ჩიხში მომწყვდეულნი


«მეშინია… ვგრძნობ, ხანდახან, როგორ მეშინია. რისი? თვითონაც არ ვიცი. ალბათ, ხვალინდელი დღის, ალბათ, მარტოობის. ერთი შეხედვით, თითქოს არ უნდა მქონდეს სამაგისო საბაბი. ბინა მაქვს. მართალია, ერთოთახიანი, მაგრამ მე ხომ მყოფნის? არც სამსახური მაქვს ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურში ვმუშაობ, სტატიას სტატიაზე ვაცხობ და ვიღლები, მაინც კმაყოფილი ვარ. კარგი კოლექტივი, კარგი ხელფასი… 250 ლარი ხომ ცოტა არ არის. კისერზე არ ვაწვები მამაჩემს, არც ჩემს დედინაცვალს. მათ თავიანთი საზრუნავიც ეყოფათ _ ჩემი ნახევარძმა, ზაზა. ცოტას ძველბიჭობს, ხანდახან იჩხირავს კიდეც. თუმცა, სულაც არ არის ცუდი ბიჭი…

ჰო, რას ვამბობდი? სამსახური… მიხარია იქ მისვლა. ისეთი კარგები არიან ყველანი… მერე როგორ ვუყვარვარ თანამშრომლებს. თან მყვებიან. თუმცა, მარტო ეს არ ყოფილა მთავარი. აგერ, 28 წლის ვხდები და არც ქმარი მყავს, არც შვილი. არც არავინ მიყვარს. აი, რისი მეშინია. ოხრად მყავს თაყვანისმცემელი, მაგრამ რა გინდა, თუკი არც ერთი გულთან ახლოს არ მოდის. ერთი მათგანიც ვერ «მოვირგე» მათ შორის. არადა, 28 წელი არც ისე ცოტაა… ტყუილად კი არ მაშაყირებს მაკა _ «სანამდე უნდა დაამწნილო ეგ შენი ოხერი, ხომ იცი, ბევრი შენახვით მწნილიც ყროლდება, რა თავში იხლი მაგ ქალიშვილობას, დღეს ვინ უყურებს ამასო». რა საძაგელია! სულ ასე მკბენს ხოლმე. რა ვქნა. უსიყვარულოდ გათხოვებას ცოფივით ვერიდები. არ მინდა მაკას ბედი გავიზიარო. ქმარი პარლამენტარი ჰყავს, გაჭიმული ოთხოთახიანი ბინაც აქვს, საკუთარი, ევრორემონტით, ფული, მანქანა, არაფერი აკლია, მაგრამ არ უყვარს გური. იმიტომ არ უყვარს, რომ ანგარებით გათხოვდა. ფულებზე დაქორწინდა და არა კაცზე. მაგიტომაც გააბოროტა ცხოვრებამ ასე ძალიან. ერთი სული აქვს, ოღონდ ვინმეს გული ატკინოს, ოღონდ რაღაც უხიმანდროს, ეს ანიჭებს სიამოვნებას. არც არავინ უყვარს, მე მგონი, ჩემი და ინგას გარდა. ჩვენი გულისთვის, რაც მართალია, მართალია, თავს დადებს. რა მისი ბრალია, რომ ასეთია. უბრალოდ, ცუდად არის გაზრდილი, თანაც ფუფუნებაში. ლამაზი, თავნება, დედისერთა. ყოველთვის ადვილად აღწევდა თავისას. ყველასგან ყველაფერს ითხოვდა, თვითონ კი არასდროს არაფერს გასცემდა. დღემდე ასეთი დარჩა… ახლა კი, სადაც გაუხარდება, იქ ღალატობს ქმარს. ექვს თვეში ერთხელ იცვლის პარტნიორს. თანაც ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს გაიძახის, ახლა ნამდვილად შეყვარებული ვარ, ეს ის არ არის, ადრე რომ იყო, ეს სულ სხვა გრძნობააო. მეცინება, რომ მახსენდება. რა სულელია! აი, ეს მოუტანა უსიყვარულოდ გათხოვებამ. თუმცა, ბედია ყველაფერი. აი, ინგა ხომ გათხოვდა სიყვარულით, მაგრამ რად გინდა… რვა თვის თავზე ნასვამი ქმარი მერვე სართულიდან გადავარდა. ამბობენ, თავი მოიკლაო. ვინ იცის… შვიდი თვის ორსული გოგო კინაღამ გადაყვა ამ ამბავს. საწყალი ტატო, რა კარგი ბიჭი იყო! მიხაროდა, ერთად რომ ვხედავდი მათ. როგორ უყვარდათ ერთმანეთი. ეჰ! მერე იყო და ინგას ვაჟი შეეძინა. მას შემდეგ აგერ, სამი წელი გავიდა. ძლივს გავხადეთ შავები მე და მაკამ. საყვარელი ბავშვია პატარა ტატოც, თან სულ მამამისს ჰგავს. ისე, ინგას დედამთილმა ძალიან ივაჟკაცა. ბინა უყიდა რძალს და შვილიშვილს _ ამით მაინც გამოვისყიდი დანაშაულს შვილის წინაშეო. ჩვენც დავჩალიჩდით და ჩემს კორპუსში ავაგდეთ ჩემნაირი ერთოთახიანი, მეორე სართულზე. ახლა სამივენი ერთად ვართ. მაკა კი სხვა კორპუსში ცხოვრობს, მაგრამ სულ ახლოსაა ჩვენთან _ ირმას ფანჯრებიდან რომ გადავიხედავთ, ხელებით ველაპარაკებით ხოლმე. სულაც არ არის ცუდი ჩვენი უბანი. მშვენიერი ადგილია, თითქმის ცენტრი. არც ტრანსპორტს ვუჩივით და არც ჰაერს…

აი, ასეა. მთავარი ის კი არ არის, როგორ გათხოვდები, მთავარია, როგორ გაგიმართლებს თურ…» _ ამ დროს ზარის ხმა გაისმა. ხათუნამ ბლოკნოტი დაკეცა, საწოლიდან წამოხტა, ჩუსტებში ჩაყო ფეხები და კარის გასაღებად გაემართა.

ინგა იყო. აქოშინებულს მოღეღილი მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა.

_ რა იყო, ქალო, ნელა ვერ ამოხვედი? _ გაეცინა, გელამოვარდნილ მეგობარს რომ შეხედა.

_ ცხრა სართულის ამოსვლას ეხუმრები შენ! ამხელა ბიუსტს თრევა არ უნდა? _ დაიტყაპუნა ინგამ მკერდზე ხელისგული და რკინის კარი ზურგს უკან ფეხის მოქნევით მიიჯახუნა.

ხათუნამ ცერად გახედა, თითქოს პირველად შეამჩნიაო მისი მკერდი და ხუმრობით უთხრა:

_ ჰო, ვერ არის მთლად პატარა, მაგრამ რას იზამ. უ ვსეხ სვაი ნედასტატკი, _ წინ მიმავალმა ღიმილით გამოხედა დაქალს და ლოჯიაში შეუძღვა.

_ ყავას დამალევინებ? _ საცოდავად დაიჯღანა ინგა.

_ ოღონდ შენ მოადუღე, რა. ხომ იცი, როგორ მეჯავრება ეგ პროცესი.

_ ხარაშო. სიგარეტი? სიგარეტი გვაქვენ? ხომ უნდა მოვკუროთ.

_ გვაქვენ, გვაქვენ, _ გამოაჯავრა ხათუნამ, _ ეგერ, ტელევიზორის თავზე დევს პაჩკა.

_ ეს რა სიგარეტია? «ფუსიონი». ახალია? საიდან?

_ ფუსიონი არა, კიდევ ის… «ფუჟენი» ჰქვია.

_ რა ვი მე, გერმანულად ასე იკითხება და…

_ გერმანული არ არის, ფრანგულია. არა უშავს, ცუდი არ არის. ბოლს უშვებს, რაც მთავარია.

_ მე მენთოლიანი მომწონს. «მორე», აუფ! რა კაი რამეა! პრელესწ! ასწორებს… _ ინგა, როგორც საკუთარ ოჯახში, ისე დატრიალდა. ყავაც, მადუღარაც, შაქარიც შინაურივით მოიძია და საქმეს შეუდგა. წამში გაამზადა ყველაფერი. მერე მოთუხთუხე ყავას ქაფი მოხადა და ჭიქებში ჩამოასხა.

_ მაკამ კლიენტი უნდა მომიყვანოს, _ რაღაც უცნაურად დაიწყო ინგამ.

_ რა უნდა შეუკერო? _ ხათუნა ვერ მიუხვდა.

_ ვითომ შარვალი, _ ჩაიღიმა.

_ რას ჰქვია ვითომ?

_ კაროჩე, კაცი უნდა გამაცნოს, რა, _ უხერხულობის დასაფარავად ინგამ შიშველ ფეხზე დაიხედა.

_ ვერ გავიგე, რა კაცი? _ სალათისფერი თვალები მიანათა ხათუნამ.

_ აღარ შემიძლია, ხათო, რა ვქნა… სანამდე უნდა ვიყო ასე. რჩენა ხომ მინდა. პურის ფული არა მაქვს ხანდახან. დავჩმორდი ამდენი უფულობით. რა თავში ვიხლი ამ პატიოსნებას, სულ თქვენს ხარჯზე ხომ არ ვიქნები, _ ცრემლი გაუბრწყინდა თვალებში.

_ შენ რა, თხოვდები, თუ საყვარელი გინდა გაიჩინო. შემომხედე ერთი! _ ხმა გაუმკაცრდა ხათუნას.

_ ვთხოვდები არა, ისა… მე ვიღა წამიყვანს აწი, ბავშვიანი ვის რაში ვჭირდები.

_ ხომ არ გაგიჟდი, ქალო შენ! 25 წლის გოგოს გათხოვება გაგიჭირდება? რას უსმენ მაკა დაცენტრილს. არ იცი მაგის ამბავი? თავისნაირი უნდა ყველა გახადოს. მოვკლავ, მაგ საცოდავს, რომ ჩამოვა! _ აპილპილდა უცებ.

_ ჩამოვიდა უკვე. წუხელის დამირეკა. კაი შმოტკები ჩამოუტანია. შენთვის მაგარი შარვალი უყიდია, ჩემთვის კიდევ საკაიფო დვოიკა.

_ ვის რად უნდა მაგის ჭინჭები! შენც რა უნივერმაღის კარივით ხარ ამხელა დედაკაცი! საითაც ხელს გკრავენ, იქითკენ რომ გაიღები, რა გემართება! _ დატუქსა დაქალი, _ ხომ გყავს კლიენტები, ხომ კერავ, რა გინდა მეტი. ყოველთვის ფული შენ კი არა, იმას… ბანკს არა აქვს, _ სხვა ვერაფერი მოიფიქრა ხათუნამ.

_ რა კლიენტები მე მყავს, თუ ღმერთი გწამს. ორ თვეში ერთხელ ძლივს გამოჩნდება ვინმე. ახლა ვინ იკერავს რამეს. ძონძების მაღაზიაში დაიზმანა ხალხი.

_ დაიცა, რა. მთლად მასეც არ არის. აი, ჩემს თანამშრომელს პალტოს შეკერვა უნდა და მოგიყვან ცოტა ხანში, _ შეარბილა ტონი ხათუნამ, _ დავახრჩობ მაკას! რა პარაზიტი ვინმეა, ხედავ შენ?! _ იფეთქა ისევ.

_ მაკა რა შუაშია. სწორად გამიგე რა, ხათუშკი. მეც ქალი ვარ. სამი წელია, კაცთან არ ვყოფილვარ. გესმის შენ! კაცი მინდა, კა-ცი! _ ბოლომდე ამოთქვა გულისწუხილი ინგამ.

_ კაცი რომელ ქალს არ უნდა, გოგო! რამ გადაგრია. მეც მინდა კაცი, მაგრამ ღობე-ყორეს კი არ ვედები. შენ რა გგონია, ამ დროში საყვარლის გაჩენა გათხოვებაზე ადვილია? დაგადებს ერთი-ორჯერ და აორთქლდება მერე შარშანდელი თოვლივით. რა იცი, ვინ არის. მე შენ გეტყვი, ფრთიან ანგელოზს მოგაყენებს სახლში! თვითონ ხომ არის და არის.

ინგას გაეცინა. თვალებში ამოისვა ხელი და ცრემლების ნაკვალევი გაიქრო. ხათუნამ თანაგრძნობით შეხედა მეგობარს. მსუქანი, ახლად შემწიფებული მარწყვის გულისფერი ტუჩები ინგას ყავის ნალექით მოთხუპნოდა. ცალი ხელი თავზე შემოედო, მეორით კი ყავის ფინჯანს ამზადებდა სამკითხაოდ. ჯერ თავისკენ გადასწია, მერე ხათუნასკენ, მერე გადაატრიალა და ლამბაქზე დაამხო. ხათუნამ საჩვენებელი თითი ფინჯანში ჩაყო და ნალექი ამოტლიკა. ყოველთვის ასე იცოდა ხოლმე. ინგა გამუდმებით მკითხაობდა, ყველა დალევაზე «რევიზიას» უკეთებდა თავის მომავალს, ხათუნას კი არ სწამდა ამგვარი «ყავომანტიის». პირის «ჩაყავტკბარუნება» მირჩევნიაო, ამბობდა.

_ როდის უნდა მომსევრდეს ის ხანუმა! _ თვალმოწკურულმა გახედა ინგას.

_ საღამოს მოვალთო, რა ვიცი.

_ მე ახლა ერთ საათში კარატეზე მივდივარ, ვარჯიში მაქვს. შვიდზე დამიმთავრდება. იქამდე ხომ არ მოვა. თუ მოვა, კეთილი ინებოს და დამელოდოს. ერთი უნდა ვნახო, ვინ ხვითოს მოიყვანს.

_ რა ვიცი, მაგარი ტიპიაო.

_ თავის ქმრისნაირი პარლამენტარია?

_ არა გოგო, რა პარლამენტარი. მე მგონი… კაზინოს მეპატრონეა, თუ მეწილე. თუ არ ვცდები…

_ ჰმ! ეგღა გაკლდა. ჯერ ხომ შენმა ქმარმა გაგიმწარა ცხოვრება, ახლა კიდევ ვიღაც შულერს უნდა უგორო კოჭი! არ ხარ შენ სრულ ჭკუაზე! ერთი მოვუსწრო, მე ვიცი, როგორ ვიფრენ ორივეს აქედან!..

7 7 7

მიდიოდა ხათუნა ქუჩაში და ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის თავს. მაკაზე ბრაზობდა. თვითონ ხომ აწყობილი აქვს ცხოვრება და ახლა ამ საცოდავ გოგოს უნდა დაუნგრიოს ყველაფერი. როგორც მოისურვებს, ისე ატრიალებს. არა, როგორ არ უყვარს მაკა, რა სისულელეა. რომ იტყვიან, «ტრუსიკის» მეგობრები არიან, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათები აქვთ. მაკა დაუნდობელია. ერთ მისხალსაც არ დაუთმობს არავის. თუმცა ხათუნასი ტყვიასავით ეშინია. მორიელივით აბრიალებს თვალებსო, იტყვის ხოლმე. სად ნახა მორიელის თვალები, რა ტიპია! _ გაეღიმა ხათუნას.

სამარშრუტო ტაქსი გააჩერა. ჩაჯდა. უკან, კუთხეში მოკალათდა. ასეთი ადგილები უყვარს _ კუთხეში, განცალკევებულად, საიდანაც მთელი არემარე კარგად მოჩანს. ეს მის ცნობისმოყვარეობაზე მიუთითებს. რა ქნას, პროფესია აქვს ასეთი. ყველაფერი აინტერესებს, ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს, ყველას უნდა «უდედობილოს». ისეთ ბრძნულ აზრებს დაახეთქებს ხოლმე, უკვირთ ხანდახან. ამასთან, ვერ იტანს «ცუდქართულად» მოსაუბრე ადამიანს. ყველა შეცდომას უსწორებს ხოლმე. შენ ასოცი წლის ხარო, ეხუმრება მაკა, ხან «ველიკი განმანათლებელს» ეძახის, ხანაც «გრამატიკულ ჭიას». ეს კიდევ რა არის…

მაკას, საერთოდ, უყვარს მეტსახელების დარქმევა. თან არა ერთის, რამდენიმესი ერთად. ინგას, მაგალითად, დიდი მკერდის გამო «ბიუსტომანი» შეარქვა, მხიარული ხასიათის გამო «ტკარცალეტკა», პუტკუნა ლოყების გამო კი «პონჩიკა» და ვინ მოთვლის… ხანდახან ინგას მაგივრად ინგუშეთას ეძახის. საკუთარი ქმარიც არ დაინდო. «შარლამენტარი» შეარქვა _ პარლამენტში იმიტომ შეძვრა, ფულები აკეთოს, თორემ ქვეყანაც და ხელისუფლებაც ცალ ფეხზე ჰკიდიაო. იშოვის ფულს, დააჯდება მერე ზედ კრუხივით და ერთ თეთრს ვერ გააგდებინებ ხელიდან, თვითონ თუ არ სიამოვნებს. მაგარი ჟმოტი ვინმეაო, ბრაზობს ხოლმე. «ისე, გური, ჩვენში დარჩეს და მართლაც ყველაფრის ღირსია, _ გაიფიქრა ხათუნამ, _ ანგელოზივით ცოლი ჰყავს, ამისთანა ოჯახის შვილი და კაპიკებს უთვლის. ამაში რამდენი დახარჯე და იმაში რამდენი და უფრო იაფიანი რატომ არ იყიდე და რა ვიცი… თვითონ გახადა მაკა ამნაირი, თორემ მთლად ასე ხელიდან კი არ იყო წასული. როგორ აფუჭებს ფული ადამიანს!» _ გადააქნია თავი და საათზე დაიხედა. ზუსტად დროზე მივიდოდა. «უჰ, თმაც რომ შესაჭრელი მაქვს… როგორ ვერ მოვიცალე!» _ გაახსენდა უცებ და ქერა თმაზე ხელი გადაისვა. «ცოტას შემცვლის. იმიჯი გადამისხვაფერდება», _ თავისსავე ნათქვამზე გაეცინა.

ლამაზი გოგოა ხათუნა. არა მარტო ხათუნა _ სამივე. წლოვანებით იგი მათ შორის ყველაზე უფროსია, სიმაღლით _ ყველაზე დაბალი, თუმცა მეტრა სამოცდათორმეტს დაბალი არ ეთქმის. ქალისთვის ნორმალური სიმაღლეა. ამ მხრივ მაკაა «უმაღლესი». ასხლეტილი ტანი, გრძელი, წვრილი ფეხები. შავგვრემანი, თოჯინასავით პატარა სახე აქვს, ოვალური, სქელი ტუჩებით. ესპანელს ჩამოჰგავს. შავი თვალები ცეცხლივით უბრიალებს. თმის ვარცხნილობას თითქმის არასდროს იცვლის _ გრძელ კარეს ატარებს სულ. ყურები მაქვს გამოშვერილი და აწეული თმა არ მიხდებაო, ამბობს. ხათუნას პირიქით _ როგორც უნდა გაიკეთოს თმა, ყველანაირად თვალში გეცემა მისი ქვიშისფერი თმის სილამაზე. თეთრი, გადატკეცილი სახის კანი აქვს, პრიალა, შავი წარბ-წამწამი და მინდვრისფერი თვალები. ნამდვილი ვარდი ხომ გინახავთ, ვარდისფერი? წარმოიდგინეთ მისი ფურცლებისგან გამოქნილი ტუჩები _ თხელი, ოდნავ სველი, ზუსტად იმნაირი, ზუსტად იმ ფერის. მართალია, მაკასავით გრძელი ფეხებით ვერ დაიტრაბახებს, სამაგიეროდ თეძომაღალი გოგოა, სპორტული. იარაღი რომ დააკავო, ნამდვილი ნიკიტა იქნებოდა, სერიალიდან. ოღონდ უფრო თბილი და სანდომიანი. აი, მკერდს უჩივის ცოტა. ერთი ზომით დიდი რომ მისცა… ქალი ვერ აჯობებდა! თვითონ მიაჩნია ასე. მაგ მხრივ ინგაა ჩავარდნილი «ქერის ორმოში». ჩაიცვამს ხოლმე დეკოლტეს და მსხლებივით ჩაიწყობს ბიუსტჰალტერში თავის «ავლა-დიდებას». თან იმისთანა წვრილი წელი აქვს… ბარე ორს არ ექნება თბილისში ეგეთი. თუმცა, ერთი სერიოზული ნაკლი სჭირს _ ჭამა უყვარს უზომოდ, ამიტომაც უცებ სუქდება და უცებ ხდება ხოლმე. ჯერ კარგად დანაყრდება და მერე მორთავს წუწუნს _ დედა, რამდენი ვჭამე, როგორ ვსუქდები და რა მეშველებაო. ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს, გაბუსხული. თმა რომ ყვითლად შემაღებია, ნამდვილი კლაუდია შიფერი ვიქნებიო, ხუმრობით იტყვის ხოლმე…

7 7 7

_ ტკარცალეტკა, როგორა ხარ? _ გადაეხვია მაკა ინგას, _ მომენატრე, შე ოხერო, _ თმაზე მოქაჩა ხელი, _ რავა ხარ, თუ იცი?

_ რა ვი, ვარ რა, როგორც დამტოვე, ისე. მარტო ხარ?

_ არა, _  თქვა და უკან მიიხედა, _ მოდი, გოჩა, შემო. ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში. ინგუშკი, გაიცანი, მეგობარია ჩემი, ჩანთაძე გოჩა.

_ ძალიან სასიამოვნოა, _ ზედმეტად გაინაზა ინგა და ხელი ჩამოართვა მსუქან, ლოყებღაჟღაჟა მამაკაცს. ფუმფულა, ოფლიანი ხელი ჰქონდა უცნობს. სულაც არ ცხელოდა, მაგრამ იგი რატომღაც მალ-მალე იწმენდდა შუბლიდან ოფლს, სიმსუქნე აწუხებდა ალბათ. ჰალსტუხიც ისე ჰქონდა წაჭერილი, იფიქრებდი, საცაა, დაიხრჩობაო. ინგამ დედისერთა ოთახში შეიპატიჟა სტუმარი და თვითონ მაკასთან ერთად სამზარეულოში გავიდა.

_ არ მევასა, რას ჰგავს, _ გადაუჩურჩულა დაქალს.

_ ჯერ გაიცანი და მერე გააკეთე დასკვნები. იცი, რამდენი ფული აქვს? სულ იყიდის მთელ შენ საგვარეულოს, _ მსუბუქად წამოარტყა კეფაზე ხელი.

_ რა ვქნა, ახლა, რომ არაფერი მაქვს, რითი გაგიმასპინძლდეთ? _ სასოწარკვეთილმა ჯინსის უკანა ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და მხრები აიწურა.

_ აგერ არი ყველაფერი ცელოფანში. ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი, შე ჩემა. ეს მეორე ცელოფანი კი შენ და «ხათუნ-დედის». მოიცა, შენ წადი, ესენი გადაიცვი, მაგარი რამეა, მაგიდას მე გავშლი, _ მაკამ ერთი პარკი ინგას მიაჩეჩა, მეორე კი მაგიდაზე შემოდო და ნავაჭრის ამოლაგებას შეუდგა.

_ მერე იყოს, ახლა სად გამოვიცვალო, ტუალეტში ხომ არ შევალ, _ იუარა.

_ რა ვიცი, როგორც გინდა. მინდოდა, ლამაზად ყოფილიყავი.

_ რატო, ასე ცუდ ფორმაში ვარ?

_ არა, რა უჭირს, მშვენივრად გამოიყურები. რას შვრება ჩვენი ძმაკაცი, კიდევ ბუინობს? _ ხათუნას გულისხმობდა.

_ უჰ! გაგინებს მთელი დღეა.

მაკამ ჩაიცინა.

_ აფრენს შენი დაქალი. თავისი სტარმოდნი ვიხოდკებით კომუნიზმი უნდა ააშენოს, არა?

_ მაკენზი, აქ მოწევა შეიძლება? _ გოჩამ შემოყო თავი სამზარეულოში.

_ როგორ არა, საყვარელო, აქ ყველაფერი შეიძლება. მოიცა, საფერფლეს მოგიტან. ა, შენ უშკა! _ დიდი ნიჟარა მიაწოდა.

_ ვახ! რამხელაა, ტო! საიდან?

_ ეს ხათუნას ფეშქაშია, მგონი. არა, ინგა?

_ ჰო, შარშან ჩამომიტანა ქობულეთიდან.

_ შენ ეწევი, ინგენზი? _ გოჩა ყველა სახელს რატომღაც «ზი-ს» ამატებდა.

_ უჰ! ეწევა რომელია. ცხვირიდან უშვებს ბოლს, _ ჩაუშვა მაკამ.

_ დედა! როგორ მარცხვენ, ქალო, ამ უცხო ადამიანთან, გადირიე? _ გაწითლდა ინგა.

_ მაი აფერია, ინგენზი, ჩვენ შინაურები ვართ. ყველაფრის თქმა მოსულა ჩვენში, _ გაამხნევა გოჩამ და კიდევ ერთხელ მოისვა შუბლზე შინდისფერი ცხვირსახოცი.

სუფრა წამში გაიშალა. ის იყო, შემოუსხდნენ, ხათუნამაც ატეხა ბრახუნი კარზე.

_ მოვიდა, _ დაფეთდა ინგა.

_ მოვიდეს მერე, ვინ უშლის, _ იხტიბარი არ გაიტეხა მაკამ და კონიაკის ჩამოსხმა დააპირა. გოჩა ხელში ეცა, აბა, მე რას ვაკეთებ აქ, როგორ არ გრცხვენია, ეგ საქმე მე დამითმეო.

_ მოიყვანა, _ შემოსვლისთანავე უჩურჩულა ინგამ მეგობარს.

_ დედა, როგორ გამახარე! ვერ ვმალავ აღტაცებას, _ ირონიულად წამოიძახა ხათუნამ და შემოსასვლელში ჩამოკიდებულ სარკეში მექანიკურად შეათვალიერა თავისი ორეული.

_ «შარლამენტარშა», როგორ ხარ? _ მხიარულად შეხვდა მაკას.

_ ოჰ! ამას ვის ვხედავ! რაფერ ხარ, დადიანის ასულო? _ თბილად მიეგება და გადაკოცნა.

_ მე კარგად, შენ? გამარჯობათ, _ წელში ოდნავ მოხრილი მიესალმა ჩანთაძეს.

_ კამაც-კამაც.

_ როგორ მოიარე დუბაი, იგრიალე?

_ მაგრათ ვიგულავე. შენ რას შვები, რა ხდება მასმედიაში?

_ მთლად გაყვითლდა, _ გაიხუმრა ხათუნამ.

დადიანის ასული» მისი კიდევ ერთი მეტსახელია. ხათუნას ბებია ჰყავდა დადიანი. ძალიან ამაყობს ამით. დიდი ქალი ყოფილა, ნამდვილი თავადის შთამომავალი. უამრავი მთხოვნელი ჰყოლია თურმე, მაგრამ სანამ შესაფერისი გვარიშვილობის საქმრო არ გამოუჩნდა, არ გათხოვილა _ ჯიშს და ჯილაგს ვერ გადავაგვარებო. ბოლოს ვინმე მეუნარგიას გაჰყოლია, რაიონში ძალიან ცნობილ ექიმს.

_ ხათო, გაიცანი. ეს არი გოჩა, ჩვენი ძმა, კაი მსმელი, კაი დამრტყმელი. ეს კიდევ ხათუნაა, მეუნარგია. წეღან რომ გიყვებოდი.

_ დიდათ საამოა, ხათუნზი, ჭეშმარიტად მოხარული ვარ, _ წამოდგა გოჩა და თავი დაუკრა. «გოჩა კი არა, ნამდვილი «გოჩუნიაა», _ გულში გაეღიმა ხათუნას. » ეგ «ხათუნზი» რაღაა, ნეტავ?»

_ აჰა, ყველანი ზბორში ვართ. ახლა წევიჭამოთ პაწა, _ მაკამ ხელისგულები მადაზე მოსულივით გაუხახუნა ერთმანეთს და სკამი ახლოს მიიწია მაგიდასთან.

_ ინგა, ამ დღეებში გურამის ხომ არ დაურეკია შენთან? _ შეხედა მაკამ.

_ არა. რა, უნდა დაერეკა?

_ არ დაურეკია კი არა, არ დაურეკავს, ჯერ ერთი, მეორეც: გურამის კი არა, გურამს, _ შეუსწორა ხათუნამ.

_ არც შემოურბენავს? _ «გაასწორა» შეცდომა მაკამ.

_ შემოურბენავს კი არა, შემოურბენია, შე ქაჯო, შენა! _ ახლა კი სიცილი აუტყდა.

_ შენ რა გამიხურე საქმე, შე ჩემა! დაურეკია თუ არ არი სწორი, შემოურბენია რატომ იქნება. გამომივიდა ესეც აქ ღვინჯილია! _ გაწიწმატდა მაკა.

_ ხათუნზი, ძმობას გაფიცებ, არ გინდა, რა, _ ძალიან შინაურულად მიმართა გოჩამ, თითქოს ათი წელია, იცნობსო.

თვალები გაუფართოვდა ხათუნას. «რა ჩქარი ტემპებით ამცირებს დისტანციას?! ერთი ამას დამიხედეთ, ეს მართლა «გოჩუნია», _ ხმამაღლა კი თქვა:

_ სხვათა შორის, მე ხათუნა მქვია, ყოველგვარი «ზი-ს» გარეშე.

_ სუფთა «გრამატიკული ჭია» ხარ, რა! შენ აკაკი უნდა გერქვას ან ილია. ხათუნა რა შენი სახელია.

_ კარგი ახლა, გეყოფათ. მე ვარ თუ არა აქ მასპინძელი. ვთქვათ ერთი ჭიქა. გამიშრა ყელი. უხერხულია ამ უცხო კაცთან. რას იფიქრებს, _ ჩამოაგდო მანდილი ინგამ.

ხათუნა აშკარა აგრესიას გამოხატავდა. ვერ იკავებდა თავს. ჯერაც არ განელებოდა მაკას ხანუმობა. ერთი სული ჰქონდა, დაემარტოხელებინა დაქალი და ჭკუა ესწავლებინა მისთვის.

ჩაროზმა თუ ვახშამმა ჩვეულებრივად ჩაიარა. წასვლის წინ გოჩამ დიდი თავაზიანობით დაპატიჟა სამივე თავის კაზინოში. დასამახსოვრებელ საღამოს გაგატარებინებთო, შეჰპირდა ქალებს და სპილოს ნაბიჯებით დატოვა სადარბაზო.

888

გოგოები ისევ ინგასთან შებრუნდნენ. ხათუნას ენა ექავებოდა, მაგრამ თავი შეიკავა, არ ღირდა, პირდაპირ დატაკებოდა დაქალს. ცოტას დავაცდიო, გაიფიქრა. მაკამ ირიბად გახედა, მერე ინგას ჩაუკრა თვალი.

_ ინგუშკი, მიდი რა, მოიზომე ის «დვოიკა», მაინტერესებს, როგორ გექნება, _ ინგა ლოჯიაში გავიდა და მალე ხელზე ტანსაცმელგადაკიდებული დაბრუნდა.

_ ეს შენია, ხათო, აბა, ნახე! _ ინგამ შავი ფერის შარვალი ხათუნას გადააწოდა. მან უსიტყვოდ ჩამოართვა. ჯინსი გაიძრო და მის ამოცმას შეუდგა.

_ ვა! დაგხატა. ზუსტად შენი ზომაა! როგორ გიხდება-ა-ა! მშვიდობაში, _ მაკა სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა.

_ უღრმესი მადლობა, ძვირფასო. გადამეხადოს, _ ტანზე დაიხედა ხათუნამ.

_ ოხ! ერთი ამას შეხედეთ, სუფთა კარალევა მარგოა, რა, _ ახლა ინგას შეხედა.

_ ძალიან ლამაზია, პირდაპირ გაკვდება ტანზე, _ არ ცხრებოდა «შარლატანშა».

_ ეს ყველაფერი კარგი, მაღალაშვილო, მაგრამ ამ საქმეს რა ეშველება, _ დაიწყო ხათუნამ.

_ რომელ საქმეს? _ ვითომ ვერ მიუხვდა მაკა.

_ აი, იმას, «გოჩუნია» რომ ჰქვია. სად იპოვე ეგ ბრიოლინით თავგაპრიალებული კაცი?

_ ჩემი ძველი მეგობარია. ვერ გავიგე, რატომ არ მოგეწონა, _ იხტიბარი არ გაიტეხა მაკამ და სიგარეტს მოუკიდა.

_ შენ ისე, მაგისთვისაც კი გექნება მიცემული, არა? რას იტყვი? _ თვალები მოწკურა ხათუნამ.

_ რას ამბობ, ღმერთმა დამიფაროს! მაგდენი ჭკუა კი მაქვს, _ შორს დაიჭირა.

_ რატომ ვითომ, რას უწუნებ, აკი «კაი ბიჭიაო»? ინგასთვის ხომ კარგად გემეტება?

_ გოგო, შენ ყურში არ გესმის? მეგობარია-მეთქი ჩემი. შინაურისა და გარეულის გარჩევა არ ვიცი, როგორ გგონია? _ განაწყენდა მაკა.

_ ინგას სიძეს რომ აბამდი, მაშინ არ გაგხსენებია შინაური და გარეული?! _ გაახსენა ძველი ცოდვები ხათუნამ.

_ კარგი რა, ხათო, მაშინ შენც ხომ იცი, სხვა სიტუაცია იყო, არ გახსოვს, რა დღეში ვიყავი? _ შეაცოდა თავი.

_ მამაკაცის დეფიციტს განიცდიდი, არა? შენი გამოსწორება არ იქნება კუზიანივით, _ ჩაიცინა ხათუნამ, _ ვინ არი ეგ ბიჭი, ცოლ-შვილი ჰყავს?

_ კი.

_ მერე?

_ რა მერე, შენ გგონია, მე ცუდი მინდა ინგასთვის? შენ გგონია, მე ნაკლებად მაწუხებს მისი ამბები? _ მაკა აშკარად გულწრფელი ჩანდა.

_ მე კი არა ვარ იმის წინაამდეგი, ინგამ საყვარელი გაიჩინოს, მაგრამ იმ საყვარელსაც სჭირდება შერჩევა, ეგრე არ არის! ეს მაგის უფლებაა, ჩემო კარგო. ოდესმე ჩავრეულვარ შენს პირად ცხოვრებაში? არა! ეს საცოდავი კი, ხომ იცი, როგორი დაუცველია, ქვევრივით, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. არ მინდა მთლად გაუბედურდეს. იქნებ გამოჩნდეს ვინმე ნორმალური კაცი, გათხოვდეს, რაღაცა ქნას. გაიგე, მაკატერინე? _ შეარბილა ტონი ხათუნამ.

_ ჯერ ერთი, მაკატერინეს ნუ მეძახი, ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან! მეორეც, რომ გათხოვდა, რა მოიგო, რო? _ ახლა თავად გადავიდა შეტევაზე, _ ან მე რომ მყავს ქმარი, ვითომ რა ხეირი მადგას, არ ვიცი?!

_ შენ შენი სურვილით იფუჭებ საკუთარ ცხოვრებას და სულაც არ დადიხარ სხვის ჭკუაზე. ამას კი სხვა არავინ უფითილებს შენ მეტი. შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ასე არ არის?

_ მე არავის არ ვუფითილებ. თუ არ უნდა, არც არავინ აძალებს. კეროს და იყოს. ის მათემატიკოსის დიპლომი კი ამოიდოს თავქვეშ ძილის წინ, _ აღშფოთდა მაკა და სიგარეტი საფერფლის კიდეს დააჭყლიტა.

_ კი მარა, ჩემი გულისთვის ერთმანეთს რომ ჭამთ, მე რატომ არაფერს მეკითხებით? _ ინგას მობეზრდა სეირის ყურება და, როგორც იქნა, აიმაღლა ხმა, _ არ მინდა ეს გათხოვება, გესმით თქვენ? მეყო, რაც გადავიტანე. კაცი მინდა მყავდეს, მორჩა და გათავდა! ეგ ჩემი გადასაწყვეტია და არა თქვენი! _ მოკლედ მოჭრა სათქმელი.

მაკამ ნიშნის მოგებით გადახედა ხათუნას.

_ როგორც ვატყობ, მე აქ ზედმეტი ვარ. წავედი, ქალებო, კარგად მეყოლეთ. თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიში, _ ხათუნა ნირწამხდარი წამოდგა ფეხზე.

_ კაი ახლა, რა გჭირთ. სულ თქვენ როგორ უნდა ჩხუბობდეთ პატარა ბავშვებივით. ა, ვსიო, მეც მალჩუ, არ გვინდა ამაზე საუბარი. სხვა რამე ვქნათ, არ შეიძლება? რამდენი ხანია, ერთად არ ვყოფილვართ, _ მომრიგებლის როლი იკისრა ინგამ.

_ წავედი, წავედი. ხვალ გნახავთ, _ ხათუნა დაიხარა და თავის ჯინსს წამოავლო ხელი.

_ წამოხვალ კაზინოში? _ დაადევნა მაკამ.

_ არ მცალია, მასალა მაქვს გასაშიფრი, _ უკანმოუხედავად გაეპასუხა ხათუნა და გასასვლელისკენ გასწია.

_ საღამოს, შე გოიმო, დღისით მეც მაქვს საქმე.

_ არ ვიცი, მე მაგისი არაფერი გამეგება. რა ჯანდაბა მინდა კაზინოში! _ გასაღები გადაატრიალა ხათუნამ.

_ პროსტა, დავსმოტროთ სიტუაცია, იქნებ თამაშიც მოგინდეს, რა იცი, _ მაკა კარამდე მიჰყვა, _ ფული თუ გაქვს შენ?

_ მაქვს. მერე შენ რა? _ შეჩერდა ხათუნა.

_ როგორც ღორს ტილი არ გამოელევა, ისე შენ _ ფული, _ ჩაეცინა მაკას, _ მასესხე ერთი ასი ლარი.

_ შენს ქმარს ვერ გამოართმევ? მაგი ჩემზე დიდი ტილია. ისე, ქალი დუბაიში იყავი და ფული არა გაქვს?

_ რა მიმქონდა გგონია, დედაჩემმა გამატანა 800 დოლარი. კაპიკი არ ჩამომყოლია.

_ თეთრი.

_ რა თეთრი? _ ვერ გაიგო მაკამ.

_ თეთრიც არ ჩამომყოლია უნდა გეთქვა. კაპიკი ჩვენი ფული არ არის.

_ ა! ტყვილა კი არ ვეძახი «ველიკი განმანათლებელს». შენ რომ არ ჰყავდე ქართულ ენას, რა ეშველებოდა.

_ შენნაირებია რომ ანაგვიანებენ საქართველოს, თორემ ცოტა უკეთესად ვიქნებოდით.

_ კაი, ბატონო, როგორც შენ იტყვი, ისე იყოს. მე ვარ «მუსორი», შენ კი… შენ «ლიტჰიგიენური» დაწესებულება. გაწყობს? _ შესცინა მაკამ, სარკეში ჩაიხედა და წინ ჩამოყრილი «ჩოლკა» (წინამო) თითებით ჩამოივარცხნა.

_ დასველება დაგავიწყდა, _ შეახსენა ხათუნამ.

_ რისი? _ გაკვირვების ნიშნად ინგას გადახედა მაკამ.

_ თითების, _ ხათუნა ღია კარში იდგა და სახელურს აწვალებდა.

ასე იცოდა მაკამ. ჯერ ენის წვერით დაისველებდა თითებს და მერე შუბლზე ჩამოშლილ თმას ღერა-ღერა გაისწორებდა ხოლმე.

_ ვეღარ გავეტიე, წავედი, რა, _ დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია ხათუნამ ორივეს და გარეთ გავიდა.

_ ჰა, რას იზამ, მასესხებ ფულს?

_ ახლა გინდა?

_ ახლა არა, ხვალ იყოს.

_ მოგცემ. ისე, არ იქნებოდა ურიგო, შენი ქმრისთვის გეთხოვა.

_ უჰ! უცებ არ მომცეს. ხომ იცი, რა ჟმოტია, კაპიკ… თეთრს ვერ გააგდებინებ ხელიდან, _ «გაასწორა» შეცდომა მაკამ.

_ კარგი, დილით ჩამოგივლი და წამოგიღებ. ასი გეყოფა?

_ ვიმყოფინებ. ერთი ასი მეც მაქვს. ორშაბათს კიდევ უნდა ავიღო სამი თვის ხელფასი და ეგრევე გაგისტუმრებ.

_ რამდენი პაციენტი გაატყავე ამ თვეში, არ დამიმალო, _ ღიმილით მოჭუტა თვალი ხათუნამ.

_ არა, ეგ ხელფასია. ამ თვეში წესიერად არც მიმუშავია. ლელამ შემცვალა.

_ მაგარი პროფესია გაქვს. აი, ინგამ თუ დაითრია ეგ «გოჩუნია», აბორტზე ფული არ დაეხარჯება. შენ აგერ არ ჰყავხარ? _ დააგდო გესლიანი სიტყვა «ველიკი განმანათლებელმა» და კიბეს აუყვა.

«რა მჭირს… ნუთუ მართლა შინაბერა ქალის გამოხტომები მაქვს? როგორ ვაწიოკებ ამ გოგოებს. სულ იქით ვასწავლი ჭკუას, თითქოს მე დიდი ჭკუის კოლოფი ვიყო. ჩემი საქმისთვის ვერ მომივლია», _ როგორც იქნა, ააღწია მეცხრე სართულამდე, ცოტა შეისვენა, მერე კარი გააღო და შინ შევიდა.

7 7 7

ირაკლი ტელევიზორის ხმამ გამოაღვიძა. ზანტად გაახილა თვალები. იგრძნო, როგორ უსკდებოდა თავი ტკივილისაგან. «აუ ჩემი, რა ვილოთავე წუხელ!» _ ხელით ტუმბოზე დადებულ საათს დასწვდა. დახედა. ათი ხდებოდა. «ვახ! რა დრო გასულა. რატომ არავინ მირეკავს?» _ ახლა მობილური აიღო. ზარები გადაამოწმა, იქნებ მთვრალმა ვერ გავიგეო.

«ქა-ალს, მშვე-ნი-ერ ქა-ალს, _ სიმღერის გულამოსკვნილი ხმა შემოდიოდა ოთახში.

_ ია! ი-კუ-ნი! _ რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა იყვირა.

_ რა გაღრიალებს, ყრუ კი არა ვარ! _ შეღებულ კარში ქერათმიანი ახალგაზრდა, მაღალი ქალი გამოჩნდა, დაახლოებით ოცდაათი წლის.

_ «პივა» არი მაცივარში?

_ რა იყო, ცუდად ხარ?

_ ლამისაა, თავის ქალა ამეხადოს.

_ მოგიხდება მასე. ერთი გენახა, რა სახე გქონდა, რომ მოხვედი, წაშლილი იყავი.

_ შენ გგონია, რამე მახსოვს? ვინ მომიყვანა? _ ირაკლი ლოგინში წამოჯდა და ბალიში აიმაღლა.

_ მარტო მოხვედი, ვინ მოგიყვანდა. წინა ფარი გაქვს ჩამტვრეული, ნახე მერე! _ იამ სველი თმა წინ გადმოიყარა, ზემოდან გრძელი პირსახოცი დაიფარა და გამშრალებას შეუდგა.

_ ფარი კი არა, ვაბშე როგორ მოვედი სახლამდე, არ გიკვირს? ერთი მაგის დედაც ვატირე, გამოვცვლი. შენ რა, იბანავე?

_ ჰო.

_ ისე, არც მე მაწყენდა ახლა ცივი დუში. კაკ რაზ გამომაკეთებდა.

_ შედი მერე, რას გორაობ ლოგინში. ლუდი არ არის, «ბორჯომს» გაგიხსნი, თუ გინდა.

_ არა, იყოს. «ბორჯომი» არ მინდა. შენ რა ქენი, როდის ამთავრებ ბინის რემონტს?

_ დღეს პარკეტს გალაკავენ უკვე. რამდენიმე დღეში გადავალ, ალბათ. მალე მოგშორდები, ნუ გეშინია.

_ მე რისი მეშინია, შენ იკითხე თვარა. გაძლებაზე ხარ უკვე, გგონია, ვერ ვხედავ?

_ მიდი რა, გელანდება რაღაცები, _ იამ ტუჩები აიბზუა და ოთახიდან გავიდა.

ირაკლიმ ფეხები გადმოყო საწოლიდან. ერთხანს ასე იჯდა. მერე თავი ხელებში ჩარგო და შეეცადა, აღედგინა წინა ღამის სურათი: «ბერიკონში» რომ ვიყავით, მახსოვს. პაატამ რომ ქალები მოიყვანა, ეგეც მახსოვს. ერთს ორმოცდაათლარიანი ვაჩუქე, არა? ჰო, ვაჩუქე. ჰმ, რა კლიენტი იყო! მერე, მგონი, ვიჩხუბე პაატასთან. რატომ? აღარ მახსოვს… ვიჩხუბე, რო? აღარაფერი აღარ მახსოვს», _ წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია და ეზოში გადაიხედა. «მო-ხე-დე მშვე-ნი-ერ ქალს», _ გარედანაც მერკვილაძის ხმა შემოდიოდა.

_ თორემ მერე გვიან ი-ქნე-ბა, _ ღიღინით აჰყვა მუსიკას ირაკლი. მოტრიალდა, სარკეს მიუახლოვდა, ჩაიხედა. «რას ვგევარ, ჩემი!» _ ლოყაზე ჩამოისვა ხელი. «ნაღდი ლოთის სიფათი მაქვს», _ გაეღიმა. არადა, საერთოდ არ იყო სმის დიდი მოყვარული.

გუშინ, უბრალოდ, ქაღალდის ახალი პარტია ჩამოუვიდათ რუსეთიდან და მთელი დღე იმის გადანაწილება-ჩაბარებას მოანდომეს. საღამოს კი ჩაუსხდნენ მამაპაპურად. ბევრიც მოუვიდათ…

ტელეფონი აწკრიალდა. ნომერს დახედა. პაატა იყო.

_ ჰაუ!

_ გაგაღვიძე? _ თითქოს შორეული ქვეყნიდან რეკავენო, ისეთი დანჯღრეული ხმა ისმოდა ტელეფონში.

_ არა. ვანაში შევდივარ. ვიბრიდები, მგონი. მაგარ პახმელიაზე ვარ.

_ წამოგიღო რამე?

_ პივა გამოაყოლე, რა.

_ რომელი, «არგო»?

_ ჰო, ოღონდ ჩვეულებრივი. ფულზე რა ქენი?

_ ხუთი მივეცი უკვე. ახლა იქიდან მოვდივარ. სამს ხვალ მოგცემ-მეთქი. როგორც მითხარი.

_ საღოლ! მაგარო ხარ. დღეს ავიღოთ დარჩენილი თანხა და მერე დავისვენოთ ცოტა, თორემ პროსტა, აღარ შემიძლია მეტი, გავიტრუპე. რამდენ ხანში მოხვალ?

_ ხუთ წუთში მანდა ვარ.

_ კაი, გელოდები.

მობილური საწოლზე მიაგდო და ფეხშიშველი სააბაზანოსკენ გაეშურა. ია ვერანდაზე იჯდა და თითებზე უფერო ლაქს ისვამდა. წყლის ხმა მოისმა სააბაზანოდან. ქალმა ანგარიშმიუცემლად გაიხედა იმ მხარეს. «რამდენს მუშაობს ეს ბიჭი, როგორ იკლავს თავს. ნეტა რად უნდა ამდენი ფული!» _ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ჭიშკრისკენ გაიხედა. შავმა ბმვ-მ შემოუხვია ეზოში.

_ ჰაი! _ ხელი აუწია იამ პაატას.

_ პრივეტ, იაკო! სადაა შენი ძმა? _ ამოსძახა ქვემოდან.

_ შხაპს ივლებს. ამო!

პაატამ მანქანიდან ლუდის ბოთლები გადმოიღო, კარი ფეხით მიხურა და დინჯად აუყვა კიბეს.

_ ტაბიძეს უნდა ვუთხრა, ლიფტი გააკეთოს ამ სახლში, ლიჩნად ჩემთვის, თორემ აღარ შემიძლია ასე, _ ქოშინით ამოვიდა პაატა. არც დამჯდარა, აიღო ერთი ბოთლი, მაგიდის კიდეზე ჩამოდო სახურავით, ხელისგული დაჰკრა და საცობი გააგდებინა.

_ გინდა? _ შესთავაზა იას. ქალმა უარის ნიშნად თავი გადააქნია.

_ ორსართულიან სახლს ლიფტი რად უნდა, ბიჭო! თქვენ მალე ისე გაზარმაცდებით, პირდაპირ გარაჟს გაიყვანთ საწოლ ოთახამდე, ფეხი რომ არ დაადგათ ზედმეტად მიწაზე. მაგ უძრაობით გასუქდები და ქონები რომ დაგედება, მერე ნახე შენ, როგორ დაგერხევა, _ გაიცინა იამ.

_ ა! ნახე?! ამხელა ღიპი მქონია ოდესმე? რაც შენს ძმასთან დავიწყე მუშაობა, მთლად წავედი ხელიდან. ვსუქდები და ვსუქდები. სულ პივა და პივა! დილას პივა, საღამოს პივა, გაიღვიძებ _ პივა, დაიძინებ და მაინც პივა.

_ რა ვიცი, მაგას კი არაფერი ეტყობა გასუქების და… _ შეიცოდა ძმა იამ.

_ ჯერ სადა ხარ, ოცდათხუთმეტის რომ გახდება ჩემსავით, მერე დაიწყებს მოფერიანებას. აგერ ნახე! არც ისე ბევრი უკლია იქამდე, _ დააიმედა პაატამ და ბოთლი მოიყუდა.

_ სად იყავით წუხელ, სად ჩახეთქეთ? _ იამ ხელები გააქნია ჰაერში, ლაქწასმულ ფრჩხილებს იშრობდა.

_ ეხ, იაკო, რა ვიცი… სად არ ვიყავით. ჯერ «ბერიკონში», მერე «იმერეთში», მერე კიდევ სადღაც. ქალებში არ ვყოფილვართ, კლიანუს!

_ მიდი-ი-ი!

_ არაკაცი ვიყო, თუ გატყუებდე. კი იყვნენ გოგოები, მარა არაფერი! _ აწეული ხელები საბუთად გამოიყენა პაატამ.

_ ჩემთან რა თავს იმართლებ, ვერ გავიგე? რაში მაინტერესებს, სად ივლით, ქალებში თუ ბარებში. როდის იყო, რამეს გიშლიდით.

ამ დროს ირაკლიც გამოვიდა ხალათმოცმული. სახე გათეთრებოდა, ხოლო თვალები ისე უბრწყინავდა, თითქოს შავი მარმარილოს ფილები გააპრიალესო.

_ რა იყო, ბიჭო, თვალებიც მაჩალკით გაიხეხე? როგორ გიბრჭყვიალებს. ასე რომ მიხდებოდეს დაბანვა, დღეში ცხრაჯერ გავიხეხებოდი, _ ახითხითდა პაატა.

_ შენ ეგ პივა დამისხი, გირჩევნია, ბევრს რომ ლაპარაკობ.

პაატა სამზარეულოში გავიდა, ლუდის კათხები გამოიტანა, ხრიგინით გამოსწია ტაბურეტი და მაგიდას მოხერხებულად მიუჯდა.

_ ასწიე ბოთლი ცოტა მაღლა, ე! მასე! ხედავ, რა ქაფი მოიკიდა?

_ ვახ! ნამდვილი პივოლოგი ხარ რა, ძმა! მე კი გოიმივით პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდი.

_ იკუნი, შენ რატო არ სვამ, ჯიგარო? _ მხარზე შეეხო ირაკლი იას.

_ ამ დილით ლუდს რა დამალევინებს, ლოთი კი არ ვარ თქვენსავით, სამსახურში უნდა წავიდე. ხომ ავქოთდი მაგის სუნით.

_ რა დავლიეთ, ბიჭო, ამისთანა, თავის ტკივილი არ მიჩერდება, ტო-ო!

_ შენ ის თქვი, რა არ დავლიეთ. ჯერ ხომ პივით დავიწყეთ, მერე არაყი მივაყოლეთ. მერე ის ბიჭები რომ გამოგვემცნაურნენ, წავკისელები, იმათ ღვინო მოიტანეს. მერე გოგოებმა შამპანურს დავლევთო და ბოლოს, მგონი, კონიაკიც კი მესხა ჭიქაში. მერე მეც ამერია სათვალავი, არაფერი არ მახსოვს. კიდევ კარგი, საქმის ფული რომ მოქესტე წინასწარ.

_ შენ ხომ იცი, მე საქმის ფული თან არასდროს დამაქვს, მით უმეტეს, როცა დასალევად მივდივარ, _ ირაკლიმ ძმაკაცს გადახედა, _ ჰო, მართლა, მანქანა სად მივამტვრიე, ხომ არ იცი? _ გაახსენდა უცებ.

_ რა მანქანა, შენი? არ ვიცი?! ისე, სულ ვასმიორკებით წამოხვედი იქიდან, ახლა გამახსენდა. რა ჭირს მანქანას?

_ ფარი აქვსო ჩამტვრეული, იამ მითხრა. შენ გეცოდინება, სად იშოვება «ვოლვოს» ფარები.

_ კოტესთან დაგიადებ, ძმაო, რა პრობლემაა. დღესვე შევუვლი.

_ მშვენიერი აზრია. მაგას ჩვენი ვალიც აქვს, 400 დოლარი. ხომ არ დაგავიწყდა?

_ მაგასაც გავახსენებ, შენ ნუ გედარდება. ვსიო ბუდეტ ო კეი!

_ კარგია, ახლა მაგ ფული რომ მივეცით ზაზას, სიტყვა სიტყვაა, ძმაო, სხვა დროსაც გვენდობა. ეგ კაი დირკაა, ჩერეზ პირველი ხელით რომ მოდის ქაღალდი, თორემ სხვისგან ნაყიდით აღარაფერი გვრჩება, ხომ ხედავ! მით უმეტეს, როცა ორ კაცზე ტყდება.

_ მაგიც მართალია. გაგვიმართლა, ხო იცი. ისე, შენ რომ არა, მე ეგ ფული უკვე აღარც მექნებოდა, ალბათ. ასე ვისვრი ხოლმე, სიმთვრალეში, ა! პაჩკებით. კაი პრივიჩკა გაქვს, თორემ მე, თუ რამეს ვიშოვი, იმ დღესვე მეხარჯება. თან კონტროლსაც არ ვუწევ _ ჩემია, სხვისია… ცოტა თუ დავლიე, მერე ხო ვაბშე… სულერთია! იმ დღეს კაზინოში რვაასი ლარი დავტოვე, მაგის დედა ვატირე!

_ კრეტინი ხარ! რვაასი ლარი რომ წააგო, მინიმუმ, ერთი ოცდაათი ათასი მაინც უნდა გედოს ჯიბეში და სერიოზული პრობლემებით არ უნდა იყო დახუნძლული. შენ გაქვს ასე საქმე?

_ ეჰ! შენ რომ არ გამოჩენილიყავი, შიმშილით დავხოცავდი ალბათ, ჩემს ცოლ-შვილს, _ მუხლზე დაირტყა ხელი პაატამ.

_ ჰოდა, მაგიტომ ხანდახან დაუჯერე ირაკლი «ბიძიას», არ წააგებ, _ მოსვა ბოლო ყლუპი ირაკლიმ და ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე. _ აგაშენა ღმერთმა! ცოტა არ გამოვიხედე თვალებში? რა ვქნათ ამ საღამოს, ხომ არ წავიდეთ კაზინოში? არ გინდა? წავიღოთ ერთი სამას-სამასი დოლარი და განმუხტვა გავაკეთოთ. ეს სამი დღე თითქმის არ დაგვისვენია. ხომ კაი იდეაა?

_ მეტი რა შეგვრჩება, წავიდეთ რა, ოღონდ «მონტანაში», სხვაგან არ მინდა.

_ თავგასიებულ გოჩასთან? კი ბატონო! ისე რა ვქნათ, გოჩასაც აქვს ჩვენთვის მოსაცემი ფული. ხომ არ შევახსენოთ? ბიზნესი ბიზნესია, ძმაო, შიოს მარანი კი არაა! როცა უჭირდა, პადდერჟკა ხომ მივეცით!

_ მაგას დავბრიდავ, სანამ იმ ფულს არ მოგვცემს, ბოზი ვიყო.

_ ე, ბიჭო, რად უნდა ამას ამდენი ლაილაი, გოჩას ახლა ფულის მეტი რა აქვს, მოგვცემს, აბა რას იზამს. არ მოგვცემს და… კუკიაზე ადგილის მეტი რა არის, _ ირაკლი წამოდგა, _ წავალ, ჩავიცვამ. ია, არ მოაწყინო ჩემს მოსვლამდე, _ ჩააბარა დას ძმაკაცი და საძინებლისკენ გაეშურა.

7

ჟინჟღლავდა. ისე გავიდა ოქტომბერი, მზე თითქმის არ გამოსულა. წარამარა იცვლებოდა ამინდი. ხათუნამ სწრაფად აირბინა საფეხურები და ზარის ღილაკს თითი მიაჭირა. კარგა ხანს არავინ გამოხმაურებია. ის იყო, მეორეჯერაც დააპირა დარეკვა, რომ შიგნიდან ნაბიჯების ხმა გაისმა, კარი გაიღო და მაკამ გამოყო თავი შემოსასვლელიდან.

_ გეძინა? _ გაუღიმა ხათუნამ.

_ ჰო, ძლივს ავწიე თავი, შენს მერე იმდენი კონიაკი ვსვით მე და ინგამ, შაშუბეშივით ვუყურებდით ერთმანეთს.

_ რა, სიყვარულის ბუშტი გაგისკდათ?

_ რაღაც მაგდაგვარი, _ ჩაიცინა მაკამ და კარი ისევ გასაღებით ჩაკეტა.

_ ფული მოგიტანე, _ ხათუნამ ჩანთიდან ოთხად გაკეცილი ათლარიანები ამოიღო და დაქალს მიაწოდა.

_ კარგი გოგო ხარ. ყავას დალევ?

_ რა ვიცი, მოდუღება თუ არ გეზარება, დავლევ.

ლოჯიაში გავიდნენ. ფართო დივანზე ვერცხლისფერი, გრძელბეწვიანი სპარსული ჯიშის კატა გაწოლილიყო და თვალებს ზანტად წკურავდა.

_ სიმბა, როგორა ხარ, ლამაზო? _ ხათუნამ ფისო მუხლებზე დაისვა და ფაფუკ ზურგზე ხელი გადაუსვა.

_ სიმბა კი არა, ნამდვილი კატიუხაა, გამიხურა საქმე!

_ რას ერჩი, რას გიშავებს?

_ მთელი ღამე კნაოდა. პრუ-პრუ-ს გაიძახოდა. ატეხილია, მგონი.

_ უი, რას ამბობ! მერე, რა უნდა ქნა?

_ წამალი უნდა ვუყიდო. სად ვეძებო ახლა «სასიძო»? _ ჩაიცინა მაკამ.

_ ცოდოა გოგო, _ ხათუნამ სიმბა გულში ჩაიხუტა, _ რა ლამაზი ცხვირ-პირი აქვს, კოცნა მოგინდება პირდაპირ. ისე, დაქალისთვის ადვილად ახერხებ «ხანუმობას» და კატისთვის გენანება?

_ კრუ-უ-უ, უ-ნა-ა, _ რაღაცნაირ ხმაზე «დაიჩივლა» სიმბამ.

_ ვაიმე, რაღა ვქნა, რა დღეშია ეს საწყალი! _ ხათუნას სიცილი აუტყდა.

კატამ საცოდავი მზერით ჯერ ხათუნას გამოხედა, მერე _ მაკას, მერე მუხლებიდან ჩამოხტა და მეორე ოთახში კრუტუნით გაიძურწა.

_ შენ სამსახურში მიდიხარ? _ გამოსძახა მაკამ სამზარეულოდან.

_ ჰო, ოღონდ ჯერ ატეესში უნდა გავიარო, ტელეფონის ფული მაქვს გადასახდელი.

_ თუ დამელოდები, მანქანით გაგიყვან, მაინც იქით მივდივარ.

_ არა-ა! შენ ერთი საათი მოუნდები გაპრანჭვას, მაგდენი დრო არა მაქვს.

მაკამ ყავა შემოიტანა.

_ მანდ მოგიტანო თუ მაგიდაზე დაჯდები? _ ჰკითხა.

_ მაგიდაზე კი არა, მაგიდასთან.

_ ანუ მაგიდის ირგვლივ, არა? ბოდიში, ბატონო.

ხათუნამ ხელი ჩაიქნია, შენგან არაფერი გამოვაო და ფინჯანი ჩამოართვა.

_ ისე, ჩვენში დარჩეს და… ბავშვს რატომ არ აჩენ? სულ კატების და კაცების ფერებაში ხომ არ უნდა იყო?! _ უკბინა ხათუნამ.

მაკამ ხმა არ გასცა, წაუყრუა.

_ გაიგე, რა გითხარი? _ გაუმეორა მეგობარს.

_ დამანებე რა, თავი. არ მიყვარს მაგ თემაზე საუბარი, კარგად მოგეხსენება.

_ კი მაგრამ, სანამდე გინდა, ასე იყო?

_ ჯერ სად მეჩქარება, ოცდაექვსის ვარ, მეტის კი არა. მაგის დროც მოვა. შეიძლება არც, _ ორაზროვნად ჩაილაპარაკა მაკამ.

_ არ შეიძლება ასე. რომ ცხოვრობ, რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს შენს არსებობას, რაღაც გამართლება, _ დამოძღვრა დაქალი.

_ რა გინდა ახლა, რა რეჩებს მიკითხავ, ყველაფერი უნდა მათქმევინო? არ შეუძლია ჩემ ქმარს ბავშვების კეთება. პანიმაეშ! არ შე-უ-ძლი-ა! მორჩა და გათავდა. ამას პლუს კიდევ, ვერ ვიტან ახალდაბადებულ ბავშვებს. მეჯავრება, ხელს ვერ ვკიდებ, _ ზიზღით მობრიცა ტუჩები მაკამ.

_ აბა, ვის იტან ერთი, მითხარი. შენთვის რამე წმინდა არსებობს ამქვეყნად? _ გაბრაზდა ხათუნა.

_ რატომ არ არსებობს! შენ არსებობ, ინგა, დედაჩემი, მამაჩემი… და ასე შემდეგ. მესროლე რა, პულტი, ტელევიზორს ჩავრთავ.

_ არ გინდა ეს ტელევიზორი. ამ ბოლო ხანებში ხმაური მაღიზიანებს რატომღაც.

_ რა იყო, ნაადრევი კლიმაქსი ხომ არ დაგეწყო, გოგონი, ჰა? მაიტა, ისე მაინც ვნახოთ, რა ხდება ქვეყანაზე.

«რუსთავზე», როგორც ყოველთვის, სერიალი გადიოდა. ხათუნა ვერ იტანდა ამ ლათინურამერიკულ ისტორიებს, ადამიანების «სერიული გამოშტერების» საშუალებააო, ამბობდა.

_ აი, ქეთი მღერის. იყოს, რა! როგორ მიყვარს ეს სიმღერა. «და როცა მიხურავ კა-ა-არს», _ აყვა ხათუნა მელოდიას.

მაკამ პულტი ეკრანს მიუშვირა და გამორთო.

_ შენ ხომ თქვი, ხმაურს ვერ ვიტანო. ესე იგი, არ გვინდა ტელევიზორი, _ ჯიბრიანად გაუღიმა.

_ რა სადისტი ხარ. როგორ გიყვარს სხვის ნერვებზე თამაში, _ თავი გადააქნია ხათუნამ, ჩანთას დასწვდა, გახსნა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

_ რას ეწევი, «დადი»? _ დაინტერესდა მაკა.

_ «ფუჟენია». გინდა?

_ არა, მე «მორე» მაქვს. შენ როდის იყო, მაგას ეწეოდი?

_ გუშინ თანამშრომელმა მაჩუქა ერთი კოლოფი და ხომ არ გადავაგდებდი. ისე, მინდა, საერთოდ დავანებო მოწევას თავი.

_ უჰ! დღეში რაცხა ხუთ ღერს რომ აბოლებ, მაგას ეძახი მოწევას? აბა, მე მკითხე ახლა, «პარაოზივით» გავხდი. პაჩკა არ მყოფნის.

