეთი საუბარი, ნუ ახურებ, _ შეცვლილი ხმით მითხრა.

_ არა, მაინც საინტერესოა, თათას ჩემით ჩანაცვლება რატომ გადაწყვიტე, რამ გაგიადვილა? ჰო, თუმცა, მეც რა მიუხვედრელი ვარ. ჩვენ სახელებში ხომ მხოლოდ ერთ ასოშია განსხვავება. თ შეიცვალა დ-თი, მორჩა და გათავდა, _ სარკასტულად გავიცინე.

_ ახლა თავი არ მაცემინო, _ ზამბარასავით დაიჭიმა.

_ სხვათა შორის, მე პასპორტით დარეჯანი მქვია, _ არ ვჩერდებოდი.

უცებ შეირხა, ჩემკენ გადმოიხარა, მაჯაში მწვდა, მარწუხივით მომიჭირა თითები და კბილებში გამოსცრა.

_ ცხოვრებაში პირველად გეკითხები და უკანასკნელად. გინდა, ვიყოთ ერთად!

_ არა, _ ანგარიშმიუცემლად წამომცდა, _ კი, _ «გამოვასწორე» შეცდომა და ბოლოს, _ არ ვიცი, არა, _ ამით დავამთავრე.

მამუკა მიხვდა, ასე ერთბაშად, ასე გაუაზრებლად მე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. მართალია, მისგან საპასუხო სიყვარული ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, მაგრამ… სრულიად დაუჯერებელი რამ ხდებოდა. ოთხი წლის უპასუხო სიყვარულს ახლა, მეხუთე, დამამთავრებელ წელს «ეხმაურებოდა», თანაც რა დროს! მერამდენე თვეა, თათაზეა გადართული! რა უნდა დავუჯერო!

_ მოდი, შევეშვათ ახლა ამაზე საუბარს. ხვალ-ზეგ შეგხვდები და მერე ვილაპარაკოთ, კარგი? _ დამრიგებლური ტონით მითხრა და ხელი გამიშვა.

მე მხოლოდ თავი დავუქნიე. პასუხის გაცემის თავიც არ მქონდა…

777

მთელი ღამე არ მიძინია. გაბრუებული ვიყავი. თან მიხაროდა, თან არ მიხაროდა. არა, უფრო სწორად, არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა, დამეჯერებინა თუ არ დამეჯერებინა. ნუთუ ასეთი არამდგრადია? ნუთუ არ შეუძლია, ერთგული იყოს? ხომ ამბობდა თათაზე, მიყვარსო. მეც რომ ასე მომექცეს?

ასე მომექცეს? რას დავეძებ… მე ხომ მიყვარს. ჩემთვის მთავარია, ვიყოთ ერთად. მერე რა, თუკი აღარ ვეყვარები, ერთად ხომ მაინც ვიქნებით? მერე თათა? იმან რა უნდა ქნას? რა-ა? რა და სხვას შეიყვარებს. ბიჭების მეტი რა არის. სავსეა თბილისი. თანაც მისნაირ გოგონაზე ვინ იტყვის უარს. არც არავინ.

არა, არა. სინდისის ქენჯნა მომკლავს. თუმცა, რა ჩემი ბრალია? ჩვენ ახლა დავამთავრებთ, მერე შეიძლება თათას ვერც ვერასოდეს შევხვდე ცხოვრებაში. თანაც, თუკი მამუკას აღარ ენდომება მასთან, რა, ცას ხომ არ გამოეკიდება? ხომ უნდა შეიყვაროს სხვა? მამუკამაც ვიღაც ხომ უნდა შეირთოს ცოლად? თათასთვის რა მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება ის «ვიღაც»?

აი, ასე ვიმშვიდებდი მთელი ღამე თავს, თან ოცნებებში ლამაზ-ლამაზ კოშკებს ვაგებდი. ის კი არ ვიცოდი, რომ მეორე დღეს ჩემი აშენებული კოშკები ხუხულასავით თავზე დამენგრეოდა.

777

მეორე ლექციის შემდეგ თათა მესამე სართულის დერეფანში შემეფეთა. თითქოს დაფრთხა ჩემს დანახვაზე, თითქოს თვალი ამარიდა. ეს ამბავი არ მომეწონა. გუშინდელზე ხომ არაფერი იცის? _ გამკრა გულში.

_ პრივეტ, როგორ ხარ? _ გადავკოცნე.

_ აბა, რა გითხრა, ვარ, რა, _ მხრები აიჩეჩა და საცოდავად მოიკუნტა.

_ რატომ ასე ნაღვლიან ნოტზე? _ მხრებში ხელი ჩავავლე და თვალებში ჩავხედე, _მოხდა რამე?

განზე გაიხედა. ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია, ნიკაპი აუკანკალდა.

_ შენ რა, ტირი? რა გემართება? _ შევაჯანჯღარე.

