იისფერი ჰორტენზიები


 

ისინი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კვლევითი ინსტიტუტის შენობას არიან შეფარებულნი. თუმცა რატომ შეფარებულნი, იჯარით აქვთ აღებული 200 კვ.მ. ფართობი, ანუ რვა ოთახი. ეს კერძო სექტორია, შპს «დუგი». ანუ კომპიუტერული სერვისის სადილერო ბაზა. სწორედ ამ ოფისიდან გააქვთ სხვადასხვა მაღაზიაში კომპიუტერები და მონიტორები, კლავიატურები და პროცესორები, პრინტერები და სკანერები… საკმაოდ დიდი ქსელია, თითქმის ნახევარ საქართველოს ამარაგებს. «დუგი» რას ნიშნავს? ბანალური აბრევიატურაა _ დუდუსა და გიგის სახელების პირველი მარცვლები. იკითხავთ, ალბათ, ესენი ვინღა არიანო? ახლავე მოგახსენებთ, ძმაკაცები არიან, ბავშვობის მეგობრები. დუდუ სერვისცენტრის პრეზიდენტია, გიგი _ აღმასრულებელი დირექტორი. ასე დაინაწილეს მეგობრებმა თანამდებობები.

მოდით, ჯერ გიგის გაგაცნობთ. იგი 32 წლისაა, ჩაპუტკუნებული, საშუალოზე ოდნავ მაღალი ქერა მამაკაცი, თაფლისფერი თვალებით. ძალიან საყვარელი, თბილი პიროვნება, ცოლშვილიანი, ჰყავს ქალ-ვაჟი და ულამაზესი მეუღლე ქეთი. რაც ყველაზე მთავარია, იგი სანდო ადამიანია, ერთგული, საქმის მოყვარული, დუდუს გულისთვის თავს დადებს.

რაც შეეხება დუდუს, ისიც 32 წლისაა, მაღალი, გამხდარი, შესაშური აღნაგობის შავგვრემანი, ნაცრისფერთვალება «ტიპი». გამოირჩევა მაღალი ინტელექტით, ხიბლავს მოგზაურობა და სპორტი, ძველი წყალბურთელია. სუსტი წერტილი _ მანქანები და ქალები. მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცოლშვილიანია, ჰყავს ქალიშვილი ელენე და მეუღლე ნათია, კარგი ქალებისკენ მაინც გაურბის თვალი. რატომ? ჯერ ერთი, ბუნებით არის ასეთი და იმიტომ; მეორეც _ როგორც ამბობენ, მისი ცოლი ნამდვილი «სტერვა» ყოფილა, ნევრასთენიკი, ჭირვეული და რა ვიცი, კიდევ როგორი ეპითეტებით არ ამკობენ ნათიას. თუმცა ამაზე მოგვიანებით…

დუდუ პროფესიით ექიმია, მედიკების დინასტიის თუ არა, დიდი ოჯახის წარმომადგენელი, საკმაოდ სოლიდური და ელიტური საზოგადოებით გარშემორტყმული. თუმცა იმასაც ამბობენ, «შავი სამყაროს» გავლენიან წარმომადგენლებთანაც მეგობრობს და მათი მფარველობის ქვეშ იმყოფებაო. ვინ იცის…

დავუბრუნდეთ ქალების თემას. მავანნი და მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ცოლ-შვილის დიდი სიყვარულისა, პირადი ცხოვრება ვერა და ვერ აიწყოო. ვის მიუძღვის ამაში ლომის წილი, არავინ უწყის. ფაქტი ერთია: დუდუს თვეში ერთხელ თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც უწევს კიევში გამგზავრება. იქაც ბიზნესი აქვს აწყობილი _ კერძო კლინიკა, სადაც პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებენ. ასე რომ, აქაც და იქაც ფეხი კარგა მყარად აქვს მოკიდებული. ალბათ ამიტომაც აგორდა ისეთი «ბოროტი» ჭორი, როგორიცაა _ დუდუს კიევში «მაგარი ნაშა» საყვარელი ჰყოლიაო. უკრაინელი ქალების ამბავი ხომ იცით, მათი სლავური სილამაზე მარტო ქართველებს კი არა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მამაკაცს უბრმავებს თვალს.

ახლა ცოტა რამ ოფისის შესახებ: «დუგიში» დაახლოებით ათამდე ადამიანი მუშაობს და თავიდან ბოლომდე დუდუს სახსრებით ფინანსდება. თუმცა, რაც მართალია, მართალია, გიგისაც დიდი წვლილი მიუძღვის მეგობრის ბიზნესის აღორძინებაში, მაგრამ არა ფულადი, არამედ «გონებადი» შესაძლებლობებით, გენიოსი «ტვინიკოსია». ასე შეარქვა მას დუდუმ.

ოფისი, გულახდილად რომ ვთქვათ, რაღაცნაირად «საძმოს» პრინციპებზე «მუშაობს». დუდუმ ყველა თავისი ახლობელი, ამასთან _ უკიდურესად გაჭირვებული მეგობრები თუ ნათესავები შემოიკრიბა გარშემო. მათი ეკონომიური მდგომარეობის შესამსუბუქებლად უფრო გახსნა ეს ცენტრი, ვიდრე ფულის საკეთებლად. მაგრამ კარგად დაგეგმილმა ბიზნესმა თავისი ქნა და სერიოზულ მოგებაზე სულ რაღაც ექვს თვეში გავიდა.

გაინტერესებთ, ვინ არის ის ათიოდე კაცი? ახლავე, რა პრობლემაა! მამუკა, ცოლშვილიანი უსაქმური, რომელსაც გაურკვეველი თანამდებობა უჭირავს და დღემდე ვერავის გაურკვევია, რას აკეთებს «დუგიში». გია ერთი პატიოსანი ბიჭია, 22 წლის, მძღოლად მუშაობს. ია _ მთავარი ბუღალტერი, ნახევრად რუსი, წესიერი, წყნარი გოგოა, 24 წლის, როგორც თანამშრომლები ახასიათებენ, გადასარევი და კარგი რეპუტაციის მანდილოსანი. იაკობი _ წარმოშობით ებრაელი, დილერი, დიდი მამაძაღლი და ეშმაკი კაცი, თუმცა ვაჭრობაში დახელოვნებული და თავისი საქმის პროფესიონალი, 35 წლის. მერაბი _ დუდუს ცოლის ნათესავი, გაიძვერა და ქვეშქვეშა ადამიანი, 26 წლის, წმინდა წყლის ხონელი. ქალბატონი თამარი, შუახნის ქალი, რომელიც დამლაგებლად მუშაობს, გიგის შორეული ნათესავი; ნარგიზა _ უწესიერესი ქალბატონი, საქმეთა მმართველი, თავისი საქმე ხუთიანზე იცის. იგი გიგის დეიდაა, 47 წლისაა და ბოლოს ზაზა _ მეორე დილერი და მძღოლი, ჯიგარი ბიჭი, მარჯვე და ენასხარტი, დიდი იუმორის მქონე გურული, დუდუს გარე ბიძაშვილი. ჯერჯერობით სულ ეს არის… მაშ ასე, დავიწყოთ…

7 7 7

გიგი, დუდუ და მათი «არმია» სულ ორი დღეა, რაც ამ შენობაში გადმოვიდნენ. ამიტომაც დირექტორმა მეორე დღესვე მოინდომა აღენიშნა «ახალსახლობა». დილიდანვე გაუკეთა ორგანიზება ამ საქმეს, მძღოლი, ანუ გია გაუშვა ბაზარში იასთან ერთად და როცა ორივენი «ხელდამშვენებულები» დაბრუნდნენ, კმაყოფილებისგან ტაში შემოჰკრა, თანამშრომლებიც ასეთი უნდაო. მერე ადგა, კაბინეტიდან ერთი ყუთი შამპანური გამოიტანა და მაგიდაზე დადო. ქალები სუფრის გაშლას შეუდგნენ. დუდუ ისევ გავიდა.

_ მამუკა, იყავი ფეხბურთზე? _ ჰკითხა ზაზამ მამუკას.

_ კი, მარა რად გინდა, მკვდრები არიან ეს შობელძაღლები, მასეთ ფეხბურთს სამი წელია, თავი დავანებე, თორემ მეც კი ვთამაშობდი. ფეხბურთელები ან უნდა გაზარდო, ან უნდა იყიდო, ამას ყველაფერს კი ფული უნდა, ჩემო ზაზა.

_ აბა, უფულოდ ამ დროში კატებიც აღარ იძლ…ნო, ხომ გაგიგია?

ატყდა ხორხოცი.

_ გაგიხმეს ენა, რა მყრალი ლაპარაკი იცი, _ ქოქოლა მიაყარა ზაზას ქალბატონმა ნარგიზამ და ჭიქების დალაგება გააგრძელა.

ამ დროს ისევ გამოჩნდა დუდუ ღიმილით.

_ აბა, ბიჭებო, დავაი, ყველას დამიძახეთ, თუ ქეიფია, ქეიფი იყოს.

მამუკა სხვების დასაძახებლად გავიდა.

_ ზაზა, იყავი ფეხბურთზე? _ ახლა დუდუ დაინტერესდა ქართველების თამაშის ბედით.

_ ოჰ, მაგათი!.. თუ ძმა ხარ, მაგ თემაზე არ მელაპარაკო, ხასიათს ნუ გამიფუჭებ. აგერ, ჯობია ეს გამომართვი, _ და პურით სავსე პარკი მიაწოდა, თან წაუღიღინა, _ ქეიფს ვიწყებ დილიდან, ვიქირავებ დილიჟანს… ყველი დავჭრა?

_ აბა რა უნდა ქნა, შე უქნარა, შენა, გაინძერი ცოტა, _ დაუცაცხანა ნარგიზამ.

ამ დროს მერაბი შემოვიდა და შამპანურის ბოთლების დანახვაზე უშნოდ გაიკრიჭა.

_ აგი რაია, ბიჯო, წუხელ დაწურეთ, თუ?

_ ჰო, აბა, შაქარი არ ეყოთ თურმე და მეტი არ გამოვიდა. შენ რა, სუნი გეცა ამ დილაადრიან თუ რაფერაა შენი საქმე, ძამია? რამ მოგიყვანა, ვერ მეიცადე პაწა?

_ მე იქ ვარ, სადაც შამპანურია! _ პათეტიკურად წარმოთქვა მერაბმა და დუდუს თვალი ჩაუკრა.

პრეზიდენტმა ღიმილი ვერ შეიკავა. იამ ამდენი ვეღარ მოითმინა და დუდუს მიუბრუნდა.

_ რა ხდება, უფროსო, დღეს, კაკოი პოვოდ, არ მეტყვით?

_ აბა, უყურე ახლა ამას! შენმა მზემ, ჯერ ბეზ პოვოდა არ დაგილევია, რა. გირჩევნია, ეგ ნამცხვარ-ხაჭაპურები დაჭრა და გადაანაწილო თეფშებზე. «შამპანსკი» არის, ასე რომ, მოემზადეთ დილის ა-ლა-ფურშეტისთვის, მაგრამ ყავას რომელი მომიდუღებთ ახლა? როდემდე უნდა გეხვეწოთ სათითაოდ, ერთი კარგი მდივანი მომიყვანოთ. რა, არ მეკუთვნის, თუ?

_ ფეხები კისრიდან უნდა ეწყებოდეს თუ მხრებიდანაც შეიძლება, ზახარიჩ? _ გაიკრიჭა ზაზა.

_ წელიდანაც არა უშავს, თუ კაი ფეხები ექნა. ისე, დუდუჯან, შენ ნახევარჯერ მაინც კიევში ხარ და ამიტომ აჯობებს, ქალი ჩვენ ამოვარჩიოთ.

_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. მე მდივანი მინდა, წესიერი და სუფთა გოგო, ყავა მომიდუღოს და ტელეფონზე უპასუხოს, სხვა რამეების პრობლემა მე არ მაქვს, ძმაო, _ და ხმამაღლა გაიცინა.

_ სუფთა უნდა იყოს, აბა პირდაუბანელი და ცხვირმოუხოცავი არც ჩვენ გვინდა, ცოტა რაღაცების გამოცდილება უნდა ჰქონდეს, _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ოთახში შემობრუნებულმა მამუკამ და ახარხარდა.

_ თქვენთან ქეიფი კი არა, ლაპარაკიც არ შეიძლება, უზრდელები ხართ, _ კოპები შეკრა იამ.

_ იაკო, ოღონდ შენ არ გაბრაზდე და ამ «შანტრაბას» სულ გავყრი აქედან. მამუკა, ბიჭო, გააჩერე ეგ ენა, მიხედე სიტუაციას, თორემ დავრჩით მთავარი ბუღალტრის გარეშე, _ დუდუმ ძმაკაცს თვალი ჩაუკრა და გააგრძელა, _ არ დაუძახე ყველას?

_ გია ახლავე შემოვა, კიტრს და პომიდორს რეცხავს, იაკობი ჯერ არ მოსულა, მეტი ვიღა ვართ…

_ გიგი სადაა?

_ ნახევარ საათში მოვა, ცოლმა დაურეკა და გავიდა.

_ რა ხდებაო?

_ სალონში გავიყვანო, დაიბარა, თან ერთი გემრიელად შეუკურთხა,_ გაიცინა მამუკამ.

ბოლოს ყველანი სუფრას შემოუსხდნენ.

_ დამლაგებელიც არ არის? _ გაახსენდა დუდუს.

_ დღეს მეორე ცვლაშია, საღამოს მოვა, _ თქვა ნარგიზამ.

_ აბა, ამას ვინ აალაგებს?

_ ჩვენ აქ არა ვართ, თუ ჯერ არ აგვილაგებია, პატივცემულო? _ გაიღიმა ნარგიზამ.

_ მაპატიეთ, ქალბატონო ნარგიზა, დამნაშავე ვარ. აბა, შეავსეთ სასმისები და მომისმინეთ. ამ ჭიქით, მოდით, უფალს მადლობა შევწიროთ, რომ ჭამა-სმის და ერთად ყოფნის ხასიათზე ვართ, გაგიმარჯოთ და შემოგევლოთ ჩემი თავი სუყველას, _ ბიჭებს მიუჭახუნა დუდუმ და დალია.

_ დილით შამპანურს ან დეგენერატები სვამენ, ან არისტოკრატები, _ გაიხუმრა ზაზამ.

_ თქვენი არ ვიცი, ბატონო, მაგრამ ჩემს ძარღვებში ნამდვილად ჩქეფს ცისფერი არისტოკრატიული სისხლი. თუ არ გჯერათ, აგერ ცხვრიზე და ფეხზე შემომხედეთ, _ სიცილით თქვა მამუკამ და თავის მრუდე ფეხებსა და მოღუნულ ცხვირს მორიგეობით მიადო საჩვენებელი თითი.

.ყველას გაეცინა მის ხუმრობაზე.

_ არისტოკრატობას რაც შეეხება, ჩემი გვარი ნაღდად არ უნდა იწვევდეს ეჭვს, ბოლოს და ბოლოს, გურიელი ვარ, მაგრამ მამაჩემს რომ ჰკითხოთ, პაპაჩემი, მამაჩემი და მე გლეხები ვართ, მარა აი ჩემი შვილი კი უნდა იყოს თავადიო, ამბობს, ისე თავადურად უყვარს ცხოვრებაო. ჰოდა, ამხელა კაცს, თანაც პროფესორს, ტყუილიც კი დაეჯერება ხანდახან და ამიტომ კი მეკუთვნის ერთი ჭიქა შამპანური, _ გაიხუმრა დუდუმ, _ ზაზა, მიდი, გააგრძელე.

_ ახლა, ჩემო კარგებო, მამუკას და დუდუს გამოსვლის შემდეგ ძალიან ძნელია ჩემს არისტოკრატობაზე ლაპარაკი, ამიტომ ჩუმად დავლევ, ჯობია, _ თქვა ზაზამ.

კვლავ სიცილი გაისმა.

_ მოიცათ, მოიცათ, ბოდიში, ჩემო ზუზუ (იგი სიყვარულით ასე მიმართავს ხოლმე ზაზას), მაგრამ ჩემი ყავა სად არის, ხალხო? ბოლოს და ბოლოს, მომიძებნით თუ არა ერთ ნორმალურ გოგოს? იცოდეთ, წავალ კიევში და აღარ ჩამოვალ კარგა ხანს. მერე ია რა ხელფასებსაც დაგირიგებთ, იმასაც ვნახავ, _ დუდუს მხიარულმა ხმამ საერთო ხმაური გადაფარა.

_ მისტერ პრეზიდენტ, _ სიტყვით გამოვიდა ია, _ მე ვიცნობ ერთ კარგ გოგოს, ვ მესტე უჩილის, ჭკვიანია, წესიერი. ოღონდ ერთი პირობით, ხელი არ ახლოთ, იცოდეთ, ეჭვიანი ქმარი ჰყავს და…

_ იაჩკა, თვითონ თუ არ მახლებს, მე რა, მგელი კი არ ვარ, კაცო, ვ კანცე კანცოვ! _ დუდუმ თვალი ჩაუკრა ბიჭებს.

_ ძალიანაც კარგი, ხვალვე მოვიყვან. ხელფასზეც დაგავარიმსია, არა? დუმაიუ, მოგეწონებათ.

_ ოჩენ ხარაშო. რაც შეეხება ხელფასს, ვისთვის დამიწყვეტია გული, ჩემო იაჩკა? მოიყვანე და რეშიმ ვაპროს.

_ ერთი წამით, ერთი წამით… _ წამოხტა გია, _ როცა ის გოგო აქ გვიანობამდე დარჩება, ხომ მე უნდა წავიყვანო სახლში? მერე? ქმარი თუ ეჭვიანი ჰყავს, თავს არ გამიხეთქავს, ეს ვის დაჰყავხარო? რატომ მაგდებთ შარში? ის არ მეყოფა, კიდევ ერთი უფულო «პასაჟირი» რომ დამემატება? სად ცხოვრობს, ია, ის შენი მეგობარი, თუ საიდუმლო არ არის?

_ ვ გლდანი, გენაცვალე, ვ გლდანი, _ ნიშნისმოგებით მიახარა იამ ახალგაზრდა მძღოლს.

_ ზახარიჩ, მე აქედანვე წინააღმდეგი ვარ, თუ ძალიან ლამაზი არ იქნება და რამე ინტერესი არ გამიჩნდა. ხომ უნდა მიღირდეს მაინც თავის გატეხვა, _ ეშმაკურად გაიღიმა გიამ.

_ ბიჭო, შენ რავა დაუბადებელ ბავშვს აბრამს რომ არქმევდნენ, ისე გემართება. ის გოგო ჯერ არ მოსულა და არც შენთვის უთხოვია ვინმეს მისი წაყვან-წამოყვანა, ჯერ ერთი. მეორეც, ასეც რომ იყოს, როგორ გგონია, შენ ჩემს კაბინეტში დამელოდები და მე წავიყვან, თუ როგორაა შენი საქმე? მით უმეტეს, გლდანში ცხოვრებაში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც ათი წლის წინ და ნაღდად ვიცი, რომ წავიდე, გზას უკან ვერ გამოვიგნებ, _ დუდუმ რატომღაც, მამუკას გადახედა.

_ ჰოდა, შენც იქ დარჩი ღამე და დილით ისევ ის გამოგაგნებინებს, გლდანსაც საფუძვლიანად შეისწავლი და მერე ჩვენც აგვიხსნი რა და როგორ, არ ჯობია? _ გაიცინა მამუკამ.

_ ჩემი თავი გინდა დააბრედიო იმ ეჭვიან კაცს? არ გამოვა მაგ საქმე, ძმაო, მე პას! გლდანში ხომ არ გადავსახლდები, ჯობია, ისევ გიამ წაიყვანოს! _ დუდუმ ხელები გაასავსავა.

ისევ სიცილი ატყდა.

_ ისე, უფროსო, ქალს გააჩნია, თორემ გლდანში კი არა, უკაცრიელ კუნძულზეც გადასახლდება კაცი სიყვარულის გულისთვის. ასე რომ, რა იცი, რა გელოდება, _ ბრძნული აზრები დააფრქვია ზაზამ.

_ მანამდე არაფერი ეტკინოს ჩვენს ძმობას, სანამ ეგ არ მოხდება, ჩემო ზუზუ.

ამ დროს გიგი შემოვიდა ოთახში.

_ რა ღრეობაა, «პახმელიას» ხომ არ ებრძვით? _ ღიმილით მიმოიხედა.

_ ჩვენი გადმოსვლისა დავასველეთ, დირექტორო, შემოგვიერთდი, _ დაეჯღანა ზაზა.

_ ო, ეგ გადასარევი მიზეზია, მაგრამ ამ დილაუთენია რა დამალევინებს, ლოთი კი არ ვარ, _ გიგიმ სკამი ხმაურით გამოსწია და დაჯდა, _ რა სუფრაა, ბიჭო, რა სუფრა! მგელივით მშია.

_ მიდი, შეჭამე რამე და მერე დალიე, დაგელოდებით.

_ არა, არა, ვერ დავლევ, დღეს ორი შეხვედრა მაქვს, არ გამოვა, _ იუარა გიგიმ და ხაჭაპური გადაიღო.

_ ისე კი, იაჩკა, როდის უნდა გაგვაცნო ეგ შენი დაქალი და ჩემი საპატარძლო? _ დუდუ იას მიუტრიალდა ღიმილით.

_ ვოტ… ს პერვა მდივანი, ა პატომ პატარდზალი. ნეტ! არ გამოვა ეგ საქმე, პერედუმალა ია, _ გაიბუსხა ია.

_ როგორც გამოვა, ისე გამოვა, ოღონდ ჯერ მოიყვანე, გლავნი ბუღალტერო, _ შესძახა ზაზამ.

_ ვიზე ლაპარაკობთ? _ დაინტერესდა გიგი და საჭმლით გამოტენილი პირით დუდუს მიაჩერდა.

_ ჩემს მომავალ მდივანზე.

_ ვაჰ, დაგადგა საშველი?

_ ეგ იაჩკაზეა დამოკიდებული. ხომ ხედავ, უკვე უარით გვემუქრება.

_ ია კარგი გოგოა, გადაიფიქრებს, _ გაიღიმა გიგიმ, _ არა, ია?

_ პადუმაიუ, _ თავი დაიფასა იამ.

პურისჭამა კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა, შემდეგ კი ქალებმა სუფრა აალაგეს და ყველა თავ-თავის საქმეს მიუბრუნდა.

7 7 7

მეორე დილით, თერთმეტი საათი ხდებოდა, დერეფანში დუდუ რომ გამოჩნდა გასაღებების ჩხრიალით. მისაღებში უცნობი გოგონა შეამჩნია, მორიდებულად რომ იჯდა სკამზე. ერთი შეხედვით დიდად არ მიიქცევდა კაცის ყურადღებას. დუდუმ გაიფიქრა კიდეც: ეს ალბათ ის არის, კატორაია ჟივიოტ ვ გლდანი. ცივად მიესალმა უცნობს და კაბინეტში შევიდა. როგორც კი დაჯდა, ტელეფონი ახლოს მოიწია და «ისტერიკული» რეკვა დაიწყო.

ამ დროს კარი ოდნავ გაიღო და იამ შემოჰყო თავი.

_ ბატონო დუდუ, მაია პადრუგა მოვიდა, იმ დღეს რომ გთხოვეთ… შემოვიყვანო, და?

პრეზიდენტს გაეღიმა. ყურმილი ცოტა შორს გასწია და ხელით ანიშნა იას, ერთ წუთს მაცალეო. მალევე დაამთავრა ლაპარაკი და იას მიუბრუნდა.

_ მაიყვა, იაჩკა, ტვაია პადრუგა, ვნახოთ, რა ხილია.

ცოტა ხანში ია ოთახში საშუალო სიმაღლის, ასე, 25-26 წლის გოგოს შემოუძღვა. «არა უშავს, არც ისეთი «უჟასი» ყოფილა», გაიფიქრა დუდუმ თვალებდახრილი გოგონას დანახვაზე. უცნობი სასიამოვნო გარეგნობის იყო, გემოვნებით ჩაცმულს საკმაოდ კოხტა ტანი და ასხლეტილი ფეხები ჰქონდა, თუმცა არაფერი ისეთი განსაკუთრებული, კაცი რომ გადარეულიყო. პრეზიდენტი წამოდგა, მიუახლოვდა ახალმოსულს, ხელი ჩამოართვა და დაჯდომა შესთავაზა. და… გაოცებულს მოულონელობისგან ენა ჩაუვარდა. იაჩკას «პადრუგას» ულამაზესი თვალები ჰქონდა, ისეთი, როგორც შვლის ნუკრს _ ლურჯი თუ შავი, დუდუმ ვერაფრით გაარკვია. დაბნეული თავის სავარძელს მიუბრუნდა, იას ანიშნა, მარტო დაგვტოვეო და დაიწყო პირველი «გასაუბრება» _ სად მუშაობდი, რა განათლება გაქვს მიღებული, მდივნობის გამოცდილება თუ გაქვს, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ. როცა ზეპირი ანკეტის შევსება დაამთავრა, მხოლოდ მერე ჰკითხა.

_ უკაცრავად, თქვენი სახელი?

_ სალი, _ გაუბედავად წარმოთქვა გოგონამ და თვალები კვლავ დახარა.

_ სალი… ალბათ სალომე, არა? _ გაუღიმა დუდუმ.

_ დიახ… მაგრამ ყველა სალის მეძახის.

_ ძალიან კარგი. ვფიქრობ, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს. აქ სანერვიულო არაფერია, კომპიუტერიც ასე თუ ისე გცოდნიათ, დანარჩენს აითვისებთ, ჩვენი იაჩკა მაგ საქმეში «სპეცია» და დაგეხმარებათ, ეჭვი არ მეპარება. ახლა მეორე მხარეზე ვილაპარაკოთ. თქვენ თვითონ მითხარით, რამდენი დაგინიშნოთ მინიმალური ხელფასი, თქვენი აზრით, რამდენი დაგაკმაყოფილებთ? ოღონდ ისეთი ციფრი დაასახელეთ, რომ ადვილად შევთანხმდეთ, _ გაიღიმა დუდუმ.

სალი გაწითლდა, მერე შეიშმუშნა, მხრები აიწურა მხოლოდ, თქმით არაფერი უთქვამს.

_ მითხარით, მითხარით, ნუ გერიდებათ, ჩათვალეთ, რომ უცხოები აღარ ვართ უკვე.

_ არ ვიცი, _ უარესად აიწურა სალი.

_ კარგი, მაშინ მე იას დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეტთ. რაც შეეხება სამუშაო დროს, დილის ათ საათზე უკვე აქ უნდა იყო, ყველა ზარს უპასუხო, ჩაინიშნო, თუ საქმიანი შეხვედრები ან მოლაპარაკებები იქნება, დროზე გამაფრთხილო და შემოსული წერილები გადაიკითხო, მერე კი კომპიუტერში გაატარო და საქაღალდეში დანომრილი ჩადო. ჯერჯერობით სულ ეს არის. ხომ არ არის ძნელი? _ «შენობითზე» გადავიდა დუდუ.

_ არა, ალბათ არა, _ ხმადაბლა თქვა სალიმ და პრეზიდენტს მორცხვად ახედა.

მისმა თვალების სხივმა კიდევ ერთხელ დააბნია მამაკაცი. სასიამოვნო ტალღამ გაუთბო სხეული.

_ ესე იგი, გათხოვილი ხართ…

_ არა, უკვე აღარ.

_ ეს როგორ გავიგოთ?

_ ერთხელ ვიყავი, მაგრამ…

_ მაგრამ?

_ გავშორდი, ეჭვიანი იყო, _ თავი ჩაღუნა სახეაჭარხლებულმა სალიმ.

_ ეგ არაფერი, უკეთესი გამოჩნდება. ხომ იცი, ერთხელ გათხოვება ჭირს, თორემ მერე წავა ლიწინ-ლიწინით, _ გაიცინა ახალმა უფროსმა.

_ რაც შეეხება სამუშაო დროს, კარგია, რომ ათ საათზე ადრე არ მომიწევს მოსვლა, შორიდან უნდა ვიარო. რაც შეეხება ანაზღაურებას, ნებისმიერ თანხაზე თანახმა ვარ, ეს თქვენიგადაწყვიტეთ, _ ცოტათი გათამამდა სალი.

პრეზიდენტს გაეღიმა. მიხვდა, რომ გოგონა უხერხულად გრძნობდა თავს და უფრო დაუტკბა.

_ მე თერთმეტამდე ვერ მოვდივარ, ასე რომ, ამაზე არ იდარდო. მთავარია, ჩაერთო კოლექტივში, არ გაგვიფუჭო პურმარილი, იყავი ხალისიანი და შეძლებისდაგვარად დადექი ჩვენ გვერდით. უფრო სერიოზულად კი _ მე უნდა მომიარო, პირველ რიგში. მომიდუღო ყავა, ამარიდო არასაჭირო ზარებს, ანუ დამმალო აბეზარ უცხოებს, თვითონ რომ არ იციან, რისთვის რეკავენ. ეგ არის და ეგ, დანარჩენი უკვე გითხარი. რაც შეეხება ხელფასს, _ დუდუ ცოტა ხნით ჩაფიქრდა, _ თავიდან იმდენი გექნება, რამდენიც იას. მერე ვნახოთ, ხანდახან პრემიებიც მეხერხება. ია კმაყოფილია, იმედია, არც შენ დარჩები ანაზღაურებით უკმაყოფილო. თუ გაწყობს ჩემი პირობები, ხვალიდან შეგიძლია საქმეს შეუდგე, _ ღიმილით დაამთავრა დუდუმ და ზარი დარეკა, რომ ია შემოსულიყო.

ბუღალტერი იმწამსვე შემოვიდა. სალიმ მადლობა გადაუხადა ახალ უფროსს და კაბინეტიდან გავიდა. ია თან მიჰყვა, მაგრამ მალევე შემობრუნდა და ეჭვის თვალით მიაჩერდა პრეზიდენტს.

_ მისტერ პრეზიდენტ, თქვენ თვალები ზაბლეტელი, ვ ჩემ დელა?

დუდუს გაეღიმა.

_ არ დაგიმალავ, იაკო და, მან ჩემში სიმპათია გამოიწვია, მაგრამ სხვა კუთხით. შენ ხომ იცი, ზამუჟნიე ჟენშჩინი ჩემი გატაცება არ არის, _ დუდუმ არ გაუმხილა ბუღალტერს, რომ სალის ოჯახური მდგომარეობა უკვე იცოდა, _ არ მიყვარს სხვისი ოჯახის გაბინძურება ჩემი სისუსტის გამო, ქალების მეტი რა არის ამქვეყნად, გათხოვილ ქალს რომ არ გადავეკიდო? ნუ ნერვიულობ, ჩემო კარგო, რა გაშინებს? დავიჯერო, შენი დაქალი ასეთი სუსტია და ცდუნებას ვერ გაუძლებს?

_ პრი ჩემ ტუტ სუსტი? კაცმა თუ მოინდომა, ვერაფერი გააჩერებს. თორემ არ გიცნობდეთ.

_ კარგი, იაჩკა, შევთანხმდეთ. პირობას გაძლევ, სალის შებმას არ ვეცდები. აი, ხელფასი კი დროზე მიეცი ხოლმე, რომ არ მომწამლოს, თორემ ბეზ ბუკსირა დარჩები.

ორივეს გაეცინა.

 

მეორე დილით სალი ადრე გამოცხადდა სამსახურში. იფიქრა, პირველი დღეა და თავს გამოვიჩენო, თუმცა გულმოდგინების მცდელობა წყალში ჩაუვარდა. «დუგიში» კაციშვილი არ ჭაჭანებდა. კოპები შეკრა, ხომ არ მეჩვენებაო და რვავე კარს ჩამოუარა, იქნებ ერთი რომელიმე მაინც «შეცდა» და ჩემზე ადრე მოუცდა ფეხიო. იმედი გაუცრუვდა, ყველა კარი ჩაკეტილი დახვდა, გრძელ დერეფანში სრული სიჩუმე სუფევდა. რა უნდა ექნა, დაღონებული თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა და კომპიუტერი ჩართო. მერე ჩანთიდან კომპაქტ-დისკი ამოიღო, სადაც თავისი საყვარელი თამაშები ჰქონდა ჩაწერილი, გახსნა პირადი დირექტორია და სრიალ-სრიალით გადაწერა. ესეც ასე, ერთი «მთავარი საქმე» გაკეთებულია, დანარჩენს მერე მიხედავს, როცა უბრძანებენ. რადგან მარტო იყო, თამაში დაიწყო. ისე გაერთო, რომ ოთახში შემოსული მამუკა არც შეუმჩნევია.

_ გამარჯობა, «კრასავიცა», _ გაიკრიჭა მამაკაცი.

_ გაგიმარჯოთ, _ შეცბა სალი და ფეხზე წამოიჭრა გაწითლებული.

_ იჯექი, იჯექი. შენ ახალი ხარ, არა? _ მამაკაცი უკითხავად მიეჭრა ქალს და ხელი ღონივრად ჩამოართვა, თან ხარბად შეათვალიერა, _ რა გქვია?

_ სალი, _ უფრო დაიმორცხვა გოგონამ.

_ მე მამუკას მეძახიან. ხომ არ გწყინს, შენობით რომ გელაპარაკები? არ გაგიკვირდეს, რომ გავშინაურდებით, მაინც ასე მოგვიწევს საუბარი და რა მნიშვნელობა აქვს, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან?

_ რა თქმა უნდა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, _ სალი დააბნია უცნობის სითამამემ.

_ ჩემთვის ათმაგად უფრო სასიამოვნოა. აქ ლამაზი ქალების სრულ დეფიციტს განვიცდით, ამიტომ…

_ თქვენ რა თანამდებობა გიჭირავთ? _ გააწყვეტინა სალიმ.

_ მე-ე? ყველანაირი. როცა საჭიროა, დირექტორიც ვარ, პრეზიდენტიც, მძღოლიც და, შენ წარმოიდგინე, დამლაგებელიც, _ თითი მაღლა აიშვირა მამუკამ.

ამ დროს გარეთ ხმამაღალი ლაპარაკი გაისმა.

_ ე! მოვიდნენ სულთამხუთავები. ნარგიზას და იას ხმა მესმის. რაღაც ძალიან ადრე მოუვიდათ მოსვლა, როგორ დაემართათ? _ მამუკა ღიმილით გაემართა კარისკენ და ის იყო, გამოაღო, რომ პირდაპირ ოთახში შემომავალ იას დაეჯახა.

_ ჩამეხუტე, ჰო, ჩამეხუტე, სხვას აქ ვერავის ხედავ საშენოს და აბა რა იქნება? _ გაეხუმრა შეშინებულ ქალს და ხითხითი აუტყდა.

_ გაგიხმეს თავი, როგორ შემაშინე. სალი, ტი უჟე ზდეს? _ იამ დაქალს შეხედა სახეგაბრწყინებულმა.

_ რამდენი ხანია, _ სალისაც გაუხარდა მეგობრის დანახვა.

_ ნუ კაკ, მოგწონს აქაურობა? _ გოგონებმა ერთმანეთი გადაკოცნეს.

_ ნეტა მე როდის გამიშინაურდება ისე, რომ მეც მაკოცოს? _ მამუკამ საწყალი სახე მიიღო.

_ ნიკაგდა ვ ჟიზნი, _ წყალი გადაუწურა იამ მის ნატვრას, _ წადი, შენს ცოლს მიხედე.

_ აბა, ერთი დამანახვეთ ახალი თანამშრომელი, მართლა ასეთი კარგია? _ ოთახში ნარგიზამ შემოყო თავი, _ უი, მართლა რა ლამაზი ყოფილა, რა უცხო თვალები აქვს. ჩვენს კაცებს კიდევ ეს უნდოდათ? _ სათნო ქალბატონი სალის თბილი ღიმილით გაეცნო და დამოძღვრა, _ შუბლი არ გაუხსნა ამათ, თორემ თავზე უბოდიშოდ დაგაჯდებიან, შვილო. განსაკუთრებით, ყავა არ მოუდუღო არავითარ შემთხვევაში და სანთებელას თხოვებას არ მიაჩვიო.

_ მე არ ვეწევი, _ გაიღიმა მდივანმა.

_ გაგახარა ღმერთმა. ჩაუვარდათ ზოგ-ზოგიერთებს კოვზი ნაცარში. მე ხომ იცი, გამატყავეს, განსაკუთრებით ამან და გიამ, _ მამუკასკენ გაიშვირა თითი ნარგიზამ, _ იმდენი სანთებელა დამიკარგეს, ერთ მანქანას მიყიდდა, ის ფული რომ დამეზოგა.

ნარგიზას ნათქვამი მამუკამ რეპლიკებით გააპროტესტა. სალის ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, მათ დიალოგს რომ უსმენდა. მერე ორივენი გავიდნენ კაბინეტიდან და დაქალები მარტო დარჩნენ.

_ აქ ყველას ჰგონია, რომ შენ ქმარი გყავს, _ უჩურჩულა იაკომ სალის.

_ მართლა? მე კი დუდუს ვუთხარი, განათხოვარი რომ ვარ.

_ რას ამბობ! როდის მოასწარი, _ შეიცხადა მეგობარმა, _ რაში გჭირდებოდა, ვერ გავიგე. იცი, რა მექალთანეა? ხვალვე შეგიტყუებს ლოგინში და… შენნაირებს ცხვირსახოცებივით იცვლის, _ დააყარა საყვედურები.

_ არ გინდა, ია, ტყუილად ნუ მსაყვედურობ. ხომ იცი, კაცები არ მაინტერესებს, ხოლო ჩემი ლოგინში შეტყუება ასე ადვილი არ არის.

_ ისიც უთხარი?

_ არა, გაგიჟდი?! მაგას რა მათქმევინებდა. კრინტი არ დაძრა, იცოდე! _ შეშფოთდა სალი.

_ მე რა უნდა ვთქვა, შენ თვითონ დაგიფქვავს ყველაფერი და… ხომ გაგაფრთხილე, სტრანნაია ტი დევჩონკა, _ თავი გადააქნია იამ.

უცებ კარი მოწყვეტით გაიღო და ოთახში დუდუ შემოიჭრა, _ ვა, უკვე აქ ხართ, გოგოებო? პრივეტები! რა ლამაზები ხართ, თქვე ოხრებო! სალი, ერთი ყავა მომიდუღე, შენს გახარებას! _ მიაძახა მდივანს, კაბინეტი შეაღო და როგორც გამოჩნდა, ისევე გაუჩინარდა.

_ როგორი ყავა უყვარს? გვაქვს ყავა? _ დაიბნა სალი და შეშინებულმა იას შეხედა.

_ წამოდი, ჩემთანაა ყველაფერი, გამოგატან, _ იაკომ ხელი ჩაავლო სალის და თან გაიყოლა.

7 7 7

სალიმ პირველივე დღეს აუღო სამსახურს ალღო. რაც მთავარი იყო, დუდუს მოსაწონი ყავის მოდუღება «დაამუღამა» და უფროსის პირველი შექებაც დაიმსახურა. ცოტა დაძაბული კი იყო, მაგრამ ამანაც მალე გაუარა. თანამშრომლებმა ისე თბილად და შინაურულად მიიღეს, თითქოს ახალი არც ყოფილიყო. ასეთმა მიღებამ მეტი სითამამე შემატა.

კმაყოფილი სახით გამოვიდა დუდუს კაბინეტიდან. ხუმრობა ხომ არ იყო, სწორედ ისეთი ყავა მოუდუღა, ფირმის პრეზიდენტს რომ უყვარდა. კართან უცხო მამაკაცს დაეჯახა.

_ მაპატიეთ, უკაცრავად, მე მაპატიეთ, _ ბოდიშებად «დაიღვარა» მსუქანი კაცი.

სალი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ბუთხუზა და საყვარელი ადამიანი გიგი იქნებოდა.

_ არა უშავს, ჩემი ბრალია, _ გაწითლდა სალი და მორცხვად გაიღიმა.

_ თქვენ… ახალი მდივანი ხართ, არა? _ გამომცდელად შეხედა გიგიმ.

_ დიახ, სალი მქვია, _ თქვა ქალმა და დიდრონი თვალები შეანათა.

დირექტორი ცოტათი დაიბნა კიდეც, როგორც ჩანს, მდივნის უცხო თვალებმა წამით მასაც აურია გონება.

_ მეტად სასიამოვნოა, მეტად. მე… მე გიგი ვარ, მიცნობდეთ, რა იცით, რაში გამოგადგებით.

_ რა თქმა უნდა, _ სხვა ვერაფერი მოიფიქრა დაბნეულმა და ხელი უხერხულად ჩამოართვა მამაკაცს.

_ ვაიმე, ვაიმე, რა პატარა თითები აქვს ამ გოგოს, ხელში ჩაგეკარგება, _ კვლავ გაიღიმა გიგიმ და კარგა ხანს შეაყოვნა სალის თითები ხელში, _ ზახარიჩი აქ არის?

_ დიახ, მიბრძანდით, _ ქალმა თითები ძლივს გაითავისუფლა და რატომღაც ზურგს უკან დამალა.

_ კეთილი, _ გიგიმ თვალი ჩაუკრა მდივანს და კაბინეტის კარის სახელური ძლიერად ჩამოსწია.

დუდუ, როგორც ყოველთვის, ტელეფონზე ლაპარაკობდა. ხელით ანიშნა ძმაკაცს, დაჯექიო, ყავაზე მიანიშნა, ხომ არ გინდაო.

გიგიმ თავი გადააქნია და დაელოდა, პრეზიდენტი როდის დაამთავრებდა საქმიან ლაპარაკს.

_ როგორ არის ჩვენი საქმე? _ დუდუმ ყურმილი დაკიდა და პასტით რაღაც ჩაინიშნა მაგიდის კალენდარზე.

_ მშვენივრად. «მერკურთან» ხელშეკრულება გავაფორმე, ხვალ საქონელსაც შევუტანთ და ამიერიდან ჩვენი კლიენტები იქნებიან. რა დაცემა გოგოა, მართლა იას დაქალია?

_ ისე რა, ბევრი არაფერი. თვალები კი აქვს მაგარი, სხვა რამის რა მოგახსენო.

_ თვალებია მთავარი, ჩემო დუდუ, თვალები, რაღაც არ ჰგავს იას მეგობარს, _ გაიცინა გიგიმ.

_ რატომ, ია სულაც არ არის ცუდი გოგო?!

_ ცუდი რა შუაშია, კაცო. იას წესიერების ეტალონად მოაქვს თავი, ეს კი ისეთი გამომწვევია, პირდაპირ გამოხედვით გეუბნება, მოდი და… მოდიო, _ ხმამაღლა გაიცინა დირექტორმა.

_ ჰო, ისე სექსუალური მართლაც არის, ვერ დაუკარგავ. შარმი არ აკლია.

_ აკლია კი არა, მგონი ჭარბადაც აქვს. რა ქენი, უკვე დაუწყე «შეხვევა»?

_ არა, ძმაო, თავი დამანებე, რა გინდათ, ჩემგან, ყველა კაბიანს კი არ დავდევ კუდში. სეკრეტარშა, კაკ სეკრეტარშა, მეტი არაფერი.

_ კაი სეკრეტარშა კია და… _ ხელები გაშალა გიგიმ.

_ კაია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ვინც ხმარ… კარგი, კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. აგერ, ახლა, შალვამ დამირეკა, ტელევიზიას ხსნის თურმე და შვიდი კომპიუტერი უნდა თავისი «მისაბმელებით».

_ ცოტას ვერ მოიცდის?

_ რატომ, არა გვაქვს საწყობში?

_ ახალ პარტიას ველოდები დუბაიდან, ორ-სამ დღეში ჩამოვა. იქ უკვე არც არაფერი დარჩა.

_ არც იმას ეჩქარება მაინცდამაინც, ორ კვირაში გამოივლის და ზუსტად უნდა დავუანგარიშოთ, რამდენი დაუჯდება. ჰო, კიდევ ერთი რამე მინდა. სალის კომუტატორი დავუდგათ, რომ ადვილად შეძლოს გადართვ-გადმორთვა ყველასთან, განსაკუთრებით შენთან და ჩემთან.

_ ბეზ პრაბლემ, ახლავე ამოვუტან. ფაქსსაც მის ოთახში დავდგამ, არ ჯობია? ბუღალტერიას რისთვის სჭირდება.

_ ეგეც შეიძლება, _ დათანხმდა დუდუ და ყავა მოსვა, _ «კოფე» მართლა კარგი სცოდნია.

_ ალბათ იამ ასწავლა რეცეპტი, მაგის დაქალი არაა?

_ არა, ჩემებურად გავაკეთეო, მითხრა. მე ჩემი «სეკრეტ ფირმი» მაქვსო.

_ ჰო-ო? კიდევ რა «სეკრეტები» მაქვსო, არ გითხრა?

_ დანარჩენი შენ ჰკითხე, შენ მოგეწონა, მე კი არა, _ ჩაიცინა დუდუმ.

_ საშიში ქალი ჩანს, ჯობია, შორს დავიჭირო თავი. ჩემი სუსტი გულის ამბავი რომ ვიცი…

_ გიგიჯან, რა მოგდის, ბიჭო, შენი ცოლის პატრონი მაგას როგორ იძახი? არ გაგიგოს ქეთიმ, თორემ მერე ნახე, რა მოხდება.

_ კაი, ვხუმრობ, ქეთის ენაცვალოს ჩემი თავი, ჯიგარი ცოლი მყავს. არ არის ეჭვიანი და არც არასდროს მიმიცია საბაბი. ისე, გათხოვილია?

_ განათხოვარია, _ სიცილი ვერ შეიკავა დუდუმ, _ რა ტიპი ხარ, მაინც გაინტერესებს, არა?

_ ის ვიკითხე, ყოვლი შემთხვევისთვის, რომელი დონ ჟუანი მე მნახე. კარგი, მაშინ ახლა გავვარდები, იმ გოგოს კომუტატორს ამოვუტან, მერე კი დავახვევ, დღეს კიდევ ბევრი სარბენი მაქვს.

_ აბა შენ იცი. მეც გავალ მალე, საღამოს უკრაინიდან სტუმრები ჩამოდიან და აეროპორტში უნდა დავხვდე. დაგირეკავ, მერე სადმე მოვსხდეთ რესტორანში.

_ სახლში არ მიგყავს?

_ სახლში არა ის… ჩემი ცოლის ნერვები არა მაქვს. მთლად აურია ბოლო ხანებში. ახლა მარიანა რომ დაინახოს, უარესად გაგიჟდება. სასტუმროში დავაბინავებ.

_ რამდენი კაცი ჩამოდის?

_ ვლასი, მიშა და მარიანა, კვირის ბოლომდე დარჩებიან.

_ აბა, გვიტარებია დრო.

_ შენ ეგა თქვი. ვნახოთ, შეიძლება მეც თან გავყვე, იქაც საჭირო ვარ, რა ვქნა.

_ შენი საქმისა შენ იცი, ძმაო. აქ რომ არაფერი გაფუჭდება, ხომ გჯერა, _ თქვა გიგიმ და წამოდგა.

_ აბა ჰე, საღამოს დაგიკავშირდები, _ დუდუმ ხელი დაუქნია ძმაკაცს და კვლავ ტელეფონს წაეტანა.

7 7 7

დუდუ ლაპარაკს მორჩა და სავარძელზე გადაწვა თვალებმილულული. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ნომრის ამომცნობს დახედა, ნათია იყო, მეუღლე. უკმაყოფილოდ დაიჯღანა და უხალისოდ დაწვდა ყურმილს.

_ როგორა ხარ, სიცოცხლევ? _ ნაზად მოიკითხა ცოლმა.

_ არა მიშავს, თქვენ რას შვრებით?

_ მაღაზიებში მინდა გავიარო, ელენეს ფეხსაცმელს ვუყიდი, თუ რამე შემხვდა ნორმალური, ხომ დაგვაფინანსებ?

_ მარტო ბავშვის შემყურე ნუ დარჩები, ქალბატონო, ცოდო ხარ, იქნებ შენთვისაც გენახა რამე, გული არ დაიწყვიტო, _ ირონიულად ჩაიცინა დუდუმ.

_ ჰო, ამომადინე ახლა ყელში სახლიდან გასვლა, რამე კარგი რომ მითხრა, არ შეგიძლია?

_ კი ბატონო, როგორ არ შემიძლია. გიგზავნი მანქანას და სამას დოლარს. ამაზე კარგი რა გითხრა, ჩემო კარგო, რით გაგახარო? გინდა, კიდევ უფრო სასიხარულო ამბავი გითხრა? დღეს ახალი გოგო მივიღე სამსახურში. მალადაია, კრასივაია…

_ სპარტსმენკა, კამსამოლკა, არა?

_ დაახლოებით. ჩემი პირადი მდივანი იქნება. კარგი გოგო ჩანს. ამბობენ, ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები მდივნის კანდიდატურას ცოლებს უთანხმებენო… ხომ არ მიბრაზდები, რომ არ შეგითანხმე? _ ხმამაღლა გაიცინა დუდუმ.

_ ჰოდა, ძალიანაც ცუდი, თუ არ შემითანხმე. ერთი გამოვიარო «პაკუპკების» მერე, შევხედო, ვინ არის და შემდეგ მოგახსენებ ჩემს აზრს.

_ მე მეშინოდა, მანამდე არ გამოიაროს-მეთქი, თორემ შენ რომ გიცნობ, «პაკუპკების» მერე ისეთ ხასიათზე იქნები, მდივანი კი არა, მეორე ცოლი რომ დაგახვედრო აქ, იმასაც აიტან! ისე კი, მაინცდამაინც ნუ მოიკლავ თავს აქ მოსვლით, უშენოდაც შევაფასებთ შავს და თეთრს. მოკლედ, გია ნახევარ საათში თქვენთან იქნება და არ ალოდინოთ ის ბიჭი, ისედაც სულ გადარბენაზეა, _ თქვა დუდუმ, ცოლის პასუხს არ დაელოდა და ყურმილი დაკიდა.

7 7 7

შუადღემ მოატანა. სალის ბიჭებმა კომუტატორი დაუდგეს, ქსელი გაუყვანეს და წარმატებული სამუშაო დღეები უსურვეს.

დუდუს მოშივდა. კაბინეტიდან გამოსულმა ახალი მდივანი თავის ადგილას რომ ვერ შეამჩნია, გეზი ბუღალტერიისკენ აიღო. კარი შეაღო და რას ხედავს _ ია, სალი, მამუკა და ზაზა მაგიდას შემოსხდომიან და რაღაცაზე გულიანად ხორხოცობენ.

_ რა თავყრილობა გაგიმართავთ უჩემოდ? ახალმა ქალბატონმა უკვე წამართვა მეგობრები, თუ რა არის? გაიცანით უკვე, არა? ჰოდა პრაშუ ლუბიტ ი ბალავატ.

სალი ოდნავ გაწითლდა, ფეხზე წამოიჭრა და სუფთა რუსული აქცენტით წარმოთქვა.

_ ჭ პოლქწენა, ბოლქშოე სპასიბო ვსემ ზა ტეპლთღ პრიემ, _ გაჩუმდა და კვლავ დაჯდა.

დუდუს თვალები გაუფართოვდა, გაკვირვებული ხან სალის მისჩერებოდა, ხანაც მოღიმარ თანამშრომლებს, ბოლოს წამოიძახა.

_ უყურე შენ ამას! რა რუსულით ბაზრობს! თუმცა, რა გასაკვირია, იასთან თუ სწავლობდა, გამოდის, რუსული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ეს კარგია, ძალიან კარგი. რუსულის ცოდნა ბევრ რამეში გამოგვადგება.

«მაგარი გოგოა, რა უკანალი აქვს?! _ გაიფიქრა პრეზიდენტმა, მაგრამ «შავ-ბნელი» ფიქრები მალევე უკუაგდო, _ «რა ხამივით ვიქცევი, თითქოს ქალის უნახავი ვიყო, რა მინდა, რას ვერჩი, გაუმარჯოს თავის ამბავში. მორჩა, მე ჩემი ქალებიც მეყოფა». აქ დუდუმ მდივნის «ინტიმურ» საკითხსსაბოლოოდ დაუსვა წერტილი, თანაც იმდენად მსხვილი, რომ შემდეგ და შემდეგ თვეები დასჭირდა მის წაშლას.

_ რაზე გეცინებოდათ, ზუზუ ბატონო? _ ცოტათი დაბნეული «მისტერ პრეზიდენტი» ზაზას მიუბრუნდა.

_ რაზე და… რა ვიცი, ვთქვა თუ… არ ჯობია, თვითონ მამუკამ ილაპარაკოს? ვერ მოვაცილეთ, ბატონო, ამ ოთახს, უფრო სწორად _ იას.

_ რატომ, ამისთანა რა მოხდა, მამუკჯან, იაჩკა დღეს პირველად ნახე, თუ?

_ პირველად რავა ვნახე, უფროსო, მაგრამ მაგის მოკლე კაბამ მიმიზიდა ნამეტნავად. მე კი არა, ეკლესიაში ყოფილა დილით და მღვდელს თვალები აუტრიალდა თურმე, რომ დაინახა.

.ყველას გაეცინა.

_ საზიზღარი ვინმე ხარ, ბალვან! _ აჭარხლებულმა იამ მამუკას მტრულად გახედა.

_ ისე, რა იას ბრალია, იმ დალოცვილ მღვდელს უთქვამს, ეკლესიაში შარვლით სიარული არ შეიძლებაო. ჰოდა, ჩვენმა იაკომაც გაიხადა შარვალი და ჩაიცვა «იუბკა». მართალია, ცოტა მოკლე კია, მაგრამ, სამაგიეროდ, ეკლესიაში სიარული შეიძლება, _ იანგლა ზაზამ.

თანამშრომლები სიცილით იგუდებოდნენ.

_ იაჩკა, მღვდელმა მართლა თუ გნახა ასე და რა გითხრა, გაფიცებ, სიმართლე მითხარი, _ დუდუ სატირლად გამზადებულ ბუღალტერს მიუბრუნდა.

_ კი, როგორ არა, მნახა და არაფერიც არ უთქვამს, _ სრულიად სერიოზული სახით უპასუხა იამ.

_ ასეა, ჩემო იაკო, მღვდელიც ადამიანია და რას გეტყოდა ასეთი მშვენიერების შემხედვარე? სამაგიეროდ, ჩვენი მამუკა აღარ არის ადამიანი შენი ფეხების შემყურე და, თუ გიყვარდე, ერთი რამ დამიჯერე: ეკლესიაში იარე მაგ კაბით, ხოლო სამსახურში იმ შარვლით, ეკლესიაში რომ არ გიშვებენ. ჩვენც წყნარად ვიცხოვრებთ და ის მღვდელიც, კარგი? _ «დამოძღვრა» დუდუმ ია.

უფროსის ხუმრობაზე ღიმილი იამაც ვერ შეიკავა.

_ კარგი, ახლა გეყოფათ ლაყბობა, დატოვეთ ეს გოგოები და გამოდით ჩემთან, _ კილო შეიცვალა დუდუმ და კარისკენ გატრიალდა.

ბიჭები უკან მიჰყვნენ.

_ ზახარიჩ, რას იტყვით ახალ გოგოზე? _ დაინტერესდა მამუკა, სანამ დუდუს კაბინეტში შევიდოდნენ.

_ მართლა კარგი გოგო უნდა იყოს, ყველა სიტყვაზე ისე წითლდება, თითქოს ბატონები სჭირსო. მე უკვე დავუძმაკაცდი, _ წაიტრაბახა ზაზამ.

_ «კანეჩნა», დაუძმაკაცდებოდი, შენი ამბავი რომ ვიცი. მგონი, გლდანის გზის ათვისებას შენ უფრო დაიწყებ, ვიდრე გია ან მე, _ გაიცინა დუდუმ, კაბინეტის კარი შეაღო და ბიჭები წინ გაატარა.

_ ახლა სერიოზულად მომისმინეთ, _ ხმას დაუწია დუდუმ, _ ამ გოგოსთან დაკავშირებით უშნო ხუმრობა და ზედმეტი ლაპარაკი არ გამაგონოთ. გათხოვილი ქალია, როგორც გაიგეთ, ეჭვიანი ქმარი ჰყავს. ხომ გესმოდათ, იმ დღეს რა თქვა იაჩკამ? ისედაც, უწესოსი არაფერი უგავს, ტაქტიც ეტყობა და ინტელექტიც. ყველას გთხოვთ, ხელი შეუწყვეთ. ჩემი ამბავი ხომ იცით, არ მიყვარს არაფრის დამალვა, მაგრამ ამჯერად სალი, როგორც ქალი, არ მაინტერესებს. ის ჩემი პირადი მდივანია და მდივნებთან რომანის გაბმას არ ვაპირებ. არ მხიბლავს სამსახურებრივი რომანები. გასაგებია? ძალიან გთხოვთ, ეს თქვენც გაითვალისწინოთ. ცოლი რომ ცოლია, იმასაც არ ვამუშავებ ჩემთან, იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ზედმეტი პრობლემები და ინტრიგები არ მჭირდება არც მე და არც თქვენ. სხვა მხრივ კი, ვნახოთ, რა «ფრუქტია», როგორ გამოიჩენს თავს. რაც მთავარია, პირველ ეტაპზე ყავაც გვექნება და მხიარულებაშიც ერთით მეტი ვიქნებით.

_ უფროსო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი და როგორც ჩვენ გაგვიხარდება. ერთი კარგი გოგო ვერ უნდა შევინახოთ, ბოლოს და ბოლოს? მგონი, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ოჯახი და არც სხვისი ოჯახის პატივისცემა გვეშლება, ასე არ არის ჩემო მამუკ? _ ზაზა მამუკას მიუტრიალდა.

_ აბა რა, აბა რა, რაზეა ბაასი, მაგრამ ძველ თემასაც მინდა დავუბრუნდე, ხალხო. ერთხელ გამოვნახოთ თავისუფალი დრო და იმ ეკლესიაში შევიაროთ, ია რომ დადის.

_ იქ რაღა გინდა, შე კაცო? _ ზაზამ გაიოცა.

_ რა და… ის მღვდელი გავიცნოთ, ერთი. არ გაინტერესებთ, იაკოს შემხედვარე, ლოცვებს როგორ კითხულობს? იქნებ ეშლება სიტყვები იმ საცოდავს და ჩვენი დახმარება სჭირდება? _ მამუკამ თავი გადააქნია.

სამივეს გაეცინა.

_ დიდი ოხერი და მამაძაღლი ხარ შენ, მამუკ, ვინც არ გიცნობს. რაღაც უშნოდ დაადგი თვალი იაჩკას. შეეშვი, გირჩევნია. მაგ გოგო მე ჩამაბარა პატრონმა და ჭკვიანად მოიქეცი, თორემ ჩემი ოფოფების ამბავი ხომ იცი, თუ ავუშვი… _ მრავალმნიშვნელოვანი მზერით გახედა დუდუმ თანამშრომელს.

_ გასაგებია, ზახარიჩ, ვიხუმრე, მეტი კი არაფერი.

_ მორჩა, ახლა საქმეზე ვილაპარაკოთ. დღეს სტუმრები ჩამომდის უკრაინიდან. ახლა ორივე წახვალთ და რესტორან «რანდევუში» ხუთკაციან მაგიდას შეუკვეთავთ. ჟორას უთხარით, ჩემგან რომ ხართ. ჩიტის რძე არ დააკლოს სუფრას. სადღაც, რვა საათისთვის მოვალთ. შეიძლება უფრო ადრეც. გაიგეთ?

