აკრძალული ოცნებები


იმწუთას სამყარო ორ არათანაბარ ნაწილად გაიყო _ პატარა «მდე»-დ და ჯერ კიდევ დასასრულის არმქონე «შემდეგ-ად». თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა გაავლო ზღვარი ამ ორ ნაწილს შორის და წითელი, პრიალა ლენტით «შემოღობა» აკრძალული ზონა. დროც კი ორად გაიყო _ ძველი, უკვე წარსულში დარჩენილი, სინანულითა და დამსხვრეული ოცნებებით, გულგატეხილობით და განხიბვლით და ახალი, კვლავ ნულიდან დასაწყები, შიშით და ძრწოლვით, ფარული ვნებებით შენიღბული… გულმა თვითნებურად, მაგრამ მკაცრად დაიწყო წამების ათვლა, რომ კვლავ ფუჭად არ ჩაევლო ძალისხმევას, იქნებ ახლა მაინც გამოსვლოდა რამე… მორჩა, აღარ განმეორდება ის, რაც იყო. კიდევ ერთხელ ეცდება დაკარგულის დაბრუნებას, თუმცა ამჯერად სხვაგვარად მიუდგება საქმეს, აღარ იქნება ისეთი მიამიტი და მიმნდობი, როგორიც ადრე… «კიდევ სცადე», როგორც გათამაშებაში ჩაშვებული სასმელების ბოთლის საცობებს აწერია ხოლმე მომხმარებლის მისატყუებლად… ეცდება, აბა რა, მაგრამ არა ისე, როგორც მაშინ… ამწუთას ნინის ყველა ქმედება სააფთიაქო სასწორის სიზუსტით არის აწონილი და გათვლილი. არაფერი ზედმეტი! მხოლოდ ის, რაც საჭიროა. რაც არ არის საჭირო, «გადახაზეთ!» _ შეუძახა თავის თავს გულში და თეძოების რხევით გაემართა ბართან ახლომდებარე მაგიდისკენ…

8 8 8

ასე ჰგონია, საუკუნეა, რაც თორნიკეს იცნობს. არადა, მხოლოდ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, პირველად რომ შეხვდა… არა, შეხვედრამდე ისე იცნობდნენ ერთმანეთს, ვირტუალურად… ანუ… ანუ მიწერ-მოწერით. არა, არა, სასიყვარულო ბარათებს კი არ გულისხმობს…. «ოდნოკლასნიკებში» გახსნა შარშან პროფილი და თავისი ლამაზი ფოტოები დადო თუ არა, მამაკაცების შემოსევა დაიწყო. ოოოოოოოოო! რა ჯურის «მაჩო» არ ცდილობდა მის გაცნობას _ შავგვრემანი თუ ქერა, მაღალი თუ დაბალი, მსუქანი თუ გამხდარი, ახალგაზრდა თუ «ძველგაზრდა»… ერთი სიტყვით, ხანდახან პასუხის გაცემას ვერ აუდიოდა და იძულებული ხდებოდა, ვინც ოდნავ მაინც არ მოუვიდოდა თვალში, არ დაკონტაქტებოდა. თავიდან უხაროდა, ასეთი პოპულარული რომ გახდა, მაგრამ მერე და მერე ნელ-ნელა მობეზრდა და მხოლოდ რაღაც ნიშნით გამორჩეულებს ეხმიანებოდა. ზოგის გარეგნობა მოსწონდა, ზოგის _ იუმორი, ვიღაცის _ ქალის შებმის სტილი, ვიღაცის _ თანამდებობა ან ავტომანქანის მარკა… ასაკიც კი განსაზღვრა _ 25-დან 35 წლამდე მამაკაცები, ზღვარზე უმცროსები და უფროსები კი «ჩამოწერა», როგორც უხარისხო საქონელი…

ჰოდა… სწორედ მათ შორის აღმოაჩინა თორნიკე, რომელიც «მაჩოს» მეტსახელით იყო შემოსული. ბიჭმა მაშინვე მიიქცია მისი ყურადღება. სხვებივით არ დაუწყია ხოტბის შესხმა, რა ანგელოზი ხარ, თვით სრულყოფილება გიპოვე, რა დედამ გშობა ასეთი დახატული და ა.შ. ორად-ორი სიტყვა მოსწერა _ «მგონი, მომწონხარ» და ნინის რეაქციას დაელოდა. გოგონამ ჯერ თვალები დააჭყიტა, ასეთი ფრაზით ჯერ არავის მოუმართავს მისთვის, მერე კი უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩი _ რას ნიშნავს «მგონი»? ამისთანა ლამაზ გოგოზე შეიძლება ვიღაცამ «მგონი» თქვას?.. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი… შურისძიების მიზნით, ადგა და მისი ყველა ფოტო დაბალი ნიშნებით შეაფასა _ ერთიანებით და ორიანებით. არადა, უცნობი მართლაც რომ ნამდვილი მაჩო იყო _ შავგვრემანი, დიდი ბრიალა თვალებით, მაღალი, მოხდენილი… პასუხად უცნობმა ღიმილის ბევრი და კოცნის ერთი «სმაილიკი» გამოუგზავნა. მერე ვირტუალური დიალოგიც თავისთავად აეწყო.

მაჩო: რა დაგიშავე ასეთი? თუ შენი კომპიუტერი ხუთიანებს არ წერს?

ნინი: ბანალური ფოტოები გაქვთ, არაფრით გამორჩეული.

მაჩო: მხოლოდ ეს არის მიზეზი? ყველას ასე უფასებ ფოტოებს, თუ მარტო მე დამსაჯე?

ნინი: დაგსაჯეთ? რისთვის?

მაჩო: სხვებივით რომ არ გავილექსე…

ნინი: თქვენ რა იცით, სხვები როგორ ილექსებიან?

მაჩო: ვიცი, მეც გავლექსილვარ ეგრე სხვა გოგონებთან, მაგრამ არა შენთან.

ნინი: და ჩემთან რატომ არა?

მაჩო: როგორ გითხრა… მომეჩვენა, რომ განსხვავებული ხარ.

ნინი: რაზე შემატყვეთ?

მაჩო: ვგრძნობ.

ნინი: იტყუებით.

მაჩო: რაზე შემატყვე, რომ ვიტყუები?

ნინი: არ ვიცი…

მაჩო: ეგ შენი უფლებაა, დაიჯერებ თუ არა… ტყუილი არ მიყვარს… არ გინდა, შენობით მომმართო? ასე უფრო გაგვიადვილდება ურთიერთობა.

ნინი: მაგრამ მე არ გიცნობთ… სახელიც კი არ ვიცი თქვენი.

მაჩო: მერე? ამაზე ადვილი რა არის? გავიცნოთ ნელ-ნელა, რაღას ვუცდით? მე თორნიკე მქვია, ანუ თოკო… შინაურები ასე მომმართავენ. მითხარი, რა გაინტერესებს და დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას.

ნინი: კარგი, დავიწყოთ. რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ, ცოლიანი, უცოლო… მაღალი, დაბალი… მსუქანი, გამხდარი… შენი ლამაზი თვალების ფერი, პროფესია, სამსახური… საყვარელი კერძები… რა ვიცი, ყველაფერი.

მაჩო: იცი? ძალიან საყვარელი ხარ… და მართლაც მომწონხარ.

ნინი: გმადლობ. სასიამოვნო მოსასმენია… თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ფოტოზე ყოველთვის უკეთ გამოვიყურები, ვიდრე ორიგინალში… ასე რომ, მთლად სურათის შთაბეჭდილებებს ნუ დაეყრდნობი… ეგრეც ხდება… ადამიანი გარეგნობით ხშირად აგებს ხოლმე.

მაჩო: მე ჯერ ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ნინი: თუმცა მხოლოდ გარეგნობაც ყველაფერს როდი ნიშნავს.

მაჩო: ლამაზ ქალებს უმართლებთ…

ნინი: ვერ ვიტყოდი მთლად ეგრე… მაინცდამაინც ვერ ვარ იღბლიანი.

მაჩო: იღბალი რა შუაშია ასეთ სილამაზესთან? შენ თავად ხარ სხვისი იღბალი.

ნინი: მგონი, ჩემს შეკითხვებზე უნდა გეპასუხა…

მაჩო: ჰო-ო-ო! ეგ სულ გადამავიწყდა… ჩემმა ფოტოგალერეამ ნაწილობრივ მაინც არ დააკმაყოფილა შენი ცნობისმოყვარეობა?

ნინი: ფოტოებს დიდად არ ვენდობი. აკი გითხარი…

მაჩო: იცი? ძალიან მეზარება წერა. ასოები უნდა ვეძებო. ხომ არ ჯობია, ტელეფონის ნომრები გავცვალოთ? დაგირეკავ… ძალიან მაინტერესებს როგორი ხმა გაქვს. ძალიან მჭირდება ამის გაგება…

ნინი: თოკო… რატომ შექმენი ეს პროფილი? რას ეძებ აქ?

მაჩო: როგორ გითხრა… პირველ რიგში, მეგობრებს ვეკონტაქტები.

ნინი: კიდევ?

მაჩო: კიდევ… საინტერესო ადამიანებს ვეძებ…

ნინი: პოულობ კი?

მაჩო: შენ ხომ გიპოვე… თავად? თავად რას ეძებ, ნინი?

ნინი: მე… სიყვარულს.

მაჩო: სიყვარულს? შენნაირი გოგო სიყვარულს ვირტუალურ სამყაროში ეძებს? ვერ დავიჯერებ.

ნინი: გინდ დაიჯერე, გინდა არა, მაგრამ ასეა. არ ვენდობი ჩემ გარშემო მორბენალ მამაკაცებს.

მაჩო: და აქ გაცნობილს გინდა, ენდო?

ნინი: მაგით რისი თქმა გინდა, რომ შენ სანდო არ ხარ?

მაჩო: აბა, რა გითხრა… მე კი ვარ სანდო, მაგრამ…

ნინი: მაგრამ მაინც არ ხარ, არა? გულახდილად მითხარი, ცოლი გყავს?

მაჩო: ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?

ნინი: ჩემთვის ძალიან დიდი.

მაჩო: შენ?

ნინი: რა მე?

მაჩო: შენ არასდროს ყოფილხარ გასხვისებული?

ნინი: ანუ გათხოვილი? არა, არასდროს, ჯერ ვერ მოვასწარი.

მაჩო: მოდი, რა, შევხვდეთ ერთმანეთს…

ნინი: დარწმუნებული ხარ?

მაჩო: რაში?

ნინი: რომ ჩემთან შეხვედრა გინდა.

მაჩო: როგორც არასდროს. მართლა ძალიან მინდა შენი გაცნობა. ასე არავის გაცნობა არ მომნდომებია.

ნინი: ყველასთან ასეთი ხარ? როგორიც ჩემთან?

მაჩო: როგორ გგონია?

ნინი: არაფერიც არ მგონია და იმიტომაც გეკითხები.

მაჩო: იცი, როგორ ვგრძნობ, რომ ერთმანეთს ვჭირდებით?

ნინი: ვიცი.

მაჩო: ჰოდა, თუ იცი, არ შეგიძლია, რაღაც გადაწყვიტო? აშკარად ვიგრძენი, რომ განსხვავებული ხარ და მიმიზიდე.

ნინი: რა გავაკეთო?

მაჩო: მითხარი შენი ნომერი და დაგირეკავ. ხმა გამაგონე შენი, ძალიან მჭირდება ეს, ოღონდ მართლა!

ნინი: ტელეფონი გათიშულია დავალიანების გამო.

მაჩო: ცალმხრივად?

ნინი: არა, ორმხრივად.

მაჩო: მობილურიც ორმხრივადაა გათიშული?..

8 8 8

ერთი სიტყვით, გაიცნეს ერთმანეთი. ვირტუალური დიალოგი სატელეფონო საუბრებით შეიცვალა, სატელეფონო საუბრები _ შეხვედრით… ნინის ძალიან მოეწონა ბიჭი, რეალურ ცხოვრებაში ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ფოტოებზე. თორნიკეც აღფრთოვანებული დარჩა მისი გარეგნობით. გოგონა მართლაც რომ სრულყოფილების განსახიერება იყო. განსაკუთრებით ის მოეწონა, რომ ნინი თითქმის არ იყენებდა კოსმეტიკურ საშუალებებს თავისი სილამაზის ხაზგასასმელად, მხოლოდ წამწამებს იტუშავდა და ღია ფერის პომადას ისვამდა ტუჩებზე.

_ ასე არ ჯობია? მიხარია, რომ ახლოს გაგიცანი. მითხარი, რაზე დაგპატიჟო? _ თბილად გაუღიმა ბიჭმა.

_ რადგან შუადღეა, ყავას დავლევ, _ დაიმორცხვა ნინიმ.

_ ანუ შუადღეს ყავას სვამ?

_ ჰო… და დილითაც. საღამოს მხოლოდ მწვანე ჩაის.

_ კიდევ რა გიყვარს? მომიყევი შენზე, _ თორნიკემ მანქანის კარი გამოაღო და გოგონას ხელი გაუწოდა.

_ კიდევ? კიდევ კინო მიყვარს, ოღონდ არა ბოევიკები და ფანტასტიკები. ფსიქოლოგიური ფილმები და მელოდრამები მომწონს, ეგრეთ წოდებული «კინო არა ყველასათვის», ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, «სხვა კინო». მიყვარს ფოტოხელოვნებაც…

_ კიდევ? _ არ ეშვებოდა მამაკაცი.

_ კიდევ? გაინტერესებს კი?

_ აბა, რა, თანაც ძალიან მაინტერესებს.

_ არ მიყვარს კროსვორდები და ნარდის თამაში.

_ ნარდი რატომ არ გიყვარს?

_ ალბათ იმიტომ, რომ მისი არაფერი გამეგება, არ ვიცი ნარდის თამაში. ვგიჟდები ზღვაზე. როცა ტალღების ხმაური მესმის, სიამოვნებისგან თავბრუ მეხვევა. როცა ვირუჯები, ხომ… საერთოდ… მიხდება გარუჯვა, სუუულ სხვანაირი ვხდები…

_ უფრო სექსუალური?

_ … თუნდაც… კიდევ… ნაყინი მიყვარს… ვერ ვიტან წიწაკიან კერძებს… სამაგიეროდ, სიამოვნებით ვაკნატუნებ მზესუმზირას, მიუხედავად იმისა, რომ მისი კნატუნი უზრდელობაა.

_ ჰა-ჰა-ჰაააა! როგორ გამაცინე! მეც მიყვარს მზესუმზირა, მაგრამ არც მიფიქრია, მისი კნატუნი თუ უზრდელობად მიიჩნეოდა. ზღვა მეც მიყვარს, მაგრამ მალევე მბეზრდება. ალბათ იმიტომ, რომ აქვე გვაქვს, ყურის ძირში. შენ არ გბეზრდება?

_ არასდროს. ზამთარშიც კი გავდივარ სანაპიროზე, რომ ტალღების ხმაურს დავუგდო ყური. კიდევ კარგი, ბათუმში ვცხოვრობ, თორემ ალბათ ზღვის გარეშე ვერ გავძლებდი… ახლა შენ მითხარი, როგორი ხარ? _ ნინიმ თავი გვერდზე გადახარა და კეკლუცად მიაჩერდა.

თორნიკემ წამით მოატრიალა თავი, თანამგზავრს ნაზად გაუღიმა და კვლავ გზას გახედა.

_ მე როგორი ვარ? საინტერესო შეკითხვაა! ასე უცებ ვერ გიპასუხებ… როდის როგორი… სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირი ვარ. ბოლო პერიოდში ძალიან მოვიწყინე, სევდა მომეძალა, ხშირად ვარ გულჩათხრობილი, უმიზეზოდ გულჩათხრობილი…

_ რატომ?

_ ალბათ სიყვარულის ნაკლებობის გამო… სიხარული წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და მისი ადგილი სევდამ დაისაკუთრა… ადამიანის ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს… ახალი შეგრძნებები მომენატრა…

_ ბევრჯერ გიყვარდა?

_ ერთხელ… და ისიც ძალიან ცოტა ხნით.

_ მაპატიე, მაგრამ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რამ უნდა გკითხო. ადრეც გკითხე, თუმცა თავი აარიდე პასუხს. იმედია, ახლა მაინც…

_ ეს კარგი ბარია, აქ შევიდეთ, _ თქვა მოულოდნელად მამაკაცმა და მანქანა დაამუხრუჭა.

_ ჯერ დამამთავრებინე სათქმელი, _ მკაცრად გამოუვიდა ნინის.

_ გისმენ, გისმენ…

_ ცოლიანი ხარ?

_ ამას რა მნიშვნელობა აქვს?

_ ერთხელ უკვე გითხარი, ჩემთვის უზარმაზარი-მეთქი.

_ რატომ? რატომ?

_ იქიდან გამომდინარე, რომ თავს არიდებ პასუხის გაცემას, ესე იგი, ცოლიანი ხარ.

_ ჰო…

_ თოკო!.. ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია! _ ტუჩები მობრიცა ნინიმ.

_ კი მაგრამ, რატომ?

_ იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მე… სიყვარულს ვეძებ და არა საყვარელს… სექსუალური პარტნიორი კი არ მჭირდება, მამაკაცი მჭირდება, რომელთანაც ოჯახის შექმნა შემეძლება… ამაზე ვოცნებობ მხოლოდ! შენ კი მომატყუე!

_ მაპატიე, მაგრამ მე შენ არ მომიტყუებიხარ, ნინი! უბრალოდ, ამ თემაზე არ გვისაუბრია. არც შენ გითქვამს ხაზგასმით, რომ ცოლიან კაცებზე «ალერგია» გქონდა. ან კი რა დაშავდა ამით? მომწონხარ, მოგწონვარ… მგონი, შემიყვარდი კიდეც… ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. განა ყველა სიყვარული ქორწინებით მთავრდება?

_ ნახვამდის, თოკო. ყავა აღარ მინდა… წავედი და გთხოვ, აღარ შემომეხმიანო… დაივიწყე ჩემი ტელეფონის ნომერი, _ ჩამქრალი ხმით წარმოთქვა გოგონამ, გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს.

გაოგნებულმა თორნიკემ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ყვირილს ვერ დაიწყებდა შუა ქუჩაში, ვერც გაეკიდებოდა, მანქანას უპატრონოდ ხომ ვერ დატოვებდა. ადგილზე დარჩა და გულდაწყვეტილმა მხოლოდ თვალი გააყოლა მიმავალს…

თუმცა მათი ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა. თორნიკე ყოველდღე ურეკავდა, მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს, რამდენიმედღიანი ხვეწნის შემდეგ, კვლავ დაითანხმა შეხვედრაზე… თუმცა არც მორიგი პაემანი გამოდგა წარმატებული. გოგონამ ახლოს არ გაიკარა ბიჭი, ცოლიან მამაკაცთან რომანს ვერ გავაბამო. მაშინ თორნიკემ ხერხს მიმართა. ცოტაც მაცალე, ცოლს გავეყრები და მერე ყველაფერი მოგვარდებაო.

და დაიწყო მათი პლატონური სიყვარული _ ორი ახლო მეგობარი ფინჯან ყავაზე ან მსუბუქ ლანჩზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. თორნიკე აღარ მალავდა, რომ დაოჯახებული იყო, მაგრამ არც ცოლთან გაყრას ჩქარობდა. ნინი ერთის მხრივ, ამის გამო პატივსაც სცემდა ბიჭს, მაგრამ, მეორეს მხრივ, განხიბლული იყო, რომ სასურველ მამაკაცს მის გამო მსხვერპლის გაღება არ შეეძლო, თუმცა მაინც დარწმუნებული იყო, რომ თავისას აუცილებლად მიაღწევდა…

მიაღწევდა კი? მამაკაცი ისეთი სიამაყით დაიწყებდა ხოლმე თავისი მეუღლის პროფესიულ წარმატებებზე ლაპარაკს, გოგონას გული უღონდებოდა. თუმცა, საკმარისი იყო, ნინი მათი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულიყო, თორნიკე ეგრევე ღიზიანდებოდა და ცდილობდა, სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი. საინტერესოა, რატომ? ნინის ინტერესი კლავდა. რამდენჯერმე ეცადა, როგორმე აელაპარაკებინა შეყვარებული, მაგრამ ვერაფერს გახდა.

ამასობაში დრო გადიოდა და ყველაფერი უცვლელად რჩებოდა. გაცნობიდან ოთხი თვის თავზე გოგონამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მათ ურთიერთობას მკაცრი განაჩენიც გამოუტანა.

_ თოკო, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა… მაპატიე, _ დაიწყო ნინიმ, როგორც კი ყავის დალევას მორჩა.

_ რატომ? _ გაიოცა ბიჭმა.

_ იცი, რატომაც… რაღაზე მალაპარაკებ ზედმეტად?

_ ნინი, შენ რასაც მოითხოვ, არ არის ადვილი… ამას დრო სჭირდება, _ კიდევ ერთხელ სცადა თავის დაძვრენა მამაკაცმა.

_ აზრი არა აქვს… მაინც არაფერი გამოვა. ორი წელიც რომ გავიდეს, შენ მისი მიმტოვებელი არ ხარ. ამაში უკვე დავრწმუნდი. ტყუილად წყლის ნაყვააა ჩვენი ურთიერთობა. ხომ იცი, მე ჩემს პრინციპებს არ გადავუხვევ და თუ იმის იმედი გაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მომბეზრდება ასე ყოფნა და ლოგინში ჩაგიწვები, მწარედ შემცდარხარ.

_ მაგრამ…

_ არავითარი მაგრამ! _ გააწყვეტინა ნინიმ, _ მე შენ იმაზე მეტხანს გელოდე, ვიდრე საჭირო იყო. აღარ მინდა უკვე. მიხედე შენს ოჯახს, მე კი ჩემი გზით წავალ. თუ ოდესმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებ, შემომეხმიანე, მე დაგელოდები, _ ცივად წარმოთქვა, ადგა და დემონსტრაციულად დატოვა ბარიც და გაწბილებული მამაკაციც.

8 8 8

აი, ასე დამთავრდა მათი ხანმოკლე რომანი. არ გასულა რამდენიმე კვირა და ნინიმ გაიგო, რომ თორნიკე სამსახურში დააწინაურეს, რის გამოც მეუღლესთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ამ ამბავმა ძალზე დააღონა გოგონა, მაგრამ რას გააწყობდა? კარგა ხანს დარდობდა და ბალიშსაც ასველებდა ცრემლებით, ოცნებებში ათენებდა და აღამებდა, წარამარა «ოდნოკლასნიკებში» შედიოდა იმ იმედით, რომ თორნიკე ერთხელ მაინც გამოეხმაურებოდა, თუმცა ამაოდ… მამაკაცის პროფილის ფანჯარა ერთხელაც არ აციმციმებულა… კიდევ ცოტა ხანი და საერთოდ გაქრა მისი გვერდი საიტიდან. სხვა რაღა დარჩენოდა ნინის? უნდა შეგუებოდა მომხდარს…

გამოხდა ხანი და თანდათან დამშვიდდა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ნაკლებად ფიქრობდა პირველ სიყვარულზე… შეეგუა იმ აზრს, რომ თორნიკეს ვეღარასდროს შეხვდებოდა…

მას შემდეგ თითქმის ექვსი თვე გავიდა. და აი… ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, ბარში არ გადაეყარა ყოფილ შეყვარებულს?

ზაფხულის გრილი საღამო იყო, ღრუბლიანი. ნინი და მისი კოლეგა-მეგობარი ლელა ერთად გამოვიდნენ სამსახურიდან. დაძაბული დღის შემდეგ, გზად ბარში შეიარეს გულის გადასაყოლებლად და აჭარული ხაჭაპურის საჭმელად. ნინი ერთ-ერთ მსხვილ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად. ბარი ნახევრად იყო განათებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ გაძნელებია თორნიკეს შეცნობა. მას ხმაურიანი კომპანია ახლდა თან _ ქალები, მამაკაცები… თოკო ხუმრობდა, იცინოდა, მარჯვნივ და მარცხნივ დამაბრმავებელ ღიმილს არიგებდა.

ნინის ლამის გული წაუვიდა მის დანახვაზე. მიძინებული გრძნობები ჭიანჭველებივით აფუსფუსდნენ სულში, აიშალნენ და მთელ სხეულს მოედნენ… რა ქნას? კიდევ ერთხელ სცადოს? რას აგებს? არაფერს… ოღონდ ჭკვიანურად უნდა იმოქმედოს… ღმერთო, დამეხმარე! _ ერთსა და იმავეს იმეორებდა გულში… ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. მისულიყო მასთან და გამოცნაურებოდა, თუ საერთოდ არ მიექცია ყურადღება? იქნებ ხელსაყრელ მომენტს დალოდებოდა? იქნებ თვითონ შეემჩნია მამაკაცს?

ხაჭაპური მალევე მოიტანეს. ნინი უგემურად შეუდგა დანა-ჩანგლით მის «დამუშავებას», თან ცალი თვალი თორნიკესკენ ეჭირა. ორიოდე ლუკმა ძლივს გადაყლაპა, ისე ანერვიულდა. სანამ რამეს მოიფიქრებდა, თავისით მოგვარდა საქმე. ბიჭი მოულოდნელად შემობრუნდა და ბარმენისკენ გაემართა. ამით ისარგებლა ნინიმაც, ხაჭაპურიანი თეფში გვერდზე მისწია, ლელას გადაულაპარაკა, ახლავე მოვალო და მამაკაცს მიუახლოვდა… ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ იდაყვზე შეავლო ხელი…

თორნიკემ თავი მოაბრუნა.

_ გამარჯობა, თოკო… ალბათ აღარ გახსოვარ…

მამაკაცი მოტრიალდა, ჯერ გაკვირვების ნიშნად წარბები აზიდა, მერე უცებ შეეცვალა სახის გამომეტყველება და გაიბადრა.

_ ნინი?! ღმერთო ჩემო! აი, სიურპრიზი!.. თვალებს არ ვუჯერებ! რამდენი ხანია, არ მინახავხარ!

«დიდი ხანია», გაიფიქრა მის მომაჯადოებელ ღიმილში მობანავე გოგონამ.

_ არაჩვეულებრივად გამოიყურები, _ თორნიკეს დიდრონმა თვალებმა ქალის სხეულის ფარული «ჩხრეკა» დაიწყეს, მამაკაცმა სწრაფად «ჩამოატარა» მზერა მის წაბლისფერ თმაზე, მადისაღმძვრელ მკერდზე და ჯინსის შარვალში მიმალულ გრძელ ფეხებზე, _ მარტო ხარ? შეიძლება დავილაპარაკოთ?

_ უკვე წასვლას ვაპირებდით, ძალიან მოგვშივდა და…

_ ვისთან ერთად ხარ?

_ ჩემი თანამშრომელია, შენ არ იცნობ…

_ ვა, მუშაობა დაიწყე?

_ ჰო… იურიდიულ ფირმაში…

_ აუ! მაგარია! გილოცავ!

_ გავიგე, შენც დაუწინაურებიხართ…

_ ოჰ, ეგ ძველი ამბავია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა… კიდევ კარგი, მიცანი…

_ მაშინვე შეგამჩნიე, როგორც კი შემოგხედე. რატომ ვერ უნდა მეცნე? ვიღაც ხომ არ ხარ… _ ამის თქმაზე ნინის ღაწვები შეეფაკლა.

_ ჯერ ხომ არ წახვალ? დარჩი, გთხოვ! შენი მეგობარი გავუშვათ და ცოტა ხნით განვმარტოვდეთ. აი, იქ დავსხდეთ, კუთხეში რომ მაგიდაა, მიდი და მეც ახლავე მოვალ! რამე დასალევს შევუკვეთავ. შამპანურს დალევ?

გოგონამ თავი დაუქნია, თუმცა შამპანურს ვერ იტანდა. ამწუთას ისეთ ხასიათზე იყო, შხამი რომ შეეთავაზებინა თორნიკეს, იმაზეც არ იტყოდა უარს. გული უცნაურად უცემდა. რას ნიშნავდა ყოველივე ეს? ნუთუ უბრალო შემთხვევითობაა მათი შეხვედრა? რატომ მოუნდა მაინცდამაინც ამ დროს და ამ ბარში შემოსვლა? ლამის ბარბაცით დაუბრუნდა თავის მაგიდას, ლელას დარცხვენით შეხედა და თვალებდახრილმა ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა.

_ მე ჯერ ვერ წამოვალ, ლე… ძველ ნაცნობს შევხვდი და მთხოვა, ცოტა ხნით დარჩიო…

_ რა მოხდა მერე, დარჩი. მე მაინც სალონში უნდა შევიარო, თმა მაქვს შესაღები…

…ორი წუთის შემდეგ ორივენი ტკბილეულით გაწყობილ მაგიდასთან ისხდნენ.

_ შენი მეგობრები არ განაწყენდებიან, რომ მიატოვე და აქეთ გადმოჯექი? _ შეწუხებული სახით იკითხა ნინიმ.

_ მე მგონი, საერთოდ ვერ შეამჩნევენ ჩემს გაუჩინარებას, _ ღიმილით წარმოთქვა თორნიკემ და შამპანური ჩამოასხა, _ ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს. ძალიან გამიხარდა, რომ ბედმა კვლავ ერთად შეგვყარა.

ნინიმ ბოკალი მიუჯახუნა, გაუმარჯოსო, ხმადაბლა თქვა და სასმელი ოდნავ მოწრუპა.

_ აბა, მომიყევი ახლა, როგორ ხარ, იურისტებთან რას საქმიანობ… ერთი სიტყვით, რითი ხარ დაკავებული? _ თორნიკემ მარცხენა ხელისგული გოგონას მარჯვენა ხელის ზურგს დაადო.

«მხოლოდ შენი მოლოდინით ვარ დაკავებული, მაგრამ ამ წუთამდე თავადაც არ ვიცოდი ეს», _ გაიფიქრა მისი შეხებით ათრთოლებულმა, თქმით კი სულ სხვა რამ თქვა.

_ პასუხისმგებელი მდივანი ვარ.

_ ეს კარგია… სხვა? არ გათხოვილხარ?

_ არა, ჯერ არ ვარ გასხვისებული, _ გაეცინა გოგონას და ეშმაკურად გახედა მამაკაცს.

_ ძალიან მიკვირს, შენისთანა ლამაზი ასე ეულად რომ დადის. ნეტავ, რას ფიქრობენ ეს კაცები? თვალები სად აქვთ?

«იქ, სადაც შენ», _ კვლავ ფიქრებში გაეპასუხა ნინი და ორაზროვნად ჩაიღიმა.

_ შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? _ გოგონამ კითხვა შეუბრუნა.

_ მომენატრა აქაურობა… მშობლები, სახლი, ჩემი ქუჩა, ზღვა… ერთი კვირა კიდევ დავრჩები და, იმედია, კვლავ გნახავ.

_ იმედია, _ გაიპრანჭა ნინი და შოკოლადის ფილის მოზრდილი ნაჭერი თეატრალური ჟესტით ჩაკბიჩა.

_ რა ტკბილი და ლამაზი ხარ… თვალს ვერ გაშორებ, _ ძლივს გასაგონი ხმით თქვა თორნიკემ და ქალის შოკოლადით გათხუპნულ ტუჩებს ხარბი მზერა დაასო.

_ შენი ცოლი სად არის, არ ჩამოგიყვანია? _ მტკივნეულ ადგილს შეეხო ნინი.

_ არააა, იმას სად სცალია, მუშაობს. წარმოგიდგენია? შვებულება არ მისცეს, უშენოდ საქმეს თავს ვერ გავართმევთო.

_ შვილი თუ გეყოლათ?

_ არა, არც შვილი გვყავს. არ ვჩქარობთ ჯერ, ცოტა უკეთ მინდა ჩემი საქმეები ავაწყო. თაკოსაც ისეთი სამსახური აქვს… სახლში ვერ დაჯდება.

_ ჰოო…

_ იცი? რაც აქედან წავედი, სულ ვფიქრობდი შენზე…

_ ნუ მაბოლებ…

_ მართლა გეუბნები, რატომ არ გჯერა? შენ რა, არ ფიქრობდი ჩემზე?

შეკითხვამ წამით დააბნია ნინი, უხერხულად ჩაახველა და მამაკაცს თვალები აარიდა, რადგან ახლა უმოწყალო ტყუილი უნდა ეთქვა.

_ არა, არ ვფიქრობდი… დიდი ხანია, დაგივიწყე…

_ ნუთუ? _ ეშმაკურად ჩაეღიმა თორნიკეს, _ აბა, რატომ გამომეცნაურე?

_ უბრალოდ, ცნობისმოყვარეობამ მძლია… მე წავალ, ხელს გიშლი, მეგობრები გელოდებიან…

_ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს? გთხოვ, უარი არ მითხრა, მაინც არ მივიღებ, იცოდე.

_ კარგი, შეგხვდები. ზუსტად ამ დროს, ზუსტად აქ, ამ მაგიდასთან, _ ნინიმ თავი ასწია და ჯიქურ გაუსწორა მზერა მამაკაცს…

888

როცა ნინიკო ბარში შევიდა, ორ კაცზე სუფრა უკვე გაშლილი დახვდა. თორნიკე იქვე იჯდა, მაგიდასთან და ანთებულ სანთლებს კმაყოფილი ღიმილით გაჰყურებდა. გოგონა ცოტათი გააოგნა რომანტიკულმა სანახაობამ, მაგრამ არ შეიმჩნია. პატარა ვედროში ჩადებული შამპანურის ბოთლი, ორი მაღალფეხიანი ფუჟერი, ოთხნაირი ნამცხვარი, მოხალული მიწის თხილი, წვენები და ხილი _ ეს ყველაფერი ლამაზად ელაგა სუფრაზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც უნდა ყოფილიყო.

_ დამაგვიანდა? _ კეკლუცად გაიღიმა გოგონამ და მამაკაცი გადაკოცნა.

_ არა, რა სისულელეა… დღეს ჩემი დაბადების დღეა და მინდოდა, ეს დღე ერთად გაგვეტარებინა _ მე და შენ. ჩემს ცოლს, სამწუხაროდ, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და ვერ მოიცალა. ჩემი გულისთვისაც კი ვერ გაეთავისუფლა სამსახურიდან, რამაც, სიმართლე გითხრა, ძალიან გამახარა. დიდი მადლობა, რომ შენ მაინც არ მითხარი უარი და მოხვედი…

_ მე ხომ შეგპირდი… თუმცა, ვერ ვხვდები, თორნი, შენს მეუღლეს რომ გამოენახა დრო, რა, ორივეს ერთად დაგვსვამდი ამ სუფრასთან?

_ არა, რა თქმა უნდა… მისთვის სამსახური ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა… და არა მარტო პირველზე, მეორეზეც და მესამეზეც… _ თორნიკე პირველად ალაპარაკდა თავის ოჯახურ ცხოვრებაზე, _ ვშიშობ, რომ მეოთხე ადგილიც კი არ მიჭირავს მის ცხოვრებაში…

_ შენ არ გითქვამს, რომ შენი ცოლიც აქ არის? აკი, მარტო ჩამოვედიო?

ამის გაგონებაზე მამაკაცი ოდნავ შეცბუნდა.

_ ჰო, ამ დილით ჩამოვიდა… და არა ჩემს სანახავად და დაბადების დღის მოსალოცად… ისევ აქეთ გადმოიყვანეს ტელევიზიაში… დააწინაურეს და პოლიტიკური განყოფილება ჩააბარეს… ასე რომ, დღეიდან მარტო ვრჩები თბილისში, რაც ძალიან მახარებს. უკვე ატანა არ მაქვს, არ შემიძლია ასე ცხოვრება!

­_ ეს შეუძლებელია! ასე არ ხდება! _ აღშფოთდა ნინიკო და თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ნაზად შეეხო, _ უბრალოდ, თქვენ არც ისე დიდი ხანია, შეუღლდით და ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ, შეჩვეოდით ერთმანეთს. იცი, რა? აუცილებლად უნდა დასხდეთ ერთ მშვენიერ დღეს და სერიოზულად დაილაპარაკოთ ოჯახურ პრობლემებზე, ასე როგორ შეიძლება? რაღაც კომპრომისამდე უნდა მიხვიდეთ, თორემ…

_ ჰმ… როგორ უნდა დაელაპარაკო ადამიანს და განიხილო მასთან რამე საკითხი, მით უმეტეს ოჯახური, როცა იგი მიიჩნევს, რომ პრობლემა არ არსებობს, რომ ყველაფერი გადასარევადაა? _ უიმედობა აღებეჭდა სახეზე მამაკაცს, _ ამწუთას ისიც კი არ მგონია, რომ ჩვენ ჯვარდაწერილები ვართ… ძალიან გამიუცხოვდა…

_ რა საშინელებაა…

თორნიკემ ნინიკოს ხელი მუჭში მოიქცია.

_ შენ არ უნდა მოგქცეოდი ასე… უნდა დაგლოდებოდი… ამას მხოლოდ ახლა ვხვდები… მითხარი, რომ ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული, რომ მე ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის იმედი ვიქონიო…

_ რას გულისხმობ, თოკო?

_ იმას, რომ წარსულს მაპატიებ და შემირიგდები…

_ შეგირიგდები? და რა იქნება შემდეგ? ყველასგან დამალული შეხვედრები, ტყუილები, გადარბენები… ამის თქმა გინდა?

_ ა-რა… არა… ცოტა მაცალე და ყველაფერს მოვაგვარებ… მასთან ურთიერთობა დიდი ხანია, აღარ მიზიდავს… არც მას… ჩვენი დაშორება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თავისთავად მოხდება, თანაც ძალიან მალე…

_ და როგორ უნდა მოვიქცე იქამდე?

_ ჩამოდი თბილისში… ერთად ვიყოთ…

იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის წინადადება, ნინიკოს თვალები გაუფართოვდა. რაღაცის სათქმელად პირი დააღო, მაგრამ თორნიკემ დაასწრო.

_ მე გიშოვი იქ სამსახურს… ბინის პრობლემაც არ გექნება.

_ ღმერთო… გესმის მაინც, რას მთავაზობ? _ გოგონა მოუთმენლად აწრიალდა სკამზე.

_ მესმის, ნინი… ყველაფერი გათვლილი მაქვს… შენ მხოლოდ გადაწყვიტე და წამოდი…

_ მაგრამ…

_ არავითარი მაგრამ… მე ვიცი, რასაც გეუბნები… ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი შენ ხარ… რომ არა შენ, დავიღუპებოდი და ცხოვრების ხალისს დიდი ხანია, დავკარგავდი…

_ ამას როდის მიხვდი?

_ როგორც კი დაგინახე….

_ არ მჯერა შენი…

_ რატომ, რატომ? მოდი, დავლიოთ, თან ვილაპარაკოთ, _ მამაკაცმა შამპანურის ბოთლს საცობი უხმაუროდ მოაძრო და შუშხუნა სასმელი ფუჟერებში ჩამოასხა.

_ საინტერესოა, გუშინ მე რომ არ მოვსულიყავი შენთან, რა იქნებოდა? _ ეჭვნარევი მზერა ესროლა გოგონამ და სასმელი ტუჩებთან მიიტანა.

_ გაგვიმარჯოს… ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს… _ მიუჭახუნა თორნიკემ და თვალები მოხუჭა, _ მაშინ მე მოვიდოდი შენთან… როგორ გგონია, შემთხვევით მოვხვდი ბათუმში? შენი აზრით, რამ ჩამომიყვანა აქ?

_ როგორც მითხარი, მშობლების სიყვარულმა და მეგობრების მონატრებამ.

_ და ვინ ვიგულისხმე მეგობრებში? რა თქმა უნდა, შენ, სულელო… განა ასე ძნელი მისახვედრი იყო? _ თქვა მამაკაცმა და შამპანური სულმოუთქმელად დალია.

ნინიკომ ოდნავ მოსვა.

_ იცი, რა-ა? არ მინდა, ჩემ გამო ოჯახი დაგენგრეს… _ შეფიქრიანებულმა თქვა.

_ შენ გამო? შენ სწორედ რომ არაფერ შუაში ხარ… ჩემი ოჯახი დიდი ხანია, დანგრევის პირასაა… ბავშვის გაჩენაც კი არ უნდა სამსახურის გამო, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ… ტელევიზია მისთვის მეორე სახლი გახდა…

_ მაგრამ მას ფული აქვს… ხარ კი მზად, ფუფუნებაზე უარი თქვა?

_ გგონია, მის ხარჯზე ვცხოვრობ? წამითაც არ გაივლო გულში ეგ. მე კარგი სამსახური მაქვს, მაღალანაზღაურებადი ხელფასი, გავლენიანი კაცი ვარ, ეგრე კი არ არის…

_ აბა, რა ვიცი… _ მხრები უმწეოდ აიჩეჩა გოგონამ და თითიები ერთმანეთში გადახლართა.

_ ნინი, კარგად მომისმინე! თუ ჩემთან დარჩები, ხომ კარგი, თუ არადა, ბინას გიქირავებ, არც ეგ გამიჭირდება, გესმის? სამსახურშიც მოგაწყობ და ნელ-ნელა ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ, დამიჯერე! მთავარია, ჩემ გვერდით იყო და გიყვარდე… ხომ გიყვარვარ? _ თორნიკე წინ გადმოიხარა და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა.

_ არ ვიცი, თოკო… არ ვიცი, ჰქვია თუ არა ამას სიყვარული, მაგრამ მთელი წელი რომ შენზე ვფიქრობდი, ეს ცხადია… ამას ვერსად გავექცევი…

_ მეც სწორედ ამის გაგება მინდოდა, საყვარელო… ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი… არ იცი, როგორ მჭირდები… ძალიან გთხოვ, გადაწყვიტე… მე ხვალ უკვე მივემგზავრები…

_ ხვაალ? ასე მალე? აკი ერთი კვირა კიდევ ვრჩებიო?

_ ჰო, ასე მალე… რა გგონია, ორი დღის ჩამოსული ვარ? ათი დღეა, აქ ვყურყუტებ, _ წამოცდა უცებ თორნიკეს და როცა მიხვდა, რომ რაღაც შეეშალა, შეეცადა, გამოესწორებინა, _ მთლად ათი არა, მაგრამ… თან შენ უკვე გიპოვე, ამიტომ აქ გაჩერებას აზრი არ აქვს, ჯობია, წავიდე და შენს ჩამოსვლამდე ყველაფერი მოვაგვარო. გარდა ამისა, მირჩევნია, დროზე ავითესო აქედან, თაკოს ყურებას ყველაფერი მირჩევნია, უკვე ნერვებზე მოქმედებს მისი გამომწვევი ხასიათი.

_ მოიცა, მოიცა… _ ნინიკო წამოხტა, _ აკი შენს სანახავად ჩამოვედიო? ათი დღის შემდეგ გაგახსენდა ჩემი არსებობა? თუ, რომ დამინახე, მაშინ მიხვდი, რომ ცოცხალი ვარ, უვნებელი და ჯერ კიდევ გაუთხოვარი? რატომ მატყუებ?

_ გეფიცები, არ გატყუებ, ნინი… მთელი ბათუმი შემოვატყავე შენს ძებნაში… ძველ მისამართზე სახლი დანგრეული დამხვდა, რაღაც სასტუმრო აუშენებიათ… ადვილი არ აღმოჩნდა შენი მოძებნა…

ნინიკო ოდნავ დაშოშმინდა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. მართალია… ძველ მისამართზე აღარ ცხოვრობს, მათი კორპუსი უცხოელმა ბიზნესმენებმა შეისყიდეს და იმ ტერიტორიაზე სასტუმრო ააგეს… ალბათ მართლა ეძებდა თორნიკე, თორემ საიდან უნდა გაეგო, რომ იქ აღარ ცხოვრობს?

_ მე ასე უცებ ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას… _ თქვა ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ.

_ არც გაჩქარებ, სიხარულო… მე ხვალ წავალ, შენ კი იფიქრე, ოღონდ ძალიან არ დააგვიანო. სანამ მოიფიქრებ, იქამდე მე შენი სამსახურის და ბინის პრობლემას მოვაგვარებ, კარგი? აი, ეს ჩემი კოორდინატებია, როგორც კი ჩამოხვალ, დამირეკე და შეგხვდები, _ მამაკაცმა საფულიდან შავი ფერის პრიალა ბარათი დააძრო და გოგონას ორი თითით გაუწოდა.

ნინიმ უთქმელად გამოართვა ბიჭს სავიზიტო ბარათი, ირიბად გადაავლო თვალი მისამართებს, ტელეფონის ნომრებს და ჩანთაში ჩაიდო.

_ ვნახოთ… მოვიფიქრებ. წავალ ახლა…

_ წახვალ? სად წახვალ? დაბადების დღე არ უნდა მომილოცო?

_ ჰო… ეგ სულ გადამავიწყდა, მაპატიე… დაასხი და დავლევ…

თორნიკემ ისევ ჩამოასხა სასმელი.

_ გაგიმარჯოს… გილოცავ დღევანდელ დღეს… სიხარულს გისურვებ… კიდევ დიდ სიყვარულს… კიდევ… ჯანმრთელობას და ბევრ ფულს…

_ გაიხარე… ამწუთას რაც ჩამოთვალე, ყველაფერი მაქვს, დიდი სიყვარულის გარდა, _ ეშმაკურად გაიღიმა თორნიკემ, _ შენც გაგიმარჯოს ჩემთან ერთად… _ თქვა და დალია.

_ არ წამოხვალ ჩემთან? _ მამაკაცმა ტუჩებზე ხელსახოცი გაისვა და გოგონას მიაჩერდა.

_ არა, ჯერ უნდა დავფიქრდე და თუ გადავწყვეტ, მერე საქმეები უნდა მოვაგვარო. პირველ რიგში, დედა უნდა დავარწმუნო ჩემი ნაბიჯის სისწორეში.

_ მაგაზე არ გეუბნები… ამწუთას არ წამოხვალ ჩემთან?

_ სად, შენთან?

_ სასტუმროში… მინდა, ცოტა ხნით განვმარტოვდეთ… მხოლოდ მოგეფერები… ბოლოს და ბოლოს, დაბადების დღე მაქვს… _ ორაზროვნად დააყოლა ბოლოს.

_ ჰმ… ამისთვის მოიფიქრე ეგ მასკარადი? ჩემი ცოლად შერთვა, თბილისში გამგზავრება, ახალი სამსახური, ბინა და სხვა დანარჩენი? _ შუბლი შეჭმუხნა ნინიკომ.

_ რა სისულელეა, ეგ როგორ გაივლე გულში? ასეთი არამზადა გგონივარ? კარგი, როგორც გინდა… ნუ წამოხვალ… ჩემს სიმართლეს მაშინ დაგიტკიცებ, როცა თბილისში ჩამოხვალ… წამო, გაგაცილებ… _ უეცრად მოიქუფრა თორნიკე, ოფიციანტს ხელით ანიშნა, ანგარიში მოგვიტანეო, ოქროსფრად მოციმციმე სანთლები ჩააქრო და ჯიბეები მოიჩხრიკა…

როცა მამაკაცმა საფულე გახსნა, ნინიკომ ნათლად დაინახა, რომ ყავისფერი ტყავის საფულის ერთი განყოფილება ლარებით იყო სავსე, მეორე კი _ დოლარებით. თორნიკემ ორი ასლარიანი ამოიღო, ჩეკის წიგნაკში ჩადო და წამოდგა.

_ წავედით…

_ ხურდა? _ ნინიკომ ყოყმანით შეხედა.

_ არ მინდა ხურდა… წამო… _ თავმომწონედ ჩაილაპარაკა და გოგონას წელზე მოხვია ხელი.

ბარიდან მდუმარედ გამოვიდნენ და ნელი ნაბიჯით დაუყვნენ განათებულ ბულვარს…

8 8 8

_ ღმერთო ჩემო, დავიჯერო, ისე აქვს საქმეები აწყობილი, რომ შენს პატრონობას ასე უპრობლემოდ შეძლებს? _ ლენუკა საწოლზე მოკალათებულიყო და თვალს არ აშორებდა ნინიკოს, რომელიც უზარმაზარ ჩანთაში ტანსაცმელს ალაგებდა.

_ მას არაჩვეულებრივი სამუშაო აქვს, _ ამაყად განუცხადა ნინიმ დაქალს, _ და თავისუფლად შეუძლია, კეთილმოწყობილი ბინა მიქირაოს. მართალია, მითხრა, ჩემთან იცხოვრეო, მაგრამ არ მინდა. აჯობებს, ჯერჯერობით ცალკე ვიყოთ.

_ სხვათა შორის, შენც კარგი სამსახური გაქვს, _ გააპროტესტა ლენუკამ, _ და არ მესმის, რატომ უნდა გაიქცე აქედან და ვიღაცას გაეკიდო.

_ იცი, რატომაც, მშვენივრად იცი, _ ნაწყენი ხმით უპასუხა ნინიმ.

_ ღმერთო ჩემო… გოგო, ის ცოლიანია, როგორ არ გესმის!

_ მიმიფურთხებია ასეთი ცოლისთვის. ის ქორწინება რა ქორწინებაა, როცა ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობს? _ თავის დაცვას შეუდგა გოგონა, _ უკვე წელიწადია, ერთად აღარ არიან, ლენ. და საერთოდ, ორივეს სრულიად განსხვავებული ინტერესები ამოძრავებს ცხოვრებაში. თაკო მთლიანად თავისი კარიერის მოწყობითაა დაკავებული, დღე და ღამე ტელევიზიაშია, იქ ათენებს და აღამებს. ამას კი პატრონი სჭირდება, სითბო, სიყვარული, მოვლა… ვინ იზრუნებს მასზე?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ის გოგო წარმატებული ქალია. თანამედროვე ქმრები კი ყოველთვის უწყობენ ხელს ცოლებს, კარიერაში წინ წაიწიონ. რატომ გჯერა ასე ძალიან მისი წუწუნის? არ გეჩვენება, რომ გატყუებს?

_ მაშინ რატომ მითხრა, წამოდიო? ხომ შეეძლო, არაფერი ეთქვა და ისე წასულიყო? რაში ვჭირდები? მე ხომ მასთან ლოგინი არ მაკავშირებს! _ გაწიწმატდა ნინიკო.

_ სწორედ ამიტომ უნდა, რომ გაგიტყუოს აქედან! როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც ცოლ-ქმარია და ერთად ცხოვრობენ. გინდაც უყვარდე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მიაგდო და გაიქცე… არ გაქვს უფლება, სხვის ქმარს გაეკიდო, რატომ არ გინდა გაიგო?

_ ჩვენ ერთად გვინდა ყოფნა, _ თავისას არ იშლიდა ნინი, _ და ძალიანაც მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა ცხოვრების ერთად მოწყობას შევეცდებით. მე მიყვარს იგი, მასაც ვუყვარვარ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მას ვჭირდები, გასაგებია?

_ ისიც ასე ფიქრობს? _ დაინტერესდა ლენუკა, _ მითხარი, იცის მაინც, რომ მიდიხარ? შეატყობინე მაინც? ისე არ მოხდეს, რომ თბილისში ჩასული, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდე… ნაცნობიც კი არ გყავს იქ არავინ, არათუ ნათესავი…

_ არა, არ დამირეკავს და არც ვაპირებ. მინდა სიურპრიზი მოვუწყო. ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ. ის მელოდება. დრო მომცა მოსაფიქრებლად. არ იცი, როგორი ბედნიერი ვარ, ლენ, ჩემი ოცნებების ახდენის დრო დადგა, სიხარულო!

_ აკრძალული ოცნებების… _ დააყოლა შეფიქრიანებულმა ლენუკამ, _ რაღაც არ მომწონს ეს ამბავი, ნი… ცოლი აქეთ წამოვიდა, ქმარი უკან ბრუნდება… წელიწადია, თბილისში ცხოვრობს და ერთხელ არ გახსენებიხარ… რა გარანტია გაქვს, რომ უყვარხარ? იქნებ იმიტომაც გეპატიჟება იქით, რომ ცოლი აქეთ წამოვიდა და მეტი თავისუფლება ექნება? რომ არ გაეყაროს ცოლს არც შენ შეგირთოს, სად მიდიხარ? რას აპირებ მაშინ?

_ იქამდე ახლოს არ გავიკარებ, სულელი კი არ ვარ.

_ ღმერთო, სულელი ხარ, აბა რა! დავიჯერო, ეგეთი მიამიტი მყავხარ? ერთხელაც იქნება, მაინც დაგიყოლიებს და შეგაცდენს, იცოდე… მერე კი გვიან იქნება… სანამ სამსახურს მიატოვებდე და აქაურობაზე უარს იტყოდე, იქნებ კარგად დაფიქრებულიყავი, რას აკეთებ და მასთან ერთად გაგეანალიზებინა ყველაფერი.

_ თორნიკე ძალიან დაკავებულია, ლენუკა, _ მხრები აიჩეჩა ნინიმ, _ სად აქვს იმის დრო, თვეობით მეხვეწოს და ჩემი წუწუნი ისმინოს. ერთხელ მითხრა და მორჩა. ხომ იცი, რა უცებ ვიღებ გადაწყვეტილებებს, არ მიყვარს ბევრი დაფიქრება. რაც იქნება, იქნება. გული მიგრძნობს, რომ წაგებული არ დავრჩები.

_ მას შემდეგ ერთხელ მაინც თუ შეეხმიანე ისე, ჩვენში რომ დარჩეს?

_ აბა რა! ხშირად მირეკავს, სკაიპით მეკონტაქტება… მეხვეწება, ჩამოდი, ყველაფერი მოვაგვარეო…

_ სამსახურიც გიშოვე და ბინაცო? _ წარბები უნდობლად აზიდა ლენუკამ.

_ ჰო, ამდენი ხანი შენს საქმეებზე დავრბოდიო… პატარა ბიჭი ხომ არ არის, მომატყუოს? ქალების მეტი რა არის, მე რომ არ მეხვეწოს? შენ ის, უბრალოდ, არ მოგწონს, ამიტომაც ხარ ასე აგრესიულად განწყობილი! _ წყენით გაბუშტა ნინიმ ტუჩები.

_ მის მიმართ სრულიად ნეიტრალურად ვარ განწყობილი, რომ იცოდე! შენ იკითხე, თორემ მე რა… შენ გეპატიჟება თავისთან, მე კი არა! უბრალოდ, არ მომწონს, ასე რომ გექცევა. ამ ამბავს კარგი სუნი არ უდის. დარწმუნებული ვარ, რომ წესების გარეშე თამაშობს. შენ მედარდები, თორემ თორნიკეც და მისი ცოლიც წყალს წაუღია.

_ არ მესმის, რას გულისხმობ წესების გარეშე თამაშში!

_ ძალიან კარგადაც გესმის, რასაც ვგულისხმობ! _ გაბრაზდა ლენუკა, _ იცი? მე რომ შემხვედროდა ისეთი კაცი, რომელიც ორი-სამი ბუნდოვანი ფრაზით ამიგებდა ოცნების კოშკებს, არ დავკმაყოფილდებოდი მისი მწირი რომანტიკული შეპირებებით.

_ თუ შენ ლოგინს გულისხმობ…

_ ამასაც, რა თქმა უნდა. გგონია, მისი შემოთავაზებით შენი მომავალი საბოლოოდ განსაზღვრულია? გეყო ცაში ფრენა, ცოტა ხნით მაინც დაეშვი მიწაზე! გამოფხიზლდი, გაიგე?

_ იცი? ახლო ურთიერთობას თოკო მაშინაც მთავაზობდა, როცა აქ ცხოვრობდა, მაგრამ მე არ გადავდგი ეს ნაბიჯი, შეგნებულად არ გადავდგი, რადგან ცოლი ჰყავდა და ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი გამოვიდოდა. მაშინ არც ვიცოდი, თუ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი, როცა ყველაფერი გავიგე და ვიცი, რომ მალე უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, უკვე შემიძლია ჩემს თავს მისი სიყვარულის უფლება მივცე…

_ შეხედეთ ერთი, რა კეთილშობილია! _ ირონიულად შესძახა ლენუკამ და ტაში შემოჰკრა.

_ ნუ დამცინი, გთხოვ! ეს არ არის სასიყვარულო ინტრიგა, რატომ არ გესმის ჩემი? ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ახლებურად მოვიწყობთ ცხოვრებას, დავქორწინდებით… და ჩემი თბილისში გადაბარგება ამ ყველაფრის პირველი ნაბიჯი იქნება, ლენ.

_ წარმატებებს გისურვებ… მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენი საქმეა. მართლა გულით მინდა, ბედნიერი იყო, განა შური მალაპარაკებს, _ ლენუკა წამოდგა და დაქალს გადაეხვია, _ უბრალოდ, ძალიან მაშინებს შენი საქციელი, ასე მგონია, დაუფიქრებელ ნაბიჯს დგამ…

…ნინის ეს დიალოგი მანამ უბურღავდა გონებას, სანამ მძიმე, გორგოლაჭებიან ჩანთას ტაქსის გაჩერებამდე მიათრევდა. როგორ დაიღალა! მთელი გზა, ბათუმიდან თბილისამდე, ეგონა, რომ ავტობუსი კუს ნაბიჯებით მოღოღავდა. ახლა კი, აქ არის, დედაქალაქში და ისე ახლოს არის მისი მიზანი, არც კი იცის, იტიროს თუ იცინოს… რაც უფრო მეტს ფიქრობდა თავის ხვალინდელ დღეზე, მით უფრო აწყდებოდა ნერვები. «ყველაფერი კარგადაა, ნინი», _ ამშვიდებდა თავის თავს, _ «აი, მალე შეხვდები თორნიკეს და შენი პირადი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. რა თქმა უნდა, ლენუკა ძალიან განიცდის ჩემს ამბავს, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ თოკოს კარგად არ იცნობს.» _ გოგონამ კიდევ ერთხელ ამოიღო ხელჩანთიდან სავიზიტო ბარათი და მისამართს დახედა, მერე კი იქვე მდგარ ტაქსის მძღოლს ჰკითხა, რამდენად მიიყვანდა ტაბიძის ქუჩამდე… ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა საყვარელ ადამიანს. თვალწინ მამაკაცის გაოგნებული და აღფრთოვანებული სახე დაუდგა, წამით წარმოიდგინა კიდეც, როგორი გრძნობით ჩაიხუტებდა გულში და რა ვნებიანად ჩაკოცნიდა…

_ ექვს ლარს გადამიხდი, ლამაზო? _ დაბალმა, ჯმუხმა ტაქსის მძღოლმა უტიფრად აათვალიერა ქალის მოხდენილი სხეული და მზერა მის კოხტა მკერდზე შეაჩერა.

_ ოღონდ დამეხმარეთ და ეს ჩანთა ჩამადებინეთ მანქანაში, _ ლამის კვნესით წარმოთქვა გოგონამ და ჩანთა მისკენ მიაგორა.