_ არაფერი, _ სლუკუნით თქვა და ხელის ზურგით ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.

არ დავუჯერე. ეზოში გავიყვანე. თვალისგან მოფარებულ ადგილზე დავდექით.

_ ჰე, დაიწყე ახლა! _ ბრძანების კილოთი ვუთხარი.

კვლავ აუთრთოლდა ბაგეები. ჩანთიდან ერთჯერადი ცხვირსახოცის პაკეტი ამოვიღე და მივაწოდე.

_ აღარ მეტყვი, რა მოხდა? _ არ მოვეშვი.

_ ორსულად ვარ, _ ჩაიჩურჩულა.

თითქოს ურო ჩამარტყესო თავში, კინაღამ ვიკივლე.

_ ვისგან? _ მეც ჩურჩულზე გადავედი, რომ არ მეყვირა.

_ იცი შენ, ვისგანაც.

_ ღმერთო… _ აღმომხდა, ახლა რომ მამუკა მენახა, შუაზე გავგლეჯდი, _ იცის?

თავი დამიქნია.

_ მერე?

_ მერე არაფერი.

_ არაფერი რას ჰქვია.

_ აბორტი უნდა გავიკეთო.

_ გაგიჟდი? გესმის, რას ამბობ?

_ ჰო. მას ასე უნდა.

_ მიზეზი? ასე უნდა რას ნიშნავს? _ აღვშფოთდი.

_ ჯერ არ ვარ მზად ცოლის მოსაყვანადო.

_ თუ ყველა ქალს ასე მოექცევა, არც არასდროს იქნება მზად, _ გავცხარდი, ბრაზი მახრჩობდა. _ კარგი, მე ვნახავ მამუკას და დაველაპარაკ…

_ არა, არა, გეხვეწები, არ გინდა. ეგ უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მეც მაწყობს ასე. ახლა მაინც ვერ გავაჩენ ბავშვს, _ მკლავზე ჩამომეკიდა თათა.

_ მაშინ რაღა გატირებს?

_ აბორტის მეშინია, თან მრცხვენია, _ თავი ჩაქინდრა.

კარგა ხანს უცახცახებდა მხრები. უხმოდ ტიროდა. ძალიან შემეცოდა, მაგრამ  რას გავაწყობდი? არც კი უნდოდა დავხმარებოდი.

_ შენთან ერთი თხოვნა მაქვს, _ მითხრა, ტირილით გული რომ მოიოხა.

_ მითხარი, რა პრობლემაა, ყველაფერში დაგეხმარები, _ თავი გამოვიდე.

_ შენც წამოდი ხვალ, წამომყევი.

_ მამუკაც მოდის?

_ აბა?

_ კი ბატონო, შენ თუ ასე გინდა, წამოვალ, აბა რას ვიზამ.

777

წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდა მამუკა, როცა თათა ეტყოდა, დადას ყველაფერი მოვუყევი და ისიც მოდის ჩვენთან ერთადო. ისე ვიყავი გაცოფებული, მისი დანახვაც არ მინდოდა. რა უნამუსო კაცია! ქალი დააორსულა და მის ცოლად შერთვასაც არ კადრულობს! ახლა რომ რამე ვუთხრა და დავამუნათო, ალბათ მეტყვის, მე არ ვარ მისი პირველი მამაკაციო. დარწმუნებული ვარ, ასე იტყვის. ეს კაცების თავის გამართლების ნაცადი ხერხია. თათაც კარგი ვინმეა! როგორ შეტოპა აქამდე. შეიძლება ასეთი ნაბიჯი ანგარიშმიუცემლად გადადგა? ახლა ხომ ნანობს? აბორტი! აბორტი რა, გამოსავალია? წინ რატომ არ იყურება? გათხოვება და შვილის ყოლა არ უნდა? გადამრევენ ეს ქალები! ესეც შენი «ამერიკანიზაცია»!

ის ღამეც თეთრად გავათენე. ან კი რა ჯანდაბა დამაძინებდა! ნეტავ რას იზამს მამუკა, მე რომ დამინახავს? ერთი როგორ შემომხედავს თვალებში, მაგასაც ვნახავ!..

ძალიან მშვიდად შემომხედა. ნერვიც არ შეტოკებია. გოროზად გავხედე, არც მივსალმებივარ. კარგია, გუშინ რომ არ შევხვდი, რომ არაფერი ვუთხარი. მისი დამოძღვრა შედეგს მაინც არ მოიტანდა. მით უმეტეს, ახლა თურმე ჩემზეა შეყვარებული. ჰმ!

_ ვინ უნდა გაგიკეთოს? _ თათას მივუბრუნდი.

_ მამუკას დედამ, _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა.

ენა ჩამივარდა გაოცებისგან. თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი! სხვა ვერავინ ნახა? ბოღმა ყელში მომებჯინა.

