სარეცელი ვარსკვლავებთან

brijit2

ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა როჟე ვადიმმა ძალზე საინტერესო ცხოვრება გამოიარა. თავის მემუარებში იგი გვიყვება სამ ულამაზეს ქალბატონთან ურთიერთობაზე, რომელთაგან ორი _ ბრიჟიტ ბარდო და ჯეინ ფონდა მისი კანონიერი მეუღლეები იყვნენ, ხოლო მესამე, კატრინ დენევი ცოლად არ შეურთავს…

რა თქმა უნდა, რეჟისორი თავის თავზეც უამრავ აქამდე უცნობ ისტორიას გვიყვება. შეიძლება ეს ცოტათი საჩოთიროც იყოს, მაგრამ ისეთი ფილმების ავტორი, როგორიცაა «და ღმერთმა შექმნა ქალი», «სახიფათო კავშირები», «მეომრის დასვენება», «სიკვდილის სული», «დონ ჟუანი კაბაში», თავისი ცხოვრებით ორგანულად იყო დაკავშირებული მისი წიგნისა თუ ფილმების მთავარ გმირებთან.

მემუარებში სხვა გვარ-სახელებსაც შეხვდებით. წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს, რომ მემუარების გამოქვეყნების მიზანი «სამი შესანიშნავი ქალისადმი პატივისცემის გამოხატვა და მათ წინაშე ქედის მოხრაა».
ბრიჟიტ ბარდო

 

მას შემდეგ, რაც ბოტიჩელმა ვენერა დახატა, არავის უნახავს ტალღებს ამოყოლილი სიყვარულის ქალღმერთი…

თუმცა, 1953 წლის 12 მაისს, დილის 11 საათზე, ავიამზიდ «ენტერპრაისის» 2 ათას ამერიკელ მეზღვაურს სწორედ ამ სასწაულის ხილვის პატივი ხვდა წილად.

ჯერ დაინახეს, ზღვის ფსკერიდან ზედაპირზე როგორ ამოცურდა გრძელი, მბზინავი თმის კულულები, შემდეგ გამოჩნდა წყლის წვეთებით დაწინწკლული სახე, რომელიც მზეზე ისე ბრწყინავდა, თითქოს ბრილიანტის თვლები ყოფილიყო. უცოდველი და მგრძნობიარე ტუჩები, იდეალურად დახატული თვალები, პატარა ცხვირი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა ბავშვური მოხაზულობა, გეგონებოდათ, საგანგებოდ იყო შექმნილი ხალხის გასაოცებლად…

ორი არისტოკრატული სილამაზის მკლავი ნავს ჩაეჭიდა და აი! მთელი სრულყოფილებით გამოჩნდა _ გედივით მოღერებული ყელით, უმშვენიერესი მხრებით, მაღალი მკერდითა და ისეთი ვიწრო წელით, გაშლილ ხელისგულებში რომ მოიმწყვდევდა ადამიანი… მრგვალი, «თავხედური» უკანალით, ალბათ ადონისსა და აფროდიტესაც რომ შეშურდებოდა, ბალერინასავით ასხლეტილი ფეხებით, მკვრივი თეძოებითა და წვრილი კანჭებით. ბიკინის გარდა არაფერი ფარავდა ამ მგრძნობიარე და ამაყ სხეულს.

სულაც რომ არ სცოდნოდათ მისი სახელი, მეზღვაურები ისედაც მიხვდებოდნენ, რომ მათ წინაშე ნამდვილი ქალღმერთი იდგა. მათი აპლოდისმენტები იმდენად მქუხარე იყო, კრუაზეტის სანაპიროზე მდებარე ფესტივალების სასახლის კიბეებთან ისმოდა. ორიათასივე მეზღვაური ერთ ბორტს მიაწყდა, რათა საოცრება უფრო ახლოდან შეეთვალიერებინა. ნავში ასული ბრიჟიტ ბარდო კი იცინოდა. «ასე ხომ ისინი გემს ააყირავებენ»… _ წამოიძახა.

მორიგე ოფიცერმა ტრაპი ჩამოუშვა და ბრიჟიტს გემზე ასვლა შესთავაზა. ეს არმიაში არსებულ წესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა, რათა გემბანზე «ბუნტს» არ ჰქონოდა ადგილი. ბრიჟიტი წამითაც არ შეყოყმანებულა, შემოთავაზება მიიღო, გემბანზე ავიდა და სათითაოდ დაუწყო ყველა მეზღვაურს ხელის ჩამორთმევა. თან ბევრი აცინა ისინი თავისი სამად-სამი ღერი ინგლისურით, ზოგიერთთან სამახსოვრო ფოტოებიც კი გადაიღო.

როცა გემიდან ჩავიდა, ბარდომ გემბანზე 2 ათასი მეგობარი დატოვა…

 

სანამ სასტუმრო «კარლტონისკენ» გაემართებოდა, საცურაო კოსტიუმზე ჯინსის შარვალი ამოიცვა. ნახევარი საათი დასჭირდა პლაჟიდან სასტუმრომდე მისვლას, ზუსტად ამდენივე, რომ გაევლო ჰოლი და ლიფტში შესულიყო, მაგრამ… ფოტოგრაფთა კიდევ ერთი ტალღა მას მეოთხე სართულზე, თავისი ნომრის დერეფანში ელოდა…

კანის ფესტივალი ტარდებოდა. საოცარი პერიოდი იყო _ სიგიჟის და სიმხიარულის. «ვარსკვლავებმა» ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ საგანგებო მისიით იყვნენ დედამიწაზე ჩამოგზავნილნი, რათა კაცობრიობა ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინათ, ხოლო ჟურნალისტები, თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მათ ტალანტს განსჯის საგნად არ ხდიდდნენ.

ბრიჟიტ ბარდოს უკვე ჰქონდა ნათამაშები რამდენიმე ფილმში, მაგრამ «ვარსკვლავი» ჯერ კიდევ არ ეთქმოდა. დირექციას იგი ფესტივალზე არ მოუწვევია. ის უბრალოდ, თავის მეუღლეს ახლდა თან, «პარი-მატჩის» ახალგაზრდა კორესპონდენტს, როჟე ვადიმს…

8 8 8

 

ჩვენ სულ რაღაც 4 თვის დაქორწინებულები ვიყავით და მას პარიზში მარტო დარჩენა არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანის ფესტივალზე ბრიჟიტის მონაწილეობით არც ერთი ფილმი არ იყო გატანილი, სასტუმრო «კარლტონში» რაღაც უცნაური ხდებოდა. ფოტორეპორტიორები თავს ანებებდნენ ნამდვილ, «საერთაშორისო» ვარსკვლავებს და ბრიჟიტს დასდევდნენ უკან… და დასდევდნენ ყველგან _ რესტორნებში, სანაპიროზე, მაღაზიებში, თვით ჩვენს ნომერშიც კი…

მახსოვს, მე აღმოვჩნდი ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც საკონფერენციო დარბაზში ჯინა ლოლობრიჯიდასთან, კიმ ნოვაკთან და კერკ დუგლასთან ჩაწერა ინტერვიუ, დანარჩენი რეპორტიორები კი ჩემს მეუღლეს დასდევდნენ ანტიბის ქუჩის მაღაზიებსა და კრუაზეტის პლაჟზე.

ბარდოს ფენომენი, ის ამოუხსნელი მიზიდულობის ძალა, რომელიც მას 19 წლის ასაკიდან მოსდევდა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენდა, მაგრამ იმ წელს, კანში, ისეთი ზემოქმედება მოახდინა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მსოფლიო აალაპარაკა.

ყველასთვის ცნობილია ბრიჟიტის სილამაზე და გამომწვევი ვნებიანობა. ბრიჟიტი იმ ეპოქის სექსუალურობის სიმბოლო გახლდათ. მაგრამ ეს შორიდან… ამ დროს არავინ იცოდა, რისი ეშინოდა მას, რა აღელვებდა, როგორ უწინასწარმეტყველებდა თავის თავს უბედურებას, რომელიც მართლაც ხდებოდა მის ცხოვრებაში, რის გამოც ხანდახან ტრაგედიის ზღვრამდეც მიდიოდა…

მთვარის შუქზე მოსეირნე შეყვარებული წყვილი არასდროს ფიქრობს მეორე, ბნელ მხარეზე, რომელსაც მზე არასდროს ადგება. ეს გამოთქმა ზედგამოჭრილია ბრიჟიტისთვის. ყველასთვის მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი მხარეა ცნობილი.

რა იმალება სინამდვილეში უკანასკნელი სექსსიმბოლოს სიკაშკაშის უკან?

 

8 8 8

როდესაც ის გავიცანი, ყველაზე მეტად მასში მისმა აღნაგობამ გამაოგნა. წვრილი წელი. თავის დედოფლურად დაჭერა. ხედვის მანერა. ბევრი ადამიანი იყურება, მაგრამ ვერ ხედავს…

დედამისი ხორბლისფერი ქალი იყო, მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმით. ნუშისებრი მოყვანილობის წვრილი თვალები ჰქონდა, ოდნავ გრძელი ცხვირი, ლამაზი მოხაზულობის პირი, ღიმილი _ შეუმჩნევლად თავდაჭერილი ელიტური ღიმილი _ ეს ყველაფერი ორმოცი წლის ქალბატონს პარიზელებისთვის იშვიათ თვისებას სძენდა _ ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა.

თავის ქალიშვილს საერთოდ არ ჰგავდა. მაღალი ფენებისთვის დამახასიათებელი ამპარტავნება და განსაკუთრებული აღზრდა-განათლება მის შინაგან ბუნებას კიდევ უფრო მედიდურს ხდიდა. ქალიშვილი კი… იგი განუმეორებელი იყო, სიცოცხლის წყურვილს უმძაფრებდა გარშემო მყოფთ, ხალისსა და სილაღეს ჰმატებდა ადამიანებს.

როცა მშობლებმა ბრიჟიტის მომავალზე დაიწყეს ზრუნვა, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ გოგონა რომელიმე ბანკირის ცოლობას გამოჰკრავდა ხელს, ან მეწარმის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მინისტრის… ამიტომ იყო, რეჟისორ მარკ ალეგრეს პასუხად შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილი რომ გაუგზავნეს! არც კი ჩათვალეს სერიოზულად მისი შემოთავაზება, მაშინ, როდესაც თავად ბრიჟიტს ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე სურდა საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორის გაცნობა. ბოლოს დედამ მაინც დაუთმო ქალიშვილს, რომელიც ჯიუტად ითხოვდა მარკთან შეხვედრას. დაუთმო, რადგან დარწმუნებული იყო, ეს შეხვედრა მაინც არაფერს მოიტანდა, სამაგიეროდ, მისი ქალიშვილი სურვილს დაიკმაყოფილებდა.

პაემანი მარკ ალეგრეს ბინაში უნდა შემდგარიყო, შუადღეს, როცა ბრიჟიტს სკოლაში გაკვეთილები დაუმთავრდებოდა…

წამითაც არ უფიქრია ბრიჟიტს, რომ ფილმში გადაიღებდნენ. არც სურვილი ჰქონია არასდროს _ მას მხოლოდ კლასიკური მოცეკვავის კარიერა იზიდავდა. მაგრამ აინტერესებდა იმ ადამიანების გაცნობა, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდნენ პომპის ქუჩაზე მოარული პერსონებისგან _ დედ-მამის მეგობრებისა და «კარგი ოჯახის» წარმომადგენლებისგან. როგორც დედამისს, მასაც ერთი სული ჰქონდა, გაეცნო ადამიანი, რომელიც «ვარსკვლავებსა» და «ცნობილებს» თითის წვერებზე აბზრიალებდა.

არც ტოტის, ბრიჟიტის დედას და არც თავად ბრიჟიტს თავში აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ეს ვიზიტი გოგონას ცხოვრებაში უდიდეს გადატრიალებას მოახდენდა.

 

ერთი სიტყვით, ჩვენ ვიმყოფებოდით მარკის მზიან ბინაში, მერვე სართულზე. ქალბატონმა ბარდომ, შემოვიდა თუ არა, ეგრევე მოახსენა ალეგრეს, რომ მხოლოდ გოგონას დაჟინებული თხოვნით გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან მის ქალიშვილს ძალიან უნდოდა რეჟისორის გაცნობა.

_ მე არ ვამზადებ ჩემს ქალიშვილს მსახიობობისთვის! _ მედიდურად გამოგვიცხადა.

შემდეგ კიდევ კარგა ხანს იქაქანა და ლამის ყველა დაგვარწმუნა, რომ მარკ ალეგრე ახლოდან სრულიად განსხვავდება «შოუბიზნესის იმ წარმომადგენლისგან», როგორსაც საზოგადოება იცნობს.

_ სიმართლე გითხრათ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თქვენმა კულტურამ, _ აღნიშნა ტოტიმ, _ თუმცა, არასდროს მავიწყდება პრეზიდენტ პუანკარეს სიტყვები: «კულტურა მურაბას მაგონებს, რაც უფრო უგემურია, მით მეტად გაძალებენ».

მარკს ამაზე გულიანად გაეცინა. მიუხედავად ტოტის კატეგორიული უარისა, მან შეძლო დაერწმუნებინა ბრიჟიტის დედა, გოგონას ეთამაშა მის ფილმში.

_ ბავშვი ახლა სწორედ იმ ასაკშია, როცა ექსპერიმენტები იტაცებს. მოდით, სასინჯი გადაღება მოვაწყოთ და მერე ვილაპარაკოთ, _ დინჯი ღიმილით დააყოლა ალეგრემ.

ამ ხნის განმავლობაში ბრიჟიტი დაბნეული აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს, ყველაზე ხშირად კი მალულად გააპარებდა თვალს იმ ახალგაზრდა მამაკაცისკენ, რომელიც ალეგრემ თავის თანამშრომლად გააცნო დედამისს, თანაც, არასერიოზულ ადამიანად.

_ როჟე ვადიმი. მან უკვე დაწერა სცენარი, მაგრამ ზარმაცია, გამუდმებით იგვიანებს და თავისი ასაკისთვის ზედმეტად ნიჭიერია.

ამის გაგონებაზე ბრიჟიტს ისე საყვარლად გაეცინა, ყველა მას აჰყვა. საოცრად გადამდები სიცილი ჰქონდა. მოგვიანებით იგი გამომიტყდა, როგორც კი დაგინახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ შემიყვარდიო.

გადაწყდა, რომ მე უნდა მომემზადებინა გოგონა როლისთვის, ერთად უნდა გაგვევლო რეპეტიციები, როცა უოლკერის სტუდიაში ბალეტის გაკვეთილები დაუმთავრდებოდა.

მაგრამ პროდიუსერს ბრიჟიტის კბილები არ მოეწონა. ასე თქვა, როცა იცინის, ძალიან აღებს პირსო. ასე რომ, ბრიჟიტი დაიწუნეს, ისევე, როგორც მისი წინამორბედი ლესლი კარონი, რის გამოც ფილმ «მოჭრილი დაფნების» გადაღება განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

 

ბებია ბარდოს რეაქცია ჩემს დანახვაზე ზუსტად ისეთი გახლდათ, როგორიც დამახასიათებელი იყო ჩვენი საუკუნის შუა წლების ფრანგული ბურჟუაზიისთვის. ადრე სამეფო კარზე, მეფეებმა სტუმართა გასართობად კარის ჯამბაზების მოხმობა იცოდნენ, ჩვენს დროში კი, პრესტიჟული სალონის მეპატრონე მანდილოსნები, პოპულარულ მსახიობებს და მომღერლებს პატიჟებდნენ წვეულებებზე და ამ მოდური ჟესტით იწონებდნენ თავს. თუმცა, აღფრთოვანებას პარალელურად ერთგვარი შიშიც ახლდა, რადგან კინოსამყაროს წარმომადგენლები მაინც საეჭვო ადამიანებად მიაჩნდათ, ბოლომდე არ ენდობოდნენ.

ამიტომაც მესმის, რატომ ატეხა განგაში ბებია ბარდომ, როცა ერთ მშვენიერ დღეს, მორიგ ბოჰემურ წვეულებაზე, თავის სახლში უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, რომელიც თურმე კინემატოგრაფიით იყო გატაცებული და რომელმაც ბრიჟიტის მოხიბვლა შეძლო. იმ საღამოს გოგონა გვერდიდან არ მომცილებია. ჩემ გარდა ვერავის ამჩნევდა. ამან, რა თქმა უნდა, ბებიის პროტესტი გამოიწვია. ბოჰემას თავისი კანონები გააჩნდა, რომლის დარღვევა ნამდვილი ტრაგედია იყო ამ წრის წარმომადგენლებისთვის.

სამაგიეროდ, ბატონი და ქალბატონი ბარდო იყვნენ შედარებით პროგრესული შეხედულების ადამიანები. მათ მეგობრებს შორის შეხვდებოდით ჟურნალისტებს, მოდელიერებს, თეატრალურ მოღვაწეებს… მათ უყვარდათ ხელოვნება. ჩემს შოტლანდიურ პერანგს, ზედმიწევნით დაუთოებულ შარვალს და საკმარისად გრძელ თმას ისინი არ შეუშინებია. ის კი არა, როცა გაიგეს, რომ მამაჩემი საფრანგეთის კონსული იყო და 14 წელი იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, დადებითი შთაბეჭდილება შეექმნათ ჩემზე. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი ხომ როჟე ვადიმ პლემიანნიკოვია. ჩვენი გვარი ჩინგიზ ხანს უკავშირდება, შტო იქიდან მოდის. მან ხომ თავისი უზარმაზარი იმპერია შვილებს გაუყო. უმცროსმა ვაჟმა მიიღო პოლონეთის ნაწილი და უკრაინა. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობა მიიღო არა მისმა ვაჟმა, არამედ ძმისშვილმა. სწორედ აქედან წარმოიშვა ჩვენი გვარი და დარჩა და დარჩა…

რევოლუციის შემდეგ მამაჩემი საფრანგეთში წამოვიდა და მოქალაქეობა მიიღო. როგორც დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი, იგი არაჩვეულებრივად ლაპარაკობდა ფრანგულად, ბრწყინვალედ დაამთავრა პოლიტიკური მეცნიერების სკოლა და 28 წლის ასაკში საფრანგეთის ვიცე-კონსულად დაინიშნა. შემდეგ ფრანგ ქალზე, მარი-ანტუანეტა არდილუზზე დაქორწინდა. პირველად იგი ალექსანდრიაში გაამწესეს სამუშაოდ.

 

8 8 8

ჩვენი ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდა, ხოლო ჯვრისწერა 1952 წლის დეკემბრისთვის დავნიშნეთ, როცა ბრიჟიტი 18 წლის გახდებოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მას მშობლებმა ნება დართეს, რვა დღე გაეტარებინა ჩემთან ერთად, საშობაო დღესასწაულის აღსანიშნავად. ჩვენ დედაჩემს შევუსახლდით, რომელმაც ნიცაში ვილა მიატოვა და სან-ტროპედან სამ კილომეტრში პატარა სახლი იქირავა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ბატონმა ბარდომ მას წესების მთელი ნუსხა «გადაულოცა», რომელიც ჩვენ უნდა დაგვეცვა. მაგრამ მას მთავარი დაავიწყდა _ მე და ბრიჟიტი ცალ-ცალკე ოთახში განვეთავსებინეთ. ამის თაობაზე არანაირი ინსტრუქცია არ გაუცია და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როგორ გამორჩა! სწორედ ამიტომაც ორივეს ერთ საწოლში გვეძინა და წამითაც არ გვეშინოდა დერეფანში ვინმეს ან რამის გაფაჩუნების. ჩვენთვის ხომ ერთად დაწოლა არავის აუკრძალავს!

 

8 8 8

ჩვენი სამოქალაქო ქორწინება მე-16 ოლქის მერიაში გაიმართა. პატარძალს ქვედაბოლო და პიჯაკი ეცვა, სიძეს _ ლურჯი პიჯაკი შესაფერისი ტონის ჰალსტუხით. ოლქის მერი ჩემმა სახელმა და წარმომავლობამ ისე დააბნია, მთელი რიგი ნოტაციები წაიკითხა საერთაშორისო ქორწინებაზე, თქვა, რომ ეს კეთილშობილური საქმეა მთელ მსოფლიოში მშვიდობის განსამტკიცებლად და რომ მიესალმება ამ ქორწინებას, როგორც «ფრანგულ-რუსული მეგობრობის» სიმბოლოს. ბრიჟიტი თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გაეცინა.

გამოვედით თუ არა მერიიდან, ჩამეხუტა.

_ როგორც იქნა, მოხდა ეს! მე ახლა ქალბატონი პლემიანნიკოვა ვარ…

საღამოს მოკრძალებული სუფრა გაიშალა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა.

ღამის 11 საათზე ბრიჟიტის ოთახში შევედი. ის პიჟამათი იყო შეწოლილი ლოგინში. ბედნიერებისგან ასხივებდა. გვერდით მივუჯექი. ნახევარი საათის შემდეგ მამამისი პილუ გამოჩნდა.

_ ჩემო ძვირფასო ვადიმ, მგონი, დროა, წახვიდეთ, _ გამომიცხადა.

_ სად უნდა წავიდეს? _ დაბნეულ ბრიჟიტს ვერაფერი გაეგო.

_ ჩვენ მას სასადილო ოთახში გავუშალეთ ლოგინი, _ უპასუხა პილუმ.

_ მაგრამ ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ, მამა! ხომ არ დაგავიწყდა? ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მეჯვარეებმაც, მე ვთქვი «დიახ», ვადიმმაც თქვა «დიახ». მე გათხოვილი ვარ. გა-თხო-ვილი!

_ თქვენ ცოლ-ქმარი გახდებით ხვალ, ეკლესიაში, ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ, _ წარბშეუხრელად უპასუხა პილუმ.

_ გაგიჟდა ეს კაცი! _ იყვირა ბრიჟიტმა და საწოლიდან წამოიწია, _ მამაჩემი ჭკუიდან შეიშალა. ხალხნო, მიშველეთ! პილუ გაგიჟდა!..

_ ბავშვივით ნუ იქცევი, ბრიჟიტ, _ მკაცრად თქვა ბატონმა ბარდომ, სახე საშიშად მოეღრიცა, ხოლო ტუჩები ერთი სწორი ხაზივით გაუხდა, _ დღეს დილით მხოლოდ ფორმალური ხელმოწერა იყო, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლიდით. მიუხედავად ამისა, ის შენი ქმარი მხოლოდ ჯვრისწერის შემდეგ გახდება, გასაგებია?

აღშფოთებისგან ჭარხალივით გაწითლებული ბრიჟიტი მზად იყო, აფეთქებულიყო.

_ მე ამაღამ ჩემს ქმართან დავწვები! ქუჩაში, ტროტუარზე, თუ საჭირო იქნება! სულერთია, სად, მაგრამ მასთან!

კომიკურმა სცენამ დრამატური ხასიათი მიიღო. პილუს ვთხოვე, რამდენიმე წუთით მარტო დავეტოვებინე მასთან.

_ ესღა მაკლდა! _ გაყვიროდა ბრიჟიტი, _ სამი წელია უკვე, შენთან დაწოლის უფლებას ველი. ახლა ცოლი მქვია, გათხოვილი ვარ. სრულწლოვანი გავხდი. კიდევაც დავწვები ჩემს ქმართან, სექსიც მექნება და ყველაფერიც და აუცილებლად ჩემს საწოლში. და სად იდგმება ეს საწოლი, მამაჩემის სახლში, თუ რომის პაპის რეზიდენციაში, მიმიფურთხებია! მაგრამ ამაღამ მარტო არ დავწვები!

_ სამი წელი ითმინე, შეგიძლია ერთი ღამეც მოითმინო, _ მის დაყოლიებას ვცდილობდი.

_ არავითარ შემთხვევაში!

მან პიჟამა გაიხადა და კარადას მივარდა ტანსაცმლის გამოსაღებად. მივხვდი, ჩაცმას და ჩემთან გამოყოლას აპირებდა. გზა გადავუღობე. ავუხსენი, რომ ამ საღამოს არ გამოვიდოდა მშობლებთან ჩხუბი და აყალმაყალი.

_ მართალია, სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ჩვენ გონივრულობა უნდა გამოვიჩინოთ, _ შეგონება დავუწყე, არ მინდოდა, სიცხარის გამო მშობლები დაეკარგა. ოდესმე აუცილებლად ინანებდა ამას.

როგორც იქნა, ბოლოს მაინც დაწყნარდა და გაიცინა კიდეც.

_ ესე იგი, ქორწინების პირველ ღამეს სასადილო ოთახში გაატარებ? თან მარტო? მხოლოდ შენ შეიძლება ასეთი რამ დაგემართოს!

მართლაც ასე მოხდა. ის ღამე სასადილო ოთახში მარტომ გავატარე, ვიწრო ტახტზე. არადა, დავქორწინდი ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ფრანგ გოგონაზე, რომელზეც გავა დრო და, ერთხელაც დაწერენ, რომ იგი მსოფლიოს ყველა მამაკაცის «სურვილის ობიექტია»…

 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება ბრიჟიტისა ის იყო, რომ სნობი არ გახლდათ. ჩვენ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან გვიწევდა შეხვედრა, გაცნობა, მაგრამ არასდროს, არც ერთ მათგანს მასზე მცირედი შთაბეჭდილებაც არ მოუხდენია. ის კი არა, თითქოს გაურბოდა კიდევაც ასეთებს. მას უყვარდა შინიდან გასვლა, გართობა, მაგრამ ვერ იტანდა ელიტურ წვეულებებს, სადაც ადამიანები არც კი იცნობენ წესიერად ერთმანეთს და სადაც ყველანაირი ეტიკეტი უნდა დაიცვა. ხშირად მიწევდა ფილმის პრემიერებზე სიარული და ამ დროს მისი დაყოლიება, თან წამომყოლოდა, მთელი მოვლენა იყო. არადა, ჩვენს სამეგობროშიც ბლომად იყვნენ პოპულარული ადამიანები, მათ შორის _ მარლონ ბრანდო.

 

8 8 8

ბრანდო დაახლოებით მაშინ გავიცანი, როცა ბრიჟიტს დავუახლოვდი. ერთხელ მე და კრისტიან მარკანო მონპარნასის ბულვარის ერთ-ერთ კაფეში ვისხედით. მოულოდნელად ჩვენი ყურადღება ერთმა არაბუნებრვიად ლამაზმა ახალგაზრდა მამაკაცმა მიიპყრო, რომელიც მეზობელ მაგიდასთან იჯდა. ზაფხული იყო, ცხელოდა. მამაკაცს ფეხი მაგიდაზე შემოედო და ენერგიულად იზელდა, თან ხვნეშოდა და როგორც ჩანს, სიამოვნებდა, რადგან წარამარა ერთსა და იმავეს იმეორებდა: «ღმერთო ჩემო, რა კარგად ვარ!»

ნამდვილი ადონისი იყო. მასთან საუბარი გავაბით. ბევრს დავდივარო, გვითხრა, ამიტომ ფეხები მეღლება და ამ დროს კუნთების მასაჟი ყველაზე დიდი სიამოვნებაა ქვეყანაზეო. შემდეგ გაგვეცნო: მარლონ ბრანდო. აღმოჩნდა, რომ პარიზში მარტო იყო და ცხოვრობდა მარცხენა სანაპიროზე, ერთ საშინლად კეთილმოუწყობელ სასტუმროში. ნიუ-იორკიდან გამოქცევის დაუოკებელი სურვილი მქონდა, ამიტომ პარიზს მოვაშურეო, გამოგვიტყდა. აქ კი არავის იცნობდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ ლაპარაკში სიმპათია გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ და მე და კრისტიანმა იგი საცხოვრებლად ჩვენს ბინაში დავპატიჟეთ, ბასანოს ქუჩაზე.

მხოლოდ მეორე დილით გაგვიმხილა მარლონმა, რომ მსახიობია და ბროდვეიზე ტენის უილიამსის პიესაში _ «ტრამვაი «სურვილი» თამაშობდა. ფრანგულ კინოში ჯერ არ იყო გადაღებული. ნიუ-იორკში უკვე კარგად ცნობილი, პარიზელებისთვის უცნობი აღმოჩნდა. და პირველი შეხვედრისთანავე ჩემი და კრისტიანის დიდი მეგობარი გახდა. ჩვენ ახლაც კი სამ ღვიძლ ძმასავით ვართ.

სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ბრიჟიტი და მარლონ ბრანდო ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. მართალია, ერთად ერთობოდნენ, ლაპარაკობდნენ, მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ამაზე ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. არადა, ორივე ერთნაირი ბუნების იყო _ უშუალო, მგრძნობიარე… წესით, კარგად უნდა გაეგოთ ერთმანეთისთვის და უფრო უნდა დაახლოებულიყვნენ. უცნაური ის იყო, რომ ბრანდოს გარეგნობამ ბრიჟიტზე ვერ მოახდინა შთაბეჭდილება. ჩვენ, კაცები გაგვაოცა მისმა სილამაზემ და ბრიჟიტი _ ვერა. არც მარლონი დარჩენია ვალში. პიკანტური დედაკაცი შეარქვა ბრიჟიტს. ბევრი ვერაფერი გოგოაო, დააყოლა ბოლოს.

ბრიჟიტს მისი მონაწილეობით არც ერთი ფილმი არ უნახავს და არც სპექტაკლში მოთამაშე ბრანდოს ყურების სურვილი გამოუთქვამს არასდროს. მაგრამ მარლონ ბრანდოს გენიალობაში ერთხელ სრულიად მოულოდნელად დარწმუნდა…

ერთ ღამეს მე, ბრიჟიტი და ბარდო კლუბ სენ-ჟერმენ-სიურ-ტაბუდან შინ ვბრუნდებოდით. გზად ელისეს მინდვრებზე გავიარეთ. კაცები ცოტათი ნასვამები ვიყავით (ბრიჟიტ არასდროს სვამდა). გიორგი მეხუთის გამზირის კუთხეში, კაფე «ფუკეტსის» ტერასაზე მარლონმა ცარიელი სკამები და მაგიდები შეამჩნია, რომლებიც ერთმანეთში ჯაჭვებით იყო გადაბმული. ალბათ იმიტომ, რომ არ მოეპარათ. ბრანდოს სიტყვა არ უთქვამს, აივანზე აიჭრა, ხელი დაავლო სკამებს და ტროტუარზე ჩამოალაგა. შემდეგ ერთ-ერთზე დაჯდა და «ტრამვაიდან» თავისი როლის პირველი სიტყვები წარმოთქვა, შემდეგ კი სხვა ყველა პერსონაჟის _ ბლანშის, სტენლის, მიჩის როლები თვითონვე ითამაშა.

დილა თენდებოდა. ელისეს მინდვრები თითქოს სადღაც გაქრა და აღმოვჩნდით ახალი ორლეანის ერთ სულისშემხუთველ შენობაში. სამი სკამისა და ორი მაგიდის დახმარებით ბრანდომ თეატრის მაგიის შექმნა მოახერხა. ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე გამვლელები, რომლებიც სამსახურში მიიჩქაროდნენ, ცნობისმოყვარედ ჩერდებოდნენ, რა ხდებაო, შემდეგ კი ფეხს არ იცვლიდნენ, იმდენად იხიბლებოდნენ მარლონის თამაშით. პარიზელები «დანაყრებული» ხალხია, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალზე რთული საქმეა, მით უმეტეს, ქუჩის სპექტაკლით. გარდა ამისა, მათ ინგლისური არ ესმოდათ. თუმცა, მათაც შეძლეს მისი ტალანტის შეფასება…

 

8 8 8

არსებობს მოსაზრება, თითქოს ბრიჟიტ ბარდო მე შევქმენი. სიმართლე კი ის არის, რომ ის არავის შეუქმნია. ვერც მშობლებმა, ვერც საზოგადოებამ და ვერც პროფესიამ ვერ შეძლო მის შინაგან ბუნებაზე გავლენა მოეხდინა. ის აგიჟებდა ადამიანებს, აოგნებდა, ქმნიდა მოდას და, ბოლოს და ბოლოს, მთელ მსოფლიოში სექს-სიმბოლოდ იქცა. მეტ-ნაკლები სიშიშვლე კინოში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბრიჟიტის სიცოცხლისუნარიანი, თავხედური, უცოდველი სიშიშვლე იმდენად არ აღელვებდა ადამიანს, რამდენადაც აღიზიანებდა. არადა, მას არაფერში სჭირდებოდა, გაშიშვლებულიყო იმისთვის, რომ მორალისტები დაეშოკა.

მეც ბევრჯერ შევაჯახებივარ ცენზორებს. როცა ფილმი «და ღმერთმა შექმნა ქალი» ეკრანებზე გამოვიდა, ერთი კრიტიკოსი დაჟინებით მიმტკიცებდა, როცა ბრიჟიტი თავისი მაზლის საწოლიდან გადმოდის, მთლიანად შიშველიაო. მე მას კონკრეტული სიუჟეტი კიდევ ერთხელ ვაჩვენე. არადა, ამ სცენაში ბრიჟიტს მუხლამდე სვიტერი აცვია. მაგრამ ის კაცი მაინც ამტკიცებდა, ბარდო შიშველი თამაშობდა იმ სცენაშიო. დარწმუნებული იყო და დღესაც ჰგონია, რომ მე ის სცენა ორჯერ გადავიღე, რათა ცენზურის შემთხვევაში სხვა ვარიანტიც მქონოდა.

არა, მე არ შემიქმნია ბრიჟიტ ბარდო! მე უბრალოდ, ხელს ვუწყობდი მისი ტალანტის აღზევებას და ამისთვის მხოლოდ იმაში ვეხმარებოდი, დარჩენილიყო ისეთად, როგორიც ბუნებით იყო. ვეხმარებოდი დაპროგრამებული ქცევის ნორმების დავიწყებაში, რაც მის ნიჭიერებას ანადგურებდა. და კიდევ… მე მას მივეცი როლი, სადაც თამაშობდა გოგონას, გამოგონილ პიროვნებას, რომლის შინაგანი «მე» სრულიად იდენტური იყო მისი რეალური სახისა. ნებისმიერი ვარსკვლავის კარიერაში არსებობს როლი, რომელიც თითქოს ზუსტად მისთვისაა დაწერილი. სწორედ ასეთი იყო ჟულიეტა ფილმში «და ღმერთმა შექმნა ქალი». მას ამ სურათამდე უკვე 16 ფილმში ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ მხოლოდ მე-17-მ აქცია ვარსკვლავად.

 

8 8 8

ბრიჟიტი ხშირად ატყუებდა ჟურნალისტებსა და ფოტგრაფებს. ის მთელი ცხოვრება აბითურებდა მათ. ყოველთვის ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მომეგვარებინა მისი კონფლიქტები პრესასთან. თავად არასდროს უცდია თავისი თავისთვის რეკლამა გაეკეთებინა, თუმცა მისი გამოჩენა მუდამ და ყველგან სენსაცია ხდებოდა.

ერთხელ იგი დათანხმდა, ეთამაშა მეორეხარისხოვანი როლი ინგლისურ ფილმში «დოქტორის დილემა». მთავარ როლში დირკ ბოგარდი თამაშობდა. ეს იყო საშუალო დონის კომედია, რომელიც კინოს სამყაროში შეუმჩნეველი დარჩა. პროდიუსერებმა, რეკლამის გასაკეთებლად, ფრანგი «ვარსკვლავების» ფოტოები მოკლე ბიოგრაფიებით რედაქციებში გადააგზავნეს. ლონდონში არავის ჰქონდა ნანახი ფილმები ბრიჟიტის მონაწილეობით, მაგრამ მისი სახელი ცნობილი იყო. ამიტომაც, ასობით ფოტორეპორტიორისა და ჟურნალისტის ნაცვლად, სასტუმრო «დორჩესტერში», სადაც პრესკონფერენცია იმართებოდა, 30-იოდე მოვიდა.

ვერაფრით შევძელი, ბრიჟიტი თავისი ნომრიდან გამომეყვანა.

_ საშინლად გამოვიყურები, რა საჭიროა? _ აბუზღუნდა.

_ ეს აუცილებელია, ბრიჟიტ! ამ ქვეყანაში ასეა მიღებული. რომ არ გახვიდე, მასპინძლების უპატივცემულობაში ჩაგვეთვლება!

_ მე ხომ მეორეხარისხოვანი როლი მაქვს, მაინც ვერავინ შემამჩნევს.

_ ნუთუ მაინცდამაინც იმისთვის უნდა გახვიდე, რომ ვინმემ შეგამჩნიოს?

როგოგრც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა გაჭრა. გაბრაზებულმა ტუჩები მოკუმა, მრისხანედ გადმომხედა და კარი გაიჯახუნა.

სასაცილო ის იყო, რომ ბრიჟიტი იმდენად გვიან გამოცხადდა საკონფერენციო დარბაზში, როცა მისთვის აღარავის ეცალა. ნამცხვრები შეჭმული იყო, შამპანური _ დალეული და მაძღარ «პრესსაძმოს» პრემიერის გაშუქების სურვილი უკვე დაკარგოდა. შემთვრალები მხიარულების ხასიათზე იყვნენ და თვალის ცეცებით დამატებით სასმელს დაეძებდნენ. მაგრამ სასწაული მოხდა!..

ბრიჟიტის პიროვნული მაგნეტიზმი ამუშავდა. მას ბლუზა ეცვა, სხეულზე მოტმასნილი. ამაყად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. თვალს ვერ წყვეტდნენ გარშემო მყოფნი. პაპარაცები წარამარა აჩხაკუნებდნენ ფოტოაპარატებს. ბრიჟიტის დაგვიანება და სასმლის ნაკლებობა ყველას გადაავიწყდა. მას აპატიეს დაგვიანება.

ერთი ჟურნალისტი შეეკითხა:

_ რომელია ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში?

_ ღამე! _ უპასუხა მან.

შემდეგ მეორემ დასვა შეკითხვა:

_ ყველაზე მეტად ვინ აღგაფრთოვანებთ?

პასუხი:

_ ისააკ ნიუტონი.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მან აღმოაჩინა ორი სხეულის მიზიდულობის ძალა.

დარბაზში სიცილი გაისმა.

_ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ იტანთ?

_ დიახ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდებს ატარებენ ცხოველებზე და კიდევ… პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, რომელმაც ელექტროსკამზე დასვა როზენბერგები.

მას ისე შეეძლო თავისი შეხედულებების ფორმულირება, რომ აღტაცებამდე მიჰყავდა ყველა. საოცარი კვიმატი ენა ჰქონდა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. მაგალითად, მან ერთხელ ასეთი რამ განაცხადა: «როცა მამაკაცს ბევრი საყვარელი ჰყავს, ამბობენ, დონ ჟუანიაო, მაგრამ თუ ქალს ჰყავს ბევრი საყვარელი, მას ბოზს ეძახიან».

როდესაც ეს სიტყვები თქვა, მეორე დღესვე ყველა წამყვანი ჟურნალ-გაზეთის პირველ გვერდზე აღმოჩნდა _ «დეილი ტელეგრაფის», «ივნინგ ექსპრესისა» და «გარდიანის».

ათობით სხვა გაზეთმა კი მისი ფოტო დაბეჭდა და გააშანშალა სტატია «ფრანგულ სექსმეტიჩრობაზე».

 

8 8 8

ბრიჟიტს უნდოდა, ჩვენი ქორწინება შენარჩუნებულიყო. მას სურდა, ქმრისთვის ბედნიერება მიენიჭებინა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც განვქორწინდით, ვცდილობდით, ყოველთვის აღმოგვეჩინა ერთმანეთში ძველებური სინაზის და ლტოლვის კვალი. და ეს მართლაც ასე იყო. მე არ ვატყუებდი ჩემს თავს და არ ვქმნიდი მირაჟს. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, ჩვენი ოჯახური თანაცხოვრების ბოლო პერიოდში ვგრძნობდი, რომ დაშორება გარდაუვალი ხდებოდა.

მოგვიანებით მან ასეთი რამ განაცხადა ერთ ინგლისურ ჟურნალში:

_ ვადიმი რომ ეჭვიანი ყოფილიყო, ყველაფერი მოგვარდებოდა.

რა თქმა უნდა, ეჭვიანობას ბევრი რამ შეუძლია. მან შეიძლება მინავლული სიყვარულის ყავარჯნების როლიც კი ითამაშოს, მაგრამ მხოლოდ დროებით. ძალად გაჭიანურებული ურთიერთობის შემდეგ განქორწინება კიდევ უფრო მტანჯველი ხდება. როცა ცდილობ, ოჯახის შესანარჩუნებლად აიტანო ყველაფერი, განქორწინების შემდეგ აღმოაჩენ, რომ შენ და ყოფილი მეუღლე ერთმანეთის მტრები გამხდარხართ. ეს ხშირად ასე ხდება. მე კი სწორედ ეს არ მინდოდა.

რაც შეეხება ეჭვიანობას… რა თქმა უნდა, ვეჭვიანობდი, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის… ანუ, გულში ვიხშობდი ბოღმას, არავის გულს არ ვუშლიდი და ჩემი ბოღმის დემონსტრირებას არ ვახდენდი. სხვათა შორის, ამ საკითხში, როგორღაც, სხვებს არ ვგავარ. ჩემი ეჭვიანობა შეიძლება გამოიწვიოს არა ფიზიკურმა სიახლოვემ, არამედ ფაქტმა _ ფლირტმა, ტყუილმა, რომანმა. მე ვიტანჯები ხოლმე ღიმილისგან, ხელების შეხებისგან, თუნდაც, ამას იქით არ მიდიოდეს ურთიერთობა… ამავდროულად, სულაც არ მეთაკილება, თუკი მამაკაცი ხედავს, როგორ ნებივრობს ჩემი შიშველი საყვარელი აბაზანაში.

ზრდასრულობის პერიოდში ბრიჟიტისთვის ეს პირველი ცხოვრებისეული კრიზისი იყო. ის ხედავდა, რომ ჩვენი სიყვარული ხუნდებოდა. მას თავისი ბედისწერა ხელში ეჭირა და ამას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა.

ერთხელ დივანზე ვისხედით და ბრასენსის სიმღერას «იაბოს» ვუსმენდით.
_ შენ მე ისე აღარ გიყვარვარ, როგორც ადრე, _ თქვა მოულოდნელად, _ ასეთი რა გაგიკეთე?

მეც ავდექი და იმავე კითხვით მივმართე:

_ შენ მე ისე აღარ გიყვარვარ, როგორც ადრე, ასეთი რა გაგიკეთე?

ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი მიპასუხა:

_ იქნებ ეს ჩვენი ბრალი სულაც არ არის… _ და დაამატა, _ როცა ტინო გარდაიცვალა, ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა (ტინო ერქვა თუთიყუშს, რომელიც ჩვენს კონსიერჟს ჰყავდა, იგი პოლიციის კომისრის კატამ შეჭამა).

ასეთი ლოგიკა მთრგუნავდა, ამიტომაც არაფერი ვუპასუხე, დუმილი ვარჩიე. მან კი გააგრძელა:

_ როგორც საქორწინო ბეჭდების შემთხვევაში, ესეც თითქოს ავის მომასწავებელი ნიშანი იყო. უნდა მიგვექცია ყურადღება.

ბრიჟიტს მხედველობაში ჰქონდა ჩემი საქორწინო ბეჭდის მოულოდნელი გაქრობა, რომელიც ფილმ «წყეული გოგონას» პროდიუსერის კაბინეტში დაიკარგა და სრულიად შემთხვევით, ისევ იმ კაბინეტში ვიპოვეთ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ეს საუბარი წამოვიწყეთ.

_ ეს ნიშანი იყო! _ გაიმეორა მან.

_ თუთიყუში და ბეჭედი!.. ჩინური ზღაპრის სათაურს ჰგავს, _ ვთქვი მე.

_ ან რუსულის. უნდა დამეჯერებინა ბებიაჩემისთვის და მოვრიდებოდი რუსებს. დამპალი რუსი! _ გაიცინა მან და ჩამეხუტა.

ის საღამო ძალიან საყვარლად გავატარეთ.

 

8 8 8

მეორე დღეს სადილზე ვიყავით მიწვეული «ფუკეტსში» პროდიუსერ რაულ ლევისთან და ჟან ლუი ტრენტინიანთან. ბრიჟიტი ჯერ არასდროს შეხვედრია ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც მისი მეუღლის როლზე იყო მოწვეული ფილმში «და ღმერთმა შექმნა ქალი». ჟან ლუისთვის ეს პირველი კინოროლი იყო, მას ადრე არასდროს უთამაშია ფილმებში, მე იგი თეატრში აღმოვაჩინე. მისმა მორცხვმა მომხიბვლელობამ, ფიზიკური ძალამ, რომელიც მის მოუხერხებელ ჟესტიკულაციებში იმალებოდა და, რა თქმა უნდა, ნიჭმა, დამარწმუნა, რომ იგი მიშელის როლის იდეალური შემსრულებელი იქნებოდა.

მთელი სადილის განმავლობაში ბრიჟიტი ჟან ლუის კრიტიკული თვალით ზვერავდა. მან იმდენად თავდაუჯერებლად იგრძნო თავი, რომ ყავას არ დაელოდა, დაგვტოვა და წავიდა. მაგიდას გაცილებულიც არ იყო, ბრიჟიტმა რომ იყვირა:

_ რა დონდლო ვიღაცაა!

_ ეს ბრანდო არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არაჩვეულებრივი ღიმილი აქვს, _ თქვა რაულმა.

_ სექსის დროს ღიმილს არ იყენებენ! _ გააპროტესტა ბრიჟიტმა.

_ არავინ გაძალებს მასთან დაწოლას! _ შევნიშნე მე.

_ მაგრამ ამის თამაში კიდევ უარესია! ვერასდროს შევძლებ ვითამაშო, თითქოს ასეთ ტიპზე ყურებამდე შეყვარებული ვარ. შეგეძლოთ სხვა მოგეძებნათ!

როცა ბრიჟიტი გაჯიუტდებოდა, არც ისე ძნელი იყო მისი დაჯერება, თუკი დავუსაბუთებდი, რომ ცდებოდა. მისი გადარწმუნება არ იყო შეუძლებელი. საბედნიეროდ, სცენარშიც ასე იყო _ ჟულიეტას თავიდან არ უყვარს მიშელი, გრძნობა თანდათან, ნელ-ნელა მოდის.

_ ნუ დარდობ, _ ვუთხარი გულგატეხილ რაულს, _ ჟან ლუის ბლომად ხიბლი აქვს. ვეჭვობ, დიდი ეშმაკი ვინმეა. დროთა განმავლობაში ბრიჟიტს შეეცვლება მასზე შეხედულება.

მაშინ არც მიფიქრია, რამდენად წინასწარმეტყველური გამოდგებოდა ჩემი სიტყვები.

ფილმის «და ღმერთმა შექმნა ქალის» გადაღების პირველი დღე სან-ტროპესთან ახლოს, კანუბის ყურის პატარა პლაჟზე იყო დანიშნული. მშვენიერი ამინდი იდგა. ზუსტად ვიცოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, ამიტომ დებიუტანტის მღელვარებას სულაც არ განვიცდიდი. საშიშროებას მხოლოდ ბრიჟიტი წარმოადგენდა.

ის უკვე მიჩვეული იყო განსაზღვრული ხასიათის ფილმებს _ გასართობს, დინამიკურს, ხშირად ეროტიკულს… და ყოველთვის ხელოვნურად თამაშობდა. არც უფიქრია, რომ მისგან ბუნებრიობას და გულწრფელობას მოვითხოვდი. ჟულიეტა რომ გამხდარიყო, იგი ბოლომდე უნდა დახარჯულიყო. რომ უნდა გაშიშვლებულიყო, ეს სულაც არ აღელვებდა. ამის არ ერიდებოდა. აშინებდა სხვა რამე _ უნდა გახსნილიყო ბოლომდე, სული უნდა გაეშიშვლებინა. დამფრთხალი ჩანდა. თითქოს თავს მართლა გაშიშვლებულად, უსუსურად გრძნობდა. და ამაზე გიჟდებოდა. მაგრამ მე ვიცოდი, რას ნიშნავდა ფსიქოლოგიური სტრიპტიზი, რაც უნდა რთული ყოფილიყო, აუცილებელი პირობა იყო, ფილმს წარმატებისთვის მიეღწია. ბრიჟიტსაც უნდა მიეღწია ამით წარმატებისთვის. ის მიჩვეული იყო თავის «ვარსკვლავურ» მდგომარეობას, მე ხომ მინდოდა, მისი სახით «ვარსკვლავი» დაბადებულიყო, ამიტომ ყველანაირად გვერდში ვედექი და ვარიგებდი, როდის როგორ მოქცეულიყო.

გავიდა მთელი კვირა, სანამ შესაძლებლობა მოგვეცემოდა, პირველადი მასალები შეგვემოწმებინა. ყველანი დაძაბული მივჩერებოდით ეკრანს, რათა გვენახა, რა გამოგვივიდა…

როცა დარბაზიდან გამოვედით, ბრიჟიტი ტიროდა. აიჩემა, ფილმში საზიზღრად გამოვიყურები, ცუდი ვარცხნილობა მაქვს, ცუდი გრიმიო… მაშინვე ჩავსვი მანქანაში და ნიცას ბოლოში, ყველაზე მიყრუებულ სანაპიროზე წავიყვანე. აპრილი მთავრდებოდა, ამიტომაც პლაჟი უკაცრიელი იყო. ჩემ გვერდით, ქვაზე დავსვი. ის უკვე აღარ ტიროდა, მაგრამ ბუზღუნებდა, ტუში ჩამივიდა თვალში და ამეწვაო.

_ რა სანახავი ვიქნები ამ საღამოს ოპოსუმასავით თვალებით?! _ შემომჩივლა.

_ და როგორი თვალები აქვს ოპოსუმას? _ გამეცინა.

_ წითელი.

მე კი ყოველთვის მეგონა, რომ ოპოსუმებს ლურჯი თვალები ჰქონდათ, მაგრამ არ შევწინააღმდეგებივარ.

_ და კიდევ! ეს რა პლაჟია, ქვიანი! დაჯდები და კუდუსუნი გეტკინება! _ გააგრძელა ბუზღუნი, _ ეს პლაჟი არ არის. ეს ლურსმნებამოშვერილი დაფაა გველების მომთვინიერებლებისთვის ან ძველი ინგლისელებისთვის, რომლებიც ბათინკებს არასდროს იხდიან.

ბოლოს, როგორც იქნა, დაწყნარდა და გაიღიმა კიდეც.

_ გახსოვს, რას ფიქრობდი შენს მშობლებზე? _ შევეკითხე, _ არ მიჯერებდი, როცა გეუბნებოდი, გავა დრო და დადგება ის დღე, როცა ბედნიერად იგრძნობ თავს, რადგან მათში შენს მეგობრებს დაინახავ-მეთქი.

_ და შენ მართალი აღმოჩნდი.

_ ახლაც მომენდე. განა ოდესმე გული მიტკენია შენთვის?

_ კი, როგორ არა, _ მიპასუხა, _ ოღონდ თვითონ ვერ ამჩნევდი ამას.

ცოტა არ იყოს, დაბნეულმა შევხედე.

_ თუკი ვერ ხვდები, რას ვითხოვ შენგან გადასაღებ მოედანზე და რის მიღწევასაც ვლამობ, ხელი მაინც არ შემიშალო და არ შემეწინააღმდეგო. სხვანაირად ჩვენ ორივენი წავაგებთ და მე უფრო მეტს, ვიდრე შენ. შენ უკვე გააფორმე კონტრაქტი მომდევნო ფილმზე, ამიტომ კარიერით არ რისკავ. მე თუ არ გამომივიდა, შენთვის ეს დიდი ტრაგედია არ იქნება. გამოვა, რომ ერთ-ერთ წარუმატებელ სურათში ითამაშე, რომელსაც მალე დაივიწყებენ და მორჩა. სამაგიეროდ, თუ მე მართალი აღმოვჩნდი, ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გველოდება. შეიძლება არ მეთანხმებოდე, მაგრამ შეგიძლია ნდობაზე უარი მითხრა?

_ არა, _ მიპასუხა მან.

ის ხშირად ცვლიდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ სერიოზულ დაპირებებს ყოველთვის ასრულებდა…

სამი კვირის შემდეგ, სან-ტროპეში გადაღებებს რომ მოვრჩით, ნიცაში გავემგზავრეთ, სტუდია «ვიქტორიას» პავილიონში…

ჩემს, როგორც რეჟისორის სტილს, ბრიჟიტმა ალღო აუღო და უფრო და უფრო შედიოდა ფილმის მთავარი გმირის როლში. არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ჟულიეტას სახე. დღითიდღე იცვლებოდა მიშელთან მისი დამოკიდებულებაც ეკრანზე, ანუ ფილმში მის პარტნიორთან, ტრენტინიანთან… და რეალურ ცხოვრებაშიც. როგორც შემეძლო, ვცდილობდი, ისე გადამეღო ფილმი, რომ თვალი არათუ ეკრანზე, მის გარეთაც მედევნებინა მოვლენებისთვის… და ასე, სინამდვილე თანდათან ეწეოდა გამოგონილ ამბავს.

ყველაზე ძლიერი შიში დამეუფლა, როცა საქმე ეროტიკული სცენის გადაღებაზე მიდგა. მიშელი და ჟულიეტა ლოგინში უნდა ჩაწოლილიყვნენ… შიშვლები. ბრიჟიტმა საგრიმიოროში გაიხადა, ხალათი მოიცვა და პავილიონში გამოვიდა. ძალიან აჟიტირებული იყო და ზედმეტად ბევრს იცინოდა. ჟან-ლუი დაძაბული ჩანდა, ეტყობოდა, უხერხულად გრძნობდა თავს. შევეცადე, ობიექტურად გამეანალიზებინა ჩემი გრძნობები და არ მეეჭვიანა, თუმცა…

ძალიან ძვირად მიჯდებოდა ეს «არ»… ყველაფერზე ძვირად. მიუხედავად ამისა, გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი. არადა, არაფრით მინდოდა, რაც ეკრანზე ხდებოდა, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დამეკავშირებინა. ვაიძულებდი ჩემს თავს, ისე მიმეღო ეს ამბავი, თითქოს ნახატებით ილუსტრირებულ წიგნს ვათვალიერებდი.

ბრიჟიტმა ხალათი გაიხადა და ლოგინში შეწვა. ჟან-ლუი გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა. მოგვიანებით, როცა მე დავიძახე «სტოპ», ისინი იმავე მდგომარეობაში დარჩნენ და კოსტიუმების მხატვარმა ორივეს ხალათი გადააფარა…

იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, მეორე სცენას ვიღებდი. ეს იყო ბრიჟიტის სახე მსხვილი პლანით, რომელიც ტრენტინიანს კოცნიდა. ჟან-ლუი მისკენ იყო დახრილი და ამიტომ მისი თავი კადრში არ ჩანდა. კამერა იღებდა ბრიჟიტს, რომლის სახეზეც ექსტაზი უფრო და უფრო იხატებოდა…

სცენის გადაღებას რომ მოვრჩით, ვკითხე ჩემს ცოლს:

_ რაზე ფიქრობდი მაგ დროს?

_ არც არაფერზე, _ გულგრილად მიპასუხა, _ მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე.

8 8 8

ერთხელ მე და ბრიჟიტი სტუდია «ვიქტორიას» ხეივანში ვსეირნობდით. მოულოდნელად ჩემი ყურადღება ყავარჯნიანმა მამაკაცმა მიიპყრო, მძიმედ, მხრებში მოხრილი რომ მოაბიჯებდა ჩვენკენ. თავდაპირველად ორსონ უელსი მეგონა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შევცდი. როცა იგი დაახლოებით ოც ნაბიჯზე მოგვიახლოვდა, მასში უინსტონ ჩერჩილი შევიცანი. მას თან გენერალი კორნილიონ-მოლინიე ახლდა. გენერალი ბრიჟიტს ვარენიდან იცნობდა. მან ჩვენ ჩერჩილთან წარგვადგინა.

ბრიჟიტი ყოველთვის ჩვეულებრივად იქცეოდა, ვინც უნდა მდგარიყო მის წინაშე _ თავისი გრიმიორი, თუ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი. კეკლუცობა და თავის მოწონება არ სჩვეოდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ჩერჩილის ცეცხლოვანი მზერა დავიჭირე. ის აშკარად ერთობოდა, ახალგაზრდა მსახიობს რომ უყურებდა და ალბათ, ელოდა, რა ბანალურ სისულელეს წარმოთქვამდა ეს მგრძნობიარე ტუჩები, რომელიც ეკრანზე საკოცნელად იყო შექმნილი. თითქოს მოლაპარაკებული ვყოფილიყავით, მე და გენერალი ჩუმად ვიდექით და მათ საუბარში არ ვერთვებოდით.

_ იცით? როცა მე 8 წლის ვიყავი და რადიოში გისმენდით, თქვენი მეშინოდა, _ თქვა ბრიჟიტმა, _ მაგრამ უფრო საყვარელიც კი მეჩვენებით იმ ლეგენდასთან შედარებით, რომელიც თქვენზე შეთხზეს.

«საყვარელი» თუ იყო, ჩერჩილს ჯერ არასდროს არავისგან მოესმინა. ეს აშკარად შეეტყო გამომეტყველებაზე. პრეზიდენტს ლაპარაკის უნარი წაერთვა. რომ იტყვიან, ენა ჩაუვარდა გაოცებისგან.

_ ნიცაში რას აკეთებთ? _ აგრძელებდა ბრიჟიტი.

_ ვხატავ, _ უპასუხა ჩერჩილმა, _ თქვენ მსახიობი ხართ, მე _ მხატვარი. ჩვენ ორივეს გვაქვს საერთო _ ხელოვნება.

_ მამაჩემმა შეიძინა თქვენი ერთი პეიზაჟი, იცით?

_ მე არ ვყიდი ჩემს ნახატებს, _ წარბები აზიდა ჩერჩილმა.

_ სამაგიეროდ, თქვენი კეთილის მსურველები ყიდიან, _ მიუგო ჩემმა მეუღლემ, _ იმ სურათზე, მამაჩემმა რომ შეიძინა, ბორცვია გამოსახული ფიჭვით, რომელსაც ქოლგის ფორმა აქვს, უკან კი ზღვა მოჩანს.

_ მარჯვნივ ბუჩქნარით?

_ დიახ. მოგწონდათ ის სურათი?

_ მე მიყვარს ხატვა, მაგრამ ისტორიაში სადმე, სეზანის გვერდით ნამდვილად ვერ ჩავეწერები.

_ იცით? ჩემი ფილმები ბევრად უარესია, ვიდრე თქვენი ფერწერა. მე ხომ არ მომიგია ომი.

_ ამით არაფერი დაგიკარგავთ, _ დაასკვნა ჩერჩილმა, მეგობრული ღიმილით დააჯილდოვა ბრიჟიტი და გაგვეცალა.

ორი დღის შემდეგ კორნილიონ-მოლინიემ დამირეკა. ჩერჩილს ბრიჟიტი ძალიან მოეწონაო. სურვილი აქვს, კიდევ ერთხელ შეხვდეს მას, ამიტომ მთხოვა, იქნებ სადილზე დაპატიჟო და საერთო მეგობრებიც მოგვიწვიოო…

ბრიჟიტმა ბოლო წუთებში გადაიფიქრა წასვლა. ვფიქრობ, მას ტრენტინიანთან ჰქონდა პაემანი დანიშნული…

8 8 8

ბრიჟიტი-მსახიობი ჯერ ასე არასდროს გაორებულა სასოწარკვეთილებასა და მოწესრიგებულობას შორის. ის ჟულიეტა იყო, რომელსაც სურდა, ჰყვარებოდა ქმარი და გადაერჩინა ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს შეუძლებელი იყო. ამავდროულად, ის იყო ბრიჟიტი, ჯერ კიდევ ქმართან თანაცხოვრებას მიჩვეული, თან შეშინებული იმის წარმოდგენით, რომ უნდა მიეტოვებინა ქმარი პარტნიორი მამაკაცის გამო, რომლის წინაშეც უძლური იყო. ეს სიტუაცია ძალიან მაგონებდა პირანდელოს მრავალსარკიან ანარეკლს. ტრენტინიანი, ბრიჟიტის ქმარი ფილმში, რეალურ ცხოვრებაში მისი საყვარელი გახდა. როცა იგი გადაღებისას ეუბნებოდა მამაკაცს, რომ ეშინია (ფილმში ასეა _ ჟულიეტას ეშინია, ქმარს მაზლთან არ უღალატოს, რადგან ძლიერ ლტოლვას განიცდის მის მიმართ), ამ დროს მე მიყურებდა და არა ჟან-ლუის, თითქოს მე მომმართავდა.

გადაღების დამთავრების შემდეგ სასტუმრო «ნეგრესკოს» ნომერში ავედით.

_ გიყვარს იგი? _ ვკითხე მას.

_ მე მეშინია, _ მიპასუხა ბრიჟიტმა და, ძილ-ბურანში მყოფმა ჩაიბურტყუნა, _ რა ძნელია, იყო ბედნიერი.

დღესაც არ ვიცი, მან უბრალოდ, რეპლიკა გამოიყენა თავისი როლიდან, თუ გულწრფელად სჯეროდა, რასაც ამბობდა. სავარაუდოდ, მე უნდა მივვარდნოდი ტრენტინიანს, ფეხქვეშ გამეგდო იგი და მომეთხოვა, ცოტა დაემუხრუჭებინა. ვიფიქრე ამაზეც, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს არც გონივრული საქციელი იქნებოდა და არც საუკეთესო გამოსავალი. საქმე ერთობ დელიკატური იყო. ერთი მხრივ, შესანიშნავად მესმოდა, რომ ჩვენს ქორწინებას მომავალი არ ჰქონდა. მაშინ ჟან-ლუი რატომ არა? მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ მე ვხელმძღვანელობდი გუნდს, რომელიც პატივს მცემდა. რას იფიქრებდნენ ისინი რეჟისორზე, რომელიც საკუთარ ცოლს სხვა მამაკაცის მკლავებში ჩახუტებულს ტოვებს? არადა, კადრი კადრს ცვლიდა. მე კიდევ რამდენიმე ეროტიკული სცენა უნდა გადამეღო მათი მონაწილეობით.

ერთი ასეთი სცენა: ბრიჟიტი შიშველი წევს. ჟან-ლუი საძინებელში შდის. ბრიჟიტი საწოლში წამოიწევა, ზეწარს ფრთებივით ააფრიალებს და ქმარს ყელზე შემოახვევს, თითქოს მისი დასაკუთრების დემონსტრირებას ახდენსო.

დუბლი 152.

_ სტოპ! ძალიან კარგია!

უკვე აღარც ვეჭვიანობდი და აღარც განვიცდიდი. შეიძლება პირიქით. გადაღების ბოლო კვირები ჩემთვის წარსულის ბოროტი სულების წყევლას უფრო დაემსგავსა. როცა რაღაც მთავრდება, პირველ რიგში იმაზე ფიქრობ, რა იქნება შემდეგ. «როგორ იქცევიან, როცა მარტო რჩებიან? _ ვფიქრობდი, _ რომელი ინტიმური ჟესტებით ეფერებიან ერთმანეთს?» აი, რა მაინტერესებდა. მომავალი რეჟისორი, იმხანად «კანონიერი» ჯაშუშის როლს ვთამაშობდი, რადგან ვუთვალთვალებდი ორი ადამიანის ერთმანეთისადმი ლტოლვას, რომელიც ჩემს თვალში ყოველგვარ საიდუმლოს კარგავდა, რადგან იგი უკვე დიდი ხნის გაშიფრული მქონდა. არც მიფიქრია ბრიჟიტის უკან დაბრუნება. მაგრამ, უნდა ვაღიარო, მსიამოვნებდა კიდეც საკუთარი თვითმკურნალობის მეთოდი, რომელიც მათავისუფლებდა იმ ტკივილისგან, რომელიც შეიძლებოდა ცოლის ღალატს და მიტოვებას გამოეწვია.

რომ იტყვიან, ჭიპი ჯერ კიდევ არ იყო მოჭრილი. გადასაღებ მოედანზე მე მისი უფროსი ძმა და მეგობარი ვიყავი. ის აღსარებას ამბობდა ჩემთან, რჩევას მეკითხებოდა. ტრენტინიანი კი ეჭვიანობდა. რაღაც ასპექტში ჩვენ როლები გავცვალეთ. მე თანამონაწილე გავხდი. წაიყვანს კი იგი გადაღებების დამთავრების შემდეგ პატარა ბრიჟიტს თავისთან? 8 წლის თანაცხოვრების შემდეგ, როგორი რეაქცია მექნება მარტოხელა ცხოვრებაზე? _ ეს კითხვები გამუდმებით მიტრიალებდა თავში.

8 8 8

საშინლად გამხდარი ძაღლები, რომლებიც სტუდიის სასადილოს უვლიდნენ გარს, კედლებს აწყდებოდნენ, რომ სიგრილეს შეხებოდნენ. დაცვის სამსახურის კარაბინერები ოფლში იწურებოდნენ. გადასაღებ მოედანზე ერთი ოპერატორი გულწასული ძირს გაიშხლართა, ზედ პროჟექტორზე დაეცა, რის გამოც სერიოზული დამწვრობა მიიღო. ბრიჟიტს სამჯერ განვუახლეთ გრიმი… 1957 წელი მადრიდში არნახული ხვატით დაამახსოვრდა ყველას.

ასეთ სიტუაციაში ფილმის გადაღება ნამდვილი წამება იყო. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა პავილიონში მომუშავე მუშების ესპანური ტემპერამენტი. მცირე ინციდენტიც კი დრამაში გადაიზრდებოდა ხოლმე. ფრანკოს პერიოდში სცენის მუშებს მონებივით ექცეოდნენ, რეჟისორის ასისტენტი კი სარგებლობდა შექმნილი ვითარებით და ცდილობდა, თავისი უფლებები დაეცვა.

გვიან ღამით ვიღებდით ხოლმე, თან რაც შეიძლება, სწრაფად, რათა დროზე გავცლოდით დეკორაციებს. მუშებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, როცა ნახეს, რა ჯოჯოხეთური პირობები ჰქონდათ შექმნილი, დამატებითი შესვენება მოითხოვეს სავახშმოდ და ხელფასიც, რა თქმა უნდა. მათ ცივი უარი სტკიცეს. როგორც რომაულ გალერებზე ხდებოდა წინა საუკუნეებში, ზუსტად ისე მოხდა. სტუდიაში ბუნტი მომწიფდა.

ღამის ორი საათი იყო, ბოლო პლანის გადაღებებს მოვრჩით და ის იყო, პავილიონის დატოვებას ვაპირებდით, რომ რეჟისორის ასისტენტმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შეხლა-შემოხლა მოუხდა სტუდიის მუშასთან, რომელიც სამსახურიდან წასვლით დაგვემუქრა, ასეთ კაბალურ პირობებში არ ვიმუშავებ, თუ ხელფასს არ მომიმატებთო. რეჟისორის ასისტენტმა მას «მენსტრუაციიანი დედაკაცი» უწოდა. ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იყო იმ ერისთვის, რომელიც თავისი მამაკაცური ღირსებებით ოდითგანვე ამაყობდა. მოულოდნელად ტექნიკური პერსონალი ჯგუფად შეიკრა და ყველანი ერთად ასისტენტისკენ მუქარით დაიძრნენ. იმან კიდევ, შეშინებულმა, კარაბინერებს ანიშნა, რაციით დამხმარე ძალა გამოიძახეთო. არ გასულა ორიოდე წუთი და შეიარაღებული პოლიციელების მთელი დივიზია შემოვარდა, ჩახმახშემართული თოფებით. ასეთ დროს შეიძლება წამში მოხდეს უბედურება. ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს, ვიღაცა გაღიზიანდეს და მუშტი მოიქნიოს… ყველაფერია მოსალოდნელი. მაშინ შეიძლება სიტუაცია სასაკლაოს დაემსგავსოს. მაგრამ თავიდან ორივე მხარე მხოლოდ რეპლიკებით შემოიფარგლებოდა.

_ კი! _ არა! _ ყვიროდნენ მუშები.

_ არა! _ პასუხობდნენ ასისტენტი და მისი მომხრეები.

_ კი! _ არა!

_ არა!

შევეცადე, ჩავრეულიყავი, ამიტომ განზე გავწიე ასისტენტი, რომელსაც დათმობაზე წასვლა არაფრის დიდებით სურდა. არაფერი გამომივიდა. მერე კარაბინერს მივვარდი, მაგრამ ახლოსაც არ გამიკარა, ხელი მკრა და გვერდზე მიმაგდო. ბრიჟიტს თავისუფლად შეეძლო, გარიდებოდა სიტუაციას და თავისი საგრიმიოროსთვის შეეფარებინა თავი, მაგრამ იმდენად იყო შეძრწუნებული, თუ როგორ ექცეოდნენ მუშა ჯგუფს, რომ თავისი იქ ყოფნით გამოხატავდა სოლიდარობას. თუმცა მისი ვაჟკაცური საქციელი ვერაფერს შეცვლიდა, ისე იყო ორივე მხარე აღგზნებული.

სწორედ ამ დროს მას თავში გენიალური ხუმრობა მოუვიდა. მოწინააღმდეგის როლი გაითამაშა და იმ დროს პოპულარური სამბის მელოდია წამოიწყო: «კი-არა, კი-არა». ჩემმა გონიერმა ასისტენტმა სერჟ მარკანმა მაშინვე გაიაზრა ბრიჟიტის განზრახვა და აჰყვა. ახლა უკვე დუეტში გაისმოდა: «კი-არა, კი-არა»… და ორივე აცეკვდა.

სამბას ცეკვით მათ გაწი-გამოწიეს კარაბინერების და მუშების რიგები, რომლებიც მზად იყვნენ ჩხუბის დასაწყებად. წამით ყველა გაშეშდა, შემდეგ კი რამდენიმე მუშამ აიტაცა მელოდია და აჰყვა ბრიჟიტს და სერჟს. მერე სხვებიც შეუერთდნენ. თამაშში ესპანელი ასისტენტი და მისი დამხმარეებიც კი ჩაერთვნენ: «კი-არა, კი-არა!»

დრამა მუსიკალურ კომედიად იქცა. ორივე მხარის ღირსება გადარჩა, სისხლი არ დაღვრილა. ბოლოს მე მათ სიტყვა მივეცი, რომ ხელფასის მომატების თაობაზე ვუშუამდგომლებდი რაულ ლევისთან, რომელსაც მეორე დღეს ელოდებოდნენ მადრიდში.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ბრიჟიტის სიმამაცე და მოხერხებულობა აღაფრთოვანებდა ესპანელ მამაკაცებს, რომელთა უბრალოდ მოხიბვლა არც ისე ადვილი იყო და რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვდათ სამოქალაქო ომის სისხლიანი ბრძოლები.

მეორე დღეს ბრიჟიტმა თავის საგრიმიოროში ყვავილების თაიგული და ქაღალდის ფურცელი აღმოაჩინა, რომელსაც გადამღები ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრი აწერდა ხელს.

«ამ ვარდებივით არასდროს გამხარებია ყვავილების მორთმევა», _ მითხრა მან.

8 8 8

…იმ პერიოდში ბრიჟიტი კვლავ დაუბრუნდა საყვარელი ფრანგული კომედიების გადაღებებებს: «ზედმეტად ლამაზი პატარძალი» და «პარიზელი ქალი». ამ დროს ტრენტინიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში იყო გაწვეული. სასტუმრო «სავოიაში» ვიმყოფებოდით, აუზზე გავედით და მატრასზე წამოწოლილები ვმასლაათობდით. ბრიჟიტმა მითხრა:

_ სიცოცხლე აღარ მინდა! ვერ წარმოიდგენ, როგორ მიფანცქალებს გული ტელეფონის ყოველ ზარზე. საწყალი გული! მას ისედაც უჭირს სისხლის არტერიებში გაშვება და გადანაწილება, ამ დროს კი, დილიდან საღამომდე ჩემი სასიყვარულო საქმეების მოგვარებაც დააწვა ტვირთად.

თითქმის ნაღვლიანად გაიღიმა, თითქოს თავის ზედმეტად მოწოლილ რომანტიზმს დასცინოდა. ის მარტოსულად გრძნობდა თავს, დაუცველად.

_ ჩემი ვავა, _ მითხრა მან და ხელი ჩამავლო, _ მხოლოდ შენ ერთს გესმის ჩემი.

ის «ვავას» მეძახდა ხოლმე, ან «ძველ რუსს»… ვადიმს _ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში…

 

8 8 8

ბრიჟიტს იღებდნენ კლოდ ოტან-ტარას შესანიშნავ ფილმში «უბედური შემთხვევა». მისი პარტნიორი ჟან გაბენი გახლდათ. კრტიკოსები თავიდანვე ენას ილესავდნენ და წინასწარმეტყველებდნენ, «კაციჭამია» შეახრამუნებს ლამაზ თოჯინასო, ანუ ეგონათ, ჟან გაბენი ბრიჟიტს დაჩრდილავდა. როგორი იმედგაცრუებულები დარჩნენ! ჟან გაბენის ტალანტმა ვერ დაჩრდილა ბარდოს შეუდარებელი მომხიბვლელობა. მაშინ პირველად ალაპარაკდნენ მის, როგორც მსახიობის, ღირსებებზე და არა მხოლოდ სილამაზეზე.

სანამ მე «სახიფათო კავშირებს» ვიღებდი, ბრიჟიტი «სურათში «ბაბეტა მიდის ომში» თამაშობდა. მისი პარტნიორი იყო ახალგაზრდა მსახიობი ჟან შარიე, რომელმაც ის-ის იყო, ქულების აწევა დაიწყო. და ბრიჟიტს კვლავ შეუყვარდა…

მაისის ბოლოს დამირეკა.

_ ვადიმ, სასწრაფოდ უნდა გელაპარაკო.

რადგან სახელით მომმართა, ვიცოდი, სერიოზული საქმე ჰქონდა.

_ გინდა მითხრა, რომ ერთად ვივახშმებთ? _ ვკითხე მე.

_ არა! არავითარი რესტორანი! ჟანმა რომ გაიგოს, სკანდალი არ ამცდება!

მოვილაპარაკეთ, ერთმანეთს დე ლა მიუეტის პორტში შევხვედროდით, ბულონის ტყის მხარეს.

_ ადვილად მიცნობ, _ მითხრა მან, _ ხელში ყვითელ ვარდს დავიჭერ.

დანიშნულ დროს, დანიშნულ ადგილზე ჩემი «ფერარით» მივედი. ბრიჟიტი უკვე მელოდა. თავისი ავტომობილიდან თბილად ჩაცმული გადმოვიდა _ წვიმიანი ამინდი იდგა, ციოდა _ და ჩემს «ფერარიში» ჩაჯდა.
_ აი, ეს მოხდა, _ თქვა მან.

_ შენ რა, ორსულად ხარ? _ მაშინვე მივხვდი.

_ უკვე თვეზე მეტია.

მანქანა დავძარი და რამდენიმე ხანს მდუმარედ ვატრიალებდი საჭეს ბულონის ტყის გასწვრივ.

_ შენსავით ვერავინ გამიგებს. მხოლოდ შენ იცი, დედობის როგორი შიში მაქვს, _ პირველმა თვითონ დაარღვია დუმილი, _ არც მშობლებს ესმით ჩემი, არც მეგობრებს. ამიტომ მხოლოდ შენთან შემიძლია ამაზე ლაპარაკი.

იგი ჩემკენ შემობრუნდა, დაჟინებით მომაშტერდა და მკითხა:

_ იქნებ მე ურჩხული ვარ?

_ რატომ, ბავშვების რომ გეშინია, იმიტომ?

_ ჰო. მე მიყვარს ძაღლები, კატები, თაგვები, მტრედები, მაგრამ ბავშვების მეშინია.

_ გეშინოდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.

მცირე პაუზის შემდეგ დაამატა:

_ შენ გიყვარს შენი თავი? იმის თქმა მინდა, რომ… საკუთარ თავს პატივს სცემ?

კვლავ პაუზა.

_ მე მგონია, რომ მსოფლიოს სამ მეოთხედ კეთილ ადამიანს ვჯობივარ, მე მათზე უკეთესი ვარ.

_ შენ რა, მამაკაცები არ გიყვარს? უფრო სწორად მამაკაცი, როგორც კაცობრიობის საწყისის წარმომადგენელი?

_ მე ისინი ულმობლებად მეჩვენებიან. ყველაზე დიდებულებიც კი საშინლად უღმერთოები არიან. არასდროს დამავიწყდება, ევროპის გადამრჩენელმა გენერალმა ეიზენჰაუერმა როზენბერგები როგორ გაანადგურა.

უეცრად მან ჩემი «ფერარის» ფარს გახედა.

_ რა ღირს შენი მანქანა?

_ 150 ათასზე მეტი.

_ და რადიომიმღები არ გაქვს? ისევ მოგატყუეს…

_ მე მხოლოდ 15 ათასი გადავიხადე.

_ რა, მოიპარე?

_ არა. რეკლამა. ერთ კვირაში ბურიოსთან ერთად მონაწილეობა უნდა მივიღო საფრანგეთის ავტორალიში.

_ გაგიჟდი? კატეგორიულად გიკრძალავ! _ მერე გაიცინა და დაამატა, _ მაპატიე, დამავიწყდა, რომ ცოლ-ქმარი აღარ ვართ.

ტბას ჩავუარეთ.

_ გააჩერე! _ მთხოვა ბრიჟიტმა.

იგი ტბისკენ დაეშვა, რომლის ზედაპირზე წვიმის წვეთებმა იწყო დაცემა. მან კაბარდინის ლაბადის ჯიბიდან პურის ნატეხი ამოიღო, დაფშვნა და იხვებს გადაუყარა. მე საჭესთან დავრჩი…

18 ივლისს, ლუვესენკში, ბრიჟიტი ცოლად გაჰყვა ჟაკ შარიეს. 1960 წლის 11 იანვარს კი ვაჟი ნიკოლა შეეძინა…

 

brijit1

მაისში ბრიჯიტს ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმში _ «ჭეშმარიტება» გადაღებები დაეწყო. კლუზო თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ, ნამდვილი გენია, მაგრამ ერთი უსიამოვნო თვისება სჭირდა. იგი ისეთი რეჟისორების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინც შემსრულებელთა ნიჭის მაქსიმალურ გამოვლინებას მათი ტანჯვა-წამების გზით ცდილობს. განსაკუთრებით ტერორში მსახიობები ჰყავდა. ისედაც ნერვული ადამიანი იყო, მცირე შეცდომაზეც კი უყვიროდა და შეურაცხყოფდა თანამშრომლებს. ვინ იცის, ხელითაც რამდენჯერ შეხებია მათ, ან მძიმე საგანი უსვრია, მაგრამ გაპროტესტებას და შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავდა.

თუმცა, ერთხელაც გამოჩნდა «მედგარი გამპროტესტებელი».

ის, რაც ადვილად გამოსდიოდა სხვებთან, ბრიჟიტთან არ გამოუვიდა.

რთულად დაიწყო ფილმის გადაღებები. რეჟისორს არაფერი მოსწონდა. არც ერთი მსახიობის თამაშით არ იყო კმაყოფილი.

პირველმა ორმა დღემ შედარებით მოთმინებით ჩაიარა, დიდად არ გართულებულა სიტუაცია.