_ ახლავე, ქალბატონო, მაგაზე დაგზარდებით? _ მძღოლმა ხელი დაავლო ნინიკოს მძიმე ტვირთს, საკმაოდ ადვილად ასწია და საბარგულში მოხერხებულად მოათავსა.

8 8 8

უკანა სავარძელზე მოკალათებული ნინიკო ინტერესით ათვალიერებდა ქალაქს. ძალიან ცუდად იცნობდა თბილისს, სულ რამდენჯერმე იყო დედაქალაქში ნამყოფი… უფრო სკოლის პერიოდში, როცა დედა საყიდლებზე ჩამოდიოდა ხოლმე. ალბათ გაუჭირდება მიჩვევა… მით უმეტეს, რომ აქ ზღვა არ არის. მერედა, როგორ უყვარს ზღვა…

ქუჩებში ინტენსიური მოძრაობა იყო, რაც საცობებს ქმნიდა, ამიტომ ტაქსი ძალიან ნელა მიდიოდა. მძღოლი, როგორც კი მცირე გასაძრომს იპოვიდა, ეგრევე უმატებდა სიჩქარეს და ოსტატური მანევრებით ცდილობდა წინ გაჭრას. როგორც იქნა, ტაქსიმ ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხნივ გადაუხვია და აღმართს შეუდგა. კიდევ კარგი, ნინიმ დროზე გაყიდა მანქანა, თორემ აქ მას მაინც ვერ გამოიყენებდა, ასეთ საშინელ პირობებში ვერ გაბედავდა მის მართვას.

რაც უფრო უახლოვდებოდა სანუკვარ მისამართს, მით უფრო უმძიმდებოდა გული, ნერვიულობისგან სუნთქვა უჭირდა, თითქოს ვიღაც ძლიერად უჭერდა ყელში ხელს.

ტაქსიმ კიდევ ერთი აღმართი აიარა, ამჯერად მარჯვნივ შეუხვია და ორსართულიანი თეთრი სახლის წინ მკვეთრად დაამუხრუჭა.

_ მოვედით, ლედი, _ ღიმილით მოუბრუნდა მამაკაცი ნინიკოს და უშნოდ გაიღრიჭა.

_ ვხედავ, _ ძლივს წაიჩურჩულა პირგამშრალმა გოგონამ და ერთიანად გაფითრებული ტაქსიდან გადმოვიდა…

კარგა ხანს იდგა ტროტუარზე გარინდებული… მანამ, სანამ ტაქსიმ ქვედა ქუჩაზე არ ჩაუხვია… მხოლოდ ამის მერე მიტრიალდა თეთრი სახლისკენ. ზედა სართულზე ჟალუზები იყო ჩამოშვებული, ხოლო ქვედა სართულზე მხოლოდ ერთი ფანჯარა ჩანდა გამოღებული, საიდანაც მუსიკის ხმა გამოდიოდა. ვიღაცა ჯასტინ ტიმბერლეიკს უსმენდა. «ესე იგი, თოკო სახლშია… რა ბედნიერებაა» _ გაიფიქრა ნინიმ და შვებით ამოისუნთქა.

ჩანთას ხელი დაავლო, რკინის ჭიშკარი უხმაუროდ შეაღო და კიბეს წვალებით აუყვა. გორგოლაჭებს უსიამოვნო ღრჭიალი გაუდიოდა ყოველი საფეხურის ავლისას. როგორც იქნა, კარამდე მიაღწია. ცოტა ხანს შეისვენა, თმაზე ხელი გადაისვა და ზარის ღილაკს გაუბედავად მიაჭირა თითი. ირგვლივ მხოლოდ ნაცნობი მელოდიის ხმა ისმოდა. ის იყო, ხელმეორედ უნდა დაერეკა ზარი, რომ მოულოდნელად შემოესმა, როგორ გაჩხაკუნდა გასაღები შიგნიდან. ნინიკომ ერთი ღრმად ამოიხვნეშა, დოინჯი შემოიყარა და მოემზადა, რათა ბედნერი ღიმილით შეხვედროდა თავის სანუკვარ თორნიკეს.

კარი მალევე გაიღო და ზღურბლზე ვიღაც მამაკაცი გამოჩნდა. თავდაპირველად გოგონას მისი სახე ძალიან ნაცნობი მოეჩვენა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ადრე არასდროს შეხვედრია მას.

უცნობი მაღალი იყო, შავგვრემანი, ხშირი შავი თმით. ოდნავ კეხიანი ცხვირი სულაც არ აუშნოვებდა მის სახეს, პირიქით, უფრო სიმპათიურსაც ხდიდა. მის მკაცრ გამოხედვას ულამაზესი მონაცრისფრო-მოცისფრო დიდრონი თვალები ათბობდა მხოლოდ.

მამაკაცს ლურჯი ფერის შავზოლიანი პირსახოცის ხალათი ეცვა, რომლიდანაც ოდნავ თმიანი, ფართო მკერდი მოუჩანდა. ნინიკოს სიწითლემ გადაუარა სახეზე და ისე დაიბნა, არ იცოდა, თვალები სად წაეღო. საიდან გამოეცხადა ეს ნახევრად შიშველი უცნობი? რატომ თორნიკემ არ გააღო კარი?

თავის მხრივ, მამაკაცმაც ყურაღებით მიმოატარა მზერა გოგონას სხეულზე, ზედმიწევნით შეათვალიერა მისი მოკლე ქვედაბოლო, თეთრი მაისური და ჟაკეტი. ერთხანს უხმოდ მისჩერებოდნენ ერთმანეთს. უეცრად ნინიკოს სახე შეეცვალა, თავი ამაყად ასწია და გამომწვევად მიაჩერდა მასპინძელს, რაც ამ უკანასკნელს, აშკარად არ მოეწონა.

_ გისმენთ? ვინ გნებავთ? _ ლურჯხალათიანმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა მოსული.

_ მე თორნიკესთან ვარ, _ მტკიცე ხმით წარმოთქვა და რადგან მამაკაცისგან რეაქცია ვერ შეამჩნია, დააყოლა, _ ის მელოდება.

უცნობმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, კარის კიდეს მიეყრდნო და კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეხედა მოულოდნელ სტუმარს. ამჯერად მის მზერას ნინიკოს მძიმე ჩანთაც არ გამოპარვია. მან გაოცებისგან წარბები აზიდა და ზემოდან დახედა გოგონას.

_ რაღაც არა მგონია, ასე იყოს… _ ჩაილაპარაკა ბოლოს.

_ რას ნიშნავს, არ გგონიათ? რა თავხედი ყოფილხართ! _ ხმას აუწია ნინიმ.

მამაკაცმა ტუჩები მობრიცა, ირონიულად ჩაიცინა და კარის მისაკეტად მოემზადა.

_ მოიცა! _ შეჰყვირა სასოწარკვეთილმა გოგონამ და კარს სტაცა ხელი, _ ძალიან გთხოვთ, უთხარით მაინც, რომ აქ ვარ და ველოდები…

_ ეს შეუძლებელია… თუ შეიძლება, ხელი გაუშვით ჩემს კარს… _ მშრალად თქვა უცნობმა, _ თორემ თითები მოგყვებათ, რაც მერწმუნეთ, ძალიან მტკივნეული იქნება.

ნინიკოს მისი მუქარისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

_ მაგრამ ის ხომ აქ ცხოვრობს?

მასპინძელმა უსიტყვოდ დაუქნია თავი.

_ მერე? რატომ არ გინდათ, დაუძახოთ? თქვენ რა იცით, მე ვინ ვარ?

_ იმიტომ, რომ ის ახლა აქ არ არის. შაბათ-კვირას ქალაქიდან გადის ხოლმე. აქედან გამომდინარე, ასეთ დღეებში სტუმრებს არასდროს ელოდება, მათ შორის თქვენც. თუ შეიძლება, გაუშვით ჩემს კარს ხელი, უნდა დავკეტო.

_ აქ არ არის? _ ლამის გაგიჟებულმა გოგონამ ძლივს გასაგონი ხმით გაიმეორა მისი სიტყვები და თვალთ დაუბნელდა, _ არ მჯერა თქვენი!

მამაკაცს უცებ ყინულივით ცივი გაუხდა გამოხედვა, თვალები მრისხანებით აენთო.

_ თქვენი ნებაა, თუ არ გჯერათ. სულაც არ ვაპირებ, სახლი გასაჩხრეკად გადმოგაბაროთ, ქალბატონო…

_ ნინი… ნინიკო… ნუთუ თორნიკეს არასდროს ვუხსენებივარ?

ამჯერად უცნობმა ნელა გადააქნია თავი და ნიშნისმოგებით გახედა დაუპატიჟებელ სტუმარს.

დასაწყისი ერთობ წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ნინიკო რისი ნინიკო იყო, ასე უცებ დაეყარა ფარ-ხმალი და შეშინებულს უკან დაეხია? მან ერთი ღრმად ამოისუნთქა და სახეზე მაცდუნებელი ღიმილი გამოისახა.

_ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე… ძალიან სამწუხაროა, რომ ცუდ დროს მოვედი. რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გამეფრთხილებინა თოკო, _ მისი სახელი განსაკუთრებული გრძნობით წარმოთქვა, რითაც მიანიშნა უცნობს, თორნიკე ჩემთვის ვიღაც არ არისო და იმვე ღიმილით გააგრძელა, _ მაგრამ, მგონი, არაფერია საგანგაშო იმაში, მოულოდნელად რომ დაგესხით თავს, არა?

_ ამის განსჯის უფლებას მე დავიტოვებ, ქალბატონო, _ ოდნავ შეუმსუბუქდა ტონი მამაკაცს, _ მართალი ხართ იმაში, რომ სრულიად მოულოდნელად, თითქოს ციდან ჩამოვარდით. მაშ ასე, რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ, რა გნებავთ, ხომ ვერ მეტყვით, ნინიკო?

ამის გაგონებაზე გოგონა კვლავ გაწითლდა, ამჯერა სიბრაზისგან. ვინ არის ეს თავხედი, ასე რომ ელაპარაკება? რა დროს არ არის თოკო შინ, რომ ამ უტიფარს საკადრისი პასუხი გასცეს? თვალები ბოროტად მოწკურა, წარბები შეყარა და უცნობს დაჟინებით მიაშტერდა.

_ ჯერ სახლში შემომიშვით და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
_ სახლში შემოგიშვათ? რატომ? _ ჩაიცინა მამაკაცმა.

_ იმიტომ, რომ ნამგზავრი ვარ და წყალი უნდა გადავივლო.

_ ვაუ! რა მაგარია! ეს ყველაფერი კარგი, ჩემო ბატონო, მაგრამ რატომ გადაწყვიტეთ, რომ წყალი მაინცდამაინც ჩემს სახლში უნდა გადაივლოთ?

ამის გაგონებაზე ნინიკოს თავზარი დაეცა. ეს კაცი ხომ არ დასცინის? რა ჩემი სახლიო, რაებს ბოდავს?

_ იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნათ, რაშია საქმე, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ?

გოგონას მოთმინების ფიალა აევსო, თვალები დააკვესა და თავხედს მკვახედ მიახალა.

_ მე ბათუმიდან ჩამოვედი, თანაც სულ წამოვედი იქიდან, რათა თორნიკესთან ერთად ვიცხოვრო. ჩვენ დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, გვიყვარს ერთმანეთი. ახლა გასაგებია?

უცნობს არც ერთი ნაკვთი არ შერხევია სახეზე, მაგრამ ნინიკომ საფრთხის მოახლოება აშკარად იგრძნო. თითქოს ავისმომასწავებელი ღრუბლები შეიყარა ცაზე.

888

მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მისკენ, რის გამოც გოგონა იძულებული გახდა, უკან დაეხია და კინაღამ დაუცდა ფეხი კიბეზე.

_ როგორც ვხედავ, თქვენ საკმაოდ ყოჩაღი და ფხიანი არსება ხართ, _ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაწელილად წარმოთქვა მასპინძელმა, _ მაგრამ თქვენთვის არ არის ცნობილი, რომ თორნიკე ცოლიანია?

_ ჩემთვის ის არის ცნობილი, რომ ცოლთან კარგა ხანია, აღარ ცხოვრობს, _ ცივად უპასუხა ნინიმ, _ თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩემი და თოკოს პირადი საქმეა, თქვენ არ გეხებათ.

_ ძალიან ცდებით, შაკ-ვა-რე-ლო! _ ხაზგასმით დამარცვლა ბოლო სიტყვა უცნობმა, _ მე ბევრი რამ მეხება, _ მერე ცოტა ხნით გაჩუმდა და გააგრძელა, _ შეგიძლიათ თქვენი მისამართი დამიტოვოთ და როგორც კი თორნიკე დაბრუნდება, გადავცემ.

_ მისამართი? _ შეცბუნებულ ნინის თვალები დაუწვრილდა, _ რისთვის გჭირდებათ ჩემი მისამართი? მე მას აქ დაველოდები, ამ სახლში, _ ჯიუტად წარმოთქვა და საჩვენებელი თითი სახლისკენ გაიშვირა.

_ ა-რა.

_ ვერ გავიგე?

უცნობმა ჩაიცინა.

_ რა არის აქ გაუგებარი? თქვენ ამ სახლში გსურთ გაჩერება, მე კი გეუბნებით, რომ ეს არ მოხდება.

_ თქვენ რა, მაგდებთ აქედან?

_ ნუუუუუუუუ, როგორც იქნა, მიხვდით! _ სარკასტულად შენიშნა მან, _ შეიძლება ჩემი ნათქვამი სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე არ ვაძლევ თავშესაფარს გზააბნეულ, უსახლკარო გოგონებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, საიდან გამოჩნდნენ და რომლებიც თავხედურად აცხადებენ, რომ სახლის ერთ-ერთი მობინადრის ნაცნობები არიან.

_ მე უსახლკარო არ ვარ და არც გზააბნეული, _ გაცეცხლდა ნინი, _ არც თავხედი ვარ და არც თავშესაფარს ვეძებ… და არც ჩემი და თოკოს ნაცნობობაა შემთხვევითობა…. ჩვენ…

_ ამას თქვენ ამტკიცებთ თქვენებურად, მაგრამ მე რა ვიცი, მართლა ასეა თუ არა? მოულოდნელად გამოჩნდით, თითქოს ციდან ჩამოვარდით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თან ამბობთ, თორნიკე მელოდებაო… ის კი საერთოდ არ არის თბილისში… მიდით, დაურეკეთ და უთხარით, რომ აქ ხართ, რატომ არ ურეკავთ? _ გაცხარდა უცნობი, _ გინდათ, გითხრათ, რატომ? იმიტომ, რომ მას მობილური გამორთული აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ აშკარად არ გელოდებოდათ. მაპატიეთ, გენაცვალე, მაგრამ სხვაგან მოგიწევთ ღამის გასათევი ადგილის მოძებნა.

_ რას ამბობთ?… _ ხმა უკანკალდა ნინის, _ მე… მე წასასვლელი არსად მაქვს… აქ არავის ვიცნობ.

_ მაშინ უკეთეს რჩევას მოგცემთ, _ უხეშად თქვა მასპინძელმა, _ დაბრუნდით იქ, საიდანაც მოხვედით და ორივემ ისეთი სახე მივიღოთ, თითქოს ეს შეხვედრა არც ყოფილა.

ნინიკოს წუთიერი დაბნეულობა ისტერიკამ შეცვალა.

_ თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ, მე არაფერში მჭირდება! და არც არსად ვაპირებ დაბრუნებას! მაგრამ როცა თორნიკეს ვნახავ, აუცილებლად მოვუყვები იმას, როგორ თავაზიანად შემხვდნენ მის სახლში! ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ!

_ თქვენს ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი, ძვირფასუნა, _ უცნობს გაღიზიანება აშკარად შეეტყო, _ ძალიან საწყენია, თორნიკეს გაფრთხილების გარეშე რომ ჩამოხვედით თბილისში, მაგრამ რა ჩემი ბრალია? თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს არაფერს შეცვლიდა… მე მაინც არ შემოგიშვებდით სახლში. ახლა კი დაგემშვიდობებით, ამდენი დრო არ მაქვს…

_ კი მაგრამ, თქვენ ვინ ხართ ასეთი? რა უფლება გაქვთ, მიბრძანოთ, რა გავაკეთო? რა თქვენი საქმეა, მე რას გავაკეთებ? _ აფეთქდა გოგონა.

_ რაღაც ასპექტში მე ამ სახლის პატრონი ვარ… _ ყინულივით ტონით გამოუცხადა მამაკაცმა, _ ასე რომ, ჩემს ტერიტორიაზე ისე ვიქცევი, როგორც საჭიროდ მიმაჩნია.

როგორ უნდოდა ნინიკოს, მატყუარა ხარო, პირდაპირ პირში მიეხალა ამ თავხედისთვის, მაგრამ მისმა ტონმა ცოტათი დააფიქრა.

_ მაგრამ თოკო… _ დაურწმუნებლად დაიწყო რაღაცის ახსნა.

_ თქვენი თოკო ჩემი სტუმარია, დროებითი მცხოვრები ამ სახლში და მეტი არავინ. და ჩემთვის სულერთია, რა გითხრათ და რას გელაპარაკათ იგი თქვენ.

როგორ უნდოდა ამწუთას ნინის, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო… ან, სულაც, მომკვდარიყო… მაგრამ ამაზე მეტად ამ თავდაჯერებული ცინიკოსის განადგურება ეწადა, მისი ისევე დამცირება, როგორც თავად დაამცირა. რომ შეძლებოდა, რა დიდი სიამოვნებით წაუშლიდა ტუჩებიდან ამ ურცხვ ღიმილს…

შურისძიება შურისძიებად, მაგრამ ჯერ თავშესაფარზე უნდა ეზრუნა. აბა, ქუჩაში ხომ არ გაათევდა ღამეს? ნაცნობი მაინც ჰყოლოდა ვინმე. ვის მიადგეს მისთვის სრულიად უცნობ ქალაქში? არც იმდენი ფული აქვს, სასტუმროში დაბინავდეს. ეს რა დღეში ჩაიგდო თავი? ვინ აძალებდა, ვერ დაეტია თავის სახლში? ჭერიც მშვენიერი ჰქონდა და სამსახურიც. კაცის გულისთვის ღირდა კი ასეთი თავგანწირვა? ან კი ვინ დაუფასა? იქნებ თორნიკეს აღარც ახსოვს მისი არსებობა… რა ქნას, უკან დაბრუნდეს? არა! არავითარ შემთხვევაში! ბათუმში თავი აღარ გამოეყოფა. ვის უთხრას, რაც გადახდა? ხომ დასცინებენ მეგობრები? ან დედას როგორ აუხსნას მომხდარი?

როგორმე უნდა იპოვოს გამოსავალი. არც ისეთი ღარიბია, თავი ვერ გაიტანოს, სანამ რაიმე სამსახურს იშოვის. მცირედი ანგარიში უდევს ბანკში, თუ ვინიცობაა და ძალიან გაუჭირდება. სხვათა შორის, თბილისში ბევრად იაფი დაუჯდება ცხოვრება, ვიდრე ზღვისპირა ქალაქში. მთავარია, ბინა იქირაოს ხელსაყრელ ფასში და სმა-ჭამაზე თავს არ მოიკლავს. არც ისეთი მსუნაგი მჭამელია. ნეტავ ამ უბანში რა ფასად აქირავებენ ბინებს? გაწვდება კი მისი ჯიბე აქაურ ფასებს? რომ ჰკითხოს ამ დოყლაპიას, არ დაეხმარება ნეტავ?..

ნინიმ თავის ჩანთას გადახედა… ასეთი მძიმე ტვირთით შორს ვერ წავა. ტაქსი რომ აიყვანოს, საით წავიდეს? კონკრეტული მისამართი არ აქვს და მკითხაობას ხომ არ შეუდგება? ღმერთო! რა უგულო ადამიანის ხელში ჩავარდა! ბათუმში უპატრონო ძაღლსაც კი არ გააგდებენ ასე ულმობლად გარეთ. ეს ვის გადაეყარა! ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ჩაახველა, გაბედულად შეხედა თავის მწვალებელს და კიდევ ერთხელ სცადა ბედი.

_ თქვენ, რა თქმა უნდა, არც იმის უფლებას მომცემთ, რომ ჩანთა მაინც დავტოვო დროებით თქვენთან?.. სანამ ბინას ვიშოვი…

_ გამოიცანით! არ მოგცემთ. ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით დაგსჯიდით და მთელ თბილისს მოგატარებდით ღამის გასათევის ძიებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიზამ. თბილისი არც ისეთი უსაფრთხო ქალაქია, ჩამოსულები აქ ხშირად ეხვევიან უსიამოვნო ისტორიებში. არ მინდა თქვენი ცოდვით სული დავიმძიმო.

_ უღრმესი მადლობა ასეთი ზრუნვისთვის, _ ღვარძლიანად გადაუხადა მადლობა ნინიმ, თან აფეთქებას ცოტაღა უკლდა, _ თქვენისთანა ჩემთვის გომურსაც კი არ გაიმეტებს, როგორც ვატყობ.

_ სამწუხაროდ, ასეა, _ გაიცინა მამაკაცმა და მის ჩანთას დასწვდა, _ შემოდით, რაღაცას მოგიხერხებთ.

_ შემოვიდე? _ გოგონას გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა, უცნობის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა, _ თქვენ ნებას მრთავთ, ჩემი ვიზიტით წავბილწო თქვენი წმინდა საცხოვრებელი? _ სარკაზმით იკითხა და წინ მიმავალ მამაკაცს უკან მიჰყვა.

წამიც და გოგონამ უზარმაზარ ჰოლში ამოჰყო თავი. მარცხენა მხარეს ხალიჩით დაფარული კიბე შენიშნა, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. მარჯვნივ, გამოღებულ კარში, ოთახი მოჩანდა, რომელიც სამუშაო კაბინეტს უფრო ჰგავდა, ვიდრე საძინებელს. მელოდია, რომელიც ნინიმ ჯერ კიდევ ჭიშკართან გაიგონა, სწორედ ამ ოთახიდან გამოდიოდა. პირდაპირ კიდევ იყო ერთი ოთახი, სავარაუდოდ _ სასტუმრო ან სასადილო.

_ ახლავე მოვალ, _ თქვა მამაკაცმა და ჰოლის სიღრმისკენ გაემართა, _ ხელი არაფერს ახლოთ!

_ ქურდი არ ვარ და არაფრის მოპარვას არ ვაპირებ! _ იუკადრისა ნინიმ.

_ არც იფიქროთ! ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ გული მომიბრუნდება და კეთილი გავხდები. მხოლოდ ერთ ზარს გავუშვებ, ამიტომ გირჩევთ, ჩემს დაბრუნებამდე აქ დამელოდოთ.

«აბა, სად უნდა წავიდე, საინტერესოა… ეგ კაცი, მგონი, მთლად სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოს», _ შეუმჩნევლად ჩაეცინა გოგონას, თან მიმავალს ირონიულად დაადევნა.

_ მაგ სიკეთესთან ერთად, იქნებ ნორმალურადაც ჩაგეცვათ, სანამ დაბრუნებოდეთ?

მამაკაცი მკვეთრად მოტრიალდა, თავი გვერდზე გადახარა და ეშმაკურად შეხედა.

_ ზრდილობას ნუ მასწავლით, ძვირფასუნა. ვიცი, ვისთან როგორ და რანაირად მოვიქცე. დღეს, სხვათა შორის, შაბათია და მაცვია ისე, როგორც მე მომწონს, _ წარბიც არ შეუხრია, ისე თქვა, _ არ დაგავიწყდეთ, პატივცემულო ნინი, რომ ეს თქვენ შემომეჭერით შინ დაუპატიჟებლად და არა პირიქით.

ნინიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, მიხვდა, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ჰოლის შუაგულში გრძელი და ვიწრო ხის მაგიდა იდგა, რომელსაც გარშემო მუხისფეხებიანი მძიმე სკამები ჰქონდა შემოწყობილი მაღალი საზურგეებით. მაგიდაზე, ჟურნალ-გაზეთების გარდა, თეფში იდო საჭმლის ნარჩენებით, დანა-ჩანგალი და ჯემით სავსე სამურაბე. ჰაერში ახალმოდუღებული ყავის და ცხელი ფუნთუშის სურნელი ტრიალებდა.

გოგონას შიმშილისგან თავბრუ დაეხვა. ახლაღა გაახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩასვლია პირში. ახლა ამას ყავა რომ მოსთხოვოს, ალბათ თავში რაღაცას ჩაარტყამს. რა უცნაურია! საიდან ჩნდებიან ასეთი წუწურაქი და ეგოისტი ადამიანები?

საჭმელზე რომ არ ეფიქრა, ნინი მოპირდაპირე მხარეს მდებარე მინის კედელს მიუახლოვდა და ეზოში გადაიხედა. თვალწინ საოცარი ხედი გადაეშალა. სახლის უკან ულამაზესი ბაღი იყო გაშენებული ფერად-ფერადი ყვავილებით. წითელი კენჭებით მოკირწყლული ბილიკი, რომელიც ორივე მხრიდან ვარდის ბუჩქებით დაემშვენებინათ, აუზამდე მიდიოდა. უუუუჰ! როგორ ლურჯად ლივლივებდა წყალი ფინური ფილებით მოპირკეთებულ აუზში! აი, ფუფუნება! აი, ცხოვრება! ნუთუ ასეთი მდიდარია თოკო? თუ ეს ყველაფერი ამ უცხვირპირო კაცს ეკუთვნის? გოგონამ თავი ვერ შეიკავა და აღტაცების შეძახილი აღმოხდა. მართალია, თვითონაც ჰქონდა სახლში ბაღი, მაგრამ პატარა, სულ ერთი ბეწო… კორპუსის წინ ამხელა ფართობს ვინ მიაშავებდა. უცებ ნოსტალგია შემოაწვა, დედა გაახსენდა, დიდის ამბით რომ ელოლიავებოდა ყვავილებს ყოველ დილით ლოჯიის წინ შემოღობილ ვითომ ეზოში… ლამის ცრემლები გადმოუგორდა.

_ რამე ისე ვერ არის? _ მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა. ვერც კი შეამჩნია, როგორ მოეპარა უკნიდან ოჯახის უფროსი, რომელსაც ხელში გრძელმავთულგამობმული ტელეფონის აპარატი ეჭირა.

«ამ კაცის თვალს ვერაფერს გამოაპარებ, ზურგიდანაც კი… აი, ტელეფონიც კი აქეთ მოიტანა, რომ უმეთვალყურეოდ არ დამტოვოს!», _ გაიფიქრა და ღიმილით მოტრიალდა.

_ ბაღის სილამაზით ვტკბებოდი. საოცრებაა პირდაპირ, გემოვნებით არის გაშენებული… ვინ უვლის მას?

_ ის, ვინც ამ სახლს პატრონობს, _ ჩაიბურტყუნა უცნობმა და ნომრის აკრეფა დაიწყო, _ ლელუკა… _ ჩასძახა რამდენიმე წამის შემდეგ ყურმილში, _ გამარჯობა, ჩემო კარგო, როგორ ხარ?.. მაპატიე, თუ ცუდ დროს გაწუხებ… მომისმინე… შენ თავისუფალი ოთახი არ დაგრჩა გასაქირავებელი? _ მამაკაცმა თავის კანტურით მოისმინა პასუხი, თან დამცინავად შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს, რომელიც მხრებაწურული იდგა შუა ჰოლში და ყურადღებით ისმენდა სატელეფონო საუბარს, _ ჰო, არის აქ ერთი მდედრობითი სქესის მიუსაფარი არსება… პირდაპირ ქუჩიდან შემომიხტა, _ თავადვე გაეცინა თავის ნათქვამზე, _ არა, არა, რა კატა… თუმცა ბრჭყალები კი გამოაჩინა… როგორ?.. ო-ოო-ო! გამორიცხულია, საყვარელო… სრულებითაც არა… საერთოდ არ ჯდება ჩემს გემოვნებაში, ხომ მიცნობ?.. გარდა ამისა, მიმტკიცებს, რომ უკვე დაკავებულია… შეგიძლია? მაგარი ხარ, ჩემო კარგო, ნამდვილი საოცრება!.. კარგი… კარგი… აუცილებლად… მაშინ გამოვუშვებ შენთან, ოკეი? გენაცვალე! _ სიცილით დაამთავრა მამაკაცმა საუბარი, ყურმილი დაკიდა და ტელეფონი პირდაპირ იატაკზე დადგა.

_ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? _ გაწიწმატებული ნინი თავს ძლივს იკავებდა, რომ თავხედი მასპინძელი არ გამოელანძღა.

_ ყველაფერი რიგზეა, ოთახი გიშოვეთ.

გოგონამ თვალები დააკვესა.

_ არ მესმის, რატომ გაისარჯეთ ასე. როგორ გგონიათ, მე თვითონ ვერ ვიზრუნებდი ჩემს თავზე?

_ თუ სიმართლე გაინტერესებთ, ვერ იზრუნებდით. ამას მაშინვე მივხვდი. რას გააკეთებდით? ჩემი კიბის საფეხურებზე ჩამოჯდებოდით პროტესტის ნიშნად და იქ დაელოდებოდით თორნიკეს გამოჩენას? _ მამაკაცმა თავი გადააქნია, _ ასეთი ჟესტით ჩვენი რაიონის პრესტიჟი შეილახებოდა, ძვირფასუნა. ნუ ნერვიულობთ, ლელუკასთან თავს მშვენივრად იგრძნობთ, არაჩვეულებრივი ადამიანია. მასთან წარამარა იცვლებიან მდგმურები, ამიტომ ყოველთვის მოეძებნება ერთი ოთახი გზაკვალარეულებისთვის.

_ ლელუკა? ეგ ვინ არის? _ აიმრიზა ნინი.

მამაკაცს მყისიერად შეურბილდა სახის გამომეტყველება, ადამიანური გაუხდა გამოხედვა, მიმზიდველიც კი.

_ ერთი ძალიან კარგი ქალბატონია, _ მან ყურადღებით შეათვალიერა გოგონა და ყოველგვარი ირონიის გარეშე დაამატა, _ მოსწონს ლამაზი გოგონები, ამიტომ თქვენს მიღებაზე უარს არ იტყვის, მით უმეტეს, როცა მე ვთხოვ. ამიტომ მისი განაწყენება აზრადაც არ გაივლოთ გულში, თორემ პირადად მე მომაყენებთ შეურაცხყოფას.

_ რატომ უნდა გავანაწყენო, სოფლელი კი არ ვარ.

_ სოფლელი რა შუაშია, ეგ არც მიგულისხმია… მხედველობაში სხვა რამე მქონდა, მაგალითად, ბინის ქირის გადაუხდელად გაპარვა და ამდაგვარი რამეები…

_ დამშვიდდით, ის მიიღებს თავის კუთვნილ თანხას, მართლა ქუჩიდან კი არ ვარ მოსული, ოჯახში გავიზარდე, _ ზიზღით წარმოთქვა ნინიმ, _ თუმცა, იქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ, _ დააყოლა და კვლავ დაძაბა გონება, რათა გაეხსენებინა, სად ენახა ეს მამაკაცი.

_ აბა რა-ა-ა… თქვენ, რა თქმა უნდა, დაელოდებით, როდის ჩამობრძანდება თქვენი გულის მესაიდუმლე ბატონი თოკო და როდის გიშოვით მყუდრო ბუდეს სასიყვარულო ღამეების გასატარებლად. ამაში ეჭვიც არ მეპარება. შესაძლებელია, იშოვოს კიდეც, თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ არა ჩემს სახლში. ამას არ დავუშვებ!

_ თქვენ რა შუაში ხართ?

_ როგორც უკვე გითხარით, ის ცოლიანია, ძვირფასუნა. მე კი, ასე ვთქვათ, მკაცრი მორალური პრინციპების მატარებელი ადამიანი გახლავართ.

სწორედ ამ დროს, თითქოს და ვინმეს შეკვეთილი ჰქონდაო, ქალის ნამძინარევი ხმა გაისმა.

_ გიო! გიოოოოოოო!.. სად ხარ, სიხარულო?

შემკრთალმა ნინიმ თავი შეატრიალა და ზედა სართულიდან კიბეზე ჩამომავალი ქალის გრძელ, შიშველ ფეხებს მოჰკრა თვალი. ამ წუთამდე ის აღიზიანებდა, რომ მისი არასტუმართმოყვარე მასპინძელი უზრდელი იყო, რადგან უცხო ქალის წინაშე დაუდევრად ჩაცმული უხერხულობასაც კი არ გრძნობდა. როგორც ჩანს, შეცდა… მარმარილოს საფეხურზე მდგარი წითურთმიანი მაღალი გოგონა უარეს ფორმაში გამოეცხადა _ მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა ტიტველ ტანზე შემოხვეული და ამის გამო წამითაც არ მორიდებია.

_ საყვარელო… _ კატასავით დაიკრუტუნა თვალებმიბნედილმა, _ გავიღვიძე, შენ კი ჩემ გვერდით არ იყავი… ეს ნამდვილი საშინელება იყო… _ ნაზად თქვა და მზერა ნინიზე გადაიტანა, _ ოუ… არ მეგონა, თუ დაკავებული იყავი… _ თეატრალურად გაიცინა წითურთმიანმა, _ თუკი ეს უცხო პატარა შენი უკანასკნელი სიყვარულია, მინდა გითხრა, რომ შენს გემოვნებას რაღაც საშინელება დამართნია.

ნინის ალმურმა აჰკრა სახეზე და ის იყო, რაღაც საშინელება უნდა ეთქვა, რომ მამაკაცი წინ გადაუდგა და დაასწრო.

_ ხათო, მორჩი ლაყბობას. არც ისეთი პატარა ხარ, შინაურისა და გარეულის გარჩევა ვერ შეძლო. ეს უცხო ადამიანი ჩემი შემთხვევითი ნაცნობია, ამიტომ ენა დაიმოკლე და საქმეს მიხედე! ადი შენს ოთახში, გავთავისუფლდები და მეც მოვალ, _ გიომ გაბრაზებული მზერა ესროლა ქალს.

წითურთმიანმა ძალზე სექსუალური ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცი და კეკლუცად იკითხა.

_ მპირდები?

_ ჰო, გპირდები.

_ რა ძნელი დასაჯერებელია… _ დაიკნავლა ლამაზმანმა.

_ კაცურ სიტყვას გაძლევ… _ ვნებიანი ტონი გაკრთა გიოს ხმაში.

ნინიმ თვალები დახარა, რადგან იგრძნო, როგორ დაურბინეს ჭიანჭველებმა ტანში. ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, აუტანელი ტიპი იყო, მაგრამ მის სექსუალურობას გვერდს ნამდვილად ვერ აუვლიდა. წითურთმიანმა ლამაზმანმა, როგორც ჩანს, კარგად უწყოდა ეს, რადგან უხმოდ გატრიალდა და სხეულის რხევით აუყვა საფეხურებს.

ნინიმ საშინლად მარტოსულად იგრძნო თავი. რა იყო ამაში გასაკვირი? გოგონა იმ იმედით ჩამოვიდა თბილისში, რომ ბოლოს და ბოლოს, თავის საოცნებო მამაკაცს შეხვდებოდა და ძალიან მალე მისი ცოლიც გახდებოდა. ამის მაგივრად კი თვითმარქვია პროვინციელ გოგონად გადაიქცა, მისდა უნებურად რომ გახდა სხვისი სასიყვარულო რომანის მოწმე.

ოთახში უცნაურმა, შიშის მომგვრელმა სიჩუმემ დაისადგურა. ნინიმ სასწრაფოდ სცადა მისი დარღვევა.

_ როგორც ვხედავ, თქვენი მორალური პრინციპები არც ისეთი მკაცრი ყოფილა, როცა საქმე პირადად თქვენ გეხებათ… _ და დამცინავი ღიმილით მიაჩერდა მამაკაცს.

_ სრული სიმართლეა, _ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დაუდასტურა გიომ, _ მაგრამ მე არ ვარ ცოლიანი და არც არასდროს ვყოფილვარ, _ იგი გაჩუმდა და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა, _ ასევე, დაუკითხავად არ ვიჭრები სხვის სახლში, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

_ თუ შეიძლება, მომეცით თქვენი ლელუკას მისამართი… მე წავალ… _ მშრალად თქვა ნინიმ.

გიომ თავაზიანად დაუქნია თავი.

_ აქედან პარალელურ ქუჩაზე გახვალთ და ლურჯად შეღებილ ჭიშკარს მიადგებით, ექვს ნომერში. თუ თქვენი ჩანთის ტარება გიძნელდებათ, ტაქსის გამოვიძახებ.

_ არ არის საჭირო, როგორმე თავად გავართმევ თავს, _ ამაყად წარმოთქვა და გასასვლელისკენ გაემართა.

როგორც კი კარს მიუალოვდა და თავის ჩანთას ხელი დაავლო, მობრუნდა და უხეშ მასპინძელს გამომცდელად მიაჩერდა.

_ იმედია, სამადლობელ სიტყვებს არ მოელით ჩემგან, _ მსუბუქი ირონიით თქვა და კარი გამოაღო.

_ უკვე დიდი ხანია, სასწაულების არ მჯერა, მშვიდობით, ძვირფასუნა, _ დაადევნა მამაკაცმა ისე, რომ ადგილიდან არ დაძრულა.

_ ოუ! რა საშინელი სიტყვაა! _ დათაფლული ხმით შენიშნა გოგონამ, _ მე პირადად «ნახვამდის» ვარჩევდი, რა იცით, რა ხდება! არ მეთანხმებით?

_ არა, სრულებით არ გეთანხმებით, რამდენადაც საქმე თქვენ გეხებათ, _ უპასუხა გიომ და მისკენ გამოემართა, _ აუცილებლად ვეტყვი თორნიკეს, სად უნდა მოგძებნოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით ჩემი სურვილის წინააღმდეგ წავალ, _ მოღუშულმა ჩაილაპარაკა.

რამდენიმე წამიც და ნინის უკან კარი გაჯახუნდა… გოგონა გარეთ აღმოჩნდა. მზიანმა დღემ მოულოდნელად დაკარგა მისთვის მომხიბვლელობა.

_ წადი შენი! _ თავისთვის შეიკურთხა და მძიმე ტვირთით მოასფალტებულ ბილიკს გაუყვა, _ ჩამოვიდეს თოკო! ვნახოთ, ვინ ვის! მაინც გავიტან ჩემსას! და როცა ამ სახლში მისი ცოლის ამპლუაში მოგევლინები, მერე ვილაპარაკოთ! _ დაიქადნა და კიდევ ერთხელ მოხედა ორსართულიან სახლს, _ მოვა დრო და შენ ამას წინ ვერ აღუდგები! _ გამომწვევად წამოიძახა, თითქოს სახლის პატრონი გაიგებდა მის ნათქვამს.

ქუჩაში გამოსულმა ირგვლივ მიმოიხედა, იქნებ ტაქსიმ გამოიაროსო. თან ცალი ყური სახლისკენ ჰქონდა. აინტერესებდა, ადევნებდა თუ არა გიო თვალს ფანჯრიდან. თუმცა, მალევე გაბრაზდა თავის თავზე _ «თუნდაც მიყურებდეს, რაში მანაღვლებს? ჯანდაბამდის გზა ჰქონია!» არადა, მამაკაცი მართლა იდგა ფანჯარასთან და ჩაფიქრებული მზერით გასცქეროდა დაუპატიჟებელი სტუმრის წერწეტა ტანს, ძლივძლივობით რომ მიათრევდა უზარმაზარ ჩანთას. უკვე ნანობდა, უცხო გოგონა, თუნდაც ასეთი ლამაზი, ლელუკასთან რომ გააგზავნა. რა მისი საქმე იყო, სად გაათევდა ღამეს? რატომ უნდა ენერვიულა იმაზე, რამე დაემართებოდა თუ არა? არასრულწლოვანი ხომ არ იყო? ბოლოს და ბოლოს, ქალს გათხოვების იმედი ჰქონდა!

გიომ დაინახა, როგორ დადო გოგონამ ჩანთა ძირს, მერე მარჯვენა ხელის თითები დაისრისა, ტვირთი მარცხენა ხელში მოინაცვლა და ასე გააგრძელა გზა. იგი ცდილობდა, წელგამართულს ევლო, მაგრამ, ამავდროულად, ისეთი დაუცველი და საცოდავი ჩანდა, გული დაეწვა. ჩაცმული რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაეხმარებოდა მას, ის კი არა, ლელუკას სახლამდეც მიატანინებდა თავის ნივთებს და დიასახლისსაც გააცნობდა, მაგრამ…

«არაფერი უჭირს… სულაც არ ვარ ვალდებული, რამდენი გზააბნეული ჩემს სახლს მოადგება, ყველას დავეხმარო!», _ გაიფიქრა თავისთვის, _ «სრულიად შესაძლებელია, ამით კიდევ უფრო დავამძიმო ისედაც მძიმე სიტუაცია». ცოტა ხნით მისი ფიქრები თორნიკეს გადაწვდა. მოვიდეს ერთი! ნახოს, რასაც ეტყვის! თავისი პრობლემები არ ეყოფა, რომ ახლა სიძის ქალებს არ სდიოს? რა ვალდებულია, თორემ კი! ამ ფიქრებით სწრაფად მოშორდა ფანჯარას, თითქმის სირბილით აუყვა მეორე სართულზე ამავალი კიბის საფეხურებს და სააბაზანოში შევარდა. უცებ გაახსენდა, რომ პირსახოცი არ ჰქონდა და უკან გამობრუნდა, რათა საძინებელში შესულიყო. მოულოდნელად შეამჩნია, რომ ოთახის კარი შეღებული იყო, არადა, ზუსტად ახსოვდა, რომ დაკეტა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფრთხილად შეიხედა შიგნით. ოთახის სიღრმეში იატაკზე დაგდებული პირსახოცი შეამჩნია. გულმა რეჩხი უყო. კარი ფართოდ გამოაღო და ადგილზე გაშეშდა… მის საწოლში მაცდუნებელ პოზაში გაწოლილი, სრულიად შიშველი ხათუნა იწონებდა თავს.

_ როგორც იქნა, მოხვედი… _ დაიკრუტუნა წითურთმიანმა, _ საუკუნეა, გელოდები. ბოლოს და ბოლოს, მოიშორე თავიდან ის «პროვინციალკა»?

გაოგნებული გიო კარის კიდეს მიეყრდნო. ნანახმა ძალზე დააბნია.

_ შენ აქ რას აკეთებ, ხათო?

_ რას ნიშნავს, რას ვაკეთებ? შენ გელოდები. თავად არ მთხოვე?

_ მე მხოლოდ ის გითხარი, მალე გავთავისუფლდები-მეთქი.

_ კარგი რა, ნუ ხარ ეგეთი მიამიტი… _ გოგონამ გაიზმორა და ხელები თავქვეშ ვნებიანად ამოიწყო, _ ნუთუ შენში ვნებათაღელვას არ ვიწვევ? ხომ არ დაგავიწყდა, ერთ დროს როგორ გიჟდებოდი ჩემზე?

_ ამას არ უარვყოფ, მაგრამ არც ის დამვიწყებია, რომ შენ ჩემი საუკეთესო ძმაკაცის საცოლე ხარ, ჩემო კარგო. მგონი, არც შენ უნდა დაგავიწყდეს ეს.

_ სამწუხაროდ, შენი საუკეთესო ძმაკაცი ამჟამად თბილისში არ იმყოფება, სოფელში ბრძანდება დედამისის მოსანახულებლად, რის გამოც წუხელ წვეულებაზე არ გამომყვა. ხანდახან ძალიან მოსაწყენია შენი მეგობარი.

_ ესე იგი, შენი ასეთი საქციელი ავთოსადმი შურისძიებაა? _ ამოიხვნეშა გიომ, _ არა, ჩემო კარგო, ასე არაფერი გამოვა. ჩაიცვი და შენს ოთახში გადი, მე კი ტაქსის გამოვიძახებ.

ხათუნამ არტისტულად ასწია მარჯვენა ხელი და არათითზე წამოცმულ ოქროს რგოლს დაცინვით გახედა.

_ მართალი ხარ. ალბათ ავთო დაინტერესდება, რატომ აღმოვჩნდი წუხელ შიშველი შენს საწოლში. შეიძლება ისიც იფიქროს, რომ შენ მისი არყოფნით ისარგებლე…

_ სინამდვილეში ჩემს საწოლში კი არა, სასტუმრო ოთახში აღმოჩნდი შიშველი, ჩემო კარგო, _ დაღლილი ხმით შეუსწორა მამაკაცმა, _ იქ კი იმიტომ აღმოჩნდი, რომ იძულებული გავხდი, მომეყვანე, რადგან გატრეტილი მთვრალი იყავი და არაფრის აზრი არ გქონდა. არა მგონია, ავთოს ამის გაგება ესიამოვნოს… _ მრავალმნიშვნელოვნად დაამთავრა გიომ.

ხათუნას ღიმილი პირზე შეაშრა.

_ ღმერთო ჩემო, დიდი ხანია, ასეთი სერიოზული გახდი? შემთხვევით, იმ ვირთხასავით გოგომ ხომ არ მოახდინა შენზე გავლენა?

_ არა, მე თვითონ ვარ ასეთი. რაც იყო, იყო, ახლა ამის გარკვევის დრო არ არის, რადგან  კარგა ხანია, ორივენი ჩვენ-ჩვენი გზით მივდივართ და მოდი, წარსულში ქექვას ნუ დავიწყებთ. როცა მე მომწონდი, ავთო ჰორიზონტზეც არ ჩანდა. და როცა გამოჩნდა, მე მაშინვე უკან დავიხიე, ეს არ დაივიწყო. სხვათა შორის, ბევრი არაფერი მაკავშირებდა შენთან, უბრალოდ, მომწონდი და სხვა არაფერი.

ხათუნა გრაციოზულად წამოდგა და თეძოების რხევით გაემართა მამაკაცისკენ, წამითაც არ უგრძნია უხერხულობა თავისი სიშიშვლის გამო.

_ მე შემიძლია აზრი შეგაცვლევინო, საყვარელო, _ ვნებიანად დაიჩურჩულა ქალმა.

_ შენ ეს ერთხელ უკვე მოახერხე, ხათო, მაგრამ ამჯერად ეგ ნომერი არ გაგივა. რა თქმა უნდა, ისეთი ლამაზი ხარ, ქანდაკებასაც კი შეაცდენ, მაგრამ ჩემს გემოვნებაში უკვე აღარ ჯდები, ამაშია საქმე, _ ცივად წარმოთქვა გიომ და ქალს მაჯები დაუჭირა.

_ ბარემ პირდაპირ თქვი, რომ მე კი არა, საერთოდ სექსი არ გაინტერესებს და ეგ იქნება. დოყლაპიავ! არ მჭირდება შენი გამოძახებული ტაქსი, თვითონ მივხედავ თავს! _ ხათუნამ ზიზღით აიბზუა ტუჩი და ოთახიდან გავარდა.

მართალია ეს ქალი, რას ერჩის!  ბოლო დროს მართლაც არ გამოსდის ქალებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთიერი გატაცება ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ისე, გასაკაჟებლად. საერთოდ, ისეა დაკავებული სამსახურით, პირადი ცხოვრების მოსაწყობად ვეღარ იცლის. გიო ცნობილი ტელეჟურნალისტია, პოლიტიკურ სფეროს მიმოიხილავს, ამიტომაც ყოველთვის დაძაბული გრაფიკით უწევს მუშაობა. ახლაც ახალ პროექტზე მუშაობს, სიუჟეტები უნდა მოამზადოს ამერიკის პრეზიდენტებზე და ჯორჯ ვაშინგტონით უნდა დაიწყოს…

თუმცა… წუხანდელ წვეულებაზე იყო ერთი გამორჩეული გოგონა, ქერათმიანი, რომელიც თვალს არ აშორებდა. მერე საცეკვაოდ გამოიწვია და მასთან საუბარში დაასკვნა, რომ იგი აშკარად სიმპათიებით განეწყო მამაკაცის მიმართ. სამწუხაროდ, გიოს არ დასცალდა ახალი ნაცნობობით ტკბობა, რადგან ხათუნა საშინლად დათვრა და იძულებული გახდა, ძმაკაცის საცოლე იქაურობას სასწრაფოდ გაერიდებინა. ისე, იმ გოგომ თავისი სავიზიტო ბარათი დაუტოვა, დიზაინერი ვარო, ასე უთხრა. თუ ჩემი ნახვა მოისურვო, დამირეკეო, დააყოლა ბოლოს… დაურეკავს, აბა რა! ბოდიშს მოუხდის, მოულონელად რომ მოუწია წამოსვლამ და სადმე დაპატიჟებს. მოიცა, რა ერქვა? მგონი, კრისტი… მოსწონს ეს სახელი… უცხოდ ჟღერს… ნინის კი არ ჰგავს, ყოველ მეორეს რომ ჰქვია!

ამის გაფიქრებაზე უცებ რაღაც ლოდივით დააწვა გულზე. გაახსენდა გამხდარი, უსუსური გოგონა, მძიმე ჩანთას წვალებით რომ მიათრევდა ქუჩაში და სინდისის ქენჯნა იგრძნო.

888

ლელუკა ერთი პატარა, გამხდარი, უფრო სწორად, გალეული ქალი აღმოჩნდა. მას ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორე ხელით კი ცდილობდა, დაეკავებინა მოკლე ღვედზე გამობმული ფოქსტერიერი, რომელიც ხმამაღლა ყეფდა და პატრონისგან დასხლტომას მთელი ძალით ლამობდა. არც ისე ახალგაზრდა ქალს თეძოებზე შემოტკეცილი ჯინსის შარვალი და ალუბლისფერი თხელი სვიტერი ეცვა. თმა საგულდაგულოდ დაევარცხნა და კინკრიხოზე ბუდესავით დაემაგრებინა, მეტყველი ცისფერი თვალები ამავე ფერის ჩრდილით წვრილად ჰქონდა მოხატული. ყველაზე მეტად ნინი მისმა ხმამ გააოცა, ბოხმა და ჩახრინწულმა. «ეს, ალბათ, სიგარეტის ბრალია» _ დაასკვნა გოგონამ თავისთვის.

_ ეს შენ ხარ უსახლკარო არსება? _ გაიღიმა ლელუკამ და გოგონა თავით ფეხებამდე ჩაათვალიერა, _ წამოდი, საყვარელო, არ უსმინო მაგ გადარეულს, _ გიოს მისამართით თქვა ქალმა და ახალ მდგმურს წინ გაუძღვა.

სახლს გვერდიდან მოუარეს და ნახევრადსარდაფს მიადგნენ.

_ აქ მხოლოდ ერთი ოთახი მაქვს თავისუფალი, მაგრამ თავისი აბაზანით და სამზარეულოთი, სხვებისგან იზოლირებულად იქნები, ჩემო კარგო, _ ქალმა კარი გააღო და ნინის შიგნით შეუძღვა, _ იქით არავინ ცხოვრობს, ძველი ნივთების სათავსო მაქვს გაკეთებული, მაგრამ შენ ხელს არაფერში შეგიშლის, დაკეტილია. ამ დივანს ადვილად გაშლი და საწოლად გადააკეთებ, როცა დაძინება მოგინდება. თეთრეულს და პირსახოცს ახლავე ჩამოგიტან. სამზარეულოსთვის საჭირო ატრიბუტებსაც მოგცემ, ტაფას, ქვაბს, თეფშებს… ყველაფერს, რაც პირველ ხანებში დაგჭირდება. აბა, რას იტყვი, წავა? უკმაყოფილო ხომ არ დამრჩები?

_ რას ამბობთ, შესანიშნავია, ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო… მაგრამ აქედანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ აქ დიდხანს დარჩენა არ მომიწევს… მალე წავალ…

ლელუკა ამ ამბავს ოდნავადაც არ აღუშფოთებია.

_ ჩემთან დიდხანს ისედაც არავინ რჩება, საყვარელო. ადამიანები მოდიან და მიდიან, მაგრამ ამის გამო არ ვბრაზდები, ყველას თავისი გზა აქვს. მე თითქოს გამშვები პუნქტის როლს ვასრულებ მათ ცხოვრებაში, _ გაიცინა ქალმა, _ ჰო, მართლა! თანხა იცი, რამდენი უნდა გადამიხადო?

_ არა, არ ვიცი… ეს არ უთქვამთ ჩემთვის…

_ მოდი, ჯერ სამოცი დოლარი მომეცი… შენ ხომ არ მუშაობ… ცოდო ხარ. გაწვდები? ისე, ას დოლარად ვაქირავებ, რომ იცოდე.

_ არა, ჯერ არ ვმუშაობ, _ მხრები აიწურა ნინიმ, _ მაგრამ ორშაბათიდან შევუდგები სამსახურის ძებნას. ჯერ მაქვს ცოტა ფული, ასე რომ, არ დაგაღალატებთ.

_ რა სამსახურს ეძებ, თუ საიდუმლო არ არის? მსახიობი ხარ, თუ მოდელი?

_ ღმერთო, არა, რა თქმა უნდა! _ მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო დღე ჰქონდა, ნინის გულიანად გაეცინა, _ რატომ დაასკვენით, რომ მაინცდამაინც მსახიობი ან მოდელი უნდა ვყოფილიყავი?

_ რა ვიცი, გენაცვალე, შენი გარეგნობის გოგო სხვა პროფესიის ვერც წარმომიდგენია, _ თბილად უპასუხა ლელუკამ და კიდევ ერთხელ, ახლა უფრო დაკვირვებით შეათვალიერა.

_ ჩვეულებრივი მდივნის ადგილიც კი მაწყობს, თუ გამომიჩნდა, ისე, პროფესიით იურისტი ვარ, _ მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ.

_ ო! ეს საინტერესოა! _ ლელუკამ პატივისცემით ახედა ახალ მდგმურს, _ ჩემი მდგმურები, ძირითადად ოფიციანტებად ან გამყიდველებად მუშაობენ, თან არ კარგავენ იმედს, რომ ოდესმე მათ ვინმე შეამჩნევს და ერთი საფეხურით მაღლა აიწევენ… აბა, შენ იცი, საყვარელო, მოეწყვე, დაისვენე… მაცალე, ჩაპა, ნუ გაგიჟდი! _ დაუცაცხანა ძაღლს და კარისკენ გაემართა, _ მერე ამოდი ჩემთან, მაღლა, ყავა დავლიოთ და უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, ცოტა წავიჭორაოთ. აგიხსნი, სად რა მაღაზიაა, რომელში უფრო სიიაფეა, რა წესებია დასაცავი ჩემს სახლში და ასე შემდეგ. მე და ჩაპა სამზარეულოში დაგელოდებით, _ ამ სიტყვებით ლელუკამ თვალი ჩაუკრა ნინის და კარი მოიხურა.

ნინის მადლიერი ღიმილი აღებეჭდა სახეზე.

_ გმადლობთ, ძალიან გულისხმიერი ადამიანი ხართ, _ მიაძახა გასულ დიასახლისს.

უცებ კარი ისევ გაიღო და ლელუკამ თავი შემოჰყო.

_ რისი მადლობა, გენაცვალე. შენ გიომ გამოგგზავნა ჩემთან, მე კი მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მოისურვებს. გადარეული კი არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, დავალებული ვარ მისგან.

«მეც», _ ღვარძლიანად გაიფიქრა ნინიმ და ახალ ნაცნობს თბილად გაუღიმა.

ოთახი საკმაოდ დიდი იყო, ავეჯი _ გემოვნებით შერჩეული და მოხერხებული. დიასახლისს ყველაფერი დაეწკრიალებინა, საოცარი სისუფთავე სუფევდა ირგვლივ. ნინიმ ჩანთა გახსნა და ტანსაცმელი კარადაში შეალაგა.

თანხა, რომელიც ლელუკამ დაუსახელა, ძალიან დაბალი იყო თბილისის კვალობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოთახი ნახევრადსარდაფს წარმოადგენდა. სამზარეულოც დიდი აღმოჩნდა, რამაც გააოცა ნინი. აქ ისეთი სიმყუდროვე იგრძნობოდა, უკეთესს ვერც ინატრებდა. აბაზანაც კეთილმოწყობილი იყო, ახალგარემონტებული… ასე რომ, ამ ქალს რომ მოენდომებინა, ას დოლარად კი არა, უფრო მეტადაც შეძლებდა ამ ფართის გაქირავებას…

თავი მოიწესრიგა თუ არა, მაღლა ავიდა, რათა ლელუკა ენახა. იგი ჩაპასთან ერთად სამზარეულოში დახვდა. ფოქსტერიერი კვლავ ყეფით შეეგება.

_ ჩაპა! გეყოფა, გადი აქედან! _ დაუცაცხანა ქალმა, _ შენ აწი უკვე უნდა ცნობდე, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, დებილო ძაღლო!

_ ნაგაზივით ტემპერამენტი აქვს, _ განმარტა ლელუკამ, _ ვერა და ვერ მოვარჯულე, ვერ შევუცვალე ხასიათი. ყველას ასე უყეფს, ვინც უნდა მოვიდეს. არ ვიცი, რა მეშველება!.. აი, ის სკამი მოაჩოჩე და დაჯექი! არა, იქ არა, აქ! ის ჩაპას ადგილია და შეიძლება ამის გამო გაგიჟდეს, _ გაიღიმა დიასახლისმა და ყავის მოსადუღებელში წყლის ჩასხმას შეუდგა, _ ტკბილი გიყვარს, თუ?..

_ მე უშაქროს ვსვამ… _ მორიდებით ჩაილაპარაკა ნინიმ და მითითებულ ადგილზე დაჯდა.

ლელუკამ ყავა წამში მოადუღა, კერამიკის ლამაზ ფინჯნებში ჩამოასხა და ნაღებთან ერთად მაგიდაზე დადგა, თან სინზე დაწყობილი ნამცხვარიც მოაყოლა.
_ აბა, მომიყევი შენზე… ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რა გეგმები გაქვს… _ თხოვა ლელუკამ და სანთებელას გაჰკრა, მორიგი ღერი სიგარეტის მოსაკიდებლად, _ რამდენი ხანია ჩემს მეგობარ გიოს იცნობ?

გიოს ხსენებაზე ნინიმ სასწრაფოდ დადგა ყავიანი ფინჯანი მაგიდაზე, რადგან ხელები აუკანკალდა.

_ მე… არც ისე დიდი ხანია… ძალიან ცოტა… _ ჩუმად წარმოთქვა.

ან კი რას მალავს? თქვას ყველაფერი ისე, როგორც იყო, სიმართლის თქმის შემთხვევაში, თუნდაც ქუჩაში აღმოჩნდეს.

_ გულახდილად რომ გითხრათ, სულ ორი საათია, რაც გავიცანი. მე… მე სხვა ადამიანს ვეძებდი და…

_ ესე იგი, ბედნიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, _ მშვიდად შენიშნა ლელუკამ.

_ მე ასე ვერ ვიტყოდი, _ მორცხვად გაიღიმა ნინიმ და მზერა აარიდა დიასახლისს.

ლელუკამ გადაიკისკისა.