_ კი ბატონო, ახლავე ავორთქლდებით, _ ჯარისკაცივით გაიჯგიმა ზაზა და უფროსს მხედრული სალამი აუწია.

_ დავიშალოთ, მაშინ. მეც გავივლი სახლში, ჩემს ელენიკოს მოვეფერები, თან ჩემი სამასი დოლარის ამბავსაც გავიგებ. გამყვლიფა ჩემმა ცოლმა. თუ რამე იყოს, სახლში დამირეკეთ, კარგი?

დუდუმ კაბინეტის კარი ჩაკეტა, ბიჭებს ხელი დაუქნია და ინსტიტუტის გრძელ ტალანს დინჯი ნაბიჯებით გაუყვა. იმწუთას არაფერი ახსოვდა, არც აინტერესებდა, მხოლოდ საღამოს სტუმრებსა და ხვალინდელი ყავის გემოზე ფიქრობდა…

 

მოსაღამოვდა, სამუშაო საათები დამთავრდა. სალი და ია უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ, რომ ოთახში ვიღაც ქერათმიანი ქალი შემოიჭრა შეშლილი თვალებით.

_ სად არის? _ იკითხა მოსულმა.

_ გამარჯობა, ნათია, ვ ჩემ დელა, მოხდა რამე? _ გაკვირვებით შეხედა იამ.

სალი მიხვდა, რომ უცნობი ქალბატონი დუდუს ცოლი იყო.

_ აქ არის? _ მისალმება უპასუხოდ დატოვა სახეარეულმა ქალმა და საჩვენებელი თითი ქმრის კაბინეტისკენ გაიშვირა.

_ ნეტ, დავნო უშიოლ… წავიდა, მგონი აე…

_ შეხვედრა ჰქონდა ბატონ დუდუს და ბატონ გიგის, ერთად გავიდნენ, _ იას სიტყვის დამთავრება არ აცალა სალიმ.

_ არ უთქვამს, სად მივდივართო?

_ წარმოდგენა არა მაქვს, _ თავი გადააქნია იამ.

_ შენც არ იცი? _ უტიფრად შეხედა ნათიამ სალის.

_ არა, ქალბატონო, არაფერი დაუბარებიათ, _ სახე აელეწა მდივანს.

_ შენ ხარ ახალი თანამშრომელი, არა? _ ზიზღნარევი ხმით გამოსცრა ბოსის ცოლმა.

_ დიახ, მე ვარ, _ სალი მოიბუზა.

_ გასაგებია, _ ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და ოთახიდან ისარივით გავარდა.

სალიმ და იამ ერთმანეთს გადახედეს.

_ კლიანუს, თუ გიჟი არ იყოს, დუდუს სულაც არ ვამტყუნებ, ასეთი ვამპირი რომ უზის სახლში, ჩისტაია კალდუნია, _ თქვა იამ.

_ როგორ შემეშინდა, მეგონა, ქვეყანა იქცეოდა.

_ ანა ნი ვ სვაიომ უმე, სავსემ გარეკა, დურა ნესჩასტნაია, _ არ ცხრებოდა ბუღალტერი.

_ ჩემგან რა უნდოდა?

_ ზნაეშ, კაკაია რევნივაია, ახლოს არ გაეკარო მაგ კაცს, თორემ… ვიდიშ, გიჟია.

_ წავედით, წავედით, რაში მჭირდება სხვისი ქმარი, რა სისულელეა, _ მხრები აიჩეჩა იამ, უჯრა დაკეტა და კარისკენ გაემართა.

7 7 7

ამ დროს გიგი და დუდუ რესტორანში «უბერავდნენ» უკრაინელ სტუმრებთან ერთად. დუდუ შინ კი მივიდა დროზე, მაგრამ ცოლი რომ არ დახვდა, ბევრი არ უფიქრია, გამოიცვალა, სოლიდურად გამოეწყო და აეროპორტისკენ გასწია კოლეგების დასახვედრად. თუმცა ნათია რომც ყოფილიყო სახლში, მაინც არ ეტყოდა, უკრაინელები რომ ჩამოდიოდნენ. იცოდა ცოლის «ოფოფების» ამბავი. იგი მარიანაზე კარგა ხანია, ეჭვიანობდა. ჰქონდა კიდეც ამის საბაბი. ორი წელია მარიანა და დუდუ საყვარლებად ითვლებიან. უკრაინაში ეს ყველამ იცოდა. თბილისშიც ჭორაობდნენ ვიღაც «ნაშაზე», მაგრამ კონკრეტულად მარიანას შესახებ მხოლოდ გიგიმ იცოდა.

ძმაკაცებმა სტუმრები ისე მოალხინეს, როგორც მათ ეკადრებოდათ. გვიან, ძალიან გვიან დაიშალნენ და სასტუმრომდე მიაცილეს სამივე. ვლასი და მიშა ერთ ნომერში დააბინავეს, ხოლო მარიანა დუდუმ თავისთვის «მოიტოვა». აბა რისი დუდუ იყო, თავისი ფეხით მობრძანებული საყვარელი «უპატვცემულოდ» გაეშვა საქართველოდან. გიგიმ ეშმაკურად გაუღიმა მეგობარს, ტკბილი ღამე უსურვა და თავის გზას გაუყვა, დუდუ კი მარიანასთან ერთად დარჩა ნომერში. ყოველი შემთხვევისთვის დარეკა სახლში, ნათიას საყვედურებს რამდენიმე წუთი უსმინა, მერე უთხრა, სასწრაფოდ გორში მომიწია წასვლამ და ხვალამდე ვერ ჩამოვალ და როცა ჩამოვალ, შენი პრეტენზიები მერე მომახსენეო. ბოლოს კმაყოფილმა დაკიდა ყურმილი და… ის ღამე ქერა ექიმთან ერთად გაატარა…

7 7 7

ოთხი დღე გიგი და დუდუ სტუმრებს გვერდიდან არ მოსცილებიან. ოთხი დღე ბობოქრობდა ნათია, მაგრამ ქმარი ვერაფერში გამოიჭირა, «ფაქტზე» ვერსად წაასწრო, რომ ჩხუბის საბაბი მისცემოდა. დუდუ სამსახურშიც კი არ ცხადდებოდა წესიერად _ რამდენიმე წუთით შემოირბენდა, სალის თვალს ჩაუკრავდა, თანამშრომლებს ჩამოუქროლებდა, თვალს გადაავლებდა «სამუშაო პროცესს» და ისევ გაქრებოდა. თუმცა ერთი რამ არ ავიწყდებოდა _ სალის მოდუღებული ყავა. სანამ ყავას არ დალევდა, ოფისიდან ფეხს არ გაადგამდა.

სამაგიეროდ, გიგი იცლიდა ყველასთვის. იგი მხოლოდ საღამოობით თუ შეუერთდებოდა დუდუს სტუმრების მოსალხენად, დღის განმავლობაში ოფისს არ სცილდებოდა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ უმეტეს დროს სალის ოთახში ატარებდა. ეს არავის გამოჰპარვია.

_ სალი, შენს მოდუღებულ ყავას ძალიან აქებენ, მართლა ასეა? _ პირველად ასე დაიწყო დირექტორმა შეფის მდივანთან დაახლოება.

_ არ ვიცი, ალბათ, _ შეიშმუშნა სალი.

_ მე ვერ მომიდუღებ, რამე რომ იყოს?

_ როგორ არა, რა პრობლემაა, _ დაფაცურდა ქალი და ყავა და შაქარი გამოიღო უჯრიდან.

_ ვნახოთ ერთი, რა ყავა იცი ამისთანა, _ გაიღიმა გიგიმ.

სალი გაწითლდა. ყავა რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო, იქამდე არც ერთს ხმა არ ამოუღია. მდივანმა ქაფის მოხდა რომ დაიწყო, შეამჩნია, რომ თითები უკანკალებდა. როგორ დაძაბული იყო, თითქოს გამოცდას აბარებდა. ვერ მიმხვდარიყო, რა ემართებოდა.

_ ინებეთ, _ მიაწოდა მამაკაცს ლამბაქზე დადებული ფინჯანი, თან შიშისგან გული ელეოდა, სერვიზი ხელიდან არ გავარდნოდა.

_ ო-ო-ო! საოცარი სურნელი ტრიალებს, თუ ყავაც ასეთია, მაშინ… ნამდვილად გეკუთვნის ჯილდო, _ შეაქო მამაკაცმა.

_ გასინჯეთ, რა ვიცი, _ უფრო აილეწა სალი.

გიგიმ ფინჯნიდან ამომავალი ოხშივარი დაყნოსა, სიამოვნებისგან თვალებმილულულმა თავი მაღლა ასწია, თითქოს დეგუსტაციას აკეთებსო, მერე კი ფრთხილად მოსვა ყავისფერი სითხე, ტუჩები რომ არ დაწვოდა.

_ კარგია, მე ვიტყოდი _ განსაკუთრებული, _ ღიმილით თქვა, _ დუდუს ყავის გემო არ ეშლება, მართალი უთქვამს, _ და დაჟინებით მიაჩერდა ქალს.

_ გმადლობთ, მაქსიმალურად ვცდილობ, გემრიელი გამომივიდეს, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მდივანმა.

_ სხვა რამეებიც ასე გემრიელად გამოგდის? _ გამომცდელად იკითხა დირექტორმა.

_ სხვა რამეები? გააჩნია, რას გულისხმობთ, _ ალმურმა გადაუარა სალის სახეზე.

_ რა ვიცი… მაგალითად, კერძები, _ გიგიც დაიბნა.

_ ყველაფერი არა, მაგრამ ზოგი რამ გამომდის.

_ შენ შენი საფირმო რეცეპტებიც გეცოდინება.

_ კი, რამდენიმე.

_ მერე? არ გამასინჯებ? ძალიან დავინტერესდი.

სალის ოფლმა დაასხა. მიხვდა, საითაც უკაკუნებდა მამაკაცი.

_ როცა შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად, არ დაგზარდებით.

_ თქვენობით ნუ მომმართავ, ძალიან გთხოვ. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, ამიტომ ოფიციალურობა არ გვჭირდება. ისე, თუ მომეწონება, ერთ კარგ ტრიუკს ჩავუტარებ დუდუს _ შენს თავს წავართმევ და ჩემს მდივნად დაგნიშნავ. იმან სხვა მოიყვანოს, არ გაუჭირდება.

სალიმ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.

_ მე სათამაშო თოჯინა არა ვარ, ბატონო გიგი, _ თქვა აფოფრილმა.

გიგი გაფითრდა.

_ რა თქვი? რა შუაშია სათამაშო თოჯინა? ეს ვინ გაკადრა? მე მეგონა, კომპლიმენტი გითხარი, შენ კი… სხვანაირად რატომ მიიღე? _ ნირი წაუხდა მამაკაცს.

ქალს პასუხი არ გაუცია. ცოტაც და, ცრემლები წასკდებოდა. ამ კაცებს რა ჰგონიათ, რადგან მდვინად მუშაობს, ყველაფრის უფლება აქვთ? ყველა მდივანი «იმნაირია»? ეს მხოლოდ გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

_ მაპატიე, თუ გაწყენინე, გულშიაც არ გამივლია ცუდი არაფერი. მე უბრალოდ… მაპატიე, უკაცრავად, _ გიგის სახე მოეღუშა, ფინჯანი დადგა, ცივად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

სალის გუნება გაუფუჭდა. ამ კაცის განაწყენება არც უფიქრია. როგორც ჩანს, სწორად ვერ გაიგო დირექტორის ნათქვამი. ფინჯანს გადახედა, დარჩა ყავა დაულეველი, მისი საფირმო ყავა, პრეზიდენტის ასე ნაქები ყავისფერი სითხე. მოწყვეტით დაჯდა სკამზე. რა ქნას, როგორ შემოირიგოს დირექტორი?

თუმცა გიგის წყენამ მალე გადაუარა, რადგან მეორე დღესაც ესტუმრა სალის, მესამე დღესაც და, საერთოდ, ყოველდღე შედიოდა მასთან ყავის დასალევად და არა ერთხელ, დღეში ორჯერ და სამჯერაც მოინახულებდა ხოლმე ქალს სხვადასხვა მიზეზით.

გიგი თავს ვეღარ ერეოდა. თვითონაც არ იცოდა, რითი მოხიბლა ამ პატარა გოგომ, დიდად რომ არ გამოირჩეოდა სხვა გოგოებისგან. რაღაც განსაკუთრებული ხიბლი მოდიოდა მისგან, იდუმალი, შეუცნობელი, რამაც პირველივე ნახვაზე დაახვია თავბრუ დირექტორს. მერე ქეთი? მისი მშვენიერი ქეთი? მას ხომ საოცარი ცოლი ჰყავს _ ერთგული, მოსიყვარულე, ლამაზი, სალიზე ათი თავით უკეთესი… რას უპირებს მეუღლეს? ან რა აქვს სალის ისეთი განსაკუთრებული, რასაც ქეთი ვერ მისცემს? ამაზე გიგის პასუხი არ ჰქონდა. არა, არ უნდა იფიქროს ამ ქალზე, თორემ შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, როგორმე უნდა ამოიგდოს თავიდან. მერე რა, რომ ყოველდღე უწევს მისი ნახვა, მასთან დალაპარაკება? ეს სამსახურია, სხვა რა გზა აქვს. არც ყავას მოადუღებინებს ხვალიდან, ასე აჯობებს. რა მოხდა მერე, სალი სულ არ იყო, მაგრამ ყავის დალევას მაინც ახერხებდა. იამაც გემრიელი ყავის მოდუღება იცის, აქ არ არის? ბოლოს და ბოლოს, დუდუს ეტყვის და თვითონაც აიყვანს მდივანს, რა პრობლემაა? გიგი დიდხანს ებრძოდა საკუთარ თავს…

7 7 7

სალისადმი სიმპათიით მხოლოდ გიგი როდი იყო განწყობილი. თაყვანისმცემელთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. მდივნის დანახვაზე გიაც ნერწყვებს ყლაპავდა, მერაბიც და ზაზაც, თუმცა ჯერჯერობით ამის ხმამაღლა აღიარებისგან ყველა მათგანი თავს იკავებდა. ერთადერთი იაკობი იქცეოდა «წესიერად». ჯერ ერთი, ებრაელი იყო და ქართველ ქალს ასე «ადვილად» არ შეხედავდა, მეორეც _ ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და მისთვის სხვა ქალი არ არსებობდა. მას მხოლოდ საქმე აინტერესებდა, საქმე, რომელიც კარგ ფულს მოუტანდა. ქალბატონ ნარგიზას არ გამოჰპარვია მამაკაცების «ერთობლივი აცუნდრუკება», მიზეზსაც მაშინვე მიხვდა, ამიტომ შეფარვით დაიწყო «მამრების» დამოძღვრა. ხშირ-ხშირად შეახსენებდა ყოველ მათგანს, რომ ისინი ცოლ-შვილის პატრონები იყვნენ, რომ ოჯახი წმიდათაწმიდა რამეა ქართველი კაცისთვის, რომ არ ღირს ამჩატება ლამაზი ქალის გულისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კოხტად იცვამს და უფროსის მდივანია. თუმცა… სალი დიდი ჩაცმულობით არ გამოირჩეოდა. სულ სამი ხელი ტანსაცმელი ჰქონდა, მაგრამ ისე კოხტად იცვლიდა სამოსს ყოველდღე და ისე უხამებდა ზედა და ქვედაბოლოებს ერთმანეთს, დაუკვირვებელი თვალი ვერც მიხვდებოდა, როგორი მწირიც იყო მისი გარდერობი. უჭირდა სალის, ძალიან უჭირდა ეკონომიურად. ამიტომაც იყო, რომ… მაგრამ არა, მის ყველაზე დიდ საიდუმლოს არ გავცემთ, ისიც ეყოფა, ასე რომ დასაჯა განგებამ. გაჭირვება რას არ გააკეთებინებს ადამიანს…

7 7 7

როგორც იქნა, კვირა ჩამთავრდა. დუდუმ სტუმრები ისე გააცილა, ნათიასთან სკანდალი თავიდან აიცილა. ცოლს არაფერი გაუგია. თუმცა ქალი არ ცხრებოდა, იცოდა, რომ მისი ქმარი ამ დღეებში «უშნოდ დაძვრებოდა» სადღაც, მაგრამ სად _ თავი ვერ დაადგა, ვერ ამოხსნა მისი საიდუმლო. ამაზე უფრო ცოფდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დუდუს «უკრაინული ოდისეა» დამთავრდა და მოურჯულებელი ქმარი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.

ორშაბათ დილით კვლავ დინჯად გამოცხადდა სამსახურში, თბილად მიესალმა სალის, ყავის მოდუღება სთხოვა და კაბინეტში შეიკეტა. სალიმ ყავა გაამზადა და უფროსს ციმციმ შეუტანა ოთახში.

_ რა ლამაზი ხარ, სალი? _ ეშმაკურად გამოხედა პრეზიდენტმა.

_ გმადლობთ, თქვენც შესანიშნავად გამოიყურებით, _ სალიმ კეკლუცად გაუღიმა.

_ რა სუნამო გასხია? რაღაც უცხო სურნელი აქვს, _ შეუმჩნეველი არც ეს დარჩენია დუდუს.

_ მე… ისეთი არაფერი, იამ მაჩუქა დაბადების დღეზე.

_ მაინც, მაინც? _ არ მოეშვა დუდუ.

_ იტალიური სუნამოა, «ფერე».

_ ოჰო! არ მეგონა, იტალიელებს ასეთი კარგი სუნამოები თუ ჰქონდათ. იას კარგი გემოვნება ჰქონია, უყურე შენ! _ გაიღიმა მამაკაცმა.

_ კი, ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს, _ დაეთანხმა მდივანი.

_ შენ?

_ რა მე? _ ვერ მიუხვდა ქალი.

_ შენ როგორი გემოვნება გაქვს? _ თვალი მოჭუტა პრეზიდენტმა.

_ რა ვიცი… ჩვეულებრივი.

_ და როგორია ეს «ჩვეულებრივი»?

_ არ ვიცი, რა გითხრათ.

_ რა და… მაგალითად, როგორი კაცები მოგწონს?

სალი შეყოყმანდა. ასეთ კითხვას არ ელოდა.

_ ახლა არ მითხრა, ჩვეულებრივიო, თორემ გავგიჟდები, _ გაეხუმრა დუდუ.

_ ჭკვიანი კაცები, _ გაუბედავად წარმოთქვა სალიმ.

_ ეს მომწონს. ჭკვიანი კაცები… _ თითქოს ჩაფიქრდა ბოსი, _ კარგი ნათქვამია. მე იცი, როგორი ქალები მომწონს?

_ ვიცი, _ მოულოდნელად წამოცდა სალის.

_ იცი? საიდან იცი? აბა, მითხარი, როგორი მომწონს?! _ ყურები ცქვიტა უფროსმა.

_ თქვენი მეუღლისნაირი, _ გაწითლდა სალი.

_ ჩემს მეუღლეს იცნობ? _ თვალები შუბლზე აუვიდა მამაკაცს.

_ დიახ, აქ იყო მოსული, გავიცანი.

დუდუს ხარხარი აუტყდა და სავარძელზე გადაწვა.

_ წარმომიდგენია, როგორ შემოგხედავდა. რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდი, ხომ ასეა?

_ დიახ, მგონი ასეა, _ სალი დაიძაბა.

_ არა უშავს, მაგან ასე იცის. ჩემ გვერდით სხვა ქალს რომ ხედავს, ალერგია ეწყება. ასე ჰგონია, ყველას მე ვუყვარვარ და ყველა ქალი ჩემს დათრევას ცდილობს.

_ თუ თქვენ ცდილობთ? _ ისევ გაექცა სალის ენა.

_ ჰო, არც უმაგისობაა. ხან ასე ჰგონია, ხან ისე. შენს შემთხვევაში არ ვიცი, ჯერ რა ჰგონია. შენ რას იტყვი?

_ მე-ე? რა უნდა ვთქვა?

_ შენ როგორ გგონია, მე ვცდილობ შენს დათრევას?

_ არა, რას ამბობთ, არც მიფიქრია.

_ სულ ტყუილად, ჩემო კარგო, სულ ტყუილად, _ თითი დაუქნია დუდუმ მდივანს და ყავა მოსვა, _ როგორ ახერხებ ასეთი ყავის მოდუღებას, პირდაპირ მაოცებ.

_ შეიძლება წავიდე? _ განერვიულებული სალი ადგილს ვერ პოულობდა.

_ რატომ, არ გსიამოვნებს ჩემთან საუბარი?

_ არა, უბრალოდ… საქმე მაქვს.

_ მე კი მსიამოვნებს, შენ რომ გიყურებ. კარგი საყურებელი ხარ, _ დუდუმ გამომწვევად აათვალიერა ქალი, _ არ გეწყინოს, მე პირდაპირი კაცი ვარ, სიმართლის თქმა მიყვარს, ამასთან _ ლამაზი ქალებიც.

_ მე არა ვარ ლამაზი, არ მაქვს ამის პრეტენზია, _ სალის ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა.

_ კარგი, კარგი, წადი, თორემ როგორც ვატყობ, მეჩხუბები. ერთი ვიქტორს შესძახე, შემოვიდეს, საქმე მაქვს, _ სალი გავიდა თუ არა, დუდუ ყურმილს დასწვდა.

სალი გაწბილებული იყო. რა ეტაკათ ამ კაცებს, თითქოს აქამდე ქალი არ ენახოთ, რა ყველას მასზე დარჩა თვალი? არა, ასე რომ არ უჭირდეს, ერთი დღე არ დარჩებოდა აქ, მაგრამ ფულიც რომ სჭირდება? ამხელა ხელფასს სხვაგან ვინ გადაუხდის მდივნობაში? არადა, თავისი სპეციალობით სადღა იშოვის სამსახურს? ასე ადვილია დღეს კარგი სამუშაოს მოძებნა? არა, უნდა აიტანოს. მერე რა იქნება, ხვალინდელი დღე უჩვენებს. ისე, არც დუდუა მისთვის ცუდი ვარიანტი და არც გიგი, თუმცა დუდუ უფრო მოსწონს, როგორც მამაკაცი, მაგრამ ორივე რომ ცოლშვილიანია? მერე რა მოხდა? რომელიმეს საყვარელი რომ გახდეს, რა უჭირს? გათხოვება რა აუცილებელია? მით უმეტეს… არა, არა. არც ერთი ამათგანი მასზე შეყვარებული არ არის, ამაში სალი დარწმუნებულია. ერთჯერადი რომანები კი მას არ ხიბლავს. მეტი საქმე არა აქვს, ფულის გამო ჩაუწვეს რომელიმეს ლოგინში. ერთი-ორჯერ მოეფერებიან და მერე მობეზრდებათ კიდევაც. და სალის რა? მერე დარდისგან თავი უნდა დაიტანჯოს. რაში სჭირდება? სულ ასე ხომ არ იქნება. ერთხელაც გამოჩნდება ვინმე წესიერი, რომელიც შეიყვარებს, რომელიც ქალად აგრძნობინებს თავს და გათხოვდება კიდეც. რატომაც არა? არც ისეთი შეუხედავია, რომ ვიღაცას არ შეუყვარდეს. მარტო მოწონებას რა თავში იხლის? სექსი რომ უნდოდეს, აქამდეც იზამდა მაგ საქმეს. ცოტა კაცი კი არ ეტანება, გარეთაც ჰყავს თაყვანისმცემლები. მაგრამ არა. სალის ოჯახი უნდა, მოსიყვარულე ქმარი სჭირდება, შვილი… არა, უჭირს სალის ამ თემაზე საუბარი. ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია მის ცხოვრებაში, ფიქრშიც კი არ ეხება ამ თემას. ეჰ, რომელიმე მათგანმა რომ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში მის პირად ცხოვრებაში, შეიძლება ზედაც არ შეხედონ. შეხედონ კი არა, სამსახურსაც დაატოვებინებენ ალბათ. სალიმ ღრმად ამოიოხრა და ვიქტორის დასაძახებლად გარეთ გავიდა.

7 7 7

საღამოხანს გია შემოვიდა სალისთან.

_ გოგონიჯან, მალე მორჩები? _ მხიარულად შესძახა.

_ რატომ მეკითხები? _ სალი კომპიუტერს მოშორდა და გიას ახედა.

_ მაინტერესებს, მე უნდა წაგიყვანო სახლში თუ…

_ არა, არა, დიდი მადლობა, ჩემით წავალ, ტრანსპორტი დადის, არ შეგაწუხებ.

_ ზახარიჩმა დამავალა, ეგ გოგო შენ ატარე გლდანშიო.

_ რას ამბობ, გია, გვიანობამდე ჯერ არ მიწევს დარჩენა და თუ მომიწია, მაშინ შეიძლება წამიყვანო. ასეთ დროს არ მჭირდება მანქანით მომსახურება, ჩემითაც წავალ, _ გაუღიმა სალიმ.

_ როგორც გინდა, ყოველი შემთხვევისთვის იცოდე, რომ მე მზად ვარ, _ მხრები აიჩეჩა გიამ და გავიდა.

ამ დროს შიდა ტელეფონმა დარეკა. სალიმ ყურმილი აიღო.

_ გისმენთ, _ ნაზად ჩასძახა ყურმილში.

_ სალი, მერაბი ვარ. როგორ ხარ?

_ კარგად, თავად?

_ რა ვიცი, ჯერ ისევ მოდაში ვარ, _ გაიხუმრა მამაკაცმა, _ ნახევარ საათში გლდანში მიწევს წასვლა, შემიძლია გაგიყოლო, თუ სხვაგან არ მიდიხარ.

სალიმ პასუხი შეაყოვნა. იქნებ სპეციალურად ეუბნება?

_ გმადლობ, მერაბ, მაგრამ დღეს მეგობართან ვრჩები, სხვა დროს იყოს, _ მოიფიქრა სათქმელი ქალმა.

_ კარგი, ბატონო, სხვა დროს იყოს. აბა ჰე, _ მერაბი პასუხს არ დაელოდა, ისე დაკიდა ყურმილი.

რა მარტის კატებივით ატყდნენ ეს კაცები, რა დაემართათ! სალი შეაწუხა ასეთმა «იერიშებმა», არ იცოდა, როგორ მოეგერიებინა ეს მამაკაცები. რა იქნება, ახლა დუდუ გამოვიდეს კაბინეტიდან და უთხრას, მე წაგიყვან გლდანშიო? აი, მაგას კი არ ეტყოდა უარს. გიგის? ალბათ არც გიგის. აბა მერაბმა რა დააშავა? ცუდი მისთვის არ უკადრებია და უბატონოდ ხმა არ გაუცია, რითია სხვაზე ნაკლები? რადგან დირექტორი და პრეზიდენტი არ არის? ალბათ ასეცაა. გაღლეტილი და ღარიბი თავისი თავი სძულს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეთი ვარიანტია. თუ წაყვანაა, არ ჯობია, ისევ მდიდარმა და ფულიანმა წაიყვანოს? ეჰ, მაგის ბედი სალის ვინ მისცა… ამ ფიქრებში იყო, რომ კვლავ დარეკა ტელეფონმა.

_ გისმენთ, _ უხალისოდ უპასუხა ქალმა ზარს.

_ გიგი ვარ. არის შენთან ვინმე? _ დირექტორს ფრთხილი ხმა ჰქონდა.

_ არა, _ ხმა აუკანკალდა სალის.

_ რამდენ ხანში გახვალ?

სალის ტანში გაცრა.

_ ალბათ ნახევარ საათში, შეიძლება უფრო გვიან, არ ვიცი…

_ მე გაგიყვან, თუ წინააღმდეგი არა ხარ, კარგი?

_ რა ვიცი, არ მინდა თქვენი შეწუხება.

_ მეორედ მსგავსი რამ არც გაიფიქრო. სუპერმარკეტთან დაგელოდები. არ მინდა, აქ ვინმემ გაიგოს. ხომ იცი, ათას კუდს გამოაბამენ.

_ იცით… არ ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს აქ ყოფნა. ბატონი დუდუ ჯერ არ წასულა, _ კანკალმა აიტანა სალი.

_ არა უშავს, რამდენ ხანსაც არ უნდა იყოს, დაგელოდები. ჩემს მანქანას ხომ ცნობ?

_ კი, როგორ არა.

_ ჰოდა, გელოდები. არ იჩქარო, როცა გათავისუფლდები, მაშინ ჩამოდი. მე ჯერ მაინც არ გავდივარ. ერთი თხუთმეტი-ოცი წუთი დავრჩები, საქმეებს მოვამთავრებ. შევთანხმდით?

_ კარგი.

სალიმ ყურმილი დაკიდა და თვალები დახუჭა. «რა ხდება? ღმერთო, ოღონდ დუდუმაც არ მითხრას, დღეს მე წაგიყვანო, თორემ ნამდვილად გავგიჟდები. არა, უნდა დავასწრო, სანამ გამოსულა». სალი ფეხზე წამოიჭრა და კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო.

_ ისა… ბატონო დუდუ, მე გჭირდებით კიდევ?

_ შენ მე ყოველთვის მჭირდები, ჩემო კარგო. რაშია საქმე? _ დუდუს ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და ტელევიზორს უყურებდა.

_ წავალ, თუ…

_ რომელი საათია, რო?

_ რვა დაიწყო.

_ ჰო-ო. კარგი, თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე.

_ გმადლობთ, ნახვამდის, _ სალი უკუსვლით გამოვიდა კაბინეტიდან, კარი მჭიდროდ მიხურა და შვებით ამოისუნთქა.

კიდევ კარგი, ასე «უმტკივნეულოდ» რომ დამთავრდა აუდიენცია. ახლა უცებ გავა აქედან, ჯობია გარეთ დაელოდოს გიგის, სანამ კიდევ ვინმეს გასჩენია მისი გაცილების სურვილი. კოსმეტიკის ჩანთა გასხნა, სარკე ამოიღო, ჩაიხედა, მერე თმა გადაივარცხნა, პომადა გადაისვა ტუჩებზე და ბოლომდე რომ მოიწესრიგა თავი, კომპიუტერი გამორთო, უჯრა დაკეტა და ქურდული ნაბიჯებით დატოვა ოთახი…

 

სალი მარკეტის წინ გაჩერდა და გიგის გამოსვლას დაელოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დირექტორის მანქანაც გამოჩნდა, ნელი სვლით შეჩერდა მის წინ და კარიც გაიღო. სალიმ ჯერ ქურდულად გაიხედ-გამოიხედა, შემდეგ კი დამფრთხალი შეხტა სალონში.

_ დიდი ხანია, მელოდები? _ შეჰღიმა გიგიმ.

_ არა, ეს წუთია, გამოვედი, _ გაბზარული ხმით მიუგო მდივანმა.

_ მაპატიე, მეგონა, უფრო გვიან გამოხვიდოდი.

_ როგორც კი მომენტი ჩამივარდა, მაშინვე წამოვედი, _ თქვა სალიმ და რატომღაც შვებით ამოისუნთქა.

_ ხომ არ შეგეშინდა? _ მიუბრუნდა გიგი.

_ რისი?

_ რა ვიცი, თუნდაც იმისი, რომ ვინმეს არ დაენახე.

_ ჰო, ამის, ცოტა არ იყოს, მართლა შემეშინდა.

_ მართალი ხარ, ადამიანებს გრძელი ენა აქვთ, შეუძლიათ კუდი გამოაბან რაღაც-რაღაცებს.

_ ვიცი, _ ყრუდ ჩაილაპარაკა სალიმ და მოხერხებულად გასწორდა სავარძელში.

_ ცოტა რომ დააგვიანო სახლში, შეიძლება?

_ გააჩნია ცოტას.

_ მაგალითად, ერთი საათით?

_ მ…მ…მ… რა ვიცი…

_ სადმე შევიაროთ, ყავა დავლიოთ… ნამცხვარი, რამე-რუმე მივირთვათ. სიმართლე გითხრა, მომშივდა კიდეც. შენ?

_ არა, ახლა ჭამის ხასიათზე ნამდვილად არა ვარ.

_ ყავის ხასიათზე?

_ ეგ შეიძლება.

_ შენნაირ ყავას ალბათ ვერსად მოგვიდუღებენ, მაგრამ ვცადოთ. რას იტყვი? _ გიგიმ კვლავ გაუღიმა.

_ ნუ დამცინით, ბატონო გიგი, _ გაწითლდა სალი.

_ სულაც არ დაგცინი. დღემდე ვერ გამიგია, ასეთ გემრიელ ყავას როგორ ამზადებ? შემთხვევით თურქეთში ხომ არ ხარ ნამყოფი? _ გაიხუმრა დირექტორმა.

_ და ყავახანაში ხომ არ ვმუშაობდი ყავის მომდუღებლად, არა?

_ ჰო, რა თქმა უნდა, ეგ თავისთავად ვიგულისხმე, _ ორივეს სიცილი აუტყდა.

_ არანაირი განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს, უბრალოდ, ასეთი გამომდის, _ გამხიარულდა სალი.

_ სად წავიდეთ?

_ ეგ თქვენ უკეთ გეცოდინებათ.

_ აუ, სალი, ერთ რამეს გთხოვ, რა. შენობით მომმართე, არ მიყვარს, როცა თანამშრომლები ოფიციალურად მელაპარაკებიან. კარგი?

_ მიძნელდება ასე უცებ მიჩვევა, არ გამომდის.

_ გამოგივა, მთავარია სურვილი და მონდომება. აბა, თქვი, გიგი, შენ უკეთ გეცოდინება, სად შეიძლება კარგი ყავის დალევა.

სალის კისკისი აუტყდა.

_ არა, არა, ვერა, ასე არაფერი გამომივა.

_ მე ვიცი, როდის გამოგივა.

_ როდის? _ დაიძაბა სალი.

_ როცა ერთ ჭიქა შამპანურს გადაჰკრავ. მერე, დარწმუნებული ვარ, გათამამდები.

_ დალევა არ მიყვარს.

_ რა გიყვართ გოგოებს ეს გაპრანჭვა. არ მიყვარს, არ ვსვამ, სასმელს არ ვეკარები… რომ სვამდე, რა, დაგიჭერენ? რატომ გგონიათ, რომ დალევა უზნეობაა?

_ უზნეობა რა შუაშია, უბრალოდ, ალკოჰოლი მწამლავს, ამიტომაც არ ვსვამ.

_ ალერგია გემართება?

_ მგონი.

_ კიდევ რაზე გემართება ალერგია?

_ კიდევ?.. რა ვიცი, ზოგიერთ რაღაცაზე, _ ქარაგმას ვერ მიუხვდა ქალი.

_ კაცებზე როგორ ხარ? _ ეშმაკურად გადაუკრა გიგიმ.

სალი ისევ გაწითლდა.

_ კაცს გააჩნია, _ ირონიას ირონიითვე უპასუხა.

_ იმედია, ჩემზე არ იქნები აცრილი, _ დაკვირვებით გამოხედა მამაკაცმა.

_ ჯერ არა, მერე ვნახოთ, _ ღიმილი ვერ შეიკავა მდივანმა.

_ კარგი დასაწყისია…

კარგა ხანს ორივენი ჩუმად ისხდნენ. ამასობაში გაწვიმდა. წვიმის წვეთები ხმაურით ეხეთქებოდა მინებს.

_ გინდა მაგნიტოფონი ჩავრთო? _ ჰკითხა გიგიმ.

_ არა, არ მიყვარს ასეთ დროს მუსიკის მოსმენა. წვიმის ხმა უფრო სასიამოვნოა.

_ აუ, რა დაუშვა! მოდი, პეროვსკაიაზე ჩავალ, იქ კარგი რამეები იციან.

_ იქნებ არსად არ წავიდეთ? _ გაბედა სალიმ.

_ აბა რა ვქნათ? _ გაოცებულმა გიგიმ სვლა შეანელა.

_ შინ წამიყვანეთ, ყავა სხვა დროისთვის გადავდოთ.

_ სახლში გეჩხუბებიან ალბათ, არა?

_ არ გამოვრიცხავ, ჩემს ქმარს არ უყვარს, როცა ვაგვიანებ, _ იცრუა სალიმ.

_ როგორც იტყვი. სანამ გლდანში ჩავალთ, მგონი მოვასწრებ ჩემი სათქმელის თქმას, _ ჩაილაპარაკა დირექტორმა და მდივანს შეუმჩნევლად გახედა.

სალის ალმური წაეკიდა სახეზე. საინტერესოა, რას და როგორ ეტყვის, რა «დატვირთვა» ექნება მის შემოთავაზებას.

_ ჩემი სურვილია, ყოველ საღამოს მე გატარო სახლში, თუ წინააღმდეგი არ იქნები, _ დაიწყო მამაკაცმა.

_ რატომ, რით დავიმსახურე? _ მხრები აიჩეჩა ქალმა.

_ იმით, რომ კარგი გოგო ხარ, მომწონხარ და მინდა გასიამოვნო, _ ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა დირექტორმა.

_ ალბათ არ ღირს, ბატონო გიგი, _ ხმა ჩაუწყდა სალის, თითქოს განიხიბლა.

_ შენ რა იცი, ღირს თუ არა? შენ ხომ ჯერ არ მიცნობ.

_ არა, მაგრამ…

_ ესე იგი, ძმაკაცობაზე უარს მეუბნები?

_ ძმაკაცობაზე _ არა.

_ აბა რაზე მეუბნები უარს?

ქალი სულ დაიბნა. არ იცოდა, რა ეპასუხა.

_ ჰა, სალი, არ მეტყვი? _ არ მოეშვა გიგი.

_ რა გინდათ ჩემგან? _ უმწეოდ დაიკნავლა გოგონამ.

_ ჰა-ჰა-ჰა… რა უნდა მინდოდეს, როგორ ფიქრობ. შენი კარგად ყოფნა მინდა, სხვა არაფერი. მინდა ვიმეგობრო შენთან, კარგი ცხოვრების გემო განახვო.

სალი უფრო დაიძაბა. ასეთ შემოტევას არ ელოდა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა.

_ მე არ ვუჩივი ჩემს ცხოვრებას, _ ყრუდ ჩაილაპარაკა.

_ ჰო-ო? აბა დაგვიანების რომ გეშინია? მე შემიძლია ისე მოგიწყო საქმე, რომ…

_ თქვენ ხომ ცოლ-შვილი გყავთ, _ გააწყვეტინა ქალმა, ბრაზი ყელში მოებჯინა.

_ მერე რა? შენც ხომ გყავს ქმარი. ეს რა, მეგობრობაში ხელს შეგვიშლის? მუშაობს შენი ქმარი?

_ არა.

_ აი, ხომ ხედავ, ქმარი არ მუშაობს, ზის შინ და ეჭვიანობს, ჩემი ცოლი როდის დაბრუნდებაო. ამ დროს თვითონ კაპიკი არ შემოაქვს სახლში, ცოლს კი ამუშავებს.

_ ბატონო გიგი, რადგან მდივანი ვარ, გგონიათ…

_ რა მგონია?

_ რა და…

_ ნუ გერიდება, ცოტა გაბედულად თქვი.

_ რომ ჩემი შებმა ადვილია?

_ როგორ გეკადრება, ჩემო კარგო, მე შენ არ გაბამ! ღმერთმა დამიფაროს, ქალს ისეთი რამ გავაკეთებინო, რაც თვითონ არ უნდა. ერთი წუთითაც არ გაივლო გულში, რომ ცუდი განზრახვა მამოძრავებს. მე შენთვის სიკეთე მინდა.

_ რატომ მაინცდამაინც მე?

_ ხომ გითხარი, შენ ძალიან კარგი ხარ-მეთქი. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ შენგან, იშვიათად, ქალისგან ასეთი აურა წამოვიდეს. ძალიან სექსუალური ხარ, ლამაზი, თბილი…

_ ჩემზე უკეთესებიც არიან.

_ გეთანხმები, მაგრამ მე არ შემხვედრია. ჩვენთან ასეთები არ მუშაობენ.

_ თქვენზე ამბობენ, ცოლი სიგიჟემდე უყვარს, ოჯახის ერთგული კაციაო.

_ მართალი უთქვამთ, ეს ასეც არის. მერე რა? შენ გგონია, შენთან ურთიერთობა რამეს გააფუჭებს? მე აქამდე არ განმიცდია ის, რაც შენი ნახვით განვიცადე. ამიტომაც გეუბნები, განსაკუთრებული ხარ-მეთქი. არ გჯერა? მხოლოდ შენ მაფიქრებინე, რომ სხვა ქალი მჭირდება ცხოვრებაში. ხომ არის რაღაც, რაც ყველაზე საყვარელი ადამიანისგან გაკლია? შენც ხომ გაკლია ქმრისგან რაღაც? ჰოდა, ის რაღაც მინდა ორივემ ერთმანეთში დავინახოთ და სწორედ ის რაღაც მივცეთ ერთმანეთს. არ მეთანხმები?

სალი გაჩუმდა. არა, ასეთ მამაკაცზე არასდროს უფიქრია. კიდევ კარგი, არ იცის, რომ ქმართან გაყრილია, თორემ ალბათ აღარც მოეშვება. არა, სალის არ უყვარს ასეთი კაცები, პირდაპირ რომ გადადიან იერიშზე, ქალს ამოსუნთქვის და მოფიქრების საშუალებას რომ არ აძლევენ. მას ისეთები უფრო იზიდავს, თვითონ რომ «წამოაგებს ანკესზე», თვითონ რომ მიახვედრებს, მომწონხარო. ცოტათი მეტი «გარჯა» რომ დასჭირდება მამაკაცის მოსაჯადოებლად. მორჩა, გიგი გამოირიცხა. ეს ის არ არის, ვისაც სალი ეძებს. ისინი ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენ. სალის ქმარი სჭირდება და არა საყვარელი. თუმცა… ჯანდაბას, იყოს საყვარელი, მაგრამ ისეთი, როგორიც სალის შეიყვარებს, გულით შეიყვარებს, რომელსაც მარტო მისი სხეული არ ენდომება. ახლა რომ უთხრას გიგის, შენს წინადადებაზე თანახმა ვარო, სალი დარწმუნებულია, ამ წუთშივე ლოგინისკენ გააქანებს, არც დაფიქრდება, მაშინვე სექსზე ალაპარაკდება და შეიძლება აქვე, მანქანაშივე მოუნდეს ამის გაკეთება.

_ მე ასეთი ურთიერთობისთვის მზად არა ვარ, იცით? _ სალიმ უცებ მიიღო გადაწყვეტილება.

_ გასაგებია, არც გთხოვ, ახლავე პასუხი მითხარი-მეთქი. იფიქრე ამაზე. არც მე მინდა ისეთ ქალთან ურთიერთობა, პირველსავე შემოთავაზებაზე რომ დაიწყებს გახდას. დრო ბევრი გვაქვს. ხვალ, ზეგ… როცა მზად იქნები, მაშინ მითხარი. თუ არ იქნები მზად, ისიც მითხარი. მხეცი კი არა ვარ, ადამიანი ვარ და გავიგებ. არც უარი შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებაში რამეს. შენ თავისუფალი ქალი ხარ და შენი გადასაწყვეტია, როგორ იცხოვრებ. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი _ შენ თუ არ იქნები, სხვა ნამდვილად არ იქნება. მე ყველა შემხვედრს კი არ ვთავაზობ ჩემთან მეგობრობას. შენ გამონაკლისი ხარ. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დაგინახე თუ არა, მივხვდი, რომ ერთადერთი შენ მაკლიხარ ცხოვრებაში. მოგატყუებ, რომ გითხრა, შენნაირს ვეძებდი-მეთქი. ეს თავისთავად მოხდა. უბრალოდ, შემოგხედე და მხოლოდ მაშინ მივხვდი ამას, მეტი არაფერი. დანარჩენი შენ იცი.

სალის საბოლოოდ გაუფუჭდა ხასიათი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ეს კაცი გაიცნო და უკვე საყვარლობას სთავაზობს. თან ისე, არც იცის, ვინ არის, როგორი ადამიანია, შეძლებს კი პარტნიორობის გაწევას? მით უმეტეს, იცის, რომ გათხოვილია. რატომ არის ასე დარწმუნებული იმაში, რომ სალის ქმარი არ უყვარს? რა შეატყო ამისთანა? იქნებ ერთჯერად ურთიერთობას სთავაზობს? ერთხელ გაუსინჯავს გემოს და მორჩა, მერე კარგად იყავი! არა, სალი ამას არ დაუშვებს, თავს არავის მოატყუებინებს. მაგრამ… ხომ თქვეს, წესიერი კაცია, საყვარელი არასდროს ჰყოლიაო? ცოლი სიგიჟემდე უყვარსო? მაშინ რას მივაწეროთ მისი ასეთი საქციელი? იქნებ მართლა დაინახა მასში ის, რასაც სხვა ქალებში ვერ ხედავს?

_ ეწევი? _ თითქოს ახლა გაახსენდა დირექტორს.

_ არა.

_ არც არასდროს ეწეოდი?

_ ერთხელ ვცადე, მაგრამ არ მომეწონა.

_ რატომ, ახლა ხომ მოდაშია ქალი და სიგარეტი.

_ ვისთვის როგორ. მე ალბათ ჩამოვრჩი მოდას.

_ ალბათ ქმარიც გიშლის, არა?

_ არ მიშლის, როცა გავყევი, მაშინაც არ ვეწეოდი.

_ აჰა. გაუმართლა შენს ქმარს, შენნაირი ცოლი რომ ჰყავს, თუმცა ასეთ რამეს კაცები ან ვერ ხვდებიან, ან ძალიან გვიან ხვდებიან ხოლმე.

_ რაში გაუმართლა, რომ არ ვეწევი?

_ არა, ეგ რა შუაშია, ასეთი განსაკუთრებული ქალი რომ ჰყავს სახლში, იმაში გაუმართლა.

სალიმ თავი ჩაქინდრა, პასუხი არ გაუცია.

_ ახლა საით? _ იკითხა დირექტორმა.

_ მარჯვნივ გაუხვიეთ და მესამე კორპუსთან შემიჩერეთ.

გიგიმ «ბრძანება» შეასრულა და კორპუსს რომ მიუახლოვდა, მკვეთრად დაამუხრუჭა.

_ მოვედით, _ თქვა და ქალს გაუღიმა.

_ დიდი მადლობა. მაპატიეთ, თუ რამე ისე ვერ ვთქვი.

_ არა, რას ამბობ, არაფერი ისეთი.

_ კარგად იყავით, _ სალიმ კარის სახელური გამოსწია.

_ არ მაკოცებ?

ქალმა უხერხულად გაიღიმა და დირექტორისკენ გადაიხარა. მამაკაცმა მის ტუჩებს ტუჩები დაუხვედრა, მაგრამ სალიმ მოასწრო სახის შებრუნება და ლოყაზე შეეხო დირექტორს.

_ ტუჩებში არ მაკოცებ? _ გიგიმ მაჯა დაუჭირა სალის.

_ არ არის საჭირო. მე მხოლოდ მაშინ ვკოცნი მამაკაცს, როცა მიყვარს.

_ ესე იგი, არ გიყვარვარ?

_ როგორც თანამშრომელი და როგორც ჩემი უფროსი, მიყვარხართ, მაგრამ როგორც…

_ როგორც რა?

_ როგორც სასურველი მამაკაცი _ არა.

_ მქონდეს ამის იმედი?

_ ვერ შეგპირდებით, _ მოკლედ მოჭრა სალიმ და მანქანიდან გადავიდა.

თავსხმა წვიმაში სწრაფად გადაირბინა ტროტუარზე და სადარბაზოში შევარდა. გიგი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა…

7 7 7

იმ ღამეს სალის ძალიან ცუდად ეძინა. გიგისთან შეხვედრის შემდეგ ინერვიულა _ ასეთ თამამ წინადადებას პირველსავე შეხვედრაზე დირექტორისგან არ ელოდა. ეგონა, თავიდან ფლირტის დონეზე დაუწყებდა უფროსი «შებმას», მაგრამ არა, გიგი პირდაპირ გადავიდა «საქმეზე», ყოველგვარი შესავლისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. სალის ეს არ მოეწონა. ის სხვა რამეს მოელოდა _ უფრო რომანტიკულს, უფრო ლამაზს… გაუცრუვდა იმედი. ნეტავ დუდუ როგორია? ისიც ამგვარი მეთოდებით მოქმედებს? იქნებ მასზე იფიქროს? თუ მოჯადოებაა, ბარემ პრეზიდენტი მოაჯადოოს, არ ჯობია? თანაც… იმას არეული აქვს ოჯახური საქმეები, ცოლს ვერ ეწყობა, საყვარლები ჰყავს… თუ საყვარლის გაჩენაზე მიდგება საქმე, დუდუ უკეთესი ვარიანტი არ არის? ღმერთო, რაზე ფიქრობს სალი, სულ გამოშტერდა, ეს რა აზრები უტრიალებს თავში!..

…დილით ნახევარი საათით დააგვიანდა სამსახურში. გულამოვარდნილმა აირბინა კიბეზე, დერეფანი ფეხის წვერებზე გაიარა, ვინმემ არ დამინახოსო. თავისი ოთახის კარს რომ მიუახლოვდა, ლაპარაკის ხმა შემოესმა. შეჩერდა და მიაყურადა. დუდუს ხმა იცნო.

_ არა, რა სისულელეა, მეორედ არ თქვა ეგეთი რამ, _ პრეზიდენტს მკაცრი ტონი ჰქონდა.

_ რატომ, რა უჭირს, მე, მაგალითად, სიამოვნებით «გავჟიმავდი», _ თქვა მეორემ.

სალიმ იცნო, ეს მერაბი იყო, დუდუს ცოლის ნათესავი, «წმინდა წყლის ხონელი», როგორც თანამშრომლები მოიხსენიებდნენ. შემკრთალი კართან შედგა, რათა გაეგო, ვისზე იყო ლაპარაკი.

_ შენი ჭირიმე, რა, ეგღა მაკლია, მდივნებთან გავაბა რომანი. ქალები დაილია, თუ? რა ნახეთ მაგ ქალში განსაკუთრებული, გადამრევთ პირდაპირ. გაიხედ-გამოიხედეთ, ბიჭო, რა გოგოები დადიან ქუჩაში, თვალები რისთვის მოგცათ ღმერთმა!

სალის სახე მოექცა. გაფითრდა, როცა მიხვდა, რომ მამაკაცები მასზე ჭორაობდნენ. ფეხაკრეფით მოშორდა ოთახს და გასასვლელისკენ გასწია. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. კედელს მიეყრდნო სასოწარკვეთილი. ლამის იყო, შევარდნილიყო მათთან და ხმამაღლა ეყვირა, როგორ ეზიზღებოდა ყველანი. არა, დღესვე დატოვებს სამსახურს, როგორ იქცევიან, თითქოს გასაყიდი ნივთი იყოს, სხვა საქმე არაფერი აქვთ?

კარგა ხანს იყო ასე. მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, თავი გადააქნია, ფეხების ბაკუნით დაუყვა დერეფანს და ოთახის კარი თამამად შეაღო. იქ არავინ დახვდა. ამოიოხრა. კიდევ კარგი, თორემ რას მოიმოქმედებდა, თავადაც არ იცოდა. პიჯაკი გაიძრო, სკამზე გადაკიდა, კომპიუტერი ჩართო და უფროსის კაბინეტში დაუკაკუნებლად შეიჭრა.

_ შეიძლება? _ მკაცრი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე.

_ ვაჰ, სალი მოსულა, რატომ დაგაგვიანდა, გოგონი, ხომ მშვიდობაა? _ შესცინა დუდუმ.

მერაბმაც გაუღიმა შემოსულს.

_ საცობში მოვყევი, ბატონო დუდუ, მაპატიეთ, აწი აღარ განმეორდება.

_ არა უშავს, არა უშავს. ახლა, თუ გინდა დანაშაული გამოისყიდო, ერთი შენებური ყავა მოგვიდუღე.

_ ახლავე, _ თავი დაუქნია სალიმ პრეზიდენტს და კარი გამოიხურა.

«მე ვიცი, რასაც ვიზამ. ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს», _ გაიფიქრა გულში და ყავის მოდუღებას შეუდგა. როცა ყავა გაამზადა, კომპიუტერს მიუჯდა, «ჯეოსელის» მისამართზე შევიდა და მესიჯის წერა დაიწყო. მერე ტელეფონის ნომერი ჩაწერა, «მაუსით» დააწკაპუნა და პირველი წერილი აფრინა. შემდეგ ადგა, ორივე ფინჯანი პატარა ლანგარზე მოათავსა და კვლავ კაბინეტში შევიდა. ამ დროს დუდუს მობილურმა დაიწრიპინა. ეს მესიჯის სიგნალი იყო. პრეზიდენტი ტელეფონს დაწვდა და წერილის კითხვა დაიწყო. უცებ წარბები შეკრა, გაოცება აღებეჭდა სახეზე.

_ ინებეთ, _ თქვა სალიმ და ლანგარი მაგიდაზე დადო.

_ გაიხარე, გენაცვალე, ქალი კი არა, ოქრო ხარ, ოქრო, _ კომპლიმენტებად დაიღვარა მერაბი.

_ ვიღაც მესიჯს მიგზავნის, მაგრამ ვერ გავიგე, ვინ, _ ჩაილაპარაკა დუდუმ, თან მობილურის ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია.

_ რაო, რა მინდაო? _ დაინტერესდა მერაბი.

_ «როგორ ხარ?» _ მწერს ვიღაც, _ დუდუმ ტუჩები მობრიცა.

_ ნომერი არ წერია?

_ არა, ნომერი არ იშიფრება. ეგეთი რამ შესაძლებელია?

_ კი, როგორ არა, ჯეოსელს აქვს ასეთი სერვისი. ვიღაცას დაავიწყდა ალბათ სახელის მიწერა.

_ შეიძლება.

სალი კაბინეტიდან კმაყოფილი ღიმილით გამოვიდა, კომპიუტერს მიუჯდა და კვლავ მესიჯის წერა დაიწყო. «მომენატრე» _ ერთადერთი სიტყვა აკრიფა მდივანმა და ბოსთან «აფრინა». ესეც ასე, იმტვრიოს ახლა თავი, ვინ უხსნის სიყვარულს. ამას დუდუ ვერასდროს გაიგებს. სალი კი «გემრიელად» გადაუხდის სამაგიეროს იმ შეურაცხყოფისთვის, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა. ჯერ სად არის, დუდუმ არ იცის, წინ კიდევ რა სიურპრიზები ელოდება. სალი მასაც დაუმტკიცებს, რომ განსაკუთრებული ქალია, ქალი, რომელიც მედიდური ბოსის მოჯადოებასაც შეძლებს.

 

სალი აზარტში შევიდა. ისე მოეწონა მესიჯებით ფლირტი, რომ უკან დახევა არც უფიქრია. დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, ფირმის პრეზიდენტს სასიყვარულო «კომპიუტერული ბარათი» წამალივით ჰქონდა «გამოწერილი». სანამ დუდუ სამსახურში მოვიდოდა, მის მობილურში აუცილებლად «მოფრინდებოდა» დაახლოებით შემდეგი შინაარსის სიტყვები: «დილა მშვიდობისა» ან «როგორ გეძინა?» ან კიდევ _ «წუხელ მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი». მეორე ჯერი ყავის შეტანის დროს ემთხვეოდა. როგორც კი შეფი ყავას მოისურვებდა, სალი ჯერ მესიჯს გაუგზავნიდა, მერე კი ჩვეულებრივად შეაღებდა უფროსის კაბინეტის კარს და მის დაფიქრებულ სახეს უდიდესი კმაყოფილებით შესცქეროდა. საღამოს კი «დამაგვირგვინებელ» წერილს მისწერდა: «ღამე მშვიდობისა, სასურველო»… «ამაღამ შენზე ფიქრში გავათენებ»… «მომენატრები» და ა.შ. იმისათვის, რომ დუდუს ეჭვი მასზე არ აეღო, სალიმ დასაწყისშივე დაიზღვია თავი და მესიჯითვე გააფრთხილა უფროსი, ჩემი ნომრის გარკვევას ნუ ეცდები, სულერთია, მაინც ვერ მიაგნებ ადრესანტსო.

დუდუ საგონებელში ჩავარდა. ინტერესი კლავდა, მიეგნო ინკოგნიტო თაყვანისმცემლისთვის, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა. ისიც კი გადაწყვიტა, «ჯეოსელში» დაერეკა და უცნობი ქალის ნომერი გაეგო, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. ჯერ ერთი, ძნელი იქნებოდა ამის გარკვევა. ფაქტია, ჭკვიანი ქალი ყოველ ღონეს იხმარდა, ისე ემოქმედა, რომ მისთვის გამოუცნობი დარჩენილიყო. ამასთან, ასეთი «დამალობანა» უფრო მოსწონდა, უფრო დამაინტრიგებელი იყო. ამიტომ ამჯობინა, დაეცადა და ბოლომდე დალოდებოდა, რა მოხდებოდა მომვალში. ერთი რამ კი მართლაც გულდასაწყვეტი იყო დუდუსთვის _ პასუხის გაცემა რომ არ შეეძლო იდუმალი შეყვარებულისთვის. სალიმ ამაზეც დაიჭირა თადარიგი და ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტს ასეთი შინაარსის მესიჯი მისწერა: «თუ შევატყობ, რომ ჩემით დაინტერესდი, აუცილებლად გაცნობებ ჩემს ნომერს, რომ შენც შეძლო ჩემთან დაკავშირება». სწორედ ამ მომენტს ელოდა დუდუც, სწორედ ამიტომ გადაიფიქრა «შერლოკჰოლმსობა».

სხვა მხრივ «დუგიში» ცხოვრება ჩვეული დინებით მიდიოდა. გიგიმ, მართალია, პირველ პაემანზე მარცხი განიცადა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია თავის ჩანაფიქრზე. მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ საწადელს ბოლოს მაინც მიაღწევდა. სალი, როგორც მარტოხელა ქალი, მალე «გატყდებოდა» და მის წინადადებაზე დათანხმდებოდა. ამიტომაც მასთან ურთიერთობას ძველებურად აგრძელებდა, თუმცა სხვების თვალში ეს ყოველივე შეუმჩნეველი რჩებოდა. ერთადერთი გამონაკლისი ია აღმოჩნდა. მას არ გამოპარვია, რომ დირექტორმა მის დაქალს დაადგა თვალი და ერთხელაც, შესვენების დროს, როცა სალისთან ერთად კაფეში ჩავიდა ღვეზელების საჭმელად, ამ თემაზე ჩამოუგდო ლაპარაკი.

_ სალი, რა ხდება მეჟდუ ვამი, ნე სკაჟეშ? _ დაიწყო იამ.

_ ვის გულისხმობ? _ სალის ფერი წაუვიდა სახეზე.

_ და ვოტ… გიგიზე გეუბნები.

მდივანმა შვებით ამოისუნთქა. ეგონა, ია დუდუს გულისხმობდა.

_ ა-ა! არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? რა, თქვა რამე ჩემზე?

_ ნეტ, ნიჩევო, ნო… მგონი, მოსწონხარ.

_ და ნეტ, რას ამბობ, იაკო, რა სისულელეა, არაფერი მაგდაგვარი. გიგის არასდროს არაფერი უთქვამს.

_ დაიფიცე? _ იამ იჭვნეულად შეხედა მეგობარს.