_ კარგად მოგიფიქრებია, საღოლ! _ დავგესლე «იდეალური მამაკაცი», _ კაზანოვასაც კი შეშურდებოდა შენი!

_ მორჩი, რა, _ აგდებულად მესროლა და ზურგი შეგვაქცია.

_ შემომყვები? _ თათას საცოდავი სახე ჰქონდა, ტუჩები გაფითრებოდა.

_ მაგას რა კითხვა უნდა, აბა რისთვის მოვედი. ნუ გეშინია, მე აქ ვარ.

მხარზე ხელი გადავხვიე და ლოყაზე ვაკოცე.

_ წავედით.

და წავედით…

***

ლია დეიდას ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. განზე გამიყვანა.

_  შენი მეგობარია? _ ჩუმად მკითხა.

_ კი.

_ მერე რატომ არ მითხრა მამუკამ? _ გაუკვირდა.

_ რა უნდა ეთქვა? _ კითხვა შევუბრუნე. მაინტერესებდა, თუ იცოდა, საკუთარ შვილიშვილს რომ უსპობდა სიცოცხლეს.

_ შენი ამხანაგი თუ იყო. დიტოს შეყვარებულიაო, მითხრა.

_ დიტო ვინ არის?

_ მე რა ვიცი. ისე მიხსენა, დიტოო, ვიფიქრე, ძმაკაცია-მეთქი.

_ მაგის ძმაკაცი დიტო მე არ გამიგია. ასეთი არავინ ვიცი, არ ვიცნობ, _ როგორ მინდოდა, ყველაფერი დამეფქვა, ყველაფერი მომეყოლა დედამისისთვის, რომ მამუკა გამემწარებინა, მაგრამ… არაფერსაც არ ვამბობდი.

_ ალბათ, შენი სახელის ხსენების მოერიდა და იმიტომ. რა სხვანაირი ბიჭია, არა? _ კმაყოფილებით გაიღიმა ლია დეიდამ.

_ კი, სხვანაირი ნამდვილად არის. თავისი ორიგინალური ქმედებით პირდაპირ მაოცებს ხოლმე, _ ირონიულად შევნიშნე, რასაც, რა თქმა უნდა, დედამისი ვერ მიხვდა.

_ ჩემი გოგო, ცოტა ხანს შემოდი ჩემთან, _ ხელით ანიშნა თათას, _ ათ წუთში იარაღები მოიხარშება და დავიწყებთ, რატომ კანკალებ?

_ მეშინია, _ თქვა თათამ და უფრო მოიბუზა, მთლად დაპატარავდა.

_ ნუ გეშინია, საშიში არაფერი არ არის, _ მხარზე ხელი მოუთათუნა მამუკას დედამ და კაბინეტში შეუძღვა, _ წამო, ისტორია გავაფორმოთ იქამდე.

_ გარეთ გავალ და ათ წუთში შემოვალ, _ მივაძახე თათას და ეზოში ჩავედი, რათა მამუკა მენახა.

მრავლისმთქმელად შემომხედა. ვითომ დარცხვენილი იყო, ისეთი სახით იყურებოდა.

_ რაო? _ ვეღარ მოითმინა.

_ ჯერ ისტორიას აფორმებენ, _ უკმეხად ვუპასუხე.

ორივენი გავჩუმდით. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა.

_ როგორ მოახერხე? _ გამჭოლი მზერა ვესროლე.

_ იცოდე, ახლა ნოტაციების კითხვა არ დამიწყო! _ გამაფრთხილა.

_ ეგღა მაკლია! შენნაირებთან არ ღირს ნოტაციების წაკითხვა, _ თვალები დავუბრიალე.

_ გაჩუმდი, რა!

_ არ გავჩუმდები, თუნდაც იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მეც თათასავით მომექცნენ… შენნაირები, _ დავაყოლე.

_ მე შენ ასე არასდროს მოგექცევი.

_ მართლა? რა იცი? ორი თვის წინ თათასაც მასე ეტყოდი, ხომ ვიცი.

_ ასე მიცნობ? ამ დროს, მგონი, სულ სხვანაირი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. სხვავგარად შენ არ შემიყვარებდი, _ მამუკამ ნამუსზე შემაგდო.

_ სიყვარული ბრმაა, _ ბოლო მოვუღე ჩემი გამოტანილი დასკვნით.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

_ დედაშენს რატომ არ უთხარი, სინამდვილეში რაც ხდება? _ კვლავ შევუტიე.

_ ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას.

_ რატომ, გეშინია არ გადაგაფიქრებინოს?

_ მე ვერავინ ვერაფერს გადამაფიქრებინებს. ჩემი საქმისა მე ვიცი.

_ მაშინ ისიც გეცოდინება, მერე რა იქნება.

_ როდის მერე!

_ თათა რომ აქედან გამოვა.

_ …

_ რა, არ იცი?