_ გამოდის, რომ იჩხუბეთ… გადასარევია! დიდებული რამეა ასე დაწყებული ურთიერთობა!

_ ვშიშობ, ის ასე არ ფიქრობს, _ ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა გოგონამ.

_ არც მიკვირს, ჩემო კარგო. ლამისაა, ჯოხით უწევს ქალების მოგერიება ჯერ კიდევ იმ დროიდან, პირველად რომ აიდგა ფეხი! ახლა კი ისეთი ამბავია, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ყველას უნდა, ცნობილი ტელევარსკვლავის ყურადღება მიიქციოს. მოსვენებას არ აძლევენ გოგონები.

_ ტელევარსკვლავის? _ დაბნეულად გაიმეორა გოგონამ და მაშინვე გაახსენდა, საიდან ეცნობოდა ეს კაცი.

აი, თურმე, რატომ ეჩვენა მისი სახე ასე ნაცნობად. ღმერთო, რა შტერია! ახლაღა მიხვდა, ვის ელაპარაკებოდა ასე უკმეხად. ნუთუ გიორგი რობაქიძეს? ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური ტოქ-შოუს ყველაზე აღიარებულ წამყვანს! ხომ ამბობდა, სადღაც მინახავსო! აქამდე როგორ ვერ მიხვდა?!

_ რობაქიძეა, არა? ხომ არ ვცდები? _ წამოიძახა უცებ და დიასახლისს შეაჩერდა.

_ არ ცდები, საყვარელო! ის არის, _ უპასუხა ლელუკამ, კმაყოფილმა გოგონას რეაქციით, _ ვფიქრობ, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს, რატომღაც, ძალიან მომეწონე, _ დაამატა ბოლოს და უცებ მოიქუფრა, _ გიო ხანდახან ძალიან უხეშია, მაგრამ რას იზამ, სამუშაო აქვს ისეთი… ნებისმიერს უმტყუნებს ნერვები. სამაგიეროდ, გული აქვს უთბილესი… სხვანაირად შენ ჩემთან ვერ მოხვდებოდი, საყვარელო. ის კი არა, ვიღაც ნათესავი შემოისახლა ისე, ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, სჭირდებოდა თუ არა ეს, თუმცა, ჩემი აზრით, დიდი სისულელე ჩაიდინა.

ამის გაგონებაზე ნინის ნამცხვარი სასულეში გადაცდა და ხველა აუტყდა.

_ ალალი იყოს, რა დაგემართა? მოდი, ზურგზე დაგარტყა ხელი, _ ალერსიანად თქვა ქალმა და გოგონას ზურგზე გაშლილი ხელისგული დაუტყაპუნა.

_ თავისი ნათესავი, თუ?.. _ სული რომ მოითქვა, პირველი ეს იკითხა.

_ თითქმის ნათესავი… _ დააზუსტა ლელუკამ, _ უფრო სწორად, სიძე, თავისი ბიძაშვილის ქმარი. გიო და თაკო ერთად გაიზარდნენ, ის გოგო ძალიან ძვირფასია მისთვის, სამსახურიც კი დააწყებინა თავისთან ტელევიზიაში, ხელი შეუწყო, გაქაჩა… მაგის ქმარი კი ერთი უსუსური და ხელით სათრევი ბიჭი აღმოჩნდა… მაგრამ რას იზამს, მაინც სიძეა და უნდა დაეხმაროს…

ნინიმ საშინელი სიცივე იგრძნო, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში. ამის მოსმენას სიკვდილი ერჩივნა! ცნობილი ტელეწამყვანი და მისი მწვალებელი თურმე თაკოს ბიძაშვილია! თაკო კი თორნიკეს ცოლი! აი, ბედის ირონია რას ჰქვია! ეს უნდოდა ახლა? «მე კი დიდი თავმომწონებით გამოვცხადდი მის სახლში და მისი ბიძაშვილის ქმარზე ჩემი პრეტენზიები წამოვაყენე! ვაიმე, რა სირცხვილია! ეს რა ჩავიდინე? ოჰ, თორნი, თორნი! ეს რა დღეში ჩამაგდე, რატომ არ გამაფრთხილე თავიდანვე?» _ მოთქვამდა თავისთვის გულში სასოწარკვეთილი.

«თორნიკემ რა იცოდა, თავქუდმოგლეჯილი მართლა რომ გაიქცეოდი თბილისში!» _ ნიშნისმოგებით ჩასძახა შინაგანმა ხმამ, _ «ეს ხომ მთლიანად შენი ინიციატივა იყო, შენ თვითონ მიიღე გადაწყვეტილება ისე, რომ დაქალსაც არ მოუსმინე. ჰოდა, ახლა თავადვე აგე პასუხი მომხდარზე!» _ არ ასვენებდა გაგულისებული მეორე «მე».

ლელუკამ შეშფოთებით შეხედა გაფითრებულ მდგმურს.

_ რამე მოხდა? ისეთი სახე გაქვს, თითქოს მოჩვენება დაგენახოს.

_ არა, არაფერი… _ ნაძალადევად გაიღიმა ნინიმ, _ მგონი, ნამცხვარი ზედმეტი მომივიდა, თან სასულეში რომ გადამცდა, ცოტა უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

_ სხვათა შორის, საჭმელზე უნდა მეთქვა რაღაც, _ ლელუკამ მაგიდის კიდისკენ გაიწვდინა ხელი, სადაც გაზეთების დასტა იდო და ცისფერი კონვერტი აიღო. მერე ჯიბიდან კალამი დააძრო, კონვერტი ამოატრიალა, რაღაც ხაზები გაავლო და ახსნას შეუდგა, _ ეს ჩვენი ქუჩაა, აი, აქ რომ შეუხვევ, ას მეტრში დიდ სუპერმარკეტს მიადგები. იქ იყიდი ყველაფერს, რაც დაგჭირდება, ხილ-ბოსტნეულსაც და პროდუქტებსაც. შაქარი-მაქარი, პური-მური და რა ვიცი, რაც გაგიხარდება, სულო და გულო! ოღონდ საფულეს კარგად გაუფრთხილდი _ აქაურობა ჯიბგირებითაა სავსე, იცოდე!

8 8 8

ერთი საათის შემდეგ გაბრუებული ნინი ჰაეროვანი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას, თან გონებაში ლელუკასთან საუბარს აანალიზებდა. დიასახლისმა ტაქტის უჩვეულო დაცვით გამოჰკითხა ყველაფერი, რაც აინტერესებდა _ ნინის დაბადებიდან დღემდე. გოგონას დასამალავი უკვე აღარაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც დაიზღვია თავი და არ გაუმხილა ქალს თბილისში მისი ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი. ისედაც ზედმეტი თქვა მისი და თორნიკეს ურთიერთობის შესახებ, თუმცა სასიყვარულო რომანი არ უხსენებია. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და თბილისში სამსახურის დაწყებას შემპირდა, ამიტომაც ჩამოვედიო, აუხსნა ლელუკას. იმედია, გიო არ მოუყვება მას, რა სისულელეებიც ელაპარაკა სიძეზე, თორემ ამ ქალმა შეიძლება ყველაფერი სხვანაირად გაიგოს და არ მოუწონოს საქციელი! იმისთვის, რომ კიდევ რამე არ დასცდენოდა, მოიმიზეზა, საყიდლებზე უნდა გავიდეო და დროებით დაემშვიდობა დიასახლისს…

უმისამართოდ დაუყვა დაღმართს… მიწისქვეშა გადასასვლელთან ქუჩის მუსიკოსები ისხდნენ და რომელიღაც ინგლისურ მელოდიას აკვნესებდნენ გიტარასა და კლარნეტზე. იქვე ნამდვილი ბაზრობა იყო გაჩაღებული. ზოგი ხილ-ბოსტნეულს ყიდდა, ზოგი თევზს, პურს… ზოგიც _ ნახმარ ტანსაცმელს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოსაღამოვებული იყო, ხალხი ბლომად ირეოდა ბაზრობაზე. ნინიმ ჩანთა კისერზე ჩამოიკიდა და მკერდზე მჭიდროდ მიიხუტა იმის შიშით, ვინმემ ხელიდან არ გამომტაცოსო. ცოტა კიდევ რომ გაიარა, სუპერმარკეტიც გამოჩნა. შვებით ამოისუნთქა. შევიდა მაღაზიაში და აუჩქარებლად შეარჩია დახლებზე კოხტად დალაგებული საჭირო პროდუქტები და სალაროსთან მივიდა. მის წინ რიგში ახალგაზრდა წყვილი იდგა, მათ ხელი ჩაეჭიდათ ერთმანეთისთვის და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ნინიმ თავისი თავი და თორნიკე წარმოიდგინა მათ ადგილას და გული მოეწურა. აი, ისინიც ასე ივლიდნენ მარკეტიდან მარკეტში, დახლიდან დახლთან, ერთად შეარჩევდნენ სასურველ საქონელს და მერე ხელიხელჩაკიდებულნი გაუყვებოდნენ გზას შინისაკენ…

გარეთ გამოსულმა თავი გადააქნია, რათა ასეთ სისულელეებზე მეტად აღარ ეფიქრა. იმის შემდეგ, რაც დღეს გადაიტანა, ნაკლებსავარაუდოა, ოდესმე შეხვდეს თორნიკეს და მათი ურთიერთობა გაგრძელდეს. მას სხვანაირად ჰქონდა დაწყობილი გეგმები, სულ სხვა რამეს მოელოდა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ახლა კი… არ არის გამორიცხული, დამოუკიდებლად მოუწიოს ცხოვრებამ ამ მკაცრ, მაგრამ ლამაზ ქალაქში. არის კიდევ ერთი ვარიანტი _ ბათუმში დაბრუნდეს. იქნებ აღიდგინოს კიდევაც თავი ძველ სამსახურში? რა მოხდა მერე, თუკი არ გაუმართლა? ყველაფერი ხდება. ლენუკამ, იმედია, ყველას არ მოსდო, რის გამოც დატოვა მშობლიური ქალაქი. ნინიც იტყვის, რომ თბილისში ახალი სამსახურის საქმე არ გამოუვიდა და უკან დაბრუნება არჩია. რა არის ამაში საჩოთირო?..

არა, არა, ეს შეუძლებელია! გაგიჟდება დედამისი, ისედაც ჭკუაზე არ იყო, როცა თავისი განზრახვა გაანდო, ნერვიულობისგან ლამის შეიშალა ქალი. მოიცა, ნინი, ჯერ ხომ ყველაფერი არ არის დაკარგული, რა იცი, რა ხდება! წინასწარ რატომ კარგავ იმედს? ჯერ ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ხელი ჩაიქნიო და არც ისეთი შეცდომა მოგსვლია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. შენ კარგი სპეციალობა გაქვს, რომლითაც ადვილად შეძლებ თავის რჩენას! კი, როგორ არა! ხვალვე მოგართმევენ იურისტის ადგილს! აპლოდისმენტებით გელოდებიან ყველგან! ეჰ… მერე რა, ხვალ თუ არა, მომავალში მაინც იშოვის სათავისო სამსახურს. ჯერ უბრალო ადგილს მოძებნის, მაგალითად, რომელიმე დირექტორის მდივნის ან რამე ამდაგვარს, შემდეგ კი… მოახერხებს რამეს, არ დარჩება შეუმჩნეველი! _ შეუძახა თავის თავს და თავაწეული შეუყვა სახლისკენ მიმავალ აღმართს…

ოთახში შესულმა პროდუქტი პარკებიდან ამოალაგა და მაცივარში შეაწყო. მერე ერთი ცალი კვერცხი და ორი სოსისი შეიწვა და მაგიდას მიუჯდა. რაც მთავარია, ახლა სულით არ უნდა დაეცეს, ძალები მოიკრიბოს და ორშაბათიდან დაიწყოს სამუშაოს ძებნა. იქნებ ლელუკაც დაეხმაროს რამეში… დიასახლისის სახელის წარმოთქმისას დაქალი გაახსენდა. იქ ლენუკა ჰყავდა, აქ ლელუკა ჰყავს… მოეწონა ამ ქალს, გადასარევად მიიღო, გული გადაუშალა… ქვაბებით და ჯამ-ჭურჭლითაც მოამარაგა… ტელევიზორსაც კი შეჰპირდა, გათხოვებო… კარგი კი იქნებოდა, რაღაცით ხომ უნდა გაილამაზოს მარტოობა? რას იფიქრებდა, ასე ეულად თუ დარჩებოდა ამხელა ქალაქში?

ის იყო, ჭამას მორჩა, რომ კარი გაიღო და ლელა გამოჩნდა ვიღაც მსუქან მამაკაცთან ერთად, რომელსაც ორივე ხელში უზარმაზარი ტელევიზორი ეჭირა და ხმამაღლა ქოშინებდა.

_ სად დავდგათ, ნინი, რომელ კუთხეში გირჩევნია? _ საქმიანად იკითხა დიასახლისმა.

გოგონა იმდენად დააბნია მოულოდნელი სტუმრების გამოჩენამ, თვალებგაფართოებულმა მხრები აიჩეჩა მხოლოდ.

_ უი, ვახშმობდი? მოგიკვდეს ჩემი თავი, საყვარელო, ეგ არც მიფიქრია, თორემ ცოტა მერე მოვიდოდი. გრიშა, აგერ დადგი, გენაცვალე, ტუმბოზე… ფრთხილად, არ გაგივარდეს, შე კაცო! _ მსუბუქად უსაყვედურა ქალმა მუშას და ხელი შეაშველა, რომ ამ უკანასკნელს ტელევიზორი მოხერხებულად დაედგა მითითებულ ადგილზე.

_ რატომ შეწუხდით, ქალბატონო… _ თავი უხერხულად იგრძნო ნინიმ.

_ არაფერიც არ შევწუხდი. ხომ შეგპირდი, მოგიტან-მეთქი, ჰოდა, შევასრულე ჩემი პირობა. აბა, როგორ მოეწყვე? ხომ არ მოიწყინე?

_ ცოტათი კი მოვიწყინე… იქ მიჩვეული ვიყავი მეგობრებთან, მეზობლებთან ყოფნას, ყოველდღე ვიღაც მოდიოდა ჩვენთან… ასე მარტო პირველად ვარ ცხოვრებაში, მაგრამ არა უშავს რაღაც იქნება, შევეჩვევი ალბათ… სანამ სამსახურს ვიშოვი, გავიჭირვებ…

_ მაგაზე ნუ დარდობ. მე არ მოგაწყენ, საყვარელო. ამ ეზოში სხვა მდგმურებიც არიან, იმათაც გაგაცნობ. მისვლა-მოსვლა და მხიარულება ჩემი მოგონილია, შენ რა გგონია? ოღონდ ქალბატონოს ნუ მეძახი, ძალიან გთხოვ. ლელუკა დამიძახე და შენობით მომმართე, ვერ ვიტან ოფიციალურობას.

_ კარგი, ასე მოვიქცევი, _ გაიღიმა ნინიმ და ლოყები შეეფაკლა.

_ ქალაქში არ აპირებ გასვლას? არაჩვეულებრივი საღამოა, გაიარე, გამოიარე, თვალს წყალი დაალევინე…

_ ჰო, მეც ეგ ვიფიქრე… კინოში ხომ არ შევიდე-მეთქი…

_ ოოოჰ, მოგცლია ერთი! რა გაგიყვანს ახლა რუსთაველზე, ან კი რა ფილმი უნდა ნახო ისეთი, რომ მოგეწონოს… მე არ მცალია, თორემ სიამოვნებით გამოგყვებოდი… პირველად ხარ თბილისში?

_ არა, პირველად არ ვარ, ხშირად ჩამოვდიოდი ადრე… _ იცრუა გოგონამ და იგრძნო, როგორ გაუხურდა ლოყები.

_ აბა, მაშინ ჩემი დაკვალიანება არაფერში გჭირდება. კარგი, გავედი აბა, საყვარელო და შენ იცი. ძალიან ნუ დააგვიანებ, პირველ საათზე ჭიშკარს შიგნიდან ვკეტავ ხოლმე, რომ იცოდე… ეს არის ნომერ პირველი წესი ამ სახლში.

_ არა, ასე გვიანობამდე გარეთ რა მინდა… მალევე დავბრუნდები.

ლელუკამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გოგონას და კმაყოფილი სახით დატოვა ოთახი. ნინიმ მაგიდა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და ტანსაცმლის გამოცვლას შეუდგა. შავი ჯინსის შარვალი ამოიცვა, ზემოდან კი ღრმად გულამოჭრილი მწვანე მაისური გადაიცვა. ძალიან მოსწონდა თავისი თავი ამ ფორმაში, ძალზე მიმზიდველად გამოიყურებოდა.

ფეხით ჩამოვიდა ჭავჭავაძის გამზირზე და ტროტუარს გაუყვა, თან ლამაზად განათებულ ვიტრინებს ათვალიერებდა. ამწუთას მართლაც არ იყო ფილმის ყურების ხასიათზე, თორემ ნამდვილად არ ეზარებოდა რუსთაველზე გასვლა. ცოტას გაისერნებს, საღამოს ჰაერს ჩაყლაპავს და მიბრუნდება, მერე წყალს გადაივლებს და დაღლილს კარგად დაეძინება. თუ, რა თქმა უნდა, თორნიკეზე ფიქრმა არ გაუკრთო ძილი…

ამ ფიქრებში რომელიღაც რესტორანს ჩაუარა. იფიქრა, შევალ და წვენს მაინც დავლევო… ის იყო, თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა, რომ უცებ გველნაკბენივით შეხტა. უზარმაზარ შუშის ვიტრინაში მაგიდასთან მჯდომ ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი…

მამაკაცმა ხელი აიქნია, როგორც ჩანდა, ოფიციანტი იხმო… ნინიმ მაშინვე იცნო იგი. ამჯერად გიო იმ წითურთმიან ლამაზმანთან ერთად არ იყო, დილით რომ გამოეცხადა მის სახლში. ეს ვიღაც სრულიად სხვა გახლდათ, ქერათმიანი მომხიბვლელი გოგონა, რომელსაც ძალზე ელეგანტური ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა… როგორც ჩანს, წითურთმიანი

ხათო დესერტად მოიტოვა ცნობილმა ჟურნალისტმა. აბა, ღამეს ნინისავით მარტო ხომ არ გაატარებს? გოგონამ ტუჩი აიბზუა, სადღაც, გულის რომელიღაც კუნჭულში შეეცოდა კიდეც ქერათმიანი… ნეტავ იცოდეს, როგორ მექალთანესთან დაიჭირა საქმე!

ქერათმიანს ეტყობოდა, რომ მართლაც არ ეპარებოდა ეჭვი გიორგი რობაქიძის დონჟუანობაში. ანთებული თვალებით შესციცინებდა მამაკაცს. არც ეს უკანასკნელი რჩებოდა ვალში. ისეთი დამთბარი ჰქონდა სახე, ნინის გაუკვირდა კიდეც. დილით ეს კაცი იმდენად ამაზრზენად და მედიდურად იქცეოდა, თითქოს მის წინ ლამაზი გოგო კი არა, ქუჩის მათხოვარი მდგარიყო. ახლა კი ისე გარდაქმნილიყო, ძნელად თუ შეიცნობდით მასში დილანდელ მასპინძელს, რომელმაც ასე ცივად მიიღო და ლამის კინწისკვრით გამოაგდო დაუპატიჟებელი სტუმარი სახლიდან.

უცებ რესტორნის წინ ტაქსი გაჩერდა, რომლიდანაც სამი ტანადი გოგონა გადმოვიდა სიცილ-კისკისით და ხმაურით აუყვნენ რესტორნის კიბეს. ნინი გონს მოეგო. რას დამდგარა აქ ობოლი ბავშვივით და იჭვრიტება ვიტრინაში? მაინცდამაინც იმას უნდა დაელოდოს, როდის მოაბრუნებს გიო თავს და დაინახავს? შეშინებულმა ირგვლივ მიმოიხედა და სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას. უკვე გადაუარა წვენის დალევის სურვილმა. პირველად იგრძნო თავი მარტოსულად და სევდა შემოაწვა…

8 8 8

გიო ერთხანს ჩაბნელებული ვიტრინის მიღმა იყურებოდა და ფიქრებით სხვაგან ქროდა. კრისტის არ გამოპარვია ეს და ქალურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია. გოგონა თავისი მოვლილი თითებით ოდნავ შეეხო მამაკაცის მაჯას.

_ რამე მოხდა, გიო?

მამაკაცი თითქოს შეკრთაო, გამოერკვა ფიქრებიდან, ფანჯარას თვალი მოაცილა და ნაძალადევად გაიღიმა.

_ არა, არაფერი… მაპატიე. ვიფიქრე… იქ, ქუჩაში… თითქოს ნაცნობი სახე დავინახე.

კრისტიმ ეჭვნარევი მზერა ესროლა კავალერს და თავადაც გაიხედა ვიტრინის მიღმა.

_ არაფერი არ ჩანს! იქნებ გინდა, გახვიდე და შეამოწმო? არ არის პრობლემა…

_ არა, რა თქმა უნდა, _ დამნაშავესავით აარიდა თვალი გიომ ლამაზმანს და ოდნავ გააქნია თავი, _ როგორც ჩანს, მომეჩვენა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არა აქვს, _ მცირე პაუზის შემდეგ კი დაამატა, _ არანაირი მნიშვნელობა.

«არა, რა საჭირო იყოს ამის თქმა?» _ თავისთვის გაიფიქრა გიომ გულში, _ «ან კი საერთოდ რამის თქმა? როცა ასეთ ქალთან ხარ, შეიძლება ვიღაც გზააბნეულზე იფიქრო?»

8 8 8

ნინის ეგონა, ღამის გასეირნების შემდეგ რული ადვილად მოერეოდა და დილით, გამოძინებული, კარგ ხასიათზე გამოიღვიძებდა. მაგრამ ძილი, თითქოს ჯიბრზე, არა და არ ეკარებოდა. დივანი მოხერხებული იყო, რბილიც, მაგრამ ოთახში სუნთქვა არ შეიძლებოდა. გოგონამ ფანჯრები ფართოდ გააღო, მაგრამ უჰარეობისგან ფარდები ერთხელაც არ შერხეულა. აბა, რომელი ნიავი შემოაღწევდა ამ სარდაფში? კიდევ კარგი, კოღოები რომ არ დაესია წუილ-წუილით, თორემ მერე ენახა, რა დროს გაატარებდა. საათს დახედა, სამი ხდებოდა უკვე. ლამის გათენებულა, მან კი თვალიც ვერ მოხუჭა ჯერ. ალბათ ძალიან იმოქმედა დილანდელმა ამბავმა… გარდა ამისა, თორნიკესთან მომავალი შეხვედრაც აღელვებდა. როგორ ახსნიდა ვაჟბატონი ამ ყველაფერს? კიდევ… კიდევ ის, რომ საერთოდაც უჭირდა ნინის უცხო ქალაქში, სხვის სახლში, სხვის საწოლში დაძინება… შეუჩვეველი გარემო იყო მისთვის. რომელ ძილზე შეიძლებოდა ლაპარაკი?!

სხვა გზა არ ჰქონდა, ადგა და ფეხშიშველი სამზარეულოში გავიდა, რათა ცხელი შოკოლადი მოემზადებინა. მერე რა, თუ ვერ იძინებს? თოკოს რომ შეხვედროდა, მასთანაც ხომ მოუწევდა უძილო ღამის გატარება? ან კი ვინ დააძინებდა? ეს ხომ მისი პირველი საქორწინო ღამე იქნებოდა… თორნიკე ალბათ სასტუმროში აიღებდა ნომერს, რადგან გიო ნინის სახლში არ შეუშვებდა. როცა წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ღამით საყვარელ მამაკაცთან ერთად, ისე აუკანკალდა ხელი, ლამის ზედ გადაისხა ქაფქაფა წყალი. სასწრაფოდ შემოდგა ჩაიდანი მაგიდაზე და სკამზე ჩამოჯდა.

რა ცინიკოსია ეს რობაქიძე! თვითონ კარგად ატარებს ღამეს ქალებთან? დღეში ორს არ იცვლის როოო? რომ ჰკითხო, მორალისტია! დამპალი!

ნინიმ ხელისგულები შემოაჭდო გაცხელებულ ფინჯანს და თვალი გაუშტერდა. იმედია, თორნიკე გაუგებს და არ გაკიცხავს, მისი გაფრთხილების გარეშე რომ ჩამოვიდა თბილისში და დაუკითხავად რომ მიეჭრა სახლში. ერთით კარგიც კია, რობაქიძემ ყველაფერი რომ გაიგო. შეიძლება ისე გაბრაზდეს, რომ ბიძაშვილის მოღალატე ქმარი გარეთაც კი გამოაგდოს. მაშინ თორნიკე იძულებული გახდება, რაც შეიძლება სწრაფად იქირაოს ბინა, _ თავს იმშვიდებდა ნინი.

დალია თუ არა ცხელი შოკოლადი, იგრძნო, როგორ მოერია რული და მაშინვე ლოგინში შეწვა. რამდენიმე წუთიც და ძილმა მისდა უნებურად წაართვა თავი…

თორნიკე დაესიზმრა… ნინი სადღაც, უზარმაზარი მინის კედელთან იდგა, რომლის მიღმაც მისი საყვარელი მამაკაცი მოჩანდა. გოგონა გამწარებული აკაკუნებდა მინაზე, ეძახდა, თორნიკეს კი არ ესმოდა, ერთხელაც არ მოიხედა მისკენ. მერე გოგონამ მუშტები დაუშინა კედელს, მთელი ძალით, შეაზანზარა იქაურობა და… მოულოდნელად ვეებერთელა მინა ნამსხვრევებად იქცა… ის კვლავ ეძახდა მამაკაცს, კვლავ უხმობდა თავისკენ, თუმცა ამაოდ… უეცრად ვიღაცამ მძლავრად ჩაავლო ხელი მკლავში. მოიხედა და გიო რობაქიძე შერჩა ხელთ. შეშინებულმა თვალები ფართოდ გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა.

_ ღმერთო ჩემო… ეს რა საშინელებაა… _ ამოიკვნესა სასოწარკვეთილმა, როცა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო.

თავიდან ვერც გაიაზრა, სად იმყოფებოდა. გაკვირვებული დივანზე წამოჯდა და კედლები შეათვალიერა. ახლაღა გაახსენდა, სადაც იყო… თხელი ფარდებიდან მზეს ადვილად შემოეღწია ოთახში და სასიამოვნოდ ელამუნებოდა მის მოშიშვლებულ გულმკერდს…

ზლაზვნით გამოვიდა ოთახიდან, თავი მოიწესრიგა და საუზმე მოიმზადა. დანაყრების შემდეგ ოდნავ გამოუკეთდა ხასიათი…

ახლა რა ქნას, სად წავიდეს? ვაითუ, სადმე გავიდეს და ზუსტად იმ დროს მოადგეს თორნიკე? ის, ალბათ, უკვე ჩამოვიდოდა. გიოც, იმედია, მოუყვებოდა ყველაფერს… რომ არ მოუყვეს? არა, ასე როგორ შეიძლება, როგორ იკადრებს ამისთანა რამეს? თუმცა, მისგან არაფერია გასაკვირი, ისეთი თავხედია… მოიცადოს! აი, ნახავს თორნიკეს და თუ სამაგიერო არ გადაუხადოს, ქალი არ იყოს! სწორედ მის ჯიბრზე ისეირნებს თოკოსთან ერთად ზედ მის ქუჩაზე, მისი სახლის წინ, მის ცხვირწინ! ჩაისეირნებენ, ამოისეირნებენ… კიდევაც გაუსკდება გული და ღირსიც იქნება! თავხედი!.. რა უტიფრად მოექცა გუშინ, არც სტუმარი იცის და არც… გულაჩუყებულს ცრემლები მოაწვა… რომ არ ეტირა, თითები მთელი ძალით მომუჭა და საფეთქლებზე მიიჭირა. ასე შეიძლება გაგიჟდეს, თუ დროზე არ მოუხმო გონებას. როგორმე უნდა აიყვანოს თავი ხელში. უცებ კარზე კაკუნი გაისმა.

_ საყვარელო, გღვიძავს? შეიძლება, შემოვიდე?

ეს ლელუკა იყო. მას სალათისფერი კაბა ეცვა და, როგორც ყოველთვის, ღვედზე გამობმული ფოქსტერიერი ახლდა თან.

_ რა მყუდროდ მოწყობილხარ… მგონი, უკვე ისე გრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში, _ გაიღიმა ქალმა, ოთახს დაკვირვებული მზერა მოავლო და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

ამით იხელთა ჩაპამ, პატრონს ხელიდან გაუსხლტა და ნინის შეახტა თათებით.

_ აჰა, უკვე ოფიციალურად ხარ აღიარებული ამ სახლის ბინადრად, _ გადაიკისკისა ლელუკამ, _ ჩაპა გაგიშინაურდა. ოჰ, როგორ მეზარება ახლა მისი გასეირნება, ვერ წარმოიდგენ.

_ შეიძლება მე გავასეირნო? _ გამოცოცხლდა ნინი იმ იმედით, რომ ძაღლთან ერთად თამამად ჩაუვლიდა გიოს სახლს და იქნებ თორნიკესთვის მოეკრა თვალი.

888

ლელუკამ გაკვირვებით შეხედა გოგონას.

_ რას ამბობ, საყვარელო! შენ შენი პრობლემები გეყოფა, ჩემიც რომ არ მოგახვიო თავს!

_ პირიქით, ჩაპას გასეირნება დიდ სიამოვნებას მომანიჭებს, თან ჯერ უამრავი თავისუფალი დრო მაქვს.

ქალმა სწრაფი, გამჭოლი მზერა ესროლა ნინის და თანხმობის ნიშნად თავი დააკანტურა.

_ კარგი, ლამაზო. მაშინ სახლის გასაღებსაც მოგცემ. როცა მობრუნდებით, ეს საძაგელი სამზარეულოში ჩაკეტე, გასაღები კი გარეთ, ფეხსაწმენდის ქვეშ დადე. მე სალონში უნდა წავიდე. უკანა ეზოდან გადით, იქ პარკია, უდიდეს სიამოვნებას მიიღებ, ულამაზესი ბუნებაა, გახალისდები.

_ კი მაგრამ… თქვენ ხომ სრულებით არ მიცნობთ… რატომ მენდობით? _ იუხერხულა ნინიმ და ქალს გასაღები გამოართვა.

_ მე ჩემს ინტუიციას ვენდობი და არა შენ, _ გაიღიმა ლელუკამ, _ გარდა ამისა, ჩაპაც გენდობა და ჩემს უძვირფასესსაც ძალიან მოეწონე. აბა შენ იცი, კარგი დრო გაატარე! _ თქვა დიასახლისმა, ძაღლი იქვე, სკამზე მიაბა და ქარივით გავარდა ოთახიდან…

ნინიმ ორაზროვნად აწკიპა წარბები. საინტერესოა, ვინ იგულისხმა ლელუკამ «უძვირფასესში»? ის ხომ არა, უცხვირპირო ტელევარსკვლავი, სტუმართმოყვარეობის რომ არაფერი გაეგება? თან ფიქრობდა, თან ბოტასს იცვამდა, რომ ჩაპას გასეირნებისას კომფორტულად ყოფილიყო. ვინიცობაა და გაექცეს ძაღლი, ხომ უნდა გაეკიდოს?..

როგორც კი გარეთ გამოვიდნენ, ჩაპა ყეფით გაქანდა წინ, რადგან მიხვდა, სადაც მიჰყავდათ.

პარკში შევიდნენ თუ არა, ნინის თავი ოაზისში ეგონა. საოცარმა სიჩუმემ და სიმშვიდემ გააოგნა. ქუჩიდანაც ვერ აღწევდა ხმაური, ისეთი სიწყნარე სუფევდა ირგვლივ. აღტაცებული ჩაპასთან ერთად წითელი კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს დაუყვა. მზიანი დილა იყო, ამიტომ პარკში ბლომად ადამიანს მოეყარა თავი. ზოგი ბავშვს ასეირნებდა, ზოგი მერხზე ჩამომჯდარი წიგნს კითხულობდა, ზოგიც, უბრალოდ, ზაფხულის მზეს ეფიცხებოდა. რამდენიმე საშუალო ასაკის მამაკაცი იქვე, მწვანედ მობიბინე მინდორზე წამოგორებულიყო და ლუდს შეექცეოდა. ვიღაც ბავშვები ჩაპას გაეთამაშნენ, როგორც ჩანს, იცნეს მეზობლის ფოქსტერიერი. ჩაპა წინ გარბოდა, თითქოს ნინის იმ გზას უჩვენებდა, საითაც პატრონს სასეირნოდ დაჰყავდა.

_ იმედია, უკან მოსაბრუნებელი გზაც არ შეგეშლება, პატარავ, _ ჩაიბურტყუნა გოგონამ და დაიჯღანა.

თითქმის პარკის ბოლოში გავიდნენ. ეს ის ადგილი იყო, რომელიც გიოს სახლის უკან მდებარე ბაღს უერთდებოდა. გოგონასაც სწორედ ეს უნდოდა. აქედან კარგად მოჩანდა სახლის პარმაღი, ამიტომ თუ თორნიკე გარეთ გამოვიდოდა, ნინი მას აუცილებლად შეამჩნევდა. ისედაც, უკვე იგრძნო დაღლა, ამიტომ ჩაპას ღვედი მოქაჩა და ლურჯად შეღებილ გრძელ მერხზე ჩამოჯდა, რომლის საზურგესაც ვიღაცის მონდომებული ხელით  ამოჩიჩქნილი წარწერა ამშვენებდა: «დრო მეგობრობას ამაგრებს, სიყვარულს _ ასუსტებს».

რა ბოროტი ხუმრობაა! _ გაიფიქრა ნინიმ და უკმაყოფილოდ მობრიცა ტუჩები. ენაგადმოგდებული ჩაპა მის ფეხებთან ჩაცუცქდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. როგორც ჩანდა, თავადაც მობეზრდა სირბილი.

_ შორს არ წახვიდე, კარგი? _ ნინი დაიხარა, ძაღლს ღვედი შეხსნა და ზურგზე ხელი გადაუსვა.

სწორედ ამ დროს იქვე, ბუჩქებში რაღაც შეირხა. მოულოდნელობისგან ნინისაც კი შეეშინდა. ფოქსტერიერი ადგილს მოწყდა და ბუჩქნარში შევარდა. წამიც და… გოგონას სმენას ძაღლის ღრენა და კატის განწირული კნავილი მიწვდა. სანამ რამეს მოიფიქრებდა, კატამაც და ჩაპამაც ელვის სისწრაფით ჩაურბინეს გვერდით და, თითქოს მოლაპარაკებული იყვნენო, გიოს ბაღში შევარდნენ… რამდენიმე წამში ორივე თვალს მიეფარა.

_ ო, ღმერთო! ოღონდ ეგ არა!.. _ ამოიკვნესა ნინიმ და გაქცეულებს კვალდაკვალ მიჰყვა.

უშედეგოდ… მთელი ნახევარი საათი ეძება გოგონამ ფოქსტერიერი, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო. სასოწარკვეთილმა ამაოდ იარა. გამწარებულმა არ იცოდა, რა გზას დადგომოდა. ფეხები უკან რჩებოდა, სანამ გიოს ბაღს საგულდაგულოდ გადაქექავდა.

ის იყო, უკან გამობრუნებას აპირებდა, რომ მოულოდნელად წინ არ შეეჩეხა? მას ჩაპა ხელში აეტატებინა და ვიწრო ბილიკზე მხიარული ბაასით მოდიოდა. მამაკაცმა გოგონას დანახვაზე ირონიულად ჩაიღიმა.

_ საქალბატონე ნინი, _ ყოველგვარი ემოციის გარეშე ჩაილაპარაკა ჟურნალისტმა, _ სულაც არ მიკვირს, აქ რომ გხედავთ. თორნიკეს თუ ეძებთ, უნდა გაგაწბილოთ, ის ჯერაც არ დაბრუნებულა.

_ სამწუხაროდ, სასტიკად ცდებით, _ თავდაჭერილად უპასუხა გოგონამ, თან გულში გაჩენის დღეს იწყევლიდა.

გიოს ქვიშისფერი ტილოს შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა, აკეცილი სახელოებით. ფეხშიშველა იყო, თან თმაც სველი ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა, აბაზანიდან გამოვიდაო. საინტერესოა, წითურთმიანი ჰყავს ახლა სახლში თუ ქერათმიანი? _ დამცინავად გაიფიქრა ნინიმ. _ თუმცა, ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, სულერთია.

გოგონა მამაკაცს მიუახლოვდა და ძაღლი გამოართვა.

_ სულაც არ ვაპირებდი თქვენს ტერიტორიაზე შემოჭრას. ჩაპა კატას გაეკიდა და იძულებული გავხდი, უკან გამოვყოლოდი.

გიომ მისი ახსნა-განმარტება მშვიდად მოისმინა და თავი დააქნია, მერე ხელი გაიწვდინა და გოგონას თმიდან პატარა ფოთოლი ამოაძვრინა. ნინი არ ელოდა მამაკაცისგან ასეთ ჟესტს და მისი შეხებით ათრთოლებული ყურებამდე გაწითლდა.

_ როცა ძაღლს პარკში ასეირნებთ, საყელური არ უნდა მოხსნათ. ლელუკას არ გაუფრთხილებიხართ? _ ცივად იკითხა გიომ.

ნინიმ ტუჩი მოიკვნიტა, რადგან უცნობებისგან ჭკუის დარიგებას მიჩვეული არ იყო.

_ სხვათა შორის, საყელური არ მომიხსნია, მხოლოდ ღვედი შევხსენი.

_ ეს ერთი და იგივეა. ძალიან გთხოვთ, სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით.

_ არც მიფიქრია.

_ თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომც გცოდნოდათ, მაინც თქვენსას გააკეთებდით, რადგან წესები თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ძვირფასუნა, არა? ხომ გამოვიცანი? _ შეტევაზე გადმოვიდა მამაკაცი.

_ წესების დაცვას მაინცდამაინც არც თქვენ უნდა იყოთ მიჩვეული, როგორც მივხვდი, _ უკან არ დაიხია ნინიმ, _ ის კი არა, როცა გჭირდებათ, მგონი, თავად ადგენთ თქვენთვის სასურველ წესებს. ნუ ნერვიულობთ, ეს მეტად აღარ განმეორდება, გპირდებით, _ ცივად დაამთავრა სათქმელი.

_ ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება, _ უხეშად ჩაილაპარაკა გიომ.

_ მაპატიეთ, რომ უნებურად შემოგეჭერით, მაგრამ სანამ დაგტოვებდეთ, ერთი რამ მინდა გითხრათ. თქვენ, რა თქმა უნდა, ალბათ გგონიათ, რომ მე სხვის ოჯახს ვანგრევ და მადანაშაულებთ ამაში, თუმცა, მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის მართალი. თორნიკე იქამდე გაეყარა მეუღლეს, სანამ მე ხელმეორედ შემხვდებოდა.

_ ხელმეორედ? ესე იგი, ადრეც იცნობდით ერთმანეთს?

_ თითქმის მთელი ცხოვრება… ისევე, როგორც თქვენ… თაკოს…

_ ეჭვი მეპარება…

_ იცით? ლელამ მითხრა, რომ თქვენ და თაკო  ბავშვობიდან ერთად იზრდებოდით და ის თქვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, ამიტომ ჯობია, საქმის კურსში ჩაგაყენოთ და იცოდეთ, რომ მათ ცოლქმრულ ურთიერთობაში დიდი ხანია, ბზარი გაჩნდა.

_ ჩემი ბიძაშვილის არჩევანით აღფრთოვანებული არასდროს ვყოფილვარ და არც დიდ იმედებს ვამყარებდი, რომ ისინი ბოლომდე შერჩებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე მათ განქორწინებას სიამოვნებით შევუწყობ ხელს, _ ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს.

_ ამას არც მე ვაპირებდი! _ გამომწვევად განაცხადა ნინიმ, _ ასეთი რამეები თავისთავად ხდება და სულაც არ არის აუცილებელი, ვინმე მესამე იყოს მაინცდამაინც დამნაშავე.

_ გეთანხმებით, ხდება, ამას არ უარვყოფ და საკმაოდ კარგად ვიცნობ სტატისტიკასაც, _ გიომ ცხვირზე მოისვა ხელი და ცალი თვალით გახედა გოგონას, _ სხვა? კიდევ რა შეგიძლიათ მითხრათ თავის გასამართლებლად?

_ მეტი არაფერი… და საერთოდ, სულაც არ ვარ ვალდებული, რამე აგიხსნათ. ეს, უბრალოდ, ჩემთვის გავაკეთე. თუ თქვენც არაფერი გაქვთ საქმელი, დავამთავროთ და ჩემს გზას გავუდგები.

_ ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი, თუმცა ერთ კეთილ რჩევას მოგცემთ. დაბრუნდით თქვენს… _ მამაკაცმა თითები გაატკაცუნა, _ როგორ მითხარით, საიდან ვარო?

_ ბათუმიდან, _ გაღიზიანებული ხმით ამოთქვა გოგონამ, _ დიდი მადლობა რჩევისთვის, მაგრამ მე ვრჩები, _ იგი დაიხარა, ღვედი ძაღლის საყელურს მიაბა და წელში გასწორდა, _ მაპატიეთ, რომ ჩაპა გამექცა.

_ ის ჩვენი მეზობლის კატა იყო, ბაბეტა, სპარსული ჯიშის. ჩაპამ ერთი რომ ჩაავლოს კბილი, ადგილზე გაგლეჯს, რასაც დიდი უსიამოვნება მოჰყვება. ასე რომ, ფრთხილად იყავით, ნინი.

_ სიფრთხილეში რას გულისხმობთ, ჩაპა გყავთ მხედველობაში, თუ? _ ნაზი ხმით სცადა გოგონამ დაკონკრეტება.

_ სხვაც, ძვირფასუნა, არამარტო ჩაპა, _ ხაზგასმით შეუსწორა გიომ, _ თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემს რჩევას არ გაითვალისწინებთ. გამოუსწორებელი ჯიუტი ჩანხართ.

ნინი ტუჩაბზუებული გატრიალდა. ზურგი ეწვოდა, რადგან მამაკაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა, მოტრიალდა.

_ როცა თორნიკე დაბრუნდება, იქნებ პატივი დამდოთ და უთხრათ მას, დამირეკოს? იმედია, ლელუკას ნომერი არ დაგვიწყებიათ…

გიოს ტუჩები დამცინავად შეერხა.

_ ბანალური კომენტარისგან თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავცემ თქვენს დანაბარებს, თუკი ეს ნამდვილად გსურთ.

_ დიახ, მსურს, _ ჯიბრიანად უპასუხა გოგონამ, მამაკაცს ცივი მზერა ესროლა და გზა გააგრძელა…

ღმერთო, ლამისაა, ტრადიციად ექცეს ამ კაცთან შეხვედრა და კამათი. თუმცა, ამჯერად, წაგებულს არ დაუტოვებია «ბრძოლის ველი». ან იქნებ, პირიქით? ასეთ კაცზე დანამდვილებით ვერაფერს იტყვი. გიორგი რობაქიძე ვიღაც ხომ არ არის, ცნობილი პიროვნებაა, ჭკუაც კი დაეკითხება. მაგრამ არც ნინია მთლად უჭკუო, ამიტომაც სხვისი რჩევები არაფერში სჭირდება. თუმცა, ერთ რამეს მაინც გაითვალისწინებს და აუცილებლად გამოიჩენს სიფრთხილეს…

8 8 8

გიო სამუშაოს მიუბრუნდა, მაგრამ უცებ აღმოაჩინა, რომ ძალიან ცუდ გუნებაზე დადგა. იმის მაგივრად, რომ ეს თავხედი გოგონა თავიდან მოეშორებინა, ლელუკასთან არ გაგზავნა? თავის თავს დააბრალოს, რაც დაემართა. ნუთუ წარამარა მის ცხვირწინ უნდა იტრიალოს? მოუწევს აწი ყოველდღე მისი ამრეზილი ფიზიონომიის ყურება! რაში სჭირდებოდა ეს? აუუუუ! რა გაუძლებს ახლა ამ ყველაფერს!

მამაკაცმა მაგნიტოფონი ჩართო და ფირზე ჩაწერილ თავის ხმას მოუსმინა. შიგადაშიგ კმაყოფილი ჩაიღიმებდა ხოლმე, საკმაოდ საინტერესოდ და დამაჯერებლად ყვებოდა თომას ჯეფერსონის ცხოვრების ისტორიას. რა ლამაზად ჩამოუყალიბებია ყველა წინადადება? ყოჩაღ, გიო! _ გუნებაში შეაქო თავისი თავი…

როცა ჩანაწერს მოუსმინა, ბლოკნოტი გადაშალა და შემდეგი თავების გადაკითხვას შეუდგა, რათა ჩაესწორებინა და სრულყოფილი ვერსია გადაეტანა მაგნიტოფონში. არა, ეს ბოლო ვარიანტი არ მოსწონს, რაღაც ვერ გამოუვიდა კარგად. ძალიან მშრალი ეჩვენება. ნეტავ, რისი ბრალია? ხომ არ გადაიღალა? იქნებ იმ გოგოს უდიერობამ აურია გუშინ თავგზა და ამის გამო გაღიზიანდა? თითქოს თავი ვერ მოუყარა სათქმელს… არადა, როცა თარგმნიდა, არ უგრძნია ეს. მოიცა, ერთი! ის რა შუაშია… როცა მუშაობდა, არც გახსენებია, ისე იყო ჩაფლული ნაწერებში… «დროებითი გამღიზიანებლები» მის შრომისნაყოფიერებაზე არასდროს ახდენს გავლენას. ასეთების გამო სერიოზული პრობლემა ჯერ არ შექმნია. ოჰ, თორნიკე, თორნიკე! ჩამოვიდეს ერთი! ნახოს, რა სცენასაც მოუწყობს! სადაც უნდა, იქ წავიდეს თავის მორიგ «ნაშასთან» ერთად, თუ არადა, საერთოდ აორთქლდეს მისი სახლიდან, ისედაც ზედმეტი მოუვიდა პატივისცემა. საწყალი თაკო! კიდევ კარგი, არ იცის, რა დღეშია მისი ქმარი, თორემ მართლა გასცილდებოდა. აბა, ვინ გაუძლებდა ეგეთ ლოველასს?

ეყოფა ამაზე ფიქრი, ჯობია, წუხანდელი საღამო გაიხსენოს. კარგი ქალი აღმოჩნდა კრისტი… საკმაოდ მიმზიდველიც არის და ჭკვიანიც… არც ის დამალა, გიო რომ მოსწონდა, პირდაპირ უთხრა, ყოველგვარი განაზების გარეშე. მამაკაცი არ გამორიცხავდა, ვახშმის შემდეგ დიზაინერი თავის ლოგინში შემოეტყუებინა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ასეთ საქმეში აჩქარება არ უყვარდა. ჯერ კარგად უნდა გაიცნოს, შეხედოს, შემოხედოს და როცა ცნობისმოყვარეობას ბოლომდე დაიკმაყოფილებს, მერე იფიქრებს მასთან ურიერთობის გაგრძელებაზე. ამასთან, კრისტიმ ახსენა, კერძების მომზადება ძალიან მიყვარს და ერთხელ ჩემთან დაგპატიჟებ სტუმრადო… «ვნახოთ, ვნახოთ… იქნება მართლა კარგი დიასახლისია? ჰოდა, შევხედავ, დავაგემოვნებ მის ნახელავს და იქ გამოჩნდება, ივარგებს თუ არა ლოგინში…» ამის გაფიქრებაზე ჩაეცინა. ადრე რომ არ ყოყმანობდა ამდენს? ალბათ ასაკის ბრალია. პატარა ბიჭი ხომ არ არის, პირველსავე შეხვედრაზე დახარბდეს ქალს და სექსზე გაექაჩოს. არც ერთი ნახვით შეყვარების სჯერა. ერთი ნახვით კი არა, საერთოდ სიყვარულის არ სჯერა. როგორ ეცინება ხოლმე, ვინმე თავის სიყვარულზე რომ დაიწყებს ლაპარაკს… არასდროს მსგავსი რამ არ განუცდია. ცოლსაც უსიყვარულოდ შეირთავს ალბათ. მერე რა? განა ცოტა დაოჯახებულა უსიყვარულოდ? ეს სულაც არ შეუშლის ხელს იმაში, რომ მისი ქორწინება ღრმა სიბერემდე გაგრძელდეს. ნამდვილად არ იქნება ურიგო ქმარი. ოჯახი სხვაა, სიყვარული სულაც არ არის აუცილებელი. მთავარია, ცოლსა და ქმარს ერთმანეთის ესმოდეს. და არა ისე, როგორც თაკო და თორნიკე ცხოვრობენ… ამის გაფიქრებაზე მექანიკურად ნინის სახე ამოუტივტივდა გონებაში და მოიქუფრა. როგორ შეცდა, მაშინვე რომ არ ჩასვა ის გოგო მანქანაში და უკან, ავტოსადგურში არ გააქანა. როგორ მოიქცეს ახლა, როგორ გამოასწოროს სიტუაცია? სავსებით შესაძლებელია, ასეთმა თამამმა და ლამაზმა მართლა დაუნგრიოს ოჯახი მის ბიძაშვილს. კარგა ხანს თავდახრილი იჯდა, მერე რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, მობილურს გადაწვდა და ნომერი აკრიფა.

_ ალო… თაკო, შენ ხარ? როგორ მიდის საქმეები?

8 8 8

კვირა დღე იწურებოდა. ნინი ადგილს ვერ პოულობდა, დაძაბული ბოლთას სცემდა ოთახში, თან ცალი თვალი ტელეფონისკენ ჰქონდა, იქნებ თორნიკეს დაერეკა. როგორც იქნა, ნანატრი ზარი მალე გაისმა და გოგონა სწრაფად დაწვდა ყურმილს.

_ ალო, თორნი!

_ ლენა ვარ, გოგო, ლენუკა… როგორ ხარ? მაინტერესებდა შენი ამბები, კარგად მოეწყვე? _ დაქალმა ოდნავ შეაყოვნა, მერე კი ხმადაბლა გააგრძელა, _ როგორც ვატყობ, ის შენ გვერდით ჯერ კიდევ არ არის, არა?

_ ამწუთას არ არის… _ ნინი შეეცადა, არ შეტყობოდა სასოწარკვეთა, _ არ დამხვდა თბილისში, ცუდი დრო ამოვირჩიე წამოსასვლელად, მაგრამ წუთი-წუთზე ველოდები.

_ კი მაგრამ, ის რა ნომერი დამიტოვე? არასწორად ჩამაწერინე? ვიღაც ტიპმა აიღო ყურმილი და ძლივს მოვასწარი შენი სახელის თქმა, რომ ყვირილი დამიწყო, არც მაცალა წესიერად ლაპარაკი, ლამის გამომლანძღა, მერე კი ეს ნომერი მომცა.

_ მაპატიე, ლე… დამავიწყდა შენი გაფრთხილება, იცი? რადგან თორნიკე წასული იყო, გადავწყვიტე, ბინა მე მექირავებინა. იცი, რა საყვარელი ოთახია? მყუდრო, ლამაზი… თან ძალიან იაფად ჩამივარდა ხელში. ნამდვილი მერცხლის ბუდეა… არც კი მჯერა, ასე რომ გამიმართლა! _ ყველა სიტყვას გამოზომილად არჩევდა ნინი.

_ ღმერთმა ქნას! _ დაურწმუნებლობა გაისმა ლენუკას ხმაში, _ მთავარია, შენ იყო კმაყოფილი. სამსახურზე რა გაიგე? გამოჩნდა რამე?

_ ჯერ არაფერი…

_ გამაგებინე, როცა რამეს იშოვი, კარგი? გავიქეცი ახლა, მაგვიანდება.

_ აუცილებლად, ლე, აუცილებლად გაგაგებინებ. ნახვამდის.

ნინიმ ყურმილი დაკიდა და ამოიოხრა… ახლაღა მიხვდა, რა საშინელ დღეში აღმოჩნდა… გულზე ლოდივით დააწვა რაღაც. უნდოდა, დაერეკა დედამისისთვის, ეთქვა, რომ კარგად მოეწყო, მაგრამ ვერ გაბედა. შეეშინდა, არ ატირებულიყო. აჯობებს, ცოტა მოიცადოს, სანამ ბოლომდე არ გაირკვევა მისი ამბები. დედა დაარწმუნა, კარიერის გასაკეთებლად გადავდივარ თბილისში, იქ უკეთეს პირობებს მთავაზობენო… რომ იცოდეს, რისთვის გამოიქცა, ალბათ ინფარქტი არ აცდებოდა საწყალ ქალს… კიდევ კარგი, არ იცის, ცოლიან კაცს რომ ჰყვარობს მისი ერთადერთი ქალიშვილი, თორემ ინფარქტი მერე უნდა გენახათ.

ისეთ ცუდ ხასიათზე დადგა, თვალები ცრემლით აევსო. ტელევიზორი ჩართო, ხმას აუწია და ლოგინში შეწვა. მერე საბანი თავზე გადაიფარა და ხმამაღლა ატირდა…

დილით ადრე ადგა, გამოუძინებელს და ნამტირალევს თვალები შეშუპებოდა. სასწრაფოდ შეუდგა სახის მოწესრიგებას _ ასეთ ფორმაში სამსახურის საძებნელად გასვლას აზრი არ ჰქონდა. ტონალურმა კრემმა და მსუბუქმა მაკიაჟმა ცოტათი უშველა. შემდეგ ტანსაცმლის შერჩევას შეუდგა. დამქირავებლებზე როგორმე უნდა მოეხდინა შთაბეჭდილება, სხვანაირად თბილისის დატოვება არ ასცდებოდა. საბოლოოდ რუხი ფერის ტილოს მოკლესახელოებიან პიჯაკს მიანიჭა უპირატესობა, შავ ქვედაბოლოს, თეთრ პერანგს და საშუალოქუსლიან შავ ფეხსაცმელს _ ერთდროულად ელეგანტურიც იყო და საქმიანიც. წინა დღით ლელუკამ რამდენიმე მისამართი მოუტანა, სადაც შეიძლებოდა ვაკანსიები ყოფილიყო. რვეულის ფურცელზე ჩამოწერილი მისამართების სია ჩანთაში ჩაიდო და სახლიდან იმედიანად გავიდა.

ერთგან უთხრეს, რომ ორი დღით დააგვიანა, მეორეგან ისეთი დაბალი ხელფასი შესთავაზეს, დაფიქრებაც კი არ ღირდა. მესამეგან თითქოს შედარებით გაუმართლა, რადგან ქალი, რომელთანაც გასაუბრება გაიარა, ძალიან გულთბილად შეხვდა.

_ ბავშვებთან ოდესმე გქონიათ შეხება? მაგალითად, მათი სკოლიდან გამოყვანა, გასეირნება…

_ იცით? მე გათხოვილი არ ვარ… _ ნინიმ თავი დახარა.

_ ბავშვების მოვლასთან გათხოვება არაფერ შუაშია, _ გაეცინა ქალს, _ მთავარია, გიყვარდეთ ისინი და ცოტა მოინდომოთ. თუ შეიძლება, შეავსეთ ეს ანკეტა და კვირის ბოლოს იქნებ რაღაც გამოგიძებნოთ ან უფრო ადრეც. მე ეთერი მქვია.

_ სასიამოვნოა, ქალბატონო.

_ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

უკვე დღის ოთხი საათი იყო. სიარულით დაღლილმა და უჭმელმა ლასლასით მიაღწია თავის ოთახამდე და ის იყო, წამოწოლას აპირებდა, რომ მობილურმა დარეკა. ნინის გული შეუქანდა და აკანკალებული ხელით დაწვდა ტელეფონს.

_ ნინი, შენ ხარ? _ ამჯერად გოგონას წინათგრძნობა გამართლდა, თორნიკე ურეკავდა, _ გიომ რომ მითხრა, საკუთარ ყურებს არ დავუჯერე… როგორ აღმოჩნდი თბილისში?

_ შენ რა, არ გიხარია? _ ნინის გული მოეწურა.

_ რას მიქვია, არ მიხარია… მიხარია კი არა, გონზე არ ვარ! _ უმტკიცებდა მამაკაცი, _ მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო შენი გამოჩენა… მეგონა, წინასწარ დამირეკავდი. ჩვენ ხომ არ შევთანხმებულვართ…

_ ვფიქრობ, დროა, სიტყვებიდან საქმეზე გადავიდეთ. როდის მნახავ? _ ხმა გაუცივდა გოგონას.

_ ალბათ უფრო… საღამოს, _ თითქოს შეყოყმანდა თორნიკე, არცთუ დამაჯერებლად ჟღერდა მისი ხმა, _ სადმე ბარში დავსხდეთ და…

_ ბარში? _ გაკვირვებით გაიმეორა ნინიმ, _ მაგრამ… მე შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, თოკო, დროის სატარებლად არ მცალია…

_ ჰოდა, იქ ვილაპარაკოთ, რა პრობლემაა? _ უდარდელად თქვა მამაკაცმა და უცებ აჩქარდა, _ მაპატიე, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ. ექვსის ნახევარზე ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან დაგხვდები, კარგი? აბა, შენ იცი, იქამდე არ მოიწყინო. ახლა უნდა გავიქცე, მეჩქარება. გკოცნი, სიხარულო, _ და სანამ გოგონა რამეს იტყოდა, გათიშა.

საუბარმა ნინის გუნება წაუხდინა, რადგან უფრო თბილ მიღებას ელოდა თორნიკესგან. თუმცა, გული იმით დაიმშვიდა, რომ საყვარელ მამაკაცს აუცილებლად შეხვდებოდა, თან მას საყვედურიც არ დასცდენია ნინის გიოსთან მისი ვიზიტის გამო.

მაშინვე მოეხსნა დაღლილობა. შიმშილმაც გადაუარა. ახლა შინ ჯდომა აღარ შეეძლო, ამიტომ ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.

ფეხით გაუყვა გზას, თან წარამარა ეკითხებოდა გამვლელებს, როგორ და რამდენ ხანში მივიდოდა ვაკის პარკთან. რა სირცხვილია! ამხელა ქალმა ვაკის პარკი არ იცის, სად მდებარეობს! არც ისე შორს ყოფილა, როგორც ეგონა… ნახევარი საათის შემდეგ ადგილზე იყო. დათქმულ დრომდე თითქმის ერთი საათი რჩებოდა, მაგრამ რადგან სიარულის თავი არ ჰქონდა, პარკში ჩავიდა და პირველსავე მერხზე ჩამოჯდა შეფიქრიანებული.

ზუსტად ექვსის ნახევარზე მისი მობილური აწკრიალდა.

_ სად ხარ? _ თითქოს საყვედური გაისმა მამაკაცის ხმაში.

_ ქვემოთ… ახლავე ამოვალ, _ ნინი წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.