_ კარგი რა, საიდან მოიტანე! შენთან რა მაქვს დასამალი.

_ ხშირად მოდის შენთან. რაზე გელაპარაკება?

_ თავის საქმეებზე, სხვა რაზე უნდა მელაპარაკოს… _ დაიბნა სალი, არ იცოდა, ეთქვა თუ არა დაქალისთვის, სინამდვილეში რაც ხდებოდა.

_ სა-ლი! _ თითი დაუქნია იამ, _ ია ტებია ხარაშო ზნაიუ, სკაჟი, ვ ჩემ დელა.

სალი ჩაფიქრდა, მერე ღვეზელიანი თეფში გვერდზე გასწია და ხმადაბლა თქვა.

_ ერთხელ სახლში წამიყვანა და მითხრა, მომწონხარო, ეგ იყო და ეგ.

_ პატომ?

_ რა პატომ, მეტი არაფერი.

_ ვრიოშ.

_ მართლა გეუბნები. მე უარი ვუთხარი, გათხოვილი ვარ, შენც ცოლიანი კაცი ხარ-მეთქი და რომ არაფერი გამოუვიდა, დამანება თავი.

_ სტრანნა.

_ ჩტო სტრანნა? _ გაუკვირდა სალის.

_ ონ ლუბიტ სვაიუ ჟენუ, რატომ გითხრა ეს?

_ აბა მე რა ვიცი, მითხრა და…

_ საბაბი მიეცი?

_ არა გრცხვენია, ასე მიცნობ?

_ ვაბშე-ტა ია ნე სავეტუიუ. ის ცოლს არ მიატოვებს. სხვანაირი კაცია.

_ არც მჭირდება, ას წელი არ მიფიქრია მსგავსი რამ. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავისი ცოლ-შვილი. ვიცი, ცოლი ძალიან რომ უყვარს. მითხრა კიდეც. მომწონხარ, მინდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ შენ გამო ცოლს არ მივატოვებო, ანუ საყვარლობა შემომთავაზა. მე კი… რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მისი საყვარლობა არაფერში მჭირდება.

_ ი ხარაშო დუმაეშ. ესლი ჩტო, აუცილებლად მითხარი, არ დამიმალო, კარგი?

_ კარგი, ასე იყოს, _ გაეცინა სალის.

7 7 7

გავიდა ხანი და სამსახურში ხმა დაირხა, დუდუ ცოლმა მიატოვაო. ჭორმა სალის ყურამდეც მიაღწია. მდივანმა ვერ გაიაზრა, უნდა გახარებოდა ეს ამბავი თუ უნდა წყენოდა. დავუშვათ და, მართალია ყოველივე, რა გარანტია აქვს სალის, რომ დუდუ მასზე შეაჩერებს არჩევანს? ან კი ცოტა ხნის შემდეგ ისევ არ შეურიგდება ცოლს? იქნებ იმ კაცს სხვა უყვარს და სწორედ ეს არის მათი დაშორების მიზეზი? სალი საგონებელში ჩავარდა. როგორ უნდოდა, სიმართლე გაეგო, მაგრამ ზედმეტ ინტერესს ვერ გამოიჩენდა. ყველაზე მეტად იასი ეშინოდა. პირველ რიგში ის არ მოუწონებდა საქციელს. საიდან გაერკვია, სინამდვილეში რა ხდებოდა? ისევ დუდუსთან თუ გაარკვევდა, რა ხდებოდა სინამდვილეში.

ხუთშაბათი იყო. სალის შეკვეთები შეჰყავდა კომპიუტერში, თან გვერდით მჯდომ მერაბს უსმენდა, რომელიც გამალებით უყვებოდა, როგორ წავიდნენ ზაფხულში სანადიროდ «დუგის» ბიჭები და რამდენი გარეული იხვი და მწყერი მოინადირეს. ამ დროს ოთახში დუდუ შემოვიდა. სახეზე საშინელი ფერი ედო, წვერგაუპარსავი უხასიათოდ გამოიყურებოდა.

_ გამარჯობათ, ბავშვებო, რა ხდება აქ, რა გნიასია? _ კოპები შეკრა მერაბის დანახვაზე.

_ არაფერი, ძველ ამბებს ვუყვები, _ გაღიმება სცადა მერაბმა.

_ რატომ, საქმე არაფერი გაქვს? _ საკმაოდ უკმეხად გამოუვიდა დუდუს, _ შემოდი ჩემთან და იაკობსაც დამიძახე, სალაპარაკო მაქვს. სალი, შენ ყავა გამიმზადე!

სალის უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ასეთი დუდუ ჯერ არ ენახა. მერაბმა ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და ცოტა ხანში იაკობთან ერთად დუდუს კაბინეტში შევიდა. სალი ყავის მოდუღებას შეუდგა, თან პრეზიდენტზე ფიქრობდა, რა პრობლემა უნდა გასჩენოდა ისეთი, რომ ასეთ ხასიათზე დამდგარიყო?

_ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, _ შუბლშეკრული პრეზიდენტი კალამს აკაკუნებდა მაგიდაზე, როცა სალიმ ყავა შეიტანა.

_ კი ბატონო, ახლავე გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, _ იაკობს ხელები შარვლის ტოტებზე დაეწყო და ფეხებს ნერვიულად აქანავებდა, მერაბი კი ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან.

სალიმ ყავიანი ფინჯნები სამივეს გადაუნაწილა და ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი, მეტი ვერაფერი გაიგო.

რა ქნას ახლა? მესიჯის ამ მომენტში გაგზავნა არ ღირს, ისედაც არ არის ხასიათზე, შეიძლება უფრო გაბრაზდეს. როგორ გაიგოს, რა ხდება? ოჯახური პრობლემა არ უნდა იყოს, რაღაც ფირმის საქმეებს უფრო ჰგავს. ამ დროს იაკობი და მერაბიც გამოვიდნენ.

_ მერაბ, რა ხდება? _ ჩურჩულით ჰკითხა სალიმ.

_ არაფერი, საბაჟოზე ჩვენს ტვირთს არ ატარებენ, _ ხელი ჩაიქნია მერაბმა.

_ რატომ, საბუთები არ არის წესრიგში?

_ არა, კაცო, ფული ეცოტავათ ალბათ, არ იცი, რა ხალხია? მადა ჭამაში მოდის. გადავუხდით და გამოატარებენ, ყველაფერი მოგვარდება.

ამ დროს გიგიც გამოჩნდა. ისიც აფორიაქებული ჩანდა.

_ რაო? _ ვიქტორს მიუტრიალდა დირექტორი.

_ წადით და გაარკვიეთო, _ მხრები აიჩეჩა ვიქტორმა.

_ კარგი, გადით და გარეთ დამელოდეთ, ახლავე გამოვალ, _ გიგის სალისთვის არც შეუხედავს, ისე შეიჭრა ძმაკაცის კაბინეტში.

მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. სალი ყურმილს დაწვდა.

_ კომპიუტერული ფირმა გისმენთ, _ ოფიციალურად წარმოთქვა დაზეპირებული ფრაზა.

_ სალი, ზაზა ვარ, დუდუსთან შემართე სასწრაფოდ, _ გაისმა დილერის ხმა.

_ მშვიდობაა, ზაზა, რა ხმა გაქვს?

_ მშვიდობაა, მშვიდობა, დროზე!

სალიმ დუდუს შიდა ნომერი აკრიფა და «უპატაკა», ხაზზე ზაზაა და თქვენთან ლაპარაკი უნდაო.

_ გადმორთე! _ უბრძანა პრეზიდენტმა.

ცოტა ხანში გიგი და დუდუ ერთად გამოვიდნენ კაბინეტიდან. ორივეს დაწყნარებული სახე ჰქონდა.

_ კიდევ კარგი, თორემ გამისკდა გული, _ დუდუ დახშული ხმით ლაპარაკობდა, _ სალი, ბიჭები ხომ არ წავიდნენ? _ მდივანს მიუბრუნდა შეფი.

_ არა, მგონი, გარეთ არიან.

_ მე მელოდებიან, უჩემოდ არ წავიდოდნენ, _ თქვა გიგიმ და მხოლოდ ახლაღა შეხედა სალის, შეუმჩნევლად გაუღიმა.

_ მაგარი ყავა იყო, როგორც ყოველთვის, ჭიქები შეგიძლია გამოიტანო. მე თუ დამირეკეს, უთხარი, შეხვედრაზე წავიდა-თქო. ორ საათში მოვალ, _ დაიბარა დუდუმ და გიგისთან ერთად გავიდა ოთახიდან.

სალის დაძაბულობა მოეხსნა, როგორც ჩანს, უპრობლემოდ მოგვარდა ყველაფერი. ახლა უკვე შეიძლება მესიჯის გაგზავნა. ხელები მოიფშვნიტა, კომპიუტერს მიუჯდა და მესიჯიც «გამოაცხო»: «წუხელ სიზმარში გნახე, კარგი სიზმარი იყო. ისე მეფერებოდი… ნეტავ ცხადში როდის ამისრულდება ეს? იმ დღეს მოუთმენლად მოველი».

დუდუს წერილი მანქანაში «დაეწია». წაიკითხა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ყავის დალევის შემდეგ იღებდა მესიჯს, თუმცა ამისთვის მას ყურადღება არასდროს მიუქცევია. ეს მხოლოდ სალიმ იცოდა.

_ რა საინტერესოა, ვინ არის, _ ჩაიცინა პრეზიდენტმა და მობილური დაკეცა.

_ ისევ უცნობია? _ გაეღიმა გიგის და ძმაკაცს გადახედა.

_ ჰო.

_ ეჭვადაც არ იცი, ვინ უნდა იყოს? _ გიგიმ მანქანა დაქოქა.

_ აზრზე ვერ მოვდივარ, ფაქტია, რომ ვიღაც მწარედ მეთამაშება. ის კი არ იცის, რა ძვირად დაუჯდება ეს თამაში, _ ხუმრობანარევი მუქარით გადააქნია თავი დუდუმ.

_ შეეშვი, წეროს და იკითხოს, რამდენიც უნდა. სანამდე დაგემალება?

_ შენ ეგა თქვი. თუ არ ვიცნობ და მართლა უნდა ჩემთან დაახლოება, ერთხელაც ხომ უნდა გამოჩნდეს? რაღაცნაირად ხომ უნდა დამეკონტაქტოს?

_ ვაიდა, ნაცნობი აღმოჩნდეს?

_ მეეჭვება, ახლობელი რომ ყოფილიყო, აქამდე შემომეხმიანებოდა. ნაცნობი ჩემს გაშაყირებას ამდენ ხანს არ გააგრძელებდა, ვერც მოითმენდა.

_ იქნებ ვინმეს დავალებით აკეთებს?

_ დავალებით? _ დუდუმ წარბები შეჭმუხნა, _ შენ ასე ფიქრობ?

_ რა ვიცი, არ არის გამორიცხული.

_ და ვისი დავალებით უნდა აკეთებდეს ამას?

_ ვერ გეტყვი… _ გიგიმ თავი კი შეიკავა პასუხისგან, მაგრამ დუდუ მიხვდა, «ვინმეში» მისი ცოლი რომ იგულისხმებოდა.

_ შენ მართალი ხარ, შეიძლება ამ ყველაფერში ნათიას ხელი ურევია, იცი? _ თითქოს გონება გაეხსნა პრეზიდენტს.

_ აბა რა გითხრა… ეგეც შესაძლებელია, თუმცა…

_ რა თუმცა?

_ რა და… არა მგონია, მთლად ასე იყოს. მაშინ ნომერსაც დააფიქსირებდა. ნათიას შენი რეაქცია უფრო დააინტერესებდა, აყვებოდი თუ არა უცნობი ქალის პროვოკაციას.

_ ჰო, ეგ არ მიფიქრია, მაგრამ ნათიამ ისიც კარგად იცის, რომ პატარა ბიჭივით არ დავიწყებ სრულიად უცხო ადამიანთან ნაცნობობის გაბმას, თანაც მესიჯებით.

_ იქნებ ამიტომაც გიგზავნის დაფარული ნომრიდან? ჯერ თავს შეგაჩვევს, მერე კი…

_ ვნახოთ, ვნახოთ, თუმცა არა მგონია. ნათიას ახლა მაგის თავი არა აქვს. ისედაც დაგვეძაბა ურთიერთობა. ერთი კვირაა, დედამისთან არის გაქცეული და ბავშვსაც არ მაკარებს ახლოს. ჰგონია, რომ ამით შურს იძიებს ჩემზე.

_ რაზე იჩხუბეთ, ადამიანო, რა გაქვთ გასაყოფი, გუშინდელი ცოლ-ქმარი ხომ არა ხართ?

_ საქმეც მაგაშია. ყველა კაბიანზე ეჭვიანობს. ახლა ჩემი მდივანი ამოიჩემა, იმას ეფლირტავებიო.

_ ვისა, სალის? _ გიგის სუნთქვა შეეკრა ამის გაგონებაზე.

_ ჰო, არ ვიცი, საიდან დაასკვნა, მაგრამ ტვინი გამიბურღა, ეგ გოგო სამსახურიდან დაითხოვეო.

_ იქნებ შეგატყო რამე, მართლა ხომ არ მოგწონს, ბიჭო, რამეს ხომ არ მიმალავ? _ გიგიმ ეშმაკურად შემოუარა სათქმელს.

_ არა, ძმაო, არ მჩვევია ეგეთები, მდივნებთან საქმეს არ ვიჭერ, რით ვერ გაიგეთ. შემეშვი, შენ მაინც ნუ მეუბნები ასეთ რამეებს. ჯობია ის მითხრა, სად ვისადილოთ?

_ ჩემთან ავიდეთ, გინდა? ქეთის დღეს ქაბაბი შევუკვეთე, ხომ იცი, რა გემრიელი ხელი აქვს, ცოტა ჩავარტყათ კიდეც, კარგი «ქინძმარაული» მაქვს, ჩემმა სიმამრმა გამომიგზავნა.

_ წავიდეთ რა, დალევა ახლა ნამდვილად არ მაწყენდა, _ დუდუმ ღრმად ამოიხვნეშა და სავარძელზე გადაწვა.

გიგიმ სიჩქარეს მოუმატა.

7 7 7

დღის განმავლობაში ია ერთი საათით შედიოდა სალისთან და კომპიუტერზე საოფისე პროგრამას ასწავლიდა. სალი კარგი მოსწავლე გამოდგა. მართალია, რაღაც-რაღაცები იცოდა, მაგრამ არა ყველაფერი, ამიტომაც დიდი ინტერესით უსმენდა იას, თავისთვის იწერდა ბლოკნოტში საჭირო რჩევებს და ადვილად ითვისებდა ახალ პროგრამას. პარალელურად, როცა მარტო რჩებოდა, დამოუკიდებლად ცდილობდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც დაქალი ასწავლიდა. შიგადაშიგ თამაშსაც ასწრებდა და მესიჯების გაგზავნასაც, რითაც დუდუს უფრო და უფრო უბნევდა თავგზას.

სალის მეთოდმა გაჭრა. ერთი თვის თავზე დუდუ ისე დააინტერესა იდუმალმა ქალმა, რომ ხანდახან მობილურის ეკრანს დაჟინებით ჩააცქერდებოდა, წერილი რატომ იგვიანებსო. ნელ-ნელა იმასაც მიხვდა, მესიჯები დღის განმავლობაში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს რომ მოდიოდა. ზოგჯერ სიგიჟემდე მოუნდებოდა, პასუხი მიეწერა უცნობისთვის, მაგრამ თავს ზევით ძალა არ ჰქონდა _ ინკოგნიტო შეყვარებულის ნომერი არ იცოდა. აბა რას იფიქრებდა, რომ ის ვიღაცა მისგან სულ ორიოდე ნაბიჯით იყო დაშორებული, რომ იქვე, მის ოფისში იჯდა და მის ნერვებზე კმაყოფილი თამაშობდა. რა მოხდებოდა, ეს რომ ცოდნოდა? არავინ იცის… უკეთეს შემთხვევაში, ალბათ დატუქსავდა სალის უხეირო ხუმრობისთვის, უარეს შემთხვევაში კი, საშინლად გაბრაზდებოდა და სამსახურიდანაც დაითხოვდა ქარაფშუტა თანამშრომელს. აბა, სხვა რა შეიძლება დაერქვას სალის საქციელს? სხვა სახელი არ ჰქვია, ასკვნიდა სალი და მაინც მესიჯს მესიჯზე აგზავნიდა.

7 7 7

_ გულიკო მოსულია, თუ იცი? _ ჰკითხა დუდუმ სალის, ამ უკანასკნელმა ყავა რომ შეუტანა.

ორშაბათი დილა იყო, დუდუ ადრიანად მოვიდა სამსახურში, ისევ ისე უხასიათოდ გამოიყურებოდა, არც წვერი ჰქონდა გაპარსული.

_ არა, ჯერ არავინ მოსულა, მარტო მე და თქვენ ვართ, _ უპასუხა სალიმ და გამობრუნება გადაწყვიტა.

_ ესე იგი, მარტონი დავრჩით? _ ჩაილაპარაკა დუდუმ, _ რა ენაღვლებათ, ჯერ ადრეა სამუშაოს დაწყება. შენ მაინც ჩამოჯექი ცოტა ხანს, დავილაპარაკოთ.

სალის გული აუთრთოლდა, გაწითლდა, მაგრამ მაინც შეყოვნდა.

_ დაჯექი, დაჯექი, რას დაიბენი, _ თქვა პრეზიდენტმა.

_ ახლავე, _ ხმა წაერთვა მდივანს, ხმაურით გამოსწია სკამი და დაჯდა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. დუდუ კარგა ხანს გამომცდელად შეჰყურებდა ქალს.

_ ასე რატომ მიყურებთ? _ გაბედა სალიმ კითხვა.

_ მომწონხარ და იმიტომ. არ გაწყობს? _ როგორც იქნა, გაიღიმა შეფმა.

სალის ამან გამბედაობა შეჰმატა.

_ კი, როგორ არა. როცა თქვენ უხასიათოდ ხართ, ყველას გადაედება ხოლმე, _ თავი ჩაღუნა მდივანმა.

_ შენც?

_ რა თქმა უნდა.

_ თქვენობით სანამდე უნდა მელაპარაკო, სალი? შენ გარდა ასე რომ არავინ მომმართავს, ვერ შეამჩნიე?

_ დიახ, შევამჩნიე, მაგრამ… _ ქალს ალმური მთელ სახეზე მოედო.

_ მაგრამ რა? _ დუდუმ ყავა მოსვა და სიგარეტს დაწვდა.

_ რა ვიცი, ჯერ ვერ შევეჩვიე, მიჭირს…

_ უნდა შეეჩვიო, აბა როგორ გინდა. ახლა შენ ჩემი მარჯენა ხელი ხარ, რჩევებს უნდა მაძლევდე, შენ კი… ესაო, ისაო… შენობით არ შემიძლიაო, ეგრე სად არის?

სალიმ თავი ჩაღუნა.

_ აბა, შემომხედე ერთი, შენი ლამაზი თვალებით და თქვი, დუდუ!

ქალმა თავი ასწია და უფროსს შეხედა.

_ ბევრის მთქმელი თვალები გაქვს, არ ტყუიან ჩემი ბიჭები. არის შენში რაღაც განსაკუთრებული, ტყუილად ვაჩმახებ, _ გაიცინა შეფმა, _ ჰა, რას უცდი, არ იტყვი ჩემს სახელს?

_ კი, როგორ არა, ეგ ადვილია, დუ-დუ, _ თქვა სალიმ და მასაც გაეცინა.

_ აი ასე, ეს უკვე მომწონს. აწი რჩევებიც შეგიძლია მომაწოდო. შენ ჭკვიანი გოგო ჩანხარ და იდეებიც გექნება. არა ვარ მართალი?

_ რა ვიცი, _ მხრები აიწურა მდივანმა.

_ იცი, იცი, ძალიან კარგადაც იცი. არ გინდა, რამე მითხრა?

_ რა უნდა გითხრათ? _ სალის ხელები აუკანკალდა.

_ აი, მაგალითად, შენ რომ იყო ჩემს ადგილას, რას გააკეთებდი იმისთვის, რომ ფირმის საქმე წინ წასულიყო?

სალიმ ისევ ჩაღუნა თავი.

_ კარგი, მაშინ მოიფიქრე და როცა იდეა მოგივა, შემოდი და მითხარი. შევთანხმდით?

_ ერთი იდეა მაქვს, _ გაუბედავად წარმოთქვა ქალმა.

_ აბა მიდი, მითხარი, _ დაინტერესდა პრეზიდენტი.

_ რა და… ხომ არ ჯობია, რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა აიყვანოთ, იარონ სხვადასხვა ფირმაში და გააცნონ სხვებს თქვენი მომსახურების შესახებ… ოღონდ ლამაზი გოგოები უნდა შეარჩიოთ, _ თქვა სალიმ და ისევ გაწითლდა.

დუდუს თვალები გაუფართოვდა, მდვინისგან ასეთ წინადადებას არ ელოდა.

_ ანუ? _ დაკონკრეტება მოითხოვა შეფმა.

_ აი, როგორც სარეკლამო აგენტები აკეთებენ. ლამაზი ქალის შემოთავაზებაზე კაცები უფრო დაინტერესდებიან.

_ ჭკვიანური აზრია, ყოჩაღ, სალი, აი, ეს მესმის! ხომ ვამბობდი, «იდეინი» ვინმე ხარ-მეთქი, არ შევმცდარვარ. შენ მდივნად კი არა, ჩემს მრჩევლად უნდა მუშაობდე. მე ვიფიქრებ მაგაზე.

_ მრჩევლობაზე? _ ენა გაექცა სალის.

დუდუმ ხმამაღლა გაიცინა მდივნის მიამიტობაზე.

_ იმაზეც და შენს წინადადებაზეც, _ სიცილით თქვა და სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა, _ კარგი, დაუბრუნდი შენს სამუშაოს. ეს ჭიქაც გააყოლე, გმადლობ ყავისთვის, _ დუდუმ ფინჯანი სალისკენ მისწია.

მდივანმა ფინჯანი ლამბაქზე დადო, მერე საფერფლესაც დასწვდა და «შემთხვევით» დუდუს ხელსაც შეეხო. იცოდა, ამგვარი მეთოდები როგორც ჭრიდა. ხელის შეხება ხომ ყველაზე კარგად აგვარებს სასიყვარულო პრობლემას. ხელით უსიტყვო «მესიჯი» გადადის საპირისპირო სქესზე.

_ ცხელი თითები გაქვს, _ სხვა ხმით იყო ნათქვამი პრეზიდენტის სიტყვები.

ეს სალიმ ისედაც იგრძნო, უფროსის თქმის გარეშე, მისმა ხელმა უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ათიოდე წამს გაგრძელდა «ხელების დიალოგი». ქალს სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში, სასწრაფოდ აიღო ჭურჭელი და არეული ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.

 

რაც დღე გადიოდა, გიგი მით უფრო ვერ პოულობდა ადგილს. მიხვდა, რომ სალის გაცნობამ მის ოჯახურ იდილიას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, ასეც უცებ როგორ შემოიჭრა მის ცხოვრებაში ქალი, რომელიც დღითიდღე მეტად და მეტად უფორიაქებდა სულს. მიხვდა, რომ დადგა დრო, როცა ვიღაცისთვის უნდა გაემხილა დიდი საიდუმლო, თორემ ასეთ ყოფაში დიდხანს ვერ გაძლებდა. სხვა ვისთვის უნდა გაენდო თავისი გულისნადები, თუ არა უახლოესი ძმაკაცისთვის? ამიტომ ბევრი არ უფიქრია და ერთხელაც… დუდუს მიადგა.

_ შენთან სალაპარაკო მაქვს, _ ღრმად ამოიხვნეშა მამაკაცმა და მეგობარს დანისლული თვალებით მიაჩერდა.

_ მოხდა რამე? _ დუდუმ სიგარეტი მოქაჩა და წარბები აზიდა.

_ მოხდა და ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა მიშველო, _ თითები ერთმანეთში გადახლართა გიგიმ და სავარძელში უფრო მოხერხებულად მოკალათდა.

_ თქვი მერე, ნუ მომკალი, _ დუდუ მოსასმენად გაემზადა.

_ მგონი შეყვარებული ვარ, იცი? _ გაუჭირდა პირველი წინადადების წარმოთქმა.

_ შეყვარებული? სწორად გავიგე? _ ძმაკაცი ყურებს არ უჯერებდა.

_ კი, სწორად გაიგე.

_ შენ და შეყვარებული? მაშაყირებ? რომელმა ბზიკმა გიკბინა? _ სიცილი ვერ შეიკავა დუდუმ.

_ არ გეხუმრები, მართლა გეუბნები. მაგარ შავ დღეში ვარ.

_ ვინ არის, ის მაინც მითხარი.

_ გეტყვი… _ გიგიმ პაუზა გააკეთა, კვლავ ამოიხვნეშა, მეგობარს თვალები აარიდა და გააგრძელა, _ არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე. არ ვიცი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, არაფერი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია… ბოლომდე გავები. თავს ვეღარ ვაკონტროლებ.

_ მითხარი, ვინ არის, ნუ დამტანჯე და დანარჩენი მერე მელაპარაკე.

_ შენი მდივანი, _ თქვა გიგიმ და ხელის ზურგები ერთმანეთს გაუსვა განერვიულებულმა, ცივი ოფლი ასხამდა.

_ სალი? ჩვენი სალი? _ გაოგნებულმა დუდუმ ღრმა ნაფაზი დაარტყა და ძმაკაცისკენ მთელი ტანით გადაიხარა.

_ ჰო. არ ელოდი, არა?

_ რა ყველა გადაგრიათ მაგ გოგომ, რა ხდება, გამაგებინეთ! მართლა ასეთი კარგია, კაცო?!

_ რა ვიცი, რაც არის, არის, მე კი გამომიყვანა წირვა და…

_ მდაა… სიმართლე გითხრა, შენგან არ ველოდი. როდის აქეთ გახვევენ ქალები თავბრუს, როდის დაგეწყო ამგვარი სიმპტომები? _ დუდუ სიცილს ძლივს იკავებდა, თუმცა გულის სიღრმეში «რაღაც» არ ესიამოვნა.

_ შენი სენი გადმომედო, ძმაო, ხომ ხედავ, _ გიგიმაც სცადა გახუმრება.

_ რა ჩემი სენი, ბიჭო, ალაოდ ხომ არ ხარ. მე როდის მნახე შეყვარებული! ქალებში სიარული სხვაა და შეყვარება _ სულ სხვა. ასი წელია, ქალი არ შემყვარებია.

_ ახლა არ მითხრა, მარიანაც არ მიყვარსო.

_ არ მიყვარს, არა, უბრალოდ, მომწონს და ვიხალისებ ცხოვრებას. აბა შენ რა გგონია, მასზე ფიქრით და ოხვრით ვათენ-ვაღამებ? რა სისულელეა. როცა ერთად ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს ერთმანეთთან, ეგ არის და ეგ. შენ რა გითხარი, ეს რა შარში გახვეულხარ, ახლა რას აპირებ? სალიმ თუ იცის ეგ ამბავი?

_ კი, იცის.

_ მერე? _ ამ კითხვის პასუხი უფრო აინტერესებდა დუდუს, ვიდრე გიგის განცდები.

_ რა მერე, ჯერჯერობით პასუხი არ უთქვამს, ველოდები, მაგრამ ვიცი, უარს არ მეტყვის.

_ დარწმუნებული ხარ? მისგანაც იგრძენი რამე? _ ჩაეძია ძმაკაცი.

_ ყოველ შემთხვევაში, ისტერიკები არ მოუწყვია. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და… მაგ საქმიდან ის გამოვა, რაც მე მინდა. შენ ის მითხარი, მერე რა ვქნა, როგორ მოვიქცე.

_ მე მეკითხები, როგორ მოიქცე? აწყობილი გქონია საქმე, ძმაო და მე რაღას მეკითხები? _ გაღიზიანება დაეწყო დუდუს ხმაში.

_ ქეთის რა ვუყო?

_ ქეთის? ახლა ფიქრობ ქეთიზე, ყურებამდე რომ ხარ ტალახში ჩაფლული? შენნაირი ცოლის პატრონს სხვა ქალისკენ როგორ უნდა გაგექცეს თვალი, გამაგიჟებ შენ მე! _ დუდუ უკვე ცოფებს ყრიდა.

_ ე, ბიჭო, მე შენი თანადგომა მჭირდება, ნოტაციები წამიკითხე-მეთქი კი არ მითხოვია, _ უსაყვედურა გიგიმ მეგობარს და ხელები თავზე შემოიჭდო.

_ რაში დაგეხმარო, მითხარი მაინც, რა გავაკეთო? შემთხვევით, ცოლთან გაყრასაც ხომ არ აპირებ? დავიჯერო, ასე აგირია თავგზა იმ გოგომ?

_ არა, არა, ეგ არც მიფიქრია, მაგრამ… სწორად გამიგე, რა. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, მით უმეტეს, გათხოვილ ქალთან არასდროს გამივლია. რა უნდა ვქნა, არ ვიცი, _ აწრიალდა გიგი და ინანა კიდეც, გული რომ გადაუშალა მეგობარს.

_ გული რასაც გიკარნახებს, ის უნდა ქნა, ჩემო ძმაო, მაგრამ ქეთის დაკარგვა არც იფიქრო, თორემ პირადად ჩემთან გექნება საქმე, ეგ იცოდე! ქეთი მაგის ღირსი არ არის, გაიგე?

_ ეგ ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ასე რატომ გაღიზიანდი, შენც ხომ ხარ ცოლიანი და რაც მე ვიცი და რაც არ ვიცი კიდევ, ენ-რაოდენობის საყვარელი გყოლია. რა არის ამაში ასეთი გასაკვირი?

_ რა არის? ორი წუთის წინ არ მითხარი, შეყვარებული ვარო? აი, ეს არის გასაკვირი, თორემ უბრალო გატაცება რომ იყოს, გეტყოდი, მიდი და გაჟიმე-მეთქი. ხვდები განსხვავებას? იცი, სანამდე შეიძლება ამ ურთიერთობამ მიგიყვანოს? ყველაზე ლამაზი რამ შეიძლება გაგინადგუროს, ყველაზე სათუთი და ყველაზე ახლობელი, ის, რასაც შენი სამაგალითო ოჯახი ჰქვია. აქ ჩემს არეულ ცხოვრებაზე არ არის ლაპარაკი, მე ამწუთას შენსაზე ვსაუბრობ, გესმის?

_ მესმის. კარგი, რაღაცას მოვიფიქრებ, _ გიგი მოიღუშა, მძიმედ წამოდგა და კარისკენ დაიძრა.

_ მოიცა, სად მიდიხარ, მითხარი მაინც, რას აპირებ?

_ არ ვიცი, მერე გამოჩნდება ყველაფერი.

_ გიგი! _ დუდუც წამოდგა.

_ არ მინდა, სხვა დროს ვილაპარაკოთ, _ ხელი დაუქნია მეგობარმა და ზურგს უკან კარი მიიხურა…

პრეზიდენტი კვლავ დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო, ფიქრებში ჩაეფლო. «შენ კი არა, მგონი მეც მომწონს ის ქალი. რატომ? რა არის მასში ისეთი, ასე რომ იზიდავს ყველას? კაცი არ დარჩა ოფისში, მასზე აღფრთოვანებით არ ილაპარაკოს. მეც კი «შემაფუცხუნა». რა ხდება?» დუდუ საზურგეზე გადაწვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. არა, როგორმე უნდა მოაშოროს სალი აქედან, სხვანაირად არ გამოვა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი აქ ყოფნით გიგის მართლაც სერიოზული საფრთხე ემუქრება. მეგობრის ოჯახი მუდამ სამაგალითო იყო დუდუსთვის. მეორეც… არც თვითონ არის გულგრილი ახალი მდივნის მიმართ. მას კი… მას არ უყვარს, როცა ვინმე სასიყვარულო გზაზე ეღობება, როცა სიყვარულის სამკუთხედები იქმნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მესამე ხომ მისი ძმაკაცია? თანაც _ ბავშვობის მეგობარი.

_ «პერეხვატზე» როგორ წავიდე, მაგის დედაც! _ წამოიძახა უცებ და თავი ასწია.

არა, არა. გიგის ამას ვერ გაუკეთებს. უყვარს და უყვარდეს, უნდა და უნდოდეს, ღმერთმა შეარგოს. ერთი «ტილიანი» გოგოს გულისთვის არ ღირს «ომობანას» ამაში. მით უმეტეს, დუდუ შეყვარებული არ არის, მას უბრალოდ, მოსწონს, მეტი არაფერი. ეს კი გაიფიქრა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვერ იმეტებდა სალის სხვისთვის. თანაც, ქალისგანაც გრძნობდა საპასუხო რეაქციას, სალი მის მიმართ ნამდვილად არ იყო გულგრილი. კაცია და მის თვალს ეს არ გამოეპარება. აბა გიგის რისი იმედი აქვს? იქნებ სალი სულ სხვა თამაშს თამაშობს? იქნებ ორივეს უმიზნებს? ორი საყვარელი ერთდროულად _ ორივე ფულიანი, შეძლებული, თანამდებობა, მანქანა, ფუფუნება, ესა, ისა… არა, არა, ასეთ რამეს მასზე ვერ იფიქრებს, სუფთა სულის გოგო ჩანს, ცოდვას ვერ იტყვის. რა ქნას, დაუთმოს გიგის? სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად? რა პრობლემაა, სალი არ ღირს იმად, ძმაკაცი დაკარგოს მისი გულისთვის. მაგრამ დუდუს აქამდე პირველობა რომ არავისთვის დაუთმია? მოსწონებია ქალი? კიდევაც გამხდარა მისი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ახლა? როგორც კი გიგიმ «აღსარება» თქვა, დუდუს მაშინვე გულზე მოხვდა, არ ესიამოვნა. «როგორ გამიტყდა!», _ თავი გადააქნია გაწბილებულმა. ეს რაღაც სხვა მომენტი იყო, ადრე ასეთ სიტუაციაში არასდროს აღმოჩენილა.

_ არა, უნდა დავივიწყო ეგ ამბავი, _ ხმამაღლა გაიფიქრა და მტკიცედ გადაწყვიტა, გონების ხმას მიჰყოლოდა და არა გულისას. საუკეთესო მეგობარს ვერც ერთი ქალის გულისთვის ვერ დაკარგავდა. ეს მან ყველაზე კარგად იცოდა…

7 7 7

იმ დღის შემდეგ გიგისა და დუდუს შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა. ცივად ხვდებოდნენ ერთმანეთს, უფრო მეტიც _ ოფიციალურადაც. პირველმა საქმიანმა წინააღმდეგობამაც იჩინა თავი. ჯერ ერთ რამეში ვერ შეთანხმდნენ, მერე _ მეორეში. მართალია, დუდუ არწმუნებდა საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი სალისთან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ, ყველა ყველა და, თავს ხომ ვერ მოიტყუებდა? არადა, ხედავდა, როგორ თანდათან შორდებოდა საუკეთესო მეგობარი, როგორ ნელ-ნელა გაუცხოვდა გიგი, თავს არიდებდა, ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონოდა მასთან. ყველა სიკეთესთან ერთად, დუდუს ოჯახშიც ჰქონდა უთანხმოება. ნათია ხან დედამისთან გარბოდა, ხან ისევ უკან ბრუნდებოდა. თითქმის ყოველდღე კონფლიქტი ჰქონდათ. ვერა და ვერ მორიგდა ცოლ-ქმარი. ჩხუბის მიზეზი არ ილეოდა. ნათია ყველა კაბიანზე ეჭვიტანობდა, მათ შორის სალიზეც, მიუხედავად იმისა, რომ საამისო საბაბი არ გააჩნდა. სულ ერთხელ ჰყავდა ნანახი მდივანი, მაგრამ ინტუიცია კარნახობდა, რომ მისი სახით ძლიერ მეტოქესთან ჰქონდა საქმე. თანაც, ეს მეტოქე მისი ქმრის გვერდით მთელ დღეს ატარებდა. ეს კიდევ უფრო აცოფებდა…

ამასობაში სალი დროს ტყუილად არ კარგავდა. დუდუს ტელეფონი ყოველდღე ახალ-ახალი შეტყობინებებით «სუქდებოდა». «მე შემიძლია ყველა ქალი დაგავიწყო, ვისზეც ოდესმე გიფიქრია»… «ასე ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს»… «მე შენი ცხელი ტუჩების შეხებას ვგრძნობ, დუდუ»… «მიყვარხარ, როგორც არასდროს»… ეს «ბლიც-წერილები» პრეზიდენტს თან აღიზიანებდა, თან სიამოვნებდა. ერთი მხრივ, კარგიც იყო, ძალაუნებურად ფიქრობდა კიდეც იდუმალ შეყვარებულზე და მთელი ყურადღება ვერ გადაჰქონდა სალიზე, განსაკუთრებით საღამოობით, რადგან სწორედ ამ დროს იმატა მესიჯების რაოდენობამ. რას აღარ წერდა «უცნობი» დუდუს. კაცი, ლამის იყო, ჭკუიდან გადამდგარიყო.

სალი ცდილობდა, დუდუზე გვიან გასულიყო შენობიდან, რომ მისთვის მესიჯები «არ დაეშურა». საქმე ისედაც არ ელეოდა, ხან ბლანკები ჰქონდა დასამზადებელი, ხანაც _ ხელშეკრულებები გასაფორმებელი, ამიტომ ეჭვს ვერავინ აიღებდა. დროსაც კარგად არეგულირებდა მდივანი _ ხან რვაზე მიდიოდა სამსახურიდან, ხანაც _ ცხრაზე, რომ მისი ერთსა და იმავე დროს ოფისიდან გასვლა ვინმესთვის თვალში მოსახვედრი არ ყოფილიყო. მისი ერთადერთი პრობლემა გიგი იყო. მამაკაცი მოსვენებას არ აძლევდა, ახლა უკვე არავის და არაფერს ერიდებოდა, თამამად უხსნიდა სიყვარულს. პირველ ხანებში სალიმ თითქოს ახლოსაც კი მიუშვა მამაკაცი, ისე, ფლირტის დონეზე, მაგრამ რომ შეატყო, გიგის მის მიმართ უფრო სერიოზული გრძნობა გაუჩნდა, სასტიკი უარი უთხრა ჯერ შინ მიცილებაზე, მერე _ საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი აუკრძალა. მე გათხოვილი ქალი ვარ და ამ ნაბიჯს ვერ გადავგამო, გამოუცხადა.

სიტუაცია დაიძაბა. სალის უკვე ნერვებს უშლიდა გიგის ყოველი გამოჩენა. არც დუდუს სიამოვნებდა, გამუდმებით რომ ხედავდა მდივნის ოთახში მეგობარს, თუმცა თქმით არაფერს ამბობდა. სალის ეს არ გამოპარვია, გაუხარდა კიდეც, მიხვდა, რომ პრეზიდენტს გარკვეული სიმპათია გააჩნდა მის მიმართ, მაგრამ თვითონ ისე იქცეოდა, თითქოს სულ არ აინტერესებდა შეფი, როგორც მამაკაცი. როცა მასთან ხეშეკრულებები ან ყავა შეჰქონდა, საქმიან სახეს მიიღებდა. ეგ იყო და ეგ.

არავინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა ასეთი ვითარება, რომ არა ის დილა, როცა…

დუდუ გვიან მოვიდა ოფისში. დილით უკვე ოთხი მესიჯი მიიღო: «დღეს მაგარ ფორმაში ხარ»… «ვნატრობ იმ დღეს, როცა ქრიზანთემებს მომიტან, იისფერ ქრიზანთემებს»… «ეს ყვავილი ჩემს ბავშვობას მახსენებს»… «როცა შემიყვარებ, ხომ მომიტან? ვიცი, რომ ასე იქნება»…

დუდუ უხალისოდ მიესალმა მდივანს და კაბინეტში შეიკეტა. ამჯერად ყავა არ მოუთხოვია. სალის ელდა ეცა. რა მოხდა? რატომ არის ასე უხასიათოდ? ცოტა ხანში უფროსმა ზარი დარეკა. სალი წამოდგა და გაუბედავად შეაღო ოთახის კარი.

_ შემოდი, საქმე მაქვს, _ დუდუს მშვიდი ხმა ჰქონდა.

სალის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. რა უნდა უთხრას? რამეს ხომ არ მიხვდა? ნომრის ამოცნობა ხომ არ სცადა? მერე რა, ამით ვერაფერს გაიგებს. სალის ისეთი ვინმეს ნომერი აქვს აღებული, ძალიანაც რომ ეცადოს შეფი, სალის კვალს მაინც ვერ მიაგნებს. მან ხომ წინასწარ გათვალა, რომ ეს მოსალოდნელი იქნებოდა. მაინც შეშინდა. მთელი სხეული უკანკალებდა, ძლივს იმორჩილებდა ფეხებს.

_ დაჯექი, _ ახლა უკვე ცივად გამოუვიდა შეფს.

სალი ჩამოჯდა.

_ ერთი ეს მითხარი… _ დაიწყო დუდუმ და პაუზა გააკეთა.

სალის ფერი ეცვალა სახეზე რაღაც საშინელების მოლოდინში.

_ უცნაური რამ უნდა გკითხო, მაგრამ არ დამცინო, კარგი? _ მოულოდნელად დუდუმ გაიღიმა.

_ ქრიზანთემა იცი, როგორი ყვავილია? _ გააგრძელა შეფმა.

სალის სუნთქვა შეეკრა, დაბნეულმა თვალები დააფახულა.

_ მგონი, კი, რატომ მეკითხები? _ გაბედა მდივანმა და დაკვირვებით შეხედა უფროსს.

_ ისე, მაინტერესებს, რაღაც საქმისთვის მჭირდება. მგონი, თუ ნამდვილად იცი?

სალი დაფიქრდა. ხომ არ ცდის? იქნებ რაღაც იეჭვა? რომ უთხრას, დანამდვილებით არ ვიციო, რა მოხდება? არა, ჯობია უთხრას. მერე რა, ქალებმა თითქმის ყველა ყვავილი იციან, რა არის ამაში გასაკვირი?

_ ვიცი, როგორ არა. მინდვრის ყვავილია, უფრო სწორად _ ეზოს ყვავილი, სხვადასხვა ფერისაა, _ ნერვიულობისაგან ხელის გულები გაუოფლიანდა ქალს.

_ რა ფერისაა? _ დუდუ დაჟინებით მიაშტერდა მდივანს.

_ თეთრი, ყვითელი და… და ლილისფერი, _ ბოლო სიტყვა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დაამატა.

_ ლილისფერი?

_ ჰო, იგივე იისფერი, ძალიან ლურჯი…

_ ანუ შენი თვალების ფერი? _ გაიღიმა დუდუმ.

_ არა, უფრო მუქი და რაღაც წერტილები აქვს კიდევ შიგნიდან, თეთრ ფონზე, მოგრძო ფორმის ყვავილები აქვს, გადაშლილი, _ «დაწვრილებით» დაახასიათა სალიმ ქრიზანთემა.

მაგის მეტი რა იცის, სოფელში, მის ეზოში, ათი ძირი მაინც ხარობს ყოველ გაზაფხულზე.

_ მერე წამომყევი ერთხელ, ბაზრობაზე ხომ იქნება? უნდა ვიყიდო. ოღონდ ჯერ არა, როცა დამჭირდება. იმედია, არ დამზარდები, _ კვლავ გაიღიმა დუდუმ.

_ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა სეზონი არ არის, ქრიზანთემა გაზაფხულზე ყვავის, _ სალიმ შვებით ამოისუნთქა, რადგან მიხვდა, რომ დუდუმ მისი მესიჯების შესახებ არაფერი იცოდა.

_ არა უშავს, გაზაფხულიც მოვა, სად წავა, _ გაიცინა დუდუმ.

_ მაგრამ არა მგონია, ბაზრობაზე იყიდებოდეს. ის უცებ ჭკნება, არ ვიცი, გაყიდვაში არასდროს მინახავს, _ მხრებიაიჩეჩა ქალმა.

_ კარგი, გაზაფხულამდე მაინც დიდი დროა. სულ ეს იყო. ახლა ყავა მომიდუღე და შემომიტანე.

სალი დამშვიდდა. ესეც ასე. როგორც ჩანს, მისმა წერილებმა იმოქმედა შეფზე, ჩააფიქრა კაცი. ძალიანაც კარგი. ახლა ყავას მოუმზადებს და კიდევ ერთ მესიჯს «აჩუქებს». რა მისწეროს?

სანამ ყავას მოადუღებდა, წერილის ტექსტიც მოიფიქრა. მერე ქაფქაფა სითხე ფინჯანში ჩაასხა, გვერდით დაიდო და ეკრანს მიუჯდა. «შენ მე ქრიზანთემას გამომიწოდებ და მეტყვი _ ეს შენი ყვავილია. ეს ჩვენი პაროლი იქნება. ამით მე მივხვდები, რომ შენც გიყვარვარ». ის იყო, მესიჯი უნდა გაეგზავნა, რომ მოულოდნელად კაბინეტის კარი გაიღო და დუდუ გამოვიდა. სალი შეკრთა, იმდენი კი მოახერხა, რომ სწრაფად დაეხურა კომპიუტერის ფანჯარა, მაგრამ ამ არეულობაში ხელი უშნოდ გაიქნია, ფინჯანს გაჰკრა და… ყავა მკერდზე გადაეღვარა. ქალმა შეჰკივლა. დუდუ ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა, პერანგი ხელის სწრაფი მოძრაობით გადაუხსნა… ღილები იატაკზე მიმოიფანტა და დუდუს სალის სავსე მკერდი თვალწინ გადაეშალა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. «მინდა», _ ამბობდა დუდუს თვალები. «მოდი», _ იკითხებოდა ქალის გამოხედვაში. რამდენიმე წამის განმავლობაში თითქოს თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს. სალის ტკივილი გადაავიწყდა. დუდუ თითქოს გამოფხიზლდა, იქვე მდგარ წყლიან ბოთლს დაავლო ხელი და სალის მკერდზე დაასხა. მდივანმა კვლავ შეჰკივლა. დუდუმ ჯიბიდან ცხვირსახოცი დააძრო, გაშალა და მდივნის მკერდზე დააფინა. ამ შეხებამ სალის გონება დაუბინდა. სიამოვნებისა და ტკივილისაგან თვალები დახუჭა. გრძნობდა, როგორ მიიწევდა მამაკაცისკენ. დუდუმ თითების ფრთხილი მოძრაობით გაუწმინდა სალის სველი ადგილები, მაგრამ მისი მკერდიდან ხელის აღებას არ ჩქარობდა. მამაკაცს ვნება მოაწვა, ცდუნება დიდი იყო. ამ დროს… უცებ კარი გაიღო და ოთახში ნათია შემოვიდა, მას უკან გიგი მოჰყვებოდა. ყველანი ადგილზე გაშეშდნენ.

სიჩუმე პირველმა ნათიამ დაარღვია.

_ აი თურმე, რითი ერთობა ჩემი ძვირფასი ქმარი სამსახურში, _ პრეზიდენტის ცოლმა გიგის გადახედა მრავალმნიშვნელოვნად და თვალები დააკვესა.

_ ეს ის არ არის, შენ რაც გგონია, _ დუდუ საკუთარ ხმას ვერ ცნობდა.

_ შენ რა იცი, მე რა მგონია! _ ზიზღით ჩაილაპარაკა ქალმა და მისკენ დაიძრა, _ მთლად გახვედი თავს, არა? ნაძირალა ხარ. უკვე აღარ მთვლი ცოლად, არა? გგონია, ასე ადვილად წავალ შენგან და ამ კახპას დავუთმობ ასპარეზს? _ ნათიას ხმა უკვე კივილში გადაიზარდა.

სალიმ ძლივს აითრია წელი, ახლაღა იგრძნო, როგორ ეწვოდა გულმკერდი, სცადა, როგორმე დაეფარა სიშიშვლე, ფანჯრისკენ შებრუნდა და ყავით დასვრილი პერანგის კიდეებით სიშიშვლე დამალა.

ნათია გააფრთებული ეცა ქმარს. დუდუმ ცოლს მაჯებში ჩაავლო ხელი, ზურგს უკან გადაუგრიხა და კაბინეტისკენ უბიძგა. გიგი ადგილიდან არ დაძრულა. თავზარდაცემული შეჰყურებდა ამ სცენას. შუბლი ოფლით დაცვაროდა… დუდუმ ცოლი კაბინეტში ძალით შეიყვანა…

სალი და გიგი მარტონი დარჩნენ. არც ერთი ხმას არ იღებდა.

_ იქნებ ამიხსნა, რას ნიშნავს ეს ყოველივე? _ ხმადაბლა თქვა გიგიმ ცოტა ხნის შემდეგ.

_ რატომ უნდა აგიხსნა? შენ ვინ ხარ? ქმარი ხარ ჩემი თუ საყვარელი? _ სალი ჩაცმას შეუდგა.

_ არც ერთი და არც მეორე. ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს.

_ მაშინ ნუ მეკითხები. სულაც არა ვარ ვალდებული, ანგარიში ჩაგაბარო.

_ ვალდებული ხარ, _ იყვირა უცებ გიგიმ.

სალიმ გაკვირვებული მზერა მიაპყრო.

_ ნუთუ ვერ ხვდები, რაც მოხდა? ნუთუ ასეთი ძნელი დასანახია, ყავა რომ გადმომესხა? კარგად შემომხედე, იქნებ ნათელი გახდეს შენთვის, რაშიც იყო საქმე? _ ახლა სალი აყვირდა.

_ რატომ, რატომ გადმოგესხა, სწორედ ეგ მაინტერესებს. რას გეუბნებოდა ისეთს, რას აკეთებდა ისეთს, რომ ყავა მაინცდამაინც მკერდზე გადმოგესხა? მითხარი, რა ხდებოდა აქ! _ მამაკაცი ქალს მიეჭრა, მხრებში ჩაავლო ხელი და შეაჯანჯღარა.

სალიმ ცივად მოიშორა მისი ხელები, პალტო მოისხა, ჩანთას დაავლო ხელი და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა…

ხმაურზე ყველა თანამშრომელი მის ოთახს მოაწყდა. პირველმა იამ მოირბინა. იგი პირდაპირ ზღურბლთან შეეჩეხა სალის.

_ ჩტო სლუჩილას? _ იკითხა შეშფოთებულმა.

_ არაფერი, _ ყრუდ ჩაილაპარაკა სალიმ, დაქალს გვერდი აუარა, თანამშრომლების ცნობისმოყვარე თვალებს მზერა აარიდა, დერეფანში გავიდა, ხელები პალტოს სახელოში გაუყარა და ცრემლმორეული კიბეს სირბილით ჩაუყვა.

ქუჩაში გასულმა უაზროდ მიმოიხედა ირგვლივ. ცივი ჰაერი სახეში სცემდა. საით წავიდეს? რა ხდება ახლა იქ? ალბათ ყველა მასზე ლაპარაკობს. ეს რა დაემართა! არა, იქ უკვე აღარ დაედგომება. უნდა დაემშვიდობოს სამსახურს. რა საშინელებაა. ძლივს სამუშაო იშოვნა და თავისი დაუდევრობით როგორ დაკარგა. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. ერთი ხელის მოსმით დაკარგა ყველაფერი, ყველა ოცნება დაენგრა, ყველა მცდელობა, რომ ბედნიერება მოეპოვებინა. ახლა რა ქნას? ვის მიადგეს? ვისთან ჰპოვოს შვება? რა იქნება ხვალ? მთელი სხეული უთრთოდა _ სიცივისაგან, ტკივილისაგან, შეურაცხყოფისაგან… ცრემლებმა ადვილად იპოვეს გზა მის ღაწვებზე… ტიროდა სალი, გულამოსკვნილი ტიროდა… ახლა მხოლოდ ეს ცრემლები გვრიდა შვებას…

 

ასეთი გაცოფებული დუდუ თანამშრომლებს ჯერ არ ენახათ, ლამის გასაკავებელი გახდა, მთელი ხმით ყვიროდა, ძლივს გამოგლიჯეს ცოლი ხელიდან. ეს ბოლო წვეთი იყო, დუდუმ თავის «ოჯახურ იდილიას» იმ დღეს დაუსვა საბოლოოდ წერტილი. ნათია რომ თავიდან მოიშორა, მაშინვე სალი მოიკითხა. როცა უთხრეს, წავიდაო, გიგი დაიბარა.

_ წადი და ახლავე დააბრუნე, ის არაფერ შუაშია! _ პრეზიდენტი მძიმედ სუნთქავდა.

_ აბა ვინ არის შუაში, იქნებ ამიხსნა? _ კუშტად ჰკითხა ძმაკაცმა.

_ გიგი, მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიის მამაკაცებს, სხვის ქალებზე რომ ნადირობენ. თუ შენ უნდიხარ, შენი იყოს, მე თქვენს ურთიერთობასთან არაფერი მესაქმება. იმიტომ კი არ გთხოვ, დააბრუნო, რომ რაღაც «ქვემიზნები» მაქვს, უბრალოდ, არ მინდა «ისტერიჩკა» ქალის გამო სამსახური დაკარგოს. სხვები რას იფიქრებენ მაშინ, როცა არაფერი მომხდარა?

_ დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი მომხდარა? სიმართლე მითხარი, დუდუ, ძმობას გაფიცებ! _ გამჭოლი მზერა ესროლა გიგიმ.

_ შენ ჩემგან რაიმეს ახსნა დაგჭირვებია ოდესმე?

_ არა, დღემდე არა.

_ ჰოდა, არც ახლა გჭირდება. წადი და ის გააკეთე, რაც უნდა გააკეთო! _ თითქმის უბრძანა დუდუმ.

გიგი უსიტყვოდ გატრიალდა. იცოდა, სალის ვერ დააბრუნებდა და არც გასჩენია ამის სურვილი, ამიტომაც მშვიდად გავიდა კაბინეტიდან. მას ახლა სულ სხვა გეგმები ჰქონდა…

7 7 7

სალი ადგილს ვერ პოულობდა. მთელი დღე ლუკმა არ უჭამია, თითქოს კრიჭა შეეკრა. მიხვდა, რომ ყველაფერი ერთდროულად დაკარგა, ხოლო გამოსავალი არსაიდან ჩანდა. გარდა ამისა, არც არავინ მოიკითხა სამსახურიდან, იაც კი არ გამოჩენილა. ამან უარესად ჩააგდო საგონებელში. ნუთუ იამაც დაიჯერა, რომ… არა, რაღაც უნდა იღონოს. რაც ყველაზე მთავარია, ახლა რომ გაწყვიტოს დუდუსთან სატელეფონო კავშირი და მესიჯები არ გაუგზავნოს, ის ყველაფერს მიხვდება. ეს კი სალის არ აწყობს, მით უმეტეს _ ამ ეტაპზე. სჯობს, ინტერნეტკაფეში წავიდეს და მიწერ-მოწერა აღადგინოს. რა მისწეროს? ჰმ, რა სულელია! ქრიზანთემების ტექსტს შეცვლის. რა შეცდომა დაუშვა მაშინ. ქრიზანთემების მაგივრად დუდუს ჰორტენზიები აღუწერა. მერე რა, მოიფიქრებს რაღაცას. ეხსომება კი მას, რომელ ყვავილზე ესაუბრა მაშინ სალი? იმედია, არა. ახლავე წავა და ამ «შედომას» გამოასწორებს. ასეც მოიქცა. გზაში კარგად მოიფიქრა, რა შინაარსის წერილი უნდა გაეგზავნა მამაკაცისთვის და სახეზე კმაყოფილების ღიმილიც კი აუთამაშდა.

«მე გადავიფიქრე. ქრიზანთემები არ მინდა. ის ყველგანაა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, კაპიკები ღირს, ადვილად ხელმისაწვდომია. ჰორტენზიები მირჩევნია _ ნაზი, ძნელად მოსაპოვებელი, იშვიათი ყვავილი, რომელიც არ იყიდება, თუნდაც იმიტომ, რომ მოწყვეტისთანავე კვდება. ის ეულია, დაუცველი, მაგრამ თავისუფალი, ჩაკეტილ სივრცეს ვერ იტანს, მინდვრის ჰაერი, თავისუფლება ურჩევნია. ჰორტენზიები… იისფერი ჰორტენზიები… ეს მინდა… ხომ მომიტან? ვიცი, რომ მომიტან. ის დროც მოვა». მესიჯი გაგზავნა ზუსტად იმ დროს, როცა ყავა შეჰქონდა დუდუსთან. მართალია, «დილის წერილი» გამორჩა და დააგვიანა, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, საღამოს არ გადააცილებს საჭირო დროს.

კვლავ სახლში აბრუნდა და ლოგინზე დაემხო. ცრემლი ვერ შეიშრო თვალზე. მკერდზე დუდუს თითების შეხებას ისევ და ისევ გრძნობდა, მისი სუნთქვაც თითქოს აქვე ისმოდა, გვერდით, ისევ ისე ახვევდა თავბრუს მამაკაცის სურნელი, ასე რომ იზიდავდა სალის პირველი შეხვედრიდანვე…

ჩამობნელდა. სალის ძილი არ გაკარებია. ის იყო, ინტერნეტკაფეში ჩასასვლელად მოემზადა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. გულმა ბაგაბუგი «ატეხა». ვინ უნდა იყოს? სალიმ სათვალთვალოში გაიხედა. ზღურბლთან ია იდგა. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა სხეულში, ახლა გაიგებს ყველაფერს, რა მოხდა მისი წამოსვლის შემდეგ, რა «ჯოჯოხეთი» დატრიალდა «დუგიში». კანკალმა აიტანა, ძლივს გადაატრიალა გასაღები…

_ ტი დომა? _ იას დაღლილი სახე ჰქონდა.

_ ჰო, შემოდი, _ გათანგული ხმით გასცა პასუხი დაქალს.

_ ადნა?

_ აბა ვინ უნდა იყოს?

_ რა ვიცი. მიდიოდი სადმე?

_ ჩავალ, ყავას ამოვიტან. დამელოდე, ახლავე მოვალ, _ სალიმ თვალები აარიდა იას და ჩანთაში საფულის ძებნა დაიწყო.

_ საშინლდა გამოიყურები, ნე სპალა, ჩტო ლი? _ იამ ქურთუკი გაიხადა და საწოლზე ჩამოჯდა.

_ არა, რა დამაძინებდა. არ მოიწყინო, ორ წუთში აქ ვარ, _ სალიმ კარი გარედან ჩაკეტა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა.

სირბილით დაუყვა ქუჩას, რომ დრო არ დაკარგოდა. სიკვდილივით ეზარებოდა ინტერნეტკაფეში ხელმეორედ შესვლა, რადგან იქ გამუდმებით მამაკაცები ტრიალებდნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ფული გადაიხადა და სასწრაფოდ მიუჯდა თავისუფალ კომპიუტერს. «ჰორტენზიებს შენი სურნელი აქვს, ამიტომაც მაგონებს შენს თავს, ამიტომაც მოვიწევ შენკენ. მენატრები. როგორ ფიქრობ, არ დადგა დრო, ჩემი ნომერი გამოგიგზავნო? არ გაქვს სურვილი, შემომეხმიანო?.. ამაღამ შენზე ვიფიქრებ, თანაც მთელი ღამე. გჯეროდეს ამის»…

სალიმ მარკეტში შეიარა, ყავა იყიდა, კრუასანებიც მოაყოლა და მართლაც რამდენიმე წუთში აბრუნდა სახლში.