_ ეგ შენზეა დამოკიდებული, _ ყრუდ ჩაილაპარაკა.

_ ჩემზე? მე რა შუაში ვარ?

_ არ იცი?

_ წარმოდგენა არა მაქვს.

_ დაგავიწყდა, გუშინწინ რაც გითხარი?

_ გუშინწინ? ა-ა-ა, ეგ როგორ არ მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს. მე რომ შეგიყვარდი, იმაზე ამბობ, არა? და მერე მეც იგივეს გამიკეთებ, ხომ? ასე არ არის?

_ გეყოფა, დადა. აქამდე მთელი ცხოვრება უაზროდ ვიქცეოდი. საკუთარ ადგილს ვერ ვპოულობდი. ახლა ყველაფერი დალაგდა. ახლა უკვე ვიცი, რაც მინდა.

_ მაინც რა? _ ამრეზით შევხედე.

_ შენთან ყოფნა, შენი სიყვარული მინდა და მეტი არაფერი. თუ გინდა, ხვალვე დაგიმტკიცებ.

_ დამიმტკიცებ? როგორ დამიმტკიცებ?

_ ჩემთან წაგიყვან, შინ.

_ გინდა თქვა, რომ ცოლად შემირთავ?

_ ჰო.

_ თათა რატომ არ შეირთე? _ ხმას ავუწიე.

_ რით ვერ გაიგე, ადამიანო, არ მიყვარს ის გოგო!

_ თუ არ გიყვარდა, რას მოიწვინე გვერდში, რისთვის გააუბედურე? _ თავს ვერ ვიკავებდი.

_ ჯერ ერთი, მე არავინ გამიუბედურებია. მე რა, ძალა დავატანე? შევაცდინე? რაც თვითონ უნდოდა, ის გავაკეთე. და მეორეც, მე სულაც არ ვარ მისთვ…

_ გაჩუმდი! თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი. ეგ ზღაპრები შენს ძმაკაცებს მოუყევი, ჩემთან არ გინდა! წავედი! _ აცახცახებულმა ავირბინე კიბის საფეხურები.

ნუთუ ეს კაცი მიყვარდა!

თათასთვის თეთრი ნაჭრის ფაჩუჩები და ხავერდის ლურჯი ხალათი ჩაეცვათ. საპროცედუროში თავჩაღუნული ჩამომჯდარიყო ზეწარგადაფარებულ ნარზე.

_ რას შვრები?

_ ველოდები, _ სახეგაფითრებულს შუბლი ოფლით დაცვაროდა.

_ დაგაძინებენ? _ თანაგრძნობით განვიმსჭვალე მის მიმართ.

_ არა, პირველ აბორტზე ნარკოზი არ შეიძლებაო, ექიმმა.

_ ისე მაინც გაგიყუჩონ!

_ არ გეტკინებაო, დამამშვიდა. მინი მტკივნეული არ არისო.

_ რახან გითხრა, ალბათ ასეა. ნუ გეშინია, მე აქ ვიქნები.

_ მამუკა სად არის?

_ გარეთ დგას, ქუჩაში.

_ დაგველოდება?

_ არ დაგველოდება და მისი აჯობებს.

_ დედამისი ისე მელაპარაკება, ვითომ არაფერი იცის, _ ამოიოხრა თათამ, _ შეიძლება ადამიანი ასეთი უგულო იყოს?

_ იმან მართლა არაფერი იცის, დედას გეფიცები.

_ შენ რა იცი?

_ წეღან რომ გამიყვანა, მაშინ მითხრა.

_ რა გითხრა?

_ ვიღაც… _ ენას კბილი დავაჭირე. მეთქვა თუ არ მეთქვა?

_ თქვი, თქვი, დამალვას რაღა აზრი აქვს, _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა თათა.

_ დიტოს შეყვარებულიაო, ლიასთვის უთქვამს.

_ ეგ ვინღაა?

_ არ ვიცი. ვინმე მაგის ნაცნობი იქნება, ალბათ.

_ მე კი მითხრა, დედაჩემმა ყველაფერი იცის და ისე მოაგვარებს ყველაფერს, პრობლემა არ იქნებაო.

_ წარმოგიდგენია? სუფთა ნაძირალაა!

_ ნუ ამბობ მაგას. ჩემი ბრალია ყველაფერი, მამუკას არ გაემტყუნება.

_ ვითომ რატომ, მამა აბრამის ბატკანია?

_ არა, უბრალოდ, მამაკაცია და მორჩა.

_ იმდენი თავი გაუხმა მაგას! ბევრი უკლია მამაკაცობამდე. ნამდვილი მამაკაცი ასე არ იქცევა.

_ დღეს ყველა ასე იქცევა… სად არის ის ქალი ამდენ ხანს, დავიტანჯე. ერთი საათის მერე ყველაფერი კარგად იქნება, არა? _ ამომხედა თათამ, _ უკვე ჩავლილი იქნება ყველაფერი.

