რომანტიკა თუ დანაშაული?!


 

სარკეში უკმაყოფილოდ ვიყურები და ჩემთვის ვამბობ.

_ რა ვერაგია ეს ცხოვრება!

რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ხვალიდან კიდევ ერთი ახალი ერა იწყება ჩემს ცხოვრებაში _ მტანჯველი, საპასუხისმგებლო და სხვაზე დამოკიდებული! მუშაობა უნდა დავიწყო! მე კი მეზარება. ჯერ ახალგაზრდა ვარ, რატომ უნდა ვარჩინო ოჯახი? აქეთ მარჩინონ, თუ კარგია!

რა ვერაგია ეს ცხოვრება! _ ვიმეორებ. ნეტავ, ვინ თქვა პირველად ეს სიტყვები? ვის უჭირდა ჩემნაირად? და საერთოდ, ჩემ გარდა, რამდენ ადამიანს ექნება გამეორებული ეს ფრაზა ჩემამდე? კაცმა არ იცის! არც მე ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს!

კვლავ სარკეში ვიხედები.

_ რა შეუმჩნეველი ხარ, აღარ უნდა გაიზარდო, ბოლოს და ბოლოს?

ამას რატომ ვამბობ? იმიტომ, რომ მინდა დიდი ქალი ვიყო. აი, ისეთი, ნინიკოს დედა რომ არის! ორმოცი წლის ზემოთ! როგორ მომწონს ამ ასაკის ქალები. ასე მგონია, მამაკაცებს სწორედ ამ ასაკის ქალებზე ეკეტებათ ჭკუა. ისინი მოვლილები არიან, გამოცდილებაშეძენილები, პრაქტიკაგამოვლილები… სიყვარულის ფასიც იციან და ურთიერთობისაც. პირზეც დიდი ხანია, «რძე შეაშრათ»! ამიტომაც მინდა, ჩქარა გავიზარდო. თორმეტი წლიდან ასე ვარ! ყოველდღე ვიყურები სარკეში და ვნატრობ, როდის გავიზრდები დიდი, დიიიდი! მინდა მალე დავქალდე, რათა სასურველი ვიყო. ყველა კაცი მე შემომნატროდეს! მე კი მიუწვდომელი დავრჩე მათთვის მანამ, სანამ თვითონ არ ავირჩევ ჩემთვის სასურველს!

აი, ხვალიდან გავიზრდები. ვიცხოვრებ მარტო, ჩემთვის, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი მე ვიქნები და არა მამაჩემი. პირიქით, მე ვიქნები მისი ბატონ-პატრონი. დამირეკავს ხოლმე და მორიდებით მეტყვის _ «ლოლიტა, შვილო, ერთ ორმოცდაათ ლარს არ გამომიგზავნი? ვალები დამიგროვდა მაღაზიაში!» არა, ასე არა… აი, ასე _ «ლოლა, შვილო, იქნებ ერთი ასი ლარი გამომიგზავნო? მერიდება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს, იქნებ მიშველო!» აი, ეს კარგია! მეც ცოტას გავწელავ პაუზას და ვეტყვი, რომ გამოვუგზავნი! მაგარია! ეს ერთადერთია, რის გამოც მიხარია მუშაობის დაწყება.

მკითხავთ, ალბათ, რატომ არ გიხარიაო… განა არ გამიხარდებოდა, ჩემი სპეციალობით რომ მეშოვა სამსახური. ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე ამ ზაფხულს, მაგრამ ვინ მიგიღებს მენეჯერად? ბიზნესმენად _ მით უმეტეს! ბიზნესმენი უნდა გახდე. ამისთვის კი უნდა იშრომო, მერე იომო, მერე… ერთი სიტყვით, ოფლისღვრა და სისხლისღვრა ერთდროულად უნდა დაიმართო. მე კი ამისთვის ასაკი არ მიწყობს ხელს. სამსახური კი… მდივნად მოეწყობი ჯერჯერობითო, მამაჩემმა გამომიცხადა. ამისთვის უნდა გავქანდე ხვალ თბილისში, ჩავაკითხო მამაჩემის ბიძაშვილის უფროს შვილს და იქნებ მომიხერხოს რამე. თურმე! ჯერ არც უშოვია ჩემთვის სამუშაო, ისე მიბარებს! ხომ კარგია? ჩემთან ვაკანსია არ არისო! გესმით? კაცი «სტაჟიანი» ბიზნესმენია, იმხელა ფირმა აქვს მანქანების ყიდვა-გაყიდვის და მდივნის ვაკანსია არა აქვს, მენეჯერობაზე აღარაფერს ვამბობ! არა აქვს არა, ის! ვიცი, რაც ხდება. არ უნდა, მასთან ვიმუშაო. შორეული ნათესავი თავისთან დაასაქმოს, მისთვის მიუღებელია. თან ცოლი ჰყავს ისეთი აშარი, რომ… ყველა სიკეთესთან ერთად, უძალიანმაგრესად მედიდური და ამპარტავანი! მასზე უკეთესი თუ ქვეყანაზე დადის, არ ჰგონია! ახლა მე მკითხოს! ვინ მიგდია, ერთი გაუთლელი და ტეტია ქალია, რომელმაც მდიდარი ქმარი ჩაიგდო ხელში და რა ქნას, არ იცის. უნახავმა რა ნახაო, მასზეა ნათქვამი. ისე, ლამაზი კი არის, ვერაფერს იტყვი! კიდევ იმის ეშინია ცოლსაც და ქმარსაც, რომ მათთან მომიწევს ცხოვრება. ღმერთმა დამიფაროს! ერთი კვირაც არ დავრჩები მაგათ სახლში! გავყრი ჩემს მდგმურებს და საკუთარ ბინაში ვიცხოვრებ. სხვისი სამადლო რა მჭირს? მამა კი მაძალებს, მათთან არჩი, ეგ ქირის ფული სახარჯოდ გამოიყენეო, მაგრამ მაინც გავიტან ჩემსას. არადა, სულ ერთი თვის წინ გავაქირავე… რაც მამა ჩამოვიდა თბილისიდან, მას მერე.

ეჰ, დედა რომ მყავდეს… ჩემი ლამაზი დედუნა! ჩემი იტალიელი დედიკონა… ულამაზესი სოფია… უდედობას ახლა უფრო განვიცდი, ამ ასაკში. თორმეტი წლის ვიყავი, რომ დავობლდი. მამამ დედა ბოლონიის უნივერსიტეტში გაიცნო, ერთ-ერთ საღამოზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა სიმპოზიუმზე. მამა დოცენტი იყო მაშინ, დედა _ პიანისტი და მათთვის გამართულ კონცერტზე უკრავდა. მერე მოეწონათ ერთმანეთი, მერე დაახლოვდნენ, მერე… იყო აკრძალვები, რადგან საბჭოთა კავშირი არსებობდა, მაგრამ მაინც მოახერხეს და შეუღლდნენ. როგორ? გრძელი ისტორიაა, ნუ მომაყოლებთ. სხვა დროს გიამბობთ! მამამ დედა საქართველოში ჩამოიყვანა და ერთი წლის შემდეგ მეც გავჩნდი. ეს მოხდა ოცდასამი წლის წინ! აი, ახლა ხომ გაიგეთ, რამდენი წლის ვარ! ოც-და-სა-მის! მაგრამ მე მინდა, ორმოცდასამის ვიყო _ «დამა» ქალი, ლამაზი, გამოცდილი, გრაციოზული, არისტოკრატული მანერებით, მაცდური ღიმილით… ეჰ, როდის გავა კიდევ ოცი წელი!

არადა, ცუდი გოგო არ ვარ! როგორი ვარ? ლამაზიც ვარ და მახინჯიც. უცერემონიოც და მორცხვიც. ჭკვიანიც და სულელიც. ჩემი საყვარელი ფრაზაა _ «კარგია ეს, თუ ცუდი?» და ყოველთვის, როცა ამ კითხვას ვსვამ, არასდროს ვიცი, როგორ «გამოიყურება» სწორი პასუხი.

საწყალი ჩემი მამიკო. ერთხელ ვერ გაიხარა ცხოვრებაში. ჯერ იყო და, საყვარელი ცოლი გარდაეცვალა, თანაც ულამაზესი… თანაც უცხოელი… ყველა კაცი მას შეჰნატროდა, დედას გვერდით რომ ხედავდნენ. გულში შურით სკდებოდნენ ალბათ და ნერწყვებსაც ყლაპავდნენ. ყველას კი არ უმართლებს, სოფი ლორენივით ლამაზი სოფია გყავდეს ცოლად! მას მერე მოტყდა, თითქოს უეცრად დაბერდა. ცხოვრების ხალისი დაკარგა.

მამა ახლა უკვე პროფესორია, საზღვარგარეთის ისტორიას ასწავლის სტუდენტებს უნივერსიტეტში. უფრო სწორად, ასწავლიდა! ეს სასწავლო წელი რომ დამთავრდა, გამოუცხადეს, ეკონომიკური კრიზისია და შტატები უნდა შევამციროთო… და პირველი სწორედ მამა მოაყოლეს შემცირებაში. ზუსტი მიზეზი არ იცის თვითონ, რატომ მოხდა ასე, მაგრამ მე მაინც ვხვდები. უფრო იმიტომ გამოუშვეს სამსახურიდან, რომ ცოტათი ოპოზიციონერია. სიმართლე ეს არის. ისედაც, პროფესორები აღარავის სჭირდება უკვე. ახლა მთავარია, უცხოეთში გქონდეს განათლება მიღებული და ახალგაზრდა კადრს წარმოადგენდე.

ეჰ, მეც მინდოდა იტალიაში მესწავლა, «ალმა მატერის» უნივერსიტეტში, მაგრამ არ დამცალდა! დედა აღარ მყავს, მამას კი საშუალება არ ჰქონდა. ჩემმა იტალიელმა ბებიამ და ბაბუამ, სკოლა რომ დავამთავრე, თავისთან წამიყვანეს ერთი წლით, თან არჩევანის წინაშე დამაყენეს. თუ აქ გინდა სწავლა, დარჩი და ქირას ჩვენ გადაგიხდით, თუ არადა, გვითხარი, რა გინდა და იმას გაგიკეთებთო. მეც ავდექი და… თბილისში ბინა მიყიდეთ, სხვა არაფერი მინდა. სწავლით კი საქართველოშიც კარგად ვისწავლი, უფრო იაფიც დამიჯდება და ბინაც შემრჩება-მეთქი. შენი ნებააო, დამთანხმდნენ და იმისთანა სამოთახიანი «ჩამახუტეს», თქვენი მოწონებული. მადლიერების ნიშნად, თავდაუზოგავად ვისწავლე და წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი. გგონიათ, ამით დამთავრდა? არა-ა! უნივერსიტეტის დამთავრებაც აღნიშნეს და… მანქანით მომილოცეს. დავგრიალებ ახლა ჩემი «ჰიუნდაით». ლამაზი მანქანაა, პატარა და კოხტა.

სხვათა შორის, ორი უცხო ენა ვიცი _ იტალიური და ინგლისური. მენეჯმენტიც ვიცი და ბიზნესის მართვაც! ოღონდ თეორიულად! პრაქტიკა მაკლია. მოვა დარო და იმასაც გავივლი! მაინც მივაღწევ ჩემსას!

მეც ვუკრავ… მართალია, დედასავით პროფესიონალი პიანისტი არ ვარ, მაგრამ მაინც კარგად გამომდის. დედას უნდოდა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ არ დასცალდა. მეც გავუცრუე იმედი. მივხვდი, ჩემგან ნიჭიერი პიანისტი არ დადგებოდა და შევეშვი. ჯობია, ის ვაკეთო, რაც გამომდის. თუმცა, ჯერ არაფერიც არ გამომდის.

რა ვქნა, სულაც არ მიზიდავს ვიღაცის მდივნობა, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყო? პირდაპირ მენეჯერად არავინ დამსვამს. თუმცა პერსპექტივა მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ორი უცხო ენა ვიცი! დასაწყისისთვის ამასაც არა უშავს. დანარჩენი მერე ვნახოთ. მე მეტს ველი ცხოვრებისგან, ბევრს მინდა მივაღწიო. მდივნობისთვის კი არ ვისწავლე ამდენი! ან ვის ვუთხრა, უნივერსიტეტდამთავრებული მდივნად ვმუშაობ-მეთქი? გამიგიჟდებიან ჩემი თაყვანისმცემლები! მაგათ მილიონერი ვგონივარ _ თბილისში ბინა, ავტომობილი, მამა პროფესორი, ბებია-ბაბუა იტალიელი… რა იციან, ამ დროს, როგორ გვიჭირს…

მამას ხათრით დავთანხმდი, თორემ… მამა რომ გაათავისუფლეს და შინ დაბრუნდა, იმ დღესვე ინფარქტი დაემართა. მართალია, გადარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ არის ჯანზე, მკურნალობს. ხომ უნდა დავაყენო ფეხზე? ოჯახში ფულია საჭირო. წამლები, გამოკვლევები… ძვირი სიამოვნებაა! ყველა ხელებში გიყურებს ან სადაზღვევო პოლისი უნდა გქონდეს. საიდან ექნება, როცა არ მუშაობს? ეს რომ მახსენდება, მგონია, მთელი ქვეყნიერების სიმძიმე მე დამაწვა მხრებზე. შევძლებ კი, გავუმკლავდე სიძნელეებს? ცოტა არ იყოს, მეშინია.! მჭირდება სამსახური, მჭირდება ფული _ და ეს ყველაფერი ახლავე, სასწრაფოდ! ცოლი მაინც შეერთო მამას, ასე აღარ ვიდარდებდი. მე რომ წავალ, მომვლელი ხომ სჭირდება? ლუბაჩკას იმედი მაქვს, ჩემი რუსი მარტოხელა მეზობლის. ძალიან უყვარს მამა… არა მხოლოდ როგორც კარგი მეზობელი… ეკურკურება კიდეც ხანდახან. მის დანახვაზე თვალები აუჟუჟუნდება სიხარულით. ჰოდა, მიხედოს, სანამ არ ვიქნები. მაინც მარტო ცხოვრობს. წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება. ვინ იცის, იქნებ მამამაც სხვა თვალით შეხედოს? შეჩვევა ბევრს ნიშნავს. «ია ვსიო სდელაიუ დლია მირიანა, მილაჩკა», _ თვალებგაცისკროვნებული მეტყვის ლუბა და გულშიც ჩამიკრავს, ხომ ვიცი.

მორჩა, ხვალ მივემგზავრები, დილით, ადრე, უთენია, რომ ბატონ ფილიპეს პირდაპირ სამსახურში მივუსწრო. დამაკვალიანებს ალბათ. მეგობართან დავაწყებინებ მუშაობასო… ვნახოთ…

8 8 8

დრო გაიწელა. საათზე მეტია, მოსაცდელში ვზივარ და პატივცემულ ფილიპეს ველოდები, მამაჩემის ბიძაშვილის უფროს ვაჟს. ერთი სიტყვით, ყვავი-ჩხიკვის მამიდას, რომ იტყვიან. დედას გასვენების შემდეგ თვალითაც არ მინახავს, არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება. მაშინ ზემოდან მიყურებდა, თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი. ერთადერთი, ვისაც ის და მისნაირი ნათესავები აღიარებდნენ ჩვენს ოჯახში, დედა იყო… რადგან ის უცხოელი არისტოკრატი გახლდათ… თანაც იტალიელი… თანაც ზღაპრულად ლამაზი…

ახლა მე ვარ დედასნაირი. მთლად სოფი ლორენი ვერ ვარ, მაგრამ სოფი მარსოს კი ძალიან მამსგავსებენ. ის კი არა, შენ უკეთესი ტან-ფეხი გაქვს, ვიდრე მარსოსო, მეუბნებიან. საქართველოში სილამაზე, თუ დამიჯერებთ, მთლად დიდი ხეირი არ არის, მაგრამ გარეგნობასთან ერთად თუ იღბალსაც გიწილადებს ღმერთი, შეიძლება რაღაცას გამოჰკრა ხელი. ნიჭიერიც ვარ. ესეც ხომ სიმდიდრეა? ჰოდა, ასე… ცოტას ცოტა წაემატება და… ერთ მშვენიერ დღეს მეც შემამჩნევს ვიღაცა _ ლამაზს, ნიჭიერს და ნახევრად იტალიელს, რომელიც ორ უცხო ენას ფლობს! რას გადავეკიდე ამ ენებს? დღეს ვიღას უკვირს საქართველოში უცხო ენების ცოდნა? არც არავის, ტყუილად ვტრაბახობ.

ფიქრი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა. ფილიპეს მდივანმა ყურმილი აიღო…

_ ბატონი ფილიპე ახლავე მიგიღებთ, გოგონი! _ თავაზიანად მომმართა ზედმეტად დამაკიაჟებულმა შუახნის ქალმა.

«ალბათ გაუთხოვარია და იმიტომაც გათხიპნულა ასე. თან, ალბათ, ჰგონია, რომ უხდება», _ გავჭორე გულში სავარაუდო შინაბერა და წამოვდექი.

მდივანმა მუხის წითელ კარამდე მიმაცილა, გამიღო და წინ გამატარა.

გარეგნულად კი გამოვიყურებოდი მშვიდად, მაგრამ შინაგანად ისე ვღელავდი, მეგონა, წამწამებიც კი მიკანკალებდა. როგორც კი კაბინეტში ამოვყავი თავი, ჩემი შორეული ნათესავი თავის მაგიდას მოშორდა და ჩემკენ გამოემართა. ისევ ისეთი იყო, საერთოდ არ მეჩვენა შეცვლილი, ჭაღარა გაბევრებოდა მხოლოდ.

_ მე ლოლიტა ვარ, თქვენ ალბათ აღარ გახსოვართ, ბატონო ფილიპე… _ უხერხულად ავლაპარაკი, თან ხელი გავუწოდე.

_ ვიცი, ვიცი, ჩემო კარგო, რას ჰქვია, არ მახსოვხარ! რა დამავიწყებს იმ პატარა გოგონას, კიკინებით რომ დარბოდა ეზოში! _ მის ხმაში მხიარული ნოტები გაისმა.

ცოტა არ იყოს, შვებით ამოვისუნთქე. ასეთ არაოფიციალურ შეხვედრას არ ველოდი. მეგონა, მედიდურად დამხვებოდა, თავის სოციალურ მდგომარეობას ხაზს ჟესტებით გაუსვამდა და მაგრძნობინებდა, როგორც გაჭირვებულ ნათესავს, სხვა რა გზა მაქვს, დაგეხმარებიო.

_ მაპატიე, რომ ლოდინით დაგღალე, ჩემო კარგო, მაგრამ ძალიან სერიოზული სატელეფონო საუბარი მქონდა ამერიკიდან და… ხომ გესმის…

_ როგორ გეკადრებათ… არა უშავს, სულაც არ დავღლილვარ, _ მისი მიღებით კმაყოფილი გავთამამდი.

ფილიპემ ტყავის სავარძლისკენ მიმითითა.

_ აგერ დაბრძანდი…

_ ჩემი საბუთები მოგიტანეთ… ყველაფერი აქ მაქვს, ასლებიც გავაკეთე და «სივიც» შევადგინე. ყველაფერი წამოვიღე, არ ვიცოდი, რა დამჭირდებოდა და…

_ აბა, მაჩვენე! _ ფაილი მივაწოდე. მამაკაცი მაგიდას მიუჯდა და ჩემი «მიღწევების» დათვალიერებას შეუდგა. მერე თავი ასწია და თითქოს გაოგნებული მომაჩერდა.

_ გასაოცრად ჰგავხარ დედაშენს, _ რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ თქვა, _ იტალიელი იყო, არა?

_ დიახ, _ მრავლისმეტყველი ღიმილი ვესროლე. ვითომ არ ახსოვდა… ან ბუნდოვნად ახსოვდა… ან სხვა ნათესავში ავერიე… მაინც ვერ დამალა თავისი ამბიციურობა.

_ მას ოდნავ მუქი თმა ჰქონდა. რომ არა ეს ნიუანსი, მისი სრული ასლი ხარ! _ აღნიშნა და კვლავ ქაღალდებში ჩარგო თავი, _ ის უჩვეულოდ ლამაზი ქალი იყო, _ დაამატა თავჩარგულმა.

წარბი შევარხიე. არათუ ახსოვდა დედაჩემი, მისი სილამაზეც არ დავიწყებია და ყველაფერ ამასთან ერთად, მისი გარეგნობის დახასიათებით ამწუთას მე მეუბნებოდა ქათინაურებს.

სანამ ის ჩემს საბუთებს ეცნობოდა, მე კაბინეტი მოვათვალიერე. საკმაოდ მდიდრულად გამოიყურებოდა იქაურობა. სწორედ ისე, როგორც მსხვილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეეფერებოდა. მერე მზერა მასზე გადავიტანე. სამოცი წლის კვალობაზე, ძვირფასად გამოიყურება, სიმპათიური მამაკაცია. ნეტავ ცოლი როგორ ჰყავს? ისევ ისეთი კეკლუცია? დაეტყო წლები და ნაოჭები, თუ ჯერ კიდევ ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს? ქმარი კი ჰყავს მოვლილი! ბიზნესმენების უმრავლესობას ჩემხელა ღიპი ადევთ ხოლმე და ხარივით სქელი კისერი აქვთ, ამას კი ოცი წლის ბიჭივით აღნაგობა აქვს! ალბათ ცოტას სვამს, _ დავსვი დაიგნოზი და უეცრად საკუთარ თავზე გავბრაზდი. რატომ შემეცვალა ასე მოულონელად მასზე აზრი? იმიტომ, რომ მედიდურად არ დამხვდა და თბილად შემხვდა? ან კი რატომ უნდა შემხვედროდა სხვანაირად? მის წინ ხომ ლამაზი და საინტერესო ახალგაზრდა ქალი ზის, რომელიც მამაკაცებს მოსწონთ. მერე რა, რომ მასსავით მდიდარი არ ვარ? სამაგიეროდ, ჭკვიანი ვარ, თანაც… ოხხხხხ! რა მეშველებოდა, ეს ორი უცხო ენა რომ არ მცოდნოდა. რით დავიტრაბახებდი?

_ მდააა… _ დაიწყო ფილიპემ, _ არ მეგონა, უმაღლესი თუ გქონდა დამთავრებული. ყოჩაღი გოგო ყოფილხარ. აი, ეს მესმის. შენი «სივი» ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ გამოცდილება საერთოდ არ გაქვს. პრაქტიკა გაკლია, ჩემო კარგო.

_ ვიცი.

_ მამაშენს არ უთქვამს, ასეთი წარმატებული ქალიშვილი თუ ჰყავდა. ის კი არა, ამდენი წელია, თბილისში მუშაობდა და ერთხელ არ შემეხმიანა. ბოლოს და ბოლოს, ნათესავები ვართ, სხვა თუ არაფერი…

მივხვდი, საითაც უმიზნებდა პატივცემული ბიზნესმენი. აქამდე ჩემი არსებობაც არ გახსოვდათ მამა-შვილს და ახლა, როცა გაგიჭირდათ, მაშინ მომადექითო.

_ კომპიუტერიც უნივერსიტეტში ისწავლე?

_ დიახ.

_ ყოჩაღ. დღეს სტუდენტებს სწავლა საერთოდ არ აინტერესებთ. შენ კი ისეთი რამეები გიწერია აქ, თუ ეს ყველაფერი მართალია, სერიოზული კარიერა გელის. ინგლისური _ ბრწყინვალედ, იტალიური _ ბრწყინვალედ. ეს პატარა საქმე არ არის…

_ ალბათ.

_ ერთი პრობლემაა მხოლოდ, ლოლიტა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ვაკანსია არ გვაქვს. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. როგორც კი რამე გამოჩნდება, მაშინვე გადმოგიყვან, იქამდე კი… რამე უნდა ვეძებოთ… მე და შენ… ერთად, _ რატომღაც, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ფილიპე, თუ ხაზგასმით, ვერ მივუხვდი, _ იცი, რა-ა? «აიპისის» სჭირდება მდივან-მემანქანეები, თანაც უბრალო კი არა, დიპლომიანი. იქ რომ მიგეტანა შენი «სივი» ან გადაგეგზავნა ფოსტით… ელფოსტა გექნება ალბათ…

ისე ვიუკადრისე, სახეზე ალმურმა გადამკრა.

_ მაქვს, მაგრამ მე არ მინდა მდივან-მემანქანეობა!

აქამდე იმას ვიწუნებდი, რომელიღაც მმართველის პირად მდივნად რა მამუშავებს-მეთქი და ახლა ესეც სახვეწარი გამიხდა.

_ გგონია, ეს დასაძრახი პროფესიაა? კარიერული წინსვლა სწორედ ასეთი ნაბიჯებით იწყება, ჩემო კარგო. გასაგებია, რომ არ გინდა, მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით, შენი მონაცემები იქნება თუ არა მათთვის მისაღები. იქ გაგესაუბრებიან, ეგრე ადვილად კი არ არის საქმე, მიხვიდე და იმ დღესვე მიგიღონ! დღეს ყველგან ჭირს სამსახურის შოვნა, ეკონომიკური კრიზისია მთელ მსოფლიოში. აბა, როგორ გინდა! ფული ადვილად არ მოდის! _ ნელი ცეცხლი შემინთო შორეულმა ნათესავმა.

მწარედ ამოვიოხრე. მივხვდი, კამათს აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს მივაღწევდი.

_ ყურებს ნუ ჩამოყრი, ძალიან გთხოვ. დამიჯერე და ნახავ, რამდენს მიაღწევ. თუ იქ არაფერი  გამოვიდა, მერე სხვა რამეს ვეცდები, მეგობრებს შევეხმიანები… ვნახოთ.

მივხვდი… მე მისთვის იმდენად არაღირებული ვიყავი, სულაც არ სურდა, რომელიმე მეგობარი შეეწუხებინა ჩემი სამსახურის გამო. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი, ამწუთას სულერთი იყო ჩემთვის, რამე გამოვიდოდა თუ არა. მხრები ავიჩეჩე, სხვა რა გზა მაქვს-მეთქი. ფილიპეს გაუხარდა, ასე უცებ რომ დავყარე ფარ-ხმალი.

_ გმადლობ, ბატონო ფილიპე, _ ზრდილობა თავისას მოითხოვდა.

_ მადლობა მერე იყოს… და თუ შეიძლება, ფილიპე დამიძახე, ჩვენ ხომ ნათესავები ვართ. რა საჭიროა ჩვენ შორის ასეთი ოფიციალურობა.

ნაძალადევად გავუღიმე.

_ ახლა კი, ჩემს მძღოლს ვთხოვ და ჩვენთან წაგიყვანს. ხომ ჩვენთან რჩები? _ მოჩვენებითი თავაზიანობა გამოიჩინა ფილიპემ.

_ არა, რას ამბობთ. მე მაქვს ღამის გასათევი… _ არ დავუკონკრეტე.

_ ვისთან, დაქალებთან? _ იდუმალი ღიმილი მესროლა.

_ არა, რატომ… საკუთარი ბინა მაქვს საბურთალოზე.

_ ვა! მართლა? უშოვია მამაშენს ფული! _ აშკრად გაუხარდა, რომ მას არ შევეკედლებოდი.

_ დედაჩემის მშობლებმა მიყიდეს, _ ეს უკვე ხაზგასმით წარმოვთქვი.

_ ძალან კარგი, ჩემო ლამაზო და მშვენიერო. მაშინ დროებით დაგემშვიდობები და გამაგებინე მერე, რას იზამ, ხო? _ ფილიპე ფეხზე წამოდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აუდიენცია დამთავრდა.

_ აუცილებლად. კარგად ბრძანდებოდეთ.

_ ნახვამდის, ლოლიტა. შენს ზარს დაველოდები, იცოდე! ისედაც, გამოგვიარე სახლში, ქრისტინეს გაუხარდება.

_ ვეცდები.

8 8 8

იმ ღამეს ჩემს ჯგუფელ მაიკოსთან დავრჩი, რომელიც ორი თვის წინ გათხოვდა. კი მერიდებოდა, მაგრამ იძულებული ვიყავი, სანამ მდგმურს დავითხოვდი, მასთან მომიწევდა დარჩენა. სამ დღეში უნდა დამიცალოთ ბინა-მეთქი, მოვუბოდიშე ახალგაზრდა და-ძმას, მამას ავადმყოფობა მოვიმიზეზე. ისედაც ვაპირებდით გადასვლას, ძალიან გვიჭირს ქირის გადახდა, უკვე ვეძებთ იაფიანსო, მითხრა დამ. ძმა მოუხსნიათ სამსახურიდან და…

გამიმართლა… მდგმურებმა ბინა ორ დღეში გამითავისუფლეს, იქამდე კი «აიპისიში» მივიტანე ჩემი «სივი» და მითხრეს, ჩვენ თვითონ დაგირეკავთო. მართლაც, იმავე დღეს დამირეკეს მობილურზე, ხვალ, საღამოს ექვს საათზე ოფისში გელოდებით გასაუბრებაზეო. პირველი გამიხარდა, მეორე _ ისე რა. მდივან-მემანქანეობა დიდი ბედენა სულაც არ იყო ჩემთვის.

მეორე დღეს სახლი დავალაგე, ფარდები და თეთრეული მივრეცხ-მოვრეცხე, სადილი მოვამზადე და წასვლის დრო რომ მოახლოვდა, მაინც გამოვიპრანჭე.

ექვსი ხდებოდა, «აიპისის» შენობას რომ მივადექი. მთელი დღე დახუთული ამინდი იდგა, ახლა კი პირქუში ცა ღრუბლებით დაფარულიყო. მივხვდი, რომ აუცილებლად იწვიმებდა, თანაც ძალიან მალე, თანაც _ საშინლად. ასეც მოხდა. როგორც კი ვესტიბიულში ფეხი შევდგი, ერთი გაიელვა, მერე დაიგრგვინა და დაუშვა, მაგრამ რა დაუშვა! კიდევ კარგი, შევასწარი!

ვიცოდი ეს კომპანია, თანამედროვე ელექტროტექნიკით ვაჭრობდა _ კომპიუტერები, ვიდეომაგნიტოფონები, ავტომობილის რადიოები, ტელევიზორები, ფოტოაპარატები, მაგნიტოფონები, პლაზმური ტელევიზორები და ა.შ.

გამესაუბრნენ, უაზრო ტესტებიც გადმომილაგეს, სწორი პასუხები შემოხაზეო. დებილური ტესტები იყო და არც მახსოვს, სწორი პასუხი გავეცი თუ არა კითხვებს. უკვე აღარ მინდოდა აქ მუშაობა. იმდენად დაუცველად და უცხოდ ვიგრძენი თავი, მერჩივნა, უარი ეთქვათ სამსახურზე. გარდა ამისა, ანკეტაში იმდენი რამ ჩავწერე, ალბათ გასულელდებოდნენ! მასხრად ავიგდე ჩემი თავიც და ანკეტის შემდგენიც. თან მაგრად ვიხალისე. სულ რომ სწორად შემევსო ტესტები თავიდან ბოლომდე, ამის შემდეგ მაინც მეტყოდნენ უარს. თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი!

ცოტა ხანს მალოდინეს და შემდეგ მარკეტინგის მენეჯერის კაბინეტში შემიყვანეს პასუხის სათქმელად. უნდა გენახათ, რა სახე ჰქონდა იმ კაცს! ალბათ გიჟი ვეგონე. იგი წამოდგა და ექიდნურად გამომიცხადა, სამწუხაროდ, თქვენი მონაცემები ჩვენს ვაკანსიას ვერ დააკმაყოფილებსო. ესეც ასე! გამომივიდა! ხვალ ისევ ფილიპეს მივადგები.

რა ჩემი ბრალია, ასე რომ ვიქცევი. საერთოდ, ძნელად ვეგუები ახალ გარემოს. ამდენ უცხო ხალხში როდის მოვახერხებ გაშინაურებას, თანაც ჩემი საცოდავი თანამდებობით! არანაირი პრივილეგია არ მექნება!

იქნებ როგორმე ფილიპე დავიყოლიო და თავისთან გამომიჩხრიკოს რამე. რაც მთავარია, მოვეწონე, ამიტომაც ვიმედოვნებ, რაღაცას მომიხერხებს. ერთი ნაცნობი მაინც მეყოლება იქ, თანაც ნათესავი. უფრო ადამიანურად მომეპყრობიან. ჩემი შორეული ნათესავი ახლა ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო შავ ჰორიზონტზე.

როცა შენობიდან გამოვედი, აგვისტოს მშვენიერი საღამოს ნაცვლად, ღრუბლებით დაბურული ღამე დამხვდა გარეთ. ალბათ ისევ იწვიმებს, უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი. რა დროს თავსხმაა ამ გაგანია ზაფხულში! ამინდიც კი არ მწყალობს!

ის იყო, გეზი ჩემი მანქანისკენ ავიღე, რომელიც კარგა მოშორებით, შესახვევში მეყენა, რომ მოულოდნელად ვიგრძენი, როგორ დამეცა ხელზე წვიმის რამდენიმე წვეთი. აჰა, ისევ დაიწყო! ამასობაში ქარიც ამოვარდა ღმუილით. ეს უკვე მეტისმეტი იყო! ქუჩის გადაჭრა დავაპირე და დავიძარი კიდეც, მაგრამ შუა ასფალტზე ფეხი ამისხლტა და ბრაგვანი მოვადინე ძირს. ამასთან, ფეხსაცმელიც გამძვრა და დავრჩი ცალფეხშიშველი. როგორც ჩანს, გზის შეკეთება მიმდინარეობდა, რადგან ასფალტი აქა-იქ ანგრეული იყო, ხოლო ზუსტად იმ ადგილზე, სადაც დავეცი, მგონი, ცემენტის თუ რაღაც თეთრი ფხვნილის გროვა ეყარა. მოულოდნელად ჩემ ცხვირწინ შავი ჯიპი ბორბლების საშინელი ღრჭიალით დამუხრუჭდა. ლამის ზედ გადამიარა! დაცემისას ფეხი ცუდად მომყვა და ყრუ ტკივილი ვიგრძენი,…

სიმწრით შევკივლე. გაჩერებული მანქანიდან მამაკაცი გადმოხტა.

_ მიშველეთ! _ კი არ ვიყვირე, დავიხავლე შეშინებულმა.

ახლაღა გავაცნობიერე, რომ ერთიანად იმ თეთრ ფხვნილში ვიყავი ამოსვრილი. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ მართლაც ცემენტი იყო. ნუთუ ცემენტსაც იყენებენ გზის დაგებისას? ახლა ამის გარკვევის დრო არ იყო.

უცნობი მამაკაცი მსწრაფლ მომვარდა და წამოდგომაში მომეხმარა.

_ გვერდზე არ უნდა გაიხედოთ, სანამ ქუჩას გადაკვეთთ? _ მისაყვედურა, _ კინაღამ გაგიტანეთ.

შეწუხებულმა ავხედე.

_ მაღალ იდეალებზე ვფიქრობდი, _ ვუპასუხე ამრეზით.

_ მე ნიკა ვარ, თქვენ რა გქვიათ? _ მკითხა და პასუხს არ დალოდებია, ისე დაამატა, _ სიარული შეგიძლიათ?

_ კი, რა თქმა უნდა, _ რის ვაივაგლახით ვუპასუხე, მაგრამ ჩემი სახელი, რატომღაც, არ ვუთხარი.

_ წამომყევით, მანქანაში ჩაგსვამთ. ვნახოთ, სერიოზულად ხომ არ დაიზიანეთ ფეხი, _ თქვა მან და წელზე ხელი მომხვია, რომ დავყრდნობოდი.

_ სააავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ?

_ არა, არ გინდათ! _ ვიყვირე უცებ, _ დიდი არაფერია, არ ღირს! _ თან «ბიჭი» შევათვალიერე.

სპორტულად ეცვა _ ჯინსი და მაისური. დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, შევხედე და გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემ გვერდით ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იდგა, რომელიც კი ოდესმე მენახა ცხოვრებაში. მე ვიტყოდი, ლამაზიც კი. რაც მთავარია,  მოძალადეს არ ჰგავდა.

 

 

როგორც კი ვცადე, ნაბიჯი დამოუკიდებლად გადამედგა, ტკივილმა ფეხი გამიკავა და წავბორძიკდი.

_ ფრთხილად! _ ხელი შემაშველა ნიკამ, _ მე დამეყრდენი!

_ გმადლობ, _ უცნაური ხმით ჩავილაპარაკე და შევეცადე, ჩემით გამევლო, _ მე თვითონ!

ჩემმა სიმპათიურმა აღმოჩენამ ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, ცალი ხელი კვლავ წელზე მომხვია, მეორეში ჩემი ფეხსაცმელი დაიჭირა ხელი და მანქანამდე მიმიყვანა. მისმა შეხებამ უარესად გამხადა, გაბრუებულს საერთოდ წამერთვა ფეხებში ძალა. იმწუთას ძალიან უსუსური ვიყავი. ასე მეგონა, თითქოს ტუჩებიდან პომადა მომცილდა, ხოლო სახე ტალახით მქონდა მოთხვრილი. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ თავის ხელში აყვანა შევძელი. გულში ვკიცხავდი ჩემს თავს: რა გემართება, ლოლა? განა შეიძლება ახალგაზრდა გოგო ასე უნიჭოდ დაიბნეს ლამაზი კაცის დანახვაზე? იქნებ მომეჩვენა და სულაც არ არის ასეთი გასაგიჟებელი? ჩემი პირველი შთაბეჭდილების შესამოწმებლად მალულად კვლავ შევავლე თვალი. უნდა ვაღიარო, რომ არ შევმცდარვარ _ მაღალი, ჩამოსხმული, მხარბეჭიანი, ხშირი შავი თმით… ძალიან მამაკაცური იყო და ეს მისი სახის ყოველ ნაკვთში აისახებოდა. მსხვილი, გამოკვეთილი ტუჩები, ფართო შუბლი და ბერძნული მოყვანილობის ცხვირი… ტუჩები მაინც განსაკუთრებული ჰქონდა.

ჯერ კიდევ მისი ლამაზი ტუჩების მოყვანილობის შესწავლაში ვიყავი, რომ მოულოდნელად გამომხედა და თავისი ნაცრისფერი თვალებით ლამის გამბურღა. იმდენად დამაბნია მისმა მზერამ, ასე მეგონა, მიმიხვდა, რითიც ვიყავი დაკავებული და სასწრაფოდ თავის მართლება დავიწყე.

_ ტკივილს არასდროს ვუღრმავდები და ამაზე რომ არ ვიფიქრო, ყოველთვის ვცდილობ, ამ დროს სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება.

_ ძალზე ჭკვიანურია, _ ირონიულად ჩაილაპარაკა. ეს ირონია ალბათ ჩემკენ იყო მომართული, რადგან მიხვდა, რომ საჭირო დროს საჭირო ტყუილის გამოცხობა მეხერხებოდა.

მივხვდი, რომ მისი მოტყუება ვერ შევძელი და რომ არ გავწითლებულიყავი, თავდახრილმა მტკივან ფეხზე ხელი გადავისვი.

_ ერთი წამით, კარს გაგიღებ, _ თქვა მან, ხელი შემიშვა და მანქანის კარი ისეთი სიფრთხილით გამოაღო, თითქოს შიგნით შეიარაღებული ბანდიტი ეგულებოდა ჩასაფრებული და რაც შეიძლება, ნაკლებად უნდა ეხმაურა. მერე უსიტყვოდ წამავლო ხელი და სვენებ-სვენებით დამსვა წინა სავარძელზე.

აშკარად ჩანდა, მდიდარი კაცის ავტომობილის სალონში მოვხვდი. კომპიუტერიც კი შევნიშნე, საჭის გვერდით რომ ჰქონდა დამაგრებული, მინიატიურულ ტელევიზორზე რომ არაფერი ვთქვათ.

_ ეს თქვენი ჯიპია? _ ჩურჩულით ვიკითხე.

_ გახლავთ. რა, არ მოგწონთ? _ ირიბად მომხედა.

_ პირიქით, ზედმეტად გადაპრანჭულადაც კი მეჩვენება.

სიცილი აუტყდა. მერე უკანა სალონის კარი გამოაღო, იქვე დადებული აფთიაქის ყუთი აიღო, გახსნა და იქიდან იოდის შუშა და ბამბის პაკეტი ამოიღო. ისე ოსტატურად მისვამდა იოდიან ბამბას მტკივან ადგილზე, თითქოს გამოცდილი ექთანი ყოფილიყო.

იოდმა ჭრილობა თუ განაკაწრი უფრო ამიწვა.

_ უჰ…უჰ… _ ყრუდ ამოვიკვნესე.

_ გეწვით? ცოტა მოითმინეთ, მალე დაგიამდებათ. რამეს ხომ არ დალევთ? _ მკითხა, როცა «პროცედურას» მორჩა.

_ რა ვიცი… _ უხერხულად შევიშმუშნე.

მამაკაცი მძღოლის ადგილზე მოკალათდა, რომელიღაც ღილაკს მიაჭირა თითი და ჩვენ შუა ოთხკუთხა უჯრა ამოიმართა, რომელშიც სხვადასხვა სასმლის ლამაზი ბოთლი იდგა. იგი არჩევას შეუდგა. იმდენად შოკირებული ვიყავი, თვალები ამიჭრელდა. პრეზიდენტის მანქანაში მეგონა თავი.

სანამ სასმელს ჩამოასხამდა, მე შემომაჩერდა. თითქოს შეყოყმანდა, ღირდა თუ არა ჩემთვის სპირტიანი სასმლის შემოთავაზება. მის სახეზე ღიმილი შევნიშნე, რომლის დამალვასაც ოსტატურად ცდილობდა. აშკარა იყო, მამაკაცს ართობდა შექმნილი სიტუაცია _ თავად ჩემი გადამრჩენის ამპლუაში იმყოფებოდა, მე კი მიამიტი ბავშვივით აღფრთოვანებული ვიყავი მისი ყურადღებით. არადა, ფაქტი იყო, ნიკა ჩემში ქალს საერთოდ ვერ ხედავდა. ძალიან გვიან მივხვდი ამას და მწარედ ვინანე, რომ ჩემი მისადმი სიმპათია ვაგრძნობინე. თუ მეტი არა, ექვსი წელი მაინც არის, მამაკაცები კომპლიმენტებს არ იშურებენ ჩემი მისამართით, უამრავი ვინმე ცდილობს ჩემი გულის მოგებას და შეყვარებას. სამწუხაროდ, მათ შორის ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, ოდნავ მაინც რომ დამაფიქრებდა. რატომღაც, არასდროს მიზიდავნენ ისეთი მამაკაცები, რომლებიც ზედმეტად იჩენდნენ ჩემ მიმართ ყურადღებას. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა. ცხოვრებაში პირველად გადავაწყდი ადამიანს, რომელზეც სულით და გულით მსურდა შთაბეჭდილების მოხდენა, ის კი ზედაც არ მიყურებდა. უფრო სწორად, ისე მიყურებდა, როგორც ვიღაც დაზარალებულს, რომელსაც შველა სჭირდება და არა როგორც ქალს, თანაც ლამაზ ქალს. თქვენც არ მომიკვდეთ! ამ აღმოჩენით ოდნავ განხიბლულმა გადავწყვიტე, არ მეფიქრა ამაზე. აბა რას ველოდი? ისე ვიქცეოდი, როგორც ერთი სულელი, სასაცილო გოგონა, ქვეყანაზე რომ არაფერი უნახავს.

«როგორმე ავიტანთ შენს გულგრილობას», _ გავიფიქრე დაბოღმილმა.

_ თუ თავის მოწესრიგება გსურთ, აი, ბამბა და ლოსიონი, _ მამაკაცმა აფთიაქის ყუთი მუხლებზე დამიდო.

_ კარგი იქნებოდა, _ ოდნავ შვება ვიგრძენი, ეს რომ მითხრა და ბამბა ლოსიონით დავასველე.

თავად მანქანიდან გადავიდა. ჯენტლმენურად მოიქცა, მარტო დამტოვა. ყოჩაღ!

ეს ლოსიონი საიდანღა გააჩინა აქ? იქნებ რომელიღაც თავის ქალს დარჩა? გამეღიმა.

სარკეში ჩავიხედე. მოულოდნელად მწარე სიცილი წამსკდა. სახე მთლიანად ტალახში მქონდა მოთხვრილი, თმა გაწეწილი და ცემენტისგან გათეთრებული. ამწუთას მართლაც ძნელად აღსაზრდელ მოზარდს ვგავდი, მორიგი სიცელქის შემდეგ სკოლის დირექტორთან რომ მიიყვანენ დასატუქსავად.

თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ დაუოკებელმა სურვილმა წამომიარა, შეძლებისდაგვარად კარგ ფორმაში ჩავმდგარიყავი. ისე როგორ მოვკვდები, ამას ჩემი სილამაზე არ დავანახვო? რადაც უნდა დამიჯდეს, პირი უნდა დავაღებინო. ეგრე კი არ არის საქმე! ვნახოთ, ვინ არის მიამიტი და შეშინებული ბავშვი! სახე საგულდაგულოდ გავიწმინდე და თმიდანაც მოვიშორე ცემენტი. რაც შეიძლებოდა, სწრაფად უნდა მემოქმედა, დიდხანს არ დამეყოვნებინა, რათა ეფექტი უფრო გამაოგნებელი ყოფილიყო.

თმის სამაგრი მოვიძრე, ჩანთიდან სავარცხელი ამოვიღე და სველი თმა საგულდაგულოდ გადავივარცხნე. მერე პომადა გადავისვი ტუჩებზე და ახლა უკვე ნიშნის მოგებით გავუღიმე სარკეში ჩემს ორეულს. ესეც ასე! თანამედროვე კონკია მზად არის სცენაზე გასასვლელად!

ნიკამ შეამჩნია, საქმეს რომ მოვრჩი და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.

_ ყველაფერი რიგზეა?

_ დიახ.

_ აბა, რას დალევთ? _ მამაკაცმა ჭიქა მოიმარჯვა.

_ სულერთია…

_ ფორთოხალი, ანანასი, კივი…

_ ანანასი იყოს, _ თან მეღიმებოდა, ალკოჰოლიანი რომ არაფერი შემომთავაზა, მე ხომ მის თვალში უბრალოდ, ბავშვი ვიყავი.

ნიკამ თავისთვის არა წვენი, არამედ არაყი თუ მარტინი თუ რაღაც ამის მსგავსი ჩამოისხა. ვერ გავარჩიე, ბოთლზე რა ეწერა, მერე ორივე ჭიქას ხელი დაავლო და შემომხედა… შემომხედა და… რეტდასხმულივით გაშეშდა. მისმა წარბებმა მოზიდული მშვილდის ფორმა მიიღო, ხოლო თვალები, გასაოცრად ნაცრისფერი თვალები, ლამის გადმოუხტა გუგებიდან. მან მე დამინახა _ ყველაზე ლამაზი ლოლა საქართველოში, წაბლისფერი ტალღოვანი თმით და ზურმუხტისფერი თვალებით, ოდნავ აპრეხილი პატარა ცხვირით და თავხედური ღიმილით. ახლა მისი მზერა გათავხედდა და უტიფრად ჩამოუარა ჩემს სავსე მკერდს, სპორტულ თეძოებს, წვრილ წელსა და გრძელ ფეხებს… ასე ნიშნის მოგებით ჯერ მამაკაცისთვის არ გამიღიმია. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ იგი ახლა მაინც შეამჩნევდა ჩემში ქალს, მოწიფულს, ლამაზს, ვნებიანს, სექსუალურს… მამაკაცის შესაყვარებლად მზად მყოფ ქალს… მსგავსი არაფერი… მეგონა, კომპლიმენტებით ამავსებდა, აღფრთოვანების კორიანტელს დააყენებდა… მაგრამ ეს არ მოხდა.

_ მუშაობთ სადმე? _ მკითხა და ჭიქა მომაწოდა.

რამდენიმე ყლუპი მოვსვი, მესიამოვნა ანანასის გემო.

_ სწორედ ამ საქმით ვიყავი დაკავებული, სანამ თქვენ… კინაღამ დამეჯახებოდით. აგერ, «აიპისიში» გავიარე გასაუბრება და არ მიმიღეს.

_ რატომ?

_ რა ვიცი, რაღაც სულელური ტესტები ჰქონდათ და ვერ შევავსე… თუ არ შევავსე… სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ გამომიდვია თავი, დიდად ვერაფერს მთავაზობდნენ. მდივნად ყველგან მიმიღებენ.

_ თქვენ რა, პირდაპირ განყოფილების უფროსობა გინდოდათ? თუ მოადგილის პოსტს უმიზნებდით?

_ რატომაც არა? ჩემზე ახალგაზრდები არიან დღეს თანამდებობაზე და ჩემზე გამოუცდელებიც, სხვათა შორის. ჩვენს პრეზიდენტს ისეთი «მცირეწლოვანი» მინისტრები ჰყავს ჩასმული სავარძლებში, რომ…

_ პოლიტიკოსობას აპირებთ? გხიბლავთ ეს საქმე?

_ არა, ღმერთმა მაშოროს! ეს ისე, მაგალითისთვის მოვიყვანე.

_ ერთი უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ. იმედია, თავხედობაში არ ჩამომართმევთ… _ ცალი თვალი მოჭუტა და თავი გადააქნია.

_ დამისვით, _ გავეკეკლუცე.

_ რამდენი წლის ხართ? უბრალოდ, ცნობისმოყვარეობა მკლავს, თორემ ვიცი, ასეთ რამეს ქალებს არ ეკითხებიან.

_ მაგრამ იმიტომ მეკითხებით, რომ პატარა, ონავარი გოგონა გგონივართ, არა?.. ოცდასამის ვარ.

_ ოცდასამის? და… «აიპისიდან» უარით გამოგისტუმრეს? ამიტომაც განერვიულდით და ჩემი მანქანის ბორბლებთან მოადინეთ ზღართანი?

_ არ გავნერვიულებულვარ, _ ავპილპილდი.

_ დაწყნარდით, ნუ ცხარობთ.

_ სულაც არ ვცხარობ, თქვენ მე არ მიცნობთ და მცდარი წარმოდგენა შეგექმნათ ჩემზე, _ გავაპროტესტე.

ნიკა ცნობისმოყვარედ მათვალიერებდა.

_ ესე იგი, არ მიგიღეს სამსახურში…

_ არ მიმიღეს.

_ შეიძლება, თქვენი ფეხი ვნახო? _ მკითხა და პასუხს არ დალოდებია, ისე დადგა ჭიქა სასმლის ბოთლის გვერდით და ჩემკენ გადმოიხარა.

როგორც კი ხელი შემახო, ეგრევე დამბურძგლა. უ-სასიამოვნო-ესმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. ჩემდა უნებურად, სუნთქვა შევიკარი.

საბედნიეროდ, მას ეს არ შეუმჩნევია, თავისი საქმით იყო დაკავებული. თითებით ფრთხილად მისინჯავდა ნატკენ ფეხს.

_ და თქვენ კარგი მდივანი ხართ?

_ ვფიქრობ, ვარ. კომპიუტერი კარგად ვიცი, ერთნაირი სისწრაფით ვბეჭდავ რუსულ განლაგებაზეც და ინგლისურზეც.

მას თავი არ აუწევია, ისე გააგრძელა.

_ კარგი მდივნები ყოველთვის საჭიროა, მით უმეტეს, თუ კომპიუტერს მაღალ დონეზე ფლობენ. ჩემი აზრით, თქვენ შემოგთავაზებენ სამსახურს «აიპისიში».

_ ძალიან მეეჭვება, _ თავშეკავებულად გავიღიმე, _ იმ კაცს… იმ ვიღაცას იმდენად არ მოვეწონე, არა მგონია, კიდევ დაინტერესდეს ჩემი «ავკარგიანობით».

მან უეცრად თავი ასწია და აღფრთოვანებით შემომაჩერდა.

_ რას ამბობთ! ჩემი აზრით, თქვენ ძალიან სიმპათიური ხართ. «იმ კაცს» ალბათ მხედველობა არ უვარგა, თუ საერთოდ ბრმა არ არის.

_ რა თქმა უნდა, _ თავმომწონედ დავეთანხმე, _ მაგრამ აქ მხოლოდ გარეგნობაზე არ იყო საუბარი.

_ რ გქვიათ?

_ ლოლა, _ ახლა მართლა მიამიტი ბავშვის სახე მივიღე და ჩემი სრული სახელი არ ვუთხარი. კეთილი ინებოს და ასე მომმართოს, როგორც ძალიან ახლობელმა და შინაურმა.

_ ლოლა… ეს სრული სახელია? დაბადების მოწმობაში ასე გიწერიათ? _ ჩამეძია.

თითქოს ტყუილში გამომიჭირესო, ერთიანად გავწითლდი. ასე მეგონა, იმწამსვე გამშიფრა და გულისნადებს მიმიხვდა.

_ დაბადების მოწმობაში ლოლიტა მიწერია, მაგრამ ყველა ლოლას მეძახის, _ ამჯერად არ დავიბენი.

_ იყოს ლოლა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, _ მიპასუხა და კვლავ გაიღიმა.

«ეს კარგია, თუ ცუდი?» _ დავუსვი საკუთარ თავს საყვარელი შეკითხვა. პასუხი, რა თქმა უნდა, არც ახლა ვიცოდი… მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი. იგი არამარტო ლამაზი მამაკაცი, ჭკვიანიც იყო, საქმიანიც, იუმორით აღსავსეც და მეგობრულიც. ამასთან, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნდა, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებაში. ახლა კიდევ უფრო მიმზიდველი მეჩვენებოდა… მასში ყველაფერი მაგნიტივით მიზიდავდა.

_ ფეხი არ გაქვთ შესივებული, _ თქვა მან, _ მართლა აღარ გტკივათ?

_ ისე რა, ყრუდ… სიმართლე რომ გითხრათ, დაცემით თავმოყვარეობა უფრო შემელახა, ვიდრე ფეხი მეტკინა.

_ ეგ არაფერი. სამაგიეროდ, ხვალ ფეხიც წესრიგში გექნებათ და შელახული თავმოყვარეობაც. ყოველი შემთხვევისთვის, ქორწილამდე ერთიც მოგირჩებათ და მეორეც, _ ღიმილით ამომხედა, მერე კი ჩემს თასმებიან ფეხსაცმელს დაწვდა და ფეხზე მომარგო.

_ მახსოვს ასეთი ზღაპარი, სადაც პრინცი ბროლის ფეხსაცმლით დარბის და ცდილობს, იპოვოს ის გოგონა, რომელსაც იგი მოერგება.

_ «სამი კაკალი კონკიასათვის», _ თვალებგაბრწყინებულმა შევაშველე.

_ როგორ გგონია, მე რა მომივა, თუ ეს ფეხსაცმელი მოგერგება? _ უეცრად ძალიან შინაურულად მომმართა და, ამავდროულად, ჭინკებით აევსო თვალები.

_ ლამაზ გომბეშოდ გადაგაქცევთ, _ არ ჩამოვრჩი და ჩემს თვალებში უფრო ეშმაკი ჭინკები დავახვედრე.

ნიკამ გულიანად გაიცინა და როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, მისი ნაცრისფერი თვალების მიღმა რაღაც უცნაური ნაპერწკალი შევნიშნე, მგრძნობელობის ხარბი ნაპერწკალი, რომელიც აენთო და იმწამსვე ჩაქრა… და ის ატმოსფეროც, ჩვენ ორს შორის კეთილგანწყობით და იდუმალი სიახლოვით შექმნილი, ნელ-ნელა თითქოს გაცივდა. მან თასმა გადამიჭირა, წამოდგა, თავისი ვისკი თუ არაყი ბოლომდე გამოცალა და ცარიელი ჭიქა კვლავ მაგიდაზე შემოდგა.

მივხვდი, რომ ამით ჩვენი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა. როგორ არ მინდოდა მასთან განშორებააა! თან ასე?! გამორიცხულია! როგორმე უნდა გავწელო დრო.

_ მგონი, ყველაფერი რიგზეა… სად მიგიყვანოთ? მისამართი მითხარით.

_ არ არის საჭირო, ჩემი მანქანა აქვე ახლოს დგას, მოსახვევში, _ ნაღვლიანად გავაპროტესტე.

_ არა უშავს. მოსახვევამდე მიგიყვანთ, რა პრობლემაა. შეძლებთ კი მანქანის მართვას? წამში მიგიყვანთ, _ მისი ხმა კვლავ მშრალად ჟღერდა.

_ მგონი, კი, _ მეც მშრალად ვუპასუხე და ჩანთას დავწვდი.

წამში! თითქოს შიგნით რაღაც დამწყდა! სულ ერთი წამი და ამ საოცარ მამაკაცს ვერასდროს შევხვდები. ნუთუ შეიძლება ასე? ნეტავ, არ გამაცილებს? მობილურის ნომერს არ გამომართმევს? მისამართი მაინც მკითხოს, რა იქნება? ერთადერთი, რაც იმ მომენტში მაწუხებდა, საშინელი წინთგრძნობა იყო, წინათგრძნობა იმისა, რომ ნიკას უკანასკნელად ვხედავდი.

_ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

შევამჩნიე, ნიკა წარამარა საათს დაჰყურებდა. «შეხვედრაზე აგვიანდება? პაემანზე ხომ არ მიიჩქარის? რა ბედნიერია ის ქალი, ვისთანაც გარბის. იქნებ ცოლიანიც არის? მერე რა, თუკი საქორწინო ბეჭედი არ უკეთია? კაცებს არ უყვართ ხოლმე ნიშნობის რგოლების ტარება. თუმცა ცოლიანივით სულაც არ გამოიყურება».

ჩემს მანქანამდე მიმიყვანა და გადაჯდომაში დამეხმარა, მერე კი მომმართა.

_ რამდენიმე ადამიანს ვიცნობ «აიპისიში». დავრეკავ და იქნებ გადააფიქრებინონ იმ «საშინელ» კაცს თქვენი დაწუნება.

გამიხარდა, ეს რომ მითხრა. ესე იგი, მოვეწონე, მთლად გულგრილიც არ დარჩა ჩემი გაცნობით. სხვა შემთხვევაში, რატომ გამიწევდა რეკომენდაციას სრულიად უცხო ადამიანს? მაგრამ მაშინვე გამახსენდა, რა საშინელი შეცდომები დავუშვი ტესტის შევსებისას და სინანულით გადავაქნიე თავი.

_ ნუ შეწუხდებით. მე ისეთი «შემზარავი» შთაბეჭდილება მოვახდინე იმ კაცზე, არანაირი ზარი და პროტექცია არ მიშველის. მაგრამ მაინც დიდი მადლობა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.

_ აბა, თქვენ იცით, _ ხელი დაჰკრა მანქანის კაპოტს, როცა დავიძარი.

უკან არ მიმიხედავს, ამიტომ არ ვიცი, თვალი გამომაყოლა თუ იმწამსვე დაივიწყა ჩემი არსებობა. აბა, როგორ დარეკავს ჩემს სამსახურზე, როცა გვარიც კი არ უკითხავს? თავის გამოსაჩენად მითხრა, გიპროტექტორებო? ალბათ…

8 8 8

წვიმას უკვე გადაეღო, მაგრამ ცა ისევ ღრუბლებით იყო დაფარული. საკმაოდ გრილოდა. ნელა მიმყავდა მანქანა, საშინელ გუნებაზე ვიყავი. რამდენი უცნაური რამ მოხდა ამ სამი დღის განმავლობაში _ გავიცანი დიდი ხნის უნახავი ნათესავი, რომელმაც ვერაფრით მანუგეშა, ტესტები ჩავაფლავე, მერე დავეცი და ტალახში ამოვიგანგლე, მერე კი ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი მამაკაცის ტყვეობაში აღმოვჩნდი. ძალიან ბევრი რამეა სამი დღის კვალობაზე…

გეზი პირდაპირ ფილიპეს სახლისკენ ავიღე. დაუპატიჟებლად მივადგები, ყველაფერს მოვუყვები და ვთხოვ, თავისთან გამომინახოს რამე. შინ მაინც ვერ დავბრუნდები. სულ რომ დამლაგებლად მომიწიოს მუშაობამ, უნდა ვიმუშაო. ახლა მართლა აღარ დამრჩენია სხვა გზა.

კარი მოსამსახურემ გამიღო. სანამ ავუხსნიდი, ვინ ვიყავი, ფილიპე დავინახე, ჩემკენ ღიმილით მოიჩქაროდა.

_ მეგონა, უფრო ადრე მოხვიდოდი, ჩემო გოგონა, რატომ დაგაგვიანდა? _ მამაკაცმა ხელი ჩამომართვა და სასტუმრო ოთახში შემიძღვა.

მოვუყევი, რაც გადამხდა. ყოველ წინადადებაზე ვითომ შეწუხებული აქნევდა თავს და ნწუ-ნწუ-ნწუო, გაიძახოდა. ისემც გაუხმეს თავი, ამას მე არ ვადარდებდე! მგონი, შექმნილი უსიამოვნო სიტუაცია უფრო ადარდებს _ იძულებული ხდება, მეგობრები შეაწუხოს და სამსახური მიშოვოს.

_ აი, ქრისტინეეეც! _ ფილიპე წამოდგა და ხელებგაშლილი კიბისკენ გავარდა. მეორე სართულიდან მარმარილოს ხვეული კიბით მისი ცოლი ჩამოდიოდა.

არა, უნდა ვაღიარო, რომ ის ისევ ისეთი ლამაზი და მედიდური იყო, როგორიც თერთმეტი წლის წინ, მხოლოდ ოდნავ დანაოჭებოდა თვალის უპეები. სამაგიეროდ, ტუჩები ჰქონდა ისეთი დაბერილი, თქვენი მოწონებული! როგორც ჩანს, ასაკში შევიდა და ბოტოქსსაც მიეპარა. ალბათ ნაოჭებიც გასწორებული ექნება, თუმცა ამას მხოლოდ ის თუ შეამჩნევს, ვინც მას ყოველდღე ხედავს.

_ ქრისტი, ხომ გახსოვს ლორიტა? _ ძაღლი რომ პატრონს გაელაქუცება, ისე გამოუვიდა ფილიპეს.

_ როგორ არ მახსოვს! გამარჯობა… _ თავი ცივად დამიქნია ქალმა და შურით ამათვალიერა, _ ძალიან შეცვლილხარ…

_ თქვენც, _ ფრთხილად ვუპასუხე და რადგან მოულოდნელად სახე შეეცვალა, სწრაფად დავამატე, _ თმის ფერი შეგიცვლიათ… ძალიან გიხდებათ.

ისეთი მზერა მესროლა, მიმანიშნა, თავხედი ხარო. მივხვდი, ცუდად გამომივიდა, მაგრამ გაქცეულ სიტყვას უკან ვერ დავაბრუნებდი.

_ გეშიება ალბათ, _ ფილიპემ სიტუაციის განმუხტვა სცადა.

_ არა, გმადლობ, უკვე ვივახშმე, _ თავაზიანად გავუღიმე ნათესავს და ერთიანად დავიძაბე. ახლა მხოლოდ ის მინდოდა, რაც შეიძლება, დროზე გავქცეულიყავი აქედან. აღარც სამსახურის თხოვნა მინდოდა და აღარც ამათი დანახვა.

_ ჩვენს ოჯახს ასე არ ჩვევია, _ გაწელილად წარმოთქვა ქრისტინემ და თვალები მინაბა, _ სტუმრის პატივისცემა ვიცით. ასე რომ, უნდა დაგვეწვიო… ყავაზე და ნამცხვარზე მაინც.

ის სამაგიეროს მიხდიდა. უნდოდა, ჩემი უტაქტობისთვის ტაქტიანად ეპასუხა და ეგრძნობინებინა, შენსავით ბოღმა არ ვარო. ან კი რას ვერჩოდი? რა მქონდა მასთან ან საერთო, ან გასაყოფი? ვითომ ქალური მეტოქეობა? ქვეშეცნეულად ჩემში შურმა გაიღვიძა? მას, გაუნათლებელს და უნახავს, ტუზი დაეცა, ამისთანა ცხოვრება აქვს, მე კი არაფერში მიმართლებს?

არ ვიცი, ასე იყო თუ ისე, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებოდი ჩემს თავს, სულაც არ მშურდა მისი. იგი ასაკით ბევრად უფროსი იყო ჩემზე, ანუ, სწორედ იმ წლებში, მე რომ ძალიან მომწონს _ 40-45-ის იქნებოდა, თან ძალიან კარგად შენახული. ერთი შეხედვით, 30-35-ის გეგონებოდათ. შეიძლება გენეტიკის წყალობით, შეიძლება _ პლასტიკური ოპერაციების… მაგას მე ვინ მეტყოდა? ერთადერთი, რაც შევატყვე, ტუჩები ჰქონდა დაბერილი. მართლა არ ვიცი, რას ვერჩოდი. შეიძლება არც ვერჩოდი, თვითონ რომ არ დამხვედროდა ცხვირაწეული…

თავპატიჟი აღარ გამოვიდე. მოსამსახურემ სუფრა გაშალა… სუფრაც არის და სუფრაც… ხიზილალაც კი იდო მაგიდაზე… იმისთვის, რომ როგორმე აგვეწყო საუბარი, მათი შვილი მოვიკითხე, რომელიც დაახლოებით ჩემი ხნის უნდა ყოფილიყო, შეიძლება ორი-სამი წლით ჩემზე უფროსი.

_ ნიკა? გახსოვს ჩვენი ნიკა? _ თვალები გაუბწყინდა ფილიპეს, _ ოოო! ის ახლა თითქმის დიდი კაცია. ამერიკაში მიიღო განათლება. სულ ცოტაც და პრესა და ტელევიზია მასზე ალაპარაკდება. კარგი ბიჭი დადგა, არ ვემდურით.

ნიკას ხსენებაზე შემახურა. ერთიც ვნახოთ და ეს ის ნიკაა, ახლახან კონკიას მაძებარი პრინცივით ფეხსაცმელს რომ მაცმევდა? ღმერთო, ოღონდ ეგ არა! ის ანგელოზივით მამაკაცი ჩემი ნათესავი რომ აღმოჩნდეს, გულიც გამისკდება. თანაც რამდენი ვეკეკლუცე?! სირცხვილით თავი არ გამომეყოფა!

ამ დროს ჩემი მობილური აწკრიალდა. ეკრანს დავხედე… ზარი «აიპისიდან» იყო, სწორედ ამ ნომრიდან დამირეკეს გუშინ. გული შემიქანდა. შეცბუნებული მზერა ფილიპეს მივაპყარი.

_ რა მოხდა? _ სკამიდან წამოიწია მამაკაცმა.

_ «აიპისიდან» მირეკავენ… _ ვუპასუხე ფერმიხდილმა.

ნუთუ ეს ნიკას ოინებია? ნეტავ, ეს კარგია, თუ ცუდი? არც ამჯერად მქონდა პასუხი ჩემს საყვარელ შეკითხვაზე.

 

 

ათ საათზე სამსახურში უნდა ვიყო. თქვენ აყვანილი ხართ მდივნის თანამდებობაზეო, ასე მითხრეს, რომ დამირეკეს. ხომ არ მომესმა? წესით, მდივან-მემანქანე უნდა ეთქვათ. ალბათ შემოკლებით ასე გამოვიდა. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მიმიღეს. ჯერ პირობები არ ვიცი. საინტერესოა, რას შემომთავაზებენ, მაგრამ ის უფრო საინტერესოა, ამ ყველაფერში ნიკამ ითამაშა თუ არა მთავარი როლი. თუ არა მან, მაშინ ვინ? სხვას ვის შეეძლო ამის გაკეთება? გუშინ ისეთი ცივი უარით გამომისტუმრეს, გამორიცხულია, რამე შეცვლილიყო. ფილიპეს რომ არაფერი გაუკეთებია, ეს ისედაც ცხადია. საინტერესოა, რას მეტყვიან, როცა მივალ? მობრძანდით, ქალბატონო ლოლიტა, თქვენთვის ჩვენი ოფისის კარი დღეიდან ფართოდ იქნება ღიაო? თუ ქედმაღლურად გადმომხედავენ და ცალყბად მესვრიან, აგერ დაჯექი და მუშაობას შეუდექიო? რა ვიცი, რა ვიცი… მივალ და გამოჩნდება!

ოჰ, როგორ მეზარება ადგომა! დილის ძილი ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ვინ გაცლის! ათ საათზე იქ უნდა ვიყო. რომ დავაგვიანო, იფიქრებენ, პასუხისმგებლობის გრძნობა დაკარგული აქვსო. ამიტომაც უნდა ვიჩქარო… ადე, ლოლა, ადეეე!

თავის მოწესრიგების პროცედურას მთელი ორმოცი წუთი მოვანდომე, ჩაცმას ათი წუთი დავუთმე, მაკიაჟის «რიტუალს» _ ოცი… ესეც შენი საათი და ოცი წუთი! ქალი ვარ ახლა მე-ე? ქმარ-შვილი რომ მეხვიოს თავს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ დროს დავკარგავდი! საუზმესაც დავუგვიანებდი და სადილსაც ალბათ. ძალიანაც კარგი, რომ არ მყავს!

ესეც ასე! მაგარ ფორმაში ვარ! მენეჯერებს კი არა, თვით პრეზიდენტსაც კი დავუყენებ თვალს!

ათის თხუთმეტ წუთზე გავედი ბინიდან. კი გავედი, მაგრამ ვაი, თქვენს მტერს, მე რომ დღე დამადგა. ისეთი საცობი იყო ქალაქში, კუს ნაბიჯებით მივიწევდი ოფისისკენ, თან წარამარა საათზე ვიყურებოდი. ეს რომ მცოდნოდა, დილის ზოგ-ზოგიერთ პროცედურას ცოტ-ცოტა დროს მოვპარავდი და შედარებით ადრე გამოვიდოდი შინიდან. არა, არა, რამდენადაც კარგია მანქანა, იმდენად თავსატეხიცაა. ახლა რომ ფეხით ვყოფილიყავი, ხომ ჩავიდოდი მეტროში და დროზე გამოვცხადდებოდი ახალ სამსახურში?

კადრების განყოფილებაში მითხრეს, მეოთხეზე აბრძანდით, ოთხასმეხუთე კაბინეტში, ცხვარაძესთანო…

ლიფტსაც კი არ დაველოდე, ისე კისრისტეხით ავირბინე ოთხი სართული. უამრავი ადამიანი ელოდებოდა ლიფტს და ჩემი რიგი როდის დადგებოდა, ეშმაკმა უწყის.

კაბინეტთან შევდექი და აქოშინებულმა ოდნავ შევისვენე, მერე კი ფრთხილად შევაღე მძიმე კარი. პირდაპირ მაგიდასთან შავგვრემანი ახალგაზრდა ქალი იჯდა, ძალზე ეშხიანი და მოხდენილი, ჩემზე რამდენიმე წლით იქნებოდა უფროსი. იგი კომპიუტერს უჯდა და გამალებით რაღაცას ბეჭდავდა.

_ შეიძლება? _ მორიდებით ვიკითხე.

_ მობრძანდით! _ ქალი წამოდგა, _ ახალი მდივანი ხართ?

_ დიახ… მაპატიეთ, ცოტა დამაგვიანდა.

_ ცოტაზე მეტიც დაგაგვიანდათ, _ თბილად გამიღიმა დამხვდურმა, _ გაგიჟებულია უკვე, არ უყვარს ლოდინი.

_ მეც არ მიყვარს დაგვიანება, მაგრამ სამწუხაროდ, ასე გამოვიდა… სად უნდა ვნახო მენეჯერი?

_ მენეჯერი? არა, მენეჯერთან არაფერი გესაქმებათ, თედო ცხვარაძესთან უნდა იმუშაოთ, ჩვენი კორპორაციის გენერალურ დირექტორთან. თქვენ ლოლიტა გქვიათ, არა?

_ დ..დია-ხხ! _ ენა დამება, ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ამბავი.

მეგონა, მემანქანე უნდა ვყოფილიყავი, ტექსტების ამკრეფი, ესენი კი ლამის პრეზიდენტის პირად მდივნობას მთავაზობენ! რა მაგარია?!

_ მე მარიკა ვარ, მარიკა ლოლაშვილი, ჩემს ადგილს გითმობთ, _ თბილი ღიმილი არ შორდებოდა ქალს შავგვრემანი სახიდან.

_ თქვენ სად მიდიხართ?

_ სხვაგან გადავყავართ. გუშინ დავწერე განცხადება, საერთოდ მინდოდა წასვლა, მაგრამ არ გამიშვეს. სხვა განყოფილებაში გადავდივარ.

_ რატომ, აქ… ცუდად იყავით?

_ როგორ გითხრათ… ძალიან რთული შესაგუებელი ადამიანია, მე მგონი, მეექვსე მდივანი ვარ, თუ მეშვიდე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიცვალა. უჩვეულოდ ჭირვეული კაცია, თავისი კაპრიზები ახასიათებს. ხანში შესული რომ იყოს, ვიფიქრებდი, კლიმაქსი შეეყარა-მეთქი, მაგრამ ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი ასეთი უჟმური რატომ უნდა იყოს, ვერ გამიგია. ფული მაგას არ აკლია, გართობა და ქალები. რაღა უნდა? გვარსაც აფუჭებს. ცხვარაძე კი არა, ცხარაძე უნდა იყოს, მე თუ მკითხავ.

_ აბა, მომწყობია საქმე… გინებაც ხომ არ ეხერხება?

_ აა-რა, როგორ გეკადრებათ! საოცრად თავაზიანი ადამიანია, უბრალოდ, ცოტა თავისებურია, მეტი არაფერი. თუ ერთხელ გაუგებ, მერე მორჩა, ყველაფერი კარგად წავა. ძალიან კი წყდება გული, რომ მივდივარ, მაგრამ ისე მაწყენინა, არ ვაპატიე.

არ ვკითხე, ამისთანა რა გაწყენინა-მეთქი, ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში რომ არ ჩამთვლოდა, ამიტომ ზრდილობის გულისთვის მხოლოდ ჩავიღიმე.

_ არ შეშინდეთ, ლოლიტა, მართლა უგულო კი არ არის, კარგი კაცია. მგონი, სიყვარულში არ უმართლებს და იმიტომ არის ასეთი გულგატეხილი. ჩვენ ეს კვირა ერთად მოგვიწევს მუშაობა, ყველაფერში გაგარკვევთ, გასწავლით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ და მერე წავალ. იმედია, დავმეგობრდებით. შეიძლება, შენობით მოგმართო? ცოტა მიჭირს თქვენობით…

_ რა თქმა უნდა, რა პრობლემაა. ლოლა დამიძახე, ყველა ასე მომმართავს.

_ ძალიან კარგი. რამდენი წლის ხარ, ლოლა?

_ ოცდასამის… შენ?

_ ოცდარვის. არც ისეთი დიდი სხვაობაა, ვერ შევეწყოთ ერთმანეთს.

_ შევეწყობით… აუცილებლად, _ ფართოდ გავუღიმე ძველ მდივანს.

_ ახლა ერთი წუთით გავალ, საჭიროების ადგილას, _ თითქოს დიდი საიდუმლო გამანდოო, ისე მოჭუტა თვალები, _ მალე დავბრუნდები. თუ ტელეფონმა დარეკოს, ვინც უნდა იყოს, უთხარი, ხუთ წუთში დარეკეთ-თქო. თუ «იმან» დარეკა, აი, ეს ღილაკი აციმციმდება, შედი და უთხარი, ორ წუთში შემოვა-თქო. არა მგონია, ჯერ მომიკითხოს, ტელეფონზე ლაპარაკობს და, როგორც ყოველთვის, ერთსაათიანს გააბამს ხოლმე. ასე რომ… _ თან კარისკენ მიდიოდა მარიკა, თან მაკვალიანებდა.

მოუსვენრად ვცმუკავდი და გულში ღმერთს ვეხვეწებოდი, ცხვარაძეს სატელეფონო საუბარი მანამ არ დაემთავრებინა, სანამ მისი მოქმედი მდივანი არ დაბრუნდებოდა…

სწორედ ამ დროს ისეთი უსიამოვნო ზარის ხმა გაისმა, კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი. შეფი მდივანს იძახებდა.

სანამ კარს შევაღებდი, ნერვიულობისგან ხელისგულები გამიოფლიანდა. იგი ჩემკენ ზურგშექცევით იდგა და აკვარიუმში თევზებს აპურებდა.

_ მარიკა, სად არის ის ახალი მდივანი, ასე რომ აგვიანებს? _ ზარივით გაისმა უზარმაზარ ოთახში მისი ხმა, მერე კი მოტრიალდა.

ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

_ შენ ვინღა ხარ? _ უდიერად მომმართა.

_ მე ის ახალი მდივანი ვარ, ასე რომ აგვიანებს, _ საკმაოდ გაბედულად ვუპასუხე და ერთიანად გავწითლდი. ალბათ პომიდვრის ფერი მედო სახეზე, ისე გამიხურდა ღაწვები.

_ მერედა, რატომ აგვიანებ? _ უკმეხად მკითხა და გამჭოლი მზერით ამათვალიერა.

_ ბოდიშს გიხდით… არ მინდოდა, მაგრამ… ქალაქში ისეთი საცობია…

_ საცობი ჩემთვისაც არის, მაგრამ არასდროს ვაგვიანებ. ცოტა ადრე უნდა გამოხვიდეთ სახლიდან და კიდევ უფრო ადრე გამოძვრეთ ლოგინიდან.

_ სხვა დროს გავითვალისწინებ.

_ მარიკა სად არის?

_ საპირფარეშოში გავიდა, _ ვთქვი და ენაზე ვიკბინე, რა ჩერჩეტი ვარ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე?

_ მდააა… დაბრძანდით, გაგესაუბრებით მაინც… _ ამჯერად თავაზიანად მომმართა და გრძელი მაგიდის გარშემო ჩამწკრივებულ სკამებზე მიმითითა.

_ გმადლობ, _ გაუბედავად ვთქვი და მაღალზურგიან სკამს დავეჯაჯგურე.

ისეთი მძიმე იყო, ძლივს დავძარი ადგილიდან, თან ვცდილობდი, არ გახრიგინებულიყო და დავიტანჯე, სანამ გამოვწევდი. დაძაბული დავჯექი.

_ რა გქვიათ?

_ ლოლა… უკაცრავად, ლოლიტა კანდელაკი, _ მთლად ავირიე.

_ ლოლა… ლოლა… _ თავისთვის ჩაილაპარაკა, რატომღაც, ლოლიტა აღარ დაამატა, _ სამუშაო გამოცდილება თუ გაქვთ?

_ სამწუხაროდ, არა, ადრე მდივნად არასდროს მიმუშავია.

_ არა?! ეს როგორ? აბა, რისთვის გამოგგზავნეს? ჩვენთან ნაცნობობით და ძმაკაცობით საქმე მხოლოდ მაშინ კეთდება, როცა კარგ სპეციალისტზეა საუბარი, სხვა შემთხვევაში, საკუთარ შვილსაც არ მივიღებ სამსახურში.

_ მე კარგი სპეციალისტი ვარ… პროფესიონალი…

_ ჰო-ო? _ ირიბად გამომხედა, _ აკი სამუშაო გამოცდილება არ მაქვსო?

_ მართალია, არ მაქვს, მაგრამ საქმე ვიცი.

_ აბა, ერთი მომიყევით, რა საქმე იცით?

_ ვბეჭდავ ძალიან სწრაფად კომპიუტერზე, რუსულ და ინგლისურ განლაგებაზე ერთნაირად. შემიძლია ვთარგმნო, ტელეფონის ზარებს ვუპასუხო, წერილები გავამზადო, ყავა მოვადუღო…

ლაპარაკი ცხვარაძის ხარხარმა შემაწყვეტინა. ისე გულიანად იცინოდა, შემრცხვა, რამე სისულელე ხომ არ წამოვროშე-მეთქი.

_ და გგონიათ, რომ მდივნის დანიშნულება მხოლოდ ეს არის?

_ რაც არ ვიცი, იმას ერთ კვირაში ავითვისებ, აი, ნახავთ! _ ჯიბრიანად ვუპასუხე.

_ ვნახოთ, ვნახოთ… მარიკა არ მიჩერდება, თორემ ნამდვილად არ მიგიღებდით სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ საპატიო ადამიანმა გაგიწიათ რეკომენდაცია.

ყურები ვცქვიტე, მაგრამ თედოს «ერთობ საპატიო ადამიანის» სახელი არ უხსენებია. ამ დროს კარი გაიღო და ზღურბლზე მარიკა გამოჩნდა.

_ მაპატიეთ, ბატონო თედო… სულ ორიოდე წუთით გავედი და…

_ ვიცი, უკვე მომახსენეს, სადაც იყავი, _ ირონიული ღიმილით გადააქნია თავი ცხვარაძემ, _ ორი ყავა შემომიტანე, თუ შეიძლება… ხომ დალევთ ყავას? _ მერე მე მომიბრუნდა.

_ თქვენის ნებართვით.

_ ეს რა ზრდილობიანი გოგონა გამოუგზავნია ნიკას, ხედავ შენ? თანაც როგორი ლამაზი?! მეგობარიც ასეთი უნდა! _ ხელი ხელს შემოჰკრა გამხიარულებულმა დირექტორმა, თანაც გენერალურმა და ხარბად დამასო მზერა მოღეღილ მკერდზე.

შევიშმუშნე. ამასობაში მარიკა კარს მიღმა გაუჩინარდა.

_ თარგმნა რომელი ენიდან შეგიძლიათ?

_ ინგლისურიდან… იტალიურიდანაც.

_ ოჰო! ინგლისური გასაგებია, მაგრამ იტალიური საიდან? ასე კარგად ფლობთ ორივე ენას?

_ ბრწყინვალედ! _ გავთამამდი და დავიტრაბახე, _ დედა მყავდა იტალიელი.

_ რას მელაპარაკებით! იმიტომაც ხართ ასეთი ეშხიანი? რა მაგარია! არაორდინარული მდივანი მეყოლება! ლაპარაკიც შეგიძლიათ ორივე ენაზე?

_ თავისუფლად.

_ ოოო! მართლაც კარგი კადრი ყოფიხართ! თქვენი ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, ხელშეკრულება მკაცრი პირობებით უნდა გაგიფორმოთ, რომ სხვებივით სამ თვეში არ გამექცეთ. გათხოვილი ხართ?

_ არა.

_ შეყვარებული თუ გყავთ?

_ არა.

_ ტელეფონზე ჩამოკიდება თუ გიყვართ და ჭორაობა?

_ არა.

_ ზარმაცი ხომ არ ხართ?

_ არა, _ ეს კი მოვიტყუე, რადგან ჩემ გარშემო ყველამ იცის, როგორ მეზარება საქმის კეთება.

_ მშვენიერია… ახლა არ მითხრათ, თაყვანისმცემლებიც არ მყავსო.

_ ბლომად, _ ჩემს პასუხზე თავადვე გამეღიმა.

კვლავ სიცილი აუტყდა. სულაც არ ჩანს ეს კაცი უჟმური, რატომ დაახასიათა მარიკამ ასე? მშვენიერი ხასიათი აქვს, რას ერჩის, ხომ არ უყვარს ნეტავ? ეს აღმოჩენა იმდენად მომეწონა, მაშინვე დავიჯერე, რომ აუცილებლად ასე იქნებოდა. ალბათ საპასუხო სიყვარული რომ ვერ მიიღო, იმიტომაც გარბის, დავასკვენი ჩემთვის.

კარი კვლავ გაიღო და მარიკამ ყავა შემოიტანა.

_ მაპატიე, ლოლა, არ ვიცოდი, როგორი მოდუღებული გიყვარდა და ჩემებურად გავაკეთე, _ მომიბოდიშა, როცა ფინჯანი წინ დამიდგა.

_ არა უშავს, სულერთია, ყველანაირს ვსვამ, შენ არ იდარდო, _ გავამხნევე ახალი მეგობარი.