_ ხომ დროზე მოვედი? _ ნამტირალევი თვალები მიანათა დაქალს.

_ კანეშნა, _ იას ღიმილი გადაეფინა სახეზე.

სალიმ ყავა მოადუღა, კრუასანები თეფშზე დაალაგა და მეგობარი მაგიდასთან მოიწვია.

_ რა ხდება იქ?

_ და ტაკ, ვსიო ნარმალნა, _ მხრები აიჩეჩა იამ და ქალს მორიდებით შეხედა.

_ ახლა მხოლოდ ჩემზე ჭორაობენ, არა?

_ არა, რას ამბობ, უკვე აღარავის ახსოვს. ვსე უსპაკოილის.

_ ის გიჟი ქალი დაწყნარდა?

_ ნავერნა, ნე ზნაიუ. სრაზუ უშლა.

_ დუდუ რას ამბობს?

_ გაგიჟებულია. გიგიმ გამომაგზავნა შენთან, _ თქვა იამ.

_ მაგას რაღა უნდა?

_ ნე ვერნიოშსია?

_ არა, გამორიცხულია, მე უკვე წამოვედი. აწი იქ მიმსვლელი არა ვარ.

_ გიგი ტოჟე ტაკ დუმაეტ. ამიტომ…

_ რა ამიტომ?

_ არ ინერვიულოს, ახალ სამსახურს ვუშოვიო, სკაზალ.

_ არ არის საჭირო, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს. გუშინ რატომ არ მოხვედი?

_ რა ვიცი, ვიფიქრე, მარტო დარჩენა უნდა-მეთქი.

_ ჰო, ეგ მართალია, _ ამოიოხრა სალიმ.

_ ვოტ! ეტა ტებე, _ თქვა იამ და ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო.

_ ეს რა არის?

_ გიგიმ გამოგიგზავნა, ქსელში ჩართულია. მეჟდუ პროჩემ, ხაროში უ ტებია ნომერ, პასმატრი! _ იამ ეკრანზე ნომერი გამოაჩინა.

_ რას ნიშნავს, გამომიგზავნა? _ წარბები შეკრა სალიმ.

_ საჩუქრად. შენ ხომ ტელეფონი არ გაქვს.

_ მერე რა? გიგის საჩუქარი რაში მჭირდება?

_ ნე ნადა, სალი, ტაკ ნელზია. კაცი ნერვიულობს შენზე, უნდა დაგეხმაროს, ა ტი…

_ არავის დახმარება არ მჭირდება და არც არაფერზე ვნერვიულობ. თავი დამანებეთ სუყველამ, _ გაღიზიანდა სალი.

_ ხარაშო, უსპაკოისია, ყველაფერი მოგვარდება. ეს კი დაიტოვე, ამით არაფერი დაშავდება, სლიშიშ?!

სალიმ თავი გადააქნია, მაგრამ მეგობრისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. თუ საჩუქარია, საჩუქარი იყოს. ამით მაინც არაფერი შეიცვლება. გიგის ყველა გზა მოჭრილი აქვს მასთან. თუ უბრალო მეგობრობა უნდა, მიიღებს, თუ არადა, კარგად იყოს…

7 7 7

ია კარგა ხნის წასული იყო, მობილურმა რომ დარეკა. სალი მიხვდა, ვინც იქნებოდა. არც შემცდარა _ გიგი ურეკავდა.

_ როგორა ხარ, პატარავ? _ თბილად გაისმა დირექტორის ხმა.

_ არა მიშავს, ვარ. თავად? _ სევდიანად გამოუვიდა.

_ მეც ეგრე. რას აკეთებ?

_ რა უნდა გავაკეთო?

_ მარტო ხარ?

_ ახლა კი.

_ არ არის საჭირო ჩემი მოტყუება, მე ყველაფერი ვიცი.

_ რა იცი? _ სალიმ სმენა დაძაბა.

_ რა და… იამ ყველაფერი მიამბო.

_ ვერ გავიგე, რა ჰქონდა სათქმელი?

_ აი, ქმარი რომ არ გყავს და ასე შემდეგ.

_ ასე შემდეგ… «ასე შემდეგ» რა შინაარსს შეიცავდა, ვერ მეტყვი?

_ არა, მეტი არაფერი უთქვამს. მომიყვა, ქმარს როგორ გაშორდი, ეგ იყო და ეგ.

«კიდევ კარგი», _ გაიფიქრა სალიმ, _ «იმედია, დაქალი მის მთავარ საიდუმლოს არ გასცემდა. იმედია, ცოტათი მაინც დაინდობდა»…

_ შენი ნახვა მინდა, საქმე მაქვს, _ გაისმა გიგის ხმა.

_ ახლა არავის ნახვა არ მინდა, გიგი, მაპატიე.

_ ხვალ იყოს, ზეგ, როცა მოისურვებ. მინდა დაგეხმარო.

_ რაში უნდა დამეხმარო?

_ მეგობარს ველაპარაკე შენი სამსახურის თაობაზე.

_ ჰო-ო? საინტერესოა, ვის მდივნობას მიპირებ, _ დამცინავად იკითხა სალიმ.

_ მდივნობას სულაც არ გიპირებ, როგორც ჩანს, ცუდად მიცნობ. უკეთეს რამეს გთავაზობ.

_ არ მინდა, ნუ შეწუხდები. ასე ძალიან არ მიჭირს.

_ მე ვიცი, როგორც გიჭირს. მოკლედ, დაგირეკავ, გაიგე?

_ გავიგე, _ თქვა სალიმ, მაგრამ გიგიმ ამის თქმამდე გათიშა მობილური.

სამსახური როგორ არ უნდოდა, ძალიან უნდოდა და სჭირდებოდა, მაგრამ გიგის დახმარება არ ეპიტნავებოდა მაინცდამაინც. იცოდა, დირექტორის თანადგომას «ულტიმატუმებიც» მოჰყვებოდა. თუკი მისი დახმარებით აიწყობდა ცხოვრებას, ავტომატურად უნდა მიეღო მამაკაცის წინადადება და მისი საყვარელი გამხდარიყო. მერე დუდუ? სალი რომ მხოლოდ მასზე ფიქრობს? მხოლოდ ის ერთადერთი რომ უყვარს? ეს როგორ აუხსნას გიგის? ქალს დირექტორის განრისხებული სახე დაუდგა თვალწინ და მწარედ ჩაეცინა. წარმოუდგენია, რა სცენებს გაუმართავს, უმადურობაში დაადანაშაულებს პირველ რიგში და მართალიც იქნება. მაგრამ დუდუმდე მისასვლელი გზა რომ ჩაკეტილია? რა ჰგონია სალის, დუდუ მასზე დარდობს? ეს ხომ სისულელეა! ასე რომ იყოს, აქამდე მოძებნიდა, არ გაუჭირდებოდა. როგორი აწეწილი აქვს ცხოვრება, არასდროს არაფერში არ უმართლებს. ბავშვობიდან მოყოლებული, მხოლოდ უსიამოვნებები დასდევს თან. რა ფასი აქვს მის სიცოცხლეს! ერთი ადამიანიც არ მოიძებნება დედამიწის გულზე, დედამისსს გარდა, სალის ბედი რომ აწუხებდეს. დედამ კიდევ რა ქნას? ხეიბარი ქალია, მოხუცი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ღმერთმა იცის, რით გააქვს თავი. სალიც ვერ აქცევს ყურადღებას, ვერც ვერაფრით ეხმარება. ფაქტობრივად, მეზობლების იმედზე ჰყავს დატოვებული. არა, არა, ამ დღეებში აუცილებლად წავა და ინახულებს. ია შეჰპირდა, ხელფასი რაც დაგრჩა ასაღები, მე მოგიტანო. იმედია, ერთი თვისას სრულად მისცემენ და კაპიკებს აღარ გამოეკიდებიან. დუდუ ხომ სულგრძელი ადამიანია. ნეტავ რას ფიქრობს სალიზე? ქალი ნახევარ სიცოცხლეს დათმობდა, ოღონდ გაეგო, რას ამბობდა პრეზიდენტი მასზე, აინტერესებდა თუ არ მისი ამბავი. თუმცა ვინ ეტყოდა ამას? არავინ, რა თქმა უნდა. ვერც თვითონ იკითხავდა. ბოსი ის მამაკაცი არ არის, თავისი გულისნადები ვინმეს გაანდოს. არადა… თუ მოინდომებს, სალის მოძებნას რა უნდა. არა უშავს, ჯერ მესიჯებით გააგრძელებს მასთან კონტაქტს, მერე კი გაუშიფრავს თავის იდუმალ ნომერს, რომელიც სალიმ სპეციალურად ამ საქმისთვის შეიძინა და იქ გაირკვევა ყველაფერი. ჯერჯერობით ასე ჯობია, ცალმხრივად შეხმიანება. მიეჩვიოს მამაკაცი მის მესიჯებს, ჰქონდეს მოლოდინი, მერე კი მისცემს საშუალებას, პასუხიც გასცეს, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაუჩნდება.

7 7 7

სალი ინტერნეტკაფეს ხშირი სტუმარი გახდა. დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, დანიშნულ დროზე ჩადიოდა იქ და მესიჯებს უგზავნიდა მამაკაცს. სასიყვარულო ფრაზები არ ილეოდა მის ლექსიკონში. პარალელურად, გიგის ელაპარაკებოდა მობილურით, მაგრამ შეხვედრაზე ცოცხალი თავით არ თანხმდებოდა.

კვირის ბოლოს იამ ფული მოუტანა _ ხუთასი ლარი. სალი გაოცებული დარჩა, ამდენი რატომ გამოგატანესო. დუდუს ლმობიერება გამოუჩენია, ჩემ გამო დარჩა ის გოგო უმუშევარი და კომპენსაცია ეკუთვნის, სანამ ახალ სამსახურს იშოვისო.

_ ისე თბილად მოგიკითხა, გამიკვირდა კიდეც. დაჟე სკაზალ, სამუშაოს მოძებნაში დავეხმარებიო, _ მოუტანა დაქალმა ახალი ამბები.

_ არ მინდა, კატეგორიულად უარს ვამბობ მის დახმარებაზე, ასე გადაეცი. არ მინდა კიდევ ახალ შარს გადავეკიდო და მაგის ცოლის ყბაში ხელმეორედ ჩავვარდე.

_ კაკაია ჟენა, მიატოვა ცოლი, სრაზუ! _ ბეჭედი დაუსვა იამ თავის ნათქვამს.

_ მართლა? რაღაც არ მჯერა, ეგ ქალი მას ასე ადვილად არ მოასვენებს.

_ ნეტ, ნეტ, უკვე ყველაფერი დამთავრდა. დუდუ ერთხელ რომ იტყვის, ვსიო, გათავებული ამბავია!

_ იმედია, მე არ მაბრალებენ მათ დაშორებას, _ სალის ისე უხაროდა ამის მოსმენა, რომ ერთ ადგილზე ცქმუტავდა.

_ და ნეტ, შენ რა შუაში ხარ. ანი ვსეგდა ტაკ სსორილი. ნენავიდიატ დრუგ დრუგა. გიგი როდის უნდა ნახო?

_ არ ვიცი, ჯერ სოფელში მინდა წასვლა, დედაჩემი უნდა ვინახულო.

_ ა კაკ ანა?

_ არ ვიცი, თითქმის სამი თვეა, არ მინახავს, უსინდისო ქალი ვარ. რამდენიმე დღით წავალ, რამეში მაინც მოვეხმარები, ფულსაც დავუტოვებ.

_ ი პრავილნა დელაეშ. ვსიო ტაკი… მან გაგზარდა.

_ მართალი ხარ, ცუდად ვიქცევი, _ ისე ამოიკვნესა სალიმ, გულიც თან ამოაყოლა…

7 7 7

რა ქნას, ისეთი ცხოვრება გამოიარა, საკუთარ თავთანაც კი უჭირს წარსულზე ფიქრი, ბავშვობის და ახალგაზრდობის გახსენება… აბა, ვის უთხრას სალიმ, რომ ბავშვთა სახლში გაიზარდა? რომ ღვიძლ მშობლებს არ იცნობს და მათ შესახებ არაფერი იცის? რომ შვიდი წლის ასაკში ხანდაზმულმა ცოლ-ქმარმა აიყვანა და სადღაც, მიყრუებულ სოფელში გაიზარდა? არა, სალის საყვედური ნამდვილად არ ეთქმის, უპატრონოთა თავშესაფარს თუნდაც ღარიბ ოჯახში ცხოვრება სჯობდა, მაგრამ… იქნებ ნამდვილი მშობლების ხელში უკეთესი მომავალი ჰქონოდა? ვინ იცის… თუმცა ნანულის და შალვას მისთვის არაფერი დაუშურიათ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესშიც კი ჩააბარებინეს. პირველ კურსზე იყო, შალვა რომ ინფარქტით გარდაიცვალა. მერე ნანულიმ აიღო მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე. უჭირდა, მაგრამ მთელ შემოსავალს მაინც ერთადერთ აყვანილ შვილს ახმარდა, რომ ობლობა და სიღარიბე არ ეგრძნო _ ხან დაფნას აბარებდა, ხან ციტრუსს, რომ სტუდენტ გოგონას შეძლებისდაგვარად ჰქონოდა საარსებო წყარო. ახლა მოხუცდა ნანული, ძველებურად აღარ მოსდევდა ჯანი, დაავადმყოფდა, მუხლებიც აღარ ერჩოდა ძველებურად. რა ექნა სალის? სოფელში ვერ დარჩებოდა, რა უნდა ეკეთებინა იქ? დარჩა თბილისში, ბინა იქირავა და როგორც შეეძლო, ისე გაჰქონდა თავი. ხანდახან იმის საშუალებაც არ ჰქონდა, ბინის ქირა გაესტუმრებინა, მაგრამ როგორღაც ახერხებდა, იაც ეხმარებოდა. მერე გათხოვდა, მაგრამ არ გაუმართლა. წელიწადიც არ იყო გასული, ქმარს რომ გაშორდა. კვლავ მარტო დარჩა. თავის გატანა ძალიან გაუჭირდა, ბინა რომ ხელახლა ექირავებინა, რითი გაესტუმრებინა ქირა? სოფელში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. კვლავ დედა დაეხმარა, გამოძებნა ვიღაც მამის ნათესავი, რომელმაც ეს დანგრეული ბინა დაუთმო დროებით საცხოვრებლად, რადგან თვითონ ის კაცი ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. ის როდის ჩამოვა, კაცმა არ იცის, სალისთვის კი მადლია, ბინის ქირა მაინც არ აქვს გადასახდელი. იქამდე რაღაც იქნება, მთლად როგორ გაწირავს ღმერთი. ეჰ, კარგი იქნებოდა, სამსახური შეენარჩუნებინა, ერთხელ მაინც გაუმართლა ცხოვრებაში, ერთხელ მაინც გაუღიმა ბედმა და თავისი დაუფიქრებლობით ყველაფერი გააფუჭა.

აი, ეს იყო სალის ის დიდი საიდუმლო, რის გამხელასაც ასე უფრთხოდა. ვისთვის ეთქვა, ბავშვთა სახლში გავიზარდეო? ზედაც არ შეხედავდა არავინ. გამუდმებით იმას ცდილობდა, საგულდაგულოდ დაემალა თავისი წარსული, რომ გარშემომყოფთა ქილიკის ობიექტი არ გამხდარიყო. სტუდენტობის პერიოდშიც ხომ ერიდებოდნენ ჯგუფელები მასთან მეგობრობას, რაღაცნაირად თავს არიდებდნენ. მხოლოდ ია არ თაკილობდა მასთან ურთიერთობას. მწარე დღეები გამოიარა სალიმ, არასდროს დაავიწყდება ის სიმწარე, რაც იმ პერიოდში გადაიტანა. როგორც უცხოს, უთვისტომოს, ისე უყურებდნენ… უმძიმს სალის ამის გახსენება, მაგრამ არა უშავს, იგი, ერთხელაც იქნება და, დაამტკიცებს, რომ არავისზე ნაკლები არ არის, რომ მასაც აქვს ბედნიერების უფლება, რომ მისი შეყვარებაც შეიძლება…

7 7 7

ერთი კვირა დარჩა სოფელში. ნანული პატარა ბავშვივით იყო გახარებული, ქალიშვილი რომ ეწვია, თითქოს ხელმეორედ დაიბადა. ყველანაირი ტკივილი დაავიწყდა, თავს ევლებოდა სალის, არ იცოდა, რითი ესიამოვნებინა მისთვის… სალი თითქოს მოწყდა რეალობას. ახლა მხოლოდ სოფლის ცხოვრებით ცხოვრობდა, ერთადერთი, რაც თბილისურ სამყაროსთან აკავშირებდა, გიგი იყო. ის ყოველდღე ურეკავდა ქალს, მოიკითხავდა, შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ სალი უარზე იყო, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, ცოტა უნდა დავისვენოო. გიგიმ არც იცოდა, სალი თუ ქალაქში არ იმყოფებოდა. იაც სასტიკად გაარფხილა, გიგისთან არ წამოგცდეს, დედაჩემის სანახავად რომ მივდივარო. იამ პირობა პირნათლად შეასრულა.

…ეზოში იისფერი ჰორტენზიები ძველებურად ყვაოდა. სალი მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გახედავდა ხოლმე ყვავილებს, ჩემი მთავარი «იარაღი» ახლა ესენი არიანო, ფიქრობდა გულში. წამოსვლის წინ ხომ სწორედ ასეთი შინაარსის მესიჯი დაუტოვა შეყვარებულს: «ერთი კვირით გავდივარ ქალაქიდან. მართალია, წერილს ვერ მოგწერ და ვერც თვალს შეგავლებ, მაგრამ როგორმე მოვითმენ. სამაგიეროდ, შენს სურნელს იისფერი ჰორტენზიები მომაგონებს, რომელიც მრავლად ყვავის ჩემს ეზოში, შენს მაგივრობას ისინი გამიწევენ დროებით»…

კვირის ბოლოს გამზრდელს თვალცრემლიანი გამოემშვიდობა, ცოტაოდენი ფულიც დაუტოვა და კვლავ თბილისში დაბრუნდა. ბინაში შესულმა პირველად იგრძნო, რომ მარტოსული იყო, ეული, ქალი, რომელიც არავის ახსოვდა, არავის სჭირდებოდა… ამის შეგრძნებამ გული მოუკლა, ცრემლები მოაწვა თვალებზე, ცივ ლოგინზე დაემხო და ხმამაღლა აქვითინდა…

დილით, დათქმულ დროს, ჩავიდა ინტერნეტკაფეში და გულისფანცქალით აფრინა პირველი მესიჯი: «მე დავბრუნდი, ახლა კვლავ შენთან ვარ, ისევ ისე ვგრძნობ შენს სიახლოვეს. ძალიან მომენატრე, ჩემო სიხარულო, გამიჭირდა უშენოდ. დღეს, რომ დაგინახავ, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება». ღმერთო, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? როდემდე უნდა იაროს ამ დასაწვავ სარდაფში წერილის გასაგზავნად? კომპიუტერი მაინც ჰქონდეს. არა, სხვა გზა არ არის, გიგის წინადადებას უნდა დათანხმდეს. საარსებო მინიმუმი ხომ სჭირდება, დამოუკიდებლად რა უნდა ქნას, სად იშოვოს სამსახური? დამლაგებლად ნამდვილად ვერ იმუშავებს. მორჩა, საბოლოოდ გადაწყვიტა, როგორც კი დაურეკავს ყოფილი დირექტორი, მაშინვე შეხვდება.

… და შეხვდა კიდეც. საღამოხანს, «ნიკალასთან» დაიბარა მამაკაცი. ერთად ივახშმეს. გიგი ბრწყინვალე ფორმაში იყო, არც სალი გამოიყურებოდა ურიგოდ. შუადღეს თმა ბიჭურად აიჩეხა, წაბლისფრად შეიღება და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. ისედაც ლამაზი თვალები კიდევ უფრო მკვეთრად გამოუჩნდა მოკლე თმის ფონზე. გიგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

_ თვალს ვერ გაშორებ, ძალიან ლამაზი ხარ, _ ვინ იცის, მერამდენედ უმეორებდა ქალს.

_ გმადლობ, შენც შესანიშნავად გამოიყურები, _ არც სალიმ დაიშურა კომპლიმენტი.

_ დაისვენე?

_ კი, შეძლებისდაგვარად. რაც მთავარია, დავმშვიდდი.

_ კარგი სამსახური გიშოვე, სალი.

_ მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ იქნებ მითხრა, სად და რა უნდა ვაკეთო?

_ ერთი ფირმაა, ჩვენი დამკვეთი, კომპიუტერული სასწავლო ცენტრი აქვთ, ბავშვებს ასწავლიან საოფისე პროგრამებს. მასწავლებლის ადგილია. თითოეულ მოსწავლეზე თავიდან 25 ლარს გადაგიხდიან.

_ მასწავლებლის? მერე მე მაგ საქმის რა მესმის? _ შეშინდა სალი, მაგრამ გულში მაინც გაუხარდა, რადგან დუდუსთან კონტაქტის გაგრძელების კარგი შანსი ეძლეოდა.

_ ჯერჯერობით რაც იცი, იმას ასწავლი, მერე კი ნელ-ნელა სხვა პროგრამებსაც აითვისებ. არ გაგიძნელდება, დამიჯერე, _ დიდი მონდომებით არწმუნებდა გიგი, _ ხვალ დილით მივალთ, იქ ყველას ვიცნობ. კარგი ხალხია, სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მენდე, გთხოვ.

_ კარგი, რადგან არ იშლი, რა გაეწყობა, დილით შევხვდეთ ერთმანეთს, _ მოულოდნელად დათანხმდა სალი მამაკაცს და მაცდურად გაუღიმა…

 

მეორე დღეს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. სალი ამჯერად უფრო გამომწვევად გამოიყურებოდა. გიგის ეს არ გაკვირვებია, ქალების ბუნებას კარგად იცნობდა. ახალ გარემოში ყველა ქალი ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას. შეუმჩნევლად ჩაიღიმა, თან ესიამოვნა, რომ მისი თანმხლები მანდილოსანი სასურველ ეფექტს მოახდენდა მისთვის უკვე კარგად ნაცნობ კოლექტივში.

კომპიუტერული ცენტრი ფეშენებელური ნამდვილად არ გახლდათ, ორ პატარა ოთახში იყო შეყუჟული ექვსიოდე ადამიანი. სალიმ დაკვირვებით შეათვალიერა ჯერ შენობა, შემდეგ ცნობისმოყვარედ მომზირალი თვალები. აქ სულ ქალები იყვნენ _ ორი ახალგაზრდა, სამი დაახლოებით ორმოც წელს გადაცილებული. მამაკაცის ჭაჭანება არსად ჩანდა. თითქოს გულიც კი დაწყდა, ასეთ რამეს ნამდვილად არ მოელოდა. გიგიმ თბილად ჩამოურა სუყველას, ზოგი გადაკოცნა, ზოგს ხელი ჩამოართვა, მოიკითხა, მერე სალის ხელი ჩაჰკიდა და გეზი ხის კარისკენ აიღო, სადაც, სალის აზრით, ვინმე ავთანდილი ელოდებოდათ. ყოფილმა უფროსმა დაუკაკუნებლად შეაღო კარი.

_ შეიძლება დავიდოვიჩ? _ რიხიანად იკითხა და ქალი წინ გაატარა.

_ ო-ო-ო! გიგის ვახლავარ, გიგის! მოიყვანე, არა? _ შავტყავგადაკრული სავარძლიდან დაბალი, მსუქანი, მელოტი კაცი წამოდგა, რომელსაც გაქონილი სახე და კოტიტა თითები ჰქონდა. სალის უსამოვნო ჟრუნატელმა დაუარა. «ღმერთო, რას ჰგავს», _ ზიზღით გაიფიქრა, მაგრამ ზრდილობის გულისთვის ღიმილი არ დაიშურა ახალი შეფისთვის.

_ მოვიყვანე, მოვიყვანე და საკუთარი თავივით გაბარებ, ჩემი ახლოებელია, იცოდე, _ თითი ხუმრობით დაუქნია გიგიმ დამხვდურს.

_ რას მაშინებ, შე კაცო, რომელი მექალთანე მე მნახე.

_ არა, დავიდოვიჩ, რას ბრძანებ, ეგ არც მიფიქრია, მაგას როგორ გაკადრებ. უბრალოდ, ცოტა მორიდებული გოგოა, არავის იცნობს და ხომ იცი… ვინმემ არ დამიჩაგროს, _ გამოასწორა გიგიმ, _ გაიცანი, სალომე, ძალიან კარგი გოგონა.

_ ფრიად სასიამოვნოა, ჩემო ბატონო, ფრიად სასიამოვნო, _ გაქონილმა კაცმა ხარბად აათვალიერა სალი და მზერა ყველაზე ხანგრძლივად მის მოღეღილ მკერდზე შეაჩერა, ვნების აღმძვრელად რომ მოუჩანდა ქალს წითელი მაისურიდან.

სალიმ ავთანდილის ოფლიან თითებს თავისი გრძელი, თხელი და ნატიფი თითები შეაგება და სიწითლემ გადაუარა სახეზე, რადგან მამაკაცმა ხელი საჭიროზე მეტად მოუჭირა და შუათითით ხელისგულზე «წაეთამაშა».

«უნამუსო, როგორც ჩანს, ამან არც ახლობელი იცის, არც ნაცნობი და არც ძმაკაცი», _ სიბრაზე მოეძალა სალის, მაგრამ რა უნდა ექნა, ვერაფერს გააწყობდა.

_ ნინიკოს მივაბარებ, ძალიან ყოჩაღია, ერთ კვირაში ყველაფერს ასწავლის. პრობლემა არ იქნება, შენ მაგაზე არ იდარდო, _ შეპირდა დავიდოვიჩი გიგის და სტუმრებს დაჯდომა შესთავაზა.

_ ნინიკოს მეც ველაპარაკე, ჩემზე იყოს პატივისცემა, ხომ იცით, ჩემთან არ დაგეკარგებათ, _ თქვა გიგიმ და სალისთან ერთად კაბინეტში მდგარ დივანზე ჩამოჯდა.

_ რას ამბობ, გიგი, არა გრცხვენია, რა პატივისცემაზეა ლაპარაკი, საუკუნეა ერთმანეთს ვიცნობთ, ეგ მეორედ არ გაიმეორო, იცოდე. ერთადერთი, თუ მართლა გინდა პატივი მცე, ერთი-ორი კომპიუტერი გამიხერხე შეღავათიან ფასებში და ეგ იქნება. ხომ იცი, როგორ დეფიციტს განვიცდი, მით უმეტეს ახლა, როცა კიდევ ერთი მასწავლებელი შევიძინე ჩვენი სალომე სახით, _ ფარისევლური ღიმილი აღებეჭდა მამაკაცს სახეზე.

გიგი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ სალისთვის სამუშაო გამოეძებნა და საყვარელი ქალი უმუშევარი არ დარჩენილიყო. შეჰპირდა, ორ დღეში ორ კარგ კომპიუტერს ჩემი ხელით მოგიტან და ფული მერე ნელ-ნელა გამისტუმრეო.

კარგა ხანს ისაუბრეს, პირობებზეც ადვილად შეთანხმდნენ. სალი ცალი ყურით უსმენდა მამაკაცებს, ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა ეს ფამილარობა და როდის დატოვებდა ამ უსიამოვნო ოთახს.

«აუდიენცია» დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ავთანდილს თვალი არ მოუშორებია სალისთვის, განსაკუთრებით მისი მკერდი ჰქონდა სამიზნეში ამოღებული. ამან სალი ცოტათი დააფიქრა. ახლა დავიდოვიჩმაც რომ დაუწყოს «კურკური», რა ეშველება, როგორ მოიცილოს თავიდან. ნუთუ გიგი ვერაფერს ამჩნევს? იქნებ ამჩნევს კიდევაც, მაგრამ რას ეტყვის, ჩემს მოყვანილ ქალს მკერდზე ნუ უყურებო? რა თქმა უნდა, ასე არ გამოვა. არა უშავს, სალის არავის დაცვა არ სჭირდება, თვითონაც მშვენივრად დაიცავს საკუთარ თავს.

ბოლოს დირექტორმა ორივე დიდ დარბაზში გამოიყვანა და ნინიკოს დაუძახა. წითელპომადიანი, დაახლოებით ოცდაშვიდი წლის ნინიკო, სახეზე პუდრი «ტონობით» რომ ჰქონდა წასმული, ქუსლების პაკაპუკით მოვიდა და კეკლუცად გაუღიმა… გიგის.

_ შენი ნათესავია? _ ჰკითხა.

_ არა, ახლობელია და შენ გაბარებ. შენ იცი და შენმა ქალობამ. დანარჩენი მე ვიცი. იმედი მაქვს, დამეგობრდებით, _ გიგიმ მხარზე ხელი მოხვია ნინიკოს და ჩაიხუტა.

_ ვიცი, ვიცი, _ ორაზროვნად თქვა ქალმა და მხოლოდ ახლაღა შეათვალიერა ახალმოსული, _ რამე შეხება მაინც თუ გქონიათ კომპიუტერთან?

_ როგორ არა, «ექსელი» და «ვორდი» ვიცი, _ თამამად უპასუხა სალიმ.

_ ძალიან კარგი. მაშინ საოფისე პროგრამებს უცებ ავითვისებთ. როდის დავიწყოთ?

სალის უნდოდა ეთქვა, ხვალიდან ვივლიო, მაგრამ გიგიმ დაასწრო.

_ დღესვე დაიწყეთ, საქმის გადადებას რა აზრი აქვს.

სალის კინაღამ გული გაუსკდა ამის გაგონებაზე, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.

_ აბა შენ იცი, მერე დაგირეკავ, _ გადაუჩურჩულა გიგიმ სალის, ნინიკოს ხელკავი გამოსდო და კარისკენ გაიყოლა.

სალი შუა დარბაზში მარტო დარჩა. გიგი და ნინიკო კარგა ხანს საუბრობდნენ. სალისთვის უცნობი იყო მათი საუბრის თემა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ «ორთა დიალოგი» სწორედ მას შეეხებოდა. ბოლოს გიგი ყველას დაემშვიდობა, სალის ხელი დაუქნია და წავიდა, ნინიკო კმაყოფილი სახით შემოტრიალდა დარბაზში, სალის გაუღიმა და ანიშნა, გამომყევიო. ოთახის განაპირას, ფანჯარასთან მდგარ კომპიუტერთან მიიყვანა და უთხრა.

_ აი, აქ იქნება შენი სამუშაო ადგილი. დღეს მოსწავლეები არ გვყავს, ამიტომ შეგიძლია დაჯდე და რაღაცები გაიხსენო. ცოტა ხანში მეც მოვალ და დავიწყოთ მეცადინეობა, კარგი?

_ კარგი, _ სალიმ მეგობრულად გაუღიმა მასწავლებელს და კომპიუტერს მიუჯდა.

როცა ნინიკო თვალს მოეფარა, მალულად გახედა სხვა ქალებს. რატომ არავინ გააცნეს? თვითონ ხომ არ იტყვის, მე ეს და ეს ვარ, თქვენ რა გქვიათო, ვიღაცას ხომ უნდა მოეფიქრებინა? გიგი, როგორც ჩანს, დაიბნა და ამიტომაც გამორჩა მხედველობიდან ეს «პროცედურა», მაგრამ ნინიკო? იმას რატომღა დაავიწყდა? რაც არის, არისო, გაიფიქრა გუნებაში და ინტერნეტი გამოიძახა. სანამ ის «კეკლუცა» მოვა, იქნებ ერთი მესიჯის გაგზავნა მაინც მოასწროს დუდუსთან. როგორ მოენატრა, ერთხელ მაინც თუ ნახავს ოდესმე? სალის ამის იმედი უკვე აღარ ჰქონდა.

«მენატრები, მენატრები, მენატრები», _ მხოლოდ სამი სიტყვა დაწერა, გაგზავნა და სასწრაფოდ «ექსელის» პროგრამა გამოიძახა, რადგან მისკენ მომავალ ნინიკოს მოჰკრა თვალი.

_ უხერხულად ხომ არ ხარ? _ ქალი თავზე დაადგა სალის.

_ ისე რა. ჯერ მაინც უცხო გარემოში ვარ, არავის ვიცნობ…

_ ჰო მართლა, გოგოებს გაგაცნობ, სულ გადამავიწყდა. მანანა, მოდით აქ, ახალი თანამშრომელი გაიცანით, _ გასძახა ნინიკომ ქალებს და სალის გვერდით დაჯდა.

მანანა, ირა, რუსიკო და მედეა _ ეს იყო ახალ კოლეგათა «მწირი» ჩამონათვალი. მათგან გათხოვილი მხოლოდ მედეა გახლდათ, დანარჩენთაგან ზოგი შინაბერა იყო, ზიგიც ჯერ კიდევ გასათხოვარი. სწორედ ასე წარუდგინა ნინიკომ ქალები სალის.

_ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახივით ვგრძნობთ თავს, ერთმანეთის ყველამ ყველაფერი ვიცით, _ ამ წინადადებით დაამთავრა გაცნობის სცენა ნინიკომ.

_ მხოლოდ ქალები მუშაობთ? _ მორიდებით იკითხა სალიმ.

_ ორი კაცი გვყავს, მაგრამ რად გინდა, არც ერთი არ უქნია ღმერთს, _ ქალებმა სიცილი ატეხეს.

_ კარგი, თქვენ-თქვენს საქმეს მიხედეთ, თორემ ავთო გამოვარდება და ერთ ამბავს ატეხს, _ თქვა ნინიკომ და სალის მხარზე დაადო ხელი, _ ჩვენც შევუდგეთ საქმეს, ცოტა წავიმეცადინოთ, რას იტყვი?

_ მე მზად ვარ, _ სალი წელში გასწორდა და ხელები მუხლებზე მოსწავლესავით დაიწყო.

მეცადინეობა ერთ საათს გაგრძელდა. ნინიკო კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა, ისე დაწვრილებით უხსნიდა სალის ყველაფერს, რომ ჩაწერაც არ სჭირდებოდა არაფერს, ზეპირად სწავლობდა თითოეულ ოპერაციას.

_ მშვენივრად ითვისებ, სულ არ გეტყობა, რომ კომპიუტერი არ იცი, _ შეაქო ნინიკომ, _ გათხოვილი ხარ?

_ კი, _ აქაც იცრუა სალიმ და კვლავ გაწითლდა.

_ შენი ქმარი სად მუშაობს? _ თითქოს დაკითხვას უწყობდა «კეკლუცა».

_ არსად, _ ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა და თავი ჩაღუნა.

_ გიგის დიდი ხანია იცნობ? _ არ ასვენებდა ახალი მასწავლებელი.

_ კი, დიდი ხანია, _ ისევ ტყუილის თქმა დასჭირდა სალის, აბა რა ექნა, არ იცოდა, გიგის რა ჰქონდა მისთვის ნათქვამი.

_ მაგარი კაცია გიგი, სიგიჟემდე მომწონს. ცოლიც შესანიშნავი ჰყავს, _ აგრძელებდა ნინიკო, _ იცნობ ქეთის?

_ არა, არ ვიცნობ, _ ოფლმა დაასხა სალის.

_ არაჩვეულებრივი გოგოა, მოდელი გეგონება, ისეთი ტანი აქვს, _ ცერა თითი გაბზიკა ნინიკომ მოწონების ნიშნად, _ თუმცა გიგი ჯობია, ასეთი მამაკაცი დღეს იშვიათობაა, უკეთესის მოყვანა შეეძლო, მაგრამ რას იზამ, კაცებს ხომ იცი, თვალები სადა აქვთ, _ ხამამღლა გაიცინა და წამოდგა, _ დღეს შეგიძლია წახვიდე, ხვალ თერთმეტი საათიდან მოხვალ, ხვალ მოსწავლეებიც გვეყოლება. ისე, რამე რომ იყოს, შეძლებ გაკვეთილის ჩატარებას?

სალი შეიშმუშნა.

_ არ ვიცი, არა მგონია. ჯობია, ჯერ სხვებს შევხედო, როგორ ასწავლიან და მერე ვნახოთ.

_ ასე იყოს. აბა, მე დროებით დაგტოვებ, _ ნინიკომ ისევ გაუღიმა, დაემშვიდობა და ავთანდილის კაბინეტისკენ გასწია…

7 7 7

სალიმ მალევე აუღო სამსახურს ალღო. მართლა ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა, რამდენიმე დღეში აითვისა ორი პროგრამა და ერთი კვირის შემდეგ პირველი გაკვეთილიც ჩაატარა. ორი გოგონა მიაბარეს, მეცხრეკლასელები. მეცადინეობა ერთ საათს გრძელდებოდა. პირველ დღეს ცოტა დაძაბული იყო, ეშინოდა, რამე არ შეშლოდა, მერე და მერე მიეჩვია და უფრო გაბედული გახდა. დილით დროზე ცხადდებოდა სამსახურში. შუადღემდე თვითონ მეცადინეობდა, მერე კი მოსწავლეებს უტარებდა გაკვეთილს. ავთანდილი მაინცდამაინც არ აწუხებდა, ზრდილობიანად მიესალმებოდა, ყურადღებით გამოჰკითხავდა რაღაც-რაღაცებს და თავის კაბინეტში შეაბიჯებდა ხოლმე საქმიანი იერით, თითქოს დიდი თანამდებობის პირი ყოფილიყო. თუმცა მის ხარბ მზერას გამუდმებით გრძნობდა სალი.

ნინიკო ნელ-ნელა დაუახლოვდა, დაუდაქალდა კიდეც. მერე გულიც გადაუშალა, თავის სასიყვარულო ისტორიებს მოუყვა. სალი მაინც ფრთხილად იყო, არ უნდოდა ორი დღის გაცნობილისთვის თავისი გულისნადები გაემხილა. ეს ნინიკოს არ გამოპარვია.

_ სალი, მე ყველაფერს გიყვები ჩემ შესახებ, შენ რატომ არაფერს მეუბნები? _ ჰკითხა ერთხელაც.

_ რა ვიცი, რა უნდა გითხრა, ნინი, მე ხომ ქმარი მყავს, _ გაწითლდა სალი.

_ ქმარი არა ის, კარგი ერთი, რას მატყუებ. გიგიმ მიამბო შენი ისტორიები, მაგრად შემეცოდე. არა უშავს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ასეთი რამეებისთვის მზად უნდა იყო. ჩვენ, ქალები, კაცებზე უფრო ძლიერები ვართ, _ სოლიდარობა გამოუცხადა თანამშრომელმა.

სალი გაფითრდა. როგორ თუ გიგიმ უამბო, რაში დასჭირდა ყველაფრის თქმა? რა უფლებით? ვინ ეკითხებოდა? თითქოს თავში ჩაქუჩი ჩაარტყესო, ისე იმოქმედა მასზე ნინოს ნათქვამმა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა გიგის, რომ «შუაზე გაეგლიჯა».

გიგიმ რამდენჯერმე შემოიარა მის ახალ სამსახურში. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგ შეპირებული კომპიუტერები მოუტანა დავიდოვიჩს, სალიც მოიკითხა და ქალებსაც ძღვენი მიართვა _ შამპანური და «დანიური სახლის» შოკოლადები. მათაც მეტი რა უნდოდათ, გამხიარულდნენ ასეთი სიურპრიზის მიღებით. ნინიკოს, სხვებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული საჩუქარი ერგო _ ფრანგული სუნამო…

საღამო ხანს, როცა სამუშაო საათები დამთავრდა და სალი შინ წასასვლელად გაემზადა, კარი გაიღო და გიგი გამოჩნდა. მის დანახვას სალი არ ელოდა. გულმა ძაგძაგი დაუწყო, ლამის იყო, მივარდნოდა და ყველას თვალწინ გამოელანძღა «არამკითხე მოამბე», ასე ულმობლად რომ «ჩაუშვა» უცხო ადამიანთან, მაგრამ მაქსიმალურად შეიკავა თავი. როცა მომენტი ჩაუვარდება ხელში, მაშინ ეტყვის, სად გაექცევა?

_ უკვე მიდიხარ? _ გიგიმ გადაკოცნა ქალი და სიყვარულით სავსე მზერა მიანათა.

_ ჰო, _ ცივად თქვა სალიმ და თვალი აარიდა მამაკაცს.

_ ორი წუთი დამელოდე და გაგიყვან, _ უჩურჩულა გიგიმ და ნინიკოსკენ დაიძრა.

სალის ამჯერად უარი არ უთქვამს, ამაზე უკეთეს მომენტს როდის გამონახავდა საჩხუბრად.

გარეთ გავიდა და ყოფილ უფროსს ეზოში დაელოდა. ისიც მალე გამოვიდა. სალიმ შენობას ახედა და ნინიკოს გამჭოლ მზერას მოჰკრა თვალი, ქალი თითქოს მტრულად, ბოროტად უღიმოდა. არ მოეწონა ეს ღიმილი, კარგი არაფერი იმალებოდა მის უკან.

მანქანაში ჩასხდნენ.

_ თუ არ გეჩქარება, დამდე პატივი და სადმე ვივახშმოთ, _ სთხოვა გიგიმ.

_ არა, მაგის ხასიათზე არ ვარ, მირჩევნია შინ წამიყვანო, _ უკმეხად უპასუხა ქალმა.

_ რა იყო, მოხდა რამე? ვინმემ ხომ არ გაწყენინა?

_ ჰო.

_ ვინ? _ გიგიმ სვლა შეანელა.

_ შენ.

_ მე-ე? _ გიგის სახე მოებრიცა გაკვირვებისგან, _ რა ჩავიდინე ასეთი?

_ რა უთხარი ნინოს ჩემზე, რა მოუყევი?

_ რა მოვუყევი? ისეთი არაფერი… _ გიგი ოდნავ დააბნია სალის შეკითხვამ.

_ არაფერი? თუ ყველაფერი? რაში გჭირდებოდა ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები რომ ჩაუკაკლე? რატომ უნდა იცოდეს ვიღაცამ, ქმარს გაცილებული ვარ თუ ათი საყვარელი მყავს? ვისი რა საქმეა? _ გაწიწმატებული სალი თავს ვერ ერეოდა.

_ რა მოხდა მერე, რა არის აქ დასამალი. მკითხა ადამიანმა და მეც ვუპასუხე. რა დავაშავე ამით?

_ არ მიყვარს, როცა ვიღაც ჩემი ცხოვრებით ინტერესდება. ეგ მხოლოდ მე მეხება და სხვას არავის, _ არ ცხრებოდა ქალი.

_ კარგი ბატონო, შენი იყოს შენი ცხოვრება, არავინ გართმევს. თუ გეწყინა, ბოდიშს გიხდი, მაპატიე. არ მეგონა, ასე თუ გაბრაზდებოდი.

_ გიგი, ის ხალხი ჩემთვის უცხოა. შეიძლება ძალიან დიდხანს მომიწიოს მათ გვერდით მუშაობამ, მაგრამ მაინც ვერ შევეჩვევი. პირველივე დღიდან არასასიამოვნო აურა დამხვდა იქ. არც ის ნინიკო მომწონს, რომ იცოდე და ამას არც ვმალავ. კი მედაქალება, მაგრამ გულზე არ მეხატება. ამიტომაც არ მინდა ჩემ შესახებ იმაზე მეტი იცოდეს, რაც საჭიროა.

_ არ მეგონა, ამ ამბავს ასე თუ მალავდი. გაგეფრთხილებინე მაინც, _ თავი დამნაშავედ იგრნო გიგიმ, _ ნინიკოს დიდი ხანია ვიცნობ, «დუშკა» გოგოა, ჭორიკანა ნამდვილად არ არის.

_ არ მაინტერესებს. მარტო ის არ არის პრობლემა, რომ განათხოვარი ვარ და ეს გაიგო, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ თქვენგან რატომ წამოვედი, იმის მოყოლა რა აუცილებელი იყო?

_ რა მნიშვნელობა აქვს, სალი, მაინც გაიგებდა, ჩვენს ბიჭებს ყველას იცნობს. ერთხელაც გნახავდნენ და კაცმა არ იცის, რას იტყოდნენ, როგორ შეატრიალებდნენ მაშინ მომხდარს. მე კი ისე მოვუყევი ყველაფერი, როგორც საჭირო იყო, რომ შენს პრესტიჟს ჩრდილი არ მიდგომოდა.

_ დიდი მადლობა, გადასარევად გამოგივიდა ყველაფერი, _ უხეშად მოუჭრა სალიმ და დარდიანად ამოიკვნესა.

გიგის სახე მოექუფრა. არ ელოდა, თუ მისი საქციელი სალის ასე გააღიზიანებდა, დამნაშავედ იგრძნო თავი. მთელი გზა ბოდიშს უხდიდა და პატიებას თხოვდა. ბოლოს იმდენი ქნა, განრისხებული ქალი მაინც შემოირიგა. დამშვიდობების წინ, შერიგების ნიშნად, აკოცნინა კიდეც…

7 7 7

სალის ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდებოდა. მისი ერთადერთი სადარდებელი ახლა მხოლოდ დუდუ იყო. გიგიმ უთხრა, უკრაინაში გაემგზავრა თავის საყვარელთან და არ არის გამორიცხული, აქეთ ჩამოიყვანოსო. ამ ცნობამ ქალი დაანაღვლიანა. ვაითუ მართლა ჩამოიყვანოს, რა ეშველება? მისი ყველა მცდელობა წყალში ჩაიყრება, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს მაშინ საყვარელ მამაკაცს. ახლა უფრო მოუხშირა მესიჯების გაგზავნას, რომ მამაკაცს ფარული თაყვანისმცემელი არ დავიწყებოდა. ისეთ რომანტიკულ წერილებს წერდა, ნებისმიერ კაცს რომ ჩააგდებდა საგონებელში.

ამასობაში ავთანდილიც გაუშინაურდა, ცოტა ხანში გაუთამამდა კიდეც. უჩუმრად მიუახლოვდებოდა ხოლმე კომპიუტერთან მჯდომს, ზურგზე საჩვენებელ თითს აუსვამდა და ვნებიანი ჩურჩულით ჰკითხავდა _ «როგორ ხარ, ჩიტუნიავ?» ეს ამაზრზენი სიტყვები სალის გულს ურევდა, მამაკაცის ქონიანი სახე და სქელი ტუჩები კი ზიზღს გვრიდა. მაშინვე წამოხტებოდა, მხრებს აიწურავდა და ისე აიტუზებოდა ამ ქონდრისკაცის წინაშე. რა ექნა, თავს ზევით ძალა არ ჰქონდა, თორემ მისი ნება რომ ყოფილიყო, ერთს გემრიელად უთავაზებდა სახეში. რამდენჯერმე ისიც შეამჩნია, როგორ ეჩურჩულებოდა ნინიკო, თან მისკენ გამოახედებდა ხოლმე. რას ეუბნებოდა, სალის არ ესმოდა, მაგრამ ინტრიგის ხლართები რომ იქსოვებოდა მის ირგვლივ, ამას კარგად ხვდებოდა.

ერთ საღამოს იამ გამოუარა სახლში და მისგან ბევრი ახალი ამბავი შეიტყო. თურმე იაც იცნობდა ავთოს და მის თანამშრომლებს, განსაკუთრებით ნინიკოზე ჰქონდა ბევრი ჭორი გაგონილი. სამჯერ ყოფილა განათხოვარი, ვერც ერთმა ქმარმა ვერ გაუძლო თურმე მის პატივმოყვარე ხასიათს და ავხორცობას, გამუდმებით სხვა კაცებისკენ გაურბოდა თვალი. ახლა გიგიზე ყოფილა შეყვარებული, მის «დათრევას» ცდილობსო, უთხრა იამ. ქეთის სიცოცხლეს უმწარებს, ურეკავს და გიგიზე ათას სიბინძურეს ეუბნება, რომ როგორმე შუღლი ჩამოაგდოს ცოლ-ქმარს შორის და ამ მეთოდით მაინც მოიპოვოს გიგი, სხვანაირად არაფერი გამოუვიდაო. თან ქეთის ისე ურეკავს, ვითომ უცნობი კეთილისმსურველია, რომელსაც იგი ეცოდება ასეთი ორგული ქმრის ხელშიო.

_ მერე გიგიმ არ იცის ეს ამბავი?

_ როგორ არ იცის, სკოლკა რაზ სკაზალა ანა, დარწმუნებული ვარ, ნინო მირეკავსო, მაგრამ ვერ დააჯერა, ნინიკო ამის გამკეთებელი არ არისო. სტრაშნაია ბაბა, ფრთხილად იყავი, ძალიან საშიში ვინმეა, _ გააფრთხილა იამ მეგობარი.

ამ ამბავმა სალიზე ძალიან იმოქმედა. ცოტათი შეშინდა კიდეც, მეც არ მომიწყოს რამე და იმაზე უარესი არ დამემართოს, რაც დუდუსთან შემემთხვაო. გადაწყვიტა, გიგისგან შორს დაეჭირა თავი, რომ ნინიკოს ეჭვი არ აეღო და არ მიმხვდარიყო, რა გრძნობა გააჩნდა მამაკაცს მის მიმართ. თუმცა ნინიკოს ასეთი რამ ალბათ არ გამოეპარებოდა. სალის არასდროს დაავიწყდება ის ღიმილი, ერთხელ რომ დააფიქსირა ფანჯრიდან, როცა გიგისთან ერთად ჯდებოდა მანქანაში. კი გადაწყვიტა, მაგრამ გიგისთან კავშირის გაწყვეტა არც ისე ადვილი იყო. მამაკაცი აჩრდილივით გვერდიდან არ შორდებოდა, დღეში რამდენჯერმე ურეკავდა, საღამოობით კი გამოუვლიდა ხოლმე, რომ სახლში წაეყვანა. სალი ხვდებოდა, რომ გიგის ასეთი საქციელით ნინიკოსთან ურთიერთობა ეძაბებოდა. დაკვირვებული თვალი ამას ადვილად შეამჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ ნინიკო კარგი დაქალის როლს დიდი მონდომებით თამაშობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სალი იძულებული გახდა, გიგისთვის სამსახურში მოსვლა აეკრძალა, მით უმეტეს იმ საბაბით, რომ სალი გაეცილებინა. აუხსნა კიდეც რატომ, თანამშრომლებმა არ მინდა იფიქრონ, რომ ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვსო.

_ რატომ უნდა იფიქრონ ასე, ცუდს რას ვაკეთებთ? ყველამ იცის, რომ ჩვენ ახლობლები ვართ.

_ მაგრამ როგორი ახლობლები ვართ, ხომ არ იციან? მით უმეტეს, ჩემი «დუგიდან» წამოსვლის მიზეზი ნინიკომ უკვე გაიგო შენი წყალობით, ამას კი რა კუდს გამოაბამს, არავინ უწყის.

_ რა სისულელეა, სალი, შენ არ იცი, ნინიკო როგორი გულისხმიერია, ალალი და მეგობრული. ჩემი გულისთვის თავს დადებს.

_ შენი გულისთვის შეიძლება ყველაფერზე წავიდეს, მაგრამ მხოლოდ შენი გულისთვის. მე კი მას მტრად მივაჩნივარ, იცი? ხვდება, რომ შენ გულგრილი არა ხარ ჩემ მიმართ.

_ მოიცა რა, ვერაფერსაც ვერ ხვდება.

_ ეს შენ გგონია ასე, ახლა იმას ჰკითხე? იცი, როგორ მიყურებ ხოლმე, როცა მოდიხარ? ბრმა კი არ არის.

_ მართლა? ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ამას თუ ხვდება, იმასაც მივხდებოდა, შენ რომ წიხლზე მიკიდებ და ზედაც არ მიყურებ, _ მწარედ ჩაიცინა გიგიმ.

_ ამას არ დაიჯერებს, რადგან თვითონ შესანიშნავი მოთამაშეა, კარგად გამოსდის კეთილი მეგობრის როლი. ალბათ ჰგონია, რომ მეც ვთამაშობ, სინამდვილეში კი დარწმუნებულია, რომ მეც მიყვარხარ და ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით. ამიტომ გთხოვ, როცა იქ ვარ, არც მოხვიდე და არც დამირეკო, გაიგე?

_ გავიგე, _ ყრუდ ჩაილაპარაკა გიგიმ და ჩაფიქრდა…

 

რაც დრო გადიოდა, მით უფრო იძაბებოდა ურთიერთობა სალისა და ნინოს შორის. უცხო თვალისთვის ეს თითქოს შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ სალი შინაგანად გრძნობდა ამას და ცდილობდა, შორს დაეჭირა მისგან თავი. სამწუხაროდ, ნინიკო ამის საშუალებას არ აძლევდა. იგი მთელი დღის განმავლობაში თითქმის არ შორდებოდა გვერდიდან ახალ თანამშრომელს, უნდოდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მასთან, თითქოს მის სულში ჩაძრომას ლამობდა, ყოველდღე მეტი და მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა სალისგან მის პირად ცხოვრებაზე. სალი დაძაბული იყო, ინტუიცია კარნახობდა, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რომ მალე რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც ნინიკოს შენიღბულ თამაშს ფარდას ახდიდა.

ერთ დღესაც, როცა ქალებს ჩვეულებისამებრ მოშივდათ და «წასადილება» გადაწყვიტეს, ფული ააგროვეს და მცირე სანოვაგე ამოიტანეს მაღაზიიდან, თან ერთი ბოთლი კონიაკიც ამოაყოლეს, ცოტა ხასიათზე მოგვიყვანსო. ორი ჭიქის მერე «ჭიკჭიკის» ხასიათზე დადგნენ და როგორც ყოველთვის, მათი მსჯელობის საგანი სიყვარულის თემა გახდა.

_ მე არასდროს მყვარებია, _ ამოიკვნესა მედეამ და დამფრთხალი თვალებით გადახედა თანამშრომლებს.

_ არ გყვარებია? რას ამბობ, მედი, ვერ დავიჯერებ, აბა როგორ გათხოვდი? _ თვალები გაუფართოვდა ნინიკოს.

_ გათხოვება მინდოდა და გავთხოვდი, სხვა რა უნდა მექნა ოცდათხუთმეტი წლის ქალს? შემეშინდა, მთლად შინაბერად არ დავრჩე-მეთქი.

_ სულ არავინ გყვარებია? არასდროს? რატომ? _ ახლა ირა დაინტერესდა.

_ იმიტომ, რომ ჩემს ტოლად არავინ მიმაჩნდა. დედაჩემის ბრალია, ისე გამზარდა, სულ იმას ჩამჩიჩინებდა, არც ერთი მამაკაცი შენი ღირსი არ არისო. მეც ყველას ცხვირს ვუბზუებდი და შემოვრჩი და შემოვრჩი.

_ რომ არ გეთქვა, ვერასდროს დავიჯერებდი. რა უცნაურია ეს ყველაფერი. მე კი იმდენჯერ მიყვარდა, ბოლოს სათვალავი ამერია და არჩევანი რომ ვერ გავაკეთე, დავრჩი კიდევაც გაუთხოვარი, _ ახლა რუსიკომ გადაუშალა გული «თანამეინახეებს».

_ ბევრი არაფერი წაგიგია, დამიჯერე, გავთხოვდი კიდევაც და გამოთხოვებაც მოვასწარი, თანაც სამჯერ. ქმარი გამოდგომაზეა, გენაცვალე, ისე კი არ არის, _ დააფრქვია ნინიკომ სიბრძნე.

_ რომელიმე თქვენგანმა იცის კი, სინამდვილეში რა არის სიყვარული? _ ყველაზე ბოლოს ხმა მანანამ ამოიღო, _ ამიხსენით მაინც, რისთვის ტანჯავთ საკუთარ გულებს, რატომ იტკიებთ აუტკივარ თავს?

_ სიყვარული ნიშნავს ისეთი ადამიანით გაგიჟებას, რომლითაც ცოცხლობ, რომლითაც სუნთქავ, რომლითაც გაბრუებული დადიხარ, _ თქვა ირამ.

_ რაღაც ვერ გავიგე, ვინმე რომ გიყვარდეს, აუცილებლად უნდა გაგიჟდე? გაბრუებული რატომ უნდა დავდიოდე? მაპატიეთ, მაგრამ არასდროს არ მესმოდა შეყვარებული ქალების, _ ტუჩი აიბზუა მედეამ.

_ სალი, შენ რატომ არაფერს არ ამბობ? შემოგვიერთდი, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შეგვეჩვიო, რატომ გვერიდები? შენ რას იტყვი, როგორც გამოცდილი ქალი, რა არის სიყვარული? _ ნინიკოს სიტყვები გველის სისინივით ჩაესმა სალის.

ქალი გაწითლდა. იფიქრა, საკადრის პასუხს გავცემო, მაგრამ თავი შეიკავა, არ უნდოდა კონფლიქტური სიტუაციის შექმნა.

_ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველა ისე ხსნის სიყვარულს, როგორც გამოსცადა. ვისთვის ის გატაცებაა, ვისთვის _ თამაში, ზოგისთვის _ ვნება, ზოგისთვის კი ავადმყოფობა, ტკივილი, _ ჩუმად თქვა სალიმ და ისევ სიწითლემ გადაუარა სახეზე.

_ აი, ეს მესმის! შენთვის როგორი განცდა იყო? _ არ მოეშვა ნინიკო და დამცინავად შეხედა.

სალიმ გამჭოლი მზერა ესროლა «მეტოქეს» და ირონიული ღიმილით უპასუხა.

_ როდის როგორ.

_ კაბინეტში რომ «თომარობდი», ის როგორი იყო? _ სარკასტულად შენიშნა ნინიკომ და გამარჯვებულის იერით შეხედა ქალს.

_ ის უბრალო გატაცება იყო, ნინი, მაგრამ ვინც შენ ეს გიამბო, იმასთან ურთიერთობა იყო ყველაზე დიდი ვნება, _ «სეტყვას» ქვა დაახვედრა სალიმ და კმაყოფილი ღიმილი გამოესახა სახეზე.

ნინოს თითქოს სილა გააწნესო, ფერი ეცვალა სახეზე, მიხვდა, რომ სალიმ «პირველი რაუნდი» მოუგო, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია.

_ არ გეშინია მერე, ყველაზე დიდი ვნება საბოლოოდ ყველაზე დიდი თამაში რომ აღმოჩნდეს?

_ არა, არ მეშინია, იმიტომ, რომ ის თამაში მე არ წამომიწყია.

_ აბა ვინ წამოიწყო?

_ ვინც მახეში გაება, იმან, ჩემო კარგო, _ თქვა სალიმ და ადგა, _ მაპატიეთ, სამუშაო მაქვს, დაგტოვებთ.

ქალები დადუმდნენ. ყველა მიხვდა, რომ ამ ორს შორის ფარული ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ ვის გამო _ ეს არ იცოდნენ…

სალი კომპიუტერს მიუჯდა და მესიჯის აკრეფა დაიწყო. «როდის ჩამოდიხარ? დავიღალე ლოდინით. უსაშველოდ მენატრები. როგორც კი ჩამოხვალ, მაშინვე დაგიმესიჯებ ჩემს ნომერს, მეტის მოთმენა არ შემიძლია. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც მეცოდინება, შენთვის რამეს წარმოვადგენ თუ არა, გსიამოვნებს თუ არა ჩემი ტექსტების წაკითხვა. გელოდები».

ამ დროს ნინიკოს ხმა შემოესმა.