_ მე შენს ადგილას, დავიტოვებდი ბავშვს, ჯინაზე გავაჩენდი.

_ ვის ვეჯინაო, დადა? საკუთარ თავს? მერე ვინ გამაზრდევინებს ამას? _ მუცელზე დაიდო ხელი, _ ან მამაჩემს რა ვუთხრა, უკანონო შვილს ვაჩენ-მეთქი? «კატოკივით» გადამივლიან, _ სიმწრით ჩაიღიმა.

_ აბა, როგორ არის ჩვენი გოგო? _ ხელების ფშვნეტით შემოვიდა მამუკას დედა და ღიმილით გადმოგვხედა. თან ორი თეთრხალათიანი ქალი შემოჰყვა თან.

_ ძალიან მეტკინება? _ ძლივს ამოთქვა გაფითრებულმა თათამ.

_ დედა, ერთი შეხედეთ, რა ფერი ადევს სახეზე. რისი გეშინია, შვილო, დანით კი არ გჭრი, ორ წამში მორჩება ყველაფერი, _ დააიმედა ქალმა და საოპერაციოში შევიდა.

_ ვაიმე, დედა, _ წამოიკვნესა ცრემლმორეულმა, როგორც ჩანდა, იარაღების ჩხაკუნის ხმაზე კიდევ უფრო დაფრთხა.

_ თავიდან რომ გეფიქრა ამაზე, ხომ არ ჩავარდებოდი ამ დღეში? ახლა რაღა დროსია? მაშინ ხომ კარგი იყო, ლოგინში რომ უწვებოდი? _ ხუმრობანარევი კილოთი დატუქსა ლია დეიდამ და გაიცინა. ექთანიც აჰყვა და დამხმარე ქალიც.

_ სამაგიეროდ, აწი მეცოდინება, _ სინანული გაისმა თათას ხმაში.

_ აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო, _ გამამხნევებელი ღიმილით შევხედე თათას.

_ რომ იცოდე, როგორ მეშინია. ღმერთო, შენ მიშველე, _ ძლივს გავიგონე მისი სიტყვები.

მედდამ კარი ცხვირწინ მომიხურა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

_ ნუ ხარ დაძაბული, მოეშვი! _ გავიგონე ლიას მბრძანებლური ტონით ნათქვამი და რაღაც აპარატი ჩაირთო.

უეცრად არაადამიანური შეკივლება გაისმა. იმდენად სხვა ხმა იყო, თავდაპირველად ვერც მივხვდი, თათა თუ იქნებოდა. ვიგრძენი, როგორ დამასხა ცივმა ოფლმა. მუხლმოკვეთილი იქვე, ნარზე ჩამოვჯექი და ზურგით ცივ კედელს მივეყრდენი. კივილის ხმა არ წყდებოდა. თათა საშველად «დედა, დედიკოს» უხმობდა.

_ ნუ ტირიხარ, კაცო, ხელი მეშლება! დავიჯერო, ახლა, ასე გტკივა? _ დაუცაცხანებდა შიგადაშიგ ლია დეიდა.

მოულოდნელად ხმა მიწყდა. სმენა დავძაბე, გული ხომ არ წაუვიდა?

_ აჰა, მორჩა, ეს იყო სულ, _ კვლავ მოისმა იარაღების ჩხაკუნის ხმა, _ აბა, შემომხედე, ცუდად ხომ არა ხარ? ა? ცუდად ხარ? ლიდა, წყალი შეასხურე, ერთი, თუ ქალი ხარ, წნევა დაუვარდა ალბათ. შუბლი დაუზილეთ. წვეთებიც მიეცით.

_ ფერი მთლად დაკარგა, ლია ექიმო, _ ყველას ხმა მკაფიოდ აღწევდა ჩემამდე, თათას გარდა. გული გამალებით მიცემდა.

უცებ კარი გაიღო და ლია დეიდაც გამოჩნდა.

_ დადა, რა იყო, შენც ცუდად ხომ არ გახდი? _ ღიმილი მოერია ჩემს დანახვაზე, თან რეზინის ლურჯ წინსაფარს იხსნიდა, _ შედი, შენც დაგალევინებენ ვალერიანის წვეთებს.

_ გაუჭირდა? _ ვიკითხე მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც მეკითხა.

_ უჰ, _ ხელი ჩაიქნია, _ პირველად ყველა ასე განიცდის. რაღაც სასწაული ჰგონიათ. არა, ადვილი ნამდვილად არ არის. ესეც ხომ გარკვეული ოპერაციაა. უბრალოდ, ცოტა მეტი უნდა მოითმინო ადამიანმა, ემოციებს არ უნდა აყვე… ნახევარი საათი მაინც დაწვეს, ტკივილებმა გაუაროს.

