სევდის სურნელი


_ უკაცრავად, ეს ადგილი თავისუფალია? _ შემომესმა მოულოდნელად…

მას სწორედ ისეთი ხმა აღმოაჩნდა, როგორიც წარმომედგინა: მელოდიური, ოდნავ შესამჩნევი რბილი აქცენტით. ხმა ზედ ჩემს ყურთან გაისმა, მაგრამ იმდენად არაბუნებრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ტელევიზორის ეკრანიდან აღწევდა ჩემამდე. იქნებ ამიტომაც არ ვუპასუხე მის შეკითხვას, ან სულაც იმიტომ, რომ უეცრად მოხდა ეს ყველაფერი და მზად არ ვიყავი…

_ მაპატიეთ… ნებას დამრთავთ თქვენ გვერდით დავჯდე? _ თავაზიანად, მაგრამ თითქოს დაჟინებით მოითხოვდა მამაკაცი.

ჟურნალი დავხურე, თან ისე, რომ საჩვენებელი თითი სანიშნივით ფურცლებშუა ჩავტოვე, რათა მერე არ მეძებნა, რომელ გვერდზე შემაწყვეტინეს კითხვა და ნელა ავწიე თავი.

_ რა თქმა უნდა, დაბრძანდით… _ გულღიად წარმოვთქვი და ნაძალადევი ღიმილიც მივაყოლე.

მშვენივრად ვიცოდი, ვინც იდგა ჩემ წინ და ცოტათი მეშინოდა კიდეც, მისთვის თვალებში შემეხედა. ასე მეგონა, ჩემი მზერა გამყიდდა, ამიტომ კიდევ უფრო გულღიად დავამატე.

_ ბოდიშს გიხდით, კითხვამ შემიყოლია… თან არც მიფიქრია, მე თუ მომმართავდით, რადგან ადგილი თავისუფალი იყო, _ ჩემთვის კი გავიფიქრე: «თუ გავითვალისწინებთ იმას, ვაჟბატონო, რომ უკვე ორი საათია, თვალს არ მაშორებ, უნდა გცოდნოდა, ეს ადგილი თავისუფალია თუ დაკავებული»… თუმცა, სხვა რაღა უნდა ეკითხა ასეთ შემთხვევაში? რა ვიცი, ეს უკვე მისი პრობლემაა და არა ჩემი.

ჟურნალი კვლავ გადავშალე და ცხვირი შიგ ჩავრგე, რათა მისი არსებობა დამევიწყებინა. მამაკაცი როგორც კი დაჯდა, ჩემამდე მაშინვე მოაღწია რაღაც უჩვეულო სურნელმა, ძალიან ნაზმა და სასიამოვნომ. თითქოს თამბაქოს და რომელიღაც ველური ყვავილის არომატი იყო ერთმანეთში შერეული. წამით თავბრუ დამეხვა ამ სურნელისგან. ნეტავ რა უნდა, რისთვის მომიჯდა გვერდით? სხვა ადგილი ვერ ნახა ამხელა აეროპორტში? კარგა ხანია, მიზანში ამომიღო. ხომ არ გადავჯდე? ვინ იცის, რა კაცია… რას გადამეკიდა? ძალიან უცნაური მეჩვენება…

ის იყო, მტკიცედ გადავწყვიტე, სადმე სხვაგან გადავმჯდარიყავი, რომ ჩემ გვერდით კვლავ გაისმა უკვე ნაცნობი მელოდიური ხმა.

_ თუ თავხედობაში არ ჩამითვლით, რამე ხომ არ დაგველია? შემიძლია სასმელი შემოგთავაზოთ…

ამის გაგონებაზე მთელი სხეულით შევხტი და უეცრადვე გავქვავდი, თითქოს რაღაც მიუღებელი შემომთავაზესო. ამ კაცმა შემოსვლისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება და აგერ, უკვე ორი საათია, დაძაბული ვაკვირდები მის ყოველ რეაქციას. რატომ? მომეწონა? ა-რააა! აბა? შემეშინდა? რატომ ვნერვიულობ ასე? ჰო, უფრო ალბათ შემეშინდა, რადგან ამდენი ხანია, დაჟინებით მომჩერებია, ახლა კი, ეყო თავხედობა და გვერდით მომისკუპდა. ესეც არ იკმარა და სასმელიც კი შემომთავაზა! რას შემომიჩნდა? ამ ვიღაცის გამო ორი საათია, ეკლებზე ვზივარ! ერთი დროზე გამოაცხადონ ჩასხდომა, რომ გავიდე აქედან!.. არადა, რამდენჯერმე მეც შევათვალიერე მალულად… ისე, ერთი შეხედვით, ცუდი ტიპი არ ჩანს, საკმაოდ სიმპათიურია. ნეტავ, სადაურია? კარგად კი ლაპარაკობს ინგლისურად, მაგრამ აშკარაა, რომ უცხოელია. რას ვიცინებ, ქართველი რომ აღმოჩნდეს! ჰგავს კი ქართველს? კი ჰგავს… ცოტათი… იქნებ იტალიელია ან ესპანელი? ალბათ მდიდარიცაა, ისე აცვია! თუმცა, არა! ეგრე რომ იყოს, მეორე კლასის მოსაცდელ დარბაზში არ ამოყოფდა თავს. იქნებ ჩემი გულისთვის გადმობარგდა აქეთ? ჰა-ჰა-ჰა! რა სასაცილოა ეს ყველაფერი! კი, როგორ არა! ჩემ გამო მოხვდა აქ, კუდში დამდევდა! ეჰ, ქეთი, ქეთი… რა მიამიტი ხარ ამხელა გოგო! ოცდაექვსი წლის გახდი და ვერა და ვერ ისწავლე ჭკუა!

გარეგნობაც არა აქვს ჩვეულებრივი. მერე რა, რომ საშუალო სიმაღლისაა? სამაგიეროდ, კარგი პროპორციებით გამოირჩევა, სპორტსმენივით შეკრული სხეული აქვს, მაღალი შუბლი, შავი თვალები, მოხდენილი ცხვირი პატარა კეხით და მგრძნობიარე ნესტოებით, თხელი, მაგრამ მამაკაცური ტუჩები… კანის ფერი? ერთი შეხედვით, გარუჯული გეგონება. იქნებ მართლაც ასეა? არა, როგორც ჩანს, დაბადებიდან ასეთია…

_ მაპატიეთ… როგორც ჩანს, თქვენთვის არასასიამოვნოა ჩემი საზოგადოება… ასეა? თუ გსურთ, წავალ, _ ფიქრი მისმა ხმამ გამაწყვეტინა.

აი, ახლა კი უნდა ვუპასუხო, თორემ უზრდელობაში ჩამეთვლება! გამშრალი ტუჩები გავილოკე და ოდნავ აღელვებული ხმით ვუპასუხე.

_ ა-რა… რატომ უნდა წახვიდეთ? _ ამის მეტი ვერაფერი მოვახერხე.

_ ესე იგი, არ გინდათ, წავიდე?

მისმა კონტრშეკითხვამ დამთრგუნა. ვერაფრით შევძელი, მისკენ შევტრიალებულიყავი და თვალებში შემეხედა. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ვიგრძენი, როგორ ვწითლდებოდი, რადგან მისი დაჟინებული მზერა სახეს მიწვავდა. რა მემართება? ჟურნალისტი მაინც არ ვიყო! ისეთ გიჟებთან და გადარეულებთან მქონია ურთიერთობა, ამან როგორ უნდა დამძაბოს? იქნებ იმის ბრალია, უცხო ქვეყანაში რომ ვარ, თანაც სრულიად მარტო? დარწმუნებული ვარ, იდიოტივით გამოვიყურები! რაღაც თუ არ ვიღონე, ალბათ გული წამივა… რამდენიმე წამში თავი ხელში ავიყვანე და უცნობს შევხედე, თუმცა მაშინვე ავარიდე თვალი. ახლოდან იგი გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. იქნებ რეჟისორია და აქ, აეროპორტში ფილმს იღებენ? როლისთვის ხომ არ მოვეწონე? მაგარ შთაბეჭდილებას კი დავტოვებდი ჩემი სულელური ქცევით, აი! იქნებ, უბრალოდ, დროის გაყვანა სურს, სანამ თვითმფრინავში ავა და თავის გზას გაუდგება? ნეტავ საით მიფრინავს?

_ მაპატიეთ, მაგრამ მე თქვენ არ გიცნობთ… _ როგრც იქნა, ვთქვი ბოლოს და ბოლოს.

_ მერე რა? არც მე გიცნობთ, მაგრამ სულაც არ ვარ თქვენი გაცნობის წინააღმდეგი. არ შეიძლება, არ შეგემჩნიათ, რომ ზუსტად ორი საათი და ათი წუთია, თქვენ წინ ვზივარ, გიყურებთ და თქვენთან მოსვლა ვერ გადამიწყვეტია.

_ მართლა? _ ახლა კი თამამად ავწიე თავი და ასევე თამამად შევხედე, იმდენად გამაკვირვა მისმა გულახდილობამ.

_ მართლა, მართლა. თქვენ რა, უარყოფთ რომ ეს არ შეგიმჩნევიათ? _ გააგრძელა უცნობმა, _ ვფიქრობ, ორივე ვხვდებით, რაც ხდება. ასე არ არის?

უეცრად ისე ავნერვიულდი, ქვედა ტუჩის კვნეტა დავიწყე, თან შეშფოთებული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით.

_ მიპასუხეთ, მომეჩვენა, თუ მართალი გამოვდექი? _ ჯიქურ გამიმეორა მამაკაცმა.

_ რას გულისხმობთ? _ მივხვდი, რომ საბოლოოდ მიმამწყვდია კედელთან.

_ რომ ჩვენ ორივემ ვიცით, რაც ჩვენ შორის ხდება.

_ და რა ხდება ჩვენ შორის? _ წყნარი, მაგრამ დახშული ხმით ვიკითხე. კიდევ ცოტაც და შეიძლებოდა, ავღრიალებულიყავი. ალბათ საშველად მოვუხმობდი მთელ მოსაცდელ დარბაზს.

_ კეთილი… თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ბოლო ორი საათის განმავლობაში არაფერი განსაკუთრებული მომხდარა და თქვენ მშვიდად კითხულობდით თქვენს ჟურნალს, შესაძლებელია, ასეცი იყო. შეგიძლიათ იმის მტკიცებაც დაიწყოთ, რომ არც ერთხელ ჩემკენ არ გამოგიხედავთ. არც ამაში შეგეკამათებით… უბრალოდ, მე ამის დრო არ მაქვს, _ უცნობმა თავისი მოკლე სიტყვა დაამთავრა, წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.

როგორ უხერხულად ვიგრძენი თავი… დამნაშავედაც… თითქოს რაღაც ძალიან ლამაზი გავაფუჭე, დავამახინჯე. იმწუთას არ ვიცი, რა მეტაკა. ადგილიდან წამოვხტი და უცნობს გავეკიდე.

_ მოიცადეთ! _ დავუძახე და გავჩერდი.

ისიც გაჩერდა, მოტრიალდა და გამომცდელად შემომხედა. აშკარად რაღაცას ელოდა ჩემგან.

_ გისმენთ, _ ძალიან მშვიდი ხმით წარმოთქვა.

ცხოვრებაში ასე არასდროს მოვქცეულვარ უცხო მამაკაცებთან, თუ არ ჩავთვლი ჩემს საქმიანობას, როცა მოუხელთებელ რესპონდენტებთან მიწევდა ურთიერთობა. მათთან უდიერობა ხშირად გამომიჩენია, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო… ამიტომაც აღარ ვიცოდი, რა მეთქვა. მხოლოდ ვიდექი და პირდაღებული უსიტყვოდ მივჩერებოდი სიმპათიურ იტალიელს თუ ესპანელს. ნეტავ რისთვის წამოვხტი? რა მინდოდა? რატომ გავეკიდე? იმიტომ, რომ… იმიტომ… იმიტომ… იმიტომ, რომ უნდა ვკითხო, რატომ დაინტერესდა ჩემით, ვინ არის და რა უნდა! როცა კითხვის პასუხს მივაგენი, შვებით ამოვისუნთქე.

_ მგონი, რაღაც უნდა გეთქვათ ჩემთვის, _ თავდაჭერილი მოთმინებით შემახსენა უცნობმა.

_ ჰო… _ უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე და ტუჩები კვლავ გავილოკე, _ ბოდიშს გიხდით, ცუდად გამომივიდა. თუ შეიძლება, ამიხსენით, რატომ გამომელაპარაკეთ, რა გინდოდათ?

_ რა მინდოდა? _ უცნაურად ჩაიღიმა წარბებაწეულმა, _ მე მგონი, ეს აუხსნელადაც ადვილი მისახვედრი იყო, _ და გამჭოლი მზერა მესროლა.

მისმა შემოხედვამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, თვალები სად წამეღო, არ ვიცოდი. უსიამოვნო სიცივემ დამიარა სხეულში. ამას მე ვინ ვგონივარ? ვიგრძენი, როგორ შემეცვალა გამომეტყველება.

_ ასე ნუ ნერვიულობთ, გთხოვთ… _ მამაკაცი მომიახლოვდა და მკლავზე შემეხო, _ ლამისაა, გული წაგივიდეთ… რა გითხარით ამისთანა? იმედია, არ ფიქრობთ, რომ თქვენი არამიწიერი სილამაზით გაოგნებული ამდენი ხალხის წინაშე ძალას ვიხმარ თქვენზე და გაგაუპატიურებთ? უბრალოდ, მინდოდა თქვენი მარტოობის იმპერია დროებით მაინც დამემსხვრია, სანამ ჩასხდომას გამოაცხადებდნენ. სულ ეს იყო. თქვენც ხომ უაზროდ გაგყავდათ დრო? ვიფიქრე, ყავას დავლევთ ერთად-მეთქი. რას იტყვით, მგონი, არც ახლაა გვიან.

ერთადერთი, რაც მისი ტირადიდან გავიგე, «არამიწიერი სილამაზე» იყო. რას ნიშნავს ეს, დამცინის? არა მგონია… იქნებ მართლა მოვეწონე? რა არის აქ დაუშვებელი? მეც ხომ ვიცი, რომ ლამაზი ვარ.

_ მაგრამ რატომ მაინცდამაინც მე? _ როგორც იქნა, ნახევრად ჩურჩულით ვიკითხე.

_ იმიტომ, რომ უცებ დავამყარეთ ერთმანეთთან კონტაქტი, ერთი შეხედვით, როგორც კი თვალი თვალს მოხვდა. ასე არ იყო? წამოდით, ბარში გავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი.

_ კარგი, _ დაურწმუნებლად წარმოვთქვი და მორჩილად გავყევი… არადა, მისმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა… მაინც ვერ გავიგე, რა უნდოდა ჩემგან.

_ რას დალევთ? _ მკითხა ახალმა ნაცნობმა, თავისუფალ მაგიდას რომ მივუჯექით.

_ ყავას, _ დაუფიქრებლად ვუპასუხე.

_ ორი ყავა, თუ შეიძლება, _ შეუკვეთა მან მოახლოებულ ოფიციანტს, მერე მე მომიბრუნდა და უცნაური ღიმილით მომაჩერდა.

_ როგორ ფიქრობთ, რა თემაზე შეიძლება ილაპარაკოს ორმა სრულიად უცნობმა ადამიანმა?

დაბნეულმა ჯერ მხრები ავიჩეჩე, მერე კი ოდნავ ჩავახველე და გაუბედავად ვთქვი.

_ ჩემი აზრით, ჯერ ერთმანეთს უნდა გაეცნონ.

_ ჰო, რა თქმა უნდა, _ გაიცინა, _ ეტიკეტის ეს წესი საერთოდ გამომრჩა მხედველობიდან. მე ტიმ ალვარესი მქვია. თქვენ?

_ ტიმ ალვარესი? ესპანელი ხართ?

_ გახლავართ… თქვენ?

_ მე… მე ქეთი მქვია, ქეთი კანდელაკი და საქართველოდან ვარ. გაგიგიათ ასეთი ქვეყანა?

მომეჩვენა, თითქოს ტიმს სახე შეეცვალა, უცნაურმა ჩრდილმა თუ გაკვირვებამ გადაურბინა სახეზე.

_ საქართველო? ეს… ეს… მგონი, ვიცი… «ვარდების რევოლუცია» რომ მოხდა, ის ქვეყანაა, არა?

_ დიახ, დიახ, _ გახარებული დავეთანხმე, მესიამოვნა, საქართველოს შესახებ რაღაც მაინც რომ იცოდა.

_ მე ესპანელი ვარ, მაგრამ შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ, აქ დავიბადე. იმედია, ჩემი მოსაწყენი ბიოგრაფიის მოყოლას არ მომთხოვთ.

_ არა, რა საჭიროა, _ უხერხულად გავიღიმე და თვალები დავხარე.

მომეჩვენა, რომ ჩემი მოულოდნელი ნაცნობი რაღაცას მიმალავდა. ბევრი რამ იყო უცნაური… მაგალითად, მისი აქცენტი. აშკარად ეტყობოდა, რომ ინგლისური მისი მშობლიური ენა არ იყო. თუმცა, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ნაცნობობა რამდენიმე წუთში  დამთავრდებოდა და ზედმეტი შეკითხვებით რატომ უნდა შემეწუხებინა ან ის, ან ჩემი თავი?

_ აი, ყავაც მოგვიტანეს, _ შესძახა ტიმმა, _ ნაღებით გირჩევნიათ, თუ შაქრით?

_ უშაქროდ და უნაღებოდ, თუ შეიძლება.

_ რატომ? მწარე ყავა გულზე მოქმედებს. ნუთუ არ იცით? თუ თქვენს ქვეყანაში ასეა მიღებული?

დამნაშავესავით გავიღიმე. ხომ არ ვეტყოდი, ტკბილს იმიტომ არ ვსვამ, დიეტაზე ვარ და წონას ვუფრთხილდები-მეთქი?

_ ასე ვარ მიჩვეული… ტკბილი არ მიყვარს, _ კეკლუცად ვთქვი და ყავის ფინჯანი ჩემკენ მოვწიე.

_ სამშობლოში მიფრინავთ? _ მკითხა ტიმმა.

_ დიახ, სამშობლოში.

_ აქ რას აკეთებდით?

_ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი.

_ ბიზნესვუმენი ხართ?

_ არა, ჟურნალისტი. ემიგრანტებზე უნდა დავწერო მასალა და ამისთვის გამომიშვეს.

_ ა! გასაგებია… მეუღლე გყავთ? ან მეგობარი მამაკაცი?

_ არა, არა, არც ერთი და არც მეორე, _ მის შეკითხვაზე გამეცინა.

_ რატომ? ასეთი ლამაზი ქალი ასე ეულად დადიხართ?

_ ხდება ასეც… ჩემი საქმე ძალიან შრომატევადია… პირადი ცხოვრებისთვის ვერ ვიცლი.

_ გასაგებია… მაშინვე ვიგრძენი ეს, როგორც კი დაგინახეთ.

_ იგრძენით? როგორ?

_ საოცარი სევდის სურნელი მოდიოდა თქვენგან.

_ რისი? _ მეგონა, ინგლისური სიტყვების მნიშვნელობა კარგად ვერ გავიგე-მეთქი.

_ სევდის… რა, პირველად გესმით ეს გამოთქმა? სევდის სურნელი.

_ თქვენ წარმოიდგინეთ, კი… თქვენ საით გაგიწევიათ? _ სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, რათა ჩემი «სევდის სურნელის» გაშიფვრა არ დაეწყო.

_ მე კი მეგონა, ჰოლივუდში გადაღებაზე მეოცნებე ქალიშვილი იყავით.

_ რატომ, ამერიკაში სხვა საოცნებო არაფერია? _ ღიმილი ვერ შევიკავე.

_ თქვენნაირი გოგონები აქ ძირითადად, ამისთვის ჩამოდიან.

_ რას ნიშნავს ჩემნაირი გოგონები? _ კოპები შევიკარი.

_ მომხიბვლელები… _ მოკლედ ამიხსნა ტიმმა, _ ძალიან გეჩქარებათ საქართველოში?

_ ხვალ იქ უნდა ვიყო, რომ დაწერა და გამოქვეყნება მოვასწრო.

_ და ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია?

_ რა თქმა უნდა, მე ხომ ამაში მიხდიან ფულს, თან მივლინებაც მეწურება.

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასეთი რამ რატომ მკითხა-მეთქი, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი.

_ რას იტყოდით, თქვენთვის დარჩენა რომ შემომეთავაზებინა?

ყურებს არ დავუჯერე. გამომცდელად მივაჩერდი ახალგაცნობილს. ის გაუნძრევლად იჯდა, სერიოზული სახით და ჩემს პასუხს ელოდა.

_ რა გინდათ ჩემგან? _ ხმადაბლა ვკითხე, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო.

_ მინდოდა, დღეს ჩემთან დარჩენილიყავით, _ ნაკვთი არ შერხევია მამაკაცს სახეზე.

_ მაგრამ ხომ გითხარით, ხვალ თბილისში უნდა ვიყო-მეთქი! ეს აუცილებელია. თან ვიზასაც ვადა გასდის, თან ბილეთის პრობლემაც შემექმნება.

_ ამას მე მოვაგვარებ… ყველაფერს ერთად, თუკი დარჩებით.

ალბათ ძალიან შეშინებული სახე მქონდა, რადგან ტიმმა უეცრად გაიღიმა, თავი ეშმაკურად გადააქნია და მითხრა.

_ ნუ ნერვიულობთ, ეს, უბრალოდ, სულელური ფანტაზია იყო და სხვა არაფერი. ისე გითხარით, თქვენი რეაქცია მაინტერესებდა. სიმართლე გითხრათ, მეც მეჩქარება. ხვალ მეც აუცილებლად შორს უნდა ვიყო აქედან. ჩემი საქმეები სწორედ რომ ვერ მოიცდის, თუმცა… ვეჭვობ, ორივეს მოგვიწევს დარჩენა.

_ რას ამბობთ! საიდან მოიტანეთ?!

_ აბა, გარეთ გაიხედეთ! ხედავთ, რა ამინდია? ასეთ ამინდში ნიუ-იორკშიც კი არ გააგდებენ ძაღლს ქუჩაში.

ეს ნამდვილი ქართული გამოთქმა უცნაურად მომხვდა ყურში. როგორ, ამერიკაშიც ასე ამბობენ, როცა გარეთ ცუდი ამინდია? თუმცა, მისი ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.

მთელი საუბრის განმავლობაში პირველად გავიხედე გარეთ და… ისე წვიმდა და, ამავდროულად, ისეთი ნისლი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდა ადამიანი. არადა, რამდენიმე საათის წინ მზიანი დარი იდგა, ვინ წარმოიდგენდა, ასეთ თუ შეიცვლებოდა ამინდი.

_ წავალ და ვეცდები, რამე გავიგო. ხომ დამელოდებით აქ? _ მკითხა ტიმმა.

_ ჰო, რა თქმა უნდა, _ დაბნეულმა ვუპასუხე.

მარტო დარჩენილი თავზარდაცემული მივჩერებოდი წვიმით დასველებულ უზარმაზარ ფანჯრებს. ცრურწმენების მჯეროდა და აღელვება ეგრევე შემეტყო. ჯერ კიდევ დილით მეგონა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ისეთი კარგი მასალა მოვაგროვე, ერთი სული მქონდა, თბილისში როდის ჩავიდოდი, როდის დავწერდი და ჟურნალში გამოვაქვეყნებდი. ფოტოებიც ჩემი ძვირად ღირებული აპარატით გადავიღე, რათა კარგი ხარისხის ყოფილიყო. დაგვიანებას არა უშავს, მაგრამ ღამე სად უნდა გამეთია? სასტუმროს ნომერი ჩავაბარე. აქ რა იყურყუტებს მთელი ღამე? იქნებ ჩემს რესპონდენტებს მივადგე? იმედია, უარს არ მეტყვიან და ერთი ღამით შემიფარებენ. ჰო, ასე მომიწევს ალბათ. აბა, მართლა ამ უცხოელთან ხომ არ დავრჩები? გამეღიმა, თან შიშმა ამიტანა. ეს ბიჭი რაღაცას მიმალავს. მე ყველაფერი მათქმევინა, თვითონ კი არაფერი მითხრა. ვინ არის, საიდან? რას საქმიანობს? რატომ გამომეცნაურა? მანიაკი ხომ არ არის? იქნებ იცოდა, ფრენა რომ გადაიდებოდა? კითხვები დამიგროვდა. რატომ მთხოვა დარჩენა? იქნებ თავიდან მართლა უწესო გოგოდ მოვეჩვენე, მარამ შემდეგ მიხვდა, რომ ასეთი არ ვიყავი და გადაიფიქრა? დაბრუნდება კი? ეს კითხვა დავსვი თუ არა, მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა. მივხვდი და ჩემივე თავის შემრცხვა…

_ ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით გაგახარებთ, ქეთი… _ მომესმა მოულოდნელად ზურგიდან, _ უამინდობის გამო ფრენა ხვალამდე გადაიდო.

_ რას ამბობთ! ეს შეუძლებელია! მე იქ მელოდებიან!.. რა გაცინებთ?

_ გელოდებიან, მაგრამ მოცდა მოუწევთ. მე ღმერთი ხომ არ ვარ, ღრუბლები გავფანტო და მზე ამოვიყვანო! თქვენ რა გგონიათ, მეც მექმნება პრობლემები, მაგრამ სულაც არ ვნანობ, რომ ასე მოხდა. სამაგიეროდ, თქვენ გაგიცანით, თან კარგი თანაპარტნიორიც ვიშოვე დროის მოსაკლავად. არც თქვენ გაქვთ სხვა არჩევანი, _ ხაზგასმით წარმოთქვა ტიმმა და მარჯვენა ხელისგული ჩემს ლოყას ჩამოუსვა.

ამ მოულოდნელმა შეხებამ ძალიან შემაკრთო, მაგრამ, რატომღაც, თავი არ გამიწევია. ღმერთო, იქნება და მანიაკია… ან…

_ გამოტყდით, რომ… _ რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ახალმა ნაცნობმა შემაწყვეტინა.

_ რომ ეშმაკთან შეთანხმება დავდე? _ მხიარულად წამოიძახა, _ გგონიათ, ასეთი რამეები შემიძლია? თუნდაც თქვენი მომაჯადოებელი სილამაზის გამო? არა, ჩემო კარგო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად უძლური ვარ. მე არ ჩამიწყვია ცუდი ამინდი, თუმცა რაღაცას მაინც გამოვრჩები ამის გამო.

_ თქვენ რა, გგონიათ, რომ მე… _ წინადადება ვერ დავასრულე, გავფითრდი.

_ არაფერიც არ მგონია, _ ძალიან მშვიდად მიპასუხა მამაკაცმა, _ უბრალოდ, გთავაზობ, რომ ეს ღამე ჩემთან ერთად გაატარო.

_ გაგიჟდით? ასეთი აზრი საიდან დაგებადათ? ერთი საათიც არ გასულა, რაც ერთმანეთი გავიცანით. მე თქვენ ამერიკელი ხომ არ გგონივართ! მე ქართველი ვარ!

_ მერე რა? ცუდს რას გთავაზობთ? თქვენთან ასე არ არის მიღებული? მაშინ ძალიან დიდხანს შემიძლია გეხვეწოთ, რომ ეს გააკეთოთ. ჩვენ ხომ მთელი ღამე წინ გვაქვს. ძალას, რა თქმა უნდა, ვერ დაგატანთ, მხეცი კი არ ვარ. თუ ახლავე გამომიცხადებთ, რომ გეზიზღებით და ჩემი დანახვაც არ გინდათ, სხვა არაფერი დამრჩება, გარდა იმისა, რომ გაგეცალოთ.

სწორედ ამ დროს მიკროფონში ხმა გაისმა.

_ პატივცემულო ლედი და ჯენტლმენებო! გთხოვთ ყურადღებას!

დინამიკს სასოწარკვეთილი მივაჩერდი, თან ღმერთს გულში ვთხოვდი, რომ თვითმფრინავში ჩასხდომის შესახებ გამოეცხადებინათ. რა ბედნიერი ვიქნებოდი ამის გამგონე! ტიმს ნიკაპი ხელზე დაეყრდნო და ინტერესით მომჩერებოდა. მას მშვიდი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

_ ყველას ბოდიშს გიხდით…

დანარჩენის მოსმენა არც იყო აუცილებელი, ისედაც ნათელი გახდა ყველაფერი. მეორე დილამდე ფრენა ყველა რეისზე გადაიდო… რა დამერხააა?!

_ აბა, მე რას გეუბნებოდით? _ დამცინავად შემომხედა მამაკაცმა, _ ღმერთი ჩემს მხარეზეა, ასე რომ, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს.

ახლა კი ამიტანა კანკალმა, თითქოს მართლა არ მრჩებოდა სხვა გზა და ღამე ამ უცხო კაცთან უნდა გამეტარებინა. არადა, აეროპორტის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, ყველა მგზავრი დაებინავებინა სასტუმროში.

_ მაპატიეთ, _ ნიშნის მოგებით აღვნიშნე, _ მე მგონი, უამინდობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ღამე ერთად გავატაროთ. უნდა დაგტოვოთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

_ რა თქმა უნდა, მართალი ხართ. დიდი მადლობა სასიამოვნო კამპანიისთვის. ნახვამდის, ქეთი… იმედია, არაფერი გაწყენინეთ.

_ ნახვამდის, ტიმ. გმადლობ ყავისთვის, _ კეკლუცად გავუღიმე და გავტრიალდი.

მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ვიცოდი, რომ ამ კაცს მეტჯერ ვეღარასდროს ვნახავდი ცხოვრებაში. ეს კი უკვე მიქმნიდა დისკომფორტს. სანამ კარს მივუახლოვდებოდი, ვერ მოვითმინე და უკან მოვიხედე. ის ისევ მაგიდასთან იდგა და თვალს მაყოლებდა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა…

და მივხვდი, რომ სულაც არ მინდოდა მასთან განშორება… მაგრამ უკან დასაბრუნებელი მიზეზიც არ მქონდა… ხოლო, თუკი უმიზეზოდ დავბრუნდებოდი, მისი წინადადება უნდა მიმეღო… რა მიშლიდა ხელს? ქალიშვილი ნამდვილად არ ვიყავი, რომ პირველი ღამის შემშინებოდა… არც იმის საშიშროება მემუქრებოდა, რომ ამ ერთი ღამის რომანს ვინმე ჩემი ნაცნობი თუ ახლობელი გაიგებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ამბავი ნიუ-იორკის ფარგლებს არ გაცდებოდა. მაშინ რაღა რჩებოდა? ის, რომ არ ვიცნობდი? მერე რა? სამაგიეროდ, მოგვწონდა ერთმანეთი. ეს სულაც არ ნიშნავდა ცოტას…

და იმის მაგივრად, რომ გზა გამეგრძელებინა, უკან დავბრუნდი…

ტიმს კმაყოფილების ღიმილმა გაუპო ბაგე, რამდენიმე მსუბუქი ნაბიჯი გადმოდგა და მარჯვენა ხელი წელზე მომხვია…

კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ ის უკვე ყურში ჩამჩურჩულებდა.

_ რომ იცოდე, როგორ გამახარე, რომ არ წახვედი, ქეთი… გთხოვ, დარჩი ამაღამ ჩემთან… პირობას გაძლევ, არ ინანებ.

_ ჰო… ვრჩები… _ ჩავიდუდღუნე ჩემთვის, _ თქვენ ხომ იცოდით, რომ დავრჩებოდი…

_ მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არ შეგეძლო წასვლა… _ ორაზროვნად ჩამჩურჩულა და ყურის ბიბილოზე ნაზად მაკოცა…

8 8 8

შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სიზმარში. ჯერ ბარგი ჩავაბარეთ შემნახველ საკანში, მერე ტიმმა ტაქსი გამოიძახა. საზიზღრად წვიმდა. თან ისე იყო იქაურობა დანისლული, ერთი მეტრის მოშორებით წვიმის წვეთები არც კი ჩანდა. ტაქსის მძღოლი ქოლგით მოგვიახლოვდა, უკანა სალონამდე მიგვაცილა და კარი გამოგვიღო. ჩავსხედით. კვლავ ვიგრძენი ტიმის ოდეკოლონის არომატი. კვლავ დამეხვა თავბრუ… და საერთოდ, ეს მამაკაცი დანახვის წუთიდან მახვევდა თავბრუს. ამაში მხოლოდ ახლა გამოვუტყდი ჩემს თავს…

ძალიან ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან, იგი მხრით მეხებოდა… სალონში ბნელოდა, თან სასიამოვნო მელოდია ისმოდა მძღოლის კაბინიდან. რადიო ჰქონდა ჩართული… სრულიად ინტიმური ატმოსფერო შეიქმნა…

მოულოდნელად ტიმმა მკლავი გადამხვია.

_ გაიყინე? _ მზრუნველად ჩამჩურჩულა.

_ ცოტათი, _ ვუპასუხე და მოვიკუნტე.

_ ქეთი, ნუ გეშინია, არ გაწყენინებ… გპირდები… ცუდს არაფერს გაგიკეთებ, _ ხმადაბლა წარმოთქვა და უფრო მჭიდროდ ჩამიხუტა.

პასუხი არ გამიცია, თავი მივაბრუნე და ფანჯარაში გავიხედე, თუმცა გარეთ არაფერი ჩანდა.

_ სად მივდივართ? _ ვიკითხე, რადგან გამიკვირდა, მძღოლმა მისამართი რომ არ გვკითხა.

_ ჩემს ბინაში.

_ თქვენ რა, აქ ბინა გაქვთ?

_ მთლად ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ როცა აქ ჩამოვდივარ, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ვჩერდები. ამ კაცმა იცის მისამართი.

_ საიდან?

_ რომ გითხრა, არ გამიბრაზდები?

_ არა.

ტიმმა ჩაახველა, მერე ხელი აიღო ჩემი მხრიდან, ოდნავ განზე გაიწია და გაუბედავად წარმოთქვა.

_ წეღან, ამბის გასაგებად რომ გავედი და მითხრეს, ფრენა გადაიდოო, ტაქსი დავიქირავე და მისამართიც მაშინ ვუთხარი.

_ ანუ, მძღოლი ჩვენ გველოდა?

_ ჰო.

_ მაგრამ რა იცოდით, რომ დაგთანხმებოდით?

_ ვიცოდი… თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მარტოც რომ დავრჩენილიყავი, ტაქსი ხომ მაინც დამჭირდებოდა?

_ ა! მართალი ხართ, ეგ ვეღარ მოვისაზრე.

«ღმერთო, რას ვაკეთებ? რამ გამაგიჟა? _ ვფიქრობდი ჩემთვის, _ მივყვები სრულიად უცხო მამაკაცს სრულიად უცხო ბინაში. მთლად შევიშალე. თავგადასავლები მაკლია მე?» თუმცა, შინაგანად მაინც ვეთანხმებოდი ჩემს გადაწყვეტილებას. მასთან ერთად მზად ვიყავი, სადაც მოისურვებდა, იქ წავყოლოდი. «საინტერესოა, ხვალ რას ვიტყვი ამ ყველაფერზე? იმედია, არ ვინანებ ჩემს საქციელს», _ გავიფიქრე, მაგრამ მეორე წამს უსიამოვნო ფიქრები უკუვაგდე… ჯერ ხომ არ დამდგარა «ხვალ». იქამდე კი საოცრება გრძელდება…

ცოტა ხანში ტაქსი ოთხსართულიანი შენობის წინ გაჩერდა. რომელიც კერძო სასტუმროს უფრო ჰგავდა, ვიდრე კორპუსის ბინას…

888

მეოთხე სართულზე ავედით. ტიმმა კარი გააღო და ჩამრთველი გადაატრიალა. გაოცებისგან ოხვრა აღმომხდა, ისეთი ლამაზი და მდიდრული ავეჯი იდგა ოთახში. საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ფული? ნუთუ ასე მდიდარია? ნეტავ, მილიონერია?

_ გშია, ქეთი? _ ძალიან შინაურულად მომმართა ტიმმა.

_ არ ვიცი… _ დაბნეულმა ვუპასუხე.

_ იქნებ კონკრეტული პასუხი გამცე? _ მოუთმენლობა შეეტყო მამაკაცს ხმაში.

ახლაღა შევნიშნე მისი ტონი და კვლავ კანკალმა ამიტანა. რა მინდოდა აქ? რამ გააღიზიანა ასე… მოსალოდნელმა ღამემ, თუ… იქნებ არ ვიქცევი მისთვის შესაფერისად?

_ ჰო, ცოტათი მომშივდა მგონი… სიამოვნებით შევჭამდი რამეს, _ ჩქარ-ჩქარა ვუპასუხე, არ გაბრაზდეს-მეთქი.

_ კარგი. შენ მოწესრიგდი, მე კი წავალ და ვახშმის თადარიგს დავიჭერ, _ ოდნავ დამშვიდებული ხმით თქვა და გავიდა.

ყველაზე ახლოს მდგარ სავარძელში ჩავჯექი და ჩავფიქრდი. ისიც ჩემსავით დაძაბულია. ჩემი მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ თავად რა სჭირს? მერე რა, ჩემთან ერთი ღამის გათევა მისთვის მხოლოდ მორიგი თავგადასავალი იქნება და მეტი არაფერი, რამ გააღიზიანა? იქნებ ვეღარ ითმენს და იმიტომ? იქნებ იფიქრა, რა დროს ვახშამი იყო ამ დროსო? საინტერესოა, საიდან უნდა მოიტანოს საჭმელი? ახლა ცხრა საათი მაინც იქნება. ნიუ იორკში ამ დროს არ ვახშმობენ, სამზარეულო, წესით, დაკეტილი უნდა იყოს.

თავი რომ ავწიე, ალვარესი კარის ზღურბლზე იდგა და დაჟინებით მომშტერებოდა.

_ ვახშამს ათ წუთში მოიტანენ, _ ოდნავ დაღლილი ხმით თქვა, _ ჭამის წინ არ გინდა, ცოტა დალიო? წითელი ღვინო.

_ სიამოვნებით, _ ახლა დალევა მართლაც არ მაწყენდა, ოდნავ მაინც მომიხსნიდა დაძაბულობას და უხერხულ სიტუაციასაც განმუხტავდა.

_ ხომ არ მოიწყინე? _ ტიმი მომიახლოვდა და ჩემ წინ ჩაიმუხლა.

_ არ ვიცი… რამდენი წლის ხართ? _ ვკითხე და თვალი თვალში გავუყარე.

_ ოცდაექვსის… შენ?

_ რომელ თვეში ხართ დაბადებული? _ გავაგრძელე დაკითხვა.

_ თებერვალში, 27 თებერვალს.

_ ესე იგი, მერწყული ხართ?

_ ასე გამოდის.

_ გასაგებია. აქ დაიბადეთ, ნიუ იორკში?

_ ჰო, რა თქმა უნდა, ხომ გითხარი წეღან.

_ მაშინ ეს უცნაური აქცენტი საიდან გაქვთ? _ არ მოვასვენე.

_ ეშმაკმა დალახვროს, ქეთი! შენ დაზვერვაში უნდა გემუშავა! _ სიცილით წამოიძახა, _ არ მეგონა, თუ ასეთი შესამჩნევი იყო ჩემი აქცენტი.

_ თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ მე მუსიკალური სმენა მაქვს და ასეთ რამეებს ადვილად ვხვდები, თანაც, მე თვითონაც უცხოელი ვარ. მიპასუხეთ კიხვაზე, თუ აქ დაბადებული ხართ, რატომ გაქვთ აქცენტი?

_ რა იყო, აგენტად ხომ არ მთვლი? _ ტიმმა გაღიმება სცადა, _ შემთხვევით, სპეცსამსახურებს ხომ არ უპირებ ჩემს გადაცემას?

_ მაგაზე ვიფიქრებ, _ ირონიულად შევნიშნე და თვალი ჩავუკარი, _ ყველაფერი თქვენს პასუხზეა დამოკიდებული. მაშ ასე, საიდან უცხოური აქცენტი? _ არა და არ ვეშვებოდი.

_ ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ ზედმეტად ხშირად მიწევს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, _ უგუნებოდ ამიხსნა ალვარესმა და წამოდგა.

_ მაგალითად, რომელზე?

_ მოდი, არ გვინდა რა, გთხოვ. რაში გჭირდება ამის ცოდნა?

ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ტიმმა თეთრპიჯაკიანი მამაკაცი ოთახში შემოაცილა. მან თავაზიანად დამიკრა თავი და ვერცხლისფერი ლანგრიდან კერძების გადმოლაგებას შეუდგა.

როცა ოფიციანტმა სუფრის გაშლა დაამთავრა, კვლავ დამიკრა თავი და გავიდა.

_ მოდი, ქეთი, მიირთვი. შენ ხომ გშიოდა, _ ხელი დამიქნია ალვარესმა და მაგიდისკენ მიმითითა, _ იმედია, არ მიწყენ, ასეთი ღარიბული ვახშამი რომ გამომივიდა.

_ რა სისულელეა, ამდენს ნამდვილად არ ველოდი, _ გავიღიმე და მაგიდას მივუჯექი.

დაძაბულობა არ მშორდებოდა. ვეცადე, მთელი აქცენტი საჭმელზე გადამეტანა და დროებით მაინც არ მეფიქრა ამ უცხო ადამიანზე. შემწვარი ქათმის ერთი ნაჭერი გადმოვიღე თეფშზე და ტომატის სოუსიც მოვასხი. უგემრიელესი კერძი იყო. რამდენიმე ლუკმა რომ გადავყლაპე, ტიმს შევხედე. მას პირი არაფრისთვის დაუკარებია. იჯდა ჩემ წინ, ნიკაპი ხელისგულზე ჩამოეყრდნო და მომჩერებოდა. მისი მზერისგან კინაღამ სასულეში გადამცდა ლუკმა.

_ რატომ არ ჭამთ? ძალიან გემრიელია.

_ ეჭვიც არ მეპარება, _ უცნაური ხმით ჩაილაპარაკა, _ შეგერგოს, _ თქვა, მაგრამ თვითონ მაინც არ გადაიღო საჭმელი.

მეც დავკარგე ჭამის მადა, ბოლო ლუკმა გადავყლაპე და ღვინო მოვწრუპე.

_ კიდევ ხომ არ ინებებ რამეს? _ მკითხა ტიმმა, როცა ხელები გავიწმინდე.

_ არა, გმადლობთ. თქვენ რატომ არაფერი მიირთვით?

_ მე არ ვარ მშიერი… ყოველ შემთხვევაში, ამწუთას ნამდვილად არ მშია. აი, დალევით კი დავლევ… შენთან ერთად, _ თქვა და ბოკალი ასწია, _ გაგვიმარჯოს, ქეთი.

მეც მივუჭახუნე, გავუღიმე და კვლავ მოვსვი.

_ ეგ ბოლომდე უნდა დალიო, _ გაფრთხილების ნიშნად საჩვენებელი თითი გაფშიკა.

_ ეგ სადაური წესია?

_ ქართული… განა ასე არ არის?

გაოცებისგან შუბლი შევიჭმუხნე. მას ჩემი რეაქცია არ გამოპარვია.

_ დალიე, დალიე, მე ბევრი რამ ვიცი თქვენი ქვეყნის შესახებ, რატომ გაგიკვირდა?

_ საიდან? _ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.

_ როგორ გგონია, ქართველები მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ? აქაურობა სავსეა ემიგრანტებით. მეც ვიცნობ ზოგიერთ მათგანს, რამდენიმე მეგობარი მყავს საქართველოდან.

_ მართლა? _ ცოტა არ იყოს, დავეჭვდი.

_ მართლა, მართლა. რა არის აქ დაუჯერებელი?

_ არა, არაფერი… _ თვალები დავხარე და ბოკალს ჩავაშტერდი… კარგა ხანს ვატრიალე ხელში, მერე თავი გავაქნიე, რც იქნება, იქნება-მეთქი და ღვინო ბოლომდე გამოვცალე.

_ აი, ეს მესმის! _ გაიცინა ალვარესმა, _ ასე ვაჟკაცურად ჩვენებური ქალებიც კი ვერ სვამენ.

_ ანუ ესპანელი ქალები?

_ ჰო, ესპანელი. იცი? მთელი საღამოა, გიყურებ და ვერ მივხვდი, რამ მომხიბლა შენში. არა, ლამაზი რომ ხარ, უდავოა, მაგრამ აქ იმდენი ლამაზი ქალი დადის, ეს არ გამაკვირვებდა. უბრალოდ, არ გავხარ იმ ქალებს, რომელთანაც ოდესმე მქონია ურთიერთობა _ გამოცდილები, ამბიციურები, თავის თავში დარწმუნებულნი, რომლებმაც იციან, რასაც აკეთებენ. შენს თვალებში კი ისეთი გასაკვირი გულწრფელობა და ნდობა იკითხება, რომ ძალაუნებურად ინტერესი მიჩნდება, მოგეფერო… ამიტომაც ახლა უნდა გაკოცო, სხვანაირად არ შემიძლია, _ თქვა ტიმმა, წამოდგა და ჩემს ზურგს უკან დადგა.

მხრები ავიწურე, როცა მკლავებზე მისი თითების შეხება ვიგრძენი. ერთიანად ავიშალე. მან ფრთხილად წამომაყენა და თავისკენ შემატრიალა. ერთხანს ასე, გაუნძრევლად შევცქეროდით ერთმანეთს თვალებში. მერე ხელებით სახე დამიჭირა და ტუჩები ტუჩებზე მომადო…

ცახცახმა ამიტანა. ვერ ვიტყვი, რომ მსიამოვნებდა მისი შეხება. უფრო შიშმა ამიტანა, ვიდრე სურვილმა. რა ვიცი, ვინ არის და რას მიპირებს, რატომ ვენდე ასე ბრმად?

თავდაპირველად მისი ტუჩები უმოძრაოდ რჩებოდა, მერე კი ოდნავ გაეპო ბაგეები და…

ისე უხეშად დამიწყო მოფერება, ცივმა ოფლმა დამასხა. ვცდილობდი, მისი კოცნა ამერიდებინა, მაგრამ ეს არ იყო ადვილი. ამასთან, მთელი სისწრაფით ცდილობდა, გაეხადა ჩემთვის ტანსაცმელი და ისე დაეძგერა ჩემს ჟაკეტს, ლამის შემომახია. ჯერ იყო და, ხელები გამეხლართა ჟაკეტში, მერე წონასწორობა დავკარგე და კინაღამ იატაკზე მოვადინე ზღართანი. მან მძლავრად მომხვია მკლავები და მაგიდაზე შემომსვა.

ახლა კი დამცხაააა! ეს რა დღეში ჩავიგდე თავი, ნამდვილი მანიაკია! როგორც იქნა, გონს მოვეგე და წინააღმდეგობის გაწევ ვცადე. ამასობაში ერთი ბოკალი მაგიდიდან გადავარდა და ნამსხვრევებად იქცა. ერთიანად დავიძაბე, ლამის იყო, მეკივლა, მაგრამ ვინ მიშველიდა უცხო ქვეყანაში, უცხო სასტუმროში? თან სირცხვილი მწვავდა, თან სინანული, ასე ადვილად რომ დავთანხმდი სრულიად უცხო მამაკაცს ღამის გათევაზე.

უეცრად იგი დამშვიდდა და ხელი შემიშვა. ხმამაღლა ვსუნთქავდი შეშინებული. ჟაკეტი კვლავ ჩავიცვი და უკუსვლით კედელს მივეტმასნე. როგორ გავაღწიო აქედან? ამაზე ფიქრი გონებას მიბურღავდა. ისე შევშინდი, კანკალს ვერ ვიკავებდი. ფართოდ გახელილი თვალებით მივჩერებოდი უცნაურ მამაკაცს, შიშჩამდგარი თვალებით. რა იდიოტი ვარ, ნამდვილი შტერი! ეს რა ჩავიდინე! _ ვკიცხავდი ჩემს თავს და ერთი სული მქონდა, გავქცეულიყავი აქედან.

ტიმმა თმაზე გადაისვა ხელი და იმ სკამზე ჩამოჯდა, რომლიდანაც სულ რამდენიმე წუთის წინ ამაყენა. მას ფეხები უკანკალებდა.

_ მაპატიე, ქეთი, _ დახშული ხმით თქვა, _ უბრალოდ, არ ვიცი, რა დამემართა. არ მინდოდა შენი შეშინება. არ მინდა, ქალის უნახავი გეგონო. ძალიან გთხოვ, არ წახვიდე, მაპატიე…

მე კი ისე ვიყავი კედელს მიკრული, ადგილიდან დაძვრას ვერ ვახერხებდი. ახლა ერთი ნაბიჯიც რომ გადამედგა, წავიქცეოდი.

_ ძალიან შეგაშინე? _ ნელ-ნელა დაუწყნარდა სახე და თბილად გამიღიმა, _ ასეთი რამ ჯერ არ მომსვლია, მართლა არ ვიცი, რა დამემართა.

_ არა, არ შემშინებია, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვუპასუხე, _ იმის უფრო შემეშინდა, ბოკალი რომ გატყდა.

მამაკაცმა მზერა იატაკისკენ გადაიტანა.

_ მართლა?.. არც კი შემიმჩნევია, _ შეცბუნებულმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა.

საუბარი არაფრით აეწყო და ამაში დამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო.

_ კარგი, იმედია, მაპატიებ. არფერს დაგიშავებ, პირობას გაძლევ. შეგიძლია დაწვე, მე ჰოლში გავალ და იქ დავიძინებ, _ ხელები გაშალა ტიმმა, დამნაშავესავით შემომღიმა და გარეთ გავიდა.

კარგა ხანს ვიდექი გახევებული. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ახლა რომ ვერსად წავიდოდი, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. არც გამიშვებდა. უფრო მეტიც, ჩემს ჭირვეულობას შეიძლებოდა უფრო გაეღიზიანებინა იგი. ამიტომ გადავწყვიტე, საწოლზე ჩაცმული მივწოლილიყავი და მშვიდად დავლოდებოდი, როგორ ჩაივლიდა ღამე. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ მომკლავს? თუ სურვილი ისევ აღეძვრება, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება. როგორმე გავუძლებ ერთ შემოტევასაც. წინააღმდეგობის გაწევა სრული უაზრობაა. თან ბოდიშიც მომიხადა. იქნებ მართლაც არ უნდოდა, ასე გამოსულიყო?

როგორც იქნა, ადგილიდან დავიძარი და საწოლამდე რის ვაივაგლახით მივაღწიე. შუქი ანთებული დავტოვე, ფეხზე გავიხადე და თავი ბალიშზე მივდე, თან მთელი გულისყური ჰოლისკენ მქონდა, ყოველ წამს ველოდი, როდის შემოვიდოდა.

არ შემოსულა…

არ ვიცი, რამდენ ხანს ვფხიზლობდი. როდის-როდის, წამთვლიმა და… ისე გათენდა, არაფერი გამიგია.

თვალი რომ გავახილე, იმწუთას ვერც მოვიაზრე, სად ვიმყოფებოდი. მერე და მერე მსწრაფლ აღვიდგინე გონებაში, რაც წინა ღამით მოხდა. ჰო, სასტუმროში ვარ, ვინმე ტიმ ალვარესთან ერთად. ამერიკაში დაბადებული ესპანელი მამაკაცი, უცნაური აქცენტით…

გარედან შუქი თითქმის არ შემოდიოდა. მუქი ფერის მძიმე ფარდები ფანჯარას ბოლომდე ფარავდა. გათენდა, თუ ისევ ღამეა? გავიფიქრე ჩემთვის და სანამ ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვიდი, გავიგონე, როგორ გაიღო კარი. ერთიანად შემბოჭა დაძაბულობამ. ღმერთო, ოღონდ სიზმარი იყოს ეს ყველაფერი!

კარისკენ გავიხედე. ზღურბლთან ტიმი იდგა.

_ დილა მშვიდობისა, _ მშვიდად მომესალმა.

მის ხმაში დაღლილობა და შფოთვა იგრძნობდა. ალბათ თეთრად გაათენა ღამე. მე კი მეძინა… ჰმ… რამ დამაძინა? ცხოვრებაში არასდროს გამღვიძებია უცხო და თუნდაც ნახევრად უცხო მამაკაცის გვერდით. როგორ იქცევიან ასეთ დროს ქალები? წარმოდგენა არ მქონდა, ამიტომ მისი მისალმება უპასუხოდ დავტოვე.

_ რა იყო, არ მელაპარაკები? _ ტიმი იქვე მდგარ სავარძელში ჩაესვენა.

_ კი, რატომაც არა, _ ახლ კი ვიკადრე პასუხის გაცემა.

_ ალბათ სისულელეა იმის კითხვა, კარგად გეძინა თუ არა, _ იმავე დაღლილი ტონით გააგრძელა ალვარესმა.

_ თქვენ წარმოიდგინეთ, მკვდარივით მეძინა, _ არ დავმალე, _ საწოლი ისეთი რბილია, რომ…

_ მართლა? ჩემზე მეტად გაგმართლებია… მე კი ვერაფრით შევძელი დაძინება, _ რატომღაც, ხმა გაუცივდა, _ ჰო, სხვათა შორის, აეროპორტში დავრეკე.

მისმა ტონმა მიმანიშნა, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. როგორც ჩანს, იმედები გავუცრუე წუხელ ღამით და ახლა ერთი სული აქვს, როდის გათავისუფლდება ჩემგან.

_ მე… ახლავე ავდგები! _ ნაჩქარევად წარმოვთქვი და საწოლზე წამოვჯექი, _ ხელ-პირს გადავიბან და… ათ წუთში მზად ვიქნები. იმედია, აქ ტაქსის გამოძახება ძნელი არ იქნება.

_ არ ვისაუზმოთ? _ თითქოს დაბნეულად მკითხა.

_ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ აეროპორტში წავიხემსებ. მაპატიეთ… ხომ არ გაგიგიათ, როდის მიფრინავს ჩემი თვითმფრინავი? მართლა, რომელი საათია? _ კითხვები მივაყარე.

_ ჯერ რომელ კითხვას ვუპასუხო? _ ღიმილი ვერ შეიკავა ტიმმა.

_ ჰო, მგონი, ბევრი მომივიდა.

_ ახლა ცხრის ნახევარია. ასე რომ, საჩქარო არაფერია. თვითმფრინავი მხოლოდ საღამოს იქნება… სამწუხაროდ.

_ რა-ა? _ ამის გაგონებაზე გულს შემომეყარა.

_ რას ვიზამთ, ამინდს წინ ვერავინ აღვუდგებით.

_ რა უნდა ვქნა?

_ უნდა დაელოდო, სხვა რა დაგრჩენია.

_ მაგრამ მე მოცდა არ შემიძლია…

_ გგონია, მე შემიძლია? მეც მიფუჭდება საქმეები, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის.

_ თქვენ საით მიფრინავთ? _ სინდისი ქენჯნა ვიგრძენი, აქამდე რომ არ დავინტერესდი მისი საქმეებით.

_ ევროპაში, _ არ დააკონკრეტა.

_ ბიზნესი?

_ ჰო, _ მოკლედ მომიჭრა, არც ამჯერად დამიკონკრეტა.

_ შეიძლება გავიგო, სად მუშაობთ?

_ სხვა დროს მოგიყვები.

_ რომელ სხვა დროს?

_ როცა კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.

_ და გგონიათ, რომ ოდესმე კიდევ შევხვდებით?

_ რა თქმა უნდა, ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, _ ეშმაკურად გამიღიმა და თვალი თვალში გამიყარა.

პასუხი არ გავეცი. არ ვიცი, რა იგულისხმა ნათქვამში.

_ აქედან დარეკვა შეიძლება? იქნებ დავუკავშირდე ჩემებს.

_ რა თქმა უნდა, ახლავე მივცემ შეკვეთას. მითხარით კოდი და ტელეფონის ნომერი.

ვუკარნახე. იგი ტელეფონის აპარატს მიუჯდა და ინგლისურად გააბა ვიღაცასთან ლაპარაკი.

ცოტა ხანში ზარი გაისმა. ტიმი წამოდგა, აპარატი ხელში დაიჭირა და ყურმილი მომაწოდა.

_ ალო! _ ჩავძახე სუნთქვაშეკრულმა, _ დედა, შენ ხარ? _ ვიცანი დედაჩემის შეშინებული ხმა.

_ როგორ ხარ, ქეთი, შვილო! გადავირიეთ ყველანი!

_ ფრენა გადაიდო, დედა, აქ საშინელი ამინდია!

_ ვიცი, უკვე გვითხრეს აეროპორტში.

_ ამაღამ გამოვფრინდები… ხომ დამხვდებით?

_ მამაშენი ახლაც იქ არის და გელოდება. ნუ გეშინია, დაგელოდებით, აბა რას ვიზამთ.

_ რედაქციაში დარეკე და გააგებინე იმათ ჩემი ამბავი.

_ იციან უკვე, ნუ გეშინია. ხომ კარ…

დედამ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, რომ გაითიშა. გული დამწყდა.

_ გაწყდა კავშირი? _ ტიმმა შემომხედა.

_ ჰო.

_ არა უშავს, მთავარი სათქმელის თქმა ხომ მოასწარი?

_ თქვენ რა იცით? _ წარბები შევჭმუხნე.

_ არ ვიცი, უბრალოდ, ისე გკითხეთ.

_ კი, მოვასწარი.

_ ჰოდა, ძალიან კარგი. წავალ, საუზმეზე ვიზრუნებ.

_ მე მხოლოდ ჩაის დავლევ.

_ მაგასაც ვნახავთ, _ გამიღიმა ალვარესმა და გავიდა.

როგორც კი ტიმმა კარი გაიხურა, წამოვხტი და სააბაზანოში შევვარდი. ხელ-პირი ჩქარ-ჩქარა დავიბანე, პირში წყალი გამოვივლე, ახლა კბილების გახეხვის არც თავი მქონდა და არც დრო. ერთი სული მქონდა, აქედან დროზე გავქცეულიყავი.

სააბაზანოდან გამოსული პირდაპირ შევეჩეხე. შევცბუნდი.

_ ისე მექცევი, როგორც უცხო ადამიანს… ასეა? _ მკითხა კოპებშეკრულმა.

_ და რა, არ ხართ ჩემთვის უცხო? ჩვენ მხოლოდ გუშინ გავიცანით ერთმანეთი, _ უკან არ დავიხიე.

_ მე მგონი, გუშინსა და დღეს შორის რაღაც მოხდა… და ეს «რაღაც», ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. შენთვის არა?

_ ჩემთვის? _ არ ვიცოდი, მის კითხვაზე რა პასუხი გამეცა.

როგორ ამეხსნა მისთვის, რომ ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად გავაკეთე. რომ ქართველი ქალები არ ვართ მიჩვეული ერთი ღამის თავგადასავლებს და ამერიკაში რომ არ ვყოფილიყავი, მსგავს რამეს ცოცხალი თავით არ მოვიმოქმედებდი. ალბათ იგი ამას ვერ გაიგებდა. ამიტომაც ვერაფერი ვუპასუხე. იგი ბავშვურ სისულელედ ჩამითვლიდა ამ ყველაფერს.

_ შეგიძლია არაფერი მითხრა, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, _ თქვა ტიმმა და მისი ხმა ზედ ჩემს ყურთან გაისმა. სანამ გონს მოვეგებოდი, ვიგრძენი, როგორ მომიწყვდია მკლავებში და ტუჩებით ყელზე დამეკონა, _ შენ ყველაფერი სახეზე გაწერია. თუ უკვე არ გადავეჩვიე სხვისი აზრების სახეზე წაკითხვას, მაშინ ჩემი ნათქვამი სიმართლე აღმოჩნდება.

_ რომელი ნათქვამი? _ ლამის სული შემიგუბდა.

_ სახეზე გაწერია, რომ ეს ღამე შენთვის განსაკუთრებული იყო, მაგრამ მე იმედები გაგიცრუე. გამოვიცანი?

დამალვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ უღონოდ დავუქნიე თავი. ტიმმა თმაზე გადამისვა ხელი და ჩურჩულით გააგრძელა.

_ იქნებ ახლა მაინც გავუგოთ ერთმანეთს? პირობას გაძლევ, ისე არ მოვიქცევი, როგორც წუხელ.

პროტესტის ნიშნად რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ტიმმა ამის საშუალება არ მომცა. იგი უეცრად ტუჩებში დამეძგერა და კოცნა დამიწყო…

კარგა ხანს უმწეოდ ვიფართხალე მის ძლიერ მკლავებში და ბოლოს, როცა მივხვდი, რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი, თუმცა დიდად არც მქონია ამის სურვილი, ნელ-ნელა მოვდუნდი და მის მკერდზე მივესვენე…

8 8 8

_ არაჩვეულებრივი ხარ, _ მიჩურჩულა ტიმმა, როცა ვნებისგან დამცხრალი, ორივე გულაღმა გავიშოტეთ.

არაფერი მითქვამს, გაბრუებული ვიყავი. არაჩვეულებრივი წუთები იყო. დიდი ხანია, მსგავსი რამ არ განმიცდია. მართალია, ეს არ იყო სიყვარული, მაგრამ უდიდესი სიამოვნება რომ იყო, ამას ვგრძნობდი.

_ წამოდი, ვისაუზმოთ, ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, _ მოულოდნელად ოდნავ მშრალი ხმით მითხრა და წამოდგა.

მისმა ტონმა, ცოტა არ იყოს, დამძაბა. რაღაც უეცრად შეიცვალა. ხმა არ გამიღია, მეც ავდექი და ჩაცმას შევუდექი.

_ წყალს გადავივლებ და ჩამოვალ, _ გაბზარული ხმით წარმოვთქვი.

_ როგორც გინდა, ოღონდ დიდხანს არ მალოდინო, ძალიან მომშივდა, _ იმავე ტონით მიპასუხა.

მაინც ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია ჩვენს ურთიერთობაში ასეთი უეცარი ცვლილება, მაგრამ შეკითხვას აზრი არ ჰქონდა. არასასურველი პასუხის შემეშინდა, თუმცა, იმას მაინც მივხვდი, რომ ცოტა ხნით მასთან დარჩენის უფლება ჯერ კიდევ მქონდა. ამიტომ უნიჭოდ გავუღიმე.

ტიმი გავიდა თუ არა, ჩანთიდან კბილის ჯაგრისი და პასტა ამოვიღე და კვლავ სააბაზანოში შევბრუნდი. სულაც არ ვჩქარობდი. ჯერ ტანთ გადავივლე, მერე კბილები გავიხეხე, თმა დავივარცხნე და როცა «დილის პროცედურებს» მოვრჩი, მშვიდად გამოვედი ოთახში. საინტერესოა, რაზე უნდა მელაპარაკოს?

8 8 8

საუზმემ უღიმღამოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კომპლიმენტს, რომელიც მან მითხრა. დანარჩენი დრო ისე გავიდა, ხმა არ გაუღია. მისი დუმილი გულს მიკლავდა. ან კი რას ველოდი? მან მიიღო ის, რისთვისაც აქ მომიყვანა. სხვა რა უნდა ექნა? ცოლად ხომ არ შემირთავდა?

როცა საუზმეს მოვრჩით, შემომთავაზა, ყავა ნომერში დავლიოთო. თავი დავუქნიე. ჩემთვის სულერთი იყო, სად დავლევდი ყავას.

ცოტა არ იყოს, გაოგნებული ვიყავი. საწოლში ასეთი სიტყვაუხვი მამაკაცი თითქოს დამუნჯებულიყო. ყავის სმის პროცესმაც სრულ მდუმარებაში ჩაიარა. ბოლოს, როცა ეს დუმილი მომბეზრდა, ჩავახველე და წამოვდექი.

_ მაპატიეთ… ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მგონი, ჩემი წასვლის დროა. იქნებ ტაქსი გამომიძახოთ?

_ მაგრამ ჯერ ადრეა, ქეთი. საღამომდე უამრავი დროა. სად უნდა წახვიდეთ? აეროპორტში უაზრო ლოდინს არ ჯობია, აქ დარჩე? _ ოდნავ გაწელილად მითხრა.

_ არა უშავს, არ გამიჭირდება.

_ მაგრამ თუკი არ მინდა ტაქსის გამოძახება? _ თავი ასწია უცებ და ჯიქურ შემომხედა.

დავიბენი. გაკვირვებულმა წარბები ავწიე და ოდნავ გავწითლდი.

_ სხვა რა გზაა, ქუჩაში გავალ და იქ გავაჩერებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ შემიფარეთ, _ ვთქვი და კარისკენ გავემართე.

_ მოიცა, ქეთი, _ დამეწია მისი ხმა, _ როგორ შეგიძლია, ასე წახვიდე? ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ.

_ რაზე, თუ საიდუმლო არ არის? _ პრეტენზიულად გაისმა ჩემი ხმა, _ ლაპარაკი თუ გინდოდათ, აქამდე რას უცდიდით? მთელი საათია, ხმა არ ამოგიღიათ… მეგონა, არ იცოდით, როგორ დამმშვიდობებოდით და ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა.

_ დაჯექი და ისე ვილაპარაკოთ.

_ კარგი, რა პრობლემაა, _ მხრები ავიჩეჩე, მოვტრიალდი და ტახტზე მოვკალათდი.

_ მომისმინე, ქეთი… არ ვიცი, როგორ მიიღებ ჩემს სიტყვებს, მაგრამ… შენნაირ გოგოს პირველად შევხვდი…

_ მეც პირველად შევხვდი თქვენნაირ მამაკაცს, _ შევნიშნე მეც.

_ მაგრამ არსებობს ისეთი წინააღმდეგობრივი მდგომარეობა, რაც მაიძულებს, მალე დაგშორდე. მინდა, გამიგო.

_ გაუგებარი აქ არაფერია. მეც მაგ დღეში ვარ, _ თავს ძალა დავატანე და გავიღიმე.

_ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი შენთან ერთად აქ კიდევ რამდენიმე დღეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. საქმეები არ იცდის. შენც გეჩქარება… მაგრამ აუცილებლად მოგძებნი, სადაც უნდა იყო. გასაგებია?

_ მომძებნი? რისთვის? ეს ხომ მხოლო ერთი ღამის თავგადასავალი იყო ჩვენთვის.

_ ერთი ღამის თავგადასავალი? შენ ასე ფიქრობ?

_ თქვენ არა?

_ მე არა. ჩემთვის ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ერთი ღამის თავგადასავალი. მერწმუნე. ამიტომ გთხოვ, საღამომდე დარჩე. მერე მე თვითონ გაგაცილებ აეროპორტში.

_ ეს ასე აუცილებელია?

_ ვერ ხვდები, როგორ მჭირდება ახლა შენ გვერდით ყოფნა?

_ ვერა, ვერ ვხვდები.

_ მართლა ვერ ხვდები?

_ იქნებ მიმახვედროთ, ტიმ! _ მოთმინებიდან გამოვედი და ხმას ავუწიე.

_ მადლობა ღმერთს! როგორც იქნა, სახელით მომმართე. რა სასიამოვნო მოსასმენი იყო, ვერც წარმოიდგენ.

_ იქნებ ძველ თემას დავბრუნებოდით, დრო არ იცდის…

_ ასე კარგად არასდროს არც ერთ ქალთან არ მიგრძნია თავი… ვერ გიმეტებ… მინდა რაც შეიძლება, გავიხანგრძლივო შენ გვერდით ყოფნის სიამოვნება. ახლა გასაგებად ვთქვი? როგორი იქნება შენი პასუხი?

ერთხანს ჩავფიქრდი, რაღაცებს ვაანალიზებდი, მერე თავი ავწიე და ხმადაბლა დავიწყე.

_ თუკი თქვენი ნათქვამი სწორად გავიგე, ჩემი თანხმობის შემთხვევაში, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მომიწევს სექსით დაკავება… ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს თვალში პატიოსანი ქალის შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენ, თუმცა, რაც ჩვენ შორის მოხდა, მას მერე ალბათ არც ფიქრობთ ასე.

_ ქეთი! მოდი, წუხანდელი ღამე და ეს დილა ჩავთვალოთ, რომ სიზმარი იყო. შენს წესიერებაში ეჭვი რომ შემპარვოდა, არც შეგაჩერებდი და არც ის მოხდებოდა, რაც უკვე მოხდა. უწესო ლამაზ ქალებს მიაქვს ნიუ იორკი. მე შენთან ყოფნა მსიამოვნებს და მინდა ეს სიამოვნება რაც შეიძლება, გავიხანგრძლივო… სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა. ახლა შენს პასუხს ველოდები. ან «ჰო» უნდა მითხრა, ან «არა»…

ახლა რომ დავთანხმდე, უფრო შევეჩვევი. მერე? მერე ძალიან გამიჭირდება. მერე მთელი ცხოვრება აქ გატარებულ დღეღამეზე უნდა ვიფიქრო. ის მამაკაცია, ხვალ უკვე აღარ ვემახსოვრები. მოგძებნიო… ან მომძებნის, ან არა. ვინ ვარ მისთვის? ერთი სასიამოვნო თავგადასავალი და მეტი არაფერი. აჯობებს, დროზე წავიდე აქედან, რომ ამ შეხვედრამ ტკივილი არ დამიტოვოს.

_ არა, ვერ დავრჩები, _ მტკიცედ წარმოვქთვი, _ მაპატიე, ტიმ, მაგრამ აეროპორტში უნდა წავიდე და ძალიან გთხოვ, ჩემს დათანხმებას ნუ შეეცდები. სულერთია, არაფერი გამოვა. გამაცილე, თუ შეგიძლია!..