_ გმადლობ, მარიკა… იმედია, ლოლას ასწავლი, მე როგორი ყავა მიყვარს… _ ცხვარაძე სავარძელზე გადაწვა და თავმომწონედ გადმომხედა.

_ აბა რა, აუცილებლად, ბატონო თედო, _ მარიკამ ცარიელ სინს ხელი დაავლო, თვალი ჩამიკრა და კაბინეტიდან გავიდა.

_ ამ გოგომ უცხო ენები არ იცის, მაგრამ ისე, ძალიან ყოჩაღია საქმეში. თან კარგად გამიძლო. ექვსი თვეა, ჩემთან მუშაობს. არ მინდოდა მისი გაშვება… ნაწყენია ჩემზე… ზედმეტი მომივიდა. შენ რა რეაქცია გაქვს ყვირილზე? _ უეცრად შენობითზე გადავიდა ჩემი მომავალი უფროსი.

_ საშინელი…

კვლავ ხარხარი აუტყდა.

_ რა ხართ ეს ქალები, შენიშვნებს როგორ ვერ იტანთ.

_ შენიშვნებს ვიტან, მაგრამ შეურაცხყოფას _ არა, _ შევუსწორე, _ თუნდაც დამსახურებულს.

_ მაგას ვნახავთ… _ მოულოდნელად მოიღუშა, ხმაც დაუბოხდა, ალბათ არ მოეწონა ჩემი სითამამე, _ მარიკა ყველაფერში გაგარკვევს, დანარჩენზე ჩვენ მოვრიგდებით, _ მრავალმნიშვნელოვნად დაამატა.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. თედო რატომღაც წამოდგა და ისე ყურმილს დაწვდა, ალბათ ეფექტის მოხდენის მიზნით. სანამ ის ვიღაცას ელაპარაკებოდა, მე გულდასმით შევათვალიერე. სიმპათიური ყმაწვილი იყო, სულაც არ ეტყობოდა ოცდათხუთმეტი წელი. მაღალი, გამხდარი, ვიწრო, ოდნავ მოხრილი მხრებით, გემოვნებით ჩაცმული… ერთი ნაკლი ჰქონდა მხოლოდ _ გრძელი ტანი ჰქონდა და შედარებით მოკლე ფეხები. არც ძალიან შესამჩნევად, მაგრამ ჩემს მახვილ თვალს ეს გამოეპარებოდა? თან ისეთი წუნია ვარ, ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მამაკაცს ეხება. ქერა იყო, თხელი, უკან გადაწეული თმით, გრძელი პირისახით და ჩაჩუტული ნიკაპით. ისე, არ მიყვარს ასეთი ფორმის ნიკაპი, მაგრამ ცხვარაძის ნიკაპი რაში მაინტერესებს?

_ ესეც ასეეე! _ ხელები მოიფშვნიტა თედომ, როცა ყურმილი დაკიდა, შარვლის ტოტები აიწია და კვლავ სავარძელში ჩაჯდა, _ სხვა? შენ არაფერი გაინტერესებს, რომ მკითხო?

_ კი, როგორ არა, _ ვუპასუხე და პაუზა რომ გამეწელა, ყავა მოვსვი, _ ხელფასი რამდენი მექნება?

_ აი, საქმიანი ქალის შეკითხვა… მოჭრილი ხელფასი ხუთასი ლარი გექნება… ეს დასაწყისში. თუ დამატებით რამის გაკეთება მოგიწევს, დამატებითი ხელფასი გამოგეწერება… გარდა ამისა, სამ თვეში ერთხელ, თუ თავს გამოიჩენ, პრემიასაც გამოჰკრავ ხელს… თუ ეს ყველაფერი გაწყობს, კვირის ბოლოს ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. რას იტყვი? თანახმა ხარ?

_ ამდენმა «თუმ» ცოტათი დამაბნია, მაგრამ უარის თქმა უმადურობა იქნება ჩემი მხრიდან… ისეთმა ადამიანმა გამიწია რეკომენდაცია… _ თავი დავიფასე, თორემ ჩემთვის ამწუთას ხუთასი ლარი ხუთას დოლარს უდრიდა, თან იმის იმედი მქონდა, იქნებ ნიკაზე ცოტა მეტი წამოცდენოდა.

_ გამოდის, რომ შევთანხმდით. ვნახოთ, როგორ შევეწყობით ერთმანეთს, ლოლა… თუ დამჯერი გოგო იქნები, ყველაფერი გექნება, _ ხაზგასმით აღნიშნა და მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.

უსიამოვნოდ მომხვდა ყურში მისი ნათქვამი. საით უმიზნებს? იქნებ საშინელი მექალთანეა და რამის იმედი აქვს? უკაცრავად! სხვებთან შეიძლება მიჩვეულია ასეთ მიდგომას, მაგრამ ჩემთან ეგ არ გამოუვა!

_ დიდი მადლობა მიღებისთვის, ბატონო თედო და გამასპინძლებისთვისაც… მე დაგტოვებთ, თქვენის ნებართვით… _ ცივად ვთქვი და წამოვდექი, _ ყავის ჭიქებს გავიტან, თუ შეიძლება.

_ იყოს, ნუ შეწუხდები, მარიკა წაიღებს.

_ ახლა მეც მარიკას სტატუსი მაქვს, ასე რომ, მეკუთვნის… ეს უკვე ჩემი მოვალეობაცაა, _ გავუღიმე შეფს და ორივე ფინჯანს ხელი დავავლე თავის ლამბაქებიანად.

_ კარგია, ასე უცებ რომ გაშინაურდი. ვხედავ, საინტერესო თანამშრომლობა გველის.

_ იმედია… _ თავი დავუკარი და რაც შეიძლებოდა, თამამი ნაბიჯებით გამოვედი კაბინეტიდან.

_ მგონი, კარგად მიგიღო, არა? _ ჩურჩულით შემეკითხა მარიკა, კარი რომ გამოვიხურე.

_ უჰ… ეს რა ჯოჯოხეთში მოვხვდი, _ მეც ჩურჩულით ვუპასუხე და ჭურჭელი სინზე დავაწყვე თუ არა, პირზე ავიფარე ხელი, _ მაგარი როხროხა ვინმეა.

_ მინდა, გაგაფრთხილო, რომ თავიდან ყველას ასე იღებს. მერე კი… მტრისას, თუ აფრები აუშვა! ამან არ გაგათამამოს. ძალიან მომთხოვნი ადამიანია, თანაც, დაბნეული და სულელი ქალები არ უყვარს. მისთვის მდივანი მარჯვენა ხელია, გესმის, რისი თქმა მინდა? სხვანაირად…

_ სხვანაირად რა?

_ სხვანაირად ამ ადგილს ვერ მიიღებ.

_ რატომ? სოფლურად გამოვიყურები? გოიმურად მაცვია? აქცენტით ვლაპარაკობ?

_ ღმერთო ჩემო, რა უცნაურ შეკითხვებს მისვამ, ეს რა შუაშია?

_ როცა პირდაპირი პასუხი გინდა მიიღო, შეკითხვაც პირდაპირ უნდა დასვა.

_ ეგ არც მიგულისხმია. უბრალოდ, მის ხასიათს უნდა მოერგო და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო სამუშაოს, სულ ეს არის. დაბდურებს ვერ იტანს.

_ გასაგებ… _ სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ კაბინეტის კარი გაიღო და თედო გამოჩნდა თაბახის ფურცლებით ხელში.

_ ლოლა, ეს საპასუხისმგებლო წერილია, ნიუ-იორკში გასაგზავნი. აქამდე მთარგმნელთა ბიუროში ვაგზავნიდით, მაგრამ რადგან შენ ინგლისური გცოდნია, თანაც, ბრწყინვალედ, დამდე პატივი და მითარგმნე. ვნახოთ, როგორ გამოგივა, _ თქვა და ფურცლები გამომიწოდა.

_ დღესვე გჭირდებათ? _ ფეხზე წამოვდექი.

_ გნებავთ, ხვალ დილით მომიტანეთ. მთავარია, დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულოთ. ჩათვალეთ, რომ ეს ერთგვარი ტესტია.

_ ყველაფერი გასაგებია, ბატონო თედო.

გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ შემათვალიერა, მერე მზერა მარიკაზე გადაიტანა, ორივეს თავი დაგვიქნია და დინჯი ნაბიჯებით დატოვა სამდივნო.

_ მოდი, ახლა რაღაცებს გასწავლი, ცოტას დაგაკვალიანებ, რომ ნელ-ნელა გაერკვე საქმეში. დარწმუნებული ვარ, მალევე აუღებ საქმეს ალღოს.

_ ამის დიდი იმედი მაქვს, უნიჭო არ ვარ, _ მხრები ხუმრობით შევათამაშე და მარიკას მივუჩოჩდი.

8 8 8

სამუშაო რთული არ ჩანდა. დრო უქმად არ დაგვიკარგავს. მარიკამ ყველაფერი ისე მარტივად და გულიანად ამიხსნა, არაფრის გაგება არ გამძნელებია. ერთი-ორჯერ მაინც ვთხოვე, რაღაცები ხელახლა გაემეორებინა, რადგან ყურადღება მოვადუნე და ნიკაზე ფიქრში გადავერთე. ნეტავ ვინ არის, რას წარმოადგენს? თედოს ძმაკაცი თუ არის, სად მუშაობს? რა თანამდებობა უკავია? რამდენად ხშირად მოდის აქ? მასზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა. ტელეფონის ნომერი მაინც იცოდეს ჩემი… დამირეკავდა კი? რატომ? რისთვის? რამდენიმეწუთიანი ნაცნობობისთვის? ვინ იცის, ჩემნაირს რამდენს ხვდება დღეში. რატომ უნდა დავმახსოვრებოდი? ჩემზე ბევრად ლამაზები დადიან ქუჩაში…

_ ლოლა, მისმენ? _ მარიკას ხმამ გამომარკვია.

_ მაპატიე, მამაჩემზე ვფიქრობდი და… _ ვთქვი და სწორედ ახლა გამახსენდა მამაჩემი, ავადმყოფი და თითქმის უპატრონოდ მიგდებული. რაც ჩამოვედი, ერთხელაც არ დამირეკავს… რა ცუდი შვილი ვარ…

_ ცუდად არის?

_ ავადმყოფობს… უნდა დავურეკო და მოვიკითხო, ცოდოა, ვინ იცის, როგორ ნერვიულობს.

_ დაურეკე, რა პრობლემაა.

მობილური ამოვიღე ჩანთიდან და დავრეკე. ლუბამ მიპასუხა. მოვიკითხე, როგორ ხართ-მეთქი. კარგადო, საკმაოდ მხიარული ჩანდა მეზობელი. მამას უთხარი, მუშაობა დავიწყე და არ ინერვიულოს, ყველაფერი წესრიგშია, კარგად მოვეწყვე-მეთქი. ძალიან გაუხარდა ლუბაჩკას, აუცილებლად გადავცემ, მაღაზიაშია ჩასულიო.

შვებით ამოვისუნთქე. უთქმელი კაცია მამაჩემი, საყვედურები არ ჩვევია, მაგრამ გულში ხომ მაინც იფიქრებს, მთლად დამივიწყა შვილმაო?

_ გაუხარდა? _ მზრუნველად შემომხედა მარიკამ.

_ მამა არ იყო სახლში, მეზობლის ქალს ველაპარაკე, ის უვლის. კარგად არიან, კი… გავაგრძელოთ.

გავაგრძელეთ… საღამომდე ვიმუშავეთ. შუადღეს ცოტა ხნით გავედით ბუფეტში, რათა გვესადილა. მარიკამ რამდენიმე თანამშრომელი გამაცნო, მათ შორის მთავარი მენეჯერი ვიტალი.  კარგად შემხვდნენ, ერთმა გოგომ გაიხუმრა კიდეც, თედოს ხელში რკინის გული უნდა გიცემდეს მკერდში, ამიტომაც გამაგრდიო. ვიტალიმ კი მესროლა ერთი-ორჯერ მტრული მზერა, მაგრამ «გავატარე». არა უშავს, უფრო ახლოს რომ გამიცნობს, შეეცვლება ჩემზე წარმოდგენა.

ექვსი საათი რომ გახდა, მარიკამ კომპიუტერი გამორთო.

_ მორჩა, წასვლის დროა.

_ შვიდამდე ვმუშაობთ?

_ აბა?! უფრო დიდხანს გინდოდა? ნუ გეშინია, ეგ სიამოვნება არ მოგაკლდება, ხანდახან რვამდეც მიწევდა და ცხრამდეც… არც შენ იქნები გამონაკლისი.

_ თედო რატომ არ დაბრუნდა დღეს?

_ რას გაიგებ! საქმეები ჰქონდა ალბათ… შენ საით მიდიხარ?

_ საბურთალოზე. შენ?

_ მე დიღომში.

_ არა უშავს, გაგიყვან.

_ შენ რა, მანქანით ხარ?

_ ჰო, რა იყო?

_ არაფერი, უბრალოდ, გამიკვირდა… აქ მანქანიანი მდივანი არასდროს ჰყოლიათ.

_ ჰოდა, დღეიდან ეყოლებათ, _ გავიცინე, _ თუ გინდა, ჯერ ჩემთან ავიდეთ, ყავა დავლიოთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.

_ მაგას ჯობია, ჩემთან წავიდეთ, ნაკლები ბენზინიც დაგეხარჯება. შენ მერე გესტუმრები, კარგი? მეც მარტო ვარ, ასე რომ…

_ ეგრე იყოს!

მარიკას ძალიან მოეწონა ჩემი მანქანა, მთელი გზა აღფრთოვანებული მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, როგორ უხდება ქალს საჭესთან ჯდომა, როგორ გიჟდება ქალ-მძღოლებზე და როდის ეღირსება მანქანის ყიდვა.

_ მარტო ცხოვრობ? _ ვკითხე, როცა მის კორპუსს მივადექით.

_ დედასთან ერთად, მაგრამ ახლა სოფელშია.

_ გათხოვილი არ ხარ?

_ არა. ჩემი შეყვარებული ნარკომანი იყო და ვეღარ ავიტანე. რაც ღირებული მქონდა, ყველაფერი გამაყიდინა და გაღლეტილი დამტოვა. ამიტომ დავშორდი. შემოდი, ოღონდ არ შეგეშინდეს. საღორეს ჰგავს აქაურობა. მარტო რომ ვარ, ვეღარ ვასწრებ ოთახის დალაგებას.

_ არა უშავს, არც  მე ვარ მაინცდამაინც დიდად მოწესრიგებული, _ გავამხნევე და შევედით თუ არა ჰოლში, საზეიმოდ წარმოვთქვი, _ კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში.

_ გაიხარე, გენაცვალე, დიდი მადლობა. იცი, როგორ მიხარია, რომ გაგიცანი? კარგი ადამიანი ჩანხარ. ძალიან მინდა, ახლო მეგობრები გავხდეთ.

_ მეც მიხარია და დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დავმეგობრდებით.

ჩვეულებრივი ერთოთახიანი ჰქონდა მარიკას, ლოჯიით და აივნით, ძველი გარემონტებული. უბრალო ავეჯი ედგა ბინაში, თბილისის ავეჯის საამქროებში დამზადებული, მაგრამ ისეთი სიმყუდროვე სუფევდა ირგვლივ, სულს რომ დაუმშვიდებდა ადამიანს.

კარგა ხანს შევრჩი მასთან. ისე კარგად ვგრძნობდი თავს, წამოსვლა არ მინდოდა. დიდხანს ვილაპარაკეთ. მე ჩემ შესახებ მოვუყევი, მან თავის უიღბლო ცხოვრებაზე მიამბო…

ამასობაში გვარიანად დაღამდა. საათს რომ დავხედე, თორმეტი იყო დაწყებული. იმდენი ვილაქლაქეთ, ჭამა არც ერთს გაგვხსენებია, ყავასა და ხილზე გადავატარეთ მთელი საღამო.

მარიკა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სიგარეტს უკიდებდა. არადა, სამსახურში არ შემიმჩნევია, რომ მოეწია.

_ იქ მოწევა აკრძალულია, ამიტომ ტუალეტში გავრბივარ ხოლმე, მაგრამ ხშირად მაინც ვერ ვახერხებ, მეშინია, არ გამომიჭირონ. ამიტომ დანაკლისს შინ ვინაზღაურებ, _ სიცილით მითხრა.

გამოვემშვიდობე ჩემს ახალ მეგობარს და წამოვედი. მთელი გზა ბოლო ხმაზე მქონდა მაგნიტოფონი ჩართული, თან ნიკაზე ვფიქრობდი. ნუთუ ვერასდროს შევხვდები? გამორიცხულია! ძალიან მალე ვნახავ, გული მიგრძნობს, _ ვიმშვიდებდი თავს.

მანქანა სადგომზე დავაყენე და ფეხით ავუყევი კიბეს, მესამე სართულზე ასასვლელად ლიფტის გამოძახება დამეზარა. ყველა სადარბაზო განათებული იყო, ამიტომ სულაც არ იყო საშიში სართულიდან სართულზე ასვლა, სიბნელეში ხელის ცეცება არ მჭირდებოდა. ის იყო, კარს მივადექი და ჩანთიდან გასაღები ამოვიღე, რომ მოპირდაპირე მხარეს მეზობლის ბინიდან ორი ადამიანი სიცილ-ხარხარით გამოვიდა. ხმაურზე მივიხედე. ჯერ ქერათმიანი ქალი დავინახე, მოტკეცილ ჯინსში გამოწვართული, მერე მამაკაცი, უკან რომ მოჰყვებოდა, თვალში საცემად მაღალი, მოხდენილი…

და… ადგილზე გავქვავდი…

იმ მაღალ, მოხდენილ მამაკაცში ნიკა ამოვიცანი…

 

 

კიდევ კარგი, სადარბაზოს სუსტ განათებაზე ვერ შეამჩნევდა ნიკა, როგორ გავწითლდი. თავჩაღუნულმა ქალმა შხუილით ჩამიარა გვერდით, სახის დამალვას ცდილობდა, თან სუნამოს სასიამოვნო არომატი დატოვა. «შანელი 5″ შევიცანი… ამ სურნელს ასი სხვა სურნელისგან გამოვარჩევდი, რადგან იგი დედას უყვარდა ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ლამის გაიქცა, მაინც მოვასწარი თვალის შევლება. ღმერთო! იგი სწორედ იმ ასაკის იყო, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი! ორმოცზე მეტის იქნებოდა! ნუთუ?.. არა, ამის გაფიქრებაც არ მინდოდა. ოღონდ ეგ არა!..

ამასობაში ნიკამ კარი ჩაკეტა.

_ ლოლა? _ მომიახლოვდა და ჩემი დანახვით დაბნეულმა თმაზე უხერხულად გადაისვა ხელი, _ აქ საიდან? _ ისე თბილად და შინაურულად მკითხა, თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს.

სპორტულად ეცვა, მუქი მაისური და ღია ფერის ტილოს შარვალი. საოცრად უხდებოდა. ღმერთო, რა ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი!

_ მე… მე აგერ ვცხოვრობ, აი… _ თავი ჩემი ბინისკენ მივაბრუნე, _ როგორ ხართ?

_ არა მიშავს… მე კიდევ… მე… ძმაკაცთან ვიყავი, შენს მეზობლად…

_ აქ ცხოვრობს? _ ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან მოპირდაპირე მხარეს, რაც თავი მახსოვს, მეზობელს გაქირავებული ჰქონდა ბინა, თანაც _ მხოლოდ სტუდენტ გოგონებზე. ადრე ვურთიერთობდი კიდეც ზოგიერთ მათგანთან.

_ არა, არა… უფრო სწორად, კი, ოღონდ ქირით.

_ დიდი ხანია?

_ მ…მ… თუ არ ვცდები, სადღაც, ორი-სამი თვე იქნება. შენ… შენ დიდი ხანია, აქ… _ აღარ დაამთავრა წინადადება.

_ ჰო, მთელი სტუდენტობა ამ ბინაში გავატარე. ამ ზაფხულს კი გავაქირავე, მაგრამ რადგან უკან მომიხდა დაბრუნება, იძულებული გავხდი, მდგმურები გამეშვა და კვლავ აქ დავსახლდი, _ გამეღიმა ჩემს ნათქვამზე.

_ მართლა არ გელოდი, აქ თუ შეგხვდებოდი, _ თითქოს თავს იმართლებდა.

_ არც მე…

_ რა ჰქენი, დაიწყე მუშაობა?

_ კი, დავიწყე… დიდი მადლობა.

_ მადლობა? რისთვის?

_ იმისთვის, რომ მიპროტექტორეთ.

_ მე გიპროტექტორე? არ დაიჯერო! საიდან მოიტანე?

_ არ გინდათ… ყველაფერი ვიცი, ჩემმა უფროსმა მითხრა.

_ გრძელი ენა აქვს შენს უფროსს, ასე გადაეცი ჩემგან. დიდი არაფერი, ეს ჩემი მოვალეობა იყო.

_ სულაც არა, ამიტომაც კიდევ ერთხელ გმადლობ.

_ ძალიან ბევრი მადლობა გამოგივიდა, არ არის საჭირო, თორემ უკვე გავმდიდრდი… მაპატიე, მარტო არ ვარ, ახლობელი უნდა გავაცილო… შეიძლება სხვა დროს შემოგიარო?

_ კი, რა თქმა უნდა, საღამოობით სულ სახლში ვარ.

_ ამ დროს შენ საღამოს ეძახი? _ ისე სასიამოვნოდ გაიცინა, ჟრუანტელმა დამიარა.

_ დღეს მეგობართან ვიყავი და გვიანობამდე შემოვრჩი. ეს იშვიათად ხდება.

_ კიდევ კარგი, თორემ ვიფიქრე, თერთმეტ საათამდე ამუშავებენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კონკიას-მეთქი.

ღიმილი ვერ შევიკავე. ენით აუწერელი სიამოვნება მომანიჭა მისმა ქათინაურმა.

_ ესე იგი, შემოგიარო… _ დაუბრუნდა ძველ თემას ნიკა.

_ შემომიარეთ…

_ ოღონდ თ-ს გარეშე, კარგი? _ თავი დახარა და თვალებში ჩამაშტერდა.

_ კარგი…თ.

_ ამ სიტყვას საერთოდ არ სჭირდება თ… სკოლაში არ უსწავლებიათ?

_ მასწავლეს, მაგრამ… ეგეთი რამეები მავ… მავიწყდება ხოლმე, _ ენა დამება.

_ ფეხი როგორ გაქვს?

_ გმადლობბბ… _ ლამის «თ» დავამატე, _ აღარ მტკივა, მალევე გამიარა.

_ მიხარია. გავიქეცი, აბა… მელოდებიან… აუცილებლად გესტუმრები ერთხელაც, ხომ მიმიღებ?

_ რა თქმა უნდა.

_ იმედია, ბაყაყად არ გადამაქცევ, _ ხუმრობით გადააქნია თავი.

_ ვეცდები.

_ მთლად დამაიმედებელი პასუხი ვერ არის, მაგრამ მაინც არ შევშინდები და მოვალ, თანაც… ძალიან მალე. ო კეი?

_ ო კეი, _ გული ჩიტივით მიფრთხიალებდა.

_ ღამე მშვიდობისა, კონკიავ! _ ჩურჩულით მითხრა და ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა.

თითქოს სადარბაზო ატრიალდა… ლამის ჩავიკეცე, ისე იმოქმედა ჩემზე მისმა შეხებამ.

_ ნახვამდის, _ არ მახსოვს, წარმოვთქვი თუ უბრალოდ, გავიფიქრე, რადგან ყურებს საშინელი გუგუნი გაჰქონდა.

ნიკა სირბილით დაეშვა კიბეზე…

რამდენიმე წუთს გაშეშებული ვიდექი და ადგილიდან არ ვიძროდი. სიზმარი ხომ არ იყო ეს ყოველივე? ხომ არ მომელანდა? მეგობარი ცხოვრობსო… შემთხვევით, თვითონ ხომ არ ქირაობს ამ ბინას? რისთვის? რისთვის და… ქალების მოსაყვანად, მეტი რისთვის! ფაქტია, რომ აქ არ ცხოვრობს, რადგან მეცხრე ნომერი ბინა ლანა დეიდას ეკუთვნის, ის კი ქალიშვილთან ერთად ვაკეში ცხოვრობს და აქაურობას აქირავებს… იქნებ გასაღები ათხოვა მეგობარმა? ოჰ… გამიჩნდა რა, საფიქრალი. ახალგაზრდა კაცია, როგორც მოესურვება, ისე იცხოვრებს, მე ვინ მკითხავს!

მუხლები ჯერ კიდევ მიკანკალებდა.

შუქი არ ამინთია… შევედი თუ არა სახლში, ჩანთა დივანზე მივაგდე და ფანჯარას ვეცი. ფარდა არ გადამიწევია, ისე გადავიხედე ეზოში. სამარისებური სიჩუმე სუფევდა ირგვლივ, მხოლოდ საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. სწორედ ამ დროს ფარების ძლიერმა შუქმა გაანათა კორპუსის შემოგარენი, კიდევ ცოტაც და შავმა ჯიპმა ნელი სვლით ჩაიარა… უდავოდ, ისინი იყვნენ… თვალები დავხუჭე… რატომღაც, საოცარი განხიბვლა ვიგრძენი… თითქოს ნიკა უხსოვარი დროიდან მე მეკუთვნოდა და ახლა ვიღაც მართმევდა მის თავს…

8 8 8

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. როგორ არ ვცადე, სხვა რამეზე გადამეტანა ფიქრი, მაგრამ ვერ მოვახერხე. თვალწინ სულ ნიკას გაღიმებული სახე მედგა, თითებით ვეფერებოდი ლოყაზე იმ ადგილს, სადაც მიჩქმიტა… თითქოს მიხურდა ის ერთი წერტილი… ერთდროულად გახარებულიც ვიყავი და გულმოკლულიც. მიხაროდა, რომ კვლავ ვნახე, მაგრამ გულს მიკლავდა, სხვა ქალთან ერთად რომ გამომეცხადა. მართალია, არ ვიცოდი, სინამდვილეში რა ხდებოდა, მაგრამ რა დიდი მიხვედრა ამას სჭირდებოდა… ჰმ… «ნაყვარება» ბიჭს ქალებში სიარული… საინტერესოა, ამ ერთს ხვდება, თუ ყოველდღე ახალ-ახალ «ნაშას» დაარბენინებს «მერცხლის ბუდეში»?

იმ ქალმა როგორ დამალა სახე?! ალბათ გათხოვილია… როგორი მექალთანე ყოფილა! პირველ შეხვედრაზე ეს არ შემიმჩნევია, ძალზე თავდაჭერილად იქცეოდა… რა სიურპრიზი იყო მისი აქ ნახვა! ხომ ვამბობ, ცხოვრება ვერაგია-მეთქი… ვინ მიჯერებს?

ნეტავ, როდის მესტუმრება? მოვა კი? იქნებ ზრდილობის გულისთვის შემპირდა? არა მგონია… ისეთი თვალებით მიყურებდააა! მოვწონვარ? ჰმ… ეგღა მაკლია, არ მოვწონდე! რა მჭირს მისი დასაწუნი! დარწმუნებული ვარ, მოვა, თანაც ძალიან მალე! დიდხანს ვერ მოითმენს. თან იცის, რომ ვალში ვარ მის წინაშე… და მერე რა? დიდი ამბავი, სამსახური თუ მიშოვა. მე შენ გეტყვი, თანამდებობაზე მომსვა! მდივნის ადგილი ყოველთვის მოიძებნება თბილისში! ამის გამო მადლობა ნატურით უნდა გადავუხადო, თუ რა? იქნებ… იქნებ გადავუხადო კიდეც? რა სულელი ვარ, რაზე ვფიქრობ… მე აქ გეგმებს ვაწყობ, ის კი შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს… კი არ დამვიწყებია, პატარა ბავშვივით რომ მექცეოდა! მაგრამ რომ გამოჩნდეს? დავხვდები, როგორც სტუმარს, სასურველ სტუმარს… უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. მერე ურთიერთობაც თავისთავად აეწყობა. რა იცი, რა ხდება!..

ეს კარგია, თუ ცუდი? _ მერამდენედ ვეკითხები ჩემს თავს. პასუხი კი, როგორც ყოველთვის, არ მაქვს.

დილით ძალიან ადრე ავდექი, რომ კვლავ არ დამგვიანებოდა სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ მძინებია, მაინც მხნედ გამოვიყურებოდი. ჩემი წითელი კაბა ჩავიცვი, მოკლე და გულამოჭრილი და აქსესუარებიც შესაბამისი შევუხამე სამოსს. კარგა ხანს ვიპრანჭებოდი სარკის წინ. დღესაც თვალისმომჭრელად გამოვიყურები, ოფისში ყველას თვალს დავუყენებ! დამესევიან ახლა ახალი თაყვანისმცემლები. მტრებიც გამომიჩნდებიან, რა თქმა უნდა, ქალების სახით… ნეტავ იცოდეთ, როგორ არ მადარდებს ეგ! ახლა ჩემთვის მხოლოდ ნიკა არსებობს და სხვა არავინ! ერთადერთი, მის გამო თუ გავიპრანჭები ასე საგანგებოდ. ის შეიძლება ყოველ წუთს გამოჩნდეს კორპორაციაში, რადგან თედოს ძმაკაცია. ვინ იცის, იქნებ სულაც ჩემი გულისთვის მოვიდეს… არც ეგ არის გამორიცხული…

ჩემი მანქანა ისეთი ტალახიანი იყო, თქვენი მოწონებული. საღამოს გავივლი რომელიმე ავტოსერვისში და აუცილებლად გავარეცხინებ, თორემ ასე არ ივარგებს, მთლად ავიღე ხელი ყველაფერზე.

ათს აკლდა ოცი წუთი, ოფისში რომ შევედი. მარიკა მოსული დამხვდა.

_ მომასწარი? რა ადრე მოსულხარ, დილა მშვიდობისა, _ მივესალმე და ლოყაზე ვაკოცე.

_ რა კარგია, რომ მოხვედი, _ მასაც გაუხარდა ჩემი დანახვა.

_ აქ არის? _ თავი თედოს კაბინეტისკენ გადავიქნიე.

_ ჯერ არა. მაგას რა ეჩქარება, როცა უნდა, მაშინ მოვა. დღესაც იყო საცობი?

_ შენ წარმოიდგინე, არა. იმიტომაც მოვედი ასე ადრიანად. გუშინ სუფთა საგიჟეთი იყო, რა.

_ წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი შენზე, ვის ვამსგავსებ-მეთქი და ვერაფრით გავიხსენე. ამწუთას მივხვდი, რომ ძალიან ჰგავხარ სოფი მარსოს.

_ კარგი, რა… _ დავიმორცხვე.

_ მართლა, მართლა… რა, სხვებს არ უთქვამთ?

_ კი, უთქვამთ, მაგრამ რა ვიცი, მე პირადად ვერ ვხედავ დიდ მსგავსებას.

_ შეეენ ახლააა… _ ხუმრობით გაშალა ხელები მარიკამ, _ მარსო როგორ შეგედრება, მაგრამ…

ორივეს სიცილი აგვიტყდა.

_ თმა რომ უკან გაქვს აწეული და ყურები დაფარული, ბევრად შესამჩნევია მსგავსება, გეფიცები, _ გააგრძელა ჩემმა ახალმა მეგობარმა, _ მაგრამ ტან-ფეხი ისეთი გაააქვს, მიმიქარავს სოფი მარსო.

_ მოიცა, რა, მარი, ნუ მაცინებ, _ კმაყოფილების ღიმილს ვერ ვმალავდი.

სხვაა, როცა მამაკაცი გამკობს კომპლიმენტებით, გსიამოვნებს, მაგრამ როცა ქალიც იმავეს გეუბნება, ორმაგად სასიამოვნოა.

_ ყავას დალევ? სახლში ვერ მოვასწარი და…

_ დავლევ, ოღონდ მე მოვადუღებ, კარგი?

_ დაწყნარდი შენ, აგერ დაჯექი, აქ ჯერ კიდევ მე ვარ დიასახლისი, _ შემომცინა ძველმა მდივანმა და ყავის ატრიბუტების ამოლაგება დაიწყო უჯრიდან.

ამ დროს კარი გაიღო და თედო შემოვიდა.

_ მოგესალმებით, გოგოებო, როგორ ხართ? _ არ გაუღიმია, ისე მოგვიკითხა დირექტორმა და სანამ კაბინეტში შევიდოდა, ოდნავ შეყოვნდა, _ რა ქენი, ლოლა, თარგმნე ის ტექსტი?

ამის შეკითხვა და… პირკატა მეცა. ტექსტის თარგმნა საერთოდ არ გამხსენებია.

_ ვაიმე! _ ჩუმად შევძახე და შუბლზე მივირტყი ხელი, _ ჩემი სიკვდილი…

_ რაო, დაგავიწყდა? _ კოპები შეკრა თედომ.

_ მაპატიეთ, ბატონო თედო, ახლავე დავჯდები და ათ წუთში შემოგიტანთ.

_ საინტერესოა, რაზე ფიქრობდი? რას აკეთებდი მთელი ღამე? _ კუშტად გადმომხედა.

_ გპირდებით, ასეთი რამ მეორედ აღარ განმეორდება, ბოდიშს გიხდით, უპასუხისმგებლო არ გეგონოთ… _ როგორც შემეძლო, თავს ვიმართლებდი აფორაჯებული.

_ ფაქტი სახეზეა… _ თითქოს დასკვნა გამოიტანაო, ისეთი ტონით წარმოთქვა და საათს დახედა, _ ნახევარი საათი გაქვს დრო.

_ დიდი მადლობა, ბატონ… _ სანამ «სამადლობელ სიტყვებს» დავამთავრებდი, მამაკაცმა კარი მიიხურა.

_ რა უზრდელია, _ ტუჩები მობრიცა მარიკამ, _ ყოველთვის ეგეთია, არ გაგიკვირდეს…

ჩანთა გავხსენი და ტექსტის ძებნა დავიწყე. ძლივს მივაგენი, შიდა ჯიბეში ჩამიდია ოთხად გაკეცილი.

_ კალამი და სუფთა ფურცელი მინდა, _ დაფეთებული მარიკას მივაჩერდი.

_ მოიცა, რა პანიკაში ჩავარდი, დაწყნარდი! აგერ შედი, იმ კაბინეტში, კომპიუტერი ჩართულია, კარი ჩაკეტე და პირდაპირ ვორდში აკრიფე. ასე არ გირჩევნია?

_ ეგ ვისი კაბინეტია?

_ ამწუთას არავისი. ადრე ჩვენი პრეზიდენტის იყო, მაგრამ ახალ ოფისში გადავიდა და ცარიელია. კომპიუტერი დევს მხოლოდ. ხანდახან რომელიმე მბეჭდავი ჩამოდის და აქ მუშაობს ხოლმე. მიდი, მიდი, ყავა მერე დალიე, ჯერ მაგას მორჩი. შემდეგ კი შიდა ქსელით პირდაპირ მასთან გადავაგზავნით.

მადლობის გამომხატველი მზერა ვესროლე ჩემს მხსნელს და მითითებულ კაბინეტში შევედი…

თხუთმეტ წუთში თარგმანი მზად მქონდა. ორჯერ გადავიკითხე, რომ არაფერი გამომრჩენოდა და სამდივნოში გამოვედი. მარიკას ყავა უკვე დაელია.

_ მორჩი?

_ ჰო. გადაუგზავნი?

_ ცოტა ხანში, ჯერ მაინც არ სცალია.

_ რატომ?

_ ვიტალია შესული.

_ ა! «სავეშჩანიე» აქვთ?

_ რაღაც ამდაგვარი. აი, შენი ყავა, ცოტა გაცივდა, _ მარიკამ ჩემკენ მოაჩოჩა ფინჯანი.

_ არა უშავს, დავლევ, დიდი მადლობა.

საშინლად არ მიყვარს გრილ-თბილი ყავა, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რახან დავალებას თავი გავართვი, აღარაფერს დავეძებდი.

უეცრად მარიკამ კომუტატორის ღილაკს დააჭირა თითი.

_ გისმენთ, ბატონო თედო!.. დიახ… ახლავე… _  მერე წამოხტა და კაბინეტისკენ გაენთო.

_ რა მოხდა? _ მეც ფეხზე წამოვდექი შეშინებული.

_ მიბარებს, _ უკანმოუხედავად მომაძახა და კარი შეაღო.

_ რა ქნა, თარგმნა? _ ოდნავ შეღებული კარიდან გავიგონე დირექტორის ხმა.

_ დიახ, უკვე დაამთავრა, ახლავე გადმოგიგზავნით და თქვენს დირექტორიაში ჩავაგდებ.

_ დროზე!

მარიკამ ფრთხილად გამოიხურა კარი და გეზი პირდაპირ მეორე კაბინეტისკენ აიღო.

ისედაც არ მეხატებოდა გულზე თბილი ყავა, ახლა მთლად გადამიარა მისი დალევის სურვილმა. ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი. ვაითუ, არ მოეწონოს, მერე?

_ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, _ სოლიდარობის ნიშნად ხელზე შემახო ხელი მარიმ.

_ რისი მეშინია? ჯერ არც დამიწყია წესიერად მუშაობა და ცუდი თარგმანის გამო თუ გამიშვებს, კარგად იყოს, მეტი დარდი არ მომცა.

_ არ გაგიშვებს, უცხო ენა არ არის მთავარი ჩვენს საქმიანობაში, ხომ იცი? ეგ ისე, გასამარიაჟებლად უფრო სჭირდება.

_ ვხვდები.

წამები წუთებად იქცა, წუთები _ საათებად. არა და არ დაადგა საშველი შეფს, არა და არ გამომიძახა.

_ ჰო, მართლა, გუშინ სულ გადამავიწყდა, შენთვის მეთქვა. როცა ზარს დარეკავს და წითელი ღილაკი აინთება, ესე იგი, ძალიან გაბრაზებულია, ხოლო თუ ეს მწვანე ღილაკი აინთო, თითი უნდა მიაჭირო და უპასუხო. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სჭირდება და თან კარგ ხასიათზეა. შენი დაგვიანებით გუშინ ისე იყო გაბრაზებული, ვიცოდი, თუ გამომიძახებდა, აუცილებლად ზარს დარეკავდა, _ გაეცინა ჩემს კოლეგას.

_ როგორი წესები ჰქონია ჩვენს უფროსს, _ ტუჩი ავიბზუე.

როგორც იქნა, მწვანე ღილაკი კვლავ აინთო.

_ ბატონო! _ მარიკა წამოდგა და შესასვლელად მოემზადა, _ ახლავე, ბატონო თედო… შედი, გიბარებს.

_ დამერხა ვითომ? _ ნერვული სიცილი ამიტყდა, ტუჩებს თავს ვეღარ ვუყრიდი.

_ დასერიოზულდი ახლა და ისე შედი, _ დამტუქსა მარიკამ.

სასწრაფოდ მოვახდინე საკუთარი თავის «მობილიზება» და მორიდებით შევაღე უფროსის კარი.

_ აი, ისიც! _ შესძახა თედომ ჩემს დანახვაზე და ხელები გაშალა, _ ბრწყინვალე ნამუშევარია, ასე გამართულად მეც კი ვერ შევძლებდი თარგმნას, _ შემაქო დირექტორმა და თავმომწონედ გადახედა ვიტალის, _ კარგი გოგოა, არა?

მენეჯერმა ცალყბად ჩაიღიმა და ოდნავ დააქნია თავი.

_ კარგია… მომეწონა. ჩათვალე, რომ დღეიდან უკვე ჩვენი კოლექტივის წევრი ხარ, _ თავის კანტურით «მახარა» უფროსმა, _ ახლა კი, ორი ყავა გაგვიკეთე, თუ არ დაგვზარები, თორემ მე და ვიტალის ლამისაა, ჩამოგვეძინოს წუხანდელი ქეიფის შემდეგ.

_ დიახ… _ სიხარულისგან თავბრუდასხმულმა სასწრაფოდ დავტოვე კაბინეტი და საშინელებათა ფილმის გმირივით სახედაღმეჯილი მივვარდი მარიკას.

_ უფროსმა ორი ყავაოოო! _ თეატრალურად მოვახსენე მეგობარს, _ თანაც ნაბახუსევი ვართოოო… მე და ვიტალიოოოო…

_ ყავა მაგათ და დოზანა! _ ხელი აიქნია მარიკამ, _ მოეწონა, როგორც ჩანს.

_ კიო, მომეწონაოოო! _ ისე ვიყავი გახარებული, თავს ვერ ვიკავებდი.

_ შენ კი, არ გამაგდოსო, გეშინოდა. გილოცავ, ჩემო კარგო, მაგარია!

8 8 8

შუადღე გადასული იყო, ნაბახუსევი თედო ადრე წავიდა და «გოგოშკები» მარტონი დავრჩით. ამ დროს მობილურზე ფილიპემ დამირეკა. ცოტა არ იყოს, გამაკვირვა მისმა ზარმა.

_ ლოლა, როგორ ხარ, გენათალე? _ კარგ ხასიათზე ჩანდა ჩემი ნათესავი.

«გენათალე» საოცრად სახალისო სიტყვად მომეჩვენა, ალბათ შორეული ნათესავების სიყვარულს ასე გამოხატავს ჩემი შორეული ნათესავი.

_ არა მიშავს, ბატონო ფილიპე, თქვენ როგორ გიკითხოთ?

_ კარგად, ჭირიმე, კარგად. რატომ დაგვეკარგე? გამოიარე საღამოს ჩვენკენ.
_ აააა… არ ვიცი, ვეცდები, გამოგიაროთ, თუ ადრე გავთავისუფლდი, ბატ…

_ ჯერ ერთი, მოეშვი ამ ბატონოს, ბიძია მაინც დამიძახე… და მეორეც, ვეცდები არ გამაგონო! ნიკას უნდა შენი გაცნობა, ამიტომ აუცილებლად უნდა მოხვიდე.

_ ნიკა-ას? _ ამ სახელის ხსენებაზე ელეთმელეთი დამემართა. უნებლიეთ მარიკას გადავხედე. ვაითუ, ეს ის ნიკაა, რომელზე ფიქრშიც მთელი ღამე გავათენე, რა ვქნა მაშინ? არა, რა, ღმერთო, ოღონდ ეგ არ იყოს და გპირდები, ცხოვრებაში არასდროს ვიტყვი, ცხოვრება ვერაგია-მეთქი, მოვკვდები, ღმერთო, _ სწრაფად გამირბინა მტკივნეულმა აზრმა გონებაში.

_ თუ ასეა, მოვალ, ბატ… ბიძია ფილიპე… მოვალ.

«რა იდიოტი ვარ, გვარი მაინც მეკითხა წუხელ იმ ნიკასთვის».

_ რვისთვის გელოდებით, იცოდე და არ დამაღალატო.

«რას ვიცინებ, ჩემი ნათესავი რომ აღმოჩნდეს, ვაი, ლოლიიიი!»

_ კარგი… გასაგებია… ნახვამდის.

მობილური გავთიშე და სკამზე კი არ დავჯექი, დავენარცხე.

_ რა გჭირს? _ მარიკამ გაკვირვებით შემომხედა.

_ ბიძია-ბაბუა მიბარებს… _ ამოოხვრით ვთქვი.

_ ვერ გავიგე?

_ მამაჩემის ბიძაშვილის შვილი ჩემთვის ვინ იქნება, თუ იცი? ერთდროულად ბიძიაც და ბაბუაც, ასე არ არის?

მარიკას ისეთი ტკარცალი აუტყდა, თედო რომ კაბინეტში ყოფილიყო, აუცილებლად დაფეთებული გამოვარდებოდა იქიდან.

_ რაო, რა მინდაო შენმა ბიძია-ბაბუამ?

_ მოვენატრე, _ გავიხუმრე, _ არადა, დღეს შენი წაყვანა მინდოდა ჩემთან.

_ არა უშავს, ხვალინდელი დღე ჩვენი არ არის? სად გაგვექცევა?

_ არც არსად, ხვალ იყოს! _ შეფიქრიანებული დავეთანხმე მარიკას და თვალები დავხუჭე.

8 8 8

სანამ ფილიპესთან გავიდოდი, შინ შევირბინე, წყალი გადავივლე და ტანსაცმელი გამოვიცვალე. თან ცოტა წავიხემსე, რომ მოშიებულს იქ არ დამეწყო ჭამა. სპორტულად ჩავიცვი, ჯინსის შარვალსა და ლურჯ უსახელო მაისურში გამოვეწყვე, არ მინდოდა ზედმეტად გამოპრანჭული გამოვცხადებულიყავი ახალგამომცხვარ ნათესაობასთან. საერთოდ არ მახსოვდა მათი შვილი როგორ გამოიყურებოდა, ან კი მყავდა ოდესმე ნანახი? მომკალით და არც ეგ შემორჩა ჩემს მეხსიერებას.

კარი მოსამსახურემ გამიღო. თბილად მომესალმა და სასტუმრო ოთახში შემიძღვა. ნაცნობ გარემოში ერთადერთი უცხო დამხვდა _ საშუალო სიმაღლის, ოდნავ პუტკუნა, სათვალიანი მამაკაცი. შვებით ამოვისუნთქე _ ეს ნიკა ჩემი ნიკა არ იყო… კიდევ კარგი…

_ ლოლა! _ ფილიპე ჩემკენ გამოემართა, _ შენ რა პუნქტუალური ხარ… პირდაპირ არ ვიცი! აი, ეს ჩვენი ნიკაა, გაიცანი.

«ჩვენი ნიკა», რომელიც ბუხრის თავს ჩამოყრდნობოდა, ადგილიდან არ დაძრულა, შორიდან დამიქნია თავი. არც მე მოვიკალი თავი, ვხლებოდი მის უდიდებულესობას. ამერიკაში ზრდილობა არ ასწავლეს? ქაჯი! ბოლო სიტყვის გაფიქრება ჰოლივუდური ღიმილით დავაგვირგვინე.

_ კაცო, რა სიშტერე მომივიდა, პირდაპირ მრცხვენია! _ დაიწყო ჩემმა ბიძია-ბაბუამ, _ ნიკა თურმე ისე კარგად იცნობს იმ შენი კორპორაციის პრეზიდენტს, ჩახუტებული ძმაკაცები არ ყოფილან? მე რა ვიცოდი? ისე მისაყვედურა, როგორ არ გამაგებინე, სამსახურს თუ ეძებდა, მე თვითონ ვთხოვდი მეტრეველს და მოვაწყობდი იმ გოგოს «აიპისიშიო». სიბერემ ასე იცის, ჩემო კარგო, რას ვიზამთ. ხომ მაპატიებ, გენათალე?

მისი «გენათალე» უკვე ნერვებს მიშლიდა, მაგრამ უნდა ამეტანა, სხვა რა დამრჩენოდა?

_ როგორ შეეწყვე ახალ გარემოს? _ ქრისტინე სავარძელში იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული და კოქტეილის ჩხირით ყავას წრუპავდა.

_ გმადლობ, მშვენივრად. გენერალური დირექტორის მდივნად ამიყვანეს.

_ ვაჰ! ეგ კარგია, რომ იცოდე! თუ თავს გამოიჩენ, მენეჯერადაც შეიძლება დაგნიშნონ, იცი? _ აროხროხდა ოჯახის უფროსი.

_ კარგი, რა, ფილო, ნუ იცი ხოლმე შენ ასეთი ლაპარაკი. ეგრე ადვილი არ არის, შენ რომ გგონია. დღეს ყველაფერს ნაცნობობა წყვეტს, ისე ვინ გადაიყვანს მენეჯერად, რას აგულიანებ ამ გოგოს! _ შეუძახა ქმარს ქრისტინემ.

_ რატომ, კაცო, რა ვთქვი ასეთი?

_ აიყვანე მაშინ შენთან მენეჯერად, რა გიშლის ხელს? _ აპილპილდა ცოლი და ისე წამოიწია სავარძლიდან, გეგონებოდა, მეუღლეს უნდა გამოენთოსო.

_ ჩემთან… ჩემთან ჯერ არ არის ვაკანსია და… რაცა შეეხება ნაცნობობას, ნიკა აქ არ გვყავს? ერთ ზარს გაუშვებს და მოწყობილია საქმე, _ დაიტრაბახა ბიძია-ბაბუამ.

_ მამა! _ მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ალაპარაკდა «ნიკა-ორი». გამეღიმა, ისე მომეწონა ეს სახელი, _ დამშვიდდი, ნუ იცი ხოლმე ეგეთები. მაგას ჯობია, ღვინო ჩამოასხა და დავსხდეთ, გაცივდა ვახშამი. ბოლოს და ბოლოს, მაცალეთ, გავიცნო ეს ადამიანი წესიერად.

გაოცებულმა ირიბად გავხედე გარე ბიძაშვილს. დანახვისთანავე ისეთი მედიდური მეჩვენა, საერთოდ თუ გამოიხედავდა ჩემკენ, არ მეგონა. არადა, ძალზე უშუალო კი აღმოჩნდა. მან ჩემი მზერა დაიჭირა და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა, ამათ ბჟუტურს ყურს ნუ უგდებო. ერთმანეთს გავუღიმეთ და მივხვდი, ერთი ნაბიჯით უკვე დავახლოვდით…

მხოლოდ ერთი ნაჭერი ნამცხვარი გავსინჯე, ხელი მეტი არაფრისთვის მიხლია და ცივი ყავა დავაყოლე, ნაყინიანი, კოქტეილის ჩხირით. მერე ნიკამ თავის ოთახში შემიპატიჟა და ბევრი ვისაბურეთ. მართლაც ძალიან უშუალო ბიჭი იყო, ჩემზე სამი წლით უფროსი ყოფილა. აქ რომ დაუმთავრებია უნივერსიტეტი, მერე ნიუ-იორკში გაუგრძელებია სწავლა. შარშან დაუმთავრებია და საქართველოში ჩამოსულა. ჩემი ბიზნესი უნდა წამოვიწყოო, მითხრა, მაგრამ არ დააკონკრეტა, სახელდობრ, რის გაკეთებას აპირებდა. მეც არ ჩავძიებივარ, ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი შინ. იქნებ «ნიკას-ერთს» დღეს მოესურვოს ჩემი ნახვა და რომ არ დავხვდები, რას იფიქრებს? მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა გონებაში.

შორეული ბიძაშვილის გაცნობით კმაყოფილმა ათის ნახევარზე დავტოვე იქაურობა და შინ გავეშურე. მანქანა დისტანციურით ჩავკეტე და გულისფანცქალით შევუყევი სადარბაზოს კიბეს, იქნებ ამაღამაც აცილებს ნიკა ვინმეს და კვლავ შემხვდეს შემთხვევით-მეთქი…

ყურადღება მაქსიმალურად დავძაბე, მაგრამ ამაოდ. ჩემს სართულზე რომ ავედი, შევყოვნდი, მერე ფეხაკრეფით მივუახლოვდი მეზობლის ბინას და ყური კარს მივადე. შიგნიდან ჩქამი არ ისმოდა. როგორც ჩანს, დღეს პაემნის დღე არ აქვს ვაჟბატონს, ისვენებს წუხანდელი ბობოქარი წუთ-წამ-საათების შემდეგ. ეჰ, რატომ არ ვარ ორმოცი წლის? ან ორმოცდახუთის, თუნდაც ორმოცდაათის? ახლა თუ არა, მაშინ მაინც ხომ მოვეწონებოდი?

მოულოდნელად ქვედა სართულიდან ნაბიჯების ხმა მოისმა. შემცბარი სწრაფად მოვშორდი ლანა დეიდას კარს და ჩემი ბინისკენ გადავინაცვლე, თან ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებნა. კი ვიპოვე, მაგრამ კარის გაღება გავაჭიანურე. იქნებ ნიკაა? სუნთქვაც კი შევიკარი, ისე ავნერვიულდი. მართლა ვერ მოვარგე გასაღები ღრიჭოს, ისე მიცახცახებდა ხელები. ჩანთა მოვიხსენი და მეორე მხარეს გადავიკიდე, რომ უფრო მოხერხებულად ვყოფილიყავი. ამასობაში ის ვიღაც ამოვიდა კიდეც ჩემს სართულზე. აღელვებული თავის მიბრუნებასაც ვერ ვბედავდი, თან სმენად ვიყავი ქცეული, შეჩერდებოდა უცნობი, თუ ზედა სართულისკენ გააგრძელებდა გზას.

ცოტაც და… ნაბიჯების ხმა შეწყდა… აშაკარა იყო, ის ვიღაც კიბის მოედანზე გაჩერდა.

 

 

_ ცინცაძეები ამ სართულზე ცხოვრობენ? _ პატარა ბიჭის ხმა მომესმა.

იმედგაცრუებული მთელი ტანით შემოვტრიალდი. კიბის მოაჯირთან თხუთმეტ-თექვსმეტი წლის თინეიჯერი იდგა და სიჩქარისგან აქოშინებული მუცელზე იკიდებდა ხელს.

_ არა, _ მკვახედ მივუგე და ზურგი შევაქციე.

_ გმადლობ, _ მესროლა უცნობმა და ზედა სართულს აუყვა.

ერთიანად დამძიმებული შევედი შინ. ყველაფრის ხალისი დავკარგე. ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ მინდოდა ქვეყანაზე _ ნიკა მოსულიყო. მოლოდინით გაწბილებულმა მგელივით ყმუილი მოვრთე. მოვიდეს, რა იქნებაააა!

რა ვართ ეს ქალები! გამუდმებით თავგადასავლებს ვეძებთ. ვეძებთ, ვეძებთ და მერე მთავარი მოქმედი გმირები ვხდებით ამ თავგადასავლების. თუ რეალურ ცხოვრებაში არ წარმოადგენ მნიშვნელოვან ფიგურას და მილიონობით თვალი შენ არ შემოგნატრის, საკუთარ თავგადასავლში მაინც ხომ იქნები მთავარი? შენ რომ არა, ის თავგადასავალიც ხომ არ იქნებოდა? მაგრამ მე ამაშიც რომ არ გიმართლებს? რომ ეძებ და ვერ პოულობ? და რომ ვერც ქმნი? ნუთუ ასეთი უიღბლო ვარ? რატომ? რითი ვარ სხვა გოგოებზე ნაკლები?

ტანთ გავიხადე და შიშველმა დავიწყე ოთახში სიარული. ასე ვარ მიჩვეული, თუ შინ მარტო ვარ, მხოლოდ ტრუსის ამარა დავდივარ, ან მხოლოდ პირსახოცშემოხვეული, თან ფეხშიშველი დავტანტალებ. დავწვებოდი, მაგრამ ვიცი, არ დამეძინება. ინტერნეტიც ვერ ჩავრთე, თორემ ცოტა ხნით გავერთობოდი. არადა, აუცილებლად დამჭირდება. როცა რამეს დამავალებს ბატონი თედო, სახლში გავაკეთებ და მერე ფოსტით გადავუგზავნი. ჰოდა, ამ დღეებში მივხედავ მაგას. ეს ჩემი მინიატიურული კომპიუტერი რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამოვიყენო?

რა მინდა? ყავა? არა! ჩაი? არა! წვენი? არც ეგ! აბა რა ჯანდაბა მინდა? საზამთრო! აი, რა მინდა! საიდან მოვიტანო ამ შუაღამისას საზამთრო? მარტო რომ ვარ, ჩემი გულისთვის ხელის განძრევა მეზარება. გუშინწინ მოვამზადე სადილი და ხელიც არ მიხლია. ვისთვის მოვიკალი თავი? სამსახურში მაინც წამეღო, მე და მარიკა ერთად მოვულხენდით.

რა უნიათო ვარ! როდის უნდა გავიზარდო? როდის უნდა გავხდე ორმოცი და მეტი წლის? ოოო! როგორ მინდააა!

საწოლზე გავიშოტე, ხელები თავქვეშ ამოვიწყვე და ოცნებას მივეცი. აი, მე ბიზნესვუმენი ვარ, წარმატებული საქმიანი ქალი. მივაბიჯებ დერეფანში და ვხვდები მას _ ჩემი ოცნების მამაკაცს. ის თვალს ვერ მაშორებს, აშკარად ეტყობა, რომ აღფრთოვანებულია ჩემი სილამაზით. მე მაცდურად ვუღიმი… მერე გავიცნობთ ერთმანეთს და ის ჩემს შებმას შეეცდება. თავიდან ვითომ ახლოს არ გავიკარებ, ცოტა ხომ უნდა გავაწვალო. მერე კი…

არ მახსოვს, ჩვენი შორეული მომავლის ურთიერთობის რომელ ეტაპზე წამართვა ძილმა თავი…

8 8 8

_ დღეს რომ ჩემთან არ წამოხვიდე, გავგიჟდები! _ კარი შევაღე და მისალმების მაგივრად, მარიკას «საჭირბოროტო» თემაზე დავუწყე ლაპარაკი.

_ ჩუუუ! _ ტუჩებზე თითი მიიდო მან, _ სტუმარი გვყავს, _ ჩურჩულით მამცნო.

_ სტუმარი? ამ დილაადრიან? _ მეც გადამედო მისი ჩურჩული.

_ სხვათა შორის, შვიდი წუთი დაგაგვიანდა.

_ გზაში ძრავა ჩამიქრა, ძლივს დავქოქე მანქანა. ვინ არის იქ?

_ მეტრეველი, ჩვენი კორპორაციის პრეზიდენტი.

_ აჰ! რა ხდება, საქმეს ურჩევენ თედოს?

_ არ ვიცი, კამათობენ რაღაცაზე, ერთი-ორჯერ თედოს საშინლად გაღიზიანებული ხმა გამოვიდა, ლამის ყვიროდა.

_ ის?

_ ის არა, თედოსნაირი კი არ არის, ოდნავადაც არ აუწევს ხმას, ისეთი წყნარია. ექვსი თვეა, აქ ვმუშაობ და მისი მისამართით საყვედური არავისგან გამიგია. მაგარი კაცია, ძალიან მაგარი.

_ ასაკოვანია?

_ რას ამბობ! იცი, რა ბიჭია? პირს დააღებ, რომ ნახო. თან უცოლოა, _ ისეთი საწყალი სახე მიიღო მარიკამ, ვიღაცის ძალიან რომ შეგშურდება და აღნიშნავ.

_ მე არ მოვეწონები? _ გავიხუმრე და იმწუთასვე ნიკა გამახსენდა.

_ ეჰ… შეიძლება მოეწონო კიდეც, მაგრამ გგონია, ზედ შემოგხედავს? თავს არავის უყადრებს. ყველა მაგას ეპრანჭება და არავის არაფერი გამოსდის.

_ იქნებ კაცები უყვარს? _ ვთქვი და გამეცინა.

_ ა-რააა! მე მგონი, სამსახურში არ უყვარს რომანების გაბმა. პრეზიდენტია, რა!

_ ერთი დამანახვა, როგორია.

_ დაიცადე და ნახავ, გამოვა, სადა წავა?

_ და სად ზის, მისი კაბინეტი სად არის?

_ ამ შენობაში არ ზის. ახლახან ახალი ოფისი აიღეს არენდით და არემონტებენ. მის სართულზე პირველ რიგში დაამთავრეს სამუშაოები და ერთი კვირის წინ გადავიდა. ჩვენც მალე გადავალთ.

უეცრად ის შენობა გამახსენდა, მე რომ თავი შევაფარე და ცხვირ-პირი დავიმტვრიე. იმაზე ხომ არ ლაპარაკობს? ის ხომ არ იყო ჩვენი პრეზიდენტის კაბინეტი, ნიკამ რომ შემიყვანა?

_ რომელი შენობა, აქვე ახლოს რომ რემონტდება? _ გული გამიჩერდა პასუხის მოლოდინში.

_ ჰო, ეგა. შენ რა იცი?

_ ჩემი მეგობარი მუშაობს მანდ, ინჟინერია. იმან დამაწყებინა აქ მუშაობა.

_ მართლა? იმიტომ ჯუჯღუნებდა თედო, მომკლა ნაცნობობით თანამშრომლების სამსახურში მიღებამო?

_ ჩემზე ამბობდა?

_ ჰო, სანამ მოხვიდოდი… რომ დაიგვიანე, გაცოფდა და თავისთვის იდუდღუნა.

_ დღესაც მიკითხა?

_ არა. რომ შემოვიდნენ, ისეთი სახე ჰქონდა ორივეს, თითქოს წიხლი ჩააზილეს ერთმანეთს საზარდულშიო.

სიცილი ამიტყდა, ვერც მარიკამ შეიკავა თავი.

_ მაინც მოგიწევს დღეს ჩემთან წამოსვლა.

_ რა იყო, ყაჩაღები ხომ არ შემოგივარდნენ?

_ არა, რა ყაჩაღები! სადილი გავაკეთე და არც კი გამისინჯავს. მარტო მეზარება. აი, ერთად რომ ვიქნებით, მეც მადიანად შევექცევი.

_ გეშინია, არ გაგიფუჭდეს, არა?

_ გამიფუჭდება და გადავყრი, ეგ რა პრობლემაა, მაგრამ რატომ, როცა არის «გასაღების» საშუალება? _ კვლავ გავიხუმრე და პატარა გოგოსავით დავიჭყანე.

_ რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე. კიდევ კარგი, აქ ვრჩები, თორემ უშენოდ ვერ გავძლებდი. ყოველდღე მაინც გნახავ.

ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და…

იმწუთას ვინმეს რომ შემოეხედა ჩემთვის, ადვილად შეამჩნევდა, როგორი გაოცება აღმებეჭდა სახეზე და მერე ეს გაოცება როგორ შეცვალა სიხარულმა, თუმცა მხოლოდ წამიერმა…

_ ნახვამდის! _ მედიდურად გვესროლა ნიკამ, ცივად გადმოგვხედა ორივეს და… კარი გაიხურა.

ნიკა! _ კინაღამ ვიყვირე… დროზე დავაჭირე ენას კბილი. რა, ვერ მიცნო? არ არსებობს! რატომ არ გამომეცნაურა? ხომ შეიძლებოდა, თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა, მხოლოდ ერთი! უბრალოდ, მოვეკითხე…

ალბათ საშინელი ფერი დამედო სახეზე, ან საერთოდ წამივიდა, რადგან მარიკა შეშფოთებული მომვარდა.

_ რა დაგემართა, ლოლა?

სანამ გონს მოვეგებოდი, ის სირენასავით ზარი აზუზუნდა, თედო რომ იძახებდა მდივანს კაბინეტში.

_ ვაი, გაბრაზებულია ალბათ! დაგვცოფავს ორივეს, _ ჩურჩულით თქვა და უფროსის კაბინეტში შეიძურწა…

მალევე მობრუნდა და ყავის ფინჯნები გამოიტანა.

_ ხმას არ იღებს! ნიკას არც დაულევია, წარმომიდგენია, რა დღე აყარა ჩვენს ბოსს! _ წარბებაზიდულმა შემომხედა, _ რა ფერმიხდილი ხარ, ლოლა, რა გჭირს?

_ ის… ის იყო პრეზიდენტი? _ ხავილით ამოვთქვი.

_ ჰო, რა მერე?

_ მეტრეველია გვარად, ხო?

_ კი, მეტრეველია, ნიკა მეტრეველი.

_ ღმერთო… _ თვალებმილულულმა თავი სკამის საზურგე მივადე.

_ რა იყო, არ მეტყვი? _ ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო მარი, _ რამე იცი მასზე? მითხარი, რა მოგივიდა.

_ ამას წინათ გავიცანი და მითხრა, ინჟინერი ვარო.

_ ინჟინერიო? _ აკისკისდა, _ რა მაგარი კაცია! ინჟინერი! ეს ის ინჟინერია, შენ რომ…

_ სად ცხოვრობს, ხომ არ იცი?

_ როგორ არ ვიცი! ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. იმისთანა სახლი უდგას, სასტუმრო გეგონება! მე შენ გეტყვი, გაუჭირდებოდა…

_ მარტო ცხოვრობს, თუ…

_ მაგდენი არ ვიცი. ერთადერთი, რაც ვიცი, უცოლოა, ჩვენს თედოს არ ჰგავს.

_ რატომ, თედოს რა ჭირს?

_ გაშორებულია ცოლს, მაგრამ ჯერ განქორწინებულები არ არიან და ჯავრობს, _ ამის თქმა და სახეზე წამოწითლდა.

«მგონი, ამას მოსწონს, ან სულაც, შეყვარებულია».

_ შეიძლება რაღაც გკითხო? _ ვერ მოვითმინე.

_ მკითხე, _ თავი დამიქნია და მზერა ამარიდა.

_ რატომ თქვი უარი ამის მდივნობაზე, მართლა ცუდად მოგექცა, თუ უფრო პირადულია?

როგორ აილეწა! შემეცოდა და ვინანე, რატომ ვკითხე-მეთქი. ჯერ სახეზე აიფარა ხელები, მერე ნელ-ნელა დაბლა ჩამოასრიალა და თვალები რომ გამოაჩინა, დაკვირვებული მზერა შემავლო. ალბათ ფიქრობდა, გავანდო ჩემი საიდუმლო, თუ არ ღირს ამის გაკეთებაო.

_ თუ არ გინდა, ნუ მეტყვი, _ დავეხმარე ახალ მეგობარს.

_ ერთხელ მაინც ხომ უნდა ვუთხრა ვიღაცას… ახლა ყველაზე ახლობელი მხოლოდ შენ მყავხარ, _ სევდიანად მითხრა.

გული ამიჩუყდა. მივუახლოვდი და გადავეხვიე.

_ თუ გინდა, სხვა დროს მომიყევი. პირობას გაძლევ, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, შეგიძლია მენდო.

_ ხომ გითხარი, ჩემამდე რამდენი მდივანიც ჰყავდა?

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.

_ და ყველასთან ჰქონდა რომანი… ჩემ გარდა. ჯერ შეაბამდა, წაიყვანდა-წამოიყვანდა, რესტორნებში დაასეირნებდა, მერე სასტუმროებში, ბოლოს მოჰბეზრებოდა და მიაგდებდა. მაქსიმუმ სამ კვირას თუ გაქაჩავდა ახალ მდივანთან ურთიერთობა. მერე ისევ საქმიანს დაიჭერდა და ისეთ წნეხში ატარებდა უკვე მოყირჭებულებს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ და ტოვებდნენ სამსახურს. როგორია, ჯერ კარგად გამოიმასგიქნან, მერე კი წიხლი ამოგარტყან… მაგრამ ყველა კი არ გამოდგა ბატკანივით მორჩილი. ჩემზე წინ ვინც იყო, ისეთი სკანდალი მოუწყო, ცოლის ყურამდეც კი მიაღწია. შენგან ორსულად ვარო, აგერ, შუა დერეფანში გაჰყვიროდა. მერე ცოლი მოვარდა… იყო ერთი გაწევ-გამოწევა, ლამის დაკლეს ერთმანეთი. ცოლიც ადგა და გაშორდა, შენნაირი ქმარი არაფერში მჭირდებაო. მერე მე ამიყვანეს. ჩემთან მსგავსი არაფერი ყოფილა, როგორც ქალს, ზედაც არ მიყურებს. არ ვიცი, ვერ მამჩნევს, თუ მის გემოვნებას არ ვაკმაყოფილებ, მაგრამ ფაქტია, მისთვის არ ვარსებობ.

_ შეიძლება, შეშინებულია და იმიტომ.

_ შეიძლება. მე თვითონ არ ვიცი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი… თავიდან ცივად მექცეოდა, მერე ნელ-ნელა დათბა. ნახა ბოლოს და ბოლოს, რომ კარგი შემსრულებელი ვიყავი, ფინია ძაღლივით ორ ფეხზე შემდგარი თვალებში შევციცინებდი, როდის რას დამავალებდა. წამებში ვუსრულებდი ყველაფერს. მაინც ვერ შემამჩნია… ერთხელაც ისე მაწყენინა, ვეღარ ავიტანე. მივხვდი, რაც მეტხანს დავრჩებოდი მასთან, მით უფრო მეტკინებოდა გული და წასვლა გადავწყვიტე. ტყუილად, სანამ უნდა ვიყო ასე უიმედოდ? რა ვიცი, შეიძლება არც მიყვარს და ყოველდღე რომ ვხედავ, თავს ილუზიებით ვიტყუებ. რომ არ ვნახავ, იქნებ გადამიაროს.

_ ჩემი საბრალო მარი.. _ მოვეფერე და თვალები ცრემლით ამევსო.

უეცრად ისევ დაირეკა ზარი და ორივენი შევხტით.

_ რა საშინელი ხმა აქვს, რა! _ ჩაიბუზღუნა მარიკამ და კარი შეაღო.

_ შენ არა, ის შემოვიდეს, _ მომესმა შიგნიდან.

მარიკა გამოვიდა და თვალებით მანიშნა, გიბარებსო.

შევედი და იქვე შევდექი.

_ მიხურე კარი! _ მიბრძანასავით.

მივხურე.

_ აქ მოდი!

მივუახლოვდი და უხერხულად გავჩერდი.

_ გნახა ნიკამ? _ გულგრილად მკითხა.

_ დ…დიახ, _ ვიცრუე და არც ვიცრუე.

მტრულად ამომხედა, მე რას მერჩოდა, ვერ მივხვდი.

_ ჩემ გამო მოხდა რამე? _ ავილეწე.

_ აი, ეს გამომართვი და ინგლისურად მითარგმნე, მერე ორ ეგზემპლარად ამომიბეჭდე, გასაგზავნია, _ ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და თაბახის ფურცელი გამომიწოდა.

_ როდისთვის გნებავთ?

_ ახლავე მინდა, წეღან არ გითხარი? _ გაღიზიანება შეეტყო ხმაში.

_ არ გითქვამთ, _ მშვიდად შევეპასუხე.

_ ჰოდა, ახლა გეუბნები! თავისუფალი ხარ!

ნირწამხდარმა დავტოვე ოთახი. მარიმ შეკითხვები დამაყარა. პასუხი არ გავეცი, მხოლოდ სათარგმნი მასალა დავანახვე და უხმოდ მივუჯექი კომპიუტერს.

ნიუ-იორკის რომელიღაც ფირმის კრეატიული დირექტორის სახელზე გასაგზავნი წერილი იყო, სადაც ნიკა მეტრეველი ბოდიშს უხდიდა უცხოურ ფირმას თანხის დაგვიანებისთვის. წერილში აღნიშნული იყო, რომ ათი ათასი დოლარი ქართულმა კორპორაციამ შეცდომით სხვა ანგარიშზე გადარიცხა. აი, თურმე რა ყოფილა! რატომ მოუვიდათ უსიამოვნება ერთმანეთში. როგორც ჩანს, ბანკში ან ბუღალტერიაში შეეშალათ ანგარიშის ნომერი. კიდევ კარგი, მე არაფერ შუაში ვარ. რაღაც მომენტში ვიფიქრე, ჩემ გამო ხომ არ წაკინკლავდნენ-მეთქი.

_ შენ რა შუაში ხარ? არაფერი დაგიშავებია და… _ მარიკა გვერდით მომიჯდა.

_ რა ვიცი, იქნებ თედოს არც უნდოდა ჩემი მიღება. ხომ შეიძლებოდა, საყვედური ეთქვა მისთვის და ამაზე მოსვლოდათ უთანხმოება.

_ კარგი რა, ეგეთ წვრილმანებზე კამათიც კი სისულელეა.

_ რა ვიცი, მე ხომ ახალი ვარ, აქაური წესები ჯერ არ ამითვისებია, _ ამოვიოხრე და თარგმნა გავაგრძელე.

საქმეს მალევე მოვრჩი, თედოს წავაკითხე და როცა მისგან თანხმობა მივიღე, წერილი აღნიშნულ მისამართზე გადავაგზავნე.

_ შენც ჩემ დღეში ხარ? _ მკითხა მარიკამ, «ყავობანა» რომ გავმართეთ.

_ რაზე მეკითხები? _ ვერ მივუხვდი.

_ ნიკაზე…

_ ა! არა, რა სისულელეა, წესიერად არც ვიცნობ, სულ ორჯერ მყავს ნანახი. უბრალოდ, გამიტყდა, ასეთი «ვერგიცანი» რომ დამირტყა. მერე რა, ეგ რომ პრეზიდენტია და მე მდივანი? ასეც არ შეიძლება.

_ რას იზამ, ჩემო კარგო! ისინი ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან, ჩვვენ კი ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ.

_ მარადიული არაფერია ამქვეყნად, მარი. ხვალ შეიძლება მე გავხდე მისნაირი, ის კი ჩემნაირი.

_ მაგდენი მაგათ არ ესმით. ასე ჰგონიათ, მთელი ცხოვრება გაგრძელდება მათი ვოიაჟი.

_ არა უშავს, ჩვენი დროც მოვა! _ საჩვენებელი თითი დავაქნიე მუქარის ნიშნად, ყავა მოვსვი, ფინჯანი გადმოვატრიალე და მხიარულად დავაყოლე, _ ასე მტერი დაგეცალოოოთ!

8 8 8

სამსახურის შემდეგ მარი ჩემთან წავიყვანე. ღრუბლები სქლად ჩამოწოლილიყო ცაზე, იგრძნობოდა, მალე გაწვიმდებოდა. გზად ორი შოთი და წუხანდელი ნანატრი საზამთრო ვიყიდე. როგორც კი მივედით, საზამთრო ეგრევე მაცივარში «შევაგორე» გასაცივებლად. შემდეგ მე სუფრის გაშლას შევუდექი, მარიკა კი _ ბინის დათვალიერებას. გაგიჟდა, ისე მოეწონა ჩემი სამოთახიანი, ნახევარი საათი სხვა არაფერზე ულაპარაკია.

_ ვა! შენ რა კარგი დიასახლისი ყოფილხარ! _ შემაქო, როცა ჩემი მომზადებული აჯაფსანდალი დააგემოვნა, _ ამის გადაყრას აპირებდი?

_ შენ რომ არა, ასი წელი არ შევჭამდი მარტო და მოუწევდა კიდეც ბუნკერში ჩაპირქვავება, _ ლუკმებით პირგამოტენილი ძლივს ვლაპარაკობდი.

_ როგორ მომშიებია!

_ მეც. ისე დამძაბა დღეს თედომაც და ნიკამაც, მთელი დღე დანა პირს არ მიხსნიდა.

_ არა უშავს, ნელ-ნელა მიეჩვევი. ყოველთვის კი არ არის ეგეთი.

ამ დროს ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა, ორივეს გული გაგვისკდა. მერე იელვა, ცა უცნაურად განათდა და რამდენიმე წუთში წვიმამ დაცხო, მაგრამ რა დაცხო! მეგონა, ცა ჩამოიქცეოდა.

_ ხედავ, როგორ ჩამობნელდა? თითქოს კარგა გვარიანი ღამეაო… რა მეშველება, სახლამდე რით მივაღწიო?

_ მე გაგიყვან, გოგო, რას ნერვიულობ?

_ შენ როგორ შეგაწუხო…

_ ახლა მოეშვი იმერულებს… _ ღიმილით დავტუქსე, _ მალე გადაიღებს, იქამდე კი წავუსაზამთროოთ, არ ჯობია?

_ ჯობია! და რადგან ჯობია, მე რომ დავჭრა, ჯობია, _ გაილექსა მარიკა და მაცივარს მიადგა.

არც ისე ცივი იყო საზამთრო, მაგრამ მაინც მშვენივრად ჩავიგემრიელეთ ყელი. მერე ბევრი ვიხალისეთ, ვიჭორავეთ და ერთმანეთი უფრო ახლოსაც გავიცანით.

წვიმამ არა და არ გადაიღო, ისე ასხამდა, მეორედ მოსვლა გეგონებოდათ. ვეხვეწე მარის, ამაღამ ჩემთან დარჩი-მეთქი, მაგრამ ვერ დავითანხმე, დედაჩემმა რომ დამირეკოს, შიშით გული გაუსკდებაო, თუმცა მაინც გვიანობამდე შემოვრჩით. თერთმეტ საათზე კი, როცა მივხვდით, რომ კოკისპირული წვიმა გადაღებას არ აპირებდა, დიღომში გავიყვანე.

უკანა გზაზე სიარული გამიჭირდა, რატომღაც, ძრავამ თუხთუხი დაიწყო და ერთი-ორჯერ ჩამიქრა კიდეც. შევშინდი, ამ შუაღამისას ქუჩაში არ დავრჩე-მეთქი და რაც შეიძლებოდა, ნელა მოვდიოდი. ის იყო, არქივთან ჩავუხვიე და ვაჟა-ფშაველაზე გავედი, რომ რაღაცამ ტკაპანი გაადინა და… ჩემი «ჰიუნდაი» ჯორივით შედგა _ არც წინ მიდიოდა, არც უკან. მივხვდი, რომ დამერხა. იძულებული გავხდი, გადმოვსულიყავი და მენახა მაინც, რა მოხდა, თუმცა მანქანის არაფერი მესმოდა. არც ის ვიცოდი, ვისთვის მეთხოვა დახმარება, თანაც ამ დროს.

წვიმის ყინულივით წვეთები სახეში მასხამდა. კაპოტი ავხადე მანქანას, ხან ერთ ჭანჭიკს შევავლე ხელი, ხან მეორეს, ვითომ შევუჩხიკინე, ჩემი მოკლე ჭკუით… მერე კვლავ ვცადე დაქოქვა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! არაფერი გამომივიდა. კვლავ გადმოვედი მანქანიდან და სასოწარკვეთილი ჩემს პატარა ავტოს მივაჩერდი, თან ვემუდარებოდი, ოღონდ ახლა არ მიღალატო, როგორმე სახლამდე მიმიყვანე და მერე მე ვიცი შენი პატივისცემა-მეთქი. მოძრაობაც ნაკლებად იყო გამზირზე, კანტი-კუნტად თუ გამოჩნდებოდა მანქანები. წვიმასთან ერთად, ღაწვებზე ცრემლიც დამედინა. ასეთი უსუსური ოდესმე ვყოფილვარ, ნეტავ? ტაქსით გავიდოდი სახლამდე, მაგრამ მანქანა ვის იმედზე დამეტოვებინა შუა ქუჩაში? უცხოეთში რომ ვიყო, კიდევ ჰო, უნებართვოდ ხელს არავინ ახლებს შენს ქონებას, მაგრამ საქართველოში? ჰმ… მანქანა კი არა, ფეხი რომ დაგრჩეს გარეთ, იმას არ შეგარჩენენ.

ფილიპესთან ხომ არ დავრეკო? იქნებ ნიკა გამოვიდეს და დამეხმაროს? რა ვქნა, შევაწუხო? რა მოხდა მერე, უცხო ხომ არ ვარ? ან ფულს ხომ არ ვთხოვ, უარი მითხრან. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მოულოდნელად დამუხრუჭების ხმა გავიგონე. ორიოდ მეტრში ვიღაცამ მანქანა გააჩერა და მერე უკუსვლით წამოვიდა. ბეღურასავით მობუზული მივტრიალდი ერთიანად გალუმპული.

შავი ჯიპი გამისწორდა და მძღოლმა ჩამუქებული მინა ჩამოსწია. მის სახეს ვერ ვხედავდი, ამიტომაც, ფაქტობრივად, სიბნელეს შევყურებდი თვალებში.

_ ხომ არ დაგეხმაროთ? _ გამომძახა სალონიდან ვიღაცამ.

_ თუ შეგიძლიათ… _ მიკნავებული ხმით ვუპასუხე.

_ ლოლა, შენ ხარ? _ შესძახა მძღოლმა და სწრაფად გადმოვიდა ჯიპიდან.

აი, ბედის ირონია ამას ნიშნავს. ეს ჩემი ნიკაა, ჩემი ნიკა! ვერ გეტყვით, სასოწარკვეთილება გამიორმაგდა თუ სიხარულმა ამიტანა, მაგრამ ტირილს რომ ვუმატე, აშკარა იყო, ნიკაპი ამიკანკალდა.

_ როგორ დასველებულხარ, გაგიჟდი? ჩაჯექი მანქანაში! _ ნიკამ წინა სალონის კარი გააღო, ხელები წელზე შემავლო და მანქანაში შემახტუნა, თვითონ კი ჩემი «ჰიუნდაის» კაპოტი დახურა და მერე ჩემთან მოირბინა.

_ გასაღები სად არის?

_ შიგნით ჩავტოვე.

კვლავ გაიქცა, გასაღები გამოაძრო, მანქანა ჩაკეტა და თავადაც დასველებული გვერდით მომიჯდა.

_ რა დაემართა?

_ არ ვიცი, უცებ დაიძახა, ტკაპ-ტკაპ-ტკაპო და დამუნჯდა.

ნიკამ სველ თმაზე ხელი გადაისვა, მობილური მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა. კარგა ხანს ელაპარაკა ვიღაცას. აუხსნა, სად იმყოფებოდა მანქანა, რა მარკის იყო, რა ფერის, ნომერი და სერია მაკარნახებინა და როცა საუბარს მორჩა, მომიბრუნდა.

_ სად დადიხარ ამ შუაღამისას?

_ მარიკა წავიყვანე სახლში.

_ მარიკა ვინ არის?

_ თედოს ძველი მდივანი.

_ მთლად სველი ხარ, შეიძლება გაცივდე, იცი შე-ენ?

_ რა ვქნა, რაც იქნება, იქნება.

_ წავედით? მანქანას მიხედავენ, ნუ გეშინია.

_ წავედით… დიდი მადლობა… მხსნელად მომევლინე.

_ იცი რატომ? _ ღიმილით გადმომხედა და ძრავა დაქოქა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ კონკიებს ყოველთვის პრინცები ევლინებიან მხსნელად.

«პრინცობაც რომ მოუნდა?!»

ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე, მაგრამ რადგან ახლა მიშველა, როგორ ვეტყოდი საყვედურს, ენა როგორ მომიტრიალდებოდა.

კორპუსამდე სიტყვა არ დაგვიძრავს. როცა მეოთხე სართულზე ავედით, მადლობის გამომხატველი სიტყვები ჩავილუღლუღე და ჩემი კარისკენ გავემართე.

_ საით? აქეთ წამოდი! _ თითქოს მიბრძანა, ხელი მკლავში ჩამავლო და ლანას ბინისკენ თითქმის ძალისძალით წამიყვანა, _ ახლა ცხელი წყალი უნდა გადაივლო, თორემ სურდო არ აგცდება.

«განა საკუთარ სახლში ვერ ვიზამ მაგას?» _ გავიფიქრე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ან კი როგორ ვიტყოდი რამეს, როცა თავისთან მეპატიჟებოდა ჩემი ოცნების მამაკაცი.

მაგრამ… ეს კარგია, თუ ცუდი? _ დავსვი ჩემი საყვარელი შეკითხვა. არც ახლა მქონდა პასუხი, რადგან არ ვიცოდი, რით დამთავრდებოდა ეს გიჟური ღამე.

_ ცხელი ჩაი დავლიოთ, მარტო მეც მეზარება… ნუ გაქვს ასეთი სახე, კი არ შეგჭამ, რა იყო! _ დამანამუსა, ჰოლში პირველი თვითონ შევიდა, შუქი აანთო და დამელოდა, სანამ მეც შევიდოდი… უეცრად ხმამაღლა გაეცინა.

ადვილად მივხვდი მისი გამხიარულების მიზეზს _ გალუმპული ალბათ ბოსტნის საფრთხობელასავით გამოვიყურებოდი.

_ ახლავე ავავსებ აბაზანას, ოთახში შედი და ცოტა ხანს დამელოდე! _ თქვა და მარტო დამტოვა.

ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და სასტუმრო ოთახში გავედი. აქაურობა საკმაოდ მდიდრულად იყო მოწყობილი. ლანა დეიდას ბინაში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად მთლიანად იყო შეცვლილი ინტერიერი. ახალი ავეჯი დაედგათ. ნუთუ მისი მოტანილია? ალბათ… აბა, ქალებს სტუდენტურ სიტუაციაში ხომ არ მოიყვანს? მერცხლის ბუდე, მაგრამ მდიდრული! შევაფასე იქაურობა.