გადაღების მესამე დღეს, ანრი-ჟორჟის განრისხებამ ზღვარს გადააჭარბა, ამჯერად სამიზნე ბრიჟიტ ბარდო აღმოჩნდა. მისი შესრულებით უკმაყოფილო კლუზომ გაგულისებულმა ჩაავლო ბარდოს მხრებში ხელი, ძლიერად შეაჯანჯღარა და უყვირა:

_ მე ჩემს ფილმში მოყვარულები არ მჭირდება! მე მსახიობი მჭირდება! გასაგებია? შევიდა შენს თავში, თუ არა?!

ბრიჯიტი ვერ იტანდა, როცა ვინმე აჯანჯღარებდა. და ის, რომ მას ასეთ აგრესორად გენია მოევლინა, სულაც არ ანაღვლებდა. იგი წამითაც არ შეცბუნებულა, მოულოდნელად მოიქნია ხელი, ორი ძლიერი სილა გააწნა რეჟისორს მთელი თავზარდაცემული გადამღები ჯგუფის წინაშე და ამრეზით მიუგო:

_ მე კი რეჟისორი მჭირდება და არა ავადმყოფი!

და პავილიონი დატოვა.

არავინ იცის, რა გაიფიქრა იმ წუთში კლუზომ. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო. გადამღები ჯგუფი შიშით შეჰყურებდა მას, რას მოიმოქმედებდა. მაგრამ ანრის ხმა არ გაუღია, ერთი სიტყვაც არ დასცდენია. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ სადისტობასთან ერთად, იგი მაზოხიზმითაც იყო დაავადებული… და როგორც ბევრ სხვა სადისტს, კლუზოსაც არ შეეძლო მაზოხიზმის სასიამოვნო გამოვლინებებზე უარი ეთქვა. საკმაო დროის გასვლის შემდეგ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი მე გამომიტყდა: «ცხოვრებაში პირველად გამარტყა ქალმა პუბლიკის წინაშე. მე აღფრთოვანებული ვიყავი.»

რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შემდეგ ძნელი იყო ბრიჟიტის შემორიგება. ის ისეთი ამაყი გახლდათ, არამც და არამც არ დაბრუნდებოდა კლუზოსთან სამუშაოდ.

_ ფეხებზე მკიდია მისი ფილმი! _ უარზე იდგა ბრიჟიტი, _ იმის უფლებასაც კი არ მივცემ, ჩემ მაგივრად დუბლიორი ათამაშოს!

მაგრამ ანრის სულაც არ სურდა დუბლიორის აყვანა. ის გენიალური რეჟისორი გახლდათ და დუბლიორს ფილმს არ გააფუჭებინებდა. ბრიჟიტი ბოლოს მაინც დაითანხმეს.

გაგრძელდა გადაღებები და დიდი ხვეწნის შემდეგ ისიც დაბრუნდა, მაგრამ უკვე ყოველგვარი სილაქების გარეშე.

ნათქვამია, კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებსო… მუხედავად ამ ინციდენტისა, კლუზო კვლავ ისეთივე მომთხოვნი დარჩა, როგორც ადრე იყო, თუმცა ბარდოსთვის შეურაცხყოფა მეტჯერ აღარ მიუყენებია. პირიქით, სხვებთან შედარებით ოდნავ ლოიალურადაც ექცეოდა. და გასაგებიც იყო, რატომაც.

მიუხედავად ამისა, ბრიჟიტი მაინც იტანჯებოდა. ის არ იყო მიჩვეული სიმკაცრეს და რეჟისორულ დიქტატურას. იმდენად განიცდიდა ამას, რომ გადასაღებ მოედანზე ჟურნალისტი პიერ რეი მოიწვია და ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ კინოს მიტოვებას აპირებდა. «დავიღალე… მინდა უარი ვთქვა მსახიობობაზე… იქნებ ასე დაწერო», _ უთხრა მან პიერს.

მეორე დღეს ჟურნალში რეის სტატია გამოქვეყნდა უზარმაზარი სათაურით: «ბრიჟიტ ბარდო კინოდან მიდის!»

შემდეგ ცოტა უცნაური რამ მოხდა. ბრიჟიტმა მეორე დღეს მეორე ჟურნალისტი პოლ ჟიანოლი მოიწვია და მას ასე გამოუცხადა:
_ მინდა უარვყო ეს ინფორმაცია, სულაც არ ვაპირებ კინოდან წასვლას! მე ვთამაშობ და მომწონს ჩემი პროფესია!

ასეთი გახლდათ ნამდვილი ბრიჟიტი! ის სრულიად გულწრფელი იყო, როცა პიერ რეის გამოუცხადა, მსახიობობა აღარ მინდაო და ერთი დღის შემდეგ პოლ ჟიანოლთან მიცემულ ინტერვიუშიც არ იტყუებოდა. მან, უბრალოდ, 24 საათში შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. და ეს პირველი შემთხვევა არ იყო…

პირად ცხოვრებაშიც ასე მოსდიოდა. თითქოს გაორებული ხდებოდა, თან ძალიან ხშირად, ყველგან და ყოველთვის, ყველასთან და ყველაფრით.

ფილმში «და ღმერთმა შექმნა ქალი», მას ტრენტინიანი შეუყვარდა, «ბაბეტაში» _ ჟაკ შარიე და ცოლადაც გაჰყვა. სურათში «ჭეშმარიტება», თუკი პრესაში გაოქვეყნებულ მასალებს ვენდობით, მას თავისი ახალგაზრდა პარტნიორი შეუყვარდა. სემი ფრეის ყველანაირი თვისება ჰქონდა, მოეხიბლა იგი. გამჭოლი, მომნუსხველი მზერა, გამარჯვებულის ღიმილი, შავი ანგელოზის მომხიბვლელობა… ერთი სიტყვით, სუპერმამაკაცი გახლდათ. ისეთი, რომელსაც ბრიჟიტისნაირი მოუხელთებელი ქალების ერთი მზერით ცდუნება შეუძლიათ.

ერთხელ დამირეკა ბრიჟიტმა და მთხოვა, სტუდიაში გამომიარეო.

«ესე იგი, უჭირს», _ გავიფიქრე.

ბრიჟიტი არასდროს მიხმობდა მოსაკითხად ან კარგი ამბის სათქმელად. როცა შეხვედრას მთხოვდა, ესე იგი, რაღაც ვერ იყო მის ცხოვრებაში რიგზე.

მაშინვე გავვარდი. არ შემეძლო მისთვის უარი მეთქვა… არასდროს. როცა მეძახდა, მე ყოველთვის მასთან ვიყავი.

ის საგრიმიოროში იჯდა, ხალათმოსხმული, ფეხები მაგიდაზე შემოეწყო. სენდვიჩს ილუკმებოდა გემრიელად და წითელ ღვინოს აყოლებდა.

_ ჩემი ვავა! რა სასიამოვნოა, ჩემს სანახავად რომ მოხვედი. ამ ტიპის გამო მგონია, ვკვდები! ჩემი ნერვები ამან დაგლიჯა!

მივხვდი, რეჟისორ კლუზოს გულისხმობდა. უხმოდ ჩამოვჯექი იქვე მდგარ სკამზე და გამომცდელად მივაჩერდი. საშინელი სევდა იკითხებოდა მის თვალებში, სახეზე, ტუჩებზე… სახის ყველა ნაკვთზე…

_ რამდენი წლისაა შენი ქალიშვილი? _ მკითხა ცოტა მოგვიანებით.
_ ორწლინახევრის. შენ როგორ გრძნობ თავს დედის ამპლუაში? მახსოვს, გეშინოდა ბავშვების.

_ შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ არც არანაირად. ჯერაც არ ვიცი, რას ნიშნავს, იყო დედა… ვერ განვიცადე ეს სიამოვნება. აი, დავიცდი, სანამ ნიკოლა გაიზრდება და მერე გავარკვევთ ორივენი, რა ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, რას წარმოვადგენ მე მისთვის და ის _ ჩემთვის.

შემდეგ საუბარი მთავარ თემაზე გადაიტანა, ანუ იმაზე, რისთვისაც დამიბარა. მას კიდევ ერთხელ «გაეთამაშა» გული, თუმცა ამჯერად ბრიჟიტს თავში აზრადაც არ მოსვლია, ქმარს გაშორებოდა.

_ მგონი, შემიყვარდა ის ლაწირაკი. რა მემართება, ვავა? ნუთუ ასეთი უნებისყოფო ვარ? შეიძლება ყოველი ახალი პარტნიორის გამოჩენის მეშინოდეს? განა რამდენჯერ უნდა შემიყვარდეს? აკი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო?

შევხედე. წარბები შეეჭმუხნა, ტუჩები გამოებუსხა და ჯიუტად მომჩერებოდა. ძალიან ლამაზი შესახედავი იყო იმ წუთას.

_ და რას აპირებ? _ შევუბრუნე კითხვა.

_ რას უნდა ვაპირებდე? რას გულისხმობ?

_ იმას არა, რომ ლოგინში აუცილებლად ჩაუგორდები, თუკი უკვე არ გაგიკეთებია ეს. ქმართან ურთიერთობას როგორ აპირებ? გაშორდები?

_ ვის, შარიეს? არავითარ შემთხვევაში! ამ სისულელეს მეტად აღარ ჩავიდენ!

როგორც ჩანს, ნანობდა ჩვენი ოჯახის დანგრევას. ეს ისედაც ვიცოდი, ასე რომც არ ეთქვა. მას არასდროს სურდა ჩვენი განქორწინება. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას, მაგრამ მე არ დავუშვი ეს… ალბათ ერთგული ქმრის სიამაყემ მძლია… არ ვიცი…

ბრიჟიტი ადგა. ხალათი გადაეხსნა და შიშველი სხეული გამოუჩნდა, რომელიც დედობას სრულიად ვერ დაეზარალებინა. მისი წელი კვლავინდებურად წვრილი იყო, მუცელი _ ნაზი და მკვრივი, ფეხები გრძელი და ჩამოსხმული. თვალი ავარიდე…

მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა და სასოწარკვეთილი ხმით მითხრა:

_ ჩემო ვადიმ, მე უბედური ვარ!

«ვარსკვლავობას» ჯერაც ვერ გადაეყლაპა პატარა ბრიჟიტი. ის ტიროდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებზე…

შემოვიდა ოდეტა, მისი გრიმიორი და შეიცხადა, როცა ბრიჟიტის ცრემლებში აზელილ გრიმს შეხედა. მაშინვე დატუქსა, რა დროს ტირილიაო და საქმეს შეუდგა.

ათი წუთის შემდეგ იგი სრულიად მოწესრიგებული გავიდა საგრიმიოროდან. ნამტირალევის კვალიც არ ეტყობოდა…

მე არაფრით შემეძლო მისი დახმარება. გარდა ამისა, მას არც უკითხავს ჩემთვის რჩევა. უბრალოდ, მოუნდა, დაცლილიყო იმისგან, რაც აწუხებდა, უნდოდა, შემცოდებოდა, მაგრამ არ განმესაჯა. სწორედ ამიტომ იყო ჩემზე ასე დამოკიდებული. მეც…

მეც ვხედავდი მას ისეთს, როგორიც იყო და არ განმისჯია…

 

8 8 8

28 სექტემბერს პარიზში ჩემი ფილმის «და სიკვდილი სიამოვნებისგან» პრემიერა გაიმართა. საკმაოდ თბილი მიღების შემდეგ სტუმრები რესტორან «მაქსიმში» მიგვიწვიეს. ბრწყინვალე ბანკეტი გაიმართა, «მთელმა პარიზმა» მოიყარა თავი, რათა ქალ-ვამპირთან ევახშმათ და მისი ცქერით დამტკბარიყვნენ.

_ ვაღმერთებ ამ ვარდისფერღაწვება კანიბალს, _ მითხრა სალვადორ დალიმ (ფილმში «და სიკვდილი სიამოვნებისგან» ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა ქერათმიანი ანეტ ვადიმი, როჟე ვადიმის მეორე ცოლი, რომელსაც ქალიშვილის შეძენის შემდეგ მალევე გაშორდა) და იქვე მდგარ ანდრე მალროს მიუბრუნდა, რათა მას ქვების «ფერადოვნებაზე» დალაპარაკებოდა:

_ არ ვუვლით ჩვენს ისტორიულ ძეგლებს და იმის ბრალია ეს ყველაფერი, _ თითქოს ანდრეს უსაყვედურა.

_ და რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს მოვლა, სალვადორ? _ ვერაფერიც ვერ გაიგო მარლომ.

_ რაში? რაში და… აბა, წარმოიდგინეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რომ თეთრი იყოს. თქვენ მოგწონთ ჭუჭყისფერი ღვთისმშობლის ტაძარი?

არ ვიცი, შეიძლება სწორედ იმ ღამეს მოუვიდა თავში აზრად კულტურის მომავალ მინისტრს, შემდგომში პარიზის ისტორიული ძეგლების გასუფთავება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია _ ამ აქციის შემდეგ ქალაქი თითქოს საუკუნეებით გაახალგაზრდავდა…

 

8 8 8

სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა ბრიჟიტმა, რომ მისი ამქვეყნად არსებობა ზედმეტი იყო და მომკვდარიყო. ეგონა, რომ დედამიწას ამძიმებდა. მას უფრო და უფრო უჭირდა, გამკლავებოდა დიდების მწვერვალზე ასვლას და აღიარებას, ბრბოს ცნობისმოყვარეობას, რომელიც ყველგან აჩრდილივით კვალდაკვალ დაჰყვებოდა.

მას უყვარდა და არც უყვარდა ქმარი.

მას უყვარდა საყვარელი და არ იცოდა, უყვარდა თუ არა.

იგი გამოფიტა კლუზოს ფილმის გადაღებებმა… დაგროვდა და დაგროვდა უარყოფითი ემოციები…

ყოველი წლის 28 სექტემბერი, ბრიჟიტის დაბადების დღე, მისთვის რთულ გამოცდას წარმოადგენდა. 26 წლის რომ გახდა, გადაწყვიტა, იუბილე ნიცაში მდებარე ვილაში აღენიშნა. მეგობრებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ უზარმაზარი სახლი მაინც ცარიელი ეჩვენებოდა. არც ჟაკი (ქმარი) იყო მის გვერდით, არც სემი (საყვარელი). ჰოდა, ადგა, გადაყლაპა საძილე აბების მომაკვდინებელი დოზა, გადაიჭრა ვენები და სახლიდან გავარდა, თან ისე, რომ ვერავინ შენიშნა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თვითმკვლელობა, ამიტომ არ უნდოდა, ვინმეს გადაერჩინა.

ზუსტად იმ დროს, როცა ვენებგადახსნილი ბრიჟიტი პარკში დაეხეტებოდა, მე ენგრის ქუჩიდან დავბრუნდი, მარტო ვიყავი, ცოტა ნასვამი. ეგრევე მივეგდე დივანზე და დავიძინე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სწორედ იმ მომენტში სიკვდილი უკვე პატარა სოფის (სოფი ერქვა ვადიმის რომანის მთავარ მოქმედ გმირს, რომელიც მან ადრე დაწერა. ავტორის თქმით, იგი ძლიერ ჰგავდა ბრიჟიტ ბარდოს) სიცოცხლის კარიბჭესთან იდგა. არც წინათგრძნობას შევუწუხებივარ და არც უძილობას…

თბილი პარიზული ღამე იდგა… უკვე შუაღამე… სწორედ ამ დროს, პარკში მოხეტიალე 13 წლის ბიჭუნამ, ჟან-ლუიმ ჭის პირას რაღაც შავი საგანი შეამჩნია. ბავშვი შიშისგან აკანკალებული მიუახლოვდა უძრავად დაგდებულ საგანს…

ჭის გვერდით ბიჭუნამ ბრიჟიტ ბარდოს დასისხლიანებული სხეული აღმოაჩინა.

გადარჩა… ესეც ბედისწერა იყო, სიკვდილი მას სიკვდილის საშუალებას არ აძლევდა…

 

8 8 8

მისი თვითმკვლელობის ამბის დამალვა შეუძლებელი იყო. ადრე ყოველთვის ვიცავდი ასეთი რამეებისგან, მაგრამ ამჯერად ვეღარ შევძელი. სენსაციური ამბავი ელვის უსწრაფესად მოედო მთელ პარიზს, თან მეორე დღეს ან ერთი თუ ორი საათის შემდეგ კი არა, მაშინვე, რამდენიმე წუთში, წამებშიც კი…

თავზარდამცემი ამბები ხომ ყველაზე სწრაფად ვრცელდება… ჭორზე სწრაფადაც კი.

ფოტოგრაფებმა ლამის ჩამოიღეს სასწრაფო დახმარების მანქანის კარი, რომლითაც ბრიჟიტი საავადმყოფოში გადაჰყავდათ. არადა, ყოველი დაგვიანებული წუთი შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო. სამაგიეროდ, ის ფოტოები 20 ათას ფრანკად გაიყიდებოდა. ხოლო, თუკი მოკვდებოდა _ სამმაგ ფასში. ვის რაში ენაღვლებოდა ბრიჟიტის სიცოცხლე? მათთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, იგი ვარსკვლავი იყო, თუ უბრალო მოკვდავი? მთავარი ფული იყო, სხვა არაფერი!

«ფრანს-დიმანშის» ჟურნალისტმა საოცრება მოახდინა. იგი თავისი ავტომობილით წინ გადაეღობა სასწრაფო დახმარების მანქანას და შემდეგ შიგნით შეხტა, რათა ნანახი ყველაზე «ყოჩაღად», ექსკლუზიურად გაეშუქებინა და თან ბრიჟიტისთვის სურათები ექსტრემალურ სიტუაციაში გადაეღო.

_ მას ლაპარაკი არ შეუძლია, _ უყვირა სანიტარმა, _ ის კომატოზურ მდგომარეობაშია! _ თუმცა მისი ვიღას ესმოდა!

ამ დროს ბრიჟიტმა უცნაური ბგერები გამოსცა: «ვრშშშშ…» ეს მხოლოდ ამოოხვრა იყო, მომაკვდავის ხროტინის ხმა, მაგრამ ჟურნალისტმა იგი თავისებურად გაიგო და მეორე დღეს დიდი მონდომებით აღწერა, უგონო მდგომარეობაში მყოფმა ბრიჟიტმა როგორ ახსენა მეუღლე, ჟაკ შარიე.

«მომაკვდავმა ბრიჟიტმა მეუღლის სახელი წაიჩურჩულა», _ იუწყებოდა სტატიის სათაური.

ეიფელის კოშკი რომ ჩამონგრეულიყო, ის არ გამოიწვევდა ისეთ ხმაურს, როგორც ამ წერილმა გამოიწვია, რადგან შემდეგ უფრო და უფრო ხმაურიანი სტატიების გამოქვეყნება დაიწყეს.

«შარიე: «მე დიდი ხნის წინ უნდა მიმხვდარიყავი, რომ ის თავის მოკვლას აპირებდა».

«ბრიჟიტის თვითმკვლელობის ნამდვილი დამნაშავეები».

«კლუზო აიძულებს ბრიჟიტს, თვითმკვლელობა ჩაიდინოს».

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ სათაურთაგან, რომლებიც მაშინდელ პარიზულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. არც უცხოური პრესა ჩამორჩენია ფრანგულს. აჭრელდა წერილებით და ფოტოებით მსხვილი თუ წვრილი გამოცემები.

აშშ-ში ჯონ კენედს წინასაარჩევნო ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული ნიქსონთან. გაეროში ყველა აღელვებული იყო, როცა პირველი ფრანგული ბომბის აფეთქების ამბავი გაიგეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ბრიჟიტის თვითმკვლელობის მცდელობის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. მსოფლიოს მთავარი მოვლენა სწორედ ეს ამბავი გახდა.

მისი თვითმკვლელობის მცდელობა ყველამ გაარჩია, ახსნა და «გონივრულად» გააანალიზა. იმართებოდა დებატები, ინტერვიუს იძლეოდნენ ფსიქოლოგები, ექიმები, მეგობრები, კრიტიკოსები, მტრები… ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, მაგრამ ვერც ერთი ჟურნალისტი, ვერც ერთი ფსიქოლოგი ახლოსაც ვერ მივიდა ჭეშმარიტებასთან.

აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ მათ, რომ ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, სანამ ბრიჟიტ ბარდოს გამარჯვებების და ზეასვლის კასკადი დაიწყებოდა, რომელმაც ამოატრიალა მისი ცხოვრება, სანამ ოჯახური ცხოვრება დაენგრეოდა, სანამ განქორწინდებოდა, სანამ ბავშვს გააჩენდა, სანამ რთული გადაღებების შემდეგ ნერვული აშლილობის ზღვრამდე მივიდოდა, მანამ _ 16 წლის ასაკში ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. ეს არავინ იცოდა. ვიცოდი მხოლოდ მე… ვიცოდი, რადგან ჩემზე კარგად მას არავინ იცნობდა. ჩემზე მეტი მასზე არავინ არაფერი იცოდა.

საქმე არც კინოში იყო, არც მის ვარსკვლავობაში, არც ორ მამაკაცს შორის არჩევანის გაკეთების შიშში…

როცა პოეტი იკლავს თავს, ამბობენ: «ის ვერ შეეწყო ცხოვრებას». ბრიჟიტიც სწორედ ამას განიცდიდა… მას ცხოვრებასთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა…

 

katr

კატრინ დენევი

 

ორი გოგონა ცეკვავდა…

ერთი ძალზე თავდაჯერებული ჩანდა, დარწმუნებული იმაში, რომ ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი. მეორე _ ოდნავ დაბნეული, თუმცა, უდიერი გამომეტყველებით.

პირველს ფრანსუაზა დორლეაკი ერქვა. ის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მსახიობი იყო. კინოკრიტიკოსები მას ფრანგ კეტრინ ჰეპბერნად მოიხსენიებდნენ. მეორე _ მასზე ორი წლით უმცროსი, მუქთმიანი, ძალზე მოკლედ შეკრეჭილი თმით _ კატრინ დენევი გახლდათ. მამაკაცები თვალებით ჭამდნენ მის უფროს დას, მაგრამ პირადად მე პატარა კატრინმა დამაინტერესა.

«ელიტ-კლუბი», სადაც წვეულება იმართებოდა, მაშინ მოდური ადგილი იყო პარიზში. მონპარნასმა შესამჩნევად დაჩრდილა სენ-ჟერმენი და ამიტომაც ხალხი ახლა აქეთ უფრო მოეძალა.

როცა ორივე დამ დატოვა საცეკვაო მოედანი, უცნაური რამ მოხდა. თავდაჯერებული, ელეგანტური, ირგვლივ მყოფთა მიმართ ყურადღებიანი ფრანსუაზა, რომელიც ყველას ესალმებოდა, სრულიად არ შეცვლილა. აი, კატრინი კი, წუთის წინ თვალებგაბრწყინებული უეცრად ლოკოკინას დაემსგავსა, თავის ნიჟარაში სწრაფად რომ შეიმალება ხოლმე საშიშროების მოლოდინში. მართალია, კატრინს არავინ და არაფერი დამუქრებია, მაგრამ აშკარა იყო, მას ხასიათი მოულოდნელად შეეცვალა. მეც რაღაც იდუმალი შეგრძნება დამეუფლა, მისი დისკენ მიმართული ყველა მზერა თითქოს მასზე აირეკლებოდა. მის გარდა ვერავის და ვერაფერს ვხედავდი. კატრინის ასეთმა გარდასახვამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ მას ფრანსუაზაზე ლამაზად აღვიქვამდი. და არც შევმცდარვარ…

ათი წლის შემდეგ პრესამ მას «მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი» უწოდა.

პირადად მე სულაც არ დამჭირვებია არც მისი წარმატებები კინოში, არც ფოტოსურათები (რომელსაც მომავალში «შანელი» დაბეჭდავს თავისი სარეკლამო კამპანიისთვის) იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მისი პატარა ცხვირი, ცივი, მაგრამ დაძაბული მზერა, მკვეთრად მოხაზული, კლასიკური ფორმის პირი სრულყოფილი სილამაზის ნიმუში იყო.

ელეგანტურობა, დიდება და ჭკუა, რომლითაც განგებამ ფრანსუაზა დააჯილდოვა, თავისთავად ჩრდილს აყენებდა ამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, მოუმწიფებელ საოცრებას. თავად კატრინი თვლიდა, რომ უფერული ასლი იყო საკუთარი დის, რომელსაც პატივს სცემდა, ეთაყვანებოდა, აღმერთებდა, ამასთან, ყოველგვარი შურის გარეშე.

ჩემი ასისტენტი და, ამავდროულად, მეგობარი ჟან-მიშელ ლაკორი ორივე დას კარგად იცნობდა. მან ჩვენს მაგიდასთან მოიწვია ისინი და ლაკორმა ფრანსუაზასთან გააბა საუბარი მის მომავალ გეგმებზე. კატრინი ჩუმად იჯდა და მხოლოდ თვალყურს ადევნებდა საუბარს.

უკვე გვიან იყო, დაშლა რომ დავაპირეთ. მივხვდი, თუ რაღაცას არ ვიღონებდი, კატრინის მეორედ ნახვის შანსი არ მექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვილაპარაკეთ, ვიხუმრეთ, ვიცინეთ კიდეც, ეს მასთან შეხვედრის პერსპექტივას სრულიად არ მიქადდა. ავდექი და უბრალოდ, პირდაპირ ვუთხარი.

_ ძალიან მინდოდა, კიდევ ერთხელ მენახეთ… რას იტყვით?

ჩემდა გასაკვირად, ისეთი პასუხი მივიღე, როგორსაც არ ველოდი.

_ ხვალ, შუადღის შემდეგ, სტუდია ბიიანკურის პავილიონში ვიქნები, ჩემს დას გადაღებები აქვს, შეგიძლიათ მოხვიდეთ, _ და ცივად გამიღიმა.

მე მოწიწებით ჩამოვართვი ხელი, დავემშვიდობე და ის გაუჩინარდა…

ხდება ხოლმე, უბედური შემთხვევის დროს, მაშინვე ვერ აცნობიერებ, რომ სერიოზულად ხარ დაშავებული ან დაჭრილი. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთი შეხვედრის შესახებ, რომელმაც შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს შენი ცხოვრება. ორი საათის შემდეგ, შინ რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ სწორედ ასე ვიყავი დაჭრილი… კატრინის სახე გონებიდან არ მშორდებოდა…

 

8 8 8

კატრინი პავილიონ «C-ს» ცუდად განათებულ დერეფანში ვიპოვე. მას თეთრი პიჯაკი და შალის ქვედაბოლო ეცვა, ხელთ კი საკმაოდ გაქუცული ჩანთა ეჭირა. რომ დამინახა, თავი ასწია და ნელი ნაბიჯით გამოემართა ჩემკენ ისე, რომ სახის გამომეტყველება არ შეცვლია.

ღამის გასართობი ადგილები, მხიარულება, განათება, სასმელი ზოგიერთი ქალის ეფემერულ სილამაზეზე გავლენას ახდენს. ზოგი ამ დროს ბრწყინავს, ზოგი კი, პირიქით, სრულიად კარგავს ქალურ ხიბლს და შეუმჩნეველი რჩება. კატრინის სილამაზე კი საერთოდ არ იყო დამოკიდებული არც ფერადი სინათლეების ციმციმზე, არც ჩრდილზე და არც დეკორაციაზე.

_ ა! გამარჯობა! _ თქვა მან, _ გელოდებოდით, როდის მოხვიდოდით, _ ლამაზი ფრანგულით მითხრა.

მთელი ორი საათი ვისხედით სტუდიის ბარ-რესტორანში და ვბაასობდით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნდობის მოსაპოვებლად ყველაფერს ვაკეთებდი, მაინც ეჭვის თვალით მიყურებდა, არაფრით გამეხსნა ბოლომდე, ალბათ ჩემი რეპუტაციის გამო. ის ელოდა, გაიცნობდა საშინელ ცინიკოსს, ქედმაღალ და ინტელექტუალ ადამიანს… ამ დროს აღმოაჩინა, რომ თურმე შემიძლია, ვიყო რბილი, ნაზი და ყურადღებიანი, რომ სულაც არ დავყურებ ადამიანებს ზემოდან და კარგად ვიცი ქალის ფასი. როცა ბოლოს და ბოლოს ამას ჩასწვდა, ცოტა მოეხსნა დაძაბულობა, გახალისდა. მას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, 17 წლის გოგონასთვის გასაკვირიც კი.

გადაღებები რომ დამთავრდა, ფრანსუაზა დორლეაკი შემოვარდა, რეჟისორის შექებით აღტყინებული დას გადაეხვია, მე ცივად მომესალმა და ისევ გაიქცა.

_ არ გინდა, წავიდეთ აქედან? _ გამბედაობა მოვიკრიბე, როცა კვლავ მარტონი დავრჩით.

_ სად? _ თვალებში აქამდე ჩემთვის უცნობი ნაპერწკალი გაუკრთა.

_ სადმე.

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

როცა სტუდია დავტოვეთ და ჩემს მანქანაში ჩავსხედით, არანაირი გეგმა არ მქონდა, სად წამეყვანა და რა გამეკეთებინა. ალბათ ძალიან ავღელდი, რადგან მანქანის გასაღები ვერ ვიპოვე. ყველა ჯიბე მოვიჩხრიკე, სავარძლის ქვეშაც კი შევიხედე, მაგრამ ამაოდ. კატრინს სიცილი აუტყდა.

_ «ფერარი» უგასაღებოდ არა მგონია, რამეში გამოგადგეთ, _ თქვა მან.

_ როგორც ჩანს, ბარში დავკარგე, _ ძლივს ამოვღერღე.

გავედი, რათა რესტორანში მომეძებნა, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, იგი უკვე დაკეტილი დამხვდა.

_ ტაქსი ხომ არ გავაჩეროთ? _ შემომთავაზა კატრინმა.

_ სამწუხაროდ, კაპიკი არ მაქვს, საფულე სახლში დამრჩა, _ ამაზე უარეს დღეში არასდროს აღმოვჩენილვარ.

_ სამაგიეროდ, მე მაქვს, _ გამიღიმა.

რა უნდა მექნა? გავაჩერეთ ტაქსი და ჩავსხედით.

_ საით წავიდეთ? _ გვკითხა მძღოლმა.

ჩემს ბინაში, ენგრის ავენიუზე მისი წაყვანა არ მინდოდა. უეცრად გამახსენდა, რომ ჩემი მეგობარი კრისტიან მარკანი პარიზში არ იმყოფებოდა. ვიცოდი, ის სადაც ტოვებდა თავისი ბინის გასაღებს და ამით ვისარგებლე.

_ ბასანოს ქუჩა, 15 ნომერი, _ ვუკარნახე მისამართი მძღოლს.

ტაქსის ფული კატრინმა გადაიხადა. შესასვლელში, როგორც ყოველთვის, კონსიერჟი მადმუაზელ მარი იჯდა, მაგრამ ისე შეუმჩნევლად ავუარეთ გვერდი, არც შერხეულა. მან ბოლო დროს კვლავ სმა დაიწყო და ჩვენთვის არ ეცალა. სიბნელეში გასაღებს ადვილად მივაგენი და კარი გავაღე. აბაჟური რომ ავანთე, გულმა ძალუმად დამიწყო ძგერა, ეს ოთახი იმდენ სასიამოვნო მოგონებას იტევდა…

სასწრაფოდ ავადუღე წყალი, იატაკზე გავშალე პატარა სუფრა და ასე, ფეხმორთხმულებმა სიცილ-სიცილით დავლიეთ ჩაი, თან ვეფლირტავებოდით ერთმანეთს. კატრინი 17 წლის იყო, მე _ 32-ის, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობოდა, მასთან მეც პატარა ბიჭივით ვგრძნობდი თავს. არც მას უგრძნია უხერხულობა და, სხვათა შორის, გამოუცდელობაც არ ეტყობოდა. არიან გოგონები, რომლებსაც ჯერაც არაფერი უნახავთ, მაგრამ ალღოთი იციან, რა როგორ გააკეთონ…

როცა მან წასვლა დააპირა, შევთავაზე, ჩემთან გაგვევლო ბინაში.

_ საფულეს ავიღებ და სადმე ვივახშმოთ.

_ არა, შინ უნდა წავიდე, _ გადააქნია ლამაზი თავი, _ მე წაგიყვანთ და გზად სახლთან ჩამოგსვამთ.

ტაქსიში ჩუმად იჯდა, მაგრამ მხარი ჩემზე ჰქონდა მოდებული. დამშვიდობების წინ ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ…

დილით, 9 საათზე, ჟან-მიშელ ლაკორს დავურეკე და კატრინის ტელეფონის ნომერი გამოვართვი. ხელი მიცახცახებდა, სანამ ნომერს ავკრეფდი. ყურმილი მადამ დორლეაკმა აიღო. მისი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ უხალისოდ გადააწოდა ყურმილი ქალიშვილს.

_ როდის შემიძლია კიდევ გნახო? _ ისე მქონდა ხმა შეცვლილი, ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი.

_ ახლავე, _ მიპასუხა მან.

 

8 8 8

როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ლიცეუმი ახალი დამთავრებული ჰქონდა და ჯერ ვერ გადაეწყვიტა, რა უნდა გაეკეთებინა მომავალში. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ კატრინს შეეძლო რეჟისორთან სასიყვარულო ურთიერთობა თავისი კარიერის მოსაწყობად გამოეყენებინა, თუნდაც სიგიჟემდე ჰყვარებოდა იგი. ამაზე დიდი სიცრუე არ არსებობს. ის იყო პატივმოყვარე, მაგრამ არ იყო კარიერისტი.

მეორე შეხვედრის შემდეგ ჩემი პრინციპები დავივიწყე და კატრინი ჩემს ბინაში დავპატიჟე, ენგრის ავენიუზე. სიხარულით დამთანხმდა. როგორც ჩანს, ერთი სული ჰქონდა ენახა, როგორ ცხოვრობდა უკვე ცნობილი რეჟისორი. რა თქმა უნდა, მის სახეზე ვერ წავიკითხე, მოეწონა თუ არა ჩემი მოკრძალებული და მუდამ დაულაგებელი ბუნაგი, მაგრამ ამწუთას ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, საძინებელში რომ გადავინაცვლეთ, კრიტიკული თვალით დაიწყო ოთახის თვალიერება. სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა.

ეს ბრიჟიტი იყო.

_ ვადიმ, შენ ჩემი სიცოცხლე უნდა გადაარჩინო, _ გაისმა მისი სასოწარკვეთილი ხმა.

_ შეიძლება ხვალ დაგირეკო? _ დახშული ხმით ვუთხარი, _ ახლა დაკავებული ვარ.

_ არა! _ კატეგორიულად მომიგო, _ აჰა, ფრანსისს დაელაპარაკე.

ფრანსის კოსნი ცნობილი პროდიუსერი გახლდათ და ის მე მიცნობდა, როგორც მოყვარულ სცენარისტს.

_ ცუდად გვაქვს საქმე, ვადიმ, _ შემომჩივლა მან, _ ორელი თამაშიდან გავიდა.

ბრიჟიტის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მის სიმსუბუქეში გამოხატებოდა. მას ადვილად შეეძლო მძაფრი დეპრესიიდან მოულოდნელად გამოსულიყო და ხალისიან განწყობაზე დამდგარიყო. 1960 წელს, თავისი ცნობილი დაბადების დღის შემდეგ, როცა თავის მოკვლა სცადა, უეცრად გადაწყვიტა, ამღერებულიყო და სერიოზულად მოჰკიდა ამ საქმეს ხელი. რამდენიმე სიმღერა მართლაც შესანიშნავი გამოუვიდა, მელოდიური, პოეტური და გასართობი. ბრიჟიტი არ იყო არც ედიტ პიაფი და არც ჯუდი გარლანდი, მაგრამ ამ ახალ ამპლუაშიც შეძლო თავის წარმოჩენა.

«ჭეშმარიტების» შემდეგ მან გადაწყვიტა, ეთამაშა ფილმში «აღვირი ყელზე». მას უკვე ჰქონდა რამდენიმე შედევრად ქცეული როლი ფილმებში, რომლებიც გენიებმა გადაიღეს. ჟან ორელი კი მიეკუთვნებოდა იმ თაობას, რომელთაც პუბლიკა «ახალ ტალღად» მოიაზრებდა. იმ პერიოდში პროდიუსერები რატომღაც, მხოლოდ იმ რეჟისორებს იწვევდნენ, რომლებსაც არც ერთი ფილმი არ ჰქონდათ გადაღებული. ჟან ორელს რამდენიმე მოკლემატრაჟიანი ფილმი ჰქონდა შექმნილი და ვერ მოაბა თავი, «ვარსკვლავებით დახუნძლული», ძვირად ღირებული ფილმის ფინანსური და ტექნიკური მხარეები მოეგვარებინა. ასეთი სურათის ხელმძღვანელობა არცთუ ადვილი საქმე იყო.

გადაღების მესამე დღეს სტუდიაში ნამდვილი ქაოსი გამეფდა. არავინ იცოდა, რა უნდოდა რეჟისორს. მან კი არ იცოდა ის, რა სურდათ სხვებს.

ორელი მიხვდა, რომ ჯერ კიდევ «არდაწყებული» კარიერა ეგრევე დასრულდებოდა, თუკი ჩააგდებდა გადაღებებს. ბრიჟიტისა და კოსნას რჩევით, მან ჩემი მოწვევა გადაწყვიტა.

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს უკვე დაწყებული ფილმის საკუთარ თავზე აღება, რომლის სცენარი თავიდან ბოლომდე გადაკეთებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მაინც შევპირდი ბრიჟიტს, რომ მეორე დღეს მივიდოდი სტუდიაში.

 

8 8 8

ორი საათის შემდეგ კატრინი თავის სახლთან ჩამოვსვი. თითქოს ათი წლით უკან დავბრუნდი, იმ დროში, როცა ბრიჟიტს ვაცილებდი, რომელიც კონკიასავით, თორმეტ საათს არ გადააცილებდა, აუცილებლად სახლში უნდა დაბრუნებულიყო.

ცოლ-ქმარი დორლეაკები მსახიობები იყვნენ, მაგრამ მკაცრი წესების მოყვარულები. კატრინს კვირაში მხოლოდ ორი დღე შეეძლო დაგვიანებით, ანუ შუაღამეს მისულიყო შინ. სხვა დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეპატიებოდა დაგვიანება, თუ თავის დას ახლდა თან. რამდენჯერმე მოხდა, რომ მამამისმა კატრინი ოთახში ჩაკეტა იმის შიშით, რომ შუაღამით ჩემთან გამოიქცეოდა. ჩემი რეპუტაცია _ ქალების გულთმპყრობელისა და სკანდალური ფილმების რეჟისორისა _ აშინებდა მას.

 

8 8 8

მეორე დღეს, დილით ადრე, როგორც შევპირდი ჩემს ყოფილ ცოლს, ბიიანკურის სტუდიაში გამოვცხადდი. ყველა პანიკაში იყო ჩავარდნილი. წავიკითხე სცენარი და მოვითხოვე 48 საათი, რომ ყველაზე საჩქარო შესწორებები შემეტანა მასში.

შემდეგ ბრიჟიტი შინ გავაცილე, პოლ-დუმერის ავენიუზე, რომ თავის როლზე დავლაპარაკებოდი. ის უკვე გაშორებული იყო ჟაკ შარიეს და მარტო ცხოვრობდა.

_ ნიკოლა სად არის? _ ვკითხე.

_ ბებიასთან და ბაბუასთან.

შვილთან ერთად იგი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, მაშინ ნიკოლა 6 თვის იყო. ბრწყინვალე ბავშვი გახლდათ, ჯანმრთელი ლოყებით. ბრიჟიტი სადღაც აპირებდა წასვლას და ხელოვნური ყვავილებით მორთული ფართოფართლებიანი შლაპა ეხურა თავზე, რომელიც სრულიად არ შეეფერებოდა მის სტილს. იგი ბავშვის საწოლისკენ დაიხარა, რათა ეკოცნა და სწორედ ამ დროს ნიკოლამ ღრიალი მორთო.

_ ხედავ? ის მე ვერ მიტანს, _ შემომხედა ბრიჟიტმა.

_ რა სისულელეა. ბავშვს შენი ქუდის შეეშინდა და არა შენი.

_ ის მაშინაც ტირის, როცა ქუდი არ მახურავს…

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ბრიჟიტმა განაცხადა: «მინდოდა ამ ბავშვის გაჩენა. ვნატრობდი, იქამდე გამეჩინა, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, თანაც ძალიან მინდოდა, ბიჭი ყოფილიყო. როცა ნიკოლა დაიბადა, ვცდილობდი, როგორმე ამერიდებინა მისთვის ფოტოგრაფები. მე ისინი არასდროს მომიწვევია, მაგრამ ყველგან ჩასაფრებულები იყვნენ _ კართან, კიბესთან, ოთახებში, სახურავებზეც კი… ერთმა ისიც კი სცადა, თოკით ჩემს აივანზე ჩამომძვრალიყო, მაგრამ თოკი გაწყდა და კაცი კინაღამ ჩემს მოსამსახურეს დაეცა თავზე, რომელიც ამ დროს ყვავილებს რწყავდა. საწყალ ქალს ლამის გულის შეტევა დაემართა. ნიკოლა ჩემია და არ მინდა, მას სხვა შეეხოს».

კლოდ ბრიულეს დახმარებით და 48-საათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, სცენარი რეჟისორს ჩავაბარე და სტუდია ბიიანკურში მუშაობა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეებში დრო თითქმის აღარ მრჩებოდა, მაინც ვახერხებდი (თუმცა, არც ვიცი, როგორ) კატრინთან შეხვედრას.

 

8 8 8

მის მშობლებს არ უნდოდათ, ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით. მაგრამ კატრინი შეყვარებული იყო და სულაც არ აპირებდა დამორჩილებოდა ვიღაცის კაპრიზებს, თუნდაც ეს ვიღაცა ღვიძლი მამა ყოფილიყო.

იანვარში მთებში უნდა გავმგზავრებულიყავი, რათა ფილმისთვის იქაური ბუნების კადრები გადამეღო. კატრინიც დავპატიჟე. ეს გადამწყვეტი ნაბიჯი იყო _ მან გამოუცხადა მამამისს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წამოვიდოდა ჩემთან ერთად, ის დართავდა ამის ნებას, თუ არ დართავდა. სრულწლოვანებამდე მას 10 თვე რჩებოდა, ამიტომ მამამ დაუთმო, რადგან მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ექნებოდა.

გადაღებებზე უამრავი ჟურნალისტი მოვიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეუძლებელი შევძელი: ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ არც ერთ ფოტოზე კატრინი ჩემთან ერთად არ გამოჩენილა. ყოფილი ჟურნალისტი ვიყავი, ამიტომ ამ პროფესიის ყველა ხრიკი მქონდა ათვისებული. ისე «ავურიე კარტები» ერთმანეთში, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ყველა დავარწმუნე იმაში, რომ ჩემს კამპანიაში მყოფი ახალგაზრდა შავგვრემანი გოგონა სულაც არ აკმაყოფილებდა ჩემს გემოვნებას.

კატრინი ისეთი თვისებებით იყო დაჯილდოებული, რომლებიც მოგვიანებით ყველამ აღიარა. ის ჭკვიანი გახლდათ, ბასრი იუმორით შეიარაღებული, რაც მე განსაკუთრებულად მომწონდა, და მიუხედავად გარეგნული ცივი გამომეტყველებისა, შინაგანად ძალიან მიმზიდველი იყო. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მისთვის ყველაზე წარმატებული და ხმაურიანი ორი ფილმი _ ჟაკ დემის რომანტიკული მელოდრამა «შერბურის ქოლგები» და ლუის ბენუელის «დღის მზეთუნახავი» გახდა.

მას მტკიცე ხასიათი ჰქონდა, რის დემონსტრირებასაც არცთუ იშვიათად ახდენდა.

სასიამოვნოდ მახსენდება სასტუმროში გატარებული დღეები. ჩვენ უბრალო ნომერში ვცხოვრობდით. მე მას ჭადრაკის თამაშს ვასწავლიდი, პოკერსაც ხშირად ვთამაშობდით. ჩვეულებრივ, ის მიგებდა ხოლმე, რადგან სულ მატყუებდა, თან ისეთი ანგელოზის სახით, როგორც პროფესიონალი მოთამაშე, თითქოს მისთვის ბლეფი უცხო ხილი ყოფილიყო.

ერთ შაბათ საღამოს პროდიუსერმა გადაწყვიტა, მთელ გადამღებ ჯგუფს სასტუმროს რესტორანში გამასპინძლებოდა, რომელიც მთის წვერზე იყო აშენებული. იქ მოხვედრა მხოლოდ საბარიგო გზით შეიძლებოდა.

კარგი დრო ვატარეთ. გვიან ღამით დავიშალეთ, მაგრამ უკან საბაგიროთი დაშვება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქარიშხალი ამოვარდა და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ფუნიკულიორი დაკეტეს. იძულებული გავხდით, იქვე დავრჩენილიყავით.

რამდენიმე ცარიელი ოთახი მსახიობებისთვის გამოყვეს, ხოლო ჯგუფის წევრები ფოიეში განთავსდნენ, სავარძლებში. მე და კატრინი საბილიარდოში განვმარტოვდით. ამერიკულ პარტიას ვთამაშობდით, როცა კარი გაიღო და ბრიჟიტი შემოვიდა.

_ ვხედავ, აქ კარგად ერთობიან, _ შენიშნა მან და, რადგან გრიგალი არ ცხრებოდა, შემოგვთავაზა, სამყაროს დასასრული აღვნიშნოთო.

მოგვეწონა იდეა. გავედით ბარში და რამდენიმე ბოთლი არაყი და წითელი ღვინო მოვიხელთეთ. მერე გემრიელად ჩავუსხედით და დავლიეთ. აღვნიშნეთ არმაგედონი და ჩვენი ბრალი სულაც არ იყო, რომ მეორე დღეს დედამიწამ არსებობა გააგრძელა.

გამთენიისას, როცა ქეიფს მოვრჩით და დასაძინებლად ვაპირებდით წასვლას, ბრიჟიტმა ყურში ჩამჩურჩულა:

_ ის შენზე ძლიერია… და იცოდე, არ დაგინახო ჩემთან მოსული, როცა უბედური იქნები.

 

8 8 8

ვილარ-დე-ლანიდან დაბრუნების შემდეგ კატრინი მშობლებთან აღარ მივიდა. ის ჩემთან, ავენიუ ეგრზე დასახლდა.

ჩემი ბინა ძალიან ლამაზი კორპუსის მეათე სართულზე მდებარეობდა. იყო დიდი და ნათელი. კოხტა აივნიდან ხელისგულივით მოჩანდა ბულონის ტყე და მთელი პარიზი. არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. ბინა თანამედროვედ მქონდა მოწყობილი, თან გემოვნებით _ სქელი ხალიჩები, ღრმა სავარძლები, დივანი და არანაირი სასადილო ოთახი. ვერასდროს ვიტანდი სასადილო ოთახებს.

სამი საძინებელი მქონდა _ ჩემთვის, ჩემი ქალიშვილის, ნატალიასთვის და მადმუაზელ მილესთვის.

კატრინმა მალევე მოირგო დიასახლისის როლი. მე ხშირად მსტუმრობდნენ მეგობრები, ხანდახან გაუფრთხილებლადაც მომადგებოდნენ, მაგრამ კატრინი ძალიან სტუმართმოყვარე აღმოჩნდა. ამასთან _ მხიარული, ურთიერთობაში გულღია. თავდაჯერებული, თავისუფალი და ცოცხალი იყო, ყველას ისე ართობდა, რომ გვიან ღამემდე არავის უნდოდა სახლში წასვლა. მასთან არ მოიწყენდი. თუმცა, იმ ადამიანებთან, ვისაც არ იცნობდა ან ახალი გაცნობილი ჰყავდა, ყოველთვის თავდაჭერილად იქცეოდა.

სწორედ იმ პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, კინოში ეთამაშა.

ცნობილი და განუმეორებელი ბრიჟიტისა და ანეტის (როჟე ვადიმის ერთ-ერთი ცოლი ხუთიდან, ასევე კინომსახიობი) ხვედრი რომ არ გაეზიარებინა, კატრინმა თავისი გზა აირჩია და თამამად მიჰყვა მას. ცოლად გამოყოლაზე უარი მითხრა და ამით თითქოს გამომიწვია კიდეც.

ამ გადაწყვეტილებით მან მიზანი დაისახა _ «ვარსკვლავი» ჩემს დაუხმარებლად გამხდარიყო. თუმცა, მე ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მსახიობად იყო დაბადებული. მთავარი ის არის, რომ ჩვენმა ურთიერთობამ დააჩქარა მისი გადაწყვეტილება, მე რაღაცნაირად კატალიზატორის როლი ვითამაშე.

 

8 8 8

კატრინს «ახალი ტალღის» რომელიღაც «უღმერთო» ფილმში შესთავაზეს როლი, თუმცა მასში რამდენიმე კარგი მსახიობი თამაშობდა. მიუხედავად ამისა, იგი ილუზიების ტყვეობაში არ მოხვედრილა. დაუღალავად მუშაობდა და სულაც არ ეძებდა დიდებას მანამ, სანამ გამოცდილებას არ შეიძენდა. თავში არ ავარდნია. პროდიუსერებმა და რეჟისორებმა დამირეკეს და გარკვეული ბარტერული გაცვლა შემომთავაზეს: «თუკი თქვენ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე დაგვთანხმდებით, მაშინ მადმუაზელ დენევის როლს შევთავაზებთ».

ამ ეტაპზე მე ვემზადებოდი ახალი ფილმის «დასვენება ომის» გადასაღებად და არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ფილმისთვის «სატანა იქ მეჯლისს მართავს» ხელმძღვანელობა გამეწია. მაგრამ ისინი არ მეშვებოდნენ. «ერთი დღე დაგვითმეთ», _ დაჟინებით მარწმუნებდნენ, _ «თქვენ გადაიღებთ კატრინთან სცენას და მორჩა. სულ ესაა, რასაც გთხოვთ». ამასთან, სრულებით არ გახსენებიათ, რას გადამიხდიდნენ.

ბოლოს და ბოლოს, კატრინის ხათრით, დავთანხმდი.

აი, ამიტომაც შეიღება კატრინმა თმა ქერად. ჟურნალისტების ნაწილი გაიძახოდა, დენევის სურს, ბრიჟიტ ბარდოს დაემსგავსოსო, ნაწილი კი მის გაქერავებას მე მაბრალებდა _ თითქოს მე ვაიძულე კატრინი, თმა ქერად შეეღება, რათა ჩემს ყოფილ ცოლს დამსგავსებოდა.

სიმართლე კი იცით, რა იყო? გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, როცა კატრინი ქერა თმით გამომეცხადა. სად გაქრა ის პატარა, საყვარელი გოგონა, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა?..

 

8 8 8

კატრინი ჩრდილოეთ საფრანგეთში გაემგზავრა გადაღებებზე, პერპინიანში, მე კი _ ფლორენციაში, ბრიჟიტთან, რობერ ოსეინთან და ფრანსის კოსნოსთან ერთად, რათა შევდგომოდი კრისტიან დე როშფორის ბესტსელერის «დასვენება ომის» ეკრანიზაციას.

ბრიჟიტმა ის-ის იყო, ითამაშა ლუი მალის ფილმში «პირადი ცხოვრება», რომლის სიუჟეტი მის საკუთარ ცხოვრებაზე იყო აგებული. თუმცა ამ ფილმში მისი ნევროზის გამოვლინების ხელოვნური ფორმები უფრო იყო გამოყენებული. რეალურ ცხოვრებაში იგი სრულიად სხვაგვარი შიშებით იყო შეპყრობილი. თუმცა, კარგი ფილმი გამოვიდა და დამსახურებული წარმატებებიც ხვდა წილად.

ბრიჟიტის პარტნიორი იყო მარჩელო მასტროიანი. პრესა მათ რომანს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ამაოდ… ამაში არც არაფერი იყო გასაკვირი _ ბრიჟიტს ყოველთვის უცნობი შემსრულებლები იზიდავდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცნობილ მამაკაც მსახიობებთან უთამაშია. მისი პარტნიორები იყვნენ: ჟერარ ფილიპი, დანიელ ჟელენი, კერკ დუგლასი, ლუი ჟურდანი, ალენ დელონი, ჟან გაბენი, ლინო ვენტურა, ჯეკ პალანსი, ენტონი პარკინსი, შონ კონერი და მათგან არც ერთი არ შეყვარებია.

ის მარტო იყო, როცა ჩვენ ფლორენციაში «დასვენება ომის» გადაღებას შევუდექით. გარეთა გადაღებებსა და სტუდიურს შორის შესვენებების პერიოდში მე თავისუფალი დღეები მრჩებოდა. ამ დროს მივემგზავრებოდი პერპინიანში, რათა დავხმარებოდი ფილმს «სატანა იქ მეჯლისს მართავს». სწორედ მაშინ ვნახე კატრინი პირველად უჩვეულოდ შეცვლილი თავისი ქერა თმით…

და გადავიღე ნეოეროტიკული სცენა მასთან ერთად…

და პირველად ვიგრძენი უხერხულობა ასეთი სცენის გადაღების დროს…

გადაღებების შემდეგ მეთევზეთა რესტორანში ვივახშმეთ. აივანზე ციოდა. ქერა და გამხდარი, ქაშმირის თხელი პულოვერით შემოსილი კატრინი შეფიქრიანებული მეჩვენა. ხმას არ იღებდა. ქარი უწეწავდა «ახალ» თმას. იყო ლამაზი და იდუმალი. არ ლაპარაკობდა ფილმზე, არ მეკითხებოდა, როგორ მიდიოდა გადაღებები ფლორენციაში, არ მომკიდა ხელზე ხელი და არ ჩამხედა თვალებში, როგორც ეს მას ჩვეოდა. «ახლა მეტყვის, რომ სხვა შეუყვარდა», _ გავიფიქრე, მაგრამ მან გვერდზე გაიხედა და ჩუმად, საყვედურით სავსე ხმით ჩაიდუდუნა.

_ მე შვილი მინდა, მე შვილი მინდა, შვილი მინდა!

ადრეც ხშირად გამოუთქვამს დედობის სურვილი, მაგრამ იმ საღამოს მივხვდი, რომ ეს მოზარდის ახირება აღარ იყო. მის ამაღელვებელ და, ამავდროულად, დარცხვენილ აღიარებაში იყო რაღაც მიწიერი, რამაც გული ამიჩქროლა და ისეთი გზნებით ამანთო, როგორც ბავშვობაში, სავოიის მთაზე ცვრიან ბალახში რომ დავრბოდი. იყო მასში რაღაც მხურვალე, უჩვეულოდ ადამიანური, რასაც მე დღემდე ვეძებ ფრანგული კინოს დიდებული «ვარსკვლავების» გამოხედვაში. მაგრამ ვერ ვპოულობ. ასე მხოლოდ მას შეეძლო _ ერთადერთს _ კატრინ დენევის.

მისი ხელი ჩავბღუჯე და ნაზად ვაკოცე პატარა თითებზე. მინდოდა მეტირა. მე კი მხოლოდ მაშინ ვტირი, როცა ბედნიერი ვარ. ის ახლა რთულ კარიერას იწყებდა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე დედობა მისთვის სულაც არ იყო აუცილებელი. მას ასეთი ცხოვრება მოსწონდა. ბედისწერამ ასე არგუნა. კატრინს შვილი უნდოდა.

 

8 8 8

ფილმის «სატანა იქ მეჯლისს მართავს» გადაღებების დამთავრების შემდეგ კატრინი ჩემთან პარიზში ჩამოვიდა. მან უფრო მეტად დაიწყო ზრუნვა თავის გარეგნობაზე. უბრალო სამოსი სახელობითმა შეცვალა. «შანელის» ქვედაბოლოებსა და ბლუზებს კაბები დაემატა. ფეხსაცმლის ყიდვის ნამდვილმა მანიამ შეიპყრო. რადგან მდიდრები არ ვიყავით და ძვირად ღირებულ ფეხსაცმელს ბევრს ვერ შეიძენდა, საკუთარი სტილი შეიმუშავა _ ფეხსაცმელს იკერავდა, ხოლო სახლიდან გასვლის წინ საათობით იჯდა სარკესთან, ძალიან დიდ დროს უთმობდა მაკიაჟს, ვარცხნილობას.

ამავდროულად, თავგამოდებით ზრუნავდა ნატალიზე (ანეტისა და ვადიმის ქალიშვილი), შეძლებისდაგვარად აკეთებდა ეკონომიას ოჯახურ საყიდლებზე და მოსამსახურესთან ყოველთვის სიმკაცრეს იჩენდა. ხანდახან, კერძს რომ დაიწუნებდა, თავად ამზადებდა ხოლმე. სხვების თანდასწრებით, ნებისმიერ სიტუაციაში, მუდამ  გაწონასწორებული იყო და თავი ხელში აჰყავდა. არადა, ბევრჯერ ჰქონია ნერვული შემოტევები, როცა თავი ვერ გაუკონტროლებია და ისტერიკაში ჩავარდნილა, ოღონდ მხოლოდ შინაურულ გარემოში.

 

 

კატრინი ხშირად ხვდებოდა თავის მშობლებს და დას, ფრანსუაზას. ის ერთი შეხედვით, ბედნიერი ჩანდა, არაფერს უკრძალავდა თავის თავს, აბსოლუტურად შეუზღუდავად ცხოვრობდა, მაგრამ მე მაინც მეჩვენებოდა, რომ მთლად ასე არ იყო, თითქოს რაღაც აკლდა მის სრულ ბედნიერებას. იქნებ იმიტომ, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან, არასდროს არიან ცხოვრებით კმაყოფილნი? ან იქნებ, როგორც ერთმა ირლანდიელმა პოეტმა დაწერა, რომლის გვარიც, სამწუხაროდ არ მახსოვს: «ბედნიერება ისეთი რამეა, რაც არ არსებობს და რომც არსებობდეს, ერთ მშვენიერ დღეს მაინც გაქრება?».

იქნებ ფიქრობდა, რომ მე საკმარისად არ მიყვარდა? არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს გამოხატავს ჩემს სათქმელს.

ამას წინათ ერთ ჩემს სამოყვარულო ფილმს გადავავლე თვალი, რომელიც ერთ ზაფხულს სან-ტროპეში გადავიღე. კატრინი კადრებში ისეთი ბედნიერი ჩანს, ისე ლაღად იცინის, მაგრამ მოულოდნელად ორ ეპიზოდში რაღაც უცნაური გარდასახვა შევნიშნე _ სულ რამდენიმე წამით თითქოს იდუმალი შიში ჩაუდგა თვალებში. ერთ ეპიზოდში ის ნატალის უხსნის, როგორ უნდა წაისვა გრიმი, რათა მასხარას დაემსგავსო, მეორე მომენტში ბრიჟიტის გვერდით ზის, რომელიც გიტარაზე დაკვრას ასწავლის.

 

8 8 8

მეგონა, კატრინი ისე გააგრძელებდა კარიერულ აღმასვლას, რომ ჩემს ფილმებში გადაღებას აღარ მოისურვებდა. არ მინდოდა, მასზეც ისე ეთქვათ, როგორც ანეტზე ამბობდნენ: «ის როჟე ვადიმმა შექმნა. მის გარეშე…» და ა.შ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემ გარეშე გაკეთებული კარიერით იგი უფრო ბედნიერი იქნებოდა. მას შეეძლო ეს, ის ძალიან ნიჭიერი იყო.

მაგრამ ფილმმა «სატანა იქ მეჯლისს მართავს» კატრინს დიდებისკენ მიმავალი გზა ვერ გაუხსნა. არც ერთ სტუდიას მისი მიწვევა თავში აზრადაც არ მოსვლია. იღებდნენ ფილმებს, მაგრამ კატრინის გარეშე, მას კი არანაირი სამომავლო გეგმები არ ჰქონდა. არ იცოდა, ვისთვის მიემართა. სხვა რა მრჩებოდა, გადავწყვიტე, ჩემს შემდეგ ფილმში დამესაქმებინა _ «მანკიერი და კეთილმოსურნე». ამ სურათში ისეთი დიდი მსახიობები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ ანი ჟირარდო და რობერ ოსეინი, ამიტომ კატრინს ფილმის მომავალ ბედზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ეკისრებოდა, მასზე არ იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად მიიღებდა მას მაყურებელი. მიუხედავად ამისა, დენევის როლი მაინც საპასუხისმგებლო იყო და ცოტათი ეშინოდა კიდეც. სამაგიეროდ, რეჟისორი ჰყავდა ფილმს ისეთი, რომელმაც იცოდა, როგორ ემუშავა დებიუტანტებთან.

ფილმის სიუჟეტი მარკ დე სადისეულ თემაზე იყო აგებული: ეს გახლდათ ორი დის თავგადასავალი, სიმბოლურად _ მანკიერის და კეთილის. მანკიერი გალაღებული ცხოვრებით ცხოვრობს, ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს, კეთილს კი მხოლოდ წყენა და ტკივილი ხვდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე. დასასრულს მანკიერი კვდება, ხოლო კეთილმოსურნე იმარჯვებს.

სიუჟეტი ვითარდებოდა ევროპაში, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში. ეს არ იყო რეალურ ამბებზე გადაღებული ფილმი, თავიდან ბოლომდე გამოგონილ სცენარზე ავაგეთ.

გადაღებების დროს კატრინის შინაგანი ბუნების კიდევ ერთი მხარე დავინახე. გადასაღებ მოედანზე ის პროფესიონალივით იქცეოდა, განსაკუთრებით მომთხოვნი იყო ტექნიკური პერსონალის _ გრიმიორების, სტილისტებისა და მხატვრების მიმართ. მასზე ცოტა არასამართლიანადაც ლაპარაკობდნენ: «თავი ვარსკვლავი ჰგონიაო». ის ჩემთან დამჯერი იყო, ყველაფერს მორჩილად ასრულებდა, რასაც ვეტყოდი, თუმცა თავისი პრინციპებიც ჰქონდა, რომელსაც არავის გულისთვის არასდროს გადაუხვევდა. ეს თვისება მე ადამიანის მთავარ ღირსებად მიმაჩნია, მაგრამ მან ძალიან ადრე და ძალიან მწვავედ გამოაჩინა იგი.

გადაღებები მიმდინარეობდა სუიაკში, ერთობ სასიამოვნო და ხმაურიან ატმოსფეროში. იქ ბევრი ჩემი მეგობარი იმყოფებოდა: ჟან-მიშელ ლაკორი, სერჟ მარკანი, პოლ ჟეგოფი, რომელიც ესესელ სადისტს თამაშობდა, რომელსაც ერთ-ერთი თავისივე მსხვერპლი დაჩეხავს (ჟეგოფი, ძალიან ნიჭერი სცენარისტი, 1985 წელს მართლაც დაჩეხა… საკუთარმა ცოლმა), რობერ ოსეინი და უამრავი ახალგაზრდა მსახიობი ქალი, ერთიმეორეზე ლამაზი, რაც, ცოტა არ იყოს, ცდუნების წინაშე გვაყენებდა მამაკაცებს. ყოველი საღამო მათი თანხლებით ნამდვილ დღესასწაულად გვექცეოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, მე მაინც კატრინის ერთგული ვრჩებოდი.

ის ადრე წვებოდა ხოლმე და ჩვენს საღამოებში არ მონაწილეობდა. ეს ამბავი ძალიან მაოცებდა, რადგან მას მუდამ უყვარდა გართობა და დროსტარება. მოგვიანებით მივხვდი _ იგი ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თავის პროფესიას…

 

8 8 8

მარკ ალეგრე იღებდა ფილმს «პარიზელები», რომელიც ოთხი ისტორიისგან შედგებოდა. მასში ნაჩვენები იყო სხვადასხვა ასაკის და სოციალური ფენის პარიზელების ნაკლოვანება, ღირსება და მომხიბვლელობა. მარკმა მთხოვა, ერთ-ერთი თავისი ნოველა მე გადამეკეთებინა სცენარად და დიალოგებიც მომეფიქრებინა. ამ ნაწილში კატრინს უნდა ეთამაშა მთავარი როლი.

რა თქმა უნდა, დავწერე სცენარი და მშვენიერიც გამოვიდა.

კარგა ხანს ვეძებდით მსახიობს, რომელიც დენევის პარტნიორის როლს შეასრულებდა. მარკს მომღერალი ჯონი ჰოლიდეის კანდიდატურა შევთავაზე, რომელმაც იმ პერიოდში შეაშფოთა კონსერვატორული პუბლიკა და კრიტიკოსებიც, საფრანგეთში ელვის პრესლის სტილის დამკვიდრების გამო. თუმცა, ნელ-ნელა უკვე ხდებოდა მისი ნიჭის აღიარება და ალეგრემაც მოიწონა მისი კანდიდატურა. შემდეგ პროდიუსერს დაველაპარაკეთ და ისიც დავითანხმეთ.

ნათქვამია, ვინ არის შენი მტერი და შენი ენაო… ახლა მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მოგვიანებით ვინანე კიდეც ჯონის რომ რეკომენდაცია გავუწიე. რას ვიფიქრებდი, რომ მისი და კატრინის რომანი სტუდიის გარეთაც გაგრძელდებოდა…

ქვეყანაზე არაფერი მიკვირს. შეიძლება ბევრი რამ ავიტანო, ბევრი რამ ვაპატიო საყვარელ ადამიანს, მაგრამ თუკი ერთხელ შემეპარა ეჭვი, რომ მატყუებს, შეუვალი ვხდები. ბევრი მამაკაცისა და ქალისგან განსხვავებით, მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე, ვიდრე ჩუმმა ეჭვის ჭიამ დამღრღნას. გავუგებ, თუკი გულწრფელად მეტყვის, რომ სხვა შეუყვარდა, რომ მე ძველებურად აღარ ვაღელვებ… პირველი შოკის შემდეგ შემიძლია ყველაფერი დავივიწყო და ვაპატიო. და რაც უფრო ადვილად ვპატიობ, მით მეტად ვენდობი შემდეგ ასეთ ადამიანს. სწორედ ეჭვია, ოჯახურ ურთიერთობებს რომ ანგრევს და არა ღალატის გულწრფელად აღიარება.

რადგანაც ეჭვი მქონდა, ერთხელაც, როცა შინ დავბრუნდით, კატრინს პირდაპირ, მოურიდებლად ვკითხე:

_ შენ გიყვარს იგი?

_ რა სულელი ხარ, _ წარბშეუხრელად მიპასუხა, _ ის კარგი მეგობარია, მეტი არაფერი…

არადა, იტყუებოდა, თანაც… თამამად… მე კი მინდოდა, სიმართლე ეთქვა… ასე უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის, რადგან სწორედ ამ თამამი ტყუილის შემდეგ აღარ ვენდობოდი…

მე კი სწორედ ასეთი ფორმულირება მეჩვენებოდა ყოველთვის ყველაზე საეჭვოდ. თუკი კატრინი ეჭვიანობდა, ეს უკავშირდებოდა არა ჩემს ქალებში სიარულს ან დაგვიანებებს (მე გამოუსწორებელი ვიყავი ამ მხრივ, ღამის 11 საათზე ადრე არ შევდიოდი სახლში, როცა ვიცოდი, რომ ვახშმად მელოდებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, დილის ხუთ საათზე დავბრუნებულვარ), არამედ ჩემს დამოკიდებულებას სუსტ სქესთან, მათთან მოქცევის ჩემეულ მანერას, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა მას და ისტერიკაში აგდებდა.

არადა, ბევრსაც ითმენდა, ცოდვა აღიარებული ჯობია. ძალიან ბევრჯერ შეუკავებია თავი, რომ ნერვები არ აშლოდა. მიმიცია საბაბი, მაგრამ არა იმით, რომ მას ვუღალატე, უბრალოდ, მე ბოჰემური ცხოვრება მიზიდავდა და მისი კაპრიზების გამო მასზე უარის თქმას არ ვაპირებდი.

თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. მას დღითიდღე უფრო უჭირდა ჩემი თავისუფლების ატანა, ამიტომ მოუხშირა ბუზღუნს და საყვედურებს. იმისთვის, რომ სკანდალი ამეცილებინა თავიდან, მისთვის ტყუილის თქმა მიწევდა, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა…

 

8 8 8

რამდენჯერ უკითხავთ ჩემთვის ჟურნალისტებს და შემთხვევით გაცნობილ ადამიანებსაც: «ბოლოს და ბოლოს, რა ნახეს შენში ასეთი ბრიჟიტ ბარდომ, კატრინ დენევიმ ან ჯეინ ფონდამ?»

ერთი ნაწილის აზრით, მე ლოგინში ვიყავი მაგარი და ამით გავაგიჟე ეს ქალები. მეორე ნაწილი ვარაუდობდა, რომ მე მხოლოდ შუამავალი ვიყავი მათი წარმატებების მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, მესამენი კი ჩემში ჯადოქარს ხედავდნენ, რომელსაც ქალების მონუსხვა და მოჯადოება შეუძლია. ჩემი რეპუტაცია ხომ საერთოდ! ერთიმეორის გამომრიცხავი თვისებებით მახასიათებდნენ _ ჩემზე ამბობდნენ, რომ ცინიკოსი მანიპულატორი ვიყავი, რომელიც ჰედონისტურ სიამტკბილობას ეძებს, ან პირიქით, როჟე ვადიმი გახლდათ მამაკაცი, რომელსაც ბოლოს ყოველთვის  ტოვებდნენ ქალები _ ბევრად ლამაზები და ნიჭიერები, ვიდრე თვითონ იყო.

შევეცადე, ჭეშმარიტება დამედგინა: თუმცა, არც ისე ადვილია, ილაპარაკო საკუთარ თავზე, თანაც სრულიად ობიექტურად. ასევე, უხერხულია, აქო და ადიდო შენი თავი.

ჰოდა, ასეთ დროს რატომ არ უნდა გამოვიყენო კატრინის დახასიათება? აი, რას ამბობს იგი ჩემზე 1963 წელს «ჟურ დე ფრანსისთვის» მიცემულ ინტერვიუში.

კითხვა: _ რითი მოგხიბლათ ვადიმმა?

კატრინი: _ თავისი მომნუსხველობით. ეს ის თვისებაა, რომელიც განსაკუთრებით აღელვებს ქალს მამაკაცში. ღიმილითაც კი განსაკუთრებულად იღიმის, გაჯადოებს, თან ხმა აქვს რაღაც იდუმალი, ჟღერადი… ამასთან, ჭკვიანია, რასაც ძალიან ვაფასებ. მამაკაცის ხიბლი სილამაზით არ აიხსნება, მით უფრო _ ახალგაზრდობით. სწორედ ეს ანიჭებს მათ უპირატესობას.

კითხვა: _ რა მორალური თვისებები გაკავშირებთ მასთან განსაკუთრებულად?

კატრინი: _ კეთილშობილება. არ ვგულისხმობ იმას, რომ გადაყოლილი მეგობარია და ფინანსურად ეხმარება თავის ახლობლებს, მხედველობაში მაქვს მისი შინაგანი ბუნება, მისი სულის გამოძახილი, რაც აიძულებს მას, ადამიანებში მხოლოდ კარგი დაინახოს. ვადიმს შეუძლია ნებისმიერი გაამართლოს, რაც უნდა ცუდი საქციელი ჩაიდინოს. მოსამართლე რომ ყოფილიყო, საშინელება იქნებოდა: შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებისას უამრავ რამეზე დახუჭავდა თვალს და ბრალდებულს გაამართლებდა. მე ნაბიჯსაც არ ვდგამ მისი ნებართვის გარეშე. ყოველთვის ვეკითხები რჩევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩემს გარდერობს ან მაკიაჟს ეხება. სწორედ მან ჩამინერგა ისეთი ფერების სიყვარული, როგორიცაა თეთრი, შავი, ვარდისფერი და კრემისფერი, სწორედ მან შემაყვარა ვიწრო ქვედაბოლოები და ნატურალური აბრეშუმი.

 

ახლა ვნახოთ, რას ამბობს კატრინი ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ «მარი კლერში» დაიბეჭდა 1963 წლის მაისში.

_ ვადიმი ყველაზე ერთგული მამაკაცია, რომელსაც კი ოდესმე ვიცნობდი. ხალხს ეცინება, როცა მე ამას ვამბობ. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ამბობენ: «ეჰ, ვადიმ, ვადიმ… ქალები ყოველთვის გარბიან მისგან, ამიტომაც ცოტათი შეშინებულია კიდეც «. არადა, მე ვიცნობ ვადიმს. მას არაფრის ეშინია. არც კი ვიცი, სინამდვილეში როგორ იყო _ ვინ ვის გაექცა. განა შეიძლება გაექცე ვინმეს, როცა ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ თავად მიგატოვონ?»

კატრინი «საქმეში ბევრად ჩახედული ფსიქოლოგი» აღმოჩნდა, ვიდრე ჟურნალისტები ან ის ქალები, რომლებიც მის გამოჩენამდე იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ დღეს მას ცოტათი შეეცვალა ჩემზე წარმოდგენა. მაგრამ როგორ გინდა, თავი შეიკავო ასეთი კომპლიმენტებისგან?

8 8 8

არავინ იცოდა (გარდა ოჯახისა და ახლო მეგობრებისა), რომ ჩვენ კინაღამ დავქორწინდით. მას თავისებური შეხედულება ჰქონდა ოჯახურ ურთიერთობაზე. უპირატესობას თავისუფალ სიყვარულს ანიჭებდა და ყოველთვის აღიზიანებდა შეკითხვა: «ვადიმი ბრიჟიტ ბარდოსა და ანეტზე დაქორწინდა, თქვენზე რატომ არა?» თუმცა, ამას არასდროს იმჩნევდა. როცა გადასაღებ მოედანზე ბრუნდებოდა, შეყვარებული ქალის თბილი ღიმილი ყოველთვის ბუნებრივად უთამაშებდა ტუჩებზე და არა ხელოვნურად.

რაც უნდა იყოს _ დაფარული თუ ნამდვილი მიზეზი, ფაქტი ფაქტად რჩება: ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ.

ტაიტიზე უნდა გავმგზავრებულიყავი, სადაც პოლ ჟეგოფი თავისი რეჟისორობით პირველ ფილმს იღებდა. ის ძალიან ნერვიულობდა და მთხოვა, გადაღებების დროს მის გვერდით ვყოფილიყავი. კატრინსაც გაუხარდა. მას დედამიწაზე ტაიტიზე უფრო რომანტიკული ადგილი ვერ წარმოედგინა დასაქორწინებლად. რა ჯობდა იქ თაფლობის თვის გატარებას.

თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, მისმა მშობლებმა დაჟინებით მოითხოვეს, ჯერ საქორწინო კონტრაქტი გაგვეფორმებინა და ჯვარი მერე დაგვეწერა.

ასეც მოვიქეცით.

სენ მიშელის მოედანზე, ნოტარიუსის კაბინეტში შევიყარეთ ერთ დღესაც მე, კატრინი, ბატონი დორლეაკი და ქალბატონი დორლეაკი. ეს იყო საზიზღარი შენობა, მტვრიანი და სიძველის სუნით გაჟღენთილი, სადაც მაგიდაზე ერთიმეორის მიყოლებით უამრავი დანაგვიანებული საქაღალდე გორებად ეწყო.

ნოტარიუსის მაგიდის ირგვლივ ნახევარწრის ფორმით ელაგა ხავერდგადაკრული სკამები, რომლებზეც ოთხივე დაგვსხეს. ნოტარიუსის მონოტონური ხმა, საქორწინო ხელშეკრულების პირობებს რომ კითხულობდა, საშინლად მადუნებდა. ლამის ჩამეძინა და ძილბურანში მყოფს ჩამესმოდა, რა უნდა მოგვემოქმედებინა მე და კატრინს განქორწინების შემთხვევაში, რას ითვალისწინებდა ქონების გაყოფისას დაზღვევის პირობები, როგორ უნდა გაგვეყო ოქრო, ვერცხლი, ყველანაირი სიმდიდრე, რომელიც მე არ გამაჩნდა. ერთი ასეთი ფრაზა იყო: «გარდაცვალების შემთხვევაში სამზარეულოს კუთვნილი ქონება დარჩება მეორე ნახევარს სრულ საკუთრებაში». სწორედ ამ ფრაზამ გამომაფხიზლა და შევხტი. «სამზარეულოს კუთვნილი ქონება» _ ეს უკვე მეტისმეტი იყო.

_ და საფერფლეები? _ დავიყვირე უცებ, _ თქვენ საფერფლეები დაგავიწყდათ!

კატრინი საერთოდ ყოველთვის კარგად იგებდა იუმორს და თვითონაც არაჩვეულებრივად ხუმრობდა, მაგრამ ამჯერად მან ისე დამიბღვირა, მივხვდი, რა შეცდომაც დავუშვი. მისი მშობლების თანდასწრებით არ უნდა მეოხუნჯა.

 

8 8 8

მეგონა, ტაიტური სიმღერები და მისი ლაგუნის ზურმუხტისფერი ტალღები დამავიწყებდა «სამზარეულოს კუთვნილ ქონებას»…

ჩავედით ნიუ-იორკში და სასტუმრო «ჩარი რიზერლენდში» დავბინავდით.

წვიმიანი საღამო იყო. კატრინი საწოლზე ჩამომჯდარიყო და ყუთებიდან ახალ ნაყიდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ალაგებდა, რომელიც სრულიად შეუფერებელი და არაპრაქტიკული იყო მარჯნის რიფებზე გასასეირნებლად. მაგრამ არ დამიჯერა და ბოტასს, რომელიც მე ვურჩიე (და მეორე დღეს მაინც იყიდა), ესენი ამჯობინა. სასტუმროს მე-17 სართულიდან ცენტრალური პარკის მოშრიალე ხეებს დავყურებდი, ტელეფონმა რომ დარეკა. ყურმილი ავიღე. ანეტი აღმოჩნდა.

_ პიუფელ (მეტსახელი, რომელიც ანეტმა შეარქვა ქმარს და რომელიც გერმანულად «ბეღურას» ნიშნავს)! მე ვიცი, რომ შენ დედაჩემის გაშაყირება გიყვარს. საწყალს სჯერა, რასაც ამბობენ.

_ რა გაშაყირება? _ ვერ მივხვდი.

_ ქორწილზე გეუბნები, ტაიტიზე რომ აპირებ.

_ ეს შაყირი სულაც არ არის, _ მწყრალად ვუპასუხე.

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, თან ისეთი, რომ მეგონა, გაგვთიშეს.

_ შენ არ შეგიძლია მასზე დაქორწინება, _ გაისმა ბოლოს ანეტის მბრძანებლური ხმა.

ჩემი ყოფილი ცოლი დარწმუნებული იყო, რომ კატრინი ჩემთან მხოლოდ კარიერისტული მიზნებით ცხოვრობდა. დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ არც მე მიყვარდა იგი და მასთან მხოლოდ იმიტომ გავაბი რომანი, ანეტთან დაშორების ტკივილი გამენელებინა.

_ შენ უბედური იქნები, დამიჯერე. მე შენ მიყვარხარ და იმიტომაც გეუბნები ამას და ყოველთვის შეგიშლი ხელს, რომ ასეთი სისულელე არ ჩაიდინო.