_ ქალო, იმეტყველე ქართულად, რა გჭირს. თქვი ელმავალი, კოლოფი. რა, ნაკლები სიტყვებია?

_ «მინავათი» ვარ, საყვარელო, ვსიო, ბოლშე ნე ბუდუ, _ პირზე სიცილით მიიფარა ხელი მაკამ.

_ ნამდვილი დაუნი ხარ. ამდენს გისწორებ, ამდენს გიჩიჩინებ და მაგ გოგრა თავში მაინც არაფერი შედის.

_ მავიწყდება, ქალო, რა ვქნა?!

_ კაცები ხომ არ გავიწყდება!

_ შენ წარმოიდგინე, ისინიც არ მახსენდება ხანდახან. ყოფილა შემთხვევა, სახელი დამვიწყებია და მერე ერთი საათი ვიხსენებდი, ნეტა იმას რა ერქვა-მეთქი, _ კისკისი აუტყდა.

_ შენმა ქმარმა რომ იცოდეს, რას აკეთებ, ყელს გამოგჭრიდა, შე საცოდავო, _ ჩაილაპარაკა ხათუნამ.

_ გგონია, არ იცის? ყველაფერიც იცის, თუ არ იცის, ხვდება მაინც, მაგრამ არაფერს მეუბნება. ეშინია, არ მივატოვო. მაგი უჩემოდ ერთი დღე ვერ გაძლებს. რომ ვეტყვი, გაგშორდები-მეთქი, ლამისაა, ტირილი დაიწყოს.

_ სულ არ ჰქონია თავმოყვარეობა.

_ არც თავმოყვარეობა აქვს და არც ადამიანობა. ფულსაც იმიტომ არ მაძლევს, მერე შენ მთლად აიშვებ, ვაბშე არ შემოხვალ სახლშიო.

_ რა სისულელეა! მიკვირს, დუბაიში როგორ გაგიშვა. ან რატომ არ მიდის ექიმთან, შვილი არ უნდა?

_ დედაჩემმა კატეგორიულად მოთხოვა, გაუშვი, ხელი არ შეუშალოო. მე მინდა და უნდა წავიდესო. უბავშვობა კიდევ მაგას არ აწუხებს. არც ახსენდება. ჩემთვის უკეთესი. ასე ყოფნა მირჩევნია. სუფთა ტრიაპკაა, რა. ტრიაპკა კი არა, ჩვარი, უკაცრავად, _ ირონიულად შეასწორა შეცდომა მაკამ.

_ როგორც გინდა, ისე იმეტყველე, მე თავი დამანებე, _ ხათუნამ სიგარეტი ჩააქრო და წამოდგა, _ დავეშვი ახლა მე, ქვეყნის საქმე მაქვს. საღამოს გნახავთ. რა ბედნიერი ხარ, ასეთი გარემონტებული ბინა რომ გაქვს. მე თუ ვეღირსები ოდესმე ჩემი სახლის გაკეთებას? _ წაიწუწუნა ხათუნამ.

_ რომელზე იქნები შინ? _ კარამდე მიაცილა მაკამ დაქალი.

_ შვიდისთვის მოვალ.

_ ხომ წამოხვალ კაზინოში?

_ რა ვიცი, ვნახოთ, რა ხასიათზე ვიქნები.

_ ესე იგი, წამოხვალ.

_ ალბათ. კარგად, აბა!

_ სპასიბა, ბრატიშკა, პაკა, პაკა, _ მაკამ ხელი დაუქნია მიმავალს და კარი დაკეტა.

7 7 7

სამსახურში მისულს თამაზი დახვდა მხოლოდ, რედაქტორი. თაბახებში თავჩარგული რაღაცას გულმოდგინედ კითხულობდა.

_ გამარჯობა, თამაზ, _ მიესალმა უფროსს და ჩანთა თავის მაგიდაზე შემოდო.

_ ოჰ! ლამაზების პრეზიდენტს გაუმარჯოს. როგორა ხარ, თვალებხატულა ქალო? _ ღიმილით გამოხედა თანამშრომელს.

_ ისე რა. თავად?

_ ცუდად.

_ რატომ ცუდად და რატომ კარგად არა? მოხდა რამე?

_ მეტი რაღა უნდა მოხდეს. არ იყიდება ეს ოხერი გაზეთი, ყოველდღე ვარდება ტირაჟი. გუშინ «პლანეტამ» 280 ცალი მოაბრუნა.

_ რას ამბობ! _ შეშფოთდა ხათუნა, _ მერე რა გვეშველება?

_ აზრზე არა ვარ. ამ თვეში როგორ დავარიგებ ხელფასებს, არ ვიცი. ყოველდღე უკან-უკან მივდივართ.

_ ზეწრებივით ერთგვერდიანი წერილებით რომ არის გამოტენილი ყველა ნომერი, იმის ბრალია ყველაფერი.

_ კაცმა არ იცის, რისი ბრალია. უნდა შევამცირო ჰონორარი, ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, _ თამაზი წამოდგა, კეფაზე შემოიწყო ხელები და ფანჯარასთან ზურგით დადგა.

_ გაგიჟდი! ისედაც ოცი ლარია გვერდი, ეგეც რომ შეამცირო, ვიღა იმუშავებს მერე! აბუნტდებიან, ხომ იცი.

_ აბა, სულ რომ ვერ მივცე ხელფასი, უკეთესი იქნება? გაზეთს ხომ არ გავაჩერებ. ათასი ცალით შევამცირე ისედაც უკვე ტირაჟი.

_ ყოველკვირეულზე რომ გადავიდეთ? _ აზრი დაებადა ხათუნას.

_ ყოველკვირეული არა და, კვირაში სამჯერ მეც დამიჯდა ჭკუაში. ვნახოთ, ერთი-ორი კვირა გადავხედავ კიდევ და მერე მოვიწვევ კრებას. რაღაც უნდა მოვიფიქროთ ყველამ. ასე არ შეიძლება.

_ რეკლამა გავაკეთოთ.

_ სადაა რეკლამის ფული, ნუ მაცინებ.

_ «სოროსში» გრანტების ვარიანტიც არ არის?

_ ამ წუთში არაფერი არ არის. მერე რა იქნება, არ ვიცი. ვნახოთ.

_ მაშინ ვითამაშოთ «ვის უნდა 20 000″, იქნებ მოვიგოთ რამე.

_ ჰმ! შენ რომ მოიგო რა, გაზეთში ჩადებ?

_ აბა რას ვიზამ! ცოტას ბინის რემონტისთვის დავიტოვებ და დანარჩენს «შემოგწირავთ», _ გაიცინა ხათუნამ, _ არა გრცხვენია, თამაზ, ასე მიცნობ?

_ არა, შენ რომ კარგი გოგო ხარ, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ისე ვთქვი, უბრალოდ.

ამ დროს ნანი შემოვიდა ოთახში, რატომღაც შავმინებიანი სათვალე ეკეთა.

_ გამარჯობათ, ხალხნო, _ სევდიანი ხმით მიესალმა დამხვდურთ.

_ გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს. შენ რა სათვალით დადიხარ ამ წვიმაში, მაგას ინსტრუქცია არ მოყვებოდა? _ გაეხუმრა თამაზი.

ნანიმ ხმა არ გასცა და ხათუნას მიუჯდა გვერდით, მხარზე ჩამოადო თავი.

_ რა იყო, ნანი, შეგემთხვა რამე? _ თავზე თავი მიადო თანამშრომელს.

_ თავის მოკვლა მინდა, ხათო, მეტი არაფერი. არ შემიძლია ასე ცხოვრება, _ ნიკაპი აუკანკალდა ქალს, სათვალე მოიხსნა და ხათუნას შეხედა.

_ ვაიმე! ღმერთო ჩემო! რა არის, გოგო, ეს?! _ შეშფოთდა მისი შემხედვარე ხათუნა და ქვედა ტუჩზე იკბინა. ნანის ორივე თვალის უპე ჩალურჯებული ჰქონდა. ქუთუთოები შესიებოდა.

_ ნახე, რა ფანრები დამადო მაგ საზიზღარმა. როგორ მეჯავრება, რომ იცოდე, როგორ მძულს, დანახვაც არ მინდა! _ ცრემლებით აევსო თვალები.

_ რა დაგარტყა ამისთანა, ნუ გადამრიე!

_ მუშტები. სულ სახეში მირახუნა.

_ რა სიკვდილი უნდოდა, კი მაგრამ, ეჭვიანობს?

_ არა, რას ეჭვიანობს. ჩემს დედამთილთან მომივიდა შელაპარაკება და იმანაც, შემოსული არ იყო ლევანი, რომ მიახარა. ესეც ნასვამი იყო. მეტი რა უნდოდა, მადლიზა ჩხუბის საბაბი იპოვა. ვერ მოვასწარი სახეზე ხელის აფარება. ამ ბოლო ხანებში სულ წავიდა ხელიდან. სად მიაქვს ეს ხელფასი, ვერ გამიგია. შუაღამეს შემოდის სახლში, მთვრალი, გაუბედურებული.

_ ეს უკვე მერამდენედ გცემა, ნანი, რატომ ითმენ ამდენს? საკუთარი თავის დაცვა არ უნდა შეგეძლოს ამხელა ქალს? კარგი, რა!

_ ეჰ! თურმე ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, ხათო, ყველაფერს. ბავშვები მეცოდება, თორემ… მარტო რომ ვცხოვრობდეთ, პრობლემა კი არ გვექნება, იცი? როცა დედამისი შინ არ არის, გუგულებივით ვართ. მიყვარს, გოგო, განა არ მიყვარს, მაგრამ აგიჟებს ის დასამიწებელი, ჭკუაზე შლის. თან ვითომ გული აწუხებს, უცებ გადაატრიალებს თვალებს, ცუდად ვარო და ამ ჩემ დებილსაც მეტი არ უნდა, მერე ჩემზე იყრის ხოლმე ჯავრს, შენ დააავადმყოფე დედაჩემიო.

_ გადით მერე ცალკე, რას აკვლევინებ თავს იმ ბებრუხანას, _ შეწუხდა ხათუნა.

_ ზღაპარია ეგ ყველაფერი. მე მიმატოვებს და დედამისს _ არა. გაგონებაც არ უნდა მაგისი, _ ჩაიქნია ნანიმ ხელი და სათვალე ისევ გაიკეთა.

_ შენ რას შვრები, გააკეთე რამე?

_ ჰო, ახლა უნდა დავიწყო აკრეფა.

_ მე კი არაფრის თავი არა მაქვს. თავი მისკდება, ისე მტკივა. თვალებიც მეწვის.

_ წადი მერე შინ და დაწექი.

_ არა. მაგ ქალის ყურებას აქ მირჩევნია ყოფნა. თანაც აუცილებლად უნდა გავუშვა ეს წერილი ხვალისთვის. ისედაც ორი ნომერი გამოვტოვე უკვე. საერთოდ ვერ ავიღებ ამ თვეში ვერაფერს.

ნანიმ ჩანთიდან დიქტოფონი ამოიღო, კომპიუტერის გვერდით დადებული საწერი ქაღალდების დასტას რამდენიმე ცალი თაბახი მოაკლო და თავისი მაგიდისკენ გაეშურა. ხათუნამ თანაგრძნობით გააყოლა თვალი. «მოდი ახლა და ირწმუნე რამე სიყვარულის», _ სინანულით გადააქნია თავი.

7 7 7

«დღეს თათიას სანახავად უნდა წავიდე. სულ ავიღე ბავშვზე ხელი. მომკლავს დედაჩემი. რამდენი ხანია, არ გავსულვარ. ყველსაც წამოვიღებ, ჩამოტანილი ექნება დედას, ალბათ. რა ვქნა. სამი თავი ყველი ეყოფა ჩემს გაჭირვებას?.. სულ არ მომწონს ეგ გოჩა, მაგრამ… აბა, სხვა «პრასვეტი» რომ არა მაქვს? მართალს მეუბნება ხათუნა, სანამ უნდა ვიარო ამ მაკას ჭკუაზე. მთლად გადამიბირა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს. მეც რომ ვერ ვეწინააღმდეგები? არ შემიძლია. რა ჩემი ბრალია. ძალიან მერყევი ხასიათი მაქვს. რომ მითხრას, კაცი მოკალიო, ალბათ, მოვკლავ. ჰმ! მაგარი ჩერჩეტი კი ვარ… ფუჰ! რას ჰგავს ეს ჩანთაძე. სუფთა ვინი პუჰია. მერე რამხელა თავი აქვს?! ქონიანი ხელები, ღიპი… საზიზღარი ვინმეა! არა უშავს. სამაგიეროდ, ფული ჰქონია ბევრი. შევეჩვევი ნელ-ნელა, აბა რა იქნება. ისე, რა სირცხვილია! ჩემისთანა ქმრის პატრონი როგორ უნდა ვფიქრობდე მაგნაირ კაცზე. გაჭირვებას რა ვუთხარი. აფსუს, როგორ ვიმცირებ თავს! ჩემებსაც არა აქვთ საშუალება, ვერ მეხმარებიან. ჩემ დასაც ხომ სჭირდება ცოტა წახმარება. დედაჩემს მე უფრო ვეცოდები, ქვრივია, მეტი ყურადღება ამას სჭირდებაო. ნატოს ეს აგიჟებს სწორედ. მე არა ვარ თქვენი შვილიო, აყვედრის. საწყალი მამაჩემი! რა ქნას. პარალიჩის მერე საერთოდ ვერ ხმარობს მარცხენა ხელ-ფეხს, ძლივს დაფოფხავს. დედა კი რამდენად უნდა გაიყოს! ვეღარ აუდის ამდენს. კიდევ კარგი, ბებიაჩემს მაინც მოსდევს ჯანი. ის რომ არა, ტატო ჩემი გასაზრდელი იქნებოდა. არა, კი გავზრდიდი, მაგრამ მამაჩემი არ მანებებს. შენ ისე ვერ მოუვლი, როგორც _ ჩვენო. არ მენდობა. მაგათი ბრალია, ასეთი უსუსური რომ გამზარდეს. ნატოს რა უჭირს, ქმარი მაინც ჰყავს. თანაც როგორი! კარგი ბიჭია. მართალია, თავზე არ გადასდით, მაგრამ არც ისე უჭირთ. ყოველდღიური ფული ხომ მაინც აქვთ. რამდენჯერ ჩემთვისაც მოუცია შალვას ფული ჩუმად, არავის უთხრაო. იმას ვენაცვალე, კარგი სიძე მყავს. ღმერთმა მისცეს!» _ ინგამ ღრმად ამოიოხრა და ფიქრებიდან გამოერკვა. დედასთან დააპირა დარეკვა, გავაფრთხილებ, რომ მოვდივარო, მაგრამ ვიღაცამ დაასწრო. ტელეფონი აწკრიალდა. ყურმილი აიღო. თამუნა იყო, მაზლის ცოლი.

_ ინგა, შენა ხარ?

_ ჰო, მე ვარ, თამუნა, როგორა ხარ? _ ზრდილობის გულისთვის მოიკითხა რძალი, რომელსაც საშინლად მწარე ენა ჰქონდა, ყოველთვის ამცირებდა ინგას.

_ მე კი ვარ კარგად, მაგრამ აი, შენი დედამთილი ვერ არის ძველებურად, _ მზაკვრულად გაისმა თამუნას ხმა.

_ რა მოხდა? რა დაემართა? _ გულწრფელად შეწუხდა ინგა.

_ ფსიქიატრიულში დავაწვინეთ.

_ რა-ა? რატომ? როდის? რანაირად? _ სიტყვებს ვერ პოულობდა ინგა.

_ უჰ! ერთი თვე ხდება უკვე.

_ რისთვის, გამაგებინე, რა ჭირდა სამაგისო?

_ ჩასმენები დაეწყო ქალბატონს, სულ ტატო ელანდებოდა, ელაპარაკებოდა. ხან ისტერიკულად იცინოდა, ხანაც ფეთიანივით ტიროდა. რა ვიცი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი სანდროს, დავაწვინოთ-მეთქი. უარზე იყო, ხალხი რას იტყვის, დამცინებენო. გიჟი დედა რომ გეყოლება სახლში, ამაზე არ დაგცინებენ-მეთქი, მეც ვუყვირე.

_ ჰო მაგრამ, ფსიქიატრიულისთვის როგორ გაიმეტეთ, ნევროლოგიურში მაინც წაგეყვანათ.

_ არ მიიღეს, ეგ უკვე აღარ არის ჩვენი ავადმყოფიო.

_ მერე? რატომ არ შემატყობინეთ, აქამდე არ უნდა მცოდნოდა?

_ შენ ხომ არ იკადრებ აქეთ დარეკვას, გენაცვალე, მე უნდა მოგიკითხო მაინცდამაინც. გცოდნოდა, თორემ მტვერს დაიყრიდი ახლა თავზე. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება, მაინც არ ნახულობ თვეობით. დასვენებული ხარ, მაგის სიფათს რომ არ უყურებ ყოველდღე და მაგის მოიადები რომ არ გესმის. არა, ისე, ახლა მეც დავისვენე.

_ მე ეგ ქალი ხელს არასდროს მიშლიდა, თამუნა, შენ კარგად იცი. ვთხოვე კიდევაც, ჩემთან გადმოდი-თქო, მაგრამ არ ქნა. ხმამაღლა აწეული სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის არასოდეს. კარგის მეტი რა გაუკეთებია ჩემთვის.

_ სულ ექვსი თვე ცხოვრობდით ერთად და იმიტომ, ჩემო კარგო, თორემ ჩემსავით შვიდი წელი რომ გაგეტარებინა მის გვერდით, კაი დღე დაგადგებოდა. შენ რა გენაღვლება, გაინაღდე შენი, მოყუჩებული ხარ მარტო, არავინ გაწუხებს, _ დახარბდა რძალი რძალს.

_ სად წევს, გლდანში? _ არ აყვა ირმა ლაპარაკში.

_ როგორ გეკადრება, ბატონო. გლდანში კი არა, ასათიანზე. დიდის ამბით გავჩითეთ ნაცნობი და ისე მოვაწყვეთ. ოთხკაციან პალატაში, სხვათა შორის. ჰოდა, მშვენივრად გრძნობს თავს.

_ უკეთესად არის? რას ამბობენ, გამოკეთდებაო?

_ ჯერ არ ვიცით, რა იქნება. მწვავე შიზოფრენია დაუდგინეს. ვნახოთ, ერთ კურსს რომ ჩაამთავრებს, რა შედეგს მოგვცემსო.

_ იქ უფრო აგიჟებენ ხალხს. მე ჯერ არ შემხვედრია ფსიქიატრების მორჩენილი ავადმყოფი.

_ ჩემი დარდიც ეგ იყოს. მაგის ბრალია ყველაფერი, რაც მე მჭირს და თუნდაც _ შენ. თავის დროზე რომ დაეწერა ანდერძი და გაეყო ეს ბინა, შენც ცოცხალი გეყოლებოდა ქმარი და მეც დაწყნარებული ნერვებით ვიქნებოდი, _ არ ცხრებოდა თამუნა, _ ამათ შევალიე მთელი ჩემი ახალგაზრდობა. სისხლი გამიშრეს… რას ფიქრობ, წახვალ სანახავად?

_ აბა, რას ვიზამ! რომელ განყოფილებაში წევს?

_ მეექვსეში, პირველ სართულზე.

_ მნახველებს თავისუფლად უშვებენ?

_ უჰ! ოღონდ მივიდეს ვინმე და რას ჰქვია, არ უშვებენ. თურმე უპატრონო ავადმყოფებითაა იქაურობა სავსე. ზოგს წელიწადზე მეტია, თავისიანი თვალით არ უნახავს.

_ დღეს ბავშვთან მივდივარ და ხვალ აუცილებლად გავალ. გოგოებსაც გავიყოლებ.

_ შენ იცი. ისე, რამეს თუ წაუღებ, კარგი იქნება. იქ ცუდი კვება აქვთ. მომკლა სადილების თრევამ. ყოველ მესამე დღეს დავდივარ.

«იმდენი შენ რა გითხარი», _ გაიფიქრა ინგამ, ხმამაღლა კი თქვა:

_ მოვიფიქრებ რაღაცას, _ ცივად დაკიდა ყურმილი და კიდევ ერთხელ ამოიოხრა.

888

საღამო ხანს წვიმამ გადაიღო. ზუსტად შვიდი საათი იყო, მაკამ თავისი ლურჯი «ჯიპი» ხათუნასა და ინგას კორპუსს რომ მიაყენა. კაცივით გადმოვიდა მანქანიდან, დისტანციურით ჩაკეტა და ინგას კარზე გასაღებით დააკაკუნა.

_ ღიაა, შე-მო-დი! _ გამოსძახა მეგობარმა შიგნიდან.

_ შენი კნოპკა ცხვირის ჭირიმე, რა ლამაზი ხარ! _ მიესიყვარულა მაკა დაქალს და ცხვირზე მსუბუქად დაჰკრა საჩვენებელი თითი.

_ რას შვრები, ეხლა აპირებ დაბანას? _ შეიცხადა, ხალათმოცმულ ინგას რომ შეხედა.

_ არა, ვიბანავე უკვე. ამ წუთში გამოვედი. როგორ შემცივდა, იცი? თან ჩქარ-ჩქარა ვფართხი-ვფურთხობდი, შემეშინდა, შუქი არ წასულიყო.

_ სად იყავი, დღეს მთელი დღეა, გირეკავ.

_ დედაჩემთან ვიყავი, ბავშვი მომენატრა. საუკუნეა, არ მინახავს.

_ ვერ წამოიყვანე მერე?

_ სად წამომეყვანა, ქალო, კაზინოში ვაპირებდით წასვლას და… თან ხომ არ ვატარებდი სამი წლის ღლაპს. გადაირეოდა კიდევაც ბავშვი.

_ ოჰ! მაჭარაშვილო, მაჭარაშვილო! რა ხარ შენ, ვინ იცის ჩემ გარდა, _ ღიმილით დაუქნია თითი მაკამ, _ არც შენ გახატია გულზე, მგონი, ბავშვები, ჩემი არ იყოს, _ თავი უკან გადაიქნია და მეწამულისფერ თმაზე გადაისვა ხელი.

_ მთლად ცეცხლისფერი ხარ მოკლედ, _ გაუღიმა ინგამ, _ გიხდება ეგ ფერი.

_ ჰო, ახლა მაგარ მოდაშია, _ სარკის წინ დატრიალდა მაკა. _ რას შვრება დადიანის ასული, არ მოდის?

_ არ ვიცი. უნდა გადავურეკო. აბა, ერთი წუთით აქ მოდი! _ სამზარეულოში გაიყვანა. მაგიდაზე კროსვორდების გაზეთი იდო.

_ ერთი ცალიღა დამრჩა და ვერაფრით შევავსე. მეტყველების უნარის დაკარგვას რა ჰქვია? _ ფანქარი მოიმარჯვა ინგამ და სკამზე ჩამოჯდა.

_ ასოები გაქვს? _ თავზე დაადგა მაკაც.

_ ა-ზე იწყება და ზია-ზე მთავრდება.

_ ამნეზია.

_ არა, ექვსასოიანია.

_ ე! დაურეკე იმ «მოარულ ენციკლოპედიას». ეგეთი რამეები მაგან იცის. მე პანიაწი ნე იმეიუ, _ წაურუსულა ბოლოში.

_ შენც მართალი ხარ, მაკენზი! _ გოჩას მიბაძა ინგამ და ხათუნას ტელეფონის ნომერი აკრიფა.

_ მოხვედი, გოგო? მერე, რა ჩუმად ხარ, არ უნდა შეგვეხმიანო? აქ არის უკვე. შენ, მომისმინე, მეტყველების უნარის დაკარგვას რა ჰქვია? ა-ზე იწყე… აფაზია? საღოლ! მაგარო ხარ! კაი, გელოდებით, აბა! _ დაკიდა ყურმილი და გამოყვანილი ასოებით ჩაწერა ბოლო სიტყვა.

_ ესეც ასე. გათავდა და მორჩა, _ მხიარულად წარმოთქვა ინგამ და ფანქარი მაგიდაზე მიაგდო.

_ დამიტოვე, რა, «ბიჩოკი»! _ შეეხვეწა მაკას.

_ აგერ არის, ახალი აიღე! _ კოლოფი გაუწოდა მაკამ.

_ არ მინდა მთლიანი, ცოტა დამიტოვე. ბევრს ვეწევი ძალიან.

მაკამ ერთი-ორჯერ ხარბად მოქაჩა და ნახევრამდე დასული სიგარეტის ღერი მეგობარს გადააწოდა.

მალე ხათუნაც ჩამოვიდა. თმა მაღლა აეწია, კეფაზე ჰქონდა დამაგრებული შავი ხავერდის ლენტით.

_ რა ლამაზი ხარ, ხათუნჯან? რაშია საქმე, კაცები უნდა გადარიო კაზინოში? _ შესცინა მაკამ.

_ ერთხელ მეც გადავრიო ვინმე, სულ შენით გადარეულები რომ დადიან!

ხათუნა საგანგებოდ იყო გამოპრანჭული. მაკას ნაჩუქარი შავი შარვალი ეცვა, შავი სვიტერი და ზემოდანაც უსაყელო, ჩალისფერი პიჯაკი მოეცვა.

_ კლასიკურ ფორმაში ხარ, შე ჩემა! დაევსებათ თვალები შენ დანახვაზე იქაურ «იგროკებს», _ მოწონებით ახედა მაკამ.

_ ლამაზი შენ თვითონ ხარ, თუ კარგია! შენ გვერდით მე და ინგა რას გამოვჩნდებით. აშხვართული დადიხარ! _ ხათუნამ თვალი ჩაუკრა ინგას. _ არა, ინგუშკი?

_ მაგი თქვი შენ! იმნაირი წითელი თმა აქვს, თვალს მოჭრის ადამიანს. ჩვენ, აბა, რა გამოსაჩენი ვართ ამასთან, _ აყვა ინგაც.

_ კაით ახლა, გეყოფათ შაყირი. რას ვშვებით, ავახვიეთ? _ გადახედა ორივეს.

_ წავედით და წავედით, _ ინგამ კარი გამოაღო, გოგოები წინ გაატარა და თვითონაც მიჰყვა ქუსლების ბაკუნით.

7 7 7

პირველი ასოციაცია, რაც ხათუნას კაზინოში შესვლისას დაეუფლა, დახურული სივრცის შეგრძნება იყო. არსად ფანჯარა, არსად საათი. ეს ისედაც იცოდა. საიდანღაც ტელევიზორის ხმა ისმოდა. დარბაზის სიღრმისკენ გაიხედა. აღმოსავლეთის კედელზე «შივაკის» ფირმის ტელევიზორი შემოესკუპებინათ ჩამოსაკიდ თაროზე და ერთი-ორი კაცი სავარძელში მოკალათებული ეკრანს მისჩერებოდა. ოცამდე ადამიანი მაინც იქნებოდა დარბაზში. ზოგი კარტის სათამაშო მაგიდას უჯდა, ზოგიც «რულეტკის» გარშემო ტრიალებდა. ქალებიც იყვნენ. გაუკვირდა. არ ეგონა, ამდენი ქალი თუ დახვდებოდა სამორინეში. უცებ თითქოს ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი. კვლავ გაიხედა პოკერის მოთამაშეებისკენ. ლევანი ამოიცნო მათში, ნანის ქმარი. «აი, თურმე «ბოლო ხანებში» სად მიაქვს ფული. ერთი ამას დამიხედეთ!» _ გაიფიქრა ხათუნამ. ლევანმა, თითქოს რაღაც იგრძნოო, ნელა მოატრიალა თავი და მათი მზერა ერთმანეთს შეეფეთა. კაცი ოდნავ შეტოკდა, ეტყობა, არ ელოდა აქ ცოლის თანამშრომლის გამოჩენას, მაგრამ არ შეიმჩნია და თავაზიანად დაუქნია თავი მისალმების ნიშნად. ხათუნამაც ნაზი ღიმილით უპასუხა. ცოტა არ იყოს, უხერხულად იგრძნო თავი. სულაც არ უნდოდა, ნაცნობს დაენახა და მერე ვინმეს სალაპარაკო გამხდარიყო. მაგრამ რაღას იზამდა. ლევანის გამო უკან ხომ არ გაბრუნდებოდა.

_ წამო, არ გინდა, პოკერის თამაშს უყურო? განათლდები ცოტა, _ დაპატიჟა მაკამ.

_ არ მინდა. კარტი არ მიყვარს. სად არის ჩვენი «გოჩუნია»? _ მიმოიხედა ინტერესით.

_ თავის კაბინეტში იქნება. გამოვა, ალბათ. ნუ გეშინია, არ დავავიწყდებით. წამო, ინგა, მაგან დაათვალიეროს აქაურობა, შენ მე «მიბალეიშჩიკე», _ ინგას გამოსდო ხელკავი მაკამ და პოკერის მაგიდისკენ წაიყვანა. გზადაგზა ყველას ესალმებოდა, ზოგს ხელი ჩამოართვა, ზოგიც გადაკოცნა. როგორც ჩანდა, იგი აქ ხშირი სტუმარი იყო, საკმაოდ გაშინაურებული.

ხათუნამ დაკვირვებით მოავლო თვალი დარბაზს. კრუპიეები შეათვალიერა. ცოცხალ რობოტებს ჰგავდნენ. წარამარა რაღაც ტერმინებს აცხადებდნენ ინგლისურ ენაზე. მოთამაშეებიდან ზოგიერთი აღტაცებული სახით იყურებოდა, ზოგიერთი _ სასოწარკვეთილი. «რულეტკის» მაგიდას უცნაური ფორმა ჰქონდა. ცალ მხარეს მომრგვალებულივით იყო, მეორე მხარეს _ ოთხკუთხედი. მწვანე მაუდზე ორი ფერის ციფრები ეხატა _ ოქროსფერი და წითელი. მოთამაშეც ორი იყო. ორივე იჯდა. დანარჩენები თამაშს ადევნებდნენ თვალყურს. ხათუნა მათ მიუახლოვდა. ერთი მათგანი ასე, ორმოცდახუთიოდე წლის იქნებოდა, ჭაღარა, სათვალიანი მამაკაცი. ყავისფერი, გამჭვირვალე ლინზებიდან დაძაბული მზერა იგრძნობოდა. იგი გამუდმებით ისწორებდა ცხვირზე წამოსკუპებულ სათვალეს. მეორე ახალგაზრდა ბიჭი იყო, უაზრო გამომეტყველებით. ცმუკავდა სკამზე, თითქოს სადღაც აგვიანდება და ადგომა ეზარებაო. «აი, იმ სათვალიანის გულშემატკივარი ვიქნები. ჭკვიანური გამომეტყველება აქვს. პროფესორს ჰგავს. ეს მეორე არ მომწონს, სუფთა დეგენერატია», _ გაიფიქრა ხათუნამ და «პროფესორისკენ» გაიხედა.

იგი ვერავის ამჩნევდა. ნერვულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე და გამალებული უყურებდა ციფრების ირგვლივ მობზრიალე ბურთულას, რომელმაც ბოლოს ხტუნვით მოიარა «რულეტკა» და ფოსოში გაადინა ტყაპანი. კრუპიე მშვიდად იყო. ცოტა ამაღლებულზე მეთვალყურე იჯდა. იგი დაკვირვებით ადევნებდა თვალს მაგიდის ირგვლივ მყოფთ.

«ცოცხალმა რობოტმა» დოლი მოგებულ ციფრს დაადო და გამოაცხადა:

_ სიქსტიინ, რედ, ლოუ, ივენ.

მერე ნადავლივით მოხვეტა პლასტმასის მონეტები, მოგებული თანხა გადათვალა და სათვალიანს მიუბრუნდა, 280 ლარი მოიგეთო. ბოლოს მეთვალყურეს გახედა.

_ ჩეკ, _ თავი დაუქნია ზედამხედველმაც. კრუპიემ მოგებულს ფული მიუთვალა. «პროფესორს» სახე თითქოს დაუმშვიდდა. მხოლოდ ხელები უთრთოდა ოდნავ, როგორც ჩანდა, კმაყოფილებისაგან. ახალგაზრდა ბიჭი კვლავ აცმუკდა სკამზე. წააგო. უკვე მერამდენეჯერ, ალბათ. ხათუნა თეატრში მყოფივით აყოლებდა მზერას მოთამაშეებს. აზარტში შევიდა. «ახლა შვიდიანი მოვა», _ გაიფიქრა რატომღაც. გამოიცნო. «ვა! როგორ მოვარტყი?!» _ თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. სათვალიანმა კიდევ მოიგო. ამჯერად _ 70 ლარი. ხათუნაც დაიძაბა. ერთმანეთში გადახლართულ თითებს ბურთულის ყოველ დატრიალებაზე ტკაცანი გაჰქონდა. ახალგაზრდამ ერთი-ორჯერ ჩამქრალი თვალებით გამოხედა მას, თუმცა ქალი ვერ მიხვდა, უცნობი მას უყურებდა, თუ მისი მზერა სადღაც შორს, სივრცეში იკარგებოდა უმისამართოდ.

_ მოგწონს თამაში? _ მოესმა მოულოდნელად ზურგს უკან ხმა.

ხათუნამ მოიხედა. მაღალი, სიმპათიური, შავთვალება მამაკაცი დასცქეროდა ზემოდან. მარჯვენა ლოყაზე ნაიარევი ემჩნეოდა.

_ ისე, რა! _ არ გაუშიფრა უცნობს თავისი განცდები.

_ პირველად ხარ კაზინოში? _ გაუღიმა მამაკაცმა.

_ დიახ.

_ რა გქვია?

«აუჰ! დამიწყებს ახლა დაკითხვას. რა შენი საქმეა», _ გაეპასუხა გულში.

_ თუ არ გინდა, ნუ მეტყვი. ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, _ კვლავ გაიღიმა შავთვალებამ და თეთრი, ლამაზი კბილები ფართოდ გამოაჩინა.

«ეს კაცი, მგონი, ჩემს აზრებს კითხულობს», _ შეცბა ხათუნა.

_ მე ირაკლი მქვია. ირაკლი ტაბიძე, ჯერჯერობით «ხალასტოი», _ ხელი გაუწოდა მამაკაცმა.

_ სასიამოვნოა. ხათუნა, _ გვარი აღარ დააყოლა და ღონივრად ჩამოართვა ხელი.

_ შენ იცი, რომ ამ კაზინოში ყველაზე ლამაზი ქალი ხარ? _ არ ეშვებოდა უცნობი.

_ აწი მეცოდინება, _ გაეცინა ხათუნას, _ გმადლობთ კომპლიმენტისთვის.

«რამსიმაღლე ყელი აქვს», _ გაივლო გულში ირაკლიმ და ქალის მაღალ კისერს ხარბად დააშტერდა.

_ არ გინდა, ითამაშო? _ გვერდით ამოუდგა მამაკაცი.

_ ა-რა, _ უცებ დაიბნა ხათუნა, სახეზე ალმურმა გადაჰკრა. რატომღაც შერცხვა.

_ სცადე, აბა! _ ირიბად გამოხედა უცნობმა.

_ არ ვიცი თამაში, თანაც ჟეტონები არა მაქვს.

_ აი, მე გათხოვებ.

_ არა, რას ამბობთ!

_ აიღე, აიღე, როცა მოიგებ, დამიბრუნე. მოგება შენ იყოს. ხუთლარიანი «ფიშკებია», მეტი კი არა.

_ რომ წავაგო?

_ არ წააგებ! _ დარწმუნებით თქვა ირაკლიმ, _ რომელ რიცხვზე დადებ? გინდა, აგიხსნი, სად რა ხდება.

მერე მოკლედ განუმარტა, რას ნიშნავდა «კოლონა», «დოსენა», «კორნერი»…

_ შეგიძლია ერთ ციფრზეც დადო, მაგრამ ეგ დიდი რისკია, _ დაამთავრა ახსნა.

«რა სასიამოვნო ხმა აქვს», _ ისევ გაიფიქრა ქალმა.

_ ამ ხმას ჯერ არც ერთი ქალი არ გადაურევია, _ ისევ გაიღიმა ახალმა ნაცნობმა.

«ნამდვილად ტელეპატია. უყურე შენ!» _ ახლა კი შეშფოთდა ხათუნა.

_ აბა, რას იზამ, სად დადებ? _ ირაკლიმ ისევ თამაშზე გადაიტანა საუბარი.

_ ცამეტზე. ჩემთვის იღბლიანი რიცხვია.

_ ვაჰ! შენ რა გულმამაცი ყოფილხარ! მოდი, ჯერ ოციანზე დადე. მე ხშირად ვდებ მაგ რიცხვზე და იშვიათად ვაგებ.

ხათუნა შეყოყმანდა.

_ ჩემი ხათრით, კარგი? თუ წააგებ, მე ვარ «ატვეჩაი», მე ვიხდი.

ქალმა მხრები აიწურა. უარი ვერ უთხრა მამაკაცს. არადა, გულით უნდოდა, ცამეტზე ეთამაშა. ბურთულა კვლავ აცეკვდა «რულეტკაზე». დიდხანს ურტყა წრე ციფრებს და… ცამეტის ფოსოში ჩავარდა.

_ ხომ გითხარი! _ ანგარიშმიუცემლად წამოიყვირა ხათუნამ. ვერც კი შეამჩნია, შენობით რომ მიმართა ორი წუთის წინ გაცნობილ ადამიანს.

_ ჩემი ბრალია. აჰა, შენ მეორე «ფიშკა» და დადე ცამეტზე, მეტს აღარ გიკარნახებ.

_ აღარ მინდა, _ უკან დაიხია სასოწარკვეთილმა.

_ მიდი, მიდი, გაუბედე, _ შეაგულიანა ირაკლიმ.

ხათუნამ ჯიქურ შეხედა. გამოართვა მონეტა. არც დაუხედავს, ხუთლარიანს კი არა, 25-ლარიანს რომ სთავაზობდა უცნობი. ადგა და ახლა ოცზე დადო. ესეც ოქროსფერი ციფრი იყო, როგორც _ 13. ხათუნამ ისევ გაატკაცუნა თითები. აშკარად ნერვიულობდა. ტყაპ! ჩახტა ბურთულა პირდაპირ… ოციანში.

_ არის! რა კარგია! _ ტაში შემოჰკრა ქალმა და თვალებგაბრწყინებულმა გადახედა თავის «სპონსორს».

კრუპიემ ისევ გამოაცხადა ჯერ ნომერი, მერე ფერი, მერე სიმაღლე-სიდაბლე, მერე კენტი-ლუწი და ბოლოს მოგებული თანხა _ 875 ლარი.

ირაკლი გაოცდა. ათასში ერთხელ, ადამიანმა გარისკოს და 25-ლარიანი მონეტა ერთ ციფრზე დადოს. მართალია, ხათუნამ ჯერ თამაშის წესებიც არ იცოდა, მაგრამ მაინც… ეს იშვიათი შემთხვევა იყო.

_ მშურს შენი! _ ხმამაღლა გაიცინა ირაკლიმ, _ მე რომ ასე მიმართლებდეს…

_ ახლა დაგიბრუნებთ თქვენს ვალს! _ ხათუნამ თქვენობით მიმართა მამაკაცს, _ მოიცა, ამდენი როგორ მოვიგეთ?

_ ვალი არა, მერე იყოს, ჯერ გააგრძელე თამაში. ხუთიანი კი არა, ოცდახუთლარიანი ფიშკა მოგაწოდე.

_ კიდევ კარგი, არ ვიცოდი, თორემ ასე თამამად ვერ გავრისკავდი. ახლა მართლა ხუთლარიანს ვითამაშებ.

_ ახლა რომელზე დადებ?

_ ისევ ცამეტზე.

ამჯერად 175 ლარი მოიგო. გაგიჟდა კინაღამ. სათვალიანმა დაკვირვებით შემოხედა _ პირველად მთელი თამაშის განმავლობაში. ახალგაზრდა ბიჭი კი წამოდგა და შუბლდაცვარულმა დატოვა დარბაზი. ეტყობოდა, წააგო, რაც კი გააჩნდა. ქალმა მზერა გააყოლა უცნობს. შეეცოდა. ლამის იყო, გაკიდებოდა და მთელი მოგებული თანხა მიეცა.

_ შენმა ქმარმა თუ იცის, ამისთანა იღბლიანი ცოლი რომ ჰყავს? _ ჩაუკრა ირაკლიმ.

გულში გაეღიმა. «აი, თურმე რა აინტერესებს».

_ ჯერ არა, რომ შემირთავს, მერე გაიგებს, _ კეკლუცად ჩაილაპარაკა.

_ მე მგონი, უკვე საქმის კურსშია, _ შეაპარა მამაკაცმა.

_ არა მგონია, _ არ დაუთმო ხათუნამ. ვითომ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა იგი.

ამ დროს დარბაზის ერთი კუთხიდან გოჩა და პაატა გამოჩნდნენ. ჩანთაძე, ჩვეულებრისამებრ (ოღონდ ახლა ნაცრისფერი ცხვირსახოცით) ოფლიან შუბლს იწმენდდა.

_ რა ქენი, ითამაშე? _ პაატა ირაკლის მიუახლოვდა. გოჩამ ინგასკენ აიღო გეზი, ხათუნა არც შეუმჩნევია.

_ არა. საქალბატონო ხათუნას გვერდით როგორ გავბედავ თამაშს. ზედიზედ ორჯერ მოიგო. 875 და 175. იცნობდეთ ერთმანეთს _ ჩემი მეგობარი პაატა დოლიძე, ეს კი ხათუნა … _ ირაკლიმ ქალს შეხედა, შენი გვარი არ ვიციო. შეგნებულად მოიქცა ასე, თორემ ეტიკეტის წესები ნამდვილად არ ეშლებოდა.

_ მეუნარგია, _ ხელი გაუწოდა ხათუნამ უცნობს. «მაინც მათქმევინა, რა ეშმაკია», _ გაიფიქრა.

_ მოხარული ვარ, ჩემო კარგო. თქვენისთანა ლამაზი მანდილოსნის გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია, _ წელში მოიხარა პაატა.

_ მე წავედი, დიდი მადლობა და კარგად იყავით, _ აჩქარდა უცებ ხათუნა. აქ რამე მახეში არ გავებაო, აფორიაქებულმა გაიფიქრა და გოგოებისკენ გაეშურა. «სპონსორის» ვალი არც გახსენებია, ისე გააყოლა მთელი მოგება ხელს. ირაკლიმ მზერით გააცილა.

_ სად გაჩითე, ტო-ო, რა კაი ტიპშაა, _ ვერ მოითმინა პაატამ.

_ ეგ ქალი ჩემთვინ მინდა, _ ხუმრობით წამოიძახა ირაკლიმ და ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა. _ მაგარი ვიღაცაა, ასე ჯერ არავინ მომწონებია. მაგის ხელიდან გაშვება არ იქნება. ვისთან არის ნეტავ? _ პოკერის მოთამაშეებისკენ გადაიტანა მზერა.

ხათუნა ინგას ამოუდგა გვერდში და მხარზე ჩამოეყრდნო. ლევანი უკვე წასულიყო. რატომღაც შვებით ამოისუნთქა.

_ რა ხდება? _ ჩურჩულით ჰკითხა.

_ აგებს, _ ჩურჩულითვე უპასუხა ირმამ ისე, რომ თამაშისთვის თვალი არ მოუშორებია.

_ მერე? ვერ ააყენებ, გოგო?

_ არ ესმის და რა ვქნა, _ საწყლად აიჩეჩა მხრები ინგამ.

ხათუნა მკლავზე შეეხო მაკას. იმანაც ცარიელი თვალებით ამოხედა.

_ წავედით, ადე! _ თითქმის უბრძანა.

_ დარიგება მორჩება და ავდგები, _ ამოიხრიალა ნირწამხდარმა.

ირაკლის შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს მოძრაობა და უცებ დაიბოღმა. არ ელოდა, მისი მოწონებული ქალი მაკას მეგობარი თუ იქნებოდა. მაკას ხომ კარგად იცნობდა. «საკმარისია, ვინმე მომეწონოს, ან გათხოვილი უნდა იყოს, ან _ ბოზი», _ განხიბლულმა გადააქნია თავი.

გოჩამ ახლაღა შეამჩნია ხათუნა და ღიმილით მიეგება.

_ ხათუნზი… უკაცრავად, ხათუნა, როგორ ხარ? _ დიდი მოწიწებით მიესალმა.

_ კარგად, გოჩუნზი, თავად? _ მასხრობის ხასიათზე მოვიდა ხათუნა.

გოჩა აშკარად დაიბნა. როგორც ჩანს, ასეთ «შემობრუნებას» არ ელოდა მისგან.

_ ადექი, რომ გეუბნები, _ ახლა უკვე მკაცრად წასჩურჩულა მაკას დაქალმა და მხარზე თითები წაუჭირა.

მაკამ ძლივს აითრია წელი.

_ წავაგე, მაგის დედა კი ვატირე. უკანასკნელ კაპიკამდე წავაგე, _ ჯერ ხათუნას შეხედა, მერე _ ირმას და ბოლოს გოჩაზე შეაჩერა მზერა.

_ არა უშავს, სამეგიეროდ მე მოვიგე.

_ მართლა? რამდენი? _ გაუხარდა ირმას.

_ ბევრი, _ არ დააკონკრეტა ხათუნამ, _ დროზე გავიდეთ აქედან.

_ გოგოებო, შემოდით ცოტა ხანს ჩემთან, კაბინეტში, ცივი შამპანური მაქვს, _ თავი გამოიდო გოჩამ.

_ გმადლობთ, სხვა დროს იყოს, _ ცივად იუარა ხათუნამ და მაკა ლამის ხელისკვრით წაიყვანა გასასვლელისკენ.

ირაკლი შეეფეთათ წინ.

_ მაკა, შე ყაჩაღო, როგორ ხარ? _ ხელები გაშალა მამაკაცმა და მაკასკენ გამოიწია.

_ იკა, საყვარელო, რამდენი ხანია, არ მინახიხარ. მოდი, ერთი ჩაგპროშნო, «გრაფ», _ უხასიათოდ იყო მაკა, მაგრამ მაინც უსურვაზივით ჩაეხვია ძველ ნაცნობს.

«აჰა, ესეც შეუმკია თავისი მეტსახელებით. როგორ ყველას იცნობს. ვირუსივითაა მოდებული მთელ ქალაქს», _ გაიფიქრა ხათუნამ. თითქოს გული ჩაწყდა, ირაკლი რომ მაკას ნაცნობი გამოდგა.

_ სად დაიკარგე, რომ არ ჩანხარ? _ ირაკლის ხელი მაკას წელზე დარჩა.

_ დუბაიში ვიყავი, ორი დღეა, რაც ჩამოვედი.

_ მოკლედ, არ იკლებ რა, არც აქ და არც იქ, არა? _ ხუმრობით დაუქნია თითი მამაკაცმა.

_ მეტი რა შემრჩება. შენ რას შვრები, «ჟოფრეი დე პეირაკ», როგორ მიდის შენი ბიზნესი?

_ მიდის რა, არ ვემდური.

მაკამ პაატაც მოიკითხა.

_ ჰო, მართლა. ესენი ჩემი დაქალები არიან. გაიცანით. «ტკარცალეტკა» და «ველიკი განმანათლებელი». ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ინგა და ხათუნა, _ ორივე წარუდგინა მათ.

_ ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, _ ირაკლიმ ხათუნას მრავლისმეტყველი მზერა ესროლა.

_ დედა! როდის მოასწარით, კი მარა! _ გაოცებისაგან წარბები აწკიპა მაკამ.

ხათუნამ არ უპასუხა, თვალებით ანიშნა, ჩვენი წასვლის დროაო და წინ წავიდა. ირაკლიმ ზრდილობიანად მიაცილა ქალები გასავლელამდე, თბილად დაემშვიდობა და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში ხათუნას. «მაკასგან გავიგებ შენს ასავალ-დასავალს», _ გაიფიქრა გულში.

888

მაკას დილიდანვე უგუნებობა დაეუფლა. ჯერ იყო და, მთელი ფული კაზინოში წააგო. წუხელ კიდევ «ჩორნამ» დაურეკა, ხუთასი დოლარი მჭირდება სასწრაფოდ და სადაც გინდა, მიშოვე, თუ არადა, შენს ქმართან ჩაგიშვებ, მთელი სამი თვე ჩემთან რომ «გულაობდიო». აგერ, წელიწადი ხდება, ამ ბიჭმა სისხლი გაუშრო. თანაც მთელი ხუთი წლით უმცროსია მასზე. ვერ მოიშორა თავიდან. ნეტავ სულ არ გაეცნო. «ახია ჩემზე, ყველა შარვლიანს რომ ზედ ვეკიდები. რა დებილი ვარ», _ სიმწრით გადააქნია თავი და ჩაცმას შეუდგა. «ჩორნას» შანტაჟებს ბოლო არ უჩანდა. ორ თვეში ერთხელ ფულს სთხოვდა. ხან ორასს, ხან სამასს… ახლა ხუთასი მოუნდა! სად ჯანდაბიდან მოუტანოს! ხომ არ დახატავს! არადა, რომ ჰკითხო, მაგარი ბიჭი ვარო, გაიძახის, «ოქროს უბანში» მე ვაყენებ «პალაჟენიასო». ერთი პირობა დააპირა, ხათუნასთვის მოეთხრო ყველაფერი, იქნებ რამე მირჩიოსო, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. არ უნდოდა მისი საყვედურების მოსმენა. ხათუნა ვერ იტანდა «შავებს», «ბნელი სამყაროს» მოციქულები არიანო, ამბობდა. «რა ვქნა?» _ უსიამოვნო ფიქრები არ შორდებოდა თავიდან. მაინც ხათუნასთან მოუწევს მისვლა. «ისევ ვესესხები, უარს არ მეტყვის. კაზინოში ხომ მოიგო», _ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და დაქალისკენ გაეშურა. ისე ავიდა მეგობართან, ინგასთან არ შეუვლია.

ხათუნა ჩაცმული დახვდა. ვერ იყო ხასიათზე.

_ სამსახურში მიდიხარ? _ ჰკითხა მაკამ.

_ არა, საქმე მაქვს. ახლა შენთან ვაპირებდი დარეკვას. კარგია, რომ მოხვედი. გცალია? _ დაღლილი ხმა ჰქონდა.

_ შუადღემდე კი. მეც მჭირდება შენი შველა… ფული უნდა მასესხო.

_ არ შემიძლია, _ გადააქნია თავი ხათუნამ, _ მე თვითონ გაჭედილში ვარ.

_ რა მოხდა?

_ ზაზა დაუჭერიათ გუშინ.

_ ვინ ზაზა, შენი ძმა?

_ ჰო.

_ რისთვის?

_ წამალი გაუკეთებია და… ეგრევე ჩაავლეს. არადა, ხანდახან იკეთებს ხოლმე და მაინცდამაინც მაშინ დაადგნენ თავს. ეტყობა, ვიღაცას უთვალთვალებდნენ და ეგ სულელიც თხასავით გააბეს. მამაჩემი იყო ამ დილით მოსული, როგორც პირველი შემთხვევა, 1500 დოლარს ითხოვენ თურმე. თუ დღესვე არ მივუტანთ, საქმეს გახსნიან.

_ მერე, რა უნდა ქნათ, გაქვთ მაგდენი?

_ არა, სადა გვაქვს. 200 დოლარი მომცა მამამ, მეტი ვერ უშოვია. მეც ხომ მაქვს სადღაც ხუთასამდე. უნდა ჩავიდე და იმ გამომძიებელს დაველაპარაკო.

_ ეგენი ძაღლები არიან. შენ გგონია, ასე ცოტაზე დაგთანხმდებიან?

_ ვაიძულებ. დიქტოფონს ჩავიდებ ჩუმად და ყველაფერს ჩავიწერ. შენც მაგიტომ მჭირდები. ერთად შევიდეთ. მარტო მაინც მეშინია…

გარეთ ციოდა. მაკამ გათბობა ჩართო მანქანაში.

_ შენ რად გინდოდა ფული? _ არ შეუხედავს, ისე ჰკითხა ხათუნამ.

მაკას უჭირდა ლაპარაკის დაწყება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მოკლედ მოუყვა «ჩორნას» ამბავი.

_ ქურდია? _ ისევ ცივი ტონით იკითხა ხათუნამ. ამჯერად საყვედურები არ დაუწყია. არ ჰქონდა მაგის თავი.

_ არა, არა. პროსტა, ძველი ბიჭია.

_ მერე? ძველი ბიჭები როდის იყო, ქალს ასე ექცეოდნენ?

_ ეგა თქვი.

_ კარგი, მოვიფიქრებ რაღაცას. ჯერ ეგ საქმე მომაცილებინე.

პოლიციის განყოფილების წინ ბლომად ხალხი ირეოდა. ხათუნამ ერთ ფორმიან მამაკაცს ჰკითხა, ბატონი ნოდარის ნახვა სად შეიძლებაო.

_ დერეფნის ბოლოში, მარჯვენა მხარეს. აწერია კარზე, _ ხელი გაიშვირა სიღრმისკენ ფორმიანმა.

გოგონები სწრაფად დაუყვნენ გრძელ, ჩაბნელებულ დერეფანს… გამომძიებელი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას. ხელით ანიშნა ორივეს, დაბრძანდითო.

_ გისმენთ, _ როგორც იქნა, დაკიდა ყურმილი და ხელის თითები ერთმანეთში გადახლართა.

_ მე გახლავართ ხათუნა მეუნარგია, ზაზა მეუნარგიას და. თქვენ, ალბათ, ბატონი ნოდარი ბრძანდებით, არა?

_ დიახ, მე ვარ. მეტად სასიამოვნოა. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ხათუნამ პალტოს ჯიბეში ჩადებული დიქტოფონის ღილაკს თითი დააჭირა.

_ უნდა დაგელაპარაკოთ.

_ მამათქვენი რატომ არ მოვიდა?

_ მამაჩემი წნევიანი კაცია. მისთვის არ შეიძლება ზედმეტი ნერვიულობა.

_ თქვენი პირადობის მოწმობა, თუ შეიძლება.

ხათუნამ გაუწოდა. მამაკაცმა ყურადღებით დაათვალიერა იგი და უკანვე დაუბრუნა.

_ ეს ვინ არის? _ მაკაზე ანიშნა.

_ მეგობარია ჩემი.

_ მე მგონი, მოწმეები საჭირო არ არის. გესმით, ალბათ, _ ხელები გაშალა გამომძიებელმა.

მაკა წამოდგა, გარეთ დაგელოდებიო, გადაულაპარაკა ხათუნას და ოთახი დატოვა.

_ აბა, რაშია საქმე? _ მოსასმენად მოემზადა გამომძიებელი და სკამის საზურგეზე გადაწვა.

_ როგორც ვიცი, საქმის არგასახსნელად 1500 დოლარია საჭირო, არა?

_ კი, ასეა.

_ იცით… ჩვენ ხუთასის მეტი არა გვაქვს.

_ ეგ არ არის საკმარისი, ქალბატონო. სწორად გამიგეთ. ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემ უკან კიდევ დგას ორი-სამი კაცი…

_ მაშინ დამაკავშირეთ მათთან.

_ არ შემიძლია. უფლება არ მაქვს.

_ ესე იგი, არაფერი გამოვა?

_ როგორც ხედავთ, _ გამომძიებელი ისევ გასწორდა სკამზე.

_ მაშინ, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. ვერც 1500 დოლარს მიიღებთ და ვერც ამ ხუთასს. გახსენით საქმე.

ნოდარმა წარბები შეჭმუხნა.

_ აქ ბაზარი არ არის, ქალბატონო. აქ პოლიციაა. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, კიდევ შეიძლება ერთი სამასის დაკლება. მეტი ჩემს ძალებს აღემატება. ამასაც ჩემი წილიდან თუ დავთმობ.

ხათუნას ჩაეცინა მის «გულმოწყალებაზე», წამოდგა, ჩანთიდან კონვერტში ჩადებული ხუთასი დოლარი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო:

_ ან ხუთასი, ან _ არც ერთი თეთრი! მოიფიქრეთ, სანამ დრო გაქვთ, _ და გატრიალდა. გამომძიებელი არ განძრეულა. ხათუნამ კარი გამოაღო, ჯიბიდან დიქტოფონი დააძრო და ფირი უკან გადაახვია. ჩართო. «…ძლება ერთი სამასი დოლარის დაკლება…» _ გაისმა ნოდარის ხმა. კაცს ფერი ეცვალა.

_ მე ერთობ წამხდარი ქალი ვარ, ბატონო გამომძიებელო, მიყვარს ინტრიგები. რას იზამთ, ასეთები ვართ ჟურნალისტები, _ ირონიულად გაუღიმა და დიქტოფონი კართან მდგარ მაკას გადააწოდა.

_ თქვენ რა, ჟურნალისტები ხართ?

_ სამწუხაროდ… და თუ ზაზას ახლავე არ გამოუშვებთ, ხვალ მთელი თბილისი გაიგებს თქვენი და თქვენი უფროსების «გმირობის» ამბავს და არა მარტო თბილისი, _ მუქარა გაისმა ხათუნას ხმაში.

_ მე მგონი, გამოვნახავთ საერთო ენას, _ მორბილდა ნოდარი.

_ ეგ უკვე საქმიანი ლაპარაკია, _ ჩაიღიმა ხათუნამ და ისევ კაბინეტში შებრუნდა.

ისაუბრეს. შეთანხმდნენ. გამომძიებელმა სანაცვლოდ ფირი მოითხოვა.

_ მე თქვენ სულელი ხომ არ გგონივართ, ბატონო ნოდარ. ფირი ჩემთან დარჩება. რაც შეეხება ჩემს ძმას, იგი არ არის ნარკომანი. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. ათასში ერთხელ კი შეიძლება არც თქვენნაირები იკლებენ მაგ სიამოვნებას, _ ნარკოტიკს გულისხმობდა.

_ მე რა გარანტია მაქვს, რომ…

_ გარანტია ჩემი ძმაა. არ შეეხებით _ არ შეგეხებით, _ დინჯად წამოდგა ხათუნა და სწრაფად დატოვა კაბინეტი.

მაკა უკვე მანქანაში იჯდა. ხათუნა ზაზას დაელოდა. წვერგაუპარსავი, «გემრიელად» ნაცემი ბიჭი ძლივს გამოლასლასდა განყოფილებიდან, უსიტყვოდ აუწია ხელი ორივეს და მანქანაში ჩაჯდა.

_ თუ კიდევ განმეორდება მსგავსი რამ, იცოდე, მამაზეციერიც ვერ გიშველის, _ მხოლოდ ესღა უთხრა ხათუნამ ნახევარძმას და მკაცრად შეხედა.

გოგონებმა ზაზა თავის სადარბაზოსთან ჩამოსვეს და გზა გააგრძელეს.

_ ახლა, რაც შეეხება იმ შენს «ჩორნას». ჩავუტაროთ იგივე ოპერაცია, _ თქვა ხათუნამ.

_ ეგ როგორ?

_ როგორ და ჭრელად. შეხვდი, ჩართე დიქტოფონი და ალაპარაკე. თან ყველაფერი ჩაიწერე. მერე მე ვიცი. აჰა, ცარიელ კასეტას ჩავდებ, _ გადააწოდა «ცხელი იარაღი» დაქალს. _ მე სამსახურთან ჩამომსვი. ეჰ, გაფრინდა ჩემი რემონტის ფული… ჰო, მართლა, შენ ირაკლის კოორდინატები გაქვს?

_ ვინ ირაკლის?

_ ტაბიძის.

_ ტაბიძესთან რა საქმე გაქვს? _ დაინტერესდა მაკა.

_ მაქვს, _ მოკლედ მოუჭრა.

_ მობილური ვიცი.

_ ჩამაწერინე ნომერი.

მაკამ უკარნახა. კი ძალიან აინტერესებდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა ხათუნას ირაკლისთან, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, მისგან ვერაფერს გაიგებდა. ბოღმა შემოაწვა. სულაც არ სურდა, მათ შორის ურთიერთობა გაბმულიყო. ტაბიძეს თავისთვის «იმზადებდა».

ხათუნა სამსახურთან მიიყვანა, თვითონ კი საბჭოს ქუჩისკენ გასწია, «ჩორნა» უნდა ენახა. თან მობილური მოიმარჯვა და ირაკლის დაურეკა.

_ გამარჯობა, გრაფ, _ ღიმილით ჩასძახა ტელეფონში.

_ ვაჰ! მაკას ვახლავარ! როგორ ხარ? რამ გაგახსენა ჩემი თავი? _ ირაკლი კარგ ხასიათზე ჩანდა.

_ ჩემი დაქალი დაგეძებს გამწარებული, _ დაიწყო მაკამ.

_ ჰო-ო-ო! ეგ კარგია. მეც ვაპირებდი მის ნახვას. რა თქმა უნდა, შენი შემწეობით.

_ საინტერესოა, რა საერთო გაგიჩნდათ ერთმანეთთან?

_ რაღაც-რაღაცები უნდა გავარკვიოთ, _ ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

_ არ გირჩევ მაგასთან ურთიერთობას, _ შეაპარა მაკამ.

_ რატომ?

_ მაგარი გოიმია და იმიტომ. შენ რომ გჭირდება, იმ საქმისთვის არ გამოგადგება.

_ ჰო-ო? შენ რა იცი, რა საქმისთვის მჭირდება?

_ ვიცი. კარგად გიცნობ. თვეები მაინც მოგიწევს დევნა და ხვეწნა. ეგ უცებ არავის უწვება ლოგინში, _ ბოროტად ამოთქვა.

_ მაგ საქმე მე მომანდე. ჩემი მეთოდები ჭრის, _ თავდაჯერებულად უპასუხა ირაკლიმ, დაემშვიდობა და მობილური გათიშა.

«ესეც ასე. «პრაშჩაი», ხათუნას ქალიშვილობავ», _ ღვარძლიანად გაიღიმა და მთელი სისწრაფით გააქანა თავისი «ლურჯა», როგორც თვითონ ეძახდა ხოლმე.

7 7 7

სამსახურში მისვლისთანავე ხათუნა ტელეფონს ეცა და ირაკლის მობილურის ნომერი აკრიფა. დაკავება იყო. ცოტა ხანს დააცადა და ისევ გაიმეორა ნომერი.

_ დაკიდე ყურმილი, მე გადმოგირეკავ, _ უთხრა ირაკლიმ, როგორც კი ხათუნას ხმა გაიგონა. დარეკა.

_ თქვენთან შეხვედრა მინდოდა, ირაკლი. ვალი უნდა დაგიბრუნოთ. მე ცოტა ვერ ვერკვევი მაგნაირ საქმეებში და იქნებ დამეხმაროთ.

_ ახლა შეგიძლია გამოხვიდე? _ აშკარად ჩქარობდა მის ნახვას ტაბიძე.

_ არა, ახლა არა. დაახლოებით ოთხისთვის. გეცლებათ?

_ როგორც მიბრძანებ, დედოფალო! _ სასიამოვნოდ ისმოდა მისი ხმა.

შეთანხმდნენ. ოთხზე ირაკლი გამოსასვლელში დაელოდებოდა. ხათუნამ ყურმილი დაკიდა. გული უფანცქალებდა. ორი დღეა, ვერ ამოიგდო თავიდან ეგ კაცი. გამუდმებით მასზე ფიქრობდა. თან ეჭვი უღრღნიდა გულს, ვაითუ, მაკასთან აკავშირებს რამეო.

მთელი დღე მოუსვენრად იყო. თვალის ერთი ჩავლებით გადაიკითხა სტატია, ზერელედ ჩაასწორა და სტილისტის მაგიდაზე გადადო. კედლის საათს გახედა. ოთხი ხდებოდა. გულდასმით შეუდგა მზადებას. თმა გადაივარცხნა, პომადა წაიცხო და თვალის კუთხეებში ფანქრის კონტურები ოდნავ წაიგრძელა. კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში. «ესეც ასე. მე მგონი, მოვეწონები», _ კმაყოფილმა გაუღიმა თავის ორეულს.

ზუსტად ოთხზე ირაკლიმ დაურეკა. მოვდივარო, ჩასძახა ყურმილში და თითქმის კისრისტეხით ჩაირბინა კიბის საფეხურები.

_ გამარჯობა, _ ნაზი ღიმილით მიესალმა მამაკაცს.

_ გაგიმარჯოს. შენ, როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელად გამოიყურები, _ აათვალიერა ირაკლიმ. მერე წინა კარი გამოაღო და ხელით ანიშნა, ჩაჯექიო. ხათუნა ჩაჯდა. აფორიაქებული იყო, არ იცოდა, როგორ ჩაივლიდა შეხვედრა. მანქანაში საკმაოდ თბილოდა.