_ არა, იყავი, მე თვითონ ჩამოვალ, _ მამაკაცს წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ნინიმ უკვე მოჰკრა თვალი, როგორ ჩამორბოდა კიბეზე.

შეხვედრა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი რომანტიკული, როგორსაც ელოდა. თორნიკემ მხოლოდ ლოყაზე აკოცა, მერე ხელი გადახვია და ქვედა გასასვლელისკენ წაიყვანა.

_ აქვე ახლოს არის ერთი ბარი და იქ შევიდეთ.

ნინი თითქოს დამუნჯდა, თავზარდაცემული ხმას არ იღებდა.

_ იცი, როგორ მომენატრე? რა ლამაზი ხარ, სიხარულო… _ როგორც იქნა, რაღაც თქვა მამაკაცმა და თმაში შეუცურა ხელი.

_ მეც მომენატრე… _ ამოღერღა გოგონამ, _ ამიტომაც ჩამოვედი.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი, რმ ჩამოხვედი, _ მისი ტონი უხალისოდ მოეჩვენა ნინის…

რამდენიმე ასეული მეტრი გაიარეს და წითლად შეღებილ მომცრო შენობას მიადგნენ.

_ მოვედით… მთავარია, ბევრი ხალხი არ იყოს, _ თქვა თორნიკემ და ხის კარი შეაღო, _ აუუუ! რა ამბავია!

პატარა დარბაზში უაზრო ყაყანის ხმა ისმოდა. იქაურობა სიგარეტის ბოლით იყო გაჟღენთილი.

_ არა უშავს, იქით დავსხდეთ, ფანჯარასთან… _ მამაკაცმა ხელი მარცხენა კუთხისკენ გაიშვირა და ნინის წინ გაუსწრო…

_ აქ შემოსვლა მიყვარს, კარგი ლუდი აქვთ…

_ ლუდი? მაგრამ მე ლუდს არ ვსვამ, _ შორს დაიჭირა კოპებშეკრულმა.

_ შენთვის შავ ღვინოს შევუკვეთავ, მაგარი ჩამოსხმაა, აი, ნახავ. ხომ გიყვარს შავი ღვინო?

_ ჰო, _ უკმაყოფილოდ დააქნია თავი ნინიმ და მამაკაცს თვალი აარიდა.

_ ნეტავ ახლა მარტო მე და შენ ვიყოთ აქ… მე ვიცი, რასაც ვიზამდი… _ თორნიკემ ვნებიანი მზერა ესროლა გოგონას.

ნინის სითბომ დაუარა სხეულში, ისე გააბრუა შეყვარებულის სიტყვებმა. სანამ თორნიკე ოფიციანტს შეკვეთას აძლევდა, თვალი არ მოუშორებია მისთვის. მამაკაცს ჩვეულებრივზე ოდნავ მოკლედ შეეკრიჭა თმა, რაც ძალიან უხდებოდა. ცოტათი მომატებულიყო კიდეც წონაში.

_ აბა, ახლა მომიყევი, სად ხარ, ვისთან ცხოვრობ და რამდენ ხანს აპირებ თბილისში დარჩენას? _ თორნიკემ მკლავები მაგიდაზე ჩამოაწყო, ზედ დაეყრდნო და მიაჩერდა.

_ რას ნიშნავს, რამდენ ხანს? _ კითხვა ვერ გაიგო გოგონამ.

_ მე მხედველობაში მაქვს, რამდენიმე დღე რჩები, თუ რამდენიმე კვირა. ხომ უნდა ვიცოდე?

ნინი გაცინებას შეეცადა.

_ თოკო… მე სულ ჩამოვედი… ეს ისე, ცნობისათვის. მეგონა, შენთვის ეს უცხო არ იქნებოდა… _ ამ სიტყვებზე სუნთქვა შეეკრა, _ ერთოთახიანი ბინა ვიქირავე და სამსახურის ძებნაც დავიწყე… პატივცემულმა გიომ არ გითხრა ამის შესახებ? _ ირონიით დაამატა ბოლოს.

_ არა, გიოს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის შემატყობინა, რომ ჩვენთან იყავი მოსული და მიკითხე… ნინ… მინდა ეგრევე გავერკვე რაღაცებში. შენ ყველაფერი მიატოვე ბათუმში და აქეთ წამოხვედი? სწორად გავიგე? არც კი ჩათვალე საჭიროდ, გაგეფრთხილებინე?

გაფითრებულმა ნინიმ ტუჩებთან მიტანილი ღვინიანი ჭიქა სასწრაფოდ მაგიდაზე დადგა…

_ მეგონა, გაგიხარდებოდა… ჩვენ ხომ ამაზე ვოცნებობდით, თორნი… რა გჭირს?

_ ვოცნებობდით, გეთანხმები და არც დამვიწყებია, მაგრამ… არა ამ მომენტში, სიხარულო, ცუდი დრო შეარჩიე. ამან შეიძლება რაღაც პრობლემები გამოიწვიოს.

_ პრობლემებში გიოს გულისხმობ?

_ იმასაც… _ თორნიკეს სახე დაეჯღანა, _ კიდევ კარგი, ისეთი არაფერი უთხარი, თორემ…

_ ისეთი არაფერი? რაო, რა მელაპარაკაო? _ ყურები ცქვიტა ამ ამბით გაოგნებულმა.

_ რაც შენ უთხარი, ის გამიმეორა. რომ ჩვენ ძველი ნაცნობები ვართ და რადგან თბილისში ჩამოხვედი, სანახავად გამომიარე. რა, ასე არ უთხარი?

მსგავსი არაფერი! გოგონას თვალები ლამის შუბლზე აუცვივდა! ღმერთო, რა ხდება? რა თამაშს თამაშობს ეს რობაქიძე, რამ ათქმევინა ასეთი რამ? ნინიმ შუბლი შეკრა.

_ სიმართლე რომ მეთქვა, რა მოხდებოდა? _ გოგონამ მამაკაცს გამჭოლი მზერა ესროლა.

_ საშინელება მოხდებოდა, _ ამოიხვნეშა თორნიკემ, _ მომისმინე, საყვარელო. მე ცოლს მშვიდად უნდა გავშორდე, არ მინდა სკანდალი. კიდევ კარგი, გიოს არაფერი უთხარი… თიკამ რომ შენ შესახებ გაიგოს… შენ არ იცნობ მას. უამრავ ხალხს იცნობს და შეუძლია ისეთი რამ გამიკეთოს, სამუდამოდ დამინგრიოს კარიერა… გესმის, რაზე ვლაპარაკობ?

_ მგონი, კი… ესე იგი, შენი სურვილია, ჩვენ კვლავ მალულად გავაგრძელოთ შეხვედრები? _ ჩამკვდარი ხმით იკითხა გოგონამ.

_ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, სიხარულო… ცოტაც მაცალე… სანამ გიოსთან ვცხოვრობ, ჩვენი ერთად ყოფნა გამორიცხულია, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გასაგებია? იქამდე ნორმალურ ბინას მოვძებნი და მერე საცხოვრებლად ერთად გადავალთ… ახლა სწორედ ამით ვარ დაკავებული… თუმცა, ადვილი არ არის. მინდა, კარგი პირობები შეგიქმნა. ჰო, მართლა, შენ ვისთან ხარ აქ?

_ შენს სახლთან ახლოს ვიქირავე, ლელუკა გაგიგონია?

_ იმ ალქაჯთან? _ სახე მოექცა თორნიკეს, _ იმასთან როგორ მოხვდი?

_ გიომ გამგზავნა, როცა გაიგო, რომ ბინას ვეძებდი…

_ ერთი დამიხედეთ, რა კეთილი ძიას როლი უთამაშია, _ ექიდნურად გაიცინა თორნიკემ, _ რაც არის, არის, რაღას ვიზამთ, რახან იქ მოეწყვე… მაგრამ ერთი პრობლემა ძალიან შეგვიშლის ხელს. მე ლელასთან ვერ გამოვჩნდები, თორემ, მაშინვე ჩამიშვებს გიოსთან. რომ გაგეფრთხილებინე ჩამოსვლამდე, სხვაგან გიშოვიდი რამეს.

_ სადაც კარგი პირობები მექნებოდა, არა? _ ირონიულად შენიშნა ნინიმ, _ ნუ დარდობ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი ქალია ლელუკა. ვწუხვარ, პრობლემები რომ შეგიქმენი. არ მეგონა, ჩემი ჩამოსვლა ასე თუ შეგაშინებდა, _ მწარედ გაიცინა ბოლოს.

888

ნინი აშკარად განხიბლული იყო, თორნიკესგან ასეთ რამეს არ ელოდა.

_ მე სავსებით კმაყოფილი ვარ იმ ბინით, სადაც ვცხოვრობ, _ უკმეხად წამოიძახა, _ ვწუხვარ, რომ პრობლემები შეგიქმენი, მაგრამ მეგონა, ჩემი ჩამოსვლა გაგიხარდებოდა და ერთად ვიცხოვრებდით. ყოველ შემთხვევაში, შენ მპირდებოდი ამას.

_ მაპატიე, ასე რომ გამოვიდა, _ მამაკაცმა ხელზე ხელი მოჰკიდა და აკოცა, _ ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული, რომ აქ ხარ, თბილისში. თავი სიზმარში მგონია.

«მეც შოკში ვარ ამ ყველაფრისგან და, რატომღაც, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ გიო მართალია. ეს კი უკვე სერიოზული პრობლემაა», _ გაიფიქრა გოგონამ.

_ ჰო, მართლა, რაც შეეხება შენს სამსახურს, _ უცებ საუბრის თემა შეცვალა თორნიკემ, _ ჯერჯერობით ვერაფერი ვნახე… ჩვენს ფირმაშიც არ არის არც ერთი ვაკანსია.

_ არაფერია, _ მწარედ გაიღიმა ნინიმ, _ არ დავიჩაგრები, თვითონ მივხედავ ჩემს თავს, დავრდომილი კი არ ვარ.

_ მაგრამ მაინც არ მესმის შენი. როგორ მიატოვე ასე ხელის ერთი მოსმით ასეთი კარგი სამსახური და სრულიად ბრმად წამოხვედი?

_ ეს შენ მიგაჩნია ასე, _ შეეწინააღმდეგა გოგონა, _ მე კი მეგონა, მივდიოდი ადამიანთან, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვუღირდი. ჩემთვის ეს იყო მთავარი და არა სამსახური.

_ ამის მოსმენა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, ნინ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი სიძნელის გადალახვა მოგვიწევს.

_ მომისმინე, თოკო! _ მსუბუქად წარმოთქვა, _ გპირდები, რომ ტვირთად არ დაგაწვები. იცი? გარდა იმისა, რომ შენთან მოვიჩქაროდი, წამოსვლის წინ ერთ რამეს მივხვდი… აუცილებლად უნდა შემეცვალა ჩემი ცხოვრება _ დამეწყო ახალი სამსახური, პირადულშიც შემეტანა ცვლილებები… შეიძლება, მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ დამოუკიდებლადაც შემიძლია რაღაცის მიღწევა.

_ ძალიან გამიხარდება, ასე თუ მოხდება, მაგრამ… მინდა გითხრა, რომ არც ისე ადვილია ამის გაკეთება. ერთი შეხედვით შეიძლება ადვილი მოგეჩვენოს, თუმცა…

_ შენი საქმეები როგორ მიდის? _ შეაწყვეტინა ნინიმ, _ სამსახურში ყველაფერი წესრიგში გაქვს?

_ არაჩვეულებრივად, უკეთესს რომ ვერ ინატრებ, ისე, _ თქვა თორნიკემ და საათზე დაიხედა, _ როგორც კი ჩემი სამსახური ახსენე, გამახსენდა, რომ უნდა გავიქცე. დღეს პოტენციურ კლიენტებთან სადილი მაქვს დანიშნული.

_ მე კი მეგონა, საღამოს შევხვდებოდით… _ დაიბნა გოგონა.

თორნიკემ ალერსიანად მოუსვა ლოყაზე ხელი.

_ დღეს ვერა, სიხარულო. ხომ გესმის… ფირმის საქმეები ისეთი მნიშვნელოვანია… ხანდახან პირადულის გვერდზე გადადება მიწევს. ცოტა ადრე რომ მცოდნოდა, ჩამოსვლას აპირებდი, გეგმებს შევცვლიდი, _ დამნაშავის ღიმილით შეხედა მამაკაცმა, _ მაგრამ შენ ნუ დაღონდები, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, ფაქტობრივად _ მთელი ცხოვრება. ასე რომ, მოვასწრებთ. ხომ გესმის, რაღაც-რაღაც ვალდებულებები მაკისრია სამსახურში, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი.

«ჩემ წინაშე არ გაკისრია ვალდებულებები?» _ უნდოდა ეკითხა ნინის, მაგრამ გაჩუმდა.

_ როდის გნახავ კიდევ? _ მოწყენილი ხმით ჰკითხა.

_ დაგირეკავ… აუცილებლად, _ მამაკაცმა გოგონა თავისკენ მოიზიდა და ტუჩებში აკოცა, _ რა ცუდია, ამ შეხვედრის გადადება რომ არ შემიძლია, ძალიან მომენატრე, _ ჩქარ-ჩქარა ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ გავარდა.

ნინიმ სევდიანი მზერით გააცილა შეყვარებული.

8 8 8

საშინლად განხიბლული დაბრუნდა შინ. იქნებ მართლა ჯობია, ბათუმში დაბრუნდეს? თავის სახლში მაინც იქნება და თოკოს შემთხვევით ზარებს იქაც კი დაელოდება მოთმინებით, რაღა აქ იხადოს ბინის ქირა! ჯანდაბას! რა დღეში ჩაიგდო თავი! მერედა, ვისი გულისთვის? ასეთი კაცისთვის ღირდა კი თავის გამოდება? არა უშავს, მოვა დრო და ნინი ანანებს მას ასეთ საქციელს. შეიძლება დღეს არ უმართლებს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. სულაც არ აპირებს დანებებას. ყველა სიძნელეს გადალახავს და მაინც აიწყობს ცხოვრებას, სწორედ აქ, თბილისში, მისთვის უცხო, მაგრამ მაინც მშობლიურ ქალაქში. ერთხელაც მიხვდება თორნიკე, რომ ნინი მისი ტოლი და სწორია, მაგრამ მაშინ გვიან იქნება თითზე კბენანი. აგერ ნახოს, თორნიკემაც და მისმა გიომაც, თუ პატივსაცემი ქალბატონი არ გახდეს… მოულოდნელად შეცბა… რა სიკვდილმა გაახსენა გიო? სულაც  არ აინტერესებს, რა წარმოდგენა აქვს იმ პარაზიტს მასზე. მაგრამ… რატომ უთხრა თოკოს, არ ვიცი რისთვის ჩამოვიდა, ისე შემოიარა შენს სანახავადო? ეს კითხვა ტვინს უბურღავდა.

რა საზიზღარი ვინმეა ეს რობაქიძე! როგორ ექცეოდა იმ დღეს… არადა, შეუძლია თურმე, როცა უნდა, ნაზი და მომხიბვლელი იყოს. რესტორანში ისე შესციცინებდა იმ ქერათმიანს თვალებში… ნინიმ წამით თვალები დახუჭა და თავისი თავი იმ ქერათმიანის ადგილას წარმოიდგინა. ნეტავ, როგორი კოცნა იცის? ალბათ… ალბათ… რა გამოცანა ეგ არის, ლელუკამ ხომ უთხრა, ქალები ბუზებივით ესევიანო… ამის გაფიქრებაზე ოდნავ შეაჟრჟოლა… რა ემართება? ხომ არ მოეწონა ის კაცი? თუ, თორნიკეზე წარმოდგენა რომ დაეკარგა, იმიტომ დაემართა ასე? რა თქმა უნდა. გუშინ რომ მსგავსი რამ გაეფიქრა, ნერვიც არ შეუტოკდებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, თოკოს გარდა, სხვა მამაკაცზე თუ შეიძლებოდა ოცნება. ახლა კი… თითები ერთმანეთში ჩახლართა, მაღლა ასწია და სკამის საზურგეზე ვნებიანად გადაიზნიქა. ვისზე ნაკლებია? შეხედეთ, რა მკერდი აქვს, რა ტანი, რა ფეხები! რომელი მამაკაცი გაუძლებს ცდუნებას? უცებ ხმამაღლა გაეცინა. რა სჭირს? სამი საათიც არ გასულა, რაც საყვარელ მამაკაცს დაშორდა და უკვე სხვაზე ფიქრობს. აღიარე, პატარავ, რომ გიო რობაქიძე ძალზე სიმპათიური, თანაც ცნობილი სახეა, ეს უფრო დამაინტრიგებელს და სასურველს ხდის მას. ჰო, აღიარებს. მერე რა? ამით არაფერი იცვლება. ასი წელი არ სჭირდება არაფერში!

უკვე გვიან იყო, მაგრამ რატომღაც, პარკში მოუნდა გასეირნება. ზაფხულის ღამეა, მთელი უბანი გარეთ იქნება გამოსული. ცოტას გაივლის და სუფთა ჰაერს ჩაყლაპავს. კარი გასაღებით ჩაკეტა და სახლის უკან გამავალ ვიწრო ბილიკს გაუყვა, რომლითაც ჩაპამ იგი წინა დღეს პარკში გაიყვანა. თბილმა ნიავმა ყვავილების სურნელი მოიტანა. ეს ვარდია! _ გაიფიქრა ნასიამოვნებმა და იმწუთასვე თავისი სახლი გაახსენდა. სწორედ ასეთი სურნელი ტრიალებს მის პატარა ბაღშიც. ეჰ, ნეტავ იქ იყოს ახლა!

უცებ სიბნელეში რაღაცამ გაიბრჭყვიალა. შეშინებული შედგა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ის რაღაც ბრჭყვიალა ბილიკზე მჯდარი კატის თვალები იყო.

_ ეი, მეგობარო! მე შენ გიცანი! ბაბეტა ხარ, არა? _ გოგონა დაიხარა და ფისოს ბეწვზე ნაზად გადაუსვა ხელი.

ბაბეტამ დაიკრუტუნა და ზურგი გაზნიქა. მერე პირი ფეხებთან მიუტანა, დასუნა და ბოლოს ალოკა კიდეც.

_ არამარტო სხვის ქმრებს, კატებსაც იპარავთ, არა? _ სიბნელიდან მოულოდნელად ნაცნობი ხმა მოესმა.

გოგონა სწრაფად გასწორდა წელში და იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოისმოდა. უშუქობის გამო მოსაუბრის სახის გარჩევა ძნელი იყო.

_ ჩვენ მხოლოდ გავიცანით ერთმანეთი, მეტი არაფერი, _ ცივად უპასუხა გოგონამ.

_ რა გეშველებოდათ ცხოველების გარეშე… _ ირონიულად ჩაილაპარაკა გიომ, თითქოს მიანიშნა, რომ არა ძაღლი და კატა, ჩემს სამფლობელოს სხვანაირად ახლოს ვერ გაეკარებოდიო, _ მაგრამ არც ამჯერად გაგიმართლათ, თორნიკე შინ არ არის.

_ ვიცი, _ ჯიბრიანად გასცა პასუხი.

_ აჰა, ესე იგი, უკვე შეხვდით, არა?

_ რა თქმა უნდა… აბა, თქვენ რა გეგონათ?

სასტიკად აღიზიანებდა, მამაკაცის სახეს რომ ვერ ხედავდა, რადგან თვითონ განათებულ ადგილას იდგა და მოსაუბრეს ადვილად შეეძლო მისი შეთვალიერება.

_ აჰა, გასაგებია… ესე იგი, აქ იმიტომ მოხვედით, რომ მე მადლობა გადამიხადოთ, არა?

_ მადლობა გადაგიხადოთ? რისთვის?

_ თუნდაც იმისთვის, რომ დაგინდეთ თორნიკესთან და თქვენი საიდუმლო არ გავეცი. თქვენ ხომ აღიარებითი ჩვენება მომეცით, მიყვარს და ერთად ვაპირებთ ცხოვრებასო.

_ ა-ა-ა! _ ნინი წამით გაჩუმდა, მერე კი გააგრძელა, _ და რატომ არაფერი უთხარით თქვენს სიძეს? რატომ დამინდეთ?

_ ჯერ მე თვითონაც არ ვიცი. თუმცა, კეთილსინდისიერების გამო რომ არ მოვქცეულვარ ასე, ეს ნამდვილად ვიცი.

_ ნუთუ? მაოცებთ პირდაპირ! _ დამცინავად ტონი გაურია გოგონამ ხმაში.

მამაკაცმა მისი სარკაზმი არ შეიმჩნია.

_ სხვათა შორის, თქვენც გააოცეთ თორნიკე. საცოდავი ისეთ შოკში ჩავარდა, თქვენი ჩამოსვლის ამავი რომ გაიგო, მეგონა, გული წაუვიდოდა! თუმცა, ალბათ ზოგიერთებზე ასე მოქმედებს ნამდვილი სიყვარული!

_ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ თქვენ იგი არასდროს გამოგიცდიათ!

_ რა, სიყვარული? თანაც ნამდვილი? რა სისულელეა! ამაზე არც შეგეკამათებით. მე, ალბათ, დიდი გრძნობებისთვის არ ვარ შექმნილი.

_ ნუთუ მართლა არაფერი გაღელვებთ ამქვეყნად?

_ როგორ არა, მაღელვებს… მაგალითად, ჩემი სამსახური… ასევე, მიყვარს ჩემი ოჯახი, _ ცივად დაამატა ბოლოს.

_ და ამ ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვიტეთ, თოკოსთვის არაფერი გეთქვათ?

ნინი ისე გრძნობდა თავს, თითქოს სრულიად შიშველი მდგარიყო მამაკაცის წინაშე.

_ მოდი, ასე ვთქვათ… მე გადავწყვიტე, მოვლენებისთვის ხელი არ შემეშალა. დაე, თავისი გზით წავიდეს ყველაფერი.

მისი პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იყო, მაგრამ ნინი მიხვდა, რომ მისგან მეტის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. სანამ მათ შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართებოდა, დროზე უნდა გაცლოდა იქაურობას.

_ გვიანაა, წავედი შინ… ნახვამდის… _ თავდაჭერილად დაემშვიდობა მამაკაცს.

_ უკვე მიდიხართ? _ გიოს ხმაში მოჩვენებითი წუხილი გაისმა, _ მე კი მეგონა, დარჩებოდით და ჩემი ფანჯრების ქვეშ სერენადას მიმღერებდით. იქნებ სულის სიღრმეში მე ნამდვილი რომანტიკოსი ვარ, რა იცით…

_ თქვე-ენ, პატივცემულო გიორგი? _ გაკვირვება გაითამაშა ნინიმ, _ ნუ მაცინებთ!

_ მით უარესი თქვენთვის, თუ ასე ფიქრობთ! _ მსუბუქად შენიშნა გიომ, _ თქვენ ჩემს სანახავად რომ ჩამოსულიყავით თბილისში, ამაღამ საკუთარ საწოლში მარტო არ აღმოჩნდებოდით. სასიამოვნო სიზმრებს გისურვებთ, საქალბატონე ნი-ნი! _ ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა, გატრიალდა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.

დაბნეული გოგონა კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად და იმ ბუჩქებს მისჩერებოდა, რომლის უკანაც მამაკაცი მიიმალა. შემდეგ მობრუნდა და ვიწრო ბილიკს უკან დაუყვა. გული გამალებით უცემდა. ლოყები ისე უხურდა, თითქოს ცეცხლი უკიდიაო.

«ჯანდაბას! არასდროს გამოვივლი ამ გზაზე! მაგას ვინ ჰგონია თავისი თავი!» _ მრისხანებდა შეურაცხყოფილი.

მიუხედავად უსიამოვნო საუბრისა, გასეირნებამ თავისი ქნა და ნინის მაშინვე ჩაეძინა, როგორც კი ბალიშზე მიდო თავი…

დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. თორნიკე! _ გაუელვა გონებაში და წამოხტა… მაგრამ შეცდა… ყურმილში ეთერის ხმა გაისმა.

_ თქვენთვის სამუშაო მაქვს, _ შეატყობინა ქალმა, _ სასწრაფო… ბინების ყიდვა-გაყიდვის სააგენტოში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ორი დღით შეცვლის მდივანს. მხოლოდ ტელეფონზე მოგიწევთ პასუხი და მისამართის ჩაწერა. თანახმა ხართ?

_ თუ მეტი არაფერი მევალება, თანახმა ვარ!

8 8 8

სააგენტოს ნინიმ ადვილად მიაგნო. ოფისში მაღალი, ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი დახვდა.

_ ჩემი ცოლი, სამწუხაროდ, გაცივდა. მესამე დღეა, მაღალი ტემპერატურა აქვს და ლოგინშია ჩაწოლილი. სულ ორი დღე დამჭირდებით. სატელეფონო ზარებს ჩაიწერთ, მერე ამ დავთარში გადაიტანთ და მაკლერებს დაუკავშირდებით. სულ ეს იქნება თქვენი სამუშაო. დღეში 30 ლარს გადაგიხდით. იმედია, არ გაგიჭირდებათ.

_ მენდეთ, ყველაფერს მოვაგვარებ, არ გამიძნელდება, _ გაუღიმა გოგონამ.

მთელი დღის განმავლობაში თავი არ აუწევია. სატელეფონო ზარები არ წყდებოდა, იწერდა და იწერდა მისამართებს. ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დაგირავება… ბინების, სახლების, აგარაკების, ფართების… პარალელურად ქირის ფასებით ინტერესდებოდა. დღის ბოლოს, რამდენიმე ოროთახიანი ბინის მისამართიც ამოიწერა, რომ შემდეგ თორნიკესთვის ეჩვენებინა. მისდა გასაოცრად, ისიც აღმოაჩინა, რომ მისნაირი ოთახის დაქირავება ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორჯერ და სამჯერ ძვირი ღირდა. ამან გააოგნა. რატომ ახდევინებს ლელუკა ასე ცოტას?

საღამოს, შინ დაბრუნებულმა, დიასახლისს შეუარა, მაგრამ იგი სახლში არ დახვდა. ბარათი დაუწერა, როცა მოხვალთ, ჩემთან შემოიარეთ, ბინის ქირაზე მინდა დაგელაპარაკოთო და ოთხად გაკეცილი ფურცელი კარის ღრიჭოში შეჩურთა.

ოთახში შევიდა თუ არა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დაღლილმა ეგრევე აბაზანას მიაშურა. ის იყო, ბანაობას მორჩა და ტანზე პირსახოცმოხვეული ერბო-ვერცხის შეწვას შეუდგა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. იფიქრა, ალბათ ლელუკა დაბრუნდაო და ეგრევე, ნახევრად შიშველმა  გააღო კარი… გააღო და ადგილზე გაშეშდა… მის წინ გიო იდგა და წარბაწეული გაოგნებული მისჩერებოდა.

_ თქვენ?.. აქ რას აკეთებთ? _ ენა დაება გოგონას.

_ ამის გამო მოვედი, _ მამაკაცმა ლელუკასათვის დაწერილი ბარათი ცხვირწინ აუფრიალა.

_ თქვენ ყოველთვის კითხულობთ სხვის წერილებს? _ ყინულივით ცივი ხმით იკითხა ნინიმ.

_ როცა მთხოვენ, აუცილებლად, _ მტრულად შეხედა რობაქიძემ, _ ლელუკა სათვალეს ვერ იტანს. არადა, მის გარეშე ერთ სიტყვასაც ვერ კითხულობს, ამიტომ ხანდახან ვეხმარები. ასე რომ, უკვე გადავეცი მას, რომ უკმაყოფილო ხართ ქირით.

_ როგორ ბედავთ…

_ თქვენ როგორღა ბედავთ! _ უხეშად გააწყვეტინა გიომ, _ ქალი ისედაც ნაკლებს გახდევინებთ, თქვენ კი მაინც უკმაყოფილო ხართ! მისი კეთილი გულით სარგებლობთ, არა?

ნინის ენა ჩაუვარდა, ერთხანს მდუმარედ მისჩერებოდა მამაკაცს.

_ როგორ არ გრცხვენიათ!.. სულაც არ მიფიქრია, ეგ მეთხოვა. პირიქით, დღეს გავიგე, რომ ამ უბანში ორჯერ და სამჯერ მეტი ღირს ბინის ქირა… ამაზე მინდოდა დავლაპარაკებოდი… მერიდებოდა, ცოტას რომ ვუხდიდი… _ გაფითრებულმა სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი, _ ახლა კი… თუ შეიძლება, წადით აქედან!

_ მხოლოდ მაშინ წავალ, როცა ამ საკითხს ბოლომდე მოვაგვარებ, _ ხმა დაურბილდა გიოს, _ მიდით, ჩაიცვით, თორემ გაცივდებით, შემდეგ კი დავილაპარაკოთ.

_ ნუ მბრძანებლობთ, თუ შეიძლება!

_ ვშიშობ, სურდოს აიკიდებთ და მეც გადამდებთ… მიდით, მიდით… _ ხელით ანიშნა გიომ და ოთახში შევიდა.

ნინიმ მას მტრული მზერა ესროლა, მერე საშინაო ტანსაცმელს ხელი დაავლო და სააბაზანოში შეიკეტა. სწრაფად გადაიცვა ტანზე, სველი თმა დაივარცხნა და წკაპით შეიკრა.

გიო სავარძელში იჯდა, როცა გოგონა სააბაზანოდან გამოვიდა.

_ თქვენი ერბო-კვერცხი ამოვატრიალე, რომ არ დამწვარიყო და უვახშმოდ არ დარჩენილიყავით, _ შეატყობინა მამაკაცმა.

_ რა გულისამაჩუყებლად მზრუნველი ხართ! _ ექიდნურად შენიშნა ნინიმ.

რობაქიძემ შემრიგებლურად ასწია ორივე ხელი.

_ მოდით, შევრიგდეთ, ძალიან გთხოვთ… ვაღიარებ, რომ თქვენი წერილის შინაარსი უკუღმა გავიგე.

_ ამიტომ, სანამ კარგად არ ჩაწვდებით ხოლმე საქმის არსს, პროტესტი არ უნდა გამოხატოთ. თქვენ, როგორც ჩანს, ნაცნობებთან ურთიერთობაშიც ჟურნალისტი გგონიათ თავი და მიჩვეული ხართ მცდარი დასკვნების გამოტანას.

_ ვერ გავიგე?!

_ რა ვთქვი გაუგებრად… ჟურნალისტები ხომ ყოველთვის იტყუებით! თავხედურად იჭრებით სხვის ცხოვრებაში, რაღაც-რაღაცას გულახდილად ათქმევინებთ ადამიანს და მერე ისე შეატრიალებთ ამბავს, რომ სკანდალებს ქმნით. ასე არ არის? როგორც ჩანს, ეს ცხოვრების წესად გექცათ! _ მრისხანება მაინც იგრძნობოდა ნინის ხმაში, _ და საერთოდ, როგორ აღმოჩნდით ამ სახლში? ლელუკა ამ დროს შინ არ არის… ალბათ ჩემს დასაზვერად მოხვედით, არა?

_ ნუ აჭარბებთ თქვენი პიროვნების შეფასებაში… ჯერ არც ისე დიდი ფიგურა ხართ, ჩაგისაფრდეთ და თქვენი ცხოვრებით დავინტერესდე, _ გაეღიმა გიოს, _ მე თვეში ერთხელ ვეხმარები ლელუკას ბუღალტერიის მოგვარებაში, საგადასახადოსთან პრობლემები რომ არ შეექმნას. იგი ცუდად ერკვევა ციფრებში, მე კი ეკონომისტი ვარ და ეს საქმე მესმის.

_ ეკონომისტი? აკი… ჟურნალისტი…

_ ჟურნალისტიც ვარ. ერთი მეორეს ხელს არ უშლის…

_ არ მიკვირს, ლელუკას ანგარიში რომ ეშლება. იგი იმდენსაც არ ართმევს თავის მდგმურებს, რაც რეალურად ეკუთვნის, _ ნინისაც შეურბილდა ტონი.

_ იმიტომ, რომ ძალიან კეთილი და გულჩვილია, ყველა ეცოდება. როცა ხედავს, რომ ადამიანს ცოტა შემოსავალი აქვს, მაშინვე შეღავათს უკეთებს. ამასთან, უხარია, მის სახლში ბევრი ადამიანი რომ ტრიალებს, უყვარს, როცა აქაურობა მდგმურებითაა სავსე. შემოსავალი ნაკლებად აინტერესებს.

_ გასაგებია, მაგრამ ასე როგორ შეიძლება? _ გაიკვირვა გოგონამ, _ ჯერ მარტო სახლის შენახვას რამდენი უნდა… დენის ფული, გაზის, წყლის… მარტო ამას არ ეყოფა ჩემგან აღებული ქირის ფული. სადმე სხვაგანაც მუშაობს?

_ სცენაზე უკვე აღარ გამოდის, თუმცა თეატრში მუშაობს ქორეოგრაფად და იქიდანაც რჩება ცოტა.

_ სცენაზე? ის რა, მსახიობი იყო?

_ ბალერინა იყო თავის დროზე, თანაც საკმაოდ წარმატებული. მერე ფეხი მოიტეხა და ცეკვა ვეღარ გააგრძელა.

_ ესე იგი, კარგად გამოიმუშავებს…

_ ამით არა მგონია, ბევრი შემოსდიოდეს, თუმცა აქვს შემოსავლის ერთი წყაროც. კიდევ გაინტერესებთ რამე? _ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მამაკაცმა.

ნინი გაწითლდა.

_ გგონიათ, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა მსიამოვნებს? უბრალოდ, სიტყვას მოჰყვა, თორემ არც მიფიქრია, ასეთი რამეები გამომეკითხა… არ მომეწონა, ასე ცოტას რომ მახდევინებს, რატომ უნდა დაზარალდეს ჩემ გამო?

_ ამაზე თქვენ ნუ ინერვიულებთ. მარტო თქვენ მიმართ არ იჩენს ლოიალობას… გარდა ამისა, თქვენ ხომ დროებით ხართ მასთან შეხიზნული… იქნებ ვცდები?

_ არა, არ ცდებით… _ ძლივს ამოთქვა გოგონამ, რადგან ნერვიულობისგან ნერწყვი კინაღამ ყელში გაეჩხირა, _ ხომ არ გშიათ? ტაფამწვარი ორივეს გვეყოფა… ყველიც მაქვს, კიტრიც, პომიდორიც… _ საუბრის თემა შეცვალა გოგონამ.

_ არა, გმადლობთ, მე უკვე ვივახშმე… შეგიძლიათ მიირთვათ, ჩემი ნუ მოგერიდებათ.

_ არ მიყვარს, როცა მარტო ვჭამ და სხვები მოწმეებივით მიყურებენ, _ თავი გადააქნია ნინიმ, _ მაინცდამაინც არც მშია, უკვე გადამიარა.

_ როგორც გენებოთ… უბრალოდ, არ მინდა ჩემ გამო წონაში დაიკლოთ… ასე კარგად გამოიყურებით…

_ თქვენ… თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ლელუკასთან? _ ჰკითხა ღაწვებაფორაჯებულმა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა.

_ ამის გაგება არაფერში გჭირდებათ, ეს თქვენ არ გეხებათ… ჩათვალეთ, რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ.

_ გაუმართლა მას, თქვენნაირი მეგობარი რომ ჰყავს, _ წამოცდა ნინის და მაშინვე ენაზე იკბინა, მაგრამ გვიან იყო. კვლავ წამოუწითლდა ლოყები, _ იმის თქმა მინდოდა, რომ… თქვენ ისეთი დაკავებული ხართ… გასაკვირია, როგორ ახერხებთ მის დასახმარებლად დროის გამონახვას.

_ მე ყოველთვის ვპოულობ დროს ადამიანებისთვის, რომლებიც მიყვარს, _ ხმადაბლა თქვა გიომ.

წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა… ნინიმ იგრძნო, როგორ გაუხშირდა სუნთქვა… მოზღვავებული ტალღისგან სხეული დაეძაბა. თან ისე ახლოს იდგა მამაკაცთან… მოულოდნელად გიჟური სურვილი დაებადა… კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა გიოსკენ… მერე კიდევ ერთი…

სწორედ ამ მომენტში ოთახში დასადგურებული ჯადოსნური სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია.

_ ვაი! _ დაბნეული ნინი ფეხზე წამოიჭრა და ხელი ისე სტაცა ტელეფონის ყურმილს, თითქოს მაშველი რგოლი ყოფილიყო.

_ სიხარულო, მე ვარ! _ გაისმა თორნიკეს ხმა, _ როგორ ხარ?

_ არა მიშავს… თავად?

_ მეც ვარ, რა… იცი? სრულიად შემთხვევით გამომითავისუფლდა დრო. არ გინდა, შევხვდეთ ერთმანეთს? იქნებ სადმე გვევახშმა? მგელივით მშია.

ნინი წამით შეყოყმანდა… ამწუთას უამრავი მიზეზი შეეძლო მოეგონებინა, რათა უარი ეთქვა შეყვარებულისთვის… მზერა ფრთხილად გიოზე გადაიტანა… მამაკაცს ტუჩებზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა…

სწორედ ამ გამაღიზიანებელმა ღიმილმა საქმე თორნიკეს სასარგებლოდ გადაწყვიტა… არადა, ნინიმ მშვენივრად უწყოდა, რატომაც დაურეკა მამაკაცმა… ამ საღამოს ალბათ სხვა გასართობი ვარიანტი არ გამოუჩნდა…

ჯანდაბას გიორგი რობაქიძე! რაც უნდა, ის იფიქროს! _ გაიფიქრა გოგონამ, გამომწვევი მზერა ესროლა ჟურნალისტს და ყურმილში ჩასძახა.

_ სიამოვნებით, საყვარელო. მოუთმენლად გელოდები!

რობაქიძეს ბრაზიანი შეძახილი აღმოხდა, თითქოს შეიგინაო, უცებ სკამიდან წამოხტა, გარეთ გავარდა და კარი გაიჯახუნა.

_ რა ხმაურია შენთან? _ იკითხა თორნიკემ.

_ ორპირი ქარი იყო და კარი მიჯახუნდა! _ სიცილი წასკდა ნინის, _ როგორ გამიხარდა შენი ხმის გაგონება, რომ იცოდე, თოკო!

_ მეც, სიხარულო… ერთი სული მქონდა, როდის დაგირეკავდი. ოც წუთში გამოგივლი და გარეთ დამხვდი, კარგი?

_ კარგი, _ ხმადაბლა უპასუხა გოგონამ და ყურმილი დაკიდა.

გაუხარდა კი თორნის ხმის გაგონება? მაშინ რატომ ეცა ასე არეული ტელეფონს? რატომ შეუთრთოლდა გული, როცა გიოს თვალებს შეეფეთა? არა, რა სისულელეა! ეს, უბრალოდ, ქალური კეკლუცობა იყო და სხვა არაფერი. მამაკაცის ორაზროვანი ნათქვამი სასიამოვნოდ მოხვდა ყურში… ეგ იყო და ეგ… თავს ხომ არ იმშვიდებს? იქნებ…

«თავის დასამშვიდებელი არაფერი მჭირს. ყველაფერი წესრიგშია, მე სრულიად ვაკონტროლებ სიტუაციას. განა ასე არ არის?» _ გაიფიქრა, თუმცა ბოლომდე მაინც არ იყო თავის თავში დარწმუნებული…

8 8 8

თორნიკემ იგი რესტორანში დაპატიჟა. იქაურობა სულ ახალგაზრდებით იყო გავსებული. დარბაზში საშინელი გნიასი ისმოდა. არც თუ ისეთი რომანტიკული სიტუაციაა შეყვარებული წყვილისთვის, _ გულდაწყვეტილმა გაიფიქრა ნინიმ, პუბლიკას თვალი რომ მოავლო…

როცა ჭამას მორჩნენ და ყავის სმას შეუდგნენ, გოგონამ იმ დღეს მოძიებული გასაქირავებელი ოროთახიანი ბინების სია მიაწოდა.

_ შენ დროს ტყუილად არ კარგავ, _ შენიშნა მამაკაცმა, _ მე იმ კვირაში ვაპირებდი ამის გაკეთებას.

_ უბრალოდ, შესაძლებლობა მომეცა, სპეციალურად არ მოვქცეულვარ ასე, _ თავი იმართლა გოგონამ.

_ ჰმ… ვიცი ეგ სააგენტო… _ თორნიკემ სიას ჩახედა, _ მშვენიერია… მერე გადავხედავ… _ თქვა, ქაღალდი ოთხად გაკეცა და შარვლის ჯიბეში შეინახა, _ მაგრამ იქნებ ჯობდა, ჯერ სამსახური გეშოვა და მერე გვეფიქრა ერთობლივ ცხოვრებაზე?

_ მე უკვე ვიფიქრე ამაზე, _ გაიღიმა ნინიმ, _ ვფიქრობ, აქაც იმავე საქმით დავკავდები, რითაც ბათუმში.

თორნიკემ სკეპტიკურად შეხედა.

_ არა მგონია, შენი სპეციალობით თბილისში ადვილი იყოს სამსახურის შოვნა. აქაურობა სავსეა იურისტებით. ქვა რომ ააგდო, იურისტს მოხვდება თავში.

«ეს შენ გგონია ასე», _ ირონიულად გაიფიქრა გოგონამ, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

_ ნუ დარდობ… სხვა რამეს იშოვი, შენი შესაფერისი ბევრი რამ შეიძლება მოინახოს.

_ შესაფერისი?

_ ჰო, რა იყო? მთავარია, კარგად გადაგიხადონ და რა მნიშვნელობა აქვს, სად დაიწყებ მუშაობას? _ უდარდელად თქვა მამაკაცმა.

_ დიდი მადლობა რჩევისთვის, _ ირონიულად ჩაიცინა ნინიმ და წამოდგა, _ დროა, წავიდეთ. ძალიან მღლის ეს ხმაური. აქაურობა არ მომეწონა…

გარეთ სასიამოვნოდ გრილოდა. ნინის ეგონა, ვახშმის შემდეგ ცოტას გაისეირნებდნენ, მაგრამ, მისდა გასაოცრად, თორნიკემ მაშინვე ტაქსი გააჩერა.

_ მინდა შენი პატარა ბუდე დავათვალიერო, _ აღგზნებულმა უჩურჩულა გოგონას, როცა მანქანაში ჩასხდნენ და ტუჩებით მისი ყურის ბიბილოს შეეხო.

_ შენ არ მეუბნებოდი, ლელუკასთან ვერ გამოვჩნდებიო? _ გაიკვირვა ნინიმ.

_ ერთი მაგათი დედაც!.. _ შეიგინა მამაკაცმა, _ მეტის მოცდა აღარ შემიძლია!.. სიხარულო, შენ ისეთი საოცრება ხარ… მოდი ჩემთან… _ ვნებიანად დაიჩურჩულა და გოგონა მკერდზე მიიზიდა.

ნინის მის შეხებაზე იოტისოდენა სიამოვნებაც არ უგრძნია… არც წინააღმდეგობა გაუწევია… მხოლოდ მაშინ შეირხა, როცა მამაკაცის ხელი მის მუხლს შეეხო…

_ არ გინდა, მძღოლი ყველაფერს ხედავს, _ ჩურჩულით თქვა.

_ მერე რა? ის ასეთ რამეებს ყოველდღე ხედავს.

_ მაგრამ მე არ მსიამოვნებს.

_ კარგი, სიხარულო… როგორმე მოვითმენ, სანამ შენს ოთახამდე მივაღწევთ, _ მამაკაცმა ხელი შეუშვა და საზურგეზე გასწორდა.

ნინი დაიძაბა… ეს მათი პირველი ღამე იქნება… იმედია, თორნიკე არ მოატყუებს და ხვალ ღვთის ანაბარა არ მიაგდებს…

888

_ აი, აქ ვცხოვრობ, _ თქვა ნინიმ და კარი გააღო, _ ყავა გინდა?

გოგონა ცოტათი ნერვიულობდა.

_ შენ იცი, მე რაც მინდა, _ მსუბუქად წარმოთქვა თორნიკემ და ისე შეხედა, მზერით გააშიშვლა.

_ რა? _ ვითომ ვერ მიუხვდა ნინი, თვალი აარიდა მამაკაცს.

_ კარგი, რა… გეყოფა გულუბრყვილობის თამაში, ჩვენ უკვე ერთად ვართ, ვერ ხედავ?

_ თორნი… რამდენი თვეა, ერთმანეთი არ გვინახავს, ასე არ შეიძლება… ჯერ უნდა შეგეჩვიო, ფაქტობრივად, თავიდან უნდა გავიცნოთ ერთმანეთი…

_ ამის მოხერხება საწოლშიც შეიძლება, საყვარელო. შეჩვევის უკეთესი საშუალება ჯერ მსოფლიოში არ მოუგონიათ, _ თორნიკემ ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა, _ გაიხადე, მინდა შეგხედო და დაგინახო ისეთი, როგორიც ხარ, _ ჩურჩულებდა მამაკაცი, თან კაბის ღილებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა.

_ მოიცა… რას აკეთებ…

_ მეტი რაღა მოვიცადო? რაც გაგიცანი, მას შემდეგ შენს ლოდინში ვარ. კიდევ რამდენ ხანს ვიცადო? მოსახდენი დღეს უნდა მოხდეს, სიხარულო, მეტი აღარ შემიძლია!

_ არა! _ სასოწარკვეთილი ხმით ამოთქვა ნინიმ და წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა.

ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.

«ახლა რომ გიო მოვიდეს!» _ გაუელვა თავში გოგონას და მამაკაცს სწრაფად განერიდა, თან აცახცახებული თითებით ღილების შეკვრას შეუდგა.

_ ნინ, ყველაფერი რიგზეა? _ გაისმა ლელას ხმა, _ შეიძლება შემოვიდე?

_ ერთი წუთით, ახლავე! _ გოგონა კარისკენ გაემართა, _ აჯობებს, სააბაზანოში დაიმალო, _ თან ხმადაბლა გადაულაპარაკა თორნიკეს.

_ დროზე მოიშორე თავიდან ეგ ქალი, რა, _ გაღიზიანდა მამაკაცი და ბუზღუნით შეიკეტა სააბაზანოში.

ნინიმ კარი გააღო.

_ ხომ კარგად ხარ? ჩაპამ ყეფით აიკლო აქაურობა. უცხოს დანახვაზე იცის ხოლმე ასე. მარტო ხარ? _ თქვა ქალმა და ეჭვის თვალით მოათვალიერა ოთახი.

_ ჰო, რა თქმა უნდა…

_ რა გჭირს, როგორი წითელი ხარ… სიცხე ხომ არ გაქვს?

_ არა, ყველაფერი რიგზეა, კარგად ვარ.

_ თუ რამეა, აქ ვარ იცოდე, დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები! _ ორაზროვნად უთხრა დიასახლისმა მდგმურს და უცნაური ღიმილით გაიხურა კარი.

_ რა უნდოდა მაგ ჯადოქარს? _ შუბლშეკრული თორნიკე საწოლზე ჩამოჯდა.

_ მგონი, იცის, აქ რომ ხარ. არ უთქვამს, მაგრამ მიმანიშნა.

_ ასეც ვიცოდი! ახლა ამის თვალთვალიღა გვაკლდა! შენ მართალი ხარ, ჩვენ ეს ბინა შეხვედრებისთვის არ გამოგვადგება. სასწრაფოდ სხვა უნდა ვეძებოთ, უფრო მყუდრო და თვალს მოფარებული. იქნებ რომელიმე ძმაკაცს დაველაპარაკო.

_ ძმაკაცს? _ ვერ მიუხვდა ნინი.

_ ჰო, რამდენიმეს აქვს თავისი პატარა ბუნაგი სასიყვარულო შეხვედრებისთვის. დროებით შევეხიზნებოდით რომელიმეს.

_ გაგიჟდი?

_ რა იყო, რა არის ამაში ცუდი?

_ ცუდი ის არის, რომ ამგვარი რამ ჩემთვის სასტიკად მიუღებელია! _ ხმას აუწია გოგონამ, _ რა გჭირს? ჩემი გულისთვის ამხელა გზა გამოიარე და ახლა უარს მეუბნები?

_ ვერ ხვდები, რაზე გეუბნები უარს? თუ ჩემთან ყოფნა გინდა, ნორმალური ბინა იქირავე, ძმაკაცის და ვიღაცების «ხავერები» არ მაინტერესებს! სხვის საწოლში ვერ ჩავწვები იმის გულისთვის, რომ შენ სიამოვნება მოგაყენო! მე შენი საყვარელი არ ვარ!

_ მაპატიე, სიხარულო! ნამდვილი ბოთე ვარ, ამდენი კი ვერ ვიფიქრე. ისე ძალიან მინდიხარ, თავგზა ამებნა…

_ ძალიან გთხოვ, ახლა წახვიდე… გემუდარები… მეშინია, ის ქალი ისევ არ დაბრუნდეს.

_ კარგი, კარგი, წავალ, ოღონდ შენ არ ინერვიულო, _ ხელები გაშალა მამაკაცმა, _ დროებით ალბათ ძველმოდური ტრადიციებით დაკმაყოფილება მოგვიწევს _ კინოში სიარული, პარკში გასეირნება, მუზეუმების დალაშქვრა…

_ არ ვარ წინააღმდეგი.

_ დაგირეკავ…

თორნიკეს წასვლის შემდეგ, ნინი კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად და კარს გაჰყურებდა. «ძალიან უიღბლო საღამო გამოვიდა», _ განხიბლულმა გაიფიქრა და საწოლზე მიესვენა, _ «როგორ შეიცვალა ეს ბიჭი… რა სხვანაირი იყო, რატომ მექცევა ასე? იქნებ ცუდი პერიოდი აქვს და იმიტომ? მე მესმის მისი… იმედია, ბინას ნახავს და მალე გადავალ აქედან. ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ ბედნიერი იყოს», _ ბალიშში თავჩარგულმა ერთი ღრმად ამოიოხრა და თვალები დახუჭა.

8 8 8

მეორე დილით, სამსახურში გამოცხადდა თუ არა, სააგენტოს უფროსმა «ახარა», ჩემი მეუღლე თავს უკეთ გრძნობს და ხვალიდან თავისუფალი ხარო. ნინის ხასიათი წაუხდა. იძულებული ხდებოდა, ახალი სამუშაო მოეძებნა. როგორც კი თავისუფალი დრო იპოვა, ეთერს დაურეკა.

_ არ ინერვიულო, შენთვის ახალი ამბავი მაქვს. დოკუმენტური ფილმების სტუდიაში დროებით ერთი ადგილი გამოთავისუფლდა.

_ იქ რა უნდა ვაკეთო?

_ მისაღებში დაგსვამენ კომუტატორთან და ხალხს ერთმანეთთან დააკავშირებ, თან სტუმრებისთვის ყავის მოდუღება მოგიწევს ხანდახან.

_ აუუუუუუუუუ! _ იწივლა ნინიმ.

ეთერს გაეცინა.

_ მესმის შენი, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, სამაგიეროდ, კარგად გადაგიხდიან. ასე რომ, თუ უფროსობას თავს მოაწონებ, იქნებ შტატიანი თანამშრომლის ადგილსაც გამოჰკრა ხელი.

_ იქაურობა ალბათ სულ პენსიონერებით იქნება სავსე, არა?

_ რატომ გგონია?

_ რა ვიცი, დოკუმენტურ ფილმებს ხომ ბებრები იღებენ…

_ ცუდი წარმოდგენა გქონია ჩვენს რეჟისორებზე, გოგონი. რას ამბობ, სტუდია სულ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ერთი ჩვენგან გაგზავნილი უკვე კარგა ხანია იქ მუშაობს, ლიზიკო ახვლედიანი. რომ მიხვალ, იკითხე და გაიცანი. უთხარი, ეთერმა გამომგზავნა-თქო და თუ რამეს ვერ გაიგებ, დაგეხმარება, გასაგებია? ახლა კი მისამართი ჩაიწერე და ხვალ დილით, ათ საათზე იქ იყავი, არ დააგვიანო.

«რა უიღბლო ვყოფილვარ, როგორ არაფერში მიმართლებს», _ მოთქვამდა გულში სტუდიისკენ მიმავალი გოგონა. შენობა სამსართულიანი აღმოჩნდა, კოხტა, გემოვნებით გარემონტებული. მისაღებში საშუალო სიმაღლის შავთმიანი გოგონა შემოეგება.

_ მობრძანდით! მე ვერიკო მქვია! შენ ნინი ხარ, არა? წამოდი, შენს ადგილს გაჩვენებ. იმედია, არ ნერვიულობ, ისეთი არაფერია, რომ ვერ გაერკვე…

კარგი დასაწყისია, ჩაეცინა ნინის. რა დიდი ამბავი უნდა ტელეფონზე პასუხის გაცემას და ყავის მოდუღებას?

დერეფანი გაიარეს და ერთ დიდ, ნათელ დარბაზში ამოყვეს თავი, რომელიც ოთახის მცენარეებით გაელამაზებინათ. ნინიმ მაშინვე იგრძნო დაძაბული სამუშაო ატმოსფერო და თავადაც დაიძაბა. ვერიკო შესასვლელთან მდგარ მაგიდას მიუახლოვდა და შემოტრიალდა.

_ იცი კომუტატორთან მუშაობა? _ იკითხა გოგონამ და როცა ნინიმ თავი დაუქნია, გააგრძელა, _ დამატებითი ნომრები ამ ტაბულაშია ჩამოწერილი. თუ რამეს ვერ გაიგებ, ნებისმიერს თხოვე და დაგეხმარება. ეველინა მალე მოვა და ის უკეთ გაგარკვევს ყველაფერში. მე აზრზე არ ვარ. აქ ერთადერთი ვარ, ვისაც ამის ინჩი-ბინჩი არ გაეგება, _ გულწრფელად გაიცინა ვერიკომ და ლოყაზე ფოსო გაუჩნდა.

…ტელეფონის ზარები არ წყდებოდა. ნინი ნერვიულობდა _ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ყველა ელოდა, როდის ააფრიალებდა თეთრ დროშას დანებების ნიშნად… მაგრამ არა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა, კომუტატორი მისთვის ახალი ხილი არ იყო, ამიტომ თავიდანვე აუღო ალღო აპარატურას.

თორმეტის ნახევარზე ეველინაც გამოჩნდა _ მაღალი, ქერათმიანი ტანწერწეტა ქალი დიდრონი თვალებით.

_ წადი, ყავა დალიე, ცოტა ხნით მე შეგცვლი, _ ისე შინაურულად მიმართა ნინის, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო, _ გითხრა ვერიკომ, სად გვაქვს ბუფეტი? არა? არც მიკვირს. მისგან ეს მოსალოდნელი იყო. დერეფნის ბოლოში, შუშის კარს რომ გაცდები, იქვეა. ერთი ჭიქა მეც წამომიღე, კარგი? რძიანი, ოღონდ უშაქრო.

ნინი მალევე მობრუნდა ორი ფინჯნით ხელში.

_ ევველინა, მითხრეს, რომ თქვენთან ერთი მუშაობს, ლიზიკო ახვლედიანი, ხომ არ იცნობ?

_ როგორ არ ვიცნობ… მგონი, მეხუთე კაბინეტშია. ალბათ ისევ ტირის. არ გაუმართლა საწყალს.

_ ტირის? რატომ, რა მოხდა? _ შეწუხდა ნინი.

_ ისეთი არაფერი… გუშინ ორი ჩაწერილი სცენარი შემთხვევით წაეშალა, რის გამოც პროდიუსერს ვერაფერს დავახვედრებთ. ვიღაცამ ამის შესახებ უნდა უთხრას გადაცემის წამყვანს, მაგრამ ვერავინ ბედავს, მათ შორის ვერც ლიზიკო. ჩვენი ტელეჟურნალისტები, ხომ იცი, როგორი თავაწეულები დადიან, კიტრივით მოაქვთ თავი, როგორ ეკადრებათ ყველაფრის ახლიდან ჩაწერა იმის გამო, რომ რიგითმა თანამშრომელმა მასალა წაშალა? ამიტომაც ტირის.

_ ღმერთო, რა საშინელებაა! _ შეიცხადა გოგონამ, _ წავალ, მოვძებნი.

ლიზიკო ორმოციოდე წლის სიმპათიური ქალბატონი აღმოჩნდა. ის მართლაც მეხუთე კაბინეტში იჯდა და ტირილისგან თვალები ჩაწითლებოდა. ნინი მიესალმა, უთხრა, ვინც იყო და გვერდით მიუჯდა.

_ იქნებ შეიძლება ფაილების აღდგენა? ხომ არ გვეცადა, ქალბატონო ლიზიკო?

ქალმა უიმედოდ ჩაიქნია ხელი.

_ გამორიცხულია! უნდა გამეშიფრა და მერე ამომებეჭდა სცენარი. ყოველთვის ასე ვიქცევი, სანამ გაშიფვრას დავიწყებ, ჯერ თავიდან ბოლომდე მოვუსმენ ხოლმე ჩანაწერს, რომ მერე ადვილად გავარკვიო ტექსტი. ამ დროს შემთხვევით რომელიღაც კლავიშზე დამეჭირა და ყველაფერი წაიშალა. რა მეშველება, გამაგდებენ სამსახურიდან, _ ქალი კვლავ ატირდა.

_ ძალიან გთხოვთ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი მოგვარდება, გული მიგრძნობს, _ მისი დამშვიდება სცადა გოგონამ.

_ არადა, როგორ მინდოდა, კარგად გამომსვლოდა ყველაფერი. ისე მიყვარს მისი გადაცემები… ჯერ არც ერთი არ გამომიტოვებია. საამაყოდ მექნებოდა, მე გავუმზადე მასალები-მეთქი… ამ დროს რა დამემართა?! არ ვიცი, რა უნდა ვქნა… სულ მაფრთხილებდნენ, ეს კაცი ისეთი მკაცრია, მცირე შეცდომასაც კი არავის პატიობსო… ვიცი, აუცილებლად გამათავისუფლებს… _ ამოისლუკუნა ლიზიკომ და ცხვირსახოცი თვალებთან მიიტანა.

_ დაწყნარდით, გთხოვთ. კომპიუტერს ფაილების აღდგენის მილიონი შესაძლებლობა აქვს. ზოგი პროგრამა ავტომატურად აკეთებს დუბლირებას, ზოგი წაშლილ მასალას პირდაპირ სანაგვე ყუთში ყრის. გარდა ამისა, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, პროფესიონალი ჟურნალისტია, თავადაც ექნება დუბლირებული ინფორმაცია შენახული. თუ არადა, იდიოტი ყოფილა და მეტი არაფერი…

ამ დროს ქალს სახე შეეცვალა და ნინიმ დაინახა, როგორ ჩაუდგა ლიზიკოს შიში თვალებში. გოგონამ თავი ნელა მოატრიალა და ტანში ჭიანჭველებმა დაურბინეს _ ზღურბლთან გიო რობაქიძე იდგა. გოგონა თვალებს არ უჯერებდა. მირაჟი ეგონა ეს ყველაფერი! ღმერთო, მაინცდამაინც იმ სტუდიაში როგორ ამოყო თავი, სადაც ეს თავხედი კაცი მუშაობს?!