_ რას ეძახი სისულელეს? _ გავღიზიანდი.

_ შენ მას არ უყვარხარ! არც შენ გიყვარს! ამიტომ თავს ნუ გაიუბედურებ. ვიცი, რასაც ვამბობ და ოდესმე გაგახსენებ ამას!

_ ანეტ! _ ვცადე, გამეჩერებინა, მაგრამ ამაოდ.

_ თუკი შენ მასზე დაქორწინდები, _ აგრძელებდა გაცხარებული, _ მე ნატალის წამოვიყვან (იმ პერიოდში არდადეგები იყო და ბლოშკა, ასე ვეძახდი ჩემს ქალიშვილს, დედასთან გაემგზავრა) და ამას სრული სერიოზულობით გპირდები. შეიძლება ახლა ძალიან ბრაზდები ჩემზე, მაგრამ მოვა დრო და ამისთვის მადლობას მეტყვი.

როცა ყურმილი დავკიდე, კატრინს სიტყვასიტყვით გავუმეორე ანეტის ნათქვამი ფრაზები.

_ გგონია, შეუძლია თავისი მუქარის შესრულება? _ მკითხა მან.

_ სრულიად დარწმუნებული ვარ.

კატრინმა იცოდა, როგორ ვიყავი ნატალიზე მიჯაჭვული, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა და შემომთავაზა, დროებით გადაგვედო დაქორწინება. ვიცი, რომ მაშინ არა «დროებით», არამედ «სამუდამოდ» გაიფიქრა.

იმ საღამოს ამის მეტი ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის, არანაირი საყვედური, არანაირი დაჩივლება… შემდეგ დღეებშიც სრულიად მშვიდად იყო, პოლინეზიაში ყოფნის პერიოდშიც არ უხსენებია ჯვრისწერა, არც ანეტი… ისე ჩამთავრდა გადაღებები, ამ თემას ერთხელაც არ მივბრუნებივართ. მეც პირში წყალი ჩავიგუბე, ვერ გეტყვით, რატომ. ის კი არა, მიხაროდა კიდეც, რომ კატრინი აღარ ახსენებდა დაქორწინებას.

მაგრამ მგონია, რომ მან დღემდე არ მაპატია ჩვენი არშემდგარი ქორწინება.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ ვცდილობ, ჩემს თავში გავერკვე. რა თქმა უნდა, მაშინ ჩემი ქალიშვილის დაკარგვის შიშით დავიხიე უკან, რომ არ ჩამოერთმიათ ჩემთვის მისი აღზრდის უფლება და ამის გამო არ ჩავები შანტაჟით გაჩაღებულ ბრძოლაში, რომლითაც ყოფილი ცოლი მემუქრებოდა. მაგრამ ბოლომდე რომ ჩავეძიები ხოლმე ჩემს თავს, აღმოვაჩენ, რომ «სამზარეულოს კუთვნილმა ქონებამაც» არანაკლები როლი ითამაშა.

 

 

«მეომრის შვებულებას» უდიდესი წარმატება ხვდა წილად, სამაგიეროდ, «მანკიერი და კეთილმოსურნე» არ მიიღო მაყურებელმა, პრემიერას სტვენით შეხვდნენ. ფრანგებს ჯერ კიდევ ვერ მოეშუშებინათ ნაცისტური ოკუპაციის წყლულები და ისტორიიდან გადახვევა არ მაპატიეს. ეგ კი არა, წინააღმდეგობის ასოციაციის ყოფილმა წევრებმა ფილმის აკრძალვაც კი მოითხოვეს. ორი წელი მოცდამ მომიწია, სანამ სურათს სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში გავიტანდი და, ცოტა არ იყოს, შვებით ამოვისუნთქე, როცა ფილმმა დადებითი შეფასება მიიღო.

ამ ჩავარდნას კატრინის კარიერაზე სრულიად არ უმოქმედია. იგი მალევე მიიწვიეს «პარიზელების» გადაღებაზე. მაგრამ თვითონ ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, მაყურებელმა მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი ასე რომ მიიღო. გარდა ამისა, ამ ამბიდან ოცი წლის შემდეგ აღმოვაჩინე (იმ წერილიდან, რომელიც კატრინმა ამას წინათ გამომიგზავნა), რომ მან არც მე მაპატია ფილმის წარუმატებლობა. ეს მისი ხასიათია _ არაფერს გაგრძნობინებს, მაგრამ წყენას წლების განმავლობაში გულში ინახავს.

«პარიზელები» პუბლიკას მოეწონა და კატრინზე, როგორც მომავალ ვარსკვლავზე, აქტიურად ალაპარაკდნენ.

მოგვიანებით ჩემმა მეგობარმა, პოლ ჟეგოფმა შესთავაზა მას, ეთამაშა მის შემდეგ ფილმში «მიქცევა». კატრინმაც უარი ვერ უთხრა, შენს მეგობარს როგორ ვაწყენინოო, გამიღიმა. სურათის გადაღება ტაიტიზე უნდა მომხდარიყო, თუმცა იგი დიდი ხალისით არ შეხვედრია ამ ამბავს.

გადაღებები პაპეეტეში იყო დაგეგმილი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ჩვენ «კინაღამ» დავქორწინდით. იქ კი საოცრად სულელური ამბები დატრიალდა. კატრინი ისე დაიწვა მზეზე, ციება დაეწყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი კანი გადაძვრა და საშინელი სანახავი გახდა.

პოლ ჟეგოფს სცენარის შეცვლამ მოუწია. იგი იძულებული გახდა, კატრინის ნაცვლად როლზე ადგილობრივი ლამაზმანი მოეწვია. პროდიუსერს არ ჰქონდა თანხები, რომ პარიზიდან სხვა მსახიობი გამოეძახა.

მამაკაცის როლებს ასრულებდნენ ფრანკო ფაბრიცი, კრისტიან მარკანი და მიშელ სიუბორი. პოლი უცნაური რეჟისორი იყო, თევზაობა უფრო იტაცებდა, ვიდრე მსახიობებთან მუშაობა. სამაგიეროდ, ჩემი დიდი იმედი ჰქონდა.

გემით მგზავრობისას, შუა ზღვაში, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. კაიუტაში შევიყუჟეთ ყველანი. მე და კატრინი, უსაქმურობის გამო, საწოლზე წამოწოლილები უაზროდ ვლაყბობდით. მოულოდნელად იგი ჩემკენ გადმობრუნდა, ჩემი თავი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა. დიდხანს მიყურა, ძალიან დიდხანს. მერე რაღაც მითხრა, მაგრამ ვერ გავიგონე. ქარის ქროლვაზე გემი ისე ჭრიალებდა, ვერაფერს გაიგონებდა კაცი.

_ რა თქვი? _ ჩავეკითხე.

_ ჩვენ შვილი გვეყოლება! _ გამომიცხადა.

არ ვიცი, როგორ აგიხსნათ… ძალიან უცნაური სიხარული იყო, დავმუნჯდი. მართალია, შვილი უკვე მყავდა, მაგრამ კიდევ ერთის ყოლა ვგრძნობდი, მეტი სიამოვნება იქნებოდა.

ორსულობამ კატრინი სრულიად შეცვალა. ისეთ კონტრასტულ ბუნებას აჩენდა, მიკვირდა, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე-მეთქი. იყო ისეთი დღეები, როცა იგი ადრე დგებოდა, ნატალი სკოლაში მიჰყავდა, შემომირბენდა სტუდიაში, რათა მოვეკითხე და აუცილებლად ეკოცნა, მიდიოდა ბაზარში გუსტავის (იუგოსლავი მზარეულის) ნაცვლად, რათა მას ფული არ მოეტეხა, ალაგებდა სახლს, რწყავდა ყვავილებს. შუაღამისას კი, როცა მე იგი ძლიერ დაღლილი მეგონა, დამიძახებდა, რომ რამდენიმე კათხა ლუდი ერთად დაგველია.

ან კიდევ მთელი დღე შეეძლო ელაყბა ელიზაბეტ ტეილორთან, ფრანსუაზა საგანისთან, ტრუმენ კაპოტთან, კუინი ჯონსთან ან თუნდაც, დასასვენებლად ჩამოსულ მინისტრებთან. თუ არადა, მთელი დღე იწვა, ეძინა, ხმას არ იღებდა, უხასიათოდ იყო. მერე კვლავ ახალი «გასვლები» ეწყებოდა. ლაშქრავდა მაღაზიებს და უამრავ უაზრო, არაფრის მაქნის ნივთებს ყიდულობდა. საშინლად მეჯავრებოდა მაღაზიებში სიარული, მაგრამ მას ხათრს ვერ ვუტეხდი, არ მინდოდა ორსული ქალისთვის მეწყენინებინა. უცნაური ის იყო, რომ კატრინი საბავშვო მაღაზიებს ისე შემოივლიდა, არაფერს ყიდულობდა, მხოლოდ ათვალიერებდა ნივთებს, სამაგიეროდ, შინ რამდენიმე წყვილი ახალი ფეხსაცმლით «გამდიდრებული» ბრუნდებოდა. ის ყოველთვის ცდილობდა თავისი გარდერობის განახლებას, განსაკუთრებით ფეხსაცმელებით.

ამასთანავე, არც მე ვამბობდი ჩემს მავნე ჩვევებზე უარს. ერთხელ სტუდიის ბარში მომიწია დარჩენამ, ჩვენი ასისტენტი, ჟან მიშელ ლაკორი წვეულებას მართავდა, ამიტომ დავურეკე კატრინს და ვუთხარი.

_ ცოტა განტვირთვა მჭირდება. არ დამელოდო, გვიან მოვალ.

პასუხად ყურმილი დამიხეთქა. მე კი ძარღვიც არ შემტოკებია. მივეჩვიე მის გამოხდომებს, ის კი ვერ მიეჩვია ჩემს ღამის «ექსკურსიებს».

ცოტა რომ შევთვერით ბიჭები, უკეთესი გართობა მოგვინდა და ელისეის მინდვრებზე მდებარე ბარ «სექსისს» მივაშურეთ, სადაც ერთი ძალიან ლამაზი გოგო ძალიან ლამაზ სტრიპტიზს ცეკვავდა. პოლ ჟეგოფი და კრისტიან მარკანიც შემოგვიერთდნენ. კარგა ხანს დავყავით იქ, მერე კი «პიგალში» გადავინაცვლეთ, სადაც კინაღამ ჩხუბი მოგვივიდა რომელიღაც სუტენიორთან შამპანურის გამო. იქიდან გამოსულებმა «ესკარგოში» ამოვყავით თავი, მწვანე სუპის დასაგემოვნებლად და განთიადსაც იქ შევხვდით. უნდა ვაღიარო, რომ მშვენიერი დრო ვატარეთ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა სრულიად გულწრფელად ვთქვა, რომ კატრინისთვის არ მიღალატია.

 

8 8 8

როცა კატრინი გავიცანი, ორი მიზანმიმართული ოცნება ჰქონდა _ გამხდარიყო დედა და გამხდარიყო მსახიობი. ახლა, როცა ერთსაც მიაღწია და მეორესაც, თითქოს გაიფურჩქნა. ის დაბადებული იყო იმისთვის, რომ სხვები ემართა. ცხოვრებაზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, რომელსაც უნდა დამორჩილებოდნენ ადამიანებიც და მოვლენებიც. ის ზედმეტად თავდაჯერებული გახლდათ. ეგონა, რომ ყოველთვის თვითონ იყო მართალი და შეეძლო ყველასთვის ბედნიერება მოეტანა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, როგორც თავად სურდა. ყველა მის ნებას უნდა დაჰყოლოდა. ის ჭკვიანი იყო, თუმცა იუმორის გრძნობას მოკლებული. სამაგიეროდ, ისე შეეძლო თავი წარმოეჩინა, რომ ადამიანები უმალ იხიბლებოდნენ მისით. ამიტომაც სანამ საშიშროების წინაშე დადგებოდნენ, მართლაც რომ ყველანი ემორჩილებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მის ყოველ შემოთავაზებაზე არ იყო საჭირო «ჰოს» თქმა. ძალიან იშვიათად მინახავს ეს რკინის ხასიათის გოგონა უძლური და სასოწარკვეთილი.

როცა იგი თავისი ხასიათის გამოვლინებას იწყებდა, მე ვიმალებოდი. სულაც არ მინდოდა, ვინმეს მოვეთვინიერებინე, ამიტომაც თავს ვარიდებდი, ეს კი ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვას იწვევდა.

ვერ გეტყვით, მართლა იყო თუ არა ყოველთვის მართალი, თუმცა, თვითონ ასე ეგონა. როგორც ხდება ხოლმე, ორ მოკამათე ადამიანს, თავისებურად, თავისი გამართლება აქვს. მე კი არ დავიწყებ თავის მართლებას, იმიტომ, რომ არ ვიცი, როდის ვიყავი მართალი და როდის ვტყუოდი. აშკარა მხოლოდ ერთი რამ გახლდათ _ კატრინი შეიცვალა. უფრო სწორად, მასში იმ თვისებებმა გაიღვიძა, რომელსაც აქამდე ეძინა.

ამავდროულად, არ ივიწყებდა თავის კარიერას, ხვდებოდა რეჟისორებს და პროდიუსერებს. ერთხელაც თავისმა დამ ჟაკ დემი გააცნო, რომელსაც დაუმეგობრდა…

 

8 8 8

აპრილში ლაპლანდიაში გავემგზავრე, რათა იქაური ბუნება გადამეღო ფილმისთვის «ციხესიმაგრე შვედეთში», ფრანსუაზა საგანის კომედიის მიხედვით. შვიდი თვის ორსული კატრინი პარიზში დარჩა. შემდეგ გადაღებები პარიზში გაგრძელდა, ბიიანკურის სტუდიაში. ამასობაში მშობიარობის დრომაც მოუწია. მე ფილმს ვიღებდი, მაგრამ გამუდმებით მასზე ვფიქრობდი.

18 ივნისს ცნობა მივიღე: «კატრინ დენევი ნეიის ამერიკულ ჰოსპიტალში წევს». შევშფოთდი და მაშინვე დავრეკე.

_ რა ხდება, კატრინ? ცუდად ხარ?

_ ხვალ ელოდებიან, _ მშვიდი ხმით მიპასუხა.

_ ხომ არ გართულდა რამე?

_ არა, არაფერი, ნუ ნერვიულობ.

ცოტათი მომეშვა გულზე, მაგრამ მთელი გულისყური იქითკენ მქონდა, როგორ წარიმართებოდა მშობიარობა, არ ვიცოდი.

ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. სამი საათის შემდეგ კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე. ამჯერად დამირეკეს და მახარეს.

_ ვაჟი შეგეძინათ, ბატონო ვადიმ. გილოცავთ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

მუშაობის გაგრძელება უკვე აღარ შემეძლო. ჟან მიშელს გადავაბარე საქმე, ვთხოვე, შენ დაამთავრე გადაღება-მეთქი და ჰოსტიპალში გავქანდი.

ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი…

გაფითრებული იწვა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ბრწყინავდა. ოფლისგან თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. მას გულზე მიეხუტებინა კრისტიანი, რომელიც მხოლოდ ერთი საათის იყო. გოგონა უკვე მყავდა, ამიტომ მიხაროდა, ვაჟიც რომ შემეძინა. აღელვებული შევყურებდი ჩვილს, ხმას ვერ ვიღებდი. კატრინმა გამიღიმა.

_ ეს ბავშვია. იცი, რას ნიშნავს ბავშვი? არიან ასეთი არსებები, რომლებიც ძუძუს წოვენ, რომლებსაც უცვლიან საფენებს და იზრდებიან ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

ამ დროს ექთანი შემოვიდა ბავშვის გასაყვანად. მე ფრთხილად ავიყვანე ხელში კრისტიანი, დანაოჭებულ შუბლზე ვაკოცე და ექთანს გადავეცი.

_ ნაოჭები უნდა მოვაშოროთ, _ გავიხუმრე და კატრინის ხელი მუჭში მოვიქციე.

ჩვენ უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს და მზერით ვაიმედებდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. სითბო ჩამეღვარა სხეულში, თითქოს სული გამითბა. დიდი ხანია, ასე კარგად არ მიგრძნია თავი.

მაშინ არ ვიცოდი, რომ 18 წლის ასაკში კრისტიანი ისეთივე ლამაზი მამაკაცი დადგებოდა, როგორც დედამისი იყო, მაგრამ ახალშობილი საშინლად გამოიყურებოდა.

 

8 8 8

კრისტიანი ორი თვის გახდა. ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა მისი კალთაში ჩასმა. თავსაც კი ვერ იმაგრებდა. მძიმე თავი ჰქონდა, ხან წინ გადმოუვარდებოდა მკერდისკენ, ხანაც უკან. გამუდმებით მეშინოდა, კისერი არ გადაუტყდეს-მეთქი.

ერთ საღამოს ვან ფოგტის რომანს ვკითხულობდი. ეს მწერალი ჩემთვის გამორჩეულია თავისი ფანტასტიკური ნაწარმოებებით. სწორედ ამ დროს ბავშვის ოთახიდან უცნაური ხმები შემომესმა. შევეცადე, კატრინი არ გამეღვიძებინა და ფეხაკრეფით გავედი კრიასტიანის საძინებელში. დერეფნიდან ოთახში მთვარის შუქი უცნაურ ლანდებს ქმნიდა და რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელები ხომ არ შემოიპარნენ კრისტიანის გასატაცებლად-მეთქი, მით უმეტეს, ფანტასტიკას სწორედ იმ მომენტში ვკითხულობდი. არადა, კრისტიანი ჭუჭყუნებდა და ცდილობდა, ფეხის თითები პირში ჩაედო, ეს იყო და ეს.

იმ ღამის შემდეგ კრისტიანს მარსიანელი შევარქვი. ეს აღიზიანებდა კატრინს, რომელიც თავის პირმშოს დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზ პატარად აღიქვამდა. რამდენიმე თვის შემდეგ მარსიანელი მართლაც ძალიან ლამაზ ბიჭუნად გადაიქცა.

ჩვენ სან-ტროპეში ვცხოვრობდით, პამპელოანეს სანაპიროსთან ახლოს. სახლი პირდაპირ პლაჟს გადაჰყურებდა. ივლისის მზე, სტუმრად მოსული მეგობრები, ვახშამი აივანზე, გასეირნება ნავებით, ბავშვი, რომელსაც მე და კატრინი ვაღმერთებდით, ნატალის მხიარული შეძახილები ვარდებითა და ლილიებით გაფურჩქნილ ბაღში, მიმოზებისა და ევკალიპტების სურნელი _ ყველაფერი ეს ბედნიერების აღქმის შეგრძნებას ბადებდა. არადა, ამდენი არასდროს გვიჩხუბია. იმედი, რომ კრისტიანის გაჩენა ორივეს დაგვაახლოებდა, არ გამართლდა. უფრო და უფრო მიძნელდებოდა კატრინის ინტელექტუალური და ოჯახური საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობის ატანა. ის მაყვედრიდა, რომ მეგობრები მხოლოდ გასართობად მოდიოდნენ ჩემთან და მეც ხშირად ვიკარგებოდი ღამღამობით, რომ ვიყავი არაორგანიზებული და ოჯახზე არ ვფიქრობდი. უკვე თითქმის ყოველდღე მატყუარას მეძახდა. თავდაპირველად ვცდილობდი, რაღაც-რაღაცებზე თვალი დამეხუჭა, მაგრამ ბოლოს მომბეზრდა, აღარ მინდოდა ცხოვრებაში მხოლოდ შავი და თეთრი ფერები დამენახა. უნდა ვაღიარო, რომ სიტყვა «ჭეშმარიტების» ჩემეული ფორმულა ცოტა სხვანაირად ჟღერს, რაც დღემდე ძალიან აოცებთ ადამიანებს, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. ჩვენი ტემპერამენტი, ჩვენი ცხოვრებისეული კონცეფციები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. იურიდიულ ენაზე ამას ხასიათების შეუთავსებლობას უწოდებენ.

მაგრამ მაშინაც კი, როცა სიყვარული ნელდება, მრავალი წლის თანაცხოვრების შემდეგ, დაშორება საშინლად მტანჯველი ხდება. ხოლო თუ კიდევ გიყვარს, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში იყო, მაშინ ხომ, მით უმეტეს, უფრო აუტანელია გაყრა. ყოველი ჩხუბის შემდეგ, ყოველი გაურკვევლობის შემდეგ, მე და კატრინი ერთმანეთს ვეხვეოდით და პატიებას ვითხოვდით ერთმანეთისგან. მაგრამ ცრემლებს და შერიგებებს, კოცნას და ალერსს უკვე აღარ შეეძლო დაწყებული პროცესის შეჩერება. ჩვენი ურთიერთობა დაჩირქებულ ჭრილობას დაემსგავსა, რაც უნდა წმინდო ჩირქი, ბოლოს მაინც რომ ჩადგება.

უკვე თვითონაც ვერ ვხვდებოდით, რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას. ჩხუბის დროს აუცილებლად შევახსენებდით ერთმანეთს, რომ უნდა დავშორებულიყავით, მაგრამ საღ გონებაზე, მშვიდ ატმოსფეროში ამაზე არასდროს გვისაუბრია. იმ დღემდე, იმ ქარიშხლამდე, ზღვაზე რომ ამოვარდა.

იახტით ვიყავით. ისეთი ამინდი გამოვიდა, არავის გვეგონა, თუ გადავრჩებოდით. აქეთ-იქით ვეხეთქებოდით ყველანი. ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ სიცოცხლეზე ფიქრობს და სწორედ იმ წუთებში ხვდება, რა მშვენიერია ცხოვრება, მიუხედავად უამრავი ყოფითი თუ არაყოფითი პრობლემისა.

როგორც იქნა, ქარიშხალი ჩადგა. უკვე დამშვიდებულები ნაპირზე ვბრუნდებოდით. კაიუტაში ვისხედით სავარძლებზე. კატრინი ჩემ წინ მოკალათებულიყო. მან სრულიად მოულოდნელად დაიწყო ლაპარაკი.

_ მეგონა, ყველანი დავიხრჩობოდით. იმედი უკვე გადაწურული მქონდა. ამ დროს მხოლოდ კრისტიანზე ვფიქრობდი. ნატალის დედა ჰყავს და არაფერი გაუჭირდებოდა. მერე ჩვენზე ვიფიქრე. ვიფიქრე და ჩემს თავს ვუთხარი: «თუკი მოხდა საოცრება და გადავრჩით, ჩვენი გზები გაიყრება. ცხოვრება ერთმანეთს დაგვაშორებს. იცი? ყველაფერი გასაოცრად ნათელი გახდა ჩემთვის. თითქოს მომავალს ვხედავდი, თითქოს სურათებიან წიგნს ვათვალიერებდი. და საშინლად მეტკინა გული… ახლაც მტკივა… ამ ყველაფრის გაფიქრებამ სევდა მომგვარა».

 

8 8 8

ზაფხულის ბოლოს კატრინი ჟაკ დემის ფილმ «შერბურის ქოლგების» გადაღებაზე გაემგზავრა. მე კი ვენეციის კინოფესტივალზე მომიწია წასვლამ. იქიდან დაბრუნებულმა რამდენიმე დღე კრისტიანთან გავატარე, შემდეგ კი გადავწყვიტე, კატრინი მომენახულებინა შერბურში.

კვირა დღე კუნძულ ჯერსიზე გავატარეთ. ულამაზესი ადგილია თავისი ბუნებით. ირგვლივ ყველაფერი მუქ მწვანე ფერებშია ჩაფლული. თოჯინებივით პატარა და კოხტა სახლებია კუნძულზე, რომლებიც ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული და ყველა ერთნაირი, თითქოს გამოფენისთვის გაამზადესო. განსაკუთრებით ლამაზია წითელი აგურით ნაგები ეკლესიები. იმის მაგივრად, რომ ატმოსფეროს შესაფერისად დაგვესვენა, მთელი დღე ჩხუბში გავატარეთ. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. ნებისმიერ რამეზე საბაბს გამონახავდა კატრინი, რომ კამათი დაეწყო.

მეორე დღეს ბოლომდე გულგატეხილი წამოვედი იქიდან.

«შერბურის ქოლგების» გადაღებებმა წარმატებით ჩაიარა, განსაკუთრებით კატრინისთვის. ამ ფილმმა მას საჭირო და სასიკეთო გამოცდილება მოუტანა. მან სულაც არ იცოდა, რომ ეს სურათი ვარსკვლავად აქცევდა, მაგრამ პირველად თამაშობდა მისი ხასიათის შესაფერის ფილმში. სხვათა შორის, ჟაკ დენიმაც კარგად გამოიყენა მისი დახვეწილი, რომანტიკული ბუნება და ნიჭი.

ფრანგულ ფილმს ახალი სახე სჭირდებოდა, ნაკლებად მგრძნობიარე, ვიდრე ჟანა მორო, ნაკლებად აგრესიული, ვიდრე სიმონა სინიორე. ასეთი სახის ადგილი კინემატოგრაფში ცარიელი იყო და კატრინმა დაიკავა იგი თავისი პირველივე დიდი როლით.

როცა ის პარიზში დაბრუნდა, თითქოს ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ისე აღარ ვჩხუბობდით, ვერიდებოდით სკანდალებს. ჩვენ ორ დაღლილ მოკრივეს დავემსგავსეთ, ერთი რაუნდის შემდეგ გონს მოსასვლელად და «ამოსასუნთქად» კუთხეში რომ მიდგებიან. კატრინი ძალიან ბევრ დროს ატარებდა ბავშვთან, მე კი დღეღამეში 15 საათი სტუდიაში ვიყავი დაკავებული, ვემზადებოდი მორიგი ფილმი-რიმეიქის «ფერხულის» გადასაღებად, ჟან ანუის სცენარის მიხედვით.

jane-fonda-roger-vadim

ჯეინ ფონდა

12 დეკემბერი იყო. საღამო ხანი. დაღლილ-დაქანცული ვბრუნდებოდი შინ. ის იყო, სახლის კარი შევაღე, რომ ცოტა მოულოდნელი სურათი გადამეშალა თვალწინ. კატრინი ჩემოდნებს ალაგებდა. ამ სცენამ რაღაც გამახსენა.

_ უნდა გავემგზავრო, _ მითხრა მან, _ ასე მეტი აღარ შემიძლია.

_ და საით შენი მგზავრობა? _ მშვიდად, მაგრამ შეცვლილი ხმით ვკითხე.

პასუხი არ გაუცია. რამდენჯერაც ჩავეძიე, არ მიპასუხა. ისე წავიდა სახლიდან, არ უთქვამს, სად მიემგზავრებოდა.

ალბათ ამაზე მეტი გულისტკენა შეუძლებელია ადამიანმა განიცადოს, რადგან მეორე დღეს გაზეთებიდან შევიტყვე, რომ იგი ჯონი ჰოლიდეის გაეკიდა, რომელიც ლიონში თუ ევიანში, ზუსტად არ მახსოვს, კონცერტებს მართავდა. თუმცა ეს ამბავი გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს პრესის მოტანილი «ცხელი ნიუსი».

17 დეკემბერს კატრინი დაბრუნდა…

მაგრამ რატომღაც, სულაც არ მეჩვენა ბედნიერი. კრინტი არ დაუძრავს ამ ხანმოკლე მოგზაურობაზე. არც მიკითხავს. ვიცოდი მისი ხასიათი. თუკი რამეზე გადაწყვეტდა, არ ელაპარაკა, სიტყვას ვერ დააცდენინებდი. იყო მის ცხოვრებაში ისეთი დღეები, როცა გასაკვირად ჩაკეტილი ხდებოდა. ამ დროს მას არ უნდა შეხებოდი.

20 დეკემბერს ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა, ოლგა ხორსტიგმა დამირეკა (ბრიჟიტ ბარდოს იმპრესარიომ) და მთხოვა, ერთად გვევახშმა.

_ დღეს ერთი ჩემი კლიენტის დაბადების დღეა. ის მარტოა, ამიტომ დავპატიჟე. როგორც ვიცი, შენც იცნობ მას.

_ ვინ არის? _ დავინტერესდი.

_ ჯეინ ფონდა…

ჯეინ ფონდა ადრეც მყავდა ნანახი, რაღაც დონეზე ურთიერთობაც მქონია, თუმცა ახლოს არ ვიცნობდი.

პარიზში ერთი რესტორანი მომწონდა, «მაქსიმი». იქ კარგადაც ივახშმებდი და შეგეძლო გეცეკვა კიდეც. ერთადერთი აქ შენარჩუნდა ძველი ტრადიცია, სხვაგან ცეკვა თითქმის ყველგან შეუძლებელი იყო.

ანეტი, ჩემი მეორე ცოლი ახალი გაცნობილი მყავდა. ერთ საღამოს მას გავუარე და ერთად წავედით რესტორანში. რამდენიმე მეგობარი ერთად ვვახშმობდით, მათ შორის იყო კრისტიან მარკანი. მას უცნობი გოგონა ახლდა.

_ ეს ჰენრი ფონდას ქალიშვილია, _ თქვა იქ მყოფთაგან რომელიღაცამ.

ჯეინი მაშინ 18 წლის თუ იქნებოდა. მშვენიერი იყო, მაგრამ ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებას, კრისტიანთან ერთად რომ არ ყოფილიყო.

სასიამოვნო მელოდიით გაივსო დარბაზი. მარკანმა ხელი ჩაჰკიდა ჯეინს და საცეკვაოდ გაიწვია. მას მოკრძალებული კაბა ეცვა, სხეულზე შემოტმასნილი, მუხლამდე სიგრძის და უკან ოდნავ ჩახსნილი. ისეთი ვარცხნილობა ჰქონდა (ასევე, მოკრძალებული) ამერიკული ფილმებში კარგად აღზრდილ ქალიშვილებს რომ აქვთ. პარიზელი ქალებისგან განსხვავებით, მისი მაკიაჟი საოცარ კონტრასტს ქმნიდა, რამაც ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. ამერიკელმა ქალებმა სხვანაირი გაპრანჭვა იციან.

მე და კრისტიანს ჩვევად გვქონდა _ ყოველთვის ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენი თანმხლები ქალების ნაკლზე და ხაზგასმით ვაზვიადებდით ხოლმე რაღაც-რაღაცებს, მერე კი ერთმანეთს დავცინოდით. ცეკვის დროს, როცა მარკანი მომიახლოვდა, ავდექი და შარვლის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯი ჩავუკუჭე, რომელზეც ეწერა: «მისი კოჭები ნანახი გაქვს?»

არადა, იმ საღამოს ჯეინს კოჭები მართლაც შესამჩნევად შესივებული ჰქონდა. როცა ცეკვა დაამთავრეს და მაგიდას დაუბრუნდნენ, კრისტიანმა ნაწერი წაიკითხა, მერე ქაღალდი დაჭმუჭნა და საფერფლეში ჩააგდო. არც მას უთქვამს არაფერი და არც მე მიკითხავს. ცოტა ხანში სრულიად გადაგვავიწყდა ეს ამბავი. მერე შევყევით, ვილაპარაკეთ, ამასობაში ჩემ გარდა ვერავინ შეამჩნია, როგორ აიღო ჯეინმა საფერფლიდან დაჭმუჭნილი ნაწერი. ის მე პრესიდან და ტელევიზიიდან მიცნობდა, რა თქმა უნდა, ჩემი ფოტოებიც ექნებოდა ნანახი და მაშინვე მიხვდა, რომ წერილი მას ეხებოდა. ალბათ ცნობისმოყვარეობა კლავდა, რას ვფიქრობდი მასზე. როცა ჩემი ნაჯღაბნი წაიკითხა, მეგონა, გაბრაზდებოდა, მაგრამ შევცდი. არ გაბრაზებულა. სხვას მის ადგილას ალბათ გარკვეული რეაქცია ექნებოდა.

მოგვიანებით, როცა ერთმანეთს დავუახლოვდით, მითხრა, რომ პირიქით, გაახალისა კიდეც ჩემმა შეკითხვამ.

მეორე დღეს ჯეინი ლოს-ანჯელესში გაფრინდა, ამიტომ არ მინახავს. სწორედ იქ შევხვდი მას სამი წლის შემდეგ და პირველად მაშინ დაველაპარაკეთ ერთმანეთს.

იყო ერთი ფრანგი პროდიუსერი, რომელმაც მთხოვა, დავინტერესებულიყავი ჯეინით და მომესინჯა იგი ჩემს ახალ ფილმში ერთ-ერთ როლზე. ერთ კვირაში უნდა დამეტოვებინა ჰოლივუდი, ამიტომ მის იმპრესარიოს ვთხოვე, იქნებ გამგზავრებამდე შემახვედრო-მეთქი.

და აი, შუადღე რომ გადავიდა, ჯეინი სასტუმრო «ბევერლი-ჰილზის» კაფე-შოპში მოვიდა, რადგან მე სწორედ იქ ვცხოვრობდი. უმაკიაჟოდ იყო, ხოლო რაც შეეხება მის ვარცხნილობას, თმა ისე ჰქონდა გაწეწილი, თითქოს ეს-ესაა, სანაპიროზე ასი მეტრი გაირბინაო. ჯინსის შარვალი და მამაკაცის პერანგი ეცვა. მაშინ არ ვიცოდი, რომ შეგნებულად გამომეცხადა ამ ფორმაში. თურმე მისმა იმპრესარიომ გააფრთხილა, შეეცადე, სექსუალურად გამოიყურებოდეო. მან კი ყველაფერი უკუღმა გააკეთა. მას ეშინოდა ჩემი რეპუტაციის. მე ხომ ორი «ტიტული» მქონდა საზოგადოებაში მონიჭებული: «ვარსკვლავების შემქმნელი» და «ეროტიკის სპეციალისტი».

თუმცა, მისმა მცდელობამ არ გაამართლა. ეგონა, ასეთ ამპლუაში ჩემს შოკირებას შეძლებდა, არადა, პირიქით მოხდა _ ძალიან, ძალიან მომეწონა მისი ბუნებრიობა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე დამთანხმდა, თავში აზრადაც არ მოსვლია, ჩემი წინადადება მიეღო და ახალ ფილმში ეთამაშა. მას, უბრალოდ, ჩემი გაცნობა უნდოდა. ცნობისმოყვარეობა კლავდა თურმე, როგორი ვიყავი სინამდვილეში.

რამდენიმე საათი ვილაპარაკეთ, ახლა აღარც მახსოვს, რაზე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ როლი შევთავაზე და მან უარი მითხრა. შემდეგ თავაზიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.

 

8 8 8

კიდევ სამი წელი გავიდა. ფრენსის კოსნმა იდეა ჩამაწოდა, გადამეღო ფილმი ცნობილი ბესტსელერის «ანჟელიკა ანგელოზების მარკიზას» მიხედვით. მას უნდოდა, რომ ავანტიურისტი გრაფინია მილედის როლი ჯეინ ფონდას ეთამაშა. უარი არ მითქვამს, ცუდი ვარიანტი სულაც არ იყო.

კოსნმა გაგზავნა მოთხოვნა ჰოლივუდში, დაუკავშირდა მის იმპრესარიოს და საქმის შინაარსი გააცნო.

გავიდა რამდენიმე კვირა და ფრენსისმა ჰოლივუდიდან წერილი მიიღო. ის მაშინვე ჩემთან გამოიქცა და აღშფოთებულმა წამაკითხა. «ჯეინ ფონდა არ დაინტერესდა ამ კოსტიუმირებული ფილმით. ასევე, მთხოვა გადმომეცა, რომ არასდროს ითანამშრომლებს როჟე ვადიმთან».

საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ყოველ წუთს ეს სიტყვები მახსოვდა. ამ მომაკვდინებელი წერილის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იყო, ოლგა ხორსტიგმა რომ დამპატიჟა თავისთან ჯეინ ფონდას დაბადების დღეზე. იმ პერიოდში ფონდას რენე კელმანის ფილმ «კატებში» იღებდნენ ალენ დელონთან ერთად.

გადაღების დამთავრების შემდეგ იუბილარმა მოასწრო სასტუმროში გასვლა, რათა თავი მოეწესრიგებინა, ტანსაცმელი გამოეცვალა და ვარცხნილობისთვისაც მიეხედა. და უნდა გამოვტყდე, რომ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ეს არ იყო ის უტიფარი გოგონა, წლების წინ რომ შემხვდა. ჩემ წინ უკვე დასრულებული ქალი იდგა, ნატიფი და ლამაზი.

სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა ოლგასთან. ცოტა არ იყოს, დაძაბული ვიყავი, ჯეინის სიტყვებს ვერ ვივიწყებდი. საერთოდ, ძნელად მავიწყდება მსგავსი რამეები.

პარიზულ ცხოვრებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ჯეინმა თქვა, პარიზში თავს ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობო.

_ არადა, თქვენზე და ალენ დელონზე რას არ წერენ, _ შენიშნა ოლგამ.

_ რას ვიზამთ, ასეთია თამაშის წესები, _ უპასუხა ჯეინმა. _ პრესატაშემ გადაუკრა ერთხელ სიტყვა მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების რომანზე რენეს და პრესამ მაშინვე აიტაცა. არც კი ფიქრობენ, ინფორმაცია გადაამოწმონ. რადგან მან თქვა, ესე იგი, ყველაფერი მართალია. არადა, სულ სხვა კონტექსტში იყო ის სიტყვები ნათქვამი. ამათ თავისებურად «გადათარგმნეს».

_ მერედა, რატომ არ იტყვით, რომ ეს ამბავი ჭორია? _ გაუკვირდა ოლგას.

_ თავის მართლება ასეთ დროს უარესია, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს. როგორ უნდა დაუმტკიცო ვინმეს, რომ არასდროს წოლილხარ მამაკაცთან, რომელიც გადასაღებ მოედანზე ნახევრად შიშველს გეხვევა და გკოცნის? და ამ დროს 60 ადამიანი შეჰყურებს ამ სცენას? ალენი ძალიან საყვარელია, მაგრამ მე მასთან არაფერი მაქვს საერთო. ან კი რაზე უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს? ჩემი რეჟისორი, რენე კლემანი საოცრად ცივი ადამიანია. გული ალბათ აქვს, მაგრამ საგულდაგულოდ მალავს. შესაძლებელია, ეს ყველაფერი მისი მორიდებულობის ბრალია. ამიტომაც პარიზში ერთადერთი მეგობარი მყავს _ პროდიუსერი ლორანი, მაგრამ ის ცოლიანია, შვილები ჰყავს, ამიტომაც ჩემთვის დრო აღარ რჩება.

_ არადა, რამდენი რამის ნახვა შეიძლება პარიზში, _ თქვა ოლგამ.

_ გეთანხმებით. თუმცა, ბევრი ვერაფერი მოვახერხე. იმიტომ კი არა, რომ თანმხლები არ მყავს, სხვა პრობლემაც მაქვს და თანაც, ძალიან სერიოზული. სომნაბულიზმის შემოტევები მჭირს. ზაფხულში საერთოდ შიშველს მიყვარს დაძინება და რამდენჯერ მომხდარა, რომ დედიშობილას ბაღში გამღვიძებია. ერთხელ შუაღამისას ჭიშკარიც კი გავაღე და ქუჩაში გავედი. როცა გამოვერკვიე, სირცხვილისგან დავიწვი. ხომ წარმოგიდგენიათ, ვინმეს რომ შიშველი დავენახე.

მათ კიდევ კარგა ხანს ილაპარაკეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე კრინტი არ დამიძრავს. მერე ტორტი შემოიტანა ოლგამ, რომლის შუაში 5 სანთელი იყო ჩარჭობილი. ეს სიურპრიზი აღმოჩნდა ჯეინისთვის. სტუმრებმა «ჰეპი ბიორტსდეი» იმღერეს. როცა სანთელი ჩააქრო, ჯეინმა სიტყვა მოითხოვა და გული გადაგვიშალა, მოგვიყვა, რატომაც წამოვიდა ჰოლივუდიდან საფრანგეთში.

_ შტატებში ექვს ფილმში ვითამაშე და სამ სპექტაკლში. ჯილდოც კი მივიღე, «წლის ახალი ტალანტის» წოდება მომანიჭეს. მაგრამ მე მაინც ჰენრი ფონდას ქალიშვილად დავრჩი და ერთ-ერთ «ჰოლივუდის იმედად». ჟურნალისტებმა ამერიკელი ბრიჟიტ ბარდო შემარქვეს, _ იგი რამდენიმე წამით შეჩერდა, გაიღიმა და გააგრძელა, _ ბრიჟიტ ბარდოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არა მგონია, მას ვგავდე. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მირჩევნია, არავის ვგავდე და ვიყო ის, ვინც ვარ. ჰოლივუდში, სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ ვიცოდი, ვინ ვიყავი. ნახევარფაბრიკატი და სისტემის ტყვე. ასე არ მინდოდა. ამიტომაც დავთანხმდი რენე კლემანს და საფრანგეთში წამოვედი. იქნებ აქ მაინც ვიპოვო საკუთარი თავი. სანამ გამოვემგზავრებოდი, ყველა მეუბნებოდა, ეს უპასუხისმგებლობაა, სწორად არ იქცევი, ჩვენგან რომ მიდიხარო. ჩამჩიჩინებდნენ, იქ წასვლით კარიერას დაიღუპავ, ჯერ არავის უნახავს, ამერიკელ მსახიობს წარმატებისთვის ევროპაში მიეღწიოსო. გრეტა გარბოსა და ინგრიდ ბერგმანის მაგალითი მოჰყავდათ, რომლებიც ჰოლივუდში შვედეთიდან ჩამოვიდნენ. მე სულაც არ ვფიქრობ ასე. რა, ბერგმანმა თავი დაიღუპა, როსელინისთან ერთად იტალიაში რომ წავიდა? ვნახოთ…

ტორტის შემოტანიდან დიდი ხანი არ გასულა, რომ ჯეინმა მოგვიბოდიშა, დილაადრიან გადაღება მაქვს, ამიტომ 11 საათზე შინ უნდა ვიყო, რათა დროზე დავწვე დასაძინებლადო. იგი ყველას დაგვემშვიდობა და წავიდა, 20 წუთის შემდეგ კი დარეკა და ოლგას დიდი მადლობა გადაუხადა წვეულების მოწყობისთვის, თან დაამატა, რაც პარიზში ჩამოვედი, ეს საუკეთესო საღამო იყო ჩემთვისო.

ყურმილი დაკიდა თუ არა, ოლგა მე მომიბრუნდა.

_ შენ მოაჯადოვე იგი.

მოჯადოებული ის კი არა, მე ვიყავი. და წამითაც არ მქონია იმედი, რომ ეს «მოჯადოება» ორმხრივი იქნებოდა.

 

8 8 8

ფილმ «გუნდის ხელმძღვანელის» პროდიუსერებს რობერ და რაიმონ აკიმებს ამ სურათში ჯეინისთვის როლის შეთავაზება სურდათ. მე გამეცინა.

_ რა გაცინებს? _ ეწყინა რობერს.

_ თქვენ არ იცით, მან როგორი წერილი მოიწერა ჰოლივუდიდან ჩემზე.

_ როგორი?

_ როგორი და საშინლად შეურაცხმყოფელი. კატეგორიული უარი განაცხადა, ოდესმე ჩემთან ითანამშრომლოს.

_ ეს არაფერს ნიშნავს, _ ხელი აიქნია რაიმონმა, _ მსახიობებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაშინ ალბათ ეგეთ ხასიათზე იყო, ახლა უკვე შეიცვლიდა შეხედულებას.

მან ოლგა ხორსტიგს დაურეკა, დაელაპარაკა და მისი პირით შეუთვალა ჯეინს, რასაც ვთავაზობდით. ჩემდა გასაკვირად, ფონდამ თანხმობა განაცხადა. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება.

მისი ასეთი შემოტრიალება მხოლოდ ოლგასთან გამართული საღამოს დამსახურება არ იყო. მან მიატოვა ჰოლივუდი, გადაწყვიტა ემუშავა საფრანგეთში, ამასთან, სცენარის ავტორ ჟან ანუის პრესტიჟმაც იმოქმედა, და კიდევ იმან, რომ ბრწყინვალე სამსახიობო გუნდი იყო შერჩეული ფილმისთვის. ამ ყველაფერმა იქონია მასზე გავლენა. ის თავს არც «სექსუალურად» მიიჩნევდა და არც მზეთუნახავად და ვერ გაეგო, მე რატომ ვიყავი ასე დაინტერესებული მისი პიროვნებით. ჩემი რეპუტაცია კიდევაც იზიდავდა და კიდევაც აშინებდა, როგორც ცხოვრებაში, ისე კინოში.

ის უკვე 25 წლის იყო და ასაკთან შედარებით, ერთობ თავდაჯერებული გახლდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე ვარსკვლავი გახდებოდა, მკაცრად განსჯიდა მამას და ძმას და ყოველთვის მზად იყო, შოკში ჩაეგდო საზოგადოება. მისთვის სულერთი იყო, რას ილაპარაკებდა მასზე პუბლიკა.

მისი ბუნება იყო ასეთი, უნდა გაჭრილიყო წინ, არაფრის დიდებით უკან არ უნდა დაეხია და ყოველთვის უნდა დაეცინა სხვების აზრისთვის. თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირულად. სინამდვილეში ნაკლებად თავდაჯერებული გახლდათ, ვიდრე ცდილობდა ამის წარმოჩენას. ხშირად ძალიან რთულ კითხვებს უსვამდა თავის თავს საკუთარ კარიერაზე, მამაზე, ძმაზე და პირად ცხოვრებაზეც კი. მას მიაჩნდა, რომ ჯერ ვერაფერსაც მიაღწია. ეს კი ძალიან აწუხებდა.

 

8 8 8

ცნობილი მუსიკალური გამომცემელი ედი ბარკეი ყოველ წელს, საახალწლოდ  კოსტიუმირებულ ბალს მართავდა. ბულონის ტყის უზარმაზარი პავილიონი მუდამ ხალხით იყო ამ დროს სავსე, თუკი ვინმე ცნობილი და აღიარებული ცხოვრობდა პარიზში. იმ წელს კარნავალს ჯეინიც დაესწრო. ის ჩარლი ჩაპლინს განასახიერებდა _ პატარა ულვაშით, შლაპით და ტროსტით. მე წითელი არმიის ოფიცრის კოსტიუმი მეცვა.

მთელი ღამე ჩვენ შორის უცნაური თამაში მიდიოდა. ის გამუდმებით გამირბოდა, მემალებოდა, მერე ისევ მომძებნიდა და შემდეგ კვლავ უჩინარდებოდა. დილის 5 საათისთვის დარბაზში ოციოდე კაცი დარჩა. მათ შორის იყო ჯეინიც.

_ თქვენ საახალწლო კოცნა დაგავიწყდათ, _ ვუთხარი თამამად, მივაჭერი და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე.

მან დაბნეულად შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და ლორანისკენ გაემართა, რათა მისთვის შინ გაცილება ეთხოვა.

რამდენიმე დღის შემდეგ სტუდია «ეპინში» გავედი, რათა ჟან ანდრე მენახა, ჩემი ყველა ფილმის კოსტიუმების მხატვარი. ის თვალს ადევნებდა, როგორ აშენებდნენ დეკორაციას რენე კლემანის ფილმისთვის «კატები». ცოტა ხანს ვიბაასეთ და სტუდიის ბარში ვისკი დავლიეთ. გარეთ კოკისპირულად წვიმდა.

მოულოდნელად კარი გაიღო და ჯეინი შემოვიდა. თმიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. არადა, ერთი წუთის წინ ის სასიყვარულო სცენას თამაშობდა ალენ დელონთან ერთად ლოგინში და იმისთვის, რომ პავილიონიდან ბარამდე ეზო გადმოეკვეთა, ღამის პერანგზე ლაბადა ჰქონდა მოსხმული. ამწუთას ძალიან ლამაზი იყო, აღგზნებული, წვიმით დასველებული, გაბრწყინებული თვალებით.

როგორც კი მე დამინახა, მაშინვე შეცბა.

სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ მიყვარდა.

_ დამალევინეთ რამე! _ პირდაპირ მე შემომხედა.

ვისკი დავუსხი. რუსულად დალია _ ერთი ყლუპით გადაკრა. სასიამოვნო მომენტი იყო… მე შეყვარებული ვიყავი.

ორი საათის შემდეგ ჯეინი სასტუმრო «რელე ბისონში» მივაცილე და მასთან ერთად მის ნომერში ავედი.

ფანჯრები სენას გადაჰყურებდა. ოთახს ნაძერწი ჭერი ამშვენებდა და კუთხეში ერთი დიდი საწოლი იდგა. იყო კიდევ ერთი დივანი, რომელზეც დავეხეთქეთ ორივენი, როგორც კი მან ლაბადა გაიხადა…

პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ერთი ქალის ლოგინიდან ამდგარი, მეორის მკლავებში აღმოვჩნდი. კატრინის მოტყუება არ მინდოდა. მას შემდეგ, რაც აღარ ვჩხუბობდით, უფრო მეტ მოწიწებას განვიცდიდი მის მიმართ.

ავდექი და გამოვუცხადე, სხვა მიყვარს-მეთქი. რეაქცია დიდად არ ჰქონია, მხრები აიჩეჩა მხოლოდ. როგორც ჩანს, ყოველგვარი ზედმეტი წუხილის გარეშე გადაწყვიტა ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა, მგონია, რომ იმაზე მეტად განიცდიდა ამ დაშორებას, ვიდრე მე. მაგრამ არა სიყვარულის გამო, არამედ იმის გამო, რომ მე პირველმა მივატოვე იგი.

 

8 8 8

ერთხელ ჯეინმა გამომიცხადა, ორი დღით ჟენევაში უნდა გავემგზავრო ლორანთან ერთადო.

რამდენიმე საათის წასული იყო, რომ ვიგრძენი, როგორ მაკლდა. მარტოსულად ვიგრძენი თავი. კრისტიან მარკანთან, მორის რენესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად, შევეცადე, დამევიწყებინა ჩემი მარტოობა. დავლიეთ.

თენდებოდა, სასტუმროში რომ დავბრუნდი. თუმცა, მეგონა, რომ დავბრუნდი. სხვათა შორის, ხშირად ამრევია ხოლმე მისამართი. იმის მაგივრად, რომ «რელე ბისონში» მივსულიყავი, ენგრის ავენიუზე ამოვყავი თავი. კარი გავაღე, უხმაუროდ გავედი საძინებელში, გავიხადე და დასაწოლად გავემზადე.

კატრინი გაოცებული მომჩერებოდა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.

_ შეიძლება გავიგო, შენ აქ რას აკეთებ? _ მკითხა, როცა მის გვერდით გავიშოტე.

სწორედ მაშინ მივხვდი ჩემს შეცდომას.

_ მაპატიე, _ ვუპასუხე, _ მისამართი ამერია.

კატრინმა რაღაცა მითხრა, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი და ისე მინდოდა დაძინება, სანამ ის ფრაზას დაამთავრებდა, უკვე დამეძინა.

როცა გამეღვიძა, საწოლი ცარიელი დამხვდა. ჩავიცვი და სასადილო ოთახში გავედი. კატრინს მკლავები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ისე მიყურებდა, როგორც ცხოველს, რომელიც პირველად ნახა.

_ წუხელ რა მკითხე? _ მშვიდად გავხედე.

_ გთხოვე, ჩაგეცვა და წასულიყავი აქედან.

_ და რა გააკეთე, როცა დამეძინა?

_ თავიდან ვიფიქრე, პოლიციას გამოვუძახებ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ეს ხომ შენი ბინაა. მერე შენი ბალიშით გაგუდვა გადავწყვიტე, მაგრამ ესეც გადავიფიქრე. შენნაირი ტიპის გამო ციხეში ჩაჯდომა სრულიად არ მხიბლავს. გარდა ამისა, ძალიან დაღლილი ვიყავი, რომ საწოლიდან გადმომეთრიე და დერეფანში დამეგდე. ჰოდა, მეც დავიძინე, _ ცოტაოდენი პაუზის შემდეგ კი დაამატა, _ არ გრცხვენია, ვადიმ?

_ მრცხვენია, _ ვუპასუხე.

და ეს სიმართლე იყო.

 

8 8 8

როცა ჯეინი ჟენევიდან დაბრუნდა, ვერ მოვითმინე და პირდაპირ დავუსვი საჭირბოროტო შეკითხვა.

_ მითხარი, ჯეინ, ლორანი შენი საყვარელი იყო?

_ ჰო, _ წარბიც არ შეუხრია, ისე მიპასუხა.

_ გიყვარდა იგი?

_ მე მარტოობას განვიცდიდი. ის კი ძალიან ნაზი და საყვარელი ადამიანი იყო, თანაც საიმედო. ის ძალიან დამეხმარა.

_ და ეს გამგზავრება რა საჭირო იყო?

_ მასთან ურთიერთობა უნდა მომეგვარებინა. სხვანაირად არ გამოდიოდა. თანაც, მინდოდა ცოტა ხნით შორს ვყოფილიყავი შენგან, რომ საკუთარ თავში გავრკვეულიყავი.

მე თითქოს მესმოდა მისი. ის უკიდურესობამდე პრაქტიკული ქალი იყო.

_ და მერე?

_ მე შენ მიყვარხარ.

_ ჟენევაში იწექი ლორანთან?

_ ჰო. ხომ გითხარი, საკუთარ თავში გარკვევა მინდოდა-მეთქი.

მისმა პასუხმა თავზარი დამცა. ეს გამაოგნებელი შოკი იყო ჩემთვის, მაგრამ როგორც კი რისხვამ გამიარა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეგრევე დავწყნარდი.

პირველად შევხვდი ცხოვრებაში ქალს, რომელიც არ მატყუებდა.

 

 

ჯეინის პიროვნებაში სულაც არ მიზიდავდა ის თვისებები, რაზეც დღეს სხვები ამახვილებენ ყურადღებას _ პოლიტიკური სითამამე, ლიდერობის ნიჭი, ფემინისტური იდეალების მხარდაჭერა, თუ მისი დაუჯერებელი წარმატებები კინოში. არც მისი საყოველთაო იმიჯი _ «ქალი-ინტელექტუალი» აღმაფრთოვანებდა. არა! მე მხოლოდ მის მიამიტობას, გულწრფელობას და თავდაჯერებულობას ვხედავდი და ვაფასებდი. გარდა ამისა, მიზიდავდა კიდევ ერთი რამ _ მისი სახე, სხეული და ის ფაქტი, რომ გარეგნობით ჩვენ ძალიან ვუხდებოდით ერთმანეთს.

ჩვენ ორივეს ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯეინი მაინც არ იყო დარწმუნებული, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდებოდა. ამიტომაც ჩემთან შეუღლებას არ ჩქარობდა, თავს იკავებდა, გაურბოდა ოჯახურ მოვალეობებს. ამბობდა, ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, ჩემი ცხოვრება მამაკაცს დავუკავშიროო.

ფილმ «კატების» გადაღება რომ დასრულდა, პროდიუსერებმა სასტუმროს ფულის გადახდა შეგვიწყვიტეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, პატარა ბინა გვექირავებინა.

სეგეს ქუჩაზე, სენ-მიშელის მოედნის კუთხეში, იდეალური ოთახი ვიპოვე, მერცხლის ბუდეს ჰგავდა. სახლიდან რამდენიმე მეტრში სენა ჩამოდიოდა. ამაზე უკეთეს რომანტიკულ ადგილს ვერ ინატრებდი.

მთელ დღეებს პროდიუსერებთან ვატარებდი, ფილმ «გუნდის ხელმძღვანელის» გადასაღებად მზადება მთავრდებოდა. ჯეინი დადიოდა მუზეუმებში, ემზადებოდა ფრანგულ ენაში და წერილებს სწერდა მამას, ძმებს, ყოფილ დედინაცვალ სიუზენს _ ბოლოსწინა ქალბატონ ფონდას _ რომელიც ძალიან უყვარდა. ჯეინი ბევრს კითხულობდა, ძირითადად, პოლიტიკას და ისტორიას ეცნობოდა. მე ვურჩიე, მარლოს «იმედი», გორკის «დედა» და მაკიაველის «მთავარი» წაეკითხა. ბოლო წიგნი ვეღარ დაამთავრა. მაკიაველის პოლიტიკის მექანიკა მას ჯერ კიდევ არ აინტერესებდა…

მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ფილმში თამაში იყო. გადაღების პროცესი უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. ის ყურადღებით მისმენდა, როცა რამეს ვუხსნიდი, მივუთითებდი, ვურჩევდი… ძალიან დისციპლინებული იყო, ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება, უკეთ გამოსვლოდა როლი. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ, რასაც ბევრ ფრანგ და იტალიელ მსახიობ ქალზე ვერ იტყვი. თუმცა, ის არც იყო ფრანგი, მით უმეტეს _ იტალიელი.

ჯეინს იდეალური სამსახიობო კურსები ჰქონდა გავლილი. ლი სტრასბერგის (ცნობილი «აქტორე სტუდიოს» დამაარსებელი) მოსწავლე პროფესიონალურად ახერხებდა, კინოსა და სცენაზე მიღებული გამოცდილებით თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან დაეკავშირებინა. მას საქვეყნოდ აღიარებულ რეჟისრებთან მოუწია მუშაობამ _ ჯორჯ კიუკორთან, ჯორჯ როი ჰილთან, რენე კლემანთან…

მიუხედავად ამისა, რაღაც მაინც აკლდა _ ჩემი აზრით, სპონტანურობა. გასაოცარი მოსწავლე იყო, მაგრამ სითამამე არ ჰყოფნიდა, თავისი თავი გამოემჟღავნებინა და მისეული რაც იყო, ის წარმოეჩინა. ვერ წყვეტდა ამას და მხოლოდ რეჟისორის მითითებებს ასრულებდა, თანაც ზედმიწევნით კარგად. ყოველთვის ყველაფერს აანალიზებდა, ამასთან _ ზედმეტად. იმპროვიზაციის უნარს სრულებით არ ამჟღავნებდა.

თუმცა მალე მიხვდა, რომ ამ გაანალიზებაში, სანამ ამა თუ იმ ქმედებას აწონ-დაწონიდა, საკუთარ ინდივიდუალობას კარგავდა. ამიტომაც ყოველთვის ყურადღებით ისმენდა ჩემს რჩევებს და ყველა წვრილმანს ითვალისწინებდა. ჩემი ძალისხმევა კი მხოლოდ ერთი რამისკენ იყო მიმართული: გამემტკიცებინა მისი თავდაჯერებულობა და მეტად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. ანუ ვცდილობდი, სპონტანური რეაქციების გამოსამჟღავნებლად თავისუფლება მიმეცა მისთვის და მთლიანად კინემატოგრაფიულ გამოცდილებას არ დაყრდნობოდა. ეს რთული და დელიკატური ამოცანა იყო, რომელმაც შედეგი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღო. მე არც ვაჩქარებდი მას. ვიცოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაღწევდი მიზანს. მე მხოლოდ ალმასის წახნაგების დამმუშავებელი ვიყავი _ ძვირფასი ქვა არსებობდა, მას მხოლოდ ბრწყინვალება აკლდა, რათა ბრილიანტად ქცეულიყო. ერთი სიტყვით, როჟე ვადიმს კარგი მსახიობი ვარსკვლავად უნდა ექცია. მოგვიანებით (მაგრამ უკვე სხვა რეჟისორების თანადგომით) მან გაიარა ის რთული გზა, რომელმაც ორ «ოსკარამდე» მიიყვანა.

 

8 8 8

ყოველთვის მსურდა მომენახულებინა ჩემი წინაპრების ქვეყანა, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხშირად გადამიდია გამგზავრება. გულის სიღრმეში სულ მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებდი. ერთხელ ჯეინმა მითხრა, ძალიან მინდა რუსეთის ნახვაო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა. ვიცოდი, ახლა უკვე აღარ გადავდებდი. გადაღებების დამთავრების შემდეგ ორივემ გადავწყვიტეთ მოსკოვში გამგზავრება.

ჩვენთან ერთად მონიკ კარონიც წამოვიდა. ის კარგად ლაპარაკობდა რუსულად, რაც საშუალებას გვაძლევდა, თარჯიმნის გარეშე დავბინავებულიყავით სასტუმრო «ინტურისტში».

იმ პერიოდში რუსებს უზარმაზარი თვითმფრინავი ჰყავდათ _ «ილიუშინი», რომლითაც შეიძლებოდა კუბამდე და მოსკოვამდე გადასხდომის გარეშე ჩაფრენა. სანამ სალონში მოხვდებოდი, უნდა გაგევლო პილოტების განყოფილების ოთახი, სადაც უამრავი ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ფუსფუსუბდა. შემდეგ უნდა გადაგეკვეთა დერეფანი, რომელიც მატარებლის ვაგონს მოგაგონებდათ და რომელსაც ავტომატურად მოძრავი კარი ჰქონდა, როგორც აღმოსავლეთის ექსპრესებს. შემდეგ გაივლიდი ბარს, თუ რესტორანს და აღმოჩნდებოდი სივრცეში, რომელიც თვითმფრინავს მოგაგონებდათ და რომელიც ძალიან ვიწრო და მოუხერხებელი სავარძლებით იყო აღჭურვილი. ამას მოსდევდა მეორე სალონი, ერთობ კომფორტული პულტირებული სავარძლებით. ეს პირველი კლასის სალონი გახლდათ.

_ არ დამიწყო ახლა იმის მტკიცება, რომ ამ საშინელებას ჰაერში აფრენა შეუძლია, _ გადმომიჩურჩულა დამფრთხალმა ჯეინმა.

ჯეინის ლოგიკამ არ «გაამართლა» _ «ამ საშინელებამ» ჰაერშიც აიწია, გაფრინდა კიდეც და რვაცილინდრიანი ტურბორეაქტიული ძრავის უსიამოვნო გუგუნის მიუხედავად, ძალზე კომფორტულად ჩაგვიყვანა მოსკოვამდე. სტიუარდესები ერთობ სასიამოვნო გოგონები იყვნენ და თავს არ აბეზრებდნენ მგზავრებს იდიოტური წესების შეხსენებით. დაშვების დროს კი მათ ყველა მგზავრს დაუდგეს მაგიდაზე ერთი ბოთლი არაყი სირჩებით, რის გამოც პირადად ჩემგან «ცხელი» მადლობა დაიმსახურეს.

ჯეინის გასაკვირად, მოსკოვის საბაჟო ათჯერ უფრო სწრაფად გავიარეთ, ვიდრე ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.

ჩემი მემონტაჟის ძმა, ტოტო მერკანტონი მოსკოვში ცხოვრობდა. ის გაფრთხილებული გვყავდა და თავისი მანქანით აეროპორტში დაგვხვდა.

გზაში ჯეინმა მანქანის მინა ჩამოსწია და განცვიფრებულმა დაიწყო ყურება აქეთ-იქით. ყველაფერი აინტერესებდა, მისი მახვილი მზერა ყველაფერს იმახსოვრებდა. მოულოდნელად პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც სამბორბლიან ველოსიპედზე იჯდა.

_ ვადიმ, შეხედე! _ იყვირა უცებ და მკლავში ჩამაფრინდა.

_ რა იყო?

_ პატარა ბიჭი… სამბორბლიანი ველოსიპედი ჰყავს.

სიმწრით გამეცინა. ჯეინს ეგონა, რომ საბჭოთა კავშირში პატარებს სათამაშოები არ ჰქონდათ. სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რა გიგანტური უფსკრული ჰყოფდა აშშ-სა და რუსეთს ორმხრივი პოლიტიკური პროპაგანდის წყალობით.

 

8 8 8

რუსეთში სწორედ იმას წავაწყდი, რასაც ველოდი: არანაირი სიმდიდრე, არანაირი კომფორტი და ფუფუნება, მხოლოდ სიღარიბე, სერიოზული საყოფაცხოვრებო პრობლემები, დამპალი და გულისამრევი ბიუროკრატია. ის კი არა, პოლიციელების უმრავლესობა გადაცმული დადიოდა ქუჩებში, რადგან უჩინარი უნდა ყოფილიყვნენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებოდნენ ტურისტებს და თვალს არ აშორებდნენ, რათა მათ შორის აგენტი არ გაჭაჭანებულიყო.

ტურისტები კი გაწამებულები იყვნენ სასტუმროსა თუ რესტორანში ცუდი მომსახურების გამო. უცნური სიტუაცია იყო. რუსები უცხოელებში მხოლოდ მტრებს ხედავდნენ, განსაკუთრებით ამერიკელებში. მაღაზიებში ვერაფერს შეიძენდი, დაცარიელებეული იყო დახლები. აქ კარგად მხოლოდ ბიუროკრატები ცხოვრობდნენ, თანამდებობის პირები და პარტიის ხელმძღვანელი მუშაკები. მათ კი უბრალო ხალხის ბედი სულაც არ ანაღვლებდათ. არადა, მხიარული, თბილი, მოსიყვარულე ხალხია რუსები, რომლებსაც უყვართ გართობა, დალევა.

ერთი შეხედვით, გეგონებათ, რომ მათ სრულებით არ აწუხებთ სიღარიბე, რომ კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ. მსუბუქად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ლაღი იუმორით, მაგრამ ვერ რისკავენ უკმაყოფილება ხმამაღლა, სერიოზულად გამოთქვან. თანაც, ყველანი ერთხმად გიმტკიცებენ, რომ მიუხედავად ასეთი ყოფისა, სოციალიზმი კაპიტალიზმს ჯობია.

ჯეინი განსაკუთრებით მოხუცმა ქალებმა გააოცეს, მთელი სამი საათი რომ შეეძლოთ რიგში დგომა რაღაც უბრალო, მაგრამ რუსეთში იშვიათი ნივთის გამო და საღამოებმა, რომელიც მოკრძალებულ საბჭოურ ბინებში რუსებმა სპეციალურად ჩვენთვის მოაწყვეს. ამასთანავე, მოიხიბლა რუსი სტუდენტებით. ჩვენ ვინც გავიცანით, თითქმის ყველანი ლაპარაკობდნენ ფრანგულად და ინგლისურად და ჯეინზე უკეთესად იცნობდნენ შეერთებული შტატების ისტორიას და ლიტერატურას.

 

8 8 8

ჰენრი ფონდა რუსეთში ყველაზე ცნობილი ამერიკელი მსახიობი იყო. ამიტომაც მის ქალიშვილს ყველგან უდიდესი სითბოთი და სიხარულით ხვდებოდნენ. მე ვიცნობდი მსახიობ და რეჟისორ სერგეი ბონდარჩუკს, რომში გავიცანი. მან მიგვიწვია სტუდიაში, სადაც იღებდა ფილმს «ომი და მშვიდობა», ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით. ფილმი რვა საათს უნდა გაგრძელებულიყო.

უზარმაზარი დეკორაციებით აღფრთოვანებულმა ჯეინმა შესძახა.

_ ჰოლივუდს ჰგავს!

ბონდარჩუკს სიმწრით გაეღიმა. მას უკვე ნევროზი დამართა ფილმის გადაღებებმა.

_ თითქმის სამი წელია, ამ სურათზე ვმუშაობ, მეტი აღარ შემიძლია, _ შემოგვჩივლა შინაურულად, მერე კი შემომთავაზა, მის მაგივრად მე დამემთავრებინა «ომი და მშვიდობა». ბოლოს, კვლავ გაიღიმა და დაამატა.

_ ნუ ნერვიულობ, ჯეინს პარიზამდე მე გავაცილებ.

ბუნებრივია, რუსეთში მოგზაურობას არ ჰქონია პირდაპირი კავშირი, რომ ჯეინის პოლიტიკური შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა და მან ამ კუთხით კარიერა გაიკეთა, მაგრამ უდავოა, ამ მოგზაურობამ განსაზღვრული ფსიქოლოგიური ზემოქმედება მაინც მოახდინა მასზე. სწორედ მოსკოვისა და ლენინგრადის მონახულების შემდეგ დაიწყო მან იმ შეხედულებების უარყოფა, რომლითაც თავის ქვეყანაში იყო «მოწამლული».

 

8 8 8

«შერბურის ქოლგებს» ტრიუმფული წარმატება ხვდა წილად კანში, ხოლო ორი თვის შემდეგ ამ წარმატებას ლუი დელიუკის პრიზიც დაემატა. ამ სურათის შემდეგ კატრინმა მიყოლებით ორ ფილმში ითამაშა _ «ცხოვრება კოშკში» და «კომპანიონი». იმ წელს მისი სახელი უფრო ხშირად ჩნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, ვიდრე ბრიჟიტ ბარდოსი, რომელიც სან-ტროპეში, თავის ვილაში განმარტოვდა და კატეგორიულად ამბობდა უარს დენევის გაგზავნილ ყველა სცენარზე.

კატრინი არასდროს ამბობდა ჩემზე ცუდს, როცა ჟურნალისტები მას ჩვენს დაშორებაზე უსვამდნენ შეკითხვებს.

«ჟურ დე ფრანსში» (1964 წლის 4 ივლისი) გამოქვეყნებულ ინტერვიუში იგი აცხადებდა: «ჩვენ შორის არანაირი მორალური განხეთქილება არ მომხდარა. ის ჩემი ვაჟიშვილის მამაა. ვადიმმა ყველაზე ბედნიერი დღეები მაჩუქა ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ ფიზიკურად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ სულიერ მეგობრებად დავრჩით… მე არასდროს დავივიწყებ მას, რაც უნდა მოხდეს და ვერც ის დამივიწყებს»…

 

8 8 8

ჯეინს აშკარად რაღაც არ ჰყოფნიდა. ქალიშვილი რომ შეგვეძინა, ვანესა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამომიცხადა: «32 წელიწადს მივაღწიე და მივხდი, რომ ცხოვრების 32 წელიწადი დავკარგე» (ლაპარაკის თავი რომ ჰქონოდა, მშობიარობის შემდეგ ბებიაქალს ალბათ დაახლოებით ამავეს ეტყოდა: «მე ჩემი ცხოვრების 9 თვე დავკარგე»).

მაშინ არ მიფიქრია იმაზე, რომ ჯერ კიდევ იმ დროს ეტყობოდა უკვე პროგრესირებადი ამერიკული პურიტანიზმის ნიშნები _ მოთხოვნილება, გაამართლო შენი არსებობა, მოახდინო ზემოქმედება ან განაგო სხვისი ბედი მათსავე საკეთილდღეოდ. «უმიზნოდ ცხოვრება დაკარგული ცხოვრებაა» _ ეს ფრაზა მას დევიზად შეეძლო გაეხადა. ძალიან კეთილშობილური პოზიციაა, მე თუ მკითხავთ, ერთი მხრივ, აღფრთოვანებულიც კი ვარ მისით. მაგრამ მე სხვანაირი ვარ, არ შემიძლია შევზღუდო ჩემი ცხოვრება რაღაც ერთი, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. მე სიტყვა «ცხოვრებას» უფრო ღრმა მნიშვნელობას ვანიჭებ, უფრო ფართო სპექტრში განვიხილავ, რომელიც არ გამორიცხავს არც სიამოვნებას, არც ფუჭად დაკარგულ დროს და არც სიხარულის იმ «სახეობებს», რომლითაც შემოქმედმა დააჯილდოვა მშვენიერი პლანეტა, რომელსაც დედამიწა ჰქვია.

ერთადერთი, რასაც ჯეინი ტრადიციული პურიტანული წესების (რომელიც მე-16-17 საუკუნეებში პურიტანებმა დააამკვიდრეს) მიხედვით არ აღიარებდა, იყო ის, რომ სექსს ცოდვად არ მიიჩნევდა. ამ საკითხში ის იყო ქალი და დარჩა ქალად, დანაშაულის შეგრძნების კომპლექსების გარეშე.

 

8 8 8

ერთხელ, პლაჟიდან დაბრუნებულს, კატრინის წერილი დამხვდა მაგიდაზე.

«ოთხშაბათი, 22 ივლისი.

მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია ჩემი თავისთვის. მაგრამ ამ საღამოს შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც შემიძლია ისე ვესაუბრო, როგორც საკუთარ თავს».

გრძელი წერილი იყო. პატიების და დახმარების მუდარა. წერილი, რომელშიც ტკივილიც იგრძნობოდა და მელანქოლიაც, წყენაც და დანაშაულის აღიარებაც. კატრინი, რომელიც იშვიათად იხსნიდა ნიღაბს, დაუცველ და სასოწარკვეთილ ქალად გადაქცეულიყო. ეს წერილი, ფაქტობრივად, აღსარებას უდრიდა.

ის მიხვდა, რომ საკუთარი სისუსტეების აღიარება მხოლოდ ძლიერების და კეთილშობილი პერსონების პრივილეგიაა. ვკითხულობდი და ვგრძნობდი, როგორ მნუსხავდა ეს ქალი. იმ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენი მის მიმართ პატივისცემა. არა როგორც მსახიობის და დედის, არამედ როგორც ქალის, რომელსაც მთელი სულით და გულით შეეძლო დაეწერა. მე ვიგრძენი მისი უსუსურობაც, კეთილშობილებაც, ცრემლიც და ღიმილიც.

კატრინი ალბათ ძალიან აღშფოთდებოდა, ეს წერილი დღეს რომ მეჩვენებინა მისთვის. სამწუხაროა, რომ სული მუდამ შიშის ჯავშანში იწყებს ჩამალვას, როგორც კი დიდების მწვერვალს მიუახლოვდება. სულს არ უნდა რცხვენოდეს თავისი სისუსტეების.

ბევრჯერ მაქვს გადაკითხული ეს შესანიშნავი წერილი. და რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენჯერ ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსენდება ტოსკანაში, კატრინს იქ ფილმში იღებდნენ. მე კრისტიანის წამოსაყვანად მივედი, არჟანტიერში უნდა წამეყვანა, მონბლანის დაბლობზე, სადაც სახლს ვქირაობდი. როცა კატრინი გადაღებებიდან დაბრუნდა, უკვე ღამე იყო. ყველა წინააღმდეგობა დაგვავიწყდა, რაც ჩვენ შორის აქამდე არსებობდა _ ის ღამე ტკბილ მოგონებებში, ერთმანეთის ალერსსა და სითბოში გავატარეთ და მე იმედი ჩამესახა _ მეგონა, ყველაფერს მოვაგვარებდით, ჩვეულებრივად გავაგრძელებდით ურთიერთობას, რომ ჯეინთან თავგადასავალი მხოლოდ ოცნება იყო და კრისტიანი აუცილებლად ოჯახში გაიზრდებოდა _ მოსიყვარულე დედასთან და მამასთან ერთად. იმ ღამეს თანახმა ვიყავი, ჯეინი მიმეტოვებინა და კატრინთან დავბრუნებულიყავი…

 

8 8 8

მეორე დილით ბავშვთან ერთად გზას გავუდექით… და კვლავ ამოქმედდა ეშმაკის მანქანა. ჩემი ილუზიები ოჯახის შენარჩუნების თაობაზე წამებში დაიმსხვრა.

ისევ დავიწყეთ კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, კვლავ დაიწყო ომი და გაგვეხსნა ძველი ჭრილობები.

საბოლოოდ სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო. ჩვენ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს… ის სიყვარული თუ პატივისცემა, რაც წლების განმავლობაში გვაკავშირებდა ერთმანეთთან, სადღაც გამქრალიყო.

არჟანტიერში რომ მივედით, კატრინმა მანქანიდან გადმოსვლაც კი არ ისურვა. მე გადმოვიღე ჩემი და კრისტიანის ჩემოდანი, გზის პირას დავდგი, ბავშვი ხელში ავიტატე და ეზოში შევედი. ჯეინი გამომეგება და მაკოცა. მოვტრიალდი, მაგრამ კატრინის სახე ვერ დავინახე, მისი რეაქცია მაინტერესებდა. მან თავი მიაბრუნა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს…

 

8 8 8

როცა პარიზში დავბრუნდით, ჯეინმა დამიმარტოხელა. რატომღაც აფორიაქებული მეჩვენა.

_ რაღაც მინდა გითხრა.

_ გისმენ, _ ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა შევხედე, მას არ ჩვეოდა სათქმელის შორიდან მოვლა.

_ შეიძლება ამერიკაში მომიწიოს წასვლამ.

ამან კიდევ უფრო გამაოცა.

_ და რა ხდება ამერიკაში ამისთანა?

იგი ვერ იტანდა თავის ქვეყანას, რადგან იქ თავისი ნიჭის აღიარება ვერ მოახერხა, სადაც ძმისა და მამის ჩრდილს ამოფარებული დარჩა, ამიტომაც დავრჩი გაოგნებული.

_ ჰოლივუდში მეპატიჟებიან, ფილმში როლს მთავაზობენ.

დავიბენი. ეს ახალი ამბავი იყო ჩემთვის, თანაც «ძალიან» ახალი ამბავი.

_ ვინ გეპატიჟება?

_ «კოლამბია პიქჩერზი».

_ და?.. _ ერთი სული მქონდა, რას მეტყოდა.

_ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

_ სცენარი გამოგიგზავნეს? _ ვკითხე.

_ ჰო, ეს ვესტერნია, მაგრამ ალბათ უარს შევუთვლი.

ვთხოვე, წამაკითხე-მეთქი სცენარი, რომელსაც «კეტ ბალუ» ერქვა.

თავი უსიტყვოდ დამიქნია და სცენარი წინ დამიდო.

იმ ღამეს დავჯექი და თავიდან ბოლომდე წავიკითხე.

მეორე დღეს, საუზმის შემდეგ, ჯეინი გვერდით მოვისვი და ვუთხარი:

_ ეს არ არის კლასიკური ვესტერნი. ეს კარგი კომედიაა. კარგი იქნება, თუ ითამაშებ, ნამდვილად საშენო როლია.

ვიცოდი, რომ ამერიკაში დაბრუნებაზე ოცნებობდა, რათა დაემტკიცებინა მამისა და ძმისთვის, რომ მისი საფრანგეთში გამგზავრება გონივრული ნაბიჯი იყო.

_ იცი რა? მე მომწონს ეს კეტ ბალუ, _ მის დარწმუნებას ვცდილობდი, _ ნაზი, თანამედროვე და საყვარელი ქალია. ეს სწორედ ისაა, რაც შენი კარიერის ამ საფეხურზე გჭირდება.

მიუხედავად ჩემი შეგონებისა, კიდევ კარგა ხანს იყოყმანა, თუმცა ბოლოს სტუდია «კოლამბიას» მაინც თანხმობა განუცხადა.

ისე მივაცილე აეროპორტამდე, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია.

ჩავიდა თუ არა ლოს-ანჯელესში, აეროპორტიდანვე დამირეკა და მითხრა:

_ აბა, თუ მიხვდები, რა უნდა გითხრა…

_ მეც, _ ვუპასუხე…

ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდებოდა…

 

8 8 8

მიყვარს ოქტომბრის თვე. ამ დროს ტყე საოცარი ფერებით გამოირჩევა, თითქოს ცეცხლი უკიდიაო _ ყვითელი, წითელი, ფორთოხლისფერი ფოთლებითაა გადაპენტილი, ყვავილების ფესტივალი გეგონება ადამიანს.

დენვერში მანქანა ვიქირავე და კოლორადოში ჩავედი, სადაც ჯეინს გადაღებები ჰქონდა. მას «კეტ ბალუში» იღებდნენ. პატარა ბავშვივით ხტუნავდა, რომ დამინახა. გაუხარდა… რამდენიმე არაჩვეულებრივი დღე გავატარეთ იქ.