_ გიგი, შენი შეპირებული რესტორანი როდის უნდა იკისრო?

მიხვდა, ქალი სპეციალურად ახდენდა გიგისთან მისი დამოკიდებულების დემონსტრირებას, ამიტომაც ლაპარაკობდა ხმამაღლა, რათა სალის სმენას მისწვდომოდა მისი საუბარი.

_ კარგი, ხუთზე გამომიარე და წავიდეთ, მე მზად ვარ, გკოცნი, _ და დასაკეცი მობილური აპარატის გატკაცუნების ხმა გაისმა.

სალი არ შერხეულა. ალბათ ნინიკოს დიდი იმედი ჰქონდა, რომ სალი მისკენ შეტრიალდებოდა და თვალებში შეხედავდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. ვერ მოისვენა, კარგა ხანს იწრიალა ერთ ადგილას, ბოლოს ვეღარ მოითმინა და სალის მიუახლოვდა.

_ დიდი ხანია, გიგის ხვდები? _ გაისმა ნინიკოს ხმა მის ზურგს უკან.

სალიმ მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ცახცახმა აიტანა, საშინლად აღიზიანებდა ეს ქალი.

_ ვერ გაიგე, რა გკითხე? _ ნინომ წინიდან შემოუარა კომპიუტერის მაგიდას და მონიტორს ხელებით დაეყრდნო.

_ რა მკითხე? _ სალის მშვიდი ხმა ჰქონდა.

_ შენ და გიგი დიდი ხანია საყვარლები ხართ? _ პირდაპირ მიახალა ნინიკომ.

_ ეგ ჩემი პირადი საქმეა, _ ქალებმა თვალი თვალში მტრულად გაუყარეს ერთმანეთს.

_ სხვათა შორის, ეს ჩემი საქმეცაა, _ ნინოს ისტერიკა ეწყებოდა, სიმწრისგან ქვედა ყბა აუკანკალდა.

_ რატომ შენი?

_ ვერ ხვდები?

_ ნამდვილად ვერ ვხვდები, გიგის ქალების სიაში შენი სახელი არასდროს შემხვედრია, _ სალიმ იცოდა, რომ სახიფათო სვლას აკეთებდა, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, ვირტუალური, მაგრამ მთავარი როლი ეთამაშა ამ ყალბ სპექტაკლში.

_ იმიტომ, რომ ნამდვილ სიყვარულს მამაკაცები მალავენ, სააშკარაოზე არ გამოაქვთ, იაფფასიანი ქალების გვერდით არ აყენებენ მათთვის ძვირფასი ადამიანის სახელს, _ ნიშნის მოგებით უპასუხა ნინიკომ და ამაყად გადახედა.

_ გეთანხმები, ამას ნამდვილად არ აკეთებენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ გიგის ქალების სია მხოლოდ ერთი ქალით იწყება და ერთი ქალით მთავრდება და ის სულაც არ არის იაფფასიანი.

_ არ მითხრა, რომ ის ქალი შენ ხარ, _ ბოროტად ჩაიცინა ნინომ.

_ არა, არ ვარ და არც არასდროს მქონია ამის სურვილი, არც პრეტენზია. იმ ქალს ქეთი ჰქვია და მასზე წინ ვერასდროს ვერავინ დადგება _ ვერც შენ და ვერც მე. ეს დაიმახსოვრე.

_ აბა მხოლოდ ვნება გაკავშირებს მასთან?

_ ეგ მას ჰკითხე, მე მაგ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ.

_ შენ გგონია, მეტყვის?

_ არა, არ გეტყვის.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მამაკაცები ნამდვილ სიყვარულს მალავენ, _ თქვა სალიმ და სიცილი ვერ შეიკავა.

_ ეგ ჩემი სიტყვებია, _ ისეთი ტონით წამოიძახა ნინიკომ, თითქოს სალი პლაგიატობაში გამოიჭირა.

_ ახლა ჩემია, _ სალი ღიმილით წამოდგა, წარბები მოხდენილად შეათამაშა და «მეტოქეს» გაერიდა.

გაფითრებული ნინო კარგა ხანს იდგა მონიტორზე ხელებდაყრდნობილი, შეურაცხყოფისაგან ერთიანად აძაგძაგებული. მან კარგად გაიგო, რომ მეორე რაუნდიც წააგო მასთან, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდა საქმე და ინტრიგის წესების შეცვლა გადაწყვიტა…

7 7 7

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

_ რომელი ხარ? _ ყასიდად მაინც იკითხა.

_ მე ვარ, _ დახშული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.

_ ახლა გვიანაა, გიგი, ვერ გაგიღებ, _ ცოტათი შეშინდა სალი.

_ გამიღე, სალაპარაკო მაქვს, _ გიგიმ კვლავ ძლიერად დააბრახუნა.

სალის შეეშინდა, ნასვამმა მეზობლები არ გამიღვიძოსო და გასაღები გადაატრიალა. გიგის თვალები ამღვრეოდა. კარგა გვარიანად შემთვრალიყო.

_ სხვა დრო ვერ გამონახე სალაპარაკოდ? _ სალიმ კარი ჩაკეტა და ოთახში შეტრიალდა, გიგი უკან მიჰყვა.

_ რატომ, ღამის იდილია დაგირღვიე? ვინმე ხომ არ გყავს შემთხვევით?

_ ამაღამ არა, _ ორაზროვნად უპასუხა სალიმ, დივანზე ჩამოჯდა და შიშველი ფეხები აიკეცა, რომ გრძელი ხალათის კალთებით დაეფარა.

_ ალბათ ხვალ გეყოლება, არა?

_ მორჩი ამ უაზრო ლაპარაკს. ვიცი, რომ ამის გასაგებად არ ხარ მოსული. თქვი, რისი თქმაც გინდა.

_ მე ახლა ნინიკოსგან მოვდივარ, _ დაიწყო გიგიმ.

_ იმასთანაც დადიხარ? _ ჩაიცინა სალიმ.

_ არა, იმასთან არ დავდივარ, უბრალოდ, როგორც მეგობარი, რესტორანში დავპატიჟე.

_ მერე? მგონი მწარე ვახშამი გამოგივიდათ, არა? მე რა, დესერტის «პონტში» შემიგულე თუ როგორ არის შენი საქმე?

_ რა უთხარი იმ გოგოს ამისთანა, ასე რომ გაამწარე?

_ არაფერი, რა უნდა მეთქვა, ის ვუთხარი, რაზეც შენ დიდი ხანია, ოცნებობ. ჩვენ საყვარლები ვართ-მეთქი. რა, არ უნდა მეთქვა?

_ რატომ მოატყუე?

_ იმიტომ, რომ დაიმსახურა. შენ რა, ეს არ გინდა? _ სალი აშკარად იწვევდა მამაკაცს.

_ შენ არ იცი, მე რა მინდა, _ ლამის იყო, ატირდა გიგი და მაგიდას მუშტი მძლავრად დაჰკრა.

_ ცოტა ჩუმად, მეზობლები არ შემიყარო. იქნებ უფრო წყნარად მითხრა, რა გინდა?

_ სიკვდილი მინდა, _ თქვა გიგიმ და ქალისკენ დაიძრა.

სალიმ შუბლი შეკრა. დაკვირვებით ახედა თავზე წამომდგარ მამაკაცს, რომელსაც მხრები უთრთოდა.

_ ოღონდ მას შემდეგ, ერთხელ მაინც რომ გამოვცდი შენთან დაწოლის სიამოვნებას. ოღონდ შენთან სექსი განმაცდევინა და მერე თუნდ მოვკვდე, არ ვინანებ, სიკვდილთან ასეთ გარიგებას სიამოვნებით დავდებ, _ გიგიმ ხელი წაატანა სალის.

ქალი ფეხზე წამოიჭრა და განზე გახტა.

_ არ მომეკარო და საერთოდ… ნუ იქცევი ასე! _ მკაცრად გამოუვიდა ნათქვამი.

_ როგორ ასე?

_ ნუ ვაჭრობ, არ გიხდება.

_ ვვაჭრობ? რას ნიშნავს, ვვაჭრობ?

_ რასაც შენ აკეთებ, იმას. სიკვდილს არ ევაჭრებიან.

_ სიკვდილს? ეს რაღაც ახალია. რაზე შეიძლება ევაჭრო სიკვდილს? _ გიგიმ კვლავ გადადგა სალისკენ ნაბიჯი, სალიმ კვლავ უკან დაიხია.

_ რაზე და… სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ოღონდ ჩემთან დაგაწვინოს და მზად ხარ მოკვდე. და რას სთავაზობ სამაგიეროდ? ვერც ვერაფერს, ამიტომაც არ ღირს მასთან ვაჭრობა. გასაგებია?

_ დღეს რაღაც განსაკუთრებულად მსჯელობ. საიდან ამდენი მჭევრმეტყველება?

_ კარგი მასწავლებლები მყავდა, _ ნიშნის მოგებით აღნიშნა ქალმა.

_ მაგრამ ალბათ უგულოები, შინაბერები, სიყვარული რომ არასდროს განუცდიათ ისეთები, არა? ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეა.

_ ვითომ რატომ?

_ იმიტომ, რომ თანაგრძნობა არ შეგიძლია, შენისთანა უგულო ქალის მნახველი არა ვარ. რატომ მტანჯავ?

_ მე გტანჯავ?

_ აბა ვინ? მიყვარხარ-მეთქი გეუბნები და ჩემს გრძნობას უპასუხოდ ტოვებ, უპასუხოდ კი არა, დასცინი კიდეც, არ გებრალები? ერთხელ მაინც მომეცი უფლება, მოგეფერო, გულში ჩაგიკრა, სულ ერთი წამით, ნუთუ არ შეიძლება? შენ ხომ ჩემი სექსისფერი ქალი ხარ, _ გიგი ქალს ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

_ ეს რას ნიშნავს? _ სალის ხმა თანდათან ეკარგებოდა.

_ ესე იგი, შენ არ იცი, რას ნიშნავს ფრაზა სექსისფერი ქალი?

_ ახლა უკვე ვიცი.

_ ჰოდა, მინდიხარ, ამიტომაც ვარ აქ.

სალი მანამ იხევდა უკან, სანამ კედელს არ მიუახლოვდა. ახლა კი დაფრთხა და აიწურა.

_ ეს აუცილებლად მოხდება, გიგი, ოღონდ არა ამაღამ, მოდი, ხვალისთვის გადავდოთ. არ მინდა, ეს ყველაფერი მაშინ მოხდეს, როცა მთვრალი ხარ, _ ხმა აუკანკალდა სალის.

_ ვიცი, როცა ასე ამბობ, იტყუები, _ თავი გადააქნია გიგიმ.

_ მართლა?

_ მართლა, ეგ შემოწმებულია, ეგ ტექსტი ძველი სიმღერიდანაა. იცი? აქ იმისთვის მოვედი, რომ მეჩხუბა შენთან, საყვედური მეთქვა, მაგრამ არ გამომდის. როცა შენთან ახლოს ვარ და გხედავ, როცა შენს სუნთქვას ვგრძნობ, გონება მებინდება. ასეთ მომენტში მხოლოდ ის მინდა, შეგეხო, მოგეფერო და ჩემს მკლავებში მოგიმწყვდიო. არ მითხრა უარი, დამიჯერე და გაგისწორდება, აი ნახავ. მე ვიცი, როგორ გასიამოვნო.

_ მე შენ არ მიყვარხარ, გიგი, _ სალის მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა, გრძნობდა, რომ ჩიხში იყო მომწყვდეული და ცდილობდა, იოლი გამოსავალი ეპოვა ამ სიტუაციიდან.

_ ესეც ძველი სიმღერიდანაა, დიდი ხანია ვიცი, _ მამაკაცი კვლავ წაეპოტინა ქალს, ხელები დაუჭირა, უკან გადაუგრიხა და ტუჩებით მის ყელს დააკვდა.

_ მე დუდუ მიყვარს, შემეშვი, _ ჩურჩულით თქვა სალიმ, სხვა რომ ვერაფერი გააწყო.

გიგის თითქოს მდუღარე გადაასხესო, მოულოდნელად ხელი შეუშვა ქალს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და თვალებში ჩააშტერდა, მერე უცებ არაადამიანური ხმა აღმოხდა.

_ არა, არა, ოღონდ ეგ არაააა! _ განწირული ხმით ღრიალებდა მამაკაცი.

_ წადი ჩემი სახლიდან, აქ შენი ადგილი არ არის, _ მშვიდად წარმოთქვა სალიმ და ხალათის გულისპირი გაისწორა.

_ ყველაფერს გაპატიებ და ამას _ არასდროს, _ გიგი სიმწრისგან ქშინავდა, პირმოკუმული, ხელებმომუშტული უკან-უკან იხევდა გასასვლელისკენ, _ მოვკლავ, ჯერ იმას მოვკლავ და მერე შენ.

_ შენს ცო-შვილს მიხედო, ის გირჩევნია. რაც გაქვს, ის შეინარჩუნე, სხვის ბუდეში ნუ ეძებ ბედნიერებას, _ სალის საკუთარი სიმშვიდე აოცებდა, მიუხედავად იმისა, რომ შიშისგან მთელი სხეული უცახცახებდა.

_ არ გაბედო, ჩემი ცოლ-შვილის ხსენება არ გაბედო, შე… მე ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ. ძალიან მალე, აგერ ნახავ! _ დაიქადნა ბოლოს, გასაღები გადაატრიალა და გარეთ გავარდა.

სალიმ კართან მიირბინა და ის იყო, უნდა ჩაეკეტა, რომ გიგი მთელი ძალით მოაწვა გარედან და კვლავ ბინაში შემოიჭრა. ქალმა შეჰკივლა, მაგრამ უკვე გვიან იყო… ორთა ბრძოლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, სალი კარგა ხანს იგერიებდა ვნებამორეულ მამაკაცს, სახეს არიდებდა მის ტუჩებს, მკლავებიც დაეღალა… როცა მიხვდა, რომ ძალა გამოეცალა და ვეღარ ერეოდა გახელებულ გიგის, ღონემიხდილი მიესვენა მის მკლავებზე…

მამაკაცმა ქალი დივანზე წამოაქცია, სალიმ კვლავ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამჯერად უფრო სუსტად, სხეული აღარ ემორჩილებოდა. გიგის გონება იმდენად ჰქონდა ამღვრეული, ვეღარ საზღვრავდა, რას აკეთებდა. ხალათი კი არ გახადა, შემოახია ქალს, შორს მოისროლა და ოსტატურად ზემოდან მოექცა. სალი ერთხანს მინებდა, თითქოს თავის ნებაზე მიუშვა გამძვინვარებული გიგი, მაგრამ მერე კვლავ ასხმარტალდა, ახლა უკვე შიშველი. მაინც ვერაფერი გააწყო, მამაკაცი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მას ეგონა. დაუძლურებულმა ბოლოს თავი გვერდზე გადააგდო, ერთიანად მოეშვა და ბედს დაემორჩილა. მამაკაცი ხვნეშოდა, გამალებული კოცნიდა ქალს ყველგან, სადაც მოუხვდებოდა. თავიდან სალი მხოლოდ ზიზღს განიცდიდა, მაგრამ მერე და მერე, როცა ორი სხეულის შერწყმა «აქტიურ ფაზაში» გადავიდა, მოდუნდა, ესიამოვნა კიდეც დაკუნთული მკლავების თარეში მამაკაცის ალერსს მოწყურებულ მკერდზე და… ნეტარების კვნესაც აღმოხდა…

7 7 7

კარგა ხანს ორივენი გარინდულები იწვნენ. სალის შესცივდა კიდეც შიშველ სხეულზე. გიგი წამოდგა და უხმოდ შეუდგა ჩაცმას. სალიმაც მოიცვა ხალათი.

_ არ დარჩები? _ ისეთი ხმით ჰკითხა სალიმ, თითქოს დიდი ხნის საყვარლები ყოფილიყვნენ.

_ არა, უნდა წავიდე, ქეთი მელოდება, _ ცივად თქვა მამაკაცმა.

_ მიაღწიე შენსას არა? კმაყოფილი ხარ?

_ კი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ერთხელ მაინც ვაჯობე იმას.

_ ვის, იმას!

_ შენ რომ გიყვარს, იმას, _ არ დაუთმო გიგიმ.

_ დუდუს გულისხმობ? რა მიამიტი ყოფილხარ, მე მოგატყუე, რომ იცოდე, _ ახალი თამაში წამოიწყო სალიმ.

გიგი შეცბა, გაშტერდა, გაოცებულმა შეხედა ქალს.

_ რა თქვი?

_ მოგატყუე-მეთქი, რა ვერ გაიგე?

_ რატომ, რაში დაგჭირდა?

_ იმაში, რომ არ მინდოდა ჩვენი პირველი ღამე ასეთ ვითარებაში შემდგარიყო.

_ ვერ მიგიხვდი, რა ვითარებას გულისხმობ?

_ შენ მთვრალი ხარ, მე კი არ მინდოდა მთვრალ კაცთან სექსი. ახლა ხომ მიხვდი?

_ ანუ სხვა შემთხვევაში წინააღმდეგი არ იყავი?

_ არა, რა თქმა უნდა.

_ მატყუებ, როგორც ყოველთვის. არ გინდა, მე ამას არ ვჭამ, კარგად გიცნობ.

_ როგორც გინდა, ისე იფიქრე, _ მხრები უდარდელად აიჩეჩა სალიმ.

_ გინდა გითხრა, ასე რატომ იქცევი?

_ მინდა. რატომ?

_ იმიტომ, რომ გეშინია, არ მიგატოვო. რადგან ყველაფერი მოხდა, გინდა, რომ გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა. ნუ გეშინია, შენზე უარის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ დაიმახსოვრე, იოტისოდენას არ გაპატიებ.

_ დავიმახსოვრე.

_ ხვალაც მოვალ, ზეგაც და ყოველთვის, როცა მომინდება.

_ როცა მე მომინდება, შენც დაიმახსოვრე, _ თითი მუქარის ნიშნად დაუქნია სალიმ, _ ახლა კი წადი, ცოლი გელოდება.

_ ვიცი და ამიტომაც მივდივარ, მაგრამ…

_ წადი! _ საჩვენებელი თითი კარისკენ გაიშვირა სალიმ, _ და მაშინ მოხვალ, როცა მე მექნება ამის სურვილი…

გიგი არ შეპასუხებია, უსიტყვოდ გატრიალდა კარისკენ და… წავიდა.

სალიმ ღრმად ამოიოხრა. რაც არის, არის, უნდა შეეგუოს «ახალ» მდგომარეობას, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია, არა იმიტომ, რომ მართლა ეშინია, გიგიმ არ მიატოვოს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ნინიკოზე იძიოს შური, რომ საბოლოოდ დაუმტკიცოს მას, როგორ უყვარს გიგის, რომ უპირატესობა მას ეკუთვნის, როგორც ერთადერთ სასურველ ქალს… მაგრამ დუდუ?..

 

დილით ძალიან გვიან გაეღვიძა სალის. კიდევ კარგი, შაბათი იყო და სამსახურში არ უწევდა წასვლა, თორემ, პირველ რიგში, ავთანდილის რისხვა არ ასცდებოდა. გაეღვიძა, მაგრამ… საშინელ ხასიათზე. წინა ღამის «ორომტრიალი» თვალწინ დაუდგა, რამაც კიდევ ერთხელ აუფორიაქა გულიც და სულიც. ეს რა ქნა, რა ჩაიდინა, როგორ დანებდა გიგის, როგორ! არა, ამას ვერასდროს აპატიებს საკუთარ თავს, ვერც გიგის. ყველა გზა მოიჭრა დუდუსთან დასაახლოებლად. მორჩა, ეს ღამე ბოლო წვეთი იყო, მისი უიღბლობის წვიმა ნიაღვრად ქცეულიყო და მოახერხა კიდეც. ახლა კი ნამდვილად უნდა დაემშვიდობოს დუდუს სიყვარულზე ოცნებას. აბა რომელი ჭკუათმყოფელი მამაკაცი აპატიებს ქალს ბავშვობის მეგობართან კოტრიალს? არ არსებობს ასეთი მამაკაცი. იქნებ სჯობს მომხდარს შეეგუოს და იმით დაკმაყოფილდეს, რაც ბედისწერამ არგუნა? გიგი არც ისეთი ცუდი ვარიანტია. მართალია, ცოლად ვერ გაჰყვება, მაგრამ საყვარლად რა უჭირს? რაც მთავარია, მამაკაცი ყურებამდეა შეყვარებული. თვითონ რომ არ უყვარს? არა უშავს, ამასაც აიტანს, ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, განსაკუთრებით ქალი. სამაგიეროდ, კარგი ცხოვრების გემოს გაიგებს ერთხელ და სამუდამოდ. რასაც მოისურვებს, ყველაფერი ექნება. მერე რა, რომ ბუთხუზაა? ცოტას ანერვიულებს და გახდება, სალის ეხერხება ასეთი რამეები. განა ცოტას უნერვიულია მის გამო! სამაგიეროდ, ნინიკოს გაუხეთქავს გულს, მასზე მაინც იძიებს შურს. ო, რა დაემართება, წუხანდელ ამბავს რომ გაიგებს?! მაგრამ როგორ გაიგებს? როგორ და ჩვეულებრივად, როცა საჭირო გახდება, სალი თავად გახსნის კარტებს. ე! მაშინ უნდა ნახო იმ «კეკელკა» ნინოს სახე, სიმწრისგან გვერდზე რომ მოექცევა. ჯანდაბას, რადგან ასე მოხდა, მიჰყვება სალიც დინებას, ნახოს, რომელ ნაპირზე გარიყავს უეცარი ტალღა…

ძლივს აითრია წელი საწოლიდან. საშინლად ტკიოდა კუნთები, ზუსტად ისე, დიეტის დასაცავად ვარჯიშის დაწყება რომ უწევდა ხოლმე «ღრმა» ახალგაზრდობაში. ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის ასკილოიან კაცს ეჭიდავებოდა მთელი ნახევარი საათი, იქნებ უფრო მეტიც, აღარ ახსოვს სალის ახლა. გული დაუმძიმდა, გრძნობდა, რომ რაღაც აწუხებდა, ისიც იცოდა, რომ ის «რაღაც» გიგისთან გატარებული ღამე იყო, მაგრამ მომხდარს უკვე ვეღარაფერს უშველიდა. გადაწყვიტა, მცირე ხნით იასთან გასულიყო, იქნებ გული გადაეყოლებინა, თან ახალ ამბებსაც გაიგებდა.

ჩაიცვა. სარკეში ჩაიხედა, სახე ჩათეთქვოდა, თვალის უპეები ამოღამებოდა, ეს უძილობის ბრალი იყო ალბათ. გვაინ კი გაეღვიძა, მაგრამ გვიანაც ჩაეძინა, თითქმის თენდებოდა. არ ეყო ძილი. ეს ბუნებრივიცაა. თან ძილიც არის და ძილიც. ისე შფოთავდა, ისე წრიალებდა საწოლში, თითქოს ეკლებზე იწვა. არც ეძინა და კიდევაც ეძინა. რაღაც კოშმარებიც კი ესიზმრებოდა, თუმცა კონკრეტულად აღარ ახსოვს, რა. ეჰ, ჯობია, დროზე გაეტიოს სახლიდან, თორემ ნამდვილად არ დაადგება კარგი დღე, შეიძლება გაგიჟდეს კიდეც, ისევ წუხანდელ ღამეზე რომ იფიქროს…

7 7 7

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

_ ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? _ გადაეხვია დაქალს.

_ გამოგიარე. შენ ხომ არ გაგახსენდები. ნუ, კაკ დელა? _ დაღლილი ხმით ჰკითხა და სავარძელში ჩაესვენა.

_ და ტაკ, ვსიო ნარმალნა. როგორ მოგწონს ახალი სამსახური?

_ არის, რა, ნი რიბა, ნი მიასა, _ ხელი ჩაიქნია სალიმ და ჩამქრალი თვალები მიანათა იას.

_ რაღაც არ მომწონხარ. მოხდა რამე?

_ ისეთი არაფერი, ცხოვრება მომბეზრდა. ბოლშე ტაკ ნე მაგუ.

_ და ლადნა, დაიკიდე. ყველა მაგ დღეში ვართ, ყველაფერი უკან-უკან მიდის. ერთი ადამიანი არ ვიცი, ცხოვრებით კმაყოფილი იყოს.

_ ჰო, ეგრეა. იქ რა ხდება, თქვენთან?

_ ნიჩივო ასობენნოვო. ვართ პა პრეჟნემუ.

_ ჩამოვიდა შენი უფროსი?

_ ვჩერა პრიეხალ, ჯერ არ მინახავს.

_ ცოლს არ შეურიგდა?

_ არა, რას ამბობ! ეტა ისკლიუჩენა. გიგის ნახულობ?

_ კი, ხშირად.

_ ონ ლუბიტ ტებია.

_ არ დაიჯერო, ზღაპარია ეგ, _ მწარედ ჩაიღიმა სალიმ.

_ ნი გავარი ტაკ, მე ვიცი, რომ ასეა. ყავას დალევ?

_ არა, არ მინდა, უნდა წავიდე, საქმე მაქვს, _ სალი მიხვდა, რომ არც აქ უდგებოდა გული, ამიტომაც აჩქარდა.

_ სად მიდიხარ?

_ ჯერ ბაზარში, მერე კი სახლში. გამომიარე ხოლმე, რა მოხდება, ქვეყანა დაიქცევა?

_ აბეზატელნა. გამოვნახავ დროს და მოვალ, უბრალოდ, ახლა თვის ბოლოა და ატჩოტები მაქვს გასაკეთებელი. პატომ პრიდუ.

_ კარგი მაშინ, წავალ.

_ მოიცა, ჯერ იყავი, სად გეჩქარება?

_ მეჩქარება, _ ამოიოხრა სალიმ და ნაძალადევად გაუცინა მეგობარს.

_ იმასთან როგორ ხარ, ხომ არ გგრუზავს? _ იამ თავი ისე გადააქნია, თითქოს ის ვიღაც მის ზურგს უკან მდგარიყო.

_ ნინოზე მეკითხები? არის თავისთვის, ჯერჯერობით ვერ მერევა.

_ ბუდ ასტაროჟნა, ცუდი ადამიანია.

_ ვიცი, ვიცი. აბა ჰე, წავედი და წავედი, _ სალიმ დაქალი გადაკოცნა და კარისკენ დაიძრა.

იამ ლიფტამდე მიაცილა მეგობარი, კაბინაში შესულს, აუცილებლად გნახავო, მიაძახა და ხელის ქნევით დაემშვიდობა…

7 7 7

იმ დღეს გიგის არ დაურეკავს, არც მეორე დღეს. სალი ადგილს ვერ პოულობდა სახლში, უფრო და უფრო იპყრობდა ნერვიულობა. რა მოხდა? იქნებ მხოლოდ ერთი ღამის გატარება შედიოდა გიგის გეგმებში? დაიჯეროს, რომ მამაკაცმა საწადელი აისრულა და ამით დამთავრდა ზღაპარი ლამაზი სიყვარულის შესახებ? იქნებ სამაგიეროს უხდის? რამდენ ხანს აწვალა სალიმ, რამდენ ხანს უპასუხოდ დატოვა მისი გრძნობები! ისე, ღირსი ნამდვილად არის, სალი იმსახურებს გიგისგან უყურადღებობას. თვითონ ხომ არ დაურეკოს? არა, არა, სალი ამას არ იზამს, თავს არ დაიმცირებს. თუ მოვა, მოვა, თუ არადა, კარგად იყოს, სალი მას არ შეეხვეწება. ჯობია, წავიდეს და გაისერნოს, ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს. ხვალ გამოჩნდება ყველაფერი…

გულმა «დუგისკენ» გაუწია. მოუნდა, ერთხელ მაინც ჩაევლო იქითკენ, იქნებ დუდუს გადაწყდომოდა კიდეც ახლომახლო. გული უცნაურად უცემდა. მერე რა, რომ კვირაა, ყოფილი შეფი ხომ კვირაობითაც მუშაობს, როცა საქმე ითხოვს, მისთვის დასვენების დღე არ არსებობს. შენობას რომ მიახლოვდა, თრთოლვამ აიტანა. ახლა რომ პირისპირ შეეჩეხოს და უთხრას, აქ რა გინდოდაო, რა პასუხი გასცეს? რაღაცას მოიფიქრებს, არ გაუჭირდება.

შენც არ მომიკვდე, მსგავსი არაფერი მომხდარა. ცოტა კიდევ გაიარა და იმ მარკეტში შევიდა, ყავის საყიდლად რომ დადიოდა იასთან ერთად. ვიტრინები უგულისყუროდ შეათვალიერა, ნაცნობ გამყიდველს თბილი ღიმილი ესროლა და კვლავ ქუჩაში გამოვიდა. გამოვიდა და… მანქანიდან გადმოსულ დუდუს მოჰკრა თვალი. კინაღამ გული გაუჩერდა, ფეხი აერია, იფიქრა, თვალს ავარიდებ და არ დავენახვებიო, მაგრამ უკვე გვიან იყო.

_ სალი, შენა?! თვალებს არ ვუჯერებ! აქ საიდან გაჩნდი? _ დუდუ ხელგაშლილი წამოვიდა მისკენ.

ღმერთო, რა ფორმაშია! რა ეტყობა ახლა ამას, რომ რამეზე ნერვიულობს და დეპრესია აქვს? როგორც ჩანს, დაისვენა ალქაჯი ცოლისგან. სალის სახე შეეფაკლა, გულისცემამ უმატა.

_ აქეთ ვიყავი… მეგობართან, _ ძლივს გასაგონი ხმით წაილუღლუღა.

მამაკაცმა ლამის იყო, ხელში აიტაცა ყოფილი მდივანი, ისე მოხვია მკლავები და ისე ძალუმად მიიკრა მკერდზე, ქალს სუნთქვა შეეკრა.

_ როგორ გამიხარდა შენი ნახვა, რა თვალები გაქვს, გოგო, დაცემა! სადა ხარ, რას შვრები? _ მხრებში ჩააფრინდა დუდუ.

_ რა ვიცი, ვმუშაობ.

_ სად, ვისთან, მომიყევი ერთი შენი ამბები. ხომ არ გეჩქარება?

_ არა… არც ისე.

_ მაშინ წამო, მანქანით წაგიყვან, სადაც მიდიხარ. სიგარეტი მინდოდა, მაგრამ სადმე გზაში ვიყიდი. კარგია, რომ გნახე.

სალის გუნება მოეშხამა. ეგონა, მისი ნახვა გაუხარდებოდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე აფრინდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. რა ქნას, ჩაუჯდეს მანქანაში, თუ უარი უთხრას? ორი დღით ადრე რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა, ვინ დაასწრებდა სალის დუდუს მანქანაში ჩახტომას?.. ახლა კი… გიგის ბრალია ყველაფერი. მამაკაცი გამალებით ელაპარაკებოდა რაღაცას, სალის კი ერთი სიტყვაც არ ესმოდა, მხოლოდ გუგუნი ჩაესმოდა ყურებში.

_ შენ ცუდად ხომ არ ხარ? რაღაც ცუდი ფერი გადევს სახეზე, აბა კარგად შემომხედე? _ დუდუმ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა.

_ არა, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ… მე წავალ, კარგი? მელოდებიან.

მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა. თვალებმოჭუტულმა დაკვირვებით შეხედა ქალს, თითქოს მისი აზრების წაკითხვა უნდაო, მერე ხელი უშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

_ ის მაინც მითხარი, სად მუშაობ? ჩემზე ნაწყენი ხარ, არა? მე სულ მინდოდა შენი ნახვა, შენი მისამართის გაგება, მაგრამ იაკომ არ მაღირსა. არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, _ თითქოს მოუბოდიშა მამაკაცმა.

_ კომპიუტერულ ცენტრში ვმუშაობ, გიგიმ მიმიყვანა, _ უემოციოდ წარმოთქვა სალიმ და უხერხულობის გასაფანტავად მხარზე გადაკიდებული ჩანთა შეისწორა.

_ ეგ ვისთან? _ დაინტერესდა მამაკაცი.

_ ავთანდილთან, _ თქვა სალიმ და თვალები დახარა.

_ იმ თავგასიებულთან? ჰმ, როგორ გაგიმეტა გიგიმ, სხვა ვერაფერი მოიფიქრა? მაგარია, რა. მერე? როგორ შეეწყვე, ხომ არ გაწუხებს ზედმეტად?

_ არა, რას ამბობ, რატომ უნდა მაწუხებდეს.

_ იმიტომ, რომ… კარგი, არ ღირს ამაზე ლაპარაკი. მოდი, დამიტოვე შენი კოორდინატები და გნახავ ან დაგირეკავ, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არა ხარ. მინდა რაღაცით გამოვ… _ რატომღაც, აღარ დაასრულა წინადადება დუდუმ, _ რამე ისე ხომ არ გითხარი? იქნებ არ გსიამოვნებს, მისამართს რომ გთხოვ, რა ვიცი, _ დაიბნა შეფი.

_ არა, რატომ. მობილურის ნომერს გეტყვი და ჩაიწერე, _ სალიმ ნომერი უკარნახა მამაკაცს, მერე ნაღვლიანი ხმით დაემშვიდობა და არეული ნაბიჯებით დაუყვა ფილაქანს.

ესეც ბედის ირონია, ესეც ბედისწერა! რაღა დღეს, რაღა აქ! რატომ უფრო ადრე არა? მაგრამ უფრო ადრე ხომ არ იყო დუდუ თბილისში? ესეც ღვთის ნება იყო ალბათ, ასე ყოფილა დაგეგმილი მისი ცხოვრება და რას იზამს. მორჩა! გიგი სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს სალისთან რომანის გაგრძელებას. მას დუდუ უყვარს და სხვა მამაკაცს ლოგინში არ ჩაუწვება, სულ რომ ყელი გამოიღადროს! ვერ იტანს, ეზიზღება! თან როგორ! სალი დუდუს ვერ შეელევა. მერე? დავუშვათ და, ყველაფერი ისე აეწყო, როგორც სალის სურს, დუდუ ხომ გაიგებს ერთ მშვენიერ დღეს, რაც მოხდა მასა და გიგის შორის? რა პასუხი გასცეს? რა და… ეტყვის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ გიგიმ ჩირქი მოსცხო მის სახელს, რადგან სალისთან არაფერი გამოუვიდა, ამიტომ ჩაუშალოს უნდა დუდუსთან ურთიერთობა. ამას ეტყვის. ვის უფრო დაუჯერებს დუდუ _ მას თუ გიგის? ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. არა, ასე არ გამოვა. მაშინ… სულაც სიმართლეს ეტყვის. გიგიმ ხომ ძალა იხმარა მასზე, სალი თავისი სურვილით ხომ არ დანებებია? ასე არ იყო? თუკი ეყვარება, გაიგებს კიდეც, თუ არადა… ორივე თავის გზას ნახავს. რა ჯობია? ულმობელი სიმართლე თუ «კეთილი» ტყუილი? არ იცის სალიმ, ამწუთას არ იცის, რომელი უკეთესია. თუმცა რა, ილუზიებს ეპოტინება და ეგ არის. მეტი საქმე არა აქვს დუდუს, სალიზე იფიქროს, სალი შეიყვაროს. მაგრამ ხომ გაუხარდა მისი დანახვა? მერე რა? ეს ჩვეულებრივი ამბავია. რა არის ამაში განსაკუთრებული? არც არაფერი. სამაგიეროდ, მეორე სალი ხომ არსებობს? ის, რომელიც მესიჯებს უგზავნის? იქნებ იმ ვიღაცაზე ფიქრობს მისი სიმპათიური ექსშეფი? ამის შემოწმება მაინც ხომ შეუძლია? ხვალვე, მივა თუ არა სამსახურში, თავის ინკოგნიტო ნომერს ამცნობს და გაიგებს, აქვს თუ არა დუდუს მისი გაცნობის სურვილი. აი, მერე კი იმოქმედებს…

სალის ინტერნეტ-ნომერი დედამისის სახელზე იყო გაფორმებული. ძალიანაც რომ მოენდომებინა დუდუს, მაინც ვერ მიხვდებოდა, ვისგან მოსდიოდა მესიჯები. თუმცა ამის თადარიგს თავიდანვე დაიჭერს სალი. მისწერს, რომ არ შეეცადოს ნომრის მფლობელის ვინაობის გაგებას, რომ ეს მამაკაცს არაფერს მისცემს. სწორედ ამ ფიქრებით დაიმშვიდა თავი შინ მისულმა, ემოციებისგან დაცლილმა და განერვიულებულმა. ცოტა წაიხემსა, მობილური გამორთო იმის შიშით, გიგიმ არ დამირეკოსო და საწოლს მიაშურა…

7 7 7

დილით, ადგა თუ არა, მობილურის სიმ-ბარათი შეცვალა, რათა დუდუსთვის მესიჯის გამოგზავნის საშუალება მიეცა და სამსახურში შეგნებულად ადრე წავიდა. უნდოდა თანამშრომლების მოსვლამდე მოესწრო და დუდუს შეხმიანებოდა. რამდენი დღეა, თავი არ შეუხსენებია, რადგან იცოდა მისი გამგზავრების ამბავი. ახლა ნახავს, მოენატრა თუ არა მამაკაცს. ყველაფერი ისე დაწერა, როგორც წინა საღამოს ჩაიფიქრა, ბოლოს მონატრების ტექსტიც დაურთო და წერილი გააგზავნა… კარგა ხანს ელოდა პასუხს, მაგრამ მობილური ტელეფონი დუმდა. ამ დროს კარის ჯახუნის ხმა გაისმა და ოფისში ნინიკომ შემოაბიჯა. ცივად მიესალმა სალის. არც ამ უკანასკნელს გამოუხატავს დიდი სითბო, თავი დაუქნია მხოლოდ და კვლავ მონიტორს მიუბრუნდა. ნინოს მედეა მოჰყვა, მედეას _ სხვებიც და… შეივსო კოლექტივი. ცოტა ხანში ავთანდილიც გამოჩნდა, ყველას ომახიანად მიესალმა, სალის ხარბი მზერა ესროლა და კაბინეტში მიიმალა. ნინიკო მაშინვე უკან მიჰყვა უფროსს. სალის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. «რაღაცას მიმზადებს», _ გაუელვა უცებ გონებაში და გონება აამუშავა…

გაკვეთილებმა ჩვეულებრივად მშვიდად ჩაიარა. ერთადერთი, რაც სალის მწარედ მოხვდა გულში, ნინიკოს რეპლიკა იყო. შუადღისას, როცა მოსწავლეები გაისტუმრეს და ქალები მარტო დარჩნენ, ირა მიუჩოჩდა სალის და ლაპარაკი გაუბა. ამ დროს ნინიკოს ხმა მოისმა ოთახის შორეული კუთხიდან.

_ ირაჩკა, რა გინდა მაგ ეკოლოგიურად დაბინძურებულ კუთხეში, სხვა ადგილი ვერ ნახე?

სალი გაფითრდა. ირას დაბნეულობა შეეტყო სახეზე, მიხვდა, რაღაც საშინელება ხდებოდა და მხრებაწურული სასწრაფოდ გაშორდა თანამშრომელს. სალის ნინოს სიტყვებზე რეაქცია არ გამოუხატავს, თითქოს მას არ ეხებოდა ეს ნათქვამი, ენერგიულად აამოძრავა თითები კლავიატურაზე, ვითომ საქმეში იყო ჩაფლული. ქალებმა დარბაზის მეორე ბოლოში ერთად მოიყარეს თავი და რაღაცაზე მზაკვრულად აჩურჩულდნენ. ყოველ შემთხვევაში, სალის ასე მოეჩვენა. ცოტა ხნის მერე ნინიკო კვლავ ავთანდილის კაბინეტში შეიკეტა. კარგა ხანს დაჰყო იქ. მერე ისევ გამოვიდა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. სალის ცალი ყური მობილურისკენ ჰქონდა მიმართული, ელოდა, დუდუ პასუხს როდის გამოუგზავნიდა, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, მამაკაცს უცნობი თაყვანისმცემელი საერთოდ არ აღელვებდა, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. ესეც შენ, სალი! არც ამაში გაგიმართლა! ეჰ, ადგება ახლა და წალასწალასდება შინ, მიეგდება თავის საწოლზე და ერთი გემრიელად იტირებს. სხვა მაინც არაფერი დარჩენია. ნეტავ გიგიმ თუ დაურეკა? იმას მაინც თუ გაახსენდა? არც ეგ იცის სალიმ, გიგის ნაჩუქარი ნომერი ხომ გამოცვალა დილით.

ის იყო, ადგომა და წასვლა დააპირა, რომ კაბინეტის კარი გაიღო და ავთანდილმა გამოიხედა.

_ სალომე, ერთი წუთით ჩემთან შემოდი! _ უფროსის ხმა ოფიციალურად ჟღერდა.

სალის შეამცივნა. «დაიწყო», _ მექანიკურად გაიფიქრა და მძიმედ წამოდგა. მობილურს ხელი დაავლო, რომელიღაც რეჟიმზე დააყენა და კაბინეტისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. ზურგს უკან ქალების ცნობისმოყვარე მზერას გრძნობდა, მაგრამ არ მოუხედავს, რაღაცის შეეშინდა.

_ მიხურე კარი, თუ შეიძლება, _ უთხრა ავთანდილმა, ოთახში რომ შევიდა.

სალიმ კარი მჭიდროდ დახურა და იქვე აიტუზა, მთელი სხეული უცახცახებდა. ალბათ სამსახურიდან დაითხოვს, ნინიკოს ამის მიღწევა არ გაუჭირდებოდა, ქალი ამაში ღრმად იყო დარწმუნებული.

_ დაჯექი, რატომ დგახარ? _ უეცრად ისე შეეცვალა ტონი მამაკაცს, სალი სახტად დარჩა.

«რა ხდება?» საკუთარ თავს დაუსვა გულში კითხვა და კბილი კბილს დააჭირა, რომ ნერვიული ცახცახი ამით მაინც შეეკავებინა. აკანკალებული ხელით გამოსწია სკამი და ფრთხილად ჩამოჯდა. მობილური იქვე, მაგიდაზე, თავისთან ახლოს დადო და სახიფათო თამაშისთვის მოემზადა.

_ ძალიან ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაშორებ, _ დათაფლული ხმით წარმოთქვა ავთანდილმა და სალის ზურგიდან მიუახლოვდა.

ქალმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ მამაკაცმა მხრებზე დაადო ხელი, ადგომის საშუალება არ მისცა.

_ ძნელია შენნაირ ქალს გულგრილად უყურო. რაც მოხვედი, მას შემდეგ თვალს გადევნებ და ვგრძნობ, რომ მარტო ხარ, გვერდით ძლიერი მამაკაცი არ გიდგას. შენ კი გჭირდება ასეთი, _ თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა ავთანდილი, თან სალის მხრებზე თავის თითებს ისე ათამაშებდა, თითქოს მასაჟს უკეთებსო.

სალიმ ახლა უკვე წამოხტომა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ხელების ძლიერი მოჭერა იგრძნო მკერდზე, ყელზე კი ავთანდილის გაქონილი ტუჩების შეხება. ლამის იყო, შეჰკივლა, მთელი ძალით ჩააფრინდა მამაკაცს მაჯებში და თავი მოსხლეტით გაიქნია უკან. ავთანდილმა წონასწორობა დაკარგა და გვერდზე გადაქანდა. სალიმ ამით იხელთა და ზეზე წამოიჭრა სახეშეშლილი.

_ არ მომეკარო, შე ნაძირალა, მე შენ ვინ გგონივარ, _ კბილებში გამოსცრა და მუშტებშეკრული წინ აესვეტა შეცბუნებულ მამაკაცს.

ავთანდილს მხოლოდ ერთი წამით გადაუარა ჩრდილმა სახეზე, მერე ისევ გაიბადრა და ქშინვით გადადგა სალისკენ ნაბიჯი.

_ ოჰო, როგორი გაბრაზება გცოდნია, ჩიტუნია. მომწონს შენნაირი ქალები. რატომ ასეთი რეაქცია? აკი უფროსებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირსო? მცდარი ინფორმაცია ხომ არ მომაწოდეს?

_ ერთი ნაბიჯიც და მოგკლავ, იცოდე! _ ხმას აუწია სალიმ, _ მისამართი შეგეშალა. შენ იქ არ მოვხდი, სადაც უმიზნებდი. ცუდი თამაში გამოგივიდათ შენ და იმ შენს კახპას. თამაშის მიუღებელი წესები გაქვს დადგენილი, ჩემთან ასეთები არ გაგივა!

_ ო-ო-ო! მე წესებს არ ვადგენ, ჩიტუნია, მე მათ ვასრულებ მხოლოდ.

_ ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე, რომ უნიჭო სცენარისტები გყავს შერჩეული, ასე შორს ვერ წახვალ. ფრთხილად იყავი, საშიში სამიზნე აირჩიე და ცხვირი არ წაიტეხო.

_ საშიში? ჰა-ჰა-ჰა! შენ გგონია, საშიში ხარ? მე შენი ყველა ნაბიჯი ვიცი, ყველაფერი, რაც გაგიკეთებია, ვის მკლავებშიც გიგორავია. ამიტომაც, კარგად მომისმინე, ლამაზო! თუ გინდა, სამუშაო არ დაკარგო და საქმე კარგად წაგივიდეს, დღეიდან მე უნდა  დამემორჩილო, ჩემს სურვილებს უნდა გაუწიო ანგარიში. ერთით მეტი კაცი იქნება შენას ცხოვრებაში თუ ერთი ნაკლები, რა განსხვავებაა?

სალის ბოღმა ახრჩობდა. იცოდა, ნინიკოს მოფიქრებული რომ იყო ეს შოუ, ელოდა კიდეც რაღაც ამაზრზენს, მაგრამ არა ამდაგვარს, არ ეგონა, ასეთ ბინძურ ინტრიგაში თუ გააბამდნენ. თუმცა დილიდანვე გრძნობდა, რომ რაღაცას უმზადებდნენ და თადარიგი მაშინვე დაიჭირა.

_ ახლა შენ მომისმინე, დამპალო! _ სალიმ მობილურს ხელი წამოავლო, უკუსვლით კარისკენ გაემართა და ტელეფონიანი ხელი ჰაერში გაიშვირა, _ აქ დიქტოფონია ჩართული და თითოეულ შენს სიტყვას იწერს. მე ახლა აქედან გავალ და ჩემს გზას გავუყვები, იმიტომ, რომ სამუშაო საათები დამთავრდა, ხვალ კი, ჩვეულებრივად გამოვცხადდები სამსახურში, ძველებურად ჩავატარებ გაკვეთილებს და, სანამ სურვილი მექნება, იქამდე დავრჩები ამ დამყაყებულ ოფისში და ვიმუშავებ. შენ კი, თუ გინდა სამსახური არ დაკარგო და საქმეები კარგად წაგივიდეს, მე უნდა დამემორჩილო დღეიდან. შენგან განსხვავებით, ჩემს სცენარებში თამაშის წესებს მე ვადგენ და სხვები ასრულებენ. ეს არ დაგავიწყდეს.

სალიმ ნიშნოსმოგებით გაუცინა გაოგნებულ ავთანდილს, ზურგს უკან კარის სახელური ჩამოსწია, მიტრიალდა და კაბინეტიდან სრულიად მშვიდი სახით გავიდა.

თანამშრომლები დარბაზის შუაგულში მდგარ მაგიდას მისხდომოდნენ და გაფაციცებული ელოდნენ, რა მოხდებოდა. სალის კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე. ჯერ ყველას სათითაოდ მოავლო მზერა, მერე ნინიკოს გაუყარა თვალი თვალში. რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ ზვერავდნენ ერთმანეთს. სალის სახის გამომეტყველება არ შეცვლია, ქანდაკებასავით იდგა ერთ ადგილზე მიყინული. ბოლოს შეირხა, თავი კეკლუცად გვერდზე გადახარა და თქვა.

_ ჩაგივარდა სპექტაკლი, ნინიკო, ეს სრული კრახია. ბრძოლა არსებობს წესების გარეშე, მაგრამ თამაში _ არა. იფიქრე ამაზე, _ საჩვენებელი და შუა თითი ერთმანეთზე გაატკაცუნა სალიმ, ამაყად გაუარა გვერდზე თვალებგაფართოებულ თანამშრომლებს, ჩანთას ხელი დაავლო და რონინით დატოვა იქაურობა.

ის იყო, ქუჩაში გავიდა, რომ მესიჯის სიგნალი მოუვიდა. მოულოდნელობისგან შეკრთა, ხელის კანკალით ამოიღო ჩანთიდან მობილური, შეტყობინებებში შევიდა და… სიხარულისგან შეჰყვირა _ დუდუ უგზავნიდა პასუხს…

 

სალიმ გულის ფანცქალით გადაიკითხა შეტყობინება: «ვინ ხარ? რა გქვია?» _ სწერდა დუდუ. სიხარულისაგან მუხლები მოეკვეთა. როგორც იქნა, ეღირსა! გამოდის, დააინტერესა მამაკაცი. «მე ის ვარ, ვისაც შენ უყვარხარ, სიგიჟემდე, უსაშველოდ უყვარხარ. რა მქვია, რა მნიშვნელობა აქვს? რაც გაგიხარდეს, ის დამიძახე», _ სასწრაფოდ აფრინა მესიჯი და… პასუხმაც არ დაყოვნა: «თუ არ მეტყვი ვინ ხარ, მაშინ ჩვენს ურთიერთობას აზრი არა აქვს, შეგიძლია აღარაფერი მომწერო. ასე სანამ უნდა გაგრძელდეს? რომ დაგირეკო, მიპასუხებ?»

სალიმ ამოიოხრა. ჯერ კიდევ არ განელებოდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ინციდენტის სიმწარე, თუმცა დუდუსთან დიალოგმა ოდნავ გამოუკეთა ხასიათი. ახლა ჩაჯდება სამარშრუტო ტაქსიში და სანამ სახლამდე მივა, თავის რჩეულთან «ბაასით» იჯერებს გულს.

ასეც მოიქცა. ტაქსიში ასული ბოლო სავარძელზე მოკალათდა, ფანჯარასთან და «მესიჯობანა» გაგრძელდა.

სალი: «არ გიპასუხებ, არც ეცადო, გთხოვ, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ».

დუდუ: «რატომ? გეშინია, შენი ხმა არ ამოვიცნო?»

სალი: «არა, ამის არ მეშინია, ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთს. უბრალოდ, შენ მიზანში მოახვედრე და მე დავიბენი. ამის გამო დავკომპლექსდები და ყველაფერს გავაფუჭებ. მინდა ისეთი გამიცნო, როგორიც ვარ».

დუდუ: «ჰო მაგრამ, ასე როგორ მივხვდე, როგორი ხარ? რას წარმოადგენ, რამდენი წლის ხარ, როგორ გამოიყურები ხომ უნდა ვიცოდე? მე ხომ პატარა ბიჭი არა ვარ, უცხო გოგოსთან მესიჯებით გავერთო?»

სალი: «იმედებს არ გაგიცრუებ და არც განხიბლვა გელის, როცა გამიცნობ, დამიჯერე».

დუდუ: «ის მაინც მითხარი, რა გქვია?»

სალი: «ვინც ყველაზე მეტად მოგწონს, მისი სახელით მომმართე».

დუდუ: «ასე არ გამოვა. მე ბევრი ვინმე მომწონს. ან მეტყვი, რა გქვია, ან არადა, კარგად იყავი».

სალი: «კარგი, გეტყვი. ნატო მქვია».

დუდუ: «ვიცი, რომ მატყუებ, მაგრამ ასე იყოს. ახლა მომისმინე, ნატო. მე სერიოზული ადამიანი ვარ და ასეთ რამეებზე ადვილად არ წამოვეგები. თუ გინდა გამიცნო, ერთმანეთს უნდა შევხვდეთ. როცა ამისთვის მზად იქნები, დამიმესიჯე. აბა შენ იცი, იფიქრე ჩემს წინადადებაზე».

სალი: «რთული ამოცანის წინაშე მაყენებ. დავიჯერო, საერთოდ ვერ დაგაინტერესე?»

დუდუ: «შენი აზრით, რას უნდა გამოეწვია ინტერესი? იქნებ მაღადავებ? იქნებ სულაც ჩემი ახლობელი მიკეთებს შტუკას? საიდან ვიცი? არ ჯობია, გახსნილად ვითამაშოთ? მე ბევრი ქალი მყოლია ცხოვრებაში და ყველას თავისებურად დავუინტერესებივარ. თუ გინდა ეს მოხდეს, უნდა გაგიცნო».

სალი: «არც ისეთი ცარიელი ვარ, როგორც შენ გგონია».

დუდუ: «მე ეს არ მითქვამს და არც მიფიქრია. შენს სისავსე-სიცარიელეზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ერთმანეთს პირისპირ შევხვდებით. დროა იმაზე იფიქრო, როდის და სად გნახო. შეხვედრის ადგილი შენ შეარჩიე».

სალი: «ძალიან მაჩქარებ, ასე არ შემიძლია.».

დუდუ: «როცა მზად იქნები, მაშინ შემომეხმიანე, მე ძნელად მოსაპოვებელი ქალები არ მიზიდავს. ღამე მშვიდობის».

სალის თვალები ცრემლებით აევსო. არაფერი გამოვიდა. რა სულელია, რისი იმედი ჰქონდა? შემხვდიო… რომ შეხვდეს, რა უთხრას, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გიგისთან შეემთხვა? ნეტავ მოკვდებოდეს, რაში არგია ასეთი სიცოცხლე? მერე მოვა დუდუ და დაიტირებს, მხრებით შეუდგება მის სასახლეს და უკანასკნელ გზაზე ასე გააცილებს. ვითომ? ჰმ, რა მძიმე იქნება სალის მკვდარი სხეული, სულგაყრილი, ყინულივით ცივი, გაქვავებული… საინტერესოა, რატომ მძიმდებიან მიცვალებულები? ნუთუ სული ამსუბუქებს სხეულს? შეიძლება ასეც არის… ღმერთო, რა სისულელეებზე ფიქრობს, რა დროს ეგ არის.

ის იყო, სახლში შევიდა და კარი ჩაკეტა, რომ ტელეფონმა დარეკა. მოულოდნელობისგან შეკრთა. შუქი აანთო და მობილურის ეკრანს დახედა. უცხო ნომერი იყო. რა თქმა უნდა, უცხო იქნებოდა, მისი ეს ნომერი ხომ ამქვეყნად არავინ იცის. ესე იგი, დუდუ უწყობს გამოცდას. ალბათ ფიქრობს, რომ სხვის ზარს უპასუხებს სალი და ამით საკუთარ თავს გაყიდის. არაფერიც, სალი ასეთი სულელი არ არის. არც ერთ შემომავალ ზარს არ უპასუხებს. ამ ნომერზე მას მხოლოდ მესიჯები აინტერესებს და სხვა არაფერი.

ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კიდევ ერთხელ შეკრთა სალი, შიშმა აიტანა _ ვაითუ გიგია? ის სულ გადაავიწყდა. ვინ იცის, იქნებ მთელი დღე ურეკავდა, მას კი ძველი ნომერი გამორთული ჰქონდა. ჰო, ის იქნება. რა ქნას? გაუღოს კარი თუ მიაბრძანოს, სადაც ჯერ არს? ისევ მთვრალი რომ იყოს და მეზობლები შეუყაროს? იქნებ ხმა არ გასცეს? მაგრამ შუქი რომ უნთია? მერე რა, გარედან რას გამოჩნდებოდა? ფანჯრები ხომ მხოლოდ ეზოს მხარეს გადის, სადარბაზო კი ქუჩის მხრიდანაა, შუქს ვერ შეამჩევდა გიგი. გადაწყვიტა, ხმა არ ამოეღო. კაკუნი კიდევ განმეორდა. სალიმ სმენა დაძაბა. ცოტა ხნის მერე ნაბიჯების ხმა გაისმა, მერე _ ლიფტის მოძრაობის. წავიდა! გაუელვა ქალს გონებაში. მთელი ტანი უთრთოდა. ხელის კანკალით გამორთო მობილური და მეორე ნომერი ჩადო. მესიჯის რამდენიმე სიგნალი გაისმა. როგორც ჩანს, ვიღაცები ურეკავდნენ და ურეკავდნენ. სალი შემოსულ ზარებს ჩაუყვა. თურმე გიგი ურეკავდა მთელი დღე. მოიცა! აი, ეს დუდუს ნომერია. სულ რამდენიმე წუთის წინ არის დარეკილი. ნუთუ გაახსენდა? ნუთუ მისთვის რაღაცას ნიშნავს? რა უნდოდა? რა მოხდება, რომ დაურეკოს? ეტყვის, ვტენიდი და ამიტომ მქონდა გამორთულიო. ამ ფიქრებში იყო, რომ «ამღერდა» მობილური დიმა ბილანის ხმით. გიგი იყო. დაფეთებული სალი აბაზანაში შევარდა, კარი მჭიდროდ მიიხურა და მწვანე ღილაკს დააჭირა თითი.

_ გისმენ, _ ცივად ჩასძახა.

_ სად ხარ, მთელი დღეა, გირეკავ, _ გაღიზიანებული ხმით იკითხა გიგიმ.

_ რა გინდა?

_ უნდა გნახო.

_ გამორიცხულია, არ მინდა შენი ნახვა. მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია.

_ რა არის დამთავრებული, რაც ჯერ არც დაწყებულა? მითხარი, სად ხარ, სალაპარაკო მაქვს.

_ არ მსურს შენთან ლაპარაკი. გეყოფა, რაც ჩაიდინე.

_ მომისმინე, სალი, მთვრალი ვიყავი და ჭკუა გადამეკეტა. ასეთი ნამდვილად არა ვარ. უნდა გამიგო. რაც მოხდა, ნაწილობრივ შენი ბრალიცაა. ცოტა რბილად რომ მომქცეოდი, ასე არ გავგიჟდებოდი.

_ რაც მოხდა, მოხდა. ეს არ განმეორდება.

_ რა თქვი?! იმ ღამეს სხვანაირად ამბობდი? როგორც მახსოვს, დარჩენასაც მთხოვდი.

_ გთხოვდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. არ მიყვარხარ და ვერც ვერასდროს შეგიყვარებ. უფრო მეტიც, მეზიზღები, დანახვაც არ მინდა შენი.

_ მითხარი, სად ხარ, სახლში? აქვე ვარ შენს კორპუსთან. წეღან ამოვედი და კარი არ გამიღე.

_ არა, შინ არ ვარ და საერთოდ, თბილისში არ ვარ. ნუ ეცდები ჩემს მოძებნას, აზრი არა აქვს.

_ სულერთია, მანც მოგაგნებ. ამაღამ თუ არა, ხვალ მაინც გნახავ, სამსახურში.

_ როგორ გაახარებ შენს სტერვას, რომ იცოდე! _ ირონიულად ჩაიცინა სალიმ.

_ ეგ არ მადარდებს, მაგის დედაც… გირჩევნია, ახლავე შემხვდე, თორემ ხვალ იქ რა მოხდება, არ ვიცი, ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.

_ ეგ მე არ მადარდებს, აღარ დამირეკო, _ სალიმ მობილური გათიშა და მაშინვე დუდუს ნომერი აკრიფა.

_ სალი, სად დამეკარგე? _ მოისმა მამაკაცის საისამოვნო ბარიტონი.