_ გააგრძელეთ, გააგრძელეთ, საქალბატონე ნინი… _ გიოს ხმაში არქტიკული სიცივე შეინიშნებოდა, _ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ძვირფასი გასაკიცხი სიტყვა გექნებათ შემონახული თქვენს ლექსიკონში… გაგვიზიარეთ, თუ შეიძლება, ნუ მოგერიდებათ! რატომ გაჩუმდით? ენა ხომ არ გადაგეყლაპათ?

ნინის ფერი წაუვიდა, მაგრამ მიხვდა, ახლა უკან დახევა არ შეიძლებოდა. მან ჯერ რობაქიძის უკან მდგარ შეშფოთებულ ეველინას გახედა, მერე _ ლიზიკოს, ბოლოს კი ცნობილ ტელეწამყვანს მიაპყრო მზერა.

_ სულაც არა, პატივცემულო, _ არანაკლებ ცივად უპასუხა გოგონამ, _ უბრალოდ, ვიხსენებდი, რას უწოდებენ იმ ადამიანებს, ვინც სხვის საუბარს უგდებს ყურს… და თამამად გავიმეორებ იმას, რაც წეღან მოისმინეთ. დამწყებმა ჟურნალისტმაც კი იცის, რომ როცა საქმე ტექნიკასთან გაქვს, აუცილებლად უნდა იზრუნო მასალის დუბლირებაზე. არავინ იცის, რა წამს რა მოხდება.

_ ეს დაუდევრობის ბრალია, _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა რობაქიძემ, _ აქამდე თანაშემწესთან პრობლემები არასდროს შემქმნია.

_ მართლა? იქნებ ჯობია, ჯერ საკუთარ შეცდომებზე გაგემახვილებინათ ყურადღება? _ უკან არ დაიხია ნინიმ, _ და, თუ შეიძლება, თქვენი აგრესიული მანერები ტელეეკრანისთვის შეინახეთ! ცხოვრებაში იგი მაინცდამაინც დიდ შთაბეჭდილებას არ ახდენს, _ გოგონა წამოდგა და ლიზიკოს ზურგს უკან დადგა.

_ წამოდით, უკეთესი იქნება, ვნახოთ, რა დაემართა კომპიუტერს.

_ გიო, ბოდიშს გიხდი, ასე რომ მოხდა… მე უკვე გამოვიძახე ხელოსანი, _ თითების ფშვნეტით ალაპარაკდა ეველინა და მამაკაცს წინ გადაუდგა, _ პირობას გაძლევ, ორივეს ახლავე უკან გავუშვებ, ეთერთან და გავაფრთხილებ, რომ ასეთი არაკომპეტენტური თანამშრომლები მეტჯერ აღარ გამოგვიგზავნოს.

_ თუ მხოლოდ ფაილებია გაფუჭებული, მე მისი აღდგენა შემიძლია, _ მშვიდად განაცხადა ნინიმ.

_ თქვენ? იურისტს? მეეჭვება… თქვენ რა იცით კომპიუტერები…

_ მე ბევრი რამ ვიცი… პროგრამისტის კურსები გავლილი მაქვს, _ ყელი თავმომწონედ მოიღერა გოგონამ.

_ არ არის საჭირო, როგორმე თავად გავართმევთ თავს. ახლავე მოვლენ ბიჭები, უკვე გამოვიძახე, _ თავი გამოიდო ეველინამ.

_ კაცმა არ იცის, ისინი როდის მოვლენ, _ გიომ თავი გადააქნია, _ შეიძლება ბევრი შეკვეთა აქვთ და დააგვიანონ. საქალბატონე ნინი კი აქაა, რატომ არ უნდა მივიღოთ მისი დახმარება? _ ირონიულად ჩაილაპარაკა რობაქიძემ.

_ სულ არ გააფუჭოს… _ ვითომ სხვათა შორის წამოისროლა ეველინამ.

_ იმაზე მეტი რა უნდა დამართოს, რაც ჭირს… _ გაიცინა გიომ, _ წამობრძანდით სტუდიაში, ნინი და გვაჩვენეთ ერთი, რა შეგიძლიათ.

წინ მიმავალ ჟურნალისტს სამივე ქალი უკან მიყვა. მესამე სართულზე ავიდნენ. ნერვები დაგლეჯაზე ჰქონდა. ღმერთს ეხვეწებოდა გულში, ოღონდ ახლა არ დამაღალატო და მერე მე ვიციო.

გიო ოდნავ განათებულ დარბაზში შევიდა და განაპირას მდგარ ყველაზე დიდ მონიტორს მიუახლოვდა.

_ აი, ეს არის და იგი თქვენს განკარგულებაშია, _ დამცინავი ნაპერწკლები აუთამაშდა მამაკაცს თვალებში.

_ გასაგებია… ვეცდები, გავიგო, რა ჭირს, ოღონდ გთხოვთ, თავზე ნუ დამადგებით. ვერ ვიტან, როცა მუშაობისას თვალყურს მადევნებენ, _ კატეგორიული ტონით მოითხოვა და სკამი გამოსწია.

_ კარგი, ჩვენ ხელს არ შეგიშლით, მიხედეთ საქმეს.

_ დრო რამდენი მაქვს?

_ რამდენიც გაგიხარდებათ, მთავარია, საქმე გაკეთდეს, _ ცივად თქვა რობაქიძემ და გატრიალდა.

ეველინა უკან მიჰყვა თავის უფროსს, თან თვალით ანიშნა ლიზიკოს, შენც წამოდიო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ნინი მარტო დარჩა დარბაზში. არა, რადაც უნდა დაუჯდეს, გააკეთებს, თორემ წასულია მისი საქმე ხელიდან. სირცხვილი თუ ჭამა, მორჩა! თავი აღარ გამოეყოფა! ის მართლა კარგად ფლობდა კომპიუტერს, მაგრამ მსგავსი აქამდე არაფერი უნახავს. ხედავ, თურმე, როგორი ტექნიკა უდგათ სტუდიებში? აქამდე ეს არ იცოდა!

კარგა ხანს იჩხირკედელავა და ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, რა იყო პროგრამაში არეული. გაიხსენა ყველაფერი, რაც კი ოდესმე ესწავლა და როცა ყველაფერს მორჩა, პროგრამების გადატვირთვა დაიწყო. სამუშაო დრო სამი საათით უკან გადაიყვანა და წაშლილი ფაილების დირექტორიაში შევიდა. დააჭირა ღილაკს «აღდგენა» და დაელოდა… როგორც იქნა, დინამიკში ნაცნობი ხმა გაისმა. ნინის სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა. არის! მან შეძლო ეს! მან აღადგინა სცენარი! სასწრაფოდ დაიწყო ორივე სცენარის დუბლირება და მოუსვენრად აცმუკებულმა თითები მაგიდაზე აათამაშა. თან სახეზე გამარჯვების ღიმილი დასთამაშებდა.

უცებ გაიგონა, როგორ გაიღო ზურგს უკან კარი და მის სმენას ვერიკოს ნათქვამი მისწვდა.

_ ხელოსანი მოვიდა, შეგიძლია წამოხვიდე!

_ ახლავე, მაგრამ მე უკვე მოვრჩი, ორ წუთში დამთავრდება დუბლირება და ყველაფერი მზად იქნება! ასე რომ, უთხარით პატივცემულ რობაქიძეს, ყურადღებით იყოს, კიდევ არ დაკარგოს თავისი ძვირფასი სცენარები! _ საზეიმო ხმით წამოიძახა ნინიმ და ნიშნის მოგებით გახედა გოგონას.

_ მართლა აღადგინე? _ ეჭვი შეეპარა ვერიკოს, _ არ არსებობს! არ მჯერა შენი!

_ ეგ შენი პრობლემაა! _ მხრები აიჩეჩა გოგონამ, _ მე ჩემი გავაკეთე! _ თქვა და წამოდგა.

ის იყო, კარისკენ წავიდა, რომ დარბაზში გიო გამოჩნდა.

_ მაჩვენეთ, აბა, რა ჩაიდინეთ! _ ცალწარბაწეულმა ბრძანების კილოთი მიმართა.

_ ყველაფერი აქ არის. იმედია, იცით, რომელ კლავიშს უნდა დააჭიროთ, რათა შეამოწმოთ. ჩათვალეთ, რომ მე აქ უკვე აღარ ვარ! _ ცივად წარმოთქვა, მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა და გავიდა.

იგი პირველ სართულზე ჩამოვიდა და ეველინას მაგიდას მიუახლოვდა, რათა თავისი ჩანთა აეღო და აქედან რაც შეიძლება, სწრაფად წასულიყო.

_ ნინი, გიომ დარეკა, ახლავე უკან დაბრუნდესო, _ აცნობა მან უკმაყოფილო ხმით.

_ მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია, _ უკმეხად მოუჭრა გოგონამ და სტუდია დატოვა.

ქუჩაში გამოსვლისთანავე გააჩერა სამარშრუტო ტაქსი და ისე ჩაჯდა, მისი მარშრუტით არც დაინტერესებულა. ოდნავ მოეშვა. მაშ ასე, ეთერს იმედები გაუცრუა, მისკენ ყველა გზა მოჭრილია… რა უნდა ქნას? ეს არაფერი, მთავარია, მივიდეს მასთან და ლიზიკოზე დაელაპარაკოს. შეეცოდა ის ქალი…

არა, ეგ ეველინა რა უტანელი ვინმეა?! ვის არ გაუძნელდება მის გვვერდით მუშაობა! სამაგიეროდ, თავის ბოსს სასიამოვნო კომპანიას უქმნის. ორივე ერთნაირია და იმიტომ! _ თავის თავთან საუბარს აგრძელებდა გოგონა. გიო რობაქიძე ისე იქცევა, თითქოს დედამიწის ღერძი იყოს. რომ სცოდნოდა ნინის, იგი დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობდა, სათოფეზეც არ გაეკარებოდა იქაურობას! იმ ატმოსფეროში, რაც იქ სუფევს, არანაირი ფული არ მოგინდება!

რომელიღაც გაჩერებაზე ტაქსიდან ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა. როგორც იქნა, მიაღწია სახლამდე და სულის მოთქმაც ვერ შეძლო, რომ ტელეფონმა დარეკა.

_ სად დამეკარგე, ნინი? _ ეს ეთერი იყო, _ როგორ გრძნობ თავს დღის გმირის როლში?

_ არ მესმის, რას გულისხმობთ, ქალბატონო ეთერ, _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა.

_ როგორც ჩანს, შენ იქამდე წამოხვედი, სანამ დაგაწინაურებდნენ, _ გაიცინა ქალმა, _ აღმოჩნდა, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომელი დეკრეტულ შვებულებაში გადის და გადაწყვიტეს, შენ აგიყვანონ მის ადგილზე. ვფიქრობ, სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინე მათზე.

_ ხუმრობთ?

_ არა, სრულიად სერიოზულად გელაპარაკები. დაწვრილებით მომიყვნენ, როგორ გადაარჩინეთ სცენარები წაშლას. ისინი კი არა, მეც აღფრთოვანებული დავრჩი… ასე რომ, მითხარი, რა ვუთხრა?

_ არ ვიცი… შეიძლება, ცოტა ხანი მაცალოთ? მოვიფიქრებ…

_ მდააა… შეიძლება, რა თქმა უნდა… _ გაოცება შეეტყო ეთერს ხმაში, _ მაგრამ რაშია პრობლემა? ასეთ სამსახურს ყოველდღე რომ არ შემოგთავაზებენ, ხომ იცი… თან იქ კარგი სიტუაციაა…

_ მართლა? _ მშრალად იკითხა ნინიმ, _ ვინ გითხრათ? ამის შესახებ ერთხელ მაინც თუ დალაპარაკებიხართ ლიზიკოს?

_ მე არ უნდა გამეშვა იგი სტუდიაში, ეს შეცდომა იყო, _ ამოიოხრა ქალმა, _ მისთვის უკვე ვეძებ უფრო მშვიდ სამუშაოს, მაგრამ შენ სხვა ხარ. შენისთანები გაძლებენ იქ, დარწმუნებული ვარ. მეგონა, გაგახარებდით ახალი ამბით.

_ იქნებ მეც სხვა ადგილი მირჩევნია… იმედია, ამის გამო შავ სიაში არ ჩამსვამთ?

_ რას ამბობ, ჩემო კარგო, რა შავი სია… თუ არ გინდა, სხვა რამეს გამოგინახავ, მაგრამ ვერ შეგპირდები, რომ ასეთი საინტერესო იქნება… ვეცდები, ყოველ შემთხვევაში.

_ კარგი, დიდი მადლობა… პასუხისთვის აუცილებლად დაგიკავშირდებით.

აი, ამას კი არაფრით ელოდა. მას შემდეგ, რაც სტუდიაში გადახდა, ვერც წარმოიდგენდა, თუ უკან დაუძახებდნენ. ღირს ალბათ დათანხმება, თუნდაც იმიტომ, რომ ეველინას დაჯღანული სახე დაინახოს… მაგრამ რობაქიძე? მის ფიზიონომიას რა აიტანს ყოველდღე?

ცოტა რომ დაისვენა, მაღაზიაში გადაწყვიტა წასვლა პროდუქტებისთვის. ის იყო, ჭიშკარი მიხურა და მოტრიალდა, რომ უცაბედად ვიღაც მამაკაცი შეეჯახა. არც შეუხედავს, ისე ჩაიბურტყუნა რაღაც მობოდიშების ნიშნად. ამ დროს ნაცნობი ხმა შემოესმა.

_ კიდევ კარგი, მოგისწარით.

_ თქვენს ადგილას, აქ საერთოდ არ მოვიდოდი, _ ამრეზით წარმოთქვა გოგონამ.

_ შემთხვევით არ აღმოვჩენილვარ აქ, რომ იცოდეთ. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ მადლობის სათქმელად მოვედი…

_ ჩათვალეთ, რომ უკვე მითხარით, _ ცივად გაიღიმა ნინიმ, _ მაპატიეთ, მეჩქარება…

_ და კიდევ… მინდა… სადმე ვახშმად დაგპატიჟოთ…, _ გააგრძელა გიომ და გოგონას წინ გადაუდგა, _ და არ მითხრათ, რომ დაკავებული ხართ, იმიტომ, რომ ეს არ იქნება მართალი.

_ არ არის გამორიცხული, რომ მართლა არ მეცალოს… _ ამოილუღლუღა.

_ როგორც ვიცი, თორნიკეს ამ საღამოს რაღაც საქმეები აქვს… _ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა გიომ და ნინის მოეჩვენა, რომ მამაკაცმა ამწუთას პირველად შეხედა მას, როგორც რეალურ ადამიანს… უფრო მეტიც, როგორც ქალს…

ამის გაფიქრებამ უცნაური გრძნობა გაუჩინა _ რაღაც გარდამავალი შიშსა და სიამოვნებას შორის.

_ ნინი, _ რბილად წარმოთქვა მამაკაცმა მისი სახელი, _ მართლა მადლობელი ვარ იმისთვის, რაც დღეს გააკეთეთ… ამიტომაც მინდა ეს მადლიერება რაღაცნაირად გამოვხატო. არ დამთანხმდებით ვახშამზე? არ ვიკბინები, ნუ გეშინიათ…

ნინიმ დაჟინებული მზერა მიაპყრო.

_ თუ გინდათ, მადლობა გადამიხადოთ, მე და თორნიკეს თავი დაგვანებე.

გიო წამით გაქვავდა, მერე კი ირიბად გაიღიმა.

_ კარგი, თანახმა ვარ.

_ თანახმა ხართ? _ გაოგნდა.

_ ჰო, რა იყო?.. ახლა კი, რადგან ზავი ჩამოვაგდეთ, არ ვივახშმოთ ერთად? უკვე მესამედ გეკითხებით…

ინსტინქტი, გონება, ჯანსაღი აზრი… სამივე ერთად აუჯანყდა გოგონას მამაკაცის წინააღმდეგ და ის იყო, უარის სათქმელად პირი გააღო, რომ…

_ გმადლობთ… დიდი სიამოვნებით, _ მისდა უნებურად წამოცდა.

_ მესმის, რომ სიამოვნებით არ მთანხმდებით, მაგრამ არა უშავს, _ ფართოდ გაიღიმა რობაქიძემ, _ ვინ იცის, რა იქნება მერე. იქნებ მალე მართლაც ასე იფიქროთ… _ და ისე შეხედა, როგორც ვიღაც განსაკუთრებულს, _ რვა საათზე გაწყობთ? გამოგივლით, _ სწრაფად დაასრულა და პასუხს არ დალოდებია, ისე გაემართა იქვე მდგარი მანქანისკენ.

ნინი გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა მიმავალს.

8 8 8

შინ დაბრუნებულ გიოს თორნიკე სამზარეულოში დახვდა, ლუდის ბოთლით ხელში.

_ პრივეტ! ლუდი არ გინდა? _ თორნიკემ ფეხი ფეხზე გადაიდო.

_ არა, გმადლობ. რაღაც მინდოდა მეთქვა… ამაღამ გვიან მოვალ, შესაბამისად, სხვაგან ვივახშმებ… შენ რამ მოგიყვანა ასე ადრე? მეგონა, გვიანობამდე მუშაობდი.

_ კლიენტს უნდა შევხვედროდი, მაგრამ გადაიდო. ასე რომ, საღამოს კაზინოში წავალ. ტანსაცმლის გამოსაცვლელად შემოვირბინე, _ უპასუხა თორნიკემ და ცოლის ბიძაშვილს გამჭოლი მზერა ესროლა, _ ვინ არის ის ბედნიერი? ერთ-ერთი შენი ლამაზმანი?

_ ამ დროს სულ პირიქით… _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გიომ და ზურგი აქცია.

ზიზღი დაეუფლა სიძის მიმართ. ღმერთო, რა უცნაური გრძნობაა სიყვარული, ნუთუ შეიძლება ასეთი ბედოვლათის გვერდით წლების განმავლობაში იცხოვრო? როგორ მეცოდება თაკო… და ნინიც…

_ გინდა მითხრა, რომ ერთი შეხედვისთანავე არ ჩაგიხტა საწოლში? მაგას ვვერ დავიჯერებ, _ უშნოდ გადაიხარხარა თორნიკემ, _ ალბათ უნიკალური ქალია.

გიომ ცივად გაიღიმა.

_ შესაძლებელია… ამიტომაც იმსახურებს ჩემგან განსაკუთრებულ ყურადღებას.

_ გავიგე! _ მამაკაცმა თვალი ჩაუკრა, _ არავითარი პრობლემა, ძმაო! აბა შენ იცი… ესე იგი, ამაღამ არ მოხვალ, არა?

_ აუცილებლად დავბრუნდები.

_ ესეც გასაგებია… ესე იგი, ასე ადვილად ხელმისაწვდომი არ არის, ხომ? მეჯავრება ასეთებთან ურთიერთობა… არ მიყვარს, როცა ქალს ხვეწნა და დევნა სჭირდება…

აჰა! მივხვდი! _ გაიფიქრა გამოცოცხლებულმა გიომ, გამოდის, რომ «საუკუნის რომანი» არც ისე ადვილად მიმდინარეობს… თუმცა… ლელუკამ ხომ უთხრა, შენი სიძე წუხელ ჩემს მდგმურთან ათევდა ღამესო? ეგ როგორ გავიგოთ მაშინ?

_ მე არ მაქვს გართულება… თანაც, ამწუთას ის თავისუფალი არ არის… სხვას ხვდება.

_ და გინდა, მის ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანო? _ ისევ გადაიხარხარა თორნიკემ, _ მაგარი ხარ! ალბათ ეჭვადაც არა აქვს, ვისთან აქვს საქმე.

_ მაგის იმედი მაქვს… კარგი, შევალ ახლა აბაზანაში.

_ მოიცა, სანამ შეხვალ, რაღაც მინდა გითხრა… დიდი მადლობა, რომ შემიფარე, მაგრამ არ მინდა შეგავიწროო, ამიტომ გადავწყვიტე, ბინა ვიქირავო და ცალკე გადავიდე.

_ მერე? თაკო რას ამბობს, თანახმაა?

თორნიკეს სახე შეეცვალა.

_ ამ საკითხზე მასთან არ მისაუბრია. ჯერ ბინა უნდა ვიშოვო… ქალების ამბავი ხომ იცი… თუ არ მოეწონა…

_ გასაგებია… როგორც გინდა… წარმატებებს გისურვებ, _ გაღიზიანებულმა გიომ მხარზე დაჰკრა ხელი სიძეს და თავის ოთახში მიიმალა.

888

გიო ქარივით შევარდა თავის საძინებელში. ბრაზი ახრჩობდა. წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ გაიძვერა თორნიკე ბინას ნებისმიერი ქალისთვის დაიქირავებდა, მაგრამ არა ცოლისთვის. საწყალი თიკო… კიდევ კარგი, იცის, რა ნაგავი ქმარიც ჰყავს. რა ცუდია, რომ არ გაუმართლა!

სწრაფად გაიძრო ტანთ, ხალათი გადაიცვა და აბაზანაში შევარდა. არც ახსოვს, პირველად როდის გაუელვა თავში ნინის «შებმის» იდეამ, რათა იგი თორნიკესთან დაეცილებინა. ეს თავხედი გოგონა გონებიდან არ ამოსდიოდა მას შემდეგ, რაც სახლში შეეჭრა და თავისი სასიყვარულო ამბები მიამიტურად დაფქვა. იმწუთას ერთი სული ჰქონდა, გემრიელად გამოელანძღა, გაეგდო და ყველაფერი მოეყოლა თაკოსთვის, მაგრამ როცა კარგად გაიაზრა, მიხვდა, რომ ასეთი საქციელით თვითონ იქნებოდა დამნაშავე მათი ოჯახის დანგრევაში. არადა, ამას წინათ ესაუბრა ტელეფონზე ბიძაშვილს, რომელმაც უთხრა, ვეცდები, როგორმე შევინარჩუნო ოჯახიო.

გიო ვერაფრით მიმხვდარიყო, ორ არაჩვეულებრივ და სხვებისგან გამორჩეულ ქალს რა ძალა ედგა, თორნიკეს შესანარჩუნებლად ებრძოლა. ან იქნებ, ისეთი ღირსებები აქვს, მისთვის რომ უცნობია? ან, უბრალოდ, კარგი მამრია და მეტი არაფერი? ალბათ როგორც თაკოსთვის, ასევე ნინისთვისისაც პირველი მამაკაცი იყო და იმიტომაც აღმერთებენ,  _ ცინიკურად ჩაიღიმა გასაპნულმა და სხეული ცხელ წყალს მიუშვირა.

«ვნახოთ, როგორ შეხვდება ის გოგო ჩემგან ფლირტს. ქალებთან ჯერ ჩავარდნა არ მქონია, დავიჯერო, მაინცდამაინც ის აღმოჩნდება კერკეტი კაკალი? სულერთია, თორნიკესთან მაინც არაფერი გამოუვა, იმ შემთხვევაშიც კი, ეს დეგენერატი თაკოს რომ გაშორდეს», _ გაიფიქრა გიომ და გამშრალებას შეუდგა…

თან იცვამდა, თან ნინიზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. თვალწინ ედგა გოგონას ნაზი, თხელი, აშოლტილი სხეული და სიწმინდე, რომელსაც მისი თვალები აფრქვევდა… ასეთ ქალს რა საერთო უნდა ჰქონდეს თორნიკესნაირ გარეწართან, ნუთუ უკეთესი ვერავინ იპოვა? ან სად გაიცნო? ან რითი მოიხიბლა? რა სულელები არიან ეს ქალები! არა, რატომ აწუხებს ეს აზრი? კარგია და იყოს თავისთვის, რა თავში იხლის. მისთვის ახლა მხოლოდ ის არის მთავარი, როგორმე თავის სიძეს დააშოროს.

8 8 8

«იდიოტო, შტერო, შეშლილო!» _ ტუქსავდა ნინი თავის თავს, თან წამწამებს დიდი გულმოდგინებით იტუშავდა. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, როგორ დათანხმდა რობაქიძეს პაემანზე… თუ ვახშამზე?.. პაემანია, აბა რა?! რაც უნდა იკატუნოს თავი, მაინც ასე გამოდის! რამ გააგიჟა? თვალებში სინათლე წაუვიდა, როცა შემოთავაზება მიიღო. მერე რა, რომ დაეხმარა და ფაილები გადაურჩინა? ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ მასთან ვახშმობა დაემსახურებინა. ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული? ამას ხომ ხელოსანიც ადვილად გაართმევდა თავს? უბრალოდ, დრო მოიგო და მეტი არაფერი. და საერთოდ, გიოს შავი ხელნაწერებითაც შეეძლო სცენარების აღდგენა, არ გაუჭირდებოდა. ასე რომ, მისგან მადლიერების გამოხატვა ნამდვილად გადაჭარბებული იყო. საეჭვოა, რატომ დაპატიჟა ვახშმად? არა, აქ რაღაც სხვა ხდება, რასაც ნინი ჯერჯერობით ვერ ხსნის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მათ შორის ამ დღეებში მოხდა.

არა, მაინც რატომ გაანერვიულა ასე ამ ვახშამმა? მერე რა, რომ რობაქიძესთან ერთად უნდა წავიდეს რესტორანში? შინ უსაქმოდ ყოფნას და თორნიკეს ზარის მოლოდინს მასთან ვახშმობა არ ჯობია? ცოტას გაერთობა კიდეც.

სარკეში ჩაიხედა… ნაცრისფერი უსახელო კაბა ძალიან უხდებოდა. ზედა სამი ღილი ჩახსნა და მკერდის ღარი ოდნავ გამოიჩინა. ასე უკეთესია, უფრო სექსუალურს ხდის. ვინ იცის, იქნებ თავგზაც აუბნიოს საყოველთაოდ ცნობილ მექალთანეს და ტელეჟურნალისტს! კმაყოფილმა ჩაიღიმა და ვარდისფერი პომადა გულმოდგინედ გადაისვა ლამაზ ტუჩებზე.

ზუსტად რვა საათზე კარზე კაკუნი გაისმა. გიორგი რობაქიძე ზედმიწევნით პუნქტუალური აღმოჩნდა. რა სასაცილო იქნება ახლა, ნინიმ კარი რომ არ გაუღოს! ისე, ღირსი კი არის! გემრიელად გადაუხდიდა სამაგიეროს ძველი წყენისთვის! არა, არა, ასე არ შეიძლება! ისედაც აღრენილია ეს კაცი მასზე. სახეზე ღიმილი აიკრა და კაი გამოაღო.

_ საღამო მშვიდობისა, _ მიესალმა სტუმარს.

_ საღამო ნებისა, _ დაუბრუნა პასუხი გიომ და წითელი ვარდების თაიგული მიაწოდა, _ მცირედი სუვენირი ჩვენი შერიგების ნიშნად.

_ ო! რა ლამაზია! _ აღფრთოვანებულმა ნინიმ ყვავილები დაყნოსა, _ რა არომატი აქვს… დიდი მადლობა. ახლავე ლარნაკში ჩავდებ.

_ გამყიდველმა მითხრა, ჯერ აბაზანაში ჩადგით, რომ წყლით კარგად გაიჟღინთოს და მერე დიდხანს არ დაჭკნებაო, _ გიო ოთახში შემოვიდა და კარი მიხურა.

_ მაშინ, როცა დავბრუნდები, მერე გადავიტან ლარნაკში, _ მორჩილად დაეთანხმა გოგონა და თაიგული სააბაზანოში შეიტანა.

მართალია, გიო თორნიკეზე მაღალი არ იყო, სამაგიეროდ, ბევრად დაკუნთული ჩანდა. ფართო მხარ-ბეჭი უფრო სპორტულს აჩენდა მის სხეულს. ნათურის შუქზე შავი თმა აბრეშუმივით უბზინავდა. კრემისფერი შარვალი და მაისური ეცვა, რაც უფრო მომნუსხველს ხდიდა მის ხორბლისფერ სახეს. ეს ყველაფერი ნინიმ თვალის ერთი შევლებით შეამჩნია…

_ ფრანგულ რესტორანში მინდა დაგპატიჟოთ… გაგისინჯავთ ფრანგების კერძები? იმიტომ, რომ… თუ არ მოგწონთ…

_ გამისინჯავს და ძალიან მომწონს, _ არ დაამთავრებინა გოგონამ.

ქუჩაში გამოვიდნენ თუ არა, ტაქსიც გამოჩნდა და გიომ ხელი დაუქნია.

_ აი, ეს მესმის! _ სიცილი ვერ შეიკავა ნინიმ, როცა მანქანაში ჩასხდნენ, _ ყველაფერი ასე ადვილად გამოგდით ცხოვრებაში?

_ არა, _ ეშმაკურად ჩაიღიმა გიომ, _ აი, მაგალითად, თქვენთვის სამჯერ მომიხდა თხოვნა, ვახშმად გამომყოლოდით.

_ იმიტომ, რომ მეგონა, არასერიოზულად მეუბნებოდით…

_ თქვენ მე გადამარჩინეთ დღეს. რატომ უნდა დაგრჩეთ ვალში?

ნინი ოდნავ შეცბა, რადგან მამაკაცის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა.

_ ეს არ იყო ძნელი… ხელოსანიც იგივეს გააკეთებდა.

_ მაგრამ არავინ უწყის, როდის მოვიდოდა იგი… თანაც, არ მოგექეცით კეთილსინდისერად. მაპატიეთ, უხეშად რომ გელაპარაკეთ, მაგრამ არ ველოდი, ასე ადვილად თუ გაართმევდით საქმეს თავს, არაკომპეტენტური მეგონეთ.

_ ღმერთო ჩემო, ჯერ მადლობა გადამიხადეთ, ახლა ბოდიშს მიხდით… _ მოჩვენებითი გაკვირვება აესახა ნინის სახეზე, _ რა რევერანსი იქნება შემდეგი?

_ ეს იმაზეა დამოკიდებული, რა მოგვინდება ერთმანეთისგან… _ მრავალმნიშვნელოვნად გაისმა მამაკაცის ხმა.

გოგონამ არ შეიმჩნია.

_ რესტორნის მფლობელი ფრანგია და მზარეულიც… არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებენ. ოდესმე ყოფილხართ საფრანგეთში?

_ არა, არასდროს.

_ ოოო! ეგ უნდა ნახოთ!

_ სურვილი კი მაქვს, მაგრამ შესაძლებლობა _ არა, _ თქვა გოგონამ და დანანებით გაიფიქრა, საუკეთესო ადგილია თაფლობის თვის გასატარებლადო.

_ ოღონდ რომანტიკული მიზნით თუ გაემგზავრებით, უკეთესი იქნება, _ დაამატა გიომ, თითქოს გოგონას ფიქრს მიუხვდაო.

აბა, აბა, ნინი! ნუ იქნები ბოლომდე გულგახსნილი ამ კაცთან, ვერ ხედავ, სხვისი აზრების გამომცნობ ექსპერტთან რომ გაქვს საქმე? _ შეუძახა თავის თავს გულში.

რესტორანი საოცრად მყუდრო და ლამაზი აღმოჩნდა. ყველა მაგიდაზე მინიატურული ლამპა იდგა, კრემისფერი აბაჟურით შემოსილი.

ახალგაზრდა ოფიციანტმა წყვილი კუთხის მაგიდასთან მიაცილა. ეს ერთადერთი ცარიელი მაგიდა იყო მთელ დარბაზში. გიოს ყველა იქ მყოფი ინტერესით აყოლებდა თვალს, განსაკუთრებით ქალები… ზოგი კმაყოფილი ღიმილით აცილებდა, ზოგი კი დაჟინებული მზერით უცქერდა. ყველა ცნობდა მამაკაცს. ნინის ეს არ გამოპარვია. თვითონაც გრძნობდა მანდილსნების შურიან მზერას, ალბათ აფასებდნენ, იყო თუ არა გიოს შესაფერისი პარტნიორი. წამითაც არ დაკომპლექსებლა ამით. მერე რა, თუ იმ ქალების დონის არ არის, რობაქიძესთან ერთად რომ ვახშმობენ რესტორანში. იმედია, მასთან გატარებული ამ ერთი საღამოთი მისნაირი ცნობილი სახე დიდად არ დაზარალდება.

ამის გაფიქრებაზე ოდნავ შეცბუნდა და მიუჯდა თუ არა მაგიდას, სახე მუყაოს მენიუში ჩარგო… თითქოს შერცხვა კიდეც…

_ რამე განსაკუთრებული ხომ არ გინდათ შევუკვეთო? _ ჰკითხა გიომ.

_ არა, გმადლობთ. ახლაღა მივხვდი, რომ შიმშილით გული მიწუხს… სულერთია, რას შევჭამ, _ აღიარა გოგონამ.

_ გინდათ მითხრათ, რომ დიეტას არ იცავთ და ყველაფრის ჭამის უფლებას აძლევთ თავს? ღმერთო ჩემო, ეს საღამო უნდა დავიმახსოვრო. პირველად მოვხვდი მანდილოსანთან, რომელიც არანაირ კერძს არ გაურბის. ჩემ გვერდით ყველა დიეტაზეა ხოლმე… მაშინ დავიმძიმოთ კუჭი და «სულერთიას» მივეძალოთ, რას იტყვით?

_ რატომაც არა? _ მიმზიდველად გაიღიმა ნინიმ, _ სულერთია, რას მივირთმევთ, მთავარია, დავნაყრდეთ.

ახლა ისეთ ხასიათზე იყო, უნდოდა, მოშვებულიყო, დინებას ნება-ნება მიჰყოლოდა, მაგრამ შინაგანი ხმა მაინც ჩასძახოდა, სიფრთხილე გამოეჩინა.

გიომ შეკვეთა მისცა. რამდენიმე წუთში ოფიციანტმა თეთრი სალათა, ერთი ბოთლი წითელი «ბორდო» და ქართული «ნაბეღლავი» შემოდგა მაგიდაზე.

_ სანამ სხვა რამეებსაც მოიტანენ, ჩვენ დრო არ დავკარგოთ, კარგი? _ შეჰღიმა გიომ, _ რისი სადღეგრძელო დავლიოთ?

_ ბედნიერების! _ გამომწვევად უპასუხა ნინიმ და თვალი თვალში გაუყარა.

_ მოსულა! ბედნიერების იყოს! _ თითქმის იმავე ინტონაციით გაიმეორა რობაქიძემ, ბოკალი ბოკალს მიუჭახუნა და დაამატა, _ როგორიც არ უნდა იყოს იგი!

ნინიმ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ნართაულს ვერ მიუხვდაო.

_ თქვენ ბედნიერი ხართ? _ ჰკითხა გიომ.

_ ვფიქრობ, რომ ვარ.

_ აქაც, თბილისში?

_ რატომაც არა. მართალია, ახალი ჩამოსული ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი.

_ ეგ კარგია… მითხარით, ასე კარგად როგორ ერკვევით კომპიუტერულ ტექნიკაში?

ნინიმ მხრები აიჩეჩა.

_ ბავშვობიდან მიყვარდა ჩხირკედელაობა. თანაც, პროგრამისტად ვმუშაობდი ბანკში, სანამ იურისტის დიპლომს ავიღებდი… წიგნებსაც ვაკაბადონებდი თავის დროზე…

_ ასეთმა პატარა გოგომ ამდენი როდის მოასწარით?

_ არც ისე პატარა ვარ… მალე ოცდაექვსის გავხდები.

_ გასაგებია… და ასეთი სპეციალისტი, თანახმა ხართ, ნებისმიერი სამუშაო შეასრულოთ, ოღონდ თბილისში დარჩეთ?

_ ჰო, _ გამომწვევად გახედა ნინიმ, _ რა არის ამაში სათაკილო?

_ არ ვიცი… მაგრამ მგონია, რომ დიდი მსხვერპლის გაღებამ მოგიწიათ, აქ რომ ჩამოხვედით.

_ ვიმედოვნებ, რომ ეს მსხვერპლი ტყუილად არ გამიღია… _ მრავლისმეტყველად თქვა.

_ ჰო, რა თქმა უნდა… ღმერთმა ქნას, ხვალაც ასე იფიქროთ და ზეგაც…

_ რას გულისხმობთ? _ კოპები შეკრა გოგონამ.

_ მხოლოდ იმას, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება თქვენც ერთი რიგითი, უინტერესო თბილისელი გახდეთ, _ გიომ კვლავ ჩამოასხა სასმელი, _ მე მგონი, ეს საღამო ორივეს სასიამოვნოდ დაგვამახსოვრდება და მოდით, შეწყვიტეთ ჩემს ყოველ სიტყვაში დაფარული აზრების ძებნა.

_ გინდათ მითხრათ, რომ იგი არ არის? _ ღიმილით შეეკითხა ნინი.

_ რა თქმა უნდა, არა, _ ხმამაღლა გაიცინა მამაკაცმა, მის სახეზე დაბნეულობა რომ შენიშნა, _ სიმართლე გითხრათ, დღეს მთხოვეს კიდეც, მოგელაპარაკოთ ჩვენთან სამსახურის დაწყების თაობაზე, თუმცა, გავიგე, რომ მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოგიხატავთ ამ შემოთავაზებით. ამიტომაც ახლა უნდა ვეცადო, ისე მოგხიბლოთ, რომ დაგითანხმოთ.

_ არ მესმის, რაში გჭირდებათ ეს?

_ რატომ არ მჭირდება? ანგელოზივით ხასიათი გაქვთ… მომხიბვლელი ხართ, უფრო მეტიც _ თავბრუდამხვევად ლამაზი… და საერთოდ, თქვენისთანა ლამაზმანის ოფისში ყოლა ერთი სიამოვნებაა… გარდა ამისა, არაჩვეულებრივად ფლობთ ტექნიკას, რაც ნამდვილად უნიკალურს და შეუცვლელს გხდით. კომპიუტერი შეიძლება ხვალაც გაფუჭდეს…

_ არა მგონია… თუნდაც ასე იყოს, ნებისმიერ ხელოსანს შეუძლია მისი შეკეთება, _ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია ნინიმ.

_ ვიცი… მაგრამ ჩემი სურვილია, თქვენ ჩემს განკარგულებაში იმყოფებოდეთ!.. თანაც გამუდმებით, _ შემპარავად წარმოთქვა გიომ და თვალი თვალში გაუყარა, _ თუ სიმართლე გაინტერესებთ, დიდად არ მიყვარს კომპიუტერი, რომ შემეძლოს, ბატის ფრთით უფრო სიამოვნებით დავწერდი.

ამ დროს ოფიციანტმა პირველი კერძი მოიტანა _ ნივრიანი პური პაშტეტით, ტომატითა და ზეთისხილით.

_ აუჰ! _ შესძახა ნინიმ, პირველი ლუკმა რომ ჩაკბიჩა, _ როგორი მძაფრი სურნელი ასდის!

_ იცით? ნივრის სუნისგან უხერხულობა რომ არ იგრძნოთ, პარტნიორთან ერთად უნდა მიირთვათ… ამას ისე გეუბნებით, მომავალში რომ გაითვალისწინოთ, _ ეშმაკურად დაამატა, _ იქნებ სხვა დროს თორნიკესთან ერთად მოგინდეთ აქ შემოსვლა.

_ მოდით, აქ მაინც ნუ ვილაპარაკებთ მასზე! _ მკაცრად შენიშნა გოგონამ.

_ მაპატიეთ, შემთხვევით წამომცდა, _ ხელები დამნაშავესავით ასწია რობაქიძემ, _ აჯობებს, ვჭამოთ.

სასიამოვნო საღამო გამოუვიდათ. ისინი საუბრობდნენ, ცდილობდნენ, საჩოთირო თემებს არ შეხებოდნენ. გიო გოგონას ცნობილი ადამიანების ცხოვრების სასაცილო ისტორიებით ართობდა. უყვებოდა ყველაფერს, რაც მუშაობის დროს თავს გადახდენოდა. შემდეგ ნინის გამოჰკითხა თავის ბავშვობაზე, მშობლებზე, მიზნებსა და ოცნებებზე. მასაც გადაავიწყდა, მის წინ ცნობილი ჟურნალისტი რომ იჯდა და გულახდილად პასუხობდა მის ყველა შეკითხვას.

ოფიციანტმა ბოლოს დესერტი შემოიტანა _ ხილი, ნამცხვარი და ყავა…

ვახშმის ბოლოს გოგონამ შეამჩნია, ზედმეტი ჭამისგან როგორ ასკდებოდა კაბაზე ღილები.

_ არაჩვეულებრივი საღამო იყო, _ აღტაცება ვერ დამალა ნინიმ და მუცელზე ხელი აიფარა.

_ მიხარია, რომ მოგეწონათ… იქნებ ამ ვახშამმა გაალღოს თქვენი ყინულის გული და დათანხმდეთ ჩვენი სტუდიის წინადადებას? არ იმუშავებთ ჩვენთან?

_ არ ვიცი… თქვენი ატმოსფერო მაინცდამაინც გულთან ახლოს არ მოდის…

_ თუკი მხოლოდ ეგ გაფერხებთ, დაგამშვიდებთ. თქვენ მარტო ჩემთვის არ იმუშავებთ…

_ ოუ! თქვენ არ მიგულისხმიხართ! მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მე და თქვენ ზავი დავდეთ… იქაური კოლექტივი ვიგულისხმე.

_ მაგრამ ეს ზავი მხოლოდ დროებითია… მე კი ვისურვებდი, მყარი მშვიდობა დაგვემყარებინა ერთმანეთთან. ამაზე რას იტყვით?

ნინი სრულიად დაიბნა. სახეშეფაკლულმა თვალები დახარა და ჩუმად წარმოთქვა.

_ თანახმა ვარ, თუკი თქვენი სურვილიც იქნება.

_ ძალიან მინდა… დამიჯერეთ…

გოგონას უცნაური გრძნობა დაეუფლა… თითქოს ორივენი რომელიღაც ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებოდნენ, დანარჩენი მსოფლიოსგან განცალკევებით. გიოს სიტყვები თითქოს თითებივით დასრიალებდნენ მის კანზე, რაც ნინიში სასიამოვნო თრთოლვას იწვევდა…

თვალებდახრილს ეშინოდა, ზემოთ აეხედა და მამაკაცისთვის მზერა გაესწორებინა, რადგან იცოდა, რომ ამ მზერით თავის თავს გაყიდდა.

_ როგორც ჩანს, მთელ დარბაზში მარტონი დავრჩით, _ ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა ნინიმ, _ მგონი, დროა, წავიდეთ.

_ იმედია, არ გაგვყრიან აქედან. კიდევ ხომ არ გინდათ ყავა?

_ არა, გმადლობთ… ხვალ შეიძლება ახალ სამსახურში მომიწიოს წასვლამ… _ კეკლუცად ჩაიცინა, _ ან სადმე გასეირნებამ… უნდა გამოვიძინო.

_ როგორც იტყვით, _ დანებდა მამაკაცი და ოფიციანტი იხმო…

ტაქსიში ჩასხდნენ თუ არა, გოგონა კუთხეში მიიყუჟა, რაც შეიძლებოდა მოშორებით მისგან. შეეშინდა, თორნიკესავით რობაქიძესაც არ გასჩენოდა მისი მოფერების სურვილი… თუმცა, მამაკაცს მსგავსი რამ თავში აზრადაც არ მოსვლია, ღრმა ფიქრებში იყო ჩაძირული.

_ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვახშმისთვის, _ თქვა ნინიმ, რათა უხერხული სიჩუმე დაერღვია.

_ ჩემთვისაც სასიამოვნო იყო… აბა, რას იტყვით, ვიმეგობროთ?

ამასობაში ლელუკას სახლსაც მიუახლოვდნენ. გიო პირველი გადმოხტა მანქანიდან და გოგონას კარი გაუღო.

ნინის თითქოს რაღაც გაეჩხირა ყელში. არა, ამ კაცთან მეგობრობა ნამდვილად არ სურდა… მას სხვა რამ სურდა… სულ სხვა რამ…

სასწრაფოდ ამოიგდო გონებიდან მაცდური აზრი და ღიმილი აისხიპა ტუჩებზე.

_ ყოველ შემთხვევაში, მტრები უკვე აღარ ვართ.

_ ამასაც არა უშავს, _ გიომ ხელი გაუწოდა, _ მოდი, ერთმანეთს ღამე მშვიდობისა ვუსურვოთ… ჩვენებური ტრადიციის თანახმად.

ნინის სხვა რა დარჩენოდა… თავისი წვრილი თითები მამაკაცის ფართო ხელისგულს დაადო. გიომ ოდნავ მოუჭირა ხელი და თავისკენ მსუბუქად დაქაჩა. რა თქმა უნდა, ნინის შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ამის ნაცვლად თვითონაც გადაიხარა მამაკაცისკენ… წამიც და ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო. სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა.

_ დიდი მადლობა ჩვენებურ ტრადიციას, _ ეშმაკური ღიმილით დაიჩურჩულა მამაკაცმა და ხელი შეუშვა, _ ტკბილ სიზმრებს გისურვებ, ნინი…

გოგონამ ხმის ამოღება ვერ შეძლო. მხოლოდ თავი დაუქნია გამომშვიდობების ნიშნად და ჭიშკარი გააღო. ბარბაცით მიაღწია თავის ოთახამდე, თან თითებს ჯერ კიდევ გახურებულ ტუჩებზე ისვამდა… კიდევ კარგი, სისულელე არ ჩაიდინა… მადლობა ღმერთს, რომ გიო ვერასდროს გაიგებს, თუ როგორ უნდოდა ამწუთას ნინის მისი უკან მობრუნება.

8 8 8

მაღვიძარამ დილის რვა საათზე დარეკა. ნინიმ ხელი გაიწვდინა ზარის გამოსართველად, მერე ზურგზე გაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა.

_ რა სულელურად გამომივიდა, _ თავისთვის თქვა, _ რა უაზრო იყო ეს ყველაფერი… საინტერესოა, რას იტყვის თორნიკე, როცა გაიგებს, რომ მე არამარტო ვივახშმე სხვა მამაკაცთან ერთად რესტორანში, არამედ კოცნის უფლებაც მივეცი მას? და არა ლოყაზე, არამედ პირდაპირ ტუჩებში? გიო ალბათ ახლა მასთან ერთად საუზმობს და წუხანდელ ამბავს ხარხარით უყვება.

სიმწრისგან კვნესა აღმოხდა. მგონი, იმ კაცმა მახე დაუგო, ეს კი შტერივით გაება ამ მახეში. ნებისყოფა ვერ გამოიჩინა და სწორედ ამან დაღუპა. როგორ შეიძლება, ერთდროულად გიყვარდეს ვიღაც და სხვასთან ცხოველურმა ვნებამაც გაგიტაცოს? რა ჰქვია მის საქციელს? ადრე მსგავსი რამ სხვებისგან მოუსმენია და არ სჯეროდა… თურმე რა ადვილი შესაძლებელი ყოფილა… სწორედ ინსტინქტურ გატაცებას იწვევს გიო მასში და მეტს არაფერს. მერედა, რა არის ამაში გასაკვირი? ძლიერი, საინტერესო, საყოველთაოდ ცნობილი მამაკაცი ყოველთვის იზიდავს ქალებს. თან როგორი სექსუალურია?! რა ვნებიანი მზერა აქვს?!. იცის, ქალთან როგორ უნდა მოიქცეს, როგორ მიიპყროს მისი ყურადღება. ჯერ რესტორანში დაპატიჟა, მერე კი ანკესი გადაუგდო და თავისი მამაკაცური მანერებით მისი მოხიბვლა სცადა… გამოუვიდა კიდეც… ნინიმ ანკესი ადვილად გადაყლაპა, რადგან ამ ყველაფერს იგი თორნიკესგან მოკლებული იყო.

მაგრამ… როგორ მიუხვდა გიო, მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, რა სურდა ნინის? თავისი მდიდარი გამოცდილებით, ალბათ… _ მაშინვე დაასკვნა და ის ქერათმიანი გაახსენდა, რობაქიძესთან ერთად რომ ნახა რესტორანში. ჰო, გიომ იცის, როგორ «შეაბას» ქალი. მას კი, სასოწარკვეთილს, ისე ძალიან უნდოდა, ყველაფერი ეს თორნიკესგან მიეღო, რომ თავისი გრძნობების მთელი ნაკადი გიოსკენ მიმართა. ასეც იყო. დაუკმაყოფილებლობა სიყვარულში, მოსალოდნელი მარტოობა, განცდების გაუზიარებლობა… მისი შეყვარებულისგან ესღა იყო მოსალოდნელი, თორნიკე ამაზე მეტს ვერაფერს მისცემდა.

ეს ერთადერთი ახსნა იყო, რითაც ნინის თავისი საქციელის გამართლება შეეძლო… თუმცა, ამით შვება არ უგრძნია…

ის იყო, საუზმეს მორჩა, რომ ოთახში ლელუკამ შემოყო თავი.

_ დილა მშვიდობისა, საყვარელო. იმისთვის მოვედი, რომ გითხრა… სიგნალიზაციის დაყენება გადავწყვიტე. ვფიქრობ, მარტოხელა ქალებმა სიფრთხილის დამატებითი ზომები უნდა მიიღონ… შენ რას იტყვი?

_ ეს აუცილებელია? _ მხრები აიჩეჩა ნინიმ.

_ მგონი, კი. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. დარწმუნებული ვარ, უცხო ამ ეზოში ცხვირს ვერ შემოყოფს, მაგრამ მაინც დავიზღვევ თავს, _ გაიღიმა ლელუკამ და მზერა ლარნაკში ჩადებულ ვარდებს მიაპყრო, _ ღმერთო, რა სილამაზეა! სიხარულო, თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა?

ნინიმ სიცილი ვერ შეიკავა.

_ არა, რას ამბობ! ერთს პატარა საქმე მოვუგვარე გუშინ და მადლიერების ნიშნად მაჩუქა.

_ ჩემი ძვირფასი, რომელიც ხშირად მჩუქნიდა ყვავილებს, ყოველთვის მეუბნებოდა: ვარდისფერი ვარდები ლტოლვას ნიშნავს, ხოლო წითელი _ სიცოცხლის ბოლომდე ნამდვილ სიყვარულსო.

_ ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ეს ყვავილების მაღაზიაში ბოლო თაიგული იყო და არა სიყვარულის გამოხატვის მცდელობა, _ ცივად შენიშნა ნინიმ.

_ ოოოოოო! ღმერთო ჩემო, შენ სულ არ ხარ რომანტიკოსი! თუმცა ახლა ამის სათქმელად არ მოვსულვარ. თუ საღამომდე არ დაბრუნდები სახლში, ხელოსნებს გამოვიძახებ და სიგნალიზაციას დავაყენებინებ. არ მინდა, დისკომფორტი შეგიქმნა მათი აქ ყოფნით.

როცა ლელუკა გავიდა, ნინი კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე, თუ ვინ იყო ის «ძვირფასი», ასე ხშირად რომ ახსენებდა საუბარში დიასახლისი. კი ჰკითხავდა ამის შესახებ გიოს, მაგრამ ამან შეიძლება უფრო დააახლოვოს მასთან, სხვისი საიდუმლოს გაგების უნებური მონაწილე გახდეს… ეს კი ნინის ყველაზე ძალიან უნდოდა.

რადგან ლელუკამ გადაუკრა, აჯობებს, დღეს შინ არ დარჩე და ოთახი გაათავისუფლეო, გადაწყვიტა, ქალაქი დაეთვალიერებინა. არსად არ იყო ნამყოფი _ არც სამებაში, არც მთაწმინდის პარკში, არც კუს ტბაზე… რა მოხდება, რომ დაათვალიეროს? ბუტიკებშიც შეივლის, ტანსაცმელს შეათვალიერებს…. იქნებ რამე ახალიც შეიძინოს ცოტა იაფად… მართალია, მარტოს მოუწევს ამის გაკეთება, მაგრამ არა უშავს. დარწმუნებულია, რომ თორნიკე მისთვის დღეს ვერაფრით მოიცლის.

ბოტასი ჩაიცვა, ჯინსის შარვალი ამოიცვა და მსუბუქი ნაბიჯებით დაუყვა ტროტუარს.

8 8 8

«მარტოხელა» ექსკურსიამ მთელი ოთხი საათი გასტანა, თუმცა ყველაფრის დათვალიერება დაეზარა. სამებაში არ ავიდა, იმიტომ, რომ შარვალი ეცვა. სამაგიეროდ, მთაწმინდის პარკი მოინახულა… ჯერ კიდევ არ იყო შიდა სამუშაოები დამთავრებული, მაგრამ ამას მისთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. კარგა ხანს იდგა ბეტონის ღობესთან და თბილისის ხედს კმაყოფილი გადაჰყურებდა. მერე ფეხით დაუყვა რუსთაველს, ვაკეში გავიდა და მაღაზიებში შეიარა. ვერაფერიც ვერ შეიძინა. ყველა ბუტიკში ისეთი სიძვირე იყო, მისი მწირი ბიუჯეტი ერთ მაისურსაც ვერ გაწვდებოდა. ძალიან კი დაიღალა, მაგრამ ისე არ უნდოდა ახლა შინ მისვლა, გადაწყვიტა, ცოტა ხნით სახლის უკან მდებარე პარკშიც გაესეირნა.

აქ მისთვის ყველაფერი ნაცნობი იყო _ ყველა ხე და ბუჩქი. როგორც ჩვეოდა, პარკის ბოლოში გავიდა და ამოჩემებულ ლურჯად შეღებილ მერხზე ჩამოჯდა ღონემიხდილი. ახლა ცოტას დაისვენებს და მერე შინ წავა, დაღლილს უკეესად დაეძინება ამაღამ.

პარკში, ჩვეულებისამებრ, სამარისებური სიჩუმე იდგა. ჯერ კიდევ არ მოსაღამოვებულიყო, ამიტომ აქა-იქ  თუ დალანდავდა ვინმეს. ხალხი ალბათ ჯერაც არ დაბრუნებულა სამსახურიდან. ეჰ… თვითონაც არ აწყენდა კარგი სამსახური, მაგრამ, აბა?! არა უშავს, მალე იშოვის რაღაცას… ოღონდ იქ არა… სტუდიაში არაფრის დიდებით არ წავა. ხვალ დილით დაურეკავს ეთერს და უარს ეტყვის შემოთავაზებაზე… მაგრამ იქნებ არ ღირს აჩქარება? ვაითუ, საერთოდ უმუშევარი დარჩეს?! მერე რა ქნას? მათხოვარივით ხომ არ იწანწალებს ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად?

არადა, როგორ გინდა, რობაქიძესთან იმუშაო! ისე… უაზრობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ გიო არ აღელვებდა. დღეს რამდენჯერმე დაიჭირა თავისი თავი იმაში, რომ მასზე ფიქრობდა. ეს კაცი ისე შეუმჩნევლად შეიჭრა მის გონებაში… თორნიკეც კი დაჩრდილა… ჯერაც თვალწინ ედგა მამაკაცის მოციმციმე თვალები და მომნუსხველი ღიმილი, ასე რომ აუფორიაქა გული. «მგონი, ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლები», _ დაასკვნა ბოლოს და თვალებმილულულმა თავი მერხის საზურგეს მიადო.

ფიქრებში კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი თორნიკესთან გატარებულ თითოეულ დღეს. ბათუმში იძულებული იყვნენ, მალულად შეხვედროდნენ ერთმანეთს, რათა ვინმეს არ დაეფიქსირებინა მათი ერთად ყოფნა და ბოროტ ენებს მისი ცოლისთვის არ მიეტანა ჭორი მათი სიყვარულის შესახებ. აქ კი რა ადვილი იყო ურთიერთობის განახლება. ამხელა ქალაქში ვინ დაინახავდა მათ ერთად? ეჰ… როგორ დასცინის ბედი… რამდენი დღეა, ჩამოსულია და ვერაფრით შეძლო თორნიკესთან ურთიერთობის აწყობა. თითქოს სულ სხვანაირი გახდა, მამაკაცი თითქოს გაურბოდა კიდეც მასთან შეხვედრას…

ნინიმ ერთი ღრმად ამოიოხრა და სახე ჩამავალი მზის თბილ სხივებს შეუშვირა. შეეცადა, ის თორნიკე აღედგინა მეხსიერებაში, რამდენიმე თვის წინ რომ იცნობდა. როცა სიყვარულით სავსე ღიმილს ჩუქნიდა და ეფიცებოდა, შენ ერთადერთი ქალი ხარ, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს და ვინც ცხოვრების ბოლომდე მჭირდებაო…

არა, არაფრით არ გამოუვიდა… თითქოს ძველი თორნიკე სადღაც გაქრა, თითქოს ვიღაცამ შეცვალა იგი… არადა, გრძნობდა, რომ იგი სადღაც აქვე იყო, სულ ახლოს, მის გვერდით, ამ პარკში… ამის გაფიქრებაზე სითბომ დაუარა სხეულში, ნეტარებით გაიზმორა და პირმოკუმულმა ღრმად შეისუნთქა ჰაერი, თითქოს საყვარელი მამაკაცის სურნელს ისრუტავსო. აი, იგრძნო კიდეც, როგორ დაადო თორნიკემ ხელზე ხელი, ტუჩებით როგორ შეეხო მის თმას… იმდენად რეალურად მოეჩვენა ეს შეხება, რომ მისდა უნებურად აღმოხდა.

_ მიყვარხარ.

ახლა თვალები რომ გაახილოს და მართლა დაინახოს თორნიკე?.. ნეტავ ასე მოხდეს… ნელ-ნელა წამოსწია თავი და ზანტად გაახილა თვალები… არა, თორნი არ აღმოჩნდა მის გვერდით. ეს, უბრალოდ, მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და სხვა არაფერი. თუმცა…

გრძელ მერხზე, მის გვერდით, სასურველი მამაკაცის მაგივრად, სულს სხვა ვინმე იჯდა…

და ის სხვა ვინმე ისეთი ეშმაკური ღიმილით მისჩერებოდა, გოგონას სუნთქვა შეეკრა.

_ თქვენ? _ გაოგნებულმა წამოიყვირა, _ აქ რას აკეთებთ?

_ რას უნდა ვაკეთებდე? დაგავიწყდათ, რომ აქვე ვცხოვრობ? აგერ, იმ სახლში, _ გიომ საჩვენებელი თითი წინ გაიშვირა, _ ასე რომ, სრული უფლება მაქვს, ამ პარკში მეც დავისვენო…

888

უნებურად, ნინიმაც გაიხედა იქით, თითქოს მოულოდნელი ყოფილიყო მისი მინიშნება.

_ მე მხოლოდ იმის კითხვა მინდოდა… როდის მოხვედით? თქვენი ნაბიჯების ხმა არ გამიგონია.