_ შედი, წყალი ივსება. აჰა, ეს გადაიცვი! პირსახოცი იქ კიდია! _ საქმიანად თქვა და მამაკაცის პირსახოცის ხალათი მომაწოდა.

_ დიდი მადლობა, _ უხერხულად ჩავილაპარაკე და აბაზანაში შესულმა კარი ჩავიკეტე…

საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი ცხელ წყალში ჩაწოლილმა. ირგვლივ მხოლოდ წყლის შხუილი ისმოდა. ნეტავ რას აკეთებს? ახლა რომ გაშლილი სუფრა დამახვედროს… მერე? არ ვიცი, მერე რა იქნება.

როგორ მინდოდა, დიდხანს მენებივრა თბილ აბაზანაში, მაგრამ შემრცხვა. რას იფიქრებს ის ბიჭი! კარგად გავიმშრალე უზარმაზარი პირსახოცით, ხალათი გადავიცვი, რომელშიც მართლაც ბოსტნის სარფთხობელასავით ჩავეფალი, თმა დავივარცხნე, ჩემი სველი ტანსაცმელი პარკში ჩავდე, ჩანთაში ჩავაგდე და გამოვედი…

ის მართლაც სუფრას შლიდა…

_ აი, ეს უკვე სულ სხვა საქმეა! _ შესძახა ჩემს დანახვაზე, _ იმედია, სურდოს გადავურჩებით.

სიწითლემ ტალღასავით გადამიარა სახეზე.

_ მეუხერხულება შენი შეწუხება, _ მორიდებით ვთქვი.

_ სისულელეებს მოეშვი. მოდი, დაჯექი და ცოტა დალიე, შეხურდები.

ტყავის რბილ სავარძელში ჩავჯექი და ხალათის კიდეები ერთმანეთზე გადავიდე, რომ არ გადამღეღოდა, თან თვალს არ ვაცილებდი, როგორ ფუსფუსებდა ჩემი პრინც-პრეზიდენტი.

 

 

მისი სიახლოვე მძაბავდა და თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი ჩემს თავზე, ბოლოს და ბოლოს, ბავშვი ხომ არ ვარ, რა მჭირს?!

_ საჭმელი, სამწუხაროდ, არ მაქვს, მაგრამ მაქვს შოკოლადი და კონიაკი… ცოტა თხილიც. ჩაიც დავლიოთ, მოგიხდება შემცივნებულს.

_ არ მინდა, გმადლობ, შემცივნებული არ ვარ, _ მორიდებით გავიღიმე.

_ ეგრე შენ შოკოლადიც არ გენდომება, ისედაც ისეთი ტკბილი ხარ… _ ხმადაბლა თქვა და შეფარვით შემომხედა, როგორი რეაქცია მექნებოდა.

გავწითლდი და თავი ჩავღუნე.

_ ნუ გეშინია, ახალია, არ მოიწამლები, _ დააყოლა.

_ ნუ შეწუხდებით, შოკოლადსაც ვერ ვჭამ, ალერგია მაქვს, _ მოვიტყუე, ხომ არ ვეტყოდი, გასუქებას ვერიდები-მეთქი.

_ მაშინ… მაშინ თხილი მიირთვი, მე კი კონიაკს ჩამოვასხამ. იქნებ ეს უკეთესია შემცივნებულზე? _ კვლავ გაუნათა ღიმილმა სახე, _ და კიდევ ერთი, დროა «შენობითზე» გადავიდეთ, ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე და თუ შეიძლება, შევთანხმდეთ, კარგი?

_ თანახმა ვარ, _ ვუპასუხე ჩახრინწული ხმით.

ამ ხმაზე მაინც რა დამემართა? სად წამივიდა? ერთი-ორჯერ ჩავახველე, რათა საკუთარი ხმის ტემბრისთვის «ჭკუა მესწავლებინა».

_ ნუ ხარ ეგრე მოღუშული, გახსენი შუბლი. იცი, როგორ არ გიხდება? _ დაჟინებით მომაჩერდა ნიკა და კონიაკი ჩამომისხა, _ მიდი, სადღეგრძელო უნდა ვთქვა.

ერთმანეთს მივუჭახუნეთ.

_ იმ წვიმას გაუმარჯოს, რომელმაც ჩვენ შეგვახვედრა, _ თქვა მან და ორაზროვნად გამომხედა.

ჩამეცინა.

_ რატომ იცინი? _ თავი გვერდზე გადახარა და როგორც პატარა ბავშვს, ისე შემომხედა.

_ მე მგონი, ჩვენ ცემენტმა უფრო შეგვახვედრა, ვიდრე წვიმამ.

_ მაშინ ასე ვიტყვი: იმ წვიმას გაუმარჯოს, რომელმაც დღეს ერთმანეთს შეგვახვედრა, _ «გამოასწორა» ნიკამ, ცემენტს მაინც არ მიანიჭა დღეგრძელობის სიამოვნება, კიდევ ერთხელ მომიჭახუნა და სულმოუთქმელად გადაჰკრა.

მის მაგივრად მე დავიჭყანე. ასე რომ დავლიო, ალბათ ვეღარ ამოვისუნთქავ და დავიხრჩობი. როგორ შეუძლიათ კაცებს ეგრე დალევა?

_ გაუმარჯოს, _ გაუბედავად წარმოვთქვი და ოდნავ მოვსვი.

_აპ, აპ, აპ! ეგრე არა! _ ხელი დამიხვედრა, _ ნუ ხარ შებოჭილი, გთხოვ. ჩემთან არაფერი გემუქრება. ქუჩიდან კი არ ვარ მოსული. ერთი ჭიქა დალიე, არაფერი მოგივა, უფრო გავშინაურდებით. ისე დასველდი, გახურება არ გაწყენს, შენც ხომ იცი? ჰოდა, დამიჯერე, დალიე, თამამად ცოტა.

თვალები ისე მაგრად დავხუჭე, გუგები მეტკინა. ვცადე, მეც ისე დამელია, როგორც ეს ნიკამ გააკეთა ცოტა ხნის წინ. ვაი, შენს ლოლას! ისე მემწარა სასმელი, ხველება ამიტყდა.

მამაკაცის სასიამოვნო სიცილმა თითქოს დაათბო ატმოსფერო. ხელისგული პირზე ავიფარე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი.

_ დააყოლე რამე, _ მითხრა, შოკოლადის ნატეხს დაწვდა და ჩემი პირისკენ წამოიღო ხელი, მაგრამ გაახსენდა, წეღან რაც ვუთხარი და ტკბილეული ადგილზე დააბრუნა, _ პარდონ, პარდონ! დამავიწყდა შენი ალერგია… მიწის თხილიც კარგად მიდის პირველ ჭიქაზე, _ თქვა და თხილიანი თეფში ჩემკენ მოაჩოჩა, რატომღაც, ამჯერად თავისი ხელით გამასპინძლება გადაიფიქრა.

ზრდილობის გულისთვის თხილის ერთი გული ავიღე და უგემურად გავკვნიტე. ახლა ისე ვღელავდი, ყელში არაფერი გადამივიდოდა.

რამდენიმე წუთიც და ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო. ღაწვები შემიხურდა, დაძაბულობა მომეხსნა და ცოტათი გავთამამდი კიდეც. თვალები ავწიე და ნიკას კარგი დეტექტივივთ შევაჩერდი, თითქოს მისი სახის შესწავლა მქონოდა განზრახული. ახლა უფრო მომხიბვლელი მეჩვენა. თმა იმასაც დასველებოდა და უკან გადაევარცხნა, მაღალი შუბლი გამოეჩინა. გადაწეული თმა ისე უხდებოდა, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. საოცარი თვალები ჰქონდა _ ნაცრისფერი, ნაცრისფერი… მისი ხორბლისფერი კანის ფონზე თვალების ფერი კიდევ უფრო გამოკვეთილად მოუჩანდა. ნავარჯიშები სხეული, დაკუნთული მხრები უჩვეულო აღტყინებას იწვევდა ჩემში…

_ რა მოხდა, ლოლა? _ უეცრად მასპინძლის ხმა მომესმა, _ ისე ყურადღებით მათვალიერებ, თითქოს პირველად მხედავდე.

შევიშმუშნე…

_ მაპატიე…თ, ჩავფიქრდი და…

_ მე შენ რა გითხარი? _ მოულოდნელად მოიქუფრა.

შევკრთი, ვერ მივხვდი, რაზე მიმანიშნებდა.

_ რა?

_ თ-ს გარეშე-მეთქი, არ გითხარი? ასე ძნელად იმახსოვრებ ხოლმე შეთანხმებებს? თედო როგორ ეგუება ამას? _ ღიმილით დაასრულა.

_ ასე უცებ ძნელია… _ ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და მზერა ავარიდე.

_ კიდევ დალევ?

_ არა, არა! _ ხელები გავასავსავე და როცა ნიკამ კონიაკის ბოთლს წამოავლო ხელი, ჩემს ჭიქას ხელისგული დავაფარე.

_ რატომ, დათრობის გეშინია?

_ მე არ ვთვრები, _ გამომწვევად ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე.

_ მართლა? რა უცნაურია… იქნე მეც მასწავლო, როგორ ახერხებ ამას? გამომადგება…

_ ძალიან მარტივად. არ ვსვამ, _ ეშმაკური ღიმილი ამითამაშდა ტუჩებზე.

_ მეგონა, ახალი უნდა გეთქვა რამე. რომ არ სვამ, ეგ ხომ მეც ვიცოდი.

_ საიდან? _ კვლავ დავიძაბე, მეგონა, რაიმე სერიოზულს მეტყოდა.

_ არც ერთ ზღაპარში არ წამიკითხავს, კონკიას ოდესმე კონიაკი დაელიოს. არადა, საინტერესოა, როგორ გამოიყურება მთვრალი კონკია… _ და კვლავ ხმამაღლა გაიცინა.

ისე სხარტად გამოუვიდა, თავი მეც ვერ შევიკავე და ავკისკისდი.

_ დარჩები ამაღამ ჩემთან? _ ამ დროს გამომეტყველება ვნებიანი გაუხდა, ხმა _ იდუმალი… დაახლოებით ისეთი, კაცმა ქალს რომ უთხრას: «შენთან მინდა».

სუნთქვა შემეკრა. უცნაურმა ღელვამ შემიპყრო და უარის ნიშნად სასწრაფოდ გადავაქნიე თავი.

_ რა საჭიროა…

_ რატომ, გეშინია?

_ არა, არ მეშინია…

_ აბა? რა მოხდება, რომ დარჩე? თუ გგონია, რომ საძინებელში ვინმე საიდუმო არსება იმალება და შენს წასვლას ელოდება? დამშვიდდი, აქ მხოლოდ მე და შენ ვართ, სხვა არავინ.

_ დიდი მადლობა, მაგრამ შინ მირჩევნია… აქვე არ ვცხოვრობ? სხვასთან რატომ უნდა დავრჩე?

_ როგორც გირჩევნია… ნამდვილად ვერ დაგაძალებ, მით უმეტეს, თუკი მე სხვა ვარ, _ ცივად მიპასუხა და მხრები აიჩეჩა.

ერთხანს უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა. ვერაფერი მოვიფიქრე სიტუაციის განსამუხტავად.

მან კონიაკი დაისხა და სადღეგრძელო წარმოთქვა.

_ შენ გაგიმარჯოს, ლოლა. მართალია, ვერ გამოდექი კარგი თანამეინახე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა რამეებში იქნები ძალიან კარგი, _ თვალებმოჭუტულმა ორაზროვნად წარმოთქვა და დალია.

_ დიდი მადლობა დღეგრძელობისთვის, _ საკუთარი ხმა ძლივს მესმოდა, ისეთი გუგუნი გაუდიოდა ჩემს ყურებს.

ახლა რომ კოცნა დამიპიროს… არა! ამის საბაბი არ მიმიცია, რა უფლებით?

_ მე მინდოდა, ერთად დავმსხდარიყავით ამაღამ… უკეთ გაგიცნობდი… სახლში რა უნდა აკეთო მარტო? არ გბეზრდება? _ თან თხილს აკნატუნებდა, თან მელაპარაკებოდა.

_ არ მბეზრდება, მიყვარს მარტო ყოფნა.

_ ჩემთან არ მოგწონს ყოფნა? ერთი სული გაქვს, როდის გაასწრებ აქედან?

ჩიხში მომამწყვდია. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. შუალედური პასუხი ავირჩიე.

_ მთლად ეგრეც არა, მაგრამ მალე წავალ. ხალათს მერე შემოგაწვდი.

_ არ არის პრობლემა.

მინდოდა, მეკითხა, დილით რატომ მომექცა ასე, რატომ ზედ არ შემომხედა, მაგრამ ვერ ვბედავდი. რა უფლებით უნდა წამეყენებინა პრეტენზია? არადა, უთქმელობაც მტანჯავდა.

_ შენ უმაღლესი გაქვს დამთავრებული? _ უეცრად საუბრის თემა შეცვალა.

_ ჰო, ეკონომიური.

_ ფაკულტეტი?

_ ბიზნესი და მართვა.

_ მერედა, მდივნად რატომ მუშაობ?

_ არ ვიცი… ალბათ მოვალეობის… სიდუხჭირის… გამოუცდელობის გამო.

_ ე.ი. გცოდნია…

_ და კიდევ… პრაქტიკა ხომ უნდა გავიარო ჯერ… ასე უცებ არავინ მომსვამს თანამდებობაზე.

_ ეგეც მართალია, _ დამიდასტურა, _ რატომ დამიმალე?

_ რა?

_ უმაღლესი განათლება რომ გქონდა.

_ შენ არ გიკითხავს.

_ ჰო… მაგაშიც გეთანხმები.

_ შენ რატომ დამიმალე?

_ რა?

_ პრეზიდენტი რომ იყავი.

_ რა ვიცი… არც შენ გიკითხავს.

_ როგორ არა, გკითხე.

_ არა, არ გიკითხავს, _ ღიმილით აევსო სახე.

_ ახლა ისევ ისეთი ხარ, როგორც გაცნობის პირველ დღეს, _ შორიდან მოვუარე სათქმელს.

_ ჰო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თმა მაქვს სველი, _ ეშმაკურად შემომხედა, მიხვდა, საითაც ვუმიზნებდი.

_ დილით სხვანაირი იყავი.

_ დილით პრეზიდენტი ვიყავი და იმიტომ, _ სახის გამომეტყველება არ შეცვლია.

_ ახლა? ახლა არ ხარ პრეზიდენტი? _ ირონიულად ვკითხე და მევე გამიკვირდა ჩემი სითამამის.

_ ახლა ბაყაყი ვარ, რომელიც კონკიამ მოაჯადოვა.

_ მართლა? _ გავხალისდი.

_ ჰო, შენ მე უკვე გადამაქციე ბაყაყად, არ გახსოვს?

_ რაღაც არ მახსენდება. ეგ როდის, როცა მითხარი, ინჟინერი ვარო? _ კიდევ ერთხელ მწარედ ვუკბინე.

_ ნუ მკბენ, _ «გამშიფრა», _ კონკიები არ იკბინებიან. ისიც მეყოფა, გომბეშო რომ გამხადე.

_ რამხელა ცოდვა დამიდვია… _ ყასიდად გავაქნიე თავი.

_ შენ ეგა თქვი… ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გადამაქციო ისევ პრინცად?

_ არ ვიცი… _ ერთიანად აჭარხლებულმა თვალები დავხარე, ჩვენი საუბარი ხუმრობის ფარგლებს გაცდა, ეს უკვე ფლირტი იყო.

_ არ იცი? შემომხედე, მართლა არ იცი? აბა, მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიარო? _ ხელები გაშალა და მკერდზე დაიხედა ნიკამ.

_ ჯადოსნობის ეგ ხერხი ჯერ არავის უსწავლებია ჩემთვის, _ ვცდილობდი, მისი «შემოტევები» თავიდან ამეცილებინა.

_ მე ვიცი და გასწავლი, თუ… თუ წინააღმდეგი არ იქნები.

სახეალეწილმა ყურები ვცქვიტე და ერთიანად დავიძაბე. რას მიმზადებს?

_ გასწავლო? _ არ მეშვებოდა.

_ არ ვიცი… _ თითქოს დაზეპირებული მქონოდა ეს ორი სიტყვა, სხვას ვერაფერს ვამბობდი.

_ უნდა მაკოცო, ეგ არის და ეგ. ხედავ, რა მარტივია? _ თქვა უეცრად და წამოდგა.

ამის გაგონებაზე გველნაკბენივით წამოვხტი. თვალებით ჩანთას დავუწყე ძებნა, რომელიც იქვე, ჩემ გვერდით, იატაკზე იდო.

_ კარგი, კარგი, ვიხუმრე. საწყენად არ მითქვამს, გეფიცები. მეტს აღარ ვიზამ, მაპატიე, კარგი?

_ მე წავალ, _ დახშული ხმით ამოვთქვი.

_ ცოტა ხნს კიდევ დარჩი, სულ ცოტა ხანს.

_ არა, გვიანაა უკვე. უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი, _ ცივად წარმოვთქვი, ჩანთას დავწვდი და კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით გავემართე.

უსიტყვოდ გამომყვა უკან. მერე გამისწრო, სახელური ჩამოსწია, გასაღები გადაატრიალა და წინ გადამიდგა. შევხედე. მოულოდნელად ჩემკენ მთელი ტანით გადმოიხარა, ტუჩები ყურთან მომიტანა და იდუმალი ხმით მიჩურჩულა.

_ იმედია, უკვე წარმოდგენილი გაქვს, რაც გელოდება…

მისი სიახლოვით აღგზნებულმა და ერთდროულად შეშინებულმა ორიოდ ნაბიჯით უკან დავიხიე, თავი გვერდზე მივატრიალე და მხოლოდ თვალებით გავხედე, ირიბად.

_ მართლა მიხარია, რომ შეგხვდი… შენისთანა გოგოები ქუჩაში არ ყრია, _ თბილად შემომღიმა და ხელი გამომიწოდა.

ოდნავ მომეშვა გულზე. მეც გავუწოდე ხელი. მან ჩემი თითები ხელისგულში მოიმწყვდია და მსუბუქად მომიჭირა.

_ კიდევ შევხვდებით, კონკია.

_ ალბათ…

_ მაგრამ მაშინ ასე ადვილად ვერ გამექცევი.

_ მაგასაც ვნახავთ, _ გამომწვევად ვესროლე, თან ვცდილობდი, ჩემი ხელი დამეხსნა მისი რბილი მარწუხებისგან.

_ მემუქრები კიდეც?

_ არა, გაფრთხილებ.

მოულოდნელად ცივად შემიშვა ხელი და განზე დადგა, რათა გზა დაეთმო, _ სანამ კარს გააღებ, აქედან გიყურებ! _ გულგრილად მითხრა.

მივხვდი, რომ დავმარცხდი. ახლა რომ უპასუხოდ გავსულიყავი აქედან, მას სამუდამოდ დავკარგავდი. რაღაც უნდა მეღონა, რომ სიტუაცია დამეთბო. მოულოდნელად ფეხის წვერებზე ავიწიე, მის ლოყას მივწვდი და ენით აუწერლად ვნებიანი კოცნა ვაჩუქე… მწველი, ხანგრძლივი, იდუმალებით სავსე და მგზნებარე. ლტოლვით, ნდომით, ცეცხლოვანი სურვილით გაჯერებული…

გაშტერდა, ამას არ მოელოდა. სანამ გონს მოვიდოდა, გამოვედი, ჩემს კარს გასაღები მოვარგე და ისე შევვარდი ბინაში, უკან არ მომიხედავს, თუმცა ვგრძნობდი, იგი ადგილიდან არ დაძრულა… მისი ჰოლიდან გამოსული შუქი ჯერ კიდევ ანათებდა სადარბაზოს.

კარი ჩავკეტე და სათვალთვალოს ვეცი… მას ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და იატაკს შეფიქრიანებული ღიმილით დასჩერებოდა. მერე უეცრად თავი ასწია და ჩემკენ ისე გამოიხედა, თითქოს მხედავდა. დარწმუნებული იყო, თვალს რომ ვადევნებდი. ბოლოს თავი რამდენჯერმე გადააქნ-გადმოაქნია, მარჯვენა ხელი ჯიბიდან ამოიღო, საჩვენებელი თითი გაფშიკა და ჯერ ჩემკენ გამოიშვირა, მერე კი გულზე იტაკა… ამით მიმახვედრა, შენ უკვე ჩემი ხარო…

მეც ეს მინდოდა…

ჩემი გული ბუდიდან ამოვარდნას ცდილობდა და ბედნიერებამოძალებული აქეთ-იქით აწყდებოდა კედლებს. ახლა რაღა გააჩერებდა მას, როცა სამიზნე იპოვა…

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შიშველს არ დამიწყია ოთახში ტანტალი. იმდენად მსიამოვნებდა ნიკას ხალათით სიარული, დაწოლის დროსაც არ გამიხდია, მისი სხეულის სურნელით გაჟღენთილი ქსოვილი სასიამოვნოდ მახვევდა თავბრუს…

8 8 8

მეორე დილით საფოსტო მტრედივით მივფრინავდი სამსახურში. ჩემი მანქანის ამბავი ჯერ არ ვიცოდი და, ალბათ, ვერც გავიგებდი, სანამ თვითონ ნიკა არ დამიკავშირდებოდა. როგორც სხვა დროს, არც ახლა უკითხავს ჩემი ტელეფონის ნომერი და არც მე გამხსენებია, რატომღაც. ან კი სად მახსოვდა მანქანა, როცა «სასტიკად ცეცხლოვანი» დიალოგი გვქონდა? არა უშავს, ასე უკეთესია. ახლა იძულებულიც კი არის, შემომეხმიანოს. მან არ გაატანა ჩემი მანქანა ვიღაცას?

დღეს პირველად მოხდა, მარიკაზე ადრე რომ გამოვცხადდი სამსახურში, თუმცა თედოს მაინც ვერ მოვასწარი. სამდივნოში შესულს, მისი კაბინეტის კარი გამოღებული დამხვდა. ცალით თვალით შევიჭყიტე _ ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკებოდა ტელეფონზე. თვალი მომკრა თუ არა, ხელი დამიქნია, შემოდიო.

შორიახლოს დავდექი და დაველოდე, სანამ საუბარს მორჩებოდა. კარგა ხანს მომიხდა ლოდინი. ხან ერთ ფეხს მოვინაცვლებდი ერთ ადგილას დარჭობილი, ხან მეორეს. მერე რომ დავებარებინე, არ შეეძლო? რას დამაყუდა აქ? გულისწყრომა სახეზეც შემეტყო.

უფროსი თვალს არ მაშორებდა, თან ლაპარაკობდა, თან გულდასმით მათვალიერებდა. უკმაყოფილო იერი ავიკარი, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არ მაღიზიანებდა მისი უტიფარი მზერა, ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც, ჩემი შემხედვარე ნერწყვებს რომ ყლაპავდა მალულად.

როგორც იქნა, დააყენა საშველი. ყურმილი დაკიდა და მბრუნავ სავარძელზე გაშოტილი მთელი ტანით ჩემკენ მოტრიალდა.

_ როგორ მიდის საქმეები, ლოლაჩკა? _ მედიდური ღიმილი გადაეფინა სახეზე.

«ჩკა არა, რაა!»

_ არა უშავს რა, _ ამრეზით გამომივიდა.

_ როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურები.

_ დიდი მადლობა, ბატონო თედო.

_ დღეიდან შეგიძლია თედო დამიძახო.

«რით დავიმსახურე?»

_ გასაგებია… ყავას ხომ არ ინებებთ?

_ ინებებ! _ შემისწორა.

«ჩაცეცხლავ!»

_ უკაცრავად… ასე უცებ გამიჭირდება, ნელ-ნელა მივეჩვევი, _ მოჩვენებითი სინაზით ვიმართლე თავი და ნიკა გამახსენდა, მასაც ზუსტად ეს სიტყვები გავუმეორე წუხელ.

_ მიეჩვევი, აბა რა.

_ დღეს კარგ ხასიათზე ჩანხართ, თედო… _ გაშინაურების პირველი ნაბიჯი გადავდგი.

_ იმიტომ, რომ შენი გაგზავნილი წერილის პასუხი მოვიდა.

_ მართლა? გილოცავ, _ მეორე ნაბიჯიც მივაყოლე სასწრაფოდ.

_ გაიხარე! სამაგიეროდ, აი, ამის თარგმნა და გაგზავნაც მოგიწევს. იმედია, მარიკას გარეშე გაართმევ თავს…

_ მარიკა… მარიკა მე თარგმნაში არ მეხმარება, _ ვიწყინესავით.

_ ვიცი, მე მხოლოდ გაგზავნა ვიგულისხმე.

_ გაგზავნაც მეხერხება, პირველად არ ვაკეთებ ამას.

_ ძალიანაც კარგი… აი, გამომართვი ეს ტექსტი. თუ რამე არ მოგეწონოს, შეგიძლია შეასწორო _ დაამატო რამე ან გამოაკლო, ოღონდ შემითანხმე, კარგი?

_ ვნახოთ, ვეცდები… _ თავი დავუქნიე და ხელი გავიწვდინე, რომ ფურცელი გამომერთმია.

მოულოდნელად ხელი მის ხელზე მომიხვდა. ამით ისარგებლა და თითებზე თავისი თითები შემომაჭდო, თან გამომცდელად ამომხედა. მივხვდი, ეს შემთხვევითობა არ იყო. ის ჩემს შებმას ცდილობდა. ამან გამაცოფა. სისხლმა თავში ამასხა. შევეცადე, თავი შემეკავებინა და ისე გამეტარებინა მისი ჟესტი, თითქოს ვერ მივუხვდი და თითების გათავისუფლება ვცადე… უარესად მომიჭირა…

_ მომცემთ ბოლოს და ბოლოს, ამ ფურცელს, თუ პოლიციას გამოვუძახო? _ საკმაოდ უხეშად ვუთხარი.

მიხვდა, რომ მივუხვდი… იმასაც მიხვდა, რაოდენ არ მესიამოვნა მისი თავხედური საქციელი და სიტუაციის გამოსწორება ძალიან უნიჭოდ სცადა.

_ «შუტკა»! _ თქვა და გაშლილი ხელისგულები ისე აღმართა ჰაერში, თითქოს იარაღს ვუმიზნებდი და მნებდებოდა.

_ ასეთ რამეზე არ ხუმრობენ, ბატონო თედო! _ შენიშვნა მივეცი.

_ ბატონოს გარეშე, თუ შეიძლება… _ შემისწორა.

_ ასეთ რამეზე არ ხუმრობენ, თე-დო! _ მისი სახელი განსაკუთრებული სარკაზმით წარმოვთქვი და ცივად გამოვტრიალდი.

_ სანამ მაგის გაკეთებას დაიწყებ, ყავა შემომიტანე! _ ბრძანების კილოთი მომაძახა.

პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე. ამაყად თავაწეულმა თავიც კი არ მოვაბრუნე. ისე გავედი კაბინეტიდან, თითქოს არც გამიგია, რა დამავალა.

ის იყო, ყავის მოდუღება დავიწყე, რომ კარი გაიღო და მარიკა შემოვიდა.

_ ვაი! რა ადრე მოსულხარ, გოგონი? _ გაუხარდა ჩემი დანახვა.

_ მოგასწარი, _ უხასიათოდ ვუპასუხე.

_ რა გჭირს, რამე მოხდა?

_ არაფერი.

_ აქ არის? რამეზე ხომ არ გეჩხუბა?

_ რომ მოვედი, აქ დამხვდა. არ უჩხუბია, ყავა მთხოვა და რაღაცის თარგმნა კიდევ.

_ აბა რა დაგემართა?

_ რაღაც უგუნებოდ ვარ. შეიძლება გავცივდი კიდეც. წუხელ იცი, რა დამემართა?

_ რა? ჩემგან რომ წახვედი, მერე?

_ ჰო. ზედ შუა პროსპექტზე გამიფუჭდა მანქანა და ისე დავსველდი, ბიკინიც კი არ შემრჩა მშრალი, _ გავიცინე.

_ ჩემი სიკვდილი! ჩემი ბრალია, ტაქსით უნდა წავსულიყავი. მერე რა ქენი?

_ ვქენი, _ ეშმაკური ღიმილი ვერ შევიკავე, თან არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა მისთვის, რაც მოხდა.

_ რაღაცას მიმალავ, გოგონი!.. _ ცნობისმოყვარე გაუხდა მზერა.

_ ჩვენმა უფროსმა შემთხვევით ზუსტად იმ დროს გამოიარა და დამეხმარა, მერე კი შინ წამიყვანა.

ძველი მდივანი უეცრად გაფითრდა, მიტკალივით გაუხდა სახე. ალბათ იფიქრა, რომ უფროსში თედო ვიგულისხმე და იეჭვიანა.

_ ამა-ან? _ თავი გაბინეტისკენ გადაიქნია და შეეცადა, ნერვიულობა დაემალა.

_ ამან არა, «მთლად უფროსმა», _ ჭერისკენ მივმართე მზერა და საჩვენებელი თითი.

როგორი შვებით ამოისუნთქა… რა სულელი გოგოა…

_ მართლა?! მერე რაო?

_ არაფერი, სადარბაზომდე მიმიყვანა და მორჩა, _ ბოლომდე მაინც არ გავეცი საიდუმლო, ჯერ არც ისე კარგად ვიცნობდი, რომ ყველაფერი გამენდო მისთვის, განსაკუთრებით ის, რომ ნიკა ჩემ წინ ქირაობდა ბინას. იქნებ ლაპარაკის მოყვარულია და ვინმესთან წამოცდეს… არ მინდა, ჩემი ნათქვამი წინ დამიხვდეს, თანაც ცუდად.

_ მანქანა?

_ ჯერ არაფერი ვიცი. ვიღაცას დაურეკა, წაიყვანეთ და ნახეთო. არც მომიკითხავს. არც ვიცი, როგორ მოვიქცე, დავურეკო, თუ მის ზარს დაველოდო.

_ უნდა დაურეკო, აბა რა!

_ მაგრამ მე მისი ნომერი არ ვიცი.

_ თედოს გამოვართვათ.

_ გაგიჟდი?! არა, არა! _ შორს დავიჭირე, _ უხერხულია. თვითონ შემატყობინებს ალბათ, ან ის, ვისაც მანქანა გაატანა. არ მინდა რამე იფიქროს.

_ როგორც იტყვი… _ მხრები აიჩეჩა მარიკამ, _ მზადაა ყავა? მომეცი, მე შევუტან.

_ შეუტანე, მე კი საქმეს მივხედავ, _ მადლიერებით გადავხედე და კომპიუტერს მივუჯექი.

უგულოდ დავიწყე ტექსტის თარგმნა, თან ფიქრებით წეღანდელ სცენაზე ვფიქრობდი. ამ კაცმა თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად მომიწევს მასთან შეჯახება, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სამსახურს უნდა დავემშვიდობო. ეგ მინდა ახლა? რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ არ გაჯეჯილდეს და აფრების გაშლა არ დაიწყოს. როგორმე უნდა შევაჩერო, სანამ მთლად გაუტევია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარიკასაც დავკარგავ. იფიქრებს, რომ მის ყოფილ უფროსზე ძველი მდივნებივით, ახლა მე დავიწყე ნადირობა. რატომ უნდა ვაფიქრებინო მსგავსი რამ, რაში მჭირდება? მით უფრო, როცა ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში ნიკამ «შემოანათა». მეტრეველს არც კი შევადარებ თედოს. ვის დაკარგვია?

8 8 8

მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი. თედოს წერილი წავაკითხე. არაფერი ჩამისწორებია, რა სახითაც მომცა, იმ სახითვე დავუბრუნე. ერთი კი ამომხედა უკმაყოფილდ, მაგრამ არაფერი უთქვამს. რამდენიმე წინადადება გადააკეთა მხოლოდ და გადააგზავნეო, ჩაიბურტყუნა. გავგზავნე. მეტჯერ არ შევუწუხებივარ. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ჩემი სახით ერთობ კერკეტი კაკალი გამოუგზავნა განგებამ. ასე ადვილი არ იქნებოდა ჩემი გატეხვა. ძალიანაც კარგი. ჩემთვის მთავარია, როგორმე შევინარჩუნო დისტანცია და ახლოს არ მოვუშვა.

უგუნებობის უფრო სერიოზული მიზეზიც მქონდა. ნიკასგან არაფერი ისმოდა. არც კი შეიწუხა თავი, მოკითხვა თუ არა, მანქანის ამბავი მაინც ეცნობებინა. მაოცებდა მისი ასეთი გულგრილობა.

საღამოხანს, როცა მე და მარიკა წასასვლელად გავემზადეთ, შემოსასვლელიდან დაცვის თანამშრომელმა დარეკა, ავტოსერვისიდან ქალბატონი ლოლიტას მანქანა მოიყვანეს და ეზოში დგასო… ფული რამდენია გადასახდელი-მეთქი, ვიკითხე. მექანიკოსს არაფერი დაუბარებია, მხოლოდ გასაღები და ჩეკი დატოვაო, მიპასუხა. ნუთუ მე უნდა გადავიხადო? დავიჯერო, ისეთი ძუნწი და ხელმოჭერილია, რომ ჩეკი პირდაპირ ჩემთან გამოაგზავნინა? რა სულმდაბლობაა!!!

თითქოს ნემსი პირდაპირ გულში დამარჭვეს… უხეშად, მტკივნეულად… მერე კი ყველაზე მწარე წამალი ნელ-ნელა შეუშვეს შიგნით…

უფრო და უფრო მემატებოდა ტკივილი… ბოლოს კი ერთიანად ამეწვა…

საწყალი ჩემი გული…

 

 

ერთი კვირა მიილია, რაც მუშაობა დავიწყე. მარიკა გადაიყვანეს, მე კი დამოუკიდებლად შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას. მშვენივრად ვუძღვებოდი საქმეს, წამითაც არ გამჭირვებია. არც ვიგვიანებდი და სამსახურიდანაც ზუსტად თავის დროზე გავდიოდი. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ჩემი ოფისში გვიანობამდე დარჩენა აუცილებელი გამხდარიყო.

თედო მას მერე, რაც რაღაცები «მაკადრა» თუ ნიადაგი მომისინჯა, შორიდან მზვერავდა. უკიდურესად ოფიციალური ურთიერთობა გვქონდა. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული მოკლე-მოკლე დიალოგები და მორჩა! არავითარი შინაურული საუბრები. არადა, განა არ მსიამოვნებდა, უფროსს რომ მოვწონდი. პირველ რიგში, მარიკას ფაქტორი მაფერხებდა, თორემ ამ ეტაპზე თედო საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის, ნიკას გასაღიზიანებლად გამომეყენებინა. იმდენს ვიზამდი, რომ ვაეჭვიანებდი. თანაც, ვგრძნობდი, თედოს ნერწყვები რომ ადგებოდა ჩემს დანახვაზე. ამ დროს ისეთი დისტანცია მეჭირა, ვერაფერს მიბედავდა. ის მიჩვეული იყო თავისი მდივნებისგან კეკლუცობას, ალბათ ყველა თავს აწონებდა და «ეტენებოდა». ჩემგან კი ასეთი რამ რომ ვერ მიიღო, უკვირდა. საინტერესოა, მარიკასთან რატომ არ სცადა? მგონი, მათი გაცნობა ცუდ დროს დაემთხვა და იმიტომ. სწორედ მაშინ მომხდარა იმ დაორსულებულ ნამდივნართან სკანდალი, ვის გამოც ცოლმა მიატოვა. ამის გამო მარიკა «გამორჩა». მერე კი, იმდენად საქმიანი ურთიერთობა დაამყარეს ერთმანეთთან, რომ მარიკას, როგორც ქალს, ვერც აღიქვამდა. არადა, სულაც არ არის ცუდი გოგო. მშვენიერი ტან-ფეხი აქვს, ეშხიანი სახე… ზუსტად ისეთია, ჯიშიან ქალს რომ ეძახიან. აჩენინე და აჩენინე შვილები. დახატული ბავშვები ეყოლება, ჯანმრთელი და ტუნტულა!.. რა მაცინებს!..

ნიკა ჰორიზონტზე არ გამოჩენილა. აღრენილი ვიყავი მასზე. მართალია, მანქანა გამირემონტა და თანხაც სამსახურის ხარჯზე გამოწერა, მაგრამ ეს არ ამართლებდა ჩემთან დამოკიდებულებაში. რომ შემპირდა, გნახავო, უნდა ვენახე. მქონდა ამის პრეტენზია. ვერ ვიტან, როცა მპირდებიან და არა ასრულებენ. ასეთი რამის პატიება არ მჩვევია, რადგან მე იმედს არავის ვუცრუებ. სხვებისგანაც ამას მოვითხოვ ყოველთვის.

ერთი კოზირი მაინც მეჭირა ხელში _ მისი ხალათი ჯერ კიდევ ჩემთან იყო. გავრეცხე და თვალსაჩინო ადგილას დავდე დაკეცილი, რომ შესაფერის დროს მივსულიყავი მასთან და თავისი ნივთი გადამეცა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს «შესაფერისი დრო» არა და არ დადგა. იგი თავის ნაქირავებ ბინაში იმ საღამოს მერე აღარ გამოჩენილა.

გამუდმებით მასზე ვფიქრობდი… არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვაკეთებდი _ მეძინა თუ მეღვიძა, ვსადილობდი თუ ვმუშაობდი, გონებით მასთან ვიყავი. როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად მწყდებოდა გული, რომ არ ვიყავი იმ ასაკის, რომელზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ორმოცი წლის ან მეტის ვიყო, ხომ არ გამიშვებდა ხელიდან? ხომ აუცილებლად ეცდებოდა ჩემთან დაახლოებას? ეცდებოდააა?! ეს ის სიტყვა არ არის! ყველაფერზე წავიდოდა, ყველაფერს იღონებდა, ოღონდ კი საწადელისთვის მიეღწია. ამას წყალი არ გაუვიდოდა!

უცნაური აზრები მომდიოდა თავში… თუ არსებობს ადამიანის გაახალგაზრდავების რეცეპტი და საიდუმლო, ნაადრევი დაბერების რატომ არ არსებობს? აუუუუჰ! მგონი, გავუტიე! ნუთუ შეყვარებული ვარ? თუ მისი გულგრილობით გაწბილებული? რა გავაკეთო, რომ შემამჩნიოს? ჩემით დაინტერესდეს? თანაც, ძალიან, ძალიან? ყველაფერი! _ ჩამძახოდა შინაგანი ხმა. თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა უნდა მივიდეს მუჰამედთან. ეს რას ნიშნავს? ანუ, მთის როლი მოვირგო? _ ვეკითხებოდი ჩემს მეორე მეს, _ მომიხდება კი? შევძლებ? _ შეძლებ, თანაც ძალიან ადვილად! _ არ მეშვებოდა მეორე ლოლა _ უფრო თამამი და უფრო თავისუფალი.

ეჰ!.. ალბათ არ ვარ იღბლიანი. ჰო, არ ვარ. თითქოს ყველაფერი მაქვს… ამ დროს, არაფერიც არ მაქვს! ეს შორიდან ჩანს მხოლოდ, რომ არაფერი მაკლია. ბევრი რამ მაკლია, პირველ რიგში, დედის სითბო… მერე _ მამაკაცის სიყვარული… პატარა მართლა არ ვარ. ჩემი ასაკის გოგოს უნდა ჰყავდეს შეყვარებული, დროა უკვე! და თუ ის შეყვარებული ნიკასნაირი იქნება, მაგას რა ჯობია?! ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! არა, არა, იღბალი მჭირდება! თანაც _ სასწრაფოდ! სად ბრძანდება მისი აღმატებულება ქალბატონი იღბალი? როდის მოიცლის ჩემთვის?.. და რატომ დავასკვენი, რომ მაინცდამაინც ქალბატონია? იქნებ სულაც, მამრობითი სქესისაა? მეეჭვება! ეგრე რომ იყოს, აქამდე შემამჩნევდა. მამაკაცები მაშინვე მამჩნევენ ხოლმე… მაგრამ ნიკამ რატომ ვერ შემამაჩნია? განა ვერ შემამჩნია, უბრალოდ, ფეხს ითრევს, ესაა და ეს!

აი, ასე ვიმშვიდებდი თავს, დრო კი გადიოდა…

მამას სულ ორჯერ დავურეკე… ჯერ ხელფასი არ ამიღია, რომ გავუგზავნო და ისე რომ მოვიკითხო, რა აზრი აქვს? იტალიაშიც დავრეკე, ბებიასთან და ვახარე, მუშაობა დავიწყე-მეთქი. რომ გაიგო, მდივნად მოვეწყვე, ძალიან გაუხარდა. რა იცის, ჩვენთან მდივანს დაფასება რომ არა აქვს? იქ სხვანაირად არის მოწყობილი სამსახურებრივი მექანიზმი. იქ მდივანი, ფაქტობრივად, უფროსის მარჯვენა ხელია, ასე ვთქვათ, კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი ძალა, სული და გული… ერთი სიტყვით, საქმიანი ქალის იმიჯით სარგებლობს. აქ კი…

ბებიას გული დაწყდა, გამოდის, ერთი წელი კიდევ ვერ გიხილავ, სანამ შვებულება არ მოგიწევსო? სამწუხაროდ, ასე გამოდის. წელს ისედაც ვერ ვინახულე. ჯერ იყო და, ვამთავრებდი და დიპლომის დაცვა მქონდა. მერე მამაჩემი გახდა ცუდად… ახლა მუშაობა დავიწყე… როდისღა წავსულიყავი? ბებო შემპირდა, როგორც კი ბაბუაშენი ლოს-ანჯელესიდან ჩამოვა, დაახლოებით ერთ კვირაში, ფულს გამოგიგზავნი და ტანსაცმელი იყიდე, ახალ გარემოში გამორჩეულად უნდა გეცვას, რომ დაგაფასონ, თან სეზონი იცვლება და გარდერობს განახლება სჭირდებაო. უარს როგორ ვეტყოდი? ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ფული.

მარიკა არ მივიწყებდა. ყოველდღე ჩამოდიოდა ჩემთან და დროის უმეტეს ნაწილს ჩემ გვერდით ატარებდა. ძალიან შევეჩვიე. მასაც მოვწონდი. თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო მისი ჩემთან ხშირად ყოფნის მიზეზი. მას «თედომანია» შეეყარა და მისგან განკურნებას ცდილობდა. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ რაც მეტ დროს ატარებდა მის სამდივნოში, მით უფრო დამოკიდებული ხდებოდა მასზე. ის ბედოვლათი კი აზრზეც არ იყო, რა ცეცხლიც გიზგიზებდა მისი ყოფილი მდივნის ალმოდებულ გულში… საოცრად პოეტური წინადადება კი გამომივიდა!

ამასობაში აგვისტო მიილია. სექტემბერმა შემოდგომა ჩაიბარა და თავისი ხავერდოვანი ფრთების გაშლა დაიწყო. მიყვარს ეს თვე. სხვა დროს, სექტემბერს აუცილებლად ზღვაზე ვატარებდი ხოლმე, წელს კი, იძულების წესით, ტრადიციას ვუღალატე _ ახალდაწყებულ სამსახურს ვერ მივატოვებდი. არადა, გარუჯვა ყველაფერს მირჩევნია… თან მიხდება!.. თან საოცრად!..

ნიკა ისევ და ისევ არ ჩანდა. ერთხელაც ვერ მოვკარი თვალი ვერც აქ და ვერც გარეთ. ბოლოს დავასკვენი, ალბათ შვებულებაშია-მეთქი და ამით დროებით დავაშოშმინე ჩემი გული.

ჩემი და თედოს ურთიერთობა ორმხრივი გულგრილობის ფარგლებს არ სცდებოდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მომბეზრდა მასთან ოფიციალური დამოკიდებულება. თუმცა, არც უკან დახევა მხიბლავდა. მინდოდა, თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი.

ასეც მოხდა. ერთ დღეს კაბინეტში დამიბარა. შემოდიო, აციმციმდა მწვანე ღილაკი.

შევედი და კართან შევდექი.

_ მოდი, დაჯექი, _ ძალიან თბილად და მეგობრულად მომმართა.

შეუმჩნევლად ავწიე ცალი წარბი, რა მოელანდა?

მივედი… დავჯექი… აკორდეონზე დამკვრელივით, კარგა ხანს ათამაშა თითები მაგიდაზე, მერე კალამი აწვალა კიდევ კარგა ხანს, ბოლოს ამოიხვნეშა და დაჟინებით მომაშტერდა.

_ აბა? _ გაურკვეველი კითხვა დამისვა.

_ დიახ…  _ ჩემი პასუხიც გაურკვეველი იყო.

_ როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? _ კვლავ კალამს წაეტანა.

_ როგორ, ასე? _ დაკონკრეტება მოვითხოვე.

_ ასე… ზერელედ.

_ ზერელედ? _ გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, _ რას ნიშნავს ზერელედ? რამეს ისე ვერ ვაკეთებ?

_ არ უნდა ჩამოიხსნა ეს ხელოვნური ნიღაბი? _ თავისას აგრძელებდა შეფი.

_ ბატონო თედო, ვერაფერი გავიგე, იქნებ პირდაპირ მითხრათ, რას ვაშავებ? _ ვეღარ მოვითმინე და უხეშად მივმართე.

ერთხანს ხმა არ ამოუღია, თითქოს ფიქრობს, საიდან დაიწყოსო.

_ შენ ჩემი მაჯვენა ხელი ხარ, ლოლა… გაქვს ეს გაცნობიერებული? _ აქედან დაიწყო.

«საერთოდ ვერ ვგრძნობ მაგას, უფროსო».

_ დიახ, რა თქმა უნდა!

_ მერედა, რაში გამოიხატება? წესიერად გამარჯობასაც არ მეუბნები.

«აი, თურმე რაში ყოფილა საქმე».

_ როგორ გეკადრებათ, ბატ…

_ მეორედ არ გამაგონო ეს «ბატონო»! _ მკაცრად მომმართა, _ ამაზე ხომ ვილაპარაკეთ, თანაც არა ერთხელ და ორჯერ! თედო დამიძახე-მეთქი, გითხარი უკვე.

_ გასაგებია, _ მოთმინებით აღვიჭურვე.

_ თუ ასე გაგრძელდება, ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება, ლოლა… მე კი ეს არ მინდა… შენ კარგი კადრი ხარ, პერსპექტიული… მშვენიერი კარიერის აწყობა შეგიძლია…

«თუ შენ ჩაგიგორდები ლოგინში»?

_ რას ამბობთ…

_ ვიცი, რასაც ვამბობ! გასაგებია, რომ არ მწყალობ და… არ გსიამოვნებს ჩემი ყურადღება, მაგრამ ამან ჩვენს საქმიან დამოკიდებულებას ხელი არ უნდა შეუშალოს. უფრო შინაურულად უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. მე კი შებოჭილი ვარ, როცა გიბარებ, გელაპარაკები…

«საწყალი»…

_ ისეთი ცხვირაწეული მიდი-მოდიხარ, თითქოს ვალი მქონდეს შენი!

_ როგორ გეკადრებ…

_ ერთი რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ გულწრფელი პასუხი მჭირდება, კარგი?

_ კი, ბატონო… _ მხრები პატარა ბავშვივით ავიწურე.

_ არ მითხრა, რომ არ მოგწონვარ… არც ისეთი შეუხედავი ვარ და არც ისეთი… დასაწუნი, რომ… _ ჩაახველა, _ მოკლედ, არ ვარ ცუდი და უსიმპათიო, ხომ მართალია?

«ერთი ამას დამიხედეთ!»

_ დიახ, რა თქმა უნდა, მე ეს არასდროს მითქვამს…

_ ცოლი არ მყავს, არც შენ ხარ გათხოვილი… ჰოდა, რა არის იმის მთავარი მიზეზი, რომ ასე ცივად მომიშორე თავიდან? არასასიამოვნო ხმები მოგივიდა ჩემზე?

_ არა, არა, ეგ არაფერ შუაშია… _ ძალიან დავიბენი, ვერ მივხვდი, რის გარკვევას ცდილობდა.

_ მეც ეგრე მგონია… აბა, მაშინ რა? იმის ფავორიტი ხომ არ ხარ?  _ მკითხა უეცრად და საჩვენებელი თითი ზემოთ აღმართა მზერასთან ერთად, თითქოს «ის» ჭერში იჯდა და იქიდან გვიყურებდა.

მივხვდი, «მთავარ მიზეზში» ნიკას გულისხმობდა. მეც, რა თქმა უნდა, საჩემოდ გამოვიყენე მისი ეს ვარაუდი.

_ თქვენ… სწორად მიხვდით, _ ვითომ ჩავილუღლუღე და ვითომ დარცხვენილმა თავი ჩავღუნე.

_ ასეც ვიფიქრე… ყველაფერი გასაგებია… ჰოდა, დროზე გეთქვა, შე კაი ადამიანო…

_ თქვენ არასდროს გიკითხავთ ჩემთვის… _ თავი «ვიმართლე».

_ კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. იმედია, დღეიდან ჩვენი ურთიერთობა დათბება და დავმეგობრდებით, _ ხალასი ღიმილი მესროლა, თუმცა ოდნავ «დანანებითი» იერი დაჰკრავდა მის ღიმილს.

_ ჩათვალეთ, რომ უკვე დათბა… თედო, _ მის ღიმილს ჰაერშივე დახვდა ჩემი ღიმილი.

_ ამის გაგონება მინდოდა შენგან, სხვა არაფერი, _ აროხროხდა დირექტორი, ფეხზე წამოდგა და მარჯვენა გამომიწოდა.

ისე საზეიმოდ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრის დროს, ფოტოგრაფების და ჟურნალისტების გარემოცვაში, დაყენებული ღიმილების თანხლებით…

8 8 8

ჩვენი შერიგება მოხდა… მაგრამ სწორედ იმ დღის შემდეგ ნამდვილი გადატრიალება დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი და თედოს ურთიერთობაში «გლობალური დათბობიდან» ორი დღეც არ იყო გასული, რომ…

დილის თორმეტ საათზე სამდივნოს კარი უეცრად გაიღო და ოთახში ნიკა შემოვიდა… კი არ შემოვიდა, შემოიჭრა… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზად იყო გარუჯული, მაინც შევამჩნიე, რომ სახეზე ფერი არ ედო… მრისხანებისგან ქვედა ყბა უკანკალებდა. ფეხზე წამოვდექი და უნებლიეთ კედელს ავეკარი. იგი ორიოდე ნაბიჯით ჩემს მაგიდასთან გაჩნდა, მუშტებით ზედ დაეყრდნო, თვალები მოჭუტა და ზიზღით შემომაჩერდა.

_ რატომ აძლევ შენს თავს ამდენის უფლებას? _ მაქსიმალურად მოზომილად, მაგრამ მკვახედ მკითხა.

_ არ მესმის, რაზე ლაპარაკობ, ნიკა… _ ვიგრძენი, რომ გავფითრდი. ვერ ვხვდებოდი, რაში მადანაშაულებდა.

_ ნიკა არა… _ კბილებში გამოცრა, _ ბატონო ნიკა!

თითქოს დაფქული პილპილი შემომაყარესო, ისე ამეწვა თვალ-სახე… შეურაცხყოფილმა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

_ რა დავაშავე? _ საცოდავად ამოვიკნავლე და კიდევ უფრო მჭიდროდ ავეკარი კედელს, რადგან მივხვდი, რომ მუხლებში ძალა წამერთვა და ვიქცეოდი.

მან კვლავ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ რატომღაც, გადაიფიქრა. ალბათ საშინელი სანახავი ვიყავი და დამინდო… მერე თავი გადააქნია, ღრმად ამოიხვნეშა, გატრიალდა და გავიდა.

მისი გასვლა და ჩემი მოშვება ერთი იყო… რომ არ დავცემულიყავი, ასევე კედელზე აკრული ჩავცურდი ძირს, იატაკზე და ჩავჯექი… ერთიანად ვცახცახებდი…

რატომ? რით დავიმსახურე? რა გავაკეთე ამისთანა? რა ვაწყენინე? კითხვას კითხვა ცვლიდა, პასუხი კი… ჰოპ! მივხვდი, რამაც გააცოფა ასე!.. ჩემი და თედოს საუბარი გამახსენდა…

ყველაფერი გასაგები იყო. როგორც ჩანს, თედომ ჩამიშვა. არა მგონია, ნიკასთვის პირდაპირ ეკითხა, ამ გოგოსთან რა გაკავშირებსო, მაგრამ ალბათ მიანიშნა, რაღაც-რაღაცები ვიციო ან რამე ამდაგვარი…

არადა, მართლა არაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან… ორიოდე შეხვედრის მეტი… ან სამიოდე… თედო კი დავარწმუნე, რომ ჩვენ შორის «მთავარი» ხდებოდა…

ღმერთო, ახლა რა ვქნა? რით ვიმართლო თავი? ერთს ჩემი სიყვარული დავწამე, მეორე მოვატყუე… თანაც ვინ! ორივე უფროსი! პრეზიდენტი და მისი მოადგილე! მორჩა, სამსახურს უნდა დავემშვიდობო! აქ აღარავინ გამაჩერებს… ოოო! როგორ არ მინდოდა ასე! მე ხომ არ ვარ ასეთი! რატომ, რატომ დამემართა ეს?..

მაგრამ… მაგრამ არის ერთი რაღაც… მე ხომ ნიკა არ მიხსენებია? არც თედოს უხსენებია… მან შეიძლება ნიკა იგულისხმა, მაგრამ მე ხომ არ დამიკონკრეტებია, ვინ ვიგულისხმე? იქნებ ფინანსთა მინისტრის შეყვარებული ვიყავი ან სულაც, სხვა კომპანიის პრეზიდენტის? აი, როგორ უნდა ვიმართლო თავი, თუკი ამის საჭიროება დადგება!

თედოს ბედი, დღეს სამსახურში რომ არ არის. ორდღიანი მივლინებით ბაქოშია წასული. ხვალ ჩამოვა და მე ვიცი, რასაც ვეტყვი! თუნდაც ნიკა მეგულისხმა, მისთვის უნდა ეთქვა? რა ჭორიკანა ყოფილა! ამას არ შევარჩენ! მაინც დამითხოვენ და სანამ მათ გავუძევებივარ, მე დავასწრებ. ერთს გემრიელად გამოვლანძღავ ორივეს და მერე დავახვევ აქედან! «ბატონო ნიკაო»… როგორ შემისწორა!.. წამში გამაცამტვერა! არარაობა ხარო, მიმანიშნა… სად შენ და სად მეო… ამას რა მოინელებს! ბოღმისგან გავსკდები ალბათ!

მეტის ატანა არ შემეძლო. ოთახში ვერ გავძელი. მარიკას დავურეკე, ცუდად ვარ და იქნებ შემცვალო-მეთქი. შეშფოთებული მაშინვე ჩამოვიდა. ნახა, რომ მართლა ცუდად ვიყავი და შემცვალა, წამითაც არ უყოყმანია… და არც არაფერი უკითხავს…

არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივაღწიე. ნერვიულობისგან ხელ-ფეხი გამყინვოდა. მობილური და ბინის ტელეფონი გამოვრთე, მარიკას რომ არ დაერეკა და ეგრევე ლოგინში ჩავწექი…

დამეძინა… და კარგადაც მეძინა… უცნაურია, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ყველაზე «შავ დღეს» კარგად მეძინა… მკვდარივით…

ალბათ სიძულვილის ენერგიაც მატებს ძალას ადამიანს ისევე, როგორც ყველა სხვა ენერგია. მიუხედავად იმისა, როგორც მომექცა, მე მაინც მიყვარდა იგი. უფრო მეტიც _ იმაზე მეტად მიყვარდა, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ… მიყვარდა ისე, როგორც არასდროს… თუმცა ამის პატიებას არ ვაპირებდი. თავმოყვარეობის შელახვას არავის შევარჩენ, ვინც უნდა იყოს იგი. მე კი თავმოყვარეობა შემელახა… საშინლად ვიყავი შეურაცხყოფილი…

თითქოს ახლა შევამჩნიე, რომ სამყაროში ერთი უცნაური პრინციპი მოქმედებს და ამ პრინციპს «სამაგიეროდ» ჰქვია. მახინჯი, სამაგიეროდ ჭკვიანიო, იტყვიან… თუკი ლამაზიც არის და ჭკვიანიც, სამაგიეროდ, ლოთია ან ნარკომანი… ხოლო თუ ლამაზია, ჭკვიანი და ლოთი ან ნარკომანი არ არის (როგორც მე), სამაგიეროდ, უბედურია, უიღბლო, ბედი არ სწყალობს (ჩემსავით). და ყოველი ადამიანის ამგვარი ბედისწერა მონეტასავითაა _ ერთ მხარეს სხვანაირია, მეორე მხარეს _ სხვანაირი.

რას ვიფიქრებდი, ნიკა თუ ასეთი იქნებოდა… ანუ გარეთ სულ სხვა და სამსახურში აბსოლუტურად საპირისპირო… როგორც ჩანს, მასზეც მოქმედებს პრინციპი «სამაგიეროდ»… მე კი ის ყველასგან გამორჩეული მეგონა… მამაკაცი, რომელიც არავის არ ჰგავს…

შევცდი… და ეს შეცდომა ჩემთვის გაკვეთილი იქნება…

დილით გვიან გავიღვიძე და წელი ძლივს ავითრიე. ისეთი დათეთქვილი ვიყავი, თითქოს კარგა გემრიელად ვეცემე ვინმეს…

შემთხვევით მოვკარი სარკეში ჩემს ორეულს თვალი და… თავდაპირველად ვერ ვიცანი. თითქოს რაღაც არსებითად შეიცვალა ჩემში. ადრე იმედიანი და «ნდობიერი» ქალის გამოხედვა მქონდა, ანუ ადამიანების მიმართ ნდობა არ მქონდა დაკარგული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველას ვუყვარდი. ამას ბავშვობიდან მივეჩვიე. თავიდან მშობლებს ვუყვარდი, იმიტომ, რომ დედისერთა გახლდით. მერე სკოლაში ვუყვარდი, იმიტომ, რომ სამაგალითო მოსწავლის სახელით ვსარგებლობდი _ განსაკუთრებული, ნიჭიერი და კეთილსინდისიერი. მერე ინსტიტუტში მოვიპოვე ყველას სიყვარული _ სასურველი და გამორჩეული გოგონას იმიჯი მოვირგე. იქნებ მხოლოდ მეჩვენებოდა ეს ყველაფერი და სინამდვილეში სულაც არ იყო ასე? იქნებ ვინმეს ვძულდი კიდეც? მე ხომ ვერაფერს ვამჩნევდი, ისე ვიყავი დაბრმავებული საკუთარი «ბრწყინვალებით». მივეჩვიე იმას, რომ ვიყავი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე, ყველაზე… არადა, მახსოვს, დედა ხშირად მიმეორებდა ერთ ანდაზას _ «ბებერი ქალაქს ვერ იტანდა, ქალაქმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდაო»…

ნუთუ მეც ასე დამემართა? ახლა ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვგრძნობდი _ ჩემი სახიდან იმედიც, ნდობაც, თავდაჯერებულობაც სადღაც გამქრალიყო. ქუჩაში გაგდებული ძაღლივით უსუსური და დაბნეული გამხდომოდა გამომეტყველება…

კარგა ხანს ვიდექი გაქვავებული და ჩემს გასაცოდავებულ ორეულს დანანებით შევყურებდი. მერე გამოვერკვიე და… ტირილი დავიწყე… ჩემდა უნებურად, ყოველგვარი შეკვეთის გარეშე… ტირილი მალე ღრიალში გადამეზარდა… როგორც ჩანს, სხვა უკეთესის გაკეთება ამ მომენტში არ შემეძლო… ეს ამწუთას ჩემი ყველაზე ჩვეულებრივი რეაქცია იყო…

8 8 8

უმაკიაჟოდ მივედი სამსახურში. ყველაფრის ხალისი დაკარგული მქონდა. ცოტა დამაგვიანდა კიდეც… ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს პირველი დაგვიანება იყო… აღარ მადარდებდა უკვე… ისედაც წასვლას ვაპირებდი. და ახალი სამსახურის ძებნას… და ახალი ცხოვრების დაწყებას… და ახალი თავგადასავლების ძიებას…

დაგვიანებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, რადგან თედო ჯერ არ ჩანდა. ალბათ დღის მეორე ნახევარში გამოჩნდება, ცოტა ხომ უნდა დაისვენოს ნამგზავრმა… ნეტავ, იცოდეს, რა ელოდება! საბოლოოდ უნდა გავაცამტვერო, ისე, როგორც მე _ ნიკამ.

მოვედი თუ არა, მარიკაც ჩამოვიდა, როგორ ხარო. ვუთხარი, გუშინ მოვიწამლე და ცუდად იმიტომ გავხდი-მეთქი. აბა, რ მეთქვა? ჯერ ისე ახლოს არ ვიყავი მასთან, ჩემს პირად ცხოვრებაზე გულღიად მელაპარაკა. მერე თედოზე ჩამომიგდო ლაპარაკი, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთსო. უფროსის საყვედური არ მითქვამს… პირიქით, ვაქე…

მარიკამ საღამოს თავისთან დამპატიჟა, დედაჩემი ჩამოვიდა და უნდა გაგაცნოო. მოვიმიზეზე, ჯერ კიდევ ვერ გამოვკეთდი და სხვა დროისთვის გადავდოთ-მეთქი. მიხვდა, უხასიათოდ რომ ვიყავი და თავი ზედმეტი კითხვების გარეშე დამანება.

მთელი დღე თითქმის ვერაფერი გავაკეთე, ვერა და ვერ დავუდე საქმეს გული. არადა, შვიდგვერდიანი ხელშეკრულება მქონდა დასაბეჭდი. დავიწყებდი, მერე ფიქრებში გადავვარდებოდი და შევჩერდებოდი… მერე ისევ ვაგრძელებდი… მთელი ოთხი საათი მოვუნდი მის დამთავრებას.

თითქმის მთავრდებოდა სამუშაო საათები, თედო რომ მოვიდა, ოღონდ მარტო არა _ ნიკა მოჰყვა თან. მის დანახვაზე ფერი და გული ერთად წამივიდა.

_ გამარჯობა, ლოლა, _ საქმიანად მომესალმა უფროსი, _ ორი ყავა შემოგვიტანე, თუ არ შეწუხდები, _ მთხოვა და ნიკას კაბინეტში შეუძღვა.

იმას ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის, მისალმებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია… გული მომიკვდა. ნირწამხდარი ყავის მოდუღებას შევუდექი, თან გამალებით ვფიქრობდი, რომ შევიდოდი, რით დამეწყო ლაპარაკი.

რაღაცაზე ძალიან ხმადაბლა ბჭობდნენ, თითქოს დიდ საიდუმლოს ანდობენ ერთმანეთსო. ჩემი შესვლა და ორივე გაჩუმდა. სინი მაგიდაზე შემოვდგი და შევყოვნდი.

_ გმადლობ, ლოლა, _ თავი დამიკრა თედომ, რითაც მაგრძნობინა, თავისუფალი ხარო, მე კი ადგილიდან არ ვიძროდი.

გაოცებით ამომხედა.

_ რამე გინდოდა?

_ დ…დ…იახ… _ ალმურმა ამკრა სახეზე.

_ გისმენ, _ თითები ერთმანეთში გადახლართა დირექტორმა და ცოტათი გაკვირვებული მზერა მესროლა.

_ მ…მე… მე…

_ გისმენ, გისმენ, ნუ გერიდება, თამამად ცოტა! _ წამაგულიანა.

_ ბატონო თედო, ჩვენ რომ იმ დღეს ვილაპარაკეთ… აი… შერიგების თაობაზე… _ მთლად დამება ენა, ყველაფერი გადამავიწყდა, არადა, მთელი «მოხსენება» მქონდა მომზადებული, _ მე მაშინ ბატონი ნიკა მეტრეველი არ მიგულისხმია. სხვა ვინმე მყავდა მხედველობაში… ისიც «ზემოთ» ზის, _ სხაპასხუპით მივაყარე, საჩვენებელი თითი და მზერა ახლა მე აღვმართე მაღლა, _ თორემ ასეთ უაზრობას როგორ გავივლებდი გულში.

თავისი სახელის გაგონება ეხამუშა, თუ ჩემი «შესწორება», არ ვიცი, მაგრამ ნიკამ თავი ასწია და ცივად შემომხედა.

_ ვერ გავიგე, რას გულისხმობ… რომელ დღეს, რა ლაპარაკი… _ გაოცების ნიშნად მხრები აიჩეჩა თედომ, _ არ მესმის, რისი თქმა გინდა…

სასოწარკვეთილმა თვალები დავხუჭე. როგორც ჩანს, ვერ მივახვედრე ან არ უნდა, რომ მიხვდეს… ჩემმა უმწეობამ საშინლად გამაღიზიანა.

_ ეს აქ განსახილველი თემა არ არის, _ საუბარში ნიკა ჩაერია, _ დაგვტოვე, თუ შეიძლება, _ ჩემი «გამოსვლით» უკმაყოფილო, როგორც ჩანს, ძმაკაცის უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცადა.

მისი უხეში ტონი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინების ფიალაში. ხელები მიცახცახებდა ერთიანად დაძაბულს.

_ სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი, აქედან ფეხს არ გავადგამ! _ ჩემდა უნებურად, ზედმეტად ხმამაღლა გამომივიდა, _ თქვენ ალბათ მიჩვეული ხართ, ადამიანებს ნივთებივით მოექცეთ, მაგრამ ასე არ არის! მდივანი თუ ვარ, იმას არ ნიშნავს, ჩემს უფროსს როცა მოეპრიანება, მაშინ… მაშინ შეეცადოს ჩემს დასაკუთრებას. ჩემთან რომ გაქვთ პრეტენზია, ბატონო ნიკა და ჭკუას მასწავლით, ჯერ თქვენს საქმიან პატნიორებს თუ მეგობრებს, თუ თანამდებობის პირებს, რაც გინდათ, ის დაარქვით, წაუკითხეთ ლექცია, როგორ უნდა მოექცნენ ხელქვეითებს. მე თუ ზედმეტი ვთქვი ან ტყუილი გამომივიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დამეცვა! რატომ გგონიათ, რომ შეფმა მდივანი, გარდა საქმის კეთებისა, ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიც უნდა გამოიყენოს? ვინ დააწესა ეს? რომელ დებულებაში წერია? მე… _ ვეღარ გავაგრძელე, ყელში მობჯენილი ბურთი მახრჩობდა, საცაა, ცრემლი წამსკდებოდა.

ორივე მამაკაცი გაოგნებული მომჩერებოდა. მგონი, საკმარისია… გამგონი გაიგებდა… დროზე უნდა დამეტოვებინა კაბინეტი, რომ ღრიალი არ დამეწყო… გავტრიალდი და თავდაღუნული გავვარდი ოთახიდან… ახლა რა ვქნა? დავიხურო ქუდი და მოვუსვა აქედან? თუ დაველოდო, როდის მეტყვიან, გათავისუფლებული ხარო? ჩემს თავდასხმას რომ თავდაცვა არ მოჰყვება, დღესავით ნათელია… და ასეთ დროს თავდასხმა რომ საუკეთესო თავდაცვაა, არც ეს არის ახალი ამბავი. ასე რომ… იქნებ დაველოდო ახლა უკვე ჩემზე თავდასხმას? ვნახოთ, როგორ დამსჯის თედო, რა «დონეზე» შეუძლია ამის გაკეთება… რომ შემაგინოს? ეგღა მაკლია!

ხუთი წუთიც არ გასულა ჩემი «სიტყვით გამოსვლიდან», რომ კაბინეტის კარი გაიღო და იქიდან ნიკა გამოვიდა. მონიტორთან ვიჯექი, რათა გახსნილი ფანჯრები დამეხურა და კომპიუტერი გამომერთო. იგი წამით შეყოვნდა, ალბათ რაღაცის თქმა თუ უნდოდა… არა, არ თქვა… მერე ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სამდივნო. წამითაც არ გამიხედავს მისკენ, თითქოს არც არსებობდა. არც ის ვიცი, როგორი გამომეტყველება ჰქონდა და არც ის, რისი თქმა უნდოდა… იქნებ ამით მაინც მიხვდეს, როგორი შეგრძნებაა იგნორირება…

ამასობაში ექვსი საათი გახდა და ჩემი წასვლის დროც დადგა. ამობეჭდილი ხელშეკრულება

ფაილში ჩავდე და დირექტორთან შევედი. უსიტყვოდ დავუდე წინ დოკუმენტი და გამოვტრიალდი. მისი ნათქვამი «გმადლობ» ზედ კართან დამეწია.

_ მე თავისუფალი ვარ, ბატონო თედო? _ ნახევრად მოვტრიალდი და მზერით გავხვრიტე.

_ კი, ლოლა, შეგიძლია წახვიდე, _ ქაღალდებში თავჩარგულს ლმობიერი ტონი ჰქონდა, რამაც გამაკვირვა. არადა, მეგონა, მისი რისხვა დამატყდებოდა თავს.

ის იყო, შეკითხვას ვაპირებდი, მე გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან თუ არა-მეთქი, რომ თავი ასწია და…

_ ხვალ არ დააგვიანო სამსახურში, მჭირდები! _ მკაცრად მითხრა და თავი კვლავ ქაღალდებში ჩარგო, _ და ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ თედო დამიძახო! _ დააყოლა ბოლოს.

ვარაუდით მივაღწიე ჩემს მაგიდასთან… საოცრად დამიმძიმდა სხეული… სულიც… სინდისის ქენჯნას განვიცდიდი… მე იგი თავის უფროსთან და მეგობართან ჩავუშვი, მან კი… მაპატია…

«ეს კარგია, თუ ცუდი?» _ შინ მისვლამდე მთელი გზა ვეკითხებოდი ჩემს თავს…

ვერც ამჯერად გავეცი ჩემს «საყვარელ» კითხვას პასუხი…

 

 

არ ვიცოდი, როგორ ხასიათზე უნდა ვყოფილიყავი. შინ მოვედი თუ არა, როგორც ყოველთვის, გავშიშვლდი და ბიკინისამარა დავიწყე ოთახში სიარული _ წინ და უკან, წინ და უკან… თან ვფიქრობდი. რატომ დამინდო თედომ? რას ნიშნავდა მისი ჟესტი? მაგრძნობინა, კეთილი ვარო? იქნებ ინანა თავისი საქციელი? იქნებ ჩემ შემდეგ ილაპარაკეს ამ თემაზე და ნიკამ დატუქსა კიდეც? არ ვიცი, არ ვიცი… ის უფრო მაშინებდა, სხვა დროს არ გამოეყენებინა დირექტორს მისი ეს «კეთილგანწყობილი» რევერანსი… და მერე რა ამით? ჰგონია, რამე გაუვა? არასდროს!

ისე ღრმად ამოვიოხრე, გულიც ამოვაყოლე. როგორ მომინდა დალევააა! სიამოვნებით გადავკრავდი ახლა ერთ-ორ ჭიქა კონიაკს… ან არაყს… ან მარტინის… და არც ერთი ჭიქით მეტს, თორემ ნაბახუსევზე მოვკვდები გულისრევით. საზიზღარი «პახმელია» ვიცი, მთელი დღე მაღებინებს. არაფერი მშველის, ძილის გარდა… ისიც, თუ დამეძინა, იმ შემთხვევაში. არადა, სად მცალია დასაძინებლად! უფროსმა დილით არ დააგვიანო, მჭირდებიოოო! რა საოცარი ენაა ქართული. მ-ჭირ-დები! ხედავთ, როგორ ჟღერს? ჭირი მაგას და დოზანა! სულ მისი ბრალია, რაც გუშინ გადამხდა!

ჩავალ და ერთ პატარა ბოთლს ამოვიტან, სუუულ პატარას, ორასგრამიანს… და ას გრამს დავლევ… და არც ერთი გრამით მეტს!

ფანჯარაში გავიხედე. რაღაც უცებ დაბნელებულა, ყოველგვარი გადასვლების გარეშე! ეგ როგორ? ახლახან არ მოვედი? ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო… და უეცრად ჩამობნელდა. იქნებ იმის ბრალია, რომ იშვიათად ვიხედები ფანჯარაში? ერთხელ დილით, ერთხელაც საღამოს…

ასე იყო თუ ისე, აშკარად ჩანდა, რომ დღე დასასრულს მიუახლოვდა. როგორი იყო ეს დღე? გუშინდელზე ნაკლებად საშინელი… და მაინც საშინელი. თანაც უცნაურად უცებ დაღამდა. ადრე მსგავსი არ შემიმჩნევია… რა ხდება ჩემს თავს, დეპრესია ხომ არ მომეძალა? რა გასაკვირია!

ოჰ, ახლა მარიკა მომცა აქ, რას ვიქეიფებდით! მამაკაცების ლანძღვა-გინებით ვიჯერებდით გულს არყის ფონზე! ან კონიაკის… ან მარტინის…

მორჩა! სასმელი ამომაქვს… და წვენიც… კვერცხი და პური მაქვს, ყიყლიყოებს გავაკეთებ, ჩემი ბავშვობის საუზმე-ვახშამს.

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე კაკუნი გაისმა და არა ზარი… თან ისე, პაროლივით _ ერთი გრძელი კაკუნი, ორი _ მოკლე… ერთი გრძელი _ ორი მოკლე… თითქოს ვიღაც დოლზე უკრავდა… ფეხაკრეფით მივიპარე კართან და სათვალთვალოში გავიჭყიტე.

თითქოს თვალში დანა მატაკესო, ისე გადავაქნიე თავი და უკან გადავხტი. ახლა გული უკრავდა იმავე რიტმით, ოღონდ გაცილებით ჩქარა… დააგ-დუგ-დუგ, დააგ-დუგ-დუგ…

სადარბაზოში ნიკა იდგა…

იმდენად დავიბენი, კინაღამ დამავიწყდა, ოთხმოცდაცხრამეტი მთელი ოთხმოცდაცხრამეტი მეასედი პროცენტი შიშველი რომ ვიყავი. კიდევ კარგი, მაშინვე მოვეგე გონს, თორემ ეგრევე ვაპირებდი კარის გაღებას. ავირიე… დავირიე… შეშლილივით დავრბოდი ერთხანს ოთახიდან ოთახში. თავადაც არ ვიცოდი, რა მინდოდა, რას ვეძებდი. მერე კარადას მივვარდი, ჩემი ზურმუხტისფერი აბრეშუმის მოკლე ხალათი გამოვიღე, სასწრაფოდ მოვიცვი და ქამარი მჭიდროდ შევიკარი. ჯანდაბას! ამას ღილები არა აქვს, შეიძლება რაღაც მომენტში გადამეღეღოს კიდეც… რა ვქნა, რაც არის, არის!

ფეხშიშველი რომ ვიყავი, არც გამხსენებია, ჰოლში დინჯი ნაბიჯებით გავედი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და არც მიკითხავს, რომელი ხარო, ისე გადავატრიალე გასაღები. არ ღირდა ამის კითხვა. სულელიც კი მიხვდებოდა, სათვალთვალოში რომ გავიხედავდი.

მას თავი არ აუწევია, ეგრევე ჩემს შიშველ ფეხებს დაასვა მზერა.

_ ქალო, გნახე ფეხშიშველიიიი… ჩამოგოგდი ეზოშიაააა… _ წაიმღერა და დაბინდული თვალები მომაპყრო, _ შევრიგდეთ?

ნიკას ხელში კონიაკის ბოთლი ეჭირა. მზერა მისი სახიდან სასმელზე გადავიტანე… დამუნჯებულივით ვიდექი და შტერი ბავშვივით გადამქონდა მზერა კონიაკიდან ნიკაზე, ნიკადან კონიაკზე.

_ სომხურია, _ დამნაშავის ღიმილით ამიხსნა და სასმლიანი ხელი ჰაერში ასწია, მეორე კი კარის ძგიდეს მიაყრდნო.

ისე ჰქონდა თითები შემოჭდობილი ბოთლის ყელზე, თითქოს წახრჩობას უპირებსო. რა უცნაური კაცია! გუშინ კინაღამ ჩამქოლა, დღეს კი ბავშვობის მეგობარივით მიღიმის. თითქოს არაფერი მომხდარიყოს! თითქოს გუშინდელი დღე გაფუჭებული კადრივით ამოჭრა თავისი ცხოვრებიდან!

«ეგრე არ არის, თაყაო…» _ გამახსენდა ქართული ანდაზა. მან კი ამოჭრა, მაგრამ მე _ არა. არც მიცდია… და არც ახლა ვცდილობ… და არც მომავალში ვეცდები…

დარჩეს, როგორც საშინელი ეპიზოდი… სამახსოვროდ…

ხომ გეუბნებოდით, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა-მეთქი. როცა შეატყო, ჩემი მოლბობა არ გამოუვიდა, შეტევაზე გადმოვიდა.

_ როგორ თქვი დღეს? თორემ ასეთ უაზრობას როგორ გავივლებდი გულშიო? ჰა? როგორ იყო? _ მწარედ ჩაიღიმა და თავი კვლავ ჩაღუნა.

არც ამჯერად გავეცი პასუხი. «სამაგიეროს გიხდი» _ მეწერა სახეზე.

მოულოდნელად უცნაურად აიქნია თავი, ოდნავ გვერდზე გადახარა, თვალები მოჭუტა და კოპებშეკრულმა მკაცრად მკითხა.

_ რატომ არ მიშვებ? ის სხვა ვინმე ხომ არ გყავს საძინებელში, ჩემ მაგივრად «მხედველობაში» რომ გყავდა და «ზემოთ» რომ ზის? _ დამგესლა.

«მგონი, ეჭვიანობს», _ ტუჩებს ძლივს მოვუყარე თავი, რომ არ გამცინებოდა.

_ არა, _ როგორც იქნა, პასუხის ღირსი გავხადე.

_ აბა, რა გჭირს, მებუტები?

_ არა.

_ მაშინ რატომ არ მეპატიჟები? სტუმარი რომ ღვთისაა, არ უსწავლებიათ შენთვის?

_ არა, _ ჯიუტად ერთსა და იმავეს ვპასუხობდი.

_ სხვა სიტყვა არ გემეტება ჩემთვის? _ ალერსიანად ჩამხედა თვალებში.

_ ა-რა! _ ახლა უკვე დავმარცვლე უარყოფითი ნაწილაკი.

_ და არც აპირებ, გაიმეტო? _ აგრძელებდა თავისას.

_ არა!

_ ძალიანაც კარგი. მაშინ ასე გეტყვი _ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შემოვიდე?

_ არა… _ ეს კი უნებლიეთ წამომცდა.

_ ჰოდა, შემომიშვი მაშინ, _ თითქოს ტვირთისგან გათავისუფლდაო, კარის ძგიდეს მოაშორა ხელი და ნაბიჯი წინ გადმოდგა.

გვერდზე გავდექი. მართლა ხომ არ გავაგდებდი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი უფროსი იყო.

_ ყველაფერს აგიხსნი… მართლა… დედას გეფიცები… _ ლუღლუღით იკვლევდა იგი გზას სასტუმრო ოთახისკენ.

ჰაერში სასმლის სუნი დატრიალდა… მივხვდი, არ იყო ფხიზელი. ფეხდაფეხ მივყევი, მერე კი ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და კარის ძგიდეს ზურგით მივეყრდენი. ნიკა დივანზე ჩამოჯდა და კონიაკის ბოთლი ჩემს მწვანედ შეფერილ მარმარილოს დაბალ მაგიდაზე შემოდგა.

_ ნასვამი ვარ, _ თავის მართლებას მოჰყვა, როცა ჩემი უკმაყოფილო სახე დაინახა, _ მაგრამ იმდენად არა, რომ ხვალ არაფერი მახსოვდეს.

ხმას არ ვიღებდი, თვალებით ვბურღავდი მხოლოდ. აქ მე ვიყავი უფროსი, სიტუაციის ბატონ-პატრონი… აქ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული.

_ ნუ მიყურებ ასე… გთხოვ… მოდი, დაჯექი… _ ხელი დივანზე დაატყაპუნა.

არ გავნძრეულვარ.

_ ლამაზი ბინა გქონია… დიდი და კოპწია… საჭმელი გაქვს რამე?

_ არა.

_ ყველაფერზე არა, არა და არა… მე ხომ პატიების სათხოვნელად მოვედი? მტერსაც კი პატიობენ შეცდომას… რა ვქნა, მითხარი… წავიდე? _ ხელები მუხლებზე ჩამოიყრდნო და საყვარლად მომაჩერდა.

_ არა! _ ეს უკვე გააზრებულად ვთქვი, არ წამომცდენია.

_ კიდევ კარგი, ერთმა არამ მაინც მომიტანა სარგებელი, _ ჩაიცინა და ხელოვნების დონეზე აყვანილი არტისტული ტაში შემოჰკრა, ნელი, ჰაეროვანი, არისტოკრატული მანერით…

პასუხი არ გამიცია, შევტრიალდი და სამზარეულოში გავედი. პური დავჭერი, ყველი დავჭყლიტე და კვერცხთან ერთად ავთქვიფე, რომ შემეწვა. აბა, ყიყლიყოს ხომ არ «ვაკადრებდი»?

სასტუმრო ოთახიდან ჩქამი არ ისმოდა. ხომ არ ჩაეძინა? ახლა რომ დაძინებული დამხვდეს, კიდევაც გავგიჟდები.

ათ წუთში ყველაფერი მზად მქონდა. პირველ რიგში, თეფშები და ჭიქები გავიტანე. ნიკა იმავე პოზაში დამხვდა, ოღონდ ამჯერად თავი ხელებში ჩაერგო.

_ ნუ წუხდები, არ მშია… _ მითხრა, წელში გასწორდა და დივანის საზურგეს მიეყრდნო, თან ფეხი ფეხზე გადაიდო.

_ არ ვწუხდები, _ გულგრილად ვთქვი.

_ აბა, რას აკეთებ?

_ სუფრას ვშლი, რომ ყველამ ერთად ვივახშმოთ, _ ხაზგასმით წარმოვთქვი.

_ ყველამ ერთად? _ თვალები გაუფართოვდა, _ ვისთან ერთად, თუ საიდუმლო არ არის? _ და გაოცებულმა ირგვლივ მიმოიხედა.

_ კონიაკთან და ნაღვლიან აზრებთან ერთად, _ «გავუმხილე».

_ მართლა? ვიღაც კიდევ სახლში არ მიშვებდა… არადა, როგორი სტუმრები გვყოლია…

«გვყოლია» ყურში მომხვდა. აქაც კი უფროსად გრძნობდა თავს.

ნიკას პირდაპირ დავჯექი, სავარძელში. მან სასმელი ჩამოასხა და ჭიქა მომაწოდა.

_ მაპატიე, ხელცარიელი რომ მოვედი… ამ ერთხელ მაპატიე… არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და…

_ არა უშავს, _ რბილად ვუთხარი.

_ აჰა, ორი სიტყვა თქვი და მაინც «არა» გაურიე… _ გახუმრება სცადა, _ დავლიოთ?

_ მე ვერ დავლევ, _ თავი გადავაქნიე.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი.

_ მერე რა? მეც უნდა წავიდე ხვალ სამსახურში.

_ შენ… შენ უფროსი ხარ… საკუთარ თავს ხომ არ დასჯი, ბა-ტო-ნო ნიკა, მე კი… ჩვეულებრივი მდივანი ვარ, მდივნის დაჩაგვრა ადვილია… _ ძალიან, ძალიან სარკასტულად შევნიშნე.

_ შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ… არასდროს… _ მტკიცედ თქვა.

_ არც მე! _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე.