_ გაიხადე პალტო, დაგცხება, _ უთხრა ირაკლიმ. ხათუნა დაჰყვა მის ნებას. პალტო გაიხადა და უკანა სალონში გადადო.

_ საით წავიდეთ? _ დაქოქა მამაკაცმა მანქანა.

_ რა ვიცი… სადმე ისეთ ადგილას, სადაც დალაპარაკება შეიძლება.

_ ესე იგი, ენდობი ჩემს არჩევანს? _ გვერდულად გამოხედა.

_ ვენდობი, _ გაიღიმა ხათუნამ, თუმცა საკმაოდ დაძაბული იყო.

«ვოლვომ» წყნეთისკენ აიღო გეზი. რაც უფრო შორდებოდნენ თბილისს, მით უფრო იძაბებოდა ქალი.

_ სად მივდივართ? _ შეშფოთდა ბოლოს.

_ ჩემს ძმაკაცს «დაჩა» აქვს წყნეთში. იქ ავიდეთ.

_ არა, სახლში არ გვინდა…

_ რატომ, ხომ არ გეშინია? _ გაიცინა ირაკლიმ.

_ არ მეშინია. უბრალოდ, ცოტა უხერხული მომენტია. ჯერ ისე ახლოს არ ვიცნობთ ერთმანეთს.

_ ჰოდა, გავიცნობთ.

მანქანა თეთრად შეღებილ ჭიშკარს მიადგა. ლამაზი, მანსარდიანი კოხტა სახლი იდგა ეზოში. ხათუნას მუხლები უკანკალებდა. ფერიც წასვლოდა.

_ რა დაგემართა? მხეცი კი არ ვარ, _ ღიმილით გაამხნევა ირაკლიმ და მკლავზე ხელი წაავლო.

_ არა, არ გვინდა, გთხოვ, _ შენობით მიმართა ხმაწართმეულმა.

_ კარგი, როგორც გინდა. მაშინ სადმე ბუნებაში გავიდეთ.

ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და რატომღაც შვებით ამოისუნთქა.

ცოტა გაიარეს. ირაკლიმ ბეთანიისკენ გადაუხვია. მერე მარცხნივ ჩაუხვია და ნაძვნარში გააჩერა მანქანა. კარი გამოაღო. არ გადმოსულა. ხათუნა კანკალმა აიტანა.

_ ერთი თხოვნა მაქვს შენთან, _ გადმოხედა ირაკლიმ გაფითრებულ ქალს, _ შეგიძლია თმა აიწიო?

_ რატომ?

_ ლამაზი ყელი გაქვს. მინდა გიყურო… დავტკბე.

_ არ არის საჭირო ასეთი საუბარი, _ აიმრიზა ხათუნა.

_ ეგრე იყოს. ჩვენ ხომ ამისთვის არ მოვსულვართ აქ, _ გაუღიმა მამაკაცმა და მისკენ შეტრიალდა.

_ მომეცი შენი ხელი, ნუ გეშინია, _ სთხოვა ქალს. ხათუნამ ხელი გაუწოდა.

_ რა წვრილი თითები გაქვს და როგორი გრძელი, _ ჯიუტად აგრძელებდა ირაკლი.

_ ჩვენ ხომ ამისთვის არ მოვსულვართ აქ, _ ახლა ხათუნამ გაიმეორა მისი ფრაზა.

_ მართალი ხარ. ისე, ქალს წლოვანებას არ ეკითხებიან და იქნებ ის მაინც მითხრა, რამდენი თვის ხარ, ან რამდენი დღის, საათის… _ გაიცინა.

_ თვეებს და დღეებს ასე უცებ ვერ ვაინგარიშებ. წლებით კი… 28-ის ვარ… შენ?

_ 33-ის გავხდები მალე.

_ «მწიფე» ასაკია, _ ცოტა მოფერიანდა.

_ ჰო, არა? _ ხმამაღლა გაიცინა ირაკლიმ, მანქანიდან გადმოვიდა, წინა მხრიდან მოუარა და ხათუნას კარი გამოაღო.

_ გთხოვთ, დედოფალო, _ ხელი გაუწოდა ქალს.

ხათუნა ნელა გადმოვიდა მანქანიდან. უფრო შესცივდა. არ შეიმჩნია. მერე თმა აიწია და უკვე მომზადებული სარჭით კეფაზე დაიმაგრა. ირაკლის გაეღიმა. ეს კარგ ნიშნად მიიჩნია.

_ ახლა მითხარი, რამდენი მმართებს შენი, _ ხათუნამ ფულზე ჩამოაგდო საუბარი.

ირაკლიმ წარბები აზიდა, თავი გადააქნ-გადმოაქნია, თითიქოს გულში რაღაცას ანგარიშობსო და თქვა.

_ 55 ლარი და არც ერთი თეთრი.

_ წილი?

_ რა წილი?

_ მოგების.

_ ეგ მე არ მეხება. მოგება შენია. მაშინვე გითხარი.

_ არა, ასე არ გამოვა. შენ რომ არ ყოფილიყავი, მე ვერაფერსაც ვერ მოვიგებდი.

_ მოიგებდი. შენ მაგარი იღბალი გაქვს.

_ არა, ასე არ მინდა.

_ კარგი, მაშინ ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ჩემი კუთვნილი ფულით თუ წილით ერთად ვიქეიფოთ ამ დღეებში. გაწყობს?

ხათუნა ჩაფიქრდა.

_ ასე აჯობებს. აბა, ახლა რა «პონტია» შენგან ფულის აღება. ცუდი საქციელი იქნება. ან რაში მჭირდება. უფულობას არ ვუჩივი… ბევრი მაქვს, _ ისეთი ხმით უთხრა ბოლო სიტყვები, თითქოს დიდი საიდუმლო გაანდოო, _ ჰა, შევთანხმდით?

ხათუნამ მხრები აიჩეჩა. ირაკლი მიუახლოვდა. ქალმა უკან დაიხია.

_ უნდა მოგეფერო, _ ხმა შეეცვალა მამაკაცს და სახეც.

_ არა! წავიდეთ, გთხოვ, _ სასოწარკვეთილი ხმით სთხოვა. ხმა უკანკალებდა.

_ რატომ, მე არ ვჯდები შენს გემოვნებაში?

_ საქმე გემოვნებაზე არ არის. შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მე… მე… არა ვარ იმნაირი…

_ რანაირი? _ ირაკლიმ მკლავებში ჩასჭიდა ხელი და თავისკენ მიიზიდა.

_ აი… იმნაირი… სხვანაირი… რადგან მაკას დაქალი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ… ყველა შემხვედრს…

_ მე ყველა შემხვედრი ვარ?

_ არა, მაგას არ ვგულისხმობ. როგორ გითხრა… მე… მე… მოკლედ, ქალიშვილი ვარ, _ ამოთქვა, როგორც იქნა და გაწითლდა.

მამაკაცმა უნებურად ხელი შეუშვა ქალს, უკან დაიხია და გამომცდელად შეხედა.

_ ვითომ?

_ ვითომ!

_ ხათუნა! გულახდილად გეტყვი. როგორც კი დაგინახე, მაშინვე მაგრად მომეწონე. როგორც იტყვიან, თვალი დაგადგი. მართალი გითხრა, იშვიათად, ქალით დავინტერესდე. აი, ახლა, კაცურ სიტყვას გაძლევ, როგორი პასუხიც უნდა გამცე, იცოდე, ვჯდები მანქანაში და თბილისში მივდივართ. ხელს არ გახლებ. არაკაცი ვიყო, თუ გატყუებდე. ოღონდ გამარკვიე ერთ რამეში, რაც წეღან მითხარი, სიმართლეა? მართლა ქალიშვილი ხარ?

_ მართლა.

_ მართლა, მართლა!

_ არ გატყუებ. გეფიცები! _ გულწრფელად ჟღერდა ქალის ხმა.

«რა ახვარი ქალია. დავახრჩობ!» _ გაიფიქრა ირაკლიმ მაკას მისამართით.

_ არც შეყვარებული გყავს? _ არ ეშვებოდა მამაკაცი.

_ არა.

_ არც გყოლია?

_ მყავდა… ოდესღაც. ეგ ამბავი ჩაბარდა ისტორიას… დიდი ხანია.

_ არც არავინ მოგწონს?

_ მოწონებით კი, მომწონს.

_ ვინ?

_ …შენ, _ მუდარით სავსე თვალები მიანათა ქალმა, ვეღარ მოითმინა და სიცივისა თუ შიშისგან აკანკალებული მკერდზე მიესვენა მამაკაცს.

_ რა კარგი რამეები მითხარი, რომ იცოდე. ვერც წარმოიდგენ, _ ირაკლიმ მძლავრად მოხვია ხელი ხათუნას და ყელზე დაეკონა. ქალს აღარაფერი ახსოვდა. გრძნობდა, მთელი არსებით როგორ მიიწევდა მამაკაცისკენ. ახლა მისთვის უკვე სულერთი იყო, რაც მოხდებოდა.

ირაკლიმ უცებ ცივად მოაცილა მკლავები.

_ წავედით, დროა, _ უთხრა.

ხათუნა გამოფხიზლდა. თმა ჩამოშლოდა, დაბნეულმა შეხედა საყვარელ ადამიანს. ვერ მიხვდა, რა მოხდა ამისთანა.

_ წავიდეთ, თორემ დაგაგვიანდება, _ მზრუნველად გაუმეორა, _ რა ლამაზი ხარ, ნამდვილი ანგელოზი, ბეთანიის ანგელოზი… ისე, მიკვირს, შენნაირი ქალი როგორ მეგობრობ მაკასთან.

_ ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით.

_ აი, თურმე რაშია საქმე.

_ ირაკლი, შეიძლება რაღაც გკითხო? ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს.

_ მკითხე.

_ შენსა და მაკას შორის ოდესმე რამე იყო?

_ არა. არასდროს. მე ქმრიან ქალებთან არ მიყვარს ურთიერთობა. როგორ გითხრა… წმინდა მამაკაცური მომენტია. მიჭირს ახსნა…

_ გასაგებია, წავედით.

უსიტყვოდ ჩასხდნენ მანქანაში და ისე ჩამოვიდნენ თბილისამდე, არც ერთს ხმა არ ამოუღია.

888

მაკამ დიდხანს ეძება «ჩორნა». ბოლოს, როგორც იქნა, ერთ ჯიხურში მიაგნო, «ჯოკერს» თამაშობდა. მის დანახვაზე მამაკაცმა კარტი დაყარა, ვიღაცას გასძახა, შენ გააგრძელე ჩემ მაგივრადო, ტყავის ქურთუკი მოიცვა და გარეთ გამოვიდა.

_ რა ქენი, მომიტანე? _ დოინჯშემოყრილმა მიიხედ-მოიხედა, შეამოწმა, თან ვინმე ხომ არ ახლავსო.

_ არა! _ ჯიქურ შეხედა მაკამ.

_ არა? რატომ? _ ჩაყვითლებულ კბილებში გამოსცრა «ჩორნამ».

ყორანივით შავი თმა ჰქონდა. თვითონაც შავი იყო, რაღაც უცნაურად შავი… ამიტომაც შეარქვეს ასე. მისი ნამდვილი სახელი უბანში, ალბათ, აღარავის ახსოვდა.

_ აბა როდის უნდა მომიტანო! _ მკლავში ხელი მოუჭირა ქალს და მანქანისკენ წაათრია.

_ დაქოქე მანქანა და ავედით ჩემთან! _ მკაცრად უთხრა.

_ არ წამოვალ მე შენთან! _ მაკა არ ჩქარობდა დიქტოფონის გამოყენებას, _ ისე დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ გინდა.

«ჩორნა» შეჩერდა, აგდებულად შეხედა ქალს და კვლავ მანქანისკენ გააგრძელა გზა. ჩასხდნენ.

_ აბა, მომახსენე ერთი, რას ჩალიჩობ!

მაკამ თითი ახლაღა მიაჭირა დიქტოფონის ღილაკს და ალაპარაკდა.

_ მე შენთან საბოლოოდ ვწყვეტ ყოველგვარ ურთიერთობას. ცოლი არა ვარ შენი და დედა, ყოველთვე ფულები გიზიდო. თუ კაცი ხარ, კაცურად იშოვე ფული და არა ჩემი შანტაჟის ხარჯზე.

_ შენ რა გაბლატავებულხარ ამ ერთ ღამეში. წუხელ სხვანაირად ჭიკჭიკებდი, ჩიტუნია? _ ნიკაპქვეშ ხელი ამოსდო «ჩორნამ» და თავი მაღლა ააწევინა, _ ცემა ხომ არ მოგინდა? თუ დაგავიწყდა ჩემი მუშტების გემო? _ მუქარა გაისმა მამაკაცის ხმაში, _ ერთ საათში 500 დოლარი არ მოგიტანია, მოგიხნავ მინდორ-ველებს. გაიგე?! არადა, დავურეკავ იმ შენს რქიან ქმარს და…

_ ჩამიშვებ, არა?

_ რა თქვი? ჩაგიშვებ? ჩემზე თქვი ეგ? ვინაა ჩამშვები, შე კახპა! «ჩორნაა» ჩამშვები? შენ რაღაც ძალიან გეშლება ამ ბოლო ხანებში. დაგავიწყდა ჩემი ხელის გემო, არა? _ და სილა გააწნა აცახცახებულს.

_ ნუ მირტყამ! თუ ეგეთი მაგარი ხარ, წადი და შენს უბნელებს ურტყი, რამდენიც გაგიხარდება.

_ შენ ჩემ უბნელებს თავი დაანებე, გაიგე? მიდი ეხლა და რაც გითხარი, ის გააკეთე.

_ იცოდე, «ზურნას» მოვუყვები ყველაფერს.

_ ვისაც გინდა, იმას მოუყევი. «ზურნას» კარგიც… _ მიაკურთხა გემრიელად, _ ვინ ფეხებია «ზურნა», ჩემს საქმეში ჩაერიოს. ან შენ სიტყვას ვინ დაიჯერებს, შე ახვარო! _ ისევ მოუქნია ხელი და კარის მინაზე მიარტყმევინა თავი.

მაკამ იცოდა, «ზურნა» კანონიერი ქურდი რომ იყო, ერთობ წონიანი არა მარტო საქართველოში, რუსეთის მასშტაბითაც. ისიც იქვე ცხოვრობდა სადღაც, რუსულ ეკლესიასთან. შეგნებულად ახსენა მისი სახელი. ახლა უკვე ბლომად კარგი «მასალა» დაუგროვდა.

_ კარგი, კარგი, წავალ და ვიშოვი როგორმე. ოღონდ ერთ საათში ვერ მოვახერხებ. საღამომდე უნდა მომცე დრო, _ ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუგორდა თვალებიდან ქალს. თავის ქალა აეწვა ტკივილისაგან.

_ იცოდე, არ მომატყუო, თორემ… ცოცხალი ვერ გადამირჩები. მიწიდან ამოგიღებ. გესმის? _ დაემუქრა მუშტმოღერებული.

_ მესმის. შენი მობილური მუშაობს?

_ არა. «გასულია მომსახურების ზონიდან» უმაყუთობის გამო.

_ აბა, სად დაგირეკო? მე მეორეჯერ აქ ამომსვლელი არა ვარ.

_ შინ. არ ამოხვალ კი არა, ისე კარგად ამოხვალ, როგორც დაგიბარებია.

_ მაშინ ცხრისთვის დაგირეკავ.

_ ცხრა რა ამბავია, შენ ხომ არ ურიკინებ!

_ აბა, ხუთასი დოლარი ხუთასი კაპიკი ხომ არ არის, ასე უცებ ვინ მომცემს. დროში ვერ ჩავეტევი! _ მაკამ ხმას აუწია, ქურქის ჯიბეში ხელი ჩაყო და დიქტოფონი გამორთო. უკვე აღარ იყო საჭირო.

_ გურამჩიკას უთხარი, _ გაიცინა «ჩორნამ».

_ გაგიჟდი? დამბრიდავს.

_ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ის დაგბრიდავს თუ მე, _ მზაკვრულად ჩაიცინა მამაკაცმა და მანქანიდან გადავიდა.

_ ცხრას ერთი წუთი არ გადაცდება, იცოდე, თორემ მერე მე ვიცი! _ საჩვენებელი თითი მუქარის ნიშნად ცხვირწინ დაუტრიალა მაკას, მერე დაძრულ მანქანას, როგორც ცხენს გავაზე, ისე დაჰკრა ხელი და კიდევ ერთხელ მიაგინა ყოფილ საყვარელს.

7 7 7

ინგას მობეზრდა მთელი დღე შინ მარტო ყოფნა. დედამთილის სანახავად უნდოდა წასვლა, მაგრამ ვერც ხათუნა დაიჭირა სახლში და ვერც მაკა. «სად გაიკრიფნენ ასე მოლაპარაკებულებივით ორივენი? ნეტავ, ერთად ხომ არ არიან?» _ ტელეფონზეც ვერ რეკავდა. გადაუხდელობის გამო დილიდან გაითიშა ცალმხრივად. არადა, ხათუნას გარეშე ვერსადაც ვერ წავიდოდა. ფული სულ არ ჰქონდა. ათი თეთრიც არ უჩხრიალებდა ჯიბეში. რაღაც ხომ უნდა წაეღო ავადმყოფისთვის. საღამოსთვის გადადო წასვლა.

შუადღეს გოჩამ დაურეკა, ხომ არ შევხვედროდით ერთმანეთსო. ინგამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და მეორე დღისთვის შეუთანხმდა. თორმეტ საათზე გამოგივლიო, შეიპირა ჩანთაძემ. «გამეხსნა ბედი», _ ჩაიცინა ინგამ, სავარძელი გამოაჩოჩა ლოჯიიდან, გაზქურასთან ახლოს მიიტანა და მოხერხებულად მოკალათდა. შესცივდა. შუქი არ იყო, თორემ ლოჯიას გაათბობდა. გაზის სითბო კი ვერ წვდებოდა სხვა ოთახს. ისედაც ძლივს ბჟუტავდა. «ესეც რომ გამორთონ, მერე თქვი შენ», _ გაიფიქრა. «ასე ხომ გამოვყრუვდები საღამომდე. რა ვაკეთო? კროსვორდები მეზარება, არა ვარ ახლა მაგის ხასიათზე. ჰმ, მაკაზე მეცინება. ქალი ექიმია და მეტყველების უნარის დაკარგვას რომ აფაზია ჰქვია, ის არ იცის. წარმომიდგენია, მაგის გაკეთებული აბორტი რა იქნება. ნეტავ არ უჩივიან?» _ წამოდგა, ბოლო ღერი სიგარეტი გამოიღო კარადის უჯრიდან და გაზზე გადაუკიდა.

_ აჰა, ეს ოხერიც გამითავდა, _ ხმამაღლა წამოიძახა და ტირილნარევი ოხვრით კვლავ სავარძელში ჩაეშვა.

7 7 7

სადარბაზოში შევიდა თუ არა, ხათუნა პირდაპირ ინგას მიადგა კარზე.

_ სადა ხართ, ქალო, მთელი დღეა, გეძებთ. მაკაც შენთანაა? _ საყვედურებით აავსო ირმამ.

_ უჰ! დღეს ფოსტის ცხენივით გადარბენაზე ვიყავი. მილიონი საქმე მოვაგვარე, _ კარგ ხასიათზე იყო ხათუნა, _ მაკას არ დაურეკავს?

_ არა. გამოვშტერდი მთელი დღე მარტო ყოფნით.

_ აბა, ერთი დაურეკე მობილურზე!

_ არ ირეკება ჩემგან, ცალმხრივადაა გამორთული.

_ აუჰ! აბა, რა ვქნათ? ღმერთმა უწყის, რას შვრება. მთლად არ მოკლან ის უბედური.

_ ვიზე იძახი, გოგო?

_ მაკაზე. შენ იცოდი «ჩორნას» ამბავი?

_ კი, _ დამნაშავის კილოთი ჩაილაპარაკა ინგამ.

_ მერე? რატომ არ მითხარი?

_ მაფიცა ყველაფერი, არ უთხრაო. ძალიან შემეხვეწა. ხომ იცი, როგორ ეშინია შენი.

_ მაგას ჩემი კი არა, დათვის არ ეშინია… სად გამოთხარა ამისთანა უგვანო ვიგინდარა… ნანახი გყავს? კარგი ტიპია მაინც?

_ ვინა, «ჩორნა»? ვა-ი-მე! ერთი განახა, რას ჰგავს. საშინლად შავი-შავი ბიჭია, ყვითელი კბილები აქვს, ჩაჟანგებული. გული აგერევა, რომ შეხედავ. მერე ისეთი გაჩხინკულია! 25 კილოზე მეტი არ იქნება. ნარკომანია, ხომ იცი!

_ რას ამბობ!

_ აბა! ისე, ზაზას გაფიცებ, არსად თქვა და ერთი-ორჯერ ჩემთანაც გაიკეთა.

_ ვინა, ქალო? შენთან რა უნდოდა! _ შეჰყვირა ხათუნამ.

_ მაგან კი არა, კაცო, მაკამ.

_ ვი-ი-ნ? მაკა რა, წამალზე ზის? შენ გესმის, რას მეუბნები! _ მთლად გადაირია ხათუნა.

_ არა, ხათო, დაწყნარდი, რა დაგემართა. სულ ორჯერ, მეტი კი არა. ოღონდ არ უთხრა, გეხვეწები, თორემ მომკლავს. მეც მითხრა, გაგიკეთებო, მაგრამ არ დავანებე.

_ ამის მერე რაღა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს, _ ხათუნამ თავზე წაივლო ორივე ხელი, მერე ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მაგიდაზე მიაგდო.

_ აუ! შენ გაიხარე, ხათუშკი. როგორ მეწევინებოდა და აღარ დამრჩა.

_ შენ როგორ ხარ, რას შვრები?

_ რა ვი, ვარ. გცალია ამ საღამოს?

_ რა ხდება?

_ წამომყევი ფსიქიატრიულში.

_ ფსიქიატრიულში რა გინდა?

_ შენ არ იცი? არ მითქვამს? მთლად გამოვშტერდი ამ ბოლოს. ჩემი დედამთილი წევს იქ.

_ ვინა, ელენე?

_ ჰო.

მერე მოუყვა რძლის ნაამბობი.

_ ღმერთო, რა უცნაური დღეა დღეს. ამდენი სანერვიულო ერთად არ მქონია, კარგა ხანია, _ ამოიოხრა ხათუნამ და ახლა თავისი ამბავი ჩაუკაკლა მეგობარს. ოღონდ ის არ უთხრა, როგორ აკოცა ირაკლიმ.

_ მაგის გულისთვის კარატე გავაცდინე დღეს.

_ ესე იგი, შეყვარებული ხარ, გო? _ თვალები ეშმაკურად მოჭუტა ინგამ და ხარბად მოქაჩა სიგარეტი.

_ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. რა ვიცი, რა იქნება. აღდგომა და ხვალეო, ხომ გაგიგია.

_ მე მაგრად დამევასა, ხოშიანი ტიპია. რა თვალები აქვს! _ ტუჩები გააწკლაპუნა ინგამ, _ ჩანთაძეს კი არ ჰგავს… ხომ იცი, ხვალ უნდა შევხვდე.

_ მაინც გადაწყვიტე?

_ აბა რა ვქნა! დღეს ვერ წავედი ელიკოსთან, იმიტომ, რომ კაპიკი არ მიჭყაოდა ჯიბეში. აგერ, ტელეფონიც გამომირთეს. ახლა დენის გადასახადიც მოვა, მერე _ გაზის… რითი, მითხარი, საიდან გადავიხადო? _ მხრები აიწურა ინგამ.

_ გინდა, მოგცემ ერთ ორმოცდაათ ლარს?

_ მაგდენი არ მინდა, ერთი ოცი მასესხე, იმ ქალს რაღაცა მაინც მივუტანო. ხელცარიელი ხომ არ მივადგები მათხოვარივით.

_ მაგისთვის მე ვიყიდი ყველაფერს. შენ ნუ დარდობ.

_ არა, ხათო, რას ამბობ. მაგდენს როგორ შეგაწუხებ. დაქალი ვარ შენი, მტერი კი არა. შენ მასესხე და ჩემი «გოჩუნია» რომ დამაფინანსებს, მერე ისევ ჩაგასესხებ.

_ ნუ სულელობ. დღეს ჩემი ხარჯით წავიდეთ. ოღონდ ჯერ მაკას დაველოდოთ. აქამდე რატომ არ გამოჩნდა, რამე ხომ არ შეემთხვა? _ ანერვიულდა ხათუნა.

თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ ტელეფონმა დარეკა.

_ ჰო, მაკა. სადა ხარ, ქალო, დავწყდით შენი ლოდინით. ხომ მშვიდობაა? კაი, კაი. აქა ვართ ორივენი, _ ინგამ ყურმილი დაკიდა, _ მოდის, სამ წუთში მანდ ვარო. გეხვეწები, არ უთხრა რა, არაფერი. ხომ?

_ მადლობა ღმერთს, რახან ცოცხალია, არ ვჩივი, კისერიც უტეხია თავის წამლიანად, _ სიგარეტს დაწვდა ხათუნა.

მაკას სახე არეული ჰქონდა. ნამტირალევს თვალები ჩაწითლებოდა.

_ რა დაგემართა, მიხვდა რამეს? _ შეშფოთებული ხათუნა ფეხზე წამოდგა.

_ ვერაფერსაც ვერ მიხვდა, მაგრამ ნერვები კი ამიშალა. მოუსმინე, რეები მებაზრა, _ დიქტოფონი მაგიდაზე დადო მაკამ და «ჩორნასთან» დიალოგი თავიდან ბოლომდე მოასმენინა ორივეს.

_ ძალიანაც კარგი. ახლა სიტყვა ჩემზეა, _ ხათუნამ ღიმილით გადახედა ორივეს. _ ეგ «ზურნა» «რამკიანია»?

_ აბა!

_ მით უარესი «ჩორნასთვის». აბა, მათხოვე ერთი შენი მობილური. ავაწიოკო ჩემებურად.

_ უნდა დაურეკო?

_ აბა, არ დავურეკო?

_ ჯერ არა, ცხრაზე მელოდება.

_ ჰო-ო. მაშინ ჯერ ფსიქიატრიული დავლაშქროთ და მერე ვიფიქროთ «ბნელეთის მოციქულზე».

7 7 7

გზად ხათუნამ ჯიბეზე გაიკრა ხელი. მაკას ბენზინი ჩაუსხა, მერე სუპერმარკეტში შეირბინა და ხელდატვირთული გამოვიდა იქიდან.

_ ნამცხვარი, შოკოლადის ფილები, ხილი, «ფანტა», კიდევ გვინდა რამე? _ ჰკითხა ირმას.

_ ხომ არ გაგიჟდი! რა ამბავია! ისედაც, ამდენი რად უნდოდა, _ შეიცხადა მან.

ფსიქიატრიულის ეზოში სიწყნარე სუფევდა. კითხვა-კითხვით მიადგნენ მე-6 განყოფილებას. დახურულ კარს მიღმა ჩოჩქოლი ისმოდა.

_ მაგარ ამბავში არიან გიჟები, _ გაიცინა მაკამ.

ზარი დარეკეს.

_ კარებზე ა-რი-ა-ან! _ იყვირა ვიღაცამ შიგნიდან.

შემდეგ ცოტა შორს გაისმა იგივე ფრაზა, მერე კიდევ უფრო შორს… ეტყობოდა, პაციენტები ერთმანეთს პაროლივით გადასცემდნენ ცნობას. მოგვიანებით ფოსტლების ფლარტუნის ხმა გაისმა, გასაღები გაჩხაკუნდა და ნახევრად გამოღებული კარიდან ჭაღარათმიანი ქალი გამოჩნდა.

_ ვიშთან ხართ, შვილებო? _ ჩიფჩიფით იკითხა მან.

_ ქალბატონ ელენესთან, თუ შეიძლება, _ ხათუნამ ჟურნალისტური ღიმილი შეაგება დამხვდურს და იქვე მოინადირა მის გული.

_ კი შვილო, მობრჯანდით, ღმერთმა დაგლოჩოთ. მადლიჟა მოაკითხეთ… რა კარგი ქალია და როგორ მეჩოდება. კაი ხანია, არავინ მოშულა მაშთან, _ შეწუხებული ვიშვიშებდა ექთანი თუ სანიტარი.

სამივენი რიგრიგობით შელაგდნენ განყოფილებაში. ცუდი სუნი იდგა დერეფანში. სპეციფიკური, თითქოს ობის. რამდენიმე ცნობისმოყვარე ავადმყოფი უცებ დაესია სამივეს.

_ ცოტა ფულს ვერ მომცემ, გოგონი? იქნებ მაჭამოთ რამე? პური თუ გაქვს, მომიტეხე, რა! სიგარეტი ხომ არ გექნებათ? _ ერთმანეთს არ აცლიდნენ პაციენტები. ზოგი რას ითხოვდა, ზოგი _ რას.

_ აბა, დაიკარგეთ ახლა მანდედან! _ დაუტატანა ჭაღარათმიანმა სუყველას, _ შედით ჩქარა თქვენშ პალატებში. დერეფანში არ დაგინახოთ! _ მერე გოგონებს მოუტრიალდა.

_ ნუ გეშინიათ, შვილებო, ეგენი არავიშ ერჩიან. თქვენ რა ხართ ელენეში? _ დაინტერესდა ბოლოს.

_ მე რძალი ვარ. ესენი კი ჩემი მეგობრები არიან, _ განუმარტა ინგამ.

_ რჯალი? აბა, იშ მეორე რომ მოდიშ…

_ ისიც რძალია, ოღონდ _ უფროსი, _ დაუდასტურა ირმამ.

_ ა-ა-ა! ხედავ, შენ! რა კარგი გოგო ყოფილხარ, შენ გაიხარე. აი, აქ შემოდით და დაელოდეთ. ახლავე დავუჯახებ, _ კარი გაიხურა და ნახევრად ბნელ ოთახში გამოკეტა სამივე.

მალე ელენეს ქოთქოთი გაისმა დერეფანში.

_ ჩემი ინგა, ჩემი თოჯინა, სად არის ჩემი საყვარელი შვილიკო? _ კარი გაიღო და ინგას დედამთილის ნაცვლად ვიღაც სახეშეშლილი, თმაგაჩეჩილი ქალი შემოვარდა ოთახში. ეს ხათუნას მოეჩვენა ასე, ინგამ კი მაშინვე იცნო ქალი, თუმცა კი ძალიან შეცვლილიყო. ელიკო ტირილით გადაეხვია ჯერ რძალს, მერე მაკას და ხათუნას.

_ როგორა ხართ, ჩემო კუკლებო, ხომ ხართ კარგად? _ ხელები მოიფშვნიტა ქალმა და სათითაოდ შეათვალიერა სამივე.

გაოგნებულები ხმას ვერ იღებდნენ. ვერ წარმოედგინათ, ასე თუ შეიძლებოდა ადამიანის შეცვლა. ძველი ელენესგან აღარაფერი დარჩენილიყო. მათ წინაშე იდგა ნამდვილი გიჟი, ჭკუას გადამცდარი ქალი, რომელსაც უკვე აღარაფერი მოეკითხებოდა.

_ როგორ ბრძანდებით, ელენე დეიდა? _ პირველი მაკა მოეგო გონს. ინგა ტიროდა.

_ როგორ ვიქნები, გოგოებო, უთქვენოდ. მოვიწყინე ძალიან. წამიყვანეთ შინ. ტატოც სულ მსაყვედურობს, გვერდიდან არ მშორდება, _ ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა, _ კოსმოსში უნდა გავფრინდეთო. მე აქ ტყუილად კი არა ვარ. კაცობრიობას ვემსახურები. ლექსებს მიწერს მსოფლიო. ტროას ომი ხომ ჩემი მიზეზით დაიწყო. ამიტომაც დამსაჯა ღმერთმა. ეს ხომ იცით თქვენ! _ უცებ არანორმალურად გადაიხარხარა და ტაში შემოჰკრა აღფრთოვანებულმა. _ თქვენც ხომ მოფრინავთ ჩემთან ერთად? თუ თქვენს დედიკოებთან დარჩებით? _ მაკას გადახედა, _ არაო, დეიდამ, არაო, კაიო, კაიო, გაჩერდიო, _ ჩაილაპარაკა უცებ თავისთვის.

_ ვის ელაპარაკები, დედა? _ შეშინებული ხმით ჰკითხა ინგამ.

_ კაცო! არ მეშვებიან ეს უცხო ხმები! რაღაცას ჩამძახიან, მაჩერებენ, ენა დაბმული მაქვს, ლაპარაკის უფლებას არ მაძლევენ. სულ მეწვის მთელი ხახა. ასე შეიძლება! _ იყვირა უცებ მთელი ხმით, _ შე დურაკო, შენა! ხმა ჩაიწყვიტე! _ გააჩუმა ვიღაცა სივრცეში.

ხათუნას კინაღამ გულზე შემოეყარა. აღარ შეეძლო ამის ყურება. მე გარეთ გავალო, მაკას ანიშნა და სასწრაფოდ დატოვა განყოფილება.

მაკა და ინგა კარგა ხნის შემდეგ გამოვიდნენ. არც ერთი ხმას არ იღებდა. დაზაფრულები ჩასხდნენ მანქანაში.

_ ღმერთო, ეს რა ვნახე! _ წამოიძახა ბოლოს მაკამ, _ რა იყო ეს, ა?

_ მე მეორეჯერ იქ მიმსვლელი არა ვარ. არ შემიძლია ამის ატანა, _ ინგას კვლავ ცრემლები ახრჩობდა, _ ტყუილად ვამტყუნებდი თურმე თამუნას.

_ მე კიდევ ვერ ვიცანი, _ ხელები გაასავსავა ხათუნამ, _ რა არის ადამიანის ცხოვრება. ვინ იცის, ჩვენ რა გველოდება.

7 7 7

შინ მისულები «ოპერაცია ჩორნას» განხორციელებას შეუდგნენ. ხათუნა თბილად მოკალათდა საწოლზე, მკლავი ბალიშზე მიაყრდნო, სქელი შალი ფეხებზე გადაიფარა, მობილური ტელეფონი წინ დაიდო და ზუსტად ცხრა საათზე ნომერი აკრიფა. დიქტოფონი იქვე ედო გამზადებული, თითის მიჭერაღა სჭირდებოდა.

_ ჰო! _ გაისმა ჩახლეჩილი ხმა.

_ პრივეტ, «ჩორნა»! როგორ გრძნობ თავს ხუთასი დოლარის მოლოდინში? _ დამცინავი კილოთი დაიწყო ხათუნამ.

_ რომელი ხარ! _ გაკვირვება დაეტყო მამაკაცს ხმაში.

_ მე ისა ვარ, ვინც დღემდე ვიყავი და ვინც უნდა შეგატყობინოს, რომ ერთ ცენტსაც ვერ მიიღებ, ნი ტო, ჩტო 500 დოლარს. ყელში ამოგივა, ძმაო… ალემაო. გაიგე? და არც იოცნებო. მორჩა შენი პესნია, _ უცებ ისეთი ჟარგონებით ალაპარაკდა ხათუნა, მაკამ და ინგამ გაოცებით გადახედეს ერთმანეთს, «ველიკი განმანათლებისგან» ამას ნამდვილად არ ელოდნენ.

_ თუ გინდა, ისევ «ჩორნად» დარჩე და «პეშკად» არ იქცე, მოჯექი მშვიდად, _ გააგრძელა ქალმა.

_ შენ ვისი ბუდიდან ჭიკჭიკებ ასე, ჩიტუნია? მაჩუქე, ერთი, შენი სახელი, _ მამაკაცი ცდილობდა, თავი შეეკავებინა განრისხებისგან, _ დაუძახე ერთი მაგას, მე შენთან საქმე არა მაქვს.

_ არც მაკასთან, სხვათა შორის. მოვრჩეთ ახლა «ცვეტნოი» ბაზარს. დღეიდან დაივიწყე ეგ სახელი. გაიგე? თორემ… მე ერთი საზიზღარი ქალი ვარ, მიყვარს ენის მიტან-მოტანა, განსაკუთრებით «ზურნასთან».

_ რას მინამიოკებ, შენი დედა… ვინა ხარ, შე ჩემისა, ტყვიას დაგახლით ორივეს შუბლში, მანდ არ მომიყვანოთ თორემ! _ ბოლოს მაინც «გასკდა» «ჩორნა».

_ მომისმინე, ბიჭი! თუ ჩვენ ახლა ვერ შევთანხმდებით, ცუდად წაგივა საქმე, პანიმაეშ? «შესტიორკობაც» კი სანატრელი გაგიხდება. მე ყველაფერი ვიცი, რაც დღეს მაკას ელაპარაკე.

_ გამოდის, რომ ერთი «ნაშოჩკა» მოწმედ უდგება მეორე «ნაშოჩკას»? _ ბოროტად ჩაიქირქილა მამაკაცმა.

_ შენივე ხმა გიდგება მოწმედ, შე ქლიავო, შენა! _ დაუბრუნა ხურდა ხათუნამ და დიქტოფონი ჩართო. გინება გაისმა «ზურნას» მისამართით.

_ გაიგე, რაშია საქმე? დავიდა შენამდე, «ჩორნენკო»? ახლა კარგად მომისმინე! ყველაფერი იწერება, იცოდე. მაკას შეეშვი. გეყოს წურბელობა. ეს ერთი. მეორეც, თმის ბეწვი რომ ჩამოევარდეს ჩემს მეგობარს თავიდან, იცოდე, ვირის აბანო უკან დაგრჩება. «გრუზ-200-ით» გაგგზავნიან შენს რუს ძმებთან, ციმბირში. მე უკვე გაგიიასნე ყველაფერი, ახლა შენზეა. კარგად გადახარშე, რაც მოგელის. იცოდე, მეტჯერ აღარ მომიწიოს შენთან დარეკვამ! _ ხათუნამ დაკიდა ყურმილი და გოგოებს გადახედა.

_ ჰა, როგორი იყო?

_ ერთი ამას უყურე, რა რეჩები დაურტყა! შენ რა ბლატნოი ბაზარი გცოდნია, ქალო, თურმე, ჩვენთან რომ იკატუნებდი თავს.

_ საქმისთვის ასე იყო საჭირო. გაიგე-ე-თ? თორემ ძაან გულზე არ მახატია ახლა ეგ შენი «შავი ბაზარი»! მორჩა, დღეიდან ჩიტივით თავისუფალი ხარ. ვის ბუდეშიც გაგიხარდება, იქ იჭიკჭიკე, _ ხათუნა გულაღმა გაიშოტა საწოლზე და ფიქრებში ირაკლი მოძებნა.

888

მანქანა მთელი სისწრაფით მიქროდა. გოჩა ხმადაბლა ღიღინებდა და თითებათამაშებული კმაყოფილებით ატრიალებდა საჭეს. ინგა მოკუნტული იჯდა მის გვერდით. გული გამალებით უცემდა. ნერვიულობდა. ბრაზობდა საკუთარ თავზე, თავისი სურვილის წინააღმდეგ რომ იქცეოდა. თან დედამისზე ფიქრობდა: «როგორ გამოაგდეს სამსახურიდან. რა უნდა ქნას? ამდენი წელი იმუშავა ლექტორად, როგორ უყვარდათ სტუდენტებს და… გამოაბუნძულეს, რომ იტყვიან. გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოთო, უთქვამთ. სასწავლო წლის დახურვა მაინც ეცლიათ. ამ შუა ზამთარში რითი უნდა ირჩინონ თავი. ეჰ, არაფერს ფასი არა აქვს ამ ქვეყანაში. რა დრო იყო, მამაჩემი რომ პრორექტორად მუშაობდა. სულ რიხინ-რიხინით მოგვაწყო ორივე ინსტიტუტში. ახლა კი…»

_ მაგნიტოფონი ჩავრთო? _ მოუტრიალდა გოჩა.

უარის ნიშნად თავი გადააქნია.

_ თქვი რამე, რატომ ხარ ასე მოწყენილი? _ ხელზე ხელი დაადო ჩანთაძემ.

_ რა ვთქვა, _ უსუსურად აიჩეჩა მხრები, _ სად მივდივართ?

_ ვარკეთილში. იქ ბაითი აქვს ჩემს ძმაკაცს. კაი ბინაა. ვერავინ დაგვინახავს, არავინ შეგვაწუხებს. შამპანური წამოვიღე, ცოტას შევხურდებით.

«დეგენერატი! ამას რა ჰგონია, პირველსავე შეხვედრაზე ქვეშ გავუწვები? ელოდოს!» _ გაიფიქრა ინგამ და ირონიული ღიმილის დასაფარავად მარჯვნივ მიატრიალა თავი, ფანჯარაში გაიხედა. აქეთკენ პირველად იყო. მოეწონა ნახევარმთვარის ფორმის კორპუსები.

_ ეს გზა მარცხნივ, იცი, სად მიდის? _ ისევ გამოხედა მამაკაცმა.

_ არა, სად?

_ სასაფლაოსკენ.

«ფუჰ! ნამდვილი იდიოტია, ჩამოყალიბებული იდიოტი. თავისი ჭკუით, რა სასიამოვნო რამ მითხრა. ღმერთო, ეს ვის მივყვები და სად!» _ შეშფოთდა უცებ.

საბოლოოდ განიხიბლა, მაგრამ ახლა უკან დახევა უაზრობად მიიჩნია. უკვირდა საკუთარი თავის. ამდენი წელია, კაცთან არ ყოფილა, ხანდახან ოცნებებში გადავარდებოდა ხოლმე ამაზე ფიქრით, ახლა კი არანაირი სურვილი არ ჰქონდა.

როგორც იქნა, მიაღწიეს. მაღალ, ყვითელ კორპუსთან შეაჩერა გოჩამ მანქანა. გადმოვიდნენ. ჩანთაძემ პარკი გადმოიღო უკანა სალონიდან, საგულდაგულოდ ჩაკეტა «აუდი» და წინ წავიდა. აირბინა ერთი სართული და შავად შეღებილ რკინის კარს მიადგა. ინგა ერთდროულად აიტანა ნერვიულობამ და სიცივემ. ინანა, რომ წამოვიდა. აწი ვერაფერს შეცვლიდა. გადაწყვიტა, დღესვე არ დანებებოდა. «ცოტა ხომ უნდა გავუშინაურდე, გავიგო, ვინ არის, რა ხასიათები აქვს», _ უკან მიჰყვა გოჩას შეღებულ კარში.

ბინა ერთოთახიანი იყო, დაულაგებელი, ნივთები _ ყველგან მიყრილი, ლოგინი _ არეული.

_ ეტყობა, ილოთავეს წუხელ, _ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ჩანთაძემ და მაშინვე მაგიდის გაშლას შეუდგა. ჯერ შამპანური ამოიღო, მერე _ შოკოლადის ფილები. ეგ იყო და ეგ.

დასხდნენ. თითო ჭიქა დალიეს. საუბარი ვერ აეწყო. ინგას ერთი სული ჰქონდა, დროზე წასულიყო აქედან. ის იყო, გოჩამ ხელმეორედ ჩამოასხა ჭიქებში, რომ ინგა წამოდგა.

_ მე წავედი! _ კატეგორიული ტონით წარმოთქვა და მანტოს დასწვდა.

_ მოიცა, ინგენზი, სად წახვედი! ჯერ არ მოვსულვართ, _ წამოხტა ჩანთაძე და მკლავში წვდა ქალს. უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო, თავისკენ მოატრიალა, მოულოდნელად ხელში აიტაცა და პირდაპირ საწოლისკენ გააქანა. ინგამ გაძალიანება სცადა.

_ შენ ხომ იცოდი, რისთვისაც მოდიოდი აქ. ნუღარ მაჭიდავებ ახლა, _ აქოშინებული აჩურჩულდა მამაკაცი და გამალებით შეუდგა ქალის გაშიშვლებას.

ინგამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, თავის დაღწევა უნდოდა მისი მკლავებიდან, მაგრამ ჩანთაძეს ისე მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული, მიხვდა, ამხელა კაცთან ვერაფერს გააწყობდა და სასოწარკვეთილი უცებ მოდუნდა, მორჩილად დაჰყვა მამაკაცის ნებას…

7 7 7

_ კი მარა, ასე ცხოველურად მოქცევა რაღა იყო, ქალი არ უნახავს მაგ საცოდავს? _ მაკა აღშფოთებული შლიდა ხელებს. ინგა ცივ ტილოს იდებდა დალურჯებულ ყელზე.

_ ვაბშე დაკბენილი ვარ. ვინ ყოფილა ეგ იდიოტი! _ ოხრავდა.

_ მერე რა გითხრა, ბოლოს?

_ რა უნდა ეთქვა. კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ შევხვდებით ერთმანეთსო. ოღონდ არავინ გაიგოს, ეგ ჩვენ შორის უნდა დარჩესო. ცოლის ეშინია, სკანდალს გამიმართავსო. გამოდის, რომ კვირაში ერთხელ იმ საღორეში უნდა შევძვრე და მასთან ერთად «ვიღრუტუნო». საზიზღარი ვინმეა. როგორ მლოშნიდა. რა გემრიელი ხორცები გაქვსო, მეუბნებოდა. წარმოგიდგენია?! კაროჩე, მიყიდა, რა. ფულს გადამიხდის და ეგ იქნება.

_ მოგცა რამე?

_ ბუს კვერცხები. არაფერიც არ მომცა. რამე გჭირდებაო? მკითხა. არ მოგერიდოს, ახლა ჩვენ ერთნი ვართო. ჩემი თქმა რად უნდოდა, ხომ იცის, როგორ მიჭირს…

_ მაგ საქმეს მე მოვაგვარებ.

_ არა, კაცო, არაფერი უთხრა. ერთი-ორჯერ კიდევ შევხვდები და გადავხედავ, რას იზამს. თუ იკისრა რამე, ხომ კარგი, თუ არადა, მაგის ნერვები არა მაქვს. მე ის მადარდებს ახლა, სად ვიშოვო ფული. რომ იცოდე, როგორ მჭირდება.

_ მეც შენ დღეში ვარ…_ მაკა წამით ჩაფიქრდა, _  ერთი იდეა მაქვს, ოღონდ არ ვიცი, როგორ მოგეწონება.

_ რა იდეა? აბა, მითხარი. შენ სასიკეთოს რას იტყვი, _ გაიცინა ინგამ და სიგარეტს მოუკიდა.

_ მაღაზია გავძარცვოთ.

ინგას ანთებული სანთებელა ხელში გაუშეშდა.

_ რა ვქნათ? _ კინაღამ იყვირა.

_ გავძარცვოთ, მაღაზია ან «ბუტკა», რა ვიცი…

_ შენ ცოტა ალაოდ ხომ არა ხარ, ქალო. ასეთი «გენიოსური აზრები» საიდან მოგდის ხოლმე! _ შორს დაიჭირა ინგამ.

_ ვითომ რატომ, რა უჭირს! მაღლა, მეოთხეში ქვეყნის მაგნაირი ტოჩკებია, ხოშიანად ვაჭრობენ. გურიკას მოვპარავ პისტოლეტს, წინასწარ დავზვეროთ რომელიმე მარკეტი და… ჰაიდა-ა-ა! _ ხელი ხელს შემოჰკრა მაკამ.

_ ვაი-ი-ი! ხათუნამ არ გაგიგოს მაგი, თორემ, მერე ნახე შენ! _ ჩაიცინა.

_ რომ იცოდე, შეიძლება არც არაფერი თქვას და თვითონაც წამოვიდეს. ახლა მაგასაც გაუჭირდა. გრამი ფული არა აქვს.

_ რას ამბობ! წამოვა კი არა, ორივეს გვიფრენს აქედან.

_ გვიფრენს არა, ისა! აგერ ნახე, თუ გინდა…

მაკა ნაწილობრივ მართალი გამოდგა. ხათუნას დიდი გაწევ-გამოწევა არ დაუწყია, არც შეგონებების კითხვა. წამით ჩაფიქრდა მხოლოდ.

_ არა, ვერ ვიზამ მე მაგას! _ თქვა ბოლოს და ნიკაპი ხელებზე ჩამოდო.

_ რატომ, გეშინია? _ ჩაეძია ინგა.

_ არა, შიში რა შუაშია. არანაირი სურვილი არა მაქვს, ვინმე დავაყაჩაღო. ღამე კიდევ შეიძლება, როცა დაკეტილია.

_ დაკეტილში უფრო ვერ შევალთ, ეგ ტყუილი ოცნებაა, _ ჩააგდო ინგამ სიტყვა.

_ მე მარტო ერთი რამ შემიძლია გაგიკეთოთ. შევალ რომელიმეში, წვრილად გამოვიკითხავ ყველაფერს და «დოსიეს» მოგაწვდით.

_ რას გამოიკითხავ? _ ვერ მიხვდა მაკა.

_ ყველაფერს. როდის ნაკლები ხალხია, როდის _ მეტი. სიგნალიზაცია, ტელეფონი, რამე, რუმე… ეგ მე ვიცი.

_ მერე? როდიდან დავიწყოთ?

_ შაბათ-კვირის გარდა, ნებისმიერ დღეს შეიძლება, ნაკლები ხალხი მოძრაობს. აი, თუნდაც ხვალ. რა დღეა? ოთხშაბათი, არა? ხვალ დილით გავალ და რაღაც-რაღაცებს გავარკვევ, _ ისევ აიღო ხათუნამ თავი და თითებით თმა გადაივარცხნა…

ასეც მოიქცა. მეორე დილით ავიდა პლატოზე, შეათვალიერა მაღაზიები და არჩევანი ერთ პატარა მარკეტზე შეაჩერა. იგი შედარებით მყუდრო ადგილას, განმარტოებით მდგარი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობდა. შევიდა და მომხიბლველი ღიმილით მიესალმა გამყიდველებს. ისინი ორნი იყვნენ. ერთი დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, გამხდარი, მეორე კი შედარებით მსუქანი და ასაკითაც უფროსი _ ასე, ორმოცამდე.

_ საშინლად ცივა თქვენთან, როგორ ძლებთ? _ სანდომიანად შესცინა შედარებით უფროსს.

_ მოგვკლა ნავთის სუნმა და შიგადაშიგ გამოვრთავთ ხოლმე კერასინკას, _ დაიწუწუნა გამყიდველმა.

_ დარეკვა მინდოდა, ტელეფონი ხომ არა გაქვთ, შემთხვევით? _ შეფარვით იკითხა.

_ არა, სამწუხაროდ.

_ არც ახლომახლო გეგულებათ სადმე?

_ არა, არა, ქალბატონო. კორპუსში თუ იცნობთ ვინმეს, თორემ ისე აქედან ვერ დარეკავთ.

_ ძალიან ცუდი. რა ძნელია, ალბათ ასეთ ადგილას მუშაობა, არა? შემოდის საერთოდ ხალხი? _ გააგრძელა გამოკითხვა.

_ უფრო დილით, პურზე მოდიან ხოლმე და საღამოს, სადღაც ექვსისკენ. სხვა დროს თითქმის უქმად ვართ, ვიყინებით ტყუილ-უბრალოდ, _ ახლა ახალგაზრდა ჩაერთო საუბარში.

_ საღამოს რომელზე კეტავთ?

_ ცხრაზე.

_ ასე ადრე?

_ მაინც არავინ მოდის და რა აზრი აქვს ტყვილა ყურყუტს. მერე ტრანსპორტის პრობლემაც გვექმნება. ვაზისუბნიდან დავდივართ.

_ გუშინ ვაჟაზე დაუყაჩაღებიათ ერთი მაღაზია. კაი ბლომად ფული წაუღიათ. თქვენ არ გეშინიათ, მარტო ქალები რომ ხართ? სანამ სიგნალიზაცია ჩაირთვება, სანამ პოლიცია მოვა…

_ უჰ! სად არის სიგნალიზაცია. დაყაჩაღება კიდევ, რა ვიცი, საქონელს თუ წაიღებენ, თვარა ხუთასი და ექვსასი ლარის გულისთვის ვინ აიტკივებს აუტკივარ თავს. ნისიებმა შეგვჭამა, ამ უბანში ეს ყველამ იცის, _ «დაფქვა» ინფორმაცია გამხდარმა.

_ ეგა თქვი. თუ შეიძლება, ერთი ყვითელი «გალუაზი» მომეცით, _ ხათუნამ ლარიანი გაუწოდა «ინფორმატორს», მერე თბილად დაემშვიდობა ორივეს და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა…

…ინგამ და მაკამ ყურადღებით მოისმინეს დაქალის მოტანილი ამბავი და გეგმაც სახელდახელოდ შეიმუშავეს. საღამოს რვა საათისთვის «ჯიპს» ცოტა მოშორებით, მოფარებულში დააყენებდნენ, კარგად დაზვერავდნენ გარემოს და დროს რომ შეარჩევდნენ, ჩანაფიქრსაც განახორციელებდნენ.

_ «დანარჩენი, როგორც ტექსტშია», _ თქვა მაკამ, _ ფულს რომ ავიღებთ, გასაღებიც გამოვართვათ და გარედან ჩავკეტოთ, გამოსვლა დიდხანს რომ ვერ შეძლონ.

_ კარგი აზრია, _ დაეთანხმა ხათუნა, _ მაგრამ მე მაინც არ მომწონს ეგ ამბავი. მაგარ შარში ყოფთ თავს. მოდით, არ სჯობია, საერთოდ შეეშვათ ამ საქმეს?

_ აჰა! დაიწყო ახლა! ქალო, შენ ჩვენიანი ხარ, თუ დათვისიანი?! თავი დაგვანებე, თუ ძმა ხარ! _ აუქნია ხელი მაკამ.

_ «საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან», _ დინჯად ჩაილაპარაკა ხათუნამ და წამოდგა, _ ბედნიერ «დატერორებას» გისურვებთ, ლამაზებო! ბაი, ბაი! _ რობოტის ჟესტით დაუქნია ორივეს ხელი და წასასვლელად მოემზადა.

_ იმედია, «პერედაჩებს» მოგვიტან, რამე რომ იყოს… _ დაადევნა მაკამ მიმავალს, _ ამოგივლით, რომ მოვალთ.

_ აბა, თქვენ იცით, _ უკანმოუხედავად გაეპასუხა ხათუნა და კარი გაიჯახუნა.

7 7 7

«რა ცუდად აეწყო ყველაფერი. ხელფასები დაიგვიანებსო, თამაზმა თქვა. ეს ზაზაც ახლა გამომეჩხირა მაინცდამაინც. ფულიც როგორ შემომეხარჯა! ინგას ხომ ისედაც ცუდად აქვს საქმე და მაკასაც რომ მაგრად გაუჭირდა?! ყველას ერთად «დაგვერხა». პოლიკლინიკაშიც გურის პარლამენტარობის ხათრით აჩერებენ, თორემ აქამდე ცხრაჯერ დაითხოვდნენ… ამ რემონტის დაწყებასაც ვერ დავაყენე საშველი! რემონტს ვინ ჩივის, თმა ვერ შემიჭრია. რა ვიცი, შევიჭრა, რო? იმას რომ არ მოეწონოს? ჰმ, ახლაც მეწვის, მე მგონი, მაგის ნაკოცნი ყელზე. ვითომ შეყვარებული ვარ? ღმერთო, დიდებულო, შენ მიშველე. დამანახვე გზა, ჩიხში ნუ მომამწყვდევ», _ ხათუნამ რვეული დაკეცა და თვალდახუჭული ოცნებებში ჩაიძირა. კარგა ხანს იჯდა გაუნძრევლად. მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. პირველსავე ზარზე ეცა ყურმილს. ხმას არავინ იღებდა. რამდენჯერმე ჩასძახა, ალო, ალოო და ბოლოს გაბრაზებულმა დაახეთქა ბერკეტზე.

გოგოები «საქმეზე» იყვნენ წასული. კარგი ქნა, რომ არ გაერია მაგათ «მარაქაში». ხომ წარმოგიდგენია, ვინმემ რომ ნახოს ან გაიგოს, როგორ გაქურდა ხათუნამ მაღაზია. მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდება. პარლამენტში, ალბათ, თვალები შუბლზე აუცვივდებათ. ვინ არ იცნობს მეუნარგიას. სისხლი აქვთ გამშრალი მისი «კირკიტა» შეკითხვებით. ზოგი ემალება კიდეც. ამ ფიქრებში ჯერ ყავა მოადუღა, მერე სიგარეტს მოუკიდა და ხარბად გააბოლა.

კარზე ზარის ხმა გაისმა. «ვინ უნდა იყოს?» _ გაუკვირდა. ირმას და მაკას ჯერ არ ელოდებოდა, ახალი წასული იყვნენ. «ხომ არ გასკვანჩეს?» _ ამის გაფიქრებაზე ცეცხლი წაეკიდა სახეზე. სათვალთვალოში გაიხედა. ვიღაც პატარა, ათიოდე წლის ბიჭი იდგა სადარბაზოში. კარი გამოაღო.

_ თქვენა ხართ ხათუნა დეიდა? _ ბიჭს ხელები ზურგსუკან ჰქონდა დაწყობილი.

_ მე ვარ?! _ უპასუხა გაკვირვებულმა.

_ ეს თქვენთან გამომატანეს, _ ბიჭუნამ ლამაზ, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ერთი ცალი თეთრი ორქიდეა გაუწოდა.

_ ვაი, მე-ე?! ვინ? _ კიდევ უფრო გაოცდა ხათუნა.

_ ერთმა კაცმა, შრამიანმა. აქ რაღაც წერილიც დევს, _ დაანახვა ბარათი.

_ დიდი მადლობა. ერთი წუთით მომიცადე, _ გამოართვა ბავშვს საჩუქარი და ოთახში შებრუნდა. საფულიდან ორლარიანი ამოიღო და კვლავ შემოსასვლელში გავიდა.

_ ეს შენ, _ გაუწოდა.

_ არა, არ მინდა. იმან უკვე მომცა, _ იუარა ბიჭმა.

_ მერე რა, ზედმეტი არ იქნება. შოკოლადი იყიდე ჩემს სახელზე.

_ შოკოლადიც მომივა და ბევრი სხვა რამეც. ათლარიანი მაჩუქა, _ გაიღიმა ბავშვმა.

_ ესეც მიუმატე და თორმეტი გექნება. არ გაწყენს… აიღე, ნუ გრცხვენია, _ თითქმის ძალით შეაჩეჩა ხათუნამ ფული, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და კარი მიხურა.

ბარათს დახედა «ერთადერთს _ ერთადერთი» _ ორად-ორი სიტყვა ეწერა თეთრ მუყაოზე გაკრული ხელით.

«სად იშოვა ამ შუა ზამთარში ორქიდეა. მეყვავილეებთან არც მინახავს. რა ტიპია», _ სიხარულისაგან ადგილს ვერ პოულობდა. კარადიდან მაშინვე ჩამოიღო ყვითელი ფერის მაღალი ლარნაკი, წყლით აავსო და ყვავილი სათუთად ჩადო შიგ. მერე ტელევიზორის თავზე შემოდო, თვალშისაცემ ადგილას. სულ გადაავიწყდა დაქალები.

კვლავ დარეკა ტელეფონმა. ხათუნა მოუთმენლად დაწვდა ყურმილს.

_ გისმენთ, _ ჩასძახა.

_ მოგეწონა სიურპრიზი? _ ირაკლის ხმა იყო.

_ ძალიან. პირდაპირ არ ვიცი, რა სიტყვები მოვიშველიო მადლობის სათქმელად.

_ არ არის საჭირო. ახლა ამ მწირ საჩუქარს დამჯერდი და სხვა დროს ურმით გამოგიგზავნი… დატვირთულს.

_ სხვა დროს? ეგ როდის, როცა დიდი გავიზრდები? _ ვერ შეიკავა სიცილი.

_ როცა ქალბატონი ხათუნა გახდები… ტაბიძისა, _ დააყოლა მამაკაცმა.

ქალს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში. ხმას ვერ იღებდა.

_ ალო! ხათუნა, გესმის ჩემი, რატომ გაჩუმდი?

_ გისმენ, გისმენ. კი მაგრამ, საიდან ეგ ორქიდეა? რაღაც აქაურს არ ჰგავს… რომელი ქვეყნის ბაღში დაკრიფე?

_ შენ ოღონდ მოისურვე და გაუჩენელს გაგიჩენ, _ ოდნავ ხმადაბლა თქვა მამაკაცმა.

_ ღმერთო ჩემო, რით დავიმსახურე შენი ესოდენ დიდი ყურადღება? _ ხათუნა ყურმილს აწვალებდა ხელში.

_ რა ვიცი, აბა. შენ გგონია, ვიცი?.. იქნებ, შენ მითხრა?

_ ალბათ, იმიტომ, რომ… იღბლიანი ხარო, ხომ მეუბნებოდი…

_ შენ გინდა თქვა, რომ ჩემი გაცნობით ბედმა გაგიღიმა?

_ უფრო მეტიც… ტუზი დამეცა…

_ ო-ო-ო! ამან ცოტა შემაფიქრიანა, ხომ იცი…

_ რატომ? _ ქალს ღიმილი არ შორდებოდა სახეზე.

_ როგორ თუ რატომ! მანდილოსანი რომ ასეთ რამეს გეტყვის, ვალდებულიც კი ხდები, მართლა ურმით სავსე ყვავილები გაუგზავნო… რა დატვირთავს!

ხათუნამ გულიანად გადაიკისკისა.

_ შენც სხვას დაატვირთინე.

_ არა. მაგას რა ფასი ექნება. მასში ჩემი ოფლი უნდა იყოს ჩაღვრილი… ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ როდის ვიქეიფოთ? ხომ მოვილაპარაკეთ?

_ როცა იტყვი.

_ კარგი, მაშინ. ამ დღეებში დაგირეკავ. მაძლევ უფლებას?

_ ან კი რა უფლება მაქვს, რამე აგიკრძალო?

_ გექნება! _ მტკიცედ უთხრა ირაკლიმ და დაემშვიდობა.

7 7 7

ინგა და მაკა რვის ნახევარზე ადგილზე იყვნენ. უკვე კარგად ბნელოდა. დაახლოებით ორმოცი წუთი მოუხდათ ლოდინი, სანამ მთლიანად დაცარიელდებოდა მაღაზია.

_ წავედით, _ თქვა მაკამ და მანქანიდან გადმოხტა. კარები ორივე მხარეს ღია დატოვეს. პისტოლეტი ქურქის ჯიბეში ედო. ეს ისე, შესაშინებლად, თორემ გამოყენებას არც აპირებდა. გურის იარაღი რეგისტრირებული იყო. ასე რომ, გასროლა ნამდვილი სანქცია იქნებოდა. თითებით მოეფერა ცივ ლითონს. როგორ უყვარდა იარაღი. ბავშვობიდან ოცნებობდა. რამდენიმე წელი დადიოდა კიდეც სროლაზე, შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა და საკმაოდ «მიზანმიმართული» მსროლელი გახლდათ. აი, რევოლვერი კი არ ჰქონდა. საკუთარი, «დამსკი» მინდაო, სულ ნატრობდა.

მაკამ მაღაზიის კარი შეაღო. ინგა ფეხდაფეხ მიჰყვა. ერთი გამყიდველი, უფრო ასაკოვანი რომელიც იყო, ქსოვდა, მეორე კი სიგარეტს ეწეოდა. «რა საქმიანია», _ გაიფიქრა მაღალაშვილმა.

_ კაი გამარჯობა, თქვენი, _ ომახიანად მიესალმა ქალებს.

_ გაგიმარჯოს, _ უხალისოდ უპასუხეს. ინგამ მიიხედ-მოიხედა.

_ გნებავთ რამე? _ წამოდგა «საქმიანი» და საქსოვი გვერდზე გადადო.

_ ფული გაქვთ? _ კილო არ შეუცვლია მაკას.

_ რა-ა?

_ ფული, ფული, _ მკაცრად შეხედა.

_ რა ფული? _ დაიბნა ქალი.

_ ნა-ვაჭ-რი, _ დამარცვლა მაკამ და პისტოლეტი პირდაპირ შუბლში დაუმიზნა გაოგნებულ გამყიდველს.

_ ვა-ი-მე-ე! _ შეჰკივლა გამხდარმა, _ რას შვრებით, გოგოებო, არა გრცხვენიათ, რას აკეთებთ?! _ ტუჩები აუკანკალდა, _ არ მოგვკლათ, გეხვეწებით.

_ მკვლელობის გულისთვის მე და, აი ეს, შვიდ-შვიდი წელი ვხეხავდით ციხის კედლებს. ასე რომ, ჩქარა, არ უნდა ამას ბევრი ჭრიჭინი.

ინგა გარეთ გავიდა მიდამოს დასაზვერად, ემანდ მოულოდნელად არავინ შემოვიდესო. ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მაშინვე  შემობრუნდა.