ნიუ-იორკში ჯეინის მამასთან დავიდეთ ბინა, 73-ე ქუჩაზე, ლექსინგტონში. იქამდე ორჯერ მყავდა ნანახი ჰენრი ფონდა, მიღებებზე და გვისაუბრია კიდეც. ის ძალიან თავდაჭერილი ადამიანი იყო, თავაზიანი. არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე საუბარი, თითქოს ალერგია ემართებოდა, როცა ვინმე ამ საკითხზე სიტყვას ჩამოუგდებდა. თუნდაც ელემენტარულ რამეზე, მაგალითად, დილით ადრე დგება თუ გვიან, ან კიდევ _ ესიზმრება თუ არა კოშმარები… ამ დროს მას ისეთივე გრძნობა ეუფლებოდა, როგორც ქალს, რომელსაც უცხოების თანდასწრებით ეკითხებიან, ყვირის თუ არა სექსუალური აქტის დროს.

უამრავი ჭორი დადიოდა ჰენრისა და მისი შვილების ურთიერთობაზე. ამბობდნენ, მამას ისინი არ უყვარსო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს «სემანტიკური» პრობლემები უფრო ედო საფუძვლად, ვიდრე მამაშვილური «შეუთავსებლობა». ჯეინი, მაგალითად, ძალიან განიცდიდა მამის გულგრილობას. ის ამას მხოლოდ ერთი რამით ხსნიდა _ მამამისმა შვილების სიყვარული არ იცოდა. ერთხელ ასეთი რამ მომიყვა:

_ 16 წლის ვიყავი. მამაჩემის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ძალიან მინდოდა მისთვის განსაკუთრებული საჩუქარი მეყიდა, ამიტომ მთელი თვე ვიმუშავე და იმ ერთ თვეში თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ვიყავი გამოჭიმული. საშინლად დამღლელი იყო ამდენი ფოტოსესია, მაგრამ ისე მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა, რომ დაღლას არაფრად ვაგდებდი. ვერ წარმოიდგენ, როგორი გაბრწყინებული თვალებით მივეცი საჩუქარი. მან კი, ერთი «მადლობაო», ჩაიდუდღუნა და არც კი გახსნა კოლოფი, რომ ენახა, რა ვაჩუქე. საშინლად დამწყდა გული, მთელი ღამე ტირილში გავათენე.

მისი ძმა, პიტერი კი უარესად განიცდიდა მამის გულგრილობას. 11 წლის იყო, თოფი რომ გაუვარდა და მუცელში დაიჭრა. მაშინ ბევრი ამბობდა, ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყოო, მაგრამ ჯეინი მტკიცედ უარყოფდა ამ ჭორს.

_ ასე სულაც არ იყო, _ მიყვებოდა ჯეინი, _ თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ უბედური შემთხვევა იყო. ჩემი აზრით, ეს უფრო რომანტიკული საშუალება იყო ყურადღების მისაქცევად. ვერაფერს ვიტყვი. პიტერი საშინლადაა დაკომპლექსებული. მას სიყვარული სჭირდება! მამაჩემისგან კი ეს ნამდვილად აკლია.

ერთი რამ ცხადი გახლდათ: მამას და შვილებს რთული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან.

ცოტა ხნით ადრე, სანამ მე და ჯეინი მამამისს ვესტუმრებოდით, ჰენრი თავის ბოლო ცოლს აფრედას დაშორდა. ეს ქალი იტალიელი არისტოკრატი გახლდათ, ძალიან ტემპერამენტიანი, მოხდენილი და თამამი, რომელსაც არასდროს არაფრის ერიდებოდა. ძალიან კოლორიტული პიროვნება იყო და სრულიად განსხვავდებოდა ქმრისაგან. გასაკვირი იყო, როგორ ეგუებოდნენ ერთმანეთს.

იმ დღეს სასტუმრო ოთახში ვიჯექი, სავარძელში და მასზე გადაკრულ ხავერდს, რატომღაც, თითებით ვწიწკნიდი. მოულოდნელად ნაჭერი გაირღვა და ხავერდის ნაკუწი ხელში შემრჩა. შევწუხდი, მაგრამ რას გავაწყობდი. მოულოდნელად ჩემი ყურადღება ერთმა რამემ მიიქცია. ამ ხავერდის შიგნით სავარძელზე კიდევ ოთხი ფენა სხვა ნაჭერი იყო გადაკრული. ძალიან გამიკვირდა. ჯეინს დავუძახე და ვაჩვენე, რაც ვნახე. ეს რას ნიშნავს-მეთქი.

მას გაეცინა.

_ ეს მამაჩემის ცოლების ოინებია. ყოველი ახალი ცოლი, ქორწილის შემდეგ, როცა ამ სახლში დიასახლისად დაიგულებდა თავს, ახალ შალითას უკვეთავდა სავარძლებისთვის. ამასთან, ძველს არ ხსნიდა და ზედ აკრავდა. ყველა საკუთარი გემოვნებით ირჩევდა ფერსაც და ნაჭერსაც.

ჰენრი ფონდას უჩვეულო ცხოვრების წესს აღფრთოვანებაში მოვყავდი. იმდენი ცოლი ჰყავდა, თითები არ გეყოფოდა ჩამოსათვლელად, ხოლო მისი ცხოვრების ბიოგრაფია რომ დაგეწერა, დიდი გარჯა დაგჭირდებოდა, რადგან თითქმის გასაიდუმლოებული იყო. არქეოლოგიური გათხრების წარმოება უფრო ადვილად გამოუვიდოდა ადამიანს, ვიდრე მისი პირადი ცხოვრების გამოკვლევა.

 

8 8 8

დედაჩემს ჯეინი ძალიან უყვარდა. ისინი ხშირად მსჯელობდნენ ქალის როლზე საზოგადოებაში, კინოზე, თეატრზე და ჩემზე… დედა გამუდმებით მაკრიტიკებდა, სერიოზულად არ უდგები შენი ფილმების სიუჟეტებსო.

_ დაიხმარე ჯეინი, მასთან ერთად შენ სასწაულებს ჩაიდენ, დამიჯერე. ის უნიკალური ქალია, განსაკუთრებული, _ ჩამჩიჩინებდა დედა, _ ის უფრო ცნობილი გახდება, ვიდრე შენ, ბრიჟიტ ბარდო ან კატრინ დენევი. მას დიდი მიზნები გაიტაცებს და კიდევ მამაკაცები, რომლებიც დაეხმარებიან საზოგადოებრივი იმიჯის შექმნაში. ის ძალიან მალე მიხვდება, რომ მისთვის მსახიობობა საკმარისი არ არის, რომ მას უფრო მეტი სჭირდება.

მეც ვხვდებოდი, რომ ჯეინი გამუდმებით ძიების პროცესში იყო, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ სიყვარული, პროფესიული წარმატებები და შვილი თავის თავს საბოლოოდ აპოვნინებდა. თუმცა დედაჩემი უფრო შორს იყურებოდა.

 

8 8 8

როცა ჯეინმა აიტეხა, საფრანგეთში სახლი უნდა ვიყიდოო და და უდენთან მდებარე მე-18 საუკუნის ფერმა შეიყვარა, მივხვდი, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემთან ერთად ცხოვრება. ჩვენ დაქორწინებაზე არასდროს გვილაპარაკია, ეს ჩვენთვის უბრალო ფორმალობა იყო და მეტი არაფერი, ისედაც ბედნიერები ვიყავით.

ჯეინ ფონდას ბიოგრაფები წერდნენ: «ვადიმი მას დაქორწინებას აიძულებდა. ბოლოს და ბოლოს, მაინც ათქმევინა «ჰო».

არადა, პირიქით იყო. ვაიძულებდი კი არა, გადაკვრითაც არასდროს მითქვამს მისთვის, ჩემი კანონიერი ცოლი გახდი-მეთქი. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ჯეინმა ეს გადაწყვეტილება თავისი სისუსტის, დაღლილობის ან დიდსულოვნების გამო მიიღო. ვინც ამას ამტკიცებს, ნიშნავს, რომ არ იცნობს მას საერთოდ. იგი არასდროს არავის მისცემდა უფლებას, მის მაგივრად მიეღო გადაწყვეტილება, მით უმეტეს, თუ საქმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. განსაკუთრებით, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაზე იყო საუბარი.

ზოგი იმასაც ამბობდა, რომ მე რეკლამისთვის მჭირდებოდა ჯეინთან დაქორწინება. მაშინ რატომ არაფერი დაწერა პრესამ ამ გასაიდუმლოებულ ქორწინებაზე მაშინვე? რატომ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია გვიან? იმიტომ, რომ ჩვენი შეუღლების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი იყო ინფორმირებული. ჩვენ დავიქირავეთ კერძო თვითმფრინავი, გადავფრინდით ლას-ვეგასში, მივედით მუნიციპალიტეტში, რათა აგვეღო ლიცენზია საჭირო საბუთების მისაღებად. უფრო სწორად, მუნიციპალიტეტში ჯეინმა მარტო გამიშვა, შენ უკეთ გაართმევ თავს ამ საქმესო. დაქორწინების ცერემონია კი სასტუმრო «დიუნას» ნომერში შედგა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და მას რვა მოწმე ესწრებოდა. მათ, რა თქმა უნდა, საიდუმლო ბოლომდე შეინახეს და არავის გაუგია ჩვენი შეუღლების ამბავი. მეგობართა უმრავლესობამ და ჩვენმა ოჯახებმაც კი მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს.

ხელის მოწერისას პირველი სიურპრიზი ჯეინის ცრემლები იყო _ ატირდა. როგორც ჩანს, იგი დაქორწინებას სიმბოლურ მნიშვნელობას მაინც ანიჭებდა.

ის საღამო და თითქმის მთელი ღამე ტურსტებთან ერთად გავატარეთ. საოცრად კარგი საღამო იყო, ჩვენ ბედნიერები ვიყავით. მართალია, ვერ გავბედეთ წარმოგვეთქვა: «სამუდამოდ», მაგრამ გულწრფელად გვჯეროდა, რომ ერთმანეთს შევაბერდებოდით. იმ ღამეს ტურისტებთან ბანქოც ვითამაშე და ბაკარაში 2 000 დოლარი მოვიგე. მეორე დღეს კი ჩვენი ნაქირავები პატარა თვითმფრინავით ბაბენკში გადავფრინდით. ასე რომ, მისის და მისტერ პლემიანნიკოვის ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.

მაგრამ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა შეკითხვა: და მაინც, რატომ დავქორწინდით?

შესაძლებელია, ჯეინს მაშინ დედად უნდოდა გახდომა და ფიქრობდა, რომ ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ორივე მშობელი ეყოლებოდა. მას აშფოთებდა იმაზე ფიქრიც კი, რომ ქალთა გულთამპყრობელი ვადიმის «არასრულ» სიას შეიძლებოდა ვინმე ამერიკელი ლამაზმანი შეჰმატებოდა. გარდა ამისა, მან ამ ნაბიჯით ჩვენს ქორწინებას თითქოს მორალური დატვირთვა შესძინა _ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, გვინდა ვიყოთ ბედნიერი და გვქონდეს სამაგალითო ოჯახი. ჯეინს ისედაც სჩვეოდა _ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდა. ქორწინება კი ამტკიცებდა, რომ იგი მზად იყო, იდეალური ცოლი და დედა ყოფილიყო. ვიტყვი კიდევ იმას, რომ ჯეინი ბევრად მგრძნობიარე იყო საზოგადოებრივი აზრის მიმართ, ვიდრე ამას პრესაში გამოთქვამდა. მისი ინტერვიუები ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.

ჩემზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. მეც მიხაროდა, რომ დავქორწინდით. მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახების ოფიციალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ვარსკვლავის ქმრის ამპლუაში უკეთ ვგრძნობდი თავს და საყვარლის სტატუსით არ ვსარგებლობდი.

ადამიანთა უმრავლესობისთვის ქორწინება ეს თვითმიზანია, აუცილებელი საზოგადოებრვი შეთანხმება ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად. ჩვენთვის კი, ორივესთვის, ეს ჩვენი პრინციპების დარღვევას ნიშნავდა. მაგრამ როცა არღვევ პრინციპებს, განა ახალს არ ადგენ?

შემდეგ რაღაც უცნაურად წარიმართა ყველაფერი. ჩვენი ქორწინება თითქოს ეპიდემიად იქცა. ლას-ვეგასში ყოფნის მეხუთე დღეს კატრინ დენევი ლონდონში გათხოვდა, პოპულარულ ფოტოგრაფს, დევიდ ბეილის გაჰყვა ცოლად, ხოლო დეკემბერში ჰენრი ფონდამ მეხუთედ იქორწინა _ ცოლად შირლი ადამსი შეირთო.

ჰენრის კიდევ ერთხელ დაქორწინება არ გამკვირვებია, თითქოს მზად ვიყავი ამისთვის, მაგრამ კატრინის გათხოვების ამბავმა ნამდვილად გამაოცა. ის ხომ გამუდმებით არწმუნებდა ჟურნალისტებს, ვერ ვიტან ამ არქაულ ცერემონიებს, ნამდვილი სიყვარულისთვის დაკანონებული შეთანხმებები არ უნდა არსებობდესო. სწორედ ამიტომაც არ მომყვებოდა მეც ცოლად.

არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან ეს ნაბიჯი რევანში იყო: ის, რაც ჩემთან არ გამოუვიდა, გამოუვიდოდა სხვასთან. ჩვენ შორის გავლებული პარალელი აშკარა იყო _ მე ცნობილ ამერიკელ კინომსახიობთან შევქმენი ოჯახი, ის კი ცნობილ ინგლისელ ფოტოგრაფს მისთხოვდა. მე ცხოვრების უმეტეს ნაწილს შტატებში გავატარებდი, ის კი _ ლონდონში. მე ამერიკელზე დავქორწინდი, ის კი ინგლისელზე.

დამთხვევა იყო?

 

8 8 8

1966 წელს დავამთავრე მუშაობა ერთ სცენარზე, რომელსაც «მონაპოვარი» ერქვა და ფილმიც გადავიღე. ეს იყო ემილ ზოლას რომანის ეკრანიზაცია, რომელიც მე-19 საუკუნის პარიზის ბურჟუაზიასა და ფინანსურ მაქინაციებზე მოგვითხრობდა.

რამდენი როლიც კი ითამაშა იქამდე ჯეინმა, სერიოზული თუ კომიკური, ყველა თითქმის ერთი ყალიბის იყო _ ყველა მისი გმირი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. აი, «მონაპოვარში» კი მას სრულიად განსხვავებული როლი შეხვდა. ის თამაშობდა ქალს, რომელიც ფილმის ბოლოს აბსოლუტურად სხვა ადამიანად გარდაიქმნება.

ზოგიერთი კინოკრიტიკოსი მადანაშაულებდა იმაში, რომ მე ზოლას რომანს არასერიოზულად მოვექეცი, რომ ძალიან შევცვალე იგი. მიუხედავად ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი პატივით მიიღეს ჩემი ფილმი, ჯეინისთვის კი იგი გრანდიოზული წარმატების სიმბოლოდ იქცა, როგორც შემოქმედებითად, ისე კომერციულად. მან მოიგო ნაძლევი, დაამტკიცა, რომ შეეძლო ვარსკვლავი გამხდარიყო და ამისთვის ჰოლივუდის აღიარებას არ დალოდებია («ოსკარი» მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო). ეს გადამწყვეტი ნაბიჯი იყო მის კარიერაში. «ყველაზე ძვირად ღირებულ მსახიობთა» სიაში იგი ნომერ პირველი გახდა, რაც მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე მეტყველებდა.

«მონაპოვარის» გამოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ჟორჟ პომპიდუმ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კუნძულ სენ-ლუიზე ვახშმად მიგვიპატიჟა. ის უგანათლებულესი ადამიანი იყო და ხელოვნებას უდიდეს პატივს სცემდა. მისი მეუღლე კლოდი კი ფერწერით, სკულპტურითა და ანტიკვარიატით იყო გატაცებული.

სუფრასთან დაახლოებით 15 ადამიანი ვისხედით. სასიამოვნო საღამო გამოვიდა. შუაღამეს დაიწყეს სტუმრებმა დაშლა. ორი საათის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, მისი მეუღლე, მე და ჯეინი  ჯერ ისევ ვლაყბობდით. უფრო სწორად, მე კლოდთან ვბაასობდი, ხოლო ოჯახის უფროსი ჯეინთან ერთად, მეორე ოთახში შაგალის ნახატს ათვალიერებდა და ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

საფრანგეთის ყველა დიდი მოღვაწე ყოველთვის სცემდა თაყვანს ლამაზ ქალებს. არც პომპიდუ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. როცა ჯეინი შემოვიდა, იგი არა მხოლოდ აღფრთოვანებული, გაოცებულიც იყო ჟორჟის ყურადღებით.

ვიზიტი გაგვიგრძელდა, არადა, დილით ორივეს ადრე გვიწევდა ადგომა. ჯეინმა თვალებით მანიშნა, დავემშვიდობოთ მასპინძლებს და ჩვენს გზას გავუდგეთო. მეც მადლობა გადავუხადე ცოლ-ქმარს და მოვუბოდიშე, უნდა წავიდეთ, რადგან ხვალ ადრე ვართ ასადგომი-მეთქი.

_ მეც, _ ამოიხვნეშა პომპიდუმ.

შეიძლება მას გული დაწყდა, ჩვენ რომ მივდიოდით და იმიტომაც ამოიხვნეშა, მაგრამ არ შეიმჩნია.

როცა მას ხელმეორედ შევხვდით, იგი უკვე რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა ჯეინის მიმართ ისევ ისეთი ყურადღებიანი დარჩა.

 

8 8 8

იმხანად მალიბუში ვცხოვრობდით, ლოს-ანჯელესის გარეუბანში. ერთ მშვენიერ დღეს წერილი მოვიდა ჯეინის სახელზე. არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ წერდა, რატომ და რას. არც ახლა მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, მაგრამ ჯეინმა წაიკითხა თუ არა, დაჭმუჭნა და სანაგვეში ჩააგდო. ჩვეულებად არ მქონია, ცოლის მიწერ-მოწერით დავინტერესებულიყავი, მაგრამ ამჯერად, თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა… ვერ მოვითმინე და ჩვეულ წესს გადავუხვიე.

_ რა ეწერა? _ ვკითხე.

_ იტალიელი პროდიუსერი დინო დე ლაურენტისი მთავაზობს როლს ფილმში, რომელიც კომიკსების სცენარზეა აგებული.

_ შეიძლება წავიკითხო?

_ რა თქმა უნდა, _ ნება დამრთო მან.

წერილი სანაგვიდან ამოვიღე, გავასწორე და წავიკითხე. საუბარი იყო ძალიან ცნობილ ფრანგულ კომიკსზე, რომლის მთავარ მოქმედ გმირ ქალს ბარბელი ერქვა. თავდაპირველად დინომ ეს როლი ბრიჟიტ ბარდოს და სოფი ლორენს შესთავაზა თურმე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. მათაც ზუსტად ჯეინისნაირი რეაქცია ჰქონდათ: «კომიკსის პერსონაჟი? ეს არასერიოზული შემოთავაზებაა!» მაშინ მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა «ვარსკვლავების ომები», «სუპერმენი» და «ბეჭდების მბრძანებელი». მაგრამ მე უკვე დიდი ხანია ვოცნებობდი მსგავსი პოპულარული სიუჟეტის ან კომიკსის მიხედვით გადამეღო ფილმი.

მეც ავუხსენი ჯეინს, რომ კინო ვითარდება, რომ მალე ფანტასტიკა და «ბარბელის» სტილის გალაქტიკური კომედიები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდნენ კინემატოგრაფში. დიდად ვერ დავარწმუნე, მაგრამ ის მიხვდა, რომ მე გატაცებული ვიყავი მსგავსი სიუჟეტებით და დინოს თანხმობის წერილი გაუგზავნა.

 

8 8 8

ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ჯეინმა ჩემი სიყვარულით მიიღო მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო მისი კარიერისთვის. ამ ფილმამდე ორი წლით ადრე, «დოქტორ ჟივაგოს» პროდიუსერებმა შესთავაზეს მას მთავარი როლი, რომელიც ბოლოს დევიდ ლინმა ჯულია კრისტის მისცა. ჯეინმა მაშინ უარი განაცხადა როლზე, რადგან არ სურდა, 7 თვე ჩემგან შორს, ესპანეთში გაეტარებინა. ამასთან, ოცნებად ჰქონდა ქცეული, ცნობილ ინგლისელ რეჟისორთან ეთამაშა.

აგვისტოში დავიწყე «ბარბელის» გადაღება რომში, დინო დე ლაურენტისის სტუდიაში. ტიტრები იშლებოდა ბარბელის ფონზე, რომელიც იხდის კოსმონავტის კოსტიუმს და სრულიად შიშველი იწყებს ცურვას კედლებზე ბეწვგადაკრულ თავის კოსმოსურ ხომალდში. ეს იყო უწონობის მდგომარეობის ტრიუკი, რომელიც სწორედ მას შემდეგ იქცა კლასიკურ ნიმუშად…

ბრიჟიტ ბარდოსგან განსხვავებით, რომელსაც თავისი სიშიშვლის არ რცხვენოდა, ჯეინს სიკვდილი ერჩივნა, როცა მას ფილმში გახდა უწევდა. არა მორალური ან პოლიტიკური მიზეზების გამო: მისმა პროვოკაციულმა განცხადებებმა ქალის სხეულის ექსპლოატაციის შესახებ მოგვიანებით გაიჟღერა მასმედიის საშუალებით. უბრალოდ, მას მიაჩნდა, რომ არ ჰქონდა სრულყოფილი სხეული. ალბათ, ვისაც «ბარბელი» აქვს ნანახი, გაუჭირდება ამის დაჯერება.

გადაღების პროცესი ერთობ რთული აღმოჩნდა ჯეინისთვის. ის მეტალის კორსეტს იცვამდა და მიწიდან ათი მეტრის დაშორებით საათობით ეკიდა ამწე-კრანზე ჰაერში. ერთგან მას თავს ესხმოდა უზარმაზარი ფრინველების გუნდი, მეორეგან უნდა გამძვრალიყო მილებში, ხან კანიბალი თოჯინები კბენდნენ, ხანაც ეშმაკის მანქანაში გამოკეტავდნენ. კოსტიუმები კი საშინლად მოუხერხებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჯეინმა ენით აუწერელი მოთმინება და სიმამაცე გამოიჩინა. მისი დამსახურებით, გადასაღებ მოედანზე ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა _ რაც, უნდა ითქვას, რომ კინოსამყაროში იშვიათად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნიკურად რთული ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

ჩვენ ვიქირავეთ რომში ყველაზე ძველი სახლი _ ანტიკა, ვია აპიაზე.

ერთ საღამოს, სტუდიიდან დაბრუნებულს, ჯეინმა ყურმილი მომაჩეჩა:

_ შენთვის კარგად ნაცნობი არსება გირეკავს, _ მრავალმნიშვნელოვნად მითხრა.

ყურმილი გამოვართვი და მართლაც ძალიან ნაცნობი ბავშვური ხმა გავიგონე, ზედმეტად მგრძნობიარე ინტონაციით:

_ ვავა, შენ ხარ? ყოფილი ცოლი გირეკავს. ჩვენ მეზობლები ვართ. ჯინა ლოლობრიჯიდას ვილა ვიქირავე ვია აპიაზე. აბა, თუ მიხვდები, რა სისულელე ჩავიდინე?

_ გათხოვდი, _ იყო ჩემი პასუხი.

_ ჰო, ერთი წლის წინ. მე ქალბატონი გიუნტერ ზაკსი ვარ.

_ სირცხვილია, ეს არ ვიცოდე.

მე არ მინახავს ბრიჟიტი ცნობილი გერმანელი მილიარდერის ცოლის ამპლუაში. ამ ქორწინებამ ძალიან გამაოცა, ბრიჟიტს ხომ ალერგია ჰქონდა ცნობილ და მდიდარ ადამიანებზე. მას სძულდა ყველაფერი, რაც სიმდიდრეს მოსდევდა _ პატივმოყვარეობა, ტყუილი, სიყალბე…

გიუნტერ ზაკსი გამონაკლისი აღმოჩნდა. ვიღაცისთვის იგი მდიდარი პლეიბოი იყო, ვიღაცისთვის _ უკანასკნელი დიდებული სენიორი, მე კი ვიტყოდი და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ მას ცხოვრების თავისებური სტილი გააჩნდა. ბრიჟიტის ყურადღების მიქცევა სტილით ძალიან ძნელი იყო. ჩემი აზრით, ზაკსი სრულებით არ გახლდათ იმ ყალიბით ჩამოსხმული მამაკაცი, რომელსაც მე ყოფილი ცოლისთვის ვისურვებდი. მაგრამ იგი ცნობილი ადამიანი იყო, ცოტათი რომანტიკოსი, და ბრიჟიტიც, ალბათ, ახალგაზრდა საყვარლების ეჭვიანობით და ეგოიზმით დაღლილი, ახლა ძლიერი მამაკაცის ზურგს საჭიროებდა, რომელიც მის დაცვას შეძლებდა.

ეს ექსტრავაგანტური ქორწილი 1966 წლის 14 ივლისს გაიმართა.

_ იმიტომ არა, რომ ჩემი ტევტონელი ბასტილიის აღების თარიღს აღმერთებს, უბრალოდ, ეს ციფრი მისთვის მაგიურია, _ ამიხსნა ბრიჟიტმა.

პირველად და უკანასკნელადაც გიუენტერ ზაკსთან შეიგრძნო ბრიჟიტმა ვარსკვლავური ცხოვრების ნამდვილი გემო. ფრენები პირადი «ბოინგით» ლას ვეგასში, მონაკოში… ორივენი კაზინოდან კაზინოში გადადიოდნენ და ყველა ქვეყანაში, სადაც ჩადიოდნენ, მილიარდერი მდიდრულ ვილებს ფლობდა თვალისმომჭრელი შადრევნებით.

კაზინოებში გიუნტერი მაღალი ფსონებით თამაშობდა და უტიფრად იგებდა. ამასთან, ყოველთვის ციფრ 14-ზე დებდა ფსონს. გაზეთები აჭრელდა სტატიებით. «იდეალურ» წყვილზე მთელი ევროპა ალაპარაკდა. ალბათ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ ბედნიერების არ სჯეროდა. ვგრძნობდი, რომ მთლად ისე არ იყო საქმე, როგორც გარედან ჩანდა.

ერთხელაც გიუნტერმა და ბრიჟიტმა სტუმრად დამპატიჟეს. რა თქმა უნდა, მიპატიჟებაზე უარის თქმა არც მიფიქრია. წავედი…

მადამ ბარდო უზარმაზარ ოთახში დამხვდა _ მას შორტი და სვიტერი ეცვა. ვეებერთელა ძველებური ავეჯის ფონზე პატარა, გამხდარი ბრიჟიტი არც კი ჩანდა. რატომღაც, არ მომეწონა, რომ შევხედე. მხრებჩამოშვებული რაღაცნაირად უსუსური და მარტოსული მომეჩვენა. მე იმდენად კარგად ვიცნობდი მას, ასეთი რამეები არასდროს გამომეპარებოდა. ერთი შეხედვით ვხვდებოდი, როდის იყო ბედნიერი და როდის უბედური.

როცა მომიახლოვდა, შევამჩნიე, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. არადა, საუკუნეა, ატირებული არ მენახა.

შემომხედა და გამიღიმა.

_ ცოტათი სევდიანი ვარ, ჩემო ვავა, _ სინანულით სავსე ხმით მითხრა, ხელისგულებით ამოიწმინდა ცრემლიანი თვალები და მაკოცა…

დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები. კიდევ ერთხელ შემეცოდა.

ბოლოს ისევ ბრიჟიტმა განმუხტა სიტუაცია, თავი ხელში აიყვანა და ჩვეული იუმორი მოიშველია.

_ მე მყავს მეტრდოტელი, სამი მოსამსახურე, _ დაიწყო ჩამოთვლა, _ ექვსი ძიძა, ოთხი მებაღე, ერთი მძღოლი, ორი ჰერცოგინია, საბერძნეთის თუ ესპანეთის ყოფილი მეფე, უკვე აღარც ვიცი, ზუსტად როგორაა, ნევადელი მაფიოზის შორეული ნათესავი, ასევე, მყავს მეგობრები _ სერჟ მარკანი, სავოიის პრინცი, პოლ ნიუმანი, ვისკონტი, ავა გარდნერი, მყავს ქმარი, რომელიც მანებივრებს… და მაინც ყველაფერი არეული მაქვს, ყველაფერი, ყველაფერი! თან ისე, როგორც არასდროს!

…ასეც ვიცოდი. მისთვის ცხოვრების ასეთი წესი ყოველთვის მიუღებელი იყო. დღესაც არ ვიცი, რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება… იგი არასდროს ცნობდა ფუფუნებას და მდიდარ მამაკაცებს. მისი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ბოლომდე გამოცანად დარჩა.

მათთან დიდხანს ვერ დავრჩი, მალევე წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ გიუნტერი დიდი პატივით შემხვდა. არ შემეძლო იმის ყურება, როგორ იტანჯებოდა ჩემი ყოფილი ცოლი.

და ამას მხოლოდ მე ვამჩნევდი და არავინ ჩემ გარდა…

 

8 8 8

წლის ბოლოს ბრიჟიტმა გიუნტერთან განქორწინება გადაწყვიტა. არც ფული აიღო მისგან და არც ქონების გაყოფა მოუთხოვია. უფრო მეტიც _ მთელი ძვირფასეულობა, რაც კი ოდესმე მისგან საჩუქრად მიუღია, უკან დაუბრუნა ქმარყოფილს. გაყრის ინიციატივა მისგან მოდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ზაკსიც ელოდა ამას, იგი სრულიად მომზადებული შეხვდა ბრიჟიტის გადაწყვეტილებას.

მიუხედავად ამისა, თბილი ურთიერთობა მაინც შეინარჩუნეს.

მოგვიანებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და ბრიჟიტი მომიყვა, რა უთხრა გიუნტერმა განქორწინების დროს.

_ «შენ ულამაზეს გემს ჰგავხარ, გაუხსნელი აფრებით. და თუკი არ გამოჩნდა ვინმე, ვინც აფრებს აუშვებს, გემი არასდროს შეცურავს ზღვაში…» _ თქვა ბრიჟიტმა და დაამატა, _ ქარმა საიდანმე ხომ უნდა დაუბეროს… ჩემი ცხოვრების დრამა ის არის, რომ თავად არ შემიძლია ამ აფრების აშვება…

_ იმიტომ, რომ არასდროს გიცდია… იქნებ ერთხელაც სცადო? _ შეგულიანება ვცადე.

_ არა… ვიცი, რომ არაფერი გამომივა. მე ყოველთვის სხვაზე ვიყავი დამოკიდებული და ასეთად დავრჩები.

მაგრამ სულაც არ დარჩა «ასეთად». გავიდა დრო და მან შეძლო თავად ემართა თავისი ცხოვრება. შეიძლება იდეალურად არ გამოუვიდა, მაგრამ ხომ გამოუვიდა?

 

8 8 8

მე და ჯეინმა ერთი კვირა გავატარეთ უდენში, ჩვენს სახლში, სანამ როსკოფში გავემგზავრებოდით. როსკოფი ბრეტანშია, სადაც «არაჩვეულებრივი ისტორიის» გადამღები ჯგუფი გველოდებოდა.

ეს ფილმი ედგარ პოს სამი ნოველისგან შედგებოდა. მას სამი სხვადასხვა რეჟისორი იღებდა: ლუი ალი (როლებში: ბრიჟიტ ბარდო და ალენ დელონი), ფედერიკო ფელინი (მთავარ როლში ტერენს სტამპი) და მე. ჩემი ნოველის მთავარი გმირების შემსრულებელი მსახიობები ერთი გვარისანი იყვნენ _ ფონდა: პიტერი და ჯეინი. და-ძმას ერთად მოუწია თამაშმა. ამასთან, პიტერისთვის ეს პირველი როლი გახლდათ. პიტერი 60-იანი წლების «ახალი ტალღის» სპეციფიკური ამერიკული პროდუქტი იყო _ უყვარდა როკი და ბობ დილანის ტიპის მომღერლებს აფანატებდა, პატივს სცემდა ნარკოტიკებს და აგემოვნებდა ქამასოკოს, საუბარში უხვად იყენებდა ჰიპების ლექსიკას, კარგად ერკვეოდა საქმეებში და დიდი მოწიწებით ეპყრობოდა დოლარს. ეს ყველაფერი საოცრად ერწყმოდა პაციფიზმითა და სპირიტული ფილოსოფიით გაჯერებულ მის ცხოვრებას, რომელიც ცოტა ჰედონიზმითაც იყო შემკული…

პიტერს გიტარაზე დაკვრა უყვარდა. შემოიკრებდა რამდენიმე ახალგაზრდას გადასაღებ მოედანზე, ჩამოჰკრავდა სიმებს და თავისი ხიბლით ირგვლივ ყველას აჯადოებდა.

 

8 8 8

ბრეტანი ლამაზი ადგილია, მაგრამ მკაცრი ჰავით გამოირჩევა. ისეთი დრამატული ადგილებია აქა-იქ, მოგნუსხავს და დაგძაბავს ერთდროულად.

ერთ საღამოს მე და ჯეინმა გასეირნება გადავწყვიტეთ. რატომღაც, დაფიქრებული მეჩვენა. ისე გავიარეთ კარგა მანძილი, სიტყვაც არ უთქვამს. დილიდან მოღრუბლული ამინდი იყო, ამიტომ წვიმამ რომ დაუშვა, არ გამკვირვებია. რომელიღაც ბარს შევაფარეთ თავი და ცხელი ღვინო მოვითხოვეთ. როგორც კი დალია, ცოტათი გამოცოცხლდა. ერთი ჭიქის შემდეგ კი სევდიანად ალაპარაკდა.

_ ბოლო დროს სულ დედაჩემი მახსენდება, _ თქვა და ამოიოხრა.

_ ეს ბუნებრივია, ჯეინ, ის დედაშენი იყო, რატომ არ უნდა გახსენდებოდეს?

_ არა, ბუნებრივი სულაც არ არის. აქამდე ასე არ ვიყავი…

_ და რა გგონია, რამე შეიცვალა? _ ვცდილობდი, მისი მოწყენის მიზეზს ჩავწვდომოდი.

_ მგონი, შეიცვალა… იქნებ იმიტომ, რომ მაინც ვფიქრობ ბავშვის გაჩენაზე? აქამდე მეშინოდა დედობის, ახლა, რატომღაც, აღარ მეშინია. ალბათ მზად ვარ ამისთვის, _ დაამატა და შეცბუნებულმა შემომხედა.

ჯეინი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა დედამისი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ამან შვილებზე უდიდესი გავლენა მოახდინა, მკაცრი მამის ხელში დარჩენილი და-ძმა უდედოდ დარჩა, რასაც ძალიან განიცდიდნენ. ჯეინი დედას დღემდე ვერ პატიობდა ავად გახდომას და გარდაცვალებას.

_ წარმოიდგინე, 12 წლის ვიყავი. დედა საავადმყოფოში იწვა, კვირების განმავლობაში ვერ ვნახულობდი მას. ვნერვიულობდი, განვიცდიდი, ვჭირვვეულობდი. სულ ვფიქრობდი, რომ მას ჩვენი ამდენი ხნით მიტოვების უფლება არ ჰქონდა. ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ასეთი მძიმე ფორმის დეპრესია. ერთხელ სახლთან მანქანა გაჩერდა და დავინახე, რომ იქიდან დედა გადმოვიდა. მას ორი სანიტარი მოჰყვებოდა. იგი რამდენიმე საათით გამოიყვანეს საავადმყოფოდან, რათა შვილები მოენახულებინა. ძლივს ამოიყვანეს კიბეზე. მაგრამ ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ არ მინდოდა არც მისი ნახვა, არც დალაპარაკება. ჩემს ოთახში შევიკეტე და დავიმალე, პიტერიც თან მყავდა.

_ რატომ?

_ ალბათ იმიტომ, რომ მას ასე იშვიათად ვნახულობდი. თითქოს მიღალატა თავისი ავადმყოფობით. შვილები ხომ არ პატიობენ მშობლებს განშორებას. მაგრამ ვიცოდი ერთი რამ _ მე მიყვარდა იგი. მაშინ პიტერსაც ავუკრძალე ოთახიდან გასვლა. მთელი საათის განმავლობაში მესმოდა, როგორ მეძახდა, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ. თითქოს გავქვავდი. ბოლოს ერთმა სანიტარმა თქვა, წასვლის დროაო. უეცრად დედას ყვირილი შემომესმა.

_ არა, მოიცათ! მე მას უნდა დაველაპარაკო! კიდევ ცოტა ხანს, მაცალეთ, თუ შეიძლება! _ და კიდევ ერთხელ დამიძახა. განწირული ხმით მიხმობდა, თითქოს შველას მთხოვდა…

მაინც არ გავედი ოთახიდან. ფეხი არ მოვიცვალე. ვითომ ამ საქციელით დასჯა მინდოდა მისი.

ბოლოს დედა დაემორჩილა სანიტრებს და მოკუნტული უკან გაჰყვა. ხმაური რომ მიწყდა, მივხვდი, რომ გარეთ გავიდნენ. მეც მაშინვე დავტოვე ჩემი სამალავი და ფანჯარას ვეცი, მაგრამ დედა ვეღარ დავინახე, მხოლოდ იმას ვუყურებდი, როგორ დაიძრა მანქანა და ნელ-ნელა თვალს მიეფარა… ცოტა ხნის შემდეგ კი დედამ თავი მოიკლა _ საავადმყოფოში, თავის პალატაში. მე მხოლოდ მეორე დღეს მითხრეს, რომ გარდაიცვალა, მაგრამ არ მითხრეს, როგორ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე, ყელი გამოიჭრა თურმე.

ჯეინი ატირდა…

დამძიმებული ვუსმენდი. ბუნებრივია, ის ნანობდა, რომ იმ დღეს დედის სანახავად ოთახიდან არ გავიდა. რა ჰქონდა დედას მისთვის სათქმელი? იქნებ მაშინ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა? ჯეინი რომ დალაპარაკებოდა, ნუთუ არ მოიკლავდა თავს? ამ კითხვებზე პასუხი ჯეინს არ ჰქონდა და სწორედ ეს ტანჯავდა…

მან მეორე ჭიქა ღვინოც დალია და ბოლომდე გამენდო.

_ რამდენი წელია, თვალს ვადევნებ, როგორ ეპყრობი შენს შვილებს, ვადიმ. ეს კი ჩემში ნდობას აღძრავს. როგორც ჩანს, უკვე აღარ მეშინია შვილის გაჩენის, ამიტომ მინდა გავაჩინო, _ თქვა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.

როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ქალიშვილი ნატალი ჩვენთან ცხოვრობდა, მხოლოდ არდადეგებზე თუ წავიდოდა დედამისთან სტუმრად. სამაგიეროდ, კატრინ დენევიმ დაიტოვა კრისტიანი თავისთან. თუმცა, ისიც ხშირად მოდიოდა ჩვენთან და დიდი ხნით რჩებოდა.

_ გინდა, შვილი გვყავდეს? _ მკითხა ბოლოს.

_ მე სიხარულისგან გავგიჟდები, _ გულწრფელად ვაღიარე.

_ სახლში სამი ბავშვი იქნება. ბევრი ხომ არ არის?

_ ჩვენ ხუთი კატა გვყავს, ექვსი ძაღლი, ოთხი იტალიელი მოსამსახურე. სამი ბავშვი რა ხელს შეგვიშლის? _ გავიხუმრე.

მთელი დღის განმავლობაში პირველად გაიცინა… თანაც, გულიანად…

მას მართლა უნდოდა შვილი და გააჩინა კიდეც _ ჩვენ პატარა ვანესა გვეყოლა…

 

8 8 8

კატრინ დენევისა და დევიდ ბეილის ქორწინება, ისევე, როგორც ბრიჟიტისა და გიუნტერ ზაკსის, ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთი წელიწადი ძლივს გაგრძელდა.

ეს ორი მსახიობი ქალი სრულიად განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ. ერთადერთი, რაც ორივეს საერთო ჰქონდა, ის იყო, რომ მელანქოლიაში არ ვარდებოდნენ, როცა მათი ცხოვრების მეგზურები ქორწინების «გზაჯვარედინიდან გადაუხვევდნენ». და კიდევ ერთი რამ _ გადასაღებ მოედანზე სხვებივით ჭირვეულობა დასჩემდათ _ როგორც თვითონ მოისურვებდნენ, ისე უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი. ეს ყველა აღიარებული ვარსკვლავის მოურჩენელი სენია. ვერც ბრიჟიტი და კატრინი გაექცნენ ამას.

იმ ეპოქაში, როცა ამ საოცარ ქმნილებებთან მე ვცხოვრობდი, არც ბრიჟიტი და არც კატრინი აღიარებული ვარსკვლავები არ იყვნენ… ჯერ კიდევ არ იყვნენ. თანაც, ჩემს ხელში ორივე ძალიან ახალგაზრდა იყო.

ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემთან აღარ ცხოვრობდნენ და მათთან ხშირად არ მიწევდა შეხება, მაინც ვადევნებდი თვალს, როგორ ავადდებოდნენ ისინი ამ ვარსკვლავური სენით და როგორ ცდილობდნენ «ძალაუფლების ხელში ჩაგდებას». და ეს ეხებოდა არა მხოლოდ მათ პროფესიულ საქმიანობას, ოჯახსაც, სხვათა შორის. ოჯახშიც კი სურდათ სადავეების ხელში ჩაგდება. როგორც კატრინმა, ასევე ბრიჟიტმა წარმატებას დიდი შრომის გარეშე და ძალიან ადრე მიაღწია. და რადგანაც დიდების მწვერვალისკენ «ზეასვლა» იოლად გამოსდიოდათ, ეგონათ, რომ ყოველთვის და ყველაფერში სწორად იქცეოდნენ. მათ დაავიწყდათ, რომ წარმატების მთავარი ფაქტორი იღბალია.

აი, ჯეინი კი სრულიად განსხვავებული ქალი იყო, ის საერთოდ არ ჰგავდა ჩემს ყოფილ ცოლებს. თავის თავს გამუდმებით აკრიტიკებდა, ხოლო სხვების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი რჩებოდა. არასდროს მიგრძნია სახლში, რომ ვიღაც დიქტატორის როლის მორგებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან კაპრიზული ვიყავი, ის კი ძალიან ფიცხი, ოჯახურ ძალაუფლებას თანაბრად ვიყოფდით.

 

8 8 8

1968 წელს პარიზში უცნაური რევოლუცია მოხდა, რომელიც «მაისის მოვლენებითაა» ცნობილი. ამ მოვლენამ ყველას თავზარი დასცა. იმ პერიოდში ჯეინი საბოლოდ შეიცვალა. დღესაც ამბობს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო გარდატეხა მის ცხოვრებაში.

_ მე ყოველთვის გამოვყოფდი ინდოჩინეთის ომს ამერიკელების მიერ ვიეტნამში გაჩაღებული ავანტიურისგან, _ ამბობდა იგი, _ მაგრამ მაისში ყველა ჩემი შეხედულება თავდაყირა დადგა. პარიზში ძალიან ბევრ მწერალს, პოლიტიკოსს და პროფკავშირის წარმომადგენელს შევხვდი, ასევე სტუდენტებს _ მემარცხენეებს, მემარჯვენეებს, უკიდურეს რადიკალებს და გამოუსწორებელ კომუნისტებსაც კი. და მივხვდი, რომ ეს ორი ომი ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაწყების მიზეზი სრულიად განსხვავებულია. სწორედ იმ რამდენიმე კვირის ამბებმა ამიხილა თვალი და მიმახვედრა, რატომ დაიწყო სახალხო მოძრაობა ვიეტნამში, რომელმაც ასეთი მკვეთრი გამოხმაურება ჰპოვა ჩემს ქვეყანაში.

ჯეინის პოლიტიკური ხედვა ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. ის იმ გზით წავიდა, რომელსაც მე შეგნებულად გავურბოდი მთელი ცხოვრება. მე ძალიან ბევრი მინახავს ოკუპაციის დროს და შემდეგაც, როცა საფრანგეთი თავისუფალი ქვეყანა გახდა. 16 წლის ასაკიდან ჩემს თავს განსხვავებული წესები შემოვუღე: არასდროს ჩაერიო პოლიტიკაში, არ წამოეგო სხვების ცინიზმზე, ცხოვრებიდან მიიღე მხოლოდ კარგი ან საუკეთესო _ ზღვა, ბუნება, სპორტი, მანქანა «ფერარი», მეგობრებთან ურთიერთობა, ხელოვნება, «მთვრალი ღამეები», ლამაზი ქალი და ა.შ. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, მე შევინარჩუნე იგი (ლიბერალი ვარ, ფანატიზმს ვერ ვიტან), მაგრამ ყოველგვარ პოლიტიკურ ვალდებულებებზე უარი ვთქვი.

სამაგიეროდ, ჯეინმა იტვირთა იგი და ისე მოულოდნელად, თითქოს მთელი ცხოვრება ძიების პროცესში იყო და როგორც იქნა, სათავისო საქმე იპოვაო.

 

8 8 8

ფილმ «მონაპოვარში» ჯეინის გმირი თმას იჭრის, რათა საყვარელს თავი მოაწონოს. კადრი, როცა კულულები ძირს ცვივა, მსხვილი პლანით გადავიღე. ჯეინს რა თქმა უნდა, პარიკი ეკეთა. ხოლო ფილმში «ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ», ჯეინმა იგივე სცენა გაიმეორა, მაგრამ ამჯერად თავისი ბუნებრივი თმა «იმსხვერპლა». ვითომ ეს დამთხვევა იყო? არა მგონია… მე მაშინ ახალი ჯეინი დავინახე _ აქამდე დაფარული პირადი ცხოვრებით.

ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება _ ჩხუბიც, კამათიც, ეჭვიანობის სცენებიც, განქორწინებით დამუქრებაც… ხანდახან ერთ წუთში ლაგდება სიტუაცია და რიგდებიან წყვილები, ხანდანან ამ შერიგებას დღეები, უარეს შემთხვევაში, კვირები და თვეები სჭირდება… ჩვენ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. ამ კადრის ნახვის შემდეგ მე მივხვდი, რომ ჩვენი სიყვარულის გაქრობის პროცესი დაიწყო… შეუქცევადი პროცესი…

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დრამატული არაფერი მომხდარა. ის კი არ მაშფოთებდა, რომ ჯეინი საქმეზე გადაერთო და ყოველდღიური ურთიერთობები თითქმის დაივიწყა. მისი შეჭრილი თმის სიმბოლური ხასიათი მაშფოთებდა _ მასში სხვა ლტოლვა დავინახე _ ლტოლვა ახალი იმიჯის შესაქმნელად, ლტოლვა ცვლილებებისკენ. სწორედ ამ სიმბოლურმა თმის შეჭრამ უდიდესი განხიბვლა გამოიწვია ჩემში. მე თვალები ამეხილა და რეალობაში ის დავინახე, რომლის არსებობასაც ქვეშეცნეულად არ ვიჯერებდი… ან გავურბოდი.

 

8 8 8

უკვე ისე აღარ მიყვარდა ჯეინი. მისი გამუდმებული მოთხოვნილება, ემოქმედა და პოლიტიკას სერიოზულად მოჰკიდებოდა, მღლიდა. მე ხომ სხვა ქალი მიყვარდა მასში _ ხალასი, შემოქმედი, აქტიური და არა კუშტი, გაუაზრებელი ნაბიჯის გადამდგმელი, ქალი, რომელსაც შეეძლო ეთვალთმაქცა, ჩაედინა სისულელეები. და აი, მოულოდნელად საქმიანი მონსტრის გვერდით აღმოვჩნდი, რომელსაც საქმის მეტი არაფერი აინტერესებდა. რა თქმა უნდა, ცოტათი ვაჭარბებ, მაგრამი მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთ გამიგოთ.

ჰოლივუდელმა რეჟისორმა ჯეიმს პომ დაწერა სცენარი ფილმისთვის «ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ» და პროდიუსერები ვიკლერი და ჩარტოფი დაიყოლია მის გადაღებაზე. მანვე მთავარი გმირის გლორიას როლზე ჯეინ ფონდა მიიწვია. ჯეიმს პო სერიოზული, თავდაჭერილი კაცი იყო. ის კარგად ეწყობოდა ჯეინს. მაგრამ მოხდა ისე, რომ გადაღებების დაწყების წინ რეჟისორი შეცვალეს და მის მაგივრად სიდნეი პოლაკი მოიწვიეს. მოხდა უცნაური რამ, ჯეინმა პროდიუსერების მხარე დაიჭირა და პოს განუდგა. მომავალში გაირკვა, რომ ეს შემთხვევითობა სულაც არ იყო.

მე აღშფოთებული დავრჩი. წაართვა ადამიანს სცენარი, მოხსნა გადაღებებიდან, შეცვალო იგი სხვა რეჟისორით, თან როცა ამ ადამიანისგან დავალებული ხარ, რადგან სამუშაო გიშოვა, ამორალობაა და მეტი არაფერი. ვერ ვიტყვი, რომ პროდიუსერების გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი. მე უფრო მეტად ჯეინის თანხმობამ გამაღიზიანა. ქალი, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძოდა, ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა და ჰოლივუდს არადამიანურობაში ადანაშაულებდა, თვითონ მოიქცა არადაამიანურად.

საფრანგეთში რეჟისორი არასდროს შეცვლის მეორე რეჟისორს, თუ თავად მისგან არ ექნება ამის შემოთავაზება. პირველ რიგში, ეს არაკოლეგიალობაა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. მაგრამ ალბათ ყველა ქვეყანას თავის მორალი და კრიტერიუმები გააჩნია. სულაც არ მინდა გავაკრიტიკო ჯეინი ან განვსაჯო მისი საქციელი. თუმცა ამ ინციდენტმა ჩემი ცოლის აქამდე დამალული თვისება დამანახვა: უკეთესი შედეგის მისაღწევად მას შეეძლო გაეწირა სხვა, ყოველგვარი სოლიდარობის გარეშე. მისთვის პირველ პლანზე საქმის ინტერესმა წამოიწია. საქმის გამო მან ახლობელი ადამიანი გაწირა.

დაიწყო გადაღებები და ჯეინი მთლიანად შეერწყა როლს. თითქოს მთავარი გმირის ცხოვრებაში რეალურად შეიჭრა. იგი ხშირად ღამეები რჩებოდა სტუდიაში და თურმე გრიმსაც კი არ იშორებდა, რომ უკეთ შეეგრძნო გლორიას გმირი.

ხანდახან იძულებული ვხდებოდი, ვანესასთვის ხელი მომეკიდა და «უორნერ ბრაზერსის» სტუდიაში მივსულიყავი, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. ბავშვს დედა ენატრებოდა.

იმ პერიოდში ჯეინმა მამასთან ურთიერთობა მოაგვარა. ჯეინი გათხოვილი იყო, ჰყავდა შვილი, მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა ჰოლივუდში, წარმატებით იღებდნენ ფილმებში, ხოლო პოლიტიკური საქმიანობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული. ჰენრი ამ ყველაფრით ერთობ კმაყოფილი გახლდათ.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება სიყვარულის დასასრული აგონიაში მყოფი მომაკვდავის ბოლო ფაზას შევადარო, მაგრამ თუ ანალოგიას გავითვალისწინებთ, შეიძლება რემისიაზე ამ შემთხვევაშიც ვილაპარაკოთ. სწორედ ამას მაგონებს 1968 წლის ის ორი კვირა, რომელიც მე და ჯეინმა ერთად გავატარეთ სენ-ტროპეში. საოცარი დღეები იყო, ასეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართ.

სანაპიროსთან ახლოს პატარა სასტუმრო მდებარეობდა. სწორედ იქ ვცხოვრობდით. ერთი დღე განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. არაჩვეულებრივი ამინდი იდგა. იმ წუთებს ვიდეოკამერით ვიღებდი. ყველა წამს ვაფიქსირებდი კადრში _ სეირნობა სანაპიროზე, ცარიელი ნავსაყუდელი, კამკამა, გამჭვირვალე წყალი, თეთრი ქვიშა, შიშველი ჯეინი მზეზე, აკისკისებული ვანესა გასაბერ ნავში, ტორტი ერთი სანთლით…

ვანესა იმ დღეს წლის გახდა. ჯეინი სურათებს უღებდა და გემრიელად იცინოდა. ვანესას ტუჩები შოკოლადის კრემით ჰქონდა მოთხვრილი. როცა კრემის ჭამა დაამთავრა, სანთელს მიადგა და მის ჩაკბეჩას შეეცადა.

ჩემი გადაღებული ფილმი უხმოა, მაგრამ ტუჩების მოძრაობით შეიძლება იმის გარკვევა, რას ამბობს ჯეინი.

_ როგორ ეტყობა, რომ მის ძარღვებში რუსული სისხლი ჩქეფს!

კარგად მახსოვს, რა პასუხიც გავეცი.

_ რუსები სანთლებს არ ჭამენ, ჯეინ!

_ ცდები, ძვირფასო! _ შემეწინააღმდეგა ჩემი ცოლი, _ ყველასთვის ცნობილია, რომ ჭამენ!

ეგზისტენციალური ხასიათის პრობლემებს დროებით აღარ შეუწუხებია ჯეინი, მაგრამ იმ დღეს ამან კვლავ იჩინა თავი. იგი კვლავინდებურად ეძებდა პასუხს კითხვაზე: «რა არ მყოფნის ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩემი თავის სრული რეალიზაცია მოვახდინო?» ის ჯერ კიდევ ეძებდა, ეძებდა…

ჰიპურმა მოძრაობამ პირველ პლანზე ინდოეთი და მისი ბუდისტური მსოფლმხედველობა წამოსწია. ამ კონტინენტზე და მის მოსახლეობაზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. ყველა, ვინც თავის თავს ეძებდა, იქით გარბოდა, თითქოს ამ ქვეყანაში მოიძებნებოდა პასუხი მათ კითხვაზე _ ბრძენებისა და სულიერი მწყემსების ქვეყანაში.

ჯეინის სკოლის მეგობარი ბომბეიში პარიზის გავლით მიემგზავრებოდა. სწორედ მან ითამაშა კატალიზატორის როლი ჯეინის ცხოვრებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, სტუმრად მოვიპატიჟეთ იგი. დღესაც არ ვიცი, ვნანობდი თუ არა მაშინ, ისინი ერთმანეთს რომ შევახვედრე. თუმცა, რას ვიფიქრებდი, თუკი მისი გამოჩენა ჩემს ოჯახურ სიმყუდროვეს თავდაყირა დააყენებდა.

როცა ჯეინის მეგობრის გამგზავრების დრო დადგა, ჩემმა ცოლმა გამომიცხადა, მეც თან უნდა გავყვეო.

_ კი მაგრამ… _ გაპროტესტება ვცადე.

_ არავითარი მაგრამ, ვადიმ! მივდივარ და მორჩა! გთხოვ, აღარაფერი მითხრა. ჩემთვის ეს აუცილებელია! იქნებ იქ მაინც ვიპოვო ჩემი თავი? შენ არ უნდა შემიშალო ხელი! და რომც შემიშალო, მე მაინც წავალ!

არც შემიშლია. მივხვდი, რაც უნდა მეცადა, მაინც ვერ გავაჩერებდი. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ მას ცოტა ხნით განმარტოება სურდა, უნდოდა ჩემგან და ჰოლივუდისგან შორს ყოფილიყო. ალბათ საბოლოოდ უნდა დაფიქრებულიყო, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება _ ჩემთან თუ ჩემ გარეშე…

 

8 8 8

მარტო დავრჩი ბავშვთან ერთად. დოტი, ვანესას ძიძა მეხმარებოდა. მოთმინებით ველოდი მის დაბრუნებას. მტანჯველი ორი კვირა ძალიან გაიწელა და როცა ჩემი მოგზაური დაბრუნდა, ლამის ვერ ვიცანი. ისეთი გამხდარი იყო ჯეინი, გაოცება ვერ დავმალე. ეს კიდევ არაფერი, უარესი ის იყო, რომ მან ვერც იქ ჰპოვა სიმშვიდე და ვერც «თავი მისი შეიცნო». მეგონა, ამის შემდეგ მაინც დაანებებდა თავს ძიების პროცესს, მაგრამ მწარედ შევცდი. ეს მოგზაურობა დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა. მართალია, ინდოეთმა თავისი პრობლემების გასაღები ვერ აპოვნინა, სამაგიეროდ, ძალიან დიდი ნახტომი გააკეთებინა პოლიტიკაში. ჯეინი მიხვდა, რომ სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლა საკუთარი სულის გადარჩენით ან მედიტაციით არ გამოვიდოდა. ის ძალიან იყო აღელვებული «ინდური სიღატაკით» და ხსნას ახლა სხვა მხრივ ეძებდა. ლამის შეშლილი სახით დადიოდა. ვეღარ ვცნობდი. ყველაფერზე ღიზიანდებოდა, არაფერი აკმაყოფილებდა, გამუდმებით ქალთა უფლებებზე ლაპარაკობდა და ამ დისკუსიებს ბოლო არ უჩანდა.

ჩვენი განშორება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ეს უკვე ბოლომდე მქონდა გააზრებული, ამიტომ შემეძლო, პირველი ნაბიჯი მევე გადამედგა და ჩემს თავზე ამეღო ყველაფერი. მაგრამ მაინც ვაჭიანურებდი… რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ხელი არ მეკრა თავად ჯეინისთვის, მისი «მე» რომ არ დაზარალებულიყო. უფრო ძნელია იყო ის, ვისაც ტოვებენ, ვიდრე ის, ვინც ტოვებს. არ მინდოდა მისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ვანესას ფაქტორი მაფერხებდა.

მეორეც _ სამუდამოდ დამამახსოვრდა ჰენრი ფონდას სიტყვები: «ჩვენ, ფონდებს, არ გვტოვებენ!» და დღესაც თვალწინ მიდგას ჯეინის სახე, როცა მან მამის ეს სიტყვები გამიმეორა.

იყო კიდევ ერთი, უფრო მსუბუქი მიზეზი: შექმნილი სიტუაცია სულაც არ მიშლიდა ხელს, პირველს მეთქვა ოჯახურ თანაცხოვრებაზე უარი. მაზოხისტი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ორაზროვანი, ბუნდოვანი და დამაბნეველი სიტუაციების შექმნა. ამ საქმის დიდოსტატი ვიყავი. ეს ყოველთვის ცვლილებებს იწვევდა სასიყვარულო ფრონტზე და ბევრი სასიამოვნო წუთიც მოჰქონდა. ამით მე ვახერხებდი, რაღაც პერიოდით გაგვეხანგრძლივებინა ჩვენი განწირული სიყვარული.

 

8 8 8

და აი, ის დროც დადგა, როცა ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არა ჩემი მიზეზით. ჯეინმა თავისი გზა იპოვა. დადგა მომენტი, როცა გველივით ტყავი უნდა გამოეცვალა. მე უკვე ყოველდღე ველოდი, როდის დამემშვიდობებოდა.

კარგად მახსოვს ის დღე და ის სიტყვები, რომელიც მან სასტუმრო «ბევერლი ჰილზის» ნომერში წარმოთქვა.

ზედმეტად აფორიაქებული მეჩვენა საღამოს, შინ რომ დაბრუნდა. ვახშამზეც უარი თქვა. ტანსაცმელი გამოიცვალა, ჩაი დალია და სავარძელში ჩაესვენა. თვალს მარიდებდა. მივხვდი, რომ ეს ის საღამო იყო, როცა ყველაფერი დამთავრდებოდა. მაინც არ შევიმჩნიე. ერთხელაც არ მიკითხავს, რა გჭირს-მეთქი. დაველოდე, სანამ თვითონ წამოიწყებდა.

_ ვადიმ! _ როგორც იქნა, წარმოთქვა.

_ რა იყო, ჯეინ! _ ვითომ არაფერი, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრისამებრ ვუპასუხე.

_ ვადიმ! _ გაიმეორა მან, _ ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. მე შენ ძველებურად მიყვარხარ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მჭირდება, ჩემი დრო, ჩემი თავისუფლება. ამის თავიდან აცილება უკვე შეუძლებელია. პროცესი ისედაც დიდი ხანია, დაიძრა. შენც სხვა ცხოვრება გჭირდება, სხვა გარემო, სხვა ქალი…

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი მისი აღსარება, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩუმებული ვიდექი, მერე კი თვალებში შევხედე და ვკითხე.

_ მაგრამ ვანესა?

როგორც კი ბავშვი ვუხსენე, მაშინვე თავდაცვაზე გადავიდა. შვილი ჩვენთვის, ორივესთვის «აქილევსის ქუსლი» იყო, ასეთ სიტუაციებში მასზე საუბარი ორივეს გვიჭირდა. მით უმეტეს ახლა, როცა დაშორებაზე მიდგა საქმე.

ჯეინმა თავი ასწია, როგორც იქნა, თვალი თვალში გამიყარა და მაშინვე აგრესიული გაუხდა ტონი.

_ ვიცი, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მერე გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ, _ ცივად მომიგო და უტეხად შემომხედა.

მისი გაღიზიანება იმას ნიშნავდა, რომ რაც უნდა მეთქვა, არ დამითმობდა. იმ წუთას კი «საბრძოლო მოქმედებების» დაწყების დრო არ იყო, ეს საბოლოო ჯამში ერთმანეთის მტრად გვაქცევდა, ამიტომ დათმობა ვამჯობინე და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით მივუგე:

_ იცი? სულ მეგონა, რომ მთელ ცხოვრებას შენ გვერდით გავატარებდი, ამის დიდი იმედი მქონდა. ცოტა მოვიწყინე.

_ ცოტა მოიწყინე? _ თვალები გაუფართოვდა, _ სულ ეს არის, რაც შეგიძლია მითხრა?

ის ისე მიყურებდა, თითქოს ციდან ვყოფილიყავი ჩამოვარდნილი ან რომელიღაც შორეული გალაქტიკიდან. არ ელოდა, ასე «მსუბუქად» თუ შევხვდებოდი მის გადაწყვეტილებას. არადა, მართლა ძალიან მტკიოდა გული, საშინლად განვიცდიდი ოჯახის დანგრევას, თუმცა, რატომღაც, ვერ შევძელი ამის თქმა.

საერთოდ ასეთი ვარ. არასდროს არავისთან, უახლოეს მეგობრებთან, დედასთან, ცოლებთანაც კი არ მისაუბრია ჩემს პირად გრძნობებზე, განცდებზე. ის კი არა, ძლიერ ფიზიკურ ტკივილსაც კი არ ვუზიარებდი სხვას. შემეძლო მეთქვა, რომ თავი მტკივა ან თითი დავიწვი, მაგრამ ფეხი მოვიტეხე და ტკივილი მკლავს, მსგავსი წუწუნი ჩემგან არავის სმენია.

არ მინდა, ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, თითქოს ჩვენი გაყრა მხოლოდ ჯეინის გარდასახვამ გამოიწვია. ეს არ არის მართალი. მეც მაქვს ჩემი სისუსტეები და არაერთი ნაკლი, რამაც ასევე ითამაშა გარკვეული როლი. თუმცა, ახლა ამაზე არ მინდა ვილაპარაკო. მე ყველა ფაქტი გადმოგილაგეთ _ დასკვნები თქვენთვის მომინდია.

 

8 8 8

ჯეინი ბევრს მოგზაურობდა. მთელი მისი დრო ქალთა უფლებების დაცვაზე იხარჯებოდა, იგი ექომაგებოდა ინდიელ ქალებს, «შავ პანტერებს», განსაკუთრებით ვიეტნამის ომში დაზარალებულებს. ის ვიეტნამელთა სახალხო მოძრაობასაც კი შეუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა. გამუდმებით სადღაც მიდიოდა. დღეს რომ ვიეტნამში იყო, ხვალ შტატებში ამოყოფდა თავს, ზეგ რომ ინდოეთში გადაფრინდებოდა, მომდევნო დღეს კვლავ საფრანგეთში ბრუნდებოდა და ასე გრძელდებოდა გაუთავებლად.

მიუხედავად ასეთი გრაფიკისა, პოლიტიკის გამო სამსახიობო კარიერა არ დაუთმია. იმხანად უკვე მიმდინარეობდა მომზადება ფილმ «კლიუტის» გადასაღებად. საინტერესო სურათი გამოვიდა. კლიუტი გამომძიებელია, რომელიც დამნაშავეს ეძებს. ძიების პროცესში გაიცნობს მეძავს, რომელმაც ყველაზე ბოლოს ნახა დანაშაულში ევჭმიტანილი… მეძავის როლს ჯეინი თამაშობდა… სწორედ ამ როლმა მოუტანა მას პირველი «ოსკარი», სწორედ ეს როლი გახდა მისი კარიერის მწვერვალი. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი დონალდ საზერლენდი სურათში მისი პარტნიორი, ხოლო ცხოვრებაში პოლიტიკური ამხანაგი გახლდათ…

 

8 8 8

1972-73 წლების ზამთრის დასაწყისში ნორვეგიაში მომიწია გამგზავრებამ, პეოპსში, სადაც ჯეინს იღებდნენ ფილმში _ «თოჯინების სახლი». რეჟისორი გახლდათ ჯოზეფ ლოუზი. ლოუზს ვიცნობდი და ამიტომ მას «არაოფიციალური ვიზიტით» ვესტუმრე.

_ თქვენ ჯეინ ფონდას მეუღლე ექვსი წელი იყავით? _ მკითხა მან.

_ დიახ.

_ მაგრამ არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ, _ ორაზროვნად მითხრა.

მისი მსუბუქად სარკასტული კომენტარი რაღაც ასპექტში გამართლებულიც იყო. მეორე მსახიობი ქალი, რომელიც «თოჯინების სახლში» თამაშობდა, დელფინ სეირიგი იყო. ისიც ქალთა ემანსიპაციის ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ საფრანგეთის ქალთა მოძრაობაში. ლოუზის ალბათ, ადვილად შეეძლო ცალ-ცალკე მათი ატანა, მაგრამ ორი სუპერფემინისტის ერთად მოთოკვა _ ეს მის ძალებს აღემატებოდა.

_ ყველა კადრის გამო მეკამათებიან, _ შემომჩივლა რეჟისორმა, _ ხანდახან არ მესმის, რას ითხოვენ ჩემგან. ამას წინათ დელფინმა მითხრა, ამ პოზაში ნუ მთხოვ ჩაის დალევას, ძალიან სექსუალური ხასიათის კადრი გამოდისო. ძლივს შევიკავე თავი, რომ გადასაღები მოედანი არ მიმეტოვებინა და არ გავქცეულიყავი. გარეთ გავედი და სანამ ბოლომდე არ დავწყნარდი, თოვლში ვიარე აქეთ-იქით.

ლოუზის გაეცინა.

იმავე დღეს ჯეინი შეეცადა, ჩემთან მარტო დარჩენილიყო. გადაღებები გვიან მორჩა და სანამ სასტუმროში წავიდოდი, ჯეინმა მთხოვა, ცოტა გავისეირნოთო.

სუსხიანი ამინდი იყო, ამიტომ კაფეში შევედით და დასალევი მოვითხოვე. ჯეინმა სასმელზე უარი თქვა.

_ რაღაც მინდა გითხრა, _ ძლივს გასაგონი ხმით დაიწყო.

_ ორსულად ხარ, _ დავასწარი, თუმცა გაოგნება ეგრევე შემეტყო. რატომღაც, გულმა მიგრძნო, რომ ასე უნდა ყოფილიყო.

გაოცებულმა გამომხედა.

_ საიდან იცი?

_ მე და შენ 6 წელი ერთად ვიცხოვრეთ, ჯეინ და მგონი, კარგად გიცნობ. შენი სახის გამომეტყველებით ვხვდები, როდის რა გჭირს.

_ ჰო, _ თვალები დახარა, _ მაგრამ მაინც ძალიან გაგიკვირდა.

_ გამიკვირდა, იმიტომ, რომ არ ვიცი, შენთვის ეს კარგი ამბავია თუ ცუდი. თავი შევიკავე, მომელოცა, ამიტომაც გაკვირვებული სახე მივიღე, სანამ გეტყოდი, რაც გაწუხებდა თუ გახარებდა.

_ გათხოვება გადავწყვიტე, _ დაამატა მან.

_ მშვენიერი აზრია, _ მხრები ავიჩეჩე.

_ მაგრამ არ შემიძლია.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ოფიციალურად არ ვართ გაყრილები.

ამ დეტალზე არც გამიმახვილებია ყურადღება. უფრო მეტიც, საერთოდაც გადამავიწყდა, რომ ოფიციალურად ჩვენ ჯერ კიდევ ცოლ-ქმრად ვითვლებოდით. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ შორის ფინანსური პრობლემა არასდროს წამოჭრილა, არც ვანესას გამო გვიდავია. როცა განშორება გადავწყვიტეთ, აუცილებელ ფორმალურ მხარეზე არც ერთს არ გვიფიქრია.

_ მამა ვინ არის? _ ცინიკურად ვკითხე.

ყოველთვის მიჭირდა თავის შეკავება, არ დამეცინა მისთვის, ყველაზე დელიკატურ და დრამატულ მომენტშიც კი. მაინც წამომცდებოდა ხოლმე რაღაც, თუნდაც მსუბუქი ირონით. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის მპატიობდა. ვინ იცის, რატომ.

მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ბავშვის მამა ტომ ჰეიდენი იყო. ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკული პრესა ბევრს წერდა ჯეინ ფონდასა და ტომ ჰეიდენის რომანის შესახებ, ამიტომაც მისთვის ეს შეკითხვა არ უნდა დამესვა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ვერ მოვითმინე.

რაღაცნაირად წარმოვიდგინე კიდეც პოლიტიკური მოძრაობის ამ ორი ლიდერის პირველი შეხვედრა: მაგალითად, როგორც კეისარი და კლეოპატრა, ჟანა დარკი და დე გოლი _ რაღაც ამდაგვარი და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. ჯეინმა ჩემი დამცინავი კილო არ შეიმჩნია, არც გაბრაზებულა, სრულიად მშვიდად მომიგო:

_ მსგავსი არაფერი. ჩვენ ერთმანეთი მიტინგზე გავიცანით, პროჟექტორების შუქზე, _ სევდიანად წარმოთქვა და ასევე სევდიანად გაიღიმა.

_ და გათხოვება რატომ გადაწყვიტე? _ დავინტერესდი, ახლა უკვე ირონიის გარეშე.

_ რატომ არ უნდა გავთხოვდე? მე ოდესმე ვყოფილვარ ქორწინების ინსტიტუტის წინააღმდეგი? _ ამოოხვრით დამისვა კონტრშეკითხვა.

_ ალბათ არა… არ ვიცი, არ მახსოვს… _ კონკრეტულ პასუხს თავი ავარიდე…

 

8 8 8

როცა ჯეინი პარიზში ჩამოვიდა, საცხოვრებლად ჩვენთან დარჩა. მას ყველაზე დიდი ოთახი დავუთმე, რადგან პოლიტიკური მოძრაობის ლიდერებთან ჰქონდა ხოლმე შეხვედრები, განსაკუთრებით უკიდურეს მემარცხენეებთან.

უცნაური რამ ხდებოდა ასეთ დროს ჩემს სახლში. ერთ საღამოს, მაგალითად, იმ დროს, როცა ჯეინი რეჟის დებრეისთან ერთად თავის ოთახში გეგმებს აწყობდა, მეორე ოთახში საფრანგეთის პრზიდენტი, ვალერი ჟისკარ დესტენი ჩაის მიირთმევდა ჩემს მორიგ ცოლთან კატრინ შნეიდერთან ერთად, რომელსაც მთელი ათი წელი იცნობდა და ძალიან უყვარდა.

_ ვისთან აქვს შეხვედრა ჯეინს? _ შეეკითხა ჟისკარი კატრინს.

_ ტერორისტთან, მაოისტთან და ტროცკისტული მოძრაობის წარმომადგენელთან, _ ექიდნური ტონით უპასუხა ჩემმა ცოლმა, თან ჩაის უსხამდა პრეზიდენტს.

ჩემსავით მასაც უყვარდა ადამიანების გაკილვა…

 

8 8 8

ჯეინი და ჰეიდენი ახალი ჩამოსულები იყვნენ ჰანოიდან. იმ პერიოდში ვიეტნამში მიმდინარე მოვლენებმა ბევრი კამათი გამოიწვია. გაუთავებელი დისკუსიები იმართებოდა ამის შესახებ მთელ მსოფლიოში. ორი ღამე ტომმაც ჩვენს სახლში გაათენა.

ერთ საღამოს კვლავ გვესტუმრა პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი. ამჯერად მას ჯეინთან სურდა დალაპარაკება. აინტერესებდა ჯეინის თვალით დანახული ვიეტნამი, ამასთან, მოაყოლა, რა შედეგი გამოიღო მისმა შეხვედრებმა კომუნისტური პარტიის ლიდერებთან.

ამ დროს სამზარეულოს კარი გაიღო და ტომი გამოვიდა. მას ხელში ქათმის ბარკლის წვნიანით სავსე თეფში ეჭირა. ნელა მოდიოდა, რომ წვნიანი არ დაღვროდა. იგი ჩვენ წინ იატაკზე დაჯდა და ხელებით დაიწყო ჭამა. კატრინს შიშისგან სახე გაუფითრდა. ის თვალს არ აშორებდა ცხიმის წვეთებს, რომელიც შეიძლებოდა მის მშვენიერ ხალიჩას დასცემოდა _ ახლახან ნიუ-იორკში მამასისხლად ნაყიდს. ჟისკარიც, თავისთავად, მალულად გააპარებდა ხოლმე მზერას ჰეიდენისკენ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ჯეინის შიშს.

_ ეს ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან უდიერად იქცევიან, _ შენიშნა პრეზიდენტმა, როცა ტომი ჭამას მორჩა და დასაძინებლად გაეშურა.

ჯეინიც იზიარებდა მის შენიშვნას, მაგრამ იმ წუთას ხმა არ გაუღია. აშკარა იყო, სასტიკად გააღიზიანა ქმრის საქციელმა. არ ვიცი, რისი დამტკიცება უნდოდა ამით ტომს, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ერთი კია, როცა პრეზიდენტი გყავს სტუმრად, რომელი ქვეყნისაც უნდა იყოს, დელიკატურობის გამოჩენაა საჭირო. ცოტა დიპლომატიური ნიჭი უნდა გქონდეს. ფაქტია, ჰეიდენს იგი არ ჰქონდა, ან ჰქონდა და შეგნებულად მოიქცა ასე, რითაც ხაზი გაუსვა, რომ იგი ამერიკელი იყო და სხვა «ძლიერებს ამა ქვეყნისას» არად აგდებდა…

საფრანგეთის ნომერ პირველ პოლიტიკოსს მოულოდნელად თავში უცნაურმა იდეამ გაუელვა, წარბები შეყარა და შეცბუნებული სახით მე მომიბრუნდა:

_ ვადიმ, არ გეჩვენებათ, რომ იგი ერთ მშვენიერ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება?.. _ საკუთარმა ვარაუდმა თავადვე გააკვირვა.

მე არ გამკვირვებია.

 

8 8 8

ჯეინმა რთული მისია იკისრა. მისი ცხოვრებისეული როლი კინოს ვარსკვლავის კარიერის ყოველგვარ საზღვრებს სცილდებოდა. სიმბოლურად აუხდინო თანამედროვე ქალს ოცნება, იარო კარდაკარ, იქადაგო მისი კეთილდღეობისთვის, არც ისე ადვილია. უფრო მეტიც, ძალიან რთული სამუშაოა.

პოლიტიკოსი, აქტიური საქმიანი ქალი, ქმრის შეხედულებების გამზიარებელი, ერთგული დედა, პროდიუსერი, მწერალი, საერთაშორისო მნიშვნელობის ვარსკვლავი _ ნუთუ ბევრი არ არის ერთი ადამიანისთვის? ყოფილა შემთხვევები, რომ აქ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ ვალდებულებას მოუმწყვდევია დიდი მსახიობი ჩიხში. პირადად მე ვერასდროს შევძლებდი მეცხოვრა ისე, როგორც ამას ჯეინი ახერხებდა.

ასე მხოლოდ მას შეეძლო, მას, ერთადერთს _ ჯეინ ფონდას.

 

8 8 8

იმ პერიოდში ჯეინის დღის წესრიგი თითქმის ერთნაირად გამოიყურებოდა. მაგალითად, 23 საათზე ჩამოფრინდა ნიუ-იორკიდან, ჩიკაგოდან ან კანზას-სიტიდან, სადაც პოლიტიკურ მიტინგს მართავდა თავის თანამოაზრეებთან ერთად. ჩამოსვლისთანავე, როგორც კი თავის მოწესრიგებას მორჩებოდა, ფოსტას გადაათვალიერებდა. აუცილებლად ყველა წერილს გაეცნობოდა, არც ერთს წაუკითხავს არ ტოვებდა. შემდეგ დაურეკავდა ქმარს საკრამენტოში (კალიფორნიის შტატებში მიმდინარე არჩევნების გამო ტომი კვირაში რამდენიმე დღეს შტატის დედაქალაქში ატარებდა) და ამის შემდეგ იწყებდა მეორე დღისთვის მზადებას.

როგორც კი ლოგინში შეწვებოდა, ცდილობდა, წაეკითხა რომელიმე სტატია ან ახალი სცენარი, მაგრამ პირველსავე წინადადებაზე ძილი ერეოდა. თუმცა დილის 6 საათზე უკვე ფეხზე იყო.

სახლში მოსამსახურე არ ჰყავდა, თვითონ აკეთებდა ყველაფერს. ის თან ხილის წვენს სვამდა, თან ზეზეულად მიირთმევდა მშრალ საუზმეს, ამავდროულად, კიდევ ერთხელ გადაავლებდა თვალს თავისი მომავალი წიგნის სტრიქონებს ან მიტინგზე წარმოსათქმელ სიტყვას.

სახლიდან გამოსული რამდენიმე კილომეტრს გაირბენდა, რათა სპორტული ფორმა არ დაეკარგა, შემდეგ კვლავ სახლში მიბრუნდებოდა, წყალს გადაივლებდა და საქმიანი ქალის იმიჯით შეიმოსებოდა.

8 საათზე ერთად შევიყრებოდით _ სანტა-მონიკას დაწყებით სკოლაში, სადაც ვანესა სწავლობდა. ჯეინი გამოელაპარაკებოდა მასწავლებლებს, იკითხავდა თავისი შვილის აკადემიური მოსწრების ამბებს და ბოლოს უდიდესი თხოვნით მიმართავდა დამრიგებელს, რომ ვანესას დღიური მისთვის ყოველთვიურად კი არა, ორ კვირაში ერთხელ მიეწოდებინათ, რათა მეტი ყურადღება დაეთმო ქალიშვილისთვის. დამრიგებლისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.

მასწავლებლები კმაყოფილები იყვნენ ვანესათი. მას ბრწყინვალე ნიშნები ჰქონდა _ ყველა საგანში ხუთიანი, თუმცა სკოლაში სიარული დიდად არ ეხატებოდა გულზე, როგორც ყველა მოსწავლეს.