_ მერე შეეძლება სახლში წასვლა?

_ კი, როგორ არა, თავისუფლად. ოღონდ ერთი-ორი დღე თუ დაწვება, ცუდი არ იქნება. მე დანიშნულებას დავუწერ. ანტიბიოტიკი უნდა მიიღოს ორი-სამი დღე.

_ გმადლობთ, ლია დეიდა, _ დავადევნე მიმავალ გინეკოლოგს.

_ მეტი აღარ დაგინახოთ აქ მოსული, _ ღიმილით თითი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.

ექთნის მკლავზე დაყრდნობილი, სახეგაფითრებული თათა ძლივს მოლასლასდა. მეც მივეშველე და მეორე მხარეს ამოვუდექი. ნარზე წამოვაწვინეთ _ თვალები ცრემლით ავსებოდა.

_ ძალიან გეტკინა? _ ჩურჩულით ვკითხე.

_ ნუ მკითხავ. ასე მეგონა, არასდროს დამთავრდებოდა ჩემი ტანჯვა, _ ჩურჩულითვე გამცა პასუხი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა სატირლად გამზადებულმა.

ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებსა და საფეთქლებზე. მის გვერდით ჩამოვჯექი და სათუთად შევუმშრალე სახე.

_ ნუღარ ტირი, ყველაფერი დამთავრდა, _ ვუთხარი, მაგრამ ლამის იყო, მეც მეტირა. მისი საცოდაობით გული მეწურებოდა.

_ მართალი ხარ, ყველაფერი დამთავრდა, _ ძალად გამიღიმა და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს რაღაცამ შვება მოჰგვარა.

_ ხომ არ გცივა, შვილო? _ ხანშიშესულმა სანიტარმა ნაჭრის ფაჩუჩები გააძრო თათას და ფეხის თითები მოუსინჯა, _ უი, უი, მთლად გაგყინვია, ახლავე ადეალას დაგაფარებ.

_ იცით, როგორ მტკივა? _ შესჩივლა ტკივილისაგან დაჭყანულმა სანიტარს.

_ არა უშავს, მალე გაგივლის, _ ანუგეშა ქალმა და შალის გადასაფარებლით წელს ქვემოთ გულმოდგინედ შეფუთნა.

კარგა ხანს ჩუმად ვისხედით. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. თათას თვალები დაეხუჭა და თავისთვის ფიქრობდა. ნეტავი რაზე? რას აპირებს? რა იქნება ხვალ? იმ დეგენერატმა ამ დღეში ეს გოგო რომ მიატოვოს, ხომ გაგიჟდება კიდევაც? იმდენს მაინც მიხვდებოდეს, რომ ცოტა ხანს მაინც არ გაწყვიტოს თათასთან ურთიერთობა, თორემ ეს მთლად მოუღებს ბოლოს, სამუდამოდ გააცამტვერებს მის ცხოვრებას. მიხვდება კი მამუკა? წესით, უნდა მიხვდეს. მაინც გადავწყვიტე მისი გაფრთხილება. თათას თვალები მიელულა და მძიმედ სუნთქავდა.

_ ცოტა ხნით გავალ, _ ვუთხარი და გარეთ გასვლა დავაპირე.

_ არ წახვიდე, ძალიან გთხოვ, _ თვალები გაახილა და თავი წამოსწია.

_ სულ ერთი წამით, შენ დაისვენე. ეგრევე მოვბრუნდები, _ დავამშვიდე შეშინებული და ქუჩაში გავედი.

მამუკა კვლავ აკაციის ხის ქვეშ იდგა.

_ ვსიო, არა? _ მკითხა.

_ ჰო.

_ რამდენ ხანში გამოუშვებენ?

_ შენ უკეთ გეცოდინება, _ გამომცდელად შევხედე.

ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

_ ვერ გავიგე შენი ნართაული.

_ ეს პირველი შემთხვევაა?

_ გაგიჟდი? აბა მერამდენე უნდა იყოს, ვერ ნახე, რა დღეში იყო?

_ თათაზე არ გეუბნები, შენს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, რომ დედაშენს საკუთარი შვილიშვილი მოაკვლევინე?

მივხვდი, რომ მეტისმეტი მომივიდა. მამუკა გაფითრდა, კბილი კბილს დააჭირა და მომუშტული ხელი აკაციის ხეს მთელი ძალით დაარტყა.

_ მორჩი! გეყოფა! რა გინდა, გამაგებინე, ბოდიში მოგიხადო? ვიცი, რომ დამნაშავე ვარ შენ წინაშე, მაგრამ შეცდომა ვის არ მოსვლია? _ მთელი ხმით ღრიალებდა.

_ ჩემ წინაშე კი არა, იმის წინაშე ხარ დამნაშავე. შენ ამასაც ვერ ხვდები და საერთოდ, ხმას დაუწიე, თუ შეიძლება, ნუ ღრიალებ, _ მშვიდად მივეცი შენიშვნა.