_ ვიცი… ვიწვნიე უკვე… და ყველაფერი გავიგე… ასე რომ, ბოდიშს გიხდი, ასე რომ მოგექეცი… შენ გაგიმარჯოს, ლოლა! _ საზეიმოდ წარმოთქვა და ჭიქა მაღლა ასწია.

_ მე ვერ დავლევ, ბატონო ნიკა, _ სარკაზმს არ ვეშვებოდი.

ჭიქიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა, მერე ნელ-ნელა ძირს დაუშვა და ჭიქა მაგიდაზე დადო, ოღონდ თითები არ მოუცილებია.

_ ნიკა დამიძახე! _ შეცვლილი ხმით მითხრა… უფრო მიბრძანა…

_ აქ, თუ სამსახურში? _ დამცინავი იერით გავხედე.

_ აქაც და სამსახურშიც, _ უცებ დამნებდა, მაგრამ მე შერიგებას არ ვაპირებდი.

_ რა გინდა ჩემგან, ნიკა? რისთვის მოხვედი? _ ცივად ვკითხე.

_ მსიამოვნებს შენი დანახვა, შენთან ლაპარაკი, შენი ხმის გაგონება… მინდა, ახლო მეგობრები ვიყოთ.

_ და ერთი სული გაქვს, როდის მომხვევ მკლავებს, ჩამხედავ თვალებში, შენთან მინდაო, მეტყვი და ლოგინში შემიტყუებ?

_ ეგ მე არ მითქვამს, ეგ შენ თქვი.

_ მაგრამ შენ ეს გაქვს დასახული მიზნად.

_ არა!

_ არა? მაშინ რას ნიშნავს შენი საქციელი სამსახურში? ისე მექცევი, თითქოს დამლაგებელი ვიყო… თუმცა ჩემთვის, შენგან განსხვავებით, დამლაგებელიც ჩვეულებრივი ადამიანია…

_ არ მინდოდა… ხომ გთხოვე, მაპატიე-მეთქი. გაბრაზებული ვიყავი… თანაც, ვერიდებოდი, იქ ვინმეს რამე გადაკრულად არ ეთქვა… ენა ბოროტია, ისეთ რამეს იტყვის, რაც შენც მოგიკლავს გულს და მეც. ამიტომ ვფიქრობდი, თუ დისტანციას შევინარჩუნებდით, ორივესთვის აჯობებდა. სხვანაირად არ შემეძლო.

_ სასაცილოა, თავს რომ იმართლებ.

_ მართლა? არ მეგონა, ამაში სასაცილოც თუ იქნებოდა რამე.

_ თურმე ყოფილა.

_ სად ისწავლე ასეთი მწარე სიტყვები?

_ კოლექციას ვაგროვებ, _ კიდევ უფრო მწარედ ვუპასუხე.

_ ჩვეულებრივ, ქალები ფეხსაცმელების შეგროვებას ამჯობინებენ… ან სამკაულების…

_ მე ჩვეულებრივ ქალებს არ ვგავარ.

_ ჰო… ეგ ვერ გავითვალისწინე… დალიე, რა… სულ ცოტა მაინც დალიე.

_ არა.

_ ჩემი ხათრით… თუ საერთოდ არ გაქვს ჩემი ხათრი? _ თვალებმოწკურულმა გამომცდელად შემომღიმა.

_ როგორც უფროსის, რა თქმა უნდა, მაქვს… _ არ დავიბენი.

_ როგორც სიმპათიური მამაკაცის?

სიცილი წამსკდა.

_ დუმილი ვიცი, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ აი, სიცილი… ნეტავ, სიცილი რისი ნიშანია? თან ასეთი გულიანი სიცილი?

_ ეს იმის ნიშანია, რომ ძალიან გამამხიარულე.

_ მაგით რა გინდა თქვა, რომ სიმპათიური არ ვარ?

_ ა-რააა! _ გახალისებულმა თავი მტკიცედ გადავაქნიე, _ გომბეშო და სიმპათიური ოდესმე გინახავს?

_ გნებდები… შენ მოიგე, მაგრამ მაინც უნდა დალიო.

_ მაინც რატომ?

_ მე, რომ წავაგე, ისიც მეყოფა… რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს, ერთ სურვილს გომბეშოსაც კი შეუსრულებენ.

_ კარგი, კარგი, დავლევ… შენი ბაყაყობის ხათრით, _ საბოლოოდ მოვლბი და სასმელი სადღეგრძელოს უთქმელად გადავკარი…

უჰ, როგორ მესიამოვნა! აი, ეს მინდოდა სწორედ! ერთი სურვილი უკვე ამისრულა ჩემმა ბაყაყ-გომბეშომ.

_ შენ რა მაგარი ხარ! შეგერგოს! მიაყოლე რამე.

_ პირველი ჭიქის მერე არ ვაყოლებ, _ გავიხუმრე.

_ ეგ რუსული ზღაპრიდანაა, შენ რამე ქართული თქვი.

_ სომხურ კონიაკს ლუკმის მიყოლებით გავაფუჭებ? _ მოვიფიქრე «ქართული».

_ გიჟი ხარ… შენ სიტყვაში ვერავინ მოგიგებს, _ გულიანად ახარხარდა, მერე უცებ ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა.

ოჰ, ეს ჟრუანტელი… რა სასიამოვნო რამეა… ერთს დაგიშხუილებს ძარღვებში და სისხლს სასიამოვნოდ გაგიხურებს… მით უფრო, კონიაკის თანხლებით… ორივე ერთად ნამდვილი დოპინგია!

ყინული გალღვა… ატმოსფერო დათბა… საუბარი აეწყო… კიდევ ორი ჭიქა დავლიეთ… იმაზე მეტად მომეკიდა, ვიდრე ველოდი… ჩვეულებრივ, სამი ჭიქა არ მათრობს ხოლმე, ახლა კი, ისე ვგრძნობდი თავს, მეგონა, გალეშილი მთვრალი ვიყავი.

ოთახში მოულოდნელმა მდუმარებამ დაისადგურა. მე მხოლოდ ჩემი გულის ბაგაბუგი მესმოდა. მას… მეგონა, მასაც ესმოდა… კარგა ხანს ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.

_ როგორი დიდრონი თვალები გქონია… _ აჩურჩულდა მერე, _ ადრე ვერ ვამჩნევდი, თუ ასეთი ლამაზი იყო… ოქროსფერი?.. არა, დაძველებული, კეთილი კონიაკის ფერი… არა, რძიანი შოკოლადის ფერი… ხედავ, როგორ დამაბნიე? ფერებსაც ვეღარ ვარჩევ… _ მისი გამომეტყველებიდან ვამჩნევდი, როგორ ეძებდა შედარებებს, რომ ჩემი თვალების ფერი განესაზღვრა, ბოლოს ამოთქვა, _ თაფლის… მუქი, წაბლის თაფლის ფერი… რომელსაც მზის სხივი დაჰკრავს… მართლა ასე გიბზინავს… მოდი ჩემთან, _ მისმა იდუმალებით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა თითქოს ოთახი ექოთი გაავსო…

«მოდი ჩემთან… მოდი ჩემთან… მოდი ჩემთან…» _ თითქოს შორიდან ჩამესმოდა ყოველ წამს…

დაჰიპნოზებულივით წამოვდექი და მის გვერდით დავჯექი. ხელი მხარზე მომხვია, მჭიდროდ მიმიკრა… კარგა ხანს ვისხედით ასე, ერთმანეთზე ტკიპასავით მიკრულები. მერე ნიკა ჩემკენ გადმოიხარა, ნელა მომიახლოვა სახე. ნაზად, ძალიან ნაზად მაკოცა, ოდნავ შემეხო მხოლოდ… როგორი ცივი ჰქონდა ტუჩები!!! «ალბათ სიმთვრალის ბრალია», _ სასმელს დავაბრალე…

რამდენიმე წამი და… ჩვენ თავდავიწყებით ვკოცნიდით ერთმანეთს… თავბრუდახვეული უსაზღვრო სიამოვნების მეტს ვერაფერს ვგრძნობდი, ყველაფერი გადამავიწყდა ამქვეყნად. არსებობდა მხოლოდ ძლიერი მკლავები, მოწყურებული ტუჩები და კიდევ… აუხსნელი მომთენთავი შეგრძნება, რომელიც თანდათან იზრდებოდა, ძლიერდებოდა და ენით აუწერელი ბედნიერებით მთანგავდა. სისხლი გახურებული დარბოდა ძარღვებში, ხან ზევიდან ქვევით დაეშვებოდა, ხანაც ქვემოდან ზევით ავარდებოდა აზვირთებულ ტალღასავით. უეცრად ვიგრძენი, როგორ აუცახცახდა ნიკას სხეული და ისეთი გზნებით მაკოცა, სიამოვნების ზენიტში მყოფმა მოურიდებლად დავიკვნესე. კოცნა უსასრულოდ გაგრძელდა… ასე მეგონა, უჯრედ-უჯრედ ვიშლებოდი, იმდენად ვიძირებოდი ვნების ბურანში. არ ვიცი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას, მკერდზე რომ არ წაევლო ხელი… წამიერად გავმოფხიზლდი და უეცრად წარმოვიდგინე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და იმდენად შემაძრწუნა ამის გაფიქრებამ, რაც ძალი და ღონე მქონდა, ხელი ვკარი… მოულოდნელობისგან შეკრთა, თითქოს ძილბურანიდან გამოერკვაო და ამღვრეული თვალებით შემომხედა… იგი მძიმედ სუნთქავდა…

_ გვეყოფა… _ ჩავიჩურჩულე ერთიანად ალეწილმა, გვერდზე გავიწიე და ხალათის გულისპირის გასწორებას შევუდექი, რომელიც გადამღეღოდა.

_ ვწუხვარ, რომ დაძალება არ შემიძლია, _ დანანებით თქვა, _ ყველაზე მეტად შენთან ლოგინში დაწოლა მინდა, ლოლა.

_ და გგონია, რომ ამაზე ასე ადვილად დაგთანხმდები? _ მრისხანედ დავაკვესე თვალები.

_ არა, არ მგონია… _ თავი გადააქნია, _ უბრალოდ, შენთან ძალიან გულახდილი ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულწილად, შენც იზიარებ ჩემს გრძნობებს. თუმცა, დარწმუნებული არაფერში ვარ. ქალები, რომლებთანაც მე ურთიერთობა მქონია, სხვანაირად ფიქრობდნენ და სხვანაირად იქცეოდნენ.

_ მე არ ვეკუთვნი ასეთ კატეგორიას, _ ამაყად წარმოვთქვი, გამაღიზიანა მისმა სიტყვებმა, _ მე _ ეს მე ვარ, ლოლა კი თავისი წესების მიხედვით თამაშობს!

_ გასაგებია… _ ნიკამ ღრმად ამოიხვნეშა და თმაზე გადაისვა ხელი, მისი ნაცრისფერი თვალები უცნაურად დაბინდულიყო, თუმცა მაინც უბრწყინავდა, _ არ ვიცი, რაში მდგომარეობს შენი წესებით თამაში, მაგრამ პირადად მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული _ შენ მე მჭირდები ნებისმიერი პირობით, რომელსაც აირჩევ და მოისურვებ. თუ მხოლოდ ის გინდა, ჩემს კომპანიაში მდივნად იმუშაო, ამასაც შევურიგდები, ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნით მაინც… მაგრამ არ გავტანჯავ სულს იმის მტკიცებით, რომ ამაზე მეტი არ მსურს. გაცნობის დღიდან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებ. მინდა, გამუდმებით ჩემ გვერდით იყო, ხშირად გხედავდე… აბა? როგორ მოგწონს თამაშის ასეთი წესები? თანახმა ხარ, გახდე ჩემი მეგობარი და კომპანიონი?

გულდასმით ვუსმენდი ნიკა მეტრეველს, კომპანია «აიპისის» პრეზიდენტს, თან ვცდილობდი, დამეფარა ზედმეტი დაინტერესება. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ ის, ჩემი კერპი მამაკაცი, აქ ზის, ჩემ გვერდით, ჩემს დივანზე და მეუბნება, რომ მას ვჭირდები?! საოცარია! ნამდვილი სასწაული! თუმცა… ხანდახან ხომ სასწაულებმაც იცის ახდენა… ისევე, როგორც სიზმრებმა…

_ ვცდი… _ უფრო ამოვიხრიალე, ვიდრე ვთქვი, _ მაგრამ ახლა უნდა წახვიდე… ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, როცა ფხიზელი ვიქნებით.

მზერა ჭერს მიაპყრო, თითქოს დაფიქრდა. მერე წამოდგა და კარისკენ დაიძრა.

_ კარგი… ოღონდ ერთი პირობით, _ შეჩერდა და მოტრიალდა, _ ხვალ საღამოს ერთ ადგილას უნდა გამომყვე.

უარის თქმა დავაპირე, მაგრამ არ დამაცალა.

_ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, სხვა არავინ… და პირობას გაძლევ, შენი სურვილის წინაღმდეგ არ წავალ, რადაც უნდა დამიჯდეს.

მაინც ვყოყმანობდი.

_ თან ძალიან მაგრად უნდა გეცვას, იცოდე… ნამდვილი პრინცესა უნდა იყო.

_ მაგრამ…

_ კაბას მე შეგირჩევ. ამაზე მე ვიზრუნებ, _ შეპასუხებას არ მაცდიდა.

_ რატომ, მე მაქვს კარგი კაბები, _ ახლა კი გავაპროტესტე.

_ ეჭვიც არ მეპარება, რომ გექნება, მაგრამ მე მინდა შევარჩიო. მომცემ ამის უფლებას? ყიდვას არ ვგულისხმობ, აქ მოვალ და შენი გარდერობიდან მე შევარჩევ… ოკეი? ოდესმე აგიხსნი, რატომაც. გთხოვ, უარი არ მითხრა. თუ გეუხერხულება, მითხარი, არ მეწყინება, თუმცა კი ძალიან მინდა ასე მოხდეს. თანახმა ხარ?

თავი დაურწმუნებლად დავუქნიე. თამაშის ეს წესი საერთოდ გაუგებარი იყო ჩემთვის, აქამდე უცნობი და იდუმალი…

_ დიდი მადლობა… ახლა კი წავედი, _ თქვა და ჰოლისკენ დაიძრა.

_ ნიკა, მოიცა! _ დავუძახე.

ერთ ადგილას გაჩერდა და მხოლოდ თავი მოაბრუნა.

_ შენი ხალათი გავრეცხე, შეგიძლია წაიღო… _ ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და სკამიდან დაკეცილი ხალათი ავიღე.

_ დიდი მადლობა, მაგრამ არ ღირდა შეწუხებად… მე გაურეცხავს ვამჯობინებდი, რომელსაც შენი სურნელი ექნებოდა შემორჩენილი.

როგორ გავწითლდი… ღმერთს მადლობა შევწირე, რომ იმწუთას ზურგით ვიდექი, რადგან ხალათს პარკში ვდებდი და მას ჩემი აჭარხლებული სახის დანახვა არ შეეძლო.

_ შენზე ვიყავი გაბრაზებული და საერთოდ, ყველა დანარჩენ მამაკაცზე ამქვეყნად, ამიტომ დიდხანს ვრეცხე, რომ ჩემი სურნელი მთლიანად გამექრო, _ ჩემსავე ნათქვამზე გამეღიმა.

_ ახლა? ცოტათი მაინც თუ შემირიგდი მე და ძლიერის სქესის სხვა დანარჩენ წარმომადგენელს?

_ ცოტა-ცოტა კი, _ საჩვენებელი და ცერა თითით «ცოტა» მოვხაზე და გულიანად გავიცინე.

_ რა საყვარელი ხარ… ეჰ… _ პარკი ჩამომართვა და ხელი დამიჭირა, _ წავალ ახლა და რომელიმე ჩემს გამრთობს დავურეკავ, _ ხუმრობით თქვა თუ სერიოზულად, ვერ მივხვდი.

მომენტალურად შემეცვალა გამომეტყველება… მას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

_ აბა რა ვქნა? შენ ჩემთან სექსი არ გინდა, მე კი მამაკაცი ვარ, როგორ მოვიქცე? ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, გესმის? მაშინ დავწვეთ ერთად და პირობას გაძლევ, სხვა ქალებს ახლოს არასდროს გავეკარები, მხოლოდ შენთან ვივლი.

_ ის სხვა ქალებიც ამ პირობით ჩაიწვინე ლოგინში? _ თვალებით გავბურღე.

ირიბად ჩაიცინა.

_ არა, მათთთან გარიგება არ მიხდება, ისინი თავისით მიხტებიან საწოლში.

_ იმიტომ, რომ სიმპათიურად მიგიჩნევენ? _ არ ვზოგავდი.

_ ზესიმპათიურად, _ შემისწორა.

_ ნუთუ?

_ მათ იციან, რასაც აკეთებენ…

_ მაგას დიდი ხანია, მივხვდი.

_ მართლა? როგორ? _ ინტერესი გამოეხატა სახეზე.

_ გგონია, არ ვიცი, რომ ასაკოვანი ქალები მოგწონს? _ მივახალე.

_ რაო, რაო?! როგორი ქალებიო? _ ხელი ყურთან მიიტანა, თითქოს ვერ გაიგონაო.

_ ა-სა-კო-ვანი.

_ ეგ ვინ გითხრა?

_ არავინ… დავინახე.

პასუხი არ გაუცია, კვლავ ისე ჩაიცინა, როგორც წეღან, ირიბად. ტყუილად ველოდი, არაფრის თქმას არ აპირებდა.

_ შენ რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს, ეგ მე არ მეხება, ნიკა, _ შეცვლილი ხმით ვთქვი, რადგან მივხვდი, არაფერს მეტყოდა.

_ არ გეხება.

_ ასე რომ…

_ კარგი, კარგი, წავედი, თორემ შტორმის მოახლოებას ვგრძნობ, _ შემრიგებლური ტონით ჩაილაპარაკა და კარი გამოაღო, _ შენ რა უნდა აკეთო ამაღამ, იმას უნდა დაურეკო, «ზემოთ» რომ ზის? _ ეშმაკურად გამიღიმა.

_ ეგ შენ არ გეხება, _ ნიშნის მოგებით ვუთხარი.

_ არ მეხება…

_ მაშინ რაშია საქმე, რატომ ინტერესდები? _ მტკივნეულ ადგილას მოვარტყი.

მოულოდნელად ისეთი შეუვალი გაუხდა სახე, გულში ვინანე კიდეც, სიტუცია რომ დავძაბე.

_ არა, არაფერი, _ შეფიქრიანებულმა მიპასუხა, _ შენი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის, _ ცივად დააყოლა და კარი ისე გაიხურა, უკან არ მოუხედავს…

ეს იმას ნიშნავდა, რომ ხვალინდელი შეხვედრა აღარ შედგებოდა…

ვიგრძენი, როგორ ამოვარდა გული ბუდიდან… არამხოლოდ ამოვარდა, საერთოდ განერიდა ჩემს სხეულს და ნიკას მიჰყვა უკან… დაცარიელდა საგულე… იქ სიცივემ დაისადგურა… მასზე შეყვარებულმა გულმა აღარ მოისურვა ჩემთან დარჩენა…

ნირწამხარი კედელს მივეყრდენი… ცოტა ხანში მანქანის დაქოქვის ხმა გავიგონე… ფანჯარას მივვარდი… შავი ჯიპი ნელი სვლით ტოვებდა კორპუსს…

 

 

მთელი სისწრაფით ვმუშაობდი. დილიდან იმდენი რამ დამავალა თედომ, ასე მეგონა, სამაგიეროს მიხდიდა და ჩემს დასჯას ცდილობდა გუშინდელი გამოხდომების გამო. როგორც ჩანს, დღეს საერთოდ არ მომიწევს შინ წასვლა, _ თან ვთარგმნიდი, თან ვბეჭდავდი ხელშეკრულებებს, თან ჩემთვის ვბუზღუნებდი. მთელი გულისყურით ნიკასთან ვიყავი. დღეს სადღაც წაყვანას დამპირდა, მაგრამ წუხელ რომ გაბრაზებული წავიდა? მოვა კი? ისე მოვუშალე ნერვები, ალბათ ახლოსაც არ გამეკარება… ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ სიბრაზე არ გადაუვლის.

შესვენებაც არ გამიკეთებია, თავაუღებლად ვაგრძელებდი მუშაობას. შუადღისას მარიკა ჩამოვიდა, ყავა დავლიოთო. უარი ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მცხელოდა ყავისთვის.

_ იცი? აქედან წასვლა გადავწყვიტე, _ დაიწყო მარიმ მოულოდნელად.

თვალები დავაჭყიტე.

_ რა თქვი?

_ როგორც კი ახალ შენობაში გადავალთ, სამსახურიდან მივდივარ.

_ კი მაგრამ, რატომ?

_ ასე აჯობებს ჩემთვის, _ გულსაკლავად ამოიოხრა.

_ ამ დეგენერატის გამო? _ უნებურად წამომცდა და თვალებით თედოს კაბინეტისკენ ვანიშნე…

_ ჰო. სანამ მის სიახლოვეს ვიტრიალებ, მის დავიწყებას ვერ შევძლებ. ამიტომ დროზე უნდა გავერიდო აქაურობას, _ თავჩაღუნული თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა ყოფილი მდივანი.

_ მერე რას აპირებ? როდემდე იქნები უსამსახუროდ?

_ არის რაღაც ვარიანტები და ვნახოთ.

ერთხანს ჩუმად ვისხედით. არ ვიცოდი, რა მეთქვა. მისთვის მართლა ჯობდა, წასულიყო, მაგრამ მე რა მეშველებოდა? ისე მივეჩვიე, მის გარეშე ვერ წარმომედგინა.

_ შენ არ დაგკარგავ, ნუ გეშინია, _ თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო, სიყვარულით გამიღიმა.

_ რა თქმა უნდა, დაკარგვით არც მე დაგკარგავ, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს, წასვლა რომ გადაწყვიტე. იქნებ გადაგეფიქრებინა? ან ჯერ გეშოვა ახალი სამსახური და მერე წასულიყავი?

_ საბოლოო ჯამში ეგრეც გამოვა. სანამ გადავალთ, იქამდე გამოჩნდება რამე. ყოველ შემთხვევაში, მპირდებიან და…

ამ დროს კარი გაიღო და სამდივნოში ვიტალიმ შემოაბიჯა.

_ ვაჰ! თედოს ანგელოზები?! როგორ ხართ, ლამაზებო?

_ არა გვიშავს, _ ნაძალადევად გავუღიმე.

_ აქ არის? _ საჩვენებელი თითი კაბინეტისკენ გაიშვირა უფროსმა მენეჯერმა.

_ ჰო… მოიცა, ვეტყვი, _ შიდა ნომერი ავკრიფე და შეფს ვიტალის მოსვლა ვამცნე.

შემოუშვიო, ცივად მითხრა. მისი ტონი მაინცდამაინც არ მესიამოვნა, აღრენილი ჩანდა.

_ ეჰ, წავედი, წავედი, საქმეები თავზე მაყრია, აღარ შემიძლია უკვე, _ ჩაიბუზღუნა მარიკამ და ყავის ფინჯნებს ხელი დაავლო, _ ამათ გავრეცხავ და მერე ჩამოვიტან.

თავი უსიტყვოდ დავუქნიე.

_ საღამოს გცალია? ძალიან უნდა დედაჩემს შენი გაცნობა.

_ არ ვიცი, მარი, _ გავწითლდი, _ ჩემმა ბიძაშვილმა მთხოვა, სადღაც გამყევიო და შეიძლება დღეს დავჭირდე. სხვა დროს რომ იყოს?

_ სხვა დროს იყოს, _ მარიკამ დამშვიდობების ნიშნად აათამაშა თითები და გავიდა.

წუთიც არ იყო გასული, რომ კვლავ შემოყო თავი.

_ ახალი ამბავი იცი?

_ არა… რა მოხდა?

_ მეტრეველს მდივანი გაექცა.

_ გაექცა? _ მისი გვარის გაგონებაზე ფერი წამივიდა, _ რას ნიშნავს, გაექცა?

_ საქმეებს ვერ ავუდივარო და… არადა, ყურებამდე იყო შეყვარებული. არც მალავდა ამას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როგორც ჩანს, ჩემსავით გაქცევა გადაწყვიტა.

_ რატომ არ გამოუვიდა… მეტრეველს ის მოსწონს, თვითონ რომ ნადირობს ქალებზე? _ სუნთქვა შევიკარი, ისე მაინტერესებდა პასუხი.

_ თანაც როგორ! _ დამეთანხმა მარიკა, _ მაგრამ პრინციპი აქვს ასეთი _ თანამშრომელ ქალს ზედაც არ შეხედავს. ასეთი გართულებები არაფერში სჭირდება, თედოს კი არ ჰგავს.

ამის გაგონებაზე კრუნჩხვისმაგვარი რაღაც დამემართა. ისე დამეჭიმა სხეული, ძვლები ამტკივდა.

მარის მეტი არაფერი უთქვამს, კარი გაიხურა და გაქრა.

ვიტალი მალევე გამოვიდა. ერთხანს შედგა და უხმოდ მიყურა. მივხვდი, რაღაცის თქმას აპირებდა.

_ როგორც ჩანს, დღეს ჩემი დღეა, რატომღაც ყველაფერში მიმართლებს, _ თვალებგაბრწყინებულმა «მახარა».

_ ეს ძალიან კარგია, _ უემოციოდ აღვნიშნე, არ დავინტერესებულვარ, რაში გაუმართლა.

_ და ასე მგონია, თუ დაგპატიჟებ საღამოს სადმე, უარს არ მეტყვი, _ გააგრძელა.

ჯერ გამიკვირდა, მერე კი გამეცინა.

_ დიდი მადლობა, ვიტალი.

_ ესე იგი, თანახმა ხარ?

რა სასაცილო ვინმეა! და როგორი თავდაჯერებული!

_ შენ… ცოლიანი ხარ? _ პირდაპირ ვკითხე, ყოველგვარი შესავლის გარეშე.

_ კი, მაგრამ განქორწინებას ვაპირებ.

_ ჰოდა, მაშინ დამპატიჟე, როცა ცოლს გაეყრები! მთლად ბოლომდე შენი დღე არ ყოფილა, ჩემო კარგო, ყველაფერში ვერ გაგიმართლა! _ დამცინავად აღვნიშნე.

_ რა ულმობელი ყოფილხარ! _ გახუმრებით სცადა უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენა.

_ ვიცი! _ ჯიბრიანად მივუგე და ვაგრძნობინე, რომ მასთან საუბარი არ მსიამოვნებდა.

ხმის ამოუღებლად დატოვა ოთახი. მისი გასვლა და კაბინეტიდან თედოს გამოსვლა ერთი იყო.

_ რაო, რაო? რატომ გიწოდა ულმობელი? სადმე დაგპატიჟა და უარი უთხარი? _ ვითომ უინტერესოდ იკითხა დირექტორმა.

ჰმ… თურმე რამხელა ყურები გვქონია! როგორც ჩანს, კარი არ იყო მჭიდროდ მიხურული, რადგან ჩვენს საუბარს მოჰკრა ყური.

_ როგორც ვატყობ, თაყვანისმცემლების გრძელი რიგი დაგიდგა, _ სერიოზული ტონით გააგრძელა თედომ, _ შენს ადგილას, სიას ჩამოვწერდი, რომელ დღეს ვის და რომელ საათზე უნდა შეხვდე, რომ არ აგერიოს.

_ რით დავიმსახურე ასეთი სიტყვები? ცოტა გაუგებარია ჩემთვის, რისი თქმა გინდა… იქნებ ციტირება მოგეხდინა, რომ უკეთ ჩავწვდე საქმის არსს? _ ამრეზით ავხედე.

მამაკაცს ტუჩები უცნაურად შეერხა, მერე უცებ მოიღუშა. მომეჩვენა, რომ რაღაცით უკმაყოფილო და, ამავდროულად, აფორიაქებული იყო.

_ ერთ საათში შეგიძლია სახლში წახვიდე, _ მითხრა და თვალი თვალში გამიყარა.

_ რატომ? _ გაფითრებულმა ძლივს ჩავიჩურჩულე, მეგონა, მათავისუფლებდა სამსახურიდან.

_ ზემოდან ასე მიბრძანეს. შენ და მეტრეველი ხომ შეხვედრაზე მიიჩქარით საღამოს! _ ისეთი სარკაზმი ჩააქსოვა თავის ნათქვამში, ყურებამდე გავწითლდი.

იგი ჩემს პასუხს არ დალოდებია, სწრაფად გავიდა კაბინეტიდან.

გული უცნაურად მიცემდა. ესე იგი, ნიკამ დაურეკა და უთხრა, ადრე გაათავისუფლეო? გამოდის, ჩვენი შეხვედრა არ გადაიდო? რა კარგიააააა! ლამის მთიულური დავუარე!

ახლა უკვე ვეღარ დავუდე სამუშაოს გული. მთელი არსებით მოსალოდნელ საღამოზე ვფიქრობდი, ფანტაზიას ფანტაზიაზე ვაგებდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რით დამთავრდებოდა ღამის პაემანი.

უეცრად ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა. პირველსავე ზარზე დავწვდი ყურმილს.

_ გისმენთ! _ ხალისიანად ჩავძახე.

_ ბონჯორნო, ბელლა რაგაზა, _ ვიღაც მამაკაცი იტალიურად მომესალმა, ანუ, გამარჯობა, ლამაზო გოგონაო, მითხრა.

_ ბონჯორნო, _ გაკვირვებულმა ვუპასუხე.

_ კომე ვა? (ანუ, როგორ არის საქმეო?)

_ მოლტო ბენე (ძალიან კარგად), _ ვპასუხობდი, თან ვხვდებოდი, რომ უცნობი იტალიურს ძლივს ამტვრევდა, _ ჩე ტი? _ რომელი ხარ-მეთქი, ვკითხე.

_ ლა ტუა ფან, _ შენი ფანი ვარო.

_ მართლა? _ ქართულზე გადავედი, თან მეცინებოდა, მართობდა უცნობის იტალიური.

_ ე ილ ტუო სკვადრო ინნოჩენტე ინ მეცცო ალლა ჯენტე ლა ფელიჩიტა, _ დამარცვლით «ჩაარაკრაკა» უზარმაზარი წინადადება, რაც ნიშნავდა «ბედნიერება _ ეს შენი საოცარი მზერაა ბრბოში», _ ფრაზა ალ ბანოსა და რომინა პაუერის სიმღერიდან იყო… რამ გაახსენა… ხმამაღალი სიცილი ამიტყდა.

_ ხომ მაგარი იტალიური «ვხიე»? _ ისიც ამყვა.

_ არ მეტყვი, ვინ ხარ? _ ხმა გავიმკაცრე.

_ ნიკა ვარ, რა დაგემართა.

_ ნიკა-ა? _ გაოცებისგან პირი დავაღე, მისი ხმა პირველად მესმოდა ტელეფონში.

_ შენი მობილურის ნომერი არ ვიცოდი და აქ დაგირეკე… ისე, ჩვენში დარჩეს და… რატომ არ მომეცი შენი ნომერი?

_ არ გითხოვია და იმიტომ.

_ ჰოდა, ახლა გთხოვ.

_ ჰოდა, ახლა ჩაიწერე, _ მის მხიარულ ტონს მეც მხიარულად ვპასუხობდი.

ნომერი ვუკარნახე.

_ შენ თურმე იტალიური გცოდნია, მე კი მხოლოდ დღეს გავიგე ეს ამბავი. ამას მიმალავდი?

_ შენ არც ეს გიკითხავს.

_ კიდევ რას მიმალავ, ლამაზო? რა არის ისეთი, რაც მე არ ვიცი?

«მიყვარხარ», _ გავიფიქრე, ხმამაღლა კი ვუთხარი, _ ბევრი რამ.

_ აჰააა, გასაგებია… არა უშავს, მოვა დრო და ყველაფერში გავერკვევი, იმედია… შენ რას იტყვი?

_ არ ვიცი, ვნახოთ.

_ იტალიური სად ისწავლე?

_ იტალიაში, _ გავიხუმრე.

_ ინგლისური ინგლისში, არა?

_ ასე გამოდის.

_ აი, აიიიი! რა ეშმაკუნა ჰყავხარ დედიკოს და მამიკოოოს! კარგი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ… სახლში როდის მიდიხარ?

_ ნახევარ საათში.

_ რატომ, დრო დაგიწესა ვინმემ?

_ კი… თედომ.

_ ოხ, თედო, თედო… კარგი, მაშინ საათ-ნახევარში შენთან ვარ, კაბა შევარჩიოთ.

_ იქნებ… _ მინდოდა, მეთქვა, იქნებ ცოტა მოგვიანებით მოხვიდე, რომ თავის მოწესრიგება მოვასწრო-მეთქი, მაგრამ არ დამაცალა.

_ მე მხოლოდ კაბას შეგირჩევ, მერე წავალ და როცა მზად იქნები, მაშინ მოვალ.

_ კარგი, ეგერ იყოს.

_ არივედერჩი, ლამაზო ქალო, _ დამემშვიდობა.

_ არივედერჩი, _ ნაზად ვუპასუხე და ყურმილი დავკიდე…

დავკიდე და დავრჩი ასე, ყურებამდე გაღიმებული. როდის-როდის მოვეგე გონს, კომპიუტერი გამოვრთე და მაგიდის მილაგებას შევუდექი. ახლა მუშაობის განწყობაზე სულაც არ ვიყავი. ჯანდაბამდის გზა ჰქონია თედოსაც და მის ხელშეკრულებებსაც. მე ნიკასთან მიმეჩქარებოდა!

8 8 8

მის მოლოდინში ისე ვნერვიულობდი, ვერაფერი გავაკეთე. გიჟივით ბოლთას ვცემდი ოთახიდან ოთახში. სააბაზანოშიც ვერ გავბედე შესვლა, სწორედ მაშინ არ დამადგეს თავზე-მეთქი. ის კი მართლაც საათ-ნახევარში მოვიდა. გულიც ამითრთოლდა და სულიც, როცა კარი გავაღე. გამჭოლი მზერა მესროლა.

_ შენ რა, არ ემზადები? _ მკითხა და შემოპატიჟებას არც დალოდებია, ისე შემოვიდა.

ისეთი სიმპათიური იყო, ლამის გონება დამებინდა. შავი, უსახელო მაისურის ფონზე მზემოკიდებული სხეული სასიამოვნოდ ულაპლაპებდა, ხოლო ნაცრისფერი თვალები კიდევ უფრო უბრწყინავდა, ვიდრე სხვა დროს.

_ აბა? სად არის შენი განთქმული კაბები? _ ღიმილი გადაეფინა სახეზე, დოინჯი შემოიყარა და ირგვლივ მიმოიხედა.

_ აქ არის, _ პირველად ამოვიღე ხმა, საძინებელში შევუძეხი და გარდერობი გამოვაღე.

რამდენიმე, სულ ახალთახალი საღამოს კაბა გამოვიღე, რომელთაგან ორი ჯერ არც კი მცმია და რიგრიგობით საწოლზე გადავფინე. ვაითუ, ოთხივე დამიწუნოს, მერე? დამიწუნებს და საერთოდ არ წავალ… ყველაზე მარტივი გამოსავალია. აბა, ახალ საიდან მოვუტანო მისი მოწონებული კაბა, ხომ არ დავუხატავ?

ჯერ შორიდან შეავლო ყველას თვალი, მერე ახლოს მივიდა და შავი ფერის თხელი ატლასის, თავისივე ფოთლებით მოჩითული გრძელი კაბა შეარჩია, რომელიც ბებიამ გამომიგზავნა დაბადების დღეზე და რომელიც ერთხელაც არ ჩამიცვამს.

ნიკამ საკიდარს ხელი დაავლო და მასზე ჩამოცმული სამოსი სახესთან ისე ახლოს მომიტანა, ხელის ზურგით ლოყაზე შემეხო. ჟრუანტელმა მომიცვა. შეხება იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.

_ როგორ ფიქრობ, ლოლა, ეს სილამაზე რომ ჩაიცვა ამ საღამოს, რა ხასიათზე დადგებიან იქ მყოფი ნახევრად გახდილი ქალები?

_ ე-ეს? _ დავიბენი, _ არ ვიცი… შავს საერთოდ იშვიათად ვატარებ, ამიტომ…

_ ჰოდა, სცადე. შენი თმის ფერს ძალიან მოუხდება. დამიჯერე, ზედგამოჭრილია შენი სხეულისთვის… უ-ზა-დო სხეულისთვის, _ დამარცვლით დააყოლა.

_ კარგი.

_ თუ არ ჩაიცვამდი, რატომ იყიდე? _ მოულოდნელად დაინტერესდა.

_ მე არ მიყიდია, დაბადების დღეზე მაჩუქეს…

_ ვინ, თუ საიდუმლო არ არის?

_ ბებიამ.

_ ოოო! ყოჩაღ, ბებოს! არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონია! უფრო სწორად, მე და ბებიაშენს ერთნაირი გემოვნება გვქონია, _ ხმამაღლა გაიცინა.

მის სიცილს ღიმილი შევაგებე.

_ რამდენი დრო დაგჭირდება მოსამზადებლად?

_ ერთი საათი ალბათ.

_ ორმოცი წუთი!

_ რას ამბობ! ოც წუთში რას მოვასწრებ?! თმაც დასავარცხნი მაქვს.

_ შეეშვი თმას, აიწიე და დაიმაგრე, სულაც არ სჭირდება დავარცხნა.

ვერაფერში ვეწინააღმდეგებოდი. დაპროგრამებულივით ყველაფერში ვეთანხმებოდი, რასაც მოითხოვდა. სანამ რამეს მოვიმოქმედებდი, უეცრად მომეჭრა, წელზე ხელი მძლავრად მომხვია და ისე ახლოს მიმიზიდა, დავინახე, როგორ უფეთქავდა ყელზე ძარღვი. ნიკას სხეულის სიმხურვალე და ძვირად ღირებული სუნამოს არომატი ცხვირში გამაბრუებლად მიღიტინებდა. მისი გამუქებული ნაცრისფერი თვალები დაჟინებით სწავლობდნენ ჩემს სახეს.

_ მაშინ გავიშრობ მაინც… _ ნერწყვგამშრალმა რის ვაივაგლახით ჩავილუღლუღე.

შეუმჩნევლად ჩაიღიმა, ნელა, ძალიან ნელა. მეორე ხელი თმაში შემიცურა და ჩემი აბრეშუმივით რბილი კულულები თითებშუა გაატარა. სულმოუთქმელად ველოდებოდი, როდის მაკოცებდა, მაგრამ ამჯერად ამის სიამოვნება არ მომანიჭა, თუმცა მისი ხორხის «აღმავალ-დაღმავალ» მოძრაობას რომ დავაკვირდი, აშკარად შევნიშნე, უზარმაზარი ნერწყვი როგორ გადააგორა.

_ კარგი, ეგრე იყოს. მეც წავალ, გამოვიცვლი და ორმოც წუთში აქ ვიქნები.

თავი დავუქნიე.

_ რატომ ხარ უხასიათოდ? _ მომიტრიალდა, სანამ გავიდოდა.

_ არ ვარ უხასიათოდ.

_ ხარ… შენ მე რას გამომაპარებ!

_ ალბათ სასმელმა მაწყინა, _ თვალი ავარიდე.

_ ნაბახუსევი ხარ? _ სიცილი აუტყდა, _ ტონა კონიაკი დალიე და აბა, რა მოგივიდოდა, _ გამეხუმრა.

_ ნუ დამცინი, _ ტუჩი ავიბზუე, _ და საერთოდ, დღეიდან სასმელი არ შემომთავაზო, ერთი წვეთიც კი. გასაგებია? წვენი დამაძალე მხოლოდ, როგორც არასრულწლოვანს, _ ახლა მე «გავეცი განკარგულება», რამაც კარგ ხასიათზე დამაყენა.

_ დავიმახსოვრებ, _ მორჩილად დამიქნია თავი, _ ახლა კი გავალ, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ, _ თითი დამიქნია, ზღურბლს გადააბიჯა და სანამ კარს მოიხურავდა, მწველი მზერა არ მოუშორებია ჩემთვის.

მთელი სისწრაფით ავმოქმედდი. ვიბანავე, თმა გავიშრე, ავიწიე და კეფაზე ლამაზად დავიმაგრე. იცის ბიჭმა, რა მიხდება. ისეთი მაღალი ყელი მაქვს, აწეული თმა ნეფერტიტივით კისერს მიჩენს. ეტყობა, როგორი გაწაფულიცაა ქალებში, ყველა ნიუანსს წამში ამჩნევს. როცა ყველაფერს მოვრჩი და ჯერი კაბის ჩაცმაზე მიდგა, შემოსასვლელის კარი გაიღო და ვიღაცამ უბოდიშოდ შემოალაჯა ჰოლში. შიშისგან ელეთმელეთი დამემართა და ის იყო, უნდა მეყვირა, რომ გარედან ნიკას ხმა შემომესმა…

_ უკვე ორჯერ ოცი წუთი გავიდა. რა ხანია, შენი რეგლამენტი ამოიწურა.

_ ხუთი წუთი… მხოლოდ… კაბას ჩავიცვამ და მზად ვარ, _ გავძახე სიხარულისგან აფორიაქებულმა. თან მიხაროდა, ასე შინაურულად რომ გრძნობდა თავს ჩემს სახლში.

_ გელოდები!

ხალათი საწოლზე მოვისროლე და ჩაცმას შევუდექი. კაბას წავავლე ხელი, სარკის წინ დავდექი და სწორედ ისე მივიტანე სახესთან, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ნიკამ გააკეთა. ცოტათი გავწელე ჩაცმის პროცესი, რადგან კარი ნახევრად ღია იყო, იქნებ გულმა არ მოუთმინოს და შემოვიდეს-მეთქი, მაგრამ ამის მცდელობაც არ ჰქონია. მოთმინებით იდგა შემოსასვლელში და მელოდა. მაკიაჟს ვერას დიდებით ვერ მოვასწრებდი. სხვა გზა არ მქონდა, სახის შელამაზება უნდა დამევიწყებინა. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც იტალიაში მქონდა ნაყიდი, მერე ვერცხლისფერი საყურე გავიკეთე და ვერცხლის მოკლე ძეწკვი ჩამოვიკიდე ყელზე, რომელიც დედამ მაჩუქა, როცა ათი წლის გავხდი. მიყვარდა ეს სამკაული. სარკეში ჩავიხედე და გავშტერდი. საოცრად მიხდებოდა შავი კაბა, იგი სხეულზე იყო მოტმასნილი და მკვეთრად უსვამდა ხაზს ჩემი თეძოების მოყვანილობას. სამოსი ერთობ სექსუალურს მაჩენდა… საინტერესოა, ნიკაზე როგორ შთაბეჭდილებას მოვახდენ? მოვეწონები კი? კიდევ ერთხელ დავტრიალდი სარკის წინ და მივხვდი, რომ უფრო დიდი ვჩანდი… თითქოს ასაკი მომემატა… თითქოს გავიზარდე… ნეტავ, ორმოცის მაინც ვიყო, _ დანანებით გავიფიქრე.

როგორც იქნა, მოვრჩი, «შანელის» ჩანთას ხელი დავავლე და გამოვედი. გული შემიქანდა, რომ დავინახე, ისეთ ფორმაში იყო. მაჯისცემა ამიჩქარდა. ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი ნამზეურ კანზე საოცარ ეფექტს ახდენდა. თვალის ფერი ისევ გაღიავებოდა.

შემომხედა და გაშეშდა.

_ ჯანდაბას! _ ხმადაბლა შესძახა.

როგორც ჩანს, უმაკიაჟოდაც ეფექტური ვიყავი, ისეთი აღფრთოვანებული მიყურებდა.

ვითომ ვერ მივუხვდი.

_ ცუდად გამოვიყურები? _ გულუბრყვილო სახე მივიღე და ტანზე დავიხედე.

_ ცუდად მე გამოვიყურები შენი შემხედვარე, _ თავის ქნევით მომიგო, _ ულამაზესი ხარ, ქალღმერითივით შეუდარებელი… და ხვდები ალბათ, რომ ერთადერთი ხარ, რომელსაც შეუძლია, მალოდინოს, _ დაიტრაბახა.

_ ეს დიდი პატივია ჩემთვის, _ ირონიულად შევნიშნე.

_ მიუხედავად იმისა, რომ შენს ირონიას საზღვარი არა აქვს, ეს მაინც სიმართლეა… რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, ასეთი «დაუნდობელი» სილამაზის პატრონს უნდა გაპატიო დაგვიანება.

_ მაგრამ უმაკიაჟოდ…

_ უმაკიაჟოდ, _ გამაწყვეტინა, _ არ მიყვარს შეთითხნილი ქალები, თუმცა შენ არაზომიერად არასდროს ხარ დახატული.

_ მე კი მგონია, რომ რაღაც მაკლია, _ მინდოდა, კიდევ ეთქვა რამე «გამაჟრჟოლებელი».

_ კავალერი და ეკიპაჟი, ლედი… და ამ წუთიდან ორივე თქვენს განკარგულებაშია, _ თეატრალურად წარმოთქვა და იდაყვში მოხრილი მკლავი გამომიწოდა.

ხელკავი გავუკეთე. სიამოვნებისაგან თავბრუდახვეული მივაბიჯებდი მის გვერდით და თავი ნამდვილი პრინცესა მეგონა.

_ იცი? _ იდუმალი ხმით მითხრა, სანამ კიბეზე ჩავდიოდით, _ როცა კაბას იცვამდი, თვალში მომხვდა, როგორი მომაჯადოებელი ფეხები გქონია… არამარტო მუხლამდე… მუხლს ზემოთაც…

ამისთანა ფეხების დანახვისას, ჩვეულებრივ, მამაკაცებს თავბრუ ეხვევათ. და თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ, როცა კარს აღებ, ტანთ არაფერი გაცვია, გარდა სიფრიფანა კიმონოსი, ხომ საერთოდ… ცოცხალი რომ დავრჩი, უნდა მიხაროდეს.

ვიგრძენი, როგორ გამიხურდა ღაწვები.

_ ძალიან სასაცილოა, _ ვუკბინე.

_ სასაცილო?

_ მშვენიერი პატარა ხუმრობა გამოგივიდა.

_ სულაც არ ვხუმრობ, _ იუკადრისა.

_ მერე? არ გრცხვენია, რომ მითვალთვალებდი?

_ მრცხვენია? პირიქით, მეამაყება, რომ მე მომეცა ამის საშუალება და არა სხვას. ძალიან მაცდური ჭუჭრუტანა აქვს შენი საძინებლის კარს, მინდა იცოდე! გამიჭირდა გვერდის ავლა, _ დამაინტრიგებელი ტონით მითხრა და იდაყვი ოდნავ წამიჭირა თითებზე.

ეზოში ჩავედით თუ არა, ოდნავ წინ გამისწრო, მანქანის კარი გამოაღო და რევერანსით მითხრა.

_ თქვენი ეტლი მზადაა, პრინცესა! კონკიას მეჯლისზე ელოდებიან!

_ ჩემი ტიტული უკვე გავიგე, მაგრამ თავად ვინ იქნები, მომხიბვლელი პრინცი? _ ღიმილით ავხედე.

_ ეჰ… პრინცობა როდის მეღირსება, არავინ იცის. ჯერჯერობით ისევ გომბეშოდ ვრჩები, ვიღაც-ვიღაცებს კი სულაც არ ვეცოდები.

_ სად მივდივართ? _ სიტყვა ბანზე ავუგდე.

_ იქ, სადაც პრინცესას ეკადრება.

_ არ მითხრა ახლა, მართლა მეჯლისზე გეპატიჟებიო.

_ ნუუუუუ… დაახლოებით ასეა, რესტორანში მივდივართ. უნდა გაქეიფო, მერე კი გაცეკვო, სანამ შენს ფეხსაცმელს ძირი არ გაცვდება… მერე როგორ არის იმ ზღაპარში?

_ რომელ ზღაპარში?

_ მოჯადოებული პრინცესა ღამღამობით მიწისქვეშეთში რომ მიიპარება საცეკვაოდ. ორმოცი წყვილი ფეხსაცმელი მოგაქვს?

სიცილი ამიტყდა.

_ არა, არ მომაქვს, ამიტომაც, როგორც კი გაცვდება, ეგრევე უკან ვბრუნდებით!

_ როგორც მიბრძანებთ, ბელა დონა! _ ჩაუიტალიურა ნიკამ და ნელი სვლით გაუყვა გზას.

8 8 8

ყურადღებით ვაკვირდებოდი მის სახეს, სანამ ოფიციანტს შეკვეთას აძლევდა. ჩემთვის უცხო დასახელების კერძების გარდა, ნიკამ მანგოს წვენი (ჩემთვის) და მარტინი (თავისთვის) შეუკვეთა.

გაკვირვების ნიშნად წარბები ავზიდე.

_ რა იყო, არ მოგწონს? _ მკითხა, ჩემი გამოხედვა რომ დაიჭირა, _ შენ თვითონ არ მითხარი, დღეიდან ალკოჰოლი არ შემომთავაზოო? მე კი პირობას არასდროს ვარღვევ.

არაფერი ვუპასუხე იქამდე, სანამ მიმტანმა სასმელი არ შემოდგა მაგიდაზე, მერე კი დავიქოქე.

_ იცი? ეს კაბა რომ ჩავიცვი, მივხვდი, რომ გავიზარდე, უფრო ასაკოვანი გავხდი, ანუ სულაც არ ვარ არასრულწლოვანი და მცირე დოზით ალკოჰოლი ჩემთვისაც შეიძლება, _ მსუბუქი გაღიზიანება შეინიშნებოდა ჩემს ნათქვამში, რითაც ვაგრძნობინე, რომ ერთი რიგითი ქალი არ ვიყავი და მისგან არასერიოზულ მიდგომას არ მივიღებდი.

_ ძალიანაც კარგი… მაშინ, შენი ნებართვით, მოცემულ პირობას დავარღვევ და სასმელსაც შემოგთავაზებ.

_ მშვენიერი გადაწყვეტილებაა.

_ ხედავ, როგორი შურით სავსე თვალებით მოგჩერებიან ქალები? რას გეუბნებოდი! _ ხელების ფშვნეტით მითხრა.

ირგვლივ მიმოვიხედე, თუმცა შურით დაბრმავებული ვერავინ შევამჩნიე.

_ შენ ასე გგონია? _ ეჭვნარევი ხმით ვკითხე.

_ გინდა, შევამოწმოთ? _ მისი დანისლული თვალები დაჟინებით მომშტერებოდა, თითქოს ყველაზე იდუმალი აზრების წაკითხვას ცდილობსო.

_ არა, არ მინდა, _ კეკლუცად გადავაქნიე თავი.

_ მაშინ შევსვათ… შენი ყველაზე გულითადი სურვილების ასრულებისა იყოს, ლოლა! _ თქვა, მომიჭახუნა და აუჩქარებლად დალია.

დიდხანს შევყურებდი… მანამ, სანამ ჭიქა არ დაცალა და ლუკმა არ მიაყოლა, შემდეგ კი ჩემი მანგოს წვენი ავიღე და მოვწრუპე.

_ დიდი მადლობა, ნიკა.

_ სულ ეს არის? _ კოპები შეიკრა, _ აკი… _ მოულოდნელად მზერა გაექცა და სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება… დავინახე, ნელ-ნელა როგორ ეცვარებოდა ოფლით შუბლი.

მის მზერას თვალი გავაყოლე… დამცინავი იერით «პირდამშვენებული», დაახლოებით ნიკას ხნის სიმპათიური მამაკაცი სწრაფად გვიახლოვდებოდა.

_ როგორც ვხედავ, დროს უქმად არ კარგავ, ნიკუშ! _ უსიამოვნოდ მომხვდა გულზე უცნობის ტონი… დაგროვილი ბოღმა ადვილად იკითხებოდა მის ხმაში…

_ ჯერ გამარჯობა უნდა თქვა, ლადო, _ კბილებში გამოცრა ნიკამ და ისეთი გამანადგურებელი მზერით ახედა თავს წამომდგარ მამაკაცს, რომ მივხვდი, სიტუაცია იძაბებოდა.

 

 

სისხლმა ძარღვებში მოძრაობა შეწყვიტა და ერთ ადგილას გაჩერდა. კი არ გაჩერდა, ფიზიკის კანონის მიხედვით, წინაღობა რომ დახვდა, ინერციით უკან დაიწყო დახევა, რამაც ჩემი «ალმურმოდებულობა» გამოიწვია. დამფრთხალი კნუტივით მივაჩერდი ლადოს, რომელმაც ნიკადან მზერა ჩემზე გადმოიტანა და ეთნოგრაფიული ინტერესით შემათვალიერა. ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა, თითქოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი აღმართულიყო მის წინ… ალექსანდრიის შუქურა… თუ ხეოფსის პირამიდა… თუ სემირამიდას დაკიდებული ბაღები…

_ ახალი მსხვერპლია? _ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ისე ჰკითხა ნიკას…

ჩემმა კავალერმა მწარე ღიმილით გადააქნია თავი და მოსულს ირიბად ახედა.

_ ჰო… ნადირობის სეზონი გავხსენი. დაკმაყოფილდი? _ უპასუხა და ნიკაპზე შენელებული მოძრაობით ჩამოისვა ხელი, თითქოს წვერს ივარცხნისო.

_ ამისთანა ლამაზ გოგოს პატრონი არ გყავს? _ უცნობმა ამჯერად შეკითხვა ჩემი მისამართით «გამოისროლა». ისედაც დაძაბული… და არეული… და გადარეული მთლად ავირ-დავირიე…

_ შენ თუ რამე გაქვს სათქმელი, მე მითხარი, ლადო, მაგას შეეშვი, _ ოლიმპიური სიმშვიდით შენიშნა ნიკამ.

_ შე-ენ? შენ რა უნდა გითხრა, ბიჭო! საერთოდ ხარ კი იმის ღირსი, რომ ხმა გაგცე? _ ზიზღით აიმაღლა ხმა მამაკაცმა.

_ ჰოდა, წადი მაშინ! _ იმავე ტონით გააგრძელა ნიკამ.

_ ნუ მასწავლი, რა უნდა გავაკეთო! ისიც გეყოფა, ჩემი და რომ მოინელე! გგონია, გაპატიე? ცხოვრების ბოლომდე არ მოგასვენებ, იცოდე! სადაც უნდა იყო და როგორც უნდა იყო!

_ წადი, ლადო, შენს მაგიდას დაუბრუნდი! თუ რამე გაქვს სათქმელი, სხვა დროს შევხვდეთ, საღ გონებაზე და ვისაუბროთ, არ არის პრობლემა.

_ და რატომ ახლა არა? გგონია, მთვრალი ვარ?

_ მე არაფერი მგონია. უბრალოდ, აქ სალაპარაკო სიტუაცია არ არის.

_ არა, ხომ? იმიტომ, რომ შენმა ახალმა კონკიამ არ გინდა სიმართლე გაიგოს?

ნიკას სახე გაუფითრდა. ერთიანად დაეჭიმა ძარღვები ყელზე და ნიკაპი აუცახცახდა. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. «კონკიას» ხსენებამ საბოლოოდ გამანადგურა.

_ წადი-მეთქი, მგონი, გასაგებად გითხარი! _ მუქარით სავსე ხმით ამოთქვა ჩემი ოცნების მამაკაცმა და ფეხზე წამოიჭრა.

ორივენი დამუშტული ხელებით იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. არ ვიცი, რა მოხდებოდა, ამ დროს კიდევ ერთი უცნობი რომ არ გამოჩენილიყო, რომელიც მათ გაშველებას შეეცადა.

_ რა გჭირთ, ხალხო, რა დღეში ხართ! _ დაბალმა, ჯმუხმა მამაკაცმა ლადოს ხელი მხარზე მოხვია და იქაურობას ძალით გაარიდა, _ სად გგონია, ძმაო, თავი, რა ლაწირაკივით იქცევი, ამის დროა ახლა? წამოდი, გელოდებიან, სირცხვილია! _ და შფოთის ხასიათზე მოსული «ძმა» ჯიკავ-ჯიკავით წინ გაიგდო, თან ბოდიში მოგვიხადა, _ მე მაპატიეთ, თუ შეიძლება, ნასვამია და ვერ ზომავს. არ გეწყინოთ, თქვენი ჭირიმე!

კვლავ მარტონი დავრჩით… მე ნიკას არ ვაშორებდი მზერას, ნიკა _ იატაკს… მე _ გაოცებული და იმედგაცრუებული, ნიკა _ განერვიულებული და… თავმოყვარეობაშელახული.

_ შეგიძლია ამიხსნა, აქ რა ხდება? _ აღელვების დასაფარავად, ძალიან ხმადაბლა ვკითხე.

_ არა! _ მოკლედ მომიჭრა, თავი ასწია და თვალებით გამბურღა, _ ეს შენ არ გეხება!

_ არც კონკია? რიგით მერამდენე ვარ, ის მაინც მითხარი, _ არ ვისვენებდი.

_ შენ პირველი ხარ, ვინც ურიგოდ გამოვატარე, _ ცალყბად გამიღიმა.

_ ამისთვის დიდი მადლობა, _ ხმა ამიკანკალდა…

ოღონდ ახლა ტირილი არ წამსკდეს, ოღონდ ახლა არა, ღმერთო!

_ მადლობად არ ღირს… რაც უნდა მოხდეს, შენ ჯერჯერობით ჩემი კომპანიის თანამშრომლად ითვლები, ასე რომ… ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებული მაინც მე ვარ.

_ და მე?

მივხვდი, რომ ეშინოდა, ჩემთვის თვალი გაესწორებინა, ამიტომ კვლავ იატაკს «ჩაახუტა» მზერა.

_ შენ… შენ წაგებული არ ხარ… საკმარისია?.. ძალიან გთხოვ, ახლა ეჭვიანი ქალივით სცენებს ნუ გამიმართავ… მოვა დრო და ყველაფერს აგიხსნი.

აღმაშფოთა მისმა პასუხმა. საშინელმა ტკივილმა თავში პულსირებულად დამიწყო ცემა… თითქოს მარწუხები წამიჭირეს საფეთქლებზე… ძლიერად… უფრო ძლიერად… კიდევ… კიდევ…

_ ლოლა, კარგად ხარ? _ მისმა შეშფოთებულმა ხმამ გამომაფხიზლა.

_ არა, კარგად არ ვარ.

_ მოდი, წავიდეთ აქედან, _ თქვა და ოფიციანტს ანიშნა, ანგარიში მოგვიტანეო…

_ წავიდეთ?

_ ჰო, ახლავე! _ სწრაფად წარმოთქვა და ხელი დამიჭირა, _ მენდე, გთხოვ, _ მერე ძლიერად მომიჭირა მაჯაზე თითები და გააგრძელა, _ უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ საათმა თორმეტი დაჰკრა და ჩვენი ეტლი მალე გოგრად გადაიქცევა. ასე არ არის იმ ზღაპარში?

_ რომელ ზღაპარში, ჩემამდე სხვას რომ უყვებოდი? _ არ დავინდე.

_ შენ არაფერი იცი… ამიტომ ნაადრევად ნუ განმსჯი… გთხოვ… _ მუდარით აევსო თვალები.

პირველად ვნახე ასეთი უმწეო და დაუცველი… ოფლით დაწინწკლოდა შუბლი… შემეცოდა… და შევიბრალე… და დავმორჩილდი…

მანქანაში ორივე ჩვენ-ჩვენთვის ვფიქრობდით. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მაგრამ ვერაფერს ვეკითხებოდი, სანამ თავად არ გაუჩნდებოდა ამის სურვილი. ვინ იყო ის გოგონა, ვისზეც ლადო ლაპარაკობდა? რა აკავშირებდა ნიკას მის დასთან? შემთხვევით, ეს ის მდივანი ხომ არ არის, ამ დღეებში რომ გაექცა? სახელი მაინც ეხსენებინათ, მარიკას ვკითხავდი და რაღაცას მაინც გავიგებდი… იქნებ თავად მიამბოს, რა ხდება? რას იზამს ახლა, კორპუსთან ჩამომსვამს და დამემშვიდობება? არა, ეს შეუძლებელია! ამას არ ვაპატიებ!.. მაგრამ რა პრეტენზიები მაქვს მასთან? სიყვარული ამიხსნა? რამეს შემპირდა? არც ერთი და არც მეორე… მაშინ რა მინდა? რისთვის უნდა მოვთხოვო პასუხი? იმისთვის, რომ ვიღაცას ჩემამდე გული ძალიან ატკინა? მერედა, მე ვინ მეკითხება?

ფიქრებიდან მანქანის დამუხრუჭების ხმამ გამომარკვია. ნიკამ რომელიღაც ვიწრო, ჩაბნელებულ ქუჩაზე გადაუხვია და ფარები ჩააქრო. მერე მთელი ტანით მოტრიალდა ჩემკენ… სიბნელეში მხოლოდ მისი თვალები ანათებდა ფოსფორივით… მივხვდი, რაც უნდოდა. სანამ მოვიფიქრებდი, გამეპროტესტებინა თუ არა, დამასწრო, ჩემკენ გადმოიხარა და სურვილით აცახცახებულმა მკლავებში მომიქცია… სულმოუთქმელად მკოცნიდა… თავდაპირველად ვერ ვგრძნობდი, მსიამოვნებდა თუ არა მისი ცხელი მკერდის შეხება, მისი გაწაფული თითების მოუსვენარი მოძრაობა ჩემს სახესა და მკერდზე… მერე კი…

როგორ მომწყურებია მისი ალერსი… ჩემი სხეულის ყველა უჯრედი, ყველა წერტილი სასიყვარულო თამაშებს ყოფილა დანატრებული. მინდოდა, ყველაზე მიმალულ ადგილებს მიწვდენობა მისი ტუჩები, რაც შეიძლება, მეტი სიამოვნება განმეცადა, თითქოს უკანასკნელად ვხვდებოდი და დახარბებული ვიყავი… ერთადერთი, რაც იმწუთას უცნაურად მომეჩვენა, მისი ცივი ტუჩები იყო… რატომ უნდა ჰქონოდა ვნებით გახელებულ მამაკაცს ტუჩები ცივი?

_ მინდიხარ… _ წარმოთქვა ჟინმორეულმა და სწორედ ამ ერთი სიტყვით გააფუჭა ყველაფერი…

წამსვე მოვეგე გონს და ხელი ვკარი, რომ მომეცილებინა.

_ წავიდეთ! _ ყინულივით ცივი ხმით განკარგულება გავეცი.

_ მოიცა… კიდევ ცოტა ხანს… _ სუნთქვაგახშირებულმა ძლივს დაილაპარაკა.

_ წავიდეთ, ახლავე! _ ოდნავადაც არ შევარბილე ტონი.

მაშინვე გასწორდა და საზურგეს მიეყრდნო… ერთხანს ორივენი ჩუმად ვისხედით.

_ მაპატიე… ვეღარ გავაკონტროლე თავი, _ დახშული ხმით დაიწყო თავის მართლება.

_ ეგ არაფერი, _ რბილად ვუთხარი, _ თავის გაკონტროლება შენზე არანაკლებ გამიჭირდა, _ «სოლიდარობა» გამოვუცხადე, თუმცა ტონი არც ახლა შემიცვლია.

მძიმედ ამოიხვნეშა, მერე თავი უკან გადასწია და ოდნავ ჩემკენ შემოაბრუნა.

_ შეიძლება, ერთი რამ გთხოვო?

_ თხოვნას გააჩნია.

_ ამაღამ ჩემთან დარჩი.

_ არა, ეგ გამორიცხულია.

_ და პირობას გაძლევ, ახლოსაც არ გაგეკარები. უბრალოდ, მარტო არ მინდა ყოფნა… ამაღამ მარტო გავგიჟდები… გთხოვ.

პასუხისგან თავი შევიკავე.

_ ძალიან გთხოვ…

_ არ ვიცი… _ ამოვიოხრე.

_ გემუდარები… ცუდად ვარ, ლოლა, ძალიან ცუდად, გესმის?

_ მესმის…

_ ჰოდა. დარჩი, კარგი? სახლში ვერ წავალ, დედაჩემის თავი არ მაქვს… ეგრევე შემატყობს, რაც მჭირს და კითხვებს დამაყრის…

გადაწყვეტილება ჩემდა მოულოდნელად მივიღე.

_ კარგი, დავრჩები, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით.

_ არა, მაგ პირობას ვერ მივიღებ! _ მიმიხვდა, _ უფრო სწორად, სხვა დროს, ოღონდ ამაღამ არა, ნუთუ არ შეგიძლია, გამიგო?

_ შემიძლია…

_ ესე იგი, ჰო-ო?

_ ჰო, _ მივუგე და «სიცელქის» დროს ჩამოშლილი თმის გასწორებას შევუდექი.

8 8 8

_ დავლიოთ რამე? _ მკითხა ნიკამ, ოთახში რომ შევედით.

_ გაქვს დასალევი? _ ჩანთა დივანზე მივაგდე და ფეხსაცმელი გავიხადე, რომელმაც ძალიან მატკინა ფეხი.

_ შენ რა, ორივე ფეხზე გაცვია? _ ღიმილით მომიტრიალდა.

_ აბა? არ უნდა მეცვას? _ გავიოცე.

_ რა ვიცი… მეგონა, ცალი კიბეზე გაგძვრა… წესით, ასე უნდა მომხდარიყო…

_ მე დღეიდან აღარ ვარ კონკია, _ სევდა გავურიე ნათქვამს და თვალი თამამად გავუსწორე.

თითქოს ტყვია მოხვდაო, ისე შეირხა… ნაკვთები გაუქვავდა…

_ და აღარასდროს მომმართო ასე! _ შეუვალი ვიყავი.

ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ… ფეხშიშველმა ორი ნაბიჯით მეც უკან დავიხიე… კიდევ გადმოდგა… კიდევ დავიხიე…

_ ხომ შემპირდი, ახლოს არ გაგეკარებიო? _ ჩურჩულით შევახსენე.

_ მე კონკიას შევპირდი, შენ კი არა, _ შეცვლილი ხმით მითხრა და მომიახლოვდა.

უკან დასახევი აღარ მქონდა… კედელს ავეკარი. ახლა რომ კოცნის უფლება მიმეცა, თავს ვეღარ მოვერეოდი…

_ გეშინია? _ ნიშნის მოგებით აზიდა წარბები.

_ არა, _ თავხედურად ჩავხედე თვალებში.

_ და გინდა, ასე დამტოვო? _ უფრო ახლოს მოვიდა და შუბლი შუბლზე მომადო. მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა.

_ როგორ ასე? _ ჩემი ჩურჩული მე ძლივს მესმოდა.

_ გომბეშოდ… შენ ხომ გახვედი ზღაპრიდან… მე რა ვქნა? მაშინ კვლავ ადამიანად მაქციე. ამის წამალი მხოლოდ შენ იცი, _ ლაპარაკ-ლაპარაკში მკლავებზე წამეტანა.

_ არ ვიცი… რა უნდა გავაკეთო? _ ათრთოლებულმა ხელისგულები მკერდზე მივაბჯინე, რომ შემეჩერებინა.

_ უნდა მაკოცო… თან ეს უბრალო კოცნა არ გეგონოს… ამ კოცნით სიყვარული უნდა გამოხატო, _ მისმა ხელებმა ნელ-ნელა ჩემი ყელისკენ აიწია.

_ მე შენ არ მიყვარხარ, _ ვიცრუე.

_ მატყუებ… და შენ უკეთ იცი ეს, _ ძლივს გასაგონად ლაპარაკობდა, თან ცხვირით ჩემს თმაში დახეტიალობდა, _ მაგიჟებს შენი სურნელი… შენი აფროდიზიაკების სურნელი… მანგოც… ალოეც… ავოკადოც… მაგნოლიაც… კიდევ? დამეხმარე, თორემ ვეღარ ვიგონებ.

_ ხახვი! _ ჩემსავე ნათქვამზე ამიტყდა სიცილი, არადა, რა დროს სიცილი იყო!

_ ხახვინიორიკამაოხრახუში, _ ერთ სიტყვასავით სხაპასხუპით მიაყარა და უეცრად შემიშვა ხელი, _ დამცინი, არა?

_ არა, ნიკა, რა სისულელეა… გავიხუმრე მხოლოდ…

_ მშვენიერი დრო შეარჩიე სახუმაროდ.

_ მაპატიე… ვიფიქრე…

_ დამცინი… და ახია ჩემზე… _ აინუნშიც არ ჩააგდო ჩემი თავის მართლება, _ იცი, როგორ მინდოდა დღეს შენთვის საუკეთესო საღამო მეჩუქებინა? ვერც კი წარმოიდგენ… სამწუხაროდ, არ გამომივიდა… ამასთან ერთად, შენი ნდობაც დავკარგე… ალბათ სამუდამოდ.

_ ამ საღამოს შენ ბევრი ფული დაკარგე და არა ჩემი ნდობა, _ შევუსწორე.

_ ფულის დედაც… ერთადერთი რამ არ მინდა… შენს თვალში ნაძირალა გამოვჩნდე.

_ არც მიფიქრია, _ თვალები დავხუჭე, არ შემეძლო მისი გასაცოდავებული სახის ყურება.

_ მინდა, ერთი რამ იცოდე. შენამდე კონკია არასდროს ყოფილა! არავისთვის მიმიმართავს ასე, გეფიცები… ეს იმას უნდოდა, კონკია ყოფილიყო. მთხოვდა, ასე დამიძახეო… მე კი ამ სახელს მისთვის ვერ ვიმეტებდი… ვერც ერთ ქალს ვერ მოვარგე… ერთის გარდა… ის ერთი კი შენ ხარ.

მესიამოვნა მისი სიტყვები, რომელიც რატომღაც, შორიდან ჩამესმა. თვალები გავახილე. დივანზე იჯდა, ჩემგან მოშორებით და თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა.

_ სხვისი ნათხოვარი კაბებით დადიოდა, სანამ გავიცნობდი… მერე ავავსე საჩუქრებით… დავხუნძლე… ზედმეტი მომივიდა ალბათ… ამიტომაც მიტირა დედა…

ხმას არ ვიღებდი, ფეხის მონაცვლებასაც ვერ ვბედავდი, არ გავაწყვეტინო-მეთქი… არადა, დამიბუჟდა მარცხენა ფეხი. თითების ამოძრავება ვცადე, თუმცა, ამან არ მიშველა…

_ ქალი შემაძულა საერთოდ… მისი ასაკის ქალი…

_ რამდენი წლის იყო? _ შეკითხვა თავისით გამექცა და ენაზე ვიკბინე, თუმცა უკვე გვიან იყო.

_ ალბათ შენი ხნის… დაახლოებით, _ მიპასუხა და დადუმდა, კარგა ხანს სიტყვა არ დაუძრავს.

_ მერე? _ ვეღარ მოვითმინე.

_ სხვა დროს იყოს… ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მოდი, დავლიოთ, _ ბოლო წინადადება ხმამაღლა წარმოთქვა, მუხლებზე დაიტყაპუნა ხელისგულები, წამოდგა და ოთახიდან გავიდა… ალბათ სამზარეულოში… ალბათ სასმლის მოსატანად.

დრო ვიხელთე და ფეხი მოვინაცვლე… როგორ მომეშვა…

_ ეს ბინა იმიტომ ვიქირავე, რომ ვერავინ მომაგნოს. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მის თავს მახსენებს, _ შემობრუნდა თუ არა, გააგრძელა, თან მაგიდაზე ბოთლი და ჭიქები შემოდგა, _ მის გამო საუკეთესო ძმაკაცი დავკარგე. იმ პერიოდში ასე მეგონა, ყველაფერი დამთავრდა… მეზიზღებოდა ჩემი თავი… მას მერე ქალის არ მჯერა… მათ შორის არც შენი… მაპატიე, მაგრამ ასეა. ყველა ქალს ერთი რამით აქვს ტვინი გაცხელებული… არ გეწყინოს… ისე შეგიძლიათ კაცის დაღალატება, თვალსაც არ დაახამხამებთ, თუკი ვერაფერს გამორჩებით მას.

შეპასუხება არ მიცდია. შეიძლება სადღაც მართალიც იყო. გამორჩენის მიზნით ბევრი ქალი ცდილობს მამაკაცთან დაახლოებას, თუმცა ამ მხრივ არც კაცები არიან გამონაკლისნი.

_ მოდი, ამ უცაბედად ირიბად დაცურებულ ღამეს გაუმარჯოს, კარგად რომ დაიწყო და ცუდად რომ გაგრძელდა… იმედია, ლამაზად დამთავრდება, _ ორაზროვნად წარმოთქვა და ჭიქა გამომიწოდა.

ახლოს მივედი და გამოვართვი. ფეხი ჯერ კიდევ მიბჟუოდა. მის პირდაპირ დავჯექი… შევხედე… შავბნელი აზრებით დაძაბვოდა მამაკაცური შუბლი… ღარები გასჩენოდა თითქოს…

_ გაუმარჯოს! _ ვთქვი მეც.

ორივემ თითქმის ერთდროულად დავლიეთ… და ერთდროულად დავცალეთ… და ერთდროულად დავიჭყანეთ… და გაგვეცინა… ერთდროულად…

_ ერთიც? _ ქვემოდან ამომხედა.

_ ერთიც, _ თავი დავუქნიე და ახლა მე ჩამოვასხი.

ღიმილით ადევნებდა თვალს ჩემს ხელს. «კაცურად» ჩამოვასხი, არაფერში «ჩავჭრილვარ».

_ გენაცვალე მაგ თითებში! _ შესძახა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.

მეორე ჭიქა უსიამოვნოდ გადავიდა ყელში… წამიც და მომეკიდა სასმელი… ცუდ გუნებაზე დავდექი… გულიც დაიღალა კონიაკით დამძიმებული სისხლის ძარღვებში მიმოქცევით… თანდათან დაგროვებული ბოღმა უეცრად ერთად მომაწვა… ახლა სამყარო ყველაზე საზიზღარ სიტყვებს მოისმენს… რომელსაც მე ვიტყვი… სიძულვილით… მონანიებით… სისასტიკით სავსე აღსარებას… და ნიკა ამ «წმინდა» წუთების მოწმე გახდება…

_ მე კიდევ მამაკაცებს ვერ ვიტან! იმიტომ, რომ ყველა კაცი ერთნაირია! ერჩით ქალებს, დაღალატება შეუძლიათო… თქვენ უქმნით ამის ფონს და იმიტომ… გამორჩენა უყვართო… არ იცით ყურადღების ფასი და იმიტომ… _ «ვაჯაზებდი» ჩემთვის, _ და საერთოდ, ქალის ფასი არ იცით… მათი მოტყუება ერთი სიტყვით შეგიძლიათ… ერთი შეხედვით… ისინიც იჯერებენ, ბოლომდე იხარჯებიან თქვენი გულისთვის და მერე კონკიასავით იმედის თვალით ელოდებიან ზღაპრის კეთილ დასასრულს… რომელიც არა და არ დგება… და არც არასდროს დადგება… იმიტომ, რომ კონკიები მარტო ზღაპრებში არიან… რეალობაში კი მხოლოდ იმედაგცრუებული ქალები არსებობენ, _ მონოლოგი დავამთავრე და იმწამსვე მივხვდი, რომ ჩემმა უაზრო «აღსარებამ» შვება ვერ მომგვარა… პირიქით, უარესად გამიფუჭა გუნება…

თვალებგაფართოებული მისმენდა. მერე წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა… მერე კედელთან შეჩერდა, ზურგით მიეყრდნო და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. ხმას არ იღებდა…

_ ცოტა შევთვერი… ჯობია, წავიდე, _ ჩავილუღლუღე და ავდექი…

ნიკა კედელს მოშორდა… მომიახლოვდა… მომეხვია… ჩემს ლოყას ახსოვდა მისი ლოყა… ხელს _ მისი ხელი… თითქოს ერთხელ უკვე იყო ასე… საუკუნის წინ… როცა პირველად მოვედი ამქვეყნად… მაშინაც ეს ოთახი იყო… ასეთივე დაძაბული და სამარისებური სიჩუმე იდგა… მაკოცა… ტუჩები ცივი ჰქონდა… ესეც მახსოვს… მგონი, დეჟავუ განვიცადე… სახე ავარიდე.

_ არ გინდა, _ ვთქვი.

_ რატომ?

_ არ გინდა, _ თავმოყვარეობის გამო ვთქვი ეს… არადა, ამწუთას ვის სჭირდებოდა ჩემი თავმოყვარეობა, ვის დაჰკარგვოდა…

ნიკაპქვეშ საჩვენებელი თითი ამომდო და თავი ამიწია… მერე თვალებშუა გამიტარა მზერა და შიგ სულში ჩამიძვრა… მერე კვლავ შემიშვა ხელი… შებრუნდა და ფანჯარას მიუახლოვდა…

_ წადი… ნება შენია… _ გულგრილად წარმოთქვა.

როგორც ჩანს, ჩემსას მივაღწიე _ ისედაც უსიამოვნო საღამო უარესად უსიამოვნო გავუხადე… ფიქრებით მოფერება დავუწყე… ვეუბნებოდი ყველაზე თბილ სიტყვებს… და ყველაზე ნაზს… და ყველაზე სასიამოვნოს… და ყველაზე საჭიროს… ისეთ სიტყვებს, რომლებიც არასდროს მითქვამს მისთვის… და, როგორც ვატყობდი, ალბათ ვერც ვერასდროს ვეტყოდი…

თვალებით ფეხსაცმელს და ჩანთას დავუწყე ძებნა… როგორ არ მინდოდა წასვლა…

ხომ გაგიგონიათ, «თავს ზევით ძალა არ არისო»? ეს ის მდგომარეობაა ალბათ, როცა ძალა ერთ მხარეს გექაჩება, შენ კი სხვა მხარეს იწევ… მე ვიყავი ახლა ამ მდგომარეობაში…

გასასვლელისკენ დავიძარი… როგორ დამმძიმებია სხეული… თვალის ქუთუთოებიც… ცრემლებმა დაამძიმა ალბათ… და სევდამ…

_ დარჩი! _ ნიკას ხმამ ოთახი ექოსავით გაავსო.

აი, ახლა კი ვიგრძენი შვება… სხეულიც მსწრაფლ შემიმსუბუქდა… თვალის ქუთუთოებიც, იმიტომ, რომ ცრემლებმა გზა ღაწვებისკენ გაიკვლიეს… შვების ცრემლებმა…

«დარჩი!» _ რა ლამაზი სიტყვაა… რა საყვარელი… რა სასურველი… რა საჭირო… და დროული…

_ წამო, თეთრეულს მოგცემ, გამოცვალე, _ ცივ-თბილი ხმით საძინებელში შემიძღვა.

_ იყოს, არ მინდა ახალი, რაც არის, იმაში ჩავწვები, _ მორჩილი ბავშვივით მივყევი უკან.

_ იმაში სხვა იწვა. არ მინდა, სხვის ნაწოლში ჩაგაწვინო, გასაგებია? _ მკაცრად მომიგო და გარდერობი გამოაღო, _ აქ არის, შენ თვითონ აიღე! _ მერე თავჩაღუნულმა გვერდით ჩამიარა, რომ ჩემი ცრემლების მიზეზი არ ეკითხა, _ თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე…

ახლა რა დამაწვენდა! ან რა დამაძინებდა! ან რა მომასვენებდა! თეთრეული საწოლზე მივაგდე და უკან გამოვედი. ნიკა დივანზე იჯდა და კონიაკს წრუპავდა.

_ წყალი წასულა, დაბანა გამორიცხულია, _ თქვა ჩემს დანახვაზე.

_ არა უშავს, ავიტან… მარტო სვამ? _ მივედი და გვერდით მოვუსკუპდი.

_ ჰო.

_ მეც დამისხი.

_ არ გინდა, დათვრები და უარეს სისულელეებს მომახლი მერე.

_ მაშინ არც შენ დალიო.

_ აბა რა ვაკეთო?

_ ვილაპარაკოთ.

_ რაზე?

_ რა ვიცი, რამეზე.

_ შენ რა დედაჩემივით მელაპარაკები… იმანაც ასე იცის _ ნიკაკო, ვილაპარაკოთ რამეზე, _ ხმა ქალივით დაიწვრილა და მიმიკებითაც ქალს მიჰბაძა.

თავი ვერ შევიკავე და გულიანად გავიცინე. ისიც ამყვა. როგორ უხდებოდა სიცილი… მის შუბლზე აღეჭდილი შავბნელი აზრები სადღაც გაქრა, ნათელი გადაეფინა სახეზე.

_ მაშინ შენს იტალიურ გარდერობზე ვისაუბროთ, _ გამხიარულდა.

_ ოოოჰ! არ გვინდა! _ კეკლუცად გავაპროტესტე.

_ აბა, რა გინდა? არ მითხრა ახლა, კიდევ ხათუნაზე მომიყევიო, თორემ გავგიჟდები!

ჰოპ! არის! სახელი წამოცდა. ამის მოსმენა მინდოდა მხოლოდ! ხვალ ყველაფერს გავარკვევ… უმისოდაც. მოვკვდები და მიწიდან ამოვიღებ ინფორმაციას, ქვეყანას შევაწრიალებ და გავიგებ, რა დაუშავა ასეთი მას ხათუნამ, თუ მან ხათუნას!

_ არა, არ მინდა, _ დაყვავებით ვუთხარი და თავი მხარზე დავადე.

_ დაგამძიმე ამ საღამოს, არა? ჩემი ბრალია… სხვაგან უნდა წამეყვანე, შევცდი.

_ არა, რა სისულელეა, უკვე დამავიწყდა, რაც მოხდა.

_ კი, როგორ არა! დაგიჯერებ!.. დედიკოსაც ასე ატყუებ ხოლმე?

დედაჩემის მოულოდნელმა ხსენებამ შემაკრთო. წელში გავსწორდი და ჩავახველე.

_ მე დედა არ მყავს… _ ჩუმად ვთქვი.

_ არ გყავს? ეგ რა მითხარი… მაპატიე… _ თავი უხერხულად იგრძნო და შეწუხებულმა მხარზე მომხვია ხელი, _ დიდი ხანია?

_ თერთმეტი წელია… მამამ გამზარდა… და ბებიამ… და ბაბუამაც…

_ ესე იგი, მართლა კონკია ყოფილხარ.

_ ჰო, ოღონდ ნათხოვარი ტანსაცმლით არ დავდივარ, _ წარბები ავზიდე.

_ აბა, ეს იტალიური კაბები საიდან, კეთილი ჯადოქრის ჯოხის აქნევით?

_ იტალიიდან. ზოგს ბებია მყიდულობს, ზოგსაც მე თვითონ… რომში.

_ სამოგზაუროდ დადიოდი?

_ არა, დედა იყო იტალიელი. ბებია-ბაბუა იქ ცხოვრობს.

_ მართლა? გადამრიე! რა გვარის დედა გყავდა?

_ გატუზო… ბაბუა რომში ცხოვრობს, ბებია სიენადან არის, იქაც აქვთ სახლი.

_ რას ამბობ! მაფიოზი ბაბუა გყოლია, გატუზოებს მთელი კლანი აქვთ, იცი?

_ ვიცი, მაგრამ ჩემებს მაგათთან საერთო არაფერი აქვთ, _ გავიღიმე.

_ ესე იგი, «მაფიოზა» კონკია ხარ, არა?.. ოოო! გამოდის, თითის აწევით უნდა გელაპარაკო, თორემ თუ გაწყენინე, დამბრიდავენ, _ ხუმრობდა ნიკა.

_ ასე რომ, ჭკვიანად იყავი, _ ავკისკისდი.

_ არადა, ერთ ულამაზეს ფრანგს ჰგავხარ ძალიან… იტალიელს, თანაც მაფიოზს _ ისე რა.

_ ვის ვგავარ? _ მივხვდი, ვისაც გულისხმობდა, მაგრამ ვითომ ვერ მივხვდი.

_ სოფი მარსოს, ჩემი ოცნების ქალს.

_ მართლა ვგავარ? მერედა, ამას მიმალავდი აქამდე?