მასწავლებლებთან შეხვედრა რვის ნახევარზე მთავრდებოდა. ჩვენ მის «ფოლკსვაგენში» ვსხდებოდით და გზას ვაგრძელებდით.

_ რატომღაც, განხიბლული ვარ, _ იტყოდა ჯეინი გზაში, _ როგორც ჩანს, ვანესა უფრო მოწესრიგებულია, როცა შენთან ცხოვრობს.

_ ვიცი, _ უკვე მერამდენედ ვპასუხობდი მეც, _ იმიტომ, რომ იგი ჩემზე არ არის დამოკიდებული და არ ელოდება, როდის გააღვიძებენ დილით და სწრაფად ჩაცმას მოსთხოვენ. მე დილით მძინავს, ის კი თავისით იღვიძებს, მშვიდად იცვამს, საუზმობს, მიდის სკოლაში და არასდროს აგვიანებს.

9 საათზე ჯეინი აერობიკის ერთ-ერთ ცენტრს სტუმრობდა. იქ ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშობდა და არ აძლევდა საკუთარ სხეულს დაბერების საშუალებას. შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა სახლში, კვლავ იბანავებდა, მოწესრიგდებოდა, მსუბუქ მაკიაჟს გაიკეთებდა და ტელეფონს მიუჯდებოდა.

11-ის ნახევარზე ის უკვე თავის ოფისში იყო. მდივან ქალთან ერთად, რომელსაც დები ერქვა, რამდენიმე სერიოზულ საქმეს განიხილავდა, ორივენი გაეცნობოდნენ ფოსტას და ხელს მოაწერდნენ საქმიან ქაღალდებს. ამას მოსდევდა თათბირი სხვა თანამშრომლებთან ერთად, ახალი ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით.

13 საათსა და 30 წუთზე იგი მსუბუქად სადილობდა სტუდიის სასადილოში ფილმის სცენარისტთან და მასთან საქმიან საუბარში ერთვებოდა.

ჯეინს დღის მეორე ნახევარიც ასეთი დატვირთული ჰქონდა. ტელეგადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მისგან ინტერვიუ უნდა აეღოთ. იგი ხვდებოდა მეგობარ ქალს, რომელსაც უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია რეიგანის ადმინისტრაციის ახალი კანონების შესახებ, რათა შემდეგ მის წინააღმდეგ ბრძოლა წამოეწყოთ. რეიგანს ფემინისტებთან თავისი «მიდგომა» ჰქონდა, შეუმჩნევლად აპარებდა მათ ახალ-ახალ ცვლილებებს კანონში.

18 საათზე ჯეინი შინ ბრუნდებოდა და ცოტა ხანს შვილებთან ატარებდა. მებაღეს დავალებას მისცემდა, რა უნდა გაეკეთებინა მეორე დღისთვის, მერე კი კვლავ ტელეფონზე იწყებდა რეკვას. შემდეგ სამზარეულო, რათა ვახშამი ან სადილი მოამზადებინა შვილებისთვის. მენიუ ძალიან უბრალო იყო, მაგრამ გემრიელი და სასარგებლო. თუმცა, ფრანგულ აზიზ სადილებს მიჩვეული ვანესასთვის ცოტა «მიუღებელი» იყო ამერიკულ სტილში მომზადებული კერძები და ამის გამო ჯეინს მასთან «ჭიდილი» უწევდა.

შემდეგ საკრამენტოდან ტომ ჰეიდენი ჩამოდიოდა. ვახშამს მოსდევდა შეკრება ტომის თანამშრომლებთან, რათა ნოემბრის არჩევნებისთვის შემდგომი სტრატეგიები შეემუშავებინათ.

23 საათზე ჯეინი სასწრაფოდ იწყებდა ჩემოდნის ჩალაგებას _ დილით 7.45 სააათზე იგი მაიამიში უნდა გაფრენილიყო.

არ ვიცი, ჯეინი როგორ შეაფასებს სუპერქალის ჩემეულ პორტრეტს, მაგრამ ეს იყო ტიპური დღე მისი ცხოვრებიდან. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ «რემისიებიც» ჰქონდა ხოლმე. ის ხშირად გამონახავდა დროს, რომ მეგობრებთან შეევლო, რომელთაგან ყველა როდი იყო ჩართული პოლიტიკაში. სიამოვნებით დადიოდა როკმუსიკის კონცერტებზე და დაჰყავდა ბავშვები კინოში. იყო შემთხვევები, როცა ის ჩემთან შემოივლიდა (ძირითადად, წიგნის სათხოვნელად, რათა ვანესას ბევრი წაეკითხა) და ჩვენ საათობით ვლაყბობდით ყველაფერზე, რაც გაგვახსენდებოდა. ორი საათი უსაქმოდ! _ ეს მისთვის დაუჯერებელი ფუფუნება გახლდათ. შემდეგ იგი აღგზნებული წამოხტებოდა და შეიცხადებდა.

_ ისევ მოვწყდი საქმეებს, ღმერთო, რა სულელი ვარ!

ზოგიერთებისთვის ჯეინი საშიში ექსტრემისტი იყო, ფანატიკური ფემინისტი, ზოგიერთებისთვის კი მოწინავე ქალი, რომელიც სოციალური სამართლიანობისთვის იბრძოდა. მაგრამ ერთნიც და მეორენიც გამუდმებით სვამდნენ შეკითხვას _ აქვს კი გული ამ საოცარ «მანქანას», რომელმაც ყველა თავისი წამოწყება ბოლომდე მიიყვანა და ცხოვრებაში ვყელაფერს მიაღწია, რაც სურდა?

ამ კითხვას მე გავცემ პასუხს და მაგალითად ჯეინის მამასთან ურთიერთობას მოვიყვან.

ჰენრი ფონდა ექსპანსიური ბუნების არ იყო, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო გულახდილი ხდებოდა ქალიშვილთან. ჯეინი 30 წელიწადი ელოდა ამ სასწაულს. მას იმედი არასდროს დაუკარგავს, რომ ოდესმე მამა ნამდვილ მამობას გაუწევდა. და მართლაც, ბოლო წლებში ისინი ძალიან დაახლოვდნენ. თუმცა, ბედისწერას ვერ გაექცევა ადამიანი. ჰენრი განუკურნებელი სენით დაავადდა და დიდხანს იყო ლოგინად ჩავარდნილი. მას ლაპარაკი არ შეეძლო, მხოლოდ გამოხედვით თუ მიხვდებოდი, როდის რა აწუხებდა. როცა ვაკვირდებოდი, როგორ უყურებდა იგი თავის ქალიშვილს, ადვილად ვხვდებოდი, როგორ უყვარდა შვილი და როგორ სთხოვდა თვალებით პატიებას განვლილი წლების გამო.

ჰენრის გარდაცვალება ჯეინმა ძალიან განიცადა. გარეგნულად არ იმჩნევდა, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან სტკიოდა. მისი მწუხარება _ ეს იყო მწუხარება ქალისა, რომელსაც სიყვარული შეუძლია.

ერთ საღამოს დამირეკა, გავისეირნოთო, მთხოვა. მე მას სანტა ბარბარასთან ახლოს მდებარე რანჩოში ვეწვიე. მის შემოგარენში გავისეირნეთ საღამო ხანს. სასიამოვნო ნიავი ქროდა. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, წარსულიც გავიხსენეთ, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასაც შევეხეთ… სწორედ მაშინ ვკითხე.

_ ჯეინ, შენ პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწიე, რაც გინდოდა. მაგრამ აი, ახლა, კიდევ ერთი სურვილის ახდენის საშუალება რომ მოგცენ, რას ინატრებდი?

იგი შეჩერდა და გამომხედა. ერთხანს უსიტყვოდ მიყურებდა. შემდეგ იქვე, ბუჩქის ძირას ჩაცუცქდა, ხელები თავზე შემოიწყო და ჩაფიქრდა. ბოლოს კი მიპასუხა:

_ მინდა გავიზარდო… მაგრამ არა გარეგნულად. შინაგანად მინდა გავიზარდო. ცხოვრების ლაბირინთებში ასე უკეთესად გავიკვლევდი გზას…

 

8 8 8

მიუხედავად იმისა, რომ კატრინ დენევი ფრანგია და ჩვენ საერთო შვილი გვყავდა, ნაკლები შესაძლებლობა მქონდა მისი ნახვის, ვიდრე ჯეინ ფონდასი.

კატრინთან ბოლო შეხვედრამ განსაკუთრებულად სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა.

ეს იყო 10 წლის წინ. იმ პერიოდში იგი ყველგან მარჩელო მასტროიანისთან ერთად ჩნდებოდა, რადგან ეს უკანასკნელი ყურებამდე იყო მასზე შეყვარებული.

ერთ საღამოს კატრინმა დამირეკა და ვახშმად დამპატიჟა მარჩელოსთან ერთად. სენის მარცხენა სანაპიროზე, ერთ «სიმპათიურ» რესტორანში შევიკრიბეთ სამივე.

მასტრონიანი ძალიან მომწონდა. მომაჯადოებელი ადამიანი გახლდათ _ ხუმარა, თბილი და კეთილგანწყობილი, მის ნიჭზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

იმ ღამეს მაგრად დავლიეთ. კატრინი ყველაზე მეტს მხიარულობდა. როცა ქეიფს მოვრჩით, ოფიციანტ ქალს ვთხოვე, ბარის ლარნაკს რომ უზარმაზარი თაიგული ამშვენებს, იქნებ მომცეთ-მეთქი.

ქალმა უყოყმანოდ შემიფუთა ბუკეტი და მომიტანა, მე კი კატრინს ვაჩუქე. ამაზე მარჩელო დაიბოღმა, ასეთი ადვილი რამე მე როგორ ვერ მოვიფიქრეო.

_ ფაქტობრივად, შენ მე ყვავილები კბილებიდან გამომგლიჯე, _ გამეხუმრა იგი.

გარეთ გამოვედით და სამივენი ჩემს მანქანაში ჩავსხედით. კატრინმა მთხოვა, მარჩელო თავის სასტუმრომდე მიგვეყვანა. რა თხოვნა მინდოდა, ამას ისედაც ვაპირებდი. მასტროიანი სასტუმროს შესასვლელთან ჩამოვსვით, ჩვენ კი გზა გავაგრძელეთ. კატრინიც სახლამდე მივიყვანე და დამშვიდობების წინ ერთმანეთს ვაკოცეთ.

თუკი კატრინს ამით უნდოდა, მარჩელო გაეღიზიანებინა და მას ეეჭვიანა, უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალედ გამოუვიდა. როცა მე და მასტროიანი მეორედ შევხვდით ერთმანეთს, მან სწორედ ეს საღამო გამახსენა და მითხრა, მაშინ, ვახშმობისას, რატომღაც, ზედმეტადაც ვიგრძენი თავიო.

_ ორ შეთქმულს მაგონებდით, რომ გიყურებდით, _ გულახდილად აღიარა, _ იცინოდით და ერთმანეთის უსიტყვოდ გესმოდათ. ის კი არა, რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, ისევ ხომ არ უყვარს-მეთქი კატრინს ვადიმი.

ამაზე გულიანად გამეცინა.

_ შეგიძლია ნებისმიერ მამაკაცზე იეჭვიანო, მარჩელო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩემზე. ამ მხრივ, ჩათვალე, რომ მე გამონაკლისი ვარ, _ დავამშვიდე დიდი მსახიობი.

მასტროიანი მიმტკიცებდა, რომ ყოველთვის ქალი აძევებს მამაკაცს სახლიდან, როცა სიყვარული მთავრდება. მან საიდუმლოდ გამანდო, როგორ მოექცა ფეი დანაუეი.

_ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. ნიუ-იორკში ვცხოვრობდით. ის ჩემთან მოდიოდა და ერთად ვატარებდით დროს, მაგრამ სულ გარბოდა. გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა: «ადგილს ვერ ვპოულობ, როცა შინ არ ვარო». ამას იმიზეზებდა. მინდოდა დამემშვიდებინა, ამიტომ საკუთარი ბინა ვუყიდე, ცალკე, თავისთვის რომ ჰქონოდა და მეც მასთან გადავსახლდი, მაგრამ შენ წარმოიდგინე, არაფერი შეცვლილა. ის კი არა, რამდენიმე დღის შემდეგ დამიძახა, დერეფანში გამიყვანა და ჩალაგებულ ჩემოდნებზე მიმითითა. ისე დამითხოვა სახლიდან, არც კი ამიხსნა, ასე უცერემონიოდ რატომ გამაგდო. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ კატრინიც ასე გამსვამს კარში ერთ მშვენიერ დღეს.

_ ეგ არავინ იცის, _ გული გავუკეთე.

_ შენ არ მიცნობ კარგად, ვადიმ… მთლად ფრთიანი ანგელოზი არც მე ვარ, _ ეშმაკურად შემომღიმა.

 

8 8 8

ჩემს ვაჟს კრისტიანს, როცა ჩვენთან დასარჩენად მოდიოდა, ვეებერთელა ჩემოდანი მოჰქონდა თან და კიდევ _ ქაღალდზე ჩამოწერილი გრძელი სია, რა ელაგა იმ ჩემოდანში. უკან დაბრუნებულს თუ იმ სიიდან რამე დააკლდებოდა, კატრინი ისტერიკებს გაუმართავდა ბიჭს, მოუწესრიგებელი ხარო. და ამაში მე მადანაშაულებდა, უწესრიგობას შენ აჩვევ კრისტიანსო. იმდენად ამომივიდა ყელში მისი შენიშვნები, რომ მე და კრისტიანმა მოვილაპარაკეთ _ როცა ის ჩვენთან ჩამოვიდოდა, მისი ჩემოდანი საწოლის ქვეშ შეგვეგდო, საერთოდ არ გაგვეხსნა, მისთვის კი ახალი ტანსაცმელი გვეყიდა. მას შემდეგ სულ ასე ვიქცეოდით და კრისტიანს გაუხსნელი ჩემოდანი მიჰქონდა უკან. ამით ისტერიკებიც ავიცილეთ თავიდან, რადგან უკვე აღარაფერი იკარგებოდა.

 

8 8 8

არ ვიცი, თავის ქებაში ჩამეთვლება თუ არა, მაგრამ რომ გადავხედე ჩემს ყოფილ ქალებს, ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე. ჯერ იყო და, ბრიჟიტ ბარდო აირჩიეს მარიანად _ საფრანგეთის სიმბოლოდ და მისი ბიუსტი ჩამოასხეს პარიზში. ბრიჟიტის შემდეგ ეს პატივი კატრინ დენევის ერგო წილად. რა გამოვიდა? რომ ცხოვრების თანამგზავრად მყავდა ორი ფრანგი ქალი, რომელთაც თავიანთი სახე აჩუქეს რესპუბლიკას _ 190-წლიანი არსებობის განმავლობაში ეს უნიკალური შემთხვევა იყო. აი, როგორი გზა ავირჩიე, რესპუბლიკელი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, ამას ხუმრობით ვამბობ.

არადა, ჯეინიც არანაკლებ დაფასებული გახლდათ თავის ქვეყანაში. მას ერთი ნაბიჯი დააკლდა მხოლოდ, რომ პირველი პრეზიდენტი ქალი გამხდარიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

8 8 8

მარიანას «გვირგვინჩამორთმეულმა» ბრიჟიტ ბარდომ, როგორც ჩანს, ვერ შეძლო ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა და «დაღვინება». ამას ერთი რამის გამო ვამბობ მხოლოდ _ პლუშის სათამაშოებიდან იგი ზრდასრულ ასაკში ნამდვილ ცხოველებზე გადავიდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველა ჟურნალ-გაზეთი მისი «ჯვაროსნული ლაშქრობის» შესახებ წერდა, როგორ ესარჩლებოდა იგი უპატრონო ძაღლებს თუ მაიმუნებს, რომლებზეც ათასნაირ სამეცნიერო ცდას ატარებდნენ. იგი იცავდა ყველას, ვინც იტანჯებოდა და გასაჩივრება არ შეეძლო.

ბრიჟიტი, რომელმაც უარი თქვა ჰოლივუდში წასვლასა და გამდიდრებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მგზავრობა არ უყვარს, ქვეყნის დასალიერში გაემგზავრა, ალიასკაზე, რათა ირმები გადაერჩინა. ბრიჟიტი ცხოველების დასაცავად არ იშურებდა ენერგიას, ჯეინი კი _ ქალების. და ორივე ერთნაირი მონდომებით იხარჯებოდა თავის საქმეში.

აით წლის წინ, როცა ბრიჟიტი კინოდან წავიდა, ბევრმა თქვა, რომ იგი არასწორად მოიქცა, რომ ეს მისი წამგებიანი ნაბიჯი იყო. არადა, მე ზუსტად ვიცოდი, რომ მან ეს ნაბიჯი მთელი გულწრფელობით გადადგა. მან ეკრანზეც კი ვერ შეძლო დადინჯებული ადამიანის როლი ეთამაშა, ეკრანზეც კი ვერ გაითავისა ზრდასრული ადამიანების ყოველდღიური პრობლემები. კინომაც ვერ შეცვალა პატარა ბრიჟიტი. ამიტომაც რევერანსით გამოემშვიდობა კინემატოგრაფს და… ჩემი აზრით, დროულადაც…

 

8 8 8

მემუარები აქ მთავრდება… მაგრამ როჟე ვადიმის ცხოვრება გაგრძელდა.

63 წლის ასაკში საფრანგეთის უდიდესი რეჟისორი მეხუთედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ფრანგი მსახიობი მარი-კრისტინ ბარო გახდა.

_ ის პირველია, რომელიც ჩემს ძირითად ცხოვრებისეულ პრინციპებს დაეთანხმა, _ აღნიშნავდა როჟე ვადიმი, _ რა არის ცხოვრებაში მთავარი? არასდროს გაიფუჭო განწყობა სულელური ჩხუბით და კამათით, მიუხედავად იმისა, ლიდერობა გსურს თუ რიგითი მოქალაქეობა. მარი-კრისტინამდე ყოველთვის ვაწყდებოდი წინააღმდეგობას ჩემს ცოლებთან. მათთან ჩხუბს ხშირ შემთხვევაში კატასტროფამდე მივყავდი. ამ წლების განმავლობაში კი, რაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთხელაც არ გვიჩხუბია. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. შეხედულებების სრული თანხვედრა, სექსუალური აღმავლობის ხანა. ასეთი ბედნიერება აქამდე მხოლოდ მომისმენია, განცდით კი მართლაც რომ პირველად განვიცადე!

მარი-კრისტინს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ვადიმის ყოფილ ცოლებთანაც, განსაკუთრებით მათ შვილებთან.

როჟე ვადიმის უფროსი ქალიშვილი ნატალი, რომელიც რეჟისორს ანეტ შტროიბერგისგან ეყოლა, უკვე 50-ს გადაცილებული ქალბატონია, მუშაობს ჰოლივუდში, არის რეჟისორის თანაშემწე.

ვანესა _ ჯეინ ფონდას ქალიშვილი, სწორედ მაშინ დაიბადა, როცა დედა პოლიტიკურ ორომტრიალში ჩაება და გამუდმებით ლოს-ანჟელესსა და პარიზს შორის დაფრინავდა.

ვანესამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და წარმატებული ქალი გახდა.

ვადიმთან ერთ სადარბაზოში ცხოვრობდა მისი ერთ-ერთი ყოფილი მეუღლე, კატრინ შნაიდერი ვაჟიშვილ ვანიასთან ერთად, რომელმაც სპეციალობად ფილოსოფიური მსოფლმხედველობა აირჩია. ხოლო უფროსი ვაჟი, კრისტიანი, რომელიც კატრინ დენევისთან ეყოლა, მსახიობი გახდა.

_ ორი ზრდასრული ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, შეგეძლოს ბავშვად დარჩენა, _ მიაჩნდა ვადიმს, _ არასდროს უნდა გამოხვიდე ბავშვობიდან _ აი, ზეუმშვენიერესი ფორმა ზრდასრულობისა… თუკი ქალის ერთი გამოხედვით ვხვდები, რომ მას მოვწონვარ, სიბერის შიში მიქრება…

ასე ფიქრობდა იგი _ უდიდესი რეჟისორი და ერთ დროს საფრანგეთის «ნომერ პირველი მამაკაცი»…

როჟე ვადიმი გარდაიცვალა 2000 წლის 11 თებერვალს პარიზში…

ის დღესაც განუმეორებელია!..

 

ყალბი შედევრი

izmena1 

_ თქვენი ვან გოგი ნაყალბევია.

ს… თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, თავისი ბოლო შენაძენის გვერდით _ ეს იყო რემბრანდტის ტილო, რომელიც მან ხელჩართულ ბრძოლაში მოიპოვა ნიუ-იორკის აუქციონზე, სადაც მსოფლიოში ცნობილ არაერთ მუზეუმს განუცდია დამარცხება.

სავარძელში გაშხლართულმა ბარეტამ გულის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. ნაცრისფერი ჰალსტუხი, შავი მარგალიტი, ერთიანად ჭაღარა თმა, მკაცრი ყაიდის ელეგანტური კოსტიუმი და მონოკლი ოდნავ შეშუპებულ სახეზე _ ასე გამოიყურებოდა ბარეტა.

_ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ამას ამბობს. განსაზღვრულ მომენტში მცირე ეჭვები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ… ამას არ უარვყოფ. მე რისკზე წავედი. თუმცა დღეისთვის საკითხი ბოლომდე გადაჭრილია: პორტრეტი ნამდვილია. წერის მანერა უდავოა, ფუნჯის ყოველ მოსმაში იცნობა.

ს… სპილოს ძვლისგან გამოთლილ ქაღალდის საჭრელ დანას ათამაშებდა ხელში, სახეზე მომაბეზრებელი იერი აღბეჭდოდა.

_ მაშინ რაში ხედავთ პრობლემას? გიხაროდეთ, რომ ასეთ შედევრს ფლობთ.

_ მე მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ. აღარ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. ნუ დადებთ თქვენს გირებს სასწორზე.

ს…მ ოდნავ გაიღიმა.

_ მე მიწვეული ვიყავი აუქციონზე და თავი შევიკავე.

_ გამყიდველები ცხვრის ფარასავით დაგყვებიან უკან, ერიდებიან თქვენს განაწყენებას. და კიდევ… ვიყოთ გულახდილები: მათ შორის ყველაზე მსხვილი კლიენტები თქვენი ფინანსური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან…

_ აჭარბებთ, _ თქვა ს…მ, _ მე უსაფრთხოების მხოლოდ მინიმალური ზომები მივიღე, რომ გაყიდვების დროს მცირედი უპირატესობით მესარგებლა.

ბარეტას ლამის მავედრებელი მზერა გაუხდა.

_ არ მესმის, რატომ წახვედით ამ საქმეში ჩემ წინააღმდეგ.

_ ჩემო ძვირფასო მეგობარო, ვიყოთ სერიოზულები. რადგან მე არ მიყიდია ეს ვან გოგი, ამიტომაც ექსპერტების აზრი მის ნამდვილობასთან დაკავშირებით, ერთსულოვანი იყო. მაგრამ მე რომ მეყიდა, ის თქვენთვის მიუწვდომელი დარჩებოდა. კონკრეტულად რა გინდათ, რომ გავაკეთო?

_ თქვენ თქვენს ხელთ არსებული ყველა ძალა გამოიყენეთ ამ პორტრეტის წინააღმდეგ საბრძოლველად, _ თქვა ბარეტამ, _ მე საქმის კურსში ვარ: თქვენ იყენებთ ყველა გავლენას იმის დასამტკიცებლად, რომ საქმე ნაყალბევს ეხება. თქვენი გავლენა კი დიდია, ოჰ, რა დიდია! საკმარისია, ერთი სიტყვა თქვათ და…

ს…მ სპილოს ძვლისგან გამოთლილი ქაღალდის საჭრელი დანა მაგიდაზე მოისროლა და წამოდგა.

_ ვწუხვარ, ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ. საკითხი პრინციპულია და თქვენ უნდა გესმოდეთ ეს. მე ამ სიყალბის თანამონაწილე არ გავხდები, გაჩუმებითაც კი. თქვენ შესანიშნავი კოლექცია გაქვთ და უბრალოდ, უნდა აღიაროთ, რომ შეცდით. ორიგინალის საკითხთან დაკავშირებით, მე არანაირ გარიგებას არ ვაპირებ საკუთარ სინდისთან. სამყაროში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფალსიფიკაცია და ყალბი ფასეულობები იმარჯვებს, ერთადერთი, რისიც შეიძლება გჯეროდეს, შედევრებია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ყოველგვარი სახის ფალსიფიკაციისგან. ჩემთვის ხელოვნების ნიმუშები წმიდათაწმიდაა, სინამდვილე და უტყუარობა ჩემი რელიგიაა… თქვენი ვან გოგი ნაყალბევია. ამ ტრაგიკული გენიისთვის ცხოვრებაში საკმარისად უღალატიათ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია და სიკვდილის შემდგომ მაინც უნდა დავიცვათ იგი კიდევ ერთი ღალატისგან, მისი ნახატების გაყალბებას ვგულისხმობ..

_ ეს თქვენი ბოლო სიტყვაა?

_ მიკვირს, რომ ისეთი პატივცემული ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ, მთხოვთ ასეთ მაქინაციებში მივიღო მონაწილეობა.

_ მე ამ პორტრეტში სამი ათასი დოლარი გადავიხადე, _ თქვა ბარეტამ.

ს…მ დამცინავად შეხედა.

_ ვიცი, ვიცი… თქვენ შეგნებულად აწიეთ ფასი აუქციონზე. გროშების ფასად რომ შეგეძინათ, მაშინ… არა, სინამდვილეში ეს ყველაფერი თეთრი ძაფითაა შეკერილი.

_ ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი რამდენიმე მწარე სიტყვის შემდეგ, ადამიანებს სახე ეცვლებათ ამ პორტრეტის ხილვისას. და მაინც, უნდა გაიგოთ, რომ…

_ მესმის, _ თქვა ს…მ, _ მაგრამ არ ვეთანხმები. დაწვით ტილო, აი, ეს იქნება ჟესტი, რომელიც არამარტო თქვენი კოლექციის რეპუტაციას ასწევს, არამედ თქვენს რეპუტაციასაც გაამყარებს, როგორც პატიოსანი ადამიანისას. და კიდევ ერთხელ გიმეორებთ: თქვენ არაფერ შუაში ხართ. აქ ვან გოგზეა ლაპარაკი.

ბარეტას სახე გაუქვავდა. ს…მ ნაცნობი გამომეტყველება დაიჭირა: სწორედ ისეთი, როგორიც მუდმივად გამოეხატებოდათ სახეზე მის საქმიან კონკურენტებს, როცა იგი მათ ბაზრიდან აძევებდა. «რომ არა პრინციპი, აი, ასე იძენენ მეგობრებს…» _ ირონიით გაიფიქრა მან.

მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ერთ-ერთ იმ მცირე ღირებულებათაგანს, რომელსაც ის ნამდვილად უფრთხილდებოდა, თავისი საარსებო ინტერესებიდან ერთ-ერთს _ სინამდვილის, უტყუარობის მოთხოვნილებას. თავადაც არ იცოდა, საიდან ჰქონდა ასეთი უცნაური ნოსტალგია. იქნებ ილუზიის სრული არქონის გამო: იცოდა, რომ არავის ნდობა არ შეიძლებოდა. მხოლოდ საკუთარ თავს უმადლოდა იმაში, რომ ასეთი ფინანსური წარმატება მოიპოვა. მან კარგად უწყოდა, რომ მლიქვნელობით გაჯერებულ საზოგადოებაში ცხოვრობდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო მავანთა ბოროტი საქმეების თანამზრახველი გამხდარიყო. იცოდა, როგორ ჭორაობდა მასზე საზოგადოების ნაწილი:

«ელ გრეკოს ნამუშევრების უმშვენიერესი კერძო კოლექცია არ აკმაყოფილებს… იმასაც კი ცდილობს, სადავოდ გახადოს ამერიკულ მუზეუმებში განთავსებული რემბრანდტის სურათების ნამდვილობა. განა ბევრი არ არის ფეხსაცმლის მწმენდავი სმირნელი ლოთისგან, რომელიც ვიტრინების გაქურდვით იყო დაკავებული და არაფრად ღირებულ მისალოც ბარათებს ყიდდა პორტში? მიუხედავად თვითკმაყოფილი იერისა, სავსეა კომპლექსებით, მისი დევნა შედევრებისადმი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, დაივიწყოს თავისი წარმომავლობა».

შესაძლებელია, ამაში იყო სიმართლის ნაწილი. იგი ძალიან დიდხანს იმყოფებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში _ იმდენად დაურწმუნებელი იყო საკუთარ თავში, ისიც კი არ იცოდა, თავიდან რა ენაზე ფიქრობდა _ ინგლისურად, თურქულად თუ სომხურად. უდავოდ ორიგინალური ხელოვნების საგნები უნერგავდა მას იმ პატივს, რაც წლების განმავლობაში მოიპოვა. ორი ციხესიმაგრე საფრანგეთში, ბრწყინვალე ბინები ნი-იორკში, ლონდონში, შეუდარებელი გემოვნება, ყველაზე ღირსეული ჯილდოები, ბრიტანული პასპორტი… მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკმარისი იყო, ერთხელ მაინც მოეკრა ვინმეს ყური მისი აქცენტის იმ უცნაური ინტონაციისთვის, რომლითაც შვიდ ენაზე ლაპარაკობდა, მაშინვე ეჭვი ჩნდებოდა, რომ მას სოციალური ზარალით მიყენებული ტრავმის შეგრძნება აწუხებდა. მისი სავაჭრო ფლოტი უკვე ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ბერძნების, ხოლო მის სალონებში, ტიციანისა და ველასკესის ნახატების გვერდით, თავს იწონებდა ვერმეერის ერთადერთი ორიგინალი, რომელიც ვან მეეგერენის ყალბი ნახატის ქვეშ იპოვეს. ამბობდნენ, რომ სხვებისთვის მალე შეუძლებელი გახდებოდა ორიგინალური სურათების შეძენა, რადგან ის არავის ანებებდა ძვირად ღირებული ტილოების ყიდვას, აუქციონებზე ნებისმიერ ფასად ცდილობდა მათ შესყიდვას.

ს…მ კარგად უწყოდა ამ ავი ენების შესახებ, თითქოს მის ზურგს უკან ისმოდა ბოროტი სისინი, მაგრამ არაფრად აგდებდა. იგი ისე იღებდა ჭორებს, როგორც მისი პერსონის ყურადღების აუცილებელ და საჭირო ატრიბუტს. იგი ზედმეტად კარგ საღამოებს აწყობდა, სადაც პარიზის ნაღები საზოგადოება იყრიდა თავს და ამის გამო ცნობების მიმწოდებლებიც არ აკლდა. ყველას სურდა ამ წვეულებებზე მოხვედრა, დიდი მონდომებით ცდილობდნენ, გარეულიყვნენ იმ საზოგადოებაში, რომლის წრეშიც ს… ტრიალებდა, ერთხელ მაინც მოხვედრილიყვნენ მის მდიდრულ იახტაზე და უფასოდ გაეტარებინათ დრო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი გულუხვი იყო და საზოგადოებას ჩიტის რძეც არ აკლდა, მავანნი მაინც ვერ აჩერებდნენ ენას და მწარე ირონიით გაჰკრავდნენ ხოლმე ბრჭყალს მის პიროვნებას. მიუხედავად ამისა, ს… აგრძელებდა მათ მოპატიჟებას. იგი არად აგდებდა მათ მლიქვნელურ ქმედებებს. უფრო მეტიც, ელიტის ამ ნაწილს იგი «ჩემს ყალბ შედევრებს» უწოდებდა. და როცა ისინი მაგიდის გარშემო ისხდნენ ან წყლის თხილამურებზე სრიალებდნენ, რომელსაც ს… მათ პატივსაცემად ქირაობდა, თავად საკუთარი ვილის ფანჯრიდან ადევნებდა თვალყურს, მრავალმნიშვნელოვნად იღიმოდა და თან კმაყოფილი შეავლებდა თვალს თავისი უმდიდრესი კოლექციის შედევრებს, რომლის უტყუარობაში დაეჭვებას ვერასდროს ვერავინ გაბედავდა.

ბარეტას მიერ ნაყიდი ვან გოგის ნახატის მიმართ გაჩაღებულ მისეულ კამპანიაში პირადული გაღიზიანების ნატამალიც არ შეინიშნებოდა. ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ნეაპოლში საბაყლო მაღაზიის გახსნით დაიწყო და დღეს იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ფირმის სათავეში იდგა, მის თვალში სიმპათიას უფრო იწვევდა. იგი გაგებით ეკიდებოდა კლიენტთა მოთხოვნას, ამა თუ იმ ტილოს შეძენისას ს…ს მცირე ნაკლოვანებებზე დაეხუჭა თვალი, მაგრამ ვან გოგი ნაყალბევი იყო. ამ ფაქტს იგი გულგრილად გვერდს ვერ აუვლიდა. ბარეტამ ეს მშვენივრად იცოდა. თუმცა რადგან ჯიუტად ცდილობდა მისი უტყუარობის დამტკიცებას ექსპერტების ან მათი გაჩუმების მოსყიდვით, უფრო მეტად ხვდებოდა «სუფთა ძალების» ყურადღების ცენტრში და ამიტომაც იღებდა გაფრთხილებებს იმათი მხრიდან, ვინც ჯერ კიდევ არ არღვევდა თამაშის წესებს.

_ მე მაგიდაზე მიდევს ფოლკენჰეიმერის ექსპერტიზის შედეგები, _ თქვა ს…მ, _ არ ვიცოდი, რა უნდა მექნა ამ დასკვნისთვის, მაგრამ თქვენ მოგისმინეთ თუ არა, მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა. დღესვე გადავცემ მათ პრესას. ძვირფასო მეგობარო, სულაც არ არის საკმარისი, გაგაჩნდეთ შესაძლებლობა, შეიძინოთ დიდებული ტილოები. ჩვენ ყველას გვაქვს ფული. ამის გარდა, საჭიროა, ელემენტარული პატივისცემა ვიქონიოთ ხელოვნების ნამდვილი ნიმუშების მიმართ. ისინი ხომ საკულტო საგნებია.

ბარეტა დინჯად წამოდგა სავარძლიდან. წარბები შეჭმუხნა და მუშტები შეკრა. ს… კმაყოფილებით შესცქეროდა მისი სახის შეურიგებელ, გამანადგურებელ გამომეტყველებას _ ეს მას აახალგაზრდავებდა და იმ დროს ახსენებდა, როც დიდი ბრძოლის შედეგად უხდებოდა კონკურენტებისათვის საქმის ხელიდან გამოგლეჯა, იმ დროს, როცა კონკურენტები ჯერ კიდევ არსებობდნენ.

_ მე ამას დაგიმახსოვრებთ, _ დაიბუბუნა იტალიელმა, _ ეჭვი არ შეგეპაროთ. მე და თქვენ დაახლოებით ერთნაირი ცხოვრების გზა გამოვიარეთ. მალე დარწმუნდებით, რომ ნეაპოლის ქუჩებში ისეთივე ბინძურ დარტყმებს აყენებენ ერთმანეთს, როგორც სმირნას ქუჩებში, _ და ბარეტა კაბინეტიდან გავარდა.

ს…მ ჩაიღიმა, ვერაფრით წარმოედგინა, როგორ დარტყმა შეეძლო მიეყენებინა მისთვის თუნდაც ძალიან მდიდარ ადამიანს. მან სიგარას მოუკიდა და გონებაში მსწრაფლ გადაავლო თვალი ყველა თავისი საქმეს, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო საკუთარი მტკიცებულებების სისწორეში. მას შემდეგ, რაც ამერიკის საგადასახადო ინსპექციასთან კონფლიქტი უმტკივნეულოდ მოაგვარა, ხოლო პანამაში თავისი მზარდი იმპერიის წარმომადგენლობა გახსნა, აღარაფერი ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, ბარეტასთან საუბრის შემდეგ, რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დარჩა _ ისევ საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რომელიც წლების განმავლობაში ფარულად აწვალებდა და რომლისგანაც გათავისუფლება ვერაფრით შეძლო. მან სიგარა საფერფლეში ჩატოვა, ადგა და ცისფერ საძინებელში გავიდა, ცოლთან. როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ყოფილიყო, როგორც უნდა შეეწუხებინა განგაშის შეგრძნებას, შეეხებოდა თუ არა ალფიერას ხელს ან თმაზე ტუჩებით მიეალერსებოდა, სულ სხვა გრძნობა ეუფლებოდა, გრძნობა, რომელსაც თავდაჯერებულობა ერქვა _ ეს იყო სრული ნდობის წამი, ერთადერთი, რაშიც ეჭვი არასდროს ეპარებოდა და ამით ტკბებოდა.

_ გამოჩნდით, ბოლოს და ბოლოს, _ თქვა ქალმა.

ს… დაიხარა მისი სახისკენ.

_ ერთმა ჩასაფრებულმა პერსონამ შემაყოვნა… აბა, როგორ ჩაიარა ყველაფერმა?

_ დედამ, რა თქმა უნდა, მოდების სახლში წაგვიყვანა, მაგრამ მამა გაგვიჯიუტდა. ბოლოს საზღვაო მუზეუმში აღმოვჩნდით. მოსაწყენი იყო.

_ ცოტათი მოწყენაც უნდა იცოდე, _ თქვა ქმარმა, _ სხვანაირად საგნები თავიანთ მიმზიდველობას დაკარგავენ…

ალფიერას იტალიიდან ჩამოუვიდნენ მშობლები, სამი თვით გადაწყვიტეს მათთან სტუმრად დარჩენა. ს…მ ყურადღება გამოიჩინა და უყოყმანოდ უქირავა მათ აპარტამენტები «რიცში».

 

8 8 8

თავისი ახალგაზრდა ცოლი მან ორი წლის წინ რომში გაიცნო, ლიბანის საელჩოში, მიღებაზე. ის ახალი დაბრუნებული იყო სიცილიიდან, სადაც მამულები ჰქონდა, სადაც გაიზარდა და პირველად დატოვა იგი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ის პირველად, დედის გარეშე ათვალიერებდა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს. სწორედ მაშინ შესრულდა თვრამეტი წლის და გამოირჩეოდა იშვიათი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სილამაზით. თითქოს ბუნებამ შეგნებულად შექმნა იგი, რათა ეჩვენებინა თავისი უძლეველი ძალა და დაემცირებინა სხვა დანარჩენი, რისი გაკეთებაც ადამიანის ხელს შეუძლია. ხშირი შავი თმა, შუბლი, თვალები, ტუჩები, თავისი ჰარმონიულობით თითქოს ცხოვრების ხელოვნებისგან გამოწვევას ჰგავდა, ხოლო ცხვირი, რომლის დახვეწილი მოხაზულობა მის მტკიცე ხასიათს ავლენდა, გოგონას სახეს სიმსუბუქეს ანიჭებდა და იცავდა მას იმ სიცივისგან, რომელიც მსგავს სრულყოფილებას ძალიან ხშირად თან სდევს ხოლმე. ამის მიღწევა მხოლოდ ბუნებას თუ შეუძლია, ისიც შთაგონების მომენტში, ან იმ იღბლიან შემთხვევითობას, რომელსაც ბედისწერის თამაშს ეძახიან ხოლმე.

შედევრი _ ასეთი იყო ყველას ერთსულოვანი აზრი, ვინც კი ალფიერას სახეს ერთხელ მაინც შეხედავდა.

გოგონას მიმართ ყველა ინტერესს იჩენდა და აღფრთოვანების შეძახილებს არ იშურებდნენ მისი მისამართით. მიუხედავად ამისა, ალფიერა უჩვეულო მოკრძალებით და სიმორცხვით გამოირჩეოდა, რაც უდავოა, მონაზვნების დამსახურება იყო, რამდენადაც იგი მონასტერში აღიზარდა. ყოველთვის გაკვირვებული და შვლის ნუკრივით შემცბარი გამოიყურებოდა, როცა ზურგს უკან ჩურჩულით ნათქვამი საქებარი სიტყვები ესმოდა. მსგავსი სიტუაცია ყოველთვის თან სდევდა, სადაც უნდა გამოჩენილიყო. მამაკაცების დაჟინებულ მზერას რომ დაიჭერდა, ფითრდებოდა, შეტრიალდებოდა და ნაბიჯს აუჩქარებდა ხოლმე, სახეზე კი მოკრძალება და უხერხულობა აღებეჭდებოდა. რაც გასაოცარიც კი იყო გოგონასგან, რომელიც ფუფუნებაში აღიზარდა, რომელსაც ანებივრებდნენ და არასდროს არაფერზე ეუბნებოდნენ უარს. ძნელი წარმოსადგენი იყო უფრო მომაჯადოებელი და, ამავდროულად, თავიდან ბოლომდე ამოუცნობი, იდუმალი სილამაზით დაჯილდოებული ჰაეროვანი არსება.

ს… ოცდაორი წლით იყო უფროსი ალფიერაზე, თუმცა არც დედა, არც მამა _ ერთ-ერთი იმ სამ ჰერცოგთაგანი, რომელთაც ანებივრებდა სამხრეთ იტალია და რომელთა გერბებზე ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ვერცხლით ამოტვიფრული ლატიფუნდიის საწყალობელი ნარჩენების გამოსახულება, ამორალურს ვერაფერს ხედავდნენ ამ ასაკობრივ განსხვავებაში. პირიქით, გოგონას მეტისმეტი თავმდაბლობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რომლისგან მისი გათავისუფლება მშობლებმა ვერაფრით შეძლეს, მამაკაცების გაბრწყინებული თვალები და გონდაკარგული თაყვანისმცემლების მთელი არმია, უფრო მეტად უბიძგებდა მათ, ერთადერთ ქალიშვილს ძლიერ და გამოცდილ მამაკაცთან დაემყარებინა კავშირი.

ს…ს რეპუტაცია კი ამ მხრივ საყოველთაოდ იყო ცნობილი. თავად ალფიერაც დიდი სიამოვნებით იღებდა მამაკაცის ყურადღებას და მადლიერი რჩებოდა მისი.

 

8 8 8

ქორწილი ნიშნობის გარეშე გადაიხადეს, პირველი შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ. არავინ ელოდა, რომ ს…, ეს, როგორც, რატომღაც, მას უწოდებდნენ, «ავანტიურისტი», «პირატი», გამუდმებით ტელეფონზე რომ ეკიდა და მთელი მსოფლიოს ბირჟებთან ამყარებდა კავშირს, წამის ერთი გაევლებით «გაგრილდებოდა» და ერთგული ქმარი გახდებოდა, და რომ თავისი ძვირფასი დროის უმეტეს ნაწილს არა თავის საქმეებს ან საკუთარ კოლექციას, არამედ მზეთუნახავ მეუღლეს დაუთმობდა. ს… შეყვარებული იყო, გულწრფელად და ღრმად. ის ადამიანებიც კი, რომლებიც თავს მის ახლო მეგობრად მიიჩნევდნენ, მაგრამ ზურგს უკან ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ კოლექციონერს, ვერ მალავდნენ აღტაცებას, როცა მათ ურთიერთობას ხედავდნენ. როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, მაშინვე შენიშნავდნენ, რომ ს…მ ბევრად ფასდაუდებელი და უნიკალური განძი «მოსტაცა» სხვებს ალფიორას სახით, ვიდრე ველასკესისა და ელ გრეკოს შედევრები ერთად აღებული.

წყვილი პარიზში დასახლდა, მარეს კვარტალში, ესპანეთის ელჩების ყოფილ ბინაში. მთელი ნახევარი წლის განმავლობაში ს…მ მიატოვა ყველა საქმე, მეგობრები, სურათები… თუმცა იქაც არ ასვენებდნენ, ოკეანის გაღმა, გამუდმებით უგზავნიდნენ დეპეშებს, ატყობინებდნენ ახალაღმოჩენილი პორტრეტების შესახებ, ემზადებოდნენ სერიოზული აუქციონებისთვის, მაგრამ კოლექციონერი ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი რჩებოდა, მას იმ ეტაპზე მხოლოდ ალფიერა აინტერესებდა და სხვა არაფერი. იმდენად სავსე იყო ბედნიერებით, რომ გარესამყარო მისთვის სრულიად გაუცხოებული და შორეული აღმოჩნდა, არავითარ ინტერესს არ იჩენდა საქმის მიმართ.

 

8 8 8

_ აფორიაქებული მეჩვენებით.

_ ჰო, აფორიაქებული ვარ. ყოველთვის უსიამოვნოა მიაყენო ტკივილი ადამიანს, რომელსაც შენთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, ყველაზე მგრძნობიარე წერტილში. პატივმოყვარეობა… თუმცა სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ.

_ კი მაგრამ, რატომ?

ს…მ ოდნავ აუწია ხმას, როგორც ყოველთვის, როცა გაღიზიანებული იყო. მისი გაწელილი აქცენტი უფრო შესამჩნევი გახდა.

_ აქ საქმე პრინციპს ეხება, ჩემო ძვირფასო. მილიონების დახმარებით ცდილობენ მდუმარე შეთქმულება მოაწყონ ხელოვნების ყალბი ნიმუშის ირგვლივ, და თუ ჩვენ წესრიგს არ დავამყარებთ ამ სფეროში, ძალიან მალე აღარავის ააღელვებს განსხვავება ნამდვილ ტილოებსა და ნაყალბევს შორის, და ყველაზე ძვირფასი კოლექციებიც კი დაკარგავენ ღირებულებას… _ ამ სიტყვებით მან მოუთმენლად გაიშვირა ხელი ბელინის «ქაიროს პეიზაჟისკენ», რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა.

ახალგაზრდა ცოლი თითქოს შეცბა. მან თვალები დახარა, რომ თავისი უხერხულობა დაეფარა, ჩრდილმაც კი გადაურბინა სახეზე. მერე რბილად დაადო ხელისგული ქმარს ხელზე.

_ ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი.

_ ხანდახან ეს საჭიროა.

 

8 8 8

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა ს…მ ფოლკენჰაიმერის ექსპერტთა ჯგუფის გამაოგნებლად უსუსური დასკვნა გამოაქვეყნა პრესაში ვან გოგის უცნობი ნახატის შესახებ, ამ თემის გარშემო კამათს საბოლოოდ დაესვა წერტილი. ს… კმაყოფილი დარჩა. შინ დაბრუნებულმა საკუთარ საფოსტო გზავნილებში ფოტო იპოვა, კონვერტზე ყოველგვარი კომენტარების გარეშე. გაოცებულმა შეათვალიერა სურათი: ძალიან ახალგაზრდა გოგონას სახის ყველაზე დასამახსოვრებელი შტრიხი უზარმაზარი ცხვირი იყო, მტაცებელი ფრინველის მოკაუჭებულ ნისკარტს რომ მოგაგონებდათ. მან ფოტოს ქაღალდების კალათაში გადაუძახა და ცოტა ხანში სრულებით მიავიწყდა.

მეორე დღეს იმავე ფოტოს ასლი მიიღო და მერე, მთელი კვირის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა მდივანს მისთვის ფოსტა მოჰქონდა, ნახულობდა იმ გოგონას ახალ და ახალ ფოტოსურათს საშინლად მახინჯი კაუჭა ცხვირით.

ერთხელაც, როცა მორიგი კონვერტი გახსნა, შეამჩნია, რომ გზავნილს თან წერილი ჰქონდა დართული. საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი მოკლე ტექსტი იტყობინებოდა: «შედევრი თქვენი კოლექციიდან ყალბია». ს…მ მხრები აიჩეჩა. ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო მისთვის საინტერესო ეს სიმახინჯის განსახიერება და რა საერთო ჰქონდა მის კოლექციასთან. ის იყო, ფოტოსურათის გადაგდება დააპირა, რომ რაღაც ენიშნა: თვალები, ტუჩების მოხაზულობა, სახის ოვალი თითქოს ალფიერასას მიამსგავსა. სასაცილოდ მოეჩვენა ეს აზრი, რეალური მსგავსება ნამდვილად არ იყო, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო შტრიხი და მეტი არაფერი. კონვერტს გულმოდგინებით დააჩერდა. წერილი იტალიიდან იყო გამოგზავნილი. გაახსენდა, რომ ცოლს სიცილიაში ოხრად ჰყავდა ბიძაშვილი გოგონები, რომელთაც მამამისი არჩენდა წლების განმავლობაში. ს…მ გადაწყვიტა, ამ თემაზე მეუღლეს დალაპარაკებოდა. მან ფოტო ჯიბეში ჩაიდო და მალე ისევ გადაავიწყდა.

საღამოს, ვახშამზე, მისი მშობლები მოიწვია სტუმრად, რადგან ისინი მეორე დღეს მიემგზავრებოდნენ. სწორედ ამ დროს გონებაში კვლავ ამოუტივტივდა ჯიბეში ჩადებული სურათი და ბუნდოვანმა მსგავსებამ ინტერესი გაუღვიძა. სურათი ამოიღო და ცოლს გაუწოდა.

_ შეხედეთ, ძვირფასო. ამ დილით ჩემს ფოსტაში ვიპოვე. ძნელი წარმოსადგენია ამაზე მახინჯი ცხვირის ფორმა. როგორ არ გაუმართლა მის პატრონს…

ალფიერას მკვდრისფერი დაედო სახეზე, ტუჩები აუთრთოლდა, თვალებზე ცრემლი გაუბრწყინდა. მან საწყალობელი მზერით მამას გახედა. შემწვარი თევზის მოზრდილ ნაჭერს «შეჭიდებულ» ჰერცოგს ფხა კინაღამ ყელში გაეჩხირა. ლოყები გამოებერა და სახე ჭარხალივით გაუწითლდა. თვალები გადმოეკარკლა, ხოლო ხშირი, საგულდაგულოდ შავად შეღებილი ულვაში, რომელიც რომელიღაც კარაბინერის სახეს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე სიცილიის მეფის ჭეშმარიტ შთამომავალს, აუთამაშდა, თითქოს იერიშისთვის ემზადებაო. მან რამდენიმე გაუგებარი ბგერა გამოსცა, ხელსაწმენდით გაქონილი ტუჩები მოიწმინდა და მოულოდნელად ისე მკვეთრად შეეცვალა სახე, რომ შემკრთალი ლაქია დიდი მოწიწებით დაიხარა მისკენ დახმარების აღმოსაჩენად.

ჰერცოგინია კი, რომელიც იმ წუთას კალასის პარიზის ოპერის თეატრში გამოსვლის თაობაზე მსჯელობდა, გაღებული პირით და მაღლა აღერებული ჩანგლით ადგილზე გაქვავდა. მისი საგანგებოდ შეპუდრული სახე, რომელზეც ხვეული ჟღალი თმა ჩამოშლოდა, თითქოს წაიშალა… სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი გაკვირვების გარეშე, ს…მ შეამჩნია, რომ საკუთარი სიდედრის ცხვირი ძალიან წააგავდა ფოტოსურათზე გამოსახული არსების «ნისკარტს»: მართალია, მთლად ისეთი გრძელი არ იყო, მაგრამ არც არაფერი აკლდა. მისი შემხედვარე, მან თავი ვერ შეიკავა და ოდნავ შემაძრწუნებელი მზერა სიდედრიდან ცოლზე გადაიტანა… მაგრამ არა, საბედნიეროდ, ამ დამატყვევებელ ნაკვთებს არაფერი ჰქონდა საერთო სიდედრის სახის უხეშ შტრიხებთან. ს…მ დანა და ჩანგალი თეფშზე დადო, მეუღლისკენ გადაიხარა და ალფიერას ხელზე შეეხო.

_ რა მოხდა, ძვირფასო?

_ კინაღამ დავიხრჩვი, აი, რა მოხდა, _ პათოსით წარმოთქვა ჰერცოგმა, _ თევზის ჭამის დროს განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყო ადამიანი. ძალიან ვწუხვარ, ჩემო გოგონი, რომ აღელვების საბაბი მოგეცი…

_ თქვენი მდგომარეობის და წარმომავლობის ადამიანს ასეთი რამ არ უნდა ეშლებოდეს, არ უნდა წამოეგოთ ანკესზე, უფრო მაღლა უნდა იდგეთ, _ სრულიად უადგილოდ განაცხადა ჰერცოგინიამ.

ს… ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა სიდედრი _ თევზის ფხას თუ იმას, რომ მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საუბარი, რომლის არსიც სრულიად გადაავიწყდა, გააწყვეტინეს.

_ თქვენი ბევრს შურს, ამიტომაც არ ღირს ყურადღება მიაქციოთ ჭორებს. მასში სიმართლის ერთი მარცვალიც არ მოიძებნება! _ სიძის მისამართით გააგრძელა ჰერცოგინიამ.

_ დედა, ძალიან გთხოვთ, _ თქვა ალფიერამ მიმქრალი ხმით.

ჰერცოგმა გაურკვეველი ხმების მთელი ისეთი სერია ამოუშვა პირიდან, ყველაზე წმინდა სისხლის ბულდოგსაც რომ შეშურდებოდა. მსახური და ორივე ლაქია მის გარშემო დარბოდნენ, თითქოს არც არაფერიაო, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ, რომ ცნობისმოყვარეობა კლავდათ.

ს…მ შეამჩნია, რომ არც ცოლი და არც მისი მშობლები არ უყურებდნენ ფოტოს. პირიქით, მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, მზერა აერიდებინათ ხალიჩაზე მიგდებული სურათისთვის. ალფიერა ქანდაკებასავით უძრავად იჯდა. მან ხელსაწმენდი ისე მიაგდო მაგიდაზე, თითქოს ეს-ესაა, მაგიდიდან წამოხტებაო. იგი დამრგვალებული თვალებით დაჟინებით მისჩერებოდა ქმარს. ლამის მუდარა იკითხებოდა მის გამომეტყველებაში. როცა მამაკაცმა ცოლს ხელზე ხელი მოუჭირა, ქალი გულამოსკვნილი აქვითინდა. ს…მ ლაქიებს ანიშნა, მარტო დაგვტოვეთო, მერე წამოდგა, ცოლს მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა.

_ ძვირფასო, არ მესმის, ამ სასაცილო ფოტოსურათმა რატომ…

სიტყვა «სასაცილოს» გაგონებაზე ალფიერა ერთიანად დაიძაბა და ს…ს შემაძრწუნებელი სანახაობა დაუდგა თვალწინ: ცოლის ენით აუწერელი სილამაზის სახე ხაფანგში გამოჭერილი მხეცის გამოხედვას დაემსგავსა. როცა მან ცოლის მოფერება განიზრახა, ეს უკანასკნელი ფეხზე წამოიჭრა, ქმარს ხელი გამოსტაცა და გაიქცა.

_ სულაც არ არის გასაკვირი, რომ თქვენი მდგომარეობის ადამიანს მტრები ჰყავდეს, _ თქვა ჰერცოგმა, _ მე პირადად…

_ თქვენ ერთად ბედნიერები ხართ, მთავარი ეს არის, _ გააწყვეტინა ჰერცოგს ცოლმა.

_ ალფიერა ყოველთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარე იყო, _ თქვა სიმამრმა, _ ხვალ ყველაფერ ამისგან კვალიც არ დარჩება, აღარც ემახსოვრება მომხდარი.

_ უნდა აპატიოთ, ის ხომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა…

ს… მძიმედ წამოდგა, რომ ცოლს უკან მიჰყოლოდა. საძინებლის კარი ჩაკეტილი დახვდა. მას სლუკუნის ხმა ესმოდა ოთახის სიღრმიდან. როცა დააკაკუნა, ალფიერამ სლუკუნს უმატა. ქმრის ხვეწნა-მუდარა, კარი გაეღო, ამაო გამოდგა, იგი იძულებული გახდა, თავისი კაბინეტისთვის მიეშურა. მამაკაცს სავსებით გადაავიწყდა ფოტოსურათი და ვერაფრით მიმხვდარიყო, რას უნდა აეფორიაქებინა ასე ალფიერა. რაღაც გაურკვეველმა წუხილმა მაინც შეიპყრო _ ანგარიშმიუცემელმა შიშმა _ რის გამოც დაიბნა.

დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა, რომ ტელეფონმა დარეკა. მდივანმა მოახსენა, რომ სენიორ ბარეტას მასთან საუბარი სურდა.

_ უთხარით, რომ არ ვარ.

_ ის დაჟინებით ითხოვს თქვენთან დალაპარაკებას. ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს, საქმე რომელიღაც სურათს ეხებაო.

_ დამაკავშირეთ.

სადენის მეორე ბოლოში ბარეტა ერთობ გულთბილი ჩანდა, მაგრამ ს… კარგად გრძნობდა მის ინტონაციას, ეგრევე მოხვდა ყურში თანამოსაუბრის ხმის ირონიული, ღვარძლიანი ტემბრი.

_ რა გნებავთ ჩემგან?

_ მიიღეთ ფოტოსურათი, მეგობარო?

_ რომელი ფოტოსურათი?

_ თქვენი მეუღლის ფოტო, ეშმაკმა წაგიღოთ!.. ისე გამიჭირდა მისი მოპოვება… ოჯახმა თავის დროზე სიფრთხილის ყველა ზომა მიიღო. ისინი არავის აძლევდნენ უფლებას, ოპერაციამდე მისთვის ვინმეს სურათი გადაეღო. ის ფოტო, რომელიც მე გამოგიგზავნეთ, მონაზვნებმა დაამზადეს პალერმოს მონასტერში. ჯგუფური ფოტო იყო, მე კი მისი გადიდება ვითხოვე… მისი ცხვირი აბსოლუტურად შეცვალა ერთმა მილანელმა ქირურგმა, როცა გოგონა თექვსმეტი წლის იყო. ახლა ხომ ხედავთ, რომ ყალბი არა მარტო ჩემი ვან გოგია. ასეთივე ნაყალბევია თქვენი კოლექციის ერთ-ერთი უძვირფასესი, ფასდაუდებელი შედევრი. დამამტკიცებელი საბუთი თვალწინ გიდევთ.

ტელეფონში უხეში სიცილი გაისმა, შემდეგ _ შიშინი და ბარეტამ ყურმილი დაკიდა.

ს… სრულიად უძრავად იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან. _ კარლიკ! ­ _ წამოიძახა მან. ეს იყო ძველი ჟარგონი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა სმირნაში, შეურაცხმყოფელი ტერმინი, რომელსაც თურქი და სომეხი ვაჭრები იყენებდნენ იმათ დასახასიათებლად, ვისაც ადვილად ატყუებდნენ, თავიანთი მიამიტობით და მიმნდობლობით სარგებელს დასცინცლავდნენ და მერე მოისროდნენ ხოლმე საქმიდან.

კაბინეტში გამეფებული სიჩუმე ს…ს მძაფრი აქცენტით წამოსროლილმა სიტყვამ დაარღვია: კარლიკ! იგი ერთმა უღმერთო სიცილიელმა წყვილმა გააცურა და ამხელა სახელმწიფოში ერთი ადამიანი არ მოიძებნა ისეთი, ვისაც მისი მეგობარი ერქვა, რომ როგორმე დახმარებოდა მას ამ ტყუილის გახსნაში. ალბათ ზურგს უკან გამუდმებით დასცინოდნენ, უხაროდათ, ასე რომ გაება, ასე რომ გააპამპულეს. არადა, როგორი მზრუნველობით დაჰფოფინებდა თავს ამ ცოცხალ ნაყალბევს, თანაც ვინ? ადამიანი, რომელიც შეუდარებელი გემოვნებით გამოირჩეოდა და რომლისთვისაც შეუძლებელი იყო სიყალბის გამო კომპრომისზე წასვლა _ ყოველთვის და ყველგან, ყველასა და ყველაფერში.

«შედევრი თქვენი კოლექციიდან ყალბია» _ წერილის შინაარსი გაახსენდა. მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულ ველასკესის ტილოს გახედა. წამით გააღიზიანა კიდეც ნახატის მკრთალმა ყვითელმა და მუქმწვანე ტონებმა. ზურგი შეაქცია შედევრს, თითქოს გაქრა მისი თვალთახედვის არედან. იგრძნო, რომ ამწუთას მარტო დარჩა ამ საძულველ, მტრულ სამყაროში, რომელმაც სინამდვილეში არც მიიღო იგი, მასში მხოლოდ მეტიჩარას ხედავდა, რომელსაც საკმაოდ დიდხანს დასცინოდნენ, თანაც ყოველგვარი ცერემონიების გარეშე.

ალფიერა! ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა, ყველაზე ძნელბედობის ჟამს ვისზე დარყდნობაც უყოყმანოდ შეეძლო… იგი ინსტრუმენტად გამოიყენეს ფლიდმა ადამიანებმა, გაიძვერებმა… ორი წელი მალავდა თავის ნამდვილ სახეს მისი ფერიასავით ნაზი ცოლი და ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ უცდია, დუმილი დაერღვია… მცდელობაც კი არ ჰქონია აღიარების…

ს… შეეცადა, თავი ხელში აეყვანა, მოწოდების სიმაღლეზე დამდგარიყო ამ მძიმე წუთებში. დროა, დაივიწყოს წარსულის ყველა წყენა, ყველა მტკივნეული მოგონება, ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს მასში ჯერ კიდევ ღრმად ჩამჯდარი საცოდავი ფეხსაცმლის მწმენდავის აჩრდილისგან, რომელიც მოწყალებას ითხოვდა ქუჩებში, ვიტრინების ქვეშ ეძინა და რომლის ლანძღვაც და ჩაწიხლვაც ნებისმიერ გამვლელს ნებისმიერ დროს შეეძლო.

 

8 8 8

სუსტი ხმაური მოესმა და თვალები გაახილა. ზღურბლზე ალფიერა იდგა. ს… წამოდგა. მას კარგად ჰქონდა ათვისებული არისტოკრატიული მანერები, დიდებული ელიტური აღზრდა მიიღო თავის დროზე. მან მშვენივრად უწყოდა ადამიანური სისუსტეების შესახებ და ყოველთვის მზად იყო პატიებისთვის. ის წამოდგა და ქედმაღლური ირონიის ნიღაბი მოიშორა სახიდან. ამ ჟესტს კარგად ფლობდა. შეეცადა, მომთმენი, ელიტური ადამიანის როლი მოერგო, რომელიც ასე კარგად გამოსდიოდა აქამდე. მაგრამ როცა გაღიმება დააპირა, სახე დაეღრიჯა. უნდოდა აღუშფოთველი გამოჩენილიყო, მაგრამ ტუჩები აუკანკალდა.

_ რატომ ადრევე არ მითხარით?

_ ჩემმა მშობლებმა…

და გაოგნებულ ს…ს პირველს მოესმა თავისი შემზარავი, თითქმის ისტერიკული ხმა, რომელიც თითქოს ძალიან შორიდან ყვიროდა:

_ თქვენი მშობლები უსინდისო ადამიანები არიან!..

ალფიერა, რომელიც კარის სახელურს ჩაბღაუჭებოდა, გულამომჯდარი ტიროდა. ვერ გადაეწყვიტა, შემოსულიყო თუ არა კაბინეტში, მუდარით სავსე მზერით მისჩერებოდა ქმარს. ამ უკანასკნელს სურდა, მიახლოებოდა ცოლს, გადახვეოდა, აეხსნა ყველაფერი… მან იცოდა, რომ დიდსულოვნება უნდა გამოეჩინა, პატივმოყვარეობის წარმოჩენა ამწუთას, ამ უმწეო, აქვითინებულ არსებასთან სრულიად უადგილო იქნებოდა… და, რა თქმა უნდა, ყველაფერს აპატიებდა მეუღლეს, მაგრამ მის წინაშე ალფიერა არ იდგა: ეს სხვა ქალი იყო, უცხო, რომელსაც არც კი იცნობდა. ხედავდა, რომ ხელმარჯვე ფალსიფიკატორებმა ადვილად შეძლეს მისი მოტყუება და ნაყალბევი «შედევრი» შეაჩეჩეს ხელში. რაღაც ძალა დაჟინებით აიძულებდა ს…ს, ამ მომაჯადოებელ სახეზე დაჟინებული მზერით აღედგინა მახინჯი ცხვირი, რომელიც მტაცებელი ფრინველის მოკაუჭებულ ნისკარტს მოგაგონებდათ. თითქოს კლანჭებიც კი გაბრწყინდა ქალის თითებზე. გაოგნებული მამაკაცი სახეშეშლილი დახეტიალობდა ქალის სახეზე გამჭოლი მზერით, ყველა დეტალს ამოწმებდა, ყველა წვრილმანს ჩაჰკირკიტებდა, ყველა ნაკვალევს, რომ შარლატანთა სიყალბე გამოეაშკარავებინა. რაღაც ულმობლად, უმოწყალოდ შეირხა გულში…

ალფიერამ სახეზე ხელები აიფარა.

_ ო, თუ ღმერთი გწამთ, ნუ მიყურებთ ასე…

_ დამშვიდდით. თქვენ აუცილებლად უნდა გაიგოთ, რომ შექმნილ სიტუაციაში… მე სხვანაირად არ შემიძლია.

 

8 8 8

ს…მ მაშინვე ვერ შეძლო განქორწინების მიღება. მიზეზმა, რის გამოც ის ცოლს ეყრებოდა და რომელსაც ეყრდნობოდა, პრესაში ნამდვილი სენსაცია მოახდინა _ სიყალბე და ყალბი დოკუმენტის გამოყენება _ ასეთი სარჩელი შეიტანა სასამართლოში კოლექციონერმა. ყოველივე ამან გააოგნა სასამართლო, ამიტომ პირველ ინსტანციაში მას უარი უთხრეს საქმის განხილვაზე. მხოლოდ მას შემდეგ, როცა საიდუმლო შეთანხმება მოახერხა ალფიერას ოჯახთან, მაგრამ ზუსტად რომელ რიცხვში, ვერავინ დაადგინა, შეძლეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაყალბებასთან დაკავშირებით.

ახლა ს… ცხოვრობს განმარტოებულად და მთელ დროს უთმობს მხოლოდ თავის კოლექციას, რომელიც გამუდმებით იზრდება. მან სულ ახლახან, ბაზელის აუქციონზე, რაფაელის «ცისფერი მადონა» შეიძინა…

მე, პრინცესა!

244

ჯინ სესონის წიგნი «პრინცესას ქალიშვილები» რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ნაწარმოები დაწერილია პირველ პირში _ საუდის არაბეთის პრინცესა სულთანა თავისი ორი ქალიშვილის ამბავს მოგვითხრობს. მიუხედავად ამისა, წიგნი არ არის ისტორიული, მასში მხოლოდ ზოგადაა გადმოცემული პრინცესასა და მისი ოჯახის ყველასათვის გასაიდუმლოებული ცხოვრება… როცა ამ ნაწარმოების თარგმნა დავიწყე, რატომღაც, სურვილი დამებადა, სათაური შემეცვალა. გავკადნიერდი და ასედაც მოვიქეცი. ვფიქრობ, როცა ჩემი მკითხველი ამ თარგმანს წაიკითხავს, მიხვდება, რომ არაფერი დამიშავებია :) რატომღაც, ახალი სათაური უფრო წარმოაჩენს პრინცესა სულთანას მებრძოლ სულს და კეთილ გულს :)

 სვეტა კვარაცხელია

 

სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ბასრ კალამს ნებისმიერი მეფის გულისწყრომის გამოწვევა შეუძლია. ვდგავარ ჩემი ბიძის, საუდის არაბეთის მეფის, ფაჰდი იბნ აბდულა აზიზის სურათის წინ, ვუცქერ მას და შემიძლია დავიფიცო, რომ მცირე სურვილიც არასდროს მქონია, მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. მას ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და უზომოდ მიყვარდა. თითი დავადე მის პორტრეტს და სახეზე სათუთად შემოვატარე. ვცდილობდი მეხსიერებაში აღმედგინა ჩემთვის ბავშვობიდან ესოდენ ძვირფასი სახე. ამ სურათს არაფერი ჰქონდა საერთო იმ ახალგაზრდა ადამიანთან, რომელსაც მე ვიცნობდი. პორტრეტიდან სულ სხვა პიროვნება მიყურებდა. ნათლად მახსოვს ის დღე, როცა იგი მეფედ კურთხევისთვის ემზადებოდა. მაღალი, მხარბეჭიანი, გადაბმული წარბებით და მკაცრად გამოკვეთილი ნიკაპით _ აი, როგორი დამამახსოვრდა! ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ გაშალა თავისი ვეება ხელისგული, რომელზეც ტკბილი ფინიკი ედო და ღიმილით გაუწოდა იქვე მდგარ შეშინებულ ბავშვს… ის ბავშვი მე გახლდით. ფაჰდი, მამამისივით, მკვრივი აგებულების იყო და ჩემში ბედუინების ბელადის ასოციაციას უფრო იწვევდა, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწისას. გამოვართვი ფინიკი და შეცბუნებული დედას ავეკარი. მას სიცილი აუტყდა…

გადიოდა წლები და ეს მხიარული ადამიანი, უკვე მეფე, თანდათან მკაცრი და პირქუში ხდებოდა. ვხვდებოდი, რომ სახელმწიფოს მართვამ მძიმე და საპასუხისმგებლო მოვალეობა დააკისრა, რამაც დაღი დაასვა მის ცხოვრებას.

ჩვენი ტრადიციების თანახმად, როგორც კი ბავშვობის ასაკს გავცდი, ჩადრი ჩამომაფარეს და მას მერე მეფეს ჩემი სახე არასდროს უნახავს. ახლა იგი უკვე ძალიანაა მობერებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამხელა სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველია და, თანაც, ძალიან მდიდარი, მისი მდგომარეობა სულაც არ არის შესაშური, რადგან საუდის არაბეთი ის ქვეყანაა, სადაც ძველმოდურობისა და თანამედროვეობის დაუსრულებელი ბრძოლა მიმდინარეობს.

ყველაზე რთული ჩვენს ქვეყანაში ლამის ყველასგან დავიწყებული «ფრაქციის» მდგომარეობაა _ ეს არის ქალთა «ფრაქცია» და მათი უფლებები. აქ ქალი ცალკე დაჯგუფებად მოიაზრება, რომელთა სურვილები და მოთხოვნები მკვეთრად განსხვავდება ჩვენი ყოველდღიურობის განმკარგავი ადამიანების _ მამაკაცების სურვილებისა და მოთხოვნებისგან.

მიუხედავად ამისა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მე, ქალს, რომელმაც უამრავი იმედგაცრუება გადავიტანე ცხოვრებაში, მეფის მიმართ წყენა არ დამრჩენია. იმისთვის, რომ ამ მკაცრი წესების წინააღმდეგ წახვიდე, ჯერ საკუთარი მეუღლის, ძმების, მამის მხარდაჭერა უნდა მოიპოვო. ჩვენი სარწმუნოება ვალდებულს ხდის მამაკაცებს, ქალები მორჩილებაში ჰყავდეთ. და საუდის არაბეთის მამაკაცთა უმრავლესობა კმაყოფილია ამ მდგომარეობით. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალის ჩივილის ყურადღების მიღმა დატოვება უფრო ადვილია, ვიდრე მეფის წინააღმდეგ ამხედრება.

მიუხედავად სიძნელეებისა, საუდის არაბეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მეფე ფაჰდის მომხრედ რჩება. მოსახლეობის უმეტესობა მას გულმოწყალე და კეთილ მმართველად მიიჩნევს.

და უნდა აღვნიშნო ერთიც, რაც ყველაზე კარგად იციან ჩვენი ოჯახის ქალებმა _ ჩვენს მეფეებს ძალიან უყვართ თავიანთი ცოლები და ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

მეფე ფაჰდი ბევრად მსუბუქი ფორმით მართავს ქვეყანას, ვიდრე ამას მისი მამა და სამი ძმა აკეთებდა, მაგრამ არ ჩამითვალოთ ისე, რომ ეს წიგნი, რომელიც ყველასგან მალულად გამოიცა, სილის გაწნაა ადამიანისადმი, რომელიც ჩემს ქვეყანას მართავს.

ეს ერთადერთია, რასაც ვნანობ! მისი გულისტკენა არ მინდოდა!

მე, საუდის არაბეთის პრინცესა სულთანა, ვაცხადებ, რომ მტკიცედ გადავწყვიტე, დამერღვია საუკუნოვანი ტრადიციები და დღის სინათლეზე გამომეტანა ჩვენი ოჯახის საიდუმლოებანი, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე. ახლა პირველად დავფიქრდი იმაზე, ცხელ გულზე ხომ არ მივიღე ეს გადაწყვეტილება, იქნებ ჯობდა, გონების კარნახს დავმორჩილებოდი? შესაძლებელია, საკუთარ სიამაყეს უფრო მეტად გავუწიე ანგარიში, ვიდრე სხვის გრძნობებს.

თუმცა, ძალიან ხშირად მიჩნდებოდა მრისხანე პროტესტი ჩემი ოჯახის მამაკაცების, საუდის არაბეთის მმართველების მიმართ, რომლებიც უმოწყალოდ თელავდნენ ქალთა უფლებებს იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავდნენ…. და როცა ასეთი კადრების აღდგენას ვცდილობ მეხსიერებაში, მინდა სინდისი დავიმშვიდო, რომ სულაც არ მოვქცეულვარ ცუდად, როცა ამ წიგნის დაწერის იდეა მომივიდა.

 

თავი 1. ჩადრის გარეშე

 

ახლა 1992 წლის ოქტომბერია და მე, სულთანა ალ-საუდი, პრინცესა, ვისი ცხოვრებაცაა აღწერილი ამ წიგნში, თვალს ვადევნებ დღეების ცვალებადობას კალენდრის მიხედვით. და ამას ვაკეთებ არეული გრძნობით _ ხან თავშეკავებული გულგრილობით, ხანაც შეუკავებელი აღგზნებულობით. წიგნი, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა ჩადრის ქვეშ მიმალული ქალის ცხოვრება, გამოვიდა სექტემბრის თვეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი გამოქვეყნების დღიდან თავს ყველაზე დაუცველად და უწონო მდგომარეობაში ვგრძნობ, თითქოს საყრდენი გამომეცალა, რადგან წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ვერც ერთი ნაბიჯი _ დიდი თუ პატარა, კარგი თუ ცუდი, უკვალოდ ვერ ჩაივლის.

სუნთქვაშეკრული ყოველდღე ველოდებოდი იმ წუთს, როცა ალ-საუდების ოჯახში ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. ინტუიცია მკარნახობდა, რომ ჩემი ანონიმურობა ბოლომდე ვერ იქნებოდა დაცული.

სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი ბიძაჩემის პორტრეტთან მდგარი, რომ დარბაზში ჩემი ქმარი შემოიჭრა. კარიმი გაცხარებული ჩანდა. მან ხმამაღლა გამომიცხადა, რომ ჩემი ძმა ალი ევროპიდან დაბრუნდა და მამა სასწრაფოდ იწვევს სასახლეში ოჯახურ საბჭოს. გაფითრებულ კარიმს წითელი ლაქები გასჩენოდა სახეზე, ხოლო შავი თვალები ისე უელავდა, ცოფიან ძაღლს დამსგავსებოდა.

საშინელმა აზრმა გამიელვა გონებაში! ვაითუ, ჩემს ქმარს წიგნის შესახებ უამბო ვინმემ!

უეცრად თავი მიწისქვეშა სატუსაღოში წარმოვიდგინე. თითქოს ვხედავდი, როგორ ჩამომაშორებდნენ საკუთარ შვილებს და ჯურღმულში გამომაწყვდევდნენ… და წამიერად ავღელდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით ვკითხე.

_ რატომ, რა მოხდა? _ შევატყვე, რომ ეს ხმა ჩემსას სრულებით არ ჰგავდა.

კარიმმა მხრები აიჩეჩა.

_ ვინ იცის… _ გაღიზიანებულს ცხვირის ნესტოები დაებერა, _ ვუთხარი მამაშენს, ხვალ ციურიხში მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივფრინავ და რომ დავბრუნდები, მერე გინახულებთ-მეთქი, მაგრამ ის შეუვალი იყო და მიბრძანა, გეგმები შემეცვალა. საღამოს უნდა ვეწვიოთ სასახლეში.

განრისხებული კარიმი თავის კაბინეტში შევარდა და იყვირა.

_ ამის გამო სამი შეხვედრა უნდა გადავდო!

სისუსტისგან მუხლებმოკვეთილი ტახტზე შვებით მივესვენე, რადგან მივხვდი, რომ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. კარიმის რისხვას ჩემთან კავშირი არ ჰქონდა! იმედი გამიჩნდა. როგორც ჩანს, წიგნის გამო არ უნდა ყოფილიყო ატეხილი ეს აურზაური, თუმცა ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული. საფრთხის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობდა.

8 8 8

ვცდილობდი, მხიარული სახე მიმეღო, თუმცა სულაც არ მეხალისებოდა. მე და ჩემმა ქმარმა ღიმილიანი ბაასით ჩავიარეთ სქელი სპარსული ხალიჩებით მოფენილი ფართო ვესტიბიული და მამაჩემის ახალაშენებული სასახლის ყველაზე დიდ სასტუმრო დარბაზში შევედით. თვითონ ჯერ კიდევ არ ჩანდა, მაგრამ მივხვდი, რომ მე და კარიმი ოჯახის წევრებიდან ბოლო ვიყავით, ვინც მოვედით. მამის სახლში დედაჩემის დანარჩენი ათი შვილიც იყო მოწვეული, თუმცა _ მეუღლეების გარეშე. ვიცოდი, რომ ჩემი სამი და ერ-რიადში ჯიდადან ჩამოფრინდა, ორი _ ეტ-ტაიფიდან. ირგვლივ რომ მიმოვიხედე, კარიმი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს დედმამიშვილს არ წარმოადგენდა. მამაჩემის უფროსი ცოლი და მისი შვილებიც არსად ჩანდნენ. მივხვდი, რომ დროებით ისინიც «განზე გაწიეს».

სასწრაფო შეკრებამ კიდევ ერთხელ მაიძულა, ჩემზე დაწერილი წიგნი გამხსენებოდა და შიშისგან გული მომეწურა. მე და ჩემი და სარა თვალებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ის ერთადერთი იყო, ვინც წიგნის ამბავი იცოდა. ორივეს ერთნაირად შემაშფოთებელი მზერა გვქონდა, ჩვენი შიშნარევი აზრები ემთხვეოდა ერთმანეთს. ყველა და თბილად მომესალმა, რასაც ვერ ვიტყვი ალიზე, ერთადერთ ძმაზე, თუმცა, შეუმჩნეველი არ დამრჩენია ჩემკენ მომართული მისი მზაკვრული მზერა.

ჩვენი დარბაზში შესვლა და მამის გამოჩენა ერთი იყო. მისი ათივე ქალიშვილი ფეხზე წამოდგა და პატივისცემით მიესალმა ადამიანს, რომელმაც უსიყვარულოდ გააჩინა ისინი.

მამა რამდენიმე თვის უნახავი მყავდა და რატომღაც, არამარტო დაღლილი, მობერებულიც მეჩვენა. როცა მისკენ საკოცნელად დავიხარე, სასწრაფოდ გვერდზე გაწია თავი, მისალმებაზეც არ მიპასუხა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ტყუილად მეგონა, თითქოს ალ-საუდში მდიდრები მხოლოდ ქონების დაგროვებით არიან დაკავებულნი. როგორც ჩანს, მათ წიგნებიც აინტერესებთ. ამის გაფიქრებაზე  უარესად ავღელდი.