მქსოველი სალაროს ეცა და უჯრიდან ერთმანეთზე დაწყობილი, უკვე დათვლილი ფულის ამოლაგებას შეუდგა.

_ რამდენია მანდ!

_ 692 ლარი. ფეხს ნუ ჩადგამთ ჩვენ ცოდვაში. თქვენი ჭირიმე, სულ ჩვენი გადასახდელი იქნება. შეგვიცოდეთ, რა იქნება? _ აწუწუნდა გამყიდველი.

_ მაიტა გასაღები! _ არ «შეიცოდა» მაკამ.

_ რა გასაღები? _ კიდევ უფრო დაიბნა ქალი.

_ მაღაზიის გასაღები. დროზე, სანამ მიგასხმევინე ტვინი კედელზე, _ აყვირდა აზარტში მოსული.

_ პატრონს აქვს. ცხრაზე უნდა მოვიდეს. რაც გინდათ ის ჰქენით, გოგოებო, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, არაფერს ვიტყვით. ოღონდ წადით, ოღონდ ცოცხლები დაგვტოვეთ, _ ატირდა გამყიდველი.

ახალგაზრდა მთლად კანკალებდა და ცრემლებს თითებით იმშრალებდა.

_ რომელიმე თქვენგანი რომ დავინახო გარეთ გამოსული, შუბლში დავარჭობ ტყვიას, _ ნამდვილი განგსტერივით გამოსცრა კბილებში მაკამ, კართან მდგარ ინგას ხელი მოჰკიდა და უკუსვლით გავიდნენ მაღაზიიდან. სირბილით დაუყვნენ ქუჩას და სწრაფად ჩახტნენ მანქანაში. მაკამ ძრავის ხმაურის თავიდან ასაცილებლად «ჯიპი» დააგორა. ფარებიც არ აუნთია. კარგა მანძილი რომ გაიარეს, მხოლოდ მაშინღა დაქოქა. ნუცუბიძის ქუჩაზე ჩამოუხვიეს თუ არა, ორივემ შვებით ამოისუნთქა. საშიშროება უკვე აღარ ემუქრებოდათ. თითქმის დამშვიდებულებმა კმაყოფილებით დაჰკრეს ერთმანეთს ხელი ხელზე.

888

მაკამ «ძმურად» გადაწყვიტა ფულის გაყოფა.

_ «ტკარცალეტკა», აბა ერთი, შენი მათემატიკური ჭკუით უცებ გაყავი 692 სამზე! _ მიუბრუნდა ინგას.

_ 236 ლარი და ხურდები, _ დაუფიქრებლად წამოიძახა ინგამ.

_ მალადეც! ჩაგეთვალა! _ მაკამ ხელი ხელს შემოჰკრა და ფულის განაწილებას შეუდგა.

_ მოიცა, მოიცა, მე რომ მაგდენი არ მეკუთვნის? _ ხათუნა ჩაერია საუბარში.

_ ვითომ რატომაო? _ წარბები შეყარა «პარლამენტარშამ».

_ იმიტომ, რომ მე უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია «საქმეში».

_ მერე რა, მაინც თანამონაწილე ხარ, ძამიკო, _ მხარზე ხელი დაჰკრა მაკამ დაქალს.

_ არა, ასი მომეცით და საკმარისია, _ ისევ თავისაზე იდგა «ველიკი განმანათლებელი». რადგან ხათუნას ასე სურდა, არც ინგას და არც მაკას ბევრი გაწევ-გამოწევა არ დაუწყიათ.

_ ვსიო-ო-ო! ესეც ასე. ძელა სძელანა! _ საქმოსანივით ჩაილაპარაკა მაკამ.

_ მორჩა, გოგოებო, ეგ იყოს უკანასკნელი! მეტი არ გავიგონო თქვენი ქურდობა და მამაძაღლობა! გესმით? _ დაიწყო შეგონებები ხათუნამ.

_ პაჟივიომ, უვიძიმ, _ არ დაეთანხმა «პარლამენტარშა», _ მადა ჭამაში მოდისო, შენ არ იძახი ხოლმე?

_ კი მაგრამ, მე იმასაც ვიძახი, კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო, _ არ დაუთმო ხათუნამ.

_ რახან ყველაფერი კარგად დამთავრდა, ნუღარ იკამათებთ, რა, _ ჩააგდო მანდილი ინგამ.

თუმცა «კარგად დამთავრება» ჯერ შორს იყო. ტელევიზიამ მეორე დღესვე გადმოსცა ინფორმაცია მაღაზიის გაძარცვის თაობაზე. ამას ისიც დაემატა, რომ დილით სამსახურში მისული ხათუნა რედაქტორმა დაიბარა:

_ უყურე წუხელ საინფორმაციო გამოშვებებს? _ ახედა თამაზმა.

_ ვუყურე, _ ხალისიანი კილოთი უპასუხა ხათუნამ.

_ მაშინ გააკეთე ეგ ინფორმაცია მარკეტის გაქურდვის თაობაზე, მაინც შენი უბანია და ტრანსპორტის ფულიც არ დაგეხარჯება, _ გაუღიმა რედაქტორმა.

ხათუნას ფერი წაუვიდა.

_ მე-ე? ვერა, თამაზ, მე ვერ გავაკეთებ, _ ხმა შეეცვალა.

_ რატომ?

_ ქვეყნის სარბენი მაქვს. დღეს მთელი დღე პარლამენტში მომიწევს ჯდომა. თევდორაძე უნდა ვნახო, მერე _ სააკაშვილი, მერე…

_ აბა, რა ვქნათ? ნანის დამიძახე ერთი! _ თამაზმა, ჩვეულებისამებრ, თავზე შემოიწყო ხელები.

ხათუნამ შვებით ამოისუნთქა. ეს უნდოდა ახლა?! ის ქალები ხომ მაშინვე იცნობენ. ვაითუ, რამეს მიხვდნენ! ნანი კიდევ, შტერია, რაღაცას მოაკოწიწებს და ამით მორჩება. არა, მაკა უნდა ნახოს სასწრაფოდ! ბევრი არ უფიქრია, პალტო ჩაიცვა, ჩანთას ხელი დაავლო და დერეფანში გავარდა…

დიდხანს რეკავდა ზარს. ჯერ ჩამიჩუმი არ ისმოდა, მერე რაღაც ფაცი-ფუცი შეიქნა, ბოლოს მაკას ხმაც გაიგონა:

_ ვინ არის?

_ მე ვარ, ხათუნა.

მაკამ ცოტა მოგვიანებით გაუღო კარი. ხალათი შიშველ სხეულზე ჰქონდა მოცმული. თითქოს რაღაც დაბნეული ჩანდა.

_ შენ ამ დროს აქ საიდან გაჩნდი? _ გაკვირვებით შეხედა დაქალს.

_ საქმე მაქვს… სერიოზული. არ გცივა? რა შიშველი დარბიხარ, _ ხათუნა ლოჯიაში გავიდა. დივანზე «სიმბა» წამოსკუპებულიყო და ბეწვს დიდი გულმოდგინებით ილოკავდა.

_ რა ხდება? _ მაკამ ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს დაწვდა.

_ დამთავრდა თქვენი ვოიაჟი, მეტი აღარ იფიქროთ გაქურდვაზე! _ დაიწყო ხათუნამ.

მაკამ უცებ ტუჩზე მიიდო თითი, გაჩუმდიო, ანიშნა.

_ რა იყო, გური ხომ არ არის შინ? _ აჩურჩულდა შეშფოთებული ხათუნა.

_ არა, სხვა, _ დამნაშავის იერით შეხედა დაქალმა.

_ ვინ სხვა?

_ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, არის ერთი. ჩუმად ილაპარაკე. რა იყო, რა მოხდა?

ხათუნა ჩურჩულით მოუყვა ყველაფერს. მაკას წარბიც არ შეხრია სახეზე.

_ დაიკიდე, _ ხმამაღლა თქვა, დივანზე გადაინაცვლა, კატა მუხლებზე დაისვა და ზურგზე ხელი გადაუსვა, _ ეგეთი რამეები მე არ მაღელვებს, შენ კარგად იცი. მოუკვდა პატრონი პრესასაც და ტელევიზიასაც. ეგენი მე ვერაფერს დამაკლებენ.

_ მაკატერინე! ჩვენ ახლა ყველანი «წითელ ზოლში» ვართ მოხვედრილი. არ არის ეგ სახუმარო საქმე. ცოტა სერიოზულად მოეკიდე ამ ამბავს, _ ქვემოდან ახედა ხათუნამ.

_ ნუ მეძახი მაკატერინეს, რამდენჯერ გითხარი! _ გაბრაზდა მაკა.

რატომღაც სიჩუმე ჩამოვარდა.

_ კარგი, მე წავედი მაშინ, ხელს არ შეგიშლით, _ ხათუნა წამოდგა, _ მოკლედ, მაინც არ იშლი შენსას, არა? სად დაითრიე, ახალია? _ საძინებლისკენ გაიხედა.

_ რა ახალი! პროსტა, ეგრე გამოვიდა, რა…

_ არ გეშინია, ქმარმა რომ მოგისწროს? _ ისევ ჩურჩულზე გადავიდა ხათუნა.

_ მივლინებაშია წასული ბათუმში. ხვალამდე არ ჩამოვა, _ ჩაიცინა მაკამ და დაქალს უკან მიჰყვა.

ის იყო, ხათუნა კარამდე მივიდა, რომ ძალაუნებურად საწოლი ოთახისკენ გააპარა თვალი. გააპარა და… ოდნავ შეღებული კარიდან გოჩა ჩანთაძის შეცბუნებულ მზერას წააწყდა. არ ახსოვს, როგორ მოუტრიალდა მაკას, როგორ გააწნა სილა, როგორ ჩაირბინა კიბე აღშფოთებულმა და, საერთოდ, როგორ აღმოჩნდა შინ. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო.

«ღმერთო, რა უნამუსო ქალია. აფრენს! ტუტუცი, გაუტანელი, რა ეშველება! ეგ როგორ იკადრა, როგორ! ნაძირალა, ნამდვილი ნაძირალა! _ ფიქრობდა გაავებული.

ტელეფონმა დარეკა. უხალისოდ აიღო ყურმილი. მაკა იყო. ეგრევე დაახეთქა, არც მოუსმინა, თმა გადაივარცხნა, ბერეტი ჩამოიფხატა თავზე და პარლამენტისკენ გასწია მასალის ასაღებად.

7 7 7

საღამოს მაკა თავისი ფეხით «ეახლა» ხათუნას. ინგა დედამისთან იყო წასული, ორი დღე იქ დავრჩებიო, დაიბარა. ბავშვსაც ვნახავ და დედაჩემსაც მივხედავ ცოტას, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ წნევა აწუხებს და საშინლად ნერვიულობსო.

_ რისთვის მობრძანდი, ქალბატონო! აღსარების სათქმელად ხომ არა? მაგისთვის მღვდლები არსებობენ, _ კუშტად შეხედა ხათუნამ.

_ მომისმინე, ხათუ, მაშინაც ხომ გითხარი, ეგრე გამოვიდა-თქო. ირმას ნახვა უნდოდა და შინ რომ არ დახვდა, ჩემთან შემოიარა, _ დაიწყო თავის მართლება.

_ სტყუი! ირმას ნახვა თუ უნდოდა, დაურეკავდა და ზეპირად არ აადგებოდა სახლში. ეგ ზღაპრები შენს კაცებს მოუყევი! _ მრისხანებდა ხათუნა.

_ კარგი, მასე იყოს. ხომ ხედავ, როგორ ყველაფერზე სპასობნი ვარ. უნდა ამიტანოთ, ბატონო, ისეთი, როგორიც შემქმნა მამაზეციერმა.

_ შენ ცხოვრებამ შეგქმნა ასეთი და არა მამაზეციერმა, _ შეუტია ხათუნამ, _ არაფერი ადამიანური შენთვის არ არსებობს. მიკვირს, საერთოდ როგორ გათხოვდი. მაშინაც სხვა კაცზე ფიქრობდი, როცა გურის მიყვებოდი ცოლად?

_ არა, _ თქვა მაკამ, _ პირველი სამი თვე _ არა. მერე… მერე, პროსტა, ჩემთვის ვაგებდი ოცნების კოშკებს. ხან ერთ კაცს წარმოვიდგენდი, როგორ მკოცნიდა და მეფერებოდა, ხან _ მეორეს… მსიამოვნებდა წარმოდგენაც კი. შენ რომ იცოდე, ამითღა ვცოცხლობდი. ბოლოს ავდექი და ოცნება რეალობად ვაქციე. მაგარი ახვარი ვარ, არა?

_ ახვარი კი არა, სქელკანიანი ხარ. არ მინდა შენთან ლაპარაკი. ერთი ფეხის ნაბიჯზე ვერ გენდობა ადამიანი! _ არ ცხრებოდა ხათუნა.

_ კარგი რა, ხათუ! თქვენი გულისთვის ხომ იცი, წყალში ჩავდგები!

_ გეტყობა! _ ამრეზით ახედა დაქალმა, _ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, შენზეა ზედგამოჭრილი.

_ სუფთა «ანდაზომანი» ხარ, რა! იცი, რატომ გავაკეთე ეგ ყველაფერი? ფული რომ ამეწაპნა მაგისთვის, იმიტომ. სამასი ლარი დავცინცლე. ნახევარს ირმას ჩავახუტებ. ვეტყვი, შენმა კაცმა გამოგიგზავნა-თქო. ასე ხომ არ ჩამეთვლება პოდლობაში?

_ შენს «პოდლობას» თუ სიდამპლეს ზღვარი არა აქვს. ყარხარ უკვე, წადი ახლა, მოშორდი აქაურობას! კარატეზე მივდივარ, შენთვის არ მცალია, _ მოატყუა ხათუნამ, ჯინსის შარვალი ამოიცვა და პულოვერის მოძებნას შეუდგა.

_ ხომ არ ჩამიშვებ ირმასთან? _ ფრთხილად შებედა.

_ შენი პირით მოუყვები ყველაფერს.

_ გაგიჟდი?

_ ჰო, გავგიჟდი.

_ ძალიან გთხოვ, მაპატიე, რა… პირობას გაძლევ, მეტჯერ აღარ განმეორდება.

_ ვიცი მე შენი პირობა! _ ხათუნა ჯიუტად იდგა თავისაზე.

_ კარგი, შე ჩემა, რა მოხდა ამისთანა, კაცის გულისთვის დაქალი გინდა დამაკარგიო? _ აყვირდა მაკა.

_ შენთვის აჯობებს, თვალით არ დამენახო კარგა ხანს, თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ, იცოდე! _ ხათუნამ თვალწინ დაუტრიალა საჩვენებელი თითი მაკას, მერე მკლავში ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ წააჩიქჩიქა.

გასვლის წინ მაკა კიდევ ერთხელ მოტრიალდა.

_ ხათო…

ხათუნამ ცხვირწინ მიუჯახუნა კარი, არ აცალა წინადადების დამთავრება.

ამასობაში შუქიც მოვიდა. ტელევიზორი ჩართო, რვეული აიღო, სავარძელში ჩაჯდა და დიღურის წერა გააგრძელა… მალე მოშივდა. მჭადის გამოცხობა დააპირა… დაიწყო კიდეც.

ტელეფონის ხმა გაისმა. ყურმილს დაწვდა.

_ როგორა ხარ, დედოფალო? _ ხავერდოვანი ხმით მოიკითხა ირაკლიმ.

_ არა მიშავს. შენ? _ სითბო ჩაეღვარა სხეულში.

_ შენს ხმას რომ გავიგონებ, უცებ კარგად ვხდები ხოლმე, _ გაიცინა მამაკაცმა.

_ უჰ! რა ისეთი ხმა მე მაქვს…

_ შე-ენ? შენ ამქვეყნად ყველა სირინოზზე სირინოზული ხმა გაქვს.

_ კარგი ერთი.

_ არ გჯერა?

_ ?..

_ ერთი ეგ მითხარი, ხათუნა ვინ დაგარქვა? _ შეცვალა საუბრის თემა ირაკლიმ.

_ ბაბუაჩემმა. რატომ მეკითხები?

_ რა ვიცი, აბა, რაღა ეგ თათრული სახელი აარჩია, ცოტა უფრო ქართული ვერ მოძებნა?

_ მე მგონი, არც შენ გქვია ძალიან «ქართული» სახელი.

_ ჩემი ქრისტიანული მაინცაა… _ დაიცვა თავისი სახელი ირაკლიმ.

_ რა ვიცი. თუ არ მოგწონს, რაც გინდა, ის დამიძახე, _ დაუთმო ქალმა.

_ არა, არა, გეხუმრები, თორემ შენ ამქვეყნად ყველა დედოფალზე დედოფლური სახელი გქვია და საერთოდ, ყველა დედოფალზე ლამაზი დედოფალი ხარ! _ ისევ გაიცინა ირაკლიმ.

_ ღრმა ქათინაურია ძალიან. ვერ მოგედავები, _ ხათუნამაც გაიცინა.

_ მომენატრე, იცი? _ უცებ სერიოზული გაუხდა ხმა მამაკაცს.

_ …

_ შენ?

_ მეც…

_ მერე? არ უნდა შევხვდეთ? ვიქეიფოთ.

_ მე შენ გელოდები.

_ ხვალ გცალია? საღამოს.

_ მოვიცლი.

_ მაშინ სამსახურში გამოგივლი ასე, ექვსისთვის. ო კეი?

_ ეგრე იყოს. შენს ზარს დაველოდები.

_ ჰო მართლა, ნახევარი ურემი უკვე დატვირთულია.

ხათუნას სიცილი აუტყდა.

_ ყოჩაღ. რაღაც ძალიან ნელა ტვირთავ მაგ ურემს. მეორე ნახევარი როდის იქნება?

_ როცა ჩემი გახდები… სულ, მთლიანად.

_ შენს მფლობელობაში უნდა ამიყვანო?

_ აბა! შენ რა, უარის თქმას ხომ არ აპირებ?

_ არა, მაგრამ… მაგას დამსახურება უნდა. ასე არ არის?

_ დამსახურებული გაქვს უკვე.

_ ეგ როდიდან?

_ პირველივე დღიდან. გჯერა?

_ მჯერა.

_ ეგ კარგია. რას აკეთებ ახლა?

_ მჭადებს ვაცხობ.

_ სერიოზულად? აუ! როგორ მიყვარს, რომ იცოდე.

_ მართლა? მე ამქვეყნად ყველა დედოფალზე უფრო გემრიელ მჭადებს ვაცხობ.

_ მიხარია. კიდევ რეები იცი?

_ აბა, რა გითხრა, მე მგონი, «ყველაფერები».

_ ერთი სული მაქვს, როდის გავსინჯავ შენს ნახელავს.

_ როცა გაგიხარდება.

_ იმათ გასინჯული აქვთ?

_ ვის იმათ? _ ვერ მიხვდა ხათუნა.

_ გიას, ნიკას, ალეკოს… _ ჩამოთვალა მამაკაცმა ხათუნას თაყვანისმცემლები.

_ ოჰო-ო! შენ უკვე მოგივლია ჩემი წარსული, _ ქალი გაოცებული დარჩა.

_ სულ ფეხით, _ იხუმრა ირაკლიმ, მერე სერიოზული ტონით გააგრძელა, _ არ გეწყინოს. სულ შემთხვევით გავიგე, ნამდვილად არ დამიწყია გამოძიება. ნანი რომ მუშაობს შენთან, ჩემი დის დაქალია და… ისე მოხდა, რომ… ნუ, მოკლედ, ასე იყო, რა. ხომ არ გაბრაზდი?

_ არა, რა არის აქ გასაბრაზებელი. ეგ ხალხი იმდენად უმნიშვნელო როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში, რომ… დასამალი არაფერი მაქვს.

_ ვიცი, ვიცი. ჩემი ბრალია, არ უნდა მეთქვა. მაპატიე.

_ არა უშავს. ოდესმე მაინც ხომ უნდა მეთქვა…

_ რა სისულელეა. შენს წარსულთან მე რა ხელი მაქვს.

_ რატომაც არა. ერთხელაც მოგიყვები ყველაფერს. მე საკმაოდ მელოდრამული წარსული მაქვს… ერთობ საინტერესო.

_ კარგი, შევეშვათ მაგ თემაზე საუბარს. ერთი რამ მინდა გკითხო, ოღონდ სწორად გამიგე, კარგი?

_ ვეცდები.

_ შენ როგორ ფიქრობ, ხათუნა, ქმარმა ცოლს რა დონემდე უნდა მიანიჭოს თავისუფლება?

_ თუ ჩემი აზრი გაინტერესებს… არც ძალიან უნდა ჩაკეტოს გალიაში და არც ძალიან უნდა გაანავარდოს. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მე ასე მიმაჩნია. რატომ მეკითხები?

_ არაფერი. ბიჭებს კამათი გვქონდა და ახლა გამახსენდა რატომღაც. კარგი, მოკლედ, ხვალ გამოგივლი. ახლა კი წამოვწვები და…

«ჩემზე იფიქრებ», _ გაივლო გულში ხათუნამ, ირაკლიმ პაუზა რომ გააკეთა.

_ მართალი ხარ, შენზე ვიფიქრებ. მე მეტი დედოფალი არა მყავს… არც მინდა მყავდეს.

ხათუნას კიდევ დიდხანს ეჭირა ყურმილი ხელში. დამწვრის სუნი რომ ეცა, მხოლოდ მაშინ გამოერკვა და სასწრაფოდ სამზარეულოში გავარდა.

…ცხობას მალე მორჩა. მერე ტაფა გარეცხა, ნახევარი თავი სულგუნი გამოიღო მაცივრიდან, კიტრის მწნილიც ზედ მოაყოლა და ლოჯიაში გავიდა. «ახლა ინგა რომ იყოს შინ, დავუძახებდი… რას მიაძღებოდა! ღორმუცელუშკა!» _ გაეღიმა, დაბალ მაგიდას მიუჯდა და სავახშმოდ მოემზადა.

უცებ მძლავრი ბრახუნი გაისმა კარზე. მოულოდნელობისაგან ადგილზე შეხტა. საათს შეხედა _ თერთმეტი ხდებოდა. «ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?» _ გაუკვირდა. ფეხის წვერებზე გამოვიდა ჰოლში და სათვალთვალოში გაიხედა. ვიღაცას ხელი აეფარებინა ზედ.

_ რომელი ხარ? _ შეცვლილი ხმით გასძახა.

_ «მიყვარს კოფე, მიყვარს რძე, მიყვარს კახა ხაჩიძე!» _ გაისმა გარედან მამაკაცის ხმა.

_ კა-ხა! შენ შემოგევლე! კახუნი-გლახუნი! _ მთელი ხმით იყვირა ხათუნამ და კარი ფართოდ გამოაღო.

სადარბაზოში მაღალი, ზომაზე მეტად მსუქანი, თათარივით შავი, ღიპიანი მამაკაცი იდგა დიპლომატით ხელში. ხათუნა ყელზე ჩამოეკიდა სტუმარს.

_ როგორა ხარ, ხათუშკი? «ტყე, ბუჩქი, ია და ვარდი». რა ლამაზი ხარ, გოგო! _ გულში იხუტებდა კახა ქალს. მეორე ორივე ხელი წელზე მოხვია და ჰაერში აიტაცა.

_ დედა, დედა-ა-ა! რავა დამძიმებულა «ვარდენას ქალიშვილი». რა არის ქალო, ეს! ასეთი დაგტოვე მე შენ?! _ უსაყვედურა ღიმილით.

_ შემო, შემო. როგორ გამახარე, რომ იცოდე. როდის ჩამოხვედი?

_ ამ წუთში. თვითმფრინავიდან პირდაპირ შენკენ გამოვფრინდი. დამეზარა იმ გამოკეტილ სახლში შესვლა. მტვრის ბუდე იქნება ახლა იქ, ხომ ვიცი.

_ არა გრცხვენია, კახა, შე მართლა «გლახა»? რა მტვერი, რის მტვერი. ორ კვირაში ერთხელ მივდივარ და ვალაგებ იქაურობას.

_ საღოლ, ძმაკაც! შენი იმედი ყოველთვის მქონდა. უჰ, რა სუნი ტრიალებს! ძაღლივით მშია, რა გაქვს?

_ მჭადები გამოვაცხვე. როგორ ეყვარები სიდედრს, რომ იცოდე.

_ აბა, აბა! ჩემ მაგივრად მოკვდება კიდეც. ისემც რა ვუთხარი, _ კახამ ტყავის «დუბლიონკა» გაიძრო და აბაზანაში შევიდა ხელის დასაბანად.

_ უჰ, უჰ, უჰ! რა კაი დროს მოვსულვარ! სუნზე ვჩნდები საჭირო დროს, საჭირო ადგილას, ხომ ხედავ! _ ხელები მოიფშვნიტა კახამ.

ხათუნამ მეორე თეფშიც გამოიტანა და ორივენი მიუსხდნენ გაშლილ მაგიდას. ხაჩიძე მადიანად შეუდგა ჭამას.

_ სხვა? როგორ მიდის შენი საქმუნიები? _ ლოყებგამოტენილმა გახედა ხათუნას.

_ რა ვიცი. მიდის. შენი? რა ხდება დიდ რუსეთში, კარგად მოეწყვე?

_ კამაც-კამაც! რაც მთავარია, ფული ჩამოვიტანე. ყველა ვალი უნდა გავისტუმრო. შერცხვენილი ვარ ბიჭებთან. არავინ გინახავს?

_ ავთო შემხვდა ერთი-ორჯერ. ბენზინგასამართი სადგური გაუხსნია.

_ ვა, საღოლ! უშოვია აბა ფული.

_ აბა, რა ვიცი. ალბათ.

_ მაკუშკი რას შვრება, ისევ ძველებურად დაბაირამობს?

_ შენი მოსწავლე არ არის? იმას რა გამოასწორებს. ლაპარაკითაც კი მთლად შენ გბაძავს, _ გაეცინა ხათუნას.

_ დაურეკე, ერთი, ამოცუნცულდეს. მომენატრა ის «მარტიშკა», ისა.

_ არაფერსაც არ დავურეკავ. საშინლად ვარ გაბრაზებული. თვალის დასანახად არ მინდა! _ ხმა გაუმკაცრდა ხათუნას. მერე მოუყვა ყველაფერს.

_ მთლად გაუტევია მაგ ჩერჩეტს. აბა, ამას ვასწავლიდი მე _ «დიდი მოძღვარი», «ქალაქის სიამაყე»? _ გაიხუმრა კახამ.

კახა ხაჩიძე და ხათუნა ძუძუმტეები იყვნენ. ხუთი თვის იყო ხათუნა, დედამ რომ მიატოვა და სხვაზე გათხოვდა. მერე კახას დედა აწოვებდა ძუძუს _ მთელი სამი თვე.

მაკა, ხათუნა და კახა ერთად გაიზარდნენ. ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. თვეები იყო მათ შორის განსხვავება. როცა წამოიზარდნენ, მერე მათი გზებიც გაიყარა. კახა მოსკოვში გაუშვეს მშობლებმა სასწავლებლად. სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, სამკურნალო ფაკულტეტი. თუმცა, ერთი დღე არ უმუშავია ექიმად. სულ ბიზნესს აკვარახჭინებდა. გერმანიიდან უცხოური მანქანები ჩამოჰქონდა და ადგილზე ყიდდა. გამდიდრდა. ერთი პერიოდი მერე ისევ თბილისში ჩამოვიდა და აქ გააგრძელა საქმიანობა, მაგრამ დიდი ჩავარდნა მოუვიდა და ისე გაკოტრდა, რომ იტყვიან, ნოლზე დაჯდა. ვალებში ჩაეფლო. «ქართველებისნაირი გაუტანელი და უპირო ხალხი არ მინახავსო», _ სინანულით ამბობდა. მერე ისევ მოსკოვში გაემგზავრა. ისევ ააწყო საქმე. და აი, ახლა კვლავ ჩამოვიდა. როგორც თვითონ თქვა, «ხელდამშვენებული».

888

_ რამდენ ხანს დარჩები თბილისში? _ ჰკითხა ხათუნამ კახას.

_ რა ვიცი, სანამ საქმეებს «დასკანალნა» არ მოვაგვარებ.

_ ბევრი ფული ჩამოიტანე?

_ პიისიატ ტისიჩ!

_ დედა-ა-ა! რა ბევ-რი-ა-ა!

_ აქედან ოცდაათი ვალებში წავა. შენ ერთი ორი ათასს გაჩუქებ. გეყოფა?

_ ხომ არ გაგიჟდი. რად მინდა მაგდენი.

_ შე ქალო, რაც თავი მახსოვს, სულ რემონტი გაკერია პირზე და… თუ გინდა, ერთ მანქანას გიყიდი, «მალალიტრაჟკას», გაწყობს?

_ არა, არა, მანქანას რა თავში ვიხლი. რემონტის გაკეთება მირჩევნია.

_ ჰოდა, ძალიან კარგი. აკეთე და იყავი. თუ არ გეყოფა, კიდევ დაგიმატებ. მაკასაც მივცემ ცოტას. თქვენზე უკეთესი ვინ მყავს.

_ მაკა არაფრის ღირსი არ არის. მაშინვე გაძვრება სადმე _ თურქეთში ან დუბაიში. ხომ იცი მაგის ამბავი.

_ გაძვრეს, რა! ჩვენი რა მიდის. ახლა თუ ჰყავს კაცი?

_ კაცი კი არა, კაცები. თვლას ვერ აუხვალ. შენ? ძველებურად დადიხარ ქალებში?

_ ქალებში არა, «ქალში». კაროჩე, ერთი მყავს და მორჩა. საკაიფო ქალია, რუსი კია, მარა, ბევრ ქართველს სჯობია. სულ თვალებში მიყურებს.

_ მთავარი ეგაა.

_ შენ ისევ ისე მონაზონივით დადიხარ? ველური ვარდივით არ იკარებ არავის? _ მოჭუტა თვალები კახამ, სავარძელში გადაწვა და ღიპზე დაიტყაპუნა ხელი, _ ბევრი მომივიდა!

_ მე მგონი, შეყვარებული ვარ, იცი? _ არ დაუმალა ხათუნამ.

_ რა თქვი? შე-ენ? _ თავი წამოსწია კახამ, _ მაიტა ერთი, ნახშირი არა გაქვს, ჯვარი მივახატო კედელს. ვიზე, გაფიცებ, შენ იყო ჟორა, თუ არ მითხრა. ვინ «ივაშკაცა» და ვინ შეგაბა ეჟვანი. მე ვიცნობ?

_ შენ საიდან უნდა იცნობდე.

_ მითხარი, ვინაა. იქნებ ვიცი.

_ არ იცნობ შენ.

_ რას საქმიანობს, ისევ «ძველი ბიჭის» პონტია?

_ ღმერთმა დამიფაროს! ქაღალდის ბიზნესი აქვს… კარგ ფულს «ღუნავს». ვაკეში უზარმაზარი სახლი აქვს თურმე.

_ ვაკეში? ქაღალდზე თბილისში ორი-სამი კაცი მუშაობს. მე როგორ არ ვიცი. რა ჰქვია?

_ ირაკლი.

_ ირაკლი? ტაბიძე, გოგო? «დაღიანი»? _ კინაღამ შეხტა კახა.

_ იცნობ?

_ ვიცნობ რომელია, მაგას ჩვენ «ტაბუს» ვეძახით. შენ სად გააძრე, კი მაგრამ?

ხათუნა დაწვრილებით მოუყვა კაზინოს ამბებს.

_ ვა-ა! ირაკლი თუ ქალისკენ ოდესმე კიდევ გაიხედავდა, არ მეგონა.

_ რატომ? _ ყურები ცქვიტა ხათუნამ.

_ მაგას ხომ ჰყავს ცოლი… ჰყავდა, უფრო სწორად.

ქალს გული შეეკუმშა. გაფითრდა.

_ ჰყავდა თუ ჰყავს, არ დამიმალო, გემუდარები, _ შეეხვეწა ძუძუმტეს.

_ არა, არა. ორი თუ სამი წელია, რაც გაშორდა.

_ რატომ?

_ ო-ო-ო! ეგ გრძელი ისტორიაა. «დაღიანს» რატომ ვეძახით, იცი?

_ მომიყევი, რა. არაფერიც არ ვიცი. ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც გავიცანი.

_ მაგას ულამაზესი ცოლი ჰყავდა. ეგეთი ქალი თბილისში არ დადიოდა. სვანი იყო, დევდარიანი დალი. მაგარი ნაშა. იმან ბავშვი არ გაუჩინა, ფიგურას ვერ გავიფუჭებო, ბატონო. თეატრალური ჰქონდა დამთავრებული, მსახიობი იყო. ირაკლიმ თავიდანვე მიუშვა, არაფერს უშლიდა. უკომპლექსო კაცია, რა. ჰოდა, რა ვიცი, ენდობოდა ბოლომდე. იმან კიდე… ადგა და დაადო. ერთ დღესაც დაკრა ფეხი და… გათხოვდა. მაშინ სად ჰქონდა ტაბიძეს ამდენი ფული. სადღაც მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობდა, ოროთახიან სოროში, თავის დასთან ერთად. ისიც მაგარი ტიპშაა. დალი კიდევ ვიღაც აჭარელ ბიძასთან ერთად აითესა. კარგი ცხოვრება უნდოდა ქალბატონს. გემის კაპიტანი იყო ის კაცი. ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ეს ამბავი რომ გაიგო ირაკლიმ, რა მოათმენინებდა, კარგად გამოთვრა და მაგარი ბუხოი გავარდა პირდაპირ იმ ახალგამომცხვარ სიძესთან. ბევრი რა გავაგრძელო და დიდი დაკა-დაკა მოუვიდათ. მაგარი შუხური ატყდა. ახრჩობდა ჩვენს კაპიტანს. მაგრამ ქალი ხომ იცი, რა ახვარია. შენ არ გეწყინოს მხოლოდ. აი, ზუსტად მაკასნაირი ტიპისაა. უცებ დანით გაიჩითა და პირდაპირ სახეში ატაკა ქმარყოფილს. ტაბიძემ კინაღამ სროკი აიკიდა მაგ საქმეზე. ძლივს გამოძვრა, აბა! _ დაამთავრა კახამ მოყოლა.

ხათუნას ხასიათი გაუფუჭდა, აი, თურმე რატომ ეკითხებოდა ცოლისთვის თავისუფლების მინიჭების საზღვრებზე.

_ ჩემზე ბევრად ლამაზია ის ქალი? _ მორიდებით ჰკითხა მეგობარს.

_ რა შედარებაა! ხომ გეუბნები, ეგეთი ქალი მე პროსტა არ შემხვედრია ცხოვრებაში. რომ იტყვიან, ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავიო, თუ კალმით ნახატიო, ზუსტად ეგრე იყო, რა.

_ მერე? ახლა სად არის?

_ მე რა ვიცი, მამაჩემის მამასთან. ბათუმში იქნება, ალბათ.

_ დალი დევდარიანი. კარგი გვარ-სახელი ჰქონია, _ თითქოს შეშურდაო, ისე წარმოთქვა.

_ ხათუნა მეუნარგია სჯობია მაგას გვარ-სახელითაც და სილამაზითაც.

_ აბა, შენზე ლამაზიაო?

_ შენ სხვანაირად ლამაზი ხარ, შინაგანი და გარეგანი შერწყმული გაქვს ერთმანეთში, ის კი მხოლოდ გარეგნული ბუტაფორია იყო. ხომ არის განსხვავება? ისე, არ დაგიმალავ და შენც მაგარი ქალოჩკა ხარ, ფიზიკურად შენნაირი შესახედავი «ლედი» თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება თბილისში. ათეულში ხომ გადიხარ? _ გაუღიმა კახამ.

_ ოჰ. თქვა რაღაც. იცი, რა ქალები დადიან ქუჩაში? გააფრენ!

_ შენ სხვა ხარ, დამიჯერე, მე ხომ გიცნობ. ირაკლი შტერი კი არაა, ამდენ ქალში რომ გამოგარჩია. «იცის კაცმა საგანი», _ თქვა კახამ.

უცებ შუქი ჩაქრა.

_ ვა! ეგ იყო სულ? რომელი საათია, რო? აუ! პირველი დაწყებულა. აღარ მოვა?

_ დილამდე დაემშვიდობე. აქ გრაფიკია, მეგობარო, ეგრე კი არ არის, _ ხათუნა წამოდგა და ლამპა აანთო.

_ შე… შევ… მაგათი დედა ვატირე, _ შეცვალა გინების ფორმა კახამ, _ ხვალვე გიყიდი ერთ პატარ «დვიჟოკს» და ყველა პრობლემა მოგეხსნება. კიდევ კარგი, გაზი მაინც არის, თბილა შენთან. ისე, კაი მწვავე სუნი კი დგას. ჰო, მართლა, შენი «მკერდმსუყე» დაქალი რას შობა?

_ «შობა», რა ვიცი, _ გაეცინა ხათუნას.

_ არ გათხოვილა?

_ არა-ა.

_ ისევ «ადნალუბია»? არც კაცი გაუჩენია?

_ არა, _ იცრუა ქალმა და თვალი აარიდა ძმაკაცს.

_ დავეხმარები, არ უნდა? _ ეშმაკურად გაიღიმა კახამ, _ გამოცდილი კაცი ვა-არ, რუსის ქალები კუდში დამდევენ _ დედა, ეს რა ვნახეთ, კაცი რავა არ გვინახავს, მარა შენნაირი არაფერიო, _ აგრძელებდა იგი ხუმრობას.

_ შენ ჩემს დაქალებს თავი დაანებე, _ მსუბუქად დატუქსა ხათუნამ, _ ჩაი გინდა?

_ აბა, სასმელს არ მასმევ და მაგას მაინც მივეძალები.

_ როგორც ყოველთვის, ისევ ექვს-ექვს ჭიქას სვამ?

_ გოგო, რა მიჩვევა სცოდნია. იქ ხომ ყველა ჩაიზეა გადასული. ან ჩაი, ან არაყი, ან ორივე ერთად. მე ხო არაყს არ ვეკარები და დავიბრიდე ამ ჩაის სმით.

ხათუნა სამზარეულოში გავიდა, ჩაიდანი შემოდგა გაზზე, მერე ერთჯერადი ჩაი და შაქარი გამოიღო და ჭიქა გაამზადა.

_ ახალ წელს რას ვშვრებით? _ გამოსძახა კახამ.

_ როგორც ყოველთვის, ალბათ ერთად შევხვდებით.

_ ისევ მაკასთან?

_ არა, წელს ინგას ჯერია.

_ წელს მე ვკისრულობ.

_ შენთან?

_ ჩემთან არა, იხვი. რესტორანში. ერთი კარგად უნდა დაგგრუზოთ.

ხათუნამ ჩაი შემოიტანა.

_ შენ გაიხარე. არ გინდა, ჩემი მაყუთი განახო?

_ აუ, მიდი, რა! ამდენი ფული ერთად, რაც შენ წახვედი, არ მინახავს. გადავეჩვიე.

_ მაიტა ჩემი «დიპლიპიტო».

ხათუნამ დიპლომატი შემოიტანა.

_ რამსიმძიმეა, ბიჭო, ბომბი ხომ არ გიდევს შიგ?!

_ უარესი, _ ახითხითდა კახა და დიპლომატი გახსნა. ასდოლარიანების რამდენიმე დასტას ზემოდან პატარა პისტოლეტი ედო.

_ ი-ჰი-უ! შენ არ ხუმრობ! _ ორმაგად გაოცდა ხათუნა, ხან ფულს გაუშტერებდა თვალს, ხანაც იარაღზე გადაჰქონდა მზერა.

_ რა ლამაზი სანახავია ბევრი ფული, _ მეოცნებე კილოთი ჩაილაპარაკა, _ ეს ვისია? _ მერე პისტოლეტს გადაუსვა ხელი.

_ ეგ შენ არ გეხება. არ არის საშენო სათამაშო, _ კახამ ხელი დააფარა იარაღს.

_ როგორ მოახერხე ჩამოტანა?

_ ჭრელად.

_ ჰმ. მაგარი კვაჭი ხარ. შენ წამალსაც კი ჩამოიტანდი, ხომ ვიცი.

_ არა, არ ჩამომიტანია, შენ თავს გეფიცები. წამალი თუ მინდა, რაღა იქიდან ვათრიო, აქ მაგის მეტი რა არის, ფული თუ გაქვს, მაგრამ შენ იცი, მე მაგაზე გართულება არასდროს მქონია.

_ მაკას ჰქონია სამაგიეროდ, _ ჩაურთო ხათუნამ.

_ მაკას გვერდებს ავუჭრელებ ქამრით. ნამეტანი თავს გასულა. ეგეთი არ იყო, რა დაემართა? ის ქმარი მთლად ქლიავია, კი მარა, სად იყურება?

_ ჯანდაბაში. მიშვებული ჰყავს თავის ნებაზე. რა ენაღვლება, თვითონაც კარგად დაძვრება განზე.

_ რას ამბობ, გოგო. ჭკუა ეკეტებოდა მაკაზე…

_ ახლაც მასეა. რომ უთხრა, შენი ცოლი ბოზობსო, შეიძლება  თვალები ამოგთხაროს.

_ ახლა, სიმართლე რომ გითხრა, ეგ პისტოლეტი მე მაკას ჩამოვუტანე, მაგრამ… რა ვიცი, შენ ისეთ რამეებს მიყვები, ღირს კი მიცემა?

ხათუნამ უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები.

_ კაი, მაგაზე ცალკე ვიფიქრებ. აჰა, ეს შენ, _ დაავლო ერთ დასტას ხელი, ოცი ცალი ასდოლარიანი გამოაცალა და დაქალს წინ დაუდო.

_ დანარჩენს შენ გაბარებ. შენზე სანდო მე არავინ მყავს. გესმის, ხომ? _ შეხედა კახამ.

_ მესმის, _ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა კახა ხათუნას ფულს აძლევდა შესანახად. იგი, ალბათ, ერთადერთი ადამიანი იყო ამქვეყნად, რომელსაც ხაჩიძე თვალდახუჭული ენდობოდა.

7 7 7

ზუსტად ექვსი საათი იყო, ირაკლიმ ხათუნას რომ შეუარა სამსახურში. მის გამოჩენას რედაქციაში არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ქალებმა ცნობისმოყვარე მზერა ესროლეს, კაცებმა _ კრიტიკულ-შემფასებლური.

…»ვოლვომ» მცხეთის ქუჩაზე აუხვია და მწვანედ შეღებილ ღია ჭიშკარში შესრიალდა. ირაკლიმ ძრავა გამორთო.

_ სადა ვართ? _ ყასიდად იკითხა ხათუნამ, თუმცა მშვენივრად მიხვდა, სადაც იმყოფებოდა.

_ ჩემთან, სახლში… იმედია, წინააღმდეგი არ იქნები, შენ ხომ არ გეშინია, _ ღიმილით გამოხედა მამაკაცმა.

_ იმედია, _ ორაზროვანი პასუხი გასცა ხათუნამ და მის ღიმილს ღიმილი შეაგება.

უსიტყვოდ ავიდნენ მეორე სართულზე. ირაკლი შინ შეუძღვა გაფაციცებით მომზირალ ქალს.

_ შენი და სად არის? _ ხმადაბლა იკითხა ხათუნამ.

_ თავის ბინაში.

_ ესე იგი, მარტონი ვართ? _ კიდევ უფრო დაუწია ხმას.

_ ესე იგი, _ ხმამაღლა გაიცინა მამაკაცმა და გასაღებების აცმა მაგიდაზე დადო.

_ გაიხადე პალტო. ახლავე ჩავრთავ გათბობას.

_ თქვენთან შუქი სულ არის?

_ ჩემთან კი, _ ირაკლიმ ქალს პალტო ჩამოართვა და შემოსასვლელში დაკიდა.

_ გინდა, ჩემი ოთახი გაჩვენო? _ ახლა თვითონაც ხმადაბლა დაიწყო საუბარი.

_ მინდა.

მამაკაცმა ხელი გადახვია ქალს და საძინებლისკენ წაიყვანა. საოცარი სისუფთავე იგრძნობოდა უცხოური ავეჯით გამოტენილ სახლში… საწოლი ოთახი თეთრად ბზინავდა. მარჯვენა კედელთან ორსაწოლიანი, ჩუქურთმებასხმული ლამაზი ტახტი იდგა. «ალბათ, არაბულია», _ გაიფიქრა ხათუნამ.

_ არაბულია, კი. მოგწონს? _ მიუხვდა ირაკლი.

ქალმა მოწონების ნიშნად რამდენჯერმე დააქნია თავი.

_ ჰოდა, შენი იყოს. მიჩუქნია, ეს ოთახიც, ეს სახლიც და… ეს ბიჭიც, _ გულზე დაიდო ხელი.

_ რა გულუხვი ხარ, _ გაიცინა ხათუნამ, _ ეს ოთახიც შენი იყოს, ეს სახლიც… აი, ამ ბიჭს კი დავიტოვებ ჩემთვის, _ საჩვენებელი თითი მკერდზე მიაბჯინა მამაკაცს და თვალებში შეხედა. მერე ხელები ყელზე შემოაჭდო, ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.

ირაკლიმ ხელში აიყვანა და საწოლზე მიაწვინა. სათუთად გახადა ორივე ფეხზე და ლოგინზე ჩამომჯდარმა ლოყაზე ჩამოუსვა ხელი.

_ მაკოცე, _ წაიჩურჩულა ხათუნამ.

მამაკაცი დაიხარა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე, თითქოს პომადას გემოს უსინჯავსო.

_ რა გემრიელია, _ თქვა.

_ რა _ პომადა თუ ტუჩები? _ მაცდურად ჰკითხა ქალმა.

_ პომადა, _ არ დაიბნა მამაკაცი.

_ იაფფასიანია.

_ სამაგიეროდ, შენ ხარ «ძვირფასიანია», _ ირაკლიმ ზურგს ქვემოდან შეუცურა ორივე ხელი, თავისკენ მიიზიდა ქალი და ყელზე დააცხრა. ხარბად კოცნიდა. ხათუნას არ ახსოვს, რამდენ ხანს დაჰყო ვნების ბურანში. მერე… მერე თქვა:

_ ირაკლი, შენ თუ გინდა… მე… თანახმა ვარ…

ირაკლი თითქოს გამოფხიზლდა. თავი ასწია, კარგა ხანს უყურა საყვარელ არსებას თვალებში და ბოლოს, თითქოს რაღაც გადაწყვიტაო, უთხრა:

_ მაგის დროც მოვა. მე არსად მეჩქარება, _ და წამოდგა.

ხათუნა აილეწა. იფიქრა, ზედმეტის თქმამ მომიწიაო და თვითონაც ადგა. გული დაუმძიმდა.

ირაკლი ქალს მიუახლოვდა. თმაზე მოავლო ხელი, თითზე დაიხვია:

_ იცი, აქ რისთვის მოგიყვანე?

_ არა, _ კიბორჩხალასავით გაწითლდა ქალი.

_ მინდა ვიცოდე, რომ შენ ამ ყველაფრის გულისთვის არ გიყვარვარ. რა თქმა უნდა, საერთოდ თუკი გიყვარვარ.

_ არა, არ მიყვარხარ… _ ხათუნამ პაუზა გააკეთა, _ ამ ყველაფრის გულისთვის.

_ მე არ მეხერხება სიყვარულის ახსნა, ცოტა სხვანაირი კაცი ვარ. ასეთი რამ ერთხელ გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში და მერე სანანებელი გამიხდა. შენ როგორ ფიქრობ, სიტყვის გარეშე შეიძლება ადამიანმა სიყვარული გამოხატოს? _ ჰკითხა და ცხვირზე აკოცა.

_ შეიძლება, მაგრამ ხანდახან სიტყვასაც თავისი დანიშნულება აქვს.

_ გესმის, ეს გული რა დღეშია? ლამისაა, გადაირიოს, _ ირაკლიმ ხათუნას ხელი გულზე დაიდო.

_ მესმის… აღარ ეტევა საგულეში, _ თავი მკერდზე მიადო ქალმა.

_ მითხარი რამე, მე რომ გამიხარდება ისეთი, _ ჩურჩულით სთხოვა მამაკაცმა.

_ რა ვთქვა… მაინცდამაინც მე უნდა გითხრა პირველმა, რომ მიყვარხარ? _ მხრებზე ჩამოუწყო მკლავები.

_ კიდევ ერთხელ გაიმეორე, გთხოვ…

_ მიყვარხარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ, _ ერთიანად აცახცახებული ქალი ტკიპასავით ჩაეკრა გულში…

ძლივს მოსწყდნენ ერთმანეთს. მერე ხათუნამ ფეხზე ჩაიცვა და სარკესთან მივიდა. ჩაიხედა. ირაკლი უკან დაუდგა, ხელები წელზე მოხვია და ზურგიდან ჩაეხუტა.

_ როგორ ვუხდებით ერთმანეთს, არა? _ კმაყოფილმა შესცინა ქალს სარკეში.

_ ა-ჰა-, _ ლოყაზე ლოყით გაეხახუნა ხათუნა, კიდევ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ ამ დროს მობილურმა დარეკა.

_ უხ! რა უდროო დროს იციან ხოლმე, _ ჩაიბუზღუნა ირაკლიმ და ტელეფონი ბუდიდან ამოიღო, _ ალო! დიახ, დიახ… დიდად გმადლობთ, ჩემო ბატონო. ძალაინ კარგი… ნახევარ საათში მანდა ვართ, _ და გათიშა.

ხათუნამ კითხვით სავსე თვალები მიანათა.

_ რესტორნიდან დამირეკეს. მაგიდა ორ კაცზე გაშლილია და გელოდებითო.

_ რესტორანშიც უნდა წავიდეთ?

_ მე ხომ შეგპირდი… სიტყვა სიტყვაა.

_ ირაკლი, რაღაც მინდა გითხრა…

_ გისმენ, მთელი გულისყურით, _ მამაკაცი თვალს არ აშორებდა სარკეში მომზირალ ქალს. არც ხელს უშვებდა.

_ მე შენამდე ერთხელ კიდევ მიყვარდა, _ თითქმის ჩურჩულით თქვა ხათუნამ.

_ არ გინდა… შენი წარსული შენ გეკუთვნის… არაფრის თქმა არ არის საჭირო.

_ არა, შენ ეს უნდა იცოდე… _ ხათუნამ თავი გაითავისუფლა მამაკაცის მკლავებიდან და იქვე, ტახტთან მდგარ სელის სავარძელში ჩაჯდა. თითქოს ნერწყვი გაუშრა. უჭირდა მოყოლა. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:

_ იგი «ძველი ბიჭი» იყო… მთაწმინდელი. მერაბი ერქვა. მაშინ ჩვენც იქით ვცხოვრობდით. საოცარი ურთიერთობა გვქონდა. ადვილად ვუგებდით ერთმანეთს. ვუთმობდით. შეკამათებაც კი არ მოგვსვლია არასდროს. ბავშვი ვიყავი, რომ შემიყვარდა, 15 წლის. მთელი ექვსი წელი ვიმეგობრეთ, _ ირაკლიმ ახლაღა მიაპყრო ქალს გამომცდელი მზერა. ხათუნა მიუხვდა: _ არა, ზედმეტი არაფერი ყოფილა. ერთხელაც კი. ცუდი ის იყო, რომ ბოლო ორი წელი ნარკოტიკების გაკეთება დაიწყო. შეიცვალა ძალიან. ვერაფერი შევაგონე. ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, მიგატოვებ-მეთქი, ამითაც ვემუქრებოდი. მაინც არაფერი გამივიდა. ერთხელაც, ზაფხული იყო, სოფელში ვაპირებდი გამგზავრებას და შემომიარა. თან ძმაკაცი ახლდა. წამლისგან გაბრუებული ძლივს ახელდა თვალებს, ენას ვერ ატრიალებდა პირში. არ შემოვუშვი შინ, არაკაცი ხარ-მეთქი, მივახალე პირდაპირ. გაცოფდა, ეგ სიტყვა როგორ მაკადრეო, მიყვირა და მთელი ძალ-ღონით მოქნეული წიხლი პირდაპირ ფერდში ჩამცხო. წავიქეცი… ის ბიჭი გაგიჟდა, ეს რა გააკეთე, ქალს როგორ დაარტყი, შენ საერთოდ ვინ ყოფილხარო. მეც არ ვიცი, იმ წუთში რა დაემართა. მერე ერთმანეთზე გაიწიეს. არ მახსოვს მაშინ, ისე აირ-დაირია ყველაფერი… ვერ მოვახერხე გაშველება. მათი მოქნეული ყველა მუშტი მე მხვდებოდა. მერე უცებ ჩაწყნარდა სიტუაცია. მერაბი კიბეზე დაეშვა, მისი ძმაკაცი კი… ადგილზევე ჩაიკეცა. სისხლით შეიღება იქაურობა… უაზროდ ვკიოდი. დანა პირდაპირ მუცელში ჰქონდა გარჭობილი. დიდხანს არ უცოცხლია, სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. მერაბი იმ დღესვე თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას. ცამეტი წელი მიუსაჯეს. ერთი პერიოდი წერილებს მიგზავნიდა. არც ერთი არც წამიკითხავს და არც პასუხი გამიცია. ჩემთვის იგი ისევე მკვდარი იყო, როგორც მისი მეგობარი… მას შემდეგ მამაკაცი შემძულდა. არავისი არ მჯეროდა… და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ შენ შეგხვდებოდი. აი, ეს არის ჩემი წარსული… სისხლიანი… ჩემი გულისთვის უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის…

_ შენ რა შუაში ხარ, _ ახლაღა დაიძრა ირაკლი ადგილიდან, ქალის წინ ჩაიჩოქა და მუხლებზე შემოაწყო ხელები, _ შენ ხომ მხოლოდ კარგი გინდოდა მისთვის და შენთვისაც.

_ ჰო, მაგრამ სულ პირიქით გამოვიდა, _ ხათუნას თვალები აუცრემლიანდა, _ მეშინია… იცი, როგორ მეშინია?

_ რისი, ციხიდან რომ გამოვა, რამე არ დაგმართოს?

_ არა, მაგისი არა… ცხოვრების. მეშინია, რომ არ გამიმართლოს.

_ ვცადოთ. ცდა ბედის მონახევრეა…

ირაკლის მეტი არაფერი უთქვამს, ფეხზე წამოდგა, ხათუნაც წამოაყენა და ისევ გადახვია მხარზე ხელი, თავი თავზე მიადო და უთხრა:

_ მოდი, დავმარხოთ ეგ ბნელი მოგონებები, ვითომ მირაჟი იყო და ვიფიქროთ მხოლოდ ერთმანეთზე. ჩვენამდე თითქოს არც არავინ ყოფილა სხვა _ არც ქალი, არც კაცი. კარგი? ახლა კი წავიდეთ, რესტორანი გველოდება.

კართან მისულმა შეაჩერა ხათუნა, თავისკენ მოატრიალა, ხელებით სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა:

_ იმედია, მე არ ვცდები შენში და არც შენ _ ჩემში, _ ჩურჩულით თქვა და მხურვალედ აკოცა ტუჩებში.

888

ახალი წლის ღამეს კახამ სამივენი რესტორანში წაიყვანა და კარგად აქეიფა. თვითონაც თავს იწონებდა ლამაზი ქალების კამპანიაში. ძველით ახალი წელიც აღნიშნეს. თხუთმეტში კი მაკას დაბადების დღე იყო და კიდევ ერთხელ მოუწიათ ქეიფმა. ამჯერად გურიც შემოუერთდა ქალების მარაქას. შესანიშნავი დრო გაატარეს… მერე ყველაფერი მიწყნარდა. კახამ ვალები გაისტუმრა, «კარგი ბიჭის» სახელი აღიდგინა და იანვრის ბოლოს ისევ მოსკოვისკენ გაუდგა გზას. პისტოლეტი, რა თქმა უნდა, მაკას უსახსოვრა, თანაც დაბადების დღეზე.

მაღალაშვილის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

იანვრის შუა რიცხვებიდან ხათუნამ რემონტი წამოიწყო. დროებით ინგასთან გადავიდა საცხოვრებლად. შვებულება აიღო, რათა ხელოსნებისთვის მიეხედა, სადილი მოემზადებინა.

მაკა ისევ აღმა-დაღმა დარბოდა. ახალ კაცს ეძებდა. ირაკლის კიდევ ერთხელ მოუსინჯა ნიადაგი, მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა. დაიბოღმა. ხათუნაზე უნდოდა ჯავრი ეყარა, იგონებდა და იგონებდა ირაკლიზე ტყუილებს, შხამივით აწვეთებდა დაქალს, თუმცა აქაც მარცხი განიცადა. მალე ისევ შემოაკლდა ფული. ისევ მაღაზიის გაძარცვა მოინდომა. ინგამ უარი გამოუცხადა _ მეორეჯერ ასეთ სისაძაგლეს არ ჩავიდენო. რა უნდა ექნა? გურის ისე საგულდაგულოდ ჰქონდა სეიფში ჩაკეტილი თავისი «მწვანეები», ჩიტი ვერ შეფრინდებოდა შიგ. გადაწყვიტა, მედიკოს დაკავშირებოდა. ეს მედიკო ერთ-ერთ საუნაში მუშაობდა, ერთ დროს მსახიობი, ახლა «მამაშად» იყო ცნობილი მთელ თბილისში. მაკა შეუთანხმდა, «ფულიანი კლიენტი მიშოვე, სასწრაფოდ მჭირდება მაყუთი და დამეხმარეო». ერთი ღამე «იმუშავა». ისეთ დროს დაამთხვია, გურამი რომ მივლინებაში იყო წასული. ხუთასი ლარი გააკეთა. გოგოებთან კრინტი არ დაუძრავს. იცოდა, ტაშის კვრით არც ერთი შეხვდებოდა ამ ამბავს. ფული ჩაიგდო თუ არა ხელში, მაშინვე კაზინოს მიაშურა… როგორც ყოველთვის, უკანასკნელ თეთრამდე წააგო… ისევ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მერე ერთი უცხოელი ზანგი გამოიჭირა, ისიც კარგად «დაწველა». არც ამან უშველა. ფულის შოვნა მანიად გადაექცა. თვითონაც არ იცოდა, რას აკეთებდა, რა უნდოდა საერთოდ… ეს უფრო აცოფებდა.

ინგა და გოჩა აგრძელებდნენ შეხვედრებს. მაჭარაშვილი ნელ-ნელა შეეჩვია ჩანთაძეს, თითქოს შეუყვარდა კიდეც. გოჩაც შეიცვალა. საჩუქრებით ხელდატვირთული ესტუმრებოდა ხოლმე საყვარელს. თუმცა ხალხმრავალ ადგილებში ერიდებოდა მასთან ერთად გამოჩენას. სამაგიეროდ არაფერს იშურებდა მისი გულისთვის. ამ უკანასკნელმაც ცოტა გამოიხედა თვალებში. უფულობის პრობლემა, ასე თუ ისე, მოეხსნა. თავისიანებსაც კი ეხმარებოდა.

თებერვლის ბოლოსთვის ხათუნა რემონტს მორჩა. სახლი გემოვნებით მოაწყო, ახალი ფარდები დაკიდა, ლამაზი, ორსაწოლიანი ტახტიც შეიძინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაპატიჟა ირაკლი თავისთან. არც ინგა და მაკა დავიწყებია. გოჩასაც კი დაუძახა დაქალის ხათრით. რომ იტყვიან, ზღაპრული სუფრა გაშალა. მეგრული სამზარეულოს დემონსტრირება მოახდინა. მაკას გარდა სუფრასთან ყველა მხიარულობდა. «პარლამენტარშას» დანა პირს არ უხსნიდა. მით უმეტეს, როცა მეგობრების ბედნიერ სახეებს უყურებდა, გარიყულად გრძნობდა თავს… გადაწყვიტა, რაღაც საშინელება ჩაედინა.

_ გრაფ, გუშინ შენი ცოლი დავინახე, იცი?.. _ უცებ მიუტრიალდა ირაკლის.

მაგიდასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

_ მე ცოლი არა მყავს… ჯერჯერობით, _ პირქუშად თქვა ტაბიძემ.

_ ხომ გყავდა… ერთ დროს, _ ირონიულად შენიშნა მაკამ.

_ ერთ დროს მე ძაღლიც მყავდა… _ არ დაუთმო მამაკაცმა.

_ მაგრამ ძაღლსა და ცოლს შორის დიდი განსხვავებაა, მე მგონი, _ აგრძელებდა ქალი შეტევას.

_ გეთანხმები. საოცრად დიდი განსხვავებაა. ძაღლი იმდენად ერთგული არსებაა… შედარებაც არ შეიძლება.

მაკა გაჩუმდა. მიხვდა, რაუნდი წააგო. წამოდგა და აივანზე გავიდა. სიგარეტს მოუკიდა. ოთახიდან სიცილის ხმა შემოდიოდა. იქ თითქოს არაფერი თქმულა, თითქოს არაფერი მომხდარა. უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავში, ლოჯიაში გავიდა, ჩანთიდან მობილური ამოიღო და ისევ აივანზე გავიდა. კარგა ხანს ეძება საჭირო ნომერი და დარეკა… ესაუბრა. მერე კმაყოფილი ღიმილით შემობრუნდა ოთახში, გამომწვევად დაემშვიდობა ყველას და დემონსტრაციულად დატოვა იქაურობა…

ნახევარი საათიც არ იყო გასული მაკას წასვლიდან, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ხათუნა ჰოლში გავიდა, არც გაუხედავს სათვალთვალოში, ისე გამოაღო კარი. ზღურბლთან ვიღაც მსუქანი, წითელპომადიანი ქალი იდგა. იმდენად მსუქანი, იფიქრებდი, სპილოს დაავადება თუ აქვსო. ხელში დაკეცილი ქოლგა ეჭირა.

_ აქ არის? _ დაიწივლა უცნობმა.

_ ვინ გნებავთ, ქალბატონო? _ გაოცდა ხათუნა.

_ გოჩა. აქ არის, არა? _ მუქარით სავსე ხმით გაიმეორა ქალმა შეკითხვა, ხათუნას ხელი ჰკრა, განზე გასწია და პირდაპირ მოქეიფეებთან შეაჭრა. გოჩას ფერი ეცვალა ცოლის დანახვაზე.

_ აი, შე გათახსირებულო, შე წურბელა, შე ზეთიანო! _ ქოლგა ზედ თავზე გადაამტვრია ქმარს, _ მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა ღალატი, შე ვირთხა, შენა! _ ახლა ფრჩხილებით შეაფრინდა სახეში.

ირაკლი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და სანამ აზარტში შესული ქალი ინგას ან ხათუნას ებდღვნებოდა, მივარდა, ორივე ხელი დაუჭირა, ნელი, შენი ჭირიმე, მე მეცი პატივი და დაწყნარდიო, ეხვეწა, მერე ფერებ-ფერებით გაიყვანა გარეთ და კარი მოაჯახუნა.

სამივენი დაოსებულები მისჩერებოდნენ ერთმანეთს.

_ კი მაგრამ, საიდან გაიგო? _ მხრებს იჩეჩდა ოფლში გახვითქული ჩანთაძე და ცხვირსახოცით იწმენდდა დაკაწრულ ლოყებს.

_ რა ბოროტია, რა ბოღმა! ხედავ, რა გააკეთა? _ მაკას საქციელით აღშფოთებული ინგა ხათუნას მიუბრუნდა.

_ ჩაეთვალა, რა გინდა. ჯერ მე და ირაკლის გადმოგვწვდა, რომ არაფერი გაუვიდა, შენზე მიიტანა იერიში, _ თქვა ხათუნამ.

_ მაკამ დაურეკა ვითომ? _ ახლაღა მიხვდა გოჩა, _ მაგის დედა კი ვატირე, მაგისი. ეს ვინ ყოფილა, ტო-ო! ეგ აშარაშკა, ეგა! ვაბშე როგორ მეგობრობთ მაგასთან, თქვენი გამკვირვებია, _ არ ცხრებოდა გოჩა…

კარგა ხანს უცადეს ირაკლის. ბოლოს, როგორც იქნა, ისიც დაბრუნდა.

_ სად ხარ ამდენ ხანს! _ შეშფოთებულმა ჰკითხა ხათუნამ.

_ სახლამდე მივიყვანე. ძლივს დავაწყნარე, ისე ბუინობდა. ეს სულ მაკას ოინებია. არ შეიძლება ამის პატიება. წავედით, გოჩა, მე მგონი, ასე აჯობებს.

_ ისევ რომ მობრუნდეს? _ შეშინებული იყო ინგა.