_ ვიფიქრე, თავში არ აუვარდეს-მეთქი.

_ უკვე ამივარდა… შენამდე იცი, რამდენმა მითხრა?

_ ვხვდები და ამიტომაც არ გეუბნებოდი. არ მინდოდა, განვმეორებულიყავი. ცოტა თვალების ფერშია განსხვავება.

_ გააჩნია, რა მაცვია… მუქ ფერებში თვალებიც მიმუქდება.

_ ვიცი, ბრმა არ ვარ… იტალიაში ხშირად დადიხარ?

_ ყოველ წელს თითქმის… წელს ვეღარ წავედი მხოლოდ, მამა იყო ცუდად და…

_ მამას რა დაემართა?

_ ინფარქტი… უნივერსიტეტიდან დაითხოვეს და ინერვიულა, ამიტომაც მჭირდებოდა სამსახური.

_ გასაგებია… ყველაფერი გა-სა-გე-ბია… _ დამარცვლით ჩაილაპარაკა და უეცრად მომიტრიალდა.

_ მოდი, ახლა ერთს გაკოცებ და წადი, დაიძინე, თორემ შენი სიახლოვის ატანა აღარ შემიძლია. ცუდად მხდი.

მისი სიტყვებისგან თვალ-სახე გაბრწყინებულმა პირ-ცხვირი მივუშვირე. მაკოცა… მოწყურებულად… ხანგრძლივად… ვერ მელეოდა… და ეგრევე გაუცივდა ტუჩები! რა უცნაურია…

_ კარადაში ახალთახალი პიჟამა დევს პარკში, ქალის. იარლიყი მოაცალე და ჩაიცვი. ხვალ კი თან წაიღე, გჩუქნი, _ ჩურჩულით მითხრა და ცხვირით ლოყაზე გამეხახუნა.

თვალებით მივეფერე და «ჩემს ოთახს» მივაშურე. ტანთ გავიხადე, სამკაულები მოვიხსენი, უკვე ნაჩუქარი ლურჯი პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევხტი. შუქი არ ჩავაქრე… ყოველი შემთხვევისთვის… პირობა კი მომცა, მაგრამ ნასვამი კაცის ნდობა შეიძლება?.. რა ვიცი…

თვალები დავხუჭე… ახლა არაფერზე შემეძლო ფიქრი, მაგრამ ხვალ… რაღაც-რაღაცებს აუცილებლად გავარკვევ და მერე ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ. ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება, თუ… ამაღამ კიდევ არ მოხდა რამე…

უეცრად თითქოს რაღაც გაფხაჭუნდა. შეშინებულმა თავი წამოვწიე… დავინახე, როგორ ნელა ჩამოიწია კარის სახელურმა… გულმა ბაგაბუგი დამიწყო… დაუკაკუნებლად შემოვა? ამას არ იზამს! საწოლზე წამოვჯექი და კარს მივაშტერდი… მოლოდინმა გული გადამიწურა… ის აჭიანურებდა შემოსვლას… კარის გაღებასაც… დაკაკუნებასაც… მე კი ათრთოლებული ველოდი მის გამოჩენას… და იმას, რაც მერე უნდა მომხდარიყო… შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის… ალბათ, გაცნობის პირველივე დღიდან… უბრალოდ, არ ვაღიარებდი აქამდე, რადგან ბოლომდე საკუთარ თავთანაც არ ვიყავი გულახდილი… არასდროს… ეს კარგია თუ ცუდი?.. არ ვიცი…

 

 

ბოლოს მაინც დააკაკუნა ნიკამ. როგორ შევკრთი… ასე მეგონა, გულმა ტყაპანი მოადინა მუცლის ღრუში და ნაწლავებში გაიხლართა, ისეთი ჩხვლეტა ვიგრძენი… იგი ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე შემოვიდა, ხელში უკვე კარგად ნაცნობი ხალათი ეჭირა.

_ აი… ეს მოგიტანე, დილით დაჭირდება, საღამოს კაბით ხომ არ ირბენ… _ ოდნავ გასაგონი ხმით მითხრა, ხალათი სკამზე გადაფინა და მაშინვე გავიდა.

_ გმადლობ, _ მივაძახე და როგორც კი კარი გაიხურა, ღრმად ჩავისუნთქე… იმედი გამიცრუვდა… მეგონა, უჩემოდ ვეღარ მოითმინა და… თურმე ტყუილად მეგონა.

მოულოდნელად ისევ შემოვიდა.

_ მე პირობას ყოველთვის ვასრულებ, ამიტომაც გადამირჩი ამაღამ, სხვა დროს შეუბრალებელი ვიქნები, _ ღიმილით დამიქნია თითი, შუქი ჩამიქრო და ნელა გაიხურა კარი…

მთელი ღამე ვბორგავდი, ვერაფრით დავიძინე. ყოველ გაფაჩუნებაზე თავს ვწევდი და გულისფანცქალით ველოდი მის გამოჩენას… ამაოდ…

დათვლა დავიწყე… ცხვრების… არ მომეწონა, ბევრი თანხმოვანი ფიქრშიც კი ძნელი გამოსათქმელი აღმოჩნდა… ჩიტებზე გადავედი… ეს მომეწონა… ერთი ჩიტი, ორი ჩიტი, სამი ჩიტი… როდის-როდის ჩამეძინა…

ჯერ კარგად არც იყო გათენებული, რომ გამომეღვიძა. უცებ ვერ გავაცნობიერე, სად ვიყავი და გაკვირვებულმა მოვავლე მზერა ოთახს… გამეღიმა… ერთ ჭერქვეშ გვეძინა და ერთმანეთის სიახლოვით ვერ დავტკბით… მობილური მოვიძიე, ჩავრთე და საათს დავხედე. რვა ხდებოდა… ნეტავ რას აკეთებს? იმას თუ ეძინა? გემრიელად გავიზმორე, მერე ხალათს გადავწვდი, ჩავიცვი და საძინებლიდან ფეხის წვერებზე შემდგარი გამოვედი, არ გავაღვიძო-მეთქი…

დივანზე მიწოლილიყო, წელზევით შიშველი… მარცხენა ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და უმანკო ჩვილის გამომეტყველებით ეძინა, ლოყაწითელ ვაშლატამას მიუგავდა ტუჩები… საყვარლად გაპობოდა შუაზე… თითქოს მათაც ცალ-ცალკე ეძინათ მის სახეზე…

სამზარეულოში შევიპარე და კარადა გამოვაღე. სანამ გაიღვიძებს, ყავას მოვუმზადებ. ვცდილობდი, უხმაუროდ მემოქმედა. გაზქურა ავანთე, ჯეზვე ცეცხლზე შემოვდგი და კოვზით ყავის მორევა დავიწყე. უცებ დაჟინებული მზერა ვიგრძენი, ზურგი ამეწვა. მოვიხედე. ნიკას დოინჯი შემოეყარა და ნამძინარევი თვალებით უცნაურად მომჩერებოდა. ისე როგორ შემოიპარა, რომ ვერ გავიგე? მისი მზერა სულს მიბურღავდა. დაბნეულმა ჯეზვეს ტარს ვტაცე ხელი, როგორც წყალწაღებულმა _ ხავსს.

_ დილ მშვიდობისა, _ ალერსიანად მომესალმა.

_ დილა მშვიდობისა, _ მივუგე დამორცხვებულმა და ჩემი საქმე გავაგრძელე.

_ როგორ გეძინა?

_ კარგად, _ მოვატყუე.

_ მეც, _ იმანაც მომატყუა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. იდგა და მიყურებდა. უცნაური გამომეტყველება არ შეცვლია.

_ რამე მოხდა? _ ვერ მოვითმინე და შევხედე.

_ არაფერი… უბრალოდ, დღეს რაღაც სხვანაირი ხარ… თითქოს სხვა ხარ.

_ ჰო, დაუბანელ-დაუვარცხნელი ასე გამოვიყურები, მხოლოდ ამაშია მთელი ჩემი იდუმალება.

მომიახლოვდა და ზურგს უკან დამიდგა… თავბრუ დამახვია მისი სხეულის სურნელმა…

_ ყავას მიხარშავ? _ ტუჩები ყურის ბიბილოზე მომადო და ჩურჩულით მკითხა.

_ ჰო… _ თვალები დავხუჭე…

_ მერე? იცი, როგორი ყავა მიყვარს?

_ არა… ისეთს ვხარშავ, როგორიც მე მიყვარს, _ ხმა ამიკანკალდა.

_ საინტერესოა… ახლავე გავიგებ, როგორი გემოვნება გაქვს, _ გამხიარულდა.

_ შენისთანა ზესიმპათიურთან რომ ვურთიერთობ, ეგ უკვე მეტყველებს ჩემს გემოვნებაზე, _ ირონიულად შევნიშნე.

_ ნუ იკბინები ამ დილაადრიან, თორემ ღამე დამთავრდა, იცოდე! _ დამემუქრა და ხელები მხრის თავებზე ძლიერად წამიჭირა.

_ თორემ რა? _ აშკარად ვიწვევდი.

_ მე გიკბენ, მით უმეტეს, რომ ჩემს პირობას ვადა გაუვიდა, _ კვლავ დაიჩურჩულა და ბიბილოზე მსუბუქად მიკბინა.

გამასავით აღმავალ-დაღმავალი რიტმით ამიჩქროლდა სისხლი… ძლივს მოვასწარი გაზქურის გადაკეტვა, კინაღამ გადმომივიდა ყავა.

_ მე შევალ, გადავივლებ, კარგი? შენ კი იქამდე სუფრა გაშალე, პატარა ქალო! _ ღრმად შეისრუტა ჩემი სურნელი და ეშმაკური ღიმილით გამშორდა.

ბედნიერებისგან გაბრუებულმა ყავა ფინჯნებში გავანაწილე და ჩემს ფიქრებს გავუღიმე. ერთი თვის წინ რომ შემძლებოდა ჩემს მომავალში შემეხედა და იქ სხვა მამაკაცის სამზარეულოში მოფუსფუსე დამენახა ჩემი თავი, უადგილო ხუმრობად ჩავთვლიდი ამ სიტუაციას, ან სასიამოვნო ზმანებად. ცხოვრება ჭეშმარიტად სიურპრიზებითაა სავსე! და თანაც როგორი! ხელები გავშალე და კიდევ ერთხელ ნეტარებით გავიზმორე…

სანამ გამოვიდოდა, ყავაც გაცივდა. მე კი როგორ არ მიყვარს ნელ-თბილი ყავა… ან ძალიან ცხელი უნდა დავლიო, ან ყინულივით ცივი… სხვანაირად გემოს ვერ ვატან.

როგორც იქნა, გამოჩნდა… შიშველ ტანზე პირსახოცი შემოეხვია… მისი დაკუნთული სხეული ხარბად შევათვალიერე… და მოურიდებლად… შეიძლება ითქვას, უტიფრადაც… მაშინვე «აუღო ალღო» ჩემს მზერას… მსწრაფლ მომეჭრა, ჰაერი შეისუნთქა და ტუჩებზე დამაკვდა… მანამ მკოცნიდა, სანამ ყველაფერი არ გადამავიწყდა ამქვეყნად… სამსახურიც, სახლიც, ყავაც, არსებობაც კი… ვგრძნობდი მხოლოდ მის მომთხოვნ ტუჩებს და გამოცდილ ხელებს, ჩემი სხეულის ყოველ უჯრედს რომ აღაგზნებდა, პირსახოცის სქელი ხალათის გარედანაც კი. თანდათან ისევ გაუცივდა ტუჩები… რა ემართება? რაღა მაინცდამაინც მაშინ, როცა მე მკოცნის? რა საოცარია…

მყუდრო «ოჯახური» იდილია მობილურის ზარმა დაარღვია. ურეკავდნენ.

_ საკუთარ ბინაშიც კი არ მაცლიან შენით ტკბობას, _ მოჩვენებითი სიბრაზით მითხრა და ტელეფონს დაწვდა, რომელიც ვიბრაციის გამო რობოტივით დაცოცავდა მაგიდაზე.

_ ჰო! _ გულგრილი ტონით უპასუხა ვიღაცას, _ გამოვდივარ უკვე, ათ წუთში მანდ ვიქნები! _ მერე მე მომიბრუნდა, _ უნდა გავიქცე, ცხრაზე შეხვედრა მაქვს, ვერ დავაგვიანებ.

მხრები ავიჩეჩე, შენი საქმის შენ იცი-მეთქი. მუხლებში კი ძალა წამერთვა, არ მინდოდა, წასულიყო. ნიკა ფინჯანს დაწვდა და სამიოდე ყლუპით ნალექიანად «შეყლაპა» ჩემი უდიდესი მონდომებით მოდუღებული ყავა, მერე ტანსაცმელს დაავლო ხელი და სააბაზანოში შეიკეტა.

_ გასაღები შენთან იყოს, მერე გამოგართმევ… მაპატიე, რომ გტოვებ, მაგრამ შინ უნდა გავიარო გამოსაცვლელად. მაგვიანდება! წავედი! _ გამოსულმა ჩქარ-ჩქარა მომაყარა, ლოყაზე მაკოცა და გავარდა…

დივანზე დავეხეთქე… ჭირსაც წაუღია ყავა, თანაც თბილი… აღარაფერი მინდოდა ახლა… თან მიხაროდა, რომ წავიდა, თან მწყინდა. ამჯერადაც გადავრჩი… თუმცა ვიცი, დიდხანს არ გასტანს ასე და ძალიან მალე ყველაფერი მოხდება… მერე? რა იქნება მერე, როცა თავისას მიაღწევს? საკმარისია კი ჩემთვის მისი საყვარლობა? ან კი რამდენ ხანს ვიქნებით ერთად? ვინ იცის, რამდენი ჩემნაირი ჰყავს ან ჩემზე უკეთესი! ხომ ფაქტია, რომ ცოლად არ შემირთავს? მაგრამ… ვითომ რატომ არ შემირთავს? რა მჭირს დასაწუნი ამისთანა გოგოს? სულელივით ცარიელ კედლებს გავუღიმე. რაც იქნება, იქნება. ახლა ამის განსჯის დრო არ არის, სამსახური მელოდება!

8 8 8

ოფისში დიდი ფაციფუცი დამხვდა. ახალ შენობაში გადავდივართო, მითხრა დაცვის უფროსმა, რომლის სახელი ვერა და ვერ დავიმახსოვრე… მარიკა დერეფანში შემეჩეხა.

_ ყველანი გადავდივართ? _ არც მივესალმე.

_ არა, ჯერ ის ინვენტარი გადააქვთ, რაც მუშაობას ხელს არ შეუშლის, დანარჩენი საღამოს.

_ ჩვენი მიხმარება საჭირო არ იქნება?

_ რას ამბობ! რა მიხმარება, მუშები დაიქირავეს… რას შვრები, როგორ ხარ?

_ არა მიშავს, შენ?

_ მე რა… დედაა ცუდად, წუხელ სასწრაფო გამოვიძახეთ, საშინელი თავის ტკივილი ჰქონდა.

_ რა დაემართა?

_ შაკიკი აწუხებს და ხშირად აქვს შეტევები. დავიღალე, რა.

_ რა ცუდია… _ შემეცოდა.

_ მგონი, ვიშოვე სამსახური.

_ მართლა? სად?

_ ნოტარიუსის თანაშემწედ.

_ რას მელაპარაკები! მერე? მაგ საქმის რამე გაგეგება?

_ როგორ არა, მე ხომ იურიდიული დავამთავრე.

_ ვაუ! რომ არასდროს გითქვამს? _ გულწრფელად გამიხარდა.

_ გეგონა, მდივნობის მეტი არაფერი ვიცოდი? _ გაეცინა.

_ არა, ეგ არც მიფიქრია, მაგრამ იურისტი თუ იყავი, ვერ წარმოვიდგენდი.

_ მაააშ! როდის გნახო ერთი გემრიელად? მომენატრა შენთან ჭორაობა.

_ მეც მომენატრა, თან საქმე მაქვს შენთან. წამო, თუ გცალია, ყავა დავლიოთ.

_ წამოვალ, სანამ საქმეს მომაყრიან.

ცოტა ავნერვიულდი, რადგან ვიმედოვნებდი, რომ მარიკასგან საჭირო ინფორმაციას გავიგებდი. თედო არ ჩანდა, ამიტომ ჩურჩულით ლაპარაკიც არ გვიწევდა.

_ მარი, შენ მეტრეველის ყოფილ შეყვარებულზე რამე იცი? _ შეფარვით დავიწყე და ქაფქაფა ყავა ისეთი დოზით მოვსვი, ყელი ჩამეწვა.

_ ყოფილ შეყვარებულზე? არა, არაფერი, _ თავი გადააქნია მარიკამ.

_ ხათუნა ჰქვია… აბა, გაიხსენე.

_ არაფერი ვიცი, ლოლა. არც არასდროს გამიგია. რა იყო, მოხდა რამე?

_ არა, უბრალოდ, რაღაც მაინტერესებდა. მაგის მდივანს რა ერქვა, ბოლოს რომ ჰყავდა?

_ ფიქრია… რა სისულელეა, მაგასთან არაფერი ჰქონია. არ მეტყვი, რა ხდება?

_ ჯერ გავიგებ და მერე მოგიყვები. რაც არ ვიცი, რა გითხრა? _ მაინც არ გავხსენი კარტები, _ ნეტავ, ვის ეცოდინება? _ ცალი თვალი მოვჭუტე და შევაცქერდი.

_ ყველაზე ახლოს მასთან თედოა, დიდი ხნის მეგობრები არიან. მაგას ეცოდინება, მაგრამ როგორ გინდა გაიგო.

_ არა, თედოს ხომ არ ვკითხავ, რა სისულელეა… კარგი, დაივიწყე. ისე ვიკითხე, თორემ რა ჩემი საქმეა…

_ შენ რაღაცას მიმალავ, გოგონი… _ გამიცინა მარიკამ, _ არა გაქვს სურვილი, გამენდო?

_ გაგენდობი, როცა გავარკვევ რაღაც-რაღაცებს, ჯერ ადრეა, _ თვალი ჩავუკარი.

ამ დროს კარი გაიღო და თედო გამოჩნდა. მარიკა აილეწა მის დანახვაზე.

_ ხომ არავინ დამირეკა? _ იკითხა და მხოლოდ მერე მოგვესალმა.

_ არა, არავინ.

_ ყავა! თანაც, სასწრაფოდ! _ მიბრძანა და კაბინეტში შეიკეტა.

_ მერე გნახავ, წავედი, _ სევდანარევი ხმით თქვა მარიმ და გავიდა.

თედო ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას, ყავა რომ შევუტანე.

_ … ყველაფერი გამირკვიე და თუ ეგ საქმე გამოვიდა, «მაღარიჩი» ჩემზე იყოს, ძმაო! _ კარგ ხასიათზე ჩანდა ჩემი «ნომერი ორი» ბოსი.

დაველოდე, სანამ საუბარს მორჩებოდა.

_ კიდევ ხომ არ გნებავთ რამე, შეფ? _ გავუღიმე.

_ ჰო, მნებავს, _ დაღლილი ტონი დაიყენა უცებ.

სმენად ვიქეცი. გამომცდელად შემათვალიერა…

_ წუხელ სახლში არ იყავი? _ იმდენად არ ველოდი ასეთ შეკითხვას, ჭიანჭველებმა დამირბინეს ტანში, სიწითლემ ერთიანად ამკრა სახეზე, მაგრამ არ დავბნეულვარ.

_ სახლში ვიყავი, _ ჯიქურად გავუსწორე მზერა.

_ აბა, ტელეფონთან რატომ არ მოხვედი, რეკვით რომ გავსკდი?

_ სახლის ტელეფონს გულისხმობ? ხაზია დაზიანებული. მობილურზე უნდა დაგერეკა.

_ გამორთული გქონდა.

_ მართლა? არც შემიმჩნევია, ალბათ დამიჯდა.

_ არც ნიკა ყოფილა წუხელ სახლში… _ შემპარავად გააგრძელა.

_ იმის მობილურიც გამორთული იყო? _ საჩვენებელი თითი ყვრიმალზე ჩამოვისვი.

_ არ ვიცი… მის მობილურზე არ მიცდია დარეკვა.

_ რამე გადაუდებელი საქმე გქონდა? _ ირონიას არ ვეშვებოდი.

_ ჰო. მინდოდა გამეფრთხილე, რომ დღეს ახალ ოფისში გადავდიოდით.

_ ა!

_ როგორ ჩაიარა შეხვედრამ?

_ ნიკამ არ გითხრა? _ ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად ავზიდე.

_ ჯერ არ მინახავს.

_ ჰკითხე და გეტყვის. მას არ უთქვამს ჩემთვის, თედოს მოუყევიო, თუმცა არც ის უთქვამს, არ მოუყვეო… ამიტომ, ჯობია, თვითონ გითხრას… მაპატიე… კიდევ გინდოდა რამე?

_ თავისუფალი ხარ… და დროზე დამიმთავრე გუშინდელი საქმე! _ მკაცრად დააყოლა.

_ საღამომდე ჩაგაბარებ, ნახევარზე მეტი გაკეთებულია, _ ნაზად შევღიმე და კარისკენ საპატიო ყარაულში მდგომი ჯარისკაცივით ქუსლით შევტრიალდი, თან ეშმაკური ღიმილი დამთამაშებდა სახეზე, თუმცა თედო ამას ვერ ხედავდა…

საღამომდე თავაუღებლად ვიმუშავე. ქანცი გამწყდა, ვეღარ ვაზროვნებდი… საქმეს რომ მოვრჩი, მერეღა დავაფიქსირე, რომ მთელი ნახევარი დღის განმავლობაში ნიკა ერთხელაც არ გამხსენებია… გამიკვირდა. როგორ შემიტყუა თურმე სამუშაომ. რატომ არ მირეკავს?

უკვე დღის ბოლო იყო. ხელშეკრულებები ფაილში ჩავდე და თედოს მაგიდაზე დავუდე. იგი შუადღისას გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. საინტერესოა, ხვალ აქ უნდა მოვიდე, თუ ახალ ოფისში? ვიღაცამ ხომ უნდა გამაფრთხილოს? ნეტავ, ჩვენ რომელ სართულზე ვიქნებით? ნიკასთან ახლოს, თუ შორს? კითხვები არ მასვენებდა.

სამუშაო საათები უკვე მთავრდებოდა, რომ ჩემი მობილურის ეკრანი აინთო. უცხო ნომერი იყო. «აშკარად ნიკაა», _ კმაყოფილმა გავიფიქრე და მწვანე ღილაკს დავაწექი.

_ გისმენთ.

_ იმედია, ჩემს მშვენიერ ბიძაშვილს ველაპარაკები, _ გაისმა მამაკაცის მხიარული ხმა, რომელიც მაშინვე ვიცანი.

_ ნიკუშ! _ საჭიროზე მეტად გამოვხატე სიხარული, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი, «ნიკა ორი» ოდესმე თავისი სურვილით თუ მომიკითხავდა.

_ თქვენი მონა-მორჩილი, მადამ. რატომ დაგვივიწყე, ნათესავო?

_ აუ. რა ვიცი, იმდენი საქმე მაქვს, ყველაფერი მავიწყდება, ძალიან ვიღლები. როგორ ხართ? რას შვრება მამაშენი… ქრისტინე…

_ როგორ ვიქნებით შენგან დავიწყებული. რომელ საათზე ამთავრებ?

_ შვიდზე, უკვე წასვლას ვაპირებდი.

_ მოიცა, დამელოდე. გამოგივლი და სადმე ვივახშმოთ, არ გინდა?

_ სიამოვნებით, მაგაზე როგორ გეტყვი უარს.

_ კარგი, მოვდივარ, ათ წუთში მანდ ვარ, არ წახვიდე!

_ დაგელოდები, ნიკ! ძალიან გამახარე! _ ჩავძახე ტელეფონში და მოულოდნელად შევამჩნიე შემოსასვლელ კართან დარჭობილი თედო, რომელიც გამომცდელ მზერას არ მაშორებდა.

_ დღესაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიგეჩქარებათ? _ მის სარკაზმს საზღვარი არ ჰქონდა.

_ არა, დღეს სავახშმოდ მიმეჩქარება, ოღონდ სხვა ნიკასთან ერთად.

_ აჰააა. ეს ის არის? _ დამცინავი იერით მაღლა აიშვირა საჩვენებელი თითი.

_ ჰო, ის არის, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე და კომპიუტერი გამოვრთე, _ ხელშეკრულებები მზადაა, მაგიდაზე დაგიტოვე.

_ უკვე მიდიხარ?

_ დიახ.

_ ხვალ ხომ იცი, სადაც უნდა მოხვიდე?

_ ახალ შენობაში ალბათ, არა?

_ სწორად მიხვდი.

_ რომელ სართულზე ვიქნებით?

_ ნიკასთან ახლოს, _ მრავლისმეტყველად აღნიშნა და კაბინეტს მიადგა, _ ნახვამდის, ლოლა.

_ ნახვამდის, თედო, _ დავემშვიდობე და კარი მოიხურა თუ არა, ენა გამოვუყავი.

8 8 8

ნიკუშა ისეთი გამოწკეპილი მეახლა, თვალები დავაჭყიტე.

_ რა სიმპათიური ხარ! რა იყო, ცოლი ხომ არ მოგყავს?

_ ცოლი არა, ტოროლა. ჩემი მოსაწონი ქალი ჯერ არ დაბადებულა.

_ არ გადამრიო! ვის ეძებ ამისთანას, მონიკა ბელუჩის?

_ უკეთესს! _ გაიხუმრა ნიკამ, გადამკოცნა და მანქანის კარი გამიღო.

_ შენს მანქანას რას უპირებ?

_ რომ მოვბრუნდებით, წავიყვან, რა პრობლემაა.

_ მართალი ხარ!

სანამ ჩავჯდებოდი, უნებლიეთ მაღლა ავიხედე, თითქოს ვიღაცის მზერა ვიგრძენი… არ შევმცდარვარ, ფანჯარაში თედო გადმოყუდებულიყო და მზვერავდა. ჩამეცინა.

_ თუ გინდა, ჩვენთან წავიდეთ, _ შემომთავაზა ნიკუშამ, როგორც კი ჯიპი დაძრა.

_ რა ვიცი, დედაშენის მერიდება.

_ ტყუილად გერიდება. იცი, როგორ მოსწონხარ? გუშინაც მკითხა, რატომ არ მოდის ლოლა, რამე ხომ არ ეწყინაო.

_ რა სისულელეა, რა უნდა მწყენოდა. ყველამ ისე თბილად მიმიღეთ…

_ გინდა, ბულაჩაურში წავიდეთ, მაგარი ხინკლები აქვთ.

_ უფრო ახლოს არაფერი იცი? თან ასე გვიან ხინკალი არცთუ სასარგებლოა, _ დავიჭყანე, არ მინდოდა სახლში დამგვიანებოდა, ვაითუ, ჩემს ნიკას ავცდენოდი.

_ კარგი, ახლოს იყოს. მაშინ «პარიზში» დაგპატიჟებ, მაგარ სალათებს ამზადებენ.

_ ეგ მომწონს, «პარიზი» არამარტო პარიზშია არაჩვეულებრივი, _ მეც გავმხიარულდი.

მიხაროდა, რომ დავახლოვდით. ნათესავების სიმწირეს ისედაც განვიცდიდი, ამიტომ ორმაგად სასიამოვნო იყო, ასეთ შორეულ ნათესავთან ასეთი ურთიერთობა რომ დავამყარე…

_ ორი «ცეზარი», თუ შეიძლება, _ შეუკვეთა ნიკამ ოფიციანტს და გადმომხედა, _ რა დავლიოთ? ლუდი? კარგი ლუდი, ცივი…

_ იყოს კარგი ლუდი… ცივი, _ გავიმეორე მისი სიტყვები და ორივეს გაგვეცინა.

სანამ სალათას მოიტანდნენ, ლუდი დავაგემოვნეთ.

_ რას შვრება მეტრეველი, ხომ არ გაბრაზებს? _ მკითხა მოულოდნელად.

მის ხსენებაზე გამაჟრჟოლა, უხერხულად ჩავახველე.

_ ა-რაა, _ კეკლუცად გავაქნიე თავი, _ მართლა შენი მეგობარია? _ მომენტი დავიჭირე.

_ ჩემი ძმაა… მაგარი კაცია ძალიან.

_ ხათუნას იცნობ? _ უეცრად ჩემთვის საჭირო თემას გადავწვდი.

_ ნიჟარაძეს? როგორ არა, ვიცნობ, მაგრამ ეგენი დიდი ხანია, დაშორდნენ.

_ მართლა? _ გაოცების ნიღაბი ავიფარე, _ როგორც ვიცი, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.

_ ნიკას მართლა უყვარდა, მაგრამ ხათომ მაგრად მიქარა მასთან, ცუდად მოექცა.

_ ამისთანა რა ჩაიდინა? _ სუნთქვა შემეკრა, სმენად ვიქეცი.

_ ფულს დახარბებული ქალების ამბავი არ იცი? გააგიჟა კაცი. გინდა თუ არა, ცოლად მომიყვანეო. ნიკას კი არ ეჩქარებოდა ოჯახის შექმნა, სად ეცალა ამისთვის. თანაც დედამისს არ მოსწონდა ხათუნა, «ბნელქალას» ეძახდა, ნიკას შესაფერისი არ არისო. ცოტა «სვეტსკი» სტილის დედა ჰყავს. არადა, იცი, რა პატივს სცემდა ნიკა? საჩუქრებს საჩუქრებზე უკეთებდა, დაბადების დღეზე მანქანის გასაღებიც კი ჩაახუტა. ერთხელაც მოუხია ხათომ, ორსულად ვარო. ამან მაინც შეიკავა თავი, ჯერ მაგისთვის მზად არ ვარ და ნუ გააჩენო. ისიც გაბრაზდა, დააჯდა ამ ნაჩუქარ მანქანას და დააწვა… დააწვა და ვიღაცას შეეჯახა, კინაღამ დაიბრიდა, ყველა ნეკნი დამტრვეული ჰქონდა, ლავიწის ძვალი ჩანგრეული და რა ვიცი… ძლივს გადაარჩინეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ორსულად არ ყოფილა, იტყუებოდა თურმე. ნიკამ ეს არ აპატია და მიატოვა. მერე იმან ვითომ თავის მოწამვლა სცადა, მერე ხათუნას ძმამ დაიწყო მუქარები და ვიღაცების მიგზავნა ნიკასთან და რა ვიცი… ერთი ამბავი იყო. მაინც არ შეურიგდა ჩვენი ნიკაკო, როგორც ქეთინო დეიდა ეძახის ხოლმე.

_ ქეთინო დეიდა ვინ არის?

_ ნიკას დედა. ძალიან ლამაზი ქალია. არც ვამტყუნებ, კარგი რძალი რომ უნდა. ვის არ უნდა კარგი რძალი? აბა, მამაჩემს ჰკითხე ახლა და დედაჩემს! გუშინ არ გაინტერესებს, რას მეუბნება კრისტი? _ მოდურად მოიხსენია «ნიკა ორმა» დედამისი, _ ლოლაზე ნაკლები ქალი არ დამანახვო, თორემ სახლში არ შემოგიშვებო. მართლა მაგრად მოსწონხარ. გეკითხები ახლა, საიდან მოვუყვანო შენზე არანაკლები?

_ კარგი რა, ჩემზე უკეთესებიც უამრავია, შენ მოინდომე და… _ ვუთხარი, თან ერთი სული მქონდა, ხათუნას და ნიკას ურთიერთობის ამბავი გაეგრძელებინა, მაგრამ არ გამოვიდა, ისე წარიმართა საუბარი.

_ არ დაიჯერო! მე კარგი ქალი რასაც ჰქვია, ჯერ არ შემხვედრია. შენ თუ იცნობ ვინმეს, ბაზარი არ არის, გამაცანი და დანარჩენი მე ვიცი.

_ გაგაცნობ, რა პრობლემაა, _ ღიმილი მომერია და მაშინვე მარიკა ამომიტივტივდა გონებაში, _ თან ძალიან მაგარ გოგოს… იურისტია.

_ აუჰ! იურისტი ქალი ქალად როგრ აღვიქვა?

_ ვითომ რატომ? იურისტიც ქალია… ან შეუცვალე პროფესია… ოღონდ, აქედანვე გაფრთხილებ, მდიდარი არ არის.

_ მაგის სიმდიდრეს რა თავში ვიხლი, მთავარია, შეგნებული იყოს და… ცოტა ლამაზი.

_ ცოტა კი არა, ძალიან ლამაზია, მაღალი, შავგვრემანი, ბრიალა თვალებით… ჯიშიანი.

_ მოიცა, მსუქანია?

_ მსუქანი შენ ხარ! _ სიცილი ამიტყდა.

_ მე ვიცი, რომ მსუქანი ვარ, მაგრამ ცოლიც მსუქანი არ მინდა, გესმის? რა გვარია?

_ ლოლაშვილი… მარიამი.

_ ო! სახელი და გვარი კარგი ჰქონია… რამდენი წლისაა?

_ მმმ… ოცდარვის, მგონი.

_ ოოო! ორი წლით ჩემზე უფროსი ყოფილა…

_ მერე რა? ახლა მოდაშია ქალსა და მამაკაცს შორის ეგეთი სხვაობა, _ უდარდელად ვთქვი.

_ ორი წელი დიდი არაფერია, მართალი ხარ…

_ დედაჩემიც ორი წლით იყო უფროსი მამაჩემზე, _ სასწრაფოდ მოვიძიე მაგალითი, თუმცა კი ვიცრუე.

_ კარგი, მაგას «ვაპატიებ». სხვა? კიდევ რას მეტყვი?

_ არაჩვეულებრივი დიასახლისია…

_ ეგ არ მაინტერესებს, მოსამსახურეების მეტი რა გვყავს, მაგაზე მოვაცდენ?

_ მეტი რა გითხრა, გაგაცნობ და დანარჩენი თავად გაიგე.

_ ქალიშვილია?

_ აბა რა! _ შევიცხადე.

_ ოცდარვა წლის ქალიშვილი კარგი რომ იყოს, აქამდე ვინ დატოვებდა? რაღაცას მაბოლებ, ბიძაშვილო! _ ეჭვნარევი მზერით გამომხედა ნიკუშამ.

_ როგორც გინდა, ძალას კი არ გატან. გაიცანი მაინც, შენი რა მიდის, იქნებ მოგეწონოს.

_ ჰო, რა თქმა უნდა, ამას წინ რა უდგას.

_ უცნაურები ხართ ეს მამაკაცები! ოცდარვა წლის და ქალიშვილი არ გაწყობთ, «ნაგულავები» და ქარაფშუტები თუ გინდათ, რაღას წუწუნებთ, კარგი გოგოები აღარ არსებობენო? მაშინ მოკიდე ხელი ნებისმიერს და დაისვი სახლში! _ რაჭველივით გვიან აღვშფოთდი.

_ არა, ეგ არ მითქვამს… უბრალოდ, გამიკვირდა, ამ ასაკის რომ არის. ოცდარვა წლის კარგი ქალი ყველა გათხოვილია.

_ იქნებ ჰქონდა მიზეზი, რომ არ გათხოვდა?

_ კარგი, კარგი, თავს ნუ მესხმი, მიირთვი სალათა, თორემ დამრჩები მშიერი. ჯერ გამაცანი ის შენი მარიამი და დანარჩენი მერე ვნახოთ, _ დამნებდა ნიკა და გემრიელად შეუდგა «ცეზარის» ჭამას, რომელიც, როგორც იქნა, გვაღირსეს.

მეც მადის აღმძვრელად ვილუკმებოდი. მთელი დღე არ მიჭამია, ისე გადავერთე მუშაობაში თედოს გადამკიდე.

_ როდის გამაცნობ? _ ცოტა სული რომ მოვითქვით, ისევ დაიწყო ნიკამ.

_ თუ გინდა, ახლავე, _ ჩემი აღმოჩენით თვალები გამიბრწყინდა. ერთი დარტყმით ორ კურდღელს მოვკლავ, დედამისსაც ვინახულებ და ნიკასაც გავაცნობ.

_ ახლავე?

_ ჰო. მაინც უნდა მენახა ამ საღამოს. ავდგეთ და ერთად მივიდეთ.

_ მივიდეთ, _ მაშინვე დამთანხმდა.

_ რაღაცას ვიყიდი და…

_ მე ვკისრულობდა არ შემეწინააღმდეგო, იცოდე! _ გააპროტესტა.

_ კარგი, არ შეგეწინააღმდეგები, მაგრამ რომ არ მოგეწონოს, მერე არ მითხრა, რა ტყუილად მაყიდინე რამე-რუმეებიო, _ გამეცინა.

_ არა გრცხვენია? ეგრე მიცნობ? _ იწყინა ნიკუშამ.

_ გეხუმრები, რა იყო, _ დავუყვავე.

_ მაშინ წავედით, ხო?

_ წავედით.

ნიკამ ფული გადაიხადა და გამოვედით. მარკეტში გავიარეთ, ხილი, წვენები და შოკოლადის ასორტი ვიყიდეთ და მარიკას ავადექით.

კარი მარიმ გაგვიღო.

_ ვაი! რა ქარმა გადმოგაგდო, ხომ მშვიდობაა, ლოლა? _ შეშფოთება შეეტყო, თან შეფარვით ნიკუშა შეათვალიერა.

 

 

 

საოცრად სანდომიანი და სათნო ქალი გამოდგა მარიკას დედა. ძალინ თბილად მიგვიღო. ნიკა ორივეს გავაცანი, ჩემი გარე ბიძაშვილია-მეთქი. ქალბატონმა მერიმ დაიჯერა, მარიკამ _ არა. ეჭვის თვალით გადმომხედა, იფიქრა, რომ თაყვანისმცემელი მახლდა თან და დედამისის გულის მოსაგებად ვთქვი ასე. მერე, როცა სამზარეულოში განვმარტოვდით ყავის მოსადუღებლად, ავუხსენი, ვინც იყო და სხვა რა გზა ჰქონდა, არ დაეჯერებინა. მოეწონა, კარგი ბიჭიაო. მას კი მოეწონა, მაგრამ ნიკუშას რეაქცია ვერ დავიჭირე, არც კმაყოფილება ეხატა სახეზე და არც უკმაყოფილება.

დიდხანს შემოვრჩით მარისთან. საერთო ნაცნობებიც კი გამონახეს მან და ნიკამ, თურმე ერთხანს ერთ სკოლაშიც კი სწავლობდნენ, ორმოცდამეცამეტეში, მერე დედამ დიღომში იყიდა ბინა და მარიც, ძალაუნებურად, სხვა სკოლაში გადავიდა. ძალიან სასაცილო იყო, ერთმანეთი რომ ვერ გაიხსენეს. ყველა და ყველაფერი ახსოვდათ, ერთმანეთის გარდა. კარგად ვიხალისეთ. ნიკას ისე გაუტკბა მარიკასთან, სულ დაავიწყდა, სად იმყოფებოდა და შინ წასვლას აღარ ჩქარობდა. მე კი ერთი სული მქონდა, სახლში როდის დავბრუნდებოდი. იმის დარდი მკლავდა, ნიკამ რომ მომაკითხოს, შინ არ დავხვდები-მეთქი. თუმცა, თუ ჩემი მოძებნა მოუნდებოდა, არ გაუჭირდებოდა, ახლა მაინც ჰქონდა ჩემი ტელეფონის ნომერი. წარამარა მობილურის ეკრანს დავჩერებოდი, რომ ზარი არ გამომპარვოდა. ადგილზე ვცმუკავდი მთელი საღამო. ბოლოს მეც მოვეშვი _ ჯანი გავარდეს, თუ არ დარეკავს და ისე მომაკითხავს, კეთილი ინებოს და დამელოდოს, თუ არადა, ცოტა იმანაც ინერვიულოს, არაფერი უჭირს-მეთქი! უკეთესიც იქნება, თუ სახლში ვერ დამიგულებს. ჯობია იფიქროს, რომ მის გარეშეც მშვენივრად ვატარებ დროს და სულაც არ ვარ მასზე, თანამედროვე სიტყვა რომ მოვიშველიო, «ჩაციკლული»… არც გადართული… არც შეყვარებული… მაგრამ გასაღები? გასაღები რომ დასჭირდეს? რისთვის? მორიგი ასაკოვანი ქალით რომ გაერთოს? ნურას უკაცრავად! ამის უფლება უკვე აღარ აქვს! ჩემდა უნებურად გამეღიმა.

_ რაზე ფიქრობ, ლოლა? _ ნიკუშას ჩემი ღიმილი არ გამოპარვია.

_ რაღაც გამახსენდა, _ პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.

_ ვიცი მე, შენი ასაკის გოგოებს რაც ახსენდებათ, შე ყაჩაღანა! მაგის დროა ახლა? პატარა გოგოები უკვე საწოლში უნდა იწვნენ და ღრმა ძილით ეძინოთ.

_ რა ვქნა, გენაცვალე, შენ არ მოდიხარ და აქ ხომ არ ჩამოვიძინებ მაგიდაზე? _ მხიარულად შევძახე და მარის თვალი ჩავუკარი.

_ მართალი ხარ, მართალი, ისე გავერთე, ვერც მივხვდი, დრო როგორ გავიდა. მიკვირს, კრისტი რომ არ მირეკავს, _ გაიცინა ნიკამ.

_ კრისტი ვინ არის? _ ცნობისმოყვარედ აწკიპა მარიკამ წარბები.

«აჰა, დაიწყო!»

_ დედამისია, _ წავეხმარე გარე ბიძაშვილს.

_ დედაჩემია და თან ისეთი ფეთიანი, უარესი არ გენახოთ. წავედით, ლოლიტა, ტკბილი სიზმრების დრო მოახლოვდა, დაო! _ პათეტიკურად წარმოთქვა ნიკუშამ და წამოდგა, _ სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ქალბატონებო, არაჩვეულებრივი დრო გავატარე. დიდი მადლობა ჩემს ახტაჯანას, თქვენი თავი რომ გამაცნო, _ «მადლიერებით» დაიღვარა «ნიკა ორი» და იაპონელივით თითებშეტყუპებულმა უკუსვლით და თავის დაკვრით დაიხია ჰოლისკენ.

_ კამიკაძე, რამეს არ გამოედო და არ წაიქცე, _ ავკისკისდი მისი შემხედვარე, სასაცილოდ რომ ცდილობდა ეფექტის მოხდენას.

_ თქვენ გაიხარეთ, შვილებო, როგორც მე გამახარეთ. ისე გამართეთ, ტკივილი სულ გადამავიწყდა, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, _ გულითადად დაგვლოცა მერი დეიდამ…

გზად ჩემს სამსახურთან გავიარეთ, რომ საკუთარ მანქანაში გადავმჯდარიყავი.

_ დაგელოდო? _ მკითხა ნიკამ, მანქანა რომ გააჩერა.

_ არა, რად მინდა, ჩემით ვერ გავაგნებ? აქ უცხო არავინ არის…

_ მაშინ გავიქცევი, თორემ დედაჩემი სახლში არ შემიშვებს, _ აჩქარდა ნიკუშა.

_ წადი, წადი, მაგრამ ის მაინც გეთქვა, როგორი კმაყოფილი ხარ, ის გოგო მოგეწონა? _ ღიმილით ვკითხე, სანამ დავემშვიდობებოდი.

_ არა უშავს, კარგი ვინმეა. ლამაზიც არის და გულღიაც… კოჭებზე ეტყობა… ვიფიქრებ მაგაზე მე, _ «ჩაუდათათუთაშხიავა» ბოლოს, გადამკოცნა და «აიპისის» ეზოში დამტოვა.

როგორც ჩანს, მთლად ახლოს ვერ არის მისი ოცნების ქალთან. უკაცრავად, ბატონო ნიკა, მონიკა ბელუჩი რომ ვერ აღმოგიჩინეთ! _ სიბნელეს გავუცინე და მანქანის გასაღების მოსაძიებლად ჩანთაში დავიწყე ქექვა.

8 8 8

სირბილით ავიარე საფეხურები. ჩემი სართულის მოედანზე, როგორც ყოველთვის, უკუნ სიბნელეს დაესადგურებინა. რა უბედურებაა, რა გახდა ერთი ნათურა? უნდა დავაყენებინო ვინმეს გარე განათება, ასე სად შემიძლია?!

ნიკას ბინისკენ გავიხედე… ჩამიჩუმი არ ისმოდა, არც შუქი ენთო. რომც ყოფილიყო ვინმე, მაინც ვერაფერს გავიგებდი გარედან. ამ დროს უცნაურმა აზრმა წამომიარა. ძალიან მომინდა, შევსულიყავი და იმ ტახტზე წამოვწოლილიყავი, სადაც წუხელ ჩემი ოცნების მამაკაცს ეძინა, დამეყნოსა მისი სხეულის სურნელით გაჟღენთილი ბალიში… ცდუნება იმდენად დიდი იყო, ვერ ვძლიე, ფრთხილად მივუახლოვდი კარს და გასაღები მოვარგე…

სუნთქვაშეკრულმა შევაბიჯე, თითქოს მეშინოდა, ვინმე არ გამეღვიძებინა. ხელის ცეცებით, კედელ-კედელ შევედი სასტუმრო ოთახში. ერთხანს შევდექი, რომ თვალი სიბნელისთვის შემეჩვია. ჩემი გულის ბაგუნ-გუგუნი გარკვევით მესმოდა. იმედია, ასე გვიან არ წამომადგება თავს და თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, ვეტყვი, რომ ყავის ფინჯნების გასარეცხად შემოვიარე. დილით, ვიბანავე თუ არა, წყალი დაწყდა და გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავტოვე.

ის იყო, ტახტს მივუახლოვდი, რომ ერთმანეთში არეული ხმები შემომესმა, თითქოს ვიღაც კვნესოდა, თუ ოხრავდა, თუ ტიროდა. გული გადამიქანდა… თითქოს აქვე, ჩემგან ორიოდე ნაბიჯზე, რაღაც იდუმალი ხდებოდა… სმენა დავძაბე და სუნთქვა შევიკარი. ხმა აშკარად საძინებლიდან გამოდიოდა… ელდანაკრავივით შევკრთი… რა ხდება? გული ცუდს მიგრძნობდა… ძალიან ცუდს… საშინელებას…

მუხლები ამიკანკალდა. არ მახსოვს, იმ სიბნელეში როგორ გავიკვლიე გზა, როგორ მივვარდი ოთახის კარს და კი არ გამოვაღე, გამოვგლიჯე…

შუქი არც იქ ენთო…

_ რომელი ხარ? _ მომესმა ნაცნობი ხმა, რომელსაც ქალის სუსტი შეკივლება მოჰყვა.

ფერმიხდილმა უკან დავიხიე, მაგრამ გამოსვლა ვერ მოვასწარი, რადგან ოთახი განათდა…

ზეწარშემოხვეული ნიკა ჩემგან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით იდგა, საწოლში კი… საწოლში სწორედ ის ქალი იწვა, იმ საბედისწერო ასაკის ქალი, იმ ღამეს ნიკა რომ აცილებდა და სახეს მალავდა…

არავის ვუსურვებ, განიცადოს ის, რაც იმწუთას მე განვიცადე. თვალთ დამიბნელდა, წავბორძიკდი, ავლუღლუღდი, არ ვიცი, რას ვბოდავდი… ერთადერთი, რასაც შეგნებულად ვაკეთებდი, იმ ქალის შეთვალიერება და დამახსოვრება იყო… ამის თავი მქონდა, სხვა არაფრის.

_ შენ აქ რა გინდა? _ გაღიზიანებული ტონით მომვარდა ნიკა, მკლავში უხეშად ჩამავლო ხელი და შემაჯანჯაღარა…

შევხედე… გავუღიმე… ვგრძნობდი, ჩემი ღიმილი როგორი დამცინავი იყო… თან განმგმირავი… არა, გამანადგურებელი… უფრო მეტიც, მომაკვდინებელი… «რა საცოდავი ხარ», _ მეწერა ტუჩებზე…

თუმცა იგი ჩემი სახის გამომეტყველებას ნაკლებად აქცევდა ყურადღებას, ამწუთას მხოლოდ ერთი რამით იყო დაკავებული _ რაც შეიძლება სწრაფად გამოვეყვანე საძინებლიდან…

მე კი თვალს არ ვაშორებდი ჩემს მეტოქეს… მას ოვალური სახე ჰქონდა, ოდნავ შენაოჭებული, ლამაზი, პაჭუა ცხვირი და ხელოვნურად დაბერილი ტუჩები… საწოლზე წამომჯდარიყო და შეშინებული მომჩერებოდა, თან საბანს იფარებდა მკერდზე, რომ სიშიშვლე დაემალა… იმ საბანს, რომელიც წუხელ მე მეფარა…

_ გესმის, რას გეუბნები? _ ჩემზე არანაკლებ გაფითრებულმა მეტრეველმა ძალდატანებით გამომათრია სასტუმრო ოთახში.

_ არ მესმის… _ ჩურჩულით ჩავილაპარაკე და თვალები ცრემლით ამევსო.

_ რისთვის შემოხვედი, რა გინდოდა? _ არ ცხრებოდა ნიკა.

_ გასაღები… გასაღები მოგიტანე…

_ წადი, აზრზე მოდი და გამოვალ ცოტა ხანში, გასაგებია? _ ვერ მოზომა, ისე შემაჯანჯღარა გაავებულმა და გასასვლელისკენ მიბიძგა.

ტკივილისაგან დავიკვნესე… ვეღარ ვაზროვნებდი, არც ფეხები მემორჩილებოდა… მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, სადარბაზოში რომ აღმოვჩნდი და ნიკამ კარი ცხვირწინ მომიხურა…

რატომ? რით დავიმსახურე? რისთვის? ერთსა და იმავეს ვიმეორებდი ჩურჩულით და ჩემი ბინისკენ ახალფეხადგმული ბავშვივით მივბარბაცებდი… რწევა-რწევით…

კარის გაღება ვერ მოვახერხე… დიდხანს ხანს ვიწვალე… როცა ვერაფერი გავაწყე, კეფა ცივ კედელს მივადე და ამოვიხრიალე… უცნაურ ხმებს გამოვცემდი… ცრემლებმა სახე ერთიანად დამინამა… მერე… მერე ადგილს მოვწყდი და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. გავრბოდი… თავადაც არ ვიცი, სად… მანქანაში ჩავჯექი და ისეთი სისწრაფით მოვსხლიტე ადგილიდან, თითქოს მკვლელების მთელი არმია მომდევდა უკან…

მრისხანება ჯერ კიდევ არ ჩამცხრომოდა, მუხლები კვლავ მიკანკალებდა. ამწუთას ვერ შევძელი იმის გახსენება, ბოლო წლების განმავლობაში ასეთი აფეთქება რამდენჯერ მქონია… არადა, ადრე უფრო გაწონასწორებული ვიყავი… დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ერთი პერიოდი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, უკიდურესმა დეპრესიამ შემიპყრო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა გამიარა. ცოტა მოგვიანებით ცხოვრება მშვიდი რიტმით გავაგრძელე. ყოველთვის ვცდილობდი, მომეთოკა ჩემი თავი და არ მიმეცა უარყოფითი ემოციებისთვის ამოფრქვევის საშუალება. როგორც ჩანს, ზედმიწევნით ვერ ვიმუშავე ჩემს თავზე…

ავტომატურად მიმყავდა მანქანა. ჩემი გონება ახლა სულ სხვა აზრებით იყო დატვირთული. მხოლოდ მაშინ შემეშინდა, როცა არასაჭირო ადგილას, სადღაც ჩიხში შევუხვიე და კინაღამ კედელს შევეჯახე… ჩემს ქმედებებს ანგარიშს ვეღარ ვუწევდი. დამუხრუჭება დროზე მოვასწარი… თავზარდაცემულს ცივმა ოფლმა დამასხა… საჭეს ხელებით ჩავაფრინდი და თავი ზედ ჩამოვდე… გაბმულმა სიგნალმა არემარე გააყრუა. სასწრაფოდ მოვშორდი საჭეს და საზურგეზე გადავწექი… ყრუდ ამოვიკვნესე… თუ ამოვიგმინე… თუ ამოვიტირე… ისე ვიყავი გახევებული, თითქოს მოვკვდი… საკუთარი სუნთქვის ხმაც კი არ მესმოდა.

ეს რა გამიკეთა… რატომ მომექცა ასე, რა დავაშავე? სად ვერ მოვიქეცი სწორად? როდის გავაფუჭე ყველაფერი? იქნებ ნაადრევად მივეცი გაშინაურების უფლება? იქნებ ცოტა უფრო შორს უნდა დამეჭირა თავი? თუ ასეთ ურთიერთობებსაა მიჩვეული და მეც ერთი რიგითი ქალი ვარ მისთვის, რომელსაც პრეტენზიების უფლება არ აქვს? ნუთუ წუხანდელი ღამის შემდეგ ასე უნდა მოქცეულიყო? ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გავიცანი რიგიანად?

გამწარებული ვკვნესოდი და რაც ძალა და ღონე მქონდა, საჭეს თითებს ვუჭერდი, თითქოს ამაში ვხედავდი ხსნას…

კარგა ხანს დავყავი ასე… თანდათან დავწყნარდი… როგორც იქნა, სუნთქვა თანაბარი გამიხდა, მუხლებიც დამიწყნარდა და აფორიაქებამაც გამიარა… როცა დავრწმუნდი, რომ საღ გონებაზე ვიყავი და საშიშროება არ დამემუქრებოდა, მანქანა დავძარი და ნელი სვლით დავიძარი…

8 8 8

ხომ ვამბობდი, ცხოვრება ვერაგია-მეთქი… ხომ დავასკვენი კიდეც, ბოლოს და ბოლოს… ტყუილად კი არ მაქვს ახირება, როცა ვამბობ, ჩემი ცხოვრება უფერულია და არ მიყვარს-მეთქი. შეიძლება ამას ჩემი ზოდიაქოს ნიშანიც იწვევს, რადგან მორიელი ვარ, რომელიც ანადგურებს თავის თავს. მეც ხომ ასე გავანადგურე და დავასამარე ჩემი ნახევრადობოლი ბავშვობა, ჩემი შეურაცხყოფილი, ამოთხრილი საფლავივით დამცირებული მოწიფულობა, დათრგუნვილი, უფერული სტუდენტობა და, რატომღაც, ყველაფრის თავიდან დაწყება ვცადე?.. არ გამომივიდა? არა უშავს… თუკი გულახდილი ვიქნები, ამწუთას უფრო ამაღლებულად მივიჩნევ ჩემს თავს… ჯობს, იყო მსხვერპლი, ვიდრე ჯალათი… ჯობს, შენ გავნონ, ვიდრე შენ ავნო… ყოველ შემთხვევაში, ასე უკეთ ვგრძნობ თავს… ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი… საბედისწერო შეცდომა ჯერ არ დამიშვია…

კიდევ კარგი…

არ ვიცი, ნიკამ მომაკითხა თუ არა… ამას ახლა ვეღარავინ მეტყოდა… შეიძლება, იყო კიდეც, შეიძლება _ არა… განა ამას მნიშვნელობა ჰქონდა?.. უცნაური ის იყო, რომ, როცა მარიკასგან დავბრუნდი, სადარბაზოსთან მისი მანქანა ვერ დავლანდე… იქნებ იდგა კიდეც და ყურადღება არ მივაქციე, რადგან გასაღები მე მქონდა? გამორიცხულია! ეს არ გამომეპარებოდა! მაგრამ მანქანის გარეშე როგორ მოვიდოდა? ტაქსით? სხვისი მანქანით? იქნებ იმ ქალმა მოიყვანა? არ ვიცი…

არადა, რა კარგად აეწყო ურთიერთობა… იმ ავადსახსენებელი დღის პრობლემები, როცა პირველად ვიჩხუბეთ, სადღაც შორს მოვიტოვე… იქ, წარსულში, ძველ ცხოვრებასთან ერთად, სადაც ჩემთვის ყველაფერი მოკვდა, გარდა ჩემი ბავშვობისა… იმ წლებისა, რომელიც დედის გვერდით გავატარე… შეიძლება არც მოკვდა, მაგრამ ცუდი მოგონებების ყულაბაში გამოვამწყვდიე და საიმედოდ გადავმალე… ისე გადავმალე, ჩემი ფიქრებიც რომ ვერ მიწვდენოდა…

და თითქოს ყველაფერი თავიდან დავიწყე… და ეგრევე შეცდომით… და დაუფიქრებლად… და გაუაზრებლად…

გასაღებების აცმა მაგიდაზე მივაგდე და ფანჯარას მივუახლოვდი… გაბზარულ მინაში ჩემი თავისა და მხრების კონტურების დაჟინებით თვალიერება დავიწყე… როგორ მოკუნტულხარ და დაპატარავებულხარ, ლოლა! ნუთუ ეს შენ ხარ? _ სინანულით გავაქნიე თავი…

რა არაეკონომიურად არის ცხოვრება მოწყობილი… უყაირათოდ ძველ, ნახმარ ტანსაცმელსაც კი არ ყრიან ყაირათიანი ადამიანები, ნაჭრებად ხევენ მათ და საოჯახო საქმეებში იყენებენ… მაგრამ ისეთი იშვიათობა, როგორიც სიყვარულია, თუკი არ სჭირდება იმას, ვისთვისაც არის განკუთვნილი, საერთოდ აღარავის სჭირდება. არც ჩემი სიყვარული სჭირდება არავის… არც ჩემი ნიჭი… არც ჩემი ერთგულება… და საერთოდ, მთლიანად მე არ ვჭირდები არავის…

რა არის ეს, მელანქოლია? სტრესი? დეპრესია?

სავარძელში ჩავესვენე და ჩემ წინ ერთ წერტილს მივაჩერდი. თვალები გამიშტერდა. ამ წერტილში განსაკუთრებული არაფერი იყო, არც საინტერესო, უბრალოდ, მეზარებოდა მზერის სხვა რამეზე გადატანა. ჩემს ამ მდგომარეობას «რესტრესი» შეიძლება დაერქვას (როგორც, მაგალითად, პროგრესი და რეგრესი)… რადგან ეს არ არის მთლად სტრესი. უფრო სწორად, ერთდროულად არის კიდეც და არც არის, იმისდა მიხედვით, მისგან გასათავისუფლებლად რა გზას აირჩევ. გზა კი ორი არსებობს მხოლოდ _ აქედან ერთი აივნისკენ მიდის, აივნიდან მიწისკენ, სხეულის თავისუფალი ვარდნის დაჩქარებული ტემპით, მეორე კი _ პირიქით, უკან. ანუ, რესტრესიდან უბრუნდები ნორმალურ სტრესს, სტრესიდან _ ცუდ ხასიათს, ცუდი ხასიათიდან _ ჩვეულებრივ, გაწონასწორებულ მდგომარეობას, გაწონასწორებულიდან კი კარგ განწყობილებას. სულ ეს არის «რესტრესის» ახალაღმოჩენილი ჩემეული ფორმულა…

მეც ავდგები და მეორე გზას ავირჩევ… უკუსვლით დავუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას, დავმშვიდდები, დავწყნარდები და აუღელვებლად ვიფიქრებ… სამაგიეროს გადახდაზე… თუ შურისძიებაზე?..

8 8 8

ისეთი გაკრიალებული იყო ახალი ოფისი, გეგონებოდათ, კაფელის მაგივრად, იატაკი მარმარილოთი მოუპირკეთებიათო. დაიხედავდი ძირს და თავისუფლად შეგეძლო საკუთარი ორეულის დანახვა.

ახალ შენობაში «აიპისის» ორი სართული ეკავა _ მესამე და მეოთხე, ოღონდ გაცილებით დიდი ფართობის, ვიდრე ძველ ადგილას. აქ ყველაფერი მოდერნიზებული იყო _ შუშის კედლები, მინით გადატიხრული ოთახები, კომპიუტერები, სათვალთვალო კამერები… მხოლოდ პრეზიდენტის და მისი მოადგილეების კაბინეტები იყო განსხვავებული… თითქოს იზოლირებული… თითქოს შენიღბული…

მესამე სართულზე თანამშრომელთა სამუშაო ოთახები იყო განლაგებული, მეოთხეზე _ მთლიანად ადმინისტრაცია. თედოს და ნიკას კაბინეტები ერთმანეთისგან მოშორებით მდებარეობდა, პირველის _ დერეფნის თავში, მეორის _ ბოლოში. ეს კარგის მანიშნებელი იყო _ სავარაუდოდ, ყოველდღე შემეძლო მისთვის თვალის შევლება.

მარიკამ ორივე სართული მომატარა, თან გზადაგზა მიხსნიდა, აქ ეს არის, იქ ის არის… თავი ექსკურსიაზე მეგონა… მუშები ჯერ კიდევ დაათრევდნენ ინვენტარს, ალბათ ვერ მოასწრეს ბოლომდე ყველაფრის გადმოტანა… დამლაგებლებიც საქმიანად დაფუსფუსებდნენ ოთახიდან ოთახში.

_ უი, სულ დამავიწყდა!.. იცი, ვიტალი რომ გაათავისუფლეს? _ უეცრად გაახსენდა მარის.

_ რას მეუბნები? მართლა? როგორ მეწყინა… რატომ? _ გულწრფელად შევიცხადე.

_ მეტრეველმა შეუსწრო თურმე, კაბინეტში წამალს იჩხირავდა ვენაში…

_ წამალს? ვიტალი რა, ნარკომანია?

_ ყოფილა თურმე… გუშინდლამდე არავინ ვიცოდით.

_ არაფერი ეტყობოდა და…

_ ეგა თქვი.

_ მის ადგილას ვინ უნდა მიიღონ?

_ არ ვიცი, ალბათ ვაკანსიას გამოაცხადებენ.

_ შენ რომ გეცადა? _ მომაფიქრდა მოულოდნელად.

_ გაგიჟდი? მე უკვე მივდივარ აქედან, ამათი არაფერი მინდა! ისედაც, არავინ გამიწევს რეკომენდაციას. მათთვის მე ერთი ჩვეულებრივი მდივანი ვარ და მეტი არავინ!..

როცა დათვალიერებას მოვრჩით, მე ჩემს ოთახში დავბრუნდი. ვიღაცას კოხტად მიელაგებინა ჩემი მაგიდა და უჯრები, კომპიუტერიც შეერთებული დამხვდა… რა ოპერატიულად უმუშავიათ, აი, მესმის!

ისეთი დამშვიდებული ვიყავი, თავადაც მიკვირდა. დილით არც მაკიაჟი დავიშურე ჩემი სახისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ წესიერად არ მიძინია. მარიკამაც კი ვერაფერი შემატყო. ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა, მკლავების ტკივილი იყო. წუხელ ისე ძლიერად წამიჭირა ნიკამ, ლამის ძვლები დამამტვრია…

მოკლე, სხეულზე მოტმასნილი და ღრმად გულამოჭრილი კაბა ჩავიცვი და ჩემი იდეალურთან მიახლოებული მკერდი, წელი და ფეხები ურცხვად გამოვფინე დღის სინათლეზე. კარგა ხანია, ასეთი მოკლე არ ჩამიცვამს, მაგრამ დღეს ძალიან მინდოდა, გამომწვევი ვყოფილიყავი. დილიდან კოკო შანელის სიტყვები ამეკვიატა: «შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი ჩაცმულობა. ჩაიცვით უზადოდ და მათ, უბრალოდ, დაამახსოვრდებათ ქალი».

ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ყველა თანამშრომელს ხეირიანად, ამიტომაც დერეფანში გამოსულს ყველა ცნობისმოყვარედ და ინტერესით მაყოლებდა თვალს, თითქოს პირველად მხედავდნენ. ზოგს გაოცება ეწერა სახეზე, ზოგს _ აღტაცება, ზოგსაც _ ირონია… მხოლოდ მე მეწერა კმაყოფილება… თითქოს ჯიბრიანად ვამბობდი _ «შემომხედეთ! დატკბით! ახლა ხომ დარწმუნდით, რომ უზადო სხეული მაქვს და ფეხები ყურებიდან მეწყება?»

თედოსაც კი შუბლზე აუცვივდა თვალები, რომ დამინახა.

_ რაშია საქმე, ლოლა, რამე საინტერესო ხდება შენს ცხოვრებაში? _ სათვალე მოიხსნა და გულდასმით შემათვალიერა.

_ ჩემს ცხოვრებაში გამუდმებით ხდება «რამე» საინტერესო, შეფ, _ მაცდურად შევღიმე.

_ რაო, ცოლობა ხომ არ გთხოვეს წუხელ? კარგი დრო გაატარე? _ ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

_ ცოლობა არ უთხოვიათ, მაგრამ კარგი დრო ნამდვილად გავატარე, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე.

_ ჰოო… ყველას როდი ეღირსება ასეთი ბედნიერება… _ ორაზროვნად წარმოთქვა.

_ როგორი ასეთი? _ ცალი წარბი ავწიე.

_ შენისთანა ქალის გვერდით საღამოს გატარება, _ განმიმარტა.

_ თედო, კაზინოში ყოფილხარ? _ მისმა რეპლიკამ მსწრაფლ გონება გამინათა, ამით ვისარგებლე და გადავწყვიტე, ნიკაზე შურისძიების გეგმის შედგენა-განხორცილებას შევდგომოდი.

_ ყველა ადამიანი ყოფილა კაზინოში, ვისაც ფული უშოვია ან ვერ უშოვია… ერთხელ მაინც.

_ მე არ ვყოფილვარ.

_ მერედა?

_ მერედა… _ არ განვავრცე და ეშმაკურად მოვხუჭე ცალი თვალი.

_ ანუ… სწორად გავიგე? _ თვალები გაუცისკროვნდა.

_ წამიყვანე.

_ მართლა მეუბნები მაგას?

_ არამართლობის რამე მეტყობა? _ კითხვა შევუბრუნე.

_ მოსულა! მაგაზე ადვილი რა არის? როცა ინებებ! _ პატარა ბიჭივით აცმუკდა.

_ დღესვე!

_ დღესვე?

_ ჰო, საღამოს… სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ.

ერთხანს ორჭოფობდა. ვერ გაერკვია, ვეხუმრებოდი თუ სერიოზულად ვთხოვდი. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი წინადადება.

_ კი მაგრამ… იმას რატომ არ მიყავხარ? _ ეჭვნარევი მზერით გამომხედა.

_ იმან უარი მითხრა. აზარტული ხარ და მერე შენ იქიდან ვერავინ გამოგიყვანსო… არადა, ეგრე სულაც არ არის… უბრალოდ, მაინტერესებს.

სათვალე კვლავ გაიკეთა და საჩვენებელი თითით კეხზე მოხერხებულად მოირგო.

_ კარგი! _ მოკლე თანხმობით შემოიფარგლა.

_ დიდი მადლობა, შეფ… ამას არ დაგივიწყებ… ჩემი ერთ-ერთი ოცნების ამსრულებელი იქნები!

_ მაგრამ ერთი პირობით! _ ხელი ასწია და შემაჩერა.

_ რა პირობით?

_ იქიდან რესტორანში წავალთ.

გავწითლდი… საქმის ასეთ შემობრუნებას არ ველოდი. ალბათ ბოლომდე არ მენდო  და თავი დაიზღვია.

_ რა პრობლემაა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, _ მხრები უდარდელად ავიჩეჩე.

_ აქედანვე წავიდეთ?

_ არა, რატომ? ჯერ შინ გავივლი, გამოვიცვლი და გამომიარე.

_ მაშინ მითხარი, როდის და სად მოვიდე.

_ გეტყვი, საღამომდე ჯერ დიდი დროა.

_ შევთანხმდით… ახლა კი ყავა მომიდუღე, _ უეცრად საქმიანი დაიჭირა და კაბინეტში შევიდა…

ყავა რომ შევუტანე, როგორც ყოველთვის, ტელეფონზე საუბრობდა. ხელით მანიშნა, არ წახვიდეო. იქვე ჩამოვჯექი და მოთმინებით დაველოდე, როდის დაამთავრებდა ლაპარაკს…

_ მოგეწონა ახალი ოფისი? _ მკითხა, როცა ყურმილი დაკიდა და ყავის ფინჯანი თავისკენ მისწია.

_ ძალიან, _ მოწონება ღიმილით გამოვხატე.

_ ხვალ ბანკეტი გვაქვს, ხომ მოხვალ?

_ ბანკეტი?.. რასთან დაკავშირებით? _ წარბები ცნობისმოყვარედ შევყარე.

_ ახალსახლობასთან დაკავშირებით.

_ ააა! მე ალბათ ვერ მოვალ.

_ რატომ?

_ თბილისში არ ვიქნები, მამასთან მივდივარ, _ სასწრაფოდ გამოვაცხვე ტყუილი, მათთან ერთად სულაც არ მებანკეტავებოდა.
_ რაღა ახლა მოგინდა გამგზავრება?

_ მამა შეუძლოდ მყავს, სხვანაირად არ შემიძლია.

_ ოოო! ეგ ცუდია… ესე იგი, დღეს კაზინოში, არა?

_ კაზინოში.

_ კარგი, ასე იყოს. მე საღამოს თათბირი მაქვს, ექვსზე, როგორც კი მორჩება, გამოგივლი. მისამართი აი, აქ დამიწერე, _ მითხრა და აგურისფერი პატარა ფურცელი ჩემკენ გამოაცურა, ზედ კი კალამი დაადო.

გაკრული ხელით მივაჯღაბნე მისამართი.

_ შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავიდე? _ ნებართვა ვთხოვე.

_ შეიძლება… თუ გინდა, ახლავე წადი, დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დავალება არაფერი მაქვს შენთვის.

_ დიდი მადლობა, შუადღემდე დავრჩები და მერე წავალ, იქნებ რამეში დაგჭირდე, _ კეკლუცად შევღიმე უფროსს და თეძოების რხევით დავტოვე კაბინეტი.

შინ წასვლა სულაც არ მეჩქარებოდა, იქნებ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მომეკრა სადმე ნიკასთვის თვალი. ვინ იცის, ამის გამო უმიზეზოდ რამდენჯერ გავედი ოთახიდან, ხან მარცხნივ გავუყევი დერეფანს, ხანაც მარჯვნივ, მაგრამ ამაოდ… იგი ახალ ოფისში არ გამოჩენილა…

ესეც ასე, თედო დავითანხმე… კარგია, რომ სრულიად ბუნებრივად გამოვიდა ასე. არ მინდოდა, თედოს ეფიქრა, რომ ჩემი ინტერესებისთვის ვიყენებდი. ჯერ კაზინოს დავლაშქრავთ, მერე რესტორანში შევივლით. იმედია, პირველსავე პაემანზე არ გაიგიჟებს თავს და შეტევაზე არ გადმოვა. მან კარგად იცის, რომ მე მისი მდივნებივით ვერ მომექცევა, თანაც, ვატყობ, რომ სერიოზულად მოვწონვარ. მთავარია, მარიკამ არაფერი გაიგოს ამის შესახებ, თორემ ძალიან ეწყინება. მეც გამიჭირდება თავის მართლება, ვაითუ, ვერ გამიგოს. არადა, როგორ მაწყობს ეს მოულოდნელი «რაუნდი»… დარწმუნებული ვარ, თედო აუცილებლად მოაღებს პირს და დაწვრილებით ჩაუკაკლავს ნიკას ჩვენი შეხვედრის დეტალებს, რათა გააღიზიანოს და აგრძნობინოს, შენმა «თვალდადგმულმა» ქალმა მე მომანიჭა უპირატესობაო. მეც ხომ ეგ მინდა!.. მაგრამ რომ არაფერი უთხრას? ტყუილად რომ შემრჩეს თედოსთან «გასეირნება»? მერე რა ვქნა? გამორიცხულია! თედო ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ვგრძნობ, როგორ ექიშპება ნიკას ჩემ გამო, ალღო მკარნახობს.

რა ცუდი «გამოგონება» ვართ ეს ქალები!.. ყველაზე გაუგონარი შურისმაძიებლები! მამაკაცი ვერასდროს მოიფიქრებს ისეთ მზაკვრულ ხრიკებს, ქალს რომ მოუმწიფდება გონებაში…

ნეტავ, ისე ჩაივლიდეს ეს საღამო, თედომ არაფერი იეჭვოს. არ მინდა მისი გადამტერება… თუ გადაკიდება… ეჰ… რომ იცოდეს, რისთვის მჭირდება მასთან ერთად კაზინოში გაგრიალება, ცოცხლად დამმარხავს ალბათ… დამარხვამდე კი…

მე რომ კაცი ვიყო და ქალმა ასეთი რამ გამიკეთოს, აუცილებლად ავუღებდი რევანშს… და «მთელს» არ გავუშვებდი… ამის წარმოდგენაზე შემაკანკალა… არ უნდა გაიგოს… არასდროს… არავითარ შემთხვევაში… ჩემთვის ახლა უმთავრესი მხოლოდ ეს არის…

 

 

თედო ნელი სვლით მიდიოდა. მოულოდნელად ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა და მხრით მხარზე შემეხო. შევკრთი და შევეცადე, გვერდულად დავმჯდარიყავი, რომ მისი ვითომ შემთხვევითი შეხება თავიდან ამერიდებინა. ჩემმა დირექტორმა მსწრაფლ შენიშნა ეს და სახეზე შეეტყო, რომ ჩემთან სიახლოვის სურვილი უფრო გაუმძაფრდა. მან იცოდა, რომ ადვილი მოსანადირებელი არ ვიყავი, ამიტომაც ცდილობდა, ყოველი მომდევნო მცდელობა ბუნებრივი გამოსვლოდა. ვინ იცის, იქნებ პირველი ქალი ვიყავი მის ცხოვრებაში, ვის მოსახიბლავადაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. ის ხომ პოპულარობით სარგებლობდა მანდილოსნებში, განსაკუთრებით _ მდივნებში.

_ ოდესმე გითამაშია, ლოლა? _ სიტუაციის განსამუხტავად მკითხა თედომ, თან გზას გაჰყურებდა, თან ცდილობდა, თავისუფლად ყოფილიყო, თითქოს მიმტკიცებდა, ცუდი არაფერი განმიზრახავსო.

_ არა, არასდროს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ძალიან მომეწონება, _ ოდნავ მოვეშვი და მსუბუქმა ღიმილმა გადამირბინა ბაგეებზე.

_ ახლა მე შენ კაზინოში წაგიყვან და ნახავ, რამხელა სიამოვნებაა თამაში.

გზა დიდხანს არ გაგრძელებულა. გული უცნაურად მიცემდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო შეგრძნება უნდა განმეცადა…

ფეისკონტროლის გავლის შემდეგ დარბაზში შევედით… უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა… უფანჯრო, დახურულმა სივრცემ საოცარი დისკომფორტი შემიქმნა, სული შემეხუთა. სათამაშო მაგიდებთან დანახულმა სახეებმა კი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამთრგუნა. გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით. ზოგს დაძაბული მზერა ჰქონდა, ზოგსაც დაზაფრული, უემოციო, გამოფიტული… ძალიან ცოტა თუ ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ალბათ ის კატეგორია, რომელიც მხოლოდ გასართობად იყო შემოსული და არა ფულის მოსაგებად. ყველაზე საინტერესო ამ სანახაობაში მოთამაშეთა თითები იყო _ მოუსვენარი, უცნაურად მოძრავი, თითქოს რაღაცას ჩასაფრებული…

საოცარი სიწყნარე სუფევდა დარბაზში, არც სიგარეტის ბოლით იყო იქაურობა გაჟღენთილი და არც შეზარხოშებული მამაკაცების ყაყანი ისმოდა.

თედო ვიღაცას გულღიად მიესალმა, ვიღაცა ძალზე შინაურულად მოიკითხა, ვიღაცასაც ხელი აუწია… ეტყობოდა, აქაურობის ხშირი სტუმარი იყო… მერე მკლავში ჩამავლო ხელი, «რულეტკასთან» დამსვა, «ფიშკები» წინ დამიდო და თამაშის წესები ამიხსნა.

_ არ არსებობს! _ შევძახე გამხიარულებულმა, _ ნუთუ ასე ადვილია?

_ ნუთუს გარეშე ასე ადვილია, _ გამეხუმრა დირექტორი.

მბრუნავმა ბორბალმა და ბურთულის ბზრიალის ხმამ აღმაფრთოვანა. ასეთი რამეები მხოლოდ ფილმებში მენახა.

პირველ ჯერზე ოთხმოცი ლარი მოვიგე, შემდეგ _ ასოცდაათი, მერე და მერე კი, რატომღაც, ფორტუნამ არ გამიღიმა და რაც მოვიგე, ერთიანად წავაგე. ძალიან აზარტული რამ ყოფილა!

_ კარგად ერთობი? _ შიგადაშიგ მეკითხებოდა თედო, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა და ხანდახან მუხლს მუხლზე მომადებდა ხოლმე.

ისე ვიყავი თამაშში გართული, მის ფარულ «ცელქობას» აინუნშიც არ ვაგდებდი. არა უშავს, ცოტა ხნით გაახაროს თავისი ჭია, _ ვფიქრობდი ჩემთვის. უფრო შორს შეტოპვის უფლებას მაინც არ მივცემ. აქედან გავალთ და მისი გალაღებაც დამთავრდება.

_ უკეთესად ვერსად გავერთობოდი, _ ვთქვი თამაშით აღტყინებულმა და გავიღიმე, მაგრამ ღიმილი უმალ სახეზე შემაშრა… შორეულ კუთხეში ნიკა დავლანდე, რომელსაც გადასახტომად შემართულ პანტერასავით ყველა კუნთი დაჭიმვოდა… ავცახცახდი. ერთმანეთს შევხედეთ. დაზაფრულმა ავარიდე თვალი, რადგან მის გამოხედვაში დემონური მრისხანება იკითხებოდა.

_ მიდი, ახლა წითელზე დადე, _ გამამხნევებლად მირჩია თედომ.

მექანიკურად დავმორჩილდი, «ფიშკა» ისე დავდე წითელზე, არც კი დამიხედავს მაგიდისთვის. ნუთუ თედომ მოასწრო ნიკას გაფრთხილება და მანაც შეამოწმა, მართალს ამბობდა თუ არა მისი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი? იქნებ შემთხვევით არის აქ? საინტერესოა, რატომ მიყურებს ასე? რა უნდა? თავად ხომ კარგად ერთობა? ჩემი რატომ უკვირს? მისი საკუთრება ხომ არ ვარ? ყველა ამ კითხვაზე პასუხი უცებ ამომიტივტივდა გონებაში… რა უნდა და, ცდილობს, თავის ნებაზე მატაროს, როგორც მოესურვება, ისე მმართოს. ის ჩემში პიროვნებას კი არა, ნივთს ხედავს, რომელსაც, როცა გაუხარდება, მაშინ შეეხება და გაეთამაშება…

სიბრაზემ შემიპყრო. მე მას თავს არ გამოვაყენებინებ. ის ჩემი ქმარი არ არის… არც საყვარელი… მეგობარიც კი არ არის ჯერ ჩემი… დიდი ამბავი, ერთი-ორჯერ თუ მაკოცა. ამიტომაც არა აქვს უფლება, თავისი სურვილისამებრ მართოს ჩემი ცხოვრება.

თავი ავწიე და ჯიქურ მივაჩერდი. გაოცებამ გადაურბინა სახეზე. როგორც ჩანს, არ ელოდა ჩემგან ასეთ თავხედურ გამოხედვას. ალბათ ეგონა, მისი გამოჩენა შემაშინებდა. არ დავმალავ და, თავდაპირველად მართლა თავზარი დამეცა, თუმცა ნელ-ნელა გონს მოვეგე და მისი ზრახვები რომ ამოვიცანი, ერთბაშად დავმშვიდდი.

რაღაც მომენტში შემეცოდა კიდეც, ისეთი ნატანჯი სახე ჰქონდა, ვინანე, თედოს რომ გამოვყევი, მაგრამ ამაზე ფიქრი არ დამცალდა… ნიკა უეცრად შებრუნდა და ფართო ნაბიჯებით გასასვლელისკენ გასწია…

მზერა თედოზე გადავიტანე. ის მხტუნავ ბურთულას დასჩერებოდა და ბაიბურშიც არ იყო, მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით რა ხდებოდა. ალბათ თავში აზრადაც არ მოსვლია, ნიკა ჩვენს შემოწმებას თუ განიზრახავდა. ნეტავ რესტორანში გავყოლოდი და აქ არ შემოვსულიყავი… ეს რა ჩავიდინე!

სიგიჟემდე მომინდა, თედო მიმეტოვებინა და ნიკას გავკიდებოდი. მინდოდა მეკითხა, რამ გამოიწვია მისი უკმაყოფილება. რამ განარისხა ასე სასტიკად და სასურველი პასუხი მიმეღო… მინდოდა, კიდევ ერთხელ მენახა მისი გაღიმებული სახე, საყვარლად ჩამოშლილი თმა და სევდიანი ნაცრისფერი თვალები… ის ნიკა მინდოდა მენახა, როგორსაც მხოლოდ მე ვიცნობდი. მისი ხმა მომენატრა, სიმკაცრეგამოცლილი და «დათბილული», სიღრმისეული, რბილი და ხავერდოვანი… მაგრამ გონებამ აჯობა გულის კარნახს, ფიქრებიდან გამოვერკვიე და კვლავ სათამაშო მაგიდას დავუბრუნდი. ნაძალადევად გავუღიმე თედოს, რომელიც ტყავიდან ძვრებოდა, ოღონდ კი ჩემთვის ესიამოვნებინა. ახლა უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი… ისე ჩამოვყარე ყურები, არც ხუმრობა, არც მოგება, არც მისი მხიარული რეპლიკები… არაფერი მშველოდა… ჩემზე ვეღარაფერი ახდენდა შთაბეჭდილებას. ტყუილად ვცდილობდი, კვლავ აზარტულად ჩავრთულიყავი თამაშში, არ გამომდიოდა.

როცა მესამედაც წავაგე, ამოვიოხრე და თედოს მივუბრუნდი.

_ მაპატიე… თავი ამტკივდა… ძალიან გთხოვ, წავიდეთ.

_ რა თქმა უნდა, აბა რას ვიზამ, ახლავე, ახლავე, _ დაფაცურდა ქალების გულთამპყრობელი.

ხელკავი გამიკეთა, ნაცნობებს თავის დაკვრით დაემშვიდობა და გარეთ გამომიყვანა. სუფთა ჰაერი მესიამოვნა.

_ რესტორანში ხომ მივდივართ? _ მკითხა.

_ იცი? მართლა მტკივა თავი, _ ყრუდ ვუპასუხე, თან ვწუხდი, ჩემი გულისთვის ამდენი ფული რომ დახარჯა.

_ გინდა, წამალი ვიყიდოთ? დალიე და უმალ გაგივლის.

_ არა, გმადლობ, წამლის დალევას ვერიდები, _ ვიუარე.

_ მაგიდა უკვე შევუკვეთე, მიუსვლელობა არ გამოვა, _ ჩემი დაყოლიება სცადა.

_ კარგი, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით, გთხოვ.

_ როგორც მეტყვი, ლამაზო, შენი ნებაა. დღეს შენი დღეა. თუ გინდა, ნახევარ საათში წამოვიდეთ, არ არის პრობლემა.

მადლიერების ნიშნად  ოდნავ გავუღიმე, ლაპარაკის თავიც არ მქონდა.

სანამ რესტორანში მივიდოდით, თედოს პირი არ გაუჩერებია, მთელი გზა იმაზე ლაყბობდა, როგორი ფურორი მოვახდინე კაზინოში და რა უცებ აღმოვჩნდი ყურადღების ცენტრში, თუმცა წესიერად არც ვუსმენდი. მართალია, ის ძალიან ყურადღებიანი იყო და მადლობის მეტი რა მეთქმოდა, ჩემი სიამოვნებისთვის ასე რომ დაიხარჯ-გაისარჯა, მაგრამ ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი, დანა პირს არ მიხსნიდა. ნიკას გამოჩენამ მთელი საღამო ჩამიშხამა. მტანჯავდა იმის გახსენება, თედოსთან ერთად რომ დამინახა. არადა, ახი იყო ჩემზე, ხომ მე მოვიფიქრე ეგ ყველაფერი.