რამდენიმე წუთის შემდეგ ყვითელი ტაქსი ორივეს აეროპორტისკენ მიგვაქროლებდა…

თბილისში ჩამოსულს ისეთი მზიანი დარი დამხვდა, სხეული კი არა, სულიც გამითბა. ივნისის თაკარა მზე ეშმაკურად მელაციცებოდა სახეზე. თვალები დავხუჭე და პირ-ცხვირი მთელი სიამოვნებით მივუშვირე მცხუნვარე სხივებს.

მამას მთელი გზა, აეროპორტიდან სახლამდე, ხმა არ ამოუღია. მეც ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. დროებით გადამავიწყდა კიდეც, რაც ტიმთან გადამხდა იქ, ნიუ-იორკში. მორჩა, ეგ ყველაფერი ერთი ღამის თავგადასავალი იყო და მეტი არაფერი. გახსენებად არც ღირს. მერე რა, ქალი ვარ და სურვილს ავყევი, წამით… წუთით… რამდენიმე საათით თუნდაც. მე ხომ არ ვარ ერთადერთი, მსგავსი ცდუნების «მსხვერპლი» რომ გამხდარა?..

დედას ჩემს დანახვაზე თვალები აუცრემლიანდა. დიდხანს მიკრავდა გულში და ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს მეჩურჩულებოდა. გაუგებარს იმიტომ, რომ იმდენად ხმადაბლა ლუღლუღებდა, ვერაფერი გავიგე… მამასაც ბევრი ვეფერე. ის ნაკლებად გამოხატავდა ემოციებს, მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა, მაგრამ მე ხომ ვიცი მისი ხასიათი… ძალიან გულჩვილია. უბრალოდ, არ იმჩნევს.

როცა ოჯახის წევრებთან ალერსით გული ვიჯერე, სააბაზანოში შევვარდი. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვინებივრე ცხელ წაყლში, მერე, როგორც ყოველთვის,  მონაცვლეობით გადავივლე ცხელი, ცივი, ცხელი, ცივი შხაპი და ჩემი ატლასის ხალათი, შინდისფერი, სრიალა და ემოციური ხალათი მოვიცვი… ემოციურს ვეძახი, რადგან ბანაობის შემდეგ ის პირველი გრძნობს ჩემი სხეულის ტემპერატურას, გლუვი კანის შეხებას და… აკანკალებს… ამის გაფიქრებაზე გამეცინა. ჩემი ხალათი ალბათ მამრობითი სქესისაა, თუ ასეთ რამეს განიცდის…

თან გიჟდება, ისე უყვარს ესპანური ცეკვები. ყოველ დილით, დაბანის შემდეგ, ჩვენ ვრთავთ მუსიკას და ერთად ვცეკვავთ ლამაზ ესპანურ ცეკვას!

ახლა ამის თავი არ მქონდა. ისე ვიყავი დაღლილი, ერთი სული მქონდა, საწოლამდე როდის მივაღწევდი. ცხელმა წყალმა ხომ საერთოდ მომთენთა…

რვა საათი გამხდარა უკვე, საღამოს რვა საათი… რა თქმა უნდა, ძილის დროა! კიდევ ცოტა ხანს რომ ვიდგე ფეხზე, ალბათ ჰაერში ავფრინდები. ჯერაც მაქანავებს, კვლავაც თვითმფრინავში მგონია თავი, ყურებს ისევ ყრუ გუგუნი გაუდის. წავედი, წავედი, დავწვე…

როგორც კი თავი მივდე ბალიშზე, მაშინვე ჩამეძინა…

რეკორდული ძილი გამოვაცხვე… ზუსტად ცამეტი საათი ვიძინე… ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა! ყოჩაღ, ქეთო! შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ. არა, ჩემპიონი კი არა, რეკორდსმენი ყველა ქეთოს შორის!

კარგა ხნის გათენებული იყო, რომ ავდექი. ათი დაწყებულა! ვისაუზმე და ეგრევე მასალის წერას შევუდექი. როგორმე შუადღემდე უნდა მივუტანო მამუკას სტატია, თორემ რედაქციაში აღარ დამედგომება. ისედაც დავაგვიანე ერთი დღით.

სამი საათი თავი არ ამიწევია, კომპიუტერთან ვიჯექი და ვწერდი და ვწერდი… თითქოს მუზა მეწვია _ არამიწიერი, არაქართული… ამერიკული…

გადავიკითხე… ჩავასწორე… მომეწონა… როგორც ჩანს, ტიმთან «ცელქობა» მომიხდა, ბანგივით იმოქმედა ჩემზე… ღმერთო, რა მაცინებს! ეს რა ჩავიდინე უცხო ქვეყანაში, უცხო მამაკაცთან… თან რომ ვერავის მოვუყვები?! არადა, რა ჩაიტანს ამ საიდუმლოს სამარეში! არა, უნდა დავივიწყო, თითქოს სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიზმარი ვნახე და მორჩა!..

სამის ნახევარზე უკვე რედაქციაში ვიყავი ჩემი მასალით. ერთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ დამინახეს. როგრ მოვნატრებივარ ყველას… მეც როგორ მომნატრებია აქაურობა და აქაურები… ვინ თქვა, ჰაერი აღარ არის ჩემს ქვეყანაშიო? ტყუილია! აქ არის ჰაერი, თუ არის! ყველაზე ტკბილი და ყველაზე სუფთა ჰაერი დედამიწის ზურგზე, ყველაზე რბილი და ყველაზე მშობლიური!

_ მაგარია, ქეთ! _ აღტაცება ვერ დამალა მამუკამ, _ მომდევნო ნომერში გავუშვებ! ფოტოები?

_ აგერ მაქვს, _ პატარა ბავშვივით წამოვიძახე და ტყავის ღვედზე ჩამოკონწიალებული ჩემი კოხტა ფოტოაპარატი ცხვირწინ გავუქან-გამოვუქანე.

მამუკამ ფოტოები კომპიუტერში გადაიტანა. თან ათვალიერებდა, თან სიცილით კვდებოდა, ისეთი კადრები მქონდა დაჭერილი.

_ შენს ფოტოსაც გავუშვებ! _ თქვა ბოლოს, როცა ყველა გადაწერა და სკამიანად ჩემკენ მოტრიალდა.

_ რას ამბობ! არ მინდა, რა, გთხოოოვ! _ ყელი გამოვუწიე ვედრების ნიშნად.

_ იფ! მაგას ნუ მთხოვ, სიხარულო, ხომ იცი, აუცილებლად გავუშვებ, ასე რომ, ტყუილად გამოიღადრე ეგ შენი ლამაზი ყელი, _ სიცილით დააყოლა და წამოდგა.

ვიცოდი, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. თუ რამეს იტყოდა, აუცილებლად გაიტანდა თავისას, ამიტომ ხელი ჩავიქნიე, მაინც არაფერი გამომივა-მეთქი და კმაყოფილ-უკმაყოფილო სახით გამოვედი კაბინეტიდან.

შუადღისას მამუკამ პატარა პურისჭამა მოაწყო ჩემს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ბევრი ვიხალისეთ და ვიგიჟეთ. დავლიე კიდეც. იმწუთას კი კარგად განვიმუხტე, მაგრამ საღამოს, შინ რომ მოვედი, ისე დამიმძიმდა თავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. არა, რამ დამალევინა ამდენი! ნამდვილი ხამი ვარ, კონიაკის ხამი! არ ვიცოდე მაინც ჩემი ამბავი! ისეთი «პახმელია» ვიცი, მტრისას! სულ გული მერევა!

ტანსაცმელი გამოვიცვალე და სარკეში ჩავიხედე. სარკიდან მომზირალ ჩემს გამოსახულებას ენა გამოვუყავი და დავეჯღანე. სწორედ ამ მომენტში გამახსენდა ტიმი. ნეტავ ახლა სად არის? რას აკეთებს? მე თუ ვახსოვვარ? აუუუ! რგორ მტკივა თავი! ალბათ ტვინის უჯრედები ერთმანეთის მიყოლებით სკდებიან! რა გაათენებს ამ ღამეს! დილამდე ვეღარ გავატან ალბათ!

მაცივარი გამოვაღე. «ნაბეღლავის» ნახევრად სავსე ბოთლი ვითრიე და მოვიყუდე. სულ რაკრაკით ჩავუშვი კუჭში. უჰ, რა მესიამოვნა! ახლა ფორთოხალს შევჭამდი დიდი სიამოვნებით, ცივ ფორთოხალს, მაგრამ საიდან გინდა მოიტანო ფორთოხალი ამ გაგანია ზაფხულში?

რა კარგია ზაფხული. ერთი კვირაც და შვებულებას ავიღებ, ქობულეთში დავუბერავ, თან მარტო! როგორ მიყვარს მარტო დასვენება, ჩემ მეტმა არავინ იცის. ეჰ… როდის გავა ერთი კვირა!

ტელევიზორი მთელ ხმაზე გაჰკიოდა.

_ დე! _ გავძახე დედაჩემს, _ რა იყო, დაყრუვდით? ჩაუწიეთ ცოტა, რა!

_ მოიცა, საინფორმაციო იწყება ახლა! _ ოთახიდან გამომძახა დედამ.

გააწყალეს გული! თითქოს ბებრები იყვნენ და სმენადაქვეითებულები! რა უბედურებაა, არ შეიძლება, ცოტა დაბალ ხმაზე უსმინონ გადაცემებს? რა გიჟი მშობლები მყავს… გამეღიმა.

კვლავ სააბაზანოში შევედი. ისევ ისე ვინებივრე ცხელ წყალში, თან ვმღეროდი. «მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრებიიიი»… ტელევიზორივით ლამის მეც ბოლო ხმაზე გავკიოდი…

თავზე პირსახოცშემოხვეული გამოვედი ლოჯიაში და ის იყო, ფენი უნდა ჩამერთო, რომ ეკრანზე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი. წამით თითქოს გული გამიჩერდა, ერთ ადგილს მიველურსმნე… ეს ხომ… ეს ხომ… იქნებ თვალი მატყუებს? იქნებ ის არ არის? არა, იმან საიდან უნდა იცოდეს ქართული, არადა… ქართულად მეტყველებს… განა შესაძლებელია ასეთი მსგავსება? ტიმია, ჰო, ნამდვილად ის არის…

არ მახსოვს, როგორ მივაჭერი ეკრანს. ერთიანად ვცახცახებდი. დედას ხელით ვანიშნე, პულტი მომაწოდე-მეთქი… მომაწოდა… ახლა მე ავუწიე ტელევიზორის ხმას.

«რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ფოტოები ჩამოვიტანე. დაახლოებით ერთ კვირაში მექნება ფოტოგამოფენა და ვიმედოვნებ, ყველა კმაყოფილი დარჩება.»

«და რა იქნება თქვენი ფოტოგამოფენის თემა, თემურ?»

«ამერიკა ამერიკიდან».

«დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. მაშ ასე, ჩვენი სტუმარი იყო «ფაქტი პლუსის» ფოტოკორესპონდენტი თემურ არაბიძე. მე კი ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე», _ დაამთავრა ტელეწამყვანმა და სარეკლამო ტიხარი ჩაირთო.

ვერ გეტყვით, იმ მომენტში რა დამემართა. აღშფოთება, ზიზღი, ბრაზი, შიში… ყველაფერი ერთად მომეძალა… რაოოოოო? თემურ არაბიძეო? აბა ტიმ ალვარესი ვიღა იყო? როგორ მომატყუა ამ ნაძირალამ! როგორ გამაცურა! აი, თურმე რატომ ჰქონდა აქცენტი! როგორ ვერ მივხვდი! რატომ ვერ მივხვდი? ესპანელიო! ამერიკაში დაბადებული და გაზრდილიო! იმდენი გაუხმეს თავი!

_ რა გჭირს, ქეთი? _ დედაჩემი წამომადგა თავზე.

_ არაფერი, ცოტა დავლიეთ სამსახურში და თავი მისკდება, _ ჩავილაპარაკე ჩემთვის.

_ წადი მერე და დაწექი, რა დალევა აგიტყდა! _ მისაყვედურა ნათელამ და გამეცალა.

8 8 8

მთელი ღამე არ დამეძინა. ტიმ-თემურზე ვფიქრობდი. როგორ მოვიქცე? ხომ არის ღირსი, დავრეკო რედაქციაში და ერთი გემრიელად გამოვლანძღო? მაგრამ ღირს კი? იქნებ ჯობია, ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის? უარესი არ გამოვიდეს და საქვეყნოდ არ მოვიჭრა თავი! მაგრამ ხომ შეიძლება, ერთხელაც სადმე გადავეყარო? ისიც ჟურნალისტია და მეც. გამორიცხულია, სადმე არ შევხვდე! ჰოდა, მერე? იმ მომენტში როგორ უნდა მოვიქცე? ღმერთო, ეს რა შავ დღეში ვარ! როგორი შეურაცხყოფილი და დამცირებული გამოვედი! არა, ხვალვე მოვძებნი და შეხვედრას დავუნიშნავ. ჩხუბი და ლანძღვა არ ღირს, რომ გავაბრაზო, შეიძლება ქვეყანას მოსდოს ჩემი ამბავი. როგორმე უნდა დავანამუსო, რომ არავის არაფერი უთხრას. ვაი, ვაიიიიიიი! ეს რა ჩავიდინეეეეეე! ლამის მოვთქვამდი…

დილით განადგურებული ავდექი. მთელ ტანში მტეხავდა. თავი ისევ ისე მისკდებოდა. გულის რევის შეგრძნება უფრო გამიმძაფრდა. ავდექი, თავი ნიჟარას შევუშვირე, ორი თითი ჩავიყავი პირში და… რაც კი წვენი მქონდა ნაღველში, მგონი, სულ ამოვანთხიე!

ცოტათი მომეშვა. ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი, გაპრანჭვის თავი არ მქონდა. ფართხაფურთხით ჩავიცვი და რედაქციაში გავვარდი. თერთმეტი ხდებოდა. ასე ადრე იქ მხოლოდ მამუკაა ხოლმე, ყველაზე პირველი ის მოდის.

_ ე! რა ქარმა გადმოგაგდო, გოგო, ასე დილაუთენია? _ ჩემს დანახვაზე თვალები დააჭყიტა მთავარმა რედაქტორმა.

_ თემურ არაბული გაგიგია?

_ როგორ არ გამიგია, ადრე ჩემთან მუშაობდა. რა იყო?

ამის გაგონებაზე უარესად «დამცხა».

_ მისი ნომერი გაქვს?

_ კი, როგორ არა, მობილურში მიწერია.

_ მომე, რა!

_ რა იყო, შენი ფოტოების მიყიდვას ხომ არ აპირებ? _ გამეხუმრა მამუკა.

_ პირიქით, იმას უნდა წავართვა, _ ნაძალადევად გავუღიმე და ნომერი გამოვართვი.

დერეფანში გავედი და დავრეკე. არავინ მიპასუხა. ძილისგუდა! ალბათ ხვრინავს ახლა ვოიაჟით კმაყოფილი!

როცა არაფერი გამომივიდა, ოთახში შემოვბრუნდი. მოულოდნელად ჩემი მობილური აწკრიალდა. ის იყო! აქეთ დამირეკა! გაეღვიძა ალბათ!

_ ალო! _ ჩავძახე დაძაბულმა.

_ თქვენი ზარი იყო შემოსული… _ მოკლე წინადადებით შემოიფარგლა ესპანელ-ამერიკელი ტიმი.

_ ჰო, მე გირეკავდი…

_ ვინ შენ? რომელი ხარ?

_ ქეთი ვარ…

_ ქეთი? აბა, ქეთი!

_ ტიმ ალვარესის ნაცნობი, _ გესლიანად ვუპასუხე.

როგორც ჩანს, ელდა ეცა და ხმა ჩაუვარდა. კარგა ხანს პასუხი არ გაუცია.

_ ალო! გესმის ჩემი? _ ჩავძახე.

_ კი, ქეთი, მესმის… როგორ ხარ?

_ მე როგორ ვარ? მეკითხები კიდეც? _ ვერც მივხვდი, როგორ ავუწიე ხმას.

_ სად ხარ? უნდა გნახო.

_ აბა რა! არ მნახავ და შენი აჯობებს! _ ისე მაკანკალებდა, კბილს კბილზე ვაცემინებდი.

_ ერთ საათში რუსთაველის მეტროსთან დაგელოდები. გაწყობს?

_ კარგი, მოვალ! _ ცივად ვთქვი და გავთიშე…

8 8 8

კი არ მივდიოდი, მივქროდი. გულში ალბათ მეასეჯერ ვატრიალებდი იმ სიტყვებს, რომლითაც თემური უნდა «შემემკო». გულში ცოფებს ვყრიდი…

შორიდანვე დავლანდე. ამერიკულად ეცვა, თეთრი შორტი და წარწერებიანი მაისური. ფოტოაპარატი კისერზე ჩამოეკიდა ვაჟბატონს!

ჩემს დანახვაზე უხერხული ღიმილი აღებეჭდა სახეზე. მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და მივუახლოვდი თუ არა, საკოცნელად გამოიწია. ეგღა მაკლდა! ხელიც კი არ ჩამოვართვი.

_ გაბრაზებული ხარ, სიხ? _ ვითომ არაფერი, ისე მკითხა.

აჰა, ახლა ამის «სიხ» გავხდი, რა თავხედია!

_ მე შენი «სიხ» არ ვარ!

_ კარგი, რა მოგივიდა?

_ რატომ მომექეცი ასე?

_ წამო, სადმე დავსხდეთ, ასე ხომ არ ვიდგებით შუა ქუჩაში.

_ აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.

_ წამო, მე გეპატიჟები.

_ დიდი მადლობა, შენი დაპატიჟება არ მჭირდება, ყელამდე ვარ შენი პატივისცემით!

_ ნუ ბავშვობ, რა გჭირს?

_ რა მჭირს? მეკითხები კიდეც, რა მჭირს? რატომ გააკეთე ეს?

_ რა გავაკეთე? არ მითხრა, რომ შენი სურვილის წინააღმდეგ წავედი! _ აქეთ შემომიტია ყოფილმა ტიმმა.

ცოტა არ იყოს, დავიბენი. მივხვდი, ასეთი ტონით მასთან ვერაფერს გავხდებოდი.

_ ეგ რა შუაშია? შენ მე მომატყუე!

_ მერე რა? ეგ უწყინარი ტყუილი იყო. რა მოხდა, ამით მგონი, არაფერი დაშავებულა.

_ შენთვის რა თქმა უნდა, არაფერი დაშავებულა. ახლა მე მკითხე?

_ რა შენ? რამე არ მოგეწონა?

_ თემურ! სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. რაში დაგჭირდა ის მასკარადი. პირდაპირ ვერ მეტყოდი, ქართველი თუ იყავი?

_ რომ მეთქვა, როგორ გგონია, იგივე მოხდებოდა? _ ეშმაკურად გამომხედა.

_ არა! არავითარ შემთხვევაში!

_ ამიტომაც არ გითხარი.

_ და ამით ისარგებლე, არა?

_ კარგი რა, რა ვისარგებლე. ვიცი ქართველი ქალების ამბავი. აქ ხართ ძალიან წესიერები და პატიოსნები, თორემ, საკმარისია, საზღვრებს გაცდეთ, აიწყვიტავთ ხოლმე. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, _ უსირცხვილოდ გაიღრიჭა.

ამან მთლად მომშალა.

_ მე შენ ვინ გგონივარ! ცოტა სიტყვებს დაუკვირდი! _ ავიფოფრე.

_ გეყოფა, ქეთ! რაც იყო, ცუდად არც ერთს არ უნდა დაგვამახსოვრდეს, ჩემი აზრით… არ ჯობია, გავაგრძელოთ მეგობრობა? ცუდი ბიჭი ნამდვილად არ ვარ!

_ სამაგიეროდ, მე ვარ ცუდი გოგო და ამას არ გაპატიებ!

_ რატომ, რა დანაშაულისთვის? რომ მოგატყუე? მერე რა მოხდა, შენ არავინ არასდროს მოგიტყუებია?

_ არა!

_ კარგი ერთი!

_ არა-მეთქი! ასეთ რამეებს ვერ ვიტან!

_ მოდი, შევრიგდეთ, ძალიან გთხოვ. მაპატიე, თუ გაწყენინე. ნამდვილად არ მინდოდა ეს. როგორც ჩანს, ცუდად გამომივიდა.

_ კიდევ კარგი, რომ ხვდები.

_ მაპატიე-მეთქი, ხომ გთხოვე? რა ვქნა, დაგიჩოქო?

_ არავის სჭირდება შენი დაჩოქება!

_ არ შემირიგდები? არ გინდა, მაპატიო?

_ ძალიან გადარდებს შენ ჩემი პატიება, აი!

_ აუუუუ! იქ რა მშვიდი და საყვარელი იყავი, აქ კი სასწაულად კაპასი ხარ. რომელია შენი ნამდვილი სახე?

_ ჯერ შენი ნამდვილი სახე დამანახვე და მერე გეტყვი! _ არ ვიხევდი უკან.

_ რაც ვარ, ეს ვარ, სიხ… უკაცრავად, წამომცდა. მოდი რა, დავივიწყოთ, რაც იყო და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

_ რა დავიწყოთ თავიდან, შენ გიჟი ხომ არ ხარ?

_ ურთიერთობა. ჩვენ ხომ არაჩვეულებრივად შევვეწყვეთ ერთმანეთს. გათხოვილი არ ხარ, არც მე ვარ ცოლიანი. რა გვიშლის ხელს?

_ შენი ტყუილები! ვერ ვიტან მატყუარა ადამიანებს. იქ, უცხო ქვეყანაში მომატყუე და აქ რას იზამ, წარმომიდგენია!

_ ეეეეე! ვერ ხვდები, რატომაც მოგატყუე? სხვანაირად არ გამეცნობოდი.

_ რატომ არ გაგეცნობოდი, თუკი მეტყოდი, ქართველი ვარო? უფრო არ გამიხარდებოდა?

_ სამაგიეროდ, იმ ღამეს ჩემთან არ წამოხვიდოდი.

_ იქნებ წამოვსულიყავი კიდეც, გეცადა მაინც!

_ აუ, ასე იცი ხოლმე ყველაფრის ჩახვევა? ოდესმე გადაგივლის? თუ კიდევ მაგ თემაზე გამიბამ ლაპარაკს, წავალ და როცა დაწყნარდები, დამირეკე.

_ დაგირეკო? შენ დაგირეკო? მეტი საქმე არა მაქვს! არც კი ახსენო ჩემი სახელი და… და… _ ენა დამება.

_ და არავის ვუთხრა, რაც ჩვენ შორის მოხდა, არა? _ «დამეხმარა» თემური.

_ ჰო, _ უნებურად გამექცა სიტყვა.

_ ეგ უშენოდაც ვიცი, ჭორიკანა არ ვარ.

_ კაცმა არ იცის, როგორი ხარ.

_ ეგრე მიცნობ? არა გრცხვენია, მაგას რომ მეუბნები?

_ საქმეც მაგაშია, რომ საერთოდ არ გიცნობ.

_ კარგი რა, ქეთ, არ გვინდა ეს ომობანა. მე მართლა არ ვარ ცუდი ადამიანი და ამაში დარწმუნდები, როცა ახლოს გამიცნობ.

_ არანაირი სურვილი არ მაქვს შენი ახლოს გაცნობის.

_ მაშინ… როგორც გინდა. მე წავედი… კარგად მეყოლე, სიხ… _ ირონიულად დამემშვიდობა და გატრიალდა.

ხელახლა შემომენთო გულზე, მაგრამ ისე უმწეოდ ვგრძნობდი თავს, ხმა ვერ ამოვიღე, ვერც ის მოვიფიქრე, როგორ ჯობდა მასთან საუბრის დამთავრება.

თემური წავიდა, მე კი ვიდექი შუა რუსთაველზე მხრებჩამოყრილი და ცოტაღა მაკლდა, რომ არ ავღრიალებულიყავი…

8 8 8

რამდენიმე დღე ვბობოქრობდი. საკუთარ ფიქრებში ჩავიკეტე, ვერავის ვერ ვეუბნებოდი ჩემი უხასიათობის მიზეზს. როგორი სათქმელი იყო? უახლოეს დაქალებსაც კი ვერ გავენდობოდი. მერე და მერე ცოტათი გადამიარა, დავწყნარდი. ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი? კაცი მომეწონა და ცოტა ვიცუღლუტე. რა უჭირს მერე, რა არის ამაში მიუღებელი? კიდევ კარგი, არ მიყვარს. ან კი საიდან უნდა შემყვარებოდა ასე უცებ? რატომ, ერთი ნახვით შეყვარებაც ხომ არსებობს? ვკამათობდი ჩემს თავთან. ერთი ნახვით არა, კიდევ!.. ნეტავ იცოდეს, როგორ მეზიზღება! მისი სახელის გაგონებაც არ მინდა!

მეოთხე დღეს თვითონ დამირეკა. ძალიან ავღელდი, ერთიანად ავილეწე სახეზე, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი და მშვიდად ველაპარაკე. შეხვედრა მთხოვა, რაზეც ცივი უარი ვუთხარი. ნამდვილად არ მქონდა სურვილი, მასთან ურთიერთობა გამება. რაც იყო, ის ვერ მომენელებინა ჯერ. მეორე დღეს კვლავ დამირეკა, გამოფენაზე მეპატიჟებოდა. ინტერვიუ მაქვს-მეთქი, მოვიმიზეზე.

ყოველ მეორე დღეს მირეკავდა და ყველა დარეკვაზე უარით ვისტუმრებდი. დღეს არ მცალია, ხვალაც დაკავებული ვარ და ასე შემდეგ. გამახსენდა, ბავშვობაში დამალობანას რომ ვთამაშობდით. ერთი იხუჭებოდა, სხვები ვიმალებოდით და ვიძახდით: «ჯერ არააა, ჯერ არააა!» სწორედ ასე მომდიოდა თემურთან. ყოველ შემოხმიანებაზე «ჯერ არას» პრინციპით ვიშორებდი თავიდან. არც უარს ვეუბნებოდი და არც შეხვედრაზე ვთანხმდებოდი, რატომღაც, არა და არ მოდიოდა გულთან ახლოს. ვერაფრით წარმომედგინა, როგორ უნდა დავწოლილიყავი კიდევ ერთხელ ასეთ აფერისტთან. აბა, სხვა რა შეიძლება დაერქვას მის საქციელს? არადა, მისი გაბრაზებაც არაფერში მაწყობდა, შემეშინდა, სამაგიერო არ გადამიხადოს და ვინმე ნაცნობთან ჩემზე არ იჭორაოს-მეთქი.

ათი დღის შემდეგ შვებულება, როგორც იქნა, მომცეს და ქობულეთში გავემგზავრე ჩემი ბარგი-ბარხანით. ცოტა კი ვიყოყმანე, იქნებ ვინმე შევიამხანაგო-მეთქი, რადგან მეგონა, მარტოობაში სხვა საფიქრალი არაფერი მექნებოდა და ნიუ-იორკში გადამხდარი ისტორია მოსვენებას არ მომცემდა. მაინც მარტო წავედი.

იქაც ამიკლო, ყოველ დღე მირეკავდა. შეგნებულად არ ვუთხარი, სად ვიყავი, არ ჩამომაკითხოს-მეთქი. მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. როცა მთელი კვირის განმავლობაში ვერაფერს მიაღწია, თანდათან შემეშვა, ისეთი სიხშირით აღარ მირეკავდა. კიდევ ერთ კვირაში კი საერთოდ შეწყვიტა დარეკვა. მეც ხელი ჩავიქნიე. ვიფიქრე, რომ ასე აჯობებდა ორივესთვის.

8 8 8

შვებულების სიმარტოვეში გატარება სულაც არ აღმოჩნდა ისეთი საშიში და მოსაწყენი, როგორც წარმომედგინა. პირიქით, «მარტო გასეირნება» შესანიშნავი საშუალება გამოდგა

«ბატარეების დასატენად». პირველი ორი დღე იყო წვიმიანი ამინდი, მერე კი, მზე რომ გამოანათა, აღარც ჩასულა მგონი. მეც ვიმუხტებოდი და ვიმუხტებოდი.

ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვი, რომ პრესაში მუშაობა საშინელი სიგიჟე და ნერვული სტრესის აკიდების უებარი საშუალებაა. გადარბენები, ჩასაფრებები, უძილო ღამეები, ჩაწერა, გაშიფვრა, დაწერა, ჩასწორება… ვინ მოთვლის, რამდენი «ნერვი» სჭირდება, სანამ ბოლოში გახვალ.

უკვე თერთმეტი დღეა, აქ ვარ და ისე გავირუჯე, დედაჩემიც ვერ მიცნობს. ნამდვილ აფრიკელ ზანგს დავემსგავსე. თან როგორ მიხდება? ღამით მარტო თვალებიღა ანათებს, თორემ ისე არ ვჩანვარ. ჰოდა, მეც ვაბრიალებ და ვაბრიალებ ჩემს ლამაზ თვალებს!

კიდევ სამი დღე დამრჩა და მერე კვლავ მომიწევს სამუშაო ფრონტზე გასვლა. აუუუუ! რა ძნელია დასვენების შემდეგ კალაპოტში ჩადგომა!

შეზლონგზე ნებივრად გავიზმორე და გვერდი ვიცვალე. კიდევ ცოტაც და ჩავალ ზღვაში, თორემ ოფლი გამივიდა! ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ჩანთიდან ჩემმა მობილურმა შემახსენა თავი. მამუკას ზარი ვიცანი. ამას რაღა უნდა? რისთვის გავახსენდი?

_ ჰო, მამუკა… _ მხიარულად ჩავძახე მიკროფონში.

_ აბა, მომიყევი, როგორ დაისვენე?

_ დავისვენე? ჯერ არ დამიმთავრებია, შეფ, სამი დღე კიდევ დამრჩა.

_ ვიცი, ვიცი, ჩემო კარგო, მაგრამ ისეთი ახალი ამბავი მაქვს შენთვის, ვერ გადარჩები!

ამის გაგონებაზე ჭიანჭველებმა დამირბინეს ტანში. აქაც აღარ მასვენებენ, რა!

_ მამუუუკ, შენს ზარს ამწუთას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება გამართლება, თუ მეტყვი, რომ რედაქციას ხანძარი გაუჩნდა, ან ჩვენი პრემიერ-მინისტრი მონაზონთან ერთად გაიქცა ამერიკაში, _ გავეხუმრე უფროსს, _ ეს უსამართლობაა, არ შეგიძლიათ, ცოტა ხნით მაინც შემეშვათ?

_ კარგი, რა, ნუღარ წუწუნებ. ქალი ამერიკაში გაგამგზავრე, დრო გატარებინე, ქვეყანა განახვე და ეგრე უნდა მითხრა? დარწმუნებული ვარ, იქ მოწყენილობისგან სული მიგდის და მოგენატრა მუშაობა. ასე არ არის? კარგად გიცნობ და ვიცი შენი ამბავი. კარგი ჟურნალისტი ხარ და ყოველთვის ერთი სული გაქვს, დამაინტრიგებელ თემას დროზე ჩაავლო ხელი. ხომ მართალი ვარ?

_ არც იოცნებო! _ გამაღიზიანა მისმა შორიდან შემოვლამ.

მან კი, ვითომ აქ არაფერიო, არხეინად გააგრძელა.

_ ნამდვილი სენსაცია მაქვს შენთვის, თანაც პირდაპირ შენს ცხვირწინ, რომ იცოდე! _ თქვა და შეგნებულად გაწელა პაუზა.

რა ეშმაკია! იცის ჩემი სუსტი წერტილი. კარგა ხანს ვიკავებდი თავს, არ მეკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე.

_ აღარ მეტყვი, რა არის ამისთანა?

_ კახი ანდრონიკაშვილია ჩამოსული. იქ ისვენებს, ქობულეთში, აგარაკი აქვს.

_ მერე რა? _ ჩავიბუზღუნე, _ დიდი ამბავი! რა არის ამაში სასენსაციო?

_ გოგო, ვერ ხვდები, რაზე გელაპარაკები? ის ცნობილი მწერალია, ხომ არ დაგავიწყდა? ამასთან, არასდროს ურთიერთობს არც პრესასთან და არც ტელევიზიასთან.

_ ვიცი.

_ მაგრამ შენ მთავარი არ იცი. თან ჩვილი ბავშვი ჰყავს ჩამოყვანილი. ჯული მარგველაშვილის შვილიაო, ამბობენ. ეს ამბავი ჯერ არავინ იცის, ჩემ გარდა. სანამ სხვებს გაუგიათ, რაღაც უნდა ვქნათ.

_ შენ საიდან გაიგე? _ ახლა კი დავინტერესდი.

_ სარწმუნო წყაროებიდან.

_ დარწმუნებული ხარ, რომ შენი წყარო სანდოა?

_ სრულებით! ხომ იცი, რომ ასეა, რას მევაჭრები?

_ თვითონ ჩამოიყვანა ბავშვი?

_ არა, ამ დილით მოუყვანეს ვიღაც ტიპებმა, ქალი ახლდათ თან, მაგარი ქალი.

_ ოოო! ეგ უკვე საინტერესოააა.

_ აბა, რას გეუბნებოდი?

ბოლო ხანებში ჯული მარგველაშვილზე ერთი ამბავი იყო ატეხილი. ეს ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა, ძნელი მოსახელთებელი იყო. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ათი თვის წინ მან ბავშვი გააჩინა და მამის გვარი არ მისცა. არც ის განუმარტა ჟურნალისტებს, თუ ვინ იყო მისი ქალიშვილის მამა. ამან უამრავი ჭორი ააგორა და ქართულ პრესას კარგი საკბილო მისცა. კვირა არ გავიდოდა, ახალი ამბავი არ დაწერილიყო მასზე ამა თუ იმ გაზეთსა თუ ჟურნალში. ყველაზე ხშირად ორი მამაკაცის გვარი ფიგურირებდა _ ცნობილი დიპლომატის, გოგი ხერხეულიძის და მწერალ კახი ანდრონიკაშვილის, თუმცა რომელი იყო მათ შორის ნამდვილი მამა, ჯერაც ვერ გაერკვია ვერავის. გოგის რა მოგახსენოთ, მაგრამ კახი იმდენად სიმპათიური იყო ფოტოებში, ნამდვილად იწვევდა ინტერესს, თუმცა მასთან ახლოს მისვლა ძალიან რთული გამოდგა. იგი ჟურნალისტებს ახლოსაც არ იკარებდა. ოცდაჩვიდმეტი წლის მწერალი ყოველთვის შავი ჭირივით უფრთხოდა პრესასა და ტელევიზიას, ტელეფონითაც კი არ იძლეოდა კომენტარს, მიუხედავად იმისა, რომ მისი რომანები საქვეყნოდ იყო ცნობილი. რამდენიმე ნაწარმოები გერმანულადაც თარგმნა და იქ გამოსცა, დრეზდენში. იგი რამდენჯერმე დააფიქსირეს ჯულისთან ერთად გერმანიაში და ალბათ აქედან აგორდა ჭორიც. ერთ-ერთ გამოცემაში ფოტოც კი დაბეჭდეს, სადაც ორივენი ბარში სხედან და რაღაცაზე გაცხარებით კამათობენ.

888

ერთი სიტყვით, კახი ანდრონიკაშვილი ბოლომდე გამოცანად რჩებოდა ყველასთვის და ეს მეტად აღვივებდა მის მიმართ პუბლიკის ინტერესს.

_ აბა, რას იტყვი, დაინტერესდი? _ აზრები მამუკას უხეშმა ხმამ გამიწყვიტა.

_ საკმარისად საყურადღებოა, _ დავყარე ფარ-ხმალი, _ მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ეს ჩემი სფერო არ არის, მე უფრო სერიოზულ თემებზე მიყვარს მუშაობა. სკანდალები და ჭორები თამუნას აბარია… იქნებ მისთვის დაგერეკა? მე ნაკლებად მეხერხება მსგავსი რამეები.

_ თამუნა კახეთშია. შენ კი პირდაპირ იქ ხარ, სადაც უნდა იყო, _ ლამის მიყვირა რედაქტორმა, მისი წეღანდელი მხიარული ტონისგან ერთი ნოტიც აღარ დარჩა, _ გარდა ამისა, აქ არც ერთი ნორმალური ჟურნალისტი არ მყავს, ყველა შვეულებაშია. ირმას ხომ არ დავავალებ? ორ სიტყვას ძლივს აბამს ერთმანეთს. ასე რომ, შენ მოგიწევს ამ საქმის გაკეთება და არ დამაღალატო, იცოდე! მიდი და როგორმე გამოსტყუე ინტერვიუ, სანამ სხვებს გაუგიათ ამის შესახებ, თორემ ვერაფრით გაპატიებ, სიხარულო!

_ მოიცა, მოიცა, ძალიან ნუ ჩქარობ, უფროსო! _ გავაწყვეტინე, _ თავადაც კარგად მოგეხსენება, რომ ის კაცი პრესას და ტელევიზიას ახლოსაც არ იკარებს. გგონია, ასე ადვილია? ინტერვიუს კი არა, ავტოგრაფებსაც არ იძლევა, როცა წიგნის პრეზენტაციას აწყობს. არ იცი, რომ ასეა?

_ ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს. მოიფიქრე რამე. თავის შენიღბვა კარგად გეხერხება, როცა მოისურვებ. ფოტოების გადაღებაც არ დაგავიწყდეს. შენი იმედი მაქვს, იცოდე! ამაზე არა მხოლოდ ჩვენი გაზეთის ბედი, შენი კარიერაც არის დამოკიდებული!

_ როგორ, როგორ? რაღაც ვერ გავიგე… _ შუბლი შევიკარი მის ბოლო სიტყვებზე.

_ რაც გითხარი. თუ ამ მასალას მოიპოვებ, დაგაწინაურებ.

_ საინტერესოა, რა თანამდებობაზე? შენს ადგილს ხომ არ მითმობ, შეფ? _ სიცილი ვერ შევიკავე.

_ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, კარგ ჰონორარს გპირდები და პრემიასაც… ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს, _ და პასუხის გაცემა არ მაცალა, ისე გამითიშა.

ესეც ასეეეე! ჩემმა ძვირფასმა უფროსმა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წამომიყენა, თან დამაინტრიგა _ დაწინაურება, კარგი ჰონორარი, პრემია და რამეეეეე! ასეთი უცნაური კაცია მამუკა, ყოველთვის გადამწყვეტ რაუნდს იღებს, როცა საქმეს სჭირდება… ვნახოთ, ვნახოთ!.. მე რა უნდა გავაკეთო? როგორ მივუდგე ამ საქმეს? წამით წარმოვიდგინე, როგორი გაუბედავი ნაბიჯებით ჩავსაფრდებოდი კახის სახლთან და ვიოცნებებდი, რა გზით შემეღწია შიგნით…

8 8 8

ერთი საათის შემდეგ უკვე გზას ვადექი და ანდრონიკაშვილის აგარაკს ვეძებდი თვალებგაფაციცებული. ქუჩა დამთავრდა და ის იყო, მარჯვნივ, ჩიხისკენ გავუხვიე, რომ ჩემ წინ დიდი, შთამბეჭდავი ორნამენტებით მოჩუქურთმებული რკინის ჭიშკარი აღიმართა, რომლის მიღმაც ულამაზესი ორსართულიანი სახლი მოჩანდა.

მღელვარებით შევათვალიერე გარემო, განსაკუთრებით ალაყაფის კარმა დამაინტერესა. აშკარაა, დისტანციური მართვის პულტით იღება. აი, მარცხენა კუთხეში ვიდეოკამერაც კი არის დამონტაჟებული. ვაი, ქეთი, შენს თავს! აქ მე ვინ შემიშვებს? კუდამოძუებულს გამომაბუნძულებენ იქიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გაიგებენ, ვინც ვარ სინამდვილეში! ნამდვილად არ იქნება ადვილი შიგნით შეღწევა! მაგრამ არა! ასე ადვილად დანებებას არ ვაპირებ! პატივცემულმა კახიმ ჯერაც არ იცის, ვისთან მოუწევს საქმის დაჭერა! აბა, ქეთი რისი ქეთია, ეს ვერ მოახერხოს! ასეთები მომითვინიერებია?!

ჯიქურ გავემართე ჭიშკრისკენ. შიში წამიერად სადღაც გაქრა. კამერამ, რა თქმა უნდა, მაშინვე დამაფიქსირა.

_ ვინ გნებავთ? _ შიდა კავშირით გაისმა მიკროფონში მამაკაცის ხრინწიანი ხმა, _ თუ შეიძლება, გვითხარით, რა არის თქვენი სტუმრობის მიზეზი!

_ ბატონ კახისთან ვარ, _ სრულიად დამაჯერებლად წარმოვთქვი და ვიგრძენი, სისხლი როგორ გამეყინა ძარღვებში.

ჩემდა გასაოცრად, რაღაც გატკაცუნდა და ალაყაფში გამოჭრილი ვიწრო კარი ავტომატურად გაიღო.

ვააა! ასე ადვილად?! აი, რას ნიშნავს გულწრფელობა! პატიოსნება ყოველთვის კარგი პოლიტიკაა! ვითომ? ასე ბრმად ენდნენ ჩემს სიტყვებს? არა, აქ რაღაც ისე ვერ არის! ძალზე უპრობლემოდ გამოვიდა ყველაფერი.

სახლის ფასადი ზღაპრულად ლამაზი იყო. ვარდისფრად შეღებილ კედლებს ფანჯრებზე ჩამოფარებული მუქი მწვანე ფერის ფარდები ამშვენებდა. ცენტრალური კარი ღია იყო, თითქოს გულღიად მეპატიჟებოდა შიგნით, იდუმალი მასპინძლის გასაცნობად. მეორე სართულის აივნის მთელ გაყოლებაზე თიხის ქოთნებში ჩარგული უიშვიათესი ყვავილები ჩაემწკრივებინათ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებდა სახლის პატრონის უზადო გემოვნებაზე.

ერთი ჩემი გულისცემისთვის მოასმენინა ახლა ანდრონიკაშვილს! ეგრევე გამშიფრავდა და ზღურბლის გადალახვასაც არ მაცლიდა, კინწისკვრით მომისროდა აქედან!

მეტი რაღა უნდა ინატროს ასეთი სიმდიდრის პატრონმა? ეჰ, მეც რა სიამოვნებით ვიცხოვრები ასეთ სახლში! არც იოცნებო, ქეთი! მსგავსი ფუფუნება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია! კი, როგორ არა! რჩეული რა შუაშია? რითი არის ჩემზე უკეთესი ჯული მარგველაშვილი? ჩემზე ნიჭიერია? მეს პროფესიოანლი ვარ ჩემს საქმეში, მერე რა! ჩემზე ლამაზია? აც მე ვარ ნაკლები! უბრალოდ, გაუმართლა და მეტი არაფერი! იღბლიანია და ეგ არის! აფსუს! რა ბედი აქვს ზოგიერთს! მაგრამ ცუდად რომ არის? შეიძლება ვერც გადარჩეს. ისეა თურმე დამტვრეული, ჯერაც არ მოსულაო გონს. გადარჩება კი?..

წითელი მარმარილოს რამდენიმე საფეხური ავიარე და ღია კარს მივადექი. ცხელ ჰაერს ყვავილების სურნელი ჩემამდე მოჰქონდა. ნეტავ არ ჩამეცვა ეს თეთრი სარაფანი! ცოტა არ იყოს, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ვტოვებ. აბა რა მექნა, შორტით ხომ არ მოვიდოდი? ჩანთა მხარზე შევისწორე და შევჩერდი.

უეცრად წინ ვიღაც ამესვეტა. მოულოდნელობისგან შევკრთი _ ჩემს პირდაპირ კახა ანდრონიკაშვილი იდგა, როგორც იტყვიან, საკუთარი პერსონით!

წამით მთელი სამყარო ატრიალდა. ჯანდაბას! ცხოვრებაში რა სიმპათიური ყოფილა! სიმპათიური კი არა, ლამაზი! ვიგრძენი, როგორ ამიჯანყდა სულიც და სხეულიც! მისი ერთი მახვილი მზერა და… ბრინჯივით დავიბენი! რა თვალები აქვს?! მონაცრისფრო-მომწვანო… თუ მოლურჯო? რას გაიგებ, წამდაუწუმ ეცვლება ფერი! თხელი საზაფხულო პიჯაკი ეცვა, კრემისფერი და ამავე ფერის შარვალი, საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა. ერთიანად შემძრა მისმა გარეგნობამ. არა, ჩემი გული ამას ვერ გადაიტანს! ჯერ ტიმი თუ თემური ვერ მომინელებია, ახლა ეს! არადა, სულაც არ ვარ ასეთი! რა მემერთება ბოლო ხანებში? რაღაც ძალიან ცუდად მოქმედებენ მამაკაცები ჩემზე… ძალიან ამაღელვებლად… შემთხვევით, სიბერისკენ ხომ არ მივექანები? გულში გამეღიმა…

ჩემზე დაახლოებით ათი-თორმეტი წლით იქნებოდა უფროსი, სიმაღლით _ ას ოთხმოცდაათი სანტიმეტრი. მის მკაცრ, მაგრამ ლამაზ პირისახეს მუქი წაბლისფერი თმა აგვირგვინებდა, სწორი და მოკლედ შეკრეჭილი. ფოტოებზე რამდენჯერმე მინახავს და ვიცოდი, მომხიბვლელი მამაკაცი რომ იყო, მაგრამ ასეთ მომაჯადოებელ, მაგნიტივით მიმზიდველ გამოხედვას მართლა არ ველოდი. ამისთვის ნამდვილად არ ვიყავი მზად. ასე მეგონა, თითქოს უკვე ვიცნობდი მას, თითქოს სადღაც შევხვედრივართ ერთმანეთს, ამავე დროს, ზუსტად ვიცოდი, რომ ცხოვრებაში არასდროს მყავდა ნანახი.

_ კი მაგრამ, აქამდე სად იყავით, რატომ დააგვიანეთ? _ გაღიზიანებულმა მესროლა, _ უკვე სამი საათია, გელოდებით!

მრისხანების ასეთმა მოულოდნელმა გამოვლინებამ იმდენად დამაბნია, ენა ჩამივარდა. რა ხდება? ვიღაცაში ვეშლები? ხელები ისე ამიკანკალდა, სად წამეღო, არ ვიცოდი, გაოგნებული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს.

_ სააგენტოდან არ ხართ? _ ცივად მკითხა ანდრონიკაშვილმა და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა.

მათვალიერე, ჰო! მოგეწონე? ასეთ სილამაზეს არ ელოდი? ძალიანაც კარგი, ჯერ სად ხარ! _ ჯიბრიანად გავივლე გულში და შეცბუნებულმა გაღიმების მეტი ვერაფერი მოვახერხე.

მისმა შეკითხვამ მიმახვედრა, რომ დადებით პასუხს თუ არ გავცემდი, ეგრევე მომისროდნენ აქედან, ამიტომაც გონებას მოვუხმე, ნერვები დავიწყნარე და მამაკაცს თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თუმცა აზრზე არ ვიყავი, რომელ სააგენტოზე იყო საუბარი და საიდან ვიყავი გამოძახებული. ერთადერთი ვიცოდი მხოლოდ _ შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი, _ თქვა მამაკაცმა და მბრძანებლური ჟესტით მიმანიშნა, უკან მივყოლოდი, _ ორი საათია, ბავშვი ტირის და ვერ გავაჩერეთ.

კახას ხმაში გაღიზიანება და შეშფოთება ერთდროულად გაისმა. უხმოდ შევყევი სახლში და დაველოდე, როდის ჩაკეტავდა მასპინძელი კარს და ირგვლივ მერე მიმოვიხედე.

აი, ამას ჰქვია ლომის ხახაში ჩავარდნა! რომ იცოდეს, ვინ ვააარ! კიდევ კარგი, არ იცის! შევხედე. თვალებში ჩამაშტერდა. ძრწოლამ ამიტანა, მის მზერას ვერ გავუძელი.

_ იმედია, ყველაფერი დაწვრილებით აგიხსნეს, სანამ გამოგიშვებდნენ! _ მამაკაცი დაჟინებულ მზერას არ მაცილებდა.

გონზე არ ვიყავი, რის შესახებ მელაპარაკებოდა, ამიტომ კვლავ თავი დავუქნიე.

_ ჩინებულია, მაშინ პირდაპირ ნუკისთან წაგიყვანთ! _ პირქუშად ჩაილაპარაკა, _ საქმეებზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ.

«მადლობა ღმერთს», _ გავიფიქრე და არეული ნაბიჯებით მივყევი მარმარილოს კიბეზე ამავალ მასპინძელს.

კახიმ გრძელი დერეფანი ჩქარი ნაბიჯებით გაიარა. სწორედ ამ დროს მომესმა ჩვილის ღნავილი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით დერეფნის ბოლოს, მით უფრო ძლიერდებოდა ბავშვის ხმა, ხოლო როგორც კი ბოლო ოთახის კარი შეაღო, გულამოსკვილმა ტირილმა ყურები გამიყრუა.

ოთახის შუაგულში პატარა, ლამაზი საწოლი იდგა, რომელზეც ვიღაც ხანში შესული კაცი დახრილიყო და ჭირვეული ჩვილის დაწყნარებას მთელი მონდომებით ცდილობდა. როგორც კი ჩვენი ნაბიჯების ხმა გაიგო, უცნობი წელში გაიმართა და მოგვაჩერდა. ჩემს დანახვაზე თითქოს შვება იგრძნო, ნათელი გადაეფინა სახეზე.

_ ვერაფერი მოვუხერხე, რა ვქნა! _ შეწუხებული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა და მზერა კახადან ჩემზე გადმოიტანა.

_ არა უშავს, ანდრო, ნუ ნერვიულობ. შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. მადლობელი ვარ. დანარჩენს ძიძა მიხედავს.

ანდრონიკაშვილის ხმა პირქუშად ჟღერდა, მაგრამ ამავდროულად, ჰიპნოზივით მოქმედებდა ჩემზე. ჩემდა უნებურად მიმოვიხედე ირგვლივ, თვალებით ძიძას ვეძებდი, იმას, ვისაც ბავშვის დაწყნარება შეეძლო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ოთახში ჩვენ გარდა არავინ იმყოფებოდა!.. ახლა კი გამინათდა გონება, მაგრამ ვაი, ასეთ «განათებას»!

თურმე, რაში ყოფილა საქმე! შეცდომით, მე ჩამთვალეს აღმზრდელად! ესე იგი, ძიძა მე ვარ! ეს მე გამომიძახეს თურმე სააგენტოდან! საინტერესოა, საიდან ჩამოვედი, თბილისიდან, თუ ბათუმიდან? იქნებ ადგილობრივი მოსახლე ვარ? ამის გარკვევა არ გინდა? როგორ მერხევა, ჯერ მე თვითონაც არ ვიცი! ეს რა ყულფში გავყავი თავი! ოოოჰ! მამუკა, მამუკა! რა შარში გამხვიე, რომ იცოდე!

_ აბა? რაღას ელოდებით? პირველად ხომ არ ხედავთ პატარას? _ თითქმის დამცინავად გაისმა კახის ხმა, როცა ჩვილი ტირილით ლამის ჩაბჟირდა.

ამასობაში ანდრომ დრო იხელთა და ხელების ქნევით გავიდა ოთახიდან, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო, რომ ბავშვი ვერ გააჩერა. ლამის წონასწორობა დავკარგე, სანამ საწოლს მივუახლოვდებოდი, თან იმაზე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ასეთი განწირული ტირილის მიზეზი ყოფილიყო. იქნებ შია? იქნებ ჩასვრილია და ტაკუნები ეწვის? ვინ იცის, ბოლოს როდის გამოუცვალეს პამპერსი! იქნებ წყურია? არადა, სულ რამდენიმე თვის წინ დავწერე არაჩვეულებრივი სტატია ჩვილების მოვლის თაობაზე, თან დიდხანს ვიმუშავე ამ თემაზე, თითქმის მთელი თვე, რომ კარგი გამომსვლოდა. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ მე მხოლოდ თეორიული გამოცდილება მივიღე და არა პრაქტიკული.

_ მას შემდეგ ტირის, რაც მოიყვანეს და თითქმის არ გაჩერებულა, _ დაძაბული ხმით ჩამაბარა ანგარიში კახიმ, _ ძალიან ვნერვიულობ მასზე, მეცოდება.

თანაგრძნობით გავხედე ნუკის მამას.

ამ დროს პატარამ ახალი «შემართებით» დასცხო ღნავილი. კახიმაც ვერ მოითმინა, საწოლს მოუახლოვდა და ბავშვს დახედა.

_ ხელშიც ავიყვანე, საფენებიც გამოვუცვალე, ვაჭამე კიდეც, არაფერმა უშველა, მაინც ტირის, _ თავს იმართლებდა აღელვებული ანდრონიკაშვილი, _ ასე უმწეოდ არასდროს მიგრძნია თავი! _ თქვა და თმაზე ნერვულად გადაისვა ხელი.

მსუბუქად ავზიდე წარბები. რა საოცარია… ასეთმა პატარამ როგორ უნდა აიძულოს ასეთი ძლიერი მამაკაცი, თავი უმწეოდ იგრძნოს? თან ასე გულახდილად აღიაროს სიმართლე სრულიად უცნობი ქალის წინაშე? მზად ვიყავი, ნაძლევს ჩამოვსულიყავი, რომ ამ კაცს აქამდე სისუსტე არასდროს გამოუჩენია და რომ ეს პირველი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში.

ხელი გავიწვდინე და გოგონას შუბლს ფრთხილად შევეხე… თითქოს ჩემი შეხება იგრძნოო, ჩვილმა ტირილი ნელ-ნელა შეწყვიტა და ღუღუნზე გადავიდა. უპირატესობა ვიგრძენი და ეს უპირატესობა რომ არ დამეკარგა, სწრაფად დავიხარე და ბავშვს ყურთან ვუჩურჩულე.

_ რა გვინდა, პატარავ? რატომ ვტირით?

ნუკიმ თავი ჩემკენ მოატრიალა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. ტირილისგან ციცქნა სახე ერთიანად გაწითლებოდა. წამიერად საოცარი სინაზე დამეუფლა და ძლიერმა სურვილმა წამომიარა, მეზრუნა მასზე, მაგრამ ამ დროს ბავშვმა ისეთი ძალით დასცხო კვლავ ტირილი, შეშფოთებულმა ხელი შევუშვი.

«საწყალი პატარა», _ სევდიანად გავიფიქრე, _ «ალბათ ეგონა, დედა დაბრუნდაო, ამ დროს კი სრულიად უცხო დეიდა შერჩა ხელთ… მაგრამ თვეების ჩვილმა როგორ შეიძლება დედის და სხვა ქალის გარჩევა იცოდეს? საინტერესოა».

_ იქნებ აქედან ამოსვლა და ხელში დარწევა გინდა? _ გაუბედავად წარმოვთქვი და ნუკის ხელი დავავლე, რათა საწოლიდან ამომეყვანა.

თავი ფრთხილად დავუჭირე და მოხერხებულად გადავიწვინე მკლავზე. ბავშვმა მაშინვე შეწყვიტა ტირილი და თვალები გაახილა. მომეჩვენა, რომ შემომხედა თავისი ლურჯი, ცრემლიანი გუგებით. რამდენიმე წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

_ აბა, არ მეტყვი, რატომ ტიროდი? _ ხმადაბლა ვკითხე და მარჯვენა ხელის ზურგი ლოყაზე ჩამოვუსვი. მოულოდნელად ჩვილმა გაიფართხალა და თავისი პაწაწინა ხელით ჩემს საჩვენებელ თითს ჩააფრინდა, თითქოს ეშინოდა, არ გავქცეოდი.

და სწორედ ამ დროს ამომიტივტივდა მომავალი სტატიის მთავარი არსი _ დიდი ალბათობა იყო, ეს საოცარი არსება უდედოდ დარჩენილიყო. ჯული მარგველაშვილი საავადმყოფოში წევს და არავინ იცის, ოდესმე მოვა თუ არა გონს. იქნებ ამის გამოც არის ანდრონიკაშვილი ასეთი შეწუხებული.

იღბალიც ამას ჰქვია! სწორედ იმ იშვიათ მომენტში დავადექი საქვეყნოდ ცნობილ მწერალს თავზე, როცა იგი სასოწარკვეთილია და თავის სისუსტეს დაუფარავად ავლენს. იქნებ, ამწუთას რომ გამოვუტყდე, ვინც ვარ, დამთანხმდეს კიდეც ინტერვიუზე? ვეტყვი, რომ არანაირი ძიძა მე არ ვარ, რომ გაზეთიდან გამოვეცხადე და… რატომაც არა? მადლობელიც დამრჩება, ბავშვი ხომ გავაჩუმე!

_ როგორც ჩანს, მოეწონეთ ნუკის, იცით?.. _ მომესმა მისი შვებამოგვრილი ხმა, _ ჰო, მართლა, რა გქვიათ, როგორ მოგმართოთ?

ერთხანს ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს მაინც სიმართლის თქმა ვარჩიე.

_ ქეთი… ქეთი კანდელაკი.

მამაკაცი კვლავ მოიქუფრა. მის სახეზე უეცრად მკაცრი გამომეტყველება აღიბეჭდა. ამან, ცოტა არ იყოს, შემაშინა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ, სწორედ ასეთი სახე გაუხდებათ ხოლმე რესპონდენტებს, როცა მათთან იძულების წესით ცდილობენ ჟურნალისტები კონტაქტის დამყარებას.

_ მე კი სააგენტოში სხვა სახელი და გვარი მითხრეს… თუ არ ვცდები, ვინმე მზიას ველოდი…

_ მზია ჩემი ნამდვილი სახელია, მაგრამ ასე აღარავინ მომმართავს, არ მიყვარს ეს სახელი. სამსახურშიც და ახლობლებშიც ქეთით მიცნობენ და ასევე მომმართავენ, ჩემი ნათლობის სახელია, _ არ დავიბენი და წამში ისეთი ტყუილი გამოვაცხვე, თავადაც დავიჯერე ლამის, მერე კეკლუცად გავიღიმე და კახის მივუბრუნდი, _ ხომ მართლა ცუდი სახელია, რას იტყვით?

_ მე მხოლოდ ერთი რამ მაღელვებს, ქეთი. რამდენად კვალიფიციური ძიძა ხართ. სააგენტოში კი მარწმუნებდნენ, პროფესიონალიაო, მაგრამ რა ვიცი… ვნახოთ, _ მამაკაცს ტონი მკვეთრი გაუხდა.

აუუუუ! რა მაგარი წერილი გამომივა! აი, ეს არის კახი ანდრონიკაშვილის ნამდვილი სახე! და არა ის დაყენებული პოზა, ფოტოებსა თუ ეკრანზე რომ ჩნდება ხოლმე ხანდახან. ძალიან ცოტა ხანი მჭირდება იმისთვის, კარგი სტატია გამოვაცხო. როგორი კმაყოფილი დარჩება მამუკააა! ახლა რომ სარკეში ჩამეხედა, ჩემს ლამაზ თვალებში აცეკვებულ ჭინკებს ადვილად შევამჩნევდი.

_ მე უმაღლესი კვალიფიკაცია მაქვს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ! _ დარწმუნებით წარმოვთქვი და თვალი თვალში გავუყარე ჩემს «დამქირავებელს».

პატარამ კიდევ კარგა ხანს იფართხალა ჩემს მკლავზე, მერე უცებ თათუნები შემიშვა და პირდაპირ თმაზე მეძგერა.

_ აიიი! _ მსუბუქად წამოვიყვირე, როცა ნუკიმ თმა მომწიწკნა, _ ერთი ბეწოა და როგორი ძალა აქვს! _ გავიცინე და ბავშვს ფრთხილად გავაშვებინე ხელი.

პატარამ ახლა კახისკენ გაიწვდინა პაწაწინა თითები. მამაკაცს უცებ დაუთბა გამომეტყველება.

_ ეშმაკუნა, როცა მე და ანდრო ვიყავით შენთან, მაშინ რაღაზე ტიროდი? _ გაიღიმა კახიმ, _ შენ რა, მხოლოდ კაცებთან ჭირვეულობ?

გოგონამ გაიცინა და ისე შეხედა, თითქოს კახის ყოველი სიტყვა გასაგები იყო მისთვის.

_ იქნებ დედას ვაგონებ? _ გავთავხედდი და თამამად ვიკითხე, _ თმა ორივეს ერთი ფერის გვაქვს.

მამაკაცმა გამჭოლი მზერა მესროლა… თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემა არც უცდია. მისმა დუმილმა და გამოხედვამ ადგილს მიმაყინა. ალბათ ახლა მომისვრის აქედან და ღირსიც ვიქნები! მაგრამ ჯერ ვაჩვენებ, რა შემიძლია! ასე ადვილი კი არ არის ჩემი თავიდან მოშორება!

_ თუმცა… მე… მე… რა თქმა უნდა, ისე თავბრუდამხვევად არ გამოვიყურები, როგორც ჯული მარგველაშვილი… ის ულამაზესი ქალია… მე ვიტყოდი _ არაბუნებრივად ლამაზიც… ნუკი ძალიან ჰგავს დედას, არა? _ გავაგრძელე შემპარავი მონოლოგი, ბავშვი კიდევ ერთხელ გავარწიე მკლავებში და მთავარ კითხვას მივადექი, _ თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ უფრო გგავთ?

თვალს არ ვაშორებდი მის სახეს, მთელი მონდომებით ვცდილობდი, მის ნაკვთებში მეპოვა პასუხი, მაგრამ ამ შეუვალი ნიღბის უკან ძნელი იყო რამის ამოკითხვა. ერთადერთი, რაც მოხდა, ოდნავ შეუთროთოლდა ტუჩები. ეს იყო და ეს.

მოულოდნელად მამაკაცი შეირხა და ირიბად გამომხედა.

_ თუ თქვენ ასე გეჩვენებათ, ქალბატონო ქეთი…

_ მაგრამ თავად როგორ ფიქრობთ? _ არ მოვეშვი.

_ იცით? _ კახიმ ცალი წარბი ასწია, _ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, ჩემს შინამოსამსახურეებთან მსგავს სისულეებზე ვიმსჯელო.

აჰააა! ყველაფერი გასაგებია! იგი ამპარტავანი არა მხოლოდ პრესის წარმომადგენლებთანაა, არამედ სხვა ადამიანებთანაც, რა თქმა უნდა, მათი სოციალური სტატუსის გათვალისწინებით. ერთი ამას დამიხედეთ! როგორი სნობი ყოფილა! რა უცებ აღმართა კედელი თავის თავსა და «დაბალ ღობეს» შორის! ცხოვრებაში არ დაუშვებს ალბათ, ძიძასთან თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბროს. ამას იკადრებს? უკაცრავად!

ძალიან გავბრაზდი.

_ დროა, საქმეს მივხედოთ, _ უეცრად შეცვალა საუბრის თემა ანდრონიკაშვილმა, _ თქვენი ოთახი იქ არის, _ და ხელი მარცხნივ, კედელში ჩაშენებული კარისკენ გაიშვირა, _ ვუთხრა ანდროს, რომ თქვენი ნივთები შემოიტანოს?

ამ სიტყვებზე დამცეცხლა. გამოდის, ძიძამ ამ სახლში უნდა იცხოვროს? მაგრამ მე რომ თან არაფერი წამომიღია? ეს რომ გაიგოს, მაშინვე ეჭვი გაუჩნდება. რაღაც უნდა მოვიფიქრო! გონება მსწრაფლ ამუშავდა, რამდენიმე წამი და პასუხი მზად მქონდა.

_ არა, გმადლობთ, მე თვითონ მივხედავ მაგ საქმეს, _ სწრაფად წარმოვთქვი, თან გული გამალებით მიცემდა.

საინტერესოა, დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი? ნამდვილი ძიძა სად არის? ის რომ გამოჩნდება, რა უნდა ვქნა? როგორ მოვიქცე?

_ როგორც გნებავთ, _ კახიმ მაჯის საათს დახედა, _ მიხედეთ ნუკის და როცა დააძინებთ, ჩემთან შემოდით კაბინეტში. დაახლოებით ათ წუთში გელოდებით! _ მისი სიტყვები ბრძანებას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას, _ კაბინეტი პირველ სართულზეა, კიბის გვერდით.

_ მაგრამ არ ვიცი, ათ წუთში შევძლებ თუ არა მის დაძინებას, _ შევეპასუხე.

_ ეცადეთ, ქეთი, ძალიან ეცადეთ! არ მიყვარს, როცა მალოდინებენ! _ ქედმაღლურად მესროლა და კარისკენ გაემართა.

გავიდა თუ არა, ძალაგამოცლილი სკამზე ჩამოვჯექი, მუხლები საშინლად მიკანკალებდა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ნამდვილი ძიძა წუთი-წუთზე გამოჩნდება… მერე რა მეშველება? რით ვიმართლო თავი?..

8 8 8

არ იცით, როგორი სისწრაფით ვმუშაობდი. გული ამოვარდნაზე მქონდა. ჯერ ბავშვს გადავუღე ფოტოები, მერე მის საწოლს, სათამაშოებს, ოთახს… არ მინდოდა, რამე გამომრჩენოდა. ახლა ყველა წვრილმანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემი წარმატება ამ ფოტოებზე იყო დამოკიდებული.

გარედან რაღაც ხმაური შემომესმა. მაშინვე დავმალე ფოტოაპარატი და კარადასთან გავშეშდი. ოთახში ანდრო შემოვიდა.

_ რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ, ქალბატონო? _ მკითხა მან, როცა შეამჩნია, რომ გამოღებულ კარადასთან გაქვავებული ვიდექი.

_ არა, უბრალოდ, აქაურობას ვეცნობი… სად რა არის, როგორ… მინდა, დროზე შევეჩვიო ყველაფერს, _ ოდნავ აღელვებული ტონით ვუპასუხე.

_ ბატონ კახის თქვენთან დალაპარაკება სურს, კაბინეტში გელოდებათ. ნუკის მე მივხედავ ცოტა ხნით, _ ამ სიტყვებით ანდრო კართან მდგარ სკამზე დაჯდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარებინა და ჩაახველა.

_ ბატონი კახი, როგორც ჩანს, ძალიან ზრუნავს ბავშვზე, _ შემპარავად დავიწყე, _ კარადა სავსეა ტანსაცმლით. ეს ყველაფერი როდის იყიდა, როცა ავარია მოხდა, თუ მაშინ, როცა ბავშვი დაიბადა?

ხანშიშესულმა მნემ პასუხი არ გამცა, რამაც ძალიან გამაკვირვა. მივუახლოვდი მამაკაცს და კითხვით სავსე მზერა ვესროლე.

_ არ ვიცი, ქალბატონო, ვერაფერს გეტყვით, _ ხმადაბლა ჩაიბურტყუნა ბოლოს.

ვერ მეტყვი, თუ არ მეტყვი? _ გვაიფიქრე გაღიზიანებულმა და ჩემთვის განკუთვნილი საძინებლის კარს მივუახლოვდი. როგორც ჩანს, ეს მოხუციც კარგად ჰყავს გაწვრთნილი პატრონს, იცის, კითხვებს როგორი პასუხი უნდა გასცეს. ნეტავ კიდევ ცხოვრობს ამ სახლში ვინმე? ყველას ასე მბრძანებლურად ექცევა? ყველას ზემოდან დაჰყურებს? რა კარგია?! მაგას თუ ჰგონია, მეც ასე დამიბრიყვებს, შემცდარა!

_ თქვენ გარდა, კიდევ რამდენი მოსამსახურეა აქ? _ ვკითხე და კარი გამოვაღე.

გაოცებისგან თვალები დავაჭყიტე. საძინებელი ისეთი ლამაზი იყო, პირი ღია დამრჩა. ორადგილიან საწოლს ფირუზისფერი აბრეშუმის გადასაფარებელი ამშვენებდა, ყვავილებით მოქარგული. იატაკზე თეთრი ფერის ნოხი ეგო, რაც სხვაგან არსად მინახავს. ოთახს ინგლისური სტილის ფანჯრები ჰქონდა. სამგანყოფილებიანი კარადა, სარკე და ორი ტუმბოც თეთრი ხისგან იყო დამზადებული. იქვე, კარადის გვერდზე, თეთრად შეღებილი კარი მოჩანდა, რომელიც სააბაზანოში გადიოდა. ერთი სული მქონდა, იქაც შემეხედა, მაგრამ თავი შევიკავე.

_ არა, არავინ, მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვარ, ჯერჯერობით, _ მომწვდა ანდროს ხმა.

_ როგორც ჩანს, ბატონი კახი თავის მოსამსახურეებს ფუფუნებაში აცხოვრებს, _ გაოგნებულმა ჩავილაპარაკე.

_ ეს სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახია და არა მოსამსახურის, _ შემისწორა მამაკაცმა.

_ გასაგებია, _ გამოვტრიალდი და თავაზიანი, მაგრამ ფრთხილი ღიმილით მივაჩერდი მნეს.

_ ჯული აქ ათევს ღამეს, როცა სტუმრად ჩამოდის?

ანდრომ უჩვეულო მზერა მესროლა.

_ ვერ გეტყვით, ქალბატონო. სახლი დიდია, _ თქვა და ჩემს დასანახავად საათს დახედა, _ აჯობებს, არ ალოდინოთ ბატონ კახის.

_ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ცოტათი მოვწესრიგდები, _ ვთქვი და ჩემს საძინებელში გავედი, თან მჭიდროდ მოვიხურე კარი, რომ რამდენიმე ფოტო აქაც გადამეღო. თავის უკეთ შესანიღბავად ჯერ სააბაზანოში შევედი, ონკანი მოვუშვი, რომ წყლის ჩხრიალს ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა დაეხშო. სურათების გადაღება სხვ დროსაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ვჩქარობდი, არავინ იცოდა, რაწამს შეიცვლებოდა სიტუაცია. არ იყო გამორიცხული, ნამდვილი ძიძა მალევე გამოჩენილიყო, რაც ჩემს გეგმებს საბოლოოდ ჩაფუშავდა. ყოველი შემთხვევისთვის, რაღაც მაინც მექნება, რომ მამუკას მივუტანო. ბოლოს და ბოლოს, რეპორტაჟის სტილში დავწერ. არ გამოვა ურიგო სტატია. სასწრაფოდ გადავიღე რამდენიმე სურათი, ფოტოაპარატი ჩანთაში შევინახე და ონკანიც გადავკეტე.

ახლაღა დავაკვირდი სააბაზანოს. აქაც თეთრი ფერი ჭარბობდა. ფართობი პატარა იყო, მაგრამ კოხტად მოწყობილი. თეთრჩარჩოიან სარკეში საკუთარ თავს შევავლე თვალი. აუ, როგორ გამწეწვია თმა! ნუკის სულ დაუშლია ჩემი ვარცხნილობა! გამეღიმა, თმა ჩამოვიშალე, ხელახლა დავივარცხნე და კეფაზე დავიგრაგნე, ასე უფრო თავისუფლად ვიგრძნობ თავს და კახი ანდრონიკაშვილსაც უკეთ გავუმკლავდები, _ ნიშნის მოგებით გავუღიმე ჩემს ორეულს და მხრების თამაშით გამოვედი სააბაზანოდან.

ანდრო იმავე პოზაში დამხვდა, რომელშიც დავტოვე. ჩემს დანახვაზე თავი ასწია მხოლოდ და უმეტყველო თვალებით შემომხედა.

_ მას არ უყვარს, როცა იგვიანებენ, _ შემახსენა მნემ.

_ ვიცი, მაგრამ არც მე მიყვარს, როცა მაჩქარებენ, _ კეკლუცად გავიღიმე და ბავშვს დავხედე.

ნუკის უკვე ეძინა. ორივე ხელი მაღლა აეშვირა, თითები მოემუშტა და ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა. ისეთი ლამაზი, გაბანტული ტუჩები ჰქონდა, თვალი ვერ მოვწყვიტე. მართლა როგორ ჰგავს დედას! ალი-კვალი ჯულია!

_ იმედია, მალე დავბრუნდები, ბატონო ანდრო! _ თავაზიანად მივმართე მნეს და მასპინძელთან შესახვედრად გავეშურე.

პირველ სართულზე ჩასულმა კაბინეტს ადვილად მივაგენი, მართლა იქვე იყო, კიბის გვერდით. ის იყო, კარს მივუახლოვდი, რომ კახის ხმა მომესმა, ვიღაცას გაღიზიანებული ელაპარაკებოდა ტელეფონზე. სუნთქვა შემეკრა, სააგენტოში ხომ არ დარეკა და სიმართლე ხომ რ გაიგო? ამის გაფიქრებაზე თვალთ დამიბნელდა.

888

კაბინეტის კარი შეღებული დამხვდა. სანამ ანდრონიკაშვილი ტელეფონზე საუბრობდა, დრო ვიხელთე და ოთახის დათვალიერება პროფესიონალური ინტერესით დავიწყე, ნებისმიერი წვრილმანი დეტალის დამახსოვრებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

_ მაგრამ გუშინ თქვენ მარწმუნებდით, რომ ყველაფერს დროულად მოაგვარებდით, _ განრისხებული ლაპარაკობდა კახი.

იქაურობა ძალიან ლამაზი იყო: წიგნის თაროები მთელ კედელს ფარავდა, ხოლო მინის კარიდან, რომელიც აივანზე გადიოდა, ნამდვილი ზაფხულის ბაღი მოჩანდა, ყვავილებით დაფარული, რომელსაც ღამის ვარდისფერი ნათურა მკვეთრ ფერებს ჰმატებდა. ჩემი ახალი ბოსი უზარმაზარ საწერ მაგიდასთან იჯდა. იქვე მეორე, შედარებით მომცრო მაგიდაზე, კომპიუტერი, ფაქსის აპარატი და ყავის მადუღარა იდგა.

კახიმ გვიან შემამჩნია, თავდახრილი თმაზე ისვამდა ხელს და ვიღაცას გულმოდგინედ უსმენდა ტელეფონში.

_ მე ასე არ მაწყობს! სოლიდურ თანხას იმიტომ გიხდით, რომ… თქვენ კი იმედი… _ მან წინადადება ვერ დაამთავრა, რადგან თვალები ასწია და დამინახა.

მისი დაჟინებული მზერა ნამდვილი მამაკაცური ინტერესით მათვალიერებდა თმის ძირიდან ფეხის ფრჩხილებამდე. ამან საშინლად შემაცბუნა, ხელებს ადგილი ვერ მოვუძებნე.

_ კარგი, _ მოულოდნელად ხმა დაურბილდა ანდრონიკაშვილს, _ გასაგებია… ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. კიდევ დაგირეკავთ, _ ამ სიტყვებით ყურმილი ბერკეტზე დაახეთქა, _ თქვენ კი რაღაც სხვანაირი ხართ, _ უეცრად წარბებაწეული დამაშტერდა.

_ სხვანაირი? _ ბროწეულის ყვავილებივით იფეთქა სიწითლემ ჩემს ღაწვებზე.

_ თქვენი თმა, _ საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა, _ თმა ჩამოგიშლიათ… _ ეს ფრაზა ისე წარმოთქვა, თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდა.

_ ა! ჰო! _ მექანიკურად შევეხე თმას და ყურზე გადავიწიე, _ ბავშვს ვეთამაშებოდი, მან კი ისე ამიბურდა ვარცხნილობა, ვერაფერი მოვუხერხე, ამიტომაც გაშლა ვამჯობინე, _ თავი ვიმართლე.

კახიმ თავი ოდნავ დააქნია და მბრძანებლური ჟესტით სავარძელზე მიმანიშნა. კიდევ კარგი, დავჯექი, თორემ მუხლები ისე მიკანკალებდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომაცალესო. რამდენიმე ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრებული მისჩერებოდა ჩემს გარუჯულ კანს, შემდეგ მზერა თმაზე გადაიტანა, იქიდან კი ჩემი თეთრი კაბის ღრმა ჭრილზე, რომლიდანაც არცთუ ურიგო მკერდი მომიჩანდა.

_ ესე იგი, _ მშრალად თქვა, _ თქვენ ხართ არაჩვეულებრივად გამორჩეული ძიძა, არა?

_ მე… ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში… მგონი, ცუდად არ გამომდის. უფრო სწორად, აქამდე არ გამომდიოდა და ვნახოთ, _ შევეცადე, დაძაბულობის გარეშე მელაპარაკა.

_ კომპიუტერზე ბეჭდვა თუ გეხერხებათ? _ ჩემს სიტყვებზე ყურადღება არ გაუმახვილებია, ისე გადავიდა მეორე საკითხზე.

_ რა თქმა უნდა, _ ვთქვი და მზერა ავარიდე. მეხერხება კი არა, რაც თავი მახსოვს, სულ ვბეჭდავ, ოპერატორი არასდროს შემიწუხებია მასალების აკრეფვით, მერე თავადვე ვასწორებ და ასე, ბოლომდე გასუფთავებული მიდის ხოლმე რედაქტორთან. ეს რომ იცოდეს…

_ ძალიან კარგი, _ გაეღიმა კახის, მე კი მისმა ღიმილმა მაჯისცემა გამიხშირა, _ ალბათ მიხვდით, ვისაც ველაპარაკებოდი ტელეფონზე. მდივან-მემანქანე მჭირდებოდა და დახმარება ვერ აღმომიჩინეს. არადა, ახალი რომანი უკვე დავამთავრე, დროზე თუ არ ჩავაბარე გამომცემლობას, ძალიან დამიგვიანდება.

_ ხელით წერთ ხოლმე? _ ცოტა არ იყოს, გამიკვირდა.

_ არა, პირდაპირ კომპიუტერში ვწერ, მაგრამ მერე ვბეჭდავ და ქაღალდზე ვკითხულობ. უბრალოდ, ჩასასწორებელია, მეტი არაფერი, თუმცა, არც ისე ცოტა შეცდომა იპოვეს კორექტორებმა. ხომ იცით, ყველას სურს თავის გამოჩენა. მეც მქონდა შენიშვნები და ეს ყველაფერი ერთმანეთს მიემატა.

_ არ არის პრობლემა, ყველაფერს გავაკეთებ, _ თავდაჯერებით ვუპასუხე, რადგან ვიცოდი, არ დავაღალატებდი. ასეთ სამუშაოს მიჩვეული ვიყავი.

_ ეს მომწონს. მოდით, ახლა მეტი ყურადღებით გადავხედოთ თქვენს სარეკომენდაციო წერილს. ისე, ყოველი შემთხვევისთვის, რა თქმა უნდა.

ახლა კი ჰოოო!.. გული ისე ძალუმად ამიძგერდა, უნებლიეთ ხელი დავიდე მკერდზე, მისი ფეთქვა მამაკაცმა არ შეამჩნიოს-მეთქი. აი, სად დამერხა! აი, სად გავიყიდე! რით ვიმართლო თავი? რა ვუთხრა, არ წამომიღია-მეთქი? დამიჯერებს? ის იყო, ბოდიშის მოხდას ვაპირებდი ჩემი «დაუდევრობის» გამო, რომ კახი დაიხარა და მაგიდის უჯრაში რაღაცის ქექვა დაიწყო.

_ მართალია, გუშინ იგი მე ფაქსით გამომიგზავნეს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვნახე დრო, წამეკითხა. უბრალოდ, ზერელედ გადავავლე თვალი და ეგ იყო.

ერთიანად მოკუნტული, ფართოდ გახელილი თვალებით მივჩერებოდი მამაკაცს, როცა უჯრიდან სქელი საქაღალდე ამოიღო და წინ დაიდო.

_ სააგენტომ ბრწყინვალედ დაგახასიათათ, _ თქვა მან და შემომხედა.

_ მართლა? _ ამის გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა, დაკვირვებული ადამიანი ხმაზეც შემატყობდა, როგორ შევშინდი. რა თქმა უნდა, მშვენივრად ვხვდებოდი, რომ თუკი იგი სარეკომენდაციო წერილს ყურადღებით წაიკითხავდა, მაშინვე მიხვდებოდა, რა თვითმარქვიაც ვიყავი.

უხერხულად ჩავახველე და ავწრიალდი.

_ უკაცრავად, თუ შეიძლება, წყალი მინდა.

_ ყავას ხომ არ ინებებდით?

_ თუ არ შეწუხდებით…

_ როგორი ყავა გნებავთ? შავი გიყვართ? სხვა მაინც არ მაქვს, _ თქვა მან, წამოდგა და მადუღარა ჩართო.

პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ შემოსასვლელში ზარის ხმა გაისმა.

_ უკაცრავად, მგონი, ვიღაც მოვიდა, _ მომიბოდიშა კახიმ და წამოდგა, _ წავალ, ვნახავ, ვინ გვეწვია.

_ დიახ, რა თქმა უნდა, _ ძლივს გასაგონი ხმით წარმოვთქვი და კიდევ უფრო მოვიკუნტე.

სისხლმა შხუილით დაიარა ძარღვები. როგორც ჩანს, ნამდვილი ძიძა მოვიდა. აბა, სხვას რას ველოდი? დადგა ჩემი აღსასრულის ჟამი. მოდი და აუხსენი ახლა ამ კაცს, რატომ მოვიქეცი ასე. ბუნებრივია, ვიცოდი, რომ ეს სპექტაკლი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. რისთვის გამოვიდე თავი? ოხ, მამუკა, მამუკა! ამ კაცს თუ გადავურჩი, მერე შენ ვეღარ გადამირჩები!

როგორც კი ანდრონიკაშვილი გავიდა, მაშინვე მის საქაღალდეს ვეცი, რომ მენახა, საიდან იყო გამოგზავნილი სარეკომენდაციო წერილი. თბილისიდან! სააგენტო «ელიტური გადიები». ნუთუ ასეთი სახელწოდების რამეებიც არსებობს თბილისში? რას არ მოიფიქრებენ ქართველები! ამ გაწამაწიაში ვიყავი, რომ მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. ისეთი საშინელი ხმა ჰქონდა აპარატს, გული კიდევ უფრო შემიქანდა. ამას ისიც დაერთო, რომ უკვე აშიშინებული მადუღარა გამოირთო და მისი კნოპი გაწკაპუნდა. კიდევ ერთხელ შემიქანდა გული.

ტელეფონი კვლავ აგრძელებდა რეკვას. ვიფიქრე, არ ავიღებ-მეთქი, მაგრამ არა და არ წყდებოდა გულისგამაწვრილებელი ხმა. რა უნდა მექნა? იძულებული გავხდი, მეპასუხა.

_ გისმენთ, _ ენერგიული ხმით ჩავძახე ყურმილში.

ქალის მელოდიურმა ხმამ ბატონი კახი ანდრონიკაშვილი იკითხა.

_ სამწუხაროდ, ამწუთას შინ არ გახლავთ, _ თავაზიანად ვუპასუხე, _ ხომ არ გადავცე რამე?

_ ვის ვესაუბრები? _ საქმიანი დაიჭირა ვიღაცამ ყურმილის მეორე ბოლოში.

_ მე მდივანი გახლავართ, _ დაუფიქრებლად წარმოვთქვი, თუმცა მთლად ტყუილიც არ მითქვამს, მან ხომ ახლახან შემომთავაზა ეს თანამდებობა, _ თუ რამეს დამიბარებთ, როცა მოვა, მოვახსენებ.

წამიერი ყოყმანის შემდეგ ქალი ალაპარაკდა.

_ სასიამოვნოა, გოგონი. მე სააგენტო «ელიტური გადიებიდან» გირეკავთ, მარი კირვალიძე გახლავართ. სამწუხაროდ, ძიძა, რომელსაც შეგპირდით, დღეს ჩამოსვლას ვერ შეძლებს. მოგეხსენებათ, თბილისში ოპოზიციის გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეებმა წუხელ რკინიგზის ხაზი გადაკეტეს და მატარებლების მოძრაობა დროებით შეწყდა.

ამის გაგონებაზე შვებით ამოვისუნთქე. აგაშენოს ღმერთმა! ხანდახან გაფიცვასაც მოაქვს თურმე რაღაც დადებითი. ახლა კი ვირწმუნე, რომ მთლად უიღბლოც არ ვყოფილვარ!

_ ჩვენ კი ძალიან შევშფოთდით, რომ არავინ მოვიდა, _ საქმიანი კილოთი ვუპასუხე, _ გვეგონა, არასერიოზულად მიუდექით ჩვენს პრობლემას, _ ვითომ უკმაყოფილო დავრჩი, თან თვალებს არ ვაშორებდი კარს, კახი ყოველ წამს შეიძლებოდა შემოსულიყო.

_ ვიცით, რომ თქვენც გამოუვალ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში. დამერწმუნეთ, ჩვენი სააგენტო სერიოზული ორგანიზაციაა, არ გვჩვევია კლიენტების დაღალატება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. აქ ისეთი რამეები ხდება, მტრისას! ვშიშობ, რომ ჯერჯერობით ვერაფერს გავაწყობთ. სამარშრუტო ტაქსით გამოვუშვებდით, მაგრამ ტრასებიც გადაკეტილია, სამწუხაროდ. ასე რომ, სავარაუდოდ, ორშაბათამდე მოგიწევთ ლოდინი. იმედია, იქამდე ყველაფერი მოგვარდება.

_ რას ამბობთ, მართლა? _ სიხარული უფრო გაისმა ჩემს ხმაში, ვიდრე წუხილი, _ ეგ ვერ არის კარგი ამბავი.

_ თუკი თქვენ გაქვთ საშუალება, ადგილზე იპოვოთ ვინმე, პრობლემა არ არის, კონტრაქტს გავაუქმებთ.

_ არა, არა, არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. მე დაველაპარაკები ბატონ კახის და აუცილებლად შეგატყობინებთ, თუკი გადავიფიქრებთ.

_ დიდი მადლობა, გენაცვალე, _ დამტკბარი ხმით მიპასუხა ქალმა და დამემშვიდობა.

ყურმილის დაკიდება ვერ მოვასწარი, რომ კარი გაიღო და ჩემი ბოსი შემოვიდა.

_ რას აკეთებთ? _ კოპებშეკრულმა მკითხა.

_ თქვენს არყოფნაში ტელეფონმა დარეკა. ხომ მითხარით, მდივანი არ მყავსო, ამიტომაც თავს უფლება მივეცი და ვუპასუხე.

_ ეგ არ უნდა გექნათ.

_ მაპატიეთ… მე მხოლოდ თქვენი დახმარება მინდოდა.

_ ვინ იყო? _ ანდრონიკაშვილი მაგიდას მიუჯდა და თვალი თვალში გამიყარა.

მისი მშვიდი, მაგრამ დაჟინებული მზერა, რომელიც თითქოს სულის სიღრმეში ატანდა, საშიშროების მოახლოებას მიმანიშნებდა.

_ ისა… ვიღაც ქალი იყო, მაგრამ სახელი არ უთქვამს…

_ რას ჰქვია, არ უთქვამს! _ გაღიზიანდა მწერალი.

_ ნუ-უ…

_ საავადმყოფოდან ხომ არ დარეკეს? _ მამაკაცი წინ გადმოიხარა და გამომცდელად დამაშტერდა.

ახლა კი მივხვდი, რატომაც გაღიზიანდა. იგი ჯულიზე ნერვიულობდა. ალბათ ეკლებზე ზის, სანამ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება-გაუარესების ამბავს შეატყობინებენ.

_ არა, არა, _ სწრაფად ვუპასუხე, _ მგონი, რომელიღაც კორესპონდენტი იყო. რაღაც უცნაურ კითხვებს მისვამდა. თქვენთან პატარა ბავშვი ხომ არ იმყოფება და მისი მამა ნამდვილად ანდრონიკაშვილია თუ არაო.

_ და რა უპასუხეთ? _ მამაკაცმა თვალებით ლამის გამხვრიტა.

_ არაფერი, _ დამფრთხალმა მზერა ავარიდე, _ რამე უნდა მეპასუხა?

_ უნდა გეთქვათ, რომ სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას მოეშვან და თუ ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი დაბეჭდავენ თავიანთ უნიჭო გამოცემებში, სასამართლოში ვუჩივლებ! როგორ ვერ ვიტან ამ ჟურნალისტებს! რა ჩვევა აქვთ პირდაპირ! აუცილებლად ყველაფერი უნდა გაქექონ!

აჰა! რა კულტურულად გამომლანძღა! რომ იცოდეს, როგორ შემოიპარა მის სახლში ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი, ერთ-ერთი ეგეთი «უნიჭო» გამოცემიდან, სასამართლოში ჩივილი მერე უნდა გენახათ! ციმბირი უკან დამრჩებოდა ალბათ!

ოჰოჰოჰო! პირველივე დანახვაზე მივხვდი, რა პრინციპულ ადამიანთანაც მქონდა საქმე. დარწმუნებული ვიყავი, რასაც იმუქრებოდა, გააკეთებდა კიდეც! ის დროა, ავიკრა გუდა-ნაბადი და მშვიდობიანად გავეცალო აქაურობას, თუკი ჯერ კიდევ შემრჩენია საღად აზროვნების უნარი, თორემ ეს ამბავი ისეთი დრამით დამთავრდებაააა! ცრემლებით…. ჩემი ცრემლებიიიით!

_ მაპატიეთ, _ კახი სკამის საზურგეზე გადაწვა, ხელები თავზე შემოიდო და უეცრად გაიღიმა, _ ტყუილუბრალოდ გაგრიეთ ამ საქმეში, თქვენ არაფერ შუაში ხართ.

_ პირიქით… ეს მე უნდა მოგიბოდიშოთ. არ უნდა მივსულიყავი ტელეფონთან… არ უნდა მეპასუხა, ეს არ იყო ჩემი საქმე.

_ არა უშავს, _ მან კვლავ გაიღიმა. ღიმილი საოცრად ცვლიდა მის ერთი შეხედვით პირქუშ სახეს, _ ჩვენ სად შევჩერდით?

_ ყავა უნდა დაგესხათ ჩემთვის, _ შევახსენე.

თავში საშინელი აზრები მიტრიალებდა. ამწუთას ყავის დარდი სულაც არ მქონდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, უმტკივნეულოდ როგორ გამეღწია აქედან. გავიპარო, თუ რამე მოვიმიზეზო გარეთ გასასვლელად? როგორ ჯობია? არა, ასე დაძაბული დიდხანს ვერ გავძლებ. არადა, ჩემი ტყუილი რომ გასკდეს, ნამდვილად არ დამადგება კარგი დღე!

მამაკაცი წამოდგა, მომცრო კარადიდან ორი ფინჯანი გამოიღო, ყავა ჩამოასხა და ერთი ფინჯანი მე გადმომაწოდა.

_ მე უშაქროს ვსვამ, თქვენ?

_ მეც, _ დაუფიქრებლად ვუპასუხე, თუმცა მოვიტყუე. უშაქრო ყავას კი არა, შხამს დავლევდი, ოღონდ რაც შეიძლება მალე გავსულიყავი ამ კაბინეტიდან.

ორივე ხელი გავიწვდინე მამაკაცისკენ, თან ისე გავაკეთე, თითქოს მოუხერხებლად დავიკავე ცხელი ფაიფურის ფინჯანი და მთელი ყავა მაგიდაზე დავღვარე. ერთიანად მოვწუწე იქაურობა.

_ ვაიმე, ეს რა ვქენი! _ წამოვიყვირე, _ მაპატიეთ, არ მინდოდა…

_ არა უშავს, ხდება ხოლმე, _ მშვიდად თქვა მამაკაცმა, უჯრიდან ქაღალდის ხელსახოცები გამოიღო და შავი ლაქის ამშრალებას შეუდგა.

_ თუ შეიძლება, დაგეხმარებით, _ დამნაშავესავით საწყალობელი მზერით ავხედე მწერალს და… ძალიან ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან…

ახლაღა შევამჩნიე, რომ ძალიან ხშირი და აპრეხილი წამწამები ჰქონია, ხოლო სახე ისე ლამაზად ჰქონდა გარუჯული, მეც კი შემშურდა. კიდევ… კიდევ ოდნავ შესამჩნევი, მაგრამ საოცარი სურნელი ვიგრძენი… სრულიად უცნობი, მაგრამ აშკარად ძვირად ღირებული სუნამოს არომატი. ეს ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც მისი სუნთქვა, რომელიც სახეში მცემდა და ვიგრძენი, როგორ შევტორტმანდი რეტდასხმული. ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.

მამაკაცს გამომეტყველება არ შეცვლია. უკმაყოფილოდ ჩაიღიმა და სისველისგან გაშავებული ხელსახოცი კუთხისკენ მოიქნია, სადაც სანაგვე ყუთი იდგა.

_ კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და სავარძელზე მოწყვეტით დავეხეთქე.

_ იმედია, ყოველთვის ასეთი მოუხერხებელი არ ხართ, ქეთი… _ შემპარავად მიმანიშნა ბოსმა.

_ ამას მოუქნელობა უფრო ჰქვია, ბტონო კახი, ვიდრე მოუხერხებლობა. ბოდიშს გიხდით. არა, ნამდვილად არ ვარ ასეთი, ეს ისე შემთხვევით მოხდა, რომ… _ ახლა მე გავღიზიანდი. ბრაზი მომდიოდა ჩემს თავზე, რა საზიზღრობაა, ამდენი ტყუილის თქმა რომ მიწევს! არადა, შეჩერებაც რომ არ შემიძლია?! რა ვქნა, პროფესია მაქვს ასეთი. ჩემში ჯიუტი ჟურნალისტური სული მძვინვარებს და სწორედ ეს მაიძულებს, რადგან აქამდე მოვაღწიე, კარგი სტატიის გარეშე არ წავიდე აქედან!

_ იცით? მე გავალ… ბავშვს მივხედავ, თუ ნებას დამრთავთ…

_ ნუ გეშინიათ, ყავა კიდევ მაქვს, ხელახლა დაგისხამთ, არც ისეთი ღარიბი ვარ, _ უწყინარი ხმით მითხრა ანდრონიკაშვილმა და ჩვეული ღიმილი მესროლა.

_ დიდი მადლობა, მაგრამ უკვე აღარ მინდა. აჯობებს, წავიდე… _ ვთქვი და წამოვდექი.

_ ადგილზე დარჩით! _ მოულოდნელად ისეთი მბრძანებლური ტონით მომმართა, ჟრჟოლამ ამიტანა და კვლავ დავჯექი.

მან რამდენიმე ყლუპი მოსვა, თუმცა ჩემთვის მეორედ აღარ შემოუთავაზებია სასმელი. ალბათ შეეშინდა, ისტორია კვლავ არ განმეორებულიყო. ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე სუფთა ფურცელი აიღო, წინ დაიდო და კალამს გადაწვდა. მეგონა, რაღაცის დაწერას აპირებდა, მაგრამ შევცდი. იგი მონოტონურად აკაკუნებდა კალამს მაგიდაზე და მოღუშული რაღაცაზე ფიქრობდა.

_ იძულებული ვარ, შეგახსენოთ, _ ცივი ხმით დაიწყო ბოლოს, _ რომ მე ძალიან მომთხოვნი ვარ. სწორედ ამიტომაც მივმართე თქვენს სააგენტოს და არა სხვას.

_ რა თქმა უნდა, _ ვცდილობდი, ჩემს ნათქვამში ირონია არ ჩამექსოვა, არადა, რა სიამოვნებით ავკისკისდებოდი ახლა!

_ მე ვთხოვე თქვენს უფროსს, ქალბატონ მედეას, რომ საუკეთესო ძიძა გამოეგზავნა ჩემთვის. ვიმედოვნებ, მათ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა. სხვათა შორის, ისიც მითხრეს თქვენზე, პროფესიონალი მზარეულია, არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებსო. მართალია? _ იმავე ტონით დაასრულა კახიმ.

აუუუ! არ იცით, როგორ ძალიან ვეცადე, არ გავფითრებულიყავი! ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია, კვერცხიც კი არ მომიხარშავს არასდროს! აი, ახლა უკვე ვიჭედებიიი! ისე გამზარდა დედაჩემმა, ხელი არ გამიქნევია. საჭმელიც კი ლოგინში მოჰქონდა, ოღონდ ისწავლე და შენი გაკეთებული არაფერი მინდაო. ამ ბოლო ხანებში კი ვსაყვედურობდი ხშირად, რატომ არ მასწავლე კერძების მომზადება, ვერ ხედავ, არაფერი რომ არ მეხერხება, ასეთს ცოლად ვინ წამიყვანს-მეთქი. ის კი ღიმილით მპასუხობს, როცა დაგჭირდება, შენით ისწავლი ყველაფრის გაკეთებასო.

_ ხომ არ ვცდები, ხომ მართლა მედეა ჰქვია თქვენს უფროსს? _ რატომღაც, მომეჩვენა, რომ მამაკაცი შეგნებულად ჩამეძია.

წამიერად გავიაზრე, როგორი პასუხის გაცემა აჯობებდა და თამამად შევხედე.

_ პირადად მე მხოლოდ მარი კირვალიძესთან მქონდა შეხება, _ ვუპასუხე და კმაყოფილიც დავრჩი. ამჯერადაც არ მომიტყუებია, რადგან რამდენიმე წუთის წინ სწორედ ვინმე მარის ველაპარაკე «ელიტური გადიებიდან» და მისი გვარ-სახელი კარგად დამამახსოვრდა.

_ ჰო, ახლა მეც გამახსენდა. როცა პირველად დავრეკე, სწორედ მარი კირვალიძემ გამცა პასუხი. ავუხსენი, ისეთი ადამიანი მჭირდება, ვინც არამარტო ბავშვს მოუვლის, არამედ სახლსაც დაალაგებს, სადილს გააკეთებს, გარეცხავს, დააუთოებს და ასე შემდეგ-მეთქი, _ კახიმ ბოლო ყლუპი მოსვა და ფინჯანი განზე გასწია, _ და რადგან გადავწყვიტე, რომ თავისუფალ დროს მე დამეხმაროთ ტექსტების გასწორებაში, ურიგო არ იქნება, თუკი დღის გრაფიკს შევადგენთ.

რაო, რაოოო?! დალაგება, სადილების მომზადება, გარეცხვა, დაუთოება და ბავშვის მოვლაო? ღმერთო ჩემო! ასეთი მონური შრომა მერი პოპინსსაც კი არ ჰქონდა! ნამდვილი ექსპლუატატორია! მე რა, ყოვლისშემძლე ვარ? ძიძების მოვალეობაში მხოლოდ ბავშვის მოვლა უნდა შედიოდეს და არა მოსამსახურის ფუნქციები. ეს ვინ ყოფილა! ფულში ცურავს და ერთი მოსამსახურე ვერ აუყვანია? რა დღეში ხარ, ქეთიიი!

_ შენიშვნა ხომ არ გაქვთ? _ მამაკაცი კვლავ საზურგეზე გადაწვა და შემომხედა.

_ ა-რააა!

_ მომეჩვენა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდით…

_ მოგეჩვენათ, _ მკვახედ მოვუჭერი და მაშინვე ენაზე ვიკბინე.

მისი ყოველი შემოხედვა მაბნევდა. რაღაც საოცარი მზერა ჰქონდა, იდუმალი, გამოუცნობი და, ამავდროულად, მგრძნობიარე, თითქოს უსიტყვოდ ამბობდა სათქმელს. მისი ჩემდამი დამოკიდებულება ასეთ ტონს ნამდვილად არ იმსახურებდა. გარდა ამისა, თუ მინდოდა, კარგი სტატია გამომსვლოდა, რაღაც დათმობებზე უნდა წავსულმიყავი. ბოლოს და ბოლოს, მართლა ძიძა ხომ არ ვიყავი? არადა, ნამდვილი ექსპლოატატორია! დამაცადოს! ისეთ წერილს გამოვაცხობ, მთელი საქართველო მასზე ალაპარაკდეს!

_ ესე იგი, გამოდის, რომ შევთანხმდით.

_ რამდენს გადამიხდით ამ ყველაფერში? _ დავსვი საჭირბოროტო კითხვა. რა თქმა უნდა, სულაც არ მანაღვლებდა მისგან მიღებული ჰონორარი, მაგრამ ეს თამაში, რატომღაც, სიამოვნებას მანიჭებდა.

მამაკაცი მოიღუშა.

_ კი მაგრამ, განა სააგენტოში არ გითხრეს, რამდენზე მოვილაპარაკეთ? _ კითხვა შემომიბრუნა.

_ მითხრეს, მაგრამ, _ მხები ავიჩეჩე და რაც შეიძლებოდა, უდარდელი ტონით გავაგრძელე, _ მე ხომ დამატებითი სამუშაოც უნდ შევასრულო. მაგალითად, უნდა ვბეჭდო. ამის შესახებ იქ არავის გავუფრთხილებივარ.

კახიმ ცალი წარბი ასწია.

_ ძალიან გულღია და პირდაპირი ხართ, ქეთი. მე კი მომწონს ეს თვისებები, _ თქვა და მცირე ხნით შეყოვნდა, მერე კი გააგრძელა, _ მაშინ მოდით, მე და თქვენ მოვილაპარაკოთ, რა თანხაზე შევთანხმდეთ. ნაწილს, იცით ალბათ, რომ სააგენტო წაიღებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება პირადად თქვენთვის მოსაცემ თანხას, მე თქვენ გადაგიხდით…

და ანრონიკაშვილმა ისეთი თანხა დამისახელა, კინაღამ ვიყვირე. წესით, არ უნდა გამკვირვებოდა, რადგან ადამიანი ჩემგანაც ძალიან ბევრს მოითხოვდა, მაგრამ საქართველოში ვინმეს თუ შეეძლო ძიძისთვის და თუნდაც მოსამსახურისთვის თვეში ათასი ლარის გადახდა, ვერ წარმომედგინა. არა, არა, სულ ტყუილად ვუწოდე ექსპლუატატორი! კეთილსინდისიერი კაცი ყოფილა, რას ვერჩოდი!

_ რას იტყვით, ქეთი, გაკმაყოფილებთ ჩემი შემოთავაზება?

_ მაკმაყოფილებს, _ კვლავ უდარდელი ხმით ვუპასუხე, რათა ჩემი გაოცება დამემალა და გამომივიდა კიდეც.

_ ამდენი ოდესმე ვინმეს გადაუხდია თქვენთვის?

_ გულახდილად რომ გითხრათ, არა. ეს პირველი შემთხვევაა, მაგრამ…

_ ვიცი, ვიცი, რასაც მეტყვით. საქართველოში დაქირავებულს დაფასება არა აქვს, დამქირავებელს კი ფული, არა?

_ პირველ შემთხვევაში მართალი ხართ, ბატონო კახი. ჩვენში ქალის შრომას სათანადოდ არასდროს აფასებენ. რაც შეეხება მეორეს, ვერ დაგეთანხმებით. დამქირავებელს ფული კი აქვს, მისი გაღების სურვილი არა აქვს მხოლოდ.

მამაკაცმა გულიანად გადაიხარხარა.

_ რა მაგარი გოგო ხართ, რომ იცოდეთ! უფრო და უფრო მომწონხართ! _ თავი კმაყოფილმა გადააქნია, _ ჰო, მართლა, პარასკეობით დაისვენებთ, სხვა დღეებში აქ უნდა იყოთ.

_ შესანიშნავია. მაგრამ ამაღამ ვერ დავრჩები, აუცილებელი შეხვედრა მაქვს და… _ გამახსენდა, რომ ცარიელ-ტარიელი ვიყავი მოსული და ჩემს ნივთებზე როგორმე უნდა მეზრუნა.

_ პაემანზე მიგეჩქარებათ? თბილისიან ჩამოსულმა როდის მოახერხეთ ვინმეს გაცნობა?

_ არა, არა, რა პაემანი! _ ხელები გავასავსავე.

მომეჩვენა, რომ ამ მომენტში მამაკაცი ისეთი მრისხანე თვალებით მიყურებდა, მინებსაც კი ჩაამსხვრევდა.

_ ქალბატონო ქეთი! _ უეცრად მკაცრად მომმართა, _ მე ისეთი ადამიანი მჭირდება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ნუკიზე თავდაუზოგავად იზრუნებს. ნამდვილად არ მჭირდება ისეთი ძიძა, რომელიც ყოველ საღამოს იმაზე იოცნებებს, რაც შეიძლება ჩქარა გაიქცეს საყვარელთან პაემანზე.

იმდენად გამაოგნა მისმა სიტყვებმა, საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.

_ საყვარელთან გაიქცეს? _ სიბრაზისგან ხმა ამიკანკალდა, _ როგორ მიბედავთ ასეთ ლაპარაკს. მე… მე თქვენ ვინმეში ხომ არ გეშლებით!

_ გიბედავთ, ქალბატონო ქეთი, გიბედავთ! _ ოფიციალური ტონით შემომიტია, _ ჩემთვის ნუკი მთავარი საზრუნავია. მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ იგი საიმედო ხელშია და რომ მასზე მთელი გულისყურით ზრუნავს ვიღაცა. მოდით, პირდაპირ გეტყვით. ამ საღამოს თქვენ არსადაც არ წახვალთ. თუკი ხვდებით, რომ მთელ თქვენს დროს, სანამ მე მჭირდებით, ბავშვის მოვლას და ჩემს სახლს ვერ დაუთმობთ, ახლავე მითხარით, რათა ტყუილად არ დაგაყოვნოთ. მე კი სხვა მომვლელს ვიშოვი.

_ თქვენც არანაკლებ გულღია და პირდაპირი ყოფილხართ, პატივცემულო კახი, _ თავი ვერ შევიკავე, აშკარა დაცინვა გაისმა ჩემს ხმაში.

_ ესე იგი, ერთმანეთს გავუგეთ, არა?

_ გადასარევად გავუგეთ, _ ირონიულად შევნიშნე.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი, _ მშრალად მიპასუხა ანდრონიკაშვილმა და კვლავ საზურგეზე გადაწვა.

მის მამაკაცურ ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ათამაშდა. და… სწორედ იმწუთას მივხვდი, რომ ეს კაცი რაღაცნაირად მიზიდავდა. მას ისეთი ძლიერი მაგნეტიზმი გააჩნდა, შეუძლებელი იყო, გაქცეოდი. არც მქონდა ამის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობა ცოტათი მძაბავდა, მაინც მსიამოვნებდა, რომ ბედისწერამ სწორედ მას შემახვედრა. ასეთი მამაკაცები იშვიათობაც იყო და… ჩემი სისუსტეც.

_ მაშ ასე, _ მისმა სიტყვებმა რეალურ სამყაროში დამაბრუნა, _ ერთადერთი ისღა რჩება, თქვენი დღის გრაფიკი შევადგინოთ. ამაღამ ნუღარ იზრუნებთ ვახშამზე, ყავა და ბუტერბროდები საკმარისი იქნება. მე ჯერ სამუშაო მაქვს, გვიანობამდე მომიწევს კომპიუტერთან ჯდომა, _ კახი თან ლაპარაკობდა, თან რაღაცას გამალებით წერდა, _ ხვალ კი… ხვალ… ვნახოთ… საუზმეზე კარგი იქნება, თუკი ყავასთან ერთად ფრანგულ სალათას მოამზადებთ. ძალიან მიყვარს ეს კერძი. ვნახოთ, თქვენ როგორ გამოგდით. საუზმე ცხრისთვის მზად უნდა იყოს. სიზუსტე მიყვარს, ვერ ვიტან, როცა რამეს აგვიანებენ. იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით.

_ მე არა, თუკი ნუკიც თანახმა იქნება, _ კეკლუცად შევღიმე ჩემს სიმპათიურ დამქირავებელს, თან იმაზე ფიქრით ვიმტვრევდი თავს, რა ჯანდაბა იყო ეს ფრანგული სალათა, როგორ და რისგან მზადდებოდა იგი.

_ სადილი ორ სააათზე გვექნება. აჯობებს, რამე მსუბუქი მოამზადოთ. შეგიძლიათ გამაკვირვოთ, თუკი თქვენი კულინარიული ფანტაზია ამის საშუალებას გაძლევთ.

«ჰა-ჰა-ჰა… ჩემი მომზადებული სადილი თუ გაგასინჯე, გულძმარვა არ აგცდება, ჩემო კარგო და ამით ნამდვილად რომ გაგაკვირვებ», _ გავიფიქრე ჩემთვის და ჩავახველე.

_ საყიდლებზე როდის უნდა წავიდე? _ ამ კითხვის პასუხი ყველაზე მეტად მაინტერესებდა, იქნებ როგორმე მეხელთა დრო და ცოტა ხნით მაინც შემძლებოდა სახლიდან გასვლა, _ პროდუქტი ხომ უნდა ვიყიდო ბუტერბროდების მოსამზადებლად.

_ მაგაზე არ იდარდოთ. მაგას ანდრო მიხედავს, წავა და ყველაფერს მოიტანს, რასაც დაავალებთ.

_ საერთოდ… მე არ მიყვარს, როცა პროდუქტების მოსატანად სხვები დადიან. ვამჯობინებდი, თვითონ მეყიდა ყველაფერი. კარგი არჩევა ვიცი, მიჩვეული ვარ.

_ ანდროზეც იგივე შემიძლია ვთქვა, _ არ დამითმო კახიმ.

_ როგორც გნებავთ, _ მივხვდი, სხვა გზა არ მქონდა და ფარხმალი დავყარე.

888

როგორღაც უნდა დამეძვრინა თავი ამ სიტუაციიდან.

_ გასაგებია, მაგრამ ხვალ მაინც უნდა გავიდე ქალაქში, ჩემი ნივთები წამოსაღები მაქვს, _ როგორც იქნა, რაღაც მოვიფიქრე.

_ მართლაც და, სად არის თქვენი ბარგი? _ მამაკაცი წინ გადმოიხარა, _ განა ამ დილით არ ჩამოხვედით? სადგურში დატოვეთ?

_ არა… _ დავიბენი, _ მთლად ასე არ არის… იცით?.. _ ვიგრძენი, როგორ გამიხურდა სახე. ტყუილის თქმა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არასდროს გამჭირვებია, ახლა კი არ ვიცი, რა დამემართა. სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა მიზეზი, რატომ ვიყავი ბარგის გარეშე… რა ჯანდაბა მემართება?!

_ გისმენთ, გისმენთ, _ კახიმ გამჭოლი მზერა მესროლა.

_ მე აქ ერთ ოჯახში ვმუშაობდი და პირდაპირ იქიდან მოვდივარ. მათი შვილი სექტემბრიდან უკვე სკოლაში მიდის და ჩემი დახმარება აღარ სჭირდებათ. ამიტომაც ჩემი ნივთები მათთან დავტოვე.

_ როგორ, ზაფხულშიც გიწევთ მუშაობა?

_ ყოველთვის არა, მაგრამ წელს მომიწია.

_ მერედა, რატომ დატოვეთ ბარგი მათთან, რატომ თან არ წამოიღეთ?

_ ვიფიქრე, ჯერ სიტუაციას გადავხედავ-მეთქი… ყოველთვის ასე ვიქცევი, სანამ ახალ ადგილზე მუშაობას დავიწყებ. წინასწარ უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ვამბობ სამუშაოზე. ხომ გესმით… ხანდახან ისე ხდება, ან დამქირავებელს არ მოეწონები, ან პირიქით… ამჯერადაც არ ვუღალატე ჩვეულებას. მით უმეტეს, ვიცოდი, რომ მარტოხელა მამაკაცის სახლში მომიწევდა ცხოვრება, _ ერთი ამოსუნთქვით ჩამოვარაკრაკე და თამამად შევხედე თვალებში.

ანდრონიკაშვილმა ერთხანს დაკვირვებით უყურა ჩემს აჭარხლებულ სახეს, მაგრამ მის ცივ, მაგრამ ლამაზ თვალებში საგანგაშო ვერაფერი წავიკითხე.

_ გასაგებია… შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, ქალბატონო ქეთი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემგან არაფერი გემუქრებათ, _ დამცინავი გაუხდა ტონი.

გგონიათ, მისმა სიტყვებმა დამამშვიდა? პირიქით… რატომღაც, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მამაკაცმა აშკარად მიმანიშნა, რომ მე მის გემოვნებას არ ვაკმაყოფილებდი. ვითომ ჯული მარგველაშვილს არ ვჯობივარ გარეგნულად? სხვა თუ არაფერი, მასზე ბევრად ახალგაზრდაც ვარ. თუნდაც ჩემზე ლამაზი იყოს, ასე უნდა მელაპარაკოს? რატომ მამცირებს? რომელი მახინჯი მე მნახა? ისე ავპილპილდი, თავის შეკავება ძლივს მოვახერხე და შევეცადე, ღიმილით დამეფარა ჩემი გაბრაზება.

_ სასიამოვნოა ამის მოსმენა, _ ზუსტად ისეთი ტონით ვთქვი, როგორითაც წეღან თავად მომმართა და ამით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, _ ნამდვილად არ მსურს, რომ ჩვენ შორის გაუგებრობა წარმოიშვას.

_ გეთანხმებით, ამაში ორი აზრი არ არსებობს, _ მიპასუხა კახიმ და გულგრილად შემათვალიერა, _ არ მიყვარს ჩემს მომსახურე პერსონალთან ფამილარობა. ასეთი რამეები არ მჩვევია.

«არადა, როგორ მიზიდავს ეს კაცი, ნეტავ იცოდეს!» _ გავიფიქრე გულში, ხმამაღლა კი ვთქვი.

_ მივესალმები თქვენს შეხედულებას. ვფიქრობ, შევეგუები აქაურობას.

რაღაც ძალიან ოფიციალური კედელი აღიმართა ჩვენ შორის. ისეთი მაღალფარდოვანი ფრაზებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, თითქოს რომელიღაც ჰოლივუდური მელოდრამის მთავარი მოქმედი გმირები ვყოფილიყავით.

მანაც გაიღიმა და მომეჩვენა, რომ მის მზერაში წამით ეშმაკური ნაპერწკლები გაკრთა. ერთი ამას დამიხედეთ! რადგან ცნობილი მწერალია, ჰგონია, სხვისი დამცირების უფლება აქვს? დამაცადოს! როცა ჩემს სტატიას წაიკითხავს, აი, მაშინ გაიღიმოს ასე, თუ მაგარია! მეეჭვება, ღიმილის ხასიათზე დადგეს. ამის წარმოდგენამ ოდნავ გამამხიარულა კიდეც.

_ ხვალ მეც გავდივარ ქალაქში. ასე რომ, გაგიყვანთ, პრობლემა არ არის, ერთად წავალთ და წამოვალთ, _ მშვიდად გააგრძელა კახიმ.

ამის გაგონებაზე ელდა მეცა. რაში მჭირდება მისი გაცილება? ან როგორ უნდა გამოვიტანო ჩემი ბარგი სასტუმროდან, თუკი გვერდიდან არ მომცილდება?

_ მაგრამ ბავშვი? ნუკისთან ვინ დარჩება? _ წყალწაღებულივით ხავსს მოვეჭიდე.

_ თან წავიყვანთ. რა დიდი გზა ჩვენ გვაქვს გასავლელი? ერთ საათში უკან მოვბრუნდებით. ეს ხომ თბილისი არ არის, ჟურნალისტები ჩაგვისაფრდნენ, ქობულეთია, რა!

_ მაგას ნუ იტყვით. აქაურობა სავსეა თბილისელი დამსვენებლებით, მათ შორის _ ჟურნალისტებითაც, _ ოდნავ ნიშნის მოგებით ვუპასუხე.

_ ეგ არ მადარდებს. ჯერჯერობით, ძალიან ცოტამ თუ იცის ჩემი აქ ყოფნის შესახებ, _ თქვა კახიმ და მაჯის საათზე დაიხედა, _ ახლა კი, დროა, ცოტა წავიმუშავო, თუკი წინააღმდეგი არ იქნებით. შეგიძლიათ ვახშმად რამე მომიმზადოთ? ძალიან მომშივდა, თან გვიანობამდე მომიწევს ჯდომა.

მივხვდი, რომ ბოსთან აუდიენცია ამით დასრულდა, ამიტომ თავი უსიტყვოდ დავუქნიე და კაბინეტი ანერვიულებულმა დავტოვე.

8 8 8

როგორც კი დერეფანში გამოვედი, ანდრო შევამჩნიე, რომელსაც ნუკი ხელში აეტატებინა და კიბეზე ჩამოდიოდა.

_ მგონი, პატარას ჭამა უწევს, ქალბატონო, _ შემახსენა მნემ.

_ რა თქმა უნდა, ახლავე მივხედავ, _ ვუპასუხე და ბავშვს დავხედე.

ჩემს დანახვაზე ნუკი აჭყლოპინდა, პაწაწინა ხელების ქნევა დაიწყო და გამიღიმა. ორივე ლოყაზე საყვარლად დააჯდა ფოსოები. ღმერთო, რა სასწაული ბავშვია! ნეტავ, ასე ძალიან რატომ მოვეწონე?

_ ბატონო ანდრო, იქნებ ჯობია, სახელით მომმართოთ? ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ქალბატონოს მეუბნებით.

_ როგორც გნებავთ, ქეთი, თუკი ასე გსურთ, ასე იყოს… _ სათნოდ გამიღიმა მამაკაცმა, _ ჰო, მართლა, მე სანამ წავალ, უნდა გაჩვენოთ, როგორ იღება და იკეტება ჭიშკარი. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, თორემ ბატონ კახის არ მოეწონება, შემთხვევით ღია რომ დაგრჩეთ, _ მითხრა და ხელით მანიშნა, უკან მომყევიო.

მალე სამზარეულოში აღმოვჩნდით. ოოოოო! რა უცხოა ეს მუხის კარადები, სკამები და მაგიდა! ალბათ სპეციალური შეკვეთით დაამზადებინეს! ძალიან მდიდრულია! ახლა კი მართლა ძალიან მშურს იმ ქალის, ვინც ამ ოჯახის დიასახლისი გახდება! ალბათ თბილისშიც აქვს ამ კაცს სახლი. იქაურობა როგორია ნეტავ? ამაზე უკეთესი? უფრო ძვირფასი? ღმერთო, რა სისულეებზე ვფიქრობ! ჩემი გამჭირვებია! ეს რაღა მიუმაგრებიათ კედელზე, რისი ეკრანია? ააა! ახლა მივხვდი! აქედან ხომ ჭიშკარი მოჩანს!

_ დააჭერთ აქ და აქ! _ მომესმა უეცრად ანდროს ხმა, რომელმაც მონიტორის ქვემოთ დამაგრებულ ორ ღილაკს მორიგეობით მიაჭირა თითი.

მონიტოორზე გარკვევით მოჩანდა, თუ როგორ გაიღო ჭიშკარი, მერე კი დაიკეტა.

_ ბატონი კახი მხოლოდ იმათ უღებს კარს, ვინც დაბარებული ჰყავს, ეს გაითვალისწინეთ, თუ შეიძლება.

_ გასაგებია, _ პატარა ბავშვივით დავუქნიე თავი.

_ ჩემი წასვლის შემდეგ შეძლებთ ჭიშკრის დაკეტვას?

კვლავ თავი დავუქნიე.

_ მე კი მეგონა, თქვენც აქ ცხოვრობდით…

_ არა. ჩემი სახლი აქვე ახლოსაა, ფეხით მივდივარ და მოვდივარ ხოლმე. როც ბატონი კახი მიემგზავრება, სახლს მე ვუვლი.

ამ ამბავმა ძალიან გამახარა. გამოდის, როცა ანდრონიკაშვილი მუშაობით იქნება დაკავებული, მე თავისუფლად შევძლებ ოთახიდან ოთახში გადაადგილებას, არავინ შემამოწმებს.

_ გამომართვით ბავშვი, მგონი, ძალიან მოშივდა, _ თქვა ანდრომ და ნუკი მკლავებში ჩამიწვინა.

პატარამ ჭუჭყუნი დაიწყო.

_ ამ კარადებში ადვილად იპოვით ყველაფერს, რაც დაგჭირდებათ, _ განაგრძო მნემ და მუხის კარადის კარების რიგრიგობით გამოღება დაიწყო, _ შაქარი, ბავშვის საკვები, ჭიქები, თეფშები, ქვაბები… რა ვიცი, ყველაფერი აქ არის.

_ დიდი მადლობა, ანდრო, _ გადავწყვიტე, დროზე გავშინაურებოდი ჩემს «კოლეგას» და რაღაც-რაღაცები მისგანაც გამეგო, _ მაპატიე, მაგრამ შენს ფუნქციაში რა შედის?

_ როგორ გითხრა… ცოტ-ცოტა ყველაფერი. ბაღს ვუვლი, აუზს ვასუფთავებ, წვრილმან საქმეებს ვაწესრიგებ.

_ ბატონ კახის ადვილად ეწყობით, თუ რთულია მასთან მუშაობა?

_ თორმეტი წელია, მას ვიცნობ. ადრე ჩემი მეუღლე ეხმარებოდა, ნელი, _ ამ სიტყვებზე წამით გაჩუმდა, ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, _ წელიწადი ხდება, რაც გარდაიცვალა. სულ მარტო დავრჩი და…

_ სამწუხაროა…

_ ოცდათხუთმეტი წელი ვიცხოვრეთ ერთად. კარგის მეტი, ცუდი არაფერი მახსენდება ამ ხნის განმავლობაში. შვილი მყავს, შვილიშვილებიც, მაგრამ თბილისში ცხოვრობენ, მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან აქ. ბატონი კახი ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ურთიერთობა არასდროს გამძნელებია. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც დავქვრივდი. მისთვის ეს ადვილი გასაგებია, ოდესღაც თვითონაც ხომ დაკარგა ძვირფასი ადამიანი.

მინდოდა, მეკითხა, მართლა-მეთქი, მაგრამ ანდრომ არ დამაცადა და ჩქარ-ჩქარა დაამატა.

_ მგონი, ბევრს ვლაპარაკობ, თავი შეგაწყინე, ქეთი. წავედი მე და შენ იცი, როგორ მიხედავ აქაურობას. დილას შევხვდებით, _ ამ სიტყვებით მამაკაცმა კარი გაიხურა და გაუჩინარდა.

არადა, სულ რამდენიმე წუთი მჭირდებოდა და ძალიან ბევრს გავიგებდი. აფსუს! საინტერესოა, ვისზე ლაპარაკობდა? ვინ იყო ის ძვირფასი ადამიანი, ანდრონიკაშვილმა რომ დაკარგა? პრესაში ამაზე არასდროს არაფერი დაწერილა…

არა უშავს, სხვა დროს ვათქმევინებ.

8 8 8

ნუკის ვაჭამე და ჩემს ტახტზე დავაძინე, თან გვერდით მივუწექი, რომ ცოტათი მეც დამესვენა. ის იყო, ჩამთვლიმა, რომ ჩანთაში ჩემი მობილური აწკრიალდა. შემკრთალი ისე წამოვხტი საწოლიდან, კინაღამ ბავშვი გავაღვიძე. ვაითუ, დედაჩემი მირეკავს ან მამუკა. არა, ტელეფონი უნდა გამოვრთო, აქ საშიშია მობილურის გამოყენება. ყოველ წამს შეიძლება კახიმ გამომიჭიროს.

ეკრანს დავხედე და… თემური იყო. ჯანდაბას! ეგღა მაკლდა ახლა!

_ როგორ ხარ, ქეთი? _ ჩემი «ყოფილი კაცი» კარგ ხასიათზე ჩანდა.

_ კარგად, _ დახშული ხმით ველაპარაკებოდი.

_ გავიგე, ქობულეთში ისვენებსო…

_ მერე შენ რა? _ უკმეხად ვკითხე.

_ ხვალ მეც ჩამოვდივარ. მითხარი, სად გაჩერდი და მოგაკითხავ, საქმე მაქვს შენთან.

_ მე ხვალ უკვე თბილისში ვბრუნდები, ამიტომ თავს ნუღარ შეიწუხებ.

_ მატყუებ!

_ არ გატყუებ და ძალიან გთხოვ, აღარ დამირეკო. მე შენთან ყველაფერი დავამთავრე!

_ მოიცა, არ გამითიშო, გთხოვ! მხოლოდ ერთხელ გნახავ და მერე თუ იგივეს მეტყვი, მართლა არ შეგაწუხებ, გპირდ…

_ აღარ დამირეკო-მეთქი, მგონი, გასაგებად გითხარი! _ მკვახედ გავაწყვეტინე და მობილური გავთიშე.

ძალიან ამაღელვა მისმა ზარმა. რას გადამეკიდა, რა უნდა? მასთან საუბრის სურვილი აღარ მაქვს, მორჩა და გათავდა! რაც უნდა, ის უქნია! თუ უნდა, მთელ თბილისს მოსდოს ის ამბავი! აღარ მადარდებს! ცხოვრებაში არ დაველაპარაკები! დამპალი, როგორ მომატყუა! ამას ვაპატიებ?! არასდროს!!!

აფორიაქებულმა კედლის საათს ავხედე. ვაიმე! რა დრო გასულა! მე კრეტინს კიდევ ვახშამი მაქვს მოსამზადებელი, თორემ ის კაცი გადამდგამს! ხომ მითხრა, ბევრი სამუშაო მაქვს და რამე მომიტანეო?

მძინარე ბავშვი ავიყვანე და სასწრაფოდ თავის საწოლში გადავაწვინე, მერე კი სამზარეულოში გავვარდი. მაცივარს ვეცი. ორი ცალი კვერცხი და ორი ნაჭერი ყველი გამოვიღე. კვერცხები სასწრაფოდ ჩავახალე ქვაბში, დაფშვნილი ყველი დავაყარე და გულმოდგინედ ავთქვიფე… ნელ ცეცხლზე შევწვი. ცხოვრებაში პირველად ვამზადებ ტაფამწვარს, ხომ მაგარია?! არ ვიცი, რა გამომივა! ღმერთო, შენ მიშველე!

რამდენიმე წუთში ყველაფერი გავამზადე. პური თხლად დავჭერი, ტყემლის საწებელა ჯამში ჩავასხი, კარგად დაბრაწული ტაფამწვარი ბრტყელ თეფშზე გადავიტანე, ყველაფერი ერთად კი ვერცხლისფერ სინზე მოვათავსე და კახის კაბინეტისკენ გავეშურე.

ვაი, ვაი, ქეთი, შე საწყალო, რა დღეში ხარ! არც ისე ადვილი ყოფილა ბავშვის მოვლა, როგორც მეგონა! ჯერ ვაჭამე, მერე პამპერსი გამოვუცვალე, მერე დავაძინე… ძლივს, როგორც იქნა! და მეც იქვე მიმეძინა! ახლა ვახშამიო… რა დავაშავე ასეთი? რომელ ყწალში ჩავვარდე? შავი ზღვის რომელ ტალღას მივცე თავი?! და ამდენი წვალების მერე ყველაფერი რომ გაირკვეს… ხახამშრალი რომ დავრჩე! გავგიჟდები კიდევაც! არავითარ შემთხვევაში! ამას არ დავუშვებ!

კაბინეტში შევედი და სინი მაგიდაზე შემოვდგი. კახი მონიტორს მიჯდომოდა და გამალებით ბეჭდავდა რაღაცას, ოდნავ მოატრიალა თავი ჩემს დანახვაზე.

_ როგორ არის ნუკი?

_ ძლივს დავაძინე, კარგა ხანს იჭუჭყუნა, _ მოვატყუე, რათა დაგვიანების მიზეზი ამით ამეხსნა, _ მე მგონი, დედა ენატრება, ამიტომაც ვერ ისვენებს… რამე ხომ არ გაგიგიათ ახალი?

_ ცოტა ხნის წინ დავრეკე. მითხრეს, არაფერი შეცვლილაო, ისევ უგონოდაა, _ თავი ჩაქინდრა ანდრონიკაშვილმა.

_ საწყალი ბავშვი, ძალიან მეცოდება, _ ვთქვი, რომ რაღაც მეთქვა.

კახიმ შემომხედა და ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.

_ მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდით ნუკის სამზარეულოში.

ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. როცა ბავშვს ვაჭმევდი, მართლა ველაპარაკებოდი ენამოჩლექით, რომ როგორმე გადაეყლაპა ლუკმა. მგონი, ჩემი მომზადებული ფაფა დიდად არ მოეწონა.

_ აქ ისმოდა ჩემი ხმა? _ ვიკითხე შეცბუნებულმა.

_ არა, უბრალოდ, მე თვითონ შემოვიხედე. მაინტერესებდა, როგორ ართმევდით თავს საქმეს, _ თქვა და გამომცდელი მზერა მომაპყრო.

_ არ შემიმჩნევიხართ…

_ ისე იყავით ნუკისთან გართული, გადავწყვიტე, არ შემეწუხებინეთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი შვება ვიგრძენი… ისე ალერსიანად ელაპარაკებოდით გოგონას, ისე ბუნებრივად…. ვფიქრობ, მართლაც კარგი ძიძა ხართ. დავისვენე, მისი ტირილი რომ არ მესმის.

მამაკაცი მართალი იყო. ბავშვის მიმართ ისეთ სინაზეს განვიცდიდი, ისეთი საყვარელი იყო, სხვანაირად არ შემეძლო. სიამოვნებით მოვუვლიდი სხვა დროსაც, ამის საშუალება რომ მომცემოდა.

კახი საოცარი მღელვარებით ლაპარაკობდა ნუკიზე. ამან ერთიანად შემძრა. იმის მაგივრად, რომ მადლობა გადამეხადა მისთვის, ხმა ვერ ამოვიღე, დაბნეული მივაჩერდი მხოლოდ _ რა არაჩვეულებრივი პროფილი ჰქონია… მზერა? პირდაპირ სულში ჩამწვდომი… ცუდად ვარ…

_ რა მომიტანეთ? _ კახიმ სინს დახედა.

_ ტაფამწვარი… _ დარცხვენით ჩავილაპარაკე.

_ ძალიანაც კარგი. იმედია, არ დაგიმლაშებიათ, მარილი მაინცდამაინც არ მიყვარს…

_ არ ჩამიმატებია მარილი, _ ლამის გახარებულმა შევყვირე, რადგან მარილი საერთოდ არ გამხსენებია…

კიდევ კარგი… ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამაზეა ნათქვამი.

_ ესე იგი, ახალ წიგნზე მუშაობთ? _ თემის შეცვლა ვცადე, რათა ჩემი ნერვიულობა ცოტათი განმემუხტა.

მამაკაცს გამომეტყველება შეეცვალა, სახე მოექუფრა.

_ ჰო.

მისი ამ ძუნწი პასუხით მივხვდი, რომ რადგან ნუკიზე აღარ ვლაპარაკობდით, მეტად აღარ უნდა შემეწუხებინა იგი და რომ ჩემი წასვლის დრო დადგა.

_ არადა, ბევრი წიგნი გაქვთ გამოცემული, არა? _ უკან არ დავიხიე და რადგან მაინც ფეხზე ვიდექი, წიგნის თაროებს მივუახლოვდი.

მაშინვე თვალში მეცა მისი ბოლო რომანი «სიძულვილის თეორია». თაროდან გადმოვიღე და გადავშალე.

_ აი, ეს კი არ წამიკითხავს, _ ჩავილაპარაკე ჩემთვის, _ ამაზე აპირებენ ფილმის გადაღებას გერმანიაში?

_ ჯერ არ ვიცი, რა იქნება, მოლაპარაკებები არ დამთავრებულა… თუ გნებავთ, წაიღეთ, როცა თავისუფალი დრო გექნებათ, წაიკითხავთ, _ მამაკაცს, როგორც მივხვდი, ამით დროზე უნდოდა ჩემი თავიდან მოცილება.

_ დიდი მადლობა, _ ფართოდ გავუღიმე, თუმცა წასვლას სულაც არ ვჩქარობდი, _ გამოგიტყდებით და, თქვენი რომანებიდან ძალიან ცოტა მაქვს წაკითხული. სამწუხაროდ, ისეთი დაძაბული დღის რეჟიმი მაქვს, წიგნებისთვის ვერ ვიცლი. ისე, შედარებით მსუბუქ საკითხავებს ვირჩევ ხოლმე…

_ შევეცდები, გამოვიცნო… სასიყვარულო რომანებს, არა?

კვლავ გავწითლდი. უხერხულად ვიგრძენი თავი. ნამდვილად არ მინდოდა, უწიგნური ვგონებოდი, სულაც არ ვიყავი ასეთი.

_ ჰო, მიყვარს რომანები. ადრე მეტი დრო მქონდა და სხვა რამეებსაც ვკითხულობდი. იცით, თქვენი რომელი ნაწარმოები მომწონს? «სიამაყე და დაპირისპირება», თუმცა თქვენ საერთოდ ძალიან ცოტას წერთ სიყვარულზე… რატომ? _ ვკითხე და ჯიქურ გავუსწორე თვალი.

ინტერვიუს დროს ამ შეკითხვას ისედაც აუცილებლად დავუსვამდი. ახლა კი, მიხაროდა კიდეც, თავისთავად რომ ჩამოვარდა ამ თემაზე საუბარი.

_ როგორ გითხრათ… სიყვარული ძალიან ძლიერი გრძნობაა და, რა თქმა უნდა, ნამდვილი მწერალი მას გვერდს ვერ აუვლის. მეც ვეხები ამ თემას ხანდახან, სხვანაირად არ გამოვა. აი, მაგალითად, ჩემი «მრისხანების ნაკვალევზე» წაგიკითხავთ? ნინო როგორი შეყვარებული პერსონაჟია, გახსოვთ ალბათ… სწორედ სიყვარულმა აქცია ერთი ჩვეულებრივი ქალი ცივსისხლიან მკვლელად.

_ სამაგიეროდ, მთავარი გმირი არავისზე ყოფილა შეყვარებული…

_ ვინ, დავითი? რატომ? მასაც ჰქონდა რამდენიმე თავგადასავალი… _ არ დამეთანხმა კახი. მგონი, ცოტათი გამხიარულდა კიდეც.

_ მაგრამ თავგადასავალი სიყვარულს არ ნიშნავს… ასე არ არის?

_ რატომ ხართ ასე დარწმუნებული? _ ამწუთას მისი ლურჯი თვალები აშკარად დაცინვით მიმზერდნენ, რამაც ძალიან დამაბნია.

_ იმ წიგნში გმირებს ერთმანეთი არ უყვარდებათ… ამიტომაც აქვს ცუდი დასასრული.

_ მაგაში გეთანხმებით, მაგრამ განა ცხოვრებაშიც ასე არ ხდება?

_ გამოდის, რომანტიკოსი არ ხართ.

_ მე მწერალი ვარ, ქეთი, მხოლოდ მწერალი და მიყვარს ჩემი საქმიანობა. განსაკუთრებით, თუ არავინ მიშლის ხელს მუშაობაში.

მეტი რაღა უნდა ეთქვა? აშკარად მიმანიშნა ადამიანმა, მარტო დამტოვეო… მაგრამ მე რომ არ მინდოდა წასვლა?!

მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. კახიმ ყურმილს მსწრაფლ ხელი დასტაცა და სახეზე შეშფოთება დაეტყო.

მე კი ვიდექი და ვუყურებდი. ალბათ გერმანიიდან ურეკავდნენ, ჯულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავს ატყობინებდნენ. როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა, რადგან მამაკაცს სახე შესამჩნევად დაუწყნარდა.

_ არა, გოგი, ახალი ჯერჯერობით არაფერია. ახლახან ველაპარაკე ექიმს, ყველაფერი ძველებურად რჩება, _ უპასუხა ვიღაცას ანდრონიკაშვილმა, მერე ყურმილს ხელი დააფარა და გაღიზიანებული მზერით მე მომიბრუნა.

_ თქვენ რა, საქმე არაფერი გაქვთ?

მისმა სიტყვებმა საშინლად გამიფუჭა ხასიათი. რა სულელი ვარ! დროზე უნდა გავსულიყავი! ნეტავ, რისი იმედი მქონდა, ამდენს რომ ვქაქანებდი?

ნირწამხდარმა კარი გამოვიხურე და კიბეს ავუყევი. ის იყო, მეორე სართულზე ავედი, რომ ბავშვის ტირილის ხმა შემომესმა. როგორც ჩანს, გაეღვიძა.

_ რაო, პატარავ, რატომ ტირი? მოგწყინდა მარტო?

ბავშვს სახე აწითლებოდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ლოყებზე.

_ მოდი, სიხარულო, შენ, მგონი, გცხელა, არა? ახლავე გამოვიცვალოთ, ცოტა უფრო თხლად ჩავიცვათ და პამპერსიც შევამოწმოოოოთ! _ ჩვილი საწოლიდან ამოვიყვანე და ჩემს ტახტზე გადავაწვინე.

მუხლებზე დავეშვი. როგორც კი გავხადე, ნუკიმ ტირილი მაშინვე შეწყვიტა. პამპერსი სუფთა იყო, მაგრამ მაინც დავაპირე გამოცვლა.

_ აჰააა, გასაგებია, პაწუკავ, არ მოგწონს ამ საფენებით დაძინება, არა? _ მივეალერსე გოგონას და შუბლზე ვაკოცე, _ მაგრამ ამის გარეშე როგორ უნდა იყო ღამე? ლეიბს ხომ დაასველებ? იქნებ როგორმე მოითმინო? ხვალ დილიდან კი უპამპერსოდ ვიაროთ მთელი დღე, კარგი?

ეს რა ხათაბალა წამოვიკიდე! რომელი ძიძა მე ვარ! რას მერჩოდა ჩემი რედაქტორი? არ ჯობდა, ვყოფილიყავი სანაპიროზე წამოკოტრიალებული და მზის აბაზანები მიმეღო? რა მეძიძება ახლა მე? თუმცა, სულაც არ არის სათაკილო პროფესია. მე თუ მკითხავთ, ერთობ კეთილშობილური საქმეა და სულაც არ მრცხვენია, ასე რომ ველაპარაკები ბავშვს. თითქოს ყველანაირი კომპლექსი მეხსნება და ჩემს ნამდვილ სახეს ვპოულობ… ვარ კი ასეთი ღვთისნიერი?.. ალბათ…

ბამბა გავპუდრე, ბავშვს ფეხები ავუწიე და ირგვლივ გულდასმით წავუსვი. არ მეყო. კვლავ ამოვატრიალე პლასტმასის კოლოფი, მაგრამ ვეღარ გამოვზომე და პუდრი იატაკზე მიმოიპნა. ნუკი აჭყლოპინდა, თითქოს მიხვდა, რაც დამემართა და ამან გააცინაო.

_ დამცინე, ჰო, დამცინე, _ მეც გავმხიარულდი.

_ ყველაფერი რიგზეა, ქეთი? _ მომესმა უეცრად კახის ცივი ხმა.

ეგღა მაკლდა! რაღა ახლა დამადგა თავზე! უკან მოვიხედე. მამაკაცი ზღურბლთან იდგა და მომჩერებოდა.

_ დიახ, დიახ… ყველაფერი რიგზეა, ბატონო კახი.

_ თითქოს ნუკის ტირილის ხმა შემომესმა…

_ როგორც ჩანს, დაცხა და გამოეღვიძა. სულ ეს იყო. თხელი პერანგი ჩავაცვი და საფენიც გამოვუცვალე. ახლა უფრო თავისუფლად იქნება და დაიძინებს, _ თან ვლაპარაკობდი, თან ვცდილობდი, ნახმარი პამპერსით იატაკზე მიმოპნეული პუდრის კვალი გამექრო.