_ ჰოოოო, _ ჩაიცინა გიომ, _ ასეც ვიფიქრე… ისე იყავით ფიქრებში გართული, მომეჩვენა, რომ დროებით გამოეთიშეთ გარე სამყაროს.

_ აუუუუუუუუ! _ უკმაყოფილოდ წამოიძახა, რაღა მაინცდამაინც ამას უნდა დაენახა მთვლემარე მდგომარეობაში? _ შემთხვევით, ხომ არ ვხვრინავდი?

_ არა, კატასავით კრუტუნებდით მხოლოდ, _ მამაკაცი სერიოზული სახით ლაპარაკობდა, მაგრამ თვალებში ჭინკები უხტოდა.

_ მე… მე არაფერი მასხოვს, _ იცრუა ნინიმ და გაწითლდა, _ რატომ არ გამაღვიძეთ?

_ შემეცოდეთ. არ მინდოდა, კვლავ დაბრუნებოდით ჩვეულებრივ მდგომარეობას და, როგორც ყოველთვის, ზღარბივით ეკლები არ გამოგეჩინათ.

გოგონას მამაკაცის გვერდით ყოფნა უზომოდ აღელვებდა… აღელვებდა ისიც, ალბათ როგორ დაჟინებით აკვირდებოდა მას, როცა თვლემდა. იმის იმედს მაინც იტოვებდა, რომ ძილში არ ლაპარაკობდა.

_ განა არ მუშაობდით დღეს?..

_ კი, როგორ არა, მაგრამ შედარებით ადრე მოვრჩი საქმეს. მერე ცოტაოდენი დრო იმაში დავხარჯე, ეთერის საშუალებით მომეძებნეთ… თუმცა, სრულიად უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე, თავად ვეახლები მის უმშვენიერესობას-მეთქი და თქვენი ბინისკენ გამოვეშურე. ლელუკამ მითხრა, დავინახე, პარკში რომ შედიოდაო… _ მამაკაცმა ხელები გაშალა, _ და აი, მეც აქ ვარ.

_ ღმერთო ჩემო! საინტერესოა, რატომ იყავით დარწმუნებული, რომ სწორედ ამ ადგილას მიპოვიდით? _ გაიკვირვა ნინიმ, _ ამ ადგილს მაინცდამაინც არ ეტანებიან აქაურები, ყოველთვის სიხალვათეა.

_ ახლა რაღაცას გეტყვით, მაგრამ ვიცი, არ დამიჯერებთ.

_ მითხარით, იქნებ დავიჯერო კიდეც.

_ ეს ჩემი საყვარელი ადგილია. როცა განმარტოება მომესურვება, სწორედ ამ მერხზე ჩამოვჯდები ხოლმე… მხოლოდ აქ მსიამოვნებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

გოგონას ხმა არ გაუღია, გიოს სიტყვებს აანალიზებდა. მისი საყვარელი ადგილი, მისი პატარა სამოთხე სინამდვილეში თურმე დანაღმული ველი ყოფილა.

_ რატომ დამდევთ კვალდაკვალ? რა გინდათ ჩემგან? _ უეცრად იერიშზე გადავიდა.

_ იმიტომ, რომ ჩვენ სამსახური შემოგთავაზეთ და თქვენგან პასუხის მიღება გვსურს, თანაც სასწრაფოდ, _ მოთმინებით აუხსნა გიომ, _ ყოველგვარი დაძალების გარეშე, რა თქმა უნდა.

_ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უარს ვიტყვი?

_ ვფიქრობ, ასეთ სისულელეს არ ჩაიდენთ.

_ იქნებ თავდაცვის ინსტინქტი მალაპარაკებს…

_ რაში გჭირდებათ თავდაცვა? რატომ ფიქრობთ ამისთანა რამეზე? _ გულგრილად იკითხა მამაკაცმა.

_ სხვადასხვა მიზეზის გამო… მაგალითად, წუხელ არ უნდა მევახშმა თქვენთან.

_ რატომ, კერძები არ მოგეწონათ?

_ არა, კერძები უგემრიელესი იყო, _ ნინიმ დაძაბულმა დახედა მუხლებზე პატარა ბავშვივით დაწყობილ თავის ხელებს, _ საქმე ამაში როდია. არ უნდა მიმეღო თქვენი წინადადება…

_ ოოო, კარგი რა, ამაზე ნუ წუხხართ. პირობას გაძლევთ, ჩვენს სტუდიასთან დადებულ კონტრაქტში რესტორანში ვახშმობის პუნქტს არ შევიტან, _ გულიანად გაიცინა გიომ.

_ მშვენივრად იცით, ამას რომ არ ვგულისხმობ, _ გაწიწმატდა გოგონა და დაჟინებით მიაშტერდა.

მამაკაცმა დამცინავად გაიღიმა.

_ ღვთის გულისთვის, ნინი! მეცხრამეტე საუკუნის სეფექალი ხომ არ ხართ, ერთ მსუბუქ გამოსამშვიდობებელ კოცნას ამხელა მნიშვნელობა მიანიჭოთ!

_ თქვენი აზრით, ამას ასე ჰქვია?

_ აბა რა! _ ჩუმად ჩაილაპარაკა რობაქიძემ, _ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კოცნაში თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი დაინახეთ.

_ მაგრამ იმ კოცნას «მსუბუქი» არ ერქვა.

_ გეთანხმებით, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, როგორ გაკოცებდით, თქვენთან ურთიერთობა რომ მინდოდეს, _ გიო ოდნავ შეყოვნდა, ნინის კი მისი პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა, _ თუკი არ გჯერათ, _ მამაკაცი კვლავ გაჩუმდა და გოგონას ამობურცულ წითელ ტუჩებს ხარბად დაასო მზერა, _ მაშინ მოიწიეთ ჩემკენ და დაგიმტკიცებთ ამას.

ნინი ათრთოლებული მისჩერებოდა გიოს და თვალს ვერ აშორებდა. რა ადვილი იყო მისი წინადადების მიღება. ერთი პატარა შერხევა და მის მკლავებში ამოყოფდა თავს, მერე კი კიდევ ერთხელ შეიგრძნობდა მისი ტუჩების გემოს.

_ ბოლოს და ბოლოს, _ გააგრძელა რობაქიძემ, _ მზე სასიამოვნოდ გველამუნება, ბალახიც მშრალია, თან მთელი ერთი საათი თავისუფალი მაქვს. რას იტყვით?

გოგონა ისე გაამწარა მისმა სიტყვებმა, ბრაზისგან წამოჭარხლდა.

_ თქვენ რა, გაგიჟდით? როგორ მიბედავთ ასე ლაპარაკს?!

გიომ გადაიხარხარა.

_ როცა თქვენს სახეზე სიბრაზეს ვხედავ, თავს ვერ ვიკავებ, არ გაგეხუმროთ.

_ რადგან ასეა, იმასაც ადვილად მიხვდებით ალბათ, რატომაც არ მინდა თქვენთან სამსახურის დაწყება, _ აკანკალებული ხმით წამოიძახა ნინიმ.

_ ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. სამსახურში სრულიად დაცული იქნებით. იქ ასეთი რამეების თქმა და, მით უმეტეს, გაკეთება გამორიცხულია, რადგან სექსუალურ ძალადობად შეფასდება და სასამართლო პროცესი არ ამცდება. სტუდიაში ასეთ რამეებს შავი ჭირივით გავურბივართ.

გრძნობდა, რომ მამაკაცი ისევ აშაყირებდა.

_ თორნიკეზე რატომ არაფერს ამბობთ! _ თქვა მცირედი პაუზის შემდეგ, _ მას შეიძლება არც მოეწონოს, თქვენთან რომ დავიწყო მუშაობა.

_ და ისიც, მე რომ ვახშმად დაგპატიჟეთ? _ დაამატა გიომ და თვალებში კვლავ აუცეკვდა ჭინკები.

_ შესაძლებელია, _ გაუბედავად დაეთანხმა გოგონა და იგრძნო, როგორ უმატა გულისცემამ.

_ მაშინ რა საჭიროა, გაიგოს? ჩვენს რესტორანში ერთად ყოფნას არ შეიძლება ნამდვილი პაემანი ვუწოდოთ… ამასთან, კიდევ ერთხელ გიმეორებთ: ჩვენი შერიგება ძალაში რჩება. სულაც არ ვაპირებ, ცხოვრება გაგირთულოთ.

გოგონამ შვება იგრძნო, მაგრამ ერთი რამ მაინც არ აძლევდა მოსვენებას… რაც დრო გადიოდა, მით მეტი საერთო საიდუმლო უგროვდებოდა გიოსთან. ეს კი თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ თორნიკე უნდა მოეტყუებინა.

_ მაინც მიმაჩნია, რომ არ იქნება ლამაზი, თქვენს შემოთავაზებას დავთანხმდე.

_ შეიძლება მართალიც ხართ, _ მამაკაცი მოულოდნელად გამხიარულდა, _ თქვენი მომავალი ხომ აღმავალი გამებივით არის გათვლილი და რაში გჭირდებათ სერიოზული სამსახური? თორნიკეს ერთხელ უკვე ჰყავდა კარიერით უზრუნველყოფილი ქალი _ საკუთარი ცოლი და მეეჭვება, კიდევ ერთხელ გამოთქვას სურვილი, მისნაირი შეირთოს. მისთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ხედავს, როგორ მიიწევენ სხვები წინ, _ შეფიქრიანებულმა მამაკაცმა თავი გადააქნია, _ ალბათ აჯობებს, დროებითი სამუშაოთი დაკავდეთ, ნაკლები რისკია მისთვის.

_ სასაცილოა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ! _ აღშფოთდა ნინი, _ სულაც არ მიგულისხმია ეს, როცა უარი ვთქვი თქვენს წინაადებაზე. რაც შეეხება თორნიკეს, დარწმუნებული ვარ, მას მხოლოდ გაუხარდება, თუკი კარგ სამსახურს ვიშოვი.

_ ქედს ვიხრი თქვენი თავდაჯერებულობის წინაშე, _ მხრები აიჩეჩა გიომ, _ მაშინ რაში ხედავთ პრობლემას?

«ჩემში», _ გაიფიქრა გოგონამ, _ «იმიტომ, რომ ჩემს თავს არ ვენდობი, როცა შენ გვერდით ვარ. საკუთარ რეაქციებს ვერ ვაკონტროლებ. შენ მაიძულებ, ვუღალატო თორნიკეს და სწორედ ეს მაწუხებს».

თავი დახარა და ძლივს გასაგონად თქვა.

_ არ ვიცი… შინაგანი ხმა ასე მკარნახობს.

გიომ ამოიხვნეშა.

_ ნინი, საკუთარ გონებას უნდა მოუსმინოთ და არა გულს. თქვენ გჭირდებათ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ჩვენ კი ისეთი სპეციალისტი, როგორიც თქვენ ხართ.

_ მაგრამ ეთერმა მითხრა, ვიღაც დეკრეტულ შვებულებაში გადის და მის ადგილზე დროებით უნდა მიგიღონო.

_ მართალია… მაგრამ თუ თავს გამოიჩენთ, დაგტოვებთ კიდევაც, კარგი კადრი არ გვაწყენდა.

ასე რომ, დაფიქრდით.

ნინიმ პასუხი არ გასცა.

_ გინდათ, მე თვითონ დაველაპარაკო თორნიკეს? _ შესთავაზა მამაკაცმა, _ რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი წინააღმდეგი არ წავა.

გოგონამ უსიამოვნო ირონია იგრძნო მის ნათქვამში და უხეშად თქვა.

_ არაფერში მჭირდება მისგან არც თანხმობის მიღება და არც სხვა რამ.

_ ესე იგი, თანახმა ხართ?

მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

_ ძალიანაც კარგი… მაშინ ორშაბათ დილით გელოდებით. ახლა კი წავალ, თქვენის ნებართვით, თავად კი გააგრძელეთ ლამაზი ძილი, _ გამოცოცხლებული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა და წამოდგა.

ნინიმაც წამოიწია.

_ შეკითხვა მაქვს. ვის უნდა მივაკითხო ორშაბათს?

_ ა! არ მითქვამს? ის გოგონა, რომელიც დეკრეტულში გადის, ჩემი პირადი მდივანი იყო. ასე რომ… _ მამაკაცმა გაიღიმა, ეშმაკური მზერა ესროლა და წავიდა.

8 8 8

შინ დაბრუნებულს სიგნალიზაცია უკვე გაყვანილი დახვდა. ლელუკამ უთხრა, თორნიკემ დაგირეკა და ტელეფონის ნომერი დაგიტოვაო. ნინიმ უხალისოდ გამოართვა ქალს ქაღალდის ნაგლეჯზე გაკრული ხელით მიწერილი ნომერი და ოთახში შევიდა თუ არა, მაშინვე დარეკა. ყურმილში ხმაური ისმოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ბარში იმყოფებოდა.

_ გამარჯობა, საყვარელო! _ თორნიკე კარგ ხასიათზე ჩანდა, _ როგორ ხარ?

_ არა მიშავს, _ არცთუ ხალისიანად უპასუხა, _ ახალი სამსახური შემომთავაზეს.

_ მშვენიერია. იმედია, კარგად იხდიან, მაღალი ხელფასი გექნება? აქ ერთი ბინა ავაგდე, მაგრამ ცოტა ძვირი ღირს.

ამის გაგონებაზე ნინის გუნება გამოუკეთდა.

_ მართლა?! რა კარგია. მოდი, შაბათ-კვირას გამომიარე და ვნახოთ, კარგი? _ შესთავაზა გახარებულმა.

_ სამწუხაროდ, ამ შაბათ-კვირას ვერ მოვახერხებ, ქალაქში არ ვიქნები. სამსახური ითხოვს, რა ვქნა!

_ რა ცუდია… აბა, როდის გნახავ?

_ ჩემო სიყვარულო, მეც ძალიან მინდა შენ გვერდით ყოფნა, მაგრამ სამსახურს რა ვუყო? წამითაც ვერ ვიცლი. იქითა კვირამდე ერთი წუთიც არ მექნება თავისუფალი.

_ მეც წამოვალ შენთან ერთად, არ შეიძლება?

_ რა გინდა, სიხარულო, მაინც მთელი დღე მარტო მოგიწევს ყოფნა. ისეთი დაკავებული ვიქნები, ვერანაირად ვერ მოგაქცევ ყურადღებას, ძალიან მოიწყენ.

_ მაგრამ ღამით მაინც ხომ ვიქნებით ერთად, _ გაუბედავად წარმოთქვა.

_ მეეჭვება… თან მარტო არ მივდივარ, კიდევ ერთი თანამშრომელი მოდის. ისეთი გადარბენები გვექნება, შეიძლება ღამითაც მოგვიწიოს მუშაობამ. მაპატიე, მაგრამ რა ვქნა, ამ ეტაპზე ჩემთვის სამსახურის საქმეები უფრო მნიშვნელოვანია. ფული გვჭირდება, ხომ გესმის? ასე რომ, თუ კარგ ანაზღაურებას გთავაზობენ, უარი არ თქვა… რა-ა? ჰო, ჰო, მოვდივარ, _ ვიღაცას გასძახა თორნიკემ, _ სიხარულო, უნდა გავიქცე. როგორც კი ჩამოვალ, მაშინვე დაგირეკავ.

ნინიმ ყურმილი დაკიდა და ლარნაკში ჩადებულ ვარდების თაიგულს შეავლო თვალი. ხედავთ, რა ხდება? რამდენიმე წუთის უკან მან, ფაქტობრივად, თავისი თავი შესთავაზა მამაკაცს, მან კი თავაზიანი უარი სტკიცა. შეიძლება არც დაფიქრებულა ამაზე, მაგრამ ასე გამოვიდა. გოგონა შეეცადა, შეგუებოდა ამ ფაქტს. როგორ უნდოდა, ყველაფერი მოეყოლა შეყვარებულისთვის _ ფაილების აღდგენაზეც, გიოსთან გატარებულ საღამოზეც, შემოთავაზებულ წინადადებაზეც, მაგრამ ვინ აცალა? თორნი არც კი დაინტერესდა, როგორ ატარებდა მისი საყვარელი ქალი დროს უცხო ქალაქში. ნინი მტკივნეულად განიცდიდა ამას.

რამ შეცვალა ეს კაცი ასე? რა სხვანაირი იყო ადრე! ახლა კი… ახლა კი ნინი ისეთ წვრილმანებს უკვირდება, რასაც ადრე არც აქცევდა ყურადღებას და უფრო და უფრო უცრუვდებოდა იმედი.

_ ღმერთო ჩემო, რატომ აღვიქვამ ასე მტკივნეულად მის საქციელს? რა მჭირს? _ წამოიძახა სასოწარკვეთილმა და თავი ბალიშში ჩარგო.

იცოდა ნინიმ, მშვენივრად იცოდა, რაც სჭირდა. მისი სასოწარკვეთის მიზეზი მაღალი, ბრჭყვიალათვალებიანი, მომნუსხველი ღიმილის მამაკაცი იყო და ამ მიზეზს გიორგი რობაქიძე ერქვა. ხვალიდან სწორედ მის გვერდით უნდა გაეტარებინა ყოველი ახალი დღე და მისი ნებისმიერი მოთხოვნა მორჩილად შეესრულებინა. შიშობდა, რომ ამ თანხმობით დიდ სისულელეს სჩადიოდა, თავად იჭრიდა უკან დასახევ ყველა გზას. იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან? აი, მივა ორშაბათს და უარს იტყვის მუშაობის დაწყებაზე…

8 8 8

ასე ორჭოფობდა მანამ, სანამ სტუდიის კარს შეაღებდა. «გამაგრდი!» _ შეუძახა თავის თავს და ამაყად თავაწეული პირდაპირ ვერიკოსკენ გაემართა.

_ დაბრუნებას გილოცავ!.. არ იცი, ეველინა რა სახით დადის, გეგონება, ძმარი დალიაო, _ უჩურჩულა მდივანმა, _ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სწორად მოიქეცი.

_ რაღაც არა მგონია, _ თავი გაიქნია ნინიმ.

გოგონამ დაჯდომაც ვერ მოასწრო, რომ მისაღებში ეველინა შემოიჭრა.

_ როგორც იქნა, გამოჩნდი! კიდევ კარგი! _ მედიდურად წარმოთქვა ქალმა, _ გიოს დააგვიანდება, ამიტომ მის მოსვლამდე შენი მონაცემები უნდა ჩავიწერო და კადრებში გაგატარო. წამოდი ჩემთან!

ნინი უხალისოდ მიჰყვა ლამის სირბილით მიმავალ მენეჯერს.

ანკეტა სწრაფად შეავსო, ხელშეკრულება გადაიკითხა, ხელი მოაწერა და ეველინას გაუწოდა. ქალმა ერთი დახედა, ირონიულად ჩაიღიმა და საბუთები საქაღალდეში შეინახა. მერე მაგიდის  უჯრიდან დისკი ამოიღო და ნინისკენ მიაჩოჩა.

_ ეს პარასკევ საღამოს გიომ დაგიტოვა, გაშიფროსო. გირჩევ, მის მოსვლამდე მოასწრო.

«პარსკევ საღამოს? არ არსებობს! რა იცოდა, რომ დავთანხმდებოდი?!» _ გაოგნებულმა გოგონამ უაზროდ დახედა კონვერტში ჩადებულ დისკს.

_ ხმის ჩამწერი ოთახი გვერდზეა, მესამე კაბინეტში! _ დააკვალიანა ეველინამ და ანიშნა, თავისუფალი ხარო.

ნინიმ გაუბედავად შეაღო კაბინეტის კარი. იქ არავინ დახვდა. ოთახში რამდენიმე კომპიუტერი იდგა, მაგრამ მხოლოდ ერთი იყო ჩართული. ერთი ღრმად ამოიოხრა, მაგიდას მიუჯდა და დისკი ბუდეში შეაცურა. ყურსასმენი გაიკეთა და ფაილის მოსმენას შეუდგა.

_ ნინი, იმედია, ისმენ ამ ჩანაწერს, _ ისე მკვეთრად ისმოდა გიოს ხმა, გოგონას მოეჩვენა, რომ მამაკაცი მის ზურგს უკან იდგა, _ პირველ რიგში, ის სცენარები გამიშიფრე, შენ რომ აღადგინე. მასზე ორივეს ერთად მოგვიწევს მუშაობა. შემდეგ კი მამალაძის მკვლელობის საქმეს მიმიხედე, შესაძლებელია, ბევრი ხარვეზი მქონდეს, თან შენი აზრიც მაინტერესებს ამ მასალაზე. მაგრამ სანამ ერთი გემრიელად შემიკურთხებდე, ნება მომეცი, გითხრა, რომ არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, თუ დამთანხმდებოდი სტუდიაში დაბრუნებაზე, მხოლოდ ვიმედოვნებდი ამას. შეხვედრამდე.

«ძალიან ჭკვიანურად მოგიფიქრებიათ, ბატონო გიორგი!» _ სახე აუჭარხლდა გაცოფებულს, _ «მხოლოდ ფორმალური დამოკიდებულება ბოსსა და მდივანს შორის _ აი, რა იქნება ჩემი მთავარი თავდაცვა თქვენ წინააღმდეგ. სხვა არაფერი სერიოზული ჩვენ შორის არ მოხდება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თორნიკე საერთოდ რომ არ არსებობდეს! თქვენ ტელევარსკვლავი ხართ, მე კი იმ ქალებზე უარესად ვიქცეოდი დღემდე, თქვენმა მომნუსხველობამ რომ მოაჯადოვეს. სწორედ ამან შეგიყვანათ შეცდომაში. ყველანაირად ვეცდები, არ გავება თქვენ მიერ დაგებულ მახეში».

ნინიმ ფაილების გაშიფვრა მაშინვე დაიწყო და მალევე მიხვდა, როგორ დააინტერესა ორივე სცენარმა. გადაცემების ეს სერია მაყურებელში უდაოდ დიდ ინტერესს გამოიწვევდა.

შუადღე გადასული იყო, ბეჭდვას რომ მორჩა და ის იყო, ჩასწორება უნდა დაეწყო, რომ უეცრად დერეფნიდან გიოს ხმა შემოესმა.

გოგონა შეკრთა და დაბნეულმა კარისკენ გაიხედა. მამაკაცი დაღლილი სახით შემოვიდა და თავისი ახალი თანაშემწე კრიტიკული მზერით შეათვალიერა.

_ მაინც მოხვედით…

_ რა თქმა უნდა, _ გულგრილად უპასუხა ნინიმ, _ თქვენ რა, სხვა რამეს ელოდით?

_ როცა საუბარი თქვენზეა, ყველაფერი მოსალოდნელი. ამას მალევე მივხვდი, _ თქვა რობაქიძემ და ოდნავი პაუზის შემდეგ დააყოლა, _ რას ფიქრობთ მამალაძის მკვლელობის ჩემეულ ვერსიებზე?

_ საინტერესოა, მაგრამ ზოგი რამ საკამათოდ მეჩვენება.

_ მართლა? _ ირონიულად შენიშნა გიომ, _ თუმცა, ახლა მაგისთვის არ მცალია. აიღეთ თქვენი ჩანთა და წავედით, სამხარზე გეპატიჟებით კაფეში.

_ გმადლობ, არ მშია.

_ მაპატიეთ, მაგრამ ეს რომანტიკული შემოთავაზება არ არის, მე საქმიანი შეხვედრა მაქვს გადაცემის პროდიუსერთან და მინდა ჩვენი საუბარი დიქტოფონზე ჩაიწეროთ. ხუთ წუთში მისაღებში გელოდებით, _ მამაკაცი ცივად გატრიალდა და გავიდა.

ნინიმ შვებით ამოისუნთქა. არა, თურმე ტყუილად ნერვიულობდა. რობაქიძემ თავად დააყენა ყველაფერი თავის ადგილზე! თუმცა… უცნაური შეგრძნება დაეუფლა… თითქოს მოულოდნელად რაღაც ძალიან ძვირფასი დაკარგა…

8 8 8

ერთი კვირის თავზე ნინი უკვე მშვიდად გრძნობდა თავს სტუდიაში. გიო მასთან მხოლოდ საქმიან დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ზედმეტი და გადაკრული სიტყვა არ დასცდენია, მაგრამ ნინის მაინც უჭირდა მის გვერდით მუშაობა. ბოსს სურდა, ნებისმიერი მისი თხოვნა სწრაფად და უყოყმანოდ შესრულებულიყო და როცა მისი მოლოდინი არ მართლდებოდა, საშინლად ღიზიანდებოდა. სამაგიეროდ, ეს ყოველივე ნინის უდიდეს სტიმულს მატებდა და ამაყობდა იმით, რომ იშვიათად აძლევდა მამაკაცს შენიშვნის მიცემის საბაბს.

ორივენი თითქოს სიჩუმეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს _ არც ერთი არღვევდა «თამაშის წესებს» და არც მეორე, ამიტომ ეს შეჯიბრი ძირითადად, ყაიმით მთავრდებოდა.

გოგონა ზუსტად ცხრა საათზე ცხადდებოდა სამსახურში და მისი სამუშაო დღე შემოსული წერილების დათვალიერებით იწყებოდა. საღამოობით ყოველთვის დაგვიანებით გადიოდა სამსახურიდან, რათა არავის ეფიქრა, ერთი სული აქვს, სამუშაო საათები როდის დამთავრდებაო. იგი კარგად გრძნობდა თავს ახალ ატმოსფეროში, საინტერესო და შემოქმედებით ადამიანებთან უწევდა ურთიერთობა.

ნინის ხშირად უხდებოდა გიოსთან ერთად სტუდიაში ჯდომა და აკვირდებოდა, როგორ იქცეოდა ჟურნალისტი კამერების წინ. გრძნობდა, რომ კამერებსაც კი უყვარდათ იგი. როცა პირდაპირ ეთერში იჯდა, მთელი სტუდია დაძაბული ადევნებდა თვალყურს მის ყოველ მოძრაობას, ყოველ სიტყვას და ყველას რაღაც საშინელების მოლოდინი იპყრობდა. ერთი სიტყვით, რობაქიძეს ადვილად შეეძლო მაყურებლის ხელში აყვანა.

ეს სიტუაცია, ცოტა არ იყოს, აშინებდა გოგონას, თუმცა, იმდენად იყო დაკავებული თავისი საქმით, გიოზე საფიქრელად არ ეცალა. მისი მუშაობით სტუდიაში ყველა კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით ხელმძღვანელობა. სიგიჟემდე უხაროდა, უფროსობა ასე რომ აფასებდა მის მუშაობას.

თორნიკემ ჯერ კიდევ არ იცოდა, სად მუშაობდა იგი. ნინიმ რამდენჯერმე სცადა, წამოეწყო მასთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მამაკაცი ეგრევე აწყვეტინებდა ლაპარაკს და ეუბნებოდა, «მიხარია შენი წარმატებები, სიხარულო».

ერთხელ თორნიკემ იგი ღამის კლუბში წაიყვანა გასართობად, თუმცა ამისგან ნინის არავითარი კმაყოფილება არ მიუღია. მას ცეკვა უნდოდა, მამაკაცი კი ბარის დახლს არ გასცილებია, ვიღაცებთან ბაასით ირთობდა თავს და სვამდა… ერთი სიტყვით, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა და არა შეყვარებულზე. ამიტომაც, როცა მამაკაცმა მეორედ შესთავაზა, ღამის კლუბში წავიდეთო, ნინიმ მოატყუა, ხვალ ბევრი საქმე მაქვს და ადრე უნდა დავიძინოო. კლუბური ეპოპეა ამით დასრულდა.

ამასობაში მისი დაბადების დღე მოახლოვდა. თორნიკე შეჰპირდა, ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც შენ გესიამოვნება, ეს დღე შენი დღე იქნებაო. უამრავი ექსტრავაგანტური იდეა შესთავაზა, მაგრამ ნინიმ ყველაფერზე უარი უთხრა.

_ მე მინდა მთელი დღე შენთან მშვიდად და წყნარად გავატარო. არც ნავით მინდა გასეირნება და არც საჰაერო ბუშტით ფრენა. უბრალოდ, სანაპიროზე გავისეირნოთ მხოლოდ.

_ სანაპიროზე? იქ რა გვინდა, საყვარელო? მტკვრის ჭუჭყიან წყალს ვუყუროთ? მეთევზეები ხომ არა ვართ? _ შორს დაიჭირა თორნიკემ.

_ კარგი, მაშინ ჩემთან მოდი და აქ ვისადილოთ. სადღესასწაულო ვახშამს მოვამზადებ, _ დათანხმდა ნინი, რადგან იცოდა, რომ შაბათ-კვირას ლელუკა ნათესავთან აპირებდა მცხეთაში წასვლას.

მამაკაცი უხალისოდ დათანხმდა ამაზე.

პარასკევს, შესვენებისას, ნინი მარკეტში გავარდა და საჭირო პროდუქტები შეიძინა, რომ საღამოს საყიდლებისთვის დრო არ დაეკარგა და პირდაპირ შინ წასულიყო. როცა უკან მობრუნდა, მაგიდაზე გიოს წერილი დახვდა, რომელიც ატყობინებდა, რომ გვიანობამდე ვერ დაბრუნდებოდა სტუდიაში და ნინის შეეძლო, ადრე დაემთავრებინა მუშაობა.

რა გაუხარდააა! იფიქრა, ადრე მივალ შინ და ამაღამვე გავამზადებ ყველაფერს, რომ ხვალ არ მომიწიოს სამზარეულოში ტრიალმაო.

შინ დაბრუნებულს ჩაპა ყეფით შეეგება. ამ დროს ლელუკამ გამოიხედა სამზარეულოდან.

_ რა ადრე მოხვედი დღეს, ლამაზო, არ გელოდი… აი, ეს მოგიტანეს, _ ღიმილით უთხრა და კონვერტის ფორმის მოზრდილი პაკეტი გაუწოდა.

_ ხვალ დაბადების დღე მაქვს და ალბათ ვიღაც მილოცავს, _ მხიარულად უპასუხა ნინიმ, პაკეტი გამოართვა ქალს და ჩაპას ზურგზე გადაუსვა ხელი.

გოგონამ ჩანთა ძირს დადო და კონვერტი გახსნა. მასში ერთი ფილა შოკოლადი და მისალოცი ბარათი იდო, რომელშიც ეწერა: «სიხარულო, მაპატიე, მაგრამ ხვალ შენთან ვერ მოვალ. მივლინებაში მაგზავნიან ზუგდიდში. კარგ დროსტარებას გისურვებ. სიყვარულით, თორნიკე».

_ რა დაგემართა? _ შეშფოთდა ლელუკა, მის გაფითრებულ სახეს რომ შეხედა, _ მოხდა რამე?

_ ისეთი არაფერი, _ ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ, _ უბრალოდ, ხვალისთვის რაღაც გეგმები მქონდა და ჩამეშალა, _ და ნაძალადევად გაიღიმა.

_ მიტკალივით გათეთრდი… მოდი, გინდა, ყავა მოგიდუღო კონიაკით? _ მზრუნველობა გამოიჩინა დიასახლისმა.

_ არა, გმადლობ, ლელ, დიდი არაფერი, გამივლის.

ლელუკამ დაკვირვებით შეხედა გოგონას, მაგრამ ძალა აღარ დაუტანებია. როცა ქალი წავიდა, გოგონამ შოკოლადს, თავის წერილიანად, ნაგვის ყუთში გადაუძახა. მერე პროდუქტები უგულოდ შეალაგა მაცივარში და ტახტზე წამოწვა სასოწარკვეთილი. ალბათ თვითონ მოითხოვა მივლინება თოკომ, თორემ რაღა ახლა გააგზავნეს? მაინცდამაინც ნინის დაბადების დღეს დაამხვიეს? ან ეს შოკოლადი რა იყო, უკეთესი ვერაფერი გაიმეტა საყვარელი ქალისთვის? ერთი ღრმად ამოიკვნესა, თვალები დახუჭა და ფიქრებში ჩაიძირა.

8 8 8

გიო დაღლილი დაბრუნდა შინ. დაძაბული კვირა ჰქონდა, ბევრმა მუშაობამ მოუწია. მოულოდნელად მეორე სართულის კიბიდან თორნიკემ ჩამოირბინა, სამგზავრო ჩანთით ხელში.

_ ვა, გიო?! _ ხელი აუწია თორნიკემ, _ ასე ადრე არ გელოდი…

_ როგორც ჩანს, ყოველთვის არასასურველ დროს ვჩნდები ყველგან, _ ჩაიბურტყუნა მამაკაცმა, _ შენ საით გაგიწევია?

_ ცოტა განტვირთვა არ მაწყენდა. მთელი კვირა ენაგამოგდებული ვმუშაობდი. რა ვქნა, მეც ხომ ადამიანი ვარ? სიღნაღში მივდივარ.

_ მარტო? _ დაინტერესდა გიო.

_ სამწუხაროდ, მარტო! _ უპასუხა თორნიკემ და თვალი აარიდა, რითაც აშკარად შეეტყო, რომ ცრუოდა, _ თაკო ვერ ჩამოდის, რა ჩემი ბრალია.

_ შენი საქმისა შენ იცი, _ შუბლშეკრულმა რობაქიძემ გვერდდი აუარა სიძეს და ბარისკენ გაეშურა.

თორნიკემ კარი გაიჯახუნა. გაბრაზებულმა გიომ ვისკი დაისხა და ცხელ გულზე სულმოუთქმელად გადაჰკრა. მისთვის ნათელი იყო, ვისთან ერთადაც აპირებდა შაბათ-კვირის გატარებას თორნიკე. რა სულელურად გამოუვიდა! ეს რომ სცოდნოდა, დღეს ასე ადრე არ დაითხოვდა ნინის და ხვალაც სპეციალურად დაიბარებდა სამსახურში. აი, თურმე, რატომ დადიოდა ეს ორი დღე ასეთი გაბადრული სახით. პირდაპირ ბრწყინავდა ბედნიერებისგან. მისთვის ახლა ყველაფერი გასაგები გახდა.

_ ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ! _ შესძახა გაგულისებულმა, _ ზუსტად ერთმანეთისთვის არიან შესაფერისები!

იმისთვის, რომ უსიამოვნო ფიქრები თვიდან მოეშორებინა, გადაწყვიტა, კრისტისთვის დაერეკა და თავისთან ვახშმად დაეპატიჟებინა.

_ რა შესანიშნავია! _ გაუხარდა კრისტის, _ სიამოვნებით გესტუმრებოდი, მაგრამ ხვალ პატარა ქეიფს ვაწყობ და უნდა მოვემზადო. იქნებ ხვალ საღამოს შენ გამოსულიყავი ჩემთან? გეპატიჟები.

_ მე კი მინდოდა, ჩემთან მოსულიყავი, თან ჩემი სახლის დიზაინზეც დავილაპარაკებდით…

_ სხვა დროს იყოს შენი სახლის ნახვა, გიო, ხვალ კი ჩემთან გელოდები. მინდოდა, შენთვის დამერეკა, მაგრამ ვიფიქრე, დაკავებული იქნება-მეთქი.

_ ჰო, ვიყავი დაკავებული, მაგრამ, როგორც იქნა, გავთავისუფლდი და ვიფიქრე, კრისტისთან ერთად ცოტას განვიტვირთები-მეთქი.

_ დიდი სიამოვნებით დაგეხმარები ამაში, თუკი მიგაჩნია, რომ მე ეს შემიძლია… _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ქალმა.

_ არ არის გამორიცხული, _ ასევე მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა მამაკაცმა და ყურმილი დაკიდა.

888

გიომ ოთახში გაიარ-გამოიარა. რა ჯობია? მთელი საღამო შინ დაჯდეს, ტელეფონის ზარის მოლოდინში, თუ გაერიოს იმ ქალების მარაქაში, ვისიც საერთოდ არ ესმის? «მერე რა? _ გაიფიქრა თავისთვის და მხრები აიჩეჩა, _ კრისტი ლამაზი და მოხდენილი ქალია… ეს სწორედ ის არის, ვინც მე მჭირდება… ყოველ შემთხვევაში, რაღაც პერიოდში მაინც».

რობაქიძეს ნამდვილად არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ კრისტი სწორედ ის მანდილოსანი იყო, ვინც მას მთელი ცხოვრება სჭირდებოდა, მაგრამ ამჯერად რატომ მიიჩნია ასე, თავადაც ვერ ხვდებოდა.

მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა.

_ გისმენთ! _ ლელუკას შეშფოთებული ხმის გაგონებაზე გიო მოიღუშა, _ რამე მოხდა?.. მართლა?.. კარგი, დაწყნარდი, რამეს მოვიფიქრებ, _ ხმადაბლა ჩასძახა ყურმილში და გათიშა.

8 8 8

ნინიმ მთელი ღამე ტირილში გაათენა. მეორე დილით თვალებდასივებულს გაეღვიძა. სარკეში რომ ჩაიხედა და თავისი თავი დაინახა, შეძრწუნდა _ «არაჩვეულებრივად» გამოიყურებოდა საკუთარ დაბადების დღეზე! ყველა სიკეთესთან ერთად, საშინლად მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობდა თავს.

ის იყო, ჩაიცვა და თავი მოიწესრიგა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. გაუკვირდა, რადგან არავის ელოდა. იცოდა, რომ თორნიკე უკვე წასული იყო, ლელუკაც სოფელში გაემგზავრა. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? ნუთუ თოკომ გადაიფიქრა? სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა კარს და გამოაღო.

_ გილოცავ დაბადების დღეს! _ ომახიანად შესძახა გიომ, _ შეიძლება?

_ ჰო, _ ამოღერღა გაოგნებულმა, _ მობრძანდით.

_ მიხარია, რომ შინ დამხვდი. ასე მეგონა, საჩუქრის დატოვება გარეთ მომიწევდა, ზღურბლთან, _ გაიღიმა მამაკაცმა და ოთახში შემოაბიჯა.

_ თქვენ რა, საჩუქარი მომიტანეთ? _ თვალები გაუფართოვდა ნინის.

_ მესმის, რომ დაბადების დღეებზე ჩვეულებრივ, ასე არ იქცევიან, მაგრამ რა ვქნა, სხვებს არ ვგავარ, მე ექსცენტრიკული ადამიანი ვარ, _ მხიარული ირონიით წარმოთქვა რობაქიძემ, _ გამომართვი! _ და საგულდაგულოდ შეფუთული მძიმე საგანი გადასცა.

_ საიდან იცოდით, დაბადების დღე რომ მქონდა? ლელუკამ გითხრათ?

_ არა. როგორც წესი, როცა ჩვენთან მუშაობა დაიწყე, ანკეტა შეავსე… იქ კი ყველანაირი მონაცემი წერია… აი ასე, მარტივად და საერთოდ, იქნებ შევცვალოთ მიმართვის ფორმა და უფრო გავუშინაურდეთ ერთმანეთს? რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს.

_ ვეცდები… საჩუქრისთვის კი დიდი მადლობა.

_ სამადლობელი არაფერია… ახლა კი, მგონი, ყავა დავიმსახურე, რას იტყვი? ჰოდა, სანამ მე ყავას დავლევ, შენ საჩუქარს ნახავ.

ნინიმ მთრთოლვარე ტუჩებით გაიღიმა.

_ ეს რა, ტრადიციაა ასეთი?

_ აბა რა! და არამარტო თბილისში, მთელ საქართველოში.

_ ჩვენთან ასე არ იციან, სხვათა შორის.

_ აბა, როგორ იციან?

_ როგორ და… სტუმრები თავად იდუღებენ ყავას, _ ეშმაკურად გახედა მამაკაცს.

_ კარგი, ეგრე იყოს, ოღონდ დამაკვალიანე, სად რას ინახავ, სანამ შენს სამზარეულოში გავშინაურდები, _ თქვა გიომ და გოგონას თვალი თვალში გაუყარა.

ნინის ღაწვები შეეფაკლა, მზერა აარიდა მოულოდნელ სტუმარს და საჩვენებელი თითი სამზარეულოსკენ გაიშვირა.

_ თავად გაშინაურდი, ჩემი დახმარების გარეშე, _ ნიშნის მოგებით უპასუხა გიოს და დივანზე ჩამოჯდა.

გაოგნდა, როცა საჩუქარს ოქროსფერი ქაღალდი შემოაცალა… ეს იყო მინისგან ჩამოსხმული სამფეროვანი პირამიდა, რომლის შიგნით მუქი-წითელი ვარდის კოკორი იწონებდა თავს. გოგონამ ფრთხილად დაიდო საჩუქარი ხელისგულზე.

_ არც კი ვიცი, რა ვთქვა! _ შესძახა აღტაცებულმა, _ რატომ შეწუხდით…

_ შევწუხდი? სულაც არა… ეს ქრთამია, შენ ჩვენგან რომ არ გაიქცე და ჩემს საშინელ ხასიათს რომ როგორმე შეეგუო…

_ მაგრამ მე სხვის ადგილზე ვმუშაობ… როცა ის დეკრეტიდან გამოვა…

_ არ გამოვა. თამუნა მეორე ბავშვზეა ორსულად, ასე რომ, კიდევ ორი წელი გარანტირებლი გაქვს ჩემ გვერდით ყოფნა, _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა რობაქიძემ და შეუმჩნევლად ჩაიღიმა.

_ ვნახოთ… _ თვალები დახარა ნინიმ და კვლავ საჩუქარს მიაჩერდა.

_ ყავა ვერ ვიპოვე.

_ კარადაშია, ზედა თაროზე, მარჯვნივ… მოიცა, მე მოვადუღებ.

_ ადგილზე დარჩი! _ მამაკაცმა ხელები გაშალა, _ დღეს შენ დაბადების დღე გაქვს.

_ არის, უფროსო! _ მხიარულად შესძახა გოგონამ და გაიცინა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მამაკაცმა ორი ფინჯანი ყავა შემოიიტანა და მაგიდაზე დადგა. ნინიმ შემჩნია, რომ გიოს ზუსტად ისე მოედუღებინა იგი, როგორც მას უყვარდა _ მაგარი ყავა რძით. «ალბათ სამსახურში შეამჩნია, როგორ ვაკეთებდი», _ გაიფიქრა კმაყოფილმა.

_ როგორ აპირებ დღევანდელი დღის გატარებას, რა გეგმები გაქვს? _ ჰკითხა გიომ და მის პირდაპირ დაჯდა.

_ არ ვიცი… ამაზე არ მიფიქრია.

_ ჰო, მაგრამ მთელი დღე ოთხ კედელს შუა ხომ არ გამოიკეტები? ბოლოს და ბოლოს, იუბილარი ხარ!

_ თავიდან ვიფიქრე, თბილისს დავათვალიერებ, სანაპიროზე გავისეირნებ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, სულელური იდეა იყო.

_ ჩემი აზრით, პირიქით, შესანიშნავი იდეაა! ნებას დამრთავ, შენთან ერთად წამოვიდე? იმედია, ხელს არ შეგიშლი.

_ თქვენ… შენ რაში გჭირდება ეს? _ დაჟინებით მიაჩერდა გოგონა, ვერ მიუხვდა განზრახვას.

_ მიყვარს სანაპიროზე გასეირნება.

_ ხუმრობ!

_ იცი, რა? მე დავლევ ყავას და მერე თხუთმეტ წუთს გაძლევ მოსამზადებლად, კარგი?

_ გაპრანჭვას არ ვაპირებ!

_ არც გჭირდება… ოღონდ ცოტა სახე მოიწესრიგე, თორემ ხალხი იფიქრებს, ამ კაცს ისე გაუმწარებია ეს გოგო, მთელი ღამე ტირილში გაუთენებიაო.

ნინი გაწითლდა.

_ ცდები, არ მიტირია.

_ ნუ მატყუებ, _ თითი დაუქნია მამაკაცმა, _ და არც იფიქრო, რომ სადმე გაიქცე… სულერთია, მაინც გიპოვი, _ გიომ ბოლო ლუპი მოსვა და წამოდგა, _ თხუთმეტი წუთი! შევთანხმდით?

გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.

_ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საჩუქრისთვის. ამას სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ.

_ მადლობა შენ… მინდოდა, ამჯერად ისეთი ყვავილი მომეტანა, რომელიც არასდროს დაჭკნებოდა, _ ხმადაბლა თქვა გიომ, _ მიხარია, რომ მოგეწონა… გავალ, გარეთ დაგელოდები.

მამაკაცი გავიდა თუ არა, ნინიმ საჩუქარი გულზე მიიხუტა.

8 8 8

კარგა ხანს იხეტიალეს სანაპიროზე. მერე შარდენზე გავიდნენ. შემხვედრნი ცნობისმოყვარედ ათვალიერებდნენ ორივეს.

_ ხედავ, როგორ გცნობენ? _ გაეღიმა ნინის, _ პოპულარობა ხელს არ გიშლის ყოველდღიურობაში?

_ როგორ გითხრა… არც კი ვიცი, რა გიპასუხო… არ მიფიქრია ამაზე. ვიცი მხოლოდ ერთი რამ. ჩემი პოპულარობა სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა. ტელევიზია არასაიმედოა ამ მხრივ. დღეს თუ შენი წარმატებით მაღლა აფრინდები, ხვალ შეიძლება მოწყვეტით დაენარცხო მიწას. ამიტომ თავში არ უნდა აგივარდეს და ყოველთვის უნდა იცოდე, როდის წახვიდე. როცა ჩემს შესაძლებლობებს ამოვწურავ, ჟურნალისტობას თავს დავანებებ… და ეს მოხდება მანამ, სანამ მიწას დავენარცხები.

_ და რა უნდა აკეთო მერე?

_ ვნახოთ… ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. რამეს მოვიფიქრებ. გგონია, ვერ შევძლებ ჩემი ცხოვრების კარდინალურად შეცვლას?

_ ჩემი აზრით, შენ ყველაფრის გაკეთებას შეძლებ, რასაც მოისურვებ, _ დარცხვენით ჩაილაპარაკა გოგონამ, _ დიდი მადლობა, აქ რომ მომიყვანე.

_ მეც მივიღე სიამოვნება, რა გგონია! ვიცი, ახლა რაც უნდა მითხრა… რომ შენითაც გააგნებ სახლამდე და რომ მეტს აღარ შემაწუხებ, რათა ძვირფასი დრო არ დამაკარგინო. მაგრამ ასე ადვილად ვერ დააღწევ ჩემგან თავს, იცოდე!

_ საიდან იცი, რა უნდა მეთქვა?

_ ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ კარგად შეგისწავლე. ახლაც მივხვდი, რომ ტაქტიანად აპირებ ჩემს თავიდან მოშორებას. ასეა?

ნინიმ სიცილი ვერ შეიკავა.

_ არ მომწონს, ასეთი გამჭვირვალე რომ ვარ!

_ სულაც არა. ყოველი შემთხვევისთვის, სხვებისთვის არ ხარ გამჭვირვალე, _ მრავლისმეტყველად შენიშნა რობაქიძემ და სანამ ნინი მისი ნათქვამის არსს ჩაწვდებოდა, გააგრძელა, _ კიდევ რის ნახვას ისურვებდი საღამომდე? დროზე მითხარი, თორემ ხომ ხედავ, წვიმას აპირებს.

_ წვიმას? გამორიცხულია! ისე ცხელა, არ არსებობს, იწვიმოს, _ თავი გადააქნია ნინიმ, _ ერთი რამ მინდა გთხოვო და იმედია, თავხედობაში არ ჩამითვლი…

_ მთხოვე, რაც გსურს, დღეს შენი დღეა.

_ ნაყინი მინდა.

_ არის ნაყინი! რადგან შენი დღეა, უფლება გაქვს, გქონდეს ყველაფერი, რასაც მოისურვებ… აბსოლუტურად ყველაფერი…

_ რა გულუხვი ხარ, _ გაიხუმრა ნინიმ, მაგრამ მამაკაცს შეხედა თუ არა, ღიმილი ტუჩებზე გაეყინა.

გიო თვალებით ეფერებოდა მას… და ამ გამოხედვაში სწორედ ის გრძნობა გამოიხატებოდა, რომელიც სულაც არ საჭიროებდა სიტყვებს…

ნინის საკუთარი გულის ბაგაბუგი ესმოდა, სხეულში უცნაურმა ჟრუნატელმა დაუარა _ ნერვიულმა და სასიამოვნომ ერთდროულად. უეცრად სურვილმა წამოუარა, ხელი ჩაეჭიდა მისთვის, ჩახუტებოდა მას და მისი ტუჩების სიმხურვალე კიდევ ერთხელ შეეგრძნო… «ეს იმიტომ, რომ თორნიკე მენატრება!» _ პანიკურმა შიშმა შეიპყრო გოგონა.

_ აი, აქ დავსხდეთ… მე ნაყინს მოვიტან, _ დახშული ხმით თქვა მამაკაცმა და ისე გატრიალდა, მისთვის არ შეუხედავს.

მის მოსვლამდე ნინი ცოტათი დაწყნარდა.

_ გიო, აღიარე, ბოლოს როდის გაუმასპინძლდი ქალს ნაყინით? _ მხიარულად ჰკითხა.

_ არც კი მახსოვს, _ ღიმილით უპასუხა რობაქიძემ და დაჯდა.

_ შენთვის არ იყიდე?

_ მე დიეტაზე ვარ! _ საზეიმო ხმით განაცხადა, _ ნაყინს ვერიდები!.. რა მითხარი, რამდენი წლის გავხდიო? _ თვალები მაცდურად მოჭუტა მამაკაცმა.

_ არაფერიც არ მითქვამს, _ გადაიკისკისა ნინიმ.

_ მე თუ მკითხავ, ათი წლის ბავშვის შეხედულება გაქვს, _ გააგრძელა გიომ, _ აჰა, აბა რას ვამბობდი? ხედავ, ცხვირი როგორ დაგესვარა ნაყინით? ასე ხომ ბავშვები იქცევიან!

_ ვაი! აბა საად? _ თვალები დააელმა გოგონამ და ცხვირზე დაიხედა, მაგრამ ვერაფერი შეამჩნია.

_ აგერ! _ თქვა მამაკაცმა და სანამ იგი გონს მოვიდოდა, ცხვირი ენის წვერით აულოკა.

წამით ნინის გარშემო სამყარო გაჩერდა. იგრძნო, როგორ გაუხურდა სხეული.

_ შენ… მე… მგონი, ამბობდი, ნაყინი არ მინდაო… _ აკანკალებული ხმით ძლივს ამოთქვა.

_ ეს ყველაფერი დამღუპველი ჩვევების ბრალია! _ ფრთხილად შენიშნა რობაქიძემ, _ არავინ იცის, რაწამს შეგახსენებს თავს.

_ ესე იგი, ნაყინზე გართულება გაქვს? _ დაკონკრეტება სცადა გოგონამ.

_ ნაყინზე არა! _ ორაზროვნად უპასუხა გიომ და უეცრად სახე შეეცვალა, _ წავიდეთ, თორემ გავილუმპებით.

ნინი მორჩილად მიჰყვა უკან. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს უკიდეგანო უფსკრულის პირას იდგა თავბრუდახვეული. «ღმერთო, ფრთხილად უნდა ვიყო, ასე როგორ შეიძლება!» _ გაიფიქრა შეშინებულმა.

მიუხედავად მისი შიშისა, დღის მეორე ნახევარმა ყოველგვარი ემოციური დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. რესტორანში ისადილეს. როცა გარეთ გამოვიდნენ, უკვე წვიმდა. გიოს პროგნოზი გამართლდა.

_ ხელი ჩამჭიდე! _ წამოიძახა უეცრად მამაკაცმა და სანამ ნინი გონს მოვიდოდა, რომელიღაც სასტუმროს ფოიეში ამოყვეს თავი.

_ აქ რა გვინდა? _ დაბნეულმა გოგონამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

_ დაველოდოთ, სანამ გადაიღებს. შევიდეთ ჰოლში, იქ თბილა, ბუხარი უნთიათ ყოველთვის.

ბუხარი მართლაც ენთო. მის ირგვლივ რბილზურგიანი სავარძლები განელაგებინათ. ნინი მსუბუქად ჩაეშვა სავარძელში და თვალები დახუჭა.

_ ზღაპარში მგონია თავი, _ ჩაიჩურჩულა და ფეხები მოგიზგიზე ცეცხლის ალს მიუშვირა.

ამ დროს ოფიციანტმა ცხელი ჩაი და ნაცხვრები მოიტანა.

_ სამწუხაროდ, სადღესასწაულო ტორტი არ აღმოაჩნდათ, _ თქვა გიომ და პატიების გამომხატველი მზერით მეორე სავარძელში მოკალათდა.

_ მაოცებ… _ თავი გააქნია გოგონამ.

_ ხანდახან ჩემს თავსაც კი ვაოცებ… რას იზამ, ხდება ხანდახან…

_ გიო… _ მოულოდნელად წამოიწყო ნინიმ, _ რაღაც მინდა გკითხო, თუ უხერხული არ იქნება.

_ მკითხე, რა პრობლემაა?

_ იცი, ვინ არის ის «ძვირფასი», ლელუკა რომ ახსენებს ხოლმე?

_ რა თქმა უნდა, ვიცი. ის დედაჩემის უფროსი ძმაა, ანუ ჩემი ბიძა. ცოლი ახალი შერთული ჰყავდა, პოლიომიელიტით რომ გაუხდა ავად. ის მდიდარი კაცი იყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ბიცოლაჩემი გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ ამაოდ. საწყალი ქალი სიკვდილამდე საწოლს მიჯაჭვული დარჩა. სწორედ ამ დროს გაიცნო ლელუკა. ის ბალერინა იყო და სწორედ იმ დასში ცეკვავდა, რომელსაც ჩემი ბიძა უწევდა სპონსორობას. ლელუკა მისი საყვარელი გახდა. მთელი თხუთმეტი წელი გრძელდებოდა მათი რომანი, ბიცოლაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რომ არა ლელუკა, ბიძაჩემი ვერ გაუძლებდა იმ ტკივილს.

_ ცოლმა იცოდა მათ შესახებ?

_ არა. ბიცოლა ისე გარდაიცვალა, არაფერი გაუგია. ლელუკას სიგიჟემდე უყვარდა ჩემი ბიძა, თან გადაყვა, მაგრამ დაქორწინება მაინც ვერ მოასწრეს.

_ რატომ?

_ ჯერ ერთი, მაშინვე ხომ არ ითხოვდა ცოლს, წლისთავი მაინც უნდა გასულიყო. ამასობაში ბიძაჩემს გულმა უმტყუნა, როგორც ჩანს, ნერვულმა სტრესმა თავისი გაიტანა. იმდენი მაინც მოასწრო, რომ ლელუკას სახლი უყიდა, სწორედ ის, რომელშიც ახლა ცხოვრობს და ანგარიშიც გაუხსნა ბანკში, საკმაოდ სოლიდური თანხით. მერე დანიშნა კიდეც, მაგრამ არ დასცალდა. ჯვრისწერამდე სამი კვირით ადრე გარდაიცვალა.

_ საცოდავი ლელუკა…

_ ჰო. ბევრი რამ გადაიტანა… მეც მივლიდა ბიძაჩემთან ერთად, მე ხომ მასთან ვცხოვრობდი.

_ ვისთან, ბიძასთან?

_ ჰო. მას შვილი არ ჰყავდა და ჩემზე, როგორც შვილზე, ისე ზრუნავდა. სახლი, რომელშიც ვცხოვრობ, მან დამიტოვა ანდერძით.

_ კარგი კაცი ყოფილა… მაპატიე ზედმეტი ცნობისმოყვარეობა.

_ ეგ არაფერი… ლელუკა ოდესმე თავად მოგიყვებოდა ყველაფერს.

_ ალბათ… არაჩვეულებრივი ჩაი იყო… და საერთოდ, მთელი დღე არაჩვეულებრივი იყო.

გიომ ყურადღებით შეხედა.

_ სულაც არ არის აუცილებელი, ეს არაჩვეულებრივი დღე ამ ჰოლში დამთავრდეს. სასტუმრო დიდია, შესაძლებლობები _ უამრავი. შეგვიძლია რამდენიმეს გავეცნოთ, _ მის სიტყვებში დაფარული აზრი იკითხებოდა.

_ ვშიშობ, ვერ შევძლებ, _ თავიდან აირიდა ნინიმ წინადადება, _ ისე დავიღალე, რომ ფეხზე ძლივს ვდაგავარ.

_ სასტუმროში საძინებლებიც არის… და როგორც ვიცი, არცთუ ურიგო…

«თავის მოკატუნება სისულელე იქნება. რა დიდი გაშიფვრა უნდა მის შემოთავაზებას? ერთი სიტყვაც საკმარისია და… ეგრევე გამაქანებს რომელიმე ნომერში. იქ კი… მასთან სექსი არ ამცდება… და არც მე ვიქნები ამის წინააღმდეგი. სწორედ მაშინ დამთავრდება ყველაფერი. არა! ეგ გამორიცხულია! ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ყველა სიკეთესთან ერთად, ამით სამსახურსაც დავკარგავ. გარდა ამისა, ეპიზოდური სექსუალური კავშირის მომხრე ნამდვილად არ ვარ. მე სიყვარული და ერთგულება მჭირდება. ამაზე ნაკლები არ მაკმაყოფილებს. ყველაფერი დინებაზე რომ მივუშვა, გიო შეიძლება ჩემი ცხოვრების აზრი გახდეს, მაგრამ მე ვინ ვიქნები მისთვის? ერთი რიგითი ტელეფონის ნომერი უბის წიგნაკში. ცოტა ხნის მერე კი ეს ნომერიც გაქრება, როცა მობეზრდება ჩემთან, თითქოს არც ვყოფილვარ მის ცხოვრებაში.» _ გაიფიქრა შუბლშეკრულმა და ნელა წამოდგა. გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ შინაგანად ისე ცახცახებდა, ნერვიულობისგან ყელი გაუშრა.

_ მირჩევნია, შინ დავბრუნდე, _ მტკიცედ წარმოთქვა.

_ როგორც გენებოს, _ ხელები გაშალა მამაკაცმა დანებების ნიშნად, _ ვერაფერს დაგაძალებ, არც მაქვს ამის სურვილი. ტაქსის გამოვიძახებ.

გარეთ თავსხმა წვიმა იყო. ტაქსი მალევე მოვიდა. ნინი მანქანაში ჩაჯდა, თუმცა ფეხები უკან რჩებოდა. მამაკაცმა მძღოლს ფული გადაუხადა და გოგონას ხელი დაუქნია.

_ შენ არ მოდიხარ? _ ნინიმ ფანჯარა ჩამოსწია და გიოს მიაჩერდა.

_ არა. მე ცოტა გაგრილება არ მაწყენდა, _ მსუბუქი ირონიით უპასუხა მამაკაცმა.

_ მაგრამ დასველდები ამ წვიმაში!

_ ასეთ არაჩვეულებრივ დღეს? _ დამცინავი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე გიოს, _ არავითარ შემთხვევაში!

ტაქსი დაიძრა და ნინიმ დაინახა, როგორ გატრიალდა მამაკაცი და საწინააღმეგო მიმართულებით დაუყვა ტროტუარს.