სამორინესგან განსხვავებით, რესტორნის დარბაზი ხმაურიანი გამოდგა. როგორც კი ჩვენს მაგიდას მივუსხედით, მაშინვე რამდენიმე ადამიანი დაგვადგა თავს, რა თქმა უნდა, თედოს ნაცნობები. შეზარხოშებული მამაკაცები სასაცილოდ ცდილობდნენ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას. შეფარვით მეპრანჭებოდნენ. გენერალურ დირექტორს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათ თავიდან მოსაშორებლად.

_ ქორებივით არ შემოგვესივნენ? _ გაიცინა თედომ, როცა აბეზარი ცნობისმოყვარეები «მიფანტ-მოფანტა», _ ასე თუ გაგრძელდა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამწაპნავენ შენს თავს.

_ მაგრამ შენ ამას არ დაუშვებ, ხომ მართალია? _ ვცადე, გავმხიარულებულიყავი და გავეკეკლუცე.

_ შუბლში ტყვიას თუ დამახლიან, არ ვიცი და სხვანაირად ამ ლურჯკაბიან საოცრებას არავის დავუთმობ, _ წაიტრაბახა მამაკაცმა.

სიცილი წამსკდა, ისე ბავშვურად გამოუვიდა. რაც მართალია, მართალია, ძალიან სასიამოვნო ადამიანია… სიმპათიურიც არის, ჭკვიანიც და ინტელექტუალურიც. არ მიკვირს იმ ქალების, მის ხელში ჩაგდებას რომ ცდილობენ. რომ არა ნიკა, არც მე დავიხევდი უკან… ალბათ…

«უბერავს ქარი, იღება კარი და ჩემგან მიდის ლამაზი ქალიიიი»… _ პანჩოს სიმღერას უნიჭოდ მღეროდა ვიღაც.

_ რატომ არაფერს მიირთმევ? გადაიღე რამე, რა…

_ არ მშია, თედო, წვენი მსიამოვნებს მხოლოდ.

_ ერთ ჭიქას მაინც არ დალევ ჩემთან ერთად? ბოლოს და ბოლოს, პირველად ვართ ასეთ სიტუაციაში…

_ სხვა დროს, კარგი? მართლა ცუდად ვარ.

_ გინდა, ვიცეკვოთ? რომ იმოძრავებ, ცოტას გაგივლის, _ შემომთავაზა.

ნეტავ არ დავთანხმებულიყავი… როგორც კი საცეკვაო მოედანზე გავედით, ერთმანეთში შეთანხმებულებივით, ყველა ჩვენ შემოგვაჩერდა… მუქი ლურჯი კაბა მეცვა, ღრმა დეკოლტეთი, წელში გამოყვანილი, კოჭებამდე დაშვებული და მარცხენა მხარეს, მუხლს ქვემოთ ჩახსნილი. ეს სტილი განსაკუთრებულად ხაზგასმით აჩენდა ჩემს ფიგურას _ წვრილ წელს, მაღალ თეძოებს და სავსე მკერდს… რაღაც მომენტში ყურიც კი მოვკარი, რომელიღაცამ სოფი მარსო რომ ახსენა… ალბათ კიდევ ვიღაცამ მიმამსგავსა. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას კაბის ჩახსნილი ნაწილი იშლებოდა და ჩემი ლამაზი მარცხენა ფეხი მაცდურად შიშვლდებოდა ყველას თვალწინ. ისე დავამთავრეთ ცეკვა მე და თედომ, ჩვენ შორის «კომკავშირული დისტანცია» არ დამირღვევია, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა რამდენჯერმე სცადა, მჭიდროდ მივეკარი მკერდზე… ამის საშუალება ერთხელაც არ მივეცი… სამაგიეროდ, სხვა ჭირი ავიკიდე. დაჯდომა ვერ მოვასწარი, რომ თედოს ერთ-ერთმა ნაცნობმა, მისივე ნებართვით, საცეკვაოდ გამიწვია. უარი ვერც მას ვუთხარი… მის შემდეგ კიდევ ოთხი პარტნიორი გამოვიცვალე… მათგან ორი სრულიად უცხო აღმოჩნდა, თედოს საერთოდ არ იცნობდნენ. ყოველი მათგანი თავდაჭერილად ცდილობდა თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, ვინ ვიყავი, რა მერქვა, სად ვმუშაობდი და რა მაკავშირებდა კაცთან, რომელთანაც ვვახშმობდი. მეც ლაკონიურად ვპასუხობდი შეკითხვებს, რადგან ლაპარაკის არც თავი მქონდა და არც სურვილი… ყველაზე გამბედავი ბოლო პარტნიორი აღმოჩნდა, რომელმაც საცეკვაო მუსიკად ტანგო შეუკვეთა და ისე სწრაფად დამატრიალა, თავბრუ დამეხვა. არაჩვეულებრივად ცეკვავდა თავად, თუმცა არც მე ვაკლებდი. მთენთავდა ნაცნობი, სიყვარულით სავსე მუსიკის ჰანგები, შიგადაშიგ თვალებს ვხუჭავდი, რომ უკეთ შემეგრძნო სევდიანი და, ამავდროულად, აგზნებული რიტმით გაჯერებული მელოდია. უცხო მამაკაცი მჭიდროდ მეკვროდა, როცა წელზე ხელს მხვევდა, თუმცა არ გამიპროტესტებია. მისი არსებობა ჩემთვის არაფერს ნიშნავდა… ცეკვის დამთავრების შემდეგ იგი უკვალოდ გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან… როცა დავამთავრეთ, უცნობმა, არც აცია, არც აცხელა და ტელეფონის ნომერი მთხოვა. რა თქმა უნდა, არ მივეცი.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დავტოვეთ რესტორანი. მაინც დამძიმებული მქონდა გული, გზაში ხმას არ ვიღებდი. უინტერესო თანამოსაუბრედ ვიქეცი _ ჩემი აზრები სადღაც შორს დახეტიალობდნენ, გონებაგაფანტული ვპასუხობდი თედოს შეკითხვებს, ნაძალადევად…

როგორც იქნა, ჩემს კორპუსს მივაღწიეთ. კმაყოფილმა დირექტორმა მანქანა გააჩერა და ნებივრად გადაწვა საზურგეზე, თან მარჯვენა ხელი მხარზე გადამხვია.

_ ძალიან მიმზიდველი ვინმე ხარ, ლოლა, _ ხმადაბლა შენიშნა, _ ხომ არ გაგვეგრძელებინა გზა და სადმე მყუდრო ადგილი მოგვენახა? _ «მადაზე» მოვიდა ჩემი თაყვანისმცემელი.

უარის ნიშნად მხოლოდ თავი გავაქნიე, ხმის ამოღების ძალა არ შემწევდა.

როგორც ჩანს, ჩემი «გაქნეული» უარი ყოყმანის ნიშნად ჩათვალა, მთელი ტანით მოტრიალდა და მეორე ხელი ნიკაპქვეშ ამომდო.

_ არა მგონია, ლამპიონების შუქზე ისე მოვახერხოთ დამშვიდობება, როგორც წესი და რიგია… ასე არ არის? _ შეფარვით მიმანიშნა, მაკოცნინეო.

_ ვშიშობ, მოგვიწევს, _ უდარდელად ვუპასუხე და ვაგრძნობინე, რომ კოცნის იმედი ტყუილად ჰქონდა.

მისი ტკბილი ოდეკოლონის სურნელი უკვე მაღიზიანებდა. თან ეს ხელი… ვნებიანად რომ მითათუნებდა შიშველ მხარზე, გულს მირევდა… ბოლოს არც ამას დასჯერდა და… მისმა თითებმა მხრიდან ფეხისკენ გადაინაცვლეს, ნელ-ნელა დაბლა ჩასრიალდნენ, ჩახსნილ კაბაში გზა ადვილად გაიკვლიეს და მუხლისთავთან გაჩერდნენ. უხეშად გავაწევინე ხელი.

_ ღამე მშვიდობისა, თედო, _ ცივად დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი.

თავადაც გადმომყვა და სადარბაზომდე მიმაცილა.

_ დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, ამას არ დაგივიწყებ, _ დემონსტრაციულად დავუკარი თავი და სიბნელეში ისე გავუჩინარდი, მის პასუხს არ დავლოდებივარ.

8 8 8

ტკივილისგან თავი მისკდებოდა… მაკიაჟი მოვიშორე, ორი აბი ციტრამონი დავლიე და სიბნელეში ძლივს გავიკვლიე გზა საწოლისკენ. საინტერესოა, რას ფიქრობს თედო… იმედია, ჩემი საქციელით მისი მამაკაცური ღირსება არ შელახულა და ამის გამო არც სამსახურიდან დათხოვნა დამემუქრება. ნიკა, რა თქმა უნდა, სიტყვას არ შემაწევს ასეთ შემთხვევაში…

ნიკა!.. რატომ არ შემიძლია, არავისზე ფიქრი, მის გარდა? ასე უცებ როგორ შემაყვარა თავი? თითქოს ტვინში ჩამიშენეს მისი სახე, მგრძნობიარე, ირონიული, თავდაჯერებული… გარშემო სხვას ვერავის ვხედავ…

მთელი ღამე ვიწრიალე ლოგინში. ხან ერთ მხარეზე გადავტრიალდი, ხან მეორეზე. ფეხის თითები ისე მქონდა გაყინული, ვერაფრით გავითბე. იქნებ მხოლოდ ამის გამო ვერ ვიძინებ? მეეჭვება… ჩემი უძილობის მთავარი მიზეზი მეტრეველია, ტყუილად ვატყუებ საკუთარ თავს.

ნუთუ მართლა ჩანდა ტკივილი ნიკას გამოხედვაში? და თუ ჩანდა, რითი იყო გამოწვეული? ავდექი და ფანჯარას მივუახლოვდი. თვალი უკვე შეეჩვია სიბნელეს. ლოყა ცივ მინას მივადე და ამოვიოხრე. თითქოს სასტარტო სიგნალი ყოფილიყო ეს ამოოხვრა, უმალ ცრემლები წამსკდა და ღაპაღუპით დამედინა ღაწვებზე… სამაგიეროს გადახდა მინდოდა და თვითონ აღმოვჩნდი სამაგიეროგადახდილი… შურისძიება მინდოდა და თავად გავხდი შურისძიების მსხვერპლი…

როცა ტირილით გული მოვიოხე, საწოლს დავუბრუნდი. ცოტა არ იყოს, შემცივდა. «უკვე აღარ არის ტიტლიკანა სირბილის დრო, ლოლა, ზამთარი კარს მოგვდგომია. აჯობებს, ნიკას ნაჩუქარი პიჟამა ჩაიცვა და ჩათბე, იქნებ ჩაგეძინოს სითბოში», _ დავტუქსე ჩემი ორეული.

ნეტავ, რამდენი დრო დამჭირდება ამ უიმედო სიყვარულის ჩასაქრობად? მაგრამ განა ასე ადვილია? არა, არ არის ადვილი… უკვე ძალიან გვიანაა, რადგან სენად მექცა მისი სიყვარული, ისე მოედო ჩემს გულს და სულს, ისე გადამყლაპა, ერთი ნამცეციც არ დატოვა მთელი. მოთხოვნილებად მექცა მისი ნახვა, მის გვერდით ყოფნა, მასთან ლაპარაკი…

თვალები დავხუჭე. უნდა დავიძინო. დილით სამსახურში დროზე უნდა ვიყო. წინ კიდევ ერთი გრძელი, მძიმე და უსიხარულო დღე მელოდება… ხვალ ბანკეტია, რომელიც უჩემოდ ჩაივლის…

8 8 8

_ იცი, რომ დღეს მოკლე სამუშაო დღეა? სამის შემდეგ შეგიძლია წახვიდე და მოემზადო, _ მითხრა თედომ, როცა, ჩვეულებისამებრ, დილის ყავა შევუტანე.

_ რატომ, რადგან პარასკევია? _ გავიკვირვე.

_ პარასკევი რა შუაშია, შვიდზე ბანკეტი გვაქვს, არ გახსოვს? _ სათვალის ზემოდან ამომხედა.

_ ა! ეგ კი დამავიწყდა… მაგრამ მე ვერ მოვდივარ, _ სევდიანად გავუღიმე.

_ კარგი რა, ხვალ წადი მამაშენის სანახავად, ხომ შეიძლება? თანაც, ხვალ შაბათია…

_ ვერა… მამა მელოდება, არ მინდა, ვანერვიულო.

_ უშენოდ ამ საღამოს რა ეშხი ექნება… _ თქვა და წამოდგა, ნელ-ნელა მომიახლოვდა, _ წუხელ კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანე, ისეთი სექსუალური იყავი, _ ჩახრინწული ხმით გააგრძელა და ხელი ნელა ჩამომისვა ზურგზე, _ ნამდვილი ჯადოქარი ხარ… თან მაღიზიანებ, თან აღმაგზნებ… არც ჭამა მახსოვს, არც ძილი… სულ შენზე ვფიქრობ, _ ჩურჩულით დაასრულა და ტუჩებში კოცნა დამიპირა, მაგრამ დროზე მოვარიდე სახე და უკან დავიხიე.

_ რა იყო? აქ ჩვენ მეტი არავინაა, დაუკაკუნებლად არც არავინ შემოვა.

_ ჩემთვის სულერთია, შემოვა თუ არა. ამისთვის არ შემოვსულვარ, ყავა შემოგიტანე მხოლოდ.

_ და სულ ეს იყო? აბა გუშინ რატომ დამთანხმდი პაემანზე? რაღაც ვერ გავიგე… _ მუქარის ტონით წარმოთქვა და კვლავ წამეტანა.

_ შეწყვიტე! _ ხელი ვკარი და მოვიშორე, _ ჩემი დანაშაული იმაშია, რომ შენ ყველაფერი სხვანაირად გაიგე, მე ასე არ მინდოდა! ძალიან გთხოვ, მეორედ ეგრე არ მომექცე!

_ აჰაა! ესე იგი, შენ მოგწონს, როცა ძალით ცდილობენ შენს დამორჩილებას? რა პრობლემაა, ჩემთვის არც ეგ არის უცხო.

_ შენ ვერ გამიგე, თედო! გაწიე ხელი! ცოტა ფრთხილად, შენს მდივნებში არ აგერიო!

_ ჩემს მდივნებს რას ერჩი?.. შენ რა, მათზე უკეთესი გგონია თავი? თუ ქალი ხარ!.. არ გვინდა წმინდანის როლის თამაში და არ დამიწყო ახლა იმის მტკიცება, რომ ქალწული ხარ.

_ ვარ! _ ჩემდა უნებურად წამომცდა და მაშინვე ვინანე, რაში მჭირდებოდა ამის მტკიცება?

სახე შეეცვალა… ვნებაც ჩაუცხრა, დაბნეულობა შეეტყო… შევამჩნიე, როგორ ჩამოუშვა მხრები.

_ მაგრამ… ეს ცოტა დაუჯერებელია… ფაქტობრივად, აღარ დარჩნენ შენი ასაკის ქალწულები.

_ როგორც ჩანს, დარჩნენ! _ ცივად მივუგე.

ჩაფიქრებული თავის სავარძელს დაუბრუნდა, უჯრა გამოაღო და იქიდან «ნემიროვის» გაუხსნელი ბოთლი და ვერცხლის მინიატიურული სირჩა ამოაძვრინა.

_ მაპატიე… ახლა თუ არ დავლიე, შეიძლება გავგიჟდე, _ თქვა, არაყი დაისხა და გადაჰკრა, _ ხომ არ მიბრაზდები? _ მკითხა.

_ არა, _ დათბილული ღიმილი ვესროლე, _ არა უშავს, ხდება ხოლმე… მე წავალ, შენი ნებართვით.

_ კარგი… კარგი… _ შეცბუნებულმა ჩაილაპარაკა და არაყი ხელმეორედ დაისხა.

არ დავინტერესდი, კიდევ დალევდა თუ არა, ზურგი შევაქციე და კაბინეტიდან გავედი.

ნიკა არც იმ დღეს მინახავს. მარიკა მიმტკიცებდა, დილიდან აქ იყოო, მაგრამ მე ვერსად მოვკარი თვალი.

მთელი საათი მეხვეწა მარი, შენც წამოდი ბანკეტზეო, თუმცა ვერ დამიყოლია. ვერ ვბედავდი იქ გამოჩენას, მეშინოდა, ვაითუ, მეტრეველი გააღიზიანოს ჩემმა დანახვამ-მეთქი. არადა, გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მეც ვყოფილიყავი თანამშრომლებს შორის და ჩემი გამოჩენით ფურორი მომეხდინა.

8 8 8

სამსახურიდან ადრე გამოსულს შინ დაბრუნება არ მინდოდა. გადავწყვიტე, ეკა მომენახულებინა, ჩემი ჯგუფელი. დავურეკე. ჩემი ხმა რომ გაიგონა, სიხარულისგან აკივლდა. რაც მუშაობა დავიწყე, ერთხელ არ მივსულვარ, არც დამირეკავს. ორსულად ვარო, მახარა. ახლა მე დავიწყე კივილი. ძლივს ერთი ბედნიერი ადამიანი არ აღმოვაჩინე გარშემო? ყველას პრობლემა აქვს, ყველას რაღაც აწუხებს, ყველა წუწუნებს და ცხოვრებას უჩივის. აი, ეკა კი სულ სხვაა. ბედნიერებისგან გაბრწყინებია თვალ-სახე, შევსებულა და დაქალებულა. მიყვარს ფეხმძიმე ქალები… სულ სხვანაირები ხდებიან ამ დროს, საყვარლები, ნაზები, უბოროტო და ძალიან ლამაზები… თვალს ვერ ვწყვეტდი, ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო.

დიდხანს ვიჭორავეთ. ყველაფერი მოვუყევი, რაც ბოლო ხანს გადამხდა. გაოცდა, როგორ მოხდა, რომ ჰორიზონტზე შენი მოსაწონი კაცი გამოჩნდაო… ეკა ერთადერთი იყო, ვისაც არასდროს არაფერს ვუმალავდი და ვინც საუკეთესო რჩევებს მაძლევდა სტუდენტობისას.

_ მითხარი რამე, ხომ ხარ ჩემი სულის მალამო? _ მუდარით სავსე მზერა მივაპყარი.

_ რ უნდა გითხრა, ლოლა… ფაქტია, რომ გულგრილი არ არის შენ მიმართ… უეჭველია, მალე გამოჩნდება, დაელოდე. ალბათ ჰქონდა მიზეზი, სხვა ქალი რომ მოიყვანა იმ ღამეს… ოდესმე აგიხსნის ალბათ. წინასწარ ნუ უსწრებ მოვლენებს და სისულელეებს მოეშვი, დაანებე თავი სხვა კაცებს. ამით შენს თავს ვნებ და არა მას, გასაგებია? _ დამმოძღვრა დაქალმა.

გული მოვიოხეთ ლაპარაკით. ათი საათი დამთავრებული იყო, მისგან რომ წამოვედი. გზად სუპერმარკეტში შევიარე, ყველი და პომიდორი ვიყიდე, მერე თონეში შოთის პურიც ავიღე და ამასობაში თერთმეტი საათიც გახდა. ახლა უკვე გახურებული იქნება ქეიფი, ცეკვავენ ალბათ… გული მწყდებოდა, თანამშრომლებს რომ გამოვაკლდი. ნეტავ, ნიკა თუ ერთობა? კარგ ხასიათზეა? ჩემზე თუ ფიქრობს? იქნებ მორიგი ასაკოვანი კახპა მიიყვანა და მასთან ერთად ატარებს დროს? დამამძიმა უაზრო შეკითხვების «კორიანტელმა», თან შიმშილმაც ამიწვა კუჭი…

ქოშინით ავაღწიე ჩემს სართულამდე და შევისვენე, იმდენად დამღალა საფეხურებმაც და პროდუქტებით სავსე ჩანთამაც. მოულოდნელად სიბნელეში ნელა შეირხა ვიღაც… თუ რაღაც… მაინცდამაინც აქ არ არის განათება, ბედი არ გინდა? თვალები ამიჭრელდა სიბნელეში… შიშისგან ლამის ჩავიკეცე.

_ არის აქ ვინმე? _ აკანკალებული ხმით ვიკითხე.

_ ნუ გეშინია, მე ვარ, _ მომესმა ნაცნობი ხმა და… საბოლოოდ მომეკვეთა მუხლები.

ნიკამ ფანარი მომანათა. მკვეთრმა სინათლემ თვალები მომჭრა და გაშლილი ხელისგული მოვიჩრდილე, რათა მისი სახე გარკვევით დამენახა.

_ უკვე შემეშინდა… _ ყრუდ წარმოვთქვი და ჩანთა ძირს დავდე, სანამ კარს გავაღებდი.

დავიჯერო, გარეთ მელოდა? თუ ჩემს მანქანას იყო დადარაჯებული და მერე გამოვიდა?

_ ამდენ ხანს სად იყავი? _ რბილად მკითხა, რასაც ნამდვილად არ ველოდი…

_ საქმეზე! _ ცივად მივუგე, კარი გავაღე და ჩანთის ასაღებად დავიხარე, მაგრამ დამასწრო, პომიდორ-ყველ-შოთიანი ჩანთა მხარზე მოიგდო და ჰოლში უბოდიშოდ შეალაჯა.

გაოცებულმა გავაყოლე თვალი. უკვე არც მეკითხება… იქნებ არ ვუშვებ სახლში?!

_ მე კი მთელი საღამო შენს დაკეტილ კართან მქონდა კოცნაობა გაჩაღებული, _ თქვა და სამზარეულოში შესულმა ჩანთა მაგიდაზე შემოდო, მერე კი პროდუქტების ამოლაგებას შეუდგა.

ისე იქცეოდა, როგორც შინაური… როგორც მეგობარი… თუ ქმარი?.. თუ საყვარელი?..

ზღურბლზე შევდექი, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ურეაქციოდ მივაჩერდი…

სანამ საქმეს არ მორჩა, თავი არ აუწევია, მერე კი გაკვირვებული მზერა მესროლა.

_ რატომ მიყურებ ასე? შემთხვევით, ხომ არ გეზიზღები? _ ირონიული ტონით მკითხა.

_ რატომ უნდა მეზიზღებოდე?

_ არ ვიცი, ეს შენ უნდა ამიხსნა.

_ რა გინდა, ნიკა, რისთვის მოხვედი?

_ არ იცი, რისთვის მოვედი და რა მინდა?

_ არა, არ ვიცი და ეს შენ უნდა ამიხსნა, _ ჯიბრიანად ვუპასუხე.

იქვე ჩამოჯდა, უზურგო სკამზე და თავადაც გადაიჯვარედინა ხელები მკერდზე.

_ იცი, რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში?

რა-მეთქი, წარბ-თვალით ვანიშნე, კითხვა არ დამისვამს.

_ ყალბი ქალები და ყალბი ბრილიანტები, _ ნიშნის მოგებით მიპასუხა.

ცალი წარბი მრავლისმეტყველად ავზიდე.

_ მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები, ქალებს თუ ბრილიანტებს? _ დამცინავი ღიმილი ამითამაშდა ტუჩებზე.

_ შენ ჩემთვის ძვირფასი იყავი, როგორც ქალი… ჩემი ცხოვრების სამკაულად მიგიჩნიე… აღმოჩნდა, რომ ნიჭიერად გაყალბებული ეგზემპლარი შემრჩა ხელთ _ ქალიც და ბრილიანტიც.

_ რა ხატოვანი სიტყვებია, სად ამოიკითხე? _ არ ვზოგავდი, _ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, არა? მაგას მე მეუბნები? მე-ე?! _ ავყვირდი, _ შენ? შენ ვინ ხარ? როგორი ქვა ხარ? ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი? შენ მელაპარაკები სიყალბეზე, როცა…

_ მოიცა, მოიცა, _ უეცრად ფეხზე წამოიჭრა, მომვარდა და პირზე ხელისგული ამაფარა, _ შენ ისევ შენი რეპერტუარით უბერავ… ასე არაფერი გამოვა… იეჭვიანე, არა? ეს კარგია, ძალიან კარგი… მეც ვიეჭვიანე და სწორედ იმის შედეგი იყო, ჩემს საწოლში სხვ ქალი რომ აღმოჩნდა…

_ შენ… შენ იეჭვიანე? ვისზე? რა გქონდა საეჭვიანო? _ მისი სიახლოვით გაბრუებულმა ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.

_ რა მქონდა? მეკითხები კიდეც? ვინ იყო ის ყმაწვილი, ჯიპით რომ მოგაკითხა სამსახურში?

თვალები გამიფართოვდა ამის გაგონებაზე… იგი ჩემს ნიკუშაზე ეჭვიანობდა… ეგ საიდანღა გაიგო? თედომ ჩაუკაკლა? რა ჭორიკანა ყოფილა!

კინაღამ წამომცდა, შენი მეგობარი როგორ ვერ იცანი-მეთქი, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი. მას არ უნახავს ნიკუშა, საიდან ეცოდინებოდა, ვინ იყო? ცოტა ხომ არ წავეთამაშო?

_ რა შენი საქმეა, ვინ იყო? _ ნიშნის მოგებით შევუბრუნე კითხვა.

_ როგო-ორ? _ ერთიანად შეიკუმშა და წამით შემეშინდა, სილა არ გამაწნას-მეთქი. მივხვდი, მასთან ხუმრობა კარგს არაფერს მიქადდა და დავნებდი.

_ კარგი, კარგი… გეტყვი… ჩემი ბიძაშვილი იყო, უცხო არავინ. გეფიცები…

ამ დროს ჩემი მობილური ტელეფონი ამღერდა. შემკრთალი ნიკას მოვცილდი და ჯერ კიდევ მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან აპარატი ამოვიღე. ეკრანს დავხედე და გავშრი… დაფეთებულმა ნიკასკენ გავაპარე მზერა. შემეტყო სახეზე, რომ არასასიამოვნო ზარისთვის უნდა მეპასუხა. ჩემი ოცნების მამაკაცი გამომცდელად მომჩერებოდა და თვალს არ მაშორებდა. არადა, არ შეიძლებოდა, არ მეპასუხა… ეს უფრო საეჭვოს გახდიდა სიტუაციას…

_ იქნებ გამაგებინო, რას ნიშნავდა ჩვენი წუხანდელი შეხვედრა, _ თედოს ნამთვრალევი ხმა ჰქონდა, თან ყაყანი ისმოდა ყურმილში, ალბათ საბანკეტო დარბაზში იმყოფებოდა, _ რისთვის დამაპატიჟებინე თავი, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა?

_ არა… სიყვარულის, _ გულგრილად მივუგე ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ და გავუთიშე…

სანამ მობილურს კვლავ ჩანთაში ჩავაბრუნებდი, გამოვრთე და მხოლოდ ამის შემდეგ შევინახე. ნიკა არ განძრეულა, არც გამომცდელი მზერა მოუშორებია ჩემთვის. ის ელოდა… ელოდა, როდის ვეტყოდი, ვის ველაპარაკე… მე კი ხმას არ ვიღებდი… ვითომც არაფერი, შემოსასვლელში გავედი და ფეხსაცმლის გახდას მშვიდად შევუდექი… უკან გამომყვა, ჩემთან ახლოს, კედელს მიეყრდნო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უცნაურად მომაშტერდა.

_ რა იყო, რატომ მიყურებ ასე? _ შიშველი ფეხები ფლოსტებში გავყავი და ავხედე.

_ ველოდები…

_ რას ელოდები?

_ როდის მეტყვი.

_ რას?

_ იცი შენ, რასაც, _ მბრძანებლურად «გამოუვიდა».

ტუჩები ვერ დავიმორჩილე, გამეღიმა.

_ რა უფროსივით მელაპარაკები, _ სიტუაციის განმუხტვა ვცადე, თან მსიამოვნებდა მისი ეჭვიანობა.

_ ეგრეც არის, _ დაურბილდა ხმა.

_ ნუთუ?! კიდევ კარგი, მითხარი, _ წელში გავიმართე და თვალი თვალში გავუყარე.

_ მაშ ასე, დაიწყე.

_ ხომ გითხარი, ჩემი ბიძაშვილი იყო-მეთქი, _ ყასიდად ამოვიოხრე და დავიწყე, _ სამსახურში გამომიარა და საერთო მეგობართან ავედით. სულ ეს იყო.

_ ეგ გავიგე… ახლა რომ ელაპარაკე, ის ვინ იყო?!

_ ახლა? ა! ის… ის თედო იყო… რა გინდოდა ჩემგან წუხელ, რაში გამომიყენე, მითხარიო.

_ კიდევ?

_ მეტი არაფერი.

_ ვერ დამარწმუნე…

_ ჩვენი შეხვედრა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოო? ეგ მკითხა ბოლოს.

_ და შენ რა უპასუხე? _ ახლოს მოიწია, მისი სუნთქვის ხმაც კი მესმოდა.

ავილეწე… უკან დასახევიც არ მქონდა, სულ რაღაც, ოც სანტიმეტრში კედელს ვაწყდებოდი…

_ მშვენივრად გესმოდა, რაც ვუპასუხე… მაპატიე, უნდა გამოვიცვალო, _ ჩავილუღლუღე და საძინებელში ფეხარეული გავედი.

იქაც შემომყვა.

_ საინტერესოა, რატომ გაუჩნდა ასეთი ეჭვი… მართლა გამოიყენე?

_ არა! _ ტყუილში დაჭერილი ბავშვივით ვიყვირე.

_ აბა, რა გინდოდა კაზინოში მასთან ერთად?

_ ვთხოვე, წავეყვანე, _ ისე გავწითლდი, ჩემი ღაწვების სიმხურვალის ხმაც კი მესმოდა.

_ რატომ, მოგწონს თედო? _ არ მომეშვა.

_ შენ თვითონ რა გინდოდა იქ, მე მითვალთვალებდი? _ იქით შევუტიე.

_ გითვალთვალებდი? გგონია, მეტი საქმე არაფერი მაქვს? _ იუკადრისა.

_ აბა მაინცდამაინც მაშინ რატომ გაჩნდი იმ დარბაზში, ვინ გითხრა, რომ იქ ვიქნებოდი?

_ სხვათა შორის, მე ხშირად დავდივარ იქ. თამაში განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, როცა დაღლილი ხარ. ეს უბრალო დამთხვევა იყო, მხოლოდ შემთხვევითობა და მეტი არაფერი.

_ განტვირთვა რაღაც ვერ შეგატყვე… უფრო გაცოფება გეწერა სახეზე, ვიდრე სიმშვიდე, არეული ჩანდი, _ ტუჩი ნიშნის მოგებით ავიბზუე.

_ ისეთ გარემოცვაში დაგინახე, სახეს რა დამიწყნარებდა?

_ მინდა გითხრა, რომ მშვენიერ გარემოცვაში ვიყავი, _ ჯიბრიანად ვუპასუხე.

_ შენ რა, შეყვარებული ხარ? _ ზღურბლთან შედგა და ხელები მკერდზე, ხოლო ფეხები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა, ირიბად დამიწყო ცქერა.

_ რატომ არ უნდა ვიყო, აკრძალულია? _ უკანმოუხედავად შევუბრუნე კითხვა და გარდერობი გამოვაღე.

_ ვისზე? _ არ მომასვენა.

_ იქნებ გახვიდე? უნდა გავიხადო, _ ვუბრძანესავით.

_ მიპასუხე და გავალ.

_ არავისზე… ისე ვთქვი, მის თავიდან მოსაცილებლად. ახლა კი გადი!

გამიკვირდა, ისე მორჩილად დამთანხმდა. გავიდა და კარიც გაიხურა. სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი, შემეშინდა, არ წავიდეს-მეთქი. სამზარეულოში რომ შევედი, თვალები გამიფართოვდა, ისეთი სურათი დამხვდა _ ყველს ჭრიდა…

_ მშია, _ ჩემს უთქმელ შეკითხვას ხმამაღლა უპასუხა, _ ორი დღეა, წესიერად არ მისადილია.

_ გშიააა? _ «შევიცხადე», _ ბანკეტიდან მოდიხარ და გშია?

_ მერედა, ვინ გითხრა, რომ ბანკეტზე ვიყავი?

_ ახლა არ მითხრა, არ ვყოფილვარო.

_ ჰო… ნახევარი საათით მივირბინე და წამოვედი.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ იქ შენ არ დამხვდი.

_ და რა იცოდი, აქ თუ დაგხვდებოდი? _ გულგრილად ვკითხე და ჯამიდან სამი ცალი პომიდორი ავიღე, ონკანს შევუშვირე და გავრეცხე.

_ ამაში მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი _ შენ მელოდებოდი.

_ ვინ მოგატყუა? _ მეორე დანა ავიღე და სალათის დაჭრას შევუდექი.

_ არავინ… გამართლდა რასაც ვფიქრობდი. შენ აქ ხარ.

_ მაგრამ მე გვიან მოვედი და შენი მოლოდინი არაფერში მეტყობოდა.

_ გეტყობოდა.

_ რაში? შინ რომ არ დაგხვდი იმაში? მოლოდინი რომ მქონოდა, სახლიდან ფეხს არ გავადგამდი, მე კი დავიგვიანე.

_ მერე რა? ხომ მოხვედი?

არ ვუპასუხე. უსიტყვოდ შევუდექი სუფრის გაშლას…

_ იცი? ყოველთვის ადვილად ვახერხებდი ქალის გულის მოგებას, თუმცა დიდი ხანია, სასიყვარულო თავგადასავლებს გავურბივარ, მაგრამ ოდესღაც ხომ არ გავურბოდი? შენთან კი ყველაზე მეტად მიძნელდება ეს… რატომ ხარ ასეთი ბუტია?

_ მე ვარ ბუტია? ტყუილია, ბუტია სულაც არ ვარ, _ არ მივიღე საყვედური.

_ არ ხარ კი არა, ნამდვილი «მის გაბუტვა ხარ»… თუ არ გჯერა, სარკეში ჩაიხედე, _ თქვა და ისე ლამაზად გაიცინა, მეც ვერ შევიკავე თავი.

_ ძნელია შენი გულის მოგება…

_ მართლა? სხვა ქალების ადვილია?

_ შენ წარმოიდგინე…

_ როგორ ახერხებ, იქნე მითხრა და ჩემზეც იმოქმედოს? _ ექიდნურად ჩავიღიმე, _ რა უნდა გააკეთო, რომ ქალის გული მოიგო? _ მაინტერესებდა, რას მიპასუხებდა.

_ რა და… უნდა დაუდარაჯდე სახლთან და დაელოდო, როდის გამოვა სახლიდან.

_ მაგრამ ეს ხომ თვალთვალია? _ არ მომეწონა და ისე დავიჯღანე, თითქოს იაფფასიან ნივთს ძვირად მიფასებდა.

_ მაცალე!.. მერე ჩაავლო ხელი და წაიყვანო ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მოგაგნებთ.

_ მაგრამ ეს ხომ მოტაცებაა, ორივე ერთად კი დანაშაული.

_ სულელო! დანაშაული კი არა, რომანტიკაა, _ ისევ ისე გაიცინა.

_ რომანტიკული დანაშაული, _ დავასკვენი და პომიდვრის წვენით გასვრილი თითები გავილოკე.

_ რომანტიკული დანაშაული იცი, რა იქნება? _ მომიახლოვდა, _ შენი ნებართვის გარეშე მეც რომ გაგილოკავ ამ თითებს და მერე იმ ტუჩებს, რომელმაც ეს თითები გალოკა, _ ჩურჩულით მითხრა, ზურგიდან წელზე შემომხვია მკლავები და ყელზე დამეკონა.

_ აკი მშიაო? _ შევახსენე ათრთოლებულმა.

_ შენ «მშივხარ», _ ვნებიანად შემატა ახალი სიტყვა ქართული ენის ლექსიკონს და ისე მიმიკრა მკერდზე, სუნთქვა შემიგუბდა, მაგრამ არ ავყევი, არ მინდოდა ასე უცებ შევრიგებოდი.

_ ბებერი ქათმები მოგბეზრდა? ვარიები მოგენატრა? კარგია, მშვენივრად ერთობი, _ ვუკბინე.

მეგონა, ჩემი ნათქვამი გააღიზიანებდა, წყობილებიდან გამოიყვანდა, მაგრამ შევცდი.

_ რაც შეეხება გართობას, შენ მართალი ხარ, _ ჩუმად თქვა, თან ჩემს ყელში ნებივრობას განაგრძობდა, _ თუმცა ბოლომდე ვერ ჩაწვდი ჩემი სურვილის არსს. მინდოდა, ეს ყველაფერი ცოტა გვიან მომხდარიყო, როცა ჩვენი ურთიერთობა გარკვეულ ეტაპამდე მიაღწევდა, მაგრამ მოცდა აღარ შემიძლია, ეს ჩემს ძალებს აღემატება, _ აღგზნებულმა თავისკენ შემატრიალა…

მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებს მიწვავდა.

_ გეყოფა… _ შეშინებულმა თვალები ავატრიალე, _ ძალიან გთხოვ… გაჩერდი… ინანებ, იცოდე…

_ შენ შეიძლება ინანო, მაგრამ მე _ არასდროს, _ ვნებამორეულმა თქვა, ხელში ამიტატა და საძინებლისკენ გამაქანა.

გავიბრძოლე, მაგრამ ამაოდ… ჩემს მოწინააღმდეგეს აშკარა უპირატესობა ჰქონდა წონით კატეგორიაში. მისი ძლიერი, ნავარჯიშები სხეული ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვას გაუძლებდა, ორმოცდათექვსმეტკილოგრამიანი ტვირთით ოციოდე მეტრის გავლა მისთვის რა დიდი ბედენა იყო? მაინც გავიბრძოლე, განსაკუთრებით მას შემდეგ, საწოლზე რომ წამომაქცია…

არაფერი გამომივიდა… ვიგრძენი, როგორ გამომეცალა არაქათი და ნელ-ნელა დავნებდი… ხარბად მკოცნიდა, მოწყურებულად… თანდათან გაუცივდა მხურვალე ტუჩები… მივხვდი… როცა განსაკუთრებით ძლიერად ვუნდებოდი, ტუჩები უცივდებოდა…

მთლიანად გამაშიშვლა, თავადაც გაიხადა. მისი შიშველი და გახურებული სხეულის შეხებამ საბოლოოდ გამთიშა. თითქოს ალისასავით ბოცვრების ორმოში ჩავვარდი, რომელსაც ფსკერი არ ჰქონდა. უეცრად ჩამობნელდა და… მივფრინავდი ამ სიბნელეში, სულ უფრო ღრმად და ღრმად. არ ვიცოდი, როდის დამთავრდებოდა ეს ფრენა… ან როგორი იქნებოდა ამ ფრენის დასასრული.

უკანასკნელად შეძიგძიგდა ნიკა და… თითქოს გაქვავდა… ჩემს თმაში ხელჩავლებული… დაღლილი… ძალაგამოცლილი… დაცარიელებული… კმაყოფილი… მისი სხეულის სიმძიმე სასიამოვნო იყო და ქალმა, ჩემ შიგნით ქალმა, უკვე მტკიცედ იცოდა, რომ მხოლოდ ეს, მასზე დამხობილი ერთადერთი მამაკაცი უყვარდა… მამაკაცი, რომელიც მძიმედ სუნთქავდა სიბნელეში…

ჩვენი გულები თითქოს ერთ რიტმში სცემდნენ… კიდევ ცოტაც და მისი სხეული საბოლოოდ მოეშვა, მოითენთა და მოწყდა ჩემს სხეულს. მინდოდა, ეს წამები გაგრძელებულიყო, უსასრულოდ, დიდხანს, თუმცა «ვნების დაბნელება» დამთავრდა და სასიამოვნო სიბნელეც მალევე გაიფანტა…

…მივხვდი, როგორც დამთავრდა ეს ფრენა… მივხვდი და დამცირებულად ვიგრძენი თავი… წყენის ცრემლები დამედინა ღაწვებზე… თან ვტიროდი, თან მომთენთავ კმაყოფილებას ვგრძნობდი… აი, თურმე როგორი ყოფილა სექსი! სასიამოვნო… უ-უ-უსასიამოვნო-ესი… საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი? ალბათ, ამას ჰქვია «მცოდნე» საყვარელი, პროფესიონალი… მან ხომ პირველსავე ცდაზე (ჩემთვის პირველ ცდაზე) მომანიჭა სიამოვნება, თან ისე, რომ ტკივილი არ მიგრძნია, წამითაც კი… ის კი არა, ნეტარების ისეთ წერტილამდე ამიყვანა, რომ ზეაღმატებულად ვნებიანი შეგრძნებისგან თავი ვერ შევიკავე და დავიყვირე. ამას ჰქვია ექსტაზის განცდა… და ჩვენ ორივემ თითქმის ერთდროულად განვიცადეთ ეს…

_ შუქი საიდან ავანთო? _ დაცლილი ხმით მკითხა.

_ შენგან მარცხნივ, კომოდის თავზე…

ნიკამ ხელი გადაჰყო და კედელზე კარგა ხნის ფათურის შემდეგ ჩამრთველს გაჰკრა. მჭახე შუქმა თვალი მომჭრა და საბანი წავიფარე… იქნებ სირცხვილისგან? იქნებ დამცირებისგან?.. არ ვიცი… მაგრამ ნათელი იყო, არ შემეძლო მისთვის თვალებში შემეხედა.

_ როგორ ხარ? _ ხმადაბლა მკითხა და იდაყვზე დაყრდნობილმა ზემოდან დამხედა, თან თითები ნაზად ჩამოუსვა ჩემს მკერდს.

_ არ ვიცი… _ ამოოხვრით ვუპასუხე და გვერდზე გადავბრუნდი, ზურგი ვაქციე.

_ ისევ მებუტები? _ მხარზე შემეხო და გადმომატრიალა, ზურგის შექცევის ნება არ მომცა.

_ არა, _ კვლავ დავხუჭე თვალები.

_ კარგია, რომ არა, თორემ შენ რა შეგირიგებდა, _ ჩაიცინა.

გულზე მომხვდა ეს ჩაცინება. წამოვჯექი და გამომცდელად შევაჩერდი. ტრიუმფული გამარჯვება იკითხებოდა მის მზერაში. ერთიანად დავმძიმდი… კვლავ გულაღმა გავიშოტე და თვალები ხელისგულებით დავიფარე. ნუთუ მხოლოდ ინსტრუმენტი ვიყავი მის ხელში, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ შესანიშნავად დაუკრა? მიიღო რაც უნდოდა და ამით დამთავრდა?

ნიკა ჩემკენ გადმოტრიალდა და მარჯვენა ფეხი თეძოზე შემომაჭდო, ხოლო ხელი თმაში შემიცურა… აი, ისიც! მესაკუთრის ჟესტი! ისე მექცევა, როგორც ნივთს… ნეტავ წავიდოდეს და აღარასდროს დაბრუნდებოდეს! უნდა ვუთხრა… უნდა დავასწრო, სანამ თავად გაუკეთებია ეს…

_ ახლა კი წადი! _ ვთქვი და ნათქვამს გული ამოვაყოლე.

_ არა. გგონია, ასე ადვილად დაგთმობ?

ხელისგულები მოვიშორე თვალებიდან და შევხედე. მანაც შემომხედა. თვალები მიმქრალი ნაღვერდალივით ღია ნაცრისფერი გახდომოდა…

_ დაგარწმუნე? _ თითქოს ნიშნისმოგება შეინიშნებოდა მის ტონში.

_ რაში? _ აღვშფოთდი, _ ვერაფერშიც ვერ დამარწმუნე. შენ, უბრალოდ, დამიმტკიცე, რომ ჩემზე ღონიერი ხარ და გადამთელე იმ იარაღით, რომელიც მე არ მაქვს. ამაშია საქმე!

_ და შენ ვერაფერი იგრძენი? მხოლოდ გადაგთელე?

მინდოდა, მომეტყუებინა, მაგრამ გადავიფიქრე.

_ არა… და შენც კარგად იცი ეს.

_ აბა რა გინდა? პატიება გთხოვო? ბოდიში მოგიხადო? მე რა ვიცოდი, თუ ქალიშვილი იყავი…

გული დამიმძიმდა… არადა, ეს სულაც არ იყო ახლა მნიშვნელოვანი… მთავარი ის იყო, რა გაგრძელება ექნებოდა ამ ღამეს… მას კი არ ესმოდა, მე რა მაწუხებდა…

_ ლო, ისეთი არაფერი მომხდარა, ტყუილად განიცდი… თუ ვინმე დაზარალდა, მხოლოდ შენი სიამაყე, გასაგებია?

_ ჩემი სიამაყე? რა შუაშია აქ სიამაყე? _ განვრისხდი.

_ მინდოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, დამემტკიცებინა შენთვის, სინამდვილეში ვისთან მსურს ყველაზე ძლიერად ყოფნა… ეს ძალადობა არ არის… ბოლოს და ბოლოს, შენც ხომ გესიამოვნა…

«იმიტომ, რომ ადრე არასდროს განმიცდია მსგავსი რამ», გავიფიქრე, ხმამაღლა კი ვუთხარი.

_ მე კი მომეჩვენა, რომ ამით ჩემს დასჯას ცდილობდი… რაღაცის გამო… ვიღაცის გამო… არარსებული ბრალდების გამო… და არ დამიწყო იმის მტკიცება, რომ შენი ოცნების ქალი ვარ.

_ არ დაგიმალავ და სიგიჟემდე მინდოდი, _ გაცხარებით ცდილობდი იგი ჩემს დარწმუნებას, _ ჩვენი შეხვედრის პირველივე მომენტიდან, თუკი აუცილებლად გჭირდება დეტალების მოსმენა, _ გაღიზიანებულმა მომაყარა, _ და მსურს, მოგესურვილო ახლაც, ამწუთას, სასწრაფოდ! ოღონდ ამჯერად არ ვიჩქარებ! გაცდუნებ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნება-ნება… სანამ დანდობას არ მთხოვ, _ ჟინიანი ჩურჩულით დაასრულა, მკლავებში მომიქცია და ტუჩები კოცნით დამიფარა.

ჩემი შელახული თავმოყვარეობის დასაცავად სუსტი წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ უიმედოდ. ის უკვე მკოცნიდა… ნელ-ნელა გადადიოდა ტუჩებიდან ნიკაპზე, ნიკაპიდან ყელზე, ყელიდან მკერდზე… ქვევით და ქვევით… მისი შეხება უფრო და უფრო მსუბუქი ხდებოდა, მაგრამ პროფესიონალურად გათვლილი და აღმაგზნებელი. ის ეალერსებოდა ჩემი სხეულის ყველა უჯრედს მოშიებული საყვარლის სიხარბით, რითაც წინააღმდეგობის უკანასკნელ ძალას მაცლიდა. ვგრძნობდი, როგორ თანდათან ძლიერდებოდა სურვილი, ზღვის ტალღებივით, კიდევ და კიდევ, დიდდებოდა და ზვირთდებოდა მოსალოდნელი შტორმის წინ…

როცა ვნებათაღელვამ კულმინაციას მიაღწია, ჩუმი კვნესა აღმომხდა… ვგრძნობდი, სად იწყებოდა ჩემში ქალი და სად მთავრდებოდა მასში მამაკაცი. თითქოს ვმაღლდებოდი… თითქოს რაღაც იდუმალი ძალით მივიწევდი ზევით და ზევით, კმაყოფილების მწვერვალთან შესახვედრად…

მერე… მერე ძალაგამოცლილები ვეყარეთ საწოლზე…

როგორც ჩანს, ბოლო დღეების დაძაბულობამ თავისი გაიტანა, ამიტომაც მკვდარივით ჩაგვეძინა…

8 8 8

რაღაცამ გამომაღვიძა… თავდაპირველად ვერ მივხვდი, რამ. მივაყურადე… სააბაზანოდან წყლის ჩხრიალი ისმოდა. შეშინებული წამოვხტი, უცებ ვერ გავიაზრე, სად ვიყავი და რა ხდებოდა. მალევე მოვეგე გონს… ღმერთო, ეს რა ჩავიდინე! სასოწარკვეთილმა შიშველ მკერდზე ვიტაცე ხელი. ახლაღა ვიგრძენი, როგორ მტკიოდა კერტები. მორჩა! ყველაფერი დამთავრდა! რა სულელი ვარ, კრეტინი, შტერი, გამოთაყვანებული! ეს როგორ გავაკეთე? ო! ღმერთო! ნეტავ შეიძლებოდეს ამ ღამის უკან დატრიალება! რატომ არ გავუწიე წინააღმდეგობა? რატომ ვერ ვძლიე ცდუნებას? როცა არაფერი ხდებოდა, მაშინ არ იკლავდა ჩემთან შეხვედრით თავს და ახლა? როცა ყველაფერი მიიღო, რაღაში დავჭირდები? ღმერთო! მაპატიე… დამნაშავე ვარ…

_ თუმცა, რატომ ვარ დამნაშავე? რაშია ჩემი დანაშაული, საყვარელ მამაკაცთან რომ დავწექი? იქნებ ეს რომანტიკა უფროა, ვიდრე დანაშაული? სულელო ჩემო თავო, რა მიამიტი ხარ!.. _ მოულოდნელად შევნიშნე, რომ ჩემთვის ვლაპარაკობდი, ხმადაბლა… მთლად გავაფრინე, მგონი.

_ ვის ელაპარაკები, კონკია? _ ნიკა სააბაზანოდან გამოვიდა, პირსახოცით თმას იმშრალებდა.

მის დანახვაზე ელდა მეცა და სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, თვალები დავხუჭე. პირველად ვხედავდი შიშველ მამაკაცს ცხოვრებაში, თან ასე ახლოს… ჩემს ბინაში… ჩემს პირისპირ…

_ ლო, რა დაგემართა? _ იგი საწოლზე ჩამომიჯდა და ნამიანი თითები მკერდზე ჩამომისვა.

გამაჟრჟოლა. მსწრაფლ გავახილე თვალები.

_ ცუდად ხარ?

_ არა! _ ყვირილს უფრო ჰგავდა ჩემი პასუხი.

ალბათ მიხვდა, რაც მჭირდა. ეშმაკურად ჩაიღიმა, წამოდგა, პირსახოცი წელზე შემოიხვია და სააბაზანოში შებრუნდა. კვლავ აჩხრიალდა ონკანში წყალი. მალევე შემობრუნდა, მომიახლოვდა, სველი თითები ჩემკენ გამოიქნია და წყლის წვეთები პირდაპირ თვალებში შემომაშხეფა.

მსუბუქად შევკივლე.

_ კარგია… ხომ გამოცოცხლდი? იცი, რომელი საათია? ცხრა ხდება, ადგომის დროა.

_ მართლა?! ღმერთო, რა დრო გასულა!

_ დღეს კვირაა, არ მუშაობ, _ დამამშვიდა.

ო! კიდევ კარგი. თუმცა რა, ვინ რას მეტყოდა, როცა მთავარი «მთქმელი» სახლში მყავდა?

_ ადე, რა, ვჭამოთ, თორემ გამიხმა კუჭი. მაგიდა გაშლილია, ყბების გაქნევის მეტი არაფერი დაგვრჩენია, _ თქვა, საბანი გადამხადა და უცებ უკანალზე ურცხვად დამიტყაპუნა ხელი.

ავილეწე… საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. საბანს ხელი ვტაცე და კვლავ გადავიფარე. ჩემი რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩენია, არც ჩემი სახის გამომეტყველება.

_ მეორედ ასეთი რამ არ გაბედო! _ ცივად ვთქვი.

_ რა «ასეთი რამ», რაზე მეუბნები? _ თავი გაისულელა.

_ მე შენი კახპა არა ვარ! _ განვუმარტე.

_ აჰაა… აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. მაპატიეთ, პრინცესა, ბოდიში მომიხდია. ეს აღარ განმეორდება, _ სიცილით მითხრა და ზედ გადმომემხო, _ მე ახლა უარესს გავაკეთებ!

_ არ მომეკარო! არ მომეკარო! _ შეშლილივით მოვრთე ყვირილი.

_ ო კეი, ო კეი… დაწყნარდი, გთხოვ… შენი წყენინება არ მინდოდა. აჰა, ვდგები… წყნარად, მშვიდად, კარგი? _ ხელებაწეული ადგა, საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და ჩაცმას შეუდგა.

8 8 8

ისე გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს დამშეული ყოფილიყო, ქუჩის მაწანწალასავით…

_ რატომ არაფერს ჭამ? _ ლუკმით პირგამოტენილმა ძლივს დაილაპარაკა.

_ არ შემიძლია, _ ჩუმად ვთქვი, _ როცა ვნერვიულობ, ვერაფერს ვჭამ.

_ ნერვიულობ? _ უცებ გააჩერა ყბები, _ რატომ? მოხდა რამე?

ისე გულუბრყვილოდ მეკითხებოდა, შემრცხვა, ამეხსნა მისთვის, რასაც განვიცდიდი. არც ის მინდოდა, სოფლელივით გამომსვლოდა, ვერც ამას გამიგებდა, ამიტომ მხრები ავიჩეჩე მხოლოდ.

_ აუჰ! _ უეცრად თავზე შემოირტყა ხელი, _ პრეზერვატივი არ გამომიყენებია.

_ ვიცი… _ მშვიდად მივუგე, _ შევამჩნიე.

_ და ასე მშვიდად ხარ? მეგონა, ეს განერვიულებდა, _ დამეჯღანა.

_ არც შენ ჩანხარ მაინცდამაინც შეშინებული… რაც მთავარია, შენი ხომ მიიღე.

_ რას ნიშნავს, ჩემი მივიღე? _ კოპები შეკრა და ჭამა შეწყვიტა.

_ ყოველთვის აღწევ ხოლმე შენსას? ყოველთვის იღებ იმას, რაც გინდა? _ მისი კოპები არად ჩავაგდე და გავაგრძელე.

_ არა, _ გაჭიანურებული ღიმილით ამოთქვა, _ არის ისეთი რამეებიც, რისი ყიდვაც არ შეიძლება.

_ სიყვარულს გულისხმობ? _ სხეული დამეჭიმა.

_ არა. სიყვარულის ყიდვა შემიძლია, ლოლა.

_ არა, არ შეგიძლია! _ მაგიდას დავეყრდენი და წამოვიწიე, _ შენ შეგიძლია სექსი იყიდო, მაგრამ არა სიყვარული.

_ მართალი ხარ… მაგრამ მე სიყვარულს არ ვეძებ და არც სექსში ვიხდი ფულს… ისიც უფასოდ შემიძლია მივიღო.

«სიყვარულს არ ვეძებო?! როგორც ჩანს, გამართლდა ჩემი ვარაუდი! თავისი მიიღო და მორჩა!»

_ ო! ამაში დარწმუნებული ვარ! _ გესლიანად ჩავიცინე.

_ ლო, არ მეტყვი, რატომ ხარ ასეთი აგრესიული? შეგიძლია ამიხსნა?

«იმიტომ, რომ მინდა შენც ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ!»

_ არ ვიცი, _ სევდით «გაიტენა» ჩემი ხმა.

_ გეშინია, რომ ამით ყველაფერი დამთავრდება? რომ შენთან აღარ მოვალ? ასეა?

_ ჰო, _ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე და თვალები ცრემლმა დამიბინდა.

_ მე შენ არასდროს მიგატოვებ… გპირდები… და, სხვათა შორის, ამისთვის სულაც არ მოვსულვარ წუხელ შენთან, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მე სულ სხვა საქმე მქონდა.

_ რა საქმე? _ ანერვიულებულმა გაურეცხავ პომიდორს დავტაცე ხელი და ჩავკბიჩე. ვერ მოვზომე მისი სირბილე, ზედმეტად მომივიდა კბილების დაჭერა. მოულოდნელად იგი ხელში ჩამეჭყლიტა და ცხვირსა და ტანსაცმელზე შემომეწუწა…

_ თხუპნია! _ შესძახა ნიკამ და ჩაბჟირდა. მე კი სულაც არ მეცინებოდა.

უეცრად დაიგრგვინა. ფანჯარაში გავიხედე. ისე მოქუფრულიყო, თითქოს გვიანი საღამო ყოფილიყო. მერე იელვა, იქეჭა, იქუხა.

_ მალე დაუშვებს, _ შენიშნა ნიკამ.

_ რისთვის მოვედიო, რას მეუბნებოდი? _ რატომღაც, ოფიციალურად გამომივიდა.

_ გეტყვი… ვიტალი რომ გავუშვი, ალბათ იცი, _ ხელსახოცით პირი მოიწმინდა და შემომხედა.

_ კი, ვიცი.

_ შემცვლელს რომ ვეძებ, ისიც ხომ იცი?

_ ეგეც ვიცი.

_ ჰოდა, შენ მინდა მის ადგილას დაგნიშნო… რას იტყვი?

იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა შემოთავაზება, რომ პირის მაგივრად, თვალები «დავაღე».

_ რა იყო, რა თვალები ცქვიტე, არ ელოდი? ორი დღეა, ამაზე ვფიქრობ და, მგონი, არ ვცდები, _ კმაყოფილი იერით ჩამიკრა თვალი.

_ მე… მე… _ ავლუღლუღდი.

_ ვიცი, რაც უნდა მითხრა… რომ გამოცდილება არ გაქვს, რომ არ იცი, შეძლებ თუ არა, რომ შენთვის მოულოდნელი იყო ჩემი წინადადება და ასე შემდეგ. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. მთავარია, მომენდო, ყველაფერს აგიხსნი, გასწავლი, გვერდით დაგიდგები. გასაგებია?

გაოგნებული ხმას ვერ ვიღებდი, თვალებს ვაფახულებდი მხოლოდ. რა დამსახურებისთვის? ნიკუშამ ხომ არ სთხოვა? თუ მართლა ვუყვარვარ და იმიტომ გადაწყვიტა ასე? სხვებმა თუ იციან? თანაშმრომლები როგორ შეხვდებიან მის გადაწყვეტილებას? მარიკა? მარიკას რა ვუთხრა? განა მას არ ვუბიძგებდი ამ თანამდებობისკენ? ათასმა კითხვამ შემომიტია.

_ აბა? რას იტყვი?

_ არ ვიცი, ნიკა… ძალიან დამაბნიე.

_ მე შენნიარი მენეჯერი მჭირდება, გესმის? ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი, სქმიანი, უცხო ენების მცოდნე… უკეთესს ვის ვიპოვი? რაღა სხვაგან ვეძებო? თან გენდობი. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ, რომ იშვიათად ვენდობი ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს.

_ მაგას ვხვდები.

_ ჰოდა, ხვალამდე კარგად მოიფიქრე. უარს არ მივიღებ, იცოდე, ამიტომ, კი არ მოიფიქრო, შეეგუე ამ აზრს. ახლა წავალ და მარტო დაგტოვებ საკუთარ ფიქრებთან, რომ ბოლომდე გააანალიზო, რაც გითხარი. თუმცა ამაღამ დავბრუნდები და დაწყებული გავაგრძელოთ. იქნებ საბოლოოდ დარწმუნდე იმაში, რომ შენს მიტოვებას არ ვაპირებ.

მოვიდა და მაკოცა, მსუბუქად, ვნებიანად…

_ ჰო, კიდევ ერთი რამ. ეს ჩემი ტელეფონის ნომრებია. შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო. ოღონდ როცა სამსახურში ვიქნებით, არავინ უნდა შეგვატყოს, ჩვენ შორის რაც ხდება. გესმის ალბათ, რისი თქმაც მინდა, ხომ? არ მინდა ვინმე ზედმეტად ვალაპარაკო, _ ორ თითს შუა გარჭობილი სავიზიტო ბარათი მაგიდაზე დააგდო.

მესმოდა, თანაც ძალიან კარგად…

როცა ნიკა წავიდა, კვლავ ლოგინში შევწექი, საბანში გავეხვიე და ჩემს სხეულს მივუგდე ყური. იგი ბედნიერი იყო, სრულიად ბედნიერი… და უნდოდა, ასეთი ბედნიერი ყოფილიყო ხვალაც, ზეგაც… ყოველდღე…

მერე ვიძინე. ალბათ დიდხანს. წვიმის წვეთების წკაპუნმა გამომაღვიძა. კოკისპირულად უშენდა, აღარაფერი ჩანდა გარეთ, არემარე მხოლოდ წვიმის ფარდაში იყო გახვეული. ღიღინით გავედი სამზარეულოში და სადილის მომზადებას შევუდექი. თან ვსაქმინობდი, თან ვფანტაზიორობდი, როგორ მოვიდოდა გაწუწული, მე კი მოსიყვარულე ცოლივით როგორ მოვეფერებოდი და ვაბანავებდი გათოშილს, მერე კი ცხელ სადილს ვაჭმევდი. თან ხმამაღლა ვლაპარაკობდი, თითქოს ნიკა იქვე იყო, ახლოს და…

ერთი სიტყვით, მსახიობივით რეპეტიციას გავდიოდი, როლს ვიზეპირებდი ჩემსას…

როცა საქმეს მოვრჩი, კომპიუტერთან დავჯექი და მოლოდინად ვიქეცი… ბოლოს ესეც მომბეზრდა და წამოვწექი… ძალიან რომ დააგვიანა, რეკვა ავტეხე. ხან ერთ ნომერზე ვრეკავდი, ხან მეორეზე. მობილურს არ იღებდა, სახლის ნომერზე ქალმა მიპასუხა, შინ არ არისო, სამსახურის ნომერზე ავტომოპასუხე იყო ჩართული… გახდა თორმეტი საათი… ორის ნახევარი… ორი… სამის ნახევარი… სამი… ოთხის ნახევარი… არ მოვიდა… იმ ღამეს ნიკა აღარ მოვიდა…

 

 

იმ ღამეს წესიერად არ მძინებია. ყველაზე მტანჯველი იმაზე ფიქრი იყო, რატომ არ მოვიდა ნიკა. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ მეტად აღარ სურდა ჩემთან ყოფნა, ეს გამოვრიცხე. ნუთუ რამე მოხდა? იქნებ ისეთი რამ შეემთხვა, რომ დარეკვა ვერ მოახერხა? დარდი მკლავდა. ვაითუ, სამსახურში მისულს მითხრან, ავარიაში მოყვა და დაიღუპაო. არა! ამას ვერ გადავიტან! ეს არ მოხდებოდა! ამ ფიქრებით აფორიაქებულმა მანქანა სადგომზე დავაყენე, ჩავკეტე და შენობისკენ გავემართე. ნახევარი საათით დავაგვიანე, მაგრამ ეგ აღარ მადარებდა.

ოფისის შესასვლელთან მარიკას შევეჩეხე, სადღაც გადიოდა.

_ ლოლა, რა კარგია, რომ გნახე! ქვეყნის ახალი ამბავი მაქვს შენთვის! _ სახეგაბრწყინებულმა გადამკოცნა, _ ორ წუთში დავბრუნდები და მოგიყვები!

_ ხომ მშვიდობაა? _ ტანში გამცრა.

_ მერედა, როგორი! ახლავე მოვალ, ყავა და შაქარი უნდა ვიყიდო! _ უკანმოუხედავად მომაძახა და სირბილით გააგრძელა გზა.

თედოსთან შევიჭყიტე. კაბინეტში არავინ დამხვდა. კარგია, რომ მოვასწარი, დაგვიანებისთვის ვერ მისაყვედურებს.

დაახლოებით თხუთმეტ წუთში მარიც გამოჩნდა.

_ ეს ისევ მეტრეველთანაა? _ მკითხა და თავი თედოს კაბინეტისკენ გაიქნია.

ნიკას გვარის გაგონებაზე შევკრთი და ერთიანად «ავალმურდი».

_ საშინელ ხასიათზეა ჩვენი პრეზიდენტი. წეღან დამიბარა და… _ გააგრძელა მარიმ.

«დამპალი! ესე იგი, არაფერიც არ მოსვლია! მე კი ლამის გამოვიტირე!»

_ რა ხდება, რისთვის დაგიბარა? _ სუნთქვა შემიგუბდა პასუხის მოლოდინში.

_ ახლავე მოგიყვები, თან ყავა დავლიოთ.

_ მე არ მინდა, მარი, უკვე დავლიე.

_ კარგი, მაშინ არც მე მინდა, _ ხელი ჩაიქნია და გვერდით მომიჯდა.

_ აღარ ვიცი, საიდან დავიწყო… გული დამწყდა, ბანკეტზე რომ არ იყავი, არ იცი, რა ამბები მოხდა. ამაზე მერე, ახლა კი მთავარი _ ნიკა უკან მაბრუნებს, ჩემს ადგილზე.

_ რას ნიშნავს «ჩემს ადგილზე»? _ გაოცებისგან წარბები შუბლზე ამიცვივდა.

_ ანუ… შენს ადგილზე, რა. შენ კი სხვაგან გადაჰყავხარ.

მე რომ სხვაგან გადავყავდი, უკვე ვიცოდი, მაგრამ მარიკას თუ დააბრუნებდა თედოს მდივნად, ნამდვილად სიახლე იყო ჩემთვის.

_ მერე? შენ თანახმა ხარ?

_ თანახმა კი არა, ისეთი გახარებული ვარ, ვერ წარმოიდგენ.

_ მარი! თავს რომ იღუპავ, თუ ხვდები? აქ თუ დარჩები, ჩალპები მდივნად, თანაც…

_ არა, არა, ლოლა. ყველაფერი შეიცვალა. შენ არ იცი, რა მოხდა. ამ დილით, მოვედი თუ არა, მეტრეველის მდივანმა დამირეკა, ნიკა გიბარებსო. მივედიიი… თბილად შემხვდა, მომიკითხა. თუმცა, ისეთ ცუდ ხასიათზე იყო, რომ არ ვიცი… ასეთი არასდროს მინახავს… მკითხა, არ გინდა, შენს ადგილზე დაგაბრუნოო? კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ თედოს სურვილია-მეთქი და ვუპასუხე, როგორც საჭიროა, ისე მოიქეცით-მეთქი. ხელფასსაც მოგიმატებო, დააყოლა. მეც დავთანხმდი. ხელფასის მომატების გარეშეც არ ვეტყოდი უარს, მაგრამ ამ წინადადებამ ორმაგად გამახარა. მერე ვკითხე, ლოლას რას უპირებთ-მეთქი. ის სხვაგან გადამყავსო.

_ და იცი, სად გადავყავართ?

_ რა იყო, ცუდ ადგილას? _ შეშფოთდა მარიკა.

_ არა, ცუდ ადგილას არა, მაგრამ… გუშინ მელაპარაკა და ვიტალის თანამდებობა შემომთავაზა. ჯერ მითხრა, დაფიქრდიო, მერე კი დააყოლა, აჯობებს, შეეგუო ამ აზრს, უარს არ მივიღებო.

_ რა მაგარია! ეს არ ვიცოდი! _ მარიკას გაუხარდა, მე კი ვნერვიულობდი, ეწყინება-მეთქი.

_ კი მაგრამ, შენ რატომ გიხარია ასე ძალიან აქ დაბრუნება?

_ იმიტომ, რომ… როგორც იქნა, თედომ შემამჩნია.

ლამის ყბა მომექცა, ეს რომ მითხრა. საზიზღარი კაცი! როგორ სარგებლობს მისი სიყვარულით!

_ სად, ბანკეტზე? _ ჩამქრალი ხმით ვკითხე.

_ ჰო, ბანკეტზე. მთელი ღამე გვერდიდან არ მომცილებია. მეცეკვა, დალია ჩემთან ერთად, მეფერა, კომპლიმენტების ზღვა მომიძღვნა… აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ასეთი კარგი თუ იყავი, როგორი საინტერესო გოგო ყოფილხარო.

_ და შენც… _ კინაღამ წამომცდა, შენც დაიჯერე-მეთქი? მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი.

რომ მეთქვა, მისი შენით დაინტერესება სიყალბეა-მეთქი, ტვინს გამომიჭამდა, შენ საიდან იციო. მაშინ ყველაფერი უნდა მეთქვა. ეს კი გულს ატკენდა, ამიტომაც გაჩუმება ვამჯობინე.

_ სხვათა შორის, ნიკამ შენზეც გამომკითხა რაღაც-რაღაცები.

უსიამოვნოდ მომხვდა გულზე მისი სიტყვები.

_ ჩემზე? ჩემზე რა აინტერესებდა?

_ უფრო ოჯახური ამბები.

_ მერე შენ რა უთხარი?

_ განსაკუთრებული არაფერი, მხოლოდ შიშველი ფაქტები ჩამოვუბულბულე. სხვა რა უნდა მეთქვა? მეტი არც არაფერი ვიცოდი. თედოზე უფრო ბევრი რამ ვიცი, ვიდრე შენზე, _ გაიცინა.

_ ჰო, _ ყრუდ დავეთანხმე.

_ ახლა მთავარი უნდა გითხრა და არ გამყიდო… იმ ღამეს ჩემსა და თედოს შორის ყველაფერი მოხდა, _ ტუჩები ლამის ყურთან მომადო და მიჩურჩულა.

ამ ინფორმაციამ საბოლოოდ დამშოკა. ესეც ჩემნაირი სულელი ყოფილა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ისეთი გაწონასწორებული იყო, ისეთი დინჯი, მეგონა, ცხოვრებაში ყველა ნაბიჯს გამიზნულად დგამდა.

_ მერედა, გიხარია? _ უხალისოდ შევხედე.

_ აბა რა! მთავარია, ცოლს გაშორებულია. აწი მე ვიცი, როგორც მოვიქცევი. გასაქანს არ მივცემ. ეგ მე არ მიცნობს, მაგის ყოფილ მდივნებს კი არ ვგავარ!

«მათ შორის მეც მოვიაზრები ვითომ?»

_ კარგია, თუ იცი. შენი მხოლოდ ბედნიერება გამიხარდება, ხომ გჯერა? _ სევდიანად გავუღიმე.

_ ვიცი, ჩემო სიხარულო, ვიცი და ამიტომაც მხოლოდ შენ გაგიმხილე ეს საიდუმლო. ჩვენ მეტმა ჯერ არავინ იცის. შენი ამურული საქმეები როგორ მიდის?

ამ დროს ნიკას მდივანმა დარეკა, ათ წუთში თათბირი იწყება და ყველანი სააქტო დარბაზში შეიკრიბეთო.

_ ალბათ შენ უნდა წარგადგინოს ახალ თანამდებობაზე. რა მაგარიააა! _ შესძახა მარიკამ და ძლიერად ჩამიხუტა.

8 8 8

სათათბიროში იმდენი უცხო მამაკაცი დავინახე, გამიკვირდა. ნუთუ ყველანი ჩვენი თანამშრომლები არიან? აქამდე რატომ არ მინახავს ისინი? ალბათ ჩვენზე ადრე გადმოვიდნენ ამ შენობაში და იმიტომ? ნაცნობს და უცნობს, ყველას ვესალმებოდი, თან მსიამოვნებდა, მათ გაოცებულ მზერას რომ ვიჭერდი. ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებულად გამოვიყურებოდი და ამიტომაც გავხდი საყოველთაო დაინტერესების «ობიექტი». რატომაც არა? ფიგურა _ სუპერი! მამაკაცებს მოსწონთ მაღალი ქალები, გრძელი ფეხებით, კოხტა თეძოებითა და მკვრივი მუცლით… და თუ იმასაც აღიარებენ, რომ ორი ზომის მკერდიც მკერდია, უნდა ჩათვალო, რომ ნადია აუერმანს არაფრით ჩამოუვარდები. ჩემი ბედი, რომ უძილობაც ვერაფერს მაკლებს, თორემ ახლა რომ ჩატეტკილი მქონდეს სახე, ზედაც არავინ შემომხედავდა… ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმას რომ დავინახავ, როგორ მოვიქცე? მოჩვენებითი მხიარულებით ვერ «შევიმოსები», რადგან არ გამომივა. რომ დავიბნე? არ უნდა დავიბნე, ამიტომ აჯობებს, თვალებში არ შევხედო. რამე რომ მკითხოს? ისე როგორ ველაპარაკო, რომ არ შევხედო?.. როგორმე უნდა მოვერიო თავს, უნდა გავუძლო ამ გამოცდას.

მარიკას გვერდით დავჯექი.

_ მოდის! _ დაიძახა ვიღაცამ და იმავ წამს უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა სათათბიროში.

ამაკანკალა. ყველაზე მგრძნობიარე ამ დროს ჩემი მკერდი აღმოჩნდა _ მისი ხმის გაგონებაზეც კი «აფორიაქდა»…

ნიკა ჩქარი ნაბიჯებით შემოვიდა, ყველას მიესალმა და მაგიდის თავში დაჯდა. უკან თედო მოჰყვებოდა, რომელმაც მის გვერდით, პირველსავე სკამზე დაიკავა ადგილი. ორივეს რაღაცით უკმაყოფილო სახე ჰქონდა… თან პირქუში… თან გაღიზიანებული… და დაღლილიც.

_ დიდხანს არ მოგაცდენთ, სულ ორიოდე წუთს წაგართმევთ. ორი ამბავი მაქვს თქვენთვის, კარგი და ცუდი. ალბათ აჯობებს, ცუდით დავიწყო. წუხელ ვიტალი საავადამყოფოში გადაიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველანი ხვდებით, ალბათ, რის გამოც. გადაჭარბებული დოზა… ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან, თუმცა ჯერ ისევ რთულია მდგომარეობა… ეს ერთი… ახლა მეორე და უფრო მნიშვნელოვანი… _ მან ღრმად ამოისუნთქა, თითები ერთმანეთში გადააჭდო და თანამშრომლებს სათითაოდ მოავლო თვალი, ბოლოს მზერა ჩემზე შეაჩერა. უნებლიეთ ჩავღუნე თავი, ვერ გავუძელი მის გამოხედვას.

_ მინდოდა, ვიტალის შემცვლელის კანდიდატურაზე ვაკანსია გამომეცხადებინა, მაგრამ დრო არ ითმენს. ვიცი, რომ აზრთა სხვადასხვაობა აუცილებლად იქნება, ამიტომაც თქვენამდე თედოსთან ვითათბირე და გადაწყვეტილებაც ერთად მივიღეთ, _ აქ მცირე პაუზა გააკეთა, _ დღეიდან ვიტალის ადგილს ჩვენი ახალი თანამშრომელი, ლოლიტა კანდელაკი დაიკავებს. ანუ ახალი მენეჯერი გვეყოლება. ვიცი, ამ საქმეში გამოცდილება არა აქვს, მაგრამ დავეხმარებით, ვასწავლით და საერთო ძალებით გამოვძერწავთ მისგან პროფესიონალ კადრს. ასე არ არის?

_ უკაცრავად, თუ შეიძლება… შეკითხვა მაქვს! _ ჩემგან სამიოდე ადამიანის დაშორებით მთავარი ბუღალტრის ხმა გაისმა.

_ დიახ, გისმენთ, ბრძანეთ, ქალბატონო ზეინაბ! _ თავი დაუქნია ნიკამ.

_ ჩვენ ამ გოგონას საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი გვაქვს, მაგრამ რის საფუძველზე შეაჩერეთ მასზე არჩევანი, ხომ უნდა ვიცოდეთ? აქ უფროსი თქვენ ხართ და თქვენ წყვეტთ ყველაფერს, თუმცა ჩვენც…

_ მესმის თქვენი, ქალბატონო ზეინაბ და ახლავე მოგახსენებთ. ამ გოგონას განათლება უცხოეთში აქვს მიღებული, _ პირველი ტყუილი დაახეთქა ნიკამ, _ დამთავრებული აქვს ბიზნესის ფაკულტეტი, ფლობს სამ უცხო ენას, აქვს კავშირები საზღვარგარეთ, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია… ეს საკმარისია თქვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად?

_ დიახ, ეს გვაინტერესებდა მხოლოდ. ძალიან კარგი, მშვენიერი კადრი ყოფილა, _ ხელები გაშალა დაბნეულმა ბუღალტერმა და უხერხული ღიმილით მიმოიხედა, ვინმე ხომ არ გავაღიზიანეო, მერე მე მომმართა, _ იმედია, ჩემმა შეკითხვამ არ გაგანაწყენათ.

_ ნუ გეშინია, ზეინაბ! ლოლა იმ გოგონების რიცხვს არ ეკუთვნის, ვინმეს თავს რომ დააჩაგვრინებს, _ ჩემ მაგივრად უპასუხა თედომ და ორაზროვანი მზერა მესროლა, _ ასე არ არის, ლოლა?

_ და როგორი გოგონების რიცხვს ვეკუთვნი მე, ბატონო თედო? _ გაღიზიანებულმა თვალები დავაკვესე და აპილპილებულმა კბილი კბილს დავაჭირე, რომ ხალხში არ შემომლანძღოდა.

_ ყოველ შემთხვევაში, იმათ არა, ვისაც შეიძლება უსიამოვნება შეემთხვეს, _ გადააკეთა ნათქვამი ჩემი რეპლიკით შეცბუნებულმა დირექტორმა.

_ უსიამოვნება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვეს, _ მსუბუქად შენიშნა ნიკამ, _ ახლა კინკლაობის დრო არ არის. უამრავი საქმე გვაქვს. თქვენი არ ვიცი და ჩემი დრო ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თუ არავინ არის წინააღმდეგი, დავიშალოთ და საქმეს მივხედოთ.

ისე ვიყავი ნერვებმოშლილი, ცახცახი ვერ დავიოკე. მარიმ ხელი მომიჭირა, დაწყნარდიო.

_ ლოლა, თქვენ ჩემთან წამობრძანდით, კაბინეტში, თუ შეიძლება, _ მითხრა ნიკამ, სანამ ავიშლებოდით და დარბაზიდან პირველი გავიდა.

_ გნახავ მერე, დამირეკე, რომ გამოხვალ, _ მიჩურჩულა მარიმ, როცა დერეფანში გამოვედით.

დამძიმებულმა თავი დავუქნიე და გაუბედავი ნაბიჯებით შევაღე პრეზიდენტის სამდივნოს კარი.

მისი მდივანი სულაც არ იყო პატარა გოგო, საკმაოდ «ზრდასრული» ჩანდა, დაახლოებით იმ წლოვანების, ნიკას რომ ქალები მოსწონდა. ეს კარგია, თუ ცუდი? მსწრაფლ ჩემი საყვარელი შეკითხვა ამომიტივტივდა გონებაში და სანამ სავარაუდო პასუხს მივაგნებდი, ბალზაკის ასაკის ქალბატონმა კაბინეტის ოდნავ გამოღებული კარისკენ მიმითითა, გელოდებათო… შევედი.

_ მოდი, _ თბილად მითხრა ნიკამ და მზერით მომეალერსა.

იმწუთას სულ გადამავიწყდა, მასზე ნაწყენი რომ ვიყავი. მისი ერთი ასეთი მზერა და ერთიანად დავდნი, დავიღვენთე.

_ დალევ რამეს? რა დაგისხა? წვენი… «ნაბეღლავი»… კონიაკი… მარტინი… _ ჩამოთვალა ნიკამ და მაგიდაზე შემოლაგებულ ბოთლებს გადახედა.

«ნეტავ, რატომ ულაგია აქ, ბარში ვერ გადაიტანს? თუ მდივანი ვერ ემსახურება სათანადოდ?»

_ ნუ შეწუხდები, არ არის საჭირო შენი მომსახურება. თუ რამე მომინდა, თავად მოვემსახურები ჩემს თავს, _ ცივა ვთქვი.

_ ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს შეგიძლია, _ გაეცინა, _ მაგრამ ამაში როდია საქმე. ჯენტლმენი ყოველთვის ყურადღებიანი უნდა იყოს მანდილოსნის მიმართ, _ შემრიგებლური ტონით შენიშნა და ისე გამიღიმა, წამსვე განმაიარაღა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა იძულებული გავხდი, ბოლო სიტყვა მამაკაცისთვის დამეთმო. სხვა გზა არ მქონდა, დავყარე ფარ-ხმალი.

_ გაბრაზებული ხარ, არა? იფიქრე, რომ მოვტყდი, ხომ? _ ზურგს უკან დამიდგა და თმაში შემიცურა თითები.

ჟრუანტელმა დამიარა. უძლური ვიყავი ამ თითებთან, მათი შეხება თავბრუს მახვევდა.

_ ჰო, _ ყრუდ ვუპასუხე და თვალები მივლულე.

_ მაპატიე. სხვანაირად არ შემეძლო. წუხელ მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ მე და თედომ. ის ჩვენი მეგობარია, ბავშვობის მეგობარი, ხომ გესმის?

_ მესმის.

_ შენ კი, მირეკავდი, არა?

_ გირეკავდი? ეს ის სიტყვა არ არის! მთელი ღამე შენს ავტომოპასუხესთან მქონდა რომანი გაჩაღებული, _ ვუსაყვედურე.

_ მერე? გამოგივიდათ რამე? როგორი იყო? _ გამეხუმრა და თმა ამიბურდა.

_ ერთი ზარისთვის რომ გეპასუხა, არ შეგეძლო? ან მესიჯი მოგეწერა? ღამე გამათენებინე, _ გამოვუშვი დაგროვილი ბოღმა.

_ არ შემეძლო… და უნდა დამიჯერო, ამას რომ გეუბნები. სამაგიეროდ, სულ შენზე ვფიქრობდი.

სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა სხეულში, მაგრამ არაფერი ვუპასუხე.

_ შენი თმა ისე ბრწყინავს, როგორც მზე ზღვის ტალღაზე, _ ხმადაბლა თქვა.

_ ძალიან რომანტიკული ნათქვამია, _ ირონია არ დავიშურე.

_ აბა რა, მე ხომ მოწოდებით რომანტიკოსი ვარ, _ ის სიტუაციის დათბობას ცდილობდა.

ვგრძნობდი, ასე დიდხანს ვერ გავძლებდი და შევეცადე, სხვა რამეზე გადამეტანა საუბარი.

_ როგორ არის ვიტალი?

_ აბა, რა გითხრა… _ ხელი შემიშვა, მაგიდას მოუარა და სავარძელში ჩაჯდა, _ საზღვარგარეთ მოუწევს მკურნალობის კურსის გავლა, ღვიძლზე რომ არაფერი ვთქვათ, გულიც ვერა აქვს წესრიგში, ორი კუნთი მოდუნებულია, ოპერაციის გაკეთება მოუწევს.

_ რა საშინელებაა… ჯერ ისეთი ახალგაზრდაა… რა ღირს ოპერაცია?

_ დაახლოებით 30 ათასი დოლარი.

_ მართლა? ეს ბევრი არ არის?

_ არც ისე ბევრია, რომ სიკვდილი მოატყუო, _ თავის კანტურით მიპასუხა და გამიღიმა.

_ მერედა, საშუალება?

_ ცოტას ჩვენ წავეხმარებით, ეგ არაფერია. დაივიწყე!.. შენზე მელაპარაკე.

_ რა ვიცი, რ უნდა ვთქვა?

_ ხვალიდან ვიტალის კაბინეტში გადახვალ. შენს ადგილს კი მარიკა დაიკავებს. ჩემთანაც გაივლი კონსულტაციებს და თედოსთანაც. მართალია, თედო თავიდან წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ არა უშავს, ბოლოს მაინც მოვათვინიერე.

_ წინააღმდეგი? რატომ?

_ არ ვიცი, ალბათ არ ეთმობოდი, _ ეშმაკურად ჩამიჟუჟუნა თვალები.

_ ნუთუ? _ ცინიკურად ჩავიცინე.

_ აბა, რას იტყვი? მზად ხარ, ახალ ამპლუაში შეუდგე მუშაობას?

_ რა თქმა უნდა.

_ როგორ ფიქრობ, შეძლებ? ხომ არ გაგიჭირდება?

_ არ გამიჭირდება. იმაზე ადრე ავითვისებ ყველაფერს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, _ დავიტრაბახე.