ნეტავ დროზე წავიდოდეს და ამას არ ნახავდეს! არ მინდა, მოუქნელი ვეგონო და ამის გამო მისაყვედუროს.

თქვენც არ მომიკვდეთ. მამაკაცი ჩემკენ წამოვიდა და ისიც მუხლებზე დაეშვა, ჩემ წინ.

_ მოდი ჩემთან, პატარავ, _ მიესიყვარულა ნუკის, შიშველ ფეხებში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოსწია.

მიუხედავად იმისა, რომ ვნერვიულობდი, აღფრთოვანებული დავრჩი, როგორი სიფაქიზით ამოაცვა კახიმ ბავშვს პამპერსი, თითქოს მთელი ცხოვრება ამით ყოფილიყო დაკავებული.

_ აჰა, სულ ეს არიიის, _ სიცილით წამოიძახა, როცა საქმეს მორჩა, _ ცხვირზე პუდრი რომ გაცხიათ, იცით, ქეთი? _ უცებ მე მომმართა.

_ უი! მართლა? _ უხერხულად შევიშმუშნე, მაგრამ სანამ ხელს ავწევდი და ცხვირიდან პუდრს მოვიშორებდი, მამაკაცმა დამასწრო და თავად გააკეთა ეს…

მისი თითების შეხებამ ელექტროდენივით იმოქმედა ჩემზე.

_ აი, ასე უკეთესია… აბა, შემომხედეთ!.. ძალიან საყვარელი ცხვირი გაქვთ, _ ჩუმად თქვა. ამწუთას მის ხმაში დაცინვის ნატამალიც არ იგრძნობოდა, გამომეტყველებაც სერიოზული გაუხდა.

წამით მომეჩვენა, თითქოს კიდევ რაღაცის თმას აპირებდა… თითქოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანის… გამშრალი ტუჩები გავილოკე… ვერ ვხვდებოდი, მოულოდნელად რატომ შეიქმნა ჩვენ შორის ასეთი დაძაბული ატმოსფერო.

პირველმა კახიმ ამარიდა მზერა. მის ლამაზ სახეზე არაფერიც არ იკითხებოდა…

_ ახლა კი დავაძინოთ ეს პატარა ანგელოზი, მგონი, დროა, არა? _ თქვა კახიმ, წამოდგა, ბავშვი ხელში აიყვანა და მკლავებში დაარწია.

ნუკიმ თვალები ეგრევე მილულა, როგორც ჩანს, ეძინებოდა.

_ ოღონდ კი ჯული დროზე გამოჯანმრთელდეს, _ სევდიანად ჩაილაპარაკა ანდრონიკაშვილმა.

იმდენად გამაოგნებელი იყო ჩემთვის მისი სიტყვები, თვალები გამიფართოვდა. არა იმიტომ, რომ მის გულწრფელობაში მეპარებოდა ეჭვი, ასე დაუფარავად რომ გამოიჩინა სისუსტე ჩემი თანდასწრებით, მხოლოდ ამიტომ.

მკერდში ჩხვლეტა ვიგრძენი, ისე შემეცოდა, გული მომეწურა.

_ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ბატონო კახი, _ ვცადე, მენუგეშებინა, _ ბავშვს დედა სჭირდება, ღმერთი არ გაგწირავთ.

მამაკაცმა თავი ასწია და მსუბუქად გამიღიმა.

_ იცით, ქეთი… ხანდახან ძალიან კარგ ადამიანად მეჩვენებით.

ისევ გავწითლდი.

_ მე მართლა კარგი ადამიანი ვარ, არ გეჩვენებათ… _ ძლივს გასაგონად ამოვთქვი.

კახიმ უცნაურად გაიღიმა, ბავშვი საწოლში ჩააწვინა და გასასვლელისკენ გაემართა.

_ თუკი რამე დაგჭირდეთ, კაბინეტში ვიქნები და არ მოგერიდოთ! _ უკანმოუხედავად ჩაილაპარაკა და კარი გაიხურა.

მისი წასვლის შემდეგ კიდევ კარგა ხანს ვიდექი ბავშვის საწოლთან… გაოგნებული… რეტდასხმული… ისევ და ისევ იმაზე ვფიქრობდი, რამდენიმე წუთის წინ როგორი სინაზით  მელაპარაკებოდა, როგორ მიყურებდა… თავიან არ ამომდიოდა მისი გამოხედვა და სიტყვები _ «ძალიან საყვარელი ცხვირი გაქვთ»… ნუთუ?

ეჰ… ხმამაღლა ამოვიოხრე და გულიც ამოვაყოლე… რა დროს ამაზე ფიქრია, როცა ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი. სანამ კიდევ არ გაუღვიძია ნუკის, სახლის ფოტოები უნდა გადავიღო. ჩემი ნამდვილი სამუშაო ბოლომდე უნდ მივიყვანო!

მღელვარებისგან გული გამალებით მიცემდა, როცა ფოტოებს ვიღებდი. ჯერ სასტუმრო ოთახში შევიპარე ფეხაკრეფით, მერე _ საძინებლებში. აქ, ძირითადად, ერთნაირი ავეჯი იყო განლაგებული, ოღონდ სხვადასხვა ფერის გადასაფარებლებით. როცა ბოლო ოთახის კარი შევაღე, მივხვდი, რომ ანდრონიკაშვილის საძინებელში აღმოვჩნდი… ეს ოთახი სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა…

888

კედლები მუქ ლურჯ ფერში იყო შეღებილი. ფანჯრებზეც ლურჯი ფარდები ეკიდა. ხის მოჩუქურთმებულ კომოდზე ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული რამდენიმე ფოტოსურათი იდო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და რამდენიმე კადრი მაინც გადავიღე, თან გული ამოვარდნაზე მქონდა. ის იყო, დავამთავრე და ოთახიდან გამოვედი, რომ შემოსასვლელში ზარის ხმა გაისმა. ხელ-ფეხი გამეყინა, ასეთ დროს ზარს არ ველოდი. ჯერ ბავშვს დავხედე, ხომ არ გამოეღვიძა-მეთქი და როცა დავრწმუნდი, რომ პატარას მშვიდი ძილით ეძინა, დაბლა დავეშვი. სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდი, კახიმ დამასწრო, ჭიშკარი გააღო და პროჟექტორებიც ავტომატურად განათდა. კიბეზე შევყოვნდი, ვერ გადამეწყვიტა, დაბლა ჩავსულიყავი, თუ უკან გავტრიალებულიყავი. რამდენიმე წამიც და ეზოში წითელი სპორტული მანქანა შემოვიდა.

მასპინძელმა კარი გამოაღო და პარმაღზე ვიღაც მაღალ, მოხდენილ ქალს შეეგება. იგი ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა, შავი, მოკლედ შეკრეჭილი თმით. წითელი კაბა და შავი პიჯაკი ეცვა. «სტენდალის ფერებშია გამოჭიმული!» _ რატომღაც, ღვარძლიანად გავიფიქრე.

_ ლალი, რა სიურპრიზია! მეგონა, უკვე გაემგზავრე თბილისში.

_ ასეც მოვიქცეოდი, ძვირფასო, ეს გაფიცვები რომ არ დაწყებულიყო! _ ქალმა თავი ასწია, რომ კახისთვის ეკოცნა, ოღონდ ვერ გავარჩიე, ლოყაზე თუ ტუჩებში, თუმცა კი დავძაბე მხედველობა, _ ჯულისგან რამე ისმის ახალი?

_ არა, ჯერ არაფერი, _ მამაკაცს ხმა წამში შეეცვალა.

_ ნუკი როგორ არის? გაუჭირდა მგზავრობა? გერმანიიდან აქამდე დიდი მანძილია…

_ შენ წარმოიდგინე, არც ისე. პრობლემები მხოლოდ აქ დაიწყო. გაუჩერებლად ტიროდა, ლამის გავგიჟდი. წამოდი, რამე დავლიოთ, თან ყველაფერს მოგიყვები.

ისინი შემობრუნდნენ და კახიმ, დამინახა თუ არა, გულგრილად მკითხა.

_ ყველაფერი წესრიგშია, ქეთი?

შევეცადე, ისეთი სახე მიმეღო, ვითომ მათ საუბარს სულაც არ ვუსმენდი.

_ დიახ, ბატონო კახი! _ თავი დავაქნიე.

მამაკაცმა გაიღიმა და მომეჩვენა, რომ მშვენივრად იცოდა, რასაც ვაკეთებდი.

_ თუ შეიძლება, ორი ყავა მოგვიდუღე და შემოგვიტანე.

ანდრონიკაშვილმა სტუმარი წინ გაატარა, სასტუმრო ოთახში შეუძღვა და კარი მოიხურა.

ყავა სწრაფად მოვადუღე, საშაქრესთან ერთად სინზე დავალაგე და სანამ ოთახში შევიდოდი, დავაკაკუნე.

_ შემოდი!

ოთახში შესულს ჩემთვის უჩვეულო ატმოსფერო დამხვდა. ლალის ფეხსაცმელი გაეხადა და ფეხმორთხმით შემოსკუპებულიყო ტყავის დივანზე.

კახი მარმარილოთი მოპირკეთებულ ბუხართან იდგა, ხელში სასმლით სავსე ბოკალი ეჭირა. ის რაღაცას უყვებოდა ქალს, რომელსაც თავი უკან გადაეწია და გულიანად კისკისებდა. ღრმად გულამოჭრილი კაბიდან ქათქათა მკერი მოუჩანდა. უცერად გაღიზიანებამ შემიპყრო, თავადაცა არ ვიცი, რატომ.

_ ლალი, გაიცანი, ეს ნუკის ძიძაა, ქეთი კანდელაკი. მის გარეშე დღეს ძალიან გამიჭირდებოდა. სულზე მომისწრო და გადამარჩინა.

ქალმა გამომცდელი მზერით შემათვალიერა და წარბები აზიდა.

_ ძიძას ნამდვილად არ ჰგავხართ, _ შენიშნა ლორამ.

_ მართლა? _ ალმური მომეკიდა, _ თქვენი აზრით, ძიძა როგორ უნდა გამოიყურებოდეს? _ კითხვის დასმა ცოტა უხეშად გამომივიდა, რაც მას აშკარად არ მოეწონა.

_ ნუ… როგორ გითხრათ… _ ტუჩი აიბზუა ქალმა, _ თქვენ მართალი ხართ, დიდი სისულელე ვთქვი. უბრალოდ, ძალიან ლამაზი ხართ და ალბათ ამიტომ გამიკვირდა.

_ დიდი მადლობა. სხვათა შორის, თქვენც, _ ქათინაურის ვალში არ დავრჩი და იმავე ტონით ვუპასუხე, როგორითაც თვითონ მომმართა.

_ ლალი ჩემი პიარ-მენეჯერია, _ თქვა კახიმ, თან თვალებში მხიარული ნაპერწკლები უკრთოდა, ალბათ შენიშნა, ორი ქალი ფარულად როგორ ექიშპებოდა ერთმანეთს, _ დიდი ხანია, ერთად ვმუშაობთ, თანაც ბევრს, _ ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა.

ახლა კი მეც მივხვდი, ვინ იყო იგი. არაერთხელ მინახავს ტელევიზორში, როცა ანდრონიკაშვილის ახალი წიგნის გამოცემის პრეზენტაცია იმართებოდა. კახის მაგივრად, ყოველთვის ლალი იძლეოდა ინტერვიუს. მახსოვდა, რომ რუსული გვარი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიხსენე.

_ ძვირფასო, ისე ლაპარაკობ, თითქოს ძალიან მოსაწყენი ვინმე ვიყო. მუშაობის გარდა, ბევრსაც ხომ ვმხიარულობთ? აღიარე, რომ ასეა!

_ ხდება ხანდახან… როცა ერთად ვვახშმობთ, _ ნახევრად ხუმრობით დაამატა კახიმ.

ლალიმ ფინჯანი ჩამოართვა მამაკაცს და ფეხები იატაკზე ჩამოუშვა, რათა ყავა მოხერხებულად დაელია.

_ ასე რომ, ჩემო კარგო, რადგან დავრჩი, ხვალ საღამოს პატარა წვეულებას ვაწყობ. მთელი ჩემი სამეგობრო აქ ისვენებს, ყველა უნდა დავპატიჟო და წასვლამდე ერთი გემრიელად ვიქეიფო. რვა საათისთვის შენც გელოდები.

ცარიელი სინი ავიღე და კარისკენ გავემართე, თან სმენა დავძაბე, რომ კახის პასუხი მომესმინა.

_ არ შემიძლია, ლალი, _ გადაჭრით უპასუხა მამაკაცმა, _ ჯერ ერთი, მაგის ხასიათზე არ ვარ, მეორეც, ნუკის ვერ დავტოვებ და მესამეც, შენც კარგად იცი, რომ მე ხალხში არ ვჩნდები, მით უმეტეს, შენს მეგობრებში.

_ რატომ, ჩემი მეგობრები შენი დონის არ არიან, თუ?

_ რა სისულელეა, ეგ რამ გაფიქრებინა.

_ ჩვეულებრივი საღამო იქნება, პომპეზურს კი არ ვაპირებ. ნუკის კი ძიძა გიხედავს, რა პრობლემაა?

_ დიდი მადლობა, მაგრამ უნდა გამიგო. ნუკი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ვერ დავტოვებ.

მისი პასუხით აღფრთოვანებულმა სახელური გადავატრიალე, თავი მოვაბრუნე და კახის შევაცქერდი.

_ ღამე მშვიდობისა, _ მიუხედავად იმისა, რომ გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, თავს ძალა დავატანე, რომ მშვიდად გამეღიმა.

8 8 8

ლამის ნახევრად შიშველი ვიწექი ლოგინში, მხოლოდ ზეწარი მეფარა, მაგრამ მაინც მცხელოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ძალიან დავიღალე, დაძინება ვერა და ვერ მოვახერხე, უაზროდ ვწრიალებდი საწოლში. ირგვლივ საოცარი სიჩუმე სუფევდა. კახიზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა. რა საოცარი ადამიანია, როგორ ზრუნავს ბავშვზე! აი, მამაც ამას ჰქვია! მამაჩემს კი არ ჰგავს, ცხოვრებაში რომ არ დახმარებია დედას არაფერში. სასეირნოდაც კი არ დავყავდი თურმე. განა იმიტომ, რომ არ ვუყვარდი, რა სისულელეა, მაგრამ ისეთი დაღლილი მოდიოდა სამსახურიდან ყოველ საღამოს, არაფრის თავი არ ჰქონდა. ისე, მე თუ მკითხავთ, დედამ გააფუჭა, თორემ როგორ შეიძლება, მამამ ერთხელ მაინც ვერ მოახერხოს შვილის გასეირნება. დედა სულ იმას ამბობს, ორ ბავშვს ერთად ვზრდიდი მთელი ცხოვრებაო და დღემდე ასეა. არც მე ვარ დიდი ხვითო, არაფრის გაკეთება არ ვიცი, იმიტომ, რომ დედამ გამაზულუქა. მშია თუ მწყურია, ამხელა გოგო ვარ და ლოგინში მომართმევს ხოლმე, ოღონდ კი არ შევწუხდე…

ისე დამცხა, ფეხები ზეწრიდან გამოვყავი და გულაღმა გავიშოტე. ტუმბოზე შემოდებულ საათს გავხედე _ სამი ხდებოდა. საცაა, გათენდება კიდეც, მე კი ვერ ვიძინებ. არ გინდა, ხვალ მთელი დღე უარო პატარას გამოუძინებელმა? სტატიაზე მაინც ვიფიქრო, თუკი ძილი არ მეკარება, რას ამეკვიატა ეს კაცი?

ისეთი დახუთული ჰაერი იდგა, ვეღარ გავძელი, ავდექი და ფანჯარა გამოვაღე. იქნებ ცოტა დაუბეროს და ჰაერი შემოვიდეს, მეტი აღარ შემიძლია. ეჰ, სად არის ახლა ჩემი ატლასის შინდისფერი, ემოციური ხალათი! როგორ მიჭირს მის გარეშე! ისეთი გრილია, ისეთი, რომ…

«გოლოვინა!» _ ამომიტივტივდა მოულოდნელად გონებაში! ლალი გოლოვინა! გამახსენდა ანდრონიკაშვილის პიარ-მენეჯერის გვარი! სკლეროოოზ! ნუთუ დავბერდი? არადა, ყოველთვის ადვილი გასახსენებელი იყო მისი გვარი, გოლოვინის პროსპექტი მახსენდებოდა ხოლმე, როცა ეკრანზე მისი ვინაობა იწერებოდა. რამ დამავიწყა! სულ გადამრია ამ კაცზე ფიქრმა!

გარეთაც ძალიან ცხელოდა, მაგრამ ნიავი მაინც დატრიალდა ოთახში. რა ვქნა, დავტოვო ფანჯარა ღია, თუ დავხურო? კოღოები რომ შემოფრინდნენ? ჩემი თავი ჯანდაბას, მაინც ვერ ვიძინებ, მაგრამ ბავშვი არ დაკბინონ! ცას ავხედე. სავსე მთვარეზე თხელი ღრუბელი ზანტად გაწოლილიყო და ადგილიდან არ იძროდა. როგორ მოუხდებოდა ახლა ამ სიმყუდროვეს ზღვის ტალღების ხმაური… ეჰ… მე რომ ბედი მქონოდა, საქართველოში კი არა, რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში დავიბადებოდი, სადაც ყოველთვის ცხელა და წვიმა და თოვლი არ იცის. ისე, საინტერესოა, ამდენი დღე რომ არ გაწვიმდა. ქობულეთი და წვიმის გარეშე? თითქმის წარმოუდგენელია!

მოულოდნელად ყურთან კოღომ ჩამიწუილა. აჰა, დაიწყო! შეშფოთებული ფანჯარას მოვშორდი და სასწრაფოდ დავხურე, რომ კოღოების შემოსევა თავიდან ამეცილებინა.

საწოლზე გავიშოტე და ზეწარი მხოლოდ მუცელზე გადავიფარე. მომწონს ჩემი სხეული… ცუდია, კაცის ალერსი რომ აკლია. ერთადერთხელ მქონდა სერიოზული ურთიერთობა მამაკაცთან და როცა მეგონა, რომ შეყვარებული ვიყავი, სწორედ მაშინ დამთავრდა ყველაფერი. იმდენად იმოქმედა ჩემზე მასთან განშორებამ, მას მერე არავისკენ გამიხედავს… თუ თემურთან ერთი ღამის შეხვედრას არ ჩავთვლით. რა სისულელე ჩავიდინე, როგორ ვნანობ! უცხოელი მეგონა და ალბათ ამას დავხარბდი! ხამი ვარ, ნამდვილი ხამი!

უეცრად ნუკის ტირილის ხმა შემომესმა. წამოვხტი და მეორე ოთახში გავვარდი.

_ რაო, პატარავ? _ მის საწოლში ჩავიხედე, ბავშვი რაღაცაზე წუხდა, დიდრონი, ცრემლით სავსე თვალებით ამომხედა.

_ მოდი ჩემთან, მოდი და აღარ იტირო, კარგი? _ ენამოჩლექით ვუთხარი და დავიხარე, რათა საწოლიდან ამომეყვანა. კოღომ ხომ არ უკბინა?

_ ჩვილებზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, არ ღირს მათი ხელში ხშირად აყვანა, თორემ მერე შეეჩვევიან და წარამარა მოგიწევთ ტარება, _ ხმა საიდანღაც ზურგიდან მომესმა და ადგილზე გავქვავდი _ მე ხომ თითქმის შიშველი ვიყავი.

ეგრევე დავავლე ბავშვს ხელი, საწოლიდან ამოვიყვანე, წინ ავიფარე და მოვტრიალდი.

_ როგორ ბედავთ დაუკაკუნებლად ჩემს ოთახში შემოსვლას? _ თავი ვერ მოვთოკე და ვუყვირე.

კახი უდარდელად მიეყუდა კარის ზღუდეს.

_ ეს თქვენი ოთახი არ არის, თქვენი ოთახი იქაა, _ მშვიდად მიპასუხა და თავი ჩემი საძინებლისკენ გადააქნია.

_ ამას მნიშვნელობა არა აქვს. თქვენ არ გაქვთ უფლება, შუაღამისას შემომივარდეთ, _ არ დავუთმე, თუმცა კი ძალიან დავიძაბე.

ანდრონიკაშვილი თვალებით მჭამდა _ თავიდან ფეხებამდე ხარბად ჩამათვალიერა. ამან, ცოტა არ იყოს, დამაბნია.

_ თქვენ კი იმის უფლება არ გაქვთ, ასეთ ფორმაში იაროთ სახლში, _ მკაცრად მომიგო.

_ მე სახლი არ მომივლია ამ ფორმით, ბავშვის ოთახში შემოვედი მხოლოდ, _ თამამად შევუსწორე.

_ და ყოველთვის ნახევრად შიშველი შედიხართ ბავშვების ოთახში? _ ოდნავი ირონიით მკითხა და მზერა ჩემს სპილენძისფერ თმაზე შეაჩერა, _ მაშინ არ მიკვირს, რატომ გექმნებოდათ პრობლემები იმ მამაკაცებთან, ვისთანაც გიწევდათ ძიძად მუშაობა.

_ მე… მე დამქირავებლებთან პრობლემები არასდროს შემქმნია! _ გაცეცხლებული შევეპასუხე.

გული ისეთი ხმაურით მიცემდა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა. ნუთუ ფიქრობს, რომ სპეციალურად გავიხადე, რათა მას ამ ფორმაში ვენახე?

_ რატომღაც, მე ასე მომეჩვენა, _ ნიშნის მოგებით მიპასუხა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

_ როგორც ვხედავ, ძალიან ბევრი რამ გეჩვენებათ, ბატონო კახი, _ აღგზნებულმა წამოვისროლე, _ სამწუხაროდ, ღამის პერანგი არ წამომიღია, რადგან, როგორც უკვე გითხარით, აქ ღამის გათევას არ ვაპირებდი. თუმცა, ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ! რომ მცოდნოდა, ასე უდიერად შემომეჭრებოდით ოთახში, სულაც ჩაცმული დავწვებოდი. ახლა კი გთხოვთ, დამტოვოთ. მე ჩემი სამუშაო უნდა შევასრულო, თქვენ კი ხელს მიშლით.

მამაკაცმა ორაზროვანი ღიმილი მესროლა და გავიდა.

შვებით ამოვისუნთქე… არადა, სადღაც, გულის სიღრმეში, მესიამოვნა კიდეც, ასეთ ფორმაში რომ დამინახა.

ბავშვს დავხედე, ლოყები გაწითლებოდა. შუბლზე დავადე ხელი, ერთობ ცხელი მომეჩვენა. სანამ მოვისაზრებდი, რა გამეკეთებინა, კარი გაიღო და კახი კვლავ გამოჩნდა.

_ მომავალში, თქვენ, ქეთი და, მით უმეტეს, მე, წნევამ ზედმეტად რომ არ აგვიწიოს, აი, ეს ჩაიცვით! _ თქვა და პირსახოცის ხალათი მომაწოდა.

_ გმადლობთ… მაგრამ… იცით? მე ნუკის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. მგონი, სიცხე აქვს.

მამაკაცი მოგვიახლოვდა და პატარას ლოყაზე ხელისგულით შეეხო.

_ თანაც, ძალიან მაღალი, _ შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.

_ თქვენი აზრით, რისი ბრალი უნდა იყოს? _ ვკითხე და იმწამსვე ენაზე ვიკბინე, ასეთი შეკითხვის დასმის უფლება კვალიფიციურ ძიძას ნამდვილად არ ჰქონდა!

_ წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ მალე გავიგებთ. მომეცით ბავშვი და ჩაიცვით. მე თვალებს დავხუჭავ და მივტრიალდები, _ მშრალად წარმოთქვა, როცა ჩემს სახეზე დაბნეულობა წაიკითხა.

ნუკი გამომართვა თუ არა, კახი მართლაც შებრუნდა და სწრაფად გადავიცვი ბევრად დიდი ზომის ხალათი. ალბათ თავისია, ოდეკოლონის სურნელიც კი შევიგრძენი. იმდენად სიამოვნებით გავეხვიე ოთხი ზომით დიდ სამოსში, ოდნავი თავბრუსხვევაც კი ვიგრძენი.

_ აბა, რა გტკივა, პატარავ? _ ალერსიანად მიმართა ნუკის.

ბავშვმა დაიკრუსუნა და პაწაწინა თითები პირისკენ გააქანა.

_ იქნებ კბილი ამოსდის? _ თითქმის ერთდროულად წამოვიძახეთ ორივემ და აღმოჩენით კმაყოფილებმა ერთმანეთს გავუღიმეთ.

_ მგონი, კარადაში ვნახე რაღაც მალამო, როცა… _ კინაღამ წამომცდა, როცა ფოტოებს ვიღებდი-მეთქი. _ როცა აქაურობას ვეცნობოდი.

კიდევ კარგი, დროზე დავაჭირე ენას კბილი, წარმოგიდგენიათ? ერთი მცირედი შეცდომა და ყველაფერი დამთავრდებოდა!

სასწრაფოდ მოვძებნე მალამო და უკან მოვბრუნდი. შევამჩნიე, რომ მამაკაცი გამომცდელად მათვალიერებდა.

ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი მზერა და შევეცადე, მთელი ყურადღება ბავშვზე გადამეტანა.

_ საწყალი ნუკი, ალბათ ძალიან სტკივა, _ თანაგრძნობა გამოვხატე.

პატარა აღარ ტიროდა, მაგრამ სლუკუნი არ შეუწყვეტია.

მალამოს თითი ამოვუსვი და ბავშვს მივუახლოვდი. ძალიან ახლოს აღმოვჩნდი კახისთან. შევხედე… კიდევ ერთხელ დავტკბი მისი ლურჯი თვალების სილამაზით, მისი ძალიან, ძალიან მამაკაცური სახით… და მივხვდი, რომ იგი საოცრად დაღლილი იყო _ როგორც ჩანს, არც კი დაწოლილა…

_ დაამთავრეთ მუშაობა? _ ხმადაბლა ვკითხე.

მან თავი დამიქნია.

_ მინდოდა, რაც შეიძლება, ბევრი მომესწრო, სანამ ნუკის ეძინა.

_ აჯობებს, არ გადაიღალოთ. მომეცით ბავშვი, დავაწვენ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა ღამე უნდა გამოიძინოს, _ მზრუნველად წარმოვთქვი და მალამო ბავშვს ნუნებზე წავუსვი.

_ მართალი ხართ, _ ღიმილით დამეთანხმა, _ წადით, დაიძინეთ, ამას მე მივხედავ.

წარბები შევკარი.

_ როგორ გეკადრებათ! _ შორს დავიჭირე მის  შემოთავაზება, _ ნუკის მოვლა ჩემს პირდაპირ მოვალეობაში შედის, _ ვთქვი და თავად გამიკვირდა ჩემი სიტყვების, ნუთუ ასე ძალიან შევიჭერი როლში?

_ როგორ გიყვართ ბავშვები, _ წარმოთქვა უეცრად კახიმ, _ უცნაურია, რომ ასეთი ლამაზი და მოსიყვარულე მანდილოსანი არც გათხოვილი ხართ და არც შვილები არ გყავთ.

იმდენად გულღიად იყო ნათქვამი, გულზე მომეფონა და თბილად ვუპასუხე.

_ სამწუხაროდ, ისე ძალიან არავინ შემყვარებია, რომ ცოლად გავყოლოდი.

მან ცალი წარბი ისე ასწია, თითქოს ჩემი ნათქვამი არ დაიჯერაო.

_ ეგრეა… თუმცა, მქონდა მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. დროზე მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი და დავშორდი.

_ რატომ?

თავი ავწიე და თვალებში შევხედე.

_ მას არ ვუყვარდი… ალბათ, არც მე… თანაც, ძალიან ცოტა გვქონდა საერთო. ვერ ვუგებდით ერთმანეთს… ყველა სიკეთესთან ერთად, ბავშვები არ უყვარდა.

_ ამიტომაც მოდის თქვენგან ასეთი სევდის სურნელი? _ მკითხა მოულოდნელად.

სახე შემეფაკლა… ეს სიტყვები ერთხელ უკვე მოვისმინე ნიუ-იორკის აეროპორტში, თემურისგან… რა ხდება? ნუთუ ყველა მამაკაცს ერთი ლექსიკონი აქვს? თუ მართლა არსებობს ამგვარი რამ? რას ნიშნავს სევდის სურნელი? რაში გამოიხატება ეს? მინდოდა მეკითხა, მაგრამ ვერ გავბედე. შემეშინდა? რისი? თავადაც არ ვიცი… ალბათ უფრო იმისი, რომ ძალიან გულახდილი საუბარი გამომდიოდა ჩემთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობ მამაკაცთან.

_ ჩემი ისტორია საინტერესო არ არის, შევეშვათ, _ თვალები დავხარე.

_ მე კი პირიქით მგონია, _ ხმადაბლა თქვა კახიმ.

_ როგორც ჩანს, დროის ეს მონაკვეთი სანტიმენტალურ გრძნობებს აღძრავს ადამიანში, _ გავიღიმე.

მანაც საპასუხო ღიმილი მესროლა და თვალებმოჭუტულმა ეშმაკურად შემომხედა.

_ შუაღამე საუკეთესო დროა ნებისმიერი საიდუმლოს გამჟღავნებისთვის.

_ მაშინ… თუ ასეა, მეც გკითხავთ რაღაცას. შეიძლება? _ დრო ვიხელთე.

_ მკითხეთ, თუკი არ გეზარებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს შეკითხვას აუცილებლად ვუპასუხებ.

_ დღეს ანდრომ ახსენა ჩემთან საუბარში, რომ საყვარელი ადამიანი დაკარგეთ. ვისზე მელაპარაკებოდა?

_ რამდენიმე წლის წინ მამა გარდამეცვალა, _ მიპასუხა და წამიერი დუმილის შემდეგ გააგრძელა, _ თუმცა, ანდრომ ალბათ ჩემი მეუღლე იგულისხმა.

_ მართლა? არ მეგონა, ცოლიანი თუ იყავით, _ უხერხულად ვიგრძენი თავი.

_ ეს დიდი ხნის წინ იყო. იქამდე, ვიდრე მწერალი გავხდებოდი.

_ და მერე რა მოხდა? _ დავინტერესდი და მივხვდი, რომ ეს ინტერესი მხოლოდ პროფესიონალური არ იყო.

მაშინვე არ მიპასუხა. მე კი ვიდექი და მშვიდად ველოდი, როდის ალაპარაკდებოდა.

_ მას ნატო ერქვა, ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტიკაზე. ძალიან ლამაზი ქალი იყო, რბილი ხასიათი ჰქონდა, დამყოლი, საოცრად მხიარული ბუნების… დანახვისთანავე შემიყვარდა და ექვს თვეში დავქორწინდით.

_ რა რომანტიკულია!

_ ჰო, ეგრეც იყო. დავქორწინდით და გადავწყვიტეთ, თაფლობის თვე იალტაში, ზღვაზე გაგვეტარებინა. ექვსი კვირა დავყავით იქ. საოცარი დღეები იყო… სამწუხაროდ, ჩვენი მოგზაურობა ტრაგიკულად დასრულდა.

_ რატომ, რა მოხდა?

_ ნატო საერთოდ კარგად ცურავდა. ერთ დღესაც, ღრმად შეტოპა ტალღებში. რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, ფეხი გაეკვანძა, ძარღვი დაეჭიმა და გამოცურვა ვეღარ მოახერხა… ვერც ჩვენ შევძელით მისი ზღვიდან დროულად გამოყვანა…

_ თქვენც იქ იყავით?

_ რა თქმა უნდა, ნაპირზე ვიჯექი და გავყურებდი. თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. როცა გონს მოვეგე და შევცურე, ისე ვიყავი განერვიულებული, ლამის მეც ჩამითრია ტალღამ. სანამ მივუახლოვდებოდი, უკვე ჩაიძირა… ორი დღე ეძებდნენ მაშველები. არადა, მის გვერდით რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გადავარჩენდი, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად… ხედავთ, შუაღამემ რა მელანქოლიური გამხადა? დიდი ხანია, ნატოზე არავისთან მილაპარაკია… მოდით, აჯობებს, დავივიწყოთ ეს ამბავი და ბავშვი დავაძინოთ. მე მომანდე ეს საქმე, ქეთი, _ ისე მგრძნობიარედ წარმოთქვა ჩემი სახელი, ჟრუანტელმა დამიარა.

_ კარგი, მე წავალ და დავწვები, _ მორჩილად დავყევი მის ნებას, უკვე მიძინებულ ნუკის შევავლე მზერა და გავტრიალდი, _ ძილი ნებისა, კახი, _ ამჯერად ოფიციალური «ბატონოს» გარეშე მივმართე და თავადაც მეუცხოვა, ასე რომ გავუშინაურდი.

_ ძილი ნებისა, ქეთევან! _ ძალიან ხმადაბლა გამოუვიდა მამაკაცს.

სანამ დავწვებოდი, კიდევ დიდხანს ვიჯექი საწოლის კიდეზე, კახის ხალათშემოხვეული და მომავალ სტატიაზე ვფიქრობდი. ინფორმაცია ანდრონიკაშვილის ხანმოკლე ქორწინებაზე, ნამდვილი სენსაცია იქნება ქართულ პრესაში.

8 8 8

«თბილისში ორშაბათი ასე არასდროს იწყება», _ გავიფიქრე და სამზარეულოს ნიჟარას დაყრდნობილმა, ფანჯარაში მეოცნებე მზერით გავიხედე. ახლა რომ რედაქციაში ვიყო, როგორც ყოველთვის, გადარბენები იქნება, წარამარა ტელეფონის ზარები, მასალების, რესპონდენტების მოძიება, კომპიუტერში შეძრომა და სტატიების «გამოცხობა». აქ კი ისეთი სიწყნარეა… უჩვეულო, ლამის გაუსაძლისი… მზის სხივები აუზში წყალს დასცემია და  ცისფრად ალიცლიცებს, შორს კი, ჰორიზონტზე, ოქროსფერი მთების კონტურები მოჩანს…

ეზოში ანდრო ფუსფუსებდა, ყვავილების გარშემო მიწას ბარავდა. დამინახა თუ არა, მოსალმების ნიშნად ხელი ამიწია.

საბავშვო სკამზე შემოსკუპებული ნუკი თავისთვის მხიარულად ჭყლოპინებდა და პლასტმასის ცარიელ ბოთლს მთელი ძალით ურტყამდა მაგიდას.

_ აბა, აბა, რას შვრები, პატარავ, როგორ შეიძლება! _ მივეალერსე ბავშვს და ბოთლი გამოვართვი, თან თვალი შევავლე კედელზე ჩამოკიდებულ ტელეფონს.

ამ დროს კარი გაიღო და კახი შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას წუხელ ცოტა ეძინა, საოცრად მხნედ გამოიყურებოდა.

_ დილა მშვიდობისა, _ მამაკაცმა ალერსიანად გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი და მაგიდას მიუჯდა, _ როგორი მიდის საქმეები?

_ ნორმალურად, სიცხე უკვე აღარ აქვს, _ ჩაიდანი მავთულის ოთხფეხზე შემოვდგი და გავიღიმე, _ უკვე ისაუზმა და გამხიარულდა კიდეც.

_ ეს კარგია, _ თქვა კახიმ და დაკვირვებით შემომხედა. რა ცუდია, დღესაც იგივე კაბა რომ მაცვია, უკეთესი იქნებოდა, სხვა ფორმაში ვენახე, _ თქვენ? გეძინათ მაინც? ალბათ ძალიან დაიღალეთ, არა? _ მითხრა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.

_ სხვათა შორის, კარგად მეძინა, მშვენივრად დავისვენე. საუზმე მოგიმზადოთ? _ შევთავაზე და ირგვლივ მიმოვიხედე, _ სადღაც აქ დავდე პროდუქტების სია, რომელიც წუხელ მომეცით…

_ არ შეწუხდეთ, ქეთი, ყავაც საკმარისი იქნება. იქნებ თქვენც ჩამოჯდეთ და ერთად დაგველია? _ თქვა და სკამზე მიმითითა.

ორი ფინჯანი ყავა გავამზადე დ მეც მაგიდას მივუჯექი.

_ ანდრომ უკვე დალია?

_ როგორც ჩანს, დალია, რადგან წყალი ადუღებული დამხვდა.

რა სასიამოვნოა, როცა ასე ზიხარ, ბავშვთან და კახისთან ერთად, თითქოს ერთი ოჯახი ვიყოთ… ღმერთო ჩემო, რაზე ვფიქრობ! ამისთვის ვარ აქ? ჩემი მოვალეობა ანდრონიკაშვილის ჯაშუშობაა და არა მის ცოლობაზე ოცნება!

_ ძალიან მომეწონა ქალბატონი ლალი… დიდი ხანია, მას იცნობთ? _ პროფესიული შეკითხვა დავსვი.

_ ძალიან დიდი ხანია. ის ჩემი პიარ-მენეჯერია, სარეკლამო აგენტიც. თბილისშიც ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობთ, აქაც აქვს ბინა, ასე რომ, ისედაც ხშირად გვიწევს ერთმანეთის ნახვა. როცა გერმანიაში ვარ, ტელეფონით ან ინტერნეტით მეკონტაქტება.

მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. კახი ადგა და კედელზე დაკიდებულ აპარატს მიუახლოვდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მდუმარედ ისმენდა ახალ ინფორმაციას, მერე კი გახარებულმა წამოიძახა.

_ შესანიშნავია! როგორ გამახარეთ, ვერც წარმოიდგენთ! დიდი მადლობა, ნახვამდის! _ ამ სიტყვებით ყურმილი დაკიდა და შემობრუნდა, _ ჯული გონზე მოვიდა.

_ მადლობა ღმერთს! _ გულწრფელად ვთქვი და ბავშვისკენ დავიხარე, _ გაიგონე, პატარავ? დედიკო უკეთაა და მალე დაგიბრუნდება.

ნუკიმ გაურკვეველი ხმები გამოსცა, თითქოს მიხვდა, რაც უთხრეს.

არადა, მართლა გამიხარდა. ძალიან მეცოდებოდა უდედოდ დარჩენილი პატარა.

_ როგორ ფიქრობთ, ქალბატონ ჯულის მალე გამოწერენ? _ დავინტერესდი.

_ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, თუმცა ექიმები იმედს არ კარგავენ.

_ მესმის თქვენი…

_ ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ.

უეცრად რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. მართლა მიხაროდა მარგველაშვილის გამოჯანმრთელების ამბავი, მაგრამ, ამავდროულად, როცა კახი მასზე ასეთი სიყვარულით ლაპარაკობდა, მშურდა მისი.

კახიმ მაჯის საათზე დაიხედა და წამოდგა.

_ ახლა რამდენიმე ადგილზე დავრეკავ და მერე ქალაქში გავიდეთ შენი ნივთების წამოსაღებად, კარგია?

ამის გაგონებაზე გამაჟრიალა. მასთან ერთად როგორ შევძლებ ამის გაკეთებას?

მამაკაცი ბავშვს მიუახლოვდა და ხელში აიყვანა.

_ წამოდი ჩემთან, პატარავ, მე და შენ ერთად დავრეკოთ საქმეებზე, _ ამ სიტყვებით ნუკის ლოყაზე აკოცა და სამზარეულოდან გაიყვანა.

ჭურჭელი ავალაგე, დავრეცხე და ნუკისთვის ფაფა მოვამზადე, რომ ყოველი შემთხვევისთვის, თან წამეღო. ხომ შეიძლებოდა, გზაში მოშიებოდა.

სამზარეულოდან გამოსულს ბავშვის სიცილის ხმა შემომესმა. ჩუმად შევიჭყიტე კაბინეტის გამოღებულ კარში. კახის ნუკი ფეხზე შემოესვა და აქანავებდა, თან ლექსს ამბობდა, «აჩუ-აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო…» გოგონას აშკარად მოსწონდა თამაში და გაუჩერებლად იცინოდა.

მამაკაცმა შემამჩნია. გავწითლდი. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა.

888

_ მშვენივრად მხიარულობთ, _ შეცბუნებულმა ვთქვი, როცა კახიმ შემამჩნია.

_ მგონი, გამოგვდის, _ ალერსიანად შემომღიმა, _ შემოდით.

ნეტავ ასე არ იღიმოდეს, ეგრევე ვდნები, როცა მიღიმის. არ ვიცი, რა მემართება. მამაკაცი წამოდგა და შევამჩნიე, რომ სავარძელზე, მის გვერდით, რაღაც წიგნი იდო. მექანიკურად დავწვდი და სათაური წავიკითხე: «ბავშვის მოვლა».

_ ამას კითხულობთ? _ გაოცებულმა ვკითხე.

_ კი არ ვკითხულობ, ვსწავლობ. თქვენ ალბათ ყველაფერი იცით ბავშვების შესახებ, მე კი ჯერ დილეტანტი ვარ, _ მიპასუხა და შემომცინა.

გადავფურცლე და შევამჩნიე, რომ სანიშნი სწორედ იმ გვერდზე იყო ჩადებული, რომელიც ჩვილის პირველი კბილის ამოსვლის პრობლემებს ეხებოდა.

_ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო… თითქმის სიურპრიზი.

_ რატომ?

_ როგორ გითხრათ… არ მეგონა, თქვენნირ დაკავებულ ადამიანს იმის დრო თუ ჰქონდა, ბავშვების მოვლაზე ლიტერატურა ეკითხა.

_ ხდება ხოლმე… _ ეშმაკურად გაიღიმა მამაკაცმა და ბავშვი მომაჩეჩა, _ დროა, გავიდეთ ქალაქში, ორივე გაემზადეთ…

ერთი საათის შემდეგ ბავშვიანად უკვე კახის მრგვალფარებიან «მერსედესში» ვიჯექი და გზადაგზა ზღვის პეიზაჟით ვტკბებოდი.

_ რა ლამაზია ზღვა, _ ჩემთვის ჩავილაპარაკე.

კახიმ შემომხედა და სიჩქარეს მოუმატა.

_ ჩემი აზრით, საქართველოზე ლამაზი მხარე მსოფლიოში არ არსებობს. ყველაფერი გვაქვს _ ზღვა, მთა, ტყეები, ნაკრძალები, წყაროები… და ამ ყველაფერს კიდევ პატრონი არ ჰყავს. იცით, როგორი საკურორტო ზონის გაკეთება შეიძლება აქ? ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ რად გინდა, ამაზე არავინ ფიქრობს. ზღვა მეც მიყვარს, იმიტომაც შევიძინე ქობულეთში აგარაკი, ზაფხულობით ყოველთვის აქ ჩამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვის წყალი გაცილებით უკეთესია.

_ უფრო სუფთა?

_ უფრო სუფთაც და უფრო მსუბუქიც. ფერიც კი საოცარი აქვს _ ლურჯი, ლურჯი… ქობულეთს რომ გაცდები, ერთი არაჩვეულებრივი ადგილია, წყალწმინდა ჰქვია. სანაპირო მთლიანად ქვიშისაა და ირგვლივ სულ ფიჭვნარია. გაივლი, გამოივლი და გრძნობ, როგორ გახვევს თავბრუს ფიჭვის სურნელი. ყოფილხართ?

_ არა. სამწუხაროდ, ჩემი სამსახურის გადამკიდე, დრო არ მრჩება ასეთი რამეებისთვის.

_ აბა, ასე გარუჯვა როგორ მოახერხეთ? _ ირიბად გამომხედა.

ელეთმელეთი დამემართა, მაგრამ არ დავიბენი.

_ ვისთანაც ვმუშაობდი, მისი ბავშვი გამყავდა ხოლმე დილა-საღამოს სანაპიროზე.

_ გასაგებია… ვისთან მუშაობდით? შეიძლებ ვიცნობ კიდეც.

_ არა! არა! _ ლამის შევყვირე შეშინებულმა, _ არა მგონია.

ღმერთო, რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი? თავიდანვე მეთქვა, თბილისიდან ჩამოვედი-მეთქი.

_ რატომ არ გგონიათ? მართალია, სულ აქ არ ვცხოვრობ, მაგრამ ბევრს ვიცნობ.

_ ისინი ქართველები არ არიან, _ ჩემდა უნებურად წამოვროშე.

_ მართლა? ახლა არ მითხრა, სომხის ბავშვს ვუვლიდიო.

ციებიანივით შემაკანკალა.

_ ნახევრად გერმანული ოჯახია, ერთი წელია, აქ ცხოვრობენ, _ ტყუილს ტყუილზე ვაცხობდი და თავადვე ვიჯერებდი მას, _ სახლის პატრონს ცოლი ჰყავს გერმანელი.

_ რა გვარიაო, რა მითხარი? _ ჩამაცივდა.

_ კაცი ქათამაძეა, ქალი კი… ვებერი.

_ და რამდენ ხანს იმუშავეთ მათთან?

_ დაახლოებით რვა თვე.

_ ო-ჰოოო! მაშინ გერმანულსაც შეისწავლიდით., _ თქვა კახიმ და რამდენიმე ფრაზა გერმანულად წარმოთქვა.

_ ცოტა ვისწავლე, გაქცეულ გერმანელს მოვაბრუნებ, _ გერმანულადვე ვუპასუხე.

კიდევ კარგი, გერმანულენოვანი სკოლა მაქვს დამთავრებული, თანაც _ წარჩინებით, თორემ ხომ მომეჭრებოდა თავი.

გზაჯვარედინთან მამაკაცმა სიჩქარე შეანელა და მარცხენა მხარეს გზას გახედა. ამით ვისარგებლე და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე.

_ ქალბატონი ჯული სად მოყვა ავარიაში? _ ვკითხე, თუმცა მშვენივრად ვიცოდი, ავტოკატასტროფა რომელ ქვეყანაშიც მოხდა. მაგრამ ეს ერთადერთი საშუალება იყო, მამაკაცს ჩემი დაკითხვა არ გაეგრძელებინა.

_ თქვენ რა, გაზეთებს არ კითხულობთ? _ არ შემოუხედავს, ისე მკითხა.

_ იშვიათად.

_ თუმცა, გაზეთებიდან სიმართლეს მაინც ვერასდროს გაიგებ. იმას წერენ, რაც გაუხარდებათ და არა სიმართლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტების ნახევარი სენსაციის გამო ღვიძლ დედასაც კი გაყიდის.

_ არ გეთანხმებით, _ პროტესტი გამოვთქვი, _ იცით, რამდენი რამის გადატანა უხდებათ ჟურნალისტებს ხანდახან? ერთობ რთული სამუშაოა, შორიდან ადვილია მათი განსჯა. ისინი რომ არ იყონ, რამდენი უსამართლობა მიიჩქმალებოდა, ვინ იცის.

_ მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, ქეთი. ხშირ შემთხვევაში ისინი მაინცდამაინც იქ ყოფენ ცხვირს, სადაც არაფერი ესაქმებათ. ყველაფრის გამოქექვას ცდილობენ და არასდროს ფიქრობენ იმაზე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ეგრეთ წოდებულ სენსაციურ რეპორტაჟებს. და ყვველაფერ ამას სხვებისთვის კი არა, კარგი ჰონორარის მისაღებად აკეთებენ.

მოვიკუნტე. სულის სიღრმეში სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. მართალი არ არის? სწორედ ამას ვაკეთებ მე ახლა, ამწუთას. თუმცა, ასეთი თემები არასდროს მიზიდავდა, ჭორების განქიქება ჩემი საქმე აქამდე არ ყოფილა, მაგრამ სიტუაციამ მოითხოვა და რა ჩემი ბრალია?

_ პასუხს ვცემ თქვენს კითხვას: ჯული გერმანიაში მოყვა ავარიაში, _ თქვა მოულოდნელად.

_ გასაგებია, _ ჩავიბუტბუტე ჩემთვის.

მინდოდა, კიდევ რამდენიმე შეკითხვა დამესვა, თან ჩემი უსინდისობა უკვე ძალიან მაწუხებდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოვითმინე.

_ როცა ქალბატონ ჯულის გამოწერენ, მერე რა მოხდება? ძიძა ალბათ აღარ დაგჭირდებათ, არა? ბავშვს გერმანიაში წაიყვანთ თუ თვითონ ჩამოვა აქ? _ მივაყარე და მივაყარე.

_ სულ ველოდებოდი, ამას როდის მკითხავდით, _ გაწელილი ხმით თქვა კახიმ.

_ მართლა? _ გულუბრყვილოდ წამოვიძახე და მიამიტი ბავშვის სახე მივიღე, _ რატომ ელოდით?

_ ეს ხომ ბუნებრივია… თქვენ გეშინიათ, სამსახური არ დაკარგოთ, _ მხრები აიჩეჩა.

_ თქვენი აზრით, უნდა მეშინოდეს? ნუკის გერმანიაში უპირებთ წაყვანას?

წუთიერი ყოყმანის შემდეგ მან ოდნავ მოაბრუნა თავი და მომნუსხველად გამიღიმა. როგორ მაგიჟებს ეს ღიმილი!

_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ქე-თე-ვან! _ ხაზგასმით მიმანიშნა, ზედმეტი მოგდისო.

ამასთან, გამახსენდა მისი გუშინდელი მუქარა, ჩემზე რომ რამე დაწერონ, რედაქციას სასამართლოში ვუჩივლებო და გამაჟრიალა. უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა მმართებს, თორემ გავებმები.

_ აქამდე ხომ ქეთის მეძახდით, _ მსუბუქად შევახსენე და მომაჯადოებელი ღიმილი ავიკარი ტუჩებზე, _ ქეთევანი ძალიან ოფიციალურად ჟღერს. არ მომწონს, ასე რომ მომმართავენ, შებოჭილად ვგრძნობ თავს.

_ კურსებზე გასწავლეს, მიმართვის როგორი ფორმა აირჩიოთ დამქირავებელთან? _ შევკრთი, ისეთი ცივი ხმით მკითხა.

_ კურსებზე ხშირად შეგვახსენებდნენ, რომ წავიდა ის დრო, როცა მოსამსახურეებს კიბის ქვეშ გამოუყოფდნენ ხოლმე ოთახს, _ საშინლად სარკასტულად გამომივიდა.

პასუხი არ გაუცია, არც შემოუხედავს. ამასობაში სადგურს მივუახლოვდით.

_ ახლა საით? სად ცხოვრობენ შენი ყოფილი დამქირავებლები? მისამართი მითხარით.

_ მისამართი? _ ბრინჯივით დავიბენი.

_ რომელ ქუჩაზე ცხოვრობენ, არ იცი? _ გამჭოლი მზერა მესროლა მამაკაცმა და სვლა კიდევ უფრო შეანელა.

_ რუსთაველის ქუჩაზე, მაგრამ მე… მე მეგონა, ჯერ თქვენს საქმეზე მიდიოდით, ამიტომაც არაფერი გითხარით. კარგა ხანია, გამოვცდით. უკან უნდა დავბრუნდეთ. ნუ ღელავთ, შორს არ არის.

_ არ ვღელავ. რატომ აქამდე არ მითხარით? _ მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.

_ მეგონა, ჯერ…

_ არაფერია, _ მკვახედ შემაწყვეტინა, _ მითხარით, სად შევუხვიო.

_ თუ არ ვცდები, მეორე შესახვევი უნდა იყოს… _ შიშისგან დამბურძგლა.

ცოტა რომ გავიარეთ, ვუთხარი, აქ შეუხვიეთ-მეთქი.

_ აქ არ შეიძლება, მაშინ ზემოდან უნდა მოვუარო.

_ არ გინდათ, ბატონო კახი, აქვეა, ახლოს. ფეხით მივალ იქამდე. ნახევარ საათში ჩავალაგებ ჩემს ნივთებს, ბევრი არაფერი მაქვს და ისევ ამ ადგილას დაგხვდებით, _ სხაპასხუპით მივაყარე.

ძალიან ავღელდი, ამდენი ნერვიულობისგან თავი ამტკივდა.

_ რა სისულელეა! რატომ უნდა ათრიოთ ჩანთები, როცა მანქანით ვართ? ზემოდან მოვუვლი. რა ნომერია სახლი?

სხვა გზა აღარ დამიტოვა, იძულებული გავხდი, ზუსტი მისამართი მეკარნახა. რამდენიმე წუთში «მერსედესი» ჩემს ნაქირავებ ბინას მიადგა. ბინას კი არა, უზარმაზარ ორსართულიან სახლს, ეგრეთ წოდებულ ოჯახურ სასტუმროს.

_ აი, მოვედით, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოვთქვი და ჩაძინებული ნუკი უკან გადავსვი, მანქანაში გაბმულ ბავშვის საწოლში, _ დიდი მადლობა, შეძლებთ ნახევარ საათში გამომიაროთ?

_ აქ დაგიცდით, _ თითქოს ჯიბრით მითხრა და ძრავა გამორთო.

_ არა, არა, ნუ დამელოდებით. აჯობებს, თქვენი საქმეები მოითავოთ. დრო ტყუილად რატომ უნდა დაკარგოთ? _ ფერწასული რას ვლუღლუღებდი, თავადაც არ მესმოდა.

_ არა უშავს, _ თქვა კახიმ და საზურგეს მიეყრდნო, _ ნახევარი საათი არც ისე დიდი დროა.

_ შეიძლება არც მეყოს ნახევარი საათი, რა ვიცი… _ ავწრიალდი, _ სანამ მათ დავემშვიდობები, სანამ ნივთებს ჩავალ…

_ მიხედეთ საქმეს, ქეთევან! ასე გაცილებით მეტი დრო იხარჯება! გგონიათ, მსიამოვნებს აქ ყურყუტი? _ მბრძანებლური ტონით გამაწყვეტინა.

ნათელი იყო, რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. გული გამალებით მიცემდა. არ მახსოვს, როგორ გადმოვედი მანქანიდან და ჭიშკარს მივუახლოვდი. ფეხები აღარ მემორჩილებოდა. რა საშინელი კაცია! რა საჭიროა, ჩემი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემოწმება? მაინცდამაინც ჭიშკრამდე მომაყვანინა თავი. რატომ? ვაითუ, დაინტერესდეს და გამოიკითხოს, აქ ვინ ცხოვრობსო… არა მგონია, ასეთი რამ იკადროს.

შევეცადე, ოდნავ მაინც დავმშვიდებულიყავი. ხელი ისე მიკანკალებდა, ვეღარ ვიმორჩილებდი. რის ვავაგლახით შევაღე ჭიშკარი და მეორე სართულის კიბეს ავუყევი. ეზოში არავინ იყო, რაც ძალიან გამიხარდა. არადა, ყველას ვიცნობდი, ვინც ამ სახლში ისვენებდა. საღამოობით ფოიეში გამოვდიოდით და ხან ვსვამდით, ხანაც ჯოკერს ვთამაშობდით ან, უბრალოდ, ჭორაობით და ტელევიზორის ყურებით ვიქცევდით თავს, მზესუმზირის «თანხლებით».

აი, რა ცუდია ტყუილის თქმა. ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს _ მესამე და ბოლოში სად გაგიყვანს, კაცმა არ იცის. მართალია, როცა ამბობენ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. ნეტავ ჩემს ტყუილს რამდენად მოკლე ფეხები აქვს?..

ის იყო, ბოლო საფეხურზე შევდგი ფეხი, რომ კახის ხმა დამეწია.

_ იცით, თქვენ მართალი ხართ, აქ რისთვის გელოდოთ? წავალ და ნახევარ საათში მოვბრუნდები.

_ ასე აჯობებს, _ ნაძალადევად გავუღიმე და შვებით ამოვისუნთქე.

ჩემდა გასაკვირად, ქალები ფოიეში დამხვდნენ, ჩვენი დიასახლისიც იქ იყო, გრძელტარიანი ცოცხი ეჭირა და იქაურობას გვიდა.

_ ვააა! დაკარგულს გაუმარჯოს! ქეთი, სად იყავი წუხელ? _ შემომეხვივნენ ყველანი.

_ გოგოებო, სამსახურის საქმეზე დავრბოდი. რაღაც საინტერესო სიუჟეტი ავაგდე და მასალებს ვაგროვებ. ქალბატონო ეთერ, უნდა დავცალო ოთახი, იმ ორი დღის ფულს აღარ გამოგართმევთ, იყოს.

ეთერმა მადლობის გამომხატველი ღიმილი მესროლა. ქალების ქაქანს ყურადღება არ მივაქციე და ოთახში შევვარდი. რაც შეიძლებოდა, სწრაფად მოვუყარე ჩემს ტანსაცმელს თავი, ჩანთაში დაუდევრად ჩავყარე და მობილური ჩავრთე, რომ მამუკასთვის დამერეკა.

_ ქეთი, სად დაიკარგე, გოგო, მთელი თბილისი შენ რომ გეძებს? რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული? _ დამიცაცხანა რედაქტორმა.

_ სად დავიკარგე და ანდრონიკაშვილის სასახლეში დავსახლდი. ძიძა ვეგონე და უპრობლემოდ მიმიღო, გესმის? იძულებული გავხდი, ღამით იქ დავრჩენილიყავი. ტელეფონი კი შეგნებულად გამოვრთე, შენი და დედაჩემის ზარების შემეშინდა.

_ რას ამბობ, მართლა?! _ ლამის გამოძვრა მობილურიდან მამუკა, _ რა მაგარი ხარ, ყოჩაღ შენ! არაჩვეულებრივია!

_ არც ისე, შენ რომ გგონია. არ იცი, როგორ შარში ვარ გახვეული. არ ვიცი, სანამ გავუძლებ. ძალიან მეშინია, არაფერს მიმიხვდეს. დედაჩემმა ხომ არ დაგირეკა?

_ დამირეკა და დავამშვიდე, ისეთ ადგილას გავუშვი ინტერვიუს ჩასაწერად, ტელეფონი არ იჭერს-მეთქი.

_ გაიხარე, შენც მაგარი კვაჭი ხარ, რომ იცოდე!

_ ბავშვი ნახე?

_ აბა, არ ვნახე? მე ხომ მისი ძიძა ვარ!

_ ფოტოები? გადაღება მოახერხე?

_ როგორც შევძელი… სხვათა შორის, კარგი კადრები მაქვს.

_ პირველ რიგში ანდრონიკაშვილის და ბავშვის ფოტოები გვჭირდება. ორივეს ერთად თუ დააფიქსირებ, მთლად ოქრო იქნები. მთავარი სურათებია, ხომ იცი.

_ ვეცდები, მამუკა, არ არის ასე ადვილი.

_ შენ ხომ ჩემპიონი ხარ, მოახერხებ.

_ არ იქნება ადვილი. ხომ არ ვეტყვი, ახლა ბავშვი ხელში აიყვანეთ, უნდა «ჩაგაფოტკოო»-მეთქი?

_ მაგის არ შეგეშინდეს, მე ვიზრუნებ. რომელიმე ფოტოგრაფს გამოვგზავნი.

_ არ გინდა, მამუკა, არ დამღუპო, გეხვეწები! ისიც საკმარისია, მე რომ შევძვერი მის სახლში. ვერავის შეყვანას ვერ მოვახერხებ, გამორიცხულია. ყველაფერი სიგნალიზაციაზე აქვს დაყენებული.

_ კარგი რა, შენ ხომ პროფესიონალი ხარ, რაღაცას მოიფიქრებ. უთხარი, შეყვარებული უნდა ჩამოვიდეს ჩემს სანახავად-თქო.

_ გაგიჟდი? რა შეყვარებული, რის შეყვარებული. ახლა აქ ვინმეს მოსვლა ძალიან საშიშია, შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩამეყაროს. მე თვითონ მოვუვლი მაგ საქმეს, გემუდარები.

_ კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ და რამეს მოვიფიქრებ.

_ ვერ დამირეკავ, მობილური გამორთული მექნება.

_ სახლის ტელეფონი რა ნომერია, არ იცი?

_ აბა, საიდან უნდა ვიცოდე! არც ეცადო, რომ გაიგო. იქ დარეკვა არ გაბედო, გესმის? მაშინვე დაეჭვდება. ძალიან გთხოვ, ნუ იზამ ამას.

_ ბოლოს და ბოლოს, ქალს დავარეკინებ, რა მოხდა. ვითომ შენიანებმა მოგიკითხეს. რა სახელი დაირქვი?

_ ჩემი სახელით მივედი, რატომ უნდა მომეგონებინა ახალი. რა იცის, ვინ ვარ. მამუკა, გთხოვ, არ დარეკო. ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვიმყოფები ისედაც.

_ ასე რამ შეგაშინა, გოგო? აგვისტოში, იმ გაგანია ომის დროს რომ გორში გარბოდი, შენ არ იყავი? თუ უკვე დაგავიწყდა?

_ ის სხვა იყო, ადამიანო, აქ ტყუილების თქმა მიწევს, განსხვავებას ვერ ხედავ?

_ იცი, მარგველაშვილი რომ გონს მოვიდა? მალე სრულიად გამოჯანმრთელდებაო, ამბობენ. სხვათა შორის, ბავშვი რომ ანდრონიკაშვილთან იმყოფება, უკვე მთელმა საქართველომ იცის.

_ ჯანდაბას! ეს რა ცუდი ამბავი მითხარი. ახლა დაეხვევიან ჟურნალისტები თავს და ერთი ამბავი ატყდება.

_ აბა რა იქნება, ამიტომაც ყველას უნდა დაასწრო, გასაგებია? რამე გამოსტყუე მაინც? რას ამბობს, იმ ქალს ცოლად შევირთავო?

_ ცოლად შეირთავს? _ გაოგნებულმა გავიმეორე, _ არა მგონია… მე სულაც არ ვფიქრობ ასე.

_ მიდი, მიდი, დროზე გაარკვიე და გამოიქეცი. იმ კაცს შვილი ჯულისგან ჰყავს და არ არის გამორიცხული, მალე ქორწილიც კი ვჭამოთ. პირველებმა ეს ამბავი ჩვენ უნდა დავბეჭდოთ, გესმის? შენი იმედი მაქვს.

_ რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი, მამუკა. ძალიან უსინდისოდ ვიქცევით.

_ გამიგიჟდი? რას ნიშნავს უსინდისოდ? შენ შენს მოვალეობას ასრულებ, იპარავ რამეს, თუ? არ მაინტერესებს შენი აზრები, მე მასალა მჭირდება, სენსაციური მასალა და შენგან ველი ამას, გესმის?

_ მესმის, უფროსო, მესმის… წავედი და ჩემს ზარს დაელოდე. იცოდე, არ დამირეკო, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. დამიჯერე ამ ერთხელაც, რა იქნება.

_ კარგი, კარგი, აღარ დავრეკავ და ფრთხილად იყავი. აბა, გკოცნი.

მამუკასთან ლაპარაკს რომ მოვრჩი, სახლში დავრეკე. დედას ვუთხარი, არ ინერვიულო, სენსაციურ მასალას ვაკეთებ, პარლამენტარებთან მიხდება გამუდმებით ყოფნა, ამიტომ მობილური უნდა გამოვრთო, რომ ვინმემ უდროო დროს არ დამირეკოს-მეთქი.

ერთი სიტყვით, დედაც დავამშვიდე ჩემი ტყუილებით, ჩანთა მხარზე მოვიგდე და გამოვედი. ქალებს იქვე დავემშვიდობე, არ გამაცილოთ, ამ პროცესს ვერ ვიტან-მეთქი. შემეშინდა. წარმოიდგინეთ, რა სანახავი ვიქნებოდი, ქალებით გარშემორტყმული რომ ჩავიდოდი ეზოში. ჩემდა გასაოცრად, კახი უკვე მოსულიყო.

_ მოგესალმებით! _ მხიარულად შევძახე.

მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ჩანთა ჩამომართვა.

_ ამას საბარგულში ჩავდებ, _ თითქოს ნებართვა მთხოვა.

_ რა თქმა უნდა, ფეხებთან ამხელა ჩანთას ვერ დავიდებ, _ ისეთი ხმით ვლაპარაკობდი, აშკარად მეტყობოდა, რომ ხასიათი რაღაცამ გამომიკეთა.

_ გაუხარდათ თქვენი ნახვა? _ მკითხა კახიმ, როცა გზას გავუდექით.

_ ძალიან! ბავშვმა ლამის იტირა.

_ მერე? ასე თუ დაენანათ თქვენი წამოსვლა, ჭიშკრამდე ვერ გამოგაცილეს? _ გამომცდელი მზერა მესროლა.

ალმური წამეკიდა. კიდევ ერთი ტყუილის თქმა მომიწევს!

_ არ მიყვარს, როცა მემშვიდობებიან. ამ პროცესს ვერ ვიტან. ამიტომაც ვთხოვე, არ გამომყოლოდნენ.

_ გასაგებია-ა-ა, _ სიტყვა რატომღაც გაწელა მამაკაცმა.

მთელი გზა ისე გავიარეთ, ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. ნუკის ჯერაც ტკბილად ეძინა თავის საწოლში.

უეცრად კახიმ «გემრიელად» შეიგინა და სვლა შეანელა…

იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მისგან გინების მოსმენა, გაოცებულმა შევხედე. ის წინ იყურებოდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და… თავზარი დამეცა! მწერლის სახლის წინ ჟურნალისტების მთელ ბრიგადას მოეყარა თავი. მე ჩემი დარდი მქონდა. ადვილი შესაძლებელი იყო, მათ შორის რომელიმე ნაცნობიც ყოფილიყო. ვაი, შენს ქეთის! აი, სად დამერხა! რაც უფრო ვუახლოვდებოდით ჭიშკარს, მით უფრო ვიძაბებოდი. კახიმ მანქანა გააჩერა. გამიკვირდა, რას აკეთებს-მეთქი. «ბრიგადა» ჩვენკენ დაიძრა. შორიდანვე ატყდა ფოტოაპარატების ჩხაკუნი. ჩემდა უნებურად, ხელები წინ ავიფარე, ვინმემ არ მიცნოს-მეთქი. მართალი უთქვამს მამუკას, უკვე ყველამ იცოდა ანდრონიკაშვილის ჩამოსვლის ამბავი… და არა მარტო ჩამოსვლის…

კახის მინები ჩაწეული ჰქონდა, რადგან ბავშვის გამო კონდიციონერი არ ჩაურთავს. ერთმა მსუქანა ჟურნალისტმა იყოჩაღა და სანამ მამაკაცი დაბურულ მინებს აწევდა, დიქტოფონი შემოჰყო ფანჯარაში.

_ მართალია, რომ თქვენ და ჯული მარგველაშვილი დაქორწინებას აპირებთ? ნუკი მართლა თქვენი შვილია?

მამაკაცმა შეხედვის ღირსადაც არ მიიჩნია «თავხედი» ჟურნალისტი. ღილაკს თითი მიაჭირა და მინები ასწია, მერე მოულოდნელად დაძრა მანქანა და სწრაფად გააქანა ჭიშკრისკენ. მივხვდი, რატომაც გააჩერა მოშორებით. ისინი გამოიტყუა, რომ მერე სახლამდე დაუბრკოლებლად მისულიყო.

ერთიანად ვკანკალებდი. ვაითუ, რომელიმემ მიცნო? თითქოს მართლაც დავლანდე ძალიან ნაცნობი სახე, მაგრამ… არა, მომეჩვენა ალბათ. ის ვიღაცა თემურს მივამსგავსე, რაც გამორიცხული იყო. თუმცა, რატომაც არა? ის ხომ ფოტორეპორტიორია?

_ კოღოებივით არიან ეს ოხრები. ერთი სული აქვთ, როგორმე გიკბინონ, _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა.

შეუმჩნევლად ავწკიპე წარბები. კიდევ კარგი, არ იცის, რომ მეც ამ «ბანდის» ერთ-ერთი წევრი ვარ…

_ რა ქნან, ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, _ გავამართლე «კოღოები».

_ ასე გგონიათ? _ შუბლშეკრულმა გამომხედა, _ რა დაგემართათ? გაფითრებული ჩანხართ.

_ არაფერი, თქვენი არ იყოს, არც მე მესიამოვნა მათი აქ დახვედრა. ახლა მეც ვხვდები, რასაც განიცდით ასეთ დროს.

_ ამ მომწერლო ელემენტების ატანა არა მაქვს! _ იყვირა უცებ მთელი ხმით და ხელისგული საჭეს დაჰკრა, _ ვისი რა საქმეა, ვის შევირთავ ცოლად? რაში აინტერესებთ, რა მაკავშირებს ჯულისთან? ამ ხალხს სხვა საზრუნავი არაფერი აქვს? _ განრისხებული გაჰყვიროდა, _ ხომ ნახეთ, ხმა არ ამომიღია, მათ კითხვებს პასუხი არ გავეცი. გგონიათ, ამას დაწერენ? ა-რააა! თვითონ მოიფიქრებენ პასუხს და რაღაც სისულელეს გამოაცხობენ! ეგ არის რომ მეზიზღება! შეიძლება ისიც თქვან, რომ ამ ეტაპზე მე თქვენთან მაქვს რომანი.

_ ჩემთან? არა მგონია… _ ისე გამაკვირვა მისმა სიტყვებმა, პირი დავაღე. თუმცა კი ძალიან სასიამოვნოდ მომხვდა ყურში.

_ გეუბნებით, ასეა. ამ ხალხს ნამუსის ნატამალი არ აქვს შერჩენილი, ყველაფერს იკადრებენ.