_ არა, არ მობრუნდება. მართლა შეუგნებელი კი არ არის. მე შეძლებისდაგვარად ავუხსენი ყველაფერი. ასე რომ, პრობლემა არ იქნება. ვიღაც ქალმა დამირეკა, ასე მითხრა, შენი ქმარი საყვარელთან არის ამა და ამ მისამართზეო. გაგიჟდებოდა, აბა რა მოუვიდოდა! _ ხელები გაშალა ირაკლიმ.

მამაკაცები წავიდნენ. ხათუნა მაგიდის ალაგებას შეუდგა. ინგა გახევებული იჯდა, ფიქრის თავიც არ ჰქონდა. იატაკზე მავთულებად დაშლილი ქოლგა ეგდო…

7 7 7

მარტი მშრალად მიიზლაზნებოდა. თბილისში ისევ აირია ყველაფერი. მოვლენები ერთმანეთს წაეწყო. ჯერ სავიზო რეჟიმიო, მერე პანკისიო, მერე ადამიანთა გატაცებებიო, მერე ჯარების გაყვანაო… აჭრელდა გაზეთები, აყვირდა ტელევიზია. ერთი სიტყვით, აირია მონასტერი…

მაკამ ძლივს შემოირიგა დაქალები. სეტყვის სიმსხო ცრემლები აღვარღვარა ინგასთან ამოსულმა. როგორც იქნა, აპატიეს. ჩვენგან სულ «ნაპატივები» არა ხარო, უკბინა ხათუნამ.

ინგას ბოლო ხანებში უგუნებობა დაეტყო. სახეზე მთლად გაფითრდა, ტუჩები ჩაეთეთქვა, სიცხეები მისცა. ყველაფერ ამას თავბრუსხვევები დაერთო.

_ წავიდეთ ექიმთან, გავესინჯოთ, _ სთხოვა ხათუნამ.

ინგამ ჯიუტად გადააქნია თავი.

_ იცი, ხათო, მე მგონი, ორსულად ვარ, _ შესჩივლა მეგობარს, _ გუშინ მთელი დღე ღებინებები მქონდა. უკვე მეორე თვეა, ასეთი შეგრძნებები მაქვს.

ხათუნას ფერი წაუვიდა.

_ გოჩასგან?

_ აბა, ვისგან ვიქნები… რა მეშველება…

_ კარგი, რას ნერვიულობ. გაიკეთებ აბორტს და ეგ იქნება. მინი ხომ მოესწრება, _ შეეცადა მის დამშვიდებას დაქალი.

_ არა, რას ამბობ! ცოტას დავიცდი და სამ თვემდე რომ მივალ, მერე ნარკოზით გავიკეთებ. მინის ტკივილებს ვერ ავიტან.

_ ასეთი მტკივნეულია?

_ მე არ ვიცი, არასდროს გამიკეთებია, მაგრამ თამუნას გავყევი ერთხელ და ისე ყვიროდა, მე გავხდი ცუდად იმის მაგივრად, _ ამოიოხრა ინგამ.

ხათუნას კახას ნაჩუქარი ფული, დიდი ხანია, გამოელია. მერე, როგორც იქნა, იანვრის ხელფასი აღირსეს სამსახურში. გაუხარდა. მოკიდა ხელი მაჭარაშვილს და მაკასთან წაიყვანა პოლიკლინიკაში. ექოსკოპია გადაუღეს. 9 კვირის ფეხმძიმობა დაუდგინეს. ინგას საბოლოოდ გადაეწურა იმედი, ტირილი წასკდა. ძლივს დააწყნარეს გოგოებმა. მერე ეხვეწნენ, გაიკეთე მინი, დროზე მოიშორე თავიდანო, მაგრამ ვერ დაითანხმეს. უნარკოზოდ ვერ გავიკეთებო, აიჩემა. თან უნდოდა, გოჩასთვისაც ეთქვა. «იქნება და რა ხდება», _ გაიფიქრა თავისთვის. თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში, მაგრამ მაინც იმედს იტოვებდა გულში, იმ ჩხუბის მერე ჩანთაძემ იქნებ მიატოვოს ოჯახი და ცოლად შემირთოსო. ტყუილი იმედი იყო. გოჩას ცოლ-შვილის დატოვება აზრადაც არ მოსვლია. როცა ინგას ამბავი გაიგო, სიტყვა არ უთქვამს, არც ჯიბეზე გაუკრავს ხელი, უთქმელად გატრიალდა და წავიდა… წავიდა და მას მერე აღარც გამოჩენილა. ინგა ახლა ამაზე განერვიულდა. რამდენჯერმე დაურეკა კიდეც, მაგრამ მამაკაცს მასთან ლაპარაკიც არ სურდა, არც აბორტის ფულის გადახდა. «ეგ ბავშვი ჩემი არ არისო», _ ამ სიტყვებით დამთავრდა მათი ბოლო საუბარი. ხათუნამ ეს რომ მოისმინა, გაცეცხლდა, მე ვაჩვენებ მაგას, სხვისი გაბიაბრუება როგორ უნდაო და ერთ დღეს პირდაპირ კაზინოში მიადგა. მის დანახვაზე მამაკაცს თვალები გაუფართოვდა. მოწიწებით შეიპატიჟა კაბინეტში, ვითომ ვერ მიხვდა ქალის ვიზიტის მიზეზს. ნასვამს თვალები უციმციმებდა. კარგად იყო შემთვრალი. დაფაცურდა. მაცივრიდან შამპანური გამოიღო. ხათუნამ ცივი უარი სტკიცა, არ გაახსნევინა.

_ ამისთვის არ მოვსულვარ! _ კუშტად უთხრა. არც დამჯდარა.

_ ალბათ, ხვდები, რისთვისაც მოვედი! _ თვალმოჭუტულმა მრისხანედ გახედა ჩანთაძეს.

თავის მოკატუნებას აზრი არ ჰქონდა.

_ ეგ ბავშვი ჩემი არ არის, _ ჯიუტად გაიმეორა გოჩამ.

_ აბა, მე და მაკას ნამდვილად არ შეგვიძლია ბავშვების კეთება. მედიცინა ჯერ არ მისულა იქამდე! სხვაგან კიდევ ინგა არსად დადის! _ ხმას აუწია ხათუნამ.

_ რა გინდათ ჩემგან?! მაგას ტრაური ჰქონდეს, მე რა შუაში ვარ. სხვის მაგივრად მე ვიხადო აბორტის ფულები? მასე რომ მეყარა მაყუთი, კარგად იქნებოდა ჩემი საქმე.

_ გოჩა, მე შენ შეგნებული მამაკაცი მგონიხარ. არ შეგშვენის… ეგ არაკაცური საქციელია, _ ნამუსზე შეაგდო ხათუნამ, _ მე მეგონა, შენ გიყვარდა ინგა, პატივს სცემდი…

_ ინგა კი არა, შენ, შენ მინდიხარ! ვგიჟდები კაცი! _ აღმოხდა უცებ ჩანთაძეს, თვალები მხეცივით დააბრიალა, ქალს ეკვეთა, ხელი ჩაავლო და დივანისკენ წაათრია.

მოულოდნელობისაგან დაბნეული ხათუნა წაბორძიკდა და კინაღამ იატაკზე გაიშხლართა.

_ ნუ გეშინია, მე პროფესიონალი ვარ, არ გატკენ, _ ქშინავდა მამაკაცი, თან დიდი მონდომებით ეპოტინებოდა ქალს.

_ სამაგიეროდ, მე ვარ «ლუბიტელი» და ძალიანაც გატკენ, _ ზიზღით გამოსცრა კბილებში ხათუნამ, გვერდულად შეტრიალებულმა უეცრად ფეხი მოუქნია და პირდაპირ საზარდულში ამოჰკრა კაცს. აი, სად გამოადგა კარატეს ილეთები. გოჩამ ამოიგმინა, ხელები მტკივან ადგილზე მიიფარა და ჩაიკეცა.

_ დღეს საღამომდე მოუტან ინგას 200 ლარს და ბოდიშსაც მოუხდი დაგვიანებისთვის. თუ არ გინდა, გააჩინოს და ნაბიჭვარი შენს ცოლს დაუსვას სახლში… ერთუჯრედიანო! _ მიაძახა ჩაკუზულ ჩანთაძეს და კაბინეტიდან ამაყად გავიდა.

ხათუნას ინგასთან სიტყვა არ დასცდენია მომხდარის თაობაზე. არ უნდოდა, ტკივილი მიეყენებინა დაქალისთვის. მით უმეტეს, გოჩა იმ საღამოსვე დაუკავშირდა საყვარელს, შეხვედრაზე შეუთანხმდა და ორასი ლარი გადასცა, თანაც მოუბოდიშა, პრობლემები მქონდა და ამიტომ ვერ მოგაქციე ყურადღებაო.

_ რა ბატისტვინა ხარ, რა! სუფთა დაუნი! პრეზერვატივი არ იშოვებოდა აფთიაქში, ამ დღეში რომ ჩაიგდე თავი? _ გამოლანძღა მაკამ ინგა.

_ მიდი რა, შეაყოლე! შენ ნუ მასწავლი, რა გავაკეთო, _ აიჯაგრა მაჭარაშვილი.

_ სუში, შენ ხომ არ დაუფშტვინე! წესიერად მელაპარაკე, თორემ მოგი… _ შეაგინა გულიანად.

_ აუ, რა გიყვარს ეს გინება! პირდაპირ შოკოლადივით გადნება პირში. ცოტა დაბლითა სართულებზე ჩამოდი, რომ დააშენე ნიუ იორკის ცათამბჯენებივით, _ ამ დროს ხათუნამ შემოყო თავი სამზარეულოში, _ რა იყო, რა დაჭამეთ ერთმანეთი. დოლარუნიები ვერ გაიყავით, თუ ლარუნიები? _ დაცინვით გადახედა ორივეს.

_ შენ ნუ გამიტრაქტორე საქმე შენი დოლარებით, _ ალმაცერად გამოხედა მაკამ, _ ვერ გაუფრთხილდი თავს-მეთქი, ვუსაყვედურე და ამიხტა გასახედნი კვიცივით.

_ გაეპარა და რა ქნას. კიდევ შენი შეკიკინება უნდა ამ საცოდავს, ისედაც ერთი დაბანაა დარჩენილი. ვერ ხედავ, რას დაემსგავსა?! _ თანაგრძნობით შეხედა ხათუნამ ინგას.

_ არაფერი უჭირს. წავიყვან ჩემთან და ათ წუთში გავასუფთავებ. მაგის მეტი რა მიკეთებია, _ თავი მოიწონა მაკამ.

_ აი, ვერ მოგართვი! _ სამი თითის კომბინაცია ცხვირწინ დაუტრიალა ინგამ მაღალაშვილს, _ შენ გაჯიჯგნიებ ახლა თავს, მეტი საქმე არა მაქვს. ბატისტვინა და ცალტვინა თავი გაბია! _ უფრო გაკაპასდა.

_ მორჩით ახლა. დაწყნარდით, _ ხელით ანიშნა ხათუნამ ორივეს.

_ კარგი მაშინ, «ვაიმეს» ვეტყვი და ის გაგიკეთებს.

_ «ვაიმე» ვინღაა? _ სიცილით იკითხა ხათუნამ.

_ ჩემი თანამშრომელია. ყველაფერზე «ვაიმეს» გაიძახის და ასე შევარქვი. ახლა ყველა ეგრე მიმართავს. თვითონაც შეეჩვია.

_ მე მინის არ გა-ვი-კე-თებ! _ კატეგორიული ტონით განაცხადა ინგამ.

_ პარდონ, ბატონო, პადუმაეშ! მე მეტჯერ არ გეტყვი. რაც გინდა, ის ქენი. სამ პოი, სამ ტანცუი. მე _ პას! _ მაკამ პიჯაკი ჩაიცვა და გაბრაზებული წავიდა.

7 7 7

თორმეტი კვირის რომ გახდა, ხათუნამ ინგა სამშობიაროში წაიყვანა. კიდევ ერთხელ გაიყვანეს ექოსკოპიაზე, მერე დააძინეს და ისე გაუკეთეს აბორტი. საღამომდე იქ იყვნენ ორივენი. ხათუნა ორი დღე არ წასულა სამსახურში. გაზეთი უკვე კვირაში ერთხელ გამოდიოდა და სარბენიც არ ჰქონდა ბევრი. ამასთან, ხელფასებსაც არ აძლევდნენ ჟურნალისტებს ძველებურად და გულიც კი აუცრუვდა მუშაობაზე. თავზე ადგა ინგას. ვერ გამოიყვანა მდგომარეობიდან. სიცხეები ისევ ისე ჰქონდა. 37-ზე დაბლა არ ჩამოდიოდა.

გოჩამ კარგა ხანს ითმინა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოერია თავს, მოენატრა საყვარელი და ერთ მშვენიერ საღამოს შინ მიადგა. ბლომად საჭმელ-სასმელი აუტანა, ბევრი ეფერა, პატიება სთხოვა და ორასი ლარი კიდევ ერთხელ დაუტოვა. ინგას არაფრის თავი არ ჰქონდა. სხეული დაუმძიმდა, თავის ტკივილები დაეწყო. ვერ გამოკეთდა ვერაფრით. რამდენჯერ სთხოვა ხათუნამ, ისევ მივიდეთ ექიმთანო. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა _ ნერვიულობის ბრალია და თანდათან გაივლისო… არ გაუარა.

კვირა დღე იყო. მაისის კვალობაზე გრილი ამინდი იდგა. მაკამ ამოუარა ინგას. ხათუნა ტოლმას ახვევდა. ინგა კვლავ შეუძლოდ იყო და ეხმარებოდა დაქალს.

_ ხედავთ, რეები ხდება ქალაქში? _ მაკა სულს ძლივს ითქვამდა.

_ რა იყო, ახალი გაიგე რამე? _ დაინტერესდა ხათუნა.

_ ის პარლამენტარი ხომ გაიტაცეს ამას წინათ თავის შეყვარებულთან ერთად, გვარი აღარ მახსოვს. ახლა კიდევ კალაძის ძმა მოუქესტიათ.

_ ჰო-ო. ეგ ვიცი.

_ ნი გავარი, სავსემ აზვერელი, _ ჩაურთო ინგამაც.

_ 400 ათას დოლარს ითხოვენ თურმე. რა ვქნათ, ჩვენც ხომ არ გავიტაცოთ ვინმე? _ დაიწყო მაკამ.

_ ვინ ვინმე, შენი ქმარი თუ ჩანთაძე? _ დასცინა ხათუნამ.

_ მე! _ წამოიძახა უცებ «პარლამენტარშამ» და ორივეს გადახედა.

_ შენ ალაოდ ხომ არა ხარ, ქალო! ჩერეს ჩურ ბევრს იღებ შენ თავზე! _ უყვირა ინგამ.

_ დავაი რა, აახვიე აქედან! შენ არ გელაპარაკები! _ აგდებით შეხედა მაკამ, _ ჰა, ხათუშკი, რას იტყვი?

_ არ დამიწყო ახლა ალია-ბალია. ერთხელ გითქვამს და მორჩა. მეტჯერ აღარ გაიმეორო ეგ სისულელე, თორემ დაგახევ ლაყუჩებს! _ დაემუქრა ხათუნა.

_ აბა, რა ვქნა, დავქლიავდი ამ უინტერესო ცხოვრებით, _ გაასავსავა ხელები მაკამ. _ მალე იქნება შენი ტოლმა? ცოტა იშუსტრე, რა იქნება?

სადილი გემრიელი გამოვიდა.

_ შენ გაიხარე, ხათუნა, შენს ქმარ-შვილშიც და სხვის ქმარ-შვილშიც, _ გაეხუმრა მაკა, _ ისე გამოვიგვერდე, თაგვის კუდიც აღარ ჩამეტევა. მოდით, ახლა, მომიტაცეთ მე და ერთი ოცი ათასი შევაწეროთ ჩემს «პარლამენტის ვირთხას».

_ მე შენ რა გითხარი წეღან! _ შეუბღვირა ხათუნამ.

_ გოგოებო, მე რაღაც მუცელი მეზრდება! _ თქვა უცებ ინგამ.

მაკამ და ხათუნამ ერთმანეთს გადახედეს.

_ კიდევ ორსულად ხარ? აკი დავადეო, აღარ ვხვდებიო? _ წარბები შეყარა მაკამ.

_ არ, ეს ორსულობა არ არის. ეტყობა, სხვა რაღაც მჭირს. შეიძლება, წყალი მქონდეს მუცელში? _ შეშინებულმა შეხედა ხათუნას.

_ წყალი რატომ უნდა გქონდეს, რაებს იძახი! _ ხათუნაც შეშინდა.

_ აბა, რა ჯანდაბა მჭირს. თითქოს რაღაც დაძვრება შიგნით, _ ხელი დაიდო მუცელზე ინგამ, _ რა უნდა იყოს სხვა?

_ ხვალვე წაგიყვან «რესპუბლიკურში». სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე. შენც ხომ წამოგვყვები, მაკა?

_ წამოვალ, აბა რას ვიზამ. ქვეყნის ნაცნობი მყავს თანაც იქ.

_ ჰოდა, ნუღარ გადავდებთ. გადადებული საქმე ეშმაკისაა.

გადაწყვიტეს, მეორე დღესვე წაეყვანათ ინგა გასასინჯად.

ასეც მოიქცნენ. თითქმის ყველა სპეციალისტს აჩვენეს _ თერაპევტიდან დაწყებული, უროლოგით დამთავრებული. ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ. არც რენტგენმა აჩვენა არაფერი.

_ გინეკოლოგთან გყავდათ? _ იკითხა ბოლოს ერთმა.

_ არა, _ უპასუხა ხათუნამ.

_ ორსულობა არ იყოს. ან საშვილოსნოს გადიდება, რა ვიცი… ეგ ჩვენი პაციენტი არ არის, _ თავი გადააქნია ჭაღარა ქალმა.

_ წავიდეთ ჩემთან, პოლიკლინიკაში, _ თქვა მაკამ.

მაღალაშვილმა ინგა «ვაიმესთან» შეიყვანა. სთხოვა, გაესინჯა.

_ ვაიმე, კი ბატონო, ა ჩომ რეჩ, გაისხადე და დასწექი, _ ექიმი თითქმის ყველა სიტყვაში ასო ს-ს აკვეხებდა რატომღაც.

კარგა ხანს სინჯავდა. მერე ქვედა ტუჩი აიბზუა, საეჭვოდ გადააქნია თავი და თქვა:

_ ვაიმე, პო მოემუ, ბერემენნოსტ! ყოველ შემსხთვევაში, ასე სჩანს. უჟე გდე-ტა 23-24 კვირა. ეხო გადაისღეთ მაინსც.

გოგოები გაოგნებულები მისჩერებოდნენ ერთმანეთს.

_ კი მაგრამ, ეგ როგორ, მარტის ბოლოს გაიკეთა აბორტი და მაგხელა საიდან უნდა იყოს, _ იკითხა ხათუნამ.

_ ვაიმე, მოჟეწ ბიწ, ტყუპისცალი იყო და ვერ შესნიშნეს, _ თქვა ქალმა.

ირმა გაფითრდა. ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე.

ექოსკოპიაზე გაიყვანეს.

_ ორსულობაა, 22-23 კვირის, _ ცნობის წერას შეუდგა ახალგაზრდა გოგონა.

_ მანჩო, იქნებ შეცდომაა რამე? _ მაკა ადგილს ვერ პოულობდა.

_ გამორიცხულია. ა! შენც შეხედე, რამხელა ნაყოფია, როგორ მოძრაობს! _ ეკრანზე მიუთითა მანჩომ.

ინგა ისტერიკაში ჩავარდა. ისე ღრიალებდა, ვერ გააჩერეს.

_ აბორტი არ შეიძლება? _ «ვაიმეს» მიუბრუნდა ხათუნა.

_ ვაიმე, გამორისცხულია. პოზდნა უჟე, არაფრისთ არ შეისძლება, _ ხელები გაასავსავა ქალმა და სათვალე გაისწორა ცხვირზე, _ უნდა გაასჩინოს. მაგრამ ხომ იცით, ასეთ დროს, ბავშვი შეიძლება ინვალიდი ისყოს.

მაკას გულზე შემოეყარა.

_ ეს გვინდოდა ახლა? რა უნდა ვქნათ?

_ რაც არის, არის. რა უნდა ვქნათ. თუ გასაჩენია, უნდა გააჩინოს. აბა, თავს ხომ არ მოიკლავს, _ სხვა გამოსავალს ვერ პოულობდა ხათუნა.

_ თავს მო-ვი-კლა-ა-ავ! _ სიმწრით გაჰკიოდა ინგა. თვალები ჩაუწითლდა ტირილისაგან.

_ კარგი, დაწყნარდი. ამას ახლა აღარაფერი ეშველება. როგორც ჩანს, ღმერთს ასე სურს და ჩვენ ვერაფერს გავხდებით, _ ამშვიდებდა მაკა.

ძლივს მიიყვანეს სახლამდე.

_ მომკლავენ ჩემები! რა ვუთხრა, რა! _ არ ჩერდებოდა სასოწარკვეთილი ინგა.

_ მოვიფიქრებთ რაღაცას. ნუ ნერვიულობ, გეხვეწები, _ ეფერებოდა ხათუნა.

ის ღამე სამივემ თეთრად გაათენა. მაინც ვერაფერი მოიფიქრეს…

888

დრო გადიოდა. ინგას უკვე საკმაოდ ამოებურცა მუცელი. თანდათან გამოკეთდა კიდეც. მადაზეც მოვიდა. რა უნდა ექნა, შეურიგდა ბედს. მერე დედამისი დაიბარა და ხათუნა მიუშვა სალაპარაკოდ. მარო დეიდას კივილმა კორპუსი შეძრა:

_ თავი მომჭერი, ხომ! ნაბუშარი გინდა გააჩინო, არა! ვის ვუთხრა გოგო ეს! ვის მოვუყვე, შე დასამიწებელო! რატომ არ გამიწყალდი მუცელში-ი-ი! _ მუხლებზე ხელების ტყაპუნით მოთქვამდა ქალი. ლოყები ჩამოიხოკა გამწარებულმა.

_ დაწყნარდით, მარო დეიდა, ძალიან გთხოვთ, _ ქალის დაშოშმინებას შეეცადა ხათუნა.

_ მომშორდი, შე საზიზღარო, შენი ბრალია ყველაფერი. როგორი იმედი მქონდა, პატიოსანი გოგოა, მიხედავს-მეთქი. უარესი მეკუთვნის. დედაშენის შვილი როგორ შეიძლებოდა წესიერი ყოფილიყო, _ ახლა ხათუნასკენ გაიწია ქალმა.

_ დედა! რას კადრულობ, როგორ ბედავ მასეთ ლაპარაკს, _ იყვირა ინგამ.

ხათუნა გახევდა. პირველად ცხოვრებაში, როცა ვიღაცამ დედამისის ცუდი ქალობა წამოაძახა. ხმა არ გაუღია. ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

_ მორჩა, შენ დღეიდან ჩემი შვილი აღარ ხარ. ჩვენი სახელი არ ახსენო. გყავდეს ეს შენი ბოზი დაქალები და იყავი. იმათ გაგიზარდონ ეგ ნაბიჭვარიც. ჩემი სახლის კარები სამუდამოდ დაიკეტა შენთვის. იმათ რა პირით შევხედო, ტატოსიანებს რა ვუთხრა, რა-ა-ა! რით ვიმართლო თავი-ი-ი! რა მიქნა ამ დღედასაბნელებელმა, _ ვიშვიშებდა მარო.

ხათუნა ორ ცეცხლშუა ჩავარდა. არც ინგას ამ დღეში მიტოვება უნდოდა, არადა, იქაც არ დაედგომებოდა. ერთი სული ჰქონდა, როგორმე გაეღწია აქედან. ბოლოს ვეღარ მოითმინა, არც დამშვიდობებია ქალს, ისე გამოვიდა ბინიდან და კიბეს აუყვა აცახცახებული.

… იმ ღამეს ინგას მამას ხელმეორედ დაარტყა წნევამ. ამჯერად უკვე ვეღარ გადაიტანა…

7 7 7

ინგას მამა, გიორგი კახეთში დაასაფლავეს, თავისი დედ-მამის გვერდზე. სიცოცხლეშივე ასე ისურვა. ინგას არ მისცეს მამის დატირების უფლება, სიახლოვეზეც არ გააკარეს ცხედარს. საბოლოოდ ამოკვეთეს ოჯახიდან. მაკა და ხათუნა გაოგნებულები იყვნენ. შვილს თუ მშობელი ასე გაწირავდა, ვერ წარმოედგინათ. ინგა დეპრესიაში ჩავარდა. მორიგეობით რჩებოდნენ დაქალთან, ემანდ თავს არაფერი აუტეხოსო. ლამის იყო, ორივე მასთან დასახლდა.

თუმცა, ნათქვამია, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ინგაც ნელ-ნელა მოფერიანდა, შეეგუა შექმნილ სიტუაციას. გამხიარულდა კიდეც. ახლა ერთადერთი დარდიღა აწუხებდა _ ბავშვი ნორმალური დაბადებულიყო და რამე ნაკლი არ გამოჰყოლოდა.

თავიდან ჩანთაძეც ახტა-დახტა, რაღაცას მატყუებთო. ძლივს დააჯერეს ინგას სიმართლეში. მერე კი, როცა ქალს ექოსკოპიაზე უთხრეს, ბიჭიაო, გაუხარდა კიდეც. ორი გოგოს პატრონს პირდაპირ მალამოსავით მოეცხო გულზე ეს ცნობა. ახლა უკვე ურთიერთობის დამალვასაც არ ცდილობდა. რა მოხდა მერე, ხალხს ერთი კი არა, ხუთი საყვარელი ჰყავს და ისინი არ მალავენ, მე რა გამონაკლისი ვარო. მეყოლება ორი ოჯახი და ეგ იქნებაო. ინგასაც უთხრა, თუ გინდა, მივალ დედაშენთან და ვეტყვი, რომ ცოლად მომყავხარ, რა დაშავდება მაგითიო. ინგამ შორს დაიჭირა. თავისიანების ხსენებაც არ უნდოდა. გოჩას ებღაუჭებოდა მხოლოდ.

_ ხავსად მოგევლინა, რაღა გიჭირს აწი, _ სისინებდა ხათუნა. ჩანთაძეს დასანახავად ვერ იტანდა. ისიც ტყვიასავით გაურბოდა საყვარლის დაქალთან შეხვედრას. რამდენჯერმე სცადა, ბოდიში მოეხადა ქალისთვის, მაგრამ ერთხელაც ვერ შეჰბედა. ხათუნა ციხესიმაგრესავით შეუვალი რჩებოდა. «რამ დამათრო იმ დღეს, ჩემი ბრალია ყველაფერი», _ ნანობდა მამაკაცი თავის საქციელს. თან მადლიერი იყო ხათუნასი, ინგას რომ არ გააგებინა მისი «ვაჟკაცობის» ამბავი.

იმ დღეს პირდაპირ კორპუსთან შეეფეთნენ ერთმანეთს _ ხათუნა გადიოდა სადარბაზოდან, გოჩა _ შემოდიოდა.

ქალმა თვალი აარიდა მამაკაცს.

_ ხათუნზი, ერთი წუთით მომისმინე, თუ შეგიძლია, _ მორიდებით შეეხო ქალს მკლავზე, _ ბოდიშს გიხდი… მთვრალი ვიყავი და მე თვითონ არ ვიცი, რა მეტაკა მაშინ… მაგრად ვნანობ და… დაგიჩოქებ, თუ გინდა, _ ენა ებმებოდა მამაკაცს.

_ რა საჭიროა. ახლა მაგის დრო არ არის. ინგას მიხედე, ჩემი პატიებაც ეგ იქნება, _ რბილად უთხრა ხათუნამ, პასუხს არ დაუცადა და გზა გააგრძელა.

გოჩას თითქოს ტვირთი მოეხსნა მხრებიდან. ერთხანს ასე იდგა, უყურებდა მიმავალს, მერე ხელი ჩაიქნია და სადარბაზოში გაუჩინარდა.

7 7 7

ტელევიზიამ ერთხანს იქაქანა კალაძის ძმის გატაცების თაობაზე, მერე ერთბაშად ყველაფერი ჩაწყნარდა. ამ თემაზე საუბარი პირზე ნაძალადევად აკრული ღიმილივით მოისხიპა. ამან კიდევ უფრო გაათამამა მაკა. დაჟინებით უმეორებდა გოგოებს, გინდათ თუ არა, ჩემი გატაცების სცენა გავითამაშოთ და ფული გავაკეთოთო. ყური გამოუჭედა ორთავეს. ინგა, როგორც ყოველთვის, ადვილად გადაიბირა, მაგრამ ხათუნა ვერ მოდრიკა ვერაფრით. არადა, მის გარეშე «ოპერაციას» ვერ განახორციელებდა. ასეთ საქმეში აუცილებელი იყო «ველიკი განმანათლებლის» «ველიკი გონება». როცა ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა, სამაგიერო გადაეხადა მეგობრისთვის. ჯერ წვრილად გამოჰკითხა ინგას ირაკლისა და ხათუნას ურთიერთობის ამბავი, რამდენად სერიოზული იყო მათი დამოკიდებულება და მერე თავისი ჩანაფიქრის შესრულებას შეუდგა. ყველაზე მეტად იმაზე ბრაზდებოდა, ხათუნა რომ არ ენდობოდა და არაფერს უყვებოდა პირად ცხოვრებაზე.

ადგა და დაურეკა ირაკლის, შეხვედრა სთხოვა. ტაბიძემ უარი განუცხადა:

_ მორჩი, მაკა. არ გინდა, ტყუილად ჩალიჩობ. შენი იცი ჩემი დამოკიდებულება ქმრიანი ქალების მიმართ. მე პრინციპულად ვერიდები ასეთ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ხათუნა ჩემთვის…

_ მერედა, ვინ მოგახსენა, რომ ამის გამო მინდა შენი ნახვა. ჩემი სათქმელი ხათუნას ეხება.

_ გინდა, ისევ დამაბოლო? ერთხელ ხომ მაჭამე უკვე… ტყუილები კარგად გამოგდის…

_ როგორც გინდა, ისე ჩათვალე, ოღონდ ჯერ მომისმინე. იქნება და რა მაქვს სათქმელი, _ არ ეშვებოდა მაკა.

შეთანხმდნენ. შეხვდნენ.

_ რატომ მომატყუე, ხათუნა გულაობსო? _ ირაკლიმ ხარბად მოქაჩა სიგარეტი.

მანქანა ვაკის პარკის წინ იდგა, ნაძვის ხის ჩრდილში.

_ მერე მე როდის გითხარი, გულაობს-მეთქი. ამის მტკიცება, ჯერ ერთი, არ დამიწყია და მეორეც, ყველა შემხვედრს არ უწვება ლოგინში-თქო, გასაგებად ვთქვი. აბა, სხვა რა უნდა მეთქვა ქალზე, რომელთანაც სახლში ტრუსიკიანი კაცი დარბის და ღამე მასთან რჩება? უკვე რამდენი წელია, ასე გრძელდება. ძმაკაცობაც არის და ძმაკაცობაც. შენ დაქალისთვის გიჩუქნია ოდესმე ორი ათასი დოლარი? კახა ხაჩიძე კი ჩუქნის. იგი ჩემი მეგობარიცაა, მაგრამ ასეთი ურთიერთობა ჩვენ შორის არასდროს ყოფილა. აი, რისი თქმა მინდოდა. კაცი რუსეთიდან სპეციალურად ჩამოდის მის სანახავად. ჩემი თუ არ გჯერა, წადი და შენს კნეინას ჰკითხე, _ მაკამ წკიპურტით მოისროლა ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვი. ექსტაზში შევიდა. ცალკე გოჩაზე იყო გამწარებული, ხათუნას მეტ პატივს რომ სცემდა, ცალკე ხათუნაზე _ ვერაფრით რომ ვერ მოაქცია თავის ჭკუაზე.

ირაკლის სახე აეწვა. იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი. რამდენჯერმე მსუბუქად დაჰკრა მუჭი საჭეს. მერე მაკასკენ გადაიხარა, კარი გამოაღო და ცივად თქვა:

_ გადადი მანქანიდან. ინფორმაციისთვის დიდი მადლობა!

მაკა გადასვლას არ ჩქარობდა. ბოლო მომენტში ინანა თავისი საქციელი. «ეს რას ვაკეთებ», _ გაიფიქრა უცებ და გადაწყვიტა, უკან წაეღო თავისი სიტყვები:

_ მოგატყუე! დაივიწყე, რაც გითხარი. სისულელე ვთქვი და მორჩა. მაგარი დეგენერატი ვარ. გესმის?

მამაკაცს აღარაფერი ესმოდა. დაელოდა, სანამ მაღალაშვილი მანქანიდან გადავიდოდა და სწრაფად მოწყდა ადგილიდან. ანგარიშმიუცემლად მიდიოდა. მექანიკურად ძვრებოდა მანქანებს შუა. მერე მობილური მოიმარჯვა, ხათუნასთან უნდოდა დარეკვა, ვერაფრით ნომერი ვერ გაიხსენა. ტელეფონის ფოსტა გადაათვალიერა, იპოვა და დარეკა. ხათუნა იკითხა. დაუძახეს.

_ ბატონო, _ გაისმა ქალის მშვიდი ხმა.

_ მე ვარ, _ ძლივს ამოღერღა ირაკლიმ.

_ ირაკლი, შე-ენ? _ თან გაუხარდა, თან გაუკვირდა ხათუნას.

_ რა იყო, სხვის ზარს ელოდი? _ ცივად გაისმა მისი ხმა.

_ რა გჭირს, რა ხმა გაქვს, მოხდა რამე?

_ ჯერ არ ვიცი. უნდა გნახო, ახლავე, ამ წუთში.

_ სადა ხარ?

_ შენთან მოვდივარ, დაბლა დაგელოდები.

_ ახლავე ჩამოვალ, _ შეცბუნებული ჩანდა ხათუნა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მის დანახვაზე ირაკლი მანქანიდან არ გადმოსულა. სურვილიც არ გასჩენია. სხვა დროს, როგორც წესი და რიგი, მოემსახურებოდა, კარს გაუღებდა, ჩასვამდა, ქათინაურებით აავსებდა. ახლა ხმა არ ამოუღია…

მდუმარედ გაიარეს რუსთაველი, ვაკე… «ვოლვო» წყნეთის აღმართს შეუდგა.

_ სად მივდივართ? რა ხდება, არ უნდა მითხრა? _ როგორც იქნა, გაბედა ხათუნამ ხმის ამოღება.

ირაკლი დუმდა. ცოტა ხანში მანქანა ისევ იმ თეთრ ჭიშკარს მიადგა, მანსარდიანი ლამაზი სახლი რომ იდგა წითელი კენჭებით მოკირწყლულ ეზოში…

_ რატომ მომიყვანე აქ! _ მკაცრად იკითხა ქალმა.

_ სალაპარაკო მაქვს, _ ყრუდ ჩაილაპარაკა ირაკლიმ.

_ მერე? სხვაგან არ შეიძლებოდა?

_ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ «არ გეშინია»… თანაც… «თანახმა ხარ» რაღაც-რაღაცებზე. ასე არ არის? მე მგონი, არ ვცდები, არა? _ ირონია გაისმა მის ხმაში.

ხათუნა ხმაამოუღებლად გადავიდა მანქანიდან, ეზოში შევიდა და მარმარილოს კიბეს აუყვა. ირაკლიმ კარი გააღო და ქალი წინ გაატარა. სახლი ძველებურ სტილში იყო მოწყობილი. ანტიკვარიული გრძელი მაგიდა, კარადა, ძველებური, რკინის რიკულებიანი ფართო საწოლი იდგა ოთახში. კედელზე ივდითის სურათი ეკიდა, მამის თავზე ფეხი რომ აქვს დადგმული. რა თქმა უნდა, არ იყო ორიგინალი. ბუხარზე ძვლისგან გამოქანდაკებული შვიდი სხვადასხვა ზომის სპილო ერთ რიგად ეწყო.

ირაკლიმ ჟალუზები ასწია, სინათლე შემოუშვა ოთახში. დახუთული ჰაერი იდგა. აბა, რა იქნებოდა დაკეტილ სახლში, თანაც შუა ზაფხულში.

_ დაჯექი, _ თითქმის უბრძანა ქალს.

ხათუნა დაემორჩილა. ძველებურ, მომრგვალებულთავიან ბამბუკის სკამზე ჩამოჯდა. ირაკლიმ ხრიგინით გამოსწია მეორე, ისეთივე სკამი და პირისპირ დაუჯდა ქალს.

_ ესე იგი, შენთან კაცები ათევენ ღამეს, არა? _ გამომცდელად შეხედა.

_ კაცები? კაცები _ არა. მწარედ მოუტყუებიხარ ვიღაცას, _ არ ესიამოვნა საუბრის დასაწყისი ხათუნას.

_ იქნებ ისიც მითხრა, რომ კახა ხაჩიძეს არ იცნობ?

_ კახა მეგობარია ჩემი…

_ იმ დონის, რომ ღამეს შენთან ათევს და ათასობით დოლარს გჩუქნის?

_ შენ წარმოიდგინე! _ თამამად შეხედა თვალებში.

_ მეც მყავს დაქალები, მაგრამ ღამე ჩემთან არ რჩებიან… მარტო.

_ შენ სხვანაირად გესმის, ალბათ, დაქალობა.

_ ამიხსენი მაშინ, შენ როგორ გესმის, _ ირაკლის უფრო და უფრო ეძაბებოდა ხმა.

_ კახა ძმაა ჩემი, თითქმის ღვიძლი ძმა. ჩვენი ერთი დედის ძუძუ გვიწოვია. სამ წლამდე დედამისი მზრდიდა, სანამ მამაჩემი მეორე ცოლს მოიყვანდა. შენ შეგიძლია, ეს გაიგო? _ ცრემლები მოერია ხათუნას, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, არ ეტირა. მამაკაცის წინაშე ისტერიკების გამართვა არ სჩვეოდა.

_ არც ერთი გასათხოვარი ქალი არ იტყვის ამქვეყნად, საყვარელი მყავსო. იცი, ჩემთვის შეიძლება ამას არც ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არც იმას, შენ ქალიშვილი ხარ თუ არა, მაგრამ მე მინდა ვიცოდე… გესმის? არ მინდა, მოტყუებული დავრჩე…

ხათუნამ ხელმეორედ დაიწყო თავისი ახლა უკვე შორეული წარსულის მოყოლა… დედა, დედობილი, ძუძუმტე, მამა, დედინაცვალი, ნახევარძმა… თვალებდახრილი ყვებოდა, ერთხელაც არ შეუხედავს შეყვარებულისთვის.

_ ყველა ჩემმა მეზობელმა იცის, კახა რომ ძმაა ჩემი და ეჭვის დონეზეც არავის მოსვლია თავში აზრად, რამე უგვანო ეფიქრა, _ დაამთავრა ბოლოს.

ირაკლიმ ღრმად ამოიოხრა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თითები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული და თითქოს თვალებით ჭამდა ქალს. მერე ფრჩხილებს დაუწყო კირკიტი. ბოლოს წამოდგა.

_ კარგი, წავედით. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, _ კილოზე შეტყო, რომ ხათუნას «აღსარებამ» შვება ვერ მოუტანა.

_ არა! _ მოკლედ მოჭრა ქალმა, _ გასაგები არაფერიც არ არის. შენ გარანტია გინდა, არა? მიიღებ! თანაც ახლავე! _ ლამაზად წამოიმართა, თმა ჩვეული ჟესტით ზურგს უკან გადაიყარა, კართან მივიდა, გარედან გარჭობილი გასაღები გამოაძრო, შიგნიდან ჩაკეტა, მერე ჟალუზები ჩამოსწია და ოთახი ნახევრად ჩამოაბნელა.

მამაკაცი გაოგნებული შეჰყურებდა. ხათუნა საწოლს მიუახლოვდა, ტანზე შემოტმასნილ გრძელ, აგურისფერ ლიკრის კაბას ჯვარედინად ჩაავლო ორივე ხელი და მშვიდად დაიწყო გახდა… ქვედა საცვლის ამარა დარჩა. მაღალი, მკვრივი მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა. სხეული ხორბლისფრად ულაპლაპებდა. ირაკლი თვალს ვერ აშორებდა მის ასხლეტილ ტანს. ხათუნა ცვილის ხორცშესხმულ ქანდაკებას ჰგავდა. მერე, თითქოს გონს მოეგოო, ხელები აიფარა მკერდზე.

_ არ გინდა, ჩაიცვი, არ არის საჭირო. მაპატიე, _ ნერწყვი კინაღამ სასულეში გადაცდა ირაკლის.

_ ჩემთვის არის საჭირო და მე აქედან ისე არ წავალ, _ თავისას ითხოვდა ქალი.

_ სხვა დროს იყოს…

_ სხვა დრო არ იქნება. მერე იქნებ ის მითხრა, რომ მომზადებული ვიყავი. ჩვენი ქირურგების ამბავი ხომ იცი, წუთში «გამკერავენ».

ირაკლი წამოდგა. მიუახლოვდა. ნამდვილად არ უნდოდა, მათი პირველი შეხება ამ სიტუაციაში, ასეთ პირობებში მომხდარიყო. იგი სულ სხვანაირად წარმოედგინა მამაკაცს, სულ სხვა გეგმებს აწყობდა, მაგრამ…

ხათუნას მიუახლოვდა. ქალმა ხელები ჩამოსწია. მამაკაცმა ჯერ მხრებს ჩამოაყოლა თითები, მერე მკერდზე გადაინაცვლა, მერე ყვრიმალებზე მოავლო ორივე ხელი და მიიზიდა… მეტის მოთმენა აღარ შეეძლო… დიდხანს კოცნიდა… იმ წუთებში ყველაფერი ერთად აწუხებდა ხათუნას _ შეურაცხყოფაც, შიშიც… ჯერარგანცდილი სიამოვნების, მოსალოდნელი ტკივილის შიში. მერე იგრძნო, როგორ აეწვა მუცელი, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო შიგნიდან… ერთი მწარედ დაიკვნესა და თავი გვერდზე გადააგდო.

7 7 7

_ მაპატიე, თუ შეგიძლია, მე ასე არ მინდოდა… _ კიდევ ერთხელ სთხოვა მამაკაცმა, როცა ყველაფერი დამთავრდა.

ხათუნა ლოგინზე იყო მისვენებული. შიშველი. არც განძრეულა, არც არაფერზე ფიქრობდა. ირაკლი მეორე ოთახში რაღაცას ხმაურით აკეთებდა. ცოტა ხანში შემოვიდა.

_ იქ ცხელი წყალია ჩაიდანში, შეგიძლია ისარგებლო, _ უთხრა.

ხათუნამ ძლივს აითრია წელი. ჩაიცვა. კვლავ ეწვოდა მუცელი. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ეს-ესაა, გაფატრეს და ნაკერები დაადესო…

…როგორც მაშინ, პირველად, ახლაც ხმის ამოუღებლად ჩამოვიდნენ თბილისში. ირაკლიმ სახლამდე მიიყვანა.

_ როდის გნახო? _ ჰკითხა, როცა ქალმა მანქანიდან გადასვლა დააპირა.

_ არასდროს, _ ჩუმად თქვა ხათუნამ.

_ მოიცა…

_ ახლა ისევ პატიება არ მთხოვო, იცოდე! უკვე ნაპატივები ხარ! _ არ დაზოგა.

_ კი მაგრამ, არ უნდა მომისმინო? რატომ მეუბნები მაგას?

_ რატომც!.. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის, _ კარი რბილად მიხურა და ჩქარი ნაბიჯით შეერია ღამის სიბნელეს. ცრემლები ყელში ჰქონდა მობჯენილი.

ინგასთან შეიარა. კარი ღია იყო. მაკაც იქ დახვდა.

_ დედა! რა გჭირს, ქალო, რა სახე გაქვს, ხომ არ გიხმარეს? _ სიცილი დააყარა ინგამ.

_ ჰო! _ ჩვეულებრივად თქვა.

_ არა, მართლა, რა დაგემართა? ხომ მშვიდობაა? _ ჩაეძია ისევ.

_ ტაბიძეს დავადე, _ წაიჩურჩულა და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.

ეს არ იყო ტირილი, არც ღრიალი, არც ქვითინი… ეს იყო გოდება _ გამოტირება. გამოტირება დაკარგულის _ სიყვარულის, ნდობის, ქალიშვილობის… ყველაფრის ერთად.

ბოლოს, როგორც იქნა, ტირილით გული მოიოხა, სული მოითქვა.

_ რაზე იჩხუბეთ, არ იტყვი? _ დაინტერესდა მაკა. აშკარად შეეცოდა. იგრძნო, მისი ხელი რომ ერია ამ საქმეში.

_ შენ ახარე კახას ამბავი? _ ძალიან მშვიდად ჰკითხა ხათუნამ.

_ რა ამბავი. ხომ არ გაგიჟდი. მე, უბრალოდ, ვუთხარი, ჩვენ მეგობრები ვართ-მეთქი… _ შეცბა მაკა.

_ გიხაროდენ… შენი მიზანი მიღწეულია.

_ ნუ აჩმახებ, რა-ა! მე მოვკვდე მაშინ, თუ მინდოდეს თქვენი დაშორება! მაგი ვერ იყოს თავის მოტორზე, მე რა შუაში ვარ! _ გაღმა შეედავა მაკა.

ინგა გაოგნებული მისჩერებოდა ხან ერთს, ხან _ მეორეს, თან მუცელზე ისვამდა ხელს.

_ შენ რაღა გჭირს? _ არ მიაქცია მაკას გაწიწმატებას ხათუნამ ყურადღება და ინგას მიუბრუნდა.

_ მუცელი მაქვს დაჭიმული. ტონუსშია, სახეზეც ხედავ, როგორ დამაყარა ლაქები?

_ აბა, როგორ გინდა, ორსულად ხარ და…

უცებ მაკა წამოხტა.

_ ხათო, რასტვარიმი ყავა გაქვს სახლში?

_ კი.

_ მაიტა გასაღები, ჩამოვიტან.

_ აგერ არ არის ყავა, გოგო? _ გაუკვირდა ინგას.

_ ეგ არა, მაგას «კაპუჩინო» აქვს, ეგ მინდა, _ არ დაიშალა თავისი მაკამ, გასაღები გამოართვა ხათუნას და ოთახიდან გავარდა.

_ ცხელა შენთან, _ ხათუნამ შეცვალა საუბრის თემა. ირაკლის გახსენებაც არ უნდოდა.

_ აბა რა იქნება, მზე მთელი დღე ადგება. შენკენ უფრო გრილა, არა?

_ ჰო. თან მაღალი სართულია და კარგად უბერავს. გინდა, ჩემს ვენტილატორს გათხოვებ…

_ მერე შენ?

_ მე რა, მთელი დღე შინ არა ვარ მაინც, რაში მჭირდება. შენ კი ცოდვა ხარ, ეგ შტერუკაც ცოდოა, _ მზრუნველად მოუსვა მუცელზე ხელი.

_ ტატუკა მენატრება… რას მიშვრება დედაჩემი, წარმოგიდგენია? _ შესჩივლა ინგამ.

_ დაივიწყე. დროებით დაივიწყე ეგ ყველაფერი. ახლა მარტო შენს თავზე იფიქრე. როგორმე ჩავამთავროთ ეს ზაფხული მშვიდობიანად. როგორმე გამოვძვრეთ ამ ჩიხიდან.

_ სად დაიკარგა ეს გოგო, ამდენი ხანი ყავა ვერ იპოვა? _ უცებ მაკა გაახსენდა ინგას, ტელეფონს დაწვდა და ხათუნასთან დარეკა. დაკავება იყო.

_ ჭორაობს ვიღაცასთან.

_ შენ გასუქდი ძალიან, იცი?

_ ვიცი. რას ვკიშკაობ, ერთი განახა. პროსტა, ვერ ვჩერდები. გოჩასაც მოაქვს და მოაქვს… ცამეტი კილო ვარ მომატებული.

_ ბევრია ძალიან. ცოტა მოუფრთხილდი ჭამას, _ ურჩია ხათუნამ.

მაკას საკმაოდ შეაგვიანდა. ბოლოს შემოვიდა, გასაღები ხათუნას გადააწოდა, ყავის კოლოფი მაგიდაზე დადო და მხიარული ხმით შესძახა:

_ ესეც ასე-ე-ე! ერთი კეთილი საქმეც გავაკეთე. კაი რამე ყოფილა სიკეთე, ხომ იცი… პირდაპირ აღტაცებული ვარ საკუთარი პავედენიებით.

_ რა ჰქენი ამისთანა? _ იჭვნეულად იკითხა ინგამ.

_ ერთ ადამიანს დავეხმარე დაკარგული ძვირფასი ნივთის პოვნაში, რითაც უღრმესი მადლობა დავიმსახურე. რა მსუბუქად ვგრძნობ თავს, იცი? არც მთლად «საშინელი ცუდი» ვყოფილვარ… სიკეთის დათესვაც შემძლებია.

_ რაღაც ეჭვი მეპარება მაგ სიტყვებში, _ ჩაილაპარაკა ხათუნამ.

_ ნამდვილი ურწმუნო თომა ხარ, რა! _ ამჯერად მხიარულად შეუტია მაკამ, _ ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, თუ გინდა, მაკატერინე დამიძახე, არ მეწყინება.

კარგა ხანს ისხდნენ. მაკამ ყავა მოადუღა. ინგამ სარეცხი დააუთოვა. პირში წყალს ჩაიგუბებდა, დანამავდა თეთრეულს და მერე საგულდაგულოდ გადაახვევდა, უკვე დანამულებს კი აუთოვებდა. ხათუნა სასოწარკვეთილი იჯდა, ხმას არ იღებდა.

_ შენ მართლაც რაღაც სერიოზული გჭირს, _ გამომცდელად ახედა ინგამ.

_ «მე რომ სიკვდილი მჭი-ი-რს», _ სიმწრით ჩაიღიღინა ხათუნამ და წამოდგა, _ გვიანაა უკვე, ავალ სახლშიო.

_ დარჩი ჩემთან, ცოტა გულს გადააყოლებ, _ შესთავაზა ინგამ.

_ არა, სიხარულო, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, მარტო მირჩევნია ყოფნა, _ თავი გადააქნია ხათუნამ.

_ წავიდეს, წავიდეს. დაისვენებს ცოტას, ხომ ხედავ, რა დღეშია, _ კვერი დაუკრა მაკამ.

_ როგორ მეცოდება, _ ჩაილაპარაკა ინგამ ხათუნას წასვლის შემდეგ, _ ძაანაა განერვიულებული.

_ სამაგიეროდ, ახლა გაიხარებს.

_ ვითომ რატომ?

_ ირაკლი ელოდება შინ და იმიტომ.

_ შენ რა იცი? _ თვალები ჭყიტა ინგამ.

_ წეღან მართლა ყავაზე კი არ გავედი. მაგ ვაჟბატონს დავურეკე, მაგრად შევახურე და აქ ამოვიყვანე. ვუთხარი, ნუ გააჩმახე, ახლავე ნახე და გააიასნე სიტუცია-თქო.

_ მერე?

_ მერე და მერე. ზის ახლა ხათუნასთან ბინაში და ელოდება, როდის ავა შინ.

_ ნეტავ რა მოხდება? _ ინგა ადგილს ვეღარ პოულობდა.

_ ვნახავთ, რაც მოხდება, _ დინჯად თქვა მაკამ სიგარეტს დაწვდა.

888

«ცუდად მოვექეცი… ხათუნა ნამდვილად არ იმსახურებდა ამას. მეც მაგარი ვარ, რა! ავყევი მაკას ჭკუას. მაგისგან ხეირი რომ არ იქნებოდა, ხომ ვიცოდი… პირველი შემთხვევა კი არ არის, ასე რომ მაბითურებს. როგორ შემეცვალა ხასიათი, ყველას მიმართ ნდობა დავკარგე. თუმცა, დალისგან გამომდინარე, ალბათ, სხვაც ჩემნაირი გახდებოდა. ქალზე წარმოდგენა შემეცვალა. ეს რა გამიკეთა! არა, უნდა მომეკლა მაშინ, მომეკლა და ის პედერასტი ზედ უნდა დამეკლა! მაგრამ ხათუნამ რა დააშავა. ამ ყველაფერში ის რა შუაშია. რატომ უნდა ზღოს დალის მაგივრად! ცუდად მოვექეცი. ახლა რომ ვერ შემოვირიგო, სამუდამოდ დავკარგავ… არადა, როგორ მითხრა? კიდევ პატიება არ მთხოვო, იცოდეო… აბა, რა ვუთხრა, არ მაპატიო-მეთქი? თავის მართლება დავიწყო? შენმა დაქალმა გამაგიჟა-თქო? როგორ ტეხავს. უ-უ-ხ! კაცი რომ ქალის ჭკუაზე გაივლის… რას იფიქრებს ჩემზე», _ ხათუნას სავარძელში ჩამჯდარი ირაკლი ფიქრებს მისცემოდა. გრძნობდა, გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. მაკამ გაუფუჭა საქმე და ისევ მაკა ეცადა ყველაფრის გამოსწორებას. ძლივს მოაბრუნა გზიდან. მთელი ოცი წუთი ელაპარაკა. ლამის იყო, ფეხებში ჩაუვარდა მამაკაცს. ეტყობა, მართლა საშინელ დღეში იყო ხათუნა, მაკას რომ ასე შეეცოდა იგი. ირაკლიმ თავი გადააქნია, თითქოს უსიამოვნო ფიქრების თავიდან მოშორება უნდაო. «ნეტავ ეტყვის მაკა, აქ რომ ვარ? იქნებ უკვე იცის და ამიტომაც აგვიანებს? საერთოდ რომ არ მოვიდეს ამაღამ? სად წავა, აბა? ერთ საათს კიდევ დავიცდი და მერე წავალ… მაკას ხომ არ დავურეკო? არა, არ ღირს. ხათუნა ხომ მაგასთან არის, მიხვდება. მით უმეტეს, თუკი უკვე იცის, რომ აქ ვარ. სჯობს, დავიცადო».

ვეღარ მოისვენა. მერე წამოდგა, ტელევიზორი ჩართო და ხმას, რაც შეიძლებოდა, ჩაუწია. «კურიერი» დაწყებულიყო. «შეიძლება «კურიერს» უყურებს, ხათუნა ხომ ძირითადად პოლიტიკაზე წერს», _ ახლა ამით დაიმშვიდა თავი და ეკრანზე მოღიმარ სანაიას მიაჩერდა. «აი, ამას ჰქვია პროფესია. ზიხარ სტუდიაში, დააპირისპირებ ორ ოპონენტს, აყვირებ, აგინებინებ ერთმანეთისთვის, რა გინდა, სულო და გულო, არ წამოაძახონ ერთურთს. შენ კიდევ დაჯექი და დააყარე შხამიანი შეკითხვები… ქვეყანა იცნობს, საქმესაც აკეთებს და ფულსაც უხდიან. ჩემსავით კი არ დარბის ენაგადმოგდებული გორსა და თბილისს შორის ქაღალდის გადმოსაზიდად. ჰმ! კაი ტიპია, რას ერჩი», _ გაუღიმა «კურიერის» წამყვანს და თავი სავარძლის კიდეს მიაყრდნო.

უცებ გასაღების ჩხაკუნის ხმა მოესმა. მიხვდა, ხათუნა იქნებაო და სასწრაფოდ გამორთო ტელევიზორი. შუქი ანთებული დატოვა, სიბნელეში უფრო არ შეეშინდეს ჩემი დანახვის, იქნება არც იცის, აქ რომ ვარო.

ხათუნას არ გაკვირვებია, ლოჯიაში შუქს რომ მოჰკრა თვალი. იფიქრა, ალბათ მაკას დარჩაო. შემოსასვლელშივე გაიძრო ფეხებზე და შიშველი გატანტალდა სააბაზანოში. ჯერ სარკეში ჩაიხედა. «ვითომ შევიცვალე «იმის» მერე?» _ შეათვალიერა სარკეში საკუთარი სხეული. ვერაფერი შეატყო თავს. «რა უნდა მემჩნეოდეს, რო?» წყალი შეისხა სახეზე, ყელზე, მკლავებზე. არ შეუმშრალებია, ისევე სველი გავიდა სამზარეულოში.

გარეთა კორპუსებიდან ტელევიზორის ხმა შემოდიოდა. სიმღერის, ცხენების თქარათქურისა და მოქაქანე დიქტორის ხმები ისე იყო ერთმანეთში არეული, თითქოს ყველა არხი ერთდროულად ერთ არხზეა გადართულიო. ხათუნამ მაცივრიდან კოკა-კოლას ბოთლი გამოიღო და ცივი წყალი მოსვა. მერე ლოჯიისკენ გაემართა.

უდარდელად, ანგარიშმიუცემლად შევიდა ოთახში, ფეხშიშველი და ნახევრად სველი. ერთი სული ჰქონდა, ტანთ გაეხადა და ლოგინზე მიგდებულიყო. შევიდა და შიშისაგან შეჰკივლა…

_ ღმერთო, როგორ შემაშინე! _ გულზე დაიდო ხელი ქალმა ირაკლის დანახვაზე და აკანკალებული კინაღამ ჩაიკეცა.

_ შეგეშინდა? რა ვიცი, ვერ მოვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი, _ მამაკაცი დაიბნა, წამოდგა და ხათუნას ხელი შეაშველა.

_ შენ აქ საიდან გაჩნდი? _ გაოცებას ვერ მალავდა იგი.

_ მაკამ შემომიყვანა. უკაცრავად, არ მიფიქრია, თუ ასე შეგაშინებდი. მეგონა, შენ ამქვეყნად ყველა დედოფალზე უშიშარი დედოფალი იყავი, _ თავი იმართლა მამაკაცმა.

«აი, თურმე რა კეთილ საქმეზე საუბრობდა წეღან მაკა. ნეტავ რა მოეპრიანა, ასე რომ მოიქცა?» ფიქრის დრო აღარ იყო. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

_ რა გინდა, ირაკლი, რისთვის მოხვედი, _ საყვედური გაურია ხათუნამ ხმაში, _ მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი.

_ სამაგიეროდ, მე არ მითქვამს ჩემი სათქმელი, _ თვალებში ჩააშტერდა ირაკლი, _ და უნდა მომისმინო.

_ ახლა რიღას სათქმელად ხარ მოსული? _ არ მოლბა ხათუნა.

_ სიყვარული მინდა აგიხსნა, _ სიტყვები თავისით მოადგა ენაზე მამაკაცს.

_ მერე? შენ რომ არ «გეხერხება ეგეთი რაღაცები»? თუ არ ვცდები, შენ გეკუთვნის ეს სიტყვები, არა?

_ მართალი ხარ, ნამდვილად არ მეხერხება. შენ უნდა მასწავლო.

ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, იმდენად ახლოს, ხათუნა მის სუნთქვას გრძნობდა, ირაკლი _ ქალის სურნელს.

_ მე როგორ უნდა გასწავლო? _ კილოს არ იცვლიდა ხათუნა, ყინულივით ცივად ჟღერდა მისი ხმა.

_ რა ვიცი. აი, შენ როგორც ისურვებდი, სასურველ მამაკაცს სიყვარული აეხსნა შენთვის, ისე. შენ მიკარნახე და მე ყველა წინადადებას გავიმეორებ, კათოლიკეები ჯვრისწერის დროს რომ იმეორებენ მღვდლის მიერ წარმოთქმულ ცოლქმრულ ფიცს, იმგვარად.

_ ? _ ხათუნამ წარბები აზიდა.

_ ჰო, რა იყო, არ შეიძლება? მერე, «რეპეტიციას» რომ გავივლი, თავიდან გავიმეორებ მთლიან ტექსტს, ზუსტად, სიტყვასიტყვით. პირობას გაძლევ, თუ ერთი სიტყვა მაინც გამომრჩება, ან ისე ვერ ვიტყვი, როგორც შენ მასწავლი, გავტრიალდები და წავალ, სამუდამოდ წავალ და აღარასოდეს შეგაწუხებ, აღარასოდეს შეგახსენებ თავს. კარგი? გთხოვ, ერთხელ მაინც მომეცი შანსი. არ მინდა, ახლა ბოდიშების მოხდა დაგიწყო. ვიცი, უაზრობა იქნება ამის მცდელობა და სასაცილოც. ამიტომ… მომეცი შანსი… მხოლოდ ერთხელ…

_ სიმართლე გითხრა, არც ვიცი, რა უნდა გითხრა. არც ის ვიცი, რა სიტყვების მოსმენა უფრო მესიამოვნებოდა შენგან. არც ის ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს და საერთოდ, არაფერი არ ვიცი. ჩვენ ახლა რომ აღარ ვენდობით და ახლა რომ არ გვჯერა ერმანეთის, ერთი წუთით შეგიძლია, წარმოიდგინო, რა შეიძლება იყოს მერე? რა სახე ექნება ჩვენს ურთიერთობას? ნუთუ ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა ვაკონტროლოთ ერთმანეთი? იცი, დღეს მე რამდენი რამე დავკარგე ერთად? _ ჩამოთვლაც კი გამიჭირდება.

ირაკლიმ ტუჩზე ააფარა ცალი ხელი, მეორე კი წელზე მოხვია.

_ არ გინდა, ძალიან გთხოვ. შენ ბევრი რამ დაკარგე დღეს, მე კი ახლა შეიძლება დავკარგო არა ბევრი, არამედ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი და ისეთ ჩიხში აღმოვჩნდე, რომლიდანაც ვეღარასდროს გამოვალ.

_ დედალოსის ლაბირინთივით?

_ დაახლოებით.

_ და შენ გინდა, მე არიადნეს როლი შევასრულო და ძაფის გორგალი გაგიგორო?

_ თუნდაც.

ხათუნა წამით დაფიქრდა. ირაკლიმ ხელი შეუშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. უკვე არ იცოდა, რას მოიმოქმედებდა იგი.

ხათუნა აგვიანებდა. მამაკაცს გული გაუწვრილდა ლოდინით, გამომცდელად შეჰყურებდა ჩაფიქრებულ ქალს.

_ დედოფალო, მე შენ მიყვარხარ! _ დაიწყო ხათუნამ ბოლოს.

ირაკლიმ შვებით ამოისუნთქა.

_ დედოფალო, მე შენ მიყვარხარ! _ სკოლის მოსწავლესავით გაიმეორა მან.

_ ღმერთო, რა ძალიან მიყვარხარ, რომ იცოდე, _ გააგრძელა ხათუნამ.

_ ღმერთო, რა ძალიან მიყვარხარ, რომ იცოდე, _ კვლავ გაიმეორა ირაკლიმ, თან გრძნობდა, როგორ ეხამუშებოდა ასეთი სიტყვებით ლაპარაკი.

_ და მინდა, რომ სიკვდილამდე ასე მიყვარდე, შენ _ ერთადერთი და სხვა არავინ.

_ და მინდა, რომ სიკვდილამდე ასე მიყვარდე, შენ _ ერთადერთი და სხვა არავინ.

_ მორჩა! _ თქვა ხათუნამ.

_ მორჩა, _ მექანიკურად გაიმეორა ირაკლიმაც.

ორივეს გაეცინა.

_ ერთი ეტაპი უკვე გავიარე, არა? ახლა მთავარია, სიტყვასიტყვით გავიმეორო იგივე, ხომ? პირობა პირობაა.

მამაკაცმა ჩაახველა, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, თავი მაღლა ასწია და ქალს თვალი თვალში გაუყარა:

_ ხათუნა, მე შენ მიყვარხარ… და მინდა, რომ სიკვდილამდე ასე მიყვარდე… შენა ხარ ჩემთვის ყველაფერი. დილაც შენა ხარ და საღამოც, პურიც შენა ხარ და წყალიც. შენ აქ კი არა ხარ მხოლოდ (გულზე დაიდო ხელი), არამედ აქაც (ახლა შუბლზე მიიდო საჩვენებელი თითი), არა მარტო ჩემს გულში, არამედ ნებისმიერ ჩემს ძარღვში, სხეულის ნებისმიერ უჯრედში შენი სიყვარული ფეთქავს. და შენ თუ არ იქნები ჩემ გვერდით, არც დილა მინდა და არც საღამო, არც პური და არც წყალი… მიყვარხარ, დედოფალო, ყველა დედოფალზე მეტად მიყვარხარ. დამიჯერე! _ ირაკლი გაჩუმდა. კიდევ ერთხელ ამოისუნთქა, ახლა უფრო ღრმად. თითქოს აღსარება თქვაო, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა. ხათუნა სულგანაბული უსმენდა. პირველად ესმოდა მამაკაცისგან ასეთი სიტყვები. «ნუთუ მართლა ასე ვუყვარვარ?» _ გაიფიქრა.