_ «არასახუმარო» ამბიციები გქონია, _ სიცილი აუტყდა, უკან გადაიხარა, ნიკაპი მაღლა ასწია და შემომაჩერდა.

_ ამ ქვეყანაში ქალებს ნებადართული აქვთ, ჰქონდეთ ამბიციები, _ ამბიციურად ვუპასუხე.

_ იცი, რას მაგონებ? _ თქვა და წინ გადმოიხარა, _ სუფთა ჰაერის ყლუპს… შენს შესუნთქვას არაფერი სჯობს.

უტიფრად გავუსწორე მზერა.

_ სიამოვნებით შეგისუნთქავდი კიდევ ერთხელ… როდის შევხვდეთ?

ამ კითხვაზე კოპები შევკარი, ხოლო შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.

_ რა იყო, უკანდახევა ხომ არ განიზრახე? შემთხვევით, უარის თქმას ხომ არ აპირებ? _ თვითონაც ზუსტად ისეთი სახე მიიღო, როგორიც მე მქონდა.

_ არა, მაგრამ ძალიან გთხოვ, არ იფიქრო, რომ ერთი ხელის დაქნევა და შენკენ კისრისტეხვით გამოვიქცევი. მეც გამაჩნია ჩემი სიამაყე, _ მისი სიტყვებით გათამამებული არ ვთმობდი.

_ მაგრამ შენც ხომ გინდა, ჩემთან? მართალი მითხარი.

_ მინდა… და რა მერე?

_ მაშინ სიამაყეზე ნუღარ მელაპარაკები. სიამაყე ეს მხოლოდ საბაბია, არ გამოჩნდე ისეთი, სინამდვილეში როგორიც ხარ.

_ როგორი «ისეთი»?

_ ვიცი, რასაც ვლაპარაკობ და შენც მშვენივრად ხვდები, რისი თქმაც მინდა. წააგებ, თუკი «ფიშკას» სიამაყეზე დადებ. დროა, სიმართლეს თვალებში შეხედო.

_ და რაში მდგომარეობს ეს სიმართლე?

_ იმაში, რომ შენ ჭკვიანი, დამოუკიდებელი გოგო ხარ, ძლიერი ხასიათით, მაგრამ სექსში მორჩილებას ამჯობინებ. ამაში სამარცხვინო არაფერია, შენ კი გიჭირს ამის აღიარება.

შევიშმუშნე. ის მართალი იყო. იმ ღამეს ძალიან მომწონდა, თავად რომ განაგებდა ლოგინში სიტუაციას, მაგრამ მე გამოუცდელი ვიყავი ამ «სფეროში» და მორჩილი ამიტომ უფრო ვიყავი.

_ გამოტყდი, რომ ჩემზე ნაკლებად არ მოგწონს ეს პროცესი… სექსი… ველური სექსი.

_ არ გინდა, ასე ნუ მელაპარაკები, _ ავილეწე.

_ რატომ? სექსი რა, დანაშაულია? რატომ გიჭირს აღიარება?

_ მე წავედი, _ ვთქვი და წამოვხტი, მიძნელდებოდა მასთან ამ თემაზე ასე ურცხვად ლაპარაკი.

_ არ წახვიდე, გთხოვ… არ შეიძლება, ექიმმა ჩემნაირი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში მიატოვოს.

_ რატომ, რა გაწუხებს?

_ გული მაქვს გაბზარული, _ ტუჩებით კოცნა გამომიგზავნა.

_ მაგრამ მე ექიმი არ ვარ, _ მაინც ვჯიუტობდი.

_ ჩემი ექიმი შენ ხარ და უნდა შეეგუო ამას, გასაგებია? წადი, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ მე აუცილებლად მოვალ, რადგან ის ფრონტის ხაზი უნდა ვნახო, სადაც ბრძოლა მომიწევს, _ ადგა და მომიახლოვდა, _ ოღონდ დღეს არა. სხვა დროს.

_ ო! _ მხოლოდ ამის თქმა შევძელი შეხვედრის გადატანით იმედგაცრუეულმა, ამავდროულად, ათრთოლებულმა და სწრაფად გამოვედი კაბინეტიდან.

ნიკას მდივანი ფრჩხილებს იქლიბავდა და იდუმალი ხმით ვიღაცას ებაასებოდა ტელეფონზე.

ჩემს ოთახში რომ შევედი, მობილური რეკავდა. ნომერს დავხედე, ბებია მირეკავდა იტალიიდან…

კარგა ხანს ველაპარაკე. მოვუყევი ჩემი დაწინაურების ამბავი… სიხარულისგან იტირა. მერე მითხრა, ათასი ევრო გამოგიგზავნა ბაბუაშენმა «ვესტერნ უნიონით» და აიღეო, თან კოდი ჩამაწერინა.

_ იცოდე, მხოლოდ ტანსაცმელი იყიდე. ახლა შენ ლამაზად უნდა გეცვას, სხვა სისულელეებში არ დახარჯო ფული! _ «სასტიკად» გამაფრთხილა, _ იმ თვეში კიდევ გამოგიგზავნით.

_ მიყვარხართ ორივე! _ პატარა ბავშვივით ავჭყლოპინდი, _ საღამოს სკაიპში შემოვალ და დაგელაპარაკებით… ძალიან მომენატრეთ, ძალიან!

_ იმედია, შენს უნახავად არ მოვკვდები, შვილო. იქნებ მოახერხო და ერთხელ ჩამოხვიდე, _ გული აუჩუყდა ჩემს ბებოს.

_ აუცილებლად ჩამოვალ, როგორც კი შევძლებ. მომიკითხე იქაურები, _ მეც ამიჩუყდა გული და თვალები ცრემლით ამევსო, როცა მობილური გავთიშე.

ესეც ასე. ას ევროს გადავახურდავებ და მამაჩემს გავუგზავნი, დანარჩენს მე მოვიხმარ, იქამდე ხელფასიც წამომეწევა. ასე თუ გააგრძელეს ჩემმა იტალიელმა «მეურვეებმა», ერთ წელიწადში გავმდიდრდები კიდეც. გამეცინა. გაგიჟდება ბაბუაჩემი, ჩემი ნონნო, ჩემს ამბავს რომ გაიგებს და ძვირფას საჩუქარსაც არ დაიშურებს ჩემთვის. ალბათ ბრილიანტისთვლიან საყურეს მიყიდის, შარშან რომ შევათვალიერეთ ერთად ფლორენციაში, პალაცო პიტიზე, სადაც მსოფლიო ბრენდების ბუტიკებია განლაგებული. თვალები ამიჭრელდა, იმდენი შოკის მომგვრელი რამეები ვნახე, ყველაფერი ერთად მინდოდა. ჩემმა გულუხვმა ბაბუამ სამი ათასი ევრო დახარჯა იმ დღეს ჩემთვის. იქ ძალიან ძვირია ყველაფერი, თან ფასდაკლება, შევაჭრება და ეგეთი რაღაცები არ მოსულა.

მოულოდნელად ზარი დაირეკა და წითელი ღილაკი აინთო. აუჰ! როგორც ჩანს, თედო ძალიან გაბრაზებულია. ალბათ იმაზე, მის «მკერდს რომ მომგლიჯეს» და სხვაგან გადამისროლეს. სიცილი ძლივს შევიკავე. ასეთი სახით რომ შევიდე, ვერ გადავურჩები. ჯობია, დავსერიოზულდე.

_ გისმენ! _ კარი შევაღე და ზღურბლზე შევდექი.

_ მოდი აქ! _ გაღიზიანებულმა მომმართა.

კარი გამოღებული დავტოვე, კიდევ არ დამიწყოს ღლაბუცი-მეთქი, მოტმასნილი ქვედაბოლო დაბლა დავქაჩე და ნელი სვლით მივუახლოვდი.

_ დაჯექი!

დავჯექი. ერთხანს გამომცდელად მიყურა, მერე დამცინავად ჩაიღიმა და ლურჯი კალამი მაგიდაზე დააკაკუნა.

_ კმაყოფილი ხარ? _ თვალებმოჭუტულმა მკითხა.

_ გააჩნია, რითი.

_ იმითი, რომ ხვალიდან ჩემთან აღარ იმუშავებ.

_ ეგ რა შუაშია, შენთან მუშაობით უკმ…

_ რატომ დაგნიშნა მენეჯერად, მაგაზე გიფიქრია? _ ცივად მელაპარაკებოდა.

რაღაც ცუდად მენიშნა მისი სიტყვები და ავღელდი.

_ ვერ გავიგე… _ წარბები შევიჭმუხნე.

_ გგონია, შენ პირველი ხარ, ვინც თანამდებობაზე დანიშნა? ჰკითხე აბა, ერთი! _ ბოროტად უელავდა თვალები.

გავფითრდი, ავის მომასწავლებლად მეჩვენა ეს სიტყვები.

_ არ მესმის შენი… იქნებ უფრო გასაგებად მითხრა, რას გულისხმობ, _ ძლივს ამოვთქვი, ხმა საოცრად შემცვლოდა.

_ სულელი ხარ, შტერი, მიამიტი და გულუბრყვილო! _ იფეთქა უცებ, _ გარიგება შემოგთავაზა, არა? დაუწექი, ხომ? აღიარე, რომ ასეა, თქვი, რომ მიეცი, თქვი!

ფეხზე წამოვიჭერი და ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა მუხლები.

_ შენ მე შეურაცხყოფას მაყენებ, _ დავიჩურჩულე თავზარდაცემულმა.

_ შენ არ გაყენებ შეურაცხყოფას, შენს საქციელს ვგმობ, უტვინოვ! თანამდებობის გამო როგორ დანებდი, ამიხსენი, რა გრჯიდა? ყველა ერთნაირი როგორ ხართ, გამაგებინეთ! ნუთუ მხოლოდ ამისთვის ჩამოდიხართ პროვინციიდან ეს ცხვირმოუხოცავი ღლაპები! სხვა უფრო ღირებული მიზანი არაფერი გაგაჩნიათ?!

ამის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო.

_ ერთი წუთით, თუ შეიძლება… არ გაქვს უფლება, ასე მელაპარაკო! _ ჩემდა უნებურად, მეც ავუწიე ხმას, _ ჯერ ერთი, თუნდაც ასე იყოს, შენი რა საქმეა? _ თავზარდაცემა მრისხანებამ შეცვალა, _ მე შენი საკუთრება არ ვარ!  და მაქვს უფლება, როგორც გამიხარდება, ისე ვიცხოვრო! სხეული ჩემია და ვისაც მინდა, იმას ვაჩუქებ! დანარჩენი შენ არ გეხება!

_ ცდები! _ მთელი ხმით იყვირა, _ მეხება! _ უეცრად წამოხტა, მომეჭრა, მკლავებში მომიმწყვდია და კოცნა დამიპირა.

რაც ძალი და ღონე მქონდა, ხელი ვკარი და გვერდზე მივაგდე. სკამს გამოედო და წაიფორხილა. ამით ვისარგებლე და მაგიდაზე მდგარ წყლიან გრაფინს დავავლე ხელი.

_ არ მომეკარო, თორემ თავზე დაგაფშვნი ამ გრაფინს, შე დამპალო! _ გველივით წავისისინე.

ალბათ საშინელი გამომეტყველება მქონდა, რადგან გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, ორივე ხელი ასწია, დამშვიდდიო და თავის სავარძელში ჩაჯდა.

_ დადე ეგ მაგიდაზე, _ უმშვიდესი ხმით მითხრა, თუმცა კი ხმამაღლა სუნთქავდა, _ დაჯექი და მომისმინე.

_ შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს! _ გრაფინი თავის ადგილზე დავაბრუნე, მაგრამ დაჯდომა არც მიცდია.

_ სამაგიეროდ, მე მაქვს. მართალია, ის ჩემი ძმაკაცია, მაგრამ არც ისეთი მამა აბრამის ბატკანია, ქალებს რომ გგონიათ. შენნაირად ბევრი გაუთელავს და ბევრისთვის უტკენია გული. მერე კი, ვალში რომ არ დარჩენილიყო, ყველა დაუსაქმებია. ხათუნას მანქანა უყიდა და სამკაულების სექცია გაუხსნა ბაზრობაზე, ნანკა თავის მაღაზიაში მენეჯერად დანიშნა, სოფოს კი დირექტორობა აჩუქა და ყველა საწყობი გადააბარა, გესმის? ახლა მაინც ხვდები, რისი თქმაც მინდა? შენც ამიტომ დაგნიშნა მენეჯერად. ამიტომაც გითხარი, სულელი ხარ-მეთქი. მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა, იმიტომ, რომ სხვანაირად ამას არ იზამდა. მისგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ შეაცდენს ქალს და მერე თანამდებობებს ურიგებს.

ერთიანად დაჭიმული სხეული უეცრად მომიმჩვარდა, თვალთ დამიბნელდა და რომ არ წავქცეულიყავი, სკამის საზურგეს ჩავეჭიდე. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ არ დამცალდა…

მე და თედომ თითქმის ერთდროულად გავიხედეთ შეღებული კარისკენ… ზღურბლზე გახევებული მარიკა იდგა.

 

 

რაც შეიძლებოდა, მშვიდად გამოვედი სამდივნოში, მარიკას გვერდი ავუარე, ჩანთას დავავლე ხელი და დერეფანში გავვარდი.

_ ლოლა, რა ხდება? _ მარი უკან გამომეკიდა.

_ მერე გეტყვი, _ მშრალად ვუთხარი და კიბეზე კისრისტეხვით დავეშვი.

არ ვიცოდი, მან ჩვენი საუბრიდან რა მოისმინა და ეს მაწუხებდა. არ მინდოდა, არაფრის გამო ეეჭვიანა და ჩემზე გაგულისებულიყო, ამიტომაც ავირიდე თავიდან, მისთვის ყველაფერი ამეხსნა.

ვესტიბიულში ჩასულს გასასვლელთან დამიხვდა, როგორც ჩანს, ლიფტით ჩამომასწრო.

_ სანამ არ მეტყვი, რა გჭირს, არ გაგიშვებ, იცოდე! _ წინ გადამიდგა.

_ ისეთი არაფერი… _ თვალი ავარიდე.

დაცვის თანამშრომელი გაოცებული მოგვჩერებოდა.

_ რას ეძახი შენ არაფერს? ადამიანის სახე რომ არ გაქვს და ფერი აღარ გადევს, ამას?

არ ვიცოდი, რა მეთქვა. შევხედე. ჩემზე გაბრაზებული არ ჩანდა, მისი გამოხედვიდან თანაგრძნობა უფრო გამოსჭვიოდა, ვიდრე აგრესია… ან ზიზღი… ან სიძულვილი.

_ აქედან მივდივარ, _ ძლივს გასაგონად ვთქვი, ნიკაპი მიკანკალებდა აღელვებულს, ტუჩები მომებრიცა, ისე მეტირებოდა. ძლივს ვიკავებდი თავს.

_ გაგიჟდი? სად მიდიხარ, რატომ, რისთვის?! რა გითხრა ამისთანა, გამაგებინე! ვისზე გელაპარაკებოდა, ნიკაზე?

_ ჰო… _ მოკლე პასუხს ვცემდი, რომ ცრემლები შემეკავებინა.

_ და რაო, გაუტყდა, მენეჯერად რომ დაგნიშნა? თვითონაც ხომ იყო თანახმა?

_ აქ ცოტა სხვა პრობლემაა, მარი, ახლა მიჭირს ამის ახსნა, _ ტირილნარევი ხმით ვუთხარი.

_ მაშინ დამიცადე და მეც გამოგყვები.

_ შენც არ გაიფუჭო საქმე, იქნებ არ ღირს?

_ რა საქმე უნდა გავიფუჭო, დამელოდე, ჩანთას გამოვიტან.

სხვა რა გზა მქონდა, მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე. ცოტათი დავმშვიდდი. ყელში მობჯენილი ცრემლებიც დიდი გაჭირვებით უკან «ჩავაბრუნე». სანამ მარიკა ჩამოვიდოდა, თედოს მესიჯი მომივიდა, იმ გოგოსთან ჩვენზე არაფერი წამოგცდესო… გაიძვერა! ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა მომინდომა! ეს როგორ ვაპატიო? მაგრამ მარიკას რას ვერჩი? იქნებ ჩემი თამაშიდან გასვლით უფრო ააწყოს მასთან ურთიერთობა? ჩემთან რომ არასდროს არაფერი გამოუვა, თედომ ეს კარგად იცის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩემი და ნიკას ამბავი გაიგო. ჰოდა, მარისთვის გადამილოცნია ბურთი და მოედანი. მთავარია, ჩემზე არ იეჭვიანოს.

_ დავიბარე, საქმე მაქვს და ცოტა ხნით გავალ-მეთქი, _ ქაქანით მოიხურა მარიმ კარი.

ცალყბად გავუღიმე და მანქანა დავძარი.

_ სად მივდივართ? _ ჩანთა მუხლებზე დაიდო მარიკამ და სავარძელზე მყუდროდ მოკალათდა.

_ ბანკში უნდა გავიარო, ბებიაჩემმა ფული გამომიგზავნა და გამოსატანი მაქვს.

_ თან მელაპარაკე, დროს მოვიგებთ, მალევე უნდა მოვბრუნდე უკან.

_ არც ვიცი, საიდან დავიწყო, მარი… _ რამდენიმე წამით შევყოვნდი, _ შენი არ იყოს, ჩემსა და ნიკას შორისაც ყველაფერი მოხდა… სხვათა შორის, სწორედ იმ ღამეს, შენ რომ თედოსთან «იყოჩაღე»! _ ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოვთქვი.

_ რას მელაპარაკები! _ შეიცხადა, _ როდის მოასწარით დაახლოება? ან… სად ნახე, ან თვითონ როგორ დაუშვა ასეთი რამ, ეგ ხომ თანამშრომელ ქალებს სათოფეზე არ ეკარება?

_ როგორც ჩანს, ეკარება. აბა, რა გითხრა… შეიძლება ჩემი სახით გამონაკლისი დაუშვა.

_ ეგ კარგი, მაგრამ თედოს რა უნდოდა?

სწორედ ეს შეკითხვა მაშინებდა, თუმცა უკვე მომზადებული მქონდა პასუხი.

_ თედოს გული შესტკივა ჩემზე, თავისას მიაღწია და ამიტომ დაგნიშნა მენეჯერად, თანამდედობის ჩუქებით მასთან ინტიმური ურთიერთობის გაგრძელების საფასური გადაგიხადაო.

_ მაგრამ… მან საიდან გაიგო?

_ მისთვის ეს პირველი არ არის, ყველა თავის ქალს ასე დაურიგა თანამდებობა და მივხვდიო.

_ რაღაც არ მჯერა ეგ, ლოლა… მსგავსი არაფერი გამიგია. რამე ისეთი რომ ყოფილიყო, ვიღაცას მაინც წამოსცდებოდა… ქების მეტი არაფერი მსმენია მეტრეველზე… არასდროს.

_ ეგენი მეგობრები არიან და ყველაფერი იციან ერთმანეთზე, ამაშია საქმე.

_ რა ვიცი, რა ვიცი. შენ მაინც ნუ გადაირევი წინასწარ, აწონ-დაწონე ყველაფერი და წამითაც არ იფიქრო სამსახურის მიტოვება, გაიგე?

_ ჯერ ნიკასთან უნდა გავარკვიო რაღაც-რაღაცები.

_ ნუ დაძაბავ სიტუაციას, მთლად არ გააფუჭო საქმე. ჩემი რჩევა ეს იქნება. თვითონ რას გეუბნება ნიკა, მას მერე რამე შეიცვალა?

_ მას მერე რა, სულ ორი დღე გავიდა. იქ ვიტალის გამოუჩნდა პრობლემა. მითხრა, ამის გამო ვერ მოვედი და ვერ მოგაქციე ყურადღებაო… მეტი არაფერი.

_ აი, ხომ ხედავ! აბა, მე რას გეუბნებოდი! ეგ არ არის იმ კატეგორიის კაცი, ქალს ცუდად მოექცეს. დარწმუნებული ვარ.

_ ახლავე გამოვალ, აქ დამელოდე! _ მანქანა ბანკის შენობასთან მივაყენე და გადავედი.

გამიმართლა, რიგი რომ არ იყო. უპრობლემოდ ავიღე ფული, ხუთასი ევრო გადავახურდავე, იქიდან ორასი ლარი მამას გადავუგზავნე და მალევე მოვბრუნდი, თუმცა ამ მიღება-გაგზავნაში ბლომად კი წამღლიტეს პროცენტი.

_ იცი რა? მე უკან დავბრუნდები, სამსახურში, მეტი რაღა უნდა ვილაპარაკოთ და… თუ გინდა, საღამოს გამოგივლი ან შენ გამოდი ჩემთან.

_ ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, მარტო მირჩევნია ყოფნა. წავალ და დავიძინებ. საშინლად ვარ დაღლილი, ცალკე ემოციებისგან, ცალკე უძილობისგან. მაპატიე, რა.

_ კარგი, მაშინ ხვალ სამსახურში შევხვდებით. მთავარია, არაფერზე ინერვიულო და რამე სისულელე არ ჩაიდინო, გესმის? _ მარიმ მაკოცა და მანქანიდან გადასვლა დააპირა.

_ მოიცა, მიგაბრუნებ უკან, სად გარბიხარ?

_ არა უშავს, ჩემით წავალ, რა პრობლემაა.

არ დავუჯერე, ფეხით სად უნდა იწანწალო-მეთქი და სამსახურამდე მივიყვანე, მერე კი მთელი სისწრაფით შინისკენ გავქანდი. ერთი სული მქონდა, როდის დავეგდებოდი საწოლზე, რათა გემრიელად მეტირა…

8 8 8

ზარის ხმამ გამომაღვიძა. ფანჯარას გავხედე, დაღამებულიყო. ნეტავ, საათის რომელია? ვინ უნდა იყოს? ნუთუ ნიკაა? შეშლილივით წამოვხტი სავარძლიდან, სადაც ჩამძინებოდა და ჰოლში გავვარდი. სათვალთვალოში ქალის სილუეტი დავლანდე, თუმცა სიბნელეში ვერ გავარჩიე, ვინ უნდა ყოფილიყო. «ალბათ მარიკაა», _ გამიელვა გონებაში და კარი გამოვაღე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სადარბაზოში უცნობი ნაცნობის ღიმილი «შემომეფეთა».

ჩემი ბინის ზღურბლთან სწორედ ის ქალბატონი იდგა, ვინც ნიკას სტუმრობდა ხოლმე «მოცალეობის ჟამს». დაბნეულობა და გაკვირვება ერთდროულად გამომეხატა სახეზე, რაც სტუმარს არ გამოჰპარვია.

_ მაპატიეთ, რომ გაწუხებთ… ვიცი, გვიანაა, მაგრამ ვიფიქრე, ჯერ არ ეძინება-მეთქი… ხელს ხომ არ შეგიშლით?

_ არა, რა თქმა უნდა… მობრძანდით, _ უნებლიეთ შემოვიპატიჟე დაუპატიჟებელი სტუმარი.

_ დიდ დროს არ წაგართმევთ. თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, იქნებ წყალი დამალევინოთ, _ მთხოვა ქალმა.

უხმოდ გავდექი განზე და ჩემი მეტოქე წინ გავატარე, თან გულდასმით შევათვალიერე. არ იყო ურიგო ქალი. გარდა იმისა, რომ ლამაზი ნაკვთები და თვალში საცემი ფიგურა ჰქონდა, კარგად მოვლილიც იყო, თუმცა «კოსმოოპერაციების» ნამდვილ ქარიშხალს გადაევლო მის სახეზე. ცხვირი, ტუჩები, თვალები _ ყველაფერი «გადამუშავებული» ჰქონდა.

სასტუმრო ოთახში შევიყვანე, მე კი სამზარეულოდან ჭიქა წყალი გამოვუტანე.

_ ყავას ხომ არ დალევთ? _ ვკითხე, როცა წყურვილი მოიკლა…

წყუროდა კი? იქნებ ეს მხოლოდ ჩემთან გამოლაპარაკების საბაბი იყო?

_ არ მინდა შეგაწუხოთ, ისედაc დაუკითხავად შემოგეჭერით, _ მომიბოდიშა.

_ რას ამბობთ, რა შეწუხებაა, ახლავე მოვადუღებ.

ერთი სული მქონდა, როდის მეტყოდა, რისთვის მესტუმრა, რა იცოდა ჩემ შესახებ, ამიტომ, ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი.

ტკბილი სუფრა გავშალე და ყავაც მოვიტანე. მადლობა გადამიხადა, ტყავის თხელი ქურთუკი გაიხადა და სავარძელში ჩაჯდა, სწორედ იქ, სადაც მე მეძინა ცოტა ხნის წინ.

_ მე სოფო მქვია, _ ღიმილით გამეცნო და მაღალი მკერდი წინ გამოზნიქა.

ამის გაგონებაზე შემაჟრჟოლა, რადგან დღეს უკვე მეორედ მესმოდა ეს სახელი. «სოფოს დირექტორობა აჩუქა და ყველა საწყობი გადააბარა»… თითქოს ახლაც ყურში ჩამძახოდა თედო.

_ სასიამოვნოა. მე ლოლა ვარ, _ ხელი გავუწოდე.

_ ვიცი, ჩვენ ხომ ძალზე უხერხულ სიტუაციაში შევხვდით ერთხელ ერთმანეთს, _ მორცხვი ღიმილი დააყოლა ნათქვამს.

_ თქვენთვის უხერხულ სიტუაციაში, _ შევუსწორე ჩემს «მთავარ» მეტოქეს და ნიშნის მოგებით ავწკიპე წარბები, ჩემდა უნებურად გამოვხატავდი მის მიმართ აგრესიას, თუმცა უწყინარს, თუ შეიძლება ასეთიც არსებობდეს.

_ ჰო, რა თქმა უნდა… თქვენ არაფერ შუაში იყავით… რა იცოდით, იმ ღამეს იქ მე თუ დაგხვდებოდით… რა გემრიელი ნამცხვარია, თქვენ გამოაცხვეთ? _ სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი.

_ არა, დაბლა ვიყიდე, საცხობში.

_ გემრიელია… _ სოფომ მადიანად მიირთვა ერთი ნაჭერი, მერე კი ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი დააძრო, _ მოწევა შეიძლება?

_ კი, როგორ არა, რამდენიც გნებავთ, იმდენი მოწიეთ, _ «ნება დავრთე» და კვლავ სამზარეულოში გავედი საფერფლის მოსატანად.

_ ნიკა ვერ იტანს მწეველ ქალებს, მაგრამ რა ვქნა, თავს ვერ ვანებებ. ვცდილობ, ნაკლები მოვწიო, ვცდილობ, ვცდილობ და არ გამომდის, _ თავისი ასაკისთვის შეუფერებლად გაიცინა, რაც სრულებით არ მოუხდა. მისი ხელოვნური ახალგაზრდული «კისკისის» მიღმა წლებით «დატვირთული» ასაკი იმალებოდა, _ ის კი ცოფდება ამაზე. თქვენ არ ეწევით?

_ არა, არ ვეწევი.

_ კარგია, რომ ამ საზიზღრობას თავს არ აკვლევინებთ. გგონიათ, არ ვიცი, რამხელა ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის? სილამაზისთვისაც, სხვათა შორის, მაგრამ არ მყოფნის ნებისყოფა და მომკალი თუ გინდა… არც არასდროს ეწეოდით?

_ არა, არასდროს, _ თავი გადავაქნიე.

_ ბედნიერი ქალი ყოფილხართ. რამდენი წლის ხართ, ლოლა?

_ ოცდასამის, _ მსწრაფლ შევაგებე პასუხი, _ თქვენ?

ოოო! როგორ მაინტერესებდა, რას მიპასუხებდა.

_ თქვენი აზრით, რამდენის ვიქნები? _ გამეპრანჭა.

_ აბა, რა გითხრათ… ორმოცზე ცოტა მეტის, არა?

_ ოცდაცხრამეტის ვარ, _ გულგატეხილად მიპასუხა, მზერა ამარიდა და მივხვდი, მატყუებდა. ალბათ შვიდი-რვა წელი მაინც «მომიტეხა», თუ მეტი არა. ამავდროულად, ნირი წაუხდა, ალბათ არ ელოდა, ამდენს თუ «მივუსჯიდი».

_ იცით… _ სიტუაციის გამოსწორება ვცადე, რაში მჭირდებოდა მისი წყენინება, _ თქვენ პლასტიკური ოპერაცია გაქვთ გაკეთებული, ხომ მართალია? ეს კი, ჩემი აზრით, უფრო მატებს ასაკს ქალს… თვალები გაქვთ გადაჭიმული, ამიტომაც ვიფიქრე…

_ არა უშავს, არა უშავს. მერე რა? მე არ მწყინს, როცა ამას მეუბნებიან, თუმცა თქვენ პირველი ხართ, ასე რომ «დამაბერა», სხვების აზრი ოცდაათსა და ოცდათხუთმეტს შორის მერყეობს ხოლმე.

_ მაპატიეთ…

_ არა გრცხვენიათ? საბოდიშო არაფერია… ისე, თქვენც შედარებით დიდი ჩანხართ თქვენს ასაკთან… _ მორიელივით მიკბინა.

_ მე იმ ასაკში ვარ, რომელსაც დამალვა არ სჭირდება, _ მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე, _ თუმცა კი მიხარია, უფრო დიდი რომ ვჩანვარ, ვერ ვიტან ჩემი ასაკის ქალებს, _ გავთქვი ჩემი საიდუმლო.

_ უი, რას ამბობთ! მადლიზა, ახალგაზრდა ხართ, მაგას რა გათქმევინებთ. ნეტავ ახლა თქვენი ხნის ვიყო… ეჰ, რა წლები დავკარგე…

_ გათხოვილი ხართ? _ ეს თემა ჩემთვის ერთობ საინტერესო გახლდათ.

_ ვიყავი ერთ დროს. სამი წელია, გავშორდი… ქალიშვილი მყავს, ოცდაექვსი წლის, ახლახან გავათხოვე.

ღიმილი ვერ შევიკავე. ამხელა გოგო თუ ჰყავს, ოცდაცხრამეტის როგორ იქნება? არც დაუფიქრდა, ისე მითხრა.

_ თითქმის ბავშვი ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი, _ სასწრაფოდ გამოასწორა შეცდომა, _ მთლად ბავშვი.

_ გასაგებია.

_ ჰო, მართლა, ამ დღეებში ნიკა ხომ არ გინახავთ? _ მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა, ალბათ იმის შიშით, ჩემი ასაკის გამოცნობას არ ჩაუღრმავდესო.

ელდა მეცა, ეს რომ მკითხა, ერთიანად გავწითლდი. მეგონა, მამოწმებდა, თუმცა ვერ შევატყვე, ჩემს გამოსაცდელად დასვა ეს შეკითხვა, თუ ისე, ცნობისმოყვარეობისთვის. ან კარგი მსახიობია, ან მართლა არაფერი იცის.

_ თქვენი აზრით, უნდა მენახა? _ სხეული დამეჭიმა, სანამ პასუხს გამცემდა.

_ რატომაც არა, თქვენ ხომ მის ბინას ალაგებთ, _ სრულიად გულწრფელად მითხრა.

აი, თურმე, რა ხდება… ამას მე ნიკას მოსამსახურე ვგონივარ! ჰმ… რა კარგად მოუფიქრებია ვაჟბატონს გამოუვალი სიტუაციიდან თავის დასაძვრენად!

_ მხოლოდ მაშინ ვალაგებ, როცა გასაღებს მიტოვებს, _ გამოვაცხვე «ისტორია», _ კვირაში ერთხელ… ან ორჯერ.

_ და ამ კვირაში?

_ ეს კვირა ხომ დღეს დაიწყო… _ ვიპოვე გამოსავალი, _ ამიტომ ჯერ არ შემხმიანებია. დღეს-ხვალ გამოჩნდება ალბათ.

_ მე კი ვეძებ და ვერ მივაგენი. ტელეფონს არ პასუხობს, აქ არ არის. წუხელაც მოვაკითხე, ამ საღამოსაც და არ ჩანს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, სამსახურში ხომ არ მივალ? არ უყვარს ეგეთი რაღაცები. სასტიკად გამაფრთხილა თავიდანვე, სამსახურში არ მომაკითხო და სახლში არ დამირეკოო.

_ არც სამსახურშიო? _ უნებლიეთ გამექცა კითხვა.

_ სამსახურშიც არ ვურეკავ, ესეც ამიკრძალა, არ მინდა, ვინმეს სალაპარაკო გახდეს ჩვენი ურთიერთობაო, მხოლოდ მობილურზე ვუკავშირდები ხოლმე, მაგრამ ახლა მობილურზეც არ მპასუხობს. არ ვიცი, რა დაემართა. ერთი ზარის გამოშვება რა გახდა ან მესიჯის გამოგზავნა? მოვკლავ, რომ ვნახავ.

«რა ჩემნაირად მეტყველებს, ნუთუ მეც სხვა ქალებს ვგავარ?»

_ მე მგონი, მეგობარი გაუხდა ცუდად და მაგაზე დარბის, წამლის დოზა მოსვლია ბევრი, _ შემეცოდა სოფო და კარტების ნელ-ნელა გახსნა დავიწყე.

_ მართლა? თქვენ საიდან იცით?

_ ჩემი დაქალი მასთან მუშაობს.

_ თქვენი დაქალი? რომელი?

კიდევ ერთხელ გადამიარა ალმურმა სახეზე… მგონი, ესეც ჩვენთან მუშაობს!

_ თქვენ არ გეცოდინებათ, ჩემი მეგობარია…

_ იქ ბევრს ვიცნობ, მეც ხომ მაგის დაქვემდებარებაში ვმუშაობდი ადრე.

_ მართლა? _ თავი გავისულელე, _ რა თანამდებობაზე?

_ ნიკას საწყობებს ვკურირებდი, დირექტორი ვიყავი, მაგრამ იმდენად უნიჭო ვარ ვაჭრობის ამბავში, რომ კინაღამ გავუფუჭე საქმე. მერე მითხრა, მოდი, თავი დაანებე მუშაობას, შინ იჯექი და მაგ ათას ლარს მე გადაგიხდი ყოველთვიურადო.

_ და გიხდიდათ? _ ძალად გავიღიმე.

_ სხვა რა გზა აქვს, სანამ ახალ სამსახურს მიშოვის, თავის გატანა ხომ მჭირდება? ჩემს შვილს ხომ არ შევაჩერდები ხელებში, თავისი ოჯახი აქვს უკვე, იქით უნდა ვუმართავდე ხელს.

_ ჰო, რა თქმა უნდა.

_ კი მიტყდება, ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ რა გზა მაქვს? თანაც, რადგან ვმეგობრობთ, ვალდებულიც არის, იზრუნოს ჩემზე… სანამ ერთად ვართ, რა თქმა უნდა.

_ ჰო… ალბათთთთ… _ ენა დამება აღელვებისგან.

_ ორი წელია, ურთიერთობა გვაქვს და არასდროს გვიჩხუბია. ძალიან ერთგულია, ამას ვერ დავუკარგავ, თან ისეთი ტრავმირებულია ცხოვრებისგან, ხანდახან მეცოდება კიდეც.

_ ტრავმირებული რატომ არის? _ ყურები ვცქვიტე.

_ სიყვარულში არ გაუმართლა. მოატყუა შეყვარებულმა. თვითონ სიტყვას ვრ დააცდევინებ ამაზე, მაგრამ თბილისი ისეთი პატარაა, რა დაიმალება? მისი ამბავი ყველამ იცის. მეც არასდროს მიგრძნობინებია, რომ საქმის კურსში ვიყავი. არადა, დარწმუნებულია, რომ ვიცი. ამას კი აფასებს, მოსწონს, რომ არ ვეკითხები.

_ ო! _ ღვარძლიანად აღმომხდა.

_ პატარა გოგო ხომ არ ვარ, რა ჩემი საქმეა მისი წარსული. თუ სურვილი გაუჩნდება, თვითონ გადამიშლის გულს, თუ არადა, ზედმეტად რატომ ჩავეძიო? ეს ხომ ჩემამდე მოხდა. მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს, მე მეტი არაფერი მინდა მისგან. ცოლად კი არ მივყვები.

_ რატომაც არა?

_ უი, რას ამბობთ, ღმერთმა დამიფაროს. მე მასზე გაცილებით უფროსი ვარ, ლამის…

«ლამის დედის ტოლა ხარ!»

_ ლამის შვილიშვილი შემეძინოს მალე, მაგას როგორ ვიკადრებ, რა დროს ჩემი გათხოვებაა, თანაც ასეთ ახალგაზრდა მამაკაცზე. სანამ ცოლის მოყვანაზე იფიქრებს, ვიქნებით ერთად და მერე მე ჩემს გზას ვნახავ, ის კი თავისას.

«თორემ, რომ შემოგთავაზოს, უარს იტყოდი მის ცოლობაზე, შენმა მზემ!»

_ თავი მოგაბეზრეთ, არა? მაპატიეთ, გამიგრძელდა ლაპარაკი. ჩემი წასვლის დროა, თქვენც გაგაცდინეთ, _ თქვა და მესამე ღერი სიგარეტიც მიასრისა საფერფლეზე.

_ არა, რას ამბობთ, მშვენივრად გავერთე, სიმართლე გითხრათ. მარტო ვიყავი, ხმის გამცემი არ მყავდა.

_ ეს ნაქირავები გაქვთ? რა ლამაზი «ასობნიაკია», რამდენოთახიანია? _ მკითხა და თვალი ოთახს მოავლო.

_ არა, ეს ჩემი ბინაა… სამოთახიანია.

თვალები გაუფართოვდა… თითქოს არ ესიამოვნა… თუ რაღაც ენიშნა… თუ რაღაც არ მოეწონა.

_ და სულ მარტო ცხოვრობთ?

_ ჰო… ჯერჯერობით.

_ მშობლები?

_ დედა არ მყავს, მამა ქუთაისშია, იქ ცხოვრობს და მუშაობს.

_ და ეს ბინა?..

_ ბაბუამ მიყიდა, მდიდარი ბაბუა მყავს, _ გამარჯვებულის იერით შევხედე.

_ მერე? რა ძალა გადგიათ, მოსამსახურედ რომ მუშაობთ? _ ფერი შეეცვალა სახეზე.

მივხვდი, რაც გაიფიქრა, მაგრამ არ დავიბენი.

_ ჩემი შრომით მოპოვებული ფული ყველაფერს მირჩევნია. თანაც, გასვლა არ მიწევს, გზის ფული არ მეხარჯება… ბაბუა კი უცხოეთშია, ხშირად ვერ მიგზავნის ფულს, ხშირად უწევს გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში… დიპლომატიურ უწყებაში მუშაობს და დაძაბული გრაფიკი აქვს.

_ კარგი, ჩემო კარგო, თავს აღარ შეგაწყენ. დიდი მადლობა გამასპინძლებისთვის. ერთხელ შენც მესტუმრე, გამიხარდება. ნიკას ვეტყვი და მოგიყვანს ჩემთან, _ რატომღაც, «შენობითზე» გადავიდა, მრავლისმეტყველად გამიღიმა და წამოდგა.

უეცრად ზარის ხმა გაისმა კარზე. ვიღაც გაუფრთხილებლად მომადგა. ორივემ მექანიკურად ერთმანეთს შევხედეთ. ორივეს გაკვირვება შეგვეტყო. ასე გვიან არავის ველოდებოდი, თვით ნიკასაც კი.

_ აი, კიდევ ერთი დაგვიანებული სტუმარი, _ თქვა სოფომ, _ ალბათ ელოდებოდით ვინმეს, მე კი ხელი შეგიშალეთ.

_ არა მგონია, ჩემთან იყოს, ნამდვილად არავის ველი, შეიძლება შეეშალათ, _ მხრები ავიჩეჩე და სტუმარს წინ გავუძეხი.

«ოღონდ ნიკა იყოს, ოღონდ კი ის იყოს და მეტი არაფერი მინდა!»

არ ვიმჩნევდი, მაგრამ ერთიანად ვკანკალებდი. შეგნებულად არ გავიხედე სათვალთვალოში, ისე გავაღე კარი. ლამის სუნთქვა გამიჩერდა, როცა ზღურბლზე მეტრეველი დავინახე. გული უცნაურად შემიხტა…

სოფოს დანახვაზე ისეთი სისწრაფით შეეცვალა გამომეტყველება, თითქოს მოულოდნელად მუშტი ჩაარტყესო… ასეთი დამფრთხალს პირველად ვხედავდი.

_ რა ხდება აქ? _ ორივეს ფრთხილი მზერა მოგვავლო, თან დაბნეულმა ათჯერ მაინც დაახამხამა წამწამები, ჩვენი «ტანდემის» ერთად დანახვამ შოკში ჩააგდო.

_ ნიიკ, სად ხარ, ადამიანო, გადავატყავე მთელი თბილისი, ხომ მშვიდობაა? _ სოფომ გვერდი ამიარა და მეტრეველს კისერზე ჩამოეკიდა, _ როგორ მანერვიულე, საყვარელო, იცი? ავიკელი შენი ტელეფონი, რატომ არ მპასუხობდი? მომენატრე, შე ოხერო, ასე უნდა?

ნიკამ იღლიებს ქვემოთ ამოსდო ქალს ხელები და მე შემომხედა… «მაპატიე» _ ადვილად შეიძლებოდა ამის ამოკითხვა მის გამოხედვაში.

_ მეც ძალიან მომენატრე, _ ისე თქვა, თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.

მივხვდი, ეს სიტყვები მხოლოდ მე მეკუთვნოდა. ნასიამოვნებმა და, ამავდროულად, გულტანკენმა მწარედ გავიღიმე.

_ შევიკალი ეს გოგო ხელში, საათზე მეტია, აქ ვარ და გელოდები, _ თავისას განაგრძობდა სოფო, _ თავი მოვაბეზრე უკვე… წამო, შინ შევიდეთ, _ და ხელკავი გამოსდო ჩემი ოცნების მამაკაცს.

ნიკას კვლავ შეეცვალა სახე, გამოცოცხლდა. ალბათ მიხვდა, რომ არ გავყიდე ჩვენი საიდუმლო და სოფომ ჩვენ შესახებ არაფერი იცოდა.

_ არა, სოფო, დასარჩენად არ მცალია, _ აჩქარებით ალაპარაკდა, _ საავადმყოფოში უნდა გავვარდე, ვიტალი ძალიან მძიმედაა. იმისთვის შემოვიარე, რომ ლოლასთვის გასაღები დამეტოვებინა… ხვალ ხომ შეძლებ, სახლი დამილაგო, ლოლა? _ მუდარით სავსე მზერა მესროლა, ოღონდ ახლა არ გააფუჭო ყველაფერიო.

_ დიახ, რა თქმა უნდა, _ მოწყალე ღიმილი ვაჩუქე და თავი გვერდზე გადავხარე.

_ ვი-ინ? ვიტალი? რას მელაპარაკები! კი მითხრა ლოლამ, მეგობარიო, მაგრამ ვიტალიზე როგორ ვიფიქრებდი! ეგ როდის იყო, ნარკომანობდა, რამ გადარია? _ შეიცხადა სოფომ.

_ რა ვიცი, რას გაიგებ. ჯერჯერობით უმძიმეს მდგომარეობაშია… წამო, სახლამდე მიგაცილებ, ძალიან მეჩქარება. აჰა, გასაღები, ლო… ლიტა, _ კინაღამ ლო-ზე გაჩერდა, თუმცა დროზე გამოასწორა შეცდომა ნიკამ და გასაღების მთელი აცმა შემომაჩეჩა.

_ რა ამბავია, ნიიკ, ყველას უტოვებ? _ დაეჭვებულმა ქალმა ჯერ მე შემომხედა, მერე ნიკას.

იმდენად მართობდა ჩემი პრეზიდენტის დაბნეულობა და ისე გამარჯვებულად ვგრძნობდი თავს, საერთოდ არ მადარდებდა, სოფო რამეს მიხვდებოდა თუ არა. თუმცა, არც ის მინდოდა, მის საყვარელს მაინცდამაინც ჩემ თვალწინ გაემართა მისთვის სცენები. ეს არც მე მიქადდა არაფერ კარგს.

_ ასე ნუ განიცდი, ნიკა, აუცილებლად გამოჯანმრთელდება, _ მშვიდად ვთქვი და გასაღებების აცმას მისი სახლის გასაღები გამოვაძრე. ამ გასაღებს ასი სხვა გასაღებიდან თვალდახუჭული გამოვარჩევდი.

_ დიდი მადლობა, ლოლა, ჩემზე იყოს, _ მამაკაცს ოფლით დეცვარა შუბლი, _ ფულს კი შეგპირდი დღეისთვის, მაგრამ ხვალ რომ იყოს? ძალიან ხომ არ გიგვიანებ? _ ტყუილს ტყუილზე ახეთქებდა ნიკა.

_ არა, რა თქმა უნდა, თუ გინდა, ზეგ იყოს, მაგაზე არ იდარდო, _ «დავამშვიდე» ჩემი «ზეუფროსი» და მზერა სოფოზე გადავიტანე, _ ნახვამდის, სოფო. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.

_ ნახ-ვამ-დის, _ დამარცვლით დამემშვიდობა ჩემი «ზრდადასრულებული» მეტოქე და ცივად გატრიალდა… როგორც ჩანს, რაღაც «იყნოსა».

ლიფტი არ მუშაობდა, ამიტომ ფეხით ჩაუყვნენ კიბეს. კარი ფრთხილად გამოვიხურე და სადარბაზოს კუთხემდე ფეხის წვერებზე მივირბინე, იქნებ მათი საუბრიდან რამეს მოვკრა ყური-მეთქი, მაგრამ ეგრევე გამოვბრუნდი. ვერ გავაკეთებდი იმას, რაც არასდროს გამიკეთებია.

შინ შევედი, გასაღები გადავატრიალე და იქვე ჩავჯექი, შემოსასვლელში, ზურგით კარს მიყრდნობილი. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.

რატომ მარგუნა ცხოვრებამ ასეთი უცნაური ბედი? ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ამ კაცს ჩემგან? რადგან სოფოსთან ურთიერთობას არ წყვეტს, გამოდის, მეც გასართობად ვუნდივარ. ეს ნიშნავს, რომ თედო მართალია, მენეჯერის თანამდებობით დამაჯილდოვა, რათა მასთან პრეტენზიები არ გამიჩნდეს.

სასტუმრო ოთახში შევტრიალდი, შუქი გამოვრთე და ფანჯარაში გავიხედე. კარგა ხანს არ გამოჩენილან ეზოში. «ალბათ ერთმანეთს კოცნიან სადარბაზოში», _ გავიფიქრე გულმოკლულმა. ოხვრა ამომხდა… მერე კვნესა… მერე გმინვა… სასოწარკვეთილმა შუბლი ფანჯრის ცივ სახელურს მივადე და გავეხახუნე. მესიამოვნა ცივი ლითონი გახურებულ შუბლზე…

ამ დროს მანქანის ძრავა აგუგუნდა. ცხვირით ლამის მივეჭყლიტე დაორთქლილ მინას. როდის მოასწრეს გამოსვლა? როგორ გამომეპარა? ნუთუ შევცდი და იმაზე ადრე გამოვიდნენ სადარბაზოდან, ვიდრე მე ფანჯარასთან მივედი?.. ალბათ… სანამ ჩამუხლული ვიჯექი და ჩემთვის უხმოდ ვგოდებდი, კიდევაც ჩავიდნენ და ჩასხდნენ მანქანაში. ალბათ იქ გამართეს პოლემიკა. ნეტავ, სოფო თუ მიხვდა რამეს? იქნებ საქმეს ურჩევდა? იქნებ კოცნაობა იქ გააჩაღეს, ჯიპის სალონში? ამაზე ფიქრიც კი მზარავდა. რა საშინელებაა, როცა წარმოიდგენ, როგორ ეფერება შენი საფიცარი მამაკაცი სხვას.

მანქანა ნელი სვლით შორდებოდა კორპუსს. მიდიოდა ნიკა თავის საყვარელთან ერთად და ჩემი გულიც თან მიჰქონდა… სევდით, ტკივილით, ტანჯვით, დარდით დამძიმებული…

 

 

ნიკა წავიდა, მაგრამ მე მაინც ველოდებოდი. ვიფიქრე, სახლამდე მიაცილებს და მობრუნდება-მეთქი… დამღალა ლოდინმა. გული შურით და ბოღმით ამევსო. შურით იმიტომ, რომ მე დამტოვა და სოფოსთან ერთად წავიდა, ბოღმით კი იმიტომ, რომ არ ეყო გამბედაობა, საყვარლისთვის სიმართლე ეთქვა და მორჩილი კრავივით გაჰყვა უკან.

ამასობაში სამი საათი გავიდა… იმედს არ ვკარგავდი, რომ მობრუნდებოდა, რომ ღამით ჩემთან დარჩებოდა. ეს მოლოდინი ერთდროულად სასიამოვნოც იყო და მტკივნეულიც, შიშითაც გაჯერებული და ვნებითაც, სიხარულითაც და სინანულითაც. ის ჩემთან მოდიოდა, ჩემს სანახავად, ჩემს მოსაფერებლად, აქ კი სხვა დახვდა… ის სხვა, რომელიც მურმანის ეკალივით გაიჩხირა ჩვენ შორის. ნიკა კი უძლური იყო, უჭირდა წერტილის დასმა. ალბათ ცუდად დაშორება არ უნდოდა და იმიტომ… ალბათ «კარგ ბიჭად» სურდა დარჩენა და იმიტომ… ან სულაც უყვარდა და იმიტომ? ამ ასაკის ქალები ხომ მისი სისუსტე იყო?

«რა ვქნა, რა ვქნააა?! _ ვყვიროდი ჩემთვის ფიქრებში, _ ვიეჭვიანო თუ არ ვიეჭვიანო? ვაპატიო თუ არ ვაპატიო?» თითქოს გაორება დამემართა. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მეეჭვიანა? ან რატომ არ უნდა მეეჭვიანა? რატომ უნდა მეპატიებინა? ან რატომ არ უნდა მეპატიებინა? იქნებ ჩამემარხა გულში უარყოფითი ემოციები და არ შემემჩნია, რაც ხდებოდა? ჰო, ალბათ ასე სჯობდა. მე ხომ სიგიჟემდე მინდოდა, იდეალური ქალის როლი მეთამაშა და მას დაენახა ეს. თუმცა ამის გაკეთება არ იყო ადვილი, ამისთვის სერიოზულად უნდა მემუშავა საკუთარ თავზე.

რატომ არ შეიძლება, ადამიანმა ხელოვნურად შექმნას ბედნიერება? ხომ ყველაფრის წამალს იგონებენ, რა იქნება, ესეც გამოიგონონ? მე ხომ არ ვცადო? მაგრამ როგორ? როგორ და… აი, მაგალითად, ავიღოთ ადამიანი, რომელიც განიცდის სტრესს ან საშუალო სირთულის უსიამოვნებას. ამ დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი, რომელსაც ადრენალინი ეწოდება. ეს ყველამ იცის. ადრენალინი შეიცავს ამინოპეპტიდებს, ცილებს და კიდევ უამრავ «ებს», ამაზე ნუღარ დავწრილმანდებით. ახლა ავიღოთ ადამიანი, რომელიც განიცდის ბედნიერებას. ამ დროს მის ორგანიზმშიც ხომ გამოიყოფა ჰორმონი? მაგრამ როგორი? რა სახის? ეს არავინ იცის. ჰოდა, წავიექსპერიმენტებ, იქნებ მივაკვლიო ამ ჰორმონს, გამოვიგონო მისი ფორმულა. თუკი ამას მივაღწევ, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება ქვეყანაზე. მერე უკვე შესაძლებელი გახდება, ამ ჰორმონის ქიმიური გზით გამრავლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბედნიერება წამალი გახდება და ყველა აფთიაქში გაიყიდება, აბების, ამპულების, კაფსულების სახით, თანაც იაფად, დაახლოებით ლარ-ნახევარი, ორი ლარი ეღირება. რა მაგარია?! «თუ შეიძლება, მომეცით ერთი აბი ბედნიერება!» ან _ «ხუთი კაფსულა ბედნიერება გამომიწერეთ, გენაცვალე!» მშვენიერია, მაგრამ დასახელება რომ არ მომწონს? ბედნიერებას ნაზი ქალური სახელი უნდა ერქვას, მაგალითად… ლოლიტა… ოჰო! ეს უკვე ოჰო! ნიჭიერო! _ გულში შევაქე ჩემში მიძინებული «გენიოსი» და სევდიანად გამეღიმა.

ორი საათი რომ დაიწყო, ნიკას ნაჩუქარი პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი, უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა. ვერაფრით მოვისვენე, შამფურზე აცმული დედალივით ვტრიალებდი საწოლში. გარეთ ელავდა, შიგადაშიგ სადღაც დაიქუხებდა კიდეც. ვერ გეტყვით, რა დრო გავიდა, ბევრი თუ ცოტა, რომ მოულოდნელად მესიჯის ზარმა შემაკრთო. გულმა ერთი ისეთი იფეთქა, თითქოს შუაზე გაიგლიჯაო… თავი წამოვყავი და ტუმბოზე ხელი მოვაფათურე, რათა მობილური ტელეფონი მეპოვა. შეტყობინების ყვითელმა კონვერტმა სული ამიფორიაქა. ამ დროს სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ის?

«ნუ დარდობ, მე შენზე ვფიქრობ და საშინლად მინდიხარ… დაიძინე!» _ მწერდა.

«არ მეძინება», _ სუნთქვაშეგუბებულმა სასწრაფოდ «ვაფრინე» შეტყობინება.

«მაშინ გამიღე კარი, თორემ გავითოშე, მცივა!» _ წამში მომივიდა პასუხი, თითქოს წინასწარ იცოდა, რასაც მივწერდი.

წამოვხტი, მაგრამ რა წამოვხტი! შეშლილივით გავქანდი შემოსასვლელში, სიხარულისგან გაბრუებული, ფეხშიშველი, პიჟამასამარა.

აცახცახებული ხელებით გადავატრიალე გასაღები… დაღლილი, მისავათებული სახე ჰქონდა.

_ უკვე ვიწექი, _ ვთქვი, რადგან ვიცოდი, ასეთ დროს რაღაც უნდა მეთქვა.

_ ვიცი, _ ყრუდ მიპასუხა და ბარბაცით შემოვიდა, _ იმედია, სცენებს არ მომიწყობ, _ გამაფრთხილებელი ფრაზა მყის ფარივით აიფარა.

_ იმედია, _ დაზავება ვარჩიე ისტერიკას, «სტაჟიანი» ცოლივით გულგრილად ავუარე გვერდი და საძინებელში გავედი.

მოვასწარი და, სანამ შემოვიდოდა, ფართხაფურთხით ჩავიცვი ჯინსის შარვალი და ჟაკეტი.

_ რატომ კანკალებ ასე, გცივა? _ მზრუნველად მკითხა და ძალიან, «უძალიანესად» ახლოს მოვიდა.

უარესად შემაკანკალა. ჩემი კბილების კაწკაწი მგონი, მასაც ესმოდა.

_ ჰო, _ ერთი სიტყვით შემოვიფარგლე, რადგან ლაპარაკი არ შემეძლო, ენა დამბმოდა. ეს უფრო ნერვიულობის კანკალი იყო, ვიდრე სიცივის.

_ იცი, ახლა რა მინდა? _ ის ოდნავ მეხებოდა, თან არც მეხებოდა. ვეღარ გავუძელი ამ მდგომარეობას და საწოლზე დავეხეთქე, მუხლებში ძალაწართმეული.

_ არ ვიცი, _ წავიჩურჩულე.

_ ერთი ყავა და ორი ქალი.

«ჩემთან ერთად სოფოც მოგინდა? მე არ ვარ საკმარისი, არა?»

_ ყავა მაქვს, მაგრამ ქალი სად გიშოვო ამ შუაღამეს? თანაც ორი ერთად, _ მოჩვენებითი სიმშვიდით ავყევი ხუმრობაში, არ მინდოდა ახლა სოფოზე დამეწყო ლაპარაკი.

_ შენ აქ არ ხარ? _ იგი ადგილიდან არ იძროდა, ჩვენ შორის არსებულ მანძილს არც ადიდებდა და არც ამცირებდა.

_ მაგრამ მე ერთი ვარ.

_ სამაგიეროდ, ორს უდრიხარ… სამსაც კი, თუ ოთხს არა.

_ გმადლობ… მშვენიერი სტიმულია ჩემი გულის მოსაგებად, _ მაინც ვერ მოვითმინე და «ვიწუპაკე», _ მიბრძანე, რით დავიწყო, ყავით თუ ქალით?

_ ჯერ ყავა, შემდეგ ქალ-ები, _ გამარჯვებულის ტონით მომიგო და საძინებლიდან გავიდა, _ ოღონდ მანამდე იქნებ მაჭამო, მგელივით მშია.

უკან მივყევი. სამზარეულოში გავიდა და მაცივარში შეიხედა.

_ გაქვს რამე? საავადმყოფოდან მოვდივარ, ძალიან მშია, ძალიან მცივა და ძალიან მინდა შენთან, _ პასუხს არ დალოდებია, ისევ უკან გაბრუნდა და ახლა გზიდან მომაძახა:

_ როგორც კი შევჭამ, შენთან ერთად აბაზანაში შევალ, ვიბანავებთ, ვიცელქებთ, მერე კი საწოლში მოგესიყვარულები ნორმალურად.

მის ფანტაზიებს და სურვილებს საზღვარი არ ჰქონდა. არც მის სასიყვარულო «სცენარებს» ჰქონდა დასასრული… და არც იმაში მეპარებოდა ეჭვი, რომ მისთვის ეს ყველაფერი «აპრობირებული მეთოდი» იყო.

შავმა ეჭვმა დამრია ხელი, როცა წყლის ჭავლის ქვეშ, ჩემ მაგივრად სოფო წარმოვიდგინე, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ საწოლზე, მანქანის სავარძელზე თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, სადაც კი «ნორმალურად მოსიყვარულება» შეიძლებოდა.

კვლავ გამოჩნდა… ტრუსის ამარა. ვეღარც გავიაზრე, ასე უცებ როდის მოასწრო გახდა ან სად დაყარა ტანსაცმელი.

ჰამბურგერები გავამზადე და ტოსტერში ჩავალაგე.

_ მითხარი, რატომ დამნიშნე მენეჯერად? _ გადავიფიქრე იდეალური ქალის როლის თამაში და ვიგრძენი, როგორ გამცვივდა თვალებიდან ნაპერწკლები.

_ მენეჯერად? _ დაბნეულმა გაიმეორა, _ ხომ აგიხსენი ერთხელ, რაღაზე მეკითხები? რა იყო, მოხდა რამე? ვინმემ რამე გითხრა? არ დამიმალო!

_ ჰო, მითხრა!

_ ვინ და რა! _ ყბები ძლიერად მოკუმა, შორიახლოს გაჩერდა და დაჟინებით მომაჩერდა.

_ იმიტომ მაჩუქე თანამდებობა, რომ შენ მიმართ პრეტენზიები არ გამჩენოდა? მიყიდე? ასე უფრო მორჩილი საყვარელი ვიქნები? _ ვატყობდი, ისტერიკა მეწყებოდა.

_ ვინ გითხრა-მეთქი! _ უეცრად ისეთი დაიქუხა, გული გამისკდა.

შიშნარევი მზერით შევხედე, რამე არ დამაფშვნას თავზე-მეთქი.

_ თედომ, _ ამოვილუღლუღე ნირწამხდარმა.

ადამიანის ფერი არ ედო, ნესტოებდაბერილი კორიდაზე ნაბრძოლი ხარივით ქშინავდა.

_ თედომ? _ ამის გაგონებაზე თვალები შუბლზე აუვიდა, თუმცა კი აშკარად შეურბილდა ტონი.

მისი გამომეტყველებიდან მივხვდი, რომ ცილი დავწამე, რომ მას ჩემი «მოსყიდვა» გულშიც არ გაუვლია. უბრალოდ, მისი საქმისთვის საჭირო პოტენციალი დაინახა ჩემში და იმიტომაც დამაწინაურა. მე კი… შტერი, სულელი და გამოთაყვანებული, სხვის ხმას ავყევი…

ერთხანს მდუმარედ იდგა, გამომცდელად მიყურებდა მხოლოდ. მეც ვუყურებდი და მის შუბლზე გაჩენილ ღარებს, ნაოჭებს თუ ხაზებს ვითვლიდი _ ერთი, ორი, სამი…

_ სამი შვილი გეყოლება, _ უმშვიდესად ვთქვი და გაწელილად გავუღიმე, ამით შევეცადე სიტუაციის განმუხტვას.

_ რა თქვი? _ ვერ მიხვდა.

_ აი, წარბებს რომ ასწევ და შუბლზე ხაზები დაგაჩნდება, იმის მიხედვით შეიძლება გამოითვალო, რამდენი შვილი გეყოლება, _ შემრიგებლური ტონით ავუხსენი.

_ თედომ საიდან გაიგო ჩვენი ამბავი? _ თითქოს არაფერი მეთქვას წამის წინ, თავის «ბრალდებას» დაუბრუნდა.

_ ასე მითხრა, როგორც კი შენი კანდიდატურა მიხსენა, ეგრევე მივხვდიო… ამ მეთოდით დაურიგა თანამდებობები თავის ქალებსო.

_ და შენც დაიჯერე, არა? _ ღრმად ამოიხვნეშა და კიდევ უფრო მოკუმა ყბები. ამწუთას თედო რომ ახლოს ყოფილიყო, ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა ალბათ.

_ არ უნდა დამეჯერებინა? შენ არ დაიჯერებდი?

_ მომისმინე, ლო!.. _ ისე უცახცახებდა ხელები, სკამი ძლივს გამოსწია, რომ დამჯდარიყო… აქედან დავასკვენი, რომ ალბათ ფეხებიც უკანკალებდა და, საერთოდ, ძალიან ცუდად გახდა, თორემ არ დაჯდებოდა.

_ შენ გინდა, ჩვენ ერთად ვიყოთ? _ თითები ერთმანეთში გადახლართა და წარბებს ქვემოდან გამომხედა.

_ და მერე რა?

_ მიპასუხე! ან ჰო, ან არა!

_ ჰო.

_ მაშინ დაიმახსოვრე! ვერ ვიტან მეწვრილმანე, ცნობისმოყვარე და ეჭვიან ქალებს. არ მიყვარს, როცა არ მენდობიან და ზედმეტ კითხვებს მისვამენ, გასაგებია? მე ბევრი ლაფსუსი მქონია პირად ცხოვრებაში, ბევრჯერ მატკინეს ქალებმა გული, განსაკუთრებით შენმა ტოლებმა. ახლა ყველაფრის გამოსწორებას ვცდილობ, ამოყირავებული სიტუაციების თავიდან დალაგებას… და უნდა მაცალო, კი არ უნდა შემომიტიო, გესმის?

თავი დავუქნიე, რადგან კრინტი ვერ დავძარი. მოწოლილ ცრემლს მხოლოდ ამ გზით თუ შევაკავებდი.

ალბათ საშინელი სანახავი ვიყავი, რადგან სახეზე შეეტყო, რომ შევეცოდე.

_ და კიდევ, იცი, როგორ ქალებს ვერ ვიტან? _ საყვარლად გაიღიმა, _ ცხვირმოჭრილ ქალებს ვერ ვიტან, კანდაჭიმულს, ტუჩებგადმობრუნებულს და თვალებდაწვრილებულს.

_ ნაოჭიანი, ცხვირგრძელი და უტუჩო გირჩევნია? ეგეთი კუდიანი ჯადოქარია, ბაბა იაგა, _ მის ღიმილს ღიმილი «მივახალე».

_ ჰო, ეგეთი ცუდი გემოვნება მაქვს, _ ჩაიცინა და ჰამბურგერი გემრიელად ჩაკბიჩა, _ ძლივს არ მოვედი ჭამის ხასიათზე?

_ რაღაც მეეჭვება, _ ტუჩები წინ გამოვწიე, თითქოს საკოცნელად ვემზადებოდი, _ შენი «ვერ ვიტან» სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

_ სოფოს გულისხმობ?

_ თუნდაც…

_ იცი, რატომ მიზიდავს ამ ასაკის ქალები? ისინი გამოცდილები არიან, ბევრად გულწრფელები. ერთადერთი, რასაც მალავენ, ასაკია. გარდა ამისა, არც შვილის გაჩენით მემუქრებიან და არც ცოლობას მთხოვენ.

_ და არც ზედმეტ კითხვებს სვამენ, _ დავამატე.

_ მართალი ხარ, არც ზედმეტ კითხვებს სვამენ. დანარჩენი ფეხებზე მკიდია, ამ შემთხვევაში «კოსმეტიკურ რემონტს» არ ვაქცევ ყურადღებას. უფროსი ასაკის ქალები სხვა რამით არიან უფრო საინტერესონი.

_ მაშინ მე შენთვის შეუფერებელი კანდიდატურა ვყოფილვარ.

_ შე-ენ? რატომ, ამ ყველაფერს მიპირებ, თუ?

გავწითლდი. ეს საერთოდ არ მიგულისხმია, მან კი ჩემი ნათქვამი მისებურად გაიგო.

_ არა, ასეთი რამეები არაფერში მჭირდება, პროვოცირებით შენარჩუნებული ურთიერთობა აღარ არის ურთიერთობა… უბრალოდ, ასაკით ვერ ვაკმაყოფილებ შენს გემოვნებას.

_ მაგას ახლა გავარკვევ, შენთან ერთად რომ ვიბანავებ შხაპის ქვეშ! _ გამხიარულდა და ჯერ ცხიმიანი თითები გაიწმინდა, მერე _ ტუჩები.

_ საინტერესოა, რამდენი ქალი გყოლია სულ, ათასი? _ მაინც ვერ ვისვენებდი.

_ არა-ააა! ცოტა ნაკლები, _ ჩემი ეკლიანი შეკითხვა ხუმრობაში გაატარა.

_ ცოტა ნაკლები რამდენია, ათასის ნახევარი?

_ კიდევ უფრო ნაკლები.

_ ათასის ნახევრის ნახევარი? _ არ ვეშვებოდი.

_ ათასის ნახევრის ნახევრის ნახევარი… ალბათ, _ მარცხენა ხელის თითები ერთიმეორის მიყოლებით მოკაკვა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის დახმარებით და თვალები ეშმაკურად მოხუჭა, _ ოღონდ აბაზანაში არასდროს, არც ერთ ქალთან არ მიბანავია. ა-რას-დროს! ამაში პირველი იქნები. ეს ცოტაა?

_ ო! ეს დიდი პატივია ჩემთვის, _ სარკასტულად შევნიშნე.

_ მაგასაც ვნახავთ, _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა, თვალმოუშორებლად მომიახლოვდა, ჟაკეტს ხელი აქეთ-იქიდან ჩაავლო და, ღილების გახსნა არც უცდია, თავს ზემოდან გადამიტარა და ისე გამხადა. როცა ჯინსის ელვის შეხსნას შეუდგა, პატარა «შეფერხება» მოუვიდა _ უხეში ქსოვილი ელვის კბილანებში გაიჭედა და… კარგა ხანს წარუმატებლად ცდილობდა შესაკრავის შეხსნას. მე ხმას არ ვიღებდი, ნიშნის მოგებით ვიღიმოდი მხოლოდ.

_ ოოოხ! ამის დედაც! _ ბოლოს გაბრაზებულმა ერთი გემრიელად შეიკურთხა, ხელი დამავლო, სასტუმრო ოთახში მხარზე გუდასავით გადაკიდებული გამიყვანა, დივანზე დამაგდო და ჯინსი ელვის შეუხსნელად გამხადა.

_ ძალიან არასექსუალურად გამომივიდა, _ ტუჩაბზუებულმა მითხრა, ხელი მაჯაში ჩამავლო და პატარა ბავშვივით წამაცუნცულა აბაზანისკენ…

8 8 8

დილით უთენია გამეღვიძა. ნიკას დავხედე. ბავშვივით მშვიდად და უდრტვინველად ეძინა. რომ იტყვიან, გამოვეპარე საწოლიდან. სანადიროდ გამოსული მხეცივით ფრთხილად და უხმაუროდ ვმოქმედებდი, თითის წვერებზე აწეულმა ერთხანს ვიბორიალე ოთახში და მერე სამზარეულოში გავედი საუზმის მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ღამე მქონდა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება არ მშორდებოდა. უსიამოვნო საუბარმა უსიამოვნო განწყობა დამიტოვა, ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე იმაზე, რაც მაწუხებდა. მაღიზიანებდა, ნიკა რომ არაფერს მეუბნებოდა სოფოზე: რა მოხდა, როცა გააცილა, რაზე ილაპარაკეს, რას უპირებდა ან მას, ან მე, ან როგორ წარმოედგინა ჩვენ ხვალინდელი დღე… და საერთოდ, მაცოფებდა, არაფრის ახსნას რომ არ ცდილობდა.

კვერცხის ათქვეფას შევუდექი ბლინების გამოსაცხობად. სანამ ადგებოდა, მინდოდა, ცხელი და გემრიელი საუზმე დამეხვედრებინა, თან გულში ვიმეორებდი იმ ფრაზებს, რომელიც საგანგებოდ მისთვის მოვამზადე, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია ჩვენი ურთიერთობა.

_ უუუ! რა გემრიელი სუნი ტრიალებს ამ ჯადოსნურ ოთახშიიი! ჴ ზმორებით შემოვიდა, ზურგიდან დამიდგა, მკლავები მომხვია და ყელზე მაკოცა.

_ დილა მშვიდობისა, კონკია!

_ დილა ნებისა, შეფ!

_ როგორ გეძინათ წუხელ, პრინცესა?

_ მე კარგად, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, _ ეგრევე «ჩავავლე» მის შეკითხვას.

_ უკაცრავად, რაღაც ვერ გავიგე, ვინ ზოგ-ზოგიერთები? მგონი, მეც მშვენივრად ვხვრინავდი?!

_ შენზე არ ვამბობ, სხვა ვიგულისხმე, _ ენას ვერ ვაჩერებდი, ვერაფერს ვუხერხებდი ჩემს თავს.

_ სახელდობრ, ვი-ინ? _ ვერ მიხვდა ან არ მიხვდა.

_ ის… ჩემამდე ქალი, _ ჩემი ნათქვამი თითქოს ჯერ კედელს მოხვდა, მერე კი მთელი ძალით ნიკას მკერდზე მიეჯახა, მარცხენა მხარეს, ზედ გულთან.

ცივად შემიშვა ხელი და ყრუდ თქვა.

_ ამაზე წუხელ უკვე ვისაუბრეთ. ეს ერთი… და მეორეც… რამდენიმე საათის წინ შენ საერთოდ არ გახსოვდა იმ ქალის არსებობა, ასე რომ, შენი მელოდრამული პოზა სრულიად უადგილოა, მინდა გითხრა.

_ რატომღაც, მეგონა, რაღღაც-რაღაცებს ჯერ კიდევ წუხელ ამიხსნიდი, _ მოვტრიალდი და თვალებში შევაჩერდი.

_ წუხელ ამის სურვილი რომ არ გაგჩენია? რაღაც არ მახსოვს, გაგხსენებოდა… _ ამოიხვნეშა ნიკამ, _ უთენია დილა კი, ჩემი აზრით, არასასიამოვნო დროა სერიოზული ახსნა-განმარტებებისთვის.

ორივენი ჯიუტად მივჩერებოდით ერთმანეთს, წამწამებსაც კი არ ვახამხამებდით. სიბრაზისგან წამოვჭარხლდი.

_ კარგი… მაშინ გამოძებნე «სასიამოვნო დრო» და მერე განვაახლოთ საუბარი, _ მკვახედ მოვუჭერი და სუფრის გაშლას გაცხარებით შევუდექი.

_ დარწმუნებული ხარ, რომ ერთმანეთისთვის რამის ახსნა გვჭირდება? _ დამეკითხა.

სწრაფად შევტრიალდი, თითქოს ერთი სული მქონდა, ჩაიდანს როდის შემოვდგამდი ქურაზე.

_ როცა გელაპარაკები, უნდა მისმინო, _ უხეშად მითხრა და თავი წინ წამოსწია, რომ ჩემი თვალები დაენახა.

_ გისმენ, ყრუ არ ვარ, _ იმავე ტონით ვუპასუხე.

_ და უნდა მიყურო, _ დაამატა.

_ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, _ აგდებულად წამოვიძახე და ჯიქურ გავუსწორე თვალი.

მოულოდნელად მის სახეზე უცნაურმა და სრულიად გაუგებარმა გამომეტყველებამ გაიელვა და იმწამსვე გაქრა. ბოლოს მშვიდად აიჩეჩა მხრები.

_ გასაგებია.

თითქოს მძიმე ლოდი დამადეს გულზე, რაღაცამ მარწუხებივით მომიჭირა.

«ახლა რომ წავიდეს… წავიდეს და აღარასდროს მოვიდეს… რას ვაკეთებ, რას!!!»

_ მე, უბრალოდ, მინდა ვიცოდე, რა როლს ვთამაშობ შენს ცხოვრებაში… რას წარმოვადგენ იმ სამყაროში, სადაც შენ ცხოვრობ, _ შევარბილე ტონი და ჩაი დავუსხი.

_ ანუ, გაინტერესებს, რომელი გმირი ხარ? მთავარი თუ მეორეხარისხოვანი? ცოლად შეგირთავ თუ არა? _ ისე სარკასტულად გაისმა მისი ნათქვამი, ლამის გული შემიღონდა.

_ არა, ეგ არ მითქვამს… ვიცი, რომ ამაზე ლაპარაკი ნაადრევი იქნება.

_ ახლა არ მითხრა, რომ შენი გრძნობებიც ნაადრევია, თორემ გავგიჟდები იცოდე! მაგას მაინც არ დაგიჯერებ! _ ბლინები გადაიღო, შაქარი მოაყარა და ჭამას შეუდგა.

_ არც ეგ მითქვამს… _ უფრო და უფრო დახშულად ისმოდა ჩემი ხმა.

_ ლო, არ მეტყვი, რა გინდა? რატომ ვერ ისვენებ? რა გაწუხებს?

«გაურკვევლობა!»

_ წვიმს, _ ესღა ვთქვი, როცა დავინახე, როგორ წკაპუნობდნენ წვიმის წვეთები ფანჯრის რაფაზე და ზრდილობის გულისთვის ერთი ბლინი მეც შევჭამე.

_ ჰო, მაგარი მთვრალი ამინდია… ნახე, რა ირიბად დასცხო…

_ ეს იმ ქალების ცრემლებია, შენ გამო რომ დაღვარეს, _ წავუენამწარე.

_ ნამდვილი ავსიტყვიერი კონკია ხარ, ბოროტი, ღვარძიანი! ასე თუ გააგრძელებ… _ აღარ დაამთავრა.

_ რა, ასე თუ გავაგრძელებ? _ მზერით გავბურღე.

_ მეტს აღარ გაკოცებ, _ ნიშნის მოგებით მითხრა და თითი დამიქნია.

_ აი, დარდი, _ არ დავუთმე და დავეჭყანე, _ სხვა მაკოცებს.

_ როგორ? აბა, კიდევ გაიმეორე! _ ბლინი აიღო და გაღიმებულმა ხელში მოიმარჯვა, ვითომ უნდა ესროლა.

_ ვიხუმრე, ჰო, _ დავნებდი.

_ მე შენ არასდროს მიგატოვებ, _ შეცვლილი ხმით მითხრა ცოტაოდენი პაუზის შემდეგ, _ და უნდა დამიჯერო.

პასუხი არ გავეცი.

_ გჯერა? _ ჩამეძია.

_ ჰო.

_ ასე არა, ისე მითხარი, რომ მეც დაგიჯერო.

_ მჯერა, ნიკა, _ ხმა გავინაზე.

_ ძალიან თეატრალურია, უფრო ბუნებრივად არ შეგიძლია?

_ არა, _ ჯიუტად გავაქნიე თავი. ვბრაზობდი, სოფოზე რომ ვერაფერი დავაცდევინე.

_ რა გჭირს, არ მეტყვი?

_ არაფერი, _ უკმეხად ვთქვი და მაგიდის ალაგებას შევუდექი.

_ დროზე მითხარი, სამსახურში მაგვიანდება.

_ მეც, სხვათა შორის.

_ მაშინ დაუჩქარე, თორემ მომკლა ცნობისმოყვარეობამ.

_ არაფერი-მეთქი, ხომ გითხარი.

_ მე კი მეგონა, შევრიგდით.

_ მე შენთან არ მიჩხუბია.

_ გააჩნია, ჩხუბში რას გულისხმობ. შენ რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები… უნდა მითხრა.

_ ეს მხოლოდ წვრილ-წვრილი პრობლემებია.

_ წვრილ-წვრილი პრობლემებიც დიდი პრობლემებია.

_ ალბათ.

_ მორჩი მაგ ჭურჭლის რეცხვას, რა, _ მობეზრებული ადამიანის ტონით მითხრა, ჩემ გვერდით დადგა და წყალი გადამიკეტა, _ მოტრიალდი.

მივტრიალდი. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და დიდხანს მიყურა თვალებში.

_ იმდენად ცვალებადი ხარ, ვერაფერს ვიგებ. ვერ ვხვდები, სად ცხოვრობს შენი გმირი, რომელ სამყაროში დაფრინავს, რას ფიქრობს და, საერთოდ, როგორია…

_ ჩემი გმირი შეყვარებულია, _ ნაღვლიანად გაიჟღერა ჩემმა ხმამ, _ შეყვარებულები კი დაახლოებით ერთნაირები არიან ყველგან და ყველა დროში.

სიამოვნებით აევსო სახე. ტუჩებზე ოდნავ შემეხო და კვლავ დამაშტერდა,

_ შემომხედე? მთელი ატომური ნაერთი გაქვს თვალებში. აი აქ მწვანეა, აქ ცისფერი, შუაში ნაცრისფერი ურევია, გარშემო თაფლისფერი გასდევს, გუგა კი შავია. ოუჰ! თურმე რა თვალჭრელოვანი კონკია შემრჩენია ხელთ! მომატყუეს, ხედავ შენ? _ ჩემს გამხიარულებას შეეცადა.

ტუჩები არ დამემორჩილა და ძალად გამაღიმა.

_ ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული, _ ჩუმად ვთქვი, კვლავ შემიპყრო სევდამ, კვლავ ლოდივით მძიმე რაღაც დამაწვა გულზე.

_ მართლა? რაღაც არ მჯერა. ვისზე, იქნებ მეც მითხრა? _ ჩემი ტკივილის შემსუბუქებას ცდილობდა, მაგრამ ამჯერად აღარ გამოუვიდა, რადგან ყურს აღარ ვუგდებდი და ჩემთვის ვაგრძელებდი.

_ იცი? შეიძლება არსებობს უფრო გულწრფელი პირველი სიყვარული და უფრო დასამახსოვრებელი პირველი მამაკაცი, მაგრამ სხვანაირი და სხვა პირველი მე არასდროს მქონია. ყველაფერს, რაც ამის მერე იქნება, მეორე დაერქმევა.

_ ცოტა მაცალე და ყველაფერი გამოსწორდება, ლო, გეფიცები, _ შეფიქრიანებულმა თმაში შემიცურა ხელი, _ არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი. საქმით დაგანახვებ ჩემს სათქმელს.

_ საქმე ლაპარაკის ნაცვლად! _ სიმწრით გავიცინე.

_ აბა, თუ იცი, რა არის საქმე ლაპარაკის ნაცვლად?

_ ჩვენი უმრავლესობის პოლიტდევიზი, _ სხარტად ვუპასუხე, წარჩინებულ მოსწავლესავით.

_ არა. ეს სექსია, _ ნიშნის მოგებით მიპასუხა და ჩემი შემცბარი სახე რომ დაინახა, გადაიხარხარა.

_ ცუდო! _ მკერდზე დავუშინე მუშტები.

_ კარგი, წავედი, წინ ბევრი დრო გვაქვს, მერე ვილაპარაკოთ. თათბირზე შევხვდებით, ოღონდ, როგორც თანამშრომლები, ხომ? პირობა პირობაა, იცოდე!

_ ვიცი, _ უმწეოდ ჩამოვყარე მხრები და ცხვირის წვერი მივუშვირე საკოცნელად.

_ და კიდევ… ახლა ცალ-ცალკე წავალთ სამსახურში, ვითომ არც გვინახავს ერთმანეთი. ხომ არ გაგიტყდება? საქმისთვის ასე სჯობს, _ მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.

_ ასე სჯობს, _ მექანიკურად დავმორჩილდი.

კიდევ ერთი თავბრუდამხვევი კოცნა მიწილადა თავისი სასიყვარულო «სცენარიდან» და წავიდა…

8 8 8

ჩვენი შეხვედრები გაგრძელდა… შედარებით უმტკივნეულოდ… დასამახსოვრებლად ვნებიანად, თუმცა… შესამჩნევად იშვიათად. ხან კვირაში ერთხელ, ხანაც ორ კვირაში ერთხელ თუ შემომივლიდა. მერე კვლავ გარბოდა. მისი ასეთი ვიზიტები სულაც არ მანიჭებდა სიამოვნებას. გამუდმებით სადღაც მიეჩქარებოდა, ყოველთვის გადაუდებელი საქმე და გადაუჭრელი პრობლემები ელოდა. ის თავისი საქმით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე ჩემით. ეს მაგიჟებდა. მაინც ვითმენდი… რატომ? იქნებ იმიტომ, რომ, როგორც დედაჩემი იტყოდა, «ტანგოს საცეკვაოდ პარტნიორია საჭირო?»… თუ მხოლოდ იმიტომ, რომ გონის დაკარგვამდე მიყვარდა?.. ალბათ ამიტომ ვითმენდი, ვითმენდი და… ველოდებოდი… ველოდებოდი, როდის გადაბრუნდებოდა ურემი და გამოჩნდებოდა გზა… გზა, რომელიც ახალ გზას დამანახვებდა.

ურემიც მალე გადაბრუნდა… სწორედ იმ დღეს, როცა ჩემმა გარე ბიძაშვილმა, ჩემმა საყვარელმა ნიკუშამ დედამისის დაბადების დღეზე დამპატიჟა…

 

 

ოქტომბერი მიიწურა. რა ჩქარა გარბის დრო. თითქოს გუშინწინ დავიწყე მუშაობა და თითქოს წუხელ მოხდა ჩემსა და ნიკას შორის ყველაფერი…. უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად აიბურდა ჩემი ცხოვრება. არადა, ჩემს ადგილას ზოგიერთი კმაყოფილიც იქნებოდა. სამსახურში დამაწინაურეს, მამაც გამომჯობინდა, ბებია ყოველთვე სოლიდურ თანხას მიგზავნიდა, არც საჭმელ-სასმელი მაკლდა და არც ჩაცმა-დახურვა. საყვარელი ადამიანიც მყავდა, რომლის დანახვა, ავად თუ კარგად, ყოველთვის გულს მიხარებდა. მერე რა, რომ ერთად არ ვცხოვრობდით? როცა შეეძლო, ხომ ახერხებდა ჩემ გვერდით ყოფნას? აი, ამ ადგილს რომ მიუახლოვდებოდა ჩემი ფიქრები, ვგრძნობდი, როგორ უსიამოვნოდ შემეკუმშებოდა გულის კუნთები, სუნთქვა მეკვროდა და სული მეხუთებოდა. ნიკა ყველაზე მტკივნეული ადგილი იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთდროულად ახლობელიც იყო და შორეულიც, საყვარელიც და საზიზღარიც, მეგობარიც და მტერიც… იმისდა მიხედვით, როდის როგორ ხასიათზე იმყოფებოდა. მასაც გაორება სჭირდა _ გულთბილიც იყო და გულცივიც, მკაცრიც და ლმობიერიც, ალერსიანიც და ფიცხიც, მშვიდიც და ნერვიულიც… როდის როგორ. ხანდახან მთელი კვირა დაიკარგებოდა ხოლმე და სულ რომ მოვმკვდარიყავი, ერთხელ არ მომიკითხავდა, რას ვაკეთებდი, თავს როგორ ვგრძნობდი… ხანდახან კი, დღე არ გავიდოდა, არ მოსულიყო და არ ვენახე. თუ მოსვლას ვერ ახერხებდა, აუცილებლად დამიმესიჯებდა ან დამირეკავდა. ჩვენი სატელეფონო საუბარი დიდხანს გრძელდებოდა, საათობით და როცა დასასრულისკენ «გავუხვევდით», გვიჭირდა ერთმანეთთან განშორება, ამიტომ ვაჭრობას ვიწყებდით, პირველად რომელს დაეკიდა ყურმილი.