_ მაგრამ ყველა ერთნაირი ხომ არ არის? თქვენ ცნობილი ადამიანი ხართ. რა გაქვთ დასამალი? როცა პრესას და ტელევიზიას არ იკარებთ, ძალაუნებურად ჩნდება კითხვები. არ გსურთ პასუხის გაცემა? გამოდის, რაღაცას მალავთ… თუ ჩრდილში ყოფნა მოგწონდათ, მაშინ მეხანძრეობა უნდა აგერჩიათ, ან სანტექნიკოსობა, ან რაღაც ამდაგვარი…

_ რას მელაპარაკებით?! _ ცინიკურად გაიცინა, არ მოეწონა ჩემი «მწარე» სიმართლე.

_ იცით, რა? ცნობისმოყვარეობა ნებისმიერი ადამიანის ხასიათში ძევს. ყოველთვის ყველა ინტერესდება ამა თუ იმ პერსონის ცხოვრებით, განსაკუთრებით, თუკი ცნობილი ხართ, _ ისეთი აღგზნებული ვიყავი, მისი ირონიული ღიმილი არაფრად მივიჩნიე, _ დავიჯერო, თქვენ არასდროს გამოგიჩენიათ ცნობისმოყვარეობა ვინმეს მიმართ? არასდროს გაგჩენიათ სურვილი, კულისებში შეგეხედათ?

_ და რა გგონიათ, რასაც გაზეთებში წაიკითხავთ, ყველაფერი მართალი გამოდგება? ნუ მაცინებთ, თუ ღმერთი გწამთ! ნახევარზე მეტს თვითონ იგონებენ რედაქტორებიც და კორესპონდენტებიც. დავიჯერო, მართლა ასეთი მიამიტი ხართ? მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ პრესას, განსაკუთრებით ქართულს. როცა არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ, მაშინვე თავად გამოაცხობენ სენსაციას. «ვის მალავდა ჯული მარგველაშვილი გრძელი კაბის ქვეშ»? არ არის სენსაცია? მეგობრის ორი წლის ბავშვს, რომელიც დამალობანას თამაშობდა თავის

ტოლებთან… სამაგიეროდ, სათაური ხომ არის სენსაციური? აი, ეს არის ჩვენი ჟურნალისტიკა!

მინდოდა, კვლავ შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ გაჩუმება ვარჩიე.

_ რაღაცის თქმას აპირებდით, მგონი… _ ცალი წარბი ასწია და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.

_ არა, არაფერი, _ თავი გავაქნიე, _ უბრალოდ, ყველას თავისებურად გააქვს თავი.

_ ესე იგი, თქვენი აზრით, მე ცუდად მოვიქეცი? ჩემი დუმილი სისასტიკეში მეთვლება?

_ როგორ გითხრათ, _ მხრები ავიჩეჩე, _ შეგეძლოთ რაღაც მაინც გეთქვათ.

_ შეიძლება მართალიც იყოთ.

გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი, ისე მოულოდნელად დაძრა კახიმ მანქანა. შემეშინდა, რადგან ვიფიქრე, ალბათ მათთან მიდის ინტერვიუს მისაცემად-მეთქი, მაგრამ შევცდი. მან მხოლოდ მოაბრუნა მანქანა, რათა ჭიშკართან მიეყენებინა და ეზოში შესვლა გაეადვილებინა. მერე  ძრავა კვლავ ჩააქრო.

_ გინდათ, ანკესი გადავუგდოთ? მივცეთ მასალა კარგი სტატიისთვის? _ ეშმაკურად შემომცინა.

_ ანუ? _ შუბლი შევიჭმუხნე, ვერ მივუხვდი, რას გულისხმობდა.

მამაკაცმა მარჯვენა ხელი ჰაერში ასწია, თითები აამოძრავა, მერე საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და ჩემი სახე თავისას მიუახლოვა.

_ ანუ… თუ მე თქვენ ახლა გაკოცებთ, კრება მხიარული დარჩება და სახლში ყველა კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდება, _ ეს სიტყვები ხმადაბლა თქვა, ძალიან ხმადაბლა.

თვალებგაფართოებული მივაჩერდი… ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. ვიგრძენი, როგორ წამოვხურდი სახეზე მისი სიახლოვისგან.

_ ჩემი აზრით… მე მგონი, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის, _ ჩავილუღლუღე აცახცახებულმა და უნებლიეთ მის ტუჩებს დავაშტერდი.

გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, სუნთქვაც კი გამიჭირდა.

_ გეშინიათ? ან, იქნებ, არაკორექტულია, როცა საკუთარ ბოსთან «ზასაობ»? _ ბოლო სიტყვა განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა.

მის კითხვას პროფესიონაური შეკითხვა დავუხვედრე.

_ და მერე როგორ აუხსნით ამ ამბავს ქალბატონ ჯულის?

_ არავისთვის არაფერი მჭირს ასახსნელი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ. ჯულის ვეტყვი, რომ ამით მასმედიას სასიამოვნო სიუპრიზი მოვუმზადე.

სანამ რამეს მოვისაზრებდი, კახიმ ხელი თმაში ჩამავლო და ტუჩებზე დამეკონა. მინდოდა, წინააღმდეგობა გამეწია და ძალიან ადვილიც იყო ამის გაკეთება, მაგრამ… რატომღაც, კოცნაზე კოცნით ვუპასუხე…

_ ჰმ… თურმე რა სასიამოვნო ყოფილა, ასიამოვნო პრესას… _ ჩაიჩურჩულა კახიმ, როცა ჩემს ტუჩებს მოწყდა…

888

დაბნეულმა შევხედე, ერთიანად ვკანკალებდი.

_ არც კი მჯერა, ეს რომ ჩაიდინეთ, _ ჩახრინწული ხმით ამოვთქვი.

_ ნუთუ? _ ირონიული ღიმილით მკითხა და ტუჩებზე დამაშტერდა. ისე შევცბუნდი, თითქოს თითქოს ხელმეორედ ეკოცნა, _ მაშინ შეგვიძლია მეორე დუბლი გავიმეოროთ მათთვის, ვინც დროზე ვერ მოიმარჯვა ფოტოაპარატი.

თავზარი დამეცა. წამით წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ კოცნას.

_ თქვენი აზრით, ასეთი შორი მანძილიდან კარგი კადრი გამოვა? _ აღელვებულმა ვკითხე.

იმის გაფიქრებაც კი მზაფრავდა, რომ ხვალ ჩემი ფოტო გაზეთებში გამოჩნდებოდა. მამუკამ რომ ეს ნახოს, გაოგნებული დარჩება. ჩემი მშობლები? ალბათ შოკში ჩავარდებიან. ხომ შეიძლება, ვიღაცამ მიცნოს?

_ ვიმედოვნებ, რომ გამოვა, _ კახიმ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა, _ თუკი «გაგვიმართლებს», რომელიმემ შეიძლება მშვენიერი სტატიაც კი გამოაცხოს ამ კოცნაზე.

_ და თქვენი მოსალოდნელი ქორწინება მარგველაშვილზე მეორე პლანზე გადაიწევს? როგორც მივხვდი, ეს კოცნა მხოლოდ პრესისთვის არ იყო განკუთვნილი… ქალბატონი ჯულისთვისაც, არა? ამით გინდათ მას მიანიშნოთ, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებთ? _ ამ სიტყვებით მეც გადმოვედი «მერსედესიდან» და ცხვირ-პირი ზაფხულის მცხუნვარე მზეს შევუშვირე.

მამაკაცმა მანქანის სახურავის ზემოდან გამომხედა და ჩემი რისხვით ანთებული თვალები რომ შეამჩნია, მოკლედ მესროლა.

_ ქეთევან, ძალიან ართულებთ ყველაფერს. გინდათ, სიმართლე გითხრათ?

_ მინდა, _ ლამის ავღრიალდი, ისე მომეშალა ნერვები.

კახიმ მძინარე ნუკი ფრთხილად გადმოიყვანა უკანა სალონიდან.

_ ჩემი და ჯულის ქორწინებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მან იცის ეს და ახლა უკვე პრესაც გაიგებს…

8 8 8

ისე დამტანჯა ვახშმის მომზადებამ, ლამის ფანჯრიდან მოვისროლე ქვაბი. ამხელა ქალმა სოუზის მომზადება ვერ ვისწავლე. მწვანილები სულ ჩამეხარშა შიგნით, მერე სახურავის ახდა დამავიწყდა და მთელი წვენი გადმოიღვარა. ყველა სიკეთესთან ერთად, გაზქურაც გასაწმენდი გამიხდა.

_ აბა, როგორ არის ვახშმის საქმე? _ კახი სწორედ იმ დროს შემოვიდა სამზარეულოში, მთელი ქვაბი საჭმელი სანაგვეში რომ გადავუძახე.

_ არაჩვეულებრივად! _ ზედმეტად მხიარულად შევძახე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ყველაფერი რიგზე მქონდა.

_ აბაზანაში შესვლას მოვასწრებ?

_ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, არ იჩქაროთ.

როცა მამაკაცი გავიდა, ძალაგამოცლილი ლამის იატაკზე დავჯექი. ძალიან რთული დღე მქონდა. ნუკი გამუდმებით ჭირვეულობდა, ეტყობა, მგზავრობამ დაღალა, ეს ოხერი კერძიც არ გამომივიდა. ისე დაიძაბა ჩემ გარშემო ატმოსფერო, თითქოს ბომბი უნდა აფეთქდესო.

მას შემდეგ, რაც კახიმ მაკოცა, ჩვენ შორის უცნაურმა სიცივემ დაისადგურა. მთელი საათი გავატარე მის კაბინეტში, კორექტურას ვასწორებდი და წესიერად არც დამლაპარაკებია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოკლე საქმიან ფრაზას. იჯდა კომპიუტერთან და თავაუღებლად წერდა და წერდა. მივხვდი, რასაც ნიშნავდა მისი ასეთი საქციელი. იფიქრა, რომ მისი კოცნა მე ისე ვერ გავიგე და არასწორი დასკვნები გამოვიტანე.

რაღაც უნდა მომეფიქრებინა, თორემ უვახშმოდ დავტოვებდი ჩემს ბოსს. კაფე «ბოჰემას» ფასადზე გაკრული აბრა გამახსენდა, «კერძები ადგილზე მიტანით». რამდენჯერმე ვისადილე იქ და წარწერაზე მითითებული ტელეფონის ნომერიც დამამახსოვრდა. აზრი არა აქვს ახლა ვახშმის თავიდან მომზადებას, მაინც არაფერი გამომივა. აჯობებს, დავრეკო და შევუკვეთო. ახლა «ბოჰემა» თუ გადამარჩენს მხოლოდ. გუშინაც მომივიდა ეს იდეა თავში, მაგრამ ძალზე სახიფათოდ მეჩვენა და გადავიფიქრე. მაჯერად კი სხვა გამოსავალი აღარ მრჩებოდა, თან კარგი მომენტი ჩამივარდა ხელში _ კახი აბაზანაშია, ჟურნალისტები დიდი ხნის წასულები არიან, ანდროც დამემშვიდობა ცოტა ხნის წინ… თამამად შემიძლია ჭიშკარი გავაღო. ბოლოს და ბოლოს, უკანა შემოსასვლელიდან შეუმჩნევლად შემოვიტან ყველაფერს. უნდა ვცადო, თორემ დავიღუპები!

ტელეფონს ვეცი და კაფეს ნომერი სასწრაფოდ ავკრიფე. ვახშამი შევუკვეთე და ვთხოვე, რაც შეიძლება, სწრაფად შეესრულებინათ შეკვეთა. ოც წუთში ვიქნებითო, მითხრეს…

ოღონდ კახის შეაგვიანდეს ცოტა, ოღონდ ჯერ არ გამოვიდეს სააბაზანოდან… მხოლოდ ამას ვნატრობდი.

წამები წუთებად იქცა, წუთები _ საათებად. ეკლებზე ვიჯექი და სმენაგამახვილებული წარამარა ფანჯარაში ვიყურებოდი…

უეცრად კარი გაიღო და ანდრონიკაშვილი გამოჩნდა. ცისფერი პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა. თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა, კოხტად გადაევარცხნა უკან. ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა.

_ ხომ არ მოგეხმაროთ? _ მკითხა მამაკაცმა და გაზქურას გახედა.

_ არა, არა, გმადლობთ, _ როგორც შემეძლო, მშვიდად ვუპასუხე, თან გული მისკდებოდა, მონიტორისთვის არ შეეხედა დ ღია ჭიშკარი არ დაენახა.

კახიმ სკამი გამოსწია და დაჯდა.

_ თუკი წინააღმდეგი არ იქნებით, ერთად ვივახშმოთ… _ თითები მაგიდაზე აათამაშა მამაკაცმა.

_ მშვენიერი აზრია… სასადილო ოთახში ხომ არ გამეშალა სუფრა? აქ ძალიან ცხელა, ქურა რომ ჩართული მქონდა… _ შევაპარე, _ სიგრილეში უფრო განიტვირთებით.

_ ძალიანაც კარგი. სრულიად გეთანხმებით იმაში, რომ განტვირთვა არ მაწყენდა, _ ღიმილით და რაღაცნაირი პროვოკაციული ტონით მიპასუხა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

ტანზე დავიხედე… სანამ ნუკის დავაძინებდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე. ამწუთას შავი მოკლე ქვედაბოლო და აბრეშუმის თეთრი კოფთა მეცვა. ეს ერთადერთი ხელი სამოსი იყო, რომელიც ჩემოდანში არ ჩაიჭმუჭნა. აბა, სადღა მქონდა დაუთოების დრო! მგონი, ეს ქვედაბოლო ძალიან მოკლეა. არ იფიქროს ამ კაცმა, რომ სპეციალურად გამოვეწყვე ასე, მის გასაგიჟებლად. წუხელ ღამით, ნახევრად შიშველი რომ დამინახა, სწორედ ეგ არ მითხრა? ამის გაფიქრებაზე ცივმა ოფლმა დამასხა.

_ ანუ, სასადილო ოთახში გავშალო? _ აღელვებულმა ხელახლა ვიკითხე.

_ გავშალოთ, _ დამეთანხმა მამაკაცი და წამოდგა, მაგრამ მაშინვე არ გასულა სამზარეულოდან. კარადის ზედა თაროების კარი გამოაღო, მაღალფეხიანი ორი ბოკალი გადმოიღო და თვალი ჩამიკრა, _ მეც შემიძლია სუფრის გაშლა, _ თქვა და გავიდა.

როგორც კი კახი გავიდა, ჭიშკარს შავი «ოპელი» მოადგა. თავქუდმოგლეჯილი გავვარდი უკანა გასასვლელიდან, გიჟივით გამოვტაცე უცხო მამაკაცს ყუთები ხელიდან, ფული ჩქარ-ჩქარა მივაჩეჩე ხელში და სირბილით შემოვბრუნდი სამზარეულოში…

8 8 8

_ მშვენიერი ხელი გქონიათ, ქეთევან, _ შემაქო კახიმ, როცა ორ თეფშზე განაწილებული გაცხელებული პიცა და ხაჭაპურები მაგიდაზე დავდე.

_ დიდი მადლობა… ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ, _ კეკლუცად გავიღიმე და გავწითლდი.

_ მე კი მეგონა, წვნიანს ამზადებდით, მწვანილების სურნელი ტრიალებდა სამზარეულოში, _ შენიშნა მამაკაცმა.

_ ალბათ იმიტომ, რომ მწვანილები პიცას მოვაყარე, _ არ დავიბენი, თუმცა უარესად მომეკიდა ალმური.

_ უუუ! ძალიან გემრიელია! _ შესძახა კახიმ, როცა ხაჭაპური ჩაკბიჩა, _ მართალია, ჯანმრთელობისთვის მთლად კარგი ვერ არის, ღამით ასეთი მსუყე რამეების მირთმევა, მაგრამ არა უშავს, ამ ერთხელ გამონაკლისს დავუშვებ, _ მაცდურად შემომღიმა ჩემმა ბოსმა და მოულოდნელად წამოდგა, _ ერთი რაღაც დამავიწყდა, _ თქვა და გავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ შანდალში ჩარჭობილი ანთებული სანთლებით შემობრუნდა, შუქი ჩააქრო და შანდალი მაგიდაზე შემოდგა.

_ მგონი, უფრო რომანტიკული ატმოსფერო შეიქმნება, _ უცნაური ხმით ჩაილაპარაკა და ორაზროვანი მზერა მესროლა.

ასე ვისხედით ორივენი ნახევრად სიბნელეში, მოციმციმე სანთლების შუქზე და ვგრძნობდი, უფრო და უფრო როგორ იძაბებოდა სიტუაცია.

მეშინოდა, მისთვის თვალებში შემეხედა. არ მინდოდა, ეფიქრა, რომ მისმა შუადღის კოცნამ თავგზა ამიბნია და ახლა უფრო მეტს ველოდი მისგან…

_ რა აუცილებელი იყო სანთლების ანთება, რატომ შეწუხდით… _ ვთქვი.

_ მაგრამ თქვენ ხომ არაჩვეულებრივი ხაჭაპური გამოაცხვეთ, _ გამიღიმა მამაკაცმა და გამომცდელად მომაჩერდა, _ ამასთან, თავად შემომთავაზეთ აქ ვახშმობა, ამიტომაც გადავწყვიტე, ტრადიცია არ დამერღვია. სასადილო ოთახში ყოველთვის ვანთებ სანთლებს, როცა ვვახშმობ. თანაც, განტვირთვისთვის სანთლის შუქი იდეალური საშუალებაა.

ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ისე ალერსიანად და შემწყნარებლურად მიყურებდა, რომ გულმა ბაგაბუგი დამიწყო, ყელიც გამიშრა.

_ მინდოდა მეთქვა, რომ ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს დღევანდელი ამბის შემდეგ…

_ იმის გამო, რომ ვიკოცნავეთ? _ ეშმაკურად ჩაიღიმა.

_ ჩემთვის გასაგებია, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო… უბრალოდ… მინდა იცოდეთ, რომ მე მივხვდი, ეს რატომაც გააკეთეთ… იმედია, მიმიხვდით, რისი თქმაც მინდა… _ ბრინჯივით დავიბენი.

მამაკაცი ჩემკენ გადმოიხარა და შავი ღვინო დამისხა. სანთლის მოციმციმე შუქზე სასმელი ძოწისფერი გახდა.

_ კი მაგრამ, საიდან დაასკვენით, რომ ეს არაფერს ნიშნავდა? _ მკითხა უეცრად.

_ ნუ დამცინით. მაპატიეთ, მაგრამ ეს სახუმარო თემა არ არის. ნუ მაიძულებთ, თქვენი სიტყვები უზრდელობაში ჩაგითვალოთ.

_ სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელია, ზრდილობის ჩარჩოებში მოექცე, როცა ცხვირწინ ასეთი მზეთუნახავი გიზის. ძალიან ლამაზი ხართ, ქეთევან. თქვენ შეგიძლიათ, მამაკაცს სიმშვიდე დააკარგვინოთ. ნებისმიერს აიძულებთ ამას.

იმწუთას გავიფიქრე, კახი ალბათ გამოცდილი მუსუსი და ქალების შემბმელია-მეთქი. მით უმეტეს, მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამასთან, როგორც მწერალს, ეხერხება მომაჯადოებელი ფრაზების გამოყენება, როცა მას ეს სჭირდება.

უნებლიეთ თავი გავაქნიე, რომ მისი სიტყვებით თავბრუდახვეულს ჩემ ირგვლივ დაგროვილი მგრძნობიარე აურა გამეფანტა.

_ თქვენ ხომ მითხარით ამას წინათ, მომსახურე პერსონალთან ფამილარობა არ მჩვევიაო, _ გახუმრება ვცადე, მაგრამ ძალიან უნიჭოდ გამომივიდა.

_ ჰო, გითხარით, მაგრამ… მხედველობაში ჩემი თავი ვიგულისხმე მხოლოდ. საკუთარ თავს ვაიძულებდი, შორს დამეჭირა თავი თქვენგან… ვინმესთან სერიოზული გრძნობა გაკავშირებთ, ქეთევან? _ ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოთქვა, თითქოს გულწრფელად იყო ჩემით დაინტერესებული, რამაც ცოტათი დამაბნია კიდეც.

_ არა, არაფერი სერიოზული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც… ერთი სიტყვით, ეს ძალიან ადრე იყო, შორეულ წარსულში, _ გაუბედავად დავაყოლე.

_ გინდოდათ გეთქვათ, მას შემდეგ, როცა მცდელობა გქონდათ და მიხვდით, რომ შეცდომას უშვებდით? ის კაცი გყავთ მხედველობაში, რომელსაც ბავშვები არ უყვარდა? _ ჩამაცივდა.

«როგორ დაუმახსოვრებია…», _ გავიფიქრე და თვალი გავუსწორე.

დაჟინებით მიყურებდა. ოდნავ დავუქნიე თავი.

_ დიდი ხანია, ერთმანეთს დაშორდით?

_ უკვე ორი წელი გავიდა, _ ვუპასუხე და ბოკალს დავავლე ხელი.

არასდროს მყვარებია ჩემი სასიყვარულო ისტორიების სხვისთვის მოყოლა, ამიტომ ცოტა უხეშად ვუთხარი.

_ იქნებ შეგვეცვალა საუბრის თემა? არ მსიამოვნებს, როცა მასზე მეკითხებიან.

_ რატომ? ჯერ კიდევ ყველაფერი დამთავრებული არ არის?

_ არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამთავრებულია, თანაც დიდი ხანია.

_ ალბათ დიდი ტკივილი მოგაყენათ, არა? ალბათ სრულ ჭკუაზე არ იყო, ასეთი ქალი ხელიდან რომ გაუშვა.

ამ ფრაზამ და ტონმა უცნაურად შემიტოკა ისედაც გასკდომაზე მყოფი გული.

_ კარგი… მაშინ მითხარით, რა თემაზე გსურდათ საუბარი?

_ არ ვიცი… _ უმწეოდ ავიჩეჩე მხრები, _ მომიყევით ქალბატონ ჯულიზე. როგორია იგი?

კახი მაშინვე მოიღუშა.

_ ჯული ლამაზია… ნიჭიერი… _ და ისიც დაწვდა თავის ბოკალს, _ ალბათ გინახავთ ფილმები მისი მონაწილეობით.

_ მხოლოდ ერთი ფილმი მაქვს ნანახი. უბრალოდ, მაინტერესებდა, სინამდვილეში როგორია, რეალურ ცხოვრებაში.

_ საოცარი ადამიანია… მაპატიეთ, მეტს ვერაფერს დავამატებ, _ თქვა და მკვეთრი ტონით მაგრძნობინა, ამ თემას მეტად არ შევხებოდი.

_ მაშინ რატომ არ ქორწინდებით მასზე? _ მისი ტონი არაფრად ჩავაგდე და ახლა მე ჩავაცივდი.

_ ეს არის ის ბუნებრივი ადამიანური ცნობისმოყვარეობა, რომელზეც დღეს საუბრობდით? _ მშრალად მკითხა, _ თუ თქვენ სხვა მოტივები გამოძრავებთ?

_ უბრალოდ, საინტერესოა, _ უკან არ დავიხიე.

_ მაშინ ხვალ რომელიმე გაზეთი იყიდეთ და ამ საკითხზე სავარაუდო პასუხს იქ იპოვით.

_ მე «საგაზეთო ვარაუდები» არ მაინტერესებს, _ გულწრფელად ვაღიარე, _ ამასთან, თუ მათ ჩვენი ფოტოსურათები აქვთ… უკვე ვიცი, რასაც დაწერენ.

_ რომ მე არამზადა და ქალების მუსუსი ვარ, _ კახი სკამის საზურგეზე გადაწვა და ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.

_ და სინამდვილეშიც ასეა?

_ მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის ადვილი შეკითხვა… რომ გითხრათ, მუსუსი არ ვარ-მეთქი, მაინც არ დამიჯერებთ. რომ გითხრათ, ვარ-მეთქი, შეგეშინდებათ, ისევ კოცნა არ დამიპიროსო…

_ მე მგონი, დამცინით, _ ღვინო ოდნავ მოვწრუპე და ბოკალი დავდგი, _ სპეციალურად იქცევით ასე, რათა გამაბრაზოთ, არა?

_ ნუთუ? _ მშვიდი, უშფოთველი მზერა მომაპყრო, _ მერე? გამომდის მაინც? თუ არა?

_ არა, _ გაწელილი ღიმილით, მაგრამ გადაჭრით ვუპასუხე.

_ მაშინ ყველაფერი წესრიგშია, _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და სკამზე გასწორდა, _ მოდით, ერთი სადღეგრძელო მაინც ვთქვათ, თორემ გამიშრა ყელი. ჩვენს პირველ ვახშამს გაუმარჯოს, ქეთევან! _ ბოკალი მაღლა ასწია კახიმ და მოჭახუნება არც უცდია, ისე დალია.

_ გაუმარჯოს, _ ხმადაბლა ვთქვი და ოდნავ მოვსვი.

მშვენივრად იცის, რა დამღუპველ გავლენასაც ახდენს ჩემზე. გარდა ამისა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი დავაცდევინე ჯული მარგველაშვილზე. როგორც ჩანს, მოსწონს ჩემთან კატა-თაგვობანას თამაში. დამაცადოს!

_ ასე ცოტას რატომ სვამთ? ჩემი გეშინიათ? თუ მთვრალი სხვანაირი ხდებით?

_ როგორი სხვანაირი?

_ უფრო დამთმობი… _ მამაკაცი წინ გადმოიხარა და ხარბად შემათვალიერა.

_ მე ბავშვს უნდა მივხედო, ამიტომაც არ ვსვამ, სხვა მიზეზი არ მაქვს, _ იმედი გავუცრუე.

_ აჰა, ეგ არც გამხსენებია…

_ ვინ? ბავშვი? _ შეტევაზე გადავედი.

_ ის, რომ ბავშვის ძიძა ხართ, _ ნიშნის მოგებით მიპასუხა.

ნირი წამიხდა. უხერხულობის დასაფარავად ჩავახველე, პაუზა ცოტათი გავწელე და კვლავ იერიშზე გადავედი.

_ იცით, რა? ჩემი აზრით, პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ხართ… ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, _ დავიწყე მოულოდნელად, _ ნუკი ძალიან გიყვართ, მისთვის ყველაფერი საუკეთესო გინდათ… მაგრამ სულის სიღრმეში გეშინიათ, ქალბატონ ჯულის მიუძღვნათ ცხოვრების წლები.

_ რატომ გგონიათ ასე?

_ ალბათ იმიტომ, რომ მისი დაკარგვის გეშინიათ. თქვენ ხომ ერთხელ უკვე გამოსცადეთ ეს… როცა მეუღლე დაგეღუპათ. ამიტომაც თავდაცვის ინსტინქტი გაიძულებთ, სერიოზული ურთიერთობისგან თავი შეიკავოთ, _ მივახალე და მომეჩვენა, რომ მიზანში მოვარტყი.

მამაკაცს სახეზე კმაყოფილების ღიმილი გაუქრა, ტუჩები მოკუმა და ნიკაპით მარცხენა ხელის ზურგს დაეყრდნო.

_ როგორც ჩანს, ძიძები ახლა ფსიქოლოგიითაც ხართ გატაცებულნი.

_ არ ვარ მართალი? _ ხმადაბლა ვკითხე.

_ არა. სამწუხაროდ, თქვენ შეცდით, _ აშკარად გაღიზიანდა, _ უფრო მეტიც… ზედმეტი მოგდით. ჩემი და ჯულის ურთიერთობა თქვენ არ გეხებათ. აქ იმისთვის იმყოფებით, რომ ნუკის მიხედოთ და არა ჩემი პირადი ცხოვრება გააანალიზოთ.

ჩვენ შორის მოულოდნელად გაჩენილი სიცივე აუტანელი გახდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ სილა გამაწნა.

_ მაპატიეთ, _ ყინულივით ცივი ხმით წარმოვთქვი, _ მაგრამ თქვენც ხომ დამისვით რამდენიმე უხერხული შეკითხვა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. ან კიდევ… განა თავად არ მოგივიდათ ზედმეტი, როცა ჩემს დაუკითხავად მაკოცეთ დღეს უამრავი ჟურნალისტის თვალწინ?

_ როგორც იტყვიან, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო… _ ჩუმად ჩაილაპარაკა კახიმ, _ დაე, ეს დიალოგი გაკვეთილი იყოს ორივესთვის. ამიერიდან ვეცადოთ, გარკვეული დისტანცია შევინარჩუნოთ ურთიერთობაში.

_ როგორც იტყვით, _ ნირწამხდარი წამოვდექი და სწრაფად დავიწყე სუფრის ალაგება.

საინტერესოა, ასე რატომ ვბრაზობ? მას სრული უფლება ჰქონდა, ეთქვა ჩემთვის ის, რაც მითხრა. მე ხომ მართლა უდიერად ჩავყავი ცხვირი მის პირად ცხოვრებაში? აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, კარგი სტატია დავწერო და მეტი არაფერი! _ შევახსენე ჩემს თავს.

ჭურჭელი სამზარეულოში გავიტანე და ცხვირჩამოშვებული გარეცხვას შევუდექი.

_ გაგაბრაზეთ, არა? _ უკნიდან მომიახლოვდა და იძულებული შევიქენი, მოვტრიალებულიყავი.

_ არა, რას ამბობთ… პირიქით, ეს მე გაგაბრაზეთ, _ მოვუბოდიშესავით.

მან გაიღიმა.

_ არ ვიჩხუბოთ, კარგი? არც ერთს არ გვიხდება ეს.

მისმა ღიმილმა კვლავ დამახვია თავბრუ. ამწუთას საოცრად უსუსურად ვიგრძენი თავი, საოცრად დაუცველად.

_ თანახმა ვარ, არ ვიჩხუბოთ, _ კვლავ შევტრიალდი და რეცხვა გავაგრძელე, _ როგორც ჩანს, წუხანდელმა უძილო ღამემ ორივე დაგვღალა.

_ როგორც ჩანს…

მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს თავაზიანად ველაპარაკებოდით, მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა.

_ ყავას ხომ არ ინებებთ? _ ვეცადე, მხიარულად გამომსვლოდა.

_ ქეთევან, ანდროს წასვლის შემდეგ ჭიშკარი ჩაკეტეთ? _ ამ მოულოდნელმა შეკითხვამ ადგილზე მიმაყინა, თან ისეთი სერიოზული ტონით მკითხა, იძულებული გავხდი, შემეხედა მისთვის.

მამაკაცი უკმაყოფილო გამომეტყველებით მისჩერებოდა მონიტორს.

_ რა თქმა უნდა. მე… _ და მაშინვე გამახსენდა, შეკვეთის მოტანის შემდეგ ჭიშკრის ჩაკეტვა რომ დამავიწყდა, _ როგორც ჩანს, საქმეს შევყევი და… არ გამხსენებია, _ ჭარხალივით გავწითლდი.

_ აბა, ასე როგორ შეიძლება, ქეთევან! არ გახსოვთ, ჟურნალისტების მთელი არმია რომ შემოგვესია დღეს? აღარაფერს ვამბობ ქურდებსა და მძარცველებზე.

_ როგორც ჩანს, ყველაფერს ვერ გავწვდი, _ დავიწუწუნე, ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი და სანამ წყალი ადუღდებოდა, კახისგან ზურგშექცევით მდგარმა, ფანჯარაში გავიხედე.

უეცრად თითქოს ვიღაც შევნიშნე, მინაზე ჰქონდა ცხვირი მოდებული და ინტერესით იყურებოდა ოთახში. შიშისგან ისე შევყვირე, საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.

_ რა დაგემართათ? _ კახი მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა, _ რა მოგივიდათ, ქეთი? _ ხელზე ხელი შემახო, როცა შეამჩნია, რომ ვცახცახებდი.

_ იქ… იქ… ვიღაც დავლანდე… გვიყურებდა, _ აკანკალებული ხმით ვუთხარი, _ ნამდვილად დავინახე.

მამაკაცმა ფანჯარას გახედა, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იყო.

_ პოლიციაში დავრეკავ! _ თქვა კახიმ და ტელეფონს მიაშურა…

არ მესმოდა, ვის რას ელაპარაკებოდა, თითქოს სმენა დამეხშო. ძალიან ვიყავი შეშინებული. როცა ლაპარაკს მორჩა, უკანა გასასვლელისკენ გაემართა.

_ არ წახვიდეთ იქით, _ აღელვებულმა ვთხოვე, _ შეიარაღებული არ იყოს!

_ თქვენი ყვირილის შემდეგ მაგას აქ რა გააჩერებდა, _ გაღიმებულმა ხელი აიქნია, _ დარწმუნებული ვარ, უკვალოდ გაქრა.

_ თუნდაც ასე იყოს, მაინც არ წახვიდეთ, გთხოვთ, არ გააღოთ კარი, კახი, _ დავეწიე და ხელებში ვწვდი, _ ვერ გადავიტან, რამე რომ დაგემართოთ. მე ვიქნები ყველაფერში დამნაშავე, ჭიშკარი ხომ მე დამრჩა ღია.

_ ნუ ნერვიულობთ, ქეთი. კარგი, კარგი, არ წავალ, თუკი ასე გინდათ, _ დამშვიდება დამიწყო.

ცოტათი დავწყნარდი და ჩემდა უნებურად, მკერდზე მივადე თავი.

_ ჩემი ბრალია ყველაფერი, _ ავსლუკუნდი, _ უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, არ უნდა დამეტოვებინა ჭიშკარი ღია, მაპატიეთ, გთხოვთ. ვახშმის მომზადებას შევყევი და დამავიწყდა, _ კიდევ უფრო მჭიდროდ ჩავეხუტე და მამაკაცმაც უნებურად მომხვია ხელები.

_ არაფერია, განა რა მოხდა ისეთი, თუ არ ჩავთვლით შენს ნერვებს, ასე რომ დაზარალდა.

კახის ხმა დაუთბა, თითქოს სადღაც სიღრმიდან ამოსდიოდა. მამაკაცის  ოდეკოლონის სურნელმა მისი ხალათი და წუხანდელი ღამე გამახსენა.

უეცრად შევკრთი… მივხვდი, რომ მის მკლავებში ვიყავი გამომწვდეული და იმასაც მივხვდი, რომ მის სიახლოვეს აღარაფრის მეშინოდა.

_ უკეთ ხართ? _ მსუბუქად მკითხა.

უხერხულად გავიწიე განზე და შევხედე… შევხედე და ვიგრძენი, რომ შეცდომა დავუშვი. ასე მეგონა, ჩავიძირებოდი მის თვალებში.

_ გადასარევად ვგრძნობ თავს, როცა… როცა თქვენ მეხვევით, _ წამომცდა უნებურად.

_ ქეთევან! _ ერთდროულად გაღიზიანებაც შეინიშნებოდა მის ხმაში და სურვილიც, _ ასე არ შეიძლება! _ მისმა შეძახილმა გული მომიკლა.

მეც ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა. მანაც იცოდა… მიუხედავად ამისა, თავი დახარა და მაკოცა…

კოცნაზე მეც კოცნით ვუპასუხე… კიდევ უფრო მჭიდროდ მივეკარი მკერდზე, მინდოდა, ეს წუთები არასდროს დასრულებულიყო. არ ვიცი, მერე რა მოხდებოდა, კარზე ზარი რომ არ დაერეკა ვიღაცას. უნებლიეთ გავერიდეთ ერთმანეთს.

ზარი განმეორდა.

_ დაცვის პოლიციიდან არიან, _ დახშული ხმით წარმოთქვა კახიმ, _ წავალ, კარს გავუღებ, სანამ ბავშვი გაუღვიძებიათ.

მზერით გავაცილე მიმავალი. არა, დროზე უნდა მოვშორდე აქაურობას. უნდა წავიდე მანამ, სანამ ყველაფერი თავდაყირა არ დამდგარა…

8 8 8

პოლიციელები კარგა ხანს ჩხრეკდნენ გარემოს. ფანჯრიდან ვუყურებდი, ანთებული ფანრებით როგორ დადიოდნენ ეზოში. სანამ ისინი თავიანთ საქმეს მოამთავრებდნენ, საძინებელში გავედი და ჩემი ბარგის ჩალაგებას შევუდექი. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე გავქცეულიყავი აქედან. უკვე საკმარისი ინფორმაცია მქონდა, რათა სტატია დამეწერა. ნამდვილად არ გამოვიდოდა ცუდი. ცუდი კი არა, სკანდალურიც შეიძლებოდა გამომსვლოდა, თუმცა… ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ არაფრის დაწერა არ მსურდა, მით უმეტეს _ ამ სახლიდან წასვლა.

ძალიან დამაბნია ჩემმა გრძნობებმა… ასეთი რამ მამაკაცის მიმართ არასდროს განმიცდია. ასეთი ლტოლვა ჯერ არავის მიმართ არ მქონია… თავგზა ამიბნია ამ კაცმა… ასე უცებ… სულ რამდენიმე დღეში… მის გარეშე წამითაც ვერ წარმომედგინა თავი.

ჩემოდანი ჩავალაგე და თავღია იატაკზე დავტოვე. ხვალამდე კიდევ ვიფიქრებ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივალ, ვნახოთ, რა იქნება.

ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. საწოლზე ჩამოვჯექი და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. ერთიანად ამიტანა ცახცახმა.

_ ქეთევან, შეიძლება, შემოვიდე? _ კახი ხმადაბლა ლაპარაკობდა, რათა ნუკი არ გაეღვიძებინა.

პასუხი არ გავეცი. ტუმბოზე დადებულ ხელსაწმენდს გადავწვდი და ნამტირალევი თვალები ამოვიწმინდე.

_ ქეთევან! _ მამაკაცმა ოდნავ შემოაღო კარი და შემოიხედა.

_ მგონი, არ ღირს… _ აკანკალებული ხმით ვთქვი.

_ შეიძლება მართლა არ ღირს, _ მამაკაცი ოთახში მაინც შემოვიდა, ხელში ბოკალი ეჭირა, _ მაგრამ ვიფიქრე, ბრენდი ხასიათს ცოტათი გამოუკეთებს-მეთქი, _ თქვა და ბოკალი ტუმბოზე შემოდგა.

_ დიდი მადლობა, მაგრამ ბრენდი არ მიყვარს, _ თავდახრილმა ვუპასუხე, არ შემეძლო მისთვის შემეხედა.

_ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს მხოლოდ მიზეზი იყო, რომ თქვენთან შემოვსულიყავი.

მისმა გულახდილობამ უფრო ამანერვიულა.

_ რომ დავჯდე, იმედია, არაფერი დაშავდება…

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მეგონა, სკამს დაიდგამდა და დაჯდებოდა… არც უფიქრია… მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.

_ იპოვეს რამე? _ შევეცადე, ჩვეულებრივი ხმით მელაპარაკა.

_ არა. ის ვიღაც ალბათ უკვე ძალიან შორს არის აქედან… ეს რა არის? _ კახიმ მზერა თავღია ჩემოდანზე გადაიტანა.

_ ბარგის ჩალაგება დავიწყე, _ ამოვიოხრე.

_ მაგრამ ჯერ წესიერად არც ამოგილაგებიათ… _ სიცილით თქვა, რამაც, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანა.

_ აბა, თქვენ რას მთავაზობთ? _ ჯიქურ შევხედე, _ აქ უკვე ვეღარ გავჩერდები. მით უმეტეს, რომ ჩვენ შორის… სულ სხვა რაღაც მოხდა… ჩემი პროფესიის ადამიანს ამის უფლება არ აქვს.

_ მაგრამ მე არ მინდა, რომ წახვიდეთ.

_ სხვა ძიძას მოძებნით, _ დანანებით ვუპასუხე.

არ ვიცი, შეიძლება სასაცილოდაც კი მოჩვენებოდა ვინმეს, მაგრამ… ძალიან მსიამოვნებდა ბავშვის მოვლა… და აქ ცხოვრებაც მსიამოვნებდა.

888

კახიმ ჩემს გაფითრებულ სახეს მზერა მოავლო და ტუჩები მოკუმა.

_ მაგრამ… მე შენ მჭირდები… _ მიმართვის ფორმა შეცვალა მამაკაცმა.

ამ სიტყვებმა ელდასავით დამიარა სხეულში, ვიგრძენი, ვნებამოძალებული როგორ ავირიე.

_ იმედი მაქვს, მხოლოდ… საქმიან დამოკიდებულებას გულისხმობთ… _ ხმადაბლა ვთქვი, რათა დამეკონკრეტებინა, რა ჰქონდა მხედველობაში.

_ მართლა ამის იმედი გაქვს? _ თავი ოდნავ დახარა და გულისყურით დამაშტერდა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გული გალიაში ახალგამომწყვდეული ჩიტივით ამიფრთხიალდა, სუნთქვა შემეკრა, თავბრუსხვევაც ვიგრძენი…

_ გახსოვს, ამას წინათ გითხარი, ლამაზი მეჩვენები-მეთქი, _ დაიჩურჩულა, _ მე მესმის, რომ ეს სიგიჟეა. შენ ჩემთან მუშაობ და პასუხისმგებელი ვარ, არ გაწყენინო… თუმცა, ჩემი ბრალი სულაც არ არის, რომ ასეთი ლამაზი ხარ… მაცდურად ლამაზი.

მისი ნათქვამი ექოსავით ჩამესმოდა ყურში. მე ხომ ბოროტად ვიყენებ მის ნდობას, მე ხომ ნამდვილი თაღლითი ვარ, რომელიც პირადი გამორჩენის მიზნით შეიპარა მის ცხოვრებაში… და როცა იგი ამას გაიგებს, შემიძულებს… მერედა, როგორ შემიძულებს….

_ როგორ გავიგო თქვენი სიტყვები? რას გულისხმობთ, რომ თუკი ჩვენ შორის რამე მოხდება, ძალის გამოყენებაში დაგადანაშაულებთ? არც ისეთი ბოროტი ადამიანი ვარ… მეც მესმის, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა, ამიტომაც აჯობებს, წავიდე აქედან, თანაც დროზე.

_ შეიძლება, მართალიც ხარ.. _ ჩახრინწული ხმით მიპასუხა და ღრმად ჩაფიქრდა, _ ესე იგი, ოფიციალურ განცხადებას აკეთებ წასვლის თაობაზე?

ფართოდ გახელილი თვალებით შევცქეროდი, მეშინოდა, არ დამთანხმებოდა… მე ხომ შეგნებულად ვთქვი ეს, რათა იგი შემხვეწებოდა, არ წახვიდე, დარჩიო. და ისე მინდოდა ეს ყველაფერი ეთქვა, რომ იძულებული გავეხადე, «გადამეფიქრებინა».

მან ნაზი, მოფერებითი ჟესტით მომადო ლოყა ლოყაზე და ვნებიანად მიჩურჩულა.

_ ჩემს სახლში ძიძად რომ არ მუშაობდე, ალბათ ასე დამნაშავედ არ ვიგრძნობდი თავს… არადა, რა საშინლად მინდა კიდევ ერთხელ გაკოცო… თავს ვერ ვერევი…

ყელში რაღაცამ ძლიერად წამიჭირა. იგი ისე ახლოს იდგა ჩემთან, მისი სუნთქვა სახეში მცემდა. კივილამდე მინდოდა, ეკოცნა და ამ ნდომას მთელი არსებით ვებრძოდი, რათა კიდევ ერთი შეცდომა არ დამეშვა…

_ მაგრამ ნუკი?.. _ მოზღვავებული ემოციისგან ხმა ამიკანკალდა, თავის შეკავება მიჭირდა, ლამის იყო, დაცლილიყო ჩემი მოთმინების ფიალა, _ იმის გამო არ იგრძნობ თავს დამნაშავედ, ბავშვს რომ ატყუებ? _ ჩემდა გასაკვირად, მეც «შენობითზე» გადავედი.

მან არაფერი მიპასუხა, თუმცა ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა.

_ ნუკიზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, _ თქვა ცოტა ხნის შემდეგ და ტუჩები მომიახლოვა…

სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე, უსაზღვრო ლტოლვას ვგრძნობდი მის მიმართ და თავს ვერაფერს ვუხერხებდი…

თავდაპირველად მისი ტუჩები საოცრად ნაზი იყო, ისე სათუთად მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა, არაფერი მტკენოდა, შემდეგ კი… შემდეგ უფრო თამამი და მომთხოვნი გახდა… თითქოს უზარმაზარი ტალღები ჩემი გონების ნაპირებიდან უკიდეგანო ოკეანეში მიმაქანებდა და ასე გრძლედებოდა მანამ, სანამ საბოლოოდ არ აღმოვჩნდი მისი ალერსის ტყვეობაში…

ღმერთო! მგონი, მიყვარს ეს კაცი! ამ მოულოდნელმა აღმოჩენამ შემაშინა და ერთდროულად შთანმთქა კიდეც…

მისი კოცნა კი უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა… მამაკაცი თავდავიწყებას მიეცა… მას არაჩვეულებრივად ეხერხებოდა ეს… ჩანდა, რომ ძალიან კარგი საყვარელი იქნებოდა…

კახიმ ცალი ხელი ძლიერად მომხვია წელზე, მეორე პლედისკენ გაიწვდინა, გვერდზე მოისროლა და საწოლზე მიმაწვინა… ვგრძნობდი, როგორ ოსტატურად «მამასახლისობდნენ» მისი თითები ჩემს მკერდზე, თეძოებზე, ფეხებზე…

წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია, მკლავები ყელზე შემოვაჭდე და მის ალერსს ალერსით ვუპასუხე…

ამწუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კი მოესურვა, ოღონდ კი არ გაჩერებულიყო, მაგრამ, თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო, მოულოდნელად შემიშვა ხელი.

_ რამე მოხდა? _ შეცბუნებულმა წამოვიწიე.

მან გაშლილ თმაზე ნაზად ჩამომისვა ხელები.

_ შენც ხომ იცი, რომ ახლა თუ არ გავჩერდი, მერე საერთოდ ვეღარ გავჩერდები… _ დახშული ხმით მითხრა.

გულისცემა უარესად გამიხშირდა, მთელი ჩემი არსება ყველაზე თამამი სურვილებით იყო გახურებული.

ხელი ასწია და სახეზე სათუთად ჩამომისვა. შევხედე… ჩვენი მზერა კვლავ ერთმანეთს შეხვდა…

_ ვგრძნობ, როგორ მეძახი თვალებით, როგორ მემუდარები, არ გავჩერდე… გინდა ჩემთან? _ ეს სიტყვები ისეთი ტონით იყო ნათქვამი, ნებისმიერ ქალს გაუჭირდებოდა უარის თქმა, არათუ მე… თუმცა წამიერად მაინც შევყოყმანდი…. ვაითუ, ამით ყველაფერი გავაფუჭო… ვაითუ, აქვე დამთავრდეს ჩვენი ერთმანეთისადმი ლტოლვა…

მას ჩემი თანხმობა სჭირდებოდა, თანხმობა იმისა, რომ მასთან სექსის წინააღმდეგი არ ვიყავი, რომ მის მიმართ უკვე გამიჩნდა გარკვეული გრძნობა…

იმის მაგივრად, ჩემს პასუხს დალოდებოდა, შარვლის ღილების შეხსნა დამიწყო… ყოველგვარი დარცხვენის გარეშე… თამამად, თავდაჯერებულად… კიდევ ცოტაც და… სრულიად შიშველი აღმოვჩნდი მის წინაშე… იგი კარგა ხანს ტკბებოდა ჩემი შიშველი სხეულის ყურებით… ნერწყვი კინაღამ სასულეში გადამცდა… ნერვიულობისაგან აღგზნებული მკერდი კვნესით იწევდა მამაკაცისკენ. კახიმ თავი დახარა და ყელზე დამეკონა…

_ შენ ისეთი ლამაზი ხარ, ქეთევან, _ ოდნავ გასაგონად წარმოთქვა და სურვილით ანთებულმა ძლიერად მიმიკრა გულზე, ლამის გონი დავკარგე. მის მკლავებში გამომწყვდეული ერთიანად ვთრთოდი.

მამაკაცი არ ჩერდებოდა… მკოცნიდა და მეფერებოდა… არც მე ვრჩეოდი ვალში, თან ისე მყავდა ჩახუტებული, თითქოს მეშინოდა, სადმე არ გამქცეოდა.

_ იმედია, ეჭვი არ გეპარება, რომ ძალიან მინდა შენთან, _ ზედ ყურთან მიჩურჩულა.

_ არა, არ მეპარება, _ მეც ჩურჩულით ვუპასუხე.

_ მაშინ სხვა აღარაფერი დაგვრჩენია…. _ თქვა და ტუჩებით კვლავ გააგრძელა ხეტიალი ჩემს ყელ-კისერზე, მკერდ-მუცელზე, თან ორივე ხელით ტანსაცმელს იხდიდა, რომ დრო არ დაეკარგა…

მოულოდნელად შევნიშნე, როგორ ამოიღო შარვლის ჯიბიდან… პატარა შეკვრა… პრეზერვატივი…

ღმერთო! მას ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. როცა ჩემთან მოდიოდა, უკვე იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა! თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, სწრაფად მოვიცილე მისი ხელები.

არა, მას ნამდვილად არ ვადანაშულებდი იმაში, რაც განიზრახა. ბოლოს და ბოლოს, მე თვითონ მივეცი ამის უფლება, მე თვითონ ჩამოვეკიდე ყელზე. მიუხედავად ამისა, სულაც არ მინდოდა, ვიღაცას გამოვეყენებინე თავისი ჟინის დასაკმაყოფილებლად, თუნდაც ეს ვიღაცა კახი ყოფილიყო. შემთხვევითი კავშირებისგან შორს ვიყავი, თუ არ ჩავთვლით ნიუ-იორკში თემურთნ გატარებულ ერთ ღამეს. ის ღამე ხომ გამიხდა სანანებელი და არ მინდოდა, მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ჩემს ცხოვრებაში.

გარდა ამისა, ანდრონიკაშვილს ხომ სხვა ქალთან აქვს რომანი? რისი იმედი უნდა მქონდეს? ამ ღამეს ხომ გაგრძელება არასდროს ექნება? ტყუილად უნდა მეტკინოს გული.

_ კახი! არ გინდა, გთხოვ… _ პანიკაში მყოფმა წამოვიყვირე, როცა იგი ჩემ გვერდით დაწვა.

_ სიფრთხილის გამოჩენა ყოველთვის აუცილებელია, _ ჩემი დარწმუნება სცადა მამაკაცმა, არც უფიქრია, შიშის გამო თუ ვამბობდი მასზე უარს, _ შენც ხომ არ გინდა, რომ დაორსულდე.

მან კვლავ მომხვია მკლავები და თვალებდახუჭულმა ჩემს ტუჩებს დაუწყო ძებნა.

_ ძალიან გთხოვ, გაჩერდი… _ ვგრძნობდი, უფრო და უფრო სუსტად ვუწევდი წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა, რომ მართლა აღარ მინდოდა, მომფერებოდა.

_ კახი, არასწორად ვიქცევით, _ სასოწარკვეთილმა უკვე ხმა ავიმაღლე.

_ რატომ? _ გაკვირვებულმა ასწია თავი და ყურადღებით შემომხედა.

_ არ ვიცი… _ საწილის კიდეზე მიგდებულ მაისურს დავავლე ხელი და გადავიცვი, _ ჩემი აზრით, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი… ყოველ შემთხვევაში, კარგი ნამდვილად არ არის.

_ მე სულაც არ მომჩვენებია ასე, _ მამაკაცი ლოგინზე წამოჯდა და გაღიზიანებულმა თავისი ხშირი შავი თმა თითებით გადაივარცხნა.

კახი ბრაზობდა… ამის მიხვედრა ძნელი არ იყო. მესმოდა მისი და ვერც ვერაფერში ვადანაშაულებდი… მეც ვბრაზობდი, ოღონდ მხოლოდ ჩემს თავზე… არ უნდა შემექმნა ასეთი სიტუაცია, არ უნდა მოვდუნებულიყავი, თავქარიანივით არ უნდა ავყოლოდი მოზღვავებულ გრძნობებს…

ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე და შევხედე… გული მომეწურა… ვიგრძენი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა იგი… სულ რაღაც სამ დღეში, სულ რაღაც სამოცდათორმეტ საათში შემაყვარა თავი… არავინ თქვას, სასწაულები არ ხდებაო… ვერც კი შევამჩნიე, როგორ დამემართა ეს, როგორ შემოიპარა ეს გრძნობა ჩემს გულში…

არა, ახლავე ავდგები და სიმართლეს ვეტყვი. არ შემიძლია ამდენი ტყუილი. იგი არ იმსახურებს ამას. ამწუთას საერთოდ აღარ მაინტერესებს სტატია, არც რედაქცია და არც ჩემი რედაქტორი… ჩემი სამსახური არ მაინტერესებს საერთოდ…. ის დასაწვავი სტატია არარაობაა ჩემს გრძნობებთან შედარებით.

…მაგრამ რა რეაქცია ექნება მას ყოველივე ამაზე? თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან განრისხდება. მერე? მაპატიებს? რომ არ მაპატიოს? ამ შუაღამეს კარში რომ გამომაგდოს? ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სეროზული გრძნობა აკავშირებს ჩემთან.

_ შენ და ჯულის გიყვართ ერთმანეთი? _ მოულოდნელად შევეკითხე, რადგან ამწუთას მის პასუხზე იყო დამოკიდებული, ვეტყოდი თუ არა სიმართლეს, თუმცა ვიცოდი, ცუდად ვიქცეოდი, როცა მისი სულის მტკივნეულ ადგილს უსირცხვილოდ ვეხებოდი.

გარდა ამისა, შეიძლებოდა ეფიქრა, რომ შეგნებულად ვაღიზიანებდი.

ჯულის ხსენებაზე ანდრონიკაშვილი მაშინვე მოიღუშა.

_ ძალიან გთხოვ, გამიგე, კახი, _ უკვე ხმამაღლა ვთქვი და წინადადება უნდა გამეგრძელებინა, რომ გვერდითა ოთახიდან ბვაშვის ტირილის ხმა მოისმა.

სასწრაფოდ გადმოვედი საწოლიდან და შარვალი ამოვიცვი, თან ჩქარ-ჩქარა დავამატე, _ მე უნდა ვიცოდე… და თუ თქვენ შორის სერიოზული ურთიერთობაა, გამოდის, რომ სწორად მოვიქეცი, როცა ჩემთან დაწოლაზე უარი გითხარი…

მანაც დაიწყო ჩაცმა, ჩემი ნათქვამისთვის წამითაც არ მიუქცევია ყურადღება, კოპებშეკრული თავისთვის რაღაცას ფიქრობდა.

_ კახი… _ ხმადაბლა დავუძახე.

წამით შემომხედა, მხოლოდ წამით და მომეჩვენა, რომ მის თვალებში ზიზღი ჩამდგდარიყო. გული შემიქანდა. ვიცოდი, რომ ჩემი შეკითხვა არ მოეწონებოდა, მაგრამ ასეთ მზერას მაინც არ ველოდი.

_ კახი… _ ხელმეორედ დავუძახე.

ნუკიმ ტირილს უმატა.

_ წავალ, ვნახავ, რა ატირებს, _ ვთქვი, რადგან პასუხი არ გამცა.

_ არა, _ წამოიძახა მოულოდნელად და ხელი მხარზე დამადო, _ მე თვითონ წავალ. შენ ხომ უკვე «დაწერე განცხადება» გათავისუფლების თაობაზე, დაგავიწყდა? _ ამ სიტყვებით მამაკაცი ბავშვის საძინებელში გავიდა.

8 8 8

დილით ფანჯარაში შემოჭრილმა მცხუნვარე მზის სხივმა გამაღვიძა. სასწრაფოდ ავდექი და მოკლე ქვედაბოლო და უმკლავებო მაისური ჩავიცვი. ძალიან დაღლილი ვიყავი და არც იყო გასაკვირი _ ზედიზედ ორი ღამე საერთოდ არ მიძინია.

აბაზანიდან გამოსულმა თმა დავივარცხნე და სარკეში ჩემს გამოსახულებას მივაშტერდი. სახე გამფითრებოდა, თვალების ირგვლივ კი ნაცრისფერი ტომრები მეკიდა. მთელი ღამე თეთრად გავათენე, თან იმაზე ვფიქრობდი, დილით რა მეთქვა კახისთვის.

ღრმად ამოვიოხრე და ბავშვის ოთახში გავედი. ნუკი საწოოლში არ დამხვდა… კარგა ხანს დავყურებდი მარმაშებით გაწყობილ პატარა საბანს და თვალები ცრემლებით მევსებოდა. ღამით მესმოდა, როგორ კრუსუნება ბავშვი, რაღაც სიტყვებით როგორ ეალერსებოდა მამაკაცი პატარას, რათა დაემშვიდებინა. იმწუთას საშინლად მომინდა, მათთან გავსულიყავი, მაგრამ თავი შევიკავე… ვერ გავბედე. მერე კი, როცა ნუკის ტირილი მიწყდა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი კარს და ჩუმად შევიჭყიტე შიგნით. კახი ფანჯარასთან, დივანზე ჩამომჯდარიყო, ბავშვი გულზე მიეკრა და ორივეს ჩასძინებოდა… პატარა ისე ჰყავდა ჩაბღუჯული, თითქოს ვიღაცისგან თუ რაღაცისგან იცავსო… ამ სანახაობამ გული მომიკლა…

რამდენიმე წუთის განმავლობაში ქანდაკებასავით ვიდექი და ჩემს სანუკვარ მამაკაცს მივჩერებოდი. თმა შუბლზე ჩამოშლოდა და მშვიდად სუნთქავდა. ისეთი საყვარელი იყო, სურვილმა წამომიარა, ახლოს მივსულიყავი მასთან, შევხებოდი… თითები მის თმაში შემეცურებინა, მოვფერებოდი და ჩურჩულით მეთქვა მისთვის, თუ როგორ მიყვარდა… რა თქმა უნდა, ეს არ გამიკეთებია… ჩემს ოთახში დავბრუნდი და საწოლზე მივესვენე… მიუხედავად იმისა, რომ საძინებელში ძალიან ცხელოდა, მე მციოდა… მციოდა სიმარტოვისგან… და სევდისგან…

ახლა კი, გათენებულზე, კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამეჭირა თავი მას შემდეგ, რაც ღამე მოხდა. ვიგრძენი, რომ ცოტათი მეშინოდა კიდეც მამაკაცთან შეხვედრის…

სამზარეულოსკენ გავეშურე… უეცრად კახის ხმა შემომესმა. თავიდან მეგონა, რომ ნუკის ელაპარაკებოდა, მაგრამ იმავ წამს ჯულის სახელი ახსენა და მივხვდი, სხვას ელაარაკებოდა. შევჩერდი. კარი შეღებული იყო. კახი ჩემკენ ზურგით იდგა, ცალ ხელში ტელეფონის ყურმილი ეჭირა, მეორე ხელით კი ცდილობდა, ფაფით სავსე კოვზით ნუკისთვის ეჭმია.

_ როგორ ხარ? _ თბილი, მზრუნველი ხმით ეკითხებოდა ვიღაცას, _ სიმართლე გითხრა, ძალიან ვნერვიულობ შენზე. ნუკიმაც მოიწყინა უშენოდ, _ დაამატა და ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ხმამაღლა გაიცინა, _ კარგი, კარგი, დედიკოს მაგივრად აუცილებლად ვაკოცებ.

ამის გაგონებაზე მკერდში ჩხვლეტა ვიგრძენი. როგორც ჩანს, კახის მართლა უყვარს ჯული, თუმცა კი ამბობს, მასზე დაქორწინებას არ ვაპირებო… თითქოს შვებაც კი ვიგრძენი _ როგორც ჩანს, წუხელ სწორად მოვიქეცი.

კარი საჭიროზე მეტი ხმაურით გამოვაღე და სამზარეულოში შევედი. მამაკაცმა მოიხედა და შემამჩნია თუ არა, ყურმილში ჩასძახა.

_ ჯული, ახლა უნდა წავიდე. ესე იგი, მალე გნახავ, არა? იმედია, სრულიად გამოჯანმრთელებული დამხვდები… კარგი, კარგი… მეც, ძვირფასო, _ სიცილით დააყოლა ანდრონიკაშვილმა და ყურმილი დაკიდა. მისი წუხანდელი გულცივობა სადღაც გამქრალიყო.

_ დილა მშვიდობისა, _ რაც შეიძლებოდა, ლაღად მივესალმე და თვალი ავარიდე, _ სალამი, სიხარულო, _ ნუკისკენ დავიხარე და ლოყაზე მსუბუქად ვუჩქმიტე.

პატარამ გამიღიმა. ღიმილმა მის ფუმფულა ლოყებზე ფოსოები გააჩინა. რა საყვარელია! თან როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა! რა მალე შემეჩვია… ღმერთო, რა გამაძლებინებს მის გარეშე! სასოწარკვეთილი გაზქურისკენ მივტრიალდი და ყავა დავისხი, რათა დრო მომეგო და თავი ხელში ამეყვანა.

როცა ფინჯნით ხელში მაგიდას მივუჯექი, კახიმ შენიშნა.

_ დაღლილი სახე გაქვთ…

მართალია, ძალიან გულგრილად იყო ნათქვამი, მაგრამ ეს არ იყო მთავარი… მთავარი ის იყო, რომ მან კვლავ თავაზიანი ფორმით მომმართა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ისევ უცხო გავხდი…

იძულებული შევიქენი, შემეხედა. ჩემგან განსხვავებით, მას საკმაოდ დაწყნარებული სახე ჰქონდა, აშკარად დასვენებულად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ბავშვის საძინებელში გატარებულმა ღამემ მასზე პირიქით, დადებითად იმოქმედა.

_ ჰო, ცოტათი დავიღალე, _ უხასიათოდ ვუპასუხე.

_ იცი? ვიფიქრე, კარგი იქნება, თუკი დღეს დაისვენებთ. გადით ქალაქში, გაერთეთ…

გაოცება ვერ დავმალე.

_ დავისვენო? ისედაც დასვენებული არ ვიქნები დღეიდან? მე ხომ აღარ ვმუშაობ თქვენთან, _ მეც «დავიცავი» ზრდილობის ფორმები და ჩემს ნათქვამში უფრო მეტი გაისმა, ვიდრე მწარე ირონია.

_ თქვენ ჩემთან იმუშავებთ მანამ, სანამ წერილობით განცხადებას არ დამიდებთ მაგიდაზე.

_ მართლა? _ სიმწრით გავიცინე, _ ვერ ვხვდები, რა თამაშს თამაშობთ, ბატონო კახი…

_ არანაირ თამაშს არ ვთამაშობ, _ მან მხრები აიჩეჩა, ნაბიჯი წინ გამოდგა და ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი. ისე ალერსიანად გამოუვიდა, ცახცახმა ამიტანა, თითქოს ჩემს თმას ეფერებოდა, _ მე მართლა არ მინდა, რომ წახვიდე, _ ხმა დაუთბა.

ისევ შენობით… ისევ იმავე ტონით, როგორც წუხელ… სევდა და დაღლილობა ერთდროულად შეინიშნებოდა მის ხმაში… ღმერთო, როგორ მაგიჟებს ეს ტონი… ეს სიტყვები…

საოცრად დაუცველად ვიგრძენი თავი.

_ კახი… იცი, საქმე რაშია?.. შენ ჯული გიყვარს, მე კი… _ მეც «დავარღვიე» მიმართვის ეტიკეტი.

_ მოიცა, არ გინდა, ახლა ნუ შეეხები ამ თემას. ჩემი აზრით, მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს გრძნობებზე, რღაც-რაღაცები ბოლომდე გავარკვიოთ… ამისთვის ამაღამ უნდა დარჩე. თუ თანახმა ხარ, მერე ყველაფერს მოგიყვები ჯულიზე.

გაოგნებისგან მეგონა, ყბა ჩამომივარდა-მეთქი. გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
_ მაშინ ახლავე მომიყევი, _ ვეღარ მოვითმინე და შევთავაზე…

რა სულსწრაფი ვარ… რაც უნდა იყოს, ჩემი პროფესია მაინც სისხლში მაქვს გამჯდარი, თან ისე, რომ მოსვენებას არ მაძლევს. ძალიან ავღელდი. შემეშინდა, მოულოდნელად არ გამეცა თავი.

მამაკაცს გაეცინა, თითქოს ბოლომდე დააკმაყოფილა ჩემმა სიტყვებმაო.

_ მოგვიანებით, _ თქვა და ჩემკენ წამოვიდა, _ დღეს მე და შენ ერთად გავისეირნებთ სადმე _ მხოლოდ მე, შენ და ნუკი.

_ მაგრამ…

_ ნუკისთვის ყველაფერი გაამზადე, კარგი? გამოსაცვლელი ტანსაცმელი, პამპერსი, ქუდი, საჭმელი, წყალი… შენთვისაც, სხვათა შორის, არ დაგავიწყდეს საცურაო კოსტიუმი, მზისგან დამცავი კრემი, პირსახოცი და სათვალე… თუ რომელიმე არ გაქვს, გიშოვი, არ გამიჭირდება… _ ამ სიტყვებით თვალებში ჩამაშტერდა, მერე უეცრად გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო.

მე დ ნუკი მარტონი დავრჩით…

8 8 8

მანქანა მთელი სისწრაფით მიქროდა ტრასაზე.

_ სად მივდივართ? _ გაუბედავად ვიკითხე.

_ ფოთში, _ მშვიდად მიპასუხა.

_ იქ რა გვინდა?

_ იქ ჩემი იახტა გველოდება, მინდა, გაშლილ ზღვაში გაგასეირნოთ ორივე. წინააღმდეგი ხარ?

_ არა, რა თქმა უნდა, _ ლამის შევკივლე სიხარულისგან.

_ მიკვირს, რომ არ იწვიმა, _ შენიშნა უცებ.

_ რატომ უნდა ეწვიმა? _ გავიკვირვე.

_ ზაფხულის ამ დროს ქობულეთში ყოველთვის წვიმს. რატომღაც, წელს ამინდმა ტრადიციას უღალატა.

არაფერი ვუპასუხე.

_ ალბათ იმიტომ, რომ შენ ხარ ჩამოსული. ხომ ხედავ, ამინდსაც როგორ უყვარხარ, _ გაიცინა.

კინაღამ ვკითხე, კიდევ ვის ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. არ მინდოდა, გამოწვევად მიეღო ჩემი შეკითხვა. გაკეკლუცების ხასიათზე სულაც არ ვიყავი.

მართლაც საოცარი ამინდი იყო. ცხელოდა, მაგრამ სასიამოვნოდ… მთელი გზა ზღვის სანაპიროს გავყურებდი, ერთხელაც არ გამიხედავს მისკენ…

იმაზე მალე ჩავედით ფოთში, ვიდრე მოველოდი. პორტში შესულმა კახიმ მანქანა ავტოსადგომზე დააყენა, გადმოვიდა, ვიღაც მამაკაცს კარგა ხანს ელაპარაკა, მერე უკანა სალონის კარი გააღო და ბავშვი გადმოიყვანა.

_ წამოდი, ახლა ჩემს იახტას გაჩვენებ, _ ღიმილით მომმართა და წინ გამიძღვა…

თეთრი იახტა იყო, პატარა, კოხტა და ლამაზი. გემბანზე ჯერ თვითონ ავიდა, ნუკი კაიუტაში ჩაიყვანა და ეგრევე ამობრუნდა. მერე ჩანთები გამომართვა და ამოსვლაში მომეხმარა.

_ ბავშვთან ჩადი, მეც მალე ჩამოვალ, _ თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ისე მომმართა და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.

ვიწრო კიბეს დაბლა ჩავუყევი… ნუკი მანეჟში იჯდა და თავისთვის ჭყლოპინებდა.

ცოტა ხანში გრუხუნის ხმა გაისმა, მივხვდი, ძრავა იყო და იმწუთას რყევაც ვიგრძენი…

ასე მეგონა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ვერ წარმომედგინა, ოდესმე კახი ანდრონიკაშვილის იახტაზე თუ ამოვყოფდი თავს.

არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. დროის შეგრძნება აშკარად დავკარგე. უეცრად ძრავის ხმა შეწყდა. როგორც ჩანს, უკვე გაშლილ ზღვაში ამოვყავით თავი. კაიუტიდან ამოვედი და მიმოვიხედე. ირგვლივ ლურჯი წყლისა და ცისფერი ჰორიზონტის გარდა არაფერი ჩანდა. ნაპირიც ჩანდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან შორს, შავი ზოლივით. კახიმ ღუზა ჩაუშვა და ჩემკენ მოტრიალდა.

საოცრება იყო. ნუთუ ეს მე ვარ? ნუთუ ჩემ თავს ხდება ეს ყველაფერი? რატომ? რით დავიმსახურე? დავიჯერო, მართლა მოვწონვარ? თუ, უბრალოდ, ქალს არის მონატრებული და ჩემი სახით გემრიელი, გამზადებული ლუკმა ჩაუვარდა ხელში?

ხარბად შევისუნთქე მარილიანი ჰაერი… ისეთი მძიმე იყო, თითქოს ნესტით ყოფილიყო გაჟღენთილი… იქნებ ასეც იყო… არ ვიცი…

კახიმ თეთრი მაისური გაიხადა და ლურჯი შორტის ამარა დარჩა.

_ ცხელა, არა? _ გამომხედა, _ არ გინდა, სანამ ვისადილებთ, იბანაო? აქ სულ სხვა წყალია, ისეთი არ გეგონოს, როგორიც ნაპირთანაა.

პასუხად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე, თან თვალს ვარიდებდი, რომ მისთვის არ შემეხედა.

_ მოდი, მორიგეობით ვიბანაოთ, _ შემომთავაზა, _ მე ბავშვს მივხედავ, შენ ზღვაში ჩახტები, შემდეგ _ პირიქით, კარგი?