_ მართლა ასე მიყვარხარ, დამიჯერე, _ ნაფიქრალი დაუდასტურა ირაკლიმ, _ მეტი როგორღა დაგიმტკიცო, ამხელა კაცს სიყვარულის ახსნაც კი დამაწყებინე, ხომ ხედავ!

_ დაგაწყებინე? დაგაწყებინე კი არა, პროფესიონალი ყოფილხარ. შენ მაგ დარგში მასწავლებლადაც გამოდგები, _ ნაზად გაიცინა ხათუნამ, _ მაგრამ ჩემი ტექსტი რომ ვერ «გადაამუშავე», როგორც საჭირო იყო, ისე?

_ ვიცი. მე ხომ გითხარი, პირობა პირობაა-მეთქი, _ ჯიბიდან ხელები ამოიღო ირაკლიმ, ნაძალადევად გაუღიმა ქალს, თვალებით დაემშვიდობა და ლოჯიიდან გავიდა.

ხათუნა ადგილიდან არ დაძრულა. თითქოს ერთ ადგილს მიეყინაო.

«ახლა წავა და აღარასოდეს დაბრუნდება», _ შეძრწუნდა უცებ. «დარჩი!» _ იკივლა გუნებაში. ირაკლი შედგა, თითქოს მისი უხმო ძახილი გაიგონაო. მერე ისევ გაიწია გასასვლელისკენ. «დარჩი!» _ კვლა გაიმეორა გულში ქალმა. მამაკაცი ჰოლში გავიდა. სახელური ჩამოსწია. კარი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი.

_ კარს გამიღებ? _ ხმამაღლა გასძახა.

ხათუნა უცებ გამოერკვა. სწრაფად დაიძრა ადგილიდან, შემოსასვლელში გამოვიდა და სახელურს შეავლო ხელი. საკეტი გატკაცუნდა, კარი გაიღო. ქალი ერთხანს შეყოვნდა. მერე ჩუმად კვლავ მიხურა კარი. კვლავ გატკაცუნდა საკეტი.

_ არ გაგიღებ, _ გაბუტული ბავშვივით ჯიუტი გაუხდა ხმა, _ დარჩი. _ და მოტრიალდა.

ირაკლიმ შეხედა. ხათუნას მუდარით ავსებოდა თვალები.

_ მე არ შემიძლია ასე, ირაკლი, _ აჩურჩულდა იგი, _ არ შემიძლია. არ მინდა მარტო ყოფნა, შენთან მინდა, _ ხელები ყელზე მოხვია და ჩაეკონა.

მამაკაცმა მძლავრად ჩაიხუტა. კარგა ხანს უძრავად იდგნენ ასე, ჩახვეულნი, მერე ირაკლიმ თმაზე გადაუსვა ხელი, ოდნავ უკან დაქაჩა, თავი გადაუწია და ყელზე აკოცა, როგორც ყოველთვის… მერე ხათუნამ ხელში ხელი ჩაავლო და ოთახში გაიყვანა, თავის ლამაზ ტახტზე ჩამოჯდა და ირაკლიც გვერდით მოისვა.

_ ხათუნა, ცოტა ზედმეტი ხომ არ იქნება ჩემთვის ამაღამ აქ დარჩენა? _ ფრთხილად ჰკითხა მამაკაცმა.

_ რატომ, ვინ დაგინახავს?

_ არა, დანახვაზე არ ვიძახი…

_ უბრალოდ, ერთად ვიყოთ, ხომ შეიძლება? ასევე წამოვწვეთ, ჩაცმულები. არ მინდა არაფერი, თუ გინდა, სულ ნუ მომეფერები, ოღონდ ეს ერთი ღამე გავათიოთ ერთად. გთხოვ…

_ რა სულელი ხარ, რას მთხოვ. მაგას მე უნდა გთხოვდე. ჩემი ჩურჩუტი, _ ხელი გადახვია ქალს და მხარზე მიიხუტა.

მერე ეგრევე წამოწვნენ, ჩაცმულები, ხათუნამ თავი მის მკერდზე მიდო.

_ ღმერთო, აი ეს არის ცხონება! _ ნეტარებით ამოიკვნესა და სუროსავით ჩაეხვია მამაკაცს.

_ იცი, 19-ში ჩემი დაბადების დღეა, _ თქვა მერე.

_ ახლა ცხრამეტში? _ თავი წამოსწია ირაკლიმ.

_ ჰო.

_ მე ხომ დამპატიჟებ? _ ღიმილით ჰკითხა.

_ შენ რა დაპატიჟება გინდა.

_ შეიძლება, მე გადაგიხადო დაბადების დღე?

_ არა, არ შეიძლება.

_ რატომ, დედოფალო?

_ რატომც!

_ უკვე მეორედ მეუბნები მაგ სიტყვას. მისი მნიშვნელობა ამიხსენი, თუ საიდუმლო არ არის.

_ «რატომც» ნიშნავს «იმიტომ-ს».

_ ა-ა-ა! აი, თურმე რაშია საქმე, _ გულიანად გაიცინა ირაკლიმ, _ მე, მაგალითად, სიტყვა «იმიტომ» უფრო მომწონს.

_ ვითომ რატომ?

_ რატომც! _ სხარტად უპასუხა. ორივეს სიცილი აუტყდა…

გვიანობამდე საუბრობდნენ. მერე მიჩუმდნენ. ირაკლის როდის-როდის ჩაეძინა, ხათუნას კი ძილი არ ეკარებოდა. მშვიდად იწვა მამაკაცის გვერდით, თავი მის მკლავზე ედო და ცდილობდა, არ განძრეულიყო, ძილი არ დაეფრთხო შეყვარებულისთვის. ირაკლი თანაბრად სუნთქავდა. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა ხათუნა…

7 7 7

იმ დღის შემდეგ ირაკლი საერთოდ დაიკარგა. თვალსა და ხელს შუა გაქრა. ერთი კვირა ისე გავიდა, არც დაურეკავს, არც შემოუვლია. ხათუნა გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით აწყდებოდა აქეთ-იქით. რამდენჯერმე სცადა, დაკავშირებოდა, მაგრამ გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდანო, პასუხობდა ავტომატი.

დასევდიანდა. რა ეფიქრა, არ იცოდა. «ნუთუ ეს იყო სულ, ნუთუ… ეს უნდოდა მხოლოდ? არა, არა მგონია. ერთი ღამე ხომ არ წყვეტს ყველაფერს?» _ ფიქრობდა სასოწარკვეთილი.

ერთ საღამოს კი ინგამ მთლად გაუხეთქა გული, დღეს რუსთაველზე ვიყავი და შენი ირაკლი ვნახე, ვიღაც ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად ხელგადახვეული «ნიკალაში» შედიოდაო. ამან მთლად მოუღო ბოლო. ის დღეები ისედაც ცდილობდა, სამსახურის მერე შინ მჯდარიყო, იქნებ დამირეკოსო. მიეჯაჭვა ტელეფონს. ახლა კი საერთოდ ყველაფრის სურვილი დაკარგა. კარატეზე უნდა წასულიყო. გადაიფიქრა. «საერთოდ არ გავალ სახლიდან. რედაქციაშიც აღარ წავალ», _ გამწარებული იყო, ლოგინზე მიესვენა და თავი ბალიშში ჩარგო. «აკი-აკი… სხვა რამეს მიმტკიცებდა?! განა რა მოხდა ასეთი, აკი…» _ ფიქრებსაც ვეღარ უყრიდა თავს. ამ ყოფაში იყო, ტელეფონმა რომ დარეკა. თითქოს ზარის ხმაზე მიხვდა, ირაკლი რომ იქნებოდა. ნელა აიღო ყურმილი, ვითომ არაფერი:

_ გისმენთ! _ შეეცადა, მშვიდი ხმით ეპასუხა.

_ როგორა ხარ, ჩემო დედოფალთ დედოფალო? _ საკმაოდ ხალისიანი ჩანდა მამაკაცი.

_ შენგან დავიწყებული, როგორ ვიქნები! _ ბოლომდე ვეღარ შეინარჩუნა სიმშვიდე ხათუნამ.

_ მიბრაზდები, არა? მართალიც ხარ, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ არის. ცოტა პრობლემებმა შემომიტია. ამ კვირაში გაჭირდა ქაღალდის შემოტანა. სამი დღეა, გორში ვარ. წუხელ ჩამოვედი. ამას დამატებული, მობილურიც დავკარგე. ეტყობა, მანქანიდან გადმომივარდა. რა ვიცი, შეიძლება მომპარეს კიდეც. ხანდახან შიგ მანქანაში ვტოვებ ხოლმე და… დღეს ახალი ჩავართვევინე. შეძლებ, მაპატიო?

_ სულ პატიებას როგორ მთხოვ, შეგრცხვეს მაინც ხანდახან.

ირაკლი მიჩუმდა. ხმას არ იღებდა.

_ მე არ მინდოდა შენი წყენინება, _ შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა ბოლოს.

_ არც მე, _ ხათუნასაც შეეცვალა ხმა, _ დღეს სადღა იყავი?

_ დღე-ეს? დღეს რა ვიცი, ბევრგან. ცოტა დავლიე კიდეც.

_ დასალევად კარგად იცლი? ვისთან ერთად? _ გაიტრუნა ქალი.

_ ახლობლებთან, _ არ დააკონკრეტა ირაკლიმ, _ მომენატრე. ნახვა მინდა შენი. ამოვალ, კარგი?

_ მე კი მეგონა, მეტყოდი, დღეს მეგობარ გოგოსთან ერთად «ნიკალაში» ვქეიფობდიო, _ მიახალა ხათუნამ.

ირაკლი ისევ გაჩუმდა. მერე ამოიხვნეშა და ისევ შეცვლილი ხმით ჰკითხა:

_ ეგ ვიღამ გითხრა?

_ ჩიტმა მომიტანა ამბავი, _ ირონიულად შენიშნა ქალმა.

_ ო-ო-ხ! ერთი ის ჩიტი დამაჭერინა!

_ რას უზამდი ერთი, საინტერესოა.

_ გავბდღვნიდი.

_ ჩიტი ბდღვნად არ ღირს, _ ორაზროვნად გაიჟღერა ქალის ხმამ.

_ ჩიტიც არის და ჩიტიც… კარგი, ამოვალ და იქ ვილაპარაკოთ.

_ შენ იცი, _ ცივად თქვა ქალმა და ყურმილი დაკიდა. უცებ კაკუნი გაისმა კარზე. «ეს ვინღაა?» _ გაუკვირდა. ამ წუთებში არავის ნახვა არ უნდოდა. შემოსასვლელში გავიდა. კარი გამოაღო. სადარბაზოში ირაკლი იდგა. მოულოდნელობისაგან ხათუნამ ანგარიშმიუცემლად უკან დაიხია.

_ შემომიშვებ ოჯახში? _ გაღიმება სცადა მამაკაცმა. შემთვრალს თვალები უბრწყინავდა.

_ მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა, _ მასპინძლის ეტიკეტი არ დაარღვია ხათუნამ და შეუძღვა. ირაკლი უკან მიჰყვა. მერე უცებ ხელი წაავლო წინ მიმავალს, მოატრიალა, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და ტუჩებზე დააცხრა. ქალმა გაძალიანება სცადა.

_ ნუ სხმარტალებ თევზივით და მომისმინე! ის მეგობარი გოგო, რომელთანაც ერთად დღეს «ნიკალაში» ვიყავი, ჩემი და იყო, ია ტაბიძე. გასაგებია? _ თვალებში ჩახედა დაბნეულ ქალს.

_ საუკუნეა, ერთად არსად გაგვივლია. დღეს მოვკიდე ხელი და წავიყვანე. თან მქონდა საამისო მიზეზი. თუ არ გჯერა, აჰა, მობილური, დაურეკე და ჰკითხე.

_ მჯერა, _ დამნაშავესავით ახედა ხათუნამ.

_ იქნებ გატყუებ? არ გინდა, გადაამოწმო?

_ ა-რა მგონია, _ ორჭოფულად თქვა.

_ გეფიცები, მე მართლა იასთან ერთად ვიყავი დღეს «ნიკალაში». გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. მარტო შენ კი არა ხარ ივლისში დაბადებული. ვერ მოვახერხე მისვლა. გვიან ჩამოვედი. საყვედურებით ამავსო. ამ დილით კი ვეცადე, გამომესყიდა ჩემი დანაშაული. ახლა ხომ გჯერა?

_ მიულოცე ჩემ მაგივრად. რა თქმა უნდა, თუ იცის ჩემი არსებობის შესახებ.

_ კარგი, მივულოცავ. საჩუქარი კი არ მიმიტანია ჯერ. ვერ მირჩევ, რა ჯობია ვაჩუქო? _ შემპარავად ჰკითხა მამაკაცმა.

_ რა ვიცი, გააჩნია, რა უფრო მოსწონს, ან რაზე ოცნებობს, რა არა აქვს.

_ მე მგონი, არაფერზეც არ ოცნებობს. რაც უნდა, ყველაფერი აქვს…

_ ბედნიერი ქალი, _ თითქოს შეშურდა ხათუნას.

_ სამაგიეროდ, ყველაზე მთავარი აკლია, ის, რასაც ფულით ვერ შეიძენს. მიმიხვდი ალბათ, არა?

_ სიყვარული?

_ ჰო. ხუთი წელია, უყვარს კაცი, რომელიც ზედაც არ უყურებს.

_ რას ამბობ! მე მითხრეს, რომ იგი ძალიან ლამაზია?!

_ ჰო, შეხედულება არ აკლია, ძმას ჰგავს, _ გაიცინა, _ რა ვიცი, ალბათ, მარტო ეს არ არის საკმარისი. არ ვიცი, რა ხდება… ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია. იგი გაურბის ჩემთან ამის შესახებ ლაპარაკს.

_ ის კაცი რას წარმოადგენს?

_ ლექტორია უნივერსიტეტში. 52 წლისაა. იქნებ ამიტომაც იკავებს თავს.

_ შეიძლება… სხვა მიზეზია რამე. იქნებ… აი, როგორ გითხრა, იქნებ არ შეუძლია…

_ შეიძლება. გასაკვირი არაფერია, მაგრამ ხომ არ მივალ და ხომ არ ვკითხავ, თქვენ, ბატონო, ქალის დაკმაყოფილება თუ შეგიძლიათ-თქო?

ორივეს გაეცინა.

_ ჰა, მითხარი, რა ვუყიდო?

_ მე, მაგალითად, დიდ, ძალიან დიდ «პლუშის» დათუნიას გირჩევდი. ახლა მოდაშია ეგეთი საჩუქრები.

_ ძალიან კარგი. გავითვალისწინებ შენს რჩევას. ახლა მე ცოტა ხანს დავრჩები შენთან, პატარას მოგეფერები და მერე წავალ. ხვალ მძიმე დღე მაქვს და უნდა გამოვიძინო.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ… იმიტომ.

ქალი მიხვდა, მამაკაცი მის დაბადების დღეს რომ გულისხმობდა, ამიტომ აღარ ჩაეძია.

_ დარჩი ამაღამ, ჩემთან გამოიძინე, _ სთხოვა.

_ არა, არ დავრჩები. ჯერ ერთი, შენ გვერდით რა დამაძინებს და მეორეც, ასეთმა ურთიერთობამ შეჩვევა იცის. შეჩვევა კი ხელს შეგვიშლის სხვა, უფრო სერიოზულ ურთიერთობაში. მე შენ ცოლად მინდიხარ, საყვარლად კი არა.

ხათუნას სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.

_ ეს ზაფხული როგორმე გადავაგოროთ და სექტემბერში «ავკრათ» აქედან.

_ სად?

_ სადაც გაგიხარდება. რომელ კუნძულზეც მიბრძანებ, იქ გადაგაფრენ ნამდვილი დედოფალივით. შენ ოღონდ ისურვე.

_ მოვიფიქრებ, _ ეშმაკურად გაუღიმა ქალმა.

_ მოიფიქრე, _ ცხვირზე აკოცა ირაკლიმ.

888

19 ივლისიც გათენდა. დილით მაკამ ამოუარა ხათუნას მანქანით, ბაზარში უნდა გასულიყვნენ. წინა საღამოს ქალმა ირაკლის უარი უთხრა ბაზარში გაყოლაზეც და დაბადების დღის რესტორანში გადახდაზეც. შინ მირჩევნიაო. მამაკაცი არ მოეშვა, არ გინდა მთელი დღე გაზქურასთან ტრიალი, წავიდეთ რესტორანში, თუ გინდა, გავიდეთ ტყეში, პიკნიკი მოვაწყოთო. ხათუნამ ჯიუტად გადააქნია თავი. არ უნდოდა ირაკლის შეწუხება, არც მისი ხარჯით დაბადების დღის გადახდა.

თორმეტ საათზე უკვე შინ იყვნენ. ძლივს ამოზიდეს ნავაჭრი. მაკამ მოუბოდიშა, ხომ იცი, მე არაფრის გაკეთება არ მეხერხება, ამიტომ ვერაფერში მოგეხმარებიო. წავალ, სამსახურში დავენახვები თანამშრომლებს ერთი-ორი საათით, მერე საჩუქარს გიყიდი, საპარიკმახეროშიც გავივლი და ხუთისთვის ამოვალო.

_ მოასწრებ ყველაფრის გაკეთებას?

_ რა უნდა ამის მოსწრებას. ისეთს რას ვაკეთებ. ჰოპ, ჰოპ და ყველაფერი მზად მექნება.

_ ნამდვილი «ისტრიბიწელი» ხარ. კარგია, რომ არ გეზარება. გავედი აბა.

_ ინგას ჩაუარე, უთხარი, ამოვიდეს, მოხმარება არ მინდა. უბრალოდ, მარტო ყოფნა მეზარება, ხმის გამცემი მაინც მეყოლება, _ დაადევნა უკვე კარისკენ წასულ მაკას.

_ ა-ჰა, ვეტყვი! _ მაკამ კარი გაიჯახუნა…

ინგა მაშინვე ამოვიდა. სულს ძლივს ითქვამდა.

_ დაიღალე, «ტკარცალეტკა»? _ სიყვარულით გაუღიმა ხათუნამ.

_ დავიღალე რომელია. მარტოს მიჭირდა ხოლმე ამოსვლა, მკერდს ძლივს დავათრევ-მეთქი, ახლა კი ამხელა «ბომბორას» ზიდვა მიწევს, _ მუცელზე დაისვა ხელი და აქოშინებული სკამზე ჩამოჯდა.

_ რაში მოგეხმარო? _ მოემზადა ინგა.

_ არაფერში. დაჯექი და მეჭორავე. შენ ხელი არ გაანძრიო.

_ რატომ, შე ქალო, დავარდნილი კი არ ვარ. მეც ვიცი კაი-კაი საჭმლუნიები.

_ არ მინდა ზედმეტად დაგტვირთო, _ მოუბოდიშა დაქალს.

_ მე მინდა, სამაგიეროდ. უსაქმოდ რა დამსვამს. ოღონდ ფეხზე ვერ დავდგები. ნახე, როგორ მაქვს შეშუპებული?!

_ ცილები გაქვს ვითომ მომატებული? _ მზრუნველად ჰკითხა.

_ არა, სიცხის და სიმძიმის ბრალიაო, ექიმმა მითხრა.

_ ვისთან დადიხარ?

_ «ვაიმესთან». იცი, რა დუშკა ქალია? სულ თავზე დამტრიალებს.

_ ჰო, კარგი ქალი ჩანს. «გამორისცხულია», _ გამოაჯავრა ხათუნამ «ვაიმეს» და გადაიკისკისა.

_ დღეს ტატომ დამირეკა, იცი? _ თქვა ირმამ.

_ მართლა? _ გაუხარდა ხათუნას, _ როგორ მოახერხა?

_ ნატოსთან ყოფილა და ჩემმა სიძემ დამალაპარაკა.

_ რაო ლევანმა, რას ამბობენო?

_ ისევ ისე არიან გადარეულებიო. დედაჩემი თურმე მე და მამას ერთად დაგვტირის, როგორც ორ მიცვალებულს.

_ ღმერთო ჩემო! _ აღშფოთდა ხათუნა.

_ მეც არ მესმის. რა უნდა დამიშავოს ჩემმა შვილმა ისეთი, რომ ვერ ვაპატიო. ვერ წარმომიდგენია. ვუთხარი ჩემს სიძეს, გამომიარე და ერთ ას ლარს მოგცემ-მეთქი. იუარა, მაგრამ მაინც შევაბი ბოლოს. ბავშვისთვის გატან, შენ კი არ გაძლევ-მეთქი. ოღონდ არ თქვა, მე რომ მოგეცი-თქო. კაიო, მითხრა. ხვალ დილით გამომივლის.

_ მუშაობა არ დაუწყია?

_ ერთ კვირაში ვიწყებო სიგარეტის ქარხანაში, აი, «პირველს» რომ უშვებენ, იქ.

_ ეგ კარგია. მანდ ნორმალური ანაზაღაურება ექნება.

_ ჰო, თვითონაც ასე თქვა. ორას ლარს სუფთად მომცემენო, თან სიგარეტების გამოტანასაც მოვახერხებო.

_ აბა, ჩავარდნილა ქერის ორმოში, _ გაიღიმა ხათუნამ.

_ ცოტა დავმშვიდდი, ბავშვს რომ ველაპარაკე. მენატრება ძალიან. როგორ მინდა იცი, ნახვა? _ ნაღვლიანად თქვა ინგამ.

_ მაგასაც მოესწრები, მოიცადე ცოტა. იმას იქ არაფერს დააკლებენ. შენ კი ახლა სხვა საზრუნავი გაქვს. საკუთარ თავს მიხედე.

_ წნევა მაქვს დაბალი, თვალთ მიბნელდება ხოლმე. ჰემოგლობინიც დამივარდა სამოცამდე.

_ ეგ ჩვეულებრივი ამბავია ორსული ქალისთვის. მაგისი არ შეგეშინდეს.

_ არა, არ მეშინია. ერთ დღეს ყველა კვდება და მე ხომ არ ვიქნები გამონაკლისი. რაც შუბლზე გაწერია, არ აგცდება ადამიანს. ერთ მშვენიერ დღეს მეც მომაკითხავს მიქელ-გაბრიელი და მეტყვის: «მაჭარაშვილი, ზურგისა-ა-ა-კენ! ჯოჯოხეთში იარ!»

_ ეგ იმ დროს იქნება, ბებერ ძროხასავით სიარული რომ არ შეგეძლება. და იმ შენს მიქელას სულ ზურგით მოუწევს შენი თრევა საიქიოსკენ, აგერ ნახავ! _ გაიცინა ხათუნამ და სველი თითებით წყლის წვეთები სახეში შეაშხეფა.

_ ამომეტანა შენი ვენტილატორი, დღეს დაგვჭირდება. ისე, ძაან არ ცხელა შენთან, «სკვაზნიაკი» მაინც თავისას შვება. რა ცხელი ივლისია, არა?

_ «სკვაზნიაკი» კი არა ორპირი. ისწავლე ქართულად ლაპარაკი, პატარა გოგო არა ხარ. ახლა გაზქურას ავანთებ და მერე ნახე შენ, _ თავი გადააქნია ხათუნამ.

უცებ ტელეფონი აწკრიალდა.

_ ეს ირაკლი იქნება, _ დაფაცურდა ხათუნა, სველი თითები ტილოზე შეიმშრალა და ლოჯიაში გავარდა.

_ გისმენთ, _ მოუთმენლად ჩასძახა ყურმილში.

_ გამარჯობათ, ქალბატონო ხათუნა, _ გაისმა უცხო მამაკაცის ხმა.

_ გაგიმარჯოს. რომელი ხარ? _ გაოცებით იკითხა ქალმა.

_ პაატა ვარ, ირაკლის მეგობარი.

_ ა-ა-ა! პაატა, როგორ ხარ? _ გულწრფელად მოიკითხა.

_ გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარით.

_ გმადლობთ, გმადლობთ. რატომ ასე შორიდან?

_ თუ შეიძლება, ერთი წუთით აივანზე გამოდით, რა? _ სთხოვა მამაკაცმა.

_ ახლავე! _ ხათუნამ ტელეფონის აპარატს ხელი წამოავლო, ლოჯიის ფარდა გადასწია და აივანზე გავიდა. სანამ ქვემოთ ჩაიხედავდა, თვალი მოჰკრა, წინა კორპუსებიდან ცნობისმოყვარე ადამიანები გადმომდგარიყვნენ აივანზე და მისი სადარბაზოსკენ ღიმილით იყურებოდნენ.

გაოცებულმა ჩაიხედა ძირს და…

_ ვა-ი-მე-ე-ე! _ აღმოხდა.

დაბლა, კორპუსის წინ, ხარებშებმული ურემი იდგა, პირთამდე ყვავილებით დატვირთული. მიხაკები, ვარდები, გეორგინები, გვირილები, ჰეპარები, ჰორტენზიები, მარგარიტები, მინდვრის ყვავილები… ზოგის სახელი არც იცოდა ხათუნამ. შეშინებული ინგაც გამოვარდა გარეთ, რა ხდებაო. ახლა იმანაც მორთო წივილი. ოფლში გახვითქული მეურმე ხარებთან იდგა, ხელში დიდი სახრე ეჭირა და კახურ ქუდს წარამარა ისწორებდა თავზე. ურმის უკან ირაკლის «ვოლვო» იდგა. თავად ირაკლი და პაატა იქვე, დიდ ლოდზე ჩამომსხდარიყვნენ და ზემოთ იყურებოდნენ სიცილით.

ახლა ირაკლიმ მოიმარჯვა მობილური:

_ გილოცავ, დედოფალო. პირობა პირობაა, სიტყვა _ სიტყვა. ყვავილები შენს განკარგულებაშია, _ ქვემოდან ელაპარაკებოდა მამაკაცი.

_ გადამირიე მეზობლები, არა? ღმერთო ჩემო, რა უნდა ვუყო ამდენ ყვავილს? _ ბედნიერებისგან რა ექნა, არ იცოდა ქალმა.

_ ეგ ჩემს პრეროგატივაში არ შედის. ჩემი მოვალეობა მოტანა იყო, შენი _ დაბინავება. ჩამო, გელოდები! _ ხელი დაუქნია მან.

ხათუნა ოთახში შებრუნდა, ტელეფონი ჟურნალების მაგიდაზე შემოდგა და სირბილით ჩაუყვა კიბეს. ინგა აივანზე დარჩა. იფიქრა, ახლა რომ ჩავიდე, მერე ვეღარც ამოვალო.

ხათუნა ეზოში ჩავიდა. ჯერ პაატას მიესალმა, მერე _ მეურმეს. მოხუცმა ქუდი მოიხადა და დალოცა:

_ ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს, შვილო. ასეთ კაცს ყვარებიხარ. გაახარებს მამაზეციერი. შენც კაი გოგო ყოფილხარ. დამაცლევინეთ ახლა ეს ურემი და გავუყვები ჩემ გზას.

ხათუნა ირაკლის მიუახლოვდა.

_ მე მეგონა, ხუმრობდი, შენ კი…

_ ასეთ რამეებზე არ ხუმრობენ. ჯერ კიდევ როდის გითხარი, დატვირთვა დავიწყე-მეთქი, _ გაუღიმა ირაკლიმ.

_ მართლა შენ დატვირთე?

_ თუ არ გჯერა, აგერ პატიოსანი კაცი და ჰკითხე. უთხარით, ძიაკაცო, როგორ იყო, _ მიუბრუნდა მამაკაცი მოხუცს.

_ ეგრე იყო, შვილო, ეგრე. მაშა! სულ თვითონ დააწყო ყველა. იქა, საბურთალოს ბაზართან არც ერთი ყვავილი არ დატოვა. მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა. ფულის მიცემას ვერ აუდიოდა. მე ხო ლისიდან ჩამამიყვანა და ეგე! _ ეშმაკური ღიმილით ყვებოდა მეურმე.

_ ეს კი პირადად შენ, _ ირაკლიმ სულ ზემოდან დადებულ ყვავილს დაავლო ხელი. თეთრი ორქიდეა იყო, წითლად დაწინწკლული, ძალიან უცხო და ძალიან ლამაზი.

_ ეს შენსავით ერთადერთია მთელ ამ ყვავილებში, _ ღიმილით გამოუწოდა მამაკაცმა.

_ გილოცავ დაბადების დღეს, დედოფალო, _ ირაკლი მიუახლოვდა, მკლავებში ჩაავლო ხელი და მიიზიდა. ოდნავ შეეხო ტუჩებზე.

ხათუნა გაუძალიანდა, შუა ქუჩაში, მეზობლებისა და უცხო ხალხის წინაშე შერცხვა. ირაკლიმ უფრო მოუჭირა ხელები და ძალით აკოცა. პაატამ ტაში დაუკრა. მერე ირგვლივ, როგორც ამერიკულ ფილმებში ხდება ხოლმე, ტაშისცემა ატყდა. ბავშვები შეძახილებითაც გამოხატავდნენ ოვაციებს.

_ რა საძაგელი ხარ, _ გაწითლდა ხათუნა და კორპუსს ახედა.

მესამე სართულზე სოსო გადმომდგარიყო, ერთ-ერთი მეზობელი, მისი ტოლი ბიჭი. მან ცერა თითი შემართა მოწონების ნიშნად.

ერთი სიტყვით, ნამდვილი სანახაობა გაიმართა. მერე ხათუნამ სთხოვა სათითაოდ ყველა მეზობელს, ჩამოსულიყვნენ და ყვავილები გაენაწილებინათ. აბა, მართლაც და სად უნდა წაეღო ამდენი. სხვა კორპუსებიდანაც კი მოვიდნენ, უმეტესწილად ბავშვები, მიჰქონდათ და მიჰქონდათ… ერთი დიდი ბუკეტი თვითონ ხათუნამ შეკრა, არც ერთი სახეობის ყვავილი არ დატოვა. იმხელა გამოვიდა, ხელში ვეღარ იჭერდა.

_ რა ღორი ვარ, ვეღარ ველევი, _ მორიდებით შესცინა ირაკლის.

_ მომეცი, მოგეხმარები, _ უცებ მიხვდა პაატა და ქალს თაიგული ჩამოართვა.

_ მეცხრეზე უნდა ავიტანო, არა? _ იკითხა.

_ ჰო, მეცხრეზე და მერე მარცხნივ კარში, _ დააკვალიანა ხათუნამ.

ირაკლიმ მეურმე გვერდზე გაიხმო. ხათუნამ დაინახა, როგორ ჩაუდო მამაკაცმა მოხუცს ორმოცდაათლარიანი ხელში და მადლობა გადაუხადა. მეურმემ დიდხანს ლოცა იგი. ირაკლიმ მხარზე მოუთათუნა ხელი მადლიერების ნიშნად. ხარები ტაატით გაუყვნენ გზას. ხათუნამ ღიმილიანი მზერა გააყოლა დაღმართზე ჩამავალ ურემს.

ირაკლიმ მანქანის უკანა კარი გამოაღო. ხათუნამ კიდევ ერთხელ შეჰკივლა. სავარძელში უზარმაზარი, თეთრი პლუშის დათუნია იდო. თითქმის ადამიანის სიგრძე.

_ ესეც შენ, _ უთხრა ირაკლიმ და ხელში შეაჩეჩა საჩუქარი.

_ ღმერთო, რამხელა-ა! _ აღტაცებას ვერ მალავდა ქალი.

_ ეს კიდევ… _ ირაკლიმ შარვლის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, _ თავისსავე ქსელში ჩართული მობილური ტელეფონია, ქართული მენიუთი. დუტამ გამოგიგზავნა, 20 ათასში არმონაწილეობისთვის, _ ხუმრობით უთხრა ქალს. მერე რაღაცით დატვირთული დიდი ჩანთაც გადმოიღო მანქანიდან, დისტანციურით ჩაკეტა და ხათუნასთან ერთად სადარბაზოში შევიდა.

7 7 7

ხათუნამ ძლივს მოუძებნა ყვავილებს ადგილი. ნაწილი მაკასა და ირმასთვის გადადო. ცოტას ხვალ სამსახურში წავიღებო, თქვა.

_ რა ამბავია ამდენი საჩუქარი, _ როგორც იქნა, მოიცალა ბოლოს ირაკლის საყვედურებისთვის.

_ მოდი, ჯერ ეს სუმკა ამომალაგებინე და საყვედურები მერე მითხარი.

_ სუმკა კი არა, ჩანთა, _ შეუსწორა ხათუნამ.

_ ჩანთა იყოს, არ დავეძებ, _ გულიანად გაიცინა ირაკლიმ.

სამზარეულოში გავიდნენ. პაატა და ინგა რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.

_ ეს სამწვადეა, მე მგონი, გვეყოფა, არა? _ ირაკლიმ ხორცით სავსე პარკი ამოიღო ჩანთიდან.

_ აუ! ამდენ ხორცს რა დაჭრის! _ წაიბუზღუნა ქალმა.

_ ეგ შენი საქმე არ არის. ჩაბასტურმება მე მომანდე, _ ხელით ანიშნა მამაკაცმა.

_ იცი, რო-ო?

_ ჩაბასტურმება «ჩემი სპეციალობაა», _ ძალიან ცნობილ ადამიანს გამოაჯავრა ირაკლიმ.

ოთხივეს სიცილი აუტყდა.

_ ეს კიდევ ნაყინია, _ ახლა «სანტეს» ფირმის პლასტმასის ყუთების ამოლაგებას შეუდგა მამაკაცი.

_ ექვსი ყუთია. საკმარისია, არა? ესეც ანანასები, _ მერე ხუთი ცალი დიდი ანანასი ამოაყოლა ხელს.

_ ვაიმე, რამდენი ფული დაგიხარჯავს! _ შეწუხდა ხათუნა.

_ ნუ იტყვი… მთლად გავკოტრდი შენი გადამკიდე, _ გადაიხარხარა ირაკლიმ და მისი თავი მკლავში მოიმწყვდია.

_ ახლა კი ყველაზე მთავარი, _ მამაკაცმა ჩანთის გვერდითა ჯიბე გახსნა და პარფიუმერიის ლამაზი კოლოფი ამოაძვრინა.

_ ეს იამ გამოგიგზავნა, შიგნით პატარა ბარათიც დევს. შენ თვითონ წაიკითხავ.

წითელ, ბრჭყვილა კოლოფს გულის ფორმა ჰქონდა. ხათუნამ გამჭვირვალე ცელოფანი შემოაცალა საჩუქარს, გახსნა. ოთხად გაკეცილი ნაწერი ამოიღო, ოთახში გავიდა, გაშალა და კითხვას შეუდგა: «ჩემო უცნობო ლამაზმანო! ირაკლის გემოვნებაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. ისიც ვიცი, იმ ასაკში აღარ არის უკვე, შეცდომა დაუშვას. მიხარია, რომ იპოვეთ ერთმანეთი. მიხარია, რომ ჩვენი ოჯახის წევრი ხდები. გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ იმას, რასაც დღეს ჩვენში ქალურ ბედნიერებას ეძახიან. ცრემლები არასდროს ენახოს შენს მწვანე თვალებს.

დიდი სიყვარულით, ია ტაბიძე. ბოდიში, რომ პირადად ვერ გილოცავ. მეპატიება».

ხათუნას გული აუჩუყდა. თითქოს ეს ბარათი საბოლოო დასტური იყო იმისა, ერწმუნა, რამდენად ძვირფასი იყო იგი ირაკლისთვის.

7 7 7

ხუთი საათი გახდა. ინგამ და ხათუნამ სუფრის გაშლა დაიწყეს. ირაკლი და პაატა ნარდს თამაშობდნენ. კამათლებს ჭახაჭუხი გაუდიოდა. მაკა არ ჩანდა.

_ სად წავიდა ეს გოგო ამდენ ხანს? _ იკითხა ინგამ.

სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს მოსვლა. ჯერ გოჩა ამოვიდა (მისი დაპატიჟება არ უნდოდა ხათუნას, მაგრამ ინგას არ დასწყვიტა გული), მას ნანი, თამაზი და ხათუნას კიდევ ორი თანამშრომელი მოჰყვა ფეხდაფეხ. ყვავილებს კიდევ მიემატა ყვავილები, საჩუქრებს _ საჩუქრები. ბოლოს ზაზაც გამოჩნდა…

_ ჩვენები არ ამოვლენ? _ ჰკითხა ძმას.

_ არა, ახალგაზრდებთან ჩვენ რა გამოსაჩენი ვართო, დედაჩემმა. აჰა, ეს ჩემგან, _ რაღაც შეხვეული გაუწოდა მას.

ხათუნამ ზაზას გააცნო ირაკლი. ბიჭებმა ღონივრად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. ხათუნა მილოცვებს იღებდა…

უკვე ექვსი ხდებოდა, მასპინძელმა სუფრასთან რომ მიიპატიჟა სტუმრები. ქეიფი გაჩაღდა. ზაზა დააყენა თამადად. მაკა კვლავ არ ჩანდა. ხათუნა შეფიქრიანდა. მაკას არ უყვარდა ასეთ დროს დაგვიანება. მერე ირაკლის ნაჩუქარ მობილურს დაავლო ხელი, სადარბაზოში გავიდა, რიკულებს გადაეკიდა, მაკას ფანჯრებს გახედა და ნომერი აკრიფა.

7 7 7

მაკა საგანგებოდ ემზადებოდა ხათუნასთან ასასვლელად. საჩუქრად ფრანგული სუნამო უყიდა, «სალვადორ დალი» (საზიაროდ დადეს ფული ინგამ და მან), მერე შავი გულამოჭრილი საღამოს კაბა ჩაიცვა, თვალები დაიხატა, თმა უკვე დავარცხნილი ჰქონდა საპარიკმახეროში და სარკის წინ დატრიალდა. მაგარ ფორმაში იყო. ამ დროს კარზე ზარი დაირეკა.

_ ახლა-ვე-ე-ე! _ გასძახა და ჰოლისკენ გაქანდა. ხათუნამ თუ გამომიგზავნა ვინმე, ასე რომ ვაგვიანებო, იფიქრა.

რაზა გადასწია, ჯაჭვი ჩახსნა და ფართოდ გამოაღო კარი. შიშისაგან კინაღამ ჩაიკეცა. მის წინ «ჩორნა» იდგა.

_ გამარჯობა შენი! _ კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.

ხათუნამ კარის მიკეტვა სცადა, მაგრამ «ჩორნამ» ფეხი დაუხვედრა და ოთახში შეაჭრა.

_ რაო, ჩიტო, ამეთესო გინდა? ნე პალუჩიტსია, _ მკლავში წაავლო ხელი ქალს და ლოჯიისკენ გაათრია.

მაკამ შეჰკივლა.

_ ხმა არ გავიგო შენი, თორემ დაგბრიდავ, იცოდე! აი, აქ დაეგდე! _ დივანზე წამოაქცია.

სიმბა კნავილით წამოხტა და მისაღებში გავარდა.

_ არ მელოდი, არა? შე ახვარო, შენა! გგონია, დამავიწყდა, როგორ გამაჩორტავეთ შენ და შენმა პრასტიტუტკა დაქალებმა? ძაღლებთან ჩასასტავდით, არა? ნასედკობა დაიწყეთ, ხომ? პოლიციის ბოზები გახდით, ჩიტო? მე შენ განახებ, როგორ უნდა ჩემი გაშაყირება. იცი, ამდენ ხანს რატომ არ მოგძებნე? ორივეს რომ დაგვიწყებოდით, იმიტომ. ახლა გამოგჭრი ყელს ამ ბებუთით და ასი წელი ვერ მიხვდება ვერავინ, ვინ გაგასუხარა!

მაკა ხმას არ იღებდა. შიშისაგან ენა ჰქონდა ჩავარდნილი. თან ფიქრობდა, როგორღაც მოეძებნა გამოსავალი, გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან.

_ ჯერ ჩამომიკაკლე, ვინ იყო ის ჩიტუნია, მე რომ მატერორებდა? _ გრძელ, ჭრელტარიან ბებუთს ხელში ათამაშებდა «ჩორნა».

_ არ გინდა, ძალიან გთხოვ. მე ახლა ერთ ადგილზე უნდა წავიდე. ხუთ წუთში რომ არ მივიდე, აქეთ ჩამომაკითხავენ ბიჭები, იცოდე! _ მოიფიქრა უცებ მაკამ.

_ ვინ ბიჭები! ახალი კუროები დაიადე, არა? ამჟამად ვინ გაჩითე, შე წაკლა, შენა! ხომ არ გგონია, ვღადაობ. პირდაპირ საძილე არტერიაში გაგიყრი ამ დანას, _ ყელზე მიაბჯინა ქალს ლაპლაპა დანა.

უცებ მაკას მობილური აწკრიალდა.

_ აი, ხომ გითხარი… უნდა ვუპასუხო აუცილებლად! _ აჩქარდა ქალი.

მამაკაცი წამით ჩაფიქრდა.

_ კარგი, უპასუხე და ვდრუგ ერთი ლიშნი რამე წამოგცდეს, საკუთარ ნაწლავებს დაგაკავებ ხელში. გაიგე? უთხარი, რომ ერთ საათში მიხვალ.

მაკამ ჩანთიდან აპარატი ამოიღო. ახლა რომ კახას ნაჩუქარი პისტოლეტი ახლოს ჰქონოდა, რას დახატავდა! ისე საგულდაგულოდ გადაინახა, გურიმ არ მინახოსო, ამ წუთში ეშმაკი ვერ შეძლებდა მის გამოღებას.

_ მაკა! სადა ხარ, არ მოდიხარ? _ ხათუნას გაკვირვებული ხმა გაისმა ტელეფონში.

მაკამ მსწრაფლ აამუშავა გონება.

_ ხო, ხათო… მე… გაგიგე ტელეფონის ნომერი. დაურეკე აუცილებლად, იმას ძალიან უჭირს ახლა და სასწრაფოდ სჭირდება შენი დახმარება, _ სხაპასხუპით მიაყარა და არარსებული ნომერი უკარნახა დაქალს.

ხათუნა თავიდან ვერ მიუხვდა. იფიქრა, წამალი ხომ არა აქვს გაკეთებული და კაიფში ხომ არ არისო, მაგრამ ხმაზე ვერაფერი შეატყო.

_ რა გჭირს, მაკა, რა ტელეფონი, ვის ნომერს მაძლევ, ვერ ვხვდები. ხომ მშვიდობაა?

_ არა, _ მოკლედ მოუჭრა მეგობარმა, _ სულაც არა!

ახლა კი მიხვდა ქალი, რაღაც ვერ იყო საქმე კარგად.

_ მოიცა, მოიცა, რას ნიშნავს სულაც არა… ვინმე შემოგეჭრა სახლში?

_ ვიცოდი, რომ გაიგებდი… _ «ჩორნას» დასანახავად ნაძალადევად გაიღიმა მაკამ.

_ მივხვდი, ჰო. ქურდია?

_ თავიდან კარგად დაიწყო და ბოლოში აურია, _ გააგრძელა მაკამ ქარაგმებით საუბარი.

«ჩორნა» დაძაბული ადევნებდა თვალს ქალის ყოველ მოძრაობას. მაკამ ხელი დააფარა ტელეფონს და მამაკაცს უჩურჩულა:

_ ჩემი დაქალია, რაღაც საქმე აინტერესებს.

_ დროზე მორჩი, მე შენი დედა მო… _ მიაგინა «ჩორნამ».

_ მაკა, მომისმინე. მე ახლა შეკითხვებს დაგისვამ და შენ ან კარგია მითხარი, ან ცუდია _ ჩემი კითხვების სისწორის მიხედვით, გამიგე?

_ კარგია, კარგი, _ თქვა მაკამ.

_ როგორც მივხვდი, ქურდი არ არის. მაშ ვინ არის, გემუქრება ვინმე?

_ ძალიან კარგია, ხათო.

_ მე ვიცნობ?

_ მთლად უკეთესი.

_ მიმახვედრე მაინც, რა ჰქვია, ვინმე ცნობილი ადამიანის გვარი თქვი, ვისაც მისი სახელი ჰქვია.

_ რა ვიცი, აბა… მ..მ…მ… მე მგონი, ყველას შავი მელიის ბეწვი სჯობია, რუსეთში შეკერილი.

_ შავი მელია? რუსეთში? რა შუაშია შავი მელია, ვერ ვხვდები… ვაიმე, «ჩორნა»! ის არის?

_ მაგაზე უკეთესს ვერ იყიდი მაგ ფასად, _ მაკას ცოტა გულზე მოეშვა. მიხვდა, არ იყო მთლად განწირული. ახლა როგორმე დრო უნდა გაეყვანა.

_ ერთი მაგას უყურე! ეგ დეგენერატი, ეგა! როგორ გაბედა მაგ იდიოტმა! მიეცი ერთი მობილური! _ იყვირა ხათუნამ.

_ ეგ ცუდია, ხათუშკი, არ ქნა მაგი, _ მუდარა გაისმა მაკას ხმაში.

_ ახლავე დამალაპარაკე. შენ ნუ გეშინია. ისეთ რამეს ვეტყვი, თითსაც ვერ დაგაკარებს.

მაკამ «ჩორნას» შეხედა და უცებ ტელეფონი მარცხენა ხელში შეაჩეჩა, _ შენ გკითხულობენ.

_ მე-ე-? შენ ხომ არ აურიე, _ თითი შუბლზე მიიდო «ჩორნამ».

_ ის არის, შენ რომ გაინტერესებს.

_ ჰო! _ ჩასძახა ტელეფონში მამაკაცმა.

_ «ჩორნენკო», ბი-ჭი! როგორ მოხვდი მანდა! ერთი გამოიხედე ფანჯარაში, თუ კაცი ხარ.

მამაკაცი ფანჯარას მიუახლოვდა. გადაიხედა.

_ წინა კორპუსს ახედე, ბოლო სართულზე, _ უკარნახა ხათუნამ.

«ჩორმა» აიხედა. მეცხრე სართულზე ქერათმიანი გოგო შეამჩნია, მობილურით ხელში.

888

ამასობაში ირაკლიმ ხათუნა სუფრასთან მოისაკლისა და ძებნა დაუწყო. შინ რომ ვერსად მიაგნო, გარეთ გამოვიდა.

_ ახლავე დატოვე იქაურობა, თორემ ორ წუთში მთელ პლატოს თავზე დაგაყენებ! _ ვიღაცას ემუქრებოდა ქალი.

_ ხათუნა, ვის ელაპარაკები ასე საიდუმლოდ? _ ღიმილით ჰკითხა ირაკლიმ.

_ მაკას ვიღაც შეეჭრა სახლში, მე მგონია, ქურდია, _ სვენებ-სვენებით ძლივს ამოთქვა აკანკალებულმა.

ირაკლის მეტი არაფერი უკითხავს, უცებ შევარდა ოთახში, პაატას დაუძახა, ჩქარა, შენი დახმარება მჭირდებაო და კიბეზე დაეშვა. ყველანი აიშალნენ. პაატას და ირაკლის ზაზაც უკან მიჰყვა, გოჩაც. გზადაგზა მათი ხმამაღალი გადაძახილი ისმოდა.

«ჩორნამ» შეამჩნია, სართულის აივანზე როგორ გამოეფინა უცხო ხალხი. მობილური შორს მოისროლა, მაკას თმაში წაავლო ხელი და დაითრია.

_ შენ მოგიხნავ მინდორ-ველებს, შე ახვარო! გგონია, გადამირჩები? მე შენ მოგძებნი, იცოდე! _ გამოსცრა კბილებში და მოქნეული მუშტი პირდაპირ სახეში სთხლიშა ისედაც დამფრთხალ ქალს. მაკა იატაკზე გაიშხლართა და გონი დაკარგა.

«ჩორნა» კარისკენ გაქანდა. კარგა ხანს ეწვალა, სანამ გააღებდა. თავი ვერ მოაბა საკეტს. ამასობაში ირაკლის «ვოლვოც» მოადგა კორპუსს. ბიჭები სადარბაზოში შეცვივდნენ. «ჩორნამ» როგორც იქნა, გააღო კარი და პირდაპირ ზაზას დაეჯახა. გაქცევა სცადა, მაგრამ ვინ გაუშვებდა!

_ სად გარბიხარ, მე შენი! _ პერანგის საყელოში ჩაავლო ზაზამ ხელი, _ მოდი აქ! _ დაიქნია უცებ ისედაც გალეული მამაკაცი და კედელს მიანარცხა.

ოთახში შეათრიეს თითქმის გათიშული. გოჩა მაკას მივარდა, წამოაყენა და დივანზე მიაწვინა, ასხა და ასხა წყალი, სანამ მოასულიერებდა. მაკას თვალი ჩალურჯებოდა, ღაწვიდან სისხლი სდიოდა.

სასტუმრო ოთახიდან ირაკლის ხმამაღალი საუბარი მოესმა. ლაპარაკი დიდხანს არ გაგრძელებულა. ბიჭებმა გოჩას დაუბარეს, მაკა ხათუნასთან აიყვანეო, თვითონ კი «ჩორნას» წაავლეს ხელი, ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით გაუყვნენ გზას.

«ჩორნას» ოდისეა იმ დღესვე დამთავრდა. საქმის გარჩევა კუს ტბაზე გაიმართა. ზაზამ თავისი «ცვეტნოი ბაზარი» მოიშველია, ირაკლიმ «გაგებული» ბიჭის ლოგიკა გამოამჟღავნა და ბევრი ილაპარაკეს თუ ცოტა, ბოლოს მაინც მიაღწიეს საერთო შეთანხმებას და «დაბროთი» დაშორდნენ «ჩორნას». იქ ბევრი «რამკიანი» სახელი ითქვა, ბევრი წონიანი «ნარკუშა» დასახელდა, თუმცა საქმე მათი ჩარევის გარეშე მოგვარდა.

_ მორჩა «სხადნიაკი», ყველაფერი გარკვეულია, _ თქვა ზაზამ და «ორბიტის» უკანასკნელი ბალიში პირისკენ გააქანა.

«ვაჟკაცობააყრილი» მომხდური შეხურებული გაუყენეს თავის გზას, თუმცა მაინც კმაყოფილი, რომ მავანთა მხრიდან «გაფუჭებას» გადაურჩა. მართალია, მაკას საქმე მოგვარდა, მაგრამ სამაგიეროდ ხათუნას ჩაუმწარდა დაბადების დღე. სანამ ბიჭები უკან მობრუნდებოდნენ, ერთი სიკვდილი გაათავა. ცრემლი არ მოშორებია თვალებიდან. მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როდესაც ზაზამ კარი შემოაღო და მას ჯერ ირაკლი, მერე კი პაატა მოჰყვნენ უკან. ქალებმა შეკითხვები დააყარეს. მამაკაცები სიტყვაძუნწობდნენ, ისეთი არაფერია, ყველაფერი რიგზეაო, ამდაგვარი პასუხით იგერიებდნენ ცნობისმოყვარეებს.

მაკა მაღლა არ ამოსულა, ხათუნას მოუბოდიშა, ამ სახით სტუმრებს ვერ დავენახვებიო და ინგასთან დარჩა. მაჭარაშვილსაც სხვა რა გზა ჰქონდა, ბარემ კი ერჩივნა გოჩას გვერდით ყოფნა, მაგრამ ამჯერად დათმობაზე უნდა წასულიყო. იძულებული გახდა, სოლიდარობა გამოეცხადებინა მეგობრისთვის. ამასთან, ერთი სული ჰქონდა, დაწვრილებით გაეგო, როგორ შემოეჭრა «ჩორნა» ქალს სახლში. ინგა, მართალია, ძველებურად ისე აღარ ტკარცალებდა, რის გამოც დაქალმა «ტკარცალეტკა» შეარქვა (ამის სურვილი დიდი ხანია, გაქრობოდა,), მაგრამ ცნობისმოყვარე ხასიათს ვერ შეელია. ყოველთვის ცდილობდა, დიდი მონდომებით ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო. კორპუსში თუ რამე ხდებოდა, პირველს თვითონ უნდა გაეგო. აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა! არაფერი გამოეპარებოდა. თუმცა, ჭორიკანა არ იყო, არ უყვარდა ენის მიტან-მოტანა, არც ვინმეს საქციელის გაკიცხვა, განსჯა. ყველას თავის გამართლება აქვსო, იტყოდა. ვისაც როგორც მიაჩნია საჭიროდ, ისე ცხოვრობს, რასაც სიტუაცია კარნახობს, იმას აკეთებსო. მაგრამ ცნობით ყველაფერი უნდა სცოდნოდა. ხომ უნდა ვიცოდე, ჩემგან ორი ფეხის ნაბიჯზე რა ხდებაო, სიცილით იტყოდა ხოლმე.

მაკას თვალები შეუსივდა. მარჯვენა ლოყაც შეშუპებოდა. ინგა დაფაცურდა. ცივი წყლით მობანა ღაწვი, მერე კი სველი ტილო დაადო, ცოტას ჩაგიცხრებაო. მაღალაშვილი ხმას არ იღებდა. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო მდგომარეობიდან.

7 7 7

ხათუნას სტუმრები ნელ-ნელა დაიშალნენ. პირველად ზაზა დაემშვიდობა ყველას, ცხრა საათზე ერთ ადგილას უნდა ვიყო და ვერ დავიგვიანებო. მერე თანამშრომლებმაც დატოვეს სუფრა. გოჩამ ინგას მიაშურა, მალე პაატამაც საქმე მოიმიზეზა, რათა ძმაკაცი მარტო დაეტოვებინა ხათუნასთან.

_ ვერ ვიქეიფეთ, _ დამნაშავესავით გაუღიმა ირაკლიმ ქალს.

_ ჰო. სამაგიეროდ კარგია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

_ ეგ კი… რა ვქნა ახლა მე? მოდი, ხათუნა, მეც წავალ. ძალიან მინდა შენთან დარჩენა, მაგრამ შენც კარგად იცი, რომ არ დავრჩები და რატომაც არ დავრჩები…. იმიტომ და იმიტომ…

ქალმა იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული. «ახლა ჩემი დატოვება იქნება? ასეთ დროს? ხომ იცის, როგორ მინდა მასთან ყოფნა, თანაც ასეთი ჩახშამებული საღამოს მერე? ნუთუ ვერ ხვდება? ნუთუ არ შეიძლება, ერთხელ ისე მოიქცეს, როგორც მე მომესურვება? რატომ აკეთებს ამას, რატომ?» _ ხათუნას სახეზე ეწერა განცდები.

ირაკლის კი საწინააღმდეგო ფიქრები უტრიალებდა თავში. «არ შეიძლება ჩემი დარჩენა. არ მინდა ასეთი ურთიერთობა. არადა, წასვლაც რომ მიმძიმს. ამისთანა ქალის გვერდით ყოფნას რა სჯობს. ყველაფერს დაგავიწყებს ადამიანს. არა, დროზე უნდა მოვუღო ბოლო ამნაირ ყოფას. ამ თვეშივე დავიწერ ჯვარს», _ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, მერე ხათუნას მოლოდინით სავსე მზერას შეხედა, ქვიშისფერ თმაში შეუცურა ხელები და ჩუმად, ძალიან ჩუმად უთხრა:

_ მიყვარხარ, დედოფალო. რა მიქენი ეს ამ ხნის კაცს?!

_ რაღაც არაფერი გეტყობა სამაგისო… _ გაგულისებული ჩანდა ხათუნა.

_ მეტი რაღა უნდა შემეტყოს, ვერც გცილდები, ვერც ვრჩები.

_ საკმაოდ უჩვეულო და უცნაური სიტუაციაა. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა ქალმა.

_ წავალ მე, _ ჩურჩულით თქვა ირაკლიმ და კიდევ ერთხელ დასწვდა მის ტუჩებს. ხათუნა სუროსავით ჩაეხვია, იმაზე მეტი გზნებით, ვიდრე სინამდვილეში სურდა იმ იმედით, იქნებ ვეღარ შემელიოს და დარჩესო. რაღაც მომენტში მამაკაცმა თითქოს ასეც გადაწყვიტა, უკუსვლით ნელ-ნელა ლოჯიისკენ წაიყვანა ქალი, მაგრამ როგორც კი ხათუნა სამზარეულოს ზღურბლზე წაბორძიკდა, მყის გამოფხიზლდა.

_ მე გავგიჟდები ასე. მეტი არ შემიძლია. წავედი, _ ირაკლი მძიმედ სუნთქავდა. დაცვარულ შუბლზე გადაისვა ხელი, ღრმად ამოიოხრა და თავისივე საქციელით უკმაყოფილო ჰოლისკენ გატრიალდა. ხათუნა თვალდახუჭული იდგა ერთ ადგილზე, გაუნძრევლად, თითქოს იატაკზეა მილურსმულიო. კარის გაჯახუნებაზე წარბები ოდნავ შეატოკა და კედელს მიეყრდნო. შეეშინდა, არ წაქცეულიყო.

_ ესეც ასე-ე-ე! ესეც ჩემი დაბადების დღე! _ ხმამაღლა გაესაუბრა საკუთარ თავს, _ მე რომ კაცი ვყოფილიყავი, ასე არ მოვიქცეოდი. ვითომ რომელი უფრო ვაჟკაცური საქციელი იქნებოდა ახლა მისი მხრიდან _ დარჩენა თუ წასვლა? ჰა, ხათუნზი, რას იტყვი შენ? _ შეუძახა თავის ორეულს.

_ ჩემი აზრით, წასვლა, _ უპასუხა ორეულმა.

_ მე მგონია, დარჩენა, _ არ დაეთანხმა ხათუნა, თავი უკან გაადაქნია, ოდნავ, მსუბუქად დაჰკრა კედელს და სიმწრით გაიცინა. მერე არეულ მაგიდას მოავლო თვალი, ცოტა გვიან ავალაგებო, გაიფიქრა, ლოჯიაში გავიდა და ბალიშზე პირქვე დაემხო. სახე ბუმბულებში საგულდაგულოდ ჩამალა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იყვირა. იყვირა გაბმულად, მთელ ხმაზე. თუმცა მისი მოგუდული ხმა მის მეტს არავის გაუგონია.

თითქოს ცოტა გულზე მოეშვა. ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, რა გაეკეთებინა. წამოდგა. ჯერ მაგიდა გაათავისუფლა კერძებისაგან და სათითაოდ ქვაბებში გადაანაწილა, მერე გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაყარა, ხოლო ნასუფრალს პირდაპირ ბუნკერში უკრა თავი. მერე იმაზე დაიწყო ყოყმანი, ჩასულიყო თუ არა ირმასთან, ენახა თუ არა მაკა. უკუაგდო ამაზე ფიქრი. ახლა მაგათი თავი არ ჰქონდა. «ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ. ამას არ ჰქვია ბედნიერება. ამას არაფერი არ ჰქვია», _ ცრემლი მოადგა თვალზე.

ამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გახდა. პატარა რამეზე ბავშვივით აღრიალდებოდა ხოლმე. ახლაც მოუმატა სლუკუნს. სლუკუნი მალე ტირილში გადაიზარდა, ტირილი _ ზლუქუნში…

ზარის ხმამ გამოარკვია. ზარს მალე ფრთხილი კაკუნიც მოჰყვა. საჩქაროდ შეიმშრალა ცრემლები, სახეც მოიწმინდა და უხალისოდ გააღო კარი.

_ იცი, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მაგარ სისულელეს ვაკეთებდი. მივხვდი და დავბრუნდი. ხომ მიმიღებ? _ ზღურბლთან ირაკლი იდგა მობილურით ხელში და ბრალდებულივით შეჰყურებდა ხათუნას.

_ მე კი ვიფიქრე, რაღაც დარჩა-მეთქი, _ არ შეიმჩნია ხათუნამ სიხარული და ოთახში შეუძღვა.

_ რომ დამრჩა, იმიტომაც მოვბრუნდი. მთელი ცხოვრება აქ დამრჩა. ვერ გავძლებ სექტემბრამდე.

ირაკლი სავარძელში ჩაჯდა და მობილური მაგიდაზე შემოდო. ხათუნა მუხლებზე ჩამოუჯდა და მარჯვენა ხელი მხარზე გადახვია.

_ შენ რა, იტირე? _ გამომცდელი მზერა შეავლო მამაკაცმა.

_ ცოტა.

_ ხათუნა! _ ირაკლის ხათუნას მკერდზე მიედო თავი და არ ინძრეოდა.

_ ბატონო! _ გაისუსა ხათუნაც, ახლა ისევ წასვლა არ მოითხოვოსო.

_ დავრჩები, კარგი? ხომ შეიძლება? _ თავი ასწია და თვალებში შეხედა ქალს.

ხათუნას ისე გაუბრწყინდა თვალები, პასუხის გაცემა არც იყო საჭირო, სახეზე უთქმელად გამოეხატა «დარჩი».

_ იცი, რა აზრი მომივიდა თავში? _ უცებ თავი ასწია ირაკლიმ, _ მოდი, როგორც კი მარიამობა დამთავრდება, ჯვარი დავიწეროთ. მე უკვე მეტის მოთმენა არ შემიძლია.

_ არა, ირაკლი, ოღონდ ახლა არა, ძალიან გთხოვ. სექტემბერში ინგამ უნდა იმშობიაროს და არ მინდა ასეთ დროს მივატოვო, _ შეევედრა ხათუნა.

_ რატომ მარტო, მაკა აქ არ არის?

_ მაკა ჩემნაირად ვერ მიხედავს. მე სხვა ვარ მისთვის.

_ რა სასწაული ქალი ხარ! შენ რომ ასე ზრუნავ სხვებზე, ისინი თუ ფიქრობენ შენზე ამდენს?

_ სხვანაირად არ შემიძლია. მე მიყვარს ისინი. მეგობარს როცა უჭირს, მაშინ უნდა დაუდგე გვერდით. სწორად გამიგე, რა. იმედია, ეს ჩრდილს არ მიაყენებს ჩვენს ურთიერთობას, არა? ხომ არ გგონია, რომ ინგას შენ წინ ვაყენებ? უბრალოდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამ დროს ღალატი არ შეიძლება…

_ არა, ერთი წუთითაც არა, მაგრამ მთლად ბოლოში ნუ გადამისვრი, ხანდახან მეც გამიხსენე, კარგი? _ გაუღიმა ირაკლიმ და კვლავ გულში ჩაიხუტა.

ნასვამი თითქოს უფრო სხვანაირი იყო ირაკლი. როგორი _ ამის ახსნა უჭირდა ხათუნას. უფრო გახსნილი, უფრო თავისუფალი, უფრო ძლიერად ამჟღავნებდა თავის გრძნობებს. კოცნაც კი სხვანაირი იცოდა ამ დროს. ხათუნას რაღაც საოცრება ემართებოდა ირაკლის დანახვაზე. თითქოს გრძნობდა, ყველა შეხვედრაზე როგორ შემოდიოდა მამაკაცის სული მის სხეულში და როგორ ავსებდა მას. თითქოს მის სულს უერთდებოდა. თითქოს უფრო ძლიერდებოდა, უფრო თავისუფლად სუნთქვის საშუალება ეძლეოდა, მაგრამ საკმარისი იყო, ირაკლი წასულიყო, მისი სულიც ტოვებდა ხათუნას სხეულს და სრულიად დაცარიელებული ხდებოდა, რაღაცნაირად განძარცვული გრძნობებისაგან.

იმ ღამესაც ასე იყო. თითქოს ერთ სულად და ერთ სხეულად გადაიქცნენ ორივენი. გრძნობდა, ირაკლის თითები როგორ მოწყურებულად ეფერებოდა მის ყველა ნაკვთს, როგორ ეჩურჩულებოდა სასიყვარულო სიტყვებს. ასეთი რამ პირველად ესმოდა მამაკაცისგან. თითქოს სიზმარი იყო ეს ყველაფერი, ლამაზი სიზმარი, უჭირდა ტკბილი ბურანიდან გამოსვლა. ეს იყო პირველი ყველაზე ბედნიერი თეთრად გათენებული ღამე ხათუნას ცხოვრებაში.

7 7 7

გურამმა გულისყურით მოისმინა გოგოების მონაყოლი. თან გასაღებს აწვალებდა ხელში. მაკამ დაუმალა ქმარს «ჩორნას» «შემოტევის» ნამდვილი მიზეზი. უთხრა, ვითომ ქურდობის მიზნით ვიღაც უცხო კაცი შემოეჭრა შინ. დანარჩენი ყველაფერი ისე თქვა, როგორც სინამდვილეში მოხდა. რატომ არ დამირეკეთო, გაბრაზებული ჩაურთავდა ხანდახან. მერე ტელეფონს ეცა, პოლიციაში უნდა დავრეკოო. ძლივს გააჩერა მაკამ. არ არის საჭირო, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთეს ბიჭებმაო.

იმ ღამეს მაკა ირმასთან დარჩა. გურისაც არ დაუძალებია. გვიან ღამით დაემშვიდობა ორივეს და შინისკენ გაეშურა.