_ ჯერ შენ გათიშე.

_ არა, ჯერ შენ, _ ჯენტლმენურად დამითმობდა.

_ მაშინ სამამდე დავითვლი და ერთად გავთიშოთ, _ ვთავაზობდი.

_ კარგი.

_ ერთი, ორი, სამი.

_ სამს რომ იტყვი მაშინ, თუ იქამდე? _ კვლავ წელავდა დროს, ვერ მელეოდა.

და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. ხანდახან ისე დაგვათენდებოდა თავზე, ვერც ვიგებდით. მაგრამ მერე კვლავ დაიკარგებოდა. ძალიან ხშირად არ მესმოდა მისი. რაღაც მომენტში თითქოს აბჯარს აისხამდა და მის გულს ვერა ქალი ვერ ეკარებოდა. მერე მოულოდნელად კვლავ შეეცვლებოდა ხასიათი და ძველი ნიკა ხდებოდა, თბილი და მოსიყვარულე…

ერთი სიტყვით, ხან ასე იყო და ხან ისე. ალბათ სასაყვედურო არაფერი უნდა მქონოდა, მაგრამ საკუთარი გულის ამბოხს ვერაფერს ვუხერხებდი. ყველაზე ხარბი ხომ გულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეყვარებულია. ვიცი, ახლა რასაც მეტყვით, თვალიც ხომ ხარბიაო… გეთანხმებით, თვალიც ხარბია, მაგრამ ჩემი თვალები ისე იყო დაბრმავებული ნიკას სიყვარულით, მის იქით ვერავის და ვერაფერს ხედავდა. ჰოდა, სწორედ გულის სიხარბის ბრალი იყო, რომ არ მაკმაყოფილებდა ის ურთიერთობა, რაც მასთან მქონდა. რაც დრო გადიოდა, მეტი და მეტი მინდოდა. რა იყო ეს მეტი, მეც არ ვიცოდი… არა, კი ვიცოდი, მაგრამ იმდენად «ბეეევრი» და იმდენად თავხედური იყო ეს «მეტი», რომ ფიქრებშიც კი ვერ ვუტყდებოდი ჩემს თავს, საკუთარ ორეულთანაც კი მრცხვენოდა ამის აღიარება.

ბევრჯერ მიფიქრია, მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, ქალთან არასდროს არაფერი შემეშლებოდა-მეთქი. ალბათ იმიტომ, რომ ქალზე უკეთ არავინ იცის, რა სურს ქალს. ამასთან, ქალზე უკეთ არც ის იცის არავინ, რა სურს მამაკაცს. ამიტომაც ქალი ადვილად უგებს ძლიერ სქესს, უპრობლემოდ უღებს ალღოს მის ბუნებას, მამაკაცი კი შინაგანად ინერტულია, ზარმაცი და ასეთ წვრილმანებზე ფიქრით თავს არ იწუხებს. მგონი, ძალიან გამიგრძელდა და მოდით, ნუღარ ჩავუღრმავდებით ქალისა და მამაკაცის თემას, თორემ ძალიან შორს წაგვიყვანს და იმდენ «პათოლოგიას» აღმოვაჩენთ, რომ თავი შეგვზიზღდება… ქალსაც და მამაკაცსაც…

როგორც იქნა, წვიმების სეზონი დამთავრდა და გამოიდარა. ზამთრის მოახლოებით «დასუსტებული» მზე ძველებური სიმხურვალით ვეღარ ათბობდა დედამიწას, თუმცა მაინც მედგარ წინააღმდეგობას უწევდა შემოდგომის ქარებით გათამამებულ სუსხს.

სწორედ ის პერიოდი იყო, ჟაკეტიდან ქურთუკზე ან ლაბადაზე რომ გადადიხარ, თუმცა ვერც ჟაკეტს ელევი. ამიტომაც ყველა სტილში ჩაცმულს ადამიანს შეხვდებოდით ქუჩაში, პალტომოსხმულსაც კი.

ბოლო ხანებში ძალიან გამიტაცა შოპინგმა, მანიად მექცა. თანაც, აკვიატება მჭირს. მაგალითად, თუ რომელიმე შარფი მომეწონა, მერე კარგა ხანს მხოლოდ შარფებს ვყიდულობ ხოლმე, თუ მაისური _ მხოლოდ მაისურებს და ა.შ. ნივთებზე დროებითი «გართულება» მემართება. ნუთუ ყველა ქალი ასეა, თუ მხოლოდ მე ვარ გამონაკლისი?

იმ დღესაც, მოკლეყელიანი ჩექმა მომეწონა ერთ ბუტიკში და დავეტაკე, სხვამ არ დამასწროს-მეთქი. მთლად ძვირიც არ ღირდა, ორასი ლარი გადავიხადე, მაგრამ აბა, ერთი სამი თვით ადრე მენახა?! მაშინ ხომ ვერ მიმიწვდებოდა ხელი? აი, თვალის სიხარბე სად «დამემართა». შენაძენით აღფრთოვანებული დავუყევი მერე გამზირს და ფეხსაცმლის ყველა მაღაზიაში შევიარე, იქნებ კიდევ რამეს წავაწყდე-მეთქი. ამ დროს ნიკუშამ დამირეკა. გამიხარდა მისი ხმის გაგონება, კარგა ხნის უნახავი მყავდა.

_ რატომ მემალება ჩემი გარე ბიძაშვილი? _ მხიარულად მომიკითხა.

_ ნიკუშ, როგორ გამახარე! მე კი არა, შენ სად მემალები? ერთხელ არ გამოჩნდი. მომანატრე თავი.

_ ჰოდა, ვიგრძენი, რომ მოგენატრე და დაგირეკე. ხვალ რას აკეთებ?

_ რას უნდა ვაკეთებდე, ვმუშაობ.

_ რომ მუშაობ, ვიცი, მაგრამ საღამოს?

_ საღამოს… _ წამით ორჭოფობა დავიწყე, რადგან ნიკა ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ ხელი ჩავიქნიე, სულ მის მოლოდინში ხომ არ ვიქნები, ერთხელ მეც ხომ უნდა გავიარო ჩემს გემოზე? _ საღამოს თავისუფალი ვარ.

_ ჰოდა, მოემზადე, ლამაზო ქალბატონო, სხვა არაფერი დაგეგმო. ხვალ ჩემთან გეპატიჟები, თან მაგრად გამოიპრანჭე, სულ ტალიკ-ტალიკა ბიჭები იტრიალებენ შენ გვერდით, რა იცი, რა ხდება.

_ მართლა რა ხდება? შენი დაბადების დღე ხომ არ არის?

_ ჩემი არა, დედაჩემის დაბადების დღეა. ქრისტინე მყავს იუბილარი.

_ რას მეუბნები! ეგ არ ვიცოდი… მაგრამ მე რა შუაში ვარ? დედაშენს თავისი მეგობრები ეყოლება, მე სრულიად ზედმეტი ვიქნები, ნიკა.

_ აპა, აპა! ეგეთები არ გამაგონო! დედაჩემმა მითხრა, პერსონალურად ვეპატიჟები ლოლასო. ასე რომ, უნდა მოხვიდე, თუ არ გინდა, საშვილიშვილოდ გადაგეკიდოს, _ გულიანად გაიცინა.

_ თუ ასეა, მოუსვლელობას როგორ გავბედავ, ჩემო ნიკა, უსიკვდილოდ მოვალ. აბა, მითხარი, რომელ საათზე?

_ თუ შეძლებ, ცოტა ადრე მონარნარდე და დედას რაღაც-რაღაცებში წაეხმარო, ხომ კარგი, თუ არადა, რვისთვის მაინც გელოდები.

_ ცოტა ადრე?.. _ კვლავ შევყოყმანდი, მოსამსახურის რანგში ყოფნა დიდად არ მხიბლავდა, _ ვეცდები, ნიკუშ, დავეთხოვები, თუ გამომიშვეს.

_ თუ არ გამოგიშვებენ, არ არის პრობლემა, დამხმარე ქალების მეტი რა გვყავს. ან, თუ გინდა, დავურეკავ ნიკას და ვეტყვი, ხვალ გაგათავისუფლოს.

_ არა, არა, შენი ჭირიმე, ოღონდ ეგ არა! _ დავფეთდი, _ ის კი არა, საერთოდ ისიც არ მინდა გაიგოს, ჩვენ რომ ნათესავები ვართ.

_ რატომ ვითომ? _ ითაკილა.

_ იმიტომ, რომ ამის გამო შეიძლება რაღაც შეღავათები გამიკეთოს, თავი ვალდებულად იგრძნოს. მე კი არ მინდა ეს. ყველაფერს ჩემით უნდა მივაღწიო, ჩემი შრომით და ჩემი ოფლით, ხომ გესმის… _ პათეტიკური ტყუილი დავახეთქე, სინამდვილეში მეშინოდა, ნიკუშას ჩვენი ურთიერთობის შესახებ რამე არ გაეგო.

_ ყველაფერი გასაგებია. მაშინ, როცა საქმეს მორჩები, მერე მოდი. უბრალოდ, კრისტის უნდოდა, სანდო ადამიანი ჰყოლოდა გვერდით, ისეთი, ყველაფერს რომ გააკონტროლებდა. არ უნდა, სტუმრებთან სირცხვილი ჭამოს.

_ მესმის, ნიკა, მესმის და ყველანაირად ვეცდები.

_ როგორც მოგიხერხდება, ჩემო კარგო, მაგაზე არ იდარდო. მთავარია, მოხვიდე. ხომ გჯერა, რომ გულით გეპატიჟები. შენ უნდა გაალამაზო იქაურობა, გასაგებია?

სიცილი ვერ შევიკავე.

_ გასაგებია, ბატონო, ძალისხმევას არ დავიშურებ.

აჰა. აი, ახლა ახალი სადარდებელი გამიჩნდა. რა უნდა ჩავიცვა? მართალია, ჩექმა ვიყიდე, მაგრამ ეგ საღამოს კაბაზე არ გამომადგება, მით უმეტეს, თუკი ჩემს ახალ, უმწიფარი ზეთისხილისფერ კაბას ჩავიცვამ. მას სხვა სტილის და სხვა ფერის ფეხსაცმელი მოუხდება. სასწრაფოდ უნდა ვეძებო! ბებია-ბაბუამ ისე გამანებივრა, ფული ჩეჩქივით მაქვს, არც კი ვიცი, რაში დავხარჯო, ამიტომაც მთელ ჩემს ხელფასს მამას ვუგზავნი ყოველთვიურად. ხომ ვარ კარგი გოგო? რა თქმა უნდა, ვარ! თან ქრისტინეს საჩუქარსაც შევიძენ ბარემ!

ვაკეში გავედი, აბაშიძის ქუჩაზე ერთი ბუტიკი მეგულებოდა, ძვირიანი, მაგრამ ხარისხიანი საქონლით და იქ შევიარე. არ შევმცდარვარ. ვალენტინოს ფირმის ისეთი ლამაზი «პლატფორმები» ვნახე, თითქოს საგანგებოდ ჩემი კაბისთვის შეუკერავთ იტალიელებსო. თანაც, მხოლოდ ერთი წყვილი ჰქონდათ და, რაც მთავარია, ზუსტად ჩემი ზომა. ჩავიცვი თუ არა, თვალთ დამიბნელდა, ისე ლამაზად აჩენდა ფეხს. ძალიან მდიდრული იყო და საოცრად მსუბუქი, საერთოდ ვერ ვიგრძენი, მაღალ ქუსლზე რომ ვიყავი შემდგარი. ფასი ვიკითხე და… ჩემი სიხარულიც იქვე ჩაქრა _ ათას ორასი ლარი დამიფასეს. არ შევიმჩნიე, ვითომ სულაც არ იყო გასაკვირი მათი «ცეცხლის ფასი» და ფეხსაცმელი დახლზე შემოვდე.

_ ცოტას დაგიკლებთ, _ მაინც მიმიხვდა გამყიდველი.

_ ცოტას რამდენს? _ მეც ჩემი «ცეცხლის ფასი» ღიმილი შევაფრქვიე, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო.

_ ოც ლარს.

რას ერჩი, ოცი ლარი სწორედ რომ «ცოტაა». აბა, ორმოცდაათს ხომ არ მეტყოდა? ორმოცდაათი ძალიან ბევრია!

_ მოვიფიქრებ, _ თავდაჯერებულად მივუგე, _ კიდევ ერთ ადგილას უნდა შევიარო და იქ თუ არაფერი მომეწონა, მაშინ კვლავ თქვენთან მოვალ… რომელ საათ…

_ რას არჩევ, ლოლა? _ წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ ტანში გამცრა, ისეთი სულში ჩამწვდომი ხმა ჩამესმა.

მოვტრიალდი და თავზე წამომდგარ ნიკას თვალებგაფართოებული მივაჩერდი, თითქოს მოჩვენება დამენახოს.

_ აქ რას აკეთებ? _ ფერწასულმა ჩავილუღლუღე, რას ვიფიქრებდი, აქ თუ გადავაწყდებოდი.

_ საჩუქარს ვეძებ ერთი ახლობლისთვის.

_ ა! _ მოკლე რეპლიკით დავკმაყოფილდი, მაგრამ აალებულმა ღაწვებმა წამში გამცა… შემეტყო, რომ ვიეჭვიანე.

_ ნუ ნერვიულობ, გეხუმრე, _ გულიანად გაეცინა, _ გარედან შეგამჩნიე და იმიტომ შემოვედი. რას ათვალიერებ?

_ არაფერს…

_ არაფრის გულისთვის დასჩერებიხარ ამ «ფრანცუზკებს»? _ არ შეუმოუხედავს, ისე მკითხა, ფეხსაცმელს ხელი დაავლო, მაღლა ასწია და შორიდან პროფესიონალივით გულდასმით გახედა, თითქოს ზედმიწევნით ერკვეოდა ხარისხში.

_ უბრალოდ, ფასი ვიკითხე.

_ და მერე?

_ ყიდვას არ ვაპირებ, ისე ვიკითხე.

_ რა ღირსო, რა გითხრეს?

_ ძალიან ძვირი.

_ ჰოდა, რამდენია ეს «ძალიან ძვირი»?

_ ათას ორასი ლარი.

_ ოჰოოო! _ დაუსტვინა ნიკამ, _ მაგ ფასად ექვს წყვილ ბოტასს იყიდდა კაცი, _ ცივად დაუშვა ხელი და კავალის «შემოქმედება» დახლზე დააბრუნა.

_ მართალი ხარ, _ ხმამაღლა დავეთანხმე, გულში კი გამეცინა, ნუთუ ასეთი მეწვრილმანეა? _ მაგრამ მე ბოტასი არ მინდოდა… წავედით.

_ საით შენი მგზავრობა?

_ სახლში.

_ გინდა, გაგიყვანო?

_ არა, მანქანით ვარ.

გარეთ გამოვედით. ნიკამ ხელკავი გამიყარა და შემაჩერა.

_ რატომ არ მეუბნები, რომ მოგენატრე?

«თავხედი! მაგას მე უნდა ვეუბნებოდე?!»

_ რატომ გგონია, რომ მომენატრე?

_ კი არ მგონია, ვიცი! _ გამომცდელად ამიწია წარბი.

_ შენ არ მოგენატრე?

_ მომენატრე. შენსავით კი არ ვმალავ ამას.

_ და რა მერე, რომ მოგენატრე? რაში გამოიხატება?

_ რაში არ გამოიხატება?

_ იმაში, რომ მთელი კვირაა, დაიკარგე. არც დაგირეკავს, არც რამე მინიშნება მომსვლია შენგან, სამსახურშიც კი თავს მარიდებ, თითქოს რიგითი ბუღალტერი ვიყო.

_ რას ერჩი რიგით ბუღალტერს?

_ არც არაფერს. ჩემს ადგილას ყოფნას რიგითი ბუღალტრობა ჯობია ალბათ.

_ რითი?

_ იმითი, რომ შენი ქალი მაინც არ ვიქნებოდი.

_ რატომ გგონია? დამლაგებელიც რომ ყოფილიყავი, ჩემი ქალი მაინც გახდებოდი. კმაყოფილი ხარ? _ მკლავზე ძლიერად მომიჭირა თითები.

_ მეტი არ შეიძლება!

_ გინდა, მოვიდე? გინახულო? _ უფრო და უფრო მამწარებდა.

_ დიდი ხანია, ჩემს სურვილებზე დადიხარ? _ დავისისინე.

_ მე სულ შენს სურვილებზე დავდივარ. რა, ასე არ არის?

დავიბოღმე. ვგრძნობდი, რომ ჩემი მოთმინების ფიალის სიმძიმეს ამოწმებდა და მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას, რომ წონასწორობიდან არ გამოვსულიყავი. მტრისას, ახლა თუ ვიფეთქე, სამუდამოდ გავაფუჭებ ურთიერთობას! ფრთხილად, ლო, პროვოკაციაზე არ წამოეგო! _ შევუძახე ჩემს თავს და მის შემოტევას ისეთი სათნო ღიმილი დავახვედრე, მოულოდნელობისგან დაიბნა.

_ კარგი, წავედი, ნიკა, მეჩქარება.

_ გამოგივლი… ოღონდ დღეს ვერა… ვერც ხვალ…

_ და ვერც ზეგ… _ «წავეშველე».

_ ვნახოთ… დაგირეკავ იქამდე.

_ როგორც გინდა, _ «სულერთიას» ნიღაბი ავიკარი სახეზე და გაწბილებული გავემართე მანქანისკენ, უკან ერთხელაც არ მოვიხედე.

თითქმის ერთდროულად დავიძარით ადგილიდან. მე წინ მივდიოდი, ის უკან მომყვებოდა, თითქოს ჩემი დაცვა ყოფილიყო. შიგადაშიგ სარკეში ვიცქირებოდი და მის მანქანას ვუთვალთვალებდი. ლამის სახლამდე მომყვა… მაგრამ როგორც კი სვლა შევანელე, რათა მარჯვნით გადამეხვია, გვერდით ჩამიარა, დამისიგნალა და გზა გააგრძელა. როგორ მეზიზღებოდა იმწუთას!

8 8 8

შესაფერისი ფეხსაცმელი ვერ ვიყიდე და იძულებული გავხდი, რაც მქონდა, იქიდან ამერჩია რომელიმე. კრემისფერი მაღალქუსლიანი ბოტილიონი, რომელიც შარშან ვიყიდე იტალიაში, ყველაზე მეტად მოუხდა ჩემს ახალ კაბას, გული უკვე აღარ მეთანაღრებოდა. «თმას ხვალ დავივარცხნი, უკვე დავრეკე ჩემს სტილისტთან და ჩამწერა. ახლა მთავარია, ხვალ ცოტა ადრე გავეთავისუფლო ნიკას. მგონი, პრობლემა არ შემექმნება», _ კმაყოფილმა მოვახსენე ჩემს თავს სარკეში. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. გულგახეთქილი ვეცი ყურმილს, ნიკა მეგონა.

_ ლოლა, მიშველე! _ მარიკა გულამოსკვნილი ტიროდა.

_ რა მოხდა, მარი? _ შევშფოთდი.

_ ყველაფერი დამთავრდაააა!

_ დაწყნარდი და ისე მითხარი, რა გჭირს, რა დამთავრდა?

_ მგონი, ცოლს ურიგდება! ააა! _ ძლივს ვარჩევში სიტყვებს, ისე ღრიალებდა მარიკა.

_ შეგიძლია, ჩემთან გამოხვიდე?

_ არა, მაგის თავი არ მაქვს, უბრალოდ, მინდოდა ვიღაცისთვის მეთქვა და შენ დაგირეკე.

_ სად ხარ?

_ სადღაც ქუჩაში, არც ვიცი, სად ვარ. ვერც სახლში მივდივარ, დედაჩემმა რომ მნახოს, გული გაუსკდება, _ სლუკუნზე გადავიდა.

_ მითხარი, სად ხარ და მოვალ.

_ არა, არ მინდა. ისე მოგიყვები… დილით დამირეკა, შევხვდეთო… შევხვდი. ქალაქგარეთ გამიყვანა, ბულაჩაურში ხინკალი ვჭამეთ. მერე იქვე, არაგვისპირზე ჩამიყვანა. მანქანაში ვისხედით… ჯერ მეფერა, ძალიან მიყვარხარო, შენ სხვანაირად დამანახვე ცხოვრება და გამიჭირდება უშონოდო… ოოო! _ კვლავ ამოიტირა მარიმ.

_ დაწყნარდი, გთხოვ… მერე?

_ მერე მითხრა, აჯობებს, დავშორდეთო… რატომ-მეთქი და… ცოლი შერიგებას მთხოვსო… ჩემი ბიზნესის ნაწილი მის სახელზეა და უარი რომ ვუთხრა, ბევრ რამეს დავკარგავო.

_ კი მაგრამ, მაშინ არ ჰყავდა ცოლი, სხვებთან რომ ჰქონდა რომანი? შენ ხომ არ ხარ პირველი შემთხვევა? _ ძალიან გავბრაზდი და თავი ვერ შევიკავე.

_ მეც ეგ ვუთხარი. სწორედ ამაშია საქმეო. ახლა რომ შევურიგდე და ჩვენი ამბავი გაიგოს, უარეს სკანდალს მომიწყობს და არ მინდა, გული გეტკინოსო. მე ვკითხე, ასე არ მეტკინება გული-მეთქი? ჯობია, ასე გეტკინოს, ვიდრე ისეო. მთელი ქვეყანა გაიგებს და შენზე ჭორაობას დაიწყებენოოოო! _ გულამომჯდარი ქვითინებდა.

_ ჯანდაბამდის გზა ჰქონია, გოგო, მაგისთვის თავს როგორ იკლავ? _ მისი დამოძღვრა ვცადე.

_ სხვა უბედურებაც მჭირს, ლოლა! აააა!

_ კიდევ არის რამე? ნუ გადამრიე!

_ ორსულად ვააარ!

ახლა კი დავმუნჯდი. აღარ ვიცოდი, რა მერჩია. პირველი, რამაც თავში გამიელვა, ჩემი ნიკასთან ურთიერთობა იყო. მეც რომ იგივე დამემართოს, როგორ მოვიქცეოდი?

_ გამაგიჟებ მე შენ! როდისღა მოასწარი? თავს არ იცავდი?

_ რა ვიცი, მეგონა, ვიცავდი და თურმე ვეღარ დავიცავი.

_ მერედა, რას აპირებ? უნდა გააჩინო? იქნებ…

_ არც ეგ ვიციიიიიი! არც თედოსთვის მითქვამს და რა ვქნაააა!

_ მარი, სასწრაფოდ უნდა გნახო!

_ არა, არა, ლოლა! _ უეცრად დაუწყნარდა ხმა, _ ერთი-ორი დღე უნდა ვიფიქრო, შევხედავ, რა მოხდება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ. რომ ვუთხრა, ორსულად ვარ-მეთქი, არ დამიჯერებს, პროვოკაციას მიწყობო, მეტყვის, ამიტომაც ვარ შავ დღეში.

_ ხვალ ხომ მოხვალ სამსახურში?

_ არა, სამსახურში მოსვლას არ ვაპირებ. დედას ვეტყვი, ავად ვარ-მეთქი და შინ დავრჩები. კარგად უნდა მოვიფიქრო.

_ იცოდე, რაღაც სისულეებზე არ იფიქრო, გასაგებია?

_ არც ვაპირებ. დედაჩემს ისედაც ბევრი ტკივილი გადაუტანია. არ მინდა, ჩემი თავიც დავატირებინო. უბრალოდ, განმარტოება მჭირდება, ყველაფრის აწონ-დაწონვა. მერე შენ დაგელაპარაკები და ერთად მოვიფიქროთ, როგორ ჯობია, კარგი?

_ კარგი, მარი, როგორც შენ იტყვი. თუ გინდა, მე ახლაც შემიძლია გნახო. თუ არადა, როცა მოისურვებ, ჩათვალე, რომ შენს განკარგულებაში ვარ.

_ ზეგ საღამოს გამოგივლი აუცილებლად. ახლა კი წავედი, ცოტას გავივლი, რომ გადამიაროს.

_ აღარ იტირო, გესმის?

_ აღარ ვიტირებ. გკოცნი, _ არ დამელოდა, ისე გამითიშა.

ესღა მინდოდა ისედაც დამძიმებულს? ძალიან შემეცოდა. რა უნდა ქნას? იქნებ ჯობია, გააჩინოს შვილი და ამით კუთხეში მიამწყვდიოს თედო? მას ხომ შვილი არ ჰყავს… იქნებ გაჭრას? რა თავში იხლის ბიზნესს, ან რაში სჭირდება სიმდიდრე, თუკი მემკვიდრე არ ეყოლება? ეს, ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია. ბავშვის მოშორებას მაინც ასე სჯობს. პატარამ რა დააშავა? მე როგორ მოვიქცეოდი მარიკას ადგილას? ალბათ ანალოგიურად. ბავშვს ყველა ვარიანტში გავაჩენდი, შემირთავდა თუ არ შემირთავდა ნიკა ცოლად.

ამის გაფიქრებაზე სარკის ლოლას უაზროდ გავუღიმე და ყავის მოსადუღებლად სამზარეულოს მივაშურე.

8 8 8

ცხრა იყო დაწყებული, ფილიპეს სახლს რომ მივადექი. კარი შეღებული დამხვდა. ოთახის სიღრმიდან მუსიკის ჰანგები გამოდიოდა. მორიდებითშევაბიჯე ჰოლში. უხერხულად ვგრძნობდი თავს, მეშინოდა, ზედმეტად გადაპრანჭულად ხომ არ გამოვიყურები-მეთქი. სრულიად უცხო სახეები შევნიშნე და ისეთი ალმური წამეკიდა, თითქოს წვეულებაზე პირველად ვყოფილიყავი. მალევე შევნიშნე ნიკა და ფილიპე, ჰალსტუხიან-სათვალიან იმპოზანტურ მამაკაცებთან გალანტურად რომ საუბრობდნენ. ნიკუშამაც შემამჩნია და ღიმილით დამიქნია ხელი, ბოდიში მოუხადა თანამოსაუბრეებს და ჩქარი ნაბიჯებით ჩემკენ გამოემართა.

_ ჩემი ლა-მა-ზიიი! _ გადამეხვია, _ კარგია, რომ მოხვედი. თვალისმომჭრელად გამოიყურები.

_ ეს სამოთხის ჩიტი საიდან გაჩნდა აქ? _ ამ დროს ფილიპეც მოგვიახლოვდა, _ ლამისაა, დავბრმავდე ჩემი მზეთუნახავი ნათესავის სილამაზით, _ ხელები წინ გამოიშვირა და მხრებზე კმაყოფილების ნიშნად მომითათუნა.

_ გილოცავთ მეუღლის დაბადების დღეს, ბატონო ფილიპე, _ ძალიან ნაზად კი გამომივიდა.

_ დიდი მადლობა, გენათალე, _ როგორც ჩვეოდა, ენას მოუჩლიქა «ბიძაჩემმა», _ მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ სახელით მომმართავდი? რა გიყვართ ეს ოფიციალურობა ამ ქალებს, ჰა?! _ ყასიდად გამიბრაზდა.

_ მაპატიეთ… მეტს აღარ ვიზამ… სად არის იუბილარი? _ ირგვლივ მიმოვიხედე და მალულად უცხო სტუმრები შევათვალიერე, უფრო სწორად, იქ მყოფი მამაკაცები. მაინტერესებდა, როგორი კონტიგენტი იყრიდა თავს ჩემი ბიზნესმენი ნათესავის ოჯახში.

_ კრისტი? სადღაც აქ ტრიალებს… შეიძლება, აივანზეა გასული, _ თვალი ირგვლივ მიმოავლო ფილიპემაც.

მოულოდნელად შევნიშნე, რომ სტუმრების უმრავლესობა ჩვენკენ იყურებოდა და ცნობისმოყვარედ მათვალიერებდნენ. ავილეწე.

_ წამოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ, _ ხელკავი გამომდო ნიკუშამ.

_ ჯერ დედაშენს ვნახავ, ხომ უნდა მივულოცო…

_ მოასწრებ, სად გაიქცევა. წამო, წამო, _ არ მაცალა ნიკამ და ოთახის შუაგულისკენ წამიყვანა.

_ შეხედეთ, რა ქალი მოგიყვანეთ, ბიჭებო! _ თავმომწონედ გადახედა მამაკაცებს, _ გინახავთ ამისთანა სადმე? გაიცანით, ჩემი ბიძაშვილი ლოლიტა, დამწყები ბიზნესმენი.

«ჯენტლმენურად კი წარმადგინა!»

_ ეს ვანოა, ბანკის პრეზიდენტი, ეს გიორგი, ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, გოგა სამინისტროში მუშაობს, ლადო კი სამშენებლო ფირმებს კურირებს, _ სათითაოდ მაცნობდა და მიხასიათებდა ნიკუშა თავის სტუმრებს.

ყველას თავს ვუქნევდი და ხელს ვართმევდი. მამაკაცები მოწიწებით მეცნობოდნენ და შეფარვით მეპრანჭებოდნენ. მსიამოვნებდა, აღტაცებას რომ ვამჩნევდი მათ სახეებზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ მართლა ბრწყინვალედ გამოვიყურებოდი!

_ ახლა შეგიძლია იუბილარიც მოინახულო, აივანზეა მგონი, _ «გამათავისუფლა» ნიკუშამ.

ღიმილით დავუკარი თავი მამაკაცებს და აივნისკენ გავეშურე, თან ფეხი მერეოდა, ასე მეგონა, ყველამ მე გამომაყოლა მზერა.

აივნის კარზე მუქი სქელი ფარდა იყო ჩამოფარებული. როგორც ჩანს, იგი ბოლომდე არ იყო მიხურული, რადგან ვიღაცები საუბრობდნენ და ხმები მკვეთრად ისმოდა.

_ ვერ გავიგე, რას ნიშნავს შენი სიტყვები, ეს არის შენი დღევანდელი დღის საჩუქარი? _ ქრისტინე აშკარად უკმაყოფილო ჩანდა.

_ კრისტი, ისეთ რამეში მადანაშულებ, რაც არ ჩამიდენია. რატომ ართულებ ყველაფერს?

ამის გაგონებაზე ადგილს მიველურსმნე… თითქოს ქანდაკებად ვიქეცი, ისე უეცრად ამიტანა სიცივემ და გამიცივდა ხელ-ფეხი… ალბათ სახეზეც გავლურჯდი.

«ეს ხმა… ეს ხმა… რა ნაცნობი ხმაა, ღმერთო, ოღონდ ეგ არა!»

_ მე ვართულებ? კარგად შემომხედე, ვგავარ იმ ქალს…

და სწორედ ამ დროს გადავწიე ფარდა და კარი გამოვაღე… კიდევ კარგი, აივანი სუსტად იყო განათებული და ჩემს გაფითრებულ თუ გაშავებულ სახეს ძნელად თუ აღიქვამდა ან ერთი, ან მეორე…

_ ქრისტინე… გილოცავ, ჩემო კარგო, სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებ, _ სხაპასხუპით მივაყარე, _ ეს კი ჩემგან, მცირედი საჩუქარი, _ და ათრთოლებული ხელით მივაწოდე სასაჩუქრე მინიპარკში ჩადებული შანელის სუნამო «შანელი #5″. მისი ასაკის ქალისთვის ნამდვილად მდიდრული საჩუქარი იყო.

_ ოჰ! ლოლაჩკა, შენ ხარ? გმადლობ, საყვარელო, რატომ შეწუხდი? ეს რა არის? შანელი? ღმერთო! ჩემი საყვარელი არომატი! რა კარგი გოგო ხარ, ლოლა! ნიკა… ხედავ, როგორ უნდა შეარჩიო საჩუქარი? ლოლას ხომ იცნობ? შენთან მუშაობს მდივნად… _ ისიც აიბნა…

ქრისტინეს სიტყვები უკვე აღარ მესმოდა…

მე მხოლოდ ნიკას ოფლით დაცვარულ შუბლს და სწრაფად მოხამხამე წამწამებს ვხედავდი…

 

 

 

ელვის სისწრაფით გამოვბრუნდი სასტუმრო ოთახში. არ ვიცი, ქრისტინემ რა იფიქრა. შეიძლება, ეგონა, რომ ჩემი უფროსის დანახვამ დამაბნია. ფრთამოტეხილი ჩიტივით დავბორიალებდი ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში, ლამის კედლებს ვაწყდებოდი და მხოლოდ ერთ რამეს ვაკონტროლებდი _ არავის არაფერი შეემჩნია და წონასწორობა არ დამეკარგა.

რა მინდოდა აქ? რისთვის მოვედი? ვისთვის? მე ხომ სრულიად ზედმეტი ვიყავი ამ ოჯახში, მით უმეტეს, ახლა, ამწუთას… რატომ მოვხვდი სრულიად უდროო დროს სრულიად უადგილო ადგილას? ნუთუ ესეც ბედისწერაა? რას ვიფიქრებდი, ნიკას ქრისტინესთანაც თუ ექნებოდა სასიყვარულო ურთიერთობა?! აზრადაც არასდროს მომივიდოდა! საკუთარი შვილის მეგობართან როგორ გააბა რომანი, რამ გადარია ეს ქალი? ნუთუ კაცი დაილია ქვეყანაზე? ნუთუ არავის და არაფერს უწევს ანგარიშს? ან ნიკა რამ გააგიჟა? ქრისტინე ხომ მისი მეგობრის დედაა?

გული ხმაურიანად მიცემდა. გაქცევა მინდოდა და ვერ გავრბოდი, ყვირილი მინდოდა და ვერ ვყვიროდი, ტირილი მინდოდა და არ გამომდიოდა, დამალვა მინდოდა და ადგილს ვერ ვპოულობდი, რომ დროებით მაინც შემეფარებინა სადმე თავი. აფორიაქებული ვეძებდი გამოსავალს, თვალებს შეშლივით ვაცეცებდი აქეთ-იქით.

მოულოდნელად ქალების ხმა შემომესმა. ჰოლისკენ გავიხედე. ბიცოლაჩემის ასაკის სამი უმშვენიერესი ქალი ფილიპეს გარს შემოხვეოდა. ცოლის მეგობრებს, როგორც ჩანს, რაღაც ძალიან სასაცილოს უყვებოდა ბიძაჩემი, რადგან ისინი «ელიტურად» კისკისებდნენ.

სწორედ ამ დროს გაიღო აივნის კარი და ქრისტინეც გამოჩნდა. ისეთი აწითლებული ჰქონდა ღაწვები, გეგონებოდათ, ორთქლის აბანოდან ეს-ესაა, გამოვიდაო. უკან სრულიად დამშვიდებული ნიკა მოჰყვებოდა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ქალს სიბრაზისგან თვალები უელავდა, მაგრამ დაქალების დანახვაზე ჰოლივუდური ღიმილი აიფარა სახეზე და შემოსასვლელისკენ აიღო გეზი. ეგრევე სამზარეულოს გამოღებულ კარს ამოვეფარე, რომ ნიკას არ შევემჩნიე.

ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად… ვერც აზრებს ვალაგებდი და ვერც დაწყნარებას ვახერხებდი. აშკარად გამოუცდელი ვიყავი ასეთ საქმეებში. კიდევ ერთხელ შემეზიზღა ჩემი თავი, ჩემი წლოვანება. ნეტავ მართლა ორმოცის ვიყო… ან ორმოცდახუთის… სულაც ორმოცდაათის…

როგორც კი ნიკა მამაკაცების ჯგუფს შეუერთდა, დრო ვიხელთე და სამზარეულოში შევიმალე. მწვანეწინსაფრიანმა ორმა ქალმა გაკვირვებით გადმომხედა.

_ ხომ არ მოგეხმაროთ რამეში? ჴ ჩემდა უნებურად შევთავაზე.

_ არა, ქალბატონო, ნუ შეწუხდებით, მშვენივრად ავუდივართ ყველაფერს. თქვენ იმხიარულეთ, ამას ჩვენ მივხედავთ, _ ზრდილობიანი უარით გამომისტუმრეს მოსამსახურეებმა.

სწრაფი ნაბიჯებით გადავჭერი სასტუმრო ოთახი. უამრავსანთლიანი ჭაღი ისე კაშკაშებდა, თვალს მჭრიდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ იატაკზე ღვინისფერი ხალიჩა ეფინა, რომელიც ალაგ-ალაგ ამობურცულიყო, ალბათ ვიღაცამ უშნოდ თუ გაჰკრა ფეხი. ნაბიჯი შევანელე, მეც არ გამოვდო ფეხსაცმლის ქუსლი ხალიჩის «ბორცვებს» და ზღართანი არ მოვადინო-მეთქი.

დახურულ ვერანდას შევაფარე თავი და შვებით ამოვისუნთქე, რადგან იქ არავინ დამხვდა. შორეულ კუთხეში მარმარილოს სადგამი შევნიშნე, ალბათ ტელეფონისთვის განკუთვნილი, იქვე სავარძელი იდგა. სწორედ ამ სავარძელში ჩავესვენე და მაშინღა ვიგრძენი, როგორ მიცახცახებდა მუხლები, თითქოს უფსკრულის პირას ვმდგარიყავი. ერთადერთი ის მამშვიდებდა, რომ ზურგით კარისკენ ვიჯექი და გარედან ვერავინ შემამჩნევდა.

«ცოტას დავწყნარდები და მერე გავალ. ასე ვერავის დავენახვები».

სადგამზე ვიღაცას სიგარეტის კოლოფი და სანთებელა დაეტოვებინა. ჩემდა გასაკვირად, მოწევა მომინდა. არადა, მწეველი არასდროს ვყოფილვარ. ბოლის გამოშვებაც კი არ მეხერხებოდა. იმდენად ვიყავი ანერვიულებული, გახსნილ კოლოფს უშნოდ გავკარი ხელი, ისიც აყირავდა და სიგარეტის ღერები ძირს დაიყარა. ვცადე, ხელი შემეშველებინა და ჰაერშივე დამეჭირა ისინი, მაგრამ ყველას ერთად როგორ დავიჭერდი? სასწრაფოდ ავკრიფე ღერები და კოლოფში ჩავაბრუნე, ერთი კი ორთითშუა მოვიქციე და მეორე ხელით სანთებელას ჩამოვკარი… არ აინთო. ხელმეორედ ვცადე… კიდევ… კიდევ…

_ თუ ნებას დამრთავ… _ მომესმა მოულოდნელად ზურგიდან.

სანთებელა ხმაურით გაგორდა იატაკზე, სიგარეტიც გამვარდა თითებიდან, რადგან ისინი უკვე აღარ მემორჩილებოდნენ. ძლივს ვიპოვე ჩემს თავში ძალა, თავი შემომებრუნებინა.

ჩემ უკან, კარიდან ხელმარცხნივ, კიბე ყოფილა თურმე, რომელიც შემოსვლისას ვერ შევამჩნიე, ალბათ იმიტომ, რომ იქ შუქი არ ენთო. სწორედ იმ კიბის საფეხურზე ჩამომჯდარიყო ნიკა. როდის შემოვიდა? ნუთუ უკან გამომყვა და ვერ გავიგე? იქნებ ჩემამდე შემოვიდა და ჩაბნელებულ კიბეზე ჩამომჯდარი ვერ დავინახე? ახლა ძნელი იყო ამის დადგენა…

როგორც იქნა, შეირხა, ფეხზე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა, უჩვეულო მოძრაობით, ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა, თითქოს ჩასაფრებული ნადირი ყოფილიყო, რომელმაც მსხვერპლის კვალს ყნოსვით მიაგნო…

არც ლაპარაკი შემეძლო, არც განძრევა. ვიჯექი და ველოდი, რას მოიმოქმედებდა. მოულოდნელად ჯიბიდან ოქროსფერი (ან, სულაც, ოქროს) პორტსიგარა დააძრო, ერთი ღერი ამოიღო, მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, მერე კი ხელის სწრაფი მოძრაობით პირდაპირ ტუჩებშუა ჩამჩარა. ამან როდის დაიწყო მოწევა? ჟრჟოლაატანილი შევქანდი. მექანიკურად შევისუნთქე ბოლი, რომელმაც ეგრევე დაიარა სხეული, მსწრაფლ დამიბინდა გონება და თითქმის გამთიშა. თავი უკან გადავწიე და… ვიგრძენი, რომ სადღაც მივფრინავდი… ქვემოთ, შავ ბურუსში… დაბლა და დაბლა… თავბრუდამხვევი სისწრაფით მივექანებოდი უკუნ სიბნელეში… და სადღაც შორიდან, ძალიან შორიდან ჩამესმოდა ჩემი ოცნების მამაკაცის ხმა.

_ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეწეოდი… თუნდაც ოდესმე.

მეზობელ ოთახში კვლავ ხმაური იდგა, მუსიკის და ყაყანის ხმა გარკვევით აღწევდა, მაგრამ მე ვეღარაფერს ვგრძნობდი და ვხედავდი, გარდა მომნუსხველი თვალებისა, რომელიც ზემოდან დამჩერებოდა. სწორედ მისმა უძირო მზერამ მიმალურსმნა ადგილს, მეგონა, ჩემი შესრუტვა სურდა. მისი თვალებიდან გადმოსროლილი ცეცხლი მწვავდა, თითქოს ჩემი ფერფლად გადაქცევა ჰქონოდა განზრახული…

შევეცადე, ავმდგარიყავი, ჩემი დამსხვრეული თავმოყვარეობის რაღაც ნაწილი მაინც გადამერჩინა, მაგრამ ძალა აღარ შემრჩენოდა. თითქოს არათუ ეს ოთახი, სამყაროც კი აყირავდა, ყველაფერი გაშავდა ირგვლივ და მხოლოდ ნიკას თვალები ანათებდა ცეცხლისფრად…

ხველება ამიტყდა, ლამის დავიხრჩვი, ისე შემეკრა სუნთქვა. ბოლმა ყელი ჩამიწვა, ხოლო სიგარეტი ტუჩებიდან გამვარდა და კაბის კალთაზე პირდაპირ «თავით» ჩაერჭო… ვუყურებდი, როგორ იზრდებოდა პატარა შავი ხვრელი ჩემს ულამაზეს კაბაზე და ხელს ვერ ვანძრევდი, რომ რამე მეღონა.

ნიკამ ხელის ერთი მოქნევით მოისროლა სიგარეტი იატაკზე და ფეხით გასრისა.

_ კანი ხომ არ დაგეწვა? _ მის ამ დაბალ ბარიტონში ისეთი ბუნებრივი შიში იგრძნობოდა, რომ წამსვე გამოვფხიზლდი.

_ ა-არა-აა… _ როგორც იქნა, წამოვდექი, მაგრამ მას არც უცდია, განზე გამდგარიყო, რათა თავისუფლად გამევლო.

ისე ახლოს იდგა ჩემთან, მის თბილ სუნთქვას ვგრძნობდი, მის მოუხელთებელ მამაკაცურ სურნელს, ასე სანატრელი რომ გამხდარიყო ჩემთვის.

_ გამატარე… _ წავილუღლუღე, საკუთარი გულის ბაგაბუგით სმენადახშულმა.

_ არა!

თითქოს იგრძნო, განუსაზღვრელი ძალაუფლება რომ მოიპოვა ჩემზე. თვალებით გამბურღა და ისეთი თავხედური და გამჭოლი მზერით შემომხედა, ადგილზე გამაქვავა.

_ გამიშვი… _ ძლივს ისმოდა ჩემი ხმა.

_ არ გაგიშვებ… არასდროს… რადგან ერთხელ გიპოვე, აღარ დაგკარგავ… და არც შენ მოგცემ უფლებას, მიმატოვო, _ ყრუდ მიპასუხა.

მივხვდი, რომ ცოტაც და გონებას დავკარგავდი, შევტორტმანდი კიდეც და იმწამსვე მისი გახურებული ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე.

_ წავიდეთ ისეთ ადგილას, სადაც განმარტოებას შევძლებთ, _ ზედ ყურთან მიჩურჩულა სიყვარულმოწყურებული, ვნებით გათანგული ხმით.

_ არა, _ ჩურჩულითვე ვუპასუხე.

სწორედ ახლა, როცა ჩემი ოცნებები რეალობასთან ასე ახლოს აღმოჩნდა, პანიკურმა შიშმა შემიპყრო. არ ვიცი, რატომ და რისი შემეშინდა. იქნებ ცოტა ხნის წინ ნანახმა და გაგონილმა? იქნებ ქრისტინე გახდა ამ შიშის გამომწვევი საბაბი? არ ვიცი…

კვლავ შევეცადე გვერდის აქცევას, მაგრამ ძლიერმა ხელებმა ადვილად შეძლო ჩემი დაჭერა.

_ რატომ არა? _ მორკალა შავი წარბები.

ის ოდნავ მეხებოდა, მე კი მდაგავდა მისი შეხება. არა! მასთან ერთად არსადაც არ წავალ! მასთან ერთად ახლა აქედან წასვლა ნიშნავს, რომ საკუთარ სიამაყეს კიდევ ერთხელ გადავაბიჯო, თან ის ხალხიც უნდა დავკარგო, ვისთანაც სტუმრად მოვედი. არ მიღირს ამად.

ყელში მობჯენილი ცრემლები მახრჩობდა. ნიკას გამო ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, მაგრამ მისი ხასიათის ასეთი ცვალებადობა უკან მხევდა, წინ გაჭრის საშუალებას არ მაძლევდა.

«დადგება დღე, როცა ამ ყველაფერს პირში მივახლი, ერთს გემრიელად მივალანძღავ და მივატოვებ! მაგრამ ჯერ არა… ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. მით უმეტეს ახლა, აქ, ამ სიტუაციაში», _ თან მივჩერებოდი, თან ფიქრს არ ვწყვეტდი… თუმცა, დანამდვილებით ვიცოდი, ვერასდროს შევძლებდი ამის გაკეთებას, რადგან გონის დაკარგვამდე მიყვარდა, არ შემეძლო მისთვის ოდესმე ზურგი შემექცია და გავქცეულიყავი… არ შემეძლო!

მაინც ვძლიე ჩემს თავს.

_ არა! _ გამშრალი ტუჩებით მტკიცედ წარმოვთქვი, _ ძალიან გთხოვ, გამატარე.

მისმა ძლიერმა თითებმა ისე წამიჭირეს, თავბრუდახვეულს მომეჩვენა, თითქოს ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. ვხვდებოდი, რომ ყოველი მისი შეხებისას ჩემი ცხოვრებისეული პრინციპები ძაბვამოვარდნილი ნათურებივით იმსხვრეოდა და გამოსავალი არსაიდან იყო. მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი ამქვეყნად… მისთვის ვსუნთქავდი… მისთვის ვარსებობდი…

და მაინც არ მინდოდა უკან დახევა.

_ მე ნიკუშასთან მოვედი და არა შენთან, _ კრიჭაშეკრულმა დუდღუნით დავიწყე ახსნა, ცხვირისმიერ ბგერებს გამოვცემდი, რადგან მივხვდი, რომ ბრძოლა წავაგე, _ არ მინდა ვანერვიულო, რადგან ძებნას დამიწყებს.

მსუბუქმა ღიმილმა შეურხია ტუჩები.

_ და ვერ გიპოვის, _ დაასრულა და ღონივრად ჩამკიდა ხელი.

ახლა რომ მისთვის დამეჯერებინა, ალბათ ბევრი რამ შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი სიჯიუტე და ჯერ კიდევ შემორჩენილი თავმოყვარეობა არ მაძლევდა დანებების უფლებას.

_ არა! _ შევყვირე და ხელი გამოვგლიჯე.

ჩემი მოულოდნელი რეაქციით შემცბარმა უნებლიეთ უკან დაიხია, რითაც ვისარგებლე, გავუსხლტი და გარეთ გამოვვარდი.

აცახცახებული პირდაპირ ფილიპეს შევეჩეხე. მსუბუქად შევკივლე.

_ შეგაშინე, გენათალე? სად იყავი, რად იმალებოდი? მთელი სახლი შემოვიარე შენს ძებნაში! _ მხარზე გადამხვია ხელი და თავი თავზე ალერსიანად მომადო.

_ აქვე ვიყავი, ვერანდაზე, _ ხელებიც კი გამიწითლდა მგონი, ისე შევიშმუშნე. ამწუთას მისი «გენათალე» სულაც არ მაღიზიანებდა, რადგან ასე ადვილად გადავრჩი და ვერავინ ვერაფერი შეამჩნია. კიდევ კარგი, უცხო ხალხთან სირცხვილი არ ვჭამე.

_ იქნებ ყავის მოდუღებაში დაეხმარო ქალებს? კრისტიმ გთხოვა. ყველას ვერ ენდობა მაგ საქმეში, ხომ იცი. შენ კი არ შეგეშლება, კარგი ყავის მოხარშვა გეცოდინება, ყოჩაღი გოგო ხარ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობდი, ნახევრად იტალიელი ბრძანდები, ჩემო ბატონო, _ ენად გაიკრიფა ჩემი «დიდი» ბიძა.

_ ახლავე, რა პრობლემაა, _ გამიხარდა კიდეც, რაღაცით რომ დამსაქმეს.

ის იყო, პირველი პარტია ყავა მოვადუღე და სასტუმრო ოთახში გამოვედი სინით ხელში, რომ დავინახე, როგორ ემშვიდობებოდა ნიკა სტუმრებს და გასასვლელისკენ მიიწევდა. აქა-იქ გაკვირვებული და უკმაყოფილო შეძახილებიც გაისმა. ალბათ არ უნდოდათ, მას იქაურობა ასე ადრე დაეტოვებინა. ნიკამ არავის მოუსმინა, ხელი აიქნია გამომშვიდობების ნიშნად და ჰოლში გაუჩინარდა… ქრისტინე ამაზონივით კაცთმოძულე თვალებით გაჰყურებდა მიმავალს…

ფინჯნებით დახუნძლული სინი კინაღამ ხელიდან გამივარდა…

8 8 8

გზაში ვიყავი უკვე, მარიკამ რომ დამირეკა, ვეღარ მოვითმინე, შენთან ვარ ამოსული და შინ არ დამხვდიო. ათ წუთში ვიქნები-მეთქი, ვუპასუხე და სიჩქარეს მოვუმატე. ჩემი სადარდებელი არ მყოფნიდა, მარიკასიც რომ მომემატა? ნეტავ, რომელი უფრო ცუდ დღეში ვართ? კარგია, რომ მოვიდა. მასთან საუბარი მამშვიდებს. ახლა, მით უმეტეს, ერთმანეთს დავამშვიდებთ. როცა ცხოვრება მიმძიმდება ან მგონია, რომ მიმძიმდება, მარისთან ათი წუთის საუბარიც კი საკმარისია, რომ მივხვდე, რა მშვენიერია სიცოცხლე. ნუთუ ისიც იმავეს განიცდის, როცა გულს მიშლის?

ნიკა, ნიკა… რას მერჩოდა, ამ დღეში რომ ჩამაგდო? დაახლოებით სამი თვე გახდა, რაც ვიცნობ, ანუ ოთხმოცდაათი დღე. ამ ხნის განმავლობაში ალბათ შვიდი დღე თუ ვიყავი ბედნიერი, ოთხმოცდასამი დღე კი უბედური. ჩემი მისადმი სიყვარული ეს იყო ტკივილი, რომელიც სიკვდილამდე არ დამიამდებოდა. და მაინც, არასდროს არავისთან ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი და, ამავდროულად, ასე გაურკვევლად უბედური…

მარიკა მხოლოდ თავით მიყრდნობოდა კარს და მონოტონურად ქანაობდა.

_ დიდი ხანია, მელოდები? _ გადავკოცნე აქოშინებულმა.

_ არც ისე. შინ რომ არ დამხვდი, მაშინვე დაგირეკე.

_ კარგად ხარ? _ თან ველაპარაკებოდი, თან კარს ვაღებდი.

_ კარგად არ ვარ… მაგრამ არც მაინცდამაინც ცუდად.

_ ესე იგი, რაღაც მოგიფიქრებია. ეს მომწონს… გშია?

_ არა… სად იყავი?

_ ნიკუშას დედას დაბადების დღე ჰქონდა და…

_ აბა, კარგი დრო გიტარებია.

_ ნუ იტყვი! _ მწარედ ჩავიცინე, _ შენს მტერს ეტარებინოს ეგეთი დრო.

_ რატომ, საზოგადოება არ მოგეწონა?

_ პირიქით, საზოგადოება მომეწონა, მაგრამ იუბილარმა დამშოკა.

_ ვერ გავიგე, რას მექარაგმები, წესიერად ამიხსენი, რა გადაგხდა.

_ ჯერ შენი ამბები მომიყევი, ჩემი არსად გაიქცევა.

_ გამისკდა თავი ფიქრისგან და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედი, ლოლა. მირჩიე რამე, რა ვუყო ამ ბავშვს?

_ მაგას რა ფიქრი უნდა, ადექი და გააჩინე!

_ გავაჩინო? _ ისედაც ფერმკრთალი სახე მთლად გაუთეთრდა. როგორც ჩანს, ნაკლებად უფიქრია ამაზე ან საერთოდ არ უფიქრია.

_ ჰო, აბა რა! ეს შენი კოზირია… დანამდვილებით იცი, რომ თედო ცოლთან შერიგებას აპირებს?

_ არაფერიც არ ვიცი. არ არის გამორიცხული, მატყუებდეს, ჩემი თავიდან მოშორების მიზნით.

_ მაშინ სამსახურიდანაც დაგითხოვდა.

_ მაგას ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ ეგრევე გაიშიფრება.

_ ჰო, ეგეც მართალია. იცი, რა მაინტერესებს?.. გიყვარს? გიღირს მისი ცოლობა რამედ?

_ ცოლობაზე არც მიფიქრია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მიყვარს, აბა, არ მიყვარს? რომ არ მყვარებოდა, ასეთ ნაბიჯს რა გადამადგმევინებდა? შენ რა, არ გიყვარდა ნიკა, როცა დანებდი?

_ ჰოდა, მაშინ იმოქმედე, _ მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე, _ რომც შეურიგდეს ცოლს, საშიშროება მაინც არ გელის. მათ შვილი არ ჰყავთ, სავარაუდოდ, არც არასდროს ეყოლებათ. შენ კი ბავშვს გაუჩენ… თუ ბიჭს გააგორებ, ხომ საერთოდ…

_ ასე გგონია?

_ დარწმუნებული ვარ.

_ არ ვიცი, დედას როგორ ავუხსნა. ისედაც ვერ არის კარგად, ვერ გადაიტანს. თანაც, ბოლო ხანებში ყურები გამომიჭედა ნიკუშას ხსენებით, ნეტავ ასეთი სიძე შემხვდებოდეს, ნეტავ ასეთ ბიჭს გაყვებოდე…

_ შენ არჩევანი დიდი ხანია, გააკეთე. ახლა ვერაფერს შეცვლი, _ მწარედ ჩავურტყი, თუმცა ნიკუშას იგი მგონი, აღარც ახსოვდა. ყოველ შემთხვევაში, იმ საღამოს მერე ერთხელაც არ უხსენებია.

_ მაგრამ მერის როგორ ავუხსნა ეს? როცა რამეს განიცდის, თავში წაიშენს ხოლმე ხელს. მინდა ახლა მე ეს? რამე რომ მოუვიდეს, გავგიჟდები. მის გარდა არავინ მყავს.

_ ამ ეტაპზე ნურაფერს ეტყვი, მარი, ნურც დედაშენს და ნურც იმ ვაჟბატონს. დაველოდოთ, რა იქნება. მუცელი რომ წამოგეზრდება და დაგეტყობა, თან გამუდმებით თედოს თვალწინ რომ იტრიალებ, იქნებ მოუბრუნდეს გული. ვინ იცის, როგორ ოცნებობს შვილზე.

_ მაგრამ… ერთი მდივანი სწორედ იმიტომ დაითხოვა, შენგან ორსულად ვარო რომ უთხრა.

_ იმ გოგომ სცენები მოუწყო სამსახურში, ისტერიკები დაიმართა. შენ ღირსეულად უნდა მოიქცე, მშვიდად, უემოციოდ უნდა იმოქმედო. როცა უკვე შეუძლებელი იქნება აბორტის გაკეთება, მაშინ დააყენე ფაქტის წინაშე. პრეტენზიები კი არ წაუყენო, უბრალოდ, აუხსენი, რომ არაფერს ითხოვ მისგან, მაგრამ ბავშვს აჩენ. მორჩა და გათავდა. თუ ვაჟკაცობა ეყოფა, ისე მოიქცევა, როგორც ნამდვილი მამაკაცები იქცევიან, თუ არადა, რაღად გინდა ეგეთი კაცი?

ერთხანს თავჩაღუნული იჯდა. საჩვენებელი თითით უფორმო ფიგურებს «ხატავდა» მაგიდის ზედაპირზე. როდის-როდის ასწია თავი და უაზროდ შემომხედა.

_ კარგი აზრია… ეგრე ვიზამ… _ გულდათუთქულმა თქვა.

უსიამოვნოდ მომხვდა ყურში მისი ტონი.

_ რა ჩაიფიქრე? _ რატომღაც, დამბურძგლა.

_ არაფერი. როგორც დამარიგე, ისე მოვიქცევი. მე დამჯერი გოგო ვარ, _ ცალყბად გაიღიმა.

_ არ მომწონხარ…

_ არც მე… იმიტომ, რომ არ მეუბნები, დღეს რა შეგემთხვა. ახლა შენი ჯერია, _ გულგრილი ღიმილით მომიგო.

_ ყავა გინდა? _ მისი რეაქციით დამფრთხალმა ვეღარ ვიპოვე უკეთესი გამოსავალი.

_ ჩემთვის არ შეიძლება, _ თავი გადააქნია, _ გისმენ.

სხვა რა გზა მქონდა, ჩემი ამბავი დავიწყე და ყველაფერი მოვუყევი. დროდადრო ჩრდილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე. და რაც მთავარია, მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში მაგიდაზე ხატვა არ შეუწყვეტია, თუმცა ახლა «ბრმად» ხატავდა, დაუხედავად, რადგან მე მიყურებდა.

_ სულ ეს იყო… _ დავამთავრე და ღრმად ამოვიოხრე.

_ შენ რა გიჭირს, _ ღვარძლიანი მომეჩვენა მისი პასუხი, _ ძალად იქმნი პრობლემებს. უყვარხარ მაგ კაცს და არ გინდა გაიგო. ის ბიცოლაშენი კი ერთი «აშარაშკა» ქალია და მეტი არაფერი! დაიკიდე!

_ ვუყვარვარ? ამიტომაც დასდევს სხვის ცოლებს? რანაირად მსჯელობ! _ ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.

_ იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო? მამაკაცები ვერ იტანენ აგრესიულ ქალებს. ეს კი შენი მთავარი პრობლემაა. ძალიან აგრესიული ხარ! _ აშკარად გაბოროტებული იყო, ისე აგდებულად მომახალა.

გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. წამით დავფიქრდი კიდეც, იქნებ მართალს მეუბნება-მეთქი, მაგრამ რომ გავაანალიზე, ჩემს ქმედებაში აგრესიულობის ნაპერწკალიც ვერ დავინახე… ან არ მინდოდა, დამენახა…

_ სულაც არ ვარ აგრესიული, _ გავაპროტესტე, თუმცა არც ისე თავდაჯერებულად, როგორც სხვა დროს.

_ ჩვენ ორივეს გაფრენები გვჭირს… კიდევ კარგად ვართ ჩვენს მდგომარეობაში, _ ხელი ჩაიქნია დაღვრემილმა და წასასვლელად მოემზადა.

ვეხვეწე, ამაღამ ჩემთან დარჩი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, მერის მარტო ვერ დავტოვებო…

8 8 8

ვიცოდი, რთული დღე მელოდა. მეორე დილით ძალიან ადრე ავდექი. მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტები რომ არ მქონოდა წასაღები სამსახურში, საერთოდ არ წავიდოდი, მაგრამ საქმეში ღალატი არ მჩვეოდა. რაც შეიძლებოდა, ელეგანტურად ჩავიცვი. მინდოდა ისეთ ფორმაში ვყოფილიყავი, როგორც არასდროს. ამისთვის ახალნაყიდი შავი პერანგ-შარვალი შევარჩიე და ფირუზისფერი პიჯაკი შევუხამე, შავი, წვრილი ზოლებით დაფერილი. როცა დილის რიტუალს მოვრჩი და სარკის წინ დავბზრიალდი, თავადვე დავრჩი აღფრთოვანებული.

ეს კიდევ არაფერი, თქვენ უნდა გენახათ, რა ხდებოდა, ოფისის დერეფანში რომ გავიარე. ყველა ისე მომჩერებოდა, თითქოს შიშველი ვყოფილიყავი. მაშინვე შანელის სიტყვები გამახსენდა: «ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა უზადოდაა ჩაცმული». ესე იგი, სწორად გავთვალე. დღეს მე არაჩვეულებრივად გამოვიყურები!

ის იყო, ჩემს კაბინეტში შევედი და კარი უნდა დამეხურა, რომ მოულოდნელად ნიკამ გამოიარა. ჩვენი მზერა ძალაუნებურად შეხვდა ერთმანეთს. ავილეწე. ცივად დამიკრა თავი მოსალმების ნიშნად და ჩაიარა… მისმა ჟესტმა გამანადგურა. ერთიანად დავიშალე. ლამის გამიგიჟდა გული, ისე მიფეთქავდა.

არადა, დოკუმენტაცია უნდა შემეტანა. როგორ მოვქცეულიყავი? ძალიან ვიბნეოდი ასეთ სიტუაციებში. საერთოდ არ მქონდა გამოცდილება. ცოტა შევიცადე, რომ შეძლებისდაგვარად დავმშვიდებულიყავი, თან გული არ მითმენდა, ისე ვეშურებოდი მის ნახვას, მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა, რას მეტყოდა წუხანდელზე.

მისაღებში არავინ დამხვდა. გამიხარდა კიდეც, მისი პრანჭია მდივანთან რომ არ მომიწევდა დალაპარაკება. დავაკაკუნე და გავისუსე.

_ მობრძანდით! _ საღამოს ნიავივით მომელამუნა მისი ბარიტონი… ლამის ჩავიკეცე.

მხნეობა მოვიკრიბე და კაბინეტში შევედი.

კომპიუტერში ჩხირკედელაობდა რაღაცას. იქვე შევდექი, სანამ შემამჩნევდა, რომ მე ვიყავი. როცა მომხედა, კიდევ ერთხელ შევნიშნე მის სახეზე უცნაური და სრულიად გაუგებარი გამომეტყველება, რომელმაც ახლაც მხოლოდ წამით გაიელვა და გაქრა… ნეტავ, რას ფიქრობს ამწუთას? კარგა ხანს თვალი არ მოუშორებია, უცნაურად მზვერავდა. შეამჩნია, განსაკუთრებულად რომ გამოვიყურებოდი, მაგრამ გამოხატვა არ უნდოდა…

_ ვიცი, არ გსიამოვნებს ჩემი დანახვა, მაგრამ საქმე ითხოვს, _ გულგრილად მივმართე.

_ ამ ოთახში იმაზე სასიამოვნო უსიამოვნება არავინ ყოფილა, როგორიც შენ ხარ, _ ფართოდ გაიღიმა და წამოდგა, _ რატომ დაასკვენი რომ არ მსიამოვნებს? მეც მინდოდა დღეს შენთან დალაპარაკება სამსახურის თაობაზე.

წარბები გაკვირვებით შევყარე.

_ რამე ისე ვერ გავაკეთე? საქმე გავაფუჭე? _ ხმა ძალაუნებურად ამიკანკალდა, ვიფიქრე, ალბათ მოვბეზრდი და სხვაგან გადავყავარ-მეთქი.

_ სულაც არა. განა მე ცოტას გიხდი? რატომ უნდა გაგეფუჭებინა საქმე… დაჯექი, _ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.

დავემორჩილე. ისე მიმიღო, თითქოს წუხელ არაფერი მომხდარიყო. მაგიჟებდა თავისი ხასიათით.

_ შეამჩნიე ალბათ, მდივანი რომ აღარ მყავს, _ თქვა და ცხვირ-ნიკაპი საჩვენებელ და ცერა თითს შუა მოიქცია, თან ბოლთას სცემდა ოთახში.

_ ვიფიქრე, აქვეა სადმე გასული-მეთქი, _ დავიბენი.

_ გავუშვი… და თედოს მარიკა უნდა გადმოვიყვანო… შენ რას იტყვი?

_ მარიკა? რ-რატომ? _ მოულოდნელობისგან ენა დამება.

_ თედომ მთხოვა. რაღაც ვეღარ ეგუებიან ბოლო ხანებში ერთმანეთს, სულ ჩხუბობენ. არადა, კარგი კადრია, არ მინდა მისი გაშვება.

_ რა სისულელეა… ვინ გითხრა, რომ ვერ ეგუებიან? რატომ ვერ ეგუებიან? _ სიბრაზისგან ნესტოები დამებერა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ ავფეთქებულიყავი.

_ არ ვიცი… მეგონა, შენ გეცოდინებოდა… _ შემპარავად მომიგო.

_ მე ერთადერთი რამ ვიცი, _ ვეღარ შევიკავე თავი და გაცხარებულმა ხმას ავუწიე, _ რომ ის გოგო ორსულადაა და ასე არ უნდა მოექცეთ! რა, თქვენი სათამაშაოა?!

უეცრად სახე მოექცა. ადგილზე გაშეშებულმა წარბები შეჭმუხნა და გამომცდელად დამაშტერდა.

_ რა თქვი? საიდან მოიტანე? ვისგან?

_ როგორ გგონია, ვისგან? ვინც მის თავიდან მოშორებას ცდილობს, იმისგან!

_ დარწმუნებული ხარ? _ კბილებშუა გამოცრა, მომიახლოვდა, სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და სახე სახესთან ახლოს მომიტანა, _ მე კი მეგონა, შენ ვერ შეგელია და ამიტომაც ვერ ეგუებოდა მარიკას სიახლოვეს.

_ მე არაფერ შუაში ვარ. დააორსულა, უკვე მოყირჭდა და ახლა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ასე უთქვამს, ცოლს ვურიგდებიო. თუმცა, ორსულობის ამბავი ჯერ არ იცის.

_ ო-ოოო! _ დაუსტვინა ნიკამ და კვლავ წელში გასწორდა, _ ეს კიდევ ახალი ამბავი! თანაც ტყუილი ამბავი! ცოლს არა, იმას ურიგდება! ჴ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.

_ ოღონდ არ მინდა მან გაიგოს… ეს ჯერჯერობით მხოლოდ მე ვიცი… და ახლა უკვე შენც, _ ხმადაბლა დავამატე.

ერთხანს დადუმდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა თავი მაღლა ასწია, ჭერს მიაჩერდა და რაღაცაზე ჩაფიქრდა.

_ მოდი, ასე მოვიქცეთ, _ თქვა ცოტა ხნის პაუზის შემდეგ, _ მარიკას მე მაინც გადმოვიყვან ჩემთან, ასე უფრო მშვიდად იქნება. მისთვის ახლა ზედმეტი ნერვიულობა არ შეიძლება. დანარჩენი მერე ვნახოთ… ეს საუბარი კი ჩვენ შორის დარჩეს, არც მარიკასთან წამოგცდეს რამე, მე თვითონ დაველაპარაკები, კარგი?

თავი დავუქნიე და წამოვდექი…

კაბინეტიდან ისე გამოვედი, «ჩვენზე» სიტყვა არ დასცდენია. არც იყო საამისო სიტუაცია, მაგრამ მაინც დამწყდა გული… რაღაც გაუფერულდა.

_ შენ განსაკუთრებული ხარ, ლო, იცი ე-ეს? _ თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო, დამეწია მისი სიტყვები, _ მოგვიანებით მოვიცლი შენთვის, _ დააყოლა და ეშმაკური ღიმილით გამომაცილა.

ჯერ კიდევ არასდროს მინერვიულია ასე. ოცი წუთი მაინც დამჭირდა, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი…

 

 

შემდეგი კვირა ძალიან მძიმე გამოდგა ჩემთვის. ნიკა საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, დელიკატური ღიმილით მომესალმებოდა ხოლმე, როცა მასთან საქმეზე შევდიოდი ან როცა დერეფანში მხვდებოდა. გული გახეთქვაზე მქონდა. თითქოს ორივენი სიჯიუტეში თუ სიჩუმეში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. არც ის ცდილობდა არაფრის ახსნას, არც მე ვთხოვდი არაფერზე პასუხს. ვითმენდი და ველოდებოდი. ითმენდა და ელოდებოდა… მე _ მას… ის _ მე… და არც ერთს არ გვსურდა, პირველს გადაგვედგა პირველი ნაბიჯი ან შესარიგებლად, ან ურთიერთობის დასამთავრებლად.

ამასობაში ვისთვის უმნიშვნელო და ვისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მარიკამ ნიკას კაბინეტში გადაინაცვლა. იმდენად მშვიდად და აუღელვებლად შეხვდა თედოს მდივანი უფროსის შეცვლას, გამიკვირდა კიდეც, ასეთი რა უთხრა მეტრეველმა, უმტკივნეულოდ რომ დაითანხმა-მეთქი. ერთი კი იყო, მარის ორსულობას ტოქსიკოზი დაემატა და ხშირად ხდებოდა ცუდად. ვერაფერს ჭამდა, წარამარა სახე უფითრდებოდა, თან ისეთი ღებინებები დაეწყო, საათობით ნიჟარაში იყო გადაყუდებული. საშინლად გახდა, ჩამოხმა, ხმაც დაუსუსტდა და სხეულიც. რამდენჯერმე ვთხოვე, ექიმთან მივიდეთ და რამეს დაგინიშნავს-მეთქი, მაგრამ ვერ დავიყოლიე. თუ ღმერთს ამ ბავშვის გაჩენა უნდა, წამლების გარეშე გამაჩენინებსო. უცნაურობა დასჩემდა ბოლო ხანებში. იჯდა და გარინდული სადღაც, ფანჯრის მიღმა, გაურკვეველ წერტილს მიშტერებოდა უაზრო, ცარიელი თვალებით. რამდენჯერმე დავაპირე, თედოს დაველაპარაკები და ნამუსზე შევაგდებ-მეთქი, მაგრამ მარის თანხმობის გარეშე ვერ გავბედე.

ჩემი სატკივარი ხომ მქონდა და მქონდა, მაგრამ მარიკას ყოფამ უარესად დამამძიმა. ის დღეები სამსახურში მისვლა მეზარებოდა. მძულდა ყველა და ყველაფერი, თანამშრომლები, გარემო…

როგორც იქნა, პარასკევიც გათენდა. მიხაროდა, წინ დასვენების დღეები რომ მელოდა. ბოლო დროს შვებას მხოლოდ განმარტოება მგვრიდა. მივეგდებოდი ჩემთვის საწოლზე და ვფიქრობდი, ვოცნებობდი. ცალკე უძილობამ შემაწუხა. განსაკუთრებით თვალებზე დამეტყო. ჩარუხებულ უპეებთან ტომრებიც ჩამომეკიდა. უკვე სამუშაოსაც ვერ ვუდებდი გულს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამომდიოდა. იმდენ იდეას ვაფრქვევდი და იმდენი სარფიანი საქმე გავუკეთე ფირმას, გაყიდვების რაოდენობამ ერთი-ორად იმატა. უკვე წარმოების გაფართოებაზე დაიწყო მარკეტინგის სამსახურმა საუბარი, ევროპის უფრო სერიოზულ ქვეყნებთან სავაჭრო გარიგებების წამოწყებაზე ალაპარაკდნენ. მეც მქონდა ამაზე კარგი წინადადება _ იტალიასთან კავშირის გაბმა, რაც სრულებით არ გამიჭირდებოდა. ერთი ზარი ბაბუასთან და საქმე ხუთიანზე იქნებოდა მოგვარებული. თუმცა, ჯერჯერობით ხმას არ ვიღებდი. მინდოდა, ისეთ დროს მეთქვა, როცა ყველაზე მეტად დამჭირდებოდა ამის გაკეთება, ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, ასე ადვილად ვერ მოახერხებდნენ ევროპელებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას, რომელიღაც ერთი ქვეყანა მაინც გაუცრუებდა მათ იმედს. ჰოდა, ჩემი გამარჯვების ზარი სწორედ მაშინ ჩამორეკავდა.

ფანჯარასთან ვიდექი და მარიკაზე ვფიქრობდი. დღეს მთელი დღე, რამდენჯერაც ვნახე, ხმა ვერ ამოვაღებინე. თავჩაღუნული იჯდა და ავტომატივით უკაკუნებდა კლავიატურაზე. წესიერად დალაპარაკების საშუალება არ მომცა, სასწრაფო საქმე მაქვს და მალე მინდა დავამთავრო, დღეს ადრე ვარ გასასვლელი და უნდა მოვასწროო.

მართლაც, ხუთი არ იყო, რომ წავიდა. მეც დავაპირე გასვლა, შვიდი ხდებოდა უკვე. სარკმელი მივხურე, საშინელი სუსხი შემოდიოდა გარედან. ისე იყო მოქუფრული, აუცილებლად გაწვიმდებოდა. ცის კაბადონი სისხლისფრად იყო შეფერილი, ნალექით დამძიმებული ღრუბლები უფრო და უფრო დაბლა იწევდნენ, დედამიწისკენ, თითქოს თავიანთი იერიშით ცის ჩამოქცევა განუზრახავთო. რა კარგი შესატყვისი აქვთ ქართველებს ამინდთან დაკავშირებით _ ავდარი. ეს სიტყვა ზუსტად მიესადაგებოდა იმას, რაც ამ შავ ღრუბლებს ჰქონდათ ჩაფიქრებული.

მოულოდნელად კარი გაიღო და ჩემს კაბინეტში ვიღაც შემოვიდა. ტანში გამცრა, მაგრამ არ შემოვბრუნებულვარ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკა იქნებოდა.

_ შენც ორსულად ხომ არ ხარ? _ ბოროტად ჩაიცინა ნაცნობმა ხმამ.

გულხელდაკრეფილმა ფანჯარაში ცქერა გავაგრძელე. არც კი გავრხეულვარ.

_ მე მგონი, შენ ეგ არ უნდა გადარდებდეს, _ რაც შეიძლებოდა, მეტი ღვარძლი გავურიე ხმაში.

_ ვითომ რატომ?

_ იმიტომ, რომ შენგან არასდროს დავორსულდები, _ უკმეხად ვუპასუხე ზურგშექცეულმა.

ნაბიჯების ხმა თანდათან მიახლოვდებოდა. მერე მისი ხელები ვიგრძენი ჩემს მხრებზე.

_ აიღე ხელი! _ ცივად ვთქვი.

_ რომ არ ავიღო?

ნელა მოვატრიალე თავი და ზიზღით შევხედე თედოს. წარბი არ შეუხრია. არც მე.

_ შენთვის აჯობებს, ხელი აიღო და უკან დაიხიო! _ ისე განგმირავად გაისმა ჩემი ხმა, დირექტორი შეცბა, ხელები ჰაერში ასწია და ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია. ამასობაში შემოვბრუნდი.

_ კიდევ ვინ არის ორსულად? _ აგდებულად ვკითხე.

_ შენი დაქალი… რა, არ იცი? რა დიდი გამოცნობა მაგას უნდა, ქალის სახე აქვს დაკარგული.

_ ნუთუ? _ ამრეზით ავათვალიერე ფეხებიდან თმის ძირამდე, _ ნეტავ, რომელმა ნაძირალამ ჩაიდინა ეს?

_ ეგეთები არ იყოს, ლოლა! არ გიხდება! _ უფრო დამემუქრა, ვიდრე დამმოძღვრა.

_ შენ? შენ გიხდება ის, რაც გააკეთე? _ არ დავინდე.

_ მე რა, მე კაცი ვარ… ქალი მეძლეოდა და უარს რატომ ვეტყოდი? რას ვიფიქრებდი, თუ…

_ გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს… მაგ ქალის ცოდვით ვერასდროს გაიხარებ.

_ მწყევლი?

_ მეტი საქმე არა მაქვს. არც ეგრე დავცემულვარ. მით უმეტეს, შენისთანა წყევლასაც კი არ იმსახურებს, რომ იცოდე.

_ ასე ცუდად მხედავ?

_ სამწუხაროდ, ძალიან კარგად გხედავ, ჯერ არ დავბრმავებულვარ. ცუდად კი არ გხედავ, ცუდად გიყურებ. საშინელი ადამიანი ხარ.

_ დიდი მადლობა. ისიც კარგია, რომ რაღაც სიტყვები მაინც გამოიმეტე ჩემს შესაფასებლად. აქამდე საერთოდ იგნორირებას მიკეთებდი.

_ იმიტომ, რომ თავიდანვე შეგატყვე, რა ნაგავიც ბრძანდებოდი… და სულელი იქნება მარი, ეს ყველაფერი რომ გაპატიოს. მის ადგილას რომ ვიყო, თვალით არ დაგანახვებდი მაგ ბავშვს.

_ არც მაქვს ამის სურვილი.

_ რატომ? იქნებ ცილიც დასწამო და წამოგცდეს, რომ შენგან არ არის ორსულად?

_ არც ასეთი სულმდაბალი ვარ.

_ კიდევ კარგი…

_ მე მას ცოლად ვერ შევირთავ და იცი შენ, რატომაც.

_ არც ვიცი და არც მაინტერესებს, თედო. სულმდაბალი ნუ იქნები. თუ ცოლობას არ უპირებ, დაეხმარე მაინც, გვერდით დაუდექი. გაუჭირდება ბავშვის მარტო გაზრდა. ბოლოს და ბოლოს, შენ გიჩენს შვილს, მხოლოდ თავის თავს კი არა.

_ მერჩივნა, შენ გაგეჩინა შვილი ჩემგან. ვერ გივიწყებ… ვცადე, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ არ გამომივიდა. მასთანაც ამიტომ გადავწყვიტე ურთიერთობა, იქნებ ლოლა დამავიწყოს-მეთქი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მთლად ჩემი ბრალიც არ არის. ხომ იცოდა ჩემი ამბავი, რატომ მომენდო?

_ იმიტომ, რომ უყვარდი. შენ კი არც შეგიმჩნევია მისი არსებობა ამდენი ხნის მანძილზე. იმ მდივნების სიაშიც არ მოახვედრე, ვისთანაც…

_ რა ვისთანაც?

_ ვისთანაც დროს ატარებდი.

_ ჰო, ამდენი პატივი არ რგებია ჩემგან. სხვებივით რესტორნებში არ მიტარებია… არც საჩუქრებით ამივსია.

_ ამიტომაც ეგონა, რომ შენც შეგიყვარდა. სხვანაირად მექცევა, სხვანაირად მცემს პატივსო… შენ მას ყველაზე ლამაზი იმედები დაუმსხვრიე, იცი ეს?

_ ვიცი… მაგრამ შენ ვერ დაგივიწყე. ყველაფერი შენი ბრალია. გინდა, გარიგება შემოგთავაზო? _ უეცრად თვალები დაუწვრილდა და ხარბად დამასო მზერა მკერდზე.

_ გარიგება? ამჯერად რა ჩაიფიქრე?

_ ისეთი არაფერი… _ ერთხანს შეყოვნდა, ალბათ საჭირო სიტყვებს უყრიდა თავს ან ფიქრობდა, ღირდა თუ არა გარიგების ტექსტის წარმოთქმა, _ ერთი პირობით შევირთავ ცოლად მარიკას მხოლოდ… ერთი პირობით.

_ რას მელაპარაკები! _ ეკლიანი მზერა ვესროლე, _ და რა პირობაა ასეთი, არ დამიმალო! _ მივხვდი, რაღაც საზიზღრობას მეტყოდა, თუმცა მისმა ნათქვამმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

_ თუ ერთი ღამით მაინც გახდები ჩემი.

_ რა-ა?! _ მეგონა, მომესმა-მეთქი, ვერაფრით წარმოვიდგინე, ასეთ სიბილწეს თუ შემომთავაზებდა.

_ გაუგებარი ვთქვი რამე? ნიკასთან თუ წევხარ, ერთხელ ჩემთანაც რომ დაწვე, რა დაშავდება? სულერთია, ის შენს ცოლობაზე მაინც არასდროს იფიქრებს. ისიც მალე დაამთავრებს შენთან ურთიერთობას, _ დამცინავად გამომხედა.

_ ნაძირალა ხარ! გადი! ახლავე გაეთრიე აქედან! _ თავადვე გამიკვირდა, ისეთი განწირული კივილი აღმომხდა, ფანჯრის მინებიც კი შეზრიალდა.

უეცრად ვიღაცამ კარი შემოგლიჯა და ზღურბლზე ნიკა აისვეტა.

_ რა ხდება აქ!!! _ ახლა იმან იღრიალა.

თედოს ძმაკაცის დანახვაზე მიტკლისფერი დაედო სახეზე, ოფლმა დაუცვარა უსირცხვილო შუბლი.

_ ისეთი არაფერი, მარიკას გამო მსაყვედურობს, _ იპოვა გამოსავალი თავის დასაძვრენად.

ხმის ამოღების თავი არ მქონდა, ერთიანად მიკანკალებდა სხეული. ისე ხმამაღლა ვსუნთქავდი, მთელ ოთახში ისმოდა ჩემი ქშენის ხმა.

_ სხვა ადგილი ვერ იპოვეთ საქმის გასარჩევად? აქ ხალხი მუშაობს, _ მკაცრად შენიშნა ნიკამ და მტრული მზერა ჯერ თედოს შეავლო, მერე მე.

თედომ ჩაახველა და უთქმელად გავიდა კაბინეტიდან. არც მე გამიცია პასუხი. საკიდარიდან ლაბადა ჩამოვხსენი, მკლავზე გადავიფინე, მეორე ხელი ჩანთას დავავლე და კარისკენ გავემართე.

_ მაინც ვერ მოინელე, არა? _ ნიკას სიტყვებმა ადგილს მიმაყინა. გაოცებული შევბრუნდი მისკენ.

არ მიყვარს, როცა ვიღაც ასეთი ტონით მელაპარაკება, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება კარგად მეხერხებოდა ყოველთვის.

_ რა თქვი? _ ხმადაბლა ვკითხე და ჯიქურ მივაჩერდი.

_ ვერ მოინელე, სხვაში რომ გაგცვალა? თუ ცოლიან მამაკაცებთან ფლირტი ქვეყანას გირჩევნია? _ დაუნდობლად მომახალა, _ მე შენ იმისთვის არ გიხდი ხელფასს, სამუშაო საათებში პირადი პრობლემების მოგვარებით დაკავდე.

აი, თავხედობის დონე! ჩემი წეღანდელი სიმშვიდიდან ნატამალიც აღარ შემომრჩა. კედლის საათს ავხედე. მეშვიდე საათი ათი წუთის წინ დაწყებულიყო.

_ სამუშაო საათებში? მე თუ მკითხავ, ეგ ჯერ კიდევ სადავო საკითხია. მუშაობა ათი წუთის წინ დამთავრდა.

კიდევ უფრო გაუმკაცრდა სახე.

_ რითი გიზიდავე