სალის სითბო ჩაეღვარა სხეულში, მისი ხმა რომ გაიგო.

_ შენი ზარი ვნახე. მობილურს ვტენიდი და…

_ ჰო, მივხვდი. რა ხმა გაქვს, უდროო დროს ხომ არ გირეკავ?

_ არა, არა, ყველაფერი რიგზეა, შინ ვარ.

_ მარტო ხარ?

_ აბა ვინ უნდა მყავდეს?

_ რა ვიცი, ახალგაზრდა ქალი ხარ, ლამაზი, «დამღუპველი» თვალებით, ვინ იცის, ვის გმირავ ახლა შენი ლურჯი მზერით.

_ არც არავის, სურვილიც კი არ გამოუთქვამთ, _ კეკლუცად გაიცინა ქალმა.

_ მაგას ვერ დავიჯერებ. მოიცა, ნუ იხარჯები, მე დაგირეკავ.

_ არა უშავს, იყ… _ სიტყვის დამთავრება არ აცალა დუდუმ და გაუთიშა.

კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა ქალს სახეზე. მობილურმა ისევ დარეკა.

_ ჰო, აბა მითხარი, რას მეუბნებოდი? _ დუდს ხმა სალბუნივით ეფინებოდა სალის გულს.

_ რა ვიცი, დამავიწყდა.

_ რაღაც კაცებიო… არავის მოვწონვარო… შეიძლება შენნაირი ქალი არავის მოსწონდეს? თუ ეს ქალების ჩვეული ხერხია, იწუწუნოთ მამაკაცებთან, რომ მერე ასე, ჩემნაირად გიპასუხონ _ არა, რას ამბობ, შენ არაჩვეულებრივი ხარ, ლამაზი, ტანადი და ასე შემდეგ?

_ მე სიმართლე გითხარი.

_ აბა ის ჩვენი ძმაბიჭი რომ თავს იკლავდა, გადაიფიქრა თუ როგორაა საქმე?

_ ვინ ძმაბიჭი? _ სალის ფერი დაეკარგა სახეზე, მიხვდა, დუდუ გიგის რომ გულისხმობდა.

_ გიგიზე გეუბნები. ჩემთან რომ მუშაობდი, ტვინი გამიბურღა, მომწონს და ჭკუა მეკეტებაო. დავიჯერო, მას შემდეგ არ გნახა?

_ შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? _ თქვა სალიმ და გაისუსა პასუხის მოლოდინში.

_ რაღაც მომენტში შეიძლება აქვს კიდეც, შენ რა იცი. არ გინდა შევხვდეთ ერთმანეთს? ბევრი დაგვიგროვდა სალაპარაკო. იმ ამბის შემდეგ სულ ერთხელ გნახე, ისიც შემთხვევით. რას იტყვი, შევხვდეთ თუ არ გინდა? გიგის ხომ არ გერიდება?

_ რა შუაშია გიგი? მე მასთან საერთო არა მაქვს, _ იცრუა სალიმ და საჩვენებელი თითი სიმწრით კბილებშუა მოიქცია.

_ მაშინ უფრო გავთამამდები და გეტყვი, რომ ძალიან მინდა შენი ნახვა. მსიამოვნებს, როცა შენს თვალებს ვუყურებ, ბევრისმეტყველს, უძიროს და უკიდეგანოს. ხომ ხედავ, რა ეპითეტების კორიანტელი დავაყენე?

_ ვხედავ და მინდა გითხრა, რომ კარგადაც გამოგდის. კარგი, მოვიფიქრებ, ოღონდ ჯერ არა, ერთი კვირა არ მცალია, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს.

_ ეგრე იყოს. როცა გათავისუფლდები, დამირეკე და შევთანხმდეთ. მეტს აღარ შეგაწყენ, იქნებ საქმე გაქვს. აბა, ძილი ნებისა, მგონი ამაღამ შენზე ვიფიქრებ.

_ მეც, _ წამოცდა ქალს და გაწითლდა.

_ ჩვენ ამაღამ ერთმანეთზე ვიფიქრებთ, _ გულიანად გაიცინა დუდუმ, _ ეს კარგია, კარგი გაგრძელებაა ცუდი დასაწყისისა. დამირეკე. იცოდე, გელოდები, _ თქვა მამაკაცმა და მობილური გათიშა.

სიამოვნებისაგან ღონემიხდილი სალი იქვე, ქვის იატაკზე ჩაიკეცა და თავი აბაზანის კიდეს მიადო. «რას ნიშნავს ეს? მეფლირტავება, არა? ხომ მეფლირტავება? ნუთუ მართლა მოვწონვარ? აბა სხვა რა უნდა უნდოდეს? ჩემთვის სულერთია. მე მის საყვარლობაზეც თანახმა ვარ. გათხოვებას მოუკვდა პატრონი. ახლა მთავარია, გიგი ჩამოვიშორო. როგორმე უნდა ვაიძულო და უარი ვათქმევინო ჩემზე. მაგრამ მერე? თუ დუდუსთან ურთიერთობა ავაწყვე, ხომ ჩამიშვებს? დუდუ მაპატიებს, რაც მოხდა? რატომ არ მაპატიებს? მე რა ვიცოდი, მას თუ მოვწონდი? რაც იქნება, იქნება, ჯერ მივიდეს იქამდე საქმე და მერე ვნახოთ».

7 7 7

მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა. ნინიკო არსად ჩანდა. არც აინტერესებდა, სად იყო. ბოლოს და ბოლოს, ხომ გამოჩნდებოდა? გამოჩნდა კიდეც. ორიოდე წუთი არ გასულა და იგი ბოსის კაბინეტიდან გამოვიდა. სალიმ ზურგს უკან მისი განმგმირავი მზერა იგრძნო, ზურგი აეწვა, მაგრამ არ მიტრიალებულა.

ქუსლების ბაკუნის ხმა გაისმა, ეს ხმა სალის უახლოვდებოდა. სალი დაიძაბა და ბრძოლისთვის მოემზადა.

_ მაგარი შტუკები ჩაატარე გუშინ, _ კბილებში გამოსცრა ნინიკომ.

სალიმ მშვიდად ახედა, ნინიკოს სახე აჭარხლებოდა.

_ როგორც ვხედავ, შენ ეს ძალიან განერვიულებს. რაშია საქმე? გეგმები ხომ არ ჩაგიშალე?

_ ახლაც ხომ არა გაქვს დიქტოფონი ჩართული? ჩემთან საუბარსაც ხომ არ იწერ შემთხვევით?

_ არა, არ მჭირდება. შენნაირ პაიკებს მე მნიშვნელოვან ფიგურებად არ ვთვლი.

_ გგონია, შეგრჩება ის, რაც გუშინ გააკეთე?

_ მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, თანაც ასი პროცენტით, _ სარკასტულად გაუღიმა სალიმ მის წინ მდგარ ქალს.

_ შენ აქ დიდხანს ვერ იბოგინებ, ამის პირობას გაძლევ, _ დაემუქრა ნინიკო.

_ არც ვაპირებ, მხოლოდ რამდენიმე დღე და ჩემი ნებით წავალ აქედან. იქამდე კი ხმასაც ვერ გამცემს ვერავინ უბატონოდ, _ მუქარას მუქარა დაახვედრა სალიმ.

_ მაგასაც ვნახავთ, _ კვლავ კბილებში გამოსცრა ნინომ და გატრიალდა.

_ ვნახავთ, _ მრავალმნიშვნელოვნად თქვა სალიმ და თავი გადაქნია.

_ ვახ! ეს ვინ მოსულა, გიგი, როგორა ხარ, სიხარულო? _ მოესმა ამ დროს სალის ნინიკოს მხიარული შეძახილი.

კინაღამ შეხტა სკამზე. იცოდა, იმ დღეს გიგი აუცილებლად რომ მოვიდოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის მამაკაცის ვიზიტი.

_ თავად როგორ გიკითხოთ, ლამაზების პრეზიდენტო? რა ხდება თქვენთან ახალი, ხომ მშვიდობაა? _ სალის ნემსებივით ესობოდა გიგის ნათქვამი თითოეული სიტყვა, ცახცახმა აიტანა.

გუშინ მძიმე რაუნდი მოიგო, ახლა კი შეიძლება მისმა გამოჩენამ სერიოზული დამარცხება აწვნევინოს და პირველ რიგში, ნინიკოს მოფხანოს გული მოსალოდნელმა სკანდალმა. გადაწყვიტა, თამაში წამოეწყო, გიგი როგორმე გარეთ გაეყვანა და «ბრძოლის ველი» იქ გადაეტანა. გადაწყვეტილება უცებ მიიღო, ამაყად წამოიმართა ადგილიდან და ტანის ნარნარი რხევით დაიძრა მამაკაცისკენ, მაცდუნებელი ღიმილი აიფარა სახეზე.

_ ასე ადრე არ გელოდი, მეგონა, საღამოს გამომივლიდი, _ კეკლუცად შეანათა თვალები გიგის.

მამაკაცს გაოცება გამოეხატა სახეზე. წუხანდელი საუბრის შემდეგ ასეთ შეხვედრას არ მოელოდა.

_ პრივეტ, _ ჩურჩულით თქვა სალიმ და ნაზად აკოცა გიგის ლოყაზე.

დაბნეულმა დირექტორმა მექანიკურად უპასუხა კოცნაზე კოცნით და გამჭოლი მზერა ესროლა ქალს. ნინიკოს ამ სცენის დანახვაზე სახე მოექცა, ქვედა ტუჩი აუკანკალდა სიმწრისგან.

_ ოც წუთში გაკვეთილი მეწყება. იქამდე ხომ არ გავიდეთ გარეთ? _ იმავე ტონით გააგრძელა სალიმ ლაპარაკი.

_ გავიდეთ, _ უარესად დაიბნა გიგი და გაოცებული მზერა ახლა ნინიკოზე გადაიტანა.

_ წამო, _ სალიმ ხელი გაუყარა მამაკაცს და კარისკენ უბიძგა.

_ გიგი, მობრუნდები? _ მიაძახა ნინიკომ, შექმნილი სიტუაციით გაწბილება რომ შეენიღბა.

_ აუცილებლად გნახავ, _ თავი მოაბრუნა გიგიმ და თვალი ჩაუკრა.

გარეთ სასიამოვნოდ აცხუნებდა მზე. ცხელი ნიავი თმაზე ელამუნებოდა სალის.

_ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? _ სიჩუმე პირველმა გიგიმ დაარღვია, _ ასე უცებ რამ შეგცვალა?

_ აბა რა გეგონა, იმათი თანდასწრებით სცენებს გაგიმართავდი ან შენ მოგცემდი ამის უფლებას?

_ გველურად ნუ იქცევი, სალი, თორემ ინანებ.

_ რას ვინანებ, რა გინდა ჩემგან? შეიძლება ძალად ურთიერთობა? რა ფასი ექნება ჩვენს ერთად ყოფნას, როცა არ მიყვარხარ? რატომ არ გინდა გაიგო?

_ შეგიყვარდები, ამაში ეჭვიც არ მეპარება. იმ ღამეს ყველაფერი ისე კარგად გამოვიდა, რომ… შენ არ იყავი, სიამოვნებისგან რომ კრუსუნებდი? აუცილებლად შეგიყვარდები, თუ მოინდომებ.

_ გეყოფა, გიგი, პატარა ბავშვივით იქცევი. შენი ხომ გაისწორე, ხომ მიაღწიე იმას, რაც გინდოდა, ახლა თავი დამანებე, შემეშვი. მე წესიერი ქალი ვარ და საყვარლის გაჩენას არ ვაპირებ. მე ქმარი მინდა მყავდეს, შვილი გავაჩინო, ოჯახი შევქმნა…

_ მერე რა, ეგეც იქნება, ოღონდ ცოტა მაცალე.

_ მოიცა, მოიცა, ზღაპრებს ნუ მიყვები, თუ კაცი ხარ! რომელი ოჯახის დამნგრევი შენ ხარ? მშვენივრად გაქვს აწყობილი ყველაფერი, მოსიყვარულე ცოლი გყავს, შვილები… ხომ ვიცი, რომ ქეთი ქვეყანას გირჩევნია და მის წინ მე არასდროს დამაყენებ. არც მინდა, რომ იცოდე. არანაირი სურვილი არა მაქვს. მე ჩემს გზას როგორმე ვნახავ, შენ შენსას მიხედე. ბოლოს და ბოლოს, თუ საყვარელი გინდა გყავდეს, ხომ ხედავ, ის ქალი რა დღეშია შენს დანახვაზე, ვენებს იჭრის. ჰოდა, იყოლიე, გადასარევად ააწყობთ ურთიერთობას.

_ ვინ ქალზე მელაპარაკები, ნინიკოზე? გესმის, რას ამბობ? სალი, ნუ მაბრაზებ და მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ. ცხოვრებაში სხვა ქალზე არ მიფიქრია. ცხოვრებაში ქეთის გარდა არავისთვის შემიხედავს სხვანაირად. შენ კი… შენ არ ვიცი, რითი დამაბი ასე, მაგრამ ის ვიცი, რომ მსგავსი არაფერი განმიცდია, ქეთისთანაც კი.

_ ქეთისთანაც კი… _ გამოაჯავრა სალიმ, _ ძალიან კარგადაც განგიცდია, მაგრამ უკვე დაგავიწყდა, რადგან მე შენთვის ახალი ხილი ვარ და ახლებურად მოგეძალა ვნებები, მაგრამ ამას გულის კარნახით არ აკეთებ, ეს მხოლოდ გატაცებაა და სხვა არაფერი. გავა დრო და ამაში თავად დარწმუნდები. მერე კი მიმატოვებ და ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდები. ეგ ყველაფერი კარგად ნაცნობია ჩემთვის.

_ შენ რა იცი, მე რას განვიცდი და რა იქნება ხვალ და ზეგ? რატომ გგონია, რომ ვნებათაღელვა მამოძრავებს მხოლოდ? ადამიანთა გრძნობების მთავარი სამიზნე გულია. ჰოდა, მეც გულმა მიკარნახა შენი სიყვარული, ვნება აქ არაფერ შუაშია. დარჩი ჩემთან და ნახავ, სანამდე გაგრძელდება ჩემი სიყვარული.

_ ვერა, ვერ დავრჩები, გამორიცხული ამბავია. ძალით შეყვარება არ შეიძლება, გიგი, ხომ გითხარი, სხვა მიყვარს-მეთქი. რად გინდა, შენს გვერდით ვიწვე და სხვა მამაკაცზე ვფიქრობდე? შენ ეს გაგიხარდება?

_ ესე იგი, დუდუ გიყვარს, არა? ესე იგი, არ მოგიტყუებივარ მაშინ? აკი…

_ არ მომიტყუებიხარ, მიყვარს და მის გარდა სხვას ვერ შევიყვარებ. რა ვქნა, გულს ხომ ვერ ვუბრძანებ, რა გიყო, მითხარი.

_ მერე? იმან იცის?

_ არა, არ იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს ალბათ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. შეიძლება მთელი ცხოვრება გიყვარდეს ვიღაც, შენთვის იდეალს წარმოადგენდეს, მაგრამ ვერასდროს შეწვდე. ილუზიური სიყვარულიც ხომ არსებობს?

_ ილუზიური… ადრე ამას პლატონურს ეძახდნენ.

_ პლატონური სხვაა, ერთმანეთში ნუ აურევ. პლატონური სექსს ფიქრებშიც კი გამორიცხავს, ილუზიური კი _ არა. ამ დროს ყველაფერი მოსულა, იმაზე მეტიც კი, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს.

_ კარგი, დავუშვათ, გაიგო დუდუმ შენი სიყვარულის ამბავი და იმასაც გაუჩნდა შენ მიმართ გრძნობა. მერე სად მიდიხარ? როგორ გგონია, ჩვენს ამბავს რომ გაიგებს, მოუნდება შენთან ურთიერთობა? ხომ არ გავიწყდება, რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ? ძმაკაცის ქალთან დუდუ რომანს არ გააბამს, ეს იცოდე!

_ გიგი, მე შენთან ჩემი ნებით არ დავწოლილვარ, ხომ ასეა? ჩვენ სექსი სიყვარულით არ გვქონია, შენ შენი სიძლიერით ისარგებლე. ამას ვერ უარყოფ. ამიტომ მე შემიძლია თავის მართლება, თუმცა სულაც არა მაქვს იმის იმედი, რომ მე და დუდუ ოდესმე ერთად ვიქნებით. ეს ილუზიაა და მეტი არაფერი.

_ იცოდე, თუ მსგავსი რამის მცდელობა მაინც იქნება, მე ჩავშლი თქვენს ერთიერთობას, _ თითქმის იყვირა გიგიმ.

_ შენ ამას ვერ იზამ და თუ დააპირებ, იცოდე, ოჯახს დაგინგრევ. მივალ ქეთისთან და ყველაფერს ვეტყვი. გასაგებია?

_ მემუქრები?

_ არ გემუქრები, გაფრთხილებ. მე ძალიან საშიში ქალი ვარ, _ თითი ცხვირწინ დაუქნია სალიმ მამაკაცს, _ ახლა გატრიალდი და წადი ისე, რომ უკან არ მოიხედო. ნინიკოს ნახვა თუ გინდა, დაურეკე და მერე შეხვდი, იქ მიბრუნება არც იფიქრო. მე წავედი, _ მედიდურად თქვა სალიმ, დემონსტრაციულად შებრუნდა და ოფისისკენ გაემართა…

 

 

ბოლო ხანებში დუდუს ხასიათი შეეცვალა. ამის მიზეზი გიგისთან მისი ურთიერთობის გაფუჭება იყო. ვერ ხვდებოდა, რას ერჩოდა ძმაკაცი, რატომ გაირბინა მათ შორის შავმა კატამ. რამდენჯერმე სცადა დალაპარაკებოდა, მაგრამ გიგი გაურბოდა მასთან საუბარს. ერთ მშვენიერ დღეს კი გამოუცხადა, ჩემს წილს ავიღებ და ცალკე გავალ, დამოუკიდებლად მინდა ბიზნესი ვაწარმოო.

_ ანუ ერთმანეთის კონკურენტები უნდა გავხდეთ? რას ნიშნავს გიგი, ეს ყველაფერი, რა ხდება ჩვენ შორის? _ დაინტერესდა დუდუ.

_ არაფერი ისეთი, უბრალოდ, მომბეზრდა სხვის კმაყოფაზე ცხოვრება, მინდა საკუთარ თავს თვითონ მივხედო, _ გიგი მეგობარს თვალს ვერ უსწორებდა.

_ არა, ასე არ გამოვა. ვხვდები, რომ რაღაცაზე დაბოღმილი ხარ. იქნებ რამეს ისე ვერ ვაკეთებ. იქნებ სადმე შეცდომას ვუშვებ და ვერ ვხვდები. რა საჭიროა ასეთი მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი? სხვის კმაყოფაზე ცხოვრებაში რას გულისხმობ? რატომ ხარ სხვის კმაყოფაზე, მე რამით გზღუდავ? რამეს გიმალავ? შემოსავალი არ გყოფნის? იქნებ გგონია, რომ მე ჯიბეში ზედმეტ მოგებას ვიდებ?

_ არა, ძმაო, რა ეჭვები გაწუხებს, ასე ერთი წამითაც არ მიფიქრია. ხომ მაქვს უფლება, ჩემთვის ვიყო, როგორც გამიხარდება ისე მოვიქცე, რა არის ამაში საწყენი?

_ არც არაფერი, პირიქით, იქნებ უკეთესიც იყოს შენთვის. ეგ შენი გადასაწყვეტია. უბრალოდ, არ მომწონხარ ამ ბოლო დროს, ასე მგონია, ჩემზე ნაწყენი ხარ. თუ რაღაც ხინჯი არსებობს ჩვენს ურთიერთობაში, ჯობია გაირკვეს და მერე არ გახდეს სალაპარაკო. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ… რატომღაც ძველებური ურთიერთობა არა გვაქვს, მიზეზს კი ვერ ჩავწვდი. ამის თქმა მინდოდა მხოლოდ. იქნებ რამის ახსნა არის საჭირო?

_ არა, არაფერი. ერთადერთი ის არის, რომ მე შევიცვალე. თუ არის საშუალება, ჩემი წილი მივიღო, მომეცი და საქმიდან გავდივარ. თანახმა ხარ?

_ კარგი, შენი ნებაა. რა უფლება მაქვს, რამე დაგიშალო. დღესვე ვეტყვი იაკოს, წლიური ანგარიში მოიტანოს, დავაჯამოთ რაც გვიკეთებია და… მერე შენ იცი, _ მხრები აიჩეჩა დუდუმ.

გიგიმ ცივი მზერა ესროლა ბავშვობის მეგობარს, ორივე ხელი ასწია დამშვიდობების ნიშნად და კაბინეტიდან გავიდა. დუდუ ფიქრებს მიეცა. სადღაც, გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ეს პრობლემა სალის უკავშირდებოდა, მაგრამ თუ სალის დაეჯერებოდა, მათ შორის არაფერი ხდებოდა. თუნდაც ასე ყოფილიყო, რა შუაში იყო დუდუ? მას ხომ სალისთან არც რომანი ჰქონდა და არც სიახლოვე? მხოლოდ ერთხელ ნახა და ერთხელაც დაურეკა, სულ ეგ იყო. მაშინ რატომ გაჩნდა ბზარი მეგობრებს შორის? ისინი ხომ ღრმა ბავშვობიდან მოდიან ერთად, როგორც იტყვიან, ერთი თეფშიდან ჭამდნენ, ერთად იზრდებოდნენ, სკოლა, ქუჩა, ინსტიტუტი, სამსახური, მშობლები, ცოლები… ყოველთვის კეთილგანწყობა სუფევდა მათ შორის. ახლა რა შეიცვალა? ან კი… შეიძლება ქალის გამო მამაკაცებმა ერთმანეთი დაკარგონ? მით უმეტეს, ისეთი ქალის გამო, რომელთანაც დუდუს თითქმის არაფერი აკავშირებს? მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ გიგი ეჭვიანობს? ხელჩასაჭიდი ხომ არაფერი აქვს? ეს ხომ ბავშვობაა, პატარა ბიჭებიც კი არ იქცევიან დღეს ასე. დაიჯეროს დუდუმ, რომ გიგი ამ დონეზეა შეყვარებული? თან ამისთანა ცოლის პატრონი? ქეთი ნათიას კი არ ჰგავს, არაჩვეულებრივი ადამიანია. არა, ხვალ, როცა საქმიან ლაპარაკს მოამთავრებენ, აუცილებლად დაელაპარაკება. სანამ უნდა გაგრძელდეს ასე?

მეორე დღეს, საღამოხანს, იამ ყველა საბუთი გამზადებული შეუტანა დუდუს და ანგარიშიც «ჩააბარა». პრეზიდენტმა გიგი დაიბარა და საქმის კურსში ჩააყენა. არსებული ვითარებით, დირექტორს სერიოზული თანხა ერგებოდა, მოგებას ძმაკაცები თანაბრად იყოფდნენ.

_ თუ არის ამ თანხის გატანა შესაძლებელი, მირჩევნია, დღესვე მოვხსნა ანგარიშიდან და წავიდე, მხოლოდ ერთი რამ მინდა იცოდე, შენი კონკურენტი არ გავხდები, მე სულ სხვა ბიზნესის გაკეთებას ვაპირებ, _ დამნაშავესავით თქვა გიგიმ.

_ ეს შენი უფლებაა, ძმაო, რაც გაგიხარდება, ის აკეთე, მე ვერ დაგიშლი, ძალიანაც რომ მოვინდომო. ამ საქმის წამოწყების იდეა ორივეს გვეკუთვნის, ამიტომაც შეგიძლია გააგრძელო, თუ სურვილი გექნება. მე ნაწყენი არ დავრჩები, რა სისულელეა. თანხას ალბათ ხვალვე ჩაგაბარებ, თუ ბანკმა არ გამიჯანჯლა. ერთად წავიდეთ და შენ თვითონ დაესწარი ყველა პროცედურას. რასაც ხელზე ვერ აიღებ, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და როცა იქნება, მაშინ წაიღო, ხომ იცი.

_ გასაგებია, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, _ გიგიმ წასვლა დააპირა.

_ მოიცა, ერთი წუთით, სალაპარაკო მაქვს.

_ კიდევ არის რამე?

_ ჰო, არის და უფრო მნივშნელოვანი, ვიდრე ფულია. რა არის შენი გვერდზე გადგომის მიზეზი, პირველ რიგში ეს მაინტერესებს. სალის გამო ხომ არა? პირდაპირ მითხარი, არ დამიმალო.

გიგის ჩრდილმა გადაუარა სახეზე.

_ სალი რა შუაშია? ვინ გითხრა, რომ ეს ყველაფერი მის გამო ხდება?

_ არც არავინ, უბრალოდ, მე ვიფიქრე ასე. შენ მასთან თუ რამე გაკავშირებს, შემიძლია დაგამშვიდო. ეგ ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რაც აქედან წავიდა, მას შემდეგ არც მინახავს და არც მილაპარაკია, _ ისე გულწრფელად წარმოთქვა დუდუმ, რომ თავისი ნათქვამი ტყუილი ლამის იყო, თვითონაც დაიჯერა.

_ აბსურდია, რასაც ამბობ. არც მე მაკავშირებს მასთან არაფერი. დიდი ხანია, დავივიწყე ის ამბავი. ვიღაც მდივნის გამო შენი დაკარგვა არც მიფიქრია. გარდა ამისა, მე ცოლი მყავს და თავს მშვენივრად ვგრძნობ ჩემს ოჯახში. ხოლო რაც შეეხება გამრთობ ქალებს, როგორმე არ დავიკლებ, თუ მომინდება. მაგის მეტი რა არის, სურვილი იყოს, თორემ აქეთ შემომეხვეწებიან. არანაირი მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ, მინდა ჩემთვის ვიყო, მორჩა და გათავდა.

_ აგაშენა ღმერთმა, მეც ეგ მინდა, სხვა არაფერი. როგორც გინდოდეს, გიგი, შენი ნებაა, მაგრამ თუ ოდესმე უკან დაბრუნება მოგინდეს, იცოდე, რომ მე ყოველთვის მიგიღებ, გეფიცები, _ გულზე ხელები დაიდო დუდუმ და თბილად შეხედა მეგობარს.

_ გაიხარე, დიდი მადლობა. ამის იმედი ყოველთვის მექნება, მაგრამ არა მგონია, ეგ ნაბიჯი გადავდგა.

მაინც ცივად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. გიგი გავიდა თუ არა, დუდუს გარშემო თითქოს სამყარო დაცარიელდა, იგრძნო, რომ რაღაც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი მოაკლდა, თითქოს ცხოვრების საუკეთესო ნაწილი წაართვეს, ამოუგლიჯეს გულიდან… საზურგეზე გადაწვა, ღრმად ამოიოხრა და თვალები ჭერს მიაპყრო შეფიქრიანებულმა.

7 7 7

სალი ძველებურად აგრძელებდა მუშაობას. თანამშრომლებთან თითქმის არ ჰქონდა კონტაქტი, გამარჯობა-ნახვამდის _ ამით ამოიწურებოდა მისი ურთიერთობა ავთანდილთანაც და ქალებთანაც. სამაგიეროდ, გაათმაგებული მონდომებით მუშაობდა მოსწავლეებთან. ნინიკოს ზედაც არ უყურებდა, არც ესალმებოდა და არც ემშვიდობებოდა. ჩუმად იჯდა, თავისთვის, «ეკოლოგიურად დაბინძურებულ კუთხეში», მაშინაც კი, როცა გაკვეთილი არ ჰქონდა ჩასატარებელი და პროგრამებს არჩევდა კომპიუტერზე. რამდენიმე რუსული გამოცემა შეიძინა, რომ უფრო გაეფართოებინა ცოდნა და ნინიკოს დაკვალიანება არ დასჭირვებოდა. ერთი პერიოდი ისიც კი გაიფიქრა, დუდუს დავურეკავ და იქნებ ნისიად ერთი კომპიუტერი ვიყიდო მისგანო, მაგრამ ბოლო წუთებში თავი შეიკავა _ შეიძლება ფული არც გამომართვასო და ამაზე ფიქრს დროებით შეეშვა.

დუდუსგან არაფერი ისმოდა, არც ურეკავდა და არც მესიჯებს უგზავნიდა. სალი ხვდებოდა, რომ მამაკაცი ამჯერად მისგან ელოდა ინიციატივას. მას კი ვერ გადაეწყვიტა, დაერეკა თუ არა მისთვის. მთავარი დაბრკოლება, რა თქმა უნდა, გიგი იყო. თუმცა იმ ბოლო შეხვედრის შემდეგ გიგი სალის არ შეხმიანებია. ახლოსაც არ ეკარებოდა, თითქოს სამუდამოდ ამოირეცხაო გულიდან. სალის ეს უხაროდა, მაგრამ მაინც ეშინოდა _ არ იცოდა, როგორ მოუტრიალდებოდა გიგის დუმილი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული და როდის რას მოიმოქმედებდა. ავთანდილი? იგი სათოფეზე არ ეკარებოდა სალის, თითქოს არც არსებობდა, თითქოს არც მუშაობდა მის ოფისში. დილით რომ შემოვიდოდა, საერთო გამარჯობას იტყოდა, ცალი თვალით გადახედავდა თანამშრომლებს და თავის კაბინეტში შეიკეტებოდა. ისე, ბოლო ხანებში იშვიათად რჩებოდა ოფისში, თუ მოვიდოდა, მალევე ტოვებდა იქაურობას და შეიძლებოდა დღე ისე გასულიყო, არც მობრუნებულიყო უკან. სალის გულში ეცინებოდა, უფროსს რომ დაინახავდა. სძულდა იქაურობა, ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა აქედან, მაგრამ ჯერჯერობით ეს გამორიცხული იყო. ჯერ ერთი, აუცილებლად სხვა სამსახური უნდა ეშოვა, მეორეც _ ახლა მისი წასვლა სრულ დამარცხებას ნიშნავდა, ამიტომაც აგრძელებდა მუშაობას. მის იქ ყოფნას მხოლოდ ერთი სიკეთე მოჰქონდა _ ამ ხნსი განმავლობაში ცოდნა გაიღრმავა და ისეთ დონეზე დაეუფლა კომპიუტერს, ნებისმიერ ადგილას შეეძლო მუშაობის დაწყება. რამდენიმე «სივიც» გააგზავნა კომპიუტერულ საიტებზე გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე და პასუხსაც ელოდა, თუმცა ჯერჯერობით არ მოსვლია. მიუხედავად ამისა, სალი იმედს არ კარგავდა, თავისი იღბლიანობის იმედი ჰქონდა. მართალია, გამორჩეული ნიჭი არაფრის ჰქონდა, ყველაფერში საშუალო იყო, მაგრამ მისი მთავარი იარაღი ის ქალური ხიბლი გახლდათ, რითაც ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლას შეძლებდა. ამიტომაც, თუ «სივებით» არაფერი გამოუვიდოდა, მერე პირადად გამოცხადდებოდა თითოეული ფირმის უფროსთან და თავისი მოხდენილობით შეეცდებოდა სამსახურის «დათრევას». დარწმუნებული იყო, რომ ამას ნამდვილად შეძლებდა.

7 7 7

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ. იმასაც ამბობდნენ, გიგის მადა გაეზარდა და მეგობარს წილის გაზრდა მოსთხოვაო. თავდაპირველად დუდუ ამაზე ბრაზდებოდა, მაგრამ მერე და მერე ხელი ჩაიქნია, არაფრის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერავის ვერაფერში დააჯერებდა. იმის გამო, რომ თანამშრომლებს კიდევ ახალი ჭორი არ გამოეცხოთ, დირექტორის თანამდებობა საერთოდ გააუქმა და მარტომ გააგრძელა საქმეების მართვა. ახლა უფრო ნაკლებად რჩებოდა თავისუფალი დრო, მეტწილად ოფისში უნდა ყოფილიყო, რომ ყველა დეტალისთვის სათანადო ყურადღება მიექცია. გვიან ღამით ამთავრებდა მუშაობას და შინ დაღლილ-დაქანცული მიდიოდა. იქაც, გამოკეტილ სახლში, არავინ ხვდებოდა. ცოლს საბოლოოდ გაშორდა, მისი სახელის გაგონებაც კი არ უნდოდა. კვირაში ერთხელ თუ ავიდოდა ნათიას მშობლებთან, რომ ბავშვი ენახა, ჩამოიყვანდა, რამდენიმე საათით გაასეირნებდა და ისევ უკან მიჰყავდა. რა თქმა უნდა, ფინანსურად ეხმარებოდა ცოლ-შვილს, ამაში ფული არც არასდროს ენანებოდა.

ერთ დღეს, როცა მორიგი საქმიანიშეხვედრიდან ბრუნდებოდა, სანაპიროზე ყვავილების მაღაზიას მოჰკრა თვალი. უცებ რაღაც გაახსენდა, დაამუხრუჭა მანქანა, ცოტათი უკან დახია და ზედ იმ მაღაზიას მიაყენა. შუშის კარს მიღმა ათასნაირი ლამაზი ბუკეტი იყო გამოფენილი.

_ გისმენთ, რით დაგეხმაროთ? _ სანდომიანი სახის ახალგაზრდა გოგონა შესასვლელთან შეეგება.

_ ერთი შეკითხვა მაქვს, თუ თავს არ შეგაწყენთ, _ მომბილავად გაუღიმა დუდუმ გოგონას.

_ მითხარით, აქ ამისთვის ვართ, _ გოგონამ მაღაზიის სიღრმეში ყვავილებთან მოფუსფუსე ქალისკენ გაიხედა, რითაც დუდუ მიახვედრა, რომ მარტო არ იყო.

_ ჰორტენზიები თუ გაგიგიათ, გოგოებო? _ იკითხა დუდუმ და ჯიბეში ხელჩაყოფილმა გასაღებების აცმა ააჩხრიალა.

_ როგორ არ გაგვიგია, თქვენ რისი გაგება გნებავთ?

_ გაქვთ აქ ასეთი ყვავილი?

_ იცით… ახლა არა გვაქვს, იმიტომ, რომ ჰორტენზია ივნისის ბოლოს იწყებს აყვავებას, თუმცა… ერთი წუთით მოიცათ, ნუცა, ნუციკო! _ გასძახა გოგონამ მეორე ქალს, _ ის ქოთნის ჰორტენზია რომ გვქონდა, გაიყიდა?

ნუცამ პასუხი დააყოვნა, ყვავილებს თავი დაანება და ნელი ნაბიჯებით გამოემართა მოსაუბრეებისკენ.

_ რომელი, თეთრი?

_ ჰო, თეთრი. რაღაც არ მახსოვს, გაყიდულიყო, მაგრამ თვალშიც არ მომხვედრია.

_ მგონი, დაბლა უნდა იყოს, სარდაფში. ვნახო?

_ თუ არ შეწუხდებით, გოგონი, დიდად დამავალებთ, _ შეეხვეწა დუდუ.

ნუციკო გატრიალდა, დუდუმ კი იატაკზე მიმოფენილ ლარნაკებს დაუწყო თვალიერებდა, რომლებშიც ნაირ-ნაირი, ბრჭყვიალა ქაღალდებში გახვეული ულამაზესი თაიგულები იწონებდა თავს.

_ სიმართლე გითხრათ, ბევრი ყვავილი არც ვიცი. ვარდი გამიგია, მიხაკი, ტიტა, იები და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ ჰორტენზიები არ ვიცი რომელია და მომკალი, თუ გინდა. რას არ მოიგონებთ ეს ქალები.

_ მეუღლისთვის გინდათ?

_ არა, ცოლი არ მყავს. ერთი ლამაზი ქალბატონისთვის მინდა. მაინცდამაინც ჰორტენზიები მომართვიო, აუჩემებია, თანაც იისფერს ითხოვს. გაფიცებ ყველაფერს, როგორი ყვავილია, იქნებ ამიწერო მაინც? _ უცებ შინაურულად მიმართა დუდუმ გამყიდველს.

_ როგორ გითხრათ, ფუმფულა ყვავილია, ბუჩქივით იზრდება, სულ დაახლოებით სამი ფერისაა _ იისფერი, ვარდისფერი და თეთრი, შერეული შეფერილობისაც არსებობს. აი, ასეთი ბურთივით ფორმა აქვს, _ გოგონამ ოდნავ გაშლილი თითები ერთმანეთს მიადო და ასე მოხაზა ყვავილის ფორმაც და ზომაც.

_ თქვენთან იყიდება ხოლმე?

გოგონამ ტუჩები მომუწა ყოყმანის ნიშნად.

_ სიმართლე გითხრათ, უცებ ჭკნება და ამიტომ ვერიდებით მის შემოტანას. ისე, თუ შეგვიკვეთავენ, უარს არასდროს ვეუბნებით კლიენტს. მისი ჩამოტანა პრობლემა არ არის, თუ ამის სურვილი ვინმეს ექნება.

_ ანუ ივლისის დასაწყისში რომ მოვიდე თქვენთან და შეკვეთა მოგცეთ, არ გამაწბილებთ? _ ეშმაკურად გაუღიმა დუდუმ.

_ რას ამბობთ, კლიენტის სურვილი ჩვენთვის კანონია, გაუჩენელს გაგიჩენთ, _ არც გოგონა დარჩა ვალში და მანაც კეკლუცად გაიღიმა.

მეორე გამყიდველი მალე გამოჩნდა. ხელში თიხის ქოთანში ჩარგული თეთრი ყვავილი მოჰქონდა.

_ აკი ბურთის ფორმა აქვსო? ეს რაღაც პატარა მეჩვენება, _ გაკვირვება ვერ დამალა დუდუმ.

_ ეს ქოთნისაა, სპეციალურად გამოყვანილი ჯიშია. მინდვრის პირობებში დარგული და ველური ჯიშები სულ სხვანაირია. ეს სასათბურე ვარიანტია, როგორც ჰოლანდიური ტიტები. ხომ ხვდებით, რომელზეც გეუბნებით?

_ კი, როგორ არა. ამასაც არა უშავს, მე მგონი, უფრო მდიდრულიც არის. ყოველი შემთხვევისთვის, შევიძენ, იმას თუ არ მოეწონება, ჩემს ბინას მაინც ხომ დაამშვენებს, _ გაიცინა დუდუმ და ყვავილს ოდნავ შეეხო. ნაზი, ხაოიანი მცენარე იყო, სასიამოვნოდ პრიალებდა.

_ რა ღირს ეს სიამოვნება?

_ თქვენთვის ოცი ლარი, _ ისევ გაეკეკლუცა გამყიდველი.

_ მეტი არა, კაცო? რატომ ასე იაფად? _ გაიშაყირა დუდუმ და ჯიბეზე გაიკრა ხელი, _ ვიყიდი, რა თქმა უნდა.

_ ოცდაათ ლარზე ნაკლებად არ გაგვიყიდია, ბევრი გვქონდა. ამასაც იმიტომ გაძლევთ ასეთ ფასში, რომ ეს ბოლოა, მეტი აღარ გვაქვს, _ ახლა ნუციკომ გამოიდო თავი.

დუდუმ ჩაიცინა, მისთვის ნაცნობი იყო ასეთი ფრაზები, ბევრჯერ გაუგია გამყიდველებისგან. ალბათ მას აქვს მდიდარი კაცის გამოხედვა, ისეთის, ფული რომ არ ენანება არაფერში, რომელსაც შევაჭრება არც უყვარს და არც შეუძლია. ორმოცდაათლარიანი მიაწოდა ნუცას.

_ ვაიმე, ამის ხურდა რომ არ მაქვს? ახლახან ჩავაბარე ფული. ცოტა ხანს დამელოდეთ, გავალ და დავახურდავებ, ახლავე დავბრუნდები, _ ნუცა თითქმის სირბილით გავიდა მაღაზიიდან.

_ საიდან მოგაქვთ ეს ყვავილები? _ ჰკითხა დუდუმ მეორე გამყიდველს.

_ ძირითადად ჰოლანდიიდან, _ თვალიც არ დაუხამხამებია გოგონას, ისე უპასუხა.

_ კაი ახლა, დედას გაფიცებ, არ მომატყუო, _ თვალები მოხუჭა დუდუმ და ისე გახედა გოგონას.

გამყიდველი გაწითლდა, მაგრამ წარბი არ შეუხრია.

_ არ გატყუებთ, მართლა ასეა. აქაც არის მეურნეობები, თბილის ზღვაზე, ისინიც გვამარაგებენ, მაგრამ აი, უცხოს რასაც ხედავთ, ნამდვილად ჩამოგვაქვს.

_ თუმცა რა, ისეთი ფასები ადევს, დაუჯერებელი არც არაფერია, _ დაეთანხმა დუდუ.

ამასობაში ნუციკოც დაბრუნდა და ოცდაათი ლარი ჩაუთვალა კლიენტს.

დუდუ ღიმილით დაემშვიდობა ორივეს და შეიპირა, რომ ივლისის დასაწყისში აუცილებლად მისცემდა მაღაზიას იისფერი ჰორტენზიების შეკვეთას.

7 7 7

სალიმ ბევრი იყოყმანა, ძალიან ბევრი, მაგრამ ბოლოს მაინც არ მოუთმინა გულმა და მესიჯი გაუგზავნა დუდუს.

«როგორ ხარ?»

გვიანი ღამე იყო, დუდუ ტელევიზოს უყურებდა სავარძელში თბილად მოკალათებული. დიდი ხანია, ამ მესიჯს ელოდა, სიმართლე რომ ითქვას, მოუთმენლადაც ელოდა. უკვირდა კიდეც, რატომ აჭიანურებდა უცნობი ქალი წერილის გამოგზავნას და პასუხიც არ დააყოვნა.

«მე კარგად, მაგრამ შენ სად დამეკარგე?»

სალი: «რა ვიცი, ხომ გამაფრთხილე, სანამ მზად არ იქნები, არ შემეხმიანოო?»

დუდუ: «მერე? რა გადაწყვიტე, მზად ხარ?»

სალი: «არა, მაგრამ ვერ გავძელი. იმედია, მაპატიებ».

დუდუ: «ამჯერად გაპატიებ, რადგან არ ვარ შენგან უყურადღებობას მიჩვეული. გარდა ამისა, მინდა გითხრა, რომ შენი საყვარელი ყვავილი შევიძინე».

სალი: «რომელი ყვავილი?»

დუდუ: «ჰორტენზია, რა თქმა უნდა».

სალი: «მატყუებ. ჰორტენზია ახლა არ ყვავის».

დუდუ: «ეს ოთახის ჰორტენზიაა, სპეციალური ჯიში. როგორც ჩანს, გამიმართლა, რომ ასეთიც არსებობს. ხომ ხედავ, მაინც ვიშოვე, მაგრამ თეთრია, იისფერი არ არის».

სალი: «და ამით რისი თქმა გინდა, რომ მე შენთვის რაღაცას წარმოვადგენ?»

დუდუ: «რომ დაგირეკო, მიპასუხებ? არ ჯობია, ერთმანეთს ადამიანურად დაველაპარაკოთ?»

სალი: «არა, არა, გთხოვ. ჯერ არა, ასე მირჩევნია».

დუდუ: «რატომ, რატომ? მე შენ მართლა გიცნობ, როგორც ვატყობ, თორემ ამაზე უარს არ იტყოდი. ასეა?»

სალი: «არ არის ასე, ცდები».

დუდუ: «მაშინ რა გვიშლის ხელს?»

სალი: «მაქვს მიზეზი, ახლა ვერ გეტყვი, ცოტა კიდევ უნდა მაცალო».

დუდუ: «მგონი აჯობებს, ცოტა დააჩქარო, თორემ შესაძლებელია, სხვა შემიყვარდეს. გაიგე? იმას ვიცნობ მაინც, შესახედავად ვიცი როგორიცაა, შენ კი აჩრდილივით მივლი გარშემო. ხანდახან მგონია, ვირტუალური ქალი ხარ, გამოგონილი და სადღაც კოსმოსიდან მიგზავნი სიგნალს».

სალი: «არ გამცვალო სხვაში, მე ამას ვერ გადავიტან».

დუდუ: «მაშინ დამენახვე. იქნებ ძალიან მახინჯი ხარ?» _ და დუდუმ ღიმილის ნიშანიც მიაყოლა მესიჯს.

სალი: «მერწმუნე, როცა მნახავ, აუცილებლად მოგეწონები, იმიტომ, რომ მე ვიცი შენი გემოვნების ქალი როგორიცაა. ის ვიღაცა არ ვიცი, როგორია, მაგრამ გული მიგრძნობს, ჩემზე უკეთესი ვერაფრით იქნება», _ და სალიმაც გაუგზავნა ღიმილის ნიშანი.

დუდუ: «უფრო და უფრო მაგდებ ინტერესში, მაგრამ იცოდე, ბევრს არ მოგითმენ. კიდევ ერთ კვირას გაცლი, თუ არადა, შენი გრძნეული მესიჯები ძალას დაკარგავს. ავდგები და იმ «ვიღაცას» ავუხსნი სიყვარულს. ის უკვე ელოდება ჩემგან ამას და რომ იცოდე, მგონი მეც მზად ვარ ამის გასაკეთებლად».

სალი: «ის როგორია?»

დუდუ: «ძალიან ლამაზია, უაზროდ ლურჯი თვალები აქვს. შენ გაქვს ასეთი თვალები?»

სალი: «მაქვს… უკეთესი».

დუდუ: «სანამ არ ვნახავ, ვერ დავიჯერებ. მაშ ასე, ზუსტად ერთ კვირაში დამიმესიჯე და მითხარი, სად გნახო. ახლა გემშვიდობები. გაუფრთხილდი შენს «უკეთეს» თვალებს, სხვას არ შეანათო მანამ, სანამ მე არ ვნახავ».

სალი: «ის მხოლოდ შენთვის ანათებს და მხოლოდ შენთვის არის ასეთი უაზროდ ლურჯი. ძილი ნებისა, სანატრელო», _ სალიმ მესიჯი გააგზავნა და უცებ შეჰკივლა _ მიხვდა, რომ ბოლო მესიჯით საკუთარი თავი გაყიდა…

 

 

სალი აცახცახებული ელოდა დუდუს პასუხს. ამაოდ. შვებით ამოისუნთქა. «როგორც ჩანს, ვერ მიხვდა, ალბათ არც ჩაუფიქრდა, რა მივწერე», _ სალიმ ღამის სიბნელეს კმაყოფილმა გაუღიმა და მობილური გამორთო, რათა სიმ-ბარათი გამოეცვალა. ცოტა ხანში დაურეკავს ყოფილ უფროსს და მოიკითხავს, თან სათხოვარიც აქვს, უმიზეზოდ ხომ არ შეაწუხებს «ხელმწიფის ტოლ» კაცს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიან იყო, მაინც დარეკა, თან ხმა, როგორც შეეძლო, გაინაზა.

_ გამარჯობა, დუდუ.

_ ო-ო-ო! სალის გაუმარჯოს, სალის! როგორ გვყავს ჩვენი ლურჯთვალება ლამაზი მდივანი? უკაცრავად, ახლა უკვე მასწავლებელი? _ სიცილი გაისმა მობილურიდან.

_ არა მიშავს, თავად როგორ გიკითხო? _ სალის ღიმილი გადაეფინა სახეზე კომპლიმენტის მოსმენისას.

_ ვუძლებთ, ჩემო კარგო, ვუძლებთ. რას მივაწეროთ შენი ზარი, როგორ წაგიცდა ხელი?

_ რა ვიცი, ვიფიქრე, მოვიკითხავ-მეთქი, თან… ერთი პატარა სათხოვარი მაქვს, _ შეყოყმანდა ქალი.

_ ათი იყოს, ხომ იცი, შენი გულისთვის ცეცხლში გადავვარდები, _ აშკარად კარგ ხასიათზე იყო «დუგის» პრეზიდენტი, _ აბა, მითხარი რამ შეგაწუხა?

_ რა მინდა და… კომპიუტერის ყიდვა გადავწყვიტე. ძალიან გთხოვ, სხვანაირად არ გამიგო, მაგრამ რაღა სხვასთან შევიძინო, როცა თქვენი ფირმა აქვეა?

_ არა გრცხვენია? ჩათვალე, რომ ხვალ კომპიუტერი უკვე გექნება, რაზეა ლაპარაკი.

_ ოღონდ ერთი პირობით.

_ აბა, ახლა ზედმეტები არ გამაგონო! პირობებს აქ მე ვადგენ, იცოდე! _ მამაკაცმა სალის სიტყვა შეატყვეტინა.

_ არა, არა, შენ ვერ გამიგე. იცი? მე იმდენი საშუალება არა მაქვს, ამხელა ფული ერთბაშად გადავიხადო, ამიტომ ნელ-ნელა…

_ გოგო, რას მეუბნები, უფიქრდები? შენ კომპიუტერი გინდოდეს და მე ფული გადაგახდევინო? რატომ მაყენებ შეურაცხყოფას?

_ სხვანაირად არ მინდა, არავითარ შემთხვევაში! _ კატეგორიულ უარზე დადგა ქალი.

_ ნუ მაბრაზებ, თორემ იცი, რას ვიზამ? _ უცებ იდუმალი ხმა გაუხდა დუდუს.

_ რას? _ სალიმ ვნების მოზღვავება იგრძნო.

_ რას და… ყურზე გიკბენ, იცოდე… თანახმა ხარ? _ ბოლო სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვა დუდუმ.

_ მიკბინე, _ ჩურჩულით აღმოხდა მიბნედილ ქალს.

წამიერი დუმილი ჩამოვარდა. როგორც ჩანს, დუდუსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სალის სიტყვები.

_ სადა ხარ? _ სიჩუმე დუდუმ დაარღვია.

_ სახლში, შენ?

_ მეც და ტელევიზორს ვუყურებ. ახლა ამწუთას რას ვინატრებდი, თუ იცი?

_ არ ვიცი.

_ აქ რომ იყო, ჩემ გვერდით. და იცი, რას ვიზამდი?

_ ყურზე მიკბენდი, _ კეკლუცად გადაიკისკისა სალიმ.

_ მართალი ხარ, ჯერ ყურზე გიკბენდი, მერე კი… შიშველ კისერზე გაკოცებდი, თმის ძირას.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. «მოდი მერე, ვინ გიშლის», _ გაიფიქრა ქალმა.

_ რა იყო, ხომ არ გეწყინა? _ ფრთხილად იკითხა დუდუმ.

_ არა, უბრალოდ, წარმოვიდგინე.

_ მერე?

_ შენი სუნთქვაც კი ვიგრძენი. ვიცი, ამ დროს როგორ სუნთქავ, _ ისევ ჩურჩულზე გადავიდა სალი.

_ საიდან იცი, ერთი მითხარი, ეს რაღაც ძალიან საინტერესოა.

_ იქიდან, ყავა რომ გადმომესხა… _ გაახსენა მამაკაცს საბედისწერო შემთხვევა.

_ ჰო-ო-ო… ის მართლაც ტკბილ-მწარე დღე იყო, არ დაგიმალავ. თუმცა ახლა მხოლოდ სასიამოვნოდ მაგონდება, რომ იცოდე.

_ მეც.

_ შენ კარგი გოგო ხარ, სალი, ძალიან კარგი და მაგრად მევასები, თუ დამიჯერებ.

_ მჯერა.

_ არ გინდა შევხვდეთ ერთმანეთს? კომპიუტერის საკითხიც ბარემ შეხვედრის დროს მოვაგვაროთ, ვივაჭროთ, რა. ხომ უნდა იცოდე, რამდენად მოგყიდი, რამდენს გადაგახდევინებ… _ გაიხუმრა მამაკაცმა.

_ რა ვიცი, რატომაც არა.

_ როდის შეძლებ?

_ როცა შენ იტყვი, შენთვის ყოველთვის მცალია.

_ ხვალ რომ იყოს?

_ კი ბატონო, იყოს, ოღონდ სამსახურის შემდეგ.

_ აკი ყოველთვისო? გინდოდა გეთქვა, ყოველთვის სამსახურის მერე, არა?

_ ჰო, დაახლოებით, _ სალის გაეცინა.

_ ვინმეს ხომ არ ვაწყენინებთ ამ შეხვედრით? _ ჩაკრა ყოფილმა შეფმა.

_ არა, არავის.

_ კარგი, ასე იყოს, ჩემო თვალებხატულავ, ხვალ ხუთისთვის დაგირეკავ და იქვე, სამსახურთან ახლოს დაგიდარაჯდები სადმე, გამოსასვლელთან. თანახმა ხარ?

_ თანახმა ვარ. კარგი მაშინ, აღარ შეგაწუხებ.

_ როცა გაგიხარდება, მაშინ შემაწუხე. შენნაირი შემწუხებელი ღმერთმა მიმრავლოს. აბა, გკოცნი…

სალიმ მობილური გათიშა და კმაყოფილებისგან გაბრუებული საწოლზე გადაწვა. » როგორ მითხრა? გკოცნიო? რა კარგია», _ სალი ვნებიანად გაიზმორა. ესეც ასე, პაემანიც დანიშნულია. რა ჩაიცვას? «როგორც ჩანს, დუდუ ვერ მიხვდა, მესიჯი მე რომ მეკუთვნოდა, თორემ რაღაცით მაინც მიმანიშნებდა. რა ჩავიცვა? ლურჯი კაბა თუ შარვალი და მაისური? არა, კაბა ჯობია. თუ რაღაცა და… უფრო მოხერხებულად მომეფერება…» ღიმილით გაიფიქრა და კვლავ გაიზმორა, მერე კი მკლავები საკუთარ მხრებს მოხვია, თითქოს ვიღაცას ეხუტებაო…

7 7 7

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში. ერთი სიტყვით, გამოიპრანჭა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო, მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა, უფრო ლამაზი გამოვჩნდებიო, საკუთარ ორეულს მხიარულად გაუღიმა სარკეში, ვალსის რამდენიმე ილეთი გააკეთა და ოთახიდან ლამის ხტუნვა-ხტუნვით გავიდა.

სამსახურში მისულს პირველი, რაც თვალში მოხვდა, ვარდების უზარმაზარი თაიგული და ნინიკოს შეცვლილი იმიჯი იყო. თმა მოკლედ შეეკრიჭა, ლაქით ჰქონდა დაყენებული, ღრმად დეკოლტირებული მინიკაბა ეცვა, ტანზე მოტმასნილი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, მის მსუქან ფეხებს ასეთი ჩაცმულობა სულაც არ უხდებოდა, ვულგარულ შესახედაობას აძლევდა. მანანას ანიშნა თვალებით, რა ხდებაო. ისიც, თითქო ვიღაცას ემალებაო, ფეხაკრეფით მიუახლოვდა სალის და ჩუმად გადაულაპარაკა, ნინიკოს დაბადების დღე აქვსო. სალიმ წარბები ირონიულად აზიდა, მისთვის გასაგები იყო, რატომ გამოიყურებოდა ასე გამომწვევად მისი «კონკურენტი». ყურადღება არ მიუქცევია მოქაქანე ქალებისთვის, მშვიდი სახით მიუჯდა კომპიუტერს. ახლა სულაც არ ეპიტნავებოდა აქ ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ხუთ საათამდე ფეხს ვერ მოიცვლიდა ადგილიდან, სანამ სამუშაო საათები არ დამთავრდებოდა. არადა, შაბათი დღე იყო, დღეს მოსწავლეებიც არ ჰყავდა.

შუადღემ მოატანა. ქალებმა სუფრის გაშლა დაიწყეს. სალის ქორფა კიტრის სუნი ეცა. არ მიუხედავს, მაგრამ იგრძნო, რომელიღაცა სალათისთვის კიტრს და პომიდორს რომ ჭრიდა.

_ სალი, გეყოფა მუშაობა, შემოგვიერთდი! _ დაუძახა მედეამ.

სალიმ ნაძალადევად გაუღიმა თანამშრომელს და მიპატიჟებაზე უარი მოკრძალებულად განაცხადა. არც ნინიკოსთვის მიულოცავს ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი, წამდაუწუმ საათს დასცქეროდა, როდის მოახლოვდებოდა ხუთი საათი, რომ დუდუს შეხვედროდა და დროზე დაეტოვებინა აქაურობა. დრო გაიწელა. მალე ავთანდილიც გამოვიდა კაბინეტიდან და ყველანი სუფრას მიუსხდნენ. სალი თითქოს ეკლებზე იჯდა. მოულოდნელად ზურგს უკან ქალის ხმა გაისმა.

_ რა თავპატიჟს იდებ, ადექი, გელოდებით, _ ეს ნინიკო იყო.

სალი შეხტა, ვერ მიხვდა, ასე შეუმჩნევლად როგორ მიუახლოვდა იუბილარი. მაშინვე წამოდგა, მოტრიალდა და უხერხულად გაუღიმა მის წინ ასვეტილ ქალს.

_ გილოცავ, ბედნიერი ყოფილიყავი, _ ძლივს ჩაილუღლუღა.

_ მილოცვა მერე იყოს, როცა ჭიქას ასწევ, წამოდი, წამოდი, _ მაჯაზე ჩაავლო ხელი ნინომ.

_ მაპატიე, მაგრამ აუცილებელი საქმე მაქვს, მოგვიანებით მოვალ, _ სიწითლემ გადაუარა ქალს სახეზე.

_ როგორც გინდა, _ მხრები აიჩეჩა ნინიკომ და ახლა უკვე ქუსლების პაკუნით გაიარა.

სალის ზურგი ეწვოდა. ასე ეგონა, ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული. კვლავ საათს დახედა, როგორც იქნა, ხუთი დაწყებულიყო. «რა ნელა გადის ეს ოხერი დრო, თითქოს ჩემ ჯინაზე», _ გაგულისებულმა გაიფიქრა. ამ დროს ჩოჩქოლი ატყდა.

_ ო-ო-ო! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! კაცურ კაცს გაუმარჯოს, კაცურ კაცს! _ ომახიანად გაიძახოდა ავთანდილი.

სალიმ მექანიკურად მიიხედა შემოსასვლელისკენ. შემოღებულ კართან გიგი იდგა _ საგანგებოდ გამოწყობილიყო, ნაცრისფერი კოსტიუმი ძალიან უხდებოდა. ხელში კი წითელი ჰოლანდიური ტიტები ეჭირა. მან სუფრის წევრებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, თან თვალი სალისკენ გააპარა, გაუკვირდა, ქალი თავისთვის რომ მიყუჟულიყო კუთხეში.

ნინიკო სასურველ სტუმარს სახეგაბადრული შეეგება, გადაკოცნა და ტიტები რევერანსებით ჩამოართვა, შემდეგ კი სალის გამოხედა ნიშნისმოგებით. სალის ეს არ გამოპარვია და შეუმჩნევლად ჩაიღიმა. გიგიმ გეზი პირდაპირ მისკენ აიღო. სალის კიდევ ერთხელ აეწვა ზურგი, კიდევ ერთხელ გადაურა სიწითლემ სახეზე.

_ შენ რატომ არ ქეიფობ, სალი? _ ისეთი თბილი ხმით ჰკითხა, თითქოს მათ შორის უსიამოვნება არასდროს მომხდარიყოს.

_ მე მალე გავდივარ, თან საქმე მქონდა, საქეიფოდ არ მცალია, _ უკმეხად ჩაილაპარაკა სალიმ და ხელები გადაიჯვარედინა, გამომწვევად შეხედა მამაკაცს.

_ მშვენივრად გამოიყურები, შეცვლილი ხარ.