მამამ მკაცრი ტონით გვიბრძანა, დავმსხდარიყავით და გამოაცხადა, რომ ჩვენთვის უსიამოვნო ამბავი უნდა ეცნობებინა.

ალის მზერა ვიგრძენი და შევხედე. შევნიშნე, როგორი ულმობელი გახდომოდა გამოხედვა. იგი თვალს არ მაშორებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დღევანდელი თავშეყრის მიზეზი სწორედ მის მიერ მოტანილი რაღაც თავზარდამცემი ამბავი უნდა ყოფილიყო.

მამამ თავისი განუყრელი შავი საქაღალდე გადაშალა და იქიდან ამოიღო წიგნი, რომლის წაკითხვა არც ერთ ჩვენთაგანს არ შეეძლო, რადგან უცხო ენაზე გახლდათ დაწერილი. გონებაში ყველაფერი მერეოდა. ვიფიქრე, ალბათ შევცდი და სულ ტყუილად ვინერვიულე ამდენი-მეთქი. ვერც კი წარმოვიდგინე, ამ უცხო წიგნს რა საერთო უნდა ჰქონოდა ჩემთან.

მამას არც უცდია ხმაში გარეული მრისხანების დაფარვა. მან ცივი ხმით გამოაცხადა, რომ ეს წიგნი ალიმ გერმანიაში შეიძინა და რომ მასში ერთი პრინცესას ამბავია მოთხრობილი. სულელი, უტვინო ქალის ისტორია, რომელმაც არც კი იცის, რა ვალდებულებებს აკისრებს მას ის პრივილეგიები, რასაც მისი სტატუსი ითვალისწინებს.

მამამ წიგნით ხელში გაიარ-გამოიარა ოთახში. თვალში მომხვდა ყდის სურათი. მასზე გამოსახული იყო მუსულმანი ქალი, რომელსაც სახე ჩადრით ჰქონდა დაფარული. იგი თურქული მინარეთის ფონზე იდგა. კიდევ ერთხელ, იმედიანმა აზრმა გამიელვა. ვიფიქრე, ეს წიგნი ალბათ რომელიღაც ბებერმა პრინცესამ დაწერა, რომელიც ერთ დროს თურქეთიდან ან ეგვიპტიდან განდევნეს სამეფო კარისთვის მიუღებელი საქციელის გამო-მეთქი, თუმცა, გუმანმა მიგრძნო, რომ ასე არ იქნებოდა. ასეთი პრინცესას ცხოვრებაზე დაწერილი წიგნი ჩვენს ქვეყანაში მსგავს ინტერესს ვერ გამოიწვევდა.

როცა მამა მომიახლოვდა, შევძელი წიგნის სათაურის გერმანულად წაკითხვა: «მე, პრინცესა ალ-საუდის სასახლიდან» და დავიზაფრე!

ეს ჩემი ისტორია იყო!

მას შემდეგ, რაც წიგნი მსხვილმა ამერიკულმა გამომცემლობამ, «უილიამ მოროუმ» გამოსცა, ავტორთან შეხება არ მქონია. ამიტომაც წარმოდგენა არ მქონდა, თუ ასეთ თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწევდა და მისი დაბეჭდვის სურვილს ევროპის სახელმწიფოებიც გამოთქვამდნენ, თან ასე სწრაფად. მისი გამოსვლიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული.

თავდაპირველად აღტაცების ტალღამ დამიარა. გამიხარდა, ასეთი ინტერესი რომ გამოიწვია ჩემმა მონათხრობმა, თუმცა აღტაცება სწრაფად შემეცვალა სასოწარკვეთილი გამომეტყველებით. ვიგრძენი, როგორ ამასხა სისხლმა სახეზე. სმენადახშულს ძლივს მესმოდა მამის ხმა. ის ჰყვებოდა, როგორ დაინახა ალიმ ფრანკფურტის აეროპორტში წიგნი, რამაც ფრიად დააინტერესა და იყიდა. შემდეგ კი, ძალისხმევა არ დაიშურა მის სათარგმნად და სამშობლოში ჩამოიტანა სრულიად მარტივი მიზეზის გამო _ ნაწარმოების სათაურში ჩვენი ოჯახის გვარი ფიგურირებდა.

_ თავიდან ალიმ იფიქრა, რომ ალ-საუდის საგვარეულოს რომელიღაც უკმაყოფილო პრინცესამ თავისი პირადი ცხოვრების სკანდალურ საიდუმლოებას ახადა ფარდა, მაგრამ წაიკითხა თუ არა იგი, მონათხრობში საკუთარი თავიც ამოიცნო. თავზარდაცემულმა გეგმები მაშინვე შეცვალა, შვებულება შეწყვიტა და სასწრაფოდ დაბრუნდა ერ-რიადში.

როგორც ჩანს, სპეციალურად ამ შეკრებისთვის, მამამ თარგმანის ასლები დაამზადებინა. ხელის მსუბუქი გაქნევით მან ალის რაღაც ანიშნა. იმანაც, მის გვერდით დახვავებული თაბახების მოზრდილ დასტას დაავლო ხელი და ყოველ ჩვენგანს საკმაოდ სქელ-სქელი დასტა ჩამოურიგა, რომელიც რეზინით იყო შეკრული.

შეცბუნებულმა კარიმმა იდაყვი გამკრა, წარბები ასწია და თვალით ალიზე მიმანიშნა.

რაც შემეძლო, მაქსიმალურად ვცდილობდი, ისეთი სახე მიმეღო, თითქოს ეს ყველაფერი მე სულაც არ მეხებოდა, ძალზე მიამიტური მზერით ვიდექი. როდესაც მამამ წიგნი გამომიწოდა, მხრები ავიჩეჩე, ვითომ არაფერი, არადა, იმ წუთას სისხლი მქონდა ძარღვებში გაყინული. შემდეგ რაღაც თქვა, მაგრამ არაფერი მესმოდა. მოულოდნელად მისი ზარივით ხმა გაისმა, მან ჩემი სახელი წარმოთქვა.

_ სულთანა!

ვიგრძენი, როგორ შემიტოკდა სხეული. მამა ისეთი სისწრაფით ისროდა სიტყვებს, თითქოს ტყვიამფრქვევიდან ჰილზები ცვიოდა.

_ სულთანა, შენ არ გახსოვს შენი დის სარას დაქორწინება და განქორწინება? ან შენი მეგობრების ბავშვობის დროინდელი ქმედებები? დედაშენის გარდაცვალება? ეგვიპტეში მოგზაურობა? კარიმზე გათხოვება? შენი ვაჟის დაბადება? სულთანა!

სუნთქვა შემეკრა. მამაჩემი კი უმოწყალოდ განაგრძობდა ჩემს დადანაშაულებას.

_ სულთანა, თუკი მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვს და ვერ იხსენებ ამ მოვლენებს, გირჩევ, ეს წიგნი წაიკითხო!

მამამ წიგნი ფეხებთან მომიგდო. ადგილიდან ვერ ვიძროდი, ძალა აღარ შემრჩა ამისთვის. უხმოდ მივჩერებოდი იატაკზე დაგდებულ «პრინცესას». მამამ მიბრძანა.

_ აიღე, სულთანა!

ჩემ მაგივრად წიგნს კარიმმა დასტაცა ხელი და ყდას თვალებგაფართოებული დააშტერდა. მერე ჰაერი ღრმად შეისუნთქა და მომიტრიალდა.

_ სულთანა, რა არის ეს?

მთელი ჩემი არსება შიშმა მოიცვა, გულმა კი ძგერა შეწყვიტა. დაძაბული ვიჯექი და გაქვავებული ველოდებოდი, კვლავ როდის ამუშავდებოდა გული. ამასობაში კარიმმა კონტროლი დაკარგა, წიგნი შორს მოისროლა, განრისხებული ჩემკენ შემობრუნდა, მხრებში ჩამავლო ხელი და ძლიერად შემაჯანჯღარა.

როგორც იქნა, მკერდში ნაცნობი შერხევა ვიგრძენი, მაგრამ კარიმის მარწუხებივით ძლიერი თითები ისე მიჭერდა, კისრის ძარღვებმა ტკაცანი გაიღო.

კვლავ მამაჩემის მრისხანე ხმა გაისმა.

_ სულთანა! გაეცი ქმარს პასუხი!

ბავშვობის წლები გამახსენდა, როცა მამა მტუქსავდა ხოლმე. ახლაც თითქოს იმ ასაკში ვიყავი, თითქოს რაღაც გავაფუჭე და მშობელი ამისთვის სასტიკად მსჯიდა. მაშინ დედა მყავდა მფარველად, ის მიცავდა ხოლმე, მაგრამ ახლა, ამწუთას ვინ დამიცავდა?

რაღაც ბურთივით მომაწვა ყელში. მივხვდი, ცოტაც და ავტირდებოდი. შეძლებისდაგვარად ვებრძოდი საკუთარ თავს, ცრემლი არ წამსკდომოდა.

წარსულში ბევრჯერ მითქვამს ჩემი თავისთვის, რომ თავისუფლების მოპოვებას დიდი სიმამაცე სჭირდება და ეს სიმამაცე ყოველთვის სწორედ მაშინ მღალატობდა, როცა ის ყველაზე ძალიან მჭირდებოდა. როცა ეს წიგნი იწერებოდა, ვიცოდი, თუკი მას ჩემი ოჯახის წევრები შემთხვევით წაიკითხავდნენ, საიდუმლოს ეგრევე აეხდებოდა ფარდა. მე კი, სულელს, მიამიტურად მჯეროდა, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა, არაფერი დამემუქრებოდა, რადგან ჩვენს ოჯახში წიგნებს მხოლოდ სარა კითხულობდა და სხვა არავინ. უფრო მეტის იმედიც მქონდა: ამ წიგნზე ოდესმე თუ მაინც ჩამოვარდებოდა საუბარი, მე ვერც კი მომიაზრებდნენ, თუკი ჩემი ბავშვობის რომელიმე ეპიზოდი არ გამცემდა. არადა, ასეთი ეპიზოდები მრავლად იყო ნაწარმოებში. ბოლოს კი რა გამოვიდა? წიგნი, რომელიც ჩემი ქვეყნის ქალების უუფლებობაზე იყო დაწერილი, მაინცდამაინც ჩემს ძმას ჩაუვარდა ხელში. მან კი, ამ დემონმა, ჩემი ნალოლიავები ანონიმურობა მყისვე სააშკარაოზე გამოიტანა.

ფრთხილი მზერა მოვავლე იქ მყოფთ. თითოეული მათგანის თვალებში მხოლოდ გაკვირვება და მრისხანება იკითხებოდა.

რა უსამართლობაა.! სულ რაღაც ერთი თვე გავიდა ამ ისტორიის დაწერიდან და უკვე გამშიფრეს!

უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე, ხელისგული თაბახებს დავადე და ყრუ ხმით ამოვთქვი ასეთი სიტუაციისთვის ყველაზე უცოდველი სიტყვები.

_ ეს ალბათ ალაჰის ნება იყო! ალბათ მას სურდა, ეს წიგნი დაწერილიყო!

ალიმ ბოროტად ჩაიცინა.

_ ალაჰის! ჰმ! როგორ არა! ალაჰს კი არა, ეშმაკს სურდა! აი ვის! და არა ალაჰს! _ შემდეგ მამისკენ შეტრიალდა და სრულიად სერიოზულად განუცხადა, _ სულთანაში სატანა მისი დაბადების დღიდანაა ჩასახლებული. სწორედ ეშმაკს სჭირდებოდა ეს წიგნი!

ჩემმა დებმა სულმოუთქმელად იწყეს თაბახების კითხვა და გადაფურცვლა, რათა დროზე გაეგოთ, რა ოჯახური საიდუმლოებები იყო მასში მოთხრობილი.

თანადგომა მხოლოდ სარამ გამომიცხადა. ის უხმოდ წამოდგა, ზურგს უკან დამიდგა და ხელები მხარზე დამაწყო. ამ მსუბუქმა შეხებამ საოცრად დამამშვიდა.

ამასობაში კარიმს განრისხების პირველმა შემოტევამ გადაუარა და შეეცადა, თავი ხელში აეყვანა. დავინახე, თვითონაც როგორ გამალებით დაიწყო წიგნის კითხვა. ცალი თვალით დავხედე მის მუხლებზე დადებულ ნაწერს. ის სწორედ იმ თავს კითხულობდა, რომელშიც აღწერილი იყო ჩვენი პირველი შეხვედრის ამბავი, რასაც დაქორწინება მალევე მოჰყვა.

მამა ისევ ყვიროდა. ყვიროდა ჩემი ძმაც. ალი ღალატში მდებდა ბრალს.

ღალატი? რა ბოდვაა! როგორ შეიძლება, ღალატში დამადანაშაულონ, როცა მე მიყვარს ალაჰი, ჩემი ქვეყანა და ჩემი მეფე! ამის მოთმენა შეუძლებელი იყო, ამიტომაც პროტესტი მეც ყვირილით გამოვხატე.

_ არა! მე მოღალატე არ ვარ! მხოლოდ ტვინგაყინულ ადამიანთა ბჭობას შეუძლია ასეთი ბრალდების წაყენება!

როგორც კი ეს სიტყვები წარმოვთქვი, ეგრევე მომეშვა. ვიგრძენი _ რაც უფრო მემატებოდა რისხვა, მით უფრო მცირდებოდა ჩემი შიში.

მე ხომ ვიცი, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან ჩემს ქვეყანაში ქალები. კაცები ცხოვრობენ მათ გვერდით მშვიდად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ არიან ურთიერთობის განმკარგავნი. სიმშვიდე მხოლოდ იმ ოჯახშია, სადაც ქალი ქმრის მონა-მორჩილია. მაგრამ ასე იყო წარსულში, დღეს სხვა დროა. საუდის არაბეთის ქალებმა დაიწყეს უმაღლესი განათლების მიღება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა თავიანთი უფლებების მოსაპოვებლად.

მე არ ვთმობდი. მათ ყოველ ბრალდებაზე საპასუხო რეაქცია მქონდა. სიტყვა არ შევარჩინე მამას და ძმას. ცხარე პოლემიკა გაჩაღდა. შიში სრულიად გამიქრა. ამწუთას სურვილიც აღარ შემრჩა, რამე დამემალა.

დიახ, სწორედ მე მივმართე ამ წიგნის ავტორს, დაეწერა ჩემი ცხოვრების ისტორია. როცა მას ჩემს ამბავს ვუყვებოდი, ყველა ის ქალი მედგა თვალწინ, ვინც ჩემი ქვეყნის უაზრო ტრადიციებს შეეწირა. აი, მაგალითად, ჩემი მეგობარი ნადი, რომელიც დაახრჩვეს. მაშინ მოზარდი ვიყავი. მახსოვს, რელიგიური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიჭირეს ჩემი საყვარელი ნადი და კიდევ ერთი გოგო ვაფუ მამაკაცების კომპანიაში, რომელთანაც ნათესაობა არ აკავშირებდათ. არც მათი საქმროები იყვნენ ისინი. ასეთი საქციელისთვის ორივეს პასუხი უნდა ეგო კანონის წინაშე. გოგონებს სასწრაფოდ შეუმოწმეს საქალწულე აპკი, მაგრამ ისინი ქალწულები აღმოჩნდნენ. ამის გამო ოფიციალურად მათი დასჯა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ოჯახმა გააკეთა ეს საქმე. ვაფუ მასზე ბევრად უფროს ადამიანს ძალით მიათხოვეს, ნადი კი წყალში დაახრჩვეს. ასეთი სასტიკი განაჩენი გოგონას ღვიძლმა მამამ გამოუტანა, რადგან, მისი თქმით, უმცროსმა ქალიშვილმა ოჯახის ღირსება და პატიოსნება შელახა. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ნადის სიკდილით მათი ოჯახის ღირსების და პატიოსნების აღდგენა ნამდვილად არ მომხდარა.

შემდეგ უბედური სამირა გამახსენდა, ჩემი დის, ტაჰანის მეგობარი. მას მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მშობლების სიკვდილის შემდეგ ოფიციალურად ბიძა გახდა მისი აპეკუნი, რომელიც სასტიკად ექცეოდა ძმისშვილს. შეშინებული გოგონა ადგა და შეყვარებულთან ერთად აშშ-ში გაიქცა. ბიძამისმა მოტყუებით მაინც შეძლო მისი უკან ჩამოყვანა, შემდეგ კი სრულიად უცხო ადამიანზე გაათხოვა. სამირას უბედურება ამით არ დამთავრებულა. როცა აღმოჩნდა, რომ გოგონას ქალწულობა უკვე დაკარგული ჰქონდა, იგი «ქალთა ოთახში» ჩაკეტეს და დღემდე იქ ჰყავთ გამომწყვდეული.

ჩემი მეგობრების მძიმე ხვედრის გახსენებამ გამბედაობა შემმატა. ასეა, ვისაც თავისუფლება სურს, თავიც უნდა გადადოს მის მოსაპოვებლად. ყველაზე ცუდი უკვე მოხდა. მე გამშიფრეს. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?

გადამწყვეტი მომენტი დადგა. როგორც კი ვიგრძენი, რომ ძალა მომემატა, შემოვბრუნდი და ჩემი მოწინააღმდეგეების პირისპირ დავდექი. ჩემში მეომარი ბაბუის, აბდულ აზიზის სისხლმა იწყო დუღილი. ბავშვობიდან ჩავუნერგავდი სხვებს, არასდროს შეშინებოდათ თავის დაცვის, მაშინ, როდესაც თავად ვიყავი დაუცველი. ყოველთვის მეამბოხე სული ბუდობდა ჩემში. ახლაც ჩემში სიმამაცემ იძალა. სწორედ ამან მიმაღებინა მტკიცე გადაწყვეტილება.

ფიქრებში კვლავ წარსულს დავუბრუნდი და ბიძაჩემი გამახსენდა. ის მომენტი, როცა მან პატარა გოგონას ხელისგულზე ტკბილი ფინიკი დამიდო. ეშმაკურმა იდეამ გამიელვა გონებაში. ვიხელთე ირგვლივ ატეხილი ყაყანით და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თამამად გამოვაცხადე.

_ მიმიყვანეთ მეფესთან!

ყაყანი შეწყდა. მამაჩემი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. მან გაოცებით გაიმეორა ჩემი სიტყვები.

_ მეფესთან მიგიყვანოთ?

ალი ადგილზე აცმუკდა და მოუთმენლად წამოაყრანტალა.

_ მეფე შენ არ შეგხვდება!

_ არა, შემხვდება! _ ჯიუტად შვეპასუხე, _ წამიყვანეთ მასთან! მინდა მეფეს ვესაუბრო იმ მიზეზებზე, რამაც ამ წიგნის დაწერა გადამაწყვეტინა. უნდა მოვუყვე ქალების ტრაგიკულ ბედზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ის მართავს! ყველაფერს ვაღიარებ, მაგრამ მხოლოდ მეფესთან!

იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი ნათქვამი, რომ ყველა გაქვავდა. მამამ კითხვით სავსე მზერა ჯერ მე მომაპყრო, მერე ალის. ორივემ თვალი გაუსწორა ერთმანეთს. მომეჩვენა, რომ მათი აზრების წაკითხვა შევძელი: «თავხედობასაც აქვს საზღვარი»!

_ მოვითხოვ, მეფესთან მიმიყვანოთ და მასთან ვაღიარო დანაშაული! _ მტკიცედ მოვითხოვდი ჩემსას.

მეფეს კარგად ვიცნობდი. მას სძულდა ყველანაირი დაპირისპირება, განსაკუთრებით ოჯახური. მიუხედავად ამისა, მაინც დამსჯიდა, რადგან ქალისთვის მიუღებელი იყო ჩემი საქციელი. ოჯახური საიდუმლოს სააშკარაოზე გამოტანა არ მეპატიებოდა. ამიტომ, თუ მართლა მიმიყვანდნენ მასთან, სხვა მხრიდანაც უნდა დამეცვა თავი. უნდა მეპოვა ადამიანი, არა არაბი, არა ამ ქვეყნის მოქალაქე, არამედ უცხოელი, რომელსაც ყველაფერი ეცოდინებოდა და რომელიც გაახმაურებდა ჩემი მომავალი დასჯის ამბავს. ამიტომ სასწრაფოდ დავაყოლე, _ მაგრამ სანამ მეფესთან წამიყვანთ, ახლავე რომელიმე უცხოურ გაზეთს უნდა დავუკავშირდე. სულაც არ მინდა, უგზო-უკვლოდ გავქრე. დაე, მთელმა სამყარომ გაიგოს, როგორ ექცევიან ქალებს სიმართლის აღიარებისთვის! მსოფლიომ უნდა გაიგოს, რატომ ვისჯები!

ნაფიქრი სისრულეში მოვიყვანე. თავი ამაყად ავწიე, სკამიდან ავდექი და მტკიცე ნაბიჯით ტელეფონისკენ გავემართე, რომელიც შემოსასვლელ კართან, პატარა მაგიდაზე იდგა. გზადაგზა სასოწარკვეთილი ვცდილობდი აღმედგინა ტელეფონის ნომერი, რომელსაც კვირეების განმავლობაში საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი ასეთი შემთხვევებისთვის.

ჩემი დები შეშფოთდნენ, მამას დაუყვირეს, შეაჩერე, ტელეფონთან არ მიუშვაო. ამასობაში კარიმიც წამოხტა და გზა გადამიღობა. შემდეგ მკაცრი გამომეტყველებით გაფშიკა საჩვენებელი თითი და მიმითითა სკამზე, რათა ჩემს ადგილს დავბრუნებოდი.

მიუხედავად სიტუაციის სერიოზულობისა, კარიმის სახეზე იმდენად ყეყეჩური გამომეტყველება დავიჭირე, რომ ძალიან გავმხიარულდი. ხმამაღალი სიცილი ამიტყდა. ჩემი ქმარი უგუნური ადამიანია, ამიტომაც აქამდე ვერ მიხვდა, რომ ჩემი გაჩუმება ასე ადვილად შეუძლებელია. მაშინ ჩემი დამარხვა მოუწევს, რასაც, ჩემი აზრით, ვერასდროს გააკეთებს. წლების განმავლობაში სწორედ ის მმატებდა ძლიერებას, რომ მას ჩემთვის ცუდის გაკეთება არ შეეძლო.

არც მე და არც კარიმი ადგილიდან არ ვიძროდით. მივხვდი, რომ დრამატული მომენტი დადგა, ამიტომ ვიყვირე:

_ როცა მსხვერპლი კუთხეშია მიმწყვდეული, მონადირეს სწორედ მაშინ ემუქრება საშიშროება! _ იმ წუთას მზად ვიყავი, მუშტი მეთავაზებინა მისთვის მუცელში და დავაპირე კიდევაც, რომ მოულოდნელად ჩემი უფროსი დის, ნურას ხმა გაისმა:

_ გეყოფათ! პრობლემები ასე არ წყდება! _ ის რამდენიმე წამით გაჩუმდა და მამას და ალის შეხედა, _ ვერ ვხდებით, როგორ ყვირით? მსახურები ყველაფერს გაიგონებენ და თავი მოგვეჭრება. აი, მაშინ კი მოგვიწევს ჩვენთვის მიუღებელი არჩევანის გაკეთება. ყველანი დავმშვიდდეთ და ისე მოვილაპარაკოთ!

დებთაგან ნურა ერთადერთი იყო, რომელმაც შეძლო მამისთვის თავი შეეყვარებინა. ქალიშვილებიდან მას მხოლოდ ნურა უყვარდა.

მამამ ხელის აქნევით ყველას გაჩუმება უბრძანა.

მას შემდეგ, რაც ეს წიგნი გამოქვეყნდა, შიში გამუდმებით თან მდევდა. მოსვენება მქონდა დაკარგული, ყოველი ახალი დღე ძალებს მაცლიდა. ახლა კი, მრავალი კვირის შემდეგ, წარმოუდგენლად მხნედ ვგრძნობდი თავს. მივხვდი, რომ ჩვენს კაცებს ამწუთას ყველაზე მეტად ერთი რამ არ სურდათ _ ჩემი თავი ხელისუფლებისთვის გადაეცათ. ეს უდიდესი დარტყმა იქნებოდა ჩვენი სანათესაოსთვის.

ამის შემდეგ თათბირი შედარებით მშვიდ ატმოსფეროში წარიმართა. სერიოზულად განიხილებოდა საკითხი, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ ჩემი პერსონა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო. ყველანი ვხვდებოდით, რომ სამეფოში წიგნის ამბავი არ დაიმალებოდა და აუცილებლად ატყდებოდა მითქმა-მოთქმა. ყველა დაინტერესდებოდა, რომელმა პრინცესამ გაბედა ასეთი თამამი წიგნის გამოქვეყნება. ბევრი მსჯელობის შემდეგ ოჯახის წევრებმა დაასკვნეს, რომ საუდის არაბეთის უბრალო მოქალაქეები ვერასდროს გამოიცნობდნენ ამ საიდუმლოს, რადგან ისინი შორს იდგნენ ჩვენი წრისგან. ალ-საუდის მრავალრიცხოვანი გვარის მამაკაცებისგანაც არ იყო საფრთხე მოსალოდნელი, რამდენადაც ქალები და მათი ყოველდღიური ცხოვრება მათთვის ისედაც ყოველთვის საიდუმლოდ რჩებოდა. ჩვენს ქალურ თავგადასავლებზე მათ ხელი არ მიუწვდებოდათ. მამის აზრით, საშიშროებას მხოლოდ ახლო ნათესაური წრე წარმოადგენდა, ისინი ხომ ხშირად მონაწილეობდნენ ვიწრო ოჯახურ თათბირებში. საშიშროება სწორედ აქედან მოდიოდა.

რაღაც მომენტში პანიკაც კი წარმოიშვა, რადგან ტაჰანის გაახსენდა, რომ ჩვენი ერთი მოხუცი დეიდა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა სარას პირველ ქორწინებასა და განქორწინებასთან. ეს ყველაფერი კი წვრილად მქონდა წიგნში ასახული. თუმცა ნურამ დაამშვიდა მამა, რადგან იმ დეიდას დიდი ხანია, ჭკუასუსტობის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ განსჯის უნარს ხშირად კარგავდა.

_ ის დიდი ხანია, ავადაა. ხშირად ურევს ხოლმე ტყუილს და მართალს. სკლეროზის ნიშნებიც აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ამ თემაზე ლაპარაკს დაიწყებს, არავინ მოუსმენს. იფიქრებენ, ავადყმოფობამ დარია ხელიო, _ დაასკვნა ჩემმა უფროსმა დამ.

ყველამ შვებით ამოისუნთქა. მამამ მადლიერებით სავსე მზერა ესროლა ნურას.

რაც შემეხება მე, მოხუცი დეიდის სულაც არ მეშინოდა. ის სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო და მუდამ ყველასგან გამოირჩეოდა. მისი ყოველთვის ყველაზე უკეთ მესმოდა. მახსოვს, ერთხელ ყურში ჩამჩურჩულა, მხარს გიჭერ, ჩვენი ქალების უფლებებს რომ იცავო. ის კი არა, დაიტრაბახა, პირველი ფემინისტი ვიყავი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ევროპელი ქალები ამას მოიფიქრებდნენო. თურმე პირველსავე ღამეს გამოუცხადა ქმარს, რომ ცხვრის გაყიდვიდან შემოსულ თანხას თვითონ განკარგავდა.

_ მე გონებაში შემეძლო ციფრების გადაანგარიშება, ზეპირად, ხოლო ჩემს ქმარს ამისთვის ჯოხი სჭირდებოდა, რომლითაც ქვიშაზე ხატავდა მიმატება-გამოკლებას და ასე ანგარიშობდა შემოსავალ-გასავალს. მე მასზე ჭკვიანი ვიყავი და ვსარგებლობდი ამით. ის ყველაფერში მეთანხმებოდა, მგონი, ცოტა ეშინოდა კიდეც ჩემი.

თუმცა, ეს არ იყო ყველაფერი. დეიდის ქმარს თავში არასდროს მოსვლია აზრად, მეორე ცოლი შეერთო. ხშირად ამბობდა თურმე, ერთი მყავს და სრულიად საკმარისიაო. დეიდა სიცილით მიყვებოდა, რაში მდგომარეობდა მისი ძლიერი ქალური საიდუმლო.

_ უნდა გქონდეს იმის ნიჭი, რომ მამაკაცის «ტყავის ჯოხი» ყოველთვის შენს განკარგულებაში იყოს და ქმარს მისი სხვაგან გამოყენების სურვილი არასდროს გაუჩინო. აი, როდის იქნები ძლიერი ქალი!

მაშინ ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, რას გულისხმობდა დეიდა «ტყავის ჯოხში». მოგვიანებით, როცა სრულწლოვანი გავხდი და მისი სიტყვებს ჩავწვდი, ხშირად მახსენდებოდა მისი ნათქვამი და ჩემთვის მეღიმებოდა.

დეიდას ქმარი სრულიად მოულოდნელად გარდაეცვალა, საკმაოდ ახალგაზრდა, რაც ძალიან განიცადა. რამდენჯერ უთქვამს, როგორ ენატრებოდა ქმრის ალერსი. მერე სინანაულით დააყოლებდა, რომ მისი ხსოვნისადმი პატივისცემა არ აძლევდა უფლებას, თორემ აუცილებლად გაიჩენდა სხვა კაცს.

წლების განმავლობაში საგულდაგულოდ ვინახავდი დეიდის ამ საიდუმლოს, რადგან ვიცოდი, ეს რომ ვინმესთვის მეთქვა, მას ცოცხლად დამარხვა არ აცდებოდა.

 

რამდენიმე საათის განმავლობაში ფურცლავდნენ ჩემი ოჯახის წევრები წიგნს და ერთმანეთს ამშვიდებდნენ, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ახლობლებიდან ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა.

იყო კიდევ ერთი «დადებითი» წვრილმანი. ზოგიერთი დეტალი ჩვენი ოჯახის ცხოვრებისა შეგნებულად მქონდა წიგნში შეცვლილი, რადგან მისი დაწერისას მეც ვიჩენდი სიფრთხილეს. ესეც ერთგვარი შვება აღმოჩნდა მათთვის.

საღამო იმით დამთავრდა, რომ მამამ და ალიმ გააფრთხილეს ჩემი დები, ქმრებთან არაფერი წამოცდენოდათ.

_ სად არის გარანტია, რომ ისინი ამ ამბავს თავიანთ დებს ან დედას არ მოუყვებიან? _ არიგებდა დებს მამა, _ ჭორის გავრცელება კი, მოგეხსენებათ, ყველაზე სწრაფად ხდება. არ არის საჭირო, თქვენი ქმრები ოჯახის ყველა პრობლემაში ჩავახედოთ. ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ!

მამის რჩევით, მათ უნდა ეთქვათ მეუღლეებისთვის, რომ ოჯახური თათბირი უმნიშვნელო ქალურ პრობლემებს ეხებოდა, ამიტომაც არ გახდა მათი დასწრება აუცილებელი.

მერე მამა მე მომიბრუნდა და სასტიკად ამიკრძალა ხალხში ტრიალი და ჩემი დანაშაულის აღიარება. ის ფაქტი, რომ წიგნი ჩემი ცხოვრების ისტორიას წარმოადგენდა, საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო და ოჯახის გარეთ არ უნდა გასულიყო.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი სასჯელი მოგელის, _ გამაფრთხილა მამამ, _ არათუ შინ გამოკეტვას და ციხეში ჩასმას, შენი ოჯახის მამაკაცების ზიზღს და სიძულვილსაც დაიმსახურებ, მათ შორის შენი ვაჟის, აბდულასიც. ამას კი, კარგად იცი, რაც მოჰყვება. სამუდამოდ გაგაძევებენ საუდის არაბეთის პატრიარქალური კავშირიდან.

ეს კი უსასტიკესი სასჯელი იყო. ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაზე სამარცხვინოები ის კაცები არიან, რომლებიც თავიანთ ქალებს ვერ იმორჩილებენ.

თანხმობის ნიშნად თვალები დავხარე და მორჩილებას შევპირდი მამას. გულში კი მეღიმებოდა, რადგან ამ საღამოს გრანდიოზული აღმოჩენა გავაკეთე: ჩემი ოჯახის მამაკაცები დღეიდან ჩემთან ერთი ჯაჭვით იყვნენ გადაბმულნი და მათი ძალაუფლება იმდენად იქნებოდა შეზღუდული, რამდენადაც მე შემიზღუდავდნენ თავისუფლებას.

ძილი ნებისა ვუსურვე მამას და ძმას, თან ნიშნის მოგებით გავიფიქრე: აბსოლუტური ძალაუფლება ცხოვრებას უწამლავს მას, ვის ხელშიცაა ეს ძალაუფლება.

რადგან «ჩემი სისხლი ვერ დალია», ალის ხასიათი დაუმძიმდა. ოჯახური საბჭოს გადაწყვეტილებით ერთობ უკმაყოფილო დარჩა. საკმაოდ უხეშად გამომემშვიდობა. ყველაზე მეტად ალბათ ახლა ჩემი შინაპატიმრობა გაახარებდა, მაგრამ ოჯახის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა.

მე კი განსაკუთრებულად თბილად გამოვემშვიდობე და ყურში ჩავჩურჩულე:

_ ალი, უნდა გახსოვდეს, რომ ყველას დამორჩილება როდია შესაძლებელი, ვინც შენს რკინის ჯაჭვში რიგით რგოლადაა ჩაბმული!

ეს უდიდესი ტრიუმფი იყო! მე გავიმარჯვე!

8 8 8

მე და კარიმი უხმოდ ვბრუნდებოდით შინ. ის მთელი გზა ჩუმად იყო. დამბლადაცემულის გამომეტყველება ჰქონდა. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და სამჯერ ისე შეაგინა თავის ფილიპინელ მძღოლს, თითქოს ის ყოფილიყო ყველაფერში დამნაშავე. სახე ავტომობილის მინას მივადე. ამწუთას არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი, ისე ვიყავი დაცლილი ემოციებისგან, აღქმის უნარი დავკარგე. გარდა ამისა, მეორე ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდი, რომელიც შინ, საკუთარ მეუღლესთან მელოდა. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ მისი რისხვა არ ამცდებოდა…

მისვლისთანავე კარიმმა საძინებლის კარი ჩაკეტა, ლოგინში ჩაწვა და წიგნის კითხვა ხმამაღლა დაიწყო. ის განსაკუთრებით იმ ადგილებს არჩევდა, რომელიც მას ეხებოდა, რომელიც მის მამაკაცურ ღირსებებს შეურაცხყოფდა. «ერთი შეხედვით იგი კეთილი და ჭკვიანი ჩანდა, მაგრამ შინაგანი ბუნებით ძალიან ეშმაკი იყო და ეგოისტი. ზიზღი დამეუფლა, როცა დავრწმუნდი, რომ იგი მამაკაცს კი არა, მხოლოდ ფუტლიარს წარმოადგენდა».

როცა კარიმი ამ ადგილებს კითხულობდა, უცნაური გრძნობა დამეუფლა. იმდენად დავიბენი, არ ვიცოდი, მეტირა თუ მეცინა. თან მეცოდებოდა, სააშკარაოზე რომ გამოვიტანე მისი სუსტი მხარეები, თან მახსენდებოდა, რამდენჯერ ისარგებლა ჩემი უუფლებობით და მატკინა გული.

კარიმი უშნოდ იქნევდა ხელებს და ფეხებს. ამწუთას იმ მარიონეტ თოჯინას ჰგავდა, რამდენიმე დღის წინ ჩემი დის, სარას სასახლეში რომ ვიხილე წარმოდგენაზე. ტუჩებს მაგრად ვკუმავდი, რომ არ გამცინებოდა.

კარიმმა გამჭოლი მზერა მესროლა და ზიზღით წამოიძახა.

_ სულთანა! არ გაბედო გაცინება. მე მართლა განრისხებული ვარ!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვებრძოდი ერთმანეთის საწინააღმდეგო ემოციებს, მხრები მშვიდად ავიჩეჩე.

_ შენ ხომ ვერ უარყოფ იმ ფაქტს, რომ, რაც მანდ წერია, ყველაფერი მართალია?

მას ჩემი შეკითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, იმავე «შემართებით» განაგრძო წიგნში მისთვის საყურადღებო ადგილების ძებნა.

თითქმის ყვირილით გააგრძელა კითხვა:

«როგორ ვოცნებობდი მეომარი მამაკაცის ცოლი ვყოფილიყავი, რომელიც ყოველთვის გვერდით დამიდგებოდა, როცა ჩემს თავისუფლებას საფრთხე შეექმნებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი. მასში ნამდვილი მამაკაცი ვერ აღმოვაჩინე». კარიმს უფრო და უფრო ერეოდა ბრაზი. წიგნს ცხვირწინ მიფრიალებდა და საჩვენებელ თითს აყოლებდა იმ სტრიქონებს, რომელსაც შეურაცხმყოფელად მიიჩნევდა:

«6 წლის წინ სულთანას ვენერიული დაავადება შეეყარა. უდიდესი სულიერი ტანჯვის შემდეგ, კარიმმა გამოუცხადა მას, რომ იგი შემთხვევით ქალებთან ურთიერთობით ირთობდა თავს. მას იზიდავდა სექსუალური თავგადასავლები სრულიად უცნობ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. როცა მკურნალობას მორჩა, კარიმი შეპირდა ცოლს, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდებოდა, მაგრამ სულთანამ კარგად იცოდა ქმრის სუსტი მხარეები და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იგი აუცილებლად დაარღვევდა პირობას, ამიტომ სიფრთხილეს იჩენდა მასთან ურთიერთობისას. მათი საოცარი სიყვარული სადღაც გაქრა, დარჩა მხოლოდ მოგონებები. სულთანა ამბობს, რომ ქმართან მაინც დარჩება და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ქალიშვილების საკეთილდღეოდ გააგრძელოს ბრძოლა».

ამის გაგებამ ყველაზე მეტად გააცოფა კარიმი.

_ შენ რა გესმის! ჩვენი იდეალური ცხოვრება გვაქვს, შენ კი ყველაფერი წყალს გაატანე, დაანგრიე ჩვენი სამოთხე! _ მადანაშაულებდა იგი.

უნდა ვაღიარო, რომ ბოლო დროს, წინა წლებთან შედარებით, მართლა დათბა ჩვენი ურთიერთობა. თითქოს ის ძველი სიყვარულიც დამიბრუნდა, ისევ ისე ვენდობოდი მას, ოღონდ მთლად ბოლომდე არა. როგორც ქმარი, კარიმი სულაც არ იყო მკაცრი და ჩვენი გვარის მამაკაცებს არ ჰგავდა, თუმცა სხვების თვალში ყოველთვის ცდილობდა, მკაცრი მეუღლის იმიჯი შეენარჩუნებინა. არადა, წიგნში ისეთი მყავდა აღწერილი, ვერავინ იფიქრებდა, რომ საუბარი ჩემს მეუღლეზე იყო. მას სწორედ ეს აშფოთებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი გარეგნულად ჩანდა მკაცრი, თორემ ვიწრო, შინაურულ გარემოში, ძალიან სუსტი მამაკაცი იყო. შევეცადე ამეხსნა მისთვის, რომ ალ-საუდის მამაკაცებს შესწევთ უნარი, ნელ-ნელა გაატარონ რეფორმა და ბევრი რამე შეცვალონ ქალთან უფლებების საკითხში. და ეს ვიღაცამ უნდა დაიწყოს.

მას პასუხი არ გაუცია და მე მივხვდი, რომ ჩვენი კაცები ასეთ რისკზე ვერასდროს წავიდოდნენ. ისინი ქალების კეთილდღეობისთვის არ დათმობდნენ ძალაუფლებას. სამეფო გვირგვინთან მათ ვნებიანი რომანი აკავშირებთ. როცა მას შევახსენე, რომ ჩვენი ოჯახის წევრების გარდა, ამ წიგნის შესახებ ვერავინ შეიტყობდა, მას კვლავ წამოუარა სიბრაზემ.

თუმცა, რა! ვინც მას ახლოს იცნობს, ისედაც ყველამ იცის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ამ წიგნის გარეშეც. კარიმმა საცოდავად გამომხედა და ჩუმი ხმით მკითხა.

_ და შენ მოუყევი ჯინ სესონს იმ დაავადების შესახებ, რომელიც მე ავიკიდე?

სირცხვილისგან გავწითლდი, პასუხი ვერ გავეცი. ეს ისედაც ნათელი იყო, თავად წაიკითხა ის სტრიქონები.

მან ნელა გადააქნია თავი და სინანულით წარმოთქვა:

_ ნუთუ შენთვის წმინდა არაფერი არსებობს, სულთანა?

_ არსებობს, კარიმ, _ ჩურჩულით მივუგე, _ შენ და ჩემი შვილები, მაგრამ სრულყოფილები არავინ არ ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ კარიმის გაცოფებას საზღვარი არ ჰქონდა, იმ საღამოს უცნაური რამ მოხდა. არსებობს «შინაომები», რომელიც ტრაგიკულად მთავრდება. ჩვენი ის საღამო კი სიყვარულის მოულოდნელი აღიარებით დამთავრდა. კარიმმა თაბახები უეცრად იატაკზე მოისროლა, ჩემკენ გადმოტრიალდა, ხელები მომხვია და ჩამჩურჩულა:

_ იცი რა, სულთანა? მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს მყვარებივარ ისე ძლიერად, როგორც ახლა.

იმ წუთებში რაღაც შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში. მე აღმოვაჩინე, რომ კარიმი ჩემ მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდა, უფრო მოსიყვარულე.

ჩემშიც გაიღვიძა მიძინებულმა გრძნობებმა, რომლებიც უკვე სრულიად გამქრალი მეგონა. მიკვირდა კიდეც ჩემი ასეთი გაორება _ ერთდროულად მიყვარდა და მეზიზღებოდა ერთი და იგივე ადამიანი.

მოგვიანებით, როცა მან დაიძინა, კიდევ ერთხელ გავაანალიზე ის, რაც იმ დღეს მოხდა. მიუხედავად ოჯახის ლოიალური გადაწყვეტილებისა, მშვიდად მაინც ვერ ვიქნებოდი. სულაც არ ვაპირებდი მორჩილებით თავის დახრას. მე უნდა გამეგრძელებინა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა მანამ, სანამ ჩემი ქვეყნის ქალების სოციალური ცხოვრება არ გაუმჯობესდებოდა. სწორედ ის მკაცრი პირობები მიბიძგებდა ბრძოლისკენ, რომელშიც ჩვენ, საუდის არაბეთის ქალები ვიმყოფებოდით.

ბოლომდე უნდა ვიბრძოლო მათი თავისუფლების მოსაპოვებლად. დაჟინებით ვუსვამდი ჩემს თავს შეკითხვებს: განა მე არ ვარ ორი ქალიშვილის დედა? განა ყველაფერი არ უნდა ვიღონო მათი ბედნიერებისთვის? მათ რატომ უნდა გაიარონ ის გზა, რომელიც მე და ჩემნაირებმა გამოიარეს? ამას არასდროს შევეგუები!

და ხმამაღლა დავიყვირე:

_ არა!

კარიმი შეირხა, მაგრამ არ გაღვიძებია…

სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ ვერ შევასრულებდი იმ პირობას, რომელიც მამას მივეცი. დაე, საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტოს, როდის უნდა გავჩუმდე. როგორც უნდა მაიძულონ, მაინც ვილაპარაკებ იმაზე, რა იმალება სინამდვილეში შავი ჩადრის ქვეშ. დაე, ეს იყოს ჩემი ბედისწერა.

გადაწყვეტილება მტკიცედ მივიღე.

როგორც კი საზღვარგარეთ მომიწევს გასვლა, მაშინვე დავუკავშირდები ჯინ სესონს. ჩვენ კიდევ ბევრი დაგვრჩა ერთად გასაკეთებელი, რადგან ბლომად მაქვს სალაპარაკო და საპროტესტო.

როცა თვალები დავხუჭე და ძილისთვის მოვემზადე, მივხვდი, რომ მე ის სულთანა აღარ ვიყავი, რომელმაც დილით გაიღვიძა. დღეიდან უფრო თავდაჯერებული, უფრო მტკიცე ნებისყოფის გავხდი, რადგან გავაცნობიერე, რომ წინ ძალზე სახიფათო და ეკალბარდიანი გზა მელოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სასტიკი სასჯელი ან თუნდაც სიკვდილი მელის, გაჩუმება და მორჩილება უარესი იქნება, რადგან იგი არასდროს დამთავრდება. მარადიულ მონობას კი ერთხელ ღირსეული სიკვდილი ჯობია…

 

 

თავი 2. მახა

 

მე და კარიმს სულ გვეშინოდა, რომ ჩვენს იმედებს ვერ გაამართლებდნენ ისინი,  ვინც ყველაზე მეტად გვიყვარდა ამქვეყნად. ჩვენი პირმშოს, აბდულას ბედი ძალიან გვაშფოთებდა. მახა, ჩვენი უფროსი ქალიშვილი, გვაშინებდა. ამანი კი, უმცროსი გოგონა, საგონებელში გვაგდებდა.

ერთ დღეს, როცა ჩემი უფროსი შვილი, ჩემი აბდულა ბავშვური გულუბრყვილობით და თვალებგაბრწყინებული გვიყვებოდა ფეხბურთში თავისი წარმატებების შესახებ, არავითარი ავი წინათგრძნობა არ მქონია. პირიქით, მე და კარიმს კმაყოფილებით გვევსებოდა გული, რადგან მას მართლაც თავბრუდამხვევი წარმატებები ჰქონდა სპორტის ამ სახეობაში. ისედაც, აბდულას ბავშვობიდან არ ჰყავდა ტოლი და სწორი სპორტში. მისი შემხედვარე ისეთი ამაყები ვიყავით, არც მიგვიქცევია ყურადღება უმცროსი შვილებისთვის. ჩვენი გოგონები _ მახა და ამანი ვიდეოთამაშებით იყვნენ გართულნი.

უეცრად ამანის თავგანწირული კივილის ხმა გაისმა. სწორედ ამ დროს თავზარდაცემულმა მეც შევამჩნიე, რომ აბდულას ტანსაცმელს ცეცხლი ეკიდა. ბავშვი იწვოდა.

კარიმი ინსტინქტურად წამოხტა, ბავშვს ხელი დაავლო, ხალიჩაზე გააგორა, შიგ გაახვია და ამ გზით შეეცადა ცეცხლის ჩაქრობას. როცა დავრწმუნდით, რომ საშიშროებამ ჩაიარა, შევეცადეთ, ბიჭის აალების მიზეზი გვეპოვა, მაგრამ ამაოდ. საეჭვოს ვერაფერს მივაგენით და საბოლოოდ დავასკვენით, რომ ჩვენს საყვარელ აბდულას, უბრალოდ, თვალი ეცა.

ამანი კვლავინდებურად გულამოსკვნილი ტიროდა. გოგონა კალთაში ჩავისვი და გულში ჩავიკარი. მის დაწყნარებას შევეცადე. მერე მახასაც გავძახე, შენც ჩემთან მოდი-მეთქი და სწორედ ამ დროს შემაძრწუნებელი სურათი მეცა თვალში _ ჩემი უფროსი ქალიშვილის მზერაში ძმისადმი დაუოკებელი ზიზღი და სიძულვილი შევნიშნე…

როცა ეს საშინელი ინციდენტი გამოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ თურმე მახამ წაუკიდა აბდულას ცეცხლი!

სიტყვა «მახა» ქურციკს ნიშნავს, თუმცა ჩემი გოგონა საერთოდ ვერ ამართლებდა ამ ნაზ სახელს. როცა იგი 10 წლის გახდა, აღმოვაჩინეთ, რომ მასში ჭარბად იყო მოზღვავებული დემონური ენერგია. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ მახას სულში ბოროტი და კეთილი მუდმივად ებრძოდა ერთმანეთს და უმრავლეს შემთხვევაში ბოროტი იმარჯვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდით მის დახმარებას, არაფერი შველოდა _ არც კეთილგონივრული რჩევები, არც სითბოსა და სიყვარულის გამომჟღავნება, არაფერი, არაფერი! იგი გამუდმებით, ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უმწარებდა სიცოცხლეს უფროს ძმას და უმცროს დას. ვერ წარმომიდგენია სხვა ბავშვი, რომელსაც ამაზე მეტი პრობლემა შეექმნას თავისი მშობლებისა და და-ძმისთვის.

მახა გარეგნულად ძალიან მიმზიდველი გოგონა იყო, საოცარი მომხიბვლელობით გამოირჩეოდა. ესპანელ მოცეკვავეს ჰგავდა _ დიდრონი თვალებითა და მბრწყინავი თმით. მის შესანიშნავ გარეგნობას ნათელი გონებაც თან ერთვოდა. დაიბადა თუ არა, იმ დღიდან ვატყობდი, რომ ჩემს უფროს ქალიშვილს ბუნებისგან ძალიან ბევრი რამის ნიჭი დაჰყვა. მიუხედავად ამისა, იგი წამითაც არ ცდილობდა, თავისი მომადლებული ნიჭით ერთ რამეში მაინც გამოეჩინა თავი. მას ცხოვრების მიზანი არ გააჩნდა. საერთოდ არ იყო მიზანმიმართული. წლების განმავლობაში ვადევნებდი მახას თვალს და ვხედავდი, როგორ ჩნდებოდა და ქრებოდა მასში «სამომავლო გეგმები», ყოველგვარი ლოგიკური დასასრულის გარეშე. არასდროს არც ერთი საქმე ბოლომდე არ მიჰყავდა. არც ჰქონია ამის მცდელობა.

ერთხელ კარიმმა აღნიშნა, რომ, მახას ბუნებიდან გამომდინარე, იგი ვერასდროს გახდებოდა სრულყოფილი ადამიანი და ცხოვრებაში კონკრეტულ მიზანს ვერ მიაღწევდა. მეშინია ამის აღიარების, მაგრამ ჩემი აზრით, მახა _ ეს იყო მეამბოხე სული, რომელსაც მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა. რადგანაც მეც ასეთი ბუნების ვარ, დანამდვილებით ვიცი, რა იწვევს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებას.

როცა მახა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ძალიან მარტივი ჩანდა. მას სიგიჟემდე უყვარდა მამამისი. ასაკის მატებასთან ერთად, ეს სიყვარული უფრო გაიზარდა. კარიმს სამივე შვილი ერთნაირად ძლიერად უყვარდა, არასდროს გამოარჩევდა ერთს რომელიმეს. ამით ის ცდილობდა, თავის შვილებს არ გამოეცადათ ის სიმწარე, რაც მე გამოვიარე ბავშვობაში. მამაჩემს ხომ გამორჩეულად მხოლოდ ორი შვილი უყვარდა, დანარჩენებს იგი არასდროს არაფრად გვაგდებდა.

თუმცა, სახლს გარეთ კარიმი აბდულასთან უფრო ახლოს იყო. ეს არცაა გასაკვირი. მუსულმანური ტრადიციის მიხედვით, მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო. სწორედ ამ ტრადიციამ დაასვა დაღი პატარაობიდანვე მახას სულს. ის მტკივნეულად განიცდიდა, როცა მამისგან საკმარის სითბოს ვერ იღებდა. გამუდმებით ეჭვიანობდა, ეჩვენებოდა, რომ კარიმს აბდულა შვილებში ყველაზე მეტად უყვარდა.

როგორ მესმოდა მისი, რადგან ასეთ მომენტებში საკუთარი წარსული მახსენდებოდა. თუმცა, მამაჩემისგან განსხვავებით, მახა თავის მამას ძალიან უყვარდა და ამიტომ ბევრი რამ ყურადღების მიღმა დამრჩა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სერიოზულად არასდროს ჩავღრმავებივარ მახას უკმაყოფილების მიზეზებს.

აბდულას ცეცხლი რომ წაუკიდა, მას შემდეგ უფრო ყურადღებით დავუწყე თვალყურის დევნება მახას და დავასკვენი, რომ მისი საქციელი ზედმეტად ცდებოდა ნორმალური მამაშვილური სიყვარულის ჩარჩოებს.

მახა 10 წლის იყო, აბდულა _ 12-ის, ამანი კი 7-ის, მაგრამ სწორედ მან დაინახა, როგორ გაჰკრა მახამ მამის ოქროს სანთებელას და ძმის ტანსაცმელს ცეცხლი შეუნთო. ამანის მაშინვე რომ არ დაეყვირა, აბდულას სერიოზული დამწვრობა არ აცდებოდა.

მეორე საშინელი დარტყმა მაშინ მივიღეთ, როცა მახა 11 წლის გახდა.

აგვისტოს ცხელი დღე იდგა. მთელმა ოჯახმა დავტოვეთ ერ-რიადის პაპანაქება სიცხე და ნურის საზაფხულო სასახლეში გავემგზავრეთ, მთაგორიან ქალაქ ეტ-ტაიფში.

ცოტა ხნის შემდეგ მამაჩემიც ჩამოვიდა. მრავალი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მამამ პირველი ცოლის ერთად თავმოყრილი შვილების მონახულება გადაწყვიტა. განსაკუთრებულად დასაფასებელი ის იყო, რომ მან მთელი ყურადღება შვილიშვილებზე გადაიტანა. მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო ყველა უბედურება.

სასიამოვნო დღე იყო. ყველანი ბაღში ვისხედით. მამაჩემი აღფრთოვანებული უყურებდა აბდულას, ტკბებოდა მისი მოხდენილი აღნაგობით და სიმაღლით, რის გამოც მახა სრულიად გამორჩა მხედველობიდან. არადა, გოგონა ამ დროს ხელზე ეპოტინებოდა ბაბუას და ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას, რათა ეჩვენებინა მისთვის იქვე აღმოჩენილი ჭიანჭველების ბუდე და ამით მოეწონებინა თავი. დავინახე, როგორ უხეშად გაჰკრა მამამ იდაყვი მახას, გვერდზე მიაგდო და კვლავ აბდულას კუნთების თითებით მოსინჯვა გააგრძელა.

ამის დანახვაზე გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. რადგან მახას ბუნებას კარგად ვიცნობდი, დარწმუნებული ვიყავი, ეს ამბავი უკვალოდ არ ჩაივლიდა. მივუახლოვდი გოგონას, რათა დამემშვიდებინა, მაგრამ დავაგვიანე. მოულოდნელად მახა წინ დაუდგა ბაბუას და კაცივით დაუწყო ლანძღვა-გინება. ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, რომლის მოსმენა ნებისმიერ ადამიანს შეზარავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის მაგივრად საშინლად შემრცხვა, ვგრძნობდი, რომ გოგონა ბაბუას სამართლიანად ლანძღავდა. მან მიიღო ის, რაც დაიმსახურა.

მამაჩემი ქალთა სქესზე კარგი აზრის არასდროს ყოფილა. არც ახლა მოუქაჩლებია თავი. სახეზე ზიზღი გამოესახა და კბილებშუა გამოცრა:

_ მომაშორეთ თავიდან ეს საშინელი ქმნილება! თვალით არ დამანახოთ! ახლავე შორს ჩემგან!

აშკარად იყო, რომ ჩემმა ქალიშვილმა მამაჩემში ის ზიზღი გააღვივა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი მისამართით განიცდიდა. მამამ სიძულვილით სავსე მზერა ჯერ მე მომაპყრო, მერე _ მახას. სწორედ ამ დროს გავიგონე მისი სიტყვები, რომელიც კონკრეტულად არავის ეკუთვნოდა:

_ ვაშლი ვაშლთან ახლოს ვარდება.

შეწუხებულმა კარიმმა მახას ხელი დაავლო და იქაურობას სასწრაფოდ გააცალა. გოგონა კვლავინდებურად აგრძელებდა ბაბუის ლანძღვას და ცდილობდა, კარიმს ხელიდან დასხლტომოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩემმა ქმარმა იგი ვილაში აიყვანა და პირი საპნით მობანა. ბავშვის ყვირილის დახშული ხმა კარგა ხანს ისმოდა ბაღში.

მამა მალევე უკან გაბრუნდა, ერ-რიადში, მაგრამ წასვლამდე თავისი უდიერი სიტყვა მაინც დააგდო:

_ სულთანას უგვანო სისხლმა მისი ქალიშვილებიც წაბილწა.

პატარა ამანი ძალიან მგრძნობიარე ხდებოდა, როდესაც ვინმე რამეში ადანაშულებდა. ამ სიტყვების მოსმენისას იგი ისტერიკაში ჩავარდა.

იმ დღიდან მოყოლებული, მამაჩემი არც ერთი ჩემი ქალიშვილის არსებობას არ აღიარებდა…

 

8 8 8

მიუხედავად იმისა, რომ მახას მეამბოხე სული ხშირად გვიჩენდა თავსატეხს, მას ხანდახან სიკეთის გამოვლენაც შეეძლო. ეტ-ტაიფში მოხდარი ამბის შემდეგ ბოღმა ცოტა ხნით გაუნელდა. გარდა ამისა, მე და კარიმმა გავაორმაგეთ სითბო და ყურადღება გოგონების მიმართ. მათ ყოველ ნაბიჯზე ვაგრძნობინებდით, რომ ისინიც ისეთივე ძვირფასები იყვნენ ჩვენთვის, როგორც აბდულა. სახლში ამას, ასე თუ ისე, ვახერხებდით, მაგრამ საკმარისი იყო, სხვა გარემოში აღმოვჩენილიყავით, მახასთვის აშკარად თვალში საცემი ხდებოდა, რომ აბდულას უფრო ღირსეულად ექცეოდა მამამისი, ვიდრე მას.

ასეთი სიტუაციის თავიდან აცილება შეუძლებელი გახლდათ _ არაბული ადათი მკაცრად მოითხოვდა, რომ ოჯახის წევრებს განსაკუთრებული ყურადღება ვაჟის მიმართ გამოეჩინათ, რის გამოც ქალიშვილები მუდმივად იგნორირებული რჩებოდნენ.

მახა ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო, ადვილად ვერავინ მოატყუებდა. არაბული ცხოვრების ასეთმა დაუნდობელმა ფაქტებმა ღრმა კვალი დატოვეს მახას ცნობიერებაში. აქედან გამომდინარე, მეც არ მასვენებდა წინათგრძნობა, რომ ჩემს უფროს ქალიშვილში ვულკანი იყო მიძინებული, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დიდი ხმაურით ამოხეთქავდა. მაგრამ, როგორც თანამედროვე მშობლების უმეტესობას, მეც არ მქონდა წარმოდგენა, როგორ დავხმარებოდი ჩემს ძნელად აღსაზრდელ შვილს.

 

8 8 8

როდესაც სპარსეთის ყურეში ომი მოხდა, მახა 15 წლის იყო. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო არაბ ქალთა ყველაზე დიდი «ხმაური» თავისუფლების თაობაზე. უცხოელი ჟურნალისტები ცნობისმოყვარეობით იკვლევდნენ აღმოსავლელი ქალების მდგომარეობას, იწერებოდა სტატიები, ქვეყნდებოდა ინტერვიუები. ბევრმა განათლებულმა არაბმა ქალმა დაიწყო ფიქრი იმ დღეზე, როდის შეძლებდა ფარანჯის გახდას, შავი ჩადრის მოხდას და როდის მიუჯდებოდა ევროპელი ქალივით საკუთარი მანქანის საჭეს. მე თვითონაც ისე ვიყავი ჩართული ამ პროცესში, რომ დროულად ვერ შევამჩნიე, როგორ ჩაითრია ამ თანამედროვე «მოძრაობამ» გარდატეხის ასაკში მყოფი ჩემი ქალიშვილი.

ამასობაში მახამ მეგობრები გაიჩინა. როდესაც აიშა პირველად დავინახე, ცოტათი უხერხულად ვიგრძენი თავი. არა იმიტომ, რომ მას სამეფო ოჯახთან არაფერი აკავშირებდა _ მეც მყავდა მეგობრები არასამეფო წრიდან. აიშა საკმაოდ გავლენიანი ოჯახის შვილი იყო. მამამისი ავეჯის იმპორტს აწარმოებდა და უამრავ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობდა.

ჩემი უხერხულობის მიზეზი სხვა რამ იყო. აიშა თავის ასაკთან შედარებით, შეუფერებლად გამოიყურებოდა. შეუფერებლად იცვამდა, შეუფერებლად იქცეოდა. 17 წლის გოგონა ნაადრევად მომწიფებული ჩანდა და მისი გამომწვევი მანერები უსიამოვნებების მეტს არაფერს მოუტანდა მას და არამარტო მას…

აიშა და მახა განუყრელი დაქალები გახდნენ. ის ძალიან ბევრ დროს ატარებდა ჩვენს სახლში. საუდეველი გოგონას კვალობაზე, აიშას ზედმეტი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. მოგვიანებით გავიგე, რომ მშობლებს ლამის მიგდებული ჰყავდათ იგი და არც ინტერესდებოდნენ, სად ატარებდა მათი შვილი დროის უმეტეს ნაწილს.

11 დედმამიშვილიდან აიშა უფროსი იყო. დედამისი ერთადერთი კანონიერი ცოლი ყოფილა თავისი ქმრისთვის. როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა თურმე. ჩხუბის მიზეზი კი პოპულარული არაბული ტრადიცია «მუტა» იყო, რაც «დროებით ქორწინებას» ან «ქორწინებას სიამოვნებისთვის» ნიშნავს. ასეთი ქორწინებები შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე ან 99 წელი. როცა კაცი გამოუცხადებს ქალს, რომ მათი დროებითი შეთანხმება დასასრულს მიუახლოვდა, წყვილი ყოველგვარი განქორწინების ცერემონიის გარეშე შორდება ერთმანეთს. სუნიტების ისლამური სექტა ამ ტრადიციას დღემდე უთანასწოროდ მიიჩნევს. უფრო მეტიც, მათი აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზება. თუმცა, არ არსებობს არაბეთში არც ერთი კანონიერი ხელისუფალი, რომელიც გაბედავს და მამაკაცს აუკრძალავს მსგავს ქმედებას.

აიშას დედა სწორედ ქმრის ასეთი საქციელის გამო გამოთქვამდა პროტესტს. მის აღვირახსნილ მეუღლეს თურმე შინ მოჰყავდა «დროებითი» ცოლები ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი თვით… აიშას მამის მსგავსი კაცები მრავლად იყვნენ არაბეთში. რადგან კანონი მათ ამის ნებას აძლევდა, რომელიც ჭკუათმყოფელი კაცი იტყოდა ამ სიამოვნებაზე უარს?

აიშა ყველაფერს მიყვებოდა თავის ოჯახის შესახებ. მამამისს თურმე 4 ცოლი ჰყავდა, მაგრამ კანონიერად _ მხოლოდ დედამისი. მამა, სანდო აგენტების დახმარებით, გარიგებას აწარმოებდა როგორც საუდის არაბეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ, შიიტურ რაიონებში მცხოვრებ ღატაკ ოჯახებთან, რომლებსაც ბევრი ქალიშვილი ჰყავდათ და ოჯახის რჩენა არ შეეძლოთ. აგენტის დახმარებით მამა აფორმებდა ოჯახის უფროსებთან დროებითი ქორწინების ხელშეკრულებას და «ქორფა დროებითი ცოლის» დათრევით თვიდან თვემდე თავის ჭიას ახარებდა.

მამასთან მიგვრილ ქალიშვილთაგან ზოგიერთს აიშა უმეგორდებოდა კიდეც. მოგვიანებით, როცა მამას «ახალი ცოლი» მობეზრდებოდა, თავის სახლში  «დაჯილდოებულს» გაუშვებდა _ ოქროთი გავსებული ჩემოდნით. აიშას თქმით, ამ გოგონების უმრავლესობა 11-12 წლის თუ იქნებოდნენ. ისინი ყველანი ღარიბი ოჯახის შვილები იყვნენ და არც ერთ მათგანს დაწყებითი განათლება არ ჰქონდა მიღებული.

_ როგორც ჩანს, ისინი ვერც აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა მათ თავს. ერთადერთი, რაც იცოდნენ, ის იყო, რომ ძალიან ეშინოდათ და გამუდმებით ტიროდნენ. გვეხვეწებოდნენ, სახლში წაგვიყვანეთო, ჩვენს მშობლებთან. არასდროს დამავიწყდება ერთი მათგანი, რიმა. ის 13 წლის იყო, შველივით ლამაზი. იემენიდან ჩამოუყვანეს მამაჩემს. მისნაირად არც ერთი მომწონებია. რიმას მამას ერთი ცოლი და 23 შვილი ჰყავდა, რომელთაგან 17 გოგონა იყო. ოჯახი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. მათ მხოლოდ 3 აქლემი და 23 ცხვარი ჰყავდათ. გარდა ამისა, მძიმე მშობიარობის შედეგად, 3 ძმას ფიზიკური ნაკლი აღმოაჩნდა და სიარული არ შეეძლო. ამ მიზეზით უფიქრია ქმარს ქალიშვილებისთვის სარფიანი საქმროების მოძებნა.

ყვებოდა აიშა ამ შემზარავ ამბავს და ჟრუანტელი მივლიდა. რადგანაც გოგონები ერთიმეორეზე ლამაზები იყვნენ, ქმარმა მათ ფასიც მაქსიმალური მაღალი დაადო თურმე. რიმა ოჯახში უფროსი შვილი იყო, შემდეგ მოყვებოდა ორი ძმა, შემდეგ _ 9 წლის ქალიშვილი. რიმას გათხოვება დიდად არ ეპიტნავებოდა დედას, რადგან გოგონა მცირეწლოვანი შვილების გაზრდაში ეხმარებოდა, მაგრამ მამამ არ დაუჯერა ცოლს და სასიძოს საძებნელად იემენის დედაქალაქში ჩავიდა.

იგი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა და თან მოიყოლა აგენტი, რომელიც მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ასეთი რამ საერთოდ არ ხდებოდა. საცოლის  წინასწარ ნახვის უფლება, ჩვეულებრივ, არ იყო მიღებული წესი, მაგრამ აგენტმა დაჟინებით მოითხოვა თურმე, თავისი თვალით ენახა გოგონა, რომელსაც მამამ წარმოუდგენლად მაღალი ფასი დაადო. რიმას თქმით, მამა ძალიან აღგზნებული ყოფილა, რადგან ქალიშვილის ხელს ერთობ მდიდარი არაბი სთხოვდა. ოქროთი დაბრმავებული მამა არად აგდებდა, როცა უცხო მამაკაცი რიმას ნივთივით ათვალიერებდა, თითქოს ცხვარი ან აქლემი ყოფილიყოს.

_ რიმა მიყვებოდა, რომ სირცხვილი წამითაც არ უგრძნია, რადგან იცოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას აუცილებლად მიაკუთვნებდნენ სხვა ოჯახს და რომ იგი ერთხელაც უცხო მამაკაცის საკუთრება აღმოჩნდებოდა, _ აგრძელებდა აიშა თხრობას, _ მაგრამ გოგონამ ვერ მოითმინა, როცა აგენტმა მას პირის გაღება და კბილების ჩვენება მოსთხოვა. ბავშვი გაბრაზდა და უცხო მამაკაცს ხელი აუკრა. საბოლოო ჯამში აგენტს მოეწონა რიმა და მამამისს თანხის საკმაოდ სოლიდური ნაწილი წინასწარ გადაუხადა. აგენტი საბუთების გასაფორმებლად უკან გაბრუნებულა.

მამამ ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნავად ცხვარი დაკლა და კარგადაც მოულხინა. შუა ქეიფისას მან ამაყად გამოუცხადა თავის ცოლ-შვილს, რომ მის ოჯახს აღარ გაუჭირდებოდა და რიმა იმდენ ფულს შემოუტანდა, რომ 4 წელი შეეძლებოდა უზრუნველად ცხოვრება. ამასობაში სხვა ქალიშვილებიც წამოეწეოდნენ და შემდეგ მათ გათხოვებაზე იზრუნებდა.

_ რიმა, შვილო! შენ გეყოლება მოსამსახურეები, ყოველდღე შეჭამ ხორცს, გემრიელ კერძებს, შენი შვილები კარგ განათლებას მიიღებენ, _ როხროხებდა ოჯახის უფროსი.

_ მამა, ის კაცი იმ თოჯინას მიყიდის, ამას წინათ ჟურნალში რომ ვნახე? _ ბავშვური გულუბრყვილობით იკითხა რიმამ.

_ რა თქმა უნდა! გპირდები, რომ შენი ყველა თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. აი, ნახავ, რა კარგ ბედში ჩავარდები, ჩემო ლამაზო!

შემაძრწუნებელი სიმართლე რიმამ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიგო, როცა აგენტი დაბრუნდა და გამოუცხადა, რომ მას არა კანონიერი ქორწინება, არამედ «მუტა» ელოდა, დროებითი ცოლქმრული კავშირი.

ამ მოულოდნელმა ცნობამ თავზარი დასცა მამამისს, რადგან მსგავსი გარიგება ოჯახის ღირსებას შელახავდა. გარდა ამისა, იგი ვერ შეძლებდა სიწმინდეშელახული ქალიშვილის ხელმეორედ გათხოვებას. მას «საპატიო», თუნდაც მეორე ცოლად, თავმოყვარე კაცი არ დაისვამდა. მაგრამ იგი უკვე ვერაფერს შეცვლიდა. თუკი მამა ხელშეკრულებას დაარღვევდა, უნდა დაებრუნებინა თანხა, რომელიც აგენტმა წინასწარ დაუტოვა. მას კი თანხა თითქმის ბოლომდე ჰქონდა გახარჯული.

მამამ ფარხმალი დაყარა და თავჩაღუნულმა მოსთხოვა რიმას, გაჰყოლოდა უცხო კაცს. გოგონა მორჩილად დაჰყვა მამის ნებას.

მთელი ოჯახი ვაივიშით გამოემშვიდობა გოგონას. მამამ ბოლოს აგენტი ცალკე გაიყვანა და შეეხვეწა, როცა გოგონა თავის მოვალეობას შეასრულებდა, უკან არ გამოეშვათ იგი. იქნებ მოეძებნათ მისთვის ვინმე, ვინც ცოლად შეირთავდა და მის ოჯახს ღირსებას შეუნარჩუნებდა.

აგენტი დაპირდა მამას, რომ ამისთვის ყველაფერს იღონებდა. ის კი არა, როგორც კი აგენტმა გოგონა ერ-რიადში ჩამოიყვანა, სურვილი შეუსრულა და უყიდა ის თოჯინა, რომელზეც რიმა ოცნებობდა.

ასე აღმოჩნდა რიმა აიშას მამის «დროებითი ცოლი». აიშას თქმით, რიმა სულაც არ იყო თავისი ბედით უკმაყოფილო. მან კარგად იცოდა, რომ გათხოვების შემდეგ ქალი ქმრის მორჩილი უნდა ყოფილიყო, ამიტომ უსიტყვოდ ასრულებდა აიშას მამის ნებისმიერ სურვილს.

ერთი კვირა დაჰყო რიმამ აიშას სახლში. ხოლო როცა მამამ იგი უკან გაისტუმრა, აგენტმა მართლაც იპოვა ვიღაც იემენელი, რომელიც ოფიციანტად მუშაობდა ჩაიხანაში და რიმა მეორე ცოლად შერთო. მას ერთი ცოლი იემენში ჰყოლია, ამიტომ ერ-რიადში ძალიან უჭირდა ქალის გარეშე ცხოვრება. მას აქაც სჭირდებოდა ცოლი, რათა მომვლელი ჰყოლოდა.

_ მას შემდეგ ერთხელ შევხვდი რიმას, სრულიად შემთხვევით, _ დაამთავრა მოყოლა აიშამ, _ იგი თოჯინით ხელში უკან მიჰყვებოდა თავის ქმარს და მის ყველა ბრძანებას თავდახრილი მორჩილად ასრულებდა.

რიმას ბედმა ისე შეაძრწუნა აიშას დედა, რომ ქმარი დედამთილ-მამამთილთან დაასმინა თურმე. მშობლები უაღრესად აღუშფოთებია ვაჟის საქციელს, მაგრამ ისინი უძლურნი იყვნენ წინააღმეგობის გასაწევად. კანონი მათ ამას უკრძალავდა.

_ ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ გირჩიოთ, შვილო. ილოცე შენი ქმრის სულის გადასარჩენად, _ ამ სიტყვებით გამოისტუმრა თურმე დედამთილ-მამამთილმა რძალი.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ ძალიან ხშირად ვფიქრობდი იმ ბავშვებზე, ვინც დროებითი ქორწინებისთვის გაწირეს მშობლებმა. მუსულმანურ სამყაროში ძალიან ძნელია კარგ ბედში მოახვედრო გოგონა, რომელმაც ქალწულობა დაკარგა. მათი მომავალი, უმრავლეს შემთხვევაში, ტანჯვით სავსე ცხოვრებაა. საუკეთესო ვარიანტია, თუ ასეთს მესამე ან მეოთხე ცოლად დაისვამს ვინმე, ყოველგვარი მზითევის გარეშე. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიღაცის მოსამსახურედ უნდა იყოს და ვერასდროს ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რაც, წესით, მუსულმანი ქმრის პირველ და მეორე ცოლებს აქვთ.

ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთ ოჯახში გაზრდილი აიშა როგორი იქნებოდა? გოგონას ხელი ჰქონდა ჩაქნეული ცხოვრებაზე. იგი აშკარად დაცემის გზას ადგა. მახა კი, პირიქით, აღფრთოვანებული იყო თავისი მეგობრით. ჩემი ქალიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, რომ აიშასთან ურთიერთობას ვერ ავუკრძალავდი. ამის მცდელობაც არ უნდა დამეშვა.

აკრძალული ხილი ძალზე მაცდუნებელია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი სქესისა და ეროვნებისა…

 

8 8 8

სპარსეთის ყურეში გაგანია ომი იყო გაჩაღებული, როცა ჩვენმა მეფემ ზნეობრივი პოლიციის ჯგუფებს უფლებები შეუზღუდა. მათ არაბი ქალებისთვის თვალყურის დევნება ჰქონდათ დავალებული. საკმარისი იყო, ქალი უჩადროდ გამოჩენილიყო ქუჩაში, მათ რეზინის ხელკეტებით უსწორდებოდნენ ან თავზე საღებავს ასხამდნენ. ზნეობრივი, იგივე რელიგიური პოლიცია ისე გავიდა თავს, თავიანთი ქმედებით ყველანაირ ზღვარს გადავიდა. ისინი არათუ არაბ, უცხოელ ქალებსაც არ ინდობდნენ და მათაც აიძულებდნენ, ჩადრით ევლოთ ქალაქის ქუჩებში. მეფეს არ უნდოდა საომარ სიტუაციაში დასავლეთის განაწყენება, ამიტომაც მიმართა ამ ზომებს. პოლიციისთვის უფლებების გამკაცრება ერთგვარი შეღავათი აღმოჩნდა ჩვენი ქალებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეფის ბრძანება მხოლოდ ომის პერიოდში მოქმედებდა, ქალებმა რამდენიმე თვის განმავლობაში უდიდესი სიამოვნება განიცადეს მინიჭებული თავისუფლებით. ქვეყნისთვის ერთობ მნიშვნელოვან პერიოდში მეფემ ისიც დაუშვა, რომ ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულიყვნენ. როგორ გვიხაროდა, გვეგონა, რომ მეფის ეს კეთილშობილური ნაბიჯი მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა.

თუმცა, ზოგიერთი ქალისთვის თავისუფლების მოპოვებამ კატასტროფული შედეგი გამოიღო. ჩვენი მამაკაცები იმედგაცრუებულნი აღნიშნავდნენ, რომ ბევრი ქალი უწინდებურად წმინდანივით აღარ იქცეოდა. ერთხელაც არ დაფიქრებულან იმაზე, რამ სწორედ მათ დაგვიმახინჯეს სული, რის გამოც ქალებს პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდა.

ახლა უკვე ვიცოდი, რომ აიშა და მახა იმ საუდელ გოგონათა რიცხვს განეკუთვნებოდნენ, რომლებიც ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ იყვნენ მომწიფებული, გაეცნობიერებინათ სრული თავისუფლების მნიშვნელობა.

რადგან ქვეყანაში საომარი სიტუაცია სუფევდა, აიშამ მოახერხა, ერთ-ერთ ადგილობრივ ჰოსტიპალში მოხალისედ დაეწყო მუშაობა. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემს ქალიშვილსაც დაეხმარა. მახას ვერაფრით გადავათქმევინეთ. მესმოდა, რომ მისთვის მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, გამუდმებით შიშის ქვეშ ვიყავი, რამე არ დაეშავებინა. მართალია, ჩადრის ტარება აღარ იყო აუცილებელი, მაგრამ ქუჩაში აბაის გარეშე მაინც არ ვუშვებდით, თავზე კი აუცილებლად ხილაბანდი უნდა ჰქონოდა წაკრული. სამაგიეროდ, საავადმყოფოს შენობაში უფლება ჰქონდა, უჩადროდ ევლო და სწორედ ეს მაშფოთებდა.

როცა ომი დამთავრდა, მახამ აღარ ისურვა ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა, ამიტომ კატოგორიულად მოსთხოვა მამამისს, მისთვის საავადმყოფოში მუშაობა არ აეკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ მე და კარიმს ამის იოტისოდენა სურვილიც არ გვქონდა, მაინც დავთანხმდით.

ერთხელ მახას ჰოსპიტლიდან მძღოლმა მოაკითხა, სასწრაფოდ უნდა გამოცხადებულიყო სამუშაოზე. მის ოთახში იმის სათქმელად შევედი, რათა ცოტა ეჩქარა და მოულოდნელად ადგილზე გავშეშდი. ჩემი ქალიშვილი პისტოლეტს დებდა ბუდეში, რომელიც ბარძაყზე ჰქონდა დამაგრებული.

იარაღი?! ლამის გავგიჟდი. ჩემდა საბედნიეროდ, კარიმი შინ იყო და ჩვენი ხმამაღალი საუბარი რომ შემოესმა, შეშფოთებული შემოვარდა. ახლა ის გაგიჟდა. დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ, როგორც იქნა, ვათქმევინეთ მახას სიმართლე. მას და აიშას თურმე ჯერ კიდევ ომის პერიოდში დაუწყიათ იარაღის ტარება.

_ პისტოლეტი იმისთვის გვინდოდა, რომ თუკი შემთხვევით ირანული არმია შემოვიდოდა ჩვენს ქვეყანაში, თავის დაცვა შეგვძლებოდა.

_ მაგრამ ომი ხომ დამთავრდა? _ გაუგონარი ხმით გაყვიროდა თავზარდაცემული კარიმი.

_ მერე რა? ზნეობის პოლიცია ხომ დაძრწის ქუჩაში? გგონიათ, მაგათ თავს ვაცემინებთ? ვერ ხედავთ, ისევ ძველი მეთოდების გამოყენება რომ დაიწყეს? მას შემდეგ, რაც უცხოელებმა დატოვეს არაბეთი, უფრო აგრესიულები გახდნენ, ვიდრე ოდესმე! ყოველ ფეხის ნაბიჯზე იჭერენ ქალებს და საპყრობილეებში ყრიან! ამას ვერ მოვითმენ! უდანაშაულო ქალების დასჯის უფლებას არ მივცემ მაგ მანიაკ ფანატიკოსებს!