7 7 7

26 ივლისს მთელი საქართველო შეძრა გიორგი სანაიას სიკვდილმა. ხათუნა შეძრწუნებული მისჩერებოდა ტელევიზორის ეკრანს, საიდანაც თეთრ პერანგში გამოწყობილი მოღიმარე სანაიას სურათის ქვეშ დიდი ასოებით ეწერა: «გიორგი სანაია დაიღუპა». თავზარდაცემული იდგა. ვერ დაეჯერებინა გიორგის, მისი საყვარელი გიოს არარსებობა. მერე როგორი მეგობრები იყვნენ!

…ხათუნა 18 წლის იყო, გიორგი რომ გაიცნო. სამი წელი მუშაობდნენ ერთად, ერთ გაზეთში. დღევანდელ დღესავით ახსოვს, როგორ შეხვდა პირველად… რედაქციის კარი მორიდებით შეაღო. პირველი, რაც თვალში მოხვდა, დაბალ კარადაზე შემოსკუპებული ლურჯთვალება, დაახლოებით მისი ხნის ბიჭი იყო, რომელიც ფაშასავით ფეხმორთხმული იჯდა, მუხლებზე ბლოკნოტი დაედო და რაღაცას გამალებული წერდა. ლამაზი გოგოს დანახვაზე უცებ შეირხა, ყურები ცქვიტა და კარადიდან ჩამოხტა.

გაიცნეს ერთმანეთი. გაიცნეს და იმ დღესვე დამეგობრდნენ. გიორგი პირველივე წუთებიდან ისე გაუშინაურდა ხათუნას, თითქოს ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. ათ წუთში უკვე ყავის მოდუღება სთხოვა გოგოს.

მერე გაზეთის საქმეები აირია. ხათუნა სხვაგან გადავიდა სამუშაოდ. გიორგიმ ტელევიზიაში ამოყო თავი. ახლა უკვე იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთი წუთითაც არ დავიწყებიათ მეგობრობა, ტელეფონით ხშირად საუბრობდნენ. ახლაც მოულოცა დაბადების დღე. ბოდიში მოუხადა, ჩემი სამსახურის გადამკიდე, ვერ მოვალო.

…ხათუნა მხოლოდ ერთხელ მივიდა გიორგის სამძიმარზე… იმდენად შეძრა ნანახმა, რომ იმ დღიდან შინიდან არ გასულა. თითქოს მიეჯაჭვაო ტელევიზორის ეკრანს. სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. გონებიდან არ შორდებოდა გიორგიზე ფიქრი. «ჩემი გიო გიო სან», _ ერთსა და იმავეს იმეორებდა განუწყვეტლივ. დაკრძალვაზეც კი არ წასულა. ვერ შეძლო. მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი დამთავრდა, როცა გიორგი მიწას მიაბარეს, მიუჯდა მაგიდას და წერილის წერა დაიწყო გაზეთისთვის. თავაუღებლად წერდა, თუმცა კი უჭირდა საჭირო სიტყვების მოძებნა…

ხათუნამ წერა დაამთავრა. შვებით ამოისუნთქა. თითქოს უკანასკნელი ვალი მოიხადაო მეგობრის წინაშე. კიდევ ერთხელ გადაიკითხა წერილი და ბლოკნოტი დაკეცა. მერე პიანინოს მიუჯდა. იშვიათად უკრავდა ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, როცა რაღაც ძალიან უჭირდა. ახლაც ოდნავ შეახო თითები კლავიშებს. მერე ნელ-ნელა «გაუთამამდა» ინსტრუმენტს. ხათუნა უკრავდა. უკრავდა შთაგონებით, თითქოს სურდა, ეს დიდი ტანჯვა მუსიკისთვის ჩაეყოლებინა, მის ჰანგებში გაენელებინა მოუშუშებელი ტკივილი. მელოდიას თან ერთვოდა ქალის ცრემლები, უსიტყვოდ გადმომდინარე თვალებიდან. ხათუნა სამუდამოდ ემშვიდებობოდა მეგობარს, მეგობარს, რომელსაც ვერასდროს მიმართავდა დღეიდან, «გიო გიო სან»; მეგობარს, რომელიც ყელგამოწეული აღარასდროს სთხოვდა მომავალში: «ხათ! ხათ! ხათ! მომიდუღე რა, ყავა!»

7

დღეები ნელ-ნელა წაეწყო ერთმანეთს, ხათუნაც ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან. ამას თან დაერთო ირაკლის მოჭარბებული ყურადღება მის მიმართ. ჯერ იყო და, იპოდრომზე წაიყვანა, ცხენზე ჯირითს შეგაჩვევო; მერე «თავისუფალ თეატრს» ესტუმრნენ, «ჯინსების თაობა» ნახეს. რა თქმა უნდა, ინგა და მაკაც თან ახლდათ. მერე ირაკლი კვლავ დაიკარგა. მთელი კვირა არ გამოჩენილა, ისევ თავის ქაღალდებში «ჩაეფლო», მაგრამ წარამარა ურეკავდა შეყვარებულს, ემანდ შენი თავი ჩემს არყოფნაში არავინ ამწაპნოსო. ხათუნასაც მეტი რა უნდოდა _ დაფრინავდა ბედნიერებისაგან. ინგას უყვებოდა ყველაფერს. ისიც დიდი მონდომებით უსმენდა. თან შეთანხმება ჰქონდათ, მაკასთან არ წამოცდენოდათ ზედმეტი. კიდევ რამე არ მოიმოქმედოსო, ეშინოდა ხათუნას. მაგრამ ამის საშიშროება არსაიდან ჩანდა.

მაკა თითქოს შეიცვალა ბოლო ხანებში. მას შემდეგ, რაც ირაკლის და ხათუნას კინაღამ გაუფუჭა ურთიერთობა, უფრო სხვანაირი გახდა. მიხვდა, ცხოვრების ასე გაგრძელება კარგს არაფერს მოუტანდა, ისევ მეგობრებს უნდა დაყრდნობოდა, იმათ იქით გზა არ ჩანდა. ხომ ნახა, როგორ დაუდგა გვერდში ხათუნაც და ინგაც იმ საბედისწერო წუთებში. თუმცა საკუთარი თავის გატაცების შესახებ ფიქრი თავიდან არ შორდებოდა. «ამ ერთ საქმესაც როგორმე ჩავამთავრებ და მერე დავიწყებ ნორმალურ ცხოვრებას. ბავშვსაც გავაჩენ, თუ საჭირო იქნება. ოღონდ ჩემი დებილი ქმრისგან არა. მაგას მაინც არაფერი შეუძლია. ვეტყვი, ხელოვნურ განაყოფიერებას გავიკეთებ-თქო. ძაან მიხვდება, აი! მაგრამ ვისგან გავაჩინო? ამ ეტაპზე არც არავინ მყავს, არც პერსპექტივა მეჭყანება. ვინ მოვძებნო? ეხ, ირაკლისნაირი მამაკაცი რომ მაპოვნინა! ტუზი დამეცემოდა. არა უშავს, ვიღაცა გამოჩნდება იქამდე. ზღვაზეც ხომ უნდა წავიდე სექტემბერში, «ბარხატნი» სეზონზე. იქ გავიცნობ კაი კაი ტიპებს. ვოტ!» _ გამოიტანა საბოლოო დასკვნა და ერთმანეთში გადახლართული თითები კმაყოფილმა გაატკაცუნა.

7 7 7

ხათუნას გაზეთმა უკვე «ფართხალი» დაიწყო. თანდათან უფრო და უფრო კლებულობდა ტირაჟი. ამას ზაფხულიც დაერთო. აპრილის მერე ხელფასები არ დაურიგებიათ, ჰონორარებზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. თანამშრომლებმაც ნელ-ნელა დატოვეს რედაქცია, ზოგი სად გადავიდა სამუშაოდ, ზოგიც _ სად. მხოლოდ ხათუნა ვერ ელეოდა თავის სამსახურს. ბუნებით ისედაც კონსერვატორი იყო, ადვილად არ შეეძლო ძველიდან ახალზე გადართვა. ვერ ეგუებოდა უცხო გარემოს. წყალწაღებულივით ხავსს ვებღაუჭებიო, მწარე ღიმილით უყვებოდა ნანის, თავის თანამშრომელს. ნანისაც თავისი გასაჭირი ჰქონდა. სააგენტოში აპირებდა გადასვლას, საქმე კი ბევრი მექნება, სამაგიეროდ კარგ ანაზღაურებას მპირდებიანო. მერე, საუბარში, რატომღაც უცებ ჩაურთო, იცი, ირაკლის პირველი ცოლი გამოჩნდა თბილისშიო. ხათუნას გული შეუქანდა.

_ შენ საიდან იცი?

_ იამ მითხრა. ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და იგი არაფერს მიმალავს. გუშინ საღამოს მომიყვა, მაგათთან მისულა სახლში. ვერ მოვითმინე, არ მეთქვა შენთვის.

_ მერე?

_ მერე რა, ირაკლის დაუფრენია, მეორეჯერ არ დაგინახო აქ მოსულიო.

_ რა მინდაო, რისთვის მისულა?

_ შემირიგდიო. თავში ტვინი არ მქონდა მაშინ, ასაკითაც პატარა ვიყავი და მეგონა, სიმდიდრეში ვპოვებდი ბედნიერებასო, წარმოგიდგენია? იას ჩაუვარდა თურმე ფეხებში, როგორმე შემარიგე შენს ძმასთან, უიმისოდ ჩემს სიცოცხლეს აზრია არა აქვსო. ისე, ოფიციალურად კი არ არიან გაყრილები თურმე. ალბათ, მოითხოვს თავის წილს ქონებიდან.

_ ხო მაგრამ, როცა ირაკლის ცოლი იყო, მაშინ ხომ არ ჰქონდა მას ამდენი რამე? მე როგორც ვიცი, ძალიან ღარიბი ყოფილა. თან საერთო შვილიც არ ჰყავთ.

_ მართალია, მაგრამ ირაკლი ისეთი თავმოყვარეა, ზედმეტს არ ალაპარაკებს მაგას. ალბათ, რომ მოსთხოვოს, მაინც მისცემს რაღაცას. ზედმეტად არ გაახმაურებს ამ ამბავს.

ამით დაამთავრეს საუბარი. ხათუნას ახალი საფიქრალი გაუჩნდა. ერთი პერიოდი ისიც კი გადაწყვიტა, შევახსენებ ტაბიძეს და, როგორც თვითონ სურდა, ახლავე ჯვარს დავიწერო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. არ მოინდომა, დაეჩქარებინა მოვლენები. ამას შეიძლება მეტი უსიამოვნება მოჰყოლოდა. თუმცა, დალი დევდარიანზე ფიქრი ერთი წუთითაც არ შორდებოდა თავიდან.

შაბათ საღამოს კვლავ დაურეკა ირაკლიმ. გორში ვარ, ქაღალდი უნდა შემოვიტანო და დაცვას ველოდებიო. სანამ ისინი მოვლენ, შემიძლია შენთან საუბრით გავერთო, ამაზე უკეთესს რას გავაკეთებო. ირაკლის სიტყვა არ დაუძრავს ყოფილი ცოლის თაობაზე. არც ხათუნას დასცდენია რამე. კარგა ხანს ილაპარაკეს. ქალმა გული იჯერა მამაკაცთან საუბრით.

_ აჰა, დაცვაც გამოჩნდა, წავედი აბა, _ ირაკლი ნაჩქარევად დაემშვიდობა ქალს.

სახეგაბადრულმა ხათუნამ მობილური გათიშა და სარკეში ჩაიხედა. თავი გვერდზე გადასწია და თავის ორეულს დაეჯღანა.

უეცრად შემოსასვლელში ზარის ხმა გაისმა. თითქმის სირბილით მივიდა კართან. ისე იყო გახარებული, ახლა ვინც უნდა ყოფილიყო, ყველას დიდის ამბით მიიღებდა. მაგრამ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, კარი რომ გააღო… ზღურბლთან უცნობი, მაგრამ ძალიან, ძალიან ლამაზი ქალი იდგა. ხათუნა მიხვდა _ ეს დალი იყო, დევდარიანი.

888

რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალები თვალით ზომავდნენ ერთმანეთს. მოსულს საოცრად ლამაზი სახე ჰქონდა _ მაღალი, ოდნავ კეხიანი ცხვირი მედიდურ იერს აძლევდა მის ოვალურ სახეს, გრძელი, ამოუქნელი წარბები თითქოს კონტურივით გასდევდა კაკლის მურაბასავით შავ, წყლიან თვალებს. მოლურჯო ფერის ბზვინვარე, სწორი თმა მხრებზე ჩამოყროდა, ხოლო იასამნისფერი პომადით შეღებილი სქელი ტუჩები კიდევ უფრო აფერმკრთალებდა დალის ისედაც თეთრ პირისახეს. თავზე მზის სათვალე დაემაგრებინა. ხათუნაზე ცოტათი თუ იქნებოდა უფროსი, ასე, ოთხი-ხუთი წლით, თუმცა, ერთი შეხედვით, უფრო მეტს მისცემდა კაცი.

ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, გრძელი, წელზემოთ გადაჭრილი და ნაკეცებად ასხმული. კაბა გამჭვირვალე იყო. იმდენად გამჭვირვალე, რომ შიგნიდან სხეულის ყველა ნაკვთი გამოკვეთილად მოუჩანდა. ხათუნაზე მაღალი ჩანდა, თეძოებიც ძალიან მაღალი ჰქონდა. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მის ნაკლად მიეჩნია გარეშე თვალს, ოდნავ შესამჩნევი მუცელი იყო.

«საშიში მეტოქეა», _ გაიფიქრა ხათუნამ. კარს მხრით მიეყრდნო და მარჯვენა ხელით დოინჯი შემოიყარა. თვითონ ხაკისფერი შორტი ეცვა, ზემოდან _ უსალტეებო მწვანე ფერის მაისური, პატარა გოგოსავით ჭიპი მოუჩანდა. ამ ფორმაში ყოველთვის მოსწონდა საკუთარი თავი.

_ შენა ხარ ხათუ…

_ გახლავართ, _ მკვახედ მოუჭრა ხათუნამ.

_ მე შენ არ მიცნ…

_ გიცნობთ, _ კვლავ უკმეხად გააწყვეტინა.

დალის ენა დაება. ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ელოდა. თითქოს სათქმელი გადაავიწყდაო, ვერ გაერკვია, როგორ მოქცეულიყო. ბოლოს, როგორც იქნა, თავი მოაბა სათქმელს:

_ ძალიან კარგი, თუ მიცნობ. უფრო გაგვიადვილდება საუბარი. მე საქმეზე ვარ მოსული, _ მასპინძლის უკმეხობა არად ჩააგდო «საშიშმა მეტოქემ».

ხათუნას უკვე მუხლები ეკვეთებოდა. ფეხი მოინაცვლა, რომ არ წაქცეულიყო. გრძნობდა, როგორ უთრთოდა სხეული. ვერ ხვდებოდა, რა იყო ეს _ შიში თუ აღშფოთება, რომ დალის ეყო სითავხედე, მასთან მისულიყო რაღაც-რაღაცების გასარკვევად. არა, უფრო ალბათ, პირველი _ შიში, ირაკლის დაკარგვის ხელახალი შიში. ამისთანა ქალის წინაშე ძნელია, გაუძლო ცდუნებას, მაგრამ ყველაფერ იმის მერე, რაც დალიმ ქმარს გაუკეთა, შერიგებაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მაშინ რიღას იმედი უნდა ჰქონოდა ქალს? ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდა ხათუნას, თუმცა, კაცისას რას გაიგებ… აი, თუნდაც მამამისი…

7 7 7

ნანამ (ხათუნას დედამ) ქმარი რომ მიატოვა, ხელმეორედ გათხოვდა, ამჯერად იმერეთში, მაგრამ ზუსტად სად, არ იცოდა ხათუნამ _ ზესტაფონში თუ თერჯოლაში, სადღაც ამ ტერიტორიაზე. იმ კაცთანაც გოგო გაუჩნდა. სამი წელი რომ გავიდა, ახალ ქმარს რაღაც საქმიანი გარიგება ჩაუვარდა და დაიჭირეს. ჩააყუდეს ციხეში, მთელი ხუთი წლით. ნანამ კი არ ისურვა, ბატონო, დალოდებოდა მეუღლეს და რამდენიმე თვეში დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად. ერთი სიტყვით, გაშორდა ქმარს. გაშორდა და მაშინვე რეზოს (ხათუნას მამას) მიაშურა ხვეწნა-მუდარით, შემირიგდი, ამდენი წელი თურმე მხოლოდ შენ მყვარებიხარ და ვერ ვხვდებოდი, მეორედ რომ გავთხოვდი, მერე მოვეგე გონს და მწარედ ვნანობ ჩემს საქციელსო. მამამისმა თავდაპირველად ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სხვა კაცთან ნაწოლ ცოლს შინ არ დავისვამო, მაგრამ ერთი დღეც არ გასულა მათი შეხვედრიდან, რომ უკან გაეკიდა, თანახმა ვარ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ბავშვს მაინც ნუ მოვუწამლავთ ცხოვრებასო. ხათუნას ბებია რომ არა (მამის დედა), ისინი შერიგდებოდნენ კიდეც, მაგრამ თავადის შთამომავალმა ქალმა, დიდებული კაცის ქვრივმა, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, არ შელახა ოჯახის პრესტიჟი, საკუთარი თავმოყვარეობა და რძალსა და შვილს შუა მურმანის ეკალივით გაეჩხირა. მაშინ ბევრი ინერვიულა რეზომ, ერთი პერიოდი სმაც კი დაიწყო, მაგრამ ისევ დედამისმა უშველა. სამ თვეში «ცინცხალი» ქალი მოუყვანა ცოლად, პირდაპირ შინ დაუსვა. იცით, როგორ მოხდა? ერთ მშვენიერ საღამოს, შინ მოსულ თვალებჩაწითლებულ და ლოყებაღაჟღაჟებულ რეზოს სახლში კაი ბუთხუზა, მრგვალსახიანი შავგვრემანი ქალი დახვდა. დედამ გამოუცხადა, ეს შენი ცოლია და დღეიდან მიხედე, ოჯახს რჩენა სჭირდებაო. ხათუნას მამას ხმა არ ამოუღია. ერთი კი შეათვალიერა თავისი ახალგამომცხვარი ცოლი და… მორჩილად მიენდო ბედს. ხათუნა ბებიამ დაიტოვა, ამას მე გავზრდი, თქვენ ტვირთად არ აგკიდებთ, საკუთარ თავს მიხედეთო.

ამასობაში არც ნანას დაუკარგავს დრო უქმად. დიდად არ განუცდია პირველ ქმართან საქმის ჩაფუშვა, ორი კვირაც არ გასულა მათი შეხვედრიდან, რომ დაჰკრა ფეხი და მესამედ გათხოვდა. ამჟამად გურიაში, ვიღაც ღელეყვას გაეკიდა. მეორე გოგონა კი (მგონი, იმასაც დალი ჰქვია), დედამისს დაუტოვა გასაზრდელად. ასე, ყველა გათხოვების შემდეგ, ლოკოკინასავით კვალს ტოვებდა თავის უკან შვილების სახით. იმ დღიდან ხათუნას დედა არ უნახავს. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი წელი გავიდოდა მას შემდეგ, რამდენ ტკივილს გადაიტანდა დედადავიწყებული გოგო. ახლა რომ ქუჩაში შეხვდეს, ვერც იცნობს, ისე ჩაუვლის გვერდით. ან კი როგორ უნდა იცნოს, ხუთი წლის ასაკიდან თვალიც არ მოუკრავს მშობლისთვის. ნეტავ, რას ფიქრობს საერთოდ, არ ენატრება მაინც შვილი?..

7 7 7

_ სიმართლე რომ გითხრა, მე უფრო სხვანაირად დამიხასიათეს შენი თავი, _ თითქოს დანანებით თქვა დალიმ და წარბზე გადაისვა თითი, _ აბსოლუტურად განსხვავებულ ხათუნას ველოდი, _ ბოლოში გაღიმება სცადა.

_ იცვლება დრო, ვიცვლებით ჩვენც, _ უდიერ ტონს არ თმობდა ხათუნა, თან უკვირდა, ასეთი რამეები არ სჩვეოდა ხოლმე და ახლა რა ჯანდაბა ემართებოდა…

_ შეგიძლია, ადამიანურად დამელაპარაკო? _ მთომინების ძაფი გაუწყდა ბოლოს დევდარიანს.

_ მობრძანდით, შინ ვისაუბროთ, _ ხათუნა დათმობაზე წავიდა, განზე გადგა და მეტოქე წინ გაატარა.

ლოჯიაში გავიდნენ. დალი სავარძელში ჩაჯდა, სათვალე მოიხსნა შუბლიდან და მაგიდაზე დადო.

_ ცივ წყალს ვერ დამალევინებ? _ ისე შინაურულად მიმართა ხათუნას, თითქოს ბავშვობიდან იცნობდა.

_ ახლავე, _ ხათუნა სამზარეულოსკენ გატრიალდა. დაძაბულობა არ შორდებოდა.

…დალიმ სვენებ-სვენებით გამოცალა ჭიქა.

_ კიდევ?

_ არა, გმადლობთ.

_ ყავას ხომ არ დალევთ? _ მასპინძლის ეტიკეტი დაიცვა ხათუნამ.

_ ძალიან თუ არ შეგაწუხებ…

_ ცივი თუ ცხელი?

_ ცივი მირჩევნია.

სანამ ხათუნა ყავას ამზადებდა, დალიმ ოთახი შეათვალიერა. მოეწონა იქაურობა. ირაკლის «ახალ მუზას» გემოვნებით ჰქონდა სახლი მოწყობილი. თეთრად შეღებილ კედლებს ჰარმონიულად ერწყმოდა ბატისტის ქსოვილის კრემისფერი ფარდები. ფანჯრის რაფაზე ლამაზი ქოთნები იყო ჩამწკრივებული ოთახის ყვავილებით.

_ ინებეთ, _ ხათუნამ ორი ჭიქა აქაფებული ყავა შემოიტანა.

_ დიდი მადლობა… ხათუნა, შეგიძლია შენობით მელაპარაკო?

_ არა, _ ცივად გაისმა ხათუნას ხმა.

_ რატომ არა? _ გაეღიმა დალის.

_ მე შენობით მხოლოდ კარგ ნაცნობებს ვესაუბრები.

_ ესე იგი, მე ცუდი ნაცნობი ვარ? _ კვლავ გაიღიმა ქალმა და თეთრი, თანაბრად ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა.

_ მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. არ გვინდა ეს შორიდან მოვლა. მითხარით, რა არის თქვენი ვიზიტის მიზეზი თუ მიზანი და დავამთავროთ, _ ხათუნამ ფეხი ფეხზე გადაიდო და ყავა მოწრუპა.

_ იცი, რომ მოვდიოდი, ერთ რამეს ვფიქრობდი მხოლოდ. ახლა თუ სახლში დამხვდა, ესე იგი, აუცილებელი ყოფალა-თქო ჩვენი შეხვედრა და თუ არ დამხვდა, ზნატიჩ, არაფრის გარკვევა არ არის საჭირო-მეთქი. რადგან შინ დამხვდი, როგორც ხედავ, საჭირო ყოფილა.

_ ჩვენ რამე გვაქვს გასაყოფი? _ ხათუნამ თავი გვერდზე გადასწია და თვალები ოდნავ მოჭუტა.

დალის პასუხი არ გაუცია. ჩანთიდან «მაგნას» კოლოფი და სანთებელა დააძრო და სიგარეტს მოუკიდა.

_ კარგი ყავაა, _ თქვა და საფერფლე ახლოს მიიწია, _ შენ არ ეწევი?

_ არა, _ იცრუა ხათუნამ, თან ნერვები ეშლებოდა, ქალი ლაპარაკის დაწყებას რომ აჭიანურებდა.

_ რაც შეეხება «რამის გაყოფას» _ რამე არა, მაგრამ ვინმეს გაყოფა ნამდვილად მოგვიწევს, _ საკმაოდ გამომწვევად დაიწყო დალიმ და სიგარეტის ბოლი ცხვირიდან გამოუშვა.

_ კენჭი უნდა ვყაროთ, თუ… _ დამცინავად გაისმა ხათუნას ხმა.

_ არა, რა თქმა უნდა. ყველაფერი იმისდა მიხედვით მოხდება, ვის მეტი პრივილეგია აქვს მინიჭებული.

_ ვერ გავიგე? _ ხათუნამ ფეხები აიკეცა და მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში.

_ ლამაზი მუხლისთავები გაქვს, _ შენიშნა დალიმ და მზერა მის ფეხებზე გადაიტანა.

_ ვიცი. უკეთესი იქნებოდა, ჩვენს «პრივილეგიებზე» გვესაუბრა…

_ შენც მართალი ხარ, _ დალიმ ღრმა ნაფაზი დაარტყა, _ საქმე იმაშია, რომ მე ირაკლის დიდი ხანია, ვიცნობ.

_ ჩემთან ვინ მოგასწავლათ? _ მოურიდებლად გადაუხვია საუბრის თემას ხათუნამ.

_ ამას რა მნიშვნელობა აქვს…

_ ჩემთვის _ ძალიან დიდი.

_ კარგი, თუ ასე ძალიან გაინტერესებს, შენი ამბავი თავად ირაკლისგან გავიგე.

ხათუნამ წარბები აზიდა გაკვირვების ნიშნად.

_ ჰო, ირაკლისგან. მე ყველაფერი ვიცი. ისიც ვიცი, რომ… _ აღარ დაამთავრა ფრაზა.

ხათუნას ცივმა ოფლმა დაასხა, შეაჟრჟოლა. «დავიჯერო, ამას მოუყვა ყველაფერი?» _ გაიფიქრა გაგულისებულმა. უფრო აიტანა კანკალმა.

_ ისიც ვიცი, რომ სექტემბერში აპირებთ ჯვრისწერას, _ გააგრძელა ქალმა.

ხათუნას ოდნავ მოეშვა გულზე.

_ მაგრამ… არის ერთი მაგრამ, _ დალი კვლავ გაჩუმდა, სიგარეტი ჩააქრო და თვალებში შეხედა მეტოქეს, _ ჩვენ ოფიციალურად ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვართ და ჩემ გარეშე დაქორწინებას ვერ ეღირსებით.

_ თქვენი ცოლ-ქმრობა, მე რამდენადაც ვიცი, დიდი ხანია, მხოლოდ ქაღალდზეღაა დარჩენილი. ასე არ არის?

_ ასეა, გეთანხმები. მაგრამ ირაკლის მე ისევ ისე ვუყვარვარ. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. არ ვიცი, შენ რას გეუბნება, მაგრამ… ჩვენი ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ასე ადვილად არ შეიძლება იმის დავიწყება.

_ ყველა ურთიერთობას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრულიც, _ არ დაუთმო ხათუნამ.

_ აქვს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცოტა სხვანაირადაა საქმე. მეც მეგონა, ირაკლი არ მიმიღებდა, ერთ ამბავს დამაწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ათი დღეა, რაც ჩამოსული ვარ და… ჩემდა გასაოცრად, უფრო უკეთ წავიდა საქმეები, ვიდრე ველოდი… არ გჯერა? _ მსახიობის ღიმილი ესროლა დალიმ.

_ დამაჯერეთ, _ თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ხათუნამ.

_ თავიდან კი ახტა-დახტა, მაგრამ მერე თვითონვე დამირეკა, შემხვდა კიდეც. რა ვიცი, ეს დღეები სულ მირეკავს, მელაპარაკება. აჰა, შენ თვითონ ნახე, ჩემი თუ არ გჯერა, _ ქალმა ჩანთიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო. კომპიუტერზე ამობეჭდილი მობილურზე ნალაპარაკევი ნომრები იყო ზედ აღრიცხული.

_ აი, ეს ჩემი ნომერია, შეხედე?! ერთი, ორი, სამი… აგერ ოთხი, ხუთი… ახლა წუთებს შეხედე! ხედავ? რაც მეტჯერ მირეკავდა, მით უფრო დიდხანს მელაპარაკებოდა.

ხათუნა არ განძრეულა. შორიდან შეავლო თვალი გაშლილ ქაღალდს. დალის წითელი ხაზი გაესვა თავისი მობილურის ნომრებისათვის. ცუდად გახდა. შეეცადა, როგორმე მოეთოკა თავი. ხომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ბინძური პროვოკაცია ყოფილიყო და სხვა არაფერი.

_ ამ საღამოს კიდევ კაზინოში მივდივართ, თვითონ დამპატიჟა, _ მთლად მოუღო ბოლო ქალმა.

_ თუკი ყველაფერი ასე გაქვთ აწყობილი, ჩემთან რაღას მოდიოდით? თქვენ უჩემოდაც მოგიგვარებიათ ურთიერთობა. მე რაღა «მევალება»? _ ხმა გაებზარა ხათუნას, მხრები აიჩეჩა და ნემსივით გაუყარა თვალი თვალში დალის.

_ მომისმინე, გოგონი. მე შენთვის ცუდი სულაც არ მსურს. შენთან სამტროდ არ მოვსულვარ. უბრალოდ, მშვიდად მინდა გავარკვიოთ ყველაფერი. მე მჭირდება ირაკლი. როცა ჩვენ ცოლ-ქმარი ვიყავით, ერთი ბედნიერი დღე არ მინახავს მის გვერდით. გაჭირვებაში მხდებოდა სული. ამიტომაც გავექეცი. მერე თვითონ ჩაიდინა სისულეები და მეც ვერ ავიტანე მისი უაზრო საქციელი. მაგრამ მაშინ ორივენი ახალგაზრდები ვიყავით, გამოცდილება გვაკლდა. ახლა კი… ხომ იცი, ასაკს თავისი გააქვს. ჯერ კიდევ შეიძლება რაღაც-რაღაცების გამოსწორება. ირაკლი სხვანაირი ტიპია, მე მას ვუყვარვარ და პატიებაც შეუძლია. სხვათა შორის, ძალიან ადვილადაც… შენ… შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, თავიდან დაიწყებ ცხოვრებას. ირაკლითი ხომ არ მთავრდება საკაცეთი…

ხათუნა ხმას ვერ იღებდა. ისიც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ ელაპარაკა «საზიარო» მამაკაცს, მაინც შეეშინდა, დაეცვა თავისი თავი, თავისი სიყვარული… უცებ რაღაც მოაგონდა.

_ ესე იგი, საღამოს კაზინოში მიდიხართ? _ ჰკითხა მოულოდნელად.

_ ჰო.

_ კი მაგრამ, ირაკლი რომ არ არის თბილისში?

_ ვიცი, რომ არ არის. ისიც ვიცი, რომ გორშია, მაგრამ რვისთვის ჩამოვა და გამომივლის. შენ გგონია, გატყუებ? _ გაიცინა დალიმ და კვლავ გამოაჩინა ლამაზი კბილები.

_ მეც ველაპარაკე მას ნახევარი საათის წინ, მაგრამ სულ სხვა გეგმები ჰქონდა, _ შეტევაზე გადასვლა დააპირა ნირწამხდარმა.

_ მომისმინე, ხათუნა. შენ სულ ერთი წელია, რაც ირაკლის იცნობ, მე კი _ მთელი საუკუნე. ჯერ ერთი, არ შეიძლება ასე მოკლე დროში გაცნობილ ადამიანს დაუკავშირო მთელი ცხოვრება. მისთხოვდები და რამდენიმე თვეში მიხვდები, რომ სულაც არ გყვარებია, ან ისეთი არ ყოფილა, როგორიც გეგონა და რა ვიცი, მერე ათასი რაღაც ამოტივტივდება. შენ ახლა მხოლოდ გგონია, დაბრმავებული ხარ მისი სიყვარულით. იგი არც ისეთი მილენკია, როგორც თავს გაჩვენებს და თუ რამე გხიბლავს მასში, ეს მხოლოდ მისი ფულებია. მე სრულებით მესმის შენი. კაკ რაზ, მეც მანდა ვარ.

_ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენი ხომ გყავთ ქმარი… გემის კაპიტანი… ნუთუ ასე მწარედ ასცდა კურსს? _ მწარედ ჩაუკრა.

_ ეს შენი განსასჯელი თემა არ არის. არ მესმის, რატომ გაღელვებს ჩემი წარსული ეგრე ძალიან?

ხათუნას პასუხი არ გაუცია. არ ღირდა თავის მართლება ქალთან, რომელსაც ანგარიშით მიჰყავდა მთელი თავისი ცხოვრება. მასთან არ შეიძლებოდა ე.წ. მაღალ იდეალებზე საუბარი, შეიძლება არც ესმოდა მათი მნიშვნელობა…

_ თქვენ რამდენი ხნის ნაცნობობის შემდეგ დაქორწინდით? _ ჰკითხა უცებ.

_ ჩვე-ენ?.. ჩვენ… სულ რაღაც ორი თვის… ამიტომაც დაგვენგრა ოჯახი, თუმცა კი ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად.

_ ჰმ… ხუთი წელი… ორი თვის ნაცნობობით თუ შეძელით ხუთი წელი ერთად ცხოვრება, მაშინ მე თქვენზე ბევრად უკეთესი შანსი მქონია, ქალბატონო დალი (ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა). მე წელიწადია, ვიცნობ მას. გამოდის, რომ ყოველ ორ თვეზე მასთან ცხოვრების ხუთი წელი რეცეპტივით მაქვს გამოწერილი. არც ისე ცოტა დროა… _ მზაკვრულად ჩაიცინა.

დალის ფერი ეცვალა. მიხვდა, აშკარად დასცინოდა ქალი, ქულებს იწერდა თავის სასარგებლოდ.

_ მე მგონი, ეგ არ არის სახუმარო თემა, _ სხვა ვერაფერი თქვა.

_ ღმერთო ჩემო, რატომ ვიშლით მე და თქვენ ნერვებს რაღაც უაზრო ლაპარაკით, ვერ ამიხსნია. რაც უნდა ვიჭიდაოთ ახლა ერთმანეთთან ლაპარაკით, წყლის ნაყვა იქნება და მეტი არაფერი. ჩვენ შეიძლება, ორივეს ძალიან გვინდა ირაკლის გვერდით ყოფნა და მისი ქონების თუ ქმრობის «ხელში ჩაგდება», როგორც თქვენ ხსნით ამას თქვენებურად, მაგრამ ბოლო სიტყვა ხომ მაინც მასზეა, არა? არჩევანი ხომ ირაკლიმ უნდა გააკეთოს. აი, თქვენ და მე რატომ ვტილაობთ, ვერ გამიგია, _ ბოლო სიტყვა ძველი ბიჭივით დაახეთქა ხათუნამ და წამოდგა. იმდენად ოფიციალური გაუხდა სახე, დალი მიხვდა, აუდიენცია დამთავრებული იყო. თვითონაც ადგა, ჯერ ჩანთას დაავლო ხელი, მერე _ სათვალეს, ისევ თავზე დაიკოსა, ფანჯარაში გაიხედა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:

_ შენ ჩემზე უკეთესი მსახიობი ყოფილხარ, მაგრამ მაინც ვერ მაჯობებ, _ ამ სიტყვებით სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან ისე, რომ ხათუნასკენ არ გაუხედავს.

ხათუნა ვერ მიხვდა, რაში გამოიხატა მისი ესოდენ მოჭარბებული სამსახიობო მონაცემები, თუმცა შედეგით კმაყოფილი დარჩა. თეძოების რხევით მიმავალი დევდარიანი კარამდე მიაცილა და მის უკანმოუხედავად ნასროლ «კარგად ბრძანდებოდეს» კარის მიჯახუნებით უპასუხა.

7 7 7

უკვე აღარ ემორჩილებოდა მუხლები. იქვე, შემოსასვლელში ჩაიკეცა.

_ ღმერთო, რა დაგიშავე ამისთანა, რა სატანჯველად მიქციე ამ კაცთან ურთიერთობა, _ ხმამაღლა წარმოთქვა და თავი ხელებში ჩარგო. ვინ იცის, რამდენ ხანს იჯდა ასე. ბოლოს გადაწყვიტა, ინგასთან ჩასულიყო. ახლა რომ ვინმესთვის გული არ გადაეშალა, მოკვდებოდა კიდეც. მობილურს ხელი დაავლო და დაქალისკენ გასწია.

…ინგას ქვედა ტუჩი კბილებშუა მოექცია და თვალებგაფართოებული უსმენდა მეგობარს, ხანდახან შუბლზე შემოირტყამდა ხოლმე ხელს.

_ კი მარა, ხომ ჰყავდა ქმარი, სად სიკვდილში წავიდაო, _ ჰკითხა ბოლოს.

_ არ ვიცი, მაგ კითხვაზე არ მიპასუხა. რა დღეში ჩამაგდო, რომ იცოდე. ხომ გეუბნები, თავის დაცვის საშუალება არ მომცა, გინდა თუ არა, ირაკლის მე ვუყვარვარ და არა _ შენო.

_ და შენც დაუჯერე, არა?

_ არა, არ დავუჯერე, მაგრამ… არ ვიცი, იცი, მე აღარაფერი გამიკვირდება, შენც კარგად უწყი…

_ ნუ ბოდიალობ სისულეებს. დაურეკე ირაკლის და მოუყევი ყველაფერი.

_ ღირს კი?.. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

_ როგორ მოიქცე და როგორც საჭიროა, ისე. აბა, იმას უნდა ელოდო, როდის დაგაწერს კაცს? ცოტა უნდა იაქტიურო. თუმცა, შენ რას გასწავლი ჭკუას, მე თვითონ ისეთ დღეში ვარ, რომ… _ წამოიწყო უცებ ირმამ.

_ შენ რაღა გემართება?

_ გოგო.. არ ვიცი, როგორ ვთქვა… შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც არ მომწონს მაკას და გოჩას ურთიერთობა ამ ბოლო ხანებში.

_ რა ურთიერთობა? _ ცუდად მოხვდა ხათუნას გულზე.

_ რა და… ეს ოთხი-ხუთი დღეა, რაღაც საიდუმლოებები გაუჩნდათ, ყოველ საღამოს საეჭვოდ პუტუნობენ აქ, ჩემ თვალწინ. გოჩა ხომ საღამოობით ამოდის ხოლმე. ადრე ასე ხშირად არ მოდიოდა. ახლა თითქმის ყოველდღე ჩემთანაა. ცოტა ხანს რჩება, მერე კაზინოში გარბის. ხომ იცი, ვერ ტოვებს იქაურობას დიდი ხნით… ჰოდა, მაკაც აქ ხვდება დაბარებულივით, მერე ერთად მიდიან. პირველ ორ დღეს არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ მერე დამარტყა თავში, რამეს ხომ არ მაიმუნობენ-მეთქი. არ ვიცი, ხათო, შეიძლება ვცდები და არც არაფერი ხდება, მაგრამ… ხომ იცი, ეშმაკს არ სძინავს.

_ იქნებ რამე საქმეზე ლაპარაკობენ და შენ, უბრალოდ, აზვიადებ? _ ხათუნას ცუდად ენიშნა მაკას და გოჩას ეს ალიანსი.

_ შეიძლება. ვიფიქრე, იმ თავისი გატაცების გეგმებზე ხომ არ უთანხმდება-თქო. იქნებ მაგ საქმეში უნდა გოჩას გაყვანა. არ ვიცი, პირდაპირ არ ვიცი, რა ვიფიქრო.

_ ნუ სულელობ. კაცი მეცხრე ცაზე დაფრინავს ბიჭის მოლოდინში, რა დროს ეგ არის, _ დაამშვიდა ხათუნამ, მაგრამ მაინც მტკიცედ გადაწყვიტა, მაკა ენახა და გაერკვია, რა ხდებოდა სინამდვილეში.

კარგა ხანს იჯდა ინგასთან. ხანდახან თავის მობილურს გადახედავდა, იქნებ ირაკლიმ დამირეკოსო, მაგრამ ტელეფონი ჯიუტად დუმდა. ერთი-ორჯერ ბატარეებიც შეამოწმა, ხომ არ დაჯდაო. არა, მშვენივრად იცოდა, რომ მობილურს შესამოწმებელი არაფერი სჭირდა, მაგრამ მაინც, რაღაცით უნდოდა თავი დაემშვიდებინა. ბოლოს ვეღარ მოითმინა. უკვე ცხრა საათი ხდებოდა.

_ ინგა, მოდი, დაურეკე ირაკლის და შენ ელაპარაკე.

_ რა ვუთხრა მერე?

_ ჰკითხე, შენთან ხომ არ არის-თქო. ექვსითვის ჩამოიარა ჩემთან, ძალზე აფორიაქებული ჩანდა. მითხრა, მალე მოვალ და აქამდე არ გამოჩნდა-თქო. მობილურიც გამორთული აქვს, ვერაფრით ვახერხებ დაკავშირებას-თქო. ცოტა ინერვიულოს, არაფერი უჭირს. კარგი?

_ კარგი, ჰო.

ინგამ ტელეფონის აპარატი ახლოს მოიწია და რვიანი აკრიფა. ზუმერს დაელოდა, მერე ირაკლის მობილურის ნომერიც მიაყოლა. მამაკაცმა ცოტა ხანს დააყოვნა პასუხის გაცემა. ინგამ ჯერ თბილად მოიკითხა, მერე ხათუნას დანარიგები სიტყვასიტყვით გაიმეორა.

_ ვა! სად უნდა წასულიყო! _ ცოტა არ იყოს, შეშფოთდა მამაკაცი, _ არც მაკასთან არის?

_ არა, ყველგან დავრეკე და ვერ მივაგენი. შენ სადა ხარ ეხლა?

_ მე კაზინოში ვარ, გოჩასთან… კარგი, ინგა, მე ვეცდები, რაღაც მოვიფიქრო. ბოლო-ბოლო გამოჩნდება, აბა რა იქნება!

ინგამ ყურმილი დაკიდა და დაქალს შეხედა. ხათუნა გაფითრებული იჯდა, ხელში ქსელიდან გამორთული მობილური ტელეფონი ეჭირა.

888

ხათუნა ძლივს ალასლასდა კიბეზე. სახლში შევიდა თუ არა, მაშინვე საწოლზე მიესვენა და დაზაფრული ფიქრებს მიეცა. «ნუთუ მართალი მითხრა იმ ქალმა, ნუთუ მართლა ერთად არიან კაზინოში? რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ირაკლი, ალბათ, დამიმალავს სიმართლეს. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, კი ბატონო, ასე იყო, ჩემს ყოფილ ცოლს პატივი დავდეო?» ცრემლები წასკდა. თავს ვეღარ თოკავდა უკვე. კარგა ხანს ტიროდა გულამოსკვნილი. მერე თანდათან ჩაწყნარდა.

ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. ერთი საათიც არ გასულა, რომ ირაკლი შინ მიადგა. ხათუნამ კარი გაუღო. ნამტირალევი თვალები ჩასწითლებოდა.

_ რა დაგემართა, ხომ მშვიდობაა? _ შეშფოთება გაისმა მამაკაცის ხმაში.

_ არაფერი, _ ყრუდ ჩაილაპარაკა ხათუნამ და ოთახში შებრუნდა. ირაკლი ფეხდაფეხ მიჰყვა.

_ გამაგებინე, ხათო, რა გემართება, სად იყავი? _ გზადაგზა კითხვებს აყრიდა ირაკლი.

ხათუნა სავარძელში ჩაჯდა, ხმას არ იღებდა.

_ მობილური რატომ გაქვს გამორთული! არ მეტყვი, რა მოხდა? _ არ ეშვებოდა მამაკაცი.

_ რა უნდა მომხდარიყო, პურზე ვიყავი ჩასული, _ უკმეხად უპასუხა ქალმა.

_ მერე? ინგა რატომ გეძებდა მაშინ ასე გამწარებული?

_ ინგასთან არ გამომივლია. პირდაპირ შინ ამოვედი.

_ თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებული, რისთვის იტირე, გაწყენინა ვინმემ?

_ ჰო, მაწყენინა.

_ ვინ? რატომ არ მეუბნები? მითხარი, რა გჭირს?

_ ვინა და შენ. შენ და იმ შენმა… იმ შენმა ცოლმა! _ იფეთქა უცებ.

_ ვი-ინ? _ წინ გადმოიხარა მამაკაცი.

_ შენ-მა ცოლ-მა, _ დაუმარცვლა ხათუნამ და თვალები ჯიქურ გაუსწორა.

_ დაგირეკა?

_ არა, მოვიდა. აქ იყო ამ საღამოს.

_ შენთან? აქ რა უნდოდა! ვინ უთხრა შენი მისამართი, ან რა საქმე ჰქონდა შენთან! _ გაოგნებული იყო ირაკლი.

_ ეგ მაგას ჰკითხე, მე საიდან უნდა ვიცოდე. განა შენ არ მოასწავლე ჩემთან? _ ხმას აუწია.

_ დაფიქრდი, აბა, რას ამბობ. ერთი წუთით დაფიქრდი. შენ მე ასე მიცნობ?

_ აბა, კიოა, ვერ გავიგე! მაშინ ვიღამ უთხრა?

ირაკლი წამით ჩაფიქრდა.

_ შეიძლება იასგან გაიგო, არ არი გამორიცხული. მაგას კი გავარკვევ, მაგრამ შენთან რა საქმე ჰქონდა, ჩემთვის ეს უფროა საინტერესო.

_ არ მოგიყვა? _ ირონიულად ჰკითხა ხათუნამ, _ მეგონა, ჩაგიკაკლავდა ყველაფერს.

_ ხათუ, შენ ჩემი არ გჯერა, ამას ვხედავ. ჯერ ერთი, თვალით არ მინახავს ის ქალი, მეორეც, საერთოდ არავითარი შეხება მასთან არა მაქვს და არც მქონია, მე მაგისი…

_ ვითომ?

_ რა ვქნა, როგორ დაგაჯერო სხვაგვარად. ის ჩემთვის დაკარგულია. დაკარგულია და მორჩა! _ თავს იმართლებდა ირაკლი.

_ მე კიდევ სულ სხვა ინფორმაცია მაქვს, ჩემო კარგო. ისიც ვიცი, შენთან რომ იყო სახლში მისული, რამდენჯერ ელაპარაკე ტელეფონით, ისიც და კაზინოში რომ წააბრძანე «გულის გადასაყოლებლად», ისიც.

_ რა კაზინო, რის კაზინო, რეებს ლაპარაკობ. მე და პაატა ვიყავით კაზინოში, გოჩა უნდა გვენახა. 3000 დოლარი გვჭირდებოდა ორი დღით, ფული გვაქვს გადასარიცხი მოსკოვში ქაღალდის დავალიანება გვაქვს და ის გამოვართვით.

_ დაგიჯერებ, აი! _ უხეშად კი გამოუვიდა ხათუნას, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, _ აჰა, შენი მობილურის ხარჯები, _ ცხვირწინ აუფრიალა წითელი პასტით აჭრელებული ამონაბეჭდი მამაკაცს.

ირაკლი გაჩუმდა. გრძელი თაბახი უხმოდ ჩამოართვა და თვალი ჩაავლო.

_ აი, თურმე, რაშია საქმე. აქ სალაპარაკოც კი არაფერია უკვე, _ თავის ქნევით ჩაილაპარაკა, ქაღალდი მაგიდაზე დადო და თითებს დაუწყო წვალება.

_ კარგია, რომ მიხვდი, _ ამრეზით გახედა ხათუნამ.

_ მითხარი, რა გავაკეთო, _ მამაკაცმა თავი ასწია და მუდარით სავსე მზერა ესროლა ქალს.

_ არაფერი, რა უნდა გააკეთო. ელემენტარულად, ამიხსენი, რა ხდება, რა შეხება გაქვს დალისთან, მერე ჩემთან და საერთოდ, რას მოითხოვ ჩემგან, მე რა როლს ვთამაშობ შენს ცხოვრებაში, ან ეს დარეკვები რას ნიშნავს, _ წესდების საკითხებივით ჩამოარაკრაკა ხათუნამ თავისი მოთხოვნები.

_ შენგან იმას მოვითხოვ, დედოფალო, რომ გჯეროდეს ჩემი. შენ ერთადერთი ხარ, ვის ცოლობასაც ვისურვებდი. თუ არ გადაიფიქრე, რა თქმა უნდა. და თუ გადაიფიქრე, მაინც არ დაგანებებ თავს. ბოლოს და ბოლოს, მოგიტაცებ პატარა გოგოსავით და ეგ იქნება. იმედია, არ გამიწევ წინააღმდეგობას? _ გაღიმება სცადა ირაკლიმ.

_ დალისთან რა გაკავშირებს, ჯერ ეგ მითხარი, _ არ მოლბა ხათუნა.

_ დალი… დალი წილს მთხოვს. მთხოვს და უნდა მივცე. სხვანაირად ვერ მოვიშორებ თავიდან.

_ წილს თუ შერიგებას?

_ რა შერიგებაზე შეიძლება ლაპარაკი ამის შემდეგ, ნუ გამაგიჟე, _ ირაკლიმ ნაიარევ ლოყაზე დაიდო თითი, _ ამიხსენი ერთი, შეიძლება შეურიგდე ქალს, რომელიც ჯერ გღალატობს და მერე სასიკვდილოდ გიმეტებს?

_ მაშინ რაღა წილი უნდა შენგან?

_ ეგ ჩემი საქმეა. შენ არ გეხება. მოდი რა, ნუ ჩაერევი ამ ამბავში, გთხოვ. მაგასთან მე სხვა ანგარიშები მაქვს. სხვანაირად განქორწინებაზე არ დამთანხმდება. ეს ქაღალდი კი სისულელეა, ნუ წამოეგები მაგ ანკესზე. მე მასთან იმიტომ ვრეკავდი, რომ გარიგება მეწარმოებინა. არ მინდოდა მასთან შეხვედრა და ამიტომ ვარჩიე ტელეფონით დაკავშირება. გესმის?

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ხათუნა ყურმილს დაწვდა. ინგა იყო.

_ ხათუშკი, არ ინერვიულო, შემოგევლე, ახლა ველაპარაკე მაკას. იქ ყოფილა, კაზინოში. ირაკლი უნახავს. პაატასთან ერთად ყოფილა მისული. არავითარი ქალი თან არ ახლდათო. გოჩასთან ერთად ჩაკეტილან კაბინეტში, მეც კი არ დამასწრეს ლაპარაკსო, გაიგე? ეგ ქალი ნამდვილი შანტაჟისტია, უნდა, რომ გაგაგიჟოს. ასე რომ…

_ აქ არის ირაკლი, _ მიახვედრა ხათუნამ დაქალი, _ კარგი გოგო ხარ, რომ დარეკე. მერე ჩამოგივლი და გნახავ.

_ ჰო, მეც რაღაცები მაქვს სათქმელი. აუცილებლად ჩამოდი.

_ კიდევ არის რამე?

_ არა, შენს საქმეზე არა, დღეს რომ გელაპარაკე, იმაზე.

ხათუნა მიხვდა, ინგა გოჩას და მაკას რომ გულისხმობდა და დაწყნარდა. შეპირდა მეგობარს, ჩამოგივლიო და ყურმილი დაკიდა.

_ ხათუნა, აგვისტო მალე დამთავრდება. თუ დამთანხმდები, დავიწეროთ ჯვარი მარიამობის შემდეგ. ხელის მოწერას მერეც მოვასწრებთ, კარგი?

_ მოდი, ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე, ირაკლი. მე დავიღალე, არ შემიძლია ამდენი. სანამ შენ გაგიცნობდი, აბსოლუტურად მშვიდი ცხოვრება მქონდა. ახლა კი… უსაბუთო გიჟს დავემსგავსე.

_ მაპატიე, დედოფალო, სულაც არ მინდა, ტანჯვად გადაგექცეს ჩემთან ურთიერთობა. მე მინდა, შენ ყველაზე ბედნიერი ქალი იყო ამქვეყნად. მე შემიძლია ამის გაკეთება და ასეც იქნება. ოღონდ ცოტა მაცალე. მივუჩინო ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი.

ირაკლი წამოდგა. ხათუნას ხელს გადაწვდა, წამოაყენა და გულზე მიიხუტა.

_ არ არის საჭირო, ვიღაცების გამო ეწამო. შენ არ იმსახურებ ამას. და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, ასე არ მოხდეს. რაც შენ გაგიცანი, მხოლოდ მას შემდეგ ვიგრძენი, რომ მარტო არა ვარ. შენ არ იცი, როგორ ავსებ ჩემს ცხოვრებას. უშენოდ იგი განახევრებული იყო. დამიჯერე!

7 7 7

ირაკლი დიდხანს არ დარჩენილა. საკმაოდ დიდძალი თანხისთვის უნდა მოეყარა თავი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ჰყავდა იმ ღამეს სანახავი.

ხათუნას ერთი სული ჰქონდა, გაეგო, საიდან იცოდა დალიმ, ირაკლი კაზინოში რომ აპირებდა წასვლას, მაგრამ მოერიდა, ვერ ჰკითხა. მერე იმით დაიიმედა თავი, ალბათ ტელეფონზე ლაპარაკს მოჰკრა ყური და ამით ისარგებლაო… ცოტა ხანში უკვე აღარც ფიქრობდა ამაზე. ოთახი მიალაგა და ინგასკენ გაეშურა.

ინგას კარი ღიად დაეტოვებინა. ოთახში შევიდა თუ არა, უცხო მამაკაცის ხმა მოესმა. წარბები შეჭმუხნა ცნობისმოყვარეობის ნიშნად, ნეტავ ასე გვიან ვინ უნდა იყოსო.

_ კაი გამარჯობა თქვენი, _ მოულოდნელად თავს წამოადგა მაკას და ინგას. მაგიდასთან ვიღაც უცნობი, სათვალიანი, ცოტა ასაკოვანი მამაკაცი იჯდა. ხათუნას დანახვაზე უცნობმა ოდნავ წამოიწია.

_ ოხ! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს, _ წამოხტა მაკა და მეგობარს მიეგება, _ აი, ჩვენი ხათუნა, «ველიკი განმანათლებელი». ამან რომ არ იცის, ისეთი არაფერი არ არსებობს დედამიწაზე.

უცნობი წამოდგა, წელში გაიმართა, მარცხენა ხელით სათვალე გაისწორა, ხოლო მარჯვენა მოწიწებით ჩამოართვა ხათუნას:

_ ლაშა, გენაცვალე, ლაშა გელოვანი, მოხარული ვარ, _ წარუდგა ქალს.

_ ძალიან სასიამოვნოა. დაბრძანდით, რატომ დგახართ ფეხზე, _ კეკლუცად შესცინა ახალ ნაცნობს ხათუნამ და ინგას მიუბრუნდა, _ ქალო, ღია რომ დაგიტოვებია ის კარი, არ გეშინია?

_ რისი უნდა მეშინოდეს, _ გადაიკისკისა ინგამ, _ მე თუ წამიყვანს ვინმე ჩემ მუცლიანად, არ ვიცი და სხვა რა გამაჩნია, რო? რისთვის უნდა დამაყაჩაღოს ვინმემ. წამღებმა იცის, ვისთან შევიდეს და რა წაიღოს.

_ წასაღებს ყოველთვის იშოვის კაცი. ჩემ წინ, ბუნკერთან, ცოცხი იდო, შემოსასვლელს ვგვიდი ხოლმე, გუშინ უკვე აღარ დამხვდა, ისიც კი მოიპარეს, _ გაიცინა ხათუნამ.

_ ისეთი დრო მოვიდა, თავი რომ დაგრჩეს გარეთ, იმასაც წაგაცლიან, _ იხუმრა მაკამ.

_ ამიტომ თავი გარეთ არ უნდა დაგრჩეს, _ დაასკვნა ლაშამ. იგი ორმოცდაათიოდე წლის იქნებოდა. საფეთქლებთან შეჭაღარავებული თმა სოლიდურ იერს მატებდა. სასიამოვნო მამაკაცი ჩანდა.

_ ლაშა ჩემი მეგობარია, ხათუ, უნივერსიტეტის ლექტორი. ასე რომ, თუ რამე დაგჭირდეს, საჭირო კაცი გვყავს, _ მხიარულობდა მაკა.

ხათუნას გულზე მოხვდა ლაშას «უნივერსიტეტის ლექტორობა». რატომღაც ია გაახსენდა. «ახლა ეს რომ ის კაცი აღმოჩნდეს, იას რომ უყვარს…» _ გაიფიქრა თავისთვის და ჩაეცინა. ეს ჩაცინება შეუმჩნეველი არ დარჩენია ინგას, თავი გააქნია და თვალებით ანიშნა, რა გაცინებსო. ხათუნამაც თავის გაქნევით უპასუხა, არაფერიო, ფრთხილად გამოსწია სკამი და დაჯდა.

_ ჩაი, კოფე, მალაკო?.. _ ჰკითხა ირმამ.

_ კოფე ს მალაკომ, _ დაუბრუნა ხურდად ხათუნამ და კეფაზე სარჭით დამაგრებული თმა ჩამოიშალა.

_ მე გავუკეთებ, შენ იჯექი, _ უთხრა მაკამ ინგას და ფეხზე წამოიჭრა. ხათუნას ეუცხოვა მაკას ასეთი ყურადღება მის მიმართ. თუმცა, მაშინვე მიხვდა, რომ იგი ლაშას აწონებდა თავს.

_ კარგ ხასიათზე ჩანხარ, ვსიო ო კეი? _ ინგამ ხელი ხელზე დაადო დაქალს.

ქალმა ხელითვე ანიშნა, ყველაფერი კარგად არისო და მაგიდაზე დაყრილ სიგარეტის ღერებს შეავლო თვალი.

_ ვისია ეს სიგარეტი, შეიძლება მოვწიო? _ ყასიდად იკითხა.

_ მოწიე, კაცო, ჩვენია, _ გამოსძახა გაზქურასთან მოფუსფუსე მაკამ.

_ მე არ ვეწევი, მაგრამ მოგემსახურებით, _ მორიდებით გაიღიმა ლაშამ და სანთებელას დაავლო ხელი. ხათუნამ იუარა.

_ თქვენ არა, აი, ინგამ მომიკიდოს. ქალი რომ მოგიკიდებს, ფული იცისო, იტყვიან, _ ნაზად გაუღიმა მამაკაცს.

_ კი ბატონო, როგორც ინებებთ, _ დაიბნა ლაშა და სანთებელა ინგას შეაჩეჩა ხელში.

_ ფული იქნება. ცოტაც მაცადეთ და ყველაფერი იქნება, _ დამაჯერებლად ისროლა რეპლიკა მაკამ.

_ ეს რა სხვა ხმაზე ჭიკჭიკებს, რა სჭირს? _ ინგას მიუბრუნდა ხათუნა.

_ ჰკითხე! _ მხრები მრავალმნიშვნელოვნად აიჩეჩა ინგამ.

ხათუნამ მაკას გახედა. მაღალაშვილმა თვალი ჩაუკრა და ტუჩზე თითის მიდებით ანიშნა, ახლა ამ თემაზე არ ილაპარაკოო.

_ თქვენც ექიმი ხართ? _ დაინტერესდა ლაშა.

_ უარესი… მე ჟურნალისტი ვარ, _ გაუცინა ხათუნამ.

_ რატომ უარესი, მშვენიერი სპეციალობაა, _ გული გაუკეთა მამაკაცმა.

_ ვისთვის როგორ, _ ჩაიქნია ხათუნამ ხელი.

_ რაო ირაკლიმ, როგორ ვარო? _ სხვა თემაზე გადაიტანა ინგამ საუბარი.

_ რა ვიცი, ვერ იყო მაინცდამაინც ხასიათზე, _ თქვა ხათუნამ და უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავში, _ ია ყოფილა ცუდად, _ თითქოს უნებურად გაექცა სიტყვა.

_ ია? ირაკლის და? რა დაემართა? _ დაინტერესდა ინგა.

ხათუნა მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ახლა უკანდახევა არ იქნებოდა, ამიტომ თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა.

_ პრობლემები აქვს. რამდენი წელია, თურმე, ერთი კაცი უყვარს და ის კიდევ ზედაც არ უყურებს, ყურადღებას არ აქცევს.

_ მერე? ეგ გაუჭირდა ტაბიძეს, იმდენი ფული აქვს, ერთ ვაგონ კაცს უყიდის თავის დას, რომ მოინდომოს. მაგის მეტი ვინ ჰყავს, _ წარმოთქვა მაკამ და რძიანი ყავით სავსე ჭიქა დაუდგა მეგობარს წინ, _ ა, გენაცვალე, მიირთვი!

_ გაიხარე, _ მადლობა გადაუხადა ხათუნამ და სიგარეტი მოქაჩა, _ სიყვარულს ფულით რომ ვერ იყიდი, შენც კარგად იცი. არ არის ასე ადვილი. სხვა კაცები კი იმას არ აინტერესებს… ვიღაც-ვიღაცებივით, გვარს არ დავასახელებ, _ დაგესლა ხათუნამ მაკა. ამ დროს შეამჩნია, როგორ შეერხა ნაკვთები ლაშას სახეზე. ახლა უფრო გაუძლიერდა ეჭვი. ეს ნამდვილად ის კაცი იქნებაო და წარბშეუხრელად გააგრძელა:

_ სხვათა შორის, ისიც უნივერსიტეტში ასწავლის თურმე, ლექტორი ყოფილა, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი, სამწუხაროდ. თქვენ კი გეცოდინებოდათ, არა, ლაშა? _ გადახედა გელოვანს.

მამაკაცს სახე აუჭრელდა.

_ ვერ გეტყვით. რომ ვიცოდე, ვიზეა საუბარი, შეიძლება კიდევაც ვიცნობდე…

_ ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა ჰქვია. თუმცა, რა ჩემი საქმეა.

_ ცოლშვილიანია, ალბათ და იმიტომაც არ აქცევს ის კაცი ყურადღებას. ზოგიერთი ხომ იცი, როგორი «ადნალუბია», _ თქვა ინგამ.

_ არა, კაცო, რა ცოლშვილიანი. უცოლო კაცია, სადღაც ორმოცდათორმეტი წლის ყოფილა, თუ სწორად მახსოვს. ბოლო მოუღო რა, მაგ გოგოს. არადა, კარგი ადამიანია და ძალიან მეცოდება, ასე რომ იტანჯება.

_ შენ იცნობ, ხათო, იას? _ მაკა ლაშას მიუჯდა გვერდით.

_ არა, ნანახი არ მყავს. ისე ვიცი, შორიდან. ირაკლი მიყვება ხოლმე იას ამბებს.

_ არც მე ვიცნობ, _ ტუჩი აიბზუა მაკამ, _ მაგრამ ამბობენ, ფიზიკურად მაგარი ქალიაო. საკაიფო ტან-ფეხი აქვს თურმე.

_ ახლა ირაკლის და რატომ იქნება ცუდი. თვითონ რა, ნაკლები ბიჭია? და-ძმანი არ არიან? ეჭვიც არ მეპარება, რომ ლამაზი გოგო იქნება. ნეტა რამდენი წლისაა? _ ისევ ჩაება საუბარში ინგა.

ლაშა ნელ-ნელა აწრიალდა. ჯერ საათზე დაიხედა, მერე ინგაზე გადაიტანა მზერა, მერე _ ხათუნაზე, ბოლოს მაკას მიაჩერდა.

_ თქვენის ნებართვით, ქალბატონებო, მე დაგტოვებთ ახლა. უნდა წავიდე. საქმეები მაქვს. გვიან კი გამახსენდა…

_ აუ! დარჩი, რა?! _ შეეხვეწა მაკა, _ ცოტა ხანს ვიყოთ და მერე ერთად წავიდეთ. მე არ მინდა გაცილება? მარტო ხომ არ წავალ ამ სიბნელეში!

_ მაპატიე, მაკა. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენს კომპანიაში ყოფნა. ასეთი მომხიბლავი მანდილოსნების გვერდით რა მოაწყენს ადამიანს, მაგრამ, ხომ იცი, საქმე არ იცდის. თუ წამოხვალ, დიდი სიამოვნებით მიგაცილებ სახლამდე.

_ არა, არა, მაკა, შენ ნუ წახვალ, რაღაც მაქვს სათქმელი. ძალიან საშური საქმეა, _ უცებ წამოხტა ხათუნა, _ ჩვენ გაგაცილებთ მერე. ინგასაც მოუხდება სუფთა ჰაერი.

_ კარგი, არ მოგაცდენთ, გოგოებო. წავედი, კიდევ ერთხელ მაპატიეთ, _ ლაშა დინჯად წამოდგა, სამივეს ღონივრად ჩამოართვა ხელი და ბოდიშის მოხდით გავიდა გასასვლელში.

მაკამ კარამდე მიაცილა.

ხათუნამ ინგას გადახედა. კვლავ ჩაეცინა.

_ თუ ღმერთი გწამს, მითხარი, რა გაცინებს? _ ჩუმად ჰკითხა ინგამ.