არა, ამასთან არ ღირს არაფერზე საუბარი. რაც მალე დამთავრდება მათი ურთიერთობა, მით უკეთესი თათასთვის, გავივლე გუნებაში.

_ ახლა რას აპირებ? _ ვკითხე და თვალი ავარიდე.

_ რაზე მეკითხები? _ ხმა შეეცვალა.

_ რას უპირებ იმ გოგოს, უნდა მიატოვო?

პასუხი არ გამცა, გვერდზე გაიხედა.

_ არ გესმის? _ კითხვა გავუმეორე.

_ მაგას ისედაც ვაპირებდი, _ ყრუდ ჩაილაპარაკა.

_ იქნებ ცოტა ხანს მაინც გაგეგრძელებინა შეხვედრები, ცოდოა.

_ მე ვიცი, როგორც გავაკეთებ. ეგ შენ არ გეხება.

_ შენც მართალი ხარ, _ ირონიულად შევნიშნე და კვლავ შენობაში შევტრიალდი.

თათა უკვე ექიმის კაბინეტში იჯდა და მის რჩევა-დარიგებებს ისმენდა. დერეფანში ვამჯობინე დალოდება. მალე გამოვიდა. ის იყო, წამოსვლა დავაპირეთ, რომ ლია დეიდამ დამიძახა, ერთი წუთით ჩემთან შემოდიო.

შევედი.

_ დადა, კიდევ რომ მოუწიოს ამ გოგონას მსგავსი რამის გაკეთება, იცოდე, უშვილოდ დარჩება, _ თითი მაგიდაზე დააკაკუნა.

_ მესმის… ლია დეიდა, იმედია, ეს აღარ მოხდება. ერთ რაღაც მინდა გკითხოთ. მამუკას ადრეც მოუყვანია აქ ვინმე აბორტის გასაკეთებლად?

ის იყო, ქალმა პირი გააღო პასუხის გასაცემად, რომ თითქოს რაღაცას მიხვდაო, შეყოყმანდა. სახე აშკარად შეეცვალა.

_ ადრე? ა-რა… არ მახსოვს ასეთი შემთხვევა. რატომ მეკითხები? _ სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და ზემოდან შემომხედა.

_ რა ვიცი, ისე… _ მიხვდა, რაც ვიგულისხმე.

_ ეს შეუძლებელია! რას ამბობ! მამუკა ამას არ იზამდა, შენ მაინც იცნობ. არ იცი, რანაირია? _ წამოჭარხლდა სახეზე. როგორც ჩანს, დიდად არ ეპიტნავა ჩემი სიტყვები, თუმცა, მას რას ვერჩოდი…

_ ვიცი, როგორ არა. ეს, უბრალოდ, ისე ვთქვი. მაპატიეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

ესეც ასე! უდავოა, საღამოს ყველაფერს გამოკითხავს თავის «იდეალურ ბიჭუნას». რას დასცხებენ ერთმანეთს?! მამუკაზე ახიც იქნება. იქნება აწი მაინც მოუხმოს ჭკუას!

მზის შუქზე გავედით თუ არა, თათას თავბრუ დაესხა და წაბარბაცდა. მაშინვე ხელი შევაშველე. მამუკამაც უცებ მოირბინა და გვერდით დაუდგა. თათამ ცივად გააშვებინა ხელი.

_ არაფერია, სინათლემ თვალი მომჭრა უბრალოდ, _ ხმადაბლა თქვა, _ მე წავალ, კარგად იყავით. გმადლობ, დადა.

_ მოიცა, ერთად წავიდეთ, ახლავე გავაჩერებ მანქანას, _ დაფაცურდა მამუკა.

_ არა, ჩვენ ერთად ვერ წავალთ, იმიტომ რომ სხვადასხვა გზა გვაქვს, _ გამჭოლი მზერა ესროლა თათამ, გატრიალდა და ტროტუარს დაუყვა.

თათას საქციელით იმდენად ნასიამოვნები დავრჩი, კმაყოფილების ღიმილი ვერ შევიკავე. ცოტა ხანს ვუყურებდი მიმავალს, მერე ჩემს «ახდენილ ოცნებას» მივუტრიალდი.

_ მეც წავედი. აბა, შენ იცი, _ ხელი დავუქნიე და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე.

_ ერთი წუთით დედაჩემთან შევირბენ და მერე ერთად წავიდეთ, მეც მოვდივარ.

_ ჩვენ ერთად ვერ წავალთ, იმიტომ რომ სხვადასხვა გზა გვაქვს, _ თუთიყუშივით გავიმეორე თათას სიტყვები და ნიშნის მოგებით შევღიმე «იდეალურ მამაკაცს». შევხედე და მივხვდი, რომ აღარ მიყვარდა. იმდენად გაუბრალოვდა ჩემს თვალში, მის გვერდით გავლის სურვილიც აღარ შემრჩა. განსაკუთრებით იმ წუთებში, რადგან საოცრად უსუსური, უმწეო და საცოდავი მეჩვენა. ან კი როგორ უნდა მყვარებოდა _ მან ხომ სულ ახლახან, არც მეტი, არც ნაკლები, ორი ადამიანი მოკლა!