პასუხს არც კი დალოდებია, შორტი უცებ გაიძრო და წყალში თავით გადაეშვა…

რა სასიამოვნო სანახავი იყო, როცა მკლავები მოუსვა… ძლიერი მკლავები… ისე მიაპობდა ტალღებს, თითქოს დელფინი ყოფილიყო… ნეტავ მეც ასე ვცურავდე… არა, ცურვა როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე ვერ შევძლებ… ვერასდროს…

დილით, წამოსვლის წინ კახიმ გამაფრთხილა.

_ იახტაზე მხოლოდ ჩვენ ვიქნებით _ მე, შენ და ნუკი. არავითარი ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები.

ახლა მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში. იცოდეს მაინც, ვისთან აქვს საქმე! სინდისის ქენჯნა ვიგრძენი… საინტერესოა, მომიყვება ჯულიზე რამეს? ხომ ამისთვის წამომიყვანა აქ? არა, მხოლოდ ამისთვის არა. ჩვენს გრძნობებზეც ვილაპარაკოთო, მითხრა… დავიჯერო, მართლა განიცდის ჩემ მიმართ რამეს? რომ მითხრას, მიყვარხარო… არც იოცნებო, ქეთი!.. თუმცა, ფაქტია, მას ჩემთან მარტო დარჩენა უნდოდა.

მალევე ამოვიდა წყლიდან. მერე მე «გავრისკე» და ლივლივა ზღვაში ჩავხტი, მაგრამ არა მისნაირად, თავით. ამდენი სად შემეძლო!.. ამდენი სად ვიცოდი!.. რამდენიმე მეტრზე გავცურე და გამოვცურე…

მესიამოვნა. ნაპირიდან ასე შორს და ასე ღრმა წყალში არასდროს ვყოფილვარ.

_ როგორი წყალია? კარგი იყო? _ მკითხა, როგორც კი გემბანზე ამოვძვერი.

_ ძალიან, _ მორიდებით გავუღიმე და ხელი მისკენ გავიშვირე, რომ ჩემი პირსახოცი გამომერთმია… ხელი გაიქნია, არ მომცა.

_ გეყოფა, მომეცი, _ სიცილი ვერ შევიკავე და მისკენ გავიწიე. შევეცადე, წამერთმიან პირსახოცი. მან კვლავ გაიქნია ხელი, თან მზერა ჩემს სველ სხეულს ხარბად შეავლო.

_ მომე, რა.

_ მე კი მეგონა, არასდროს მთხოვდი, _ ეშმაკურად მითხრა და როგორც კი პირსახოცს ხელი შევავლე, თავისკენ დამქაჩა, ჩამიხუტა და მგზნებარედ მაკოცა.

მისი კოცნა მოუთმენელიც იყო და მგრძნობიარეც, მწველიც და მაცდუნებელიც… ვიგრძენი, როგორ დავდნი მის მკლავებში. ძალაგამოლეული მივეყრდენი მის ფართო მკერდს და თვალები დავხუჭე.

უეცრად ნუკი აჭიჭყინდა. სწრაფად გავერიდე მამაკაცს.

_ ჩავალ, დავხედავ, _ სუნთქვაგახშირებულმა ძლივს ამოვთქვი, თან ვბრაზობდი ჩემს თავზე, რომ კახის უარს ვერაფერზე ვეუბნებოდი. ასე მეგონა, მას მხოლოდ ჩემი სხეული სურდა და აქ სასაუბროდ კი არა, ჩემს საცდუნებლად შემომიტყუა.

_ ქეთევან! _ დამიძახა და სანამ კაიუტაში ჩავიდოდი, მაჯაში ჩამავლო ხელი.

_ ბავშვს ალბათ მოშივდა. ჩემი აზრით, ფლირტი მოიცდის, არსად გაგვექცევა… ასე არ არის? _ გამომწვევად შევცინე… და მივხვდი, რომ ჩემი რეპლიკით მიზანში მოვარტყი.

მამაკაცს სახე მოექუფრა.

_ როგორც იტყვი, _ თქვა და მხრები აიჩეჩა მხოლოდ.

ნუკი მანეჟში წაქცეულიყო. ბავშვს მივეფერე და წამოვაყენე, მერე სველი სხეული გავიმშრალე და ჩავიცვი. იქნებ ცუდად მოვიქეცი, ასე რომ ვუთხარი? რატომ წავკბინე? განა თავად არ ვცდილობ, ვაცდუნო? გამოტყდი, ქეთი, გულახდილი იყავი! იქნებ მართლა დალაპარაკება უნდა და არანაირი სხვა ქვენა გრძნობა არ ამოძრავებს? მაშინ რატომ მაკოცა? მერედა, ჯული? განა ამ დილით არ იყო, მარგველაშვილს თბილად და მზრუნველად რომ ელაპარაკებოდა? ეს რომ გამახსენდა, გულის არეში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. აშკარაა, სურს, რომ წუხანდელი ღამე აქ დაასრულოს, იმიტომაც წამომიყვანა. ჯულის მე ვერასდროს შევცვლი. მის ადგილას კახი არასდროს დამაყენებს. ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევი. მას მანამ ვჭირდები, სანამ ის ქალი დაბრუნდება. მერე კი… მშვიდობით, ძიძავ! აღარც გამიხსენებს…

ნუკიმ წაიტირა. მისკენ შევბრუნდი.

_ რაო, პატარავ, მოგშივდა? ვიცი, ვიცი, სიხარულო, ახლავე მოგხედავ, _ ალერსიანად ვუთხარი გოგონას და ჩანთაში შვრიის ბურღულის ძებნა დავიწყე.

როგორ შემაყვარა თავი ამ ბავშვმა _ არანაკლებ, ვიდრე მამამისმა. რა მეშველება მათ გარეშე! როგორ მომენატრება ორივე! მით უმეტეს, როცა სტატიას გამოვაქვეყნებ, არასდროს მომეცემა შესაძლებლობა, ვნახო ისინი! კახი ახლოსაც არ გამიკარებს!

იქვე, კუთხეში მიდგმული სამგზავრო გაზქურა ავანთე და ფაფის მოდუღებას შევუდექი. «არა, მე არ მიყვარს ანდრონიკაშვილი, ეს უბრალოდ, გატაცებაა და მეტი არაფერი. არ შეიძლება, სამ დღეში შეგიყვარდეს მამაკაცი», _ ჯიუტად ჩავაგონებდი ჩემს თავს, თან კოვზით გამალებით ვურევდი პატარა ქვაბს, _ «რამდენიმე დღეში ყველაფერი დამავიწყდება და მერე სიცილითაც კი გავიხსენებ ამ ამბავს». ამის გაფიქრებაზე თითქოს ოდნავ მომეშვა გულზე… მომეშვა კი? უეცრად გამოღებულ კარს ჩრდილი დაეცა… კაიუტაში კახი ჩამოდიოდა…

888

მას უკვე მოესწრო ტანსაცმლის გამოცვლა _ ამჯერად თეთრი მაისური და შორტი ჩაეცვა… გარუჯული კანი სასიამოვნოდ ულაპლაპებდა… ვცდილობდი, არ შემემჩნია, არაჩვეულებრივად რომ გამოიყურებოდა. ისე მომინდა მასთან ჩახუტება, უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე…

_ ისიამოვნე? _ რაც შეიძლებოდა, მხიარულად ვკითხე.

_ ჰო. წყალმა ცოტათი გააგრილა ჩემი სიმხურვალე, _ ირონიულად მიპასუხა.

მის სიტყვებზე ყურადღება არ გავამახვილე, არც შევხედე… ასე მეგონა, ჩემი სურვილები უკვე შუბლზე მეწერა.

_ სადილად მხოლოდ სალათა გვექნება. მეტ… _ წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი, ეგრევე დავმუნჯდი, რადგან კახიმ მაჯაზე წამავლო ხელი, ტუჩებით ოდნავ შემეხო ყურის ბიბილოზე და აღგზნებით მიჩურჩულა.

_ მშვენივრად იცი, რომ ამწუთას სადილი სულაც არ მაინტერესებს.

_ ნუთუ ეს ის ადამიანია, რომელიც მეუბნებოდა, გემრიელ კერძებზე ჭკუა მეკეტებაო? _ ალეწილი მაქსიმალურად ვცდილობდი, შექმნილი სიტუაცია განმემუხტა.

_ ხანდახან მე თვითონაც მეეჭვება ამის, _ ოდნავ ჩახრინწული ხმით წარმოთქვა და სახე მომიახლოვა, _ შენს ტუჩებში ხეტიალი მომინდა…

ალმური უარესად წამეკიდა სახეზე, ძალიან ავღელდი… სუნთქვაც გამიხშირდა…

_ კახი, გთხოვ… _ ძლივს გასაგონი ხმით გავაპროტესტე მისი შემოტევა, მაგრამ წამიერად მაინც «გამოვეხმაურე» მისი ტუჩების მაცდუნებელ გამოძახილს.

_ რას მთხოვ? «გთხოვ, არ გინდა», თუ პირიქით? _ ეშმაკურად შემომღიმა და, ჩემდა გასაკვირად, უეცრად გამერიდა.

ეს მე თავადაც არ ვიცოდი. ერთდროულად თავის დანებებასაც ვთხოვდი და არდანებებასაც… სიგიჟემდე მინდოდა მასთან…

_ აქაც კი აღწევს ზღვის სურნელი, _ დაძაბულმა ვთქვი, რათა სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი.

_ მართლა? რატომღაც, მე ვერ ვგრძნობ ამას…

_ რას ამბობ! ღრმად შეისუნთქე ჰაერი და იგრძნობ, _ ოდნავ მომეხსნა დაძაბულობა.

_ მე სხვა რამეს ვგრძნობ… _ ხმა შეეცვალა კახის, _ ისევ შენი სევდის სურნელი მოვარდა საიდანღაც…

საოცრად შემძრა მისმა ნათქვამმა. თვალები დავხარე, რომ არ შემეხედა და თავი არ გამეყიდა.

_ ქეთი… _ თითქოს შორიდან ჩამესმა მისი ხმა.

_ ბატონო…

_ ახლა რომ გითხრა, ჯულისთან არაფერი მაკავშირებს-მეთქი, ეს რამეს შეცვლის? _ მამაკაცი კვლავ მომიახლოვდა.

ამის გაგონებაზე შუბლი შევიკარი.

_ გინდა მითხრა, რომ უკვე მიატოვე იგი? _ ახლა კი თამამად შევხედე.

_ მე ეს არ მითქვამს.

_ აბა? მან მიგატოვა? _ ვიკითხე და საკუთარ სიტყვებში თავადვე შემეპარა ეჭვი. განა შესაძლებელია ასეთი მამაკაცის მიტოვება? მაშინ ქვის გული უნდა ჰქონდეს ქალს…

_ არა, არც ეგ მიგულისხმია.

_ ვერაფერი გავიგე, _ უმწეოდ ავიჩეჩე მხრები და უნდობლად ჩავაშტერდი თვალებში.

_ უბრალოდ, ჯული აქ არაფერ შუაშია.

ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო მისი სიტყვები. კვლავ ავილეწე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, რომ მისი სიახლოვით ათრთოლებულს სისუსტე არ გამომეჩინა.

_ შენი არ მჯერა.

_ თუ გინდა, ნუ დამიჯერებ, მაგრამ ეს ერთადერთი სიმართლეა, რომელიც შემიძლია გითხრა, _ მტკიცედ წარმოთქვა, _ ჯული თავისი გზით მიდის, მე _ ჩემი.

_ თქვენს დილანდელ საუბარში, სამწუხაროდ, ეგ არ შეინიშნებოდა… მე სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა…

_ ჩვენ მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ და მეტი არაფერი. ერთმანეთის ყველაფერი ვიცით. სულ ეგ არის.

_ მართლა? ჩვენი წუხანდელი «უმანკო» თავგადასავალიც იცის? რაღაც არ მახსენდება, მისთვის ეს გეთქვას. თუ ეგ სატელეფონო თემა არ იყო? _ წამომცდა და მაშინვე ენაზე ვიკბინე.

ამის თქმას სულაც არ ვაპირებდი. საშინლად გავბრაზდი ჩემს თავზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ანდრონიკაშვილი მითხრა:

_ ქეთევან, ნუ ეჭვიანობ ჯულიზე, არ არის საჭირო, გარწმუნებ.

_ არ ვეჭვიანობ, _ ზედმეტად მხიარულად გამომივიდა ნათქვამი, _ რატომ უნდა ვიეჭვიანო? წუხანდელი ღამე შეცდომა იყო, გგონია, არ ვიცი? გგონია, არ მესმის? უბრალოდ, საღ გონებას ვნებამ გადასძალა, თანაც ძალიან ცოტა ხნით… იქნებ, აჯობებს, დროზე შევჩერდეთ?

_ შენ ფიქრობ, რომ სინამდვილეში ეს შესაძლებელია?

მის მზერას თვალი ავარიდე.

_ არა, _ უხასიათოდ ვუპასუხე, _ მაგრამ ცდა შეიძლება. სხვა რაღა გვრჩება?

_ მე ვიცი, რაც…

მისმა თავხედურმა ტონმა შემაკრთო…

_ მაგით რისი თქმა გინდა, რომ ჩემი შეცდენა განიზრახე? _ აღელვებული საკუთარი მკერდის აღმა-დაღმა მოძრაობას ვერ ვაჩერებდი, _ არ გეჩვენება, რომ ეს შვებას არც ერთს არ მოგვიტანს? რომ ამით უკეთ ვერ გავხდებით?

_ პირადად მე სწორედ რომ უკეთ გავხდები, _ კიდევ უფრო თავხედურად მომიგო.

გაოცებულმა ავხედე.

_ იცი, რა? ერთ დროს მეგონა, რომ მიყვარდა ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა ძალიან გამსგავსებ.

შევამჩნიე, რომ ჩემმა მძულვარებით ნათქვამმა სიტყვებმა მასზე გავლენა ვერ მოახდინა.

_ რას მელაპარაკები! _ წარბები აზიდა გაღიმებულმა.

_ მეუბნებოდა, რომ ჩემთან შეხვედრა ყველაზე დიდი დღესასწაული იყო მის ცხოვრებაში, _ გავაგრძელე, _ რომ მთელ სამყაროში ყველაზე მეტად ვუყვარდი… მერე კი აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივეს ეუბნებოდა სხვა ქალსაც… სიმართლე გითხრა, ამწუთას შემიძლია მხოლოდ  თანავუგრძნო ჯული მარგველაშვილს… მეცოდება იგი.

_ შენს ყოფილ შეყვარებულზე ყვები? რატომღაც, მასსა და ჩემ შორის მსგავსებას ვერ ვხედავ, ქეთევან. იმისთვის, რომ ლოგინში შემეტყუებინა, არასდროს არც ერთი ქალისთვის არ მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი. ნაძირალა არ ვარ და არც ვყოფილვარ.

_ ჰო, რა თქმა უნდა, ამის დაჯერებას რა დიდი ძალისხმევა უნდა? _ სარკასტულად შევნიშნე და გავტრიალდი, მაგრამ მკლავში მტაცა ხელი.

_ არ მითხრა, რომ წუხელ ყურში სასიყვარულო ფრაზებს ჩაგჩურჩულებდი… მე შენთვის სიყვარული არ ამიხსნია, _ უხეშად წარმოთქვა, _ ასე არ არის?

წამით გავქვავდი… ყურებს არ ვუჯერებდი… ამას მე ვინ ვგონივარ? სიბრაზემ ერთიანად მომიცვა… თვითონაც არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა, ერთი ძლიერად გავულაწუნე სახეში და მის რეაქციას არ დავლოდებივარ, გემბანზე ისე ავვარდი.

ერთიანად ვკანკალებდი, როცა მივხვდი, რაც ჩავიდინე. ამავდროულად, დარწმუნებული ვიყავი, რომ კახიმ ჩემი სილა დაიმსახურა.

მამაკაცი გამომეკიდა, დამეწია, მაჯაში ჩამაფრინდა და სახით მისკენ შემატრიალა.

_ პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადო, _ შეცბუნებულმა სწრაფად წარმოვთქვი.

_ რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნებოდა, _ ძალიან უხეშად მომიგო.

_ გეყოფა, კახი… წეღან ისეთი თვითკმაყოფილი სახე გქონდა, უბრალოდ, თავი ვერ შევიკავე და მოთმინებიდან გამოვედი.

_ საინტერესოა, რამ გამოიწვია შენი ასეთი აფეთქება? იმან, რომ მე შენთვის სიყვარული არ ამიხსნია?

_ თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებ, გთხოვ… არც ველოდი შენგან, რომ მსგავს რამეს მეტყოდი. წუხელ მე, უბრალოდ… უბრალოდ… ერთი სიტყვით, ცოტა სისუსტე გამოვიჩინე, შემთხვევით გაცნობილ მამაკაცებთან ინტიმური ურთიერთობა არასდროს მქონია, _ ვთქვი და ამჯერად სიმწრის ნერწყვი გადავაგორე, _ არც სიყვარულის ახსნას მოველოდი შენგან. არც ახლა მითხოვია ეს. ერთი რამ მინდოდა მხოლოდ გამეგო _ რა გრძნობები გაკავშირებდა ჯულისთან.

_ ეს უკვე აგიხსენი, თანაც, მგონი, გასაგებად, _ მის ხმაში თავდაჯერებამ გაიჟღერა.

_ რა ამიხსენი? _ არ დავუთმე, _ ძალიან ცოტა რამ მითხარი, თუ სიმართლე გაინტერესებს.

_ შენ კი ნებისმიერი უსიამოვნო წვრილმანის გაგება გსურს, არა? _ მის ამ უცნაურ შეკითხვაში ისეთი რამ იგრძნობოდა, მის ხმაშიც, მის გამოხედვაშიც, რომ გული ძლიერად შემიტოკდა.

არ ვიცი, ჟურნალისტურმა ინსტინქტმა მიკარნახა, თუ ქალურმა ინტუიციამ, მაგრამ მივხვდი, რომ მათ შორის ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოვარდა. ერთხანს უხმოდ მივჩერებოდით ერთმანეთს. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. კახიც დამუნჯდა.

ამ დროს, ორივესთვის მოულოდნელად, სადღაც ახლოს, უცნაური გუგუნი გაისმა. კატერის ძრავის ხმაურს მივამსგავსე. მამაკაცი სწრაფად გამერიდა.

_ აუუუ! მოგვაქციეთ ყურადღება, თუ შეიძლება! _ უეცრად ქალის მელოდიური ხმა შემომესმა.

_ მე კი მეგონა, სიმშვიდეში და სიწყნარეში მოვახერხებდით დღის გატარებას, _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა კახიმ და იახტის მოაჯირს გადაეყუდა, რათა ქვემოთ ჩაეხედა.

მეც უკან მივყევი. ლურჯ ტალღებზე ჩვენსაზე გაცილებით პატარა კატერი ქანაობდა.

_ ნე მომეცით, გემბანზე ამოვიდე, კაპიტანო! _ მოკლეთმიანმა და შავთვალება ქალმა, რომელსაც ძალზე «თამამი» წითელი ბიკინი ეცვა, გულიანად გადაიკისკისა და ხელი დაგვიქნია.

მერეღა ვიცანი იგი, კახი ამოსვლაში რომ მიეხმარა.

_ ლალი! ძვირფასო! რა სიუპრიზია! _ ნაძალადევი ღიმილი გამოესახა «კაპიტანს» სახეზე, _ აქაც მომაგენი?

როგორ არ მესიამოვნა მისი დანახვა! ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ცოტას ამ ქალზეც კი ვეჭვიანობდი… რა უნდოდა, რისთვის მოვიდა? რას დასდევს ამ კაცს კუდში? _ ნირწამხდარმა გავიფიქრე, თან შევეცადე, სახეზე იმედგაცრუება არ შემტყობოდა. თუმცა…

თუმცა იმედგაცრუება არაფერი იყო იმასთან შედარებით, რამაც რამდენიმე წუთში შოკში ჩამაგდო…

გემბანზე, კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატით… თემური ამოდიოდა…

8 8 8

ლალის წამითაც არ გაუჩერებია ენა, რაღაცას ქაქანით ელაპარაკებოდა კახის, მე კი მისი ერთი სიტყვაც არ მესმოდა. თავზარდაცემული მივჩერებოდი მის თანამგზავრს.

_ ეს ჩემი მეგობარია, თემურ არაბიძე, გაიცანით.

ჩემი ქართველ-ამერიკელი «ტიმ-თემური» კახის მიუახლოვდა და ხელი მძლავრად ჩამოართვა. მისმა გამოჩენამ მთლად მომიღო ბოლო. ამას აქ რა უნდა? საიდან გაჩნდა? ბედის ირონიაც ამას ჰქვია!

_ ეს კი ნუკის ძიძაა, _ თქვა ლალიმ და კეკლუცად წარბებშეკრული მე მომიბრუნდა, _ მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ თქვენს სახელს…

_ ქეთი… ქეთევანი… _ დასახმარებლად მთელ ჩემს ნებისყოფას ერთიანად მოვუხმე და თემურს ხელი გავუწოდე.

_ ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქეთი, _ «ტიმ-თემურმა» მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა, თითქოს ამ ღიმილით მეუბნებოდა, ხედავ, რა ეშმაკურად მოგაგენიო…

მან საჭიროზე დიდხანს დააყოვნა ჩემი თითები თავის ხელში.

ვიგრძენი, როგორ მითრთოდა სხეული, ღონემიხდილი თავს ძლივს ვიმაგრებდი, რათა არ წავქცეულიყავი.

_ დალევთ რამეს? _ თავაზიანად იკითხა კახიმ და დაუპატიჟებელ სტუმრებს კიჩოზე გაშლილი შეზლონგებისკენ გაუძღვა.

_ გააჩნია, რას დაგვალევინებ, _ კვლავ აკისკისდა ლალი და თვალი ჩამიკრა, _ წითელი ღვინო თუ გექნება, სიამოვნებით… თან «ზაგარსაც» მივიღებ.

გახევებული ადგილიდან ვერ ვიძროდი. ამასთან, თვალს არ ვაშორებდი ცინიკურად მოღიმარ თემურს. თანდათან უფრო მზარავდა მისი აქ გამოჩენა.

არა, რა თქმა უნდა, წამითაც არ მიფიქრია, რომ აქ ჩემ გამო იყო. რა მიხვედრა იმას უნდოდა, რომელმა ქარმა გადმოისროლა ქობულეთში ან რა განზრახვით ამოჰყო თავი კახის იახტაზე? ისიც ხომ ჟურნალისტია, ამავე დროს, ფოტოგრაფიც… ანდრონიკაშვილზე მასალის მოსაძიებლად ჩამობრძანდა ვაჟბატონი! ღმერთო, რაღა მე შემეფეთა? როგორ მოვიქცე? კიდევ კარგი, არ წამოცდა ჩემზე, ვიცნობო… დელიკატურად კი მოიქცა… მთლად წყალწაღებულიც არ ყოფილა! მაგრამ ეგ რა შეღავათია? აი, სად დაგერხა, ქეთი! როგორ არწმუნებდი წეღან ანდრონიკაშვილს? შემთხვევითი კავშირები მამაკაცთან არასდროს მქონიაო? ხედავ, რა უმოკლესი ფეხები ჰქონია ტყუილს? აუუუუუუ! ნეტავ სიზმარი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი! ამწუთას აღარაფერი მინდოდა, ოღონდ კი აქ არ ვყოფილიყავი. შემზიზღდა ჩემი თავიც, თემურიც, კახიც და… ლალი ხომ ისედაც არ მეხატებოდა გულზე!

არა, როგორმე უნდა დავძლიო შიში! ასე არ შეიძლება! ასე ძალიან ადვილად გავყიდი თავს! გონს მოდი, ქეთი! ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა! ახლა მოვლენები შენ უნდა მართო, თუ გინდა, რომ საქმე არ გაგიფუჭდეს!

თავი გავაქნიე, ჩავახველე და თვალი კვლავ არაბიძისკენ გავაპარე. არა უშავს, მშვენივრად გამოიყურება. ახლა უფრო სიმპათიური მომეჩვენა, ვიდრე იქ, ნიუ-იორკში. ქერა თმა…  დაკუნთული მკლავები… მომნუსხველი გამოხედვა… რა ლამაზი თვალები ჰქონია, თითქოს პირველად შევამჩნიე. ფეხებიც კი ქალივით ჩამოსხმული აქვს! ამას კი ნამდვილად არ მოველოდი! შორტში ხომ არასდროს მინახავს. ფოტოაპარატი? პროფესიონალური კამერაა, ვერაფერს იტყვი! ეს კი სწორედ რომ გაბედული საქციელია მისი მხრიდან.

_ ქეთევან! _ მივხვდი, რომ კახი მეძახდა და მსწრაფლ გამოვფიზლდი.

ნეტავ, როგორი ფერი მადევს სახეზე? გარუჯულს ვითომ რამე შემეტყობოდა?

_ ბატონო! _ გაუბედავად ვუპასუხე და მორჩილად მივაჩერდი ჩემს ბოსს.

_ შეგეკითხე, რას დალევ-მეთქი, _ მშვიდად მომმართა ანდრონიკაშვილმა.

_ «ნაბეღლავს».

_ ესე იგი, ორი ლუდი, ღვინო და…

_ მე ამოვიტან, კახი… _ გავაწყვეტინე მამაკაცს.

ახლა ერთი წუთით მაინც უნდა დავრჩენილიყავი მარტო, რომ თავი ხელში ამეყვანა და ყველაფერი გამეაზრებინა, _ თან ბავშვსაც დავხედავ.

_ კარგი, დიდი მადლობა, _ მომაძახა კახიმ და დაჯდა.

კაიუტაში ჩასულმა ვიგრძენი, როგორ მიკანკალებდა მუხლები, ერთიანად ვცახცახებდი. ჩემი ბრალია! წუხელ უნდა მეთქვა სიმართლე კახისთვის, ყველაფერი უნდა მომეყოლა და ამ დღეში არ ჩავვარდებოდი!

ბავშვს შევხედე. ნუკი მშვიდად იჯდა მანეჟში და მატყუარას გამალებით წოვდა. ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, აჭყლოპინდა და ხელ-ფეხის ქნევა დაიწყო.

_ როგორც ჩანს, ძიძის სამუშაოს თანდათან ეჩვევი! _ გაისმა ჩემს ზურგს უკან თემურის ხმა. ვერც გავიგე, ასე უჩუმრად როგორ ჩამოიარა საფეხურები.

მოულოდნელობისგან შევხტი, ლამის შევკივლე კიდეც.

_ როგორ ხარ, საყვარელო? _ მამაკაცი მომიახლოვდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩემ წინ გაჩერდა.

ცივად შევხედე.

_ ასე ნუ მომმართავ! _ ჯიქურ გავუსწორე მზერა.

_ რატომ, ამით რამე დაგიშავდება?

_ იქნებ ამიხსნა, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?

_ გუშინ, ანდრონიკაშვილის მანქანაში გამოჭიმული რომ დაგინახე, ზუსტად იგივე კითხვა დამებადა მეც, _ ლაკონიურად გამცა პასუხი.

_ აჰა… ესე იგი, არ შევმცდარვარ! შენც იყავი იმ ჟურნალისტებს შორის, არა?

_ შემამჩნიე?

_ შენ წარმოიდგინე! მაგრამ მეგონა, მივამსგავსე-მეთქი. ნამდვილად არ გელოდი.

_ რატომ? მეც ხომ შენსავით რეპორტიორი ვარ, ყოველთვის «ცხელ» წერტილებში დავდივარ.

_ მე კი მეგონა, შენი «ცხელი» წერტილები მხოლოდ უცხოეთი იყო და კიდევ… ამერიკის აეროპორტებში ქართველი ქალების შებმა, _ დავგესლე.

_ მე ყველგან ვარ, სადაც საქმეს სჭირდება და ყველაფერს ვაკეთებ, რაც საქმეს სჭირდება, _ ვალში არ დამრჩა არაბიძე, _ წესით, ახლა გერმანიაში უნდა ვყოფილიყავი, მარგველაშვილის «მოსანახულებლად», მაგრამ გულმა მიგრძნო, რომ აქ შენ დამხვდებოდი და მეც აქეთ გამოვეშურე, _ თემურმა ღიმილით კდევ უფრო ახლოს მოიწია ჩემკენ, _ რამდენი დღეა, ერთმანეთი არ გვინახავს… არაჩვეულებრივად გამოიყურები, ქეით! _ დამცინავად დააყოლა ბოლოს და უტიფრად ააყოლა ჩემს სხეულს თვალი.

შეშინებულმა კიბეს ავხედე, უცებ კახი არ გამოჩნდეს-მეთქი, განზე გავდექი და ირიბად გავხედე მამაკაცს.

_ შენნაირები აშაყირე, თუ შეიძლება!

_ სულაც არ გაშაყირებ, სრული სერიოზულობით გეუბნები. რამდენი ხანი გავიდა, რაც ბოლოს გნახე? სამი კვირა? ოთხი? მაგარი «ზაგარი» მიგიღია, გიხდება!

_ ეგეთები არ გინდა! _ ზიზღით ტუჩები მომებრიცა.

_ როდის აქეთ გახდი ასეთი უკარება? თუ ეს ქართული ნიღაბია? ჰა, ქეით! ამერიკული იქ დატოვე, ნიუ-იორკში? ხედავ, როგორია ცხოვრება? აი, ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს, ისევ ერთად ვართ, _ თემურმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და ძალიან ახლოს აღმოჩნდა ჩემთან.

_ არ მომეკარო! _ მტკიცე ხმით გამოვუცხადე, _ დარჩი, სადაც დგახარ და არ გაინძრე! რას ნიშნავს, «ისევ ერთად ვართ»?

_ იმას, რომ ერთად ვმუშაობთ, ერთ საქმეს ვაკეთებთ. ნუ გეშინია, სასტუმროში გატარებულ დღე-ღამეს არ ვგულისხმობ, _ ღვარძლიანად გაიცინა, _ ჰო, მართლა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, წუხელ ღამით ჭიშკარი რომ გამიღე.

ამის გაგონებაზე გულში ისეთი ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს დანა გამიყარესო.

_ ჭიშკარი შენთვის არ გამიღია, სხვათა შორის, _ მისი ნათქვამით თავზარდაცემულმა უნებლიეთ წამოვიყვირე, _ ეს შენ იყურებოდი ფანჯარაში, არა?

_ მინდა გითხრა, რომ ძალიან მყუდრო ატმოსფერო გქონდათ შექმნილი.

_ ვინ მოგცა ჩემი თვალთვალის უფლება? როგორ ბედავ!

_ ოი, ოი! ძალიან გთხოვ, ახლა ნუ გახდები მორალისტი. არ გიხდება, დამიჯერე, _ საჩვენებელი თითი დამიქნია თემურმა, _ გუშინ დაგინახე თუ არა, მაშინვე დავრეკე შენს რედაქციაში და მამუკას ველაპარაკე. ყველაფერს მომიყვა შენი რედაქტორი, იმასაც კი, როგორ შეაღწიე ანდრონიკაშვილის სახლში. ვაღიარებ, რომ ძალიან მოხერხებული და ჭკვიანი ყოფილხარ. არ დაგიმალავ და, რაც მეტად გეცნობი, მით უფრო მომწონხარ.

_ შენ კი საზიზღარი და გაიძვერა ხარ. ეს დიდი ხანია, დავამტკიცე. მამუკაც კარგი სულელი ყოფილა, კარტები თუ გაგიხსნა.

_ მას ეს აწყობდა, ჩემო კარგო. მთხოვა, კარგ ჰონორარს გადაგიხდი, თუ ფოტოების გადაღებას მოახერხებო. ქეთი ვერ შეძლებს ამის მოგვარებას და შენი იმედი მაქვსო. მას პროფესიონალი ფოტოგრაფის დახმარება სჭირდებოდა და მეც ვეხმარები. ასე რომ, ამ წუთიდან მე და შენ პარტნიორები ვართ. გინდა, არ გინდა, სხვა გამოსავალი არ გაქვს.

_ შენი პარტნიორი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები! _ აღელვებულმა მივახალე.

_ არ ყოფილხარ? შენ არ იყო, ჩემს მკლავებში რომ კვნესოდი იმ მშვენიერ დილას? დაგავიწყდა? მართალია, მაშინ საქმიანი შეხვედრა არ გვქონია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? საქმეშიც თუ ისეთი გამოცდილი ხარ, როგორც ლოგინში, მით უკეთესი! ყველაფერი ხუთიანზე გამოგვივა!

კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ გამერტყა. რა სიამოვნებით დავუმჟავებდი ამ ლამაზ ცხვირ-პირს, ნეტავ იცოდეს! მაგრამ შემეშინდა, ხელი არ შემომიბრუნოს-მეთქი. საერთოდ არ ვიცნობდი მას, ამიტომ, არ იყო გამორიცხული, მკვეთრი რეაქცია ჰქონოდა… რაც შემეძლო, თავი შევიკავე.

_ სულ რომ უმუშევარი დავრჩე და მხოლოდ ამაზე იყოს დამოკიდებული მთელი ჩემი ცხოვრება და კარიერა, შენთან არაფრის დიდებით არ ვითანამშრომლებ, ამაში დარწმუნებული იყავი!

_ ნუ ბრაზობ, ქეთი… არც ეს გიხდება! _ უდარდელად წარმოთქვა, _ ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ. უმაგრესი მასალის გაკეთება შეგვიძლია. განა ეს არ არის მთავარი?

ანდრონიკაშვილის დედაც…

ამის გაგონებაზე თვალთ დამიბნელდა. უკვე მიჭირდა თავის მოთოკვა.

_ სულაც არ ვბრაზობ, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად შევეპასუხე, _ უბრალოდ, შენთან თანამშრომლობა არ მინდა. ეს ჩემი სტატიაა და არ მინდა, ვინმემ ხელი შეიშალოს _ არც შენ და არც სხვამ.

თემურს ჩემი სიტყვებისთვის უმცირესი მნიშვნელობაც კი არ მიუნიჭებია.

_ წუხელ იცი, ჩემი ფოტოაპარატით რა შესანიშნავი კადრი დავაფიქსირე? სადაც შენ და ეს კაცი ერთმანეთს კოცნით… რას იტყვი?

_ რას ვიტყვი და იმას, რომ თუ ახლავე არ მოშორდები აქაურობას, ყვირილს დავიწყებ. კივილის ხმაზე კახი შემოვარდება და მიგახრჩობს. მერე კი, სასამართლოშიც გიჩივლებს იმისთვის, მის პირად ცხოვრებაში დაუკითხავად რომ ჰყოფ ცხვირს. როგორ მოგწონს? _ ნიშნის მოგებით შევხედე.

ნერვი არ შეტოკებია ჩემს სიტყვებზე.

_ თუკი ამას გააკეთებ, იძულებული გავხდები, ვთქვა, რომ შენ თვითონაც უკანონოდ ხარ აქ შემოჭრილი… ასე რომ, მარტო მე კი არა, ორივეს ერთად მოგვისვრიან აქედან, _ არაბიძემ ცალი წარბი ასწია და გამარჯვებულის იერით გამომხედა.

_ ამას ვერ გაბედავ, _ შეცბუნებულმა ხმას დავუწიე.

_ მერედა, როგორ გავბედავ!

_ აუტანელი ხარ!

_ შენ კი ძალიან ლამაზი! სულაც არ მიკვირს, ანდრონიკაშვილმა თავის სახლში რომ შემოგიშვა.

_ მე მისთვის მხოლოდ მოსამსახურე ვარ და სხვა არავინ.

_ თუმცა სულ სხვა თვალით გიყურებს. ამის დამტკიცება შემიძლია. რამდენიმე ისეთი არაჩვეულებრივი კადრი მაქვს ფოტოაპარატში დაფიქსირებული, რომ… თან მსხვილი პლანით…

_ შენ ხომ არ გააფრინე! _ ისევ ავფეთქდი, _ ანდრონიკაშვილს ჯული უყვარს.

_ მერედა, ვინ ლაპარაკობს სიყვარულზე? პირადად მე მხოლოდ სექსი ვიგულისხმე. მარგველაშვილი ახლა აქ არ არის… შენ კი ულამაზესი გოგო ხარ…

_ მაპატიე, უნდა ავიდე, სასმელი ავიტანო, თორემ კახი რაღაცას აუცილებლად იეჭვებს, _ შევეცადე, ცოტა ხნით მაინც მომეშორებინა იგი თავიდან.

_ მეც მოგეხმარები, _ დამთანხმდა მამაკაცი, დაფაცურდა და მაცივრის კარი გამოაღო.

_ ლალის გაცნობა როგორ მოახერხე? _ ვკითხე და თემურის მოწოდებული ლუდის და ღვინის ბოთლების ლანგარზე დალაგება დავიწყე.

_ ცოტა ვიდეტექტივე და ყველაფერი გამომივიდა, _ კმაყოფილმა ჩაიცინა და მზერა ნუკის მიაპყრო, რომელიც ორივეს ისე გვიყურებდა, თითქოს ყველა სიტყვა ესმისო, _ ქეთი, გამოუღე ბავშვს მატყუარა პირიდან, კომპოზიციას აფუჭებს. მის გარეშე უფრო ლამაზი კადრი გამოვა, _ საქმიანად მომმართა და კისერზე ჩამოკიდებულ ფოტოაპარატს წაავლო ხელი.

_ არა, არ გამოვუღებ! _ შევყვირე და სასოწრაკვეთილი მანეჟს ავეფარე.

როგორ მეზიზღებოდა ეს ბიჭი!.. და ჩემი თავიც…

_ კარგი, მერე იყოს. შენ ის მითხარი, სტატიის საქმე როგორ მიდის? რამე საინტერესო თუ ათქმევინე? _ ამჯერად დამნებდა არაბიძე.

_ თუნდაც ასე იყოს, შენ მაინც არ გეტყვი, _ აგდებულად ვუპასუხე.

_ ამ წუთიდან შენ ან მუშაობ ჩემთან, ან საერთოდ არ მუშაობ. გასაგებია?

_ ეს რა, მუქარაა? _ მშვიდად შევეკითხე.

_ არა, მუქარა არა, უფრო შეპირებაა, _ აი, შენი «ნაბეღლავი», ესეც დადე და წავედით. კახის შევპირდი, თქვენს ძიძას მივეხმარები-მეთქი. დროზე ავიდეთ, თორემ მართლა შეიძლება რამე იფიქროს.

_ სულ არ მადარდებს, კახი რას იფიქრებს, _ მხრები ვითომ უდარდელად ავიჩეჩე.

_ რას მეუბნები, მართლა? _ დამცინავად შემომღიმა, _ მაშინ გადასარევი საშუალება გეძლევა, ადგე და ყველაფერი მოუყვე.

ამ დროს კაიუტის თავთან ნაბიჯების ხმა მოისმა. ვერაფერი ვუპასუხე, რადგან კახი უკვე კიბის თავთან იდგა.

_ ბატონო თემურ, მეგონა, გზა აგებნათ და ქეთის ვერ მოაგენით, _ მშვიდად მიმართა არაბიძეს და დინჯად ჩამოუყვა საფეხურებს.

_ თქვენს მომხიბვლელ ძიძასთან საუბრით გავერთე… რის თქმას აპირებდით, ქეთი? _ ჯერ კახის გაუღიმა თემურმა, მერე მე მომიბრუნდა.

ეს უკვე დაუფარავ გამოწვევას ნიშნავდა. ამწუთას ან ყველაფერი უნდა მეთქვა ანდრონიკაშვილისთვის, ან არაბიძესთან თანამშრომლობას უნდა დავთანხმებოდი.

_ მე… მე… სადილზე ვწუხდი… იმედია, ყველას გვეყოფა. მოულოდნელი სტუმრები არ გაგვითვალისწინებია, _ მსწრაფლ მოვიფიქრე სათქმელი, _ რა ვქნა, სალათაც ავიტანო?

_ რა თქმა უნდა, _ თავი დამიქნია კახიმ, _ ხომ არ მოგეხმარო?

_ არა, არ მინდა, თვითონ მოვახერხებ. ყველიც გვაქვს, კიტრიც და პომიდორიც.

_ მაშინ მე ნუკის წავიყვან, _ მამაკაცმა ბავშვი მანეჟიდან ამოიყვანა, _ სუფთა ჰაერი არ აწყენდა, _ თქვა და ამ სიტყვებით მაღლა ავიდა.

თემური კმაყოფილი მიღიმოდა. გამიღიმე, გამიღიმე! გეგონოს, რომ გაიმარჯვე! ვერ ეღირსები! მაინც არ ვითანამშრომლებ შენისთანა ნაძირალასთან! რის ფასადაც უნდა დამიჯდეს! ცოტაც მაცალე! როგორც კი კახისთან მარტო დავრჩები, ყველაფერს მოვუყვები. იმაზე უარესი რა უნდა მოხდეს, რაც ახლა ხდება. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ… ხომ არ მომკლავს, ბოლოს და ბოლოს? იქნებ მაპატიოს კიდეც?

ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცოდი, ის იყო, რომ კახი მიყვარდა. ამის უარყოფას უკვე აზრი არ ჰქონდა. ტყუილად ვცდილობდი ჩემი თავის დარწმუნებას იმაში, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ გატაცება იყო. გამიძნელდებოდა იმის თქმა, როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ სტატიას ახლა ჩემთვის მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა.

ღმერთო, ოღონდ მშვიდობიანად ჩაიაროს ამ დღემ და მერე მე ვიცი. არაბიძეს არ გავახარებ1 არ მივცემ იმის უფლებას, გამომიყენოს და გამარჯვება იზემოს. ეშმაკსაც წაუღია სტატიაც და მამუკაც თავის გაზეთიანად. ანდრონიკაშვილს არ გავწირავ ამ გარეწრების გულისთვის. ის ამას არ იმსახურებს. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ვიცი! ოღონდ კი ეს დღე სკანდალის გარეშე ჩამთავრდეს.

888

სადილის განმავლობაში თემური ძალზე თავდაჯერებულად იქცეოდა _ აშკარად თავის სტიქიაში გრძნობდა თავს.

_ აქ ნამდვილი სამოთხეა, არა? _ შენიშნა ლალიმ, ღვინით სავსე ჭიქას ხელი მოავლო და მზეზე გახედა.

_ გეთანხმები, _ კვერი დაუკრა თემურმა და შეზლონგზე გადაწვა, _ ისე, ასეთი მოგზაურობა მაინცდამაინც არ მიზიდავს _ საშინელი ზღვის ავადმყოფობა მაწუხებს. მთის კურორტები მირჩევნია… თუმცა… ასეთ მშვენიერ ამინდში უკეთეს გასართობს ვერ მოიგონებს კაცი. ნამდვილად სამოთხეს მაგონებს აქააურობა.

_ თემურ, რა პროფესიის ბრძანდებით? _ ჰკითხა კახიმ და კვლავ ჩამოუსხა ლუდი.

_ დაზღვევის აგენტია, _ მის მაგივრად ლალიმ უპასუხა, _ აქ შვებულებას ატარებს.

_ დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ? _ ახლა ლალის მიუბრუნდა კახი.

_ შენ წარმოდგინე, არა. მხოლოდ გუშინ გავიცანით ერთმანეთი, ჩემთან, წვეულებაზე. შენ რომ არ გვიკადრე, გგონია, დამავიწყდა?

_ მაპატიე, მაგრამ ხომ იცი, არ მომწონს ასეთი საღამოები.

_ აღიარე, რომ ასეთი საღამოები კი არა, ჩემი დაქალები არ მოგწონს, _ გულიანად გადაიკისკისა ქალმა და საჩვენებელი თითი გააქნია, _ მათი ატანა არ გაქვს.

_ არა, რატომ… გეჩვენება… _ იუხერხულა შენიშვნა კახიმ.

_ სხვათა შორის, პირადად მე დაუპატიჟებლად აღმოვჩნდი ლალისთან, _ თქვა თემურმა.

_ რას ამბობ, საყვარელო, ეს ტყუილია. მე მეგობრები წყვილ-წყვილად დავპატიჟე. ვისაც ვისი მოყვანა სურდა, ის მოიყოლა თან. ასე რომ, მაგას ნუ ამბობ. ისე, ხომ არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ? იცი, რამდენი დაკარგე, კახი? უნდა მოსულიყავი. თემო გვიან მოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ, დილამდე დარჩა. ხუთი ხდებოდა, რომ დამემშვიდობა. არა, თემო?

მისმა სიტყვებმა უსიამოვნოდ გამკრა გულში. მივხვდი, რომ ლალის არა მხოლოდ მოსწონდა კახი, არამედ ცდილობდა, მასში ეჭვიანობის გრძნობა აღეძრა.

_ ვერაფერს იტყვი. იმდენად დასვენებულად გამოიყურებით ორივენი, ვერავინ იტყვის, რომ ღამენათევი ხართ, _ გაიღიმა ანდრონიკაშვილმა.

როგორ გამიხარდა! ვგრძნობდი, როგორც არ უნდა ეცადა ლალის, მაინც არ გამოუვიდოდა, კახის მის მიმართ ეჭვიანობა დაეწყო.

_ შენ ხომ მიცნობ, უფროსო! დილამდე შემიძლია ვიმხიარულო, დროსტარება არასდროს მღლის, _ უპასუხა ლალიმ და ირიბად გახედა თემურს, _ ისე, ამ საღამოსაც შეგვიძლია ყველაფერი გავიმეოროთ.

_ მშვენიერი აზრია, _ დაეთანხმა მამაკაცი, _ ოთხივე რომ შევიკრიბოთ, შეიძლება? ბათუმში წავიდეთ, კარგ რესტორანში ვიქეიფოთ… რას იტყვით, ქეთევან? _ მომიტრიალდა თემური და ჯიქურ ჩამაშტერდა თვალებში.

_ მე არ შემიძლია, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად მივუგე, _ ბავშვს უნდა მოვუარო, მარტო ვერ დავტოვებ.

_ დასვენების დღე არ გეკუთვნით? ხომ შეიძლება, ერთი დღე ითხოვოთ? არც ისეთი მკაცრი უფროსი გყავთ, როგორც ვხედავ.

_ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ, ფულს ამაში მიხდიან, _ ცივად ვთქვი, _ მაპატიეთ, ნუკი უნდა დავაძინო, _ თავაზიანად გავიღიმე და ბავშვს ხელი დავავლე, რომ დროზე გავცლოდი იქაურობას.

_ როგორც მივხვდი, ნუკი თქვენი შვილია, არა? _ ამის გაგონებაზე ნაბიჯი შევანელე, კახის პასუხი მაინტერესებდა.

_ ნუკი ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილია, _ არაჩვეულებრივი პასუხი გასცა კახიმ…

კმაყოფილი ღიმილი ვერ შევიკავე.

ბავშვი მალევე დავაძინე და მაღლა ავედი. სტუმრებს თეფშები გამოვუცვალე და იქვე ჩამოვჯექი. თემურმა რამდენჯერმე სცადა, კვლავ ჩამოეგდო ლაპარაკი კახის პირად ცხოვრებაზე, მაგრამ არ გამოუვიდა _ მამაკაცი მსუბუქად იცილებდა თავიდან მის შეკითხვებს და სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი.

ცოტა ხანში ნუკის გამოეღვიძა და კვლავ დაბლა ჩავედი, რათა ბავშვისთვის მიმეხედა. კარგა ხანს ვარწევდი პატარას… როგორც იქნა, ისევ ჩაეძინა. ის იყო, მაღლა ასვლა დავაპირე, რომ კიბეზე თემური გამოჩნდა. მაშინვე შევატყვე, რაღაცით უკმაყოფილო ჩანდა.

_ რა ხდება? ანდრონიკაშვილი არ პასუხობს შენს შეკითხვებს? _ დავცინე «პარტნიორს».

_ მშვენივრად იცი, რომ ასეა, რატომ «მეშპილკავები»?

_ იმედი გაგიცრუვდა? კარგავ საკბილოს, არა?

_ ნუ იტყვი… მაგრამ არა უშავს, მე ასე ადვილად არ ვნებდები, მაინც ამოვთხრი!

_ მაშინ მიდი და ამოთხარე, _ ნიშნის მოგებით ვუთხარი, _ და ნუ დამდევ ძაღლივით კუდში. კახიმ შეიძლება რამე იეჭვოს.

_ არა მგონია. ვუთხარი, დალევა მინდა-მეთქი, _ ამ სიტყვებით თემური მაცივარს მიადგა და ლუდის ბოთლი გამოიღო, _ შენ შენსას მიაწექი და რაც შეიძლება, მეტი გამოსტყუე მაგ კაცს. საბედისწერო ქალის როლის თამაში მშვენივრად გამოგდის, მე კი ფოტოებს გადავიღებ. შემდეგ ერთად შევკრიბოთ ყველაფერი და სტატიაც გამოგვივა. ჰო, მართლა, მამუკამ შემოგითვალა, დიქტოფონი გამოიყენოს და რამდენიმე ჩანაწერი გააკეთოსო.

_ რა ჩანაწერიო? _ თავიდან ვერ მივუხვდი.

_ ანდრონიკაშვილთან დიალოგს რომ გააბამ, დიქტოფონი ჩართული დატოვე, რა ვერ გაიგე? შენს ტელეფონს ხომ მოჰყვება დიქტოფონი?

_ გაგიჟდი?! მობილური საერთოდ გამორთული მაქვს, იმის შიშით, ვინმემ არ დამირეკოს. დიქტოფონის ჩართვას გავბედავ? არავითარ შემთხვევაში!

_ უნდა გარისკო, სხვა გზა არ გვაქვს.

კარგი-მეთქი, თავი დავუქნიე. დაე, იფიქროს, რომ მასთან პარტნიორობაზე თანახმა ვარ, თორემ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს, ისეთი ნაძირალაა. ახლა რომ ვუთხრა, შენთან მუშაობას არ ვაპირებ-მეთქი, არ არის გამორიცხული, სცენები მომიწყოს.

ბავშვი კვლავ აჭიჭყინდა.

_ ადი მაღლა, _ ჩურჩულით ვუთხარი, _ იმის გარდა, რომ მე ნერვებს მიშლი, პატარასაც აწუხებ. ხომ ხედავ, ვერ იძინებს.

_ წავალ, აბა რას ვიზამ, მაგრამ ჯერ რამდენიმე სურათი უნდა გადავუღო.

_ მაინცდამაინც დიდი სურვილი არ მაქვს, ჩემს იახტაზე ფოტოები გადაიღოთ, _ გაისმა მოულოდნელად კახის ხმა. შიშისგან ტანში გამცრა… არც თემური ჩავარდნილა უკეთეს დღეში.

იგი კიბის თავში იდგა და პირქუშად შემოგვყურებდა.

_ აუ, როგორ შემაშინეთ, ბატონო კახი, _ ნაძალადევად გაიცინა თემურმა, _ ისე უხმაუროდ მოგვეპარეთ, ქეთევანს მგონი, გული გაუსკდა.

აკანკალებული გამომცდელად შევყურებდი მამაკაცს, მაინტერესებდა, რა მოისმინა ჩვენი საუბრიდან, მაგრამ აბა, რას მივხვდებოდი? კახის სახეზე რამის წაკითხვა შეუძლებელი იყო, სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა.

_ იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით, რომ რამდენიმე ფოტო სამახსოვროდ გადავიღოთ ყველამ ერთად. თქვენთვისაც დავბეჭდავ და სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩება.

_ არ მიყვარს სურათის გადაღება, ეს ჩემ ირგვლივ ყველამ კარგად იცის, _ ცივად გაისმა მამაკაცის ხმა, _ თუმცა, აქ ამის სათქმელად არ მოვსულვარ. უბრალოდ, ამინდი შეიცვალა და აჯობებს, ნაპირზე დავბრუნდეთ.

ამის გაგონებაზე ოდნავ დავმშვიდდი. როგორც ჩანს, კახიმ მხოლოდ ბოლო ფრაზას მოჰკრა ყური. თემური დაიჯღანა და კიბისკენ გაემართა.

_ იმედია, შტორმი არ გვემუქრება? მაინცდამაინც კარგი ცურვა არ ვიცი.

_ ვფიქრობ, მთლად ეგრე არ იქნება. არც ასე ცუდადაა საქმე, _ უპასუხა კახიმ და გატრიალდა.

მეც უკან მივყევი ორივეს. ძლიერი ქარი ამოვარდნილიყო, იახტა ტალღებზე შესამჩნევად ქანაობდა, თუმცა ცა ძველებურად მოწმენდილი იყო.

_ რაღაც ვერ ვარ კარგად, _ წარმოთქვა გაფითრებულმა თემურმა.

_ ნუ სულელობ, სიხარულო, _ გადაიკისკისა ლალიმ, _ უბრალოდ, ქარმა დაუბერა. კახის რომ არ ეთქვა, ვერც ვერაფერს გაიგებდი.

_ შესაძლებელია…

_ ძალიან კარგი იყო თქვენთან, კახი. ჩვენ წავალთ… შეხვედრამდე, _ ლალიმ ფეხის წვერებზე აიწია და მამაკაცს ლოყაზე აკოცა, _ მოგვიანებით შევხვდებით, არა? _ ჰკითხა ქალმა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ანდრონიკაშვილს. მის სიტყვებსა და გამოხედვაში რაღაც ძალიან პირადული იგრძნობოდა. ცოტა არ იყოს, უხერხულადაც ვიგრძენი თავი, ძალაუნებურად რომ ვისმენდი ამ სიტყვებს.

_ ხვალ საღამოს ვახშამზე გეპატიჟები, მეტი რა ვქნა, _ გულიანად გაიცინა მამაკაცმა.

ლალიმ გაუღიმა და სევდის ჩრდილი წამსვე გაუქრა სახიდან.

_ რომელზე, რვაზე?

ანდრონიკაშვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

გული ავის მომასწავებლად შემიქანდა. თითქოს განგაშის მოახლოებას ვგრძნობდი. ვიდექი კახის გვერდით და ვუყურებდი, როგორ გადადიოდნენ კატერზე თემური და ლალი.

_ შენი მოწვევა თემურზეც ვრცელდება? _ ვერ მოვითმინე, არ მეკითხა, თუმცა ვიცოდი, არ ღირდა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ მათი საუბარი მოვისმინე.

_ არა მგონია, ლალიმ იგი წამოიყვანოს, _ ამ სიტყვებით მამაკაცი ჩემკენ შემობრუნდა, _ რაო, იმედგაცრუებული დარჩი?

შევცბი, მაგრამ არ შევიმჩნიე.

_ რის გამო? იმის გამო, რომ ლალი დაპატიჟე? თუ თემური რომ არ მოვა მასთან ერთად? რას გულისხმობ?

_ გააჩნია, შენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, _ მითხრა და გამიღიმა.

ამ ლაკონიურმა პასუხმა ისე განმარისხა, ლამის ვიყვირე.

_ სრულებით არ მეხება, ვის დაპატიჟებ სტუმრად, ეგ ჩემი საქმე არ არის. რაც შეეხება იმ… თემურია თუ ვიღაც, სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მომეწონა.

_ მართლა? _ ირონიულად აზიდა ცალი წარბი, _ მას კი, მგონი, პირიქით, ძალიანაც მოეწონე.

ამის გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა.

_ ლალი იმისთვის დავპატიჟე, რომ საქმეზე ველაპარაკო… _ ჩაილაპარაკა კახიმ, _ რამეს დალევ?

_ მე მგონი, აჯობებს, დავბრუნდეთ, ქარი ძლიერდება.

_ ნუ გეშინია, ქარს გავასწრებთ, _ მამაკაცმა მაგიდიდან ღვინის ბოთლი აიღო და მანიშნა, დაგისხა თუ არაო.

_ მე «ნაბეღლავს» ვსვამდი… თუმცა, რატომაც არა, ღვინოსაც დავლევ, ოღონდ ცოტას.

_ რა თქმა უნდა, რატომაც არა.

მოვიღუშე, რადგან მის ხმაში კვლავ უცნაური ინტონაცია შეინიშნებოდა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა… ცივმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. საშინლად არ მესიამოვნა მისი გამოხედვა. უეცრად გამახსენდა, რომ ლალის მოსვლამდე ვჩხუბობდით…

_ უკვე აღარ მიბრაზდები? _ ფრთხილად შევეკითხე.

კახიმ ლოყაზე მოისვა ხელი, თითქოს გაახსენდა, სილა როგორ გავაწანი და გაიღიმა.

_ როგორც ჩანს, დავიმსახურე… არა, არ გიბრაზდები.

ოდნავ დავმშვიდდი.

_ მაპატიე, წეღან ჯულიზე სულელური კითხვები რომ დაგისვი. მე…

_ ეს არ იყო სულელური კითხვები, _ შემისწორა, _ მესმის, რატომაც გაინტერესებს ეგ ყველაფერი.

_ არა მგონია, გესმოდეს, _ აღელვებულმა თმაზე გადავისვი ხელი, თან ვფიქრობდი, საიდან დამეწყო ჩემი აღიარება.

კახიმ ხელი გამოიწვდინა და ღაწვზე შემეხო.

_ სულ მინდა, შეგეხო… ყოველ წამს, ყოველ წუთს… _ ჩაიჩურჩულა, _ ადრე ასეთი რამ არასდროს დამმართია.

რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვასწარი, მამაკაცმა თითები ტუჩებზე ამაფარა.

_ ვიცი, რაც უნდა მკითხო. ჯულისთან მსგავსი არაფერი მქონია.

_ სულაც არ ვაპირებდი ამის თქმას… _ შევეცადე, სწრაფად გავცლოდი, მაგრამ არ გამიშვა.

_ მოდი ჩემთან, მეტის მოთმენა არ შემიძლია! _ დახშული ხმით ამოთქვა და მძლავრად მიმიხუტა მკერდზე.

მისი სიტყვებისა და სიახლოვისგან თავბრუ დამეხვა.

_ ჯერ უნდა დავილაპარაკოთ… გთხოვ… რაღაც მინდა გითხრ… _ აკანკალებული ხმით დავიწყე, მაგრამ ვეღარ დავამთავრე, ტუჩებში მაკოცა.

_ მოგვიანებით ვისაუბროთ ამაზე, გპირდები.

_ იცი? არ მინდა ოჯახი დავანგრიო, _ მაინც ვაგრძელებდი ჩემსას, _ მართლა არ მინ…

_ მე ოჯახი არ მყავს, ქეთი…

უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი.

_ შეიძლება შენ ჯულიზე დაქორწინება არ გსურს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. თქვენ საერთო შვილი გყავთ… ნუკის დედაც სჭირდება და მამაც. სწორედ ამას ვგულისხმობ ოჯახში, _ კვლავ მიკანკალებდა ხმა.

_ ნუკი ჩემი შვილი არ არის, _ თავი გადააქნია კახიმ.

ესეც პასუხი იმ შეკითხვაზე, ასე ძალიან რომ აინტერესებდა ყველას. გაოგნებულმა ავხედე.

_ მე კი მეგონა…

_ ვიცი, რაც გეგონა, მაგრამ შეცდი.

_ აბა ვინ არის მისი მამა? _ უნდობლად ვკითხე, _ მაშინ რატომ არის აქ, შენთან?

_ რა ამბავია, ერთბაშად ამდენი კითხვა… _ შუბლზე ჩამოშლილი თმა გადამიწია… ისე ნაზად შემეხო, თვალთ დამიბნელდა, _ სხვა დროს იყოს… ახლა მხოლოდ შენ მინდა მიყვარდე.

_ კახი…

ვერც ახლა დავამთავრე სათქმელი, რადგან იგი კვლავ ჩემს ტუჩებს მიწვდა. მეტის მოთმენა არც მე შემეძლო. მკლავები კისერზე მოვხვიე და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე, თან ისეთი გრძნობით…

_ ყველაფერს მოგიყვები ჩემზე, გპირდები… მერე კი შენ მომიყევი შენს ცხოვრებაზე, თუ გინდა, _ შემდეგ ტუჩები ყურთან მომტანა და ჩურჩულით გააგრძელა, _ მაგრამ ახლა სხვა არაფერზე მინდა ფიქრი… მხოლოდ შენ მინდიხარ…

არ მახსოვს, კაიუტაში როგორ აღმოვჩნდით. თვალებმიბნედილმა ირიბად გავხედე ნუკის, რომელსაც ტკბილად ეძინა. კახიმ მაცივრის გვერდით მდებარე კარი გააღო, წელზე მძლავრად მომხვია ხელი და მეორე, შედარებით მომცრო კაიუტაში შემიყვანა. აქ მხოლოდ ერთი საწოლი იდგა და კიდევ… სარკე ეკიდა კედელზე, სხვა არაფერი.

_ კარი ღია დავტოვოთ, ბავშვმა უცებ რომ გაიღვიძოს… _ მკვეთრი, თითქმის საქმიანი კილოთი წარმოთქვა, მაისური გაიხადა და საწოლზე ჩამოჯდა, _ გეშინია? _ თბილად მკითხა.

_ ჰო, _ ვაღიარე.

_ მოდი ჩემთან… _ ხელები გამომიწვდინა.

ნელა მივუახლოვდი. დანისლული მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა, რომელიც ისე ღელავდა, როგორც გარეთ _ ტალღები, ოღონდ… ხმაურის გარეშე.

თითები ნელა აამოძრავა ჩემს მუცელზე. ვნებამორეულმა თვალები დავხუჭე.

_ გინდა ჩემთან?

_ ხომ იცი, რომ მინდა, _ არ დავმალე ჩემი სურვილი, თმაზე ხელი გადავუსვი და მოვეხვიე.

_ ჰოდა, დამიმტკიცე, _ თქვა კახიმ, გვერდით მიიწია და ადგილი დამითმო.

გახდა დავიწყე… ის თვალს არ მაშორებდა… ხარბად გადაჰქონდა მზერა ჩემი მკერდიდან მუცელზე, ფეხებზე…

_ არაჩვეულებრივი სხეული გაქვს… შეუდარებელი…

_ დიდი მადლობა…

_ ოღონდ… ერთი რამ უნდა გკითხო, სანამ დავწვებით… წუხანდელივით ხომ არ გადაიფიქრებ?

_ არა, არ გადავიფიქრებ, _ ღიმილი ვერ შევიკავე და მის გვერდით დავწექი.

ლამის გონება დავკარგე, როცა ტუჩებით მკერდზე შემეხო… ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდა… მესმოდა, როგორ ვნებიანად ჩამჩურჩულებდა ყურში, მიყვარხარ და მინდა სულ მიყვარდე, მსურს, მხოლოდ მე მეკუთვნოდეო…

მისი სიტყვები კიდევ უფრო აღმაგზნებდა. მეც ვეჩურჩულებოდი რაღაცას, მაგრამ არ მახსოვს, რას… წამიც და ორივენი თავდავიწყების ბურუსში გავეხვიეთ…

8 8 8

მის მკლავებში მოკალათებულს გარხევის მეშინოდა. ასე დაღლილად არასდროს მიგრძნია თავი, ამავდროულად, სასიამოვნო მოთენთილობას განვიცდიდი.

_ ძალიან ლამაზი ხარ, ქეთი, _ ჩურჩულით მითხრა, _ და უზომოდ სასურველი… არ მინდა შენი დაკარგვა. მინდა ეს იცოდე.

მისი სიტყვები იავნანასავით ჩამესმოდა. თან თავისი თლილი თითებით ნაზად დახეტიალობდა ჩემს სხეულზე… ვგრძნობდი, როგორ მებლიტებოდა თვალები, როგორ მერეოდა ძილი და წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი თავს… თანდათან უფრო და უფრო შორიდან ჩამესმოდა მისი ჩურჩულით ნათქვამი საალერსო სიტყვები…

თვალი გავახილე და ჩემთვის უცხო ხის ჭერს მივაშტერდი. სწრაფად წამოვჯექი საწოლში და ირგვლივ მიმოვიხედე. ახლაღა გამახსენდა, სად ვიყავი და რაც მოხდა. რატომღაც, შიშმა ამიტანა… კაიუტაში მარტო ვიყავი.

_ კახი! _ დავიძახე შეშინებულმა.

არავინ გამომპასუხებია. ჩემი ტანსაცმელი ჯერ კიდევ იატაკზე ეყარა. წამოვხტი და ჩაცმას შევუდექი. ვცდილობდი, გონებაში აღმედგინა მომხდარი. ეს რა ჩავიდინე, როგორ ვერ მოვთოკე თავი! თუმცა, ამაზე ფიქრი უკვე გვიან იყო, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი. სინანულს აზრი არ ჰქონდა. ან კი რა საჭირო იყო? ჩვენ შორის წარმოქმნილი გრძნობა ხომ არ იყო ყალბი? ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა… მაგრამ დავიჯერო, მასაც ისე ვუყვარვარ, როგორც მე? შეუძლებელია… მისთვის მე რას წარმოვადგენ? ერთ უბრალო ძიძას მხოლოდ… ქალს, რომელთანაც წამიერ თავდავიწყებას მიეცა. ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა…

მოულოდნელად რყევა ვიგრძენი. ვიფიქრე, ალბათ თავბრუ დამეხვა-მეთქი, მაგრამ ილუმინატორში რომ გავიხედე, მივხვდი, იახტა მოძრაობდა… ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ნაპირს. თავი მოვიწესრიგე და მეორე კაიუტაში გამოვედი. ბავშვის საწოლს გავხედე… ნუკი იქ არ იყო. მაღლა ამოვედი. კახი გემბანზე იდგა. გვერდით, მანეჟში, პლედში საგულდაგულოდ გახვეული ნუკი იჯდა და თავისთვის რაღაცას ღუღუნებდა.

_ საღამო მშვიდობისა, _ მომესალმა კახი, როგორც კი დამინახა.

_ საღამო მშვიდობისა, კაპიტანო, _ შევეცადე, მხიარულად გამომსვლოდა, მაგრამ მის მზერას თვალი მაინც ავარიდე.

_ რამდენიმე წუთი და ნაპირზე ვიქნებით.

მამაკაცს ჯინსის შარვალი და ლურჯი სვიტერი ჩაეცვა. საკმაოდ აგრილებულიყო, სიცივისგან მკლავებზე დამბურძგლა.

_ თბილი ტანსაცმელი არ წამოგიღია? _ კახიმ თვალი დაკვირვებით შემავლო.

_ არა… არც მიფიქრია.

_ ჩემი ბრალია, უნდა მეთქვა, _ არცთუ მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა.

როგორ მინდოდა, მასთან ახლოს მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე.

_ დიდხანს მეძინა? _ მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე.

_ რამდენიმე საათი. არ გაგაღვიძე. მგონი, ძალიან დაიღალე, არა? _ ორაზროვანი მზერა მესროლა და იდუმალად გამიღიმა.

_ ჰო, _ არ ვიცოდი, სხვა რა მეპასუხა, ძალიან დავიბენი.

მოღრუბლულ ცას ავხედე. მალე წვიმა დაუშენდა. ბავშვი მანეჟიდან ამოვიყვანე და გულზე მივიკარი. მესიამოვნა მისი თბილი სხეულის შეხება. უკვე მაკანკალებდა სიცივისგან. ამასობაში ნაპირს მივუახლოვდით.

_ კახი, შენთან სალაპარაკო მაქვს.

_ ვიცი, არ დამვიწყებია, _ მიპასუხა და ცივი მზერა მესროლა.

უარესად შემაკანკალა, მაგრამ ამჯერად არამხოლოდ სიცივისგან… რატომ მელაპარაკება ასეთი ტონით? არ მოეწონა ჩემთან? არა, ეს შეუძლებელია… ყველაფერი ისეთი კარგი იყო, ამას ვერ დავიჯერებ. აბა, რა დაემართა? როგორც ჩანს, თავისი მიიღო და ინტერესიც დაკარგა ჩემ მიმართ. აი, ეს არის სიმართლე. მკერდში მტკივნეული ჩხვლეტა ვიგრძენი… უეცრად ნაპირზე ანდრო დავლანდე. ეგ საიდანღა გაჩნდა? როდის დაიბარა? გაოგნებულმა პირი დავაღე… სანამ მამაკაცები იახტას «დააბინავებდნენ», მე ნუკისთან ერთად მანქანისკენ გავეშურე…

გზაში ცა უარესად მოიქუფრა და წვიმამაც დაცხო. ისე ჩამოვედით ქობულეთამდე, გზაში არც ერთს ხმა არ გაგვიღია, ნუკი ჭუჭყუნებდა მხოლოდ. როგორც ჩანს, დაიღალა ბავშვი.

შინ შევედი თუ არა, შვებით ამოვისუნთქე. რა კარგია სახლში ყოფნა… აქ ისე თბილა, როგორც არსად… სამზარეულოში გავედი და ბავშვი თავის სკამზე შემოვსვი, მე კი გაზქურას მივაშურე, რომ მისთვის ფაფა მომედუღებინა.

8 8 8

ორი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ნუკი დავაძინე, კახი კი არა და არ ჩანდა. მოუსვენრობამ შემიპყრო. ტახტზე მივესვენე და დაღლილმა თავი საზურგეს მივადე. ძალაგამოცლილი ვიყავი მორალურადაც და ფიზიკურადაც. უეცრად, გარედან ნაბიჯების ხმა მოისმა. სუნთქვაშეკრულმა წამოვიწიე. კახიმ კარი გამოაღო, ზღურბლთან გაჩერდა და მკითხა.

_ როგორ არის ნუკი?

ხმაზე ეტყობოდა, რომ ჩემზე არანაკლებ დაღლილი იყო.