_ შენც, სხვათა შორის, არაჩვეულებრივად გამოიყურები, _ დაუბრუნა «ხურდა» სალიმ და ჩაიცინა.

_ გიგი, წამო რა, შენ გელოდებით, _ გაისმა ნინიკოს ხმა.

_ ახლავე, ახლავე მოვდივარ, _ გასძახა გიგიმ, სალის თავი დაუქნია და სუფრისკენ გაემართა, თუმცა ფეხები უკან რჩებოდა.

სალი მოწყვეტით დაეშვა სკამზე. რატომ იგვიანებს დუდუ, რატომ? ნუთუ სალის ტანჯვას ბოლო არ უნდა მოეღოს? კვლავ საათს დახედა, ხუთი გამხდარიყო. ახლა ადგება და წავა. ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში დაელოდება მის ზარს.

_ ქალბატონო სალომე, რატომ გვაქციე ზურგი, რატომ არ მოხვალ ჩვენთან? _ ავთანდილმა გამოსძახა სალის.

ქალს ტანში გასცრა. ჭირის დღესავით ეზარებოდა ახლა მათთან მისვლა და ხელოვნურად «მოსიყვარულე კოლეგის» როლის თამაში. გიგიც სძულდა, ნინიკოც და… ავთანდილი ხომ სძულდა და სძულდა. კანკალმა აიტანა, მკლავებზე დაბურძგლა სიმწრისგან. ის იყო, პასუხი უნდა გაეცა, რომ მობილურმა დარეკა. დუდუ იყო.

_ ახლავე გამოვალ! _ მექანიკურად ჩასძახა მიკროფონში.

_ აქვე ვარ, კუთხეში, გელოდები, _ დუდუს დაღლილი ხმა ჰქონდა.

სალი ფეხზე წამოიჭრა, უკაცრავად, მელოდებიანო, ყველას მისამართით თქვა, ჩანთას ხელი დაავლო და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. რამდენიმეჯერ მოიხედა უკან იმის შიშით, გიგი არ დადევნებოდა, მაგრამ არა, «მშვიდობიანად» გაიარა ჩაბნელებული დერეფანი და ქუჩაში გავარდა.

ისევ წვიმდა. ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა, თვალებით დუდუს მანქანას დაუწყო ძებნა. აი, ისიც, მოსახვევში ელოდება! სალი, რომ იტყვიან, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მანქანისკენ, ხელის ცახცახით გამოაღო წინა კარი და სალონში ჩახტა.

_ რა იყო, მოგდევდნენ? _ გაეცინა დუდუს.

_ იყო მცდელობა, _ სალიმაც გაიცინა და კარი მჭიდროდ მოიხურა.

_ მაპატიე, რომ დამაგვიანდა, მაგრამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი და ვერაფრით ვერ დავიძვრინე თავი. როგორ ხარ?

_ არა მიშავს.

_ ესე იგი, არ მიბრაზდები?

_ არა, რას ამბობ, რა იყო გასაბრაზებელი. უბრალოდ, ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი იქიდან.

_ რატომ, რამე მოხდა?

_ ისეთი არაფერი, ერთი ვიღაცის დაბადების დღე იყო და… დარჩენის და ქეიფის სურვილი არ მქონდა.

_ იმ თავგასიებულის ხომ არა? _ ავთანდილი იგულისხმა დუდუმ.

_ არა, არა, ერთი გოგოსი.

_ ჰო, მაშინ არ ვიცი, იქაურ თანამშრომლებს არ ვიცნობ.

_ ბედნიერი ხარ, რომ არ იცნობ.

_ რატომ, რატომ?

_ თავი ჯოჯოხეთში მგონია, იქ რომ მივდივარ.

_ ასეთი ცუდი სიტუაციაა, კაცო?!

_ საშინელი!

_ ავთო ხომ არ გაბრაზებს?

_ ვერ ბედავს, ისეთი გამოვუწერე ერთხელ, ახლა არის დამტკბარი, _ ჩაიცინა სალიმ.

_ შენ კი გამოუწერდი, არ გაგიჭირდებოდა. საით წავიდეთ?

_ რა ვიცი, ჩემთვის სულერთია, _ ქალს ლოყები უხურდა.

_ მე მშია, შენ?

_ ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, ლუკმა არ გადამივა ყელში.

_ რატომ, გოგო, რა გიქნეს ამისთანა? გინდა მივიდე და სუყველა ვიფრინო?

_ არა, არა, რა სისულელეა, წავიდეთ, ოღონდ მე გეპატიჟები.

_ ოუჰ! ეს ვინ გასწავლა?

_ რატომ, არ შეიძლება მე დაგპატიჟო?

_ ცხოვრებაში არ მქონია მსგავსი შემთხვევა. შენ ხომ არ გავიწყდება, მე კაცი რომ ვარ?

_ ეგ რა შუაშია?

_ აბა რა არის შუაში, არ დამიმალო. ჩემთან ერთად იყო და ფული შენ გადაგახდევინო? ჰაიტ, მეორედ არ გაიმეორო ასეთი რამე, გაიგე?! _ მსუბუქად დატუქსა დუდუმ ქალი.

_ გავიგე, _ ტუჩები აიბზუა სალიმ და თავი სავარძელს მიადო.

_ მე შენ ახლა ერთ კარგ ადგილას წაგიყვან. ჩინურ რესტორანში ყოფილხარ?

_ ერთხელ ვარ ნამყოფი.

_ ჰოდა, მეორეჯერაც წავიდეთ. მე მომწონს ჩინური სამზარეულო, შენ?

_ მეც, მაგრამ ცოტა ცხარე რაღაცები იციან.

_ ცხარე არ გიყვარს?

_ ისე რა.

_ არა უშავს, ტკბილი სოუსებიც აქვთ. «ბაო-ბაო» გაგისინჯავს?

_ ეგ რა არის?

_ ჩაი, მაგარი რამეა.

_ არა, მანდ ჟასმინის ჩაი დამილევია მხოლოდ.

_ ჰოდა, ახლა გაგასინჯებ. ისე გესიამოვნება, ისეთ ხასიათზე დაგაყენებს, შეიძლება კაციც მოგინდეს, _ დუდუმ ღიმილით გამოხედა სალის.

_ რა უჭირს, მერე, რა პრობლემაა? _ აჰყვა ქალი მამაკაცს ხუმრობაში.

_ გაგიჟდი, გოგო?! სად გიშოვო ახლა ამ წვიმაში კაცი?

ორივეს გულიანად გაეცინა. წვიმის წვეთები წკაპუნით ეცემოდა ფანჯარას, შუშის ორივე საწმენდი თანაბრად მოძრაობდა და ღრჭიალით წმენდდა სველ მინას. ცოტა ხანს ხმის ამოუღებლად იარეს. ქუჩიდან სველი ბორბლების სრიალის ხმა შემოდიოდა.

_ მოვედით, იმედია, ბევრი ხალხი არ იქნება, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დუდუმ და მანქანიდან პირველი გადმოვიდა, წინიდან შემოუარა ავტომობილს და სალის კარი გაუღო, _ გთხოვთ, ლამაზო!

სალი ღიმილით გადმოვიდა. დუდუმ მანქანა ჩაკეტა, სალის ხელი ჩაავლო და წყვილი რესტორნისკენ გაემართა.

7 7 7

ვახშამმა, რომ იტყვიან, თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. სალი ისეთი ბედნიერი იყო, უკანა გზაზე ტუჩებს თავს ვერ უყრიდა, უაზროდ უღიმოდა სივრცეს. დუდუმ ზედ სადარბაზოს კართან მიაყენა მანქანა და ძრავა ჩააქრო, მრავალმნიშვნელოვანი მზერით გახედა ქალს.

_ მე მომეწონა საღამო, შენ?

_ მეც, თან ძალიან მომეწონა, _ ღაწვები უხურდა სალის, _ დიდი მადლობა და ნახვამდის.

_ მოიცა, აგაცილებ, ვინმემ არ შეგაშინოს, _ დუდუ მანქანიდან გადმოვიდა.

სალი თრთოლვამ აიტანა. ირგვლივ უკუნი სიბნელე იდგა, მხოლოდ მაშინ განათდა, ლიფტის კარი რომ გაიღო.

_ კარამდე მიგყვები, _ შეცვლილი ხმით თქვა მამაკაცმა.

_ შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო, რამდენი ხანია, ჩემი მოდუღებული ყავა არ დაგილევია, _ შეჰღიმა სალიმ.

_ სიამოვნებით დავლევდი შენეულ ყავას, მაგრამ… მერე საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ, იცოდე, _ დუდუმ საჩვენებელი თითი სალის ცხვირზე მიადო, _ შენც შემომესმები და…

_ არა უშავს, ავიტან, _ გადაიკისკისა სალიმ.

_ უყურე შენ, სულ არ გეშინია, გოგო?!

_ არა, _ სალი სიცილს აგრძელებდა, ამასობაში ლიფტიც გაჩერდა.

_ მეზობლებმა რომ დაგვინახონ? _ არ ეშვებოდა დუდუ.

_ არც მაგის მეშინია, _ თავი კეკლუცად გააქნია სალიმ და კარს გასაღები მოარგო.

_ ვა, შენი სართული განათებული ყოფილა! მართლა შემოვიდე?

_ აბა?! _ სალის დაბნეულობა შეეტყო სახეზე, ლურჯი თვალები უმწეოდ მიაპყრო მამაკაცს.

_ არა, ეს გამოხედვა ნებისმიერ კაცს აცდუნებს, რაც არის, არის, გავრისკავ, _ ხუმრობით ჩაიქნია დუდუმ ხელი და ქალს უკან მიჰყვა.

სალიმ ის იყო, კარი ჩაკეტა და შუქი უნდა აენთო, რომ მკლავებზე მამაკაცის თითების შეხება იგრძნო.

_ ყავას ვერ დაველოდები, _ ჩურჩულით თქვა მამაკაცმა და ტუჩები ყელზე მიადო.

მისმა სუნთქვამ სალის ყელი გაუთბო, ცხელმა ტუჩებმა კი ნაკოცნი ადგილი აუწვა. პასუხი არ გაუცია, მოტრიალდა და სიამოვნებისაგან ღონეგამოცლილი მამაკაცის მკერდს მიესვენა. დუდუ გახელებული კოცნიდა სალის, ხელებს ვნებიანად აფათურებდა მის სხეულზე. რაღაც საოცარი გრძნობა დაეუფლა ქალს, ოდესღაც თითქოს განცდილი, მაგრამ მაინც ახალი, შეუცნობელი… მოხერხებულად უხვედრებდა მამაკაცის ტუჩებს თავის ლამაზ, მკვრივ მკერდს, ვნებისაგან აცახცახებულ ბაგეებს, ყელს, ლოყებს, თვალებს… კვნესა აღმოხდა… რამდენიმე წამიც და ვნებისაგან გაბრუებულები საწოლში აღმოჩნდნენ…

დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ვნების საათი, დროის შეგრძნება დაკარგა ორივემ. იმწუთას ერთმანეთის გარდა წყვილს არავინ და არაფერი ახსოვდა…

7 7 7

_ გინდა ყავა მოგიდუღო? _ ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა «წუთშესვენება» გამოაცხადეს.

_ ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, _ დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, _ თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

_ რისი, ყავის? _ გაიცინა სალიმ, მკერდი აუთახთახდა.

_ ყავის, არომატული ბრაზილიური ყავის, _ დაეთანხმა მამაკაცი.

ორივეს გაეცინა. მოულოდნელად კარზე ბრახუნი ატყდა. სალი შეკრთა, არც დუდუს დაადგა უკეთესი დღე.

_ ვინ უნდა იყოს? ელოდები ვინმეს? _ დუდუმ საწოლში წამოიწია.

_ არა, არავის, _ ხმა ჩაუწყდა სალის, ცუდმა წინათგრძნობამ დარია ხელი, წამოდგა და კარისკენ გაემართა შიშველი, სათვალთვალოში გაიხედა…

გაიხედა და წინათგრძნობამაც გაამართლა… კართან თავჩაქინდრული გიგი იდგა…

 

 

სალის თავზარი დაეცა. «ღმერთო, ოღონდ ახლა მიშველე, ოღონდ ახლა ნუ გააფუჭებ ყველაფერს», _ გაიფიქრა სასოწარკვეთილმა სალიმ.

ბრახუნი განმეორდა. ისედაც შემცივნებულს ერთიანად შეაკანკალა. მუხლებმოკვეთილი უკან გამობრუნდა და სიბნელეში ჩასაცმელს დაუწყო ძებნა, ძლივს მიაგნო ხალათს და შიშველი მკლავები კანკალით გაუყარა.

_ ვინ არის? _ მშვიდად იკითხა საწოლში წამოწეულმა დუდუმ.

_ გიგია, _ ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა.

_ ვი-ინ? ამ შუაღამეს? _ აღმოხდა დუდუს.

_ ჰო, _ მოწყვეტით უპასუხა სალიმ.

_ აქა რა უნდა, იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნა, რა ხდება? _ დუდუ ჩაცმას შეუდგა.

_ არ ვიცი, თვითონაც გაოგნებული ვარ, _ სალის ტირილამდე არაფერი უკლდა, ქვედა ყბა უკანკალებდა.

_ მოიცა, მე გავაღებ, _ თითქოს უბრძანა მამაკაცმა, მაგრამ სალი მაჯაში ჩააფრინდა.

_ არ გინდა, გეხვეწები, არ გააღო. ხმას რომ არ გავცემ, წავა აბა რას იზამს, მთვრალია, მაგის ნერვები არ მაქვს, გთხოვ, _ ემუდარებოდა ქალი.

დუდუმ ფრთხილად მოიშორა მისი ხელი.

_ არ გინდა ჩემი გამოჩენა? თუ ეს პრობლემებს შეგიქმნის… თუ გიტყდება, მაშინ… იქნებ მე შემთხვევითი სტუმარი ვარ შენს სახლში, იქნებ… თქვენი მყუდროება დავარღვიე?

_ არა, არა, ეგ რა შუაშია. მეშინია, რამე არ დაგვიშავოს, ხომ გთიხარი, მთვრალია-მეთქი, დღეს სამსახურში დაბადების დღე იყო და…

_ დაგვიშავოს? ვინ, გიგიმ? დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, _ თქვა დუდუმ და დინჯი ნაბიჯებით გაემართა კარის გასაღებად.

კარზე ბრახუნი, რომელსაც შიგადაშიგ ზარის ხმა ცვლიდა, არ წყდებოდა.

_ ახლავე, _ ხმამაღლა დაიძახა დუდუმ და სიბნელეში კედელს მოუფათურა ხელი, ჩამრთველს ეძებდა. როგორც იქნა, იპოვა და შუქი აანთო.

სანამ კარს გააღებდა, უკან მოიხედა. სალი გაფითრებული სავარძელში ესვენა, ხელებით ხალათის კიდეები ეჭირა და განწირული მზერით შესცქეროდა დუდუს.

მამაკაცმა გასაღები გადაატრიალა და კარი ნელა გააღო. გიგიმ ამღვრეული თვალები უაზროდ შეანათა მეგობარს. დუდუს დანახვით გაოცებულმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მერე საჩვენებელი თითი გაიშვირა ძმაკაცისკენ და ოთახის სიღრმეში გაიხედა.

_ უკაცრავად, სალი სახლშია? _ ენის ბორძიკით იკითხა, თითქოს გასაკვირი არაფერი მომხდარიყოს.

_ აქ რა გინდა ამ შუაღამისას? _ დუდუ თავს ძლივს იკავებდა, ყელში არ წვდომოდა საქმიან პარტნიორს.

_ ეგ კითხვა შენთვის უნდა დამესვა, დამასწარი, _ სარკასტულად გაიცინა გიგიმ.

_ ჰოდა, რადგან დაგასწარი, გამეცი პასუხი, _ დუდუ სიმშვიდეს მაქსიმალურად ინარჩუნებდა.

_ ჩემი ქალის სანახავად მოვედი და კიდევ… მორიგი რაუნდის ჩასატარებლად, _ გიგიმ ისევ გაიცინა.

_ გაიმეორე, რა თქვი?

_ ეგ იმას ჰკითხე, აქ რაც მინდა, მე უკვე გაგეცი პასუხი და ახლა გამატარე, _ მამაკაცმა დუდუს გვერდი აუარა და შინაურივით შეაბიჯა ჰოლში.

აცახცახებულმა სალიმ გიგის დანახვაზე თავი ასწია.

_ არ იშლი შენსას, არა? ბოლომდე გინდა გამანადგურო, ხომ? _ ტირილნარევი ხმით იყვირა ქალმა.

_ ხომ გახსოვს, რასაც შეგპირდი, ხომ გახსოვს?! დაგავიწყდა, რაც გითხარი? მოუყევი ამას, რაც მოხდა ჩვენ შორის? არა? არა? მაშინ მე ვეტყვი. იცოდეს, კარგ ხასიათზე დადგება, _ გიგიმ ხმას აუწია და მოღერებული მუშტი ცხვირწინ დაუტრიალა სალის.

_ დუდუ, მოდი, ძმაო, აქ! _ ახლა მეგობარს მიუბრუნდა გიგი, _ ეს ქალი შენც გატყუებს, მეც და საერთოდ, მთელ ქვეყნიერებას ატყუებს. აი ამ საწოლში, ახლა სადაც შენ ნებივრობდი, შენამდე მე ვიწექი და ზუსტად ამ თეთრეულში, რომ იცოდე! _ გიგის ყველა სიტყვა ჩაქუჩის დარტყმასავით ხვდებოდა სალის.

დუდუ გახევებული იდგა, ადგილიდან არ იძროდა, თვალს არ აცილებდა გიგის.

_ დაამთავრე? _ ჰკითხა ბოლოს წყნარი ტონით.

_ დავამთავრე, მერე?

_ ჰოდა, დაახვიე ახლა აქედან, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, _ ტონი არ შეუცვლია მამაკაცს.

_ ხვალ არ იქნება. რაც სათქმელი გვაქვს, ახლავე ვთქვათ, ხვალ და ზეგ არ ვიცი მე, _ ხელი უმისამართოდ გაიქნია გიგიმ.

_ წადი სახლში, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ხვალ დაგირეკავ და შეგხვდები. ასე აჯობებს, დამიჯერე, _ დამრიგებლური ტონით დაუყვავა დუდუმ და მხარზე შეეხო.

_ გაწი ხელი, შენი… შენი ჭკუის სწავლება არ მჭირდება! _ უხეშად მოიშორა გიგიმ ძმაკაცის ხელი, _ კარგია ლოგინში, არა? მოგეწონა? ჰა? მოგეწონა-მეთქი? ჰო, მეც შენსავით მომეწონა. თავიდან კი მეჭიდავა, მაგრამ მერე გაუსწორდა, თანაც მაგრად გაუსწორდა. გაიგე?

_ ბოლოს და ბოლოს, წახვალ თუ არა? _ დუდუ უკვე წონასწორობას კარგავდა.

_ კარგი, წავალ, ამჯერად ხელს არ შეგიშლით, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. არ გაპატიებ, იცოდე. კარგად დაიმახსოვრე, ძმაკუშ _ ეს ქალი ან ჩემი იქნება, ან არავისი.

_ მაგ ქალს არ ეკითხები, თუ ჯერ სრულწლოვანი არ არის? _ ირონიულად ჩაიცინა დუდუმ.

_ ნუ ღადაობ, თუ შეიძლება, გაიგე? მე მასთან ყველაფერი გარკვეული მაქვს, თანაც დიდი ხანია. ამის პატრონი მე ვარ, სხვა არავინ. ამის გამო ლამის არის, ოჯახი დავანგრიო, ოხ, ჩემი… _ კბილები გააღრჭიალა გიგიმ და კარისკენ დაიძრა, ზღურბლთან მისულმა თავი მოაბრუნა და სალისკენ გამოიშვირა თითი.

_ მოგკლავ, იცოდე, ორივეს მოგკლავთ! _ თქვა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.

დუდუ მხოლოდ მაშინ გაინძრა, ლიფტის ხმა რომ მიწყნარდა. ღრმად ამოიხვნეშა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სალის გვერდით სავარძელში ჩაეშვა.

_ აბა, რას მეტყვი? _ არ შეუხედავს, ისე ჰკითხა ქალს.

სალის თავი ჩაღუნა, ჩუმად სლუკუნებდა.

_ გესმის, რას გეკითხები?

_ მესმის.

_ მერე? პასუხი არ გაქვს?

_ მაქვს.

_ ჰოდა, გისმენ, _ დუდუმ ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს მოუკიდა.

სალი წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, საფერფლე გამოიტანა, წინ დაუდგა დუდუს და კვლავ დაჯდა. თავი ხელებში ჩარგო და ისევ ასლუკუნდა.

_ ჩემი ბრალი არ არის, დუდუ, არ არის ჩემი ბრალი, _ ხმამაღლა ატირდა ქალი, _ ვერ მოვერიე ამხელა კაცს, არ მეყო ძალა. ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა, გთხოვ, დამიჯერე, არ გატყუებ!

_ მაგრამ მაინც მოხდა, ხომ მართალია?

სალიმ მოულოდნელად შეწყვიტა ტირილი, ცრემლიან თვალებში თითები ამოისვა, სივრცეს გახედა და გაირინდა.

_ მართალია? _ არ მოეშვა მამაკაცი.

_ მართალია, _ ჩუმად წარმოთქვა სალიმ.

_ და გესიამოვნა, არა?

სალიმ ამოიოხრა.

_ რატომ არ მცემ პასუხს, დუმილი თანხმობის ნიშანია?

_ არა, არ მესიამოვნა, _ ჯიქურ შეხედა სალიმ მამაკაცს და მზერა გაუსწორა.

_ არ ხარ გულწრფელი! გიგიმ ტყუილი არ იცის, იმან სხვანაირად თქვა. სიმართლე მაინტერესებს.

_ კარგი, რადგან გაინტერესებს, მიიღებ სიმართლეს. მეზიზღება, გესმის? მისი დანახვაც არ მინდა, მძულს, მეჯავრება! და იცი, რატომ? არც კი უკითხავს, მინდოდა თუ არა მასთან დაწოლა, მოვიდა და ისე დამეპატრონა, თითქოს მისი საკუთრება ვყოფილიყავი. რატომ არ გჯერა, რომ ვერ მოვერიე? როგორ უნდა გამეწია წინააღმდეგობა?

_ ეგ უკვე გავიგე, მერე რა მოხდა, ის მითხარი.

_ მერე… მერე ის მოხდა, რომ… იცი, რამდენი ხანია კაცთან არ ვწოლილვარ? სამი წელია. სურვილიც არ გამჩენია ამისი. რაც შენ გაგიცანი, ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩემს ცხოვრებაში. მთელი ღამე ვიწექი ლოგინში და შენზე ვფიქრობდი, შენს სიყვარულზე ფანტაზიებს ვაგებდი და ამით ვიყავი ბედნიერი. ის მეფერებოდა, მე კი მის მკლავებში შენ მოგიაზრებდი, შენ წარმოგიდგინე მის ადგილას, მაგრამ შენთვის ალბათ ძნელია ამის გაგება, კაცებისთვის ხომ ძალიან ბევრი რამის გაგებაა ძნელი. შენ ამას ვერასდროს მიხვდები.

დუდუ თვალს არ აშორებდა სალის, ნაკვთი არ შერხევია სახეზე. რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოვარდა.

_ და ყველაფერ ამის შემდეგ მე რა შუაში ვიყავი?

_ ხომ გითხარი, შენ ამას ვერ გაიგებ-მეთქი, _ ამოიოხრა ქალმა.

_ გამაგებინე მერე, ამიხსენი, «გამიიასნე», მე რატომ მოვყევი ამ გაუგებრობაში, _ განმგმირავი მზერა ესროლა მამაკაცმა.

_ არ შემეძლო შენთვის უარის თქმა, შენთან ყოფნა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.

_ ჩემთან ყოფნა თუ ჩემთან სექსი?

_ ეს ერთი და იგივეა.

_ ჰო-ო? არ ვიცოდი…

_ მოეშვი ირონიას, მე ჩემი მეყოფა. ბოლოს და ბოლოს, რა ჩავიდინე ამისთანა, ცოლობა ხომ არ მითხოვია?

_ სხვა დანაშაულს ვერ გრძნობ თუ მამასხარავებ, ჰა, სალი? ამის მეტს ვერაფერს მეტყვი?

_ არ ვიცი, როგორ აგიხსნა ან რა უნდა აგიხსნა. შენნაირ მამაკაცს არ უნდა სჭირდებოდეს ამის ახსნა.

_ რას ნიშნავს ჩემნაირ მამაკაცს?

_ იმას, რომ… შენ ქალებთან ახლო ურთიერთობას მიჩვეული ხარ. დავიჯერო, ყოველი მათგანისთვის შენ იყავი პირველი მამაკაცი?

_ არ მესმის, რისი თქმა გინდა.

_ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე შენამდე ვისთან მქონია ლოგინი, ჩვენ ხომ სერიოზული რომანი არა გვაქვს, ამის თქმა მინდა. შენ შენი მიიღე და მორჩა, ადგები და შენი გზით წახვალ, ხელის მოწერას ხომ არ ვაპირებთ!

_ აჰ, ასეა? მე კი მეგონა, შენსა და ჩემ შორის სწორედ სერიოზული რამ მწიფდებოდა, რაღაც განსაკუთრებული, მეგონა, ეს ღამე ერთი ლამაზი სიყვარულის დასაწყისი იქნებოდა და არა წუთიერი გატაცება, არა ერთი ღამის თავგადასავალი.

_ აქამდე მეც ასე მეგონა, _ თავი ჩაღუნა ქალმა.

_ რომ გეგონა, სწორედ ამიტომ გეკითხები, თუ ჩემს მეგობართან აქ, ამ საწოლში სექსი გქონდა, ჩემგან რა გინდოდა, არ იცოდი, რომ ადრე თუ გვიან გავიგებდი? რას ელოდი ჩემგან, მოგიწონებდი საქციელს?

_ მეგონა, გამიგებდი. მაპატიე, რომ შევცდი.

_ ეს არის შენი ბოლო სიტყვა თუ კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი? კიდევ ბევრი საიდუმლო გაქვს?

_ მაქვს, _ მოულოდნელად წამოიძახა ქალმა და თავი ასწია.

_ მართლა? აბა, გისმენ ყურადღებით, მაინტერესებს შენი საიდუმლოებები, რაღაც განსაკუთრებულია, _ დუდუ სალისკენ გადაიხარა, თითები ერთმანეთში გადახლართა და თვალებში ჩააშტერდა.

_ მე… მე ძალიან უცნაური ცხოვრება მქონდა. არასდროს მქონია იმის იმედი, რომ ჩემნაირი წარსულის ქალთან ოდესმე სერიოზულ ურთიერთობაზე იფიქრებდი. ვიცოდი, ეს მხოლოდ ილუზია იქნებოდა, მაგრამ ისე ძალიან მიყვარხარ, მაინც ხავსს ვებღაუჭებოდი, ჩემთვის ისიც საკმარისი იქნებოდა, დროებით მაინც თუ იქნებოდი ჩემთან. ვგრძნობდი, რომ მოგწონდი და ეს საკმარისი იყო ჩემთვის.

_ ამაში საიდუმლოს ვერაფერს ვხედავ.

_ საიდუმლო კი ის არის, რომ მე… ამქვეყნად არავინ მყავს.

_ არავინ? აკი დედა ჰყავსო?

_ ჰო, დედა მყავს, მაგრამ მე აყვანილი ვარ… ბავშვთა სახლიდან.

დუდუს გაოცებისაგან ენა ჩაუვარდა, თვალები გაუფართოვდა.

_ დღემდე არ ვიცი, ვისი შვილი ვარ, ვინ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები. ამან გარკვეული გავლენა იქონია ჩემზე, გარკვეული კი არა, უდიდესი. მთელი ცხოვრება დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს. ასე მეგონა, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, ყველა ჩემკენ იშვერდა თითს, არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამომიყალიბდა. ამიტომაც ვწვალობდი გამუდმებით, ვცდილობდი, კარგად მესწავლა, კარგი განათლება მიმეღო, რომ ამით მაინც ვყოფილიყავი სხვებისგან გამორჩეული. მეგობრებიც კი არ მყავს, იას გარდა ვერავისთან გამოვნახე საერთო ენა. ერთი ნათესავი არ მყავს, რამე რომ ვთხოვო, ვინმე რომ გვერდით დამიდგეს. გათხოვება გავბედე, ვიფიქრე, იქნებ ქმარი მაინც გამომადგეს-მეთქი, მაგრამ აქაც მიმტყუნა ბედმა, ლოთი გამოდგა. დათვრებოდა და წარამარა წამომაძახებდა ჩემს წარსულს, დამცინოდა, უპატრონო ბავშვს მეძახდა, ამიტომაც დავშორდი… აი, ეს არის სულ ჩემი საიდუმლო. არ ვიცი, რატომ მოგიყევი, მაგრამ ალბათ უნდა გცოდნოდა.

სალი გაჩუმდა. ხალათის საყელო თითებით მოქაჩა და ყელზე მჭიდროდ შემოიხვია შემცივნებულმა.

დუდუ ჩაფიქრდა, კარგა ხანს იჯდა თავჩაქინდრული, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო.

_ მითხარი, პირველად რომ დამინახე, რა გაიფიქრე? _ კვლავ ალაპარაკდა მამაკაცი.

სალიმ გაოცებულმა შეხედა მამაკაცს. ასეთ შეკითხვას არ ელოდა.

_ შენ? შენ რა გაიფიქრე? _ დაბნეულმა კითხვა შეუბრუნა დუდუს.

_ მე? ჰმ, რა ვიფიქრე და… ეს ალბათ ის გოგოა, რომელიც გლდანში ცხოვრობს, არა უშავს, ლამაზი თვალები ჰქონია-მეთქი.

_ მე კი ისე მომეწონე, მივხვდი, რომ შემიყვარდებოდი. მივხვდი, რომ სწორედ ის მეორე ნახევარი იყავი, რომელსაც ჩვეულებრივ სიყვარულის სახით ეძებენ ადამიანები ცხოვრებაში.

ისევ დუმილი ჩამოვარდა.

_ ახლა რატომ მეკითხები ამას? _ ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა სალიმ.

დუდუმ მწარედ ჩაიცინა.

_ პირველი შეხვედრის ამბავს მაშინ იხსენებენ, როცა ყველაფერი მთავრდება, _ თქვა მამაკაცმა და წამოდგა.

_ დუდუ! _ სალიმ საკუთარი ხმა ვერ იცნო.

გიგიმ ორაზროვნად შეხედა.

_ არ წახვიდე, გთხოვ, ასეთ სიტუაციაში ნუ მიმატოვებ, გემუდარები.

_ არ გინდა, თავიდან არ დაიწყო ახლა.

_ კარგი, არაფერს არ გთხოვ, ყავას მოგიდუღებ მხოლოდ… უკანასკნელად. პირობას გაძლევ, ხმას არ ამოვიღებ.

_ გმადლობთ, ნუ გაირჯები, სხვას მოვადუღებინებ, _ თვალები მოჭუტა დუდუმ, თავი დაუკრა ქალს და დაუმშვიდობებლად გავიდა ბინიდან.

სალიმ სახეზე აიფარა ხელები და ემოციებისგან დაცლილი საბრალოდ აქვითინდა…

7 7 7

მეორე დღეს სალი უმაკიაჟოდ გამოცხადდა სამსახურში, მთელი ღამის ნამტირალევს თვალები ჰქონდა დასიებული. ნაღვლიანად მიესალმა ქალებს.

_ რა ჩამორეცხილი სახე გაქვს, რა მოგივიდა? _ მედეა მიუახლოვდა.

_ არაფერი, დედაჩემი ცუდად ყოფილა, სოფელში უნდა წავიდე, _ იცრუა.

_ უი, რა მითხარი, რა ჭირს?

_ სიცხეები აქვს. ავთანდილი მოსულია?

_ კი, თავის კაბინეტშია.

_ უნდა შევიდე, ვინმე ხომ არ ჰყავს?

_ არა, არა, მარტოა. შედი, გაგიშვებს, არ არის პრობლემა.

სალიმ კაბინეტის კარზე დააკაკუნა და პასუხს არ დალოდებია, ისე შევიდა უფროსის ოთახში.

ავთანდილ პრესას ეცნობოდა, მის დანახვაზე თვალები ჭყიტა, გაზეთი დაკეცა და ფეხზე წამოიჭრა.

_ რაშია საქმე? _ დაბნეული მიაჩერდა ქალს.

_ სამსახურიდან მივდივარ, _ ცივად წარმოთქვა ქალმა, _ იმედია, განცხადების დაწერა არ მომიწევს.

_ მიდიხარ? რატომ, ვინმემ გაწყენინა?

_ არა, არავინ, სხვაგან გადავდივარ სამუშაოდ.

_ რა ვიცი, როგორც გინდა… არაფრის დაწერა არ არის საჭირო, ხელფასს დაგიანგარიშებთ და…

_ კარგს იზამთ, თუ ამას ახლავე გააკეთებთ.

_ ახლავე არ შემიძლია, ხვალ-ზეგ შემოიარე, იქამდე ბუღალტერს დაველაპარაკები.

_ კარგი, მაშინ ზეგ შემოვივლი, _ სალი გატრიალდა.

_ ისა… ერთი კურსი ბარემ ჩაგემთავრებინა ბოლომდე, ბავშვები ცოდოები არიან, მიგეჩვივნენ, ახლა კიდევ ახალი მასწავლებელი… _ ავთანდილის ხმა დაეწია კართან მისულს.

_ არა უშავს, სხვასაც ადვილად მიეჩვევიან, _ ნაძალადევად გაიღიმა სალიმ და კაბინეტიდან გამოვიდა. იქ კი ნინიკოს შეეჩეხა.

_ ხომ მშვიდობაა? _ რბილად ჰკითხა ქალმა.

_ ჰო, ჯერჯერობით, ისეთი არაფერი.

_ ჩვენი დახმარება ხომ არ გჭირდება? _ მზრუნველობა დაეტყო ნინიკოს ხმაში.

_ არა, დიდი მადლობა, მივდივარ აქედან.

_ მიდიხარ? სად?

_ სახლში, სხვაგან სად.

_ სალი, გულახდილად მითხარი, ჩემ გამო იქცევი ასე? _ ნინიკო მაჯაში ჩააფრინდა თანამშრომელს.

_ არა, არა, შენ არაფერ შუაში ხარ, პირადი პრობლემები მაქვს.

_ წამოდი ჩემთან, სალაპარაკო მაქვს, _ გვერდზე გაიხმო.

სალი მორჩილად მიჰყვა. გაუკვირდა მისგან ასეთი თანაგრძნობა, თუმცა შეეცადა, სახეზე არ შეტყობოდა.

_ ეს ამბავი გიგისთან არის დაკავშირებული?

_ არა, არა, უბრალოდ, დედაჩემია ცუდად და…

_ მერე სამსახურის მიტოვება რა შუაშია? რაღაცას მალავ.

_ არაფერსაც არ ვმალავ. ხომ მაქვს უფლება, არაფერი ვთქვა?

_ შენი ნებაა, უბრალოდ, მინდა რამით დაგეხმარო, თუ შემიძლია.

_ დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ არ არის საჭირო. მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს, კარგად იყავით, _ სალიმ ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარისკენ დაიძრა.

მოულოდნელად შედგა, რაღაც აზრმა გაუელვა თავში, მსწრაფლ მოტრიალდა და ნინიკოს ჩურჩულით უთხრა.

_ ისე, ერთი თხოვნა მექნება, თუ არ შეწუხდები და სხვანაირად არ გამიგებ.

_ მითხარი, რაც გინდა.

_ გიგის სახლის ნომერი მომეცი, სადღაც დავკარგე.

ნინიკო ასეთ თხოვნას არ ელოდა, ფერი ეცვალა სახეზე.

_ ნუ გეშინია, გიგისთან საერთო არაფერი მაქვს, არ გეგონოს, ჩვენ შორის რამე ხდება. ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი, ეს არის და ეს.

_ არა, რისი უნდა მეშინოდეს, რა ჩემი საქმეა თქვენი ურთიერთობა. მოგცემ, არ არის პრობლემა, ოღონდ ზეპირად არ ვიცი, მობილურში მიწერია, _ ნინიკომ მობილური მოიმარჯვა და ნომერს დაუწყო ძებნა, იპოვა და უკარნახა.

_ დიდი მადლობა, ამას არ დაგივიწყებ, _ მხარზე შეეხო სალი თანამშრომელს და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოფისიდან.

მორჩა, ეს საქმეც მოაგვარა. ახლა კიდევ ერთი რაღაც დარჩა გასაკეთებელი და ამით დაამთავრებს. თუ შურისძიებაა, შურისძიება იყოს. გიგიმ არ იცის, ვისთან აქვს საქმე. მას სალი უმწეო ტყუილად ჰგონია. მალე დარწმუნდება, რა შეუძლია მისნაირ ქალს.

შეჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა თბილი ჰაერი, მერე ჩანთიდან მობილური ამოიღო და გიგის სახლის ტელეფონი აკრიფა. ქალმა უპასუხა.

_ გამარჯობა, ქეთი ხართ?

_ დიახ, მე ვარ. რომელი ხარ?

_ იცით? მე თქვენ არ მიცნობთ, თქვენი მეუღლის ნაცნობი ვარ. თქვენთან დალაპარაკება მინდოდა.

_ რა საქმეზე?

_ ამაზე როცა შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ, დიდხანს არ მოგაცდენთ.

_ მაშინ მობრძანდით სახლში, დაგელოდებით.

_ მისამართი მითხარით და წამოვალ.

ქეთიმ უცნობს მისამართი უკარნახა. სალი დროებით დაემშვიდობა ქალს და ტაქსი გააჩერა.

 

 

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

_ მე სალი მქვია, ადრე «დუგიში» ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, _ თავი გააცნო ქეთის.

_ ძალიან სასიამოვნოა, მსმენია თქვენ შესახებ, _ ღიმილით ჩამოართვა ქალმა ხელი და მოულოდნელი სტუმარი მისაღებ ოთახში შეიპატიჟა.

_ ყავას ხომ არ დალევთ?

_ დიდი სიამოვნებით, თუ არ შეგაწუხებთ, _ სალი მაღალსაზურგიან სკამზე დაჯდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო.

_ რას ამბობთ, ეს რა შეწუხებაა, ახლავე მოგართმევთ, _ ქალი ტანის ნარნარი რხევით სამზარეულოში გაუჩინარდა.

სალიმ ოთახი მოათვალიერა. თვალში ეცა ანტიკვარული ნივთები და კედელზე დაკიდებული მისთვის უცნობი მხატვრის ტილოები, რომლებზეც ნატურმორტები იყო გამოსახული.

ქეთი რამდენიმე წუთში დაბრუნდა, სინზე დადებული შოკოლადის ფილითა და ყავის ორი ფინჯნით.

_ ეს «ესპრესოა», დუდუმ ჩამომიტანა უკრაინიდან. აქ რომ იყიდება ისეთი არ გეგონოთ, _ თბილად გაუღიმა ქალმა.

სალი უხერხულად შეიშმუშნა, მადლობა გადაუხადა მასპინძელს და ფინჯანი სინიდან გადმოდგა.

ქეთი მის წინ დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ახლა უფრო ყურადღებით შეათვალიერა მოსული.

_ იმედია, ცუდი არაფერი გაქვთ სათქმელი, ამ ბოლო დროს ისედაც საშინელი რაღაცები მესმის.

_ არ ვიცი, როგორ გითხრათ, გააჩნია, თქვენ როგორ შეხვდებით ჩემს მონათხრობს.

_ გულისყურით გისმენთ. თუ რამეში შემიძლია დახმარება, თქვენ გვერდით მიგულეთ.

_ ქეთი, ერთი რამ მინდა გკითხოთ, სანამ რამეს ვიტყოდე. გიგი ბოლო ხანებში ხომ არ შეიცვალა?

ამის გაგონებაზე ქალს სახე შეეცვალა, ალმაცერად გახედა სალის, მისი სიტყვები ხომ არ მომესმაო.

_ რატომ მეკითხებით? _ თითქოს ხმა ჩაუწყდა.

_ მაქვს მიზეზი, არ გეწყინოთ…

_ სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, ამას ვამჩნევ. შინ გვიან მოდის, სმას მოუხშირა, გაღიზიანებულია, ხანდახან ჩხუბის მიზეზსაც ეძებს, უცებ აფეთქდება ხოლმე. მეორე წუთს ისევ წყნარდება და ბოდიშს მიხდის თავისი უხასიათობის გამო.

_ მიზეზი რა არისო, რას გეუბნებათ?

_ დუდუსგან რომ წამოვიდა, ამას ასახელებს მთავარ მიზეზად. ახლა საკუთარი ფირმის გახსნას აპირებს და ამაზე დარბის. ეს ადვილი საქმე არ არის. იქ საქმე აწყობილი ჰქონდა, ახლა კი თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი.

_ მართლა? არ ვიცოდი, «დუგიდან» თუ წამოვიდა, დიდი ხანია? _ გაუკვირდა სალის.

_ თითქმის თვეა. არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის, არაფერს მეუბნება. დუდუსაც ველაპარაკე, მაგრამ არც მან იცის, რატომ გადაწყვიტა გიგიმ ასე. არადა, მთელი ცხოვრება ერთად მოდიან, ლამის ერთი თეფშიდან ჭამდნენ, უერთმანეთოდ ერთი დღეც ვერ ძლებდნენ. ამ ბოლო დროს რა დაემართა, ვერ ამიხსნია. თქვენ რა იცით ამის შესახებ?

_ თავად როგორ ფიქრობთ, რა მოტივაცია უნდა ედოს საფუძვლად მის ასეთ შეცვლას? _ სალიმ შეკითხვა აირიდა.

_ ვერ გეტყვით, სალი. ერთი პირობა ვიფიქრე, საყვარელი ხომ არ გაიჩინა-მეთქი, ერთ ქალზე მეეჭვებოდა, მაგრამ არ გამოდგა მართალი.

_ შეგიძლიათ მითხრათ, ის ქალი ვინ არის?

_ თქვენ არ გეცოდინებათ, არის ერთი, სხვაგან მუშაობს, უბრალოდ, ხშირად უწევს იმ ფირმასთან კონტაქტი და იქ გაიცნო.

_ ნინიკოზე ხომ არ მეუბნებით?

ქეთის თვალები გაუფართოვდა.

_ თქვენ რა, იცნობთ ნინიკოს? ესე იგი, მართლა რაღაც ხდება? ეს უნდა გეთქვათ? _ ქალმა სკამი უფრო ახლოს მიაჩოჩა სტუმრისკენ.

_ არა, არა, _ სალის ძალაუნებურად გაეცინა, _ ნინოსთან მართლა არაფერი აკავშირებს ნაცნობობის გარდა. აქ სხვა ქალის ამბავია, ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, არ ინერვიულოთ, არც მასთან ხდება არაფერი სერიოზული.

_ მითხარით, თუ შეიძლება, ისედაც ცუდად მაქვს გული, _ ქეთიმ მკერდზე დაიდო ხელი და თვალები დახუჭა.

_ მომისმინეთ, ის, რაც ახლა უნდა გითხრათ, არანაირად არ იმოქმედებს გავლენას თქვენს ურთიერთობაზე. თქვენ გიგის უყვარხართ, თანაც ძალიან უყვარხართ, ოჯახის დანგრევაზე ერთი წუთითაც არ უფიქრია, მაგრამ კაცების ამბავი ხომ იცით, ხანდახან ისე ავარდებიან ხოლმე, კონტროლს ვერ უწევენ საკუთარ თავს. ჰგონიათ, რომ ყურებამდე არიან შეყვარებულები. ეს უბრალოდ, წუთიერი გატაცებაა და სხვა არაფერი.

_ მაგრამ მგონი, დიდი ხანია, ეს წუთიერი გატაცება გრძელდება.

_ არც ისე, დამიჯერეთ.

_ ვინ არის ის ქალი? _ ჩურჩულით იკითხა ქეთიმ და დაჟინებით მიაშტერდა სალის.

სალიმ ყავა მოსვა, პასუხის გაცემა გააჭიანურა.

_ რატომ არ მეუბნებით, ვინ არის ამისთანა? _ ქეთიმ მარჯვენა ხელისგული თავზე მიიდო და ახლა ასე შეაჩერდა თანამოსაუბრეს.

_ ის ქალი მე ვარ, _ სალიმ თავი დახარა და თითებით ცხვირის წვალება დაიწყო.

_ თქვე-ენ? _ მოულოდნელი პასუხისგან გაოცებული ქეთი წინ გადმოიხარა. დიდრონი, ლამაზი შავი თვალები ცრემლით აევსო.

_ მე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს…

_ რისთვის მოხვედით, სალი, კურთხევას ხომ არ ელით ჩემგან? _ ცივი ხმით იკითხა ქეთიმ.

_ თქვენ ვერ გამიგეთ, მე მასთან არაფერი მაკავშირებს, ჩვენ შორის ის არ ხდება, რაც თქვენ იფიქრეთ. იმიტომ მოვედი, რომ დამეხმაროთ.

_ რაში უნდა დაგეხმაროთ? _ ირონიულად ჩაიცინა ქეთიმ.

_ რაში და… როგორმე უნდა ჩამომაშოროთ თქვენი მეუღლე, მე ის არაფერში მჭირდება.

_ ვერ გავიგე…

_ მათთან მუშაობის დაწყების დღიდან ამომიჩემა. გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ ჩემზე იყო შეყვარებული. არადა… დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ მისი ფანტაზიაა და სხვა არაფერი. თქვენზე ბევრი რამ მსმენია, ყველა გაქებთ, ყველა თქვენს სილამაზესა და სათნოებაზე ლაპარაკობს. ისიც ვიცი, თქვენ გარდა სხვა ქალი რომ არასდროს ყვარებია, რომ არასდროს უღალატია თქვენთვის. ამიტომაც მგონია, რომ ეს მხოლოდ მისი ახირებაა, დროებითი ახირება.

_ თუ მამაკაცი ქალისთვის მისაღები არ არის, მისი ჩამოშორებაც არ გაუჭირდება. დღეს სხვა დროა, ძალად არავინ მოგახტებათ, _ ხმა თანდათან უმკაცრდებოდა ქეთის.

_ საქმეც მაგაშია, რომ თავს არ მანებებს. მე სხვა მიყვარს, ქეთი, უნდა დამიჯეროთ. ერთი წამითაც არ მიფიქრია გიგიზე არასდროს. ისიც იცის, ვინც მიყვარს, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა. დავემუქრე კიდეც, შენს ცოლს მოვუყვები ყველაფერს-მეთქი, მაგრამ ვერც ამან შეაშინა. ჰოდა, ახლა აი აქ ვარ და გეუბნებით.

ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. ქეთი ხმას არ იღებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის სალიმ გააგრძელა.

_ იცით? მე არ ვიცოდი, «დუგიდან» თუ წამოვიდა, პირველად თქვენგან გავიგე, მაგრამ ახლა ვხვდები მიზეზს. საქმე იმაშია, რომ მე დუდუ მიყვარს, მასაც ვუყვარვარ. ეს გიგიმ იცის, ვუთხარი უკვე. ალბათ ეს ვერ აიტანა. ალბათ ამიტომაც აქცია ძმაკაცს ზურგი. დუდუში ახლა ის მხოლოდ მეტოქეს ხედავს.

_ მე რა უნდა გავაკეთო?

_ ეს თქვენ უკეთ გეცოდინებათ. მე ჩემი სათქმელი გითხარით. თუ გნებავთ, ნუ დაუმალავთ, რომ მე ვიყავი და მე მოგიყევით ეს ამბავი. არ ვიცი, დანარჩენი თქვენზე იყოს, თავად მიიღეთ გადაწყვეტილება. ჩემთვის მთავარია, დუდუ არ დავკარგო. არადა, ხომ გესმით, ამ ყველაფერმა შეიძლება ჩვენს ურთიერთობაზე სერიოზულად იმოქმედოს. მე… მე მარტოხელა ქალი ვარ, ამქვეყნად არავინ მყავს დუდუს გარდა. გთხოვთ, დამეხმარეთ, მისი დაკარგვა სამუდამოდ მომსპობს, ვეღარასდროს გავიხარებ. ქალი ხართ და თქვენთვის ძნელი არ იქნება ამის მიხვედრა.

_ არ ვიცი… არ ვიცი, რა შემეძლება… რაღაცას ვიზამ.

_ რაღაცა კი არა, ყველაფერი უნდა იღონოთ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახი არ დაგენგრეთ. მართალია, მე ამას არ დავუშვებ, მაგრამ… თუ თქვენს სიყვარულს საფრთხე დაემუქრება, არც მე დამადგება კარგი დღე, მეც ყველაზე ძვირფასს დავკარგავ ცხოვრებაში. ეს კი არ მინდა. თქვენც ხომ არ გინდათ? მითხარით, თქვენც ხომ…

_ თქვენ ხვდებოდით ერთმანეთს? _ ისევ ჩურჩულზე გადავიდა ქეთი.

_ არა, არა, რას ამბობთ! რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკი! «დუგიდან» გარკვეული მიზეზების გამო წამოვედი, ეს გრძელი ისტორიაა…

_ ვიცი, რატომაც წამოხვედით, თვითონ მომიყვა ამის შესახებ.

_ მით უმეტეს, თუ იცით. მერე, უმუშევარი რომ დავრჩი, დამეხმარა და სამსახური მიშოვა. სწორედ იქ, სადაც ნინიკო მუშაობს. მაშინ სხვა გზა არ მქონდა, მის შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი, უკაპიკოდ ვიყავი დარჩენილი, ძალიან მიჭირდა. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი რამ ჰქონდა განზრახული.

_ გამოდის, თქვენსა და დუდუს შორის მართლა ხდებოდა რაღაც მაშინ?

_ სიმართლე გითხრათ, მაშინ თითქოს არაფერი ხდებოდა, მაგრამ იმ ამბავმა დააჩქარა პროცესები. მე მერე შევხვდი დუდუს, უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი და… ურთიერთობაც ნელ-ნელა აეწყო. ისე კარგად ვუგებდით ერთმანეთს, ვერც წარმოიდგენთ, თუმცა ნათიასა და დუდუს გაშორებაში მე ბრალი არ მიმიძღვის. ჩვენი სიყვარული მოგვიანებით დაიწყო. ეს უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე…

_ დუდუმ თუ იცის ეს ამბავი?

_ რომ იცის, სწორედ ეგ მაწუხებს. მათ შორის რამდენიმე დღის წინ უსიამოვნო საუბარი გაიმართა. გიგის მხრიდან მუქარებიც იყო. ამიტომაც მეშინია, ყველაფერი არ დამინგრიოს. ბოლოს და ბოლოს, ძმაკაცები არიან, ხომ შეიძლება დუდუმ იფიქროს, ქალის გულისთვის ბავშვობის მეგობარს არ დავკარგავო. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა. გიგისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს, ოღონდ ჩვენ ერთმანეთს დაგვაშოროს და ტყუილის თქმაც არ გაუჭირდება.

_ ტყუილში რას გულისხმობთ?

_ გაწბილებული კაცის ამბავი ხომ იცით, შეიძლება ისეთი სიბილწეები თქვას, რომ დუდუ დააჯეროს კიდეც. ისინი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ, დუდუ მას უფრო დაუჯერებს, ვიდრე მე. რამდენიმე თვის გაცნობილს რატომ უნდა მენდოს?

_ მე რატომ უნდა გენდოთ? იქნებ მატყუებთ კიდეც, იქნებ…

_ მაშინ რატომ მოვიდოდი თქვენთან? _ გააწყვეტიან სალიმ, _ ამიხსენით, რაში უნდა მჭირდებოდეს ეს ყველაფერი? თქვენ ხომ აქამდე არაფერი იცოდით?

_ აბა რა გითხრათ… იქნებ უკვე მოგბეზრდათ მასთან ყოფნა, იქნებ… მხოლოდ ახლა მოიხიბლეთ დუდუთი… არ ვიცი, არ ვიცი…

_ კარგი, ჩემი თუ არ გჯერათ, დუდუს დაელაპარაკეთ. იმედია, მას მაინც დაუჯერებთ.

_ არა, რა საჭიროა, დუდუს პირად ცხოვრებაში მე რატომ უნდა ჩავერიო. თქვენი საქმისა თქვენ იცით. კარგი, მე ვეცდები, რაღაც მოვიფიქრო. თუ სიმართლეს მეუბნებით, ხომ კარგი და თუ მატყუებთ, თქვენს სინდისზე იყოს.

_ მხოლოდ ერთი რამ მინდა იცოდეთ, ქეთი. მე არ გამომიწვევია თქვენი ქმარი. ერთი წამითაც არ მიფიქრია მასზე სხვანაირად, არც არასდროს შემიხედავს მისთვის მაცდუნებლად. ერთადერთი მამაკაცი, ვისზეც მიოცნებია, ეს დუდუა. ამაში აუცილებლად დარწმუნდებით ოდესმე. მაპატიეთ, თუ გული გატკინეთ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ეს თქვენ უნდა გცოდნოდათ. დანარჩენი თქვენს ქალობაზეა დამოკიდებული. მე წავალ, ისედაც დიდი დრო წაგართვით. კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას. იმედია, გამიგებთ.

სალი წამოდგა, დაემშვიდობა აცახცახებულ მასპინძელს და კარისკენ გაემართა…

7 7 7

სიგარეტის კვამლში გახვეული დუდუ ჩაფიქრებული იჯდა თავის კაბინეტში. კარი გაიღო და ოთახში იაკო შემოვიდა.

_ ზვალი, შეფ? _ მხიარულად იკითხა ქალმა.

_ მოდი, მოდი, იაჩკა, შენი დახმარება მჭირდება, _ ფეხზე წამოდგა პრეზიდენტი და თანამშრომელს მიეგება.

_ ვსიო ვ პარიადკე? რა მოხდა?

_ ისეთი არაფერი, რაღაც მინდა გკითხო, მჭირდები, _ დუდუ თავის ადგილს დაუბრუნდა.

_ სლუშაიუ, _ იაკო გრძელ მაგიდას მიუჯდა და ხელები მუხლებზე შემოიხვია.

_ სალიზე მინდა დაგელაპარაკო, _ ხმადაბლა დაიწყო უფროსმა.

_ ა ჩტო გავარიტ? _ წარბები აზიდა იამ.

_ მომიყევი მის შესახებ, _ დუდუმ კვლავ სიგარეტს წაუკიდა.

_ ჩტო სკაზატ? _ ქალი დაიბნა, არ იცოდა, რას ითხოვდა შეფი მისგან.

_ მართლა ბავშვთა სახლიდან არის შენი დაქალი?

იაკოს სახე წამოენთო, გაწითლდა.

_ კტო ვამ სკაზალ?

_ თვითონ მითხრა.

_ ნეპრავდა, _ ბუღალტერი დაიძაბა, ხელები მუხლებს მოაშორა და მაგიდაზე დააწყო.

_ პრავდა, პრავდა, _ თავი დააქნია დუდუმ და ღრმა ნაფაზი დაარტყა, _ ვინ არიან მისი მშობლები?

_ კაკ სკაზატ… ატეც დავნო უმერ, ამ მატ ვ დერევნე ჟივიოტ.

_ მე ის უფრო მაინტერესებს, მართლა ნაშვილებია თუ არა.

_ კი, ასეა, ტაკ, _ დაუდასტურა იაკომ, _ ნო ანა ოჩენ ხაროშაია… ი უმნაია… ი რა ვიცი, ძალიან კარგი გოგოა, მეტი რა ვთქვა.

_ ტყუილები ეხერხება?

_ ა-რა, ა-რა, _ ხელები გაასავსავა ქალმა, _ კლიანუს, ანა ნი ტაკაია. ოჩენ დობრაია, რას ამბობთ, ისეთი კეთილია, რომ…

_ ქმარს რატომ გაცილდა?

_ და ონ ბალვან, დეგენერატი ვიღაც იყო, სულ დასცინოდა. კრეტინ ნასტაიაშჩი.

_ მერე უყვარდა ვინმე?

_ კაგდა მერე? _ ვერ მიუხვდა იაკო.

_ აი, ქმარს რომ გაშორდა მერე.

_ და ნეტ, ის პატიოსანი გოგოა, ჩტო ვი…

_ გიგისთან მისი ურთიერთობის ამბავი თუ იცოდი შენ?

იაკო ისევ გაწითლდა, თავი ჩაღუნა. ამ კითხვას არ ელოდა.

_ მიპასუხე, იცოდი?

_ და ტაკ…

_ რას ნიშნავს და ტაკ?

_ რაღაც-რაღაცები ვიცოდი, ნო ნე ვსიო.

_ აბა რა იცოდი? _ ჩაეძია დუდუ.

_ ონ ს უმა სხადილ ატ ნეიო, სულ დასდევდა. ა სალი… ანა ნენავიდიტ ევო, არ უყვარს. ეტა ტოჩნა ზნაიუ.

_ სამაგიეროდ… _ აქ დუდუმ ენას კბილი დააჭირა, რადგან კინაღამ წამოცდა, სამაგიეროდ მე მიყვარსო.

_ სამაგიეროდ ჩტო?

_ სამაგიეროდ გიგის უყვარს.

_ ეტა ია ზნაიუ.

_ სალის ვინ უყვარს, არ იცი?

_ არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე? დუმაიუ, ნიკტო.

_ თქვენ ხომ დაქალები ხართ?

_ ვართ, ნო… მას ეს არასდროს უთქვამს.

_ დარწმუნებული ხარ?

_ სტო პრაცენტოვ. მეტყოდა, ესლი ჩტო.

_ კარგი, დედამისი რას წარმოადგენს?

_ ადნა ბედნაია ჟენშჩინა, ჟივიოტ ვ დერევნე, ვსიო ვრემია ბალეეტ…

_ მუშაობს?

_ არა, არა, ისე უჭირთ, რომ… ანი ოჩენ ბედნიე.

_ რით ირჩენენ თავს?

_ სალი პასილაეტ ინაგდა დენგი, კიდევ… პენსია აქვს. მოხუცი ქალია, რა შეუძლია…

_ რამე არა აქვთ, ეზო, ყანა, რა ვიცი…

_ ეზო როგორ არა, აქვთ, ი ბოლშე ნიჩივო. ეზოში… ადნი კური ი გარტენზიი, ვსიო.

_ რა თქვი? რა არის ეზოშიო?

_ ქათმები და ყვავილები, _ ქართულად გაიმეორა იაკომ.

_ რა ყვავილები, ვერ გავიგე, _ დუდუმ ხელი ყურთან მიიტანა, თითქოს უკეთ უნდოდა გაეგო მისი ნათქვამი.

_ გარტენზიი, ეზოს ყვავილია, კუსტი ტაკიე.

_ ჰო-ო? ლამაზი ყვავილებია?_ დუდუ თანდათან რაღაცას ხვდებოდა.

იაკო განცვიფრებული შეჰყურებდა უფროსს, რა ეტაკა, რა ყვავილებით დაინტერესდაო.

_ კრასივიე, რა ვიცი. ბურთივით თავები აქვს, კაკ უ ხრიზანტემ.

_ ფერი? რა ფერისაა, შენ ისიც გეცოდინება.

_ როზოვიე, ფიალკოვიე, გალუბიე… _ დაიწყო ჩამოთვლა.