_ არაფერი, ჩემთვის ვიცინი, _ ბოლო ყლუპი მოსვლა ხათუნამ და ჭიქა მაგიდის კიდისკენ მისწია, _ ყავა კი არა, ნამდვილი დარდუბალაა.

მაკა დანაღვლიანებული შემობრუნდა. თითები ერთმანეთში გადაეხლართა და უაზროდ ატკაცუნებდა.

_ რა ბზიკმა უკბინა მაგ ჩემისას, რომ მოვდიოდით, არსადაც არ ეჩქარებოდა, _ განერვიულებულმა უმისამართოდ აიქნია ხელები.

_ სად გაჩითე, ეს კაცი, გაფიცებ ყველაფერს, _ ახედა ხათუნამ თავს წამომდგარ მაკას.

_ არ არის შენი საქმე, _ უხეშად უთხრა დაქალს.

_ ახალი კაცია? _ არ მოეშვა.

_ ჯერ არა, მაგრამ მალე იქნება. სხვათა შორის, მაგ კაცისგან შვილი უნდა გავაჩინო.

ხათუნა კინაღამ შეხტა სკამზე.

_ შენ ხომ არ გადაირიე!

_ რამ გადამრია, ვითომ, რა იყო, არ შეიძლება? ბოლოს და ბოლოს, მეც მინდა მშვიდი ცხოვრება, მომბეზრდა ამდენი «პე-რი-პე-ტი-ები», _ ბოლო სიტყვა თითქოს ნიშნის მოგებით წარმოთქვა.

_ შენს ქმარს რას ეუბნები მერე! _ ახლა ინგა გადავიდა იერიშზე.

_ ჩემს ქმარს ვინ კითხავს. ან შენ კიდევ! _ იქით შეუტია მაკამ.

_ მე, მით უმეტეს, არა? _ მრისხანედ ახედა ხათუნამ, _ ერთი აგერ დაჯექი! _ სკამი ხმაურით გამოსწია და ხელით ანიშნა.

_ არ იქნება შენი გამოსწორება, _ ჩაილაპარაკა ინგამ.

_ შენ შენს ცხოვრებას მიხედე. არც შენ ხარ მამა აბრამის ბატკანი, _ გაგულისდა მაკა და თვალები დაუბრიალა მეგობარს, _ მე ვერევი შენს ცხოვრებაში?

_ კარგი, გაჩუმდი. კი მაგრამ, რატომ აირჩიე მაინცდამიანც ეს კაცი. რა, ალ პაჩინოა თუ დე ნირო?

_ არც ერთია და არც მეორე. უბრალოდ, მშვენიერი კაცია, კულტურული, განათლებული, კარგი შეძლების მქონე. ცოლად წაყვანას ხომ არ ვთხოვ, შვილი მინდა მარტო. ლამაზი ბავშვი მეყოლება. ხომ ნახე, როგორი სიმპათიური ნაკვთები აქვს. ბავშვიც ჭკვიანიც იქნება _ ლე-ქტო-რის შვი-ლი, _ ხმამაღლა წამოიძახა და გაიცინა, _ ვინ იცის, მერე იქნებ დავითრიო კიდეც. ვნახოთ, რა ჭკუაზე ვიქნები. ამ ეტაპზე კი სულაც არაფერში მჭირდება მაგნაირი ქმარი. სახლში რომ მყავს, ისიც მეყოფა.

_ ნუ იცი უშნოდ ხუმრობა. შენი ეგეთი ვიხოდკები ყოველთვის ცუდად მთავრდება, ხომ ხედავ! _ დამოძღვრა ინგამ.

_ გოჩა როგორ არის, გოჩა! _ წამოისროლა მოულოდნელად ხათუნამ და ისარივით გაუყარა თვალი თვალში მაკას.

ქალი გაშრა. უნდოდა ეთქვა, გოჩას ჩემთან რა ხელი აქვსო, მაგრამ მიხვდა, ბუნებრივად არ გამოუვიდოდა და წყნარად ჩაილაპარაკა:

_ რა ვიცი, მშვენივრად. წეღან ვნახე კაზინოში.

_ ჰო-ო? _ ხათუნა გამომცდელ მზერას არ აშორებდა მეგობარს, _ რაო, მერე, ახალი რა გითხრა?

ინგამ მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰკრა ხათუნას.

_ არაფერი, რა უნდა ეთქვა. ჰქონდა რამე სათქმელი? _ მაკამ ჯერ ხათუნას გადახედა შეშფოთებულმა, მერე _ ინგას, _ კი მაგრამ, რატომ მეკითხები გოჩას ამბებს, თანაც ასეთი ტონით, რა ხდება?

_ აუცილებელია, რამე ხდებოდეს? ისე გკითხე, _ ყელზე მოისვა ხელი ხათუნამ და ღრმად ამოიოხრა, _ მაინტერესებდა, ირაკლიზე ხომ არაფერი წამოცდა-მეთქი.

_ არა, არაფერი, მაგ თემაზე არ გვისაუბრია… _ დაიძაბა მაკა.

_ ჰო, მართლა, რაო, რას ამბობდი წეღან, ყავას რომ ადუღებდი? რაღაც ბევრი ფული ახსენე. საიდან? ამჯერად რა ჩაიფიქრე? _ შეცვალა საუბრის თემა ხათუნამ, რადგან მიხვდა, რომ ინგას არ სურდა ამ საკითხზე მისი თანდასწრებით ყურადღების გამახვილება.

_ ახლა დაღლილი ვარ, ვერ დავიწყებ მაგის მოყოლას. ხვალ გეტყვით, _ მაკამ სკამი მაგიდის სიღრმისკენ შესწია და ხელებით ზედ დაეყრდნო, _ გამაცილებთ?

_ გაგაცილებთ, აბა რას ვიზამთ. წამო, ინგა, გავისეირნოთ, ჰაერიც ჩავყლაპოთ. იქნებ გზაში მაინც გვითხრას რამე ქალბატონმა, _ ხათუნაც წამოდგა და კარისკენ მიმავალ მაკას უკან მიჰყვა.

888

მაკას დიდი ხანია, ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი თავის გატაცების გეგმა. ყველაფერი წინასწარ გაიაზრა, აწონ-დაწონა. იცოდა, ასეთ საქმეში აჩქარება არ ივარგებდა, არც გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმა. ყველა დეტალი ზუსტად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, სხვანაირად «ოპერაცია» ჩაუვარდებოდა. ამით კი საფრთხეში ჩააგდებდა არა მარტო თავის თავს, არამედ ინგას, ხათუნას და გოჩასაც. ჰო, გოჩასაც. მისგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა მაკა. დაერეკა გურამთან და, როგორც გამომძალველს, ცოლის გატაცების ამბავი ეთქვა. ეგ იყო და ეგ. ერთადერთი, ხათუნას იმედი არ ჰქონდა მაკას. იცოდა, მას ადვილად ვერ გადაიბირებდა. «რომ ვუთხრა, ანდაზებით დამიწყებს შეგონებას. შეიძლება თავში ჩამარტყას რამე, ისეთი ოხერია», _ ფიქრობდა თავისთვის.

მაკასგან მსგავსი გამოხტომები არასდროს მოსწონდა ხათუნას. მაკასაც სწორედ ეგ უკვირდა. მეუნარგიას ბუნებიდან გამომდინარე, სულ პირიქით უნდა ყოფილიყო. იგი ისეთი აზარტული, ისეთი რისკიანი იყო, თუ საჭირო გახდებოდა, თავით გაიტანდა კედელს. ახსოვდა მაკას, ბავშვობაში, კახა ხაჩიძესთან ერთად როგორ ქურდობდნენ უბანში. ხან მარკეტებიდან მოიპარავდნენ რამეს, ხანაც _ საკონდიტროდან, ხან კიდევ, ვინ იცის, საიდან… რა თქმა უნდა. წვრილ-წვრილ რაღაცებს. როდის რა მოუვიდოდათ თავში. ისე გაინაწილებდნენ როლებს და ისე გაითამაშებდნენ, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. სცენარი და იდეა ყოველთვის ხათუნას ეკუთვნოდა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში ისეთ რამეს მოიფიქრებდა, სხვას, ალბათ, თვეები მაინც დასჭირდებოდა, მსგავსი რამ მოსვლოდა აზრად. «მაგარი იდეინიაო», _ ასე ამკობდა ხოლმე კახა, _ დახუჭე თვალები და თუ გინდა, ჯოჯოხეთში ჩაყევი, არ დაგაღალატებს, ბოლომდე გამტანიაო. ამიტომაც იკლავდა მაკა თავს, როგორმე ხათუნაც ჩაეთრია საქმეში. იგი ისე მოუქონავდა თავს გურის, ისე დიპლომატიურად დაიყოლიებდა, თითს არ გაანძრევინებდა ზედმეტად, მაგრამ ხათუნას გადაბირებას ხომ უნდოდა მოხერხება? როგორ? აი, ეს იყო მისი მთავარი პრობლემა. ბოლოს გადაწყვიტა, მოულოდნელად ჩაერთო იგი საქმეში. პირდაპირ ფაქტის წინაშე დაეყენებინა. «ჰმ! რა სანახავი იქნება იმ მომენტში!» _ საკუთარ თავს გაუღიმა სარკის წინ მოკალათებულმა მაღალაშვილმა და პომადა სქლად გადაისვა ბაგეებზე. მერე ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვა ტუჩები და საკუთარ ორეულს თვალი ჩაუკრა. დღეს ბინის საკითხი უნდა მოეგვარებინა. სადღაც ხომ უნდა დამალულიყო ამ ხნის განმავლობაში. ისიც არ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მისი «გალა-ოპერაცია». ამ ფიქრებში იყო, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. შეხტა. ბოლო ხანებში ასე ემართებოდა ხოლმე. მას შემდეგ, რაც «ჩორნასთან» გადახდა, ძალიან იყო შეშინებული. საათს შეხედა. თერთმეტი ხდებოდა. ნამდვილად არავის ელოდა. ფეხაკრეფით მიიპარა კართან და სათვალთვალოში გაიხედა.

_ ხათუნა ვარ, ხათუნა, გამიღე, _ მიუხვდა დაქალი კარს მიღმა.

ხათუნას სახე შეშუპებოდა, მოთენთილი ჩანდა თითქოს.

_ რა დაგემართა? _ გაოცება ვერ დამალა მაკამ.

_ ჯანდაბა, რა ვიცი! დილიდან ცუდად ვარ, ვერ ვხვდები, რა მემართება, _ მხრები აიჩეჩა ხათუნამ.

_ სამსახურში მიდიხარ?

_ ჰო. გამოგიარე, საქმე მაქვს შენთან.

მაკა მიხვდა, ეს «საქმე» რაღაც სერიოზული უნდა ყოფილიყო, ისეთი სახე ჰქონდა მეგობარს. სხვა შემთხვევაში იგი დაურეკავდა და შინ დაიბარებდა, ან _ ირმასთან, როგორც იცოდა ხოლმე. სიმბა მუხლებზე შეახტა მაკას. მოხერხებულად მოკალათდა და თავი თათებზე ჩამოდო.

_ მაკა, რა გჭირს ამ ბოლო ხანებში, რა ხდება? _ დაიწყო ხათუნამ.

_ რა უნდა მჭირდეს? _ ვერ მიუხვდა მაკა.

_ გოჩასთან რაებს «დაჩალიჩობ», არ იტყვი?

_ გოჩასთან? კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ რამეს ვჩალიჩობ?

_ გეტყვი, ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს. ინგა ძალიან შეშფოთებულია. ფიქრობს, რომ თქვენ შორის რაღაც ხდება. ასეა? ისევ შენებურად აგრძელებ?

_ არა, რას ამბობ! დედას გეფიცები, თუ მაგნაირი რამე იყოს, შენ თავს გეფიცები, ხათო. ის ერთხელ იყო და მორჩა. მეჟდუ ნამი ვსიო კონჩენა. გოჩა ისეა გადართული ინგაზე, სხვა ქალისკენ გახედვაც არ უნდა.

_ აბა, მაშინ რა საერთო გაგიჩნდა მასთან? _ ხათუნამ ტახტის გადასაფარებელს დაუწყო წიწკნა.

_ რაღაც საქმეა, სულ სხვა, _ შეყოყმანდა.

_ რა «სულ სხვა», საიდუმლოა? _ დაკვირვებით შეხედა დაქალს.

_ აი, ის… მაშინ რომ ვამბობდი… ჩემ ქმარს ფული რომ უნდა შევაწერო.

_ მაინც არ იშლი შენსას, არა?

_ არა. ამ ერთხელ და მორჩა. მერე დავიწყებ ნორმალურ ცხოვრებას.

_ კი მაგრამ, მაგდენს ვერ ხვდები, რა საფრთხეში იგდებ თავს? არ იცი, ეგ როგორი სარისკო საქმეა?

_ ვიცი, მაგრამ უკვე მოფიქრებული მაქვს ყველაფერი. აი, შენც თუ დამეხმარები…

_ რაში, ქალო, ჭკუაზე თუ ხარ შენ! ქვეყნის სალაპარაკოდ იხდი თავს და ახლა მეც გინდა გამრიო?

_ შენ თუ გაერევი, ყველაფერი მშვიდად მოგვარდება, _ არ იშლიდა მაკა თავისას. _ აი, მომისმინე: ჯერ გოჩას დავარეკინებ _ ასე და ასე, შენი ცოლი გავიტაცეთ და მანქანაც ჩვენთან არისო. ბინა უკვე შეგულებული მაქვს, გარაჟიც. დედაჩემის დაქალი მოსკოვში ცხოვრობს, სახლი დაკეტილი აქვს. გასაღები ჩვენებთანაა. თავში აზრად არ მოუვა არავის ჩემი იქ მოძებნა.

_ მერე? პოლიციას რას უშვრები?

მაკა გაჩუმდა, სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა.

_ პოლიციის საქმე შენთვის მომინდვია. უთხარი იმ ვაჟბატონს, რა შეიძლება მოჰყვეს პოლიციის ჩარევას. უთხარი, მაკასაც დაკარგავ და მანქანასაც-თქო. ცხვირწინ აგიფეთქებენ ორივეს-თქო. მანქანა ჩემ თავს ურჩევნია, ხომ იცი. შენ დაგიჯერებს. სულ მეუბნება, რაც კი ოდესმე ხათუნამ მირჩია, წაგებული არასდროს დავრჩენილვარო. მაგრად უყვარხარ და გაფასებს.

_ მერე? _ ხათუნამ ხელი თავზე შემოიდო და მაკას მიაჩერდა.

_ მერე ჯერ 50 ათასი ვთხოვოთ. ეგ ისეთი შებერტყილია, ნაკლებ თანხაზე შეიძლება მიხვდეს, რომ ჩემი აგდებული პონტია. მერე წავა ვაჭრობა. ეგ გოჩას არ იცნობს, ასე რომ, მოლაპარაკების წარმოება სირთულეს არ წარმოადგენს. 30-მდე რომ ჩამოვიყვანოთ, ჩვენ ისიც გვეყოფა. მაგას ბევრი აქვს, ნუ გეშინია.

_ და შენ გინდა, მე გოჩას თანამოაზრედ გამიყვანო მაგ სიბინძურეში? არ გამოვა მაგ საქმე, ძვირფასო, _ ხათუნაც დაწვდა სიგარეტს, _ მე პას! ინგასაც შეეშვი, თუ ქალი ხარ. დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს, ახლა შენი თავი აქვს?

_ ეგ უკეთესია, მასზე ეჭვს არავინ მიიტანს.

_ გამოუსწორებელი არამზადა ხარ, რა! ჩვენ არ გაგვრიო იცოდე, შენს მაქინაციებში, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ. სუფთა ავადმყოფი ხარ. გაფრთხილებ, ჩემი იმედი ნუ გექნება, _ ხათუნამ ნაფაზი დაარტყა და ფეხზე წამოდგა. უცებ დაბარბაცდა, ანთებული სიგარეტი ხელიდან გაუვარდა და კინაღამ მაგიდის კიდეს ჩამოარტყა თავი.

_ ხათო, რა გემართება! _ ხელი შეაშველა შეშინებულმა მაკამ, მეგობარი ისევ ტახტზე დასვა და სამზარეულოში გავარდა წყლის მოსატანად.

_ გული მერევა, _ წაიჩურჩულა ხათუნამ.

_ წამო, სააბაზანოში გავიდეთ, _ მკლავში ჩაავლო მაკამ ხელი.

_ არ მინდა, გადამიარა უკვე, _ ხათუნას ისევ დაუბრუნდა ფერი, _ აი, ხათაბალა-ა-ა!

_ უზმოზე რომ ეწევი, იმის ბრალია. ალბათ, წნევა დაგივარდა. გინდა, გაგიზომო?

_ არა, არ მინდა! _ ხელი აუქნია ხათუნამ.

ცოტა ხანს ჩაფიქრებული იჯდა. მერე ადგა, წავედიო, თქვა და ნელა გაემართა კარისკენ.

_ ვსიო, ვსიო, არ მინდა შენი დახმარება, ოღონდ შენ ნუ ინერვიულებ, კარგი? _ უკან დაიხია მაკამ. ხათუნამ უსიტყვოდ გაიხურა კარი.

7 7 7

საღამოს, სამსახურიდან მობრუნებულმა ხათუნამ, ჩვეულებისამებრ, ინგასთან შეიარა. სახე გაფითრებოდა.

_ ხათუ, რაღაც არ მომწონხარ ეს ორი დღეა, მოხდა რამე?

_ არაფერი, _ სევდიანად ჩაილაპარაკა ხათუნამ.

_ ირაკლის ხომ არ ეჩხუბე?

_ პირიქით, ეს დღეები განსაკუთრებულად მექცევა. მირეკავს, მოდის…

_ აბა, რაზე ნერვიულობ?

_ არ ვნერვიულობ, გოგო. რაღაც ცუდად ვარ. ჭამის მადა საერთოდ გამიქრა, გული მერევა თითქოს, თავბრუ მესხმის.

_ შენ ორსულად ხომ არ ხარ შემთხვევით? _ ატაკა უცებ ინგამ.

_ ორსულად? რატომ უნდა ვიყო ორსულად? _ სიწითლემ გადაუარა სახეზე ხათუნას.

_ რა ვი, აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა, ისეთი სიმპტომები გაქვს… _ მორიდებით შეხედა ინგამ მეგობარს, _ იყო რამე თქვენ შორის?

_ იყო, _ ამოიოხრა ხათუნამ. ახლა დამალვას აზრი არ ჰქონდა. მიხვდა, რომ ასეც იქნებოდა. ბოლო ხანებში ისე მოუხშირა ირაკლიმ ღამით მასთან დარჩენას…

ინგამ არ შეიმჩნია გაოცება. თან გაუკვირდა, აქამდე რატომ არაფერი მითხრაო. მისდა უნებურად, გაუხარდა კიდეც. ხათუნა მთელი თავისი დღე და მოსწრება აქეთ არიგებდა ჭკუას დაქალებს, ახლა კი… ხმამაღლა არაფერი უთქვამს. თანაგრძნობით შეხედა მხოლოდ. გულწრფელად შეეცოდა.

_ რა ვქნა? _ სასოწარკვეთით წარმოთქვა ხათუნამ.

_ რა უნდა ქნა და უთხარი ირაკლის და ცოტა დააჩქარე ჯვრისწერა.

_ არ მინდა ირაკლიმ იფიქროს, თითქოს განგებ ვამბობ ამას. იქნებ იფიქროს, რომ დალის გამო ვიგონებ ორსულობას.

_ რა სისულელეა! მაგას როგორ იფიქრებს.

_ რა ვიცი. კაცებისას რას გაიგებ.

_ მომეცი ერთი, სიგარეტი.

_ არა მაქვს. დღეს არ მიყიდია. დილას ნახევარი ღერი მოვწიე მაკასთან და ისე ცუდად გავხდი, კინაღამ გული ამერია. დღეს მთელი დღე არ მომიწევია. არც მინდა.

_ მაკასთვის ხომ არ გიკითხავს იმ ამბავზე?

_ ვკითხე. დამშვიდდი, სანერვიულო არაფერი გაქვს. შენ მართალი გამოდექი, იმ საქმისთვის სჭირდება გოჩა.

_ მერე?

_ ერთი მაგრად შევახურე, არც გაიფიქრო მსგავსი რამ-მეთქი. შენც უარი უთხარი. არ აგიყოლიოს. ეგ საქმე ჩვენ არავის მოგვიტანს სიკეთეს.

_ ვიცი და არც ვაპირებ. წავიდეს და თავისნაირები ნახოს. მე უკვე აქა მაქვს მისი ხუშტურები, _ ყელზე მიიდო თითი ინგამ და წარბები შეჭმუხნა.

7 7 7

აგვისტოც მიილია. ხათუნამ ვერ უთხრა ირაკლის, რაც მის თავს ხდებოდა. შეეშინდა რატომღაც. 31-ში ირაკლიმ დაურეკა, მოიკითხა, ბოლოს ჰკითხა:

_ ხათუნა, ხვალ ხომ გცალია?

_ ხვალ? რა დღეა? შაბათი, არა? კი, მცალია, მთელი დღე შინ ვიქნები.

_ ძალიანაც კარგი. ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო.

_ საად? _ დაინტერესდა ქალი.

_ ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე.

_ მე რა მინდა შენი ძმაკაცის დაბადების დღეზე? _ შორს დაიჭირა.

_ აბა, ვის უნდა, თუ არა შენ! მე დრო არ მექნება ხვალ, ამიტომ პაატა გამოგივლის. კარგი?

_ ვისი დაბადების დღეა?

_ არის ერთი, შენ არ იცნობ.

_ შენიც სექტემბერში არ არის?

_ ჰო, ოღონდ ჯერ არა. შენ ის მითხარი, კარგი «ნარიადი» გაქვს ხვალისთვის? მინდა, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდე.

_ რა ვიცი. გავახერხებ რაღაცას. ბოლო-ბოლო მაკას გამოვართმევ.

_ არა, არ გინდა. ერთი კაბა ჩემზე იყოს.

_ გაგიჟდი? არ გაბედო!

_ რატომ ვითომ?

_ უხერხულია.

_ ჩვენ შორის შეიძლება უხერხულობა იყოს? არა გრცხვენია, მაგას რომ მეუბნები? ხვალ დილით მანდ გექნება.

ხათუნამ ხმა არ გასცა. იცოდა, რაც უნდა ეთქვა, ირაკლი მაინც თავისას გააკეთებდა. ასეც მოხდა. მეორე დილით პაატა მოადგა შინ და პარკი გადასცა ირაკლისგან. თან უთხრა, სამისთვის გამოგივლი და არ მალოდინოო. ხათუნა ოთახში შებრუნდა. საჩუქარი გაშალა. სიხარულისაგან ხტუნვა დაიწყო. ასეთ ლამაზ ჩასაცმელზე თუ იოცნებებდა მხოლოდ. კაბა ბაცი იასამნისფერი იყო, თეთრი სირმებით გაწყობილი, კოჭებამდე, სწორი, წელში გამოყვანილი. სწრაფად გადაიცვა. მხრები მოუშიშვლდა. სამოსს მოსაცმელის მაგივრად ასეთივე ფერის შიფონის გრძელი შარფი მოჰყვებოდა. ზომა ზუსტად მოერგო, პირდაპირ დააკვდა ტანზე. კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, მერე კი მზადებას შეუდგა.

7 7 7

პაატა სამ საათზე ხათუნას სადარბაზოსთან დაერჭო. ირაკლიმაც დაურეკა, არ დააგვიანოთო. ფრთხილად ჩაუყვა საფეხურებს. თავს კვლავ შეუძლოდ გრძნობდა. გულისრევის შეგრძნება არ შორდებოდა.

_ სად მივდივართ? _ უხალისოდ ჰკითხა პაატას.

_ მცხეთაში, აგარაკზე. დიდებულ ფორმაში ხარ, _ შეამკო მამაკაცმა.

ხათუნას ესიამოვნა. ღიმილით გადაუხადა მადლობა.

მალე ავიდნენ მცხეთაში. პაატას «ბმვ» ნაცნობ ჭიშკარს მიადგა. ხათუნამ იცნო იქაურობა. ქალს მთლად გაუფუჭდა გუნება. ამ სახლთან უსიამოვნო მოგონებები აკავშირებდა. არ შეიმჩნია. მსუბუქად აუყვა მარმარილოს კიბეს. ირაკლი ღიმილით გამოეგება. ისიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.

_ ვახ, ვახ, ვახ! ნამდვილი ვარსკვლავი ხარ, თვალს ვერ გაშორებ. ნამდვილი დედოფალი, _ ისე აიფარა მამაკაცმა სახეზე ხელი, თითქოს ქალის სილამაზემ თვალი მოსჭრაო. საიდანღაც ხმამაღალი საუბრის ხმები ისმოდა.

_ მე საჩუქარი რომ არ მაქვს, იცი? _ მორიდებით უთხრა ხათუნამ და გადაკოცნა.

_ შენ თვითონ ხარ საჩუქარი. წამო, _ ხელი ჩაავლო და უკან გაიყვანა, ვერანდაზე. სუფრა გაშლილი იყო, ქეიფი _ ახალი დაწყებული. თხუთმეტამდე ადამიანი უჯდა მაგიდას. ხათუნას დანახვაზე უცებ შეწყდა ლაპარაკი. ყველამ მას მიაპყრო მზერა.

_ გაიცანით, ხალხნო, ეს არის ჩემი ხათუნა, ხათუნა მეუნარგია, მომავალში ტაბიძისა, _ გამოუცხადა ირაკლიმ შეკრებილ სტუმრებს.

ხათუნას ჩრდილმა გადაურა სახეზე, შეცბუნებულმა ახედა მამაკაცს. ირაკლიმ არაფრად ჩააგდო მისი რეაქცია, ხელი ჩაჰკიდა და სუფრისკენ გაუძღვა. უცებ მაგიდის ბოლოდან ახალგაზრდა, ქერათმიანი ქალი წამოიმართა, რომელსაც ღრმად გულამოჭრილი ლურჯი კაბა ეცვა. საოცრად ჰგავდა ირაკლის. «ეს, ალბათ, იაა», _ გაიფიქრა.

იგი ღიმილით მიუახლოვდა ხათუნას და ხელი გაუწოდა.

_ კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. მე ია ვარ. როგორც იქნა, შევხვდით ერთმანეთს.

_ მივხვდი. სასიამოვნოა ძალიან, _ ძლივს ამოთქვა ხათუნამ და ხელი შეაგება. უცებ ნაცნობ მზერას წააწყდა. ვიღაც მამაკაცი დაჟინებით უყურებდა. ლაშა! ეს ხომ ლაშა იყო, გელოვანი! აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. რა არის ცხოვრება, _ მსწრაფლ გაიფიქრა.

ირაკლიმ სუფრის თავში დასვა ხათუნა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. ქალს თავი უხურდა მოძალებული ემოციებისაგან. თითქოს გუგუნი ჩაესმოდა ყურში.

_ რაღაც გაფითრებული მეჩვენები, _ უჩურჩულა ირაკლიმ.

_ იუბილარი რომელია? _ მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა ქალმა.

_ იუბილარი? იუბილარი მე ვარ, _ ხმამაღლა გაიცინა მამაკაცმა.

ხათუნას ენა ჩაუვარდა. ამას ნამდვილად არ ელოდა.

_ რატომ მომატყუე? _ პატარა ბავშვივით აბუზღუნდა.

_ სიურპრიზი მოგიმზადე, _ კვლავ უჩურჩულა ირაკლიმ და ყურზე წაეპოტინა ტუჩებით.

დამორცხვებულმა ხათუნამ სუფრას მოავლო თვალი. იას, ლაშასა და პაატას გარდა იგი აქ არავის იცნობდა. ქალები შურით სავსე თვალებით ათვალიერებდნენ, მამაკაცები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მართლაც რომ თვალისმომჭრელად ლამაზი იყო.

_ ბატონებო, მე მინდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გამცნოთ, _ ირაკლი ფეხზე წამოდგა, ცალი ხელი ხათუნას გადახვია მხარზე, მეორით ჭიქას დაწვდა, _ დღეს მე ყველა თქვენგანს სიურპრიზი მოვუმზადე. 1 სექტემბერი ჩემი მეგობრებისა და ახლობლებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი დაბადების დღეა, არამედ იმიტომაც, რომ… დღეს ეს დედოფალივით ღვთაებრივი ქალი უნდა დავნიშნო, _ ირაკლიმ ხათუნას გადახედა ღიმილით.

ქალს სუნთქვა შეეკრა. აიწურა. აშკარად არ ელოდა ასეთ რამეს. ირაკლიმ რაღაც ანიშნა იას. ისიც წამოდგა, ძმის მიუახლოვდა და რაღაც გადასცა. ეს იყო პატარა, სკივრის ფორმის ხავერდის ყუთი. ირაკლიმ თავი ახადა და ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ამოაძვრინა.

_ ეს შენ, დედოფალო, _ ხმადაბლა უთხრა ხათუნას და ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე ჩამოაცვა.

ატყდა ოვაციები. ხათუნა ყურებამდე გაწითლდა. მერე ყველამ სათითაოდ ადღეგრძელა ახალდანიშნული წყვილი. მილოცვების ნამდვილი ნიაღვარი წამოვიდა…

მოსაღამოვდა. სუფრა ნელ-ნელა აიშალა. ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც ეზოში იყო ჩასული სასაუბროდ. ხათუნამ, როგორც იქნა, დაიმარტოხელა ირაკლი:

_ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? წინასწარ არ უნდა გაგეფრთილებინე? _ შეწუხებული ჩანდა ხათუნა.

_ კარგი რა, ხათო. ჩვენ ხომ ძველი თაობის ხალხი არა ვართ. მე ჩემი მშობლებიც არ მომიწვევია, ხომ ხედავ. ხომ არ გგონია, შენი დაქალები არ დავპატიჟე? ორივეს დავურეკე, შენგან მალულად, რა თქმა უნდა, მაგრამ მაკამ გადაუდებელი საქმე მაქვს და ვერ მოვალო, ინგამ კი თავს შეუძლოდ ვგრძნობო და ასე შორიდან მოლოცვით დაკმაყოფილდნენ. ჩემი ბრალი ხომ არ არის, თუ ვერ მოახერხეს მოსვლა? მორჩა, დღეიდან უკვე ჩემი ხათუნა ხარ, შენს თავს ვერავინ წამართმევს, _ ირაკლი კარგად იყო შემთვრალი. თვალები უბრწყინავდა.

_ ეს აგარაკი ვისია? _ ბანზე აუგდო სიტყვა ხათუნამ.

_ ესა? რა ვიცი, ჯერჯერობით ჩემია, _ ვითომ არაფერი, ისე თქვა ირაკლიმ.

ხათუნა კიდევ ერთხელ გაოცდა.

_ შენი? აკი მეგობრის არისო?

_ მოგატყუე, _ გაიცინა ირაკლიმ.

_ სულ ასე მატყუებ ხოლმე?

_ ო-ო-ო! რა ეშმაკი ხარ, დედოფალო. ეს აგარაკი დღეიდან შენია, შენი და ჩემი, მეც შენი ვარ და ჩემი ცხოვრებაც შენია.

_ რა უცებ გავმდიდრდი. ერთ დღეში რამხელა «იმპერია» ჩამივარდა ხელში, _ გადაიკისკისა ქალმა.

_ ჰოდა, მართე, როგორც გაგიხარდება, _ ირაკლიმ გულზე მიიხუტა იგი და ტუჩებზე დააცხრა.

_ გაამოთ, გაამოთ, _ მოულოდნელად ია წამოადგა ორივეს თავზე.

_ მოდი, იაკო, მოდი, _ ირაკლიმ წელზე მოხვია ხელი დას.

იას ლაშა მოყვებოდა უკან.

_ ხათუნა, გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია, _ წარუდგინა იამ ქალს ლაშა.

ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. გელოვანმა მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა მას.

_ ერთი წუთით წაგართმევ, ხათუნა, ჩემს ძმას, ხომ შეიძლება? _ ღიმილით მიმართა იამ ხათუნას.

_ კი ბატონო, აწი სად გამექცევა, _ იხუმრა.

ლაშა და ხათუნა მარტონი დარჩნენ. მამაკაცი უხერხულად გრძნობდა თავს.

_ ქალბატონო ხათუნა, იმედია, ჩვენ მივუხვდით ერთმანეთს, _ მორიდებით თქვა.

_ რაზეა ლაპარაკი, ლაშა. ჩვენ ხომ მხოლოდ დღეს გავიცანით ერთმანეთი. მე თქვენ პირველად გხედავთ.

_ დიდი მადლობა, დიდებული ქალი ბრძანდებით, უაღრესად… _ ლაშამ აღარ იცოდა, როგორ გამოეხატა მადლიერება. ცოტა ხანს იტრიალა, მერე კი გაეცალა.

ირაკლი კვლავ მობრუნდა. მკლავი მოხვია ხათუნას და ოთახში შეიყვანა, იმ ოთახში, სადაც ორიოდე თვის წინ შეხვდნენ ერთმანეთს.

_ გახსოვს ის დღე? _ მამაკაცმა ხათუნას სახე ხელებში მოიქცია და სიყვარულით ჩააცქერდა თვალებში.

უცებ ხათუნა წაბარბაცდა. თავბრუ დაეხვა. ისევ ღებინების შეგრძნება დაეუფლა.

_ რა დაგემართა, ცუდად ხომ არა ხარ? _ აწრიალდა მამაკაცი.

_ ირაკლი, მე საჩუქარი მაქვს შენთვის, _ თქვა ხათუნამ ჩურჩულით.

_ მოიცა, რა დროს საჩუქარია, _ ირაკლიმ ხელში აიტატა ქალი და ლოგინზე მიაწვინა.

_ ორსულად ვარ, იცი? _ ისევ ჩურჩულით თქვა.

_ რა თქვი? რა თქვი?

_ ჩვენ შვილი გვეყოლება.

ირაკლი თითქოს გაირინდა. გვიან, გვიან მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს სიტყვები და უჩვეულო შეგრძნებისგან თავბრუდახვეული მის ყელს ჩაეხვია.

_ მორჩა, დღეიდან ჩემთან დარჩები, მე შენ არსად გაგიშვებ, _ მტკიცედ გადაწყვიტა მამაკაცმა და ჩიტივით განაბული ქალი მძლავრად მიიხუტა მკერდზე.

888

სულ გადაავიწყდათ სტუმრები. თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს. ვინ იცის, სანამდე გაგრძელდებოდა ირაკლის და ხათუნას «ნირვანა», ვიღაცას ფრთხილად რომ არ დაეკაკუნებინა კარზე. ახლაღა გამოფხიზლდნენ ორივენი. მამაკაცი წამოხტა, თავი სახელდახელოდ მოიწესრიგა და კარის გასაღებად გაეშურა. ია იყო. ხელში ხათუნას ჩანთა ეჭირა.

_ აიკლო ვიღაცამ მობილური. მაპატიე, რომ შემოგეჭერით, _ ხელჩანთა ირაკლის გადააწოდა და გატრიალდა. მობილური გაბმით რეკავდა.

ლოგინზე წამომჯდარმა ხათუნამ ხელი გაიწვდინა ჩანთისკენ, ტელეფონი მოძებნა და ნომერს დახედა. მაკას ზარი იყო.

_ ალო! ჰო, მაკა, მე ვარ. რა იყო? _ არ ესიამოვნა დაქალის შიშნარევი ხმა. გულში უსიამოვნოდ გაჰკრა.

_ ხათო! ცუდი ამბავი მოხდა ძალიან. მოკლედ, ჭკუაზე არა ვართ მე და ინგა.

_ რა იყო, რა მოხდა ამისთანა, აღარ იტყვი? _ მთელი ხმით იყვირა ხათუნამ, _ ამოშაქრე დროზე! _ ფეხები გადმოყო საწოლიდან ქალმა.

_ გოჩა დაიღუპა, ჩანთაძე.

_ რას ამბობ! ეს რა მითხარი! რანაირად, რა დაემართა?! _ თავზე წაივლო ხელი ხათუნამ.

_ ავარიაში მოყვა. ნასვამი ყოფილა. წუხელ მაგრა დაულევია. ამ დილით კი «პახმელიაზე» გამოსულა. შუადღეს კაზინოში მოსვლია ვიღაცასთან ჩხუბი. ვერ გავარკვიე, ვისთან და რატომ. ჰოდა, ასე, ცხელ გულზე ჩამჯდარა მანქანაში და გზაში ბოძს შეჯახებია, _ ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა მაკა, თითქოს ვიღაც მოსდევსო.

_ ვაიმე, რას მეუბნები! რა ჭკუაზე იქნება ინგა. შენ ვინ გითხრა, მაკა?

_ იქ გავიგე, კაზინოში. ერთი ამბავი იყო. გაგიჟებულები არიან ყველანი. ამას კიდევ ვერ ვაწყნარებ, არ ვიცი, რა მოვუხერხო. ლამისაა, იმშობიაროს, ისე გაჰკივის. შენ ჯერ ვერ მოდიხარ?

_ მე-ე?.. მე… მალე წამოვალ, ალბათ. ამ მდგომარეობაში ინგას მიტოვება როგორ იქნება!

_ ხათო, იქნებ ცოტა იჩქარო, რა. მარტო ვერაფერს გავხდები. ხომ იცი, რა «ფსიხია», ერთი თუ აყვირდა, ვეღარ გააჩერებ. ლამისაა, თითები დაიმტვრიოს. ახლა ამის ნერვიულობა არაფრით არ შეიძლება! კი ძალიან ცუდ დროს გირეკავ, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს, _ მოუბოდიშა მაკამ.

_ ახლავე წამოვალ. კარი ღია დატოვეთ, ბრახუნი არ დამაწყებინოთ.

_ ხარაშო, გელოდები, აბა. მიულოცე ირაკლის დაბადების დღე.

_ რა ხდება? _ ირაკლიმ ქალს შეხედა.

_ გოჩა დაღუპულა, ჩანთაძე.

_ ნუ ახურებ. ამ დილით ვნახე, _ არ დაიჯერა მამაკაცმა.

_ ეს სულ ახალი ამბავია, რაღაც ერთი საათის. ავარიაში მოყვა თურმე.

_ აუჰ! რას მეუბნები. საწყალი ბიჭი… _ შეწუხდა ირაკლი.

_ მე უნდა წავიდე… _ მიუბრუნდა ხათუნა მოულოდნელად.

_ ახლა შენი წასვლა იქნება? _ ოდნავ აუწია ხმას მამაკაცმა.

_ არ იქნება ჩემი წაუსვლელობა. მაპატიე, მაგრამ ინგას ასეთ დღეში ვერ მივატოვებ. რა დათარსული ვარ… ჯერ იყო და ჩემი დაბადების დღე ჩამიმწარდა, ახლა კი შენი. რაღა მე უნდა დამემართოს ყველაფერი…

ირაკლი მოიღუშა. სკამზე ჩამოჯდა და თითებს დაუწყო ჩვეულებისამებრ წვალება.

_ კარგი, წავიდეთ. მეც გამოგყვები. მერე ერთად მოვბრუნდეთ.

_ არა, ირაკლი, მე შეიძლება ვეღარ მოვბრუნდე.

_ როგორ, კი მაგრამ! შენ უკვე ცოლი ხარ ჩემი, ვეღარ გაიგე?

_ ნიშნობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცოლობას. მაშინაც ხომ გითხარი, ინგას მშობიარობამდე ეგ საქმე არ გამოვა-მეთქი.

_ რა დროს ინგაა! _ იფეთქა უცებ მამაკაცმა, _ სულ სხვაზე რომ ფიქრობ, ერთხელ მეც მკითხე, მაწყობს შენთან ასეთი ურთიერთობა, ასე აქეთ-იქით სირბილი, ქურდულად შესვლა-გამოსვლა შენი ბინიდან! მე არ მჭირდები, როგორ ფიქრობ?! იქნებ მე მეტად მჭირდება შენი თავი, ვიდრე იმ შენს ინგას და მაკას! _ წამოხტა ირაკლი, ფანჯარასთან მივიდა, ერთმანეთში გადახლართული თითები კეფაზე შემოიწყო და გარეთ გაიხედა.

ხათუნას ცრემლი მოერია. ცოტაც და ტირილი წასკდებოდა. წამოდგა, ჯერ კაბა გაისწორა, მერე _ აწეწილი თმა, ბოლოს ირაკლის მიუახლოვდა და ზურგზე მიეხუტა.

_ ვწუხვარ, მაგრამ ამ წუთში სხვანაირად არ შემიძლია, _ შუბლი ზურგზე მიადო, მერე ფეხის წვერებზე აიწია, პერანგის საყელო გადაუწია მამაკაცს და კისერში აკოცა. ირაკლი მოტრიალდა. თითქოს მოლბა.

_ მეც ცოდო ვარ, რატომ არ გესმის, _ თითქმის მუდარით უთხრა ქალს.

_ მესმის, შემოგევლე, მესმის, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. რა ვქნა…

_ კარგი, ეგრე იყოს. წავიდეთ მაშინ, დროს ნუ დავკარგავთ. აუჰ! მიდი ახლა და უხსენი სტუმრებს, რა ხდება და რატომ…

_ მე მგონი, ასეთ სიტუაციას სულაც არ სჭირდება ახსნა. რა არის აქ ასახსნელი… _ მხრები აიჩეჩა ხათუნამ.

_ შენც მართალი ხარ. წამო, დროზე გავიდეთ მაშინ.

7 7 7

ინგას უჭირდა მომხდარის დაჯერება. ამას ისიც თან ერთოდა, რომ იქაც ვერ მივიდოდა, გოჩას ოჯახში, რათა თავის გემოზე დაეტირა მიცვალებული. იცოდა, ცხედრის დანახვაზე ნამდვილად ვერ შეძლებდა თავის შეკავებას. ამიტომ იძულებული იყო, შინ დარჩენილიყო. თავშეუკავებლად ქვითინებდა. მაკა გვერდიდან არ შორდებოდა. იქამდე იტირა, სანამ ცრემლი არ გაუშრა თვალებში. როდის-როდის ჩაწყნარდა. გარინდული იჯდა სავარძელში და ერთ წერტილს მიჩერებოდა.

_ მაკა! _ ოდნავ გასაგონი ხმით წარმოთქვა ბოლოს.

_ რა იყო, ინგა, _ მაკა მეგობრისკენ გადაიხარა.

_ დამაწყნარებელი გაქვს რამე? _ ძლივს ისმოდა მისი ნათქვამი.

_ დამაწყნარებელი? როგორ არა მაქვს, მაგრამ მხოლოდ ვენაში გასაკეთებელი. შენთვის არ შეიძლება.

_ იყოს… ოღონდ მიშველე რამე.

_ არ გინდა… ძალიან გთხოვ, მოეშვი ცოტა. შენი ნერვიულობა ახლა იმას არაფერს უშველის. წამლის გაკეთება კი საშიშია შენთვის. ბოლო თვეში ხარ უკვე. თანაც… ხათუნაც მალე მოვა და ხომ იცი მისი ოფოფების ამბავი.

_ გა-მი-კე-თე! _ ჯიუტად იდგა თავისაზე ინგა.

7 7 7

ნახევარ საათში ჩამოვიდნენ წყნეთიდან. ხათუნა მანქანიდან გადმოხტა. გრძელი კაბა სირბილში ხელს უშლიდა, ამიტომ ორივე ხელით აიწია და სადარბაზოში შევარდა. ხმაურით შეაღო კარი.

_ ინგა! _ დაიძახა. არავინ გამოეხმაურა. ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მიაყურადა. «სად დაიკარგნენ ნეტავი?» _ უსიამოდ გაუელვა გონებაში.

_ მაკა! _ ახლა მაღალაშვილს გასძახა. სამზარეულოში შეიხედა. არავინ დახვდა. უკან გამობრუნდა და ოთახის კარი შეაღო. მოულოდნელად შეჰკივლა და შეძრწუნებულმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

ინგა სავარძელში იჯდა. თავი გვერდზე გადავარდნოდა, პირიდან დუჟი გადმოსდიოდა. ფერი არ ედო სახეზე. შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული. მაკა გაშლილ დივანზე წამოწოლილიყო, ძარღვი დაბერვოდა ყელზე და ძლიერად უფეთქავდა.

ხათუნამ ინგა შეაჯანჯღარა. ქალს ახლა მეორე მხარეს გადაუვარდა თავი. ამასობაში ირაკლიც შემოვიდა.

_ რა ხდება? _ გაოცებით მოავლო თვალი ოთახს. უცებ მაკასთან ახლოს, იატაკზე დაგდებულ ერთჯერად შპრიცს მოჰკრა თვალი.

_ გამაგებინე, რა ხდება. ეს რა არის? _ დასწვდა სისხლიან შპრიცს.

_ ჩქარა, ირაკლი, სასწრაფოს გამოუძახე. ღმერთო, რომელ ერთს ვუშველო, _ ახლა მაკას მივარდა ხათუნა. რამდენჯერმე გააწნა სილა. მაკამ, როგორც იქნა, აამოძრავა დამძიმებული ქუთუთოები, თვალები ნელა გაახილა და ძლივს გასარჩევად ჩაილაპარაკა:

_ ნუ მაღ-ვი-ძებ, რა-ა! პატომ, პა-ტომ, _ და ისევ ბურანში წავიდა.

ხათუნას ინგას დარდი უფრო აწუხებდა. ორსული ქალისთვის ახლა ნამდვილი სასჯელი იყო ვენაში ნარკოტიკის შეყვანა. ვერ მოასულიერა ვერაფრით. არც მაჯა ესინჯებოდა. ირაკლი ეზოში ჩავიდა სასწრაფოს დასახვედრად. ხათუნა სიმწრით მოთქვამდა. ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა.

7 7 7

ინგა «რესპუბლიკურში» გააქანეს… აკანკალებული ხათუნა კედელს მიყრდნობოდა და დამუშტულ ხელებს ნერვულად ურტყამდა ცივ ბეტონს. დარეკა ინგას დედასთან, უთხრა, ძალიან ცუდად არის, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და იქნებ მოხედოთო. ცივად დაუკიდეს ყურმილი, ყოველგვარი პასუხის გარეშე, არც კი მოუსმინეს. კვლავ დარეკა და მიახალა დედამისს, კვდება და იქნებ ცოცხალს მოუსწროთო. არც ახლა შეისმინა მარომ ხათუნას თხოვნა. მერე გურამს დაუკავშირდა, მოკლედ აუხსნა შექმნილი სიტუაცია და მაკას მიხედეო, უთხრა.

ირაკლი დერეფანში გადი-გამოდიოდა. ხან რა წამალი მოჰქონდა, ხან _ რა. უკვე შეღამებული იყო. რესპუბლიკურში ხალხი მაინც ირეოდა.

_ ღმერთო, ოღონდ გადაარჩინე, ოღონდ გადაარჩინე, _ ბუტბუტებდა ხათუნა თავისთვის.

ამ დროს ახალგაზრდა გოგო გამოვიდა რეანიმაციიდან.

_ ხათუნა რომელია? _ იკითხა და თვალი მოავლო გრძელ დერეფანს.

_ მე ვარ, _ წინ წამოიწია ხათუნა.

_ თქვენს ნახვას ითხოვს, _ განუმარტა გოგონამ.

_ მოვიდა გონს?

_ წამომყევით, თუ შეიძლება, _ გაღიზიანდა ექთანი.

ხათუნა ფეხდაფეხ მიჰყვა ღამის მორიგეს. ოთახში წამლის მძაფრი სუნი იგრძნობოდა. ინგას სახე გაფითრებოდა.

_ ინგა, სიხარულო, _ ხელზე შეეხო ხათუნა.

ინგამ ძლივს ასწია ქუთუთოები. მის დანახვაზე ოდნავ შეარხია წარბები.

_ ხათო… მოვიდა, _ წაიჩურჩულა ძლივს გასაგონი ხმით.

_ ვინ, ინგა, ვინ მოვიდა?

_ მიქელა მოვიდა… მაჭარაშვილო, ზურგისაკენ!.. მეძახის უკვე, _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა გაფითრებული.

_ ნუ სულელობ, ყველაფერი კარგად იქნება, _ ტირილნარევი ხმით ანუგეშა ხათუნამ მეგობარი.

_ შენ იცი ბავშვი… თუ ბიჭი იქნა, გიორგი დაარქვი. გაიგე?

_ კარგი ახლა, შენ თვითონ დაარქვი, თუ კარგია, გულს ნუ მიხეთქავ.

_ გიორგი კარგი სახელია. მამაჩემსაც გიორგი ერქვა, ხომ სწორია? _ სადღაც შორიდან ისმოდა ინგას ხმა, _ ტატოს არ მომიყვანენ?

_ მოგიყვანენ, აბა რას იზამენ. მალე მოვლენ დედაშენი და ტატო, _ იცრუა ხათუნამ.

_ კარგია, რომ ვკვდები. ასე აჯობებს. ტატომ შური იძია ჩემზე… ჩემზეც და გოჩაზეც. არ მაპატია, ხომ ხედავ?

7 7 7

ინგა ვერ გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ბავშვის გასაჩენად საკეისროს გაკეთება გახდა საჭირო. ოპერაციის შემდეგ იგი გონს არ მოსულა. გამთენიისას დალია სული… ღამის სიჩუმე ქალის გამგმირავმა კივილმა შეძრა. გამწარებული ხათუნა შველას თხოვდა ყველას. ვერ აწყნარებდნენ. ირაკლი ძლივს აკავებდა სასოწარკვეთილ ქალს…

ახლა კი იკადრეს ინგასიანებმა მოსვლა. და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჭირისუფლადაც დაუდგნენ მიცვალებულს.

ყველაზე ცუდ დღეში მაკა ჩავარდა. იმაზე აღარ ფიქრობდა უკვე, გატაცების გეგმა რომ ჩაეფუშა. თავის თავს ადანაშაულებდა მეგობრის სიკვდილში. ნაწილობრივ ასეც იყო. ხათუნას მისი დანახვაც არ უნდოდა. გურის დიდი ძალისხმევა დასჭირდა, პოლიციაში როგორმე ჩაეფარცხა ეს საქმე…

ინგა კახეთში დაასაფლავეს, მამამისის გვერდით. არც მაკა და არც ხათუნა გასვენებაში არ წასულან. მაროს მათი სახელის გაგონებაც არ უნდოდა. შვილის სიკვდილში მათ სდებდა ბრალს. ბავშვზეც უარი განაცხადეს. ახლა ხათუნას მთავარი საზრუნავი პატარა გიორგი გახდა. მისი საავადმყოფოდან გამოყვანა ადვილი საქმე არ იყო. გურამს დიდი გავლენა ჰქონდა. შეიძლებოდა მისი ნაცნობობა გამოეყენებინა ხათუნას. მაკასაც ყველასთან მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ ხათუნამ მაინც ამჯობინა, კახას შეხმიანებოდა მოსკოვში. დაურეკა მეგობარს, აუხსნა, როგორც იყო ვითარება და დახმარება სთხოვა. ხაჩიძის ერთი ზარი საკმარისი გახდა, საქმე ხუთიანზე მოეგვარებინა. მან მთელი ჯანმრთელობის სამინისტრო შეაწრიალა. კახას ყველა პატივს სცემდა. ყოყმანიც კი არავის დაუწყია. ხათუნასაც მეტი რა უნდოდა. ბავშვზე აპეკუნობა გააფორმა და პატარა გიორგი შინ წამოიყვანა. ახლა მთავარი პრობლემა ირაკლი იყო. როგორ მიიღებდა იგი ამ ამბავს, არავინ იცოდა. სწორედ ამისი ეშინოდა ქალს. რას იტყოდა ხალხი _ ირაკლიმ ბავშვიანი ქალი მოიყვანა ცოლადო! დაუშვებდა კი ამას ირაკლი? ხათუნა აშკარად არჩევნის წინაშე დადგა. ირაკლის დაკარგვა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ამასთან, ყველასგან მიტოვებულ პატარა გიორგისაც ხომ სჭირდებოდა პატრონი. არ უნდოდა, ჩვილი უცხო ადამიანების ხელში ჩაეგდო. ხათუნა პასუხისმგებლობას გრძნობდა დაღუპული მეგობრის წინაშე. ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა, ბავშვის გაზრდა თავის თავზე აეღო. თუკი ირაკლი მიიღებდა მის წინადადებას, ხომ კარგი, თუ არადა… უკან დაუბრუნებდა ნიშნობის ბეჭედს და ყველანაირ კავშირს გაწყვეტდა მასთან. ამის გაფიქრებაზე გული შეეკუმშა, თითქოს რაღაც ჩაწყდა მკერდში.

საღამო იყო. ჩვრებში გაკოჭილ პატარა გიორგის მშვიდად ეძინა. დროდადრო ღიმილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე. საგონებელში ჩავარდნილი ხათუნა მზრუნველად დასჩერებოდა ბავშვს. ვერც გაიგო, როგორ წამოადგა თავზე მაკა. შეკრთა. არ ელოდა მის გამოჩენას. რაც ინგა გარდაიცვალა, თვალიც არ მოუკრავს მისთვის.

_ საიდან შემოხვედი? _ გაოცდა ხათუნა.

_ კარი ღია დაგრჩენია, _ მაკა ფრთხილად ჩამოჯდა საწოლზე და ბავშვს გადახედა, _ რა პაწუკაა, _ თითქმის ჩურჩულით თქვა და გაღიმება სცადა.

_ რისთვის მოხვედი? _ ცივად ჰკითხა ხათუნამ.

_ საქმე მაქვს შენთან… ძალიან სერიოზული.

_ საქმე? რა საქმე! _ ხათუნამ ჯიქურ გაუსწორა მზერა.

_ ვიცი, რომ ვერ მპატიობ ინგას ამბავს. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ თვითონ დაიჩემა, ხათო, გინდა თუ არა, გამიკეთეო. მე არ მინდოდა, გეფიცები, არ იყო მთლად ჩემი ბრალი.

_ აღსარების სათქმელად ჩემთან მოხვედი? სხვა ვერავინ ნახე? _ ხათუნა წამოდგა.

_ არა, ამისთვის არ მოვსულვარ. მე… ბავშვის გამო მოვედი.

_ შენ რა ხელი გაქვს ამ ბავშვთან, არ მესმის, _ ხათუნა ლოჯიაში გავიდა. მაკაც თან გაჰყვა.

_ წუხელ ველაპარაკე ჩემს ქმარს. შენც ცოდო ხარ, მალე შენი გეყოლება გასაზრდელი. ორის მოვლა გაგიჭირდება. ამასთან, ირაკლის მდგომარეობაც ხომ უნდა გაითვალისწინო. უნდა ახლა მას ბავშვიანი ქალი? თანაც, სხვისი შვილი…

_ მერე შენ რა, გინდა გაყიდო და ხელი მოითბო? რამდენს გთავაზობენ, პირდაპირ მითხარი ქე მაინც, არ დამიმალო, _ ფანჯრის რაფაზე ჩამწკრივებულ ყვავილებს მიუახლოვდა ხათუნა და დაქალს ზურგი შეაქცია.

_ ახლა რასაც გეტყვი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ მოგეწონება ჩემი წინადადება, არ მეჩხუბო, იცოდე.

_ მითხარი, რისი თქმა გინდა. ჩქარა, შენი თავი არა მაქვს, _ გამეხებული მოტრიალდა ხათუნა.

_ მე გამაზრდევინე გიორგი. მე ვიქნები მისთვის დედა, გთხოვ… _ მაკას ცრემლი გაუბრწყინდა თვალებში.

ხათუნა გაოგნდა. მოულოდნელობისაგან ენა ჩაუვარდა. ყველაფერს ელოდა მაკასგან და ამას _ ნამდვილად არა.

_ რა თქვი? _ ტუჩები აუთრთოლდა. მექანიკურად შუბლზე გადაისვა ხელი.

_ ამით მე ყველაფერს გამოვისყიდი _ შენ წინაშეც, ირმას წინაშეც და იმ პატარას წინაშეც, _ მაკამ ნერწყვი გადაწყლაპა, _ შენც მოგეხსნება პრობლემები. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაქორწინდეთ. დედას გეფიცები, არაფერს დავაკლებ. გურიც თანახმაა. მე შევიცვლები, აი ნახავ, როგორ შევიცვლები. შენს თავს გეფიცები, ხათო, სულ სხვანაირად ვიცხოვრებ, გიორგისთვის ვიცხოვრებ მხოლოდ, _ მაკა უცებ წამოხტა, ხათუნას მივარდა და მის წინაშე მუხლებზე დაემხო, _ ნუ მეტყვი უარს, გთხოვ, გემუდარები!

მაკა ტიროდა.

_ ადექი, რას აკეთებ. პატარა გოგო ხომ არა ხარ, _ მისი დაშოშმინება სცადა ხათუნამ და ხელები შეაშველა, ფეხზე წამოაყენა თვალცრემლიანი დაქალი.

_ მერე? როგორ გგონია, შეძლებ? _ ჰკითხა ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ.

_ შევძლებ? რატომ ვერ შევძლებ, ყველაფერს შევძლებ. მე ხომ ექიმი ვარ, არაფერი შემეშლება. შენც დამეხმარები, დედაჩემიც, გურიც, ირაკლიც, ბოლოს და ბოლოს… აქ არა ხართ ყველანი? რა გამიჭირდება? ჩემი რომ მყოლოდა, ხომ უნდა გამეზარდა? აბა, ბუჩქებში ხომ არ მოვისვრიდი? _ გამოცოცხლდა უცებ.

ხათუნა დაფიქრდა.

_ დავიჯერო, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი? _ როგორც იქნა, ღიმილი აუთამაშდა სახეზე.

_ შენც ხომ ხედავ, რომ ასეა, არა? _ გული მოეცა მაკას, _ ღმერთო, არც კი მჯერა, დედა რომ უნდა გავხდე. რაღაც უცნაური შეგრძნებაა, იცი?

_ ვიცი, ვიცი, _ კვლავ გაიღიმა ხათუნამ. მაკას შეხედა. იგი თითქოს გაზრდილიყო. ხათუნამ მასში ქალი დაინახა, დედობას მოწყურებული ქალი…

ამ დროს გიორგის ტირილის ხმა გაისმა.

_ გაიღვიძა, _ ჩურჩულით თქვა ხათუნამ და ოთახში გავარდა…

7 7 7

ხათუნა ირაკლის ზარს ელოდებოდა. მაკას ამოსვლამდე მოფიქრებული ჰქონდა, რაც უნდა ელაპარაკა მამაკაცთან. ახლა კი… როცა დაქალი და ბავშვი თავის «მზითვიანად» გაისტუმრა, მიხვდა, არ გაწირა განგებამ. პატარა გიორგი უკვე საიმედო ხელში იყო. მაკა იმდენად შეცვალა ინგას სიკვდილმა, ხათუნა ვეღარ ცნობდა. «ნუთუ აუცილებელი იყო ასეთი მსხვერპლი, მაკას რომ ნორმალური ცხოვრება დაეწყო? რაღა მაინცდამაინც ინგა, რაღა ინგა?» _ თავისთვის ფიქრობდა იგი. ამ დროს ირაკლიმაც დარეკა.

_ რას აკეთებ, დედოფალო? _ თბილად მოიკითხა მამაკაცმა.

_ ამ წუთში შენზე ვფიქრობდი. მაკა გავაცილე ახლახან. ინგას ბავშვი წაიყვანა.

_ წაიყვანა? სად წაიყვანა?

_ თავისთან, სახლში… იშვილა.

_ მართლა? მერე შენ? კმაყოფილი ხარ მისი გადაწყვეტილებით? შეძლებს კი?

_ რა ვიცი, ირაკლი. შენ როგორ იტყვი, შევცდი?

_ აბა, რა გითხრა. დედობა საერთოდ ძალიან ცვლის ქალს. ალბათ, მაკაც შეიცვლება.

_ იგი უკვე საგრძნობლადაა შეცვლილი, რომ იცოდე.

_ ძალიანაც კარგი. პრინციპში, ასეც რომ არ მომხდარიყო, გიორგი ჩვენთვის პრობლემა არ იქნებოდა.

_ შენ ასე ფიქრობ? რანაირად, აბა? _ ყურები ცქვიტა ხათუნამ.

_ ჩვენ გავზრდიდით, მე და შენ. ასე არ არის?

ხათუნას გული აუჩუყდა. სათბო ჩაეღვარა სხეულში. ახლა რომ ირაკლი ახლოს ყოფილიყო, ალბათ, კოცნით დაახრჩობდა.

_ მე კი მეშინოდა… იცი, როგორ მეშინოდა?

_ რისი, სულელო! _ გაიცინა მამაკაცმა.

_ მეგონა, არ დამთანხმდებოდი ამაზე. რამდენი რამ წარმოვიდგინე, რომ იცოდე. მაშინ… დავურეკავ მაკას და ვეტყვი, ბავშვი უკან მომიყვანოს.

_ მაგას ნუ იზამ. გიორგი ახლა მაკასთვის ყველაფერს ნიშნავს. მისი ცხოვრების წესის შესაცვლელად ახლა შვილია ყველაზე მთავარი, მთავარი და საჭირო. ხომ გესმის, რისი თქმაც მინდა.

_ მესმის, _ ქალს ხმა ჩაუწყდა.

_ ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ სხვისი ბავშვი ტვირთი იქნებოდა ჩემთვის. სულაც არა, მაგრამ დამიჯერე, ასე სჯობს _ მათთვისაც და ჩვენთვისაც. ეს უკეთესი გამოსავალია.

_ მართალი ხარ, _ დაეთანხმა ქალი.

_ ახლა ის მითხარი, ჩვენ რა ვქნათ?

_ რას გულისხმობ?

_ კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ. ჯვარი როდის დავიწეროთ?

_ რა ვიცი, მე შენ გელოდები.

_ მაშინ ხვალვე… არა, ხვალ არა, ამ შაბათს. ცოტა ხომ უნდა მოვემზადოთ. დიდ ქეიფს ვერ გავაკეთებთ, შენც კარგად იცი, მაგრამ პატარაზე ალბათ, არ დაგვძრახავენ, არა?

_ ალბათ.

_ მე კი ახლავე შენ გვერდით გავჩნდები. ჩემთან უნდა წაგიყვანო. ერთხელ და სამუდამოდ.

_ ახლა?

_ ჰო, ახლა. რა, არ წამოხვალ?

_ წამოვალ, აბა რას ვიზამ. შენთან ერთად თუნდაც აფრიკაში წამოვალ.

_ მოემზადე მაშინ.

კარზე ზარის ხმა გაისმა. ხათუნა მობილურიანად შემოსასვლელში გავიდა. ირაკლისთან საუბარი არ შეუწყვეტია. კარი გამოაღო და სიხარულისაგან კინაღამ შეხტა. სადარბაზოში ირაკლი იდგა. ბედნიერებისაგან სახეგაბადრული ქალი მკერდზე მიესვენა მამაკაცს…

7 7 7

მაკას პატარა გიორგი ხელში აეტატებინა და ლოჯიის აივანზე გასული ინგას ფანჯრებს სევდიანად გაჰყურებდა. ამ დროს გზაზე ნაცნობმა «ვოლვომ» ჩაიარა. მანქანაში ირაკლი და ხათუნა შენიშნა. მაკას გაეღიმა. გულზე მიიხუტა ჩვილი და მიმავალ ავტომობილს ღიმილით გააყოლა მზერა.

«დავიძარით ბედნიერებისკენ», _ გაიფიქრა მაკამ და საღამოს ბინდბუნდს იმედიანად გახედა.

About these ads

12 thoughts on “ჩიხში მომწყვდეულნი

  1. რატომღაც მომინდა, კიდევ ერთხელ გადამეკითხა ამ რომანის ცალკეული ადგილები… ადამიანის სულის სიღრმეებში წვდომის ავტორისეული უნარის დანახვა მომნატრებია…
    წარმოუდგენლად ღრმა და განსაკუთრებული ხარ, სვეტა!
    ამაღამ თქვენზე და თქვენი რომანის გმირებზე ვიფიქრებ… სასიამოვნოა ასეთი ფიქრი…

  2. ჩემთვის მართლა ასეა, სვეტა. არ მიყვარს პირფერობა… ან რისთვის მჭირდება?..
    როცა თავისუფალი დრო მაქვს, ჩემივე სიამოვნებისთვის შენს რომანებს ჩავუჯდები ხოლმე…

  3. dzalian sevdiani magmagram saintereso istoriaa…magrad shemecoda inga….albat yvelapers tavis pasi aqvs am cxovrebashi…zogs naklebad umartlebs zogs ki imaze metad vidre imsaxurebs….tqven ki qalbatono sveta udzlieresi brdzandebit madlobt am siamovnebistvis…..!!!!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s