_ როგორც კი დავაწვინე, მაშინვე ჩაეძინა. ზღვის ჰაერმა კარგად იმოქმედა მასზე.

_ გზაში კი იჭუჭყუნა ბევრი.

_ შიოდა და იმიტომ.

_ ძალიანაც კარგი, _ თქვა და გატრიალდა.

_ კახი! _ დავუძახე.

მშვიდად მოაბრუნა თავი.

_ რა იყო?

_ რამე… რამე მოხდა?

ოდნავ შესამჩნევი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.

_ რა უნდა მომხდარიყო?

_ მე მგონი, ჩვენ მოგვიწევს საუბარი, _ ჩუმად ვთქვი.

_ მოგვიწევს, _ დამეთანხმა, _ მაგრამ ახლა არა, ქეთევან. ძალიან დავიღალე.

მეტი ვერაფრის თქმა მოვასწარი, რადგან მამაკაცი გავიდა და კარი მოიხურა.

შეშლილივით მივაჩერდი დაკეტილ კარს. როგორ შეუძლია, ასე მომეპყრას მას შემდეგ, რაც დღეს მოხდა? ეს ხომ დამამცირებელია! ისე მექცევა, თითქოს ქუჩის ქალი ვიყო!

არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავი გახევებული, თვალიც არ დამიხამხამებია. ბოლოს მეტი ვეღარ მოვითმინე, ავდექი და მის ოთახს მივაშურე. დაუკაკუნებლად შევაღე კარი. იგი ჩემკენ ზურგით იდგა და ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა.

_ ნუ ნერვიულობ, მან ზუსტად იმდენი იცის, რამდენიც საჭიროა.

როგორც ჩანს, ვერ გაიგო, როგორ შემოვედი, რადგან არც კი მოტრიალებულა. მინდოდა, შევხმიანებოდი, რომ უეცრად გაღიზიანებული ხმით ჩასძახა ყურმილში.

_ მან იცის, რომ ნუკი ჩემი შვილი არ არის, მაგრამ შენ რომ ჩემი და ხარ, არ იცის. და არც ის იცის, ნუკის მამა რომ გოგი ხერხეულიძეა. დამშვიდდი.

განცვიფრებისგან ყბა ჩამომივარდა. ფეხაკრეფით მოვტრიალდი და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე, მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, გაღებისას კარმა გაიჭრიალა.

_ ჯული, ცოტა ხანში გადმოგირეკავ, _ ამ სიტყვებით კახიმ ყურმილი დაკიდა და შემობრუნდა.

_ ესე იგი, ნუკი შენი დისშვილია? _ კარი მივხურე და უხერხულად მივაჩერდი.

_ ეს შენ არ გეხება.

მისმა ყინულივით ცივმა ხმამ ადგილზე გამაქვავა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ, მაგრამ ისეთი რამ მითხრა, კვლავ გავშეშდი.

_ შენს ადგილზე, ქეთევან, ოთახიდან გავიდოდი! _ შეუვალი გაუხდა მამაკაცს მზერა.

_ კი მაგრამ, რატომ? რატომ მექცევი ასე? მგონი, ცოტა მეტს ვიმსახურებ, ვიდრე ასეთ ზიზღიან გამოხედვას. რაში მდებ ბრალს?

_ შენი აზრით, შენგან რამით დავალებული ვარ? _ სარკასტული ხმით შემეკითხა.

ფერი წამივიდა სახეზე… გულგრილობას ველოდი მისგან, მაგრამ მსგავსი სიძულვილით გაჯერებულ ფრაზებს და გამოხედვას _ ნამდვილად არა.

_ ნუ მიყურებ ასე, _ აღგზნებულმა წარმოთქვა.

_ როგორ ასე? _ თვალები მრისხანედ დავაკვესე, _ თითქოს დამამცირეს? თითქოს გამომიყენეს? მაპატიე, მაგრამ შენი წყალობით, ამწუთას სწორედ ამ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს.

_ ჩემი წყალობით? _ ცინიკურად ჩაიცინა, შეტრიალდა და სვიტერის გახდა დაიწყო, _ მაპატიე, მაგრამ შხაპი უნდა მივიღო. ახლა შენთვის არ მცალია.

_ შენ რა, მაგდებ? _ ჩუმი, მაგრამ აცრემლებული ხმით ვკითხე, ბოღმა ყელში მომებჯინა, _ დღეს… დღეს შენ ასეთი არ იყავი…

_ და როგორი ვიყავი დღეს?

_ როგორი და… ისეთი…

_ ისეთი მოწყურებული და ვნებიანი, არა? მართალი ხარ, ქეთევან… არ გეგონოს, რომ გაგდებ. უბრალოდ, გაფრთხილებ. თუ დარჩები, კვლავ მომინდება შენთან სექსი.

ცრემლები მახრჩობდა, ცოტაც და გულამოსკვნილი ავტირდებოდი.

_ მე ეს არ მიგულისხმია…

_ ნუთუ?

_ კარგად იცი, რომ არა. შენი ვერაფერი გავიგე, კახი…

_ ამწუთას თავადაც არ მესმის ჩემი, _ მიპასუხა და სვიტერი სკამზე მიაგდო, _ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს მე და შენ ერთად ვიყავით… და ახლა კვლავ მინდიხარ.

_ ღმერთო, რამ გაგაბოროტა ასე? _ ცრემლები ღაწვებზე გადმომიგორდა, საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.

_ საქმე იმაშია, ქალბატონო ქეთევან, რომ არ მინდა შენ მიმართ ამ ლტოლვას განვიცდიდე.

წამთ თვალები დავხუჭე და ჩურჩულით ამოვთქვი.

_ სხვა ქალი გიყვარს?

_ სულ ველოდი, როდის დაიწყებდი საქმის გარშემო კითხვების დასმას, _ უსიამოვნოდ გაიცინა, _ იცი? არაჩვეულებრივად ითამაშე შენი როლი. თითქმის დავიჯერე ამბავი პატარა, დაუცველი გოგონასი.

888

ამის გაგონებაზე ლოყები გამიხურდა.

_ არ მესმის, რისი თქმა გინდა, _ ვთქვი და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, გულმა გამალებით დამიწყო ცემა.

_ რას მელაპარაკები! _ მრავლისმთქმელად აზიდა ცალი წარბი კახიმ, _ ხომ არ ჯობია, ორივენი აბაზანაში შევიდეთ და ერთად მივიღოთ შხაპი? იქ ყველაფერს გასაგებად აგიხსნი… კიდევ ერთ ოჯახურ საიდუმლოს გაგიმხელ, _ სარკასტული ტონით გააგრძელა, _ ან იქნებ, იმის გეშინია, რომ შენი დიქტოფონი წყლის ჭავლის ქვეშ არ ჩაიწერს ჩვენს საუბარს? და კიდევ ერთი: თუ ფანჯარას ღიად არ დავტოვებთ, შენს მეგობარს არ მიეცემა საშუალება, პაპარაცული ფოტოები გადაიღოს.

იმწუთას მომეჩვენა, თითქოს ისევ იახტაზე ვიყავით და ჩემს ფეხებქვეშ იატაკი ქანაობდა. ვიგრძენი, როგორ წამივიდა ფერი, ცოტაც და გონებას დავკარგავდი.

_ ესე იგი, ყველაფერი იცი, _ ჩურჩულით წარმოვთქვი.

_ რა თქმა უნდა, ვიცი, აბა რა გეგონა? _ მწარედ ჩაიცინა მამაკაცმა და ჯინსის შარვლის შეხსნა დაიწყო, _ აბა? რა გადაწყვიტე? შემომიერთდები? თუ ახალშექმნილი მდგომარეობა ხელს გიშლის გადაწყვეტილების მიღებაში?

_ იცი?.. შენ არ გესმის…

_ მართლა? _ დამცინავად შემაწყვეტინა, _ მგონი, პირიქით, ყველაფერი დღესავით ნათელია. მოსვლის დღიდანვე გქონდა დაგეგმილი, როგორ მოქცეულიყავი. ითამაშებდი საბედისწერო ქალის როლს, მოაგროვებდი საჭირო ინფორმაციას, შენი მეგობარი კი სურათებს გადაიღებდა. მერე? რას აპირებდი მერე? ამ ყველაფერს შენს ჭორიკანა გაზეთში გამოაქვეყნებდი? საინტერესოა, რას მეტყოდი, როცა ყოველივე ამის შემდეგ შემხვდებოდი? ალბათ ნერვიც არ აგიტოკდებოდა. ჟურნალისტები ხომ უპასუხისმგებლო ხალხი ხართ, სინდისი არ მოგეკითხებათ.

გაქვავებული ხმას ვერ ვიღებდი. ან კი რა უნდა მეპასუხა? ის მართალი იყო. სწორედ ეს მქონდა განზრახული, როცა მისი სახლის ზღურბლს პირველად გადავაბიჯე. ეს მერე შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ როგორ მემართლებინა თავი? როგორ დამეჯერებინა კახი, რომ ახლა ასე არ ვფიქრობდი?

_ გამოდის, შენ ჩემი და თემურის საუბარი მოისმინე, არა?

_ თავიდან ბოლომდე არა, რაღაც ნაწილი, მაგრამ ბევრი რამ იქამდეც ვიცოდი. უფრო ადრე გავიგე ყველაფერი, ვიდრე შენ გგონია, _ ძალიან მშვიდი ხმით მცემდა პასუხს მამაკაცი, რაც უარესად მოქმედებდა ჩემზე. მერჩივნა ეყვირა, ვიდრე ასე აუღელვებლად ელაპარაკა.

_ უფრო ადრე? როდის ადრე?

_ დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, როგორც კი ჩემს სახლში ფეხი შემოდგი.

კახი წამოდგა, საწოლის გვერდზე მდებარე ტუმბოს უჯრა გამოაღო, ნაცრისფერი საქაღალდე ამოიღო და საწოლზე ისროლა. თაბახის ფურცლები იატაკზე მიმოიფანტა. დავიხარე და რამდენიმე ცალი ავიღე. როცა ნაწერს თვალი შევავლე, გაოცებისგან ოხვრა აღმომხდა.

აქ მთელი ჩემი ბიოგრაფია ეწერა. იმ სკოლის მისამართი, რომელიც დავამთავრე, სახლის და მობილურის ტელეფონის ნომრები, ჩემი მშობლების სახელი და გვარები, პროფესიები, ყველა ორგანიზაცია, სადაც მიმუშავია, დახასიათებებიც კი, რომელიც კი რომელიმე რედაქციიდან ოდესმე გამოუტანებიათ…

კვლავ დავიხარე და დანარჩენი თაბახები მოვხვეტე. მწარედ ჩამეცინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თუკი რამე სტატია გამომიქვეყნებია, თითქმის ყველას ასლი აქ იყო, მათ შორის ის «ფუნდამენტალური ნაშრომიც», ბავშვის მოვლის თაობაზე.

_ კეთილსინდისიერად ჩაგიტარებია გამოძიება, ვერაფერს ვიტყვი, _ წელში გავიმართე და საყვედურით სავსე მზერა მივაპყარი.

_ რა თქმა უნდა, _ უშფოთველად დამეთანხმა კახი, _ ნუკის აღზრდას პირველსავე შემხვედრს ვერ მივანდობდი. უნდა მცოდნოდა, რამდენად შეიძლებოდა შენი ნდობა.

_ მაგრამ მე ხომ სააგენტომ გამომგზავნა? ყოველ შემთხვევაში, შენ ასე იცოდი. რატომ შეგეპარა ეჭვი? საიდან მოაგროვე ინფორმაცია? _ გაოგნებულმა მივაყარე კითხვები.

_ გადავიხადე და მივიღე, _ მსუბუქად გაიღიმა, _ თუ სოლიდურ თანხას გადაიხდი, რასაც გინდა, იმას გაიგებ. ეს ყველაფერი, შენი მოსვლიდან ერთ საათში ფაქსით გამომიგზავნეს. განსაკუთრებით ის დამეხმარა, რომ შენ შენი ნამდვილი სახელი და გვარი არ დაგიმალავს. ამან გამიადვილა ინფორმაციის მოპოვება. ჯერ სააგენტოში დავრეკე და გავიგე, რომ არავითარი ქეთი კანდელაკი მათთან არ მუშაობდა და არც არასდროს უმუშავია. მერე ამ სახელსა და გვარზე დავიწყე მასალების მოძიება. წამში გავარკვიე ყველაფერი.

_ მაგრამ რატომ? _ ხმა მიკანკალებდა, თან თვალს არ ვაშორებდი თაბახებს, _ მაშინვე რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი? რატომ ეგრევე არ გამაძევე აქედან?

_ ჩემს თავსაც სწორედ ეგ კითხვა დავუსვი. ალბათ ვერ შევძელი.

წამით შევხედე და გულში იმედის ნაპერწკალმა იფეთქა.

_ პირველი, რაც იმწუთას გავიფიქრე, შენი აქედან გაგდება იყო, მაგრამ შემდეგ შენ შემოხვედი ჩემთან კაბინეტში, ასეთი ლამაზი და მომხიბვლელი, მაცდური და გამომწვევი… და დამაინტრიგე. ძალიან დავინტერესდი შენით, _ კახიმ მხრები აიჩეჩა, _ რაც უნდა იყოს, მამაკაცი ვარ. შემდეგ კი, სიმართლე გითხრა, ძალიან მომინდა გამეგო, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი და რამდენად ღრმად შეგეძლო შეტოპვა. შენც არ დააყოვნე და შენი ძვირფასი რედაქტორის დავალება ხუთიანზე შეასრულე, ასე არ არის, ქეთევან?

მისმა შეურაცხმყოფელმა ტონმა და სიტყვებმა ლამის ცეცხლი წამიკიდა. ცოტაც და ავტირდებოდი, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, არ მინდოდა, მის წინაშე თავი დამემცირებინა, როგორმე უნდა გამეძლო ამ გამოცდისთვის.

_ როგორ გაგითვლია ყველაფერი, თავიდანვე დაგიჭერია თადარიგი, არც კი მჯერა, _ ნახევრად ჩურჩულით წარმოვთქვი.

_ აი, ეს კი ტიპური ქალური ნათქვამია, _ დამცინავად გადააქნია თავი ანდრონიკაშვილმა, _ შენ მოტყუებით შემოიჭერი ჩემს სახლში, გამოიყენე ყველა შესაძლო საშუალება, რომ ამომწურავად მიგეღო ინფორმაცია ჩემს ოჯახზე, ჩემს პირად ცხოვრებაზე და ახლა მე მადანაშაულებ, რომ იმთავითვე თადარიგი დავიჭირე და რაღაცები გავთვალე? _ ამ სიტყვებით შარვლის გახდა დაიწყო, _ მაგარი ხარ! მე ახლა აბაზანაში შევდივარ, _ მან გამომწვევი მზერა მესროლა, _ ესე იგი, არ გინდა, შემომიერთდე?

_ წადი შენი! _ ვეღარ მოვითმინე და განრისხებულს ჩემდა უნებურად წამომცდა ეს სიტყვები.

ცოტა არ იყოს, თავადვე შემაცბუნა ჩემმა ნათქვამმა, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. გამწარებული შევტრიალდი და კარისკენ გავემართე. სანამ ოთახიდან გამოვიდოდი, მისი დამცინავი ხმა დამეწია.

_ სხვა დროს არ ეთამაშო ცეცხლს, ქეთევან, თორემ აუცილებლად დაიწვები!

რა გაცვეთილი ფრაზაა, ღმერთო ჩემო! მისი დონის ადამიანს როგორ არ უხდება მსგავსი გამონათქვამი.

პასუხი არ დამიბრუნებია, ისე გამოვიჯახუნე კარი.

8 8 8

სასწრაფოდ დავიწყე ჩემი ნივთების კვლავ ჩალაგება. ერთი სული მქონდა, როდის გავეცლებოდი აქაურობას. სულერთი იყო, სად წავიდოდი, ოღონდ კი დავმალულიყავი სადმე და თავი დამეძვრინა ამ სირცხვილისგან. ამწუთას სიკვდილზეც კი არ ვიტყოდი უარს, რათა ეს სამარცხვინო ლაქა ჩამომერეცხა.

როცა ყველაფერი ჩავალაგე, ხელჩანთა მოვიძიე, რათა მანქანის გასაღები ამომეღო. თქვენც არ მომიკვდეთ! ვერსად მივაკვლიე. მთელი კარადა გადავქექე, საწოლის ქვეშაც კი შევიხედე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მართალია, რაც აქ მოვედი, მანქანით არ მისარგებლია, ქობულეთში, სასტუმროს ეზოში დავტოვე დაყენებული, მაგრამ მის გარეშე თბილისში ხომ ვერ დავბრუნებოდი? ზუსტად მახსოვდა, სანამ კახისთან მოვიდოდი, როგორ ჩავაბარე დაცვას, მთელი კვირის ფული გადავუხადე და გასაღები ჩანთის შიდა ჯიბეში ჩავდე, თავის ტყავის ბუდიანად.

რა მემართება? რატომ ვარ ასე დაბნეული? ან კი, როგორ შევძელი, ასე მოკლე ხანში ასეთი სიძლიერით შემყვარებოდა ეს კაცი? ცხოვრებაში მსგავსი არაფერი განმიცდია. რა მეტაკა, რამ გამომაშტერა ასე? რატომ ვერ ვახერხებ ჩემი ემოციების მოთოკვას? ოოოხ! რატომ არ დაიწვა ის დღე, როცა აქ მოვედი! რა მრჯიდა, რა! ასე არასდროს არაფერი მინანია, თემურთან ჩადენილი სისულელეც კი.

ყველაზე საშინელი ამ ისტორიაში ის იყო, რა წარმოდგენაც კახის რჩებოდა ჩემზე _ თითქოს შეგნებულად ვცადე მისი მოხიბვლა, რათა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მიმეღო მასზე. რა თქმა უნდა, მისგან არ უნდა მწყინდეს, ასე რომ ფიქრობს. მის ადგილას მეც იგივეს ვიფიქრებდი. ერთი შეხედვით ხომ მართლაც ასე იყო. ბოლოს და ბოლოს, სიმართლეს თვალებში რომ შევხედოთ, მე, პირველ რიგში, ჩემს სამუშაოს ვასრულებდი და თავადაც არ ვიცი, რას გავაკეთებდი, როცა აქედან წავიდოდი, თუნდაც ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.

ანდრონიკაშვილმა კი პირველივე წუთებიდან იცოდა სიმართლე და არაფერი თქვა, შეეგუა სიტუაციას და თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს ვითარება. გულგრილად, აუღელვებლად მომყვა ბოლომდე, შემდეგ კი, როცა კარტები გახსნა, ნიშნის მოგებით მომაძახა, ცეცხლს ნუ ეთამაშებიო.

თავი დავხარე და წამწამები დავახამხამე, რომ ცრემლი შემეკავებინა. ბრაზი მახრჩობდა, მძულდა საკუთარი თავი. გეყოფა წუწუნი, ქეთი! ნუ ისაწყლებ თავს! მწარე შეცდომა დაუშვი, როცა გონების კარნახს არ დაუგდე ყური და გულს მიენდე! არა უშავს, არც ბატონი მწერალია უკეთეს დღეში. მოვა დრო და ისიც შენსავით დაიწვება ცეცხლთან თამაშით!

ხელჩანთა მხარზე გადავიკიდე, ჩემს ბარგს ხელი დავავლე და საძინებლიდან გამოვედი. უკანასკნელად მოვავლე იქაურობას თვალი და გული დამწყდა… აწი არასდროს მომიწევს აქ დაბრუნება, ამ ოთახში დაძინება, აქ გავლა… რა საშინელებაა! რა გადაიტანს ამ დამცირებას! ან კი რა გამაძლებინებს ნუკის გარეშე? ამის გაფიქრებაზე უკან შევბრუნდი. ბავშვის უნახავად ნამდვილად ვერ წავიდოდი.

პატარას მშვიდი ძილით ეძინა თავის საწოლში. დავიხარე და ნაზად ვაკოცე ფუმფულა ლოყაზე. კვლავ ცრემლით ამევსო თვალები. ძალიან გამიჭირდებოდა მის გარეშე.

მტკიცე ნაბიჯებით ჩავუყევი კიბეს. ირგვლივ არავინ ჩანდა. სამზარეულოში შევედი და მანქანის გასაღებს ახლა იქ დავუწყე ძებნა. სწორედ ამ დროს დამადგა კახი თავზე. მისმა სიახლოვემ ისე დამძაბა, სუნთქვა შევიკარი. მამაკაცს ტანსაცმელი გამოეცვალა, თავისი საყვარელი კრემისფერი შარვალი და პერანგი ჩაეცვა. ჩემს დანახვაზე, როგორც ჩვეოდა, ცალი წარბი ასწია და მშვიდად მკითხა.

_ რამეს ეძებ?

პასუხი არ გავეცი, შემეშინდა, არ ავტირებულიყავი.

_ დაგეხმარო რამეში? _ არ მომეშვა.

მისმა რაღაცნაირმა ხმამ მაიძულა, შემოვტრიალებულიყავი. ანდრონიკაშვილი ცალი ხელით სამზარეულოს მაგიდას დაყრდნობოდა, მეორეში კი ჩემი გასაღები ეჭირა და გულგრილი გამომეტყველებით მომჩერებოდა.

_ საიდან გაქვს ჩემი გასაღები, სად იპოვე? _ გაოცებულს ნერწყვი კინაღამ სასულეში გადამცდა.

_ იქ, სადაც ეს! _ მიპასუხა და მაგიდაზე დადებულ ფოტოფირზე მიმითითა.

_ ჩემს ჩანთაში იქექებოდი?! _ მთელი ხმით ვიყვირე.

_ არცთუ სასიამოვნოა, როცა შენს პირად ცხოვრებაში იჭრებიან, არა, ქეთევან? _ ხმადაბლა წარმოთქვა და გაიღიმა, აშკარად სიამოვნებდა ჩემი დამცირება.

_ რა ნაძირალა ხარ, რომ იცოდე! _ ზიზღისგან სახე დამემანჭა.

_ იმ ადამიანის პირიდან, რომელმაც თავისი ქალური ხრიკებით ჩემი გაცურება სცადა, ეს ფრაზა ნამდვილად კომპლიმენტად ჟღერს.

იმდენად გამაღიზიანებლად იქცეოდა, სურვილი გამიჩნდა, რაღაც მესროლა მისთვის ან რაიმე ისეთი მეთქვა, რომ მისი მოჩვენებითი სიმშვიდე გამექრო და გულგრილობის ნიღაბი ჩამომეგლიჯა მისი სახიდან. როგორ მინდოდა, ამწუთას უდიდესი ტკივილი მიმეყენებინა მისთვის. მაგრამ ვერ შევძელი. სიმწრისგან ხელები მოვმუშტე მხოლოდ.

_ მე ვიცი, რომ არ ვიყავი მართალი, კახი, მაგრამ მინდა გითხრა, შენც არანაკლებ დამპლურად მოიქეცი, _ ხმაშეცვლილს აღმომხდა.

_ მეც ზუსტად იმავე როლს ვთამაშობდი, რომელსაც შენ, დანარჩენში კი თავად ხარ დამნაშავე.

_ მომეცი გასაღები! _ მივვარდი და შეეცადე, მისთვის გასაღები წამერთმია, მაგრამ დამასწრო და ხელი აიქნია.

_ მოთმინება, ქეთევან, მოთმინება!

_ ახლავე მომეცი გასაღები, გესმის? _ გული საშინლად მიცემდა.

_ ახლა შენ არ ხარ იმ მდგომარეობაში, ბრძანებები გასცე, _ გაიღიმა და, ჩემდა გასაკვირად, გასაღებიც და ფოტოფირიც ჯიბეში ჩაიდო, _ ჯერ უნდა დავილაპარაკოთ.

_ ამის შესახებ რამდენჯერმე გთხოვე, მაგრამ არ მომისმინე. ახლა კი შენთან ლაპარაკის არანაირი სურვილი არ მაქვს, _ გადაჭრით უარვყავი მისი წინადადება.

_ როგორც ჩანს, შენ უკვე მიგიღია საჭირო ინფორმაცია ჩემ შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღარ დაგჭირდება წამწამების დახამხამება.

_ მე წამწამებს არასდროს ვახამხამებ, _ ღრმად ამოვიოხრე.

პასუხად მან მხოლოდ გაიცინა, მერე მაცივარს მიუახლოვდა, გამოაღო და იქიდან კერძების გადმოლაგებას შეუდგა.

_ შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მშია.

_ თუ გგონია, რომ თანამეინახეობას გაგიწევ, მწარედ შემცდარხარ.

_ რა წუნია გახდი ასე უცებ? ადრე მოგწონდა ჩემთან ერთად მოლხენა? ახლა რა დაგემართა? _ მამაკაცმა ქვაბს თავსახური ახადა და ჩაიხედა, _ ცოტათი დამწვარა, მაგრამ არა უშავს.

_ ვინ მოამზადა ეგ? _ გაღიზიანებულმა ვიკითხე.

_ ანდრომ. ის კარგი ხელი აქვს, გემრიელი კერძები გამოსდის.

_ მაშინ მზარეული რაში გჭირდებოდა? რატომ მითხარი, სადილებიც შენ მოამზადეო?

_ არც არაფერში. უბრალოდ, ვიფიქრე, რაც მეტად იქნება შიდა საქმეებით დაკავებული, მით უფრო გაუჭირდება ჩემთვის თვალყურის დევნება-მეთქი.

გამახსენდა, სიმწრით რომ ვცდილობდი წინა საღამოს ვახშმის მომზადებას და უარესად განვრისხდი.

_ რომ იცოდე, როგორ მეზიზღები, როგორ ვერ გიტან!

_ კარგი რა, ქეთევან, ნუ ცდილობ, დაზარალებულ მხარედ მომაჩვენო თავი, _ მშვიდად მიპასუხა, _ დანამდვილებით ვიცი, იმ საღამოს ვახშამი საიდანაც შეუკვეთე. შენი ეს სამარცხვინო ეპიზოდი, სამწუხაროდ, მშვენივრად აღიბეჭდა ფირზე.

თავზარდაცემული ვიდექი. გაფითრებულმა ესღა ამოვღერღე.

_ ფირზე? რას ნიშნავს ფირზე?

_ ჭიშკართან დამოტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს კაფე «ბოჰემას» ფურგონი, რომელიც ცხრის ნახევარზე მოადგა უკანა შემოსასვლელს. შემდეგ კი შენ კარის ჩაკეტვაც არ ინებე, რათა იმ შენს ფოტოგრაფს უჩუმრად შემოეღწია და მუშაობა გაადვილებოდა. მანაც არ დააყოვნა და ზუსტად თხუთმეტ წუთში აქ გაჩნდა. არაჩვეულებრივად გაითამაშე შეშინებული ქალის როლი, როცა იგი ფანჯარაში იყურებოდა, გახსოვს?

_ ღმერთო! ახლა გავგიჟდები! ესე იგი, შენ თემურის შესახებ იქამდე იცოდი, სანამ იახტაზე მოგვადგებოდა?

_ რა თქმა უნდა და სწორედ ამან გამაცოფა ყველაზე მეტად.

_ ვერ გავიგე…

კახიმ კვლავ დაახურა ქვაბს თავსახური და მომიტრიალდა.

_ მთელი ეს ისტორია, არ დაგიმალავ და, ძალიანაც მართობდა, სანამ არ მივხვდი, რომ ამ საქმეში მარტო არ იყავი. მგონი, დაგთანხმდებოდი კიდეც ინტერვიუზე და აუცილებლად მოგცემდი ამის შანსს, თავიდანვე რომ გეთქვა ყველაფერი.

_ არა, არ დამთანხმდებოდი! შენ, უბრალოდ, გინდა, უფრო დამიმძიმო სული, რათა უარესად გავხდე, ამიტომაც მეუბნები ამას.

_ მერე? როგორ გგონია, გამომდის?

_ ჰო, ბრწყინვალედ გამოგდის… რაც გინდა, ის იფიქრე, ოღონდ ერთი რამ მინდა იცოდე. მე შენი მოხიბვლა არ მიცდია და არც არაბიძესთან ვთანამშრომლობდი. რაც შეეხება ჭიშკარს, უბრალოდ, დამავიწყდა მისი დაკეტვა, რადგან საშინლად ვნერვიულობდი.

_ ძალიან მინდა დაგიჯერო, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მე ვიცი სიმართლე, _ ამ სიტყვებით მომიახლოვდა და გააგრძელა, _ მშვენიერი მსახიობი ხარ, ქეთევან. რამდენჯერმე ავყევი კიდევაც ცდუნებას და კინაღამ დავიჯერე, რომ მართლაც მზრუნველი და პატიოსანი ძიძა იყავი.

მისმა სიახლოვემ თავბრუ დამახვია. იმავდროულად ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის, რატომღაც, ატმოსფერო დათბა.

_ მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა? ნუთუ დღევანდელი დღე სპეციალურად დაგეგმე? სინდისმა არ შეგაწუხა, ასე რომ გამომიყენე? ეს ხომ არაკეთილსინდისიერი საქციელი იყო შენი მხრიდან, კახი. არ გეჩვენება, რომ ცუდად მომექეცი?

_ შენ რაც გააკეთე, ის კეთილსინდისიერი იყო?

_ ჩემი აზრით, შენ ყინულის გული გიდევს მკერდში.

მამაკაცს ხარხარი აუტყდა.

_ ჩემი აზრით კი, შენი შეფასების სისტემა გაორმაგებული ძალით მუშაობს, _ ღიმილით მიპასუხა და საჩვენებელი თითი ლოყაზე ჩამომისვა.

ეს ჟესტი ერთდროულად ალერსიანიც იყო და ბოროტებით სავსეც _ მან მაიძულა, კიდევ ერთხელ შემეგრძნო ის სიამოვნება, რასაც მისი შეხება მანიჭებდა.

_ ასე რომ, ტყუილად ნუ მიკითხავ ნოტაციებს. შენ გინდოდა, მასალა მოგეპოვებინა ჩემზე და ამისთვის ყველაფერზე იყავი წამსვლელი.

_ გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს, _ შევეცადე, გავრიდებოდი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

_ მე მომეწონა ეს თამაში, ქეთევან…

_ მე კი არა, _ ცივად ვუპასუხე და გამჭოლი მზერა ვესროლე.

მამაკაცმა ორივე წარბი ასწია და ირონიული ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.

_ გინდა მითხრა, რომ დღეს სიამოვნება არ მიგიღია?

მისმა ყინულივით ცივმა ხმამ და თვალებში გამკრთალმა დამცინავმა ნაპერწკლებმა აღმაშფოთა. როგორ შეუძლია, ასე დამცინოს? ბოლოს და ბოლოს, მეც მაქვს თავმოყვარეობა!

ის იყო, შეტრიალება გადავწყვიტე, რომ ხელი წამავლო და ტუჩებში დამეძგერა. წამით მუხლები მომეკვეთა, მაგრამ მალევე ვიპოვე ჩემს თავში ძალა, წინააღმდეგობა გამეწია, ამავდროულად, მის კოცნას კოცნითვე ვუპასუხე, მაგრამ მამაკაცი უეცრად გამერიდა.

_ შენ ამწუთასაც თუ თამაშობდი, მაშინ ვაღიარებ, რომ ჭეშმარიტად იმსახურებ «ოსკარს», _ უცნაური ღიმილით მითხრა.

_ მეორედ არ გაბედო ჩემთან მოკარება!

მამაკაცს კვლავ გაეღიმა.

_ როგორი გულისწყრომა იგრძნობა შენს ხმაში… არადა, ამწუთას შენი ტუჩები სულს სხვას მეუბნებოდნენ. ნამდვილი პროფესიონალი ხარ! ვფიქრობ, გენიალური სტატია გამოგივა ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ახლა უკვე იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება ამაში.

მისმა სიტყვებმა გული მომიკლა.

_ შენ სიძულვილის ღირსიც არა ხარ, _ აკანკალებული ხმით აღმომხდა.

_ არადა, ალბათ რა სიამოვნებით ამომთხრიდი თვალებს, _ კვლავ ირონიულად ასწია ცალი წარბი.

სასოწარკვეთილმა მუშტები დავუშინე მხრებზე. კახიმ ხელები დამიჭირა.

_ შენ მე დღეს უკვე მცემე, _ ხმადაბლა, მშვიდი ხმით მითხრა, _ ამიტომ ნუღარ გაიმეორებ, საკმარისია… მითხარი, რას უპირებ ჯულის? ნუთუ მასზეც აპირებ დაწერას? შენ ხომ არაფერი იცი მის შესახებ, რატომ ცდილობ, ჩირქი მოსცხო მის სახელს? _ ახლა უკვე მის ხმაში იგრძნობოდა ზიზღი.

_ ამ ყველაფერს საიდუმლოდ დიდხანს მაინც ვერ შეინახავ. სულერთია, ადრე თუ გვიან, ვიღაც მაინც გაიგებს სიმართლეს, _ შევეცადე, თავი მომეთოკა და დავწყნარებულიყავი.

_ არა მგონია. სიმართლე მხოლოდ ლალიმ იცის, მაგრამ მას ულაპარაკოდ ვენდობი.

«ჩემგან განსხვავებით», _ სიმწრით გავიფიქრე. შემშურდა, კახი ასე ბრმად რომ ენდობოდა თავის მენეჯერს.

_ მომისმინე, ქეთევან. ჩემზე დაწერე, რაც მოგესურვება, მაგრამ ჯულის ნუ შეეხები. სიმართლემ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალოს.

_ კარგი, _ საოცრად მშვიდად ვუპასუხე, ჩემი განრისხება სადღაც გამქრალიყო, _ შეიძლება ჩემი გასაღები უკან დავიბრუნო? _ ვკითხე და ხელისგული მივუშვირე.

ეჭვნარევი მზერით შემომხედა, მაგრამ გასაღები მაინც მომცა.

_ დიდი მადლობა, _ თავი დემონსტრაციულად დავუკარი და კარისკენ გავემართე.

_ საით გაგიწევია?

არ შევჩერებულვარ, ისე მოვაბრუნე თავი.

_ სასტუმროში.

_ სადაც, უეჭველად, თემურ არაბიძე გელოდება, არა? _ გესლიანად მომაძახა, _ წარმომიდგენია, როგორ ჩაუვარდები მკლავებში და დაწვრილებით მოუყვები ყველაფერს, რაც ჩემზე და ნუკიზე იცი.

_ როგორც ჩანს, ძალიან ხარ დარწმუნებული, რომ იმ შენმა ლალიმ უკვე არ ჩაუკაკლა არაბიძეს ყველაფერი. მაგასაც ვნახავთ, _ ნიშნის მოგებით ვუპასუხე და კარი გავიჯახუნე.

8 8 8

კახი მართალი აღმოჩნდა. სასტუმროს ეზოში შევედი თუ არა, თემური დაბარებულივით ჩემს მანქანასთან დამხვდა ატუზული.

_ აქ რას ელოდები? _ ზიზღისგან ტუჩები მომებრიცა.

_ რას კი არა, ვის. შენ გელოდებოდი, _ არაბიძემ საკოცნელად გამოიწია, მაგრამ არ შევიმჩნიე და განზე გავიხედე.

_ რა იყო, მემდური? _ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და გამომცდელად მომაჩერდა.

_ საიდან მოიტანე?

_ რა ვიცი, ისე იქცევი, თითქოს… _ არ დაამთავრა სათქმელი.

_ როგორ ვიქცევი, შენზე გულისამრევად?

_ რა გჭირს? ვინმემ გაგაბრაზა?

_ ჰო და შენზე ვანთხევ ბოღმას. რა მიხვედრილი ხარ! _ დავგესლე «თანაპარტნიორი», _ რა იცოდი, რომ მაინცდამაინც ახლა მოვიდოდი?

_ ლალიმ მითხრა.

_ ლალიმ საიდან იცოდა? _ გაოცებისგან თვალები შუბლზე ამიცვივდა.

_ წეღან ელაპარაკა შენს ბოსს და უთხრა, ამწუთას წავიდა ჩემგანო.

_ და რატომ წავიდაო, ეგ არ უთქვამს?

_ რაღაც-რაღაცებში ვერ შევთანხმდითო. რა მოხდა?

_ ის, რომ შენ ყველაფერი გააფუჭე. გასაგებია?

_ მე რა გავაფუჭე?

_ მეკითხები კიდეც? ათასჯერ გითხარი, ნუ ჩამოდიხარ დაბლა, შეიძლება რამე იეჭვოს-მეთქი და არ დამიჯერე. მან ყველაფერი მოისმინა.

_ ვა, მართლა? როდის მოასწრო? ჩასაფრებული იყო?

_ დიახაც! _ არ მინდოდა მისთვის მეთქვა, კახიმ თავიდანვე რომ იცოდა ყველაფერი. ერთი სული მქონდა, ეს მაინც გამემწარებინა.

_ იყო და იყო, ერთი მაგისიც… მერე რა? შენ ხომ მაინც ყველაფერი გაიგე? ინფორმაცია ხომ მოიპოვე? მთავარი ახლა ეს არის. მე კი ფოტოები მაქვს, თანაც ძალიან მაგარი. შენსას ჯობია.

_ მე არ მაქვს ფოტოები.

_ რატომ, სად წაიღე?

_ იქ დამრჩა.

_ რა-ა? როგორ თუ იქ დაგრჩა? რას მაბოლებ.

_ თუ გინდა, ნუ დაიჯერებ. დამრჩა და მორჩა. შენთან ამის განხილვას არ ვაპირებ.

_ კარგი, როგორც გინდა. არა უშავს, ჩემიც საკმარისი იქნება. ბავშვის სურათიც მაქვს და ანდრონიკაშვილისაც. ლალისაც კი გადავუღე რამდენიმე.

_ ეჭვიც არ მეპარება. შენ ხომ განთქმული ლოველასი ხარ!

_ ვინ მოგახსენა? რატომ იკბინები? შემთხვევით, ლალიზე ხომ არ ეჭვინობ, ჰა? არ დამიმალო.

_ ეგღა მაკლია. სულ არ მანაღვლებს, ლალის ხვდები თუ სხვა მისნაირ «კეკელკას». ჩემი დარდიც ეგ იყოს.

_ ეგ არც მიფიქრია. სხვათა შორის, ლალი და კახი ვიგულისხმე.

ამის გაგონებაზე ალმურ წამეკიდა.

_ მეორედ არ გაბედო ამის თქმა, გასაგებია? არ გა-ბე-დო! _ მუქარის ნიშნად თითი დავუქნიე და ვესტიბიულისკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართე.

_ კარგი, რა მოგივიდა, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? შენ ის მითხარი, როდის აპირებ თბილისში დაბრუნებას?

_ რა შენი საქმეა?

_ ერთად გავიდეთ ხვალ დილით.

შევდექი და გაკვირვებული მივაჩერდი.

_ შენ რა, ჩემთან ერთად აპირებ წამოსვლას? რატომ?

_ ჯერ ერთი, მე ჩემი მანქანით ვარ და ერთად ვერ ვივლით. უბრალოდ, ერთ დროს გავიდეთ-მეთქი, ვიგულისხმე. მეორეც, ხომ არ გადავიწყდა, რომ ჩვენ უკვე პარტნიორები ვართ? ერთ საქმეს ვაკეთებთ. რედაქციაშიც ერთად გველოდებიან.

_ შენი პარტნიორი არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები. ეს კარგად დაიმახსოვრე.

_ ვაა! რა გიქნა იმ კაცმა ისეთი, ამ დღეში რომ ჩაგაგდო? _ ხელები გაშალა თემურმა.

_ ძალიან გთხოვ, თავი დამანებე, შენი ნერვები არ მაქვს. ნუ მომდევ უკან, ძალიან დავიღალე და უნდა დავიძინო. მარტო მინდა დარჩენა.

_ შენს გამოკიდებას არც ვაპირებ. თხუთმეტ წუთში ლალისთან პაემანი მაქვს. ასე რომ…

_ ჰოდა, მომწყდი თავიდან! _ დავისისინე და ნაბიჯს ავუჩქარე.

თემური უკან აღარ გამომყოლია…

888

რედაქციის ხმაურიან დარბაზში მეხის გავარდნასავით გაისმა მამუკას ხმა.

_ ქეთი კანდელაკი! მოდი აქ!

სულაც არ გამკვირვებია რედაქტორის არამეგობრული ტონი. თვენახევარი გავიდა, რაც ქობულეთიდან ჩამოვედი და მას შემდეგ კეთილი თვალით ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს. მგონი, მიზეზსაც კი ეძებს, როგორმე გამაგდოს სამსახურიდან. ისე, ახი კი იქნება ჩემზე, ისე გავამწარე. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზით _ არ დავწერე სტატია კახი ანდრონიკაშვილზე. მეგონა, მაშინვე გამათავისუფლებდა, მაგრამ, რატომღაც, «დამინდო». რა ამბავი ატყდააა! მთელი რედაქცია ფეხზე დადგა, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, ცოცხალი თავით არ დავთანმხდი. სამაგიეროდ, მას შემდეგ, ყველანაირად ცდილობს, შური იძიოს, გამამწაროს და ცხოვრება მომიწამლოს არსებული თუ არარსებული მეთოდებით. მას შემდეგ მხოლოდ ისეთ დავალებებს მაძლევს, პრაქტიკანტებს რომ შეეფერება. როგორ მეცინება ამაზე, ნეტავ იცოდეს!

ღრმად ამოვიოხრე, მუხლს ზემოთ ამხტარი კაბა ჩამოვქაჩე და მის კაბინეტში შევედი. კარი ფრთხილად მოვიხურე. ეგღა მაკლია, ყველამ გაიგოს, როგორ ამავსებს საყვედურებით. საინტერესოა, ახლა რისთვისღა უნდა გამომლანძოს? ან სანამ ავიტან მის შეურაცხმყოფელ ტონს? მეც ხომ ადამანი ვარ, ბოლოს და ბოლოს, მეც გამაჩნია თავმოყვარეობა.

მამუკა მაგიდასთან იჯდა ხელებში თავჩარგული. გაწამებული სახე ჰქონდა. თავისი წვრილი თვალებითა და ბულანჟეთი, რატომღაც, ბულდოგს მაგონებდა.

_ ეს წერილი მოდებაძის ახალ ფაბრიკაზეა? _ თითი თაბახის ნაბეჭდ ფურცლებს დაადო, რომელიც წითელი კალმით იყო აჭრელებული.

_ ჰო. მერედა, რა? _ თავშეკავებით ვუპასუხე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი კარგად მქონდა დაწერილი.

_ რა და ის, რომ არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას. ძალიან ზერელედ გაქვს გადმოცემული ყველაფერი.

_ ზერელედ? _ ვიგრძენი, როგორ მევსებოდა მოთმინების ფიალა… რა სიამოვნებით მოვუნგრევდი ახლა ამ დეგენერატს თავ-ყბას!

_ აჰა! _ ნიშნის მოგებით ამომხედა, _ მწირი მასალაა, სიმწვავე აკლია.

_ ეგ მეც ვიცი და ამის შესახებ გითხარი კიდეც, როცა იქიდან დავბრუნდი, _ მაქსიმალურად შევიკავე თავი, _ მწვავე სტატიის საბაბი მე ვერ ვიპოვე მათთან _ ყველაფერი წესრიგში აქვთ, თუ, რა თქმა უნდა, შენ თავად არ გინდა რამის გამოგონება. მე კი ეს არ შემიძლია.

_ რა თქმა უნდა, ქეთი, შენ არაფერი არ შეგიძლია, _ კბილებშუა გამოცრა მამუკამ, _ ანდრონიკაშვილზეც ვერ შეძელი დაგეწერა. იქნებ იქაც არ გქონდა სიმწვავის საბაბი? როგორ მითხარი მაშინ? არაეთიკურია მასზე დაწერაო, არა? არც იმ სტატიის სიმწვავეში იყავი დარწმუნებული, ხომ მართალია?

_ მაგრამ შენც ხომ არ გინდა, რომ რესპონდენტებმა სასამართლოში გიჩივლონ? ამისთვის მზად არასდროს არ ხარ, მე მარტო საკუთარ ტყავს კი არ ვურთხილდები, _ არც მე დავაკელი დაგესვლა.

_ თემურ არაბიძესაც არ მიეცი საშუალება, სურათები გადაეღო, _ თავისი გააგრძელა მამუკამ.

მე უკვე ვკარგავდი წონასწორობას.

_ ამაზე უკვე გელაპარაკე და ძალიან გთხოვ, თავიდან ნუ დაიწყებ.

_ თუკი შეიძლება ასე ითქვას, _ რედაქტორმა ჩაახველა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა, _ ის კაცი ქალების მაგარი შემბმელი ჩანს. აი, მთლად ცინცხალი მასალა, წუხელ საღამოს არის გადაღებული.

რედაქტორმა ხელით მანიშნა, ახლოს მოდიო და კომპიუტერის ეკრანი ოდნავ ჩემკენ მოატრიალა. მონიტორზე რესტორნიდან გამომავალი კახი მოჩანდა, რომელსაც ლალი გოლოვინასთვის მხარზე გადაეხვია ხელი. ეს უკანასკნელი კი თავის ბოსს ერთობ ნაზად და სიყვარულით მისჩერებოდა.

_ ეს ქალი მისი აგენტია, პიარ-მენეჯერი, ასე ვთქვათ, _ ავუხსენი «ბულდოგს», _ როგორც ჩანს, საქმანი ვახშმიდან ბრუნდებიან, _ ამ სიტყვებს კი ვამბობდი, მაგრამ გულში საშინელ ჩხვლეტას ვგრძნობდი, თუმცა ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია.

_ მაგრამ ეგ ხომ დანამდვილებით არ ვიცით? იმიტომ, რომ შენ არ მოისურვე ამის გაგება. ამის კი არა, არაფრის ბოლომდე გარკვევა არ მოისურვე მაშინ, როცა ასეთი მსუყე ლუკმა ჩაგიგდე ხელში. დღემდე ვერ მიპატიებია…

_ მამულიკ, კიდევ დიდხანს აპირებ ამ ამბის ჩემთვის შეხსენებას? არ მოგბეზრდა მაინც? _ საშინლად გავღიზიანდი. ამწუთას ვერ ვხვდებოდი, რა უფრო მეტად მაწუხებდა _ კახის და ლალის ხელგადახვეული ფოტო თუ უფროსის აუტანელი ქცევა. მიუხედავად ამისა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი _ თავი ხელში უნდა ამეყვანა, თუ სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა. ახლა ამას ვერ დავუშვებდი.

ჩემდა საბედნიეროდ, დაძაბულობა ტელეფონის ზარმა განმუხტა. მამუკა ყურმილს დაწვდა.

_ ალოუ! _ ხმა დაიბოხა რედაქტორმა.

არ ვიცი, მისი ხმის ტემბრის შეცვლამ იმოქმედა ასე თუ ნერვიულობამ, მაგრამ გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. მივხვდი, თავს ვეღარ შევიკავებდი და კისრისტეხით გავვარდი დერეფანში, რომ ტუალეტში შემესწრო…

ღებინება _ ყველაზე საშინელი პროცესი ჩემს ცხოვრებაში… ნაბახუსევზე ხშირად მემართება ასე _ ცარიელი მაქვს კუჭი თუ სავსე, მაინც ვარწყევ… თუ საჭმელს არა, ნაღვლის წვენს მაინც…

ახლა ნამდვილად არ ვიყავი ნამთვრალევი. რა სიკვდილი მეტაკა? როგორ ამეწვა ყელი! კარგა ხანს ვისხი ცივი წყალი სახეზე, პირშიც გამოვივლე და ცოტათი რომ დავწყნარდი, სარკეში ჩავიხედე…

რას დავემსგავსე… მხოლოდ ექვსი კვირა გავიდა, რაც კახი არ მინახავს, მე კი მგონია, მთელი საუკუნე გავიდა… ნეტავ იცოდეს, როგორ საშინლად მენატრება…

_ ცუდად ხომ არ ხარ, ქეთ? _ ამ დროს ირმა შემოვიდა, ჩვენი ოპერატორი.

_ არა, არა, კარგად ვარ… პომადა ხომ არ გაქვს თან? _ დაბნეული მივაჩერდი თანამშრომელს.

_ ა-რაა… გინდა, შენი ჩანთა მოგიტანო? _ მზრუნველად შემომხედა.

_ თუ არ შეწუხდები… _ საცოდავად დავეჯღანე.

გოგონა გავიდა და მალევე მობრუნდა. ჩანთა მომაწოდა და იქვე, ახლოს დადგა. პომადა ამოვიღე და ტუჩებზე წავისვი.

_ ნუ აძლევ მაგ დეგენერატს უფლებას, ასე მოგექცეს. ვერ ხედავ, სიცოცხლეს რომ გიმწარებს? ბოლო ხანებში აუტანელი გახდა, ამას ყველა ამჩნევს. უთხარი, რომ…

_ ყველაფერი წესრიგშია, ირმა, დიდი მადლობა, _ გავაწყვეტინე ოპერატორს და ტუალეტიდან გამოვვარდი. ამწუთას არავის შეგონება არ მჭირდებოდა, მშვენივრად ვხედავდი, რაც ხდებოდა.

მთავარი რედაქტორის კაბინეტში რომ შევბრუნდი, დარწმუნებული ვიყავი, მამუკა ისევ მიყვირებდა. მაგრამ არა… მან მხოლოდ თავი გადააქნია, თანაც უკმაყოფილოდ და ირიბად გამომხედა. კარგა ხანს მიყურა უხმოდ, მერე კი, ჩემდა გასაკვირად, გაიღიმა.

_ შენთვის ახალი დავალება მაქვს, _ მითხრა.

_ ახალი? კი ბატონო, მითხარი, თუკი რამე სასიკეთო გემეტება ჩემთვის, _ დაეჭვებით ვუპასუხე.

_ შეიარე ფრანგულ რესტორანში, იქ რაღაც ხდება.

_ ახლა? ამწუთას?

_ ჰო, ამწუთას! _ და ლამის წეღანდელი, მუქარით სავსე ტონი დაუბრუნდა…

_ მამუკა, რაღაც ვერ ვარ კარგად… _ შევეცადე, მშვიდად დამეძვრინა თავი, _ იქნებ სხვა გაგეშვა ვინმე? სახლში უნდა წავიდე და დავწვე.

_ არა, შენ გარდა, ვვერავის გავუშვებ! _ კატეგორიულად მომმართა და როგორც ჩვეოდა, ხმასაც აუწია, მაგრამ თავი შეიკავა და მშვიდად გააგრძელა, _ იქ ისადილებ და კარგადაც გახდები. იცი, რა მაგარი სოკოს კერძი აქვთ? ნივრიანი!

_ არ შემძლია, გთხოვ, _ სოკოს ხსენებაზე კვლავ გულის რევა ვიგრძენი, _ მაპატიე, შინ უნდა წავიდე, _ ჩქარ-ჩქარა ვთქვი და კარისკენ დავიხიე, _ ხვალ წავალ, თუ ასე აუცილებელია… დღეს ვერა… თუ გინდა, სხვას დაავალე… მერე დაგირეკავ.

_ ქეთი, ეს მნიშვნელოვანია! შენი აქ მუშაობა დამოკიდებულია…

კარი გამოვიხურე და მისი ბოლო სიტყვებიც ამის გამო ვეღარ მოვისმინე. უკვე მომბეზრდა მისი მუქარების მოსმენა. რაც უნდა, ის უქნია! აღარ მაინტერესებს! ახლა ვერაფრით წავიდოდი რესტორანში, სულ რომ დავეთხოვე სამსახურიდან და ამაზე ყოფილიყო დამოკიდებული ჩემი ხვალინდელი დღე.

8 8 8

სუფთა ჰაერი მესიამოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის თვე იყო, მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა.

რას ნიშნავს ეს გახშირებული გულისრევები? ფეხმძიმედ ხომ არ ვარ? ამის გაფიქრებამ თავზარი დამცა. არ არის გამორიცხული, მაგრამ… მე ხომ… ჩვენ ხომ… ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ ვიყავით ერთად! მერე რა? ერთხელაც საკმარისია იმისთვის, ქალი დაორსულდეს! სანაპიროზე შევდექი და მტკვრის მოაჯირს გადავეყუდე. რა ვქნა? ქალთა კონსულტაციას ხომ არ მივაკითხო? იქნებ ორსულობის ტესტი ვიყიდო და ისე გავიგო? ჰო, რა თქმა უნდა, ასე აჯობებს. იქნება და, ვცდები? საჩქაროდ მივიღე გადაწყვეტილება და კარგა ხნის სიარულის შემდეგ, პირველივე შემხვედრი აფთიაქის კარი შევაღე…

სანამ ტესტს ჩავიტარებდი, გულდასმით გავეცანი ინსტრუქციას. ამგვარი რამ არასდროს დამჭირვებია! რა დღეში ვაააარ! ასეთი ფერმხდილი ჩემი თავი არ მახსოვს, სარკეში ჩახედვა შემეზიზღა…

ნახევარი საათის შემდეგ, ბალიშში ღრმად თავჩარგული უხმოდ ვტიროდი… ტესტმა ორსულობა აჩვენა…

ის ღამე თეთრად გავათენე. მეორე დილით, გავიღვიძე თუ არა, არც მისაუზმია, ისე გამოვვარდი სახლიდან და ქალთა კონსულტაციას ვესტუმრე, რათ ექოსკოპია ჩამეტარებინა. ჯერ კიდევ მქონდა რაღაცის იმედი, იქნებ ასე არ გავეწირე ღმერთს?..

თქვენც არ მომიკვდეთ! ხუთი კვირის ორსულობა დამიდგინეს.

_ პირველი ფეხმძიმობაა? _ სათვალის ზემოდან გამომხედა ხანში შესულმა, წითლად თმაშეღებილმა ქალმა.

_ დიახ, პირველია, _ მიკნავებული ხმით ვუპასუხე.

_ რამდენი ხანია, გათხოვილი ხართ?

_ არ ვარ გათხოვილი.

_ ბატონო? _ ახლა მწყრალად გამომხედა გინეკოლოგმა.

_ არ ვარ გათხოვილი, ისე ვაჩენ, _ ძალიან მშვიდად გავიმეორე და თვალი თვალში გავუყარე გაოგნებულ ქალს. თავადაც არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ასე დაუფიქრებლად უმამო ბავშვის გაჩენა. ვიყავი კი მზად ამისთვის?

_ ის მაინც თუ იცით, ვისგან ელოდებით შვილს? _ ექიმმა სათვალე მოიხსნა და თითები ერთმანეთში გადახლართა.

_ ვიცი, _ ახლა უკვე მაღიზიანებდა მისი «დაკითხვა».

_ მე მიმართვას დაგიწერთ, ლაბორატორიაში შედით და ანალიზები აიღეთ _ პირველ რიგში, სისხლის საერთო და…

_ გასაგებია, _ არ დავამთავრებინე ფრაზა…

შუადღემ მოატანა, რცა კონსულტაციიდან გამოვედი. როგორ ვთქვა სახლში, რა ვუთხრა დედას? მასთან კიდევ მოვაგვარებ საქმეს, მაგრამ მამაჩემი? ხომ გადაირევა კაცი, როცა გაიგებს, რომ მისი სანაქებო ქალიშვილი ორსულადაა? კიდევ კარგი, ახლა აქ არ არიან. ერთი კვირით სოფელში გაემგზავრნენ. ორშაბათამდე არ ჩამოვლენ. მერე? რა მოხდება მერე?

იქნებ მე თვითონ წავიდე სახლიდან, სანამ გავუგდივარ? გადავალ ჩემს ბინაში და დროებით მაინც ვიცხოვრებ მშვიდად, სანამ მუცელი ძალიან გამზრდია. მერე რაღაც გამოჩნდება, რამეს მოვიფიქრებ.

სამსახურს რა ვუყო? მუშაობას ვერ მივატოვებ, რით ვიარსებო? არადა, ამ ტოქსიკოზით როგორ გინდა, მასალის გასაკეთებლად იარო? ეს რა მომივიდა?

ვინ ვარ ახლა მე? რას წარმოვადგენ? უქმრო ქალს, რომელიც ნაბიჭვარს აჩენს? დამშვიდდი, ქეთი, შენნაირად უამრავი ქალი აჩენს შვილს. მერე რა? მოვა დრო და მარტოხელა დედა დაგერქმევა. თავიდან მამაშენი ახტება, დახტება, ერთს იყვირებს, იჯაჯღანებს, მერე კი, შვილიშვილი რომ გაუჩნდება, მოლბება და შეგირიგდება. რომელ მშობელს გაუწირავს აბა შვილი ასეთი საქციელისთვის? არც ერთს… ასე რომ, არც შენ გაგწირავენ.

მთავარია, კახიმ არ გაიგოს ამის შესახებ. ახლა ნამდვილად არ მინდა მასზე ფიქრი. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ის ფოტო ვნახე. რა დებილი ვყოფილვარ! ჯულიზე კითხვებით გამოვულაყე ტვინი და თურმე, სადა ვბანაობ! ლალიზე უნდა მეკითხა! არადა, ეჭვი ხომ მქონდა? ხომ ვხედავდი, როგორ ეფოფინებოდა ის ქალი ანდრონიკაშვილს? რატომ თავის დროზე არ დავინტერესდი მათი ურთიერთობით? შტერი ვარ, შტერი! ახია ჩემზე! არა, არ ვიტირებ! არაფრის დიდებით არ ვიტირებ! _ ჯიუტად გავიფიქრე და თვალები დავხუჭე. ასე თვალდახუჭულმა გავაგრძელე გზა… რამდენჯერმე წავბორძიკდი და იძულებული გავხდი, თვალები გამეხილა.

მივდიოდი და თავად არ ვიცოდი, საით. უაზროდ მივლასლასებდი უსწორმასწორო ტროტუარზე.

რუსულ ეკლესიასთან როგორ მოვხვდი, არ მახსოვს. ჰო, თუმცა, აქვე არ არის ჭავჭავაძის ქუჩა? ქალთა კონსულტაციიდან არ მოვდივარ? განა ექოსკოპიის დასკვნა არ მიდევს ჩანთაში?..

ცრემლები ყელში მომებჯინა. არ იტირო, ქეთი! ჯინაზე არ იტირო!

რატომ ვდგავარ ერთ ადგილას, რას ველოდები? დროა, რედაქციაში წავიდე. მაგრამ ფრანგულ რესტორანში რომ უნდა მივსულიყავი? დავალება რომ არ შევასრულო, მამუკა მომკლავს. ნამდვილად არ დამზოგავს და გამაგდებს სამსახურიდან…

_ ქეთევან!

რაო? არა, მგონი, მომესმა! ასეთი ღრმა, ხავერდოვანი, რბილი და ნაცნობი ხმა მხოლოდ მას აქვს…

სანამ მოვტრიალდებოდი, ხელის გული თვალებში ამოვისვი, რომ ცრმლების კვალი წამეშალა…

ის ჩემ წინ იდგა… მაღალი, ლამაზი, ასეთი ნაცნობი და ასეთი სასურველი _ ამავე დროს, სრულიად უცხო… იმდენად გავოგნდი, რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვა ვერ დავძარი. ჯერ ერთი, საერთოდ თუ იყო თბილისში, არ მეგონა, გერმანიაში მეგულებოდა და მეორეც, აქ, ამ ადგილას… მაინცდამაინც მე როგორ შემეფეთა? უკან მომყვებოდა, თუ?..

კახიმ თვალი შემავლო. მეც გავუსწორე მზერა… ცოტაც და უეცრად მოიღუშა. აშკარად შემატყო, როგორი ფერმკრთალი და გამხდარიც ვიყავი. საინტერესოა, ლალის თუ მადარებს? ლამაზმან ლალის, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ულაპარაკოდ ენდობა?

_ მეგონა, გერმანიაში იყავი, _ როგრც იქნა, ამოვღერღე, თან გულში შევაქე ჩემ თავი, რომ სიმშვიდე შევინარჩუნე.

_ ჰო, ვიყავი… გუშინ ჩამოვფრინდი. არ გითხრეს? მეგონა, გადმოგცემდნენ.

_ რას გადმომცემდნენ? _ გაკვირვებით ავხედე.

_ გუშინ საღამოს დავურეკე შენს რედაქტორს და ველაპარაკე. მინდოდა, ერთად გვევახშმა რესტორანში.

_ ფრანგულ რესტორანში?

_ ჰო. რაც შეიძლება, მალე მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ არ მოხვედი.

_ შენ რა, გინდა, სამსახურიდან გამომაგდონ? _ ახლა მივხვდი, რატომ ცდილობდა მამუკა ჩემს დარწმუნებას, მაშინვე წავსულიყავი რესტორანში.

_ არა, რა თქმა უნდა…

_ იცი მაინც, რამდენი ჩხუბი და დავიდარაბა გა;დავიტანე იმის გამო, რომ შენზე სტატია არ დავწერე? რამდენი შეურაცხყოფა მომაყენა ჩემმა რედაქტორმა ამის გამო?

_ მე კი ყოველდღე ვინტერესდებოდი ქართული პრესით და ველოდებოდი, როდის დაიბეჭდებოდა შენი წერილი.

_ რატომ დარეკე რედაქციაში? რატომ იწყებ ყველაფერს თავიდან? _ თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე, _ რაზე ფიქრობ, როცა ასე იქცევი?

_ შენზე.

მისმა თბილმა პასუხმა გამაღიზიანა.

_ მომისმინე, კახი! ვიცი, რომ მტყუანი ვიყავი, როცა მოგატყუე. ვხვდები, რა ცუდადაც მოგექეცი. არ უნდა შემოვჭრილიყავი შენს სახლში ასეთი ხერხით… მაგრამ ხომ მოგიხადე ბოდიში? მეტი რა ვქნა? ძალიან გთხოვ, თავი დამანებე, ნუ მინგრევ ცხოვრებას! საიდან გაჩნდი აქ? რა იცოდი, აქ თუ ვიქნებოდი? კუდში დამდევ?

_ სრულიად შემთხვევით, გეფიცები. მე ხომ აქვე ვცხოვრობ, აი, იმ სახლში, _ ხელი წინ გაიშვირა კახიმ, _ მე კი მეგონა, შენ გინდოდა ჩემი ნახვა და იმიტომაც მოხვედი აქ.

უარესად გავბრაზდი. გამწარებულმა ქვედა ტუჩი ლამის მოვიკვნიტე. ზურგი ვაქციე მამაკაცს, მინდოდა, გავქცეულიყავი და დროზე მოვშორებოდი აქაურობას, მაგრამ მაჯა დამიჭირა.

_ სცენებს ნუ მიწყობ! სულაც არ ვაპირებ შენი ცხოვრების დანგრევას.

_ მაშინ რისთვის დაურეკე მამუკას?

მან ხელი შემიშვა.

_ ვუთხარი, არის რაღაც-რაღაცები, რაც უნდა გავარკვიოთ და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ-მეთქი. თანაც, ექსკლუზიურ ინტერვიუს შევპირი თქვენს ჟურნალისტს გერმანიიდან დაბრუნებისთანავე-მეთქი. იცი? მე შენ მაშინ წასვლის საშუალება მოგეცი, რათა დავკვირვებოდი, რა მოხდებოდა შემდეგ.

_ გინდოდა, გენახა, რა დონეზე შემეძლო დავცემულიყავი? _ მწარედ ჩავიცინე.

_ დაახლოებით, _ ხმადაბლა დამეთანხმა, _ მაგრამ როცა არაფერი დაწერე ჩემზე, სიმართლე გითხრა, ვერც კი დავიჯერე.

_ და ახლა რა? თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ ერთობ მკაცრად განმსაჯე? შენი ვარაუდები რომ არ გამართლდა? რომ მთლად ბოლომდე ზნედაცემული არ ვყოფილვარ? იქნებ ნანობ კიდეც, ჭკუაში რომ მაჯობე და გულგრილად შემიტყუე ლოგინში? კარგად კი გათვალე მაშინ! _ რაც შეიძლებოდა, უხეშად ველაპარაკებოდი.

_ მაგრამ სულაც არ იყო ასე, მგონი, კარგად გახსოვს ის დღე…

_ რას მელაპარაკები! _ ტკივილი გაისმა ჩემს ხმაში და ვიგრძენი, როგორ ამაკანკალა, _ არაფერში მჭირდება შენი ბოდიშები… და არც შენი ინტერვიუ. შეგიძლია, სხვა იპოვო ამ საქმისთვის.

_ მე სხვა არავინ მჭირდება.

_ კარგი რა, კახი, _ ისე ვიყავი დაძაბული, სუნთქვა გამიხშირდა, კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად თავბრუ დამეხვა და შევტორტმანდი.

კახი არ დაბნეულა, წელზე მომხვია ხელი და დამიჭირა, რომ არ წავქცეულიყავი, _ რა გჭირს? ცუდად ხარ?

_ ყველაფერი რიგზეა, ნუ წუხხარ, _ ცივად ვთქვი და შევეცადე, მისი მკლავისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ ისე სუსტად ვგრძნობდი თავს, ვერ შევძელი.

_ წამოდი, ცოტა ხნით ჩემთან ავიდეთ.

_ არა! _ თითქოს მოკვლას მიპირებდა, ისეთი ხმით ვიკივლე.

_ კარგი, მაშინ შენს სახლში წაგიყვან.

ეს წინადადება არ გამიპროტესტებია. ახლა შინ მისვლას მარტო მართლაც ვერ შევძლებდი.

_ სიარული შეგიძლია?

თავი დავუქნიე.

_ ყველაფერ რიგზეა, მაგრამ თუ სახლამდე მიმაცილებ, ურიგო არ იქნება. არც ისე შორს ვცხოვრობ.

_ ვიცი, სადაც ცხოვრობ.

_ ახ, ეგ სულ დამავიწყდა, შენ ხომ ყველაფერი დაწვრილებით იცი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, _ ვუკბინე.

_ მე შენზე თითქმის ყველაფერი ვიცი, ქეთევან, _ ღიმილით მითხრა.

_ მთლად ყველაფერი არა, _ ხმადაბლა ვთქვი.

კახიმ ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. ისე მივედით ჩემს ბინამდე, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მან ტაქსი გაუშვა და უკან მომყვა.

გასაღები აკანკალებული ხელით მოვარგე კარს.

_ დიდი მადლობა, რომ მომაცილე. უკეთ ვარ, შეგიძლია წახვიდე.

_ წასვლას არ ვაპირებ, _ მტკიცედ მიპასუხა და გასაღები გამომართვა.

რა უცნაურია… კახი ჩემთანაა, ჩემს სახლში. რამდენი კვირა ვფიქრობდი მასზე სრულიად უიმედოდ, ის კი აქ არის, ჩემ გვერდით…

ტყავგადაკრულ დივანზე ჩამოვჯექი და ამოვიოხრე. კახი სამზარეულოში გავიდა და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა.

_ აბა! უკეთ გრძნობ თავს? _ მკითხა, როცა რამდენიმე ყლუპი მოვსვი.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

_ მაპატიე, უბრალოდ, ძალიან გადავიღალე, _ ვგრძნობდი, რომ რაღაც მიზეზი ააუცილებლად უნდა დამესახელებინა, რათა იგი არაფერს მიმხვდარიყო, _ ბოლო დროს გიჟივით მიწევს გადარბენები.

საინტერესოა, რა რეაქცია ექნება, სიმართლე რომ ვუთხრა? მე მუცლით შენს შვილს დავატარებ-მეთქი, რომ მივახალო, როგორ მოიქცევა? ალბათ ჯიბეზე გაიკრავს ხელს და ფულით დამეხმარება, რომ აბორტი გავიკეთო. თმაზე გადავისვი ხელი. არაფერში მჭირდება მისი ფული. არანაირი სურვილი არ მაქვს, ცხოვრება გამირთულოს.

_ რატომ? ჩემთან არშემდგარი ინტერვიუს კომპენსირებას სხვა მასალებით ცდილობდი? _ ღიმილით დაინტერესდა და გვერდით მომიჯდა.

_ დაახლოებით, _ მზერა ავარიდე, _ ნუკი როგორ არის? _ ვკითხე და ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა რაღაც ბურთივით ყელში.

ბოლო დროს ძალიან ხშირად მახსენდებოდა პატარა. მისი ჭყლოპინი, სიცილი და პატარა თათუნები გამუდმებით თვალწინ მედგა.

_ კარგად არის, უკვე დედამისთანაა.

_ ესე იგი, ჯული ბოლომდე გამოჯანმრთელდა?

_ მეტ-ნაკლებად. ჯერჯერობით ჩემთან არის, სანამ სრულებით არ გამოჯანმრთელდება.

_ ალბათ პრესაში ეს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

_ ალბათ. თუმცა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება სიმართლე გამოაშკარავდეს. ამ საიდუმლოს დიდხანს შენახვას ვეღარ შევძლებთ და ორივემ კარგად ვიცით ეს.

ჭიქა ჟურნალების მაგიდაზე შემოვდგი.

_ მე არავისთვის არაფერი მითქვამს.

_ ვიცი. თუმცა, უკვე აღარ ძალმიძს საიდუმლოს შენახვა, დავიღალე. ეს ისტორია ძალიან მირთულებს ცხოვრებას… და ადამიანებთან ურთიერთობასაც.

ადამიანებთან ურთიერთობაში ვის გულისხმობს ნეტავ, ლალი გოლოვინას?

_ მაგრამ შენ არ ამბობდი, სიმართლე ბევრ ადამიანს დააზარალებსო?