ვუყურებდი ჩემს ქალიშვილს და თავი სიზმარში მეგონა. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ ეს პატარა გოგონები მზად არიან, ტყვია ესროლონ რელიგიის მსახურებს? ვგრძნობდი, საცაა, გონებას დავკარგავდი.

_ პისტოლეტი საიდან გაქვთ? _ არ ეშვებოდა კარიმი მახას.

_ აიშას მამისაა. მას ცეცხლსასროლი იარაღის მთელი არსენალი აქვს და მოვპარეთ. არც კი გაუგია. მე და აიშა ყოველდღე ვვარჯიშობთ მისი სახლის უკან, ნათესებში.

გაცოფებულმა კარიმმა ვერ მოითმინა, ჯერ პისტოლეტი ააცალა მახას, შემდეგ კი თავის «მერსედესში» ჩატენა.

ჩემი ქმარი მთელი სისწრაფით მიქროდა ქუჩაში. მეშინოდა, რამეს არ დაჯახებოდა, ადამიანის სახე არ ედო. იგი აიშას სახლისკენ მიიჩქაროდა, რათა იარაღი დაებრუნებინა პატრონისთვის და აიშას მშობლები საქმის კურსში ჩაეყენებინა…

მისვლისთანავე აიშას დედ-მამა გამოგვეგება. გოგონები ერთ ოთახში ჩავკეტეთ, ჩვენ კი სალაპარაკოდ განვმარტოვდით. უცნაურია, მაგრამ, ცხოვრებაში პირველად, კმაყოფილი ვიყავი, ჩადრი რომ მქონდა მოხვეული, რადგან ასე თამამად შემეძლო ზიზღით მეყურებინა აიშას მამისთვის, რომელიც მოზარდი გოგონების ცდუნებით იყო გატაცებული. ჩემდა გასაკვირად, ის იმაზე ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყვება ის ტკივილი, რომელიც ჩემმა ქალიშვილმა იმ საღამოს მომაყენა. სამივე შვილს დაბადებიდან ვუნერგავდი ალაჰის სიყვარულს, ვცდილობდი, ღვთის მოშიში გამეზარდა ისინი და როგორ წარმოვიდგენდი, თუ ჩემი საყვარელი ქალიშვილი ალაჰის წინააღმდეგ წავიდოდა? სწორედ ამან გამოიწვია ჩემი სასტიკი წყრომა.

მახამ თავისი  გაბუშტული ტუჩები მკაცრად მოკუმა და კატეგორიულად გამოგვიცხადა:

_ სულაც არ ვაპირებ გავაკეთო ის, რასაც თქვენ მოითხოვთ! მე და აიშა წავალთ აქედან, დავტოვებთ ქვეყანას, რომელიც გვძულს და სხვაგან დავსახლდებით. აქ ყველაფერი გვეზიზღება! არაბეთში ქალი რომ იყო, ყველანაირ უსამართლობას უნდა შეეგუო! თუ მოკრძალებულად ცხოვრობ, ესე იგი, სულელი ხარ, _ ბობოქრობდა იგი, _ მაგრამ საკმარისია, ნორმალურად  გადაწყვიტო ცხოვრება, აუცილებლად ფარისევლად მოგნათლავენ. ყველა ქალი კრეტინია, ვისაც სჯერა, რომ ალაჰი არსებობს!

_ მახა! _ შეჰყვირა კარიმმა, _ ღმერთს ნუ გმობ!

_ ვგმობ? _ ჩაიცინა მახამ, _ რომელ ღმერთს? რომელიც არ არსებობს?

მოულოდნელად კარიმი წამოხტა და შვილს პირზე ააფარა ხელი.

აიშას დედამ შეჰკივლა და გული წაუვიდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მსგავსი განცხადება ადამიანს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

ყველას ძალიან შეგვეშინდა.

აიშას მამამ ყვირილი მორთო. ის მოითხოვდა, ჩვენი ურწმუნო შვილი იქიდან მოგვეშორებინა. მე და კარიმი შევეცადეთ მახას გარეთ გაყვანას, მაგრამ გოგონამ ისეთი მძაფრი წინააღმდეგობა გაგვიწია, გაოგნებული დავრჩი. ასეთი არაადამიანური ძალა მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

როგორც იქნა, მოვერიეთ, მანქანის უკანა სალონში შევათრიეთ და სასწრაფოდ დავიძარით. მთელი გზა ვცდილობდი შვილის დაწყნარებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მას ჩემი ხმის გაგონებაც არ სურდა.

_ მე დღეიდან დედა არ მყავს! _ წიოდა განწირული ხმით.

ბოლოს, როგორც იქნა, ჩაწყნარდა. მეგონა, გონი დაკარგა, ისე საეჭვოდ მიჩუმდა.

 

8 8 8

ოჯახის ექიმის რჩევით, მეორე დღესვე მოვიწვიეთ ეგვიპტელი თერაპევტი. მან დაგვამშვიდა:

_ მოზარდ გოგონებში მწვავე ფსიქიკური აშლილობა ხშირია და არამარტო თქვენს ქვეყანაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ჩემი თეორია მაქვს. გოგონა მომწიფების ასაკშია, მას ახლა ჰორმონების მოჭარბების პერიოდი აქვს, რის გამოც ხანდახან შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, თავი დაკარგოს. ისინი თავიანთ ქმედებებს ანგარიშს ვეღარ უწევენ. სამეფო კარზე არაერთი ასეთი ბავშვის განკურნებამ მომიწია. ეს ავადმყოფობა გართულებებს არ იწვევს, საშიში არაფერია. მერწმუნეთ, აქამდე არც ერთი პაციენტი არ დამზარალებია, _ გაიცინა ექიმმა.

_ და რა უნდა მოვიმოქმედოთ? _ უიმედოდ ავიწურე მხრები.

_ რამდენიმე დღის განმავლობაში დამაწყნარებლები უნდა მივცეთ. გოგონა თავისით გამოვა მდგომარეობიდან. ისტერია მალე გაუვლის.

თერაპევტმა წამლის მარაგი დაგვიტოვა და შეგვპირდა, რომ მეორე დღეს შემოივლიდა პაციენტის სანახავად.

კარიმმა ექიმი გააცილა და როცა შემობრუნდა, ერთმანეთს თვალებით გავუბით ლაპარაკი. სიტყვები აღარ იყო საჭირო.

შემდეგ კარიმმა თადარიგი დაიჭირა, რომ ჩვენი თვითმფრინავი მზადყოფნაში ყოფილიყო, მე კი სარას დავურეკე და ვთხოვე, სანამ ჩვენ მახას სამკურნალოდ ლონდონში ჩავიყვანდით, თავისთან წაეყვანა ამანი და აბდულა.

_ მახას ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება. არ მინდა, ეს ამბავი ახლობლების ყურამდე მივიდეს, ამიტომ ექიმმა გვირჩია, ლონდონში გადავაფრინოთ. ძალიან გთხოვ, არავისთან არაფერი წამოგცდეს. თუ ვინმემ რამე გკითხა, უთხარი, რომ სტომატოლოგთან მიგვყავს და მორჩა. ეგ არავის გაუკვირდება, შენც კარგად იცი.

სამეფო ოჯახის წევრებიდან უმრავლესობა საზღვარგარეთ დადიოდა სამკურნალოდ, მათ შორის სტომატოლოგთანაც, ამიტომ ჩვენი გამგზავრება ცნობისმოყვარეობას არავის აღუძრავდა.

მახას ოთახში გავედი და მისი ნივთების ჩანთაში ჩალაგებას შევუდექი. მოულოდნელად ისეთი რამეები აღმოვაჩინე, ხელები ამიკანკალდა. მის გარდერობში საშინელ წიგნებს გადავაწყდი _ ასტროლოგიაზე, შავ მაგიაზე, ჯადოქრობაზე. აშკარა იყო, საგულდაგულოდ ჰქონდა გადანახული, რომ მე არ მენახა. რამდენი უაზრობა ეწერა ამ წიგნებში! როგორ შევაყვაროთ მამაკაცს თავი ერთი ნახვით, როგორ მოვუვლინოთ განსაცდელი იმ ადამიანებს, რომლებიც გულს გვტკენენ ან ბოროტი სულების დახმარებით, როგორ მოვუსპოთ მათ სიცოცხლე და ა.შ.

ეს კიდევ არ იყო ყველაფერი. სუნთქვა შემეკრა, როცა მახას გარდერობში, წიგნებთან ერთად, აბდულას ტანსაცმლის ნაგლეჯი აღმოვაჩინე, რომელშიც შავი ფერის ქვა იყო გახვეული, რაღაც თეთრ ფხვნილთან ერთად. ვერაფრით ამოვიცანი, რა ფხვნილი იყო, ადრე მსგავსი არაფერი მენახა. კარგა ხანს ვიდექი გაქვავებული და არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ მახას, ერთადერთი ღვიძლი ძმის მოსაკლავად, ასეთი საძაგლობების გაკეთება შეეძლო.

_ თუ ეს ასეა, გამოდის, რომ ცუდი დედა ვყოფილვარ! _ ვბუტბუტებდი ჩემთვის.

სკამზე ჩამოვჯექი და ღრმად ჩავფიქრდი. საიდან უნდა ჰქონოდა ჩემს შვილს მსგავსი წიგნები? ვისგან იღებდა რჩევა-დარიგებას? დაბნეულმა დავიწყე წარსულში ქექვა. საიდან, ვისგან და როდის უნდა გაეგო მას შავი მაგიის არსებობა? ხუდა გამახსენდა. ის მამაჩემის მონა იყო, რომელსაც გააჩნდა უნარი, ადამიანის მომავალი ეწინასწარმეტყველა, მაგრამ ხუდა იქამდე გარდაიცვალა, სანამ მახა დაიბადებოდა. არა, ხუდა გამოვრიცხე. მაშ ვინ? არც ჩვენს ოჯახში და არც ახლომახლო არ მეგულებოდა გათავისუფლებული აფრიკელი მონა თუ მოსამსახურე, ვისაც ხუდასნაირად ექნებოდა ჯადოქრობის უნარი განვითარებული.

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ უეცრად გონება გამინათდა. ისე წამოვხტი სკამიდან, თითქოს თავში ურო ჩამარტყესო! რაღა შორს მივდივარ, როცა მტერი აგერ მყავს ჩასაფრებული? _ გავიფიქრე გამწარებულმა. ჩემი დედამთილი გამახსენდა, ნორა. ამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო, მხოლოდ ნორას! ის პირველივე დღეებიდან ვერ მიტანდა. როცა კარიმს ცოლად გავყევი, ჯერ კიდევ ნორჩი გოგონა ვიყავი, გამოუცდელობის გამო, ზედმეტად თამამი და თავქარიანი. სწორედ ეს არ მოსწონდა დედამთილს ჩემში. ამის გამო თავიდანვე ამითვალწუნა. გაცნობის დღიდანვე ცუდი შთაბეჭდილება მოვახდინე მასზე. შემდეგ და შემდეგ მდგომარეობა უფრო გართულდა. ნორა იმედგაცრუებული გახდა. ვაჟმა იმედი არ გაუმართლა. კარიმს ჩემთან განქორწინება აზრად არასდროს გაუვლია. ის კი არა, იმდენად ძლიერად ვუყვარდი, რომ ჩემ გამო მეორე ცოლიც კი არ შეირთო. ნორამ ვერაფრით ჩაკლა თავის თავში ჩემდამი სიძულვილი. რადგან არაფერი გამოუვიდა, იძულებული გახდა, ყალბი სიყვარულის გამოხატვით გადაეფარა თავისი სიძულვილი.

ნორა კარგად ხედავდა, რომ ჩემი და კარიმის სუსტი წერტილი მახა იყო. მახა ბავშვობიდანვე გვიჩენდა თავსატეხს მე და ჩემს ქმარს. ვინ იცის, რამდენ სკანდალში გავხვეულვართ ქალიშვილის გამო. ნორა ამას კარგად ხედავდა და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ამით ესარგებლა. ახლაღა მივხვდი, რატომ უყვარდა მას გამორჩეულად მახა და რატომ მაინცდამაინც მასთან ატარებდა ყველაზე მეტ დროს. მახასაც უყვარდა ბებია, მის მზრუნველობას და ყურადღებას დიდი სიხარულით იღებდა. მისთვის ხომ ის იყო მთავარი, ყოველთვის თვითონ ყოფილიყო ყველას ყურადღების ცენტრში. ამას კი ყველაზე თვალში საცემად ბებიისგან გრძნობდა. ჩემი დედამთილი ცნობილი ოკულისტი იყო, ამის შესახებ ოჯახში ყველამ იცოდა. ეს როგორ გამომეპარა? ნუთუ ეგეთი გულუბრყვილო ვარ? რატომ მეგონა, რომ ნორა ჩემს შვილს ისე გაზრდიდა, როგორც ეს მე გამიხარდებოდა? ერთი მიზეზიც კი არ არსებობდა, ნორას ჩემი ინტერესები დაეცვა.

როგორი სულელი ვყოფილვარ თურმე! არადა, რამდენჯერ მითქვამს მისთვის მადლობა, ყურადღებას რომ იჩენდა ჩემი ყველაზე რთული შვილის მიმართ. როგორც ჩანს, მან ისარგებლა ჩემი გულუბრყვილობით და ჩემი ემოციური ქალიშვილი უფსკრულისკენ მიმავალ გზას შეუყენა, რათა საჭირო მომენტში შეუბრალებლად გადაეჩეხა. ეს ერთადერთი იყო, რითიც ნორა ჩემზე იძიებდა შურს.

არა, ამის მოთმენა შეუძლებელია! კარიმს უნდა ვუთხრა, უნდა ავუხსნა ყველაფერი… მაგრამ განა ასე ადვილია? როგორ გინდა, უთხრა შვილს, დედაშენი კუდიანია და შენს შვილს ჯადოქრობას ასწავლისო? როგორმე დელიკატურად უნდა შევაპარო. მისთვის ძნელი იქნება ამის დაჯერება. ასეთ დროს ყოველ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთიც რომ შემეშალოს, ქმრის რისხვას ვერ ავცდები. რისხვა იქით იყოს, სამუდამოდ შემიძულებს და ზიზღით აღივსება. ეს კი პირდაპირ ნორას წისქვილზე დაასხამს წყალს და მას უკვე თამამად შეეძლება თქვას, რომ მე ვერც დედად გამოვდექი და ვერც ცოლად…

 

თავი 3. ლონდონი

 

ძლიერი წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მახა მიცვალებულს ჰგავდა. ლონდონში გამგზავრებამდე სულ ცოტა ხანი იყო დარჩენილი. მე და კარიმი მახას საწოლთან სავარძლებში ვისხედით. ჩემი ქმარი, ქანდაკებასავით გაქვავებული მზერით ფურცლავდა წიგნს, რომელიც მახას გარდერობში ვიპოვე. ის ჩემზე არანაკლებ შეშინებული ჩანდა საკუთარი ქალიშვილის შავბნელი გატაცებით.

რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ კარიმმა სწორედ ის შეკითხვა დამისვა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა:

_ სულთანა, როგორ მივიდა მახა ამ სიგიჟემდე? _ სახე უფრო მოეღუშა კარიმს, _ შენი აზრით, ის სულელი აიშაა ამაში დამნაშავე?

სავარძელში ჩამჯდარი ერთიანად მოვიკუნტე, არ ვიცოდი, რა მეპასუხა ქმრისთვის. ერთადერთი, ვიცოდი, რომ ენისთვის კბილი უნდა დამეჭირა. ახლა არ იყო იმის დრო, ნორაზე მელაპარაკა. ამით ყველაფერს გავაფუჭებდი. ისედაც ბევრი დარტყმა მიიღო ამ ერთ დღეში ჩემმა საწყალმა მეუღლემ.

ტუჩი მოვიკვნიტე, თავი გადავაქნიე და ვუპასუხე:

_ არ ვიცი. ყველაფერს აჯობებს, ამის შესახებ ექიმს მოვუყვეთ. იქნებ მახა მას გამოუტყდეს ყველაფერში. მერე ჩვენც გავიგებთ, ვინ ან რა დგას ამ ამბის უკან.

კარიმი თავის ქნევით დამეთანხმა…

 

8 8 8

სანამ ლონდონში ჩავფრინდებოდით, მე და კარიმი მორიგეობით ვდარაჯობდით მახას, რომელიც ნარკოტიკულ ძილში იმყოფებოდა. რა ლამაზი იყო, როცა ეძინა, ანგელოზს ჰგავდა. ვუყურებდი ჩემს შვილს და, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, ალ-საუდის სულ სხვა პრინცესა გამახსენდა, მისხაილი, ჩემი ბიძაშვილი. ეს ახალგაზრდა ქალი თავის აკრძალულ სიყვარულს შეეწირა. როცა მისი საიდუმლო გამჟღავნდა, ქმრის ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს.

სანამ კარიმს ეძინა, დავცქეროდი მახას და მისხაილზე ვფიქრობდი.

მისხაილი პრინც მუჰამედ იბნ აბდულა აზიზის შვილიშვილი იყო. მისხაილთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ სამეფო კარის მიღებებზე ხშირად ვხვდებოდი. ის ცოტა თავისებური გოგონა იყო, თავნება და ჯიუტი. შეიძლება მისმა ხასიათმაც განაპირობა, ბებერ კაცს რომ მიათხოვეს, რომელსაც ცოლის სექსუალურად დაკმაყოფილება არ შეეძლო. ასე იყო თუ ისე, მისხაილი თავს უბედურად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ გააბა რომანტიკული ურთიერთობა ხალიდ მუხალხალთან, რომელიც ლივანში საუდის არაბეთის საგანგებო ელჩის ძმისშვილი გახლდათ.

მათი სიყვარული ძალიან მძაფრი გამოდგა. სამეფო ოჯახში უკვე დადიოდა ჭორები მათი ურთიერთობის შესახებ. როცა ახალგაზრდა წყვილმა შეატყო, რომ მათ საიდუმლოს ფარდა მალე აეხდებოდა, ფატალური გადაწყვეტილება მიიღო _ ქვეყნიდან გაპარვა გადაწყვიტეს. იმ პერიოდში ჩემი უფროსი და ნურა ჯიდაში იმყოფებოდა და ეს ამბავი ერთი ძალიან სანდო ადამიანისგან გაიგო. მისხაილმა იცოდა, რომ ოჯახის რისხვა არ ასცდებოდა, ამიტომ ეშმაკობა იხმარა და საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო. ერთხელაც სახლში დაიბარა, საბანაოდ მივდივარო. მათ კერძო პლაჟი ჰქონდათ წითელი ზღვის სანაპიროზე. გოგონამ ტანსაცმელი გაიხადა, კოხტად დააწყო სანაპიროზე, თვითონ კი ვაჟურად გადაიცვა და ასე სცადა ქვეყნიდან გაქცევა. სამწუხაროდ, ბაბუა მუჰამედმა, რომელიც სამეფოში ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო, არ დაიჯერა შვილიშვილის დახრჩობის ამბავი და მთელი ქალაქი ფეხზე დააყენა. ყველა სასაზღვრო პოსტს მიუვიდა ბრძანება, რომ პრინც მუჰამედის შვილიშვილი იძებნებოდა. მისხაილი სწორედ მაშინ დაიჭირეს, როცა ჯიდას აეროპორტში თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა.

სამეფო ოჯახში მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა სატელეფონო ზარები. ყველა რეკავდა, ყველას აინტერესებდა, რაც შეიძლება, მეტი გაეგო ამ ამბის შესახებ. ათასნაირი ჭორი დადიოდა. ზოგი ამბობდა, მისხაილი გაათავისუფლეს და უფლება მისცეს, შეყვარებულთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინაო. მავანთა თქმით, განქორწინების ნება დართესო. შემდეგ ერთმა ბიძაშვილმა დამირეკა და ისტერიკაში ჩავარდნილმა მიამბო, მისხაილს თავი მოკვეთეს და თურმე სამი დარტყმა გახდა საჭირო, თავი სხეულისთვის მოეცილებინათო. მოკვეთილ თავს ტუჩები შეერხა და სანამ მისხაილი სულს დალევდა, შეყვარებულის სახელი წარმოთქვაო.

ბოლოს, როგორც იქნა, შემზარავი სიმართლეც გაირკვა. განრისხებულმა პრინცმა მუჰამედმა გამოაცხადა თურმე, ჩემმა შვილიშვილმა ქმარს უღალატა და ისლამური კანონის თანახმად, უსასტიკესად უნდა დაისაჯოსო. მისხაილს და მის შეყვარებულს სიკვდილით დასჯა ელოდათ.

იმ პერიოდში საუდის არაბეთს მეფე ხალიდი მართავდა. მან ურჩია თურმე პრინცს, გულმოწყალება გამოეჩინა და შეეწყნარებინა შვილიშვილი, მაგრამ მუჰამედი იმდენად გულქვა ადამიანი იყო, შეწყალებას არ ცნობდა.

განაჩენის სისრულეში მოყვანის დღეს მე და ჩემი დები ერთად შევიყარეთ, რომ ახალ ამბებს დავლოდებოდით. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავით, რომ ბოლო მომენტში მისხაილს სასჯელს შეუმსუბუქებდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

1977 წლის ივლისის ცხელ დღეს ჩემს ბიძაშვილს თვალები აუხვიეს და ტალახიანი გუბის წინ მუხლებზე დააყენეს. ის თავისი შეყვარებულის თვალწინ დახვრიტეს, შემდეგ კი ხალიდსაც მახვილით მოჰკვეთეს თავი.

ეს კიდევ ერთი შემთხვევა, როცა აკრძალულმა სიყვარულმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქმე მიაჩუმათეს. ალ-საუდის კლანი იმედოვნებდა, რომ მითქმა-მოთქმა შეყვარებული ქალის სიკვდილით დასჯის შესახებ მალე ჩაცხრებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. მიუხედავად იმისა, რომ მისხაილი უდაბნოს ქვიშაში დამარხეს, ხალხს ის არ დავიწყებია. გავიდა დრო და ინგლისელებმა მისხაილზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს სათაურით: «პრინცესას სიკვდილი». მეფე ხალიდის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. სამეფო ოჯახის მამაკაცები თავის თავს ვერ პატიობდნენ, რომ ვერ შეძლეს ამ ამბის გარშემო ატეხილი აურზაურის გაკონტროლება, რის შედეგადაც ფილმი მთელმა დასავლეთმა იხილა. შეურაცხყოფილმა მეფე ხალიდმა დიდი ბრიტანეთის ელჩიც კი დაითხოვა ქვეყნიდან. შექმნილმა მდგომარეობამ საერთაშორისო დაძაბულობა გამოიწვია.

ამ მოგონებამ გული დამიმძიმა. ხელები სახეზე ავიფარე და კვნესა აღმომხდა. ახლა მე ვიყავი საშინელ დღეში. ჭკუიდან გადამცდარ ჩემს შვილს შეიძლებოდა ისეთი რამ ჩაედინა, რაც საბოლოოდ გაანადგურებდა და შეურაცხყოფდა ჩემს ოჯახს. ეს კი, თავისთავად, საბედისწერო შედეგით დამთავრდებოდა. მამაჩემი თავისი შეუბრალებლობით საქვეყნოდ იყო ცნობილი. მან პატიება არ იცოდა. ისედაც არ ეხატებოდა მახა გულზე, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, საჭიროების შემთხვევაში, ის ყველაზე მკაცრ სასჯელს მოითხოვდა ჩემი შვილისთვის. ამით არამარტო მასზე, ჩემზეც იძიებდა შურს.

მახა შეირხა. კარიმსაც გაეღვიძა. ჩვენ კვლავ ჩვენი შვილის გაურკვეველ ბედზე ავლაპარაკდით…

 

8 8 8

სანამ ლონდონში ჩავფრინდებოდით, ჩემმა უფროსმა დამ, სარამ იქ ყველაფერი მოაგვარა. გატვიკის აეროპორტში ჩავფრინდით თუ არა, სარამ დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ მახას ლონდონის წამყვან ფსიქიატრიულ კლინიკაში ელოდებოდნენ, სადაც ადგილი უკვე დაჯავშნა. ჩემმა დამ იმაზეც იზრუნა, სასწრაფო დახმარების მანქანას პირდაპირ აეროპორტში დაგვხვედროდა, რათა მახა კომფორტულად გადაგვეყვანა დანიშნულების ადგილზე.

როგორც კი პაციენტის გაფორმების დამღლელი პროცედურა დამთავრდა, კლინიკის პერსონალმა გვაუწყა, რომ მახას მკურნალი ექიმი მეორე დილით დაგვიკავშირდებოდა. იქამდე კი პაციენტს გასინჯავდა და წინასწარ კონსულტაციებს ჩაატარებდა მედპერსონალთან. ერთ-ერთი ექთანი ძალიან გულისხმიერი აღმოჩნდა. მან ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა, არ ინერვიულოთ, თქვენი გოგონა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმის ხელშია, რომელსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით არაბ ქალებთანო. მათი ფსიქიკური და სოციალური პრობლემები საგულდაგულოდ აქვს შესწავლილი და მისთვის თქვენი ქალიშვილის მკურნალობა რთული არ იქნებაო.

იმ წუთას როგორ შემშურდა ბრიტანელების. ჩემს ქვეყანაში ბავშვის ფსიქიკური აშლილობა სამარცხვინოდ მიიჩნევა, რის გამოც არც ერთი ახლობელი არ დაგიდგება გვერდით, რომ თანაგრძნობა გამოგიცხადოს. რა თქმა უნდა, შეწუხებული ვიყავით, რომ ბავშვი მარტო უნდა დაგვეტოვებინა კლინიკაში, თუნდაც საიმედო ადამიანების ხელში, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. უხალისოდ გავეშურეთ ჩვენი აპარტამენტებისკენ.

მოსამსახურეები, რომლებიც ლონდონში ჩვენს სახლს უვლიდნენ, შუაღამისას წამოვყარეთ საწოლიდან. ისინი არ ელოდნენ ჩვენს ჩამოსვლას. არეული სახლის დანახვაზე კარიმი სარაზე გაბრაზდა, მოსამსახურეები წინასწარ რატომ არ გააფრთხილაო. მის დაშვიდებას შევეცადე. ავუხსენი, რომ ჩვენი კომფორტულობა სარასთვის ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იყო. მან პირველ რიგში ის გააკეთა, რაც აუცილებლად ევალებოდა.

სპარსეთის ომის გამო, ლამის წელიწადია, არ ვყოფილვართ ლონდონში, ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ჩვენი სამი მოსამსახურე ამ ხნის განმავლობაში გაზარმაცდა და უმოქმედო გახდა. არადა, მკაცრად გვყავდა სამივე გაფრთხილებული, სახლი ყოველთვის წესრიგში მოეყვანათ.

მაგრამ, მახას გართულებული ავადმყოფობის გამო, მოსამსახურეებისთვის საყვედური არ გვითქვამს. არც ერთს ამის თავი არ გვქონდა. ერთადერთი, ყავის მოდუღება ვთხოვეთ და სასტუმრო ოთახში გავედით. მოსამსახურეები დამფრთხალნი დარბოდნენ აქეთ-იქით, რათა ჩვენი წყრომა არ დაემსახურებინათ. ბოდიში მოვუხადე მათ, ასე გვიან რომ წამოვყარე საწოლიდან. კარიმმა კი შენიშვნა მომცა:

_ სულთანა! არასდროს მოუხადო ბოდიში მათ, ვისაც ფულს უხდი! ამით მათი შრომისუნარიანობა უარესად დაეცემა.

ძალიან გამაზრაზა მისმა შენიშვნამ, მაგრამ არ ავყევი. სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. ყავის დალევის შემდეგ ეგრევე დასაძინებლად დავწექით, თუმცა თვალი ვერ მოვხუჭე. არასდროს მომჩვენებია ღამე ასეთი გრძელი…

 

8 8 8

ბრიტანელი ფსიქიატრი უცნაური გარეგნობის ჩია კაცი აღმოჩნდა. თავის სიმაღლესთან შედარებით, ძალიან დიდი თავი ჰქონდა. ცხვირი _ ოდნავ გაღუნული, ხშირი წარბები კი ერთმანეთზე გადაბმული. მიუხედავად ამისა, მისი მსჯელობიდან ნათლად ჩანდა, როგორი სერიოზულობით უდგებოდა თავისი პაციენტების მდგომარეობას. ვგრძნობდი, რომ ჩემი ქალიშვილი კარგი სპეციალისტის ხელში ჩავარდა. მე და კარიმი ამაში მალე დავრწმუნდით. ექიმს სულაც არ აინტერესებდა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. არც ის, რომ ჩემი მეუღლე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის პრინცი იყო. ის ალალად ლაპარაკობდა ჩვენი მთავრობის მართვის იმ სისტემაზე, რომელმაც სასტიკი პირობები შეუქმნა ქალთა ჯანმრთელობას ჩვენს ქვეყანაში.

ექიმი კარგად იყო ინფორმირებული. იგი ჩვენი ტრადიციების თუ ადათის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა.

_ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, მშობლები ვაიძულე, ეგვიპტეში გამგზავრების უფლება მოეცათ. მართალია, ეს არ იყო არაბეთი, მაგრამ ჩემი პრაქტიკის დასაწყებად, სრულიად საკმარისად მიმაჩნდა. ბევრს ვკითხულობდი ამ ქვეყანაზე და მაინტერესებდა, სინამდვილეში რა ხდებოდა იქ. ჩემდა საუბედუროდ, სწორედ მაშინ ჩავედი ეგვიპტეში, როცა სუეცის კრიზისი დაიწყო. მაგრამ მაინც გავუძელი. წლები გავატარე ამ ქვეყანაში. კარგი პრაქტიკა გავიარე, არაბული ენაც ვისწავლე და იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე მჭირდებოდა. სწორედ მაშინ გახდა ჩემთვის ნათელი, როგორ ექცევით თქვენ, არაბები, თქვენს ქალებს, _ ექიმმა გამჭოლი მზერა მიაპყრო კარიმს.

ჩემს ქმარს ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანს, შვილის სიყვარულმა გადასწონა მისი პატივმოყვარეობა. მხოლოდ სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი, როგორ არ სიამოვნებდა ამ სიტყვების მოსმენა.

_ ჩვენი შვილი გამოჯანმრთელდება? _ მხოლოდ ეს იკითხა, _ სრულიად გამოჯანმრთელდება?

პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა. ისე ავნერვიულდი, საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. ექიმი ხელებს ისე ნელა იფშვნეტდა, თითქოს საკუთარ თითებს ეფერებაო. მან ჯერ კარიმს შეხედა, მერე ჩემზე გადმოიტანა მზერა და დრამატული ხმით დაიწყო.

_ გამოჯანმრთელდება თუ არა თქვენი ქალიშვილი? თანაც, სრულიად? მასთან მხოლოდ ერთი საათი ვისაუბრე. ასე რომ, ჯერ ბოლომდე არ შემიძლია მისი მდგომარეობის შეფასება, _ მან პაუზა გააკეთა, შემდეგ კი დაამატა, _ თუმცა, ჩემი აზრით, ტიპური შემთხვევაა. ისტერიით დაავადებული ძალიან ბევრი არაბი ქალი განმიკურნავს, ვფიქრობ, საბოლოოდ კარგ შედეგს მივიღებთ.

სიხარულისგან ავტირდი და კარიმს მკერდზე დავეკონე. ექიმი ოთახიდან გავიდა და მარტო დავგვტოვა…

 

8 8 8

სამი თვე ვცხოვრობდი ლონდონში, სანამ მახას ფსიქიატრიული ტესტები ჩაუტარდებოდა და მკურნალობის კურსს გაივლიდა. როცა მივხვდით, რომ ჩვენს შვილს ხანგრძლივი კურსის ჩატარება სჭირდებოდა და ორ-სამ დღეში მისი მორჩენა შეუძლებელი იყო, კარიმი ერ-რიადში დაბრუნდა, მაგრამ კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს, როცა მახას ნახვის უფლება გვეძლეოდა, კვლავ ლონდონში მოფრინავდა. რამდენჯერაც მის სანახავად მივიდოდით, იმდენჯერ ვცდილობდით, შემრიგებლური პოზიცია დაგვეკავებინა, მშვიდობა დამყარებულიყო ჩვევნ შორის, მაგრამ მახა ომს ირჩევდა. მას მშვიდად და აზრიანად საუბარი არ შეეძლო. რაც უნდა გაგვეკეთებინა, არაფერი ახარებდა. ექიმის მითითებით, შვილთან აღარ ვკამათობდით, ყველაფერზე თავს ვუქნევდით. მიუხედავად ამისა, მახა მაინც ყვიროდა, თავის თავს ეჩხუბებოდა. ამ დროს იგი ორ სხვადასხვა ხმაზე ლაპარაკობდა, თითქოს მართლაც ორი ადამიანი იყო მის სხეულში ჩაბუდებული. ძალიან შევშინდი, მაგრამ ექიმმა დამარწმუნა, რომ დროთა განმავლობაში გოგონას ჩასმენები მოეხსნებოდა.

რამდენს ვლოცულობდი, რომ ეს დღე მალე დამდგარიყო.

ხშირმა მგზავრობამ კარიმის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია. ვხედავდი, ჩემ თვალწინ როგორ სწრაფად ბერდებოდა ჩემი ქმარი. ერთ საღამოს ვუთხარი:

_ ახლა მივხდი, რომ ადამიანის დაბერება სულაც არ არის ასაკის ბრალი. ეს შვილებისგან მიყენებული ტკივილით გამოწვეული უარყოფითი ემოციების შედეგია.

კარიმს თვალები სიხარულით აევსო, არ ელოდა ჩემგან თანაგრძნობის სიტყვებს. მიხვდა, რომ ვამხნევებდი და ღიმილით მომიგო:

_ ეს რომ ასე იყოს, სულთანა, მამაშენი ახლა ყველაზე ბებერი კაცი იქნებოდა მთელ პლანეტაზე!

მხრით მივეყრდენი, მივეფერე და შვებით ამოვისუნთქე, რომ ოჯახურმა ტრაგედიამ კი არ დაგვაშორა ერთმანეთს, პირიქით, უფრო დაგვაახლოვა. იმ წუთებში ისეთი მადლიერებით განვიმსჭვალე მის მიმართ, რომ გულში ვაპატიე კიდეც, ძლიერი ტკივილი რომ მომაყენა მეორე ცოლის უშედეგო ძიების მცდელობით. ეს ამბავი წლების წინ მოხდა და სულ რამდენიმე თვე იყო, რაც ჩვენი ურთიერთობა დათბა, თუმცა ამ დრომდე ვერ შევძელი მისთვის მეორე ცოლის ყოლის სურვილი მეპატიებინა. მიუხედავად ამისა, ახლა ისე მედგა გვერდით, სიამაყეც კი ვიგრძენი, რომ ცხოვრების გზაზე ღირსეული მამაკაცი შემახვედრა ბედმა.

 

8 8 8

დროთა განმავლობაში მე და კარიმი სასწაულის მოწმენი გავხდით. მახას ექიმი, როგორც ვვარაუდობდი, გენიალური და შეუპოვარი ადამიანი აღმოჩნდა, ნამდვილი დასტაქარი, რომელიც ჩემი ქალიშვილის გონებაში ჩასახლებულ დემონებს «დაერია» და მოერია. ამ კაცმა იმდენი მოახერხა, რომ მახას ნდობა დაიმსახურა. ექიმმა ადვილად შეძლო გოგონას სულის იარების გახსნა და ჩემმა ქალიშვილმა ნელ-ნელა დაიწყო გამოჯანმრთელება. ექიმის რჩევით, მახამ თავისი უარყოფითი ემოციების ბლოკნოტში გადატანა დაიწყო. იგი საათობით იჯდა ხოლმე პალატაში და გამალებული წერდა.

ერთი კვირის შემდეგ მახამ ბლოკნოტი ჩვენ გადმოგვცა. მე და კარიმმა სულმოუთქმელად წავიკითხეთ მისი სულის წუხილი და გაოგნებული დავრჩით, თურმე რა შორს წასულა ჩვენი უფროსი ქალიშვილის გონება, ჩვენ კი ყოველივე ამაზე იოტისოდენა წარმოდგენაც არ გვქონდა. აი, ერთ-ერთი მისი ჩანაწერი:

 

«ცხოვრება საუდის არაბეთის მირაჟში, ანუ სიზმრების ჰარამხანა

ალ-საუდის პრინცესას, მახას ნაამბობიდან

საუდის არაბეთის ისტორიის შავ-ბნელი პერიოდიდან მოყოლებული, უდაბნოს თავმოყვარე ქალებს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ ჰარამხანებზე, რომელიც სავსე იყო მკლავებდაკუნთული წარმოსადეგი მამაკაცებით. ისინი ყოველ წუთს მზად იყვნენ, დაეკმაყოფილებინათ სუსტი სქესის ვნებიანი სურვილები და მაქსიმალურად ესიამოვნებინათ მათთვის.

2010 წელს, როცა ქვეყანაში მატრიარქატი გაბატონდა, დედოფლად დასვეს უჭკვიანესი ქალი, რამაც განაპირობა ქალების მასობრივი ჩართვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საკანონმდებლო საქმიანობაში. მათ ხელმძღვანელ თანამდებობებზეც კი ნიშნავდნენ. აი, სწორედ მაშინ ამოიღეს ქალებმა ხმა და თავიანთი პრობლემები დღის სინათლეზე გამოიტანეს. ქალების მცირე ჯგუფმა ხმა აღიმაღლა პოლიგამიის წინააღმდეგ, რაც, ტრადიციულად, ოთხი ქმრის ყოლის უფლებას აძლევდა არაბ ქალს. თუმცა, უმრავლესობისთვის პოლიგამია ერთგვარი შვება იყო იმ საშინელ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში პატრიარქატი ბატონობდა. მართალია, სისტემა არ გახლდათ იდეალური, მაგრამ განაწყენებული ქალებისთვის ეს ერთადერთი მისაღები საშუალება იყო. სასიყვარულო თავგადასავლებმა, რომლებიც აქამდე იკრძალებოდა, გზა გაუხსნა ყველა მანდილოსანს, მათ შორის, საუდის არაბეთის მეფის ქალიშვილს, მალააკს. მალააკი ცეცხლოვან სასიყვარულო ცეკვას ასრულებდა. მას კბილებით ეჭირა ოქროს მონეტა და აცდუნებდა შეყვარებულს, კბილებითვე გამოერთმია მისთვის მონეტა.

მალააკი ტანდაბალი იყო, ხორბლისფერი კანით და დახვეწილი ნაკვთებით. მისი შეყვარებული ერთი დაკუნთული მამაკაცი გახლდათ. მას შადი ერქვა, რომლის ერთადერთ მიზანს, ჰარამხანაში ყველაზე გავლენიანი მამაკაცის ტიტულის მოპოვება წარმოადგენდა, ამიტომ ცეკვის დროს იგი მალააკის სხეულის ყველა ნაკვთს, ყველა უჯრედს ენით ლოკავდა, რათა მისი ვნება გონის წასვლამდე გაეღვივებინა.

შადიმ აართვა მალააკს კბილებით პირიდან მონეტა და გოგონა ხელში აიტაცა. და ასე, ხელში ატატებული წაიყვანა ფარდებს მიღმა მდებარე ჰარამხანისკენ. იქ კი, ვნებამოძალებულებმა, ყველას თვალწინ, ცეკვა-ცეკვით ერთმანეთს კოცნა დაუწყეს. მალააკმა თვალები გაახილა და პარტნიორის რიტმულ ილეთებს დაუწყო ყურება. მოულოდნელად გოგონას კმაყოფილებით გაეღიმა. მან ნათლად დაინახა, როგორც წაიშალა შადის მამაკაცური ნაკვთები და როგორ გარდაიქმნა იგი ქალად… აღმოჩნდა, რომ არსება, რომელმაც მალააკი მოაჯადოვა და რომელთან ერთადაც სარეცელს იყოფდა, ქალი იყო და არა მამაკაცი…»

 

გაფითრებულმა კარიმმა მახას ბლოკნოტი მაგიდაზე დაუგდო ექიმს და წაკითხულით გაგიჟებულმა თითი ნაწერისკენ გაიშვირა:

_ რას ნიშნავს ეს, ექიმო? თქვენ მარწმუნებდით, მახა ბევრად უკეთესად არისო. ეს არის უკეთესობა? ეს ხომ სულით ავადმყოფის ნაბოდვარს ჰგავს!

არ ვიცი, საიდან გამიჩნდა ასეთი წინათგრძნობა, მაგრამ სანამ ექიმი ხმას ამოიღებდა, უკვე ვიცოდი, რასაც უპასუხებდა ჩემს ქმარს. ისე ცუდად გავხდი, სუნთქვა შემეკრა და თვალთ დამიბნელდა, ექიმის ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა.

მკურნალი ძალიან მშვიდად ალაპარაკდა:

_ ამ დროს ყველაფერი ძალიან მარტივია. თქვენმა ქალიშვილმა თავისთვის აღმოჩენა გააკეთა, რომლის მიხედვითაც, იგი მამაკაცებს მტრებად მიიჩნევს, ქალებს კი მეგობრებად.

კარიმი ვერ ჩაწვდა მის ნათქვამს და მოთმინებადაკარგულმა საკმაოდ უხეშად წარმოთქვა:

_ ჰო-ო? მართლა?

ექიმს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა სიმართლის თქმა:

_ პრინც კარიმ! თქვენი ქალიშვილი და აიშა საყვარლები არიან.

კარიმი რამდენიმე წუთის განმავლობაში ენაჩავარდნილი იდგა. მოგვიანებით, როცა გონს მოეგო და მკურნალის ნათქვამი გაიაზრა, უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მახას სანახავად არ მისულიყო…

 

8 8 8

მუსულმანური მრწამსი გვასწავლის, რომ ერთი სქესის ადამიანთა სასიყვარულო ურთიერთობა ბოროტებაა. ყურანი კრძალავს ექსპერიმენტებს: «ნუ დაადგებით გზას, რომელიც თქვენთვის უცნობია». საუდის არაბეთში სიყვარული და სექსი საპირისპირო სქესის ადამიანებშიც კი საზიზღრობად მიიჩნევა, ამიტომ საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, რომ ფიზიკურ ლტოლვაზე დაფუძნებული ურთიერთობა არ არსებობს. თუმცა, ეს მხოლოდ ფუჭი საუბრის თემაა, ხოლო სულ სხვაა ის რეალობა, რაც ხდება «დახურულ კარს მიღმა».

არაბები ბუნებით მგრძნობიარენი არიან, მაგრამ ჩვენ პურიტანულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. სექსის თემა ყველას აინტერესებს, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ ჟურნალ-გაზეთების გასაკონტროლებლად, რათა უხამსი სტატია ან ფოტო არსად «გაიპაროს». ცენზორებს ძალიან დიდ თანხებს უხდიან ამისთვის. ცენზურის ეს ექსტრემისტული ფორმა არათუ პირად, არამედ ქვეყნის საქმიან ცხოვრებაზეც კი აისახება.

აი, მაგალითიც:. კარიმის ძმამ ასამმა, რომელიც ჩემი დის, სარას მეუღლეა, ერთხელ კონტრაქტი გააფორმა უცხოეთის ერთ-ერთ კინოფირმასთან, რომელსაც კომერციული სარეკლამო რგოლი უნდა დაემზადებინა რომელიღაც სახეობის საკვებ პროდუქტზე. უცხოური კომპანიის მენეჯერს უზარმაზარი ჩამონათვალის გაცნობამ მოუწია, რომელშიც გარკვეული სახის აკრძალვები იყო აღნიშნული. რა თქმა უნდა, სხვას ალბათ ისინი სასაცილოდ მოეჩვენებოდა, მაგრამ ჩვენთვის ეს რეალობა გახლდათ. ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა:

  1. რეკლამაში არ უნდა იყოს მიმზიდველი ქალი.
  2. თუკი ქალის გამოჩენა აუცილებელი გახდება, მას მოღიავებული ტანსაცმელი არ უნდა ეცვას, ანუ _ მოკლე კაბა, საცურაო კოსტიუმი ან შარვალი. გაშიშვლებული უნდა იყოს მხოლოდ სახე და ხელის მტევნები.
  3. ორმა ადამიანმა ერთი თეფშიდან არ უნდა მიირთვას და ერთი ჭიქიდან არ უნდა დალიოს.
  4. არანაირი სწრაფი მოძრაობა კადრში (კონტრაქტში მითითებული იყო, რომ ქალი საერთოდ არ უნდა გარხეულიყო. ის უნდა მჯდარიყო ან გაუნძრევლად მდგარიყო).
  5. არანაირი თვალის ჩაკვრა.
  6. არანაირი სასიამოვნო სახის მიღება პროდუქტის გასინჯვის მომენტში.
  7. თუკი პროდუქტის გასაყიდად განსაკუთრებულად აუცილებელი არ არის, სასურველია, მოერიდოთ კადრში სიცილის გამოყენებას.

როცა ნორმები აკრძალულია, ადამიანები პათოლოგიურები ხდებიან. ჩემი აზრით, სწორედ ეს დაემართა ჩემს ქალიშვილს.

ჩემი ქვეყნის რელიგიური კანონის მიხედვით, საპირისპირო სქესის დაუქორწინებელ ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრა ეკრძალებათ. ამიტომაც კაცები ურთიერთობენ კაცებთან, ქალები კი ქალებთან. შედეგად _  საუდის არაბეთში ჰომოსექსუალიზმის აყვავების ხანა დაიწყო. ამას ნებისმიერი უცხოელი ადვილად შეამჩნევს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თუნდაც მცირე ხნით ჩამოდის. ქალებისთვის შედარებით ადვილია ჩადრის ქვეშ სიყვარულის დამალვა, მაგრამ კაცებმა რა უნდა ქნან? ისინი ბუნებრივად ვევრ მოიქცევიან, ამიტომაც ყოველთვის იგრძნობა ერთმანეთთან მოსაუბრე ორ შეყვარებულ მამაკაცს შორის ერთგვარი სექსუალური დაძაბულობა.

ქალების რამდენიმე შეკრებაზე ვყოფილვარ _ კონცერტზე, წვეულებაზე. ქალი ვარ და ვერავინ გამომაპარებს ვნებით ანთებულ მზერას, რომელსაც ჩადრიც არ შველის ან სექსუალური ინტონაციით გაჯერებულ საუბარს. მინახავს, როგორ ცეკვავენ ისინი, როგორ ეხახუნებიან სხეულით, ან როგორ მღერიან აკრძალულ სასიყვარულო სიმღერებს და პარალელურად, ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს. ამ დროს კი ამ «წმინდან» დიასახლისებს გარეთ თავიანთი მძღოლები ელოდებათ, რომლებიც საღამოს დამთავრების შემდეგ მათ თავიანთ ქმრებს მიჰგვრიან.

თუმცა, კაცებს უფრო ეადვილებათ ერთმანეთის შეყვარება, ვიდრე ქალებს, რადგან ამ უკანასკნელთ ყველგან ფეხდაფეხ დაჰყვებიან და თვალს არ აცილებენ. მახსოვს, ერთხელ გაზეთიდან სტატია ამოვჭერი, რომელიც მასწავლებლებს სკოლაში კოსმეტიკის გამოყენებას უკრძალავდა. დირექტორი, ვინმე რაშიდი, მოთხოვნებს უწესებდა მასწავლებელ ქალებს. მათ არ ჰქონდათ უფლება, თვალებდახატული ან პომადიანი გამოცხადებულიყვნენ სკოლაში, ჩაეცვათ გამჭვირვალე ტანსაცმელი, შემდგარიყვნენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, გაეკეთებინათ მძივები, სამაჯური ან სხვა აქსესუარი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მასწავლებელს მაგალითი უნდა ეჩვენებინა მოსწავლისათვის. წესების დამრღვევებისთვის სკოლის დირექციას მკაცრი ადმინისტრაციული ზომები ჰქონდა შემუშავებული.

ეს სტატია ჩემს დებს წავუკითხე, თან საშინელი რეაქცია მქონდა:

_ შეხედეთ! ერთი შეხედეთ! ამ ქვეყნის კაცებს სურთ, მიგვითითონ, როგორი ფეხსაცმელი ჩავიცვათ, რა ფერის და ფორმის ბაფთები დავიმაგროთ თმაზე და რა ფერის პომადა წავისვათ ტუჩებზე!

ჩემი დები ჩემზე აგრესიულად გამოხატავდნენ პროტესტს და წამითაც არ უცდიათ აღშფოთების დამალვა მამაკაცების წრეგადასული თავნებობის მიმართ.

ჩემი აზრით, ქალებისადმი სწორედ ასეთმა მიდგომამ აიძულა მახა, მამაკაცის მაგივრად, ქალის მკლავებში აღმოჩენილიყო!

ეს არ ნიშნავს, რომ შვილის საქციელს იოტისოდენადაც ვამართლებდე, მაგრამ რადგან სიმართლე გავიგე, უფრო გამიადვილდა, მეპოვა გამოსავალი, როგორ გამომეყვანა იგი შექმნილი მდგომარეობიდან.

კარიმი ვერ წყნარდებოდა. მისი აზრით, მახა ვერასდროს გამოკეთდებოდა. მე კი პირიქით, ვამტკიცებდი, რომ იგი სწორედ რომ გამოჯანმრთელების გზაზე იდგა. დედა ვარ და ზუსტად ვხვდებოდი, რაც ხდებოდა. ვცდილობდი, ჩემი აზრი კარიმისთვის ისე გადამეცა, რომ მისთვისაც ადვილი გასაგები ყოფილიყო.

_ მომისმინე, ძვირფასო! ის ფაქტი, რომ მახამ თავისი ყველაზე დიდი საიდუმლოს გამხელა მოისურვა ჩვენთვის, მისთვის საყვარელი ადამიანებისთვის, ბევრ რამეს ნიშნავს. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი ქალიშვილი უკვე საღ გონებაზეა და ყველაფერს აანალიზებს.

სიტუაციის შეფასებაში მართალი გამოვდექი. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, მახამ გამოთქვა მზადყოფნა, ჩემთან ემეგობრა. ჩვენ ძალიან დავახლოვდით და ბევრ რამეს ვუყვებოდით ერთმანეთს. გოგონა თვალცრემლიანი მიყვებოდა, რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან, მამამისის გარდა, ყველა მამაკაცი სძულდა. ასეთი გულახდილი არასდროს ყოფილა იგი.

ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. მამაკაცები მეც მეზიზღებოდა, მათ შორის, მამაჩემიც. როგორც ჩანს, ჩემი კაცებისადმი დამოკიდებულება თავისთავად აისახა ჩემი შვილის ქვეცნობიერში.

_ პირველად ტრავმა მაშინ გადავიტანე, როცა შენ და მამამ დროებით ცალ-ცალკე გადაწყვიტეთ ცხოვრება. ასეთი ცუდი რა გააკეთა მამამ, რომ მისგან უნდა გავქცეულიყავით? _ მეკითხებოდა იგი.

მახა იმ პერიოდზე ლაპარკობდა, როცა კარიმმა მეორე ცოლის შერთვა გადაწყვიტა. სასტიკად არ მინდოდა ჩემი უფლებები სხვა ქალისთვის გამეყო, ამიტომ მოვკიდე ბავშვებს ხელი, სამეფოდან გავიქეცი და ერთ ფრანგულ სოფელს შევაფარე თავი. საფრაგეთი, თავისი ჰუმანური ხალხით, საუკეთესო თავშესაფარი აღმოჩნდა ჩემი შვილებისთვის. ახალი ნაცნობები ზრუნავდნენ მათზე, ყურადღებას იჩენდნენ ბავშვების მიმართ, მე კი, მთელ დროს საკუთარ ქმართან მოლაპარაკებებში ვხარჯავდი, ვუმტკიცებდი, რომ არაფრით შევურიგდებოდი, თუ იგი მეორე ქალსაც შემოიყვანდა ოჯახში. ყველანაირად ვცდილობდი მაშინ, ბავშვების ყურამდე არ მიეღწია ამ ამბავს და მოსალოდნელი ტრავმა მათთვის თავიდან ამეცილებინა. თურმე ტყუილად ვირჯებოდი. ახლა ვხვდები, რომ ყველაზე უმტკივნეულო უკმაყოფილებაც კი, რაც შეიძლება ცოლსა და ქმარს შორის წარმოიშვას, სარკესავით აისახება ბავშვების ფსიქიკაზე, მათ ემოციურ მდგომარეობაზე. ახლა უფრო მეტად ვბრაზობდი კარიმზე, რომელმაც თურმე ამხელა ტკივილი მოუტანა ჩვენს შვილებს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი შერიგების შემდეგაც არ გამოსწორებულა სიტუაცია. უფრო მეტიც, საკმარისი იყო, იმ ამბის შემდეგ ოდნავ მაინც წავკამათებულიყავით, რომ მახა შიშნარევი მზერით მაყურადებდა თურმე, ისევ ხომ არ ვაპირებდი სახლიდან გაქცევას და ქმრის მიტოვებას…

ბოლოს ჩვენი საუბარი აიშასაც შეეხო…

მახა გულწრფელად ალაპარაკდა თავის მეგობარზე:

_ იცი? წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე, რომ ორ ქალს ან ორ მამაკაცს შეიძლებოდა ერთმანეთის მიმართ ლტოლვა ეგრძნოთ მანამ, სანამ აიშამ მამამისის კაბინეტიდან მოპარული ჟურნალები არ დამათვალიერებინა. იქ ისეთი ლამაზი ქალები იყვნენ გამოსახულნი… და ისეთი გრძნობით კოცნიდნენ ერთმანეთს, ისეთ პოზებში, რომ გავოგნდი. სულ ეროტიკული ფოტოები იყო. თავიდან ისე ვუყურებდი ამ ყველაფერს, როგორც რაღაც არაჩვეულებრივს, წარმოუდგენელს, მერე კი, რომ დავაკვირდი, უჩვეულო სილამაზე დავინახე მათში. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ქალის სიყვარული უფრო უსაფრთხო, უფრო ნაზი და ალერსიანია, ვიდრე აგრესიული, მესაკუთრული გრძნობა ქალსა და მამაკაცს შორის.

რაც მეტად იხსნებოდა ჩემი ქალიშვილი, მით უფრო გამაოგნებელ ამბებს ვიგებდი. მამის საძინებლის კედელში აიშას ნახვრეტი გაუკეთებია და ორივენი გაფაციცებით უყურებდნენ თურმე, როცა აიშას მამა ქალწულებს აუპატიურებდა. ეს კი, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

_ სწორედ იმ გოგონების საშინელი წივილ-კივილის ხმამ გადამაწყვეტინა, არასდროს მამაკაცი არ შემეყვარებინა. სექსუალური აქტის დროს ისინი ნამდვილი პირუტყვები არიან!

შემდეგ მახა კიდევ ერთ ამბავს მომიყვა, რომელსაც ალბათ მოგონილ ისტორიად მივიჩნევდი, საკუთარი შვილისგან რომ არ მომესმინა:

_ ხუთშაბათი საღამო იყო. აიშამ დამირეკა და მთხოვა, სასწრაფოდ მივსულიყავი მასთან. შენ და მამა შინ არ იყავით და მძღოლს ვთხოვე, წავეყვანე.

აიშას მამას 7 გოგონა მოეყვანა სახლში და ყველას აიძულებდა, შიშვლებს ევლოთ ოთახში. თითოეულ მათგანს უკანალში ფარშავანგის ბუმბული ჰქონდა გარჭობილი. ამ ბუმბულით ისინი აიშას მამას ლოყაზე უნდა მოცაცუნებოდნენ. მერე კი, მთელი ღამის განმავლობაში, ხუთ მათგანთან სექსი ჰქონდა. უკვე თენდებოდა, როცა ყველას ჩაეძინა. ჩვენ კი ის ბუმბულები მოვიპარეთ და ლოგინში ერთმანეთს დავუწყეთ მოფერება. სწორედ მაშინ მაგრძნობინა აიშამ, როგორ შეუძლია ქალს ასიამოვნოს მეორე ქალს.

ჰყვებოდა ჩემი ქალიშვილი ამ ამბებს, თან რცხვენოდა თავისი წარსულის და ტირილით იოსებდა თვალებს.

_ მინდოდა, ბედნიერი ვყოფილიყავი, ნორმალური ადამიანი, რა გამოვიდა საბოლოოდ? გახრწნილი, გაუბედურებული გამოვედი. რატომ არ ვარ ისეთი, როგორიც ამანია? ჩვენ ხომ ერთ ოჯახში გავიზარდეთ, ერთნაირად აღვიზარდეთ! ამანი ლამაზი ვარდივითაა, მე კი ეკლიან კაქტუსს დავემსგავსე!

ალაჰის გზა შეუცნობელია, ამიტომ არ ვიცოდი, მისთვის რა მეპასუხა. გულში ჩავიხუტე და ამის თქმაღა მოვახერხე:

_ ნუ გეშინია, შვილო, მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება მართლაც ლამაზ ყვავილს დაემსგავსება. მე შენ გვერდით ვარ და ამას გპირდები.

სწორედ მაშინ მახამ ყველაზე რთული შეკითხვა დამისვა:

_ დედა, როგორ უნდა შევიყვარო მამაკაცი, როცა მისი შინაგანი ბუნება ასე ღრმად შევიცანი?

ამაზე მზა პასუხი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, უდიდესი შვება ვიგრძენი, რადგან მე და კარიმს შანსი გაგვიჩნდა, შვილი გადაგვერჩინა.

ერ-რიადში დაბრუნების დრო დადგა. სანამ გამოვემგზავრებოდით, კარიმმა შესთავაზა მახას მკურნალ ექიმს, ერ-რიადში დაეწყო მუშაობა და, სოლიდური ანაზღაურების ფასად, ჩვენი ოჯახის პირადი ექიმი გამხდარიყო.

ჩვენდა გასაკვირად, მკურნალმა მტკიცე უარი გამოგვიცხადა.

_ დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, _ თქვა მან, _ ეს ჩემთვის დიდი პატივია. მაგრამ არ ვიცი, როგორ აგისხნათ… ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, საუდის არაბეთის მიმართ ზედმეტად მაქვს გამძაფრებული ესთეტიკური შეგრძნებები.

კარიმი ძალიან კმაყოფილი დარჩა ბრიტანელი ექიმის მკურნალობის შედეგით და გადაწყვიტა, დიდძალი თანხით დაეჯილდოებინა იგი. ამ უკანასკნელმა არას დიდებით არ გამოართვა ჩემს ქმარს ფული და ისეთი სიტყვები წარმოთქვა, რომ არა მისი მშვიდი ტონი, ვიფიქრებდი, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო-მეთქი:

_ ჩემო ძვირფასო ადამიანო! ძალიან გთხოვთ, ამას ნუ იზამთ. სიმდიდრე და ძალაუფლება იმდენად არარაობად მიმაჩნია, ჩემს აღელვებას ვერასდროს შეძლებენ.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეურყვნელი ადამიანი, ნამდვილი მამაკაცი, რომელიც ცხოვრებაში გამიცნია. გამოდის, ტყუილად არ შევპირებივარ მახას, როცა ვუთხარი, მოვა დრო და აუცილებლად გაიცნობ ღირსეულ ყმაწვილს, რომელიც შენს სიყვარულს დაიმსახურებს-მეთქი. ალაჰის წყალობით, ასეთები ჯერ კიდევ არიან. ერთ ასეთს ჩვენ ლონდონში შევხვდით…

 

8 8 8

დავბრუნდით თუ არა ერ-რიადში, ნათელი გახდა ერთ-ერთი წყარო, საიდანაც მახა შავი მაგიის «ხელოვნებას» ეუფლებოდა. არ შევმცდარვარ. დამნაშავე ჩემი დედამთილი აღმოჩნდა.

მახამ ჩემი თანდასწრებით უთხრა მამას, ოკულისტური მეცნიერების შავ სამყაროს ბებიამ მაზიარაო. იმწუთას სხვა არაფერი მინდოდა, ოღონდაც ერთი წუთით მენახა ჩემი დედამთილი, რომ სახეში შემეფურთხებინა მისთვის და თმით მეთრია. კარიმი მაშინვე გაემზადა დედამისის სანახავად, მაგრამ თან, რა თქმა უნდა, არ წამიყვანა. ის ძლივს იკავებდა მრისხანებას. მართალია, უჩემოდ წავიდა, მაგრამ უმოქმედოდ რა გამაჩერებდა? სარას დავურეკე და ვთხოვე, შეუმჩნევლად მისულიყო ნორას სახლში და ყური დაეგდო, რა მოხდებოდა დედასა და შვილს შორის.

სარამ ჩემი თხოვნა შეასრულა. ის მისულა ნორას სასახლეში და ბაღში დამალულა. ჩემს დას ესმოდა, როგორ უყვიროდა კარიმი დედას, ის კი ეხვეწებოდა, მაპატიე, მეტს აღარ ვიზამო. წამოსვლისას კარიმმა თურმე აუკრძალა ნორას, მისი შვილები ზედამხედველების გარეშე მოენახულებინა.

კარიმის წამოსვლის შემდეგ თურმე ნორა დიდხანს მოთქვამდა.

_ კარიმ, ჩემო ყველაზე საყვარელო შვილო, ჩემო სისხლო და ხორცო! დაბრუნდი დედაშენთან, რომელსაც შენ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია!

როცა სარა ამ ამბავს მიყვებოდა, სიხარულისგან ადგილზე ვხტუნავდი. ჩემმა დამ შენიშვნა მომცა:

_ არ გრცხვენია? როგორ გიხარია ეს ყველაფერი? როგორც ჩანს, შენც ისეთივე ბოროტი ხარ, როგორც ნორა.

 

თავი 4. მექა

 

ალბათ ვერავინ მოთვლის იმ კეთილშობილი მუსულმანების რიცხვს, რომლებიც საუდის არაბეთის უკიდეგანო უდაბნოს გადალახვის დროს იღუპებოდნენ, დაწყებული მუჰამედ წინასწარმეტყველიდან დღევანდლობამდე. თუმცა დღეს მორწმუნე მუსულმანებს არ სჭირდებათ ბედუინთა რაზმებთან შებრძოლება, რომლებიც მორწმუნეებს საღვთო სვლის დროს თავს ესხმოდნენ. ისინი ახლა მშვიდად გადაადგილდებიან უდაბნოში ხან ფეხით, ხანაც აქლემების ქარავნებით, რათა მოილოცონ წმინდა ქალაქი მექა. თუმცა ეს რიტუალი დღესაც ბევრ თავსატეხს აჩენს. ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი გაედინება ქალაქიდან, აეროპორტიდან თუ საუდის არაბეთის მაგისტრალებიდან, როცა ჰაჯი (წელიწადში ერთხელ, სალოცავად სვლა მექასკენ) იწყება.

ბავშვობიდან მეც ბევრჯერ გამივლია ეს გზა. თავდაპირველად მთლად ჩვილს, როცა დედაჩემს ვყავდი ხელში ატატებული, შემდეგ მოზარდ გოგონას, რომელიც ალაჰთან მიახლოების გზებს ეძებდა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ რაც კარიმის ცოლი გავხდი, ჰაჯის დროს მექაში არ ვყოფილვარ. ამის გამო ხშირად ვსაყვედურობდი ქმარს, ვეუბნებოდი, რომ ჩვენს შვილებს აუცილებლად უნდა გაევლოთ ის დამღლელი გზა, რომელიც მათ ალაჰთან მიახლოებაში დაეხმარებათ, რომელიც მათ სულს განწმენდს, მაგრამ ის სასტიკ უარზე იდგა. არ ჰქონდა სურვილი, მექასკენ მიმავალ უზარმაზარ ხალხის ნაკადს შეერთებოდა ცოლ-შვილთან ერთად. მისთვის მცირე მომლოცველობაც, რომელსაც უმრას ეძახიან და წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, საკმარისი იყო.

ძალიან მიკვირდა კარიმის დაჟინებული უარი. გუმანით ვხვდებოდი, რომ მისი სიჯიუტის უკან რაღაც იმალებოდა, მაგრამ ვერა და ვერ ვათქმევინე. ცნობისმოყვარეობა მკლავდა.

ერთხელაც, საშველი არ მივეცი, წინ დავუდექი და ლამის დავცინე, ამხელა კაცი ხარ და ჰაჯის რომ თავს არიდებ, ალბათ ალაჰი არ გწამს-მეთქი.

ამის გაგონებაზე გაფითრდა. მკაცრად შეყარა წარბები და კუშტად მომაყვირა:

_ სულთანა! მეორედ არ მითხრა მსგავსი რამ! ახლა კი თვალთაგან დამეკარგე!

არ შევეპუე. როცა კარისკენ გაემართა, წინ გადავუდექი, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ქალური ხრიკი ვიხმარე.

_ შენ იცი, ამის გამო რა მითქმა-მოთქმა დადის ჩვენზე? შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ახლობლებს, მექაში რომ არ დადიხარ სალოცავად. ჭორაობენ, კარიმს ალბათ ეზიზღება ალაჰიო.

ჩემი ქმარი გველნაკბენივით შეხტა. კრიჭა შეეკრა. მაინც არ მითხრა სიმართლე. მეც არ მოვეშვი. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ასე ადვილად თავს არ დავანებებდი, გაღიზიანებულმა მკლავში ჩამავლო ხელი, ტახტზე დამსვა, თვითონ კი ბოლთის ცემა დაიწყო ოთახში. ერთხანს ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა სიმართლე. როგორც იქნა, რამდენიმე წუთის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და დაიწყო:

_ სულთანა, ალაჰის რწმენის უგულვებელყოფა აქ არაფერ შუაშია, პირიქით, სწორედ რწმენაა ყველაფრის მიზეზი. რამდენიმე წლის წინ სიზმარი ვნახე, თითქოს სწორედ იმ დროს, როცა ჰაჯიში მივდიოდი ათასობით ადამიანის გვერდით, მექაში, ტაძრის შესასვლელთან აღტყინებულმა ბრბომ ფეხებით გადამთელა. ახლაც კი ვგრძნობ, როგორი შეგრძნება მქონდა, როცა სული მეხუთებოდა და ვიგუდებოდი. ის სიზმარი გაფრთხილება იყო. ვიცი, რომ სწორედ ეს დღე მომელის, თუკი მოსალოცავად მექაში წავალ. სულ ეს არის. ამიტომაც ვიკავებ დღემდე თავს.

მისმა აღსარებამ თავზარი დამცა. შემრცხვა კიდეც. თურმე რამხელა ტკივილს ატარებდა ჩემი მეორე ნახევარი წლების განმავლობაში და მე არაფერი ვიცოდი. შემეცოდა. ადვილი გასაგები იყო ჩემთვის, რასაც განიცდიდა იგი. თანდათან აღვიდგინე მეხსიერებაში, როგორ ეცვლებოდა ხოლმე სახის გამომეტყველება, როცა მომლოცველთა თუნდაც მცირე მიმავალ ჯგუფს მოჰკრავდა თვალს.

აი, თურმე რა პრობლემა ჰქონია. შემრცხვა იმის, რომ აქამდე არაფერი ვიცოდი. იმისიც შემრცხვა, ასე დაჟინებით რომ ვთხოვდი სიმართლის აღიარებას.

ჩემი დანაშაულის გამოსასყიდად, შევეცადე, ოდნავ მაინც გამეფანტა მისი შიში.

_ ეგ მხოლოდ სიზმარი იყო, კარიმ. ჩემი ოჯახი ყოველ წელს დადის მექაში, მაგრამ არავინ დაშავებულა.

_ ტყუილად მელაპარაკები, სულთანა. ზუსტად ვიცი, რაც მომელის. ეს ავი წინათგრძნობაა და აღარასდროს მთხოვო იქ წასვლა.

ვერ შევეწინააღმდეგე. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ასობით მომლოცველი დაშავებულა ჰაჯის დროს. რამდენი ადამიანი გადაუთელავთ ფანატ მორწმუნეებს, ვინ მოთვლის.

1990 წელს, ჰაჯის პერიოდში, საშინელი ტრაგედია მოხდა. 15 ათასი მორწმუნე მუსულმანი ცოცხლად ჩაიმარხა მექას ტაძრის გვირაბში, რომელიც ჩამოინგრა. კარიმი მაშინ პარიზში იყო და ეს ამბავი რომ გაიგო, მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა. რა თქმა უნდა, მეც ძალიან განვიცადე მომხდარი, მაგრამ მასავით ლოგინად არ ჩავვარდნილვარ. რას ვიფიქრებდი, გულში თუ ასეთი ცეცხლი ეკიდა. მხოლოდ ახლა მივხვდი, როცა საიდუმლო გამანდო.

_ იმ შემთხვევის შემდეგ უფრო ვარ შეშინებული. არასდროს, არასდროს წავალ მექაში, გესმის?

ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. ავუხსენი, რომ არ შეიძლება ადამიანი სიზმარზე გახდეს დამოკიდებული.

_ უკვე ფობიად გექცა შენი სიზმრები, ხომ ხედავ? ოდესღაც რაღაც ნახე, სულაც არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ასე უნდა მოკვდე! _ დავუცაცხანე.

_ არ მეკამათო, სულთანა. ხომ ხვდები, რომ აზრი არ აქვს. განა ერთი და ორი შემთხვევა ყოფილა, მექაში მორწმუნეები რომ გადაუთელავთ არანორმალურ ფანატებს? მე ხომ არ ვიგონებ?

თავი გავაქნიე. უძლური ვიყავი, ქმარი მანიაკური შიშისგან გამეთავისუფლებინა და შევეშვი. მას შემდეგ ერთხელაც არ მიხსენებია ჰაჯი და მექა.

არადა, ოცნებად მექცა ამ რიტუალის ჩატარება. წლებია, ამაზე ვოცნებობდი. მინდოდა, ჩემი შვილებისთვის ხელი ჩამეკიდა და ფეხით გავდგომოდი იმ დამღლელ გზას, რომელიც ღმერთთან მიგვაახლოვებდა და მთელ ოჯახს ცოდვებისგან გაგვწმენდდა.

ასე გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ ლონდონიდან დავბრუნდებოდით. სწორედ მას შემდეგ შეიცვალა სიტუაცია.

ერთ დღეს კვლავ ვცადე, თან დიდი სიფრთხილით, შემეპარებინა კარიმისთვის მექა მოგველოცა ბავშვებთან ერთად, თანაც ჰაჯი ახლოვდებოდა. ახლა სწორედ რომ უპრიანი იქნებოდა, რადგან ჩვენი გოგონას გამოჯანმრთელებაში, მწამდა, რომ ალაჰის ხელი ერია. მისი ნება რომ არ ყოფილიყო, მახა სულით ავადმყოფად დარჩებოდა.

კარიმის გარეშე არ მინდოდა წასვლა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ქალები იშვიათად დადიან მექაში კაცების გარეშე.

_ კარიმ, იცი? სარა და მისი ქმარ-შვილი აპირებენ მექაში წასვლას. ჩვენც ხომ არ შევუერთდეთ? რას იტყვი?

რაოდენ დიდი იყო ჩემი გაკვირვება, როცა მისგან გაუგონარი პასუხი მოვისმინე.

_ ურიგო არ იქნებოდა. მუჰამედის ქალაქში მოგზაურობა ერთობ კეთილშობილური საქმეა.

გაოცებისგან პირი დავაღე, როცა დაამატა:

_ მოვიფიქრებ… ალბათ არ ვიტყვი უარს წასვლაზე. სავარაუდოდ, მეც შემოგიერთდებით. ვაღიარებ, რომ კვლავინდებურად მეშინია და ეს შიში წამითაც არ გამნელებია, მაგრამ ახლა უკვე ვალდებულიც ვარ, ასე მოვიქცე, რადგან ალაჰმა შვილი საღ-სალამათი დაგვიბრუნა. მადლიერები უნდა ვიყოთ ამისთვის.

იმ დღეებში ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე. ერთ დღესაც კარიმის სიძე გვესტუმრა, მისი უმცროსი დის, ხანანის ქმარი და სასტიკად აგვიკრძალა მექაში გამგზავრება.

_ ვითომ რატომ? _ ავიმრიზე. ძლივს ქმარი დავითანხმე და ეს მინდოდა ახლა?

_ წელს წმინდა მექაში 2 მილიონზე მეტ მომლოცველს ელოდებიან. მათგან 150 ათასი ირანელი შიიტი იქნებაო, ამბობენ. ისინი კი ყოველთვის სკანდალს აწყობენ. არ გახსოვთ, 1987 წელს, ტრადიციული დღესასწაულის ჩატარების დღეს, ახლოს არ მიუშვეს არაბები მეჩეთთან და როგორ შეურაცხყვეს იგი. 402 მორწმუნე დაიღუპა მაშინ. ორი წლის შემდეგ კი თეირანმა ორჯერ საზარლად დაბომბა იქაურობა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი სასიკვდილოდ დაიჭრა. მშვიდობისმოყვარე მუსულმანებისთვის ჰაჯი წლიდან წლამდე უფრო და უფრო საშიში რელიგიური ცერემონია ხდება. იქნებ მოიცადოთ, სანამ პირველი ტალღა ჩაცხრება და მერე მოილოცეთ, როცა ხალხის ნაკადი იკლებს.

კარიმი გაფითრებული უსმენდა სიძეს და ხმას არ იღებდა. ვიცოდი, რომ ჩემს ქმარს ირანული მუქარა სულაც არ ადარდებდა. მისი აზრები ამწუთას მხოლოდ თავის სიზმარს დასტრიალებდა.

ჩემი ოცნების სისრულეში მოყვანას საფრთხე დაემუქრა. რაღაც უნდა მეღონა, სანამ კარიმი გადაიფიქრებდა მექაში გამგზავრებას.

_ მუჰამედ, ჩემი აზრით, საშიშროება არ უნდა დაგვემუქროს. ირანელ შიიტებს თვალს არ მოაცილებენ წესრიგის დამცველები. მათ კონტროლზე აიყვანენ. ისინი აუცილებლად დაიცავენ მორწმუნეების უსაფრთხოებას.

_ არა, _ მტკიცედ განაცხადა კარიმის სიძემ, _ ირანის ნდობა არ შეიძლება. არ დაგავიწყდეს, სულთანა, რომ ჩვენ საქმე ირანელ შიიტებთან გვაქვს, ისინი ფანატიკოსები არიან, რომლებიც სუნიტების განადგურებაზე ოცნებობენ.

კარიმმა ღრმად ამოიოხრა, თითები ერთმანეთში გადახლართა და მომიბრუნდა:

_ სულთანა, შენთვის და ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სულის სიმშვიდე მოიპოვოთ, ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველანაირ საშიშროებას დავძლევ, არ არის პრობლემა. ასე რომ, მოემზადე, ბავშვებიც მოამზადე და გავუდგეთ გზას.

მუჰამედმა უხერხულად გაიღიმა. აშკარად იმედგაცრუებული დარჩა, მე კი ისე ვიყავი გახარებული, ქმარს ლოყაზე ვუჩქმიტე და ყურში ვუჩურჩულე, რომ ის არასდროს ინანებდა ამ გადაწყვეტილებას.

იმ დღესვე დავურეკე სარას და ვახარე, ჩვენც მოვდივართ-მეთქი. სარას არასდროს გამოუტოვებია ჰაჯი, ყოველ წელს დადიოდა ქმართან ერთად. როცა ჩვენი ამბავი გაიგო, ძალიან გაუხარდა.

მოსამზადებლად ორი  დღე გვრჩებოდა.

 

8 8 8

როგორც იქნა, ჩვენი გამგზავრების დღეც დადგა. სარას ოჯახს ერ-რიადის აეროპორტში უნდა შევხვედროდით. იქამდე იმდენი რამ გვქონდა გასაკეთებელი… ოჯახის თითოეულ წევრს იჰრამის რიტუალი უნდა აღესრულებინა, ანუ ჰაჯის წინა მოსამზადებელი წეს-ჩვეულება.

ამ პერიოდში, მოლოცვის დამთავრების ბოლო დღემდე, ოჯახის არც ერთ წევრს არ უნდა შეეჭრა თმა, არ გაეპარსა წვერი, არ დაეჭრა ფრჩხილები, არ უნდა გამოეყენებინა პარფიუმერია, არ ჩაეცვა ნაკერებიანი ტანსაცმელი, არ უნდა დაეკლა საქონელი და თავი უნდა შეეკავებინა სექსუალური აქტისგან.

იჰრამის რიტუალის შესრულება ჩვენმა ოჯახმა იქამდე დაიწყო, სანამ ერ-რიადს დავტოვებდით.

ჩემს საძინებელში სიმღერით შევედი, ერთ-ერთ ცნობილ ლოცვას ვღიღინებდი, რომელიც ჩვენში ყველა მომლოცველმა ზეპირად იცის. როგორ შევაშინე ჩემი მოსამსახურე კორა, კათოლიკე ქალი, რომელიც ჩემს ოთახს ალაგებდა. მისთვის უცხო იყო მუსულმანური ადათები, ამიტომ შეშინებული მომჩერებოდა. იფიქრა, ჩემი დიასახლისი ჭკუაზე შეირყაო.

_ ო, ალაჰ! აი, მე აქ ვარ! მე აქ ვარ, რათა შენი მითითებები შევასრულო! _ ვღიღინებდი გახარებული.

კორა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა ყველაფერი ავუხსენი. მან შვებით ამოისუნთქა და ჩემთვის აბაზანის გავსებას შეუდგა,

თითებზე ჩამოვთვალე ის საქმეები, რომლებიც გამგზავრებამდე უნდა მომესწრო. პარფიუმერიის ყველანაირი კვალი უნდა წამეშალა სახეზე, უნდა გავთავისუფლებულიყავი სამკაულებისგან, იმ 10-კარატიანი ბრილიანტის საყურისგანაც კი, რომელიც კარიმმა შარშან მაჩუქა და რომელსაც არასდროს ვიშორებდი.

საყურე მოვიხსენი და სეიფში შევინახე, სხვა ძვირად ღირებულ სამკაულებთან ერთად. შემდეგ დიდხანს ვიწექი ცხელ აბაზანაში და ვნებივრობდი.

აბაზანის შემდეგ შავ, უნაკერო სამოსში გავეხვიე და თმაც შავი, თხელი შარფით გადავიკარი. მერე სახით მექისკენ დავდექი, მუხლებზე დავემხე და ნამაზი ჩავიტარე. ახლა უკვე მზად ვიყავი სამოგზაუროდ.

ქმარს და ბავშვებს დაბლა, სასტუმრო ოთახში შევხვდი. კარიმი და აბდულა თეთრ უნაკერო ანაფორაში იყვნენ გამოწყობილნი. მახას და ამანის მოკრძალებული რუხი ფერის ტანსაცმელი ეცვათ. ყველანი ერთიანად ვიყავით სამოსით დაბურულები, მხოლოდ ხელები და სახე გვიჩანდა. ხაჯის დროს ჩადრი აკრძალული იყო. ბავშვობაში გაოცებულს ხშირად მიკითხავს დედაჩემისთვის, რატომ უნდა დაემალა ქალს სახე ჩადრით მამაკაცის წინაშე ან რატომ იყო აუცილებელი სახის გამოჩენა, როცა ალაჰთან სალოცავად მივდიოდით. დედაჩემი, რომელიც ყოველთვის მორჩილი ცოლი იყო, ბრინჯივით იბნეოდა ამ დროს. ის გაჩუმებას მიბრძანებდა და ჩემს შეკითხვას ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა.