_ აჰა. ეგ ყვავილები სადმე იყიდება?

_ და ნე-ეტ! _ ხელი გაიქნია იამ, _ ნე პრადაიოტსია, გგონიათ, დედამისი ყვავილებს ყიდის? არა, არა.

_ კარგი, იაჩკა, ეს ძალიან კარგი ამბავი მითხარი. ახლა შენგან დახმარება მჭირდება და უარი არ მითხრა იცოდე.

_ სკაჟიტე, ესლი სმაგუ… ა ჩიომ რეჩ.

_ ჯერ ერთი, დედამისის მისამართი უნდა მომცე. მეორეც _ ქეიფი უნდა მოვაწყოთ მე და შენ ამ დღეებში.

_ კაკოი ქეიფი? _ ყურებს არ უჯერებდა იაკო, ვერაფერს მიხვდა.

_ ჩვეულებრივი ქეიფი. მე დაგაფინანსებ. შენ კი რამე მოიფიქრე, რომ სუფრა შენს სახლში გაიშალოს. როგორც ვიცი, მარტო ცხოვრობ, არა?

_ და, პრავილნა, ნო…

_ არავითარი ნო. ყველაფერი ჩემზე იყოს, შენ მხოლოდ მიზეზი იპოვნე, რომ ვიქეიფოთ.

_ პრიჩინა ბუდიტ ჩერეზ ტრი დნია, _ გაიღიმა იაკომ.

_ ჩერეზ ტრი დნია ბევრია, მე ხვალვე მინდა… და რა ხდება სამი დღის შემდეგ?

_ დაბადების დღე მაქვს, მისტერ პრეზიდენტ.

_ რას მელაპარაკები! რატომ არ ვიცოდი? თუ ვიცოდი და დამავიწყდა? _ სახე გაებადრა დუდუს.

_ ზაბილი, ნავერნა. არ გახსოვთ, აქ რომ ვიქეიფეთ შარშან?

_ ა-ა-ა! ტორტი! გედებიანი ტორტი, გამახსენდა. მაგას რა დამავიწყებს, მერაბი რომ დაგვითვრა და მაგიდაზე რომ ჩაეძინა. მერე სკამიდან რომ გადმოვარდა, ასე არ იყო?

_ და, და, ვოტ, ვიდიტე, ვსპომნილი, _ გადაიკისკისა იამ.

_ ეს კარგი რამ გავიგე, მაგრამ… თუმცა რა უჭირს, იყოს სამი დღის შემდეგ. ერთი სიტყვით…

_ შეფ, ზაჩემ ვსიო ეტა? _ ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა ბუღალტერმა.

_ ახლავე აგიხსნი. ჩვენ კარგა ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ალბათ შემიძლია თამამად გენდო, ხომ სწორია?

_ რაზუმეეტსია.

_ მე შენ ახლა ერთ საიდუმლოს გაგანდობ და ეს ჩვენ შორის დარჩება, იცოდე.

_ მაგილოი ბუდუ.

_ მე და სალი ერთმანეთს ვხვდებით, გაიგე? ოღონდ არ შეიცხადო, იცოდე.

იაკომ გაოცებისგან თვალები დააფახულა.

_ ახლახან ვიჩხუბეთ და მინდა შემოვირიგო. მაგრად ვაწყენინე და…

_ მაგას ქეიფი რად უნდა? ისე შეგახვედრეთ ერთმანეთს.

_ არა, არა, ქეიფი აუცილებელია, სხვა ბევრი რამეც უნდა გავარკვიო, ყველაფერს ვერ გეტყვი. შეიძლება საბოლოოდ ისე მოხდეს, რომ სამუდამოდ დავშორდეთ ერთმანეთს. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.

_ ეტა ვსიო იზ ზა გიგი, და? _ მიხვდა ია.

_ პრავილნა, იაჩკა, პრავილნა. ჰოდა, შენ უნდა დამეხმარო.

_ ხარაშო, ია გატოვა, ნო კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩტო ანა ოჩენ ხაროშენკაია, კლიანუს.

_ მჯერა შენი. აჰა, აიღე ეს ორასი ლარი და რაც საჭიროა, ყველაფერი იყიდე. თუ მანქანა დაგჭირდეს, ჩვენს ბიჭებს უთხარი, ნარგიზა და თამარიც დაიხმარე კერძების მომზადებაში, არ დაგზარდებიან.

_ და ნე ნადა, სამა სპრავლიუს.

_ მით უკეთესი, როგორც გინდოდეს. გამომართვი, _ დუდუმ ორი ასლარიანი იაკოსკენ გადმოდო.

_ ეტა მნოგო, მისტერ პრეზიდენტ.

_ აიღე, აიღე, თუ რამე მოგრჩება, ჩემგან საჩუქრად გქონდეს, თუმცა უფრო დიდი საჩუქარი მაინც გერგება ჩემგან. ასე რომ… აბა, შენი იმედი მაქვს.

_ პასტარაიუს, _ ღიმილით თქვა იაკომ, ფული აიღო და რატომღაც ფეხაკრეფით გავიდა კაბინეტიდან…

 

დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა. ცდილობდა, შეწინააღმდეგებოდა მეორე «მეს», არ ეფიქრა სალიზე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თვალწინ გამუდმებით ის კადრები უტრიალებდა, რომელიც სალისთან გაატარა ლოგინში. დიდი ხანია მასზე შეყვარებული ქალის ალერსი არ განუცდია. სხვა ყველა, ვისთანაც ბოლო პერიოდში რომანი ჰქონია, მხოლოდ შეჩვევისა და ანგარების გამო იყოფდა მასთან სარეცელს, მათ შორის ცოლიც. ნათია! მისი გახსენება ყოველთვის უსიამოვნებას გვრიდა დუდუს. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც ცოლყოფილთან აკავშირებდა, ქალიშვილი იყო, ელენე _ ყველაზე ახლობელი და ამჟამად ყველაზე შორეული ადამიანი. დღეები ისე გავიდოდა, დუდუ შვილის ნახვას ვერ ახერხებდა. ამას ნათიაც აქტიურად უწყობდა ხელს. რამდენჯერ მოსვლიათ შელაპარაკება ორივეს ბავშვის თაობაზე. ქალი თავის პოზიციებს არ თმობდა _ უვარგისი მამა ჩემს შვილს არ სჭირდებაო, დაჟინებით ამტკიცებდა თავისას, თუმცა ყოფილი მეუღლისგან ფინანსურ დახმარებას არ თაკილობდა, პირიქით _ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა მისგან. დუდუს ფული არ ანაღვლებდა. ოღონდ ელენეს ნახვის საბაბი მისცემოდა და ყველაფერზე თანახმა იყო. სანამ სალის დაუახლოვდებოდა, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა, ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი, ერთი პერიოდი ბიზნესზეც კი აიცრუა გული. მერე კი… მერე სალიმ მოაბრუნა «სააქაოსკენ», ერთბაშად გამოცოცხლდა, მიხვდა, რომ ცხოვრებას სალის სახით ინტერესი მიეცა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ… გიგი არ ჩადგა მათ შორის. მომხდარმა თავზარი დასცა, ეგონა, სამყარო დაცარიელდა, კიდევ ერთხელ თავდაყირა დადგა ყველაფერი, საქალეთი შესძულდა. თუმცა… როცა ეგონა, რომ სალისთან ურთიერთობის გაწყვეტით ყველაფერი დამთავრდა, სწორედ იმ დღიდან დაიწყო მის გულში «აურზაური». ქალთან გატარებული ნახევარი ღამე სიზმრად გადაექცა. ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი სახე ელანდებოდა. ბოლო სიზმარმა ხომ მთლად მოუღო ბოლო… სადღაც იყვნენ ორივენი, რაღაც სუფრა იყო გაშლილი, გვერდიგვერდ ისხდნენ, რაღაცას ლაპარაკობდნენ. მერე დუდუმ ხელი გადახვია ქალს და ტუჩებზე დააკვდა. სალი თითქოს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მხოლოდ სხვების დასანახავად, ბოლოს მოეშვა და მამაკაცის სურვილს დაჰყვა. შემდეგ ის ახსოვს, რომ ორივენი შიშვლები იყვნენ, არავისი ერიდებოდათ, ურცხვად ეფერებოდნენ ერთმანეთს. გარშემომყოფნი გაოცებულნი მისჩერებოდნენ მოალერსე წყვილს, ცნობისმოყვარეთა მზერას არაფრად რომ აგდებდნენ… თითქოს ყველაფერი ისე მეორდებოდა, როგორც მაშინ, სალის ბინაში. ახლაც გრძნობდა ქალის ცხელ სხეულს, ვნებიანად რომ იკლაკნებოდა მის მკლავებში. ამ ზმანებამ საბოლოოდ მოსპო, სიცოცხლე გაუმწარა. გრძნობდა, რომ სალის გარეშე ერთი დღეც ვერ გაძლებდა. სულ სხვაა, შეყვარებული ქალი რომ გკოცნის, სულ სხვა ვნებაა, სულ სხვა ცეცხლი. სხვა იმპულსები მოდის მისგან, სხვა ენერგია. ამის დავიწყება დუდუს არ შეეძლო. არადა… იმავე პოზაში გიგისთან ერთად რომ წარმოიდგენდა საყვარელ ადამიანს, გული ეკუმშებოდა. მერე რა, რომ თავისი ნებით არ დაწოლილა მასთან, მერე რა, რომ მეგობარმა ქალზე ძალა იხმარა. ეს რას ცვლიდა? ასეთ სალისთან როგორ გაეგრძელებინა ურთიერთობა? რას იტყოდა თავად გიგი, სხვები _ თანამშრომლები? თუმცა ეს ამბავი ხომ მხოლოდ სამმა იცოდა. დაიჯეროს დუდუმ, რომ გიგი ყველას გააგებინებს ამ ისტორიას? ვითომ არ დაინდობს ძმაკაცს? არ იცის დუდუმ, არ იცის, რას მოიმოქმედებს დამარცხებული მამაკაცი. იქნებ შურისძიებაც კი განიზრახოს. თვითონ როგორ მოიქცეოდა? როგორ და… რა თქმა უნდა, კაცურად, ხელს არ შეუშლიდა მათ ბედნიერებას. მერე? გიგი ხომ მისი მეგობარია, ამდენი წელია ერთად მოდიან, ნუთუ ყველაფერს გააფუჭებს? იქნებ დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ასე ვერაფერს მოიგებს? იქნებ დაანებოს ორივეს თავი? არა, უნდა დაელაპარაკოს გიგის, არც ისეთი გაუგებარია, რომ ძმაკაცს არ მოუსმინოს. ასეც მოიქცევა. აი, შეიკრიბებიან იაკოსთან და ყველაფერს მოაგვარებს. ბოლოს და ბოლოს, იქ გამოჩნდება, რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს.

საღამოხანს მობილური მოიმარჯვა და სალისთან მესიჯი გააგზავნა. «როგორ ხარ?». პასუხი არ მიუღია. მერე ზარი გაუშვა. მობილური გამორთული იყო. სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა დალოდებოდა, როდის ჩართავდა ქალი ტელეფონს. იქამდე კი სამოქმედო გეგმის «დახვეწას» შეუდგა…

7 7 7

ქეთისგან წამოსულმა სალიმ დიდხანს იარა თბილისის ქუჩებში. ერთხანს ვაკის პარკშიც შეიარა და გრძელ მერხზე ჩამოჯდა ჩაფიქრებული. არ იცოდა, რა გზას დადგომოდა. კიდევ ერთხელ ყველაფერი დაკარგა. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. დამკვალიანებელი კი არავინ ჰყავდა, რადგან თვითონ არ უშვებდა თავისთან ახლოს, არავის არ უშლიდა გულს, არ უყვარდა ვინმესთან თავის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, მით უმეტეს _ თავის შეცდომებზე. იას კი ენდობოდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა მისი, არ იცოდა, როგორ გაიგებდა მის მონაყოლს დაქალი. ალბათ იმიტომ, რომ იაც თავისებური გოგო იყო, არც ის ახედებდა სალის თავის ცხოვრებაში… ალბათ არ ენდობოდა, თორემ…

მოსაღამოვდა. გრილმა ნიავმა დაუბერა. პარკში ხალხი მომრავლდა. შადრევნის ხმაურიც გაძლიერდა. სალი მძიმედ წამოდგა, ანგარიშმიუცემლად მოავლო თვალი იქაურობას და კიბეს აუყვა. პირდაპირ სახლში გაეშურა. ისე იყო დათრგუნული და უარყოფითი ემოციებისგან დაძაბული, ერთი სული ჰქონდა, ცხელ აბაზანაში როდის ჩაწვებოდა, რომ ცოტათი განტვირთულიყო… შინ მისვლისთანავე გაავსო აბაზანა და კარგა ხანს ინებივრა ქაფქაფა წყალში, თან მომხდარს აანალიზებდა. სწორად მოიქცა თუ არა, ქეთის რომ ესტუმრა და ყველაფერი უამბო? ვინ იცის, იქნებ ცოლი მოუყვეს კიდევაც გიგის მისი ვიზიტის ამბავს. ამან უფრო რომ გააცოფოს გიგი? კვლავ რომ მოუვარდეს და ქვეყანა შეუყაროს? უარესი რომ გააკეთოს? მთელ «დუგის» რომ გააგებინოს იმღამინდელი ამბავი? მერე რა ქნას? ამის გაფიქრებაზე ქალს გააჟრჟოლა. ასე თუ მოხდება, ისღა დარჩენია, სიცოცხლე მოისწრაფოს, სირცხვილით თავი არ გამოეყოფა. უკანასკნელ ქუჩის ქალად მონათლავენ ყველანი. თვალები ცრემლით აევსო. უხალისოდ გადაივლო წყალი და ხალათი მოიცვა. საძინებელში გავიდა, თმა ფენით გაიმშრალა და მაშინვე ლოგინში ჩაწვა, იქნებ ჩამეძინოსო. უცებ მობილური გაახსენდა. რამდენი ხანია, ნომერი არ გამოუცვლია, იქნებ დაუმესიჯოს დუდუს? იქნებ ამით მაინც გამოუკეთდეს ხასიათი? ამის გაფიქრებამ უკეთეს ხასიათზე დააყენა. ნომერი გამოცვალა და ტელეფონი ჩართო. მესიჯის სიგნალმა დაიწრიპინა. მოულოდნელობისგან შეხტა, დუდუს გარდა ეს ნომერი არავინ იცოდა. მიხვდა, მისგან წერილი რომ იქნებოდა მოსული. ნერვიულობისგან სუნთქვა შეეკრა, კანკალმა აიტანა. არა მარტო მესიჯი, ზარიც კი იყო შემოსული. სასწრაფოდ წაიკითხა შეტყობინება: «როგორ ხარ?» _ იწერებოდა დუდუ. სიამოვნებისაგან სახეზე წამოახურა. ბალიში წამოსწია, ზურგით მოხერხებულად მიეყრდნო, ფეხები მოკეცა, ერთმანეთს შეატყუპა და წერილის წერას შეუდგა.

«ტელეფონი გამორთული მქონდა და შენი მესიჯი გვიან ვნახე. მე არა მიშავს, შენ როგორ ხარ?» _ გაგზავნა შეტყობინება და ეკრანს დახედა, რომ გაეგო, რომელი საათი იყო.

ათი გამხდარიყო. ამ დროს დუდუ წესით შინ უნდა ყოფილიყო, თუ სადმე საქეიფოდ არ იქნებოდა წასული. ეს უკანასკნელი ნაკლებად იყო დასაჯერებელი, იმ ამბის შემდეგ დუდუს ქეიფის განწყობა არ უნდა ჰქონოდა. სალის ინტუიციამ გაამართლა. მამაკაცმა ორიოდ წუთში დაუბრუნა პასუხი.

დუდუ: » რატომ დამეკარგე? აღარ გინდივარ?»

სალი: » რა ვიცი, შენ არ მითხარი, სანამ ჩემთან შესახვედრად მზად თუ არ იქნები, არ შემომეხმიანოო?»

დუდუ: «ვერ მოვითმინე. მგონი ძალიან შეგეჩვიე. ძნელი ყოფილა შეჩვეულის გადაჩვევა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი».

სალი: «როგორ ხარ? მე მომენატრე».

დუდუ: «ცუდად, მაგრამ მეც მომენატრე. არ მეგონა, მაგრამ ახლა ამის დამალვას აზრი არა აქვს».

სალი: «რა დაგემართა, ცუდად რატომ ხარ?»

დუდუ: «ერთმა შენი სქესის წარმომადგენელმა მაწყენინა, თანაც ძალიან».

სალის ამის წაკითხვისას გული შეეკუმშა.

«ამისთანა რა გაგიკეთა?» _ მესიჯი გააგზავნა და დაძაბული დაელოდა პასუხს.

დუდუ: «მომატყუა, თანაც უმოწყალოდ. ქალები ყველანი ერთნაირები ხართ. შენც ასე ატყუებ ხოლმე კაცებს?»

სალი: «რა ვიცი, გააჩნია, რისთვის ამბობს ქალი ტყუილს. ხანდახან ისე ხდება, რომ ტყუილი აუცილებელია, უწყინარ ტყუილს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა».

დუდუ: «არა, ეს არ იყო უწყინარი ტყუილი, ეს ულმობელი ტყუილი იყო, რომელმაც ცხოვრება გამიმრუდა».

სალი: «იქნებ ცდები? დარწმუნებული ხარ, რომ ასე იყო? ვინ არის ის ქალი?»

დუდუ: «რა მნიშვნელობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ის არ აღმოჩნდა, ვინც მეგონა».

სალი: «უყვარხარ?»

დუდუ: «მეგონა ვუყვარდი, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი. შეყვარებულები არ იტყუებიან».

სალი: «მომიყევი რა მოხდა და მერე გეტყვი, იყო თუ არა ის მართალი. ასე ზეპირად რა გითხრა?»

დუდუ: «არ ღირს. რა საჭიროა ჩემი საიდუმლო გაგანდო? თანაც მე შენ ჯერ არ გიცნობ. ამის ღირსი არ გამხადე. ვინ ხარ ამისთანა?»

სალი: «როგორ გითხრა, ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ, შენზე შეყვარებული, როგორც ბევრი სხვა».

დუდუ: «ბოლოს და ბოლოს, შემხვდები თუ არა?»

სალი: «არ ვიცი, ჯერ ამისთვის არა ვარ მზად».

დუდუ: «კიდევ არა? ოდესმე ხომ უნდა შემხვდე? იმედია, სადისტი არა ხარ და ჩემი წვალება არ გაქვს გადაწყვეტილი».

სალი: «არა, არა, შენი წვალება არც მიფიქრია. უბრალოდ, მეშინია».

დუდუ: «რისი?»

სალი: «ვაითუ არ მოგეწონო».

დუდუ: «აკი ძალიან მაგარი ვარ და აუცილებლად მოგეწონებიო? გამოდის, შენც მატყუებდი?»

სალი: «აქამდე ასე მეგონა, მაგრამ ბოლო დღეებში ცოტა შევშინდი. მეც მაწყენინა ერთმა შენისთანამ».

დუდუ: «ჩემისთანამ? გამორიცხულია. ჩემისთანა მხოლოდ მე ვარ. ასე რომ, კატეგორიულად გიკრძალავ, სხვებს შემადარო. მე ერთადერთი ვარ, დაიმახსოვრე».

სალი: «ერთადერთი ვისთვის?»

დუდუ: «შენთვისაც და სხვებისთვისაც, ყველა ქალისთვის, ვინც ჩემზე ფიქრობს, გაიგე?»

სალი: «გავიგე და დავიმახსოვრებ. ამის შემდეგ მეცოდინება».

დუდუ: «ესე იგი, შევხვდებით?»

სალი: «არა, ჯერ არა».

დუდუ: «იცოდე, ბოლო შანსს გაძლევ, მეტს აღარ შეგეხვეწები და სხვასთან წავალ».

სალი: «ცოტა ხანს კიდევ მაცალე».

დუდუ: «კარგი, მაგრამ მხოლოდ ორ დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად. შაბათს, ზუსტად სამ საათზე დაგიმესიჯებ და ტელეფონი ჩართული გქონდეს, იცოდე. მე ორი დღით გავდივარ ქალაქიდან და შაბათს ჩამოვალ. სამ საათზე მელოდე, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა».

სალი: «სხვა არჩევანი მაქვს?»

დუდუ: «არა. აბა შენ იცი, გკოცნი იმ შენს ლამაზ უაზროდ ლურჯ თვალებში».

სალი შეკრთა. რა იცის, რომ ლურჯი თვალები აქვს? რამე ხომ არ იეჭვა?

«საიდან მოიტანე, რომ ლურჯი თვალები მაქვს?» _ შიშით დაზაფრულმა გაგზავნა წერილი.

«შენ არ მომწერე ამასწინათ, უაზროდ ლურჯი ლამაზი თვალები მაქვსო? იმაზე უკეთესი, ვიდრე იმასო? დაგავიწყდა?»

ქალმა შვებით ამოისუნთქა. კიდევ კარგი, არ მიუხვდა მამაკაცი.

სალი: «ეგ დამავიწყდა. შენ რა კარგი მახსოვრობა გქონია».

დუდუ: «ქალთან დაკავშირებული არც ერთი ნიუანსი არ მავიწყდება, რომ იცოდე. აბა შენ იცი, ამაღამ, პირობას გაძლევ, რომ მხოლოდ შენზე ფიქრში დავიძინებ».

სალი: «მე კი მხოლოდ შენზე ფიქრში გავათენებ».

«მესიჯობანა» ამით დამთავრდა. სალიმ საცოდავად დახედა მობილურს. ეჰ, რომ იცოდეს დუდუმ, ვისთან აწარმოებს მიმოწერას… გაგიჟდება კიდეც. ყოველივე იმის შემდეგ როგორ ბედავ ხმის ამოღებასო, არ ეტყვის? ეტყვის და ღირსიც იქნება. არა უშავს, შაბათსაც შეეხმიანება და ამ სატელეფონო რომანსაც დაუსვამს წერტილს. მისწერს, რომ გადაიფიქრა მისი გაცნობა. რომ არ უღირს. უფრო მყარ არგუმენტსაც მოიფიქრებს იქამდე. ამით მაინც გაამწარებს. მერე იმტვრიოს თავი ვაჟბატონმა, ეს ვინ იყო, ასე უცებ რომ მომისროლა სანაგვეზეო. მის ცხოვრებაში ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება…

სალიმ მობილურის ნომერი კვლავ გამოცვალა, შუქი ჩააქრო და ფიქრებს მისცა თავი.

7 7 7

დუდუმ სალისთან «მოალაპარაკებები» რომ დაამთავრა, სახლის ტელეფონს ეცა და ეგრევე იაკოს დაურეკა.

_ და, _ გაისმა თანამშრომლის ნამძინარევი ხმა.

_ გეძინა, გოგონი? _ ღიმილით ჩასძახა ყურმილში.

_ პაჩტი, ჩტო ნიბუდ სლუჩილას?

_ არაფერი, რაღაც მინდოდა მეთქვა.

_ სკაჟიტე, უჟე ნე სპლიუ.

_ მოკლედ, გეგმა ასეთია. ისე უნდა მოახერხო, რომ შაბათს, ზუსტად სამ საათზე სალი შენთან იყოს, გაიგე?

_ პონიალა.

_ ზუსტად სამ საათზე, _ გაიმეორა დუდუმ, _ რაღაც უნდა მოიფიქრო.

_ ნეტ პრაბლემ.

_ თანამშრომლებს ყველას უთხარი?

_ ა კაკ ჟე, ყველა გავაფრთხილე.

_ გიგი?

_ ი გიგი ტოჟე.

_ მოვალო?

_ კი, მოვა. ზნაეტე, ჩტო… გიგიმ მკითხა, დუდუ იქნებაო?

_ მერე შენ რა უთხარი?

_ ნე დუმაიუ-თქო, სკაზალა. დუდუ თბილისში არ არის-მეთქი.

_ ვოტ უმნიცა! _ შეაქო უფროსმა ბუღალტერი.

_ ტაკ ჩტო, ვსიო ნარმალნა.

_ მაგარი გოგო ხარ. მაღარიჩი ჩემზე იყოს. ჰო, მართლა, სალის დედის მისამართის მოცემა დაგავიწყდა. ახლა მაინც ჩამაწერინე.

_ ახლავე, მისტერ პრეზიდენტ. დიკტუიუ, _ და იამ უფროსს მისამართი უკარნახა.

_ ტი ველიკალეპნაია დევოჩკა, მაია დარაგაია, ამას არ დაგივიწყებ, _ მხიარულად შესძახა დუდუმ.

_ ეტა ია ზნაიუ, _ შეიფერა იაკომ კომპლიმენტი.

_ ნუ პაკა, და ვსტრეჩი.

_ პაკა, _ იაკომ ყურმილი პირველმა დაკიდა.

კმაყოფილმა დუდუმ ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა, მერე ჭერს მიაპყრო მზერა და გაირინდა.

7 7 7

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

_ ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

_ ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

_ არც არაფერს, სახლში ვარ.

_ ზნაეშ, შენი დახმარება მინდა.

_ დაბდღე გაქვს არა?

_ სლავა ბოგუ, ჩტო პომნიშ.

_ არა გრცხვენია? მაგას რა დამავიწყებდა, გოგო!

_ პამოჟეშ?

_ რაში უნდა მოგეხმარო?

_ ადნა ნე სპრავლიუს.

_ ვის ეპატიჟები, რო?

_ მარტო გოგოებს, სხვა არავინ იქნება.

_ ბიჭები? _ ეს ყველაზე მეტად აინტერესებდა სალის.

_ არავითარი ბიჭები. ტოლკა მი ბუდიმ. პრაშუ ტებია, პამაგი.

_ კარგი, რას მეხვეწები, არა გრცხვენია? რომელზე მოვიდე?

_ ა კაგდა სმოჟეშ?

_ როცა მეტყვი, მაშინ მოვალ.

_ ვ ჩას სმოჟეშ?

_ პასტარაიუს. აუცილებლად მოვალ, მაგრამ დარჩენას ვერ შეგპირდები.

_ რატომ?

_ მერე საქმე მაქვს, უნდა გავიქცე.

_ რომელ საათზე?

_ სამისთვის.

_ რას ამბობ! დო ტრიოხ ნე უსპეემ, _ შეშფოთებულმა შეჰყვირა იაკომ.

_ კი მაგრამ რა, ქორწილს ხომ არ აპირებ?

_ ქორწილი არა, ნო… უმალიაუ, ატკლადივაი ვსე დელა.

_ კარგი, კარგი, რამეს მოვიფიქრებ.

_ ტი ჟე ზნაეშ, უ მენია კრომე ტებია, ნიკავო ნეტ, მარტო შენი იმედი მაქვს. პრი ეტამ, ტი ხაროშაია ხაზიაიკა, გემრიელი რამეები იცი.

_ კარგი-მეთქი, ხომ გითხარი. დაგეხმარები. აუცილებლად მოვალ, ყველაფერს გადავდებ და მოვალ, _ ესიამოვნა სალის მეგობრის შექება.

_ კარგი გოგო ხარ.

_ იაკო!

_ და.

_ დუდუ მართლა არ იქნება? არ მატყუებ?

_ და ნეტ. ონ უეხალ კუდა-ტა, ია ნე ზნაიუ. შეიძლება გვიან მოვიდეს.

_ გვიან? დაახლოებით რა დროს?

_ ალბათ ვეჩერომ.

_ სად წავიდა, არ უთქვამს?

_ ნეტ, ონ ტაკიე ვეშჩი ნე გავარიტ ნიკაგდა.

_ გიგი? არც გიგი იქნება?

_ ა ტი ხოჩეშ, ჩტობ ონ ბილ? ესლი ხოჩეშ…

_ ნეტ, ნეტ. სულაც არ მინდა მისი ნახვა, გადაირიე? _ აწრიალდა სალი.

_ ვოტ პაეტამუ ი ნე ბუდეტ. უსპაკოილას?

_ რა თქმა უნდა. ტი უმნიცა უ მენია.

_ და ნი ტოლკა უ ტებია, _ სიცილი ვერ შეიკავა იაკომ.

_ აბა, აბა, თავს ნუ იქებ! _ გაეხუმრა სალი.

_ ნუ ხარაშო, პაშლა ია. ნე ზაბუდ, ჩტო სკაზალა, ხარაშო?

_ არ დამავიწყდება, ნუ გეშინია. შაბათს შენთან ვარ. აბა კარგად.

_ პაკა, დარაგაია, პაკა.

სალიმ ყურმილი დაკიდა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. სამ საათზე დუდუ დაუმესიჯებს. სალის უნდოდა, იმ დროს მარტო ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, ერთსაათიანი საუბრის გაბმას მაინც არ აპირებს. თავის სათქმელს ორიოდე სიტყვით მისწერს და დაამთავრებს ყველაფერს. ნეტავ სად წავიდა დუდუ? ან ეს იაკო რამ გადარია, როდის იყო ასეთ გრანდიოზულ დაბადების დღეს იხდიდა? მით უმეტეს, თუ დუდუ არ იქნება, რისთვის აკეთებს ამდენ რამეს? გოგოები იქნებიანო. ნეტავ რომელ გოგოებს ეპატიჟება? არა მგონია, მარტო თანამშრომლები ეგულისხმა. განა «დუგიში» რამდენი «გოგო» მუშაობს? სულ სამი ქალია, მორჩა და გათავდა. ალბათ თავის მეგობრებს ელოდება, შეიძლება მეზობლებსაც. ვინ იცის… რაც არის, არის, დაქალმა დახმარება სთხოვა და უნდა დაეხმაროს, აბა რა უნდა ქნას! საჩუქარი? რაღაც ხომ უნდა უყიდოს? ფული რომ არა აქვს? იმ დეგენერატმა რომ არ მისცეს დღეს ხელფასი, რა ქნას? მერე რომ მიუტანოს? როგორ არ უყვარს სალის საჩუქრის მერე მიტანა, არ ჩვევია ასეთი რამეები. არა უშავს, რაღაცას მოიფიქრებს. ბოლოს და ბოლოს, სახლშიც ხომ აქვს რაღაც-რაღაცები. ორი ფლაკონი გაუხსნელი ფრანგული სუნამოც უდევს უჯრაში, ერთ-ერთს გაიმეტებს როგორმე. იაკოსთვის არ ენანება, ის მართლა კარგი გოგოა…

7 7 7

პარასკევს დილით დუდუ ადრე ადგა, წვერი გაიპარსა, თავი მოიწესრიგა, ლამაზად გამოეწყო და სამსახურში გამოცხადდა. მის დანახვაზე თანამშრომლებს გაოცება აღებეჭდათ სახეზე. ასე საგანგებოდ გამოპრანჭული უფროსი რამდენი ხანია, არ უნახავთ. ნარგიზამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა იას, ხომ არ იცი, რა ხდებაო. იაკომ მხრები აიჩეჩა, არაფერი ვიციო და თავი ქაღალდებში ჩარგო, სახეზე რამე არ შემეტყოსო. დუდუმ რამდენიმე დავალება მისცა ბიჭებს, მერე კი იაკო დაიბარა კაბინეტში. კარგა ხანს ელაპარაკა ბუღალტერს შაბათის გეგმებზე, საიდუმლო რჩევებიც მისცა და ოფისი გაღიმებულმა დატოვა.

ცოტა ხანში დუდუს მანქანა დასავლეთის ტრასაზე მიქროდა… პრეზიდენტს სალის დედის მონახულება ჰქონდა გადაწყვეტილი…

 

დუდუ კითხვა-კითხვით მიადგა სალის სახლს. დაძახება არ დასჭირვებია, ხანში შესული შავხალათიანი ქალი ეზოში რაღაცას ფუსფუსებდა. მამაკაცმა ჭიშკარი შეაღო. ქალმა ხელი მოიჩრდილა და მოულოდნელ სტუმარს გაკვირვებით გამოხედა, ხელები ქვედაბოლოზე შეიწმინდა და ჩქარი ნაბიჯებით მიეგება უცნობს.

_ რომელი ხარ, შვილო, ვერ გიცანი, _ დაკვირვებით შეათვალიერა მოსული.

_ გამარჯობა, ქალბატონო, მე სალის მეგობარი ვარ თბილისიდან, _ დუდუმ ხელი ჩამოართვა მასპინძელს.

_ უი, გენაცვალოს ჩემი თავი, მობრძანდი, შემოგევლე, მობრძანდი, ასე მოულოდნელად… მაპატიე, არ მეგონა… ცოტა არეულად ვცხოვრობთ, ხომ იცით

მარტოხელა ქალების ამბავი, ამბის გამკითხავიც არავინ მყავს…

_ არა უშავს, ქალბატონო, არა უშავს, _ დუდუმ ხელი გადახვია ქალს.

_ ხომ მშვიდობაა, შვილო, ჩემს გოგოს ხომ არაფერი უჭირს? _ შეშფოთდა ნანული.

_ არა, არა, რას ამბობთ, კარგად არის, მოკითხვა დამაბარა თქვენთან, უკაცრავად, როგორ მოგმართოთ?

_ ნანული მქვია, შვილო, როგორც გაგიხარდეთ, ისე მომმართეთ, _ ქალი თან ვიშვიშებდა, თან აივნისკენ მიუძღოდა უცხო სტუმარს.

აგურის სახლი ორსართულიანი კი იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ კაცის ხელი აკლდა. ზედა სართულზე მინები თითქმის ყველგან ჩამსხვრეული იყო, ბათქაში _ ჩამოცვენილი, სახურავი კი _ წვიმისგან დაჟანგული. მერე ეზო მოათვალიერა. ირგვლივ მხოლოდ ჰორტენზიები ყვაოდა _ თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, იისფერი… ლამაზი ყვავილი იყო, დუდუმ ღიმილი ვერ შეიკავა.

_ რა ლამაზი ყვავილები გაქვთ, ქალბატონო ნანული, _ მიუბრუნდა ქალს.

_ ჰო-ო… ეგა? ეგ სალის საყვარელი ბაღია, შვილო, ისე უვლიდა აქაურობას, რომ ნუ იტყვი. ზამთარ-ზაფხულ ამ ყვავილებს რწყავდა. ვეუბნებოდი, გოგო, რად უნდა ეზოს ყვავილს მორწყვა, წვიმის წყალიც ჰყოფნის-მეთქი, მაგრამ ვინ მიჯერებდა! ეგეთი ჯიუტი გოგოა.

_ ჯიუტი არის, გეთანხმებით, _ გაიცინა დუდუმ.

_ აქეთ შემოდი, შვილო, ახლავე მოგხედავ, _ ქალი დატრიალდა.

_ არ არის საჭირო, ქალბატონო, მეჩქარება, ნუ შეწუხდებით. სამსახურის საქმეზე ვიყავი და სალიმ მთხოვა, გამომევლო და თქვენთვის ფული გადმომეცა, გამოგიგზავნათ, _ დუდუმ ჯიბეზე გაიკრა ხელი, საფულე ამოიღო, გახსნა და ათლარიანების დასტა ამოიღო.

_ რად მინდოდა მაგის ფული, რანაირი გოგოა, თავის თავს მიხედოს, მე რა მიჭირს, მეზობლები აქ არ მყვანან? _ შეწუხდა ნანული და თავშალი გაისწორა.

_ აქ ორასი ლარია. მალე თვითონაც ჩამოვა ალბათ, _ დუდუმ ათლარიანები გაუწოდა მოხუცს.

გულაჩუყებულ მოხუცს ცრემლები მოერია. დუდუს ფული გამოართვა და ხალათის ჯიბეში ჩაჩურთა.

_ თქვენ ერთად მუშაობთ, დედა? _ შეეკითხა ბოლოს ქალი.

_ კი, თანამშრომლები ვართ. მე მივლინებაში გამომიშვეს და რადგან გზა აქეთ მქონდა, სალის თხოვნა შევასრულე. კიდევ ერთი _ თქვენს ქალიშვილს ეს ყვავილები მოენატრა და რომ არ წავუღო, სამსახურში არ მიმიშვებს, _ გაიღიმა დუდუმ.

_ მაგაზე როგორ გაწყენინებთ, შვილო, ახლავე დაგიკრეფ, _ ნანული ეზოში გატრიალდა და ჰორტენზიების ბუჩქებს მიეახლა, აყვავილებული ტოტები წაატეხა.

_ მხოლოდ იისფერი, ქალბატონო ნანული, ასე მიბრძანა სალიმ, სხვა ფერი არ მინდაო, უკაცრავად, _ მოუბოდიშა მამაკაცმა.

_ როგორც ინებებ, შვილო, რომელსაც ხელს დაადებ, თქვენი ნებაა…

რამდენიმე წუთში უზარმაზარი თაიგული შეიკრა. დუდუმ მოხუცს ყვავილები გამოართვა, უკანა სავარძელზე მოათავსა, მოწიწებით დაემშვიდობა მასპინძელს და თბილისის გზას კმაყოფილი დაადგა…

7 7 7

სალი დილიდანვე ესტუმრა იაკოს, თუმცა თითქმის ყველაფერი გაკეთებული დახვდა.

_ კი მაგრამ, რისთვის მომიყვანე, თუ უკვე გაამზადე ყველაფერი? _ გაიკვირვა სალიმ.

_ პადაჟდი, ჯერ სადაა, ვოტ ზელენ, გარეცხე, _ საქმიანი სახით შეხედა იამ.

სალი მწვანილის გასუფთავებას ბუზღუნით შეუდგა.

_ ბევრ ხალხს ელოდები? _ გასძახა დაქალს.

_ და ნეტ, ტოლკო მი ბუდიმ.

_ მაინც, მაინც?

_ ატსტან, პრიდუტ ი უვიდიშ, _ იაკომ თავი აარიდა მეგობრის შეკითხვას.

მერე სალიმ ხაჭაპურები დააცხო. შემდეგ სუფრის გაშლას შეუდგნენ, თან ოხუნჯობდნენ, სტუდენტობის დროინდელ ამბებს იხსენებდნენ. მერე იაკოს ვიღაცამ დაურეკა. ისიც ადგა, ტელეფონი სასტუმრო ოთახში გაიტანა და სამზარეულოს კარი მჭიდროდ მოიხურა.

_ უყურე შენ! მგონი ამას ვიღაცა ჰყავს, _ თავისთვის ჩაილაპარაკა სალიმ და ბოლო ხაჭაპურს კარაქი გადაუსვა ზემოდან.

უცებ თვითონაც გაახსენდა ტელეფონი. სამზე დუდუმ უნდა დაუმესიჯოს. არც მას უნდა, იაკომ მისი საიდუმლო გაიგოს. ნეტავ არ მოვა? რა საინტერესოა, აქ რომ დაინახავს, რა რეაქცია ექნება? ამის გაფიქრება და სალის ტელეფონზე მესიჯის სიგნალი ერთი იყო. შეკრთა, ხელები ტილოზე შეიწმინდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და ფანჯარასთან მივიდა, რომ წერილი დაქალის უჩუმრად წაეკითხა. აფორიაქებულს არც გაუგია, როგორ გაიღო სამზარეულოს კარი და როგორ შემოვიდა ოთახში დუდუ.

«მე დაგიმესიჯე, ხომ შევასრულე პირობა?» _ სწერდა მამაკაცი.

სალი ტექსტის აკრეფას შეუდგა.

«გელოდებოდი. ყველა პირობას ასე ასრულებ?»

პასუხს დაელოდა, მაგრამ დუდუ იგვიანებდა. სალიმ მობილური კვლავ ჯიბეში ჩაიდო და მოტრიალდა. მოულოდნელობისაგან გაშრა. სამზარეულოს მაგიდაზე იისფერი ჰორტენზიები ეყარა. ქალი გაფითრდა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. კარზე არც კაკუნი ყოფილა, არც ზარი დაურეკავს ვინმეს. როგორ შეიძლებოდა ეს ყვავილები აქ გაჩენილიყო? ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს, ფრთხილად შეაღო და ოთახში ქურდულად შეიხედა. იქ ვერავინ დალანდა იაკოს გარდა, რომელიც ღვინის ბოთლებს აწყობდა მაგიდაზე.

_ ია, აქ არის ვინმე?

_ ნეტ, ა ჩტო?

_ აბა ის ჰორტენზიები ვინ მოიტანა?

_ ა, ეტა? დუდუ პრისლალ მნე. ონ ლუბიტ ტაკიე სიურპრიზი, _ გაიღიმა იაკომ.

_ ვრიოშ! სკაჟი, ვ ჩემ დელა, _ სალიმ სერიოზული სახით შეხედა დაქალს.

_ და ნე ვ ჩემ, რა მოგივიდა?

_ გდე ონ?

_ ატკუდა მნე ზნატ, ტი ჩტო, ს უმა საშლა? _ ისე გაიკვირვა იამ, თითქოს ამ საქმის არაფერი გაეგებოდა.

რას იფიქრებდა, ორიოდე წუთის წინ დუდუმ რომ შეამოწმა, მართლა ის უგზავნიდა მესიჯებს თუ არა. ვერც იმას წარმოიდგენდა, მამაკაცი ქურდულად რომ დატოვებდა ყვავილებს და ისე გაიპარებოდა. რაღა ჰორტენზიები? რატომ მაინცდამაინც იაკოს? დაბადების დღეზე ჰორტენზიები რა მისართმევია? სალის ეჭვები გულს უღრღნიდა.

_ უსპაკოისია, ონ ნე პრიდიოტ, კურიერ პრინიოს ცვეტი, _ სცადა იამ მეგობრის დამშვიდება.

ცოტა ხანიც და კარზე ზარი დაირეკა. სალი ისე შეხტა, თითქოს რაღაც საშინელება მომხდარიყო, სახეზე წამოჭარხლდა.

_ ვოტ, პერვიე გოსტი პრიშლი, _ წამოიძახა იამ მხიარულად და შემოსასვლელისკენ ხტუნვით გავარდა.

სალის სუნთქვა შეეკრა, მიაყურადა, რომ მოსულის ხმა გაეგონა.

_ მიგვიღებთ? _ ეს მერაბის ხმა იყო, იგი ხმაურით შემოიჭრა ოთახში.

სალიმ შვებით ამოისუნთქა.

_ ვა! ჩვენი ბივში გოგოც აქ არის? როგორ ხარ, ლამაზების პრეზიდენტო? _ ხელი ჩამოართვა მამაკაცმა და გადაკოცნა.

_ არა მიშავს, თავად?

_ ვარ სტამბოლის კაჟივით, რა მიჭირს, _ გადაიხარხარა მერაბმა და სუფრას გადახედა, _ აუჰ, რას ვითოხლავებთ! სხვები სად არიან?

_ მოვლენ, _ მოკლედ მოჭრა იაკომ და მაგიდაზე ღვინის ბოთლების განაწილება გააგრძელა.

«დუგის» თანამშრომლებმა ნელ-ნელა მოიყარეს თავი. მერაბს ზაზა და გია მოჰყვნენ, მერე გულიკო შემოუერთდათ, სალის ყველა თბილად შეხვდა. დანარჩენები არ გამოჩენილან. კულმინაციური მომენტი გიგის მოსვლა იყო. ამან სალი უფრო ააფორიაქა. ადგილს ვერ პოულობდა. წასვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ვინ გაუშვა!

ოთხისთვის ყველანი სუფრას შემოუსხდნენ. თამადობა ზაზამ ითავა. სალი თითქოს ეკლებზე იჯდა, თვალი კარისკენ ეჭირა, დუდუს მოსვლას ელოდა, თუმცა ბოსი არსად ჩანდა. ქეიფი მალე გახურდა. სალის მათი ხორხოცი და შეძახილები თითქმის არ ესმოდა, ნერვიულობისგან სმენა ჰქონდა დახშული. ხანდახან მზერა გიგისკენ გაექცეოდა, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში თვალს არ აშორებდა. ბოლოს ვერ მოითმინა სალიმ, ადგა და სამზარეულოში გავიდა. გიგის ეს არ გამოჰპარვია და ფეხდაფეხ მიჰყვა.

_ რატომ მექცევი ასე, არ მელაპარაკები? _ გიგი ქალს მიუახლოვდა.

_ მე შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს, _ დახშული ხმით უპასუხა სალიმ და თვალი აარიდა მამაკაცს.

_ რატომ, დაგიშავე რამე?

_ შენ უკეთ იცი, დამიშავე თუ არა.

_ რომ მიყვარხარ, იმას რა ეშველება?

_ არც არაფერი, დაივიწყე ეგ ამბავი.

_ მაგრამ იმასთანაც რომ არაფერი გამოგდის?

_ ეგ შენი საქმე არ არის.

_ ვითომ?

_ არ მომიახლოვდე! _ სალიმ უკან დაიხია.

_ «უაღრესად» გულამოჭრილი კაბა გაცვია, თანაც წითელი. გგონია, ადვილია თავის შეკავება? სიგარეტი გაკლია მხოლოდ, აჰა, არ გინდა? წითელ კაბას უხდება ანთებული სიგარეტი, _ გიგიმ დამცინავად გაუწოდა სიგარეტი.

_ ვერაფერი ხუმრობა გამოგივიდა, _ აიმრიზა სალი.

უცებ კარი გაიღო და ზღურბლზე დუდუ გამოჩნდა. სალის მუხლები მოეკვეთა მის დანახვაზე, გიგის მოხერხებულად აუარა გვერდი და სამზარეულოდან გასხლტა, შემოსასვლელში დადებულ ჩანთას ხელი დაავლო და შეუმჩნევლად დატოვა იქაურობა.

დუდუ და გიგი კარგა ხანს უხმოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. გიგიმ სიგარეტი ნიჟარაში მოისროლა და ცინიკური მზერა მიაპყრო მეტოქეს.

_ დროზე მოგვისწარი, სწორედ რომ ინტიმურ თემაზე ვსაუბრობდით.

_ შენ უფლება არა გაქვს, სალის გაეკარო, _ მკაცრად წარმოთქვა დუდუმ.

_ მე შენგან ნებართვის აღება არ მჭირდება, _ გიგისაც გაუმკაცრდა ხმა.

_ უნდა გჭირდებოდეს.

_ რატომ? იმიტომ, რომ შენ უყვარხარ?

_ არა, იმიტომ, რომ შენ არ უყვარხარ, _ თქვა დუდუმ და გატრიალდა.

სასტუმრო ოთახში შესულმა სუფრის წევრებს მოავლო თვალი, სალი რომ ვერ შეამჩნია, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და თვითონაც გაეკიდა, თანამშრომლების შეძახილებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ლიფტს არ დაელოდა, სირბილით ჩაუყვა კიბის საფეხურებს და ქუჩაში გავარდა. გაწვიმებულიყო. მსხვილი წვეთები სახეში სცემდა მამაკაცს. გზის მოპირდაპირე მხარეს მდგარი სალი დალანდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ახლა მათ შორის წვიმა იდგა, მხოლოდ წვიმა აშორებდათ ერთმანეთს. სანამ დუდუ გზას გადაჭრიდა, სალიმ ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და გაემგზავრა, ვერ მიუსწრო მამაკაცმა. ღრმად ამოისუნთქა, ხელები მომუჭა და გაბრაზებულმა კბილი კბილს დააჭირა…

7 7 7

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა. ძლივს აითრია წელი, აცახცახებლი მიუახლოვდა კარს და არც უკითხავს, ისე გააღო. დუდუმ თავი ასწია და დანისლული თვალებით შეხედა ქალს.

_ რა გინდა? _ ცივად იკითხა სალიმ.

_ შენს ტუჩებში ხეტიალი მინდა, _ იდუმალი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.

ქალს სათქმელი პირზე შეაშრა, ასეთ სიტყვებს არ ელოდა. პასუხი არ გაუცია, განზე გადგა და მამაკაცს გზა დაუთმო.

_ დასველდი? _ ესღა იკითხა დუდუმ, ოთახში რომ შევიდა.

_ ისე რა, _ ყრუდ წარმოთქვა ქალმა.

_ ჰორტენზიები რატომ დატოვე?

სალის რომელიღაც ნერვი აუთამაშდა სახეზე, გამომეტყველება შეეცვალა. მიხვდა _ დუდუმ ყველაფერი იცოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა.

_ ის იაკოსთვის იყო განკუთვნილი.

_ ვინ მოგატყუა?

_ იუბილარმა ასე მითხრა.

_ სხვათა შორის, ის ჰორტენზიები შენი ეზოდან არის წამოღებული. როგორ გგონია, ვისთვის წამოვიღებდი?

_ საიდან? _ ამის გაგონებაზე სალი სახტად დარჩა.

_ შენი ეზოდან.

_ იქ რა გინდოდა?

_ დედაშენი გავიცანი, მეტი არაფერი.

_ სხვა გასართობი ვერაფერი ნახე? რა გითხრა დედაჩემმა?

_ ჩემი სტერვატიკი გოგო როგორ არისო, მოკითხვა დამაბარა.

_ ღმერთო… _ სალიმ თვალები ჭერს მიაპყრო და ზურგით კედელს მიებჯინა.

_ მე კი ვუთხარი, სტერვატიკი კი არა, მაგარი წერწეტოვანი გოგო გყავს-მეთქი, თან ძალიან მიყვარს და მევასება-მეთქი, _ მამაკაცმა საყვარლად გაიღიმა, ხელები სალისკენ გაიშვირა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

_ გეყოფა თამაში, _ ამოიკვნესა ქალმა.

_ მოთამაშის რა შემატყვე?

_ აბა რა გინდა, რისთვის მოხვედი?

_ ერთხელ უკვე გითხარი, რისთვისაც მოვედი.

_ დუდუ, შენ არ ხარ ის მამაკაცი, რომელიც ქალს ასეთ რამეებს ადვილად აპატიებს. არ გინდა, ნუ სარგებლობ ჩემი სისუსტით.

_ მერედა, ვინ გითხრა, რომ ადვილად გაპატიე? სულაც არა, ძალიან ძნელად გაპატიე, რომ იცოდე. ამას დიდი დრო დასჭირდა, ძალიან დიდი, მაგრამ მაინც გაპატიე. სხვანაირად ვერ შევძელი. ახლა შენ უნდა მაპატიო.

_ მე რა უნდა გაპატიო?

_ ის, რომ ძნელად გაპატიე.

_ მაგრამ ჩვენ შორის ისეთი ბარიერია, რომელსაც ვერასდროს დავამსხვრევთ. გიგი წარსულის დავიწყების საშუალებას არც შენ მოგცემს და არც მე.

_ მოგვცემს, არც ისეთი ცუდი ბიჭია, შენ რომ გგონია, გადაუვლის.

_ მაგრამ შენ მე ყოველთვის გამიხსენებ იმ ამბავს…

_ მე უკვე დავივიწყე.

_ მაგრამ…

_ გავიგე, ქეთისთან ყოფილხარ, _ სიტყვა ბანზე აუგდო დუდუმ.

_ ვინ გითხრა? _ შეკრთა სალი.

_ ქეთიმ. მერე მკითხა, მართლა ერთად ხართო? იმ გოგომ მართალი მითხრა თუ მომატყუაო?

_ შენ რა უპასუხე?

_ ვუთხარი, მოგატყუა-მეთქი.

სალი უფრო მჭიდროდ აეკრა კედელს, მუხლები მოეკვეთა.

_ ამ ეტაპზე არ ვართ ერთად, მაგრამ ხვალიდან აუცილებლად ერთად ვიქნებით-მეთქი, _ ღიმილით გააგრძელა დუდუმ.

სალი ჩაიკეცა, ღონემიხდილმა ვეღარ გაძლო ფეხზე. დუდუ ერთი ნახტომით მიეჭრა ქალს, ხელში აიყვანა და საწოლისკენ გააქანა. ფრთხილად მიაწვინა ლოგინზე და გვერდით ჩამოუჯდა.

_ მითხარი, გიყვარვარ? _ ჩურჩულით ჰკითხა მამაკაცმა.

ქალმა თავი დაუქნია.

_ არა, ასე არა, მითხარი.

_ მიყვარხარ, _ ძლივს ამოთქვა სალიმ.

_ ისევ ისე, როგორც ადრე? _ არ მოეშვა დუდუ.

_ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

_ ეს კარგია.

_ როგორ გაიგე, რომ მე გიმესიჯებდი?

_ ეს ფირმის საიდუმლოებაა, _ გაიხუმრა დუდუმ.

_ არა, მართლა.

_ შენმავე სიტყვებმა გაგყიდა. ესა, ისაო, ლურჯთვალებაო… შენ თვითონ არ მომეცი მინიშნებები? მერე კი შეგამოწმე. ის ქეიფი ჩემი დაგეგმილი იყო, სპეციალურად მოვაწყვე ისე, რომ სამ საათზე იაკოსთან ყოფილიყავი. მესიჯი რომ გამოგიგზავნე, იქ ვიყავი. დავინახე, როგორ კითხულობდი.

_ მერე? რატომ დამემალე? _ სალის მკერდი მღელვარედ აუდიოდ-ჩაუდიოდა. დუდუ თვალს არ აშორებდა მას.

_ რადგან ვერ შემამჩნიე, გაცლა ვამჯობინე. ვიფიქრე, ქეიფის მერე ვეტყვი-მეთქი, მაგრამ გიგიმ ჩამიშალა გეგმები… ხედავ, შენი მკერდი რა დღეშია?

_ რა დღეშია? _ სალიმ თავი წამოსწია და მკერდზე დაიხედა.

_ ლიფიდან ამოხტომას ლამობს, ნეტავ რატომ?

სალიმ სიცილი ვერ შეიკავა.

_ არ ვიცი, არ ვიცი.

_ სამაგიეროდ, მე ვიცი. დუდუსთან უნდა, მოენატრა მისი შეხება. აბა ჰკითხე?

სალიმ ისევ გაიცინა.

_ წეღან როგორ მითხარი, რა მინდაო?

_ შენს ტუჩებში ხეტიალი მინდა-მეთქი.

_ ჰოდა, იხეტიალე, ვინ გიშლის?

_ არც არავინ და ვერც ვერავინ ვერასდროს დამიშლის, _ თქვა მამაკაცმა, სალის თავქვეშ ამოსდო ხელი და ტუჩებზე დაეკონა.

7 7 7

ვნების საათი დიდხანს გაგრძელდა. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ალერსში, დროის და სივრცის შეგრძნება დაკარგა ორივემ.

_ მეტი აღარ შემიძლია, _ კოცნით სულშეგუბებულმა ქალმა რაღაც მომენტში ძლივს დააღწია თავი მამაკაცის მკლავებს.

_ ვიცოდი, რომ ვერ გამიძლებდი. შენ ასე ადვილი გეგონა ჩემი «მოთელვა»? _ მამაკაცმა თვალები დაუკოცნა ქალს.

_ არც ჩემი დარწყულებაა ადვილი, რომ იცოდე, _ არც სალი დარჩა ვალში.

_ აკი მეტი არ შემიძლიაო?

_ მოგატყუე.

_ ასე გგონია? დაგიჯერე, ხომ იცი, _ წამოიძახა დუდუმ და კვლავ წაეტანა ქალს.

_ მოიცა, მოიცა, მართლა დავიღალე, ცოტა დავისვენოთ, არ შეიძლება? შენ მიჩვეული ხარ ქალებთან «აჭიმებს», მე კი…

_ შენ კი ახლა იწყებ, არა?

_ დუდუ, _ სალიმ მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა.

_ გისმენ, რა იყო?

_ ისევ მიმიღებ მდივნად?

მამაკაცმა პასუხი დააყოვნა.

_ გესმის?

_ მესმის, _ თქვა დუდუმ და გულაღმა გადაწვა.

_ მერე? მიმიღებ თუ არა?

_ არა.

_ რატომ?

_ არ მინდა ჩემი მდივანი იყო.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მიყვარხარ და მინდა ჩემი იყო.

_ არც მე მინდა შენი მდივნობა, _ გაბუტული ხმით წარმოთქვა სალიმ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მეც მიყვარხარ და მინდა შენი ვიყო.

სალიმ გვერდი იცვალა და დუდუს ზემოდან მოექცა.

_ ახლა ვნახოთ, ვინ ვის გაუძლებს…

ღამის სიჩუმეს ორთა ვნებიანი ჩურჩული შეერია…

7 7 7

_ რომელი საათია? _ მოგვიანებით იკითხა დუდუმ.

სალიმ ხელი გაიწვდინა და შუქი აანთო. კომოდზე დადებული ელექტრონული საათი თითქმის თორმეტს უჩვენებდა.

_ შეხედე! _ ანიშნა დუდუმ, _ საათი 12:59-ს უჩვენებს.

_ მერე რა?

_ ახლა დრო გაჩერდება.

ციფერბლატზე მალე 00:00 დაიწერა.

_ ხედავ? სამყარო გაჩერდა.

_ ვხედავ, _ იდუმალი ხმით თქვა სალიმ.

ორივე ინტერესით მისჩერებოდა საათს. ერთი წუთიც და დროის დაფაზე ერთიანი გამოჩნდა _ 00:01.

_ წავედით, _ თქვა დუდუმ, სალის მკლავი მძლავრად მოხვია და გულზე მიიხუტა…

…და დრო დაიძრა… სიყვარულიც…

About these ads

14 thoughts on “იისფერი ჰორტენზიები

  1. q-no sveta,pirdapir getyvit:sigijemde miyvarxart:D:* tqvens yvela romanze vgijdebi,umetesoba wakitxuli maqvs,yvelas wakitxvas vapireb.pirveli romani romelic wavikitxe «sxvisi ocnebis qali» iyo.gadamriet:d titqos chemze iyo dawerili.mtavari gmiri gogona zustad chemnairi,rogorc agwerili gqondat.istoriac igive da icit ra damemarta roca kitxvas movrchi?rom mcodnoda gias nomeri an misamarti uechveli ragac sigijes chavidendi:) bevri vitire,mere quchashi gavedi uzarod davxetialobdi da isev mas vedzebdi:) quchashi rogorc yoveltvis yvela me mamchnveda,me ki aravis.mis napexurebs vedzebdi da cremlebi momdioda.kargia rom ver mivakvlie,torem erti codva tqvens kiserze iqneboda:d:d:*

    • genacvale! cremlebi momadga! arada, es romani, simartle rom gitxra, chems pirvel siyvarulzea… araferi shemicvlia titkmis. gamodis, me da shen erti tavgadasavali gvkonia cremliani dasasrulit :) didi madloba, Tamuna aseti tbili sityvebistvis! :*

  2. ვგიჟდები თქვენს რომანებზე :) სიტყვები არ მყოფნის ისეთი კარგია ყველა რომანი :) წარმატებები

  3. sayvareli romania,momewona,imedi maqvs am saitze ar gamoileva arasdros axali shemoqmedebebi.ugrmesi madloba qalbatono sveta ase rom milamazebt cxovrebas.iqidan gamomdinare rom saqartveloshi ar vimyopebi tveni romanebis kitxvit vimsubuqeb nostalgias,imedi maqvs saqartveloshi kidev arian dudus msgavsi adamianebi…:D

  4. ძალიან კარგია,ვისიამოვნეე:-) დიდი მადლობა თქვეენ ქ-ნო სვეტა ესეთი კარგი რომანებისთვის…აქამდე ამ სტილის რუსულებზე ვიყავი გადარეული,მაგრამ ეხლა თქვენი ფანი ვაარ,წარმატებებს გისურვებთ!!!!!
    დაა..არ მოგვაკლო ერთგულ მკითხვრლებს ეს სიამოვნებაა,ხშირად გაგვახარე ახალი რომანებით!!!:-)

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s