«სწორად მოვიქეცი, რომ არ დავრჩი», _ მთელი გზა უმტკიცებდა ნინი თავის თავს, _ «მაგრამ თუ ეს ასეა, გული რატომ მტკივა ასე?» იგი სარკმლიდან სევდიანად გაჰყურებდა ცარიელ ქუჩებს და ცდილობდა, გაეანალიზებინა ის, რაც მის თავს ხდებოდა. ამაღლებული განწყობილება, ბედნიერების შეგრძნება, რომელიც მთელი დღე არ მოსცილებია, თითქოს მოულოდნელად სადღაც გაქრა, მის ადგილას კი უნდობლობამ და ტკივილმა დაისადგურა.

გიოს ერთხელაც არ უხსენებია დღეს თორნიკე. არც კი უკითხავს, რატომ მასთან ერთად არ გაატარა დაბადების დღე. ნუთუ იცოდა, მისმა სიძემ რომ მოატყუა? იქნებ შეეცოდა ნინი და იმიტომ მოვიდა მასთან? იქნებ ნაკლებად კეთილშობილური მოტივი იმალებოდა მისი საქციელის უკან? ამის გაფიქრებაზე შეამცივნა. ყველაფერი გასაგებია. «მას ჩემი შეცდენა უნდოდა, რითაც საბოლოოდ დამაშორებდა თორნიკეს. იცის რა თავისი შინაგანი ხიბლის ამბავი, ეგონა, მეც ადვილად მომაწონებდა თავს. ლამის გამოუვიდა კიდეც. რაღაც მომენტში თანახმაც კი ვიყავი, ნომერში ავყოლოდი. ძნელია ცდუნებას გაუძლო, როცა ასეთი მამაკაცი თავბრუს გახვევს. ვინ იცის, რამდენი ქალის ოცნების მამაკაცია… და არამარტო თავისი პროფესიის გამო. ძალიან მამაკაცურია ისედაც… ღმერთო, რა სულელი ვარ! კიდევ კარგი, უარი ვუთხარი!» _ თავი დაიმშვიდა და ტაქსიდან გადმოვიდა.

გოგონა უკვე აღარ ენდობოდა თავის თავს. მით უმეტეს, რომ თორნიკესთან ურთიერთობა დღითიდღე უფუჭდებოდა. ხვდებოდა, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მიილტვოდა გიოსკენ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მასთან კარგად გრძნობდა თავს. რობაქიძესთან ნებისმიერ თემაზე შეეძლო ლაპარაკი, კამათი, განსჯა… მოსწონდა მისი ხალასი იუმორი, მხიარული ხასიათი… ამასთან, საინტერესო იყო მის გვერდით მუშაობა. მამაკაცი თავისი ბუნებრივი დინამიზმითა და ენერგიით მის ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანს აჯადოებდა. «მორჩა! ასეთი დღეები მეტჯერ აღარ განმეორება! რაც უფრო ხშირად შევხვდები, მით უფრო დამოკიდებული გავხდები მასზე და გამიჭირდება უარის თქმა. მასთან ურთიერთობაში რაღაც ზღვარი უნდა დავიცვა!» _ მტკიცედ გადაწყვიტა და კარს გასაღები მოარგო.

არა, რაღაც უნდა იღონოს. აღარ დაელოდება, თორნიკე როდის იშოვის ბინას. თვითონვე მოძებნის. აი, სამსახურში რამდენიმე გოგონა კიდევაც ცხოვრობს ქირით. ბოლოს და ბოლოს, რომელიმეს შეუამხანაგება და… იქნებ ამან მაინც აუხილოს თორნიკეს თვალები და ცოტა აზრზე მოვიდეს? ამით გიოს ვიზიტსაც ადვილად აიცილებს თავიდან. მას ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს ლელუკასთან და მასთანაც შეიაროს? როცა სხვაგან გადავა, ამის შესაძლებლობა აღარ ექნება და თვითონაც გაცილებით მშვიდად იგრძნობს თავს.

8 8 8

ნინი გააცილა თუ არა, გიომ გეზი პირდაპი კრისტისკენ აიღო. ქალი მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას. იქაურობა კრისტის დაქალებით იყო სავსე, რაც მამაკაცს მაინცდამაინც არ ეპიტნავა. მიუხედავად ამისა, მაინც თავდაჭერილად მიესალმა სტუმრებს, მათთან ერთად სუფრას მიუჯდა და შეძლებისდაგვარად მოილხინა.

საღამომ მხიარულად ჩაიარა. უკვე გვიან იყო, კრისტიმ სტუმრების გაცილება რომ დაიწყო… ბოლოს მარტონი დარჩნენ. გიოსთვის გასაგები იყო, რატომაც დაპატიჟა ქალმა იგი ვახშამზე. კრისტი არც მალავდა ამას. იგი ვნებიანი მზერით შესციცინებდა ცნობილ ჟურნალისტს თვალებში და სულმოუთმენლად ელოდა, როდის გადმოდგამდა რობაქიძე საპასუხო ნაბიჯს. გიომ კარგად უწყოდა ეს და თავადაც სწორედ ამისთვის მოვიდა მასთან. თუმცა…

მიხვდა, რომ მას ეს ქალი არ უნდოდა. მისდა სამწუხაროდ, ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი კრისტის სახლის ზღურბლს გადააბიჯა. დიზაინერი უმშვენიერესი იყო, ბრწყინვალე სხეული ჰქონდა, მაღალი მკერდი, ვნებიანი მიხვრა-მოხვრა… მაგრამ ამაოდ… გიო მის მიმართ არაფერს გრძნობდა და ვერც ვერაფერს უხერხებდა თავის თავს. სულ რომ გაშიშვლებულიყო კრისტი ამწუთას და მის მკლავებში ჩავარდნილიყო, საპასუხო რეაქცია არ ექნებოდა.

ქალი არ გაჩერებულა. კარგა ხანს ლაყბობდა, რაღაც ისტორიებს ყვებოდა, თან ორი თითით მკერდთან შეკრული კოფთის ღილს აწვალებდა, რათა მამაკაცის ყურადღება მიექცია, მაგრამ გიოზე არც ამან მოახდინა შთაბეჭდილება. უკვირდა კრისტის, რატომ იქცეოდა იგი ასე, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. უეცრად გიო წამოდგა, ჩემი წასვლის დროაო, ჩაიბურტყუნა, ქალს დამნაშავის ღიმილით დაემშვიდობა და წავიდა.

თავზარდაცემული და გახევებული კრისტი კარგა ხანს იდგა გამოღებულ კართან.

8 8 8

გამოუძინებელს და გაღიზიანებულს დილით ადრე გაეღვიძა. უგემურად ისაუზმა და კომპიუტერს მიუჯდა, მაგრამ მუშაობას გული ვერ დაუდო. როცა მიხვდა, რომ არაფერი გამოსდიოდა, გადაწყვიტა, თავისი პატარა ნათლული მოენახულებინა.

კახა და ნათია სიხარულით შეხვდნენ გიოს გამოჩენას. პატარა გოჩაც აჭყლოპინდა. მაგრამ არც ამან უშველა, ვერა და ვერ გამოუკეთდა ხასიათი.

_ შენ ცოლი გჭირდება, ჩემ კარგო, _ ნათიამ მისი «დამუშავება» დაიწყო, _ ხვდები ვინმეს?

_ დროდადრო.

_ და ეს სერიოზულია?

_ არ არის გამორიცხული, ნათი. შიგადაშიგ ჩაგაყენებ საქმის კურსში.

_ კარგს იზამ, თუ გამაგებინებ! ასე ცხოვრება, შენც ხომ ხედავ, რომ მოსაბეზრებელია!

შინ დაბრუნებული საწოლზე მიწვა. შეიძლება მართალია ნათია. იქნებ შეირთოს ცოლი? აი, მაგალითად, კრისტი სულაც არ არის ცუდი ვარიანტი. მაგრამ რომ არ უყვარს? მერედა, რა აუცილებელია, მაინცდამაინც უყვარდეს? მისთვის ხომ ასეთი უცხოა ეს გრძნობა. მთავარია შეჩვევა. შეეჩვევიან ერთმანეთს და სიყვარულიც მოვა. მერე ბავშვები გაჩნდებიან და მის ცხოვრებასაც მეტი აზრი მიეცემა.

ასეთი მტანჯველი აზრებით დახუნძლული გამოცხადდა მეორე დილით სამსახურში, ოდნავ შეაგვიანდა კიდეც. ნინი უკვე მოსულიყო, კომპიუტერთან იჯდა და რომელიღაც ჩანაწერს უსმენდა. მამაკაცს გაფითრებული ეჩვენა იგი, თითქოს თვალებიც ჩაშავებოდა…

და უეცრად მისთვის გასაგები გახდა, რატომ არ დარჩა იმ ღამეს კრისტისთან. ნინი! ეს პატარა, ლამაზი გოგონა იყო ყველაფრის მიზეზი! როგორ მოუნდა ამწუთას, მისულიყო მასთან ახლოს, მის თმაში შეეცურა თითები, თავი მის ყელში ჩაემალა და მოფერებოდა, შეესრუტა მისი ნაზი სხეულის სურნელი. ის მზად იყო, ყოველდღე გაეკეთებინა ეს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე… მხოლოდ ნინის შეეძლო მისი გულის სიხარულით ავსება და მისი ცხოვრების გალამაზება.

ამ აღმოჩენამ იმდენად დასცა თავზარი, რომ კედელს მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო.

_ კარგად ხარ? _ შეშფოთებული გოგონა წამოხტა და მისკენ წამოვიდა.

«ახლა რომ მომიახლოვდეს, დამერხევა!», _ შეშინდა გიო.

_ წუხელ ზედმეტი დავლიე და იმის ბრალია, _ იცრუა, _ თუ ვინმემ დამირეკოს, უთხარი, მოგვიანებით იქნება-თქო. ახლა არავის თავი არ მაქვს, _ მშრალად თქვა, მოახლოებულ გოგონას ცივად აუარა გვერდი და ოთახის კარი მიიხურა.

კაბინეტში შესულმა ონკანი მოუშვა და ცივი წყალი სახეზე შეისხა. როცა თავის თავს შეხედა სარკეში, შეამჩნია, როგორ შეცვლოდა გამომეტყველება, თითქოს მთელი ათი წლით დაბერებულიყო. «ჩემსავე დაგებულ მახეში გავები. რა ჩავიდინე ეს? მე მას არაფერში ვჭირდები. მას ის არარაობა უყვარს და ამას უნდა შევეგუო… თუკი შევძლებ, რა თქმა უნდა», _ საკუთრ ორეულს სიმწრით გაუღიმა მამაკაცმა და ღონემიხდილი დივანზე ჩამოჯდა.

არა, ასე გაგრძელება არ შეიძლება, რაღაც უნდა მოიფიქროს. როგორმე უნდა დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას. ეს გოგო, ბოლოს და ბოლოს, მისი სიძის სყვარელია, ყველაფერს რომ თავი დაანებოს! რა გამართლება ექნება მის საქციელს? სულაც რომ თანახმა იყოს ნინი, თორნიკეს როგორღა შეხედოს თვალებში? მერე რა, თუკი იგი მის ბიძაშვილს ღალატობს? ამით თავს ვერ გაიმართლებს. განა ქალი დაილია ამქვეყნად? ასე ახლოს მაინც არ იყოს მასთან, მის დაქვემდებარებაში მაინც არ მუშაობდეს! ყოველდღე რომ არ ხედავდეს, იქნებ დაივიწყოს კიდეც. ჰო, ეგ მართალია! აი, საიდან უნდა დაიწყოს! იქნებ შვებულება აიღოს და დროებით წავიდეს თბილისიდან? რამდენი ხანია, სოფელში არ ყოფილა, მშობლებს მოინახულებს, დაისვენებს, განიტვირთება… ამასობაში გააუვლის კიდეც და დამშვიდდება. რომ დაბრუნდება, დასვენებული გონებით და ენერგიით სავსე უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. კარგი აზრია, ძალიან კარგი!.. და დღესვე შეუდგება მის განხორციელებას!

888

ნინის გიოზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომ დათვრა წუხელ, მასთან ერთად სასტუმროში რომ არ დარჩა?.. გამორიცხულია. რობაქიძე ის კაცი არ არის, ქალისგან უარი ასე განიცადოს. ასეთ რამეებს არასდროს შეიმჩნევს. არც გაუჭირდებოდა შემცვლელის მოძებნა. მაშინვე დაურეკავდა მორიგ საკბილოს თავისი საამაყო სიიდან და მასთან ერთად მშვენიერ ღამესაც გაატარებდა.

მართალია, ნინი თავადაც საშინლად განიცდიდა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა და ტყუილად აჩვენებდა ყველას თავს, თითქოს მშვენივრად შეეწყო თბილისს, მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა. იგი საათობით იჯდა ხოლმე ლელუკასთან ოთახში და ნაძალადევი მხიარულებით უყვებოდა, რა კარგ ადგილას მოხვდა, როგორ აუღო ალღო სამუშაოს, როგორ მეგობრობდა თანამშრომლებთან, თუმცა გიოზე სიტყვა არასდროს დასცდენია, არც იმაზე, რომ მისი ბინიდან გადასვლას აპირებდა.

დედაქალაქში გატარებულმა რამადენიმე კვირამ გოგონას ბევრი რამ ასწავლა. თუ თავიდან სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა, ყველაფერს ზედაპირულად უყურებდა და ეგონა, თორნიკესთან ერთად მთებს გადადგამდა, თანდათან მიწაზე დაეშვა და ცივი გონებით შეუდგა განსჯას. ის მოძებნის სხვა ბინას, შეუამხანაგდება თანამშრომელ გოგონებს, რომ ქირის გადახდა გაუადვილდეს, გააგრძელებს მუშაობას, ხოლო თუ თორნიკე ოდესმე გონს მოეგება, აპატიებს დაშვებულ შეცდომებს და მიიღებს. არც თვითონ არის მამა აბრამის ბატკანი, თვითონაც არაერთი შეცდომა დაუშვა, ამიტომ კუდის ყავარზე გადება არ ღირს… როცა ორივე აღიარებს თავის დანაშაულს და ერთმანეთს აპატიებენ, სიცოცხლეც უფრო მშვენიერი გახდება და ცხოვრებაც გაცილებით მალე ჩადგება კალაპოტში… მაგრამ ამ ბიჭს რაღა დაემართა? ნინის ისე შეეცოდა გიო, გული დაეწვა. როგორ მოუნდა, იმწუთას მისი თავი მკერდზე მიედო და იმდენ ხანს მიფერებოდა, სანამ მამაკაცს თავის ტკივილი არ გაუვლიდა.

არა, არა, ასე ფიქრი არ ივარგებს. როგორმე უნდა გაერიდოს რობაქიძეს, თორემ მასთან ასეთი სიახლოვე კარგს არაფერს მოუტანს. გული უგრძნობს ამას.

ნინის ბევრი არ უყოყმანია. როგორც კი ამ დასკვნამდე მივიდა, მაშინვე თავისი გეგმის განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი. საღამოს, შინ მივიდა თუ არა, ლელუკასთან შეიარა და თავისი ნაფიქრი გაანდო.

_ შენ რა, სხვაგან აპირებ გადასვლას? რატომ, სიხარულო? ცუდად გექცევი? რამე არ მოგწონს? _ შეშფოთდა ქალი.

_ ჩვენთან რამდენიმე თანამშრომელი ერთად ცხოვრობს ქირით, სამი გოგოა, ერთი გათხოვდა და ადგილი გაუთავისუფლდათ. გადავწყვიტე, მათთან გადავიდე, ასე უფრო მოხერხებული იქნება ჩემთვის, _ დამნაშავესავით გაიღიმა ნინიმ.

_ გასაგებია… _ ჩაფიქრდა ლელუკა, _ მე კი მეგონა… რა მითხარი, რომელ უბანშიაო?

_ საბურთალოზე. უკვე ვნახე და მომეწონა. მართალია, მარტო არ ვიქნები, თუმცა, ვფიქრობ, ასე აჯობებს. ორ კვირაში გადავალ. იმედია, არ გეწყინება და ამ ხნის განმავლობაში იპოვი ვინმეს, რათა ჩემი ოთახი მიაქირაო.

_ მაგაზე ნუ დარდობ, პატარავ, მდგმურის პრობლემა არასდროს მაწუხებდა. ერთნი მიდიან, მეორენი მოდიან. ხანდახან იცი, რა მგონია? რომ ჩემი სახლი ტრამპლინია, საიდანაც მდგმურები სტარტს იღებენ უკეთესი ცხოვრების დასაწყებად. ისე მოიქეცი, როგორც შენთვის აჯობებს, მაგრამ არ დამივიწყო, კარგი? თუ რამეა, ნებისმიერ დროს შეგიძლია მობრუნდე, შენთვის ოთახს ყოველთვის გამოვნახავ. სიმაოვნებით მიგიღებ, ეს გახსოვდეს.

_ დიდი მადლობა, ლელუკა… ისე მელაპარაკები, თითქოს ანტარქტიდაში გადავდიოდე საცხოვრებლად, _ გაეცინა ნინის.

_ ძალიან დამაკლდები, რომ წახვალ, ამიტომაც გელაპარაკები ასე. ხომ ხედავ, როგორ მიგეჩვიე… ჩაპაც კი მოიწყენს, შენ რომ არ იქნები.

_ მთლად ასე არ დავიკარგები, ხშირად შემოგივლით სანახავად… რას ამბობ, ლელუკა, შენგან იმდენი სიკეთე მახსოვს…

ნინი ქალს თბილად გადაეხვია და თავისი ოთახისკენ გასწია. ის იყო, კარი შეაღო, რომ ტელეფონი აწკრიალდა. თორნიკე ურეკავდა.

_ საყვარელო, როგორ ხარ? _ მამაკაცი კარგ ხასიათზე ჩანდა.

_ თოკო! როგორ გამიხარდა შენი ხმის გაგონება… არა მიშავს. შენ როგორ ხარ?

_ საშინლად, _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა თორნიკემ, _ მისმინე, ნინ. ძალიან მრცხვენია, საერთოდ რომ ვერ გაქცევ ყურადღებას. რაღაც უნდა ვიღონო. გინდა, კინოში წავიდეთ?

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ნინი ალბათ სიხარულისგან შეხტებოდა ასეთ შემოთავაზებაზე, მაგრამ ამჯერად რეაქცია არ ჰქონია, ერთი სიმიც არ შერხევია გულში. თუმცა, უარი მაინც ვერ უთხრა შეყვარებულს.

_ დიდი სიამოვნებით!.. სად შეგხვდე?

_ ხვალ საღამოს, შვიდ საათზე კინოთეატრ «რუსთაველთან» დაგელოდები. ხომ მოხვალ?

_ რა თქმა უნდა, მოვალ, თორნი, აუცილებლად მოვალ.

8 8 8

მეორე დილით ნინი ადრე გავიდა სახლიდან. სამუშაო საათები მორჩებოდა თუ არა, პირდაპირ თორნიკესთან შესახვედრად გაეშურებოდა, ამიტომაც საგანგებოდ გამოპრანჭული გამოცხადდა სამსახურში. გიო არ ჩანდა. გოგონამ ყავა მოიდუღა და მუშაობას უგულოდ შეუდგა. გრძნობდა, რომ არაფერი უხაროდა, არც საღამოს დაგეგმილი პაემანი და არც ის, რომ საცხოვრებელი ადგილი უნდა გამოეცვალა.

რობაქიძე მოგვიანებით მოვიდა. იგი ზედმეტად ცივად მიესალმა. ორიოდე სიტყვით გამოჰკითხა, როგორ მიდის საქმეებიო და თავის კაბინეტში შეიკეტა. მისმა ასეთმა ცვლილებამ ცოტა არ იყოს, გააოგნა გოგონა. რა დაემართა? იმ საღამოს მერე სულ სხვანაირი გახდა… თვითონ ხომ არ არის ამის მიზეზი? რა ხდება?.. ამაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა.

ნაშუადღევს გიომ კაბინეტის კარი გამოაღო და გოგონას ანიშნა, ცოტა ხნით ჩემთან შემოდიო. ნინის გულმა გამალებით დაუწყო ცემა, თავადაც არ იცოდა, რატომ.

_ რამდენიმე დღე არ ვიქნები, ამიტომ ყურადღებით უნდა იყო და აქაურობას მიხედო. იმედია, არ დამაღალატებ და საქმეებს არ გამიფუჭებ, _ გამჭოლი მზერა ესროლა მამაკაცმა.

ნინიმ გაოცებისგან წარბები აზიდა.

_ მივლინება? შორს მიდიხარ? _ ღიმილით ჰკითხა გოგონამ, თითქოს მათ შორის გაჩენილი ყინულის გალღობა სურსო.

თუმცა მამაკაცმა ისეთი ცივი მზერით შეხედა, ნინიმ ტუჩი მოიკვნიტა.

_ კიევში მივფრინავ.

მარტო? _ ენის წვერზე მოადგა გოგონას, მაგრამ უტაქტო შეკითხვისგან დროზე შეიკავა თავი.

_ წარმატებულ მივლინებას გისურვებ… ბოლო დღეებში ძალიან დაღლილი ჩანხარ, ვერ გამოიყურები კარგად.

_ გმადლობ, ჩემო კარგო, _ გულგრილად უპასუხა გიომ, _ კარგი იქნება, თუ საღამომდე იმ წერილებს გამიმზადებ, გუშინ რომ დაგიტოვე.

დამპალი! ერთი თბილი ღიმილი ვერ გაიმეტა! არადა, ორი დღის წინ რა სხვანაირი იყო?! რა უცნაურია ეს ყველაფერი!

_ წერილები მზად არის, _ ირონია გაურია ხმაში, _ ახლავე შემოგიტანთ! _ ოფიციალური ტონით დაამატა, მისაღებში გავიდა, უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და ოთახში შებრუნებულმა ლამის ცხვირწინ დაუხეთქა მამაკაცს.

არა, ეს რა საქციელია? ისე მაინც ეთქვა, ზრდილობისთვის, კარგად გამოიყურებიო… ზედაც არ შეხედა! თავხედი! ვინ ჰგონია ამას ნინი! როგორ ექცევა?

გოგონამ ორაზროვანი მზერა ესროლა გიოს, მერე ცალყბად გაუღიმა, ამაყად შეტრიალდა და დემონსტრაციულად დატოვა კაბინეტი.

8 8 8

ფილმი არც ერთს არ მოეწონა. როცა კინოთეთტრიდან გამოვიდნენ, სავახშმოდ ლესელიძეზე ჩავიდნენ, კაფეში.

_ იცი, ბინა რომ ვიშოვე? _ საზეიმო ხმით ამცნო თორნიკემ.

_ მართლა? _ დაბნეულად შეხედა ნინიმ, _ კარგია.

მამაკაცს მისი რეაქცია არ მოეწონა.

_ რაღაც უცნაურად შეხვდი ამ ამბავს… მეგონა, გაგიხარდებოდა… პირველივე დღიდან ამაზე ოცნებობდი, ყურები გამომიჭედე ბინაზე ლაპარაკით, ახლა კი…

_ მაპატიე, _ ამოიოხრა გოგონამ, _ უკვე აღარაფრის იმედი არ მქონდა. როგორია? ტერიტორიულად სად მდებარეობს?

_ ვაკეში, ყველაზე პრესტიჟულ ადგილას. თან არ იცი, რა მაგარია! ზღაპრული ბინაა!

_ მთავარია, რომ პრესტიჟულ რაიონშია, _ ექიდნურად ჩაიცინა.

თორნიკე გაბრაზდა.

_ აბა, იაფიანი და ნახევრადსარდაფი უკვე ნაპოვნი გქონდა, რაღაზე გავიგიჟებდი თავს?

ნინიმ ღვინით სავსე ჭიქას ხელი წაავლო და ტუჩთან მიიტანა. მოულოდნელად, რატომღაც, გიოს ნაჩუქარი ვარდი გაახსენდა და თითქოს რაღაცამ წაუჭირა ყელში.

_ ჩემი აზრით, იცი, რა არის მთავარი? შენი თავის ფასი იცოდე ადამიანმა. იცოდე, რისკენ მიილტვი ცხოვრებაში და როგორ ახერხებ ამას.

_ ამით რისი თქმა გინდა, სიხარულო? რაღაც ვერ გავიგე, _ წარბები აზიდა თორნიკემ.

_ არაფერი, ისე ვთქვი, ჩემთვის… არ მიაქციო ყურადღება… _ უცნაურად გაიღიმა გოგონამ, _ როდის გადადიხარ?

_ ალბათ კვირის ბოლოს. სახლის პატრონი გერმანიაში მიემგზავრება ორი წლით და რამდენიმე დღეში ჩამაბარებს გასაღებს.

_ როგორც ჩანს, ჩემზე ადრე გიწევს გადასვლა. მე მხოლოდ ორი კვირის მერე გადავდივარ ქეთისთან.

_ ქეთი ვინ არის? რა შუაშია ქეთი? _ ვერ მიუხვდა თორნიკე.

_ ჩემი თანამშრომელია. საბურთალოზე ქირაობს სამოთახიან ბინას. მასთან მე და კიდევ ერთი გოგო ვიცხოვრებთ.

_ ნუ სულელობ, საყვარელო. შენ რა, მეხუმრები? ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხომ შევთანხმდით?

ნინის სიცილი აუტყდა. ასეთი დაბნეული თოკო რამდენი ხანია, არ უნახავს.

_ ნინ, მგონი, ვერ გაიგე, რაც გითხარი. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ერთად ვიქნებით! მიხვდი?

_ და, შენი აზრით, ეს ნორმალური იქნება? _ თვალები მოხუჭა გოგონამ, _ იქნებ ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის, სანამ არ განქორწინების საქმეს არ მოაგვარებ? ასე არაფერი გამოვა.

_ მაგრამ განქორწინების პროცესი შეიძლება ძალიან გაიწელოს! _ მამაკაცმა ხელზე ხელი დაადო, _ იცი? ბოლო დროს ძალიან ბევრი ვიფიქრე ჩვენზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მეტის მოცდა არ შემიძლია.

ნინის თვალი უაზროდ გაუშტერდა. საინტერესოა, რა მოხდა, რატომ შეიცვალა თორნიკე ასე მოულოდნელად? რა ჩაიფიქრა?

_ გარდა ამისა, მე შენი იმედი მქონდა, _ გააგრძელა მამაკაცმა, _ იცი, რა ძვირი ღირს ის ბინა? ხუთასი დოლარი! ლელუკას სორო არ გეგონოს. მარტო მე ვერ გავწვდები ქირას.

_ თუ ძვირია, ვინმე შეიამხანაგე და ორს უფრო გაგიადვილდებათ გადახდა, _ ირონიული ღიმილი არ შორდებოდა გოგონას.

_ დამცინი? მე შენთვის მსურდა კომფორტის შექმნა, სხვა რა ჯანდაბად მინდა? რატომ მელაპარაკები ასე? გადაიფიქრე? რამე პრობლემა გაქვს? მითხარი, თუ რამე ხდება!

_ არავითარი პრობლემა არ მაქვს, _ მშვიდად უპასუხა ნინიმ, _ მე ვიცხოვრებ ქეთისთან და მაკოსთან. პრობლემა შენ გაქვს _ ბინის ქირის ხუთასი დოლარი ყოველთვიურად!

_ ხანდახან მეჩვენება, რომ საერთოდ არ გიცნობ… _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

_ საიდან უნდა მიცნობდე? შენ სად გაქვს იმის დრო, მე გამიცნო? მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი. რას იზამ, შენ კი არა, თავად ვერ ვცნობ ჩემს თავს. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება. ბოლო დღეებში შევამჩნიე, რომ თურმე მეც შევიცვალე, _ თქვა ნინიმ და ნაყინის ვარდისფერ ბურთულას შეავლო თვალი, რომელიც ის იყო, ოფიციანტმა მოიტანა, _ რაღაც ნაყინის სურვილმა გადამიარა, _ ტუჩაი აიბზუა და ფეხიანი ჭიქა გვერდზე გასწია.

_ ნუ შეჭამ, თუ არ გინდა… მომისმინე, ნინ. თუ ძალიან გინდა, იმ გოგოებთან იცხოვრო, შენი ნებაა, არ დაგიშლი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში რაღაც-რაღაცები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. გესმის?

_ რას გულისხმობ?

_ გეყოფა მონაზონივით ცხოვრება, _ ნერვულად გაიცინა თორნიკემ, _ მეც დავიღალე, კაცი ვარ და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მეყოფა, რაც ვითმინე.

_ მართლა? და რას მთავაზობ, შენი საყვარელი გავხდე?

_ რატომ საყვარელი? რა სისულელეა… ჩვენ მალე დავქორწინდებით, თანაც, გიო რამდენიმე დღით ქალაქიდან გადის და სახლში მარტო ვრჩები. სანამ გადავალ, იქ შეგვიძლია შევხვდეთ ერთმანეთს, დღეც და ღამეც.

_ ვიცი, _ გაუფრთხილებლად შენიშნა ნინიმ, რობაქიძის გახსენებაზე ისევ შეეკუმშა გული.

მამაკაცი მოიღუშა.

_ იცი? საიდან იცი? ლელუკამ გითხრა?

_ არა, ლელუკამ არა, თავად გიომ მითხრა. მე სტუდიაში ვმუშაობ, მისი პირადი თანაშემწე ვარ.

_ რა-ა? _ მამაკაცი თავზარდაცემულივით შეხტა, _ რატომ აქამდე არ მითხარი?

_ როდის უნდა მეთქვა? ოდესმე გეცალა ჩემთვის? არადა, რამდენჯერ ვცადე! ერთხელაც არ მომისმინე ბოლომდე. და იცი, რატომ? არ გაინტერესებდა და იმიტომ… ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, რაც მე მეხება!

_ წარმატებებს გისურვებ! _ ირონიულად შენიშნა თორნიკემ, _ გიო დიდი შენაძენია, ენა სამართებელივით უჭრის, ხასიათი ხომ, ნუ იტყვი!.. ისეთი მყრალი აქვს!

_ რა თქმა უნდა, ასეთი რამეებისგან თავს შორს დავიჭერ. მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს და მეტი არაფერი!

_ ასე მგონია, რომ ჩემთან ყოფნა აღარ გინდა… ასეა? _ პატარა ბავშვივით გაიბუტა მამაკაცი, _ როცა ამის შესაძლებლობა არ გვქონდა, მაშინ ძალიან გინდოდა ეს, ახლა კი…

ნინიმ ღრმად ამოიოხრა.

_ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი უცნაური რამ მოხდა, თოკო, _ თქვა და თვალი თვალში გაუყარა, _ იქნებ ჯობია, ორივემ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ ჩვენი გრძნობები… გვიყვარს კი ერთმანეთი?

თორნიკემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ნინიმ ხელი აუქნია, წამოდგა, დამცინავად გაუღიმა მამაკაცს და გასასვლელისკენ გაემართა.

8 8 8

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. ვერც კი მიხვდა, როდის გაუნელდა გრძნობა თორნიკეს მიმართ. იქნებ მაშინ, დაბადების დღეზე ქალაქიდან რომ გავიდა და გოგონას გეგმები ჩაუშალა? წარსულს თვალი რომ გადაავლო, მიხვდა, რომ მისი თორნისთან ურთიერთობა მხოლოდ ბავშვური გატაცება იყო და სხვა არაფერი. მას ხომ სერიოზულად არასდროს არავინ ყვარებია! უბრალოდ, გულის ხმას დაუფიქრებლად აჰყვა და ემოციამოზღვავებულმა თავი ვეღარ გააკონტროლა. კიდევ კარგი, არ მიჰქარა და უფრო ღრმად არ შეტოპა. რა თქმა უნდა, არც ამით დაშავდებოდა არაფერი. მერე რა? დღეს ვიღას უკვირს, თუკი ახალგაზრდა ქალს ბოიფრენდი ჰყავს? ყველას თავისი ცხოვრება აქვს და იმას აკეთებს, რაც მოესურვება.

არადა, თავიდან როგორი აღფრთოვანებული იყო მისით. იმდენად მოსწონდა, არც კი აკვირდებოდა მის ქცევებს, რომ რამე უარყოფითი არ აღმოეჩინა მის პიროვნებაში. ხოლო როცა თორნიკემ შესჩივლა, ცოლს საერთოდ არ ესმის ჩემიო, დაიჯერა და თანაგრძნობით განეწყო. იფიქრა, რაც თაკოსგან დააკლდა, მე ავუნაზღაურებო… მხოლოდ ახლაღა ხვდება, რომ მას თორნიკესთან მომავალი არ ჰქონდა. ის, უბრალოდ, ზღაპარში ცხოვრობდა და სურდა, ამ ურთიერთობასაც ზღაპარივით კეთილი დასასრული ჰქონოდა.

კიდევ კარგი, დროზე აეხილა თვალები. კიდევ კარგი, დაინახა, რომ თორნიკეს არც ცოლი სჭირდება, არც სახლი, არც იმ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, რომელსაც ოჯახური ცხოვრება მოითხოვს. მას ეს ყველაფერი უკვე ჰქონდა და ვერ შეიფერა, ვერ გაუმკლავდა. იგი ნინის ეუბნებოდა იმას, რისი მოსმენაც გოგონას სურდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამით საწოლში შეეტყუებინა. ხოლო როცა მის სიჯიუტეს წააწყდა, სხვანაირად «ამღერდა». საინტერესოა, როგორ ვერ ხვდებოდა ამას აქამდე?

წესით, ამწუთას უნდა ტიროდეს. კი არ უნდა ტიროდეს, უნდა ღრიალებდეს იმედგაცრუებული, მაგრამ… მისდა გასაოცრად, ნინი ახლა მხოლოდ სინანულს განიცდიდა, რომ ამდენი დრო და ენერგია დაახარჯა უღირს მამაკაცს.

კარგი ქნა, რომ არ მოტყუვდა და გრძნობებს არ აჰყვა. ასეთ შემთხვევაში საბოლოოდ გადაეწურებოდა იმედი, რომ გიოსთან რამე გამოუვიდოდა. გიო! რატომ გაახსენდა გიო? ან რისი იმედი აქვს? ჰგონია, რომ ცნობილი ჟურნალისტი მისნაირს შეიყვარებს? კაცი, რომელსაც ბუზებივით ეხვევიან მთელი თბილისის ელიტური ლამაზმანები? სისულელეა ეს ყველაფერი! ამის გაფიქრებაზე შეაკანკალა… მიხვდა, რომ შეეშინდა.

არადა, რა კარგად გრძნობს თავს მასთან! როგორი სინაზე მოდის ამ ურთიერთობიდან… გიოს მისი ყველა ჭრილობის შეხორცება შეუძლია, ის ერთადერთია, ვისაც მისი ცხოვრების გალამაზება ძალუძს. როგორ უნდა, მასთან ერთად გაიზიაროს ჭირიც და ლხინიც, სიხარულიც და ბედნიერებაც… როგორ უნდა, ერთადერთი ქალი იყოს მის ცხოვრებაში, გახდეს მისი ცოლი, მისი შვილების დედა… ე-ეეჰ… ოცნება ოცნებად დარჩება! სიმართლე ეს არის და ამ სიმართლეს ვერსად გაექცევა. ეს მისი გაცნობის დღიდანვე იცოდა, ამიტომაც ებღაუჭებოდა თორნიკეს, ეგონა, მასთან თანაცხოვრებით ადვილად ჩააქრობდა გულიდან წამოსულ უცნაურ ხანძარს. ახლა კი ყველაფერი დამთავრებულია… მას ამ ტკივილის სიცოცხლის ბოლომდე ტარება მოუწევს. რობაქიძეს მისთვის არაფრის იმედი არ მიუცია. ერთადერთი, რაც შესთავაზა, სასტუმროში ერთი ღამის გატარება იყო და როცა უარი მიიღო, კვლავ უცხო გახდა მისთვის, შეიძლება _ მტერიც კი!

ძალიან ძნელი გადასატანი იყო ნინისთვის გიოს ბოლოდროინდელი გულგრილი დამოკიდებულება. ვერა და ვერ ეგუებოდა ამ მდგომარეობას. არა უშავს, გადაუვლის. დროს ხომ ყველაფერი მიაქვს… მის ტკივილსაც წაიღებს ალბათ ოდესღაც… თუმცა, სანამ ეს მოხდება, მარტოობაში მოუწევს ცხოვრება. ეს კი ძალიან გაუძნელდება.

8 8 8

_ არ გეგონოს, სანამ გიო არ არის, უსაქმოდ მოგიწევს ყოფნა! _ დაუფარავი აგრესიით შეხვდა ეველინა ნინის ორშაბათ დილით და მტრული მზერა ესროლა.

_ რა ეტაკა? _ ჰკითხა გოგონამ ვერიკოს, როცა ეველინა მისაღებიდან გავიდა, _ მგონი, არაფერი დამიშავებია… რამე ისე ვერ გავაკეთე?

_ ა-რაა! უბრალოდ, ევას შტერი ქალები მოსწონს, იმიტომ, რომ მხოლოდ მათ ფონზე გამოიყურება ჭკვიანად. იმასაც ასე ექცეოდა, ვის მაგივრადაც მუშაობ. გარდა ამისა, ეჭვიანობს. რამდენი ხანია, გიო მოსწონს და როცა ლიკა დეკრეტულ შვებულებაში გავიდა, დარწმუნებული იყო, რომ რობაქიძე მას აიყვანდა თანაშემწედ. რადგან ასე არ მოხდა, ბოღმას ანთხევს, არ იცის, რა ქნას.

_ მერე? გიმ იცის ამის შესახებ?

_ მას ეგეთები რამეები არ აინტერესებს. თანამშრომელ ქალებს სხვა თვალით არასდროს უყურებს. სწორედ ამიტომაც ეველინა დღემდე კანცელარიაში ზის. ან რაში სჭირდება ისეთი თანაშემწე, რომელიც მხოლოდ ბოღმას ანთხევს და თავში არაფერი უყრია?

_ გასაგებია, _ ჩამქრალი ხმით წარმოთქვა ნინიმ.

ახლა გასაგები გახდა მისთვის, რატომ ექცეოდა გიო ბოლო დღეებში ასე ცივად. ალბათ მიხვდა, რომ მოსწონს და გადაწყვიტა, შორს დაიჭიროს მისგან თავი. ის ხომ ადვილად ხვდება ყველაფერს! როგორ მოიქცეს? სანამ გაძლებს ასე? იქნებ, აჯობებს, წერტილი დასვას, თანაც, რაც შეიძლება მალე?

მთელი კვირა მძიმე ფიქრებში გაატარა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მაინც ვერ მივიდა. ვერ მიმხვდარიყო, რა ჯობდა _ გაეგრძელებინა გიოსთან მუშაობა, თუ სამსახურიდან წასულიყო, რათა არასდროს ენახა იგი, გარდა ტელევიზორის ეკრანისა.

ხშირად ახსენდებოდა ბაღში, ლურჯად შეღებილ მერხზე ამოტვიფრული წარწერა _ «სიშორე მეგობრობას ამყარებს, მაგრამ სიყვარულს ანელებს»… იმედოვნებდა, რომ ეს სიმართლე იყო.

ვერ შეძლო გაეხსენებინა, ამაზე გრძელი კვირა ოდესმე თუ ჰქონია ცხოვრებაში. ხან ერთ საქმეს მოჰკიდებდა ხელს, ხან მეორეს, მაგრამ გულით და გონებით შორს, ძალიან შორს იმყოფებოდა _ კიევში… იქ, სადაც გიო ეგულებოდა.

საინტერესოა, მარტო წავიდა, თუ ვინმე გაიყოლა თან? მისი ქალებიდან ორს უკვე იცნობდა _ ქერას და ჟღალთმიანს… ნეტავ, რომელი უფრო უყვარს? იქნებ არც ერთი არ წაუყვანია? იქნებ კიევშიც ჰყავს ვინმე? რა გასაკვირია? არ გაუჭირდებოდა!

ყოველ საღამოს, სამსახურიდან წამოსული, პარკში შეივლიდა ხოლმე და თავის ამოჩემებულ მერხზე ჯდებოდა, იმის იმედით, რომ ერთ მშვენიერ საღამოს თბილისში დაბრუნებული გიო სწორედ აქ დახვდებოდა… მაგრამ არა… ეს იმედი არ გაუმართლდა…

პარასკევი იყო. ნინი თავის სამუშაო მაგიდას უჯდა და დილის ფოსტას ათვალიერებდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. გოგონას გული შეუთრთოლდა იმ იმედით, რომ შეიძლებოდა გიო ყოფილიყო.

_ დილა მშვიდობისა, ნინ! _ მიესალმა თორნიკე, _ მინდა გაცნობო, რომ უკვე გადავედი ახალ ბინაში. ხვალ საღამოს პატარა ქეიფს ვაწყობ, მინდა, რომ მოხვიდე. ხომ მოხვალ?

_ არ ვიცი… მართლა არ ვიცი, თორნი!.. _ დაბნეულმა გოგონამ ქვედა ტუჩი ლამის მოიკვნიტა.

_ კარგი, რა, ნუ ჭირვეულობ, სიხარულო. შენ გარეშე ძალიან მოვიწყენ, ხომ იცი! აუცილებლად მოდი და შენი თვალით ნახე, რა კარგ რამეზე თქვი უარი. მაგრად მოგეწონება აქაურობა. იცოდე, გელოდები და მეტჯერ აღარ დამარეკინო, გასაგებია?..

ნინიმ ამოიოხრა. სულაც არ უნდოდა თორნიკესთან სტუმრად მისვლა, მაგრამ შინ მარტო ჯდომას მაინც წასვლა არჩია.

8 8 8

როცა ნინი თორნიკესთან მივიდა, ქეიფი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო. სტუმრები სვამდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, ცეკვავდნენ… უამრავ უცხო ადამიანს მოეყარა თავი, მაგრამ თავად მასპინძელი არსად ჩანდა.

გოგონა ზღურბლთან გახევდა, არ იცოდა, საით წასულიყო. ერთ ნაცნობსაც კი ვერ მოჰკრა თვალი. უეცრად ვიღაც გოგონა მიეჭრა.

_ თოკოს მეგობარი ხართ? წამოდით, დაგსვამთ! _ მკლავზე წაეტანა უცნობი.

_ გმადლობ, _ მორცხვად გაუღიმა ნინიმ და უარის ნიშნად თავი გააქნია.

გოგონამ ტუჩი აიბზუა და ცეკვა-ცეკვით გაეცალა.

მოულოდნელად სურვილმა წამოუარა, დროზე გაცლოდა აქაურობას, მაგრამ ისე როგორ წასულიყო, თორნიკე არ ენახა? ჯობია, იპოვოს, მიულოცოს ახალ ბინაში გადმოსვლა და მერე წავიდეს. ნელ-ნელა წაიწია წინ, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. უეცრად ვიღაცამ მხარში ჩააავლო ხელი. მოტრიალდა და… გაოგნებულს თვალები გაუფართოვდა. მის წინ გიო იდგა. ათრთოლებულმა ძლივს შეძლო გაღიმება.

_ ჩამოხვედი?.. _ სიწითლემ გადაუარა ღაწვებზე, _ მე… აქ არ გელოდი.

_ თავადაც არ ველოდი ამას, _ მოღუშულმა ჩაილაპარაკა მამაკაცმა, _ მარტო არ მოვსულვარ.

«ჰო, რა თქმა უნდა, მარტო როგორ მოხვიდოდი», _ ტკივილით გაიფიქრა გოგონამ, ხმამაღლა კი თქვა, _ უკაცრავად, თორნიკე უნდა მოვძებნო.

_ ნინი! _ ხმადაბლა დაუძახა გიომ, _ ძალიან გთხოვ ერთ რამეს… წადი აქედან. ჩემი გულისთვის გააკეთე ეს. ახლავე წადი.

_ ვერ გავიგე?! _ კოპები შეკრა გოგონამ, _ ეს-ესაა, მოვედი…

_ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასე აჯობებს რამდენიმე ადამიანისთვის. დამიჯერე.

მამაკაცი კვლავ მის მხარს ჩაფრენოდა, ამიტომ ნინიმ გაიწია, რათა მისი თითებისგან გათავისუფლებულიყო.

_ აქ მაინც არ ხარ მასპინძელი. მე დამპატიჟეს, ამიტომაც დავრჩები და ეს შენ არ გეხება, _ მისდა უნებურად, გაჯიუტდა.

_ გთხოვ, გააკეთე, რაც გითხარი, _ გიოს თვალებში რაღაც ტკივილისმაგვარი გაკრთა, _ ახლა ვერ აგიხსნი ყველაფერს…

_ აი, თურმე, ვინ მოსულა! _ მოულოდნელად ვიღაც მთვრალი ქალი წამოადგა ორივეს თავს.

ნინიმ შეხედა. ეს ის ჟღალთმიანი ხათუნა იყო, გიოსთან პირველად მისულს ლამის შიშველი რომ დახვდა. მან უდიერად აათვალიერა ნინი და დამცინავმა ღიმილმა გაუპო ბაგე.

_ პროვინციელებიც ესწრებიან ჩვენს საღამოს? _ ხათუნამ მკლავი გიოს მხარზე ჩამოდო და თითები გაატკაცუნა.

_ გეყოფა, ხათო! წადი, გაერთე! _ მამაკაცმა უხეშად მოიშორა მისი ხელი.

_ ჩაცმული სულ სხვანაირად გამოიყურებით! _ არც ნინი დარჩა მეტოქეს ვალში და ამაყად თავაწეულმა თვალი მის სხეულს ჩააყოლა.

_ შენ მთვრალი ხარ უკვე, აღარ დავინახო, მეტი დალიო! _ ხმას აუწია გიომ, ქალს წელზე მოხვია ხელი და იქაურობას გაარიდა.

ნინის თვალები ცრემლით აევსო. რა უნდოდა, რისთვის მოვიდა აქ? იმისთვის, რომ ამ ქუჩის ქალს დაემცირებინა? იგრძნო, ტუშმა როგორ დაუთხაპნა უპეები. თორნიკეს ძებნას თავი გაანება და სააბაზანოში შევიდა, რათა სარკეში ჩაეხედა.

კარი გააღო თუ არა, ვიღაცის ფეხებს შეეჯახა. იატაკზე ახალგაზრდა ქალი იჯდა, რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო და ტიროდა.

_ ოჰ, მაპატიეთ, _ მოუბოდიშა ნინიმ, _ არ მეგონა, აქ ვინმე თუ იქნებოდა. შემიძლია რამით დაგეხმაროთ? რატომ ტირით?

ქალმა ცრემლიანი თვალებით ამოხედა. ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.

_ როგორც ჩანს, თქვენ აქ ერთადერთი ხართ, რომელიც საქმის კურსში არ არის, _ სლუკუნით ჩაილაპარაკა უცნობმა, _ მე მეუღლის სანახავად ჩამოვედი, რაღაც-რაღაცები უნდა გაგვერკვია ჩვენს ურთიერთობაში. ამ დროს უეცრად ვიგებ, რომ მას სხვა ქალთან აქვს რომანი. ხომ მაგარია?

ნინის შეამცივნა. ღმერთო, ეს ნამდვილად თაკოა, თორნიკეს ცოლი! ამის გაფიქრებაზე ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს გულში დანა გაუყარესო.

_ თქვენ როგორ გაიგეთ ამის შესახებ? _ ჩამქრალი ხმით ძლივს ამოთქვა.

_ ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა. აქამდე მიმალავდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ყველაფერი მიამბო, _ თაკო წამოდგა, ონკანი მოუშვა, პეშვი წყლით აივსო და სახეზე შეისხა.

888

ნინი გაქვავებული მისჩერებოდა თვალცრემლიან ქალს და ახლა უკვე აღარ ეპარებოდა ეჭვი, რომ მის წინ თორნიკეს მეუღლე იდგა.

_ იქნებ… იქნებ თქვენი ქმრის გატაცება სულაც არ არის ისეთი სერიოზული, როგორც თქვენ ფიქრობთ, _ მისი დამშვიდება სცადა.

თაკომ ნერვულად გადააქნია თავი.

_ ის კი არა, აქაც დაპატიჟა. რა თქმა უნდა, არ ელოდა, მეც თუ ჩამოვიდოდი და ამან საგონებელში ჩააგდო, მაგრამ ამით რა შეიცვლება? ახლა ყველამ იცის ჩემი დამცირების ამბავი, მხოლოდ ამაზე ლაპარაკობენ ყველანი. ნეტავი მოვკვდე!

_ ნუ განიცდით ასე, ძალიან გთხოვთ. კიდევ ერთხელ დაელაპარაკეთ მას. დარწმუნებული ვარ, ორივე ერთად ადვილად გადაჭრით ამ პრობლემას.

_ არა, არამც და არამც. გგონიათ, ეს პირველი შემთხვევაა? იგი ადრე სხვა ქალებსაც ხვდებოდა და როცა ამის გამო სკანდალს ვუწყობდი, მეფიცებოდა, მეტჯერ აღარ განმეორდება მსგავსი რამეებიო. რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა კიდეც ბათუმში და ულამაზესი ორი დღე გავატარეთ ერთად, _ თაკო წამით გაჩუმდა, _ მაპატიეთ… არ უნდა მომეყოლა ეს ყველაფერი. საერთოდ, იშვიათად ვტირი, _ მთრთოლვარე ტუჩებით გაიღიმა ქალმა, _ მაგრამ მორჩა, მეტჯერ აღარ მივცემ მას უფლებას, ასე დამცინოს. ხვალვე დავბრუნდები ბათუმში და ჩემს თავს მივხედავ. ძალიან დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის… თქვენ რა გქვიათ?

ამ შეკითხვას, ერჩივნა, მიწა გასკდომოდა, მაგრამ მაინც გამოიჩინა სიმამაცე, თვალები დახარა და წარმოთქვა.

_ მე ნინი ვარ, თაკო… ნინი.

წამით ირგვლივ სამარისებული სიჩუმე გამეფდა. შემდეგ თაკომ ძალიან, ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

_ ა-ა! გასაგებია… _ და სააბაზანოდან გავიდა.

გოგონა კედელს მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო. საშინელ სისუსტეს გრძნობდა. თურმე როგორ ატყუებდა თორნიკე! რა ნაძირალა ყოფილა! სულაც არ ჩანს თაკო ისეთი «სტერვა» და საშინელი, როგორსაც თორნიკე უხატავდა.

«ახია ჩემზე. მივიღე ის, რაც დავიმსახურე. მის ცოლზე, როგორც ცოცხალ ადამიანზე, არასდროს მიფიქრია. არც მეგონა, ტირილი და განცდა თუ შეეძლო, ისე მიხასიათებდა ის დეგენერატი. არადა, თაკოსთვის სულაც არ ყოფილა სულერთი, ქმართან ურთიერთობა რომ უფუჭდებოდა. სამწუხაროა, რომ ჩემ შესახებ ასეთი ინფორმაცია აქვს. არადა, არც მე ვარ მასზე ნაკლებ დღეში… მე რა, განა ნაკლებად განვიცდი თოკოს გულცივობას? რა საზიზღარი ყოფილა… ვერაგი, აუტანელი!»

გიოც რა ცუდად მოქცეულა? როგორ შეეძლო, ასეთი შეუბრალებელი ყოფილიყო? ენა როგორ მოუბრუნდა ამის სათქმელად?

ნინიმ სარკეში ჩაიხედა, დათხაპნილი თვალები სველი ხელსაწმენდით გაისუფთავა და გარეთ გამოვიდა თუ არა, პირდაპირ თორნიკეს შეეჯახა.

_ მითხრეს, რომ მოხვედი, მე კი ვერ გიპოვე, _ იგი ნასვამი იყო, _ მთელ სახლში დაგეძებ. სად დამეკარგე?

_ ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თორნი, _ დაიჩურჩულა ნინიმ, _ არაფერს არა აქვს ახლა მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ შენი დანახვაც არ მინდა. მშვიდობით და ჩემი სახელი არ ახსენო, იცოდე! _ ხმამაღლა დაამატა და კარისკენ გატრიალდა.

უცებ თვალი მოჰკრა გიოს, რომელიც ხათუნას გვერდით იდგა… წამით მოეჩვენა, რომ მიუხედავად ხმაურისა, თითქოს გაიგონა, როგორ დაუძახა რობაქიძემ, მაგრამ უკან აღარ მოუხედავს, ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა და კიბეზე სირბილით დაეშვა.

ქუჩაშიც გარბოდა… გარბოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თითქოს მამაკაცების მთელი არმია მოსდევდა უკან. არ გაჩერებულა, ისე მიირბინა ლელუკას სახლამდე. ჯერ კიდევ ყურებში ედგა გიოს ხმა, მას რომ ეძახდა. ახლაღა მიხვდა, რომ სწორედ მას გაურბოდა. ეგონა, დაედევნებოდა. ახლა არ შეეძლო მისი ნახვა, არც მასთან დალაპარაკება. შეურაცხყოფილი იყო, ასე ადვილად რომ გაყიდა მამაკაცმა. მორჩა, მათი ეგრეთ წოდებული შერიგება დამთავრდა და მასთან ერთად, ყველა ის სულელური იმედი და ოცნება, რაც მასთან აკავშირებდა.

უნდოდა, სადმე კუთხეში მიყუჟულიყო და ყველა და ყველაფერი დაევიწყებინა ირგვლივ. უნდოდა, ეღრიალა და ამით მოეოხებინა გული…

კარგა ხანს აფათურა აკანკალებული ხელი ჩანთაში, გასაღებს ეძებდა. როგორც იქნა, იპოვა, მაგრამ არა ბინის, არამედ პარკში გამავალი უკანა კარის. ერთხანს უაზროდ ატრიალა იგი ხელში, შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და… პარკს მიაშურა.

თბილი საღამო იყო, მაგრამ შეაჟრჟოლა, როცა ნიავი მის შიშველ მხრებსა და მკლავებს მიელამუნა. ისე სწრაფად დატოვა თორნიკეს ბინა, ჟაკეტის წამოღება დაავიწყდა, სააბაზანოში რომ დადო, სარეცხ მანქანაზე. ხელები მკლავებზე შემოიჭდო და ბილიკს შეუყვა.

უკვე კარგად დაბნელებულიყო. პარკის ირგვლივ მდებარე ყველა სახლში შუქი ენთო. იგი უყურებდა ფარდაგადაწეულ ფანჯრებს და იმაზე ფიქრობდა, რა მყუდროდ და ლამაზად გამოიყურებოდა ღამის ეს სურათი. არადა, ამწუთას ყველა ბინაში თავისებური ცხოვრება დუღდა _ თავისი დარდით, წუხილით, ღალატით, შერიგებით თუ დათმობებით. ბედისწერისგან განა ვინმეა დაზღვეული? გოგონას ისევ შეაჟრჟოლა, თუმცა ამჯერად უფრო მარტოობისგან, ვიდრე სიცივისგან.

ფეხებმა თითქოს თავისით მიიყვანეს ამოჩემებულ მერხამდე. ერთი მწარედ ამოიოხრა, დაჯდა და თავი მხრებში ჩარგო, თითქოს სურდა, უჩინარი გამხდარიყო. რა საშინელი საღამო იყო… გონებაში კადრები წარამარა ცვლიდა ერთმანეთს _ რაღაცით შეშფოთებული გიო, მთვრალი ხათუნა, ტირილით თვალებჩაწითლებული თაკო, კმაყოფილი თორნიკე…

გიოს გახსენებაზე კვლავ წამოუარა სიბრაზემ, ბოღმა ახრჩობდა. ასე როგორ გაწირა საკუთარი ბიძაშვილი, რამ ათქმევინა, შენს ქმარს სხვა უყვარსო? ნუთუ სინდისის ქენჯნა არ აწუხებს? რაღაც ვერ შეატყო ამგვარი რამ. რაღა მაინცდამაინც ახლა მოუნდა ამის თქმა, როცა ნინიმ თითქმის დაამთავრა მის სიძესთან ურთიერთობა? ისედაც დასასრულისკენ მიდიოდა ეს ისტორია, რა საჭირო იყო? რა უბედურია… ნეტავ, საერთოდ არ წასულიყო იქ… არასასიამოვნო დროს არასასიამოვნო ადგილზე აღმოჩნდა და მიიღო კიდეც საკადრისი… პირველი ცხელი კურცხალი ღაწვზე ჩამოუგორდა. პირველს მეორე მოყვა, მეორეს _ მესამე და… ცრემლებმა ადვილად გაიკვალეს გზა მის სახეზე…

გოგონა ტიროდა, ტიროდა უხმოდ, თავჩაქინდრული, ხოლო ცხოვრება მის გარშემო თავისი გზით მიდიოდა _ ნიავი იქვე, ფოთლებში შარიშურობდა, ახლოს კატა კნაოდა, ქარის ყოველ დარწევაზე ხის ტოტი რომელიღაც გამოღებულ ფანჯარას ეხეთქებოდა, ბაყაყიც კი ყიყინებდა სადღაც…

ეჰ… დროა, შინ წავიდეს, კარგა გვარიანად აგრილდა უკვე.

ნინიმ აცრემლებული თვალები ბავშვურად მოიწმინდა, მომუშტული ხელებით და წამოდგა. მოულოდნელად მის წინ მაღალი ბუჩქები შეირხა და ფარნის შუქმა თვალები მოსჭრა.

_ ვიცოდი, რომ აქ გიპოვიდი, _ მკაცრად წარმოთქვა გიომ.

_ ძალიან გთხოვ, წახვიდე, _ აკანკალებული ხმით სთხოვა გოგონამ, _ თავი დამანებე, მარტო მსურს ყოფნა.

_ ნუ სულელობ, რა… აქ იმისთვის მოვედი, რომ გელაპარაკო, საქმე მაქვს.

_ ჩვენ არაფერი გვაქვს სალაპარაკო. შენ უკვე ყველაფერი თქვი… შენს ბიძაშვილთან. მან ახლა იცის, ვინ ვარ, რა მქვია, რისთვის ჩამოვედი თბილისში, რომ მის ქმართან რომანი მაქვს… თუმცა… შენ უნდა გცოდნოდა, რომ… უნდა მიმხვდარიყავი, რომ… _ ხმა ჩაუწყდა ნინის და მხრებში ისე მოიკუნტა, თითქოს დარტყმას უპირებენო, _ რა აზრი აქვს ახლა ამაზე ლაპარაკს!

_ თუ შეიძლება, მომისმინე… თან ყურადღებით, _ მბრძანებლური ტონი გაუხდა მამაკაცს, _ მსგავსი არაფერი მითქვამს თაკოსთვის. მან ჯერაც არაფერი იცის შენი და თორნიკეს ჯერაც გაურკვეველი ურთიერთობის შესახებ და არც უნდა გაიგოს.

_ მაგრამ მან იცის, ვინ ვარ და რა მქვია, _ გააპროტესტა გოგონამ.