ახლა იმავე შეკითხვაზე ჩემი ქალიშვილები ითხოვდნენ პასუხს.

გოგონებს გადავეხვიე და გაღიზიანებული ტონით მივმართე:

_ როცა მამაკაცები თავიანთი მჭევრმეტყველებით ალაჰთან ახლოსაც ვერ მივლენ, თქვენ უფლება გაქვთ, ეს საძულველი ჩადრი მოისროლოთ, _ უნიჭოდ ვიხუმრე.

_ სულთანა! _ გამაფრთხილებელი შენიშვნა ჩემი სახელის დაძახებით გამოხატა კარიმმა.

ო, ალაჰ! ხაჯის წესი დავარღვიე! ასეთ დროს როგორ შეიძლება მსგავსი ხუმრობები.

_ მაპატიეთ, ავალ მაღლა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რიტუალს, თორემ წყალში ჩამეყრება მთელი მონდომება, _ ვთქვი დაბნეულმა და უკან შევბრუნდი.

კარიმმა ღიმილით გამომაყოლა თვალი, ბავშვები კი სიცილით დაიხოცნენ. შემდეგ სავარძლებში ჩასხდნენ და მოთმინებით დაელოდნენ ჩემს ჩამოსვლას. საძინებლის იატაკზე მუხლებზე დავეცი და ალაჰს პატიება ვთხოვე.

_ ო, ალაჰ! დამეხმარე, კვლავ შევიდე იჰრამის მდგომარეობაში და დამიმოკლე ჩემი გრძელი ენა!

როცა კვლავ ერთად შევიყარეთ, მზად ვიყავი მეტირა. ქმარმა ალერსიანი მზერა მესროლა, მე კი ავღრიალდი და გამოვაცხადე, რომ არ შემეძლო მათთან ერთად გამგზავრება.

_ უჩემოდ წადით! ვერ მივიღებ ჰაჯში მონაწილეობას, რადგან არ შემიძლია ჩემი საზიზღარი, ზედმეტად აქტიური გონების დამორჩილება, ვერ შევდივარ იჰრამის მდგომარეობაში.

არც კი მომისმინეს. ბავშვებმა ხელი ჩამავლეს და სიცილით ჩამტენეს მანქანაში. კარიმმა მითხრა, ეგ არაფერია, ჩავსხდებით თვითმფრინავში და იქ შეგიძლია რიტუალი ხელახლა გაიმეოროო.

_ დილამდე დიდი დროა. თუ თვითმფრინავის ბორტზე არ გამოგივა, ჯიდას სახლში ჩაიტარე კიდევ ერთხელ რიტუალი, ახლა კი დამშვიდდი და მოისვენე, _ მტკიცე ხმით გადმომილაპარაკა მეუღლემ და ხელზე ხელი მომიჭირა.

 

 

 

ასადი და სარა შვილებთან ერთად მეფე ხალიდის სახელობის აეროპორტში გველოდებოდნენ. როგორც შემეძლო, ვინარჩუნებდი სიმშვიდეს. ნაძალადევი ღიმილით მივესალმე ჩემს დას და ოჯახის სხვა წევრებს. მახამ რაღაც უჩურჩულა დეიდამისს და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ჩვენი დაგვიანების მიზეზი მისაღები იყო.

ჯიდამდე კარიმის კერძო რეაქტიული თვითმფრინავით ვიმგზავრეთ. «ჩუმი» მგზავრობა გამოგვივიდა. პატარებს ეძინათ, დიდები კი ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით ჩაძირული. საკუთარი ენის დასჯის მიზნით, მთელი გზა კრინტი არ დამიძრავს, სამაგიეროდ, მერე იმდენი ვილაპარაკე, ყბები დამეღალა.

როცა ჯიდას აეროპორტში დავეშვით, უკვე შუაღამე იყო. თვითმფრინავს ამერიკელი პილოტი მართავდა. კარიმმა უბრძანა მას, მომლოცველთა ტერმინალზე დაშვებულიყო, რამაც ძალიან გამახარა.

ამ სიურრეალისტური ქალაქის ტერმინალი ერთ დიდ კარავს ჰგავს. სწორედ ტერმინალის შენობასთან დავფრინდით. ჩვენ, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, უფლება გვქონდა, სადაც მოგვესურვებოდა, იქ დაგვეშვა თვითმფრინავი.

რამდენიმე წლის წინ კარიმმა აბდულასგან მიიღო უფლება, ტერმინალის შენობა საზეიმოდ გაეხსნა. მართლაც ულამაზესი იყო აქაურობა, მაგრამ ჩემს ქალიშვილებს იგი ჯერ არ ენახათ. ამიტომაც ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი თვითმფრინავიდან, რათა დუმილის აღთქმა არ დამერღვია. მაგრამ მიწაზე დავდგი თუ არა ფეხი, მაშინვე ავლაპარაკდი. აღგზნებული ვუყვებოდი გოგონებს ჩვენი ნაციონალური სიამაყის _ საუდის არაბეთის სიმდიდრის სიმბოლოს შესახებ.

ტერმინალის შენობა არაჩვეულებრივი ნაგებობა გახლდათ. ასეთივე საინტერესო იყო იგი შიგნიდანაც. თავიდან ხმადაბლა ვსაუბრობდი, შემდეგ კი, აზარტში შესულმა, ნელ-ნელა ავუწიე ხმას. ვუყვებოდი ბავშვებს, როგორი თანამედროვე დიზაინითაა აგებული ტერმინალი, რომლის მშენებლობაში პროგრესულად მოაზროვნე ინჟინრებმა მიიღეს მონაწილეობა. სწორედ ამის გამო შენობას საერთაშორისო პრემია მიენიჭა. რა თქმა უნდა, მეამაყებოდა, ჩემმა ქვეყანამ თანამედროვე ევროპას რომ აუწყო ფეხი და წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, როცა ადამიანები აქლემებისა და თხების გულისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს.

მე არ ვიზიარებ იმ დასავლელი «გენიოსების» აზრს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არაბეთის წინსვლას ნავთობის აღმოჩენამ შეუწყო ხელი. ნავთობი სხვა ქვეყნებშიც იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ამით წინ არ წაწეულან. მთავარი საიდუმლო იმ ადამიანების გამჭრიახობაში იმალება, რომლებმაც ამ საქმის სწორად წარმართვა შეძლეს, ფინანსების სწორად გადანაწილება. მართალია, ჩემი ქვეყნის მამაკაცებს მკაცრად განვსჯი ქალებთან არაადამიანური მოპყრობის გამო, სამაგიეროდ, ეკონომიკურ საკითხებში მათზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

ისე შევედი აზარტში, ვერც ვიგრძენი, მთელი ხმით რომ გავყვიროდი. ბავშვები მისმენდნენ, მაგრამ მხოლოდ ზრდილობის გულისთვის. სამწუხარო იყო, რომ მომავლ თაობას სულაც არ აინტერესებდა ჩვენი წინაპრების ცხოვრების ისტორია, რანი იყვნენ და როგორ მოვიდნენ დღევანდლობამდე. არადა, ჩვენი გვარი ერთ-ერთი უღარიბესი გვარი იყო თავის დროზე საუდის არაბეთში.

ეჰ, ტყუილად ვილაპარაკე ამდენი! სწორედ ამ დროს გამახსენდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ჩამეტარებინა რიტუალი, როგორც კი სახლში მივიდოდით. ამავდროულად, ვბრაზობდი ბავშვებზე, თავიანთი წინაპრების ცხოვრების ამბავი რომ არ აინტერესებდათ. გულდაწყვეტილს ცრემლები მომადგა და გაბრაზებულმა ვიყვირე.

_ ისინი, ვინც თქვენ მკვდრები გგონიათ, ჩემს გულში დღესაც ცოცხლობენ!

ყველამ გაკვირვებული თვალით გამომხედა, კარიმის გარდა. ჩემმა ქმარმა თავი  ვერ შეიკავა და ახარხარდა. გამანადგურებელი მზერა ვესროლე, ის კი სიცილისგან აცრემლებულ თვალებს ხელის ზურგით იწმენდდა. იმისთვის, რომ ნერვები დამეწყნარებინა, ჩემს ქალიშვილებს მხარზე მოვხვიე ხელი. ვიცოდი, ასე თუ ისე, მათ მაინც ესმოდათ ჩემი.

უეცრად მახამ ტერმინალის გაკრიტიკება დაიწყო.

_ ვის მოუვიდა აზრად, ამ შენობისთვის კარვის ფორმა მიეცა? ესაა თანამედროვეობა? რატომ იქექებიან წარსულში, ახლა ხომ მე-20 საუკუნეა? _ უკვირდა მას.

სამაგიეროდ, ამანის პროჟექტორები მოეწონა. აღტაცებული შეძახილი აღმოხდა, როცა ისინი დაინახა.

კარიმი ამაყად უყვებოდა ჩემს დას და სიძეს ტერმინალის შესახებ. ეს შენობა მსოფლიოში ყველაზე დიდსახურავია შატრიაო, ამბობდა.

ამანი ყველაზე მგრძნობიარედ აღიქვამდა ნანახს. მან ხელზე ხელი მომიჭირა, ტკბილად გამიღიმა და მითხრა:

_ დედიკო, დიდი მადლობა, აქ რომ მოგვიყვანე.

გახარებულმა გადავხედე ბავშვს. ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული!

ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი კეთილი სურვილებით დაწყებული მოგზაურობა, რომელიც ალაჰის სადიდებლად მოვაწყვეთ, ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემს უმცროს ქალიშვილზე, ხოლო მისი მშობლებისთვის კატასტროფულ კვალს დატოვებდა?

 

თავი 5. ამანი

 

ამანის დაბადების დღეს, სამშობიარო ტკივილებს, ჩემთან ერთად, სარაც განიცდიდა, რადგან იგი გვერდით პალატაში იწვა და წუთი-წუთზე მეორე შვილის, ნაშვას გაჩენას ელოდებოდა.

ნაშვა სიტყვასიტყვით «ექსტაზს» ნიშნავს. ამანიმ ჩვენს ოჯახში სიმშვიდე და სიწყნარე შემოიტანა, ნაშვა კი ძალიან ხმაურიანი და აბეზარი გოგონა გამოდგა. სარასა და ასადის ბედნიერ ოჯახში ნაშვა ხშირად ხდებოდა ქაოსისა და არეულობის მიზეზი. რამდენჯერ მითქვამს კარიმისთვის, რომ ნაშვა, წესით, ჩვენი შვილი უნდა ყოფილიყო, რადგან ხასიათით ძალიან მგავდა მე, ხოლო ამანი _ სარასი. ჩემი გოგონა მთლად დეიდამისის ბუნების გამოვიდა. ნუთუ შესაძლებელია, სამშობიაროში ბავშვები ერთმანეთში არეოდათ? იქნებ სრულიად შემთხვევით შეეშალათ და სარას გოგონა მე შემომიყვანეს, ჩემი კი სარას მიუწვინეს გვერდით? ჩვენს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 11 საათი იყო. რადგან სამეფო ოჯახიდან ვიყავით, გვერდი-გვერდ პალატებში მოგვათავსეს. ჩემი აზრით, ასეთ სიტუაციაში ახალშობილები ბებიაქალებს შეშლოდათ, გამორიცხული არ იყო. კარიმი წლების განმავლობაში ცდილობდა, გაეფანტა ჩემთვის ეს სულელური ეჭვი და საბუთად უაზრო სტატისტიკა მოჰყავდა, რომლის თანახმადაც, მსგავსი შემთხვევები უიშვიათესად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ამანის როცა ვუყურებდი, ეჭვი მაინც მიღრღნიდა გულს. მეგონა, რომ ის ჩემი ღვიძლი შვილი არ იყო.

ჩუმ და მელანქოლიურ ამანის ბავშვობიდან წიგნები ერჩივნა სათამაშოებს. ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა ხელოვნებისა და ენებისადმი გამოაჩინა მიდრეკილება. მახასგან განსხვავებით, ის თითქმის არასდროს გვიქმნიდა პრობლემებს. პირიქით, ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული შემოჰქონდა.

შეიძლება ამიტომაც იყო, რომ მისი მგრძნობიარე სული უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე მისი დისა და ძმის.

ერთი უცნაურობაც ახასიათებდა ამანის _ არანორმალურად უყვარდა ცხოველები, რაც, ასაკის მატებასთან ერთად, ბევრჯერ გამხდარა ოჯახის სხვა წევრებთან კონფლიქტის მიზეზი. აბდულა ხშირად დაჰყავდა მამამისს სანადიროდ. ამას გოგონა მტკივნეულად განიცდიდა. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, იგი შეპარულა მამამისის სანადირო ოთახში და დაუმალავს კარიმის აღჭურვილობა, ერთი-ორჯერ ნაგავშიც კი მოისროლა მამის ძვირად ღირებული სანადირო იარაღები. ეს ჰუმანური, მაგრამ საშიში სახასიათო შტრიხი ადრეულ ასაკში გამოავლინა გოგონამ. ამანის წყალობით, ჩვენი სახლი სხვადასხვა ჯიშის და სახეობის უპატრონო ცხოველებით გაივსო.

ევროპელებისგან განსხვავებით, არაბების უმრავლესობა არ განიცდის ცხოველების მიმართ განსაკუთრებულ შეჩვევას. სინდისის ქენჯნის გარეშე აშიმშილებენ და აწამებენ კატებსა და ძაღლებს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დაძრწიან. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, საუდის არაბეთის ხელისუფლების პოლიტიკით, აქტიურად დაიწყეს ცხოველთა დევნა. იჭერდნენ უპატრონო ძაღლებს და კატებს, გაჰყავდათ ისინი უდაბნოში და იქ ტოვებდნენ, სადაც შიმშილით ძვრებოდათ სული.

მე ყოველთვის ამანის მხარეს ვიყავი და ვიცავდი მას, როცა მორიგ ცხოველს მოგვაყენებდა სახლში, სამაგიეროდ კარიმის და დანარჩენი ბავშვების აღშფოთებას არ ჰქონდა საზღვარი. არადა, ამანი ისე ექცეოდა მათ, როგორც ძვირფასი ჯიშის ცხოველის იშვიათ ეგზემპლარებს. თუკი რომელიმე მათგანი მაინც მოკვდებოდა, გოგონა მთელი რიტუალის ჩატარებით მარხავდა სახლის გვერდზე, ბაღში. მათ კი, რომელიც გადარჩებოდა, სათუთად უვლიდა და გვერდიდან არ იშორებდა, არც შინ და არც ქუჩაში. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ამანის ეს ცხოველები უფრო უყვარდა, ვიდრე ოჯახის სხვა წევრები.

კარიმმა გოგონასთან რომ ვერაფერი გააწყო, ორი ტაიტელი დაიქირავა, რომლებსაც ცხოველებისთვის უნდა მოევლოთ. ჩემმა ქმარმა ჭკუა იხმარა და გადაწყვიტა, ჩვენი ვილის გვერდით საკუთარი ზოოპარკი გაეშენებინა.

ასეც მოიქცა. მალე ზოოპარკისთვის გამოყოფილი ტერიტორია სპეციალური გალიებით იქნა აღჭურვილი. გალიები თანდათან შეივსო ეგზოტიკური ჯიშის ცხოველებით. კარიმი იმედოვნებდა, რომ საკუთარი ზოოპარკი ამანის დაავიწყებდა ქუჩის მაწანწალა ძაღლებს და მთელ ყურადღებას ეგზოტიკურ ცხოველებზე გადაიტანდა.

ზოოპარკის გვერდით, მიწის პატარა ნაკვეთზე, მან სპეციალური სათავსოც გააკეთა, სადაც ჩვენი ქალიშვილის მოყვანილი ძაღლები და კატები შეამწყვდია. ამასთან, კატეგორიულად აუკრძალა გოგონას, მისი მაწანწალები კუთვნილ ღობეს გამოსცილებოდნენ. მაგრამ ამანიმ იმდენი იტირა, კარიმს შეეცოდა იგი და ერთი პირობა დაუდო _ აერჩია მათგან 10 საყვარელი კატა და ძაღლი, რომლებსაც სახლის ეზოში თავისუფლად შეეძლებოდათ გავლა-გამოვლა.

ერთხელ შინ დაბრუნებული კარიმი უცნაურ სცენას შეესწრო. მეზობელთან მომუშავე სამი ფილიპინელი ჩვენს ზოოპარკში მომუშავე ერთ ტაიტელს ჩანთას აძლევდა, რომელშიც 5 კატა იყო ჩასმული.

_ რა ხდება აქ? _ იყვირა ჩემმა ქმარმა.

შეშინებული ფილიპინელები ალუღლუღდნენ. ბოლოს ერთმა მათგანმა მცირე ზომის აფიშა გაშალა, რომელიც ჯიბეში ედო და კარიმს თვალწინ აუფრიალა.

_ თითო კატაში ან ძაღლში 100 რიალს იხდიანო, გვითხრეს და ამიტომაც მოვიყვანეთ, _ იმართლეს თავი.

გადაირია კარიმი. გამოჰკითხა მოსამსახურეს, საიდან მოიტანეს ფილიპინელებმა ეს სისულელე.

_ მაპატიეთ, ბატონო, ამანიმ მთხოვა, ეს აფიშები ახლომახლო სახლების კედლებზე გამეკრა. უარს როგორ ვეტყოდი? მე ხომ მისი ცხოველების მოსავლელად ვარ დაქირავებული, _ კანკალებდა ჩვენი ტაიტელი მომვლელი.

ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. როცა ჩემმა მეუღლემ მალულად მოყვანილი ცხოველების რაოდენობა დაითვალა, აღმოჩნდა, რომ ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ჩვენს სახლში 40-მა კატამ და 12-მა ძაღლი დაიდო ბინა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი საკვები დასჭირდება ამ რაოდენობის ცხოველს, ზოოპარკის ბინადრებზე რომ არაფერი ვთქვათ.

როგორც გავიგეთ, კატებს ამანი წითელ ზღვაში დაჭერილი თევზით კვებავდა, ხოლო ძაღლებს ხორცს უზიდავდა ყველაზე ძვირიანი მაღაზიიდან, რომელიც ავსტრალიიდან მარაგდებოდა. ფულს კი ჩვენი გოგონა ყოველკვირეული საოჯახო ბიუჯეტიდან იღებდა. ეს თანხა პატარა ზარდახშაში ინახებოდა, რომელიც სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე იდო და განკუთვნილი იყო მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც ბაზრიდან ჩვენთვის პროდუქტების მოტანა ევალებოდათ. ჩვენი ოჯახური დანახარჯი ყოველთვის იმდენად უზარმაზარი იყო, რომ ბუღალტერმა ვერც კი შენიშნა, გოგონა რამდენს ხარჯავდა ცხოველებისთვის.

როცა ეს ამბავი გაიგო, კარიმს კარგა ხანს ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. იგი ორი დღე და სამი ღამე შინ არ დაბრუნებულა. მოგვიანებით გავიგე, რომ თავის მშობლებთან წასულა და მათთვის უთქვამს _ სამდღიანი დასვენება მჭირდება, უნდა მოვშორდე ჩემს ქალებს, თორემ იძულებული გავხდები, გავამგზავრო სამივე იქ, სადაც ჯერ არს!

სანამ კარიმი არ იყო, ვიფიქრე, რაღაცას მოვიფიქრებ, იქნებ ბავშვს ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო-მეთქი. გვერდით მოვისვი და საუბარი გავუბი. როცა ყველაფერი ვათქმევინე, დავემუქრე, თუ ასე გააგრძელებ, ფსიქიატრთან წაგიყვან-მეთქი. ცოტა არ იყოს, შეშინდა და გარკვეული დროის განმავლობაში მისი ცხოველებით გატაცება შედარებით ჩაწყნარდა.

მახსენდება ერთი ეპიზოდი, რომელიც ჩემს ძმას, ალის უკავშირდება. მას ეზიზღება ცხოველები და ამის გამო გამუდმებით შენიშვნას გვაძლევდა ამანის გამო. გვეუბნებოდა, არც ერთი პატივცემული მუსულმანი არ მოისურვებს, თქვენი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯოს, რადგან ამ ეზოში თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელიაო.

ერთხელაც ალი სტუმრად გვეწვია. ეზოში შემოსული არ იყო, რომ მოსამსახურეს დაუძახა, ჩემი მანქანა გარეცხეო. სწორედ ამ დროს ბუჩქებიდან ამანის ერთ-ერთი საყვარელი ძაღლი ნაპოლეონი გამოძვრა და ალის ზედ ტანსაცმელზე შეახტა. ჩემმა ძმამ არც აცია, არც აცხელა და საცოდავ ძაღლს წიხლი ჩააზილა ფერდში. იკივლა ამანიმ, მივარდა ბიძამისს, დაუწყო მკერდზე მუშტების ცემა და გაოგნებულ კაცს გამწარებულმა სახე ფრჩხილებით ჩამოუკაწრა.

შეურაცხყოფილმა ალიმ გაბრაზებულმა დატოვა ჩვენი სახლი. ეზოდან გასული მრისხანედ გაჰყვიროდა, ჩემი და არათუ ჭკუიდან შეირყა, შვილებიც კი არანორმალურები გააჩინა, რომლებსაც ადამიანების გვერდით ყოფნას, ცხოველებთან გართობა ურჩევნიათო.

იმ დღიდან ისევე ვერ იტანდა თავის ბიძას ამანი, როგორც მე ვერ ვიტანდი ჩემს ძმას, როცა მისი ტოლი ვიყავი.

მუსლიმანური რწმენის მიხედვით, ძაღლები უწმინდური ცხოველები არიან. სწორედ ეს იყო მიზეზი ალის განსაკუთრებული ზიზღისა და რისხვის. ისლამის მიხედვით, აუცილებლად შვიდჯერ უნდა გაირეცხოს ჭურჭელი, რომლიდანაც ძაღლმა წყალი დალია. ამასთან, პირველი გარეცხვისას წყალს მიწა უნდა ჰქონდეს შერეული.

კარიმი ერთობ შეაშფოთა ამ ამბავმა. მას სულაც არ სიამოვნებდა ცოლისძმასთან ცხოველების გამო დამდურება, ამიტომაც აიძულა ამანი, დაერეკა ბიძამისისთვის და ბოდიში მოეხადა.

მიუხედავად ამისა, ჩემი ძმა ორი თვე არ გამოჩენილა ჩვენთან. შემდეგ კი, როცა გადაწყვიტა, მოსულიყო, წინასწარ დაგვირეკა და გაგვაფრთხილა, მისი სტუმრობის პერიოდში ძაღლები დაბმული ყოფილიყვნენ, განსაკუთრებით _ ნაპოლეონი.

ალი რომ გვეწვია, შიშით ვადევნებდი თვალს ამანის, ვაითუ, ბიძამისს კვლავ აუშარდეს-მეთქი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გოგონამ ბიძას თბილად გაუღიმა და გრეიპფრუტის წვენი შესთავაზა. სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ალიმ აღნიშნა, რომ მართლაც ძალიან წყუროდა და წვენზე უარს არ იტყოდა.

ცოტა ხანში ამანიმ მართლაც შემოიტანა გრეიპფრუტის წვენი და ბიძამისს მიაწოდა. მე სიამაყისგან ვბრწყინავდი, როცა ვუყურებდი, როგორ აწვდიდა ჩემი ლამაზი ქალიშვილი ბიძას წვენით სავსე ჭიქას.

ალიმ კარგა ხანს დაჰყო ჩვენთან და წავიდა. როცა ძმა გავაცილე და შინ შემოვბრუნდი, ამანის საძინებლიდან არანორმალური ხარხარის ხმა შემომესმა. გულგახეთქილი შევვარდი მასთან. გოგონა სიცილით იჭაჭებოდა. ჩემთან ერთად, მოსამსახურეებიც შემოცვივდნენ ოთახში.

_ რა გაცინებს, შვილო, რა მოხდა ასეთი? _ დავინტერესდი.

_ სამაგიერო გადავუხადე! _ სვენებ-სვენებით წარმოთქვა გოგონამ, _ ჭიქა, რომელითაც ბიძაჩემს მოვუტანე, ჯერ ნაპოლეონს გავალოკინე შიგნიდან და წვენი მერე ჩავასხი!

ამ ამბავმა გამაოგნა. მოსამსახურეები კმაყოფილები ფხუკუნებდნენ, რადგან არც მათ უყვარდათ ალი. ვცდილობდი, მკაცრი გამომეტყველება შემენარჩუნებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და მეც სიცილი ამიტყდა. მიუხედავად ამისა, ამანი მკაცრად გავაფრთხილე, არასდროს წამოცდენოდა ალისთან ეს ამბავი, თორემ გული გაუსკდებოდა.

საღამოს კარიმს ღიმილით მოვუყევი მომხდარის შესახებ, მეგონა, მასაც გაეცინებოდა, მაგრამ ისეთი გამგმირავი მზერა მესროლა, ღიმილი სახეზე შემაშრა.

_ მე მგონი, ვერც შენ ხარ სრულ ჭკუაზე, _ უხეშად მომახალა.

_ კარგი რა, განა რა მოხდა ასეთი. ეს პატარა ხუმრობა იყო და მეტი არაფერი, _ შვილის გამართლებას შევეცადე.

_ ახლა კარგად მომისმინე, სულთანა! ამ ბავშვის თავხედობა უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ამიტომ გიბრძანებ, დასვა და დაელაპარაკო! არავითარი ცხოველები! არავითარი უპატრონო ძაღლები და კატები! უკვე მანიაკობაში რომ გადასდის შენს ქალიშვილს ეს ყველაფერი, ვერ ამჩნევ?

სანამ საპასუხოდ რამეს ვეტყოდი, კარიმმა შიდა ტელეფონით დარეკა და ამანის უბრძანა, სასტუმრო ოთახში შემოსულიყო.

გოგონამ მხიარული გამომეტყველებით შემოირბინა და თავისი შავი თვალები მამას მიანათა.

_ ამანი, მითხარი ერთი, რა არის შენი ცხოვრების მიზანი? _ დაეკითხა კარიმი.

მანაც, ბავშვური გულუბრყვილობით, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა მამას:

_ რაც შეიძლება მეტი ცხოველი გადავარჩინო ადამიანებისგან.

_ ცხოველების გადარჩენა _ ეს მდიდარი ამერიკელებისა და ევროპელების ამპარტავნული გართობის სტილია, სხვა არაფერი! _ ბრაზიანად წარმოთქვა ჩემმა ქმარმა, შემდეგ ჩემკენ გამოიხედა ისე, თითქოს მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე და გააგრძელა, _ სულთანა, მეგონა, შენი შვილი უფრო გონიერი იქნებოდა!

ამანის თვალები ცრემლით აევსო და ნებართვა ითხოვა, ოთახიდან გასულიყო.

კარიმი მიხვდა, ზედმეტად სასტიკად რომ გამოუვიდა და ტაქტიკის შეცვლა განიზრახა. მან მთელი სერიოზულობით მიმართა ქალიშვილს.

_ ამანი, აბა მითხარი, რას გააკეთებ მერე, როცა ყველა ცხოველს გადაარჩენ?

ბავშვმა ტუჩები მოკუმა და სივრცეს გახედა. მას მამისთვის პასუხი არ გაუცია, მხრები აიჩეჩა მხოლოდ.

კარიმმა შვილის ჭკუის სწავლება გააგრძელა:

_ კარგია, ცხოველები რომ გიყვარს, მაგრამ გადაჭარბებული ზრუნვა მათზე საჭირო არ არის. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების მიზანი. ყველა ცდილობს, ისეთი რამ გააკეთოს, რაც მაგალითის მიმცემი იქნება სხვებისთვის. შენი ოთხფეხა მეგობრებისთვის სხვა უფრო სასარგებლო რამის გაკეთება შეგიძლია, რითაც კეთილშობილურ გავლენას მოახდენ კაცობრიობაზე. შენ უნდა ეძებო ცივილიზაციის გაუმჯობესების სხვა გზები.

ამ განცხადებამ ამანის ღიმილი მოჰგვარა. მან წარბები აზიდა და მამას შეკითხვით მიმართა:

_ საუდის არაბეთში? რა უნდა გააკეთოს ქალმა ამ ქვეყანაში ისეთი, რომ მისი ქმედება ვინმესთვის მაგალითის მიმცემი გახდეს?

კარიმი არ დაიბნა.

_ რატომაც არა? აი, დედაშენისგან აიღე მაგალითი. მან უმაღლესი განათლება მიიღო, მისი თავისუფლება არავისგანაა შეზღუდული, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის შვილია, დღემდე იბრძვის ქალთა უფლებების დასაცავად. განა ეს ცოტაა? შენ ჯერ პატარა ხარ. გავა დრო და გაიზრდება ქალის როლი არაბულ საზოგადოებაში, იგი ბევრად შესამჩნევი გახდება მომავალში, რაშიც თავად დარწმუნდები, როცა გაიზრდები.

კარიმის სიტყვებით გაოცებულმა ვერაფერი ვთქვი. ადრე არასდროს აღუნიშნავს მას, რა აზრის იყო ჩემს ზოგადსაკაცობრიო შეხედულებებზე.

მამა-შვილის საუბარი თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ამანი შეჰპირდა მამას, რომ არა მარტო ცხოველებზე იზრუნებდა, არამედ შეეცდებოდა, უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავებულიყო და ცხოვრების ნამდვილი მიზანიც დაესახა, შემდეგ ნაზად აკოცა მამამისს, ღამე ნებისა უსურვა და დაამატა:

_ საფიქრალი გამიჩნდა.

სანამ კარს გაიხურავდა, გოგონა შემობრუნდა და ჯადოსნური ღიმილით მოგვმართა:

_ მიყვარხარ, მამა… შენც, დედა! _ და გავიდა.

კარიმმა მიიჩნია, რომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია. მან მკლავები მომხვია, გულში ჩამიხუტა და იმ გეგმებზე დამიწყო ლაპარაკი, რომელიც ჩვენი შვილების მომავალ კეთილდღეობას განსაზღვრავდა.

 

8 8 8

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო, რომელიც მახას ფსიქიკური აშლილობით «დაგვირგვინდა». იმ მტკივნეული პერიოდის განმავლობაში მარტოსული ამანის გვერდით არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც მას უფრო შესაფერისი ცხოვრებისეული მიზნის არჩევაში დაეხმარებოდა. ახლა, როცა ვაანალიზებ ამანის ფსიქოლოგიას და მის ინტერესებს, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი უმცროსი ქალიშვილი თავისი ბუნებით სწორედ იმ საშიში ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ფანატიკოსებს ვუწოდებთ. სწორედ ამიტომ, სანამ მექაში ჩავიდოდით, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. თავს ხომ არ მოვახვიე ჩემს შვილს ისეთი სერიოზული რელიგიური რიტუალი, როგორიც ჰაჯია. ამანი მხოლოდ 14 წლის იყო, გარდატეხის ასაკის ყველაზე რთულ ეტაპზე იმყოფებოდა.

მე და კრიმი ვამჩნევდით, როგორ შეიცვალა ამანი მექაში მოგზაურობის პერიოდში. მისთვის თითქოს ახალი საიდუმლო გამჟღავნდა, აქამდე დაფარული იდუმალი რამ, რომელმაც მთლიანად შეძრა ბავშვის სული.

 

8 8 8

ჯიდადან დილით ლიმუზინით გავემგზავრეთ მექასკენ, მუჰამედის ყველაზე წმინდა ქალაქში. მანქანაში კონდიციონერი იყო ჩართული. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჰაჯიში ვმონაწილეობდი და თან მთელი ჩემი ოჯახი მახლდა _ მეუღლე და შვილები. მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა ჩემი გრძნობები, მაგრამ ვხედავდი, ჩემთვის არავის ეცალა. კარიმს თვალები დაეხუჭა და არავის უყურებდა. დარწმუნებული ვიყავი, ამწუთას თავის სიზმარზე ფიქრობდა. მახა და აბდულა ერთმანეთში რაღაცას ჩურჩულებდნენ, ამანი კი მედიტაციის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის კი არა, მომეჩვენა კიდეც, თითქოს ჩემი გოგონა ზეციური შარავანდედით იყო გასხივოსნებული.

კმაყოფილმა გავიღიმე და ამანის ხელზე მოვეფერე. მიხაროდა _ კარგი საქმე გავაკეთე, მთელი ოჯახი შევკრიბე და წმინდა მსვლელობას ყველანი ერთად შევუერთდით-მეთქი.

 

 

მალე მივედით ქალაქში, რომელსაც ერთი მხრიდან იბრაჰიმის ველი აქვს გარშემორტყმული, ხოლო აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით მთის მასივები ესაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ მექას მკაცრი ლანდშაფტი, ძირითადად, გრანიტის მონოლითებისგან შედგება, მაინც ძალიან ლამაზი ქალაქია და იგი ყველა მუსლიმანს უყვარს.

სიმღერა წამოვიწყე:

_ აი, მე აქ ვარ, ო, ალაჰ! აი, მე აქ ვარ!

სამლოცველო მეჩეთის კედელთან ჩვენს ოჯახს დახვდა სპეციალურად დანიშნული გამცილებელი, რომელიც ჰაჯის ყველა რიტუალის გავლაში უნდა დაგვხმარებოდა და ჩვენი იმამის როლს შეასრულებდა ლოცვების დროს.

მე და სარა გოგონებთან დავრჩით, კარიმი და ასადი კი ბიჭებთან ერთად წავიდნენ. სანამ ჩვენ მეჩეთის კიბეზე ავდიოდით, ჩვენ გარშემო სხვები ალაჰისადმი მიძღვნილ ლოცვას კითხულობდნენ. მეჩეთში შესვლამდე ფეხზე გავიხადეთ და ლოცვა ჩვენც წარმოვთქვით:

_ ალაჰ! შენ სამყარო ხარ და სამყარო შენგან წარმოიშვა. ო, ალაჰ! გვიწყალობე მშვიდობა და გვაჩუქე სამყარო.

სამლოცველოში, წესისამებრ, პირველად მარჯვენა ფეხი შევდგით. უზარმაზარ შიდა ეზოში რომ მოხვდე, 7 ჭიშკარი უნდა გაიარო. ყველა ჭიშკარს არნახული რაოდენობის ხალხი აწყდება. მეჩეთის ირგვლივ თეთრი მარმარილოს სვეტებია აღმართული, რომელიც სიმაღლით თითქოს ცას სწვდება. შიდა ეზო მთლიანად წითელი ხალიჩებითაა დაფარული, რომლებზეც ფეხმორთხმით სხედან მორწმუნეები და ლოცვებს კითხულობენ.

გაისმა მოლას შეძახილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას სალოცავად გვიხმობენ. ეზოს ნაწილი სპეციალურად ქალებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მე, სარა და გოგონები კაცების უკან დავდექით, რომლებიც უკვე ლოცულობდნენ. თითქოს დამცირებულად ვიგრძენი თავი. მე ხომ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ვარ, ალაჰისთვის კი ისეთივე უბრალო მოკვდავად მოვიაზრები, როგორც აქ მყოფი სხვა მუსლიმანები. ჩვენ ირგვლივ უამრავი ღარიბი ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ ალაჰისთვის ისინი ისეთივე მდიდრები იყვნენ, როგორც ჩვენ.

ლოცვის დამთავრების შემდეგ ქააბისკენ გავემართეთ, ქვის ნაგებობისკენ, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი აქვს. ქააბი სიმაღლით 50 ფუტია, ხოლო სიგანით _ 30 და იგი წმინდა მეჩეთის ცენტრში მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც იბრაჰიმმა, იუდეველთა და ქრისტიანთა სამყაროში აბრამად ცნობილმა, პირველად ააშენა ღვთის სადიდებელი სახლი. ყურანში ალაჰი ამბობს:

«პირველი ღვთის სახლი, რომელიც ხალხისთვის აღიმართა, მექაში მდებარეობს».

სწორედ ამ შენობისკენ, დღეში ხუთჯერ, მილიარდობით ადამიანი მიაპყრობს მზერას, რათა ილოცოს ალაჰისთვის. ქააბის ფასადზე უზარმაზარი შავი ხავერდის ნაჭერია გადმოფენილი, რომელზეც ოქროს ასოებითაა ამოქარგული ლექსები ყურანიდან. ვიცოდი, რომ ჰაჯის დამთავრების შემდეგ ამ ნაჭერს ჩამოხსნიდნენ და მას სხვა, სპეციალურად ამ რიტუალისთვის შეკერილი ქსოვილით შეცვლიდნენ. ბევრი მომლოცველი მზადაა, დიდი ფული გადაიხადოს, ოღონდ კი ამ ნაჭრის პატარა ნაგლეჯი მაინც შეხვდეს და მექაში მოგზაურობის გასახსენებლად, შინ წაიღოს.

ქააბის კუთხეში დევს დიდი შავი ქვა, რომელიც მუსლიმანის ალაჰისადმი სიყვარულის გამოხატულების სიმბოლოა. ვერცხლში ჩასმულ შავ ქვას წინასწარმეტყველი მუჰამედი თაყვანს სცემდა. ჩვენი წინასწარმეტყველების ხადიტებში, ანუ მოძღვრებებში ნათქვამია, რომ მუჰამედმა აკოცა შავ ქვას, როცა ეხმარებოდა მორწმუნეებს ქააბში მისი შემოტანის დროს. ამ მიზეზით, ეს ქვა ყველა მუსლიმანისთვის განსაკუთრებით წმინდა ნივთია.

ჩვენი მოლოცვის შემდეგი რიტუალი ტავაფია, ანუ ქააბის გარს შემოვლა სპეციალურად მოკირწყლული გზით.

დავდექით ქააბის მარცხენა კედელთან და წარმოვთქვით:

_ ალაჰი დიდია. ალაჰ, გვიბოძე წყალობა და გვიხსენი ცოდვილები ტანჯვისგან!

რიტუალის დამთავრების შემდეგ კარიმი დავინახე. მან ხელით გვანიშნა და თავისთან გვიხმო. გაგვიმართლა. კარიმმა ისე მოახერხა, რომ შემდეგი რიტუალის აღსასრულებლად ადვილად შეგვეღწია ქააბის შიგნით.

ჩემს ოჯახთან ერთად ავუყევი მოძრავ კიბეს, რომელიც სპეციალურად მოიტანეს, რათა შევსულიყავით ქააბის კარში, რომელიც დედამიწიდან ძალიან მაღლა, ლამის ცის კიდეზეა გამოკიდული.

კარის შიდა მხარეს ვერცხლის ასოებით ყურანის ლექსებია ამოტვიფრული. ქააბის შიგნით მუსლიმანური სამყაროს ყველაზე წმინდა ადგილი მდებარეობს. იქ ძალიან ბნელა, ამიტომ ყველა კუთხეში ვჩერდებოდი და ალაჰს შევთხოვდი, განედევნა სატანა მახას სხეულიდან და დაელოცა ჩემი ოჯახის სხვა წევრები. ასევე, შევთხოვე უფალს, მშვიდობა ჰქონოდა ყველა მუსლიმანს და არასდროს განმეორებულიყო ომი, რომელიც ახლახან დამთავრდა სპარსეთის ყურეში. ლოცვაში მოვიხსენიე არაბი მამაკაცებიც და ვისურვე, ისინი ღირსეულად მოქცეოდნენ თავიანთ ქალებს და არ შეეზღუდათ მათი თავისუფლება.

მოულოდნელად სლუკუნის ხმა შემომესმა. სიბნელეში ძლივს გავარჩიე ბავშვის სახე და გავოგნდი. ის ჩემი ქალიშვილი ამანი აღმოჩნდა. იგი შესთხოვდა ალაჰს, დახმარებოდა მას ადამიანურ სისუსტეებთან და ბოროტებასთან ბრძოლაში, დახმარებოდა ყველა ავადმყოფს და ეხსნა ყველა ცოდვილი დედამიწის ზურგზე.

ჩემს შვილს თვალები ჩასწითლებოდა, არც კი გაუგია, ხელი რომ გადავხვიე და გულზე მივიკარი, იმდენად იყო ჩაფლული ლოცვაში.

ქააბის დატოვების შემდეგ გავემართეთ იმ ქვისკენ, რომელზეც ქააბის აშენების დროს იბრაჰიმი იყო შემომდგარი. იქაც ორი ლოცვა აღვავლინეთ. თან ვლოცულობდით, თან მუხლებზე დაცემით თაყვანს ვცემდით ალაჰს.

შემდეგ დავტოვეთ მეჩეთის სამლოცველო და სხვა რიტუალების შესასრულებლად გავემართეთ. მივუახლოვდით იმ ადგილს, რომელსაც გარბენის ადგილი ჰქვია. იგი დღეს მხოლოდ ნანგრევებს წარმოადგენს.

სარა და მე კვლავ დავშორდით ჩვენს კაცებს.

სწორედ ამ ნანგრევებთან შეჩერდა სარასა და ჰაჯარს დადევნებული იბრაჰიმი. სწორედ ამ ადგილას დართო მან ნება ჰაჯარს, გაეგრძელებინა გზა ვაჟთან, ისმაილთან ერთად, თვითონ კი სარასთან ერთად პალესტინისკენ გაემართა. ქრისტიანებმა და ებრაელებმა იციან, რომ იბრაჰიმის შთამომავლებმა, ერთის მხრივ, პალესტინაში იუდეველთა რწმენას დაუდეს სათავე, ამავდროულად, შთამომავალთა მეორე შტომ მექაში ისლამს ჩაუყარა საფუძველი.

სწორედ ამიტომაა, რომ ორი უდიდესი რელიგია _ იუდაიზმი და ისლამი ამ დიდი ადამიანის, იბრაჰიმის სახელთანაა დაკავშირებული.

ჰაჯარმა და ისმაილმა გადალახეს უდაბნო. მათ არაფერი ჰქონდათ თან, გარდა ფინიკით სავსე ხურჯინისა. სასოწარკვეთილმა ჰაჯარმა, რომელიც შვილისთვის წყალს ეძებდა, ორ ბორცვს შორის გაირბინა. ამ დროს მოხდა საოცრება _ ანგელოზმა ჯაბრაილმა წყლით აავსო ჭა, რომლის თავთანაც ისმაილი იდგა. ასე გადაარჩინა ალაჰმა ჰაჯარი და ისმაილი. ამ წყაროს ზამზამის სახელი დაერქვა და დღემდე არ დამშრალა. დღესაც სუფთა და კამკამა წყლითაა სავსე.

ის გზა, რომელიც ჰაჯარმა მცხუნვარე მზის ქვეშ გაიარა, ჩვენ კონდიციონერებით გაგრილებული გალერეის გავლით უნდა გაგვევლო. ამ ადგილის ასე კეთილმოწყობა ჩემი ოჯახის მამაკაცების დამსახურებაა, რათა ჰაჯის დროს ნაკლებად დაზარალებულიყო ხალხი. მოხუცებს, ავადმყოფებს და დავრდომილებს ორ ბორცვს შუა შვიდჯერ უნდა გაერბინათ. ამიტომაც ხშირი იყო მზის დარტყმის და გულის შეტევების შემთხვევები. გალერეაში მინიშნებებია ჩამოკიდებული, როდის უნდა გაირბინონ მამაკაცებმა და როდის უნდა გაიარონ ნელი ნაბიჯებით მაშინ, როდესაც ქალებმა მხოლოდ უნდა გაიარონ. მათ გარბენა არ ევალებათ. სარიტუალო მსვლელობისას მომლოცველები ყურანის ლექსებს წარმოთქვამენ და მღერიან: «ალაჰი დიდია». შვიდი წრის შემდეგ მე და ჩემმა ქალიშვილებმა ზამზამის წყალი დავლიეთ და დავნამეთ ჩვენი ტანსაცმელი. წყარო უკვე აღარ ჩანს, რადგან მომლოცველებს წყალი ასობით ონკანიდან ესხურება, რომლებიც მარმარილოს თაღებშუაა განთავსებული.

უკვე ვაპირებდით წყაროს დატოვებას, როცა მომლოცველებში ჩოჩქოლი ატყდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია, ინდონეზიის მომლოცველთა ჯგუფს მივუახლოვდი და ინგლისურად ვკითხე, რა ხდება-მეთქი. ერთ-ერთმა მიპასუხა:

_ სამი მამაკაცი ჭყლეტაში მოყვა, რომელთაგან ორი გარდაიცვალა.

შიშისგან ლამის გული გამისკდა. კარიმის სიზმარი გამახსენდა. ნუთუ აუხდა ღამის კოშმარი?

გოგონებთან და სარასთან მივირბინე. შეძრწუნებული სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. სარამ მხრებში ჩამავლო ხელი, შემაჯანჯღარა და მიყვირა, გასაგებად გვითხარი, რა მოხდაო.

_ კარიმი! მითხრეს, სამი მამაკაცი გადათელესო. კარიმის მეშინია! _ როგორც იქნა, ამოვთქვი.

გოგონებმა იფიქრეს, რომ მე ჩემი თვალით დავინახე ქმრის სიკვდილი და ატირდნენ, სარამ კი ახსნა მომთხოვა, რატომ ვიფიქრე ასე.

ამოვისლუკუნე:

_ სიზმარი! კარიმმა სიზმარი ნახა, როგორ გადათელეს ჰაჯის დროს. ამწუთას კი მითხრეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც კარიმი იდგა, ჭყლეტა მოხდა და სამი კაცი დაიღუპა.

ამის გაგონებაზე სარაც ისტერიკაში ჩავარდა.

გადავწყვიტეთ, სამად გავნაწილებულიყავით და ჩვენი კაცების ძებნა დაგვეწყო. სწორედ ამ დროს დავინახეთ, როგორ გამოატარა ხალხმა ორი, თეთრ ზეწარგადაფარებული საკაცე, რომელზეც მიცვალებულები ესვენა. კივილით გავქანდი იქითკენ და ჯერ ერთ მიცვალებულს გადავხადე ზეწარი, მერე მეორეს.

მუშები, რომლებიც ცხედრებს მოასვენებდნენ, მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდნენ. არ იცოდნენ, კიდევ რა იყო მოსალოდნელი ქალისგან, რომელიც აშკარად გიჟის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მიცვალებულთაგან კარიმი არც ერთი არ აღმოჩნდა. ორივე ხანში შესული მამაკაცი იყო. ვიდექი ზეწრით ხელში, ვიცინოდი  და მთელი ხმით გავყვიროდი, რომ არ ვიცნობდი გარდაცვლილს. სწორედ ამ მომენტში წამომადგნენ თავს კარიმი, ასადი და ჩვენი ბიჭები, რომლებიც თურმე ქალის კივილის ხმაზე ამბის გასაგებად გამოეშურნენ.

კარიმი თვალებს არ უჯერებდა. მისი ცოლი ცხედრის წინ იდგა და შეშლილივით იცინოდა. მან ხელი მტაცა და იქაურობას გამარიდა.

_ სულთანა შენ რა, გაგიჟდი?

სარამ მაშინვე აუხსნა, რაც მოხდა და კარიმი ცოტათი დაწყნარდა. რადგან ხალხი უკვე ეჭვის თვალით მიყურებდა, იძულებულები გავხდით, იქაურობა დაგვეტოვებინა. ასადმა აუხსნა დაცვას, რა სიტუაციაც შეიქმნა. ისიც უთხრა, ჩვენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები რომ ვიყავით და გარდაცვლილების ოჯახებს, კომპენსაციის სახით, 3000 საუდის რიალი გადასცა. იქვე მოკლედ აუხსნა ყველას, რატომ ამიტყდა სიცილი მიცვალებულთა ცხედრებთან და ყველას ბოდიში მოუხადა. ამით მან აღელვებული ხალხის ნაკადი დააწყნარა.

ჰაჯის რიტუალის პირველი დღე ასე დასრულდა და დავბრუნდით ჯიდაში, ჩვენს სასახლეში…

 

დიდხანს ვუყვებოდით ერთმანეთს დღის შთაბეჭდილებებზე. მხოლოდ ამანი იყო უცნაურად ჩუმად, ერთხელაც არ ამოუღია ხმა.

ამან, ცოტა არ იყოს, შემაშფოთა. კარიმი დავიმარტოხელე და გავუმხილე ჩემი შიშის მიზეზი.

_ არ მიგიქცევია ყურადღება? არ გეჩვენება, რომ მთელი დღის განმავლობაში უცნაურად იქცეოდა? ვგრძნობ, რომ რაღაც სტანჯავს. არ მომწონს მისი სიჩუმე.

კარიმმა დაღლილი ხმით მიპასუხა:

_ სულთანა, ნუ ეძებ საშიშროებას იქ, სადაც არ არის! ის ჰაჯიში მონაწილეობს. რა, არ იცი, რომ მომლოცველები ჩაძირულები არიან თავიანთ ფიქრებში? _ შემდეგ კი, თითქოს გაბოროტებული ტონით დაამატა, _ შენებისგან განსხვავებით, სულთანა!

ის გაჩუმდა და ისეთი გამანადგურებელი მზერა მესროლა, მივხვდი, მარტო დარჩენა სურდა.

ქმარი ბიბლიოთეკაში დავტოვე და მახას მოსაძებნად წავედი, მაგრამ ის უკვე დაწოლილიყო და ეძინა. ვერც აბდულას მივაგენი. სარას გაჰყოლოდა მის ვილაში.

საშინლად მარტოსულად ვიგრძენი თავი…

 

ამანის განწყობილებამ ლავანი მომაგონა, კარიმის ბიძაშვილი მამის მხრიდან. ის შვეიცარიაში, ჟენევის სკოლაში სწავლობდა. მშობლების ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომა აღმოჩნდა. ჟენევაში ყოფნისას ლავანმა იქაურ ბიჭებთან გააბა ურთიერთობა და თავი მოჭრა ოჯახს. გარდა სქესობრივი კავშირისა, გოგონამ კოკაინის მოხმარებაც დაიწყო. ერთ საღამოს, როცა ის თავისი ოთახიდან ჩუმად იპარებოდა, დირექტორმა დაიჭირა. მან მაშინვე დაურეკა ლავანის მამას საუდის არაბეთში და მოსთხოვა, სასწრაფოდ ჩამოსულიყო შვეიცარიაში, რათა თავისი გზას აცდენილი შვილი წაეყვანა. ლავანის მამამ თან ორი ვაჟი წაიყვანა და ჟენევაში გადაფრინდა.

გოგონა ერთ-ერთ ნარკოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს. ექვსი თვის შემდეგ, როცა მკურნალობის კურსი გაიარა, ჩამოიყვანეს არაბეთში. შერცხვენილმა ოჯახმა მისი დასჯა გადაწყვიტა. ლავანი გამოკეტეს ცალკე ოთახში. გოგონა იქ უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ თავის დანაშაულს არ შეიგნებდა და სინანულს არ იგრძნობდა.

როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე სამირა გამახსენდა, ჩემი დის ტაჰანის საუკეთესო მეგობარი. სამირა ლამაზი და ჭკვიანი გოგონა იყო. ერთ დროს ისიც ასე გამოკეტეს «ქალთა ოთახში». ლავანისგან განსხვავებით, სამირამ დღის სინათლე ვერ იხილა, მას იმ ოთახში ამოხდა სული.

რატომღაც, მეგონა, მამა აპატიებდა ლავანის დანაშაულს, რადგან ის რბილი ხასიათის ადამიანი იყო, მაგრამ შევცდი. გადიოდა თვეები და გოგონას გარეთ არ უშვებდნენ. ის ყვიროდა, ტიროდა, პატიებას ითხოვდა. ამბობდა, რომ შეიგნო თავისი დანაშაული და მზად არის, გამოსწორდეს, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა.

ჩვენ ხშირად დავდიოდით მის სახლში, კართან ავიტუზებოდით და ველაპარაკებოდით, ჩუმად კარის ქვეშ შევუცურებდით ხოლმე წიგნს, რათა წაეკითხა და როგორმე გული გადაეყოლებინა.

დრო გადიოდა. გოგონამ ლოცვები გააძლიერა. თანდათან ისეთი მორწმუნე გახდა, რომ უკვე ხილვები და ჩასმენები დაეწყო. ეს უკვე აღარ მომეწონა. ერთხელ მე და დედამისი შევესწარით, როგორ უყვიროდა ის ალაჰს, თითქოს მართლაც ერთ ოთახში იყვნენ ორივენი და ერთმანეთს ეკამათებოდნენ.

შეშინებულმა დედამისმა ქმარს უთხრა, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი შვილი ჭკუიდან შეიშლებაო. ქმარმა ყურიც არ ათხოვა.

ავდექი და კარიმს მოვუყევი ყველაფერი. მან მამამისს შეატყობინა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. კარიმის მამა შეგნებული ადამიანი იყო. მან ადვილად აუღო ალღო სიტუაციას და მოსთხოვა თავის ვაჟს, გაეთავისუფლებინა გოგონა ტყვეობიდან.

თერთმეტი თვის შემდეგ ლავანი ოთახიდან გამოიყვანეს. თითქოს უნდა დამშვიდებულიყო სიტუაცია, მაგრამ უარესი მოხდა. იმ დღიდან კარიმის ძმის ოჯახში ახალი «ერა» დაიწყო.

ლავანი ისე გადავარდა რელიგიაში, რომ თავისი პრინციპები დააყენა ოჯახში. მისი თქმით, ალაჰს სიმდიდრე და ბრწყინვალება სულაც არ ეპიტნავება, ამიტომ ქალებმა არ უნდა ატარონ ძვირფასი სამკაულები და არ უნდა შეიმოსონ ძვირად ღირებული სამოსით.

ერთხელ მან ხელიდან გამოგლიჯა თავის დებს ფრჩხილების ლაქი და ფერუმარილი, როცა ისინი მაკიაჟის გაკეთებას აპირებდნენ. როცა დედამ ქალიშვილების გაშველება გადაწყვიტა, ლავანი დედას ეცა, ყელიდან ჩამოგლიჯა ძვირად ღირებული ოქროს ჯაჭვი და სამზარეულოში შევარდა, რათა სამკაული კანალიზაციის მილში ჩაეგდო. ძლივს მოასწრეს მისი შეჩერება.

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ოჯახის რამდენიმე წევრმა ამ გაწევ-გამოწევაში სხეულის მრავლობითი ტრავმა მიიღო.

სასახლის ერთ-ერთმა ექიმმა ლავანის რეცეპტი გამოუწერა, მაგრამ გოგონამ ეს რეცეპტი თავზე გადაახია ექიმს.

სიტუაცია უფრო და უფრო უარესდებოდა. ლავანი დრო და დრო თავს ესხმოდა ყველას, ვინც კი იმ მომენტში ხელთ მოხვდებოდა. მახსოვს, ერთხელ სარას ყურის ბიბილო ჩამოახია, საყურე რატომ გიკეთია, ეს ალაჰისთვის შეურაცხმყოფელიაო.

როცა ეს ამბავი გავიგე, მივხვდი, როგორმე თავი უნდა დამეცვა, როცა მათ სახლში მოვხვდებოდი. ამერიკაში ყოფნისას, ამ მიზეზით, გაზის ბალონი შევიძინე, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამომეყენებინა და იგი ყოველთვის ჩანთით დამქონდა.

ჩემდა სამწუხაროდ, მართლაც მომიწია გაზის ბალონის გამოყენებამ.

საღამო ხანი იყო. კარიმის ძმის ოჯახს ვეწვიე, რათა გოგონას მდგომარეობა გამეგო.

თითქოს ჩვეულებრივად იქცეოდა. ჩვენთან ერთად იჯდა სუფრასთან და ნამცხვარს და ჩაის მივირთმევდით, თან ვსაუბრობდით. უეცრად დავინახე, როგორ აწრიალდა, თვალები აენთო და სახის გამომეტყველება შეეცვალა. შემდეგ ყვირილი მორთო, დედაჩემს ალაჰისთვის შეუფერებლად აცვია, მუსულმანი ქალი ასე თამამად არ უნდა იცვამდესო.

ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ყველასგან მოულოდნელად, ლავანი წამოხტა, ჰაერში ნახტომი გააკეთა და ჩემკენ გამოფრინდა. იგი პირდაპირ ყელში მწვდა. სწორედ მაშინ გამახსენდა კარიმის გაფრთხილება, როცა მათთან სტუმრად მიხვალ, სამკაულები არ გაიკეთოო. მე კი მარგალიტის მძივი მეკეთა, ამასთან, საკმაოდ ძვირად ღირებული… მაგრამ უკვე გვიან იყო. ძალიან შევშინდი, თუმცა არ დავბნეულვარ. ხელი მაშინვე ჩანთაში ჩავყავი და გაზის ბალონი ჩავბღუჯე. სანამ მას გამოვიყენებდი, მკაცრად გავაფრთხილე ლავანი, თავის ადგილზე დამჯდარიყო.

_ ახლავე დაუბრუნდი შენს ადგილს, თორემ იარაღს გამოვიყენებ, იცოდე! _ მთელი ხმით ვუყვირე.

მან აინუნშიაც არ ჩააგდო ჩემი გაფრთხილება და კვლავ ყელზე მეცა. დედამისმა სცადა მისი შეჩერება, თუმცა ამაოდ. გოგონამ დედამისს ხელი გაჰკრა და იატაკზე მოისროლა. მერე კვლავ ჩემკენ ისკუპა და სანათურსა და სავარძელს შორის, ვიწრო კუთხეში მიმიმწყვდია. ეს კიდევ არაფერი, უარესი წინ გველოდა.

სწორედ ამ დროს ოთახში სარა შემოვიდა თავის პატარა შვილთან ერთად. ჩემი და მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. რადგან მან იცოდა, რა საშინელების ჩადენაც შეეძლო ლავანის, შეგონება დაუწყო, სისულელეს თავი დაანებე და სულთანას ხელი გაუშვიო. რაღაც მომენტში ლავანი მართლაც გაჩერდა, გაოფლილი ხელისგულები ნერვულად გაუსვა ერთმანეთს და მოჩვენებითად დამშვიდდა. ვიცოდი, კარგს არაფერს მოასწავებდა მისი ეს «სიმშვიდე» და სარას ვუყვირე, ახლავე მოკიდე ბავშვს ხელი და ოთახიდან გადი-მეთქი.

როგორც ჩანს, ჩემმა გაღიზიანებულმა ხმამ უარყოფითად იმოქმედა ლავანიზე და აგრესიამ უფრო მძაფრად მოუარა. იგი კვლავ დამეტაკა და ჩემს მარგალიტის მძივს ხელებით ჩაებღაუჭა. სხვა გზა რომ აღარ დამრჩა, გაზის ბალონს თითი დავაჭირე და სახეში შევასხურე გაავებულ გოგონას. იგი მუხლებზე დაეცა. გაგებული მქონდა, რომ ასეთებს აუცილებლად ორმაგი დოზა სჭირდებათ, რომ მალევე არ მოეგონ გონს, ამიტომ კიდევ ერთი ნაკადი შევასხი თვალებში და მასთან ერთად, გაზით მისი და და დედაც დავწამლე, რომლებიც მის დაშოშმინებას შეეცადნენ.

ლავანის მალე დაუბრუნდა ცნობიერება, მაგრამ უკვე აღარაფრის თავი არ ჰქონდა.

ამ შემთხვევის შემდეგ მამამისი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. ლავანი საფრანგეთში გააგზავნეს, სადაც ერთი წლის განმავლობაში სრულიად აღუდგინეს ჯანმრთელობა.

მის დედას და დას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. პაკისტანელი ექიმი ყურებს არ უჯერებდა, როცა უთხრეს, ერთმა პრინცესამ სამი პრინცესა გაზის ბალონით მოწამლაო.

კარიმის ოჯახის ყველა წევრი მიიჩნევდა, რომ მე ვიჩქარე და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ყველა მამტყუნებდა, რომ საკუთარი თავის დასაცავად მიუღებელი ხერხი გამოვიყენე და ამდენი ადამიანი დავაზარალე. მიუხედავად ამისა, წამითაც არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.

_ იმის მაგივრად, რომ მადლობა მითხრათ, აქეთ მამტყუნებთ? _ ვიცავდი თავს, _ მე რომ არა, ვერასდროს მიხვდებოდით, რომ თქვენს შვილს მკურნალობა სჭირდებოდა. მე უნდა მიმადლოდეთ, ლავანი დღეს რომ ჯანმრთელია!

სწორედ ეს ამბავი გამახსენდა, როცა ამანის საქციელს ვაანალიზებდი. არ მომწონდა ჩემი ქალიშვილის რელიგიით ასე ღრმად გატაცება.

რა თქმა უნდა, მწამს ალაჰი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანებმა იმ ცხოვრებით უნდა იცხოვრონ, რომელიც მათ ღმერთმა დაუწესა. ამიტომაც სულაც არ მსურდა, ჩემი ქალიშვილი ასკეტიზმის გზას დასდგომოდა და ჩვეულებრივი ცხოვრების გვერდის ავლით, თავისი მომავალი რელიგიის მკაცრი დოგმებისთვის დაეკავშირებინა.

ყვირილით მივვარდი კარიმს, რომელიც ყურანს კითხულობდა.

_ ამანი ლოცულობს!

ჩემმა ქმარმა გაკვირვებით ამომხედა.

_ ლოცულობს?

_ ჰო. _ კვლავ დავიყვირე, _ თავს იკლავს ლოცვებით. წამოდი, შენ თვითონ ნახე!

კარიმმა უკმაყოფილოდ გადადო ყურანი გვერდზე და ურწმუნო სახით გამომყვა.

სანამ დერეფანში მივაბიჯებდით, ამანის ოთახიდან სულის შემძვრელი ხმები გამოდიოდა, რომელიც ხან მშვიდი იყო, ხან აღელვებული, იმის მიხედვით, რა სიტყვებს წარმოთქვამდა.

კარიმმა გვერდზე მიმაგდო და ბავშვის ოთახში შეიჭრა. ამანიმ მოიხედა და ჩვენ მისი სახე დავინახეთ _ ტკივილითა და სევდით დატანჯული სახე.

კარიმი ჩუმი ხმით ალაპარაკდა:

_ ამანი, ახლა სწორედ ის დროა, როცა უნდა დაიძინო. მიდი, დაწექი, ახლავე! ერთი საათის შემდეგ დედა გაგაღვიძებს და ისაუზმებ!

ამანიმ პასუხი არ გასცა, მაგრამ შიში კი აღებეჭდა სახეზე. იგი მაშინვე ჩაწვა ლოგინში და თვალებიც დახუჭა, თუმცა ტანსაცმელი არ გაუხდია…

 

 

მე და კარიმი უხმოდ გამოვედით ოთახიდან და ამანი მარტო დავტოვეთ. ძალიან ვიყავი შეშფოთებული. ჩემი ქმარი კი მსუბუქად უყურებდა ჩემს შეშფოთებას.

_ მისმინე, სულთანა! ეს ყველაფერი ჰაჯის გავლენაა, გოგონა ემოციებშია, ამდენმა რიტუალმა, როგორც ჩანს, ძლიერ იმოქმედა მასზე. აი, ნახავ, წავალთ აქედან და ყველაფერი დაავიწყდება. მოიყვანს ისევ თავის უპატრონო ცხოველებს და გააგრძელებს მათ მოვლას. დამიჯერე, დავბრუნდებით თუ არა შინ, მაშინვე გადაუვლის.

მიკვირდა მისი ასეთი სიმშვიდე, რადგან ამანის შემხედვარეს გული მისკდებოდა. როგორ შეეძლო, ასე სკეპტიკურად შეეხედა შვილის მდგომარეობისთვის?

_ შენი ვარაუდი გადაჭარბებულია, _ მიხსნიდა იგი, _ ტყუილად გგონია, რომ ამანი შუა საუკუნების რელიგიურ ფანატიზმში გადავარდა. ახლა ნერვიულობ, მაგრამ ხვალ გაგეცინება ამაზე. ლავანის ამბავი სულ სხვა იყო, ეს სულ სხვაა, როგორ შეიძლება მათი შედარება? ძალიან გთხოვ, მიეცი ბავშვს საშუალება, მარტო დარჩეს ალაჰთან და დროებით გაერიდოს ყოველდღიურ პრობლემებს. ეს ყველა მუსლიმანის ვალია.

უკმაყოფილო სახით დავუქნიე თავი, თუმცა ოდნავი შვება ვიგრძენი, რადგან ვიმედოვნებდი, რომ კარიმი მართალს ამბობდა.

მიუხედავად ამისა, ღამის ლოცვებში შევთხოვდი ღმერთს, აერიდებინა ტანჯვა ჩემი ქალიშვილისთვის და ის ისეთივე ბავშვი გამხდარიყო, როგორიც ჰაჯის დაწყებამდე იყო.

მთელი ღამე კოშმარები მაწუხებდა. დამესიზმრა, თითქოს ამანი სახლიდან გაიქცა და იორდანიის ექსტრემისტულ რელიგიურ ჯგუფს შეუერთდა, რომელთა წევრები ბენზინს ასხამდნენ სხეულზე სამსახურში გასულ ყველა მუსლიმან ქალს, წვავდნენ და ანადგურებდნენ მათ, როგორც ათეისტებს.

 

თავი 6. ჰაჯი

 

მეგონა, ალაჰმა შეისმინა ჩემი ვედრება, რადგან მეორე დილით ამანი სრულიად ჩვეულებრივად იქცეოდა. საერთოდ არ ეტყობოდა ღამეული განცდები. როგორც ჩანს, ძილმა სრულებით წაშალა მისი მეხსიერებიდან განცდების აპოთეოზი, რომელმაც ასე შემაშინა წინა საღამოს. ის ხითხითებდა და ხუმრობდა თავის და-ძმასთან ერთად, ხალისიანად ისაუზმა და მადიანად მიირთვა იოგურტი, ნესვი და წინა დღით მორჩენილი ქაბაბი.

მძღოლმა მინის ველზე გაგვიყვანა, რომელიც მექადან ექვს მილზე მდებარეობს. ღამე იქ უნდა გაგვეთია, კარავში, რომელიც კონდიციონერით და სხვა თანამედროვე ტექნიკით იყო აღჭურვილი. ამაზე კარიმმა ადრევე იზრუნა. მინის ველზე ღამის გათევა მეორე დღის რიტუალის წინა მოსამზადებელი პერიოდი იყო. ბავშვებს ძალიან უხაროდათ ღამის თევა, რადგან აქამდე არასდროს დაუძინიათ შუა მინდორში.

გზად ასობით ავტობუსს გავუსწარით, რომლებსაც მომლოცველები დანიშნულების ადგილზე გადაჰყავდა. უამრავი ადამიანი ფეხითაც მიდიოდა, რათა უფრო ღრმად გამოეხატა ალაჰისადმი სიყვარული. მუსლიმანები, განურჩევლად კანის ფერისა და ეროვნებისა, ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, რათა სრულყოფილად ჩაეტარებინათ ჰაჯი.

გულით მიხაროდა, მეც რომ ვმონაწილეობდი ამ ღირსშესანიშნავ რიტუალში და მოუთმენლად ველოდებოდი მის დამამთავრებელ ეტაპს.

 

მინის ველზე კარიმი თავის ძველ მეგობარს შეხვდა, რომელიც ინგლისში ცხოვრების შემდეგ არ უნახავს. მას იუსუფი ერქვა და ეგვიპტელი იყო. ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც სიხარულით ეხვეოდა ჩვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს. მას გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი ჰქონდა, გრძელი წვერი და დაკუნთული მკლავები. მაგრამ ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად იმან მიიქცია, როგორი ზიზღით სავსე თვალებით შეათვალიერა იუსუფმა ძველი მეგობრის ოჯახის ქალები.

როცა კარიმმა მას ხმამაღლა მიმართა სახელით, მივხვდი, რომ მის შესახებ ქმრისგან ადრეც მსმენია. მეხსიერება დავძაბე და რაღაც-რაღაცები გავიხსენე. წლების განმავლობაში, რამდენჯერაც ქაიროში ჩავიდოდით, კარიმს იმდენჯერ  ახსენდებოდა თავისი მეგობარი და მის მოძებნას აპირებდა, მაგრამ ოჯახური საქმეების გამო ვერასდროს ახერხებდა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას.

ახლა, როცა თვალი შევავლე ამ კაცს, გამიხარდა კიდევაც, კარიმმა ადრე რომ ვერ მოახერხა მისი მოძებნა, იმდენად უარყოფითად განვეწყვე მის მიმართ. არც ის მალავდა თავის სიძულვილს ქალებისადმი.

ნეტავ რას უნდა მოეხდინა ამ კაცის ცხოვრებაში გავლენა, როდესაც იგი, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, ქალების გულთამპყრობელად მიიჩნეოდა და რომელსაც ერთი ღამეც კი არ უძინია ქალის გარეშე?

კარიმი და იუსუფი ერთმანეთს სტუდენტობის დროიდან იცნობდნენ, როცა ორივენი მათთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ლონდონში ყოფნისას ეს ადამიანი ძალიან ბედნიერი იყო. მას მხოლოდ ქალები აინტერესებდა და თავს ევროპელი მანდილოსნებითა და კაზინოში თამაშით ირთობდა. კარიმი მიყვებოდა, თუ როგორი ნიჭიერი იყო მისი მეგობარი, რომ საერთოდ არ უძნელდებოდა უცხო ენაზე სწავლა და სამაგალითო სტუდენტად მიიჩნეოდა სასწავლებელში. ჩემი ქმარი მას საუცხოო მომავალს უწინასწარმეტველებდა ეგვიპტის საკანონმდებლო და პოლიტიკურ სფეროში.

იუსუფმა იურიდიული სკოლა კარიმზე ერთი წლით ადრე დაამთავრა და მეგობრებს მას შემდეგ ერთმანეთი არ უნახავთ.

სანამ ისინი საუბრობდნენ, მე და ჩემი ქალიშვილები განზე ვიდექით, როგორც მუსლიმანური ჩვეულება მოითხოვდა. თუმცა ჩვენ გვესმოდა ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობდნენ.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტობის შემდეგ იუსუფი რადიკალურად შეიცვალა. მათი საუბრიდან გამომდინარე, აშკარა იყო, ძველ მეგობრებს საერთო თითქმის აღარაფერი დარჩენოდათ.

უცნაურად მომეჩვენა, იუსუფი ჯიუტად რომ დუმდა თავის კარიერაზე.

_ რას შვრები, რას საქმიანობ? _ გახარებული ეკითხებოდა კარიმი, _ რასა იქმს შენი კარიერა?

_ ეჰ, კარიმ, შენ რომ იცნობდი, იმ ახალგაზრდა კაცისგან აღარაფერი დარჩა. მე ახლა ტრადიციული ისლამის მიმდევარი ვარ მხოლოდ.

_ მართლა? არ მჯერა! როგორი ჭკვიანი და ნიჭერი იყავი. მეგონა, მთელ სამყაროში გაითქვამდი სახელს.

იუსუფმა თავი გადააქნია და ამაყად მიუგო.

_ სამაგიეროდ, პირველი ცოლისგან ორი ვაჟი მყავს, მეორისგან კი ხუთი. შვიდი ვაჟის მამობა ჩემთვის უდიდესი სიხარული და პატივია.

_ ყველანი ერთად ცხოვრობთ? _ დაინტერესდა ჩემი ქმარი.

_ არა, რას ამბობ! პირველ ცოლს დავშორდი და ბავშვებიც წავართვი, რადგან ის ზედმეტად თანამედროვე ქალი იყო და შვილებს გზას ააცდენდა.

_ და რაში გამოიხატებოდა ეს ზედმეტად თანამედროვეობა?

_ სამსახურის ძებნა დაიწყო, მუშაობა უნდა დავიწყო, შინ ვერ დავჯდებიო.

_ პროფესია?

_ მასწავლებელი იყო, საკუთარი შეხედულებები ჰქონდა ქალთა უფლებებზე და იკვლევდა მათ მდგომარეობას საზოგადოებაში.

როცა ამას ამბობდა, იუსუფის თვალებში კვლავ გაკრთა ის ზიზღი, რომლითაც ცოტა ხნის წინ მე და ჩემი შვილები შეგვათვალიერა.

როცა მან თავისი პირველი ცოლი ახსენა, გადააფურთხა და გააგრძელა:

_ მადლობა ალაჰს, ეგვიპტეში ყურანის სწავლება კვლავ შემოიღეს. სულ მალე მუჰამედის კანონები ყველა ეგვიპტელის ცხოვრებაში წამყვან ადგილს დაიკავებს.

ისე გამამწარა მოსმენილმა, მზად ვიყავი, მათ საუბარში ჩავრეულიყავი, რათა საკუთარი აზრ გამომეთქვა, მაგრამ მოულოდნელად ისეთი რამ თქვა, ადგილზე გავქვავდი:

_ მადლი ალაჰს, რომ ჩემს არც ერთ ქორწინებას უწმინდური ქალიშვილის დაბადება არ მოჰყოლია. ქალები დაწყევლილი არსებები არიან, ყველა ცოდვა მათგან მოდის. კაცმა თუ მთელი თავისი ენერგია ქალთან ურთიერთობას დაახარჯა, ვერასდროს მოიცლის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

იუსუფი არც დალოდებია კარიმის პასუხს, ისე დაიწყო ვიღაც კაცის ამბის მოყოლა, რომელიც მექაში გაუცვნია.

_ ერთი კაცი შემხვდა აქ, ინდოელი მუსლიმანია. ძალიან რთული ცხოვრება გამოუვლია. გადაუწყვეტია, საუდის არაბეთში გადასულიყო საცხოვრებლად, რადგან თავის ქვეყანაში პატიმრობა ელის. მისი გამგზავრებიდან ორი დღის შემდეგ პოლიციას გაუგია, რომ ამ კაცს თავისი ცოლი და პატარა გოგონა მოუკლავს. არ გაინტერესებს, როგორ? ჩვილს თურმე მდუღარე წყალი ჩაასხა პირში. შენ რა აზრის ხარ ამაზე? მე თუ მკითხავ, ამისთვის არ უნდა დასაჯო კაცი, რადგან საწყალს 4 ქალიშვილი ჰყავდა და კიდევ ერთი შეეძინა. ნუთუ არ იყო ღირსი, ერთი ვაჟი მაინც ჰყოლოდა? აბა, როგორია, როცა ბიჭს ელოდები და ცოლი გოგონას გაგიჩენს? ჩემი აზრით, ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ასეთ საქმეებში, ეს ძალიან პირადულია. ხომ არ შეგიძლია, დაეხმარო იმ კაცს ვიზის მიღებაში, რომ არაბეთში მუშაობის უფლება დართონ? ინდოეთში ვერ დაბრუნდება, რადგან აუცილებლად დაიჭერენ.

უცნობი არ ჩერდებოდა, კარიმს პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდა. შემდეგ მოულოდნელად შეეკითხა ჩემს ქმარს:

_ შენ რამდენი შვილი გყავს? შენც ხომ არ გყავს ქალიშვილები?

ჩემი ქმრის ხასიათიდან გამომდინარე, მეგონა, ერთს მაგრად გაულაწუნებდა ყოფილ მეგობარს ან ფეხებით შედგებოდა.

კარიმმა მხრები შეათამაშა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი მრისხანება კულმინაციას აღწევდა. გეგონებოდათ, თვალები ზურგზე აქვს ამოსულიო, რადგან არც შემობრუნებულა, ისე მანიშნა ხელის აქნევით, მათ საუბარში არ ჩავრეულიყავი.

_ ჰო, მყავს, _ მშვიდად მიუგო იუსუფს, _ ალაჰის წყალობით, ორი უმშვენიერესი ქალიშვილი და ერთი ვაჟი მყავს. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი გოგონებიც ისევე ძლიერად მიყვარს, როგორც ვაჟი.

_ მდაა! _ გაიოცა ამ სქელკანიანმა იდიოტმა, _ რას ვიზამთ. თანაგიგრძნობ. მესმის, რამხელა უბედურებაა ორი ქალიშვილის მამობა. რატომ მეორე ცოლი არ შეირთე? ბოლოს და ბოლოს, ქალებს პირველ ცოლს დაუტოვებდი, შენ კი მეორეს გააჩენინებდი ბიჭს.

ჩემი ქმარი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.

_ იუსუფ, შენ ამბობ, რომ ალაჰის მიმდევარი გახდი. ეს იმას ნიშნავს, რომ გულკეთილი, ღვთისნიერი მუსლიმანი უნდა იყო. და თუ ასეა, ნუთუ დაგავიწყდა წმინდა მოციქულის სიტყვები, რომლითაც მან მეჩეთში შესულ კაცს მიმართა?

ეს ისტორია კარგად ვიცოდი და ყოველთვის ვიშველიებდი მოციქულის ამ სიტყვებს, როცა ქალთა უფლებებს ვიცავდი, მაგრამ იუსუფი გულგრილი მზერით შესცქეროდა კარიმს. აშკარა იყო, ის იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც ალაჰის მხოლოდ ის სიტყვები მოსწონთ, რომელიც მათ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

ვუსმენდი ჩემს ქმარს და უფრო მეტი პატივისცემით ვიმსჭვალებოდი მის მიმართ. იგი აშკარად შეტევაზე გადავიდა, მაგრამ არა ძალით და მუშტის ქნევით, არამედ ალაჰის შეგონებებით, რომელიც ორივე სქესის შვილის თანასწორუფლებიანობას ქადაგებს. თავისი ცოდნით და ღვთისმოსაობით კარიმმა დაამარცხა თავისი ყოფილი მეგობარი და აგრძნობინა, რომ მასზე ათი თავით მაღლა იდგა.

წმინდა მოციქულთან დაკავშირებული ამბავი კი ასე ჟღერს:

მეჩეთში მამაკაცი შევიდა. მას თან ორი შვილი ახლდა _ ბიჭი და გოგონა. მამაკაცი მოციქულს ელაპარაკებოდა. ამ დროს მიუახლოვდა თავისი ვაჟი. მამამ შვილს აკოცა და მუხლზე დაისვა. შემდეგ გოგონა მიუახლოვდა, რომელსაც არც აკოცა და არც მუხლზე დაისვა. ამის ნაცვლად, კაცმა ანიშნა ქალიშვილს, მოშორებით დამჯდარიყო, თვითონ კი გააგრძელა მოციქულთან საუბარი.

ამ სურათმა გაანაწყენა მუჰამედი და გაოცებულმა მიმართა მამაკაცს:

_ რატომ ექცევი სხვადასხვანაირად შენს შვილებს? რატომ არ აკოცე შენს გოგონას და არ დაისვი მუხლებზე?

როცა მამამ მოციქულის საყვედურით სავსე სიტყვები მოისმინა, სინდისის ქენჯნა იგრძნო. იგი მიხვდა, რომ არასწორად ექცეოდა თავის შვილებს.

_ ქალიშვილი და ვაჟიშვილი ორივე ღვთის საჩუქარია, _ ჩააგონა მოციქულმა, _ ამასთან, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, ამიტომ ერთანაირად უნდა გიყვარდეს ორივე.

როცა კარიმმა თხრობა დაამთავრა, ალმაცერად გახედა იუსუფს, მისი რეაქცია აინტერესებდა. ეს უკანასკნელი კი უგრძნობელი გამოდგა. სულაც არ მიუქცევია ყურადღება კარიმის ნაამბობისთვის, კვლავ გააგრძელა ქალების ქილიკი და ციტატების მოყვანა დაიწყო ლივიის პრეზიდენტის, კადაფის წიგნიდან _ «მწვანე წიგნი». კადაფი ცნობილი იყო თავისი კონსერვატორული შეხ