_ ჰო, მართლა ასე ვფიქრობდი… განსაკუთრებით დედაჩემს ვუფრთხილებოდი, _ კახი წამოდგა და ფანჯარასთან დადგა, ჩემკენ ზურგით, _ იცი? მხოლოდ ორი წლის წინ გავიგე, რომ ჯული ჩემი და იყო. სწორედ მაშინ, როცა მამა კვდებოდა. წარმოგიდგენია, რა დამემართებოდა, როცა მან მითხრა, ოცდახუთი წლის წინ ერთ ქალთან რომანი მქონდა და მან ჩემგან შვილი გააჩინაო? თურმე და მყავდა და ამის შესახებ ამდენი ხანი არაფერი ვიცოდი. როგორც ჩანს, ამ რომანმა დიდხანს გასტანა. მამა მიხვდა თავის შეცდომას, მას დედაც ძალიან უყვარდა და მასთან განქორწინება არ უნდოდა, ამიტომაც ბოლომდე შეინახა საიდუმლო. მიუხედავად ამისა, ჯულის თურმე ყოველთვის პატრონობდა და ძალიან სერიოზულად უდგებოდა თავის მოვალეობებს. ჯულიმ ყველაფერი იცოდა და უგებდა მამას.

უეცრად ჩემი გონება ჯერ არდაბადებულ შვილზე გადაერთო. ალბათ კახიც ისეთივე მზრუნველი მამა იქნება, როგორც მამამისი… ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. უსამართლობა იქნება, არ ვუთხრა სიმართლე. ჩემი შვილი ამას არ მაპატიებს… მაგრამ გადავიტან კი, კახიმ სხვა ქალი რომ შეირთოს ცოლად? თუნდაც ლალი? ვერა, ვერ გადავიტან. ხომ ვიცი, მერე რაც მოხდება. კვირაში ერთხელ შემოივლის ჩვენთან, დაგვხედავს, ფულს დაგვიტოვებს და გაქრება. ამის წარმოდგენამაც კი შემაძრწუნა.

_ და დედაშენმა ჯერაც არაფერი იცის?

_ ვფიქრობდი, რომ არა, _ მიპასუხა კახიმ და მოტრიალდა, _ მაგრამ ამას წინათ დამირეკა და შემაქო იმის გამო, ნუკიზე ასე რომ ვზრუნავ, ჯულის რომ ვეხმარები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველაფერი ნათელია. ალბათ დიდი ხნის წინ გაიგო სიმართლე და აპატია მამას.

რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა. კახი ისეთი თვალებით მიყურებდა, ისეთი ნაღვლიანი გამოხედვა ჰქონდა, სიგიჟემდე მომინდა, წამოვმხტარიყავი და ჩავხუტებოდი. კბილი კბილს დავაჭირე, რომ ცდუნებას არ ავყოლოდი. ჩემი საქმე არ არის მისი თანაგრძნობა. მას ლალი ჰყავს და ალბათ, სხვაც ბევრი. ჰოდა, იმათ თანაუგრძნონ. მას მე არაფერში ვჭირდები… არც მე მჭირდება იგი.

_ მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს? _ მკვეთრი ხმთ ვკითხე, _ შენ ხომ ძალიან არ გინდა, ამის შესახებ დავწერო?

_ მინდა. ახლა უკვე დედასაც და ჯულისაც უნდათ, ეს ისტორია მთელი სიზუსტით დაიწეროს, თან დიდი სითბოთი. მათი აზრით, პრესა მაინც გაიგებს სიმართლეს და ვინ რა კუდს გამოაბამს ამ ამბავს, არავინ იცის. ქართველ ჟურნალისტებს ამბის დამახინჯება კარგად ეხერხებათ. შენზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს, ქეთევან. შენზე ღირსეულად…

აი, თურმე, რატომ არის აქ. აი, თურმე, რისთვის მეძებდა… ღრმად ამოვიოხრე.

_ ანუ, ყველაზე მისაღები კანდიდატურა მე ვარ?

_ ჰო, რაღაც ამდაგვარი.

წამოვდექი და შევხედე.

_ მე არ შემიძლია, კახი.

_ რას ნიშნავს, არ შეგიძლია? მეგონა, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდი.

_ შენ შეცდი… _ ძალიან ხმადაბლა ვთქვი და ჯიქურ მივაჩერდი თვალებში.

_ შენი ვერაფერი გამიგია, ქეთი…

ამწუთას მე თავადაც ვერ გამეგო, რატომ ვამბობდი უარს, ან საერთოდ, რა ხდებოდა ჩემს თავს. ერთი რამ ვიცოდი დანამდვილებით მხოლოდ _ მისი აქ ყოფნა ტკივილს მაყენებდა.

888

კახი მოუთმენლად ელოდა, როდის გავაგრძელებდი საუბარს. მოვიღუშე, განზე გავიხედე და ძლივს გასაგონი ხმით ამოვთქვი.

_ აჯობებს, სხვა იპოვო.

_ ერთხელ უკვე გითხარი, სხვა არავინ მინდა-მეთქი.

_ მაგრამ მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ, კახი. არ მინდა შენგან ინტერვიუ, ვერ დავწერ. როგორმე თავად უნდა იპოვო გამოსავალი, მაპატიე, _ გადაჭრით ვიუარე მისი წინადადება.

_ კარგი, რახან შენსას არ იშლი, სხვა რა დამრჩენია, _ მხრები აიჩეჩა, _ თუკი არ გსურს, შევეშვათ ამაზე ლაპარაკს. მოდი, გინდა, ამ საღამოს ერთად ვივახშმოთ?

_ თუკი იმისთვის მეპატიჟები, რომ გადამათქმევინო, აქედანვე უარს გეუბნები. ჩემი აზრის შეცვლას არ ვაპირებ, იცოდე.

_ ხედავ, როგორ შეიცვალა სიტუაცია? _ გულიანად გაიცინა, _ ახლა მე გთხოვ დაჟინებით იმ სტატიის დაწერას, რომლისთვისაც ასე იბრძოდი.

მისმა თბილმა გამოხედვამ ლამის გონება დამიბინდა. როგორ მინდოდა ამწუთას მის მკლავებში აღმოვჩენილიყავი…

_ პირობას გაძლევ, თუკი ერთად ვივახშმებთ, ამ თემაზე კრინტსაც არ დავძრავ, _ კახიმ შემრიგებლურად ასწია ხელი, მის თვალებში კი ეშმაკური ნაპერწკლები გაკრთა.

_ მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? _ ცივად ვკითხე, თან მთელი არსებით ვცდილობდი, შევწინააღმდეგებოდი საკუთარ სურვილს.

_ რაზეც მოისურვებ. ამინდზე… შენზე… ჩემზე…

_ ძალიან მოკლე საუბარი გამოგვივა, _ ნაღვლიანად ვთქვი, _ თანაც, ძალიან ცივა. შენ მე უპრინციპო ჟურნალისტი გგონივარ. შენ კი ჩემს თვალში საზიზღარი პიროვნება და მექალთანე ხარ. სულ ეს იქნება ჩვენი დიალოგი.

_ მომეცი საშუალება, ყველაფერი თავიდან დავიწყო. ახლა მე და შენ უკვე აღარ გვაქვს საიდუმლო, ამიტომაც გზაზე არაფერი გადაგვეღობება, ვერავინ გაბედავს ხელის შეშლას.

_ რომელ გზაზე, რას გულისხმობ? გინდა, მომთაფლო, რათა ეს სტატია დამაწერინო? თუ კვლავ ჩემი ლოგინში შეტყუება განიზრახე? რაში საქმე? რა ხდება, ლალი დაკავებულია ამ საღამოს? _ ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა ხმა.

_ ლალი ნიუ-იორკშია, _ თქვა და  მოულოდნელად მოიღუშა.

_ მერე რა? დაელოდე, სანამ ჩამოვა. თანაც, დღეს საღამოს მე პაემანი მაქვს დანიშნული, _ უფრო და უფრო ვღიზიანდებოდი.

_ ვისთან? _ მის ხმაში ძველებური სითბოს ნატამალიც აღარ დარჩენილიყო.

_ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? _ ვეცადე, უდარდელად გამომსვლოდა.

_ აქვს! _ მოკლედ მოჭრა.

_ თემურ არაბულთან, _ არც ვაციე. არც ვაცხელე და მივახალე.

_ თემურ არაბული? ეს ის ფოტოგრაფია, შენთან რომ ალიანსი შეკრა?

_ ჰო, სწორად გამოიცანი, _ თავხედურად გავუსწორე თვალი.

_ ესე იგი, კვლავ ერთად ხართ, არა?

_ როგორც ჩანს, ასეა.

_ შენ კი მეუბნებოდი, საერთო არაფერი გვაქვსო…

_ ძალიან გთხოვ, თავი დამანებე… ეს შენი საქმე არ არის.

_ შენ მართალი ხარ… ეს ჩემი საქმე არ არის, _ მშრალად წარმოთქვა კახიმ, წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან…

8 8 8

სარკიდან მომზირალ საკუთარ ორეულს თვალს არ ვაშორებდი, თითქოს ჩემი მეორე მეს შესწავლა მქონოდა განზრახული. ჩემი შავი კაბა უბრალო იყო, ამავდროულად, ელეგანტური _ იგი ხაზს უსვამდა ჩემს ვიწრო წელს და ძალიან გრძელი იყო, ლამის იატაკს ედებოდა. სამკაული აღარ გავიკეთე, თმა გავიშალე მხოლოდ და კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი. გამეცინა. მხარზე დაყრილი ქერა თმით ტყის ქალღმერთ დალის დვემსგავსე.

«წავა», _ კმაყოფილმა გავიფიქრე და ღაწვებზე ვარდისფერი ჩრდილი დავიმატე, რომ მთლად ფერმკრთალი არ ვყოფილიყავი.

დღეს განსაკუთრებული საღამო მელოდა. მე და მამუკა «თბილისი მერიოტში» ვიყავით მიპატიჟებული, ერთი ცნობილი მწერლის წიგნის პრეზენტაციაზე. არ იყო გამორიცხული, კახიც მოსულიყო, ამიტომაც ძალიან მინდოდა, კარგ ფორმაში ვყოფილიყავი.

_ მაინცდამაინც მე რატომ მიგყავარ? _ ვკითხე რედაქტორს წინა დღეს, როცა მოსაწვევი გადმომცა.

_ იმიტომ, რომ მინდა, შენ დაწერო ეს მასალა.

_ ანდრონიკაშვილიც იქ იქნება, არა?

_ რა თქმა უნდა, _ თითქოს ნიშნის მოგებით მითხრა.

როგორ უნდა, რომ გამამწაროს. აღარ იცის, შური რით იძიოს ჩემზე. ვერა და ვერ მაპატია, კახიზე მასალა რომ არ დავწერე. მას შემდეგ საშვილიშვილოდ გადამეკიდა მგონი. არ შევეპასუხე, რადგან ვიცოდი, ახლა რომ რამე მწარე მეთქვა, საბოლოოდ გავაფუჭებდი ყველაფერს.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კახის შევხვდი. ამ ხნის განმავლობაში ცოტა დავწყნარდი და მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, როცა ანდრონკაშვილს უარ ვუთხარი სტატიის დაწერაზე. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, მამუკა ასე რომ მექცევა. კახიმ რომ დაურეკა, უთხრა თურმე, თანახმა ვარ, ქეთი კანდელაკს ინტერვიუ მივცეო, მე კი… კატეგორიულად უარზე ვიდექი. რატომ, თავადაც ვერ ვუძებნიდი ჩემს საქციელს ახსნას. რა სულელურად მოვიქეცი. ის ალბათ, სხვა ჟურნალისტს მოელაპარაკება და იმ კვირაში რომელიმე სხვა ჟურნალი ან გაზეთი დაწერს უზარმაზარ სტატიას კახი ანდრონიკაშვილზე. მე? მე რა მომელის? რა თქმა უნდა, სამსახურიდან დათხოვნა… ამასთან, კარგი ჟურნალისტის რეპუტაციასაც უნდა დავემშვიდობო…

სწორედ ამიტომ არ შევეკამათე მამუკას და უხმოდ დავთანხმდი, მწერალთა საღამოზე ერთად წავსულიყავით. თუ იქ კახი ვნახე, აუღელვებლად დაველაპარაკები, ვეტყვი, რომ გადავიფიქრე და მზად ვარ, მისგან ინტერვიუ ავიღო. იმედია, ამჯერად თავად არ გაჯიუტდება და უარით არ გამომისტუმრებს. რას ვიცინებ, უარი რომ მტკიცოს!

«ეს მხოლოდ სამუშაოა, ჩემი სამუშაო», _ მშვიდად ვუხსნიდი ჩემს თავს, _ «ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქრო, სამსახურზე და კიდევ… ბავშვზე. ფული ხომ მჭირდება». სულ ერთი საათით განვმარტოვდებით, თავიდან მოვაყოლებ ყველაფერს და მნიშვნელოვან დეტალებს ჩავინიშნავ, რომ არაფერი გამომრჩეს. ეჰ… როგორ დამღალა ამ ყველაფერმა… არა უშავს, სამაგიეროდ, როცა ინტერვიუ გამოქვეყნდება, ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ მისგან და საბოლოოდ დავივიწყებ. მერე კი ვიცხოვრებ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდი.

ზუსტად რვა საათზე ადგილზე ვიყავით. მამუკა ისე გამოპრანჭულიყო, აღტაცება ვერ დავმალე. პირველად ვნახე სოლიდურ ფორმაში, ჯინსისა და ბოტასის გარდა, მის ტანზე სხვა ტანსაცმელი მგონი, არც მინახავს.

დარბაზში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, ამიტომ კახის მოძებნა ხალხის ამ ნაკადში ადვილი არ იყო. როგორც ყოველთვის, საღამო ერთი საათით გვიან დაიწყო. დაგვიანება ხომ ქართველების სენია. ჯერ ავტორი გამოვიდა და თავის ახალ წიგნზე კარგა დიდხანს ილაპარაკა, მერე სცენა კოლეგებმა და კრიტიკოსებმა მორიგეობით «აითვისეს». კახიც სწორედ მაშინ დავინახე, სცენაზე რომ ავიდა აზრის გამოსათქმელად. ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა, რაც ძალიან უხდებოდა.

როცა ავტორის ქება-დიდებას მორჩნენ, მოწვეულმა სტუმრებმა ფოიეში გადაინაცვლეს, სადაც სასმელი, ხილი და ნამცხვრები ელოდათ.

_ რა დრო გასულა, _ მამუკას მივუბრუნდი, როცა საათზე დავიხედე, _ გვიანაა უკვე.

_ არა უშავს, ტაქსით გაგამგზავრებ, შენ არ იდარდო. წამო, საჭირო ხალხი უნდა გაგაცნო, მომავალში გამოგადგება, _ მითხრა, ხელკავი გამომდო და თან გამიყოლა.

ფოიეში ძალიან ცხელოდა. მამუკამ წითელი ღვინით სავსე ბოკალი მომაწოდა და იქვე მდგომ ვიღაც ორ მამაკაცს წარუდგინა ჩემი თავი. აშკარად ჩანდა, რომ ორივეს კარგად იცნობდა, მე კი აზრზეც ვერ მოვედი, ვინ იყვნენ. არც სახელები მეცნო მათი და არც გვარები. თავაზიანად ჩამოვართვი ორივეს ხელი, თუმცა მზერა განზე გამირბოდა, კახის ვეძებდი.

_ მამუკა, საჩვენო არაფერი მოგეძებნება რედაქციაში? არ გინდა, ჩვენც დაგვასაქმო? _ ეშმაკურად გაიცინა მაღალმა, რომელსაც დათო ერქვა.

_ მაშაყირებ? _ ვერ მიუხვდა ჩემი რედაქტორი ხუმრობას.

_ რატომ უნდა გაშაყირებდე, შე კაი კაცო, ასეთი მზეთუნახავები თუ გყავს რედაქციაში, სიამოვნებით შევითავსებდი კორესპონდენტის ადგილს და ვივლიდი მეც ინტერვიუების ჩასაწერად, _ ირიბად გამომხედა მამაკაცმა.

_ აუ, შენ რა გითხარი, _ ხმამაღლა გაიცინა მამუკამ, _ შენ ოღონდ წერა მოინდომე და როცა გინდა, მაშინ მოდი.

_ არ დაუჯეროთ, ჩემი მთავარი რედაქტორი არ არის სანდო ადამიანი. ამას რომ უყურებთ, მზად არის, შარი მომდოს და დღესვე გამიშვას სამსახურიდან.

_ მართლა, მამუკ? ეგეთებიც ისწავლე? ადრე სხვანაირი იყავი? _ ახლა დათოს გაეცინა.

მეორე ჩუმად იდგა, საუბარში არ ჩარეულა.

_ არ გრცხვენია, ქეთი? შენგან ეს მეკუთვნის? შენი გაშვება რომ მდომებოდა, იცი შენც, როდის მოხდებოდა ეგ, _ მიკბინა მამუკამ.

მისი სიტყვები უკვე აღარ მესმოდა, თითქოს სმენა დამეხშო, რადგან, როგორც იქნა, კახი დავინახე. ბართან ახლოს იდგა, სვეტს ნახევრად მოფარებული, გარშემო უამრავი ადამიანი ეხვია. მის გვერდით კი შავთმიანი ქალი იდგა, ოღონდ ჩემკენ ზურგშექცევით. თავდაპირველად ლალი გოლოვინა მეგონა, მაგრამ ქალი უეცრად მოტრიალდა და მივხვდი, რომ შევცდი. იმასაც მივხვდი, რომ ეს ქალი ადრე არასდროს მენახა. გულში ჩხვლეტა ვიგრძენი. ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ვეჭვიანობდი. მოულოდნელად ქალმა ფეხის წვერებზე აიწია და კახის ლოყაზე აკოცა. მამაკაცმა გაუღიმა და მხარზე მოხვია ხელი შავთმიანს… სწორედ ამ დროს ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა… იმდენად უხერხულად ვიგრძენი თავი, სწრაფად მოვტრიალდი და შევეცადე, ისეთი სახე მიმეღო, თითქოს მამუკასთან საუბრით ვიყავი გართული.

_ როგორ ცხელა აქ, არა? _ შევღიმე მამუკას, _ ცოტა ხნით ჰოლში გავალ, კარგი? სუფთა ჰაერს გადავყლაპავ, თორემ შეიძლება გული წამივიდეს.

_ როგორც გინდა, ოღონდ არ დამეკარგო, _ ამ სიტყვებით მამუკამ ხელზე მაკოცა, რითაც აშკარად მოიწონა თავი ნაცნობი მამაკაცების წინაშე.

ხელუხლებელი ბოკალი ბარის დახლზე შემოვდგი, არეული ნაბიჯებით გავარღვიე ხალხის ტალღა და ჰოლში გამოვედი. ცივი ჰაერი მესიამოვნა. ოდნავ შვება ვიგრძენი. აქ არც ხმაური ისმოდა და არც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, პირიქით, გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა.

_ როგორც იქნა, დაგიჭირე სალაპარაკოდ, _ მომესმა უეცრად ზურგს უკან.

თითქოს ადგილს მივეყინე. არც მიფიქრია, უკან თუ გამომყვებოდა. როგორც ჩანს, თვალს მადევნებდა. რაც შემეძლო, ნელა მოვტრიალდი.

ის მარტო იყო, თანმხლები შავთმიანი ქალის გარეშე. არ ვიცოდი, გამხარებოდა ეს ამბავი, თუ მწყენოდა. კახი მომიახლოვდა და გვერდით ამომიდგა.

_ კარგი საღამოა, არა? _ მკითხა და გვერდულად გამომხედა.

_ არაჩვეულებრივი, _ სასწრაფოდ დავეთანხმე, რადგან რაღაც მეც უნდა მეთქვა.

_ და საერთოდ არ ცივა…

_ ჰო.

_ აი, ხომ ხედავ, ამინდზეც ავლაპარაკდით, _ გაიღიმა, _ კიდევ რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ?

_ არ ვიცი…

_ გარდა იმისა, რომ შენ უპრინციპო ჟურნალისტი ხარ, მე კი მექალთანე და ქალების გულთამპყრობელი? _ გააგრძელა მან.

_ არ გინდა, ეს თემა უკვე ამოვწურეთ.

_ მართლა? როდის? რაღაც არ მახსენდება…

_ სამაგიეროდ, მე მახსენდება. ეს უკვე ძველი ამბავია, გაცვეთილი…

_ კარგი, მაშინ შენ ილაპარაკე, მე კი მოგისმენ.

_ ის ქალი ვინ არის? _ ჩემდა უნებურად გამექცა კითხვა.

_ რომელი ქალი? _ ვითომ ვერ მიმიხვდა.

_ შენ რომ გახლავს თან, ახალი მეგობარია?

_ ა! თუ გინდა, მოგვიანებით გაგაცნობ, _ ცბიერმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.

მის ხმაში მხიარული ნოტები შევნიშნე, რამაც ძალიან გამაღიზიანა.

_ გმადლობ, არ მჭირდება. შენი ქალები არ მაინტერესებს.

_ ნამდვილი ქალი-გამოცანა ხარ… მე კი მეგონა, მისგან ინტერვიუს აღებას მოისურვებდი.

რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოვარდა. არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა. რატომ უნდა დავხარბებოდი მისი საყვარლისგან ინტერვიუს? უფრო და უფრო მიპყრობდა ბრაზი, თან ვცდილობდი, აღელვება არ შემტყობოდა.

დაბნეული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით. არ მინდოდა, მისთვის თვალებში შემეხედა. მეშინოდა ამ მზერის. მეგონა, შუბლზე მეწერა, თუ როგორ მიყვარდა იგი და რაოდენ ტკივილს მაყენებდა მისი დანახვა.

_ შენი მეგობარი სადღაა? _ მოულოდნელად წინ დამიდგა და თავი დახარა, რომ ჩემი მზერა დაეჭირა.

_ რომელი მეგობარი? _ დახშული ხმით ვკითხე და ალეწილმა გვერდზე გავიხედე, საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი.

_ ბევრი გყავს?

_ მეგობარი კი.

_ მეგობარ მამაკაცს ვგულისხმობ.

_ თემურზე მეკითხები? _ ისეთ ინტონაციით წარმოვთქვი, ვითომ მის გარდა, უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა.

_ ჰო, რა თქმა უნდა, _ დამცინავად გაისმა მისი ხმა, _ აქ ვინც გახლავს, ის ვიცი, ვინც არის, ამიტომაც არ მაინტერესებს.

_ თემური დღეს არ მუშაობს.

_ არ მუშაობს? მას რა, დასვენების დღეებიც აქვს?

_ რატომაც არა? ჩვენც ადამიანები ვართ, _ ირონია გავურიე ხმაში.

_ თქვენ ერთ რედაქციაში მუშაობთ?

_ არა.

_ აბა, ერთმანეთს საიდან იცნობთ?

_ ღმერთო ჩემო, რა შენი საქმეა? დაკითხვას მიწყობ?

_ უბრალოდ, მაინტერესებს.

_ ის სხვა გაზეთში მუშაობს და დღეს სხვა საქმეზეა წასული.

_ სხვა საქმეზე? რომელ საქმეზე?

_ არ ვიცი… რაღაც რეპორტაჟს ამზადებს ალბათ…

_ აკი ისვენებსო?

_ ჩემგან ისვენებს, _ «გამოვასწორე» ნათქვამი.

_ შენგან? რატომ, ასე უმწარებ ცხოვრებას?

_ როგორც ჩანს.

_ დარწმუნებული ხარ, რომ თბილისშია? _ არ მეშვებოდა კახი.

_ რა თქმა უნდა, წეღან ველაპარაკე, _ დაბეჯითებით ვთქვი, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, ამწუთას სად იმყოფებოდა არაბული, თანაც ძალიან მიჭირდა ტყულის თქმა, ყალბად გამომდიოდა ყოველი სიტყვა.

_ ესე იგი, მოგვიანებით უნდა შეხვდე?

_ არ ვიცი… შეიძლება შევხვდე, შეიძლება არა. რატომ მეკითხები ასეთ რამეებს? შემთხვევით, ხომ არ ეჭვიანობ? _ გაგულისებულმა თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე.

_ შენი აზრით, უნდა ვეჭვიანობდე? მაქვს კი საეჭვიანო საბაბი? _ ცალი წარბი ასწია და მომაჩერდა.

_ თავი დამანებე, ძალიან გთხოვ. ვერ გამიგია, მაშინ რატომ მეკითხები?

_ უბრალოდ, მაინტერესებს და მეტი არაფერი.

მისმა აუღელვებელმა ხმამ გული შემიკუმშა. ჰო, რა თქმა უნდა, რატომ უნდი იეჭვიანოს? მე ვინ ვარ მისთვის? ასი წელი არაფერში ვჭირდები.

_ ლალი რატომ არ არის აქ? _ ახლა მე გადავედი იერიშზე, თან ღრმად ამოვიოხრე, რომ რაც შეიძლება, მშვიდი ხმით მელაპარაკა, _ მეგონა, მასთან ერთად მოხვიდოდი საღამოზე.

_ ლალი ნიუ-იორკშია.

_ ამდენ ხანს? ერთი კვირის წინაც ასე არ მითხარი? როგორი საქმიანი ქალია, როგორი დაკავებული… _ გოლოვინას მისამართით ბოღმა დავანთხიე.

_ ჰო, შეხვედრები აქვს, თანაც ძალზე სერიოზული…

_ შენი წიგნის საქმეებს ხომ არ აგვარებს? იქაც უნდა გამოსცე შენი რომანები?

_ არა, არა, თავის საქმეზეა წასული, მე არაფერ შუაში ვარ.

_ და ალბათ ეს ძალიან გაღელვებს, არა? _ ინტერესი გამიღვივა მისმა ნათქვამმა.

_ რა?

_ ის, რომ თავის საქმეზეა წასული და არა შენ გამო.

_ რატომ უნდა მაღელვებდეს? _ გაოცება აღებეჭდა სახეზე.

მისმა გამომეტყველებამ მე უარესად გამაოცა.

_ რა ვიცი… ვიფიქრე… მეგონა, შენ და ლალის… მეგონა, ის ქალი შენ მოგწონდა, _ ისე დავიბენი, ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი.

_ მომწონდა? რა თქმა უნდა, როგორც კოლეგა, როგორც ბიზნესპარტნიორი და როგორც მეგობარი, მომწონს. სხვა მასთან არაფერი მაკავშირებს, თუ ეს გაინტერესებს. როგორც ქალი, ის ჩემთვის არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა? არა?

_ შენი საქმისა შენ იცი… ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ვიცი, რომ ის ჭკუას კარგავს შენზე.

_ ვინ, ლალი? _ კახის ხმამაღალი სიცილი აუტყდა, _ რა საინტერესოა ამის მოსმენა! საიდან დაასკვენი? ჩვენზეც გავრცელდა ჭორები? ეს ალბათ ახალი ამბავია, რომელიც ჯერ მეც არ ვიცი, არა?

_ ჭორები რა შუაშია. მე მინახავს მისი მზერა, როცა შენ შემოგყურებდა… _ ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ უკან მაინც არ დავიხიე.

_ იცი ამწუთას რა ვიგრძენი? კვლავ შენ სევდის სურნელი მოვარდა საიდანღაც… გიგრძნია ოდესმე, როგორი სურნელი აქვს სევდას?

_ არა, _ ლამის ჩურჩულით წარმოვთქვი.

_ მინდორში ეულად ამოსული შროშანის, რომელიც საღამოს ფუტკარს ელოდება.

პასუხი არ გავეცი. ალეწილი ვიდექი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი, როგორ მოვქცეულიყავი. მიმეტოვებინა და ფოიეში დავბრუნებულიყავი, თუ მასთან საუბარი გამეგრძელებინა.

_ იცი ლალი ვისთან ერთად არის ნიუ-იორკში? _ მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა.

_ რა ჩემი საქმეა?

_ მგონი, შენი საქმეც უნდა იყოს, თუკი გულწრფელი ხარ ჩემთან…

_ ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

_ ლალი და თემურ არაბული ერთად გაემგზავრნენ ნიუ-იორკში ათი დღის წინ. როგორც ჩანს, სერიოზულად უყვართ ერთმანეთი და ქორწილისთვის ემზადებიან. ვინ იცის, იქნებ საქოწინო მოგზაურობაც კი მოიწყვეს უკვე…

ამის გაგონებაზე თითქოს ადგილზე გავქვავდი. ალმური წამეკიდა სახეზე. დამფრთხალი მივაჩერდი მამაკაცს. ჩემს გულს საშინელი ბაგაბუგი გაჰქონდა. უნებურად მკერდზე მივიდე ხელი, თითქოს ამ ხმის დაფარვას ვცდილობდი.

_ რა იყო, არ გჯერა? ეს სრული სიმართლეა, ქეთი… შენ მე კვლავ მომატყუე, _ ხმადაბლა თქვა და ღაწვზე ჩამომისვა ხელის ზურგი, _ რატომ?

მისმა შეხებამ თავბრუ დამახვია. კვლავ მომიარა ძლიერმა სურვილმა, მის მკლავებში ჩავკარგულიყავი. ვგრძნობდი, როგორ მიჭირდა ცდუნებასთან გამკლავება.

_ მე… მე… არ ვიცი…

_ მაშინ მე შევეცდები, გამოვიცნო. იქნებ გინდა, მაიძულო… _ შემპარავად დაიწყო მამაკაცმა და თითები ღაწვიდან მოშიშვლებულ ყელს ჩააყოლა.

_ რა უნდა გაიძულო? _ ტუჩები გამიშრა ნერვიულობისგან, საკუთარი ხმა ძლივს მესმოდა.

_ ეჭვიანობა. გინდა, რომ მაეჭვიანო… თანაც საშინლად.

_ არა, რას ამბობ… _ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, როგორც დანაშაულზე წასწრებულმა ბავშვმა, _ რაში მჭირდება ეს? _ ისე ვიყავი დაძაბული, ნეწყვი ყელში გამეჩხირა.

როგორ არ მინდოდა, კვლავ მისი მომნუსხველი თვალების ტყვე აღმოვჩენილიყავი. არადა, ერთიანად ვცახცახებდი მისი თითების შეხებისგან, _ მომისმინე, კახი… მგონი, აჯობებს, შენს მეგობარ ქალთან დაბრუნდე. ალბათ უკვე გეძებს… მე კი თავი დამანებე… ვხედავ, რომ ძალიან გინდა, ისევ გამოიყენო შენი შარმი და… და… საზიზღარი მექალთანე ხარ და მეტი არაფერი! სულაც არ მინ…

_ კარგი რა, დამშვიდდი. ხომ ხედავ, როგორ ნერვიულობ, სიტყვები გერევა ერთმანეთში. იცი, ყველაფერს რა ჯობია? წამოდი ჩემთან ერთად და იმ ქალს გაგაცნობ. იმედია, თავაზიანად მოეპყრობი… _ ეშმაკურად შემომღიმა.

_ გეყოფა, კახი! _ ოდნავ ვკარი ხელი, მაგრამ არ გამომივიდა. თითები მძლავრად ჩამჭიდა მაჯაში და ფოიესკენ გაემართა.

წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. შემეშინდა, უცხო ადამიანების ყურადღება არ მიგვექცია, ამიტომაც მორჩილად გავყევი.

შავთმიანი ქალი ბართან იდგა და ვიღაცას ხელების ლამაზი მოძრაობით ელაპარაკებოდა.

_ ჯული! _ დაუძახა კახიმ.

მეგონა, მომესმა… წამით სუნთქვა გამიჩერდა. ნუთუ ეს ქალი მარგველაშვილია? მაგრამ მას ხომ ჩემსავით ქერა თმა ჰქონდა? ნუთუ ასე შეცვალა თმის ფერმა?

ქალმა ნელა მოაბრუნა თავი.

_ ქეთი, გაიცანი, ეს ჯულია.

_ ღმერთო ჩემო! ნუთუ? _ აღმომხდა გაოგნებულს.

ახლა კი ვიცანი… შუბლზე ჩამოშლილი თმა და სახეზე სქლად დადებული მაკიაჟი შესამჩნევად უფარავდა ნაიარევს, რომელიც მრუდე ზოლივით გასდევდა საფეთქლამდე. მაინც საოცრად მომხიბვლელი იყო.

მან თბილად გამიღიმა, თავი დამიქნია და მარცხენა ხელით თავის თმას შეეხო.

_ რაც თმა შავად შევიღებე, ვერავინ მცნობს. თქვენ ალბათ, ქეთი კანდელაკი ხართ…

_ დიახ…

_ ძალიან გამიხარდა, რომ გაგიცანით. რამდენი ხანია, კახს ვეხვეწები, მოიყვანე ის გოგო, მადლობა უნდა გადავუხადო, ჩემს შვილს ასე მზრუნველად რომ უვლიდა-მეთქი და არ დააყენა საშველი. როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს. მაინცდამაინც აქ არ მინდოდა თქვენი ნახვა, მაგრამ რა გაეწყობა, ჩემი ძმის ბრალია ყველაფერი. არა უშავს, სხვა დროს მე თვითონ დაგპატიჟებთ ჩემთან და გამოვასწორებ ამ სიტუაციას.

_ რას ამბობთ!

_ ისეთი მადლობელი ვარ თქვენი, ვერც წარმოიდგენთ. ყველაფერი ვიცი, როგორ უვლიდით ნუკის, რა ამაგიც გაქვთ მასზე… ჩემზე იყოს, ქეთი, საყვარელო… _ მარგველაშვილი ძალიან გულწრფელი ჩანდა.

_ ნუკი ისეთი საოცარი ბავშვია… რა ამაგი, რას ბრძანებთ…

_ მე თქვენ არაჩვეულებრივი საჩუქარი ჩამოგიტანეთ გერმანიიდან, _ მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა ქალი და საიდუმლოდ ჩამჩურჩულა, _ როდის გამოივლით ჩვენთან? სულით და გულით გეპატიჟებით.

_ რა ვიცი, როგორმე მოვახერხებ…

_ აპ, აპ, აპ… როგორმე არ გამაგონოთ. ხვალვე გელოდებით. აუცილებლად!

პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ საუბარში კახი ჩაერია.

_ ჯული, მე უნდა გავიდე. ქეთისთან საქმე მაქვს… შენ დარჩები?

_ გასაგებია, სიხარულო, _ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა მარგველაშვილმა, _ გვიან მოხვალ?

_ არ ვიცი, გააჩნია სიტუაციას…

_ ესე იგი, დაგაგვიანდება, _ გადაიკისკისა ქალმა.

_ ინტერვიუ უნდა მივცე ქალბატონ ქეთევანს და რამდენ ხანს გასტანს, ეს მასზეა დამოკიდებული, _ არ დაიბნა კახი.

_ კარგი, მაშინ მე არ ვიჩქარებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან აპირებთ ასვლას, გამოვიცანი?

_ ნიჭიერი მყავხარ, _ გაუღიმა მამაკაცმა.

_ ნუკისაც მიხედე. ამწუთას ველაპარაკე ნათიას და ძინავსო, მითხრა. შენ მაინც…

_ ნუ გეშინია, მივხედავ. შენ სულ არ იყავი აქ, მაგრამ ვუვლიდით… მანქანის გასაღებს შენ გიტოვებ, ჩვენ ტაქსით წავალთ. ყოველი შემთხვევისთვის, სანამ მოხვალ, დამირეკე, _ მრავლისმეტყველად დააყოლა კახიმ და მკლავზე წამეტანა, _ წავედით, ქეთი.

_ მოიცა… _ ხელი ძალით გავაშვებინე, _ მე ვერ წამოვალ შენთან ერთად, გასაგებია? _ აღელვებულს სუნთქვა შემეკრა, _ მე მარტო არ ვარ… ჩემი რედაქტორი…

_ რა შენი რედაქტორი?

_ მე აქ მამუკასთან ერთად ვარ.

_ მამუკა ყველაფერს გაიგებს, პრობლემა არ არის.

_ გაგიჟდი? როგორ ავუხსნა მას…

_ ქეთი, მამუკას საღამოს მოსაწვევები მე გავუგზავნე. მან იცოდა, რომ შენ უნდა წამოეყვანე და არა სხვა ჟურნალისტი.

_ რა-ა? გინდა მითხრა, რომ საგანგებოდ მოაწყვე ეს შეხვედრა? _ თვალები გამიფართოვდა.

_ აბა რა! ეს ერთადერთი საშუალება იყო, მენახე და დაგლაპარაკებოდი. წინა კვირას ისეთი შეუვალი იყავი, მეგონა, არასდროს მოისურვებდი ჩემთან შეხვედრას. სხვა გზა არ დამიტოვე.

გარდერობში მდგომ ქალს ჟეტონი მივაწოდე და ჩემი ლაბადა გამოვართვი. კახი ჩაცმაში დამეხმარა.

რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ქუჩაში ვიყავით.

888

კახიმ ტაქსი გააჩერა.

_ გესმის მაინც, რომ დღეიდან მამუკა საშველს არ მომცემს? _ მივუბრუნდი მას, უკანა სალონში რომ მოვკალათდი.

_ შენც დაწერე ის ოხრობა სტატია და ეგ იქნება, დაგანებებს თავს, _ მშვიდად მიპასუხა.

_ აი, თურმე, რატომ გამომიტყუე გარეთ, _ მოჩვენებითი სიბრაზით წამოვიძახე, _ ისედაც ვაპირებდი დაწერას, არ იყო საჭირო ამის გაკეთება.

_ ვიცოდი, ბოლოს და ბოლოს, რომ გადაიფიქრებდი, _ ჩაიცინა მან, ჩემს შეცბუნებულ სახეს რომ შეხედა.

_ რა ვქნა, სხვა სამუშაოს ძებნას, ისევ ეს მირჩევნია. ხომ გაგიგონია, შეჩვეულ ჭირი ჯობია შეუჩვეველ ლხინსო.

_ შენისთანას სამსახურის შოვნა არ გაუძნელდება.

_ დიდი მადლობა კეთილ სიტყვებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავს გადამხდა, მეეჭვება, ვინმემ მიმიღოს. ერთადერთი, შეიძლება ძიძის ადგილი გამოვძებნო სადმე.

_ ვაღიარებ, რომ არ იყავი ურიგო ძიძა. ისინი მოგცემენ რეკომენდაციას, ქობულეთში შვილს რომ უზრდიდი, _ ეშმაკურად შემომცინა.

_ მაგრამ შენ მაშინ არ იცოდი, რომ გატყუებდი, _ ერთიანად წამოვჭარხლდი.

_ იქამდე რომც არ მცოდნოდა შენ შესახებ ყველაფერი, მაინც არ დავიჯერებდი.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ქობულეთში ბევრს ვიცნობ. არ გამიჭირდებოდა სიმართლის დადგენა.

ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა… კახიმ ხელზე მომკიდა ხელი.

_ იცი? ძალიან ლამაზი ხარ…

_ შენ კი გამოუსწორებელი გულთამპყრობელი.

წამით მოიღუშა.

_ ძალიან შეიცვალე… _ ამის თქმაზე ხმა ჩაეხრინწა.

_ შევიცვალე? რა მხრივ? კარგისკენ, თუ ცუდისკენ? _ ღიმილით ვკითხე, რომ მისი უეცრად დასევდიანებული განწყობა გამექრო…

ვკითხე და იმწამსვე მივხვდი, ამ ხნის განმავლობაში როგორ მაკლდა იგი, მისი თვალების სითბო, ხავერდოვანი ხმა, ეშმაკური ღიმილი.

_ ძალიან დამაკლდი… _ ჩემს შეკითხვას თავი აარიდა.

_ რომ დაგკლებოდი, უფრო ადრე მომძებნიდი, _ არ დავინდე.

კახი გაჩუმდა. ან კი რა უნდა ეთქვა? თავის მართლებას ხომ არ დაიწყებდა? ტყუილად ვედავებოდი. მის ადგილას, მე საერთოდ დავივიწყებდი ასეთ ქალს. მას კი ბოლოს მაინც არ მოუთმინა გულმა და მომძებნა…

მაგრამ გულმა რომ არ მოუთმინა, იმიტომ მომძებნა? იქნებ ნაადრევი დასკვნები გამომაქვს? იქნებ მხოლოდ სტატიის გამოქვეყნება სურს და ამისთვის მომადგა? მალე ყველაფერი გაირკვევა…

_ როგორც ჩანს, კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით… _ დავარღვიე გაუსაძლისი სიჩუმე.

_ რატომაც არა… ჯერ არ ჩამოვუწერივართ, _ კვლავ გაიღიმა.

_ ვიცი, _ ვთქვი და ჩემივე ხმა ვერ ვიცანი, რაღაც გაუგებარი სინანული გაისმა მასში, _ ყველაფერი ვიცი… შენს უსიამოვნებებზე იმდენი მსმენია, რომ…

_ არ იცი… მე ხომ ყოველთვის ყველაფერს ვმალავდი, თუმცა არასდროს არაფერი მინანია… განსაკუთრებით შენთან გატარებული დღეები.

მოულოდნელად შემაკანკალა. ისეთი ნაღვლიანი ლაპარაკობდა, გული მომიკვდა.

_ არ მითხრა, რომ გრძნობები მოგეძალა…

_ რატომაც არა? მომეძალა… არ გჯერა?

_ არ ვიცი… ვიცი მხოლოდ ის, რომ შენ სიყვარულის არსებობის არ გჯერა.

_ ვინ გითხრა, რომ არ მჯერა? მჯერა, მაგრამ… ბოლო დროს ძალიან აატალახეს ეს სიტყვა. ბარში ზიხარ თუ კაფეში, მხოლო ერთი რამ გესმის: «სიყვარული, სიყვარული…» რადიოშიც, ტელევიზორშიც, ვისაც არ ეზარება, ყველა გაიძახის: «სიყ-ვა-რუ-ლი»… ამ სიტყვის აზრიც კი შეიცვალა, იმდენი იძახეს… მხოლო სექსთან გააიგივეს და მეტი არაფერი… ასეთი სიყვარულის ნამდვილად არ მწამს… არ მჭირდება ასეთი სიყვარული. ჩემი ნება რომ იყოს, სიყვარულს სხვა სახელს მვუძებნიდი და დავაკანონებდი, მხოლოდ ერთხელ გამოეყენებინათ იგი ცხოვრებაში. აი, ეს იქნებოდა მართებული.

ტაქსი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა.

_ ეს შენი სახლია? _ ვკითხე.

_ ჰო, ჩემია… თუმცა, იშვიათად მიწევს აქ ცხოვრება. ძირითადად, საზღვარგარეთ ვარ ხოლმე და როცა ჩამოვდივარ, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როგორ მომნატრებია იგი.

ჰოლში ძველებური ავეჯი იდგა. იქვე, დივანზე, თხუთმეტიოდე წლის კიკინებიანი გოგონა ჩამომჯდარიყო და წიგნს კითხულობდა. ჩვენს დანახვაზე თავი ასწია, წიგნი დახურა და ფეხზე წამოდგა.

_ როგორ ხარ, მარი? _ თავზე ხელი გადაუსვა კახიმ.

_ არა მიშავს, _ უხერხულად გაუღიმა გოგონამ.

_ ნუკი რას შვრება?

_ ყველაფერი წესრიგშია, ბატონო კახი. საერთოდ არ უტირია, ახლა კი ძინავს, _ სხაპასხუპით მიაყარა მარიმ და მალულა ჩემკენ გამოაპარა თვალი.

_ გაიხარე, დიდი მადლობა. კარგი გოგო ხარ შენ, _ ამ სიტყვებით ანდრონიკაშვილმა სამზარეულოში გამავალი კარი გააღო და მიიმალა.

ახლა უფრო თამამად შემათვალიერა გოგონამ. თბილად გავუღიმე. ამასობაში კახიც გამოჩნდა, ხელში «რაფაელოს» გაუხსნელი ყუთი ეჭირა.

_ ეს შენ, ჯულისგან, _ თქვა და ამანათი გაუწოდა.

ღაწვებშეფაკლულმა მარიმ მადლობის ნიშნად რაღაც ჩაილუღლუღა, კახის ყუთი გამოართვა, დაგვემშვიდობა და გავიდა.

_ მეზობლის გოგონაა, _ ამისხნა კახიმ, როცა მეზობელი კარამდე მიაცილა და მობრუნდა, _ ხანდახან ნუკის ვუტოვებთ ხოლმე. მშვენივრად უვლის, თუმცა შენნაირად _ ვერა, _ კვლავ ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.

_ მე მგონი, ძალიან გაუკვირდა, მე რომ დამინახა.

_ რატომ უნდა გაკვირვებოდა?

_ იმიტომ, რომ… სახლიდან შავგვრემან ქალთან ერთად გახვედი, უკან კი ქერათმიანთან ერთად მობრუნდი…

_ რას იზამ, ხომ უნდა გავამართლო ჩემი რეპუტაცია, _ მხრები ყასიდად აიჩეჩა.

_ რომელი რეპუტაცია?

_ რომლითაც პრესაში მომიხსენიებენ და რომლითაც შენც გვარიანად მამკობ… გულთამპყრობელი, მექალთანე…

ჭარხალივით გავწითლდი.

_ წავალ, ნუკის დავხედავ და ჩამოვალ. შეგიძლია, ბარი გამოაღო და სასმელი აირჩიო. შემცივნებული ჩანხარ, დალევა არ გაწყენდა. თან გაიხადე, რას უცდი, აქ თბილა, _ შენიშნა მან და ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე აუყვა მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს.

ლაბადა გავიხადე, იქვე, სკამზე გადავკიდე და ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მამაკაცს უკან მივყევი.

ჩემ ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, მოიხედა.

_ მეც მინდა ბავშვის ნახვა… მგონი, მაქვს ამის უფლება, _ ხმადაბლა განვმარტე, _ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

დამელოდა, სანამ გავუსწორდებოდი, მერე მხარზე მზრუნველად მომხვია ხელი და თავი თავზე მომადო.

_ როგორც ერთ ძველ, კარგ დროს, არა? _ თვალებით მომეალერსა და ბავშვის ოთახის კარი შეაღო.

მისმა შეხებამ თავბრუ დამახვია. ვიგრძენი, სისხლმა როგორი ხუილით დაიარა ძარღვები…

ოთახს მხოლოდ ბრა ანათებდა. რიკულებიანი პატარა საწოლი კუთხეში, ფანჯარასთან ახლოს, კედელზე იყო მიდგმული. სწორედ მასში ეძინა ნუკის. ცალი ხელი ფუნჩულა ლოყის ქვეშ ამოედო და თანაბრად სუნთქავდა.

_ როგორ გაზრდილა… _ თვალებით მივეფერე მძინარეს, ხელით შეხება ვერ გავბედე, არ გავაღვიძო-მეთქი.

კახიმ საბანი ორივე მხრიდან მზრუნველად ამოუკეცა პატარას.

_ კიდევ ორი კბილი ამოუვიდა, წარმოგიდგენია? მაგრამ ახლა ისე აღარ ტკიოდა, როგორც მაშინ. გამოუმუშავდა იმუნიტეტი, დიდი გოგოა უკვე. გახსოვს ის დღე, შენ რომ გვესტუმრე? იმ დღეს არ გაჩერებულა, იმდენი იტირა…

თავი ავწიე და თვალებში შევხედე.

_ ის დღე არასდროს დამავიწყდება… არასდროს…

_ არც მე… _ მას უცნაურად აენთო თვალები და უფრო ახლოს მოიწია ჩემკენ.

_ მე… მე… წავალ, კარგი? _ ავილეწე, _ ასე აჯობებს.

_ ქეთევან… არ წახვიდე….

მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, გავტრიალდი და კარისკენ დავიძარი.

_ გთხოვ… _ დამეწია მისი მუდარაგარეული ხმა.

ნელა შემოვბრუნდი. ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა თვალები ცრემლით. წამწამები რამდენჯერმე დავახამხამე, მამაკაცს ჩემი ცრემლები რომ არ შეემჩნია.

_ ჯანდაბამდის გზა ჰქონია იმ სტატიას, ქეთი. არ მანაღვლებს, დაიწერება თუ არა იგი. გგონია, მართლა ამისთვის მოგიყვანე აქ? მე შენ მჭირდები… ნამდვილი იდიოტი ვიყავი, როცა უფლება მოგეცი, წასულიყავი ჩემი ცხოვრებიდან. მას შემდეგ ერთი დღე არ გათენებულა და დაღამებულა, შენზე არ მეფიქრა… სულ თვალწინ მიდგახარ, წარამარა შენი ხმა ჩამესმის ყურში… გჯერა ჩემი, თუ არა?

მომუშტული ხელები ამოვისვი თვალებში, რომ ცრემლების კვალი გამექრო და ურწმუნოდ შევხედე.

_ გახსოვს, რომ მითხარი, შენზე არ ვეჭვიანობდიო… სამაგიეროდ, მე ვეჭვიანობდი… თანაც საშინლად… და ვერაფერს ვუხერხებდი ამას. როცა ის თემურ არაბული პირველად დავინახე, გულმა რეჩხი მიყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა საეჭვიანო საბაბი, მაგრამ მეორედ, ლალისთნა ერთად ჩემს იახტაზე რომ გამოჩნდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე. ისე მინდოდა, ერთი გემრიელად დამერტყა მისთვის, რომ თავი ძლივს შევიკავე. ასე მეგონა, გამუდმებით კუდში დაგდევდა. თან როგორი თვალებით გიყურებდა?! შეგიმჩნევია ოდესმე? დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც უყვარდი… წარამარა უკან დაგდევდა, მოსვენებას არ გაძლევდა, _ ამის თქმაზე კახის ზიზღით დაებრიცა ტუჩები, _ ახლაც მგონია, რომ მოსწონდი და დღემდე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ასე არ იყო.

იმ წუთებში რაღაც ბურთივით მომებჯინა ყელში, თითქოს ვიგუდებოდი. ვაითუ, რამე იცის ჩემი და თემურის ამერიკული თავგადასავლის შესახებ… რა ვქნა, ვუთხრა? არ ვუთხრა? იქნებ არ ღირს? რა საჭიროა ასეთი გულახდილობა? რომელს მოუტანს იგი სიკეთეს? არაბული თავად არ მოუყვებოდა იმ ამბავს, მე რატომ გადავუშალო გული? ერთი საიდუმლო მაინც ხომ უნდა მქონდეს ისეთი, რომელიც მხოლოდ მე უნდა ვიცოდე და სხვამ არავინ?.. მაგრამ თუ ახლა ჩვენ შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება, ღირს კი ასეთი რამის დამალვა? ეს ხომ სიყალბე იქნება?

_ მივხვდი, რომ თქვენ შორის რაღაც ხდებოდა, _ გააგრძელა კახიმ.

ახლა კი ვეღარ მოვითმინე. სიმწრით გადავაქნიე თავი, მხნეობის მოსაკრებად ჩავახველე და ავლაპარაკდი.

_ სიმართლე გითხრა, არაფერიც არ ხდებოდა, კახი. იყო მცდელობა…

_ არ მაინტერესებს. შენი წარსული შენი საკუთრებაა. მე არ მაქვს უფლება, მასში შევიხედო.

_ მაგრამ მე მინდა იცოდე…

_ რა უნდა ვიცოდე? როგორ გეფლირტავებოდა თემური? და როგორ მოსვი ერთ ადგილას? ეგ უკვე ვიცი. თვითონვე მომიყვა და ბევრიც იცინა. ეგონა, მეც გამაცინებდა, მაგრამ არ გამოუვიდა… ასეთ რამეებზე არ მეცინება, მით უმეტეს, როცა საუბარი შენს პიროვნებას ეხება.

_ რა მოგიყვა? _ გამაჟრჟოლა, როცა მისი სიტყვები მოვისმინე, ყურები დამიგუბდა თითქოს.

_ მომიყვა, როგორ გაიცანით ერთმანეთი ნიუ-იორკის აეროპორტში…

მუხლები მომეკვეთა. კიდევ კარგი, ოთახი სუსტად იყო განათებული და ჩემი სახის ფერიცვალებას იგი ვერ შენიშნავდა, თორემ ადვილად გავყიდდი თავს.

_ მე წავედი, არ მსურს ამის მოსმენა, _ წავიჩურჩულე და ნაბიჯის გადადგმა რომ დავაპირე, წავბორძიკდი.

მამაკაცი ორიოდე ნახტომით ჩემ გვერდით გაჩნდა და მკლავებში მომიქცია.

_ მერე რა მოხდა, განა რამე დაშავდება იმით, ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს ერთმანეთი მოეწონოთ? არ გავბრაზებულვარ, უბრალოდ, უსიამოვნო იყო ჩემთვის ამის მოსმენა, მეტი არაფერი. ეს რომ ჩვენი გაცნობის შემდეგ მომხდარიყო, გაბრაზება და განრისხება მერე უნდა გენახა შენ. მე ის უფრო მიკვირს, ამისთანა კაცს უარი როგორ უთხარი? იგი ძალიან სიმპათიური ყმაწვილია, რატომ არ მოგეწონა?

ყურები ვცქვიტე… როგრც ჩანს, თემურმა არ გამწირა და მას სულ სხვანაირად დაუხატა ჩვენი გაცნობის ამბავი.

_ მამაკაცში გარეგნობა არასდროს მხიბლავდა… _ გაუბედავად წარმოვთქვი.

_ მჯერა შენი. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა აქ, ჩემ გვერდით კი არა, მასთან იქნებოდი… იცი, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა ლალიმ მითხრა, მე და თემური ოჯახს ვქმნითო? ასე მეგონა, ცის კარი გაიხსნა ჩემთვის. თავს ვეღარ მოვერიე…

_ რატომ?

_ როგორ თუ რატომ? მივხვდი, რომ საეჭვიანო საბაბი აღარ მქონდა… მე შენ მჭირდები, ქეთევან… ძალიან მჭირდები. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. იცი, როგორ ვგრძნობ ამას? რას იტყვი შენ?

მისი ყოველი სიტყვა იმდენად მიფორიაქება სულს, ხმას ვეღარ ვიღებდი. ერთიანად ვკანკალებდი მხოლოდ.

_ ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდა შენთან, _ ხმადაბლა გააგრძელა კახიმ, _ დღემდე ასე ვარ. მინდა მიყვარდე, მინდა ჩემი იყო… ყოველთვის… ყველგან… ყველანაირად… _ კიდევ უფრო დაუდაბლა ხმას და სახეზე ჩამოშლილი თმა ხელის ნელი მოძრაობით გადამიყარა ზურგს უკან.

_ გაჩუმდი, ძალიან გთხოვ, გაჩუმდი… _ ღრმად ამოვიოხრე, _ ჩვენი ურთიერთობა ხომ მხოლოდ სექსი იყო და მეტი არაფერი… _ თავი უმწეოდ გადავაქნიე, ვცდილობდი, თავიდან ამომეგდო ის მოუთოკავი სურვილი, ასე რომ აღვიძებდა კახი ჩემში.

_ მხოლოდ სექსი? შენ ასე ფიქრობ? _ საჩვენებელი თითით ნიკაპი ამიწია და ტუჩებზე ოდნავ შემეხო…

თვალები უნებლიეთ დავხუჭე. მერე მისი თითები ვიგრძენი, ნელა რომ ასრიალდა ჩემს ზურგზე, თითქოს ჩემი სხეულის ყოველი მილიმეტრის დამახსოვრებას ცდილობსო… მისი ყოველი შეხება ცეცხლივით მწვავდა, ვეღარ ვუმკლავდებოდი საპასუხო რეაქციას. სიგიჟემდე მიყვარდა ეს კაცი… ისე ძლიერად მიყვარდა, რომ თავს ვეღარ ვერეოდი. ნუთუ მასაც ვუყვარვარ? ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევდა.

ის კი მკოცნიდა… მკოცნიდა თავდავიწყებით… თან, როგორც კი ოდნავ სულს მოითქვამდა, ნაზად შემომღიმებდა და მეჩურჩულებოდა…

_ ეს მხოლოდ სექსი არ არის, ქეთევან… ეს ნამდვილი გრძნობაა… გრძნობა, რომელსაც ვებრძვი იმ დღიდან, როცა პირველად დაგინახე. არ ვიცი, რა დამემართა. იმწუთას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყავი შენ, საიდან და რისთვის მოსული. მართლა ძიძა იყავი, თუ ერთი უნიჭო გაზეთის უნიჭო კორესპონდენტი. მე შენში ქალი დავინახე… ქალი, რომელმაც თავგზა ამიბნია… რომელმაც დანახვისთანავე განმაცდევინა ის, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქვეშეცნეულად ველოდი… გახსოვს ის საღამო, შენ რომ მითხარი, თავდაცვის ინსტინქტი გაიძულებს, გაექცე სერიოზულ ურთიერთობებსო? გეშინია, არ დაკარგო საყვარელი ქალი, იმიტომ, რომ ერთხელ უკვე დაკარგე იგი საკუთარი მეუღლის სახითო?

_ მახსოვს…

ან კი რა დამავიწყებდა იმ დღეს. შეგნებულად დავადანაშაულე მაშინ იგი ამაში, რათა იძულებული გამეხადა, ჯულისთან სასიყვარულო ურთიერთობა ეღიარებინა. მართლა მეგონა, რომ ჯული უყვარდა და სხვას კი არა, თავის თავსაც კი არ უტყდებოდა ამაში.

_ იცი, რომ მართალი იყავი? ოღონდ არა ჯულისთან მიმართებაში… _ ამ სიტყვებით მძლავრად ჩამიკრა მკერდში, _ მე ზოგადად მეშინოდა გრძნობების… რაც ჩემი ცოლი დაიღუპა, ყველა ქალი დავასამარე ჩემს გულში… ახლოს არავის ვიკარებდი, ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე და იქიდან გამოსვლა არ მიცდია, არც გამჩენია ამის სურვილი… არასდროს… და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ შენ, არსაიდან მოსულმა, ჩემი სახლის ზღურბლს არ გადმოაბიჯე. მაშინვე მომნუსხე… იყო შენში რაღაც ისეთი, რასაც წინ ვერ აღვუდგებოდი… სული ამიჯანყე… მოსვენება დამიკარგე… იმ დღიდან შენზე ფიქრი არ გამნელებია… შენზე ოცნება… მე შენ მიყვარხარ, ქეთევან… მე შენ მჭირდები. უშენოდ ძალიან ცუდად ვარ, მინდა ეს იცოდე…

თვალცრემლიანმა გავუღიმე მხოლოდ, თქმით კი ვერაფერი ვუთხარი.

_ მითხარი, რამე რომ იყოს, გახდებოდი ჩემი ცოლი?

მისმა შეკითხვამ საბოლოოდ მომიღო ბოლო, სუნთქვა გამიჩერდა.

_ მაგრამ… ჩვენ ხომ… ჩვენ ხომ წესიერად არც ვიცნობთ ერთმანეთს… შენ ბევრი რამ არ იცი ჩემზე.

_ მერე რა? იცი? ბევრი ისეთი წყვილი მინახავს, ბავშვობიდან რომ ჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ შეუღლებიდან რამდენიმე თვეში ურთიერთობა დაძაბვიათ… უფრო მეტიც, მათი სიყვარული დაშორებით დამთავრებულა. მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცნობ ადამიანს, არამედ ის, როგორ შეიცნობ.

_ ჩვენს ურთიერთობას სახელი არც რქმევია, კახი…

_ და მაინც, ეს ურთიერთობა რეალურად ხომ არსებობდა? ოცნებებში ხომ არ გამოგვიგონია? იყო ურთიერთობა, შეიძლება სიტყვებისა და ქმედებების გარეშე, მაგრამ მაინც იყო. ასე ვთქვათ, გარეგანი ფორმა არ ჰქონდა მხოლოდ. როგორც შენ ამბობ, სახელი არ ერქვა. ჰოდა, დავარქვათ, ჩვენი ნება არ არის? მოდი, როგორც ახალდაბადებულ ჩვილს, ერთად დავარქვათ. გინდა?

_ არ ვიცი… ძალიან დავიბენი…

_ შენ გვერდით თუნდაც მცირე ხნით ყოფნამ ჩემი ცხოვრების აზრი შეცვალა, ქეთევან. უდიდესი სითბო მთელი ნაკადით იღვრებოდა ჩემში მანამ, სანამ ერთად ვიყავით. არ დაგიმალავ და, შენამდე ჩემში ორი «მე» ცხოვრობდა. ერთი _ უხეში, თვითკმაყოფილი და თავის თავზე შეყვარებული, ასე ვთქვათ, ნარცისი, რომელიც ჩარჩოებით შემოსაზღვრულ სამყაროში ცხოვრობდა, გამოგონილ ლამაზ სამყაროში… მეორე კი… მშვიდი, წყნარი, სიკეთით აღსავსე ადამიანი, რომელსაც ადამიანური, ჩვეულებრივი წვრილმანებით სავსე ცხოვრება მონატრებოდა. პირველი «მე» შეუბრალებლად ავიწროებდა მეორეს, გასაქანს არ აძლევდა, წელში გამართულიყო, ამოესუნთქა, გამოევლინა თავისი თავი… ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ შენ არ გამოჩნდი. მხოლოდ შენ შეძელი, ჩაგეკლა ჩემში ის პირველი «მე» _ უხეში, ამპარტავანი და თვითკმაყოფილი, რითაც გზა გაუხსენი მეორეს _ ჩვეულებრივს, ემოციებით და ოცნებებით აღსავსეს. ეს შენ გამხადე ასეთი კეთილშობილი, ქეთი…

_ მაგრამ ეს არ არის საკმარისი… მხოლოდ ამის გამო უნდა გამოგყვე ცოლად?

_ შენ ჯერ პატარა ხარ იმისთვის, მსგავსი სიტუაციები გააანალიზო. რა არის ცხოვრება, როგორ ფიქრობ? ერთი დიდი უბრალოება და მეტი არაფერი. ჩვენ კი, იდიოტები, გამუდმებით ვართულებთ მას. პირადად მე, მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც ტრადიციებს და დამკვიდრებულ წესებს არ ცნობს და ცხოვრობს ისე, როგორც მოესურვება, როგორც გული უკარნახებს. ასე ბევრად მარტივდება ურთიერთობა. მოგწონთ ერთად? იყავით, ვინ გიშლით? არ მოგწონთ? რა პრობლემაა, გაშორდით… განა აუცილებელია, ყველა რომანი ქორწინებით დამთავრდეს? ან კი, რომ დამთავრდეს, ამისთვის რაღაც წესების შემუშავება? რა სავალდებულოა, ადამიანს წლობით იცნობდე, რათა მიხვდე, რომ მხოლოდ მასთან იქნები ბედნიერი? რატომ უნდა იფიქრო იმაზე, რა იქნება ხვალ, როგორ გაგირთულდება მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება? დღეს ხომ კარგად გრძნობ თავს? ჰოდა, იცხოვრე დღევანდელი დღით, ხვალისაზე ხვალ იფიქრე. მერე რა, რომ დიდი ხნის ნაცნობობა არ გვაკავშირებს? როგორსაც გიცნობ, ისეთი მომწონხარ. ჩემთვის ეს საკმარისია. შენთვის რატომ არა?

_ მომისმინე, კახი… ჯერ რამდენიმე დეტალი უნდა გავაანალიზოთ… _ შემპარავად დავიწყე.

_ რამდენიმე დეტალი? _ გაღიზიანებული ტონით შემომიბრუნა კითხვა, რათა ნერვიულობა დაეფარა, _ და რამდენია ეს… ეს დეტალი? ორი? სამი? ოთხი? ათი?

_ ერთი.

_ სულ ეს არის? მერედა, რატომ არ მეუბნები? დროზე მითხარი, ნუ ამომხადე სული.

_ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც შენ გგონია.

მამაკაცი მოიქუფრა, ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, შუბლი ღარებმა დაუფარა.

_ კიდევ ვინმე დგას ჩვენ შორის?

_ შეიძლება ასეც ითქვას… _ ჩუმი, გაუბედავი ხმთ ვუპასუხე და თვალები დავხარე.

_ ჯანდაბას!.. და ვინ არის იგი, არაბული?

_ არა, არავითარი არაბული. ჩვენ შორის არასდროს სერიოზული არაფერი ყოფილა.

_ მაშ ვინ? _ მოუთმენლად წამოიყვირა.

ღიმილი ვერ შევიკავე, თუმცა შინაგანად ისე ნერვიულობდი, არ ვიცოდი, საუბარი საიდან დამეწყო. თავი ავწიე და თვალებში შევხედე… საწყალობელი მზერა ჰქონდა, უსუსური, თითქოს ვიღაც, მასზე ძლიერი იმწუთას ჩემს თავს ართმევდა.

_ მე ორსულად ვარ, კახი… მე შენგან შვილს ველოდები…

ისეთი სულელური გამომეტყველება გაუხდა, აღელვებული რომ არ ვყოფილიყავი, გულიანად გამეცინებოდა.

_ წინააღმდეგი ხომ არ ხარ? _ შიშით და იმედით ჩავჩურჩულე ყურში.

_ წინააღმდეგი? _ შეცბუნებულმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა.

ერთხანს ასე მიყურა… მერე მკლავები მომხვია და ისე ჩამიხუტა, სუნთქვა შემიგუბდა, _ ქეთევან! ნუთუ?! გონს არ ვარ სიხარულისგან! რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ… ნუ ტირი, გთხოვ… ყველაფერი კარგად იქნება.

_ ვიცი… ვიცი და ამიტომაც ვტირი, _ ლოყით მხარზე გავეხახუნე, _ მე შენ ისე მიყვარხარ, ისე, ისე, რომ…

_ როგორ? _ ეშმაკურად მოხუჭა თვალები.

_ როგორ და… არა, ჯერ შენ მითხარი, _ გავეკეკლუცე.

_ რა გითხრა? _ ვითომ ვერ მიმიხვდა.

_ შენ როგორ გიყვარვარ.

_ როგორ და… როგორც მელაკუდას ქათმები.

ორივეს სიცილი აგვიტყდა.

_ წამოდი, ჩემს კაბინეტში გავიდეთ, თორემ ასე შეიძლება ნუკი გავაღვიძოთ, _ ტუჩზე ამაფარა საჩვენებელი თითი და ფრთხილი ნაბიჯებით ოთახიდან გამიყვანა.

_ ესე იგი, შენ გინდა მითხრა, რომ მე მამა გავხდები? _ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა კახი და ფეხებშუა მომიქცია, _ ეს მართალია?

_ ჰო, ამიტომაც გავხდი გუშინ ცუდად.

_ ამიტომ გერეოდა გული?

_ დიახაც.

_ ჩემი სულელი გოგო… მერედა, სანამ აპირებდი ამის დამალვას? დღეს აქ რომ არ მომეყვანე, ალბათ არც არასდროს მეტყოდი.

_ მართალი ხარ, არასდროს გეტყოდი.

_ და რას აპირებდი? იქნებ…

_ არა, არა, _ სასწრაფოდ გავაწყვეტინე, _ ბავშვის მოშორება წამითაც არ გამივლია გულში. უბრალოდ, შენთვის არ ვაპირებდი თქმას.

_ და ჩემი შვილი გინდოდა, უმამოდ გაზრდილიყო?

_ არ მინდოდა, მაგრამ…

_ ჩემი ბრალია ყველაფერი…. მე მესმის შენი.

ამ დროს კახის მობილური აწკრიალდა. დაბნეულმა ჯიბეები მოიჩხრიკა, ტელეფონს დაუწყო ძებნა… ჯული რეკავდა.

_ ხელი ხომ არ შეგიშალეთ? _ მისი ხმა მხიარულად გაისმა.

_ არა, ჯული, არანაირად.

_ სახლში ხართ?

_ ჰო, აბა სად ვიქნებით?

_ რას შვრება ჩემი შვილი?

_ ძინავს, რას უნდა შვრებოდეს.

_ ხომ არ უტირია?

_ არა-ა-ა.

_ ჩაწერა ქეთიმ ინტერვიუ?

_ ვერა.

_ ვერა? აბა… არ მოვიდე ჯერ? _ ჯული მიხვდა, რაც იგულისხმებოდა ამ «ვერა-ში».

_ მოდი. აქ კარგი ამბავი დაგხვდება.

_ რა ამბავი? რა ხდება, არ მეტყვი? რა ხმა გაქვს?

_ მე მალე მამა გავხდები, ჯული, შენ კი _ მამიდა.

_ რას ამბობ, გაგიჟდი?

_ ჰო, საყვარელო, გავგიჟდი… სიხარულისგან მხოლოდ. მოდი და აქ აგიხსნი ყველაფერს, _ ყურებამე გაღიმებულმა მობილური გათიშა და კვლავ ჩამეხუტა. ერთი ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ჩემი სხეულის სურნელი შეისრუტაო.

_ მითხარი, ქეთი, ბედნიერი ხარ?

_ უკიდეგანოდ.

_ მაგრამ მაინც იგრძნობა შენი საოცარი სევდის სურნელი… როგორც ჩანს, მე ვერ შევძელი მისი გაფანტვა…

_ არა, _ ვთქვი ეშმაკური ღიმილით.

_ არა? _ იჭვნეულად შემომაჩერდა.

_ არა, _ კვლავ გავიღიმე, _ შენ უკვე გაფანტე იგი… თანაც, დიდი ხანია…

About these ads

12 thoughts on “სევდის სურნელი

  1. ნიაღვარივით მომსკდარი გრძნობაა, რომელმაც ისე წალეკა თქვენი გმირები, ვერ აცნობიერებენ (და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც არ უტყდებიან ) ეს ნიაღვარი ერთმანეთისკენ რომ მიაქანებთ…
    ანდრონიკაშვილმა ქეთევანის სევდის სურნელი გაფანტა, სასიამოვნო და შთამბეჭდავია…
    მეც ვგრძნობ სევდის სურნელს… თქვენგან ვგრძნობ ამ სურნელს, სვეტა…
    ნუთუ არავინ გაფანტავს?..

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s