_ ესე იგი, ვიღაცის საუბრიდან გაიგო, _ გიომ წინადადება ვერ დაამთავრა, რომ ცა ჯერ ელვამ გააპო, მერე კი ქუხილის გამაყრუებელმა ხმამ, _ მომისმინე… ამაზე აქ ნუღარ ვილაპარაკებთ, თორემ თავით ფეხამდე გავილუმპებით. წამოდი, ჩემთან წავიდეთ. სად არის შენი ჟაკეტი?

_ თორნიკესთან დამრჩა, _ გაბრაზებულმა უპასუხა, _ შენთან ერთად არსადაც არ წამოვალ!

_ მაგრამ ვერც აქ დარჩები… დასველდები და ფილტვების ანთებას აიკიდებ. გინდა ეს? _ მამაკაცმა ფარანი ჩააქრო და ორი ნაბიჯი მისკენ გადადგა…

უეცრად მან მკლავი წელზე მოხვია გოგონას და ხელში აიტატა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს, რომ ნინიმ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. როცა გონს მოეგო, მხოლოდ მაშინღა აფართხალდა.

_ ახლავ გამიშვი ხელი! გესმის? ახლავე ძირს დამსვი!

_ სიამოვნებით, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა სახლამდე მიგიყვან! და, თუ ღმერთი გწამს, შეწყვიტე სხმარტალი, ისედაც მძიმე ხარ! _ გაიცინა მამაკაცმა.

გიომ კიბის საფეხურები მსუბუქად აიარა და ზღურბლთან შეჩერდა, მხოლოდ მაშინღა ჩამოსვა გოგონა. შეცბუნებული ნინი თუ აქამდე ხმას ვერ იღებდა, ფეხქვეშ მიწა იგრძნო თუ არა, აყვირდა.

_ თავხედი ხარ და მეტი არაფერი! _ განრისხებისგან აკანკალებდა, _ როგორ მიბედავ ასეთ რამეს, ვინ გგონივარ?! ამას ასე არ დავტოვებ!

გიომ გასაღები გადაატრიალა, კარი გააღო და მისკენ შებრუნდა.

_ მაშინ ბარემ კიდევ ერთ დანაშაულს ჩავიდენ, თუკი მაინც უნდა დამსაჯო! _ შეცვლილი ხმით წარმოთქვა, ქალს თმაში ჩაავლო ხელი, თავისკენ მოქაჩა და ტუჩებზე დააცხრა.

ამ კოცნას ბრაზიანი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ნაზი… ორივენი ხარბად კოცნიდნენ ერთმანეთს, როგორც დამშეული ცხოველები, საჭმელს რომ დაეტაკებიან…

ნინი მალევე მოეგო გონს და მამაკაცს ხელი ჰკრა… რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალებით ზვერავდნენ ერთმანეთს, როგორც ორი დაუძინებელი მტერი… ელვამ კვლავ გაანათა იქაურობა და წვიმამ დაუშვა. გოგონა ისე შეშინდა, გვერდზე გადახტა. გიოს გაეცინა, შიშველ მხრებზე მკლავი მოხვია გოგონას და შუბლი შუბლზე მიადო.

_ როგორ გაყინულხარ… წამდი ჩემთან.

სანამ სახლში შევიდოდნენ, ორივე გვარიანად გაილუმპა. გოგონა მორჩილად დაჰყვა მამაკაცის ნებას და მასთან ერთად მეორე სართულზე ამავალ კიბეს ნელა აუყვა.

აქ არასდროს ყოფილა… რა გემოვნებით მოუწყვია იგი პატრონს… იატაკზე გრძელი შინდისფერი ხალიჩა იყო დაფენილი, კედლები თეთრად ქათქათებდა… გიომ ერთი ოთახის კარი შეაღო და გოგონა წინ გაატარა. ხალიჩა ამ ოთახშიც ეგო ძირს, ოღონდ კრემისფერი… კედლებზეც იმავე ფერის შპალერი იყო გაკრული. ძველებური ყაიდის მოჩუქურთმებული ბუხარი შენიშნა ნინიმ, რომლის წინ ორი სავარძელი და ჟურნალების მაგიდა იდგა. ოთახის ერთი კედელი მთლიანად წიგნის თაროებს ჰქონდა დათმობილი.

_ დაჯექი და ახლავე მოგემსახურები, _ დახშული ხმით თქვა მამაკაცმა, კარადა გამოაღო და იქიდან სწორედ ის ხალათი გადმოიღო, მათ პირველ შეხვედრაზე თავად რომ ეცვა მამაკაცს.

_ შედი, ცხელი წყალი გადაივლე და გათბები, მე კი მანამდე სასმელს ამოვიტან, _ კიდევ უფრო მოურბილდა მამაკაცს ხმა, _ შენი კაბა გასაშრობია, ასე რომ, სანამ გაშრება, ეს ჩაიცვი. მე კი ცოტა ხნით დაგტოვებ, რომ თავი უხერხულად არ იგრძნო.

_ თუ შეიძლება, ქოლგა მათხოვე, მე შინ წავალ.

კარისკენ წასული გიო მკვეთრად მოტრიალდა.

_ ოუ! არა, ნინი, ასე არ გამოვა!.. და ჩვენ ორივემ კარგად ვიცით ეს.

ამის გაგონებაზე გოგონას შეათრთოლა. მისდა უნებურად დახუჭა თვალები.

_ სად არის სააბაზანო? _ ესღა იკითხა ჩურჩულით.

_ აი, ამ კარს გააღებ და… _ რობაქიძემ საჩვენებელი თითი მარცხნივ გაიშვირა და ოთახიდან გავიდა.

8 8 8

ნინის უზომოდ სიამოვნებდა ცხელი წყლის ჭავლი. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც გამწმენდ რიტუალს ატარებდა, რომლითაც ბოლომდე უნდოდა ის ჭუჭყი და წყენა ჩამოერეცხა, რომელიც ამ საღამოს უხვად «იგემა» თორნიკეს ბინაში.

როცა დაბანას მორჩა, ხალათი გადაიცვა და სველი თმის დავარცხნას შეუდგა… მერე სარკეში ჩაიხედა და თავის ორეულს კრიტიკული მზერა შეავლო. სახე გაფითრებოდა, მაგრამ ტუჩები ძველებურად წითელი ჰქონდა _ ოდნავ შესიებულიც… ჯერ კიდევ შერჩენოდა მამაკაცის კოცნის კვალი. თითებით შეეხო ოდნავ გაპობილ ბაგეებს. ლამაზი ტუჩები აქვს… მართლა!

მასპინძლის ხალათი უზომოდ დიდი გამოდგა მისთვის, ლამის ორჯერ შემოწვდა ტანზე. თავისთავად, მკლავების დაკაპიწებამ მოუწია. «ნუთუ ასეთი პატარა ვარ? თუ თვითონ არის ძალიან დიდი?» _ ნეტარი ღიმილი გამოესახა სახეზე… მუქ ლურჯ ხალათს პატრონის სურნელი შეენარჩუნებინა. ნინიმ თვალები დახუჭა და ლოყით გაეხახუნა ნაჭერს…

როცა ოთახში შემობრუნდა, გიო უკვე იქ დახვდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა… პატარა მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა იდგა… ცხელი, არომატული… მამაკაცი კი გრძელყელიან ბოკალებში სასმელს ასხამდა.

_ იცი, ეს რა არის? პორტვეინი… ცოტა დავლიოთ და შევხურდებით, დაღლილობაც გაგვივლის და წყენაც, _ ისე თქვა, მისთვის არ შეუხედავს.

ნინიმ პასუხი არ გასცა, იდგა ერთ ადგილას გაშეშებული და თვალს არ აცილებდა მის ყოველ მოძრაობას.

გიომ მოხედა.

_ მინდა გაგახარო… აღარც ქუხს და აღარც ელავს, წვიმამაც გადაიღო, _ მერე ყურადღებით დააკვირდა დაბნეულ გოგონას, შეუმჩნევლად ჩაიღიმა და დააყოლა, _ ჩემი ხალათი ძალიან გიხდება.

ნინიმ ერთდროულად შეცბუნებაც იგრძნო და სასიამოვნო მღელვარებაც.

_ რაღაც არა მგონია, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, სავარძელს მიუახლოვდა და თითები მის რბილ საზურგეს ნაზად გადაუსვა, _ აქ არ უნდა მოვსულიყავი.

_ რატომ? იქნებ ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი მაინც დამისახელო.

_ პირველ რიგში, შენი ბიძაშვილი…

_ თაკო თავის დაქალთან დარჩა. დღეს მას ქალის თანაგრძნობა და ნუგეში უფრო სჭირდება, ვიდრე ჩემი. კლასელები არიან, უკეთ გაუგებენ ერთმანეთს… მე კი ხვალ გავალ მასთან, მოვინახულებ და გავაცილებ. თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება.

ნინი დაჯდომას არ ჩქარობდა.

_ თორნიკეს საერთოდ ფეხზე ვკიდივარ, არა? _ იკითხა მოულოდნელად, _ არადა, თავიდან სულ სხვანაირად იქცეოდა.

მამაკაცმა გამომცდელი მზერა ესროლა. ყოველგვარი ემოცია გაუქრა სახეზე.

_ შენ კიდევ მასზე ფიქრობ? აკი…

_ არა, აღარ ვფიქრობ… უბრალოდ, ვაანალიზებ იმას, რაც წარსულში დარჩა. ალბათ ადრე იმიტომაც აქტიურობდა მთელი მონდომებით, რომ ეგონა, ადვილად შემიტყუებდა საწოლში. თაკომ მითხრა, მას ყოველთვის ჰყავდა ქალებიო…

_ ჰო, _ ყრუდ გაისმა გიოს ხმა.

_ ერთი პერიოდი გამოუვიდა და დამარწმუნა კიდეც იმაში, რომ მე მისთვის სულერთი არ ვიყავი… მაგრამ თბილისში ჩამოვედი თუ არა, ყველაფერი შეიცვალა. მე კი არ მინდოდა ეს დამეჯერებინა… სულელივით ვებღაუჭებოდი რაღაცას… _ ნინიმ პაუზა გააკეთა, _ მან ჩემს დაბადების დღეზეც კი ვერ მოიცალა, იმ მიზეზით, მივლინებაში მაგზავნიანო… არადა, ვიცოდი, რომ მატყუებდა. მართალი ვარ?

მამაკაცმა თანხმობის ნიშნად ოდნავ დააქნია თავი, მისი გამომეტყველება უემოციო რჩებოდა.

_ ის შაბათ-კვირა თორნიკემ ხათოსთან ერთად გაატარა… ბაზალეთის ტბაზე.

_ ხათოსთან? _ გაოცების შეძახილი აღმოხდა ნინის, _ მაგრამ… ის ხომ შენი მეგობარია!

_ არა, ჩემი მეგობარი არ არის, ჩემი მეგობრის საცოლე იყო ახლო წარსულში… ახლა აღარ, რადგან… რაღაც-რაღაცები მოხდა და ყველაფერი შეიცვალა.

_ შენ შეუყვარდი და იმიტომ?

_ მე არაფერ შუაში ვარ. თვითონ აღმოჩნდა სულით წამხდარი ქალი… ჩემთან რომ არაფერი გამოუვიდა, თორნიკეს მიადგა… ამით კი ყველაფერი გააფუჭა. კაცი ასეთ ვერაგობას ქალს არ პატიობს.

_ მაგრამ ის დღეს საღამოსაც შენთან ერთად იყო!

_ არა, ის, უბრალოდ, რაღაც დროის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგა და მეტი არაფერი. ხათუნა მსახიობია და ძალიან უნდა, ტელეწამყვანი გახდეს. თავისი სურვილის განსახორციელებლად ჩემი გამოყენება უნდოდა. წუხელ, მივლინებიდან დავბრუნდი თუ არა,  აქ, ჩემს სახლში აღმოვაჩინე თორნიკესთან ერთად, როგორ გორაობდნენ საწოლში. ის ვაჟბატონი ეგრევე ვიფრინე სახლიდან. დღეს თაკო მოულოდნელად ჩამოვიდა. უნდოდა, ქმარი ენახა. რაღა დამრჩენოდა? ავდექი და მოვუყევი, რაც მათ შორის ხდებოდა.

_ რატომ გააკეთე ეს?

გიომ მხრები აიჩეჩა.

_ იმიტომ, რომ მკითხა, სად არისო. მე მას ყოველთვის ვარიდებდი თავიდან უსიამოვნებებს, მაგრამ ამჯერად ეს არ მიცდია. არ მინდა, მოვატყუო. თანაც… სერიოზული მიზეზი ჰქონდა, დალაპარაკებოდა თავის ქმარს.

_ რა მიზეზი?

_ ორსულადაა.

_ მართლა? ეს კარგია. იქნებ ახლა მაინც მოვიდეს ჭკუაზე, ბავშვი ურთიერთობაში ბევრ რამეს ცვლის.

_ მაგრამ თაკოს არ უთქვამს მისთვის, ბავშვს რომ ელოდება. დღევანდელმა საღამომ ნათლად დაანახა თაკოს, რომ მასთან ცხოვრება არ ღირს. ვფიქრობ, დაშორდებიან ერთმანეთს.

_ მაგრამ მას ჯერ კიდევ უყვარს ქმარი, _ შეწუხდა ნინი, _ თან… მარტომ როგორ უნდა გაზარდოს პატარა?

_ არა უშავს, როგორმე გაართმევს თავს, ძლიერი გოგოა. თორნიკეს ბავშვები არასდროს უყვარდა. თაკო სიმდიდრის გამო შეირთო და არა სიყვარულით. მის ხარჯზე უნდოდა თავისი კარიერა გაეკეთებინა. ჩემი ბიძაშვილი მისი ვალების გადახდას ვერ აუდიოდა. ხან ქალებში ხარჯავდა ფულს, ხანაც _ კაზინოში. ფუქსავატი კაცია, გამოუსადეგარი.

_ და სულ იტყუება, არა?

_ ჰო… მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ასეა.

_ შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ, მე ვიყავი სულელი… თაკო მეცოდება მხოლოდ…. კიდევ კარგი, მასთან სექსი არ მქონდა…

_ თაკოს ცხოვრება უნდოდა, თორნიკეს _ ცხოვრების სტილი. ეს არის ამბის დასასრული. შენი ყავა კი გაცივდა ამასობაში.

ნინი გიოს მოპირდაპირე მხარეს, მეორე სავარძელში მოკალათდა და ყავა მოსვა.

_ როგორ თქვი? მასთნ სექსი არ გქონია?.. ეს მართალია? _ უეცრად იკითხა მამაკაცმა და ქალს დაჟინებით მიაჩერდა.

_ ჰო… რა იყო, ეს ძნელი დასაჯერებელია?

_ ესე იგი…

_ ესე იგი, ქალიშვილი ვარ. ამის გაგება გსურდა?

გიომ თვალი აარიდა, მისი შეკითხვა კი უპასუხოდ დატოვა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ალმოკიდებული შეშის ტკაცატკუცი არღვევდა მყუდროებას.

_ დავლიოთ? _ პირველი გიო ალაპარაკდა, _ კარგი პორტვეინია, გესიამოვნება.

_ ერთ ჭიქას დავლევ, მეტს ვერა, _ გაიღიმა ნინიმ და სავსე ბოკალი ასწია.

ერთმანეთს მიუჭახუნეს, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოსო და დალიეს. ნინიმ იგრძნო, სასმელმა როგორ სასიამოვნოდ გაუხურა სხეული.

რაც მთავარია, გიო მას აღარ ერჩის, მის მიმართ ნამდვილად აღარ არის მტრულად განწყობილი, _ გაიფიქრა თავისთვის და საკუთარ აზრებს გაუღიმა… მაგრამ შეხედა თუ არა მამაკაცს, მის თვალებში ისეთი რამ წაიკითხა, მიხვდა, რომ შეცდა. აწრიალდა.

_ როგორ გგონია, ჩემი კაბა აღარ გაშრებოდა? _ იკითხა დაძაბულმა და წამოდგა.

_ ცოტა ხანში ვნახავ.

_ უნდა წავიდე შინ… უკვე გვიანაა.

_ სამაგიეროდ, ხვალ კვირაა, არსად გვეჩქარება… თუ ერთი სული გაქვს, როდის წახვალ ჩემგან? _ თვალები მოჭუტა მამაკაცმა.

_ არა, ეგ რა შუაშია, _ ნინიმ მზერა აარიდა, _ უბრალოდ, ვერ ვხვდები, რისთვის მომიყვანე აქ.

_ ხვდები, _ ალერსიანად შეეწინააღმდეგა მამაკაცი.

გოგონამ თავი გადააქნია.

_ სიმართლე გითხრა, არ მესმის…. არაფერი.

_ შეგაშინე, როცა გაკოცე? _ ჩუმად ჰკითხა გიომ.

_ არა.

_ მე კი შევშინდი, _ თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა რობაქიძე, _ მივლინებაშიც შენ გამო გავიქეცი, მაგრამ თავს მაინც ვერ მოვერიე… იქაც თან მდევდა შენზე ფიქრები. ყოველთვის, ყოველ წამს ჩემ გვერდით იყავი. იმასვე აკეთებდი, რასაც მე. სიზმრებშიც კი ჩემთან იყავი და მიღიმოდი… ამ საღამოს კი ვეღარ მოვითმინე და გაკოცე. ისე ძალიან მინდოდა ეს, რომ არც მიფიქრია, სინაზე გამომეჩინა. ძალიან უხეშად გამომივიდა, არა?

ნინი გაოგნებული მისჩერებოდა მამაკაცს. მის მზერაში გაყინულიყო შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც მხოლოდ მას შეეძლო… და მამაკაცი სუნთქვაშეკრული ელოდა ამ პასუხს.

_ მე შუშისგან არ ვარ ჩამოსხმული, გიო, არ დავიმსხვრევი… _ რბილად წარმოთქვა.

_ ნება მომეცი, დავრწმუნდე ამაში.

ნინი წამოდგა, მაგიდას მარჯვნიდან მოუარა და მამაკაცს წინ დაუდგა… მერე ხელის ერთი გაკვრით შეიხსნა ხალათზე შემოკრული ქამარი… გიოს მისდა უნებურად ოხვრა აღმოხდა… გოგონას წელზე მოხვია ხელი, თავისკენ მიიზიდა და სახე ქალის მკვრივ სხეულში ჩამალა… საოცრად გლუვი კანი ჰქონდა ნინის… თეთრი… პრიალა…

იგრძნო თუ არა მამაკაცის ცხელი ტუჩების მუცელზე შეხება, გოგონას მუხლებში ძალა წაერთვა და წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, კალთაში ჩაუჯდა. სურვილით ანთებული თვალებით მისჩერებოდა გიოს. ამ უკანასკნელს კი მეტის მოთმენა აღარ შეეძლო… წამიც და ლურჯი ხალათი იატაკს დაეფინა… ნინის ბოლომდე გაშიშვლებულმა სხეულმა უარესად გაახელა იგი… თვალების დახუჭვა ენანებოდა, სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დამტკბარიყო ამ საოცარი სიშიშვლის ცქერით. ვნებების ასეთი მოზღვავება დიდი ხანია, არ უგრძნია, აღარც ახსოვდა, ასეთი თავბრუდამხვევი ნეტარების წამები თუ ჰქონია ოდესმე.

მისი ხელები ხარბად დათარეშობდნენ გოგონას მხრებზე, ზურგზე, თეძოებზე, მკერდზე… ნინის აღარაფერი ახსოვდა იმწუთას. მთელი არსებით ეძლეოდა მამაკაცს და თითქოს ბანაობდა მის გამთანგველ ალერსში… მაგრამ როგორც კი გიომ ხელში აიტატა იგი და საწოლზე გადააწვინა, გოგონა, ცოტა არ იყოს, დაფრთხა… იგი მამაკაცთან არასდროს ყოფილა… ერთიანად დაიძაბა, როცა უყურებდა, როგორ იხდიდა იგი… და როცა გიოს შიშველი სხეული მის მკერდს შეეხო, უცნაური კვნესა აღმოხდა.

_ ცუდად ხომ არ ხარ? რამე ისე ვერ არის? _ ჩურჩულით ჰკითხა სუნთქვაგახშირებულმა.

_ მე… არ ვიცი… როგორ უნდა გავაკეთო ეს… _ ძლივს გასაგონი ხმით ამოთქვა.

გიომ სიცილი ვერ შეიკავა და ენით გამოუთქმელი სინაზით უთხრა.

_ სუულელო… უბრალოდ, იყავი ჩვეულებრივი… სწორედ ისეთი მინდიხარ, როგორიც ხარ. როცა ქალს და მამაკაცს ერთმანეთთან ყოფნა სურთ, გამოცდილებას ან გამოუცდელობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს…

_ თავი სიზმარში მგონია, გიო…

_ მიყვარხარ, ნინ…. მიყვარხარ, მიყვარხარ…. მი-ყვარ-ხარ… _ უგონოდ იმეორებდა ერთსა და იმავეს მამაკაცი, _ მიყვარხარ, გეუბნები მეასეჯერ… მე ასე ჯერ არ მყვარებიხარ, _ ბოლო სიტყვები იდიომებად დააფრქვია მამაკაცმა, მაგრამ ნინის ახლა ამის გაანალიზების თავი არ ჰქონდა…

გოგონა თავდავიწყებას მისცემოდა და რეალურ სამყაროში დაბრუნება აღარ სურდა…

8 8 8

გიომ მთელი ოსტატობა ჩააქსოვა ჰამბურგერების მომზადებაში, ზემოდან მაიონეზი მოასხა პომიდვრით, მწვანილით და ბეკონით გატენილ თხელ ფუნთუშებს და სინი საბანზე დაუდო გოგონას. ასე გემრიელად რა ხანია, არ უვახშმია ნინის… თვალის დახამხამებაში შესანსლა რამდენიმე ნაჭერი და ღიმილით მიაჩერდა მამაკაცს.

_ დიდებული მზარეული ყოფილხარ, _ შესცინა კეკლუცად.

_ მთლად გადასარევი არ გამოვიდა, მაგრამ არა უშავს, ნელ-ნელა დავოსტატდები, ვარჯიში მჭირდება, _ გაიცინა გიომ და შემპარავად დაამატა, _ არამარტო ამაში.

გოგონამ იგრძნო, როგორ დაუარა სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელ სხეულში. «მე სამუდამოდ დავიმახსოვრებ ამ სიტყვებს, ბედნიერების ამ წუთებს და გავიხსენებ მათ, როცა ძალიან ცუდად ვიქნები» _ გაიფიქრა თავისთვის და მოულოდნელად რაღაც უსიამოვნო აზრმა გაჰკრა გულში. «რა დროს ეგ არის!» _ შეუწყრა თავის თავს ფიქრებში, _ «ჩვენ ახლა ერთმანეთს ვეკუთვნით და არაფერს შეუძლია ჩვენი ბედნიერების დამსხვრევა… არაფერს…»

8 8 8

როცა გაეღვიძა, უკვე კარგად იყო გათენებული. მზე საამოდ აცხუნებდა ფანჯარაში. მარტო იწვა ლოგინში, შიშველი, მოთენთილი… ოდნავ ტეხდა ტანში, კუნთები დაჭიმვოდა. საწოლზე წამოჯდა, ბალიში აიმაღლა, მიეყრდნო და კმაყოფილმა გაიზმორა. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, ვერა და ვერ მოუყარა ტუჩებს თავი.

უცებ მეორე ბალიშზე ქაღალდის ფურცელი შეამჩნია. «რაღაც-რაღაცების საყიდლად გავედი, რათა საუზმე მოვამზადო, რომელსაც ლოგინში მოგართმევთ. ასე რომ, ადგილზე დარჩი!» _ გაკრული ხელით წაეწერა გიოს, მაგრამ ნინის ლოგინში რა გააჩერებდა! იფიქრა, მის მოსვლამდე ყავას მაინც მოვადუღებო. ჯერ სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო, მერე «ლეგენდარული» ლურჯი ხალათი მოიცვა და რადგან ფლოსტების მსგავსი ვერაფერი იპოვა, პირველ სართულზე ფეხშიშველა ჩავიდა.

ამ დროს შემოსასვლელი კარი ხმაურით გაიღო. ეგონა, გიო დაბრუნდაო და ბედნიერებით სახეგაბრწყინებული ჰოლისკენ გაქანდა… მაგრამ ღიმილი პირზე შეაშრა, როცა გიოს მაგივრად თორნიკე შერჩა ხელთ.

სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ნინი თითქოს შეეზარდა იატაკს, თავზარდაცემული პირის მომუწვასაც კი ვერ მიხვდა. თორნიკემ გამომცდელი მზერით აათვალიერა იგი ფეხით თავამდე, შემდეგ კი ირონიულად ჩაიღიმა.

_ ო-ჰოოო! _ ლამის დაუსტვინა, _ ვინ იფიქრებდა, რომ…

_ აქ რას აკეთებ? _ ცივად ჰკითხა გონს მოსულმა გოგონამ, _ ან როგორ შემოხვედი?

_ ზუსტად იმავე შეკითხვას დაგისვამდი, მაგრამ არ მინდა, ისედაც დღესავით ნათელია ყველაფერი, _ ჩაიხითხითა თორნიკემ, _ ჩემთან უკარება ქალის როლს თამაშობდი, შენს ბოსთან კი სექსაობ… ეს ცუდია, პატარავ.

888

გოგონამ შუბლი შეჭმუხნა.

_ ეს შენ არ გეხება! _ ამაყად წარმოთქვა.

_ მერედა, როგორ მეხება, რომ იცოდე! არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ გიო თავისი ბიძაშვილის გულისთვის ბევრ რამეზე იყო წამსვლელი, მაგრამ ასე შორს თუ შეტოპავდა, ვერც წარმოვიდგენდი. ისე, ერთხელ კი გამაფრთხილა… ზუსტად აქ, ამ ჰოლში, მაგრამ მაშინ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე.

ნინი დაიძაბა.

_ მაგით რისი თქმა გინდა?

_ იმის, რომ გიოს თავიდანვე სურდა ჩვენი დაცილება. ამის მისაღწევად კი სხვა რა რჩებოდა, თუ არა შენი შებმა? ის ხომ ცნობილი მექალთანეა… შენ კი, შტერო, ეგრევე დაიჯერე, რომ უყვარხარ! სამსახურშიც იმიტომ აგიყვანა, რომ შენი ნდობა მოეპოვებინა, _ თორნიკემ საზიზღრად გადაიხარხარა, _ საცოდავი პატარა… ხედავ, რა შეცდომა დაუშვი? აგერ ნახავ, როგორ მოგისროლოს სანაგვეში სხვა შენნაირ წვრილ-წვრილ ლიფსიტებთან ერთად!

_ შენი არ მჯერა, _ თქვა ნინიმ, მაგრამ გულში საშინელი სიცივე იგრძნო, თითქოს ყინულის ლოდი დაადესო, რადგან მთელი უბედურება ის იყო, რომ გოგონას სჯეროდა თორნიკეს ნათქვამის.

_ ხომ არ გავიწყდება, რომ მასთან ერთად ვცხოვრობდი ერთ სახლში? _ შურისმაძიებლის ტონით გააგრძელა მამაკაცმა, _ ვხედავდი, როგორ მოქმედებდა. გიოსთან შედარებით, მე ერთი მიამიტი ბიჭი ვარ… ვიცი, როგორც იქცევა… შევეცდები, გამოვიცნო. წუხელ მან ლოგინში შეგიტყუა, ახლა კი მარკეტში გავარდა, რათა, როგორც ყოველთვის, კრუასანები და შამპანური იყიდოს გამოსამშვიდობებელი საუზმის «პონტში». ის ყოველთვის ასე აკეთებს, დამიჯერე.

_ შენ მე სულ მატყუებდი ბოლო თვეების განმავლობაში და ახლაც მატყუებ! ნაძირალა ხარ!

_ რატომ უნდა მოგატყუო? პირიქით, გული მწყდება, რომ ასე მოგექცა. მას ასე რომ არ უყვარდეს თაკო, ასპროცენტიანი ვიცი, არც კი გამოიხედავდა შენკენ. ის იცი, როგორ გოგოებს ხვდება? ცნობილ მოდელებს, მსახიობებს და რა ვიცი… შენ ალბათ, ისე დაგატყვევა მისმა შარმმა, რომ ვერც მიხვდი, როგორ გატყუებდა, არა? თუმცა რა, შენ კი არა, მეც გამაცურა!

_ გეყოფა, თორნი! _ ნინიმ ხელისგულები ყურებზე აიფარა.

_ რა იყო, სიმართლე არ გესიამოვნა? ახლა უკვე გვიან არის თითზე კბენანი, ჩემო მშვენიერო! არა უშავს, სამაგიეროდ, კარგ სექსუალურ გაკვეთილებს გაივლი… ის ხომ ექსპერტია ამ საქმეში!

_ მეზიზღები, დამპალო!

_ რატომ, რატომ? მადლობის მაგიერია? თვალები აგიხილე, სიმართლე დაგანახვე და ახლა ვარ დამპალი? მეგონა, სიკეთე ჩავიდინე.

_ შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე, რომ იცოდე!

_ არ უარვყოფ, რომ მეც მიმიძღვის ცოტაოდენი წვლილი ამ ყველაფერში, მაგრამ შენც ცუდად მოიქეცი. ჩაიციკლე, გინდა თუ არა, ცოლად შემირთეო. ვერ მიხვდი, რომ მე ამის გამკეთებელი არ ვიყავი? ეს არ არის ჩემი სტიქია. სხვანაირი ურთიერთობა კი არ ინდომე. რატომ? გიოს თუ დაუწექი, მე რითი ვარ მასზე ნაკლები? ერთ ბინაში ვიცხოვრებდით, ერთად ვიქნებოდით და დროსაც კარგად გავატარებდით. რა გგონია, გიო ოჯახის შექმნაზე ოცნებობს? არ დაიჯერო! მას ცოლი არაფერში სჭირდება. ცხოვრებაში ქალი არ ჰყვარებია. მთლად სულელი ყოფილხარ, თუ ამის იმედი გქონდა.

_ გაეთრიე აქედან!

_ დიდი სიამოვნებით. მე მხოლოდ ამისთვის მოვედი! _ დამცინავი ღიმილით თქვა მამაკაცმა და ცელოფნის პაკეტი ასწია, _ შენი ჟაკეტია. შინ არ დამხვდი და ვიფიქრე, გიოს გავუტან და ხვალ სამსახურში წაუღებს-მეთქი. შენ კი სიურპრიზი დამახვედრე, _ ზიზღით წარმოთქვა და პაკეტი ნინისკენ მოისროლა.

გოგონამ მოასწრო ცელოფნის ჰაერში დაჭერა და ისე მიიხუტა მკერდზე, თითქოს ფარი ყოფილიყო.

_ ასე რომ, ჩემო კარგო, ნუ გექნება იმედი, რომ წუხანდელ ღამეს გაგრძელება მოჰყვება. ის კი არა, საკითხავია, საერთოდ შეგიყვანა კი თავისი ქალების სიაში? ალბათ არც იცი, რომ გიო თავის ქალებს ათბალიანი სისტემით აფასებს? ჩემი თუ არ გჯერა, თაკოს ჰკითხე და ის დაგიდასტურებს, _ გამომწვევად გაიღიმა თორნიკემ და ჰოლიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.

ნინი დიდხანს იდგა გაუნძრევლად, ცარიელი თვალებით გაჰყურებდა სივრცეს. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სხეულიც, სულიც, გონებაც უეცრად გაუქვავდა. ასე დამცირებულად არასდროს უგრძნია თავი. სიტყვებით შეუძლებელი იყო იმის გადმოცემა, რასაც განიცდიდა…

«უნდა წავიდე, სანამ გიო დაბრუნებულა», _ გაიფიქრა გონს მოსულმა და სწრაფად აირბინა კიბეზე, რათა ჩაეცვა. სააბაზანოდან თავისი კაბა გამოიტანა და ანერვიულებულმა გაუყარა მკლავები. მერე ცელოფნიდან ჟაკეტი ამოიღო და ისიც გადაიცვა.

_ ნიინ! _ გიო ზღურბლთან იდგა და კითხვით სავსე მზერით მისჩერებოდა, _ რატომ ჩაიცვი? ჩემი წერილი არ წაიკითხე?

_ გადავიფიქრე, _ საკმაოდ მშვიდი ხმით უპასუხა, _ კრუასანების და შამპანურის მოყვარული არ ვარ.

მამაკაცს ერთი ნაკვთიც არ შერხევია სახეზე.

_ ძალიანაც კარგი. მე ლორი ვიყიდე, კვერცხი, პომიდორი და კიტრი. სადილისთვის სოსისიც გამოვაყოლე და თონის პურიც. საღამოს კი ხილი მივირთვათ.

_ არც საუზმეზე, არც სადილზე და მით უმეტეს, არც ვახშამზე მე აქ არ ვიქნები. ის კი არა, ერთი წუთითაც არ გავჩერდები აქ! ახლავე მივდივარ!

_ ეს რა, ახალი ამბავია? _ მოიღუშა გაოგნებული მამაკაცი, _ საიდან გაჩნდა აქ შენი ჟაკეტი?

_ თორნიკემ მოიტანა. რა ყურადღებიანია, არა? შენ კარი ღია დაგრჩა, ის კი თავისუფლად შემოვიდა.

_ ოუჰ! მაპატიე, ნინ, მაპატიე. არ მეგონა, თუ კიდევ გაბედავდა აქ ფეხის შემოდგმას, _ გიოს გულწრფელი სინანული გამოეხატა სახეზე, _ კი მაგრამ, ისეთი რა გითხრა, ასე რომ მოგშხამა?

_ პირიქით, _ ნინიმ ხელები მომუშტა, _ უდიდესი დახმარება აღმომიჩინა. ახლა კი, წავედი… თუ შეიძლება, გამატარე.

გიო გამომცდელად მისჩერებოდა ქალს, მაგრამ წინააღმეგობის გაწევა არ უცდია, ორივე ხელი მაღლა ასწია და გვერდზე გადგა.

_ თავისუფალი ხარ, _ მკაცრი ტონით წარმოთქვა, _ მაგრამ, მგონი, ახსნა-განმარტებას ვიმსახურებ.

ნინიმ ამაყად აუარა გვერდი და გავიდა. მამაკაცი უკან მიჰყვა. გოგონამ ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა.

_ მე შენს პასუხს ველოდები, ნინი! _ შეახსენა გიომ.

გოგონა შემოტრიალდა.

_ შენს თაკოსადმი ერთგულებას აღფრთოვანებაში მოვყავარ, გიო, მაგრამ არ ველოდი, მთლად ასე თუ გამწირავდი. ეს მეტისმეტია. უკვე ვიცი, რატომაც მომექეცი ასე. მინდა გითხრა, რომ ყოჩაღი ბიჭი ხარ, მიაღწიე შენსას!

_ რას მივაღწიე?

_ რაც ჩაიფიქრე. მე და თორნიკე უკვე დავშორდით ერთმანეთს. შენი მიზანიც ხომ ეს იყო? ამისთვის არ შემიტყუე ლოგინში?

_ გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? _ გიოს სისხლმა საფეთქლებში აასხა.

_ რა, არ ვარ მართალი? ამიტომ არ მეპატიჟებოდი რესტორნებში? ამისთვის არ ამიყვანე სამსახურში? ამიტომ არ მომიყვანე წუხელ აქ? იქნებ მითხრა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა!

განრისხებული ნინი მამაკაცს სახეში აყრიდა სიტყვებს, რაც შეეძლო, ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ თვალზე მომდგარი ცრემლი შეეკავებინა, ამასთან, გულში ღმერთს ევედრებოდა, რომ გიოს თავის მართლება დაეწყო, გამოელანძღა თორნიკე, ეწოდებინა მისთვის მატყუარა და ნაძირალა, მაგრამ…

მამაკაცმა თმაზე წაივლო ორივე ხელი და თვალები დახუჭა ისე, როგორც დამნაშავე ადამიანები იქცევიან, როცა ამხელენ.

_ ესე იგი, ყველაფერი მართალია? _ ჩაეკითხა გოგონა, _ ხომ მითხარი, ტყუილები არ მიყვარს, თაკო არასდროს მომიტყუებიაო. იქნებ დამდო პატივი და მეც არ მომატყუო!

გიომ ღრმად ამოიხვნეშა.

_ ჰო, მაგრამ… რაღაც მინდა აგიხსნა…

_ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, ისედაც ყველაფერი გასაგებია, _ ნინი გასასვლელს მიუახლოვდა, _ უბრალოდ, ერთ რამეს ვერ ვხვდები. რაში დაგჭირდა ამ კომედიის გათამაშება მას შემდეგ, როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო ჩემსა და თორნიკეს შორის? არ გინდოდა, ხელიდან გაგეშვა შენი გადავსებული სასიყვარულო სიის შემავსებელი კიდევ ერთი პრეტენდენტი? თუ ეს ჯილდო იყო, ჩვენი დაზავების სანაცვლოდ?

_ მე მეგონა, ეს სიყვარული იყო, _ ძნელად თუ იცნობდა ვინმე გიოს ხმას.

_ სიყვარული? _ სარკასტულად გამოუვიდა გოგონას, _ შენ არც კი იცი, ეს რა არის! სხვათა შორის, გავიგე შენი დონჟუანისეული სიის ამბავი! ჰოდა, მეც გადავწყვიტე საკუთარი სიის გაკეთება _ ღირსეული, ელემენტარული ადამიანური თვისებებით გამორჩეული მამაკაცების სიის. სამწუხაროდ, ეს თვისებები შენ საერთოდ არ გაგაჩნია, დიდად პატივცემულო! _ მიახალა გაგულისებულმა, კარი გამოაღო და გავიდა.

8 8 8

ნინიმ მეორე დღესვე დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და სტუდია დატოვა. ორ დღეში ახალი სამუშაო მოძებნა, ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში დირექტორის მდივნად დაიწყო მუშაობა. იმდენი საქმე ჰქონდა, საფიქრელად აღარ ეცალა. მისთვის ასე ჯობდა. მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა, პასუხობდა სატელეფონო ზარებს, იწერდა აბონენტთა საჩივრებს, ტექნიკოსებს დაზიანებებზე ანაწილებდა და წერილებს ბეჭდავდა. საღამოს კი, შინ დაბრუნებული, ისე იყო გასავათებული, არაფრის თავი არ ჰქონდა. როგორც ლოგინში ჩაწვებოდა, მკვდარივით ეძინებოდა.

ერთი კვირის შემდეგ ლელუკას სახლიდანაც გადავიდა და ძველი სამსახურის გოგონებს შეუერთდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. მიუხედავად ამისა, თავს მაინც დაუცველად გრძნობდა იმის შიშით, გიოს სადმე ქუჩაში, შემთხვევით არ გადაყროდა.

ოთახი, რომელშიც ცხოვრობდა, პატარა იყო, მაგრამ მყუდრო, თან სქელი კედლები ჰქონდა, ამიტომ, როცა მოესურვებოდა, შეეძლო ხმამაღლა ეტირა, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. გიოზე ფიქრი მაინც ვერ ამოიგდო გონებიდან, უსაშველოდ ენატრებოდა. მისი გული ჯიუტად მიიწევდა მამაკაცისკენ, მაგრამ გონება სასტიკად ეწინაღმდეგებოდა, მისი სახელის წარმოთქმასაც კი უკრძალავდა.

მისდა უნებურად, მაინც იგებდა ახალ-ახალ ამბებს, რა ხდებოდა სტუდიაში. ეს ქეთიმ მოუტანა ამბავი, ეველინა მოულოდნელად სამსახურიდან წავიდა და გიო ისეთი მოქუფრული დადის, ახლოს ვერავინ ეკარებაო.

ნინი გაურბოდა მასზე საუბარს, სახელსაც კი არ ახსენებდა მისას. ერთადერთი სისუსტე, რაც ვერ დაძლია, მამაკაცის ნაჩუქარი ბროლის ვარდი იყო. მისი სახლიდან წამოსულმა, პირველი, რაც გააკეთა, საჩუქრის სანაგვე ყუთში ჩაგდება იყო, მაგრამ მერე მაინც დაენანა და ამოიღო. ახლა კი თვალთახედვის არედან არ იცილებდა. კომოდზე ჰქონდა შემოდებული და როცა მასზე ფიქრი მოეძალებოდა, იმ ვარდს მიაშტერდებოდა თვალცრემლიანი. «აი, როცა ამ სუვენირის გადაგდების სურვილი გამიჩნდება, დავრწმუნდები, რომ მისგან უკვე განვიკურნე,» _ ერთხელაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ამით თითქოს თავი დაიმშვიდა.

გოგონები ხშირად ეპატიჟებოდნენ ღამის ბარებში, მაგრამ ნინი დაღლას იმიზეზებდა და გამუდმებით უარს ამბობდა.

ერ საღამოს ქეთიმ შავი ჩანთა სთხოვა, პაემანზე მივდივარო. რა თქმა უნდა, მაშინვე გამოუტანა, ასეთ წვრილმანზე როგორ დაზარდებოდა ყოფილ თანამშრომელს. ქეთიმ ჩანთიდან მისი ნივთები ამოალაგა და უცებ წამოიძახა.

_ ეს რა გასაღებია, ნინ?

_ ოი! ეგ ჩემი დიასახლისის ბაღისაა, როგორც ჩანს, შემთხვევით გამომყვა! _ შეწუხდა გოგონა, _ რამდენი ხანია, ეგ ჩანთა არ მჭერია ხელში. ამიტომაც ვერ შევამჩნიე. ვინ იცის, როგორ სჭირდება იმ ქალს…

_ არა უშავს, ერთხელაც გაუარე და მიეცი, რა მოხდა მერე! _ ქეთიმ მადლობის ნიშნად ნინის ლოყაზე აკოცა და ჩანთა თავის ოთახში გაიტანა.

8 8 8

ნინი მეორე დღესვე გაეშურა ლელუკას სახლისკენ. გული გამალებით უცემდა. რამდენჯერმე შეყოყმანდა და უკან გაბრუნება დააპირა იმის შიშით, იქ გიოს არ გადაყროდა, მაგრამ რადგან დილით უკვე დაურეკა ქალს და უთხრა, მოვდივარო, მიუსვლელობა აღარ გამოდიოდა.

_ ღმერთო, როგორ გამხდარხარ, საყვარელო! _ ლელუკამ ყურადღებით შეათვალიერა ყოფილი მდგმური, _ სულ არ გიხდება. მთლად გაგფითრებია სახე. შემოდი, ახლავე ყავას მოვადუღებ. რა იყო, საჭმელს არ გაჭმევენ?

ჩაპამ სტუმარი ყეფით დასუნა, კარგა ხანს უარა გარშემო, მერე კი კალთაში ჩაუხტა.

_ აი, ხედავ, როგორ გვენატრებოდი? _ გაეცინა ლელუკას და ყავა ფინჯნებში ჩაასხა.

_ მაპატიე, ეს რომ გამყვა, არც კი მახსოვდა, თუ ჩემთან იყო, _ მოუბოდიშა ნინიმ და ოქროსფერი გასაღები მაგიდაზე დადო.

_ კარგი, რა… რაში გჭირდება თავის მართლება. შენს ოთახს ახლა ერთი დაბნეული ბიჭი ქირაობს, რომელსაც ბაღი სულაც არ აინტერესებს, არც კი იხედება იქითკენ, _ ლელა წინ ჩამოუჯდა გოგონას, _ სიხარულო, არ გინდა, რამე მითხრა? ასე მგონია, რაღაც გაწუხებს და არ ამბობ. გული მიკვდება, სევდიანს რომ გიყურებ.

_ ისეთი არაფერი, ლელ… ალბათ ბათუმში დავბრუნდები. როგორც ჩანს, თბილისი საჩემო ქალაქი არ არის.

_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. ნუ იჩქარებ გადაწყვეტილების მიღებას, დამიჯერე, _ მერე ცოტა ხნით გაჩუმდა და იდუმალი ხმით გააგრძელა, _ არ გინდა ვინმეზე რამე მკითხო?

_ არა, _ დამფრთხალმა გოგონამ თვალები დახარა.

_ საშინელ დღეშია, _ თითქოს არც გაუგონიაო, გააგრძელა ლელუკამ, _ საერთოდ აღარ იღიმის. სულ სხვა ადამიანად გადაიქცა. გადაცემებიც ისეთი აგრესიული გაუხდა… მეცოდებიან მისი რესპონდენტები… იცი, როგორ ესხმის თავს, რა კითხვებს უსვამს? ყველა ამჩნევს ამას.

ნინი კარგა ხანს ხმას არ იღებდა.

_ ლელ, გახსოვს, პარკში, ერთ მერხზე რომ წარწერა აქვს ვიღაცას დატოვებული? სიშორე სიყვარულს ასუსტებსო… როგორ ფიქრობ, ეს მართალია? _ ამოღერღა ბოლოს.

_ რა თქმა უნდა, არა, ჩემო საყვარელო! _ სევდიანად გაიღიმა ქალმა, _ თუკი გრძნობა ჭეშმარიტია, მას ვერაფერი დაასუსტებს. როცა ჩემს ძვირფასზე ვფიქრობ, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს გუშინ გავიცანით ერთმანეთი და სადღაც აქვე, მოსახვევში მელოდება. ასე რომ, ნამდვილი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება… აიღე ეს გასაღები, _ ლელუკამ გასაღები მისკენ მიაჩოჩა, _ ჯერ იყოს შენთან და როც მოგესურვება, გაისეირნე პარკში. მართლა კარგი ადგილია, ნერვებს აწყნარებს.

თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, ნინის სახე გაუნათდა, დარჩენილი ყავა სულმოუთქმელად მოსვა, სათნო დიასახლისს მადლიერების ნიშნად გაუღიმა, გასაღებს ხელი დასტაცა და ზეზე წამოიჭრა.

_ წავალ, მართლა გავივლი ცოტას!

_ წადი, წადი, გენაცვალე… ახლა შენ ყველაზე მეტად გჭირდება ეს…

8 8 8

პარკში არაფერი შეცვლილიყო. ჰაერში მოახლოებული შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. შეყვითლებულ ხეებს აქა-იქ შემოძარცვოდა ფოთლები… ნინი თავის საყვარელ მერხს მიაუახლოვდა, საზურგისკენ დაიხარა და საბედისწერო წარწერას ნაზად გადაუსვა თითები. როგორ უნდა, ლელუკა მართალი იყოს და სიყვარული არასდროს ხუნდებოდეს… ძალიან უნდა… გოგონა წელში გასწორდა და… გიო დაინახა, რომელიც ორიოდე მეტრის მოშორებით იდგა. იგი მართლაც საშინლად გამოიყურებოდა.

_ ნინი… _ ჩახრინწული ხმით დაუძახა მამაკაცმა.

_ ლელუკამ გითხრა, აქ რომ ვიყავი? _ ცივად ჰკითხა.

რობაქიძემ ოდნავ ჩაიღიმა და თავი გააქნია.

_ არა. მე ყოველდღე მოვდივარ აქ და შენ გელოდები. ვიცოდი, რომ ოდესმე აუცილებლად მოხვიდოდი.

_ მე უკვე მივდივარ.

მამაკაცი მიუახლოვდა.

_ მოიცადე… ძალიან გთხოვ, მომისმინე… თუ შეიძლება…

_ შენ მე უკვე მითხარი სათქმელი… იმ დილით, _ ნინის მაშინდელი სცენის გახსენებაზე გული შეეკუმშა, თითქოს მარწუხები წაუჭირესო.

_ რა გინდა, რომ გითხრა? _ გიოს ხმა სევდით იყო სავსე, _ რომ არ მინდოდა შენი და თორნიკეს დაშორება? მინდოდა. მე ყველა ის სიტყვა დავიმსახურე, რომლითაც შენ შემამკე წასვლის წინ. მაგრამ შენი დაბადების დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ნინი, ყველაფერი შეიცვალა. შენ უნდა შეგემჩნია ეს.

_ აღარ მაინტერესებს, გიო… ნუ იმართლებ თავს, აზრი არა აქვს…

_ არა, მომისმინე. თავიდან შენც ისეთივე არარაობა მეგონე, როგორიც ჩემი სიძე იყო, მაგრამ პირველად ერთად რომ ვივახშმეთ, მივხვდი, რომ სულ სხვანაირი იყავი. სრულიად სხვ კუთხით დაგინახე. ამიტომ დავფიქრდი, უნდა გავრკვეულიყავი ჩემს თავში, გესმის? ვერ წარმოიდგენ, რამდენ ხანს ვებრძოდი ჩემს შინაგან მეს, რომ წინააღმდეგობა გადამელახა.

_ მართლა? _ მომაკვდინებელი ირონიით იკითხა გოგონამ, _ ახლა არ მითხრა, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო!

_ არა, არ იყო, თუმცა ჩემს ფიქრებში ხშირად ამოტივტივდებოდი ხოლმე. თავიდან მართლა შურისძიება მინდოდა, მერე კი… პირველად რომ გაკოცე, შენმა რეაქციამ გამაოგნა… ვგრძნობდი, როგორ ცახცახებდი ჩემს მკლავებში, როგორ გითრთოდა ტუჩები. დამიჯერე, გთხოვ… ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არც მივლინებაში წავიდოდი ბოლოს… ნუთუ არ გესმის? შენგან გავრბოდი, შენი სიახლოვის მეშინოდა. მე რომ ნაძირალა ვყოფილიყავი, უკან არ დავიხევდი და ჩემს გასაკეთებელს იმაზე ადრე გავაკეთებდი, ვიდრე შენ გგონია. უბრალოდ, არ შემეძლო, არადაამიანურად მოგქცეოდი. ეს შენთვის არაფერს ნიშნავს?

_ არ არის გამორიცხული, მართალს მეუბნებოდე, თუმცა ეს ახლა მართლაც არაფერს ნიშნავს, _ ნინი ოდნავ შეტრიალდა, _ შენ მე გამომიყენე, მანიპულირებდი ჩემით. ამას ხომ არ უარყოფ?

_ არა, არ უარვყოფ, მაგრამ განა ჩვენ ყველანი შეცდომებზე არ ვსწავლობთ? პატიების უნარიც ხომ შეგვწევს? ეს ერთადერთია, რასაც გთხოვ. გემუდარები, არ მიმატოვო! გინდა, დაგიჩოქო?

გოგონამ თავი გადააქნია.

_ არ არის საჭირო. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. ერთხელ შენ უკვე მომატყუე და მეორედ არ გამოგივა ეს, არ მოგცემ ამის საშუალებას.

_ გინდა მითხრა, რომ ორივენი სიყვარულობანას ვთამაშობდით ერთმანეთთან? თუ ასეა,  მაგარი მსახიობები ვყოფილვართ! _ გიომ მწარედ ჩაიცინა, _ კარგი, ეგრე იყოს. მაშინ მითხარი, რომ არ გიყვარვარ… მითხარი და შეგეშვები, აღარ შეგაწყენ თავს… თუმცა ერთი რამ იცოდე. თუკი წახვალ, ჩემი სიცოცხლეც თან გაგყვება.

_ ასე ნუ ლაპარაკობ! _ გაბრაზდა ნინი, _ ეს… ეს… ულმობლად ექცევი შენს თავს, არ გინდა! ეს ტყუილია!

_ ეს სიმართლეა, _ მტკიცედ წარმოთქვა მამაკაცმა, _ ერთი რამ იცოდე მხოლოდ. მე ბოლომდე ვიბრძოლებ შენთვის… და ჩვენი ბედნიერებისთვის. შენ ჩემი სიყვარული ხარ და ყოველთვის ასეთად დარჩები. ვიცი, ძალიან სუფთა ხარ, ამიტომაც ვერ დავიჯერებ, რომ არ გიყვარვარ. რომ არ გყვარებოდი, იმ ღამეს ჩემთან არ დარჩებოდი. არ უარვყოფ, რომ გული გატკინე, მაგრამ… მქონდა ამის მიზეზი.

გოგონა ხმას არ იღებდა. მამაკაცის თვალებში იგი ხედავდა ტკივილს, მარტოობას და შიშს… მისი დაკარგვის შიშს. იგივე განცდა ეუფლებოდა თავადაც და გრძნობდა, რომ სამუდამოდ უნდა ამოეგდო თავიდან ეს ტკივილიც, ეს მარტოობაც დ ეს შიშიც… უნდა დაეჯერებინა გიოს ნათქვამი, ყველა უსიამოვნება წარსულში უნდა დაეტოვებინა და ყველაფერი თავიდან დაეწყო. როგორც კი ეს გადაწყვეტილება მიიღო, გოგონა მიხვდა, როგორ დაიწყო გულში ყინულმა დნობა.

_ ხომ გითხარი, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა რესტორანში ვისადილეთ-მეთქი. თუმცა თავდაპირველად მეც არ ვიცოდი, რამდენად ღრმა და სერიოზული იყო ეს ცვლილება. ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, მიყვარდი თუ არა, რადგან არ მოველოდი ამას. გარდა ამისა, ჩემს თავთან მართალი რომ ვყოფილიყავი, არ უნდა მეფიქრა შენზე. მე სხვა გეგმები მქონდა. მივლინებაში გავიქეცი, რათა შენ დამევიწყებინე. ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ შენ კვლავ თორნიკე გიყვარდა და მე უნდა გავსულიყავი თამაშიდან, _ მამაკაცს სახე დაეღმიჭა, _ თუმცა ვერ შევძელი… დავიწყება კი არა, გამუდმებით შენზე ვლაპარაკობდი, თან იმდენს, რომ დედაჩემმა ბოლოს მკითხა კიდეც, როდის უნდა გამაცნოო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უშენოდ ვერ გავძლებდი… მივხვდი და ამიტომაც დავბრუნდი. ამასთან, ვიფიქრე, ისევ მისთვის ჯობია, დროზე ავუხილო თვალები და მივახვედრო, თორნიკე რა კაციც არის-მეთქი. ამიტომაც მტკიცედ დავისახე მიზნად, დამერწმუნებინე ჩემს სიყვარულში და, რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოს, ცოლობა მეთხოვა შენთვის. აი, ეს არის სიმართლე, _ მამაკაცმა ამოიხვნეშა და გააგრძელა, _ შენთან ამ წინადადებით ვაპირებდი მოსვლას, თაკო რომ ჩამოვიდა. ფაქტობრივად, გზიდან მოვბრუნდი. ის ჩემი ბიძაშვილია, დახმარება სჭირდებოდა და ზურგს ვერ ვაქცევდი. ამიტომაც იძულებული გავხდი, იმ საღამოს თორნიკესთან მიმეყვანა.

_ როგორ არის თაკო?

_ ძალიან ცუდად. მშობლებთან გადავიდა. ისინი არაფერს აკლებენ. ალბათ დროთა განმავლობაში გადაუვლის და ძველებური ხალისი დაუბრუნდება. მალე შეიტანს განცხადებას განქორწინების თაობაზე, _ გიო რამდენიმე წუთით გაჩუმდა და კვლავ გააგრძელა, _ იმ საღამოს აქ, სწორედ ამ ადგილას შენ გამო მოვედი. ვიცოდი, რა დღეშიც იყავი და შენი დამშვიდება მინდოდა. არც კი მიფიქრია, თუკი შემდეგ ჩემთან აღმოვჩნდებოდით და ღამეს ერთ ლოგინში გავათევდით… მოულოდნელად სამოთხეში ამოვყავი თავი და ასევე მოულოდნელად გამომაძევე იქიდან მეორე დილით. შენ წახვედი და თან გაიყოლე ჩემი ფიქრებიც, ოცნებებიც და იმედებიც. ძალიან გთხოვ, დაბრუნდი ჩემთან. შენ ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ და სხვა არავინ მინდა ამქვეყნად.

_ მეც… _ მისდა უნებურად აღმოხდა გოგონას.

_ რა თქვი? _ ყურებს არ დაუჯერა გიომ.

_ წამიყვანე სახლში, _ დაიჩურჩულა ნინიმ და თვალები დახუჭა.

მამაკაცმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ჩაფიქრდა, ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.

_ მხოლოდ ერთი პირობით… რომ დამაბრუნებ იმ სამოთხეში, რომლიდანაც გამომაძევე.

_ თანახმა ვარ, _ თვალები გაახილა ნინიმ.

გიომ წელზე ხელი მოხვია გოგონას და მკერდზე მძლავრად მიიკრა.

_ კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება შენს სამოთხეში, პატარავ…

About these ads

13 thoughts on “აკრძალული ოცნებები

  1. აუ ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო<3 მეც მომინდა ვინმე მყვარებოდა :დ იმედია ერთი ასეთი მღელვარე სიყვარულის ისტორია მეც მექნება:დ<3

  2. რა კარგი ფინალი ქონდაა :))) თავიდან საშინლად ვბრაზდებოდი ამ გოგოზე,მაგრაამ იმდენად კარგად განვითარდა მოვლენებიიი….

    უკვე მესეამედ ვკითხულობ მგონი :))

  3. ძვირფასო მაყურებელს რა უნდა გვექნა თუ არა ონლაინ დოქტორი მოუწოდა ALLIYA, ასევე ჩემი სახელია ანგელა ვარ USA მე ცოლად კაცს ზარის რიჩარდ ჩვენ სიხარულით ცოლად დაახლოებით ხუთწლიანი ჩვენ შეეძინა ჩვენი ბავშვი მეორე წლის შემდეგ ჩვენი ქორწინების მაგრამ ჩვენ დასაკარგი მისი გამოყვანა ავადმყოფობის გარდაიცვალა მის ადრეულ ასაკში რვა თვისაა მას შემდეგ ვერ დაუდებს სხვა მე შევეცადე ყველა შესაძლო ჩემი საუკეთესო მაგრამ მე ვერ, ჩემი მეუღლე ზეწოლას მე და მან განაცხადა, მან მოუტანს სხვა ქალის ჩვენს სახლში, რომ იგი არ მიღების ახალგაზრდა მას სჭირდება ბავშვს, მაგრამ მე მიყვარს ჩემი მეუღლე იმდენად, რომ მე არ შეუძლია დაკარგოს მას სხვა არც გაუზიაროს მას სხვა, ვიყავი ჩემი მეგობარი უწოდა Monica მე ასევე შესახებ უამბო, თუ რა ვარ გავლით ჩემი ქორწინება, იგი დაეცა სამწუხაროა და დანერგვა ჩემთვის ონლაინ მართლწერის caster რომ ასევე დაეხმარა თავის საკუთარ ჯერ tribulation მოუწოდა დოქტორი ALLIYA, მას მიცემული მართლწერის ჩემთვის რომ ნამდვილი შეიმუშავებს ჩემი ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა ჩემთვის ბევრად სიყვარული და ატაროს და ჩვენ მოგვიანებით ემხრობოდა ორი საბავშვო Wow, იგი არის ძალიან ძლიერი, მას შეუძლია ასევე დაგეხმარებათ, თუ თქვენ წინაშე ვდგავართ ნებისმიერი პრობლემა თქვენს ქორწინება, თუ საჭიროა მისი დახმარება დაკავშირება მას ამ წერილს: dralliyaspellhome@gmail.com

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s