გავშორდი. ნელი ნაბიჯით დავუყევი ქუჩას…

მითი იდეალურ მამაკაცზე საბოლოოდ გაქარწყლდა…

რატომღაც, შვება ვიგრძენი…

იდუმალი თაყვანისმცემელი

90353864

  ესეც იტალიური ეზოა, ოღონდ ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი იტალიური ეზოებისგან. იგი არ ჰგავს ისეთებს, სადაც ყოველთვის დიდი ხმაური, ღრიანცელი და გადაძახილები ისმის, სადაც დედები თეფშითა და კოვზით დასდევენ ფეხშიშველა ბავშვებს _ გენაცვალოს დედა, ეს ერთი ლუკმაც შეჭამე და მეტს აღარ … Читать далее

შიშის ბილიკი

134412_2 (1)

ეშინია… გრძნობს, ხანდახან როგორ ეშინია. რისი? თვითონაც არ იცის. ალბათ ხვალინდელი დღის, ალბათ მარტოობის. ერთი შეხედვით, თითქოს არ უნდა ჰქონდეს სამაგისო საბაბი. ოცდაექვსი წლისაა, მდიდარი ქმარი ჰყავს, არაფერი აკლია _ სახლი, კარი, მანქანა… არც სამსახური აქვს ცუდი. ტელევიზიაში მუშაობს, პოლიტიკის … Читать далее

წაგებული თამაში

11

ბესო კიბის ბოლოში ელოდებოდა. ნანათე ზემოდან მოადგა მოაჯირს, გაღიმებული და ოდნავ ანერვიულებული. იქნებ ძალიანაც, თუმცა, ცდილობდა, არ შეემჩნია. სარკემ, რომელშიც გამოსვლის წინ ჩაიხედა, უთხრა, არაჩვეულებრივად გამოიყურებიო. ბესომ ამოხედა და მისმა თვალებმა მეტი უთხრეს, ვიდრე საკუთარმა სარკემ. ამას მიხვდა ნანათე და … Читать далее

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან

1221

ამწუთას ოცდაცამეტი წლის ვარ. აქედან ათი წელი სარეკლამო სააგენტოში გავატარე, თოხარიკი ცხენივით დავრბოდი აღმა-დაღმა, რათა დამკვეთები მეშოვა და ჩემი წილი პროცენტები მიმეღო. ცუდად არ გამოვიმუშავებდი, თვეში ათას ლარამდე გამომდიოდა, მაგრამ წინ მაინც ვერ წავიწიე, ხელმძღვანელ თანამდებობამდე ვერ გავქაჩე. ბინაც მაქვს … Читать далее

ბედისწერის არადანი

802

რუსიკოს ცხოვრებაც ისეთივეა, როგორც ყველა მისი თანატოლი გოგონასი _ სწავლა, მუშაობა, კარიერა… ერთადერთი, რაშიც არა და არ უმართლებს, სიყვარულია. უკვე წელიწადზე მეტია, თავის უფროსზეა შეყვარებული, მაგრამ მათი ურთიერთობა, ძველებურად, ფლირტის ფარგლებს არ სცდება. გოგონა გეგმებს აწყობს, აზრებს ალაგებს, როგორ მოხიბლოს, … Читать далее

ყალბი ლტოლვა

yalbi1

არა, რაღა მაინცდამაინც ახლა შემხვდა? საშინლად გამოვიყურები დღეს, თან ეს ძაძები რომ მაცვია! კი არაფერი, ნერვიც არ ამტოკებია, მაგრამ მაინც! იყო დრო, როცა მის დანახვაზე ელეთმელეთი მემართებოდა. ნუგზარი! ბატონი ნუგზარი! ჩემი ყოფილი უფროსი. რომელთანაც კადრების განყოფილებაში ვმუშაობდი. თავიდან ჩვეულებრივი ურთიერთობა … Читать далее

დაუმთავრებელი კოცნა

a_love_for_the_arts_by_delacorr

ორმოცდაათიოდე წლის მაღალი მამაკაცი ღამის კლუბში შევიდა და კართან შედგა. დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ერთ მაგიდას წყვილი უჯდა, ხოლო მეორესთან ორი შემთვრალი მამაკაცი ხითხითებდა. სიღრმეში, სცენაზე, პიანინო იდგა. საღამოობით აქაურობას მუსიკის ცოცხალი ჰანგები ავსებდა. _ სად გირჩევნიათ? _ მეტრდოტელმა თავაზიანად … Читать далее